სახლი მთაში (თავი 4)
სახლი მთაში თავი 4 - მოდი ბებია, მოდი, სად ხარ ამდენ ხანს. ამ კაცმა პირი არ დააკარა არაფერს და კი გაცივდა ამ დროში საუზმე... - აცადე ადამიანო, რო აავსე საყვედურებით ამოასუნთქე კაცი. - გურამი ბაბუა, მგონი პრობლემა მაქვს - მძიმედ დაიწყო ანდრეამ. - ის გოგო, რომ დავინახე კი მივხვდი შვილო, მაგრამ ვეღარ გკადრე ზედმეტის კითხვა... - ის სტუმარი გოგოა ბებია? - საქმეც ესაა, რომ სტუმარი არ არის. სახლის ნახევარი მისია. - ეს როგორ?! - გაიკვირვა ქალმა. - რას ამბობ ბაბუა, გაგვაგებინე ადამიანურად. - ახლა გაირკვა, რომ სახლი ორად ყოფილა გაყოფილი, ერთი ნახევარი ჩემია, მეორე მისი. - ეგ როგორ? - გაიკვირვა კაცმა. - მეც არ ვიცი, როცა ვყიდულობდი აღწერაში მსგავსი არაფერი იყო. მეც წესრიგში მაქვს საბუთები და მასაც. - მეც არ გამიგია ბაბუა ამისთანა არაფერი. ძველ დროში, როცა ძმები იყრებოდნენ და სახლს იყოფდნენ, ქვითკირით ნაშენი ერთ ძმას რჩებოდა, ხის ნაწილი კი იშლებოდა და მეორე ძმას მიჰქონდა ახალ სამოსახლოზე. ისეც იყო, რომ მხოლოდ მიწას აძლევდნენ და ოჯახი ეხმარებოდა აშენებაში, მაგრამ ერთი სახლი ასე სანახევროდ გაეყოთ ჯერ არ მომხდარა ჩვენში... - გაყიდვაზეც უარზეა, ჩემი სახლია და აქ უნდა ვიცხოვროო... - არ არის ბაბუა ეგ კაი ამბავი, სოფელია მაინც და მიეცემა ხალხს სალაპარაკო... - ჩაფიქრებით თქვა მოხუცმა. - ცხოვრებაში პირველად არ ვიცი, როგორ მოვიქცე. - არ იჩქარო ბაბუა, გავიცნოთ, დაველაპარაკოთ და იქნებ გამოსავალიც ვიპოვოთ. - ასე თქვა მარიამი მქვიაო, მგონი ის არის თქვენ, რომ ყვებოდით ამას წინათ... - თორნიკეს შვილიშვილი მარიამი? - თვალები გაუბრწყინდა გულიკო ბებიას. - როგორ მედარდებოდა მათი ბედ-იღბალი, მაიაც ჩამოვა ნეტავი?! - უფრო რთულად ყოფილა ბაბუა საქმე ვიდრე მეგონა, მარიამი ამ ფუძისაა. რადგან ჩამოვიდა და მოინდომა, ვერ დაუშლი მისას. სოფელიც მის მხარეს დადგება... - მესმის, გასაგებია, ვიცი, რომ თქვენი ნათესავები არიან, ამიტომ მოვედი თქვენთან. იქნებ დაელაპარაკოთ და მისი ნახევარი მომყიდოს, ან მას, ან დედამისს. რა ვიცი ვინც იღებს გადაწყვეტილებებს მათთან... - არ ვიცი შვილო, ჯერ უნდა დაველაპარაკო. გავიგო რა ამბავია მათ თავს... - მე სამ დღეში თბილისში დაბრუნება მიწევს, თუ ამ დროში ვერ მოვრიგდებით შემდეგ იურისტებს დაველაპარაკები... - არ გინდა იურისტები და სასამართლოები ბაბუა, ასე დამთავრდება თუ ისე დამთავრდება ეს ამბავი, სოფელი მაინც დაიმახსოვრებს და ჭორ-მართალი აირევა ერთმანეთში. ნუ მისცემთ ხალხს სალაპარაკოს. გაყიდვაზე თუ ვერ შეთანხმდებით უზარმაზარი ეზოა და ჩადგამთ მეორე სახლს რომელიმე. - არ ვიცი, მართლა არ ვიცი. რომ მცოდნოდა ვინმესთან მექნებოდა, რამე გასაყოფი სულ არ ვიყიდიდი ამ სახლს, მაგრამ ახლა უკვე აღარ ვიცი. მივეჩვიე იმ აზრს, რომ ჩემია და ასე ერთი ხელის მოსმით ვერ ვწყვიტავ. - ასე როცა ამაგი გაქვს... - თქვა მოხუცმა - რას იზამ შვილო, რაც არის ეს არის. ვჭამოთ ახლა ორი ლუკმა, შიმშილი არ მოაგვარებს პრობლემას, დაფიქრდები შენც, ისიც, ჩვენც და იქნება რაღაც. *** მარიამმა ბარგი გაჭირვებით გადმოალაგა მანქანიდან და მთელი ბარგი-ბარხანა პირველი სართულის აივანზე დაახვავა. - აქ რანაირად ცხოვრობს კარი თუ არ გაუღია - ეჭვის თვალით შეათვალიერა გადარაზული კარები და თვითონაც ფანჯრიდან გადაძვრა სახლში. ყველაფერი ისევ ისე იყო, როგორც წლების წინ ახსოვდა, ოღონდ ისე დიდად აღარ ეჩვენებოდა აღარც ბუხარი და აღარც ბუხრის თავზე შემოლაგებული ყანწები, არც ირმის რქები კედელზე და არც დათვის ტყავი. ჯერ კიდევ ახსოვდა როგორ ეშინოდა იმ ტყავის. როცა კედლები და იატაკი უცნაურ ჭრიალს იწყებდა წარმოიდგენდა, რომ ცოცხლდებოდა და სახლში დააბიჯებდა. თავის თავზე და ბავშვურ წარმოდგენებზე თავისდაუნებურად გაეღიმა და მზერა სურათებზე გადაიტანა. - გამარჯობა წინაპრებო, გამარჯობა მამა, კარგია რომ ისევ აქ ხართ და ის იდიოტი არ შეგხებიათ. მითხარით ახლა როგორ მოვიქცე, დედას რომ ვუთხრა გადაირევა, არაფრით დამანებებს აქ ცხოვრებას. არადა სად წავიდე?! ან ჩემი სახლიდან მე რატომ უნდა წავიდე?! ადგეს და თავად მიბრძანდეს! თან მგონი ნორმალურიც არ არის, ცოტა გიჟია ან რაღაცა მძიმეს ეწევა. ასე არ არის ბებია?! - სიგარეტს გაუკიდა გოგონამ და მზერა ისევ სურათებს მიაპყრო - კარგით ასე ნუ მიყურებთ, დიდი ხანია ვეწევი უკვე და სულ არ ვაპირებ დაგიმალოთ, ისიც კმარა, დედას რომ არ ვეუბნები. კი არაფერს მეტყვის, მაგრამ რავიცი პირველად, რომ მკითხა ისე შევიცხადე ახლა სანამ თვითონ არ გამომიჭერს არაფრის მთქმელი არ ვარ... კარგით გვეყო ჭორაობა, გავიდა ნახევარი დღე და ისიც არ ვიცი საიდან დავიწყო აქაურობის მოწესრიგება. ზევითაც ვნახავ რა ხდება, იმდია არც იქაურობისთვის უხლია ხელი თორემ ვერ გადამირჩება. - მთელი ემოციებით საუბრობდა გოგონა და კიბეებს მიუყვებოდა. დრო იქაც ისევე გაჩერებულიყო, როგორც ქვედა სართულზე. ცისფერი, შავთვალა დათუნია ისევ იწვა მის საწოლზე, ვარდისფერ კაბიანი ბარბიც და მწვანე თვალება ბალერინაც ისევ ისე დახვდა როგორც დატოვა. - როგორ მიყვარხართ, რომ იცოდეთ - მოეფერა სათამაშოებს - განსაკუთრებით შენ - გულში ჩაიკრა დათუნია და მტვრის საბურველში გახვეულს ისტერიული ხველება აუტყდა - ღმერთო, სიკვდილის მერე მტვრად რომ ვიქცევი ვიცი, მაგრამ მტვრით მაინც ნუ მომკლავ. - თვალები აღაპყრო ზევით, ხველებას რომ მორჩა და თავისუფლად სუნთქვა შეძლო. *** ანდრეა შუადღემდე არ გამოჩენილა სახლის სიახლოვეს, გურამი ბაბუას სახლიდან გამოსული სოფლის ცენტრისკენ მიმავალ გზას დაადგა. მარტო ყოფნა უნდოდა. მოხუცი მართალი იყო. იურიდიული გარჩევები სოფლის ყურადღებას მიიქცევდა, მაგრამ სოფელს თავი დავანებოთ ამ ამბავს პრესამდე რომ მიეღწია სკანდალი გარდაუვალი იქნებოდა. თედო ალბათ ჭკუას შეცდებოდა, რომ გაეგო მისი ასლი და ხატი სადღაც ქვეყნისა და ცივილიზაციის დასალიერში, ვიღაც გოგოს სახლის ნახევარს ედავებოდა. - არა, ეს ამბავი რაც შეიძლება სწრაფად და შეუმჩნევლად უნდა მოგვარდეს - უთხრა საკუთარ თავს - რაც მეტად გაწელავ დროს მით უარესი იქნება! სახლისკენ გადაწყვეტილებით იბრუნა პირი, რადაც უნდა დასჯდომოდა მარიამი დაეყოლიებინა მისი წილი გაეყიდა. აქამდე სავაჭრო გარიგებების მეტი რა უწარმოებია, როგორი კერკეტი კაკალი არ შეხვედრია, მაგრამ ყოველთვის ახერხებდა სასურველი მიეღო. ყველაფერს აქვს თავისი ფასი, ისიც იტყვის ბოლოს და ბოლოს და ეგ იქნება. როგორც ყოველთვის ახლაც დარწმუნებული იყო საკუთარ თავში, მაგრამ მაინც იყო რაღაც მაგრამ... მარიამს მეორე სართულის აივანზე გამოემზეურებინა საბნები, ბალიშები და მისი წონა ლეიბები. მტვრისგან დასაცავად ცხვირპირზე სქელი მატერია აეკრა და გამეტებით სცემდა ერთი-მეორის მიყოლებით. აღარაფერი იყო საეჭვო, ეს გოგო მართლა აქ აპირებდა ცხოვრებას. - რაც არის არის, მასაც ექნება სისუსტე, არსად მეჩქარება - ჩაილაპარაკა თავისთვის და სახლში შევიდა. - მარიამი ხო? - დაგიმახსოვრებია. - ისე მიუგდო სიტყვა ბალიშების ბერტყვა არ შეუწყვიტავს. - ორი წუთი გაჩერდი და დავილაპარაკოთ. - რაზე უნდა ვილაპარაკოთ?! ის შენი მოციქული იყო უკვე მოსული, მაგრამ ვერც იმან დამიყოლია. - წესიერად ილაპარაკე! - ისე გაბრაზდა ანდრეა თითქოს მის სისხლსა და ხორცზე ესაუბროს მარიამს და არა მისაზე. - ოჰო?! კიდევ რას მიბრძანებთ თქვენო აღმატებულებავ? - ეს რას ნიშნავს? - იმას რომ გუგლი არსებობს... - და რაო გუგლმა? - ერთი თავში ავარდნილი ტიპია ბაბუას ფულებითო. - ყოჩაღ გუგლი - გაეცინა ანდრეას, აშკარა იყო ტაქტიკა უნდა შეეცვალა. - ამდენი ფული გაქვს და რაღა ჩემს სახლს გადაეკიდე? - როგორც იქნა ბერტვა შეწყვიტა გოგონამ. - ეს სახლი, რომ ვიყიდე არსად ეწერა კუდიანი დედაბერი და თავხედი ახალგაზრდა მოყვება ბონუსადო. - ვინ კუდიანი დედაბერი? - თვალები დაჭყიტა მარიამმა - დედაჩემია კუდიანი დედაბერი?! მე შენ გაჩვენებ დედაბერს. - მიაყარა სიტყვები ერთმანეთს და ის იყო საბერტყი ჯოხი უნდა მიეყოლებინა გვერდებში, რომ ანდრეამ ცხვირწინ მიუჯახუნა კარი. - ღმერთო რა შევცოდე - თან სიცილით იხრჩობოდა ბიჭი, თან ცდილობდა კარი შეემაგრებინა. წამის მეასედებში იაზრებდა რა სიტუაციაში იყო. აი, ეს უნდა ენახა დედამისს ან ბაბუამისს. იმპერიის მომავალი და ქალი საბერტყი ჯოხით. - გააღე კარი იდიოტო - ყვირილს არ წყვეტდა მარიამი - მე შენ გაჩვენებ კუდიანს... - ბოდიში... ზავი... ვნებდები... დედაშენზე არ მითქვამს, მართლა. - ნაწყვეტ-ნაწყვეტად ამბობდა, სიცილისგან გულალმომჯდარი და ცდილობდა როგორმე თავი შეეკავებინა. - აბა ვისზე თქვი? - მეორე რაუნდი აღარ გვინდა, ვაღებ კარს. - როგორც იქნა ხმა დაისერიოზულა ანდრეამ. - გააღებ, აბა სად წახვალ! ვისზე თქვიმეთქი - ოთახში შლეგიანივით შემოვარდა მარიამი და საბერტყი ჯოხი მოუღერა ბიჭს. - დამშვიდდი და ეგ ჯოხი გადადე - ძველი ანდრეა დაბრუნდა უცბად - დედაშენზე არ მითქვამს! - გაიმეორა მან - უბრალოდ ვიხუმრე. - ხოდა ვისზე იხუმრე. - მგონი ბებიაშენია ის ქალი სურათზე, თავზე რომ ადევს რაღაც - სიტყვა დასრულებული არ ქონდა, რომ გვერდებში უწია ჯოხმა. - დამცინი არა?! - მეორეს მიაყოლებაც სცადა გოგონამ, მაგრამ ანდრეამ დროულად მოახერხა მოგერიება და ხელების გაკავება. - ვსიო, კარგი, აღარ გვინდა. - ისევ ისტერიულ სიცილს უმკლავდებოდა ბიჭი. - სულ ასეთი დებილი იყავი თუ ჰაერი არ მოგიხდა?! არა, ჰაერი ასე ვერ იმოქმედებდა - დაასკვნა მარიამმა და როგორც კი სისლაბე იგრძნო ხელიდან გაუსხლტა ბიჭს. - კარგი, ვსიო, ვცადოთ თავიდან დავიწყოთ... - რა დავიწყოთ თავიდან? - ვერ მიუხვდა მარიამი. - სახლის ნახაზი გადმომიგზავნეს... - მერე? - ის რომ უაზროდ არის გაყოფილი. შემოსასვლელი, კიბეები და ჰოლი საერთოა, საძინებლები გაყოფილი... - მაგ ნახაზზე ჩემი საძინებელი შენს მხარესაა მოხვედრილი. არც იოცნებო რომ დაგითმობ! - ანუ, ჩემია და არ მითმობ? - მაგის გარდა სამი ოთახია შეძლებ დაეგდო სადმე... - შეურაცხყოფების გარეშე საუბარს თუ ისწავლი და თხოვნასაც დააყოლებ შეიძლება მართლაც დაგითმო ოთახი და დავეგდო სადმე. - უმჯობესია სადაც აქამდე რჩებოდი ისევ იქ დარჩე. - მთელ მოთმინებას და თავაზიანობას მოუყარა მარიამმა თავი. - აი ასე, ნორმალურად ლაპარაკი შეგძლებია... - სერიოზულად გეუბნები. - ეს რამდენიმე დღე ასეც იქნება, მაგრამ იმედია ხვდები, რომ სულ ასე ვერ გაგრძელდება... - მაინც რამდენი? - ჯერ არ ვიცი. მეზობლის სტუმართმოყვარეობაზე ვერ ვიქნები დამოკიდებული... - მე დაველაპარაკები... - არ არის საჭირო, რამდენიმე დღე გექნება, დაფიქრდი, მოიფიქრე და მერე გავაგრძელოთ საუბარი. - მე... - ახლა ნურაფერს იტყვი... - შეაწყვეტინა ანდრეამ. - თუ არ ვიტყვი იფიქრებ, რომ შეიძლება გადავიფიქრო. - მაშინ ის მითხარი როგორ წარმოგიდგენია ჩვენ ორნი ამ სახლში. - შენთვის ეს სახლი უბრალო აკვიატებაა, იმედს დავიტოვებ, რომ გადაგივლის და შენს წილს მომყიდი. - გასაგებია, შენთვის მდიდარი ოჯახის განებივრებული მემკვიდრე ვარ, უცნაური ახირებებით. - ახირება თუ არა სხვა რა არის?! შენთვის ეს ეზო კვადრატულობაა, სახლი - კედლები, ჩემთვის კი მთელი ბავშვობა. - იცი რა არის ჩვენ შორის განსხვავება? - ფულის გარდა? - ფულის გარდა! შენთვის აქაურობა წარსულია, ჩემთვის მომავალი. - ჩემი უპირატესობა ის არის, რომ ჩემ წარსულში შენ არ ყოფილხარ, მე კი შენს მომავალში ვიქნები. - პრეტენზიული განაცხადია, აუცილებლად უთხარი დედაჩემსაც, როგოც კი ამის შანსი მოგეცემა. - მეჩვენბა თუ დედიკოსი გეშინია. - მაპატიე, წარმოდგენით დავტკბი. - ჰო რა თქმა უნდა, სად მე და სად თქვენი აღმატებულება. - ირონიული ღიმილით შეათვალიერა მარიამმა საწოლზე მჯდარი ანდრეა. - შეეშვი ცინიზმს, ზედმეტად ხელოვნური ხარ ამ დროს. - ოჰო?! ჩემი შესწავლა როდის მოასწარით თქვენო აღმატებულებავ! - ისევ! - რა იყო?! - არაფერი... რომელია შენი ოთახი მაინც, რომ ვიცოდე. - ჰოლიდან გამოსძახა ოთახიდან გასულმა. - ის - დერეფნის ბოლო ოთახზე ანიშნა გოგომ. - კარგი. - ასე მარტივად? - ყველა ურთიერთობაშია კომპრომისი საჭირო. - თვალი ჩაუკრა ბიჭმა და კიბეებს ჩაუყვა. *** უკვე ბინდდებოდა მარიამი ზედა სართულის ლაგებას რომ მორჩა. დრო და დრო უკანა ეზოში ჰამაკში მთვლემარე ანდრეასკენ აპარებდა თვალს, ვერ გადაეწყვიტა რა მოეხერხებინა ამ ბიჭის არსებობისთვის, რა უნდა ეთქვა მაიასთვის ან ნიკა რას იტყოდა, რომ გაიგებდა მის შეყვარებულს უცხო კაცთან საზიარო სახლი ჰქონდა. - რა მნიშვნელობა აქვს რას იტყვის ის იდიოტი - გაუწყრა საკუთარ თავს - ხო თქვა, აქედან თუ წახვალ ერთად ვეღარ ვიქნებითო, ხოდა კარგად ბრძანდებოდეს! ვის უნდა ვუთანხმო როდის, სად ვიცხოვრებ. მორჩა ამიერიდან მხოლოდ მე და დედა ვართ. არავინ მჭირდება! - უმეორებდა საკუთარ თავს, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც განიცდიდა ნიკასთან დაშორებას. დაშორებას რა, არც არაფერი უთქვამს ისე წამოვიდა. არც ტელეფონის ზარზე უპასუხია და არც ესემეს შეტყობინებები გაუხსნია, არც სოციალურ ქსელებში შესულა. მხოლოდ ანდრეას ინსტაგრამს გადაავლო თვალი, რომ დარწმუნებულიყო ნამდვილად ის იყო თუ არა და დილას მაიას ელაპარაკა, სულ ეს იყო, მთელი დღე წამითაც ვერ მოიცალა, ყავა მაინც დაელია. უნდოდა ეს დღე მაინც გადაეგორებინა მშვიდად, მაგრამ პერიოდულად ისეთი ბრაზის ცეცხლი შემოენთებოდა სუნთქვასაც ვეღარ ახერხებდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა მამას ბიძაშვილებზე ფიქრობდა. დაურეკავდა და სათითაოდ დალანძღავდა, მაგრამ ასე დედამისის ყურამდეც მიაღწევდა ეს ამბავი და ისედაც გართულებული ცხოვრების მეტად გართულება აღარ სურდა. - დედა რატომ აღარ დამირეკე? - საყვედურნარევი კილოთი მიმართა გოგონამ ქალს - რაო რა თქვა ექიმმა? - არაფერი დედა, კიდევ დავაკვირდეთო, ორი დღე დამტოვა... აბა, ჩემო სიცოცხლე მაჩვენებ სახლს? - ვაიმე დედა, შევაკვდი დღეს აქაურობას და მაინც ვერ გავედი ბოლოში... - კამერა შეაბრუნა გოგონამ და ოთახებს მოატარა. - რას გახვალ დედა, ამდენი წლის მოუწესრიგებელი იქნება, მოიხმარე ვინმე. - არ მინდა არავის დახმარება, თვითონაც შევძლებ. სად ვეძებო ახლა აქ დამხმარე. - გულიკო ბიცოლას უთხარი და გამოგინახავს ვინმეს. - არ მინდა დე, მართლა არ მინდა. ისე გულიკოს ძალიან გაუხარდა, რომ ჩამოვედი, სულ შენს ქება დიდებაში იყო, უთხარი რომ ძალიან მიყვარსო. - მეც მიყვარს დედა, მაგნაირი რძალი კი არა ნათესავია იშვიათი. დედა რა უნდა გკითხო რაო რა თქვეს, იუზასანები არ ჩამოსულანო? - არა დედა, რამდენიმე წლის წინ ყოფილან გავლით და იმის მერე აღარ ჩამოსულანო. - რომ გაიგონ მანდ ხარ, მერე მოუნდებათ სოფელიც, დასვენებაც და ცხოვრებაც... - დედა, დედა შეწყვიტე წინასწარ ნერვიულობა, თუ ჩამოვლენ თავის ნახევარში დაეტევიან, ფიცრებით ავაჭედინებ და ისე გავყოფ სახლს როგორც ნახაზზეა. - ჩემი სახლის დამახინჯებას აპირებ? - მოესმა ანდრიას ხმა. - გაეთრიე - კბილებში გამოსცრა მარიამმა. - კარგი, კარგი - ხელები აწია ბიჭმა - ჩუმად ვარ. - დედა ნუ გაართულებ, ხო იცი რა ხეპრე ხალხია, არაფერი დაგიშავონ... - განაგრძობდა მაია. - ვერაფერს დამიშავებენ - დარწმუნებით თქვა გოგონამ - შენ მაგაზე არ ინერვიულო... - ეჰ, დედა როგორ არ ვინერვიულო, მაგათი გულისთვის ვარ გადმოხვეწილი ამდენი ათასი კილომეტრი და დაგტოვე უპატრონოდ, რა გვიჭირდა ამის ფასი, მაგრამ შემოუჩდნენ და დაიყოლიეს მამაშენი, იმდენი უტრიალეს სანამ ბინა არ ჩაადებინეს ბანკში. საცოდავმა ვერც თქვა ვერაფერი, უჭირთ ალბათ და ვერ იხდიანო. ჩვენ რომ გაგვიჭირდა და ქუჩაში დავრჩით კაციშვილი არ გამოჩნდა გვერდში მდგომი, ეგ სახლიც რის ვაი-ვაგლახით გავაყოფინე, თორემ არც მაგის მოცემა უნდოდათ. - კარგი დედა საკმარისია, ახლა რაღას შევცვლით მაგაზე ნერვიულობით. რაც იყო იყო, ერთი წელიც და დავლაგდებით. - მარიამს აღარ სურდა მეტი მოესმინა ანდრეას და ცდილობდა საუბარის თემა შეეცვალა. - დე მაღაზიაში უნდა გავიდე სანამ დაღამდა და გვიან გეჭორავები კარგი? - კარგი შვილო, კარგი დამირეკე მერე, ამაღამ თუ გინდა გულიკო ბიცოლას ვთხოვ და მათთან დარჩი, ერთ დღეში შენ რას აუხვალ მაგის დალაგებას. - არ ვიცი დედა ჯერ, თუ დავალაგებ ხო დავალაგებ თუ არა და შორს კი არ არიან. - მალე მოიფიქრე თორემ მანდ უკვე გვიანია და მაინც და მაინც გვიან ნუ შევაწუხებთ მოხუცებს. - კარგი დე, წავედი, ვთიშავ, თავს გაუფრთხილდი. - შენც - სევდანარევი ღიმილით უთხრა მაიამ შვილს და ტელეფონი გათიშა. ამდენი იმისთვის იწვალა, რომ მის ერთადერთ იმედს ყველაფერზე უარი ეთქვა და საზიარო სახლში ეცხოვრა ოცნებებისგან შორს?! - სხვისი საუბრის მოსმენა უზრდელობაა! - წამოდი ვჭამოთ რამე. - არ შეიმჩნია შენიშვნა ბიჭმა. - ჩემს ნათესავებთან მეპატიჟები? - არა, ცოტა უფრო შორს. - ვერ გავიგე? - ამაღამ მართლა აქ აპირებ დარჩენას? - მეზობლებთან შენ რჩები და აბა სად წავიდე? - სასტუმროში... - მართლა რას ეწევი ეგეთს - ხელები უღონოდ ჩამოუშვა მარიამმა. - მეც მინდა, იქნებ ცოტა ხნით მაინც დავივიწყო რეალობა. - სერიოზულად გეუბნები. - ჩემზე თუ ზრუნავ შეგიძლია თავად წახვიდე მაგ სასტუმროში და მე აგერ დავრჩები გულიკო ბებიასთან. - ორივესთვის გამოიძებნება შვილო ადგილი - ლაპარაკს შემოესწრო გურამი ბაბუა. - სადილი კი გამოტოვეთ, მაგრამ ვახშამზე მაინც დავსხდეთ, მიშიკოა ჩვენთან, მარიამი შენი სტუმარი გონია ბაბუა და მოერიდა გადმოსვლა. - უთხრა კაცმა ანდრეას და განაგრძო. - მე არ მითქვამს არაფერი ჯერ, მაგრამ ისე არ ქნათ აალაპარაკოთ სოფელი. - აბა როგორ ვქნათ? - შეიცხადა მარიამმა - ჩემი სახლიდან წავიდე, რადგან ამ ვაჟბატონმა ძმაკაცები გაიჩინა აქ? - ნუ ცხარობ ბაბუა, თქვენი ბრალი არ არის ასე, რომ მოხდა. ახლა უნდა დაჯდეთ და მშვიდად მოილაპარაკოთ რას აპირებთ. - ბიჭი რომ ვყოფილიყავი, მაშინ ხომ არ ალაპარაკებოდა სოფელი, ან ეს ვაჟბატონი რომ ქალი ყოფილიყო... - მასეა ბაბუა, უცხო ქალს და კაცს ერთ სახლში არ დაედგომებათ... - წამოდი მარიამ, სანამ კიდევ რამე უაზრობას იტყვი და მერე გამოაცხადებ აღარ მშია, მადა დავკარგეო, წავიდეთ. - შენ რა გიხარია ერთი - მხარი დემონსტრაციულად გაკრა მარიამმა ბიჭს და გურამი ბაბუას სახლისკენ მიმავალ გზას ჩქარი ნაბიჯით გაუყვა. ანდრეაც უკან დაედევნა უნდოდა ორი სიტყვით მაინც გაევლო წინასწარ რის თქმას აპირებდა მარიამი, მაგრამ ყურადღება ეზოში შემოსულ სედანზე გადაიტანა. ესღა აკლდა, კიდევ ერთი დაუპატიჟებელი სტუმარი. მარიამის ყურადღებაც ამ სედანმა მიიპყრო. ერთ წამით გაშეშდა, შემდეგ ისევ სიბრაზის ცეცხლმა დაუარა, ქვას დასწვდა და ის იყო მანქანისთვის უნდა ესროლა, ისევ ანდრეამ გაუკავა ხელები. - ვინ არიან? - ვისგანაც სახლი იყიდე! ახლავე მოშორდნენ აქაურობას თორემ ჩემ თავზე პასუხს არ ვაგებ! - თქვა გოგონამ და კიდევ ერთხელ გაიბრძოლა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.