აღიარება (სულ)
აღიარება 1 იმ დღეს ლამის მთელი ქალაქი სტადიონზე შეიკრიბა. ქალაქის ერთ_ერთი სკოლის საფეხბურთო გუნდი "ლომები" ფინალში დაუმარცხებელ გუნდს " არწივს" ხვდებოდა. უკვე მესამე წელი იყო მეზობელი ქალაქი გამანადგურებელი ანგარიშით ამარცხებდა ამ ზემოთხსენებულ გუნდს. პატარა ქალაქის მთელი მოსახლეობა ახალგარემონტებულ სტადიონზე იყო თავმოყრილი და გამამხნევებელი შეძახილებით ამხნევებდა თავის გუნდს. ქალაქში, სადაც ყველა ყველას პირდაპირი მნიშვნელობით სახეზე იცნობდა, მსგავსი თავყრილობა უფრო მეგობრულ დღესასწაულს ემსგავსებოდა ხოლმე. ფერადი დროშებით მორთულ სტადიონს გარეთ ტკბილეულის ჯიხურები ჩაედგათ. სტადიონს ერთი მხრიდან დაბურული ტყე_პარკი ესაზღვრებოდა და ნიავს მთის მდინარიდან მონაქროლი სიგრილე ტრიბუნებამდეც კი მოჰქონდა. თამაშს ქალაქის მმართველობაც ესწრებოდა და იქნებ ამის გამოც იყო, რომ რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟიც მორიგეობდა სტადიონის შესასვლელთან. ბეშიძეების სამშვილიან ოჯახში დილიდანვე ფუსფუსი იყო. განა პატარა საქმეა, როცა შენი უფროსი, 16 წლის ვაჟი ქალაქის საფეხბურთო გუნდს კაპიტნობს. დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ ლუკა ბეშიძეს და კულუარებიდან იცოდნენ, რომ სწორედ მის სანახავად და შესაფასებლად თბილისიდან სპეციალურად ჩამოდიოდა ადამიანი. სწორედ ამის გამო ღელავდა მთელი ოჯახი. თუ დღევანდელი დღე ისე ჩაივლიდა, როგორც ეგებოდა, ვინ იცის რა მომავალს ეწეოდა ბეშიძეების მომავალი ვარსკვლავი. _ დეეე, მეც მინდა ფეხბურთზე წამოსვლა!_ წუწუნს არ წყვეტდა ცხრა წლის ბარბარე, თან უმცროსი ძმის სათამაშო აგურებით სახლის აშენებას უშედეგოდ ცდილობდა. _ დღეს შენი ნერვი არ მაქვს ბაბი! ბებიასთან მოგიწევს დარჩენა და არ გამაბრაზო ჯობია!_ თვალები დაუბრიალა ეკამ შვილს. თან მეუღლის პერანგს ცხელი უთოთი მონდომებით ჩამოუსწორა ნაოჭი. _ მეც მინდააა! თქვენ სულ ასე იცით! სულ ბებიასთან მტოვებთ! წამოვალ რაა დეეე!_ გაბრაზებულმა გოგონამ აგურებს ხელი გაკრა და დივნის ქვეშ შეყარა. _ რა იყო მამი? რატომ ტირი? _ მამის გულმა ვერ მოითმინა ბავშვის ცრემლები._ რა იყო ქალო, წამოვიდეს ესეც. ტატო მარგოს დაუტოვე, მაგრამ ამას რა მიხედვა უნდა? ცხრა წლისაა უკვე! როგორც კი იგრძნო ბარბარემ, მამა ჩემს მხარესააო, ღრიალს უმატა. _ ჯანდაბას თქვენი თავი! ერთი დღე მეც ვიყო მშვიდად არ შეიძელება, არა?_ საბოლოოდ მაინც დანებდა ეკა . ბარბარეს საყვარელი ლურჯი სარაფანი გადმოიღო და ახლა მის გაუთოვებას შეუდგა. შემდეგ კი გოგონას თმაც კაბის შესაბამისად ლამაზად ჩამოუწნა და ზედ კაბისფერი ბრჭყვიალა ბანტიც დააბნია. _ მე მივხედავ ხო! რა იყო!_ თავზე ხელი გადაუსვა კობამ ქალიშვილს და თვალი ჩაუკრა დედის მალულად. ცოტა ხანში ოჯახის სამივე წევრი მანქანაში ჩაჯდა და სახლიდან გავიდა. ლუკა უკვე სტადიონზე იყო გუნდთან ერთად. _ დათოს სალამი!