ნანგრევებს მიღმა (თავი 1)
თვითმფრინავის კიბეზე ფეხის დადგმისთანავე იგრძნო საქართველოს სურნელი. ეს არ იყო რაღაც, რასაც სიტყვებით აღწერდა – არც ვალენსიის ლავანდის სინაზეს ჰგავდა და არც – ბარსელონას სანაპიროების მარილიან კოცნას. აქაური ჰაერი უფრო მძიმე იყო, თითქოს მისი მოლეკულები ისტორიას დაატარებდნენ. იმის მიუხედავად, რომ აეროპორტიც განეახლებინათ და ქუჩებიც მრავალი ახალი შენობით დაემძიმებინათ, მაინც ხედავდა მოჩვენებებს ყველა კუთხეში. ქალაქის ხმაური, მანქანების სიგნალები და გამყიდველების ძახილი — ეს ყველაფერი უცნაურად ახლობელი იყო. როცა ტაქსი მისი კორპუსის წინ გაჩერდა, ღრმად ამოისუნთქა და მძღოლს გადაუხადა. მისი ბავშვობის სახლი დღესაც იგივე დაღმართზე იდგა, თუმცა ეზოში შემორჩენილი ერთადერთი ხე უფრო მაღალი ჩანდა და შესასვლელის ჟანგიანი საკეტი ელექტრონული მექანიზმით ჩანაცვლებულიყო. სანამ ზარს დარეკავდა, სადარბაზოდან ათიოდე წლის ბიჭუნა გამოვარდა, რომელმაც არა მხოლოდ კარი დაუკავა, არამედ ბარგის ლიფტამდე მიგორებაშიც დაეხმარა უცნობ მეზობელს. ნატალიმ ღიმილით გადაუხადა მადლობა პატარა ჯენტლმენს და ნინოს ნომერი აკრიბა. ლიფტის გაღებისთანავე შეეგება მისი აღმზრდელის სითბოთი სავსე სახე. _ჩემო დახატულო!_ქალმა ხელი გაშალა და მის მკერდში ჩახუტებულმა გოგონამ სრულად გაიაზრა სახლში დაბრუნება. ექვსი წელი, რაც საქართველო დატოვა – ოცკილოიანი ჩემოდნითა და ორმოცდახუთკილოიანი, დარდით სავსე სხეულით. ექვსი წელი, რაც ზურგი აქცია ყველაფერს, რასაც ვერ უმკლავდებოდა — თავის წარსულს, ოჯახს, მას. ექვსი წელი, რომელიც თითქოს წამის მეასედი იყო და თან – მთელი ცხოვრება. _რა კარგია, რომ აქ დამხვდი._ნატალი ღიმილით შეექცეოდა აღმზრდელის მიერ მომზადებულ საყვარელ წვნიანს, ეს უკანასკნელი კი ცდილობდა ზედმეტად არ შეემჩნია აღტაცება, როცა ხედავდა, რომ ჭამა გოგონასთვის ტკივილთან აღარ ასოცირდებოდა._ჩემები მგონი არც აპირებენ დაბრუნებას, უკვე სათვალავი ამერია, იმდენი ქვეყანა შეიცვალეს. _რას მეუბნები, მტვრიან სახლს რომ არ დაგახვედრებდი._ამაყად უპასუხა ნინომ._რას შვრები აბა, დავიჯერო, რომ დაბრუნება გადაწყვიტე? _ამ ეტაპზეა ასეა ყოველ შემთხვევაში, რაღაც პროექტებიც ავიღეთ და თუ აქ ავეწყობი, რატომაც არა. შვებულებებზე ვესტუმრები ბებერ ევროპას, თუ მომენატრება. _“შენი ბიჭი“ როგორაა და რას ფიქრობს ამ ყველაფერზე?_პირველ ორ სიტყვას ისე გაუსვა ხაზი, აშკარა იყო, კარლოსისადმი დამოკიდებულება არ შეცვლოდა. _კარგადაა, მაგრამ „ჩემი ბიჭი“ რამდენადაა, უკვე აღარ ვიცი. _უიჰ, რა ცუდია._ნინოს სახეზე მწუხარების ნატამალიც არ ეტყობოდა._რა მოხდა, ხომ არ გაწყენინა? _თავიდან თითქოს გამოგვდიოდა „ლონგ–დისთენსი“ და მისი მხრიდან არფერი შეცვლილა, მაგრამ სანამ მე ვაღიარებდი გრძნობების გაციებას, იცი ერთ საუბარში რა წამოცდა? ასე მგონია, მთელი ცხოვრება ნიუ იორკში გავატარე, ისე შემიყვარდა აქაურობაო, წარმოგიდგენია? თითქოს ის ორი წელი, რომელიც ერთად ვიყავით, საერთოდ არ არსებობდა._გოგონა აღშფოთებას ჯერ კიდევ ვერ მალავდა, იმის მიუხედავად, რომ ეს დიალოგი კვირების წინ შემდგარიყო. _ანუ ყველაფერი მორჩა? _ოფიციალურად ჯერ არ დაგვისრულებია, თან სამსახურეობრივად მაინც გვიწევს ხოლმე ურთიერთობა, ბოლოს და ბოლოს, სათაო ოფისს წარმოადგენს, მაგრამ ველოდები, პირველი რომელი ვაღიარებთ, რომ მინიმუმ პაუზა გვჭირდება. _ჰოდა დაასწარი, ხომ იცი, არასოდეს მომწონდა ეგ ბიჭი შენთვის. ჯერ კაცი რომ თავის სტუდენტთან დაიწყებს რომანს... _TA იყო, თან სულ ერთი სემესტრით. ხომ გითხარი, ბებერი პედოფილი ნუ გამოგყავს._გადაიხარხარა ნატალიმ._შენც ხომ იცი, მართლა ნაწილებად დაშლილი გამამთლიანა და მისი ყოველთვის მადლიერი ვიქნები, რაც არ უნდა მოხდეს...ვერც ლათინურ ცეცხლს დავუკარგავ._ეცადა, საუბრისთვის მხიარული ელფერი დაებრუნებინა და საპირფარეშოსკენ გაემართა, სანამ ნინო რამეს შეამჩნევდა._უბრალოდ ხელს ვიბან._საერთოდ არ გაკვირვებია, ქალი, რომელიც მისი ცხოვრების ყველა ფაზას იცნობდა, უკან რომ გაჰყვა._კარგად ვარ, მართლა, ხომ ხედავ, კუნთებიც კი მეტყობა. _ჩემო ძლიერო გოგო._ნინომ ცრემლებს თვალებამდე მისვლა არ აცადა და შვილივით გაზრდილს კიდევ ერთხელ მოეხვია._იამაყე, იმდენ რამეს გაუძელი ასეთ პატარა ასაკში. ნატალიმ თავი დაუქნია, ყელში ბურთი გაეჩხირა. "ვცდილობ." შემდეგი რამდენიმე საათი საუბარში გაატარეს, ერთმანეთს უზიარებდნენ ამბებს საერთო ნაცნობებზე, ცვლილებებზე, რაც საქართველოში მოხდა. მაგრამ დიალოგი ყოველთვის ერთ თემას უბრუნდებოდა — წარსულს, მოგონებებს, რომელთა დამარხვასაც ასე ცდილობდა… ერთი კვირის შემდეგ თავის ქართველ უფროსთან ერთად იდგა მზიან ბინაში, ვაკეში და ათვალიერებდა ცარიელ კედლებს და გაბზარულ იატაკს – ესეც მისი პირველი პროექტი საქართველოში. ცოტა პოეტურად ეჩვენებოდა — ახლის აშენება რაღაც გატეხილისგან. _აი ისიც._ზურა იმ წამს მოსულ კლიენტს ოთახში შემოუძღვა და ნატალიც შემობრუნდა მასთან შესახვედრად. _გამარჯობა._თითქმის ერთდროულად წარმოთქვეს, სანამ გაშეშდებოდნენ. არ ეჩვენებოდა, მის წინ ნამდვილად ის იდგა – მთლიანად შავებში გამოწყობილი, მარცხენა წარბთან პატარა ნაიარევით, უფრო მაღალი და გრძელთმიანი, ვიდრე ახსოვდა – სანდრო მელიქიშვილი. _შენ ხარ დიზაინერი?— მისი ხმა გაოცებას გამოხატავდა, თვალები კი დაუფარავად ათვალიერებდნენ მთელ სხეულზე. გოგონამ თავი მექანიკურად დაუქნია, ყელი უშრებოდა და ხმის ამოღებას ვერ ახერხებდა. _მშვენიერია, ესე იგი ერთმანეთს უკვე იცნობთ._ზურას ხმა „წყვილს“ ბუნდოვნად ჩაესმოდა._ნატალი ჩვენი ერთ–ერთი საუკეთესო დიზაინერია, რომელიც ახლახანს დაბრუნდა საქართველოში ესპანეთის ფილიალიდან. მისმა პორტფოლიომ გამაოცა...თუმცა, ალბათ ეს თქვენ უკვე გეცოდინებათ. არა, ბატონო სანდრო? _ჰა? მე მკითხეთ?_მამაკაცი თავისი სახელის გაგონებაზე თითქოს ძილ–ბურანიდან გამოერკვა. _არაფერი, უბრალოდ დავინტერესდი, საიდან იცნობდით ერთმანეთს, მაგრამ თბილისი ისეთი პატარაა. _ნამდვილად._ფორმალური ღიმილით უპასუხა._მე და ნატალია ერთ სკოლაში ვსწავლობდით. ბოლოს როდის შევხვდით, მგონი ბანკეტზე, არა?_გაყინული მზერით მიუბრუნდა გოგონას, რომელსაც სუნთქვა ყელში გაეჩხირა. _ვერ ვიხსენებ, ალბათ უმნიშვნელო ინტერაქცია გვქონდა._მთელი ძალები მოიკრიბა, რათა ხმა ამოეღო. თავხედი, როგორ ბედავს იმ ღამის გახსენებას. ღამის, რომელმაც მთელი ცხოვრება თავდაყირა დაუყენა, მისთვის კი ალბათ საერთოდ არაფერს ნიშნავდა. _მეც მიხარია შენთან შეხვედრა._მამაკაცს წარბიც არ შეტოკებია მის სიტყვებზე, ისე გაუწოდა ხელი. ძალიან უნდოდა, გაქცეულიყო და მისი სახე აღარასოდეს დაენახა, მაგრამ მის სხეულში მცხოვრებ პატარა ნატალიას უფლება არ მისცა, გარეთ გამოეღწია. _იმედია, წარმატებული თანამშრომლობა გამოგვივა, ბატონო სანდრო._გაყინული ხელი ჩამოართვა და ეცადა, მაქსიმალურად დაეიგნორებინა მისი სითბოთი გამოწვეული შეგრძნებები… _მგონია, რომ ამ ბინას დიდი პოტენციალი აქვს. უბრალოდ, უფრო ღია განლაგება სჭირდება, ახალი ავეჯი, კარგი განათება, ცოტა მეტი ფერი_ზურას წასვლის შემდეგ სიჩუმე პირველად ნატალიამ დაარღვია. სანდრომ თავი დაუქნია და მაგიდისკენ ანიშნა, რომელზეც პირველადი ესკიზები ეყარა. _ჰო, მეც დაახლოებით იმავეს ვფიქრობდი. შენს გემოვნებას ვენდობი, დიზაინი ჩემი ძლიერი მხარე არ არის. ნატალიმ გახედა და იგრძნო დაძაბულობა მათ შორის. წლები გასულიყო, რაც ერთმანეთისთვის არც ერთი სიტყვა არ ეთქვათ. მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რამდენი რამის გადატანა მოუხდა იმ ღამის შემდეგ. ახლა კი აქ იყო, მის წინ, ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. ცხელი ტალღასავით მოაწვა შფოთვა, სახე აეწვა და მზერა მაშინვე მოარიდა. თავს აიძულა, რომ საქმეზე კონცენტრირებულიყო. ეს არ იყო ადგილი და დრო პირადი გრძნობებისთვის. ის აქ სამუშაოდ იყო მოსული და არა – წარსულში დასაბრუნებლად. _მაჩვენე შენი იდეები, – უთხრა ნატალიმ და ესკიზებისკენ მიანიშნა. – შეგვიძლია დავიწყოთ იმით, რაც მოგწონს და რაც – არა. მერე უკვე ერთად გადავწყვიტოთ. სანდრო დაეთანხმა. შემდეგი საათი გეგმის განხილვაში გაატარეს – არჩევდნენ დიზაინის ვარიანტებს. საუბრისას, ნატალიმ რამდენჯერმე შეამჩნია, როგორ აყოვნებდა მამაკაცი მზერას მის სახეზე — თითქოს სიტყვებს შორის რაღაც დაუმთავრებელი იმალებოდა. ცდილობდა, არ შეემჩნია და უკუეგდო მოზღვავებული ემოციები, მაგრამ ამაოდ. ბოლოს, როცა უკვე რაღაც საწყის ვარიანტებზე შეთანხმდნენ, წამოდგა. _კარგი დასაწყისია, – უთხრა და ძალით გაუღიმა. – საბოლოო ვარიანტებს დავამუშავებ და გამოგიგზავნი. მალე უნდა დავგეგმოთ რემონტის დაწყება. სანდრომ კვლავ თავი დაუქნია და სანამ კარს გაუღებდა, შეყოვნდა. _ნატალია... – ჩუმად თქვა, თითქმის ჩურჩულით. – მართლა მიხარია, რომ ისევ გნახე. გოგონა გაქვავდა. ტონი ისეთი გულწრფელი იყო, რომ სიტყვებმა კარებისკენ წასული დააბრუნა. არ ელოდა, რომ რაიმე მსგავსს ეტყოდა. წამით უნდოდა პასუხის დაბრუნება, მაგრამ სიტყვები ყელში გაუჩერდა. მხოლოდ თავი დაუქნია და იძულებითი ღიმილით თქვა: _მეც._შემდეგ სწრაფად გავიდა სახლიდან და სადარბაზოში გაუჩინარდა. ლიფტში მდგომი ვერაფრით იშორებდა განცდას, რომ სწორედ ახლა გააღო კარი რაღაცისკენ, რისთვისაც ჯერ მზად არ იყო… თეთრი განათება და ყვავილებით სავსე დარბაზი ესიზმრებოდა, ფონად კი იმ ბენდის სიმღერა ისმოდა, რომელიც უკვე დიდი ხანის წინ დაშლილიყო. სიზმარი ფრაგმენტული იყო – სიცილი, წყნარი ცეკვა, სასმელი ხელში და სხვისი ხელის სითბო წელზე. შემდეგ კი მისი ხმა: _გინდა, აქედან გავიპაროთ? ...ნატალი ერთბაშად წამოჯდა და თავის ოთახს თვალი მოავლო. დილის შუქი ჟალუზებიდან უკვე აღწევდა, მაგრამ გული ისევ ისე ძლიერ უძგერდა, თითქოს კვლავ ღამე იყო, ისევ ბანკეტი, ისევ ის მასთან ერთად. მკერდზე ხელი მიიდო და ნელა, კანკალით ამოისუნთქა. უკვე დიდი ხანია თავს ნებას აღარ აძლევდა, ასე მკაფიოდ გაეხსენებინა ის ყველაფერი. მაგრამ მისი დანახვა, მისი ხმის გაგონება, მისთვის მუშობა – ეს ყოველივე თავზე ისე დაატყდა, გონს მოსვლაც ვერ მოასწრო. საწოლიდან წამოდგა, ცივი წყალი დაისხა და სამუშაო მაგიდასთან დაჯდა. ესკიზებს უგონოდ მიაჩერდა, მაგრამ კონცენტრირება ვერაფრით შეძლო, თავში მხოლოდ მოგონებები უტრიალებდა. წყეული ღამე, წყეული ბანკეტის ღამე! წასვლა საერთოდ არ უნდოდა. უკვე მერამდენე კვირა იყო, ფეხზე ძლივს რომ იდგა. უამრავი სამეცადინო ჰქონდა, მშობლები ჩხუბობდნენ, საკვები მის დაუძინებელ მტრად ქცეულიყო, სარკეში ჩახედვა კი – ყოველდღიურ ბრძოლად. მაგრამ ლიკუნამ დაიჟინა და კაბაც შეარჩევინა, მერე კი გოგონებთან ერთად სალონში წასვლაც აიძულა. შესანიშნავად გამოიყურებოდა, ყველამ აღნიშნა. ნატალის, რა თქმა უნდა, არ დაუჯერებია. მოჩვენებითი ღიმილით იხდიდა მადლობას, სულ მალე ლოყები ტკიოდა სიყალბისგან. საღამოს უმეტესი ნაწილი კედელზე მიყუდებულმა გაატარა, შამპანურის ჭიქით ხელში. ცდილობდა, საჭმელზე არ ეფიქრა. მერე ის გამოჩნდა. სანდრო. დააგვიანა, რა თქმა უნდა. ყოველთვის ასეთი იყო. ზედმეტი მცდელობის გარეშე მომხიბვლელი, ხელები ჯიბეებში, საყელო ოდნავ შეხსნილი – ზუსტად იმდენად, რომ უდარდელ, მაგარ ტიპად გამოჩენილიყო. არასდროს ყოფილან მეგობრები. მათი მამები ადრე ერთად მუშაობდნენ,თავად კი პარალელურ კლასებში სწავლობდნენ, დერეფანსა და ჯგუფურ პროექტებში გადაკვეთილან – მაგრამ ახლოს არ იყვნენ. სანდრო მისი ტიპაჟიც არ იყო. ან, ასე ეგონა. სანამ ის ღამე არ დადგა. თვალებით შეხვდნენ – შემთხვევით, უაზროდ. მას შემდეგ, რაც ორივეს საკმარისზე მეტი ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული. ნატალიმ პირველმა მოაშორა მზერა, მაგრამ რამდენიმე წუთში ის უკვე მის გვერდით იდგა. _არ მეგონა, აქ თუ გნახავდი._უთხრა და მისი ხელიდან აცლილი ჭიქიდან შამპანური ისე მოსვა, თითქოს ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. _ვერც მე წარმოვიდგენდი, რომ მოვიდოდი._უემოციოდ უპასუხა და მოპარული ჭიქის ტრაექტორიას თვალი გააყოლა. ბიჭის ტუჩები ფრთხილად ეხებოდნენ კიდეს, რომელსაც მკრთალად აჩნდა წითელი პომადა. _სხვანაირი ხარ._სანდროს ნიჭი ჰქონდა, ისე დაგლაპარაკებოდა, თითქოს ოთახში ერთადერთი ადამიანი იყავი. _კარგად სხვანაირი თუ ცუდად? _ნამდვილი. ეს სიტყვა გონებაში ჩაებეჭდა. თვითონაც არ იცოდა, რატომ. იცეკვეს. ნელი სიმღერა ჩაირთო – რაღაც ბანალური, სიყვარულსა და სამუდამოდ ერთად ყოფნაზე და სანდრომ ხელი ისე მოხვია, თითქოს ეს ყველაზე ბუნებრივი რამ იყო სამყაროში. სიმთვრალის მიუხედავად, გრძნობდა ლოყის სიწითლესა და გულის აჩქარებას, მაგრამ მაინც მის მკლავებში დარჩა. თითქმის არ უსაუბრიათ. არც სჭირდებოდათ. დარბაზი ტრიალებდა. ფონზე სიცილი. კამერის ელვა. თითები, რომლებიც მის კანს პირველად ეხებოდნენ. _გინდა, აქედან გავიპაროთ?_ჩასჩურჩულა ყურში. გოგონამ სიტყვებით არ უპასუხა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.