შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოუხელთებელი 2 ( სრულად )


28-09-2024, 13:12
ავტორი Mariapipinova
ნანახია 2 499

( სვეტა კვარაცხელია )


ბოლო ორი კვირაა, სიზმრებმა მომთელა. წარსული თითქოს ყოველი მხრიდან მესხმის თავს. ჩემმა ყოფილმა ქმარმა რეალობაში ორჯერ დამანება თავი, სიზმრებში კი არ მასვენებს. არ ვიცი, რატომ მესიზმრება. საამისოდ არანაირი საბაბი ჩემი თავისთვის არ მიმიცია. რაც დავქორწინდით, მას შემდეგ ორჯერ დავშორდით და ერთხელ შევრიგდით. ორჯერ დაშორება რას ნიშნავს? იმას, რომ სხვა ქალთან გაიქცა. ექვსი წელი იმ სხვასთან იცხოვრა, მერე ისევ მოგვიჩოჩდა მე და ირაკლის. ათი წლის იყო მაშინ ირაკლი. რა უნდა მექნა, ყველაფერზე თვალი დავხუჭე, ბავშვს მამა ახლა სჭირდება, თუ სჭირდება-მეთქი და შევურიგდი. შერიგებას ჩემი ქალიშვილის, ტიდას დაბადება მოჰყვა, რომელიც ახლა 21 წლისაა და ტელევიზიაში ჟურნალისტობს. ნათქვამია, კვიცი გვარზე ხტისო და ჩემმა გოგომაც მომბაძა _ მეც დედასავით ჟურნალისტობა მინდაო. უნდა და ეგერაა! ნახოს, როგორი „სასავარძლე“ პროფესიაა. ირბინოს აღმა-დაღმა. გაგანია სიცხეში სვას პლასტმასის ბოთლის ცივი წყალი, ზამთრის სიცივეში კი ქაღალდის ჭიქის უგემური ყავა.

აი, ასეთია ჩემი პროფესია. ამგვარ გადარბენებს შევალიე ჩემი ცხოვრების ოცდაცხრა წელი, თუმცა ტელევიზიაში არ მიმუშავია, მხოლოდ პრესაში ვსაქმიანობდი. დღეს ისე აქტიურად ვერა, რადგან უკვე 59 წლის ვარ, მაგრამ მაინც ვფაფხურობ, სანამ არ მეტყვიან „ძლიერნი ამა პრესისასანი“, შენი დრო უკვე ამოიწურა, ნატა მეუნარგია, „პენსიონერა“ ხარო. მეც ავდგები და ვიმღერებ მერე „პენსიონერას“ ერთ ხმაში.

ჰოდა, იმას გიყვებოდით, ტიდას გაჩენის მერე რა მოხდა. მჩხავანა გოგო იყო, მთელი ღამე ტიროდა და არავის გვაძინებდა. ჩემმა მეორედ მოვლენილმა მეუღლემ, მე ასე არ შემიძლიაო, კიდევ ერთხელ დაიხურა ქუდი და გაშპა. ამჯერად მეორე სხვა ქალთან. თუმცა იმდენად მოკლეფეხება აღმოჩნდა მისი მესამე სიყვარული, რომ რამდენიმე თვეში ისევ სცადა დაბრუნება. აი, მაშინ კი მოვუყარე თავი ერთად ჩემს ნებისყოფას, სიამაყეს, თავმოყვარეობას, „შემტევი ალიანსი“ შევკარი და კარის ზღურბლზე მომდგარ „მაპატიეღიმილიან“ მეუღლეს ცხელ გულზე ცივი უარით დავხვდი.

ახლა სად არის? სამწუხაროდ, გაფრინდა. გაფრინდა იქ, საიდანაც აღარ ბრუნდებიან. დაიღუპა. მთვრალი მართავდა საჭეს და კლდიდან გადაფრინდა. არ იმსახურებდა, მაგრამ მაინც განვიცადე. ორმოცი დღე ძაძებითაც კი ვიარე. ტიდა პატარა იყო მაშინ, სულ რაღაც სამი წლის. ირაკლი სწორედ მაშინ გახდა თოთხმეტის.

ზუსტად მის დაბადების დღეზე მოუნდა მამამისს შერიგება, მაგრამ არ გამოუვიდა. მამიკო, არ გინდა დავბრუნდეო? _ ჰკითხა შვილს საწყალი ხმით. იმან კიდევ, ჩემთვის სულერთია, დედას თუ უნდა, დარჩი, მე უშენობას მიჩვეული ვარო. სახტად დავრჩი და მას მერე სულ მეგონა, რომ ბავშვმა წესიერად ვერც მოასწრო მამის შეყვარება, რადგან რაც ერთად ვიცხოვრეთ, დაჩი სულ გარბოდა და გამორბოდა. თუმცა შევმცდარვარ. ჩემმა უფროსმა შვილმა მამის დაღუპვა ძალიან განიცადა, რაც ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მერეღა დავფიქრდი, ვინ იცის, იქნებ იმიტომაც არ აუბა მხარი მეორედ დაბრუნების მსურველ მამას, რომ მე გამფრთხილებოდა? იქნებ იფიქრა, ეს კიდევ გაიქცევა და დედა ამას ვეღარ გადაიტანსო? არ ვიცი…

მას მერე გათხოვებაზე არ მიფიქრია. არც საყვარლის გაჩენაზე. ზოგადად, ქმარს რა დანიშნულება აქვს ოჯახში, ერთხელ და სამუდამოდ დავივიწყე. მივიკარი მარტოხელა დედის იარლიყი და დღემდე ასე ვატარებ.

სამაგიეროდ, ბოლო ორი კვირაა, დაჩი სიზმრებში გამომეცხადა და მოსვენებას მიკარგავს. ხან მეჩხუბება, ხან მეფერება, ხან ტირის, ხან იცინის. უცნაური ისაა, რომ მასთან ერთად ზურიკოც მესიზმრება, ერთი კარგი ბავშვი.

წლების წინ, უფრო სწორად 2000 წელს, ბაზარში ერთი დევნილი ბიჭი გავიცანი, ზურიკო ერქვა, კაშია იყო გვარად. ერთად გვარიანი დრო გავატარეთ, უამრავ შარში გავეხვიეთ, თავგადასავლები დავაგროვეთ და, რაც მთავარია, ჩემს ირაკლისაც დაუმეგობრდა. თითქმის ტოლები იყვნენ, ირაკლი მხოლოდ ერთი წლით იყო მასზე უფროსი. მერე გავაბრაზე ზურიკო და რამდენიმე დღით გაქრა, დამემალა. მერე ისევ გამოჩნდა და, სანამ მამამისი ციხიდან გამოვიდოდა, ჩვენთან ცხოვრობდა.

საოცრად თბილი და მოსიყვარულე ბიჭი იყო, წესიერი, მაგრამ ცელქი, ონავარი, მოუხელთებელი. მაოგნებდა ხოლმე, ისეთ ოინებს სჩადიოდა. საოცარი იუმორით იყო დაჯილდოებული. გაბრაზებას ვერ ვახერხებდი, რათა დამეტუქსა. ისეთ რამეს იტყოდა, სიცილის შეკავება მიჭირდა და ბოლო ხმაზე ვხარხარებდი. თან ჩემი შვილიც რომ აიყოლია? ისეთი ტანდემი შექმნეს, ნებისმიერ იუმორისტულ შოუს დაამშვენებდა მათი დუეტი.

სწორედ ეს ზურიკო მესიზმრება ხშირად. თან სულ იღიმის, ეშმაკურად, თვალებმოჭუტული. ასე იცოდა ხოლმე, როცა ენაკვიმატობდა. სულ მიკვირდა, თავისი მშობლების გადამკიდე გზას როგორ არ ასცდა. მამა პატიმარი ჰყავდა, მანქანის გატაცებისთვის იხდიდა სასჯელს, დედამ კი ცხრა წლის ბიჭი მიატოვა და უცხოეთში გავარდა. ფაქტობრივად, გარიყული იყო ზურიკო, მაგრამ მაინც პატიოსანი შრომით შოულობდა ლუკმაპურს. ძირითადად, ლიმონს ყიდდა ბაზრის ტერიტორიაზე. ხან მოვაჭრეებს ეხმარებოდა ალაგება-დალაგება, წაღება-წამოღებაში. მეც მაგ ლიმონებით გავიცანი. „ლიმონი არ გინდა, ლამაზო, იაფად მოგცემ“ _ ასე მომმართა, როცა პირველად ვნახე. მერე ერთი ნათესავი გამოჩნდა, ზურიკოს მამის ბაბუის და, რომელიც თბილისში ცხოვრობდა. მარტოხელა იყო, არც შვილი, არც ძირი. ჰოდა, რადგან ქვეყანაზე სხვა არავინ ჰყავდა, გადაწყვიტა, თავისი ქონება მამა-შვილისთვის დაეტოვებინა. არადა, მშვენიერი სამოთახიანი ბინა ჰქონდა ისანში. ერთხელ მე, ზურიკო და ირაკლი ერთად წავედით მის სანახავად. თბილი ქალბატონი აღმოჩნდა, კარგად მიგვიღო, ტკბილეულით გაგვიმასპინძლდა და სურვილიც გამოთქვა, ზურიკო მასთან დარჩენილიყო, ყველანაირად მივხედავ და მეც წამიკრავს ხელს საქმეში, მაღაზიაში მაინც გამეგზავნება პურზეო, მაგრამ ზურიკომ არ ქნა. ჩემი „სამსახურიდან“ აქამდე შორი მანძილია, შენთან მირჩევნია დარჩენა, თუ არ შეგაწუხებო. მივხვდი, ირაკლისთან ერთად უნდოდა. მეც ვისარგებლე მისი თხოვნით და ვუთხარი, იმ პირობით დაგტოვებ, თუ შენც ივლი სკოლაში ირაკლისთან ერთად-მეთქი. უყოყმანოდ დამთანხმდა. მეც ავდექი და ვუკარი სკოლაში თავი.

საოცრად ნიჭიერი ბიჭი იყო, თუმცა ძნელად მოსათვინიერებელი, მაგრამ მე თვითონ ბიჭის პატრონს შემეშლებოდა, როგორ მივდგომოდი? საღამოს, შინ დაბრუნებული ორივეს გვერდით მოვისვამდი. ჯერ გამოვკითხავდი, სკოლაში დღემ როგორ ჩაიარა, მერე გაკვეთილებსა და დავალებებს ჩავიბარებდი და ვაი იმის ბრალი, ვისაც ნამეცადინები არ ჰქონდა. ბიჭს დამატებით გაკვეთილებსაც კი ვუტარებდი საკუთარი ინიციატივით, რომ თავის კლასელებს არ ჩამორჩენოდა _ მათემატიკაში, ინგლისურში, რუსულში… სხვა საგნებს თვითონაც მშვენივრად მოერეოდა.

ერთი სიტყვით, ორ ბიჭს ერთად ვზრდიდი და არცერთს არაფერს არ ვაკლებდი. რა თქმა უნდა, შესაძლებლობის ფარგლებში. თავზე არ გადამდიოდა, მაგრამ მშივრებიც არ ვიყავით. გარდა ამისა, „დიდი ზურიკო“, ანუ მამამისი თითქმის ყოველთვიურად გვიგზავნიდა ზონიდან „მოსაკითხს“ _ ფულად თანხას, ხან ცოტას, ხან ბევრს, როგორც მოახერხებდა იმის მიხედვით, რასაც მთლიანად „შვილობილს“ ვახმარდი.

მერე პატივცემული ზურაბი ციხიდან გამოვიდა, ნახევარბებიის ბინა გადაიფორმა, ზურიკო ჩემგან წაიყვანა და საჩუქრად დიდი მადლობები დამიტოვა სოლიდურ თანხასთან ერთად. თავი გავიგიჟე, არ ვართმევდი, მაგრამ ბოლოს მაინც თავისი გაიტანა, ირაკლისთვის ვტოვებ და არა შენთვისო.

მიუხედავად ამისა, ზურიკელასთან ურთიერთობა არ შეგვიწყვეტია. ზუსტად ის პერიოდი დაემთხვა, მე რომ დაჩის შევურიგდი და ორსულად ვიყავი. ჯერ ერთი, ერთ სკოლაში სწავლობდნენ და ბავშვები ყოველდღე ნახულობდნენ ერთმანეთს. გაკვეთილების შემდეგ კი ჩვენთან ამოდიოდნენ სახლში. ვაჭმევდი, ვასმევდი, ცოტა ხანს ითამაშებდნენ და მერე მე და ირაკლი ერთად ვაცილებდით გაჩერებამდე. იქ ჩავსვამდით 72 ნომერ მიკროავტობუსში და ხელის ქნევით ვემშვიდობებოდით. მეც დეკრეტული შვებულება მქონდა და ბოლო თვეები სახლში ვიყავი. „დიდი ზურიკო“ კი იმ ერთი სტუმრობის შემდეგ აღარ გამოჩენილა. მის ამბავს პატარა ზურიკოსგან ვიგებდით. ავტოგასამართ სერვისში დაიწყო მუშაობა ხელოსნად და აი, ირაკლი რომ მანქანას იყიდის, მამაჩემი უფასოდ გაურემონტებსო, გვპირდებოდა. ხანდახან შაბათ-კვირასაც რჩებოდა ჩვენთან. დაჩისაც მოსწონდა ზურიკო, არასდროს გამოუთქვამს უკმაყოფილება ჩვენთან ხშირი სტუმრობის გამო. როცა მე არ მეცალა, ის და ირაკლი აცილებდნენ ხოლმე ზურიკელას გაჩერებამდე.

ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ მათი დიდი ბებია არ გარდაიცვალა. ამის მერე ყველაფერი შეიცვალა მათთანაც და ჩემთანაც. მე ტიდა გავაჩინე, ზურიკოს მამამ კი ბებიის ბინა დააგირავა, მოჰკიდა შვილს ხელი და აღებული ფულით უკრაინისკენ გაუყვა გზას.

ასე დაშორდნენ ჩემი ბიჭები ერთმანეთს. დიდხანს ვიდარდე. ლამის ჩემს ხელში გაიზარდა და მენანებოდა დასაკარგავად. მამამისი როგორ მოუვლიდა, წარმოდგენა არ მქონდა, იმ კაცს წესიერად არც ვიცნობდი. შეეძლო კი მიეცა ის, რასაც მე შევძლებდი? კი დავარიგე გამგზავრების წინ, ჭკვიანად მოიქეცი, წესიერი ცხოვრება გააგრძელე და კარგ ადამიანად დარჩი-მეთქი. ისე ველაპარაკე, თითქოს უკვე დიდი იყო და სულაც არ ვმოძღვრავდი.

როგორ ჩაგვეხუტა. სამივე ვტიროდით. დაჩი უკვე აღარ ცხოვრობდა ჩვენთან, ტიდა კი ჯერ ერთი ციდა იყო. არასდროს დაგივიწყებთ და როცა ჩამოვალ, პირდაპირ თქვენ მოგადგებითო, შეგვპირდა…

პირობა პირობად დარჩა. მას შემდეგ აგერ, 22 წელი გავიდა და ზურიკოზე არაფერი ვიცი. ერთხელაც არ შეგვხმიანებია. მასზე ნამდვილად არ მეთქმის საყვედური, ბავშვი იყო და შეიძლება ვერც მოეხერხებინა ჩვენთან დაკავშირება, მაგრამ მამამისს ხომ შეეძლო? ჩემი აზრით, ამაზე უნდა ეფიქრა. ასე თუ ისე, რაღაც ამაგი მაინც მქონდა მის შვილზე.

მას მერე ბევრმა ცივმა წყალმა ჩაიარა. რევოლუციაც გამოვიარეთ და ორი მთავრობაც გამოვიცვალეთ. მერე კოვიდი დაგვერია და თითქმის ყველას მოგვწვდა მისი საცეცები, თუმცა ჩვენმა ოჯახმა შედარებით იოლად გადაიტანა. ისიც ირაკლის წყალობით, რომელმაც სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა და ქირურგია. სხვათა შორის, არცთუ ურიგო ქირურგი. ტიდა უკვე გითხარით, რომ ჟურნალისტია და ტელევიზიაში „თოხარიკობს“. სულ არ მინდოდა ჩემს კვალს გაჰყოლოდა, მაგრამ მაინც თავისი გაიტანა. რა ვქნა, დედა ვარ და არ მომწონს, შუაღამეს რომ მოდის სახლში, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, სადაც არის. ბოლო დროს კრიმინალურმა თემებმა გაიტაცა და ჟურნალისტურ გამოძიებებს მიჰყო ხელი. თავის დროზე ხომ მეც ამგვარ თემებზე ვმუშაობდი. ამიტომ ისეც ხდება, რომ ხშირად ერთად ვაანალიზებთ მისთვის საჭირბოროტო საკითხებს. ჭკვიანი გოგოა. ორი-სამი ისეთი სიუჟეტი მოამზადა, რომ ყველას ყურადღება მიიპყრო. მუქარის ზარებიც ყოფილა, მაგრამ მაინც არ შედრკა, უკან დახევა არც უფიქრია. მაინც ბოლომდე მიიყვანა ის საქმე, რომელმაც მავანთა აღშფოთება გამოიწვია.

აი, ასე გამოიყურება ჩემი დღევანდელი ცხოვრება. კმაყოფილიც ვარ და ბედნიერიც. ამიტომ არ მომწონს ჩემი ბოლოდროინდელი სიზმრები. ზურიკო კარგი, ბატონო, გასაგებია რატომაც მესიზმრება. მასზე ხშირად ვფიქრობ და მე და ირაკლი სულ ვიხსენებთ, მაგრამ დაჩი? რატომ არ დამანებებს თავს? ნუთუ რამეს მაფრთხილებს და ვერ ვხვდები? ზოგადად, სიზმრებს იშვიათად ვხედავ, მაგრამ თუ დამესიზმრა, აუცილებლად უნდა ამიხდეს. დაცდილი მაქვს, თუ ცუდი რამე მესიზმრება, კარგად უნდა ამიხდეს და თუ კარგი, მაშინ პირიქით. მთლად ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ სიზმრების მჯერა. მჯერა იმიტომ, რომ საკუთარ თავზე გამომიცდია. ოღონდ ისეთი ცრუმორწმუნეც არ ვარ, ჩემი სიზმრები წყალს გავაყოლო ან ცეცხლს მოვუყვე. ასეთი რამეების არ მწამს.

***

დღეს კვირაა, მაგრამ სახლში მაინც მარტო ვარ. ტიდა რესპონდენტთან შესახვედრად დილიდან გავარდა, ირაკლი კი კლინიკაშია, ნაოპერაციები პაციენტები უნდა მოინახულოს. ასე რომ, სამზარეულოში ვტრიალებ და სადილს ვამზადებ. ეჰ, ირაკლი მაინც მყავდეს დაოჯახებული, ხომ მეყოლებოდა ახლა შვილიშვილი და მირბენდა გარშემო? იმდენ შეკითხვას დამისვამდა და იმდენ „რატომ“-ს გაურევდა თითო კითხვაში, თავს მომაბეზრებდა. ამბობენ, პატარები დღეში ხუთასამდე შეკითხვას სვამენო. ნეტავ მართალია? აი, შვილიშვილი რომ მეყოლება, აუცილებლად დავთვლი, რომ ზუსტად ვიცოდე.

არ დააყენა ჩემმა ბიჭმა ცოლის მოყვანას საშველი. ამ მხრივ მართლა ცუდი ყოფილა ექიმობა. მგონი, თვალები აქვს აჭრელებული ამდენი აცუნდრუკებული გოგოს შემხედვარეს. კლინიკაში ქალი არაა დარჩენილი, ჩემი შვილი არ მოსწონდეს. არის მოსაწონი და რა გინდა ქნა. მაღალი, ხორბლისფერი, ცისფერთვალება, მხიარული, კარგი იუმორის პატრონი და პროფესიონალი ქირურგი. სხვა რა გინდა? ყველაფერთან ერთად, პერსპექტიული სასიძო, ბინიანი, მანქანიანი. დედა ცნობილი ჟურნალისტია, და კი, ტიდა, ხშირად ჩნდება ტელეეკრანებზე თავისი ლამაზი გამოხედვითა და წკრიალა ხმით. ვის არ მოუნდება ასეთი ქმარი? ის კი არა, გათხოვილი ექიმები და ექთანებიც კი უპრაწავენ თვალებს. ჩემი შვილი არაფერს მიმალავს. ისეთი მეგობრები ვართ, მისი ყველა საიდუმლო ვიცი. უკვე 32 წლისაა და რჩევას მაინც მეკითხება ხოლმე. იცის, რომ დედა არასდროს დააღალატებს და ყოველთვის სწორი გზისკენ უბიძგებს. საცოლის რა მოგახსენოთ, მაგრამ შეყვარებული კი ჰყავს. უფრო სწორად, ჰყავდა და სულ რაღაც ორი კვირაა, რაც დაშორდნენ. სადმირა ჰქვია. უცნაური სახელია, არა? გეთანხმებით. პირველად რომ მოიყვანა სტუმრად ირაკლიმ და იმ გოგომ თავისი სახელი მითხრა, გავამეორებინე, ვიფიქრე, ვერ გავიგონე კარგად-მეთქი. მერე კი დიდი სიამაყით განმიმარტა _ სადმირა რუსულად „მსოფლიოს ბაღს“ ნიშნავსო, თითქოს რუსული არ ვიცოდი. ეგრე „მშვიდობის ბაღსაც“ კი ნიშნავს, რადგან რუსულად მშვიდობაც და მსოფლიოც ერთი სიტყვით გამოითქმის-მეთქი და ეწყინა. როგორც ჩანს, მისთვის სიტყვა „მსოფლიო“ უფრო ელიტურად ჟღერდა, ვიდრე „მშვიდობა“. მას მერე ჩემთვის თბილი ღიმილი არ გამოუმეტებია. სიმართლე გითხრათ, ამაზე არ მიდარდია. მასავით შინ ბევრი გოგო მოუყვანია ჩემს შვილს, მაგრამ ცოლად არცერთი არ დაუსვამს. კი გამომიცხადა, ჩემი შეყვარებულიაო, მაგრამ ეს ფრაზა სადმირას გამოჩენამდე ხუთჯერ მქონდა მოსმენილი და მეექვსედაც ჩვეულებრივად შევუშვი ყურში, დიდი ეფექტი არც ამჯერად მოუხდენია. გარეგნულად ცუდი გოგო არ იყო, მაგრამ რაღაც მარილი აკლდა. უფრო სწორად, შაქარი. ცივი ხასიათის იყო, სითბოს ნატამალი არ გააჩნდა. ამასთან, საშინლად ქედმაღალი. მე კიდევ დატკბილული გოგოები მომწონს და მომკალით, თუ გინდათ. გოგო, ვინც თბილად იღიმის, თვალებიდან სიყვარულს აფრქვევს და სისადავითაა შემკობილი.

დედის გულს რა გამოეპარება! არც ჩემი შვილის შესაფერისი იყო და არც ჩემი ოჯახის, მაგრამ ირაკლის წინააღმდეგ არასდროს წავსულვარ, თუნდაც ცოლად შერთვის სურვილი გასჩენოდა. მთავარია, მას უყვარდეს, თვითონ გრძნობდნენ თავს ერთმანეთთან კარგად და მე არასდროს ჩავერევი, ხელს თუ შევუწყობ მხოლოდ. ტიდაც ჩემნაირი გავზარდე. ხასიათებით ძალიან ვგავართ ერთმანეთს. არც მას მოეწონა დიდად სადმირა, მაგრამ იმანაც არ შეიმჩნია. მხოლოდ ეს მითხრა, როგორი სახელიც ჰქვია, ზუსტად ისეთიაო.

ერთმანეთი სადღაც ექვსი თვის წინ გაიცნეს. სადმირა მამამისის სამშენებლო კომპანიაში მუშაობს გაყიდვების მენეჯერად. დედა ბუღალტერია და ისიც ქმარს უდგას გვერდით. ერთი სიტყვით, საოჯახო ბიზნესი აქვთ გაჩაღებული. ამიტომაც ყელყელაობს. მისნაირებს მხოლოდ ფული და გავლენა ჰგონიათ ყველაფერი.

ერთმანეთს სადმირას ბინაში ხვდებოდნენ, ერთი წყვილი გასაღები ირაკლისთვის მიუცია, გარეთ არ მოგიწიოს ლოდინმაო.

ამას წინათ იმაზე წაკამათდნენ თურმე, დაქორწინების შემდეგ სად უნდა ეცხოვრათ. ირაკლის შეუთავაზებია, თუ ჩემებთან არ გინდა ცხოვრება, ბინა ვიგირაოთ და ცალკე გადავიდეთო. იმას დაუჩემებია, რატომ უნდა ვიგირაოთ, როცა გაშანშალებული ექვსოთახიანი ბინა გვაქვს, მამაჩემს უნდა, რომ მასთან ვიცხოვროთ, ჩემ მეტი შვილი არ ჰყავს და ცალკე გადასვლას ვერ გადაიტანსო. ეგღა მაკლია, ზედსიძედ შევიდეო, გადარეულა ირაკლი და ამაზე ლამის დაუხოცავთ ერთმანეთი.

და აი, ორი კვირის წინ ჩემი ბიჭი გვიან დაბრუნდა შინ და თანაც შუბლშეკრული. გვიან მოსვლა არ გამკვირვებია მისი პროფესიის ადამიანისთვის, მაგრამ უგუნებობა? სახე ჩამოსტიროდა. გული გამისკდა, ოპერაციაზე პაციენტი ხომ არ შემოაკვდა-მეთქი.

_ რა იყო, დედი, მოხდა რამე? _ შევშფოთდი.

_ არაფერი, ნატა, რა უნდა მომხდარიყო! _ გაღიზიანებულმა მომიგო და სააბაზანოში შესულმა რაღაც უცნაური სიჩქარით დაიწყო ხელების დაბანა.

_ მეც მაგას გეკითხები, რა უნდა მომხდარიყო, რომ შენ ასეთ ხასიათზე დაეყენებინე? მიდი, დროზე, მომიყევი! _ საშველი არ მივეცი.

ონკანი გადაკეტა და კიდევ უფრო მეტი სისწრაფით შეუდგა ხელების პირსახოცით შემშრალებას.

ჩაეცინა. მიხვდა, რომ ვერაფერს გამომაპარებდა და ადრე თუ გვიან უხასიათობის მიზეზს მაინც ვათქმევინებდი.

_ სადმირას დავშორდი. _ თქვა და თვალები სასაცილოდ დააჭყიტა ძალად გაღიმებულმა.

_ გილოცავ! _ ასეთი კმაყოფილებით ეს სიტყვა საუკუნე იყო, არ წარმომეთქვა.

_ გაიხარე, დე! _ გაწბილებულმა მომიგო და თავის ოთახში შევარდა.

ეგრევე უკან მივყევი. ხელები გულზე დავიკრიფე და კარის ძგიდეს მხრით მივეყრდენი.

_ რა გეტაკათ?

_ არაფერი. მგონი, არ მიყვარხარო.

_ ოპს!.. თორემ აქამდე ვდნებოდი შენი სიყვარულითო? მაგას შენ არც არასდროს ჰყვარებიხარ, შვილო. თუ დამიჯერებ, ასეა.

_ შენც არასდროს მოგწონდა იგი.

_ ხო, არ მომწონდა იმიტომ, რომ არაფერი ჰქონდა მოსაწონი. ერთი ცარიელი გოგოა, რომელსაც უაზრო ამბიციები ახრჩობს. ზედსიძეობა როგორ გაკადრა? რა გჭირს სამაგისო? აი, მაშინ უნდა დაშორებოდი, როცა ეგ გითხრა. დაგასწრო, ხომ? და რა? არიქა, დაიქცა ქვეყანა თუ როგორაა შენი საქმე? მეგრელებს გვაქვს ასეთი გამოთქმა: „ცას მიკუბიჯგუ კუჩხი“. იცი, რას ნიშნავს? სიტყვასიტყვით ასე ითარგმნება: ცაზე აქვს ფეხი მიდებულიო. ანუ ყველას ზემოდან დაჰყურებსო. მაგ გოგოს თვალში მე და ტიდა ჭიანჭველებად ვჩანდით, იკაკო, შენთვის ეს ახალია? ვერ ხვდებოდი?

პასუხი არ გაუცია. რა თქმა უნდა, ხვდებოდა. რადგან არ მიპასუხა, მეც გავაგრძელე:

_ მაგნაირი ქალებით სავსეა თბილისი. ერთი ნორმალური გოგო დაილია შენთვის? უკეთესი ვერავინ ნახე? რას განიცდი? შენ თუ ვერ დაგაფასა, ტვინი არ ჰქონია, რაც მე ისედაც ვიცოდი და რა გადარდებს? ჯანდაბამდის ჰქონია გზა და კიდევ იმის იქით.

_ სულაც არ ვდარდობ, _ ჩაიდუდღუნა უკმაყოფილო ტონით და საწოლზე გულაღმა გაიშოტა.

_ რომ არ დარდობ, მაგას ხომ არ ნერვიულობ შემთხვევით? _ გავეხუმრე და გამოვედი. აჯობებდა, მარტო დამეტოვებინა.

გვიან ტიდაც მოვიდა და როცა ამ ამბავს მოვუყევი, ზუსტად ჩემნაირი რეაქცია ჰქონდა:

_ მოსალოცად გვქონია საქმე, ნატა! _ ღიმილით გაშალა ხელები, _ ისე, მერამდენე შეყვარებული იყო ეგა? მეხუთე თუ მეექვსე?

_ მეექვსე.

_ ჰოდა, მეშვიდეზე მაინც ისწავლოს ჭკუა. ერთ ნორმალურ გოგოსთან არ მინახავს შენი შვილი გავლილი. საიდან მოათრევს ხოლმე ასეთებს, გაოცებას ვარ! მსოფლიოს ბაღი მქვიაო, ქალი რომ ამით იტრაბახებს და რაღაც ბანძი რუსული სახელი ჰქვია, ის როგორ შეიძლება მოსაწონი იყოს? ჩემი სახელი სპარსულად „მზის ქალიშვილს“ ნიშნავს, მაგრამ ამით კი არ ვტრაბახობ! ძაანაც კარგი თუ დაშორდა! დიდხანს მაინც ვერ გაქაჩავდნენ ერთად. კარგად ვიცნობ ჩემს ძმას. ცოტა ხანში თვითონვე მიატოვებდა. ეტყობა, გულმა უგრძნო იმას და დაასწრო, არიქა, დამცირებული არ დავრჩეო. ქათამი! ვის დაჰკარგვია, ნეტავი! დაიკიდოს იკაკუნამ და გულზე მოეშვება. მომბაძოს აგერ მე, და არ ვარ მისი? კარგს რომ ვერ ვპოულობ, იმიტომაც არავინ მიყვარს. ეძებოს, ბატონო! შერშე ლა ფამ! _ ფრანგულად დააგვირგვინა ტიდამ და ოსპის სუპის ხვრეპას შეუდგა.

***

მეორე დილით და-ძმა სახლიდან ერთად გავიდა. როგორც მერე ტიდასგან გავიგე, გზაში სადმირაზე ულაპარაკიათ. კარგად კი შეუჯორავს ძმა, რამ დაგაბრმავა, რა ნახე მაგ გოგოში კარგი, იქნებ ამიხსნაო. არ ვიცი, ამან იმოქმედა ჩემს შვილზე თუ მართლა არ განიცდიდა დიდად, იმ დღის მერე მის სახეზე დარდის ნაკუწიც არ შემიმჩნევია.

ახლა აღარ გვყავს „მსოფლიოს ბაღი“, მაგრამ თავს მშვენივრად ვგრძნობთ. მერე რა, სხვა გამოჩნდება. რაღა ირაკლისთვის დაილევა მჯობნის მჯობნი. ნეტავ მალე დაქორწინდეს.

მინდა არ მინდა, მაინც ირაკლიზე მეფიქრება. თან ხახვს ვჭრი, თვალები მეწვის, თან შვილის კიდევ ერთ გაცრუებულ სიყვარულზე ვფიქრობ. უყვარდა კი? მის თვალებში ერთხელ არ შემინიშნავს ის ნაპერწკალი, სიყვარულს რომ ახასიათებს. მგონი არც იცის, რა ხილია ეს გრძნობა, თორემ ასე ერთ დღეში როგორ გადაუვლიდა? სულ სხვანაირები არიან დღევანდელი ახალგაზრდები. ნეტავ დროზე დაუბრუნოს იმ გოგოს თავისი ბინის გასაღები და საბოლოოდ დაამთავროს მასთან ურთიერთობა!

ამ ფიქრებში ვიყავი, კარზე ზარი რომ დაირეკა. სათვალთვალოში არც გამიხედავს, ისე გავაღე, რადგან ირაკლის ველოდებოდი. სადარბაზოში ვიღაც სიმპათიური ბიჭი იდგა, მაღალი, შავგვრემანი, ცისფერთვალება. რაღაცით ჩემს ირაკლის ჩამოჰგავდა. თითქოს მეცნო, მაგრამ ვერაფრით გავიხსენე, საიდან. ცალი ხელით საზამთრო მიეხუტებინა მუცელზე, მეორე კი ზურგს უკან დაემალა.

_ გამარჯობა, ნატა! _ ისეთი თბილი ღიმილით და ისე შინაურულად მომესალმა, პირი დავაღე.

_ გაგიმარჯოს, მაგრამ რომ ვერ გიცანი?

_ ვერც ახლა? _ და ზურგს უკან დამალული ხელი გამოაჩინა. ხელისგულზე სამი ცალი ლიმონი ედო, _ ლიმონი არ გინდა, ლამაზო, იაფად მოგცემ! _ და თვალები ეშმაკურად მოჭუტა.

ჩემი შეკივლების ხმა სადარბაზოს კედლებს ექოდ შეასკდა.

_ დედააა! შენ შემოგევლოს შენი ნატა, მოხვედი, ბიჭო, გამახარეეე?! _ ძირძველ მეგრულ კილოზე მოვუქციე და სიხარულისგან ლამის ჭკუაზე გადასულმა ბიჭი თავის საზამთროიანად ჩავიხუტე გულში.

ზურიკო! ჩემი ზურიკო დაბრუნებულა!

სიხარულისგან აქოთქოთებული კარგა ხანს ვეხვეოდი ზურიკოსა და საზამთროს. ის კი იდგა და თავისი ეშმაკური, საოცრად კეთილი ღიმილით მომჩერებოდა. სწორედ ამ ღიმილით ახერხებდა ყოველთვის ჩემს სიბრაზისგან განიარაღებას.

_ ნატა, გამომართვი ეს გორიალა საზამთრო, თორემ გამივარდება ხელიდან და მოადენს ძირს ზღართანს, _ თითქოს თავს იმართლებსო, ისეთი ტონით მითხრა.

_ უფრო დიდი არ იყო არსად, შე მამაძაღლო! რად გინდოდა ამხელა ჯაბახანა, რისთვის მოიწყვიტე წელი? _ სიცილით ვუსაყვედურე და საზამთროს ჩამორთმევა ვცადე, მაგრამ ისეთი მძიმე იყო, რომ არა ზურიკო, ვერ მოვერეოდი და მართლა დაასკდებოდა სადარბაზოს მეტლახს…

_ ვაა, როგორ გაგირემონტებიათ აქაურობა, რა მაგარია! _ თვალებგაფართებულმა მოათვალიერა ბინის შიდა ინტერიერი და საზამთრო სამზარეულოს მაგიდაზე დააგორა, მერე ისევ სასტუმრო ოთახში გავიდა და რემონტის დათვალიერებას შეუდგა.

_ გავარემონტებდით, აბა სულ ჩამოხეული შპალერით ხომ არ ვიცხოვრებდით, ბიჭო! _ გავიცინე, _ ხომ არ დაგავიწყდა, რამდენი წელი გავიდა მას მერე, ტირილით რომ დაგვემშვიდობე?

_ ბევრი წელი, ნატა, ბევრი… ვაა, ეს ბინა ასეთი დიდი არ მახსოვს… თუ მეშლება რამე?

_ არა, არ გეშლება, _ ზურგზე გადავუსვი ხელი, _ მეზობელმა ოროთახიანი გაყიდა შარშან და ის შემოვიერთეთ. ახლა უკვე ხუთოთახიანი გვაქვს, ამას დამატებული ლოჯია და რა ვიცი. ასე რომ, შენთვისაც მოიძებნება ამ სახლში ერთი ოთახი.

_ ბარემ ცოლსაც შევირთავ და ორივე შემოგისახლდებით, ნატა, ჰა, რას იტყვი? _ გამეხუმრა ზურიკო, დივანზე დაჯდა და თითებით და მსუბუქი ბუქნით მისი სირბილე მოსინჯა, _ რა ფაფუკი რამეა, არა?

_ ეს ტიდას შეკვეთაა, ბატონო, მაგას უყვარს ეგეთი ფაფუკი რამეები. არ იცი, რამდენ ხანს არჩევდა მაგ დივნის მასალას.

_ აქ დაამზადებინეთ?

_ კი, აქ. ახლა ყველა ასე ყიდულობს ავეჯს, უფრო იაფი ჯდება.

_ ტიდა უკვე დიდი გოგოა, ალბათ…

_ დიდი არა ის! ოცდაერთისაა უკვე და ტვინიც მაგდენი გრამი აქვს.

_ ოუფ! შენი შვილი არ შეიძლება უტვინო იყოს, შენ მაგარი ქალი ხარ, ნატა. _ ისე შემაქო, გულში სითბო ჩამეღვარა, _ ირაკლუნა რას შვრება?

_ ირაკლუნა ექიმია, ჩემო ზურიკო, ქირურგი. მუშაობს, ყველა აქებს. დედას მეტი რა უნდა. დაიცა, დავურეკო. აქამდეც უნდა მოსულიყო, რაღაც იგვიანებს. _ ვთქვი და მობილური მოვიძიე.

ჩემმა შვილმა პირველსავე ზარზე მიპასუხა:

_ რა იყო, დე!

_ მალე მოხვალ?

_ მმმ… სადღაც ერთ საათში. გინდოდა რამე?

_ გადადე ყველა საქმე და დროზე წამოდი. საპატიო სტუმარი გვყავს. ძალიან რომ გაგიხარდება, ისეთი.

_ რას მელაპარაკები! _ გამეოხუნჯა ირაკლი, _ დევა კასელი ხომ არ გვესტუმრა შემთხვევით?

_ ეგ ვინ ჯანდაბაა, შემახსენე, ერთი?

_ სირცხვილი შენი! ამხელა ფილარმონია ჟურნალისტმა არ იცი დევა კასელი ვინაა? მონიკა ბელუჩის ქალიშვილია, ნატალია!

_ დევა კი არა, გუშინ რა ვჭამე, ის არ მახსოვს. დროზე მოდი და შენ თვითონ ნახე, ვინც გვესტუმრა! თუ არ გაგიხარდება, მაგასაც ვნახავ! _ ცოტა არ იყოს, გავბრაზდი.

ტელეფონში მისი გუგუნა სიცილი გაისმა.

_ ხო, კარგი, კარგი, მოვდივარ. გამოვაყოლო რამე?

_ ყველაფერი, რაც ხელში მოგხვდება. საზამთრო და ლიმონი არ გვინდა, გვაქვს, _ მეც წავკბინე.

_ ოკეი. მოვდივარ და სუპერმარკეტი მომაქვს! _ ისევ გაიცინა, _ არა, მართლა, ვინ გვესტუმრა, ნატა?

პასუხი არ გავეცი, მობილური ისე გავთიშე. იმტვრიოს ახლა თავი და მეოხუნჯოს რამდენიც უნდა!

მერე ტიდას ნომერი მოვძებნე და შეტყობინება გავუგზავნე. ვიცოდი, რესპონდენტთან იყო და არ მინდოდა ხელი შემეშალა: „შვილო, სანამ ტელევიზიაში გახვალ, ცოტა ხნით ვერ შემოირბენ? სტუმარი გვყავს, შენი გაცნობა უნდა. ძალიან, ძალიან ახლობელი ადამიანია“. ინტრიგა ჩავაგდე, რომ უარი არ ეთქვა.

_ ზურიკელა, ხომ გშია? _ გვერდით მივუჯექი ჩემს შვილობილს, ხელკავი გამოვდე და თავი მხარზე მივადე, _ როგორ მომენატრე, შე ცუდო ბიჭო!

_ მეც მომენატრეთ ყველანი და იმიტომაც მოვედი, _ ჩემს ხელის ზურგს თავისი გაშლილი ხელისგული დაადო და მომეფერა, _ შენსა და ირაკლის სიკეთეს რა დამავიწყებს, ან დაჩისას. ტიდა კი ისეთი პატარა იყო მაშინ… გახსოვს როგორ ნაბავდა თვალებს?

ამის გახსენებაზე ორივეს სიცილი აგვიტყდა.

_ ძლივს გიცანი, შე ოხერო. ლიმონი რომ არ გეჩვენებინა, ვერ მივხვდებოდი ვინ იყავი.

_ ვაა, ასე შევიცვალე ვითომ?

_ დაკაცებული ხარ, დედი, რამხელა ბიჭი გამხდარხარ.

უეცრად მკვეთრად შემოტრიალდა ჩემკენ და ისეთი სევდიანი მზერით ჩამხედა თვალებში, გული მეტკინა. ვერ მივხვდი, ასე რამ გააოცა.

_ „დედი“ ჩემთვის არასდროს არავის უთქვამს, _ მოგუდული ხმით მითხრა, _ არ იცი, როგორ მესიამოვნა, ეგ რომ მითხარი.

_ აიდააა! არ გეკუთვნი რო დედად?! _ დავუცაცხანე, _ ლამის ჩემს ხელებში გაიზარდე, შე მაიმუნო! როგორ მიშრობდით ორივე სისხლს, დაგავიწყდა იქნებ? _ ხუმრობაში გავუტარე, რომ მისი სევდა როგორმე გამეფანტა. როგორც ჩანს, დედასთან არც ახლა ჰქონდა ურთიერთობა.

_ ყველაფერი მახსოვს, ყველაფერი, _ თავის კანტურით წარმოთქვა და თვითონაც მომადო თავზე თავი.

_ ახლა შენი ამბები მომიყევი, თორემ დამელია სული. სად ხარ, რას საქმიანობ. ხომ ხარ ისეთი, მე რომ გამიხარდება?

_ რა ვიცი, აბა. ვარ რა.

_ როდის ჩამოხვედი?

_ მესამე წელია, აქ ვარ, _ „როგორ მრცხვენია“ ჟესტით სახეზე ხელი აიფარა და გაღიმებულმა თავი ჩაღუნა.

_ რა-აა?! შემომხედე აქეთ! _ თავი ავაწევინე და გამომცდელი მზერა მივაპყარი, _ რამდენი წელიო? და ახლა მოხვედი ჩვენთან?

თანხმობის ნიშნად თავი დააკანტურა.

_ რატომ, შვილო, რატომ! ადრე რატომ არ გვინახულე?

_ მინდოდა ისეთი გენახე, როგორიც ახლა ვარ, ნატა, _ სერიოზული ტონით მომიგო და თვალი გამისწორა.

_ და როგორი ხარ ახლა? _ ირონია გავურიე ხმაში.

_ რა ვი, მგონი, არ უნდა ვიყო ცუდი ბიჭი, _ ისევ ჩაიცინა და მომეხვია, _ შენ რომ გაგიხარდება, ზუსტად ისეთი ვარ… ისე… მშია, რომ იცოდე, _ დააყოლა ბოლოს.

_ უი, უი, სულ დამავიწყდა, ღომი მაქვს დადგმული, ჩემი სიკვდილი! _ ავფორიაქდი, წამოვხტი და სამზარეულოში გავვარდი.

ჩემი ღომი თავს იკლავდა თუხთუხით. უკვე შესაზელი იყო.

_ რამდენი წელია ღომი არ მიჭამია, რა მაგარია. ყველი, ხარჩო და რამე?

_ ყველაფერი მაქვს, სიხარულო, ცოტაც მოითმინე და სუფრასაც გავშლი. ირაკლიც მოვა წუთი-წუთზე.

სწორედ ამ დროს ჩემმა მობილურმა დარეკა. წინსაფრის ჯიბიდან ამოვიღე და დავხედე. ტიდა მირეკავდა.

_ ხო, შვილო, სად ხარ?

_ ახლა გამოვედი დორეულისგან. ტელევიზიაში გავრბივარ.

_ სახლში ვერ ამოხვალ ცოტა ხნით?

_ გავალ და მოვბრუნდები. მე რომ არ ვიცნობ ისეთი ვინ მოვიდა, დედა?

_ ამას სიურპრიზად დავტოვებ. მოხვალ და ნახავ.

_ მაინტრიგებ თუ როგორაა შენი საქმე?

_ არ მცალია ახლა, ღომი დამეწვება.

_ ხო, კარგი, ვეცდები მალე წამოვიდე. ჩემს მოსვლამდე არ გაუშვა შენი ძვირფასი სტუმარი.

_ კარგი ხმა აქვს ტიდას, ლამაზი გოგოს ხმა, _ ეშმაკურად შემომღიმა ზურიკომ.

_ არის კიდევაც ლამაზი. არ იცი, რა გოგო დადგა, მაგრამ ისეთი ჯიუტია, ისეთი პირდაპირი, სანამ თავისას არ გაიტანს, არ მოისვენებს.

_ სწავლობს?

_ წელს დაამთავრა, ტელევიზიაში მუშაობს. კრიმინალისტურ თემებს აშუქებს. სწავლით რა გითხრა, ათასში ერთხელ თუ წავიდოდა ლექციაზე. კი უწყობდნენ ისე ხელს უნივერსიტეტში, აქაოდა, ცნობილი ჟურნალისტიაო. სამაგიეროდ, გამოცდებს ყოველთვის კარგად აბარებდა, თან ყველა საგანს. მეცადინეობა არ ეზარებოდა.

_ ყოჩაღ! მერე როგორ ასწრებდა ყველაფერს ერთად?

_ ასწრებდა. ყოჩაღია ძალიან. ახლა უფრო მეტს მოასწრებს, რომ მიუშვა. სულ არ მინდოდა მაგის ჟურნალისტობა, მაგრამ ვინ დამიჯერა.

_ მასე მამაჩემსაც არ უნდოდა ჩემი იურისტობა, მაგრამ ვინ დაუჯერა, _ ისევ ეშმაკურად ჩაიღიმა.

გაოგნებული შევაჩერდი.

_ იურისტი ხარ?

_ კი, ექვსწლიანი სტაჟით. სამი წელი ვმუშაობდი ლვოვში, მერე აქეთ წამოვედი და ახლა აქ ვმუშაობ. ჩემზე ამბობენ, კარგი ადვოკატიაო და რა ვი, აბა, _ თავმომწონედ გამოუვიდა და თვალებგაბრწყინებულმა ირიბად შემომხედა, როგორი ეფექტი მოვახდინეო.

სახე გამინათდა, ეს რომ მოვისმინე. ზურიკელა და ადვოკატი, თან კარგი ადვოკატი! რა კარგი ამბავია, რა სასიამოვნო მოსასმენი!

_ შენ შემოგევლოს შენი ნატა! რა ბიჭი მყავხარ! _ ჩავიხუტე მისი თავი.

იცინა და იცინა ჩემს მკლავებში მომწყვდეულმა.

_ მოდი, მე სუფრის გაშლას დავიწყებ, დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ, _ ვთქვი და ჭურჭლის კარადა გამოვაღე.

_ დაჩი როგორაა? _ მკითხა და თეფშები ხელიდან გამომტაცა.

მოკლედ მოვუყევი ჩემი ქმრის ამბავს. ისიც დავაყოლე, რა ხშირად მესიზმრებოდნენ ბოლო ხანებში ის და დაჩი.

_ მეწყინა. არ იყო ცუდი ადამიანი, მგონი.

_ ჰო, არ იყო, მაგრამ მექალთანეობამ დაღუპა ის საცოდავი. მამაშენი როგორაა?

_ იქაა, უკრაინაში. მე მომიშორა თავიდან, თვითონ კი დარჩა.

_ რას ნიშნავს თავიდან მოგიშორა? _ არ მესიამოვნა ამის მოსმენა.

_ აქ მალე ომი დაიწყება და ჯობია საქართველოში დაბრუნდეო. წამოვედი და მართლა არ დაიწყო ომი? მთხოვა, შენთან მოვსულიყავი, დაგეხმარება სამსახურის შოვნაშიო, მაგრამ გადავიფიქრე შენი შეწუხება.

_ რატომ, შე ოხერო, ვერ დაგეხმარებოდი თუ?

_ კი დამეხმარებოდი, მაგრამ მინდოდა ჩემით გავქაჩულიყავი. თუ არ გამომივიდოდა, მერე, ალბათ, მოგაკითხავდი. ამიტომ დამიგვიანდა თქვენი ნახვა. ამაყად მინდოდა მოვსულიყავი, ჩამოყალიბებული პიროვნება, რომ შენ გამეხარებინე. მართლა დიდი როლი შეასრულე ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაში. ეს არასდროს დამავიწყდება, ნატა!

თვალები ცრემლით ამევსო. როგორ მიყვარდა ეს ბიჭი და როგორ მიხაროდა, რომ ჩემმა ძალისხხმევამ უშედეგოდ არ ჩაიარა.

_ და მამა რას შვრება ახლა? იქ ხომ ქვეყანა იქცევა.

_ მამამ იქაც ავტოსახელოსნო გახსნა, კარგი ფული იშოვა. ყველას შეაყვარა თავი. ცოლი არ მოუყვანია. მერე ომი დაიწყო და დამირეკა, მეც უნდა შევუერთდე ქართველებს ქართულ ლეგიონშიო. არ დავანებე. ისედაც ვერ არის ჯანმრთელად, რა დროს მისი ჯარისკაცობაა. ძლივს გადავათქმევინე. შენ გარდა არავინ მყავს და დაეტიე სახლში, თუ კაცი ხარ-მეთქი. ცარიელი ძვალი და ტყავია დარჩენილი, ორ მეტრს რომ გაირბენს, ისეთი ქოშინი ეწყება, სულს ვერ ითქვამს.

_ და სადაა ახლა, რომელ ქალაქში?

_ ლვოვშია. ოროთახიანი ბინა გვაქვს იქ, თან შედარებით სიწყნარეა. ხომ გესმის, პოლონეთის საზღვართანაა და ბევრად უსაფრთხო ადგილია.

_ ხო, გასაგებია. და დედაშენი?

_ ო, ეგ ძალიან რთული შეკითხვაა. აზრზე არ ვარ, სადაა. მის შესახებ არაფერი ვიცი. მკვდარია, ცოცხალია…

_ რაც აქედან წახვედი, არ გამოჩენილა?

_ არა და რომც გამოჩენილიყო, სად გვიპოვიდა? ჩვენი მისამართი შენ არ იცოდი და ის საიდან გაიგებდა?

_ ჰო, ეგეც მართალია. ვინ იცის, შეიძლება გეძებდა კიდევაც.

_ შეიძლება, _ ხმაში სევდა გაერია ზურიკოს და ამ მძიმე თემაზე საუბრისთვის თავი რომ აერიდებინა, სხვა ამბებზე გადაერთო, _ ბაზარში გავიარე, იქნებ ვინმე ნაცნობი შემხვდეს-მეთქი, მაგრამ ძველებიდან ვერავინ ვიპოვე. თან სულ შეუცვლიათ იქაურობა. მართლა დიდი დრო გავიდა მას შემდეგ.

_ კი გავიდა, ზურიკელა, მაგრამ რას იზამ, დროთა განმავლობაში ყველაფერი იცვლება, ასეთია ცხოვრება.

_ არადა, მენატრება ის პერიოდი. ხომ უამრავი გაჭირვება გამოვიარე, მაგრამ მაინც კარგად მახსენდება.

ამ დროს კარი გაიღო. ირაკლი მოვიდა.

***

ბოლო თეფში ღომი ამოვიღე და შვილს შევეგებე. ყურებამდე ვიღიმებოდი. მაინტერესებდა, ზურიკოს დანახვაზე რა რეაქცია ექნებოდა. დარწმუნებული ვიყავი, ვერ იცნობდა.

_ რა კმაყოფილი სახე გაქვს, ნატალია? _ მკითხა და სანოვაგით სავსე ცელოფანი იატაკზე დადო, _ მიხედე რა, ამას, რაღაცები მოვიტანე. აბა, სადაა შენი სტუმარი?

ამ დროს ზურიკოც გამოვიდა სამზარეულოდან და ირაკლის მიაჩერდა.

_ ეეე! ამას აქ რა უნდა! _ იყვირა უცებ, _ ზურიკელა სულძაღლიანო, რა ქარმა გადმოგაგდო აქეთ, შე ჩემა? _ შესძახა და ხელებგაშლილი გაექანა ბავშვობის მეგობრისკენ. გაოცებული დავრჩი. მე გამიჭირდა მისი ცნობა, ამან კიდევ ეგრევე ზურიკოო… უცნაურია, ასე უცებ, ერთი თვალის შევლებით როგორ იცნო.

ცრემლები ღაპაღუპით წამომივიდა, ისეთი გულისამაჩუყებელი იყო მათი შეხვედრის სცენა. ზურიკომ ხელში აიტაცა ამხელა ბიჭი და დააბზრიალა. მერე ირაკლიმ აიყვანა ხელში და ახლა იმან დაატრიალა. ხან თმა აუჩეჩეს ერთმანეთს, ხან მუშტები „დაუშინეს“, ვითომ რინგზე მდგომი მოკრივეები იყვნენ. თან ვტიროდი, თან ვიცინოდი.

_ დე, რამხელა კაცია უკვე, არა? _ როგორც იქნა, ჩემთვისაც მოიცალა ჩემმა შვილმა.

_ მა რა! თან ცნობილი ადვოკატი გამხდარა, ჩვენ კი ჭურში ვისხედით თურმე, _ სიამაყით წარმოვთქვი და აცრემლებულ თვალებში თითები ამოვისვი.

_ ნუ გაახურე! მართალია, ზურიკელა, თუ დედაჩემი „ნახალკას“ გტენის? _ ჯერ ზურიკოსკენ გაფშიკა საჩვენებელი თითი ირაკლიმ, მერე ჩემკენ გამოიშვირა.

_ ვა, შენ რა ქუჩური ანბანი აგითვისებია, ირაკლუნა. თუ ქირურგები ასე მეტყველებენ საქართველოში?

_ მე ვმეტყველებ ასე, ზურია, მარტო მე! _ „წაიტრაბახა“ ირაკლიმ და გაიცინა.

_ მიდით, მიდით, ხელები დაიბანეთ და მიუსხედით სუფრას, ღომის გარდა ყველაფერი გატანილია, _ დავუცაცხანე ორივეს.

_ რა ნაცნობი ფრაზაა „ხელები დაიბანეთ“, ნეტავ საიდან მეცნობა? _ ჭინკები აუცეკვდა ზურიკოს თვალებში.

_ გახსოვს შენც, ხო? მეეც, შენს ძმობას ვფიცავარ, მეეეც! და ეგ ფრაზა ცხოვრების კრედოდ მექცა, რომ იცოდე. სახლში ვარ და, ხელები უნდა დავიბანო. საავადმყოფოში ვარ და, იქაც ხელები უნდა ვიბანო ოპერაციების გადამკიდემ. სულ ხელების ბანა მიწევს, ბიჯო, სულ, სულ. ა, ნახე, გამომიშრა კანი, ესაა ცხოვრება? _ გაიხუმრა ჩემმა შვილმა და თავისი ლამაზი, საქირურგე თითები გაფშიკა.

_ გეყოფათ მაიმუნობა, თორემ გაცივდა ყველაფერი. დროზე ახლა, მეტი არ მათქმევინოთ! _ ისევ დავუცაცხანე ბიჭებს და ღომიან თეფშებს დავავლე ხელი…

***

_ გუშინწინ ერთი სასამართლო პროცესი მოვიგე და ისეთ კარგ ხასიათზე დავდექი, მაშინვე თქვენკენ გამომიწია გულმა, მაგრამ გვიან იყო და გადავიფიქრე. გუშინ მინდოდა მოსვლა და ვერ მოვახერხე, ახალი საქმე გამომიჩნდა და კლიენტს უნდა შევხვედროდი. ამიტომ დღეს მოგადექით.

_ მაგარო! მოდი, კიდევ ერთხელ შენ გაგიმარჯოს, ძმაო! მაგრად გამიხარდა, რომ გამოჩნდი. დღე არ გავა, ამ სახლში არ გახსენონ. ოღონდ მართლა! _ ირაკლიმ ღვინით სავსე ჭიქა მიუჭახუნა ზურიკოს და ბოლომდე დაცალა.

_ გაიხარე, ჩემო ირაკლუნა. მეც სულ მახსოვხართ. ყოველდღე ვფიქრობდი თქვენზე, მამას გეფიცებით. დალოცვილები ყოფილიყავით, _ ზურიკომაც ირაკლის მიჰბაძა და ჭიქას ძირი გამოუჩინა.

_ რთული საქმე იყო? _ დავინტერესდი.

_ რთულიც იყო და სხვა რამითაც საინტერესო. მოგიყვებით მერე, ტიდა რომ მოვა. შეიძლება სიუჟეტისთვის გამოადგეს კიდევაც. კრიმინალური საქმე იყო.

_ ანუ კრიმინალურ საქმეებზე მუშაობ? კაცისმკვლელებს იცავ, შე ჩემა?

_ რა მიმართვაა, ეს, ირაკლი, არ გრცხვენია? _ შენიშვნა მივეცი.

_ უკაცრავად, თქვე ჩემა უნდა მეთქვა, _ „გამოასწორა ჩემმა ბიჭმა.

_ თქვე ჩვენა, _ „შეუსწორა“ ზურიკელამ და ორივე აფხუკუნდა.

_ აჰა, დაიწყეთ ძველებურად, ხომ? ორი მატრაბაზი! _ მეც გამეცინა.

_ კაცისმკვლელს გააჩნია, _ ირაკლის შეკითხვას დაუბრუნდა ზურიკო, _ ახლა რომ საქმე მოვიგე, სულაც არ ყოფილა მკვლელი, გაუჩალიჩეს, უბრალოდ. მოგიყვებით მერე.

_ ღმერთო, რა კარგად ამიხდინე სიზმარი, _ ზურიკოს ნახვითა და ღომ-ხარჩოთი დანაყრებულმა კმაყოფილებით წარმოვთქვი, _ ნეტავ ყველა ოცნება ასე ამიხდეს.

_ აბა, აბააა! _ გამაყაშირა ჩემმა შეზარხოშებულმა შვილმა, _ აი, დაჩიც თუ გამოგეცხადა ამ დღეებში, სიხარული მერე ნახე შენ!

მის სიტყვებზე ტანში გამცრა. რა უშნო ხუმრობა იცის ამ ბიჭმა ხანდახან.

_ ამოგაძრობ მაგ ენას, შე საძაგელო! _ საჩვენებელი თითი დავუქნიე გაგულისებულმა.

_ რატომ, რატომ, რას მერჩი, დედიჯან! ზურიკელა ხომ გესიზმრებოდა? გესიზმრებოდა. ჰოდა, გამოგეცხადა აგერ მთლად დიდი კაცი, გაზრდილი, დავაჟკაცებული, სიმპათიური, თან ადვოკატი, თან ცნობილი, თან წარმატებული. რა იცი, იქნებ დაჩ…

_ ირაკლი! _ ვუყვირე გამწარებულმა.

_ კაი, ხო. რა მოგივიდა, ნატა, ვიხუმრე, რა.

_ იხუმრე და მორჩა! სალაზღანდარო სხვა ვერაფერი იპოვე? მამაზე ასე უნდა იშაყირო? _ დავტუქსე.

ნირი წაუხდა. არ ეგონა, ასე თუ იმოქმედებდა ჩემზე მისი ხუმრობა.

_ მაპატიე, დე, არ მიფიქრია, თუ გეწყინებოდა.

_ ჰოდა, აღარ დალიო მეტი. ხომ ხედავ, რა დღეში გაგდებს სასმელი?

_ მორჩა, აღარ ვსვამთ. გავალთ ჩემს ოთახში მე და ზურიკელა, ქალებზე მაინც ვილაპარაკებთ, კარგი?

_ რომელ ქალებზე, რომლებიც არ გყავთ? _ რევანშის ასაღებად შესანიშნავი მომენტი ჩამივარდა ხელში.

_ რას ჰქვია არ გვყავს, ვახხხ, _ გაიბღინძა ჩემი ბიჭი, _ მაგის მეტი რა გვყავს, დედიჯან! არა, ზურია? ყველა რომ გავიხსენოთ, ერთი დღე არ გვეყოფა, რომ იცოდე!

_ მომწყდით ახლა თავიდან, მაგიდა უნდა ავალაგო. მერე საზამთროს დავჭრი და დაგიძახებთ. მანამ ტიდაც მოვა, იმედია. ძალიან მინდა ზურიკოს მოუსწროს.

_ რას ჰქვია მოუსწროს. ვინ უშვებს, რო? დღეს აქედან ფეხს ვერ გაადგამს ეს ადვოკატი. მოსვლა ამის ნება იყო, წასვლა _ ჩემი. _ თქვა ირაკლიმ და ზურიკოს მხარზე წაარტყა, _ ხომ რჩები ამაღამ, ჩვენი ძმა!

დარცხვენილმა ზურიკომ მხრები აიჩეჩა. აშკარად უნდოდა დარჩენა.

გული ამიჩუყდა.

_ დარჩი, შვილო, ეს შენი სახლიცაა, რომ იცოდე. ეგერ, ცალკე საძინებელში გაგიშლი და იყავი, რამდენ ხანსაც გინდა.

_ რა ცალკე, რის ცალკე, ნატა! ჩემთან დაწვება. ცალკე არა ის! იმდენი სალაპარაკო დაგვიგროვდა, ეეე! საჭორაოს რა გამოგვილევს! ძმები თუ ვართ, ძმები ვიყოთ, ზურიკელა. არა, ის როგორ იყო, თეთრი „მერსედესი“ რომ ამახიე და მერე მეორე ვაყიდინე დედაჩემს? _ გაიხსენა ჩემმა ბიჭმა ბავშვობის დროინდელი ამბავი.

_ ვაა, მე რა აგახიე, ძმაო. მე მაინც არ ვთამაშობ ამითი და წაიღეო, შენ არ მითხარი? მეც ავიღე და წავიღე. რას ვიფიქრებდი, თუ გული დაგწყდებოდა.

ვუყურებდი ორივეს და გული სითბოთი მევსებოდა. ყველაფერი ახსოვდათ, ბავშვობის ყველა წვრილმანი.

_ სვეტიცხოვლის ეზოში რომ მოიღერეთ ყელი და ყროყინით ხალხს ფული აახიეთ, ის თუ გახსოვთ? _ მეც გავიხსენე ერთი ეპიზოდი.

_ მახსოვს რომელია. თანხაც კი არ დამვიწყებია, _ ჩაბჟირდა ზურიკო, _ თექვსმეტ ლარს სამოცი თეთრი დააკლდა.

_ „დაუკარიიით… რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეეეეს“! _ წამოიწყო ირაკლიმ მაშინდელი სიმღერა და ზურიკოც უცებ აჰყვა, _ „გაისარჯოოოს და ბრძოლებში გაიხარჯოოოს“!!!!

_ სუფთა მატრაბაზები ხართ, თქვენი გამოსწორება არ იქნება! ისევ იმ ასაკში ხართ ორივე ჩარჩენილი, _ ჩავიქნიე ხელი და სუფრის ალაგებას შევუდექი.

***

ტიდა ორი საათის დაგვიანებით მოვიდა. ბიჭებმა საზამთრო მიირთვეს და ახლა ყავას აგემოვნებდნენ. ჩემი ქალიშვილი შემოსვლისთანავე გაოგნებული მიაჩერდა უცხო ბიჭს. გაოგნება წამებში სრულიად სხვა ემოციამ შეცვალა. ნაცნობი ემოცია იყო _ ტიდას თვალები აუბრჭყვიალდა. ასე მაშინ ხდება, როცა შენთვის მოსაწონ ბიჭს დაინახავ. ჰო, ჩემს გოგოს აშკარად მოეწონა ზურიკელა. ღიმილის დამალვა ვერ მოვახერხე. ლამისაა გამცინებოდა.

_ ოოოჰ, დიიდი ტელეჟურნალისტი მობრძანებულა მთელი თავისი ბრწყინვალებით! _ ირაკლი წამოხტა და ტიდას ფრანგული რევერანსით შეეგება.

_ წელში არ გადატყდე, თორემ დარჩა ქირურგია უშენოდ! _ უკბინა დამ და დაბნეული მე მომაჩერდა, გამაცანი სტუმარიო.

_ ხომ კარგი ბიჭია, დედიკო? _ ღიმილით ვანიშნე ზურიკოზე, _ ვერ იცანი, ხომ?

ზურიკო მაშინვე წამოდგა.

_ ვერა, _ ტიდამ თავისი ვეება ზურგჩანთა მოიხსნა და სკამზე დადო.

_ ეს ისაა, შენ რომ პამპერსებს გიცვლიდა, _ ისევ უშნოდ გაიხუმრა ჩემმა ვაჟმა.

როგორ გაწითლდა ტიდა, ბროწეულივით აუპრიალდა ღაწვები.

ირაკლის თავში წამოვუთაქე.

_ გამარჯობა, ტიდა. ბოლოს რომ გნახე, ამხელა იყავი, ა! _ ზურიკომ ხელებით სამოცი სანტიმეტრის სიგრძე გამოსახა, _ და ისე ნაბავდი თვალებს, მე და ნატა სიცილით ვიჭაჭებოდით. ახლა კი… _ ტუჩების მოპრუწვით „რა მაგარი გოგო დამდგარხარ“ გამოხატა.

_ ზურიკო? _ იმწამსვე მიხვდა ტიდა და მე შემომხედა.

_ კი, შვილო, კი, ჩვენი ზურიკელაა ეს!

ამის გაგონებაზე ტიდას ზუსტად ჩემსავით გაუნათდა სახე, ბიჭს მიუახლოვდა, ჯერ ხელი ჩამოართვა, მერე კი ისე ჩაეხუტა, კიდევ ერთხელ ამიჩუყდა გული და ცრემლები ამჯერადაც ვერ შევიკავე.

_ აუუუ, რა მაგარია! აი, დე, როგორ აგიხდა სიზმარი, ხედავ? შენ კიდევ ესაო და ისაო.

_ ჰოდა, მაგას ვეუბნები მეც, დაჩიც არ გამოგეცხადოს ზურიკოსავით-მეთქი! _ ისევ წამოიწყო ირაკლიმ და ისევ დაიმსახურა დედისგან თავში წათაქუნება.

სამივე იცინოდა. გულიანად. ვუყურებდი მათ და უდიდეს სიამოვნებას განვიცდიდი. ვგრძნობდი, რომ სამივე ერთნაირად მიყვარდა. ისინი ჩემი შვილები იყვნენ.

ტიდას გამოჩენამ საოცარი ხალისი შემოიტანა სახლში. ჩემი გოგო ანგლობდა, ოხუნჯობდა, ხან ირაკლის წაკბენდა, ხან ზურიკოს გააშაყირებდა. ამ უკანასკნელს ისე შინაურულად ექცეოდა, თითქოს ერთად იყვნენ გაზრდილები. არადა, თვალით არ ჰყავდა ნანახი, მხოლოდ ჩემი და ირაკლის მონაყოლიდან იცნობდა. კვირების იყო, ზურიკო რომ გაემგზავრა. მიხაროდა, ბავშვებმა ერთმანეთი რომ არ იუცხოვეს. ტუჩის კუნთები მეტკინა სიცილისგან, მაგრამ ეს მხოლოდ შესავალი იყო, საღამოს კულმინაცია წინ გველოდა თურმე.

_ მაგ „გამყიდველის ჩანთას“ რატომ არ იხსნი, ძმა? _ მოულოდნელად ირაკლი ხელისგულებით მუხლებს დაეყრდნო და ზურიკოს წელს შეაცქერდა.

ინსტინქტურად მე და ტიდამაც გავაყოლეთ თვალი მის მზერას. ზურიკოს მხარზე ჯვარედინად გადაეკიდა პატარა ჩანთა, ბაზრის გამყიდველებს წელზე რომ აქვთ ხოლმე შემორტყმული, ისეთი. თანაც, ძალიან ლამაზ ფერებში _ ნარინჯისფერი, შაბიამნისფერი და მუქმწვანე ხავერდის ნაჭრისგან იყო შეკერილი. ამდენი ხანი მხარზე ჰქონია გადაკიდებული და არც შემიმჩნევია.

დაბნეულმა ზურიკომ ჩანთაზე დაიხედა. გამახსენდა, წლების წინაც ასეთი ჩანთით დადიოდა და ირაკლი სულ მეხვეწებოდა, მეც მიყიდე ეგეთიო. რაღაც განსაკუთრებული ეგონა, რადგან ზურიკომ უთხრა, ეგ „გამყიდველის ჩანთაა“ და ვერ მოგცემ, მაგრამ აუცილებლად ვიშოვი ამნაირს და გაჩუქებო. მოგვიანებით მართლაც აჩუქა. მერე კარგა ხანს ორივენი იმ ჩანთებით დადიოდნენ, სკოლაშიც კი დაჰქონდათ.

_ არ იშლი ძველ ჩვევებს, ხომ? _ ახითხითდა ირაკლი.

_ შენ ამ ჩანთას ეგრე კი ნუ უყურებ, ირაკლუნა, არ იცი, რა ძვირი ღირს. მილიონი დოლარი რომ შემომთავაზონ ამწუთას, არ დავთმობ.

_ კაი, ნუ გაახურე! რა, „ჰერმესის“ სახელობითი ჩანთაა თუ? შემთხვევით „ზურიკელაც“ ხომ არ აწერია სადმე? ბოქლომიც მოჰყვება? _ ჩემი შვილი ზურიკოს გაშაყირებას აგრძელებდა.

_ „ჰერმესზე“ უფრო ძვირფასია და დაგიმტკიცებ, თუ გინდა.

_ მოიცა! _ ახლა ტიდა დაიხარა და ის შეაჩქერდა ჩანთას, _ „კოსმო“ ყოფილა. აჰააა… ვიღაცისას მაგონეეებს! _ ვარსკვლავები აუელვარდა ჩემს გოგოს თვალებში და ირაკლის მრავალმნიშვნელოვნად შეხედა.

მე სიცილი ამიტყდა, მაგრამ სანამ რამეს ვიტყოდი, ირაკლი უცებ თავის საძინებელში გავარდა და წამიც არ იყო გასული, რომ იქიდან ზუსტად იმავენაირი ჩანთით გამოვიდა. ოდნავ ფერში იყო განსხვავება, ნარინჯისფერის ნაცვლად მის ჩანთას ყავისფერი ქსოვილი ჰქონდა ჩაკერებული.

_ ტარარაააამ! _ საზეიმოდ შესძახა ირაკლიმ და ჩანთა ისე ასწია მაღლა, თითქოს ჯილდო ყოფილიყო.

ზურიკოს გაოცებისგან თვალები წამოსცვივდა. ისეთი სასაცილო სცენა იყო, თავი ვერცერთმა ვერ შევიკავეთ. ტიდა ხომ საერთოდ, _ იატაკზე გაგორდა.

_ ეგრეა, ძმაო, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო, ხედაააავ? _ გადაეხვია ირაკლი ზურიკოს და კარგა ხანს იხარხარეს.

_ ჩემთვის იცი რატომაა ეს ჩანთა ძვირფასი? _ შენიშნა ზურიკომ, _ აი, ამიტომ, _ თქვა და იმ პატარა ჩანთიდან პატარა თეთრი „მერსედესი“ ამოაძვრინა, _ ტარარააამ! _ ახლა იმან იქუხა, _ შენი ნაჩუქარი „მერსია“ ეს, სულ თან დამაქვს. ჩემი თილისმაა.

მე კი არა, ჩემს შვილსაც გაუბრწყინდა თვალებში ცრემლი.

_ ზურია, ტოოო, შენ რა ტიპი ხარ, ბიჭოოო! ამდენი წელი ეგ მანქანა ჩანთით დაგქონდა? დე, გესმის? _ არც უცდია ცრემლების დამალვა ირაკლის, ისე მომიტრიალდა. არადა, რაც დაჩი დაიღუპა, მას მერე მის თვალებზე ცრემლი არ შემიმჩნევია.

_ მესმის, შვილო, მესმის, _ მივუგე ასლუკუნებულმა.

_ რა მაგარი კაცი ხარ, შენ თვითონ არ იცი, დედას გეფიცები, _ თავი დააკანტურა ჩემმა ბიჭმა და ზურიკოს ხელი მძლავრად ჩამოართვა, _ ჩაგეთვალა!

_ ეგ რა არის, ნამდვილი „მერსედესი“ კიდევ შენს სადარბაზოსთან დგას, თეთრი, ზუსტად ასეთი, _ დაამატა ზურიკომ.

_ ახლა ნუ მეკაიფები! _ არ დაიჯერა ჩემმა ბიჭმა.

_ რას ამბობ, მართლა? _ წამოხტა იატაკიდან ტიდა, რომელიც უხმოდ ადევნებდა ამ ყველაფერს თვალს, _ შენც „მერსედესი“ გყავს და თანაც თეთრი? ამასაც! _ გაოგნებულმა იყვირა.

_ არ მითხრა ოღონდ, კუპეაო და არ გამაფრენიო ახლა! _ ირაკლიმ ხელები გაფარჩხა და ისე მიაჩერდა ზურიკოს.

_ არა, არა, კუპე არ არის, „მეიჯიკია“.

_ ვაუ! შენ არ ხუმრობ, ძმა! კაი ფული გიშოვია, ვატყობ, _ ხელი ხელს შემოჰკრა ჩემმა შვილმა.

_ რა ყველაფერში ერთნაირი გემოვნება გქონიათ, გადავირიე! _ გაიკვირვა ტიდამ, _ ვაი, ქალებშიც თუ მასე ხართ, დავღუპულვათ მე და ნატა და ეგაა!

ქალებს ისტერიკული სიცილი აგვიტყდა, ირაკლიმ კი უცებ შუბლი შეიკრა.

_ ახლა ოოო! ახლა გეყოფა, ტიდა-ბრიდა, სტოპ! სტოპ! რას უწუნებ ჩემს გემოვნებას, ერთი მითხარი? ჰა? _ და ხელისგული ყურს უკან მიიდო, ვითომ კარგად გავიგონოო.

_ სად გაქვს გემოვნება, რომ დაგიწუნო, თორემ კი, _ სიცილისგან ჩაბჟირებული გოგო ძლივს აბამდა სიტყვებს ერთმანეთს, _ სად… ა… მიდა… მირა… _ გაუჭირდა სადმირას სახელის წარმოთქმა.

_ რა, შეყვარებული ჰყავს? _ ხმადაბლა შემეკითხა ზურიკო, _ სემირამიდა ჰქვია?

აბა, სემირამიდაო და მეტიც არ გვინდოდა მე და ჩემს ქალიშვილს, ისეთი ტკარცალი აგვიტყდა.

ირაკლის ხასიათი გაუფუჭდა. მივხვდი, თუ ასე გავაგრძელებდით, საღამო ყველას ჩაგვმწარდებოდა, ამიტომ თავი ხელში ავიყვანე და მთელი სერიოზულობით, მაგრამ გაღიმებულმა წარმოვთქვი:

_ გვეყოფა ახლა, ზედმეტად ბევრი ვიცინეთ. არ ჯობია, დავსხდეთ და ვილაპარაკოთ? ეს ბიჭი საუკუნეა არ გვინახავს. გამოვკითხოთ თავისი საქმიანობის ამბავი. ზურიკო, რას ამბობდი დღეს? რა საქმე მოვიგეო? იქნებ ტიდას გამოადგესო? _ სასწრაფოდ სხვა თემაზე გადავერთე.

ზურიკომ მორიდებულად გაიღიმა, კეფა მოიქექა, დივანზე ჩამოჯდა, სათამაშო „მერსედესი“ ჩანთაში ჩააბრუნა და წარმოთქვა:

_ არ ვიცი, ტიდას რამდენად გამოადგება, ეს ისე ვთქვი, მაგრამ საქმე მართლა მოვიგე. ერთ ექიმს პაციენტის მოკვლაში ადანაშაულებდნენ და გავამართლე.

_ ვინ ექიმს, შემთხვევით სანდრო გავაშელზე ხომ არ ლაპარაკობ? _ ყურები ცქვიტა ირაკლიმ.

_ ჰო, მაგაზე, _ ზურიკომ თავი ასწია, _ იცნობ?

_ სანდროს ვინ არ იცნობს, უმაგრესი ქირურგია, _ ჩემი შვილი გვერდით მიუჯდა ზურიკოს, _ გუშინ მაგარი ამბავი იყო მაგაზე. ყველა ტელევიზია გადმოსცემდა, გაამართლესო. ანუ შენ იყავი ადვოკატი? ვაა, საამაყო ძმა მყოლია თურმე და არ ვიცოდი, ბრავო, რა!

_ აუ, რა მითხარი, ზურია, _ ახლა ტიდა მიუჩოჩდა და მეორე მხარეს მიუჯდა ზურიკოს, _ მეც არ გამიკვირდა, რა ნაცნობი სახე აქვს-მეთქი, რომ შემოვედი. სანამ გავიგებდი, ვინ იყავი, იმაზე ვფიქრობდი, საიდან მახსოვს-მეთქი. ეკრანზე გნახე, ინტერვიუს იძლეოდი. მოგვიყევი რა, ძალიან საინტერესოა. მართლა მაგარი სიუჟეტის გაკეთება შეიძლება მაგ საქმისგან.

მეც დავინტერესდი. გავაშელის ამბავი ძალიან გახმაურდა. ბოლო ხანებში პრესას და ტელევიზიას მეტი სალაპარაკო არაფერი ჰქონდა. თავიდან ხომ ლაფში ამოსვარეს და მერე, როცა გაამართლეს, ქებით მეცხრე ცაზე შემოსვეს.

_ რა ვი, გრძელი ამბავია. _ უარესად დაიმორცხვა ბიჭმა.

_ მიდი, მიდი, სად გვეჩქარება? ამაღამ აქ რჩები. ჩვენ გვაინტერესებს, სიამოვნებით მოგისმენთ.

_ მოგისმენთ რომელია, ხმას არ ამოვიღებ, სანამ არ დაამთავრებ! _ მხარი გაჰკრა ირაკლიმ გამხნევების ნიშნად, _ ოღონდ მე სკამზე გადავჯდები, პირდაპირ მინდა გიყურო, _ თქვა და მაგიდას მიუჯდა.

_ მე აქ დავრჩები, _ თქვა ტიდამ, დივანზე შეხტა და ლოტოსის პოზაში ჩაჯდა.

მეც მაგიდას მივუჯექი, ოღონდ აქეთა მხარეს, გვერდულად და მოსასმენად მოვემზადე.

_ ცოტა შორიდან დავიწყებ, კარგი? სხვანაირად ვერ მიხვდებით, რატომ გადავწყვიტე გავაშელის დაცვა.

სამივემ შეთანხმებულებივით ერთდროულად დავუქნიეთ თავი.

_ პატარა რომ ვიყავი, აი, მაშინ, შენ რომ გხვდებოდი, ნატა, ჩემს უბანში ერთი გოგო გავიცანი. გავიცანი რა, სულ შემთხვევით მომიხდა მისი გაცნობა. ერთ საღამოს, ბინაში რომ ვბრუნდებოდი, ერთი კორპუსის პირველ სართულზე სარეცხი დავინახე გაფენილი. ისეთი ლამაზი პულოვერი ეკიდა, თვალი ვერ მოვაშორე. და კიდევ ჯინსის შარვალი. კი იცი, როგორ მიჭირდა იმ პერიოდში. ეს სარეცხი ისე დაბლა იყო ჩამოწეული, ერთი შეხტომა და მივწვდებოდი. აუ, ისე მომინდა მათი მოპარვა, რომ არ ვიცი. თავს ვერაფრით ვერ მოვერიე. სახლში არც ავსულვარ, იქვე, მოშორებით მაღაზია იყო და იმის წინ ჩამოვჯექი. ვიფიქრე, ცოტა დაბნელდეს, ემანდ არავინ დამინახოს-მეთქი. თან შიშისგან გული მისკდებოდა, არასდროს არაფერი არ მომიპარავს. არ ვიცი, რა მომელანდა. ხოდა, რაღა ბევრი გავაგრძელო, როგორც კი შეღამდა, ისევ ჩამოვიარე იმ კორპუსთან. გავიხედე, გამოვიხედე _ არავინაა. სარეცხთან ახლოს მივედი, უცებ ავხტი და ჰოპ! ერთი ახტომით ორივე ჩამოვგლიჯე თოკიდან. ეგრევე თავქუდმოგლეჯილლი გავიქეცი. უკან არ მიმიხედავს იმის შიშით, ვინმე არ მომდევდეს-მეთქი. მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე შვებით, როცა ბინაში შევედი.

ვახ, როგორ მიხაროდა. დედაჩემი, როგორც ყოველთვის, შინ არ იყო, ამიტომ მაშინვე ჩავიცვი. ორივე ზუსტად მომერგო. ნაქსოვი პულოვერი იყო, ჭაობისფერი.

_ რაღაც არ მახსოვს შენზე ეგეთი პულოვერი… _ დაეჭვებით შევხედე.

_ მოიცა, მოგიყვე. ცოტა სველი იყო და იმ ღამეს გასაშრობად გავფინე, ოღონდ გარეთ არ გავიტანე, სამზარეულოში სკამზე გადავკიდე ორივე. ერთი კვირა მედო ასე, მერე გავბედე და ჩავიცვი. აუ, როგორ მიხაროდა. ასე მეგონა, ყველაზე მაგრად მე მეცვა თბილისში. თან სხვა გზით დავბრუნდი უკან, იმ კორპუსთან რომ არ გამევლო. ვაითუ დამინახოს ვინმემ და იცნოს პულოვერი-მეთქი. ჯინსი რა, ყველა შარვალი ერთნაირია, აი, პულოვერი კი შეიძლება ეცნო პატრონს.

იმ დღეს არაფერი, ჩვეულებრივად დავბრუნდი სახლში. აი, მეორე დღეს კი დამერხა. შუადღეა, დამაქვს ლიმონი, ხან ვის შევთავაზებ, ხან ვის. ვიღაც ჩემზე ბევრად დიდი ასაკის გოგო დავინახე სამარშრუტოების გაჩერებაზე და მივადექი, ლიმონი არ გინდა-მეთქი? მოტრიალდა ეს გოგო და უცებ იმხელა გაუხდა თვალები, ვიფიქრე, რამ შეაშინა-მეთქი. წარმოიდგინეთ, მაცვია პულოვერი, გარედან კიდევ ჯინსის ქურთუკი და კიდევ ის მოპარული ჯინსის შარვალი. მომდგა უცებ ეს გოგო, ხელი მტაცა ქურთუკის საყელოში და მთელი ხმით მიკივის: „ჩემი ძმის პულოვერი ახლავე გაიხადე, შე დამპალო! შენ მოიპარე, ხო?“

დავიბენი. სიმწრის ოფლმა დამასხა. რა გინდა, გოგო, თავი დამანებე-მეთქი, ვცდილობ, მოვიშორო, ის კიდევ აგრძელებს: „ჩემს ინვალიდ ძმას მოვუქსოვე, ძლივს შევაგროვე ძაფის საყიდელი ფული, შე ქურდო, გაიხადე ახლავე, თორემ დავაჭერინებ შენს თავს!“ აუ, ისე შემეშინდა, ვკარი ამ გოგოს ხელი და უკანმოუხედავად გავიქეცი.

გულამოვარდნილი მივედი სახლში. მაშინვე გავიხადე ერთიც და მეორეც და ეგრევე წყალში ჩავყარე. ყურებში მარტო იმ გოგოს ხმა ჩამესმოდა, ჩემს ინვალიდ ძმას მოვუქსოვე და ფული ძლივს მოვაგროვე ძაფის საყიდლადო. საშინელ დღეში ვიყავი. მაშინ პირველად გავაანალიზე, რომ ვიღაც ჩემზე უარეს დღეში იყო, ვიღაცას ჩემზე მეტად უჭირდა. მეორედ როგორ ჩავიცვამდი მაგ პულოვერს?

ერთი სიტყვით, გავრეცხე. გავაშრე, პარკში ჩავდე და ერთ საღამოს ისევ მივადექი იმ კორპუსს. ხომ ვიცოდი, საიდანაც მოვიპარე. შევედი სადარბაზოში, მივადექი ბინის კარს და ზარი დავრეკე. თან შიშისგან მუხლები მიკანკალებს.

კარი ვიღაც კაცმა გააღო და ვინ გნებავთო, მკითხა. აბა, რა მეთქვა, იმ გოგოს სახელი საიდან მეცოდინებოდა. ამ დროს ამ კაცის უკან ის თვალები დავინახე, იმ გოგოს თვალები. კაცის უკან იდგა.

_ აი, ეს მოვიტანე და მაპატიეთ, მეტს არ ვიზამ-მეთქი, წარმოვთქვი, პარკი ამ კაცს ხელში შევაჩეჩე და მოვკურცხლე. ისე ჩავირბინე კიბე და ისე გავვარდი სადარბაზოდან, ჩქაროსნული მატარებელიც ვერ დამეწეოდა.

მას მერე არც ის გოგო შემხვედრია და არც ის კაცი. არც არაფერი გამიგია მათ შესახებ.

ახლახან, დაახლოებით სამი თვის წინ პოლიციაში მომიწია რაღაც საქმეზე მისვლამ. შევედი შენობაში და უცებ ნაცნობ თვალებს შევეფეთე. შევხედე, ნაცნობი სახეა. ვა, საიდან მეცნობა, ვფიქრობ. მაშინვე ამომიტივტივდა გონებაში იმ გოგოს სახე, თავის პულოვერს რომ ითხოვდა ქუჩაში გაავებული. ვიცანი. ის იყო, უკვე დაქალებული. ჩემზე ცოტათი იქნებოდა უფროსი, ბევრით არა. იმანაც შემომხედა, მაგრამ ეგრევე ამარიდა მზერა. ვერ მიცნო. გულმა არ მომითმინა და მივეჭერი. შენ ნახალოვკაში არ ცხოვრობ-მეთქი? გზის პირას რომ კორპუსია, პირველ სართულზე? კიო, გაოცებულმა დამიქნია თავი. ვერ მიცანი-მეთქი? ვერაო. აი, მე რომ შენი მოქსოვილი პულოვერი მოვიპარე წლების წინ, ის ბიჭი ვარ-მეთქი. დაიბნა საწყალი. ერთხანს მიყურა, მერე კი მხრები აიჩეჩა, რა დროს ეგ არის, უკვე დავივიწყე ის ამბავიო და ზურგი შემაქცია. არ მოვეშვი. აქ რატომ ხარ-მეთქი. უნდობლად შემომხედა, ნეტავ შენ ვინ გეკითხებაო. მე თანამშრომელი ვარ და იქნებ შემიძლია რამით დახმარება-მეთქი. აი, მაშინ კი მომაქცია ყურადღება და გაუბედავად მითხრა, მამაა დაკავებული და ველოდები, რას მეტყვიანო. ოპააა! მეც ეგ მინდოდა. მოვარიდე იქაურობას, განზე გავიყვანე და გამოვკითხე, რა ხდებოდა. თურმე სანდრო გავაშელის ქალიშვილი ყოფილა.

_ ვააა! _ ვეღარ მოითმინა ირაკლიმ, სკამი მაგიდას მოაშორა და ზურიკოსთან ახლოს დაიდგა, _ წარმოგიდგენია როგორი დამთხვევაა? ანუ ის პულოვერი რომ არ მოგეპარა მაშინ…

_ ჰო რა, ბედი იყო ყველაფერი. თითქოს სპეციალურად მოხდა ასე. მომიყვა მერე მამამისის ამბავს. ცნობილი ქირურგია, ონკოლოგი, პროფესორი, განყოფილების გამგე და ახლა პაციენტის მკვლელობას აბრალებენო.

_ ხო, ევთანაზიაზე იყო საუბარი, _ ჩაერთო ტიდა, _ სულ მაგაზე ლაპარაკობს კლინიკაშიო, ექიმები ამბობდნენ.

_ ეგ კი, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ამიტომ პაციენტი მოკლას?

_ კი მაგრამ, ასეთი მაგარი თუ იყო, ძაფის საყიდელი ფული როგორ არ ჰქონდა მის შვილს?

_ ტიდა, აცალე, რა! _ ირაკლიმ ტიდა გააჩუმა.

_ იმ პერიოდში გაშორებულები ყოფილან ცოლ-ქმარი, სხვა ცოლი ჰყოლია ამ კაცს. მერე მიუტოვებია ის ქალი და ისევ ცოლ-შვილთან დაბრუნებულა. ის ინვალიდი ბიჭი გარდაცვლილა და ეს გოგო დარჩენიათ, თამუნა. ოცდათვრამეტი წლისაა ახლა. კი არის შეცვლილი, მაგრამ თვალები ისევ ისეთი აქვს და მაგით ვიცანი. ეს სანდრო თურმე მართლა სულ ევთანაზიაზე ლაპარაკობდა. როცა საშველი არ არის, წამებით სიკვდილს არ ჯობია მომაკვდავს დავეხმაროთ და მშვიდად, ტკივილის გარეშე გავუშვათ იმ ქვეყანაშიო? ამაზე ხშირად მოსდიოდა კამათი თავის კოლეგებთან. იშველიებდა თურმე მაგალითებს, ნიდერლანდებში კარგა ხნის დანერგილი პრაქტიკააო და ასე შემდეგ.

ერთ ღამეს, მორიგი შემოვლა გაუკეთებია ამ გავაშელს და ერთ პალატაში ექთანმა შეუსწრო თურმე, პაციენტის ვენიდან როგორ აძრობდა შპრიცს. ეს ქალი რომ დაუნახავს, უყვირია, დროზე დაუძახე ბეგლარს, პაციენტი კვდებაო. ბეგლარი მორიგე ექიმი ყოფილა.

როცა ის მოსულა, პაციენტი უკვე გარდაცვლილი ყოფილა. არიქა, ატყდა ერთი ამბავი. გაკვეთეს მიცვალებული და მორფინის ზედოზა ჰქონია გაკეთებული. რა თქმა უნდა, შეგნებულად. ისედაც ვერ გაატანდა ის საცოდავი დიდხანს, ჰა-ჰა, ორი-სამი დღე ეცოცხლაო, ამბობდნენ კლინიკაში, რადგან აზრი არ ჰქონია ოპერაციის გაკეთებას. უბრალოდ, მის შვილებს მოუთხოვიათ, თუ ისედაც უნდა მოკვდეს, ბარემ ვცადოთ ოპერაცია, იქნებ სიცოცხლე ცოტა ხნით მაინც გავუხანგრძლივოთო. ოპერაციიდან მეორე დღესვე გაუსაძლისი ტკივილები დასწყებია და იტანჯებოდა თურმე, მორფინიც არ შველოდა.

ჰოდა, დააბრალეს სანდროს. სულ მისი ევთანაზიის ბრალია ყველაფერი. ისე ჰქონდა ამოჩემებული ბოლო დროს, გასაკვირი არაფერიაო. თან ექთანმა ცუდ დროს შეუსწრო. არადა, ვენაში დატოვებულ შპრიცს აძრობდა, თვითონ კი არ გაუკეთებია, მაგრამ ამას ვერ ამტკიცებდა.

დავამშვიდე თამუნა, მე ადვოკატი ვარ და დავიცავ მამაშენს, თუნდაც დამნაშავე იყოს, იმდენს მაინც ვიზამ, ცოტათი შევუმსუბუქო დანაშაული-მეთქი. რამდენის გადახდა მოგვიწევსო, პირველი ეგ მკითხა. გამეცინა. უფასოდ დავიცავ, შენთან ვალში ვარ და ამით მაინც მაპატიე ის ქურდობა-მეთქი. ჩამეხუტა და ატირდა. ძალიან შემეცოდა. ფულს როგორ ავიღებდი, გამორიცხული იყო.

_ ჯიგარი ხარ, ძმა! _ ვერ მოითმინა და რეპლიკა ისროლა აღტაცებულმა ირაკლიმ.

_ ისე, გვარიანად კი ვიწვალე. გავაშელი არაფრით არ აღიარებდა დანაშაულს, მე მხოლოდ შპრიცი ამოვაძვრე, გამიკვირდა, რატომ ჰქონდა ვენაში გარჭობილიო. სანამ გარკვევას დავიწყებდი, ექთანმა მთელი კლინიკა თავზე დამაყენა, მერე კი პოლიციას გამოუძახესო. ისე ლაპარაკობდა ამაზე, ეტყობოდა, რომ გულწრფელი იყო, მაგრამ საქმეს ეგ უშველიდა? აი, როგორი გამოძიება ჩავატარე, არ იცით. იმ ღამეს ვინც იყო მორიგე, ყველა დავკითხე. ჩემებურად „ჩავუსასტავდი“ ქალებს, ექიმებს, ყველა ექთანს, სანიტრებს. სულ სათითაოდ ვალაპარაკე და აღმოჩნდა, რომ მაგის მოადგილეს…

_ ტერტერაშვილს! _ ისევ იყვირა ირაკლიმ.

_ ხო, ტერტერაშვილს ათვალწუნებული ჰყოლია თურმე. ისიც პროფესორია. განყოფილების გამგე ეგ უნდა გამხდარიყო თურმე, მაგრამ იქ რაღაც ძმაკაცობით, ნაცნობობით, ახლო კავშირებით ეგ გავაშელი დაუნიშნავთ. ჯანდაცვის სამინისტროში ახლო მეგობრები ჰყოლია, რა. აი, ეს ვერ აიტანა მიხეილ ტერტერაშვილმა და…

_ გაუჩალიჩაააა! _ ჩემი შვილი ანერვიულებული წამოხტა.

_ იკა, აცალე რა! _ ახლა ტიდამ მისცა ძმას შენიშვნა.

_ თვითონ არც ყოფილა იმ ღამეს კლინიკაში. ექთანი მოუსყიდია. აი, ის, ვინც გავაშელს შეუსწრო. ისე გამოვტეხე ეს ქალი, ისე ტექნიკურად, ვერ მიხვდა, რომ მახეს ვუგებდი. თავიდანვე მასზე მივიტანე ეჭვი, მაგრამ დამტკიცება ხომ უნდოდა? ჯერ ვიფიქრე, იქნებ საყვარლები იყვნენ და ამით შური იძია-მეთქი. ეს გამოირიცხა. მერე ერთმა სანიტარმა მითხრა, ეგ ანიტა ტერტერაშვილს ელაქუცება სულ, მგონი, შეყვარებულია მასზეო. ქალებმა ოღონდ ერთმანეთზე იჭორაონ და მეტი რა უნდათ? ამის მერე კიდევ შევხვდი ანიტას. ორმოცდაოთხი წლის ქალია, კარგი გარეგნობის, თავი რომ მოაქვს, ისეთი. თან უფროსი ექთანია და ვერავინ ვერ იტანს, ატერორებს თანამშრომლებს. ამასობაში ყველაფერი გავარკვიე, როგორ აახია გავაშელმა ტერტერაშვილს თანამდებობა, რა სიხშირით კამათობდნენ გამგე და მოადგილე, როგორ ემუქრებოდა ერთი მეორეს და ასე, ნელ-ნელა ყველა ფაქტს მოვუყარე თავი, მაგრამ როგორ გინდა სიმართლე ათქმევინო? ვინ გიჟი იტყვის, თუ არ დაუმტკიცე, მე გავაკეთეო? ჰოდა, ხერხს მივმართე. მე და ჩემი თანაშემწე მივედით ამ ანიტასთან. ვუთხარი, კიდევ რამდენიმე შეკითხვა და თავს დაგანებებ-მეთქი. კიო, ისე მედიდურად დამთანხმდა, თითქოს ვალი მქონდა მისი. თან სანამ მის კაბინეტში შევიდოდით, მოთხარა და მოთხარა სანდრო, ეგეთები ციხეში უნდა იყვნენ, მაგათ პაციენტი როგორ უნდა ანდოს ადამიანმაო. ამასობაში ჩემი თანაშემწე გაფრთხილებული მყავს, როგორც კი მესიჯი მოგივა ჩემგან, ეგრევე დამირეკე და არაფერი მითხრა, მარტო მე ვილაპარაკებ-მეთქი.

დავუსვი ანიტას რამდენიმე ფორმალური შეკითხვა, თან ჩავურტყი საუბარში, აი, ტერტერაშვილია დღეს დაბარებული პოლიციაში. რა ცუდია, ასე რომ დაარბენინებენ ამ ექიმებს ყოველდღე დაკითხვაზე-მეთქი. ხო, აბაო, მაგნაირი წესიერი ექიმი იშვიათობააო, ამიბა მხარი. სწორედ ამ დროს მესიჯი ვაფრინე ირინასთან. ჩემს თანაშემწეს ჰქვია ირინა. იმანაც დამირეკა. მივიდე ტელეფონი ყურთან _ ჰო, აბა, მომიყევი, რა ხდება-მეთქი. გავჩუმდი, ვითომ ვუსმენ. _ რას ამბობ, ეგრე თქვა? ექთანს აბრალებს ყველაფერს? _ გავაგრძელე ვითომ გაოცებულმა. _ რა გვარი თქვა? _ ვითომ გავამეორებინე. და… ვითომ გაოგნებული მზერა ნელა გადავიტანე ანიტაზე. ფერი აღარ ედო სახეზე. აკანკალდა, მაგრამ რა აკანკალდა. ტელეფონი დიქტაფონზე გადავრთე და ჯიბეში ჩავიდე. მივაჩერდი, ხმას არ ვიღებ. ის კი უკვე ტირის, ფშლუკუნებს. უცებ ისტერიკულად იყვირა, მე არაფერ შუაში ვარ, თვითონ დამავალა გულუასთვის ნემსის გაკეთება, თან დამემუქრა, თუ ასე არ მოიქცევი, სამსახურიდან გაგათავისუფლებო. მე დავამშვიდე, არ ინერვიულო, შენ ყველაფერი დაწერე, როგორც იყო და დანარჩენი მერე ვნახოთ. თუ გინდა, შენი ადვოკატიც მე ვიქნები-მეთქი. ადგა და ყველაფერი დაწერა, ეგრევე ჩაუშვა უფროსიც და თავისი თავიც.

_ მაგის ადვოკატიც ხარ? _ ტიდა დივნიდან ჩამოხტა და ირაკლის ჩაუსკუპდა კალთაში.

_ არა, რას ამბობ! მაგას როგორ დავიცავ! ეგ იმიტომ ვუთხარი, რომ აღიარებითი ჩვენება დაეწერა. მერე ახლოსაც არ გავკარებივარ. აი, ეს იყო სულ. ასე რომ, პულოვერის ქურდობის დანაშაული გავაშელის გამართლებით გამოვისყიდე.

_ დედააა! _ აღმომხდა გაოცებულს. მთელი ამ ხნის განმავლობაში პირველად ამოვიღე ხმა.

_ შენ ვინ ყოფილხარ, ზურია! ნამდვილი ჯადოქარი! _ აგუგუნდა ჩემი ბიჭი, _ რა ძმა მყავს, რა ძმა, თქვენ ხომ აზრზე არ ხართ! _ ტიდა ხელისკვრით მოიშორა, წამოხტა და ტაშისკვრას მოჰყვა.

_ ნუ, ეგეც გამართლებაზეა, ისე, _ თავმდაბლობა გამოიჩინა ზურიკომ, _ ანიტა ანკესს რომ არ წამოჰგებოდა, ვერაფერსაც ვერ გავარკვევდი. რთული სამუშაოა, მაგრამ საინტერესო. თან მიყვარს ჩემი საქმე.

_ შვილო, ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ სად ცხოვრობ? _ ახლაღა გამახსენდა, რომ მისთვის ამის შესახებ აქამდე არ მიკითხავს.

_ ბინა ვიყიდე, ერთოთახიანი და ორიანად გადავაკეთე. აგერ, იმ კორპუსში, თექვსმეტიანში. ახლახან გადავედი. _ ფანჯრისკენ გაიშვირა ხელი.

_ ჩვენს პლატოზე? _ სამივემ თითქმის ერთდროულად ვიკითხეთ.

_ ჰო, _ ეშმაკურად გაიღიმა, _ ნახევარი მამაჩემმა გამომიგზავნა, დანარჩენი ბანკიდან სესხი ავიღე. მინდოდა ახლოს ვყოფილიყავი თქვენთან. უთქვენოდ ვეღარ გავძლებ. ვერასდროს. მეყო.

კიდევ ერთხელ ამიჩუყდა გული. კიდევ ერთხელ ვღვარე სიხარულისა და სიამაყის ცრემლები. მგონი, დამიფასდა ჩემი წარსულის გარჯა…

***

ზურიკოს გამოჩენა სიგიჟემდე მიხაროდა. თითქოს ცხრა წლის სიცოცხლე მომემატა. მე კი არა, ჩემი შვილებიც არ იყვნენ ჭკუაზე, სულ მასზე ლაპარაკობდნენ. ბიჭმა მოუხშირა ჩვენთან სიარულს, დარეკავდა, ხომ შინ ხართო და შემოირბენდა. ხანდახან რჩებოდა კიდევაც. ბავშვებს არ უნდოდათ მისი გაშვება. მათთან ყოფნა ერთი დიდი სიამოვნება იყო. იმდენს ხუმრობდნენ, მკვდარსაც კი გააცოცხლებდა.

ძალიან მიყვარდა ზურიკო. მერე რა, რომ მე არ გამიჩენია. მაინც შვილივით მიყვარდა. ამაგი მქონდა მასზე და იმიტომ. გაამართლა ჩემი იმედები და იმიტომ. ჰგავდა ჩემს ირაკლის და იმიტომ. ძალიან ბევრი „იმიტომ“-ის გამო მიყვარდა.

ხანდახან ისეთ დროს მოვიდოდა, როცა მარტო ვიყავი სახლში. შინაურივით გამოაღებდა მაცივარს, ძალიან მშია, რაღაც უნდა შევჭამოო. თუმცა რაღა შინაურივით, იყო კიდევაც. ქალებმა რომ იციან თქმა, იმის არ იყოს, ჩემს შვილებში არ გამომერჩეოდა.

უამრავ ამბავს მიყვებოდა თავისი უკრაინული ცხოვრებიდან. როგორ გაუჭირდა თავიდან შეგუება, როგორ უნდოდა აქეთ გამოქცევა და ისევ ჩემთან და ირაკლისთან ცხოვრება. ამისთვის თურმე ფულის შეგროვებაც დაუწყია. გამოპარვას ვაპირებდიო. მხოლოდ იმიტომ გადაიფიქრა, რომ მამას წამოსცდენია ერთხელ, შენ რომ არ მყავდე, ალბათ, მოვკვდებოდი, სიცოცხლის ხალისს დავკარგავდი, მაგრამ ძალას შენ მმატებო. თუმცა ვინ გამოუშვებდა, როცა სრულწლოვანი არ იყო? მაგას კი მოვახერხებდი როგორმე, მაგრამ აი, ბილეთის ფულის მოგროვება გამიჭირდაო.

მერე მამამისმა თანდათან აიწყო საქმე. იქაურ ქართველებს დაუახლოვდა. მათა მოეწონათ „კაცური კაცი“, მიიღეს, დააკვალიანეს, გზაზე დააყენეს. მანქანების სახელოსნო გახსნა, გვარიანად ფული იშოვა, ზურიკოს ასწავლა, მერე მუშაობაც დააწყებინა და ბოლოს აქეთ გამოუშვა.

დასაფასებელი იყო „დიდი ზურიკოს“ საქციელი. იცოდა, აქ უსაფრთხოდ იქნებოდა. ჩვენთან იქნებოდა. ზურგი ექნებოდა. სიყვარული ექნებოდა. რაც მთავარია, მარტო არ იქნებოდა.

ერთ შაბათ საღამოს დაგვირეკა, ხვალ ჩემს ბინაში გეპატიჟებით მთელ ოჯახს, ხომ უნდა იცოდეთ, როგორ ვცხოვრობო.

_ სამ საათზე გელოდებით და არ მალოდინოთ, იცოდეთ! _ ყველას გვესმოდა მისი ხმა მობილურში, რადგან ირაკლის სპიკერი ჰქონდა ჩართული.

_ მაგას არ ჯობია, ჯერ აქეთ გადმოხვიდე, ვისადილოთ და მერე ერთად წავიდეთ? _ მის გასაგონად ხმამაღლა წარმოვთქვი.

_ აქ ვისადილოთ!

_ შენ რა გექნება, შვილო. ახლა სადილები არ მათრევინო აქედან, _ გამეცინა.

_ ყველაფერი მექნება, ნატა! ჩიტის რძეც კი. არაფრის თრევა არ დაგჭირდება.

_ უყურე შენ ზურიას! კაი ბლომად მაყუთი დახარჯე, როგორც ვატყობ, _ გაიხუმრა ირაკლიმ.

_ მაქვს და ვხარჯავ, უკეთესში რაში დავხარჯავ, _ იმანაც გაიცინა, _ მოკლედ, გელოდებით. ტიდა, ხომ მოხვალ?

_ მოგორდება, სად წავა! _ მის მაგივრად ირაკლიმ გასცა პასუხი.

_ მოგაგორებ მე შენ! საზიზღარო! _ ტიდა წამოხტა და ძმას თავში წაარტყა.

_ რა იყო, გოგო, ვიხუმრე. საზამთროს შეგადარე უცებ, _ ირაკლის გუგუნა სიცილმა ოთახი გაავსო.

_ მერედა, როგორ მიყვარს საზამთრო, _ იქიდან ზურიკომ აუბა მხარი ჩემს შვილს.

_ არსადაც არ წამოვალ! _ გაიბუტა ტიდა და თავის ოთახში გავარდა.

_ აუ, არ გააბრაზო რა, მეწყინება, რომ არ მოვიდეს, _ შეწუხდა ზურიკო.

_ მხარზე გადავიკიდებ და ისე მოვიყვან, შენ მაგის ნუ გეშინია, _ დააიმედა ირაკლიმ და დაემშვიდობა.

_ რა ვუყიდოთ? _ შევფიქრიანდი.

_ კარგი რა, ნატა, რა უნდა უყიდო? მაგისთვის კი არ გვეპატიჟება.

_ ეგ რა შუაშია, შვილო! პირველად მივდივართ ბავშვთან, ხელცარიელები ხომ არ მივადგებით სამი კაცი!

_ ავეჯი ავუტანოთ, _ არ იშლიდა მასხრობას, _ შენ და ტიდამ სავარძლები ამოიიღლიავეთ, მე დივანს დავიდებ თავზე და შესანიშნავი სამეული სამეულით ხელდამშვენებული მივალთ.

_ ენა რომ არ გქონდეს, ყვავი წაგიღებდა! _ ხელი ჩავიქნიე და ტიდას მივაშურე, რომ მასთან ერთად მომეფიქრებინა, რა გვეყიდა.

ტიდამ, მიუხედავად იმისა, რომ ძმაზე გაბრაზებული იყო, იდეა მაშინვე ჩამაწოდა:

_ ფარდები ვუყიდოთ, დე!

_ რა ფარდები! _ გავოცდი.

_ აი, აქედან ჩანს, რომ თხელი ფარდები უკიდია. ჩვენ სქელი ვუყიდოთ. ცოდოა. მაგდენი არ იცის ჯერ, კაცია მაინც და ეგეთი რამეები არ ეხერხება.

_ ვუყიდოთ, მაგრამ სიგრძე რომ არ ვიცით?

_ რა ცოდნა მაგას უნდა. ჩვენი კორპუსისნაირია მისიც და ფანჯრებიც ჩვენნაირი ექნება, _ მხრები უდარდელად აიჩეჩა ჩემმა პრაქტიკულმა გოგომ.

შევთანხმდით. ჩემი ფანჯრების ფარდების ზომა ხომ ვიცოდი, ამიტომ მეორე დღეს ადრიანად გავედით მე და ტიდა ვაგზალზე, იმ ფარდების მაღაზიაში, სადაც ერთ დროს ჩვენი შევაკერინეთ. ნაჭერი ავარჩიეთ და ერთ საათში გაგვიმზადეს. სასტუმრო ოთახისთვის კრემისფერი შევარჩიეთ, საძინებლისთვის _ ღია ცისფერი. კი შევშინდი, იქნებ ცისფერი სულ არ მოსწონს იმ ბიჭს-მეთქი, მაგრამ ტიდამ დამამშვიდა, ცისფერი თვალები აქვს და მოუხდება მის ოთახს, რატომ არ უნდა მოეწონოსო.

პირველ საათზე უკვე სახლში ვიყავით. ზურიკომ ერთხელ კიდევ დარეკა, ხომ მოდიხართო. ირაკლიმ ქალები უკვე ემზადებიან, მიიბანენ, მოიბანენ და გამოვალთო. ამის გამო კიდევ ერთხელ მოხვდა თავში ტიდასგან.

სამის ნახევარზე გავედით. ძალზე მცირე მანძილი უნდა გაგვევლო ზურიკოს კორპუსამდე, სულ რაღაც სამასი-ოთხასი მეტრი, ისიც იმიტომ, რომ შემოვლით უნდა წავსულიყავით, თორემ ჩვენი აივნიდან პირდაპირ მის კორპუსს ვუყურებდით. ასე მოკლეზე რომ ყოფილიყო შესაძლებელი გადაფრენა, ასიოდე მეტრის გავლა მოგვიწევდა.

ირაკლიმ ჯერ ზარის ღილაკს მიაჭირა თითი, მერე კი კარი შეაღო. გულთან სამი ბოთლი შამპანური მიეხუტებინა.

ზურიკო თავისი ჰაეროვანი მზერით შემოგვეგება. ისეთი გამოპრანჭული იყო, ტიდამ სიცილი ვერ შეიკავა:

_ ასეთი საპატიო სტუმრები ვართ შენთვის, ზურია? როგორი იმპოზანტური ხარ!

ზურიკო გაწითლდა.

_ ჩემთვის ზესაპატიო სტუმრები ხართ! _ სიამაყეშერეული ხმით წარმოთქვა და სამივე გადაგვკოცნა.

მშვენიერი ბინა იყო, კარგად გარემონტებული.

_ უი, რამხელა სუფრა გაგიშლია, შვილო! _ გაოცებული დავრჩი, მაგიდას რომ გადავხედე, _ საიდან მოიტანე ამდენი საჭმელი?

_ საიდან მოიტანდა, დედა, რა გაიკვირვე? რესტორნიდან, ალბათ.

_ ოხ, შენ რა გითხარი, რა საჭირო იყო ასე შეწუხება? რამდენ ფულს დააკლებდი ამით შენს თავს, _ შევიცოდე ჩემი შვილობილის ჯიბე.

_ ბევრი არაფერი, ნატა, შენ მაგაზე არ ინერვიულო, ბევრი მაქვს, _ „გამამხნევა“.

_ არა, თუ რამეა, დედაჩემი წილში შემოვა, ძმა, მაგას ეხერხება ეგეთი რამეები, მაგალითად, _ მაღალ ტონალობაში, მეგრულ კილოზე წარმოთქვა ირაკლიმ და „ლ“ ისე დაარბილა, ნებისმიერ მეგრელს შეშურდებოდა.

_ მასხარა! ექიმი მაინც არ იყო! _ დავანამუსე.

ამაზე ჩაბჟირდა.

_ ექიმებს რა, მასხრობა არ ეხერხებათ?

_ დაიმოკლე ენა! _ თვალები დავუბრიალე და ბინის დათვალიერებას შევუდექი.

_ აქ რა არის? _ შესასვლელშივე მდებარე პატარა ოთახში შევიჭვრიტე.

_ ეს ჩემი სამუშაო კაბინეტია. მარტო კომპიუტერი და სავარძელი ეტევა, მაგრამ მე მყოფნის.

_ ესე იგი, ორი კი არა, სამი ოთახი გქონია, _ გამიხარდა.

_ ეს რა ოთახია, საკუჭნაოს უფრო ჰგავს, მაგრამ ჩემთვის წავა, _ დაიმორცხვა.

_ აი, ჩვენ ფარდები მოგიტანეთ, _ თქვა ტიდამ და ჩანთიდან დაკეცილ-დაუთოებული ფარდები ამოიღო.

_ აუ, რად გინდოდათ, რა ხალხი ხართ, მოკლედ, რაა! _ შეწუხდა ბიჭი, _ ხომ მაქვს ფარდები. ეს რა, ცუდია?

_ ეგ თხელი ფარდებია, სქელი არ გაქვს. ღამე შუქს რომ აანთებ, ვიღაცამ რატომ უნდა იჭვრიტინოს შენს ბინაში, იქნებ შიშველს გინდა გავლა? _ არ დაუთმო ტიდამ.

_ რას ამბობ, რამხელა კისერი უნდა ჰქონდეს იმ ვიღაცას, რომ მეთექვსმეტე სართულზე აიჭვრიტინოს? _ აროხროხდა ირაკლი, _ და ასეც რომ იყოს, მერე რა? შიშველი ზურიკელას ნახვას იქნება და როგორ ნატრობენ პლატოელი ქალები.

_ ხო, აბაა, სულ მაგის ფიქრში არიან, _ ზურიკოსაც გაეცინა.

_ აბა რა! _ კვერი დაუკრა ჩემმა ბიჭმა, _ ამას წინათ ჩვენი უბნის სტატისტიკა გამოაქვეყნეს და აღმოჩნდა, რომ ამ პლატოს ქალების ოთხმოცდაცხრამეტმა პროცენტმა დურბინდი იყიდა თურმე ბოლო ერთი თვის განმავლობაში. ერთი ადვოკატი გამოვიდა ჩვენთან საცხოვრებლად და იმას უნდა ვუთვალთვალოთ, შიშველი როდის გამოჩნდება ფანჯარასთანო.

_ იკაკო, მაგ სისულელეების როშვას გირჩევნია, მომეხმარო! _ გაისმა ტიდას ხმა.

_ მოგეხმარო? რაში? ჭამაში? კი ბატონო, მივუსხდეთ მაგიდას და რა პრობლემაა!

_ ჭამაში კი არა, ფარდების დაკიდებაში, შე ბოთე!

_ არა, არა! _ ხელში ეცა ზურიკო ტიდას, _ რა დროს ფარდებია, ეგ მერე, ახლა ვისადილოთ, რა! თანაც, სამაგრები არ მაქვს, საყიდელია.

_ ეგეც მოვიტანეთ, ბატონო, ეგრე კი არ არის! _ ნიშნის მოგებით წარმოთქვა ჩემმა გოგომ და თავისი ჩანთიდან გამჭვირვალე თეთრი ცელოფანი ამოაძვრინა, რომელშიც ფარდის სამაგრები ეყარა.

_ ეგ როდის იყიდე? _ გავოგნდი.

_ გუშინ. მე ხომ პრაქტიკული გოგო ვარ, _ თქვა და გაწითლდა.

_ მაჩვენე! _ ხელი გავიწვდინე ცელოფანისკენ.

ტიდამ მომაწოდა. შიგ ჩავიხედე და შევათვალიერე. მერე ზურიკოს ფარდებს ავხედე. ზუსტად ერთნაირი სამაგრები იყო. ცალი წარბი ავზიდე. ჯერ ტიდას გავხედე ორაზროვნად, მერე ზურიკოს, რომელმაც მზერა ამარიდა და მყისიერად ირაკლის მიუბრუნდა.

_ დავსხდეთ, რა, ძმურად! მწვადი გაცივდება!

_ და ხინკალიც! _ დაამატა ტიდამ და სააბაზანოში შევარდა ხელების გადასაბანად.

რა მიხვედრა მაგას უნდოდა, რომ ჩემი გოგო ამ ბინაში ნამყოფი იყო. დედური ალღო არასდროს მღალატობდა. არაფერი მითქვამს. უბრალოდ, გულში მცირე წყენამ გამკრა, რომ დამიმალა. განა რა, ზურიკოსთან გადასვლას ავუკრძალავდი? რა თქმა უნდა, არა. თუმცა ისიც ვიცოდი, რაც იგულისხმებოდა ამ პატარა, უწყინარი საიდუმლოს უკან.

სუფრას მივუსხედით და ზურიკომ მაშინვე მასპინძლური დაიჭირა:

_ რახან მწვადს და ხინკალს წითელი ღვინო უხდება, ეგ ვიყიდე, თორემ კონიაკიც აგერაა და არაყიც. ირაკლუნამ შამპანურიც ჩაგვაწოდა. ასე რომ, აირჩიეთ, ქალებო.

_ მე ცოტა წითელ ღვინოს დავლევ და ცოტა კონიაკსაც გავსინჯავ, _ გამოვაცხადე.

_ მეც! _ ამყვა ჩემი მატრაკვეცა.

_ აუჰ, ზურია, დაგვერხა მე და შენ. ესენი იმდენს სვამენ, ჩვენ არ დაგვიტოვებენ, ბიჯო, ამიტომ მოდი, პირდაპირ არყით დავიწყოთ და ეგ იქნება, _ გაიღრიჭა ირაკლი.

_ იმდენია, ყველას გვეყოფა, თქვენ ოღონდ მოისურვეთ, _ „დაგვამშვიდა“ ზურიკომ ყველა.

***

გემრიელად ვისადილეთ. ბიჭებმა იმდენი იღლიცინეს, სიცილისგან ცრემლები მდიოდა.

_ თქვენ გაგიმარჯოთ, ჩემო კარგო ადამიანებო, _ დაიწყო ზურიკომ სადღეგრძელო, ცოტა რომ შექეიფიანდა, _ ამხელა სიყვარული რომ დამახვედრეთ აქ ჩამოსულს.

_ „ამხელა“, ჩემო ზურიკელა, ისეთი სიტყვაა, _ გააწყვეტინა უცებ ირაკლიმ, _ რომელიც აუცილებლად ვიზუალურად უნდა გამოხატო, ანუ ხელების მოშველიებით. _ და ხელები ჰაერში გააქნია, _ სხვანაირად ვერ მიახვედრებ ადამიანს, რა ზომებს გუულისხმობ.

_ და „იმხელა“? _ „ჩამჭრელი“ კითხვა დაუსვა ზურიკომ.

_ ოოო, იმხელას სიტყვებით სჭირდება განმარტება. მაგალითად, ზურიამ იმხელა საზამთრო მოაგორა, დედაჩემს კინაღამ გაუვარდა ხელიდან.

_ და რამხელა იყო?

_ ააამხელა, _ ირაკლიმ ხელებით ვეება წრე მოხაზა.

_ მაშინ ასე ვიტყვი, თქვენ იმხელა სიყვარული დამახვედრეთ…

_ ეგრე, შე კაცო, თორემ „ამხელა“-ს თქმაზე რომ ხელები გაშალო, ხომ დაგექცა სასმელი.

_ ირაკლი! აცალე ბიჭს სადღეგრძელოს თქმა! _ დავუცაცხანე ჩემს შვილს.

_ განსაკუთრებით ნატა მინდა ვადღეგრძელო, _ გააგრძელა ზურიკომ, _ სწორედ მან გამხადა კაცად, მისგან ვისწავლე სიყვარულიც, ძმობაც, მეგობრობაც და კარგი კაცობაც. ამას არასდროს დავივიწყებ.

_ გაიხარე, ძმა! მოდი, ყველას ერთად გაგვიმარჯოს. დედაჩემს მართლა განსაკუთრებულად გაუმარჯოს. დედი, მიყვარხარ! განსაკუთრებული ხარ, ყველა დედაზე მაგარი დედა ხარ. სასწაული დედა. ვიცი, რომ ცხოვრების წლები ნაოჭებში გაქვს მიმალული, სევდა კი აგურის კედელივით მზერაში ჩაშენებული, მაგრამ შვილებმა მაინც ხომ გაგიმართლა? მეც, ტიდამაც, ზურიკელამაც. დედას მეტი რა უნდა? _ ამ სიტყვებს ისეთი სიამაყითა და სითბოთი წარმოთქვამდა ჩემი შვილი, გული ამიჩუყდა, მით უფრო, ზურიკოც რომ ჩემს შვილებში მოიხსენია.

ტიდამ მხარი გამკრა, ნუ ტირიო. არადა, ეს სიხარულის ცრემლები იყო. სამადლობელი ვერ ამოვთქვი, გულზე მივიდე ხელი მადლობის ნიშნად და ისე დავლიე. ერთი სიტყვაც რომ მეთქვა, ავზლუქუნდებოდი.

სიტუაციას განმუხტვა სჭირდებოდა, რადგან ჩემმა მდგომარეობამ ყველა დაადუმა. თუმცა ირაკლუნა რისი ირაკლუნა იყო, გამოსავალი ვერ ეპოვა. თევზი გადაიღო და უეცრად ზურიკოს მიუბრუნდა:

_ ზურო! თევზი რომ ამდენ წყალს სვამს, ხომ არ იცი, სად მიაქვს? _ თან ისეთი სერიოზული ტონით შეეკითხა, თითქოს ამაზე საჭირბოროტო ამქვეყნად სხვა არაფერი იყო.

_ ალბათ, აქლემივით ფარფლებში იგროვებს, _ დაბნეულმა ზურიკელამ მეტი ვერაფერი მოიფიქრა.

_ არა, ზურია, არა. არ გცოდნია შენ. მე გეტყვი, სადაც მიაქვს… _ თქვა და გაჩუმდა, თან სათითაოდ გადმოგვხედა სუყველას.

ვიცოდ, რაღაც სისაძაგლეს იტყოდა, ამიტომ წინასწარ გამეცინა.

_ წარამარა ფსამს. _ თქვა და ხარხარიც ატყდა.

_ და შენ გინდა თქვა, რომ როცა ზღვაში ჩავდივარ, ტალღებში კი არა, სინამდვილეში თევზის ფსელში ვბანაობ? _ წამოიძახა ტიდამ, შავი თმა ქვანახშირივით რომ უბრწყინავდა.

_ შეხედეთ, ერთი, შეხედეთ, დიდი ხნის ჩამოვარდნილი ფოთოლივით რომ დაკარგა ფერი, _ დისკენ გაიშვირა ირაკლიმ თითი და ჩვენმა სიცილმა ლამის ფანჯრის მინები შეაზარზარა.

ტიდასაც კი აუტყდა სიცილი.

_ არა, მართლა მაინტერესებს. ეგ ეგრეა თუ შენ მოიგონე? _ ძლივს დაალაგა სახეზე ნაკვთები ჩემმა გოგომ, ძმისთვის შეკითხვა რომ დაესვა.

_ თუ, _ მოკლედ მიუგო ირაკლიმ.

_ თევზის ფსელში რომ ბანაობ, იმიტომ ხარ ეგეთი ლამაზი, ნამდვილი მზეთუნახავი, _ სასმელმა ზურიკო გაათამამა.

ტიდა გააწითლა მისმა ქათინაურმა, მაგრამ ირაკლიმ დამორცხვება არ დააცადა:

_ მზეთუნახავი არა ის! მაგათ, გენაცვალე, ზედმეტად თეთრი კანი ჰქონდათ, რადგან მზეს ვერ ხედავდნენ. შენ კიდევ მუგუზალივით შავი ხარ და კარგად დაბრაწული გოჭის ფერი გადევს სახეზე. ისე, ნეტავ რატომ გამოკეტავდნენ მზეთუნახავებს ცრაკლიტულში? ან უმზეოდ დე ვიტამინის ნაკლებობა არ ჰქონდათ?

_ აი, საიდან იღებს სათავეს ქალთა ძალმომრეობა _ ზღაპრებიდან, _ გამოიტანა ზურიკომ დასკვნა.

_ ვო! რას ნიშნავს, სუფრასთან ადვოკატი რომ ზის! _ საჩვენებელი თითი შემართა ჩემმა შვილმა, _ მაშინვე კანონის ენით ალაპარაკდა. არა, მართლა, ცხრაკლიტული რას ნიშნავდა? ცხრა კარი იყო დაკეტილი თუ ერთი კარი ცხრა გასაღებით?

_ იპოვეს ახლა საღლიცინო თემა! _ გავაპროტესტე.

_ რატომაა საღლიცინო, ნატა, _ სახე დაისერიოზულა ირაკლიმ, _ მართლა მაინტერესებს.

_ ზღაპარი თუ წაგიკითხავს, უნდა გახსოვდეს, რომ იქ ცხრა კარის გაღებაზეა საუბარი და არა ერთი ცხრაგასაღებიანი კარის.

_ ააა, ოოო, გეთანხმები. ახლა გამახსენდა. ეგრე იყო. აი, დაიანა როსის კლიპი რომაა, მოდის და კარს კარზე რომ აღებს.

_ ეგეც მზეთუნახავი იყო, ისე, _ შეეშველა ზურიკო.

_ ხო, იყო, ოღონდ მაგას დე ვიტამინი არ აკლდა. _ დასვა დიაგნოზი ექიმმა.

_ შენ რა იცი? _ ირონიულად შეეკითხა ტიდა.

_ ექიმი ვარ, მაგის მეტი რა ვიცი! _ „აღშფოთდა“ ექიმი.

_ კარგი, გეყოფათ, მეტი აღარ შემიძლია. ბევრი სიცილი მავნებელია, რომ იცოდეთ, _ სულს ძლივს ვითქვამდი მათი შემხედვარე.

_ ბევრმა სიცილმა ბევრი ტირილი იცის, _ ბრძნულად წარმოთქვა ირაკლიმ, _ აბა, დაალაგეთ სახეები, სადღეგრძელო უნდა ვთქვა!

ყველანი გავისუსეთ.

_ დღეს იცით, რა დღეა, ადამიანებო? ძალიან, ძალიან დიდი დღეა. აი, ამდენი ხანია აქ ვზივარ და არცერთ თქვენგანს არ გაახსენდა, დღეს რა ხდება. მე კი გამახსენდა. სულ მახსოვდა. არასდროს დამვიწყებია და არც არასდროს დამავიწყდება. ნატა, შენგან გამკვირვებია, თორემ ტიდას ნამდვილად ეპატიება, რადგან ზურიკელა არ ახსოვს.

_ ნუ დაგვტანჯე, ბიჭო, თქვი ბოლოს და ბოლოს, რა დღეა ასეთი! _ დავუბღვირე.

_ დღეს ჩვენი უმაგრესი ძმის დაბადების დღეა, დე! ნუთუ არ გახსოვს?

ენა ჩამივარდა. სულ არ მახსოვდა ზურიკოს დაბადების დღე. რამ გამომაშტერა? მე და ირაკლი ყოველ წელს ვიხსენებდით ზურიკოს მის დაბადების დღეზე, ისე არ შევჭამდით, მისი სადღეგრძელო არ დაგველია. ახლა კი… იმდენად ჩამაგდო ეიფორიაში მისმა გამოჩენამ, ეს თარიღი სრულიად გადამავიწყა.

_ სიკვდილსაც დავიწყებიხარ, შვილო, ეს რა დამემართა, _ საკუთარ ლოყას სილა შემოვკარი, _ შენ შემოგევლოს ჩემი თავი! დალოცვილი იყავი, დედი! მუდამ ისე ყოფილიყავი გახარებული, როგორც მე გამახარე შენი გამოჩენით! _ ვთქვი შერცხვენილმა და დანაშაულის გამოსასწორებლად ღვინით სავსე ჭიქა ბოლომდე დავცალე. მერ ავდექი, ზურიკოს მივეახლე, ჩავეხუტე და გემრიელად ჩავკოცნე.

_ მე ვიცოდი, დაბადების დღე რომ ჰქონდა, მაგრამ თვითონ გამაფრთხილა, არ თქვაო და მაგიტომ არ გითხარით, _ გამოაცხადა უცებ ჩემმა მეტიჩარა გოგომ.

ხომ იყო ღირსი, ღერა-ღერა დამეპუტა მისთვის თმა? როგორ არ შემახსენა? საშინლად უხერხულად ვიგრძენი თავი. ჩემთვის ამის დავიწყება იგივე იყო, ღვიძლი შვილების დაბადების დღე დამვიწყებოდა.

_ მე რადგან ყოველთვის მახსოვდა, საჩუქარიც წინასწარ მოვამზადე. აი, შენ, ძმაო, ამჯერად ოქროსფერი „მერსედესი“, _ ირაკლი ფეხზე წამოდგა და ჯიბიდან ოქროს დაწნული სამაჯური დააძრო, რომელზეც ოქროსავე მინიატიურული მანქანა იყო ჩამოკონწიალებული, _ ყოველ წელს თითოს გიყიდი და კოლექცია შეგიგროვდება.

_ აუ, ირაკლუნა! _ ზურიკოს ლამის აეტირა, ირაკლის გადაეხვია და კარგა ხანს იდგნენ ასე ჩახუტებულები.

_ არ მინდოდა მეთქვა, ჩემი დაბადების დღეა-მეთქი. არც მეგონა, თუ გემახსოვრებოდათ. უბრალოდ, ამ დღეს დავამთხვიე თქვენი ჩემთან მოსვლა. ჩემთვის ორმაგად სასიხარულო იქნებოდა და იმიტომ.

_ აიიი! შე მართლა ადვოკატო, შენა! მე განა რამეს გამომაპარებ! _ მხიარულად წამოიძახა ირაკლიმ, _ დაგავიწყდა, შენზე უფროსი რომ ვარ? შენ რომ მიდიოდი, მე მოვდიოდი, ძმა!

უხერხულობა ისევ გაიფანტა. ზურიკოს სადღეგრძელო ყველამ ბოლომდე დალია.

_ სულ არწივივით ლაღი ყოფილიყავი და დათვივით ძლიერი, _ ტიდამ ასე შეამკო იუბილარი.

_ და აქლემივით წყლის მომმარაგებელი, _ ჩაურთო თავისებური ირაკლიმ, რასაც ისევ ხორხოცი და ტიდას გაბუტვა მოჰყვა.

_ არა, ისე, ადამიანი ნებისმიერ ცხოველს ან ფრინველს შეიძლება შეადარო, არა? _ წამოიწყო ჩემმა ბიჭმა.

_ გააჩინა ახალი საღადაო თემა! _ გააპროტესტა ტიდამ.

_ არა, რატომ? _ დაიცვა ირაკლი ზურიკომ, _ მშვენიერი თემაა. შედარებაცაა და შედარებაც. ყველა ცხოველი ან ფრინველი შეიძლება ვინმე გახდეს. მაგალითად, ღორი _ მინისტრი, ძროხა _ მასწავლებელი, ხარი _ მოჭიდავე, არწივი _ მფრინავი, თევზი _ ბიბლიოთეკარი.

_ ვო! ეგეც მე ვარ? _ წამოხტა ირაკლი, უკვე კარგად იყო შეზარხოშებული, _ და დინოზავრი, ზურია?

_ დინოზავრი? ხოოო. ეგ… ეგა… მგონი, იგი ვერასდროს ვერავინ გახდა და მაგიტომაც გადაშენდა. _ არც ზურიკო იყო მთლად ფხიზელი და ამ ყველაფერში კარგი ის იყო, რომ რაც უფრო ეკიდებოდათ სასმელი, მით უფრო გემრიელად გამოსდიოდათ ხუმრობები.

_ ორივე ერთმანეთზე უარესი მეტროსექსუალი ხართ! _ დაახეთქა უცებ ტიდამ.

_ რა ხართო? _ ყურები ცქვიტა ჩემმა ბიჭმა.

_ რაც გაიგონე! _ ჯიბრიანად გაეპასუხა ტიდა.

_ მეტროსექსუალი არა, დედა. მეტროსექსუალი ეს არის… 20-40 წლის უზრუნველყოფილი მამაკაცი, რომელსაც გემოვნებით ჩაცმა უყვარს და მოდურ ნივთებს ყიდულობს. უვლის თავის თავს და ვარცხნილობებს სალონში იკეთებს. არც ერთია ეგეთი და არც მეორე. მე ვიტყოდი, უფრო რეტროსექსუალები არიან, _ გამოვთქვი ჩემი მოსაზრება. _ ტიპური კაცური ქცევის მამაკაცები. უყვართ ფეხბურთი, აცვიათ სპორტულად და სახის კანის მოვლა ფეხებზე ჰკიდიათ. დაახლოებით ასეთი.

_ მე ფეხბურთი არ მიყვარს, _ დანანებით წარმოთქვა ირაკლიმ.

_ მე კიდევ სპორტულად ჩაცმა. უფრო სწორად, მიყვარს, მაგრამ ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, იშვიათად მიწევს ეგრე სიარული.

_ მასე მეც ვუყურებ ფეხბურთს, კვარაცხელია თუ თამაშობს, _ გაიცინა ირაკლიმ.

ამასობაში ჩამობნელდა. საღამო დღეს ფერებს აცლიდა.

მიხაროდა ის, რაც ამწუთას ჩემ გარშემო ხდებოდა. სავსე ვიყავი.

იმ მდინარეს ვგავდი, რომელიც თავის კალაპოტში მშვიდად, უშფოთველად მიედინება.

ბედნიერი ვიყავი.

***

იმ დღეს ტიდასთვის არაფერი მითქვამს იმის გამო, რომ ზურიკოს ბინაში ნამყოფი იყო და დამიმალა. ნამყოფი ერთია და რისთვის იყო ნამყოფი, ეგ კიდევ მეორე. ვხვდებოდი, რომ მათ შორის რაღაც მწიფდებოდა. ის რაღაც კი სიყვარულის ელფერს იღებდა. არა, წინააღმდეგი არ ვიყავი. პირიქით, ხელსაც შევუწყობდი, თუ ასე წარიმართებოდა საქმე, მაგრამ ეს დამალვა რას ნიშნავდა?

შვილები ისე გავზარდე, მუდამ ვცდილობდი მათთვის სანიმუშო დედა და გულიანი მეგობარი ვყოფილიყავი. ირაკლი ბიჭი იყო, მაგრამ კონტროლი სულ სჭირდებოდა, რათა უმამო ბავშვი ცუდ წრეში არ გარეულიყო. ყველა მის კლასელს ვიცნობდი, ყველა მის მეგობარს. სახლშიც ხშირად ამოჰყავდა და თითოეულს მიკროსკოპში ვატარებდი, რომ რამე არ გამომპარვოდა.

ასე იყო ტიდას შემთხვევაშიც, თუმცა მისთვის არასდროს არაფერი დამიშლია. არც მოკლე კაბის ჩაცმა, არც შარვლის, არც დეკოლტე და მაკიაჟი გამიპროტესტებია. დაქალებთანაც ისე ვუშვებდი ღამის თევით, წამით არ შევყოყმანდებოდი. ვენდობოდი ჩემს შვილებს და ისინიც მენდობოდნენ. ცხოვრების არცერთ ეტაპზე არაფერი დაუმალავთ ჩემთვის. მათთვის ყოველთვის იმ ასაკის ვიყავი, რა ასაკისაც თვითონ იყვნენ. როცა რამეს მთხოვდნენ, ჩემს თავს წარმოვიდგენდი მათ ადგილას და ვხვდებოდი, რომ თხოვნა უნდა შემესრულებინა, რადგან ერთ დროს, როცა მეც მათი ტოლი ვიყავი, სწორედ იმის გაკეთება მინდოდა, რასაც ახლა ისინი მთხოვდნენ. რა დამავიწყებდა მამაჩემის „არა“-ს, როცა თუნდაც ცოტათი „აკრძალულ“ რამეს შევეხვეწებოდი. ხან მოკლე კაბაზე მეტყოდა უარს, ხან ჯინსის შარვლის ტარებაზე… მეგობრებთან ღამის თევაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ცხონებული ბებიაჩემი მხარზე მოუთათუნებდა ხოლმე გალეულ თითებს თავის ვაჟს, კაი, ახლა, ბაადურ, გაუშვი ბავშვი, ცოდოა, ახლა თუ ვერ მოასწრო გალაღება, მერე სად ეცლება მაგისთვის, ნუ წაართმევ ბავშვობას, ისიც ეყოფა, უდედოდ რომ იზრდებაო. მამა ხან გატყდებოდა და დამრთავდა ნებას, ხან არა. აი, როცა უარით მისტუმრებდა, საშინლად ვმწარდებოდი. მიმაჩნდა, რომ ის თავისუფლებას მართმევდა და ამის უფლება არ ჰქონდა. თუმცა ახლა რომ ვიხსენებ, ძალზე ტკბილად მახსენდება ჩემი ბავშვობა და ამ ყველაფერზე მეღიმება მხოლოდ.

მერე მე გავხდი მშობელი და მტკიცედ დავუდე პირობა ჩემს თავს, რომ განსხვავებული დედა ვიქნებოდი. შევასრულე ეს პირობა და ამით არაფერი წამიგია. ქმარი ვერ მედგა გვერდით, მაგრამ ჩემს შვილებს უმამობა არ უგრძნიათ, რადგან დედაც ვიყავი მათთვის და მამაც. ვაჟკაცობას არა მხოლოდ ირაკლის, ტიდასაც ვასწავლიდი. ის კი არა, ზურიკოსაც დასტყობია ჩემი ხელი. მერე რა, რომ წლები არ გაუტარებია ჩემ გვერდით. ის მცირე პერიოდიც საკმარისი აღმოჩნდა თურმე, რომ კვალი დამემჩნია. აკი აღნიშნა კიდევაც, შენი დამსახურებაა ასეთი რომ ვარო.

ეს მეამაყებოდა. ეს მიხაროდა. ეს მაბედნიერებდა.

ტიდა იმ საღამოდან შეფარვით მაკვირდებოდა. ეგონა, ფარდების სამაგრებზე საუბარს ჩამოვუგდებდი, მაგრამ მოლოდინი გაუცრუვდა. კრინტი არ დავძარი. ბოლოს თვითონ ვერ მოითმინა და მესამე დღეს საღამოს ადრე დაბრუნდა სახლში, რითაც ერთობ გამაკვირვა.

_ ასე ადრე რატომ მოხვედი?

_ არ მქონდა ბევრი საქმე და წამოვედი, ცოტას წავუძინებ. _ თქვა და მზერა ამარიდა.

წარბები მრავალმნიშვნელოვნად ავწკიპე. როდის იყო ასეთ დროს იძინებდა?

_ ნება შენია, _ „სულერთია“ ტონით წარმოვთქვი, _ თუ გეძინება, დაიძინე. _ და სამზარეულოსკენ ავიღე გეზი.

_ დე! _ დამიძახა მოულოდნელად.

იშვიათად მომმართავს ასე. უფრო მაშინ, როცა რაღაც განსაკუთრებულის თქმა უნდა.

_ რაო, ბატონო ტიდაო? _ ნახევრად გაღიმებული მივუბრუნდი.

_ რატომ არაფერს მეუბნები?

თავი გამოვიშტერე, ტუჩები ამოვიტრიალე და მხრები ავიჩეჩე.

_ რაზე? ვისზე?

_ ზურაზე.

ა, ბატონო! ზურია და ზურიკელა უცებ ზურა გახდა, ესეც მე ვარ? ჰმ!

_ ზურა ვინაა? _ ბოლომდე გავიმიამიტე თავი.

_ ზურიკო! _ გაღიზიანებული ხმით მომიგო.

_ ახ, ზურიკო… მეც არა ვთქვი, ვიღაც ზურა გამოჩნდა ჩემი ქალიშვილის ცხოვრებაში და მიმალავს-მეთქი, _ ორმაგი ირონია გავურიე ნათქვამში, რადგან ზურა მართლა გამოჩნდა, ოღონდ არა ვიღაც და ის ამას მიმალავდა. ყოველ შემთხვევაში, ცდილობდა დაემალა.

_ კარგი რა, არ გინდა. ძაან კარგად ხვდები, რაც ხდება.

ჩავიცინე.

_ მე ვხვდები, შვილო, მაგრამ შენ რომ არაფერს მეუბნები? გგონია, მოგიწონებ, რომ მითხრა, ზურიკოს ვხვდები და მის მიმართ სიმპათია გამაჩნიაო?

ჩემს ნათქვამზე, ირაკლის არ იყოს, მართლა დიდი ხნის ჩამოვარდნილი ფოთოლივით დაკარგა ფერი.

_ ანუ ცუდად ვიქცევი? _ ხმადაბლა იკითხა, შიშნარევად.

_ ანუ ხვდები? _ რიტორიკული შეკითხვა დავსვი.

_ „ვხვდები“ ცოტა ხმამაღალი ნათქვამი გამომივა, დე. მხოლოდ ერთხელ ვიყავი მის ბინაში, სამსახურში გავუარე და მერე ერთად წამოვედით და მაშინ ავედი.

_ როდის იყო ეს „მაშინ“?

_ რამდენიმე დღის წინ.

_ და რაო, ჩემთან ავიდეთო? _ კოპები დავისხი შუბლზე და ისე მკაცრად, ვიგრძენი, რა მტკივნეულად შემეჭმუხნა წარბები.

_ არა, მე თვითონვე ვუთხარი, მაინტერესებს როგორ ცხოვრობ და ყავაზე არ დამპატიჟებ-მეთქი?

ამან ცოტა შვება მომგვარა. არ ვიცი რატომ, მაგრამ რატომღაც, არ მინდოდა ზურიკოს იდეა ყოფილიყო მის ბინაში ტიდას მიყვანა. ამით კიდევ უფრო ამაღლდა ბიჭი ჩემს თვალში.

_ ვიცი, ახლა მისაყვედურებ… _ წამოიწყო ტიდამ, მაგრამ გავაწყვეტინე:

_ ამაზე არ გისაყვედურებ. ზურიკო ჩემთვის ვიღაცა არ არის და სრული უფლება გაქვს შენც და შენს ძმასაც, მასთან იაროთ. საყვედური კი იცი შენ, რისთვისაც გეკუთვნის! _ ნახევარი ტონით ხმამაღლა წარმოვთქვი.

_ მინდოდა მეთქვა, მაგრამ… _ დახარა თავის გრძელი და საოცრად სწორი წამწამები.

ლამაზი გოგოა ტიდა, თუმცა არცერთი ნაკვთი განსაკუთრებული არა აქვს. თვალები თაფლისფერი, ჩვეულებრივი მოყვანილობის, როგორც სხვა ოთხმოცდაცხრამეტ მისნაირ გოგოს, ოღონდ ციმციმა. სულ უბრჭყვიალებს ცაზე მოკიაფე ვარსკვლავივით. თმა _ შავი, სახეზე _ შავგვრემანი, საშუალო სიმაღლის, ოღონდ პროპორციული აღნაგობის. ლამაზი ფეხები კი აქვს და ტანიც, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული. თუმცა მთლიანობაში ძალზე ეფექტური გოგოა, დალაგებული ნაკვთებითა და მოცეკვავის მიხრა-მოხრით. სამეჯლისო ცეკვებზე იარა წლობით და ორ რამეში გამოადგა _ ლამაზად სიარული ისწავლა და სადმე რომ მოხვდება, წვეულებაზე, ცეკვას ვერავინ დაასწრებს, თანაც კარგად ცეკვას. თვალს ვერ მოწყვეტ, ისე დასრიალებს.

_ მაგ „მაგრამ“-ის უკან რა იმალება? _ ცალი თვალი მოვხუჭე და ორაზროვანი მზერით მივაჩერდი.

_ ის, რომ არ ვიცოდი, ამ ამბავს როგორ შეხვდებოდი.

_ რა ამბავს, ასეთი რა განსაკუთრებული ხდება თქვენ შორის?

მიუხედავად იმისა, რომ შავგვრემანია, მაინც გაწითლდა.

_ ჯერ ისეთი არაფერი. უბრალოდ, ვგრძნობ, რომ მომწონს და იმასაც მოვწონვარ.

_ გითხრა რამე?

_ არა, არაფერი. ვგრძნობ, რა. _ მხრები უხერხულად აიწურა.

_ და მე რატომ უნდა ვიყო თქვენი ურთიერთობის წინააღმდეგი? _ ხელები გავშალე.

_ რა ვი… იმიტომ, რომ შვილივით გიყვარს.

_ მერე რა? სიძე თუ გახდება, სიძესავით მეყვარება და არა შვილივით? _ სიცილი ვერ შევიკავე.

ამის გაგონებაზე თავისი ციმციმა თვალები უფრო აუციმციმდა.

_ ანუ წინააღმდეგი არა ხარ?

_ ღმერთო ჩემო, რატომ უნდა ვიყო? ზურიკოს ჩემი დასაწუნი რა სჭირს? გადასარევი ბიჭია. ვამაყობ მისით. მე ის მეწყინა, ამას რომ მიმალავდი, სხვა არაფერი.

ჩემდა გასაკვირად, უცებ მოიწყინა, ცხრა ფერმა მაინც გადაურბინა სახეზე.

გავოცდი.

_ რა იყო, რამე ცუდად ვთქვი? _ გამომცდელი მზერით შევათვალიერე.

_ მგონი, ზურას ირაკლის გამო ერიდება, რამე მითხრას. ფიქრობს, ალბათ, რომ მეგობრის დის შეყვარება ტეხავს.

_ აუჰ! _ ისევ გამეცინა, _ რა სადარდებელი გასჩენია. ირაკლი რა, ხიხოა, გამოუსვლელი თუ როგორაა თქვენი საქმე? მერე რა, რომ მეგობრები არიან? მეტსაც გეტყვი, მეგობრები კი არა, ძმებივით არიან, თუმცა ეს არაფერს არ გადაწყვეტს, თუ საქმე თქვენს სიყვარულს შეეხება. ზურიკოს რა, ჩემი ძუძუ კი არ უწოვია. უბრალოდ, დროებით ცხოვრობდა ჩვენთან და ვუვლიდი. დამიჯერე, კარგად გიცნობთ ჩემს შვილებს. რაც არ უნდა მოიმოქმედოს ირაკლიმ, მთლად რომ გაიგიჟოს თავი და ტანზე შემოიხიოს, შენ მაინც შენსას გაიტან, თუ ზურიკო შეგიყვარდა. ასე არ არის?

სანამ პასუხს გამცემდა, ღრმად ამოიოხრა, უფრო ამოიკვნესა, მერე მორცხვი მზერით შემომხედა და თავი დამიქნია, ასეაო.

_ ა! შენ თვითონ ამბობ, რომ ასე იზამ. ჰოდა, რა შუაშია ირაკლი? თქვენ მიხედეთ თქვენ-თქვენ თავებს და ირაკლის თავი დაანებეთ. ახალგაზრდა გოგო ხარ, ცხოვრებაში თანამგზავრი რომ უნდა გყავდეს, ახალი არ არის. ყველა ნორმალურ ადამიანს ჰყავს და იმიტომ. ადამიანს კი არა, პლანეტებსაც კი ჰყავთ თავიანთი თანამგზავრები.

_ ნატა, იქნებ მაინც დაელაპარაკო? საინტერესოა, რას იტყვის, _ ფრთხილად შემომაპარა.

მესიამოვნა, რომ ჩემი შეგონების მიუხედავად, ძმის რიდი მაინც ჰქონდა.

_ დაველაპარაკები, მაგრამ ზუსტად ვიცი, რასაც მეტყვის, _ ღიმილით ორივე ხელით სახე დავუჭირე ჩემს გოგოს და ლოყებზე ვაკოცე, ჯერ აქეთ, მერე იქით.

***

ჩემი იკაკუნა მეორე დილითვე მოვიხელთე სალაპარაკოდ, როგორც კი მორიგეობიდან დაბრუნდა, მაგრამ ჯერ ვაცალე, სანამ ისაუზმებდა. ცოტა კი შემეპარა შიში, იქნებ ვცდები და სულაც არ შეხვდეს ამ ამბავს ისე, მე რომ ვიმედოვნებ-მეთქი. მერე კი, ჩაის დალევაზე რომ გადავიდა, ცოტა შორიდან დავიწყე შემოვლა:

_ როგორ მიხარია, ზურიკოსთან ასეთი ურთიერთობა რომ გვაქვს. კარგი ბიჭია ძალიან. არა, შვილო? _ გვერდით დავუჯექი და რაღაც რომ მეკეთებინა, მაგიდას უაზროდ დავუწყე ტილოს გადასმა.

_ აუ, ძაან მაგარია, ნატალია. რა კაი ტიპია, როგორი საყვარელი. თან აქვე ახლოს რომ უყიდია ბინა, ეგ ხომ საერთოდ. რაღაცნაირად შემეცოდასავით. როგორ უნდა, რომ ჩვენთან ახლოს იყოს.

_ აბა რა, ძალიან უნდა. მეც მეცოდება, შვილო. რომ მახსენდება, რა დღეები აქვს გავლილი, გული მეკუმშება.

_ გახსოვს, კარაქიან „პეჩენიას“ რომ გვაჭმევდი, თან მურაბის წვენს რომ წაუსვამდი? _ წარსულში გადაფრინდა ჩემი შვილი.

_ ყველაფერი მახსოვს, დედიკო, ყველაფერი, რა დამავიწყებს იმ დღეებს. მიხარია, რომ ცუდ გზას არ დაადგა. სულ მეშინოდა, მამამისი ვერ მიხედავს-მეთქი. გაახაროს ღმერთმა, კარგი კაცი ყოფილა, ტყუილად ვერჩოდი.

_ არა, ცუდი კაცი არაა, ნარმალნია რა, _ კაი გამოცდილი ფსიქოლოგივით დაასკვნა და უეცრად წამოხტა, _ აუ, „პეჩენია“ გვაქვს? რაღაც ძალიან მომინდა ამწუთას კარაქიანი პეჩო.

რამხელა სითბო ჩამეღვარა გულში. გაღიმებული ავდექი და ბუფეტიდან ერთი შეკვრა „საიუბილეო“ გამოვიღე, ჩემი საყვარელი სასუსნავი.

_ აგერაა და ჭამე, რამდენიც გაგიხარდება.

ისევ დავჯექი და ოდნავ დაძაბულმა შეპარვით დავიწყე:

_ ნეტავ მაგას და ტიდას ერთმანეთი შეუყვარდებოდეთ. უკეთეს სიძეს არც ვინატრებდი, _ და მაშინვე გავისუსე. მგონი, სუნთქვაც კი გავაჩერე.

პასუხი არ გაუცია. ენერგიულად უსვამდა დანით „პეჩოს“ კარაქს.

_ შენ ხომ არ გეწყინება, დედა? უარს ხომ არ იტყვი? _ გავაგრძელე, როცა არაფერი თქვა.

უცებ დანა დადო და ჩემკენ შემობრუნდა:

_ ნატა, შენ გგონია, მე დებილი ვარ და ვერაფერს ვხვდები? გგონია, მარტო შენ შეამჩნიე იმ დღეს იმ ფარდის სამაგრები და მე არა? რადგან არაფერი ვთქვი და ამაზე ყურადღება არ გავამახვილე, არ ნიშნავს, რომ ბელყუმი ვარ, _ და საკუთარ ყურს რამდენჯერმე გაჰკრა თითები, _ თუ უყვართ ერთმანეთი, უყვარდეთ, მე რა, ნიადაგს მისინჯავ? _ თქვა და კარაქიანი ფხვიერი ნამცხვარი ერთ ლუკმად გააქანა პირისკენ.

შვება ვიგრძენი. მართლა კარგი შვილი მყავს, ენაცვალოს დედა!

_ რა ვიცი, შვილო, ხომ იცი, როგორცაა. ძმაკაცის დაო, ესა, ისა…

_ ნატალია, რომელ კანონში წერია ერთი, ძმაკაცის დის შეყვარება აკრძალულიაო? ჯუნგლებში ხომ არ ვცხოვრობთ? თექვსმეტი წლის რომ ვიყავი, მაშინ არ ვფიქრობდი ეგრე. არ მიყვარს ასეთი უაზრობები, ხომ იცი, არა? ახლა გამიცანი?

ავდექი, ზურგს უკან დავუდექი და კინკრიხოზე ვაკოცე.

_ ვამაყობ შენით, ჩემო ბარტყო!

_ აუ, ოღონდ ბარტყს ნუ მეძახი, თუ ქალი ხარ! აი, ეგ კი მართლა მაღიზიანებს, _ სიცილით მითხრა და ჩაი ისეთი ხმაურით მოხვრიპა, სიცილი ვერ შევიკავე…

***

როგორც კი ირაკლი დასაძინებლად შევიდა თავის ოთახში, ტიდასთან იმწამსვე ვაფრინე მესიჯი და ირაკლის აზრი შევატყობინე. ბავშვი სიხარულისგან კინაღამ ტელეფონიდან გადმოხტა. სულ კოცნები მიგზავნა, რა მაგარი დედა მყავხარო.

ის დღე იყო და ის დღე. ტიდა და ზურიკო ერთმანეთს არ მოშორებიან. ის კი არა, ზურიკოს დასაცავი კლიენტების შესახებ დაიწყო ჩემმა გოგომ სიუჟეტების გაკეთება. ამან კიდევ უფრო ცნობილი გახადა ჩემი შვილობილი და მომავალი სიძე. ისე მიეწება ორივეს შეყვარებულის იარლიყი, რომ ერთი სიტყვაც არ თქმულა მათ ურთიერთობაზე. ირაკლიმ ძალზე ოსტატურად მიანიშნა ზურიკოს, მათ შესახებ ყველაფერი რომ იცოდა, თანაც ძალიან ბუნებრივად, რომ ბიჭს უხერხულად არ ეგრძნო თავი.

ეს მოხდა ჩვენი საუბრიდან დაახლოებით ერთ კვირაში. საღამო ხანი იყო, ყველანი ჩვენთან ვიყავით. საუბარ-საუბარში ზურიკომ თავისი უფროსი ახსენა.

_ კაცია თუ ქალი? _ დაინტერესდა ირაკლი.

_ ქალია, თან გაფუებული. უნდა ნახო, ოფისში რომ შემოდის, ოფლისგან როგორ ლაპლაპებს, მაგრამ კარგი იურისტია, საქმე მართლა იცის.

_ სულ ზიპინი გააქვს, არა? _ ახითხითდა იკაკუნა.

_ არა, მართლა. აუ, რა კარგი სიტყვა მოიგონე! _ წამოიძახა ზურიკომ.

_ რა გინდა, ასე თუ ლაპლაპებს, ალმასივით ქალი ყოფილა, თუ დახვეწ, ბრილიანტიც შეიძლება გახდეს, _ გააგრძელა ირაკლიმ.

_ ყველაფერზე ნუ ღადაობ, რააა! _ გამწარდა ტიდა, _ იცი რა მაგარი ქალია? ძაან ჭკვიანი.

_ რა ვქნა, ტიდა, ამ ღადაობას ვერ გადავეჩვიე, თორემ იმ ქალს რას ვერჩი, თვალითაც არ მყავს ნანახი, მაგრამ ზიპინი თუ გაუდის…

_ აუუუ, რას ჩაიხვიე ეს ზიპინი? საიდან მოიტანე ეგ სიტყვა, შე საზიზღარო! _ ცხარობდა ჩემი ქალიშვილი.

_ კარგი, მაშინ ლაპლაპი გაუდის, _ ძველი ვარიანტი დააბრუნა ირაკლიმ.

_ ერთი „ხლამია“ ორივე. და ორივე მაგარი საცემი ხართ, რომ იცოდეთ! _ ძმას შეყვარებულიც მიაყოლა გაბრაზებულმა ტიდამ.

_ გნებდები, მორჩა, ხმას არ ვიღებ. თუ ასე მოგწონს, შენ და ზურია რომ ჯვარს დაიწერთ, მეჯვარედ ამოიყენე გვერდში, ოღონდ არ დაგჩრდილოს მისმა ლაპლაპმა თუ ზიპინმა, _ დაახეთქა უცებ ჩემმა შვილმა.

დავიძაბე. მეგონა მის რეპლიკას სამარისებური სიჩუმე მოჰყვებოდა და ზურიკო და ტიდა უხერხულად იგრძნობდნენ თავს, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ. ისეთი ხარხარი ატეხა სამივემ, თითქოს ამაზე დიდი ხნის წინ ჰქონოდათ ნალაპარაკევი და საუხერხულო არც არაფერი იყო.

_ რამდენი წლისაა შენი უფროსი? _ შევეკითხე ზურიკოს.

ბიჭი უეცრად დაიბნა, თვალები აატრიალა, თითქოს უფროსის ასაკის გახსენებას ცდილობსო, მერე კი თავში შემოირტყა ხელი.

_ აუ, თუ ვიცოდე… აზრზე არ ვარ, არ ვიცი.

_ რა ჰქვია და რა გვარია ის მაინც თუ იცი? _ ახლა მე გამეცინა.

_ იზოლდა მარდალეიშვილი.

_ რას ამბობ! იზოსთან მუშაობ? _ ამ ცნობამ ძალიან გამახარა.

_ იცნობ? _ გაოცებული მომაჩერდა ზურიკო.

_ უიმე, ვიცნობ რომელია, იმდენჯერ გვიქეიფია ერთად, ნუ იტყვი. საოცრად კარგი ადამიანია. სხვათა შორის, ჩემხელაა, რომ იცოდეთ და თქვენი საღადაო ნამდვილად არ არის. გარტყმაში არ ხართ არცერთი, რას ნიშნავს პროფესიონალიზმი, _ ამოვვარდი უცებ ჩემი ინტელექტის ქერქიდან და სლენგებით დავიწყე საუბარი, _ მაგას რომ განათლება აქვს მიღებული, არც მოგელანდებათ. იცით როგორ ერუდირებული პიროვნებაა? ნებისმიერ თქვენგანს ჯიბეში ჩაისვამს.

_ კი, მართლა ეგრეა. საერთოდაც, მაგარი ქალია. _ დამეთანხმა შვილობილი.

_ ხომ არ გინდა ერთი-ორი სიტყვა შეგაწიო, ზურიკელა? _ ღიმილით მივუბრუნდი.

_ არა, ნატა, ისედაც კარგი ურთიერთობა გვაქვს. იცის, რომ საქმეში არაფერი შემეშლება. პირიქით, ყველაზე ისეთ საქმეებს მაძლევს ხოლმე, სხვებს რომ გაუჭირდებათ. შენ გარდა მაგას თავს ვერავინ მოაბამსო. იზო რომ არა, შეიძლება კარგა ხანს ვერ მეშოვა სამსახური. სანამ მაგასთან მივიდოდი, ერთ ექვს ადგილას მაინც ვიყავი გასაუბრებაზე და მარტო იმიტომ მიწუნებდნენ, რომ უკრაინაში ვიყავი ნამუშევარი და მეგრული გვარი მქონდა. აფერისტი იქნებაო.

_ ისე ხო, უკრაინასა და რუსეთში ნაცხოვრებ მეგრელებს კი აქვთ სახელი გატეხილი, _ დაუკრა კვერი ირაკლიმ.

_ სხვათა შორის, იზოს სულ არ მიუქცევია ამისთვის ყურადღება. ბოლოს, როცა მითხრა, მიღებული ხარ სამსახურშიო, მკითხა, მეგრელი ხარ თუ გურულიო.

_ თხაზე გაყიდულიო, არ დააყოლა? _ ისევ ახითხითდა ჩემი ბიჭი.

_ ვაიმე, მოგკლავ, რა ცუდი ენა გაქვს, იკა, რააა! _ აიმრიზა ტიდა, _ ზურა, ამას ნუ უსმენ, საბოლოოდ დაუცურდა კრამიტი, ხომ ხედავ.

_ როგორაო, როგორაო? _ ყური „მოიჩრდილა“ ირაკლიმ, _ როგორ დაუძახე? ზურაო? ვაიმე, ზ-ჟურა! _ ქალურ ხმაზე და ქალაქურად გამოაჯავრა დას, _ დედაქალაქში ხომ ხედავ, როგორ იცვლება ყველაფერი. ქალებისთვის უკვე „ჟურა“ გახდი.

_ ოხ! შენს სადმირას მაინც არ სჯობია? სადმი, სიცოცხლე! _ ახლა ტიდამ გამოაჯავრა წვრილი ხმით ძმა, _ სადმი არა ბუს კვერცხი! _ ენა გამოუყო ბოლოს.

_ კარგი, ხო, გეყოფათ, მართლა და მართლა! _ მეც ავიმაღლე ხმა, _ მაგ უკბილო ხუმრობებს ჯობია, დედიკო, იმ გოგოს დროზე გაუტანო თავისი გასაღები. _ სადმირას ხსენებაზე მისი ბინის გასაღები გამახსენდა.

_ ხო, მისატანი მაქვს. ხვალ გავალ საღამოს, სამსახურის მერე.

_ სად გახვალ, შენ ალაოდ ხომ არ ხარ! დაურეკე და შეხვდი სადმე! _ არ მოეწონა ირაკლის აზრი ტიდას, _ თორემ შეგითრევს ისევ ლოგინში. ვიცი მაგის ამბავი.

_ ოხხხხ! _ შორს დაიჭირა ირაკლიმ ბრალდება, _ შემითრევს რა, ცამეტი წლის ბიჭუკელა ვარ? ჩემთან რომ ნდომებოდა, კი არ დამშორდებოდა.

_ მაინც აჯობებს, დაურეკო და სადმე შეხვდე, მართალს გეუბნება ტიდა, _ ჩავერიე და-ძმის კამათში, _ რატომ უნდა აადგე შინ, რა ძალა გადგია.

_ მით უფრო, რომ უკვე ახალი შეყვარებული ჰყავს. საქმრო, უფრო სწორად. _ ჩააკვეხა ტიდამ უცებ ჯიბრიანი ტონით.

შევამჩნიე, ამის გაგონებაზე როგორ გაწვა ირაკლის სახეზე შავი ჩრდილი. დას დაჟინებით შეხედა. არ უკითხავს, მაგრამ მზერაში შეეტყო, საქმროს ვინაობამ რომ დააინტერესა.

_ ლაშა გუმბერიძე, ნარკომანი. ეგაა მაგის საქმრო. _ გააგრძელა ტიდამ.

_ აკაკის შვილი? _ სახეზე წამოვენთე.

_ დიიიახ! და სწორედ მაგი გამოუყვანს წირვას. საკუთარი მამა ხომ დააქცია, მთელი ბიზნესი გააყიდვინა, ახლა წურბელასავით სადმირას მიადგა.

_ ტიდა, გაჩუმდი, თუ ღმერთი გწამს! ეს ჩვენი საქმე არ არის! _ მკაცრი შენიშვნა მივეცი ჩემს ქალიშვილს.

_ მართალი ხარ, არ არის.

ირაკლის ხასიათი წაუხდა. რამდენიმე წამით გაუსაძლისი სიჩუმე ჩამოწვა.

_ კარგი, ჰო, ხვალ დავურეკავ და სადმე შევხვდები ან სულაც, საავადმყოფოში დავიბარებ.

_ მე შენს ადგილზე ამ აივნიდან მოვისროდი მაგ გასაღებს, ირაკლუნა, _ ამდენ ხანს ჩუმად მყოფმა ზურიკომ უეცრად წამოისროლა, _ და უსიამოვნო და სასიამოვნო მოგონებებსაც თან გავატანდი. შეიძლება სულაც არ ახსოვს, ის გასაღები შენ რომ გაქვს. არ იფიქროს, შერიგება უნდა და იმიტომ მოიმიზეზაო.

ირაკლიმ რაღაცნაირად, დანანებით გაიღიმა. მერე მხრები ოდნავ შესამჩნევად აიჩეჩა და შეცბუნება რომ დაემალა, ხელების სრესით წამოდგა და სამზარეულოში გაუჩინარდა…

ხალისით დაწყებული საღამო უხალისოდ დამთავრდა…

***

მეორე დღეს, საღამო ხანს დამირეკა, ცოტა შემაგვიანდება, სადმირას გასაღები უნდა მივაწოდო და არ ინერვიულოო. გულში კი გამკრა, ამ შეხვედრამ მართლა ისევ არ შეარიგონ-მეთქი, მაგრამ შვილისთვის შეგონებები არ დამიწყია. თავისი საქმის თვითონ უკეთ იცოდა.

ნერვიულობა მაშინ შემეპარა, როცა საჭიროზე მეტხანს შეაგვიანდა. არც მინდოდა დამერეკა, არ მისაყვედუროს-მეთქი, მაგრამ უკვე ეკლებზე ვიჯექი. ისიც კი გავიფიქრე, ახლა კარს არ მომაყენოს და არ მითხრას, დედა, აი, ცოლი მოვიყვანე და რძალი მიიღეო. რატომღაც, უსიამოვნოდ შემაჟრჟოლა. ავწრიალდი. გული ცუდს მიგრძნობდა, თან დაჩი გამახსენდა, ბოლო დროს უაზროდ რომ მესიზმრებოდა.

ამასობაში ღამის ცხრა საათი გახდა. კარზე ზარი რომ დაირეკა, შვებით ამოვისუნთქე, ირაკლი მეგონა, მაგრამ ტიდა შემრჩა ხელთ. მის დანახვაზე უარესად გავხდი, ტირილისგან თვალები ჩასწითლებოდა.

_ დე! _ დაიყვირა უცებ და ძლიერად ჩამეხუტა აკანკალებული.

_ რა მოხდა, ტიდა, მშვიდობაა შენს თავს, გოგო! _ მუხლებში სისუსტე ვიგრძენი. ვიფიქრე, ზურიკომ ხომ არ აწყენინა-მეთქი.

არაო, თავი ჩემს მხარზე გაარხია, მერე ერთხანს კიდევ ისლუკუნა და რომ არაფერი ვთქვი, ცრემლიანი თვალები მომაპყრო და მომატირა:

_ იკაკო დაიჭირეს, დე!

თითქოს მთელი კორპუსი უცებ გამომეცალა ფეხქვეშ. სადღაც, უფსკრულისკენ გამაქანა შიშმა. ერთიანად სიბნელემ მომიცვა. ერთიანად სიცივემ მომიცვა.

ტიდას მხრებში ჩავაფრინდი და თვალებში ჩავაშტერდი.

რატომ? _ კითხვა მზერით დავსვი, ხმის ამოღების თავი არ მქონდა.

_ სადმირას მკვლელობას აბრალებენ, _ მიპასუხა და მთელი ხმით ატირდა.

ახლა აღარ ვიყავი მდინარე, რომელიც მშვიდად მიედინებოდა. მე უკვე ზღვა გავხდი, რომელიც ღელავდა…

***

თვალი რომ გავახილე, ტახტზე ვიწექი მკერდმოღეღილი და ვიღაც შხეფებით წყალს მასხურებდა. საიდანღაც ტიდას გულამოსკვნილი ტირილის ხმა მოისმოდა. მგონი, სამზარეულოდან.

_ არ მინდა, ნუ მასველებ! _ უხეშად წარმოვთქვი და უცნობივით შევაჩერდი ჩემი კარის მეზობელს, ლიას, ანერვიულებული რომ მივლიდა.

_ მადლობა ღმერთს, გაახილა თვალი, _ ხმაურით ამოისუნთქა ლიამ და გვერდზე გაიხედა.

მის მზერას თვალი გავაყოლე და ახლაღა შევნიშნე, რომ ოთახი მეზობლებით იყო სავსე.

დაფეთებული წამოვხტი, მაგრამ უეცრად ისეთი თავბრუ დამეხვა, ისე დამიბნელდა თვალთ, უკან გადავქანდი.

_ ნელა, გოგო, ნელა! _ იყვირა ლიამ და სხვებიც მომცვივდნენ, თითქოს, თუ არ დამიჭერდნენ, უფსკრულში გადავიჩეხებოდი.

_ შემეშვით, კაცო, კარგად ვარ, არაფერი მიჭირს! _ ვიყვირე გამწარებულმა.

_ აივნის კარი დაკეტეთ, აივნის! _ ამ დროს მეორე მეზობელმა იყვირა, ნელიმ.

კუშტად გავხედე.

_ ნუ გეშინია, გადახტომას არ ვაპირებ, ჯერ მასე არ გავგიჟებულვარ! _ ძაღლივით დავუღრინე.

_ არა, ნატა, შენი ჭირიმე, რა გჭირს გასაგიჟებელი, _ ისე დამიყვანა ნელიმ, როგორც ფსიქიატრიულის პაციენტს.

საკუთარ თავში ტკივილს ვეძებდი და ვერ ვპოულობდი. იგი უჩინარი კაცივით ახერხებდა დამალვას _ სისველე მაპოვნინებდა მხოლოდ, ცრემლი, რომელმაც მაინცდამაინც ახლა დამაობლა.

_ ტიდა! მოდი აქ! _ გავძახე ჩემს ქალიშვილს.

ტირილის ხმა მაშინვე შეწყდა და ტიდა ოთახში აწითლებული თვალებით შემოვიდა.

_ დაჯექი აქ და მომიყევი, რა მოხდა! _ ხელი მსუბუქად დავკარი დივანს.

გამეხებული ვიყავი. ვერაფერს ვგრძნობდი. არ მიტირია, წვეთი ცრემლი არ გადმომვარდნია. თავს დატეხილმა უბედურებამ ქვად მაქცია.

_ დე, არ ინარვიულო, გთხოვ! _ ტიდა ჩემ წინ მუხლებზე დაეშვა.

_ აგერ დაჯექი! _ ტონი არ შემიცვლია.

ტიდა გვერდით მომიჯდა და ერთმანეთში ჩახლართული თითები ფეხებშუა ჩაიცურა. ქალები ისევ შეჩოჩქოლდნენ, უფრო ახლოს მოიწიეს ჩვენკენ და მოსასმენად მოემზადნენ.

უცნაურები ვართ ადამიანები. დარწმუნებული ვიყავი, ტიდასგან უკვე მოსმენილი ექნებოდათ ირაკლის ამბავი, მაგრამ რახან კიდევ ერთხელ უნდა მოეყოლა, ცნობისმოყვარეობა გაუმძაფრდათ, აქაოდა, იქნებ რამე გამოგვრჩა და ხელახლა მოვისმინოთო. ყველა ეგრე ვართ, ქალები _ განსაკუთრებით. როცა რაღაც ცუდი ხდება, მასზე ლაპარაკით გულს ვიოხებთ და არ ვიღლებით. ერთი და იგივე ტრაგედია ცხრაჯერ რომ გავიმეოროთ, მაინც გაცხარებული ცნობისმოყვარეობით განვიხილავთ ერთმანეთთან.

_ სადაა ჩემი შვილი! _ ისეთი ბრძანების ტონით წარმოვთქვი, თითქოს სულ ტიდას ბრალი იყო, ირაკლი რომ დაიჭირეს.

ბავშვმა გაოცებულმა ამომხედა თავისი ნამტირალევი თვალებით.

_ იქაა, დე! _ ჩურჩულით ამოთქვა.

_ სად იქ! _ რაღაც სასწაული მემართებოდა, ამწუთას ყველა და ყველაფერი მძულდა ჩემი ვაჟის გარდა.

_ წინასწარი დაკავების იზოლატორში.

_ და შენ რატომ ხარ აქ! _ უცებ ვიფეთქე, _ შენი ძმა იქ მარტოა, დაპატიმრებული და შენ სახლში რა გინდა? რა გაჩერებს?! რას მორბოდი, რომ მორბოდი! ვერ დამირეკე და ისე ვერ მითხარი? ადე, ტანსაცმელი მომიტანე!

_ დედა! _ რაღაცის თქმა დააპირა ტიდამ, მაგრამ არაფერი მესმოდა, მაინც ჩემსას გავიძახოდი:

_ გამომიჯდა ქალბატონი აქ! დაურეკე ვინმეს? სთხოვე დახმარება? შენ რომ ყველას დასახმარებლად გარბიხარ, ვინმე დაგიდგა გვერდით? _ მთელ ხმაზე გავკიოდი. ალბათ, შეშლილის სახე მქონდა, რადგან თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი, მაგრამ ვეღარავის ვხედავდი.

_ ლია, კაპლი დაალევინე, კაპლი! _ ხმამაღალი ჩურჩულით წინ გადმოიხარა ქვრივი დოდო, მაგრამ ისეთი სახით შევხედე, მაშინვე წელში გასწორდა და დაბნეული მეზობლებს შეერია.

ლია მაშინვე დაფაცურდა, მაგრამ როგორც კი ჭიქა გამომიწოდა, ხელი ავუკარი. ქალმა მოასწრო ხელის გაწევა, მაგრამ ჭიქიდან წყალი მაინც გადმოიღვარა.

_ დედა, რა მოგივიდა? როგორ იქცევი, არ გრცხვენია? _ შეწუხდა ტიდა და შემომიტია, მე კი, გამწარებულ დედას, არაფრის მრცხვენოდა.

_ ზურიკო! ჩემი ზურიკო სადაა?! _ უეცრად მომაგონდა და შლეგივით ისევ წამოხტომა ვცადე.

_ ნატა, დამშვიდდი, თუ ქალი ხარ! _ ლიამ ყვირილი ასე არ უნდაო და ისეთი ხმა ამოუშვა, მაშინვე ჩავწყნარდი, _ რა დღეში ხარ, რა იყო, ამისთანა რა მოხდა? გაუგებრობაა ეს ყველაფერი, დაკითხავენ და გამოუშვებენ ირაკლის, რა გჭირს! _ ამავსო საყვედურებით.

_ ზურიკო იქაა, დე, იკაკოსთან. ყველაფერს არკვევს, ნუ ნერვიულობ. მართლა ირაკლის კი არ მოუკლავს, უბრალოდ… _ ტიდას თითქოს ენა დაებორკა.

_ ბოდიში, მეზობლებო, ყველანი აგაფორიაქეთ. ვაიმე, შვილო! _ კაცივით ამოვიგმინე და თავში წავიშინე ხელები.

ძლივს გამაკავეს.

***

მერე და მერე, შედარებით აზრზე რომ მოვედი, მოვაყოლე ტიდას, რა იცოდა.

_ დაურეკავს სადმირასთვის, გასაღები მინდა მოგაწოდო და სად გნახოო. იმასაც სახლში ვარ და ამოდიო, უთქვამს. დეტალები არ ვიცი, რაზე ილაპარაკეს, რაზე შეთანხმდნენ, მაგრამ იკას უთქვამს, სამსახურის მერე ამოგივლი, ექვსიდან შვიდამდეო. ასულა. კარი შეღებული დახვედრია. შევედი და დავუძახე, მაგრამ პასუხი არ გამცაო. არც სასტუმრო ოთახში იყო, არც სამზარეულოში, ამიტომ მის საძინებელში გავედიო. იქ შესულს დაუნახავს, რომ იატაკზე ეგდო თავგასისხლიანებული. ეგრევე მივარდნილა და გასინჯვა დაუწყია, გული თუ უცემსო. პულსი არ ესინჯებოდა, მაგრამ 112-ზე მაინც დაურეკავს სასწრაფოს გამოსაძახებლად. მერე ისევ მიუბრუნდა თურმე სადმირას, იქნებ გული ავუმუშაოო. სწორედ ამ დროს შემოსულა ის ლაშა. დამპალი! _ ტიდას ხმა აუკანკალდა, _ ბიჭო, რა ქენი, მოკალიო? უყვირია და ეგრევე პოლიციისთვის გამოუძახებია. პოლიცია კი არა, სასწრაფოს ბრიგადაა ჯერ საჭირო, ვერ ხედავ, სისხლისგან იცლებაო, არც ირაკლის დაუკლია თურმე ყვირილი. მაგას აღარაფერი ეშველება, გვამია უკვე, შენ კი ამისთვის პასუხს აგებო, დაუქადნია მაგ ნარკომანს. იკამ ვერაფრით დააწყნარა თურმე, სანამ მუშტი არ შემოსცხო და მიწაზე არ დასცა. სასწრაფო და პოლიციაც სწორედ ამ დროს მოსულან და… აუყვანიათ. მაგ გარეწარს კი უთქვამს, ჩემი მოკვლაც უნდოდა, რახან ფაქტზე წავასწარი, შემოვედი თუ არა, ეგრევე მომვარდაო.

_ შენ მოგიკვდა დედა! ვაიმე, ეს რა დამემართა! _ ისევ ისტერიკულად ავყვირდი, _ რას ავიჩემე, გაუტანე გასაღები, გაუტანე გასაღები! რა მრჯიდა, რა ძალა მედგა! მართლა უნდა გადაეგდო ის გასაღები აივნიდან, მართალი უთხრა ზურიკომ. ჩემი ბრალია ყველაფერი, ჩემი. რატომ არ მოვკვდები, რატოოომ! _ მოვთქვამდი, მაგრამ უცრემლოდ.

აქეთ ტიდას ვყავდი გაკავებული, იქით ლიას, თორემ საკუთარ თავს ცემაში ამოვხდიდი, ალბათ, სულს.

_ კარგი, დაწყნარდი, ნატა, ახლა მაგის დროა? _ დამანამუსა რომელიღაცამ, _ შენ ძლიერი ქალი გვგონიხარ, მაგალითს შენგან ვიღებთ მეზობლები…

_ ხო, ხო, რჩევებსაც შენ გვაძლევ, _ აჰყვა მეორე, _ უნდა გამაგრდე, ჩემო კარგო. ახლა გჭირდება თავის მოთოკვა და ცივი გონებით გაანალიზება.

_ რა გამაგრება, ხალხნო, გესმით მაინც, რას მეუბნებით? ჩემს შვილს, ექიმ შვილს ადამიანის მოკვლას აბრალებენ, გაგიგონიათ? ამდენი წელია, სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად დარბის, ღამე მაგისთვის არაა და დღე, კლინიკაში ათენ-აღამებს და… კაცი მოკალიო, ეუბნებიან! მერედა ვინ! გოგო, რომელიც უყვარდა! _ ბოლო ხმაზე გავკიოდი.

ჩემ გარდა ყველა ტიროდა. ყველას ცრემლიანი ჰქონდა თვალები. ყველა წუხდა. ყველა თანამიგრძნობდა. მე კი მხოლოდ სიკვდილი მინდოდა იმწუთას, სხვა არაფერი.

ვერაფრით დავიჯერებდი, რომ ირაკლის სადმირას მოკვლა შეეძლო. ეს აბსურდი იყო, წმინდა წყლის სისულელე, მაგრამ, როგორც ჩანს, ფაქტები საწინააღმეგოს ამტკიცებდა. სიმართლის დადგენა ძნელზე ძნელი იქნებოდა. ვინც მოკლა, ის კვალს, რა თქმა უნდა, აუცილებლად წაშლიდა ჩემი შვილის მოსვლამდე. როგორ უნდა დაემტკიცებინა, რომ მართალი იყო? ვერანაირად. ადვოკატს რა შეეძლო? ზურიკო რა, ოპერმუშაკი ხომ არ იყო, თვითონ დაეწყო გამოძიება? უკვე მისი იმედიც აღარ მქონდა.

არადა, უამრავ ადამიანს ვიცნობდი. პარლამენტშიც, სამინისტროებშიც, პოლიციაშიც. ყველასთან მიმიწვდებოდა ხელი, მაგრამ არაფრის გაკეთებას არ ვცდილობდი. ჩემი თავის მიკვირდა, ასე რამ შემბორკა. რატომ არაფერს მოვიმოქმედებდი? ტიდას რა შეეძლო? მე მეტი კავშირები მქონდა. წონაც, როგორც ჟურნალისტს, მაგრამ, როგორც ჩანს, უბედურებამ სრულიად უმწეო გამხადა.

ამ მოთქმა-ვაებაში ვიყავი, როცა კარი გაიღო და ზურიკო შემოვიდა. მაშინვე ფეხზე წამოვვარდი და ბიჭს კისერზე ჩამოვეკიდე.

_ რა ხდება, შვილო? გაირკვა რამე?

ზურიკო დაიბნა, ამდენი ადამიანი რომ დაინახა.

_ რა ამბავია აქ? რა პანიკა ატეხეთ? არაფერიც არ ხდება, ყველაფერი რიგზეა, _ პირველი შემთხვევა იყო, ხმა რომ გაიმკაცრა და სახეც. ცივი მზერა მიმოატარა ირგვლივ, სათითაოდ შეათვალიერა მეზობლები და დააყოლა, _ ირაკლი ხვალ სახლში იქნება. თუ შეიძლება, დავიშალოთ! დიდი ბოდიში, მაგრამ მარტო უნდა დავრჩე ნატასთან. არ გეწყინოთ, მაპატიეთ! _ ბოლოს მაინც დაურბილდა ტონი.

კიდევ ერთხელ შეჩოჩქოლდნენ ქალები. ხომ გეუბნებოდით, სანერვიულო არაფერიაო. ზოგმა ზურიკოს ლოცვა-კურთხევა „აღავლინა“, ზოგმა ჩემი მისამართით „მომილოცავს, ნატა“ გამოისროლა და ნელ-ნელა დაიშალნენ.

დავრჩით მე, ზურიკო და ტიდა. ოთახი ვალიდოლის უსიამოვნო სუნით გაჟღენთილიყო, რაც გულს მირევდა.

_ ტიდა, შვილო, მოწმინდე ერთი აქ იატაკი, ვალიდოლიანი წყალი დაიღვარა წეღან… და აივნის კარი გამოაღე, განიავდეს ცოტა!

ტიდა მაშინვე სააბაზანოსკენ გაემართა ტილოს მოსატანად, ზურიკო კი გვერდით მომიჯდა, ხელი გადამხვია და მიმიხუტა.

_ მართლა გამოუშვებენ? _ იმედგადაწურული ხმით ვკითხე, თან უაზროდ მივშტერებოდი კედელს.

_ არ ვიცი, ნატა. ყველანაირად ვეცდები. დიდი ჩახლართული საქმეა.

_ რომელი მუხლია, შვილო? _ ენას ძლივს ვატრიალებდი პირში. თავის მისკდებოდა, ისე მტკიოდა.

_ ჯერჯერობით ასმერვე, მაგრამ თუ სიმართლე ვერ დავამტკიცე, იმდენს მაინც ვიზამ, ასთერთმეტით შევაცვლევინო, განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში.

_ ვაიმე, ვაიმე, რა მეშველება, ეს რა დღეში ჩავვარდი, ღმერთოოო! _ ამოვიგმინე და მოულოდნელად ავტირდი.

ცხარე ცრემლით ვტიროდი. ტიდა იატაკს წმენდდა, ზურიკო მხრებზე თითებს მიჭერდა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. მაცალეს, სანამ გულს მოვიოხებდი. ორივემ იცოდა, რომ ჩემი ნუგეშისცემა ამაო იყო.

_ რამდენ წელს მიუსჯიან, თუ დაუმტკიცეს? _ ნერვიულობისგან კანკალი ამიტყდა.

_ ასმერვე მუხლით ათიდან თხუთმეტ წლამდე, ასთერთმეტით კი ექვსი თვიდან წლამდე.

_ კარგი რა, მამამისი მაგას დაუშვებს? გამორიცხულია, _ ამოიკნავლა ტიდამ და ზურიკოს გვერდით მიუჯდა.

_ დედას ვუტირებ და ირაკლუნას იქიდან მაინც გამოვიყვან. აგერ ნახავ, თუ არ გავამართლო.

ამის გაგონებაზე ისე ამიჩუყდა გული, გაბმულად ავქვითინდი.

_ ეს გამომძიებელი შეგვხვდა მაგარი ხისთავიანი თან, ისეთ რაღაცები აქვს გამორჩენილი, პირი ღია დამრჩა, _ გააგრძელა ზურიკომ, როცა ტირილით ასე თუ ისე გული ვიჯერე, _ მაგრამ იქ მეორე გამომძიებელია კიდევ, ის ძალიან გვეხმარება. ირაკლის ნაცნობი ყოფილა და ყველაფერში დაგეხმარებითო, დაგვპირდა.

_ იცი, ვინაა, დე? ირაკლიმ შარშანწინ შვილი რომ გადაურჩინა, 16 წლის ბიჭი, მანქანა რომ დაეჯახა და…

_ არ ვიცი, რა მახსოვს ახლა, ტიდა, შემეშვი, რა, თუ ქალი ხარ! _ ნერვებაშლილს არაფრის მოსმენა არ მსურდა, რაც უშუალოდ ჩემს შვილთან არ იყო დაკავშირებული, _ რაში მაინტერესებს შვილი ვის გადაურჩინა, როცა თვითონაა გადასარჩენი.

_ ხოდა, რომ გადაურჩინა, მაგიტომაც შეგვპირდა, დაგეხმარებითო, შენ რაღა მოგივიდა, ნატა? _ მისაყვედურა ჩემმა შვილობილმა, _ ეტყობა, რომ კარგი ადამიანია.

_ ირაკლი თუ ნახე, ზურიკო?

_ ვნახე რომელია. პირველი ეგ გავაკეთე. ჯერ ვითომ არ მიშვებდა ის გვაზავა, მაგრამ მერე ნამუსზე შევაგდე, მეგრელი კაცი ხარ, ეგრე რატომ იქცევი-მეთქი.

_ რა სიკვდილი უნდა იმ გამომძიებელს, რა დოზანა!

_ არაფერი. ყველა ფაქტი ხელში მიჭირავსო, გაიძახის. ხელის ზედმეტად განძრევა არ უნდა. რატომ უნდა იმტვრიოს თავი და ირბინოს აქეთ-იქით, როცა „დამნაშავე“ იზოლატორში უზის?

_ ვაიმე, იკაკო!

_ არ ინერვიულო, ხომ იცი, რომ თავს არ დავზოგავ. _ მხარზე ხელი მომითათუნა, _ ირაკლი მე არ მომატყუებდა. თანაც, არანაირი საბაბი არ ჰქონდა, რომ მოეკლა. სანამ მე მივიდოდი, ირაკლუნას უთქვამს, დაშორებულები ვიყავით, რატომ უნდა მომეკლა, უბრალოდ, გასაღები ავუტანეო. რატომ დაშორდითო, გვაზავას უკითხავს. მითხრა, არ მიყვარხარ და ურთიერთობას ხომ არ დავაძალებდიო, უპასუხია ამას და აი, სწორედ ეგ ჩაიხვია. ესე იგი, მოტივი გქონია, ქალმა უარი გითხრა, შენც გაბრაზებულ გულზე თავი გაუჩეჩქვეო. ყველაზე უცნაური ისაა, რომ მკვლელობის იარაღს ვერ პოულობენ. დანით არაა მოკლული, არც ტყვიაა ნასროლი. არც ბლაგვი საგანი მოხვედრია. რაღაც მძიმე აქვს ჩარტყმული, თანაც მთელი ძალით და ვერ არკვევენ, რა საგანი შეიძლება იყოს. მაგარ დაბალ დონეზეა საქართველოში ეს სფერო, რასაც ვუყურებ. საკმარისია, ვინმე გამოიჭირონ და ნებისმიერ დანაშაულს შეტენიან, თუ პატრონი არ ჰყავს. კრიმინალისტიკის დონე ხომ საერთოდ ნულის ტოლია. ნორმალურად ანალიზსაც ვერ აკეთებენ. ვეუბნები ამ კაცს, კაპიტანია თან, მკვლელობის იარაღი არ გაქვს და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს მკვლელობას აბრალებ, რის საფუძველზე-მეთქი! დანაშაულზე წავასწარითო. ის კი არა, მეორის მოკვლასაც ცდილობდა, დროზე რომ არ მივსულიყავითო. ის ტიპი მაგრად არ მომწონს, ის ლაშა. მაგან რაღაც იცის და არ ამბობს.

_ რატომ გგონია?

_ რატომ და, ირაკლიმ რომ უთხრა, სასწრაფო გვჭირდება, რა დროს პოლიციააო, ის ეუბნება თურმე, ეს უკვე გვამია, სასწრაფო რას უშველისო. საიდან იცოდა? თვითონ მოშორებით იდგა, ხელი არ უხლია გოგოსთვის და საიდან დაასკვნა, რომ გარდაცვლილი იყო? თან რაღა ზუსტად იმ მომენტში მოვიდა, როცა ირაკლი მის გადარჩენას ცდილობდა? მე და თუშიშვილმა ბევრი ვილაპარაკეთ, იმ მეორემ. მეც არ მომწონს ბევრი რაღაცა და მივხედავ მაგ საქმეს, გვაზავას თავისას არ გავატანინებო და რა ვიცი, ვნახოთ. ეს უკვე მაიორია და ბევრი შეუძლია, ამის სიტყვას მეტი წონა აქვს. ვნახოთ, რა.

_ თქვენ საიდან გაიგეთ, ვისგან? _ კერძო დეტექტივივით წარამარა კითხვებს ვსვამდი.

_ მე ტიდამ დამირეკა, ტიდას თუშიშვილმა. ირაკლის მიუცია ნომერი. გვიან გავიგეთ ჩვენ, თორემ მაშინვე რომ მცოდნოდა, დავარიგებდი ირაკლუნას და დუმილის უფლებას გამოიყენებდა. ადვოკატი არ მჭირდებაო, მაშინვე ეგ უთქვამს, მე არ მომიკლავს და რად მინდა ადვოკატიო. აი, მანდ შეცდა, რა. მაგრად გავუხურე გვაზავას. შენ საერთოდ თუ იცი რას ნიშნავს უდანაშაულობის პრეზუმპცია-მეთქი. მივაწექი და მივაწექი. ბოლოს ისე მოეშალა ნერვები, ეს უკრაინიდან ჩამოსული მასწავლის ახლა, საქმე როგორ გამოვიძიოო და აი, მანდ გადამეკეტა. დავემუქრე, შენი პასუხისმგებლობის საკითხსაც დავაყენებ, როცა ამას გავამართლებ-მეთქი. მომიშალა ნერვები.

_ შვილო, მთლად მტრად ნუ გადაიკიდებ იმ კაცს, უარესი არ დაგვმართოს.

_ კარგი რა, ნატა. მაგნაირების თუ შემეშინდა, რაღად მინდა მაშინ ადვოკატობა! მით უფრო, როცა იცი, რომ შენი კლიენტი ცამდე მართალია.

_ შენს პირს შაქარი, ზურიკო. ვერაფრით ვერ დავიჯერებ, რომ ირაკლის სადმირას მოკვლა შეეძლო, თუმცა ყველაფერი ხდება, _ გავასავსავე ხელები და ცხვირი მოვიხოცე, ტირილისგან წვინტლებით რომ გამვსებოდა.

_ რა თქმა უნდა, ყველაფერი ხდება, მაგრამ არა ჩვენს შემთხვევაში. აი, უყურე. ირაკლი შედის სახლში და ის გოგო უკვე გარდაცვლილია. ექსპერტიზა ამბობს, დაახლოებით ორი საათის მკვდარიაო. არადა, ირაკლი სულ ახალი შესულია ბინაში. რა, გარეთ მოკლა და სახლში მერე შეათრია?

_ და რა იციან, ირაკლი როდის შევიდა?

_ კამერები შეამოწმეს. გვაზავა ამტკიცებს, ექსპერტიზას ზუსტი დრო ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია, ეს სავარაუდოდ ითქვა, პირველადი დათვალიერებითო.

_ კი მაგრამ იმ კამერებზე არ ჩანს, ვინ შევიდა იქამდე კორპუსში, ვინ გამოვიდა…

_ როგორ არ ჩანს, მაგრამ საეჭვო არავინ. ყველა იქ მცხოვრები ადამიანია. მათაც დაკითხავენ, თუმცა ეგ რას მოგვცემს. ადამიანი თავის სახლში მიდიოდა და მერე გადაუხვია მეზობლისკენ თუ არა, ვინ გეტყვის მაგას? შიგნით, სადარბაზოში არაა კამერები.

_ და ის ლაშააა თუ ვიღაცა?

_ ეგ არ ვიცი, მაგასაც შეამოწმებდნენ, ალბათ. ჩემთვის ჯერ არ გადმოუციათ საქმის მასალები. გამოვითხოვე უკვე და იმედია, ხვალ-ზეგ მომაწვდიან. გულდასმით შევისწავლი ყველა დეტალს.

_ დედა, რა მეშველება! დედა, როგორ გამიუბედურდა შვილი! _ მუხლებზე დავირტყი ხელები, _ რატომ არ დაიწვა ის დღე, როცა ის გოგო გაიცნო, რატომ, რატომ!

_ ძალიან გთხოვ, დამშვიდდე, შეეცადე მაინც. ახლა შენ მაგრად უნდა დადგე. მე დახმარება დამჭირდება და შენ და ტიდა რაწამსაც გეტყვით, ჩემ გვერდით უნდა იყოთ. მარტო ვერ გავწვდები ამ საქმეს.

_ შენ სხვა საქმეებიც გექნება, ალბათ, შვილო.

_ ორზე უკვე უარი ვთქვი და ერთს ხვალ მოვრჩები. დილით სასამართლო მაქვს. სხვათა შორის, ისიც ექიმია და თითქმის გავამართლე, მხოლოდ ჯარიმა ექნება გადასახდელი.

_ ააა, მაგიტომ გითხრა გოგიმ, ექიმების ადვოკატიო? გამიკვირდა, ასე რატომ მონათლა-მეთქი, _ გაეღიმა ტიდას.

_ ჰო რა, ისე გამოვიდა, ზედიზედ სამი ექიმის დაცვამ მომიწია, რა.

_ ეშმაკის ადვოკატობას კი სჯობია ექიმის ადვოკატობა, რას ერჩი, _ ჩემმა გოგომ ზურიკოს ჯერ თმა აუჩეჩა, მერე კი მხარი გაჰკრა.

_ ტიდა! _ თვალები დავუბრიალე, _ სახუმაროდ გვაქვს საქმე?

_ დე, ნუ ნერვიულობ, ბუბი ყველაფერს გააკეთებს იკაკოს დასახსნელად, აგერ ნახავ.

_ ბუბი ვინაა? _ გავიკვირვე.

ტიდამ უხერხულად იგრძნო უცებ თავი.

_ ამას ვეძახი ბუბის, _ და ისევ გაჰკრა მხარი ზურიკოს.

_ რაღაც ხშირ-ხშირად უცვლი შენ ამ ბიჭს სახელს. რაშია საქმე, რა მოგელანდა? _ უმიზეზოდ ავუხირდი ჩემს გოგოს.

_ ეგ მე შევარქვი ბუბი და მერე თვითონაც აიტაცა, _ გამოიყვანა მდგომარეობიდან ზურიკომ ტიდა.

_ ვაი, როგორი დალაგებული ოჯახი მქონდა და ეს რა დღეში ჩავვარდი. მორჩა ჩვენი მხიარულება, შვილებო, ყველაფერი დამთავრდა, _ ისევ დავუშინე ხელები ჩემს მუხლებს.

_ არაფერიც არ დამთავრებულა, ნატა. ყველაფერი კარგად იქნება. ორმოცდარვა საათის მეტი ირაკლის გაჩერების უფლება არ აქვთ. აუცილებლად გამოვაშვებინებ.

_ რაღაც არა მგონია, ასე ადვილად გამოვიდეს ეგ საქმე, _ კვლავ ცრემლით ამევსო თვალები.

_ გამოვა. გოგიც შემპირდა, თუშიშვილი, მაგაშიც დაგეხმარები, ბოლოს და ბოლოს, მე დავუდგები თავდებადო. რაც მთავარია, მკვლელობის იარაღი არ აქვთ, ამიტომ უფრო დასაშვებია, თავდებით გამოუშვან, სანამ სასამართლო გაიმართება. მანამდე წინასწარი მოსმენა იქნება. მე და ტიდა კი იქამდე რაღაც-რაღაცებს გავარკვევთ.

_ შენმა თანამშრომლებმა იციან? _ ჩემს შვილს მივუბრუნდი.

_ იციან რომელია, მთელი პრესა და ტელევიზია იქ იყო თავმოყრილი, _ გაიღიმა ზურიკომ.

_ მე კიდევ არც ჩამირთავს ტელევიზორი და თურმე რა ამბები ხდებოდა ჩემს თავს. ვაი, ნატა, ეს რა დღეში ხარ, შე საცოდავო, როგორ გაგიმწარდა სიბერე!

_ დედა! კარგი რა! რა სიბერე, რა გამწარება! ნუ ამბობ ეგრე, რა! ყველაფერი დალაგდება, აგერ ნახავ!

_ ოხ, დაჩი, დაჩი! აი, თურმე რატომ მესიზმრებოდა ასე ისტერიკულად. თურმე მაფრთხილებდა და მე კიდევ ვერ მივხვდი, მე კრეტინი!

_ აი, რას უნდა მიმხვდარიყავი, ერთი მითხარი. თავში აზრად მოგივიდოდა ეგეთი რამე? _ გამიბრაზდა ტიდა.

_ კარგი, ნუ ვიკამათებთ. ყველაფერს მოევლება, _ თქვა ზურიკომ და ადგა, _ წავალ ახლა მე, ხვალ ადრე დაგირეკავ და ერთად გავიდეთ. დილით სასამართლო მაქვს. როგორც კი ჩამთავრდება, მერე ჩვენს საქმეს მივხედოთ, კარგი?

_ მეც გამოგყვებით! _ შეუვალი ხმით წარმოვთქვი და ზურიკოს წინ ავესვეტე, _ უჩემოდ ნაბიჯს ვერ გადადგამთ ვერც ერთი და ვერც მეორე. ყველაფრის საქმის კურსში უნდა ვიყო. მანამ კი დავრეკავ ვიღაც-ვიღაცებთან, იქნებ რამე გამომივიდეს.

_ ნატა, არავისთან დარეკვა ჯერ საჭირო არ არის, გთხოვ, დამიჯერე. თუ ვნახავ, რომ არაფერი გამოდის, მერე შეიძლება. ჯერ ნურავის შეაწუხებ, არ გინდა. მე იმედი არ დამიკარგავს. მენდე, რა. _ თქვა ზურიკომ და ნაალადევად გამიღიმა.

_ კარგი, დაგიჯერებ, შვილო. ისე, ამაღამ ჩვენთან რომ დარჩე? _ შევთავაზე, _ ირაკლის ოთახში დაწვები.

შეიშმუშნა და ტიდას გადახედა.

_ მაშინ გადავალთ მე და ტიდა, გამოსაცვლელ ტანსაცმელს წამოვიღებ. ხვალაც ამას ხომ არ ჩავიცვამ, _ მორიდებით წარმოთქვა და ტანზე დაიხედა.

_ არა უშავს, ირაკლისას ჩაგაცმევ, ერთნაირი აგებულება გაქვთ ორივეს. იმას დროებით მაინც არაფერში დასჭირდება. მოუკვდეს დედა!

_ კარგი, დავრჩები. მაშინ შევალ და წყალს გადავივლებ, თორემ სულ წებოიანი ვარ, _ თქვა ზურიკომ და გაწითლდა.

მივუხვდი, ტიდას სიყვარული ცოტათი მაინც უბორკავდა ხელ-ფეხს, ბოლომდე შინაურულად ეგრძნო თავი.

ბავშვები თავ-თავიანთ საძინებლებში რომ გაიკრიფნენ, მარტო დავრჩი ჩემს ფიქრებთან. ცაზე მოცურავე ღრუბელივით ვიშლებოდი და ვიკუმშებოდი. ყველაფრისთვის მზად ვიყავი. ყველაფერს გავაკეთებდი, ოღონდ ირაკლი არ დამჩაგროდა, დღე და ღამეს გავასწორებდი, ჩემს შვილებს ერთი ნაბიჯითაც არ მოვშორდებოდი და ყველა ერთად მივაღწევდით სიმართლეს. ამის მტკიცედ მჯეროდა.

ახლა უკვე ოკეანე ვიყავი, შტორმად ქცეული.

***

სასამართლო პროცესს მეც დავესწარი. მაინტერესებდა ზურიკოს ადვოკატის ამპლუაში ხილვა. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა კლიენტის გამამართლებელი მტკიცებულებები წარმოადგინა. მე კი არა, პროკურორიც კი გააოცა. არავინ ელოდა საქმის ასე შემობრუნებას. იმდენად საინტერესო პროცესი იყო, დროებით საკუთარი ტკივილიც კი გვერდზე გადავდე.

საქმე ეხებოდა ოფთალმოლოგ იმედა კუხიანიძეს, რომელსაც ავადმყოფი ქალიშვილი ჰყავდა. 15 წლის გოგონა ლამის მუნჯი იყო, არ ლაპარაკობდა და სახლში გახლდათ გამოკეტილი. ეზოშიც იშვიათად ჩადიოდა, მის გარეთ, ქუჩაში გასვლაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. მეზობლებს ამის მეტი საჭორაო არაფერი ჰქონდათ. კუხიანიძე სამი წლის გადასული ყოფილა მათ უბანში საცხოვრებლად. როგორც გაირკვა, იმერეთიდან ჩამოსულან.

მის წინააღმდეგ საქმე მას შემდეგ აღიძრა, როცა მისი ჭიშკრის გალავანზე 14 წლის ბიჭი იპოვეს დასახიჩრებული. ექიმს კერძო სახლი ჰქონდა, ქვის მაღალი გალავნით შემორაგული. როგორც კი ამ სახლში საცხოვრებლად გადმოსულა, პირველ რიგში ეს კედელი-გალავანი აუშენებია. უცნაური ის იყო, რომ ჭიშკრის მარჯვენა მხარეს გალავანი დაუდაბლებია იმ სიმაღლეზე, რომ ადამიანს ხელის მოჭიდებით მასზე ასვლა და ეზოში გადახტომა არ გასჭირვებოდა. სხვა ადგილებში ამას კიბის გარეშე ვერ მოახერხებდა.

კიდევ ის გახლდათ უცნაური, რომ კედლის იმ დადაბლებულ ადგილას, შიგნიდან, ორი მეტრის გაყოლებაზე, ერთმანეთის მიყოლებით სამი მახე ყოფილა ჩამოკიდებული, რაც გარედან არ ჩანდა. სამონადირეო მახეები, წვრილ-წვრილი გარეული ცხოველის დასაჭერად გამოსადეგი _ მელიის, ტურის, კურდღლის, ბოცვრის… სწორედ ერთ-ერთ ასეთ მახეს ემსხვერპლა მოზარდი ილია ლომიძე. იგი კედელზე გადაძვრა, მაგრამ ეზოში ჩახტომისას ერთ-ერთ მახეს გამოედო, რომელშიც მაჯა მოჰყვა. ვერც გათავისუფლება მოახერხა, ვერც დაბლა ჩახტომა, რის გამოც რამდენიმე საათი ჰაერში იყო გამოკიდებული. მარტო არ ყოფილა, თან ორი კლასელი ახლდა, მაგრამ როცა მეგობრებმა მისი განწირული ყვირილი გაიგონეს, შეშინებულებმა მოკურცხლეს, რადგან იფიქრეს, ილია სახლის პატრონმა დაიჭირაო და იმის შიშით, ძმაკაცმა ჩვენც არ ჩაგვიშვასო, დაიმალნენ.

ილია საღამოს სამსახურიდან შინ დაბრუნებულმა იმედამ იპოვა. ბიჭს გონება დაკარგული ჰქონდა და მაჯა _ გაშავებული. მან მაშინვე ჩამოხსნა ბიჭი და პირველადი დახმარებაც აღმოუჩინა, თან სასწრაფო დახმარებაც გამოიძახა.

ბიჭი ცოცხალი გადარჩა, მაგრამ ხელი ვერ შეუნარჩუნეს _ მაჯა მოაჭრეს და დარჩა ხეიბარი.

კუხიანიძე არ ასახელებდა მიზეზს, რატომ ჩამოკიდა ჭიშკრის გაყოლებაზე სამი მახე, რისგან იცავდა თავს. მხოლოდ იმას ამბობდა, მონადირე კაცი ვარ და მახეები ჩემი ჰობია, მსიამოვნებდა კედელზე რომ ეკიდა და აივნიდან ვხედავდიო. ამის მეტი ვერაფერი დააცდენინეს, თუ დამნაშავე ვარ, მომისაჯეთ, რაც მეკუთვნისო. არც ადვოკატთან გაიხსნა, ნამდვილ მიზეზს ბოლო წუთამდე მალავდა. როგორ არ მიუდგა ზურიკო, მაგრამ ვერ აალაპარაკა. თავიდან ადვოკატზეც უარს ამბობდა თურმე და რომ არა მისი ძმა და რძალი, დაუცველი დარჩებოდა.

ზურიკომ კი ნამდვილი სასწაული მოახდინა. ჩასულა იმერეთში, იმ სოფელში, სადაც კუხიანიძის ოჯახი ადრე ცხოვრობდა. გამოუკითხავს მეზობლები და ნამდვილი მიზეზისთვისაც მიუკვლევია. იმედას ცოლი გარდაცვლილი ჰყოლია და ობოლ ქალიშვილს მარტო ზრდიდა. თვითონ რაიონის საავადმყოფოში მუშაობდა, გოგონა კი მამის დაბრუნებას შინ მარტო ელოდებოდა. 9 წლის ყოფილა, როცა მათ სახლში გაძარცვის მიზნით სოფლის ბიჭები შეპარულან და როცა გოგონას კივილი დაუწყია, ჯერ გაუკოჭავთ, მერე გაუუპატიურებიათ და ბოლოს სახლიც გაუქურდავთ. მართალია, დამნაშავეები დაიჭირეს, მაგრამ გოგონას ფსიქიკური პრობლემები შეექმნა და წლები დასჭირდა მის მკურნალობას. ორი წელი მამა-შვილს სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაუტარებია, მერე კი კუხიანიძეს თბილისში უყიდია კერძო სახლი და შვილთან ერთად იქ დასახლებულა. საკუთარ სოფელში არ დაბრუნებულა, რათა გოგონას ძველი შიში არ განახლებოდა. სწორედ ამიტომ დააყენა ჭიშკრის კედელთან მახეები, თავდაცვის მიზნით. კედელიც ამიტომ დაადაბლა იმ ადგილას, რომ თუ ვინმე საქურდავად სახლში შესვლას მოინდომებდა, სწორედ ეს ადგილი აერჩია ადვილად გადაძრომის მიზნით და იქ მახეებს დაეჭირათ, თუკი ასეთი რამ ოდესმე მოხდებოდა.

ფაქტია, რომ მოხდა. ფაქტია, რომ ვიღაცამ მაინც სცადა მის სახლში შესვლა, თუმცა არა გაქურდვის მიზნით. როცა კუხიანიძეები თბილისში დასახლდნენ, მეზობლებში ხმა დაირხა თურმე, ბავშვობაში გოგო მგლებს შეუშინებიათ და ენა აქვს ჩავარდნილი, ამიტომ მას მერე აღარ ლაპარაკობსო. პატარა ბიჭებს უფიქრიათ, მოდი, შევიპაროთ სახლში, შევვარდეთ იმ გოგოსთან და ქაჯანასავით ჩვენს დანახვაზე კივილს რომ მორთავს, იქნებ მეტყველების უნარი დაუბრუნდესო.

მოსამართლის სახე არასდროს დამავიწყდება. გაოცებული უსმენდა ადვოკატს. ზურიკო კი საოცრად დამაჯერებლად ჰყვებოდა ამ ამბავს. იმედა მთელი ამ ხნის განმავლობაში შუბლშეჭმუხნილი უსმენდა ზურიკოს, ხანდახან სიმწრით თავს თუ გადააქნევდა. კულმინაცია კუხიანიძის ქალიშვილის დარბაზში შემოყვანა იყო. დამსწრეთა რიგებს ლამის გუგუნმა გადაუარა…

გაამართლეს იმედას, მხოლოდ ჯარიმა დააკისრეს მახეების გაუფრთხილებლობით დაკიდებისთვის და შინ გაუშვეს.

მთელი დარბაზი ტიროდა. ილიას მშობლებსაც კი არ ამოუღიათ ხმა, დასაწყისში მტრულად რომ იყვნენ განწყობილი და ქვეყანას აქცევდნენ.

***

როცა სასამართლო სხდომა დამთავრდა და გარეთ გამოვედით, ზურიკოს ჟურნალისტები შემოეხვივნენ, მათ შორის ტიდას თანამშრომლებიც. დააყარეს შეკითხვები. ჩემი ბიჭი მშვიდად, თავდაჯერებულად და აუღელვებლად სცემდა პასუხებს. ბოლოს ირაკლიზეც ჰკითხეს, მის დაცვასაც აპირებთო?

_ რა თქმა უნდა. აბა, რისთვის შემარქვით „ექიმების ადვოკატი“? _ ეს ისეთი ხალასი ღიმილით წარმოთქვა, მე ცრემლები მომერია, დანარჩენებს კი გაეცინათ.

დრო არ იცდიდა. როგორც კი პრესას და ტელევიზიას თავი დააღწია, ზურიკო მე და ტიდას შემოგვიერთდა და პოლიციის განყოფილებისკენ გავეშურეთ. სუნთქვაც კი შეკავებული მქონდა, ისე ვნერვიულობდი. მხოლოდ ერთ რამეს ვნატრობდი, თვალი მაინც მომეკრა ჩემი შვილისთვის, როგორ უმკლავდებოდა ამხელა სტრესს და როგორ გამოიყურებოდა. დარწმუნებული ვიყავი, გაცამტვერებული იქნებოდა. ადამიანს მაშინაც კი უჭირს, სამართლიანად რომ დააპატიმრებენ და წარმოიდგინეთ, რა საშინელებაა, როცა სრულიად უსამართლოდ მკვლელობას გაბრალებენ, შენ კი თავის გამართლებაც არ შეგიძლია, რადგან ყველა სამხილი შენს წინააღმდეგ მეტყველებს!

ჩვენდა ჭირად, შევედით თუ არა, ის გვაზავა არ შეგვეჩეხა დერეფანში? მე არც ვიცოდი, ვინ იყო, ზურიკოს რომ არ დასტაკებოდა.

_ ჯერ არ მაქვს საქმის მასალები მზად და არ დამიწყო ახლა შეგონებები! როცა გავამზადებ, დაგირეკავ! _ ეს რომ წარმოთქვა, მაშინ მივხვდი, ვინც უნდა ყოფილიყო.

_ როგორ არის? _ აკანკალებული ხმით შევეკითხე, სანამ ზურიკო პასუხს გასცემდა.

_ მშვენივრად. თქვენ ვინ ბრძანდებით?

_ მე დედა ვარ, შვილო!

_ „შვილო“ არა, ქალბატონო, „კაპიტანო“, _ უხეშად შემისწორა, როცა გაიგო, ვინც ვიყავი.

კბილი კბილს დავაჭირე, რომ არ შემომლანძღოდა, მაგრამ ისეთი მზერა ვესროლე, ვაგრძნობინე, რა ნაგავიც გახდა ჩემს თვალში.

_ საქმის მასალები არსად გაიქცევა, _ თქვა ზურიკომ, _ მაგრამ მანამდე კიდევ ერთხელ უნდა ვნახო.

_ რამდენჯერ უნდა ნახო? გუშინ მთელი დღე აქ არ იყავი?! _ ხმას აუწია გვაზავამ.

_ რამდენჯერაც საჭირო გახდება, იმდენჯერ ვნახავ და ამას ვერავინ დამიშლის! _ ჩემმა შვილობილმაც აუწია ხმას.

_ აქ უკრაინა არ არის, საქართველოა! _ არ დაიხია გვაზავამ.

_ ვიცი, _ მტკიცედ მიუგო ზურიკომ, _ მე ქართველი ვარ და ქართულ კანონებს კარგად ვიცნობ!

გამომძიებელს დაჭ....ტილი პამიდვრის სიფათი დაედო, მაგრამ აღარაფერი თქვა, გულმოსული შეტრიალდა და დერეფანს გაუყვა. ტიდა გაედევნა.

_ მოიცა, მაგას ვანახვებ, უხეშობა როგორ უნდა! _ დავიქადნე და განზე გავედი.

ამასობაში ზურიკომ რომელიღაც კაბინეტის კარზე დააკაკუნა და შევიდა, მე კი მობილური მოვიმარჯვე და საჭირო ნომრის მოძებნას შევუდექი. იუსტიციის სამინისტროში ერთ-ერთ მაღალჩინოსანს ძალიან კარგად ვიცნობდი და მასთან დარეკვა გადავწყვიტე. ამ გამომძიებელს ადგილზე თუ არ მოვსვამდით, ისედაც რთულ საქმეს უფრო გაგვირთულებდა. ამ დროს ის კარი გაიღო, სადაც ზურიკო შევიდა და ხელით მანიშნა, შემოდიო.

ეგრევე შევედი, დარეკვა გადავდე. კაბინეტის მაგიდას ახალგაზრდა, ორმოციოდე წლის სიმპათიური მამაკაცი უჯდა, რომელიც ჩემი დანახვისთანავე ფეხზე წამოიჭრა და თვალებგაბრწყინებული ჩემკენ გამოემართა.

_ ქალბატონო ნატა! როგორ ბრძანდებით?

ვერ ვიცანი, მაგრამ მივხვდი, ეს ის მაიორი იქნებოდა, გუშინ ბავშვები რომ მიყვებოდნენ.

_ გოგი, ალბათ, ხომ? _ ძლივძლივობით მოვირგე სახეზე ღიმილი.

_ ვერ მიცანით? მე თქვენთან სახლშიც ვარ ნამყოფი.

_ ვიცი, შვილო, გამახსენდა. ისე ვარ თავზარდაცემული, ჩემგან ნურაფერი გაგიკვირდება.

_ ნუ გეშინიათ, მე თქვენ გვერდით ვარ, ირაკლის არავის დავაჩაგვრინებ. აგერ დაბრძანდით.

ცოტა ხანში ტიდაც შემოვიდა დაბნეული სახით.

_ რა იყო, ტიდა? _ ავფორიაქდი.

_ ეგეთი შეუგნებელი ვინმე თუ მენახოს საერთოდ, _ ხელები გაასავსავა ჩემმა გოგომ, _ სიტყვა არ მათქმევინა!

გოგიმ თავი უკმაყოფილოდ გააქნია.

_ შეიძლება პოლიციელი ასეთი უხეში იყოს? ვერ ხვდება, ოჯახის წევრები რა დონეზე ვართ განადგურებული? ნუთუ არ შეუძლია რაღაცნაირად უფრო რბილად დაგველაპარაკოს? მაგას რა, ყველა დასასჯელი ჰგონია? _ მეც აღვშფოთდი.

_ იცით რა? _ ხმადაბლა დაიწყო თუშიშვილმა და ჩვენკენ გადმოიხარა. შეთქმულებივით ჩვენც კისრები წავიგრძელეთ, _ თქვენ შეგიძლიათ აცილება მისცეთ გვაზავას, მაგრამ ამისთვის ცოტა წონიანი ადამიანი დაგჭირდებათ, აი, იქ, ზევით. _ და თითი ჭერისკენ აიშვირა.

_ ჰმ, მაგაზე ადვილი რა არის! _ წამოვხტი ამის გაგონებაზე, _ ახლავე შემიძლია დავრეკო!

_ კარგს იზამთ, ქალბატონო ნატა! უთხარით, საქმე გრძელიძეს გადააბარონ, მამუკას, ძალიან კარგი ბიჭია, თან ასე ვართ, ა! _ და ორივე ხელის საჩვენებელი თითები ერთმანეთს გაუსვა, _ მერე ჩვენ ვიცით, ყველაფერში დაგეხმარებით.

_ შეიძლება დავრეკო? _ ნებართვა ვითხოვე.

თანხმობის ნიშნად თუშიშვილმა ხელები გაშალა.

მაშინვე ვაფრინე ზარი იუსტიციაში, ჩემს ნაცნობთან. მანაც არ დააყოვნა და მიპასუხა. ჩემგან დავალებულიც კი იყო. ერთხელ დიდი რეპორტაჟი გავაკეთე მის დისშვილზე, დამწყებ ბიზნესმენზე, რომელსაც ავიწროებდნენ და ბაზარზე „ჩაჩოჩებას“ უპირებდნენ. საბას მაშინ ამხელა თანამდებობა არ ჰქონდა, მერე გაიქაჩა, როცა ხელისუფლება შეიცვალა. დიდი ამბით მომიკითხა. მეც ვუთხარი, შენი დახმარება მჭირდება-მეთქი. შენ მე ისეთი საქმე გამიკეთე, უარს არაფერზე გეტყვიო. მოვუყევი ჩემს გასაჭირს. ბოლომდე მომისმინა. მერე მკითხა, პოლიციის რომელ განყოფილებაზე იყო საუბარი და გამომძიებლების გვარები, ვინ ვისით უნდა ჩაენაცვლებინა. როცა ვუკარნახე, ახლავე ყველაფერს მოვაგვარებ და დაგირეკავო, შემპირდა.

ისე ამოვისუნთქე, თითქოს ირაკლი გაეთავისუფლებინოთ. რაღაც იმედის მომცემი მეჩვენა მისი დაპირება.

სანამ საბა დარეკავდა, ოთხივე დაძაბული ვისხედით. არც კი გვისაუბრია ერთმანეთთან. ველოდებოდით, რა პასუხს გაგვცემდა.

ორმოცი წუთის მერე დამირეკა და მითხრა, ყველაფერი მოგვარებულია, შეგიძლიათ გრძელიძე ნახოთ, საქმე უკვე მას გადაეცაო.

გაოგნებისგან ენა ჩამივარდა. მადლობაც კი ვერ გადავუხადე წესიერად. ხმასთან ერთად მთელი სხეული ამიკანკალდა, თვალები ცრემლმა დამიბინდა.

_ ნუ ტირი, დედა, ახლა ყოჩაღად უნდა იყო! _ ტიდამ გამამხნევა.

_ ზურაბ, გადით მაშინ გვაზავასთან და მერე მამუკაც ნახეთ. ხომ იცი, რომელია? გუშინ ჩემთან ერთად რომ იყო, აქ რომ იჯდა, _ თავით ანიშნა ჩემ გვერდით ცარიელ სკამზე.

_ ვიცი, როგორ არა. მადლობა, გოგი, გნახავთ მერე, _ ხელი ჩამოართვა ზურიკომ და ავიშალეთ.

მე და ტიდამაც მადლობები ვუხადეთ თუშიშვილს და კაბინეტიდან გამოსულებმა გეზი გვაზავასკენ ავიღეთ.

ზურიკომ, სანამ საგამოძიებო განყოფილებაში შევიდოდა, კარზე დააკაკუნა, მაგრამ შიგნიდან ისეთი ხმამაღალი ხმები ისმოდა, კაკუნს, სავარაუდოდ, ვერც გაიგებდნენ. ზურიკომ კარი შეაღო. პირველი, ვისაც თვალი მოვკარი, გვაზავა იყო. გაცოფებული სახით იდგა და ვიღაცას, თავისზე ჩინით უფროსს, გაცხარებული ელაპარაკებოდა.

იმ ვიღაცამ ჩვენკენ გამოიხედა. როგორც ჩანს, ზურიკო იცნო, რადგან უცებ აჩქარდა, ცივად დაგვიკრა თავი შესულებს და კარისკენ გაემართა. გასვლისას გვაზავას მიუბრუნდა:

_ მერე ჩემთან შემოდი! _ და კარი გაიხურა. მივხვდი, ამათი უფროსი იქნებოდა.

ოთახს თვალი მოვავლე. სიგარეტის ბოლით იყო იქაურობა გაჟღენთილი და დაბურული. ერთი მაშინვე ფანჯარას ეცა და გამოაღო. გვაზავა მტრული მზერით შეგვხვდა. რატომღაც, პირდაპირ მე დამეტაკა:

_ თქვენ ხართ ფაღავას დედა?

_ გახლავართ, _ ცალი წარბი ირონიულად ავზიდე.

_ რა გქვიათ?

_ ნატა.

_ ნატა, იცით რა…

_ „ნატა“ არა, კაპიტანო, „ქალბატონო ნატა“! _ ზუსტად იმავე ტონით შევუსწორე, როგორც ერთი საათის წინ თვითონ და სარკასტულად გავუღიმე.

ამის გაგონებაზე ფერებმა გადაუარა პაპილომებით გადავსებულ სახეზე.

_ ქალბატონო ნატა! თქვენ გგონიათ, რამე მოიგეთ ჩემი შეცვლით? ოპერატიულად კი იმოქმედეთ, ისე.

_ რას ვიზამთ, კაპიტანო, ოპერატიულობაში ჟურნალისტები პოლიციას არ ჩამოვუვარდებით. ხოლო რას მოვიგებთ, ამას ხვალინდელი დღე გვიჩვენებს.

ამ დროს უსაშველო სიმაღლის მოხეული ტიპი დაიძრა ჩვენკენ, მოგვესალმა და ზურიკოს მძლავრად ჩამოართვა ხელი, მოიკითხა.

_ მე მამუკა გრძელიძე ვარ, _ თქვა და მზერა ტიდაზე შეაჩერა. აშკარად მოეწონა ჩემი გოგო.

_ სასიამოვნოა, მაგრამ თქვენ როგორ მოგმართოთ? წოდება? _ შევეკითხე.

_ უბრალოდ, მამუკა დამიძახეთ. ფორმალობა არაა საჭირო, _ სათნოდ გაგვიღიმა ბიჭმა. რა მიხვედრა ამას უნდოდა, ტიდაზე ცდილობდა შთაბეჭდილების მოხდენას.

_ კიდევ კარგი, ყველა ერთნაირი არ ყოფილა ამ განყოფილებაში, _ ხაზგასმით წარმოვთქვი გვაზავას გასაგონად, თუმცა მისთვის არ შემიხედავს.

როგორც ჩანს, ამან მთლად გამოიყვანა წონასწორობიდან, რაღაც ჩაიდუდღუნა და ისე გავარდა ოთახიდან, კარის მოჯახუნებისას ფანჯრებმა ზრიალი გაიღო.

_ ამას ჯერ თუ არავინ შემოკვდომია, უახლოეს ერთ საათში უეჭველი შემოაკვდება, _ სიცილით წარმოთქვა ზურიკომ.

_ და შენი დასაცავი გახდება მერე, _ აჰყვა გრძელიძე, მაგრამ ეგრევე დაისერიოზულა სახე და თავის მაგიდასთან მიგვიპატიჟა.

_ სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, საქმე მე რომ გადმომაბარეს, მაგრამ არ დავმალავ და გამიხარდა. საქმეს, ხვდებით, ალბათ, ჯერ არ გავცნობივარ, მაგრამ დღესვე გამოვართმევ ჩემს კოლეგას და გავეცნობი. ხვალ დილით დავკითხავ ეჭვმიტანილს, რა თქმა უნდა, ბატონი ზურაბის თანდასწრებით, _ გვიხსნიდა მამუკა და ტიდას თვალს არ აშორებდა, თითქოს ოთახში მის გარდა სხვა არავინ იყო.

ჩემი ქალიშვილი ღიმილს ძლივს იკავებდა. სამაგიეროდ, ზურიკოს ანთებოდა თვალები უშნოდ. აშკარად არ სიამოვნებდა მამუკას ტიდასადმი გადამეტებული ყურადღება.

_ ხო, მართლა, გაიცანი, მამუკა. ეს ირაკლის დედაა, ჟურნალისტი ნატა მეუნარგია, _ წარმადგინა ჩემმა შვილობილმა.

_ ვიცი, ვიცი, ქალბატონ ნატას ვინ არ იცნობს. არაერთი სტატია წამიკითხავს თქვენი, _ გულზე ხელი მიიდო გრძელიძემ პატივისცემის გამოსახატავად. ოხ, როგორ ცდილობდა ტიდასთვის თავის მოწონებას.

_ ეს კი ნატას ქალიშვილია და ამასთან, ჩემი საცოლე, ტიდა ფაღავა. _ მოულოდნელად „ნემსი ატაკა“ ზურიკომ ახალ გამომძიებელს და „წამალიც შეუშხაპუნა“.

კინაღამ გამეცინა მამუკას რეაქციაზე. ისე დაიბნა, უცებ ვერ მოიფიქრა, რა უნდა ეთქვა. თან სათვალე გაისწორა ცხვირის კეხზე, თან წამწამები აახამხამა, თან ჩაახველა.

_ დიდად სასიამოვნო, დიდად! _ როგორც იქნა, სათქმელს მიაგნო და ერთიანად აჭარხლებულმა ბოლოს შუბლზე გადაისვა ხელისგული, თითქოს ოფლით ჰქონოდა დაცვარული…

***

_ კინაღამ არ წამართვეს შენი თავი? _ ბრაზობდა ზურიკო, გარეთ რომ გამოვედით.

ტიდა სიცილით იგუდებოდა.

_ გოგო, რა გაცინებს, სირცხვილია, რას იფიქრებენ! ძმა დაჭერილი ჰყავს, ეს კი სიცილით იჭაჭებაო, _ ნამუსზე შევაგდე ჩემი ქალიშვილი.

კი იყო სასაცილო, მაგრამ რა გამაცინებდა, როცა ცეცხლი მეკიდა?

_ ნატა, უკვე არაფერია სანერვიულო. შენ არ იცი, მე აქ რაებს დავატრიალებ. სულ ამოვაყირავებ ყველაფერს.

გაოცებული შევდექი.

_ რას აპირებ, ზურიკო! _ ცოტა არ იყოს, შევშფოთდი.

_ რას და, მამუკას თავიდან დავაწყებინებ გამოძიებას. თუ არ მომყვება, გოგის დავიხმარებ. ეგენი ძმაკაცები არიან და იმედია, გამომივა. პირველ რიგში, საპროცესო გარიგებით ირაკლუნას გამოვაშვებინებ. სამხილებზე მერე ვიმუშაოთ. ჩვენ მაგრები ვართ, თან ერთი გუნდი! არა, ბუბი? _ ტიდას მიუბრუნდა ზურიკო ღიმილით და უცებ ენაზე იკბინა იმის გამო, რომ „ბუბი“ წამოსცდა.

ტიდა ისევ ატკარცალდა, თან ისე ხმამაღლა, რომ პირზე ხელი აიფარა.

_ კისერიც გიტეხიათ, _ მეც გამეღიმა, _ რაც გინდათ ის დაუძახეთ ერთმანეთს, მე რა! _ მხრები ავიჩეჩე და ზებრა გადასასვლელს მივადექი.

მიუხედავად იმისა, რომ ცოტა იმედი მომეცა, იმ ღამესაც ვერ დავიძინე. ზურიკომ საღამოს ამოგვიარა, ერთად ვივახშმეთ, მაგრამ დარჩენაზე უარი თქვა. მოერიდა, ზედიზედ ორი ღამე ჩვენთან გაეთია, მით უმეტეს, ირაკლი არ გვყავდა სახლში. ტიდამ კარამდე მიაცილა, მაგრამ მგონი, თავისი გულიც და თვალებიც თან გააყოლა, ისეთი სახით შემობრუნდა უკან.

დილით ზურიკომ გამოუარა ტიდას და ერთად გავიდნენ. მე არ წამიყვანეს, დღეს მაინც არავინ შეგახვედრებს ირაკლის და აჯობებს, დაისვენო, ძალები მოიკრიბო და მერე ერთიანი შემართებით გავაგრძელოთ ბრძოლაო.

დავრჩი სრულიად მარტო. მთელი დღე უსიცოცხლო სახით დავდიოდი ოთახიდან ოთახში ირაკლის პერანგჩახუტებული. მის სურნელს ხარბად ვისრუტავდი და ერთსა და იმავეს ვიმეორებდი: „შენ შემოგევლოს შენი დედა, ვინ იცის, რა დღეში ხარ, შვილო!“

ხან ვინ მირეკავდა, ხან ვინ. ჩემი გაჭირვების შესახებ ყველამ გაიგო. მეზობლებმაც მომაკითხეს. არაფრის თავი არ მქონდა, ამიტომ ლია და დოდო დატრიალდნენ და სახლი მიმილაგეს, ჭურჭელიც დამირეცხეს და ტიდას მიერ დილით გასარეცხად შეყრილი და უკვე გასაფენი სარეცხიც აივანზე გაბმულ თოკებზე გაფინეს.

შუადღე იქნებოდა, ტიდამ რომ დამირეკა, ირაკლის სანახავად მეც შევედიო. ამის გაგონებაზე ჯერ შემიფრთხიალდა გული, მერე ისე წამიჭირა რაღაცამ, ყრუ ტკივილი ვიგრძენი და შემეშინდა, ინფარქტმა არ მგლიჯოს-მეთქი. ახლა სიკვდილი ნამდვილად არ მინდოდა.

_ როგორაა, დედა, ნერვიულობს? _ ვკითხე.

_ შენ წარმოიდგინე, არა. ძალიან მშვიდადაა. ზურიკოს იმედი აქვს. ამან იცის თავისი საქმეო, აქეთ მაწყნარებდა. შენთან დამაბარა, არ ინერვიულოს, ვერავინ ვერაფერს დამიმტკიცებს და წინასწარ გულს ნუ გაიხეთქავსო.

_ ძალიან გამხდარია, ალბათ, ხომ?

_ კარგი, რა, ნატა, რა გამხდარი, რის გამხდარი! ორ დღეში ისე როგორ უნდა გამხდარიყო, რომ შესტყობოდა? რა გჭიიირს!

_ როგორ არ შეეტყობოდა, გოგო! ჯერ ისედაც რას აჭმევენ იქ და მერე კიდევ, არ იცი შენი ძმის ამბავი, როგორი ემოციურია? პირს არ დააკარებდა არაფერს!

_ დაწყნარდი, რა. უჭმელობის მაგას არაფერი ეტყობა. ნუ იცი ხოლმე შენ ასე! ეს დღეც მოითმინე და ხვალ შენც შეგახვედრებენ. ასე რომ, მოემზადე!

ღმერთო, როგორ გამახარა ამ ამბავმა. გული ამოვარდნაზე მქონდა. უნებურად მკერდზე მივიჭირე ხელი, თითქოს ასე შევძლებდი აბორგებული გულის დამშვიდებას.

_ დაკითხვამ როგორ ჩაიარა?

_ ნორმალურად. რაზეც პასუხი არ იყო გასაცემი, მაგ კითხვებს ბუბი პასუხობდა. რაზეც შეეძლო ელაპარაკა, ზურა თავს უქნევდა, თქვი, როგორც იყოო. თუმცა მამუკას არ დაუსვამს მაინცდამაინც ჩამჭრელი კითხვები. ეგ არაფერს კარგავს. მისთვის მთავარია, ნამდვილი მკვლელი იპოვოს, მაგაში კი ბუბი დაჰპირდა დახმარებას. კიდევ იმაზე შეთანხმდნენ, რომ იკაკო საპროცესო გარიგებით გამოუშვან. თავდებად თუშიშვილმა მე დავუდგებიო, ზურამ მეც დავუდგებიო და რა ვიცი. იმედია, გამოუშვებენ.

_ და როდის მოხდება ეგ?

_ ორ-სამ დღეში, დე, ორ-სამ დღეში. შენ ტანსაცმელი გაუმზადე იკას, რამე მომიტანეთ, რომ გამოვიცვალოო.

ტიდასთან საუბარმა ხასიათი ცოტათი გამომიკეთა. რომ იტყვიან, გულზე მომეშვა. არც ისე ცუდად მიდიოდა საქმე, როგორც მეგონა.

ღმერთმა აშკარად დროულად გამომიგზავნა ჩემი შვილობილის თავი. მთელ იმედებს მასზე ვამყარებდი. გული მიგრძნობდა, არ დამაღალატებდა… საპროცესო გარიგებას არ ვიცოდი, რა თანხა დასჭირდებოდა, მაგრამ ეგ არ იყო სადარდებელი. ანაბარზეც მედო ფული და თუ საკმარისი არ მომიგროვდებოდა, მეგობრები დამეხმარებოდნენ.

საღამოს რედაქციიდანაც მესტუმრნენ თანამშრომლები. მათთან საუბარმაც შვება მომგვარა. ყველაფერი მომაყოლეს და, ზეგინდელ ნომერში ირაკლის შესახებ ვრცელ მასალას გამოვაქვეყნებთო, მითხრეს. ფულად დახმარებასაც შემპირდნენ, თუ დამჭირდებოდა.

მადლობის მეტი რა მეთქმოდა…

***

ეჰ… კი შემპირდა ზურიკო, ხვალ შენს შვილს შეგახვედრებო, მაგრამ არ გამოვიდა. არა იმიტომ, რომ ვერ მოახერხა, თვითონ ირაკლიმ არ ისურვა. მივხვდი, რატომაც. არ უნდოდა გატეხილი მენახა, გაცამტვერებული, მხრებში მოხრილი… ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ასე იქნებოდა. ჩემზე უკეთ ვინ იცნობდა ჩემს პირმშოს. მისი ყველა განცდა ჩემთვის ისეთი ნაცნობი იყო, როგორიც საკუთარი. უამრავ სიტუაციაში მინახავს _ გახარებულიც, ბედნიერიც, ტკივილიანიც, იმედგაცრუებულიც, სევდიანიც, ხელჩაქნეულიც, ხელგაშლილიც, მთვრალიც და ფხიზელიც… მაგრამ არასდროს _ ბრალდებული. უდანაშაულო დამნაშავე იყო და ვერ ამტკიცებდა. უმწეო იყო და არ იმჩნევდა. უიმედო იყო და ხავსს ეჭიდებოდა. ხავსი კი ისე მაგრად იყო მოჭიდებული კლდეს, ირაკლის წონას როგორმე აიტანდა. ჰო, ჩვენი ხავსი ახლა ზურიკო იყო. კლდე კი ის სიმართლე, რომელიც მას უნდა დაემტკიცებინა.

ფრთებდამსხვრეულ ფრინველს ვგავდი. ისე გამოვიარე გზა პოლიციის განყოფილებიდან სახლამდე, არაფერი მიგრძნია, არაფერი შემიმჩნევია. ჩემი გული და გონება იქ დარჩა, ჩემს ვაჟთან. დაცარიელებული მოვფრატუნობდი. მარტო. ფეხით.

ჩემს სიცოცხლეში ასე არ შემშინებია. ფეხდაფეხ მომყვებოდა შიში, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, როგორც არ უნდა ვყოფილიყავი. ხან უკან დამიდგებოდა, ხან გვერდით ამომიდგებოდა. ვაითუ ვერ გაამართლონ, მერე რა ვქნა, რა წყალში გადავვარდე? მერე რა ვქნა, მერე რა ვქნა? მხოლოდ ეს კითხვა მიტრიალებდა თავში. სასტიკად მეშინოდა, მაგრამ სანამ პოლიციის განყოფილებაში ვიყავი, არ ვიმჩნევდი, რადგან სიამაყე უფრო მეტი დოზით იყო ჩემში, რაც ამ შიშს თრგუნავდა. აი, გარეთ კი დამერხა.

სახლში შევედი და მთელ სამყაროს მივუხურე კარი. ირგვლივ ისეთი სიჩუმე გამეფებულიყო, როგორც სამარეში. არც იყო გასაკვირი, მე ხომ ცოცხლებში აღარ ვეწერე. იმის იმედიც არ მქონდა, რომ საპროცესო გარიგებით გამოუშვებდნენ. აშკარად ჩანდა, ზურიკოს უწყებაში დიდად არ სცემდნენ პატივს. ადვოკატები ხომ ისედაც არ უყვართ და უკრაინიდან „ჩამოთრეულს“ რატომ დააფასებდნენ, მით უფრო, რომ თავის საქმეს ათიანზე აკეთებდა? ეჭვიც არ მეპარებოდა, შურით სკდებოდნენ.

შემოვედი და უეცრად გარეთ საშინლად მოიქუფრა. ჯერ გრუხუნი გაისმა, მერე გაიელვა, ბოლოს კი წვიმამ დასცხო. უცნაურად შეიცვალა ამინდი, რაც მთლად კარგად არ მენიშნა. აივანზე გავედი და რიკულს დავეყრდენი. წვიმის მსხვილი წვეთები სახესა და ხელებზე მესხმებოდა, მე კი არ ვინძრეოდი. თითქოს ასეთ ამინდს ველოდებოდი, უეცრად ცრემლები წამსკდა. ვტიროდი. გულამოსკვნით. სასოწარკვეთილი. გულდამდუღრული და უფლებაწართმეული. მე და წვიმა ხმაშეწყობილად მოვთქვამდით ჩვენ-ჩვენს გასაჭირს…

როცა გული ტირილით მოვიოხე, ოთახში შევბრუნდი. ახლა უნდა დამეძინა, რომ რეალობა დროებით დამევიწყებინა. თუ არ წავუძინებდი, რაღაც შარს ავკიდებდი ჩემს თავს.

ჩაცმული შევწექი თხელი საბნის ქვეშ. მოკუნტული. სახეც კი შიგნით შევმალე და მხოლოდ ცხვირი გამოვაჩინე, რათა მესუნთქა. ახლა სიბნელეში მინდოდა ყოფნა. სიბნელესა და სიჩუმეში.

თვალწინ გამირბინა ჩემი ბიჭის ბავშვობამ, მოზარდობამ, ყმაწვილკაცობამ… გამუდმებით მისი ხმა ჩამესმოდა ყურში: „დედი, მიყვარხარ! განსაკუთრებული ხარ, ყველა დედაზე მაგარი დედა ხარ. სასწაული დედა. ვიცი, რომ ცხოვრების წლები ნაოჭებში გაქვს მიმალული, სევდა კი აგურის კედელივით მზერაში ჩაშენებული, მაგრამ შვილებმა მაინც ხომ გაგიმართლა? მეც, ტიდამაც, ზურიკელამაც. დედას მეტი რა უნდა?“ _ ასე მადღეგრძელა ზურიკოს დაბადების დღეზე. თურმე როგორი ბედნიერი ვყოფილვარ მაშინ.

უნდა დამეძინა, რათა ცოტა ხნით მაინც მოვწყვეტოდი გარე სამყაროს. ძილი ამწუთას ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა. ერთი ძველინდური გამოთქმა ამომიტივტივდა: „სიკვდილი ძილია, ძილი სიკვდილია. ერთიდან ვიღვიძებთ, მეორიდან ვეღარ“. ჰო, დროებით უნდა მოვმკვდარიყავი, რათა გაღვიძების შემდეგ ახალი ენერგიით შევდგომოდი ბრძოლას.

ბრძოლას ჩემი შვილის გადასარჩენად!

***

როგორც ჩანს, დიდხანს მეძინა. როცა გამეღვიძა, უკვე ჩამობნელებულიყო. სახლში ჩამიჩუმი არ ისმოდა. წვიმასაც გადაეღო. ისე ვიყავი ჩათბუნული, ადგომა არ მინდოდა. რა ცუდი შემოდგომა გამითენდა! არადა, როგორ მიყვარს ეს სეზონი!

მორჩა, ხვალიდან შეუვალი ვიქნები. ყველაფერს გავაკეთებ ირაკლის გამოსახსნელად. სიამაყეს მოუკვდა პატრონი! თავმოყვარეობასაც! მე დედა ვარ, რა დროს ყელყელაობაა! ნურავინ მეტყვის, ძლიერი ქალი ხარო. როცა ტკივილი ჩემს შვილს ეხება, ჩემი სიძლიერე სწორედ მაშინ ქრება და საოცრად უძლური ვხდები.

ასე არაფერი გამოვა. არასდროს არავის იმედი არ მქონია, რასაც მივაღწიე, მხოლოდ ჩემით. შრომით, გარჯით, შემართებით! ქმარი რომ ქმარია, ისიც არ ამომიდგა გვერდით, სხვასთან გაიქცა. ორი შვილი, ფაქტობრივად, მარტომ გავზარდე, მაგრამ არ დამიწუწუნია. კარზე არავის მივდგომივარ დახმარების სათხოვნელად. როცა მიჭირდა, ღამეები პურის რიგშიც გამითენებია, კვერცხის ფხვნილით მომზადებული ტაფამწვარიც მიჭამია და შოთის პურის აჭარული ხაჭაპურიც გამომიცხვია…

ცხოვრება არავის ჩუქნის შესაძლებლობებს. ადამიანმა თვითონ უნდა შექმნას შესაძლებლობები. ვერავის იმედზე ვერ ვიქნები, არავის არ დაველოდები! უამრავ თანამდებობის პირს ვიცნობდი, ვისთანაც ჩემი პროფესია მაკავშირებდა. ბევრთან ვმგობრობდი, ბევრთან ახლო ურთიერთობაც მქონდა, მაგრამ ახლა, როცა ასე ძალიან მიჭირდა, არავინ შემომეხმიანა. თურმე მხოლოდ მაშინ სჭირდები შენს ზემოთ მდგომს, როცა გილხინს. შენი ჭირის გაზიარება არავისაც არ უნდა. არა უშავს. ვინც დავრჩით, ისინი ვიბრძოლებთ _ მე, ტიდა, ზურიკო! გამოვიჩენთ აგრესიულობას და ერთად გავწევთ ამ უმძიმეს ჭაპანს. ჩვენ ხომ ერთი ოჯახი ვართ. აუცილებელი არაა, ჩვენი მცდელობა იდეალური გამოვიდეს. მთავარია, ვცადოთ და სიმართლეს მივაკვლიოთ. ახლა გონებრივი დრო უნდა გამოვიყენოთ და არა საათობრივი. ის, რასაც ერთ დროს 48 საათი მოვუნდებოდით, ახლა 24 საათში უნდა გავაკეთოთ. უნდა შევკუმშოთ დრო! ყველაფერი ხომ მოსწრებაზეა!

როგორც იქნა, ავდექი. ცოტა შემამცივნა. პლედი მოვიხურე მხრებზე და სამზარეულოს მივაშურე, რათა ცხელი ყავა დამელია. კარი გამოვაღე და უეცრად შიშმა ამიტანა. სიბნელეში ფანჯარასთან თითქოს რაღაც შეირხა. გული ლამის გამიჩერდა.

_ მე ვარ, დე, არ შეგეშინდეს, _ ტიდას ხმა იყო.

_ ოჰ, შენ რა გითხარი. როგორ შემაშინე, _ ხელი გულზე მივიდე და კედელს მივეყრდენი, _ შუქი რატომ არ გინთია?

_ გეძინა და ვიფიქრე, არ გავაღვიძებ-მეთქი. ეს დღეები წესიერად არ გძინებია.

_ დიდი ხანია მოხვედი?

_ ერთი საათი იქნება.

_ ასე ადრე როგორ გამოგიშვეს სამსახურიდან?

_ გამომიშვეს, _ ხმადაბლა ჩაიდუდუნა, ადგა და შუქი აანთო.

_ დაადგი ერთი მადუღარა, ყავას დავლევ, თორემ რაღაც შემცივდა. _ მოვიბუზე და პლედი უფრო მჭიდროდ შემოვიხვიე მხრებზე. შემაკანკალა.

ტიდა მაშინვე დაფაცურდა. მადუღარა წყლით აავსო და ჩართო. მერე მოზრდილი ფინჯანი გამოიღო კარადიდან და ყავისა და შაქრის ჩაყრას შეუდგა.

_ ზურიკო სადაა?

_ იქ დავტოვე, განყოფილებაში. გვიან გამოივლის.

_ არის რამის იმედი?

_ დედა, ეგრე ნუ ლაპარაკობ, რა! _ უეცრად ხმას აუწია, აგრესიული გაუხდა ტონი, _ რა იმედზე მელაპარაკები, უიმედო რა გვჭირს? ყველაფერი კარგად იქნება!

_ ღმერთმა ქნას, _ ამოვიოხრე და სკამზე ჩამოვჯექი. თავი კედელს მივადე და თვალები დავხუჭე.

_ დიდი ჭიქით გიკეთებ!

_ ხო, დიდით დავლევ, იქნებ ცოტა გავთბე.

_ თუ გციოდა, როგორ დაგეძინა?

_ სანამ მეძინა, თბილად ვიყავი. ტანსაცმლიანად რომ შევწექი, იმის ბრალია. რომ ავდექი, შემცივდა.

_ სურდო არ აიკიდო ახლა, შენი გაცივება არ გვაწყობს. ხომ იცი, როგორ გვჭირდები.

_ ვიცი და არ ვაპირებ! _ პრეტენზიული ტონით წარმოვთქვი.

ტიდამ ოხშივარადენილი შავი ხსნადი ყავა წინ დამიდგა.

_ ვატყობ, ამაღამაც არ გიწერია შენ ძილი.

_ ვითომ რატომ? _ ავხედე.

_ იმიტომ, რომ უკვე გეძინა და კიდევ იმიტომ, რომ ამდენი კოფეინის მერე რა დაგაძინებს?

_ როგორმე მოვახერხებ, არ იდარდო. იმდენი საფიქრალი მაქვს, არც მინდა დამეძინოს. რამე უნდა ვიღონო, ასეთი უმოქმედობა არ ივარგებს. მთლად ამოვვარდი კალაპოტიდან.

_ დაველოდოთ ზურას, ვნახოთ, რა ამბავს მოგვიტანს.

ძაღლი ახსენე და ჯოხი მოიმარჯვეო, ნათქვამია. ამის თქმა და კარიც გაიღო. ზურიკოს ზარის დარეკვა არ სჭირდებოდა. ერთი გასაღები დიდი ხანია მას ჩავაბარეთ. ამიტომ მაშინაც შეეძლო სახლში შემოსვლა, როცა შინ არ ვიყავით.

კარის ხმაზე ტიდა სამზარეულოდან შურდულივით გავარდა. მე არ გავნძრეულვარ, მხოლოდ გავიხედე ჰოლისკენ. დავინახე, როგორ ჩაეხუტა ჩემი გოგო ზურიკოს, იმან კი ყელში აკოცა. სითბო ჩამეღვარა სხეულში. ნეტავ ამათ ბედნიერებას მომასწროს ღმერთმა!

_ ნატა, როგორ ხარ? _ შემოვიდა ზურიკო და მხარზე გადამისვა ხელი.

_ როგორც ჩემს მდგომარეობაში მყოფ დედას შეეფერება, _ ნაღვლიანად გავიღიმე.

_ ნუ გეშინია. ხვალ შენი ირაკლუნა აქ გეყოლება.

_ რა თქვი? _ თექვსმეტი წლის გოგოს სიყოჩაღით წამოვხტი.

_ ყველაფერი მოვაგვარე. ხვალ საპროცესო გაიმართება და გამოუშვებენ.

_ დედა, რა მითხარი! შენ გაიხარე, შვილო, როგორც მე გამახარე! _ ვეხვეოდი და ჭკვიან შუბლს ვუკოცნიდი, _ როგორ შეძელი?

_ რა ვიცი, შევძელი. გოგიც მაგრად დამეხმარა.

ტიდა ლამის კიოდა სიხარულისგან, გარშემო ურბენდა შეყვარებულს.

_ რამდენია გადასახდელი?

_ არაფერი, _ უხერხულად აიჩეჩა მხრები და მზერა ამარიდა.

_ რას ჰქვია არაფერი? რაღაცას მატყუებ! _ ხმა გავიმკაცრე და შუბლი შევიკარი.

_ ბუბი, ყავა მეც მინდა, რა?

_ ყავა კი არა, საჭმელი გაუცხელე, მშიერი იქნება! _ მივუბრუნდი ჩემს ქალიშვილს.

_ არა, არ მშია. მე, გოგიმ და მამუკამ ერთად ვისადილეთ წეღან და მომდევნო დღეები დავგეგმეთ. გოგიმ დაგვპატიჟა თავისთან.

_ შენც დიდი ჭიქით გინდა? _ ტიდამ მხრებზე დააწყო ხელები და გვერდიდან გამოხედა, თმით გაელამუნა ლოყაზე.

_ არა, ხსნადი არ მინდა. ნალექიანი, რა!

_ ზურიკო! კითხვაზე პასუხი უნდა გამცე!

_ გადახდილია, ნატა, დღეს შევიტანეთ, რაც იყო შესატანი.

_ რას ჰქვია, შევიტანეთ. ვინ შეიტანეთ? რა შეიტანეთ? _ ერთიანად დავიძაბე.

_ მე და გოგიმ გადავიხადეთ და ძალიან გთხოვ, არაფერი მითხრა. მთლიანად თუშიშვილს უნდოდა გადახდა, ვალში ვარ მაგ ბიჭთანო, მაგრამ არ დავანებე. ნახევარი მე დავდე.

_ კი მაგრამ, მე სათვალავში არ ვარ? _ ავფეთქდი, _ რა უფლებით? შეგეცოდეთ? მე რა, ფული არ მაქვს თუ როგორაა თქვენი საქმე?

_ რა მნიშვნელობა აქვს, შენ გადაიხდიდი თუ მე? _ არ დამითმო ზურიკომ, _ ჩვენ რა, ერთი ოჯახი არ ვართ? დღეს მე გადავიხდი, ხვალ შენ, ზეგ…

_ მე! _ წაართვა სიტყვა ტიდამ და ორივეს ერთდროულად გაეცინა.

მეც ვერ შევიკავე თავი. გამეღიმა.

_ ნატა, თავს არ დავზოგავ, ხომ გჯერა ჩემი? დედას ვუტირებ და ირაკლის მაინც გავამართლებ. მაქვს ეჭვები, ვისი გაკეთებულიცაა ეგ საქმე და სანამ ფსკერამდე არ ჩავყვები, არ მოვისვენებ. აი, ხვალ ყველა ერთად შევიყრებით და ბოლომდე მივყვებით საქმეს, ნაბიჯ-ნაბიჯ.

_ შვილო, ვინ ხარ შენ ამისთანა, ყველას რომ ამართლებ, როგორ ახერხებ ამას, ამიხსენი ერთი!

_ არა, ყველას როგორ ვამართლებ, ეგეთი ბედნიერება ვინ მაღირსა, _ გულღიად გაეცინა, _ ბოლო ორი ადამიანი გავამართლე და ისე დაემთხვა, რომ ორივე ექიმი იყო, თორემ მანამდე…

_ მანამდე რა, წააგე?

_ არა, წაგებით არ წამიგია, რასაც შევპირდი კლიენტებს, ის გავუკეთე. ერთს ცამეტი წლის ნაცვლად ცხრა წელი მიუსაჯეს, მეორეს ცხრა წელი ემუქრებოდა და მე ექვსამდე დავუყვანე. კიდევ ერთს პირობითი მიუსაჯეს… რას ვიზამთ, სულ ერთნაირად ვერ გამოვა. თანაც, ყველა საქმეს არ ვკიდებ ხელს.

_ კი მაგრამ, გული გიგრძნობს, რომელს მოიგებ და რომელს არა? _ გაოცებული ვიყავი.

_ არა, არა. ვიცავ იმ ადამიანებს, ვინც მართლა დასაცავია. ზოგჯერ მკვლელიც უნდა დაიცვა, გააჩნია რა შემთხვევაში.

_ ხო, მესმის. ღმერთმა ხელი მოგიმართოს, ჩემო ზურიკელა. შენ თუ ირაკლის გამართლება შეძელი, ყოველდღე ფეხებს დაგიკოცნი, გპირდები, _ ამის წარმოთქმაზე გული ამიჩუყდა.

_ რას ამბობ, ნატა! ფეხებს მე უნდა გიკოცნიდე, იმხელა ამაგი მახსოვს შენგან. რომ არა შენ, ვინ იცის, ახლა სად ვეგდებოდი. საუკეთესო ვარიანტში ბაზრის დახლთან ვიდგებოდი, თუ არადა, ციხეში ამოვყოფდი თავს ხულიგნობისთვის ან… რა ვიცი, შეიძლება ქურდობისთვისაც.

_ ტფუი, ტფუი! ტუჩზე მიირტყი ხელი, ბიჭო, ეგ რამ გათქმევინა! _ კაი ცრუმორწმუნესავით შორს დავიჭირე მისი ნათქვამი.

ახითხითდა, როგორც ბავშვობაში სჩვეოდა, ზუსტად ისე. ძველი ზურიკო გამახსენდა და გული სიამით გადამევსო.

ვუყურებდი და კმაყოფილების უდიდესი განცდა მეუფლებოდა. ჯერ ერთი, რომ ძალიან სიმპათიური იყო, ნამდვილი კოლხი, მოხდენილი, მაღალი, ვაჟკაცური თავისი გრუზა თმით. მეორეც _ წარმატებული, თავისი საქმის ზედმიწევნით მცოდნე და მესამეც _ „წუთი-წუთზე“ ჩემი სიძე გახდებოდა. ამაზე საამაყო რა უნდა ყოფილიყო? თუ ვინმესთვის ბოლომდე დაიხარჯებოდა და თავს დადებდა, ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ეს ირაკლი იქნებოდა.

არა, ამ ბრძოლაში მარტო არ ვიყავი. გვერდით შვილები მედგნენ _ ჩემი ტიდა და ჩემი ზურიკელა! ჩვენ ერთად სამყაროს ამოვატრიალებდით!

***

მეორე დილით ბავშვებმა ერთობ მორიდებით მთხოვეს, სახლში დავრჩენილიყავი. ჩვენ ირაკლის მოვიყვანთ, შენ სადილი დაგვახვედრეო.

ღმერთო, სად მქონდა სადილის მომზადების თავი! მთელი სული და გული იქითკენ მეწეოდა _ ჩემი უსამართლოდ დაჭერილი შვილისკენ, მაგრამ ვერც ზურიკოს გავუტეხე ხათრი და ვერც ტიდას. მართლაც, აჯობებდა შინ დავრჩენილიყავი, თორემ ნერვიულობისგან, ალბათ, სული გამძვრებოდა.

რადგან მარტო ვერაფერს მოვახერხებდი, მეზობლებს ვუხმე. დოდო და ლია მაშინვე ამოვიდნენ და ერთობლივი ძალებით შევუდექით მზადებას. მე ღომის თადარიგი დავიჭირე, დოდომ ნიგვზიანი ხარჩოს მომზადება ითავა, ლალიმ კი, რახან მეგრულ კერძებში მოიკოჭლებდა, ხაჭაპურის გამოცხობა აიღო თავის თავზე. თან საქმიანობდნენ, თან ქაქანებდნენ. ცოტა გული გადავაყოლე, ისე აღარ ვნერვიულობდი.

სადღაც ოთხი საათი იქნებოდა, ტიდამ რომ დამირეკა, მოვდივართ სამივე და ისე გვშია, გული მიგვდის, გააცხელე, თუ რამე გაქვსო. სიხარულისგან ავკივლდი. ვერ გეტყვით, როგორი ენერგიით შევუდექი სუფრის გაშლას. რა გაცხელება, როცა ყველაფერი ცხელ-ცხელი გვქონდა. ღომს მხოლოდ დაგება უნდოდა, ხაჭაპურს კიდევ, მათი მოსვლისთანავე შეაგდებდა ღუმელში ლია. მანამდე ორი ცალი გამოაცხო და იქვე შევსანსლეთ, რადგან ჩვენც მოშივებულები ვიყავით…

***

ჩემი ბიჭის დანახვაზე გულმა უცნაური დარტყმები განახორციელა. მატარებელი რომ სისწრაფეს აკრეფს და მოუმატებს და მოუმატებს სიჩქარეს, ისეთი დაგადუგი გაჰქონდა.

მოუკვდეს დედა! არაა გამხდარიო! რენტგენის სურათს დამსგავსებოდა ამ რამდენიმე დღეში, გაფერმკრთალებულიყო, თვალები ჩასცვენოდა და ამოღამებოდა.

ჩავეხუტე და იმდენ ხანს ვკოცნიდი მის მკერდს, სანამ ძალით არ მომიცილა, რა პატარა ბავშვივით მექცევიო. მერე ქალები შემოეხვივნენ, ულოცავდნენ. შორს დაიჭირა.

_ ჯერ ადრეა, ხალხო, ჯერ სიმართლე მაქვს დასამტკიცებელი, _ ღიმილით იგერიებდა მოლოცვებს ჩემი ბიჭი.

ცრემლები ღაპაღუპით მდიოდა, მაგრამ არც დამალვა მიცდია მათი და არც მოწმენდა. ახლა აღარაფერს დავეძებდი…

***

როცა ყველანი დანაყრდნენ, ლია და დოდო წავიდნენ და კვლავ ჩვენ დავრჩით _ მხოლოდ ოჯახი. რამხელა ბედნიერება იყო. მე და ტიდამ მაგიდა უცებ ავალაგეთ, ჭურჭელი ნიჟარაში ჩავყარეთ, მაგრამ არ გაგვირეცხავს, ჯერ უნდა გველაპარაკა.

ყავა მოვადუღეთ და ისევ მაგიდას მივუსხედით.

_ ის ბიჭები რატომ არ წამოიყვანეთ? _ მამუკა და გოგი ვიგულისხმე.

_ არ გამოდიოდა, _ თქვა ზურიკომ.

_ დედა, ჟურნალისტი ქალი ხარ. სად გაგიგია შენ, გამომძიებელს პატიმართან ერთად ექეიფოს? _ მისაყვედურა ირაკლიმ.

წარბები შევყარე.

_ ჯერ ერთი, პატიმარი სულაც არ ხარ. მეორეც, ის ადამიანები გვერდით გიდგანან და შენი გამართლებისთვის ყველაფერს აკეთებენ.

_ ხო, აკეთებენ, მაგრამ შეუმჩნევლად. წარმოგიდგენია, ვინმემ რომ გაიგოს ამის შესახებ, რას უზამენ? ორივეს დაატოვებინებენ თანამდებობას!

_ კარგი, ჰო, შევცდი, ბატონო, და მაპატიეთ, მეტჯერ აღარ ვიტყვი. _ ხელები ავწიე დანებების ნიშნად.

_ ახლა იმაზე ვიფიქროთ, ხვალ რას ვაკეთებთ. _ დაიწყო ზურიკომ.

_ რასაც შენ იტყვი, ის ვქნათ. მომეცი დავალება და დილიდანვე გავვარდები, _ თავი გამოიდო ტიდამ.

_ სად გავარდები, გოგო, გასავარდნი რა გჭირს? _ გაეცინა ირაკლის.

ჩემი შვილი იცინოდა! თავი სიზმარში მეგონა! ვერ ვიჯერებდი, რომ ის ისევ სახლში მყავდა, აქ, ჩემ გვერდით!

_ მოიცა, ტიდა. ეგრე არაფერი გამოვა. ხვალ დილით მე და მამუკა მივდივართ სადმირას ბინაში. კიდევ ერთხელ დეტალურად დავათვალიერებთ იქაურობას. არაა გამორიცხული, რამე ხელჩასაჭიდი ვიპოვოთ. დარწმუნებული ვარ, იმ დღეს პოლიციას დიდად არ შეუწუხებია თავი ნივთმტკიცებების მოსაძიებლად.

_ მაგრამ მე? შანსი არაა, სამსახურში ვერ გავალ, ტყუილად ვერაფერს ვერ გავაკეთებ! _ გააპროტესტა ტიდამ.

_ ვინ გითხრა მერე, სამსახურში წადიო? _ შეეპასუხა ზურიკო, _ შენც ჩვენთან ერთად წამოხვალ, დაგსვამთ გოგის კაბინეტში და კამერების ჩანაწერებს შეისწავლი.

_ და მე? _ კუმ ფეხი გამოყოო, ისე გამომივიდა. ენთუზიაზმით ვიყავი სავსე და მგონი, ჩემს განზე გაწევას აპირებდნენ ეს მაიმუნები!

_ შენ ჩვენ გვერდით უნდა იყო, ნატა. ჟურნალისტური გამოცდილება ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება. ყველაფერი უნდა ჩაიწერო, რასაც იქ ვნახავთ და ვილაპარაკებთ. დიქტოფონი ხომ გაქვს?

_ რად მინდა დიქტოფონი? ისეთი მობილური მაქვს, თუ გინდათ ექვსაათიან ფილმს გადავიღებ, _ წავიტრაბახე.

_ ხოდა, მაგას რა სჯობია? _ მომიწონა ზურიკომ, _ შენ კი, ირაკლუნა, ახლა დაფიქრდი და კიდევ ერთხელ მოგვიყევი, რა როგორ იყო. ყველა წვრილმანი გაიხსენე, ყოველი წამი, ყოველი წუთი, გესმის? აღიდგინე ყველაფერი, რაც ბინაში შესვლის შემდეგ მოხდა. მე მკვლელობის იარაღი მაფიქრებს. რა ჩაარტყეს თავში ამისთანა და მერე სად გადამალეს.

_ მაგას სახლში ვინ გააჩერებდა, შვილო. ადგებოდა ის ვიღაცა და სადმე ნაგვის ბუნკერში გადააგდებდა ან, სულაც, მტკვარში.

_ არც ეგაა გამორიცხული, მაგრამ ისე როგორ გავიდა კორპუსიდან, რომ ვერავინ დაინახა?

_ იქნებ არც გასულა და იქ იყო ჩასაფრებული და შეგნებულად ელოდა ჩემი ძმის გამოჩენას? _ ტიდამ ვარაუდი გამოთქვა.

ამ ხნის განმავლობაში ირაკლის კრინტი არ დაუძრავს, ხან ერთს მოგვაშტერდებოდა უცნაური მზერით, ხან მეორეს.

_ ზურია, _ ამოთქვა მოულოდნელად, _ რა შეიძლება მკვლელობის იარაღი იყოს?

_ აბა, რა გითხრა, ირაკლუნა, რაღაც ბლაგვი საგანი: აგური, პატარა სტატუია (ეს რუსულად გამოუვიდა), უთო ან რაღაც ამდაგვარი. ავტომატით არავინ შეუვარდებოდა და კონდახით არ გაუტეხდა თავს.

_ მოიცა, ვაზა? შეიძლება ვაზა იყოს?

_ რა ვაზა? _ ლამის ერთდროულად ვიკითხეთ სამივემ.

_ აი, ყვავილების ვაზა, მძიმე, ლატუნის, ინდური. დე, გახსოვს, შენ რომ მიმოზას აჩუქე დაბადების დღეზე? აი, მაგნაირი.

_ და სად იყო ეს ვაზა? _ დაინტერესდა ზურიკო.

_ ახლა გამახსენდა, რომ შევედი საძინებელში, იქვე ეგდო, იატაკზე. სადმირას თავს რომ დავტრიალებდი, სულ ფეხებში მედებოდა. ავდექი და კუთხეში დავდე, ტუმბას გვერდით. მერე არც გამხსენებია. ახლა ამომიტივტივდა გონებაში.

_ უეჭველი ეგ იქნება! _ წამოხტა ზურიკო, _ და არც არავინ მიაქცია, ალბათ, ყურადღება! აუ, საღოლ, მაგარი ირაკლუნა ხარ! ხვალ ზუსტად მაგით დავიწყოთ! მიდი, ახლა, მოგვიყევი თავიდან და ნატაც მოგისმენს.

ირაკლიმ თითები ერთმანეთში ჩახლართა, თავი ჩაღუნა და მოყოლა დაიწყო. პირველსავე სიტყვაზე გაებზარა ხმა. გული მომიკვდა.

_ კარი ოდნავ იყო შეღებული, რომ მივედი. ვიფიქრე, ჩემ გამო დატოვა-მეთქი და ეგრევე შევედი.

_ სახელურს მოჰკიდე ხელი, ხომ? _ ჩაეკითხა ზურიკო.

_ ხო, აბა რა! რომ შევედი, ძალიან კარგად მახსოვს, რომ კარი მივხურე. საკლიტულის ენა ჩატკაცუნდა. მერე სადმირას დავუძახე. არ მიპასუხა. არც სამზარეულოში იყო, არც სასტუმრო ოთახში. სააბაზანოდან ხმა არ ისმოდა, ამიტომ საძინებელში შევედი, სადაც… _ აღარ გააგრძელა, არადა, უნდოდა ეთქვა, სადაც ჩვენ ვიძინებდითო.

_ კარგი, ეგ ყველაფერი გასაგებია. ის ლაშა რამდენ ხანში მოვიდა?

_ მაშინვე, სადღაც ხუთი-ექვსი წუთი იქნებოდა გასული. სადმი რომ ვნახე, სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა, ეგრევე 112-ში დავრეკე და სასწრაფო გამოვიძახე.

_ პოლიცია?

_ არა, არც მიფიქრია. მინდოდა სასწრაფოს მოსვლას დავლოდებოდი. იქნებ სასწაული მომხდარიყო და ელექტროსტიმულატორით აემუშავებინათ გული. არ ვიცი, რაღაც იმედი მაინც მქონდა. ჯერ კიდევ თბილი იყო. _ ამის თქმაზე ირაკლის ოფლმა დაასხა და ყველამ დავინახეთ, როგორ აუკანკალდა ხელები. მოულოდნელად სახე დაეღრიჯა, ხელისგულები ამოატრიალა და დაჟინებით დააცქერდა.

_ ტიდა, წყალი, ჩქარა! _ იყვირა ზურიკომ.

სანამ ტიდა წყალს მოიტანდა, მე შვილს მივვარდი…

***

როგორც იქნა, მოვაბრუნეთ. ირაკლის გაქანებული ნევროზი ჰქონდა. არც გამკვირვებია. ამხელა სტრესის გადატანა ნებისმიერ ადამიანს გაუჭირდებოდა, როგორი რკინის ნერვებიც არ უნდა ჰქონოდა. ჩემი დამემართა, სანამ შეტევა გაუვლიდა, თუმცა მალევე მოახერხა თავის ხელში აყვანა. ფერიც დაუბრუნდა და ბოლოს გაიღიმა კიდევაც. მერე მე გავხდი მოსაბრუნებელი. ამაზე ჩემი შვილი ძალიან გაბრაზდა, მგონია, ყველაზე მაგარი დედა მყავს და რა გემართება, განა ისევ პატარა ბიჭი ვარო.

ირაკლის ექიმობის გამოისობით ყველანაირი წამალი მოგვეძევებოდა სახლში, გაცივების, ნერვების დამაწყნარებელი, თავის ტკივილის, წნევის, გულის შეტევის თუ სახსრების, ამიტომ ტიდას ძალისხმევამ შედეგი მყისიერად გამოიღო.

ზურიკოსთვის იმდენად მოულოდნელი იყო ირაკლის ცუდად გახდომის ამბავი, რომ გადაფითრდა, ცივმა ოფლმა დაასხა.

_ ირაკლუნა, იქ რა მაგრად გეჭირა თავი, ბიჭო, და აქ რა დაგემართა?

_ აუ, რა ვიცი, ზურია, უცებ ამიტანა ნერვებმა, _ ჩაიცინა ირაკლიმ და ტიდას ხელი მოიშორა, ცივი ტილოს დაფენას რომ აპირებდა მის შუბლზე.

_ არ მინდა, გოგო, რა იყო, კი არ ვკვდები. უბრალოდ, ადამიანურმა სისუსტემ მძლია. რაც იქ ვარ, წესიერად არც მიჭამია და არც მიძინია. მაგის ბრალია ყველაფერი.

_ ჰოდა, შებრძანდი ახლა შენს ოთახში და გამოიძინე. ნაჭამი ხარ უკვე, ღვთის მადლით! _ დავუცაცხანე.

_ მართლა, ჯობია წაუძინო, _ დამეთანხმა ზურიკო, _ ხვალ ცინცხალი გონება გვჭირდება, დასვენებული და გამოძინებული. ნამდვილი ბრძოლა ახლა იწყება.

ტიდა ეგრევე გავარდა ძმის საძინებელში და თეთრეული გამოუცვალა. ირაკლიმ კი დაწოლის წინ სააბაზანოს მიაშურა.

_ მე წავალ და დილით გამოგივლით, _ ზურიკოც წამოდგა.

_ სად წახვალ, ძმა! მეორედ არ გაბედო მაგის თქმა. აგერ შეხვალ ჩემს ოთახში და გვერდით მომიწვები! _ გამოსძახა სააბაზანოში შესულმა ირაკლიმ, სანამ კარს მიიხურავდა.

_ ა! ელაპარაკე ახლა ამას! _ გაშალა ზურიკომ ხელები, _ მაგას ახლა რომ გვერდით მივუწვე, დამაძინებს გგონიათ? ტვინს ამხდის ლაპარაკით.

_ სადღა აქვს ლაპარაკის თავი, შვილო, _ გავუღიმე, _ როგორც კი ბალიშზე თავს დადებს და მორჩა მაგის ლაპარაკი, ეგრევე გაითიშება.

_ თან დიაზეპამი აქვს ნაყლაპი. მთავარია, ხვრინვა არ ამოუშვას და ყურები არ გამოგიჭედოს.

_ უჰ, მაგის არ მეშინია. მამაჩემმა ისეთი ხვრინვა იცის, მთელ სადარბაზოს ესმის ხოლმე, მაგრამ ისე ვიძინებდი, ყუმბარა რომ აეფეთქებინათ ჩემს საწოლთან, იმას ვერ გავიგებდი.

_ ჰოდა, მივწვეთ ახლა ყველანი და დავიძინოთ. ფიქრი არ გამაგონოთ ამაღამ, თქვენი „სუსი“ არ იყოს! _ გავიხუმრე და მეც დასაწოლად გავემზადე.

_ ისე, ერთი დიაზეპამი არც შენ გაწყენდა, ნატა! ამ საღამოს ტონა ყავა გაქვს დალეული, _ მირჩია ტიდამ.

_ არ მჭირდება არანაირი წამალი. ყავა დაძინებაში ხელს ვერ შემიშლის. იმდენი ღამე გავათენე თეთრად, წამში დამეძინება. ისიც მიკვირს, ამდენ ხანს როგორ გავძელი. _ ფეხზე წამომდგარმა ტიდას და ზურიკოს შუბლზე ვაკოცე და ირაკლის გამოსვლას არ დაველოდე, ისე გავედი ჩემს ოთახში. ისე ვგრძნობდი თავს, თითქოს მთელი სამყაროს პრობლემები მე მქონდა ზურგზე აკიდებული, ფიზიკურადაც დაღლილი ვიყავი, ემოციურადაც და მორალურადაც…

***

დილით უეცარმა შეყვირებამ გამომაღვიძა. ვიღაც მთელი ხმით, თან გაბმულად გაჰკიოდა: „პადიოოოომ!“

სხვა ვინ იქნებოდა, თუ არა ზურიკო. ძლივს გავახილე თვალი, რადგან ჯერაც მეძინებოდა. ეს პირველი ღამე იყო იმ კოშმარული დღის მერე, როცა მშვიდად და ნორმალურად მეძინა.

ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა სამზარეულოში შესულს სუფრა გაშლილი დამხვდა. ჩემი გოგო მთავარი დიასახლისივით ტრიალებდა მაგიდის ირგვლივ.

_ ბლინები დავაცხვე, დე! _ შესვლისთანავე მახარა.

სიცილი ვერ შევიკავე. როდის იყო, საუზმისთვის ასე იკლავდა თავს. მივხვდი, ზურიკოს თვალში უნდოდა ყოჩაღი გამოჩენილიყო.

_ საიდან ყვიროდა ჩვენი ბიჭი? ჩვენ წამოგვყარა და თვითონ ისევ საწოლში ნებივრობს?

_ არა, ბანაობს, _ მიპასუხა ტიდამ და სახეგაბადრულმა მრავალმნიშვნელოვნად გამიღიმა. რა ბედნიერი იყო, თავისი „ბუბი“ ღამე ჩვენთან რომ დარჩა.

ეჰ… კარგია ახალგაზრდობა. მეც მქონია მსგავსი განცდები. შეყვარებულობის პერიოდში კი არ დავდიოდი, დავფრინავდი. მთელი მსოფლიო ჩემი მეგონა.

ამ დროს თვალების ფშვნეტით ირაკლიც გამოფრატუნდა საძინებლიდან.

_ რა ხმაური იყო? _ მთქნარებით იკითხა და სააბაზანოსკენ აიღო გეზი, მაგრამ ტიდამ შეაჩერა, ზურა ბანაობს და ჯერ ვერ შეხვალო.

_ ყველაფერი დასწრებაზეა ამ სახლში, _ ჩაიცინა ირაკლიმ და თავისი გაღეღილი ფუმფულა ხალათით კალთაში ჩამიჯდა.

ზურგზე გადავუსვი ხელისგულები და ლოყით მივეხუტე.

_ შემოგევლოს დედა, ჩემო სიცოცხლევ! _ მის ზურგს ვუჩურჩულე.

_ იკაკო, ბლინებს ხომ შეჭამ? _ ტიდამ ელექტროჩაიდნის კნოპს ჩამოჰკრა თითი.

_ აუ, ისე მომენატრა სახლის საჭმელები, ახლა თევზსაც კი გემრიელად შევახრამუნებდი.

_ უიმეე! ცხოვრებაში პირი არ დაგიკარებია, ვის ატყუებ! _ ცხვირი აიბზუა ტიდამ.

მართლაც, ირაკლის ღრმა ბავშვობის მერე თევზი არ უჭამია, არც შემწვარი და არც მოხარშული, შებოლილზე რომ არაფერი ვთქვათ. არადა, სულ პატარა რომ იყო, სიამოვნებით მიირთმევდა. მერე არ ვიცი, რა ეტაკა, სამი წლის გახდა თუ არა, ცოცხალი თავით უარი თქვა თევზეულობაზე. არადა, თევზი ისეთი რამეა, ბავშვს ვერანაირად ვერ შეაპარებ. ხორცი შეიძლება დაუქუცმაცო, წვნიანში ჩაუყარო და ისე მიირთვას, ვერც გაიგოს, მაგრამ თევზს ისეთი სპეციფიკური გემო და სუნი აქვს, აუცილებლად მიხვდება, მით უფრო, თუ არ უყვარს და დიდი ხანია არ უჭამია…

იმ დილით ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ დადიოდა დედამიწის ზურგზე. ყველანი ერთად ვიყავით და ვსაუზმობდით. ისევ ახმაურდნენ ჩემი შვილები, ისევ მოიშველიეს თავიანთი ეშმაკური იუმორი და გამხიარულდნენ. ცხოვრება თითქოს ჩვეულ კლაპოტს დაუბრუნდა.

_ ისე, მე შენს ადგილას პოლიტიკაში წავიდოდი, _ დამოძღვრა ირაკლიმ ზურიკო, _ ისე გიჭრის ენა, ნებისმიერს დააჯერებ საკუთარ იდეებში. ჰა, რას იტყვი? პარლამენტარობა არ გინდა, ზურიკელა?

_ არაა, _ თავი გადააქნია ბლინით პირგამოტენილმა ჩემმა შვილობილმა, _ მართალია, ძველისძველი პროფესიაა, მაგრამ ბოზური, ამიტომ არ მხიბლავს.

_ აბა, შენა ხარ, რა! _ შესძახა ირაკლიმ და ისე მოწკურა თვალები, ვიცოდი, რაღაც სასწაულს იტყოდა, _ ბაც ბოზური პროფესიაა, ძმა, და ისიც ძველისძველი, მაგრამ ხომ გვხიბლავს!

მე და ტიდამ ერთდროულად შევიჭმუხნეთ წარბები, ბიჭებმა კი მოლაპარაკებულებივით ერთად ატეხეს ხარხარი და ხელიც დაურტყეს ერთმანეთს დასტურის ნიშნად.

_ თქვენი გამოსწორება არ იქნება! _ თვალები დავაბრიალე, _ ამისთვის გცხელათ ახლა? დროზე მორჩით და გავიდეთ, უამრავი საქმე გველოდება დღეს!

ამის თქმა და ჩემს შვილს თვალები გაუშტერდა. რამდენიმე წამის განმავლობაში ერთ წერტილს მიშტერებოდა. გული მომეწურა _ ბოლოდროინდელი ტკივილიანი დღეები ახსენდებოდა აშკარად.

_ რა იყო, დედა, ცუდად ხომ არ ხარ? _ მხარზე ფრთხილად შევეხე.

_ არა, _ თქვა და წამში დაუბრუნდა რეალობას, _ უბრალო სიტყვებისგან შედგენილ ღრმა შინაარსის მქონე ლექსს ვთხზავ. _ მთელი სერიოზულობით თქვა და როცა ჩემს გაოგნებულ სახეს შეხედა, სიცილი აუტყდა.

_ ოჰ! მშვენიალური აზრია. მიდი, დაიწყე და მეც მოგეხმარები, _ აჰყვა ზურიკო, _ მეც მეხერხება ლექსების წერა. ყველაზე მაგარი უკრაინელი პოეტი ვარ!

_ აუფ! გაიხსნა პოეზიის საღამო, _ ჩაიფხუკუნა ტიდამ.

_ თუ არ გაიხსნა, აგერ ნახავ. ჰა, ზურია, ვაჩვენოთ ამას კლასი?

_ ბაზარი არაა, _ ხელები გაშალა ზურიკომ, ხელსახოცით პირი მოიწმინდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და ირაკლის მიაჩერდა.

_ მე დავიწყებ, შენ გააგრძელე, ოკეი? არ დამაღალატო, იცოდე!

_ „აბეჟაეშ!“ ასე მიცნობ? _ თავი გამოიდო ჩემმა შვილობილმა.

ირაკლიმ ჯერ ცალი თვალი მოჭუტა, მერე ჩაახველა და დაიწყო:

_ „მზვერავს შავი შური“…

ზურიკომ თვალები აატრიალა და ნახევარი წუთიც არ გასულა, რომ გააგრძელა:

_ „ბოღმით, შარიშურით“…

_ „სულ რაღაცას ვნატრობ“… (ირაკლი)

_ „და სულ არ ხარ მარტო“. (ზურიკო)

_ „ვახ, ნეტავი რატომ?“ _ ჩემდა უნებურად წამომცდა, მეც ავყევი ამათ თამაშს.

_ ეეე, ნატას უყურე, რა დღეშია! _ აღტაცებით შესძახა ზურიკომ.

_ შენ დედაჩემს ეგრე ნუ უყურებ, ეგ ყველაზე მაგარი პოეტია, ოღონდ ქართველი! _ შაყირით შემაქო ჩემმა ბიჭმა.

_ რა ეშველება ამდენ პრიმიტიულ პოეტს, _ ისევ ჩაიფხუკუნა ტიდამ, ბლინს მურაბის წვენი დაასხა და პირისკენ გააქანა.

_ მიდი, შენც ჩაასტრიქონე შენებურად, _ სთხოვა ზურიკომ.

_ თქვენ ჩემი დონე არ ხართ, ბატონო. თქვენნაირებთან არ ვპაექრობ.

_ ხო, კარგი ახლა, რას გვახვეწნინებ, თქვი.

_ ა-რა! _ ხაზგასმით იუარა ტიდამ.

_ რატომ ვითომ?

_ იმიტომ, რომ „მოვედი, ვნახე, გადავიფიქრე!“ დაბალი დონის მელექსეები ხართ სამივე.

_ შენ კი აშკარად უმცირესობაში მოყევი, _ ხელი ჩაიქნია ირაკლიმ, _ ხომ ასეა, ზურია?

_ ფაქტი სახეზეა. _ დაუდასტურა იმანაც.

და უეცრად ტიდამაც მოიღერა ყელი:

_ „ღამე გავიდა, ვერც გავიგე, იყო თუ არა“…

უცებ სიჩუმე ჩამოვარდა.

_ ჰე, გააგრძელეთ ახლა, თუ მაგრები ხართ! _ პატარა ბავშვივით აჭყლოპინდა.

_ „მზემ დედამიწას სიზმარივით შემოუარა“, _ გარითმა ზურიკომ ნაცნობი სტრიქონები.

_ „და გრძელმა ჩრდილმა ტიდას სახეს გადაუარა“, _ მიაყოლა ირაკლიმ.

ყველას გაგვეცინა.

_ ნატა, შენი ვერსია? _ მე მომიბრუნდა ირაკლი.

_ „სიმართლეაო, თქვა ნატამ და არ იუარა“, _ დავასრულე მე და ყველას სიცილი წაგვსკდა.

დიდხანს ვიცინოდით. ისე ჩავბჟირდი, ცრემლით ამევსო ორივე თვალი. რა მექნა, უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე.

_ მორჩა, გვეყოფა ახლა, ავდგეთ და საქმეს მივხედოთ, _ როგორც იქნა, მოვისხიპე ტუჩებიდან სიცილი.

_ წავედით, წავედით, მძიმე დღე გველის, _ თქვა ზურიკომ და პირველი წამოდგა.

ტიდა მაშინვე გვერდით ამოუდგა.

_ „მძიმე დღეს ჩვენი ზურია შველის“, _ მაშინვე გალექსა მისი ნათქვამი ჩემმა გოგომ.

_ „ეგ რომელია, „ჩელას“ რომ მღერის?“ _ ეგრევე მიაშველა ირაკლიმ.

_ „კარგი ბიჭია, ნიჭი აქვს ფრენის“, _ ისევ ავყევი, გამიტაცა ამ უაზრო თამაშმა.

_ დედაჩემს ორმაგი ლექსი გამოუვიდა: „კარგი ბიჭი _ ფრენის ნიჭი“. ეგეც ხომ შენს ლექსშია, ნატა?

ამაზე ისევ ავხარხარდით.

ასე გაგრძელდა, სანამ სახლიდან გავიდოდით. ერთი დაიწყებდა, მეორე აგრძელებდა… მხოლოდ ქუჩაში გასულებმა შევძელით სახეების დალაგება…

დილა კარგად დაიწყო, ირაკლი ნელ-ნელა იწყებდა სტრესთან გამკლავებას…

***

ტიდა გოგის კაბინეტში დავტოვეთ, რათა კამერების ჩანაწერები კიდევ ერთხელ შეემოწმებინა და მცირედი წვრილმანიც კი ჩაენიშნა, რაც საეჭვოდ მოეჩვენებოდა, ნებისმიერ ნიუნსს მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის. მამუკა ჩვენთან ერთად წამოვიდა სადმირას ბინის კიდევ ერთხელ დასათვალიერებლად. თან ლაბორატორიიდანაც გამოიძახა ექსპერტი, თითის ანაბეჭდების ასაღებად. გასვლისას ლაშას დაურეკა, უთხრა, სადაც მივდიოდით, რისთვისაც და სთხოვა, შენც გამოდიო. სადმირას დედ-მამას არ გააგებინა, ირაკლის დანახვაზე რა რეაქცია ექნებათ, კაცმა არ იცისო.

იქ მისულებს ის ვაჟბატონი მოსული დაგვხვდა, კართან ატუზულიყო. ბინა დალუქული იყო, მისი გაღების უფლება მხოლოდ გამომძიებელს ჰქონდა.

_ ხელი არაფერს ახლოთ, _ გაგვაფრთხილა მამუკამ, როცა კარის გაღებას შეუდგა, _ მათ შორის არც სახელურს.

ჰოლში შესვლისთანავე უცნაური სუნი მეცა, მძაფრი, მძიმე. თითქოს რაღაც დალპა ბინაშიო. მივხვდი, სისხლის სუნით იყო იქაურობა გაჟღენთილი.

_ ფანჯრებს გამოვაღებ, თქვენ აქ დარჩით! _ თქვა მამუკამ და ყველა ოთახში გამოაღო თითო ფანჯარა. მას ხელთათმანები ეკეთა და ისე მოქმედებდა, რომ თავისი თითის ანაბეჭდები არ დაეტოვებინა.

_ თითს ანაბეჭდებს ახლა იღებთ, ბატონო მამუკა? _ ვერ მოვითმინე და ენამ წინ გამისწრო.

_ არა, ქალბატონო ნატა, აღებულია, მაგრამ ყოველ შემთხვევისთვის, თავს ვიზღვევ, იქნებ ახალი რამე აღმოვაჩინოთ, _ ყოველგვარი გაღიზიანების გარეშე განგვიმარტა გამომძიებელმა.

_ ახლა აგერ, მაგიდის გარშემო დასხედით და დავიწყოთ, _ თქვა ბოლოს და ყველას სკამებზე მიგვითითა.

დავსხედით. სადმირას ახალი შეყვარებულის ატანა არ მქონდა, რადგან ირაკლის დაკავება სწორედ მისი ბრალი იყო, მაგრამ მაქსიმალურად ვიკავებდი თავს, არაფერი წამომცდენოდა. ახლა ყველა ჩემი ნაბიჯი მკაცრად უნდა გამეკონტროლებინა.

_ აბა, ირაკლი ფაღავა, გვაჩვენეთ კიდევ ერთხელ, როგორ შემოხვედით ბინაში, რომელი ოთახები დაიარეთ, დაზარალებულს სად მიაგენით, რა მდგომარეობაში და მერე რა მოიმოქმედეთ. ზუსტად აღიდგინეთ სურათი და არაფერი გამოტოვოთ. ოღონდ, აგერაა ხელთათმანი და მოირგეთ, თუ შეიძლება, ზედმეტი თითის ანაბეჭდები არ გვჭირდება.

ირაკლიმ შუბლი შეიჭმუხნა და ისე ამოიხვნეშა, ასე მეგონა, გულიც თან ამოაყოლა.

„მოგიკვდეს დედა!“ _ გავიფიქრე გულში.

ლაშამ არ იცოდა, მე ვინ ვიყავი. მამუკამ გზაშივე გამაფრთხილა, ჩემი ვინაობა არ გამემჟღავნებინა. აჯობებს, პოლიციის თანამშრომელი ეგონოო, ამიტომ ოფიციალური გამომეტყველებით ვიჯექი ტელეფონმომარჯვებული და რაც ხდებოდა, ყველაფერს ვიდეოთი ვიღებდი.

ჩემმა შვილმა დამძიმებული ხმით დაიწყო მოყოლა, თან ადგა, კართან მივიდა და იქიდან დაიწყო მოძრაობა.

_ რომ მოვედი, კარი ოდნავ იყო შეღებული, მაგრამ ზარი მაინც დავრეკე და რომ არავინ გამომეხმაურა, კარს ხელი ასე გაშლილად მივადე, ბოლომდე გავაღე და შემოვედი. რომ შემოვედი, კარი მაშინვე მივხურე. ამჯერად სახელურს მოვკიდე ხელი. სადმირას დავუძახე, მაგრამ ხმა არავინ გამცა. ჯერ აქ შემოვედი, სასტუმრო ოთახში. აქ არ იყო. მერე სამზარეულოში შევიხედე, იქაც არავინ დამხვდა. სააბაზანოს სახელურიც მოვსინჯე, არ ბანაობდეს-მეთქი, მაგრამ ის ღია იყო და თან ცარიელი. ბოლოს საძინებელში გავედი. კარი გავაღე და… იატაკზე იწვა, სულ გასისხლიანებული. თავთან სისხლის გუბე იდგა. ვიყვირე, სადმირა-მეთქი და მივვარდი, რომ მენახა, რა სჭირდა. ჯერაც თბილი იყო, თუმცა პულსი არ ესინჯებოდა. მაინც ამოვიღე ტელეფონი სასწრაფოს გამოსაძახებლად. ამ დროს ფეხებში ვაზა გამებლანდა.

_ რა ვაზა? _ გაიკვირვა მამუკამ.

_ საყვავილე ვაზა, მაღალი, ეგერ, ტუმბასთან რომ დევს, _ საძინებლის ღია კარისკენ გადაიხარა ირაკლი, _ მე დავდე იქ, იატაკზე გორავდა. ალბათ, წინააღმდეგობას თუ უწევდა სადმირა მკვლელს და რომელიღაცამ ააყირავა.

_ ერთი წუთით! ეს ვაზა აქამდე არ გიხსენებია! _ მამუკა ადგა და სწრაფი ნაბიჯით შევიდა გამოღებულ საძინებელში, თან მანიშნა, გავყოლოდი და ლარნაკი ვიდეოზე დამეფიქსირებინა. მერე ხელი დაავლო, სასტუმრო ოთახში გამოიტანა და მაგიდაზე შემოდგა.

_ რა მძიმეა, _ შეფიქრიანებულმა ჩაილაპარაკა.

_ ზუსტად რა ადგილას ეგდო ეს ვაზა, ფაღავა?

_ მმმ… ზუსტად? მგონი… აქ… არა, აი აქ! _ ირაკლი საძინებელში შევიდა, დაღუპულის სხეულის პოზის ცარცით შემოხაზულ ადგილს ორიოდე ნაბიჯით გასცდა და სადაც დადგა, იმ ადგილზე საჩვენებელი თითით მიანიშნა.

მამუკა ერთხანს თვითონაც დააჩერდა იმ ადგილს, მერე ნელა შემოტრიალდა და ისევ სასტუმრო ოთახში გამოვიდა.

_ ლაშა გუმბერიძე, ეს ვაზა გეცნობათ?

_ კი, როგორ არა, _ ოდნავ გაბზარული ხმით უპასუხა სადმირას „მეორე სიყვარულმა“, წამლისგან გაბრუებულს მზერა რომ დაბინდვოდა, _ მაგაში სადმირა ყვავილებს დებდა ყოველდღე.

_ ყოველდღე?

_ კი.

_ რა, ყოველდღე ყიდულობდა ყვავილებს?

_ არა, არა, მე მომქონდა მისთვის თაიგულები და იმას დებდა.

_ ანუ დიდი ხანია ეს ვაზა ამ ბინაშია, ხომ?

_ არც ისე დიდი ხანია. მარიამობაზე ვაჩუქე.

_ თქვენ აჩუქეთ?

_ კი, მე. საჩუქარს ვარჩევდი მისთვის და მობილურით ვუგზავნიდი სურათებს, რომ თვითონ შეერჩია. ეს მოეწონა და ვუყიდე.

_ აჰა… _ მამუკამ ქვედა ტუჩი ცერსა და საჩვენებელ თითს შუა მოიმწყვდია და იატაკს დააცქერდა.

_ უკაცრავად, _ ზურიკო ჩაერთო საუბარში, _ თქვენ თუ ჩაგიდიათ ამ ვაზაში ყვავილები? თუ მხოლოდ სადმირა დებდა?

_ არა, როგორ არა, მეც მიქნია, როცა სადმირას არ ეცალა.

_ წყალს ასხამდით შიგნით?

_ არა, არა. ისეთი თაიგულები მომქონდა, ქვემოთ დამატენიანებელი რომ აქვს მიმაგრებული…

_ სველი ღრუბელი, _ შეაშველა ზურიკომ.

_ ხო, ხო. სპეციალურად ვუკვეთდი ასეთს, რადგან ვაზა ისედაც მძიმე იყო და კიდევ წყალი ზედმეტი იქნებოდა. რა ვიცი, სადმიმ ასე გამაფრთხილა.

„სადმი და ჭირი შენ!“ _ გაგულისებულმა ჩემთვის გავიფიქრე.

_ ბოლოს როდის შეეხეთ, ხომ არ გახსოვთ? _ ჩაეძია ზურიკო.

_ ალბათ, სადღაც სამი-ოთხი დღით ადრე, სანამ ის ამბავი მოხდებოდა.

_ და იმ დღესაც იყო ვაზაში ყვავილები?

_ არა, იმ დღეს არ ყოფილა, _ ლაშამ თავი გააქნია.

_ კი მაგრამ რა იცით, რომ არ იყო? თქვენ რა, აქ იყავით?

ბიჭი აშკარად დაიბნა, ყველამ შეატყო, როგორ მსხვილად გადააგორა ნერწყვი სასულეში, მაგრამ მალევე აღიდგინა წონასწორობა, _ ბოლო დღეებში თაიგული აღარ მომიტანია, ფული გამომელია და… _ შერცხვენილივით აიწურა მხრები.

_ გასაგებია. მადლობა, _ თქვა ზურიკომ და ლაბორატორიის თანამშრომელს მიუბრუნდა, _ დათიკო, ეს ვაზა იმ დღეს არავის გახსენებია. არც კი დაინტერესებულან მისით. იქნებ ულტრაიისფერით დავათვალიეროთ და თითის ანაბეჭდებიც ავიღოთ?

_ რა თქმა უნდა, _ დათიკომ მაშინვე გახსნა თავისი სამედიცინო ჩემოდანი და საჭირო ხელსაწყოების გადმოლაგებას შეუდგა, _ თქვენი თითის ანაბეჭდების აღებაც დამჭირდება, _ მოულოდნელად ლაშას მიმართა.

_ როგორც იტყვით, _ რიხიანად მიუგო გუმბერიძემ და მაგიდას მიუახლოვდა.

ექსპერტმა ჯერ ლაშას თითის ანაბეჭდები აიღო, მერე კი ვაზის დათვალიერებას შეუდგა.

_ არაა გამორიცხული, ეს იყოს მკვლელობის იარაღი, _ თქვა მოულოდნელად დათიკომ, _ ეს, სავარაუდოდ, სისხლის ლაქაა, _ და თითი ვაზის სადგამს დაადო, _ ანუ მკვლელმა ზემოთ მოჰკიდა ხელი, თავში, მოიქნია და… ზემოდან დაუშვა, _ ამ სიტყვებით ხელები აამოძრავა და მოქმედების იმიტაციაც მოახდინა.

მერე წებოვანი ქაღალდით ვაზიდან ანაბეჭდებიც აიღო და როცა ყველა პროცედურა ჩაამთავრა, მამუკას უთხრა, კიდევ ვიქნები საჭირო თუ წავიდეო.

_ ხუთი წუთიც მოიცადე და გაგიშვებ. სულ ხუთი წუთი, _ მარჯვენა ხელის ყველა თითი გაფშიკა გამომძიებელმა ხუთიანის გამოსახატად.

_ კი ბატონო, აქ ვარ, მე არსად მეჩქარება, თუ თქვენ არ გეჩქარებათ ამის პასუხები, _ მხრების აჩეჩით თქვა და დაჯდა.

_ გუმბერიძე, თქვენ როგორ შემოხვედით ოთახში და რა დაინახეთ? დეტალურად, თუ შეიძლება.

_ დიახხხ… _ ისევ ჩაახველა ლაშამ, ისევ გაებზარა ხმა, _ მე რომ მოვედი, კარი დაკეტილი იყო, მაგრამ ზარი არ დამირეკავს, რადგან მე ჩემი გასაღები მქონდა. ვეწვალე და რომ ვერ გავაღე, სახელური ჩამოვწიე და კარი ღია აღმოჩნდა, ამიტომ ჩვეულებრივად შემოვედი.

_ რას ნიშნავს ჩვეულებრივად? _ გააწყვეტინა ზურიკომ, _ მაჩვენეთ, როგორ შემოხვედით. აიღეთ ხელთათმანები.

ლაშამ ხელთათმანები გაიკეთა და ორივენი გარეთ გავიდნენ. ლაშამ ჯერ გასაღები შეარჭო კარის კლიტეში, თან ლაპარაკობდა, _ აი, ასე შევდე გასაღები და არ გადატრიალდა. მერე სახელურს მოვკიდე ხელი და ჩამოვწიე. კარი გაიღო. შემოვედი და უცებ რას ვხედავ…

_ ერთი წუთით! უცებ შეამჩნიეთ ეს ადამიანი?

_ ხო რა… არა, იმწუთას არა, _ ცოტათი დაიბნა, _ ჯერ აქ შემოვედი, სადაც ვართ, მისაღებში, მერე დავინახე საძინებლის ღია კარი და ეს ტიპი, ჩაკუზული იყო და…

_ ანუ სხვაგან არ გასულხართ? მაგალითად, სამზარეულოში.

_ არა, არ დამჭირვებია სამზარეულოში გასვლა, უცებ ეგ დავინახე და იქ რა მინდოდა?

_ დათიკო, შეგიძლია კარის სახელურის ანაბეჭდებიც აიღო?

_ ეგენი აღებულია, იმ დღესვე.

_ სამზარეულოშიც?

_ კი, რა თქმა უნდა. მაგიდიდან, სკამიდან, კარადიდან, თეფშებიდანაც კი ავიღე.

_ მადლობა. მე მეტი შეკითხვა არ მაქვს, _ თქვა ზურიკომ, მარცხენა ხელი მკერდზე მიიდო, მარჯვენა ზედ ჩამოაყრდნო და თითებით ნიკაპი მოისრისა.

_ კარგი, დათიკო, შენ შეგიძლია წახვიდე, ჩვენ კი გავაგრძელოთ. გუმბერიძე, შემდეგ რა მოხდა, როცა ფაღავა დაინახეთ?

სანამ დათიკო არ გავიდა, ლაშას მოყოლა არ გაუგრძელებია, დაელოდა, სანამ ექსპერტი კარს გაიხურავდა.

როგორც კი ექსპერტი წავიდა, ლაშამ ისევ გააგრძელა:

_ მოკლედ, ეს ტიპი დავინახე, სადმირასთან იყო დახრილი და რაღაცებს ჩალიჩობდა. უცებ სისხლი შევამჩნიე და მივხვდი, რომ გოგოს რაღაც სჭირდა. კინაღამ გავაფრინე. მივვარდი ამას, არ მახსოვს, რას ვყვიროდი, ხელი ვტაცე, რომ სადმირასთვის მომეშორებინა.

_ და რა იფიქრეთ იმწუთას, რატომ „გააფრინეთ კინაღამ“? _ გააწყვეტინა ზურიკომ.

_ იმიტომ, რომ სადმირა მკვდარი იყო უკვე, ამან მოკლა! _ ანერვიულებულმა მთელი ხმით იყვირა.

_ რის საფუძველზე დაასკვენით, რომ მკვდარი იყო?

ლაშა დაიბნა, მხრები რამდენჯერმე „აჭარულის“ მოცეკვავესავით შეათამაშა, ჯერ ზურიკოს შეაცქერდა, მერე მამუკას და ენის ბორძიკით თქვა:

_ ძირს ეგ-გგ-დო, ს-ს-ს-ულ სის-სის-ხლიანი. _ სიტყვები დაეფანტა.

_ მის სახეს ხედავდით? _ გააგრძელა დაკითხვა ზურიკომ.

_ სახეს? მმმ… სახეს, მგონი, არა, თავი იქით ჰქონდა მიბრუნებული, _ საჩვენებელი თითით აჩვენა „იქით“.

_ აბა, რატომ იფიქრეთ, რომ ცოცხალი აღარ იყო? იქნებ დაჭრილი იყო, ან, სულაც, გული წაუვიდა, დაეცა, თავი რამეს ჩამოარტყა და სისხლიც იმიტომ გაჩნდა იატაკზე?

ლაშას ენა ჩაუვარდა, ასეთ შემოტევას არ ელოდა. მკლავები მომჩვარულივით ჩამოეკიდა. ისე აღელდა, წამწამებიც კი აუკანკალდა.

_ მე რა ვიცი… მაგდენი არ მიფიქრია.

_ თქვენ არ სცადეთ გენახათ, მკვდარი იყო თუ ცოცხალი?

_ ა-ა-რაა, არ დამცალდა, _ უფრო და უფრო იბნეოდა დაზარალებული საქმრო.

_ რატომ? _ არ მოეშვა ზურიკო, თან ისეთი თვალებით უყურებდა, მზერით ხვრეტდა.

_ ეს მომვარდა და…

_ მე მოგვარდი თუ შენ მომახტი, შე ახვარო! ე! _ წამოხტა ამ დროს ირაკლი, მაგრამ მამუკამ მაშინვე ხელის აწევით დააშოშმინა და ადგილზე დასვა.

_ მაშინ სიმართლე თქვას, რას იტყუება ამსიგრძე კაცი! _ გამწარდა ჩემი შვილი.

სიბრაზისგან სახე წამომენთო, მაგრამ ჩარევის უფლებას ვერ მივცემდი ჩემს თავს. ტელეფონი სიმწრით მქონდა ჩაბღუჯული და მთელ პროცესს მობილურის ვიდეოკამერით ვიღებდი.

_ აუ, დეტალები მართლა არ მახსოვს, _ ტონი შეარბინა გუმბერიძემ და უცებ შარვლის ჯიბეებზე მოისვა ხელები, _ შეიძლება მოვწიო?

_ არა, მოწევა არ შეიძლება… _ მკაცრად მიუგო მამუკამ, _ ჯერ არა. რატომ ამბობთ, დეტალები არ მახსოვსო, თქვენი დაკითხვის ოქმში სულ წვრილად გაქვთ აღწერილი ყველაფერი და როდის გადაგავიწყდათ? _ ისეთი ცივი ხმით ალაპარაკდა მამუკა, გეგონებოდა, ცივმა ქარმა დაუბერაო, ლაშას კი არა, მეც კი ამაკანკალა.

_ მე… მე… მანდ თუ წერია, რაღას მალაპარაკებთ? _ წაიდუდღუნა და უცებ, თითქოს დიდი გული მოეცაო, აყვირდა, _ რა გგონიათ, ჩემთვის ადვილია იმ ამბის გახსენება? მე ამ არარაობამ საცოლე მომიკლა და რა გინდათ ჩემგან? თქვენ თვითონ არ დარწმუნდით ამაში? მე რა დაკითხვას მიწყობთ? _ და ისე დაჰკრა იატაკს ცალი ფეხი, თითქოს ძირს მხოხავი ჭიანჭველა გასრისაო.

_ გუმბერიძე, როცა გეკითხებიან, პასუხი უნდა გასცე! აქ კითხვებს ჩვენ ვსვამთ, მე, გამომძიებელი და ეჭვმიტანილის ადვოკატი. თქვენ არავინ არაფერს გაბრალებთ. ჩვენ, უბრალოდ, გვინდა იმ დღის ნიუანსები დეტალურად აღვადგინოთ. ფაქტია, რომ ადამიანი მოკლულია. ჩვენი მოვალეობაა, მკვლელი გამოვააშკარაოთ და ამაში თქვენი ჩვენება უნდა დაგვეხმაროს. ერთადერთი მოწმე ხომ თქვენ ხართ. დამშვიდდით და აუღელვებლად გვიპასუხეთ, თუ შეიძლება, _ დარბილებული ხმით მიუბრუნდა მამუკა.

მივხვდი, რატომ მოულბა ტონი გამომძიებელს ასე. იფიქრა, მთლად არ შევაშინო და უარესი ტყუილების გორა არ დააყენოსო, ამიტომ ასეთი მიდგომით გული გაუმაგრა.

ლაშამ ღრმად ამოიოხრა და შუბლზე გადაისვა ხელი, რომელიც ოფლით დაცვაროდა.

_ ბოდიში. გასაგებია. მოკლედ, რა ვქნა, მკვდარი მეგონა ჩემი საცოლე და ამას მივვარდი, რატომ მოკალი, რა დაგიშავა-მეთქი. მერე ვიჩხუბეთ. მომერია, წამაქცია და მეც მკლავდა, პოლიცია რომ არ მოსულიყო ამ დროს.

_ როგორ გკლავდათ, რას გიშვრებოდათ? _ ისევ ზურიკო ჩაერია.

_ როგორ და… მახრჩობდა. აი, ასე შემომაჭდო ხელები ყელზე და ვეღარ ვსუნთქავდი.

ირაკლიმ კვლავ რაღაცის თქმა და წამოხტომა დააპირა, მაგრამ მამუკა მაშინვე მაჯაში ეცა.

_ ფაღავა, თუ თავის შეკავება არ შეგიძლიათ, ახლავე მიგაბრძანებთ უკან, იზოლატორში! _ ყასიდი მუქარით გააფრთხილა.

_ ბატონო მამუკა, დაზარალებულ გუმბერიძეს ექსპერტიზა ჩაუტარდა? საქმის მასალებში ხომ არ ინახება ექიმის დასკვნა? _ ზურიკო მამუკას მიაჩერდა.

მამუკამ მაშინვე გადაშალა წინ დადებულ საქაღალდეში საქმის მასალები და გადაფურცვლას შეუდგა. კარგა ხანს იქექებოდა, საჩვენებელ თითს ნერწყვით ისველებდა, სანამ საჭირო ფურცელს არ მიაგნო.

_ აგერაა ექიმის დასკვნა. მ.მ.მ.მ. მდააა… _ თქვა, როგორც კი საბუთს თვალი ჩაავლო, _ ყელზე არანაირი ძალადობის კვალი არ აღენიშნება. _ გარკვევით წაიკითხა გამომძიებელმა და ალმაცერად გახედა ლაშას, _ აკი მახრჩობდაო?

_ ეგ თქვენი ექსპერტი იტყუება! _ ისევ აყვირდა გუმბერიძე, უცებ კარისკენ გაიწია, თითქოს გავარდნა სურსო, მერე ისევ მობრუნდა და იმ ადგილას გახევდა, სადაც წეღან იდგა, არ იცოდა, რა მოემოქმედებინა.

_ დაწყნარდი, ადამიანო, კი არ გკლავთ, რა მოხდა ამისთანა, _ ხელები გაშალა მამუკამ, _ ვხედავ, რომ რაღაცები გერევა ერთმანეთში და ეგ ჩვენ არ გვაწყობს. ახლა შენ თუ ერთმანეთის საწინააღმდეგო ჩვენებას მისცემ, ასე არაფერი გამოვა. საკუთარ თავსაც აბნევ და ჩვენც გვაბნევ. ეგრე თუ გააგრძელებ, შენი ტყუილი ჩვენებების გამო, მომიწევს ამ კაცის გაშვება.

აი, ბოლო წინადადება კი სასტიკად არ მოეწონა გუმბერიძეს, ამიტომ ისევ ამოიხვნეშა და თავი დააქნია, მესმისო.

_ გააგრძელე, გისმენთ. ყოჩაღად! _ „გაამხნევა“ მამუკამ.

_ არ ვიცი, რა. მოკლედ, მე მომეჩვენა, რომ მახრჩობდა, გასაგებია? ზემოდან მაჯდა, ეგ პოლიციამ დააფიქსირა.

_ ასე იყო, ფაღავა? _ გამომძიებელი ირაკლის მიუბრუნდა. ტელეფონი ჩემი შვილისკენ მივმართე და მსხვილი პლანით გავაგრძელე გადაღება.

_ ასე იყო, ბატონო გამომძიებელო, ოღონდ იმიტომ კი არ ვეჯექი ზემოდან, რომ ვახრჩობდი, ზურგზე მყავდა დაგდებული და ხელებს ვუბორკავდი, რომ ისევ არ დამსხმოდა თავს. გინდა თუ არა, შენ მოკალიო. ამ დროს ახლოსაც არ მისულა, რომ ენახა, იქნებ ცოცხალი იყო და შარს ტყუილად მდებდა.

_ და პოლიცია ვინ გამოიძახა? _ დაინტერესდა ზურიკო.

_ მე! _ სიამაყით წამოიძახა ლაშამ, _ რა, არ უნდა გამომეძახებინა? მაგიტომ მეცა მერე უცებ, პოლიცია რატომ გამოიძახეო, დაჭერის შეეშინდა. თქვენები დროზე რომ არ მოსულიყვნენ, მეც მომკლავდა და გაიქცეოდა.

_ კარგი, ამას დავანებოთ თავი, _ ზურიკომ ოთახში გაიარ-გამოიარა, _ თქვენ იმწუთას მოხვედით თქვენი საცოლის სანახავად? მანამდე არ გინახავთ ან არ დაგირეკავთ მასთან?

_ მანამდე როდის, იმ დღეს?

_ ხო, იმ დღეს.

_ არა, იმ დღეს არ დამირეკავს და არც მინახავს. ჩემი საქმეები მქონდა.

_ რა საქმეები? _ ეგრევე „ჩააფრინდა“ ზურიკო მის ნათქვამს.

მამაკაცი კვლავ დაიბნა. ტუჩები ნერვულად გაილოკა, მერე თითებით მოიწმინდა და რაღაცნაირად ჩაიღიმა:

_ მე… ისა… წინაღამით ბევრი დავლიე და მთელი დღე ვიწექი, „პახმელია“ მქონდა.

_ ოოო, საპატიო „საქმეები“ გქონიათ, _ სიცილი ვერ შეიკავა ადვოკატმა, _ მარტო იყავით სახლში?

_ არა, დედაჩემიც იყო, შეგიძლიათ ჰკითხოთ. წარამარა შემოდიოდა, რამე ხომ არ გინდაო, ცოტა შეჭამეო, მინერალური დალიე და აზრზე მოხვალო…

_ და?

_ და რა, ჭამით არაფერი მიჭამია, ცოტა ლუდი დავლიე და ეგ იყო. საღამოსკენ გამოვიხედე თვალებში და წამოვედი. სადმირა რამდენიმე დღის უნახავი მყავდა და ვიფიქრე, შევუვლი-მეთქი.

_ იცოდით, რომ თქვენი საცოლე თავის ყოფილ შეყვარებულს უნდა შეხვედროდა?

_ არა, ამაზე არაფერი უთქვამს, წარმოდგენაც არ მქონდა, _ იუარა.

_ და არც დაგირეკავთ იმ დღეს მისთვის, არა?

_ არა, არა.

_ აჰა… _ ზურიკო ღრმად ჩაფიქრდა, მერე თავი ასწია და კიდევ ერთი შეკითხვა დასვა, _ წინა დღეს თუ ელაპარაკეთ?

_ წინა დღეს კი, საღამო იყო, რომ დავრეკე და ცოტა ხანს ვილაპარაკეთ.

_ და სად იყავით იმ დროს, როცა ელაპარაკეთ?

_ სად ვიქნებოდი, სახლში ვიყავი, _ მხრები აიჩეჩა და გაკვირვებული სახე მიიღო.

_ მარტო?

_ არა, დედაც იყო და მამაც.

_ და რას აკეთებდით?

_ არაფერს, რა უნდა მეკეთებინა?

_ აკი ვქეიფობდიო?

უეცრად ისევ აირია, მაგრამ მალევე მოახერხა სახის დალაგება და, როგორც ჩანს, ტყუილის მოფიქრებაც:

_ ეგ მერე დავლიე. ჯერ მე და მამაჩემმა რამდენიმე ჭიქა, მერე ჩემს ოთახში გავედი და მარტო გავაგრძელე სმა. _ სხაპასხუპით ამოთქვა და იმხელა ნერწყვი გადააგორა, ხორხი უშნოდ აუთამაშდა.

_ ნუ ნერვიულობ, გუმბერიძე, არაფერი გაქვს სანერვიულო, _ ისევ დაუყვავა მამუკამ, ამჯერად უფრო შინაურულად, „შენობით“ მიმართა, _ რაც აქამდე თქვი, ყველაფერი სწორია. აი, აგერაა სატელეფონო ჩანაწერები. მართალია, იმ დღეს ერთხელაც არ დაგირეკავს შენს საცოლესთან, წინა საღამოს კი სულ რაღაც სამი წუთი ელაპარაკე. ყველაფერი დაფიქსირებულია.

_ აბა, რას ვამბობდი მე! _ გული მოეცა ნირწამხდარს.

_ დაბრძანდით, ფეხზე რატომ დგახართ? _ გონს მოვუხმე და რაც შეიძლებოდა თბილად შევთავაზე, არადა, ერთი სული მქონდა, შუაზე გამეგლიჯა. ვხედავდი, როგორი სისწრაფით ინაცვლებდა ფეხს განერვიულებული. შიშისგან, ალბათ, მუხლები უცახცახებდა.

_ მადლობა, ქალბატონო, _ თავი დამიკრა, სკამი გამოსწია და კი არ დაჯდა, ზედა დაეხეთქა.

_ ლაშა, რა გეცვათ იმ დღეს? _ სრულიად მოულოდნელი შეკითხვა დაუსვა ზურიკომ.

ლაშამ უნებურად ტანსაცმელზე დაიხედა.

_ რა მეცვა? ააა! ჯინსის შარვალი, ლურჯი სვიტრი და შავი ჟილეტი, დუტის.

_ ფეხზე?

_ ფეხზე? ფეხზე აი, ახლა რაც მაცვია, ეს, _ თქვა და ფეხსაცმლიანი მარჯვენა წინ გამოსწია, რომ დაგვენახა, _ კარგად ვხმარობ ამ ბოტასს და უფრო ეს მაცვია ხოლმე.

შავი ბოტასი ეცვა, „პუმას“ ფირმის. გემოვნება, იცოცხლე, ჰქონია.

ზურიკომ თავი დააკანტურა, მერე მამუკას მიუახლოვდა და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. გამომძიებელმა თავი დაუქნია, კვლავ საქაღალდეში დაიწყო ქექვა და ბოლოს ერთი ფურცელი ამოაძვრინა, რომელიც ზემოდან დაადო სხვებს.

_ გუმბერიძე, რომელი საათი იყო, რომ მოხვედი?

_ ზუსტად არ ვიცი, საღამო იყო, საათზე არ დამიხედავს.

_ საიდან შემოხვედით, სადარბაზოდან? _ ახლა ზურიკო ჩაეკითხა.

_ კი, აბა საიდან შემოვიდოდი? ამ კორპუსს სხვა გასასვლელ-შემოსასვლელი არ აქვს.

_ მერედა, კამერამ რატომ არ დაგაფიქსირა? _ მამუკამ თავი ასწია და დაჟინებით შეაცქერდა თვალებში.

_ რომელმა კამერამ? _ სახეზე სიფითრემ გადაურა ლაშას, შეკითხვას, როგორც ჩანს, არ მოელოდა.

_ აგერ, წინ, აფთიაქთან რომაა დამონტაჟებული. იქ არ ჩანს, როდის მოხვედი, კორპუსში საიდან შემოხვედი. ციდან რომ არ ჩამოვარდებოდი, ნათელია, ხომ?

ჩიხში მოქცეულმა ტუჩი აიბზუა და მხრებიც აიჩეჩა. დაბნეული მიაშტერდა მამუკას და ხმას არ იღებდა.

_ აბა? იტყვი, ბოლოს და ბოლოს, თუ? _ არ მოეშვა გამომძიებელი.

_ აზრზე არ ვარ, რატომ არ ვჩანვარ. ღმერთი, ხატი, რჯული, სადარბაზოდან შემოვედი.

_ პოლიციაში შენი ზარი საღამოს შვიდის ნახევარზე შევიდა. გამოდის, რომ სადღაც ექვსიდან შვიდის ნახევრამდე მოხვედი აქ, ხომ?

_ ალბათ, არ ვიცი. ხომ გითხარით, საათისთვის არ დამიხედავს-მეთქი. ისე, საღამო იყო უკვე.

_ ალკოჰოლზე ტესტი აღებული აქვს? _ ზურიკომ მამუკას მისამართით იკითხა.

_ კი, აღებული აქვს.

_ მერე? მართლა ნასვამი იყო?

მამუკამ ღიმილით გახედა ლაშას და ორაზროვანი მზერა მიაპყრო.

_ მთვრალი კი იყო, მაგრამ არა ალკოჰოლით, _ დააზუსტა.

_ გუმბერიძე, ოპოიდებზე ხართ დამოკიდებული? ნარკომანი ხართ? _ სარკასტული ტონით შეეკითხა ზურიკო.

ლაშამ საცოდავად გახედა ადვოკატს.

_ ვიყავი. ახლა პროგრამაში ვზივარ და ვმკურნალობ.

_ მეთადონის ჰიდროქლორიდით? თუ ბუპრენორფინის ნალოქსონთან კომბინაციით? _ ღიმილი ვერ შეიკავა ზურიკომ.

_ მეტ… მეთადონით, _ თავი დაღუნა გუმბერიძემ და მაგიდაზე დაწყობილი ერთმანეთში ჩახლართული თითები ლაჯებს შუა მოიქცია, მერე წინ გადმოიხარა და მხრები მაგიდის ზედაპირს მიაბჯინა.

_ გამოგდის მერე რამე, ბიჭო, თუ აბოლებ მედპერსონალს? _ აროხროხდა მამუკა, _ ჰა? ისე „პასტაიანი“ კაიფში ყოფნა ასწორებს, არა?

ლაშამ პასუხი არ გასცა, თავი უფრო დახარა და ცხვირის წვერით მაგიდას შეეხო.

_ კარგი, მაგას დავანებოთ თავი. პროგრამაში რომ ხარ შეყვანილი, მაგიტომაც არ აგიყვანეს, თორემ კი ამოყოფდი თავს შენც ჩვენთან, _ გააგრძელა მამუკამ, _ შენ ის გვითხარი, აქეთ რომ მოდიოდი, რატომ არ დაურეკე შენს შეყვარებულს, რა იცოდი, სახლში რომ დაგხვდებოდა?

ლაშამ მაშინვე ასწია თავი და შეკითხვასაც დაუფიქრებლად უპასუხა:

_ რომც არ დამხვედროდა, რა პრობლემა იყო? მე ხომ გასაღები მქონდა, შემოვიდოდი და დაველოდებოდი.

_ ღამი თუ რჩებოდით საცოლესთან? _ ზურამ კვლავ გაიარ-გამოიარა ოთახში. ამჯერად შეკითხვა ზურგშექცევით მდგარმა დასვა.

_ კი, ვრჩებოდი. ხშირად. უბრალოდ, ბოლო სამი თუ ოთხი დღე არ დავრჩენილვარ და არც მინახავს. ვერ მოვახერხე რაღაც მიზეზების გამო.

_ გუმბერიძე, გაიგე და შეუშვი ერთხელ და სამუდამოდ მაგ თავში, რომ ახლა შენთვის „რაღაც მიზეზები“ და ეგეთი რამეები არ არსებობს! ყველაფერი ღიად უნდა თქვა. გასაგებია?

_ რატომ არ არსებობს? მე ხომ არ მადანაშაულებთ შემთხვევით სადმირას მკვლელობაში? _ ყბა აუცახცაცხდა.

_ ჩვენ არავის ვადანაშაულებთ, მხოლოდ ვიძიებთ მკვლელობის საქმეს. განსხვავებას ხვდები?

თავი უსიტყვოდ დააქნია და ისევ ჩაღუნა.

_ მიდი, ჰე, თქვი, რა მიზეზების გამო არ გინახავს საცოლე მთელი ოთხი დღე.

_ ცოტა ვიჩხუბეთ წინა შეხვედრაზე და გაბრაზებული ვიყავი მასზე.

_ თუ ის შენზე? _ შეუსწორა ჩემმა შვილობილმა.

_ ალბათ, ორივე ერთმანეთზე.

_ მერე აქამდე რატომ არ თქვი? რატომ დამალე?

_ შემეშინდა. ვიფიქრე, მე არ დამაბრალონ მისი მოკვლა-მეთქი, _ ძალიან ხმადაბლა ახსნა თავისი დუმილის მიზეზი.

_ რაზე იჩხუბეთ? _ მამუკამ ისევ დაისველა საჩვენებელი თითი და კვლავ საბუთების გადაფურცვლას შეუდგა.

_ აი… ამ იმაზე… _ თავი გაიქნია, _ წამალზე.

_ ა, ხო… მაგაზე კი იჩხუბებდით, _ ირონიულად შენიშნა მამუკამ, _ რაო, არ მინდა ნარკომანი ქმარი მყავდესო?

_ ხო რა.

_ მერე შენ რა უთხარი?

_ ვუთხარი, ვმკურნალობ და ამას დრო უნდა, ასე უცებ გამოჯანმრთელება არ ხდება, ცოტა უნდა მოითმინო და აღარ ვიქნები წამალდამოკიდებული-მეთქი.

_ მერე? ამას უმტკიცებდი და არ დაიჯერა, კაცო? სიტყვაზე არ გენდო?

ლაშამ ისევ გაიქნია თავი.

_ ბევრი ვეცადე, მაგრამ არ დამიჯერა.

გამომძიებელმა თავი ვერ შეიკავა და ახარხარდა.

_ შენ თვითონ თუ გჯერა მაგის, ლაშა, ა? გაიძახი, ვმკურნალობო, პროგრამაში ვზივარო და რა გეტყობა მაგისი? ზიხარ აგერ გამოქლიავებული და გამობენტერებული, თვალებს ძლივს ახელ. ასე მგონია, აგერ-აგერ ჩაგეძინება.

_ მაგ წამალმა ასე იცის, რა ჩემი ბრალია, _ იმართლა თავი.

_ კი, მასე იცის, ენის ქვეშ თუ ამოიდებ და ისე გამოიტან კლინიკიდან.

ლაშამ უცებ ასწია თავი და შეშინებული მიაჩერდა მამუკას.

_ რას მიყურებ მოხარშული თევზივით. რა, არ ვიცი ეგეთი რამეები როგორ ხდება თუ რა? მერე მაგ ენის ქვეშიდან გამოღებულს ვიღაცას რომ მიასაღებ, ფულს აიღებ, ისევ წამალს იყიდი და ვენაში შეიშხაპუნებ, შენთვის ახალი ამბავია? რა თქმა უნდა, არა. ჰოდა, შენ წარმოიდგინე, არც ჩემთვისაა ეგ ახალი ამბავი. შენნაირი ბევრი მინახავს და ვიცი, როგორც მკურნალობენ! ჩემი ნება რომ იყოს, კი ვიცი, რასაც გიზამდით შენ და შენნაირებს! _ აქ უკვე ხმას აუწია და მუქარაც გაურია თავის ნათქვამს.

_ მე მართლა ვმკურნალობ, გეფიცებით.

_ ყველაფერი გასაგებია, _ ზურიკო უცებ მუახლოვდა მაგიდას, სკამი გამოსწია და დაჯდა, _ ეგ ჩვენი საქმე არ არის. ჩვენ ჩვენსას მივხედოთ. დავუბრუნდეთ თქვენი აქ მოსვლის ამბავს. როგორც თავად აღნიშნეთ და ჩვენც დავაფიქსირეთ, ამ კორპუსს უკანა გასასვლელი არა აქვს. უფრო სწორად, აქვს, მაგრამ ჩაკეტილია. სადარბაზოში კოდის აკრეფის გარეშე ვერ შემოხვალ, ხომ მართალია? მართალია. ახალი კორპუსია და ახალი შინაგანაწესებით მუშაობს. ეჭვი არ მეპარება, რომ კოდი გეცოდინებოდათ, რადგან ხშირად ამოდიოდით საცოლესთან და ღამითაც რჩებოდით მასთან. მაგრამ კამერაზე რატომ არ გამოჩნდით? უჩინმაჩინის ქუდი გეხურათ?

_ მე რა ვიცი, რატომ არ გამოვჩნდი, მე რა ვიცი! _ იყვირა უცებ და ხელები გაფარჩხა, _ ჰკითხეთ მაგ კამერის პატრონს და ის გეტყვით. იქნებ არ მუშაობდა ნორმალურად ის კამერა, ჩემი ბრალია? იქნებ გაფუჭდა რაღაც მომენტში ან ფირი გათავდა?

_ რა გათავდა? _ ამჯერად ზურიკომაც ვერ შეიკავა თავი და გაეცინა, _ ციფრულ კამერაზეა საუბარი, გუმბერიძე. რა გინდა მაგით თქვა, რომ კამერა ალაგ-ალაგ იღებდა და მაინცდამაინც შენ დაგიწუნა, ეს რა ჰგავს, ამას არ გადავიღებო?

როგორ აიწურა… ისე დაპატარავდა, გეგონებოდა, ცოტაც და საერთოდ გაქრებაო.

_ არ ვიცი, არაფერი არ ვიცი.

_ მოიცა ერთი წუთით! _ ზურიკელა ისევ წამოხტა და მობილური მოიმარჯვა.

დარეკა. რამდენიმე წამის შემდეგ ოთახში ტიდას ხმა გაისმა.

_ რა ხდება მანდ? ახალი არის რამე? _ შეეკითხა ზურიკო.

_ ისეთი არაფერი, ზურა.

_ ჩანაწერები ხომ კარგად დაათვალიერე?

_ თვალი არ მომიშორებია, უკვე მესამე წრეზე წავედი. ლაშა არსად არ ჩანს.

_ აჰა… სხვა საეჭვო არაფერი შეგინიშნავს?

_ საერთოდ არაფერი. სადმირა ორჯერ გამოჩნდა მთელი დღის განმავლობაში. ერთხელ დილით, როცა სამსახურში მიდიოდა და მეორედ საღამოს, როცა უკან დაბრუნდა. ხელში ორი დიდი პარკი უჭირავს, ალბათ, მარკეტში თუ გაიარა პროდუქტების საყიდლად. კამერაზე ის ადგილი არ ფიქსირდება, სადაც მანქანას აყენებს, მაგრამ მერე ჩანს, როცა სადარბაზოს კართან კოდს კრეფს. პარკებს ძირს აწყობს, მიწაზე, მერე ხდება კოდის აკრეფა, მერე კარის გაღება, პარკების ხელში დაჭერა და შესვლა. მორჩა, მას მერე გარეთ არ გამოსულა.

_ ოკ. საკმარისია, ტიდა, აღარ გააგრძელო. მივხვდი, რაც ხდება. კარგი, მორჩი მანდ, სახლში წადი და იქ დაგველოდე.

_ მე აქედან სამსახურში უნდა შევირბინო.

_ შეირბინე, ბატონო, და მერე გამოდი, რა პრობლემაა. ჩვენ ჯერ საქმე გვაქვს აქ, ბოლომდე არ დაგვიმთავრებია.

სანამ ზურიკო ტიდას ელაპარაკებოდა, ისეთი დაძაბული ვიყავი, სუნთქვაც კი შევწყვიტე ლამის. რაღაცას ვხვდებოდი და იმასაც ვგრძნობდი, რომ იმ „რაღაცას“ ზურიკოც ხვდებოდა.

როცა ჩემი შვილობილი ლაპარაკს მორჩა, თვალით ვანიშნე, ფანჯარასთან მისულიყო და მეც იქით გავყევი. მანამდე მობილურის კამერა დავაპაუზე. დიდი ამბავი, ორი წუთი თუ არაფერს გადავიღებდი.

_ ზურიკო, შვილო, არაა გამორიცხული, ეს ვაჟბატონი სულაც აქ იყო ბინაში მთელი დღე და იმიტომ არ გამოჩნდა კამერაზე.

_ უკვე ვიცი, ნატა. ასიანი ასეა ეგ. როგორც ჩანს, წინა საღამოს მოვიდა, დარჩა და მეორე დღეს არც უფიქრია შინ წასვლა. ის გოგოც დატვირთული დაბრუნდა სამსახურიდან. აშკარად იცოდა, ეგ რომ ბინაში დახვდებოდა და პროდუქტი გამოიყოლა. წინა დღის ჩანაწერები გვჭირდება სასწრაფოდ.

_ რა ვქნა, ჩავიდე აფთიაქში?

_ არა, არა, შენ ვინ რას მოგცემს. მაგას მამუკა მიხედავს. მაგრამ ერთი რამ მაფიქრებს. ამას არ დაურეკავს იმ დღეს სადმირასთვის და საიდან იცოდა, რომ ის აქ დახვდებოდა? სხვა ტელეფონიც ხომ არ აქვს ამ ლაშას შემთხვევით? ესეც უნდა გავიგოთ როგორმე, _ მითხრა ზურიკომ და გამომძიებელს მიუახლოვდა. ისევ რაღაც ჩასჩურჩულა ყურში.

მამუკა იმწუთას ადგა და ზურიკოსთან ერთად სამზარეულოში გავიდა. სასტუმრო ოთახში საშინელმა სიჩუმემ დაისადგურა. მობილურის კამერა საბოლოოდ გამოვრთე და ლაშას მივაჩერდი. ძალაგამოცლილი ჩანდა, ფერი წასვლოდა, გვამს დამსგავსებოდა. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ მკვლელობა მისი ჩადენილი იყო და ამის დადგენა არც ისე რთული იქნებოდა. უბრალოდ, დროის საკითხი იყო, რამდენად მალე მოგროვდებოდა სამხილები და თვითონ როგორ გაუძლებდა ამხელა ზეწოლას.

ამასობაში ზურიკო და მამუკა შემობრუნდნენ.

_ კარგი, დღეისთვის დავამთავროთ. გუმბერიძე, ხვალ მოხვალ განყოფილებაში და იმ ტანსაცმელს წამოიღებ, იმ დღეს რაც გეცვა და ამ ფეხსაცმელსაც. გასაგებია?

ამის გაგონებაზე სახე შეეცვალა.

_ რატომ, რა საჭიროა? _ თვალებს უკვე უაზროდ აცეცებდა.

_ ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს.

_ რისი ექსპერტიზა?

_ ეს, უბრალოდ, ფორმალობაა და მეტი არაფერი. რა იყო, ამხელა კაცი რამ შეგაშინა? ხომ არ გაპატიმრებ, შე კაცო!

_ მე რატომ უნდა დამაპატიმროთ, არაფერი დამიშავებია და… _ ხელები გაასავსავა.

_ ჰოდა, მითუმეტეს. კარგი, შეგიძლია წახვიდე, უკვე აღარ ხარ საჭირო. დანარჩენზე ხვალ ვილაპარაკოთ.

ლაშა ადგა, თავი დაგვიკრა ყველას და ოთახიდან ფეხარეული გავიდა.

ლანდს დამსგავსებოდა უკვე…

***

კვანძი უფრო და უფრო იხსნებოდა. ზურიკო ამბობდა, ახლა მთავარი ექსპერტიზის დასკვნააო. ამას მე ცოტა სკეპტიკურად ვუყურებდი. რა პასუხი შეიძლებოდა თითების ანაბეჭდებს მოეცა?

ირაკლის პრობლემასთან დაკავშირებული ემოციები ტალღებივით მასკდებოდა, რომელიც ხან ფსკერამდე ჩამიტანდა და სუნთქვას მიკავებდა, ხანაც მხოლოდ მსუბუქად მწუწავდა.

ზურიკოს იმედი მქონდა. ისე ჩაატარა იმ საზიზღარი ლაშას დაკითხვა, ბევრ რამეს მოჰფინა ნათელი და „სიძე კაცი“ რამდენჯერმე ჩიხში მოაქცია.

როცა სადმირას ბინაში საქმეები მომთავრდა, ჩემი გადაღებული ვიდეო მაშინვე გრძელიძეს გადავუგზავნე ინტერნეტფოსტით. მერე მე, ირაკლი და ზურიკო შინ წამოვედით, მამუკამ კი აფთიაქში შეიარა, რათა ხელმძღვანელობისთვის წინა დღის ვიდეოჩანაწერები გამოეთხოვა. ჩვენ არ დაველოდეთ, რადგან შეგვპირდა, როგორც კი ჩანაწერებს დავათვალიერებ, ეგრევე დაგირეკავთო. ზურიკომ ისიც სთხოვა, სადმირას სატელეფონო ზარები კიდევ ერთხელ გადაემოწმებინა. შემოსული ზარებიდან რომელიმე ისეთ ვინმეს ხომ არ ეკუთვნოდა, ვინც ინკოგნიტოდ რჩებოდა. მისი აზრით, არ იყო გამორიცხული, ლაშა გუმბერიძეს მეორე ტელეფონიც ჰქონოდა, რომლიდანაც საცოლესთან დარეკვას ისე შეძლებდა, მასზე ეჭვი არავის მიეტანა.

ბიჭები მოსვლისთანავე მაგიდას მიუსხდნენ. მოშივებოდათ. მე სუფრა გავშალე, თან დაკითხვის ყოველ ნიუანსს გონებაში ვაანალიზებდი, სადმე რამე მნიშვნელოვანი არ გაგვპარვოდა.

_ აუუ, რა გემრიელობები იცი, ნატა! _ მგელივით მოჰყვა ყმუილს ჩემი შვილობილი, _ ლამისაა თითებიც მივატანო თან, _ ლუკმით პირგამოტენილმა ერთმანეთს მიტყუპებული თითები ტუჩებთან მიიტანა, თითქოს უნდა აკოცოსო.

_ თითებს არა უშავს, ხორცია მაინც, მაგრამ აი, ფრჩხილებიც თუ თან ჩაგყვა, მერე ხარ ცოდვა, მაგას რა მოინელებს, _ გაეხუმრა ირაკლი, რაზეც ორივეს ფხუკუნი აუტყდა.

ისეთ ხასიათზე ვიყავი, მათ ხუმრობაზე ვეღარ მეცინებოდა.

_ დე, რა შეფიქრიანებული ხარ, რა მოგდის? _ ირაკლის არ გამოჰპარვია ჩემი ჭმუნვა.

_ რა ვიცი, შვილო, ვდარდობ მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი დღესავით ნათელია.

_ ნუ დარდობ, ნატა. ჩათვალე, რომ ამ საქმის მოგება ჯიბეში გვაქვს.

_ რომელში, მარცხენაში თუ მარჯვენაში? _ ირაკლიმ ღიმილით გახედა მეგობარს.

_ გულისჯიბეში, ირაკლუნა, აქ, აი, აქ! _ გაშლილი ხელისგული მკერდზე დაიტყაპუნა ზურიკომ.

ამ დროს სწორედ იმ ადგილას, სადაც ხელი ედო, მელოდია ამღერდა. ადვოკატს მობილურით ურეკავდნენ. ისე დაემთხვა ეს მომენტი, მათთან ერთად მეც გამეცინა.

_ აბა რა, აბა რააა! ყველაზე დიდი „მომგებიანი საქმე“ გულისჯიბეშია მოთავსებული! _ ტელეფონის მისამართით აღნიშნა ირაკლიმ და ღორის ხორცის კარგა მოზრდილი ნაჭერი პირისკენ გააქანა.

ზურიკომ მობილური ამოიღო, მაგიდაზე დადო და ეკრანს თითი გადაუსვა, თან ხმამაღალზე დააყენა, რომ ჭამას არ მოსცდენოდა:

_ გისმენ, ირინა!

_ სად ხარ?

_ საქმეზე. რა იყო?

_ ოფისში არ მოდიხარ?

_ არა მგონია დღეს დავბრუნდე. რა ხდება რო?

_ ვიღაც კაცი იყო მოსული, გკითხულობდა. სასწრაფო საქმე მაქვს და სხვა ადვოკატი არ მინდაო, შენთან უნდა შეხვედრა.

_ ამ ეტაპზე ვერანაირ საქმეს ვერ მოვკიდებ ხელს. ახლა ისეთ რამეზე ვმუშაობ, სანამ ამას არ დავამთავრებ, სხვა ნებისმიერი გამორიცხულია, ირინა, ასე გადაეცი.

_ აუუ, შენ რა მოუხელთებელი გახდი ბოლო დროს, რა გჭირს? _ უსაყვედურა თანაშემწემ.

_ ჩემო ძვირფასო თანაშემწევ! გააკეთე, რასაც უფროსი გეუბნება. ბოდიში მოუხადე ჩემ მაგივრად და აუხსენი სიტუაცია. უთხარი, რომ ერთდროულად ორ საქმეზე ვერ ვიმუშავებ.

_ თორემ არ გიმუშავია, რა. _ უსაყვედურა თანაშემწემ.

_ საქმეს გააჩნია. ეს ისეთი ჩახლართული ამბავია, სხვაზე ვერ გადავერთვები. თანაც, ჯერ არ ვიცი, ასეთი საშური რა არის, იქნებ სულაც უარს ვეუბნები? კოტესთან გადაამისამართე. კარგი ბიჭია ეგ.

_ ადამიანო, კოტესი კი არა, შენი აყვანა უნდა, რით ვერ გაიგე? _ მოთმინება დაკარგა ირინამ.

_ მე არ მცალია. მორჩა და გათავდა! მეტჯერ აღარ დამირეკო, კარგი? _ ხმა გაიმკაცრა ზურიკომ და მობილური გათიშა.

_ ჩემ გამო საქმეებს კარგავ, არა? _ ირაკლიმ მორიდებით შეხედა მეგობარს.

_ ირაკლუნა, მე ვიცი, რასაც ვაკეთებ. არანაირ საქმეს არ ვკარგავ. არც ვიცი, ვინაა, რა საქმე აქვს. ვისაც ჩემი აყვანა უნდა, ყველას რომ დავეთანხმო, ხომ მეტირა ყოფა და ეგაა. ისედაც ალმაცერად მიყურებენ ოფისში, საქმეებს გვართმევსო. წავიდეს და სხვა ნახოს.

ისეთ ცუდ ხასიათზე დადგნენ ბიჭები, ჭამის გაგრძელების ხალისი დაკარგეს. ვერც ხუმრობები აეწყო.

სასტუმრო ოთახში გადავინაცვლეთ ყავის დასალევად. ამასობაში ტიდაც მოვიდა.

_ რა ქენით? _ ზურიკოს მიაჩერდა და თავისი ზურგჩანთა ტახტზე შემოდო. მერე გვერდით მიუჯდა შეყვარებულს და თავი მხარზე დაადო, _ გამოდის რამე?

_ გამოვა, სად წავა, _ თავით თავზე გაეხახუნა ზურიკო და ირაკლის თვალი ჩაუკრა, _ მეგრელების „გრუპიროვკას“ ვინ დაუდგება წინ! ნახე, რა ბანდა შევიკრიბეთ!

_ ჯაზბანდა თან! _ კვერი დაუკრა ირაკლიმ.

_ არა, რას ვერ ვხვდები, იცი? ისე როგორ შევიდა სადარბაზოში, რომ კამერაზე არ დაფიქსირდა? _ ხელები მუხლებზე დაიტყაპუნა ტიდამ.

_ იმიტომ, რომ წინა დღესაა მისული. ჩვენ კი წინა დღის ჩანაწერები არ გვინახავს.

_ მართლააა? _ ტიდა წელში გასწორდა და გაოცებულმა თვალები დააჭყიტა, _ ეგ როგორ ვერ ვიფიქრე? ჟურნალისტი მქვია ახლა მე?

_ არა, ჟურნალისტი არ გქვია, დილეტანტი გქვია ჯერ, _ თვალები მოწკურა ირაკლიმ და ღიმილით გახედა თავის დას.

_ სამაგიეროდ, ნატამ ეგრევე მოწვა. _ აღნიშნა ზურიკომ.

_ მოვწვი რა, მაშინვე მივხვდი, რატომაც არ გამოჩნდა ჩანაწერებში. რა დიდი მიხვედრა მაგას უნდოდა? _ მხრები ავიჩეჩე, _ ტიდა, არ გშია, შვილო?

_ არა, ვჭამე უკვე. შაურმა გამოვიძახეთ სამსახურში და აი, აქ მაქვს, ისეთი ცხიმიანი იყო. ყავას დავლევ მხოლოდ.

_ მოგიდუღებ ახლავე, _ წამოდგომა დავაპირე, მაგრამ ჩემმა ქალიშვილმა არ დამანება.

_ იჯექი, მე თვითონ. ჯერ გამოვიცვალო! _ თქვა და თავის ოთახში გავიდა.

_ მთავარია ექსპერტიზის პასუხები რას მოგვცემს. ყველაზე დიდ იმედს მაგაზე ვამყარებ, _ ისევ გაიმეორა ზურიკომ გზაში ნათქვამი ფრაზა.

_ შვილო, რას ელოდები მაგ ექსპერტის დასკვნისგან? ახალი რა უნდა გამოჩნდეს?

_ ბევრი რამე, ნატა, ძალიან ბევრი. თითის ანაბეჭდები უტყუარი საბუთია.

_ მაგრამ რომელი ჭკუათმყოფელი დატოვებდა თავის ანაბეჭდებს ან მკვლელობის იარაღზე, ან მსხვერპლზე, ან ტანსაცმელზე. არ ვიცი, არ ვიცი… _ უიმედოდ გადავაქნიე თავი.

_ აი, სწორედ მანდ მარხია ძაღლის თავი. თითის ანაბეჭდები ყველა საჭირო ადგილას უნდა გამოჩნდეს, თუ გულწრფელია და არაფერს მალავს. სადაც არაა საჭირო, იქ არც დაფიქსირდება.

_ ვერ გავიგე, რას გულისხმობ, _ დაბნეული შევაჩერდი ზურიკოს.

_ წინასწარ არაფრის თქმა არ მინდა. ვაითუ შევცდე, მაგრამ გული მიგრძნობს, რომ რასაც ვფიქრობ, ის იქნება ზუსტი. დაველოდოთ, რა!

ამ დროს ისევ ამღერდა მისი მობილური. გამომძიებელი ურეკავდა.

_ ხო, მამუკა, _ ზურიკომ კვლავ ხმამაღალზე დააყენა ტელეფონი, რომ მისი ნათქვამი ჩვენც გაგვეგო.

_ შენ მართალი აღმოჩნდი, ზურაბ. წინა საღამოსაა მისული სადმირასთან ეგ ტიპი და მას მერე კორპუსიდან არ გამოსულა. ღამე იქ გაუთევია, ამიტომაც არ გამოჩნდა იმ დღის ჩანაწერებში.

_ ვახ, შენ გენაცვალე! _ ჯიგრიანად წამოიძახა ზურიკომ და თავისი შეძახილის განსამტკიცებლად მუჭიც შემართა, _ ვსიო, გასკვანჩულია, ხელში გვყავს უკვე.

_ ფაქტია, მაგის მოკლულია. ხვალ მის ტანსაცმელს და ფეხსაცმელსაც გავგზავნი ექსპერტიზაზე.

_ უიმეე, ეგ ათასჯერ ექნება უკვე გარეცხილი, რა აზრი აქვს, _ უკმაყოფილოდ წარმოთქვა ოთახში შემობრუნებულმა ტიდამ, რომელიც სპორტულებში გამოკვართულიყო.

მამუკამ გაიგონა მისი ნათქვამი.

_ მთლად მასეც არაა საქმე, ქალბატონებო და ბატონებო! რაც არ უნდა რეცხოს, სისხლის ლაქები მაინც რჩება. ასე რომ, რეცხვა და ხეხვა არ უშველის მაგ საქმეს.

_ უი, მართლა? _ ტიდა გაწითლდა, უვიცობა რომ გამოავლინა და სასწრაფოდ სამზარეულოს მიაშურა ყავის მოსადუღებლად.

_ კარგი, მამუკა, დიდი მადლობა ასეთი კარგი ამბისთვის. ახლა ნოდარის პასუხებსაც დაველოდოთ.

_ კი, კი, აუცილებლად. მე უკვე ვუთხარი, ცოტა დააჩქარე-მეთქი. ეს საქმე შენ უნდა მოიგო, ჩემო ზურაბ! _ მამუკას ხმა მკვეთრად ისმოდა, _ ჩემზე არ იფიქრო. ჩემი მოვალეობაა საქმე პროკურორს ჩავაბარო, დანარჩენი შენ იცი და შენმა მარიფათმა. ისე მინდა მოვაწყოთ, რომ მაგ გუმბერიძემ არაფერი იყნოსოს. პირდაპირ სასამართლო პროცესზე ავიყვანთ.

_ მოიცა, მამუკა, _ ზურას გაოცება გამოესახა სახეზე, _ მანამდე არ აპირებ დაკავებას?

_ რატომ, რა საჩქაროა? არ ჯობია ერთი კარგი წარმოდგენა გავმართოთ? მაგარი სანახაობა გამოვა. ირაკლი ფაღავას პირდაპირ პროცესის მიმდინარეობისას გაამართლებს ადვოკატი, ნამდვილ დამნაშავეს კი იქვე დააპატიმრებენ. ჰა, რას იტყვი? მთელი დღეა ამაზე ვფიქრობ.

_ ეგ შენი იდეა იყო? _ სახე გაებადრა ზურიკოს.

_ მე და გოგიმ ვილაპარაკეთ და ასე გადავწყვიტეთ. ჩვენ გარდა არავის არაფერი ეცოდინება. შენც ქულებს ჩაიწერ. მერე ნახე, რამდენი ხალხი მოგაწყდეს, რიგი დაგიდგება.

_ არ მინდა მამუკა, ჭირიმე, არანაირი რიგი, ოღონდ ყველაფერი დალაგდეს. მე ისიც მაწყობს, საკმარისი სამხილების შემთხვევაში სასამართლო პროცესამდე აიყვანონ გუმბერიძე. რა თავში ვიხლი აღიარებას, პატარა ბიჭი ხომ არ ვარ.

_ ახლა არ დამიწყო მოიადები! როგორც ვთქვი, ისე იქნება და მორჩა! დამიჯერე, ეგრე უფრო მაგარი იქნება და არამარტო შენთვის, შენი დაცვის ქვეშ მყოფისთვისაც. მერე ნახე როგორ გააღმერთებენ. ჰა, ირაკლი, ასე არ არის? _ ტელეფონში გრძელიძის სიცილი გაისმა.

ჩემს შვილს მთელი ამ ხნის განმავლობაში სიტყვაც არ დაუძრავს. გახევებული იჯდა და გაქვავებული სახით ერთ წერტილს მიშტერებოდა. მხოლოდ კუნთი უხტოდა მარცხენა ყბაზე.

ნერვიულობდა ჩემი ბიჭი…

ტიდამ ყავა შემოიტანა და ზურიკოს ისევ გვერდით მიუჯდა.

_ რა მაგარი კაცი ყოფილა ეს მამუკა, _ თქვა და ყავას სული შეუბერა, _ ჭკვიანი ქალი კი შეიყვარებდა ასეთ კაცს, _ ეშმაკური ღიმილით დააყოლა და ზურიკოს ქვემოდან შემპარავად ახედა.

_ ჭკვიანი ქალი კი, _ ირონია არ დაიშურა ირაკლიმ დის მისამართით და, როგორც იქნა, გაიღიმა. ეგრევე მოეხსნა სახიდან დაძაბულობა და მეც შვება ვიგრძენი.

_ და მე რა, არ ვარ ჭკვიანი? _ იწყინა ტიდამ, თან შეყვარებულს მხარი გაჰკრა, ვხუმრობ და არ გეწყინოსო.

_ შენ არ ხარ ჭკვიანი, შენ დილეტანტი ხარ, _ თავდაჯერებულად გაუმეორა ძმამ, _ ჩემი თუ არ გჯერა, ზურიას ჰკითხე და გეტყვის.

_ ამიტომაც დილეტანტები ადვოკატებს ირჩევენ, _ დაადასტურა ზურიკომ და ყველა გაგვაცინა…

***

მეორე დილით ირაკლი სახლში დავტოვე და უთენია გავემართე განყოფილებაში. სახლში ვეღარ ვჩერდებოდი. მინდოდა ყველაფრის საქმის კურსში ვყოფილიყავი და ერთი წვრილმანიც კი არ გამომრჩენოდა.

ჯერ არავინ არ დამხვდა მოსული, მხოლოდ მორიგე პოლიციელები ირეოდნენ დერეფანში. როგორც იქნა, ცოტა ხანში გრძელიძეც გამოჩნდა. დინჯად მომესალმა, რათა სხვებს თვალში არ მოხვედროდა ჩვენი „კეთილი ნაცნობობა“ და მთხოვა, ცოტა ხანს გარეთ დამელოდეთ, მალე დაგიძახებთო.

ის იყო, თავის კაბინეტში შეიმალა, რომ დერეფანში ლამის სირბილით მომავალი ორი კაცი შევნიშნე. ახლოს რომ მოვიდნენ, აკაკი და მისი შვილი შევიცანი _ უფროსი და უმცროსი გუმბერიძეები. ლაშას მამას სიბრაზისგან ფერი არ ედო სახეზე. მე არც შევუმჩნევივარ, ისე შევარდა გრძელიძის კაბინეტში. ლამის შეგლიჯა კარი.

წამიც არ გასულა, რომ მამაკაცის ყვირილმა დერეფანი გააყრუა. უფროსი გუმბერიძე გამომძიებელს შავ დღეში აგდებდა.

იმავე წუთში რამდენიმე პოლიციელი მამუკას კაბინეტთან გაჩნდა, სასწრაფოდ შიგნით შევიდნენ და ცოტა ხანში ხელებგაკავებული აკაკი გამოიყვანეს.

_ ამას ასე არ დავტოვებ! თქვენ ჩემი შვილი დაბალი ღობე ხომ არ გგონიათ! _ გრგვინავდა ბიზნესმენი.

ამ დროს მოპირდაპირე მხარეს კარი გაიღო და ის კაცი გამოვიდა, ვინც პირველ დღეს პოლიციის უფროსად მოვიაზრე. მან თითით ანიშნა აკაკის გამკავებელ თანამშრომლებს, ჩემთან შეიყვანეთო. როცა აკაკი ოთახის სიღრმეში გაუჩინარდა, უფროსმა დერეფანში გაიხედ-გამოიხედა და ისევ კაბინეტში შებრუნდა.

ოხ, როგორ მინდოდა გამეგო, რა ხდებოდა შიგნით, რაზე ილაპარაკებდნენ იქ მყოფნი, მაგრამ მათთან ვინ შემიშვებდა? ნეტავ როგორი კაცია ამათი უფროსი? შემთხვევით, ხომ არ მეგობრობს აკაკისთან? ამის გაფიქრებამ თავზარი დამცა. ძლივს ადგილიდან დაძრულ საქმეს საშიშროება ხომ არ ემუქრებოდა?

გული ამოვარდაზე მქონდა. ამ დროს გრძელიძის ოთახის კარი გაიღო და მამუკა გამოჩნდა. ხელში მომცრო ჩანთა ეჭირა, უკან კი ლაშა მოსდევდა.

_ ტყუილად ჩხუბობს მამაშენი, კაცო! ფორმალობაა ეს ყველაფერი, ხომ აგიხსენი გუშინ? ამ ტანსაცმელზე რომ არანაირი კვალი არ იქნება, შენც ხომ კარგად იცი, არა? უბრალოდ, ეს კიდევ უფრო განამტკიცებს შენს უდანაშაულობას, ფაღავას კი ბრალს დაუმძიმებს. ამიტომ გითხარი, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი მოიტანე-მეთქი. რა იყო აქ ქვეყნის დასაქცევი, ვაა! _ ამ სიტყვებით მამუკა დარეფანს დაუყვა. უმცროსი გუმბერიძის ტანსაცმელ-ფეხსაცმელი ექსპერტიზისთვის მიჰქონდა.

ერთ ადგილზე ვერ ვჩერდებოდი. წამოვხტი და წინ და უკან დავიწყე დერეფანში სიარული.

გრძელიძე მალევე მობრუნდა. მომიახლოვდა და ხმადაბლა, თან ჩქარ-ჩქარა მითხრა:

_ ქალბატონო, ზურაბი მჭირდება სასწრაფოდ. ვურეკავ და მობილური გათიშული აქვს. იქნებ მიაკითხოთ ოფისში და უთხრათ, ჩემთან გამოვიდეს?

_ ცუდადაა საქმე? _ პირგამშრალმა ძლივს ვკითხე.

_ არა, არა, უბრალოდ, რაღაცები უნდა გავიაროთ ერთად.

_ შემეძლება მეც დავესწრო თქვენს საუბარს?

_ მაპატიეთ, მაგრამ ამას აქ ვერ ვიზამ. არ მინდა ვინმემ რამე იფიქროს. მერე ზურაბი მოგიყვებათ ყველაფერს. ბოდიში, რა.

_ არა, შვილო, რა გაქვთ საბოდიშო. პირიქით, მე უნდა მაპატიოთ, რომ ასე თვალში გეჩხირებით. რა ვქნა, დედა ვარ და ყველაზე მეტად მე მტკივა ჩემი შვილის სატკივარი.

_ მესმის, ქალბატონო. არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგად იქნება. მინდა ისე დავალაგო ეს საქმე, რომ სასამართლო პროცესამდე ამათ არაფერი იყნოსონ. ერთი თუ შეეპარათ რამეში ეჭვი, შეიძლება ისე გადამალონ ეს ვაჟბატონი, მერე საძებარი გაგვიხდეს. ხომ გესმით?

_ გასაგებია, გენაცვალე. კარგი, ახლავე გავიქცევი და გადავცემ ზურიკოს თქვენს დანაბარებს, _ დავფაცურდი და გულდამძიმებულმა დავტოვე პოლიციის განყოფილება.

***

საადვოკატო ფირმა, სადაც ზურიკო მუშაობდა, ჩემთვის უცხო სულაც არ იყო. ფირმის უფროსი, იზოლდა მარდალეიშვილი ჩემი დიდი ხნის ნაცნობი გახლდათ. შეიძლება ითქვას, ვმეგობრობდით კიდევაც. მისი დახმარებით ბევრი რეპორტაჟი გამიკეთებია. რამდენჯერმე სახლშიც მიმიპატიჟა, რესტორანშიც გვიქეიფია ერთად. ვიცოდი, ჩემი ნახვა გაუხარდებოდა, თუკი სამსახურში დამხვდებოდა.

შევედი თუ არა კაბინეტებად გადატიხრულ დარბაზში, რამდენიმე წყვილი თვალი ერთდროულად მომაჩერდა. მერე ერთი დაბალი, ჯმუხი მამაკაცი წამოხტა და ჩემკენ გამოემართა. მივხვდი, კლიენტი ვეგონე და ჩემი „დათრევა“ განიზრახა. საქმიანი იერით მომიახლოვდა და დაყენებული ტონით მომმართა:

_ გისმენთ, ქალბატონო!

_ ზურიკოს ვეძებ, შვილო! _ რაც შეიძლებოდა მზრუნველი და თბილი ხმით წარმოვთქვი.

ზურიკოს ხსენებაზე უცებ შეეცვალა სახე.

_ ა, ზურაბი ჯერ არ მოსულა, იცით? მე შემიძლია დაგეხმაროთ, თუ რამეა.

ისე გავუღიმე, როგორც პატარა ბავშვს, თავისი ცელქობის გამართლებას რომ ცდილობს.

_ სამწუხაროდ, თქვენ ვერ დამეხმარებით. ხომ არ იცით სად იქნება?

უცებ ვერაგულად ჩაიცინა, ჩემკენ გადმოიხარა და ძალიან ხმადაბლა მითხრა:

_ ალბათ, თავის ქალებთან. ყველას რატომ გგონიათ, რომ ის საუკეთესო ადვოკატია? კაცი რომ აფერისტობით საქმეს მოიგებს, ესაა პროფესიონალიზმი?

იმდენად გავოცდი, რომ ავირიე. ამით რისი თქმა უნდოდა?

_ ვერ გავიგე… უკაცრავად, თქვენი სახელი?

_ კოტე მქვია, ქალბატონო, კოტე დავითულიანი.

_ სასიამოვნოა, ბატონო კოტე. თქვენ გინდათ მითხრათ, რომ ბატონი ზურაბი აფერისტია?

_ აბა როგორ იგებს პროცესებს, რა გგონიათ? ყველა თავის მოწმეს სიყვარულს უხსნის, ცოლობას ჰპირდება, ლოგინში შეიტყუებს და ეს საწყალი ქალებიც იმას ამბობენ, რაც მას სჭირდება. სულ ესაა მისი ცოდნა, სხვა კი არაფერი. მაგარი გაქნილი ვინმეა. _ მამცნო დავითულიანმა.

კრიჭა შემეკრა. მერედა, ვისზე ამბობდნენ ამას! არც მეტი, არც ნაკლები… ჩემი ქალიშვილის შეყვარებულზე! ჩემს მომავალ სიძეზე!

ნუთუ მართალია, რასაც მეუბნება? იქნებ ამ ბიჭს ზურიკოს ბოღმა ახრჩობს და ამ ყველაფერს მის დასაკნინებლად იგონებს?

ხან წამომახურებდა, ხან შემამცივნებდა. იქნებ მეტი დავტყუო-მეთქი და კარგ მოკავშირესავით ავყევი:

_ ალბათ, უკრაინაში სხვა მეთოდებით მუშაობენ, არა? ეგ ხომ იქიდანაა ჩამოსული, _ მეც დავიდაბლე ხმა და ისეთი გასაიდუმლოებული გამომეტყველება ავიკარი სახეზე, ჯეიმს ბონდს შეშურდებოდა.

_ როგორც ყველა მეგრელი, ეგეც მაგარი აფერისტია, _ გამოიტანა განაჩენი და ბეჭედიც ზედ დაუსვა, თავი დამაჯერებლად დააქნია.

_ რას ამბობთ, კოტე! მეც მეგრელი ვარ! _ „შევიცხადე“ და აი, მანდ დაერხა.

უცებ გადაასხვაფერა ნათქვამი:

_ ლტოლვილი მეგრელები სულ სხვა ადამიანები არიან, ქალბატონო. თან ადვოკატები? მტრისას! ოღონდ ფული გააკეთონ და რაზე არ წავლენ!

_ თქვენ? თქვენ ასეთი არ ხართ, რა თქმა უნდა, _ ძალიან კეთილად გავუღიმე.

_ ღმერთმა დამიფაროს! ცამეტი წელია ადვოკატი ვარ და ჩემი უკმაყოფილო ჯერ კლიენტი არ ყოფილა.

_ ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, კოტე! _ მხარზე მოვუთათუნე მარჯვენა, _ იზო აქაა თუ იცი? _ უცებ ძალიან შინაურულად მივმართე, _ მე იზოს მეგობარი ვარ.

ამის გაგონებაზე ნირი წაუხდა. როგორც ჩანს, იფიქრა, უფროსთან ჩამიშვებსო.

_ მგონი, აქ უნდა იყოს. მეგონა, თქვენ პირად საქმეზე იყავით მოსული.

_ კი, პირად საქმეზე ვარ. მე ირაკლი ფაღავას დედა ვარ, ჟურნალისტი ნატა მეუნარგია.

ამ ცნობამ საბოლოოდ მოცელა. აწრიალდა, მაგრამ რა აწრიალდა. თავს ვიკავებდი, არ გამცინებოდა, მაგრამ ვერაფრით ვერ შევძელი. ისევ მოვუთათუნე მხარზე ხელი და ჩურჩულით ვუთხარი:

_ ნუ გეშინია, ჩამშვები არ ვარ. სამარედ მიგულე. რაც ჩვენ ვილაპარაკეთ, ჩვენ შორის მოკვდება. გპირდები.

ის იყო, იზოლდას კაბინეტისკენ გავტრიალდი, რომ კარი გაიღო და ზურიკო შემოვიდა. თვალები დასივებოდა, უძინარს ჰგავდა.

_ ნატა! _ შესძახა ჩემი დანახვისთანავე, _ აქ რა გინდა?

ხელკავი გამოვდე და განზე გავიყვანე:

_ გრძელიძე გიბარებს, სასწრაფოდ მოვიდესო. რატომ გქონდა ტელეფონი გამორთული? თვალები რა დღეში გაქვს? რა ხდება, ზურიკო, შენს თავს? _ ერთ კითხვას მეორეს ვუნაცვლებდი.

_ არაფერი, რა უნდა ხდებოდეს. წუხელ მთელი ღამე ვიმუშავე. ყველაფერი ჩამოვწერე. სავარაუდო სცენარი, როგორ მოხდა ყველაფერი. დეტალურად აღვწერე სიტუაცია. ამიტომ თენდებოდა, რომ დავწექი და გაღვიძება გამიჭირდა. ტელეფონიც დამჯდარა და დატენვა ვერ მოვასწარი. მამუკა სად ნახე?

_ განყოფილებაში ვიყავი. დილიდან იქ ვარ.

_ რამე მოხდა და მე არ ვიცი?

_ არა, არა, ისეთი არაფერი. გულმა არ მომითმინა, სახლში ვერ გავჩერდი და ვიფიქრე, იქ დაგხვედროდი. გუმბერიძეები მოვიდნენ მერე, მამაც და შვილიც. ააწიოკეს მამუკა. ისე ყვიროდა ლაშას მამა, მთელ განყოფილებას ესმოდა.

_ ეგ არაა კარგი ამბავი. არ მინდა ეჭვი გაუჩნდეთ, რომ მკვლელობაში მაგის შვილს ვადანაშაულებთ.

_ ხოდა, მაგიტომ გიბარებს მამუკაც. ლაშა კი დაამშვიდა, მაგრამ მაგრამ მამამისს არ ვიცი, რა ეშველება. მერე უფროსმა შეიყვანა თავის კაბინეტში.

_ გეწაძემ?

_ არ ვიცი, რა გვარია. მაღალი, ხმელ-ხმელი კაცი რომაა, ჭაღარა.

_ ხო, ეგაა. კარგი წამოვალ ახლავე, ოღონდ ჯერ იზოლდას დავენახვები.

_ წამო, მეც ვაპირებდი შესვლას. საუკუნეა არ მინახავს.

ორივემ მარდალეიშვილის კაბინეტისკენ ავიღეთ გეზი. იზოლდას ნახვა კი მიხაროდა, მაგრამ ის, რაც ზურიკოზე გავიგე ცოტა ხნის წინ, გულს მიკლავდა. მინდოდა მასზე აგორებული ჭორი სიმართლე არ გამომდგარიყო. თუ მართლა ჰქონდა აფერისტობისკენ მიდრეკილება, ტიდას ასეთი ქმრის ხელში კარგი დღე არ დაადგებოდა. რა მიქვია, მოწმეებს საწოლში იტყუებსო! ასეთი საქციელი კატეგორიულად მიუღებელი იყო ჩემთვის, მაგრამ როგორ გამერკვია, სად იწყებოდა სიმართლე და სად მთავრდებოდა ტყუილი? ზურიკოს ხომ არ ვკითხავდი, რასაც შენზე ამბობენ, მართალია თუ სიცრუე-მეთქი?

ისევ იზო თუ დამეხმარებოდა ამის გარკვევაში, ოღონდ ცალკე უნდა მომეხელთებინა.

ეგ არ იყო პრობლემა. აი, ზურიკო წავიდოდა პოლიციაში და მე და იზო მარტონი დავრჩებოდით. სულერთია, განყოფილებაში მაინც ვერ გავბრუნდებოდი. გრძელიძემ გამაფრთხილა კიდევაც, მე და ზურაბი დღეს უშენოდ გავართმევთ საქმეს თავსო.

ასე რომ, სიმართლეს იზოსთან გავარკვევდი. ის არაფერს დამიმალავდა.

ზურიკომ იზო ნაწილობრივ ჩააყენა საქმის კურსში. მოუყვა, რაც მოხდა წინა დღეებში, მაგრამ კარტები უფროსს ბოლომდე მაინც არ გაუშალა. მივხვდი, ჩემი შვილობილი სამსახურში დიდად არავის ენდობოდა, თავის უფროსსაც კი, რომელიც პირველი დღიდან სწყალობდა.

როცა ზურიკო წავიდა, მე და იზო მარტონი დავრჩით.

_ როგორ მესმის შენი, ნატა, წარმომიდგენია რა დღეში ხარ. თუმცა სანერვიულო მართლა არაფერი გაქვს, ისეთი კაცის ხელშია შენი შვილის საქმე.

_ ვიცი, იზო, ჩემზე უკეთ ვინ იცის ეგ, ლამის ჩემს ხელშია ზურიკო გაზრდილი.

_ რას ლაპარაკობ! მართლა? საიდან იცნობ? ნათესავია?

_ არა, არა. ბავშვობიდან ვიცნობ. დევნილია, სოხუმიდან. უფრო სწორად, მისი მშობლები იყვნენ იქიდან. ზურიკო თბილისში დაიბადა. რომ წამოიზარდა, პრობლემები შეექმნა. მამამისი დაიჭირეს, დედა გზას აცდა და დარჩა ბავშვი უპატრონოდ. ამ დროს შემთხვევით მე გავიცანი და ჩემთან წამოვიყვანე სახლში. კარგა ხანს ვპატრონობდი, სკოლაშიც კი მივიყვანე. მერე მამასისი გამოვიდა ციხიდან და უკრაინაში გაემგზავრნენ.

_ რას მეუბნები! ყველაფერს წარმოვიდგენდი და ამას ვერა! აბა, რა გადარდებს? ასე თუა, ორმაგი პასუხისმგებლობით მოეკიდება საქმეს. შესაშურად მოწესრიგებული ბიჭია.

_ რამდენად გულწრფელია, იზო? ოღონდ არ დამიმალო. ისეთ რამეებს ამბობენ მასზე, რომ ცოტა მეშინია, მის შეფასებაში არ შევცდე.

_ რას ამბობენ, ნუ გადამრიე! _ შეიცხადა იზოლდამ.

_ რას და, საქმის მოსაგებად თავის მოწმეებს ცოლობას ჰპირდება და სასურველ ჩვენებას აწერინებსო.

_ უიმეეე! მაგას ჩემები გეტყოდნენ, დარწმუნებული ვარ! ხომ მართალია? გაფიცებ ირაკლის, თუ არ მითხრა, ვისგან გაიგე! _ ღიმილით ჩემკენ გადმოიხარა იზოლდა და ნიკაპი მუშტად შეკრულ ხელზე ჩამოდო.

_ რა მნიშვნელობა აქვს, ასე მითხრეს და… _ არ მინდოდა მეთქვა კოტესთან გამართული საუბრის შესახებ.

_ ის მნიშვნელობა აქვს, ჩემო კარგო, რომ ჩემი ადვოკატები შურით სკდებიან, ზურაბი საქმეს საქმეზე რომ იგებს. ამიტომ უგონებენ გაუგონარ რაღაცებს. აბა, როგორ წარმოგიდგენია, ვიღაცამ ტყუილი ილაპარაკოს იმის გამო, რომ ადვოკატი ცოლობას შეჰპირდა? ორი თავი ვისა აქვს? წამითაც არ დაიჯერო ეგ! ჩმახავენ რაღაცას! არ იციან ზურიკოს სახელს ჩირქი როგორ მოსცხონ. ამ ბიჭს ტვინი სხვანაირად აქვს მომართული. ალღო აქვს სასწაული. ისე უდგება საქმეს, ისე ზედმიწევნით შეისწავლის ხოლმე სიტუაციას, ვერცერთი სხვა რომ ვერ მიხვდება. ძალიან შორს წავა, რომ იცოდე! უდიდეს პატივს ვცემ და ვერ ავიტან, მასზე ვინმემ ცუდი ილაპარაკოს! ნუ უსმენ შენ ნურავის, მე მომისმინე აგერ. ჩემზე უკეთეს სიმართლეს არავინ გეტყვის.

იზოლდას ახსნა-განმარტების შემდეგ ცოტა გულზე მომეშვა. მასთან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებდა, არ მომატყუებდა. ახლა უკვე ჩემს თავზე ვბრაზდებოდი, როგორ უნდა შემპარვოდა ამისთანა კრისტალივით ადამიანში ეჭვი? როგორ შეიძლებოდა ზურიკო აფერისტი ყოფილიყო? ხომ ვხედავდი, როგორ უყვარდა ჩემი ოჯახი, _ მეც, ტიდაც, ირაკლიც… ამ საქმის გამო რამდენი კლიენტი გაისტუმრა უარით.

კარგა ხანს ვიჭორავეთ მე და იზოლდამ. მასთან შეხვედრამ ხასიათი გამომიკეთა. ცოტათი შევმსუბუქდი კიდევაც. მერე დავემშვიდობე და სახლში წავედი. იქ ირაკლი მარტო მეგულებოდა. მისი მარტო დატოვება კი სულაც არ იყო მიზანშეწონილი. მარტო კი არა, ყველა ერთად რომ ვიყავით, მაშინაც კი უშტერდებოდა თვალები და სადღაც გადავარდებოდა ფიქრებით. მე ახლა მუდმივად მის გვერდში უნდა ვყოფილიყავი.

როგორი სასტიკი გამოცდა მომიწყო ცხოვრებამ. ისედაც, მთელი ჩემი სიცოცხლე გულივერი ვიყავი _ ხან ყველაზე დიდი და ძლიერი მეგონა ჩემი თავი, ხან პატარა და უსუსური. ახლა პატარა გულივერად ვგრძნობდი თავს, რომელსაც გოლიათებში გარევა უწევდა, მაგრამ როგორმე მოხერხებულად უნდა დამეძვრინა თავი ამ გოლიათებისგან, ან თავად უნდა გავმხდარიყავი გოლიათი.

_ დედას არ ვუტირებ, რო? _ კაი ძველი ბიჭივით ხმამაღლა შევძახე კორპუსში შემავალმა და ლიფტი გამოვიძახე…

***

ასე მეგონა, დრო გაიწელა. ორი დღე ორ კვირად მეჩვენებოდა, ორი კვირა _ ორ თვედ.

ორ დღეში მზად იყო ექსპერტიზის დასკვნა. ზურიკომ პასუხის მიღებისთანავე დაგვირეკა და მითხრა, ყველაფერი კარგადაა, საღამოს ამოვალ და დეტალურად მოგიყვებითო.

ერთი სული მქონდა, როდის მოსაღამოვდებოდა და გამოჩნდებოდა. რაღაცნაირად ვიყავი. ერთ მომენტში მჯეროდა, რომ ირაკლის გაამართლებდნენ, მეორე მომენტში კი სასოწარკვეთას ვეძლეოდი. თვალებიდან არ ამომდიოდა იმ დღის სცენა, გეწაძემ თავის კაბინეტში რომ შეიყვანა ლაშას მამა. ტვინს მიბურღავდა იმაზე ფიქრი, ვაითუ ახლობლები ყოფილიყვნენ და ჩვენი ყველა ძალისხმევა წყალში გადაგვყროდა.

ჩემმა ორივე „მე“-მ ერთმანეთში სამკვდრო-სასიცოცხლო ომი გააჩაღა. ამიჯანყდა მთელი სხეული, თითქოს შუაზე ვიხლიჩებოდი. იმედი და უიმედობა „აიწონა-დაიწონას“ პრინციპით ექიშპებოდნენ ერთმანეთს. ხან ერთი ერეოდა, ხან მეორე, თითქოს ხელის გადაწევაში გაუმართავთ შეჯიბრიო.

ირაკლი ჩემთან შედარებით მშვიდად იყო. ჭამითაც მშვენივრად ჭამა, ცოტა წაუძინა კიდეც. სწორედ მაგ დროს ვიხელთე, როცა ეძინა. ხატების წინ სანთელი ავანთე და ჩემი შვილის მომავალი შევავედრე. რატომღაც, ამ დღეებმა რწმენა გამიძლიერა. ასე არასდროს მომსურვებია ღმერთთან განმარტოება და ქადაგად დავარდნა. არადა, თავგადაკლული მორწმუნე არასდროს ვყოფილვარ. ეკლესიაში სანთლის ასანთებად თუ შევალ ხოლმე. ორიოდე ლოცვა ვიცი ზეპირად, ესაა და ეს. ახლა კი ჩემს თავს ვერ ვცნობდი. სინანულმა დამრია ხელი, რატომ უფრო ახლოს არ ვიყავი ღმერთთან მანამდე, როცა გამიჭირდა, მაშინ რომ გამახსენდა-მეთქი.

მაგრამ რას ვიზამთ, ადამიანები ვართ და ჩვენი ბუნება ასე უცნაურადაა მოწყობილი…

***

როგორც იქნა, მოსაღამოვდა. ზურიკო რომ მოვიდა, მე და ირაკლი აივნის მოაჯირს ვიყავით გადაყუდებული და პლატოს გავცქეროდით. არ ვსაუბრობდით, უბრალოდ, საკუთარ ფიქრებთან დარჩენილები გარემოს თვალიერებით თვალს წყალს ვალევინებდით.

_ აუჰ, იმდენი კარგი ახალი ამბავი მაქვს, არც ვიცი, საიდან დავიწყო, _ კარის ზღურბლზევე წამოიძახა ზურიკომ და შემოსვლისთანავე თავისი დოკუმენტებიანი ტყავის ჩანთა მაგიდაზე ისე მოისროლა, თითქოს კამათელს აგორებსო.

_ ცუდით დაიწყე, _ ურჩია ირაკლიმ.

_ ცუდით? ვახ, სადაა მერე ეს ცუდი? არ არის, ფა-ფუ! _ ხელისგულებით „ფა-ფუ“ გვაჩვენა და ორივე თავის ბავშვურ ღიმილში გაგვხვია.

_ ამევსო მოთმინების ფიალა, ბიჭო, დაიწყე შენც სულ თავიდან და ჩადი ბოლოში, _ ვეღარ ვითმენდი, ისე მაინტერესებდა, რა სასიკეთო ამბები მოგვიტანა.

_ ჰოდა, დაცალე შენც მაგ შენი მოთმინების ფიალა და თავიდან დაიწყე ავსება, _ ეშმაკური მზერა მესროლა და მაგიდას მიუჯდა.

_ მიდი, ხელები დაიბანე და შეჭამე რამე, მშიერი იქნები.

_ არ ვარ მშიერი, მაგრამ რომც ვიყო, ისეთი ამბები მაქვს, ვერ გადარჩებით, ამიტომ როგორც თქვენ, ისე მეც ლუკმა არ გადამივა ყელში. მალე ტიდაც მოვა და ნამცხვრებს მოიტანს. შემპირდა. აი, ყავასთან კი დავაგემოვნებდი სიამოვნებით. ახლა კი დაბრძანდით აგერ და ყურადღებით მომისმინეთ.

წინ დავუჯექი და სახეში მივაჩერდი, თითქოს ასე უკეთ გავიგონებდი, რას იტყოდა. ირაკლი ცოტა მოშორებით დაჯდა, თითები მაგიდაზე დააწყო, მზის სხივებივით გაფარჩხა და იმას დააჩერდა, თითქოს სულაც არ აინტერესებდა, მისი ადვოკატი რას იტყოდა.

როგორ მესმოდა მისი. გული მეწურებოდა, ასეთ დღეში რომ ვხედავდი.

_ ასე და ამგვარად, მოვიდა ექსპერტიზის პასუხები. აქედან დავიწყებ, კარგი?

_ გისმენთ, გისმენთ, ნუ ამოგვხადე სული. სულერთია, საიდანაც გინდა იქიდან დაიწყე, ადამიანო! _ მოუთმენლად მივაძახე.

_ ვიწყებ: ის ვაზაა თუ ლარნაკი, მკვლელობის იარაღი აღმოჩნდა. ეგ ისედაც ნათელი იყო და ამაზე ყურადღებას აღარ გავამახვილებ, მაგრამ… _ აქ შეჩერდა და ორივე დაკვირვებით შეგვათვალიერა, _ მაგრამ მასზე ლაშა გუმბერიძის თითის ანაბეჭდები არ დაფიქსირდა.

_ ეგ როგორ? _ ირაკლიმ თავი ასწია და ზურიკოს შეხედა.

_ კი მაგრამ, რატომ? _ გავიკვირვე.

_ ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა. სწორედ ამ პასუხის მიღებას ველოდი ნოდარისგან. არ დაფიქსირდა იმიტომ, რომ შეცდომა დაუშვა და გაწმინდა, რომ ეჭვი მასზე არ მიეტანათ.

_ უი, რა მითხარი! _ ლოყაზე ვიტკიცე ხელი.

_ ეგ რა არის. უარესი „საქმენი გასაკვირალნი“ წინ გელოდებათ. არც ბინის კარის სახელურზე აღმოჩნდა მისი თითის ანაბეჭდები. რატომ? იმიტომ, რომ კვალი იქაც გააქრო. და რატომ? იმიტომ, რომ თავი არ გაეცა.

_ ესე იგი, გამოდის, რომ დანაშაულის დაფარვა უნდოდა თითის ანაბეჭდების გაქრობით, მაგრამ უარესი გამოუვიდა?

_ აბა რააა, აბა რააა! ამბობს, კარის სახელური ჩამოვწიე და გავაღეო. ხომ თქვა? ეს ვიდეოზეც ხომ ჩანს? ჩანს. მერე თქვა, მაგ ვაზაში მე თვითონ ჩავდე ყვავილები ორი თუ სამი დღის წინო. ეგრე არ იყო? იყო. მერედა, სად გაქრა ის ანაბეჭდები? ეს კი არა, უფრო სასწაულს გეტყვით. იმ ლარნაკზე მხოლოდ ირაკლის თითის ანაბეჭდებია დარჩენილი და მეტი არავის. სადმირასიც კი წაშალა გაუაზრებლად. აი, რამხელა შეცდომა აქვს დაშვებული. კარის სახელურზე, იმ დღეს სულაც რომ არ შეხებოდა, აუცილებლად უნდა ყოფილიყო ადრინდელი კვალი მაინც შერჩენილი. მაგრამ აღარაა. კარგი, დავუშვათ, სახელურს არ მოჰკიდა ხელი, მიაწვა და ისე გააღო. ეს მაინც ხომ უნდა დაფიქსირებულიყო? არც ეს ჩანს არსად. ანუ, გამოდის, რომ შეფრინდა. არადა, შიგნით, ბინაში, სამზარეულო გინდა, აივანი, ტუალეტი, სააბაზანო… ყველგან დატოვებული აქვს ანაბეჭდები. ანუ რა გამოდის? ის კვალი წაშალა, რომელიც მის დანაშაულზე მიუთითებდა.

სიხარულისგან ცრემლები მომაწვა.

_ ერთი სიტყვით, გუმბერიძე ყველანაირად შეეცადა, მკვლელობა ირაკლის დაჰბრალებოდა. ახლა, ალბათ, მკითხავთ დედა-შვილი, რა იცოდა, ირაკლი რომ მოვიდოდაო? იცოდა, ბატონო, ყველაფერი იცოდა. ისიც კი იცოდა, რომელ საათზე მოვიდოდა. ამას მე მხოლოდ ვვარაუდობ, მაგრამ დარწმუნებით ვიცი, რომ ასეა. შეიძლება სულაც ამაზე იჩხუბეს ან სხვა რამეზე, ამას ახლა დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება. მთავარია, რომ იცოდა. მოკლედ, სცენარი ასე განვითარდა: ლაშა წინა საღამოს ესტუმრა თავის საცოლეს. იმ ღამეს იქ დარჩა და მეორე დღეს ცხვირი არ გაუყვია გარეთ. როგორც ჩანს, ნაწილობრივ მაინც შერიგდნენ, რახან იმ გოგომ ღამით დარჩენის ნება დართო. მეორე საღამოს, როცა სადმირა შინ მობრუნდა, დატვირთული პარკები მოჰქონდა თან. ეს ვიდეოთვალმაც დააფიქსირა. ჩემი ვარაუდით, ის ირაკლის ელოდებოდა და გადაწყვიტა რაღაც მოემზადებინა და გაშლილი სუფრით დახვედროდა თავის ყოფილს. აქ უკვე ორი ვარიანტია განსახილველი: ან არ ელოდა, თუ ლაშა ისევ ბინაში დახვდებოდა, ან იცოდა, რომ იქ იქნებოდა და მოსვლისთანავე უთხრა, რომ ირაკლი უნდა ამოსულიყო და გასაღები მოეტანა. ვფიქრობ, ამაზე წაკამათდნენ. ძნელი გამოსაცნობია, რეალურად რა მოხდა, მაგრამ ფაქტია, რომ გუმბერიძეს რაღაც ძალიან არ მოეწონა და ის საყვავილე პირდაპირ სადმირას თავზე დაუშვა. შეიძლება მისი მოკვლა არც უნდოდა, მაგრამ გაცეცხლებულმა დარტყმის სიმძლავრე ვერ მოზომა და გოგო სასიკვდილოდ გაიმეტა. ეს უკვე მისი ადვოკატის პრეროგატივაა. თუ ჭკვიან ადვოკატს დაიქირავებს, _ ზურიკომ პაუზა გააკეთა, _ ჩემსავით ჭკვიანს, _ საჩვენებელი თითი გულზე მიიდო და თვალები სასაცილოდ აატრიალა, ვითომ ჩემს თავს დავცინიო, _ შეუძლია განზრახ მკვლელობას კვალიფიკაცია შეუცვალოს და „შემოაკვდას“ პრინციპს მიაწვეს. _ თქვა ზურიკომ და გაჩუმდა.

_ სულ ესაა? _ ირაკლისაც გაუწყდა მოთმინების ძაფი.

_ არა, ბატონო, უფრო მეტია და მაცალეთ, თუ შეიძლება. ამოსუნთქვის უფლება არ მაქვს?

_ გაქვს, გაქვს, და ხომ ამოისუნთქე უკვე, ჰოდა, გააგრძელე! _ ისე ვიყავი დაძაბული, ვერ ვითმენდი, სანამ ბოლომდე არ იტყოდა სათქმელს.

_ ვაგრძელებ: მისი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ექპერტიზამ აჩვენა, რომ ერთიც და მეორეც სისხლის ლაქებითაა სავსე. სულ დაწინწკლულია ორივე. კი გაურეცხავს დედამისს გულდასმით, მაგრამ სისხლი ისეთი ოხერი „ვინმეა“, ასე ადვილად არ ქრება, სულ რომ ქლორით რეცხო. ახლა გეკითხებით: თუ ახლოს არ მიჰკარებია გარდაცვლილს და ირაკლუნასთან ჭიდაობით იყო გართული, საიდან გაჩნდა ეს ლაქები მის სამოსზე ან ფეხსაცმელზე? თან შხეფები, რაც ადასტურებს, რომ დანაშაულის ჩადენის დროს შეესხა სისხლი დამნაშავეს. აი, ასე: ბრახ! დაამხო თავზე საყვავილე, იმას თავი გაუსკდა, სისხლმა იფეთქა და ერთიანად მოსვარა ჩვენი „უდანაშაულო“ გმირი. _ ზურიკომ „უდანაშაულოს“ ბრჭყალები ორივე ხელის მოკაკვული საჩვენებელი და შუათითით გამოხატა. _ როცა დარწმუნდა, რომ საცოლე მოკლა, მაშინვე კვალის დაფარვას შეეცადა. ყველაფერი გაწმინდა, რასაც ხელი შეახო _ ლარნაკიც, კარის სახელურიც და თვითონ კარიც. მერე გარეთ გავიდა, კარი ოდნავ შეღებული დატოვა, ერთი სართულით მაღლა აინაცვლა და ირაკლის მოსვლას დაელოდა. მერე კი, როგორც ქორი წიწილას, თავს დააცხრა და ყვირილს მოჰყვა, სადმირა შენ მოკალიო. თან პოლიციაც გამოიძახა. ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, ძალიან, ძალიან. ყველა სიკეთესთან ერთად, ისიც ვერ გათვალა, რომ კორპუსის წინ აფთიაქს შეიძლებოდა ვიდეოკამერა ჰქონოდა გარეთა პერიმეტრზე. ამაზე წამითაც არ უფიქრია, თორემ რამე სხვას მოიფიქრებდა. იმ კამერამ ბევრ რამეს მოჰფინა ნათელი, თორემ სიმართლის დადგენა უფრო გაგვიჭირდებოდა. მაინც კი გავიდოდით ბოლოში, მაგრამ ცოტა გაგვიჭიანურდებოდა. ახლა კი ვეღარაფერი ვერ დაგვაბრკოლებს.

სწორედ ამ დროს ტიდამაც შემოაღო კარი, ხელში ნამცხვრების ყუთი ეჭირა.

_ აბა, როგორაა დღევანდელი დღის გმირი? _ ჩემმა გოგომ ყველას ჩამოგვიარა, გვაკოცა და ყუთი მხოლოდ ამის შემდეგ დადო მაგიდაზე.

_ ტკბილით ხელში უფრო დატკბილული კოცნა გამოგივიდა თუ როგორაა შენი საქმე? _ გაიცინა ირაკლიმ.

_ შუ მომიტანე, ბუბი? _ ხმით მიეალერსა ზურიკო.

_ არა, უშუ. _ დაეჯღანა ტიდა.

_ უშუ რატომ, უნდა მომწამლო?

_ ჰო, ინსტრუქციაში ასე წერია. _ თქვა ჩემმა შვილმა ყუთს თავი ახადა.

ლამის ერთნაირმა ცხრა შუმ, შაქრის პუდრი რომ ჰქონდა თავზე დაფრქვეული, ყველას მადა გაგვიღვიძა. სხვების არ ვიცი, მაგრამ მე მხოლოდ იმწამს მივხვდი, მთელი დღის უჭმელს როგორ მომშივებოდა და ეს ნამცხვარი, სულ რომ მარტოს შემეჭამა, ვერ დამანაყრებდა.

_ მე ყავა მინდა! _ მასწავლებლის შეკითხვაზე პასუხის გამცემ მოსწავლესავით ასწია ხელი ზურიკომ.

_ მეც, _ სოლიდარობა გაუცხადა ტიდამ შეყვარებულს.

_ მე ჩაის დავლევ. „უშუ“ ჩაის უხდება, _ განმარტა ირაკლიმ.

_ მე კიდევ ჯერ საჭმელი მშია და მერე ეგ თქვენი „უშუ“, _ დავაგვირგვინე ბოლოს და ეგრევე ავდექი, რათა ვახშმის სამზადისი დამეჭირა.

***

_ ნეტავ ახლა რა ხასიათზე დადგება მამამისი, იმ დღეს ქვეყანა რომ დააქცია? _ ჩემთვის ჩავილაპარაკე, როცა ყველანი ვახშმობას შევუდექით.

_ რატომღაც, მგონია, რომ ლაშას მშობლებმა ყველაფერი იციან. _ ეჭვი გამოთქვა ტიდამ.

_ არა გამორიცხული, თუმცა მეეჭვება. თქვენ არ გინახავთ, როგორი სახე ჰქონდა იმ დღეს მაგ აკაკის. ერთი კვირის მიცვალებულს ჰგავდა. ასე ადამიანი ვერ ითამაშებს. _ თავი გავაქნიე.

_ მეც ეგრე ვფიქრობ, _ დამეთანხმა ზურიკო, _ ეგ ლაშა ისეთი კვაჭია, არავის არაფერს ეტყოდა. თავის ჭკუაში, ათიანზე მოაგვარა საქმე. სინამდვილეში კი თავისი თავი ბოლომდე გააშიშვლა. ეტყობა, მაგარი შტერია, ამდენი რამე რომ ვერ მოტვინა.

_ ნარკომანმა მაგდენიც რომ მოიფიქრა, არ გიკვირს? თანაც როგორ სიტუაციაში. მოკლული საცოლე წინ ეგდო და იმაზე ფიქრობდა, მკვლელობა ჩემთვის როგორ შეეტენა. _ თქვა ირაკლიმ.

_ ჰოდა, ეგაა, რა. იმ სიჩქარეში, თანაც შეშინებულმა, უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა. ამასობაში შეცდომა შეცდომაზე დაუშვა, რამაც ჩვენს წისქვილზე დაასხა წყალი.

_ ერთი ამას უყურეთ! წმინდა ქართულით რომ ლაპარაკობს! იმ უკრაინაში ეგ ქართული გამოთქმები სად ისწავლე, ძმა? _ აბუბუნდა ჩემი შვილი.

_ სად ვისწავლე და აქ, ირაკლუნა, აქ. დედაშენმა რომ მიმიყვანა, იმ სკოლაში, კიდევ ერთი ვიღაც რომ სწავლობდა ჩემთან ერთად, ერთი კლასით წინ! გვარს არ დავასახელებ! _ ნიშნის მოგებით მიუგო ზურიკომ.

_ ფაღავაზე ამბობ მაგას? „მე“-ზე? _ ირაკლიმ ღიმილით გაფშეკილი საჩვენებელი თითი გულზე მიიკაკუნა.

_ გეყოფათ! ჯობია საქმეზე ვილაპარაკოთ! _ ორივეს გაჩერება ვცადე.

_ მეტი რაღა უნდა ვილაპარაკოთ, როცა ყველაფერი ნათელია? _ ზურიკომ მეორე შუ პირისკენ გააქანა.

_ ცოტა არ იყოს, მეშინია. საკმარისი იქნება ეს სამხილები? რომ არ აღიაროს იმ სასიკვდილემ?

_ სად წავა? აღიარებს! _ თავდაჯერებული ტონით წარმოთქვა ზურიკომ.

_ არ აღიარებს და მისი აჯობებს! მაშინ მართლა მომიწევს კაცის მოკვლა და სამართლიანად მაინც ჩავჯდები! _ დაიქადნა ჩემმა ბიჭმა და თვალები ისე დააბრიალა, გული გადამიცივდა.

_ დამიწყნარდი, მეგობარო, შენ! არავის მოკვლა არ მოგიწევს. აქ მე რისთვის ვარ, თუ იცი? ყველაფერი დალაგებული მაქვს. ისე მივიმწყვდევ კუთხეში, თავისი პირით ვათქმევინებ, რომ მოკლა. აგერ ნახავ!

_ ის გეწაძე ძალიან მაფიქრებს, ბავშვებო! არ იცით, როგორ შეაყვანინა იმ დღეს ლაშას მამა პოლიციელებს თავის კაბინეტში. თითქოს მალულად. მერე ისე გაიხედ-გამოიხედა დერეფანში, გეგონებოდა, ამოწმებს, ვინ დაგვინახაო. _ შევფიქრიანდი.

_ ტყუილად ნერვიულობ, ნატა. გეწაძე მაგარი წესიერი კაცია, მაგ მხრივ არანაირი საშიშროება არ გველის. ეგრე იმიტომ მოიქცა, რომ განყოფილების რეპუტაცია არ შელახულიყო. როგორია, ვიღაც რომ მოგივარდება და ლანძღვით აგიკლებს? ვიღაცას ხომ უნდა დაეშოშმინებინა? ასეთ დაძაბულ ვითარებაში კი სიტუაციის განმუხტვას უფროსზე უკეთ ვინ შეძლებს? ვერავინ. პოლიციამ იცის თავისი საქმე. იმ აკაკის ბოლოს სულ ბოდიშები უხდია მამუკასთვის, შემეშინდა, ჩემს შვილს არ აჰკიდონ იმ გოგოს მკვლელობაო. საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგე და ბოდიში „მამიხდიაო“.

_ საწყალი კაცი. მეცოდება მაგნაირი შვილის ხელში. რა ეშველება აწი, ოხრად რომ დარჩება მთელი თავისი ქონება?

_ აი, დარდი! ჩვენ, მთავარია, ჩვენი სიმართლე ვიპოვოთ და ის რას იზამს, მისი საქმეა. არ უნდა გაეზარდა ასე მიშვებულად და ყველაფერი კარგად იქნებოდა. მამა რომ შვილს ნარკომანობას არ დაუშლის… არ ვიცი რა, _ ტიდამ თავი გადააქნია.

_ დაშლით როგორ არ დაუშლიდა, მაგრამ ვინ მოუსმენდა? რომელი ერთი შვილი იღებს რჩევებს მშობლისგან? _ შეეპასუხა ზურიკო.

_ რჩევაზე უკეთესი ის იქნებოდა, უაზროდ არ მიეცა ფული და მაგით არ გაეფუჭებინა შვილი, _ გამოვთქვი ჩემი აზრი.

_ ჰოდა, რომ აღარ აძლევდა, იმიტომ მიუჩოჩდა სადმირას. მაგას ართმევდა ალბათ ფულს. ერთი ამბავი იყო მაგაზე, მამამისი ერთ თეთრსაც არ აძლევს ლაშას და ამის გამო მთელი თავისი სამეგობროს ვალები აიკიდაო. _ ტიდამ ყავის სმა დაამთავრა და თავისი ფინჯანი ამოატრიალა, თითქოს სამკითხაოდ ამზადებსო.

_ ეგ კი შეიძლება მათი ჩხუბის მიზეზიც გამხდარიყო. არც ეგ ვარიანტია გამოსარიცხი, _ დაასკვნა ზურიკომ და წამოდგა, _ მორჩა, წავედი ახლა. ამაღამ კარგად უნდა გამოვიძინო, თორემ ხვალ დილითაც გამიჭირდება ადგომა. ორი დღეა სამსახურში ვაგვიანებ. იმ დღეს ნატა რომ არა, იზოლდა აუცილებლად მისაყვედურებდა დაგვიანებისთვის.

_ დაგვიანება ერთია, მაგრამ შენი თანამშრომლები რომ არ გიყურებენ კარგი თვალით, ეგ კიდევ მეორე. _ გულმა არ მომითმინა, არ მეთქვა, რაც მისმა კოლეგამ მასზე ილაპარაკა.

_ ეგ დიდი ხანია ვიცი. შეჩვეული ვარ უკვე.

_ მაგრამ რას ჭორაობენ შენზე, ის თუ იცი?

_ ალბათ, ათასგვარ საზიზღრობას. რაში მაინტერესებს, _ ხელი ჩაიქნია ზურიკელამ.

_ გამაგიჟებ მე შენ! რას ჰქვია, არ გაინტერესებს! იქნებ კაცის კვლას გაბრალებენ?

ზურიკოს ხითხითი აუტყდა. ამწუთას ძალიან ჰგავდა ბავშვობაში მოხითხითე ზურიკელას.

_ რაო, დე, რას ამბობენ, თქვი, რა, მეც დამაინტერესა რაღაც, _ მთხოვა ირაკლიმ.

_ რაო და… _ თავდაპირველად შევყოყმანდი, მაგრამ ბოლოს მაინც მოვყევი, რაზეც კოტე დავითულიანი „მეჭორავა“.

ზურიკოს ამის გაგონებაზე სახე გადაუთეთრდა, ტიდამ კი ისეთი გამანადგურებელი მზერით შეხედა…

უცებ ოთახში სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა. თურმე მხოლოდ მზერა არ არსებობს გამანადგურებელი, ხანდახან დუმილიც გამანადგურებელი ყოფილა. ასე მეგონა, ზურიკო ნაწილაკებად დაიშალა და უეცრად აორთქლდა. საშინლად განიცადა თავის თავზე მოსმენილი ჭორი. ისევ დაჯდა და გაირინდა.

_ კარგი, რა ცხვირი ჩამოუშვი. არ იცი როგორი ადამიანების გარემოცვაში მუშაობ თუ რა? _ სიტუაციის განმუხტვა ვცადე, _ პირველად გესმის ეგეთი რამეები?

_ ნატა, ვინ გითხრა მითხარი, რა, ძალიან გთხოვ. _ სახესთან ერთად ხმაც გაშრობოდა.

_ კარგი, რა ზურიკელა, ნუ გამოეკიდები ახლა ამ ამბავს, თორემ ჩემზეც ააგორებენ ჭორებს, _ სიცილით დავაყოლე.

_ ზურია, ბიჭო, რაში გაინტერესებს, ვინ თქვა, რატომ თქვა, როდის თქვა. ერთი მაგათი დედაც!.. ძალიან კარგად იცი, შური როგორი შურიანი რამეცაა. იოტისოდენა სიკარგეს არ გაპატიებს. განა მაგაზე არ დავწერეთ იმ დღეს მე და შენ ლექსი? როგორ იყო? მზვერავს შავი შურიო თუ… რაღაც, ბოღმით, შარიშურითო, შენ არ დაამატე? _ ამ სიტყვებით ირაკლი წამოდგა, ზურიკოს მიუახლოვდა და მხრებზე დააწყო ხელები, _ დაიკიდე, ძმაო! ჩვენ ვერავინ მოგვერევა, მეგრელების „გრუპიროვკას“.

_ ჯაზბანდას, თან! _ როგორც იქნა, ზურიკელამაც გაიღიმა და დაძაბული ატმოსფეროც მსწრაფლ გაქრა.

ყველამ გავიცინეთ, თუმცა არცერთს არ გვეცინებოდა.

_ კარგი, წავედი, _ ამოიხვნეშა ბოლოს ზურიკომ.

_ აიტ! სად წახვედი! ამაღამ ფეხს არ გაადგამ აქედან! _ ირაკლი თავის ხელებს, ზურიკოს მხრებზე რომ ჰქონდა დაწყობილი, მთელი ძალით დააწვა და ბიჭს ადგომის უფლება არ მისცა, _ ამაღამ ჩემთან უნდა დარჩე, მეგობარო!

მისი მისამართით სიტყვა „მეგობარო“ პირველად ახსენა ირაკლიმ და ამით აგრძნობინა, რაოდენ ახლობელი იყო ზურიკო მისთვის.

გული ამიჩუყდა, ლამის ვიტირე.

იმ ღამეს ზურიკო ჩვენთან დარჩა და კიდევ დიდხანს შემოვრჩით შუსგან პირწმინდად დაცარიელებულ სუფრას…

***

ახალმა ამბებმა თითქოს ჩემი გულიდან მძიმე ლოდი გადააგორა და თავისუფლად სუნთქვის საშუალება მომცა. საქმეს კარგი პირი უჩანდა. ირაკლისაც გამოუკეთდა ხასიათი. კლინიკაშიც კი გავიდა, დავხედავ ერთი, უჩემოდ საქმეს თავს როგორ ართმევენო. თითქმის ყოველდღე მიდიოდა, იქიდან კი კმაყოფილი ბრუნდებოდა, სახე უღიმოდა.

აბა, რომელ დედას არ გაუხარდება, როცა შვილის მშვიდ და მოღიმარ სახეს უყურებს? ჩემი უძილო ღამეებიც დამთავრდა. ისე აღარ ვნერვიულობდი. ისე კი არა, სულ აღარ ვნერვიულობდი. დარწმუნებული ვიყავი, ირაკლის გაამართლებდნენ და ლაშა გუმბერიძე თავისი დანაშაულისთვის პასუხს აგებდა. ახლა მხოლოდ პროკურორისთვის საქმის გადაცემას და მერე სასამართლო პროცესის დანიშვნას უნდა დავლოდებოდით.

ზურიკო ლამის ჩვენთან გადმოსახლდა. ხან ირაკლი არ უშვებდა, ხან ტიდა ანიშნებდა თვალით, დარჩიო, ხან მე გამოვიდებდი თავს. როცა ის ჩვენთან რჩებოდა, რატომღაც, უფრო დაცულად მეგულებოდა ჩემი ოჯახი, ასე მეგონა, ბეტმენი მყავდა ბინაში ჩასახლებული, ნებისმიერი გაჭირვების ჟამს რომ შეეძლო ქსელების ნებისმიერ ადგილას გაბმა და ჩვენს საშველად გადაფრენ-გადმოფრენა.

განსაკუთრებით ტიდა იყო ამ დროს გახარებული. თავისი გულის სწორი გვერდით ეგულებოდა. ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა ყოფილიყო შეყვარებული გოგოსთვის? ზურიკო, მართალია, უფრო თავშეკავებულად იქცეოდა და სიხარულს არ იმჩნევდა, მაგრამ ტიდას უჭირდა დამალვა. კი არ უჭირდა, არ მიაჩნდა საჭიროდ, რადგან საკუთარ სახლში იყო და მისი ოჯახის წევრებმა მათი სიყვარულის შესახებ ყველაფერი იცოდნენ. იცოდნენ და არ უწუნებდნენ არჩევანს.

ისეთი ღამეებიც ყოფილა, მე და ირაკლი ჩვენ-ჩვენს ოთახებში გავსულვართ დასაძინებლად, ტიდა და ზურიკო კი მარტო დაგვიტოვებია, რათა ერთმანეთის სიახლოვით გული ეჯერათ. ვიცოდი, ჩემი გოგო ყველაზე თამამ ნაბიჯს არ გადადგამდა, ყოველ შემთხვევაში საკუთარ ბინაში, სადაც დედა და ძმა იქვე, ორ ნაბიჯში ეგულებოდა, მაგრამ მაინც ვფხიზლობდი, სანამ თავიანთ ოთახებში განაწილდებოდნენ. განა რამე დაშავდებოდა იმით, თუ „იცელქებდნენ“, სულაც არ ვიყავი ძველმოდური და დროს ჩამორჩენილი, მაგრამ რადგან ჩემი ქალიშვილი იყო და ქართულ ტრადიციებზე აღზრდილი, მინდოდა ისე ჩაჰბარებოდა თავის მომავალ ქმარს, როგორც ქართველ ქალს ეკადრებოდა. ახლა, ამ დროში კი არა, ჩემს ახალგაზრდობაშიც კი ცინიკურად უყურებდნენ ქალიშვილობის ინსტიტუტს ღრმაგანათლებამიღებულები. რაღა შორს წავიდე, მე თვითონ სამი თვის ორსული ვიყავი, როცა დაჩის ცოლად გავყევი, თუმცა ჩემი მეუღლის სანათესაოს მხრიდან ამაზე არასდროს არავის გაუმახვილებია ყურადღება, მიუხედავად იმისა, რომ გათხოვებიდან ექვს თვეში გავაჩინე შვილი. მათგან ყოველთვის უდიდეს მოწიწებასა და განსაკუთრებულ მოპყრობას ვგრძნობდი მას შემდეგაც, როცა მე და ცოტნე ერთმანეთს დავშორდით.

და მაინც, მინდოდა ჩემი ქალიშვილი გათხოვებამდე ქალიშვილად დარჩენილიყო. არ ვიცი, რა იყო ეს, რამ აღმიძრა ასეთი სურვილი, ამას ახსნას ვვერ ვუძებნიდი, მაგრამ მინდოდა, თუმცა წამითაც არ დამიშვია, რომ ისინი ერთმანეთს ვერ შეეგუებოდნენ და საქმე დაქორწინებამდე არ მივიდოდა. ალბათ, დედური ალღო მკარნახობდა, რომ ასე იქნებოდა.

***

მართალია, ყველაფერი თავის ადგილას დადგა და შიში არაფრის არ უნდა მქონოდა, მაინც მიჭირდა ბოლომდე დამშვიდება. სანამ სასამართლო პროცესი არ ჩამთავრდებოდა, ჩემს ფარულ შინაგან ფორიაქს ვერაფერს მოვუხერხებდი. ხანდახან ადგილს ვერ ვპოულობდი, ისე მინდოდა, ყველაფერი დროზე გარკვეულიყო.

პარასკევი იყო, შუადღე. ყველანი შინ ვიყავით და ზურიკოს ველოდებოდით. დღეს უნდა მოლაპარაკებოდა გოგის და მამუკას, საქმე როდის გადაეცათ პროკურორისთვის, რათა სასამართლო პროცესი ჩანიშნულიყო.

ზურიკო, რატომღაც, აგვიანებდა. ვინ იცის, რამდენჯერ დაურეკა ტიდამ, ის კი არ პასუხობდა. ლამის სული ამომხდა, სანამ მის ხმამაღალ „ალოს“ გავიგონებდი.

_ ნახევარ საათში მანდ ვარ, ბუბი, _ ესღა უთხრა ჩემს ქალიშვილს და იმწამსვე გათიშა.

სამივემ ერთმანეთს გადავხედეთ. ყველას ერთნაირად გაკვირვებული გაგვიხდა გამომეტყველება. მივხვდით, რაღაც რიგზე ვერ იყო, თორემ ბიჭი ასეთი მოკლე პასუხით არ შემოიფარგლებოდა.

დრო ისე ნელა მიიზლაზნებოდა, წამები საათებად იქცა.

როგორც იქნა, მოვიდა. სახე არეული ჰქონდა. გულზე თითქოს მარწუხები მომიჭირეს.

_ ცუდადაა საქმე, ხომ? _ კარის გაღებისთანავე შევეკითხე.

_ არა, რატომ… _ ორჭოფულად მომიგო და მზერა ამარიდა.

არც ტიდა განძრეულა ადგილიდან და არც ირაკლი, ორივე დივანზე იჯდა, ერთმანეთის გვერდით. ტიდა ზურიკოს შესცქეროდა, ირაკლი _ არავის, თავი ჩაეღუნა და ვინ იცის, იქნებ თვალებიც დახუჭული ჰქონდა.

_ რა მგლოვიარე სახეები გაქვთ, რა იყო? _ ნაძალადევი ღიმილით გადმოგვხედა ზურიკომ.

_ აბა, რა იყო, ტელეფონი რომ გამითიშე და გულები დაგვიხეთქე სუყველას? _ პირველად ვნახე, ტიდას ასე უხეშად მიემართა მისთვის.

_ ისეთ დროს დამირეკე, ლაპარაკი არ შემეძლო.

_ ჰოდა, მოგვიყევი, ერთი, რა იყო ამისთანა ეს „ისეთი დრო“, _ მკვახედ წამოიძახა ტიდამ და ძმას თავი მხარზე ჩამოადო.

_ არაფერი, ხალხნო, რა გჭირთ! უბრალოდ, შეიძლება სასამართლო პროცესამდე არ მივიდეს საქმე და ისე დამთავრდეს ეგ ამბავი.

_ ეგ როგორ? _ გავოცდი.

_ რატომ? _ ტიდაც დაინტერესდა.

ირაკლიმ ახლაღა ასწია თავი.

_ რას ნიშნავს ეს? _ თითქოს ხმა დაღლოდა ჩემს შვილს.

_ რა და, მოსამართლისა და პროკურორის გვერდის ავლით სამხილებს პროცესზე ვერ გავიტანთ. არ გამოვა. კი არის რაღაცები, რაც მე შემიძლია ჩემს თავზე ავიღო და განვაცხადო, რომ მე მოვიძიე ესა თუ ის დეტალი, მაგრამ ექსპერტიზის დასკვნას რა ვუყოთ? ნოდარმა ეს რომ დამალოს, სამსახურიდან მოხსნიან.

_ და რას აპირებენ?

_ ხვალ შაბათია, ზეგ კვირა. ორშაბათს ჩააყენებენ საქმის კურსში მოსამართლეს და მერე გასცემენ დაპატიმრების ორდერს და დაიჭერენ გუმბერიძეს. დანარჩენი ტექნიკის საქმეა, _ გაიხუმრა ზურიკომ.

ამოვისუნთქე. შვება ვიგრძენი, რახან ასე წარიმართა საქმე. სანახაობას რა თავში ვიხლიდი.

_ აუ, რა ცუდია, რომ შენ არ გამოჩნდები. ეგ პროცესი დაგხატავდა, _ აბუზღუნდა ტიდა.

_ რა თავში ვიხლი გამოჩენას? ჩემთვის მთავარი ირაკლუნას გამართლებაა, სხვა არაფერი მაინტერესებს. _ ისე გულწრფელად თქვა ზურიკომ, თვალზე ცრემლი მომადგა.

_ შენ გენაცვალოს ჩემი თავი, შვილო! _ ცრემლნარევი ხმით ამოვთქვი და მომავალ სიძეს შუბლზე ვაკოცე.

_ ასე რომ, გილოცავთ, ადამიანებო! საქმე მოგებულია, ირაკლუნა _ გათავისუფლებული. ორი დღის საქმეა, რა! _ გაიღიმა ზურიკელამ, _ ახლა კი მშია, მაჭამეთ რამე, თორემ ყველანი ხაჭაპურად მეჩვენებით!

ამის თქმა და ტიდა სამზარეულოში გავარდა. მე უკან მივყევი. ამისთანა ამბის მახარობელს როგორ დავამშევდით?

ყველამ ერთად ვისადილეთ, რადგან არცერთ ჩვენგანს დილიდან ლუკმა არ ჰქონდა ნაჭამი. ნერვიულობისგან ჭამა საერთოდ დაგვვიწყებოდა.

_ აუ, მე მომაფიქრდა ერთი რაღაც! _ წამოხტა უეცრად ტიდა, _ ევრიკა! ვიცი, რაც უნდა გავაკეთოთ!

_ რა მოგაფიქრდა ახლა! _ უკმაყოფილება გაისმა ირაკლის ტონში.

_ რა და, სიუჟეტი გავაკეთოთ. არაფერი მაგას არ უნდა, სიუჟეტის ჩაწერა სულ ნახევარი დღის საქმეა.

_ რა სიუჟეტი? _ თითქმის ერთდროულად ვიკითხეთ მე და ზურიკომ.

_ რა და, დავასწროთ გამოძიებას, სანამ ლაშას დაიჭერენ და ირაკლიზე სიუჟეტი გავაკეთოთ. ისედაც ვაპირებდი, მაგრამ ვიფიქრე, რომ გაამართლებენ, მერე-მეთქი. მხოლოდ შენი ჩაწერა იქნება საჭირო, სხვა არაფერი. მარიკას ახლავე დავურეკავ და ვეტყვი, როგორმე ბადეში ჩამსვან. მაგარი ხმაურიანი გადაცემა გამოვა.

_ ხო, მასე იზამ და მერე ეძებე გუმბერიძე ჰაერში! ხომ გააქრობენ ეგრევე, სადმე გადამალავენ! _ ავყვირდი.

_ არაფერსაც არ გადამალავენ. მამუკას ვუთხრათ, რასაც ვაპირებთ. გადაცემის მსვლელობისას მიადგეს სახლში და დააპატიმროს.

_ და ესეც გინდა გადაიღო?

_ ეგ არ მიფიქრია, მაგრამ რატომაც არა? მაგარი იქნება! სანამ ჩვენ სიუჟეტს გავუშვებთ, გადამღები ჯგუფი მამუკას გაჰყვება და მერე ამასაც დავურთავთ! აუუუ, რა ამბავი აიწევააა!

_ და რაში გჭირდება ეს ყველაფერი? _ ტუზი აიბზუა ზურიკომ.

_ ბუბი, რას ვერ ხვდები? შენი გახსნილი საქმეა და ჩრდილში რატომ უნდა დაგაყენონ? მე მინდა ყველამ გაიგოს, რა როგორ მოხდა, როგორ მიხვედი ამ დასკვნამდე, რა ღონისძიებები ჩაატარეთ შენ და გამომძიებელმა და ასე.

_ დიდად არ მხიბლავს შენი იდეა, _ შორს დაიჭირა ჩემმა შვილობილმა.

_ სამაგიეროდ, მე მხიბლავს, _ მაშინვე ტიდას მხარე დავიჭირე, _ მართალია ეს გოგო, განზე რატომ უნდა გადგე? კარგი იდეაა, მომწონს. იკაკო, შენ რას იტყვი, შვილო?

ირაკლიმ მხრები აიჩეჩა მხოლოდ, სიტყვა არ დაუძრავს, თუმცა ამ უსიტყვო მოქმედებითაც მივხვდი, რომ წინააღმდეგი არ იყო.

_ მაგარი სიუჟეტი გამოვა! _ ტაში შემოჰკრა ტიდამ, _ უკვე ისიც ვიცი, როგორ დავიწყებ გადაცემას: ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სადმირას მკვლელობაში ბრალდებული ირაკლი ფაღავა უდანაშაულოა და ნამდვილი მკვლელის დასაკავებლად სამართალდამცველების ჯგუფი სწორედ ამწუთას მიემართება მისი სახლისკენ. დაკავების კადრებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ, მანამდე კი სტუდიაშია ეჭვმიტანილის ადვოკატი ზურიკელა სულძაღლიანი! _ დაამთავრა ტიდამ და თავისსავე ნათქვამზე სიცილი აუტყდა.

_ ნეტავ რას იკრიჭები ცირკის კლოუნივით, ვიცოდე! _ დაუღრინა ძმამ.

ტიდამ პასუხი არ გასცა, მხოლოდ ენა გამოუყო ძმას და დაეჯღანა.

_ მაშინ უნდა გავაფრთხილოთ მამუკა. _ წამოვაყენე წინადადება.

_ და მოსამართლეც უნდა ჩააყენონ საქმის კურსში, მის გარეშე დაკავება არ მოხდება. _ დაამატა ზურიკომ.

_ ჩააყენონ რა, ეგ სულ არ მაინტერესებს, _ უდარდელად წამოისროლა ტიდამ.

_ და როგორ გინდა მერე ეს ყველაფერი ერთმანეთს დაამთხვიო? მოსამართლეს როდის მოეპრიანება ორდერის გაცემა დამნაშავის დასაკავებლად, ჩვენ რა ვიცით? იქნებ ორშაბათამდე არ აპირებს ამას.

ტიდა შეცბა. ამდენი წინაღობა თუ შეხვდებოდა ერთი სიუჟეტის მომზადებას, არ ეგონა.

_ ყველაფერს მოევლება, თუკი ცოტას დავფიქრდებით და საქმეს თავს მოვაბამთ. _ დინჯად წარმოვთქვი.

_ არ გვინდა, რა, _ იუარა ზურიკომ, _ ჩემ გამო თავის ნუ გამოიდებ, ტიდა. გუმბერიძეს რომ გასკვანჩავენ, მერე ჩაწერე ეგ შენი სიუჟეტი და რასაც გინდა იმას ვილაპარაკებ. ასე ყველაფერს ერთმანეთს ვერ დავამთხვევთ. მარტო მამუკაზე რომ იყოს დამოკიდებული, პრობლემა არაა, მაგრამ… სულ არ გავაფუჭოთ საქმე და არ გაიქცეს ის ტიპი.

ყველანი გავჩუმდით. ხმას არცერთი არ ვიღებდით, მაგრამ გონებაში, დარწმუნებული ვიყავი, თითოეული ჩვენგანი თავის ვერსიას ქმნიდა, როგორ ჯობდა საქმის მოგვარება.

_ აუ, მიდი რა, დაურეკე მამუკას, აბა რას გეტყვის. უთხარი, ტიდას ასეთი ვარიანტი აქვს და შენ რას იტყვი-თქო. ბოლოს და ბოლოს, მაგას უნდოდა საქმე გახმაურებულიყო და გუმბერიძე მთლად სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას აეყვანათ. ასე არ იყო?

ზურიკო შეყოყმანდა.

_ დარეკე, შენი რა მიდის, _ მეც შევაგულიანე, _ იქნებ თანახმაა, რა იცი? თუ უარს იტყვის და არც მაგითი დაშავდება რამე. გვეცოდინება მაინც, ვიმოქმედოთ თუ დაველოდოთ.

ზურიკომ ირაკლის შეხედა. იმან კვლავ მხრები აიჩეჩა, როგორც თქვენ გადაწყვეტთ, ისე გააკეთეთო და თავის ოთახში შევიდა. ზურიკო უკან მიჰყვა. მე და ტიდა ერთმანეთს შევაჩერდით.

ცოტა ხანში ზურიკოს ხმა შემოგვესმა, ვიღაცას ტელეფონზე ესაუბრებოდა. მივხვდით, მამუკას ურეკავდა. სმენა დავძაბე, მაგრამ ისე ვნერვიულობდი, ერთი სიტყვაც ვერ გავიგონე.

_ არის! _ იყვირა უცებ ტიდამ, დივანზე შეხტა და ცეკვას მოჰყვა. როგორც ჩანს, იმან გაიგონა, როგორ დამთავრდა ზურიკოს მამუკასთან საუბარი.

ამ დროს ირაკლის საძინებლის კარი გაიღო და გაღიმებული ზურიკო გამოვიდა.

_ თანახმაა მამუკა. დრო მითხარით, გადაცემა როდის უნდა დაიწყოს და ერთი საათით ადრე შევალ მოსამართლესთანო.

_ და გადამღებ ჯგუფსაც გავაფრთხილებ, რომ იმ დროს ადგილზე იყოს. ნუცას ჩავაწერინებ ლაშას აყვანის ამბებს. _ ტიდა სიხარულს ვერ მალავდა, დივნიდან ჩამოხტა და ზურიკოს ყელზე ჩამოეკიდა.

_ გეყოფა ახლა ტინგიცობა! – მკაცრად შევუძახე, _ მაგას ჯობია, დარეკო მარიკასთან და უთხრა, რასაც აპირებ. იქნება და საერთოდ ვერ გსვამს ბადეში.

_ რას ჰქვია ვერ მსვამს! გამორიცხულია! მოიცა! _ ტიდა თავის ჩანთას ეცა, მობილური ამოიღო და სტუდიაში დარეკა…

***

ისე სწრაფად მოგვარდა ყველაფერი, თავი სიზმარში მეგონა. მარიკა ლამის გამოძვრა ტელეფონიდან, ისე მოეწონა ტიდას იდეა. რეიტინგი განაღდებული გვაქვსო. მერე იმაზე დაიწყეს მსჯელობა, როდის ჯობდა მასალის გაშუქება. საბოლოოდ იმაზე შევთანხმდით, რომ შუადღის საინფორმაციოს დამთავრებისთანავე გასული სიუჟეტი ყველაზე მომგებიანი იქნებოდა, თან რეკლამასაც წაუმძღვარებდნენ _ ახალი დეტალები მკვლელობის შესახებ ნახეთ ჩვენს მომდევნო გადაცემაში ან რამე მსგავსი.

_ ახლა კი დავსხდეთ და სერიოზული გონებით მოვიფიქროთ, როგორ დავიწყოთ და დავამთავროთ, _ როგორც სტაჟიანმა ჟურნალისტმა, თავი გამოვიდე.

სამივე მაგიდას მივუსხედით და რამდენიმე ვერსია ჩამოვაყალიბეთ.

ერთი საათის შემდეგ სარეკლამო ტექსტიც მზად გვქონდა და სიუჟეტისაც. მხოლოდ ზურიკოსთან ინტერვიუ დარჩა ჩასაწერი.

_ სტუდიაში წავიდეთ და იქ ჩავწეროთ. _ თქვა ტიდამ და წამოხტა, ეგრევე წასასვლელად გაემზადა.

_ წავიდეთ, _ უყოყმანოდ დათანხმდა ზურიკო.

სწორედ ამ დროს მისი მობილური აწკრიალდა. ზურიკომ დახედა.

_ ოხ, ამ გოგომ არ გამიხურა საქმე! რა უდროო დროს იცის ხოლმე დარეკვა! _ ისეთი ტონით წარმოთქვა, მაშინვე მივხვდი, რომ თავისი თანაშემწე ურეკავდა.

_ ხო, ირინა, რა იყო, მოიწყინეთ უჩემოდ მანდ, თუ როგორაა საქმე? _ საკმაოდ მკვახედ უპასუხა ჩემმა შვილობილმა.

არ ისმოდა, ირინა რას ელაპარაკებოდა თავის უფროსს, მაგრამ ზურიკოს უცებ სახე წაეშალა, უმწეო მზერა მე მომაპყრო და როცა მიხვდა, რომ თანაშემწის ხმა არ მესმოდა, ტელეფონში ჩასძახა:

_ მოიცა ერთი წუთით! _ მერე სპიკერს დააჭირა თითი და მობილური ხმამაღალზე დააყენა, _ ახლა კიდევ ერთხელ გაიმეორე, რაც წეღან მითხარი!

_ ვიღაც ქალია მოსული. დილიდან აქაა დარჭობილი. ამბობს, ზურაბის დედა ვარო. შენი ნახვა უნდა და რა ვუთხრა? ცოცხალი თავით არ მიდის, დაველოდები, როდის მოვაო.

გაოცებაც არის და გაოცებაც. ამის გაგონებაზე ტიდას თვალები აცაბაცა გაექცა, მე კი პირი დავაღე. ის კი არა, ირაკლიც კი გამოვიდა თავისი ოთახიდან. როგორც ჩანს, ყურადღება ჩვენკენ ჰქონდა, რაზე ვმსჯელობდით მთელი ამ ხნის განმავლობაში.

_ ვინ დედა, რა დედა! სად მყავს დედა! _ მჭახედ გაისმა ამ დროს ზურიკოს ხმა.

იმწუთას არ ვიცი, რა დამემართა. სკამიდან წამოვფრინდი და ჩემს შვილობილს ხელში ვეცი, მობილური გამოვტაცე და ყურზე მივიდე:

_ ირინა, შვილო! გამარჯობა! მე ზურიკოს დეიდა ვარ. შეგიძლიათ ის ქალბატონი დამალაპარაკოთ? დიდი ბოდიში, რომ თქვენი შეწუხება მიწევს.

უცხო ხმის გაგონებამ ირინა ცოტათი დააბნია, მაგრამ უარი მაინც არ უთქვამს. ახლავეო, მიპასუხა და რამდენიმე წუთი ტელეფონში მისი ქუსლების პაკაპუკის ხმა ისმოდა. მერ ვიღაცას რაღაც უთხრა, მერ ისევ სიჩუმემ დაისადგურა. კიდევ რამდენიმე წუთი და ქალის ჩახლეჩილი ხმა გაისმა:

_ ალო! გისმენთ!

მობილურს ხელისგული დავაფარე და ზურიკოს ჩურჩულით მივმართე:

_ დამავიწყდა, დედაშენს რა ჰქვია.

_ ნანა, _ დაბნეულმა მომიგო.

იმწუთასვე გამახსენდა ჩემი და ნანას შეხვედრა. ლამაზი ქალი იყო, მოვლილი. საოცრად ლამაზი თითები ჰქონდა, რაც განსაკუთრებულად შემორჩა ჩემს მეხსიერებას. თუმცა ძალზე ვულგარულად გამოიყურებოდა მაშინ. ისიც გამახსენდა, მისი წასვლის შემდეგ როგორ მითხრა ზურიკომ, დედაჩემს ლამაზი სახელი ჰქვიაო და რომ დავინტერესდი, ნანაო, თქვა, თან დააყოლა, ხომ ლამაზი სახელიაო?

ეჰ, იმდენი წლის წინათ იყო ეს ამბავი, რა გასაკვირია, დამვიწყებოდა!

_ ნანა, გამარჯობა!

_ გაგიმარჯოს! რომელი ხარ? _ შევატყვე, თამამად უნდოდა შეკითხვა გამოსვლოდა, რადგან არ იცოდა, ვისთან უწევდა საუბარი.

_ ნატა ვარ. თუ გახსოვთ, ჩვენ ერთხელ შევხვდით ერთმანეთს, წლების წინ. მაშინ მე უშიშროების სამინისტროში ვმუშაობდი, ამერიკელების მეთოდით მაწანწალა ბავშვებს ვმფარველობდით. გაგახსენდათ? _ შევახსენე მაშინდელი სახელდახელოდ მოფიქრებული ტყუილი.

_ ა! კი, როგორ არა, მახსოვხართ! თქვენ ისევ ერთად ხართ? ახლაც? _ გაიკვირვა.

სასაცილოდ ლაპარაკობდა, თან თავხედურად. ერთი სული მქონდა მენახა, ახლა, ამდენი წლის მერე როგორ გამოიყურებოდა.

_ ერთად ვართ, ერთად, _ სიცილი ვერ შევიკავე, _ ზურიკო ჩემი ოჯახის წევრია თითქმის, ჩემს შვილებთან მეგობრობს.

_ კეთილი… _ ჩაიდუდუნა, _ არ უნდა, რომ დამელაპარაკოს?

_ კი, კი, ნანა, როგორ არ უნდა, მაგრამ მე სხვა წინადადება მაქვს და იმიტომ დაგელაპარაკეთ.

_ გისმენთ! _ ტელეფონში მწარე ამოოხვრის ხმა გაისმა.

_ მინდა ჩემთან ამოხვიდეთ სახლში, აქ შეხვდეთ თქვენს შვილს და მშვიდ ატმოსფეროში დაილაპარაკოთ. სამსახურში ყველა თქვენ დაგიწყებთ ყურებას, რაც პირველ რიგში, ზურიკოს ჩააყენებს უხერხულ მდგომარეობაში. აქ კი ხელს არავინ შეგიშლით. ჩვენც უფრო ახლოს გავიცნობთ ერთმანეთს, ცოტა მოვულხინოთ კიდეც. რას იტყვით?

ჩემს შეთავაზებას ხანგრძლივი დუმილი მოჰყვა.

_ ალო, ნანა, გესმით ჩემი? _ ვიფიქრე, ხომ არ გამითიშა-მეთქი.

_ მესმის, ქალბატონო, როგორ არა. არ ვიცი, რა გიპასუხოთ. ჩემს შვილს უნდა, რომ იქ გამოვიდე?

_ რა თქმა უნდა, ზურიკოსაც უნდა, აბა, მე ხომ არ მივიღებდი მის მაგივრად გადაწყვეტილებას. ახლა ჩვენ ტაქსის გამოგიძახებთ და გამოჰყევით. კორპუსთან მე დაგხვდებით და ამოგიყვანთ. კარგი? ძალიან გთხოვთ, უარი არ მითხრათ.

_ კარგი, წამოვალ. ამ ნომერზე დამირეკავთ?

_ არა, თქვენი ნომერი მიკარნახეთ და ჩავიწერ, _ ვთქვი და ტიდას ხელით ვანიშნე, ნომერი შენს ტელეფონში ჩაიწერე-მეთქი.

ტიდამ მაშინვე მოიმარჯვა თავისი მობილური. ნანა ნომერს მკარნახობდა, მე ხმამაღლა ვიმეორებდი ციფრებს, ტიდა იწერდა.

_ მადლობა, ჩემო კარგო! როგორც კი ტაქსი მოვა, დაგირეკავ და გეტყვი, რა მანქანა იქნება. მალე მოვა, ლოდინი დიდხანს არ მოგიწევთ! _ ამ სიტყვებით ტელეფონი გავთიშე.

ზურიკო დაფიქრებული კედელს მიჰყრდნობოდა და თვალები დაეხუჭა. როგორც კი ლაპარაკი დავამთავრე, თავი ჩემკენ მოაბრუნა და სევდიანი ტონით მისაყვედურა:

_ რა საჭირო იყო მისი აქ ამოყვანა, ნატა. სულ არ მინდა მისი ნახვა, რომ იცოდე.

_ რას მიქვია არ გინდა! _ ხმა გავიმკაცრე, _ რაც არ უნდა იყოს, ის დედაა შენი, რომელმაც გაგაჩინა, გაგზარდა…

_ როდის გამზარდა, რო? _ გამაწყვეტინა.

_ სანამ შეეძლო, გზრდიდა. ბოლოს და ბოლოს, ცხრა თვე მუცლით გატარა, შე მამაძაღლო! შენ რა იცი, რას განიცდის ორსული ქალი! იცი, როგორი ძნელია ის პერიოდი? მერე ბავშვის გაჩენა მთლად უარესი. შენ ამხელა ტკივილი არ გამოგიცდია და იმიტომ ხარ დიდ გულზე! _ დავუტატანე.

_ მე უფრო დიდი ტკივილი გამოვცადე, სხვათა შორის და ამას სხვა ვერავინ გაიგებს, რადგან ის ტკივილი იმ სხვას არ გამოუცდია, _ ეს უკვე ჩემი მისამართით იყო ნათქვამი.

გული დამითუთქა მისმა აღსარებამ. მართალს ამბობდა. დედამისი მართლა არ იყო ღირსი, შვილი ენახა, თუმცა სადღაც მაინც მეცოდებოდა. მთლად ბავშვი იყო მაშინ, ბევრი შეცდომაც დაუშვა, მაგრამ ყველაფერი მისი ბრალი როდი იყო. მის გაუბედურებაში, იმაში, რომ გზას ასცდა, უდიდესი წვლილი დიდ ზურიკოსაც მიუძღოდა. მას რომ პატიოსნად ეშოვა ლუკმაპური, არ დაიჭერდნენ და ცოლიც გვერდით ეყოლებოდა.

_ ბოღმა არასდროს ჩაიდო გულში, შვილო, მითუმეტეს, მშობლების მიმართ, _ დავმოძღვრე შვილობილი, _ შეხვდი, დაელაპარაკე. იქნებ ნანობს თავის საქციელს და ბოდიშს გიხდის. ამაში მიუღებელი არაფერია. ვინ იცის, როგორ ათრია ცხოვრებამ. დაელაპარაკე. მეც დაველაპარაკები. ვნახოთ, რას მოგვიტანს ეს შეხვედრა. თუ შეცვლილია და ყველაფრის თავიდან დაწყება მოისურვა, ხელი შევუწყოთ. დედაა, ბოლოს და ბოლოს. რა იცი, იქნებ მამაშენსაც კი მოუბრუნდეს გული.

_ კარგი რა, ზღაპრებია ეგ ყველაფერი, _ ხელი აიქნია ზურიკომ და დივანზე ტიდას გვერდით ჩამოჯდა, მისი ცალი მხარი კი მკლავში მოიქცია.

_ ზღაპარია თუ სინამდვილე, მალე გამოჩნდება. ტიდა, გამოიძახე შვილო, ტაქსი! _ დავავალე ჩემს ქალიშვილს და ტანსაცმლის გამოსაცვლელად ჩემს საძინებელში გავედი…

***

დაბლა ჩავედი ტაქსის დასახვედრად. ტიდას კი სუფრის შელამაზება დავავალე.

ლოდინმა დიდხანს არ მომიწია. როგორც კი მანქანა კორპუსთან გაჩერდა, წინ წავიწიე. ტაქსის წინა კარი გაიღო და ნანა გადმოვიდა. შევეცადე გაოცება სახეზე არ შემტყობოდა. სად იყო ის ლამაზი გოგო, ორი ათეული წლის წინ რომ გავიცანი. გალეული, ჩხირს დამსგავსებული ქალი იდგა ჩემ წინ, თმაშეუღებავი, მხრებში მოხრილი, მოტეხილი, ასაკით ზედმეტად დახუნძლული.

_ გამარჯობათ! _ დაძაბული მომესალმა.

გული მომეწურა. სხვა „სიკეთესთან“ ერთად, ნანას რამდენიმე კბილიც დაეკარგა. მართალია, არ ჩლიფინებდა, მაგრამ შემზარავი შესახედავი იყო, უკბილო დედაბერს დამსგავსებოდა. განა რამდენი წლის უნდა ყოფილიყო? ჩემზე ბევრად უმცროსი იქნებოდა, ეგ ზუსტად ვიცოდი. ასე როგორ უნდა დაეჯაბნა ცხოვრებას? ამისთანა რა ტანჯვა უნდა გამოევლო?

_ გაგიმარჯოს, ნანა! _ რაც შეიძლებოდა თბილად მივმართე, ხელი მოვხვიე და ვაკოცე, _ გამიხარდა, რომ დამთანხმდი. წამო, ავიდეთ. ყველაფერი კარგად იქნება, არ ინერვიულო! _ ბანალური სიტყვებით ვცადე მისი დამშვიდება და მასთან ერთად ლიფტისკენ გავემართე…

დედა-შვილის ასეთი ცივი შეხვედრა არასდროს მინახავს. ზურიკო დივანზე იჯდა და არც წამოწეულა. ნანა ჰოლში გაშეშდა, დაბნეულმა ჩაიჩურჩულა, გამარჯობათო და უმწეო მზერით მე მომაჩერდა.

_ მოდი, მოდი, ნუ გერიდება. თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში. აგერ დაბრძანდი, გენაცვალე! _ მაგიდასთან მივიყვანე და სკამზე დავსვი.

უხერხულმა სიჩუმემ თითქოს ქარივით გადაუარა ოთახს. გეგონებოდა, იქაურობა სუსხით გაივსოო. რაღაც უნდა მეღონა, თორემ ნანა ნამდვილად გაიქცეოდა.

_ აბა, მოდით აქ ყველანი, სუფრას შემოუსხედით. დროზე! _ გავეცი „განკარგულება“ და ნანას გვერდით დავჯექი.

ყველანი უსიტყვოდ შემოგვიერთდნენ. ზურიკო წამით შეყოვნდა, მაგრამ მერე ზლაზვნით წამოდგა და ტიდას დაუმშვენა მხარი.

_ ირაკლი, ჭიქები შეავსე, შვილო! _ ვთხოვე ჩემს შვილს და ნანასთვის განკუთვნილი ჭიქა გავუწოდე.

ირაკლიმ ჯერ ნანას ჭიქა შეავსო ღვინით, მერე დანარჩენებიც.

_ ნანა, შენს მოსვლას და ჩვენს დახვედრას გაუმარჯოს! კეთილი ყოფილიყოს შენი ფეხი ჩვენს ოჯახში! _ ტრადიციული სადღეგრძელო წარმოვთქვი და ზურიკოს დედას მივუჭახუნე.

_ კეთილი იყოს, _ თქვა მანაც და სასმელი ოდნავ მოწრუპა.

_ ეს ჭიქა ბოლომდე დავლიოთ, კარგი? _ თითქოს ერთობ სასარგებლო რჩევას ვაძლევდი, ისეთი ტონით ვუთხარი.

დაძაბულმა დამიქნია თავი და ღვინო ბოლო წვეთამდე დაცალა. მეც სხვა რა გზა მქონდა, სტუმარს მივბაძე და ჩემს ჭიქას ძირი გამოვუჩინე.

ირაკლიმაც ადღეგრძელა ზურიკოს დედა და ტიდამაც, ჩვენი „მთავარი გმირი“ კი თავჩაღუნული იჯდა და ოდნავადაც არ გარხეულა.

_ ზურიკო, შენი ჯერია, ადღეგრძელე სტუმარი! _ გავეცი შემდეგი „განკარგულება“.

ჩემმა შვილობილმა თავი ასწია და საყვედურით სავსე მზერა შემომანათა.

_ მიდი, შენ გელოდებით! _ არ დავთმე.

_ გაგიმარჯოს, _ ჩაიბურტყუნა ზურიკომ და აწეული ჭიქა მაგიდაზე დადგა.

_ ეგ უნდა დალიო! _ აშკარად „ზეწოლას“ ვახდენდი დედაქალაქის საუკეთესო ადვოკატზე.

_ ვერ დავლევ, ნატა. ხომ იცი, როცა ვმუშაობ, არ ვსვამ, _ თავი იმართლა.

_ ეს უნდა და-ლი-ო! _ დამარცვლით წარმოვთქვი და გამჭოლი მზერა ვესროლე.

ზურიკომ უკმაყოფილოდ გააწკლაპუნა პირი და დალია. ჩემი მამაძაღლი ბიჭი! ხათრი არ გამიტეხა.

_ ნანა, დიდი ხანია თბილისში ხარ? _ რაც შეიძლებოდა უშუალოდ მივმართე, რომ თავი უცხოდ არ ეგრძნო.

_ თვეზე მეტია, რაც ჩამოვედი. _ ხმადაბლა წარმოთქვა.

_ და სად ცხოვრობ?

_ ნაქირავებში. ისევ იმ უბანში, სადაც ადრე მე და ზური ვცხოვრობდით.

_ იმავე ბინაში?

_ არა, არა, ცოტა მოშორებით… ზური, „ლახანკა“ გახსოვს? დიდპირა ბიჭი რომ იყო, იმის დეიდამ მომაქირავა.

_ „ლახანკა“? _ ჩავეკითხე.

_ ხო, ასე ეძახიან დიდი პირის გამო. ნამდვილი სახელი არ ვიცი. უბანში ძველბიჭობდა ადრე, ახლა გაუბედურებულია, ფეხი მოუჭრიათ და ძლივს დაღოღავს ცალი ფეხით.

_ ფეხი მოუჭრიათ? რატომ? _ როგორც იქნა, ზურიკომ ხმა ამოიღო.

_ განგრენა მეწყებოდაო. ეგ ხომ წამალზე იჯდა და ეტყობა, რაღაც სისაძაგლე შეიშხაპუნა ვენაში. მგონი, სისხლი მოეწამლა თუ რაღაც ეგეთი.

„სისაძაგლე“ მომეწონა. ახლა იშვიათად იყენებენ ამ სიტყვას, არადა, მშვენიერი სიტყვაა.

_ სხვათა შორის, სწორედ მან მითხრა შენი ამბები, ტელევიზორში ვხედავ ხოლმეო. შენი სამსახურის მისამართიც მან გამიგო. _ გააგრძელა ნანამ.

ზურიკო კვლავ დადუმდა.

_ ნანა, გადაიღე რამე, მოშივებული იქნები. _ სალათის თეფში ავიღე და შევთავაზე.

_ არა, დიდი მადლობა, არ მშია, _ როგორც იქნა, გაიღიმა.

_ მიდი, მიდი, ნუ გერიდება, აქ ყველანი შინაურები ვართ.

ის, იყო, ორი კოვზი გადაიღო, რომ მოულოდნელად ზურიკოს ხმა გაისმა:

_ რატომ მეძებდი?

გამაბრაზა მისმა რეპლიკამ. შუბლი შევიჭმუხნე და დედამისის ნაცვლად მე გავეცი პასუხი:

_ იმიტომ, რომ დედაა შენი! რა კითხვაა ეს, ამას გასწავლიდი?! _ სიმკაცრე გავურიე ხმაში.

_ იყო… ოდესღაც, _ გაისმა ზურიკოს უკმაყოფილო ტონით ნათქვამი.

_ იყო და არის კიდევაც. რა, სხვა დედა გყავს თუ როგორაა შენი საქმე? _ ტონს არ ვარბილებდი.

ჩემს შვილობილს პასუხი არ გაუცია, ისევ ჩაღუნა თავი.

ნანა გაშრა. პირმოკუმული მისჩერებოდა თავის შვილს და თვალები ცრემლით ავსებოდა.

_ ალბათ, სამუშაოდ იყავი წასული, არა? _ ისევ ნანას მივუბრუნდი, რომ სიტუაცია როგორმე დამეთბო.

_ კი, ერთხანს თურქეთში ვიყავი, მერე საბერძნეთში, ბოლო ოთხი წელია, იტალიაში ვარ. ვმუშაობდი, ცოტა ფული დავაგროვე და ჩამოვედი.

_ უჰ… კარგი გიქნია, _ მისი გამხნევება ვცადე, _ მარტო ხარ თუ… _ ვერ ვკითხე, ხომ არ გათხოვდი-მეთქი, ზურიკოს ნერვებს მოვუფრთხილდი.

_ კი, მარტო ვარ. სხვა ვინ უნდა მყავდეს, ამის მეტი, _ სიმწრით გაიღიმა და თვალებით შვილზე მანიშნა.

_ მე შენ არასდროს გყოლივარ, ისე. ვატყობ, ბევრი რაღაც დაგვიწყებია. აქამდე სად იყავი, ახლა რომ გაგახსენდი? _ უეცრად აბობოქრდა ზურიკო, სახე გაუწითლდა და თვალები ბრაზით გაევსო.

_ ზურიკო! _ ერთი ტონალობით ავიმაღლე ხმა.

_ ბუბი, დამშვიდდი, გთხოვ, _ ტიდამ ხელკავი გამოსდო შეყვარებულს და მხრით მიეკრა, _ არ გინდა, ეგრე ნუ იქცევი.

_ როგორ ეგრე! _ ალმაცერად გახედა ტიდას, _ ძალიანაც ჩვეულებრივად ვიქცევი! ეს ბუნებრივი რეაქციაა, გესმის? სრულიად ბუნებრივი! თითქმის ოცდახუთი წელია არ მინახავს. გზად რომ გადამყროდა, გვერდს ავუვლიდი! ამას ჰქვია დედა? დააკვირდით, რა დაემართა, როცა შემოვიდა? ვერ მიხვდა, მე ვიყავი მისი შვილი თუ ირაკლი! ვერ შეამჩნიეთ? მე შევამჩნიე, იმიტომ, რომ ეგეთ დეტალებს ყოველთვის ვამჩნევ! მორჩა, მე წავედი! _ თქვა და ეგრევე წამოხტა.

_ აბა, ახლავე დაჯექი! _ ფეხზე წამოვდექი და მაგიდას მუშტებით დავეყრდენი, _ ფეხს ვერ გაადგამ აქედან! რა დიდ გულზე ხარ? ჯერ დაელაპარაკე ადამიანს, იქნებ რა აქვს სათქმელი!

ზურიკო ჩემს რეაქციაზე გაფითრდა, მიხვდა, რომ თუ წავიდოდა, მაწყენინებდა. იმასაც მიხვდა, რომ მისმა ნათქვამმა და „ნაქნარმა“ ჩემი გაბრაზება გამოიწვია და სინდისმა შეაწუხა.

პასუხი არ გაუცია, ისე დაჯდა. ტიდა კვლავ მიეხუტა.

ნანას გავხედე. საწყალს ადამიანის ფერი არ ედო ისედაც უფერო სახეზე. ნიკაპი უკანკალებდა. ცოტაც და ტირილი წასკდებოდა.

_ ახალგაზრდობაში ყველანი ვუშვებთ შეცდომებს. უშეცდომო არავინაა ამქვეყნად. ამხელა ქალი ვარ და მეც მომდის შეცდომები. _ დავიწყე „ლექცია შეცდომის თემაზე“, _ გაგიგონიათ ოდესმე სიტყვა „დიდსულოვნება“? არსებობს ასეთი ცნება და იგი შემწყნარებლობას, პატიებას, თანაგრძნობას ნიშნავს. ჰოდა, იყავით დიდსულოვნები. ცუდი პერიოდი იყო. ტიდას არ ახსოვს, მაგრამ თქვენ ხომ გახსოვთ, რა დღეებიც გამოვიარეთ? სიგუას ნამცხვარს ვჭამდით და ათქვეფილი კვერცხის ფხვნილით გიკეთებდით ყიყლიყოებს, თქვე საძაგლებო! _ მეც მომადგა ცრემლები, _ გამურული ქვაბების ხეხვას ვერ ავუდიოდი, რომ თქვენთვის სუფთად გამეკეთებინა საჭმელი. დაგავიწყდა, პურის რიგში სათითაოდ რომ ვიდექით და ღამეს ვათენებდით? ჰა, ზურიკო, არ გახსოვს? გაყინულ ფეხებს რომ გითბობდით ორივეს ღამით ლოგინში, ოდესმე გაქრება შენი მეხსიერებიდან? მე, ასე თუ ისე, სამსახური მქონდა და რაღაც შემოსავალიც, მაგრამ ამ ქალს რა უნდა ექნა? რითი უნდა ერჩინე? როგორც შეეძლო, ისე ირჯებოდა! სხვისი დანაშაულის დანახვა ძალზე ადვილია, მაგრამ მის უკან რა იმალება, იმაზე ფიქრით თავს არ ვიწუხებთ! ეს ქალი დედაა შენი! მოუსმინე, ბოლომდე მოუსმინე და დასკვნა მერე გამოიტანე! ეს ჩემი რჩევა იქნება, შვილო! _ ბოლოს, როგორც იქნა ტონი შევარბილე.

ნანას გული მოეცა, მისი დაცვა რომ ვიკისრე. უეცრად თავი ასწია, ზურიკოსკენ გადაიხარა და ტირილნარევი ხმით წარმოთქვა:

_ მე ვიყავი ცუდი დედა, ამის თქმა გინდა, არა? და მამაშენი? ის რა, კარგი მამა იყო? რატომ გვიჭირდა მე და შენ, ერთხელ მაინც გიფიქრია? რატომ გამუშავებდი პატარა ბავშვს ან მე რატომ დავეთრეოდი აღმა-დაღმა, როგორ გგონია? კარგი ცხოვრების გამო? დალხენილი ვიყავი და ყველაფერი ფეხებზე მეკიდა? ეს მამაშენმა ჩაგვაგდო ამ დღეში! მისი ბრალია ყველაფერი, მაგრამ შენ ამის აღიარება არ გინდა! სიმართლე ეს არის, ზური!

ზურიკომ შეკრული შუბლით გახედა.

_ ნუ მიყურებ ასე. ვიცი, ბევრი დავაშავე, მაგრამ გვერდით არავინ მყავდა ისეთი, ვინც დამეხმარებოდა. როგორც შემეძლო, ისე გამქონდა თავი. ვხედავდი, რომ შენ ჩემზე ძლიერი იყავი, დამოუკიდებლად შეგეძლო თავის გატანა, ამიტომაც არ შემშინებია, როცა დაგტოვე და აქედან გავიქეცი. ვიფიქრე, უკეთეს ქვეყანაში ვიმუშავებ, ფულს დავაგროვებ, დავბრუნდები და ჩემს შვილს ცხოვრებას ავუწყობ-მეთქი. მაგრამ რა? სულ ტყუილად, თურმე!

ახლა კი მეტისმეტი მოუვიდა ნანას. ამდენი წელი გადახვეწილი იყო. რა გარანტია ჰქონდა, რომ მისი შვილი კარგ გზას დაადგებოდა? ბავშვი უპატრონოდ მიაგდო, ისე წავიდა საქართველოდან, შვილი არც კი გააფრთხილა და მას შემდეგ ერთხელაც არ მოუკითხავს თავისი „ზური“, რას აკეთებდა და რითი სუნთქავდა. მინდოდა შევპასუხებოდი, მაგრამ მოულოდნელად ისევ გააგრძელა:

_ სულ ვკითხულობდი შენს ამბავს. ლეილას ყოველკვირა ვურეკავდი, ჩვენს მეზობელს. იმისგან ვიგებდი, რაც აქ ხდებოდა. ვიცოდი, რომ ამათ ოჯახში გადმოხვედი საცხოვრებლად. მერე ისიც გავიგე, მამაშენი რომ გამოვიდა ციხიდან და უკრაინაში წაგიყვანა. ნათესავმა ბინა რომ გაჩუქათ და გაყიდეთ, ესეც მითხრეს. ჩემს ჩამოსვლას რა აზრი ჰქონდა? სად უნდა მეძებნე? უკრაინაში ჩამოვსულიყავი? ხომ მომკლავდა მამაშენი? ის რომ გვერდით გვყოლოდა, დღეს ყველა ერთად ვიქნებოდით. შენი დაც ცოცხალი იქნებოდა და არ დაემართებოდა ის, რაც დაემართა, თუმცა შენ აზრზეც არ ხარ, მას რა დაემართა!

იმწუთასვე ამომიტივტივდა გონებაში ეპიზოდი, როცა მე და ზურიკო ბავშვთა სახლში მივედით მისი დის ამბის გასაგებად. თითქოს ზარივით ჩამესმოდა ყურში ერთ-ერთი თანამშრომლის ხმა, საწყალი, სუსტი იყო, სულ ხაოდა, ფილტვები ჰქონდა სუსტი, საჭმელს ვერ ჭამდაო. ისიც გამახსენდა, დედამისმა გაშვილების უფლება არ მოგვცაო თუ რაღაც ამდაგვარი. ზამთარში გარდაცვლილა თურმე, მე კი ზურიკო მოვატყუე მაშინ, გააშვილეს-მეთქი. მინდოდა ბავშვისთვის ზედმეტი სტრესი ამეცილებინა თავიდან.

_ რა დაემართა? _ ზურიკოს სახე მოექცა, მექანიკურად ფეხზე წამოდგა და მე შემომხედა. პასუხს ჩემგან ელოდა. ის ხომ დარწმუნებული იყო, რომ მისი და ვიღაცამ შვილად აიყვანა.

_ ის დაემართა, რომ მოკვდა, _ აქვითინდა ნანა და სახეზე ხელები აიფარა, _ რა უბედური ვარ, ნეტავ იცოდეთ! _ დაიწყო მოთქმა.

_ მოკვდა? ეგ როგორ? როდის?

_ როდის და მალევე. ერთი წელიც არ იყო გასული, რომ მივედი მოსაკითხად და ცოცხალი აღარ არისო, მითხრეს.

ზურიკოს ქვედა ყბა აუკანკალდა. სასაოწარკვეთილი მზერა მომაპყრო:

_ ნატა, აკი კარგ ოჯახში მოხვდაო?

პირი მოვმუწე და თვალები დავხარე. აი, სად დამიხვდა ჩემი უწყინარი ტყუილი.

_ სიმართლე დაგიმალე, შვილო. მაშინ შენთვის ეს ამბავი რომ მეთქვა, ინერვიულებდი. მე კი არ მინდოდა შენი განერვიულება.

_ თქვენ… თქვენ იცოდით ეს ამბავი? _ გაოცებული ნანა მე მომაჩერდა.

_ ვიცოდი, კი. მე და ზურიკო მივედით ამბის გასაგებად და იქ გვითხრეს. უფრო სწორად, მე მითხრეს, ეს შიგნით არ შევიყვანე. როცა გავიგე, გარდაიცვალაო, ზურიკოს დავუმალე და ვუთხარი, გაუშვილებიათ-მეთქი.

ზურიკო ისევ დაჯდა და თავი ხელებში ჩარგო.

ირაკლი ადგა, მაგიდას შემოუარა, ზურიკოს უკან დადგა და მხრებზე დაადო ხელები. არაფერი უთქვამს, მხოლოდ ამ ჟესტით გაამხნევა. ტიდამ კი ლოყა მიადო მკლავზე და მისი თითები ჩაბღუჯა.

_ მოდი, აღარ ვილაპარაკოთ ამაზე. ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი. ანგელოზი იყო და ანგელოზად დარჩა, _ ისევ ვცადე ნანას დაცვა, _ ალბათ, ეს იყო მისი ბედისწერა. თავიდანვე სუსტი ჩვილი ყოფილა, როგორც მითხრეს.

_ სუსტი იქნებოდა, აბა რა, რძე მე არ მქონდა, რომ მეწოვებინა, ხელოვნურ კვებას კიდევ იმდენი ფული უნდოდა, ვინ მომაშავებდა? მაგიტომაც გავწირე ბავშვთა სახლისთვის. ვიფიქრე, ცოტას მომაგრდება იქ, მანამ მეც რაღაცას მოვახლაფორთებ და მერე გამოვიყვან-მეთქი.

_ შენ ორივე შვილი ასე მოიშორე თავიდან! _ კბილებში გამოცრა ზურიკომ და მუშტად შეკრული ხელები მაგიდაზე ჩამოდო. თან ისეთი მრისხარებით შეხედა დედამისს, ჩვენი ხათრი რომ არა, ალბათ, ფიზიკურადაც შეეხებოდა.

ნანა დაფრთხა. ასეთ რამეს თუ მიახლიდა შვილი პირში, არ ელოდა. დაბნეულმა ზურიკოს ბრალდებას პასუხი ვერ გასცა.

_ მამაჩემიც ბევრ რამეშია დამნაშავე, მაგრამ მიტოვებით მაინც არ მივუტოვებივარ. გამოვიდა თუ არა, მომკიდა ხელი და თან წამიყვანა. იმ ბავშვის ამბავი არც მითქვამს, იმიტომ, რომ იმაშიც არ ვიყავი დარწმუნებული, მეორე ბავშვი მისგან გყავდა თუ სხვისგან. გესმის? შენში მეპარებოდა ეჭვი, დედა! _ უეცრად ბოლო ხმაზე იყვირა და… ატირდა.

მისმა ნათქვამმა „დედა“-მ ბოლო მომიღო. ასე მეგონა, დანა ჩამცეს გულში. როგორი სიმწრით და, ამავდროულად, სიყვარულით იყო ნათქვამი ეს ერთი სიტყვა. ჰო, ასე იყო თუ ისე, ზურიკოს დედამისი ახლაც უყვარდა.

_ მაგას როგორ მეუბნები, ზური… _ ამოიხრიალა ნანამ და ისე შემომხედა, თითქოს შველას ჩემგან ელოდა.

_ გეუბნები, ხო, გეუბნები, რადგან შენ მაიძულე, ეჭვი შემპარვოდა შენს სიყვარულში. ხან ვინ მოგყავდა სახლში და ხან ვინ. შეგნებულად გვიან მოვდიოდი, რომ შენთვის ხელი არ შემეშალა.

_ ღმერთო, რას ამბობ! _ აღშფოთდა ნანა, _ ღმერთი, ხატი, რჯული… სახლში იმიტომ კი არ მომყავდა ვინმე, რომ… რომ… უბრალოდ, სტუმრად მოდიოდნენ და მერე ისევ მიდიოდნენ. ისინი ჩემი მეგობრები იყვნენ, მეხმარებოდნენ. ოდესმე რამე შეგიმჩნევია? ოდესმე უხერხულ სიტუაციაში გამოგიჭერივარ?

_ მორჩა, მორჩა! დავამთავროთ ამ უსიამოვნო რაღაცების გახსენება, გთხოვთ, რა! _ აღვმართე „თეთრი ბაირაღი“, _ რაც იყო, იყო. ზურიკო, შვილო, მე თუ მკითხავ, არ გეწყინოს, მაგრამ ამ უბედურების პირველწყარო მაინც მამაშენია. ის რომ ციხეში არ მოხვედრილიყო, იქნებ სხვანაირად წარმართულიყო თქვენი ოჯახის ცხოვრება. რა ვქნა, ეს ჩემი აზრია და როგორც გინდა, ისე გაიგე. მე დარწმუნებული ვარ, რომ დედა ისევ გიყვარს. ბოლოს და ბოლოს, ადვოკატი ხარ და მიტევების უნარი უნდა გაგაჩნდეს. ეჭვიც არ მეპარება, რომ გაგაჩნია. შენ ისეთი თბილი ადამიანი ხარ, სხვანაირად ვერც წარმომიდგენია. ახლა ერთი თხოვნა მექნება. არ მინდა ნანას აქ დაკითხვები მოვუწყო და მისი ცხოვრება გამოვიკვლიო. ეს ჩემი საქმე არ არის. ეს შენი და დედაშენის საქმეა. ამიტომ ჩაჰკიდეთ ახლა ერთმანეთს ხელი, წაიყვანე შენთან, დასხედით, მშვიდად დაილაპარაკეთ, ერთმანეთს მოუსმინეთ და მერე ისევ დაბრუნდით. ნანა ამაღამ ჩვენთან დავტოვოთ, მერე კი მოვიფიქროთ, რა როგორ გავაკეთოთ. კარგი? ხომ ხედავ, რა დღეშია დედაშენი? რომ უჭირს, შენც ხომ ხვდები? დალხენილი ცხოვრება რომ არ ჰქონია ეს წლები, ძნელი მისახვედრი არაა. ამიტომ დედაშვილურად გთხოვ, გააკეთე რაც გითხარი. ტიდაც გამოგყვებათ. მას აქვს უფლება, ყველაფერი იცოდეს. არა, ტიდა?

ჩემმა გოგომ დაიმორცხვა. მხრები შეათამაშა და ზურიკოს შეხედა. ნანას თვალები კითხვის ნიშანს დაემსგავსა. აინტერესებდა, ამ ყველაფერში ტიდა რა შუაში იყო. მეც არ დავახანე:

_ ნანა, ტიდა ჩემი ქალიშვილია. მას და ზურიკოს ერთმანეთი უყვართ. მინდა ეს შენც იცოდე, _ ღიმილით გავუმხილე „ოჯახური საიდუმლო“.

_ მართლა? რა კარგი ამბავია, _ ნანამ ცრემლიანი თვალები ხელისგულებით ამოიწმინდა, _ შემოგევლოთ ჩემი თავი, ბედნიერები ყოფილიყავით! აი… _ უცებ დაფაცურდა და კალთაში ჩადებულ ხელჩანთას ეცა. კარგა ხანს აფათურა შიგნით ხელები, მერე ნაჭერში გახვეული რაღაც შეკვრა ამოიღო, _ აქ ექვსი ათასი დოლარია. შენთვის მქონდა მოგროვებული, ზური. ხელი არ მიხლია, კაპიკიც არ დამიხარჯავს. სულ ვამატებდი და ვამატებდი. ეს ჩემგან, ქორწილისთვის გამოგადგება.

_ ფული არ მჭირდება, _ თავი გააქნია ზურიკომ, _ არაა საჭირო, არ მჭირდება! _ დაბნეულმა ისევ გაიმეორა.

_ აბა, მე რად მინდა. მე სულ არ მჭირდება. ჩემთვისაც მაქვს, ბინის ქირის გადახდა სულაც არ მიჭირს. ცოტა კიდევ მაქვს მოგროვებული, ცალკე, შეიძლება ბინა დავიგირავო კიდევაც. აბა, სულ ნაქირავებში ხომ არ ვიქნები. _ დაბნეული ალაპარაკდა ნანა, სიტყვებს ძლივს უყრიდა თავს, ცდილობდა, როგორმე რაღაცით მაინც გამოესყიდა თავისი დანაშაული. იმედი მიეცა, რომ შვილი წარსულის არეულ ნაბიჯებს აპატიებდა, _ ვიგირავებ და მერე შენც არ მოგიწევს ქირის გადახდა. გადახვალ იმ ბინაში და თუ მეც მიმიღებ, ხომ კარგი, თუ არადა, შენი იყოს, მე სხვა რამეს მოვახერხებ, _ ანერვიულებული ქალი ისე ჩქარ-ჩქარა ლაპარაკობდა, თითქოს გარკვეულ დროში უნდა ჩატეულიყო და სათქმელი უთქმელი არ დარჩენოდა.

_ მე ჩემი ბინა მაქვს, ნაქირავებში არ ვცხოვრობ, _ ამოილუღლუღა ზურიკომ.

ნანა გახევდა.

_ ა, ბინა? _ ანგარიშმიუცემლად დასვა შეკითხვა.

_ კი, ნანა, ზურიკომ ბინა იყიდა. ნამდვილად არ უჭირს. კარგი სამსახური აქვს, შენი შვილი უკვე ცნობილი ადვოკატია, პატივს სცემენ, _ დავიწყე.

_ ჰო, ვიცი, ეგენი მეც გავიგე, მაგრამ ბინის ამბავი არ ვიცოდი. არ მეგონა, ამხელა ხელფასი თუ ექნებოდა.

_ ჩემი ხელფასით არ მიყიდია, მამაჩემი დამეხმარა და ბანკიც. _ ხაზგასმით წარმოთქვა ჩემმა შვილობილმა.

_ ახ… გასაგებია. მაშინ… ისა… ხო, აი, ეს ფული ბანკის ვალის დაფარვაში დაგეხმარება. ცოტას მაინც ხომ წაგეშველება, თუ მთლიანად არა, _ ქალს აქეთ-იქით გაურბოდა თვალები, ძირითადად, მე მაპყრობდა მზერას, დამეხმარეო.

გამეღიმა. შემეცოდა ნანა, საშინლად უმწეოდ გამოიყურებოდა.

_ ნანა, შეინახე ეგ ფული. ჯერ იყოს შენთან და მერე მოვიფიქროთ, რაში გამოვიყენოთ. ნუ ნერვიულობ, არაფერი სანერვიულო შენ არ გაქვს. ისეთი შვილი გყავს, ვიცი, ბოლოს მაინც გაგიგებს და ყველაფერი დალაგდება. ხომ მართალი ვარ, ზურიკელა? _ თვალმოჭუტულმა გავხედე.

_ სულძაღლიანო, _ დააყოლა ტიდამ.

ყველას გაგვეცინა. ზურიკოსაც, ნანასაც. დაძაბულობა ნელ-ნელა გვეხსნებოდა.

_ დე, მოდი, ცოტა ხანს ყველანი აქ ვიყოთ. დავლიოთ, ვჭამოთ, ვიბაასოთ, წასვლას და დალაპარაკებას ყოველთვის მოასწრებენ, _ მოულოდნელად ჩემი ირაკლი ამეტყველდა, _ ვფიქრობ, ახლა ზურიკოსთვის ის კი არ არის მთავარი, სად იყო ეს წლები ქალბატონი ნანა, როგორ ცხოვრობდა და თავს რითი ირჩენდა, არამედ ის, დედასთან ურთიერთობას როგორ დაალაგებს. და რომ დაალაგებს, ამაში ეჭვი არ მეპარება. ხომ ასეა, ჩემო ძმაო? _ ამ სიტყვებით ირაკლიმ ხელი მხარზე მოუთათუნა ზურიკოს, მერე თავის ადგილს დაუბრუნდა და ღვინის დოქს დაავლო ხელი, _ ცოტა შევხურდეთ, ორი-სამი ჭიქა დავლიოთ, ხასიათზე მოვიდეთ და დანარჩენში ბახუსის ღმერთი დაგვეხმარება.

აი, რა ყოფილა თურმე საჭირო სიტუაციის განსამუხტავად _ ჩემი შვილის ჩარევა. როგორი გონებამახვილი ბიჭი მყავს. უცებ მოაგვარა საქმე…

_ მოვაყომარე ჩემებურად, ხომ მაგარი ვარ? _ წამეტრაბახა ირაკლი, როცა ტიდა, ზურიკო და ნანა ზურიკოს ბინაში გადავიდნენ, _ ხომ ხედავ, ზურიაც რა უცებ შეიცვალა? ცოტა შეთვრა და ეგრევე შეეტყო, დედამისი რომ უყვარდა. არ ჩანს ისე ცუდი ქალი, რას იტყვი შენ, ჰა, დედიჯან? _ ირაკლი ჩამეხუტა და ტუჩები ჩემს ყელში ჩარგო.

_ არ ჩანს, დედა, არა. ცუდმა ცხოვრებამ კარგი გახადა, როგორც ვხედავ, _ ჩურჩულით წარმოვთქვი და ირაკლის თავი მკერდზე მივიხუტე.

დიდხანს ვეფერე ჩემს შვილს და, ჩემდა გასაოცრად, ამის ნება დამრთო, არ გამძალიანებია, როგორც სჩვეოდა ხოლმე, პატარა ბიჭი ხომ არ ვარო, თავიდან მომიშორებდა სხვა დროს, მაგრამ ახლა, ამდენი სტრესის შემდეგ, თანაც შემთვრალმა, პატარა ირაკლის როლი მოირგო და დედას მოფერების უფლება მისცა ისე, როგორც ბავშვობაში…

***

ეჰ, გაგვიხუნდა ამ ზაფხულს დასვენება, მაგრამ რას დავეძებ, მთავარია ჩემი შვილი გაამართლონ. ზღვის ვიტამინების მიღებას მერმისადაც მოვასწრებთ. ყოველ წელს დავდივართ მთელი ოჯახი ზღვაზე დასასვენებლად. შეიძლება ყველა ერთად, ჯგუფურად ვერ წავიდეთ, მაგრამ ცალ-ცალკე არცერთი არ ვიკლებთ. ჩემმა შვილებმა კი მოიარეს საუკეთესო უცხოური კურორტები, მაგრამ მე ვერ ამიყოლიეს. მე მხოლოდ საქართველოს შავი ტალღები მსიამოვნებს _ ბათუმის, ქობულეთის, ურეკის… არა, განა რამეს ვერჩი ხმელთაშუა ზღვას, პირიქით. ერთხელ ვიყავით მე და ტიდა მარმარისში და იქაური ზღვის სილურჯემ და სიმსუბუქემ ისე გამაოგნა, რომ მივხვდი, იქიდან წამოსულს იგი ძალიან მომენატრებოდა. არადა, რაღაცის მონატრებამ შეჩვევა იცის. კიდევ ერთხელ რომ გამეხედა იმ ლურჯი ზღვისკენ, მერე ყოველ წელს ან საბერძნეთში უნდა ამომეყო თავი, ან იტალიაში, ან თურქეთში. გარდა ამისა, პატარა აღარ ვარ, სად შემიძლია ხანგრძლივი მგზავრობა. უკვე ასაკოვანი მქვია და საკუთარ ჯანმრთელობას თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდე. საქართველო, მისი ზღვა და მისი ჯანი! ვითომ რითია ნაკლები სხვა ზღვებზე? აქაც ღმუის ზღვა, როცა მრისხანებს, აქაც თვლემს, როცა მშვიდია და აქაც გეფერება, როცა მის ტალღებს ხელს მოხვევ და ჩაეხუტები.

მაგრამ წელს, ალბათ, ვერა. თუმცა ხავერდოვანი სეზონი წინაა, თუ ყველაფერი კარგად დამთავრდება, იქნებ სექტემბრისკენ „დავაწვეთ“ დასავლეთის გზას. ანაკლიაში არ ვყოფილვართ, ბოლოს და ბოლოს, სამეგრელოა, ჩემი მშობლიური მხარე. ხომ შეიძლება მასაც დავდოთ პატივი?

ეჰ, გამიგრძელდა. არადა, საინტერესო ადგილას შევწყვიტე თხრობა, _ ზურიკო, ტიდა და ნანა ზურიკოს ბინაში რომ გადავიდნენ სალაპარაკოდ. ორი საათის შემდეგ უკან მხოლოდ ტიდა და ნანა მობრუნდნენ, ზურიკო შინ დარჩაო, ჩემმა გოგომ მითხრა.

ულაპარაკია დედა-შვილს. ცოტა უკამათიათ, უფრო ცოტა უჩხუბიათ და ბოლოს მაინც შერიგებულან. უფრო სწორად, რაღაცების დათმობაზე წასულა ზურიკო. კიდევ კარგი, ნასვამი იყო და ამით ხასიათმორბილებული. ბოლოს შეთანხმებულან, რომ ნანა ბინას იგირავებდა, რაშიც ზურიკელა დაეხმარებოდა და იმ ექვსი ათას დოლარსაც მაგ საქმეში მოიხმარდნენ, რათა დედამისს მთლად სოროსავით ბინა არ შერჩენოდა ხელთ.

ჩემთვის გასაგები იყო, რატომაც არ უნდოდა ზურიკოს, დედამისს მასთან ეცხოვრა. ჯერ შვილი უნდა შესჩვეოდა დედას, სხვანაირად ერთმანეთს ვერ გაუგებდნენ.

ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო, მომეწონა.

ნანა იმ ღამეს ჩვენთან დარჩა და მომდევნო ორი დღეც _ შაბათი და კვირა. ის დღეები დასაგირავებელი ბინის ძებნას შეუდგნენ ჩემი შვილები. ისე გაერთნენ განცხადებების კითხვით და რეკვებით, თითქოს სხვა პრობლემა არაფერი გვქონდა, თითქოს დროებით უკან გადაიწია ირაკლის საგანგაშო ამბავმა. არც იყო გასაკვირი. ჩემი შვილის ამბავს, ასე თუ ისე, ნათელი უკვე მოეფინა და ახლა მხოლოდ საჭირო მომენტს უნდა დავლოდებოდით.

გარდა ამისა, ნანას სამსახურის საქმის მოგვარებაც საჭირბოროტო ამბავი იყო. ვიცოდი, რომ მუსიკალური სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული და ვიფიქრე, სადმე იქნებ მუსიკის მასწავლებლის ადგილი ვუშოვო-მეთქი. როცა ამის შესახებ ჩამოვუგდე ლაპარაკი, შორს დაიჭირა, რამდენი ხანია, ფორტეპიანოს არ მივკარებივარო. დავამშვიდე, ეგ საკითხი ადვილი მოსაგვარებელია-მეთქი. ავიღე თუ რამ ნოტების წიგნი მქონდა სახლში და ჩვენს პიანინოსთან დავსვი. თავიდან გაუბედავად შეეხო კლავიშებს, მერე კი უფრო და უფრო გაუთამამდა. როგორი ნეტარება ეწერა სახეზე, უნდა გენახათ.

მე პარალელურად რეკვა ავტეხე, იქნებ რომელიმე საბავშვო ბაღში მაინც ვუშოვო მუსიკის მასწავლებლის ადგილი-მეთქი.

ვუშოვე კიდევაც. იქვე, ვაჟაზე, ირაკლი რომ დადიოდა, იმ ბაღში არ ჰყოლიათ თურმე მუსიკის მასწავლებელი და ეს საქმეც მოვაკვარახჭინე. ძველი ორ კვირაში დეკრეტში გადიოდა და ახალს ეძებდნენ. ნაცნობების ჩართვით და ჩარევით ის ადგილი ნანასთვის დავაბევებინე და კმაყოფილება დამეუფლა, ერთი კეთილი საქმეც რომ მოვაგვარე.

ბავშვებმა საღამოსკენ ბინაც გამონახეს _ ვეძისში, ერთ კერძო სახლში ერთი ოთახი ცალკე სამზარეულოთი და სააბაზანოთი, საჭირო ავეჯით გირავდებოდა. მაშინვე გავარდნენ სანახავად და ნანაც გაიყოლეს.

კმაყოფილები მობრუნდნენ უკან. მოსწონებიათ.

_ რაც მთავარია, ისე მაღალზეა, ნესტი არ შეგაწუხებთ. ცოტა გრძელი აღმართი კი გექნებათ ასავლელი, მაგრამ არა უშავს, ჯანმრთელობისთვის მისწრებაა, _ აღნიშნა ირაკლიმ.

_ ცოტა ბნელიცაა, რადგან ფანჯარა მხოლოდ სამზარეულოს აქვს და ოთახს არა, მაგრამ არა უშავს, ნაქირავებს მაინც აჯობებს, _ დაამატა ტიდამ.

_ სამაგიეროდ, ჩვენთანაც ახლოს იქნება და სამსახურთანაც, _ შენიშნა ზურიკომ.

_ ჰოდა, ეგ ყველაფერი რომ შევუმსუბუქოთ, ხან ჩვენთან დარჩება ხოლმე ღამით, ხან ზურიკოსთან. არა, ზურიკელა? _ მრავალმნიშვნელოვანი მზერა ვესროლე შვილობილს.

მას პასუხი არ გაუცია, ორაზროვნად ჩაიღიმა მხოლოდ. რა თქმა უნდა, თანახმა იყო, ოღონდ ამის გახმოვანების შერცხვა.

დიდ ზურიკოს არ ვაცნობეთ ნანას გამოჩენის ამბავი. შეიძლება ინერვიულოს მამაჩემმა და არ მინდა ჯერ გავაგებინოო, ამიხსნა ზურიკელამ და მეც დავეთანხმე.

_ შემოდგომაზე ისედაც აპირებს ჩამოსვლას და თავისთავად გაიგებს.

_ უი, მართლა? რატომ აქამდე არ მითხარი? სულ ჩამოდის თუ დროებით?

_ ვნახოთ. ჯერ ისე ჩამოვა, მერე არ ვიცი.

_ ისე რა ჰქვია, რისთვის? ამხელა გზაზე, თან ამ ომიანობის დროს ასე ადვილია ჩამოსვლა? მთელი პოლონეთი უნდა გამოიაროს! _ შეწუხებულმა წარმოვთქვი.

ზურიკომ გაოცებული მზერა შემომანათა.

_ როგორ თუ რისთვის? ჩემი ქორწილი მამაჩემის გარეშე როგორ ჩაივლის? ასეთ დროს მამა გვერდით უნდა მყავდეს, სხვანაირად არ იქნება, ნატა!

ქორწილიო? ამათ უყურე! უკვე ქორწილზეც შეთანხმებულან! ყაჩაღანები! მე კი არაფერი მითხრეს, არც კი ჩამაყენეს საქმის კურსში!

_ ვის ქორწილზეა საუბარი, მამაშენს მოჰყავს ცოლი? _ თავი გამოვიშტერე.

_ მამაჩემს არა, მე! _ ღიმილმა გაუნათა სახე ზურიკოს, _ რატომ გადავდო, არ არის დრო, მე და ტიდა დავქორწინდეთ? გაჯანჯლებული არაფერი არ მიყვარს.

_ მერედა, მე ახლა რატომ ვიგებ ამას? _ ვიწყინე.

_ იმიტომ, რომ ირაკლის ამბის ჩამთავრების მერე გვინდოდა შენთვის გვეთქვა. პატარა სიურპრიზად ვტოვებდით.

_ უყურე ამას! ტიდას გათხოვება პატარა სიურპრიზია ჩემთვის, ბიჭო! _ ყასიდად გავბრაზდი.

_ ირაკლის გამართლებასთან შედარებით პატარაა, ნატა, დამიჯერე! _ მომიგო და ხმაც ჩამაკმენდინა.

მართალი იყო. ჩემთვის ყველაზე დიდი სიურპრიზი ჩემი ირაკლის გამართლება იქნებოდა, სხვა არაფერი…

***

ორშაბათს ტიდა, ნანა და ზურიკო ერთად გავიდნენ სახლიდან. ნანას თავის ნაქირავებ ბინასთან ჩამოსვამდნენ, რადგან ახალში გირავნობის ხელშეკრულების გარეშე ვერ გადავიდოდა, ამას კი დრო უნდოდა, ტიდა და ზურიკო კი სტუდიაში გავარდებოდნენ სიუჟეტის ჩასაწერად.

შინ მხოლოდ მე და ირაკლი დავრჩით. ორშაბათი ხომ ისედაც მძიმე დღეა ყველასთვის, მაგრამ ჩვენთვის კიდევ უფრო მძიმე იყო, თან გადამწყვეტიც. დღეს გუმბერიძე უნდა დაეპატიმრებინათ. მხოლოდ ორდერის გაცემა იყო საჭირო, მეტი არაფერი.

დაძაბულობას ვერ ვიხსნიდი. წამებს ვითვლიდი, როდის დამირეკავდნენ ჩემი ბავშვები და მახარებდნენ გუმბერიძის დაჭერის ამბავს. როგორ შეიძლება ვინმეს დაპატიმრება გაგიხარდეს ადამიანს, მაგრამ ეს ის მომენტი იყო, რაც ყველაფერზე მეტად გამახარებდა, რადგან ჩემს შვილს ამის მერე ჩირქს ვეღარავინ მოსცხებდა.

ირაკლი თავისი ოთახიდან არ გამოდიოდა. საწოლზე მიწოლილს ტელევიზორი ჰქონდა ჩართული და რაღაც ფილმს უყურებდა. უყურებდა კი? ამაში ეჭვი მეპარებოდა. ალბათ, ისიც ჩემსავით ელოდა, როდის აწკარუნდებოდა ჩემი ან მისი მობილური.

ჩემდა საბედნიეროდ, მთლად დიდხანს არ მოგვიწია ლოდინმა. პირველის ნახევარი იყო, ტიდამ რომ დარეკა, ლაშა აიყვანესო.

აცახცახებული შევვარდი ჩემი შვილის საძინებელში, პირველ არხზე გადართე-მეთქი. ამის გაგონებაზე ცხრა ფერმა მაინც გადაურბინა სახეზე. მაშინვე წამოხტა, ფეხმორთხმით დაჯდა საწოლზე და პულტი მოიმარჯვა.

_ …ყველანი სენსაციის მომსწრენი გავხდით, _ ლამის ყვიროდა ტიდას მეგობარი ჟურნალისტი ნუცა, რომელსაც ისე ეჭირა მიკროფონი ხელში, თითქოს მოკბეჩას უპირებსო, _ ცნობილი ქირურგი ირაკლი ფაღავა გამართლებულია. ნამდვილი მკვლელი კი ამწუთას დააპატიმრეს საკუთარ სახლში სამართალდამცველებმა!!! ოპერაცია სულ რამდენიმე წუთის წინ დაიწყო და თქვენ ახლა ყველანი ხედავთ, როგორ გამოჰყავთ სახლიდან ბორკილდადებული…

მოულოდნელად ირაკლიმ პულტი წინ გაიშვირა და ტელევიზორი გამორთო. გაოცებულს თვალები გამიფართოვდა, მაგრამ ხმა არ ამომიღია. მესმოდა მისი. არც იყო საჭირო მეტის მოსმენა, ისედაც ყველაფერი ნათლად ჩანდა. რა საჭირო იყო, გუმბერიძის აყვანის სცენებით ნერვები დაეწყვიტა?

_ გილოცავ, დედიკონა, _ ალერსიანად წარმოვთქვი და გავუღიმე.

პასუხად ხელი ნელა დამიქნია და თვითონაც ჩაიღიმა.

სასტუმრო ოთახში გამოვედი და მარტო დავტოვე. ახლა მას ყველაზე მეტად მარტო დარჩენა ესაჭიროებოდა…

***

ერთი საათიც არ გასულა ამ ამბიდან, რომ ტიდას მესიჯი მომივიდა, ჩვენი გადაცემა იწყება და უყურეთო. მაშინვე შევიხედე ჩემს შვილთან, მაგრამ მას თავზე პლედი გადაეფარა და ჩემკენ ზურგით იწვა თავის საწოლში. აღარ შევეხმიანე, იქნებ მართლა ეძინა. ფრთხილად გამოვიხურე კარი და მეორე ტელევიზორი ჩავრთე, რომელიც სასტუმრო ოთახის კედელზე იყო მიმაგრებული.

ჩემი გოგო თავის სიუჟეტებში იშვიათად ჩნდებოდა. ისე მიჰყავდა ხოლმე გადაცემა, ცდილობდა, ეკრანზე ნაკლებად გამოჩენილიყო, მხოლოდ ხმა ისმოდა მისი. ამჯერად თვითონ იჯდა სტუდიაში და მსხვილი პლანით შემოგვყურებდა მონიტორიდან. მის გვერდით ზურიკო მოკალათებულიყო, ფეხი ფეხზე შემოედო. ოდნავ გვერდულად იჯდა, ტიდას შეჰყურებდა, მარჯვენა ხელში გრაგნილივით დახვეული თაბახის ფურცლები მოექცია და მუხლზე მსუბუქად იტყაპუნებდა…

ჩემმა ქალიშვილმა ამბის მოყოლა საკუთარი ცხოვრებით დაიწყო. ვინ იყო თვითონ, რა ოჯახში გაიზარდა, ვინ გაზარდა… ირაკლი როგორი ძმა იყო, ნატა _ როგორი დედა… ზურიკოს რა როლი ეკისრა ჩვენს ცხოვრებაში… და ამ ყველაფერს ისეთი გულში ჩამწვდომი ხმით უამბობდა მაყურებელს, თითქოს მსახიობია და ლექსს გამოთქმით კითხულობსო. მის ხმასა და გამოსახულებას პერიოდულად ცვლიდა სურათები საოჯახო ალბომიდან, _ საბავშვო ბაღი, სკოლის პერიოდი, უნივერსიტეტი, მეგობრები, ტელევიზიაში გადაღებული ფოტოები, კადრები ირაკლის სამუშაო ეპიზოდებიდან, წარმატებული ოპერაციების მიმდინარეობის მოკლე ვიდეოჩანართები…

და, როგორც იქნა, მთავარ სათქმელსაც მიადგა. როგორ დააბრალეს მის ძმას ყოფილი შეყვარებულის მკვლელობა და რა მოჰყვა ამ ყველაფერს. როგორ აიღო თავს თავზე ზურაბ კაშიამ ირაკლი ფაღავას დაცვა და რა მოიმოქმედა ამისთვის. შემდეგ კითხვებით ზურიკოსთან გადავიდა.

ვერც შევამჩნიე, როდის გამოვიდა ირაკლი თავისი ოთახიდან. მხოლოდ მაშინ დავინახე, სავარძლიდან რომ წამოდგა. თურმე გამოსულა და იქვე დამჯდარა. მაგიდას მიუახლოვდა, გრაფინიდან ჭიქაში წყალი ჩამოისხა და ხარბად დალია, ერთი ამოსუნთქვით, ალბათ, სულ სამ ყლუპად…

ნერვიულობდა. არანაკლებ ვნერვიულობდი მეც. ღაპაღუპით მცვიოდა ცრემლები. შვების იყო ეს ცრემლები, შვების და სიხარულის.

როგორც იქნა, სიმართლემ იზეიმა! ზურიკომ ჩემს შვილს სამარცხვინო ლაქა ჩამორეცხა!

***

გადაცემა დამთავრდა თუ არა, დაიწყო და დაიწყო გაუჩერებელი ზარები. მილოცავდნენ შვილის გამართლებას. მილოცავდნენ მეგობრები, ნაცნობები, კოლეგები, მეზობლები, ნათესავები…

თურმე რამდენი ვინმე ყოფილა ჩემ ირგვლივ… და სად იყო ამ ხალხის თითქმის ნახევარი, როცა მე ძალიან მიჭირდა? რატომ მაშინ არ გავახსენდი მათ? ნუთუ მაშინ არ მჭირდებოდა გამხნევება? ახლა რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის, ვინ დამირეკავდა და ვინ მომილოცავდა? ადამიანს ხომ ჭირში სჭირდება გამაგრება და არა მხოლოდ ლხინში!

ეჰ, რამდენ შეცდომას ვუშვებთ ნებსით თუ უნებლიეთ… ვუშვებთ და არც ვუფიქრდებით, რომ იმ ერთი, ვითომ შეუმჩნეველი შეცდომით როგორ ვკარგავთ ახლობელი ადამიანის ნდობას. მე ხომ უკვე ზეპირად ვიცოდი, ვისი იმედი უნდა მქონოდა გაჭირვების ჟამს, ვის შეიძლებოდა დავყრდნობოდი და ვის არა? სწორედ ამაზეა ნათქვამი, ზოგი ჭირი მარგებელიაო. რომ არა ეს ამბავი, კიდევ დიდხანს არ მეცოდინებოდა, სინამდვილეში ვინ ვინ იყო. ახლა უკვე ვიცოდი და იმასაც ვხვდებოდი, რომ საიმედო მეგობრების ძველი სია გასაახლებელი მქონდა…

***

შემდეგ იყო ირაკლის პოლიციაში გამოძახებები, ხელახალი დაკითხვები, ლაშასთან დაპირისპირებები… ამჯერად, როგორც მოწმეს, ისე იძახებდნენ. საშინლად დამღლელი პროცესი გამოდგა. არა მხოლოდ ირაკლის, ჩვენც კი დაგვაწყდა ნერვები.

ლაშას მამამ კიდევ ერთხელ დააქცია ქვეყანა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ფაქტები ჯიუტი იყო, ყველანაირი სამხილი არსებობდა მისი დანაშაულის დასამტკიცებლად. მისი გამოტეხა სულაც არ გასჭირვებია მამუკას. ერთმანეთის მიყოლებით უდებდა ეჭვმიტანილს მაგიდაზე ექსპერტიზის დასკვნებს _ სისხლის ლაქები მის უკვე გარეცხილ ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე. ვიდეოკამერაზე დაფიქსირებული სადმირასთან მისი მისვლის დრო, თითის ანაბეჭდების არარსებობა კარის სახელურზე თუ მკვლელობის იარაღზე…

ლაშა უძლური აღმოჩნდა, სამხილებს დაპირისპირებოდა, ამიტომ ფარ-ხმალი დაყარა და იმ დღესვე აღიარა დანაშაული. დაწვრილებით მოუყვა გამომძიებელს, სინამდვილეში რა მოხდა იმ საღამოს. სამსახურიდან დაბრუნებული სადმირა გაბრაზებულა, როცა ლაშა ისევ თავისთან დახვედრია. უთქვამს, ერთ საათში ირაკლის ველოდები, ჩემი ბინის გასაღები უნდა დამიბრუნოს და სულაც არ მინდა ერთმანეთი ნახოთ, ამიტომ აჯობებს წახვიდეო. მერე კი საჭმლის კეთება დაიწყო, რათა თავის ყოფილს გამასპინძლებოდა, ამან კი ჭკუიდან გადამიყვანა, ისე ვიეჭვიანეო. ამას შეჰყოლიან. ბოლოს სადმირას მისთვის საფერფლე გაუქანებია. ლაშას ეს ვერ მოუთმენია, აუღია თავისი ნაჩუქარი ვაზა და თავში უთხლეშია საცოლისთვის… მაგრამ მისი მოკვლა არ მინდოდა, უბრალოდ, ვეღარ მოვზომეო. როცა მიხვდა, რომ გოგო მოკლა, მაშინვე გადაწყვიტა, მკვლელობა ირაკლისთვის დაებრალებინა. სწრაფად იმოქმედა, ყველა კვალი წაშალა, ბინიდან გავიდა და ზედა სართულზე ასული დაელოდა ირაკლის გამოჩენას… იმ სიჩქარეში კი უამრავი შეცდომა დაუშვა…

დანარჩენი სასამართლოზე იყო დამოკიდებული, პროცესს როდის ჩანიშნავდნენ და რამდენს მიუსჯიდნენ…

როგორც იქნა, ამანაც ჩაიარა. ჩემი შვილი გაამართლეს, სამსახურშიც აღადგინეს და ამ შემთხვევაზე კიდევ დიდხანს წერეს და ილაპარაკეს პრესასა და ტელევიზიაში. გარდა ამისა, ზურიკელა გააღმერთეს. საბოლოოდ შერჩა „ექიმების ადვოკატის“ სახელი. იმ დღიდან მასზე მოთხოვნა ერთიორად გაიზარდა. ხან ტელევიზიებში იწვევდნენ, ხანაც ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში. ყველგან მისი ფოტო იყო გამოჭიმული.

ერთმა ჟურნალისტმა გადაცემაში ისიც კი ჰკითხა, ასეთი ალღო რომ გაქვთ, გამომძიებლობაზე არ გიფიქრიათო? ზურიკომ ჩაიცინა და უპასუხა, გამომძიებელი ისედაც ვარ, ადვოკატის მოვალეობაში სიმართლის ძიება შედისო.

***

აი, ასეთ აჟიოტაჟში ჩაიარა ზაფხულმა. ზღვაზე მაინც ვერ წავედით, რადგან 31 ოქტომბერს ქორწილი დავგეგმეთ და უამრავი საქმე გვქონდა მოსაგვარებელი. დიდი ზურიკოც ჩამოვიდა ლვოვიდან. ნანასაც შევახვედრეთ, თუმცა ისე მშვიდად ჩაიარა ამ შეხვედრამ, ყველანი გაოცებულები დავრჩით. ძალიან მშვიდად შეხვდა ზურიკოს მამა თავის ყოფილ ცოლს, თითქოს მათ შორის შავ კატას არასდროს გაერბინოს. ისე მოიკითხა, როგორც დიდი ხნის უნახავი კარგი ნაცნობი. აგრესია წამითაც არ გამოუმჟღავნებია. ის კი არა, რაღაც მომენტში ისიც ვიფიქრე, იქნებ კიდევაც შერიგდნენ-მეთქი, მაგრამ არა. საბოლოო ჯამში დიდმა ზურიკომ ცოლს ღალატი არ აპატია… თუმცა სულ „არარაობას“ ასეთი ურთიერთობა სჯობდა, უბრად მაინც არ იყვნენ ერთმანეთთან.

ყველაფერი მოგვარდა. ნანა ნაგირავებ ბინაში მალევე გადავიდა. მუშაობაც დაიწყო ბაღში და ჩვენც ხშირად გვსტუმრობდა. მას და ზურიკოს შორის ყინული ნელ-ნელა გალღვა, შერიგდნენ. დედა-შვილის ყურებას არაფერი სჯობდა, როცა ერთად იყვნენ. რამდენჯერ ამჩუყებია გული, როცა ზურიკო ნანას ხელს მოხვევდა და მის თავს მკერდზე მიიხუტებდა…

ჯვრისწერაზე ტიდას თეთრი საპატარძლო კაბა ეცვა. როცა სალონიდან გამოვიდა, ისეთი ლამაზი იყო, ძლივს ვიცანით.

_ როგორი ეგზოტიკური ცოლი მყავს, _ ამაყად გადმოგვხედა ზურიკომ მე და ირაკლის.

_ გეთანხმები, _ კვერი დაუკრა ჩემმა ბიჭმა და ჯღანავით გააგრძელა, _ მართლაც „ეგზომ ტიკურია“! _ პასუხად კი ტიდას მუჯლუგუნი დაიმსახურა.

ქორწილმა შესანიშნავად ჩაიარა. ჩავარესტორნეთ. ჩემი გოგო ბრწყინავდა, მოუხდა პატარძლობა. ბრწყინავდა ზურიკოც. მოუხდა ნეფეობა. შესანიშნავი წყვილი იყო, აკვდებოდნენ ერთმანეთს. მე და ნანას კი, მათ შემხედვარეს, სიხარულის ცრემლები ღაპაღუპით გვდიოდა.

ყველაზე გულისამაჩუყებელი მომენტი ირაკლის სადღეგრძელო იყო, როცა თავისი და და სიძე ადღეგრძელა. იმდენი ილაპარაკა ზურიკოზე, იმდენი რამე გაიხსენა ბავშვობიდან, ქალები ტირილით დაიხოცნენ.

_ იყო დრო, დამშალა ცხოვრებამ, წამშალა, შემშალა და, საერთოდ, ამომშალა თავისი სიიდან, _ ჰყვებოდა ირაკლი, _ მაგრამ მოვიდა ზურიკო, დამიდგა გვერდში და შეშინებულმა დრომ ისეთი პირუეტები გააკეთა, წამში ყველაფერი ძველ ადგილას დააბრუნა. ჩემს ზურიკელას გაუმარჯოს, ჩემს ალალ ძმას, ღვიძლ ძმაზე უფრო ძმას! ამიერიდან ამ რეგალიებს კიდევ ერთი სტატუსი დაემატა _ იგი დღეიდან ჩემი სიძეა! ჰოდა, გაგიმარჯოს, ძმაო, სიძევ და მეგობარო ჩემო, ჩემს ტიდასთან ერთად გაგიმარჯოს! მრავალჟამიერ თქვენი ცოლქმრობა!

ერთობ დრამატული სცენა იყო. მე ისე ვსლუკუნებდი, მთელი ჩემი საგულდაგულოდ გაკეთებული მაკიაჟი ცრემლებს გავატანე. მაგრამ კულმინაცია სადღეგრძელოს ბოლოს იყო, როცა ირაკლიმ და ზურიკომ „შაირობანა“ გამართეს. როცა ჩემმა შვილმა ყანწი დაცალა სიტყვებით, ასე მტერი დაგეცალოთო, რესტორნის დარბაზში ტაშისცემა ატყდა და როცა იგი დაცხრა, ირაკლიმ უცებ ზურიკოსკენ საჩვენებელი თითი გაიშვირა, თვალი ჩაუკრა და შესძახა:

_ ერთი, ორი, სამი… სამი სამოსანი!

ამის მოსმენაზე ყველა გაისუსა, ვერ მიხვდნენ, რას ნიშნავდა მისი შეძახილი.

ზურიკელამ მაშინვე აუღო ალღო მეგობრის წამოწყებას და ეგრევე „მორიგე სტრიქონები“ შეაგება:

_ ოთხი, ხუთი, ექვსი, არ აიღო სესხი!

_ შვიდი, რვა, ცხრა, ტუზი დაგეცა! _ გაეპაექრა ისევ ირაკლი და უცებ მე მანიშნა, შემოგვიერთდიო.

მეც, ცრემლებში ნაბანავებმა, არ დავახანე და არ ვიცი, საიდან მომეპარა ამ დროს „მუზა“, ეგრევე ავყევი ჩემს ბიჭებს:

_ ათი, თერთმეტ-თორმეტი, დაიჭირე მომენტი!

აი, მაშინ უნდა გენახათ ტაშის გრიალი. დაინგრა დარბაზი. ყველა სტუმარი ხარხარებდა, აპლოდისმენტები არ ცხრებოდა.

მერე იყო კიდევ ბევრი სადღეგრძელო, ბევრი სიმღერა და უფრო ბევრი ცეკვა.

ვუყურებდი ამ ყველაფერს და ვგრძნობდი, რომ სტუმრად ბედნიერება მეწვია. ბედნიერება, რომელსაც შემოდგომა ეცვა, ყვითელფოთლებიანი შემოდგომა. თან წვიმის სურნელი ასდიოდა. მე, ყავის ნაცვლად, ჩემი სიხარულის ცრემლებით ვუმასპინძლდებოდი, ის კი შაქრის ნაცვლად ჩემს ცრემლებში ოქტომბერში მიწაზე დაფენილი ყვითელი ფოთლებივით გამომშრალ ვარსკვლავებს ყრიდა.

მღეროდა დარბაზი და მღეროდა ჩემი ბედნიერებაც, რომელსაც შემოდგომა ეცვა. მღეროდა სინათლეზე, სიყვარულზე, სითბოზე, იმაზე, რაც ასე ჩუმად ზის ჩვენს გულებში და მოლოდინით გვავსებს… მღეროდა ადამიანების სიკეთეზე, ღიმილზე, სიცილზე, რომელიც ძალიან ჰგავს ქარვისფერ ნიავს. მღეროდა სველ ბილიკებზე, რომელიც იმისკენ მიემართება, რასაც ყოველი ჩვენგანი ყოველდღე გაფაციცებით ეძებს… ჩემი ბედნიერება ხან ჩიტივით შემომაჯდებოდა მხარზე, ხან კატასავით მოკალათდებოდა ჩემს მუხლებზე… დაიარა დარბაზის ყველა კუთხე-კუნჭული და თავისი კვალი ყველგან დატოვა… მერე მოისხა მხრებზე ბავშვური სიზმრებით გაფერადებული ცისარტყელა და ჩვენი ბინისკენ გაფრინდა, რათა იქ ჩაგვსაფრებოდა… დაგვლოდებოდა… ჩაგვსახლებოდა…

ხვალიდან ჩემი ოჯახის ცხოვრებაში სხვა მზე ამონათდებოდა, ზღვა-მზე, დაიწყებოდა ახალი დღე, ახალი თვე და ახალი ისტორია… ჩვენი ისტორია. გველოდა სიყვარული, ზღვა, სიყვარულის ზღვა.

და მე ერთი სული მქონდა, როდის გათენდებოდა ზღვამზიანი სიყვარულის ხვალინდელი დღე.

შემოდგომა კი, როგორც ყოველთვის, ფოთლებს აბერებდა…

დასასრული



№1 სტუმარი სტუმარი gvantsa

დამათენდა ,ვერ მოვწყდი ისტორიის კითხვას,ძალიან კარგია ძალიაან ????

 


№2  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან ძალიან საინტერესო და მრავალი ფერის ისტორია იყო..

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

აი რა ღაც საოცრება ნაწარმოები იყო საინტერესო გულის ამაჩუყებელი ცოტა სავდიანი უცხო იმდენი წმოციებით სავსე და სიფე4ადით ნამდვილი სიყვარულით და მეგობრობით კარგი დასასრულით ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებები ????????

 


№4 სტუმარი სტუმარი ნანა

ბევრი ვიტირე,დამავიწყდა ჩემი მდგომარეობა ,მადლობა მწერალს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent