იღბლის კერა ნანგრევებში(3)
*** სახლში თეფშების რახა–რუხი იყო ამტყდარი. დედაჩემი ოთახებში გადი–გამოდიოდა. თავწაკრული და მარდად მომართული. –ხო მშვიდობაა?–ამოვიზმუვლე ახალ გაღვიძებულმა.–უნდა მანანებინო აქ დარჩენა?გაგდებას ხომ არ მიპირებ?–მივაყარე დედაჩემს და ბალიში ყურებზე შემოვიჭდე. –დაჩიმ დამირეკა გუშინ, თუ ხვალ გეცლებათ, გამოვალ და გნახავთო,–ყურებამდე გაღიმებულმა დედაჩემმა ამოარაკრაკა. –გაგიჟდი?–წამოვხტი ისტერიულად. –რა იყო, შვილო? არ იცი შვილივით რომ მიყვარს შენი ყოფილი ქმარი? თუ შორდებოდი, რაღას შეგვაყვარე ასე ძალიან,–ცრემლი მოერია ნანას და თავის სტანდარტულ მონოლოგს მოჰყვა,–ჩემ თვალწინ გაიზარდა, 17 წლიდან ერთად იყავით, სულ ჩვენთან იყო, თავზე გვევლებოდა, თავი გაიგიჟეთ, ერთმანეთის მეტი არ გვინდაო არავინ და ასე მოიქეცით მერე,–აგრძელებდა ის. –ვაიმე, ნანა, გეხვეწები მაგ ტექსტით ვიდეო ჩაიწერე და როცა თქმა მოგინდება, ჩამირთე, რაღას იღლი იოგებს, მაინც სულ ერთსა და იმავეს იძახი რადიოსავით.–ამოვიქშინე მე დედისგან მობეზრებული ტექსტის გამო. –უგულო, ცივი, უხეში,–მიაყარა ნანამ და პიანინოს თავზე დაწყობილი სუვენირების გაწმენდვას მოჰყვა. –მე ვარ კიდევ უგულო? დაჩი, დაჩი, დაჩი, რაც ჩამოვიდა ყველგან მაგის სახელი ისმის და მომბეზრდა უკვე, ყველგან დაჩია, სახლში, სამეგობროში, ეზოში, აღმა, დაღმა, მი–მო–ა–და,–გავღიზიანდი მე. –და რა გიკვირს შვილო? ერთი წრე გყავთ, ოჯახიც კი საერთო გქონდათ და რა გიკვირს? ხუთი წელი თავის ქვეყანაში არ ყოფილა ბიჭი, ისე გააქციე. რამე უცნაურია ამაში?–ხელები დაიფერთხა ნანამ. –სულ კარგად და ბედნიერად იყავით, ჩაეხუტე და ჩაეკარი შენს დაჩის, მე აღარ მომიკითხო,–წამოვვარდი საწოლიდან და დედას ცხვირი ავუბზუე. –რომელ ასაკში უნდა დაღვინდე, შვილო, 32 წლის ხდები!–მომაძახა ნანამ. დანარჩენი სიტყვები აღარ გამიგია,უკვე სააბაზანოს სივრცეში ვიყავი შეყუჟული და სარკეში ჩემს თავს ვაკვირდებოდი. დაჩი ჩემს სახლში. რა უცნაური ტანდემი იყო, დაჩი და ჩემი სახლი. ჩვენი ოჯახები იყო ერთადერთი ადგილი, სადაც მე და დაჩის ჩხუბი არ შეგვეძლო. ნაჩხუბრებიც რომ ვყოფილიყავით, ამ სივრცეში სულ ვრიგდებოდით. ოჯახურ სივრცეში არ გვემეტებოდა ერთმანეთი საჩხუბრად ან საკინკლაოდ. რა უცნაური იქნებოდა დაჩის აქ ხილვა, სადაც მართლა დროის უდიდეს ნაწილს ერთად ვატარებდით. ონკანიდან წყალი მოვუშვი და სახეში შევისხი. გონებაში ათასი სხვადასხვა აზრი მიფრენდა. რა ჯობდა, მეც ვყოფილიყავი აქ, თუ არც ერთ შემთხვევაში არ გამომეხედა სახლისაკენ. რა უნდა მექნა გაუგებარი იყო. მოვწესრიგდი, სახლიდან მაშინვე გამოვვარდი და სამსახურისკენ დავიძარი. არც ერთ შემთხვევაში არ მაწყობდა აქ ყოფნა. ვინ იცის, დაჩის აქაც მოეყვანა მისი ახალი გატაცება. უარესად უნდა შევრცხვენილიყავი ოჯახის წინაშე და ნერვებიც უარესად უნდა დამგლეჯოდა. ამიტომაც, წყნარად და მშვიდად ვარჩიე სახლიდან გაპარვა. ასე აჯობებდა. დაჩიზე ფიქრი და მისი ნახვაც კი უკვე ზედოზირებაში გადამივიდა. საკუთარი თავისთვის გამოფხიზლების საშუალება უნდა მიმეცა. იქნებ მართლა ჯობდა ერეკლესთვის შანსის მიცემა?–ვფიქრობდი ჩემთვის და ჩემი სამსახურის შენობის მეოთხე სართულზე ავდიოდი. 5 წლის განმავლობაში არც ერთი წამით არ მიფიქრია სხვა მამაკაცთან ურთიერთობაზე. ან კი როგორ უნდა მეფიქრა, მე და დაჩი ხომ აკვნიდანვე ცხოვრებას ერთმანეთს ვუკავშირებდით. როგორ შემეძლებოდა სხვა ადამიანის მის მაგიერ წარმოდგენა. თავად კი გადასარევად შესძლებია. ბრაზით გავაღე კაბინეტის კარი და ფანჯარასთან თერმოსით მდგარ ერეკლეს ხელი დავუქნიე. –დილა მშვიდობისა!–გამიღიმა ერეკლემ. ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც ყოველთვის. თეთრი, გაშვებული პერანგი და გაცრეცილი ღია ბრიჯები. თმა ისევ და ისევ კეფაზე დაეკოსა. პერანგის ზედა ღილები შეეხსნა და მაჯებზე მისი საყვარელი სამაჯურებიც მოერგო. –დილა მშვიდობისა!–მივესალმე მეც და ჩანთა მაგიდასთან ჩამოვდე. –აბა, როგორ არის საქმეები?–შემეკითხა ერეკლე. –გადასარევად,–გავიღიმე ირონიულად და გონებაში ჩემს თავს დავცინე. კომპიუტერი გავხსენი და საქმეს შევუდექი. საერთოდ არ მინდოდა არავისთან კომუნიკაცია, ერეკლესთან მით უმეტეს. უკვე გადაღლილი ვიყავი მისი პრანჭვა–გრეხვითაც და ზოგადად, სამყაროში ყველაფრისგან გადაღლილი ვიყავი. სიამოვნებით წავიდოდი სადმე მარტო, ღია, საზაფხულო ტანსაცმელებით სავსე ჩემოდნით. თმებს სულ მოკლეზე შევიჭრიდი, გავხალისდებოდი. გემრეილ საჭმელებს შევექცეოდი. ზღვას მოვუყვებოდი დარდებს და მართლა დავისვენებდი. სრულიად მარტო, სრულიად დამოუკიდებლად. დაჩისაც ამოვიგდებდი თავიდან და გავთავისუფლდებოდი ყოველდღიური დრამისგან. უბრალოდ საკუთარ თავს მოვუსმენდი, საკუთარ გულისცემას, საკუთარ ფიქრებს. 17 წლიდან მე და დაჩი ერთად ვიყავით, 26 წლის ასაკში დავშორდით. ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბების, შექმნის, გამოფხიზლების, საკუთარი თავის გაანალიზების პროცესი დაჩისთან ერთად გავატარე. მასთან ერთად ყველაფერი ბევრად მარტივი და იოლი იყო, ყოველთვის ვიცოდი, რომ გვერდში მყავდა ადამიანი, რომელიც მუდამ ჩემს მხარეს დაიჭერდა, მუდამ ვეყვარებოდი, მუდამ მომიწონებდა. ჩემი იმედიც, სახლიც და კედელიც ის იყო. დაშორების შემდეგ კი 5 წელი მის მონატრებასა და აგონიაში გავატარე. რაღა კი იყო ჩემი ცხოვრება. არასოდეს მომისმენია საკუთარი ფიქრებისთვის. ან დაჩისთან ერთად ვიყავი, ან დაჩის გარეშე ყოფნას ვგლოვობდი. ვფიქრობდი და თან კომპიუტერზე გაუჩერებლად ვაწკაპუნებდი. აქ ვმშვიდდებოდი, ვწყნარდებოდი. აქ არავინ მთხოვდა ისეთი რთული, ადამიანურად მძიმე გადაწყვეტილებების მიღებას, როგორსაც რეალურ ცხოვრებაში ვაწყდებოდი. აქ უბრალოდ მე და კომპიუტერს გვიწევდა განმარტოვება და მარტივი დავალებების შესრულება. საბოლოოდ შევჯერდი, რომ მართლა უნდა წავსულიყავი სადმე მარტო და თმაც შემეჭრა. მიყვარდა ჩემი გრძელი, აქამდე ხელშეუხებელი, წაბლისფერი თმები, თუმცა დაჩის უფრო უყვარდა და ქვეცნობიერულად ამიტომაც ვერ ველეოდი ვერასდროს. ვერ ვიჭრიდი, ვერ ვიმეტებდი. ვერ ვიმეტებდი იმ მოგოგნებებს, რომელიც ამ თმას დაჰყვებოდა. უცებ გიჟივით წამოვხტი და ერეკლეს გავხედე: –თმა უნდა შევიჭრა!–ამოვთქვი მე და საათს გახარებულმა შევხედე. –რა ბზიკმა გიკბინა?–გაეცინა ერეკლეს,–როგორ უნდა შეიჭრა, რას ჰქვია, რას იძახი,–გაიკვირვა ერეკლემ. –აი აქამდე,–ყბის ხაზს გავუთანაბრე ხელი მე. ერეკლეს თვალები გაუფართოვდა და სახეზე კითხვის ნიშნები გამოესახა. ფეხზეც კი წამოდგა და მომიახლოვდა. –გეხვეწები, კარგად დაფიქრდი, ჯერ არ მინახავს ქალი, თმა შეეჭრას, და კმაყოფილი ყოფილიყოს. ერთხელ, ჩემმა დამ, 14 წლის რომ იყო თავისი ხელით წაიღრიჭნა თმები, 5 წელი გავიდა მაგის მერე და ისევ ტირის, ის სიგრძე ჯერ კიდევ ვერ დაიბრუნა. კარგად დაფიქრდი, აწონ–დაწონე და მერე თუ გინდა უფრო მოკლეზეც შეიჭერი,–იჯავრა ერეკლემ. –არანაირად, ახლა და ამ წუთას მინდა,–აღტყინება არ მელეოდა მე. –თეკლა, ორი წელია გიცნობ და ვხედავ, როგორ უვლი შენს გრძელ თმებს, ოდესმე მოკლედ გქონია?–მკითხა მან. –არასოდეს,–ღიმილს ვერ ვიკავებდი მე. –მით უმეტეს, არაა ახლა სწორი მომენტი მაგ გადაწყვეტილების მისაღებად, მე კიდევ დაფიქრებისკენ მოგიწოდებ, თორემ დარწმუნებული ვარ შენს ლამაზ სახეს ნებისმიერი სიგრძე მოუხდება,–გამიღიმა ერეკლემ. –ერთხელ ვცხოვრობთ, არასოდეს მიტარებია მოკლე თმა, მაგის გამბედაობა არასდროს მქონია, მგონი ახლა არის სწორი მომენტი,–დარწმუნებული ვიყავი ჩემს გადწყვეტილებაში მე. –კარგი, აღარ შეგაკავებ, ოღონდ გთხოვ, მე წაგიყვან სალონში, ერთად წავიდეთ, გზაში კიდევ გადავიაზროთ და თუ მართლა ამ ფიქრზე დარჩები, დაე დავემშვიდობოთ შენს გრძელ, მბზინავ თმას,–ბოლო სიტყვები გამოკვეთა ერეკლემ. ცდილობდა, აზრი შემეცვალა. თუმცა აზრის ცვლილებას არც ერთი წამით არ ვაპირებდი. ასე არასდროს არ მდომია ჩემი თმის მოშორება. ისეთი აღტაცებული ვიყავი, ლამის მაგიდაზე მყოფი ქაღალდის მაკრატელი გამომესვა ნაწნავზე და დავმშვიდობებოდი. ალბათ, ძნელი დასაჯერებელია, თუ გეტყვით, რომ მართლა ვერ ვჩერდებოდი ერთ ადგილას და წამებს ვითვლიდი, რომ სამსახურის დრო დასრულებულიყო. როგორც კი საათის პატარა ისარი 5–ს გაუსწორდა. ფეხზე წამოვენთე და ჩანთაში ყველა საჭირო ნივთი ჩავალაგე. –აბა, მოდიხარ, თუ წავიდე?–ერეკლეს დავადექი თავზე. –მოვდივარ, რა თქმა უნდა, ახლავე წავიდეთ.–თავი გადააქნია მან და გამიცინა. აშკარად გაოცებული იყო ჩემი გადაწყვეტილებით. ერეკლეს მანქანაში წინა სავარძელზე მოვთავსდი და ღვედი შევიკარი.სალონის მისამართი ვუკარნახე და სარკეში ჩემს გრძელ თმებს საბოლოოდ შევავლე თვალი. დარწმუნებული ვიყავი ჩემს გადაწყვეტილებაში. მართლა მინდოდა, უზომოდ მინდოდა. –თეკლა, თავს ცუდად ხომ არ გრძნობ და ამის გასაქარწ....ბლად ხომ არ აპირებ თმის შეჭრას?–სერიოზულად გამომხედა ერეკლემ. –მსგავსი არაფერი, უბრალოდ ძალიან მინდა სიახლე, 32 წელია ერთსა და იმავე ვარცხნილობაში ვარ, ძალიან მომაბეზრებელი ვარ, და ესეც ძალიან მომაბეზრებელია, აქამდე ერთხელ მაინც როგორ ვერ გავბედე,–გაკვირვებული ვიყავი საკუთარი თავით,–ძალიან მშიშარა ვარ, იმედგაცრუებული ვარ ჩემი თავით,–მხრები ავიჩეჩე. –რას ამბობ, სილამაზე ზეციური საჩუქარია და ყველა ადამიანი თავისებურად ცდილობს ამას გაუფრთხილდეს, არავინ ცდილობს ექსპერიმენტებს, თუ საკუთარი თავით ისედაც კმაყოფილია, მე მგონია, გადასარევი მიდგომა გქონდა, სტაბილურად ინარჩუნებდი იმას, რაც შენ საჩუქრად გადმოგეცა. მე მგონი, არ ღირს ამის გამო საკუთარი თავის კრიტიკა. –არ გეთანხმები, ცვლილებების არსიყვარული სტაბილური ხასიათის კი არა, შიშის და მერყევი თავდაჯერების მაჩვენებელია. მე რომ თავდაჯერებული ვყოფილიყავი, რატომ შემეშინდებოდა რისკის, ისედაც მეცოდინებოდა, რომ ნებისმიერ სიტუაციას გავუმკლავდებოდი და ,ვთქვათ, ამ შემთხვევაში, ნებისმიერ ვარცხნილობას მოვირგებდი,–ავყევი ერეკლეს. –შეიძლება მართალიც ხარ, მაგრამ თმის შეჭრა ქალებში ექსპერიმენტზე მეტად იმედგაცურებასა და გატეხილ გულს უკავშირდება, შენ კი უარყოფ, მაგრამ მე მაინც ვიტოვებ ჩემს ეჭვებს,–გამიღიმა ერეკლემ. –დაიტოვე, დაიტოვე,–ღიმილით ვუპასუხე მეც და ფანჯრისკენ გავაბრუნე თავი. მალევე მივედით დანიშნულების ადგილას, გზაში კიდევ ეცადა ერეკლე ჩემს გადარწმუნებას, მაგრამ, რომ მიხვდა ჩემს აშკარა ურყევობას, ხელები ამიწევიაო და სალონის კარი ფართოდ გამიღო. ჩემი ახლობელი სტილისტი ჩემს მოთხოვნებს ყბაჩამოვარდნილი უსმენდა და ერთი პირი ისიც გადარწმუნების უსარგებლო გზებში გადაეშვა. როცა საბოლოოდ მოვახერხე ყველა აჯანყებულის დამშვიდება, სკამზე მოვთავსდი და ჩემს ბღუჯა თმაში ცხვირი ჩავყავი, საბოლოოდ შევისუნთქე მისი სურნელი, მისი დაგროვილი მოგონებები, ემოციები, ფიქრები, გალეული წლები და კურცხალი ცრემლი მასში ჩავმალე. ნახევარ საათში ყველაფერი დასრულებული იყო. გაოგნებული ვიყურებოდი სარკეში და თვალებს ვერ ვუჯერებდი. ფეხზე რომ წამოვდექი, იმხელა სიმჩატე ვიგრძენი, თითქოს თმები კი არა, ზურგზე შემოსმული ცოცხალი არსება ჩამომხსნეს. გაოგნებული მზერა ნელ–ნელა ღიმილში გადამეზარდა. სარკის წინ ბავშვივით დავბზრიალდი და ერეკლეს, რომელიც შიშით ჩემკენ არც იმზირებოდა, ცხვირწინ ავესვეტე. 5 წუთი ხმაჩავარდნილი მიყურებდა. ბოლოს ფეხზე წამოდგა, ნიკაპის სიგრძის თმებზე ხელი მომისვა და გამიღიმა. –ულამაზესი ხარ, მართლა,–ყბადაღებული მიყურებდა ის. –მითხარი, ასე უფრო ლამაზი ვარ, თუ გრძელი თმით. –რომ გადაგხოტრონ, მაინც ულამაზესი იქნები,–გაეცინა ერეკლეს,–პირდაპირ გეტყვი, სულ სხვა მუხტი მოგცა, ბევრად ბავშვური და საყვარელი ხარ, გრძელი თმა უფრო მეტ ელეგანტურობას გაძლევდა, მაგრამ მე ასეთი მირჩევნიხარ,–კიდევ გაშტერებული იყო ის. –ხო, არა? სულ სხვა ვარ, იგივე ვარ, თან სულ სხვა,–ვუცქერდი ერეკლეს უკან მდგარ სარკეს. –შენ ხომ კმაყოფილი ხარ? ხომ არ ნანობ?–დაინტერესდა ერეკლე და კიდევ შემეხო თმის ბოლოებზე. –არა, არც ერთი წამით არ ვნანობ, ასე მგონია ყველა დარდი, ყველა ჯავრი თმას გავაყოლე, წარმოუდგენელ სიმსუბუქეს ვგრძნობ,–მართლა ვგრძნობდი, როგორ მომაკლდა 10 წელი, როგორ გავხდი ისევ ის ლაღი, ინტენსიური, მხიარული, გაუჩერებელი არსება. სანამ მანქანამდე მივიდოდით, ყველა მინაში ჩავიხედე, და ყველა ანარეკლში ვეძებდი ჩემს თავს. უზომოდ გახარებული ვიყავი ჩემი გადაწყვეტილებით და მსუბუქად მივაბიჯებდი. ერეკლე, ისევ სტანდარტულად გაოცებული იყო. მანქანის კარი შემიღო და თავადაც მოთავსდა. ჩემკენ გამოიხედა და ღიმილიანმა გააგრძელა ჩემი ცქერა. –რაღაც, ცხოველურ ეშხს და აღტყინებას ვხედავ შენში,თითქოს ასეთი დედამიწის პირმშო არასოდეს ყოფილხარ, მიხვდი რას ვამბობ? აქამდე რაღაც ღრუბლებში მჯდარს უფრო აღგიქვამდი, ახლა მიწის შვილს დაემსგავსე, მაგაზე მიმზიდველი არაფერი არ არის. აქაური ხარ, ამქვეყნიური და ყველაზე ლამაზი,–განცვიფრებით მიყურებდა ერეკლე. –კარგი ახლა, ჩამომსვი მიწაზე, ეგრეც ნუ მაწითლებ,–გამეცინა მე. –არა, მართლა, რაღაც განუზომელი ენერგია მოგეცა თითქოს, თავს მივცემ უფლებას და გეტყვი, ბევრი წელი მოგაკლდა,–იცინოდა ისიც. –შენ ახლა მითხარი რომ ბებერი ვიყავი აქამდე?–ვითომ გავუჯავრდი ერეკლეს. –ბებერი არა,ბებრული,–უარესად ახარხარდა ის. სიცილით მივედით დედაჩემის სახლამდე. მინდოდა, ჩემი ახალი ვარცხნილობა ყველას ენახა. ერეკლეს გადაკოცვნით დავემშვიდობე. თმაზე კიდევ ერთხელ მომეფერა და მშვიდობიანი ღამე მისურვე. გული უკვე მეწურებოდა, არ ვიცოდი, შიგნით დაჩი დამხვდებოდა თუ არა, თუმცა ემოციის და სიხარულის შენარჩუნებას მაქსიმალურაად ვცდილობდი. აღელვებულმა დავრეკე ზარი და საპასუხო რეაქციის მოლოდინში გავირინდე. კარის საკეტის ხმაც მალევე გაისმა, თვალმომცინარმა დედაჩემმა კარი გამიღო და ჩემი დანახვისას ღიმილი ჩამოერეცხა. –ვაიმე!–შეყვირა მან. –გადაირიე, დედა?–გავოგნდი მის რეაქციაზე. –ეს რა ჯანდაბაა, შვილო,–თვალები გაუფართოვდა,–რატო ქენი ეს?–ლამის ცრემლი მოერია დედაჩემს. ამ ხმებზე მამაჩემი გამოვარდა. ალბათ ნანას რეაქციიდან გამომდინარე, მომაკვდავს მელოდა კარებთან. ჩემი დანახვისას ამოისუნთქა, შუბლზე ხელი მოისვა და სახლში შემომიშვა. –რა გაყვირებდა, გული გამისკდა,–უსაყვედურა მეუღლეს. –ვერ ხედავ, რა დაუმართნია თავისი თმისთვის?–თავი აუქნია ჩემკენ. –კარგი, დამშვიდდი, სტუმარი გვყავს,–დააწყნარა მამამ და მისაღებ ოთახში შეგვიძღვა. სუფრა გაშლილი იყო, დეიდაჩემი, დაჩი, ჩემი ძმა თემო და ბიძაჩემი სუფრას შემომსხდარიყვნენ. ყველამ ყურადღება ჩემზე გადმოიტანა. სანამ ვინმე რამეს იტყოდა ოთახის ცენტრში დავდექი და ხმამაღლა დავიწყე: –საყვარელო ოჯახის წევრებო, დიახ, არ გეჩვენებათ, 32 წლის განმავლობაში პირველად შევიჭერი თმა მოკლედ, არა, არ ვნანობ, ძალიან მომწონს, ძალიან მიხდება, და თუ რომელიმეს რამე საპირისპირო გაქვთ სათქმელი, შეგიძლიათ თქვენს ლამაზ და გონიერ თავებში შეინახოთ შეუსაბამო აზრები. მადლობა ყურადღებისთვის.–გავუღიმე დამსწრე საზოგადოებას და სუფრაზე პირდაპირ დაჩის პირისპირ ჩამოვჯექი,–ახლა, თქვენის ნებართვით, დავპურდები, ძალიან მშია, თქვენ განაგრძეთ ბაასი. ხუთი წუთის განმავლობაში ყველა მე მაკვირდებოდა, ჩემი ჭამის პროცესს და ჩემს თმას. არავის ხმა არ ამოუღია. დეიდაჩემი დედაჩემის გზას ედგა და ლამის ცრემლები გადმოყარა. ბიძაჩემს და მამაჩემს დიდად არ აჯავრებდათ, იგივე პოზიციაში იყო თემოც. რაც შეეხება დაჩის. სრულიად გაოგნებული, თავს მივცემ უფლებას და ვიტყვი, რომ გულატკიებულიც შემომცქეროდა. ემოციებს ვერ მალავდა. აშკარად ეტყობოდა, რომ რაღაც მწარედ ეტკინა ჩემი ასეთი დანახვისას. ვხედავდი, როგორ უთრთოდა ქვედა ტუჩი და როგორ ცდილობდა თავის შეკავებას ტუჩზე კბენით. გულში კმაყოფილი ვიყავი ამ რეაქციით, ახლა ქრისტინა არ ჰყავდა, იმისთვის, რომ მას ამოფარებოდა და ჩემთვის მარტივად ეჩვენებინა, რომ აღარ ვაინტერესებდი. თუმცა, ამ რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, მინიმუმ ჩემი თმა ჯერ კიდევ ძალიან ედარდებოდა. საუბარი მამაჩემმა განაახლა და ძალიან მადლიერი ვიყავი მისი. ათას კითხვას უსვამდნენ დაჩის, ისიც მაქსიმალურად ცდილობდა უემოციოდ ეპასუხა და ჩემთვის ყურადღება აღარ მოექცია. დაჩი, რომელსაც სმა დიდად არ ეხატებოდა, ახლა გადასარევად უბამდა მხარს მამაჩემს. ყავის გარდა ალკოჰოლის სმაც უსწავლია–გავიფიქრე ჩემთვის. ნეტავ, კიდევ რამდენი რამ ისწავლა, გაიგო, გაათვითცნობიერა უჩემოდ?–გული მომეწურა მე. დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ხმა არ ამომიღია, ჩემი ოჯახის წევრებისა და დაჩის ლაქლაქს ვუსმენდი. დაჩი პერიოდულად დაჟინებით მაცქერდებოდა, თითქოს სევდას მიზიარებდა, ან ბრაზს. შემდეგ ისევ აგრძელებდა საუბარს და ღვინოს მირთმევას. ჩემზე კომენტარს არავინ აკეთებდა, გამიხარდა ჩემი ოჯახის წევრების შეგნება და მთელი დრო უბრალოდ სავარძელს მიყრდნობილი სუფრაზე გამართულ ბაასს ვადევნებდი თვალს. საღამოს 11 საათისთვის, დაჩიმ ყველას დიდი მადლობა გადაუხადა და დასამშვიდობებლად მოემზადა. ყველას გადაეხვია, მოეალერსა, ჩემზე რომ მიდგა ჯერი, ყურში ჩამჩურჩულა: –შეგიძლია გამომაცილო? თავი უხმოდ დავუკარი და მასთან ერთად გარეთ გამოვედი. –აქვე მიყენია მანქანა,–გასაღები გადმომაწოდა მან. მანქანაში ჩავსხედით. დაჩის საკმაოდ ჰქონდა უკვე მოკიდებული. –თუ დალევას აპირებდი, მანქანა რაღას წამოიყვანე,–ვუსაყვედურე მას. –არ ვაპირებდი,–თავი გააქნია მან. –კი, გეტყობა,–გავიცინე მე. –მართლა არ ვაპირებდი, შენ რომ ასეთი დაგინახე, ემოციებმა დამახრჩეს, რომ არ დამელია, იქვე გამისკდებოდა გული,–ალალად მიპასუხა მან. –რატომ, ასე არ მოგეწონა ჩემი შეჭრილი თმა? ისე დამაუშნოვა, რომ ხალხს გულებს დავუხეთქავ?–გავაგრძელე ხუმრობა. –რატომ შეიჭერი?–ჩემი კითხვა დააიგნორა მან და სევდიანად მომიგო,–რატომ შეიჭერი შენი ლამაზი თმები? როგორ ძალიან გიყვარდა, როგორ უვლიდი, როგორ ეფერებოდი, ასე რამ გატკინა გული, მას რომ შეელიე?–ცრემლები მოერია მას. –უბრალოდ მინდოდა და შევიჭერი,–დაჩის ემოციურობა მეც გულზე მომხვდა. –არ მჯერა, უბრალოდ არაფერს აკეთებ, თან მით უმეტეს ასეთ რამეს. თმა ცხოვრებაში არ დაგიმოკლებია, და ახლა მიიღე ეგ გადაწყვეტილება? მართლა ვერ ვიჯერებ,–ცრემლებს ვერ იკავებდა დაჩი. გაოცებული ვიყავი ამ სიტუაციის შემხედვარე, დაჩი, რომელიც გულგრილად შემხვდა, თავისი ახალი შეყვარებული გამაცნო, დამარწმუნა, რომ ჩემში ერთი წამითაც აღარ ხედავდა იმ ადამიანს, რომელიც ოდესღაც უყვარდა, ახლა ასეთ ემოციებს განიცდიდა ჩემი თმის გამო. მართლა შოკში ვიყავი და გული საოცრად მიცემდა. –და, შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?–გავიბრძოლე მაინც უხეშად. –რა გულცივი ხარ,–იმედგაცრუება ჩაუდგა თვალებში. მომიახლოვდა და ხელები თმებზე მომავლო. თავი ახლოს მიიწია, თმებზე მომეფერა. გული მუცელში ჩამივარდა. მთელი სხეული ამითრთოლდა. ავკლანკალდი, დაჩის შეხებამ სრულიად მომცელა, ვიგრძენი ფეხებში გამავალი ნერვიულობა და თვალებზე ბინდი გადამეკრა. მსგავსი გაურკვეველი, მძიმე, თუმცა სიამოვნებანარევი ემოცია ჯერ არ განმიცდია. –რატომ გულცივი, ქრისტინასაც მოკლე თმა აქვს და გადასარევად მოგწონს, ჩემმა თმამ რაღა დააშავა?–კიდევ ერთხელ ვიუხეშე მე. დაჩიმ ხელები გამიშვა და მუშტზე სასწაულად იკბინა. –როგორ მეზიზღები,–ამოთქვა ტკივილიანად. –მეც,–ვუპასუხე იგივე. დაჩი ცრემლებს მწარედ ყლაპავდა თან ჩემს შეჭრილ თმებს მოელვარე თვალებით შესცქეროდა. ბოლოს კიდევ ერთხელ წამოიღო ხელი ჩემი თმისკენ, დარწმუნდა რომ მართლა შევიჭერი და ბავშვივით აქვითინდა. –გადმოჯექი, სახლამდე წაგიყვან,–ვუთხარი დაჩის, მეც რომ ემოციებს არ ჩავეყლაპე, სასწრაფოდ უნდა გავქცეოდი ამ სიტუაციას. –არ მინდა, ტაქსს გამოვიძახებ, მანქანას ხვალ წავიყვან,–კარები გააღო მან და ტროტუარზე ჩამოჯდა. მეც გვერდით მივუჯექი და მხარზე მივეყრდენი. ასე გარინდული ვისხედით, ხმას არც ერთი ვიღებდით. ბოღმა მახრჩობდა დაჩის ასეთი ხილვისას. მთელი გულით მინდოდა, უბრალოდ მოვხვეოდი, მისი ცრემლები დამეშრო და გამემხნევებინა. თმებსაც უკან მოვიბამდი, ოღონდ ასეთი აღარ დამენახა. ასეთი უძლური და დარდიანი. თუმცა რაღაც მახინჯი შიგნიდან მაინც არ მაძლევდა უფლებას, ასე მოვქცეულიყავი. დაჩი ძლიერად სუნთქავდა, ემოციების დარეგულირებას ცდილობდა. მისი ხელი ხელში მოვიქციე, სხვანაირად არ შემეძლო. ვაკვირდებოდი მის გრძელ, ყველაზე ლამაზ თითებს, გარუჯულ მტევნებს, ლამაზად დაჭრილ ფრჩხილებს და მეტირებოდა. ტაქსი მოვიდა, დაჩი უხმოდ წამოდგა, ჩემკენ არც გამოუხედავს ისე ჩაჯდა მანქანაში და ტროტუარზე მიყინული მარტო დამტოვა. მარტო დატოვა ჩემი სული, ვგრძნობდი ყველა ემოციას ფიზიკურად. თითოეულ უჯრედში გადიოდა ეს მწარე ტკივილი, გული სისხლთან ერთად ჩემს ემოციებს და ტკივილსაც მწარედ იღებდა. ფეხზე წამოვდექი, დაჩის მანქანას თვალი მოვავლე და ვიგრძენი, რომ იმ წუთას სამყაროში ჩემთვის ყველაზე ახლობელი ეს უსულო, სტატიკური ობიექტი იყო. ცრემლების შეკავებას აზრიც არ ჰქონდა. მანქანას ისე გავშტერებოდი, თითქოს შიგნით დამალული განძი მეგულებოდა. სახლისკენ წავიწიე, ღრმად ჩავისუნთქე, ემოციების დაბალანსება ვცადე. კარი შევაღე და ფეხაკრეფით ავედი ოთახამდე. არავის გამოუკითხავს, თავადაც მიხვდნენ, არ იყო სწორი მომენტი ჩემთან სასაუბროდ. საწოლში მოვთავსდი და მატრასის ქვეშ ჩამალული ფოტო ალბომი ამოვიღე. მხოლოდ მაშინ ვიღებდი, როცა უზომოდ მიჭირდა. სხვა დროს თავს ამის უფლებას არ ვაძლევდი. ალბომი გადავშალე და თვალწინ მე და დაჩის ყველაზე ლამაზი ისტორია გადამეშალა. 18 წლისანი, ბანკეტზე ხელიხელ გადახვეულები. დაჩიმ მსხლის ლიმონათი გადამასხა და ოქროსფერი კაბიდან ლაქა თავს იწონებდა. დაჩი გიჟივით იცინოდა, მე კიდევ გაბრაზებული ვუცქერდი. 20 წლისანი, უნივერსიტეტის შესასვლელში, გამოცდიდან ახალგამოსული ვტიროდი, დაჩი გულმოკლული მამშვიდებდა, გვერდით ლენკა იდგა და ამ სცენაზე სიცილით კვდებოდა. 22 წლის, დაჩიმ ხელი მთხოვა ჩემს დაბადების დღეზე, 21 ივლისს. არც ერთი წამით არ ველოდი, მთელი დილა ნერვებს მიშლიდა, მაწვალებდა, მაღადავებდა. საღამოს უბრალოდ არსაიდან ბეჭედი ამიფრიალა და ცოლობა მთხოვა. ყბადაღებული ვუცქერდი, მეგონა ეგეც ხუმრობა იყო. ალბომი დავკეცე. აღარ მინდოდა, ინფარქტს მივიღებდი. თავის ადგილას დავაბრუნე და საწოლში მოვიკუნტე. ჩემს თმებს ვეღარ ვგრძნობდი, მეგონა მოგონებებიც მას გავატანე. მაშინ ასე ძალიან რატომ მტკიოდა გული? ––– მადლობა, ვინც კითხულობთ, უფრო დიდი მინდოდა გამომსვლოდა, მაგრამ ბოლოს ისეთი ემოცია მოიტანა, ფიზიკურად ვერ გავაგრძელე. მომდევნოს აღარ გამოვაქვეყნებ, სანამ მინიმუმ ორმაგი არ მექნება :დ ველი შეფასებას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.