უფრო გრძელი დღეები (სრულად)
თავი I (მანდარინების ზღვა) ნოემბრის ერთ ცივ საღამოს, სამსახურისგან თავისუფალ დღეს, სოლომ თეატრში წასვლა განიზრახა. ჯერ ექვსი საათიც არ დამდგარიყო, თუმცა ლოყა-წითელა მთვარე ამაყად, სრულიად უსირცხვილოდა და დაუმალავად იცქირებოდა მუქი ლურჯი ზეციდან, სოლოსაც ყოველ გამზირზე წინ უძღოდა და თითქოს, მისთვის უცხო გზებს ასწავლიდა. ასე იყო იმ საღამოსაც, როგორც ყოველთვის. სოლო მეტროში ჩავიდა და იქვე, დაკეტილი მაღაზიის კარზე მიკრულ სარკესთან შეჩერდა. იქ შეამჩნია, რომ ჯერ ჩაუცმელი, ორი კვირის წინ ნაყიდი მეორადი ვილვეტის შარვალი თეძოზე უმნიშვნელოდ იყო გახეული. სიგარეტის ბიჩოკი იქვე ჩაწვა, დააფურთხა და თმა გადაისწორა, უკან რომ მიტრიალდა, მინიატურულმა ბაზრობამ მიიზიდა მისი მზერა. ერთმანეთზე მიტყუპებულ მუყაოს ყუთებში მანდარინები ელაგა, ხასხასა ნარინჯისფერი მანდარინები, მწვანე და მკუხე არცერთი იყო. მუყაოს კედლები კი ისე იძირებოდნენ მანდარინების ზღვაში, რომ ჩაძირული პორტის ძველ ბოძებს ჰგავდნენ სოლოს თვალებში. ყუთების უკან, გამხდარი, დაბალი ბერიკაცი ყავისფერ ქურთუკში ჩაფუთნულიყო, ნახევრად მელოტ, ჭაღარა თავზე კი, რომელიც უფრო თბილ დღეებში დაენახა სოლოს, ქუდი ეფარა. ფართო, მწვანე თვალებით ახედავდა გამვლელებს, შეათვალიერებდა და უღიმოდა. - კილოს სამ ლარში მოგცემ, ბაბუკო. - სოლოს მიშტერებაც არ გამორჩენია. - მადლობა, ეხლა ვერ წავიღებ. - სოლომ მოხუცს შეხედა. მერე გატრიალდა, ნაბიჯს აუჩქარა და მეტროს ვაგონამდეც მივიდა. თავი II (ქარის სამეფოს მემკვიდრეთა ვედრება მფარველი წმინდანისადმი) საღამოს შვიდი საათი იყო, საკმაოდ ჩამობნელებულიყო. დრო გადიოდა, ერთი საათიც და სპექტაკლიც დაიწყებოდა. სოლო სკამზე იჯდა და ქურთუკს ორივე ხელით ჩაბღაუჭებოდა, ცხვირი კი საყელოში ჩაეფლო. მის წინ საოცარი სცენა იშლებოდა - ტროტუარზე ამოთხრილ, დაბალი ქვის ფილებით შემოღობილ ადგილას მოხუცი ხე მყარად იდგა, ეს იყო ქარის სამეფოს დედოფალი. მისი ხმელი, ნაოჭიანი ტოტებიდან სათითაოდ ცვიოდნენ მემკვიდრენი, მონარინჯისფრო ფოთლები, რომელთა ნამდვილ ფერს მხოლოდ ლამპიონთა ვეზირების ჯგუფი და მზე თუ არჩევდა და დაჰყურებდა დაკვირვებით. ქარში მორბენალი ფოთლები, თითქოს შუშის მიწის მიღმა დაჰყურებდნენ რამდენიმე მეტრის სიღრმეზე დამარხულ ფესვს, მათ მამას, ძირს დაცემულნი კი წმინდანს სათითაოდ სთხოვდნენ მეფის ტახტზე მათი დედის მაგივრად აბრძანებას. თუმცა, ერთი რამ ნათელი იყო. მმართველად ხე დედოფალი რჩებოდა კიდევ დიდ ხანს, და შიგადაშიგ, წვიმის მანტიითა და გვირგვინით, დროებით თუ შემოსავდა ზეცის წმინდანი დაცემულ ფოთლებს. მერე გამოჩნდებოდა მათი შემდეგი გზა - უღირსნი ამ მანტიებშივე დალბებოდნენ და სამუდამოდ მიეკრობოდნენ ტროტუარს, ღირსნი კი გაშრობასა და ქარის სამყაროში ჩვეული ნარნარის გაგრძელებას შეძლებდნენ. ამდენ ფიქრში ორმოცი წუთი გაილია. სოლოს ზედიზედ სამი ღერი სიგარეტი მოეწია. ფეხზე წამოდგა და თეატრისკენ გრძელი გზით გადაწყვიტა წასვლა. გოდერძი ჩოხელის სახელობის თეატრში იდგმებოდა სპექტაკლი, "სიკვდილი და უკვდავი მმართველი." აბდაუბდად გაბნეულ ქვის ფილებზე, რომელსაც მთლიანად შეემოსა გამზირი, სოლო კოჭლი კაცივით მიაბიჯებდა, მაღალ, ტყავის ჩექმებს აჭრაჭუნებდა და დაცემის შიშით, მზერა მუდამ ქვემოთ ჰქონდა მიპყრობილი. ჭაღარა მამაკაცი მსახიობისა და ახალგაზრდა გოგონას იუმორნარევმა ბღავილმა სოლოს გუნებას დიდად ვერ უშველა. თუმცა, სოლო მიხვდა, რომ თეატრში ოდნავ მთვრალი რომ მისულიყო, სპექტაკლის დედაარსს ან უფრო ფილოსოფიურად ჩაუღრმავდებოდა, ან საუკეთესო ხუმრობებს მოისმენდა მის ცხოვრებაში. თეატრიდან გამოსულმა, თვალები მოისრისა და ე.წ. "ტურისტების ქუჩაზე" იაფიანი კაფის ძებნა დაიწყო. თავი III (კაფე "ჯინი") "ტურისტების ქუჩის" ერთერთ ბოლო კუნჭულში, ღამის გარემოცვაში კაფე "ჯინი" თავისი ლამაზი განათებებით ბზინავდა. ამ კაფის გარე ტერიტორიაზე თითქმის ყოველდღიური ტრადიცია იყო მუსლიმი ტურისტების სტუმრობა, ამიტომ კაფე "ჯინი" სტუმრებს უმეტესად ყავით უმასპინძლდებოდა, თუმცა ალკოჰოლური სასმელების ფართო არჩევანიც იყო. ტურისტების გარემოცვაში მყოფ ქართველ თანამშრომლებს, სადაცაა ენა დაავიწყდებოდათ. მართალია, ეს კაფე გამზირზე ყველაზე იაფიანი იყო, თუმცა ძალიან ძვირი იყო იმისთვის, რომ ქართველი სტუმრები ხშირად ჰყოლოდა. სოლომ გადახურულში შეაბიჯა და კართან მძინარე ძაღლი დაინახა. ძალიან ფრთხილად შეაღო კარი, რომ ძაღლი არ გაეღვიძებინა. შიგნით რომ შევიდა, მაშინვე სახეში შეეფეთა კაპუჩინატორების დაუოკებელი ორთქლი და უცხო, უფრო ყვირილად წოდებული "მუსიკა", რომელიც ტურისტებს ძალიან მოსწონდათ. სალაროსთან მისულმა, თითქოს ზემოდან დახედა დაბალ, შავ თმიან მოლარე გოგონას, მერე მენიუ შეათვალიერა. ის მოლარე გოგოც უყურებდა, ელოდებოდა, სიტყვას თუ დაძრავდა. და ცოტა ყოყმანის შემდეგ... - ერთი ლატე, საშუალო, - კი ბატონო. - ფალაფელის სენდვიჩიც. - აქ მიირთმევთ თუ წაიღებთ? - აქ, თუ შეიძლება. - არ შეიძლება. - მოლარეს გაეცინა. სოლომაც ჩაიღიმა და მხრები აიჩეჩა. შეკვეთის ნომერი რომ აიღო, იქვე ჩამოდგა და ლოდინში თავი რომ გაერთო, ტურისტებს მიაშტერდა. ძალიან ხმამაღლა საუბრობდნენ, იცინოდნენ, მღეროდნენ და ყვიროდნენ. აუტანელი იყო ის ფაქტი, რომ ზედმეტად მოშინაურებულიყვნენ ამ კაფეში. თუმცა ამ ადგილის ქაოტურმა ბუნებამ სოლო მიიზიდა. შეკვეთა გამზადდა და სოლომ გადაწყვიტა, გარეთ დამჯდარიყო. გარე ტერიტორიაზე ერთ ადგილიანი მაგიდა იპოვნა და იქ ჩამოჯდა, ნელა, აუჩქარებლად მიირთმევდა ნახევრად გამხმარ სენდვიჩს და თბილ ლატეს. მერე, ერთი ღერი ამოიღო და გაუკიდა. იქვე რამდენიმე ტიპი შენიშნა, აშკარად რაღაც საჭირბოროტო საკითხზე ბჭობდნენ. სოლო ეცადა, დაინტერესებულიყო მათი დიალოგით, თუმცა სიგარეტი რომ მოწია მალევე შებრუნდა კაფეში ნარჩენების გადასაყრელად. - თეფში სად დავტოვო? - მოლარეს ჰკითხა. - ეგ, რომ შემობრძანდეთ და გარეცხოთ. - სიცილით უპასუხა მოლარემ. სოლოს ადგილას ამ მოულოდნელ რეპლიკას, ალბათ, ვინმე მდიდარი სტუმარი შეურაცხყოფად მიიღებდა და დაუფიქრებლად გააბუნძულებდა მოლარეს სამსახურიდან. თუმცა, სოლო ასეთი არ აღმოჩნდა. მისი პასუხი იყო მსუბუქი ღიმილი და ნელი ნაბიჯები გასასვლელი კარისკენ. სოლოს წინ დიდი, მეორე დღე ელოდა. დილის რვიდან საღამომდე უნდა ემუშავა, მერე, ალბათ ცოტას დალევდა კიდეც. თავი IV (გველის ტყავი) სოლოს საკმაოდ სტანდარტული ოფისის სამსახური ჰქონდა. დილის შვიდ საათზე, ოფისში მისული, თანამშრომლებთან ერთად ყავას და სიგარეტს მიირთმევდა, გამოსაფხიზლებლად ცოტას ოხუნჯობდა. მერე რვიდან ხუთამდე შეუდგებოდა ხოლმე დაუსრულებელ კლავიატურის ჩხაკუნს და ფურცლების პრინტვას. სადღაც პირველი საათისკენ, ერთ საათიანი შესვენების დრო მოსდიოდა. იქვე მდებარე კაფეტერიაში მიდიოდა, სვამდა უფრო მეტ ყავას და აყოლებდა რამე ღვეზელს, რომელიც დილის ექვსი საათიდან დღის ბოლომდე, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ორ დღესაც, საკუთარი ცხიმით იყო გაოფლილი. იმ დღეს, წვიმდა. კაფეტერიაში მართკუთხედ, გრძელ სარკმელზე რამდენიმე სკამი და ერთი გრძელი მაგიდა იყო მიდგმული. სოლომ იმ დღეს, მხოლოდ ყავით იჯერა თავი. ჩამოჯდა და წვიმის წვეთებს აშტერდებოდა. იქითა კვირის პარასკევ დღეს, სოლომ სპეციალურად გაითავისუფლა თავი სამსახურიდან. ამ დღეს ის ბანკეტიდან ოცი წლის გასვლის აღსანიშნავ წვეულებაზე უნდა წასულიყო, კლასელებთან ერთად. სოლო ისევ კაფეში იჯდა და ამ დღეზე ფიქრობდა. თავი V (კატო) ქალაქგარეთ ნაქირავებ სახლში შეიკრიბნენ კლასელები. ყველანი საკმაოდ შეცვლილები იყვნენ, ოცი წლის წინანდელ საკუთარ თავებს არ ჰგავდნენ. მეორე სართულზე, ჩაბნელებულ ოთახში დაბალ ხმაზე ისმოდა მუსიკა და ხის იატაკზე ტუფლებისა და მაღალქუსლიანების ჭრაჭუნი. ცოტა დრო გავიდა, სოლო დათვრა და ოთახის ღია კარში აივნიდან შემოსული ქარიც იგრძნო. კარში გასულ სილუეტებს ერთმანეთისგან ვეღარ არჩევდა. სოლომ კიდევ ცოტა დალია. - სოლო, როგორ შეცვლილხარ... - წინ კატო აეტუზა, მისი კლასელი. კატოს შავი კაბა მკერდზე ოდნავ ჰქონდა ამოწეული, რაღაც გარკვეულ ნაწილს უფარავდა. ეს შავი კაბა ჰგავდა აივანს, რომელზეც მშვიდად, უკუღმა ესვენა ოქროს ჯვარზე გაკრული ოქროსავე იესო ნაზარეველი. იგი მშვიდად, დახუჭული, სისხლით ჩაწითლებული თვალებით უცქერდა ხედს მის უკან - კატოს მზესავით, ერთდროულად ხასხასა რიჟა და თოვლივით ფითქინა სახეს. - გამაღლებულხარ... - კატო აგრძელებდა ლაპარაკს, სოლო ჩუმად გაძეგლებულიყო, ზემოდან დაჰყურებდა კატოს, მის თვალებში კითხულობდა ყველაფერს, რაც თვითონ უნდა ეთქვა მისთვის და დანარჩენ ყველაფერს, რაც კატოს ჰქონდა სათქმელი. ... თუმცა, ახლა ლაპარაკის დრო აღარ იყო. იმ ღამით, ის შავი აივანი ჩამოინგრა. ... - ასეთი არასდროს ყოფილხარ... ან, არასდროს მინახიხარ ასეთი, აქამდე. - კატო მძიმედ სუნთქავდა. სოლო შიშველ ტანზე, საბნად და ღამის მუქ, ყოველივეს დამფარავ ცად გადაეფარა კატო-მზეს. თუმცა, მისი სახე მაინც ვერ დაფარა. კატოს თვალები უყურებდნენ ჭაღის ცეკვას ჭერზე, მისი მხრები გრძნობდნენ სოლოს თითების და ტუჩების ფართხალსა და ბორიალს. ორივე, რაღაც ცუდის მოლოდინში, უკანასკნელად ცეკვავდნენ ღამის ცის ქვეშ. ორივეს ესმოდა, ზემოთა სართულის ხის იატაკზე დადგმული თითო ნაბიჯის ხმა. ორივე არჩევდა ამ ნაბიჯებისგან რამდენიმეს, რომელიც თითქოს, მათკენ მოდიოდა. თავი VI (შური ამოძრავებს დედამიწას) ნაბიჯების ბრახუნი კარის ჭრიალად გადაიქცა. კარის გაღება და სოლოს თავის ამოწევა ერთი იყო. - შე ... - სანდროს ჩახლეწილი ხმა გაისმა. აკანკალებულ ხელში დაჭერილი პისტოლეტიდან ნერვიულად გაისროლა, სამიზნეს ააცილა და კედელს მოარტყა, თხელი კედელი გახვრიტა. კატომ შეშინებულმა წამოყო თავი და კივილი უნდა დაეწყო, სანდრომ მეორე ტყვიაც გაისროლა. და იმ ღამით, ღამე გამეფდა სოლოს სამყაროში. მზე მოკვდა, სრულიად შემთხვევით. სოლო გადათეთრებული და ფერდაკარგული უყურებდა სისხლიან საწოლს, რომლის წითელ ტალღებში უგზოუკვლოდ ჩაძირულიყო კატო. - შე ნაბოზვარო! შენთვის უნდა მომერტყა! - სანდრო ბოლო ხმაზე ბღაოდა. სოლო ხან გვამისკენ აცეცებდა თვალებს, ხან სანდროსკენ. სანდრო გვამს მივარდა. შუბლიდან სისხლი მოწმინდა და მერე ძლივს წამოსული ცრემლებით დანამა. - იმდენი წელი მიყვარდა... ხელის თხოვნას ვაპირებდი. სულ ერთად ვიყავით ხოლმე. - თავისთვის ბურდღუნს რომ მორჩა, მერე სოლოს შეხედა შეჭმუხნული წარბებით და დაწითლებული თვალებით. - დროზე გააჯვი აქედან.. - ორივე ხელით ყელში წვდა. - იცოდე, სადმე არ წამოგცდეს და არ ჩამა, თორე ციხეში წასვლამდე შენ მოგიტყნავ დედის მუტელს. გესმის?! - სანდროს ყვირილი უნდოდა, მაგრამ მხოლოდ ჩურჩულს ბედავდა. თავი VII (la ballad) სოლო სიბნელეში იცვამდა შიშველ, სისხლიან ტანზე თავის ტანსაცმელს, ჟანგიან ჭიშკარს ეყუდებოდა და იქვე მდგარ დიდ ხეს ამოფარებოდა. ... რამდენიმე წუთი რომ გავიდა, კიდევ გაისმა გასროლის ხმა და სოლომ ბარძაყში ტყვია იგრძნო. რაც ძალა ჰქონდა, მოიკრიბა და დაღმართზე ჩაირბინა. თუმცა, ტალახში ფეხი აუსრიალდა და ელვის სისწრაფით ჩაგორდა გზის ბოლომდე. თავი VIII (ისევ მარტოკაცი) ღია ფანჯრიდან დილის სიცისფრე და ცივი ქარი აღწევდა პალატაში და უშედეგოდ ეფინებოდა სოლოს ფერმკრთალ სახეზე. ... იყო წამიერი შეშფოთება, თავის წამოწევა, თვალების აქეთ-იქით ცეცება. სოლომ პალატაში ექთანი გამოარჩია და ისევ ბალიშზე დადო თავი. ექთანმა ხმაურზე გამოიხედა, ჯიბეში ტელეფონი ამოძებნა და სადღაც დარეკა. - დიახ, გაიღვიძა. - ანუ, მოვიდეთ დასაკითხად? - მობრძანდით, დიახ. ... იყო წამიერი სიჩუმე და სოლოს თავში უაზროდ გაწელილი გაურკვევლობა. - შვილო, ან შენ რას გაიფუჭე საქმე, ან სხვებს რად წაართვი სიცოცხლე? - ექთანი სოლოს უყურებდა დაჟინებით. ცოტა ხანი პასუხს დაელოდა და მერე თავი გაიქნია. ... მოსაღამოვებამდე, სოლომ გამოარკვია, რომ კატოს და სანდროს მკვლელობას აბრალებდნენ. სოლომ საბანი გადაიწია და შეამჩნია, რომ საცვლის ამარად დარჩენილიყო. ტელეფონიც აღარ ჰქონდა, რომ ვინმესთვის დაერეკა და ტანსაცმლის მიტანა ეთხოვა. რომც ეთხოვა, არ იცოდა სად იყო. ... იყო ნახტომი, ღია ფანჯრიდან. იყო დაცემა, წვეტიან, გაყინულ, ბებერ მინდვრის ღერებზე. სოლომ ბოლო სიზმრის ნახვა მოახერხა. ის მანდარინების ზღვა ესიზმრა, ზუსტად კატოს თმის ფერი. მისი ჯერ კიდევ სიცოცხლით გამთბარი სხეული, გაყინულმა მინდვრის ღერებმა ჩაითრიეს და მსხვილ, დიდ ფესვებად ჩაირგეს გულში, ღრმად და მჭიდროდ. იყო ბოლო მზერა, მთვარისადმი. სოლომ ბოლოჯერ იოცნება, ოცნებაშივე გაულურჯდა სხეული, ან გვამისთვის დამახასიათებელი სილურჯით, ან ყინვას შეეფერა სამუდამოდ. ბოლოს, გათეთრებულ გაყინული თვალები მიწის ქუთუთოებით დაიფარა და დარჩა ასე, მოჭრილი ხის მსხვილ ფესვებად, მის სხეულზე სამარადისოდ ჩაბღაუჭებულ მინდვრის ღერებთან, ელოდა დილას, დილასა და კატო-მზის თბილ, ჩუმ გალობას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.