შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კეკე (მეხუთე)


14-09-2024, 15:00
ავტორი ვე რა
ნანახია 1 138

კეკე
5
#კეკე

არავინ ელოდა საფრთხეს კეკესგან, ამიტომაც მოხდა რომ გვაზავამ ძლივს აკრიფა ბებერი ძვლები იატაკიდან, ხოლო მისი პრესტიჟული და სხვათა თვალის დასავსებად აყვანილი დაცვა გონს მხოლოდ რამდენიმე წამის დაგვიანებით მიეგო. წაქცეულ უფროსს მისცვივდნენ და წამოდგომაში დაეხმარნენ. გაცოფებულმა გოგიმ კი ჯავრი, როგორც ბობოლებს სჩვევიათ, უდანაშაულო დამნაშავეებზე იყარა და ორივე მათგანი გვარიანი ალიყურით დააჯილდოვა. ნეტავ რამდენს უხდიდა გვაზავა თავის თანამშრომლებს, რომ ისინი ასეთ დამცირებას პატრონის ერთგული ძაღლებივით უსიტყვოდ იტანდნენ?! ზოგადად რამდენი შეიძლება ღირდეს ადამიანი თავმოყვარეობა, ჰა?!
_ შენ თუ ეს დამცირება შეგარჩინო!_ დაექადნა ტანის რხევით მიმავალ ნათლულს ნათლია. დამცირებაც და შეურაცხყოფაც ხომ ცალმხრივად ესმით მავანთა ამა ქვეყნისათა?!
_ვფიქრობ, გოგი სამაგიეროს გადაუხდის ამ შენს ქალღმერთს!_ მხარი გაკრა ჩაფიქრებულ ონოს თემურმა. ონომ მხოლოდ თავი დაუქნია._ ამიტომ ეცადე და მის ახლოს იყავი, არა მგონია გოგის მორიგი არაკაცობის გაკეთება გაუჭირდეს! ფხიზლად უნდა ვიყოთ.
ონომ ისევ უსიტყვოდ დაუქნია თავი და ორივე მათგანი, წინ წასულ კეკეს აედევნა. აინტერესებდათ კიდევ რა სიურპრიზებს მალავდა ეს უცნაური ქალი თავის პაწაწუნა, მოდურ ჩანთაში, სადაც წესით მანქანის გასაღები თუ ჩაეტეოდა მხოლოდ.
საავადმყოფოში სწრაფი ნაბიჯით შეაბიჯა კეკემ. თან გულზე ახუტებული უცნაურად ჭრელი, მოზრდილი დათუნია და ნინას საყვარელი ტკბილეულობა მიჰქონდა.
_ აბააა, როგორ არის მსოფლიოში ყველაზე საყვარელი პაციენტი?_ კარი მხიარული ღიმილით შეაღო კეკემ და ატირებული ნინას სახე რომ მოხვდა თვალში ღიმილი სახეზე შეაცივდა.
_ რა მოხდა ნინა?_ პალატა მოათვალიერა კეკემ და მარიამი რომ ვერ დაინახა უფრო გაოცდა._ რატომ ტირი ჩემო ლამაზო?
_ დედა სადაა?
_ ის კაცი იყო მოსული ისევ!_ ამოიტირა ნინამ. ბავშვი აშკარად შეშინებული და დასტრესილი იყო._ დედას ეჩხუბა, უთხრა, რომ ბავშვს წაგართმევო!
_ ვერ მივხვდი რას ამბობ ნინა? აბა დამშვიდდი და ისე მიამბე! ნუ გეშინია,მე აქ ვარ, შენთან!_ საწოლზე ჩამოუჯდა კეკე პატარა გოგონას და მისი ხელი ხელში აიღო._ ვინ კაცი იყო აქ?
_ იმ კაცმა თქვა, რომ მამაა ჩემი! მაგრამ მე ხომ არ მყავს მამა? _ ინტერესით ამოიხედა კეკეს. აშკარა იყო ამ ქალს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ნინას თვალში. ამიტომ ბავშვი გაფაციცებული ელოდა მის ყველა სიტყვას.
_ ანუ ვაჟბატონი აქ მობრძანდა?!_ ჩაილაპარაკა კეკემ. _ რა მოელანდა ნეტავ ამდენი ხნის შემდეგ?

ჩაილაპარაკა თავისთვის და ისევ ნინას გაუღიმა.
_ კარგი, დამშვიდდი, როგორ გგონია კეკე შენს თავს ვინმეს დაუთმობს? ამას უყურე, ახალი მეგობარი მოგიყვანე!_ უთხრა ღიმილით და ფუმფულა დათუნია საწოლზე დაუსვა._ ექიმს ხომ არ უთქვამს, რომ რამე დიეტა დაგინიშნა? არა? ხოდა ძალიანაც კარგი! აი შენი საყვარელი ატმის ტორტიც მოგიტანე! შენ აქ იყავი და ნამცხვარი მიირთვი, მე დედიკოს მოვნახავ და ახლავე დავბრუნდები!_ კეკე წამოდგა, დამშვიდებულ ბავშვს თმა აუჩეჩა და კარისკენ წავიდა. როცა ზურგს უკან კარი მიიხურა, სახეზე აკრული ღიმილის ნიღაბი წამსვე ცივმა და მკაცრმა გამომეტყველებამ შეუცვალა.
_ მოგინდება წახვალ, მოგინდება მოხვალ?! ცხოვრება სწორედ შენზეა მორგებული მეგობარო არა?_ გაიღიმა ავად._ კარგი, მგონი დრო მოვიდა შენი ოცნების კოშკები მაგ გასიებულ თავზე დაგამხო!
ჩაილაპარაკა და მტკიცე ნაბიჯით გაუყვა დერეფანს.

_ რა მოხდა, რა უნდა საავადმყოფოში?_ ჰკითხა თემომ ონოს. და დაელოდა კარს მიღმა როდის გაუჩინარდებოდა კეკე, რათა მანქანიდან შეუმჩნევლად გადმოსულიყო.
_ მთელი დღეა მარიამი არ გამოჩენილა, მას ხომ არ შეემთხვა რამე?_ ლოგიკურად მიხვდა ონო, რომ საქმე მარიამს ეხებოდა.
_ მარიამს?_ ამ ქალზე რატომღაც მშვიდად ვერ საუბრობდა თემური. სულ რამდენჯერმე ჰყავდა ნანახი, მაგრამ ესეც კმაროდა. უცნაური,მკაცრი სილამაზე ჰქონდა მარიამს. შავგვრემანი და ცივი სახის ქალი იყო. თითქმის არასდროს იღიმოდა, თუ ბავშვთან არ იყო. ბევრს არ საუბრობდა, და არც თვალშიმოსახვედრად იცმევდა. ყველაფრით ცდილობდა შეუმჩნეველი დარჩენილიყო. თითქოს ზედმეტ ყურადღებას ემიჯნებოდა. თავისი არაორდინალური და ეფექტური უფროსისგან განსხვავებით, რომელიც პირიქით, მუდმივად და თავისდაუნებურად ექცეოდა ყურადღების ცენტრში.
მაგრამ თვალები ჰქონდა ცოცხალი მარიამს. ვინც ყურადღებით დააკვირდებოდა, მიხვდებოდა, რომ ეს ქალი ცინცხალი გონების და გამჭრიახობის პატრონი იყო. თანაც არანაკლებ მამაცი და შეუპოვარი ვიდრე კეკე. უბრალოდ, ალბათ ჰქონდა მიზეზი, რის გამოც ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდა.
_ წავალ, გავიგებ, რა ხდება!_ მშვიდი ხმით უთხრა ონომ თემურს და მიმღებისკენ გაემართა აუჩქარებლად.
_ კაცი კი არა რობოტი ხარ!_ თვალი გააყოლა თემომ მეგობარს და სიგარეტს გაუკიდა. მანქანის ცხვირზე ჩამომჯდარი ელოდა ონოს გამოსვლას, რომ მოულოდნელად სრულებით უცნაურ სცენას შეესწრო.
საავადმყოფოს გვერდით გაშენებული პატარა მოსასვენებელი სკვერიდან სწრაფი ნაბიჯით გამოვიდა მარიამი. მუდამ უემოციო სახეზე ეტყობოდა აღელვებული იყო. უკან მაღალი, ბრგე ტანის კაცი მოჰყვებოდა, თვალებიდან ცეცხლებს ჰყრიდა და რაღაცას ემოციურად ესაუბრებოდა. მარიამი გაჩერდა და ასევე ემოციურად უპასუხა. რაზეც მის მისაუბრეს საშინელი რეაქცია ჰქონდა. პატარა ტანის ქალს მხრებში ჩააფრინდა და მაგრად შეანჯღრია. ამის დანახვაზე ინსტიქტურად მათკენ გაემართა თორაძე. თავადვე გააოცა იმ სიბრაზემ, რამაც ასე აფექტურად აიტანა, მაგრამ წამითაც არ დაფიქრებულა, რომ უცერემონიოდ ერეოდა ორი ადამიანის ურთიერთობაში. ან რა ურთიერთობა ერქვა ამას? როცა კაცი ასე დაუფარავად ძალადობდა ქალზე? მარიამმა წინააღმდეგობის გაწევა სცადა და სწორედ მაშინ, როცა კაცმა ხელი აღმართა რათა მისთვის სილა გაეწნა თემურმა ხელიდან გააცალა ქალი.
_ ახლა სანამ ეგ ხელი მოგამტვრიე, უკან დაიხიე!_ ისე ცივად და ისეთი თავდაჯერებით უთხრა, მართლაც მოახდინა გავლენა თვალებჩასისხლიანებულ კაცზე. საერთოდ მოძალადის ფსიქიკა ხომ ასეთია, მაშინ მამაცობს, როცა მსხვერპლი შედარებით სუსტია. მაგრამ საკმარისია თავისზე უფრო ძლიერი მოწინააღმდეგე იყნოსოს, რომ თავდასხმიდან მაშინვე თავდაცვაზე გადადის. იმ ლაჩარმაც ნაბიჯით უკან დაიხია და ინტერესით შეათვალიერა ახალი მოწინააღმდეგე. თითქოს შეაფასა, რად ღირდა.
_ ეს ვინღაა? შენი ახალი საყვარელია?_ ჰკითხა ხმაჩახლეჩილმა თემურის რეაქციით გაოგნებულ მარიამს.
_ დაფიქრდი და ისე ილაპარაკე! _ დამცინავად გაეღიმა თორაძეს. მხარს უკან მდგარ ქალს მზრუნველად გადახედა_ ხომ კარგად ხართ მარიამ?
_ უკაცრავად, ბატონო თემურ! მერჩივნა, თუ თქვენ ამ ამბავში არ ჩაერეოდით! სამწუხაროდ ასეთი პირადული ამბავი... არც თუ დიდად სახარბიელო..._ აშკარად ემჩნეოდა, როგორ რცხვენოდა ქალს, რომ ასეთ მდგომარეობაში იხილეს. თუმცა კი არ იცოდა თორაძემ რა ხდებოდა სინამდვილეში, მაგრამ იმას კი ხვდებოდა, რომ მარიამისთვის ეს მომენტი ძალიან უსიამოვნო იყო.
_ თქვენ შებრძანდით შიგნით და ჩვენ დავილაპარაკებთ მშვიდად!_ უთხრა და საავადმყოფოს მიმღებისკენ ოდნავ უბიძგა.
_ შენ ვინ ხარ რომ აქ რაღაცეებს მიწყვიტავ? _ მაშინვე ჩაერია აქამდე ჩუმად მდგარი ტიპი._ მე მარიამის ქმარი ვარ და ვერავინ დამიშლის მასთან საუბარს!
_ ქმარი?_ გაოცებით გადახედა თემომ მარიამს. ქალმა ამოიოხრა და თავი უარის ნიშნად გადააქნია. თავს ძლივს იკავებდა, რათა სიმშვიდე შეენარჩუნებინა და თორაძის წინ თავი არ დაეკარგა. _ შედით მარიამ, შედით! და არ ინერვიულოთ!
სწორედ იმ წამს საავადმყოფოდან გამოაბიჯა კეკემ. რომელსაც უკან სწრაფი ნაბიჯით მოყვებოდა ონო.
კეკეს ისეთი სახე ჰქონდა, თუ ადამიანს თავში ჭკუა ჰქონდა უნდა მაშინვე გარიდებოდა, მაგრამ მარიამის ყოფილი ქმარი კეკეს არ იცნობდა. წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, ვინ იყო, რას წარმოადგენდა და რისი გაკეთება შეეძლო, ამ ერთი შეხედვით ბარბის თოჯინა ქალს.
_ ანუ შენ ბრძანდები ის არაკაცი არა?_ თემურისთვის ზედაც არ შეუხედავს ისე დაუდგა წინ მისი უნაკლო ვიზუალით გაოცებულ კაცს.
_ შენ რაღა გინდა თოჯინა? რა „კუკლაა“ ტო!_ თავი ვერ შეიკავა საზიზღარი შეფასებისგან კაცმა.
_ ახლა სანამ ამ კუკლამ კისერი მოგაწყვიტა, გაქრი აქიდან. ნინასთან მიახლოება არ გაბედო და ბავშვმა შენ გამო აღარ იტიროს, თორემ საკუთარ სახელს დაგავიწყებ არაკაცო!_ დაემუქრა კეკე, თან მისკენ ისე გაიწია, თითქოს იმ წამსვე უპირებდა დაპირების ასრულებას.
_ შენ საერთოდ ვინ ხარ?_ ახლა კი იკადრა და უფრო ინტერესით დააკვირდა ქალს. _ ნინა ჩემი შვილია, ის ქალბატონი კი ცოლი და კანონიერი უფლება მაქვს...
_ კანონიერი?_ ირონიულად გაეცინა კეკეს. _კი კანონიერი უფლება გაქვს ბავშვს ალიმენტი უხადო, ალიმენტი, რომელიც ლამის ცხრა წლის წინ დაგაკისრა სასამართლომ და ჯერ თეთრიც არ გადაგიხდია. ხვალ ჩემს ადვოკატებს გაესაუბრები და გაგარკვევენ, რას ნიშნავს წლობით გადაუხდელი ალიმენტები!
კეკეს სიტყვებზე შეცბა კაცი. უკან დაიხია.
_ ახლა აქიდან გაქრი და დამელოდე, თუ შენთან ადამიანური სიტყვა არ გაჭრის, ისიც ვიცი შენნაირ არაკაცებს რა ენაზე უნდა ვესაუბრო გასაგებად!_ კეკემ თითქოს საკუთარ სიტყვას ძახილის ნიშანი დაუსვა, ისე აქცია ზურგი გაოგნებულ კაცს, მარიამს ანიშნა გამომყევიო და საავადმყოფოსკენ გაბრუნდა. გაიწია მათკენ გადადგა გაცოფებულმა კაცმა, მაგრამ ონომ ისეთი სახით ანიშნა გაჩერდიო, ნაბიჯის გადადგმა ვეღარ გაბედა.
_ აბა, წამოდი ძმაო, გავისაუბროთ ცოტა, გავიცნოთ ერთმანეთი!_ თავით მანქანისკენ ანიშნა ონომ. ჯერ მას გახედა ტიპმა, მერე თორაძეს, მიხვდა მათთან „საუბარს“ თავს ვერაფრით დააღწევდა და უკმაყოფილო სახით გაჰყვა უკან.

_ რა ჯანდაბა მოელანდა ამდენი ხნის მერე?_ პალატის გარეთ საუბრობდნენ ლამის ჩურჩულით, რათა ბავშვს არაფერი გაეგო და ტყუილად არ ენერვიულა.
_ ამას წინ შემთხვევით შევხვდით, დაინახა ადამიანურად გვეცვა, მანქანა და მოწესრიგებული ცხოვრება გვქონდა და ..._ ამოიოხრა დაღლილად მარიამმა._ მოუშორებელი ჭირივითაა მგონი. მხოლოდ საკუთარ სარგებელს არის გამოკიდებული. ახლა ბავშვით მაშანტაჟებს, მისი არ მეშინია, რა თქმა უნდა, სულელი არ ვარ, მაგრამ ნინას როგორ ავუხსნა? როგორ ავარიდო ეს ყველაფერი? ამდენი წელია მარტო მოვყვები, ამდენი წელია არც კი მიწუწუნია, თქვენ ხომ იცით როგორ ჯიუტად ვცდილობ ფეხზე დადგომას .._ ხმა აერია მარიამს. ქალი იყო, ადამიანი, და როგორც ყველა ჩვენგანი, ისიც იღლებოდა ყოველდღიურობისგან.
_ კარგი მარიამ! _ მხარზე ხელი მოუჭირა კეკემ._ შენ ხომ იცი რატომაც გცემ პატივს? არასდროს დაივიწყო, რომ ძლიერი ქალი ხარ! ძლიერი და დამოუკიდებელი და არაფრის წინაშე უკან არ დაიხევ! ხომ გახსოვს ეს? მაგნაირები მოგვინელებია მე და შენ ?!
ეს უთხრა და გადაეხვია. ესმოდა კეკეს რა რთულია, როცა სულ მარტო ხარ მტრად მოკიდებული სამყაროს წინაშე. თანაც როცა ეს სამყარო წინდაწინვე სუსტად გთვლის და რაც არ უნდა გააკეთო მაინც ჯიუტად ცდილობს შენთვის ამ იარლიყის მიკვრას.
_ იტირე მარიამ თუ გინდა! აქ იტირე და მერე შენს გოგონასთან ღიმილით შედი! ეს გინდა გითხრა?_ ორივე ხელი ლოყებში მოკიდა და თავი მაღლა ააწევინა. ასე სასაცილოდ ლოყებგაწელილს.
_ ამას ვერ გეტყვი მარიამ!_ თავადაც თვალებზე მომდგარი ცრემლები სწრაფად და მტკივნეულად ამოიწმინდა_ ტირილი არ გაბედო მარიამ!
უფრო საკუთარ თავს უთხრა კეკემ. შემდეგ მეგობარს შვილის პალატის კარი გაუღო და პირველი შეატარა.
სამყაროში, სადაც ქალებს არც სილამაზეს, არც ჭკუას, არც სიძლიერეს არ პატიობენ და სადაც მათ მხოლოდ ტირილი ეპატიებათ, ტირილი სწორედ ის იყო, რის უფლებასაც კეკე საკუთარ თავს არასდროს აძლევდა და არც არასდროს პატიობდა.

ვე რა



№1  offline წევრი მე♥უცნაურე

ჩემი ქალების ქალი!
ეს თემური და ონო რას დასდევენ ერთი :D
იქით დაიცავს მაგათაც, კეკე :D

 


№2 სტუმარი სტუმარი ნათია

აუუ ისე გამიხარდა რომ დადე ჩემი პრობლემები სულ გადამავიწყა ❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი nina

მინდა დასრულებას დაველოდო და ერთიანად წავიკითხო, მაგრამ ვერ ვითმენ ხოლმე. სახალისო წასაკითხია. მადლობა.

 


№4  offline ახალბედა მწერალი ვე რა

მე♥უცნაურე
ჩემი ქალების ქალი!
ეს თემური და ონო რას დასდევენ ერთი :D
იქით დაიცავს მაგათაც, კეკე :D

კი მეც მომწონს ძლიერი ქალები. არავისგან რომ არ სჭირდებათ ზურგის გამაგრება.

სტუმარი ნათია
აუუ ისე გამიხარდა რომ დადე ჩემი პრობლემები სულ გადამავიწყა ❤️

ამაზე კარგს რას გეტყვის მკითხველი, რომ შენი ამბავი საკუთარ საწუხარს ავიწყებს. მადლობა.

სტუმარი nina
მინდა დასრულებას დაველოდო და ერთიანად წავიკითხო, მაგრამ ვერ ვითმენ ხოლმე. სახალისო წასაკითხია. მადლობა.

ცოტა იუმორი ყველაზე მოსაწყენ ამბებსაც ალამაზებს. მადლობა.

 


№5 სტუმარი სტუმარი ნათია

შემდეგი თავი დადე რაა

 


№6 სტუმარი ნათ

შემდეგს როდის დადებთ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent