მისი ქალიშვილი (მეხუთე)
მისი ქალიშვილი 5 #მისიქალიშვილი _ვახშამი სამი კაცისთვის? ამისთვის მოაწყვე ეს ცირკი?_ გაოცებულმა გადავხედე გაშლილ მაგიდას. მხოლოდ სამი თეფში, ერთმანეთისგან ერთი და იგივე მანძილით დაშორებული ეწყო უხვად და თავდაუზოგავად გაწყობილ მაგიდაზე. _ რამდენადაც მასზე მსმენია, დარწმუნებული ვარ მარტო მოვა!_ ჩაეღიმა იასეს. _ ვის ელოდები ნეტავ?_ ჩავილაპარაკე ბრაზით და ის გამომწვევი კაბა, რომელიც ლამის ყველაფერს ფარავდა იმის გარდა, რაც რეალურად უნდა დაეფარა, შეძლებისდაგვარად გავისწორე. _ ნუ ღელავ ძვირფასო! შენ ხომ ისეთი მშვენიერი ხარ, ზედმეტადაც კი!_ ფეხი ფეხზე გადაიდო და უდარდელად გახედა უზარმაზარ გამჭვირვალე ფანჯარას. _ ნახე ნენეს მოსწონს ჩემთან. ხედავ როგორი ბედნიერია?_ ნენეზე ყოველთვის სევდიანი ხმით საუბრობდა. როცა მას უყურებდა ვხედავდი მის გულწრფელ ემოციებს. მხოლოდ იმ მომენტში ვხედავდი მასში იმ კაცის ლანდს, რომელიც ერთ დროს სიგიჟემდე მიყვარდა. იასეს ყოველთვის სურდა ბავშვი, მით უფრო ქალიშვილზე ოცნებობდა. ამბობდა, რომ პრინცესას მამიკოობა მისი ყველაზე სანუკვარი ოცნება იყო. ამოვიოხრე და მეც ნენეს გავხედე. სპეციალურად მისთვის გამართულ აუზში ჭყუმპალაობდა. ლიას კი, როგორც სჩანს იასეს ბრძანებით მისი ძიძის ფუნქცია ჰქონდა შეთავსებული. აუზის კიდესთან იჯდა და თვალს არ აშორებდა ბავშვს. _ ეს რა აცვია ნენეს?_ ვიკითხე გაოცებულმა. _ მისთვის, ისევე როგორც შენთვის, აქ ყველაფერია! თუ არ არის, იქნება! უბრალოდ გზადაგზა ვიაზრებ, რაც საჭიროა! ბავშვებთან არასდროს მქონია ამდენად ახლო ურთიერთობა და ცოტა მიჭირს!_ სერიოზული ხმა ჰქონდა იასეს. თითქოს წინასწარ ცდილობდა გაეთვალა ყველაფერი, რაც ჩვენი ამ სახლში ხანგრძლივი ცხოვრებისთვის იყო საჭირო. _ იასე!_ მივედი და მის წინ დავჯექი. _ მისმინე, გთხოვ და გაიგე რასაც გეტყვი!_ ისე შემომხედა, თითქოს იცოდა რისი თქმაც მსურდა _ მე აქ ვერ დავრჩები იასე! ვერც ნენე, რა თქმა უნდა! ახლა რომ არ ვჩხუბობ და ისტერიკას არ ვაწყობ, ეს კაბაც რომ ჩავიცვი და მშვიდად რომ ვცდილობ შენთან საუბარს, არ გეგონოს შენს ნებას დავყვები და დამითანხმებ! მე გათხოვილი ვარ იასე! _ კი, ვიცი ჩემზე!_ ისევ გაუგებრად იღიმებოდა ის._ აი მოვიდა კიდეც! _ ვინ მოვიდა?_ ეზოს გავხედე გაოცებულმა. გულმა სასიამოვნო მოლოდინით დამიწყო ფეთქვა. _ ის მოვიდა, ვინც ყველაზე ძვირფასი განძი მომპარა! მაგრამ არა უშავს! ჯერ ყველაფერი წინაა!_ თვალი ჩამიკრა და ფეხზე წამოდგა. ეზოში ლევანი შემოვიდა. შემოვიდა და თითქოს მზემ შემოანათა. აუზიდან ბენიერი ჭყლოპინით ამოხტა ნენე. „მამიკოს“ ძახილით გაიქცა შემოსულისკენ. ხელები გაშალა ლევანმა. სულ არ დაუფრთხია იმას რომ ბავშვი სველი იყო. ნენე გულში ჩაიკრა, ჰაერში აიტაცა და დააბზრიალა. ბედნიერმა კისკისმა გააყრუა ეზო. თვალი იასესკენ გამექცა და გული მომეწურა სიბრალულით. ისეთი სევდიანი თვალებით უყურებდა მონატრებული მამა_შვილის შეხვედრას. ვერ მივხვდი რატომ განიცდიდა ამას ასე. თავადაც ხომ ჰყავდა ვაჟი? _ ვფიქრობ, შენი ქმარი ალბათ მართლა კარგი ადამიანი. და როგორც მამა ხომ საოცარია, ეს აშკარა ფაქტია! სხვა დროს და სხვა სიტუაციაში ალბათ კარგი მეგობრები ვიქნებოდით! _ გაბრაზებულმა გამომხედა_ შენ ყველაფერი გაართულე ლუ! იმ ღამეს, როცა ჩვენი სახლი დავტოვე, საკუთარი ყველა გზა და კვალი გავაქრე. იმ ღამესვე დავურეკე ლევანს და ყველაფერი ვუამბე. რაც არ უნდა უცნაური იყოს საფრანგეთში ჩემს უსაფრთხო გამგზავრებაზე სწორედ მისმა ძმამ იზრუნა. ლევანი დაახლოებით ათი წლის უნახავი მყავდა. მისმა ცვლილებამ ჩვენი შეხვედრისას ჩემს ყველა მოლოდინს გადააჭარბა. _ ეს შენ ხარ კორბენ?_ აი ახლა კი მართლაც სამყაროთა შორის მებრძოლს ჰგავდა. ნავარჯიშები სხეულით, დაბალზე შეჭრილი ვარცხნილობით, საოცრად გემოვნებიანი ჩაცმის სტილით. ის მაშინვე იქცევდა საპირისპირო სქესის ყურადღებას. ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს სუპერ ვარსკვლავს მივყვებოდი გვერდით. მის გვერდით უჩინარი მეგონა თავი. _ ეს რანაირად შეძელი?_ საერთოდ არაფერი არ ჰქონდა საერთო დაჩაგრულ 17 წლის ბიჭთან გრძელი თმითა და სუსტი სხეულით, რომელიც მუდმივად გარბოდა თავის გადასარჩენად. _ ნებისყოფა! საქართველოში გატარებულმა წლებმა ეს სიკეთე მაინც მომცეს ლუ!_მითხრა სიცილით და მხარზე ხელი გადამხვია. _ არა! არ მჯერა!_ თავს ვაქნევდი ჯიუტად და მიხაროდა რომ ჩემი კორბენ დალასი მყავდა._ და აქამდე მარტო როგორ ხარ? საოცარია, ნახე წალებს დორბლი მოსდით რომ გიყურებენ! _ შენ სრულებით საკმარისი და სამყოფი ქალი ხარ ჩემთვის!_ მიპასუხა თითქოს სევდიანმა._ მიხარია რომ ჩამოხვედი! მენატრებოდი ლუ! დღისით მისმა ნახვამ გამახალისა და სადარდებელი დროებით დამავიწყა, მაგრამ დაღამებასთან ერთად იასეს მონატრებამ და ღალატის ტკივილმა ყველა დარდი ერთბაშად მომაყარა და სულის ხუთვის შეგრძნებამ ამიტანა. მეგონა ვიგუდებოდი. მეგონა ოთახში ჰაერი არ იყო. ფეხარეული გავედი აივანზე. მოაჯირს ხელებით დავეყრდენი და ვცადე ღრმად მესუნთქა. ცრემლები მიახრჩობდნენ. მაგრამ ჩემს სხეულს ჯიუტად არ ტოვებდნენ. თითქოს ჭურჭელი ვიყავი პირამდე ცრემლებით სავსე, მოჯადოებული ჭურჭელი. შინაგანად ვიბზარებოდი, სულ ცოტაც და მილიონ ნაწილად დავიმსხვრეოდი და ჩემგან ცრემლების გუბის მეტი არა დარჩებოდა რა. _ მწარეა ღალატი ლუ?_ მომესმა მოულოდნელად ლევანის ხმა. მისი კითხვის უადგილობამ გამაცეცხლა. _ არ თქვა, რომ არასდროს გიგემია!_ მივუბრუნდი საომრად მომართული. მინდოდა მასზე მეყარა ჯავრი. მთელი საკაცეთის მიმართ დაგროვილი ბოღმა მასზე მენთხია. _ კაცია, ხან გიღალატებს, ხან არა! რა არის ამაში ასეთი გასაგიჟებელი?_ მკითხა უდარდელად და განათებულ ქალაქს მოავლო თვალი. _ დამცინი?_ დავიღრინე ავად. _ ჩემი დაცინვა გინდა კიდევ!_ მართლა გაეცინა. _ ლევან?_ გაოგნებულმა ხმა ვეღარ ამოვიღე. მისგან ირონიას ნამდვილად არ ველოდი. მეწყინა, მეტკინა და გული ამიჩუყდა, ახლა მართლა შემეცოდა საკუთარი თავი. _ ყველანი ერთნაირები ხართ! ყველანი უკლებლად!_ ვუთხარი ხმა ამღვრეულმა. _ გეთანხმები! ყველანი ერთნაირები ვართ!_ თავი დამიქნია მან. _ სულელ და სიყვარულით დაბრმავებულ ქალებს ვიყენებთ, ვერთობით! მერე რომ მოგვბეზრდებიან ახალს ვეძებთ და ასე მუდმივად! _ თვალებში მიყურებდა და ყველა სიტყვას არჩევდა. მის გამოსახულებას უკვე არეულად ვხედავდი. უზარმაზარი ცრემლები მიბრჭყვიალებდა თვალებდი და მის სახეს მილიონ ნაწილად შლიდა. _ მე ეს არ დამიმსახურებია!_ ვეღარ შევძელი თავის შეკავება. თვალებიდან ცრემლებმა დაიწყეს წვეთა. ლევანს თბილად გაეღიმა. ხელები მომხვია და გულში ჩამიკრა. _ღალატს არავინ იმსახურებს ლულუ! _ მითხრა მშვიდი ხმით და აქვითინებულს თავზე მაკოცა._ იტირე! ტირილი ზოგჯერ ხსნაა! იტირე და მე შენს გვერდით ვიქნები! სანამ არ დაიცლები ბრაზისგან ტკივილისგან და სიძულვილისგან მანამდე იტირე! მერე კი ჩემს გამოწვდილ ხელს მაგრად ჩაეჭიდე, ფეხზე წამოდექი და სიარული თავიდან ისწავლე! ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი კარგად იქნება ლუ! მისი ხმა დამამშვიდებლივით მოქმედება ჩემზე. მის მკერდში ჩაკრული თავს დაცულად ვგრძნობდი. მის მკლავებში გახვეულს ასე ტირილში ჩამეძინა. _ ლევან!_ ვიყვირე მისი დანახვით გახარებულმა და მისკენ გავიქეცი. ხელები მოვხვიე და ჩავეხუტე. _ სად იყავი აქამდე? სად იყავი?_ ვეკითხებოდი და ვერ ვშორდებოდი. _ აქ ვარ ლუ! შენთან ვარ!_ სახიდან აწეწილი თმა გადამიწია და ჩვეულად თავზე მაკოცა. თან ერთ ხელში ატატებული ნენე ეჭირა. ბავშვს ჯერ ისევ ცვიოდა მსხვილ_ მსხვილი წვეთები. _ საღამო მშვიდობისა ბატონო იასე!_ იმდენად მოულოდნელი იყო ლევანის მშვიდი და გაწონასწორებული ხმა, რომ მისი მკერდიდან თავი ავწიე და გაოგნებული მივაჩერდი. მან კი ჩემთვის შემოხვეული ხელი კეთილმოსურნედ გაუწოდა და ძლიერად ჩამოართვა. _ მადლობა მაქვს სათქმელი თქვენთვის, რომ ჩემს ოჯახს გულითადი მასპინძლობა გაუწიეთ!_ რაო? მადლობაო? მასპინძლობაო? აი აქ კი ვეღარ გამიძლო ნერვებმა. _ ამ კაცმა მოგვიტაცა ლევან! და აქ ნების საწინააღმდეგოდ გვაჩერებს!_ მოვიღუშე და განზე გავდექი. ლევანს მხოლოდ გაეღიმა. არაფერი უთქვამს. _ სასიამოვნოა თქვენი გაცნობა!_ ისევ იასეს მიმართავდა._ სწორედ ისეთი ხართ, მე რომ წარმომედგინეთ, სხვათა შორის ლუ ბევრს საუბრობდა თქვენზე! _ ჰმ!_ ჩაეცინა იასეს მწარედ_ საუბრობდა, კი წარმომიდგენია როგორ საუბრობდა! პირში რას მეუბნება და წარმომიდგენია ზურგს უკან რა ტკბილად ისაუბრებდა! ხელი ჩაიქნია და „ძვირფასი სტუმარი“ მაგიდასთან მიიწვია. ნენე ლიამ გაიყვანა, რათა მოეწესრიგებინა. _ ამ ძიამ დედა გააბრაზა!_ სანამ ოთახიდან გავიდოდა უცბად მოტრიალდა ნენე და მუქარით მოუღერა თითი იასეს. _ მაგრამ ძალიან ნუ გაუბრაზდები მამიკო, მერე ბოდიში მომიხადა და საქანელები მაჩუქა! _ ენატანია!_ თვალები მოჭუტა იასემ და ბავშვს ენა გამოუყო. ნენეც დაეჯღანა და ზურგი აქცია მხიარული სიცილით. მთელი ამ ხნის მანძილზე ლევანი თვალს არ მაცილებდა. შემდეგ წარბები მაღლა ასწია და თავი ოდნავ გვერდზე გადახარა. მისი ეს პოზა ვიცოდი რასაც ნიშნავდა. _ აბა, რა აზრის ხარო?!_ მეკითხებოდა უთქმელად. ზუსტად ნენესავით დავემუქრე მოღერებული თითით. _ რაც დედა, ის შვილიო!_ მხოლოდ ტუჩების მოძრაობით მიპასუხა მე რომ მეგონა ერთმანეთს დახოცავდნენ, ისინი ძველი მეგობრებივით მიუსხდნენ მაგიდას და ორივემ ერთდროულად გამომხედა მოლოდინით. სახემოღუშულმა ჰაერი ჩავისუნთქე და სკამი ხმაურით გამოვწიე. ყველაზე მთავარის, ანუ ჩემს გარდა ყველაფერზე საუბრობდნენ იმ საღამოს. ბიზნესზე, იურისტობაზე, ლევანის კარიერაზე, იასეს განუხორციელებელ გეგმებზე. თქვენობითიდან შენობითზე ისე შეუმჩნევლად გადავიდნენ, ვერც კი გაიაზრეს. ბოლოს მოწყენილობისგან საკუთარ ხელისგულზე დაყრდნობილი ზერელედღა ვისმენდი მათ "მეგობრულ ჭუკ_ჭუკს" როცა მორიგი საოცრება გავიგონე. _ რას ფიქრობ, არ იქნება არა ადვილი ჩაფიძის გზიდან ჩამოშორება?_ ჰკითხა იასემ. _ გირჩევდი ქალაქის საუკეთესო იურისტი მოგენახა და ყველაფერს მზად შევხვედროდი._ უპასუხა ლევანმა. იაგო ჩაფიძეს შორიდან ვიცნობდი. საძაგელი კაცი იყო, გაუმაძღარ სვავს მაგონებდა მისი ფიზიონომია. ყველამ იცოდა მერიაში რომ ვიღაც მფარველობდა, ვიღაც კი არა და საკმაოდ დიდი მფარველი ჰყავდა. სწორედ ამიტომ იყო რომ ყველა ტენდერს მისი კომპანია იგებდა. წინა ზაფხულს ბათუმში მისი კომპანიის მშენებლობაზე მუშა დაშავდა. 25 წლის ბიჭი მშენებლობიდან გადმოვარდა და მკლავის ამპუტაცია დასჭირდა. ასე ერთ წამში სრულებით ჯანსაღი ადამიანი დასახიჩრდა და იაგოს კომპანიამ არათუ კომპენსაცია არ აანაზღაურა, ბრალი იქით დასდო საწყალ კაცს და სასამართლოშიც კი უჩივლა, უსაფრთხოების ნორმების თვითნებური დარღვევის და კომპანიისთვის იმიჯის შელახვის გამო. ხოდა სწორედ ეს გახდა მიზეზი და ბოლო წვეთი, რომ ლევანმა სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. ის ბიჭი მისი ძველი, აწ უკვე გარდაცვლილი, მეგობრის ძმა იყო. ამიტომ მისი ხსოვნის საპატივცემულოდ და სამართლიანობის აღსადგენად ლევანი ამ საქმეში ჩაერთო. თავიდან არაფრად მიიჩნიეს, მათ არ იციდნენ ლევანის ნებისყოფის და შეუპოვრობის ამბავი. შემდეგ როცა იაზრეს , რომ ასე ხელწამოსაკრავი არ იყო ქრთამი შესთავაზეს, ქრთამმა რომ არ გაჭრა, დაშინება სცადეს, არც ამან გამოიღო შედეგი და სულაც პირიქით, მეტი მოტივაცია მისცა ლევანს. შემდეგ ის მფარველი ჩარიეს და კარიერის დანგრევით დაემუქრნენ, ეს საერთოს სიცილადაც არ ეყო ჩემს გმირს. სულ ბოლოს კი სიცოცხლის ხელყოფითაც დაემუქრნენ და სწორედ გასულ ზამთარს ავარიაშიც კი მოხვდა ჩემი ქმარი. ექსპერტიზამ დაადასტურა რომ, მანქანას სამუხრუჭე ხუნდები ჰქონდა დაზიანებული. ერთი სიტყვით იაგო ჩაფიძესთან ხელჩართული ომი გვქონდა გამოცხადებული. ახლა კი გამოდიოდა იასესაც ემტერებოდა. კიდევ ერთმა უცნაურმა საერთომ უფრო საინტერესო გახადა მათი საუბარი. ვახშმობის შემდეგ აუზთან ისხდნენ ყავას სვამდნენ და რაღაცაზე დაძაბულად ლაპარაკობდნენ. მე შვებით ამოვისუნთქე, როგორც იქნა გავახსენდიმეთქი მათ. მაგრამ დასასრული იმდენად გამაოგნებელი აღმოჩნდა, მეტყველების უნარი დავკარგე. ლევანი ფეხზე წამოდგა, იასეს ხელი ჩამოართვა და სახლში შემოვიდა. იასე კი აუზთან დარჩა. მხოლოდ გამომხედა და თვალი ჩამიკრა. _ ლულუ უნდა ვისაუბროთ! ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა და ეს უნდა იცოდე!_ მითხრა ლევანმა. ხმაზე ემჩნეოდა ღელავდა. რაც ასე უჩვეულო იყო მისთვის. ხელი მომკიდა და დივანზე დაჯდომა მაიძულა. _ ცოტა ხნით აქ უნდა დარჩეთ, შენ და ნენე! მით უფრო ნენე!_ მითხრა მან და გაოცებისგან ჩამოვარდნილი ყბა, რასაც ჰქვია ხელით დამიხურა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.