შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იღბლის კერა ნანგრევებში(2)


13-07-2024, 20:05
ავტორი Azula
ნანახია 733

***
მეორე დილას უცხო ნომერი შემომივიდა, თითქმის დარწმუნებით ვიცოდი, რომ დაჩი მირეკავდა.
ნერვიულად ავიღე ტელეფონი და რაც შემეძლო უდარდელად ვთქვი:
–აბა, გისმენთ!
–დილა მშვიდობისა, თეკლა, გცალია დღეს ჩვენთან ერთად სახლის სანახავად რომ წამოხვიდე? დაახლოებით აღუწერ რა გინდა, როგორ გინდა, ამის შემდეგ დიდად არ შეგაწუხებთ ამ საქმეებით.–საქმიანად წამოიწყო დაჩიმ.
–დილა მშვიდობისა, წამოვალ,არ არის პრობლემა, რომელ საათზე ვიყო მანდ?
–მე გამოგივლი, ერთ საათში შეგეძლება მზად დამხვდე?
–ჩემითაც შევძლებ, არ არის პრობლემა.–დავიჟინე მე.
–დიახ, შენი ტრანსპორტირების გზები ეჭვქვეშ არ დამიყენებია, დარწმუნებული ვარ რომ შეძლებ, უბრალოდ ამ შემთხვევაში არის საშუალება რომ არ გაწვალდე და რაღაზე ჯიუტობ?–მობეზრებით მომიგო დაჩიმ.
–კარგი, ერთ საათში გამომიარე.–დავნებდი მე.
რეალურად, არც მქონდა დაჩის ნახვის სურვილი, ჩემმა წინა დღის ემოციებმა ძალიან დაუძლურებულად მაგრძნობინეს თავი, და მერჩივნა ჯერ მიმეხედა საკუთარი თავსთვის, ემოციებისთვის და დამშვიდებულზე მარტივად შევხვედროდი დაჩის, გადახარშულზე და დაწყნარებულზე. თუმცა, უარი რომ მეთქვა ამ შეხვედრაზე, დარწმუნებული ვარ რომ დაჩი არაცივილურობაში ან გულის ფრიალში ჩამითვლიდა. ამიტომაც, წამოვდექი და მომზადება დავიწყე, მალე უნდა გადამეგორებინა ეს ამბავი და ჩემი ყოველდღიურობა გამეგრძელებინა.
შეთანხმებული დროისთვის მზად მყოფი ვიდექი ეზოში და თან გონებაში ათასი ფიქრი მიტრიალებდა. იქნებ ჯობდა დავრჩენილიყავი და ყველაფერი დაჩისთვის მიმებარებია, იქნებ ცუდად იმოქმედოს ჩემზე მასთან შეხვედრამ, იქნებ უარეს დღეში ჩავვარდე. მახრჩობდა გადამეტებული ტვინის მუშაობა. ცხადია, ვაანალიზებდი კიდეც, რომ ზედმეტი მომდიოდა, მაგრამ ჩემი თავშეკავება და შუალედური ემოციები მთლიანად ნორმიდან იყო გადმოსული. ამიტომ, სადღაც შინაგანად ვპატიობდი ჩემს თავს ასეთ ამოვარდნას და მოთმინებით ველოდი, როდის დამიცხრებოდა ეს ყოველივე, თანაც თავს ვარწმუნებდი, რომ როგორც კი მოცემულობას შევეგუებოდი, ყველაფერი კალაპოტში ჩადგებოდა.
დაჩიმ პირდაპირ ფეხებთან მომიყენა მანქანა. აფორიაქებული მანქანის უკანა სავარძელზე მოვთავსდი და გულგრილად მივესალმე.
–გამარჯობა, თეკლა, როგორ ხარ?–სარკის ანარეკლიდან მიცქერდა ის.
–ნორმალურად,–ვუპასუხე ფანჯარაზე მიშტერებულმა.
–ძალიან კარგი, იმედია შენი დიდი ხნით შეწუხება არ მომიწევს,უბრალოდ სახლი საერთოა და არ მინდოდა გადაწყვეტილებები მარტოს მიმეღო,–გააგრძელა დაჩიმ.
–გასაგებია,–მივუგდე ისევ გულგრილად.
–თუ პრობლემა არ გექნება, ჩემს მეგობარსაც გავუვლით აქვე, თბილისში ახალი ჩამოსულია და ყველაფრის დათვალიერება უნდა,მათ შორის ჩვენი გაბუგული სახლის,–გაიცინა მან.
სიბრაზისგან მთლიანად ავხურდი, რაზე ხუმრობდა და თან რა სიტუაციაში, თვალები შუბლზე ამივიდა, ეს ნამდვილად არ იყო ის ბიჭი, ვისაც ვიცნობდი და ვინც ჩემს თავზე მეტად მიყვარდა, ბრაზი კისერში მიჭერდა და ძლივს ვჩერდებოდი ერთ ადგილას.
დაჩიმ მალევე გააჩერა მანქანა და გადავიდა, ფანჯრიდან მარტივად დავინახე ახალგაზრდა ქალის აღნაგობა და მომღიმარი სახე, დაჩის სიცილით გადაეხვია და სამშენებლო ჩაფხუტი ხელებში შეაჩეჩა.
დაჩი ამის დანახვისას სიცილით მოკვდა და მომცინარი გოგო გულში ჩაიკრა.
დარწმუნებული ვარ, თითოეულ ადამიანს გასჩენია სურვილი, ცხოვრებაში ერთხელ მაინც, რომ მიწას მთლიანად ჩაეყლაპა, შთაენთქა და სამყაროს ისე გაეგრძელებინა არსებობა, თითქოს არც არსებულა, არც ერთი წამით. ასეთი შეგრძნება ბოლოს იმ დღეს მქონდა, დაჩიმ საბოლოოდ რომ გაიხურა ჩვენი სახლის კარი, საბოლოოდ რომ ჩავხედე თვალებში. ეს შეგრძნება ახლა ცხოვრებაში მეორედ მეწვია, თითოეულ კაპილარში გამავალ სისხლს ვგრძნობდი, როგორ მაწვებოდა თვალებისკენ და შინაგან სიმხურვალეს ვერ ვიოკებდი. სიცხემ თავში ამაჭირა. დაჩიმ წინა კარები გამოაღო და ჩალისფერთმიანი გოგონაც მკვირცხლად მოთავსდა ადგილზე. უკან გამობრუნდა და თვალების ციმციმით მომიგო:
–სალამი, მე ქრისტინა ვარ,–ხელი გამომიწოდა მან. ბოღმა მორეული ვუცქერდი მის მიერ გამოწვდილ ხელს, თუმცა მალევე მოვეგე გონს და ხელი ჩამოვართვი.
–თეკლა,–ძლივს ამოვთქვი საკუთარი სახელი.
–რომ დაგინახე მაშინვე გიცანი, რეალურად უფრო ლამაზი ხარ ვიდრე ფოტოებში, დაჩის ასი წელი ვევაჭრებოდი თქვენი ქორწილის სურათები რომ ეჩვენებინა,–მიღიმოდა ის.
–თეკლა, ეს ქრისტია, როგორც უკვე გითხრა, ქრისტი ჩემი შეყვარებულია და ბევრი ლაპარაკი უყვარს!–მკლავზე უჩქმიტა დაჩიმ ყურებამდე ბედნიერ გოგოს.
მე სრულიად შოკურ მდგომარეობაში ვიყავი. რა მარტივად იყო ყველაფერი. ეს ქალბატონი ისეთი გულწრფელი ღიმილით შემომეგება, ისე მარტივად გაიხუმრა მე და დაჩის ჩაფლავებულ ქორწინებაზე, თითქოს ეს ყველაფერი ბავშვობის რაღაც სახალისო მოგონება ყოფილიყოს. სიტყვებს თავს ვერ ვუკრავდი. ესე იგი, დაჩისთვის ეს ყველაფერი არც არასდროს არსებულა, იმდენად მარტივად ჩაიარა, რომ მისი ახლანდელი შეყვარებულიც კი გულწრფელად მიღიმოდა, ყველანაირი ეჭვის გარეშე. რა მარტივად მოვუნელებივარ. ასეთი უმწეო, დაუცველი, განადგურებული ცხოვრებაში არ ვყოფილვარ.
„მორჩი გლოვას“–შემოვუძახე თავს და ფანჯრისკენ გავაბრუნე მზერა. წინა სავარძლებზე გვრიტების ჟღურტული ისმოდა. სახლამდე როგორ მივედით, არ მახსოვს. დაჩიმ ჯერ ქრისტის გაუღო კარი, შემდეგ კი ჩემს კარს წვდა. მაშინვე გამოვგლიჯე კარი და გიჟივით გადავხტი მანქანიდან. ჭიშკარი შევაღე. უკან წყვილი მომყვებოდა.
–რა ლამაზი სახლია, რა დასანანია,–ამოთქვა ქრისტიმ. იქაურობას მოავლო თვალი და გამიღიმა.
მინდოდა მეკითხა, დასანანი ჩვენი ოჯახის დანგრევა იყო თუ–სახლის. მაგრამ ენას კბილი მაგრად დავაჭირე და მხრები ავიჩეჩე.
–თეკლა, აბა, როგორ ფიქრობ, ძველი იერი დავუბრუნოთ ყველაფერს თუ რაიმეს ცვლილებას ფიქრობ?–საქმიანად შემომხედა დაჩიმ და გადამწვარ შესასვლელს გადახედა.
–მე მომწონდა მანამ როგორც იყო, რა საჭიროა ცვლილებები?–გავეცი პასუხი.
–მართალი ხარ, ახალ პატრონებს თუ რამე არ მოეწონებათ, შეცვლიან ისედაც,–თავი დამიქნია მან.
რა მარტივად საუბრობდა. ვდუღდი მთლიანად.
–თუ ასე თვლიდი, ჩემი მოსვლა რაღა საჭირო იყო მაშინ?–თვალებში ჩავხედე მე.
–როგორც გითარი, არ მინდოდა შენი ნება–სურვილის გარეშე მიმეღო გადაწყვეტილებები, მაინც საერთო სახლია. თუ პრობლემას წარმოადგენს შენთვის აქ ყოფნა, შემიძლია დაგაბრუნო საიდანაც მოგიყვანე,–საუბრობდა დაჩი.
–არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს,–გავგულისდი მე,–აბა, სად არიან შენი ბიჭები?
–მალე აქ იქნებიან,–საათს დახედა დაჩიმ.
მე მაქსიმალურად ვცდილობდი თავი ხელში ამეყვანა, ბევრი ემოცია მბოჭავდა და მაფორიაქებდა. დაჩის ამდენი ხნის შემდეგ პირველად ხილვა, მისი სხვა ქალთან დაკავშირება და ის უზომო სიმწარე, რაც დაჩის გარეშე ცხოვრებამ დამიტოვა.
ფანჯარა ფართოდ გამოვაღე და ჰაერი ჩავისუნთქე. ოდესღაც საკუთარ სახლში ადგილს ვერ ვპოულობდი. ქრისტინას საუბარი სახლის ყველა კუთხეში ისმოდა, სახლის თითეულ ნაკვთზე კომენტარს აკეთებდა. გაუგებარი იყო, როგორ უნდა დამემალა ჩემი შეგრძნებები. ბოლოს, უბრალოდ თავს ვაჯობე და წყვილს გავუბრუნდი.
–მადონასთან გადავალ, ყავას ხომ არ დალევთ?–მივმართე ორივეს.
–აუ, დიდი სიამოვნებით,–გამიღიმა ქრისტინამ,–მე უშაქრო და დაჩის ორი კოვზი შაქრით,–მიპასუხა მან და ისევ და ისევ ყურებამდე გაიღიმა. ყელში გულის რევა მომაწვა. სწრაფად გამოვედი სახლიდან და ეზოდან მაშინვე მადონას სახლში გადავჭერი. თანაცხოვრების და ზოგადად ერთად ყოფნის პროცესში დაჩის ერთი წვეთი ყავაც არ დაულევია. ახლა კი ქრისტინამ გადასარევად იცოდა რამდენ კოვზ შაქარს ყრიდა ყავაში. ცრემლები რომ შემეკავებინა ქვედა ტუჩზე მაგრად ვიკბინე. მხრებში გავიშალე და თმები უკან გადავიყარე. ლოყებზე მაგრად მივირტყი ხელები და ძალით გავიღიმე.
„ყველაფერი კარგად არის“–შემოვუძახე თავს და აივნიდან გადმოყუდებულ მადონას ხელი ავუქნიე.
–თეკლა მოსულაა,–გამომძახა მადონამ და ფართხა ფურთხით ჩამოვიდა ეზოში.
–მადონა დეიდა, ყავა რომ გავაკეთო თქვენთან ხო შეიძლება?–გადავკოცნე მადონა.
–რა კითხვებია? შემო, შემო,–აქოთქოთდა მადონა და სამზარეულოში შემიძღვა.
თან ორცხობილებს თეფშზე მინაწილებდა, თან გაცხარებით მესაუბრებოდა. არც ერთი სიტყვა არ მესმოდა, ამიტომ ზრდილობისთვის თავს ვუქნევდი და ფიქრებში დაჩის თმის ყველა ღერს ვაძრობდი. ქრისტინას კი წარბის და წამწამის. მუცელი მტკიოდა ნერვიულობისგან და უკვე საკუთარ თავსაც ვეღარ ვპატიობდი. ამდენი წელი, ამდენი, და ჩემზე ეს ყველაფერი მაინც ასე მოქმედებდა. დაჩი, ცხადია, გადასარევად იყო შეგუებული და ჩემს მერე ცხოვრებისთვისაც გენიალურად აეწყო ფეხი. არც პირადი მოუკლია, ფანტასტიურად გრძნობდა თავს. მე კი 5 წლის განმავლობაში არც ერთი წამით არ მიგრძვნია თავი ბედნიერად. მრავალ მწარე და გამოუვალ ემოციას ვებრძოდი და ვერც ერთი ვერასოდეს დავამარცხე. ჩვენი დაშორება ჩემი ბრალი იყო, თუმცა ჩვენი ცალ–ცალკე ყოფნა–დაჩისი.
მადონამ სამი ჭიქა ყავა ორცხობილებთან ერთად ფოდნოსზე შემოაწყო და ღიმილით მომაწოდა.
–ხომ არ დაგეხმარო გადატანაში?–თბილად მომიგო მან.
–დიდი მადლობა, მადონა დეიდა, ჩემით გადავიტან,–ლოყაზე ვუჩქმიტე და ფოდნოსი ორივე ხელში მოვიქციე.
სახლში შესვლისთანავე ჩახუტებული წყვილი მომხვდა თვალში. ქრისტინა მთელი გულით ეხვეოდა დაჩის და სახლის კედლებს უცქერდა. ამ სცენამ უარესად მომგვარა გულის რევის შეგრძნება და ფოდნოსზე ჩაფრენილი ხელები ამიკანკალდა. ბალანსი ვეღარ დავიჭირე და ერთი ჭიქა ყავა ზედვე გადავივლე. სიმხურვალის ტკივილისგან ხელები მომეცალა და ყველაფერი ძირს გაერთხა. სიმწარისგან მაშინვე ყვირილი ამომხდა და სააბაზანოსკენ გავიქეცი. კარები დავხურე და მაშინვე დუშს შევუშვირე გულ–მკერდი, კიდევ კარგი მთელი ჭიქა ზედ არ გადამევლო.
კარებზე შესვლის წამიდანვე ატყდა კაკუნი.
–დაიწვი?–ყვიროდა ქრისტინა.
–კარგად ვარ,–გავეცი მათ ხმა.
–შემომიშვი,–აკაკუნებდა დაჩი.
–კარგად ვარ,–დავუმარცვლე მათ და ცივი წყლით ძლივსძლივობით ვიგრილებდი.
–თეკლა, კარი გამიღე,–კიდევ გაიმეორა დაჩიმ.
–კარგად ვარ–მეთქი,–გავყვირე ამჯერად და სიმხურვალის დაბალანსების შემდეგ შვებით ამოვისუნთქე.
გალუმპული ზედა გადავიძრე და პირსახოცი მოვიხვიე. შუბლზე ოფლდასხმული გამოვედი სააბაზანოდან და გადაგლისულ თვალებზე თითები მივიჭირე. წესიერად ვეღარ ვიყურებოდი ნერვიულობისგან. კედელთან დაჩი და ქრისტინა იყვნენ ატუზულები და შიშით მიყურებდნენ.
–მშვიდობაა?–მკითხა ქრისტინამ და მომიახლოვდა.
–არის,–გავეცი პასუხი და ძლივს გავაგნე გზა საძინებლამდე.
დაჩი საძინებლამდე შემომყვა და საწოლზე ჩემი დასმა ცადა, ხელი გამოვგლიჯე.
–აბა, გაიარე ახლა,–ბრაზით ავუქნიე თავი.
დაჩიმ პირსახოცი ჩამომიწია და დაწითლებულ კანზე დამხედა.
–არ მოკვდები,–თვალი ჩამიკრა მან. კარადები გამოაღო,თითქმის დაცარიელებული სივრციდან შემთხვევით მიგდებული ღამის პერანგი გადმოიღო და მომაწოდა.–მადონასთან გავალ და ვკითხავ დამწვრობის მალამო ხომ არ აქვს, რამე ხომ არ გინდა კიდევ?–მკითხა მშვიდად და ოთახს თვალები წამიერად მოავლო.
–არ არის საჭირო,–გამოვცერი კბილებიდან.
დაჩიმ მობეზრებით ხელი აიქნია და ოთახიდან გავიდა. დავრჩი ოთახში გულდათუთქული, ყველანაირი გაგებით. პერანგი ჩამოვიცვი და დამწვარზე ხელს ვინიავებდი.
ქრისტინაც ფრთხილად შემოვიდა კარში.
–როგორ არის საქმე?–დამხედა ყურადღებით.
–კარგად არის ყველაფერი,–ვთქვი სასწაულად გაბრაზებულმა და სველ თმებში ხელი გადავიტარე.
–ძალიან კარგი,–მიხვდა ჩემს რეაქციას და ოთახიდან გააბოტა.
სარკესთან ჩამოვჯექი და სიწითლეს დავხედე.მერე საკუთარ ბრაზმორეულ, განადგურებულ სახეს შევავლე თვალები და გული მომივიდა ჩემი ასე ხილვისას. რატომ და რისთვის. ხომ შეიძლებოდა უბრალოდ მალე დამწყებოდა შეგუების პროცესი. თუმცა, დაჩი ამდენი ხნის შემდეგ პირველად გუშინ ვნახე, როგორ შეიძლებოდა ასე უცებ გადამეგორებინა, ვიცავდი თავს.
დაჩი მალამოს კონტეინერით ხელში შემოვიდა და მაგიდაზე დადო.
–დაიმუშავე თუ არ გინდა ამ საღამოს გამწარება,–მომიგდო სიტყვები და ოთახიდან გავიდა.
უკვე აღარც მუშები მინდოდა და აღარც არაფერი, დილიდან რეტი მესხმოდა აღელვებისგან. მალამო დამწვარზე გადავიტარე. სველი ტანსაცმელი ჩანთაში ჩავყარე და ოთახიდან გავვარდი.
წყვილი დაძაბული იდგა და ერთმანეთს აკვირდებოდა.
–თქვენის ნებართვით, მე დაგტოვებთ, არა მგონია, რამეში დაგჭირდე, დაჩი,–ძალდატანებით გავუღიმე მას,–და თუ, ცხადია, რამეში დაგჭირდი, გაქვს ჩემი ნომერი და შემეხმიანე, აბა, დროებით და წარმატებები,–ხელი დავუქნიე მათ და ფეხაჩქარებული გავედი სახლიდან.
ტაქსი სანამ მოვიდოდა გესლიანად გავცქეროდი ფანჯარას. ვერაფერს ვხედავდი, წვის შეგრძნება მაწამებდა, წვის შეგრძნება, რომელსაც დაქცეულ ყავასთან არავითარი შეხება ჰქონდა და პირდაპირ შუა გულიდან მოდიოდა.
***
ჩემს ერთადერთ და პირველ სიყვარულს დავშორდი. ერთადერთ კაცს, რომელთანაც რაიმე სახის ურთიერთობა მქონია და გარდა მრავალი წლის შეყვარებულობისა, გასული ოთხი წელი ცოლქმრობას ვითავსებდით. სახლში ყველა მსხვრევადი ნივთი განადგურებული იყო. იატაკზე მიფშვნილი, მილეწილი თეფშებისა და ფინჯნების ნაწილაკები მზის შუქზე კრისტალებად ელავდნენ და ჩამოღამებულ, ნამტირალევ თვალებს მჭრიდნენ. მუხლში მოხრილი, ცრემლებისგან დაოსებული, ხმაჩავარდნილი და დადუმებული რამდენი საათით ვიჯექი, გაურკვეველია. სრული დომხალი ტრიალებდა ჩემს გონებაში, როგორ მინდოდა რამდენიმე ხნით გამოვრთულიყავი, უბრალოდ პაუზა ამეღო, გონება ჩამექრო და ეს საშინელი ფიქრები გამექარწ....ბინა. თვალებგაფართოებული, გაშტერებული მანამ ვეკროდი ცივ იატაკს, სანამ ბოლო მბჟუტავი ნათებაც სიბნელეში არ მიიმალა. ფეხზე წამოვდექი და ტელეფონის განათებული ეკრანით მივიკვლიე გზა საძინებლამდე. მიყრილი, აულაგებელი ლოგინი, ძირს მოფენილი საბანი, ცივი სივრცე, აი რა იშლებოდა ჩემ თვალწინ. ცრემლების ახალმა სვეტებმა გაიარეს ჩემი სახე, ფეხაკრეფით მივუახლოვდი საწოლს, გაყინულ საბნებში შევწექი და გულაღმა გავიშოტე. ჭერზე ამოტვირფულ სფეროებს გავუშტერე თვალი და დაჩის გაცეცხლებული, გაავებული სახე ამესვეტა ფიქრებში. როდის ავირიეთ? როდის გამოეცალა ჩვენ უშუალო, მყარ და მტკიცე კავშირს ბერკეტი? როდის მოვეშვით? როდის დავიფანტეთ? ფანტასტიური თანაცხოვრება გვქონდა. სრული ჰარმონია, თინეიჯერობის ასაკიდან თანაშეზრდილებს, სრულად გვყავდა ერთმანეთი შესწავლილი, გვიყვარდა ერთმანეთი ყველა ნაკლითა და უპირატესი მხარეებით. რა თქმა უნდა, მცირე კონფლიქტებიცა და გაუგებრობებიც იყო-ეს ორი ზრდასრული ადამიანის თანაცხოვრების გარდაუვალი ნაწილია, თუმცა მათი დაძლევაც გადასარევად შეგვეძლო. მე ვიცოდი, და მანაც იცოდა, რომ მე მის გარეშე და ის ჩემ გარეშე, არ არსებობდა და არც იარსებებდა. ჩვენ ვიყავით ერთნი და ეს ვიცოდით არა მარტო ჩვენ, არამედ ყველამ, ვინც იცოდა ჩვენ შესახებ. თუმცა რა მოხდა დღეს? რატომ ვუყვიროდით ერთმანეთს ისტერიკულად? საიდან დაილექა ამხელა ბრაზი, როდიდან დაიწყო ამ აგრესიის გამოკვება, ზრდა და მერე კულმინაცია, გადმოფრქვევა და ჩვენი დაწამვლა. ჩვენ, უბრალოდ, გამოვფიტეთ ერთმანეთი, გავცრიცეთ და დავშრიტეთ, ეს ხდებოდა თანდათანობით, მისხალ-მისხალ, თუმცა გროვდებოდა და გროვდებოდა. დღეს კი, საკვანძო გარდატეხა მოხდა, ვთქვით ყველაფერი, რაც აქამდე არ გვითქვამს, გავაჟღერეთ გულის კუნჭულში გადამალული ვერთქმული სიტყვები, ბრაზს