εμείς(სრულად)-ένας- "I'd like to be painter But if I can't paint Plead God to give me a power To tell you my word." სამსახურისა და უკანასკნელი საარსებო წყაროს დაკარგვა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ფრიად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიმეღო და მშობლიურ კერას დავბრუნებოდი. იმ საღამოსვე ჩავაწყე ჩემი მოკრძალებული ბარგი ჩემოდანში, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები სამი ხელი ტანსაცმელი, "Thunder Statue"-ს ალბომები, საღებავები და ახლად შეძენილი გიგანტური მოლბერტი იყო. საფულეში გაცრეცილი კუპიურები გადავითვალე და მას შემდეგ, რაც დავრწმუნდი, რომ სამგზავროდ საკმარისი თანხა მქონდა, ნინოწმინდისკენ მიმავალ პირველივე ავტობუსში ავედი. ავტობუსი თანდათან ივსებოდა მგზავრებით, რომლებიც თბილისის ქაოსისგან დაღლილები, შეწუხებულები იმზირებოდნენ ავტობუსის ფანჯრიდან. ყურსასმენები მოვირგე mp3 player-ზე "Star" ჩავრთე და თვალები დავხუჭე. "I see my star in the sky It has no place in the sky It seems to me that on the earth To be isn't s......" *** ნინოწმინდაში ჩასვლისთანავე სამსახურის ძებნას შევუდექი. ვიპოვე. არა, უმჯობესი იქნებოდა თუ ვიტყოდი, რომ თვითონ მიპოვა. სამრევლო სასწავლებელში დავიწყე ხატვის სწავლება. ალბათ ყველაზე შესაფერისი საქმე იყო ჩემთვის. შესაძლოა ესაა მიზეზი იმის, რომ აქამდე ვერ შევინარჩუნე სტაბილური სამსახური. ანაზღაურებაც ნორმალური იყო, ყოველ შემთხვევაში მე მაკმაყოფილებდა. ერთადერთი პრობლემა იყო, ზედმეტად უმნიშვნელო, თუმცა აშკარა დისკომფორტს მიქმნიდა. სადაც კი შავ მბზივარე თმას, ყავისფერ ტყავის მოსაცმელსა და მუქ ყავისფერ მოელვარე თვალებს მოვკრავდი თვალს, მაშინვე უჩვეულო შფოთვა და მოუსვენრობა ამიტანდა ხოლმე. ერეკლე დევდარიანი-სწორედ ის იყო ჩემი ფორიაქის მთავარი მიზეზი. თავიდანვე უცნაურად ჩუმი და გულჩათხრობილი, ჩემი დანარჩენი მოსწავლეებისგან განსაკუთრებულად განსხვავდებოდა. შემდეგ შევამჩნიე, რომ ხატვის შესანიშნავი ნიჭი ჰქონდა. ხელის მოძრაობაზეც კი ეტყობოდა. ისე ჰაეროვნად ხმარობდა ფუნჯს, გეგონებოდა ეშინია უხეში შეხებით არ დააზიანოსო. მიუხედავად ამისა, ჩემგან მუდამ შორს იჭერდა თავს. ერთ თვეში ყველას გულის მოგება მოვახერხე, თუმცა ის რადიკალურად განსხვავებული შემთხვევა იყო. რაც უფრო ვცდილობდი მასთან დაახლოებას, მით უფრო გამირბოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ჩემი ასაკის გამო სერიოზულად არ აღმიქვამდა და ეს ცოტა არ იყოს, მაღიზიანებდა. ჩემი მასწავლებლობის ერთ თვის თავზე პირველად გამომელაპარაკა თავისი ინიციატივით. იმ დილას ადრე მომიწია სასწავლებელში მისვლა და დროის გასაყვანად მარტივ ჩანახატებს ვაკეთებდი რვეულში. ისე გამიტაცა ამ საქმემ, რომ გარე სამყაროს სრულიად გამოვეთიშე. "ლამაზია"- მოულოდნელად ოდნავ ბოხი, მაგრამ მონოტორული ხმა მომესმა, რომელმაც ნანატრი ეიფორიიდან გამომიყვანა. ხმის პატრონი მაშინვე ვიცანი, თუმცა გადასამოწმებლად მაინც შევხედე. არ შევმცდარვარ. ერეკლე იყო. ჩემს ნახატებს დაკვირვებით ათვალიერებდა და ჩვეულებრივ ცივი გამომეტყველება ახლა ინტერესისგან გაბრწყინებულ სახეს ჩენაცვლებინა. პირველად იმ დღეს დავინახე მისი სხვა მხარე, რამაც ჩემი სულიერი სამყარო მსუბუქად შეარყია. იმდენად არარეალური მეჩვენა მასთან კომუნიკაცია, რომ აჟიტირებულმა ინდივიდუალური გაკვეთილებიც კი შევთავაზე, თანაც მის უბადლო ხატვის ნიჭს გავუსვი ხაზი, რომელიც არ უნდა დაკარგულიყო. "არ ვიცი...შეიძლება...მოვიფიქრებ"- ჩაილაპარაკა ხმადაბლა და მსუბუქი ნაბიჯებით გამეცალა. თითქოს უკვე ნანობდა ჩემთან გამოლაპარაკებას. ერთი კვირა არ გამოჩენილა. ვფიქრობდი მე მარიდებდა თავს. ვფიქრობდი არა, დარწმუნებულიც კი ვიყავი. ალბათ არ უნდოდა დამთანხმებულიყო და უარის თქმის მარტივ გზებს ეძებდა. საშინელ საგონებელში ჩავვარდი. მინდოდა ჩემი ჩადენილი თვითონვე გამომესწორებინა და პირველივე შეხვედრისას უკან წამეღო ჩემი სიტყვები. (სასტიკად შევცდი.) "ქალბატონო თათია, მგონი დღეიდან უფრო გადატვირთული გრაფიკი გექნებათ"- მოვიდა და პირდაპირ მომახალა ეს სიტყვები, მაშინ, როდესაც ყველაზე ნაკლებად ველოდი ამას. "საღამოს დაგელოდები"- ვუთხარი მტკიცედ. ისე, თითქოს წინასწარ ვიცოდი, რომ ჩემს შემოთავაზებას დასთანხმდებოდა. (სიტყვა "ქალბატონი" უხეშად მომხვდა ყურში) -δυο- "so when you look at me, u better look hard and look twice. Is that me, baby, or just a brilliant disguise" იმ საღამოს მოვიდა. დააგვიანა, მაგრამ საბოლოოდ მაინც გამოჩნდა ჩემი სახლის ზღურბლზე. გრძელი თმა ასჩეჩვოდა და გვერდზე მოჰქცეოდა. თვალის უპეები ჩაშავებოდა, რაც მის ისედაც მოშავო თვალებს უფრო მკაცრ იერს აძლევდა. ხორბლისფერი შემოსაცმელი მხარზე მოეგდო და უცნაურად დაღლილი მზერით იყურებოდა. თავის დაკვრით მომესალმა და საჩქაროდ შემოვიდა სახლში. მცირედი მითითება მივეცი და და საქმეს შევუდექით. ჯერ შავი ფანქრით ჩრდილის გაკეთების ტექნიკები ავუხსენი, შემდეგ კი დავავალე, რომ ის დაეხატა, რაც პირველად მოუვიდოდა თავში. ამასობაში "წითელი და შავი"-ს კითხვა განვაგრძე. მინდოდა, რომ ამჯერად მაინც გავუსლიყავი ბოლოში. იმდენი ხნის წინ დავიწყე კითხვა, პერსონაჟების სახელებიც კი დამვიწყდებოდა. "ეგოიზმისა და დიდების ამბიციების ზღვაში ჩამხრჩვალი ადამიანის რომატიზება საინტერესოა, არა?"- ხანგრძლივი სიჩუმე ისევ მან დაარღვია. "უკაცრავად?!"- ჩემი შეკითხვა მექანიკურად უფრო იყო დასმული, ვიდრე გააზრებულად. სანამ მისი სიტყვების არსს ჩავწვდებოდი, სახეზე რაღაც დაცინვისმაგვარმა გამომეტყველებამ გადაურბინა, შემდეგ კი ისევ დაასერიოზულა გამოხედვა. "გიყვართ სტენდალი?"- ამჯერად უკვე შეცვლილი ტონით მკითხა, ისე რომ ჩემსკენ აღარ ამოუხედავს. შვებით ამოვისუნთქე, მას შემდეგ, რაც მივხვდი ვის გულისხმობდა -"ამბიციების ზღვაში ჩამხრჩვალ ადამიანში". საუბრის გუნებაზე დავდექი, წიგნი გვერდზე გადავდე და მაქსიმალურად ვეცადე დიალოგში შემომეტყუებინა. "რატომ ხარ ასე დარწმუნებული, რომ ჟიულიენის პერსონაჟს ვარომანტიზებ, მითუმეტეს მაშინ, როდესაც თვითონ სტენდალსაც არ უცდია ეს?"- ჩემი შელახული თავმოყვარეობა მაინც გამოსჩანდა სიტყვებს შორის. "სტანდარტია"-მიპასუხა უდარდელად და შემდეგ მსუბუქად ჩაიცინა -"თქვენნაირებს მოსწონთ ნარცისიზმით შეპყრობილ ადამიანებზე ფიქრი. წარმოსახვაში ისეთ გმირობებს მიაწერთ ხოლმე, რომლებიც არათუ ჩაუდენიათ, არამედ სურვილიც კი არ გასჩენიათ" "შენი სიტყვები სრული მარაზმია და იცი რატომ? იმიტომ, რომ შენთვის პრობლემა მხოლოდ ჟიულიენისნაირი ადამიანების არსებობაა და არა ის, თუ რატომ არიან ისინი ასეთები"- ფეხზე წამოვდექი და სწრაფი ნაბიჯებით მივუახლოვდი ერეკლეს, რომელსაც ერთ ადგილზე გაეშეშებინა ფანქარი და გულდასმით აფერადებდა იმას, რასაც აღარ სჭირდებოდა გამუქება. მისკენ გადავიხარე და ჩამწყდარი ხმით ჩავჩურჩულე-"ან იქნებ შენი დამოკიდებულებით შინაგანი ხმის ჩახშობას ცდილობ, რომელიც გაიძულებს, რომ ჟიულიენში შენი თავი დაინახო?" "მართლა ფიქრობთ, რომ ადამიანების ამგვარად ჩამოყალიბებას გარკვეული წინაპირობა გააჩნია და ეს ყველაფერი დამოუკიდებლად არ ხდება? იქნებ ისინი ასეთებად დაიბადნენ და უბრალოდ არ შეუძლიათ სხვანაირები იყვნენ? ან.. იქნებ...თვითონ უნდათ იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან?"- ერეკლეს სიტყვები უკვე არც ისე დამაჯერებლად ჟღერდა, რასაც მისი დაბნეული გამოხედვაც უსამდა ხაზს. "ერთი რამ დაიმახსოვრე nobody wants to be a villain in their own story. ბოროტმოქმედიც ერთი ჩვეულებრივი მსხვერპია, უბრალოდ ისტორიის მისი მხარე არავინ იცის. ყველას თავის წილი სიმართლე აქვს ამ ცხოვრებაში და ასე ხელაღებით ვერავის დავადანაშაულებთ. გგონია ჟიულიენს უნდოდა ყოფილიყო ის, ვინც იყო? გულგრილობა და ზიზღი, ერთგვარი იარაღი იყო, რომელიც გარშემომყოფებისგან იცავდა მას. ნუთუ თვლი, რომ ბედნიერი იყო? მთელი ცხოვრება იმის შიშში და მოლოდინში გაატარა, რომ ვიღაც იმ ერთადერთსაც წაართმევდა, რაც მას გააჩნდა- თავმოყვარეობას. თუმცა დროთა განმავლობაში მისი თავმოყვარეობა პატივმოყვარეობაში გადაიზარდა. მას ამქვეყნად არავინ და არაფერი აინტერესებდა საკუთარი თავის გარდა და რაც ყველაზე ტრაგიკულია არავის სიყვარული არ შეეძლო. ეს იმიტომ კი არა, რომ თვითონ მოისურვა ასე, არამედ სამყარომ აიძულა საკუთარი თავის ყველაზე საშინელი ვერსია ეჩვენებინა. რეალობაში ისევ ის პატარა ბიჭი იყო, რომელსაც საკუთარი მამის არაადამიანურად ეშინოდა. ჟიულიენმა ბავშვობის ტრავმებს ვერ დააღწია თავი და შესაბამისად ვერც ის მოახერხა, რომ მორალურად გაზრდილიყო. "თქვენ..."- მსუბუქად ჩაახველა და განაგრძო-"თქვენ ერთი მთავარი რამ გავიწყდებათ. სამყარო ყველასთვის თანაბრად სასტიკია. მაშ, უდავოა, რომ ამ ქვეყნად კარგი ადამიანები აღარ უნდა არსებობდნენ." "დამიჯერე, ყველას აქვს თავის ბნელი მხარე, რომლის საგუდაგულოდ დამალვასაც ცდილობს. აქ უკვე საქმე იმაშია ვის გამოსდის და- ვის არა" "ნუთუ?"-წამიანი პაუზა გააკეთა, რომელიც საუკუნედ მომეჩვენა- "მაშ, რა არის თქვენი ბნელი მხარე?"- მკითხა თითქმის ჩურჩულით. შევკრთი. შეკითხვა მეუცხოვა. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ არ ველოდი. ვერც კი წარმოვიდგენდი მსგავს კითხვას, განსაკუთრებით ერეკლესგან. თუმცა ის ხომ ერეკლე იყო. არაპროგნოზირებადი. (მე მასზე არაპროგნოზირებადი ვიყავი.) ფანჯასთან მივედი და ცას შევხედე. ვერცხლისფერი მთვარე გულმხურვალედ ანათებდა. წამიერად რაღაცამ გამიელვა გონებაში, თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა. მადლიერი გამომეტყველებით ავხედე სულიერ თანამზრახველს, შემდეგ კი შევტრიალდი და ერეკლეს დავაკვირდი. ნახატი თითქმის დაესრულებინა. საბოლოო ჩრდილებსღა აკეთებდა, ესეც თითქოს იმიტომ, რომ დრო გაეწელა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ ჩემი პროფესიული მისია წარმატებით შევასრულე. საბოლოოდ მაინც მოვიპოვე მისი კეთილგანწყობა. კეთილგანწყობა თუ არა ცოტაოდენი პატივისცემა მაინც. რაც მთავარია, ჩემი ეგო დაკმაყოფილებული იყო და სხვას აღარაფერს არ ჰქონდა მნიშვნელობა. (რას ვაბობდი ბნელ მხარეზე?!) "მთვარე!"- ვამბობ უეცრად და ვაიძულებ, რომ ისევ ჩემზე გადმოიტანოს ყურადღება-"ხომ გაინტერესებდა ჩემი ბნელი მხარე"- ვამატებ მას შემდეგ, რაც ვხვდები, რომ ვერ გაიგო რაც ვიგულისხმე. "მთვარე?"- ხმაში გაკვირვების ნოტები ერევა-"როგორ შეიძლება მთვარე ვინმეს ბნელი მხარე იყოს? სრული აბსურდია"- აღშფოთებისგან საკუთარ თავზე კონტროლს კარგავს. "ძალიან მარტივად. მთვარე ერთადერთია, ვისაც შეუძლია ისეთი დამინახოს როგორსაც ვერავინ ვერ მხედავს. ჩემი ყველა უარყოფითი მხარე, ის თვისება, რომლის დამალვასაც ასე მონდომებით ვცდილობ, მხოლოდ მას შემდეგ გამოდის სააშკარაოზე, რაც ცაზე მთვარე ვარსკვლავური ბრწყინვალებით ამოანათებს. შესაძლოა უფრო შესაფერისი იყოს, თუ ვიტყოდი, რომ ჩემი ბნელი მხარის არსებობის ფორმა სწორედ ისაა- მთვარე" თითქოს ჩემი პასუხი აკმაყოფილებს, თუმცა მალევე ჩუმი მოულოდნელობით ახალი კითხვის პირისპირ მტოვებს. "ბედნიერი დასასრულის გჯერათ?" "ბედნიერი დასასრულის ვინმეს სჯერა?" "არ ვიცი...შეიძლება"-უხერხულად იშმუშნება. "ჩვენი ყველას დასასრული ერთია და შენც ძალიან კარგად მოგეხსენება ეს" "მერე, ნუთუ არ შეიძლება სიკვდილი ბედნიერი დასასრული იყოს?" "თუ ვინმესთვის სიკვდილი ბედნიერი დასასრულია, მაშ არ უცხოვრია და თუ არ უცხოვრია ე.ი. არანაირი დასაწყისი არ არსებულა. შესაბამისად დასასრულიც ვერ იარსებებს- მითუმეტეს ბედნიერი. ზოგიერთი სულიერი უსიცოცხლო ყოფისთვის არის მოვლენილი და მისი აღსასრულიც ასეთივე უყველაფრო იქნება, როგორიც სიცოცხლე იყო. ბედნიერების შეგრძნება იმდენად ზეღმატებული გრძნობაა, რომ ყველას არ შესწევს იმის უნარი- გამოსცადოს" "იმათზე რაღას იტყვით, ვისაც დაბადებიდან არ გაუმართლა. ვინც ეცადა, რომ ეცხოვრა, თუმცა, როგორც თქვენ ამბობდით- გარშემომყოფებმა არ მისცეს ამის საშუალება. მათ, ვინც იბრძოლეს, მაგრამ დამარცხდნენ სასტიკი ბედისწერის წინაშე. იქნებ მათთვის სიკვდილი მართლაც შვება იყოს" "ცხოვრება ხომ თანაბრად სასტიკია ყველასთვის. სიკვდილი გამოსავალი არ არის. სიკვდილი არის ადამიანის არსებობის ის ფორმა, როდესაც ამბობ- იყო. სანამ დრო გვაქვს ვიზრუნოთ- იქნებაზე, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა" "შესაძლოა მართლაც ასეა"- დანებების ნიშნად თავი ჩახარა, თუმცა აშკარად ეტობოდა, რომ ისევ თავის მოსაზრებაზე იდგა. Thunder Statue-ს "Dampness in the Head"-ს ვრთავ და ვცდილობ ამით გავფანტო ის უხერხული სიჩუმე, რომელიც რამდენიმე წუთია შინაგანად მჭამს. ჰაერში სასიამოვნო ჰანგები იღვრება, რაც უკეთეს განწყობაზე მაყენებს. "Only you in this world If you feel lonely Only you get what I'm pleading you..." "კარგი გემოვნება გაქვთ, მასწავლებელო... ლამაზი სიმღერაა"- მეუბნება ჰაეროვანი ხმით და პირველად, გეფიცებით, პირველად მიღიმის. ისეთი მშვენიერია. (ქალბატონო თათია, როგორი გრძნობაა, როდესაც ვიღაც მასწავლებელს გეძახის?!) -Τρία- "Whispered something in your ear It was a perverted thing to say But I said it anyway Made you smile and look away" როგორც ყოველთვის, ჩემი სახლის აივანზე ვსხედვართ. ხმას არც ერთი არ ვიღებთ, ვცდილობთ მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ იმ მყუდროებით, რომელიც გარშემო სუფევს. ერეკლეს ვაკვირდები. დღეს გამორჩეულად მშვიდია, თუმცა მასში არის რაღაც, რაც მოსვენებას მიკარგავს. ჰორზონტს გასცქერის უჩვეულოდ სევდიანი მზერით და თითქოს სოლიდარობას უცხადებს სინათლის სხივებს, რომლებიც სანთელივით იღვენთებიან სადღაც შორს- სოფლის გადაღმა. მზე თანდათან მიცურავს დასავლეთისკენ, ცაზე კი მეწამულისფერ ნაკვალევს ტოვებს. ხის ძველებურ სახლებში თანმიმდევრობით ინთება სინათლეები მზის თავისთავადი მიძინების საპირწონედ. მაღალი ნაძვების გადაღმა ეკლესიის სამრეკლოც მოჩანს, რომელსაც ბინდბუნდი უფრო მისტიურ შესახედაობას სძენს. ერეკლეს წინ უზარმაზარი მოლბერტი დგას, რომელიც თბილისიდან წამოსვლის წინა დღეს ვიყიდე. ჯერ არ დაუწყია მუშაობა, როგორც ჩანს რაღაცას ელის, რაღაცას რაც მოულოდნელი ინსპირაციით გააღვივებს მის შემოქმედებით ნაპერწკალს. ერეკლეს მოლოდინში სიგარეტს ვუკიდებ და მოწევას ვიწყებ. თავიდან ძლიერ ნაპასს ვარტყამ, რომელიც ფილტვებს სასიამოვნოდ მიწვავს. კმაყოფილებისგან თვალებს ვჭუტავ და ისე ვაგრძელებ მოწევას. "შეიძლება?"- ამბობს გაუბედავად და სიგარეტზე მანიშნებს. "ჯერ პატარა არ ხარ საამისოდ?"- სიგარეტს იქვე მაგიდის ზედაპირზე ვაქრობ და ქუჩაში ვაგდებ. "რამდენიმე დღეში სრულწლოვანი ვხდები"- მპასუხობს საზეიმო ტონით და სიგარეტის შეკვრიდან ერთ ღერ სიგარეტს აცურებს. პირველივე ნაპასზე მსუბუქი ხველა უტყდება. მეცინება მის მოუხერხებლობაზე, რაზეც უკმაყოფილო მზერას ვიღებ. ცოტა ხნით ისევ სიჩუმეში ვსხედვართ, შემდეგ კი ერეკლე ჩვეული დემონსტრაციით გასაოცარ ცნობისწადილს ამჟღავნებს. "გარდაცვლილი ადამიანის სხეულს რომ ხატავდეთ, როგორ დახატავდით?"- მეკითხება შემპარავი ხმით და სიგარეტის კვამლს ღრმად ისუნთქავს. "ო, უნდა ვაღიარო, რომ საკმაოდ შთამბეჭდავი შეკითხვაა, ერეკლე..."- თავისი სახელის გაგონებისას სახეზე ფრიად საამური ღიმილი უვლის, რომელიც შეუმჩნეველი არ მრჩება- "თუმცა ამ შემთხვევაში ჩემთვის ის უფრო მნიშვნელოვანია შენ როგორ დახატავდი ამ ყველაფერს" გამომცდელ მზერას მესვრის, შემდეგ კი ღრმად ჩაფიქრებული ტონით მპასუხობს. "ალბათ...ალბათ თვალებს არ დავუხატავდი" "განაგრძე"-ხმაში მბრძანებლურ ნოტებს ვურევ, რომელსაც ლაიტმოტივად ჩემი მოუთმენლობა გასდევს. "ვფიქრობ, თვალები ისაა რაც ყველაფერს ასულიერებს. თუ დაუკვირდებით, ეკლესიის ფრესკებზეც კი თვალებს ყველაზე დიდი დატვირთვა აქვთ. თვალები სულიერი სამყაროს სარკეა. ადამიანს თვალების გარეშე სული არ გააჩნია, მაშასადამე მისი სხეული მხოლოდ და მხოლოდ გვამია" (რით ვარ მასზე უკეთესი?!) -τέσσερις- "You've been locked in here forever and you just can't say goodbye..." "დაბადების დღეს გილოცავ, ერეკლე!" -სიტყვას იქამდე ვაწევ, სანამ ოთახში შემოაბიჯებს. დღეს სულ სხვანაირია. გიშრისფერი ხუჭუჭები ლამაზად აქვს გასწორებული. დამახასიათებელი სიშავეებიც აღარ მოუჩანს თვალის უპეებში. გრძელი შავი შარვალი და თეთრი პერანგი აცვია. იმდენად ელეგანტურია, რომ მიქელანჯელოს ნახატიდან გადმოსული გეგონება. ერთიანად სითბოსა და კმაყოფილებას ასხივებს, რაც მალევე აისახება ჩემზეც. ხელში მოზრდილი შეკვრა მიჭირავს, რომელიც ნახატებიან ქაღალდშია გახვეული. როგორც კი მიახლოვდება ხელში ვაჩეჩებ და ვანიშნებ რომ გახსნას. ქაღალდს ფაქიზად ხსნის, თუმცა მის ხელის მოძრაობაში მოუთმენლობა გამოსჭვივის. "Thunder Statue-ს ორიგინალი ალბომები, რომლებსაც დიდი ალბათობით ვეღარსად გადააწყდები"- ვეუბნები მას შემდეგ, რაც საჩუქრის არსი უკვე გასაგებია მისთვის "ღმერთო, ეს ხომ.... ეს ძალიან ძვირფასი საჩუქარია ჩემთვის... არც კი ვიცი რა გითხრათ"- წარმოთქვამს აღტაცებით და საჩუქარს ხელს ნაზად ატარებს- "საუკეთესო მასწავლებელი ხართ მთელ მსოფლიოში!" (მასწავლებელი, არა, თათია?!) "დაასრულე იმის ხატვა, რაც დაგავალე?"- ვამბობ მშრალად და საღებავების ამოლაგებას ვიწყებ. ისიც ასერიოზულებს გამომეტყველებას. "მეგონა დღეს გარკვეული პრივილეგიებით ვსარგებლობდი"- სიტყვას მიბრუნებს მოჩვენებითი იმედგაცრუებით და პარალელურად თვალს ჩემსკენ აპარებს. შეწყვიტე. შეწყვიტე. შეწყვიტე. "მაშ, რის გაკეთება გსურთ, ბატონო ერეკლე?!" მაინც მაჯობა. ჩემს ძველ მაგნიტოფონთან მიდის და ჩართვის ღილაკს აწვება. თავიდან ხმა შრიალებს, თუმცა თანდათან იწმინდება და ოთახში ბეთჰოვენის სიმფონიის ჰანგები გაისმის. "ერთი დღით... მხოლოდ ერთი დღით დაივიწყე, რომ ჩემი მასწავლებელი ხარ, თათია"- მეუბნება ჩახლეჩილი ხმით და გაფერმკრთალებულ ხელს მიწვდის. სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელი მივლის. გაუნძრევლად ვდგავარ და მის სახის ნაკვთებს შევისწავლი. მსუბუქად მიღიმის და შემიძლია თავი დავდო, რომ მასზე ლამაზი არაფერი მინახავს. ალბათ დანტე ალიგიერის ადგილზე რომ ვყოფილიყავი, ჯოჯოხეთის მთავარ კარიბჭეს მივუჩენდი სატანჯველად, მხოლოდ და მხოლოდ ამ მაცდური ღიმილის გამო. მინდა საპასუხოდ მეც გავუღიმო. ხელი გავუწოდო და ვუთხრა, რომ მზად ვარ მასთან ერთად სამყაროს დასალიერამდე ვიცეკვო. ნაბიჯსაც ვდგამ მისკენ, თუმცა შინაგანი ამოძახილი მაჩერებს. ხმა, რომელიც არ მაძლევს იმის დავიწყების საშუალებას, რომ ამის უფლება არ მაქვს. "სამსახური შემომთავაზეს, თბილისში...მთავარი არქიტექტორის თანამდებობა. საკმაოდ მომგებიანი საქმეა"- ვჩურჩულებ და აღარ მინდა ერეკლეს თვალი გავუსწორო. დარმწუნებული ვარ, რომ იქ დიდ იმედგაცრუებას დავინახავ, რასაც ვერ გავუძლებ. "მიდიხართ?"- "თბილისი მომენატრა, თანაც...აქ არაფერი დამრჩენია" "როდის მიდიხართ?"- მეკითხება ცივად და ვხვდები, რომ ჩვენს ამდენი თვის ურთიერთობას ამ ერთი წინადადებით გადაესვა ხაზი. ის ისევ ისეთი ერეკლეა, როგორიც ჩვენი პირველი შეხვედრისას იყო. ამას მის ტონალობაშიც ვგრძნობ. "მას შემდეგ, რაც ახალ მასწავლებელს იპოვიან" დრო ისე გადის, ხმას არც ერთი არ ვიღებთ. ზურგს ვაქცევ და საღებავებს ისევ უკან, ყუთში ვაწყობ. ხელები ჯოჯოხეთურად მიკანკალებს. სუნთქვა მიჭირს. ყელში მძიმედ მაწვება სინანულის გრძნობა. მოულოდნელად მუცელზე ცივ თითებს ვგრძნობ, რომლებიც მჭიდროდ მეხვევა და სუნთქვას უფრო გაუსაძლისს ხდის. თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ ასე მაინც შევიკავო ცრემლები, რომლებიც ჩემი თვალებიდან გამოდენას ლამობენ. ყელთან მისი ცხელი სუნთქვა მცემს, რომელსაც სველი წვეთების ნაკვალევიც ერევა. ეს მხოლოდ დროის მეასედი ნაწილი გრძელდება და მალევე ერეკლეს თითებს, ღია ფანჯრიდან შემოსული ნიავი ანაცვლებს. მშორდება და უჩუმრად მიდის გასასვლელისკენ. კართან ჩერდება და მიყურებს. ვერ ვხედავ, მაგრამ ვგრძნობ მის უწყვეტ მზერას, რომელიც ზურგს მიწვავს. მგონია, რომ რაღაცის თქმა უნდა. არ ვცდები... ცხოვრებაში პირველად არ ვცები. "ნუ წახვალ, თათ"- მესმის ზურგს უკან და ვხვდებით, რომ ეს ბოლოა, რისი გაკეთებაც ერეკლეს შეუძლია. ის თავის ფასდაუდებელ თავმოყვარეობას იმედის ბოლო ნაპერწკალს ატანს. "უნდა წავიდე..." (ერთ კვირაში თბილისში ვბრუნდები) -πέντε- აივანზე ვიჯექი და ქალაქის ჩვეულ ხმაურს ვუგდებდი ყურს როდესაც კურიერი მესტუმრა. დიდი ამანათი მომიტანა, რომელსაც თან წერილი ჰქონდა დართული. რაც შეიძლებოდა მალე გავისტუმრე და კონვერტი ხელის კანკალით გავხსენი. მეშინოდა, რომ წერილი მისგან იქნებოდა. მისგან- ვისი სახელიც საბოლოოდ ამოვშალე ცხოვრებისეული დავთრებიდან. არც ამჯერად შევმცდარვარ. თხელი ქაღალდი სწრაფად გავხსენი და შავი მელნით გამოყვანილი სიტყვები ამოვიკითხე, რომლებიც იდეალური კანონზომიერებით გასდევდნენ ფურცლის კიდეს. "შენს 23-ე დაბადების დღეს გილოცავ, თათ! პატარა საჩუქარი ჩემგან, იმედია მოგეწონება" საჩუქარს შეფუთვა შემოვაცალე და როგორც კი ჩემთვის განკუთვნილი საჩუქარი დავინახე, ადგილს მივეყინე. შეფუთვაში უზარმაზარი ნახატი იყო, სრულიად ზეთის საღებავებით შესრულებული. ნახატზე გაშლილი მინდორი იყო გამოსახული, რომელსაც არც დასაწყისი ჰქონდა და არც დასასრული. მინდვრის ცენტრში გიგანტური მთვარე ეხატა, რომელიც მომაჯადოებელ სინათლეს ასხივებდა. მიუხედავად ამისა, ირგვლივ არაამქვეყნიური წყვდიადი გამეფებულიყო. ერთადერთი, რასაც მთვარის ნათება ასხივოსნებდა ტრიალ მინდორში გამართული თეთრკაბიანი ქალი იყო, რომლის კაბასაც ნიავი არხევდა. ქალს არამიწიერი სილამაზე ჰქონდა. გრძელი შავი დალალები ჩანჩქერივით ეფინებოდნენ თლილ მხრებზე. კაბის ერთი სახელო მხარზე ჰქონდა გადავარდნილი, რაც უფრო ფაქიზს ხდიდა მის თხელ წელსა და გამოკვეთილ ლავიწებს. ავადმყოფურად თეთრ კანზე მთვარის ცივი სინათლე დასთამაშებდა. ყორნისფერ თვალებში იდუმალი შიში ჩასდგომოდა და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს რაღაც საშინელ კოშმარს ხედავდა. თუ კარგად დააკვირდებოდით, მისი თვალების სამიზნესაც დაინახავდით, რომელიც არც ისე მარტივი შესამჩნევი იყო ქალის ფონზე. ეს იყო ყველაზე საზარელი რამ, რაც კი შეიძლებოდა ადამიანს წარმოედგინა: ბიჭის მაღალი გამხდარი სხეული გაუბედავად მოხრილიყო წელში. წითელი შარვალი და წითელი პერანგი ეცვა, რომელიც მის ნახშირისფერ თმასთან სრულ კონტრასტს წარმოქმნიდა. ყველაზე თავზარდამცემი კი, არა ბიჭის სხეული, არამედ მისი სახე იყო. ბიჭის გაფითრებული გამომეტყველება შეიძლება ნორმალურადაც ჩაგეთვალათ, მაგრამ...არა. კიდევ იყო რაღაც. იქ, სადაც წესით მისი თვალები უნდა ყოფილიყო, შემაძრწუნებელი სისასტიკით იმზირებოდნენ შავი სიცარიელეები. ("ჩვენ"-გავიფიქრე გუნებაში) The end. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.