იასამნის თვე (სრულად)
იასამნის თვე პირველი თავი მზის სხივები გადაევლო ადრეული გაზაფხულით შეყინულ ქალაქს, თუმცა დიდი ხანია უკვე იმ სახლის დიასახლისი, რომლის ფანჯრებშიც სინათლე ასე შეუპოვრად ცდილობდა შეჭრას, გათენებამდე ახელდა ათასი დარდით ფერგამოცლილ თვალებს. ადრიანად დაატრიალა მთელს ეზოში თავისი ხაჭოს მაჭკატების საუცხოო სურნელი ლენამ. მეზობელ სახლშიც კი იგრძნო ღამენათევმა და ნაბახუსევმა მოსიკამ თავისი ბავშვობის გემო და ძლივს გაახილა ცალი თვალი. წყალი დაადგა ქალმა ქურაზე და ხის ძველებურ, თეთრად შეღებილ კარზე მიუკაკუნა შვილიშვილს. -რენე, გაიღვიძე, დაგაგვიანდება. - ხმაზეც დასტყობოდა უკვე ლენას ბედისგან ნაღალატევი წლების სიმრავლე. - იცოდე, მოსიკამ არ მოგასწროს მაგიდასთან! მოსიკა მაისურაძეების მეზობელ ეზოში ცხოვრობდა. ყოველ შემთხვევაში, ამას ამბობდა მისი ბინადრობის მოწმობა, თორემ ისე, აგერ უკვე ათი წელია, მაისურაძეებთან საუზმობს, სადილობს, ვახშმობს და უკრავს ხოლმე, როგორც ლენა ამბობს, თავის მოშლილ გიტარასა და მოხუცის მოშლილ ნერვებზე. მოუსვენრობა უღიტინებდა გულში ისედაც რენე მაისურაძეს. დიდი ხანია, მშვიდი ძილი არ მიჰკარებია მის სასთუმალს. გაცივებული კვალი ცეცხლს უნთებდა მის შურისძიებით გახურებულ სხეულს. უღიმღამოდ წამოდგა და გავიდა საძინებლიდან. მრგვალ მაგიდაზე უკვე გაეშალა სუფრა ლენას. რა თქმა უნდა, სამისთვის. შორიდან გაიგო კიდეც მეზობელ სახლში გამოჯახუნებული კარის ხმა და ღიმილით გადააქნია თავი. - ჩვენ თვითონ დავისხამთ, ლენკა, დაჯექი შენ, რა... - მაისური გადაიცვა ტანზე კაცმა და სიგარეტი მოიქცია მაშინვე ტუჩებს შორის. - დილიდან მოწევა, დილიდან სიგარეტი! არ იცვლებოდა მათ სახლში ეს რუტინა და ერთმანეთზე მზრუნველობის თავისებური ფორმები. - აუ, ისეთი სუნია, ჩემი სული წინასწარ ცხონდა, ლენაჩკა! - ჭრიალით შემოაღო ხის კარი მოსიკამ, ჩაუკოცნა მოხუცს ლოყები და მაგიდას მიუჯდა გამოუძინებელი თვალებით. - აჰა, მეორე ტუპიაკი! - დამჭკნარი ხელი ამჯერად მისკენ აიქნია ლენამ. გამოაფხიზლა კარგად თავისი მრისხანე ხმით, - ილოთავე, ხომ? - რა ვილოთავე, ლენკა, არ გრცხვენია? გუშინ ბარში ვუკრავდი და მერე ცოტა მოვწრუპე. - გეტყობოდა გუშინ, რამდენიც მოწრუპე! არ უნდა ბევრი ლაპარაკი, დალიე ჩაი, სანამ გაგიხსენე ცოდვები. - შენ რო არ მყავდე, რა მეშველებოდა, ლენა? - ღიმილით მიეფერა ლოყაზე ქალს და გაეცინა, ჩუმი ჯუჯღუნით რომ მოარიდა სახე. - ხო დამეშლებოდა ღვიძლი ჯერ ღვინით და მერე ნაბახუსევზე ლუდის სმით? - საქმე მაქვს შენთან, მოდი აქ. - რენეს მიმართა ქალმა. საფერფლეში ჩაასრისა სიგარეტის ნარჩენი და ფეხზე მდგარმა აიღო ჩაის ჭიქა. თვალებით ანიშნა, გისმენო. -გუშინ ოდიშელების გოგო იყო მოსული. - ისე გაშეშდნენ ამ გვარის გაგონებისას ორივენი, ლენასაც გაუწყდა სათქმელი, - რამ დაგასტუკათ?! - არა, არაფერი, - უცებ გადააქნია რენემ თავი. ფინჯანი თავის ადგილას დააბრუნა და მოსიკასაც მიანიშნა, გააგრძელეო ჩაის სმა. - გისმენ. უჩვეულოდ დასერიოზულებული ჩამოჯდა მაგიდასთან. საკუთარი გულის გადარეული ბაგა-ბუგის გარდა არაფერი გაუგია რამდენიმე წამის განმავლობაში. -გაიგო, რომ ბინის გაყიდვას აპირებ და დალაპარაკება უნდოდა. მე უშენოდ არაფერი ვუთხარი. ისე... ძალიან კარგი გოგო ჩანს, ისე მომეწონა მისი... - გამორიცხულია, - დაბეჯითებით განაცხადა მაისურაძემ და მეორე ღერი სიგარეტიც ამოაძვრინა მაგიდაზე მიგდებული კოლოფიდან. - ოდიშელებს არ მივყიდი მაგ სახლს. - რატომ, კი მაგრამ?! შენთვის რა მნიშვნელობა აქვს... - აქვს, ლენა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ იცხოვრებს იმ დამპალ სახლში. - ცხოვრება არ უნდა, საქმეც ეს არის. - ფინჯანი გვერდზე გასწია ქალმა და საქმიანი იმიჯი მოირგო უცებ. რენესაც კი გაოცება გამოესახა სახეზე, ასეთი მსუბუქი და ღიმილიანი რომ დაინახა ბებიამისი. - ამ ეტაპზე მისი ყველა ინტერესი . მაგათ გვარზე არ გადაფორმდება ის სახლი. მორჩა და გათავდა, ლენა. - ნუ შეჯექი ახლა ჯორზე! მე შენ ვინმე ფორმიანში ხომ არ გეშლები, რომ ვლაპარაკობ, უნდა მისმენდე! - მრისხანედ შეყარა წარბები ქალმა. მსუბუქი ღიმილით დაუკრა თავი რენემ და თითებს შორის შეათამაშა სიგარეტის ღერი, - იმ ეზოში ორი სახლი ისედაც ოდიშელებისაა, გამოისყიდეს მამაცაშვილებისგან. ამ გოგოს იქ კაფის გახსნა უნდა. - რა კაფე, კაი რა, ლენა! არ ყოფნით ოდიშელებს საავადმყოფოდან მოჭრილი ფული?! მაგრად იღებენ, იცოდი? შვილიშვილის სახეზე ლავასავით ამოფრქვეულმა ზიზღმა გააოცა ლენა. რენეს თვალის პირველი გახელა ახსოვს, მისი ყველა ნაბიჯი და ჩხუბში მოქცეული საყელო, ბიჭური უთანხმოებით გამოწვეული ბრაზი, ირონია, ტკივილი. ზიზღი იმ დღეს პირველად დაუნახა თვალებში და ისე აუფრიალდა მოხუცი გული, აღარ ეშველებოდა ალბათ აღარაფერი. - ვაბშე და, ეგენი ექიმები არ არიან?! სხვის რესტორნებში ჭამასაც აღარ კადრულობენ და თავისი უნდათ ეგეც, თუ რა ხდება?! - უმცროსი არ არის ექიმი. - ყინული შეერია ხმაში ქალს, კარგად დააკვირდა იმ სიტყვების პატრონ კაცს. რაღაც არ ჰგავდა იმას, თვითონ რომ გაზარდა. - რამე დაგიშავა იმ ხალხმა, თუ რით დაიმსახურეს ამხელა ზიზღი, რასაც შენს თვალებში ვხედავ ახლა მე, რენე?! - მოკლედ, ლენა, დაიკიდე, რა... კიდევ თუ მოვა ეგ უსაქმური, უარი უთხარი პირდაპირ. მაისურაძეების სახლი ოდიშელებზე არ იყიდება-თქო, ასე გადაეცი სიტყვა-სიტყვით. - შენი ნებაა. - განაცხადა ქალმა და პროტესტის ნიშნად დატოვა სუფრა. მადადაკარგული ჩუმად ისმენდა მათ საუბარს მოსიკა. როგორც კი ლენა ოთახიდან გავიდა და კარიც მაგრად გაიჯახუნა, იდაყვებით დაეყრდნო მაგიდას და რენესკენ გადაიხარა მთელი ზედატანით. - იმ ოდიშელებზეა ბაზარი, ბიჭო?! - ცისკენ ისე ანიშნა თვალებით, თითქოს ანგელოზებზე ეკითხებოდა. - ქვემოთ, მოსიკ, - მიწისკენ ანიშნა რენემ, - ჯოჯოხეთს ქვემოთ რომ არიან, იმ ოდიშელებზე მაქ ლაპარაკი. - ბიჭო, ისე ზუსტად ხო არ იცი... რო გიყურებ, მეშინია ცოტა. ლენამ რო გაიგოს, გული გაუსკდება, ხო იცი?! - ადრე თუ გვიან მოუწევს. - სასწრაფოდ გაუკიდა მეორე ღერს. - ყველას მოუწევს სიმართლის თვალებში ჩახედვა, მიღებაც და პასუხისგებაც. არ იქნებიან მერე ჭამა-სმის და კაფეების გახსნის ხასიათზე ყველგან, სადაც მოუნდებათ. - მაის, შეხვდი იმ გოგოს. იქნებ, ვაბშე ისეთი ჯიგარი ტიპი აღმოჩნდეს, რო დაგეხმაროს... - აუ, მოსიკ, კაი რა... - სახე მოარიდა გაღიზიანებულმა, - ძაან ასტრალურ რომანტიზმში ნუ გაიჭრები ხოლმე. დამეხმარება კი არა, თავისი ხელით დაადებს მამამისს ბორკილებს, რა.. მაგან რო იცოდეს, ვისი გაყიდული ცხოვრებით ნაშოვნი ფულით ჭამდა, სვამდა, იხურავდა და ცხოვრობდა, ვის საფლავზე დგას მამამისის საავადმყოფო და მაგათი სამსართულიანი რეზიდენცია ბაგებში, ისე მოხევს ამ ქვეყნიდან, ცრემლის გადმოგდებასაც ვერ მოასწრებს დედაჩემი, ხვდები?! ვერ მიიღებს თავისას, იტირებს და გაჩერდება. ტელეფონის ზარმა მოაკუმინა მოსიკას რაღაცის სათქმელად გაღებული პირი. ხელი ჩაიქნია მერე. ათი წელია, ამ კაცს იცნობს. ჯერ არ უნახავს, ვინმეს ჭკუაზე გაევლოს. რჩევის მოსმენის პატივისცემას არ აკლებდა ხოლმე არცერთ უფროსს, საბოლოოდ კი მაინც ისე იქცეოდა, როგორც თავად მიაჩნდა სწორად. საქმე ის იყო, რომ არც დიდს და არც პატარას არ ახსოვდა არათუ ამ უბანში, არამედ მთელს უბანში რენე მაისურაძის არეული ფეხი და არასწორი ნაბიჯი. -გისმენ, პოსო, - თვალები მოისრისა დილიდან გაღიზიანებულმა. -სათხოვარი მაქ შენთან, მაის. გამცემლიძის ბიძაშვილია შარში. - მაგის ბიძაშვილი სულ მანდ როგორ არი?! რა შესცოდა ამჯერად, - ფანჯრის რაფას ჩამოეყრდნო ცალი ხელით და სუფთა ჰაერში გაურია შხამით გაჯერებული ნაცრისფერი კვამლი. - ვიღაც ტიპი დაჭრა, რა... შენ თუ ვერ გვიშველი, ახლა ნაღდად ჩასვამენ. - რატო დაჭრა? და ვინ „ვიღაც ტიპი“, კაცს დანა გაუყარა და არ იცის იმისი სახელი და გვარი?! - ზუკა მელექსიშვილი. მეც მაგრად მიტყდება, ამას რო გთხოვ, რა... - მაშინ ნუ მთხოვ, პოსო. არის დამნაშავე? - არის. - მძიმედ ამოიხვნეშა პოსოშვილმა. მიხვდა თითქოს, რომ არ ჰქონდა აზრი ამ საუბარს. - ხოდა, მე ვერ ვუშველი. „დო ვსტრეჩი, ვ კაპეზე“ შემოგითვალა მაისურაძემ-თქო, გადაეცი. ერთხელ აგოს თავისი საქციელისთვის პასუხი და მეორედ ვეღარ გაბედავს სხვისი თ სხვების სისხლის შეწერას, როცა აქეთ აქვს მოსათხოვი. - ბაზარი არაა. კაი, მაის, მადლობა. შარვლის უკანა ჯიბეში ჩაიცურა ტელეფონი და თავის ეზოს გახედა ისევ ცალი თვალით. ლენკა ყურადღებას არ აკლებდა კარ-მიდამოს. იმ ღობის მთელს ჩაყოლებაზე, მოსე გიჟიმყრელის ეზოსგან რომ გამოჰყოფდა მისას, ათასნაირი ყვავილები დაერგო. გამოზომილი ინტერვალებით გაეხარებინა სხვადასხვა ხეხილიც. ალუჩის ჩრდილში პატარა მრგვალი მაგიდა და სკამი დაუდგა რენე, სადაც ხშირად მიირთმევდა ხოლმე ჩაის ლენაჩკა, როცა სახლში ყოფნა მოეწყინებოდა. სინამდვილეში ძალიან ცდილობდა აქაურობა იმ სახლისათვის დაემსგავსებინა როგორმე, რომლის გაყიდვაც მტკიცედ გადაეწყვიტა მის შვილიშვილს. ენატრებოდა იქაურობა და ვერც იმის მიზეზს ხვდებოდა, რატომ შეეზიზღა რენეს ასე ძალიან თავისი ბავშვობის სახლ-კარი. იმ ეზოში იასამნის უძველესი, ლამის სახლის მეორე სართულამდე აჭრილი და აივნების რიკულებში მჭიდროდ გადახლართული ხე ხარობდა. არ არსებობდა სხვა გაზაფხული, გარდა იმ ეზოში დამდგარისა, როცა ეს იასამანი ყვავილობდა და მთელს უბანს ჰყოფნიდა მის ყვავილთაგან ნაფრქვევი სურნელი გასაღიმებლად. იასამანი კი ისევ ყვავის იმ ეზოში, მაგრამ ბედნიერი ხალხისაგან დიდი ხნის წინ დაიცალა იქაურობა. ფეხით მოინდომა სამსახურში წასვლა რენემ. სინამდვილეში, სუფთა ჰაერზე სეირნობის სურვილს მხოლოდ იმიტომ იმიზეზებდა, იმ ეზოსთან რომ ჩაევლო და ცალი თვალით მაინც დაენახა ის, რაც ასე ჩუმად და მაინც დაუმალავად ენატრებოდა ბებიამისს ორი ქუჩის მოშორებით, დედამისს კი საერთოდ სხვა ქვეყნიდან. ჟანგმოკიდებულ მრგვალ მაგიდაზე, იასამნის ქვეშ რომ იდგა, ქალის სხეული ჩამომჯდარიყო ქუჩისაკენ ზურგით. გრძელი, ოქროსფერი თმა მხრებზე გადმოჰყროდა და ერთადერთ ნათელ წერტილს ქმნიდა დაცლილ, განაცრისფერებულ ეზოში. გულს ისევ ორი ნაბიჯით გაუსწრო იმისმა მახვილმა გონებამ და მიხვდა მაშინვე, ვინც იყო ეს ქალი. სოსო ოდიშელის ქალიშვილი. ბოღმა, ბრაზი, ზიზღი და სიძულვილი გაერია სისხლში და გულის ერთი პულსაციით გაეფანტა მთელს სხეულში ის უბედურება, ოდიშელების გვარით რომ სათაურდებოდა. იმ წამს ყველა გრძნობამ ერთნაირად მოწამლა მისი სული. ჭრიალით შეაღო ჭიშკარი და უკან თავმობრუნებულ გოგონას უემოციოდ გაუსწორა მზერა. მაშინვე ჩამოხტა მაგიდიდან მია. ლურჯი კაბა დაიფერთხა და ისეთი თბილი ღიმილით გამოემართა კაცისკენ, მაშინვე გაითქვა მისი საიდუმლოც აქამდე კარგად შენახული. გადამდები რომ არ აღმოჩნდა მისი უსახელო სიხარული, ორი ნაბიჯის დისტანციაზე გაჩერდა და გამოეცალა თვითონაც ბედნიერების ყოველგვარი შეგრძნება რენეს თვალების დანახვისას. საერთოდ სხვაგვარი წარმოედგინა ეს შეხვედრა. შეხვედრა, რომელიც ასეთი უნდა ყოფილიყო ისედაც. ისეთი, როგორიც შეეფერებოდა დიდი ამბის კოშმარულ გაგრძელებას თვრამეტი წლის შემდეგ. -გამარჯობა, რენე. - კიდევ გადადგა ერთი ნაბიჯი უკან. არ ესიამოვნა ეს სიცივე, არადა, გაზაფხულის პირი იდგა უკვე. - გაგიმარჯოს, - განზრახ მოიუცხოვა მზერა, - ვერ გიცანი. ფეხსაცმლის წვერებს დააცქერდა მაშინვე გოგონა. შხამიანი ისარივით მწარედ გაერჭო გულში ის ორი სიტყვა. თუმცა რას მოელოდა უკეთესს?! ყველას მეხსიერება ხომ ერთნაირი არ არის, განსაკუთრები მაშინ როცა სხვადასხვა გრძნობა კვებავს მას. -ეფემია ოდიშელი. აქ ვცხოვრობდი მეც ადრე, ბევრი წლის წინ. - თავისი სახლისკენ გაიშვირა ხელი. - არ გემახსოვრები. გავიგე, სახლს ყიდი. - გავიგე, შენ გინდა იყიდო. - ჯიბეებში ჩაილაგა ორივე ხელი და დაკვირვებით ჩააცქერდა გაურკვეველი ფერის თვალებში გოგონას. როგორ არ ახსოვდა. ოდიშელების სახლის აივანზე ხშირად იჯდა ხოლმე მოწყენილი სახით პატარა, ხუჭუჭთმიანი გოგონა და მოწყენილი ელოდა მშობლებს. ლენასთან მეგობრობდა. ისიც საკუთარი შვილიშვილივით პატრონობდა გოგონას. ჩაიზე ეპატიჟებოდა, წერას და კითხვას ასწავლიდა, საშინაო დავალების წერაში ეხმარებოდა თავისუფალ დროს. აღფრთოვანებული იყო მისით ლენაჩკა. ძალიან ჭკვიანი ბავშვიაო, მაგრამ ყურს არ უგდებდა მაშინ ბიჭობაში გადასული რენე. მის უფროს დასთან, ნინოსთან უფრო მეგობრობდა და მეტადაც მოსწონდა. -კაფე მინდა აქ გავაკეთო, - თვალები აენთო მაშინვე მიას, წამიერად გაკრთა ზღვისფერი სილურჯე მათში, - „იასამანს“ დავარქმევ. ეს ხე იქნება სტუმრების მთავარი მასპინძელი... მისმა სიმსუბუქემ და სისუფთავემ უარესად აუშალა ნერვები რენეს. აღიზიანებდა ეს ზღაპრულობა და იმ ადგილის გალამაზების სურვილი, რომელიც ჯოჯოხეთი იყო მისთვის დედამიწაზე. - აქაურობასთან ბევრი ტკბილი მოგონება მაკავშირებს, მენანება ასეთი მიუხედავი და მიტოვებული რომ არის. რომ გავიგე, შენც ყიდი, იმედი მომეცა. მამაჩემს საშინლად არ უყვარს აქაურობა, ძლივს გადავაფიქრებინე სახლის გაყიდვა... სოსოს ხსენებისას მთელი სხეული წამოენთო რენეს. თვალი მოარიდა წამიერად ქალს. - აქაურობას შენ ვერ გამოასწორებ, - წაუსისინა ავად. დამცინავმა ღიმილმაც რომ გადაურბინა ტუჩებზე, სათნო ღიმილი უეცრად გარდაექმნა მკაცრი ქალის გამოხედვაში მიას. როგორც ჩანს, ვერ შეიშნო ამ კაცმა მისი თბილი დამოკიდებულება. - რა ნაგავიც იყო, იმად დარჩება. - ზუსტად მამაჩემივით ლაპარაკობ. - არც თვითონ დააკლო სიცივე ოდიშელის ქალმა, გულზე გადაიჯვარედინა ხელები და ცალი თვალი მოავლო ამ კაცის სხეულს. ზიზღით ჩაეცინა მაისურაძეს. - მე და მამაშენს არაფერი გვაქვს საერთო, ეფე-მია. - თავი გადააქნია მის სახელს რომ წარმოთქვამდა, მიუახლოვდა ერთი ნაბიჯით. - სახლი იყიდება, მაგრამ ყოფილ მეზობლებზე არა. - რატომ?! აქ ცხოვრებას მაინც არ ვაპირებ, თუკი ის გაწუხებს, რომ ვინმე ნაცნობი იქნება ბედნიერი მაგ სახლში. - უბრალოდ, არ მინდა. დანარჩენი შენ არ გეხება. - ღმერთო ჩემო, რამ გაგაბოროტა ასე?! ისე მიყურებ, თითქოს რამე დაგიშავე! - წყენანარევი ღიმილი გამოერია ხმაში ქალს. თვალებიც აემღვრა, როგორც ნაწვიმარი ზღვა. - აქ მარტო შენს ბავშვობას არ გაუვლია. შენი თუ ტკბილი იყო, ჩემსაში ზედმეტი შხამის გარევა მოინდომეს გაბოროტებულმა ადამიანებმა. ზოგიერთ სიმახინჯე ისე ღრმადაა დანაოჭებული, ვერც გადაფარავ და ვერ გაალამაზებ. სადმე სხვაგან იზრუნე დიაბეტის გავრცელებაზე, აქაურობა ისედაც დაავადებულია უკვე. პასუხის მოფიქრებაც ვერ მოასწრო ქალმა, ისე შეაქციეს ზურგი. მშვიდი და აუღელვებელი ნაბიჯებით გაეცალა იქაურობას რენე მაისურაძე. არ ჩქარობდა, თუმცა მაინც უხაროდა, რომ შორდებოდა იმ კედლებს, რომლებშიც ჯერ კიდევ ფეთქავდა მისი უბედურების გული. . - ზიზღით იყო სავსე, - სკამზე ფეხები აიკეცა გოგონამ, ხელები შემოიხვია ზედ და ნიკაპით მუხლებს ჩამოეყრდნო, სადღაც შორს იხედებოდა ამღვრეული თვალებით, - თავიდან ისე გამიხარდა მისი დანახვა, მეგონა, გული სიხარულისგან გამისკდებოდა. მერე კი ისე დავმძიმდი... - რა შეემთხვა კი მაგრამ, ასე რომ შეიძულა ის სახლი?! ან თუ სძულს, გაყიდოს და მოიშოროს თავიდან. - არ ვიცი, თეკო. სანამ ჩვენ იქ ვცხოვრობდით, საერთოდ სხვანაირი იყო. ლაღი, ხალისიანი. მათი სახლიდან სულ სიცილისა და ბედნიერების ხმა გამოდიოდა. ფინანსურად უჭირდათ მათაც, მაგრამ მაშინ ვინ იყო დალხენილი?! მერე რა მოხდა, არ ვიცი. რატომ გახდა ასეთი... - თექვსმეტ წელიწადში კი არა, ერთ წამში იცვლება ხოლმე ადამიანების ცხოვრება. მაგას რაც უნდა შემთხვეოდა, შენი ბრალი არ არის და მაინც არ ჰქონდა ასე დალაპარაკების უფლება. სოსოს ეტყვი?! - არა, რა თქმა უნდა. ყველა ისედაც ეჭვისთვალით მიყურებს, ჯერ კიდევ ვერ ურიგდებიან იმ ფაქტს, თეთრი ხალათი რომ არ მაცვია მათსავით. რომ ვთქვა, ხელი მეშლება ჩემი საქმის დაწყებაში, დახმარების ნაცვლად იმას მეტყვიან, რომ მათი უნდა გამეგონა და ასე შემდეგ... - ეფე, იცი, რა ვქნათ?! - მოხერხებულად შესწორდა სავარძელში და ტაში შემოჰკრა გახარებულმა, - სხვა ვინმე მივაგზავნოთ მაგ სახლის საყიდლად და იმისგან მერე შენ გამოისყიდი. მერე გიყუროს შორიდან, როგორ ალამაზებ ყველაფერს. . დააღამდა თბილისს. ცა ისე გაშავდა, როგორც მოწამლული მდინარე და მკვდარი თევზებივით ამოიყარნენ ზედ ვერცხლისფერი ღრუბლები. სიგარეტის კოლოფს თავი რომ მოხადა, ცარიელი დაუხვდა მთლიანად. გაღიზიანებულმა მოიქნია ურნაში. -მომაწევინე ერთი, - განყოფილების ეზოში ისხდნენ ის და ოთო დვალი. უსიტყვოდ გაუწოდა კოლოფი. - რა გჭირს დღეს? გაგისკდება შენ ფილტვები და ლენას გული. ლენას გარეშე კიდე არც შენი და არც ქალაქის დატოვება არ შეიძლება. - საშინელი აზრი მიტრიალებს თავში მთელი დღეა. - ორი ნაფაზი არც ეყოფოდა ალბათ ამ ღერის ფერფლად საქცევად, ისე ღრმად მოქაჩა. წამიერად გაახვია შენობა კვამლში. - და ვერ ვეწინააღმდეგები მაგ აზრს. ვიცი, რო არასწორია და პირველად არ მაწუხებს ერთი არასწორად გადადგმული ნაბიჯი... - ოდიშელის ამბავია?! გაარკვიე რამე?! - არა, მაგრამ შემიძლია გავარკვიო. - ჩაღრმავებული თვალებით გახედა მეგობარს. – „ჩორნი ხოდებით“. - სწორ გზაზე უკუღმა თუ აპირებ სიარულს, სულ რომ არ წაიქცე, სიმართლის წინაშე მაინც ზურგით იდგები. შენ ხო ჩემზე უკეთ იცი ასეთები, მაის. რომელმა შავმა გზამ გაცდუნა შენ, თეთრ გზებზე თეთრი პერანგით მოსიარულე, ჰა?! - თითი აჰკრა თეთრ საყელოზე. - თავისი ფეხით მოვიდა მაგ კაცის შვილი ჩემს სახლში, ჯერ ლენასთან, მერე დღეს დილით შემთხვევით შევხვდი ძველი სახლის ეზოში. ჩემი სახლის ყიდვა უნდა. ცოტა სულელია მემგონი, აქაურობასთან ბევრი ტკბილი მოგონება მაკავშირებს და კაფის გახსნა მინდაო. - მერე?! - ყოფილ მეზობელს სახლს არ მივყიდი-მეთქი. - ორივე ხელისგულში ჩარგო სახე და მაგრად მოისრისა თვალები, - მამაჩემივით მელაპარაკებიო. - ეუფ. - იქვე თუ არ დამახრჩობდა იმ კაცთან დამაკავშირებელი ძაფი, არ მეგონა. არ ვიცი, როგორ გამოვათირე იმ ეზოდან სხეული, ოთო. - მომისმინე, - მხარზე ხელი დაადო დვალმა და ღრმად შეისუნთქა ჰაერი, რის თქმასაც აპირებდა, არ იყო მარტივად გასაჟღერებელი, - შენ საფუძვლიანი ეჭვების გარდა არანაირი მტკიცებულება არ გაქვს, რომ შენს უბედურებაში მაგ კაცის სახელი ურევია. ეგ ბრაზი და ბოღმა, რაც შენ გაქვს, იცოდე შენ თვითონ დაგღუპავს. - ხოდა, მაგ მტკიცებულებების მოპოვების გზა იქნება არასწორი. დანარჩენში დარწმუნებული ვარ. შენ ხო იცი, მე არასწორ კვალს არასდროს მივყვები. - სხვასაც ნუ დაღუპავ, რა. ის ტიპი თუ მართლა ეგეთი სულებით მოვაჭრეა, მისი შვილის დანაშაული... - მემკვიდრეობითია ეგეთი დანაშაული, ოთო. - გაუსწორა გაცრეცილი თვალები მეგობარს. აღარაფერი დარჩენილიყო მათში ხელჩასაჭიდი. მთლიანად ჩაეყლაპა შურისძიების წყვდიადს ამ კაცის თვალები. გაოცებით უყურებდა თვალებში დვალი მეგობარს, საუკეთესო გამომძიებელს, სულ მართალს და სულ თეთრ გზაზე შემდგარ თეთრპერანგიან რენე მაისურაძეს და ვერ გაიხსენა დღე, როცა ასეთი ცარიელი გახდა ის მზერა. ალბათ, ეს იყო პირველი დღე გრძელი კოშმარის. -შენ არ ფიქრობ შენს მემკვიდრეობაზე?! - ტყვიასავით გაისროლა ზეცისკენ სიტყვები ოთო დვალმა. - მამაშენი ზემოდან გიყურებს. იმისი თვალები ქვესკნელშიც ჩამოგყვება შენ. ხო იცი, რასაც გეტყოდა ნიკა? „გახსოვდეს ვისი გორისა ხარ“. იმ კაცმა მოსპო თავისი ღირსება და შენ... - მე არავის ღირსებას არ შევეხები. იმ კაცმა თავისი ღირსება ისედაც დამარხა ბევრი წლის წინ ჩემი ძმისთვის გათხრილ ცარიელ საფლავში. დანარჩენი მე ვიცი. დანარჩენზე მე ვაგებ პასუხს. ფეხზე წამოდგა და ნელი ნაბიჯებით გავიდა ეზოდან. ღამის ნიავი უფრიალებდა თეთრი დროშასავით აფრიალებულ პერანგს, რომელიც ნელა შეეზარდა სიბნელეს და მისი ნაწილი გახდა ბოლოს. . "ეჰა, ღამევ, სულის ჩემისაებრ ბნელო, მამცნე იდუმალნი ზრახვანი შენნი!" . მეორე დღეს მეტისმეტად მონდომებული ახალი მყიდველი რომ მოვიდა, მაშინვე იგრძნო ვისი ჩურჩულის ხმამაც ჩააგონა ამ გატიალებულ სახლ-კარში იმოდენა თანხის გადახდა ვინმე ბუბა ტორონჯაძეს. უარით გაისტუმრა ისიც. კარგად გამოიკვლია ამ გაჯიუტებული გოგოს საქმიანობა და წარსული. უინტერესოდ მოაცილა მზერა მონიტორს. აკრიფა ბოლოს მისი ნომერი და სანამ უპასუხებდნენ, შუბლზე მთელი ძალით მიიჭირა მობილური ტელეფონი. - გისმენთ. - ღიღინივით შემოესმა ხმა. მგონი, სიმღერაც შეეძლო ამ გოგოს ბავშვობაში, თუ არასწორად ახსოვს და მოეჩვენა? - რენე ვარ. საქმე მაქვს შენთან. - გადაიფიქრე?! - განზრახ შეურია ყინული ხმაში. - შენთან და მამაშენთან მინდა შეხვედრა. - მამა ჩემს ყველა სიტყვას ენდობა. - აშკარად შეეტყო ათრთოლებულ ბგერებში, რომ ბოლომდე სიმართლეს არ ამბობდა. - რა საჭიროა? - უბრალოდ, მინდა დავრწმუნდე, რომ ბატონი სოსოც თანახმაა ყველაფერზე. რამე პრობლემაა?! - კარგი. ვკითხავ, როდის ეცლება. - ორ საათში ვიქნები მის კლინიკაში. ჩვენთვის აუცილებლად გამონახავს დროს. სიკვდილი ერჩივნა იმ კაცის მოწყობილ შენობაში ფეხის შედგმას, მაგრამ მიზანთან მიახლოებული ადამიანი ალბათ ყველაზე მძაფრად გრძნობს შურისძიების მაგნიტურ სურვილს. მია ისე მიჰყვებოდა გვერდით, რომ აშკარად არც მას სურდა აქ მოსვლა და ამ კაცთან ერთად მამამისთან შეხვედრა. გულის ფეთქვა ყურებში მოასკდა მაისურაძეს, თეთრი კარის გვერდით მინაში ჩასმული ათასნაირი სამედიცინო წოდების თავზე მუქად წაწერილი იოსებ ოდიშელის სახელი და გვარი რომ ამოიკითხა. ჯერ გოგონა შეატარა შინ, თვითონაც მალე ამოუდგა უკან და შვილისთვის განკუთვნილი ღიმილი სახიდან რომ ჩამოერეცხა მის ზურგსუკან მდგარი მაისურაძის დანახვისას, იქ დარწმუნდა რენე, რომ სწორი იყო ამ კაცის ფეხებამდე მიმავალი ყოველი კვალი. რომ არ შემცდარა. - ვახ.. რა ხდება, რა სიურპრიზია?! - პერანგის ღილი შეიხსნა სოსომ, გადაკოცნა თავისი შვილი და ხელი გამოუწოდა რენეს, - ძლივს გიცანი, ბიჭო, როგორ გაზრდილხარ! - მეც ძლივს გიცანით, ბატონო სოსო... - მხრებში გაშლილმა ჩამოართვა ხელი. - ეს ბატონი სოსო როდის მერე ვარ... - დაბნეულად გაეღიმა კაცს, მაინც როგორ იყო ამხელა ბოროტების ჩამდენი ასეთი სულელი თავისი დანაშაულის შენიღბვაში, - სულ ბიძას მეძახდი ხოლმე, რენე, შვილო. გავიგე ნიკას ამბავი, ძალიან მეწყინა. ვერ მოვახერხე... - გმადლობთ, - ცივი ღიმილით გააწყვეტინა ფარისევლობა და მის ქალიშვილს ჩამოუჯდა გვერდით. - სახლის საკითხზე მოვედით სალაპარაკოდ. - დაიჩემა ჩემმა შვილმა... იქნებ, შენც უთხრა, რომ იქ კაფე და რესტორნები არ გამოვა. და საერთოდ სისულელეა ეს ბიზნესი, მამა. - ყველა ექიმი ვერ იქნება, სოსო. - წარბები ჯიუტად შეყარა გოგონამ, - ბოდიში იმედგაცრუებისთვის. - არა, რატომ არ გამოვა? მია ძალიან მონდომებულია, - ზუსტად იმ მზერით გახედა ქალს, ორივე ოდიშელს რომ შეურყევდა სიმშვიდეს ეს გამოხედვა. ტუჩებიც კი გაუთეთრდა სოსოს შიშისაგან, ისეთი დამაჯერებელი იყო ის კაცი, თავის ქალიშვილს რომ უყურებდა ისე, როგორც უყურებენ საყვარელ ქალებს. - თავიდან მეც ვფიქრობდი, რომ არ იქნებოდა კარგი იდეა, მაგრამ ლენა შემომიჩნდა. გაყიდვა გადავიფიქრე, მაგრამ კაფის მოწყობის იდეის წინაარმდეგი არ ვარ. მეწილე ვიქნები. თუ თქვენთვისაც მისაღებია, - ჯერ გაოცებულ მიას შეხედა, შემდეგ გულის შეტევამდე მისულ სოსოს, - რა თქმა უნდა. - ხო, - ჩაახველა კაცმა, ცივი ოფლი ასხამდა უკვე სხეულზე, აშკარად არ მოელოდა თავის წარსულთან შეხვედრას და არც გადაკვეთას შეეგუებოდა ასე მარტივად მაისურაძეების გვართან, - დავილაპარაკებთ მე და მიაკო. ტკბილი ყოფილა შურისძიების ცეცხლს ავარდნილი კვამლი, მაგრამ მძიმე შეგრძნებას ტოვებს თურმე მართალი ადამიანის გულში მისი დაგემოვნება. ერთხანს ჩუმად ისხდნენ მამა-შვილი სოსოს კაბინეტში. კაცს ფერი გადასვლოდა და ვერც მია იფიქრებდა შესაფერის სიტყვებს ამ სიტუაციაში სათქმელად. ვერ ხვდებოდა, რისთვის უნდა მიეწერა ეს გარდასახვა და პირველი მამის სიტყვებს მოელოდა ისევ. -გამორიცხული ამბავია, მამა. - გადაჭრით თქვა სოსომ, თავისი ცოდვების ხანგრძლივმა კადრებმა ერთმანეთის მიყოლებით რომ ჩაუქროლეს თვალწინ. - სხვაგან, სადაც გინდა. ნებისმიერი სახლი და ეზო ამოარჩიე, იასამნის ხეს კი არა, სიცოცხლის ხეს დაგირგავ ეზოში. მაგ ტიპთან გამორიცხულია! - რატომ? - გულზე გადაიჯვარედინა ხელები ისე, როგორც სჩვეოდა გაჯიუტებისას გოგონას. - რა პრობლემაა, ვერ ვხვდები. აქამდე ჩემი პროფესია იყო პრობლემა, მერე კაფის გახსნის იდეა, მერე ადგილი, რომელიც შევარჩიე, ახლა ადგილის მფლობელი. რატომ! - იმიტომ, რომ მე ვამბობ ასე! - გაშლილი ხელის გული ზათქით მიეხეთქა მაგიდის ზედაპირს, დაიგრგვინეს კედლებმაც მრისხანებისაგან. - შენი ფულით ორ ოთახსაც ვერ გასწვდები, ხომ იცი ეს! - თუ ფულია პრობლემა, არ მინდა, - ფეხზე წამოდგა გოგონა და აიმაღლა აკანკალებული ნიკაპი. - მე თვითონაც შევძლებ, მამა, სამწუხაროა, რომ ჩემს არცერთ გადაწყვეტილებას ჩემი ოჯახი მხარს არ უჭერს! - იმიტომ, რომ არასწორია, სისულელეა! ამას შენთვის ვამბობ. - ცარიელ სიტყვებს მეუბნები, შენც იცი ეს. ძალიან ვწუხვარ, რომ ვერაფრით გავამართლე თქვენი იმედები. - დაავლო ჩანთას ხელი და სასწრაფოდ გავარდა დერეფანში. გასასვლელამდე ირბინა, ამ საავადმყოფოს კედლებში რომ არ გადმოსცვენოდა გადაყლაპული ცრემლები. როგორ ეჯავრებოდა აქაურობა. ამ თეთრმა კედლებმა და ხალათებმა წაართვეს ოჯახური სითბო, მშობლები, მოგონებები, სიმშვიდე. ჰაერზე გამოსულმა პირით შეისუნთქა წამლის სუნისგან დაცლილი ჟანგბადი და ისე გავიდა ეზოდან, გვერდზე არც კი მიუხედავს რენეს მანქანისაკენ. ცხვირზე ჩამოიწია შავი „რეიბანები“ მაისურაძემ და საჭეზე ჩამოაწყო ისევ ხელები. აწურულ მხრებზე ეტყობოდა, რომ მშობლის მხარდაჭერა არ მოჰყვებოდა ფეხდაფეხ. გაუაზრებლად დაქოქა მანქანა და ალბათ, ათასჯერ დატოვა საკუთარი თავი უპასუხოდ შეკითხვაზე, თუ რას აკეთებდა, როცა გვერდით გაუჩერა იმ კაცის ქალიშვილს მანქანა, რომელმაც ასწავლა ბოღმის, ზიზღისა და სიძულვილის უკიდურესად მძაფრი მნიშვნელობა. - გაგიყვან. - არ მჭირდება შენი გაყვანა, - ადგილზე შედგა და მას მოხედა მრისხანე თვალებით, - რას ნიშნავდა ეს ყველაფერი?! - სანამ მშობლების ფულით რამის კეთებას გადაწყვეტ, მანამდე მათთან ურთიერთობა უნდა დაალაგო. თორემ ასე არაფერი გამოგივა. - გამომივა და ჩემი ურთიერთობა ჩემს მშობლებთან შენი საქმე არ არის! - კარგი, ჩაჯექი, - ისევ გააყოლა მანქანა მის ნაბიჯებს, - თუ ასე ტაატით გინდა რომ ვიმოძრაოთ მთელი გზა?! - შენი არ მესმის, რა ახირებული ვინმე ხარ. - გვერდით მიუჯდა და მთელი სხეულით მიბრუნდა მისკენ. - ასეთი არ მახსოვხარ საერთოდ! - რატომ გახსოვარ საერთოდ? - მართლა აინტერესებდა. კარგად გაუსწორა თავისი ჩაბნელებული თვალები, რომლებსაც სასწრაფოდ მოარიდეს გულწრფელობითა და დამალული გრძნობებით სავსე მზერა. უბუყბუყებდა ბავშვობის სიყვარულის გამხელის სურვილი გულში მიას. ძველი, მივიწყებული ამბავი იყო დასაერთოდაც არ უნდა ყოფილიყო ასეთი რთული გასამჟღავნებლად. ბოლოს და ბოლოს, ამდენი წელი გავიდა. ეტყოდა და გაიცინებდნენ. -უბრალოდ კარგი მეხსიერება მაქვს, - ღვედი გადაიკრა და უღონოდ მიესვენა მანქანის საზურგეს. იასამნის სურნელი შემოიჭრა მანქანაში. აწრიალდა რენე მოუსვენრად. თითქოს მოახრჩო ამ სიმსუბუქემ. - როგორი გახსოვარ? - ჩუმად სამართლიანი. ერთხელ ქუჩაში დახაზული კლასობანა მამაცაშვილების შვილმა, ომარიკომ წაგვიშალა მე და ჩემს დას. ჩემი დახატული იყო და ძალიან მეწყინა. დედაშენი მასწავლებელი რომ იყო, მე ჩუმად ვაბარებდი ხოლმე ცარცებს, ამით ვერთობოდი და რიტა დეიდასაც მოჰქონდა ჩემთვის ფერად-ფერადი. იმდენი ვიტირე, გავჯიუტდი, აღარასოდეს აღარ დაგიხატავთ-მეთქი კლასობანას, შენ კიდევ უსიტყვოდ ადექი და რაც წამიშალეს, ყველაფერი ზუსტად აღადგინე. მაშინ ვიფიქრე, რომ ძალიან მაგარი ვინმე იყავი, თან გამიხარდა - შენს დახატულს ისე მარტივად არავინ წაშლიდა, როგორც ჩემსას. - რა დეტალურად გახსოვს... - ოდნავ გაეღიმა რენეს და გვერდულად გამოხედა გოგოს. - იმიტომ რომ ძალიან მეწყინა და მერე ძალიან გამიხარდა. მეხსიერებაზე მძაფრი შეგრძნებები მოქმედებენ ყველაზე მეტად. ამიტომაც ვერ ვივიწყებთ წყენას მარტივად, ტკივილი უფრო ღრმა კვალს ტოვებს, ვიდრე ბედნიერება. . თერთმეტი წლის წინ. თბილისი. სასაფლაო. საფლავთან სამი ახალგაზრდა დგას. ერთს თეთრი პერანგი აცვია და მიწაში ოდნავ ჩარჭობილ ბარს ორივე ხელით დაჰყრდნობია. უსურათო ქვას ისე გაჰყურებს, როგორც უკანასკნელ იმედს. ახალშობილის საფლავია. დაბადებისა და გარდაცვალების წელს შორის დასმული ტოლობის ნიშანი კი მძიმე განაჩენი მისი ოჯახისთვის. უფროსი ძმის მხრებზე გამობმული ღუზა. - მაის, დარწმუნებული ხარ?! - ხმადაბლა იკითხა მოსიკამ. მას გახედა დვალმაც. ბოლოს ორივემ ჩახარა თავი, - არ შემიძლია ამის გაკეთება. - თქვენ არც გთხოვთ. გადით. - გასასვლელისკენ მიანიშნა თავით. ისედაც ერთი ბარი წამოეღო ამ ამბის გასარკვევად. ჩვიდმეტი წლის ბიჭისთვის შვიდი მეტრი სიღრმე მიწაში ჯერ კიდევ გრძელი გზა იყო ჯოჯოხეთამდე. მიწაში გასვრილი სუფთა ხელებითა და ერთადერთი ბარით ვერ ჩააღწევდა იქამდე, მაგრამ იმ წამს მაინც გრძნობდა ძალიან მძაფრად, რომ სიმართლეს მალავდა ეს საფლავი, რომელზეც ვერასდროს ვერ დაიტირა თავისი უმცროსი ძმა. - გადით. - გაუმეორა ისევ, ადგილიდან რომ არ დაიძრა არცერთი. - არ მინდა ზედამხედველობა. - მარტო როგორ დაგტოვოთ, ბიჭო? - აბა, მიყურებთ როგორ ვთხრი შიშველი ხელებით საფლავს?! - გაყინული მზერა გაუსწორა დვალს. - წადით და მოვალ მალე. - აქვე ვიქნებით. შორს არ წავალთ. - მისთვის წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. დავით მაისურაძე 2005 წელი კიდევ ერთხელ გახედა საფლავის ქვას. მოაგონდა დედის გამომშრალი თვალები და ცარიელი მზერა. მისი ჩურჩული შეგრძნებაზე, რომ ცოცხალი იყო თავისი შვილი და არ მომკვდარა. რომ ესიზმრებოდა, როგორ არწევდა წითელ კაბაში გამოწყობილი სხვა ქალი მის აკვანს. გულზე მოუჭირა ხელი მუდამ გზისკენ მომზირალმა დედის თვალებმა. ძლივს ასწია ბარი და დაასო მიწას საფლავის გულზე. თვალები ეხუჭებოდათ ოთარს და მოსეს მიწაში ბარის ჩარჭობამდე მისი ყოველი ამოსუნთქვისას. როგორ ჩადიოდა ჩვიდმეტი წლის ბიჭი მიწაში სიმართლის ამოსათხრელად. ყველაზე ახალგაზრდა მესაფლავე. -აქ რომ იყო, ვიგრძნობდი, - ელაპარაკებოდა საკუთარ თავს, - ვიცი, არ ხარ აქ. გიპოვი, დათო. აქ არ ხარ. მე რომ სკოლიდან მოვდიოდი, მუცელში ვერ ისვენებდი, სანამ არ მოგეფერებოდი. მოსახვევიდან გრძნობდი, მე რომ შენთან მოვდიოდი. მეც ვიგრძნობდი შენს აქ ყოფნას. დედას მოტანილი ყვავილები სულ მალე ჭკნებოდა ხოლმე. აქ რომ იყო, არ დაჭკნებოდა. უიმედო ბოდვაში გადასდიოდა იმედების ძიება უკვე. იხრჩობოდა ამ მიწაში დედის ცარიელ საფლავზე დატირებული ცრემლის შლეგი სუნი რომ ასდიოდა. რა უნდა ექნა მერე. როგორ უნდა ეზიდა ის ბარი სახლამდე, რომლითაც ეს საფლავი გათხარა. -ერთხელ უკვე დავიმარხე, - მიწა გადააყარა ამოთხრილ ორმოს და ცარიელი მზერით გახედა ქვას. მალე გამოვიდა სასაფლაოდან იმ ადამიანივით, სამოთხე რომ დაკარგა. იდაყვებამდე ტალახში იყო გასვრილი. ცალი ხელით მოათრევდა ბარს და ნაბიჯებით მხრებში ძლივს გამართულ სხეულს. - ცარიელია. - ამოიხრიალა ბოლოს. ვერცერთი მიხვდა, შვება უნდა ეგრძნოთ თუ სიმძიმილს უნდა ჩაეტანათ მიწის ქვეშ ახლიდან. - რიტა დეიდას რა უნდა უთხრა... - დედაჩემმა ისედაც იცოდა, ცარიელ საფლავს რომ დასტიროდა. მეორე თავი „არავინ ისე არ ისჯება ამ ქვეყანაზე, როგორ იგი, ვინც ყოველივეს არ შესწირავს თავის სიყვარულს“ ავდრის ღრუბელი გადაეფარა ცას. ადრიანად დააღამა ის დღე თბილისში. ოდიშელების სახლის ყველა ფანჯრიდან სინათლე გამოდიოდა იმ საღამოს. ეზოში იჯდა ჩაფიქრებული სოსო და ფეხებთან მიცუცქულ თავის საყვარელ ფინიას ყურადღებას არ აქცევდა. - რა სჭირს მამას?! - სამზარეულოს ფანჯრიდან გამოხედა დორეულების უფროსმა ქალიშვილმა კაცს. - არ ვიცი, - დაჭრილი ხილით სავსე თეფში გაუწოდა ნინოს მეუღლის შეყრილი წარბებით შეფიქრიანებულმა ქალმა, - მიდი, ეს გაუტანე და დაელაპარაკე. შენ უფრო გეტყვის... - მია არ მოსულა? - არა, - ამოიოხრა მაკამ, - დღეს ყოფილა კლინიკაში მოსული ვიღაც ბიჭთან ერთად. - გვცოდნია მიზეზი. რატომ არ ეშვება იმ კაფის ამბებს?! რა ჯიუტია, ღმერთო ჩემო. - გაღიზიანებული სახით გამოაღო კარი, პირისახით ძალიან ჰგავდა ნინო დედამისს, მაგრამ განსხვავებული სიმკაცრე ჩასდგომოდა მამის მსგავსად მუქ კაკაოსფერ თვალებში. - ამ კაცს რაღაცას დამართებს და მერე არ მითხრა, არ გაგიფრთხილებივარო, დედა. - ნინო, გახვალ, თუ მე გავიდე? ეს რა ლაპარაკია! - გაღიზიანებულმა მიაგდო მაგიდის ტილო განჯინაზე და შუბლზე შემოილაგა ხელები. ზუზუნით გავიდა ეზოში უფროსი ქალიშვილი. ამჯერად მის ფეხებს გაელაქუცა პატარა, საყვარელი ჩიხუახუა. წაწკანით ექაჩებოდა შარვლის ტოტებზე. შექნილმა ხმაურმა შეაფხიზლა ოდნავ სოსო, ჭიშკარიც შემოაღო ამ დროს მიაკომ. ერთმანეთთან დაახლოებულ მამასა და დას ერთხელ გამოხედა ნაღვლიანი თვალებით გოგონამ და სწრაფი ნაბიჯებით შევიდა სახლში. ფრთხილად მიუკაკუნა კარზე მაკამ, მისთვისაც დაეჭრა ატამი. თითქოს დაჭრილი ხილი უწამლებდა მის სახლში დატრიალებულ აურზაურს. ჩუმად შევიდა ოთახში და სამუშაო მაგიდაზე დაუდო თეფში. - რა მოხდა, დედა?! იჩხუბეთ კიდევ? - მე არავისთან მიჩხუბია. - მხრებზე ჩამოყრილი თმა დაუდევრად დაიხვია თავზე ფანქრით, საგარეო ტანსაცმელიც გამოეცვალა უკვე. დანაღვლიანებული წამოწვა საწოლზე და შეუმჩნევლად, მაგრამ მაინც დატოვა მაკასთვისაც ადგილი. - აბა, მამა გეჩხუბა? - არ ვიცი, რაც გააკეთა, იმას ჩხუბი ჰქვია თუ რაღაცის მტკიცება. მაგიდაზე ხელის დარტყმით მიბრძანა, რომ მიმენებებინა თავი იმ კაფისთვის და სხვა ნებისმიერ ადგილას ამიშენებდა რესტორანს. ახლა ახალი მიზეზი იპოვა, მეპატრონე არ მოსწონს. - ვინ მეპატრონე? - გულზე გადმოადებინა თავი ქალიშვილს და გაუშალა ისევ თმა. მიეფერა თითებით. - ვინ და მაისურაძეების სახლის მეპატრონე, რენე. კატეგორიულად ამიკრძალა მასთან მიახლოება. ისიც კარგი ახირებული ვიღაცაა, არ შეეძლო, რომ ჩემთვის ეთქვა, თუკი გაყიდვა აღარ უნდოდა?! - სახლის მეპატრონე მამაშენია, ალბათ, მასთან არჩია საქმის დალაგება, დედა. თუ არ ყიდის, რატომ შეხვდით აბა დღეს დილით სოსოს? - მეწილე ვიქნებიო. მე არ მაქვს პრობლემა, ხელს არაფერში შემიშლის და არც ზედმეტი ხარჯის გაღება მოგვიწევს ახლა კაპიტალის შესყიდვაში, უბრალოდ, მამამ შანსი არაა დამითმოს. - ხმა გაებზარა ბოლოს, - ვერ ვხვდები, რატომ არ შეიძლება?! - ოხ, რა ვიცი, დედა. მამაშენს უბრალოდ არ უყვარს იქაურობა და ახლა შენ რომ ისევ იქ ბრუნდები, ვერ ეგუება ამ ამბავს. რატომ გინდა ასე იქ დაბრუნება? - თვალი გაუსწორა ქალიშვილს, თითქოს იცოდა მთავარი მიზეზი და რაღაც დედობრივი ინსტიქტივით წინასწარმეტყველური არ აძლევდა ამ მიზეზთან მშვიდად შეგუების საშუალებას. - უბრალოდ, მიყვარს იქაურობა. რატომ არ არის საკმარისი?! ძალიან ლამაზად გავაკეთებ ყველაფერს. უკვე ნახაზებიც მაქვს, ფერებიც ავარჩიე, ლენაჩკა ხომ გახსოვს, რენეს ბებო, ძალიან გემრიელ ხაჭოს ბლინებს რომ აცხობდა ხოლმე და ეზოში ჩამოჰქონდა საღამოობით, მითხრა, რომ ხელსახოცებსაც მომიქარგავს... - საიდან გახსოვს, - გაეღიმა მაკას და შუბლზე აკოცა, ასეთი კეთილი ამბების სამალავი რომ იყო მისი გონება, - ძალიან პატარა იყავი მაშინ... - რა დამავიწყებს, სუნიც კი მახსოვს... - სუნთქვა შეეკრა მიას, წამიერად გაუელვა თვალწინ ისეთი საღამოების სურათმა, როდესაც ერთად ისხდნენ ყველანი და ეზოში გამოტანილ ტელევიზორს უყურებდნენ, ერთმანეთს უყოფდნენ ყველაფერს, რაც გააჩნდათ. - კიდევ იცი ვინ მახსოვს? მკითხავი რომ ცხოვრობდა მოპირდაპირე მხარეს, მგონი რენატა ერქვა. თვალები სულ მწვანედ ჰქონდა შეღებილი. ისე მომწონდა... რა კარგი იყო იქ, საერთოდ რატომ წამოვედით, დედა?! - მამას სამსახურთან უფრო ახლოს იყო მეორე სახლი, სადაც გადავედით. - ათასჯერ დასმულ შეკითხვაზე არ იცვლებოდა მაკას პასუხი, - მე დაველაპარაკები, ახლა გაბრაზებულია და გადაუვლის, ხომ იცი, თქვენთვის უარის თქმა არ უყვარს. - ნურაფერს სთხოვ ჩემ მაგივრად, დედა, არ მინდა. თუ გულით არ უნდა, ნუ დამეხმარება. მე თვითონაც მოვახერხებ რამეს, იმდენი მეგობარი მყავს, ყველა მომეხმარება. - ნინოს დაელაპარაკე ამაზე? - არ აინტერესებს. ისიც მამასავით ფიქრობს. ისედაც ბევრი კაფეა თბილისში და მანდ არავინ მოვაო. ნახავს, თუ არ მოვა. რომ შემოქუცქუცდება თავის ექთან დაქალებთან ერთად, სხვებზე ძვირს გადავახდევინებ ერთ კაპუჩინოში, მთელს ხელფასს დავატოვებინებ! თავი ღიმილით გადააქნია ქალმა. გაიზარდა მისი ქალიშვილი. დაუთხელდა მხრები, ახალგაზრდობის წლებმა გამოუთალა ლამაზი ნაკვთები სახეზე. აღარც თმა ჰქონდა ისეთი ქერა და ხვეული, როგორც ბავშვობისას. ქალურობა დაეტყო ყოველ ნაბიჯსა და მოძრაობაში. თითქოს იმ უხილავ მძივს, რაც ქალის გულს ასე ამშვენებს, საუკეთესო თვლები შეასხეს. ერთადერთი, რაც არ შეცვლილა იმ პატარა გოგონაში, აივნიდან მომლოდინედ რომ იჭყიტებოდა რიკულებს ორივე ხელით ჩაჭიდებული, მისი ლურჯ-მწვანე თვალები იყვნენ. რომლებსაც არ გამოეპარებოდათ თურმე არაფერი, რასაც ადამიანის გულის გახარება შეეძლოთ. სხვანაირი იყო ეფემია. მოსიკა ამჯერად ფხიზელი და თავისი ერთგული საყვარლის - გიტრის გარეშე დაბრუნდა სახლში. ხელის დაქნევით მიესალმა ფანჯარაში გადმომდგარ ლენაჩკას, გზას რომ გაჰყურებდა. ამ გზაზე მალე უნდა გამოჩენილიყო რენე მაისურაძე. სახლში ელოდნენ. -არ მოსულა ის ბედოვლათი?! - არ გშია შენ? - წარბაწევით მოავლო თვალი ლენამ, - გადმობრძანდი, ტოლმა მაქვს. - აუ, რა ტოლმა, ლენუ. კვერცხს თუ შემიწვავ, გადმოვალ. - ნუ მევაჭრები, - ხმა გაიმკაცრა ქალმა. ჭიშკარი შემოაღო იმ წამს რენემ. - დაიბანეთ ხელები. - ლენას ვერ დავაჯერე, რო ტოლმა ხმის იოგებზე ცუდად მოქმედებს, - საერთო ღობეზე გამოჭრილ კარში გავიდა მოსიკა, ერთად უყვნენ კიბეებს. - რა გჭირს, რა ბნელი აურა დაგყვება შენ? - არაფერი, დაიკიდე. - მე ისედაც , შენთვის გეკითხები. - მხრები აიჩეჩა და პირველი თვითონ შევიდა სახლში, ხელისგულები ერთმანეთს რამდენჯერმე გაუსვა და სუფრასთან ჩამოჯდა. ჩუმად გააყოლა თვალი გადაცრეცილ შვილიშვილს ლენამ. თვალებით ჰკითხა მერე მის ტაშფანდურა აჩრდილს, რა სჭირსო შენს მეგობარს. მხრები აიჩეჩა უხმოდ მოსემ და ჩუმად გახედა თვითონაც უჩვეულოდ წარბებშეყრილ რენეს. - სამსახურში დაიღლებოდა, დღეს დილიდან ურეკავდნენ. დაიკიდე რა, ლენა. მივცემ ერთ შანსს შენს ტოლმას. რას დააჯერებდა ლენას ტყუილებში გამოუცდელი და უნიჭო მოსიკა მგალობლიშვილი, მაგრამ ხმა აღარ ამოუღია. სინამდვილეში კარგად იცოდა, რაც სჭირდა. ბოლო დროს ისედაც მეტისმეტად შესამჩნევი გახდა რენეს წამწამებს გამოკიდებული ფიქრი და უსახელო სიმძიმილი. - გადავიფიქრე სახლის გაყიდვა, - თქვა ბოლოს და სკამის საზურგეს მიეყრდნო. ჯერ ლენას შეხედა ცარიელი მზერით, შემდეგ მოსიკას. - მართლა? - გაეღიმა ქალს, - რა დაგესიზმრა? - იყოს. გახსნას იმ გოგომ კაფე, თუ რაც უნდა და წილს ავიღებ. ასე ჯობია. - წილში უდგები... - გაკვირვებული ხმა ვერ მოზომა მოსემ, ჩაახველა, - წილში უდგები ოდიშელების გოგოს?! - ძალიანაც კარგი! - ტაში შემოჰკრა ღიმილით ლენამ, - მშვენიერი ამბავია! როდემდე უნდა ირბინო ძაღლივით ენაგადმოგდებულმა? - ძაღლია ისედაც... - ღიმილი სახიდან ჩამოეფერფლა ელვასავით რომ დაეცა მაისურაძის მზერა მის სახეს, - ვხუმრობ, ნუ მიღრენ. - მიაკო თანახმაა?! - თუ არ იქნება თანახმა, სხვაგან მოუწევს თავისი ახირების დაკმაყოფილება. - თვალები აატრიალა გაბეზრებულმა, - ჩემი პრობლემა არაა. სახლი აღარ იყიდება. კიბეებზე ჩამოსხდნენ ვახშმობის შემდეგ. ლენამაც მხოლოდ ერთ ოთახში დატოვა სინათლე და დაწვა. ისე ჩუმად ეწეოდნენ და გაჰყურებდნენ ეზოს, თითქოს სათქმელად ვარგისი სიტყვები გამოელიათ. შორიდან ისმოდა ქალაქის გუგუნის ხმა. -რა ეშმაკი გეტაკა ახლა? - ბოლომდე ჩამწვარი სიგარეტი კიბის კუთხეს მიასრისა მოსიკამ. - ასე უცებ ტყუილად არ გადაიფიქრებდი შენ მაგ ამბავს. რაღაც გაქვს ჩაფიქრებული, რენე. - დღეს სოსო ვნახე, - გამოხედა დაწვრილებული თვალებით, - იმ გოგოსთან ერთად მივედი. - ანუ მართლა ეშმაკი გეტაკა. - თავი გადააქნია ბიჭმა, თუმცა მაინც ისეთი თბილი თვალებით გახედა, როგორც უყურებენ იმ ადამიანს, რომლის სიმართლის კედლებს ვერასდროს გაბზარავს უნდობლობის ხმაური. ძმასავით უყურებდა რენეს. - სულ რომ არ მქონოდა ეჭვი, მე რომ დამინახა, იმ ერთ მზერაში გაეპარა მთელი თავისი ჩადენილი და ვერგაბედილი დანაშაულები. დამნაშავის თვალები რო იყოს მტკიცებულება, ციხის კედლებს ჩავახუტებდი ამაღამვე, მაგრამ არ არის.. - დაბალზე შეჭრილ თმაზე გადაისვა ცალი ხელი, შუა თითზე წამოცმული ვერცხლის ბეჭედი აუკრიალა სახლის განათებამ. - თავისი შვილის გვერდით რომ დამინახა, საერთოდ გაგიჟდა. შეეშინდა. ისეთი მძიმე სიჩუმე დააწვა ქალაქს, სუნთქვა გაჭირდა გრილი ჰაერით სავსე ეზოში. ქუჩიდან ნაბიჯების ხმა მოახლოვდა. ოთო დვალიც შეუერთდა ყრილობას. - არ მომწონს, საითაც მიგყავს ეგ ყველაფერი, - ფეხზე წამოდგა მოსე. მეგობრის ცეცხლი გადმოენთო თვითონაც, - რას ნიშნავს თავისი შვილის გვერდით, მაის... შენ მაგისი შვილის გვერდით არცერთი განზრახვით არ უნდა დააყენო საკუთარი თავი. ორჯერ ორია. - ესეც კი შენზე საღად როგორ აზროვნებს... - მოაჯირს იდაყვით ჩამოეყრდნო ოთო. - სხვა არაფერი არ მაქვს. ნებისმიერის ადგილას დავაყენებ თავს, თუ ეგ დამეხმარება იმის პოვნაში, ვის ოთახშიც ყოველ ღამე ტოვებს ლენა სინათლეს. - ერთადერთი განათებული ფანჯრისაკენ გაიშვირა ხელი, ყველა გაჩუმდა წამიერად და დამნაშავე მზერით გახედეს ჩამოფარებულ ფარდას, - ვის გამოც ვარ ის, ვინც ვარ. შიშის ნაცვლად სირცხვილი ან სინანული რო დამენახა იმ.. ნაბიჭვრის თვალებში, კიდე არ გავმწარდებოდი ასე. ჩვიდმეტი წელი ისე იცხოვრა კაცმა, საკუთარი ნამუსი და თავი ვერ მიიყვანა იმ სიმართლემდე, რომლის მერეც მაგას სინანული ევალება მარტო და არა შიშით ლაქუცი. და მე ვერ ვაზროვნებ კიდე საღად? შუბლი რო არ აქვს გახვრეტილი ჩემი იარაღიდან გასროლილი ტყვიით, არ გიკვირს? - შუბლი გაუხვრიტო ჯობია, ვიდრე შვილი უქციო იარაღად. იცი შენ ძალიან კარგად, რაც სვამს მეტობის ნიშანს ამ ორს შორის. იმიტომ კი არა, რომ ის არ იმსახურებს ისე გამწარდეს, როგორც გამწარდა დედაშენი, ან როგორც დაიმარხა მამაშენი, არა... - წამიერად შეტოკებულ სუნთქვაში დაეტყო მღელვარება დვალს, - შენ არ გეკადრება სხვანაირად. რას ვიზამთ, თამასას საკუთარ თავს ჩვენ ვუწესებთ ადამიანები. შენ რო საკუთარ საქმეში შეგეშალოს, სხვისთვის გადადგმული სამართლიანი ნაბიჯი მარტო ფასს კი არ კარგავს, სასაცილოც ხდება. - არავის იარაღად ქცევას არ ვაპირებ, რა.. - ჯიბეზე გაიკრა ხელი და ამოიღო სიგარეტის კოლოფი, ასანთის ყვითელმა ალმა გამოუკვეთა მკაცრი ნაკვთები, შავ წარბებს ქვემოდან დაუმალავად, თუმცა ფრთხილად მომზირალი, დაკვირვებული შავი თვალები უელავდნენ. - იმ გოგოს მითუმეტეს. ჩემ გამო ყველაზე ნაკლებად დაზარალდება, მამამისის გამო ვერ შევპირდები. იმ კაცს რაც გააკეთა იმას ხო არ ვაპატიებ და შიშისთვის კიდე უფრო მეტად მოვთხოვ. დაბნეული მზერები გაცვალეს ერთმანეთში დვალმა და მოსიკამ. - ეს ვერაა, ხო? - საფეთქელთან მიტანილი საჩვენებელი თითი რამდენჯერმე გადაატრიალა მუსიკოსმა. - შენ ვერ ხარ, ხო? - შენ რა გგონია, იმას ჩემი დანახვის შეეშინდა?! - ცივმა ღიმილმა გაუყინა სახე მაისურაძე რენეს. - არა, რაც ნაბოზრულად იშოვა და თითხნა მთელი თავისი დამპალი ცხოვრება, იმის დაკარგვის შეეშინდა, იმიტომ რომ იცის ძალიან კარგად, ფული და სახლი მართალმა კაცმაც შეიძლება დაკარგოს, მაგრამ სიმართლე ვერავინ წაართვას. მის ფულს და ქონებას კიდე გადაჰყვება მისი სახელიც და ოჯახიც. აი, რისი შეეშინდა და რის შიშს გამოცდის ყოველ ჯერზე, როცა დამინახავს. და ძალიან ბევრჯერ დამინახავს, სანამ ბოლო დღე დაუდგება მის სახელს ამ ქვეყანაში. ნინაკა ვარდიაშვილმა შემოაღო ამ დროს სახლის ჭიშკარი. მზესუმზირის შეკვრა ეჭირა ცალ ხელში. -ოხ, ვარდუშა, - წაუმღერა მოსიკამ, ოდნავ ჩაიჩოჩა და ჩამოსვა გოგოც კიბეზე. - რა ხდება, პლენარული სხდომაა და მომტეხეთ? - თქვა მოღეღილი კისერით და განზრახ მოარიდა თვალი მომღიმარ ოთოს, რომელმაც ზუსტად იცოდა, მის გამო რომ შემოუერთდა კრებას დედამიწის ზურგზე მისთვის ყველაზე საყვარელი გოგო. - მოვიდა ოპოზიციონერი და გენდერული უმცირესობის სახელმოხვეჭილი წარმომადგენელი. - ნუ ხუმრობ დებილურად, მოსე. - მკაცრად კი გააფრთხილა, მაგრამ გამოშვერილ ხელისგულში მაინც ღიმილით ჩაუყარა მზესუმზირის მარცვლები. - შემირიგდი შენ? - ცოლად რომ მომიყვან, მერე შეგირიგდები. - თვალი ჩაუკრა ნინაკამ თავის დრომორჭმულ შეყვარებულს (ასე მოიხსენიებდა მათ სიყვარულს მოსე). - მაისას რა სჭირს? რა სიძაბუნე ჩაგდგომია თვალებში, ძმობილო... კიდე ბულიონის კვირეული მოგიწყო ლენაჩკამ? - მაგაზე უარეს განსაცდელში კი არ არის, ისე.. - ლამარა აჭორავდა, სახლს აღარ ყიდისო და მართალია?! შემოიკრიბა დღეს დილას თორმეტკაციანი უხუცესთა საბჭო, მე გამომკითხეს შენი ამბავი. - სოსო ოდიშელის გოგოს უნდოდა ყიდვა, - ზედმეტი ახსნის გარეშე გაუსწორა თვალი რენემ, დანარჩენ ორს იმ გაკვირვებით მოავლო ნინაკამ თვალი, რომლითაც ფაქტის დამოწმებას მოელიან ხოლმე ადამიანები. - და მაგიტო გადაიფიქრე. გასაგებია. - აი, რატომ არის გასაგები? - გაოცდა მოსიკა, მართლა ვეღარ ხვდებოდა, რა სიღრმე ჰქონდათ ასეთი ამ მორალურ კანონებს, თვითონ რომ ვერ ჩასწვდა ვერასოდეს. - იმ კაცს დიდი ალბათობით ბავშვის გასხვისებაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ერთად იზრდებოდნენ რენე და მისი შვილები. ამათ ოჯახს იცნობდა. ყოველ დღე ხედავდა, როგორ მიდიოდნენ მისი შვილები რიტას შვილთან ერთად სკოლაში, ვინ იცის, რამდენჯერ ერთ მაგიდასთან უჭამიათ საჭმელი. - ხმას ვეღარ აკონტროლებდა ნინაკა, - სახლს კი არა, ჭიან ვაშლს არ მისცემ იმას შენსას, იმიტომ რომ ხელს არ მოკიდებ იმ კაცის ფულს, ვინც ჩვენ ოთხში ყველამ კარგად ვიცით, როგორც იშოვა იმდენი, რომ სახლიც იყიდა, კლინიკაც გახსნა და მისი მეორე შვილი ბიზნესსაც ეთამაშება თურმე. არის ახლა გასაგები? - მე მაინც არ მინდა დაჯერება, რომ მეზობელს... - აზრი ვერ დაალაგა მოსიკამ, თმა ისე აიჩეჩა, თითქოს ასე გადმოიბერტყავდა თავიდან გულუბრყვილო ფიქრებს, - ო, არ ვიცი, რა. ეგეთი ბოროტი როგორ უნდა იყო, ბიჭო? სუნთქვა შეეკრა რენეს. ყბებდაჭიმულმა მოარიდა თვალი ეზოს, სახლსაც და ყველაფერს თავის ირგვლივ. ბრაზისა და ზიზღის საცეცები ისევ შეესივნენ სხეულზე. თითებიდან, მხრებიდან, ზურგიდან მიღოღდნენ გულამდე. ამ მრისხანებისა და სიძულვილის შობის წერტილი გული კი არა ის წარსული იყო, რომლითაც ასე მწარედ დაისაჯა მისი ოჯახი. რომლის კერაც არ ყოფილა მისი სახლი, მაგრამ რატომღაც მაინც ვერასდროს გაიყვანეს იმ კედლებიდან იქ არ ნამყოფი ბავშვის სურნელი. - არადა, ვინცობ იმ გოგოს. უმცროსს, - ხმა შეეცვალა ნინაკას, დაუმშვიდდა. ცალი თვალით გამოხედა მას რენემ. - ერთხელ დაბადების დღეზე გადავიკვეთეთ, მერე გავიგე, რომ სოსოს შვილი ყოფილა. ისეთი ლაღი და თავისუფალი იყო, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რამდენ ოჯახს დაუნგრია მამამისმა ცხოვრება. - არ ვიცი რა, მაგრად მეცოდება ეგეთი სიმართლისთვის ნებისმიერი ადამიანი. ერთია, როცა შენ ხარ ცუდი ტიპი, მაგრამ შენ რომ კარგი ხარ და მშობელი სამარცხვინო გყავს... მაგ შენს სიკარგესაც ეკარგება სხივი. - ახალი სიმღერიც იდეაც გაქვს, - მხარი გაჰკრა ქალმა უცნაურად მჭევრმეტყველ მეგობარს. - გულის ჯიბეში არ გიდევს ფანქარი და ფურცელი?! - მაინც და მაინც სარკოფაგში უნდა დამინახო გაწოლილი, შენ რომ ჩემი მუსიკა დააფასო?! - თეატრალური გულდაწყვეტილობით გახედა ღიმილშეუკავებელ მეგობარს მოსიკამ, - ხვალ ვუკრავ „ეიფორიაში“ და მობრძანდით, ამ ქვეყანას რომ პატრონი ჰყავდეს და მე კარგი მეგობრები, ჰენდრიქსზე და გილმორზე ნაკლები დაფასება არ უნდა მქონდეს, მაგრამ ან პატრონი სადაა, ან სამართალი. თქვენ კი ხართ, მაგრამ არც თქვენ უქნიხართ ღმერთს... წამოიშალნენ ნელ-ნელა მაისურაძის სახლის კიბეებიდან. სათითაოდ გააყოლა თვალი ეზოდან გამავალ საყვარელ სხეულებს, მათ ჩრდილებში დაუღლელად დაეძებდა მაისურაძე რენე თავის სისხლს და ხორცს. თვითონაც წამოდგა, ძლივსღა აჰქონდა მაღალი სხეული იმ საფეხურებზე, სადაც მოუსვენრად აირბენდა ხოლმე უწინ, ოდესღაც... და ეს სახლიც დაემგვანა თავის პატრონებს - იდგა მომლოდინედ და თან ეძებდა იმას, ვისი ოთახიც მშვიდად ითმენდა წლებში ახლართულ სიცარიელეს. დათის ოთახში ყოველ ღამე ენთო სინათლე. . ჯერ კიდევ იკბინებოდა გაზაფხულის სუსხი დილაადრიან. ჰაერიც ისეთი სველი იყო, თითქოს ცამ მთელი ღამე იტირა. არადა, სავსე მთვარე ისე იჭრებოდა ფანჯრებში, ერთმა ღრუბელმაც ვერ შეაკავა მისი ვერცხლისფერი სხივების ნათება. თითქოს ის იყო ერთადერთი დამნაშავე, ოდიშელების ოჯახმა მთელი ღამე რომ თვალი ვერ მოხუჭა. ხმის ამოუღებლად საუზმობდნენ ერთ მაგიდასთან, ოჯახურ ტრადიციებს თითქმის არასდროს ივიწყებდნენ. მათი სიჩუმისა და კრიჭაშეკრულობის მიზეზიც მალე მიუჯდა სუფრას. - როგორ გეძინა?! - ისე გახედა ნინომ დას, თითქოს პასუხი მათგან უნდა მოესმინა ამ შეკითხვაზე ეფემიას. - არ მეძინა. თუ რამე გინდა, პირდაპირ მითხარი, ნინო, არ არის საჭირო დანამუსების შემოვლითი მცდელობები. - ხელი არ დაუკრებია მიაკოს არაფრისთვის. ამოღრმავებოდა უძილარი თვალები. - მშვიდად ვისაუზმოთ, გოგოებო, - ორივეს მიმართა მაკამ. სოსო საერთოდ არ იღებდა ხმას. შეიძლება, არც კი ისმენდა ამ საუბარს. - მე მაინტერესებს, შენ რა გინდა, ეფემია?! - დანა-ჩანგალი მაგიდაზე მშვიდად დაალაგა ნინომ და ორივე ხელს ნიკაპით ჩამოეყრდნო, ირონია დილის ჭირხლივით გადაჰფენოდა სახეზე, - რა არ მოგწონს შენს სამსახურში, ეს ახალი თავსიტკივილი რაში გჭირდება?! - მე რაც მინდა, ძალიან მკაფიოდ გასაგებია მთელი ოჯახისათვის. გაუგებარი თქვენი რეაქციაა. -ჩემი იმედი არ გქონდეს, - ხმა ამოიღო სოსომ, მაკამაც ხელი ჩაიქნია თავის მოჩვენებაზე, რომ მშვიდად დაიწყებდა დღეს. გულდაწყვეტილი მიაშტერდა თეთრ კედელს. - მე არ ვაპირებ ფულის გადაყრას იმ დაქონქილი სახლის რამედ ქცევაში. შენ რაც გინდა, ის უყავი, მია, შვილო… თუ შენთვის ასეთი მნიშვნელოვანია, კი ბატონო, მაგრამ ჩემგან ნუღარაფრის იმედი გექნება. -კარგი, მამა, - ამოილაპარაკა რამდენიმეწამინი დუმილის შემდეგ, ცრემლებს უფრო ებრძოდა, ვიდრე ოთახში გამეფებულ სიჩუმეს, - დამოუკიდებლადაც შევძლებ... -თუ ღმერთი გწამს! - ჩაეცინა ნინოს, პირველად შენიშნა დის სახეზე ამხელა ირონია მიამ. ფეხზე წამომდგარი სკამის საზურგეს ეყრდნობოდა ხელებით, მუხლები რომ არ მოკეცვოდა. - რაც გაქვს, ყველაფერი მამას წყალობით… -მე ჩემი სათქმელი ვთქვი, - მკაცრად გააწყვეტინა უფროს შვილს სოსომ, უმცროსისაკენ არგახედვაში ხარჯავდა მთელს ენერგიას, უცახცახებდა ჩანგალზე ჩაფრენილი ხელები. - დანარჩენი სალაპარაკო არ არის! -მე გვერდით დაგიდგებოდი, - დას გაუსწორა თვალი მიაკომ, ხმა გაუწყდა სიტყვის ბოლოსკენ, - მამასი უფრო მესმის, ვიდრე შენი, ნინო. მას შეიძლება ჰქონდეს ისეთი მიზეზი, რომლის გამხელაც ჩემთვის არ უნდა, რადგან მშობელია. შენ რა მიზეზი გაქვს, ასეთი მიუღებელი რომ არის შენთვის ჩემი მიზნები?! -ეგოისტი ბავშვივით იქცევი, რომელსაც უნდა, რომ თავისი გაიტანოს. მიზანი არაფერ შუაშია შენს ჭირვეულობასთან. თუ რამე გამოგივა, მე გამიხარდება, ეს იცოდე. -ნინო! - ფეხზე წამოდგა მაკაც და ხმაურით დაიწყო მაგიდის ალაგება, - რა დაგემართათ?! სასწრაფოდ შეწყვიტეთ ერთმანეთთან ასე საუბარი! გულგასივებული გამოვიდა სახლიდან. ნუთუ მართლა ისეთი იყო, როგორადაც საკუთარმა დამ დაახასიათა?! იქნებ მართლა სჯობდა, თავი მიენებებინა ამ საქმისთვის და დაეცლია იმ სახლისთვის ბოლომდე დანგრევა, ან მიეყიდათ ვინმე ინვესტორისათვის და კორპუსი ჩაედგათ ორსართულიანი ქონქის ადგილას. მერე ხომ იქნებოდა ყველა ბედნიერი. ეს რენეც რანაირად გამოედო ამ ისედაც ჩახლართულ ამბავში. ასე ხომ არ გართულდებოდა ყველაფერი, რომ გაეყიდა და დაევიწყებინა იქაურობა, ისედაც უვარგისად და დაავადებულად რომ მიაჩნდა. მაინც ვერაფრით გადაუხვია იმ გზას, რომლის ბოლოსაც მაისურაძე რენეს სამუშაო ოთახის კართან იდგა და აკაკუნებდა. - საქმე მაქვს შენთან, - უთხრა ყოველგვარი სალმის გარეშე და ჩამოუჯდა მაგიდის წინ დადგმულ სავარძელში. - არ მცალია ახლა, - მაგიდაზე გადაშლილ ფურცლებზე მიუთითა აწკეპილი წარბებით. ვერ გამოტოვა მაინც მისმა თვალებმა მიას გაწყლიანებული მზერა და მღელვარე, ღრმა სუნთქვა. არაფერი გამორჩებოდა მის ალღოსა და ინტუიციას, რომელიც არასდროს, მართლა არასდროს სცდებოდა. - მეც საქმეზე ვარ მოსული, საჭორაოდ არა. - მაგ საქმისთვის არ მცალია, ხოდა. - სიტყვაში გამოკიდებისთვის ხომ პოულობ დროს, - თვალები დააწვრილა ქალმა, ოდნავ გადაიხარა მისკენ. ისეთი მომნუსხველი იყო, მაშინვე გასწორდა, გონება რომ არ არეოდა, - მაინტერესებს შენი მეწილეობა რა უპირატესობებით სარგებლობის უფლებას გაძლევს? მხოლოდ ფინანსური სარგებელია შენი ინტერესი, თუ… - რაც გინდა, ის უქენი იქაურობას, თუ ეგ გაინტერესებს. მე არ მადარდებს, - გრძელ თითებს შორის მოუთმენლად დაატრიალა კალამი, - გინდა ააშენე, გინდა დაანგრიე. ჩათვალე, ლენაა ჩემი წარმომადგენელი. - აბა, რა ინტერესი გაქვს?! - არანაირი. სახლის გაყიდვა გადავიფიქრე, შენ გაძლევ იმის გაკეთების უფლებას, რაც გსურს. ფინანსური სარგებელი მე არ მჭირდება მაგ კაფისგან, თუ იქნება საერთოდ რამე სარგებელი. ლენა მოიხმარს. - თუ გგონია, რომ არ იმუშავებს, რატომ რისკავ? - შენ არ უნდა გადარდებდეს ეგ. - მადარდებს. რას ჰქვია, არ უნდა მადარდებდეს, - გაოცებისაგან გაეცინა მიას, - ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს ადგილი. იმისთვის, რომ ფეხზე წამოვაყენო იქაურობა და სხვა ათასობით მიტოვებულ სახლ-კარს არ მიეთვალოს, უდიდესი ვალი უნდა ავიღო, შენ მეწილეობას მთავაზობ და შენი აზრი არ უნდა მადარდებდეს?! - ვალს რატომ? - ეშმაკურად აენთო თვალები, ისე აუპრიალდა მზერა, ქალის ყველა დამალული ფიქრი აირეკლა თითქოს, - შპს მამა აღარ გასუბსიდირებს?! - შენ არ უნდა გადარდებდეს ეგ. - გაწბილებულმა მიუბრუნა თავისივე სიტყვები, შემდეგ ისევ მარტის ამინდივით შეეცვალა გამომეტყველება. - ჩემთვის მართლა მნიშვნელოვანია ეს სახლიც და ჩემი გეგმებიც. თუ დახმარება არ გინდა, გთხოვ, რომ არც ხელი შემიშალო, არ მაკლია ამრევები. მიანება რენემ საქმეს თავი. საზურგეს მიეყრდნო ტუჩებზე გადაფენილი გამოურკვეველი ღიმილით და მხოლოდ თვალებში ეტყობოდა ის ინსტიქტში გადაზრდილი ინტერესი, რომლითაც ჩვეულებრივ დამნაშავეებს აკვირდებოდა ხოლმე. - ისე ნუ მიყურებ, თითქოს პირველად მხედავ, - თვითონ მოარიდა თვალები ეფემიამ, - თუ რამე გაინტერესებს, მკითხე და გეტყვი. - შენ რატომ მიყურებ ისე, თითქოს კარგად მიცნობ?! - რაღაცები გერევა, - არაფრით შეიმჩნია, როგორ დაუფრთხო გული ამ შეკითხვამ, - იმდენად არ მაინტერესებ, რამდენადაც შენ. ამიტომაც არ გაკვირდები და არა იმიტომ, რომ კარგად გიცნობ და აღარ მჭირდება. უმიზეზოდ აფორიაქებულმა დაავლო თავის ჩანთას ხელი და ფეხზე წამოდგა. აქ გაჩერება ისედაც გაუსაძლისი გახადა ამ ადამიანმა. - დანარჩენს ლენასთან მოვაგვარებ. - როგორც გენებოს. - მშვიდი მზერით გააცილა ოთახიდან. თითქოს ერთი სული არ ჰქონოდა, როდის დატოვებდა ეს ქალიც და მისი სურნელიც იქაურობას, ისე ამოავსო ყოველი კუთხე-კუნჭული თავისი ხმით, ადგილი აღარ დაუტოვა შემოჩვეულ გრძნობებზე ფიქრის. ორ წამში შემოყო მის ოთახში თავი ოთომ. ჯერ კიდევ იმ გზას გაჰყურებდა, საითაც ეფემია წავიდა. - ეს იყო? - ზურგსუკან მიიხურა კარები. - ეგ იყო. - ისე უპასუხა, არც შეუხედავს მისთვის თვალებში. - ხარატიშვილების ამბავზე რა ხდება?! - მართლა რა კარგი გოგოა... - წინადადების მეორე ნაწილი საერთოდ არ გაუგია თითქოს, ისე ჩამოჯდა მის მაგიდაზე და მანამ უყურებდა სახეში გაჯიუტებულ მაისურაძეს, სანამ არ შეაწუხა და მოახედა თავისკენ. - საცოდავ დღეში ჩავარდები, იცოდე. ვერავინ გიშველის და მერე არ მითხრა, არ გაგიფრთხილებივარო. - შენ საქმე გამოგელია?! - ფეხზე წამოდგა და მაგიდაზე მიგდებულ გასაღებს დასწვდა თითებით, შავი სათვალეც მოირგო და წამიერად შეყოვნდა მეგობრის წინაშე, - სამართალი რომ იზეიმებს, საცოდავი დღე მარტო მამამისს გაუთენდება. წავედი ახლა, აფრიკელებმა კიდე ვიღაცა დაჭრეს ნახალოვკაში. - აი, კაცის დასაჭრელად აფრიკიდან ნახალოვკაში ამოსვლა რანაირად არ ეზარებათ ტიპებს? - ზუზუნით გაიარა მთელი დერეფანი დვალმა, - გამოვიდა ის პაკო და ატყდა ისევ ახლიდან ალიაქოთი, ზებრაზე უნდა შესვა უკუღმა. ტიპი ყაჩაღია! საგამოძიებო სისტემაში ყველამ კარგად იცოდა მაისურაძე რენეს სახელი და გვარი. ერთნაირად სცემდა პატივს ახალბედაც და გამოცდილი გამომძიებელიც. არ არსებობდა კვალი, რომელსაც რენე შესდგომოდა და შემდეგ იმ კვალს გაცივება მოესწროს. ის, რასაც გუმანის სიზუსტეს ეძახდნენ თანამშრომლები და გაოცებით აღნიშნავდნენ, თუ როგორ ახერხებდა ეს კაცი ერთი თვალის შევლებით ამოეცნო დანაშაულის ლაბირინთში შემავალი სწორი გზა, სინამდვილეში წლების განმავლობაში კარგად ნასწავლი გაკვეთილების შედეგი იყო და მეტი არაფერი. ასე ხდება, როდესაც ბედის მწერალი განსაკუთრებული შემოქმედებითობით უდგება ადამიანის უბედურებას. ის ან ბოროტდება, ან იმ ეკალ-ბარდების ფესვების ძიებას იწყებს, რომელიც სარეველასავით მოედო ვარდნათეს სახლ-კარს. სწრაფად აირბინა მიტოვებული სახლის კიბეები. ზედმეტი მოძრაობისგან ზედატანი არც კი შერხევია. ისე აკონტროლებდა საკუთარ სხეულს, როგორც გულსა და გონებას. ყოველ შემთხვევაში, ჯერ კიდევ შეეძლო თავის პატრონობა. ჯერ კიდევ არ შეჭრილა მისი ოთახის ფანჯრებში ის ქარი, რომელიც სულ სხვა მიზეზს აძლევს თეთრად გადათენებულ ღამეებს. აქაურობას ჯერ კიდევ ასდიოდა სისხლის ცხელი ოხშივარი. ფეხებქვეშ იატაკი საშველად ჭრიალებდა. მიტოვებული სახლ-კარი საცოდავად ქცეულიყო ამისთანა გარჩევების კერად. - რენეს გაუმარჯოს, - სიბნელიდან გამოიზარდა შავებში ჩაცმული სხეული. შხამით სავსე თვალები მოავლო ჯერ თეთრ პერანგში გამოწყობილ გამომძიებელს, შემდეგ მის ზურგს უკან მდგარ ოთო დვალს, მზად რომ იყო მის მოსაკლავად უკვე. - არ იქნები შენ ჩემს გასამარჯვებელ საქმეზე მოსული. - წელზე შემოიწყო ხელები მაისურაძემ და თვალი მოავლო სოროს, სადაც კიდევ სამი ვირთხა აფარებდა თავს იმ საღამოს. - როგორი იყო „პაესდკაში“? - რომელზე ამბობ, შენ სადაც გამიშვი?! - ბოროტად გაეღიმა კაცს. მაღალი იყო, უსაშველოდ გამხდარი და წელში ისე მოხრილი, როგორც სჩვევიათ დამნაშავეებს. - მოგნატრებია ადრიანად იქაურობა. სად გყავს ბალანჩივაძე?! - რას კადრულობ, - ხელოვნური უკადრისობით შეიცხადა, - რა უნდა ბალანჩივაძეს ჩემთან?! - ბავშვი გაუშვი. - ცივი ღიმილი შეეყინა სახეზე რენეს, თეთრ პერანგს ქვემოდან გამოუჩნდა კარგად პრიალა, შავი იარაღი. - და ჩვენ ვილაპარაკოთ. - შენთან სალაპარაკოდ მოვედი ისედაც, მარტო აღარ დადიხარ?! - თავი ოდნავ გადახარა გვერდზე პაკომ, ჭროღა თვალებით გახედა დვალს, ბრაზისგან აცახცახებულს გვარიანად. - პირადად რომ დამიბარებ, მარტო მაშინ მოვალ. - თავით ანიშნა ოთოს, გაარკვიეო ბავშვის ამბავი. - აქ არ არის არავინ. შენ მჭირდებოდი ჩემს პირისპირ. მოკითხვა უნდა გადმომეცა ერთი კაცისგან. ნაბიჯი ისე ჩუმად და ნელა გადადგა წინ, თითქოს ზურგსუკან ეპარებოდა ადამიანს დანის ჩასაცემად. დანარჩენებიც აჩრდილებივით გამოეზარდნენ ჩაბნელებულ კედლებს. შეთქმულების მყაყე სუნი აუვიდა ისედაც სიძველით გამხმარ იატაკს. - რამდენი ნაბიჭვრის სათქმელს დაატარებ ჯიბით, - ადგილიდან არ განძრეულა მაისურაძე, ოდნავ აზიდა წარბები მაღლა და თავდასასხმელად მომარჯვებულ აჩრდილებს მოატარა მზერა, - მოკითხვას სახელი და გვარიც მოაყოლე, პასუხს პირადად დავუბრუნებ. - პასუხი არ იქნება საჭირო. - ვერცხლისფერმა დანამ გაიპრიალა მის აცახცახებულ ხელებში, ღიმილით დახედა რენემ, არ ეხრებოდა წარბი, - შენ თვითონაც მიხვდები, ვის უნდა დაანებო თავი. ოთხი ხელი აკავებდა დვალს უკვე. გაგიჟებული იქნევდა ხელ-ფეხს, როგორმე რომ გათავისუფლებულიყო და კისერი მოეგრიხა იმ კაცისთვის, რომლის არსებობა საერთოდ არაფერს ცვლიდა რენესთვის სინამდვილეში. -ჯაყვით გინდა მოაგვარო ამხელა საქმე?! - ხელი ისე აუკრა მაჯაზე, ტანი ძლივსღა შეიკავა პაკომ. გადაბანცალდა ორი ნაბიჯით უკან. - იცი, როგორ დახვედრას მოგიწყობენ ციხეში, რომ მოვინდომო? - ძაღლის გატრუპვისთვის მეფურად დამხვდებიან. - მცდი?! - კისერზე მიადო გაყინული იარაღის ლულა, ნახევრად გადაწვა მაგიდაზე კაცის აცახცახებული სხეული, - წამლის გარეშე ერთ დღესაც ვერ გაძლებ, ჩემი სიტყვის დამტკიცება არც კი დამჭირდება, თვითონ მოითხოვ, მომკალითო. გეკითხები, მცდი? შუბლზე იგრძნო ამჯერად სიკვდილის სიცივე პაკომ. - ვინ გამოგგზავნა?! - შენზე ლეგენდები დადის, მაგარი გაქექილი ტიპიაო. დავიჯერო, ვერ ხვდები?! ცოტა იმედები გამიცრუვდა. - შენც მოყევი, ხოდა, ლეგენდა ჩვენს შეხვედრაზე. გასწავლიან კარგად, ვის უნდა უტრიალო ცხვირწინ დანები. . წინასწარი დაკავების იზოლატორში დააბინავეს პაკო და მისი ორი ძვირფასი მეგობარი. აშკარა იყო, არავის ადარდებდა იმათი ბედი და ისე გამოიყენეს წერილების გადამტან მტრედებად, ზედმეტად არავის უდარდია, როგორ დასრულდებოდა მათი ვიზიტი მაისურაძე რენესთან. თავს ფარვანებივით დახვეოდნენ აზრები. ოთო დვალიც ჩაფიქრებული იჯდა მის გვერდით, უკვე ვეღარც კი პოულობდა შესაფერ სიტყვებს ნუგეშის საცემად. გრძნობდნენ მიზნის მოახლოებას, მაგრამ მანამდე დიდი ომის მდინარე ჰქონდათ გადასალახი, მერე იქნებ გამოჩენილიყო კიდეც მეორე ნაპირი და ის, ვისაც აკვნიანად გადაიყვანეს სხვა მხარეს. - ოდიშელია ვითომ?! - ამოღერღა ბოლოს და ცალი თვალით დააკვირდა სახეზე. - რა თქმა უნდა. ქალიშვილი ვერ აცეკვა თავის დაკრულზე და მე დამიტრიალა დანა ცხვირწინ. ასეთი სულელი როგორაა, ან ასეთი სულელი თუა, აქამდე როგორ ვერ გამოვიჭირე, ბიჭო?! - მაგრად ჩაფრენოდა საჭეს ხელებით რენე. - შეიძლება, არ არის ასე მარტივად. - მაგ კაცისთვის რთული არ არსებობს, ოთო. - ცივმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე, ჩამოწეულ ფანჯარას ჩამოეყრდნო ცალი იდაყვით, გზას ისე გაჰყურებდა, როგორც სამიზნეს იარაღმომარჯვებული მებრძოლი, - მღვრიე წყალშია მონათლული. მამაჩემმა იცოდა ასე თქმა, გახსოვს შენ მამაჩემი?! ღირსების საქმე რომ უმარტივდება კაცს, იმისთვის რთული აღარ არსებობს. - ასე შტერულად მაინც არ მოიქცეოდა, ბიჭო, დაფიქრდი, რა. - თავი გადააქნია რენემ, თითქოს არ უნდოდა გაგონება, - ნუ ხარ ჯიუტი! და იმ გოგოს მართლა უნდა გაეშვა,ს სანამ დროა. - იმ გოგოს არ მოუვა არაფერი და არც მე ვიჭერ, თვითონ იჟინებს სისულელეებს. - კი ხო?! მე გადავიფიქრე იმ სახლის გაყიდვა? თუ ახლა შემოგაწვა მაინც და მაინც ნოსტალგიები. მე მახსოვს მამაშენი, შენ თვითონ თუ გახსოვს?! - ხმა გაეყინა დვალს, ზუსტად იცოდა იმ წამს რენემ, რა იქნებოდა ამ კითხვის შემდეგი სიტყვები, - სახლს არ გაყიდდა არასდროს ნიკა. არასდროს. ხანდახან შენნაირსაც შეიძლება უმტყუნოს ინტუიციამ. დიდი ბოდიში, თუ შენს ეგოს ქულები დავაკელი, მაგრამ ზუსტად ვიცი, შენ იმ გოგოში ძალიან მაგრად შეცდი. - ის გოგო არ მაინტერესებს, - მიტოვებული სახლივით ცარიელი ჰქონდა თვალები მაისურაძეს. - მასთან მიმართებით მე არანაირი გადაწყვეტილება არ მიმიღია, არც ვაპირებ ოდესმე ჩემს საქმესთან მის დაკავშირებას. - ახლა მოსიკას ენაზე რო გელაპარაკო, მარტივად გეტყვი - ბახს უკრავ ფანდურზე. ძალიან კარგად იცი, რასაც აკეთებ. ისიც კარგად იცი, რომ იმ კაცის შვილი ისედაც კავშირში იქნება შენს საქმესთან. ყოველთვის. და არ მითხრა, რომ გულის სიღრმეში შვილი შვილის წილ არ არის შენი ჩანაფიქრი. - რომ გითხრა, დაიჯერებ? თავი გადააქნია დვალმა დანანებით. ვეღარ გაეგო, ვინ იყო უფრო შავ დღეში - თავდაკარგული კაცი, თუ თავდაკარგული კაცის მეგობარი, რომელმაც ვერ დაანახა თავისი თავი იმას, ვინც დაკარგულია. მოსიკა მართლა ნიჭიერი მუსიკოსი გახლდათ. ღიმილგადაკრული დამოკიდებულება მისი მუსიკის მიმართ მხოლოდ მის გასაჯავრებლად გამოგონილი მეგობრული ეშმაკობა იყო და არა გულწრფელი დაუფასებლობა იმ ადამიანისა, რომელსაც ისე შეეძლო ხმის ამღერება, ყველაზე თავშეკავებული კაცის სახესაც დაატყობდა ემოციის კვალს. ამიტომაც ისხდნენ მაგიდასთან იმ ბარის კუთხეში, სადაც მილიონჯერ მაინც დაიბარა თავისი მეგობრები ბოლო ოცდაოთხი საათის განმავლობაში და სიტყვის უთქმელად წრუპავდნენ ფერად-ფერად სასმელებს. -დღეს ლენასთან ვიყავი, - ხმადაბლა დაიწყო ნინაკამ, რენესკენ ისე გადააცურა თვალები, ჩვეულებრივი ამბის განხილვას არ აპირებდა, - ძალიან ბედნიერი ჩანს... - კაია მერე, რატო ჩამოგტირის სახე? - ლოყაზე აკოცა ოთომ შეყვარებულს. - ამის მოღუშული სიფათის გამო რომ არ არის ლენა ისეთი ლაღი, ხვდები ალბათ, ოთარ. ოდნავი დედუქციის ნიჭი როგორ არ დაგაბერტყა დედაბუნებამ?! - იმ კაფის გამოა ეგეთ დღეში. - სიგარეტის კოლოფი ამოაძვრინა ჯიბიდან. შემდეგ ისევ ჩააბრუნა. ლენას ბედნიერმა სახემ და იმ სახისთვის მიცემულმა პირობამ შეახსენა ეტყობა კარგად თავი. - და იმ გოგოს გამოც. - სახე დაუსერიოზულდა გოგოს, - რამე უნდა გააკეთო, რენე. ასე არ შეიძლება. ძალიან ბევრ ადამიანს ეტკინება გული ბოლოს. აშკარად ბედნიერია და სიამოვნებს მასთან ურთიერთობა. - და რა გავაკეთო? - უნდა გაყიდო ის სახლი. - არ გავყიდი. - ღმერთო ჩემო, სხვას მიჰყიდე. რა პრობლემაა?! - საზურგეს დაღლილი მიენარცხა ნინაკა და ისე დაფეთებული დააცეცებდა თვალებს მეგობრის სახეზე, თითქოს ამოუცვალეს და ვერ მიხვდა. პრობლემის მიზეზი და არსი კი ერთდროულად გაუგებარიც იყო და თან დღესავით ნათელი. - დღეს მამამისმა რაღაცები გააჩალიჩა. თავი დაანებე, ვისაც არ ანებებო და დანები გვიტრიალა ცხვირწინ პაკომ. მძიმე ღამე გაუთენდება ამაღამ იზოლატორში. - რას ჰქვია გააჩალიჩა? - გაოცებით გაეღიმა ნინაკას, - სულელია?! - ესეც მე ვარ?! ყურადღებას არ აქცევდა მათ მსჯელობას რენე. ცივ ჭიქაზე დაასრიალებდა თითებს და თვალით ერთ წერტილს ისე ჩაჰფრენოდა, თითქოს იქ იმალებოდა ყველა საიდუმლო მისი ცხოვრების შესახებ. სადღაც, გულის სიღრმეში მიკარგული ხმა აძლევდა ისეთ მინიშნებებს, რომლებზეც ფართოდ ხუჭავდა თვალებს შეუცდომელი გამომძიებელი. შეუცდომელი, ვინც პირველად უშვებდა შეცდომას და თავადაც კარგად უწყოდა ამის შესახებ. - ოხ, მოვიდნენო ჯიგარი ბიჭები, ჩემი ძმდები მოვიდნენო! - ხელები გაშალა ბარის შემოსასვლელიდან გამოჩენილმა მოსიკამ. ცალ ხელში გიტარა ეჭირა, მეორეში წაუკიდებელი სიგარეტის ღერი და ისეთი ბედნიერი სახით უყურებდა თავის მეგობრებს, თითქოს პირველად ხედავდა საგულშემატკივროდ მისულებს. - სულ რომ არავინ მოვიდეს, ის მაინც მეცოდინება, რომ ორი კაცი დამიკრავს ტაშს და ერთი გოგონა მანდილს დამიფრიალებს. - ეს მთვრალია უკვე?! - ოთოს გადახედა ნინაკამ ღიმილიანი თვალებით. - მთვრალი არა, შეზარხოშებული ვარ, ვარდო. აუ, მაის, დღეს ის გოგო გავიცანი ლენაჩკასთან. - გვერდით მიუჯდა მერე რენეს და ისე ხმადაბლა დაიწყო საუბარი, თითქოს ძილისპირულ ზღაპარს ყვებოდა, - მე ჩვეულებისამებრ ნაბახუსევის ჩაის გეახლებოდით. საწყენად არ ვამბობ და, ლენამ მაყვლის მურაბაც გამიხსნა. - ვა, რა დამსახურება გაქვს ასეთი?! - გულწრფელად გაუკვირდა ოთო დვალს. მაყვლისა და მოცვის მურაბები და კომპოტები ლენას ათასი ტკბილეულით სავსე საკუჭნაოში ოქროს თაროზე ინახებოდა და მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხსნიდა თავს, თუკი ვინმე ავად იყო ან განსაკუთრებული სტუმარი ჰყავდა. -ხოდა, აუ, მაის.. ისა.. - თავი მოიქექა შეშინებულ-დაბნეულმა, ვერ მოიფიქრა თითქოს შესაფერისი სიტყვები, რომელსაც ხმამაღლა გააჟღერებდა და უმტკივნეულოდ მიასწრებდა სცენამდე. - მგონი, რძლად უნდა ეგ გოგო ლენას. ყველა გაჩუმდა მაგიდასთან. ამ სიტუაციაში რთული გახდა იმ ზღვრის გამორჩევა, რომლამდეც ხუმრობა ნებადართული იქნებოდა. განსაკუთრებით ასეთ საკითხებთან დაკავშირებით. ბეწვის ხიდზე გადარბენას კი მხოლოდ მოსიკა თუ გაბედავდა თავისი გიტარით. რენეს სასიყვარულო ურთიერთობები ისეთი ტაბუდადებული და გასაიდუმლოებული ამბავი იყო, საერთოდ მიავიწყდათ მეგობრებსაც, რომ სიყვარულის უნარი და სურვილი ჯერ კიდევ შესწევდა მაისურაძეს. -ლენას ყველა რძლად უნდა, ვინც მოეწონება. დაიკიდე, - სცენისკენ ანიშნა მშვიდად თვალებით. გაფრთხილებას უფრო ჰგავდა თვალების უჩვეულო ტრაექტორიით მოძრაობა მოსიკასთვის. წამიერად გაუსწორა თვალები რენეს და შემდეგ სცენისაკენ გაემართა მსუბუქი ნაბიჯებით. იქ დგომა და მუსიკა ყველაფერზე მეტად უყვარდა მგალობლიშვილს. ან იქნებ ლენას მაყვლის მურაბაც, რომელიც სულაც არ გაუხსნიათ მისთვის... სახლში ელოდა შვილიშვილს ვერცხლისფერთმიანი ქალბატონი. საღამოის ხანს ახალგაზრდობა გაიხსენა და ყავაც მიირთვა, გვიანობამდე რომ ყოფილიყო ფხიზლად. ღიმილით შესცქეროდა ხმაჩავარდნილ ტელევიზორს. ფიქრები ისევ ეფემიას სტუმრობას ახსენებდნენ. ზოგადად მაისურაძეებში სტუმრობა უყვარდათ ახალგაზრდებს. რენეს სახლი ან შებინდებისას სახლის კიბეები მათი თავშეყრის საყვარელი ადგილი იყო. ლენა ფანჯრიდან გადასდგებოდა ხოლმე და ღიმილით ესროდა ერთ-ორ ენაკვიმატ სიტყვას ახალგაზრდებს. უხაროდა მათნაირი ჭკვიანი, ლაღი და თავისუფალი ადამიანების გარშემო ტრიალი. უთხოვნელად უმზადებდა ათასგვარ ტკბილეულს. არ იღლებოდა, როდესაც საქმე მათთვის სიამოვნებას ეხებოდა. ასე იკლავდა, ალბათ, დაკარგული, წართმეული, თუ მოტაცებული შვილიშვილის მონატრებას. სხვა მოხუცების დარად, ლენასაც სჯეროდა, რომ სამყაროში ყველაფერი იყო კანონზომიერი და ალბათ ეს აძლებინებდა ათას ჭირნახულს. სჯეროდა, რომ ღმერთი აუცილებლად დაინახავდა ყველას სიკეთეს და სხვის კალთას ამოფარებული თავისი შვილიშვილი, დარწმუნებით იცოდა, აუცილებლად იგრძნობდა ბებიის სითბოსა და სიყვარულს. ეფემია რომ შემოვიდა მის ეზოში, რაღაც სიმთლიანე იგრძნო წამიერად მისმა ათას ნაწილად დაშლილმა და წამლებით შეკოწიწებულმა გულმა. ისე გაიფურჩქნა, როგორც ავდარში მოყოლილი ყვავილი მზის დანახვისას. -ლენა ბებო, როგორა ხარ? - ეზოდან მიესალმა ფანჯარაში გადმომდგარ მოხუცს და ნელა, ტანის ნაზი რხევით აიარა კიბეები. კარგად დაიმახსოვრა ეს სანახაობა ქალმა. -ბებოს რომ მეძახიან, არ მიყვარს. არც შენ დამიძახო, რა... ღიმილით დაუქნია თავი ეფემიამ. ლენას თვალით დანახულ გოგონას კამკამა, ლურჯი თვალები ჰქონდა. ხვეული თმა დაჰყროდა ქათქათა სახეზე. სიმშვიდის სურნელი დააყენა მაშინვე სახლში მიაკომ. სიმშვიდის და იასამნის. - ყველაფერი ძალიან ლამაზი გამოვა, - თვალწინ გადაუშალა ქალს ყველა ფოტოსურათი, საიდანაც მივიწყებული ეზოს განახლებული სიცოცხლე მოსჩანდა, - გახსოვს, ამ კუთხეში მამაცაშვილების ბაბუა იჯდა ხოლმე სულ და ათასი ხარახურისგან სათამაშოებს აკეთებდა. მშრალ ხიდზე ჰყიდდა მერე. - ო, როგორ არ მახსოვს ცხონებული ტარასა.. - ნაღვლიანად გაეღიმა ქალს. - შენ საიდან გახსოვს? - რა ვიცი, - მხრები ღიმილით აიჩეჩა ეფემიამ, - უბრალოდ მახსოვს. ერთხელ დედამ დამავალა ნავთის ლამფის გაწმენდა. თან კარგად დამარიგა, არ გაგიტყდესო. მე კიდევ გამიტყდა... იმდენი ვიტირე. ტარასა ბაბუ თავისი სათამაშოების გასაყიდად რომ წავიდა, უკან ლამფის შუშით დაბრუნდა. მაჩუქა და ასე მითხრა, იმის გულისთვის არასდროს იტირო, რაც მარტივად ტყდებაო. - მერე დაუჯერე?! - არა, - გადაიკისკისა ეფემიამ, ტანზე ჟრუანტელად მოევლო მისი სილაღე ლენას, თითქოს დათიმ შემოირბინა მათ სახლში, ნიავიც მაინც და მაინც იმ წამს შემოიჭრა ღია ფანჯრებიდან, - კიდევ გამიტყდა და კიდევ ვიტირე. ოღონდ მაშინ იმიტომ, რომ ნაჩუქარი იყო. მაინც რა მარტივად ტყდებოდა ის ლამფის შუშები?! ვფიქრობ ყველა მაგიდაზე დავდოთ ხელოვნურად განათებული თითო-თითო ძველებური ლამფა, ხომ ლამაზი იქნება?! - ძალიან. - ყველაფერზე ეთანხმებოდა ლენა. სწორედ ამ დროს შემოაჭრა მათ სახლში მოსიკამ. თან ისეთი თავგანწირვით მღეროდა, ქალებმა ხმა ვერ ამოიღეს. -რა იქნება, შენს მახლობლად მეც ვიყო, შენს ეზოშ... - სიტყვა გაუწყდა უცხო გოგონა რომ დაინახა ლენას პირისპირ. - ვა, ლენა, სტუმარი გყავს? მომიტევეთ ჩემი უცაბედი სოლო კონცერტი. - მოდი, მოდი. - სკამი გამოუწია ლენამ და გვერდით მოისვეს მოსიკაც, - ეს ეფემიაა, რენე გეტყოდა. - ა... რა ვიცი... ბევრი არაფერი უთქვამს, - დაიბნა ბიჭი, ხუჭუჭა თავი მოიქექა ოდნავ დარცხვენილმა. თან ინტერესიან მზერას ვერ თოკავდა, ისეთი მშვენიერი იყო ეს გოგო. - მაგრამ უნდა ეთქვა. რა იცის მაგან ლაპარაკი! ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა! - ჩემთვისაც. კარგად მღერი. - ხოდა, ჩვენს კაფეში ვამღეროთ! - გაეღიმა ლენას და მაშინვე წამოდგა, მოსიკასთვისაც მოიტანა ჩაი და თეფში. - ვა, ვა! სერიოზული ბიზნეს ვუმენი იჩითები, ლენაჩკა? - რაო? - ეფემიას შეხედა დაბნეული სახით ქალმა. - ქართულად ილაპარაკე, ბიჭო! რაღაც საოცარ სიმშვიდესა და სევდას იტევდა ეს სახლი. ძველებური და თან ტკბილი სურნელი ტრიალებდა ოთახებში. ლენასაც თავისებურ ყაიდაზე მოეწყო იქაურობა, ყველას და ყველაფერს თავისი ადგილი ჰქონდა თითქოს მინიჭებული და თავს ზედმეტად არც თვითონ გრძნობდა მათ გარემოცვაში. ალბათ იმიტომ, რომ რენე არ იყო იქ, თორემ ის რომ გახედავდა და დააკვირდებოდა კარგად იმ თავისი გამომცდელი თვალებით, მერე ვეღარსად იპოვიდა თავის კალთაზე გამოკერებულ სიმშვიდეს მიაკო. - გამიხარდა შენი გაცნობა, მია. - კიბეებამდე ჩააცილა მგალობლიშვილმა გოგონა. - მეც, - დამშვიდობებისას თბილად გადაეხვია, - ჩვენთან დაკვრაზე მართლა იფიქრე. თან აკვირდებოდა და აკვირდებოდა რაღაც ამოუხსნელი სურვილითა და ინტერესით. გულში ფიქრობდა და ნატრობდა, ნეტავ ის არ ყოფილიყო იმ კაცის შვილი, ვინც სისხლისა და ხორცის ნაწილი ააგლიჯა დედამიწის ზურგზე მისთვის ყველაზე საყვარელ ოჯახს. - აუ, როგორ გითხრათ, რა.. - სახლისაკენ მომავალ გზაზე მიას იხსენებდა მოსიკა, - ხო ვიცოდი, ვინც იყო, ხო ვიცოდი, ვისი შვილიცაა და ვერ გავუბრაზდი. ისეთი საყვარელი იყო და რაღაცნაირი... რანაირად გაიზარდა ასეთი კარგი ისეთი მამის შვილი? - რატომ უნდა გაუბრაზდე, მან რა დააშავა... - მისუსტებული ხმით იკითხა ნინაკამ, გაჰყურებდა წამებივით სწრაფად მორბენალ ლამპიონებს. - ვგრძნობ, რომ ყველაფერი რთულდება და აქედან ვერავინ გავაღწევთ მშვიდად და მშვიდობით. ყველაზე მეტად იმას ეკუთვნოდა ის სიტყვები, ვის გულსაც მოხვდა ყველაზე მწარედ. ფანჯარა ჩამოსწია რენემ. - აუ, რა პესიმიზმია... ბარემ რუსთაველის ხიდთან შეგვიჩერე, მაის, გადავეყუდოთ კვარტეტში! - სახე მოეჭყანა მოსიკას, - ყველაფერი მაგრად იქნება. დათის ვიპოვით. დასასჯელი დაისჯება და იმაზე უფრო ბედნიერები ვიქნებით, ვიდრე ახლა ვართ. მე ლენას და მიაკოს კაფეში დავუკრავ. ბიჭო, იქნებ, დათიკაც მუზიკანტი ტიპი გაიჩითოს? აუ, რა მაგარი იქნება... რატომღაც არცერთს გამოუთქვამს ხმამაღლა კრიტიკული სიმართლე, ცოტა ხნით თავებს დააჯერეს მგალობლიშვილი მოსეს პირით გაჟღერებული კეთილი დასასრულის სიმფონია. - ყველაფერი რომ ჩაივლის, ზღვაზე წავიდეთ. - ისევ ნინაკამ განაგრძო საუბარი. - ტალღებისკენ ზურგით დავდგეთ და ეს დღეები გავიხსენოთ. - დათიკას ცურვა ვასწავლოთ. გული მიგრძნობს, რომ მაგარი ტიპი იქნება და ჩემს კონცერტებზე ტაშს ყველაზე ხმამაღლა ეგ დაუკრავს. ყველა მიეჩვია იმ აზრს, რომ მათი დათი არსებობდა სადღაც ამ ქალაქში. მასზე ისე საუბრობდნენ, თითქოს საკუთარ თავებზე უკეთ იცნობდნენ, სინამდვილეში კი ისევე გამოიგონეს, როგორც ის სიმშვიდე იმ საღამოს - დიდი ომის დაწყებამდე. მოსიკასთვის ასეთი იყო დათი - მუსიკოსი, რომელმაც ცურვაც იცის და ველოსიპედის ტარებაც, მაგრამ მაინც თავს აჩვენებს, თითქოს არაფერიც არ გამოსდის, მერე მოსიკამ რომ ასწავლოს. ჭიშკრის ხმა რომ გაიგო ლენამ, ღიმილით გადმოდგა ფანჯარაში. უყურა თავის დაღლილ შვილიშვილს, როგორ მოაბიჯებდა კიბეებზე. - რაო, ლენ, არ გძინავს?! - შუა საფეხურზე გამოხედა მომლოდინეს და გაუღიმა. რაღაც ძალიან მძიმე დააწვა გულსა და მხრებზე, თავისი სიჯიუტისა და გაუგონრობის შედეგი. იცოდა, მისი გამოწვეული რომ არ იყო ეს ბედნიერება ბებიამისის სახეზე და მაინც შეახვედრა ლენამ თავისი წილი ღიმილი. - გელოდებოდი. გაუღიმა ორივეს ერთად ქალმა. იმასაც, ვინც იცოდა, რომ მოვიდოდა და იმასაც, ვინც არც კი იცოდა, რომ თავის სახლში ელოდებოდნენ. . ფეხით სიარულს დაეჩვია რენე. ჩაიარა ძველი ქუჩები. აქ იმდენჯერ წამოუკრავს ფეხი სირბილისას არსაიდან გამოჩენილ ქვა-ღორღზე, რომ სათვალავი ბავშვობაშივე აერია. გამოღებული სახლის ჭიშკარი რომ დაინახა, ნაბიჯი წარსულის იმ მონაკვეთში გაეყინა, სადაც ჯერ კიდევ ბედნიერების ხმები ავსებდნენ იმ ეზოს. თავადაც კარგად ახსოვდა ყველაფერი. ის გოგოც, ვინც ამ ჩაჟანგებული ჭიშკრის უხმაუროდ გამოღება მოახერხა. პატარა და მოწყენილი იჯდა ხოლმე თავისი სახლის აივანზე და სულ ვიღაცას ელოდებოდა. აივნის რიკულებს შორის გამოჰყოფდა მიაკო ფეხებს და ჰაერში აქანავებდა, თვალები სულ შემოსასვლელისკენ ჰქონდა მიპყრობილი, არ უნდოდა გამოჰპარვოდა თავისი მშობლების შინ დაბრუნება. ისინი კი ყოველთვის მაშინ აღებდნენ ჭიშკარს, როცა მათ ქალიშვილს უკვე ღრმად ეძინა თავის საწოლში. დიდებთან თამაში უნდოდა მიაკოს. როგორც კი უარს ეტყოდნენ, მაშინვე გაბრუნდებოდა მოწყენილი და თავის პოსტს დაუბრუნდებოდა მეორე სართულზე, იქედან ზვერავდა ეზოსაც და მის შემოსასვლელსაც. ალბათ, ამიტომაც ახსოვდა ასე კარგად ყველაფერი. მერე ნაცრისფერი ღრუბელი გადაეფარა ბავშვობას. აცივდა წარსულშიც და იმ დილითაც, როცა თავისი სახლის გამოღებულ ჭიშკარს მიადგა რენე. მკაცრი, არწივისებური მზერით მოავლო ეზოში აფუსფუსებულ დასუფთავების თანამშრომლებს თვალი. ეფემიაც მათთან ერთად ასუფთავებდა ყველაფერს და ისე ესიტყვავებოდა ადამიანებს, თითქოს დიდი ხანია იცნობდა. გაიმართა და შუბლზე მკლავი მოისვა, ზედ ჩამოყრილი შავი თმა რომ გადაეწია. თითქმის ინსტიქტურად მოიხედა უკან და შენიშნა კიდეც ზღრუბლთან შემდგარი რენეს სხეული. თეთრი პერანგის ერთი ღილი ჩაეხსნა, შავი სათვალე ეჭირა ცალ ხელში და თავისი კუპრისფერი თვალებით ისე აკვირდებოდა გარემოს, როგორც შემტევი რაზმის ხელმძღვანელი. თითქოს თავდასხმას აპირებდა. სუნთქვა შეაკავდა ფილტვებში ქალს. ხელთათმანები გაიძრო და მისკენ წამოვიდა თამამი ნაბიჯებით. მაინც რამ შეაზარა ასე ძალიან აქაურობა. რატომ იყო ასეთი გულქვა და უგრძნობი. გადასარევი ბავშვობა არც მიას გაუტარებია აქ, მაგრამ ეს ხომ ამ სახლისა და ეზოს ბრალი არასოდეს ყოფილა. - დილა მშვიდობის, - მიესალმა და კარგად დააკვირდა კაცს სახეზე. რენეს გაეღიმა, მერე ტუჩები მოკუმა და მიწას დააცქერდა რამდენიმე წამით, ისე მონდომებით ცდილობდა ეს ქალი მასში მიზეზების მოძიებას. - დილა მშვიდობის. - გაუსწორა შემდეგ თავდაჭერილი მზერა. მაინც და მაინც არ ესიამოვნა ის შენიშვნა წინა დღიდან, მისი გამოკვეთილი ინტერესი რომ შეახსენეს ძალიან მწარე სიტყვებით. - დაგიწყიათ მუშაობა. - დავიწყეთ. - მუშებს გახედა მიამ, შემდეგ ისევ მას. მზე პირდაპირ მის თვალებს უმიზნებდა თავის სხივებს და ანათებდა უჩვეულო ფერებად. - აპრილამდე მინდა, რომ მოვასწროთ. სამსახურში მიდიხარ? - მივდივარ. - ისევ აპირებდნენ მისი ტუჩები გაღიმებას და ამჯერად სწრაფად დაიჭირა ემოციები. - რა იყო, დახმარება ხომ არ გჭირდება? - არა. მარტოც მშვენივრად ვუმკლავდები. - გულზე გადაიჯვარედინა ხელები. ძალიან თავდაჯერებული ჩანდა. ეკლებით აქა-იქ გაკაწრულ მხრებზე მოატარა თვალები რენემ. რაღაც უცნაური გრძნობა მოაწვა კისერში. უსიამოვნო. - დამხედე ახლა უფროსივით, თუ რატომ შემოიარე?! - შემოულაწუნა მწარედ მშვიდად გაჟღერებული ღიმილიანი სიტყვებით. თითქოს აგრძნობინეს, რომ არასწორი იყო ეს დაკვირვებაც და ის უცნაური შეგრძნებაც, რაც უსიამოვნოდ შეეხო ამ კაცის გრძნობებს. - აქაურობას ეკლებს აშორებ, - ისე გაუცივდა ხმა, სიტყვების შინაარსი თავდაპირველად საერთოდ ვერ გაიგო მიამ. - არადა, შენ თვითონ უფრო იჩხვლიტები. - ნუ მოდიხარ ახლოს, ხოდა. - ძლივს შეიმაგრა თავი, გულდაწყვეტილი ხმა რომ არ გაჰპარვოდა სიტყვებში. ეს სიუხეშე რაღა საჭირო იყო, ხომ გააგებინა საკმარისად მკაფიოდ, რომ არ მოსწონდა არც ეს გოგო, არც მისი იდეები და არც ეს ადგილები? - ეს შენ მოხვედი ჩემთან, - სახლებს მოავლო თვალი რენემ და მერე გაბრუნდა თავისი გზისაკენ, რომელიც ისედაც საკმარისად გაიმრუდა გაუგებარი მიზეზის გამო. - შენ არ გამაბრუნე, მე არაფერ შუაში ვარ. - სიტყვის შერჩენა არ გყვარებია. - რატომ არ მოგწონვარ? - ისეთი დაღლილი და გულწრფელი ხმით ჰკითხა, ადგილზე შედგა რენე. ყველაფერი რომ მოეყოლა ამ სულელი გოგოსთვის, ვისთვისაც ბედინერება წარსულის გაცოცხლება და მიტოვებული ადგილების გალამაზება იყო, ალბათ უკანმოუხედავად გაიქცეოდა აქედან. ალბათ სხვა ადამიანი გახდებოდა საერთოდ და არაფრით გაურევდა ხელებს იქ, საიდანაც სუფთა ვერაფრით გამოაღწევდა, როგორი უდანაშაულოც არ უნდა ყოფილიყო თავად. ახლა ჰქონდა მომენტი. შეეძლო ყველაფერი ეთქვა და დაესრულებინა ეს თამაში, გაემარტივებინა საქმე, მხოლოდ მიზანზე ეფიქრა და არა იმ ადამიანებზე, ვინც ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე გამოაღეს თავიანთი სახლების კარები და მას შეუერთდნენ. -გელოდებიან, - თვალებით მათკენ ჩუმად მომზირალ თანამშრომლებს გახედა, - არ არ მომწონხარ. უბრალოდ, არ გიცნობ. - გასაგებია, - გულაცრუებული მზერა მოავლო მის სახეს მიაკომ, - ანუ წინასწარ იქმნი უცნობების მიმართ უარყოფით განწყობას. ასე გეშინია იმედგაცრუების?! ალბათ, ასე ხდება, როცა თვალი მიჩვეულია ადამიანურ შეცდომებს და გულიც ამ სასოწარკვეთილ არსებებში მხოლოდ დანაშაულს დაეძებს. მერე გზაზე შემოგხვდება ადამიანი, რომელიც თავისი სუფთა თვალებით მხოლოდ იმიტომ გაგამწარებს, რომ შენმა არ შეხედა მისას სწორი მიზანით. -შენც უნდა გეშინოდეს. - ჟღერდა გაფრთხილებასავით, გამობრუნდა შემდეგ რენე და გამოიყოლა თან დაბნეული მზერის სიმძიმე. მაინც რამდენი უნდა ზიდოს ერთი ადამიანის მხრებმა... მესამე თავი „მე კი დავრწმუნდი, რომ შენი ხელი ჩემს დაღლილ ხელზე შემთხვევით იდო, შეცდომით იდო და ნელა-ნელა თავის შეცდომას ხვდებოდა თვითონ.“ ცას ფერი გადაეცრიცა. ნაცრისფერმა ღრუბლები დაბინადრდნენ თბილისის ცაზე. ხმაურით ეხეთქებოდნენ წვიმის მსხვილი წვეთები უპატრონოდ დარჩენილი სახლის ფანჯრებზე. იასამნის ეზოშიც შეჩერდა სამუშაოები. ცოტა ხნით ერთმანეთის მივიწყება სცადეს ძველმა მეზობლებმა, გაარიდეს ფიქრები იმ არე-მარეს, რომელიც ფლამანდიური კვანძივით ხლართავდა ერთმანეთში ორი ადამიანის ბედს. ლენაც მოიღუშა. ენატრებოდა ის აჩქარებული ცხოვრების ტემპი და ახალ-ახალი ამბები, რომელიც მტრედივით მოჰქონოდა მიაკოს მის ბუდეში. - დაურეკე ერთი გოგოს, - თავისი ძველებური ტელეფონი დაუდო რენეს წინ, ხმა კი ჰქონდა თბილი, როგორც ჩვეულებრივ, მაგრამ თვალებით აშკარად მოითხოვდა ბრძანების შესრულებას, - მოიკითხე. დიდი ხანია არ გამოჩენილა. - კარგი რა, ლენ... - თავი გვერდზე გადახარა და თვალმოჭუტულმა გახედა მოხუცს. რას გამოაპარებდა რენეს ბებიამისი, ბოლოს და ბოლოს ეს მახვილი მზერა და დაკვირვებულება ხომ მისგან ერგო მემკვიდრეობით. - შენ ვინმე ხომ არ გყავს?! - ინტრიგნულად მოეწკურა თვალები და წინ ჩამოუდგა სავარძელზე გადაწოლილ შვილიშვილს ლენა. ღიმილი ვერ შეიკავა მის გამოხედვაზე რენემ. - შეყვარებული... თუ რასაც ეძახით ახლა! - თუ მეყოლება, უთქმელად მიხვდები, შენ რას გამოგაპარებს ადამიანი... არ გაჰღიმებია ქალს. სკამი ისე მიუდგა რენეს სავარძელს, კარგად რომ ჩაეხედა მისთვის თვალებში. ასე მხოლოდ მაშინ იქცეოდა, როდესაც რაღაც მნიშვნელოვანი ჰქონდა შვილიშვილისთვის სათქმელი, ან მისგან მოსასმენი. -რაღაც მაინც გისწავლია ჩემგან. - მცირე საყვედური ჩაეწვეთა ხმაში ქალს, თვალს არ აშორებდა ბებიამისს რენე. - სხვებთან არაფერი გეშლება. უთქმელად იცი ყველაფერს. ერთხელ რომ შემომხედავ, მაშინვე ხვდები, რა მაწუხებს და რა მჭირდება... - ლენა, კარგი რა... - შუბლი აუწვა მისმა ცრემლშერეულმა სიტყვებმა. ნაცრისფრად გადაღებილ ფანჯარას გახედა მაშინვე. - და ამ დროს შენი თავის ყველაზე დიდი მტერი ხარ. - ცრემლში ჩაულბა ხმა მოხუცს, - შენი დარდი მაქვს, არ ვიცი, რამდენ ხანს ვიცოცხლებ... - იცოდე, გავალ ოთახიდან. - ბრაზი აუელვარდა თვალებში კაცს, სიკვდილი და ლენა ერთ წინადადებაში ვერაფრით აიტანა. - გახვალ და გამოგყვები! კარის ცხვირწინ დაკეტვას ვერ გამიბედავ. - წარბები შეკრა ქალმა, - თვალი უნდა გაუსწორო ჩემს სიბერესაც და შენს მომავალსაც. ერთი შვილიშვილი საერთოდ ვერ ვნახე, მეორეს ბედნიერს ვერ ვხედავ! ნეტავ, საერთოდ არ დაგეწყო ეგ საქმე, ნეტავ ხელი შემეშალა, როცა მაგ პროფესიას ირჩევდი. ჩემი ხნის ქალისთვის სინანული, არ იცი შენ, რამხელა ტვირთია. ხანდახან მგონია, რომ დამნაშავეების გარდა ადამიანებში ვეღარაფერს ხედავ და შენს სიბრმავეს მაშინ ინანებ, როცა ძალიან მაღალ კედელს დაინახავ გვიან გახელილი თვალებით. არ მინდა, შეწყვიტე ეს დაუსრულებელი ძებნა! - არა. არ მინდა ამაზე ლაპარაკი, ლენა. ვერაფერი გაგრძელდება ამ სახლში, სანამ ის ოთახი იქნება ცარიელი. - ფეხზე წამოაყენა მღელვარებამ მაისურაძე რენე. იცოდა, ადრე თუ გვიან დადგებოდა ეს დღეც. დათის ნაცვლად უმისობასთან შეგუება მოაკაკუნებდა მათი ძველი სახლის კარზე. ლენა კი ყოველთვის იფარებდა ჭერქვეშ იმას, ვისაც სჭირდებოდა თავშესაფარი. - როდემდე უნდა იყოს მთელი სახლი ცარიელი? შენ რა გგონია, მე არ მინდა... - სიტყვა გაუწყდა ქალს, ცრემლები ახრჩობდა უკვე. წამიერად გაჩერდა და ჩაისუნთქა. - ბედნიერება კარზე მოგადგა, შენ მაინც იმ გზებზე დახეტიალობ, სადაც მარტო იქნები. - როდის გარომანტიკოსდი შენ? - ოდნავ გაეღიმა კაცს. გამოაღო ისევ ფანჯარა. აღარ ადარდებდა წვიმის წვეთები რომ დაუსველებდნენ ზურგს. იმ წამს მართლა არ ჰქონდა წარმოდგენა, რომელი ბედნიერება მიადგა კარს და რატომ ვერ გაიგო მაინც და მაინც მან კაკუნის ხმა. - ზედმეტად დიდ დროს ატარებ მოსიკასთან... - თქვენ მოსიკას დასცინით და იმან თქვენზე მეტი იცის და გაეგება. ცოტა რომ მოეკითხება, ესაა იმ დარდიმანდას პრობლემა, მეტი არაფერი. - გაეღიმა ქალს ნაღვლიანად, მისი გონება იმ შორეულ დღეებს გადასწვდა, როდესაც მართლა ბედნიერი იყო. - ბავშვობიდან უყვარხარ, როგორ ვერასდროს ამჩნევდი?! - მოსიკას?! - უკვე კარგად იცოდა, ვისზეც იყო საუბარი. სუნთქვას უკრავდა საკუთარი გონების სისხარტე, რომელმაც უცებ დააკავშირა ეფემიასთან ყველა ძაფი. მოახრჩობდა ამ ძაფების სიმძიმე ერთხელაც. ის იქნებოდა მისი ბოლო და დასასრული. - ოხ! ხანდახან როგორ მაბრაზებ, რენე. ახლაც უყვარხარ. ეს ყველაფერი ბედი თუ არ არის, აბა, რა?! თქვენ არასდროს ეთამაშებოდით, იმას კი მაინც თქვენთან თამაში უნდოდა. ერთხელ მეზობელი ეზოდან ბავშვები მოვიდნენ ჩვენთან, ორად გაიყავით. ისე გაუხარდა, შენ რომ აირჩიე. ის სიხარული არ იყო უბრალო, ყველა წყენა გაპატიათ შენ და ნინიკოს, ყველა დღე დაავიწყდა, როდესაც მარტო იჯდა აივანზე, იმიტომ რომ პატარა იყო და თქვენთან ამიტომ არ შეეძლო გართობა. შენ გრძნობდი იმას, რასაც ის გრძნობდა შენ მიმართ. ამიტომაც ირიდებდი მიას, მე ხომ გიცნობ. შენ არ გქონდა მისი სიყვარულისთვის გასაცემი საკადრისი პასუხი და თავს დამნაშავედ გრძნობდი. რაღაცნაირად სევდიანი ბავშვი იყო, ძალიან განსხვავებული, თბილი და მოსიყვარულე. და საოცრად ერთგული.. იცი, რა რთულია ასეთი თვისებების შენარჩუნება? ის დღესაც ასეთია. შენ კი ძალიან შეიცვალე. ბრაზი და რაღაც საშინლად მსუბუქი ებრძოდნენ რენეს გულში ერთმანეთს. გონება გაჭირვებით ეპოტინებოდა იმ ადამიანებს, ვინც ამ გოგოს სახელის უკან იდგა. - როგორი ვარ ახლა, ლენა? - ოოო, - თავი ისე გადააქნია ქალმა, თითქოს რაღაც ბუმბერაზი ამბავი ჰქონდა მოსაყოლი, - შეუვალი და სწორხაზოვანი გახდი. არა, შენმა მზემ, არაფერი შეგეშლება. სწორი ხარ შენ, სამართლიანი, მაგრამ მართალი არ ხარ საკუთარ თავთან, რადგან იმას არ უსმენ, რაც მაგ მკერდში გიფეთქავს. ეს მაშინებს... ახალგაზრდებს ეგ გგონიათ კაი ბიჭობა. - მე მეუბნები ამას? - გულზე მიიდო რენემ საჩვენებელი თითი, გაეღიმა ხმამაღლა. - ხო, შენ. თავი გაანძრიე და გაახილე თვალები! - დაივიწყე მია. არ გახდება ის შენი რძალი არასდროს, - დაჯაბნა მაინც სიცივემ რენე, ვერ აუქცია გვერდი კვალს, რომელსაც ერთგულად მისდია აქამდე, - ვერ შევიყვარებ მაგ გოგოს, შენი ხათრითაც კი ვერ, ლენა. - რატომ? რა აქვს შენი დასაწუნი? - ბრაზით ააყოლა თვალი შვილიშვილს, - ანგელოზივით გოგოა! - უბრალოდ ასე ვგრძნობ, ლენა. მასზე ფიქრიც არ შემიძლია. რატომ ჩამაცივდი? - თავი უკან გადაქინდრა და მაღლა აუშვა სიგარეტის კვამლი ტუჩებიდან, ცისკენ. - სცადე თუ რა იცი?! - გაეღიმა ქალს, წამოდგა ფეხზე, დასასრულს მიუახლოვდა მათი საუბარი. მხოლოდ ლენას შეეძლო დაკითხვის სკამზე ეგრძნობინებინა თავი რენესთვის. ძირითადად სულ პირიქით ხდებოდა ხოლმე. - ოჯახი აუცილებლად დაგჭირდება. მე სულ არ გეყოლები, დედაშენი სულ ვერ გეყოლება! შენ გჭირდება ადამიანი, ვინც გვერდით ამოგიდგება იმ გზაზე, რომელსაც არც კი იცი, როდის გამოუჩნდება დასასრული. რას მიყურებ? გგონია მარტო შეძლებ? ძლიერი ხარ, მაგრამ არც მაგდენად. - შენ გარდა სხვა ოჯახი არ მჭირდება, ლენა. არც ის გოგოა მაგდენად ძლიერი, ჩემს გვერდით დგომა რომ შეეძლოს, რომ ეკუთვნოდეს. - რით უნდა დაიმსახუროს?! აქეთ დაიმსახურე მისნაირი ქალი. მეგონა, ყველას ამოცნობა შეგეძლო. მეგონა, არასდროს სტყუოდა შენი ინტუიცია. თურმე შენნაირებიც ცდებიან. ლენას ისე უყურებდა, ვერ გაეგო, გაემხილა თუ არა ეჭვები მისთვის. დაეშალა თუ არა ის ოცნებები, რომლებსაც ასე მონდომებით აშენებდა იმ ადამიანის სახელზე, ვინც ერთადერთი იყო აკრძალული ქალების სიაში. მერე ხომ აღარ ჩათვლიდა, რომ შეცდა და შეეშალა. ყველაფერი მაინც ძველებურად დატოვა, ვინ ვერ გაიმეტა, საინტერესოა. - ახლა არ არის ამის დრო, ლენა. ხო, სხვა მიყვარს. - ყველაზე უსუსურ გამოსავალს ჩაეჭიდა საბოლოოდ. - შენი ანგელოზი სხვას გავურიგოთ. - კარგია ზღაპრები ძილის წინ, - გაეღიმა ქალს, ისეთი ცრემლი გაკრთა მის თვალებში, როგორც მხოლოდ სიყვარულს შეუძლია რომ დაადინოს ადამიანს, - ადამიანის კალამი ჯერ არასდროს გამომდგარა ბედის გადასაწერად, ვერ გაიხარებს ის კაცი, ვინც ასე გაგვიმრუდა გზა და ცხოვრება. ის, რაც ჩვენია, ყოველთვის იპოვის გზას ჩვენამდე. ოღონდ როცა მოვა, ჩვენ კარი უნდა გავუღოთ, გავუღიმოთ და ვუთხრათ - „გამარჯობა, მობრძანდი, გელოდი“... ერთხანს უყურა ლენამ თავის შვილიშვილს, ისე ხედავდა რენეს, როგორც გულთმისანი თავის წინასწარმეტყველებას. ბედისწერა კი ფეხდაფეხ მიჰყვებოდა მოხუცის სიტყვებს. იმ საღამოს მოსიკას მოსასმენად ბარში დაუბარებლად შეიკრიბნენ. ყველას თავისი დარდის ჭია შესჩენოდა და ბოლოს მაინც ერთად გადაწყვიტეს ცხვირის ჩამოშვება. - მოვიდა ჩემი დეპრესიული ანსამბლი! უბედურთა რაზმი! მჭმუნვარეთა ორკესტრი! - შეზარხოშებულიყო გვარიანად მოსიკა. - არ ვიცოდი, რომ მოხვიდოდით, თორემ არ დავლევდი და მეც თქვენსავით გადავეშვებოდი უიმედობის მორევში... - ეგ პირი მარტო სამღერლად უნდა გქონდეს, - შუბლი მოისრისა რენემ, გადაღლილიყო. ოთოს სიტყვებზე ფიქრობდა. იქნებ პაკოსთან ვიზიტი მართლა იმაზე დიდმა ფიგურამ დაუჯავშნა, ვიდრე იოსებ ოდიშელი იყო. - გკითხავდი, რა გჭირს-მეთქი, მაგრამ ზეპირად ვიცი უკვე ეგ გრძელი ნუსხა. ჩვენს ჭარმაგ წყვილს რა სიძაბუნე ჩასდგომია თვალებში?! - ოთოს და ნინაკას მიუბრუნდა შემდეგ, - სანამ ძმაკაცობაში გადაგეზრდებათ, იქნებ მიხვდეთ და დაქორწინდეთ თქვენ ორნი? - შენ რანაირად არ მოგბეზრდა მაგ თემაზე ღლაბუცი? - თვალები დააწვრილა გოგომ. - იმნაირად, რანაირადაც თქვენ არ მოგბეზრდათ ერთმანეთი. თუ მოგბეზრდათ და ვერ ეუბნებით? ჰა? ჰააა? - ეგ გიტარა გჭირდება თუ გამოვუძებნო მის სიმებს ერთობ მნიშვნელოვანი გამოყენება შენს კისერზე? - წარბები აზიდა ოთომ. ნელა გადავიდა მისი გაბეზრებული მზერა მოსიკადან მის უკან, კარიდან შემომავალ გოგონების ფიგურებზე. ნინაკამაც გააყოლა თვალი მის მზერას. მიაკო იყო თავის მეგობრებთან ერთად. მოზრდილ მაგიდასთან დაიკავეს ადგილი და აშკარად არ შეუმჩნევია რენე და მისი სამეგობრო სამიოდე მეტრის მოშორებით. ხმაზე იცნო მაისურაძემ და განზრახ შეიმაგრა კისერი, მისკენ რომ არ მიებრუნებინა თავი ინსტიქტურად. რა ჯანდაბად დააპირა საერთოდ?! რაში სჭირდებოდა მისი დანახვა? -ოპაა, - მოსიკას არ დაუმალავს ემოციები, ჩვეულებრისამებრ ხმამაღლაც გააჟღერა ის, რაც ისედაც კარგად ეხატა ყველას სახეზე, - აკრძალული ხილიც გამოჩნდა ედემში... ამოიცნო ეფემიამ მათი ხმები. თავიდან დაიძაბა, ვერ მიხვდა, ღირდა თუ არა მისკენ გამოხედვა და თავისი მეგობრისთვის განკუთვნილი ყურადღების სხვისთვის განაწილება. მოსწყდა მისი გონება გოგონების ხალისსა და გართობას. -მიას ვახლავარ! - სამხედრო სალმით მიეგება მოსიკა გოგოებს, წაეკეკლუცა ყველას ერთიანად. - ამდენი მშვენიერი ასული ჩემს მოსასმენად არასდროს მოსულა... - აქ უკრავ? - გადაეხვია გოგონა, დაძაბულ სხეულზე ეტყობოდა, როგორ ცდილობდა მზერა რომ არ გაქცეოდა იმ მაგიდისკენ, სადაც იჯდა ის, ვისთვისაც უნდოდა, რომ შეეხედა. - არ ვიცოდი მართლა.. - ოხ, ვერ დამაჯერებ! ჩვეულებრივ რიგი მიდგას ხოლმე, - ცარიელი კარისკენ აიქნია თავი. - ჩემი მეგობრის დაბადების დღეა და... - თავით ანიშნა მაგიდის კუთხეში მჯდომი გოგონასკენ, რომელიც საერთოდ არ აქცევდა მათ საუბარს ყურადღებას. - ვნახოთ ერთი, როგორ მღერი... ფეხზე წამოდგა თვითონ რენე, ერთ ადგილას დამაგრებული სხეული აეწვა. ისე ესმოდა მისი ხმა, თითქოს სხვა ბგერების გაგონება შეუძლებელი ყოფილიყოს ამ აურზაურში. - დამყვები? - ფრთხილად გადაკოცნა და შეკავებული ღიმილი მიუშვა ოდნავ მიასკენ. გაეცალა იქაურობას მგალობლიშვილი. უცებ მიიქცია გოგონას მეგობრების ყურადღება მისმა გამოჩენამ. - აქამდე მოგაკითხავდი, რომ დაგყვებოდე. ხომ ვიცი შენი სახლის მისამართი. - თავგზა აებნა ოდიშელს, რა კითხვებს უსვამდა საერთოდ, - ვერ შეგამჩნიე ისედაც. - რაც უფრო მეტს ამბობ, ნაკლებად დამაჯერებელი რომ ხდები, ხომ იცი? - ვიცი. - ოდნავ გაეღიმა, ეს პატარა და უმნიშვნელო დაკვირვებაც კი ესიამოვნა მისგან. - ჩვენკენ ხომ არ ყოფილხარ? ეზოს ვგულისხმობ. წვიმების გამო მიატოვეს მუშებმა საქმე... სასწრაფოდ უნდა შეწყვეტილიყო ეს დიალოგი. ხომ მიესალმა, უნდა გამობრუნდეს ახლა და დაჯდეს თავის ადგილას ოთოს და ნინაკას პირდაპირ. უეცრად გამძაფრდა ირგვლივ ჰაერი. თითქოს ყველასთვის საკმარისი იყო სასუნთქად მათ გარდა. ისე ჟღერდა ეს „ჩვენთან“... - არ დავდივარ მანდ. - გადადგა უკან ერთი ნაბიჯი მაისურაძემ. თვალს არ აშორებდა. - მე რომ ვარ, მაშინ ხომ მოდიხარ ხოლმე. ამიტომ გკითხე... - საკუთარმა ნათქვამმა თავად დააბნია ეფემია. შეწითლდა. არ იყო ასეთი თამამი - მასთან არა. - რა გაინტერესებს, შენ გამო თუ დავდივარ იქ? - ღიმილი გადაეცრიცა რენეს ტუჩებზე. უკვე იგრძნობოდა დენთის სურნელი მათ სხეულებს შორის. - რომ მაინტერესებდეს, პირდაპირ გკითხავდი. - არ ხარ ასეთი თამამი. - როგორც იქნა მოერია ღიმილს, ძალაც იპოვა გამოსაშორებლად მაისურაძე რენემ. საჭირო დროს საჭირო ადგილას გამოჩენას ჰგავდა იმ საღამოს ბარის კარის შემოღება და ბუდუ ვაჩნაძის შემოსვლა. მაღალი იყო, მედიდურად იცოდა სიარულიც და გამოხედვაც ასეთივე ჰქონდა. მოეხვია რენესგან გაშორებულ მიაკოს და თავის საყვარელ იუბილარ ბიძაშვილსაც გემრიელად ჩაუკოცნა ლოყები. ჟრიამულით ახმაურდა გოგონების მაგიდა. ვინც პირველად არ ატარებდა დროს ვაჩნაძეების წრეში, არ გაუკვირდებოდა ბუდუს მობრძანებას ფეხად მოყოლილი ბედნიერი ხმებიც. ყველამ თავისი ადგილი იპოვა სხვადასხვა მაგიდასთან. -ვინ იყო ერთი ის... - თვალებით ანიშნა რენესკენ ბოლოს, ეშმაკურად გადახედა ტასომ თავის მეგობარს, - რომ გიყურებდა არწივივით. - არავინ. - ამ სიტყვის მნიშვნელობისთვის შეუფერებელი რეაქცია ჰქონდა ეფემიას სხეულს, ადუღებული სისხლი პირდაპირ სახეზე მოაწვა, ყველას კარგად რომ შეემჩნია მისი ემოციები, - ჩემი ბიზნეს-პარტნიორია. - და მეტი არავინ? - წარბები აწკიპა ტასომ. გრძელ წამწამებს აფახულებდა უმანკო გამოხედვით, არადა, არაფერი გამორჩებოდა იმ თაფლის თვალებს. - არც შენი ბავშვობის სიყვარული, მაგალითად? - ოხ! არა-მეთქი! - კარგი, კარგი, ნუ წითლდები! - ცხვირზე ხელი ჩამოჰკრა ბუდუმ გაგულისებულს. - რა მოხდა მერე... დიდი გოგო ხარ უკვე, მაგრამ იმას ნამეტნავად ფოლადის სახე არა აქვს შენი ჩიტის გულის მოსაგებად?! - მოვრჩებით ამ თემაზე საუბარს? - ხმას დაუწია მიაკომ. „იმის“ მაგიდამდე რომ მიეღწია ამ დიალოგს, როგორღა გაუსწორებდა თვალს. თითქოს არ გამოააშკარავა თავი უკვე საკმარისად. - შენ თუ აღარ შეხედავ იმას მარწყვის ტორტივით, ჩვენც მოვრჩებით... - აქ არ გყავარ ნაღდი ბასკური ჩიზქეიქი?! - მხრებში გაიშალა ბუდუ, აქაოდა, შემათვალიერე, რა ბიჭი ვარო. - შენ კიდევ ფეიხოას კომპოტისკენ გაგირბის თვალები... - არადა, სიმპათიურია. - მხრები აიჩეჩა ლიკომ. მოათვალიერა კარგად თეთრ პერანგში გამოწყობილი კაცის გაშლილი მხრები. - მე მიყვარს ფეიხოა. - წარბები შეყარა ტასომ, მხრებზე შემოულაწუნა ბიძაშვილს, - შეეშვი კომპოტების დისკრედიტაციას! - წყალზე მაგარი სასმელი არ არსებობს, მაგრამ ამ საღამოს ტეკილას შევუკვეთავ! - ჩემთვისაც, რა... - თვალები აუციმციმა ტასომ, მიეფერა მხარზე. - ხომ გავხდი თვრამეტის! ხალხით გაივსო ნელ-ნელა იქაურობა. ერთი-ორი სიმღერა შეასრულა მოსიკამ და თავის მეგობრებს შეუერთდა. ზედმეტად კრინტს არავინ ძრავდა იმ ადამიანის შესახებ, ვისი იქ ყოფნაც ყველას ფიქრებს უცვლიდა მიმართულებას. დანახულს კი ვერაფერი წაშლიდა მათი გონებიდან. ის, რაც იმ ორ ადამიანს შორის მზერით იცვლებოდა, მეტად ამძიმებდა ისედაც ღუზაგამობმულ ამბავს. გაუნძრევლად ტივტივებდა ეს ამბავი ცოდვებით ადუღებულ ზღვაში, რომელიც არც ისეთი უსაზღვრო იყო, მოპირისპირე ნაპირას მდგომ ადამიანებს ერთმანეთი რომ ვერ დაენახათ. ამ ზღვის გადაცურვა და მასზე ამოტივტივებული მკვდარი დანაშაულის წარსულში მიტოვება ყველაზე ზღაპრული ამბისთვისაც კი წარმოუდგენელ დასასრულს ჰგავდა. იმ კაცის შვილს ვერაფრით დაიახლოვებდა მისი გული, ვინც დედამისს შვილი ხელებიდან გამოსტაცა. ამაზე ფიქრი უკვე ჰგავდა კომპრომისს. ადრიანად წამოიშალა რენეს მაგიდა. სახლამდე ფეხით გაისეირნეს, არ იყო აქედან შორს. ერთად სეირნობა ისედაც უყვარდათ. მაშინაც კი, როცა მოსიკას ფეხი და ენა ერთმანეთში ერეოდა უკვე. -რანაირად გიყურებდა... - ამოილაპარაკა თავისთვის მგალობლიშვილმა. უფრო სწორად - რენესთვის პირდაპირ თქმა ვერ გაბედა. ძლივსღა მოათრევდა თავის გიტარას, - რაღაცნაირად... უყვარხარ, მემგონი. წამიერად ყველა გაისუსა. მხოლოდ ნაბიჯები ხმაურობდნენ. - მთვრალი ხარ. - გონებასთან ახლოს არ გაუკარებია რენეს მისი სიტყვები. ყველა ნერვებზე ედებოდა, ვინც კი ამ გოგოს სახელს უხსენებდა უკვე. - ვარ, მაგრამ რეალობის ადეკვატურად აღქმის უნარი არ დამიკარგავს. უყვარხარ და შენ ეს იცი. - იარე. - გაბეზრებით მიაჩერდა ერთ ადგილას გაჩერებულ მოსიკას, - ან გამასწარი. - არ მეთანხმებით? - წყვილს მიუბრუნდა ამჯერად გაგულისებული მუსიკოსი, - თუმცა თქვენ რას გეკითხებით! - მოსე, გაანებე თავი. - ისე აარიდა რენეს მზერა ნინაკამ, რომ აშკარად მსგავსი აზრები უტრიალებდა მასაც თავში. - მითხარი, რომ მიხვდი და გაგანებებ. - ფეხს არ იცვლიდა ადგილიდან. რენესაც ფიალაც იცლებოდა ნელ-ნელა მოთმინებისაგან. ავად აუელვარდა თვალები. ჯერ კიდევ გასარკვევი იყო, რაზე ბრაზობდა, სიმართლეს რომ ეუბნებოდნენ, თუ ქუჩაში რომ ჩამოაყენა მისმა მთვარლმა მეგობარმა ამდენი ხნით და სისულელეებს ასმენინებდა. -თავი უნდა გაანებო. - ყელი მოიღერა მგალობლიშვილმა. - ვის? - გაეცინა რენეს. მეორედ ისმენდა უკვე ამ მოთხოვნას სრულიად შეუფერებელი ადამიანებისგან. - მაგ სიტყვების თქმისთვის ერთი კვირის წინ კაცი ციხეში გაუშვა, შენ ადგილას არ ვიქნებოდი მე ასეთი შეუპოვარი, მოსიკ. - მხრებზე შემოსცხო ოთომ, უბიძგა ნაბიჯის გადადგმისკენ, თუმცა უკვე საკმარისად დაძაბულიყო მზერა მათ შორის. - ჩემ ადგილამდე ბევრი გაკლია, - მედიდურად გადმოხედა დვალს, - უყვარხარ და რაც არ უნდა იყოს შენი მიზანი, ყველაზე მეტად გულნატკენი ბოლოს ის დარჩება, ვისაც ორივე მხარეს ჰყავს საყვარელი ადამიანი. აჩუქე ის სახლი, გაყიდე, ან საერთოდ წაართვი. რამე ქენი. ახლა რაც არ უნდა გააკეთო, იმაზე უარესი მაინც არ იქნება, რაც მოხდება, თუ დღესვე არ გაანებებ თავს. - მაგრად გინდა, რომ ვიჩხუბოთ?! - ჩხუბი საერთოდ არ მინდა. იმ გოგოსთან ხო ისულელებ თავს, უკვე ჩვენთანაც დაიწყე. სხვას კი არაფერს ვამბობ! - უღონოდ გაასავსავა ხელები ჰაერში, მხრიდან ლამის ჩამოუვარდა გიტარა, - უყვარხარ და რაღაც არც შენ ჩანხარ მაგით უკმაყოფილო. ყოველგვარი ხმაური მოკვდა გარშემო. მძვინვარებისგან სხეული აღარ ჰყოფნიდა მაისურაძე რენეს. - მარტო იმიტომ გითმენ მაგ სიტყვებს, რომ სიმთვრალე გალაპარაკებს, მოსე. - ორი ჭიქა დავლიე, რა სიმთვრალე, შენი ჭირიმე! - გააზრებულად თუ მეუბნები, მაშინ თავი გაქვს წასაცლელი მაგ მხრებიდან. - შენს სინდისს თუ ეგ უშველის, მოდი. შენს კარიერაში პირველი მაინც ვიქნები, ვისაც სიმართლის თქმისთვის დასჯი და არა პირიქით. - მოსე, გეყოფათ. - ხელკავი გამოსდო ნინაკამ ბიჭს და წინ წაათრია, - რა სისულელეებს ლაპარაკობ?! - არაფერია სისულელე და რაც უფრო მალე გაუსწორებთ ამას თვალს, უკეთესი იქნება ყველასთვის. ის გოგო კარგი ადამიანია. მამა თუ ჰყავს არაკაცი, ეგეც საკმარისი სასჯელია უკვე მისთვის, ვინმემ მისი გრძნობებით რომ არ ითამაშოს! - თავს წაგაცლი, მეორედ აღარ გამაგონო ეგ სიტყვები! - ამჯერად რენე გადაუდგა თვითონ წინ. - მანიპულირებ. - თავისას აგრძელებდა მგალობლიშვილი. - ცუდად იქცევი, მე თუ არ უნდა გაგაგონო ეს სიტყვები, აბა, ვინ?! მითხარი, რო არ გიფიქრია ამაზე! თქვი, მიდი. მითხარი, რომ არ გაგიარა აზრად. შვილი შვილის წილ, ხო, რენე? სხეული დაეჭიმა ოთოს. ვეღარ გაეგო, ვისთვის ჩაევლო პირველად, ისე შემართულიყვნენ სხეულები ერთმანეთისკენ. თუმცა ადგილიდან არ იძროდა არცერთი. ფეხაკრეფით მოარულ ჰაერს აფრთხობდა რენეს მძიმე სუნთქვა. -მიფიქრია. - თქვა ბოლოს მშვიდად, თეთრი პერანგიც აუფრიალა ნიავმა, - მამამისმა მასთან ერთად რომ დამინახა და გამწარდა, მესიამოვნა. მაგრამ შვილი შვილის წილ არ არის ჩემი მიზანი. ააცილე. - ვიცი, რომ გიფიქრია. ყველანაირს გიცნობ და ასეთი არასდროს ყოფილხარ. არც იმ ღამეს, მიწაში ამოთითხნილი რომ მოათრევდი ბარს, რომლითაც ის საფლავი გათხარე. ასეთი ცარიელი არც მაშინ ყოფილხარ. ახლა იცი ვის ჰგავხარ? კაცს, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი. ვისაც არც ძმაკაცის სიტყვა აკავებს და არც ქალის სიყვარული. ნეტა, მე ავაცილებდე ყველა მიზანს და შენ მიაღწევდე იმ ერთს მშვიდობით. ჩემზე მეტად მართლა არავის გაუხარდება, რენე. დამთავრებული სათქმელი დაუტოვა ფეხებთან რენეს მოსიკა გაფრინდაშვილმა. შეისწორა მხარზე გიტარა და გაუყვა თავის გზას, რომელიც ისედაც ერთი იყო ყველასთვის, ვინც მის ზურგს უყურებდა. დაბარებულივით აწრიალდა რენეს ტელეფონი. ბედისწერამ მაგრად შემოარტყა სახეში და იქეთკენ გაახედა, სადაც კიდევ ერთ გამოცდას ახვედრებდა ავად მოცინარი იღბალი თუ უიღბლობა... სანამ ერთ ყურში შეშვებულ მეგობრის სიტყვებს თვითონ მეორიდან უშვებდა. ეფემია იყო. -არ დაგირეკავდი, მაგრამ სხვა არ ვიცი, ვინ გვიშველის ახლა. - ხმა უკანკალებდა გოგონას. მოსიკაც გაჩერდა. - შეგიძლია პოლიციაში მოხვიდე? ან ვინმესთან დარეკო... - რა დააშავე? - სიმწრით გაეცინა, როგორ ეთამაშებოდა ცხოვრება. მოისრისა ატკივებული შუბლი. უარი უნდა უთხრას. უარი უნდა უთხრას. უნდა გაუთიშოს. -მე არაფერი... - ხმა გაუწყდა ეფემიას, - ვიღაც მთვრალები შემოვიდნენ და ცუდად დაგვიწყეს ლაპარაკი. ბუდუმ ერთ-ერთს თავში ბოთლი ჩაარტყა... პოლიციამ წაიყვანა. შეგიძლია?! თუ არ შეგიძლია... უბრალოდ, შენ გამახსენდი პირველი. არა. არ შეუძლია. უარი უნდა ეთქვა. - და ეს მეუბნებოდა, რომ მე ვარ სულელი?! - ჰკითხა მოულოდნელობისგან ერთ ადგილას მიყინულ წყვილს მოსიკამ, როცა ქუჩის კუთხეს მიეფარა რენე. - თუმცა თქვენ რას გეკითხებით! * ისე გაიარა მთელი დერეფანი, თითქოს ყოველი ნაბიჯის გადადგმისას უკან გაბრუნებაზე არ უფიქრია. ხელის აწევით მიესალმა პოლიციის რამდენიმე თანამშრომელს. დერეფნის ბოლოს ერთ სკამზე ისხდნენ მია, ტასო და ლიკო. მისი დანახვისას ფეხზე წამოდგა მაშინვე ეფემია. გვარიანად ეტირა უკვე, დამსკდარი კაპილარებით ჰქონდა სავსე თვალები. -რა გატირებდა?! - წარბები შეყარა რენემ, შემდეგ გოგონებს გადახედა, მომლოდინედ რომ უყურებდნენ დაღლილი და ნანერვიულები თვალებით. - ვინერვიულე. იმ ოთახში შეიყვანეს და არავინ გამოსულა ჯერ. - თითი გაიშვირა მჭიდროდ მოკეტილი კარისაკენ მიამ. ორივე ხელი მოისვა სახეზე. - არ ვიცოდი, ვისთვის უნდა დამერეკა. ლენამ მითხრა შენზე რაღაცები და... - ლენას გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს ჩემზე. მომიყევი კარგად, რა მოხდა. - თქვენ რომ გახვედით, მალე შემოვიდნენ ისინი. ბუდუ სასმლის შესაკვეთად იყო გასული და რომ მოვიდა, ის სამი უკვე თავზე გვედგნენ. ცეკვას გვაძალებდნენ. უარი არ ესმოდათ. ტასოს დაბადების დღეა და არც ბუდუს უნდოდა ჩხუბი და აურზაური, მაგრამ არ მოგვეშვნენ... - შეყვარებულია შენი?! - მობილურის თითებს შორის ტრიალს არ ეშვებოდა, ისე უყურებდა ეფემიას, თითქოს დედამიწის ზურგზე ყველაზე დიდი დამნაშავე ჰყოლოდა დაკითხვაზე და არცერთი მნიშვნელოვანი დეტალის გამოტოვება არ უნდოდა, - ხომ უნდა ვიცოდე, ვის ვეხმარები... - არა... - ცეცხლი გაებნა სახეზე მიას. შეაწუხა იმ აზრმა, რომ იმას, ვინც წინ ედგა, სხვაზე ეგონა შეყვარებული. - რატომ მაწვალებ?! თუ მაინც უარი უნდა მითხრა, დროს ნუ მაკარგვინებ შენთან. - კარგი, მაგრამ ერთი სურვილი შენც გექნება გადასახდელი. - შეგისრულებ, რასაც გინდა. - სიხარულით აენთო თვალები გოგონას, წეღანდელი სიბრაზე მიავიწყდა. - რასაც მინდა? ნუ მენდობი ასე ბრმად. - თვალებით გაეღიმა რენეს. თავის ნათქვამ სიტყვებთან დატოვა ერთ ადგილას გაშეშებული გოგონა. რატომ იყო ასეთი სულელი. კიდევ კარგი, დროულად წავიდა და მეტი დაუფიქრებელი სიტყვების წამოროშვა ვეღარ მოასწრო. დაღლილი მიუჯდა გოგოებს გვერდით. ტასომ იმედიანი თვალები გააყოლა იმ ოთახში შემავალ ახალგაზრდა კაცს, სადაც მისი მთელი ბავშვობისათვის უსამართლოდ დაედოთ ბორკილები. ზურგსუკან ფრთხილად მიიხურა რენემ კარი. გაოცებით გამოხედეს დაკითხვაზე მყოფმა პოლიციელებმა დაუპატიჟებელ დამსწრეს. „დამნაშავე“ გვარიანად დაებეგვათ. ცალი ნესტოდან მომავალ სისხლს ბამბა უკავებდა, თვალიცა და ლოყაც შეფერადებული ჰქონდა იასამნისფრად. გაკვირვებით ამოხედა იმას, ვინც მის გადასარჩენად ეახლა. -მაისურაძე რენე, - ამცნო თავისი სახელი გაბრაზებამდე მისულ თანამშრომლებს. მათაც მალევე დაევარცხნათ სახეზე გამომეტყველება. - მოწმე ვარ. უნდა გაუშვათ. - კი მაგრამ... - ჩაახველა ერთ-ერთმა. მეორე ხმას არ იღებდა. - ჩვენ ჯერ არ დაგვისრულებია. - რა არის დასასრულებელი? - სკამის საზურგეს მიეყრდნო და თვალები დააწვრილა, ნაცრისფერი გაუხდა თაფლისფერი მზერა. - მოწმე ვარ, უდანაშაულოა, ვინც საავადმყოფოში გაუშვა, ჩემს განყოფილებაში გადმოამისამართეთ მაგათი საქმე და მე მივხედავ ისე, როგორც საჭიროა. - ჩვენთან ნაცნობობით არ გვარდება ასეთი საქმეები, რენე! - ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა „უფროსს“ მოხუც სახეზე. თითქოს რაღაც ჭკვიანური თქვა. - და მე ვისი ნაცნობი ვარ? - გაეღიმა, - თქვენი? თუ სიმართლე გაინტერესებთ, მასაც პირველად ვხედავ. გარეთ რომ სამი გოგო ზის, ამ კაცის წყალობით არიან უსაფრთხოდ და უვნებლად. მგონი საკმარისი ინფორმაცია გაქვთ დასკვნის გამოსატანად, თუ დაგეხმაროთ?... თავით ანიშნა შედარებით უფროსმა უმცროსს, მოეხსნათ ბორკილები ბუდუსათვის. მაშინვე ამოისუნთქა ტასომ, როგორც კი მიაკარეს ბიძაშვილს. ისე გაშრიალდა მისკენ, როგორც აფრებაშვებული ნავი ზურგის ქარისას. - აღარ დაგინახო მეორედ იჩხუბო! - ძლივს იკავებდა ცრემლებს. - კიდევ კარგი ის ტარხუნის ლიმონათი გიყიდე, - ეცინებოდა ბიჭს. მზერას ვერ არიდებდა ამ სანახაობას რენე, - თორე რა უნდა გადამელეწა მერე იმის გასიებულ თავზე?! - დიდი მადლობა, - ცრემლები შეიმშრალა ტასომ და მორიდებით გაიხედა მაისურაძისკენ. რაღაც ძალა ექაჩებოდა მისკენ, რომ მოხვეოდა და ასე ეგრძნობინებინა გულწრფელი მადლიერება, მაგრამ გააკავა თავი ერთ ადგილას. უხერხული იქნებოდა. - გადაგვარჩინე. - არაფერია. - აწრიალდა თვითონ რენეც, წასვლა უნდოდა, - ჩათვალე დაბადების დღის საჩუქარია. გული ლამის გაუსკდა მიას, ისე აუფრიალდა მკერდში. - დიდი მადლობა! - მძიმედ ჩამოართვა ხელი ბუდუმ, გაუსწორა თვალი და წამიერად ისეთმა კავშირმა გაიელვა მათ შორის, რომ მზერა ვერ აარიდეს ერთმანეთს. - გადამეხადოს! ორი ნაბიჯით ჩამორჩა ეფემია თავის მეგობრებს. ერთ ადგილას ატრიალებდა ფეხს. ფერაფრით მოიფიქრა, როგორ ეთქვა სათქმელი უშეცდომოდ. -დღეს ბევრი სისულელე ვილაპარაკე, - აღიარა გულწრფელად. რენეს გაეღიმა, ისე აკვირდებოდა, თითქოს ხელის გულზე არ ჰქონოდა ამ გოგოს ყველა ემოცია გადაშლილი, რაღას ეძებდა იმ თვალების სიღრმეში... - ამიტომ მარტო მადლობას გეტყვი. - რომელია სისულელე, ყველაფერს რომ შემისრულებ, რასაც მოვინდომებ? - შენგან ნათქვამი ცოტა საშიშად ჟღერს. - არის კიდეც. - უკან გადადგა რენემ ნაბიჯი. - მაინც ვერ შემაშინებ, - ყელი მოეღერა ეფემიას, სწრაფად გადადგა პატარა ნაბიჯები, რომ დასწეოდა, - არც ეგეთი გულჩვილი და რბილი ვარ, როგორიც ვჩანვარ. - ხო? - ცალი თვალით გადმოხედა ალმაცერად. - დიახ, სიურპრიზებით ვარ სავსე. მის კაბის შრიალს გააყოლა თავისი ფიქრების ჩურჩულიც რენემ. ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ასეთი იყო. სიურპრიზებით სავსე. * გამოიდარა. მერცხალივით წამოიჭრა ლენა ფეხზე. იცოდა, კარგი ამინდი თავის ჩიტსაც მოუყვანდა. გამოხალისდა. გემრიელი საუზმეც მოუმზადა ბიჭებს. მოსიკას თავის სახლში დასაძინებლად აღარ შეუწუხებია თავი. იცოდა, დილაადრიან ტანს ვერ ასწევდა მაისურაძეებში გასასვლელად, ამიტომ პირდაპირ მათი დივანი აქცია სასთუმლად. - იჩხუბეთ? - წარბები აზიდა ლენამ. ჯერ ერთს გახედა, შემდეგ მეორეს. არაფერი იცვლებოდა. ამდენი წელი გავიდა და ამათი ამოცნობა ისევ ისეთი მარტივი იყო, როგორც ბავშვობისას. დიდი ჩხუბის შემდეგ ასე იყვნენ ყოველთვის - მდუმარების აღთქმა ჰქონდათ დადებული. -იმას ჰკითხე. - შეუბღვირა მოსიკამ. დამნაშავე იყო თუ უდანაშაულო, ყველაზე მეტად მაინც მგალობლიშვილი ბრაზობდა. -ამჯერად რა მოხდა? - რენეს გახედა ლენამ. ამჯერად არ ჰქონდათ ისეთი მიზეზი, რისი გაზიარებაც ლენასთვის შეეძლოთ. შესწორდა მოსიკა. -არაფერი, დაიკიდე. შევურიგდები ქორწილამდე. დღეს რა კარგი ამინდია?! - აბა?! - თვალები გაუნათდა ლენას, უყვარდა ამინდზე საუბარი. - პირდაპირ საქორწილო. ყურს არ უგდებდა რენე. მთელი ღამის უძილობა დასტყობოდა სახეზე. ოთოს სიტყვებზე დაფიქრება დაიწყო. უფრო სწორად, თავს აიძულა. უხმოდ ისხდნენ ოთახში ერთმანეთის პირისპირ. ღია ფანჯრიდან შემოდიოდა მანქანებისა და ქალაქის ხმაური. -არ უნდა წასულიყავი გუშინ. - ხმა ამოიღო ოთომ. - ვერ გამაკავე? - გამომცდელად გაეღიმა რენეს. თითქოს არ იცოდა ამ შეკითხვაზე პასუხი. - გავარკვიე რაღაცები პაკოზე, თუ გაინტერესებს. - საქმეზე გადავიდა პირდაპირ, - შენ მაინც სოსოზე მიგაქვს ეჭვი, მაგრამ ღირს ეგ ამბავი გარკვევად. - რა გაარკვიე მერე... - მაგ პაკოს ძმის ანგარიშზე დასმული ხუთი ათასი დოლარი. იცი, სად მუშაობს ეგ კაცი?! დისტრიბუციაში, რომელიც მანუჩარ ჭრელაშვილს ეკუთვნის. მანდ კვალი წყდება. არავინაა ეგ ტიპი, ოდიშელთან ერთი პატარა იმედისმომცემი კვეთაც კი არ აქვს. სუფთად გაჩალიჩებული ამბავია. ვიღაცამ იცის, რომ შენ პირველ რიგში სოსოზე მიიტან ეჭვს, როცა სხვისი ხელით იარაღს მოგადებენ შუბლზე. - რას მეუბნები, რომ სოსოს გაუჩალიჩეს და არა მე?! - ცივად გაეღიმა რენეს. - ზუსტად. ვიღაცამ იცის, რომ სიმართლე იცი სოსოზე და შენით აშინებენ. სად გაქრა ბავშვი, ვინმე ხომ გამოართმევდა ექთანს ხელებიდან?! სისხლი სახეში მოაწვა რენეს. თვალები ასტკივდა. ინერციით ფეხზე წამოდგა და ფანჯარაში გაიხედა, თითქოს იმას, ვისაც ეძებდა, აქედან დაინახავდა. -იციან, რომ ძმას ეძებ და ბუნებრივია, არ უნდათ, რომ იპოვო. გაჩენილი ეჭვის გამო ჯერ სოსოს შეექმნება პრობლემები და მერე შენ მოგადგებიან. - მომადგნენ. - ლიბრი გადაეკრა თვალებზე რენეს, გული ისე ძლიერად აუძგერდა მკერდში, ისე იგრძნო სიახლოვე მიზანთან, დათის სურნელიც კი წაეღიტინა ცხვირში. - ვიპოვი. შემდეგ ნაბიჯსაც გადადგამენ და ვიპოვი. - არ ვიცით, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი. ნიადაგი მოსინჯეს ახლა, ხვდები? ნახეს, რამდენად ღრმად გაქვს გადგმული ფესვები და რამხელა ძალა დასჭირდებათ ამოსათხრელად. გაგზომეს. ის, რომ შენი ძმა უბრალო ხალხს არ წაუყვანია, დღეზე უფრო ნათელია. - მე ბოლომდე არაფერი მიჩვენებია. ბოლომდე არც მე მიცნობენ და არც იმათ, ვისაც მე ვიცნობ. - შენამდე სოსოა. - ხმა დაიდაბლა ოთომ. - და მისი შვილები. - ვერ ვხვდები, რატო მიწყობს ღმერთი ამდენ გამოცდას. - ჩამოეშალა ყველა კედელი, რომლის მიღმაც ამ გულწრფელობას მალავდა რენე. - ორად მხედავ? იმიტო რო მე ეგრე ვგრძნობ თავს, ოთო. - კიდე კაი ერთი ხარ. - გაეღიმა დვალს, ზუსტად ხვდებოდა, რასაც გულისხმობდა. უთქმელადაც მეტისმეტად აშკარა იყო გაორმაგებული მაისურაძე რენე, - გამოცდას კი არ გიწყობს, გეხმარება. - და მაინც არ უნდა მივსულიყავი გუშინ მასთან? - არ უნდა მისულიყავი. შენ ეგ გოგო გამოცდა გგონია და ამიტომ არ უნდა მისულიყავი. მამამისის შვილობა გიწონის თვითონ მაგ გოგოს და ამიტომ არ უნდა მისულიყავი. გადაგერეკა, პირველი შემთხვევა იქნებოდა, როცა ერთი ზარით მოაგვარებდი ყველაფერს? - სულ გადაწონის. მამამისის დანაშაულზე მძიმე არ დგას სასწორის მეორე მხარეს არაფერი. დახმარება მთხოვა, ჩემ წინაშე ვალშია, დამთავრდა ეს ამბავი. - აჰა, ანუ ვალშია. - გაეცინა ოთოს, დანანებით გადააქნია თავი, - ეგ იყო შენი მიზანი? - ეგ იყო. - მტკიცედ გაუსწორა თვალი. ახლა ამის დაჯერება იყო უმჯობესი. - ყველა ჩასადენი დანაშაულისთვის წინასწარ მაქვს მოხდილი სასჯელი. - თავს ნუ იმართლებ, შენი ჭირიმე. - ფეხზე წამოდგა დვალი. - ახლა რომ გიცნობდე პირველად, ჩვენ უკან ჩვენი ძმაკაცობის ათი წელი რომ არ იდგეს, თავს აგარიდებდი. მართალი გითხრა დარდიმანდამ, ყველაფერზე წამსვლელ კაცს დაემსგავსე. ბავშვობაში რა იყო, მნიშვნელობა არ აქვს. ამდენი წლის შემდეგ იმ გოგომ ასეთი გაგიცნო და მაინც ისე გიყურებს, როგორც შენი თავის საუკეთესო ვერსიას. ვიცი, ვისი შვილიცაა, ვიცი, რო რთულია შენც იგივე დაუბრუნო უკან, რასაც ის გაძლევს... - რთული კი არა, შეუძლებელია. - ყელში რაღაც მოებჯინა ამ სიტყვების თქმისას, ლამის წარმოთქმულმა ბგერებმა დაახრჩო. - აღარ მინდა, რო ოდესმე ვნახო. ცოტა ხნით შეიკავა სიტყვები დვალმა. რაღაც ისე მწარედ ჩასწყდა გულ-მკერდში, თითქოს ვინმე მის სიყვარულს შეეხო. გაეღიმა. ასეთი სიტყვები ხომ სანანებლად უბრუნდებოდნენ უკან თავიანთ პატრონებს. - გაიგონებს მერე გოგოს ატირებულ ხმას და ავიწყდება თავისი სიტყვები, - ჩაიბურტყუნა ოთომ და გაასწრო ოთახიდან რენეს საპასუხო რეაქციას. * ყველა ოთახში სინათლე აენთო ლენას. ფანჯრებიც დაეღო და გრილი ნიავის საპასუხოდ უხვად უნაწილებდა თავის სიხარულს არემარეს. ეფემიამ მიაკითხა. ბოლოს და ბოლოს, მენიუსაც მოუყარეს თავი, დაალაგეს ყველაფერი საჭირო ადგილას. მათი ხმები ესმოდა რენეს კიბეებზე ამავალს. გარეთ ეს გოგო, სახლშიც ეს გოგო. თავშიც ეს გოგო. ყველგან როგორ იყო? მძიმედ შეაღო სახლის კარები. დაღლილმა მოატარა მზერა ოთახში ერთმანეთის პირისპირ მჯდომ ქალებს. რაღაც ისე მყარად იდგა თავის ადგილას, თითქოს სამყარომ იპოვა ოქროს კვეთა ამ ორი ადამიანის მის სახლში თავმოყრით. თითქოს ქარიშხალმა დანგრევის მაგივრად თავისი ადგილი მიუჩინა ყველას და ყველაფერს. ღიმილით გამოხედა ორივემ. სითბოსა და სიყვარულის იმხელა ნაკადი იგრძნო სხეულში, რომ დაუუძლურდა მუხლები ნაბიჯების გადასადგმელად. გაღიმება არ შეეძლო. არც გადარეცხილი ბედნიერების მიზეზი უნდოდა რომ ყოფილიყო. თავის დაკვრით მიესალმა სტუმარს და იმდენად აშკარა იყო, რომ მისი იქ დანახვა არ გაუხარდა, ცრემლები მოაწვა მიაკოს. -დაგვაღამდა, - ფურცლები წამოკრიფა და ფანჯარაში გაიხედა, ლენას ვერ გაუსწორებდა მზერას, აუცილებლად წასკდებოდა არსაიდან გაჩენილი ცრემლების ნაკადი, - წავალ უკვე. ძალიან უნდოდა ტირილი. - ჯერ სად წახვალ? - ფეხზე წამოვარდა ლენა. რენეს იმისთანა განრისხებული თვალებით გახედა, რომ იქვე უნდა დაეფერფლა იმ მზერას, თუკი სადმე სამართალი არსებობდა. - ბარემ ერთად... - არა, სახლში მირჩევნია. - სასწრაფოდ გადაკოცნა მიამ მოხუცი. განზრახ არ იხედებოდა იქეთკენ, საიდანაც რენე შეჰყურებდა უემოციოდ ამ სანახაობას. თითქოს გრძნობდა ყველაფერს. წელით მიყრდნობოდა მაგიდას და ელოდა, როდის ადუღდებოდა ქურაზე დადგმული ჩაიდანი. ეს იყო ახლა ყველაფერზე მნიშვნელოვანი - რომ ჩაი დაელია. -რენეც დაისვენებს, დაღლილი ჩანს. - ვერ მოითმინა მაინც. ისე ძალიან ეწყინა, ისე მწარედ მოხვდა გულზე... - შენ არ შეუშლი ხელს მაგას! - ლენა, დააცადე ადამიანს, თუ წასვლა უნდა. - გასწორდა და ქურა გამორთო. ცარიელი მზერით გახედა მიას, - ნუ დააძალებ. მთელი სხეული დაეჭიმა ოდიშელს. ცოტაც და მოერეოდნენ მის აღელვებულ თვალებს ცრემლები. საბოლოოდ დაანახვებდა ამ კაცს, რამდენს ნიშნავდა მისი თბილი გამოხედვა და უბრალო კეთილგანწყობა, რომელიც ვერაფრით დაიმსახურა რატომღაც. ამაყად ასწია ნიკაპი. ყველაფერი უთქმელად გადაყლაპა. -კიდევ გნახავ, ლენა. მენიუს დავაბეჭდინებ და მოგიტან, რომ ნახო, როგორი გამოვა. - თაფლივით ტკბილი ხმა ჰქონდა, მასში ჩამდგარი წყენა და ნაღველი სხეულზე ეკლებად ედებოდა იმას, ვისაც ასე ეჩქარებოდა ეფემიას წასვლა თავისი სახლიდან. თითქოს ეს მოუტანდა სიმშვიდეს. - რენე გაგაცილებს. - ღიმილით შეევაჭრა ქალიც. შემდეგ რენეს გახედა განრისხებით. - არ არის საჭირო. ცოტას ფეხით გავივლი. - ესეც გაივლის ცოტას, იქნებ გამოფხიზლდეს. აღარ შეწინააღმდეგებია ეფემია. ლენას თანდასწრებით მოერიდა. ისე გაიარა ეზო, თითქოს არავინ მოჰყვებოდა ერთი ნაბიჯით უკან. -არ მინდა, რომ გამომყვე. - მოუბრუნდა, როგორც კი ქუჩაში გავიდნენ. - არ გაძალებ, თუ არ გინდა. ლამპიონები ნაზ ყვითელ შუქს ჰფენდნენ ვიწრო ქუჩას. ტროტუარებზე მიხატულიყვნენ ყვავილების ჩრდილები. არავინ იდგა იქ მათ გარდა. წარბები აზიდა რენემ. ჯიბეებში ჩაელაგებინა ორივე ხელი, თეთრი პერანგის გრძელი მკლავები ოდნავ აეკეცა. შიგნით ღია ცისფერი მაისური ეცვა, ამიტომ პერანგის ღილები ბოლომდე ჰქონდა გახსნილი და ქარიც თეთრი დროშასავით უფრიალებდა ზედატანს ჰაერში. - არ მოგყვები, გაცილებ. - გვერდით ამოუდგა. მია ტროტუარზე იდგა, თვითონ გზაზე. სახე აუქცია გოგონამ. არ უყვარდა ეს ჭირვეულობა და თავის გამოდება. მგონი ისედაც კარგად გრძნობდა, რომ საერთოდ არ სიამოვნებდა ასეთი დაძალებული ყურადღება. ისე მიაბიჯებდა, თითქოს არც არავინ მოჰყვებოდა გვერდით. რენეს ყველაფერზე ხმამაღლა ესმოდა მისი ფეხის ჩუმი ხმა. არანორმალური სისწრაფით უმოძრავებდა სისხლი ძარღვებში. გრძნობდა, როგორ იყო მია მასზე ნაწყენი და ნერვები აღარ ემორჩილებოდა, ისეთი თავდადებით ებრძოდა ორი ძალა ერთმანეთს მის გულში. გაჩერებასთან მოუბრუნდა მია. -შეგიძლია წახვიდე. მარტო არაადამიანი თუ შეძლებდა ცრემლებით აპრიალებული თვალებისთვის მზერის მორიდებას და უკან ისე გაბრუნებას, რომ არ ეთქვა არაფერი იმ თვალების პატრონისათვის. -დაველოდები, სანამ მოვა. - ტაბლოს ახედა. შვიდი წუთი ეწერა ერთადერთ ავტობუსს. მოსაცდელში ჩამოჯდა ეფემია. ფეხსაცმლის წვერებს დააშტერდა და თვლა დაიწყო გულში, როგორმე რომ დავიწყებოდა ყველა მიზეზი, რის გამოც ასე ძალიან უნდოდა ხმამაღლა ტირილი. რთული იყო. მთავარი მიზეზი გვერდით ედგა და ტაბლოს უყურებდა. ერთი სული ჰქონდა, როდის მოვიდოდა მისი წასვლის დრო. ერთი. ორი. სამი. ამას სჯობდა, საერთოდ წასულიყო და უარესად არ ეტკინა გული ამ გოგოსთვის. ამდენი ხანია უყურებს მისგან ნაწყენს და კითხვა არ უჩნდება, რატომ არის ასე. თვლა აერია ეფემიას. დაიწყო ისევ თავიდან. ერთი. ორი. სამი. არაუშავს. თავს იმშვიდებდა ოდიშელი. ამაზე მეტად აღარ ეტკინება გული. თვითონ ვისი დანახვისასაც უნებურად ეღიმება, იმას მისი დანახვა საერთოდ არ უხარია. მწარეა გაკვეთილი, მაგრამ ისწავლის. ავტობუსს სამი წუთი აწერია. სამ წუთში გაივლის. მერე აღარასდროს ნახავს. ამაზე მწარე აღარცერთი წყენა იქნება. ეს პასუხი იყო - რასაც თვითონ გრძნობდა მიაკო რენეს მიმართ, მხოლოდ და ძალიან, ძალიან უბრალოდ ცალმხრივი იყო. არაფრისმომცემი და სიამაყის შემლახველი ყველაზე გულუბრყვილო ქალისთვისაც კი. ერთი წუთი რომ აციმციმდა ტაბლოზე, ფეხზე წამოდგა ნიკაპაწეული. გრძნობდა, რომ უყურებდა. ხოდა, უყუროს. დაუმშვიდობებლად ავიდა ნახევრად ცარიელ ავტობუსში. გაჩერებასთან კიდევ დიდხანს იდგა რენე კბილებით დაჭერილ სათქმელთან ერთად. - მარტო აბირჟავებ? - ქვემოდან ამოადგა მოსიკა. ერთი ხელით გიტარას მოათრევდა, მეორით „ნაბეღლავს“. გაჩერდა და უყურა ერთხანს ალმაცერად. შერიგდნენ. - არა, შენ გელოდი. - ორი წუთიც დამელოდე და დაგიჯერებ. - ჩაეცინა მგალობლიშვილს. აუყვნენ ერთად გზას. გამეხებული ელოდა ლენა თავის შვილიშვილს. ასეთი გაბრაზებული რენეზე არასდროს ყოფილა აქამდე. გრძნობდა მოახლოებულ ქარიშხალს დამნაშავეც. მოსიკამაც კი იგრძნო დაძაბულობა და ამჯერად მარტო დატოვა მაისურაძეები. -რას ჰგავხარ?! - ბრაზით მიეგება ლენა, - რას ჰგავდა შენი საქციელი?! - ლენა, მომისმინე. - თვალები მიეხუჭა რენეს. ისეთი დაღლილი ჰქონდა ხმა, ენა ჩაუვარდა ქალს. დანაღვლიანდა. - ვიცი, რაზეც გინდა ლაპარაკი. მე არ მინდა არც ახლა და არც არასდროს. დავიღალე და დასვენება მინდა, შეიძლება? - კი ბატონო. - რაღაცნაირი გულდაწყვეტით ჩაილაპარაკა ლენამ, ორჯერ გაშალა და დაკეცა ჩაის ტილო, - მეც ეგ მინდა, რომ დაისვენო, რენე. * სოსო ოდიშელს ხასიათი მთლიანად გამოეცვალა. სიმკაცრე არც ადრე აკლდა მის მძიმე ხასიათს, მაგრამ ამ ბოლო დროს მისი ღიმილიანი სახე ოჯახის წევრებსაც კი მიავიწყდათ. აღარც ნინოს უმხელდა თავის საიდუმლოებს, არც ცოლთან ლაპარაკობდა ზედმეტად. ეფემიას კი... თავის უმცროს შვილს ხშირად უყურებდა უხმოდ და ფიქრების ზღვაში ფსკერამდე ჩაძირული. ის იქნებოდა მისი მართლმსაჯულება. ყოველთვის უგრძნობდა გული, რომ მოსამართლის ჩაქუჩზე მძიმე იარაღი გამოუტანდა განაჩენს ჩადენილი ცოდვებისათვის. ის შეაქცევდა ზურგს, ვინც მხოლოდ დედამიწის ზურგზე კი არა, ყველა შესაძლო პარალელურ სამყაროში ყველაზე უფრო მეტად უყვარდა. მალე მიაკითხა სოსოს მივიწყებულმა ძველმა მეგობარმა. ცივი ცისფერი თვალებით და ტუჩებზე ირონიული ღიმილით შეახსენა, რამხელა ხაფანგში გაყო თავი წლების წინ ოდიშელმა. -როგორ ხარ, იოსებ? - კარგად მოათვალიერა მისი კაბინეტი. სერთიფიკატებითა და ჯილდოებით გადაჭედილ კედლებს დააკვირდა. - კარგად მოწყობილხარ. - გელა, არ გელოდი. - პირი გამოუშრა კაცს, შეწრიალდა თავის სკამზე. ბოლოს და ბოლოს, რაღაც წვლილი იმასაც მიუძღოდა ამ სკამზე ჯდომისათვის, ვინც პირისპირ ეჯდა. ნეტავ, იარაღი ამოეღო და დაესრულებინა ყველაფერი შუბლში ერთი მარტივი ტყვიით. -მართლა? აი, მე კი მგონია, რომ ყველაზე მეტად მე მელოდი, სოსო. - თავი გვერდზე გადახარა გელამ. - რაღაც ხმები მოვიდა ჩემამდე, ცოტა არ მესიამოვნა. - რა ხმები?! - მეტისმეტად ჭკვიანი ყოფილა ის ბიჭი, შენ რომ ვერ შეგიფასებია სწორად, იოსებ. იცი, რამდენ ხანში ააცალა ბუდუს ხელებიდან ბორკილები? ორ წუთში. - ცივად გაეღიმა. - რა ბორკილები, გელა, რას ამბობ? - სისხლი დაუშრა სხეულში კაცს. მოიხსნა სათვალე, ისედაც ვეღარაფერს ხედავდა უკვე. - არ გითხრა შენმა გოგომ?! რაღაც რომ გაუჭირდა, მას დაურეკა საშველად. ისიც მივიდა და უშველა. შენ ხომ იცი, ამ ასაკში ასეთ რაღაცებს როგორ რთულად ივიწყებენ ახალგაზრდები... ხელს რატომ არ უშლი? სიძედ გინდა ეგ ბიჭი? - რას ამბობ, გელა! გული გინდა გამისკდეს? - ბევრ პრობლემას კი მოაგვარებდა ისე შენი გულის გაჩერება, - ჩაეცინა გელას. შემდეგ კი ყინულივით ცივი გაუხდა სახე. - ჩემს შვილთან და ძმისშვილთან მეტისმეტად ახლოს აღმოჩნდა შენი შვილიც და ეგ ბიჭიც. შენ ვერ აგვარებ აშკარად. დიდი შანსია, ყველაფერს მიგიხვდეს... მზერა მოარიდა სოსომ. მოისრისა თვალები. სახე წაუხდა გელას მთლიანად. - დროზე გაიყვანე შენი შვილი ამ საქმიდან, შე სულელო! - ფეხზე წამოდგა გელა. მაღალი იყო, ჭაღარა თმა მოწესრიგებულად დაევარცხნა და სქელ წარბებს ქვემოდან არწივისებურად იხედებოდა. - არ დავინდობ არავის, ვინც ჩემი ოჯახის სიმშვიდეს საფრთხეს შეუქმნის, ეს ხომ იცი... - საბუთები წესრიგშია, ვერაფერს მიხვდება, გელა, გთხოვ... - რომელი საბუთები, სოსო... უთქმელად მიგიხვდა ყველაფერს უკვე. ხალხი გავგზავნე მასთან. გავაფრთხილე, რომ შენს შვილს გაეშვას. იცი, რა გააკეთა? არაფერი. ციხეში გაუშვა ის, ვინც შენი სათქმელი გადასცა და შენთან არ მოსულა. როგორ ფიქრობ, რატომ? - შენ გააფრინე?! რას ჰქვია... ხალხი მიუგზავნე რას ჰქვია, გელა! - წამოენთო სახე კაცს, რაღაცის საკითხავად შესული ექთანი მაშინვე გაბრუნდა უკან, - იეჭვებს და მიხვდება, აბა, რა იქნება! გაგვიგებს... ასეთი სისულელე როგორ გააკეთე?! - ჩემზე ვერაფერს გაიგებს. - მუქარით გაიჟღერა კაცის ხმამ. - შენზე უკვე ისედაც იცის, კარგად მოემზადე. ჩემზე ვერაფერს გაიგებს, ჩემს შვილზე ვერ გაიგებს! შენც მოუფრთხილდი შენსას, ვიცი, როგორც გიყვარს ეფემია... ... მიაკაკუნა ქალიშვილის საძინებლის კარზე. დიდი ხანია, აქ აღარ მდგარა. მიივიწყა ძველი ჩვევები. ნელ-ნელა, როცა ძველმა ცოდვებმა მის ნაპირზე დაიწყეს გამორიყვა, თავადაც გარიყა სოსომ თავი შვილებისაგან. თითქოს ასე დაიცავდა მათ იმისგან, რაც სისხლზე უფრო მძიმე მემკვიდრეობად ერგოთ. საწოლზე იწვა, გაუკვირდა კიდეც მამის დანახვა თავის ოთახში და ოდნავ წამოჯდა. მოიმშრალა თვალები. -რა მოხდა?! - ეუცხოვა მამის გამომეტყველება მიაკოს. - ხომ მშვიდობაა? - ისე შემოვედი... - ადგილი ვერ იპოვა შვილის ოთახში. სკამი გამოსწია და იქვე ჩამოჯდა. კედლებზე ეკიდა ეფემიას ნახატები, ფერად-ფერადი პლაკატები და უამრავი სურათი მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. მისი ცხოვრების პატარა მუზეუმს ჰგავდა იქაურობა. ერთ სურათზე ის და მიაკო იყვნენ. იმ დღეს ველოსიპედის ტარებას ასწავლიდა. ამ სახლში ახალი გადმოსულები იყვნენ. მაშინ ეგონა, ახალ ცხოვრებას იწყებდა. ეგონა აქამდე არ მოაღწევდა იმ ოჯახის თავზე დამდგარი შავი ღრუბელი, ვინც ისე გაამწარა, ეშმაკსაც რომ შეშურდებოდა. - როგორ მიდის კაფის ამბები? - ჰკითხა ბოლოს. - ნორმალურად, - ენა ძლივს მოაბრუნა ეფემიამ. გული აუჩქარდა ნაადრევი სიხარულისგან, თუმცა მაინც არ დაანახვა მამას ემოცია. შეიძლებოდა, არ გაგრძელებულიყო დიდხანს. - წვიმდა და ცოტა ხნით შევჩერდით. უკვე აღარ ენდობოდა ადამიანებს. -იმას ხშირად ხვდები?! რენეს. - არა. ძალიან იშვიათად. უყურებდა და ქალს ხედავდა პატარა გოგოს მაგივრად. ალბათ, ვერაფერს დაუშლიდა მისგან დამოუკიდებლად გაზრდილ შვილს. სიტყვებსაც ვერ პოულობდა. საერთო აღარაფერი ჰქონდათ თითქოს ერთი გვარის გარდა. -კარგია, - თავი დახარა და ერთმანეთში გადახლართულ თითებს დააჩერდა მძიმედ, - ნუ მიეჩვევი... - არავის ვეჩვევი. - როგორ არა, - გაეღიმა სოსოს, ძალიან ნაღვლიანი იყო, - შენ სხვანაირად არ შეგიძლია, მიუ, ასეთია შენი გული. - ჩემი გული ისეთია, როგორიც ყველასი, მამა. კარდიოქირურგი ხარ, არ უნდა გეშლებოდეს. - აი, ხომ ხედავ... - ამოისუნთქა სოსომ, წამიერად დაავიწყდა ყველა სიმძიმე, როცა ეფემიამ გაუღიმა. - როგორ გაგაბრაზე, გაწყენინე... შენ მაინც მარტივად მოგიბრუნდა ჩემკენ გული. - მამაჩემი ხარ, როდემდე უნდა გაგიბრაზდე? - ამიტომ ვერ მიბრაზდები, რომ მამაშენი ვარ, მიუს? - გულის გახეთქვა ინატრა იმ წამს სოსომ. ეს იქნებოდა ალბათ საუკეთესო და ყველაზე დაუმსახურებელი სიკვდილი - შვილის სიყვარულით გახეთქილი გული. - ხო, და კიდევ იმიტომ, რომ ასე მეძახი. - ცრემლები მოაწვა თვალებში მიაკოს, - დიდი ხანია ასე არ მოგიმართავს ჩემთვის, მამა. შენ არ მოგიბრუნდა ჩემკენ გული მარტივად. - მე შენნაირი კარგი ვერასოდეს ვიქნები, მამა. ჩემი გული სულ შენკენაა, ეს სულ იცოდე. სხვანაირი არ მინდა, რომ იყო. შენზე უკეთესი შვილი არ არსებობს. ჩემთვის სულ ერთია თეთრი ხალათი გეცმევა თუ მზარეულის უნიფორმა. მთავარია, შენ მყავდე კარგად. - ამას ახლა რატომ მეუბნები? - დამაგვიანდა?! მაპატიე. - ამიტომ არ მითქვამს... საპატიებელი არაფერი გაქვს, მამა. უბრალოდ მინდა, რომ ბედნიერები ვიყოთ. რა გვიშლის ხელს, რატომ არ შეიძლება ერთ მაგიდასთან ისე ვისხდეთ, რომ ერთმანეთის დანახვა გვიხაროდეს?! პასუხი არ ჰქონდა სოსოს. შუბლზე აკოცა ქალიშვილს, გაუღიმა და სიტყვის უთქმელად გავიდა ოთახიდან. . ცეცხლის ალი ასდიოდა მაისურაძეების ძველ სახლს. გამთენიისას დაურეკეს რენეს, დროზე რომ არ მოვიდეს სახანძრო, მეზობელ სახლებსაც გადაედება და საძირკვლამდე ჩაფერფლავსო ყველა შენობას იმ ეზოში. დაიწვებოდა იასამნის ხეც, ნელ-ნელა რომ ისხამდა კვირტებს და ემზადებოდა საყვავილოდ. საბოლოოდ დასრულდებოდა ყველაფერი. გაიხარებდა ყველა, ვისაც არ სურდა იქეთკენ გახედვა. გაუნძრევლად იჯდა საწოლზე. ვერ გადაეწყვიტა, ფეხზე წამომდგარიყო და ცეცხლში შევარდნილიყო, თუ გვერდი ეცვალა და მშვიდად გაეგრძელებინა ძილი, თითქოს არაფერი იცოდა იმის შესახებ, თუ როგორ იქცეოდა ისედაც დასაწვავი მოგონებები ფერფლად. შუა ფიქრებში მყოფი უკვე კიბეებზე ჩადიოდა, მგალობლიშვილსაც გაუაზრებლად მიაძახა და შუბლზე ჩამოყრილი თმა ხელის ერთი მოსმით მოიშორა თვალებიდან. სიცივემ მაშინვე შეაფხიზლა. აჩქარებული ნაბიჯებით გადაკვეთეს ორივე ქუჩა. სახანძრო გამაყრუებლად კიოდა. პირველად ის შეამჩნია რენეს თვალებმა. მარტო იდგა ეზოში. მის გარდა ისედაც არავის ადარდებდა აქაურობის ბედი. აწურულ, გამხდარ მხრებზე ჩამოჰყროდა ერთმანეთში გადახლართული წაბლისფერი ხვეულები. წამიერად მოხედა რენეს, ცეცხლის ალი უპრიალებდა ცრემლებით სავსე თვალებს. კბილებით ეჭირა ტუჩები. წამიერად შეავლო მზერა და ისევ ცეცხლის ალში გახვეულ სახლებს მიაჩერდა. იქაურობას დამწვრისა და სისველის მყრალი სუნი ასდიოდა. თითქოს თავისი ყოფილი ბინადრების ცხოვრებას დაემსგავსა ეს სახლებიც. უბედურებაც ცეცხლივით გადაედოთ. - ოთოს დაურეკე და უთხარი, კიდევ გამოუშვას სახანძრო და მუშები. - ერთ ადგილას გამშრალ მოსიკას გახედა. დამძიმებოდა ხმა რენეს. ნელა მიუახლოვდა მიაკოს, რომელიც არაფრის დიდებით იცვლიდა ფეხს ადგილიდან. -რატომ მოხვედი? - ჰკითხა ჩამწყდარი ხმით. წამიერად ყველა ბრძოლაში დამარცხდა ამ ხმის წინაშე რენე. - შენც ხომ ეს გინდოდა... ისედაც ვერ იტანდი აქაურობას. - აქამდეც შემეძლო დამეწვა, ეს რომ მდომებოდა. - მაგრამ რატომღაც ახლა მოხდა ყველაფერი, - მთელი ტანით მობრუნდა გოგონა მისკენ. ისეთი თვალებით უყურებდა, თითქოს მას ადანაშაულებდა ყველაფერში. რენე ვერაფერს გრძნობდა კვამლით ამოხუთულ ეზოში ამ ქალისაგან მომავალი იასამნის ნაზი სურნელის გარდა. - მე მადანაშაულებ? - ოდნავ გაიწია მისკენ, რაღაც ააგლიჯა სხეულიდან მიას უკან გადადგმულმა ნაბიჯმა. - შენ არ გააკეთებდი. - ცრემლს ჩამოვარდნა არ დააცადა, მაშინვე მოიწმინდა. - მაგრამ მირჩევნია შენ იყო დამნაშავე. მაგდენადაც არ მიყვარხარ, რომ გული ასე მტკენოდა. - რამდენად გიყვარვარ, აბა... - სული მოეხუთა პასუხის მოლოდინში. - საერთოდ არ. ვერ მეყვარება ადამიანი, ვისაც ჩემი დანახვა არ უნდა. - ხანძრისგან გაშავებულ სახლს არ არიდებდა თვალებს გოგონა. - ახლა ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყო. უკვე ჩააქრეს, შეგიძლია წახვიდე. - ჩვენთან წამოდი, - ოდნავ შეეხო მაჯაზე, გვერდის ავლა რომ დაუპირა შემოხედვის გარეშე. - თუ გინდა... - არა, არ მინდა. - მშვიდად გააშვებინა ხელი და ისე მტკიცედ გაუსწორა თვალები, გააღიმა რენე. - აუ, წამო, რა... - წაიწუწუნა ხმადაბლა მოსიკამ. - ლენას მარტო ვერ ვეტყვით, შენგან უფრო მარტივად გადაიტანს. - სხვა დროს იყოს. - როცა მე არ ვიქნები? - ხო, როცა შენ არ იქნები. - არ აშორებდა ცეცხლისფერ მზერას. ბოლოჯერ გახედა ოხშივარავარდნილ სახლებს ნაღვლიანი თვალებით და მიატოვა იქაურობა. ლურჯი ცა გადასერა ფრთებგაშლილმა თვითმფრინავმა. წამიერად გაეხვა სახლისგან ავარდნილ კვამლში და საბოლოოდ თეთრ ღრუბლებს შეერია. თვალი გააყოლა რენემ მისგან დატოვებულ თეთრ კვალს. თითქოს იგრძნო, როგორ წაიღო ამ სახლის ნამწვავებმა და ცაზე თოლიასავით გადაფრენილმა მფირნავმა თავისი ნაწილი მისგან იმაზე შორს, ვიდრე ხელი მიუწვდებოდა. ანასტასია ვაჩნაძე მამის აღებული ბილეთით საქართველოდან წავიდა... ოთოს ზარმა მოიყვანა გონს. -რა ხდება, მაის? -მოგესალმებით კამორაში, – თავადაც მოატარა ფერფლში ამოგვანგლულ ეზოს თვალები რენემ და ქუჩაში გავიდა, – დილის ექვსი საათია და ყველაფერი რიგზეა… მეოთხე თავი „ერთი მოკვდავის სევდა უფრო სრულია, ვიდრე სამყარო“ კვამლის სურნელისგან ჯერ კიდევ არ დაცლილიყო ჰაერი. ნაცრისფერი ნამწვავები ისე ფარფატებდნენ ცაში, როგორც მაისის თოვლი. თავის დანაწევრებულ სახლს დაუბრუნდა რიტა. ნაღვლიანად ჩამოსწია ცარიელი ოთახის კარის მტვერდაუდებელი სახელური. სუნთქვა შეიკრა, კანკალს რომ არ აეტანა. ისედაც ხომ იცოდა, რომ თავისი ფეხით არ დაბრუნებულა შვილი სახლში. ისიც ხომ იცოდა, რენეს რომ არ უპოვია ჯერ თავისი ძმა, მაგრამ მაინც ისე ჩაებღაუჭა იმ კარს, როგორც დაუკარგავ იმედს. ლენა ნაღვლიანად შეჰყურებდა ქალიშვილს. ჩემოდნების რაოდენობით თუ იმსჯელებდა, უკან აღარც აპირებდა რიტა გაბრუნებას. გამოცვლილიყო. ტელეფონის ეკრანზე სულ სხვანაირი ჩანდა, სინამდვილეში დაბერებული ქალიშვილის დანახვამ დარჩენილი წლებიც მოპარა ლენას. კოხტად გამოიყურებოდა, მოწესრიგებულად ეცვა, თმაც ლამაზად დაევარცხნა, მაგრამ ეტყობოდა ამ წესრიგს არა გადამეტებული ძალისხმევის კვალი. ჩამოჯდა. -აღარ მიბრაზდები, დედა? – გაეღიმა რიტას. ჩამოუჯდა მაგიდასთან ქალს. რენე დიდ ხანს არ გაჩერებულა მასთან. მისი დაკაცებული სახის დამახსოვრება ვერც მოასწრო, ვერც მოეფერა. ბარგი სახლამდე მოატანინა და სასწრაფოდ გაბრუნდა. ვერ მიეკარა მონატრებულ შვილს რიტა. არც რენემ ისურვა დანაშაულის გრძნობით დამძიმებული ჩამოშვებული დედის მხრების დანახვა. – რა აზრი აქვს ჩემს გაბრაზებას, – ჩაილაპარაკა მოხუცმა თავისთვის, – აქამდე ვერაფერი შეცვალა, ახლა რაღა აზრი აქვს? – ვნანობ, რომ არ დაგიჯერე და წავედი. – ცოტა ხნით ორივე გაჩუმდა. შვილის აღიარება მძიმედ დააწვა გულზე ლენას. – თუ ეს უკეთ გაგრძნობინებს თავს.. – დედაშენი ვარ, შენი დანაშაული მე უკეთ თავს ვერასდროს მაგრძობინებს, რიტა. ფეხზე წამოდგა ლენა, ხის კომოდი მღელვარებისაგან აცახცახებული ხელებით გამოაღო, სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოაძვრინა და კოლოფი ისევ დამალა წამლების ყუთში. – ეწევი? – გაიკვირვა რიტამ. – ქვას რომ არ ვისვრი, არ გიკვირს? – კვამლს გამოატანა სიტყვები ჭაღარათმიანმა ქალბატონმა. ისევ წინ დაუჯდა შვილს. – შემეშინდა. – ნაღვლიანად გაეღიმა ქალს და თვალები დახარა, – დედებს არ უნდა ეშინოდეთ… შენ არასდროს შეგშინებია. ჩემი წილი დედობაც შენ დაგეკისრა. – ქმარ-შვილი დაკარგე, მე არაფერში გადანაშაულებ. – როგორ არ მადანაშაულებ… ჩემი ორივე შვილი ცოცხალია, ერთი წამართვეს და მეორე ჩემი ნებით მივატოვე, არც ვარ ღირსი… – სახეზე აიფარა ხელები რიტამ. – ქმარი შენც დაკარგე, შენც დაკარგე შვილიშვილი… – მე ნუ მედრები. რატომ აკეთებ ამას? რისთვის წახვედი, ან რისთვის დაბრუნდი ახლა, შენი ჩამოშვებული მხრები რომ ზიდოს შენმა შვილმა? თანამებრძოლი სჭირდება რენეს, შენ ვინ იქნები მის ცხოვრებაში, როდის გაიაზრებ საკუთარ თავს, რიტა? – საერთოდ გამოიცვალა, – ფანჯარაში გაიხედა რიტამ, ის დღე გაიხსენა, როცა რენე აქ დატოვა და თვითონ გუგულივით სხვა ბუდეში გაფრინდა. – სულ სხვანაირია… მე შენი იმხელა იმედი მქონდა, საკუთარ თავს ფეხზე დგომა არ დავაძალე. შვილზე არ მიფიქრია. იმაზე არ მიფიქრია, იმას ვისი იმედი უნდა ჰქონოდა, არ მიფიქრია, რომ აღარ დავჭირდებოდი… – უბრალოდ, შენი იმედი აღარ აქვს. კარგი ის არის, რომ ამის გამოსწორება შეიძლება, თუკი შენ მოინდომებ… ამ სახლში ცხვირჩამოშვებული სიარულს თუ აპირებ, მირჩევნია უკან გაბრუნდე. საკმარისი ღრუბელი ტრიალებს შენი შვილის თავზე, არ მოგცემ მისი დამძიმების უფლებას. დედისთვის არ არსებობს არ შემიძლია. უნდა შეძლო. ყველას, ვინც რიტა ერაძეს იცნობდა, ღიმილი ეფინებოდა სახეზე მისი სახელის გაგონებისას. შემდეგ იწყებოდა აღტაცებული საუბრების ხანგრძლივი წუთები ქალზე, რომელიც უყვარდა მთელს ქუჩასა და უბანს. ყველა ნათესავს და მეზობელს. ინგლისურის მასწავლებელი იყო. კერძო მოსწავლეებსაც ხშირად იღებდა თავის სახლში, შესაბამისად, ახალგაზრდები ხშირად ტკეპნიდნენ იმ ეზოს, რომელიც მალე მისმა ყველა მაცხოვრებელმა მიატოვა. იმ ამბის შემდეგ, როცა რიტამ შვილთან ერთად თავისი სიფერადეც დამარხა, შემოკლდა მასზე საუბრის ღიმილიანი წამები. აღტაცება დანანებამ და ნაღველმა შეცვალა. საყვარელ მასწავლებელთან ისეთი სიხარულით აღარც მისი მოსწავლეები მიდიოდნენ. ნელ-ნელა ყველა შემოეცალა ერთი-ორი ერთგული მეგობრისა და მათი შვილების გარდა. ერთადერთი, რაც ამ ქალს არ ტოვებდა, მის თვალებზე დაბინადრებული ცრემლი იყო. და სულისწამღები, აუტანელი უძლურება ხელებში. უკვე ყველა ფიქრობდა, რომ რიტა ერაძე ჭკუიდან გადააყენა მის ცხოვრებაზე დამდგარმა ცარიელმა აკვნის ჩრდილმა. ვერ გადაიტანა ჯერ შვილის სიკვდილი, შემდეგ კი დაქვრივება და მას შემდეგ, რაც ერთადერთი ვაჟიშვილი დედის სახლში დააბინავა, თვითონ იქაურობისგან ძალიან, ძალიან შორს გაფრინდა… ვერც დრო და ვერც მანძილი უწამლებდა მის ჭრილობას. ბოლოს ვეღარც სხვაგან გაძლო და დაბრუნდა შინ. მოსიკას პოლიციის განყოფილებაში სტუმრობა არ უყვარდა. ხშირად ამბობდა, ვინმემ რამე რომ მკითხოს ჩემს კრიმინალურ წარსულზე, ჩემი სიმართლის თქმისკენ მიდრეკილი საინფორმაციო ღრუ დეტალურად ჩამოარაკრაკებს ყველა დანაშაულს, რაც ჩამიდენიაო. -არავის ადარდებს, შენი ახალი სიმღერა რო ელტონ ჯონის უბადრუკი პატენტია. მოისვენე. – შეწუხდა ოთო, ისე წრიალებდა მოსიკა ყოველი პოლიციელის დანახვისას. – ჯერ ეს ერთიც, ელტონ ჯონის კი არა ლენონის, მერე მეორეც, – საჩვენებელი თითი აღმართა ჰაერში, – აკორდის ქურდი და აქლემის ქურდი, ორივე ქურდია და ჩემს არხს „სპოტიფაიზე“ უკვე ოცი ათასი მსმენელი ჰყავს. დიდი შანსია ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფის გამო ზონაზე გამიშვან. – ნამუსი არ გაწუხებს? – რას ამბობ, ძალიან მაწუხებს ნამუსი, მაგრამ თვითონ ეგ ფაქტი არ მადარდებს. ნამუსის ფაქტორია ჩემთვის უმნიშვნელო. – რენესკენ გააპარა მერე ჩუმად თვალები. შენიშნა ახალი მოსახლე მის სამეზობლოში. იცნო კიდეც მეგობრის დედა. – რიტა დეიდა ჩამოსულა… – შენ არ იცოდი?! – წარბები აზიდა რენემ, – ბებიაჩემს შენ ედაქალები… – ეს რა ლაპარაკია? – შეურაცხყოფილი შეიმართა სავარძელზე, – რომ მცოდნოდა, არ გეტყოდი? – ლენას დაქალი რომ ხარ, ეგ ფაქტი არ გაწუხებს ხო? – თვალები მოწკურა ოთომ. – შენ ნუ გშურს, რომ მე ვარ ლენას ფავორიტი. – ხო, ჩამოვიდა. წავა ალბათ მალე ისევ, – დიდად არ აკარებდა გრძნობებს ამ ამბავს რენე. ხმასა და ხასიათზე ეტყობოდა, რომ აღარ ენდობოდა მშობლის გადაწყვეტილებებს. – ხანძარზე რა გაარკვიე? – მამამისის გაკეთებულია. – დარწმუნებული ხარ თუ… – ოდნავ დაეჭიმა სხეული რენეს, ტელეფონს ატრიალებდა ისედაც მთელი დღე ხელში მოუსვენრად. – ჩანაწერი ამოვიღეთ, – სურათები დაულაგა მაგიდაზე, მოსიკამაც წაიგრძელა კისერი, – ეს ტიპია. ვარანცოვზე შეხვდა აქედან წასული ვიღაცას, ვინც ფული ხელზე მისცა. მერე ის ტიპი, რომელიც სინამდვილეში ვახუშტი გერაძეა, აღმოჩნდა, რომ სოსოს კლინიკის დაცვის ყოფილი თანამშრომელია. – დაცვის ყოფილი თანამშრომელი? – იდაყვებით დაეყრდნო რენე მაგიდას, ხელში ის სურათი აიღო, სადაც მისთვის საინტერესო პიროვნება უნდა დაენახა. – რამდენი წლის არის? როდემდე მუშაობდა კლინიკაში და როდის წამოვიდა? ოთახში უეცრად გაბნეულმა ძაფებმა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა ყველაფერს, ყველა დაადუმა წამიერად. – მეკაიფები? მაგაზე არ მიფიქრია! – თავზე ხელები შემოილაგა ოთომ. – იმ დროს თუ მუშაობდა, როცა დათი წაიყვანეს, დიდი ალბათობით ისიც ეცოდინება, რაც გააკეთა მისმა უფროსმა. მეტიც, შეიძლება თანამზრახველიც იყოს. მეტივ, შეიძლება ისიც იცოდეს, ვინ წაიყვანა. ადამიანებს არაფერი აახლოებთ ისე, როგორც საერთო დანაშაული. – და ახლაც ასე უსრულებს სოსოს შავ საქმეებს? – რატომაც არა? – მხრები აიჩეჩა რენემ, – ფულს აიღებს. მოკლედ, ყველაფერი მომიძებნე მაგ გერაძეზე და მის ოჯახზე. ფეხზე წამოდგა უჩვეულოდ აწრიალებული. ადგილს ვეღარ პოულობდა. მიზანთან მეტისმეტი სიახლოვე ისე უწვავდა სხეულს, როგორც ნაკვერჩხალი ხელისგულს. -მიას არ ეტყვი? – ხმა ამოიღო ეფემიას უდიდესმა მოსარჩელემ, მოსიკა მგალობლიშვილმა. – მამამისმა რომ გააკეთა… – ეჭვი მაქვს, თვითონაც მიხვდა დღეს. აკანკალებული ხელებით ჩაალაგა ჩანთაში ტანსაცმელი. საძინებლის კარი გადაკეტილი ჰქონდა. დედას რომ შემოესწრო და გახსნილი ჩემოდანი დაენახა, აუცილებლად გადააფიქრებინებდა. მარჯვენა ხელის გული უხურდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ცეცხლწაკიდებული სახლის კარის სახელურისათვის ხელი ჯერ კიდევ არ შეუშვია. ცრემლები ახრჩობდა. ცალი ხელით ძლივს გაახრიგინა თავისი ბარგი სამზარეულოში. გაკვირვებით გამოხედა შვილს მაკამ. მერე ჩემოდანს შეავლო მზერა და საერთოდ ათას ნაწილად გაებნა აზრები. – სად მიდიხარ ამხელა ბარგით, დე? – საჭმლის მზადებას თავი მიანება ქალმა. სოსომაც გამოხედა ქალიშვილს. სათვალე მოიხსნა და მოისრისა დაღლილი თვალები. წინსაწარ შეემზადა მომავალი დიალოგისათვის. – ცალკე მინდა გადასვლა. – იმაზე მშვიდი ხმა ამოუვიდა პირიდან, ვიდრე ელოდა. – უკვე ვიქირავე სახლი, ნელ-ნელა გადავიტან ყველაფერს. – რატო, დე? – ქმარს გახედა საშველად მაკამ. სოსო ხმას ვერ იღებდა. – ასე მირჩევნია. – ასე გირჩევნია… – გაეღიმა სოსოს. – წადი. როცა მიხვდები, რომ მხოლოდ შენი სურვილების ირგვლივ არ ტრიალებს… – სოსო… – ხმა დაეღალა მაკას, შვილისკენ წავიდა სწრაფი ნაბიჯებით. – მიაკო, დე.. თუ რამე გაწუხებს.. – არაფერი მაწუხებს, დედა. – ლოყაზე აკოცა თბილად. თაფლივით ტკბილი ხმა ამოსდიოდა, როგორ უნდა ეცხოვრა ამ ხმის გარეშე ამ სახლის კედლებში მაკას. გული ეტკინა. – დამწვრობის მალამო სად გვაქვს, მამა? არ მინდა, რომ შრამი დამრჩეს. მტკიცე მზერა გაუსწორა კაცს. ანახა გაწითლებული, დაწყლულებული ხელისგული. ძალიან კარგად იცოდა, სადაც ინახავდნენ აფთიაქის ყუთს ამ სახლში. დაღლილმა ჩამოუშვა ხელი. იმედგაცრუება, ბრაზი და ტკივილი იმ საწამლავის ინგრედიენტებივით იმღვრეოდნენ მიას თვალებში, რომელიც სოსოსთვის იყო განკუთვნილი მხოლოდ. . ეზოში მონდომებით ფუსფუსებდნენ მუშები. რაც გააკეთეს, თითქმის ყველაფერი განდგურდა. წელზე ხელებშემოწყობილი შეჰყურებდა რენე ამ სანახაობას. როგორ სიამოვნებას მიანიჭებდა ადრე ამ სახლის კედლებზე შეკიდებული ცეცხლის ალები. ერთ წვეთ წყალს არ დახარჯავდა გასანელებლად. – დღეს არ მოსულა, – ქუდი მოიხადა ერთ-ერთმა მუშამ და გვერდით ამოუდგა რენეს. – საწყალი გოგო, ძალიან ინერვიულა. თქვენი ცოლია? – არა, – მშვიდად გასცა პასუხი. თითქოს ჟრუანტელმა არ დაუბუჟა მთელი სხეული. მკაცრი მზერით გადმოხედა გულუბრყვილო თვალებით მომზირალ ელგუჯას. – კიდევ კარგი, კარი გამოხურა, თორემ მთლად განადგურდებოდა ყველაფერი. გაბედული გოგოა, – გაეღიმა კაცს, – ჩემს შვილს მაგონებს. ხელი კი დაეწვა, მაგრამ ერთი არ დაუწუწუნია. დაურეკე, მოვიდეს. გაუხარდება დასუფთავებულს რომ ნახავს აქაურობას. – რამდენ ხანში მორჩებით? – ხვალ გავიტანთ ნაგავს და ზეგიდან გავაგრძელებთ რემონტს. არ იდარდო! – თავი ოდნავ დაუკრა ელგუჯამ რენეს, ქუდი წამოიხურა და შემოუძახა ისევ ჩეროში მოსვენებულ მუშებს. – ოხ. პრარაბი ადგილზეა, სიგარეტი გაკლია ყურზე და გაზეთის ქუდი თავზე. – თავზე წამოადგა მოსიკა მეგობარს. ისე შეჰყურებდა, თითქოს დანაშაულზე წაასწრო. – რაო, რამდენი ხანი დაგვჭირდება აქაურობის პრინცესას სასახლედ გადასაქცევადო? არ მოდიხარ სახლში? – არა, – მანქანის გასაღები შეათამაშა ხელში და სახლისკენ მიმავალი გზის საპირისპიროდ წავიდა. – არ მოვალ დღეს. – ბიჭო, დედაშენი ჩამოვიდა, ქალი წესიერად არ გინახავს. სად მიეხეტები? – საქმე მაქვს. – მომიკითხე საქმე. – თვალი ჩაუკრა და ღიღინ-ღიღინით აუქცია გვერდი რენეს. შებინდდა. განყოფილება ნელ-ნელა დაიცალა თანამშრომლებისაგან. თავის მაგიდაზე ფურცლების შრიალმა შეაფხიზლა რენეც. -მანდ მუშაობდა იმ პერიოდში. დათის დაბადების დღიდან ორ თვეში პენსიაზე გავიდა. ერთ წელში კრწანისში იყიდა სახლი და იქ გადავიდა თავის ოჯახთან ერთად საცხოვრებლად. რამხელა ფულია ამ საქმეში ჩადებული, შენ ხვდები? – დაღლილი ჩაეშვა სავარძელში და თვალები მოისრისა. – მარტო ბავშვისთვის არავინ გადაიხდიდა მაშინ ამხელა თანხას. – პირის ამოკერვაში გადაიხდიდა სამაგიეროდ. – საზურგეს მიეყრდნო რენე კეფით და თვალები მიხუჭა, – ფულით რო მოაგვარა და იარაღით არა, ეგეც გასაკვირია… – იცოდა, ფულით რომ მოგვარდებოდა მაგ კატეგორიასთან ეს ამბავი. სადაც ფული აღარ გაჭრის, იქ იარაღსაც გამოაჩენს. – იმედია ვინცაა, კარგად ისვრის მიზანში. – არაა სახუმარო, რენე. – დაძაბული მიაშტერდა თვალებმიხუჭულ სახეზე ოთო მეგობარს. – რა ვქნათ, ავიყვანოთ გერაძე? – არა. ჯერ არაფერს ვიზამთ. – მიას ვინმე უნდა დაუყენო. – მაინც გაახელინა თვალები ოთომ. არ დააცადა სიმშვიდე, – ეგ კაცი თავის შვილებს ვერ დაიცავს. ვერ ხედავ, რას აკეთებს? ოღონდ შენთან არ იყოს და თავის შვილსაც არ ინდობს. ტყუილად არ აწრიალდებოდა ასე. აწვება ვიღაც. შენც იცი, ვინც. – უკვე ეცოდინება, რომ ვეძებ. კარგია. გერაძესთან მე თვითონ მივალ. თუ ომია, ომი იყოს. – შენ გესმის რაზე გელაპარაკები? – თვალწინ ხელები აუფრიალა ოთომ, – რაღაცას მოსწევთ თქვენ ამ გოგოს, რა! – სახლიდან წამოვიდა. – მშვიდი მზერა გაუსწორა აფორიაქებულს. ერთი ნაბიჯით წინ იყო ყოველთვის. – მოგიგვარებია უკვე. ბარემ ცოლადაც რომ მოიყვანო, ჰა? – თვალები დააწვრილა ინტრიგნულად, – დინასტიური ქორწინება, დაზავება, რამე, რუმე… – წადი სახლში, ოთო. – სავარძელს მიეყრდნო ისევ და თვალები მიხუჭა. – შენ არ მოდიხარ? პასუხი არ მიუღია დვალს. ერთხანს უყურა ზემოდან მის თვალებმიხუჭულ და მშვიდ სუნთქვას. თვითონ ამოიოხრა მის მაგივრადაც და ოთახიდან გავიდა. საღამოს საგრძნობლად ციოდა, თუმცა ახალი სახლის ყველა ფანჯარა მაინც ღიად დაეტოვებინა მიას. არ მოსწონდა იქ დამდგარი ძველი სუნი. სავარძელზე თვალგაშტერებული იწვა და ნინოს არც მეათე ზარს პასუხობდა. არ ჰქონდა მისგან მხარდაჭერის იმედი. ყველაზე მეტად მაკას დარდი ჰქონდა. ის შეგრძნება, რომ დედას უსამართლოდ მოექცა მოსვენებას არ აძლევდა. როგორ უნდა გაემხილა, რატომ ვერ იცხოვრებდა იმ სახლში, რატომ ვერ აიტანდა მამის დანახვისას გადახსნილ ჭრილობაზე მარილის მოყრას ყოველდღე… თვითონ ეჭვი, რომ სოსოს ადანაშაულებდა თავისი ოცნებებისა და შრომის ცეცხლის ალში შეგდებისთვის, როგორ უნდა გაემხილა ვინმესთვის? ბოლოს სახლის კედლებიც სულის შემხუთველად დაპატარავდა. თბილი მოსაცმელი შემოიხვია მხრებზე და კარი კარგად ჩაკეტა. -სახლიდან გავიდა, რენე. – თვალი გააყოლა სადარბაზოდან გამოსულ ახალგაზრდა ქალის სხეულს მამუკამ. მანქანა დაქოქა. – არ გაყვე, შეეშინდება. აქ ვარ მეც. სახლში წადი, მამუკა. გულზე მოეშვა კაცს. ეს რა საპასუხისმგებლო საქმე დაავალეს მაინც? ადამიანისთვის აქამდე არასდროს უთვალთვალია. არც გამოსდიოდა მამუკას ასეთი ამბები. სახლისკენ გააქროლა თავისი მანქანა. დღის ბოლოს ყველას საკუთარ სახლში ყოფნა ერჩივნა მაინც. სკვერი გადაჭრა მიამ. გრძელი თეთრი კაბა მშვიდობის ალამივით ფრიალებდა ქუჩებში. იასამნის ეზოსთან ახლოს იქირავა ბინა. დიდად გასაკვირი არ იქნებოდა, რენეს რომ გადაყროდა სადმე. იქნებ ამიტომაც იბოდიალა ამდენი წინ და უკან. დაღლილი ჩამოჯდა ბოლოს ბავშვებისგან გათავისუფლებულ საქანელაზე. -დარაჯი დარჩება ღამ-ღამობით იქ, – თავიდან ეგონა, რომ მოელანდა რენეს ხმა. გულთან ერთად შეუხტა მთელი სხეული. როგორ უნდოდა, რომ იმ საღამოს ენახა… თითქოს მხოლოდ ასეთი ძლიერი და გულის ძირიდან წამოსულ ნატვრები უხდებათ ადამიანებს. -შენ მე მდარაჯობ?- გულმოსულმა მოატრიალა სახე, კარგად იცოდა, რომ არ იყო სიმართლე. ისიც ეგონა, რომ გააბრაზებდა ყურადღებაში დადანაშაულებით. ყველაფერში ცდებოდა მია. – გული გამიხეთქე. იმ ბოძს მიეყრდნო რენე მხრით, რომელზეც საქანელა დაეკიდათ. ისე ესიამოვნა, წყენამ აქამდე რომ არ გაუარა, ღიმილი ვერ შეიკავა. – რა გინდა აქ ამ დროს? ქუსლები დაკრა მიამ მიწას და ოდნავ გაქანდა მისი საქანელაც. ანგელოზის ფრთებივით აუფრიალდა თმა ჰაერში. – სახლიდან წამოვედი, – ისე უთხრა, მისთვის არც შეუხედავს. მის გვერდით მეორე საქანელაზე გვერდულად ჩამოჯდა რენე, კარგად რომ დაენახა თვალწინ გადაშლილი სანახაობა. – შენ რა გინდა ამ დროს აქ? ლენა ინერვიულებს. – ვეტყვი, შენთან რომ ვარ და ყველაფერს მაპატიებს, რაც ოდესმე დამიშავებია. – ნუ მელაპარაკები კარგად, – მიწას შეეხო ფეხებით და ერთ ადგილას გაჩერებულმა მრისხანედ გაუსწორა მზერა. თავი დახარა რენემ, ვერშეკავებული ღიმილი რომ დაემალა. – რას მოხვედი, რომ დამინახე? – ჩხუბის ხასიათზე ხარ? – არა, მარტო ყოფნა მინდა და ხელს მიშლი. – ამიტომაც წამოხვედი სახლიდან? – კარგად დააკვირდა სახეზე რენე. ისე აეშალა ნერვები, ასეთი ნაწყენი და გულნატკენი რომ იყო, თითქოს თავად არსოდეს ყოფილა ამის მიზეზი. – აქაურობასთან ახლოს მინდა, რომ ვიყო. კიდევ რამე რომ მოხდეს, უცებ მივალ. – წინ რომ გოგა ცხოვრობდა, გახსოვს? – ყველა მახსოვს. – უნდოდა ეთქვა „შენგან განსხვავებითო“, მაგრამ შეიკავა თავი. ისედაც კარგად მიუხვდნენ დაუსრულებელ წინადადებას. უკვე აღარც ცდილობდა რენე ღიმილის შეკავებას, აზრი აღარ ჰქონდა უბრალოდ. – გოგას ვთხოვე და ყურადღებას მიაქცევს იქაურობას. – მადლობა. არ იყო საჭირო. არ მინდა, რომ ასეთ რაღაცებს აკეთებდე, რენე. ისე აეწვა გული მისი პირიდან საკუთარი სახელის გაგონებისას, თითქოს პირველად ესმოდა ამ ქალის თაფლივით ტკბილი ხმა, მაინც და მაინც მის სხეულს რომ ედებოდა ეკლებით. – რატომ? – იმიტომ. – ხმა გაიმკაცრა ეფემიამ, – შენი გამოსასწორებელი არ იყო ეგ ამბავი და იმიტომ. – და შენი იყო? – თავადაც დაეძაბა რენეს სხეული. გულის ყველაზე მგრძნობიარე ნაწილი მიხვდა, რომ საკუთარ თავსაც დამნაშავედ თვლიდა ეფემია ხანძრის გაჩენაში და იმ აზრამდე, რა დაემართებოდა, როცა უფრო მწარე სიმართლეს გაიგებდა მამამისის წარსულიდან, აღარც მიუშვა რენემ საკუთარი გონება. პასუხი არ გაუცია გოგონას. – დედაჩემი გახსოვს? – ჰკითხა უჩვეულოდ მოგუდული ხმით რენემ. – როგორ არა, – მაშინვე გაეღიმა ეფემიას. – თავის მოსწავლეებთან ერთად მამეცადინებდა ხოლმე… – დღეს ჩამოვიდა. – მერე აქ რა გინდა? ემალები? – არ ვემალები. – ისე უცებ იმართლა თავი, საერთოდ საპირისპიროში დაარწმუნა მია. – არაუშავს. – არ ვემალები-მეთქი. – გაეღიმა ისევ. ამ ამბავს რაღაც უნდა უშველოს. არ აქვს საქმე სასაცილოდ… – არაუშავს-მეთქი, – ინსტიქტურად მოკიდა საქანელის ორივე თოკს მიამ ხელი და წაუხდა სახე მაშინვე, როგორც კი თავი შეახსენა დამწვრობამ. ჩამოუშვა ცალი ხელი და ისე გააგრძელა ჰაერში ფარფატი. თვალი გააყოლა რენემ მის დამალულ მტევანს. – მარტო მე არ მექცევი ანუ მკაცრად. უბრალოდ ასეთი ხარ. – არ გექცევი შენ მკაცრად. – როგორ არა, – თვალს არ აშორებდა მიაკო. წარბები შეყარა მერე და უკმაყოფილოდ გადმოხედა ზემოდან, – ასე მიყურებ. – საყვარელი ვყოფილვარ… ახლა ცაში რომ აფრინდეს და ღრუბლებში წამოწვეს, ეფემიას გულს ალბათ ვეღარაფერი უშველის. საერთოდ მოშალა და გამოიყვანა წყობილებიდან ამ ადამიანმა. – არ ხარ. – თვალი მოარიდა და ისე უთხრა. კიდევ დიდხანს რომ უყუროს, დაუჯერებს და დაავიწყდება, როგორ არ გაუხარდა მისი დანახვა. როგორ აგრძნობინა თავი ზედმეტად. – არც ბავშვობაში ვიყავი? ხომ გიყვარდი მაშინ. არ უნდა უპასუხოს. ღრმად უნდა ჩაისუნთქოს, ამოისუნთქოს. არ უნდა წამოეგოს პროვოკაციას. საძაგელი კაცია. საქანელა გააჩერა და ფეხზე წამოდგა გაბრაზებული. -ვერ ვხვდები, რას ცდილობ… – საოცარი სიმშვიდით ჰკითხა მაინც. საერთოდ არ იმსახურებდა ამას რენე. – პირველად რომ შემხვდი, ისე მომექეცი, თითქოს საერთოდ არ იცოდი, ვინ ვიყავი. – არ ვიცოდი. – მატყუებ. – დარწმუნებული არ იყო ამაში, მაგრამ მის თავდაჯერებას ასე სჭირდებოდა, ამიტომაც გაიმკაცრა ხმა ეფემიამ. – ძალიან კარგადაც იცოდი. მერე ჩემთვის აუხსნელი მიზეზით ისე მექცეოდი, როგორც თვალში ჩავარდნილ ბეწვს. შენ ოდესმე გამოგიცდია რა საშინელი გრძნობაა, როცა სადღაც შენი დანახვა არ უხარიათ? შენ მაგრძნობინე და არ ყოფილა სასიამოვნო. არ მითხრა, რომ ვერ შეამჩნიე, როგორ მეწყინა. შენიშნე და ხმა არ ამოგიღია. ეს იმაზე უარესია, ვიდრე თვითონ დანაშაული. როცა ხვდები, რომ ადამიანს აწყენინე და ბოდიშის მოხდის ღირსადაც არ ჩათვალე. ახლა მოხვედი და მაიძულებ, რომ გული მომიბრუნდეს. – არ გაიძულებ, ეფე… – ფეხზე არც ამდგარა რენე. რომ წამომდგარიყო, ნაბიჯს გადადგამდა მისკენ, მიუახლოვდებოდა და ვერც ხელებს გააკონტროლებდა ისე, როგორც ახლა, როცა უსაფრთხო მანძილი აკავებდა მის გრძნობებს. – მაიძულებ. სამწუხაროდ, ჩემთვის ასე ცოტაც საკმარისია, რომ წყენა დამავიწყდეს. მე კიდევ არ მინდა ამის დავიწყება. – სუნთქვა გაუკავდა ემოციებისგან, – შენთან. – ადამიანი ნორმალური არ უნდა იყოს, შენი დანახვა რომ არ გაუხარდეს. ვერ წარმომიდგენია, რომ ვინმესთვის სიხარულის გარდა რამე ისეთის მიზეზი ხარ, რის გამოც თავი შენ ცუდად უნდა იგრძნო… – არ მინდა ამის მოსმენა. – გულზე გადაიჯვარედინა ხელები და ორი ნაბიჯით უკან დაიხია. კუშტად შეყარა წარბები განრისხებულმა. – რატომ, გული გიბრუნდება ჩემკენ? – იმიტომ რომ საკუთარ თავზე არ ლაპარაკობ. – ბოდიში არ მოგიხადე, იმიტომ რომ არ შემეძლო მაშინ ამის გაკეთება. არ შემიძლია… ეს. – ჯერ საკუთარ თავზე მიანიშნა საჩვენებელი თითით, შემდეგ ეფემიასკენ გაავლო ხაზი. – არ მიყვარხარ, თუ მაგის გეშინია. – ცივად გაეღიმა ქალს, ძალიან არ ჰგავდა საკუთარ თავს ამ სიტყვების თქმისას. – მე ყველასთან ისეთი ვარ, როგორიც შენთან. რატომღაც ჩავთვალე, რომ ერთად გატარებული ბავშვობის რამდენიმე წელი საკმარისი მიზეზი იქნებოდა იმისთვის, რომ შენთან ადამიანური ურთიერთობა მქონოდა. სულ ეს არის. – კარგია, – ისე გაუღიმა, საკუთარი თავის დარწმუნება უნდოდა იმაში, რომ სიმართლეს ისმენდა ახლა ამ ქალისგან, რომელსაც თვალს ვერ აშორებდა მისი დანახვის წამიდან. ღრმად შეისუნთქა ეფემიამ. არ იყო ეს ადამიანი მისი სიყვარულის ღირსი. ძალიან უნდოდა საკუთარი თავის დარწმუნება იმაში, რომ სიმართლეს ასმენინებდა კაცს, რომელიც ასეთ ტყუილს საერთოდ არ იმსახურებდა მისგან… . ისე მშვიდად მართავდა მაისურაძე რენე კრწანისისაკენ მიმავალ მანქანას, თითქოს საჩქარო საქმემდე არ მიჰყავდა ამ გზის ბოლოს. მოუთმენლად ათამაშებდა გრძელ თითებს საჭეზე. კარგად მოწყობილა კლინიკის დაცვის უბრალო თანამშრომელი თავის სამსართულიან სასახლეში. ისე მიუკაკუნა კარზე ბედმა, როგორც დიდი ხნის წინ დაპატიჟებულმა სტუმარმა, რომელიც საერთოდ გადაავიწყდა მასპინძელს. -კეთილი იყოს თქვენი ფეხი, – ღიმილით მიიღო ახალგაზრდა კაცი ვახუშტიმ. ერთი შეხედვით უბოროტო, ალალ-მართალი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომლის ჭაღარაც მხოლოდ იმას ამტკიცებდა, რომ მოხუცებულს ძალიან უყვარდა შვილიშვილებთან თამაში, ბავშვები… – რამ შეგაწუხათ? არ მეცნობით… – სოსო ოდიშელი გეცოდინებათ, მისი ძალიან ახლო ნაცნობი ვარ. სახეზე შეეტყო კაცს, რომ სოსო ოდიშელის ცნობა უცხოსთვის გასამხელად დიდად არ ეამაყებოდა. – სოსო როგორ არ ვიცი… მთელი ქალაქი იცნობს სოსო ექიმს. საუკეთესო კარდიოქირურგია თქვენი ახლო ნაცნობი. – ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია ალბათ… – გაეღიმა რენეს. – აბა, როგორ… ათასობით! – თქვენ როგორ ფიქრობთ, ერთი ადამიანის უბედურება მეტია ათასობით ადამიანის ბედნიერებაზე? – რა ხდება, შვილო? დამაბნიე… რა საქმეზე ხარ მოსული? – იმ ერთის უბედურების ამბავზე ვარ მოსული. ერთი ოჯახის, რომელმაც შვილი გაჩენისთანავე დაკარგა. ბედის ამბავი არ ყოფილა, ბოროტი ადამიანები ჩაერივნენ ცუდად. ხოდა, გეკითხებით, ერთი ადამიანის უბედურება უფრო მეტია? იმ უბედური ოჯახის ტკივილს გაანელებს, თქვენი აზრით, სოსოს სასახელო ექიმობა? – ვერა. – გაშრა კაცი. არ უნდოდა თავის ინტუიციას მინდობოდა, არ უნდოდა იმ კაცის ყოფილიყო ეს თვალები, ვისთვისაც მზერის გასწორების უფლება არ ჰქონდა. – ვერ უშველის. – შენ და სოსო რომ ერთად მუშაობდით, იმ დროს იმ კლინიკაში, სადაც თქვენ მუშაობდით, ჩემი ძმა დაიბადა. ხვალ მისი დაბადების დღეა, თვრამეტის ხდება, მაგრამ ჩვენს სახლში არა… თავის ოჯახთან არა – სხვასთან გაათენებს ამ ღამეს ისე, როგორც გაათენა თავისი ცხოვრების ყველა ღამე. ჰგონია, რომ სხვა კაცის და სხვა ქალის შვილია. სინამდვილეში, მამამისი ისე მოკვდა, იცოდა, შვილი ცოცხალი ჰყავდა და ვერ ნახა. დედამისს მისი ძებნის ძალა აღარ შერჩა და ახლა უბრალოდ ელოდება. ბებია ჰყავს… ვინც მის ოთახს ისე უვლის, თითქოს შიგნით ვინმე ცხოვრობდეს. ჰყავს ძმაც, რომელიც მისი გაჩენის დღიდან ეძებს. მის ტოლ ყველა ბიჭს უფროსი ძმის თვალით მხოლოდ იმიტომ უყურებს, რომ ეშინია შეხვდება და ვერ იცნობს. ვერ იცნობს და ისე შეხედავს, როგორც უცხოს. თქვენ გყავთ ძმა? – გარდაცვლილი… წარმოდგენა არ მაქვს, მე რატომ მიყვებით ამას… – მე მგონია, რომ გაქვთ. – თვალი კარგად გაუსწორა რენემ. ზუსტად წააკითხა თავისი ფიქრები ფერდაკარგულ კაცს. – გუშინწინ ფული ვისაც მიეცით, ეგ ფული თვითონ თქვენ ვინ გადმოგცათ? – მე… – ერთ ადგილას შეწრიალდა დამნაშავე, საშველად ვიღაცას იხმობდა თვალებით და არავინ იყო ირგვლივ ისეთი, ვინც გადაარჩენდა ამ კაცის თვალებისაგან, გადაშლილი წიგნივით რომ კითხულობდა. – არ გინდათ ტყუილი, ყველაფერი ვიცი. თქვენი დაშინება რომ მინდოდეს, არც ეგ ამბავი შემეშლება. სიმართლე მაინტერესებს. ვის მიჰყიდეთ ბავშვი შენ და სოსო ოდიშელმა? – ამას არ ავიტან! – ფეხზე წამოვარდა უცებ გერაძე, შემდეგ თავბრუ დაესხა და სავარძელში ჩაეშვა ისევ. ტუჩები გაუთეთრდა მთლიანად. – ხვდებით… ხვდებით რაში მდებთ ბრალს?! – იცით, რომ სახელმწიფო ორგანოს ვერაფერს დაუმალავთ? – დაანახა თავისი ნიშანი რენემ, ამაზე ხომ მთლად გადაირია კაცი, – ისედაც, ვის დააჯერებთ, რომ პატიოსანი შრომით ააშენა ამხელა სახლ-კარი კლინიკის დაცვის თანამშრომელმა? – ჩემი შვილები… – ერთი გათხოვილია გერმანიაში, მეორე სხვათაშორის, წვირლმან ხულიგნობაზე იჯდა სამი წელი. ეტყობა, არ იცის საკუთარი შრომით მოპოვებული ფულის ფასი და სხვის ჯიბეზე ხელის გაწევა უმარტივდება… – თავი გვერდზე ცივი ღიმილით გადახარა რენემ. – სიმართლე თქვი. თუ ვინმემ გაიძულა, იმ ადამიანის სახელი და გვარი თქვი… – ბიჭი არ ყოფილა, – უკანაკსნელ იმედს ჩაეჭიდა ვახო, სავარძლის სახელურებს ისე ჩააფრინდა, თითებიც გაუთეთრდა. – ზუსტად ვიცი, ბიჭი არ ყოფილა! რაღაც გეშლებათ, იმ დღეს ერთი ახალშობილი მართლა გარდაიცვალა, ბიჭი… ის, ვინც გასხვისდა გოგო იყო… მეტი არაფერი ვიცი, ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს. გაჩუმების გარდა არავის არაფერი უთხოვია! – ცოტა ხანში პოლიცია მოგაკითხავს, – ფეხზე წამოდგა რენე. სისხლი ისე უდუღდა, თითქოს ვინმეს ჯოჯოხეთის ცეცხლზე შემოესვას. ზიზღის გარდა აღარაფრის განცდა შეეძლო უკვე მის გულს. – იმას, ვისთანაც ჩემი წასვლის მერე დარეკავ, გადაეცი, რომ მე თვითონ მივაკითხავ! ბორბლების ჭრიალით მოსწყდა მანქანა ადგილს. სინათლეზე უფრო ჩქარა გაქროლდა რენე თბილისისაკენ. ოთოს გადაურეკა მაშინვე. – ცოტა ხანში სოსოსთან დარეკავს. – საკუთარი ხმა ძლივს იცნო განერვიულებულმა. – აღიარა? – ეფემიასთან მიდი და ჩემთან მიიყვანე. გარეთ დაცვა დატოვე. მეც მივალ ცოტა ხანში. – ღრმად შეისუნთქა მერე ჰაერი ფილტვებატკივებულმა, – არ აღიარა ბოლომდე, გოგოაო გაიძახის. ბიჭი მართლა მკვდრადშობილი იყო, გოგო გასხვისდაო. ტიპს თავისი დანაშაული მოვუყევი და თავი იმით იმართლა, რო ჩემი კი არა, სხვისი გააშვილეს. სად ნახა ამდენი დებილი ერთად ამ კაცმა, სად, სად! – დაწყნარდი ახლა და ისე მითხარი, მართლა შენთან მივიყვანო ის გოგო? – აბა რა უნდა ქნა, რას მეკითხები? რამე მოიფიქრე. უთხარი, რომ მე სახლში არ ვარ და წამოგყვება.. მოსე მგალობლიშვილს ყველაზე უკეთ გამოსდიოდა უცხო ადამიანებთან საერთო ენის გამოძებნა. დარწმუნების ნიჭით დაჯილდოებული ნამდვილად არ იყო, უბრალოდ, იმდენი ლაპარაკი შეეძლო, აზროვნების და წინააღმდეგობის გაწევის ძალა აღარ რჩებოდათ ხოლმე მასთან მოსაუბრეებს და ბედს ნებდებოდნენ საბოლოოდ. როგორღაც მოახერხა და ლენასთან გაიტყუა ეფემია. ქალებსაც თვითონ დაუდგა დარაჯად თავისი ერთადერთი ექვსსიმიანი იარაღით. ეფემიას დანახვამ რიტას ის დრო გაახსენა, როცა ჯერ კიდევ ბედნიერება შეეძლო. ათასფენიანი სინანულისა და გულისტკივილის ნაცვლად შვება იგრძნო ქალმა. მოეფერა და გულში ჩაიკრა მონატრებული, საერთოდ გამოცვლილი მია. – ქუჩაში რომ შემხვედროდი, ვერ გიცნობდი! – ათასჯერ დაატრიალა თავის წინაშე. ასეთი ბედნიერი ბოლოს როდის ნახა თავისი ქალიშვილი, ვეღარც ლენა იხსენებდა. – მე გიცნობდი, რიტა დეიდა. ისე მიყვარდა თქვენი გაკვეთილები, ისე… – შენი ბედოვლათი ძმაკაცი სადაა?! – მოსიკას გადაუჩურჩულა ლენამ ხმადაბლა. თითქოს რენეს სახელი რომ გაეგონა მის საყვარელ სტუმარს, სახლიდან გაექცეოდა. – მოქრის შენი მერანი, ლენა. – თვალი ჩაუკრა მოსიკამ შეთქმულივით, – ბადეში გახლართული მტრედივით ფართხალებს ბედის წინაშე. – შენც ასე ფიქრობ , ხომ? – თვალები მოწკურა ქალმა და ეფემიას გახედა ფარულად. – შენ როდის უნდა დაანებო გიჟ მუზიკანტობას თავი? – რას კადრულობთ, ქალბატონო, – წაიღიღინა და გრძელი, თლილი თითები უცებ გადაატარა სიმებს, სასიამოვნო ჰანგები გაჟღერდა სახლში. – არასოდეს, არასოდეს… – არავინ გამოგყვება, შვილო, ცოტა თუ არ დასერიოზულდი. – სერიოზული რომაა შენი შვილი, იმიტომაც ჩააცვა ამ გოგოს თეთრი კაბა. ლენა, მე შენ ასეთი ტრადიციული არ მეგონე! – პრისტუპნიკ! – შუბლზე ტკუცა მოხუცი ხელი ქალმა და გაუღიმა მერე ძალიან თბილად, – სად არის, რაღაც ხდება, ხომ? – ო, ლენა, ლენა… ო, ლენა, ლენა… – პასუხისგან თავის ასარიდებლად მინაბული თვალებით წაუღიღინა მოსიკამ, ხელი ჩაიქნია ქალმა, – ო, ლენა, ლენა, ლენა, რანუნი… – ღმერთო, მე აღარ მეშველება და ამას მაინც უშველე, ახალგაზრდაა ჯერ, – ორივე ხელები ცისაკენ აღაპყრო ლენამ. რენეს სახლში მოსვლა ყველამ იგრძნო. სინამდვილეში, ყველა შეუმჩნევლად და თავისებურად ელოდა მის გამოჩენას. თითქოს სისრულე აღდგა, როდესაც კარი შემოაღო და ნაცნობი ნაბიჯების ხმა გაისმა სახლის კედლებში. მისკენ მიაბრუნა სახე მიამ. აშლილ სახესა და ამღვრეულ თვალებში ეტყობოდა კვალი, რომელსაც სიმშვიდე ვერ დატოვებდა. თვითონ რომ აქ იყო და არც მოსიკა მოშორებიათ გვერდიდან, ესეც ხმადაბლა ეჩურჩულებოდა უხილავი საფრთხის შესახებ დაუჯერებელ ამბებს. -მშვიდობაა, დედა? – რიტამ ამოიღო ხმა. ისეთი შეცვლილი ეჩვენა, ისეთი ძველებური და ბედნიერი დედის ბგერები, რომ წამიერად ისიც კი გაიფიქრა მაისურაძე რენემ, ბოლო თვრამეტ წელს საერთოდ არ გაუვლიაო. ძალიან ცუდი სიზმარი ნახა ხანგრძლივი ძილის შემდეგ და ოთახიდან იარაღის გამოსატანად არ მოსულა სახლში. – რაღაც სპეცოპერაციაა დაგეგმილი, – გზაში კარგად დალაგებული ტყუილი მოახსენა მსმენელებს, – თქვენი სახლიდან გასვლა არაფრით არ შეიძლება. გარეთ დგას დაცვა. ჩემ მოსვლამდე სახლში არავინ შემოვა და არავინ გავა. გასაგებია? – რა სპეცოპერაცია, შვილო, სად მიდიხარ? – ღონე გამოეცალა რიტას. ლენამაც დაუწყო ძებნა წამლების ყუთს. მიაც უნებურად დაიძაბა. თვალებით გააპროტესტა მანაც აქედან რენეს გასვლის ამბავი. – დედა, საქმეა. საქმე მოითხოვს ასე. – და ჩვენ რატომ გვემუქრება საფრთხე? – თავი ვერ შეიკავა მის მკაცრ ტონზე ეფემიამ. ოჯახის წევრები მის გამო ნერვიულობდნენ და ნორმალურად მათთვის პასუხის გაცემაც კი არ სურდა, რანაირი ადამიანი იყო საერთოდ. – რამე გაუგებრად ვთქვი? – წარბები აზიდა და თავის ოთახში შევიდა სასწრაფოდ. ლენა მიჩვეული იყო უკვე მის „საქმეებს“. ფეხზე წამოდგა ეფემია და მოკიდა თავის ჩანთას ხელი. მოსიკამ ისე გააყოლა მზერა მის მოქმდებას, თითქოს ნაღმზე დაიწყო ქალმა სიარული. ჩუმად გააპარა მზერა ოთახიდან გამოსული რენესაკენ. თეთრი პერანგი ჩამოეფარებინა ქამარში ჩაჩრილი იარაღისათვის. კარისკენ წასულს უკან გაჰყვა ეფემიაც და სამი წყვილი დაძაბული მზერაც. -შენ სად მოდიხარ? – სახელურს ჩამოეყრდნო ცალი ხელით. ისეთი მკაცრი გამოხედვა და ხმა ჰქონდა, არ ესიამოვნა ეფემიას. -სახლში მივდივარ. კარი ზურგსუკან მიიხურა რენემ და ზედ მიეყრდნო. ოთახში გასუსულიყვნენ დანარჩენები. ძალიან ცდილობდნენ ყური არ მიეგდოთ მათი საუბრისათვის, მაგრამ დაძაბული სუნთქვის ხმაც კი გარკვევით ისმოდა გამოყრუებულ კედლებში. – არავინ გავა დღეს აქედან. შენც გეხებოდა ეგ სიტყვები. – რატომ? – მთელი გამბედაობა დასჭირდა ყელის მოსაღერებლად, – შენს პრობლემებთან მე არაფერ შუაში ვარ. აქ დარჩენა არ მინდა. რენეს გაეღიმა. -რატომ? მე რომ გთხოვ იმიტომ? – არ გითხოვია შენ არავისთვის არაფერი. – ძალიან ბავშვურად გამოგდის ურჩობა, – გასწორდა და მოეღრუბლა ისევ სახე. – შენ ხომ ჭკვიანი გოგო ხარ, უნდა ხვდებოდე, როდის უნდა დაუსვა ადამიანს კითხვები. მაშინ არა, როცა გარეთ შენს დასაცავად დაცვას აყენებს. გავიგეთ?! მაგრად დააჭირა კბილები მიამ ერთმანეთს. ახლა ხმა რომ ამოეღო, კიდევ რამე ისეთს ეტყოდა, რის გამოც უფრო სულელურ მდგომარეობაში ჩააყენებდა. ჩანთა გამოართვა რენემ ხელებიდან. იქვე ჩამოკიდა და ხელით ანიშნა, შებრძანდიო სახლში. -მოდი, მოდი, – ოთახიდან გამოსძახა მოსიკამ, – არ მოგაწყენ… . სინათლეზე სწრაფად ვრცელდება ცუდი ამბები თბილის ქალაქში. ღამე უფრო უმოწყალო ხდება მათთვის, ვის თავზეც შეკრებილან ავდრის ღრუბლები. შეხვედრა იგეგმებოდა მაისურაძე რენესი სოსო ოდიშელთან. იქნებ ჰქონოდა ახსნა საკმარისი, რის გამოც ვერ მობედა აქამდე მის სიახლოვეს თავის სამართლებლად. იქნებ რამეს შეემსუბუქებინა შენახული საიდუმლოთი დამძიმებული დანაშაული. -ამ სიჩქარით თუ აპირებ ტარებას, მიქელ-გაბრიელთან უფრო მალე მივალთ, ვიდრე სოსო ოდიშელთან. – ყველაფერს ეჭიდებოდა ოთო, რაზეც ხელის მოკიდება იყო შესაძლებელი, სული უკან რომ არ მოეტოვებინა ამ სიჩქარით მიმავალ მანქანაში. – არ მინდა სიკვდილი, ცოლი მყავს მოსაყვანი… – შეიძლება, რო გოგო იყოს? – ისე ლაპარაკობდა უკვე, გეგონებოდათ ბოდავდა. თვალს ერთ წერტილს არ აშორებდა. ხმა ჰქონდა მონოტონური და უსიცოცხლო. – შეიძლება ეგეც მოგვატყუეს, ოთო… – მივალთ ახლა და გავიგებთ. შეანელე ცოტა, ბიჭო! – არ აღიარებს, – ოდნავ აუშვა გაზს ფეხი რენემ, იმ მომენტში გაანალიზა, რომ ცივი ოფლი ასხამდა შუბლზე, – რაღაც გამოგვრჩა შეიძლება… არ მეტყვის სიმართლეს, თავს მომაკვლევინებს… არ მინდა კაცის მკვლელი რო გავხდე… – ნუ ლაპარაკობ სისულელეს! ნაკაშიძესთან დავრეკავ, ხო იცი, ეგ ყველას იცნობს. დაგვეხმარება. ვინ უნდა იყოს იმხელა გაქანების, დადას რო დაეჯახოს? ერთი ნახევარი სისტემის შენ გიცნობს, მეორე მაგას… ისე ჩასვამენ ციხეში, გააზრებას ვერ მოასწრებს. – რა ციხე… ის მიწა უნდა ვაჭამო, რომელზეც დედაჩემი უსამართლოდ ატირა, – თვალები ჩაუწითლდა უკვე ბრაზისაგან. სოსოც ხვდებოდა, რომ გერაძის შემდეგ მისი რიგი დადგებოდა სწორედ. თავის შვილს დაუწყო ძებნა მაშინვე. არც სახლში იყო ეფემია და არც მის ზარებს პასუხობდა. ნინოსთვის და მაკასთვის სიმართლის გამხელა საკონტროლო გასროლა იქნებოდა ისედაც ჯოჯოხეთურ ომში ჩაბმულისათვის. ის იარაღი, ხელში რომ ეჭირა, სჯობდა ალბათ აეღო და საკუთარ შუბლში გაესროლა, მაგრამ რაღაც ძალამ შეატოვა ცოტაოდენი გამბედაობა და კაცობა, თვალი წამით მაინც გაესწორებინა საკუთარი შეცდომებისათვის. სასაფლაოზე ელოდა რენე. დიდი ხანია აქ არ ყოფილა. იმ ამბის შემდეგ მშობლების საფლავზე მოსვლასაც ვეღარ ბედავდა სულდამახინჯებული სოსო ოდიშელი. მათთვის თვალებში ჩახედვისაც რცხვენოდა. ვერაფრით აუვლიდა გვერდს ვერც მაისურაძეების სასაფლაოს, სადაც საკუთარი ხელით მიაყარა მიწა ამ ოჯახის ბედნიერ ცხოვრებასაც და საკუთარ ღირსებასაც. მარტო რომ მივიდა, ეს კიდევ ნიშნავდა რაღაცას. რენეც მარტო იდგა შესასვლელთან. გულზე დაეკრიფა ხელები. უკუნით სიბნელეში ლურჯად ირეკლავდა მთვარის სხივებს მისი თეთრი პერანგი. მთელი ცხოვრება თეთრი ხალათი ეცვა სოსოს და ასეთი სუფთა მაინც არ იყო თავისი. ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ნანობდა ყველა შეცდომას და სინანულიც ისეთივე გვიანი იყო, როგორც მისი ნაფეხურები ამ სასაფლაოზე. დაგვიანებული, უსარგებლო და არასაჭირო. – მია შენ გყავს? – თავის შვილს მიადგა პირველად მისი სასოწარკვეთილი გონება. – მე არ მყავს, ჩემთან არის. – თავშეკავებისგან უცახცახებდა სხეული რენეს. – ჩემი ძმა შენ გყავს? – მომისმინე… – ხელი ისე აღმართა მათ შორის, თითქოს ვინმე მიიწევდა მისკენ საცემად. ადგილიდან არ დაძრულა რენე. თავისი ცოდვებიც ეყოფოდა ამ კაცს თავდასასხმელად. – ტყუილების ლაპარაკი და თავის გამართლება აღარ გაბედო, თორემ აქვე დაგაკლავ. მთელი ეს დრო მოგეცი ჩემთან მოსასვლელად და სიმართლის საღიარებლად. ყველა შანსი ხელიდან გაუშვი. არაფრად ჩამაგდე. კიდევ ბინძური თამაში გააგრძელე. რისი გეშინია, ეჭვი გეპარება, რომ მია ჩემთან უფრო უსაფრთხოდ იქნება, ვიდრე შენთან? სხვისი შვილების გამყიდველთან? – მე არავინ გამიყიდია! – ნუ მატყუებ-მეთქი! – ხმადაბლა, თუმცა ძალიან ნელა და გარკვევით წარმოთქვა რენემ სიტყვები. – ნუ. მატყუებ. სიმართლე მითხარი და არ მოგკლავ. მითხარი სიმართლე და შენს შვილს ისე გადავმალავ, ისინი კი არა ვერც შენ იპოვი და ვერც მე. – შენ იმათ არ იცნობ! შენ არ იცი, ვისთან გაქვს საქმე! – ეს შენ არ იცი, ვისთან გაქვს საქმე. – თუ გინდა, მომკალი… მე რომ ახლა ხმა ამოვიღო, მე რომ ახლა სიმართლე ვთქვა, ჯერ შენ მოგკლავენ და მერე ჩემს შვილს! ომს იწყებ… – და რას მთავაზობ, მშვიდად დავჯდე და ისე ვიცხოვრო, თითქოს სადღაც ვიღაცა ჭკუიდან გადასული კრიმინალის ოჯახში არ იზრდება ჩემი ძმა?! შენს შვილს არავინ შეეხება. ჩემზეც შენ ნუ იდარდებ. მამაჩემს იცნობდი… ერთ სუფრაზე ვისხედით ყოველ ახალ წელს. ერთად ამბობდით ოჯახის, ცოლის და შვილების სადღეგრძელოებს… – გაჩუმდი. მე სხვა გზა არ მქონდა! მე სხვა გზა არ მქონდა! – მუხლებზე დაეცა მის წინაშე კაცი. – ჩემ გამო არ შემშინებია არც მაშინ და არ მეშინია არც ახლა! შენ არაფერი იცი! არა! არა! – თვალებში შემომხედე და მითხარი, რო მამაჩემიც იგივეს გააკეთებდა შენს ადგილას და დავიჯერებ, რომ დარჩა შენში რაღაც ისეთი, რაც პატივისცემას იმსახურებს. მითხარი! – მე არ ვიცი, რას იზამდა მამაშენი. ჩემი შვილისთვის გავაკეთე… ეფემია… – ნუ იტყუები! მიას შენი შვილობის არაფერი ეტყობა. ნუ ამბობ, რო მისთვის დაგჭირდა ამხელა სიბინძურე. არ დავიჯერებ მაგ სისულელეს! – მია ავად იყო, შენ არ იცი. არავინ იცოდა…. – ხმა გაებზარა კაცს, – ამ საქმეს ხელი მის გამო მოვკიდე… ბავშვობიდან ავადმყოფობდა. არ გახსოვს? ეზოში თამაშს სულ ვუკრძალავდით, მისი გულისთვის დაღლა არ შეიძლებოდა. ეს.. ეს კაცი დამეხმარა წამლებით, მაგრამ არ იყო საკმარისი. გესმის რას გეუბნები? გულზე ოპერაცია სჭირდებოდა. მოკვდებოდა. არ მეგონა ამხელა საფასურს თუ მომთხოვდა. არჩევანი უნდა გამეკეთებინა. ოცი ათასი დოლარი მაშინ დიდი ფული იყო. მე არ მქონდა! მე და მაკა.. – მატყუებ, – სიცილით გადააქნია რენემ თავი, მუხლები მოხარა და თავზე შემოიწყო ხელები. საერთოდ შეეშალა სახე. – მატყუებ! ნუ მატყუებ! – დღე და ღამე ვმუშაობდით. წამლებისთვის რომ ყოფილიყო საკმარისი, წამლები რომ ყოფილიყო საკმარისი… შვილი მიკვდებოდა… დავთანხმდი. დავთანხმდი! დავთანხმდი! თავი რომ მომეკლა, მოკვდებოდა ჩემი შვილიც, თორემ მოვიკლავდი, დავისვენებდი. სხვანაირად არ შემეძლო. ბიჭი უნდა აეყვანათ, მაგრამ ვერ გადარჩა ის ბავშვი. არ ვატანდი შენს დას… – რა… რას ამბობ? – გულზე მიიჭირა ხელი გაოცებულმა. რაღაც სულისწამღებად ძლიერ გრძნობას სისხლის მთლიანად გამოწურვა უნდოდა თითქოს იქედან. ოთოც გადმოვიდა მოშორებით მდგარი მანქანიდან. ვეღარ გაეგო, რა უნდა მოემოქმედებინა ასეთ დროს. ელვაზე უფრო სწრაფად ენაცვლებოდნენ ერთმანეთს კადრები. – გოგო გაჩნდა. ჯანმრთელი, – ორივე თვალიდან გადმოყრილი ცრემლები მოიწმინდა სოსომ. – მე არ მინდოდა… ამის გაკეთება არ მინდოდა… ისე უცებ შემოცვივდნენ მანქანები სასაფლაოს შემოსასვლელთან, რომ დრომ მოშლილი საათივით სწრაფად დაიწყო წამების დათვლა. -რენე, დაწექი! დაწექი დროზე! – ოთო აყვირდა მეორე მხრიდან. ტყვიებმა მაშინვე გადასერეს მკვდრების ნასუნთქი ჰაერი. ჩაამსხვრიეს მანქანის ფანჯრები მთლიანად და რენესთვის განკუთვნილ ყოველ ტყვიას სოსოს სხეულმა შეუქმნა ბარიერი. სისხლის ტბა დადგა მაისურაძე რენეს ფეხებთან. სისხლს აფურთხებდა უკვე ოდიშელი. თვალებიც სულ ჩაუწითლდა სიკვდილისათვის მზერა გასწორებულს. მაგრად მოუჭირა ხელი რენეს. -არა… არა… – შეშლილივით იმეორებდა ერთსა და იმავეს, ორი ხელი არ კმაროდა მისი ჭრილობების გადასაფარად რენეს, – არ მოკვდე, გავგიჟდები! – ვაჩნ… – პირში ენის მობრუნებას ცდილობდა სოსო, ხროტინს ამოჰქონდა მისი უკანასკნელი ბგერები, – ვაჩნაძე… ტასო… მიაკო… მიაკოს… – არა! არა! არა! – ჭკუიდან გადასულივით ერთსა და იმავეს იმეორებდა რენე. – ოთო, დროზე სასწრაფოში დარეკეთ! უკანასკნელად ამოიხროტინა სოსომ და თავი უსულოდ გადააგდო გვერდზე. გული ერეოდა სისხლში ამოსვრილი საკუთარი ხელების დანახვისას რენეს. მარჯვენა მხრიდან თვითონაც თქრიალით სდიოდა სისხლი. ტყვიების წრიალი დიდი ხნის წინ შეწყდა ჰაერში, თუმცა მას მაინც გაბმულად ჩაესმოდა მათი გამაყრუებელი ხმა. იმაზე ხმამაღლა, ვიდრე ის სახელი და გვარი, უკანასკნელ სიტყვებად რომ დასცდა სოსო ოდიშელს, მაინც და მაინც მის ხელებში სულდალეულს. . – მიაკო, ნუ დარბიხარ, ხო გითხრა მამამ არ ირბინოო? – კუდში დასდევდა ნინო პატარა დას. სიცელქის საშუალებას არ აძლევდა. – მერე ჩქარა სუნთქავ და გული გტკივა! – გული მაშინაც მტკივა, როცა არ ვთამაშობ! – წარბებშეყრილი მიუბრუნდა უფროს დას. ლურჯი თვალები უელვარებდა ბრაზისაგან. – რამე ისეთი ვითამაშოთ, რომ არ დაიღალოს… – ვერ იგებდა რენე, რომელ ბავშვს სტკიოდა გული თამაშისგან? – არ ვიღლები მე! – ფეხი რამდენჯერმე დააბაკუნა ეფემიამ. გულზე გადაიჯვარედინა ხელები. – არ მტკივა გული! იგონებს! . აივანზე იჯდა მია. ფეხები რიკულებს შორის გადმოეყო და ასე აქანავებდა ჰაერში, მზვერავივით იჭყიტებოდა ჩუმად, აქედან მთელი ეზო ხელის გულზე მოჩანდა. ნეტავ დედა და მამა მალე მოვიდნენ… დედა ტკბილეულს უკრძალავს, მამა ბალიშის ქვეშ ერთ ცალ კანფეტს უტოვებს ხოლმე ჩუმად. ორივე უყვარს მიაკოს, მაგრამ როცა ბალიშის ქვეშ კანფეტი ხვდება, მაშინ მამა ცოტა უფრო მეტად უყვარს ხოლმე…. სად არიან დედა და მამა, ნეტავ მალე მოვიდნენ… „ღამით როდესაც ამოდის მთვარე, შენი ჩრდილები ჩემს გულზე წვება” ტყვიები გაუჩერებლად წუოდნენ ისევ. კადრები დაუსრულებლად ტრიალებდნენ გონებაში, როგორც იმ ბავშვის ტუჩები, რომელიც გაუაზრებლად იმეორებს გაკვეთილს. ხუთი ტყვია ამოაცალეს გულ-მუცლიდან სოსო ოდიშელს. კართან, თავის ცოლთან და შვილებთან ერთად, დაუპატიჟებლად ატუზული მისი გადარჩენის იმედიც იცდიდა. სასწაულის იმედი, რომელიც გვერდიდან არ შორდება ცოცხლებს მანამ, სანამ ვიღაც ხმამაღლა და სიცოცხლით დამძიმებული თავჩახრილი არ იტყვის, რომ სიკვდილმა ერთი ნაბიჯით დაასწრო სასწაულს… ხომ ხშირად გაუღია ამ იმედისთვის თავისი საოპერაციოს კარი სოსო ოდიშელს. რამდენი ადამიანი გამოსულა იმ ოთახიდან მისი წყალობით ცოცხალი ანდაც გაცოცხლებული. რამდენი… რამდენი… რამდენი… და ერთის ცოდვამ შეიწირა მაინც და მაინც აღმართზე მიმავალი. თავისი გასროლილი ქვა წამოეწია ისევ საბოლოოდ. დიდი ხანია არ ენახათ ერთმანეთი მაკას და რიტას. რაღაც საერთო ძაფი გაიბა მათ შორის. იმ წამს არავინ ფიქრობდა იმ ამბავზე, თუ რატომ შეხვდნენ ერთმანეთს ტყვიებით დასერილი ცის ქვეშ რენე და სოსო. აქაც იმედი დარაჯობდა მათ გონებას, არ უშვებდათ შორეულ, სიმშვიდის მძარცველ ფიქრებში სატანჯველად მოუმზადებელ ქალებს. ენა გადაეყლაპა ყველას. რაღაც საერთო გლოვის რიტუალს ჰგავდა იმ სიჩუმეში გამორეული ჩუმი ტირილი და ცრემლები იმ ქალის, ვინც თავის შვილსაც დასტიროდა და იმ კაცსაც, ვინც ახალშობილი მკერდიდან ძლივს გადატანილი წლების წინ. ისევ თავისი შვილის გულისთვის. ის გული ძგერდა ყველაზე ძლიერ და ხმამაღლა იმ დერეფანში. მხოლოდ მის გამო იკავებდა მაკა ხმამაღალ ტირილს. იცოდა ისედაც, გრძნობდა მისი დაქვრივებული გული ყველაფერს. გარდაეცვალა მეუღლე… იგრძნო, როგორ გამოეცალა ძალა მხარში. უფრო უარესი რა უნდა მომხდარიყო მის თავს.. რა უნდა ყოფილიყო ამაზე უფრო აუტანელი… -სად მიდიხართ? – ექთნის ყვირილის ხმა გამოვარდა რენეს პალატიდან, – არ შეიძლება თქვენთვის ფეხზე ადგომ! გაიგონეთ, სისხლდენა… კარი გამოიღო და გამოჩნდა რენეს სხეულიც. შეხვეული მკლავიდან უკვე გამოეჟონა სისხლს. ექთნის მონდომებას ყურადღებას არ აქცევდა. ამქვეყნიერებიდან ამოშლილი თვალებით იმას ეძებდა, ვინც ზურგშექცევით იჯდა მისგან, მხრებში ისე მოკუნტული, როგორც ბეღურა სუსხიან ამინდში. მიასკენ გადადგმულ რენეს ნაბიჯს შეეწირა ნინოს მოთმინებაც. ეშმაკი ჩასახლდა თითქოს ამ ქალში. ჯოჯოხეთური ხმა ამოუვიდა პირიდან. – შენი ბრალია! შენი, შენი, შენი! – გამწარებული, მუშტებმოღერებული მიიწევდა რენესკენ, რომელსაც არ შეუნელებია სვლა თვალებდამრგვალებული ეფემიასკენ. გაოცებისაგან დამუნჯდა ყველა. – გრძნობდა, იცოდა, ვინც იყავი! იცოდა, რამხელა საფრთხე იყო შენი არსებობა ჩვენს ცხოვრებაში, იცოდა! – თავის დას მიუბრუნდა მერე გაბოროტებული, იმ წამს უნდოდა ყველას ისე სტკენოდა გული, როგორც თვითონ სტკიოდა. საკუთარი წუხილი ეგონა ყველაზე მძიმედ სათრევი, – რამდენჯერ გაგაფრთხილა, რამდენჯერ გთხოვა, გოგო, თავი გაანებეო! – ნინო, გაჩუმდი იცოდე… – არც დედის მიხდენილი ხმა ესმოდა. სისხლი სდიოდა ცრემლების მაგივრად თვალებიდან. – ეგოისტო, მთელი ცხოვრება შენ შემოგწირა, შენ რომ გეცოცხლა! – პირზე აფარებდა უკვე მაკა ჭკუიდან გადამდგარ უფროს ქალიშვილს ხელს. – ერთადერთხელ გთხოვა რაღაც, ერთადერთხელ შეგეხვეწა! რანაირად ხარ ასეთი ეგოისტი, რანაირად! რა ჯანდაბა ყრია იმ სახლში, ან რა ჯანდაბად გინდა ეს კაცი… მიდი და იყავი ახლა ბედნიერი! იქნები?! მაგას შეეწერა მამაშენის სიცოცხლე, მიდი, მიდი! შენი ბრალია! შენი! – ოთო, გააჩუმე ეს, – ცალი ხელით მოისრისა რენემ თვალები. ჯანსაღი მხრით მიეყრდნო კედელს. თავი ისე სტკიოდა, ეგონა ერთიანად იფეთქებდა მისი სხეული. – არ გავჩუმდები არასდროს! არასდროს! სულ შეგახსენებ, ვისი დამსახურებით ხარ ცოცხალი! რა გინდოდა, რა! რა ჯანდაბა გინდოდათ იქ… შენთვის იყო ის ტყვიები, შენ უნდა მოეკალი, შენ! – ნინო! – რა, დედა, რა! მოკვდა შენი ქმარი, – ხმა აუკანკალდა ბოლოს და ერთიანად მოსწყდა, – ამის გამო მოკვდა, ამას რომ ეცოცხლა, მაგიტომ… ამის გამო აღარაა მამაჩემი ცოცხალი. ამის გამო აღარ. ამის გამო. ამის. ამის… – შენი გულისთვისაც, – მკერდზე მაგრად მიადო ხელი მაკამ თავის შვილს, – მამაშენმა ზუსტად იმდენი გააკეთა, რამდენიც შენი დის გულისთვის. – შენი ქმარი მოკვდა. – დედის სახეზე აღბეჭდილი ტკივილი არ ჰყოფნიდა ნინოს, ბუტბუტებდა გაუჩერებლად ერთსა და იმავე სიტყვებს, – შენი ქმარი აღარ არის. შენ მაინც მე მიკონტროლებ სიტყვებს, დედა… შენ ხომ იცი… არ ჰქონდა უფლება ასეთი ეგოისტი და თავნება რომ ყოფილიყო… – მაპატიე, – ძლივს ამოიღო ხმა მიამ. სხეული სტკიოდა უკვე რენეს, თითქოს ვიღაც ნაწილ-ნაწილ აგლეჯდა კანს, ისეთი დაუთმენელი იყო უსამართლო ბრალდებების მოსმენა. და ეფემიას ხმაში გარეული ცრემლები. მიეხუჭა თვალები იქვე. მიეყრდნო კედელს ჯანსაღი მხრით. შემდეგ ნინოს ისე შეხედა საკუთარმა გულცივობამ გააკვირვა ჭირისუფლის თანაგრძნობა რომ ვერ შეძლო. ისე უხმოდ გაიარა ეფემიამ დერეფანი, თითქოს მისი ფეხები საერთოდ არ ეხებოდნენ იატაკს. ეს გული რაღაც საერთოდ არ აწუხებდა. ისე მსუბუქად გრძნობდა თავს, თითქოს ცუდი არაფერი მომხდარა. ასე ეგონა, სული ამოუვიდოდა და ჰაერში იფარფატებდა. მამამისი მოკლეს? გამორიცხულია. არ მომკვდარა. რანაირად უნდა მომკვდარიყო მამამისი. ახლა რა უნდა ქნას? წარბებშეყრილი მიაშტერდა ჰაერში აწოწილ ფიჭვის ხეებს. მეგობრებს უნდა უთხრას, მამა აღარ მყავსო? ვინ დაიჯერებდა. სამსახურში უნდა დარეკოს და უნდა უთხრას, მამაჩემი მოკვდა და ვერ მოვალო? რა მიზეზია… ან ვინ დაუჯერებდა. რატომ ვერ ტირის? რატომ არ სტკივა ისე ძალიან, თვითონაც რომ ნინოსავით იყვიროს ხმამაღლა. ამ გულის ტკივილმა მთელი ბავშვობა გაუმწარა – მია არ ირბინო. მია არ იტირო. მია არ ითამაშო. მია ძალიან ხმამაღლა არ გაიცინო. არ იცეკვო, კიბეებზე ჩქარა არ ახვიდე. ახლა რატომ არ სტკიოდა… ახლა უნდა სტკენოდა ისე ძალიან, რომ ვერ ამოესუნთქა. რა უმკურნალეს ასეთი… სოსო მოკვდა? ალბათ, ტელევიზორშიც იტყვიან და ინტერნეტშიც დაწერენ. ისე სულელურად ჟღერდა… მართლა რენეს ბრალია?! მღელვარე ტალღა მუცელში მოაწვა უეცრად. – არ შეიძლება შენი ფეხზე დგომა, – ინსტიქტურად გაიმეორა გამწარებული ექთნის სიტყვები მიამ. მერე თვალი მოარიდა. – შედი… – არ მკითხავ რა მოხდა? – მეორე ხელით ეჭირა მტკივანი მხარი. სუნთქვა უჭირდა უკვე. – უკითხავადაც ყველას აინტერესებს, რა მოხდა. – დერეფანში დაფანტულ ოჯახის წევრებს და ნაცნობ სახეებს გახედა. ისევ ჰაერში გრძნობდა თავს. – სიმართლეს მეტყვი? არ მეტყვი. კეფით მიეყრდნო რენე კედელს. თვალები მიეხუჭა. იქნებ სჯობდა თვითონაც კუბოს კარამდე ეთრია სოსოს საიდუმლო. – არ დავუჯერე. – თავი სიმწრის ღიმილით გადააქნია და იკბინა მაშინვე ტუჩზე. კალთაზე დაეცა უშველებელი ცრემლები, – მეუბნებოდა – „არ შეიძლება“ და ეს მაბრაზებდა. რატომ არ შეიძლება?! პატარა ხომ აღარ ვარ, ხომ ვისწავლე ისე მოქცევა, გული რომ აღარ მეტკინოს… იმის ნაცვლად რომ მიზეზი ეთქვა, ადგა და სახლი გადაწვა. ვერ მითხრა. უნდა მეფიქრა, რომ არსებობდა რაღაც წარსულში ღრმად დამარხული და მიწამიყრილი ამბავი, რის გამოც ყველამ მიატოვა იქაურობა. უნდა მეგრძნო… მეც ხომ მქონდა იქაურობის შეზარების მიზეზი? როცა იმ სახლიდან გადავედით, გულიც მომირჩინეს, ნელ-ნელა თამაშიც შემეძლო, სირბილიც და ხმამარლა სიცილიც ისე, რომ დაფეთებული თვალებით არ მიყურებდნენ ჩემი მშობლები, როცა მე ბედნიერი ვიყავი. მაგრამ სადაც ყველაზე მეტად მაკლდა, მაინც და მაინც იქ მინდოდა სიცილიც და ბედნიერებაც. უკან რომ არ მიმეხედა, იქნებ მართლა გადარჩენილიყო. მე რომ ზედმეტად არ მექექა წარსული… არ მქონდა ურჩობის უფლება. ურჩობა რომ შემიძლია, ესეც იმ კაცის დამსახურებაა, ვის ვერც სიკვდილს და ვერც დაშვებულ შეცდომებს თვალს ვერ გავუსწორებ ვერასდროს. იმიტომ რომ მეშინია… ხმა აემღვრა მიას. შეკავებულმა ცრემლებმა გაუჭედეს სასუნთქი გზებიც. იმ ძველი გულის ფეთქვა იგრძნო, რომელსაც ტკივილი შეეძლო. მაგრად აჭერდა რენე კედელს თავს. შუბლი სტკიოდა, ისე მაგრად აწვებოდა ტვინში ძარღვებში ათქრიალებული სისხლი. – მარტო მისი სიკვდილის კი არა, რისი გამხელისაც რცხვენოდა, იმ შეცდომების მიზეზიც მე რომ ვიყო… მეშინია… – შენი არსებობა ყველაფერს ამართლებს. საერთოდ ყველაფერს. * სუნთქვა შეიკრეს ღრუბლებმა ქალაქის თავზე. ისე დაასაფლავეს სოსო ოდიშელი მზის სხივები არ მოშორებია მის ეზო-კარს. სინათლე და სითბო გაუსაძლისს ხდიდა გლოვას ჭირისუფლებისათვის. შავებში გამოწყობილმა ცოლმა და ქალიშვილებმა გააცილეს უკანასკნელ გზაზე სოსო. ოჯახს უკან მიედინებოდა ნათესავების, თანამშრომლებისა და ქვეყანაზე ოდიშელის ხელით მეორედ მოვლენილი ხალხის ურიცხვი მდინარე, რომელსაც არც სათავე უჩანდა და არც დასალიერი. შავი ღრუბელი ედგა თავზე მაისურაძეების სახლს. დაკრძალვის წინა ღამეს დადა ნაკაშიძის მანქანა მოადგა მის ეზოს. ცალი თვალი შეავლო მასპინძლების კარმიდამოს და თავისებური მხრებგაშლილი ნელი ნაბიჯებით შევიდა შინ. ელოდნენ. -ტყვია მაინც ვერ აიცილე, რა… – ოდნავ აეპრიხა ტუჩის კუთხე კაცს, ეშმაკურად დააცეცებდა კუნაპეტივით შავ თვალებს რენეს შეხვეულ მკლავზე. – ბევრი რამე ვერ აიცილა მაგან, – ღია ფანჯარაში იხედებოდა ოთო. – ტყვიაზე უარესი… – ოხ, დათუთქული გულის სუნი მცემს, – ზანტად აზიდა დადამ წარბები, მოწკურული შავი თვალებით დააკვირდა რენეს ამოუკითხავ, უემოციო სახეს. – ვინც გესროლა იმისია ქალი, თუ ვის გამოც გესროლეს, იმისი?! – მეორე. – ათოსანივით სხარტად გამოეპასუხა მოსიკა. – აცადეთ, თვითონ მითხრას. – სკამის საზურგეს მიეყრდნო ნაკაშიძე, – ხომ უნდა ვიცოდე, სპეცრაზმი დაგვჭირდება თუ დაცვა… – ორივე დაგვჭირდება, – გაჭირვებით ჩამოჯდა რენე მაგიდასთან. – ათი კაცი უკვე დგას, რენე. – ვერაფრით არწმუნებდა ოთო, რომ საკმარისი იყო. – ცოტაა. – გაუმეორა ისევ ჯიუტად. ევსებოდა უკვე უჩვეულოდ გაღრმავებული მოთმინების ფიალა. ლამის თავად დამდგარიყო მიას კარის დარაჯად. – არ ვიცი, იმ კაცს თავში რა დაარტყამს… – შენთან მოვა, – დაუსერიოზულდა ხმა დადას, – არ უნდა იცოდეს, რომ ვიცით მასზე. უნდა გაითამაშო, არასწორი ხმები უნდა გავავრცელოთ, თითქოს სოსომ სხვა სახელი და გვარი გითხრა. ან დაიბნევა, ან დამშვიდდება. ჩვენ ორივე გვაწყობს, სანამ ინფორმაციას ამოვყრით და ბავშვს დავიბრუნებთ. – წასვლა და მისი ნახვა მინდა, – საფეთქლებზე წაიჭირა რენემ ხელები, ეგონა ორ ნაწილად გახლეჩილი გონება სხეულსაც დაუნაწევრებდა, – ხელის გაწვდენაზე მყავდა. რომ მომენდომებინა, შევეხებოდი… რო მივიდე და ვნახო, რა უნდა ვუთხრა? იცი, რა საყვარელი იყო და რა ლამაზი? იმას რანაირად უნდა უთხრა, რომ ეს არის მისი სახლი. იქ არის მისი ოთახი. რომ მის ნამდვილ მამას მის ნატვრაში ამოხდა სული და გამზრდელ მამას ფული აქვს გადახდილი… გაფიქრებაც არ შემიძლია, ხვდები? მოეტაცა, მოეპარა… ისე დახმარებოდა სოსოს. სამართალთან ერთად ამხელა ბოროტების გამკეთებლის გამართლების ძებნაც რატო უნდა მიწევდეს… – ცბიერ კაცთან გვაქვს საქმე. – ცოტა ხნით ადროვა დადამ, მერე მაგიდას ჩამოეყრდნო ხელებით და რენესკენ გადაიხარა უცნაური გამომეტყველებით, – მაგ საიდუმლოს ნებისმიერ ფასად დაიცავს. შენი დაც განზრახ განარიდა აქაურობას, სანამ ომს დაიწყებდა. ის, ვის გამოც შენ გამართლების ძებნა გიწევს, შენი დასაცველია. ჯობია, არ იცოდეს ჯერ არაფერი.. – რაო? – წამოაყვირა მგალობლიშვილს. – რაც ეგ გოგო გამოჩნდა მაგის მერე იმას ვუჩიჩინებთ, რომ სიმართლე უთხრას… – ახლა არ ღირს. არასდროს იცი ასეთი ინფორმაციის გაგების მერე ქალი რას გააკეთებს. არც არის ახლა ამის დრო. უცოდველი იყო თუ ცოდვილი, მიცვალებულიც იმსახურებს თავის წილ პატივისცემას და ჭირისუფალიც. – იმსახურებს მია.. – თვითონ მოაგვარებენ. – ოდნავ გაიმკაცრა დადამ ხმა, დასჯილი ბავშვივით გაისუსა მოსიკა. – ჩემს ცოლსაც დაველაპარაკები. ხვალ დაკრძალვაზე მივა და მიასთან გაჩერდება. ქალია და ნაკლებად მოხვდებათ თვალში. უამრავი ადამიანი მივა, ვაჩნაძეების ხალხიც იქნება. ხვალ ისე ფრთხილად უნდა ვიყოთ, როგორც არასდროს.. – არ ვიცი, – თვალებს ვეღარ ახელდა რენე, თავი უსკდებოდა უკვე ამდენი ფიქრისგან, – შენს ცოლსაც ნუღარ შეუქმნი საფრთხეს. – ჩემი ცოლი თვითონ არი საფრთხე, – გაეღიმა დადას, – დამიჯერე. ფეხზე წამოდგა და თავით მიანიშნა მასპინძელს, გამაცილეო. განმარტოებით სურდა მისთვის ორიოდე სიტყვის თქმა. -ხვალ შენც ხომ მიდიხარ დაკრძალვაზე? თავში წაიშინა მოსიკამ ხელები. არც ოთო დვალი ჩანდა დადას წამქეზებლური შეკითხვებით კმაყოფილი. მოვიდა ეს კაცი და აურიათ დალაგებული გეგმები. ხმამაღლა არც კი გაუჟღერებია რენეს პასუხი, იმდენად აშკარა იყო, რომ ვერც ოთო და მოსე და ვერც ქვეყნის შეიარაღებული ძალები ვერ გააკავებდნენ სახლში იმ დღეს. – რთული ამბავია. არ იქნება მარტივი. დღეს და ხვალ არა, მაგრამ უნდა გაიგოს. თუ მაგ საიდუმლოს შენახვას გეგმავ, იცოდე, რო მალე წამოგეწევა სინდისის ქენჯნა და ეჭვები, რა იქნებოდა, სიმართლე რო ცოდნოდა იმ გოგოს. იქნებოდა მაინც შენთან? – არ შემიძლია, – თავი გადააქნია რენემ, ფეხის კვრით ისე მოისროლა კენჭი კიბის საფეხურიდან, როგორც მიასთან ყოფნის ფიქრები თავის გონებას. – გული ეტკინება. ვერ მივცემ იმედს, რო ჩვენს შორის ორმხრივი გრძნობის ალბათობა არსებობს და მერე ვერ ვეტყვი, რო მამამისმა ჩემი და მის გადასარჩენად გაყიდა. ვერ გამიჩერდება. – ალბათობა რა შუაშია, აშკარად არსებობს თქვენს შორის რაღაც, რის გამოც გავიწყდება ვის აყრიან მიწას ხვალ. ვის გამოც აცეცებ ახლა თვალებს და ერთი სული გაქ ქუჩის კუთხეს მივეფარო, რო იმ ორს გაუსხლტე და სადღაც წახვიდე. ვიღაცასთან. მეეჭვება ვცდებოდე, მაგრამ თუ ვცდები, მაშინ არც ხვალ უნდა მიხვიდე ვინმეს თავისთვის შენი მხრის შესაშველებლად და არც ამხელა ამბავს უნდა იგუბებდე პირში. უშენოდაც ვერავინ შეეხება იმ გოგოს. – არსად ვაპირებ გასხლტომას, – თავმოხდილი სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოაცალა დადას. – კაი, არ გინდა. – ეშმაკურად გაეღიმა, – თუ არ აპირებდი, ახლა ხომ აპირებ, ისეთი იდეა მოგაწოდე.. – უბრალოდ ვიცი სადაც იქნება და მეც იქ მივალ „შემთხვევით“. – ეგრე შემთხვევით აშავებს ჩემი უმცროსი შვილი რაღაცებს, რისი გამოსწორებაც აღარ შეიძლება მერე.. – მაგარი ტიპია, – გაეცინა რენეს შავტუხა, მოუსვენარი ბიჭის გახსენებისას, – კაკაბაძეს რაცია მოპარა ერთხელ და ნახევარ დანაყოფს გააგებინა, რო კიტა ნაკაშიძეს ბანანი და ანანასის წვენი უნდოდა საწრუპით. – ვააახ, – თავი ღიმილით გადააქნია დადამ და ღრმად შეისუნთქა ცივი ჰაერი, – აქამდე არ მეშინოდა არავის და არაფრის, მაგრამ აი, ეგ ვინ ოხერიც გაიზრდება, მაგ ტიპის მეშინია მაგრად. და ჩემი ცოლის, როგორც ყველა ჭკვიან კაცს. გაიგე? არა, სანამ ცოლს არ მოიყვან, ვერ გაიგებ. – არ მომყავს ცოლი… – არ გინდა-მეთქი, ბიჭო. – გამამხნევებლად შემოარტყა ზურგზე ხელები, – შენ ასაკში იცი ეგ სიტყვები რამდენჯერ მითქვამს? მაგარია ოჯახი. არ არსებობს პრობლემა, რომელიც ვერ მოგვარდება იმ სახლის კედლებში, სადაც ოჯახად ყოფნა უნდათ ადამიანებს. ქუჩის კუთხეს რომ მიეფარა დადა ნაკაშიძე, თავადაც გაუყვა გზას მიტოვებული ეზოსკენ რენე. ზუსტად იქ იდგა, სადაც პირველად დაინახა. შავი ტანსაცმლის ფონზე უფრო უნათოდა წაბლისფერი თმა. რაღაც მწარე და მოუშორებელი საცეცებით შეეზარდა გულზე. ძალიან უნდოდა იმ წამს უკან გაბრუნება შეძლებოდა და ნაბიჯებს მაინც მისკენ მიჰყავდნენ. – უკვე მივდიოდი, – უკან არც მოუხედავს მიას, ისე უთხრა. ხმა ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოსდიოდა პირიდან. – რომ გაიგონ აქ ვარ, სახლში აღარც მიმიშვებენ… – ჩემთან წაგიყვან. – მის გვერდით დადგა რენე, ჩამოეყრდნო თვითონაც მაგიდას და ლამაზად შეღებილ ფანჯრებს დააკვირდა. სწრაფად ემუშავათ ხელოსნებს. იქაურობა ნელ-ნელა ცოცხლდებოდა. -რამდენჯერ გითხრა, ასე არ დამელაპარაკო-მეთქი? – საყვედურით გადმოხედა. ცრემლები უკრიალებდნენ ისედაც ნათელ თვალებს. – იყავი შიგნით? – კარს თვალს არ აშორებდა რენე. რამდენი წელია, იმ კარის ჭრიალა ხმა არ გაუგია. – მარტო შენ შეგეძლო იმ კარის ჩუმად გაღება და შემოპარვა. – რას იგონებ? არ ვიპარებოდი… – როგორ არა, – ეშმაკურად გაეღიმა, გადმოხედა ცალი თვალით სირცხვილისაგან ლოყებშეფაკლულს. – შემოსასვლელში რომ სარკიანი კარადა გვედგა, იქ იმალებოდი. – არა! – სახეზე აიფარა მიამ ხელები. ისე აუჩქარა გული ბავშვობაში ჩადენილმა სისულელეებმა, თითქოს ახლა დააშავა რაღაც. რენეს უფრო ფართოდ გაეღიმა. – კი, კი… ერთხელ ჩაგეძინა და მამამ გიპოვა. – იცოდი? – ცრემლებით აუციმციმდა თვალები. მზერის გასწორების ჯერ კიდევ რცხვენოდა. – ღმერთო, რა სირცხვილია… – ვიცოდი, ხო. – რატომ არ ჩამიშვი მერე? – როდის ვიყავი ჩამშვები ბავშვი? – წარბები შეყარა რენემ. – მომწონდა თქვენთან ყოფნა. სახლში სულ იყო ვიღაც. სულ გემრიელი სუნი იდგა. ისედაც შემოვდიოდი ხოლმე, მაგრამ მე სულ თქვენთან ყოფნა მინდოდა და მრცხვენოდა. ამიტომაც ვიმალებოდი ხოლმე მანდ… გისმენდით. – და მე მიყურებდი. – კარგად გაუსწორა თვალები მაისურაძემ. მზერის არიდება შეუძლებელი იყო ასეთი გამოხედვისათვის. – რატომ მოგწონს მაგ ინფორმაციის ცოდნა ასე ძალიან? პატარა ვიყავი… – ახლა ზედმეტად დიდი ხარ, ისევ რომ გიყვარდე?! – შენ გგონივარ ზედმეტად სულელი, რენე. – მისკენ მობრუნდა ნახევარი ტანით მია, გაუმკაცრდა ხმა და გამოხედვა, – რაღაც იცი და მიმალავ. კითხვებს არ გისვამ, რადგან ახლა რამე ისეთის ცოდნა, რაც ჩემს გლოვას სახელს გადაარქმევს არ შემიძლია. არ მინდა ვიცოდე. მინდა მშვიდად ვიგლოვო მამაჩემი. არ მინდა აქ რომ იდგე და ჩემთვის ეს ამდენს ნიშნავდეს… არ მესმის რატომ, მაგრამ შენს შეხვეულ მხარში ვხედავ, რომ არ შეიძლება. ვგრძნობ, რომ შენ კი არ ხარ საფრთხე, პირიქით… და მიმარტივებს ეს ნაბიჯის შენგან გადადგმას. – სად მიდიხარ? – თავისი ხელი გააყოლა რენემ მის მაჯას. ისე გადაუსვა მარგალიტისფერ კანზე თითები, თითქოს პულსს უსინჯავდა. როდის იქცა ეს ადგილი ამ ორის თავშესაფრად… – გამიშვი რა… – თავი დახარა მიამ, მოარიდა აცრემლებული თვალები. – აღარ მინდა ეს სახლი, არც ეს ეზო, შენი იყოს, რაც გინდა, ის უქენი… მე აღარ მინდა… სიმართლეა, რაც ნინომ თქვა.. – მე რომ უნდა მოვეკალი იმ ტყვიას, ამაში ეთანხმები? – ნელა მისწია თავისკენ. ისე მარტივად დგამდა მია ნაბიჯებს მისკენ, აშკარა იყო, არსად უნდოდა წასვლა რენესგან შორს.. – რომ ჩემი ბრალია… – ტუჩზე იკბინა. – მე რომ ჩემნაირი შვილი მეყოლოს, იმედი ძალიან გამიცრუვდება. – შენ კარგი დედა იქნები… იმის გაკეთება, რაც გულით გინდოდა, არც ცუდ შვილად გაქცევს. უნდა გაეშვა ყველა დანაშაულში საკუთარი წვლილის ძიებას, ეფე, არ ხარ დამნაშავე და იმიტომ. – სიცოცხლე მაჩუქა… შენ არ გესმის. – ამას ყველა მშობელი ჩუქნის ყველა შვილს. შენ უბრალოდ ორჯერ დაგჭირდა. დარწმუნებული ვარ, სოსოსთვის რო გეკითხა, ისევ ისე მოიქცეოდა, როგორც მოიქცა. – ნუ მიფრთხილდები, – შუბლი მხარზე ჩამოადო მიამ. ახლა ყველაზე უფრო სჭირდებოდა საყრდენი, როცა ამ სიტყვებს ამბობდა, – პირდაპირ მითხარი და წავალ. – რომ წახვიდე არ მინდა, – ნელა მიაბრუნა რენემ მისკენ თავი და თმით დაფარულ საფეთქელზე აკოცა ფრთხილად. წელზე მოხვია ორივე ხელი და უფრო ახლოს მისწია თავის ატკივებულ სხეულთან, ასე რომ უჭირდა მათ შორის გაჩხერილი სიცარიელის ატანა. – შენ თუ მეყოლები ამ სახლში ყოფნაზეც თანახმა ვარ. – ნუ იგონებ ასეთ სიტყვებს! – გულზე წარბებშეყრილმა დაალაგა ხელები. – ორივემ ვიცით, რო არ გვაქვს ამის უფლება. ასეთებს თუ მეტყვი, ხო იცი, რო უფრო მწარე იქნება ჩემთვის… – ჩემთან წამოხვალ? – მოშორების უფლებას არ აძლევდა რენე, ნაზად ეფერებოდა ზურგზე ჩამოყრილ ხვეულებზე, – ლენა მოგივლის. მე მეორე ოთახში გავალ და ჩუმად მიყურე ხოლმე, როგორც ადრე. არ გინდა? – სახლში უნდა წავიდე დედასთან. – გულზე დაადო თავი და ფრთხილად ჩამოადო ხელი მეორე მხარზე. – ხვალ შენთან ერთი გოგო მოვა, ნენე ჰქვია. – ხმადაბლა დაიწყო, – მისი ქმარი ჩემი თანამშრომელია და თქვენს უსაფრთხოდ ყოფნაში მეხმარება. არ იუცხოო… – რა საჭიროა… – ამის ახსნა მჭირდება? მართლა? – გამიშვი ახლა. – ფრთხილად აწრიალდა მია. დაკვირტულ იასამანს ჯერ არ მოუჩანდა თავისი ყვავილები, თუმცა ეზოში მაინც ტრიალებდა მისი ნაწვიმარი სურნელი… * გელა ვაჩნაძის ყურამდე ისე მიაღწია ამბავმა, როგორც დადა ნაკაშიძემ დაგეგმა. რენე მაისურაძე თავისი ძმის ძებნას განაგრძობდა ძველებურად, ვინმე ცერცვაძეებს უშვილებიათ თურმე და კვალი იქვე ქრება, სადაც ჩნდება – საავადმყოფოში. შავი ღრუბელივით მუქარით ჩაიარა მთელმა დღემ. ცრემლებით ჰქონდა ოჯახის თითქმის ყველა გულშემატკივარს თვალები, თუმცა ერთი წვეთი წვიმაც არ გადმოვარდნილა ზეციდან გარდაცვლილის გამოსატირებლად. -რას აკეთებ? – მხოლოდ მაშინ ამოიღო ოთომ ხმა, როცა იმ მანქანას ჩაუდგა კვალში რენე, რომელსაც მია მიჰყავდა სახლამდე. – სახლში მიყვები? – მე ჩაქნეული მაქ ხელი, – ფანჯარა ბოლომდე ჩამოსწია მოსიკამ, – აქამდე რო არ დაავლო ხელი და ყველას დასანახავად არ ჩასვა ამ მანქანაში მიკვირს უკვე. ოდიშელის გასვენებაში იყო და შავები ეცვა. გჯერა?! საერთოდ შავი პერანგი თუ ჰქონდა, არც ვიცოდი. – ჩაგსვათ ახლა ორივე? – მობეზრებულმა შეაჩერა მანქანა ორი წამით. – შენ რა გინდა ვერ გავიგე, – არ ისვენებდა ოთო. – საზღვრებიდანაც ხო არ ავსხათ ხალხი და მიას დავუყენოთ ჭიშკართან? – ავსხათ თორე კი ვერ გვიწევენ საზღვარს ყოველ ღამე ჩუმ-ჩუმად. სამშობლოს თუ ვერ იცავენ, ქალი მაინც დაიცვან, მაგის დედა ვატირე! – ჩადით ორივე, დამღალეთ. – ძრავი გამორთო და თვალებდახუჭული დაელოდა, როდის გახსნიდნენ კარს, – მეორე მანქანაში გადასხედით ნინაკასთან და მეც მოვალ მალე. – ჩვენ ახლა ამან მართლა მანქანიდან ჩამოგვყარა? – წელზე შემოილაგა მოსიკამ ხელები და შეყრილი წარბებით გააყოლა გაოცებული მზერა გზაზე მიმავალ ორ მანქანას. დაცვამ მია და ნენე ჩამოსვა თუ არა ოდიშელების სახლის ჭიშკართან, მაშინვე გადმოვიდა რენეც მანქანიდან. – მარტო ნუ დატოვებ, – მხარზე ხელი დაადო ახალგაზრდა, საოცრად მანათობელი ცისფერი თვალების პატრონმა ქალმა და დანარჩენებთან ერთად დატოვეს ქუჩა. აღარავინ დარჩა იქ რენეს და მიას გარდა. – სახლში დაცვის ბიჭები არიან, – უთხრა დაღლილი, ცარიელი ხმით მიაკომ და ჭიშკარი შეაღო. ეზოში ისეთი სიცარიელე და სიჩუმე დაბინადრდა, თითქოს არასდროს არავის უცხოვრია ამ სახლში. – აღარ არის შენი გამოყოლაც საჭირო. – ჩვენთან წამოდი. – მანქანას მიეყრდნო რენე. ოდნავ შეაწუხა ჭრილობამ. მწარედ წიწკინდა მკერდში ნატყვიარი. – ლენაც დარდობს შენზე. დედაც… – არ შემიძლია ახლა, რიტას თვალებში ვერ შევხედავ ნინოს სიტყვების მერე. – შესასვლელთან გახევებულიყო მისი ძალაგამოცლილი სხეული, არ უნდოდა შინ შესვლა, – ვერც ლენას… მაჯაზე შემოჰხვია რენემ თითები. მიეფერა ნაზად და თვალს არ აცილებდა თან. -ორივე თვალებში შემოგციცინებს, თავდახრილს თუ დაგინახავენ ეწყინებათ. მეც უფრო მშვიდად ვიქნები, თუ ახლოს იქნები… * დიდი ხნის წინათ ხის გრძელი აივანი ფეხაკრეფით გაირბინა სიოსავით ნარნარა პატარა გოგოს ფეხებმა. ონავრულად ათვალიერებდა თან ეზოსა და იმ კარს, საიდანაც გამოიპარა. არ უნდოდა, რომ სირბილში გამოეჭირათ და შინ დაებრუნებინათ. ჩვეულებრივ ამ სახლის ყველა ფიცარი თავისებურ ხმას გამოსცემდა ნაბიჯის დადგმისას. ყველა მათგანი შეესწავლა ეფემიას. იცოდა, სად უნდა დაედგა ფეხი ისე, რომ უსაფრთხოდ გასულიყო ბოლომდე. ფანჯარასთან პეპელასავით ჩაიფრინა მისმა კულულებმა. რენემ თვალები გააწვრილა კარგად. ისევ ეს გოგო უნდა შემოპარულიყო. ახლა გამოიჭერდა და ანახებდა, როგორ უნდოდა სხვის სახლში ჩუმჩუმალაობა. ნელა ჩამოსწიეს ურდული და ეშმაკური ღიმილით წამოდგა ფეხზე სახლის უმცროსი მასპინძელი. -დაჯექი მანდ, – ხმადაბლა და წარბაწევით მიანიშნა ლენამ, რომ წინააღმდეგობის გაწევა არ ღირდა. ტუჩებზე ხელი აიფარა რენემ. თანამზრახველად უნდოდა ქალის მონათვლა. ლენა რის ლენა იყო. ისედაც კარგად იცოდა, ვინც დაძვრებოდა მის გარდერობში ჩუმ-ჩუმად. -დაჯექი, რომ გეუბნები. – წინ გადაეფარა ბიჭს, საგრძნობლად დაიდაბლა ხმა, – დააცადე თამაში. გარდერობის კარი მიიხურა მიაკომ. კმაყოფილი იყო, ვერავინ გამოიჭირა აქამდე. სივრცეც დიდი ჰქონდა და ოდნავ შეღებული კარიდან სინათლეც კარგად აღწევდა. თან ლენა ტკბილეულს ინახავდა ამ კარადაში – მაგრამ ჩუმად არასდროს აუღია მეზობლის გადანახული კანფეტები. არადა, ისე უნდოდა… სახლში ხომ არ აძლევდნენ ჭამის უფლებას. ნეტავ რენემ მასზე რამე თქვას… რა კარგია ამათი სახლი… -მია საუკეთესო გოგოა ამ ეზოში, – ლაპარაკობდა ლენა, – თქვენსავით კი არ დაძვრება ხეებსა და აივნებზე! – ბებო, არც ჩვენ დავძვრებით… – ხო, არა? – წელზე შემოილაგა ქალმა ხელები, – რაღაც არ მგონია! ტყემლის ხიდან კურკები თავისით ცვივა? პირზე აიფარა მიაკომ ხელები, ხმამაღლა რომ არ გასცინებოდა. * დიდი საიდუმლოს შენახვამ მოთმინების დაკარგვაც იცის თურმე. მარტო არ დატოვებდა რენეს გელა ვაჩნაძის თვალები. ერთადერთი ღირსება თუკი გააჩნდა ამ კაცს, ის ერთადერთი თავისი შვილის ზღვარგადასული სიყვარული იყო და ამ ერთის დაცვას გადააყოლა სხვა ყველაფერი, რაც ფასს ადებს თვითონ ადამიანს. მაგისტრალზე გადასულ რენეს მანქანას მალე აედევნა საეჭვო სიჩქარით მოძრავი ორი თეთრი მერსედესი. მთელი სხეულით მოეშვა ეფემია მის სიახლოვეს. თვალებს ნაბავდა ქანცგალეული ყოველი დახამხამებისას. -დადა, ორი თეთრი მერსედესი ჩვენია? – უჩვეულოდ დამძიმებულ რენეს ხმას გაჰყვა მიას სიმშვიდეც. დაეძაბა ძლივს მიმშვიდებული სხეული. -ლისისკენ ამოუხვიე აღმაშენებლიდან, ჩვენი ხალხია მანდ ჩაყენებული და დაითრევენ მაგათ. მარტო ხარ? – არა. – ძლივს ამოისუნთქა ეფეს დაძაბულ თვალებს რომ მოჰკრა მზერა სულ ორი წამით. – არ ვარ მარტო. – კაი, არ იდარდო. ისე, მამამისის გვერდით გინდა რომ მიგაწვინონ, თუ რა არ გასვენებს? – ვერ დავტოვებდი მარტო. – ექვსი ორმეტრიანი კბილებამდე შეიარაღებული გოლიათი ვერ დაინახე ალბათ მის ეზოში, არაუშავს. მიდი, გაიტყუე და ჩემებიც მანდ არიან, დაგაზღვევენ. თუ არ გეყოფიან, კიტას გამოვუშვებ. ცოტა შუბლი გახსენი, ტყუილად არ დააფეთო ეგ გოგო. – რა ხდება? – ხან რენეს სახეს აკვირდებოდა მია, ხანაც უკან ადევნებულ მანქანებს სარკეში. – მოგვყვებიან? ტყვიამ დაასწრო პასუხის სათქმელად გაღებულ რენეს პირს სიმართლის თქმა. უკანა ხედვის ორივე სარკე უკან მოიტოვა ლისისკენ მაქსიმალური სიჩქარით მიმავალმა მანქანამ. ყველაფერი კარგად დაეგეგმათ. წინიდან მომავალმა სამმა „მერსედესმაც“ თავის გადასარჩენი ერთადერთი გზაც მოუჭრათ ალყაში მოქცეულ წყვილს. – მანქანის ტარება ხო იცი, – მიას ორივე ხელი მოიქცია თავის მტევნებში. რამდენჯერმე ისე სწრაფად აკოცა, დათვლაც ვერ მოასწრო მიამ. გაუაზრებლად დაუქნია თავი, – კარგი გოგო ხარ. მე ახლა მანქანიდან გადავალ, შენ აქ გადმოჯექი პირდაპირ. მეორე მხრიდან მალე ჩვენი ხალხი გამოჩნდება და როგორც კი დაინახავ, მაშინვე დაქოქე და წადი. – რენე, რა ხდება? – აკანკალებული ხმა ძლივს დაიმორჩილა მიაკომ. ამდენ იარაღასხმულ შავოსანში როგორ უნდა დაეტოვებინა… – არ გადახვიდე, მოგატყუე, არ ვიცი ტარება… – ერთი გაზია, მეორე ტორმუზი, გაზს მიაჭირე. – ნერვიული ღიმილით დაანახა პედლები, გაყინული ხელებით გადაუწია თმა სახიდან და მთელს სახეზე აკოცა. ისე ნაზად ეხებოდა და იმხელ გრძნობით, თითქოს მეორედ ვეღარ შეძლებდა ასე შეხებას. – ჩემთან არი ეს ხალხი. შენ უნდა წახვიდე. – არა… – თავი გადააქნია სასოწარკვეთილმა, ამდენს ვერ გაუძლებდა. საერთოდ არ იყო ასეთი ძლიერი, საერთოდ არ შეეძლო ამდენის ატანა, – არ შემიძლია, მეც გადმოვალ… – რა უნდა ამ ხალხს, მითხარი… – ცრემლები მოაწვა სახეში მიას. უეცრად გაუშტერდა მზერა შავოსნებს შორის დაწინაურებულ მაღალ სხეულზე. ტასოს მამა იცნო და საერთოდ დაკარგა საკუთარ გულსა და გონებაზე კონტროლი. რა უნდოდა გელას აქ… – არ გაგიმხილა საიდუმლო შენმა შეყვარებულმა, მიაკო?! – ზურგსუკან დაილაგა ვაჩნაძემ ხელები. ხმამაღალი ტემბრი ჰქონდა ისედაც. კარგად აღწევდა მისი ხმა მანქანის სალონში. მაშინვე გადავიდა რენე მანქანიდან. თვალებით მიანიშნა მიას, რომ დარჩენილიყო თავის ადგილას თუმცა არ ეშინოდა ამ კაცის ოდიშელს. მეტიც, დარწმუნებულიც კი იყო, რომ რაღაც გაუგებრობა მოხდა და ორი სიტყვით შეძლებდა მოგვარებას. – სულელი ყოფილხარ, რაც გააკეთე თუკი შენი პირით აღიარებ. – სული ამოსდიოდა რენეს, ისე უნდოდა ამ კაცთან პირისპირ დარჩენა. შეკავებული ბრაზისგან უცახცახებდა სხეული. – აქ და ახლა არა, მაგრამ მე და შენ აუცილებლად ვილაპარაკებთ. დღეს არ არი ამის დრო. – იმ კაცის დაკრძალვაში მიხვედი, მეტიც – მის შვილს გვერდიდან არ ცილდები და სულს უბერავ, კიდევ მე ვარ სულელი? – ცარიელი, ცივი მზერით მოათვალიერა დარდით მისუსტებული მიაკოს სხეული, – შენ ისეთი კაცის შვილი ხარ, გვერდით ვინც არ უნდა დაგიდგეს, ცხვირის აბზუების უფლება არც გექნება. – მე და თქვენი შვილი, ტასო, მეგობრები ვართ.. – ძლივს მოაბა მიამ სათქმელს თავი, შიში ნელ-ნელა ბრაზმა შეცვალა, – აქ რაღაც შეცდომაა… – როგორ ხარ, მია? რამე ხომ არ გაწუხებს? – ერთი ნაბიჯი გადადგა მისკენ ტუჩებზე გაცრეცილი ცივი ღიმილით. – შენ რა არ გასვენებს? – მთელი ტანით გადაეფარა რენე, – შენ რა გაწუხებს? – შენგან და ნაკაშიძისგან რამე უფრო ჭკვიანურს ველოდი, თავიდან დავიჯერე კიდეც, მაგრამ აი, ის დაგემართათ… ციხე რომ შიგნიდან ტყდება, ხო ხვდები? – ხელები დაიკაპიწა გელამ და ტაში ისე შემოჰკრა, თითქოს კონცერტს იწყებდა, – ისე, რომელს აირჩევ? დას თუ იმ კაცის შვილს, ვინც შენი და გაყიდა?! „ჩვენ გავფრინდებით სხვადასხვა მხარეს და ერთდროულად ვიქნებით ცაში“ საკუთარ თავთან აღიარებული ბოროტებით ჩაბნელებული თვალებით იღიმოდა გელა ვაჩნაძე. თითქოს გრძნობდა, აღარ დარჩენოდა არც უკან დასახევი და არც გასაქცევი გზა, რომელიც უსაფრთხო სამალავამდე მიიყვანდა, სადაც სამუდამოდ განმარტოვდებოდა თავის ცოლთან და შვილთან ერთად. იმ უფსკრულის წინაშე იდგა, ახლადგახლეჩილ მიწაზე ჯერ კიდევ რომ ასდიოდა ჯოჯოხეთიდან ამომავალი ოხშივარი და თან ჩაიყოლებდა ყველას, ყველას და ყველაფერს, ვის დუმილსაც არ ეყოფოდა მისი ქონება, მისი სიმდიდრე. მიას სახეზე ერთმანეთში აზელილი ცრემლები და გაურკვევლობა სიამოვნებას ანიჭებდა. იმ წამს შეეწირა ერთადერთი ღირსება მისიც – არც თავისი და არც სხვისი შვილის სიყვარული ამ კაცს არ შეეძლო. – არ მცნობიხარ, მაისურაძე, – რენეს გადმოხედა იქედნურად, – ვერ შეგაფასე სწორად… კაცი ძლივს ვიპოვე შენს შუბლში ტყვიის დაჭედებაზე უარი რომ არ ეთქვა. – შენ მიზანში ვერ ისვრი თუ რა გგონია სხვისი ხელით ჩადენილი ცოდვის ჭუჭყი შენ არ მოგეცხება?! – მხრით გადაეფარა რენე ეფემიას. მის გაყინულ სხეულს შეუხებლად გრძნობდა. – ეფე აქედან წავა. დავრჩეთ მე, შენ და შენი ბატალიონი.. – ამით მოხიბლე? შენი გამბედაობით, შეუპოვრობით… – შენს თვალებშიც ვხედავ აღტაცებას, გელა. – ერთი ნაბიჯი გადადგა უკან. ხელით უბიძგა მიას, საჭესთან დამჯდარიყო. – აპ, აპ… – შეიმართნენ მაშინვე გადატენილი იარაღები, რკინის ჩხარუნმა გააყრუა სუნთქვაშეკრული გარემო. – ჩემთან წამოვა, შენთვის არ მემეტება ეს ანგელოზივით გოგო. რად გინდა თან იმ კაცის შვილი… ხო იცი, დედაშენს რომ ცრემლი არ შეშრობია და მამაშენი რომ საფლავში ტრიალებს, ცხონებულის დამსახურებაა. – რას ლაპარაკობს ეს კაცი? – ამოიხრიალა ეფემიამ. ორივე ხელით მაგრად ჩაფრენოდა მკლავში რენეს. – რენე, რას ამბობს? – ჩემი წყალობით ხარ ცოცხალი, ცოტა მეტი მადლიერებით შემომხედე… – არ გინდა ახლა, – ტვინი აუფეთქდა რენეს, იქნებ მართლა ტყვიების ხმაური სჯობდა ამ სიმართლის ხმამაღლა გაჟღერებას. – წეღან მიაყარეს კაცს მიწა, ღმერთის არ გწამს? – მე მირჩევნია არ მწამდეს. – უხერხემლო არსებას დაემგვანებოდა ერთ წამში, ადამიანის სახე დაეკარგა. არაფერი მასზე არ მოქმედებდა. – ეგრე უფრო მარტივია ხო სხვისი შვილებისთვის ცხოვრების დანგრევა?! – ინსტიქტურად გააკავეს ეფემიას აკანკალებულმა ხელებმა თავდასასხმელად შემართული რენეს სხეული. უკვე საკუთარ თავსაც ძლივს იჭერდა ფეხზე მდგომი. თვალები დაეხუჭა მაგრად. თითქოს რომ გაახელდა ეს ჯოჯოხეთიც დამთავრებული დაუხვდებოდა. გაიღვიძებდა სამუდამოდ ამ კოშმარიდან. – რას აპირებ? ტასოს ჩააკითხავ და სიმართლეს ეტყვი? სად წაიყვან, იმ დაქონქილ სოროში თავმოყვარე ვირთხაც რომ არ შეძვრება? რას აჭმევ, რას ასმევ, მარტო მისი სწავლის გადასახადი ღირს მთელი შენი ცხოვრება. რას ეპოტინები, ხვდები? რისი იმედი გაქ, რისი? – იმის, რო გამზრდელ მამას არ ჰგავს ჩემი და. – სისხლი სახეში მოაწვა რენეს, თვალებიც წითლად შეეღება, ამ კაცის დახრჩობაზე ნეტარი არც ტასოს ჩახუტება იყო მისთვის იმ წამს, – შენ რო ვერ დაიმგვანე მაგის იმედი მაქვს, მამაჩემის გადასხმული სისხლის იმედი მაქვს, რომელსაც შენნაირი არაკაცის ფურთხი ვერ მოწამლავს. ჩემი და რო გაიგებს, რომ ჩემი დაა, შენ არ აგირჩევს, ხომ იცი ეს, გელა? ამიტომ ხარ ასეთი შეშინებული.. – ანუ შენს დას ირჩევ… – აღარ ეღიმებოდა, უფრო დაამახინჯა სიმართლის მოსმენამ ბოროტებით დანაოჭებული მისი სახე. – სიმართლის სათქმელად პირის გაღებას ვერ მოასწრებ, ისე გაივლის შენს შუბლში ტყვია. ტასო ჩემი შვილია. მე გავზარდე. მე ვასმევდი, ვაჭმევდი, ვაცვამდი და ვახურავდი, მე დამყავდა სკოლაში, მე დავდიოდი მის მშობელთა კრებაზე. მე… არაფერი მომხდარა შემთხვევით, ყველაფერი ასე უნდა ყოფილიყო. – რენე, – შუბლით მიეყრდნო ეფემია მის ზურგს, გრძნობდა, როგორ ეცლებოდა სული მის სხეულს, – არ ვარ კარგად, მამა რა შუაშია… – ახლავე გეტყვი, ძვირფასო. – ტაში შემოჰკრა ვაჩნაძემ, – სწორ დროს, სწორ ადგილას გაჩნდა მამაშენი ჩემ ცხოვრებაში. შენც და შენი დიაგნოზიც, მიაკო. ფული სჭირდებოდა… მიასკენ შებრუნდა რენე. ისე უცებ შემოჰხვია ფერწასულ სახეზე მკლავები, თითქოს მოსასმენი სიმართლისგან მისი დაცვა სამუდამოდ უნდოდა. აღარც სიტკბოს, აღარც კმაყოფილების სურნელი აღარ ასდიოდა შურისძიებას. ათას ნაწილად ჭრიდა და ანაწევრებდა ამბავი, რომელიც უმზადებდა უარესს თვითონაც. -ფულის სანაცვლოდ ახალშობილი ვთხოვე. გოგონა… რიტას შვილი. არ მოგიყვა დედამ ჩემზე, რენე? გრძნობდა, რომ განძრეულიყო ადგილს მოსწყდებოდა მიას სხეული. საკუთარ ზურგზე მონდობილ მის სიმსუბუქეს ისე გრძნობდა, როგორც დაუმსახურებლად შესხმულ ანგელოზის ფრთებს. ცალი ხელით ეჭირა მისი ორივე მაჯა. ტვინი ისე უფეთქავდა, აღარაფერი ესმოდა. -დედაშენმა მამაშენი აირჩია, – ყველაზე დაუნდობელი მეთოდებით ცდიდა მის თავშეკავებას გელა, ნელ-ნელა უწევდა ხმას, ნელ-ნელა ტოვებდა ადამიანის სული მის სხეულს და გონებას, – არადა მე მიყვარდა. მე უფრო მიყვარდა! ჩემ გვერდით იყო მისი ბედნიერების ადგილი! იმან გაღლეტილი მამაშენი აირჩია! – გგონია ამას დაგიჯერებ? – სიმწრის სიცილი გადაეკრა ტუჩებზე, მოღრიალებდნენ მანქანები ოხშივარავარდნილ გზებზე. თავისიანის დანახვისას ამხელა ძალა არასდროს უგრძვნია რენეს. – ჰკითხე დედაშენს, მას ხომ დაუჯერებ. ხმის ამოღება არ დასჭირდება, ჩემი სახელის გაგონებისას ისე დაეხატება სახეზე ყველაფერი, რასაც ფიქრობს. სულ ასეთი იყო, – ჩაეცინა გელას და სადღაც შორს, ჯურღმულიდან ძლივს დასანახავ ცის პატარა ნაგლეჯზე გაკრთა იმ გრძნობის ვარსკვლავი მის თვალებშიც, – შენზე ნაკლებად არც მე მინდა მამაშენი ცოცხალი რომ იყოს… რომ იცოდეს იმ კაცმა გაუწია მის ქალიშვილს მამობა, მისი ცოლის ქმრობაზე რომ ოცნებობდა… – ცოცხლად დაგმარხავ, – ორ წამში მოხდა ყველაფერი, ყბაში ისე წაუჭირა გელას ხელები, მისი ძვლების ღრჭიალი კანქვეშ იგრძნო რენემ. თითქოს გააცოცხლა მისმა ტკივილმა, ისე ესიამოვნა გელას შეშლილი თვალბი, – შენ მე სწორად ვერ შემაფასე კი არა, შენ საერთოდ ვერ ამომიცანი… მამაჩემის საფლავს ცდება ჩემი ფესვები, შენ რა გგონია ჩემს ოჯახზე გადავლისთვის ერთ ტყვიას გაკმარებ? იმ სულს ამოგაცლი, რაც დაგრჩენია.. ვისით მემუქრები, ოც უღირს კაცს ძლივს ეყო შენი ფული, თუ ხათრით და ძმაკაცობით დგას აქ რომელიმე… – რენე, გაუშვი, რას აკეთებ! – სახეზე ხელებაფარებული ტიროდა ეფემია. ცხოველივით ესმოდა რენეს ყოველი ამოსუნთქვა ხელის მოქნევის წინ, მანქანასთან ჩაიმუხლა, ყურებზე აიფარა ხელები ტყვიების ხმა რომ გადაეფარა როგორმე. – მოკლავ, გაანებე! არ შემოგაკვდეს… პოლიციის სირენებმა ლურჯ-წითელად შეღებეს სისხლით შესაღები გარემო. -ბავშვი როგორ გარიე შენ ბინძურ აზრებში და ცხოვრებაში, იმან რა დაგიშავა! – ხმა უწყდებოდა უკვე ყვირილისგან. საყელოში ჩაავლო მერე ხელი და ოდნავ წამოაყენა, მზერა რომ გაესწორებინა. თავი უკან გადაუვარდა წამიერად გელას, – შენი ხელით მოუყვან დედაჩემს სახლში. შენი პირით ეტყვი, რაც გააკეთე და მერე რაც გინდა ის უქენი საკუთარ დამპალ თავს, გაიგე? ისე უღრიალა სახესთან, ყველას და ყველაფრის ხმა გადაფარა რენეს გულის ხავილმა. კოშმარივით აუხსნელი და გაუგებარი იყო ეს სანახაობა მიას თვალწინ გამართული. ეშინოდა მასთან მიკარების, თითქოს გალიიდან გამოქცეული მხეცი ყოფილიყოს. ვერც კი მიხვდა, საიდან გაჩნდნენ დანარჩენები იქ. როგორ შემოეხვია მოსე მგალობლიშვილის ხელები მის სუსტ მხრებს და როგორ გაიყვანეს ბრძოლის ველიდან გონდაკარგული. ინსტიქტურად ადგამდა ნაბიჯებს. ვერც გამოსახულებას არჩევდა და ვერც იმ სიტყვებს, რომელსაც ალბათ დამამშვიდებლად ეჩურჩულებოდა აღელვებული ბიჭი. ნინაკამ სასწრაფოდ მოახურა მხრებზე პლედი. წყალიც თავისი ხელით დაალევინა და მანქანაში გვერდით მიუჯდა. -ნუ გეშინია, კარგად იქნება ყველაფერი… – სახეზე ჩამოყრილ თმას ფრთხილად აშორებდა, ხმადაბლა ეჩურჩულებოდა ნინაკა, თითქოს არ უნდოდა მისი ზედმეტად შეწუხება და შეშინება. – არ დატოვოთ აქ, – ჩურჩულებდა თვალებმიხუჭული, ტუჩებზე მთლიანად გადასვლოდა ადამიანური ფერი, შავი ტანსაცმელი უფრო უსულოს აჩენდა მის სხეულს. – მოკლავს… – შენ ნუ გეშინია, გოგო, – ძლივს იღიმოდა მოსიკაც. – თუ მოკლავს დამარხვაში მივეხმარებით. აბა, ეგ სასიცოცხლოა? – ამას არ მოუსმინო… – თვალები ისე გადაუბრიალა მგალობლიშვილს ნინაკამ, ძარღვები დაეჭიმა. მოგუდული ყვირილი ისმოდა ბრძოლის ველიდან. ალბათ ათასი ხელი აკავებდა რენეს წყობილებიდან გამოსულ სხეულს. ყველა შესაძლო მუქარა დასცდა მის პირს. ფართხალით ჩატენეს პოლიციის მანქანაში გელა ვაჩნაძე. შეშლილი თვალებით იხედებოდა და ხარხარებდა, ხარხარებდა ხმის ჩაწყვეტამდე… -სახლში წამიყვანე, – წართმეული ხმით ამოილაპარაკა ეფემიამ. თითქოს იგრძნო იმის მოახლოება, ვისაც მიმართავდა. – რენე, სახლში წამიყვანე. არაფრით ახელდა თვალებს, თითქოს ძალის იმ უკანასკნელი წვეთებისგანაც დაეცლებოდა სხეული, რაც კი შემორჩა. ხმას არ იღებდა არავინ. -ჩემთან წამოდი, – თხოვნასავით ჟღერდა. იმ წამს, იმ მომენტში ვერაფრით შეძლო მიახლოება რენემ. ხმა გაწყვეტოდა თვითონაც არაადამიანური ყვირილის შემდეგ. მოისრისა თვალები, – უნდა გხედავდე, კიდე რამე… – სახლში წამიყვანე-მეთქი, – თვალები გაახილა და ისეთი სიცივით გაეჟღინთა ხმა, თითქოს მთელი ცხოვრება ამ დღისთვის ეყინებოდა გული და სხეული. – რა მინდა შენთან, რენე? თვალებით ანიშნა დანარჩენებს, რომ დაეტოვებინათ მარტო. უხმოდ გადავიდნენ მანქანიდან. გამოღებულ უკანა კართან იდგა რენე. ცალი ხელით ეყრდნობოდა ზედ. თეთრ პერანგზე აქა-იქ შეხმობოდა უკვე სისხლის წვეთები. ღრმად შეისუნთქა. გახედა ნაომარ ადგილს. ყველაფერი ისე მარტივად დამთავრდა, ისე სულელურად გაიჩარხა წლების ნაწვალები საქმე, თითქოს ვიღაცას მათი დაცინვა გადაეწყვიტა. -ამდენი ხანი იცოდი, – თავით სავარძლის საზურგეს მიეყრდნო მია, აუთრთოლდა ტუჩები, – სულ იცოდი… ღმერთო, როდის გავიღვიძებ?! წამიყვანე სახლში. აღარ მინდა შენი ყურება, არ შემიძლია შენთან ახლოს. – რატო, ეფე? – მაგას როგორ მეკითხები, – არც კი უცდია ცრემლების მოშორება, – შენს სახლში მე რანაირად უნდა მოვიდე, ჩემი გულისთვის არ იცნობ შენს დას. – არ გინდა… – სხეული გაეყინა რენეს, ხმა ისე გაუმკაცრდა სხეული დაეჭიმა მიას, – არ გაბედო მეორედ ამის გამეორება. – ამაზე ვერასდროს შევთანხმდებით. სახლში წამიყვანე, რენე. – არსადაც არ წაგიყვან, – კარგად დაიხარა, გაუსწორა სახე. ჯერ კიდევ გრძნობდა მისი ცრემლების სურნელს. – სანამ არ მეცოდინება, რომ სადაც შენ გინდა წასვლა, უსაფრთხოა და ჩემგან ძალიან შორს არ არის. – ჩემთან ახლოს ყოფნა თუ გინდოდა, ჩემთვის სიმართლე უნდა გეთქვა, რენე! – აქ და ახლა გინდა ამაზე საუბარი? – ორი ნაბიჯით უკან დაიხია, არაფრით აშორებდა თვალს. – გული ისე მიცემს, მგონია გამისკდება, – ორივე ხელი მკერდზე ისე დაიდო, თითქოს ლოცულობდა. – მეც. – არა, – თავი გადააქნია თვალდახუჭულმა, – არა და არა… შენ კარგად უნდა იყო. შენ ტასო უნდა მიუყვანო დედას, ლენას ოცნება უნდა აუხდინო. მანდ ჩემი ადგილი აღარ არის, რენე. მე არ შემიძლია, ხვდები? რომ შემომხედავენ, სულ გამახსენდება ვისი შვილი ვარ და ვისი ბრალია… ეს ყველაფერი. საკუთარი თავი შემაწუხებს თქვენ გვერდით, ეს გინდა? შენი შურისძიების ნაწილია? – ჩემი შურისძიების ნაწილი შენ არასდროს ყოფილხარ. ვერ იქნებოდი. მარტო შენი არსებობა მარწმუნებს, რო სამართალი ჩემს ცხოვრებაშიც არსებობს. – გაჩუმდი, არ ამბობ სიმართლეს. არა! მე ვარ სულელი, მე! რომ მცოდნოდა, მოგშორდებოდი, უნდა გეთქვა, შენც ხო ეგ გინდოდა, ხო ვერ მიტანდი, ხო არ გიხაროდა ჩემი დანახვა! სიმართლე უნდა გეთქვა. – გადამიყვარებდი? – ისევ გამოღებულ კარს ჩამოეყრდნო ნაიარევი ხელით. თეთრ პერანგს ურხევდა არსაიდან ამოვარდნილი ნაზი სიო. – შენ არ მოგემდი საშუალებას, რომ მე რამე მნიშვნელობა მქონოდა შენს ცხოვრებაში. – რას იზამდი? დაგინახე და მორჩა. ასე მარტივად. – სახლში წამიყვანე, გთხოვ… ძებნას დამიწყებენ. . ძველ სახლში გოგონებს ერთ პატარა ოთახში ეძინათ ხოლმე. ნინოს საწოლი ფანჯარასთან იდგა, მიაკოსი ყრუ კედელთან. აქედან განსაკუთრებულად ბნელი მოსჩანდა მთელი ოთახი და დედა სინათლეს ჩააქრობდა თუ არა, გოგონა მაშინვე თვალებს ხუჭავდა. -მია… – მისკენ გადმობრუნდებოდა ხოლმე ნინო. – მიაკო… – რა იყო? – ტირილი შეერია ხმაში პატარას, მალე უნდოდა დაძინება, რომ დროულად გათენებულიყო. – გეშინია? – ცოტათი… – ძლივს გადაყლაპა ცრემლები. გული უკვე ყელში მოებჯინა და ასტკივდა. – გინდა შენთან გადმოვწვე? – საწოლზე წამოჯდა ნინო, ეღიმებოდა თავის პატარა დაზე, როგორი სულელი იყო… – რა ვიცი… მერე შენ რომ გადაგყლაპოს იმან… საბანი გაშრიალდა. ერთი, ორი, სამი ნაბიჯი გადადგა და მიას საწოლზე ჯერ საბანი ასწიეს, შემდეგ ლეიბიც ჩაიზნიქა. -რისი გეშინია, გოგო? – კარგად მოთავსდა მის საწოლზე ნინო. ისე ამოისუნთქა ეფემიამ გულში დაგროვებული ყველა შიში და ტკივილი ამოაყოლა. თვალიც გაახილა. -გინდა ვიჭორაოთ? – უფროსი დისკენ გადაბრუნდა აციმციმებული თვალებით, – ოღონდ დედას არ ვუთხრათ… . საკუთარ ხელებს ებრძოდა რენე, გზიდან რომ არ გადაეხვია. ყოველ ორ წამში ამოწმებდა უკანა სავარძელზე საყვარელი ქალის სახეს, თითქოს ვინმე ამოუცვლიდა მის თავს. გაუჩერა თავის სახლთან. თვითონაც გადმოვიდა. დაცვა შორიახლოს ტრიალებდა. -სად გარბიხარ? – რკინის კარისკენ წასულს უცებ დაუხვედრა თავისი მკლავი წინ და მოაბრუნებინა სახე. – რატო არ შეგიძლია, რომ მარტო ყოფნა დამაცადო, რენე? – დაგაცდი. რაღაც მინდა იცოდე, სანამ მარტო იქნები. – ღრმად შეისუნთქა ჰაერი. უკვე ბნელოდა. ოდიშელების უზარმაზარ სახლში არცერთი ფანჯრიდან არ გამოდიოდა სინათლე, – არასწორია, ადამიანს ხელ-ფეხი შეუკრა, წყალში გადააგდო და რომ დაიხრჩობა განსაჯო, ნაპირზე რატომ არ გამოცურაო. ეს საიდუმლო, ჩათვალე, ჩემთვის დღეს მამაშენთან ერთად დაიმარხა. – ამას რატომ აკეთებ? – ერთი ნაბიჯით უკან დაიხია მიამ, – მე რომ არ შევსწრებოდი, იმ კაცს თავისი პირით რომ არ ელაპარაკა, არც მე მეტყოდი? – გეტყოდი შენ. შედი, – კიდევ ერთხელ გადაუსვა ხელი სახეზე, ზედ ჩამოყრილ თმას აბრალებდა მოფერებას რომ ვერ წყვეტდა. გაუაზრებლად ადგამდა მია ნაბიჯებს. ამ ეზოს ყველა კუთხე-კუნჭულში სოსო იჯდა. ყველგან მისი სახე ელანდებოდა, ყველგან ის იყო და ტკივილის საცეცები ისე შემოეხვია გულზე, თითქოს ვიღაც მის მკერდიდან ამოგლეჯას ცდილობდა. – სად იყავი? – მაგიდასთან იჯდა ფერმიხდილი ნინო. სამზარეულოში კაპლის, ყვავილების და სიკვდილის სუნი ჯერ კიდევ ტრიალებდა. – დედას სძინავს. – არ ვიცი, გარეთ… ჰაერზე. აქ ვერ გავჩერდი. – კიბეებამდე ძლივს მიიტანა სხეული, – შენ არ დაწვები? – მარტო გეშინია? – ცოტათი. – ცრემლები მოაწვა თვალებზე მიაკოს. ნინოც ძლივს წამოდგა ფეხზე. გვერდით ამოუდგა თავის დას და ისე მჭიდროდ გადაეჯაჭვა მათი ხელები ერთმანეთს, თითქოს დამოუკიდებლად სიარული დავიწყებოდათ. . – ვსო, ვეღარ ხედავ და გადაგეკეტა? – ღვედს ორივე ხელით ჩაფრენოდა მოსიკა, ოდიშელებისგან თავის სახლში გაბრუნებული რენე ისე მიაქროლებდა მანქანას, საბურავები ძლივსღა ეხებოდნენ გზის ზედაპირს. – უკვე ანგელოზებს ვხედავ, რენე, შეანელე! – ხუმრობის დროა? – უკანა სავარძლიდან ისე წაუსისინა ნინაკამ, თითქოს თავადაც არ გადასცლოდა ფერი კანიდან. – აბა სიკვდილის წინ რა ვქნა? ღმერთო, მგალობლების ხმა ჩამესმის უკვე… – თვალები დახუჭა. ენა გაუსქელდა შიშისგან. – დადა, რა ხდება? – გარშემომყოფების ხმა აღარც ჩაესმოდა რენეს, – ან საგიჟეთში გაუშვით ეგ, ან ციხეში. სოსო ფულის გამო მოკლა. სხვა მიზეზი არ არსებობს, კარგი? – სხვა მიზეზი არც განხილულა, რენე. გოგო როგორაა?! – არ ვიცი რა ჰქვია მაგ მდგომარეობას, დადა. გადამეხადოს. – ნუ იწყევლები. – სიმკაცრე შეერია ხმაში ნაკაშიძეს, – მშვიდობა გქონდეს. – მშვიდობას ჩემთან რა უნდა.. – გათიშა და ჯიბეში ჩაიცურა ტელეფონი. მანქანა საკუთარ ეზოსთან რომ გააჩერა, მიხვდა სახლში შესვლა არ შეეძლო. ერთხანს ჩუმად უყურა მოსემ. -ჩემს სახლშიც არის ერთზე მეტი საწოლი, ხო იცი, – თქვა ბოლოს, უხერხულად მოიქექა თავი, – ძმა ხარ! მხარზე შემოჰკრა მერე ხელი და სხარტად გადაძვრა მანქანიდან. სახლი ისევ ისე მშვიდად იდგა ეზოში, როგორც წლების წინ. თითქოს მის კედლებში დაბინადრებული საიდუმლოები კრაზანებივით ბზუილით არ გამოძვრნენ თავიანთი ბუდეებიდან. მათი ნაკბენებით დასიებული გული ძლივსღა უცემდა მაისურაძე რენეს. რისთვის მოაქროლებდა ამ მანქანას, შემდეგ ათი წუთი გაუნძრევლად რომ მჯდარიყო? ნელა გადმოვიდა. შეუცვლელი ნაბიჯებით გადაკვეთა ეზო. ლენა ძველებურად გადმომდგარიყო სამზარეულოს ფანჯარაში, ძველებურად ელოდა თავის შვილიშვილს და სიბნელეშიც კი იცნო ქალმა, რომ ამ კაცში, მის თვალწინ რომ გაზრდილიყო, ამხელა ცვლილება არ დაუნახავს არასოდეს. თითქოს უსიტყვოდ იგრძნო ყველაფერი. კიბეებთან გაჩერდა რენე. ერთი წამით შეხედა მოხუცს და გაუღიმა. ძალიან სხვანაირი იყო ეს ღიმილი, თითქოს ლენას ეუბნებოდა, ჩემთან ერთად ვიღაც მოდის და ჩაი დაასხიო. ნელა აიარა კიბეები. უზარმაზარ მხრებზე შეტვირთულ სათქმელს თავაწეული მიეზიდებოდა. კარებში დახვდა ლენა. -ბებო, რა მოხდა? – ხმადაბლა ჰკითხა ქალმა, თითქოს არ უნდოდა, რომ რიტას გაეგო მათი საუბარი. ჯერ თვალებში შეხედა, შემდეგ სისხლით მოკირწყლულ თეთრ პერანგზე. თითები ტუჩებზე აიფარა ლენამ. -ბებო, კარგად ხარ? – გაუმეორა ქალმა. ჭაღარა თმაზე გადაუსვა ხელი რენემ, ისე ფრთხილად აკოცა შუბლზე, თითქოს არც შეხებია და თან სამუდამო კვალივით დაუტოვა თავის ერთადერთ აღმზრდელს შეხება. -მოხვედი, დედა? – შავი კაბა ეცვა რიტას. დაკრძალვის შემდეგ არც გამოუცვლია ტანსაცმელი. შავი თავსაფარი კისერზე შემოეხვია. იმხელა სიცარიელე დაუხვდა შვილის თვალებში, რომ ნაბიჯის გადადგმა ვერ მოახერხა. გაუნძრევლად უყურებდა, როგორ გაუარა რენემ წინ, როგორ ჩამოჯდა მაგიდასთან, როგორ ელოდა, როდის მიუჯდებოდა დედამისი და გაუსწორებდა თვალს. -სისხლი გაცხია? – მობრუნდა აკანკალებული ქალი. – არ გინდა, – ოდნავ ასწია ხელი რენემ, რომ არ მიკარებოდა, თვალებით სკამისკენ ანიშნა, – დაჯექი. მის წინ ჩამოჯდა რიტა. სახეში კარგად შეხედა დედამისს. სცადა აღედგინა ისეთი, როგორიც ბავშვობაში იყო და ვერაფრით გაიხსენა. წამიერად ძველი სურათივით გაკრთა მისი მოგონება, დროის ხანძარმა ისე შემოაჭამა იმ გამოსახულებას კუთხეები, რომ დანახვაც ვერ მოასწრო რენემ. -ჩემთვის არაფერი გაქვს სათქმელი, დედა? – რა… რას… – ლენას გადახედა გაკვირვებულმა რიტამ, დაიბნა. – რა უნდა გითხრა, შვილო? – რატომ წახვედი? უეცრად მეწყერივით ჩამოწოლილ სიჩუმეში ჩაიმარხა მთელი სახლი. ყველამ იცოდა, რომ ადრე თუ გვიან დაისმებოდა ეს შეკითხვა, მაგრამ რიტას წარმოდგენებში ამ დროს მის ვაჟს სისხლიანი პერანგი არ ეცვა. არც კვირისტავები ჰქონდა გადაყვლეფილი და არც თვალები ნაომარი. -დედა, მე… – უეცრად სუნთქვა შეეკრა აღელვებულ რიტას. ცრემლებით აევსო თვალები, – მაპატიე… – გაპატიე. ახლა მითხარი, რატომ წახვედი? ვის ვერ უძლებდი აქ… – შენ ხომ იცი, დედა… – რაც არ ვიცი, ის მაინტერესებს. – ოდნავ გადაიხარა მისკენ რენე. ისე გაეყინა მზერა, ისე გადაეწმინდა სახე ყოველგვარი ემოციისაგან, რომ იმ წამს მიხვდა რიტა, რას გრძნობდნენ დამნაშავეები დაკითხვის დროს. – უფრო კონკრეტულად გელა ვაჩნაძეზე. – გელას შენთან რა უნდოდა? – გაფითრდა ქალი, სისხლით მოთხვრილი პერანგისკენ გაექცა გაფართოებული თვალები. – ხო, მისი სისხლია. ახლა განყოფილებაშია და ჩემი უახლოესი მეგობრის გარდა არავის უშვებენ მასთან. იცი რატო? ძალიან ხშირად ახსენებს დედაჩემის სახელს და მაგიტომ. მე ჯერ შენგან მჭირდება მოსმენა იმ ამბის, რაც მაგ კაცის სახელის შემდეგ უნდა მომიყვე. დედა, არ მომატყუო, – თვალები დახუჭა და ღრმად შეისუნთქა ჰაერი. – უყვარდი? – ბავშვები ვიყავით, დედა. – მომისმინე, დედა, – საფეთქლებზე წაიჭირა ხელები რენემ, ნერვების დარმოჩილებას ცდილობდა მთელი ძალით, – მე შენ დაგისვამ კითხვას, შენ მიპასუხებ ან კი, ან არა… – მე შენ დაკითხვაზე ხომ არ გგონივარ… – რიტა, – ლენას მკაცრი ხმა სულზე დააწვა მის ქალიშვილს. აკანკალებული ხელები ერთმანეთში გადახლართა. – უყვარდი გელას? – კი. ასე მეუბნებოდა. – მამას სიკვდილის შემდეგ დაგიკავშირდა? ტუჩზე ისე მწარედ იკბინა რიტამ, საკუთარი სისხლის გემო იგრძნო. სახეზე აიფარა ორივე ხელი. მოიწმინდა ცრემლები და მზერა ისე გაუსწორა თავის შვილს. -კი, დამიკავშირდა. მითხრა, რომ ისევ ვუყვარდი და მის ცოლს მიატოვებდა, თუკი… – კარგი, არ მინდა მეტი. მანამდე ხომ არ დაგმუქრებია, სანამ მამას ცოლად გაჰყვებოდი? ან მერე… – მე არა. ცუდად არასოდეს მექცეოდა. უცნაური ბიჭი კი იყო, მაგრამ მე არასდროს მექცეოდა ცუდად. მე სულ მამაშენი მიყვარდა, – ხმა გაუტყდა ქალს, მერამდენე ცრემლს შეებრძოლა უკვე, ალბათ ყველაზე გამოცდილ მებრძოლსაც შეშურდებოდა მისი, – სულ ის მიყვარდა. რომ გავთხოვდი, გაბრაზდა, მაგრამ არასდროს… არასდროს უთქვამს ჩემთვის არაფერი. მამაშენთან მოუვიდა ერთხელ ჩხუბი. უთხრა, რომ ცხოვრებას დაუნგრევდა. მთელს უბანს ესმოდა, მთელს ქუჩას. – მერე რა გააკეთა? – არაფერი, არ გამოჩენილა… მამაშენის გარდაცვალებამდე და ახლა… ჰაერი ეცოტავა რენეს. ისე შეეკუმშა გული, თითქოს ფეთქვის გაგრძელებას აღარც აპირებდა. ტვინი ერთიანად გამოეჭედა ყველა სათქმელი სიტყვით და თავს მაინც ისე გრძნობდა, როგორც ბავშვი, რომელიც ლაპარაკს სწავლობს. ლენას გახედა საშველად. მას ხომ უსიტყვოდ ესმოდა ყოველთვის თავისი შვილიშვილის, ხომ უთქმელად ხვდებოდა, რასაც ფიქრობდა, რა აწუხებდა. რა იქნებოდა ახლაც მიმხვდარიყო. გაემარტივებინა ეს ჯოჯოხეთად ქცეული სათქმელი. -აქამდე მინდოდა… ვინმეს ეარსება ისეთს, ვინც მეტყოდა ეს რით დავიმსახურეთ, – ტასოს ოთახის ღია კარს გაუსწორა მზერა, წარმოიდგინა, რომ იქედან გამოდის, სასაცილო საღამურები აცვია და ფეხშიშველი მიიპარება სამზარეულოსკენ, სადაც ლენა ხაჭოს მაჭკატებს უმზადებთ. – ვინც მეტყოდა, რატო უნდა ყოფილიყო ასეთი რთული იმის პოვნა, რაც კი არ დაგვიკარგავს – ძალით წაგვართვეს. აღარ მაინტერესებს უკვე, დედა. ახლა ერთადერთი, რაც მინდა ის არის, როცა იმ ოთახში შენი შვილი შევა, აქაურობა სამუდამოდ დატოვოს დანაშაულის გრძნობამ. აღარავინ იკითხოს რისთვის და რატომ, პასუხი ბევრნაირი იქნება და მაგ პასუხების ცოდნა იმ სიმშვიდესაც დაასახიჩრეს, რომელიც ჯერ არც კი ვიცი ეღირსება თუ არა ამ სახლს. ვიპოვე შენი შვილი, დედა… . იასამანი ყვავილობას იწყებდა ეზოში. მუშები ისე უჩუმრად ფუსფუსებდნენ, თითქოს არ სურდათ იმ სიმშვიდის დარღვევა, ჩურჩულად რომ იღვრებოდა ყვავილებით მოჩრდილულ აივნებზე. რენეს შემოსვლა ყველამ შენიშნა. გულზეხელებდაკრეფილი გაჰყურებდა გაცოცხლებულ სახლებს, ღია ფანჯრებსა და იასამნის ყვავილის ცოცხალ ფერს, რომელიც ვერაფრით მოაშორა ბავშვობის იმ რამდენიმე წელიწადს, როცა ამ არემარეზე ბედნიერი შეეძლო ყოფილიყო. ნელა დაიძრა მისკენ ერთ-ერთი. რენეს დავალებით ის ხელმძღვანელობდა სამუშაოებს. – ხის აივნები გავაშალაშინეთ, როგორც გინდოდა, – გვერდით ამოუდგა კაცი და თვალი მოიჩრდილა. კარგად დააკვირდა თავის ნახელავს, – მოგწონს? – ამაზე ლამაზი არასდროს ყოფილა აქაურობა, ვახო ძია, – მხარზე ხელი რამდენჯერმე შემოსცხო მსუბუქად კაცს მადლობის ნიშნად. – დიდი ხანია მია არ მოსულა, – რამდენიმეწამიანი თავშეკავების შემდეგ მორიდებით გამოხედა კაცმა. – რამე ხომ არ ეწყინა, შვილო? – მოვა, – ჯიბეებში ჩაილაგა რენემ ხელები, კიდევ ერთხელ შეათვალიერა იქაურობა და პირველად იყო იმ დღეს, როცა ეზოსთვის ზურგის შექცევა და ქუჩაში გადასვლა გაუძნელდა. ფეხით ჩაუყვა განზრახ გამრუდებულ გზას. . ეს ამბავი რომ მოხდა, მე იმ დროს ვარანცოვზე ვცხოვრობდი. ერთოთახიანი მქონდა ნაქირავები უზარმაზარი ფანჯრებით. კარგ ამინდში მზეს ვერსად ვემალებოდი, რძისფერ ფარდას გადავწევდი და ღია ფანჯრებიდან შინ ვუშვებდი ძველთბილისურ ხმაურს, ჩემი მარტოობის სიმშვიდე რომ დაერღვია. მერე მრგვალი მაგიდაც ვიყიდე, ამ ფანჯარასთან დავდგი კომფორტულ სკამთან ერთად და სამსახურიდან დაბრუნებულს მთელი დღის დაღლა და ქანცი მავიწყდებოდა, როგორც კი ჩემს საწერ ადგილს მივუჯდებოდი. იმ დღეს ეფემია ოდიშელი რომ ჩემთან მოვიდა, ცოტა გამიკვირდა კიდეც. მერე სახეზე რომ დავაკვირდი, მივხვდი, კარგად არ იყო. დიდი ხანია არ გვინახავს ერთმანეთი. მია ლექსებს წერდა, მე მოთხრობებს და უნივერსიტეტის წლებში ჩვენი თანამშრომლობა მხოლოდ გამომცემლობაში იკვეთებოდა. ნამდვილად ნიჭიერი მწერალი იყო. მერე რაღაცნაირად დავიკარგეთ, როგორც ხდება ხოლმე. მე ჩემს გზას დავადექი, ხან ალთას ვეწიე, ხან ბალთას და მიას ცხოვრებაც თავის დაგრეხილ გზაზე სხვანაირად გაგრძელდა. თავისი ამბავი რომ მომიყვა, ერთხანს ენაგადაყლაპული ვიჯექი მაგიდასთან. თავი ფილმში მეგონა. ანდაც სიზმარში. რამდენჯერმე ჩუმად ვუჩქმიტე კიდეც საკუთარ თავს. თავდაპირველად მაინც ვერ მივხვდი, მე რატომ მომაკითხა და რატომ მომიყვა ის ამბავი, რომელსაც თავისი პირით ალბათ არასდროს გაამხელდა ხმამაღლა. ვხედავდი, როგორ უჭირდა აქ გაჩერება. -ახლა რას აპირებ? – ვკითხე უჩუმრად. ეფემიამ მხრები ისე აიჩეჩა, აშკარად არ ჰქონდა ამაზე ნაფიქრი. ან იმდენი იფიქრა, რომ ტვინი გაეთიშა და დასკვნა მაინც ვერ გამოიტანა. – მძიმედ ვარ. – მითხრა თვალცრემლიანმა, – ასე მგონია გულზე რაღაც მაწვება და ვერ ვსუნთქავ. ძალიან მინდოდა მეკითხა, ამას მე რატომ მიყვები-მეთქი, მაგრამ შემეშინდა თავი ცუდად არ ეგრძნო და წასულიყო. -არ ვიცი, რას ვაპირებ, – მზერა გამისწორა, – ძალიან მინდა აქედან გაქცევა, მაგრამ რენეს ვერსად გავეპარები. ჩემოდნის ჩალაგებასაც ვერ მოვასწრებ, ისე მოახსენებენ, რომ წასვლას ვაპირებ. – მერე ეგ კარგია, – გამეღიმა, როგორ ვერ ხვდებოდა, რომ უნდა დარჩენილიყო? სინამდვილეში მე თვითონ ვერ ვხვდებოდი, რატომ უჭირდა ასე ძალიან აქ გაჩერება. -რომ მაკონტროლებს? – წარბები აზიდა მიამ, – უფრო მირთულებს ყველაფერს. იმ სახლს რომ დავუბრუნდი, მეგონა იქაურობის გაცოცხლება იმ დროს დამიბრუნებდა, როცა ბედნიერი ვიყავი. თურმე რას ვიქექები, სად ვიქექები! ამ სიმართლის ყველაზე ცუდი ნაწილი იცი რა არის? – ვერავის უმხელ… – გულზე დამაწვა საკუთარი ფიქრები. წარმოდგენაც არ მინდოდა, თავად რას გრძნობდა. – არც არის საჭირო. დედამისი არ ინახავდა საიდუმლოს? მამაშენი? გგონია ყველაფრის ხმამაღლა ლაპარაკი შენს ტვირთს შეამსუბუქებს? ასეთი სიმძიმეები არ იყოფა, მია. ტკივილი უნდა იგრძნო და მერე შენგან თავისი ფეხით წავა. – ფსიქოლოგობა დაიწყე? – არა, ეს ჩემმა ფსიქოლოგმა მითხრა. – თვალი ჩავუკარი. ვიცოდი, რაც ჰქონდა განზრახული, მაგრამ ხელი არ შემიშლია. . -კარგი, ახლა რა იქნება? – გიტარა გვერდით მოიდო მოსიკამ. ჩამოუჯდა მეგობრებს. ცხოვრებამ ისე უბრალოდ განაგრძო სვლა, თითქოს არაფერი ხდებოდა მათ თავს განსაკუთრებული. ისევ ძველებურად ისხდნენ თბილისურ კაფე-ბარებში, ტაშს უკრავდნენ მგალობლიშვილის სიმღერას, მერე იქედან სახლამდე მზესუმზირის კნატუნით გაუყვებოდნენ. -გინდათ ჩვენი იდეალური მომავალი დაგიხატოთ? – პასუხი რომ არავინ გასცა, გამოსავალს ძებნა ისევ თვითონ დაუწყო მოსიკამ. – ახლა მალე ტასო რომ ჩამოვა, რენე ჩვენთან წამოიყვანს, მერე მაისში კაფეს გავხსნით, მიაკო რენეს ცოლობაზე დათანხმდება, მომავალ წელს ეყოლება ბავშვი, მე და ჩემი გიტარა ერთმანეთს ისე შევაბერდებით, როგორც შეხმატკბილებული ცოლ-ქმარი, თქვენ ორი, – ნინაკას და ოთოს მიუშვირა საჩვენებელი თითი, – ნუ პრინციპში თქვენ როგორც ახლა ხართ, მერეც ეგრე იქნებით. უმარილო ხინკალივით. – ეგ რანაირია… – წარბები აზიდა ნინაკამ. – აი, ხინკალი როა მაგიტო რო გიყვარს და უმარილო როა მაგის გამო რო ვერ დაიწუნებ, ეგეთი. კაი წყვილი ხართ, მაგრამ ბეჭდები და ცოლ-ქმრის სტატუსი გაკლიათ. – გელა სამედიცინო შემოწმებაზე წაიყვანეს, – უცებ დაასერიოზულა რენეს სიტყვებმა გარემო. – სავარაუდოდ არც აქამდე იყო ბოლომდე დალაგებული და ახლა საერთოდ შეიშალა. – ბეწვზე ვართ გადარჩენილები, – თავი გადააქნია მოსიკამ. – ტასოზე რა ხდება? – გაიგო გელაზე და მოდის. მისი ცოლი ხმას არ იღებს. – თვალწინ დაუდგა გელა ვაჩნაძის ულამაზესი, მაგრამ უსიყვარულოდ ნაცხოვრები მეუღლის სურათი რენეს. – დღეს შევხვდი… შავ სამოსში კოხტად გამოწყობილი ქალი იცდიდა რენეს კაბინეტის კართან. ვერც დაკაკუნებას ბედავდა და ვერც ხმის ამოღებას, რომ მაისურაძის ამბავი გამოეკითხა. სახლში მიდიოდა უკვე რენე, ოთახიდან გამოსულს უცნობი ქალი რომ წამოუდგა ფეხზე. თვალი რომ გაუსწორეს ერთმანეთს, უსიტყვოდ მიხვდა, ვინც იყო. შეიპატიჟა თავისთან. -მე ცირა მქვია, – გამხდარი ხელი ჩამოართვა კაცს. ისეთი მანერები ჰქონდა ქალს, ისეთი გრაციოზული და ნაზი ხმა, როგორც არისტოკრატ ქალბატონებს შეშვენით. ვერაფრით მიხვდა რენე, როგორ იგებდნენ გელასნაირი კაცები ცირასნაირი ქალების გულებს. აშკარად გულნატკენი ჩანდა, უსიყვარულოდ ნაცხოვრები, მის თვალებს ეტყობოდათ სხვა ქალზე ფიქრში რომ გაეტარებინა მის ქმარს მთელი ცხოვრება. თითქოს ერიდებოდა რენეს წინაშე დგომისა. -მე ყველაფერი ერთიანად გავიგე და ცოტა მიჭირს გადახარშვა, – ჩანთა მუხლებზე დაიდო, მაშინვე ამოიღო ხელსახოცი და ნერვიულად ჭმუჭნიდა თითებით, – ვგულისხმობ იმას, რაც გელამ გაუკეთა შენს და სოსო ოდიშელის ოჯახს… მაგრამ არის რაღაცები, რაც უნდა იცოდე, რენე. თუ გაქვს ცოტა დრო ჩემთვის. – რამდენიც გინდათ, – თავისი ადგილიდან წამოდგა რენე, პირდაპირ ჩამოუჯდა ქალს სტუმრის სავარძელში. იმ წამს არაფერი აინტერესებდა იმაზე მეტად, ვიდრე რა ჰქონდა სათქმელი ადამიანს, რომელმაც მის დას დედობა გაუწია. უნდოდა ეს ეგრძნო ცირას – მადლიერება და პატივისცემა. -გელამ რომ ცოლად მომიყვანა, მე ოცი წლის ვიყავი. მე სულელი ვიყავი და თავისი თავქარიანობით მალე მომაწონა თავი. არც მშობლებს დავუჯერე, არც მეგობრებს. მისი გადამეტებული ყურადღება მე სიყვარული მეგონა. ცოლად გავყევი. როცა მეგონა ახალ და ბედნიერ ცხოვრებას ვიწყებდი, სწორედ მაშინ… ოხ, ღმერთო, – ღიმილით გადააქნია თავი, – იმ ასაკში ყველა გოგოს ჰგონია, რომ მისი ცხოვრება იქნება სხვა დანარჩენებისგან ყველაზე უფრო განსხვავებული და მეც ყველა ჩემი ასაკის გოგოსავით შევცდი. ისე მწარედ, ისე მწარედ… სული ახლაც მეწვება, ისეთი ცივი გახდა გელა ჩემ მიმართ და ისე ვიქეცი მე მისი გვერდის აქსესუარად, რომელსაც მხოლოდ ხალხში გამოსვლის დროს იყენებდა. ერთ დღეს სახლში ბავშვით დაბრუნდა, მითხრა, რომ ის მისი შვილი იყო, პატარას დედა მოუკვდა და დღეიდან ჩვენ უნდა გაგვეზარდა… საფრანგეთში წაგვიყვანა და სამი წელი იქ გავატარეთ მე და ტასუნამ. გელა კარგი ქმარი არ ყოფილა, არა.. ქმარი საერთოდ არ იყო, მაგრამ საოცარი მამა იყო. ბავშვი ისე უყვარდა, მას რომ უყურებდა სხვა ადამიანი ხდებოდა. არ დაგიმალავ და ტასო მეც ისე შემიყვარდა, – ტუჩზე იკბინა ქალმა, მოიწმინდა ცრემლი, – ჩვენ ერთად გავიზარდეთ. შვილი არ გამიჩენია. ჩემგან არ უნდოდა გელას, მაგრამ ტასომ… ტასომ როგორც ქალი და როგორც ადამიანი გადამარჩინა. გუშინ მთელი ღამე არ მეძინა, იცი? ვფიქრობდი, რომ ჩამოვა რა უნდა ვუთხრა, როგორ უნდა ავუხსნა.. თვრამეტისაა, ფაქტობრივად ნაღმზე ვდგავარ. არ იცი ამ ასაკში მიწოდებულ ინფორმაციას ბავშვი როგორ მიიღებს და გადაამუშავებს, ახლა იწყება მისი გააზრებული ცხოვრება, ეს ამბავი გულს ძალიან ატკენს. გელას ამბავი სამუდამოდ შეცვლის ალბათ, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ… იცი, როგორი ბავშვი იყო? – არა, არა, არ ვიცი. – ხმა მოეგუდა რენეს, წამწამებზე გამოეკიდა ცრემლები და შეიმშრალა მაშინვე. – მომიყევით… – სურათები წამოგიღე, – ჩანთიდან პატარა ფოტოალბომი ამოიღო ქალმა, – მარტო რომ იქნები მერე დაათვალიერე. ისეთი კარგია… სულ მიკვირდა ასეთი კარგი შვილი გელას როგორ შეიძლებოდა ჰყოლოდა. ალბათ დედა ჰყავდა საოცარი. ალბათ ამიტომ ვერ დაივიწყა ის ქალი ჩემმა ქმარმა-მეთქი ვფიქრობდი. ყველა ნატურალური ქვის სახელი ზეპირად იცოდა, ამეთვისტო განსაკუთრებულად უყვარდა. სულ ხვდებოდა, როდის ვიყავი ცუდ ხასიათზე, როდის რა მიჭირდა, ჩემთვის მართლა შვილი იყო… ერთი შეხედვით შეეძლო ამოეცნო ადამიანების განწყობა, ვინმე თუ არ მოეწონებოდა, იმაზე გულს სამუდამოდ აიცრუებდა. იცოდე, ჯიუტია. – არ მინდა მტკივნეულად გაიგოს ეს ამბავი, – საზურგეს მიეყრდნო რენე, – არ მინდა, რო ეტკინოს. მეშინია, რომ არ მოუნდეს ჩვენთან… – ცდები. უფროს ძმაზე სულ ოცნებობდა. – მართლა? – თვალები პატარა ბავშვივით აენთო რენეს, გაეღიმა ქალს. – ხო, ოხერი ბავშვი იყო. მოუსვენარი და ცელქი, ეზოში დამცველი მჭირდებაო ამბობდა. დამცველი კი არა მაიმუნობაში ხელის შემწყობი სჭირდებოდა, ვინც გაამართლებდა და დაიცავდა ნებისმიერ შემთხვევაში. ეს არ იქნება მისთვის მარტივი გადასატანი, მაგრამ რენე, რაღაც მინდა გთხოვო… – ცრემლებმა თვალები აუპრიალა ქალს, – თვრამეტი წელი ისე ვიცხოვრე, ტასოზე მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში ჩემი თავიც კი არ ყოფილა. მის გარეშე ვერ ვიცოცხლებ. თვითონ უნდა გადაწყვიტოს, მე ხელს არ შევუშლი, მაგრამ ვერ შევძლებ თუკი ტასოს ცხოვრებაში ჩემი ადგილი არ იქნება. მე არც დედათქვენის ჩანაცვლებას ვცდილობ… – არ არის ახსნა საჭირო, – აკანკალებულ ხელებზე შეეხო ქალს, – თქვენ ვერავინ შეგცვლით მის ცხოვრებაში. – ხვალ უკვე აქ იქნება. – ფეხზე წამოდგა ცირა, – მე ყველაფერს მოვუყვები, რენე. ვეტყვი, რომ მის მეორე ოჯახში ეძებდნენ და ელოდებიან. ვიცი, ვერ ითმენთ, ვიცი გეჩქარებათ, მაგრამ იქნებ ადროვოთ. დამიჯერე, დიდხანს ვერც თვითონ გაძლებს. ძალიან მოუთმენელია… . ომის პირველი დღე უფრო რთული გადასატანია თუ პირველი დღე, როცა ომი დამთავრდა და კვამლავარდნილი შედეგების წინაშე ისე დგახარ, როგორც ფრონტიდან დაბრუნებული ერთადერთი გადარჩენილი მეომარი? შეგუებას და იმ ჭრილობებთან ერთად ცხოვრებას იწყებ, რომლითაც მიზნისკენ მიმავალ გზაზე ცხოვრებამ სამახსოვროდ დაგიტოვა. ჭრილობიდან სისხლი ისევ გდის, ჯერ შრამამდე ბევრი დრო და მოსაყრელი მარილია გადასატანი. ჯერ სუნთქვა ისევ გიჭირს. ტყვიების ზუზუნი ისევ ჩაგესმის და აღარც ძილი გაქვს ისეთი უშფოთველი. მეტიც, საერთოდ არ გეძინება. ინსტიქტურად მიუყვები გზას თავშესაფრისკენ, სადაც იცი, რომ გადარჩენილები გელოდებიან და შენს ჭრილობასაც ვიღაც ისე იტკივილებს, რომ სიმწრისაგან თვალები მიეხუჭება. -მოგაკითხე, – ტელეფონს უპასუხა თუ არა ეფემიამ, მაშინვე ამოიღო ხმა რენემ. მის სახლთან იდგა და ელოდა, როდის აინთებოდა რომელიმე ფანჯარაში სინათლე. – შენს სახლთან ვარ და გელოდები. – რენე, ვერ გამოვალ ახლა… – ხმა ძლივს ამოიღო მიამ. – გთხოვ, არ დამაძალო. – დაგაძალებ, ხო იცი. ხვალ ტასო ჩამოვა, დღეს შენი ნახვა მჭირდება. სუნთქვა შეეკრა მიაკოს. ბალიშში ჩარგო თავი, მისი ზმუილი რომ არ გაეგონა რენეს. ცრემლები გამოსახულებას ერთმანეთში ურევდა. ნორმალურად არც ჩანდა მისი ნახევრად ჩალაგებული ჩემოდანი, სადაც ტანსაცმელებთან ერთად მთელი თავისი ცხოვრებაც ჩატენა და იმ წამს გულწრფელად სჯეროდა იმ აზრის, რომ თუკი აქედან წავიდოდა, თუკი მოშორდებოდა ამ ადგილს… -არ მინდა. – გაუმეორა ჯიუტად. – მე მინდა. – გაეცინა რენეს, მისი სუნთქვის ხმამ უარესად ააღელვა ქალი. – ჩემს სპეცრაზმსაც უნდა. აბა, ბიჭებო, მზად ხართ?! – შენ გაგიჟდი? – შრიალი გაისმა, საწოლზე წამოჯდა მია, შუქი სასწრაფოდ აანთო ოთახში და ფარდა გადასწია. – იმხელა გალავნებია, შენ ვერ დამინახავ, მაგრამ მე გხედავ, ეფე. ანუ შტურმით გირჩევნია, ხო? – შენ ასე აპირებ გაგრძელებას? – არ ვიცი, გააჩნია შენ თუ აპირებ ჩემთვის თავის არიდების, ტელეფონის გათიშვის და სახლში გამოკეტვის გაგრძელებას. აბა, თავის სახლში გავუშვა ეს ხალხი თუ შენთან შემოვუშვა? – ოხ, როგორ მამწარებ, – დუდღუნით გადაიცვა გრძელი შავი კაბა. თმა შეიკრა. – როგორ მიშლი ნერვებს. კარი ჭრიალით გაიღო. მარტო იდგა რენე და ისე მშვიდად უღიმოდა, ისე აუღელვებლად, თითქოს გარეთ არავინ გამოიტყუა. -ტყუილებიც დაიწყე? – ახლა არ დამიწყია, უბრალოდ აქამდე ისე ვიტყუებოდი, ვერავინ ხვდებოდა… – ეღიმებოდა, როგორ ინარჩუნებდა მია მათ შორის დისტანციას. – არ მომიახლოვდები? – არა. – თავს ისე მომაჩვენებ, თითქოს ჩემოდანი არ გაქვს ჩალაგებული?! – ოდნავ, ძალიან ფარულად გაუმკაცრდა მზერა. თითქოს ხვდებოდა, რომ არ ჰქონდა უფლება ყოფილიყო ასეთი ეგოისტი, მაგრამ მაინც ვერ უმკლავდებოდა იმ აზრს, რომ მის გარეშე უნდა გაეგრძელებინა ცხოვრება. სხეული გაეყინა მიას. საიდან მიხვდა? უთვალთვალებს? -ვიცი, რომ გაქცევა გინდა, ეფე. – არ გავრბივარ, – თვალები მოარიდა. – არსად გავრბივარ! – მე მინდა, რომ ჩემთან იყო. მინდა, რომ ლენასთან მოხვიდე. გკითხულობს. მოენატრე. – არ შემიძლია. – თავი გადააქნია. – არ წახვიდე,- ერთი ნაბიჯი გადადგა მისკენ, მალევე მიაყოლა მეორეც, – გთხოვ. – ნუ ხარ ეგოისტი, ნუ მთხოვ ამას, ხომ იცი რომ რთულია ჩემთვის, ხომ იცი, რომ ვერ გადავლახავ მე ასე მარტივად ამ ამბავს. – ერთი ხელი გულზე მიიდო ეფემიამ, მეორეთი ანიშნა, რომ გაჩერებულიყო, – ახლა მესმის. ახლა კარგად მესმის, რატომ წავიდა იმ სახლიდან ყველა… რატომ შეიძულა ყველამ იქაურობა… – შენც შეიძულე? ეზოში გელოდებიან, ეფე. აივნები თეთრად შეღებეს. – აღარ მაინტერესებს ეგ ეზო, – ცარიელი მზერა გაუსწორა. – ხვალ ტასო ჩამოვა. ჩემთან როდის მოვა, არ ვიცი. ვინც მიყვარს ჩემამდე მოსასვლელი გზა ყველას რატომ გიგრძელდებათ? – სახიდან გადაუწია თმა, ყელთან შეატოვა ხელები და ისე გაუსწორა თვალები, რომ საყრდენი დასჭირდა მიას ფეხზე მყარად დასადგომად, – მე გეძებთ, თქვენ სხვაგან მიდიხართ… – გამიშვი, ნუ მეუბნები ამ სიტყვებს. – ჩემი ნებით მაგას არასდროს გავაკეთებ, ეს იცოდე. – ერთი ნაბიჯით უკან დაიხია რენემ. მოაშორა ხელები. გაუმკლავებელი სიცარიელე და სიცივე შესახლდა იმ ადგილას, სადაც ეხებოდა. – ძალით ვერ დაგტოვებ, მაგრამ იცოდე, ზუსტად ისე ძალიან მინდა ჩემთან რომ იყო, როგორც შენ გინდა წასვლა. – არ გამაცილებ? – ცრემლები მოაწვა თვალებზე მიას. ძალიან უნდოდა მასთან გამომშვიდობება, ძალიან უნდოდა თან გაეყოლებინა მისი სურნელი… – არ მინდა რომ წახვიდე და გაგაცილო? – ოდნაც გაეღიმა რენეს. – თუკი ოდესმე მიხვდები, რომ წასვლა სისულელე იყო, რომ სინამდვილეში საკუთარ თავს ვერ უშველე, რომ შენი ბრალი არაფერი ყოფილა და შენს მნიშვნელობას ჩემს ცხოვრებაში ვერცერთი ნატანჯი დღე და წელიწადი ვერ გადაწონის, დაგხვდები. არ გაგაცილებ, ეფე. – რატო არ გესმის ჩემი? – მესმის. შენ? შენ გესმის რასაც გელაპარაკები? – რანაირად უნდა ვიცხოვროთ ჩვენ ერთად? – ხმა აუკანკალდა, – ხომ ხედავ რაც გაუკეთა ჩვენს ცხოვრებას ჩვენი მშობლების საიდუმლოებმა, იგივე გინდა ჩვენებისთვისაც? – ჩვენს შვილებზე მაშინ ვილაპარაკოთ, როცა სხვა კონტინენტისკენ მიმავალი ცალმხრივი ბილეთი არ გექნება ნაყიდი, ეფე. – ხმა ისე გაუღრმავდა, შიგ ჩაითრია ეფემიას სიმშვიდეც. – როცა გეყვარები საკმარისად, მაშინ მიხვდები, როგორც… – არ გაბედო! – თვალწინ საჩვენებელი თითი ისე აუფრიალა, თითქოს სიცოცხლის წართმევით ემუქრებოდა წინ მდგომს, – შენ რა იცი მე როგორ… – შენ იმდენად გიყვარვარ, რომ ჩემგან წასვლა შეგიძლია. მე იმდენად მიყვარხარ, რომ არ შემიძლია და მაინც გიშვებ. შედი სახლში, არ გაცივდე… . კიბეებზე ისხდნენ მაისურაძეების ეზოში. ბოლო საფეხურზე რენე, ოთო და ნინა ქვემოთ, მოსიკა მოაჯირზე. ღია ფანჯრიდან ლენას და რიტას ხმა გამოდიოდა. ეზოში აყვავებული იასამნის სურნელი მათთანაც აღწევდა და ყველა თავისებურად ტკბებოდა გვიანი გაზაფხულის სითბონარევი სიგრილით. -ანუ მიაკომ დაგვადო, – გულდაწყვეტილი ხმით ჩაიალაპარაკა მოსიკამ. – მე მესმის მისი, – ხმადაბლა ჩაილაპარაკა ნინაკამ. ჭიშკარს ისე შეჰყურებდა, თითქოს მის გაღებას და შიგნით ვიღაცის შემოსვლას ელოდა, თითქოს ყველა ამისთვის შეკრებილიყო აქ. – თუ შენთან ახლოს იქნება, ასე მარტივად ვერ გადაიტანს, რენე. ზუსტად ვიცი, დაბრუნდება. – არ მეგონა, ეზოსაც თუ მიატოვებდა. – კოლოფიდან ერთი ღერი სიგარეტი თავისთვის ამოიღო ოთომ, მეორე რენეს გაუწოდა. ცალი თვალით ფანჯრისაკენ იყურებოდა, არ უნდოდა ლენას დაენახა. – აუ, ნუ ეწევით რაა, – ხმამაღლა დაიწუწუნა მოსიკამ, – ავქოთდი. – გინდა ცხვირი გაგიტეხო? ვეღარ იგრძნობ. – ერთი კვირაა ასე ვზივართ და ველოდებით, ტასო როდის მოვა. – ფეხზე წამოდგა ნინაკა, – ნაღდად იცის ბავშვმა მისამართი? მივიდეთ, გავეცნოთ, მაკდონალდსში წავიყვანოთ. – ვარდო, ბავშვი ამერიკიდან ჩამოვიდა ლებანონიდან კი არა. შენ მაგას „ჰეფი მილით“ გააკვირვებ? მეგრულ სახლში წავიყვანოთ. ჰა, რენე.. – მხარი გაჰკრა მეგობარს მოსიკამ. – ღმერთო, ეს კიდე უფრო ამჟავდა. – მომენატრა გებჟალია. – ვაიმე, ღომი… – ჰაერი ისე შეისუნთქა მოსემ, თითქოს ორთქლავარდნილ თუჯის ქვაბს წასდგომოდა თავზე, – ლენა! გოგო, გამომხედე! – მაცადე, სერიალს ვუყურებ! – გამოსძახა ქალმა, თუმცა მაინც წამოდგა ფეხზე. – რა გინდა, რას არ მასვენებ? ჭიშკრის ჭრიალზე ერთდროულად შეტორტმანდა ყველას მკერდში გული. ეზო ჰაერისგან დაიცალა თითქოს. ისე გადახედეს ერთმანეთს, უნდოდათ დარწმუნება, რომ არავის არაფერი მოლანდებია. ნაბიჯების ხმა იყო უცხო და ყველაზე სასურველი მაისურაძეების ეზოში. გრილმა ნიავმა ტასოს ოთახში ფარდა ისე შეარხია, თითქოს დაემშვიდობა კედლებში დაბუდებულ სიცარიელეს და გააცილა შორეულ გზაზე, რომელიც უკან აღარ დააბრუნებდა არასოდეს. გული ისე მწარედ უცემდა მკერდში რენეს, ფეხზე წამოდგომა გაუჭირდა. მარტო იყო ტასო. მელნისფერი კაბა ეცვა და ისე უყურებდა დამხვდარ საზოგადოებას, როგორც ბავშვი, რომელიც პირველად გამოდის სცენაზე და ხალხის რეაქციის ეშინია. -გოგო, იცი რამდენი ხანია, რაც გელოდებით? – დოინჯი შემოირტყა მოსიკამ. ისეთი ხმა ჰქონდა, სერიოზულად ვერაფრით მიიღებდით მისი შეკრული წარბებით ნათქვამ სიტყვებს. ოდნავ გაეღიმა ტასოს. რენეს ისე უყურებდა, ახლა ყველაზე მეტად მისგან უნდოდა რამის მოსმენა. ის კი იჯდა, გულატკივებული უყურებდა და უღიმოდა ისე, როგორც ნაჩუქარ სიცოცხლეს. -ბარნოვზე საცობები იყო და… – ხმა ამოიღო ტასომ. სახლში კარებები რომ გაჯახუნდა, იგრძნო, რომ კიდევ უნდა შეხვედროდა ვიღაცას. ბებო და დედა. -მოხვედი, ბებო? – შავი თავსაფარი მოეხსნა ლენას. ცრემლები უკანკალებდა ხმაში. ისე ჰკითხა, თითქოს დიდი ხნით არსად წასულა. რიტას არაფრის თქმა არ შეეძლო. მოაჯირს ეყრდნობოდა ორივე ხელებით და ცდილობდა დარწმუნებულიყო, რომ არ გაგიჟდა. რომ არ ეჩვენებოდა. რომ ცოცხალი იყო და სამოთხე დედამიწაზე მოუწყო ღმერთმა. -გელოდებოდით. – ვერ ისვენებდა ლენა, ზურგთან წამოადგა რენეს, – ადექი, ბიჭო, შენი და მოვიდა, რას გაქვავებულხარ… – მაცადე, ლენა, არ შემიძლია ადგომა. – აუ, რა ფუმფლო ხარ, მაისურაძე. – მხარში ცხელი ჩაავლო მოსიკამ და ფეხზე წამოაყენა. ნელა გადადგა მათკენ ნაბიჯი ტასომ. თან ყველას დაკვირვებულ მზერას ღიმილით პასუხობდა. მისი ფეხის ხმას იმახსოვრებდა კიბეც და სახლის იატაკიც. ლენა უსმენდა განსაკუთრებული ყურადღებით, ძალიან ჰგავდა რენეს ნაბიჯებს, მაგრამ უფრო მსუბუქი იყო, უფრო ფარფატა და უფრო დაუჯერებელი, ვიდრე ახდენილი ოცნება. . -დედაშენმა მითხრა, რომ უფროსი ძმა გინდოდა ბავშვობაში. ბაღში ისხდნენ. ტასო ნაყინს მიირთმევდა. რენე შავ სათვალეს ათამაშებდა ხელებში. -რამდენჯერ მითხარი უკვე, – გაეღიმა ტასოს. – რამდენჯერ უნდა მომაყოლო? – რამდენჯერ გითხარი? არ მახსენდება. – კაი, კაი, არ გინდა. – თმა გვერდზე მეტიჩრულად გადაიყარა, ძალიან მოსწონდა მის ძმასთან ერთად ეზოში ჯდომა. მოსწონდა, როცა ერთად ხედავდათ ხალხი. როცა ქუჩაში ნაცნობები ხვდებოდნენ და ეუბნებოდა, რომ ეს მისი ძმაა, რომელიც თურმე ბავშვობიდან ეძებდა. – დედას ხო არ წყინს ცირასაც დედას რო ვეძახი? – არა, დედას უხარია მასაც დედას რომ ეძახი. – მამას როგორ ვუყვარდიო, რას ამბობდი? – რამდენჯერ უნდა მომაყოლო? – მისნაირი ხმით გაიმეორა რენემ. – მიდი და მეც გეტყვი მიაკოს როგორ უყვარხარ. კაი, რას დასერიოზულდი… . ორჯერ იყვავილა იასამანმა ეზოში. ახალგაზრდა ქალი ისე ნელა მიუყვებოდა ეზომდე მიმავალ ვიწრო გზას, თითქოს ყოველ წამს უკან გაბრუნებაზე ფიქრობდა. თაფლისფერი თმა მზეზე ოქროსავით უბზინავდა, ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ფარდასავით ერხეოდა ზურგზე. გრძელი კაბა ეცვა, თეთრი. ისეთი, როგორიც მაშინ. ნეტავ რა დახვდებოდა იქ. მუსიკის და ხალხის ხმა ალბათ ვინმეს სახლიდან მოდის. ალბათ ვინმე დაქორწინდა, ბავშვი შეეძინა, ან ნათლობაა. საკუთარ ფეხსაცმელებს მხოლოდ იმიტომ დაჰყურებდა, რომ რამე ისეთი არ დაენახა, რაც ცრემლების ტბას ჩააყენებდა მის თვალებში. მაგრამ გარდაუვალი იყო ამ ტბიდან მშრალად გამოსვლა. ხის გრძელ პანელზე ამოეკვეთათ ასოები – კაფე „იასამანი“. ჭიშკარი ღია იყო ყველასათვის. თეთრად შეღებილ აივნებზე მრგვალი მაგიდები დაედგათ. ნაცნობი ხმა ნაცნობ სიმღერას მღეროდა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მელოდიას მისი სულის სიმების რხევა გამოსცემდა. ყველაფერი ისეთი იყო, როგორც მის ოცნებებში. იმაზე უკეთესიც კი, ვიდრე წარმოედგინა და რომ არა მოჭარბებული გრძნობებით გამოწვეული ტკივილი, ალბათ იფიქრებდა კიდეც, რომ სიზმარში იყო, ამჯერად სამოთხისეულ სიზმარში და გამოღვიძებაც აღარ უნდოდა. -მაშინ დამავიწყდა მეთქვა, რომ თეთრ კაბაში ყველაზე ლამაზი ხარ… . ეპილოგი „მია, ამ მეილს საქართველოს დროით ღამის ათ საათზე გწერ. შენთან ალბათ დილაა. მაშინ ჩემთან რომ მოხვედი, სიმართლე გითხრა, ვერ მივხვდი, რისთვის მიყვებოდი ამ ამბავს. ვიფიქრე, რომ უცნობზე ოდნავ ნაცნობისთვის შენი გრძნობების გამხელა და წარსულის გამდინარე წყლისთვის გატანება გინდოდა. მაგრამ ხომ იცი, არ მიყვარს ზედაპირული ამბები. შენი მონაყოლი რომ არ დამვიწყებოდა, ავდექი და წერა დავიწყე. მერე გადავხედე და ისეთი კარგი ამბავი გამოვიდა, წასაშლელად შემენანა. გარეთ ისეთი კარგი ამინდია, ვერ დაიჯერებ. კაფეში იცი რამდენჯერ ვიყავი? მე და ჩემი მეგობრები სულ მანდ დავდივართ ხოლმე, ლენას „სფეშალს“ ვუკვეთავთ და დამეტყო გვერდებზე უკვე ჩემი ლენადამოკიდებულება. ისიც ხშირად დადის. ყველაფერს აკვირდება და ყურადღებას აქცევს. ტასო მაგარი გოგოა. ხანდახან მიმტანად მუშაობს. მერე ერთ სტუმარს შემთხვევით ცივი ყავა გადააქცია და რენემ მაშინვე მოხსნა თანამდებობიდან. ის ბიჭიც კატეგორიული მადლობით გაისტუმრა კაფიდან. იცი კატეგორიული მადლობა როგორია? აი, მადლობელი ვარ ამჯერად, მაგრამ მეორედ აქ აღარ დაგინახო. აშკარად ცივი ყავის გამო არ დადიოდა ის ყმაწვილი იქ. მოკლედ, ვიცი, რომ შენ გიჭირდა, ამიტომ შევეცადე შენი სათქმელი მე დამეწერა. ეს საიდუმლო აღარ იქნება, თუკი ასე გაწუხებს, რომ რაღაცას ინახავ, შეგვიძლია ბევრ ადამიანს წავაკითხოთ. (თუ თანახმა იქნები) მაგრამ შენი ამბავი პირველ რიგში შენთვის დაიწერა, უბრალოდ წაიკითხე და თვითონ მიხვდები, რომ მანდ ყოფნა ძალიან გაგიგრძელდა. ეს დასასრული ყველაზე მეტად მოუხდება თქვენს ამბავს, მია. ჩამოდი, გელოდებიან. პ.ს თეთრი კაბა არ დაგრჩეს, მაინტერესებს, მართლა ასე გეტყვის თუ არა, როგორც მე დავწერე. სიყვარულით, შენი ტასო იაშვილი დ ა ს ა ს რ უ ლ ი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.