გასაქანი მივეცით და ახლა, მე მარტო, დაჩის თბილი სხეულის, მოშვებული სუნთქვის ხმებისა და ძლიერი, შემოჭდობილი მკლავების გარეშე ვიწექი ცივ საწოლში, ემბრიონივით მოკუნტული, დაპატარავებული და მილეული. დაჩის გარეშე. ღმერთო, რა არარეალური იყო, როგორი უცხო, როგორი არაჩემეული, არ ჰგავდა ჩემს ცხოვრებას, ოდნავადაც არა... გარიჟრაჟზე უძილარი თვალები შევარხიე და მზის მქრქალი სხივებით გამოცოცხლებულ ოთახს შემოვატარე. თავი უსაშველოდ მტკიოდა, ყელი მეწვოდა და გამომშროდა. ფეხზე წამოვდექი და თვალი საწოლის პირისპირ აყუდებულ სარკეს შევავლე. თმააწეწილი, ორი დღის გაუხდელი საღამურითა და გამოწითლებული თვალის გუგებით. ტელეფონი ხელში მოვიქციე და ერთ პროცენტამდე დაყვანილი ბატარეის წითელ მაჩვენებელთან ერთად, თვალში უამრავი უპასუხო ზარი შემეჩეხა. ტელეფონი დამტენზე შევაერთე და სამზარეულოში გადავინაცვლე. დალეწილი ჭურჭელი ერთად დავახვავე იატაკის შუაგულში და ნაგავში გადავუძახე. კედლის საათი დილის 7-ის ნახევარს უჩვენებდა. აბაზანაში გადავინაცვლე მოსაწესრიგებლად და წყლის ჭავლის ქვეშ მდგარმა თავი კედელს მივაბჯინე. რა ჯანდაბა ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში. ეს რა დაცინვა იყო, თავსდატეხილი აგონია. სოფოს გარდაცვალების შემდეგ პირველად ვიგრძენი მასიური ემოცია. პირველად ვიგრძენი სხეულზე შემოჭდობილი, ჩაფრენილი მარწუხები. დაჩი დავკარგე. ბოლოს და ბოლოს ამდენიც მოვახერხე.
***
ლენკა ყბადაღებული მიცქერდა და მიღებული ინფორმაციის გადახარშვას ცდილობდა.
–გეხვეწები, კიდევ გამიმეორე, დაჩის ჰყავს რა?
–ვინ, ლენკა, ვინ ჰყავს. შეყვარებული, ქალბატონი ქრისტინა,–გავწელე მისი სახელი და სიმწრით გავიღიმე.
–გაუგონარ რამეს მეუბნები, ვერ ვიჯერებ კიდევ,–თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული და გაოგნებული თვალებით იმზირებოდა.
–და რა არის დაუჯერებელი? 5 წელია ერთად აღარ ვართ. საქართველოდან გაიქცა ლამის, ისე ამოვუყვანე ცხოვრება ყელში. 2 წელი ჯოჯოხეთში ვაცხოვრე და კიდევ კარგად გაუძლო ყველაფერს,–გესლით ვიხსენებდი საკუთარ ქმედებებს, რომელთა დავიწყებაც მთელი გულით მინდოდა,–გაიქცა და იპოვა თავშესაფარი. ლამაზი ქრისტინა. ვითომ ჩვენ არც ვარსებულიყავით. ეს იყო მთელი მისი სიყვარული? 8 საათი ძლივს ძლებდა უჩემოდ, სამსახურში რომ იყო ხოლმე. 24 საათი მეცოტავება დღეში შენს დასაკმაყოფილებლადო. ეგ იყო სულ?–ისტერიკაში გადავდიოდი.
–წინააღმდეგობაში მოდიხარ ახლა,–გამიღიმა ლენკამ,–ჯერ ჩემი ბრალიაო და ახლა რაღა სიყვარული სცოდნიაო.
–კიდევ კარგად ვარ,–ხელები მაღლა აღვმართე მე.
–დამშვიდდი ახლა. ყველაფერი კარგადაა, ძლივს დამშვიდებულ ნერვებს თავიდან ნუ გაინადგურებ. გადავაგოროთ დაჩის ჩამოსვლა მსხვერპლის გარეშე. ერთხელ ცხოვრობ, თეკლა, იცხოვრე საკუთარი თავის ზრუნვით და სიყვარულით. ყავდეს იმას ის ქრისტინა, რაც არის , არის. ისე, ვერიდები და ვზომავ შენთან ყველანაირ სიტყვას, ახალი აბსურდი არ დააწყო გონებაში, მაგრამ ვერ დამაჯერებს ვერავინ სამყაროში, რომ დაჩის ერთი წამით მაინც შეუძლია სხვა პიროვნების სიყვარული დედამიწაზე.–თავს აქნევდა ლენკა.–შეუძლებელია!–კიდევ ერთხელ გამოკვეთა აზრი.
–არაფერი შეუძლებელი არ არის,–გავიღიმე მე,–არ იცი, როგორ ჟღურტულებდნენ, პირდაპირ დადნებოდი,–ირონია მოვიშველიე მე.
–ხო, კი, კი, მჯერა შენი,–ხელი ამიქნია ლენკამ.–ჩემი მუდამ სუბიექტური,–გამიცინა და ლოყაზე მაგრად მაკოცა.–გთხოვ, ჩემო ლამაზო, კიდევ გთხოვ, შენს გამოზრდილ, დადინჯებულ, დამშვიდებულ ნერვებს მოვუფრთხილდეთ. არავინ და არაფერი იმსახურებს შენს ცუდად ყოფნას, გესმის, თე?–თბილად მომიგო ლენკამ და მომეხვია.
მართალიც იყო. საკმარისად დიდი ემოცია გავატანე ამ ურთიერთობას. ადამიანი გავნახევრდი, დავუძლურდი, ცხოვრება თავზე დამექცა და ახლაც ამ საკითხს მივტიროდი. დრო იყო გონზე მოსვლის. ჩემი დანაშაულის ბევრჯერ ვიწვნიე. აღარ იყო საჭირო ტანჯვა.
საკუთარ თავს ვამხნევებდი მე.
–თეკლა, რაღაც უნდა გითხრა,–თავი წამოწია ლენკამ.
–გისმენ?–არ მომეწონა მისი ტონი.
–დაჩის ჩამოსვლასთან დაკავშირებით დათი წვეულებას აწყობს,–თვალებში ვერ მიყურებდა ის.
–მერე??
–რა გავაკეთო?–კითხვით შემომხედა მან.
–რა უნდა გააკეთო, ლენკა,–გავიცინე მე,–ერთად გავიზარდეთ ყველანი, ჭირი და ლხინი ერთად გვაქვს გადატანილი, იმის გამო, რომ მე და დაჩი ერთად აღარ ვართ, სამეგობრო ხომ არ დაზიანდება. რა თქმა უნდა, შენც უნდა წახვიდე. ვიცი, დაჩი როგორც გიყვარს, თან დათის მარტო ხომ არ დატოვებ? არც უნდა გეკითხა ეგ, ისედაც ამდენი წელი დათი ძმაკაცის გარეშე იტანჯებოდა. ძმაკაცის, რომელიც მე გავუქციე, შენ კიდევ თვეობით გტანჯავდა, როცა დაჩისთან მირბოდა ხოლმე. ხედავ, რამდენი ადამიანი გავამწარე?–ვიცინოდი მე.
–რა გიჟი ხარ,–იცინოდა ლენკაც.–შენც წამოდი, გთხოვ, ყველანი იქ ვიქნებით, ჩვენ ყველანი მოკრებილი და შენ ცალკე, ჩვეულებრივი აბსურდი იქნება. აუცილებლად იქ უნდა იყო.–თხოვნის თვალებით მიყურებდა ლენკა.
–აჰ, ეგ ნამეტანია ახლა, დაჩი იქ თავისი ახალი მეორე ნახევრით წარმოდგინდება და სად მაქვს მაგის ნერვები,–ხელი ავიქნიე მე.
–ხოდა, შენც წამოიყვანე ერეკლე, რამდენი ხანი უნდა გეპრანჭებოდეს ეგ ბიჭი, გაახარე ერთხელ,–თვალი ჩამიკრა ლენკამ.
–უი, ერეკლე, სულ გადამავიწყდა,–გამეცინა მე.
ერეკლე ჩემი თანამშრომელია, უკვე 2 წელია ერთ ოთახში ვმუშაობთ. ძალიან მხიარული და აქტიური ტიპია. გრძელი თმა აქვს, მუდამ კეფაზე დაკოსილი, კუშტი წარბები და მწვანე თვალები. მუდამ ხალვათად აცვია, თითქოს სანაპიროზე მიშრიალებდეს და თითქმის გაცნობიდან ცდილობს ჩემთვის თავის მოწონებას. კარგი ბიჭია, თუმცა ჩემთვის ზედმეტად ახალგაზრდა. ჩემნაირი დანგრეული ემოციების პატრონისთვის კი ზედმეტად საცოდავი. თან პირველ რიგში, დაჩი არ არის.
ჩემს ფიქრებზე გამეცინა და თავი ხელებში ჩავრგე.
–რა გაცინებს?–ხელი მკრა ლენკამ.
–რა მაცინებს და ერეკლეს დაწუნების მიზეზზე ვიცინი, თავში გამიარა, დაჩი არ არის–მეთქი, 5 წელი, 5 წელი, რამდენი წელი უნდა გავიდეს, რომ ეს ბიჭი გულიდან ამოვირეცხო,–თავი გავარყიე მე.
–აშკარად 5–ზე მეტი,–სიბრძნე დააბრეხვა ლენკამ და სიცილი დაიწყო.
ავყევი მეც, ნეტა რა გვაცინებდა ან ერთს, ან მეორეს.



№1  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან საიტერესო ისტორიაა ძალიან

 


№2  offline წევრი დარინა

რთულია რაიმე ვიფიქრო რადგან მხოლოდ ერთი მხრიდან ვხედავთ მოვლენების განვითარებას და მარტო თეკლას ემოციებს ვკითხუკობთ არ ვიცით რეალურად დაჩი რას განიცდის, თან თეკლა ამ წუთში ეგოისტობის პიკზეა ანუ მან ხუთი წელო ვერ დაივიწყა და მისი აზრით დაჩიც ეგრე უნდა ყოფილიყო თუ დაშორება თეკლას ბრალია მითუმეტეს ასე ფიქრის უფლებაც არ აქვს , ვნახოთ აბა წინ რა გველოდება დარწმუნებული ვარ დაჩი ამოფარებულია უგულობის ნიღაბს.

 


№3  offline წევრი Azula

Daldoni Daldoni
ძალიან საიტერესო ისტორიაა ძალიან

მადლობა<3

დარინა
რთულია რაიმე ვიფიქრო რადგან მხოლოდ ერთი მხრიდან ვხედავთ მოვლენების განვითარებას და მარტო თეკლას ემოციებს ვკითხუკობთ არ ვიცით რეალურად დაჩი რას განიცდის, თან თეკლა ამ წუთში ეგოისტობის პიკზეა ანუ მან ხუთი წელო ვერ დაივიწყა და მისი აზრით დაჩიც ეგრე უნდა ყოფილიყო თუ დაშორება თეკლას ბრალია მითუმეტეს ასე ფიქრის უფლებაც არ აქვს , ვნახოთ აბა წინ რა გველოდება დარწმუნებული ვარ დაჩი ამოფარებულია უგულობის ნიღაბს.

მადლობა ასეთი ყურადღებისთვის<3

 


№4 სტუმარი სტუმარი Wero

საიტერესო იყო,მოვლენები ისე ვითარდება რაც მოსალოდნელი არის დაშორებული წყვილში,მაგრამ თითქოს თეკლა იჩაგრება და დაჩი განზე დგას. ველი შემდგე თავს და ოდნა გაზარდე გთხობ!? არმყოფნის.

 


№5  offline წევრი Azula

სტუმარი Wero
საიტერესო იყო,მოვლენები ისე ვითარდება რაც მოსალოდნელი არის დაშორებული წყვილში,მაგრამ თითქოს თეკლა იჩაგრება და დაჩი განზე დგას. ველი შემდგე თავს და ოდნა გაზარდე გთხობ!? არმყოფნის.

დიდი მადლობა, ვეცდები მომდევნო თავი გავზარდო. მადლობა რომ წაიკითხეთ<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent