ნანგრევებს მიღმა (თავი 2)
როცა ალკოჰოლითა და დაძაბულობით მთვრალები ოთახში შებარბაცდნენ, ნატალის უკვე თავისი სახელიც აღარ ახსოვდა. მხოლოდ ბიჭის ტუჩებზე ფიქრობდა, რომლებიც მისას ეხებოდნენ, თითებზე, რომლებიც კაბის ელვას უხსნიდნენ და გრძნობდა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში პირველად არ იყო მარტო. მათ შეხებაში სასოწარკვეთა იკითხებოდა – ალბათ იმიტომ, რომ ორივე ხვდებოდა, ეს დიდხანს არ გაგრძელდებოდა. ნაზი არ ყოფილა, თუმცა არც სასტიკად მოქცევია. დროდადრო ნატალის რაღაცებს ეკითხებოდა კიდეც, თუმცა, ცხადია, გოგონას არაფერი ესმოდა და უბრალოდ გაუცნობიერებლად ეთანხმებოდა, რათა ერთადერთი სურვილი იმ მომენტისთვის სწრაფად აესრულებინა. არაფერი იყო ამ ყველაფერში რომანტიული, უბრალოდ იმ მტკივნეულ, ბუნდოვან მონაკვეთში თავს ისევ ცოცხლად გრძნობდა. დილით, რა თქმა უნდა, მარტოს გაეღვიძა. სხვას არც არაფერს ელოდა. ბიჭისგან არც ერთი შეტყობინება არ მიუღია და ისიც იცოდა, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს ტოვებდა. მისგან განსხვავებით, მომლოდინეთა სიაში არ იყო და მიუნხენის უნივერსიტეტის სტიპენდია, სპორტის წყალობით, რამდენიმე თვის წინ მიეღო. თავს არწმუნებდა, რომ ყველაფერი კარგად იყო და მომხდარი ტრაგედიად არ უნდა აღექვა. თითქოს მდგომარეობას შეეგუა და ნელ–ნელა კვებასაც დაუბრუნდა, რამდენიმე დამატებითი გასაუბრებაც გაიარა და შეძლებისდაგვარად მშვიდად ელოდა პასუხებს, სანამ ექვსი კვირის შემდეგ კვლავ ღებინება არ დაეწყო. საპირფარეშოს იატაკზე მჯდარი შეშფოთებული უყურებდა ორ ვარდისფერ ხაზს და ზუსტად იცოდა, რომ დასაფიქრებელიც არაფერი იყო. „ვერ შევძლებ ამას. არა ახლა. არა ასე.“ არავისთვის უთქვამს – მხოლოდ ნინოს შეატყობინა, ერთადერთ ზრდასრულს, რომელმაც შეამჩნია ნატალის კიდევ უფრო გამხდარი სილუეტი, ჩაშავებული თვალები და მუდმივი თავის მართლებები. და როცა შეშინებული, აკანკალებული გოგონა მასთან მუდარით მივიდა, დაიფიცა, რომ არავის ეტყოდა. ორი თვის შემდეგ ესპანეთში წავიდა, სამხატვრო კოლეჯის სტიპენდია სამაშველო რგოლს ჰგავდა. გაქრა. ფიქრობდა, რომ ათასობით კილომეტრი საკმარისი იქნებოდა მასა და იმ ღამის შორის. ... ახლა, თბილისის ძველ ოთახში სიჩუმეში მჯდომი ნატალი სახეს ხელებში იმალავდა და ცდილობდა, არ ეტირა. ტელეფონი აიღო, ნაცნობი ხმა რომ არ გაეგო, ალბათ გაგიჟდებოდა. _ოჰ მოიცალეთ ჩემთვის, ქალბატონო?_ლიკას ბედნიერი სახე რამდენიმე წამში გამოისახა ეკრანზე. _შეგრცხვეს, ამხელა გზიდან ჩამოსული არ მნახე._თვითონაც შეტევაზე გადავიდა._რა ხდება, როდის ბრუნდება ბატონი გაგა? _ერთ–ორ კვირაში, ამინდს გააჩნია. გეფიცები, გემიდან ჩამოსვლასაც არ ვაცდი, შენს ნათლულს რომ ჩავახუტებ და გამოვიქცევი. რა ხდება, ხომ მშვიდობაა ამ დილაუთენია? _როგორ გითხრა... _პირდაპირ, ხომ იცი, გამოცანებს ვერ ვიტან. ნატალიამ ჩაახველა, ცდილობდა, ხმის ტემბრი დაემშვიდებინა. _სანდრო ვნახე. მეორე ხაზზე წამით სიჩუმემ დაისადგურა. _რომელი სანდრო?_ყურებს არ უჯერებდა ბერიძე, რომელმაც ბანკეტიდან ერთი წლის შემდეგ ძლივს გამოსძალა სიმართლე საუკეთესო მეგობარს, ამ უკანასკნელს კი, თავის მხრივ, ბევრი ბოდიში და რამდენიმე გზავნილი დასჭირდა მის შემოსარიგებლად. _ის, რომელზეც ფიქრობ...მის ბინას ვაკეთებ, წარმოგიდგენია? ვერ ამოვისუნთქე, რომ დავინახე. _და მან გიცნო? ახლა უარი რომ მითხრა, ბავშვიანად ჩამოვალ მის მოსაკლავად. _კი და არ ვიცი...ისე მელაპარაკებოდა, თითქოს იმ ღამეს რაღაც უფრო მნიშვნელოვანი მოხდა, ვიდრე მეგონა. _ტიპური მელიქიშვილი. და შენ რას გრძნობ? _არ ვიცი, მართლა. მეშინია, სიმართლე არ გაიგოს. _ნუ სულელობ, მის წინაშე არანაირი ვალდებულება არ გაქვს. 18 წლის ბავშვი იყავი, სრულიად მარტო და ავად. პირიქით, მადლობა გითხრას, იმხელა ტვირთი აარიდე ამ ამბის მარტო გადატანით. თუ თვლი, რომ გაგიჭირდება მასთან ურთიერთობა, სხვას მიეცი პროექტი, დაი*იდე ეგ რას იფიქრებს. _რთული იქნება, მაგრამ მგონი აუცილებელია წარსულში დაუმთავრებელი საქმეების მოგვარება, სანამ მომავალზე ვიფიქრებ. _შენ გადაწყვეტილი გქონია და იმუშავეთ მაშინ, ვნახოთ, რა გამოვა. მაგრამ გთხოვ, თავს გაუფრთხილდი და ნებისმიერ დროს დამირეკე, როცა რამე დაგჭირდება. მალე ლაივშიც ჩაგეხუტები. _გელი მოუთმენლად. ქეთო ჩამიკოცნე. _ისე აქაც ჩამოდის მატარებელი, რო რამე. _კი ვიცი და დავგეგმავ აუცილებლად, დროებით!_ საუბარი დასრულდა, მაგრამ ფიქრები — დარჩა. მომდევნო დღეებმა მონახაზების, შეხვედრებისა და სატელეფონო ზარების ქაოსში გაიარა. ყოველ დილას ბინისთვის დიზაინის დახვეწას უთმობდა, შუადღეს ქალაქში სეირნობდა, რომ გონება გაეწმინდა, ხოლო საღამოს ბავშვობის ბინაში, სიმშვიდეში ატარებდა. სამუშაოზე იყო კონცენტრირებული — ასე ეუბნებოდა საკუთარ თავს, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა სანდროსთან შეხვედრა უწევდა, ფიქრები ისევ იმ ღამეს უბრუნდებოდა — გამოსაშვებ საღამოს — და ყველაფერს, რაც მას შემდეგ მოხდა. მელიქიშვილი წარსულზე ერთხელაც არ ალაპარაკებულა. თავაზიანი იყო, პროფესიონალურად იქცეოდა, მაგრამ მათ შორის ყოველთვის რაღაც დაძაბულობა ტრიალებდა, რომელსაც ნატალი ვერ უგულებელყოფდა. ის აღარ ჰგავდა იმ უდარდელ, ბიჭს სკოლიდან, მაგრამ ხანდახან მის ღიმილში, იმ მზერაში, რომლითაც უყურებდა მაშინ, როცა ფიქრობდა, რომ ის ვერ ამჩნევდა, ნატალი მაინც ხედავდა იმ ძველი სანდროს ანარეკლს. ეს ართულებდა მასთან ყოფნას. კიდევ კარგი, შეხვედრები ხშირად არ უწევდათ, ძირითადად მის თანაშემწეს ეკონტაქტებოდა და ახლაც ასე აპირებდა, მაგრამ გოგონას შვებულება აეღო და სთხოვა, სანდროს თავად დაკავშირებოდა. რა გაეწყობოდა, საქმის გადადება არ უყვარდა, ამიტომ ბევრი ფიქრის გარეშე აკრიფა მისი ნომერი. არ უნდოდა, შფოთვას აეტანა. _ნატალია, როგორ ხარ?_მალევე უპასუხეს. მამაკაცს ისეთი ხმა ჰქონდა, ან ძალიან გადაღლილი იყო, ან მისი ზარი არ გახარებია. „იმედია, პირველი“–გაიფიქრა გოგონამ და საკუთარ თავზე გაბრაზდა, „რაში მაინტერესებს?“ _კარგად, შენ?_პაუხს არ დალოდებია._იმედია, ხელი არ შეგიშალე. რაღაც დეტალების გავლა მინდა შენთან ერთად, დღეს თუ შეძლებდი. _აუცილებელიც კი არის...მაგრამ თათია არ მყავს და მთელი დღე დაკავებული ვარ, ახლაც შეხვედრიდან გამოვედი. _კარგი, მაშინ შემატყობინე, როდის გეცლება. _იცი რა, პირველზე შესვენება მაქვს და აქვე კაფეში ვაპირებდი გასვლას, სანამ წავიქცევი. თუ თავისუფალი ხარ, ლოკაციას ჩაგიგდებ. _ოქეი, იყოს პირველი._წამიერი შეყოვნების შემდეგ დათანხმდა. _შესანიშნავია, შენთვისაც შევუკვეთავ რამეს. ტელეფონი გათიშა და სარკეში თავის ანარეკლს მიაჩერდა. „ეს უბრალოდ ლანჩია, საქმიანი შეხვედრა“– უმეორებდა თავის თავს. მაშინ რატომ უცემდა ასე სწრაფად გული?.. _ყოველთვის ასე ნელა ჭამ?_სიცილით ჰკითხა ბიჭმა._გეგონება, ინგრედიენტებთან სამშვიდობო მოლაპარაკებას აწარმოებდე. ნატალიმ გაღიმება სცადა, მაგრამ მისი თვალები სრულიად საპირისპირო ემოციას გამოხატავდნენ. ლანჩის დრო მთავრდებოდა, პროექტის დეტალები შეკვეთის მოტანამდე განეხილათ და სანდრო ლამის უკვე ბოლო ლუკმას მიირთმევდა მისაზე ბევრად დიდი ულუფიდან. _მე არ მეჩქარება, შეგიძლია წახვიდე. _რა შუაშია?_წარბი აზიდა და წვენის ჭიქა აიღო. საერთოდ არ შეუმჩნევია, როგორ დაეჭიმა მხრები გოგონას_უბრალოდ გამიკვირდა, ხომ არ გგონია, გწამლავ? უბრალოდ საჭმელია, ათ კილოს ერთი ლანჩი არ მოგამატებინებს._უდარდელად დაამატა. ნატალი ადგილზე გაიყინა და ჩანგალი ხელიდან გაუვარდა. სუნთქვა ისე გაუხშირდა, ეგონა პანიკური შეტევა ეწყებოდა. ბიჭის სიტყვებმა რამდენიმე წლით ადრე დააბრუნეს. თვალწინ გაურბინა ყველა დათვლილმა კალორიამ, სალფეთქების ქვეშ გადამალულმა საჭმელმა, სასწორის ისრებმა. სანდროს ღიმილი სახეზე შეახმა, ვერ გაეგო, რა მოხდა. _მაპატიე, არაფერი მიგულისხმია, უბრალოდ... _არაფერია, დაივიწყე._თავს ძალა დაეტანა, რომ გაეჩუმებინა. ატირებამდე ისედაც ცოტა აკლდა. _ვხუმრობდი, ხომ იცი? წონის პრობლემა არასოდეს გქონია. _შეიძლება უბრალოდ ჭამო? გთხოვ. _არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ შენი წყენინება არც მიფიქრია, უბრალოდ ცუდი იუმორი მაქვს._ხელი მისი თითებისკენ გააცურა, თუმცა შეხება ვერ გაბედა. _შენი ბრალი არაა, რომ არაფერი იცი._მშრალად უპასუხა._წავალ რა, შენც დაგიკარგე მადა._უცებ წამოდგა და გახევებული მამაკაცი მარტო დატოვა. სახლში დაბრუნებულს გამოცვლა და ლეპტოპის ჩართვა ძლივს მოესწრო, ზარის ხმა რომ გაისმა. არავინ ახსოვდა, ვინც გაუფრთხილებლად ესტუმრებოდა, მაგრამ მცირე ყოყმანის შემდეგ მაინც გააღო. _კარლოს?_თვალი რამდენჯერმე დაახამხამა და ხმა ძლივს ამოიღო. ნამდვილად ის იყო – დიდი ზურგჩანთით, ოდნავ აბურდული თმითა და ღია ფერის პოლოს მაისურით, რომელიც საოცრად უხდებოდა მის გარუჯულ სხეულს. _სიურპრიზი._მამაკაცი ყურებამდე იღიმოდა. ვერაფერს იტყვი, ნამდვილად გამოუვიდა. წარსული ბოლო დროს ორიგინალურ გზებს პოულობდა ნატალისთან დასაბრუნებლად, მაგრამ ამჯერად, კარის შემონგრევის ნაცვლად, თავაზიანად დაუკაკუნა. თხუთმეტი წუთის შემდეგ სამზარეულოში იდგა და ცდილობდა გაეხსენებინა, როგორ ესუნთქა, როცა ყავის ჭიქით ხელში მაგიდასთან მჯდომ თავისი ცხოვრების ერთადერთ სიყვარულს უყურებდა. _საყვარელი სახლია. ლიმნის და...მტვრის სუნი იგრძნობა. _შტატებიდან ჩემი დალაგების უნარების დასაცინად ჩამოხვედი? _არა, შენთვის._უცებ დასერიოზულდა მამაკაცი. _რა? _ისედაც ვაპირებდით შეხვედრას ქართული ფილიალის წარმოადგენლებთან და ვიფიქრე, შენი ნახვის შანსი ხელიდან არ უნდა გამეშვა. _და ჩემს გაფრთხილებაზე არ გიფიქრია? _ბევრი, მაგრამ არ მინდოდა უარის თქმის საშუალება გქონოდა. _ზუსტად მაგის თქმას ვცდილობ._უნდოდა, გაბრაზებული ყოფილიყო, მაგრამ მხოლოდ დაღლილობას გრძნობდა. _ხომ იცი, ბევრი რამ გვაქვს გასარკვევი. _არ ვიცი, ამისთვის ახლა მზად ვარ თუ არა._გულწრფელად უთხრა. მართლა არ იცოდა, რას გრძნობდა. _არ გაჩქარებ, უბრალოდ სასტუმროში მისვლამდე აუცილებლად უნდა მენახე._ფეხზე წამოდგა. ნატალის ისე უცებ მოაფიქრდა, რომ ვერ გააცნობიერა, რა თქვა: _შეგიძლია აქ დარჩე, სტუმრების ოთახი თავისუფალია. _დარწმუნებული ხარ? _არა...არ ვიცი, მაგრამ ვნახოთ, თუ გამაბრაზებ, სადარბაზოში დაგახვედრებ შენს ნივთებს. _პირველი შემთხვევა არ იქნება._კარლოსს ჩაეცინა. _წამოდი, გაჩვენებ, ამხელა ფრენის შემდეგ მოსვენება დაგჭირდება._ოთახში დაბინავების სააბაზანოც აჩვენა და თვითონ ისევ საქმეს დაუბრუნდა, რათა ფიქრებს არ ჩაღრმავებოდა. თითქმის ჩაძინებული იყო, როცა ზარმა კიდევ ერთხელ დარეკა. _მეღადავებით?_საჭვრეტიდან გაიხედა და თვალს არ დაუჯერა, როცა დერაფანში მელიქიშვილის სახე დაინახა. რამდენჯერმე ღრმად ამოსუნთქა, სანამ კარს გააღებდა. _სანდრო? აქ რას აკეთებ? _ცოტა დაგსტალკე, მაგრამ შენი მისამართი ჯერჯერობით სახელმწიფო საიდუმლოებას არ წარმოადგენს...თუმცა ალბათ მაგას არ გულისხმობდი._მამაკაცი, იმის მიუხედავად რომ აქ მოსვლამდე ბევრი ევარჯიშა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა. დაღლილი ჩანდა, გამოფიტული. _ალბათ._არც უცდია მისი დახმარება, გაუნძრევლად იდგა ნახევრად შეღებულ კართან. _მე უბრალოდ... – დაიწყო ჩახლეჩილი ხმით, – დღევანდელზე ფიქრს ვერ ვწყვეტ. ვხვდები, რომ რაღაც საშინელება ვთქვი, ეს შენს სახეზე წავიკითხე, მაგრამ თავი გამისკდა და ახსნა ვერ მოვძებნე. ნატალი წამით დაფიქრდა. სხეულის ყველა ნაწილს სურდა, კარი დაეკეტა. არა მისთვის, არამედ იმ ყველაფრისთვის, რაც მის გამოჩენას ახლდა. ტკივილისთვის, წარსულისა, იმ აუტანელი სიმძიმისთვის, რომლისთვისაც სახელის დარქმევას ვერ ბედავდა. და მაინც, გაიწია და სახლში შემოუშვა. ოთახის სხვადასხვა მხარეს ისხდნენ და მანძილის გადაკვეთა არც ერთს უცდია. _ერთ დროს ავად ვიყავი, სანდრო_თქვა ჩუმად, იატაკზე მიშტერებულმა_არა უბრალოდ რაღაც დიეტაზე მყოფი. არა. მართლა ავად. საავადმყოფოს პაციენტი. და ის, რაც თქვი_გაეცინა, მწარედ_არაფერია. უბრალოდ ხუმრობა იყო. მაგრამ ერთი წამით ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ისევ ჩვიდმეტი წლის ვიყავი, როცა მშიერი ვიძინებდი და წამების ნაცვლად კალორიებს ვითვლიდი. სანდრო ადგილზე გაშეშდა. გული ისეთი გამალებით უცემდა, ეგონა მალე მკერდიდან ამოუვარდებოდა_ნატალია... _იმისთვის არ მითქვამს, რომ შეგეცოდო_შეაწყვეტინა._უბრალოდ, შემდეგში დაფიქრდი, სანამ ხუმრობას გადაწყვეტ. _მაპატიე._დაიჩურჩულა_მე არას... კარის ჩხაკუნისა და მათკენ მომავალი ნაბიჯების ხმამ შეაწყვეტინა. მალე კარლოსიც გამოჩნდა, ნახევრად მძინარე სახით. _ Natalie, ¿tienes un cargador para mi teléfono?(ნატალი, ჩემი ტელეფონის სატენი ხომ არ გაქვს?)_ჰკითხა გოგონას, სანამ მის სტუმარს დაინახავდა. _ოჰ,_თქვა უდარდელად და ინგლისურად გააგრძელა. – არ ვიცოდი, რომ ვიზიტორი გყავდა. სანდრო ნელა, თითქოს აუღელვებლად წამოდგა, მაგრამ მზერა ისეთი ცივი გაუხდა, რომ ნატალის გააკანკალა. _კარლოს, ეს…სანდროა…ჩვენი ერთ–ერთი დამკვეთი_სხვა ვერაფერი მოიფიქრა. შერცხვა, მამაკაცს მისი და მელიქიშვილის წარსულზე ყველანაირი ინფორმაცია ჰქონდა, ამ უკანასკნელის სახელის გარდა. _გამარჯობა, სანდრო. მე ნატალის..._გოგონას გადახედა, რომელსაც მხრები დასჭიმვოდა._მეგობარი ვარ, სასიამოვნოა. _ჩვენი კომპანიის ნიუ იორკის ოფისში მუშაობს._ნატალიმ შვებით ამოისუნთქა. _ძალიან სასიამოვნოა, ხელს აღარ შეგიშლით, უცებ შემოვირბინე._“წყვილს“ დაემშვიდობა და კარისკენ დაიძრა. _ვინ იყო?_მშვიდად ჰკითხა კარლოსმა, როგორც კი მარტო დარჩნენ._გთხოვ, რომელ დამკვეთს პატიჟებდი სახლში, ცოტა მეტი პატივი მეცი, იდიოტად მაინც ნუ გამომიყვან, თუ მატყუებ._სიცილით დაამატა. ყოველთვის აღფრთოვანებული იყო მისი მშვიდი თავდაჯერებულობით. არასოდეს სჭირდებოდა ძალის დემონსტრირება თავისი მასკულინობის დასამტკიცებლად. _შენ არც გატყუებდი_თვითონაც გაეღიმა. ისედაც საკმარისად იყო გახლართული ტყუილებში, მისგან დამალვას არ აპირებდა._ეს ის ბიჭია, რომლისგანაც ორსულად ვიყავი._შემოვლითი გზა ვერ აარჩია და მოკლედ მოუჭრა. სიჩუმე ზედმეტად ხმაურიანი აღმოჩნდა. _არაფერს იტყვი?_კვლავ თავად დაარღვია, მამაკაცის სახეზე ყველანაირი ემოცია ერთდროულად რომ ამოიკითხა. _ისეთი ინფორმაცია მომაწოდე, ცოტა დრო მჭირდება გადასახარშად._სულ რამდენიმე შემთხვევა ახსოვდა, კარლოსი სიტყვებს რომ ვერ პოულობდა._...ვაუ. _ის მაინც მითხარი, რომ იეჭვიანე. _უნდა ვიეჭვიანო?_უკვე აღიზიანებდა მისი ზედმეტი სიმშვიდე. _ანუ შენთვის სულ ერთია? _ნატალი, ყველა სულიერი მაღიზიანებს, რომელსაც შენს გვერდით წარმოვიდგენ, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ სცენები უნდა მოვაწყო. ამიტომ გეკითხები, რაიმე მაქვს საეჭვიანო? ახლა რომ მითხრა, რომ თვრამეტი წლის ბიჭთან უკეთესი გამოცდილება გქონდა, სადმე გადავხტები. _ნუ სულელობ._მხარზე ხელი დაარტყა._უბრალოდ, დაბნეული ვარ. ის ღამე არაფერს ნიშნავდა და ასეც უნდა ყოფილიყო, რომ არა მისი დაუგეგმავი გაგრძელება. მოგატყუებ, თუ გეტყვი, რომ მასთან შეხვედრა არ მაღელვებს, თუნდაც ადამიანურად. _მგონი აქ დარჩენა არ იყო კარგი იდეა...საკუთარ თავში გარკვევა გჭირდება და ხელს არ შეგიშლი_ხმა დაუსერიოზულდა კარლოსს._კიდევ კარგი, ჯავშანი ჯერ არ გამიუქმებია, ხვალ გადავალ. მაგრამ იმედია ხვდები, რომ დათმობას არ ვაპირებ. უბრალოდ წარსულის ნანგრევებს საბოლოოდ უნდა გამოემშვიდობო, რათა ახალი სახლის აშენება შევძლოთ. ხომ იცი, ნებისმიერ შემთხვევაში, შენს გვერდით ვარ, მხოლოდ შეყვარებულები არასოდეს ვყოფილვართ. _ჰო, ჩემი ლექტორიც იყავი, თან უფროსი და გამოცდილი._კარლოსი სულ ოთხი წლით იყო მასზე დიდი და უნივერსიტეტში უბრალოდ ასისტენტად მუშაობდა, მაგრამ გოგონა მის ასაკს ყოველთვის დასცინოდა. _კი, ნამდვილად ბევრი რამ გასწავლე. If you know what I mean._თვალი ჩაუკრა და მხარში კიდევ ერთი მუჯლუგუნი მიიღო… გამიხარდება, თუ მოსაზრებებს დააფიქსირებთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.