_ ხელი აუწია კობამ კარის მეზობელს._ არ მოდიხარ სტადიონზე? ლუკა თამაშობს ხომ იცი? ამბობენ ნაკრებიდან ჩამოდის კაცი ბავშვის სანახავადო! _ თავმომწონეთ გაანდო მეზობელს კობამ თავისი სიხარული. _ მართლა?_ უგულოდ ჩაილაპარაკა დათომ და ბოთლიდან ლუდი მოწრუპა. _ ხოო დათო ძია, წამოდი და ლილე წამოიყვანე, ანა და ტყუპები იქ იქნებიან და ვითამაშებთ!_ თავი გამოყო მეტიჩარა ბარბარემ ფანჯრიდან და მეზობლის კაცს მიმავალი მანქანიდან ხელი დაუქნია. ცოტა ხანს უყურა ბედნიერ ოჯახს დათომ და მერე მწველ მზეს ახედა უაზროდ. ისევ მოიყუდა ბოთლი, მაგრამ ლუდი უკვე გათავებულიყო. სტადიონს გუგუნი გაუდიოდა. მხიარულობდა ქალაქი. განა ბევრი ასეთი გასართობი ჰქონდათ? ჰოდა ამიტომაც ყოველი ასეთი თავყრილობა ეხალისებოდათ. ტრიბუნებზე უცებ შეიკრიბა პატარ_პატარა ჯგუფები. მამები ერთად, დედები ცალკე. აქეთ ბავშვები დარბოდნენ. _ დედააა!_ მოირბინა ლოყააწითლებულმა ბარბარემ ეკასთან._ ნაყინის ფული მომე რააა! _ წადი და მამაშენს მოკითხე!_ ისევ მკაცრად უპასუხა ქალმა._ აჰა,არადა მე მივხედავო! მიხედავს კი, როგორ არა! გაბრაზებულმა გადახედა კაცებთან მხიარულად მობაასე ქმარს, რომელსაც სულ არ ახსოვდა ცოლისთვის მიცემული დაპირება. ბავშვმაც მაშინვე ზურგი აქცია დედას და მოშორებით მდგარი მამისკენ გაიქცა იგივე თხოვნით. სულ მალე გოგონების გუნდი სტადიონის წინ გახსნილი ნაყინის ჯიხურისკენ გარბოდა. თამაში აქტიური და საინტერესო იყო. მთელ მონდომებას დებდა ლუკა ამ თამაშში გრძნობდა ბიჭი, რომ ეს დღე მთელ მის ცხოვრებას შეცვლიდა. აგერ, დათოს ვანომ არ გამოიყენა თავისი შანსი. სულ რაღაც ხუთი წლით უფროსი იყო. მის სანახავადაც ჩამოვიდა ერთ დროს ნაკრებიდან კაცი, მაგრამ ვანოს თავში აუვარდა მცირე წარმატება, ვარჯიშს მოუკლო და ახლა საკუთარი წარუმატებლობით და გაშვებული შანსებით გაბოროტებული მამის კვალს ადგა. ლუკას პირველ გოლს თანაგუნდელის მეორე გოლი მოყვა და "ლომები" დაწინაურდნენ. ეკა მთელი გულით სტადიონზე იყო, თვალს ვერ აცილებდა ვაჟს. დაძაბული და მუჭებშეკრული ადევნებდა თვალს. არანაკლებ დღეში იყო კობაც. რამდენჯერმე კიდევ მოირბინა ბარბარემ დედასთან, ხან სასუსნავის ფული უნდოდა, ხან წყალი , ხან რა და ხან რა. რაღაც მომენტში, როცა თამაშმა კულმინაციას მიაღწია და ლუკამ იმ ტაიმში თავისი მეორე გოლიც გაიტანა, სულ მთლად ამოუვარდათ მშობლებს ქალიშვილი თავიდან. მოულოდნელად სამი გოგონა სირბილით მოვიდა ეკასთან. _ ეკა დეიდა სადაა ბაბი?_ ჰკითხეს გოგონებმა ქალს. _ არ ვიცი? თქვენთან არ იყო?_ ძლივს მოწყვიტა თვალი მოედანს ქალმა. _ გვეგონა აქ წამოვიდა!_ მხრები აიჩეჩეს ბავშვებმა. _ მოიცადეთ, მამამისთან იქნება ეგ ახტაჯანა!_ ქალმა თვალით ქმარი მონახა და როცა მის გვერდით ქალიშვილი ვერ დაინახა გულმა რეჩხი უყო. ცოტახანში ცოლიც, ქმარიც, და რამდენიმე მეგობარიც ბარბარეს ეძებდა. მაგრამ იმ ხალხმრავლობაში გოგონას პოვნა არც თუ ადვილი საქმე იყო. არც ნაყინის ჯიხურთან, არც ტკბილეულის მაღაზიაში გოგონა არ იყო. ოც წუთიანი ძებნის შემდეგ ვიღაცას თავში აზრად მოუვიდა მიკროფონით მოეხმოთ ბავშვი. _ გული ცუდს მიგრძნობს კობა!_ აკანკალებულ მუხლებს დაეყრდნო ეკა. _ კარგი ქალო ნუ ითარსები! გაძვრებოდა სადმე, არ იცი რა ხვლიკია?_ გული გაუკეთა ქმარმა, მაგრამ შინაგანად კობაც ვერ იყო მშვიდად. არც მიკროფონით მოხმობამ გამოიღო შედეგი და როცა ახალი ტაიმი დაიწყო ლუკა უკვე ვეღარ თამაშობდა ისე კონცენტრირებულად, როგორც თავიდან. თვალებს ხალხში აცეცებდა და ბურთის ნაცვლად პატარა დის სახეს ეძებდა. _ ერთი მოვიდე სახლში ბარბარე და ნახავ, თუ თმით არ გითრიო!_ ემუქრებოდა გულში პატარა დას ანერვიულებული ბიჭი. მოულოდნელად ქალაქის მერი მოუახლოვდა დაბნეულ და შეშინებულ მშობლებს და ამბის გაგება ისურვა. იქნებ ჟურანალისტების დასანახად, რომლებიც, როგორც სვავები, უკვე თავს დასტრიალებდნენ ბარბარეს მშობლებს. იქნება მართლა ნერვიულობდა გოგონაზე, ვინ იცის, მაგრამ მისმა ჩარევამ ამბავს სხვა მიმართულება მისცა. საქმეში პოლიციის უფროსი ჩაერია. და სანამ სტადიონის გულში თამაშის მეორე ტაიმი მიმდინარეობდა, საპატრულო პოლიცია უკვე აქტიურად ეძებდა დაკარგულ გოგონას. დაახლოებით ოცი წუთი დასჭირდა პოლიციას, რომ სტადიონის გადაღმა პარკის სირღმეში, მდინარის მოზრდილ ქვებს შორის გახირული გოგონას გვამისთვის რომ მიეგნო. ლურჯი ლამაზი სარაფანა შემოხეული ჰქონდა ბავშვს და წყლის ზედაპირზე ლივლივებდა. დილით დედისმიერ ლამაზად ჩამოწნული თმაც გასწეწვოდა, და ექსპერტიზა სულ არ იყო საჭირო იმის დასადგენად, თუ რამ გამოიწვია მისი სიკვდილი. შეუიარაღებელი თვალითაც ემჩნეოდა ყელის გარშემო ღრმა და სქელი ჩალურჯება. ნაზ კანს მკვლელის ათივე თითის კვალი შემოენახა. მოულოდნელად დედის საზარელმა, არაადამიანურმა კივილმა გადაფარა სტადიონზე მოზეიმე ხალხის ხმა. წამში გაისუსა ყველა. _ გადაკეტეთ სტადიონის გასასვლელები!_ ბრძანება გასცა პოლიციის უფროსმა._ აშკარაა მკვლელი აქაა, ჩვენს შორის! 2 პირველად ის სამი გოგონა გამოჰკითხა პოლიციამ. იქნებ ბავშვებს რამე ისეთი შეემჩნიათ, რასაც მაშინ ყურადღება არ მიაქციეს. ბავშვები ერთხმად ყვებოდნენ, რომ იქვე პარკის შესასვლელში დახუჭობანას თამაშობდნენ და როცა ბაბის დახუჭვის ჯერი მოვიდა, თავად მოშორებით მდგარ საჭირო ოთახში დაიმალნენ. ფანჯარას ვერ წვდებოდნენ და ამიტომაც ვერ უთვალთვალებდნენ მეგობარს. კარგა ხანს ელოდნენ და როცა იფიქრეს, რომ გაიმარჯვეს, მერეღა გამოვიდნენ სამალავიდან,დრო ვერ განსაზღვრეს, მაგრამ ალბათ თხუთმეტი, ოცი წუთი ელოდნენ, მაგრამ ბაბი აღარსად იყო. იქვე დასამალი ადგილები მოირბინეს, მაგრამ მეგობარს ვერსად მიაგნეს. მერე იფიქრეს, რომ დედამისთან მოეკითხათ და სტადიონზე დაბრუნდნენ. რამდენიმე სავარაუდო მოწმეც გამოკითხეს, სტადიონზე მყოფების იდენტიფიცირება მოახერხეს, მაგრამ რადგან ხელჩასაჭიდი არაფერი ჰქონდათ და თანაც უკვე გვიანი იყო, ხალხის გაჩერება ვეღარ შეძლეს. სიჩუმემ მოიცვა იმ ღამეს დაზაფრული ქალაქი. მხოლოდ ბეშიძეების სახლიდან ისმოდა საცოდავი ქვითინი და სახლი ნუგეშისმცემელი მეზობლებით იყო სავსე. არავის ჰქონდა წარმოდგენა, თუ ვის უნდა გაემეტებინა ეს მხიარული და ლამაზი პატარა გოგონა. ყველაზე საშინელი.იმის გაცნობიერება იყო, რომ მკვლელი გადამთიელი არ იყო და ის იქვე ახლოს უნდა ეძებნათ. ბავშვის სხეული ექსპერტიზაზე გადაასვენეს. ეკა სანახევროდ გულშეღონებული იჯდა. შიგადაშიგ თითქოს გონება ებინდებოდა და უცნაურ კითხვებს სვამდა, ბარბარეს ეძებდა, კობას ეუბნებოდა: გახედე ბავშვი მოსვლას აგვიანებსო. კობა ბავშვივით ტიროდა, საკუთარ თავს აბრალიდა საწყალი კაცი მომხდარ საშინელებას. გარეთ აივნის კიბეზე იჯდა ლუკა. ხელები სახეზე ჰქონდა აფარებული და უხმოდ სლუკუნებდა. რახან ბავშვი იყო არავის ეცალა თითქოს მისთვის, რომ თანაგრძნობა გამოეხატა განადგურებული მოზარდისთვის. _ როგორ ხარ ლუკა?_ მოესმა უეცრად . მძიმედ ასწია თავი და ტირილისგან დასიებული თვალებით ძლივს გაარჩია, ვანო იყო. ამოიოხრა და ცრემლიანი თვალები მუჭებით ამოიწმინდა. _ ცუდად ვარ, ძალიან ცუდად! მაგრამ იმაზე ცუდად ვერ ვიქნები, ვიდრე ბაბია!_ ისევ მოერია ცრემლები. ვანო გვერდით მიუჯდა და მხარზე ხელი გადაადო. ცოტა ხანს ასე ისხდნენ. ჩუმად. უსიტყვოდ, მაგრამ ზოგჯერ საუბარი არცაა საჭირო, უბრალოდ ახლოს ყოფნაც საკმარისია. სანამ ექსპერტიზის პასუხები მოვიდოდა, გამოძიებამ აქტიურად დაკითხა ოჯახი და მთელი სამეზობლოც. ვერაფერი გაიხსენეს ბეშიძეებმა. არავინ იყო მათთვის ავის მოსურნე. არც თავად იყვნენ ვინმეზე მტრად მოკიდებულნი. ცხრა წლის ბავშვს კი აბა ვისთვს რა უნდა დაეშავებინა. ექსპერტიზამ სწორედ ის დაადასტურა, რაზეც ეჭვი თავიდანვე გაუჩნდა გამოძიებას. ბავშვი ძალადობის მსხვერპლი იყო. მოძალადემ ჯერ ის ამაზრზენი ქმედება ჩაიდინა და მერე სავარაუდოდ მის გასაჩუმებლად გაგუდა. ეს ფაქტიც ცხადჰყოფდა, რომ ბავშვი პირადად იცნობდა მოძალადეს. ერთმანეთს ეჭვით დაუწყო ყურება მთელმა ქალაქმა. ხალხი იხსენებდა ყოველ წვრილმანს, რაც კი უცნაური და საეჭვო იყო. რასაც მანამდე ყურადღება არავინ მიაქცია. პოლიციამ კი ამასობაში ერთი უცნაური და საეჭვო ფაქტი გამოარკვია. კერძოდ ის, რომ ქალაქის ერთ_ერთი სკოლის დარაჯს რამდენიმე წლის წინ ბრალი წაუყენეს მოსწავლის ჩვენების საფუძველზე, სადაც ნათქვამი იყო, რომ ორმოცდაათ წელს მიღწეული გია ურუშაძე, ცოლის და ორი ქალიშვილის პატრონი, ეჭვმიტანილი იყო ამავე სკოლის მერვე კლასელი გოგონას შევიწროვებაში. თუმცა კი ბრალი არ დაუდასტურდა მაშინ. სკოლიდან მაინც დაითხოვეს და კარგა ხანს ვეღარ იშოვა სამსახური. მხოლოდ ამ ერთი წლის უკან, როცა მერიამ პარკს რეაბილიტაცია ჩაუტარა, გია დარაჯად მიიღეს სამსახურში. თითქოს აქამდე ყველას მიავიწყდა ეს ამბავი, მაგრამ ბარბარეს მკვლელობამ ქალაქს პირმოკრული იარები შეუხსნა. ყველაფერი კიდევ უფრო გამწვავდა, მას შემდეგ, რაც გია ყრუშაძე უწყებაში დაიბარეს. კაცი გამოძიებასთან თანამშრომლობას დათანხმდა. იმ საღამოს როცა გიამ ჩვენება მისცა და სახლში ბრუნდებოდა მიყრუებულ ქუჩაში თავს დაესხა ორი სახედაფარული ახალგაზრდა და ისე სცემეს, რომ საავადმყოფოში დასჭირდა გადაყვანა. ქალაქი ბზიკების სკას ჰგავდა. ყველა ვინც ურუშაძეების სახლის გვერდით ჩაივლიდა, მათი სახლის მხარეს აფურთხებდა. კარებზე ჩნდებოდა საშინელი მუქარის შემცველი წარწერები. საქმე ისე გამწვავდა, რომ აგრესიას უკვე გიას ცოლ_შვილის მიმართაც ღიად გამოხატავდნენ. ბარბარეს მკვლელობიდან სამი კვირის თავზე, გია ურუშაძის უფროს გოგონას მაღაზიაში არ მოემსახურა გამყიდველი. უმცროსი კი კლასელებმა გამოაგდეს კლასიდან. ერთი სიტყვით მდგომარეობა წყობიდან გამოდიოდა. პოლიციის უფროსმა ბრიფინგიც კი გამართა ამ თემაზე და მოსახლეობას თავშეკავებისკენ მოუწოდა. _რადგან ადამიანი მანამდე ითვლება უდანაშაულოდ, სანამ ამის საპირისპირო არ დამტკიცდებაო!_ თქვა მან. მაგრამ ამ განცხადებამ სულაც საპირისპირო შედეგი გამოიღო. სწორედ იმ საღამოს, როცა გია ურუშაძე სახლში გამოწერეს სავადმყოფიდან, და მისი ცოლ_შვილი წესით ოჯახის უფროსის გამოსაყვანად უნდა ყოფილიყო წასული. სახლს ვიღაცამ ცეცხლი წაუკიდა. წამში აბრიალდა ცეცხლი. მეზობლები ეზოებში გამოეფინენ, მაგრამ აზრად არავის არ მოსვლია სახანძროს გამოძახება, ანდაც ცეცხლის ჩაქრობა. პირიქით იდგნენ და სიამოვნებით უყურებდნენ, როგორ იწვოდა მეზობლის სახლი და გულში იმასაც ნატრობდნენ ალბათ, რომ მეზობელიც შიგ გამომწვარიყო. ასეთი შეუბრალებელი და უმართავია ბრბოს ფსიქოლოგია, ამიტომ არ უნდა მივცეთ უფლება უმართავ ემოციებს კონტროლი აიღონ ჩვენზე. არც მაშინ შერხევიათ კუნთი მეზობლებს, როცა გიას ცოლი ნაილი კივილით მოვარდა სახლთან. უგონოდ ღრიალებდა ქალი, ხელს სახლისკენ იშვერდა, დახმარებას ითხოვდა, მაგრამ თანაგრძნობას ვერავის გულში ვერ პოულობდა. _ აბა რა ეგონა მოძალადეს ხელი რომ დააფარა!_ იგესლებოდა კარის მეზობელი ნანა. ყველაფერი კოშმარს მაშინ დაემსგავსა, როცა ნაილი ცეცხლმოდებული სახლისკენ გაიქცა აი აქ კი ვეღარ გაუძლო გულმა ნანას ქმარს გურამს. გაქცეული ქალი დაიჭირა, მაგრამ მის უგონო ლუღლუღში ბავშვის სახელი რომ ამოიკითხა, აქ კი ტაჰკრა თავში განგაშის ზარმა. _ ბავშვია სახლში!_ აღრიალდა შეძრული კაცი. _ ანა სახლში ყოფილა, ღმერთო ჩემო ბავშვი! ანა! _ უგონოდ ჩაიკეცა ნაილი. ხელი უშვა გურამმა ქალს და სახლისკენ გაიწია, როცა ნაბიჯით გაასწრო გიამ, კოჭლობით შევარდა უბედური მამა ცეცხლში შვილის გადასარჩენად და სახლის სახურავიც ჩამოიშალა. საზარელი, არაადამიანური ღრიალი ისმოდა ცეცხლიდან, ისიც სულ ცოტახნით და მერე ეს ხმაც მიწყდა. დამწვრის სუნთან ერთად საზარელი დამწვარი ხორცის სურნელიც მოიტანა ნიავმა. ქვის ქანდაკებებს ჰგავდნენ ნირწამხდარი, გაშეშებული მეზობლები. სწორედ მათ თვალწინ, რომელიღაც მათგანის მიერ გაჩაღებულ ხანძარში, ცოცხლად დაიწვა ორი ადამიანი და არავის თითიც არ გაუნძრევიათ მათ გადასარჩენად. გულწასულ ნაილის გვერდით უჯდა სახეწაშლილი გოგია და ცხოველივით ღმუოდა. სიბნელე წვებოდა ქალაქის თავზე. ხანძრიდან სამ დღეში მოვიდა ექსპერტიზის პასუხი. ბარბარე ბეშიძის სხეულზე აღმოჩენილი მოძალადის გენეტიკური მასალების კვლევა მოწმობდა, რომ გია ურუშაძე უდანაშაულო იყო. ქალაქი წყვდიადმა ჩაძირა. 3 ურაშაძეების ტრაგედიამ ლამის გადაფარა ბეშიძეების ამბავი. ქალაქის მაცხოვრებლები თვალებში ვეღარ უყურებდნენ ერთმანეთს. რა უფრო საზარელი იყო? პატარა გოგონას საზარელი მკვლელობა, თუ მისი მეგობრის და თანატოლის უგონო შურისძიებისთვის მსხვერპლად შეწირვა?! კობამ ვეღარ გაუძლო შვილის ფერადი სურათის წინ დაჩოქილი ცოლის სულისშემძვრელ უხმო გოდებას და სახლიდან გამოვიდა. კიბეზე მჯდარ ლუკას წააწყდა. თავი მუხლებზე ჩამოედო ბიჭს და ემბრიონის პოზაში გარინდული უხმოდ ქანაობდა ადგილზე. _ ლუკა!_ დაუძახა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. ეს ბოლო დღეების იყო ამჩნევდა, სულ გაუცხოვდა ლუკა. აღარც ჭამდა, აღარც საუბრობდა. იჯდა ასე განმარტოებით და ფიქრებში ჩაძირული გაჰყურებდა ცას. ხვდებოდა კობა ხელიდან ეცლებოდა ოჯახი. მაგრამ არც თავად ჰქონდა ჯერ ფეხზე მყარად წამოდგომის თავი. ტატოც კვლავ ბებიასთან რჩებოდა. _ ლუკა, მამა!_ მივიდა და ფიქრებში გართულ შვილს, რომელსაც უაზრო გამომეტყველება შეხმობოდა სახეზე , ხელი მხარზე გადახვია. _ ბაბიკო გენატრება მამა?_ ჰკითხა საკუთარი საფიქრალი. ლუკას ხმა არ გაუცია. არც მზერა შეცვლია. _ თუ გეტირება, იტირე მამა! არ დაიჯერო, რომ ბიჭები არ ტირიან! იტირე და გულზე მოგეშვება!_ მხარზე ხელი მოუცაცუნა და დაღლილი კაცივით ძლივს აითრია წელი კიბიდან. კარგად რომ დაკვირვებიდა კობა, კარგად რომ ჩაეხედა შვილის თვალებში, იქ უსათუოდ დაინახავდა ურუშაძეების სახლში გამჩდარი ხანძრის მობრიალე ალს, რომელიც ახლა ლუკას შიგნიდან სწვავდა. მაგრამ ძალიან რთული, თითქმის შეუძლებელიც კი, კობასთვის ამ ყველაფრის შემჩნევა. ეს ალბათ ეკას უფრო უნდა შეემჩნია, მაგრამ ერთ გარდაცვლილ შვილზე დარდი სძალავდა მასზე დამოკიდებული ორ ცოცხალ შვილზე ზრუნვას. _ ეს რა გავაკეთეთ?_ სოფლის წყაროზე ისმოდა ცრემლნარევი ჩურჩული. ბიჭის ხმა იყო, ჯერ სულ ახლად ჩახლეჩილი და ჩამოუყალიბებელი. _ რა გავაკეთეთ ასეთი? ღირსი არ იყო თუ?_ უპასუხა მეორემ. _ უდანაშაულო ყოფილა!_ ხმას აუწია პირველმა. _ გამოძიების გჯერა და ჩემი არა?!_ ახლა მეორემაც აიმაღლა ხმა. _ ცემა უნდა გვეკმარა, სახლის არ უნდა დაგვეწვა. _ არაკაცი იყო! მე დავინახე, როგორ მიდიოდა ბარბარესთან ერთად! დავინახემეთქი! _და ანა? ისიც დამნაშავე იყო? _ ცოტაღა აკლდა ატირებას._ ბარბარეს ხელა იყო! იმ დღესაც მასთან ერთად თამაშობდა! ვაიმე დედა! ეს რა გავაკეთე?! ღამით მესიზმრება გესმის? მეტს ვეღარ ვუძლებ! _მე რას მაბრალი? დაგავიწყდა ასანთს შენ თავად რომ გაუკიდე?! ციხეში გინდა არა? .... კიდევ რამდენიმე დღე იბორგა ლუკამ. თანდათან უფრო აუტანელი ხდებოდა დანაშაულის შეგრძნება. დამძიმებულ, დალაქავებული სინდისი სულში უჭერდა მარწუხებს და თავისუფლად სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. ახლა ბარბარესთან ერთად ანასაც ნახულობდა სიზმრად. ლუკა ჯერ ისევ ბავშვი იყო, ადვილად გატყდა მისი ფსიქიკა. მშობლები საკუთარ სადარდელში ჩაძირულნი ერთ მკვდარ შვილს მისტიროდნენ და საერთოდ ვერ ამჩნევდნენ მეორეც რომ ეცლებოდათ ხელიდან. ერთ დილასაც ცხენის დასაბმელი თოკი აიღო ლუკამ და ბაღის ბოლოზე მდგარი კაკლისკენ გაემართა. რაც უფრო უახლოვდებოდა საკუთარი თავისთვის გამოტანილ განაჩენს, მით უფრო მტკიცე უხდებოდა ნაბიჯები. ბაღის ბოლოს მზე ამიდიოდა დიდი, წითელი ბრდღვიალა მზე. მზე ბარბარეს ჰგავდა, ბარბარეს თვალებით უყურებდა მზე ლუკას. თავისკენ უხმობდა. სამყაროს ვეღარ აღიქვამდა, აღტყინების ექსტაზში მყოფი ბიჭი. რეალობა სადღაც კადრსიღმა გადიოდა. ფრთხილად გადაკიდა თოკი თავისი დის საქანელასთვის შერჩეულ მსხვილ ტოტზე და მაგარ მარყუჟად გამონასკვა. იქვე მიგდებულ პატარა ჯორკიზე დადგა, _ მაპატიეთ!_ თქვა უმისამართოდ და თავზე ისე გადაიცვა უხეში თოკი, თითქოს გვირგვინი დაიდგა. მზეს გახედა, გაუღიმა მზერადაბინდულმა და გამხმარ ხეს ფეხი ჰკრა.... თუ უთენია არ გავიდოდა დათო სამსახურში, თუ სასმელი დაასწრებდა, მერე მთელი დღე ეკარგებოდა. იმ დილასაც ადრე ადგა გათენებულიც არ იყო. გულმა სახელისნოსკენ გაუწია. დილის სიგრილეს მიჰყვა და სამუშაოდ წავიდა. მეზობლის ბაღს რომ ჩაურა, თვალში უცნაური რამ მოხვდა. ღობის მიღმა კაკლის სქელ თოკზე მაცდურად კონწიალობდა სქელი ბაწარი. იქ რომ დათოს ნაცვლად სხვა ცხოვრებააწყობილ და ბედნიერ მეზობელს გაევლო იმ დილით, ალბათ ვერაფერს იეჭვებდა, მაგრამ დათოს თავისი უიღბლო სიცოცხლის მანძილზე ალბათ მილიონჯერ მაინც წარმოედგინა ეს სცენა. ამიტომ მაშინვე ამოიცნო. ღრიალით გადაევლო აგურის ღობეს და გაოგნებული ეცა თოკზე ჩამოკიდულ მოფართხალე სხეულს.მხარზე შემოისვა ბიჭის უგონო ტანი. თან არაადამიანური ღრიალით მოუხმო მაშველს. ელდანაცემი სოფელი ქუჩას გამოეფინა. დაზაფრული ხალხი სახეზე საშინელების მოლოდინით ლანდებივით იდგა ღობის გადაღმა. კობამ საკუთარი ხელით ჩამოხსნა ლუკა თოკიდან. ისევ ფეთქავდა ბავშვი. სულ რაღაც წამით რომ დაეგვიანა დათოს, სულ წამის მეასედით..... აღლაღა გამოიღვიძა ეკამ საკუთარი დარდიდან და კივილით მივარდა გულწასულ ვაჟს. როდესაც ლუკა გონზე მოვიდა, პოლიცია იკითხა. მერე კი ყველაფერი აღიარა: _ბაბის სიკვდილის დღეს ჩემთან ვანო მოვიდა. გამიკვირდა, ჩემთან დიდად არ მეგობრობდა. ირონიით პელესაც კი მეძახდა ხოლმე. იმ დღემდე მეგონა, რომ გულზე არ ვეხატებოდი. მეც თავს ვარიდებდი მასთან ურთიერთობას, მაგრამ ბაბის ამბის მერე .... ჰაერივით მჭირდებოდა ვინმე. ვინმე, ვისაც დარდს გავუზიარებდი. სწორედ მან მომისმინა მაშინ. მომისმინა და ისეთი რამ მითხრა, რომ გავგიჟდი. მომიყვა, როგორ დაინახა ტყეში შემავალი ბარბარე და გია ურუშაძე. ისიც დააყოლა, რომ იმ კაცმა ადრეც სცადა სხვა ბავშვზე ძალადობაო. მე სულელმა კი დავუჯერე. ყოველ დღე მეჩიჩინებოდა,მეუბნებოდა, რომ დის გამო შური უნდა მეძია. ბოლოს გზაზე დავუხვდით .... ისე სცემდა, ისე გამეტებით ურტყამდა, მეც მახელებდა. მერე ესეც არ ეყო და ის გეგმა მოიფიქრა. ლუკამ ხელები სახეზე აიფარა . დანარვენი ისე მოყვა, თავი აღარ აუწევია მაღლა. _ მან მითხრა, რომ სახლი ცარიელი იყო, რომ "ის ნაძირალა ამის ღირსი იყო!" რომ კაცი არ ვიქნებოდი, თუ ასე უბრალოდ შევარჩენდი დის სიკვდილს! ნავთი მოასხა სახლს და ასანთი გამომიწოდა. მე შემეძლო ზურგი მექცია და გამოვსულიყავი, მაგრამ .... მაგრამ თავს ვერ მოვერიე! შინაგანი ხმა მეუბნებოდა, რომ ეს იყო სამართალი! ხოდა გავკარი ასანთს,მაგრამ ანასთვის რამის დაშავება აზრადაც არ მქონია! ღმერთო ჩემო ეს არ მინდოდა.... ეს არ მინდოდა.... სახეზე ხელებაფარებული ტიროდა ლუკა. ტიროდა და გულწრფელად ნანობდა ჩადენილს, მაგრამ სამწუხაროდ სინანული ვერც წარსულს შეცვლიდა და ვერც იმ პატარა უდანაშაულო ვოგონას ვეღარ გააცოცხლებდა. იმ საღამოსვე აიყვანა პოლიციამ ვანო, რამდენიმე სოფლის იქით დააკავეს. სად მიდიოდა თავადაც არ იცოდა, მაგრამ ფაქტი იყო გაქცევას ცდილობდა. სულ რაღაც ოცდაერთი წლის ადამიანი უკვე ამომშრალი სულით და დაკარგული ადამიანობით დამცინავად იყურებოდა პოლიციის მანქანის ფანჯრიდან. ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა, რა ელოდა წინ. ისიც მშობლის ყურადღებასმოკლებული ბავშვი იყო. გაშვებული შანსი რომ ვერ მოინელა და ისე დაადგა ყელზე, როგორც მშრალი და ურგები ლუკმა. მისი აღიარება უფრო ზეიმს ჰგავდა. საერთოდ არ განიცდიდა სინანულს ჩადენილის გამო. _ ეგონა რამით მჯობდა?! ეგონა, რადგან გუნდის კაპიტანი გახდა, ჩემპიონთა ლიგა მოიგო? ისე გაყოყოჩდა მეორე გოლიც კი გაიტანა! ეგონა გამარჯვებას ასე მარტივად დავუთმობდი? აქაც, როგორც ყველაფერში, იმ რეგვენმა მაჩემმა შემიშალა ხელი! თავისი სიცოცხლის მთავარი გმირობანა ითამაშა და ის ლაწირაკი გადაარჩინა! თუმცა იქნება ასეც ჯობია? არა,ნამდვილად ასე ჯობია! სიკვდილი ხომ მაგისთვის ხსნა იყო!_ შეშლილივით ატრიალებდა თვალებს დაკითხვაზე ვანო და საკუთარ აღიარებას საზარელ ხარხარს ატანდა. _ წასულია ამის საქმე!_ ჩაიქნია ხელი მისი სისასტიკით გაოგნებულმა ბადრაგმა_ ეს ციხიდან ვერც გამოვა ალბათ! ბედის ირონია იყო ალბათ, რომ სწორედ დათომ გადაარჩინა ლუკა. იდგა დათო და იდგა სოფელი და სადღაც სოფლის ბოლოში მიწა ეყარა გულზე ბარბარეს, გიას, ანას. ბეშიძეების კაკლის თოკზე ჯერ ისევ ფრიალებდა უფუნქციოდ დარჩენილი სქელი ბაწარი. ვანოს ოთახის ჩხრეკისას, კარადის ყველაზე მიყრუებულ უჯრაში, ოდესღაც მოპოვებული ოქროსფერი თასის და მედლების გვერდით მიკუჭული იპოვნეს ბარბარეს ბრჭყვიალა ცისფერი ბანტიც... დასასრული ვე რა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.