შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პიროვნების სიღრმე - თავი პირველი (ნაწილი I)


10-04-2025, 17:58
ნანახია 285

დილიდან - დილამდე. შეხვედრიდან - შეხვედრამდე. დასვენებიდან - დასვენებამდე. ნახვიდან - ნახვამდე.

ის დრო, რომელიც ჩვენ მოვლენიდან მოვლენამდე შუალედში გვეძლევა, ძალიან თავისებურ და მნიშვნელოვან განცდას ატარებს - მოლოდინს. ის იმდენად სპეციფიკურია თითოეული მოვლენისთვის, რომ ძალიან რთულია წარმოიდგინო ერთ მთლიანობად და აღიქვა ერთ მიმართულებად. მოლოდინი რთულია, სევდიანია, მხიარულია, ბედნიერია, მოუთმენელია, ნებისყოფიანია, ჭარბად ან ზოგჯერ საერთოდაც არ იგრძნობა. თუმცა მოლოდინი, როგორ უმნიშვნელოდაც არ უნდა ჟღერდეს, ის მდგომარეობაა, რომელშიც ჩვენი ცხოვრების ოთხმოცდაათ პროცენტს ვატარებთ.

დაფიქრდი მკითხველო, ახლა რას ელოდები? ალბათ ამ თავის ჩამთავრებას, რომ ადგე და შენი საქმე გააგრძელო. შეიძლება ძირითადი მოქმედებების დაწყებას ელოდები და ჯერ უფრო შორს არ გაგიხედავს. როგორია შენი მოლოდინი? ინტერესიანი და ნებისყოფიანი, თუ პირიქით მობეზრებული და მოუთმენელი? შეგვიძლია კი ჩვენ ვმართოთ ჩვენი მოლოდინები? თუ ის გვმართავს ძირითადად ჩვენ?

რორი ახლა სკოლაში წასვლას ელოდება მოუთმენლად. მისი მოლოდინი იმდენად მოუთმენელია, რომ აიძულებს მას გაკვეთილების დაწყებამდე ორი საათით ადრე ადგეს და მომზადება დაიწყოს.

დამამთავრებელი კლასი დამღლელია. მისთვის საინტერესო პროფესიაზე დაუფლების, ახალი ცხოვრების დაწყების, ახალი მეგობრების შეძენის, ახალი ინფორმაციის მიღების მოლოდინი იმდენად დიდი და მძაფრია, რომ კიდევ ნახევარი სემესტრის ჩამთავრება ძალიან ჭირს. თუმცა საკუთარ თავს შემოუძახებს ხოლმე და ცდილობს ეს განცდები გააკონტროლოს.

„დამშვიდდი! დამშვიდდი! მშვიდაად! ნუ ნერვიულობ თორემ შეგეტყობა და ეს კარგს არაფერს მოიტანს. მივალ, გავიცნობ ადამიანებს და ადეკვატურად დაველაპარაკები. არ გამოვიჩენ დიდ ინტერესს და არც იმას დავანახებ, რომ რაიმეს მოლოდინი მაქვს მათგან. სკეპტიკურად უნდა შევხედო ყველაფერს და უფრო საინტერესო გამოვჩნდები მათთვის. უფრო ეცდებიან დამარწმუნონ მათში და ჩემს პროფესიაში. მორჩა, ამაზე ნუღა ფიქრობ!“

ფიქრები მოიშორა და სააბაზანოში შევიდა. უნდა, რომ დღეს კარგად გამოიყურებოდეს - საქმიანიც იყოს და თან ლამაზიც.

საკმაოდ მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე მისთვის. ან ვისთვის არ იქნებოდა? დღეს ფორუმია სკოლაში დამამთავრებელი კლასებისთვის, მოწვეულები არიან მნიშვნელოვანი ორგანიზების მმართველი წევრები, უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ბიზნესმენები და ყველა ის პატივსაცემი ადამიანი, ვისაც რამისთვის მიუღწევია ცხოვრებაში.

ამაღელვებელია ძალიან ის ფაქტი, რომ პირადად შეხვდება ყველა იმ ადამიანს, ვის წარმატებასაც სიახლეებით ადევნებს თვალყურს, ვის მაგალითზეც სწავლობს. იქნებ ვინმემ მიიწვიოს კიდეც მის კომპანიაში სტაჟიორად? ან უბრალოდ შენიშნონ და დაიმახსოვრონ ის. კონტაქტები ყოველთვის მნიშვნელოვანი ძალაა, იცნობდე ადამიანებს და გქონდეს მათთან საუბრისა და მოლაპარაკების შესაძლებლობა თუ ეს დაგჭირდება, ყველაზე დიდი შესაძლებლობაა წინსვლისთვის.

რორი სააბაზანოდან ისევ ფიქრებითა და მოლოდინებით დატვირთული გამოვიდა. ვერ დამშვიდდა სათანადოდ, მაინც აღელვებულია. ამჯერად უკვე სცადა მიჰყოლოდა თავის განცდებს. აღელვება ხომ ერთის მხრივ კარგიცაა - გაიძულებს იყო მუდმივად ტონუსში, ფხიზლად, რომ რამე არასწორად არ გააკეთო და ყველაფერს ყურადღება მიაქციო.

ზოგადად როგორ ხდება ხოლმე? ადამიანი, რაც მეტად ფიქრობს იმაზე, რომ რაიმეზე ფიქრი შეწყვიტოს მით უფრო მეტი ეფიქრება მასზე - იმიტომ რომ ფიქრიც კი იმის შესახებ, რომ რამეზე არ უნდა იფიქრო - ისევ და ისევ იმაზე ფიქრია, რითაც გონების დატვირთვა არ გსურს.

რორი ვერ ხვდება საიდან გაიაზრა ამ წამს ეს, თუმცა ამან გაამართლა. მომზადებაზე დაკონცენტრირდა. თავის მოვლის საშუალებები ბოლო დროს მისი გატაცება გახდა. სხეული რომ დაიმუშავა შემდეგ სახის მოვლის რუტინა დაიწყო. გრძელ სარკესთან სრულიად შიშველი იდგა, რადგან აღელვებისგან დაჯდომა არ შეეძლო. მთლიანად სახეზე იყო კონცენტრირებული, თვალის უპეები, ყვრიმალები, ნიკაპი, ცხვირი...

უცებ თვალი მისმა მკერდმა მიიპყრო. ვითომ ლამაზი მკერდი აქვს? როგორი ზომისაა? - „ზომას ხომ მნიშვნელობა არ აქვს? - მთავარია ესთეტიკური და ლამაზია.“ - გაიფიქრა და ახლა მისი გონება სხეულის დანარჩენ ნაწილებზე გადაერთო. მუცელი, მენჯები, თეძოები, წვივები... საერთო ჯამში მგონი მიმზიდველად მიაჩნია საკუთარი თავი, თუმცა დარწმუნებული მაინც არ არის. „ეს წვივები ძალიან უსწორმასწოროა, არა?“ გაიფიქრა და მერე მიხვდა, რომ რაც უფრო მეტად დააკვირდებოდა და რაც უფრო მეტად დაფიქრდებოდა, მით უფრო დაეჭვდებოდა მის სრულყოფილებაში. ეს ხომ სწორედ ჩვენი გონებაა ვინც გვაკომპლექსებს და არა ვინმე ან რამე ჩვენს ცხოვრებაში. მხოლოდ მაშინ გვიღვივდება ეჭვი თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაღაც ისე ვერ არის, როგორც უნდა იყოს.

კარზე კაკუნი გაისმა. „ეს უეჭველად დედაა“ კაკუნზე იცნო რორიმ.

- რორი, გღვიძავს? - დაუძახა ხმადაბლა დედამ, რომ დანარჩენები არ გაეღვიძებინა.
- კიი, შემო - შიშველი კი იყო, მაგრამ დედასთან არ ერიდებოდა.

ჯიამ კარი ფართოდ შემოაღო და შიშველი რორი რომ დაინახა უცებ დაავიწროვა გაღების არეალი, რომ გარედან ვინმეს შემთხვევით არ დაენახა.

- აი სერიოზულად? შენი ძმა რო შემოგივარდეს, ხომ ატეხავ ყვირილს?
- კაი ჯერ ხო არ ღვიძავს... შემო და მიხურე.

ჯიამ ამოიხვნეშა და ოთახში შევიდა. კარები გადაკეტა ყოველი შემთხვევისთვის და საწოლზე ჩამოჯდა. უყურებდა თავის გოგოს და აკვირდებოდა როგორ გაიზარდა, როგორ დაქალდა. თავს უვლიდა და ზრუნავდა საკუთარ კანზე, სილამაზეზე, ჰიგიენაზე, რომლებზე ზრუნვაც მანამდე დედის საქმე იყო. როგორ უცებ გაიზარდა, მისი ბავშვობა გუშინდელივით ახსოვს. ახლა ის ისეთივეა, როგორიც თვითონ იყო მის ასაკში: ამბიციური, ჭკვიანი, მგრძნობიარე ახალგაზრდობაზე ორიენტირებული. რა იქნება თუ ისიც იგივე შეცდომებს დაუშვებს ცხოვრებაში, რაც ერთ დროს თავად დაუშვა? რასაც ვერასდროს ინელებდა მიუხედავად იმისა, რომ არც ისეთი დრამატული და კრიტიკული არ იყო ისინი ერთი შეხედვით, თუმცა მაინც იქონია გავლენა მის ცხოვრებაზე და საკმაოდ მნიშვნელოვნადაც.

„რატომ უნდა დაუშვას შეცდომები? რისთვის ვარ მე მშობელი, მე ხომ უნდა ვასწავლო და გავაფრთხილო, რომ ზოგიერთი შეცდომა ძალიან იმოქმედებს მის ცხოვრებაზე და ამ შეცდომის დაშვების უფლება არ მივცე, მაგრამ რომ არ დამიჯეროს? - ის ხომ ძირითადად ასე იქცევა, და ბუნებრივიცაა. მას შეცდომების დაშვების უფლება აქვს. პირიქით უნდა უშვებდეს კიდეც შეცდომებს“ - მაგრამ გადახედავს თავის ცხოვრებას და ფიქრობს, რაღაცები რომ სხვანაირად გაეკეთებინა, რაღაც შეცდომები რომ არ დაეშვა ახლა ხომ უკეთესად იცხოვრებდა, ხომ უკეთესი ფსიქიკა ექნებოდა, ასე ხომ არ გაწვალდებოდა, უფრო ლაღი იქნებოდა, უფრო ბედნიერი... – „როგორ შევძლო და დავაჯერო, რომ ზოგიერთი შეცდომის დაშვება მის ცხოვრებაზე იმხელა გავლენას იქონიებს მომავალში, რომ არ ღირს, ეს დასტრესავს და მომავალში დატანჯავს...“

ჯია მაშინ ვერ ხვდებოდა - და ბუნებრივიცაა, რომ ვერ ხვდებოდა - რომ წარმატება შეცდომის არდაშვებაში არ არის. წარმატება შეცდომაზე სწორად რეაგირებაში და მას შემდეგ ცხოვრების სწორი მიდგომით გაგრძელებაშია.

- დღეს ფორუმია, ხოიცი? - ფიქრი შეაწყვეტინა უცებ რორიმ.
- ხო, მახსოვს... - ამოილუღლუღა ისევ ჩაფიქრებულმა ჯიამ - ნერვიულობ?
- კი, ცოტას, მაგრამ ვაკონტროლებ მგონი.

თქვა სიამაყით რორიმ და დედას გამოხედა. ცუდ ხასიათზე იყო? რატომ იყო ასეთი მოღუშული? ისევ მამასთან იჩხუბა ნეტა? დაიღალა... ამდენი საქმე, ამდენი რუტინა. რორისთვის წარმოუდგენელი იყო, როგორ შეიძლებოდა ეცხოვრა დედას ასე? ამის გამო იყო უბედური. რატომ ხმას არ ამოიღებდა და იმას გააკეთებდა, რაც თავად სურდა. რატომ არ წავიდოდა და გაისეირნებდა მაღაზიებში? რატომ არ წავიდოდა თავის დაქალებთან და ყავას დალევდა უფრო ხშირად, ეს ხომ ძალიან მაგარია. ვერ ხვდებოდა, რატომ ვერ უნდა გაენაწილებინა დედას პრიორიტეტები. ესმოდა რორის, რომ დედასთვის მნიშვნელოვანი იყო ოჯახზე ზრუნვა, თუმცა რა, თავისით ვერ მოიმზადებდა რომელიმე ოჯახის წევრი საუზმეს? მენტალური ჯანმრთელობა ხომ ბევრად მნიშვნელოვანი უნდა იყოს წესით? – „ახლა მაინც ხომ აღარაა არავინ თვეების ბავშვი ჩვენს ოჯახში?“ - მაგრამ მან მიაჩვია, თვითონ მიაჩვია ჯიამ ოჯახის წევრები, რომ მის გარეშე დილას პროდუქტიულები ვერ იქნებიან.

უცებ გაახსენდა, რომ დილით აუცილებლად უნდა ეჭამა, რადგან ფორუმამდე სულ გაკვეთილები ჰქონდა და ვერ მოასწრებდა წახემსებას. ფორუმზე ენერგია აღარ ექნებოდა, ფურშეტისთვის დროის დაკარგვა კიდევ არ უნდოდა.

- აუ გთხოვ შეგიძლია ქლიავიანი შვრია გამიკეთო? ოღონდ მოხარშული, ცხელ წყალს რომ ასხავ კარგად არ რბილდება და არ მომწონს. - სთხოვა ჯიას.
- გაგიკეთებ მაგრამ ცოტაღაა დარჩენილი და ჩვეულებრივიც უნდა შევურიო. - ჯია ადგა საწოლიდან, ამოიხვნეშა და კარებისკენ წავიდა - კარი გადაკეტე, თორე გაიღვიძებს ახლა ტომი და შემოგივარდება ოთახში.
- კაი მიდი.

ჯია გავიდა, რორიმ კარი გადაკეტა და წინწკლებად წასმული დამატენიანებელი სახეზე წრიული მასაჟით შეიზილა. უცებ გაიაზრა, ახლაც კი თავად დაავალა ჯიას შვრიის მომზადება. - „მაგრამ ის თუ არ იქნება ვიღას დავავალებ? ხომ შემიძლია თავადაც მოვამზადო?“ - იქნებ ეს დავალებები აფიქრებინებდა ჯიას, რომ მისი ყოფნა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო?

ცოტა ხანს კიდევ ფიქრობდა, გუშინ გამზადებული ტანსაცმელიც ჩაიცვა და სარკეში საკუთარი თავის შეფასება დაიწყო. კმაყოფილია იმით, როგორც გამოიყურება, თუმცა ისევ და ისევ, რაც უფრო დიდხანს იყურება სარკეში მით უფრო ბევრ ნაკლს ამჩნევს, როგორც ტანსაცმელზე, ასევე მის სხეულზე.

მოკლე შავი ქვედაბოლო, შავი კოლჰოტი და თეთრი სიფრიფანა პერანგი აცვია. დეკოლტე უმშვენებს გულმკერდს. ყელზე პატარა ჯვარი და ნაჩუქარი ვერცხლისფერი ყელსაბამი უკეთია, ჰოო... ეს ყელსაბამი... როდემდე უნდა ატაროს...

კარის სახელური ჩამოწია ჯიამ, თუმცა ვერ გააღო და გარედან დაუძახა - მოდიხარ? გაკეთდა.

- ახლავეე - დაიძახა რორიმაც და ტომის ტყაპატყუპის ხმა გაიგო მისი კარისკენ რომ მორბოდა.
- დაკეტილი აქვს კარები, დააცადე და გამოვა - უთხრა ჯიამ შვილს და სამზარეულოსკენ წაიყვანა - ხელ-პირი დაიბანე?...

საბოლოო შტრიხი თმა იყო, რომელიც ვერ გადაეწყვიტა გაშლილი დაეტოვებინა თუ აეწია. იქ ჭამას არ აპირებს და ხელსაც არ შეუშლის ძალიან, ამიტომ გაშლილს დაიტოვებს, თან ასე უფრო მოსწონს. მეც ვფიქრობ რომ ასე უფრო უხდება. ლამაზი ბუნებრივი ფერის თმა აქვს. გრძელია და შეჭრასაც არ ფიქრობს, თითქოს ასე უფრო ელეგანტურად მიაჩნია, უფრო ნაზად და გოგოშკურად. - „კარგი გავედი, თორემ დავაგვიანებ უკვე“ - გაიფიქრა და სამზარეულოსკენ გაემართა.

სამზარეულოს მაგიდასთან ტომი იყო სკამზე შემოსკუპებული, თავის ფანქეიქებს ელოდებოდა და სკოლაზე დედას რაღაცას ეტიტინებოდა. ჯია გაზქურასთან ტრიალებდა და საუზმეს ამზადებდა, თან თავის პატარა ბიჭს უსმენდა ცალი ყურით და მის მონაყოლზე კომენტარებს აკეთებდა.

სამზარეულოში გასულმა რორიმ ტომის ხელი მოუთათუნა და თმა აუბურდა. ტომიმ გადაიკისკისა და ეშმაკური თვალებით რორის შეხედა, თამაში უნდოდა და თან აფასებდა სიტუაციას რორი ამაზე რამდენად დათანხმდებოდა. შეხედა და ისეთი ტანსაცმელი ეცვა და ისე გამოიყურებოდა, რომ შანსი არ ჰქონდა. ამიტომ დედას მიუტრიალდა და საუბარი განაგრძო.

- მართლა კი არ გვიჩხუბია, უბრალოდ ვთამაშობდით. მასწავლებელს ეგონა ეგრე...
- მერე თქვენ არ უთხარით? - გააწყვეტინა ჯიამ ნახევრად გაფანტული ყურადღებით, რადგან ეს ამბავი უკვე ჩავლილი იყო და ტომი უკვე მეხუთედ უკეთებდა მომხდარს ანალიზს. რორიც იქვე ჩამოჯდა და ინტერესით შეაცქერდა ტომის. - გამზადებულია შენი შვრია მანდ დევს. - მიმართა ჯიამ რორის.
- კიიი, როგორ არ ვუთხარით, მაგრამ ეგონა ვატყუებდით და იმიტომ წაგვიყვანა დირექტორთან. არადა არაფერი დაგვიშავებია. - აგრძელებდა ბიჭი.
- მაგრამ ხმაურობდით... - შეუსწორა ჯიამ.
- ოოოო, დასვენება იყო, რა მოხდა მერე? არ მომწონს მე ეს ქალი, სულ გვიშლის თამაშს და გაკვეთილზე ბრაზდება ხოლმე.
- თუ აბრაზებთ გაბრაზდება კიდეც. სკოლა თამაშისთვის ხომ არ არის? - უპასუხა რორიმ და თავის შვრიას თავსახური ახადა. - და ისე მოგწონს სკოლა?

ტომი პირველ კლასში სულ ახალი მისული იყო იმ წელს, ამიტომ დიდი ენთუზიაზმით ჰყვებოდა ხოლმე მის შთაბეჭდილებებს სკოლასთან მიმართებაში. სხვა ბავშვებს არ ჰგავდა - არ იყო დამოკიდებული გაჯეტებზე, არ ითხოვდა დედას ტელეფონს და ტელევიზორის ყურებაც საღამოობით ოჯახის წევრებთან ერთად უყვარდა ხოლმე მხოლოდ.

- კიი ისე მომწონს, უფრო დასვენებებია კაი და ბუფეტი - ეშმაკურად წამოიძახა ტომიმ.

ჯიას და რორის გულიანად გაეცინათ. ტომი მხიარული ბიჭი იყო, უყვარდა ხალხის გამხიარულება. არ ჰქონდა პრობლემა როცა მის ნათქვამზე ან საქციელებზე იცინოდნენ. მეტიც თუ დაინახავდა, რომ ვინმეს ამხიარულებდა უფრო სასაცილოდ ცდილობდა მოქცეულიყო. ძალიან უყვარდა თავისი და - რორი. ალბათ ეს იმის ბრალიც იყო, რომ ნახევრად მის ხელში გაიზარდა და დედასთან თითქმის აიგივებდა.

რორისაც ძალიან უყვარდა ტომი. ის მისთვის ნათელი წერტილი იყო. თავს აბეზრებდა ხოლმე ხანდახან თუმცა, აბა დავფიქრდეთ, რომელი დედმამიშვილი არ ყოფილა ერთხელ მაინც ნერვების მომშლელი. ხშირად დედმამიშვილი ხომ ერთგვარი კონკურენტის ასოციაციას იწვევს მეორეში მშობლებთან, სხვა ადამიანებთან, სათამაშოებთან, გაჯეტებთან და ზოგადად ყველაფერთან მიმართებაში. საბოლოო ჯამში ტკბილი ურთიერთობა ჰქონდათ, ასაკის განსხვავებაც იმხელა იყო, რომ რორი დედობრივ დამოკიდებულებას უფრო გრძნობდა ვიდრე დედმამიშვილურს და კონკურენტულს.

- თუ გინდა მამა წაგიყვანს - უთხრა ჯიამ რორის, რომელიც უკვე გასასვლელისკენ მიემართებოდა - და ასე ადრე რატომ მიდიხარ?
- ფეხით მინდა გავისეირნო სკოლამდე, ძალიან აჟიტირებული ვარ. კარგად ტომი, ჭკვიანად სკოლაში. - დაუბარა ძმას და სახლიდან გავიდა.
- კარგაად! - გაიგონა როგორ მოაძახა ტომიმ დამშვიდობება და განაგრძო დედასთან ლაპარაკი.

ძალიან აჟიტირებული, აღელვებული, ენერგიული, ადრენალინიც მოზღვავებული ჰქონდა და მოკლედ ყველაფერი ერთად იყო რორი იმ დროს. იფიქრა ფეხით გასეირნება ცოტა დამღლის და მშველის, რომ მოვდუნდეო, მაგრამ ძალიან მცირედი შედეგი გამოიღო. სამაგიეროდ დილით ადრე ადგომამ მასზე დადებითად იმოქმედა. მზეში მისეირნობდა და თან თავის მომავალზე ფიქრობდა, რა ელოდებოდა ნეტა კარიერაში?! ნეტავ სად აღმოჩნდებოდა 10 წელიწადში?! ისიც მიაღწევდა ისეთ წარმატებას, როგორსაც კომპანიის მმართველები, დამფუძნებლები, ბიზნესმენები და ზოგადად სამაგალითო ხალხი აღწევს?!

რორიმ ისე მიაღწია სკოლამდე ამ ფიქრებით, რომ ვერც კი მიხვდა დრო სად გაეპარა. გზის ბოლოს გამოიკვეთა წითელი აგურებით გაწყობილი სკოლა, გვერდით სტადიონი, სადაც ბავშვები უკვე დარბოდნენ და ფეხბურთს თამაშობდნენ, მეორე მხარეს გაზონზე მაგიდებზე და სკამებზე კი ბავშვები ისხდნენ და მზეს ეფიცხებოდნენ. ზოგი მიირთმევდა, ზოგს წიგნი ჰქონდა გადაშლილი, ზოგიც კი ჭორაობდა. რორიმ უცებ მისი თანაკლასელები დაინახა. ხელი მაღლა აწია და ენერგიულად დაუქნია. გოგოებმა შენიშნეს და ადგილი გაუთავისუფლეს სკამზე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent