შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სახლი მთაში (თავი 5)


3-11-2024, 09:56
ავტორი Linda Gavasheli
ნანახია 1 168

სახლი მთაში
თავი 5
- თქვენი აქ აღარაფერია, რისთვის ჩამოხვედით! - ხელიდან გაუსხლტა ანდრეას გოგონა და მანქანას მივარდა.
- ალქაჯიც აქ ყოფილა - გადაულაპარაკა დათომ ძმას და მანქანიდან გადმოსვლა სცადა, თუმცა მარიამმა არ დაანება.
- ალქაჯს გიჩვენებ მე შენ - გაჰყვიროდა მთელი ხმით და იმ მომენტში სულ ცოტათი, მაგრამ რაღაცით მართლაც ჰგავდა ალქაჯს. შეიძლება გაწეწილი თმებით, გრძელი ფრჩხილებით და ცეცხლოვანი თვალებით, შეიძლება უბრალოდ ანდრეა ხედავდა ასე და თან ფიქრობდა "რაც ბებია, ის შვილიშვილიო".
- როგორ გაბედეთ აქ მოსვლა! არ გეყოთ რაც ჩემს ოჯახს დაუშავეთ?! ჩემს ეზოში ფეხსაც ვერ დადგამთ! - აგრძელებდა მარიამი.
- მარიამ შვილო ასე როგორ შეიძლება?! - სცადა გურამი ბაბუამ ჩარევა - ათქმევინე რისთვის არიან მოსულები და თუ არ მოინდომებ წავლენ თავის გზაზე.
- ვის უშვებ მოხუცო თავის გზაზე?! - მანქანიდან გადმოვიდა ალეკო, მარიამის უფროსი ბიძაშვილი - ვის უნდა ვკითხო როდის ჩამოვალ და წავალ ამას? - ზევიდან ისე დახედა მარიამს, თითქოს მისი არსებობა სათუო ყოფილიყო.
- აბა რა უნდა ქნა? - სულ გაგიჟდა გოგო - აქ თქვენი აღარაფერია! რა ვერ გაიგეთ!
- რაშია საქმე? - გვერდით ამოუდგა ანდრეას ხმაურზე გამოსული მიშიკო.
- მარიამის ნათესავები არიან...
- არც გაბედო სიტყვის დასრულება, ისინი ჩემთვის არავინ არიან! - ახლა ანდრეას ეცა მარიამი. - მამაჩემის მერე, ყველა მისი ნათესავი მკვდარია ჩემთვის!
- ღმერთის საწყენ სიტყვას ნუ იტყვი შვილო, მოვუსმინოთ რისი თქმა უნდათ...
- ისევ შენსას არ იშლი მოხუცო? არც შენთან და არც ამ ალქაჯთან სალაპარაკო არაფერი გვაქვს. აქ სხვა საქმეზე ვართ ჩამოსულები...
- მიშო იცნობ ამ ხალხს? - ჩუმად ჰკითხა ანდრეამ ახალ მეგობარს.
- რა მნიშვენლობა აქვს, - ცალყბად ჩაიღიმა ბიჭმა და მუშტებზე დაიხედა - საცემები არიან ორივე.
- ალბათ ჩემთან გაქვთ საქმე - შეაჩერა მიშო ანდრეამ და თავად წავიდა წინ - ანდრეა გავაშელი - თქვა რაც შეეძლო მშვიდი ტონით და ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად.
- ვის ართემევ ხელს?! - ხელში სწვდა მარიამი - არც გაბედო ამ ხალხთან ლაპარაკი!
- გაიწიე გოგო! - უხეშად უბიძგა მხარში მეორე ბიძაშვილმა მარიამს და ანდრეას აესვეტა წინ. - გვაცადე კაცებს ლაპარაკი!
- კაცებს?! თქვენ ხართ კაცები?! - ირონია და ზიზღი შეერია ხმას - კაცი მამაჩემი იყო! თქვენ ჩვეულებრივი ნა'ბიჭვრები ხართ!
- ენა გააჩეროს სანამ ამოვაძრობ! - კბილებში გამოსცრა დათომ და ანდრეას გაუსწორა მზერა.
- შედი მარიამ სახლში! - ისევ მთელი სიმშვიდის მოკრება მოუხდა ანდრეას.
- არსად არ წავალ!
- დაუჯერე ბაბუა - ჩაერია ისევ მოხუცი - შედი სახლში და წყნარად იყავი შენ, ესენი გაერკვევიან ერთმანეთში.
- რას ქვია ესენი გაერკვევიან ერთმანეთში?! - გააპროტესტა გოგონამ - ჩემს მაგივრად გაერკვევა ვინმე თუ ჩემზე უკეთესად? ეგღა მაკლია ამათმა გადამიწყვიტონ რა გავაკეთო! - მტრულად გადახედა მარიამმა ყველა მათგანს.
- მარიამ! - კიდევ უფრო ცივი გაუხდა ხმა ანდრეას - გააკეთე რასაც გეუბნები! შენი აზრი უკვე ყველამ ვიცით, რა არის გაუგებარი მხოლოდ ის დარჩა გასარკვევი და ამასაც გავარკვევთ. - უფრო მათ გასაგონად ამბობდა ანდრეა, ვიდრე მარიამის.
- გაუგებარი?! - ირონია გაკრთა დათოს ხმაში. - ბევრის უფლებას ხომ არ აძლევ თავს?
- უკაცრავად? - მობრუნდა მარიამი - რაღაც ვერ გავიგე. ანუ ჩემს სახლში მოდიხართ, მე მაიგნორებთ და ჩემს ქმარს ეკითხებით ბევრის უფლებას აძლევს თუ არა თავს?! არა! არ აძლევს! და კი, სახლის თქვენი ნახევარი ჩვენ ვიყიდეთ.
ქმარიო?! ანდრეას იდილიას ოჯახურ სკანდალში ქმრის სტატუსით მონაწილეობაღა აკლდა, მაგრამ ეცადა არაფერი შეემჩნია. არც გურამი ბაბუამ შეიმჩნია რამე, თუმცა გულის სიღრმეში არ ესიამოვნა მარიამის წინდაუხედავად გასროლილი სიტყვები.
- არ ვიცოდი თუ გათხოვდი - თქვა ალეკომ.
- რომ გაიგე რა შეიცვალა?
- ის რომ ქალებთან ლაპარაკი აღარ მომიწევს... - რატომღაც ანდრეას ისე უყურებდა თითქოს იოლი ნადავლი ყოფილიყო.
- კარგით საქმეზე გადავიდეთ - მთავარ საკითხზე გადაიტანა ანდრეამ აქცენტი. - რისთვისაც ჩამოხვედით...
- ცუდად იწყებ სიძევ - შენიშნა დათომ - ჯობია სახლში შევიდეთ, დავსხდეთ და ისე ვილაპარაკოთ.
- ჩემთან დავსხდეთ შვილო, ვახშამიც მზად არის, ჭიქაც ავწიოთ და დაილაპარაკებთ თან - უთხრა გურამი ბაბუამ ანდრეას.
- წამობრძანდით - მიშიკომ ხელით ანიშნა სტუმრებს გურამი ბაბუას სახლისკენ და მათაც აღარ დასჭირვებიათ დიდი პატიჟი.
- ანდრეა ერთი წუთი - დაუძახა გოგონამ - იცოდე რაც არ უნდა მოხდეს, არც იფიქრო ამ სახლის მათთვის დაბრუნებაზე!
- კიდევ ყავს პატრონები ამ სახლს თუ ამით ამოიწურება?
- საერთოდ არ მეხუმრება.
- ე.ი. ქმარი არა?!
- მხოლოდ ეს გაიგე ჩემი ნათქვამიდან?!
- პირიქით, მხოლოდ ეს ვერ გავიგე, რა საჭირო იყო.
- მერე აგიხსნი.
- მხოლოდ მე არა, გურამის და მიშოსაც აუხსენი, აქ ცხოვრებას ვაპირებ და არ მინდა გაურკვევლობაში აღმოვჩნდე.
- კარგი, თუ საჭირო იქნება აფიშასაც ჩამოვკიდებ ჭიშკარზე, ოღონდ ახლა ესენი მოაშორე აქედან, სანამ პოლიცია გამოვიძახე და ისე გავყარე.
***
ბებია გადაუტანე ეს მარიამს - პატარა კალათს ჩაის ტილო გადააფარა გულიკო ბებიამ - გატეხოს ორი ლუკმა იმანაც, ხო ვიცი ახლა ყავაზე გადაატარებდა მაგი მთელ დღეს...
ანდრეამ უხმოდ ჩამოართვა კალათი მოხუცს და სახლისკენ მიბრუნდა.
მარიამი ზალაში დახვდა, მამამისის სურათი გულში ჩაეკრა და კედელზე გაბნეულ წინაპრების სურათებს მზერას არ წყვეტდა.
- კარგად ხარ? - მაგიდაზე დადგა ბიჭმა კალათა.
- ამაღამ რომ არ წავიდნენ აქ არ შემოვუშვებ - გაბზარული ხმით თქვა გოგონამ - სადაც უნდა იქ გაათიონ ღამე.
- არამგონია დასარჩენად იყვნენ ჩამოსულები...
- შენ მაგათ არ იცნობ, ის გველაძუა ალეკო და მამისი შემოუჩდნენ მამაჩემს და მერე ფეხებზე დაიკიდეს თავისი რომ გაინაღდეს. ახლა დაიწყებენ საგვარეულო სახლია ძმაო, დრო მოგვეცი, გამოვისყიდით - გამოაჯავრა უფროსი ბიძაშვილი მარიამმა - და ის დორბლიანი ნარკომანი კიდევ, მაგათი დანახვაც არ მინდა! შეიძლება იმის თქმაც გაბედოს მაინც ერთი ოჯახი ვართ, ზაფხულობით ჩვენც ჩამოვალთ ხოლმეო...
- მარიამ, მარიამ საკმარისია, არავინ არსად არ ჩამოვა. ისედაც საკმარის შარში მაქვს თავი გაყოფილი, ზედმეტი პრობლემები არ მჭირდება.
- გასაგებია... - მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა გოგონამ.
- რა არის გასაგები? - ჩაეკითხა ანდრეა.
- პირობა მომეცი რომ ამ სახლს არავის მიყიდი ჩემს გარდა...
- სახლს არ ვყიდი, ეს არ განიხილება.
- კარგი, შენთან მეზობლობა მირჩევნია იმათ სიახლოვეს.
ანდრეას აღარაფერი უპასუხია, მძიმე და უსაშველოდ გრძელი დღე იყო, რომელსაც დასრულების პირი არ უჩანდა.
***
გურამის ბაბუასთან დაბრუნებულ ანდრეას დაძაბული სიტუაცია დახვდა. დათო და მიშიკო ზედმეტად მტრულად უყურებდნენ ერთმანეთს, გურამი ბაბუა ცდილობდა განემუხტა დაძაბულება, მაგრამ უშედეგოდ. ალეკო მოჩვენებით სიმშვიდეს ინარჩუნებდა, მაგრამ აშკარა იყო არც ის იყო კმაყოფილი არსებული მდგომარეობით.
- დაგმოძღვრა ქალბატონმა და გამოგიშვა? - კარებში შემოსულ ანდრეას ირონიით შეეგება დათო.
- მშვიდად ლაპარაკს თუ არ ვაპირებდით სახლში რაღა გვინდოდა? - ორაზროვნულად იკითხა ანდრეამ.
- დაჯექი ბაბუა - სკამზე ანიშნა მოხუცმა ბიჭს - მუშტი კრივზე მეტი ვაჟკაცობა მოთმინება და მოსმენის უნარია.
- ასაკს ვცემთ პატივს მოხუცო და არ გაგცემთ ამაზე პასუხს - საუბარში ჩაერია ალეკო.
მიშიკოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ისევ გურამი ბაბუამ გააჩერა - მე მეცი პატივი შვილო და ჩემს ჭერს. სტუმარი ხალხია, ისინიც ნერვებზე არიან. პატარა ამბავი ხომ არ არის სახლის გაყიდვა. სალხინოდ არავინ იქცევა ასე, მარიამიც ემოციური ბავშვია და აყვა ნერვებს. თქვენ არ იცით ბაბუა და მე კი ვიცი ყველაფერი რა როგორ იყო, ამიტომ ვერ ვამტყუნებ.
მოხუცის სიტყვების შემდეგ დაძაბული სიჩუმე ჩამოწვა რაღაც დროით და ისევ ალეკომ დაარღვია დუმილი.
- მუდმივად წარსულით ვერ ვიცხოვრებთ მოხუცო, ეს ამბავი დიდი ხნის წინ იყო. ბევრი რამ მოხდა, ბევრი რამ არასწორად წავიდა, იყო რაღაც ჩვენი ბრალიც, მაგრამ მამაჩემსაც ზუსტად ისევე დააწვა ყველაფერი, როგორც გენოს, დღემდე ემიგრაციაშია კაცი იმ ამბების მერე და დღემდე ქირით ვცხოვრობთ. ახლა რომ ჩამოვა რა ვუთხრა, სოფელში ვერ წახვალ სახლი აღარ გვაქვსთქო?!
- სიმართლეზე უკეთესი არგუმენტი არაფერია შვილო. უნდა უთხრათ სხვა გზა არ არის. - მძიმედ თქვა მოხუცმა. - რომ ყიდდით ხომ იცოდით, რომ ასე იქნებოდა.
- ჩვენ არ გაგვიყიდია, იპოთეკაში იდო და მევახშემ გაიტანა გასაყიდად, გვიან გავიგეთ, უკვე დაწყებული იყო აუქციონი და ვეღარ მოვასწაროთ მონაწილეობის მიღება.
- ყველაფერი მესმის, მაგრამ ჩვენგან რას ითხოვთ? - საუბარში ჩაერია ანდრეა.
- რაც გადაიხადე დაგიბრინებთ და გადმოაფორმე უკან - თქვა დათომ ისე თითქოს მარტივად ყოფილიყო საქმე.
- მარიამი არასდროს დათანხმდება... - ისე თქვა ანდრეამ თითქოს მხოლოდ მარიამის სიტყვაზე ყოფილიყო დამოკიდებული სახლის ამბავი.
- ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული შენ რას გადაწყვეტ. ცოლის ჭკუაზე ივლი თუ კაცურად მოიქცევი.
- რა ლაპარაკია მაგი ბაბუა...
- ვფიქრობ ამ შემთხვევაში ცოლის ჭკუაზე ვივლი...
- ხოდა "სპიჩკა" და მისი ჯანი, ეგ იქნება ბოლოც.
- მაინც რამდენჯერ?
- რა რამდენჯერ?
- რამდენჯერ უნდა დაწვა, რომ აშენება ვერ შევძლო - გულწრფელად გაეცინა ბიჭს.
- ე.ი. პრინციპი...
- არავითარი პრინციპი, გავიგე რომ პრობლემების შექმნა შეგიძლიათ, მეც შემიძლია და რა ვქნათ ახლა?
- პოლიციელი ხარ?
- რა მნიშვნელობა აქვს?
- აბა წესიერს ვის გაყვებოდა - ჩაილაპარაკა დათომ თავისთვის, თუმცა რაღაცნაირად მაინც შეეცვალა დამოკიდებულება, თითქოს მეტად გაუწია თავს კონტროლი.
- ყველასთვის აჯობებს ემოციებს თუ არ აყვებით შვილო - ისევ გურამი ბაბუამ შეაწიათ სიტყვა. - გამოსავალი უნდა მოძებნოთ, კონფლიქტის გაღრმავევბის მიზეზი კი არა.
- შენ რას იტყვი მოხუცო?
- მე თქვენს ადგილზე სხვასთან საზიაროს არ მოვინდომებდი. ორი ძმა ხართ, მიწების მეტი რა არის, მაგ ფულით ავდგებოდი და სახლს ჩავდგამდი...
- იგივეს გაკეთება ამათაც შეუძლიათ...
- მარიამი არ იზამს შვილო თქვენც კარგად იცით. მისთვის ეს სახლი მამასთან და ბავშვობასთან ასოცირდება. ის აქ გაიზარდა, მისთვის მხოლოდ ჭერი და კედლები არ არის აქაურობა, მაგრამ ვინ იცის იქნებ დათანხმდეს კიდეც...
- მოიცა, მოიცა - ლაპარაკი შეაწყვეტინა კაცს მიშომ - გენადი ბიძიას მარიამზეა ახლა ლაპარაკი? - თითქოს გონს მოეგო და მოხუცმაც უხმოდ დაუკრა თავი. მიშოს ბავშვობიდან ახსოვდა ხუჭუჭთმიანი ქაჯანა, რამდენჯერ მოხვედრია მკვახე ვაშლი და რამდენჯერ მოუხდია ბოდიში მაია ბიცოლას მის ნაცვლად - ღმერთო როგორ გარბის დრო - ჩაილაპარა ბიჭმა. ანდრეასთვის აშკარა ხდებოდა, რომ სურათი ყოველ წამს მძიმდებოდა, მაგრამ ახლა არაფრის შეცვლა შეეძლო, გარდა იმისა რომ, რაც შეიძლება მალე მიეღწია შეთანხმებისთვის და მალე აეხსნა მიშოსთვისაც რეალურად რა სიტუაციაში აღმოჩნდა. ისიც აშკარა ხდებოდა, რომ რაც მეტი ადამიანი გაიგებდა ნახევარი სახლის ამბავს, მით მეტად დამძიმდებოდა სურათი.
- ასე თქვი ქირით ვცხოვრობთო არა?! - კითხა ანდრეამ ალეკოს.
- ეგ რა შუაშია?
- მოდით ასე გავაკეთოთ მე თქვენს პრობლემას მოვაგვარებ, თქვენ ჩვენ არ შეგვიქმნით პრობლემებს.
- კონკრეტულად თქვი რას გვთავაზობ - სკამის საზურგეს მოშორდა დათო და მაგიდასკენ ნახევარი ტანით გადმოიწია.
- დაკეტილი ბინა მაქვს, ცენტრში არ არის მაგრამ კარგ ადგილზეა, იქ გადახვალთ.
- შენს სახლში ცხოვრებას გვთავაზობ?
- თქვენს სახლში - შეუსწორა ბიჭმა.
- სანაცვლოდ?
- ვფიქრობ კარგი კომპენსაციაა იმისთვის, რომ სხვა სოფელში აიშენოთ აგარაკი.
ისინი კიდევ დიდხანს საუბრობდნენ წვრილმან და მსხვილმან დეტალებზე, რა როგორ უნდა ყოფილიყო და ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ არც ერთ ძმას აღარ გახსენებია ემიგრაციაში მყოფი მამა და მევახშის მიერ გაყიდული საგვარეულო სახლი.
დაუპატიჟებელი სტუმრების წასვლის შემდეგ ანდრეამ მადლობა გადაუხადა გურამი ბაბუას და მიშოს და სთხოვათ გარიგებაზე მარიამისთვის არაფერი ეთქვათ.



№1 სტუმარი სტუმარი ნათია

ვაა როგორ.დაიძაბა სიტუაცია

 


№2  offline წევრი Daldoni Daldoni

საინტერესო ისტორიაა და უფრო საინტერესოდ ვითარდება მოვლენებიი. . წარსულს გაქცეული გავაშელი მრავალმხრივ ხათაბალაში ისე გაეხვა ვგონებ იოლად ვერ იპოვის გამოსავალსს. თუმცა ვნახოთ.ვნახოთ.

 


№3 სტუმარი სტუმარი გვანცა

საინტერესო ისტორიაა. დიდი სიამოვნებაა მისი წაკითხვა, არ მეყო

 


№4  offline მოდერი Linda Gavasheli

Daldoni Daldoni
საინტერესო ისტორიაა და უფრო საინტერესოდ ვითარდება მოვლენებიი. . წარდულს გაქცეული გავაშელი მრავალმხრივ ხათაბალაში ისე გაეხვა ვგონებ იოლად ვერ იპოვის გამოსავალსს. თუმცა ვნახოთ.ვნახოთ.

ანდრეა ცდილობს სიმშვიდე იპოვოს. უბრალოდ სახლი რომ ყოფილიყო და ახალი ურთიერთობები არ წამოეწყო, ის ხალხი რომ არ მოსწონებოდა, ან ასე თბილად რომ არ მიეღოთ, იქნებ მარტივად დაეთმო კიდეც და თავის გზაზე წასულიყო. ახლა უკვე ხვდება რომ მარტივად აღარაფერი იქნება, მაგრამ ჯერ თავადაც არ იცის რამდენად შორს არის წამსვლელი ამ სახლისთვის და ამ ურთიერთობების შენარჩუნებისთვის.

სტუმარი ნათია
ვაა როგორ.დაიძაბა სიტუაცია

ვფიქრობ ანდრეა შეძლებს გაუმკლავდეს სირთულეებს smiley თუმცა ვნახოთ ყველაფერი წინ არის.

 


№5  offline მოდერი Linda Gavasheli

სტუმარი გვანცა
საინტერესო ისტორიაა. დიდი სიამოვნებაა მისი წაკითხვა, არ მეყო

მაქსიმალურად ვცდილობ დიდხანს არ გალოდინოთ blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent