შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენი ბედნიერი სახლი. თავი 2


12-05-2025, 01:56
ავტორი Whisper
ნანახია 729

მაია.
დაბადებიდან დღემდე.
***
ორსულობა არ ყოფილა დაგეგმილი.
ყველამ იცოდა რამხელა რისკთან იყო დაკავშირებული ბავშვის გაჩენა.
და მაინც...საკუთარი სურვილით შობა სიცოცხლე...
მისი გადაწყვეტილება იყო...მაშინ რატომ?
***
"დე, დღეს ბაღში ჩვენი საყვარელი ადამიანი უნდა დაგვეხატა, მე შენ აგირჩიე."
ღიმილით ამბობს სამი წლის მაია.
ზედაც არ უყურებს ბავშვს...
ნასვამია.
***
შვიდი წლის.
"მა, დედამ ისევ დალია."
სევდიანი, თუმცა თბილი ღიმილით ამბობს ბავშვი.
"ახლა დაიძინა, პლედი დავაფარე. მალე მოხვალ სახლში?"
ბავშვის წკრიალა ხმაში ჩუმი მუდარა ისმის.
"ბოდიში, დღეს ღამის ცვლაში ვრჩები."
ისევ მარტოა...
***
ცხრა წლის.
"სოფი, დღეს შენთან რომ მოვიდე სამეცადინოდ შეიძლება?"
გაკვეთილების შემდეგ ერთად მიდიან სახლში. სოფის დედა თბილად ხვდება დაღლილ ბავშვებს.
"გემრიელი ორცხობილები დავაცხე, ჯერ წვნიანი შეჭამეთ და მერე ჩაის გაგიმზადებთ."
სოფის სახლში მუდამ თბილი სურნელი ტრიალებს. ის სურნელი, რომელიც მაიას სახლში არასდროს ყოფილა. აქ თავს შინ გრძნობს.
აქ მარტო არაა...
***
ათი წლის.
"დედაჩემი სახლიდან წავიდა."
აკანკალებული ხმით ეუბნება მაია სოფის.
ღილაკებიან ტელეფონს დაშტერებული ბავშვი მოუთმენლად ელის დედის ზარს.
"დაბრუნდება?"
ცრემლებს ვერ იკავებს.
***
თოთხმეტი წლის.
სკოლის მერე დედის სახლისკენ მიდის. მეგობართან ცხოვრობს.
"დე, პროდუქტები მოგიტანე."
თბილად უღიმის მაია გულცივ დედას.
"საჭმელი ჭამე."
ეს მცირე მზრუნველობაც აბედნიერებდა ბავშვს.
"მადლობა დე. გემრიელი იყო."
დედის კერძს სიძულვილის გემო ჰქონდა.
***
თექვსმეტი წლის.
"მა, დღესაც გვიან მოხვალ?"
"ბოდიში, ბევრი საქმეა."
"არაუშავს, საჭმელს გაგიმზადებ და გამოგიტან."
"არ გინდა, უბრალოდ დატოვე და რომ მოვალ ჩემით გავითბობ."
ისევ მარტოა...
ოთახის ფერმკრთალ, დაძველებულ კედლებს უყურებს.
საწერი მაგიდის უჯრიდან ფერად ფანქრებს იღებს და კედელზე პატარა სახლს და ცისფერ კესანებს ხატავს.
"ბედნიერი სახლი."
თბილად უღიმის ნახატს მაია.
***
ჩვიდმეტი წლის.
უგონოდ მთვრალი დედა სახლში ატირებული ბრუნდება.
"მიმიღებ?"
მუდარით ეუბნება მუხლმოდრეკილი დედა.
მზრუნველად უღიმის მაია.
მის გულში არასდროს გაურბენია სიძულვილს.
მაიას გულმა მხოლოდ უანგარო მზრუნველობა იცოდა.
ფერმკრთალი, მაგრამ თბილი ხელებით მოეხვია ატირებულ დედას.
"ყველაფერი კარგადაა, მალე გაგივლის. აქ ვარ."
ყველაფრის მიუხედავად, მამამ პატივი სცა მაიას გადაწყვეტილებას.
***
თვრამეტი წლის.
"სასმელი მომიტანე!"
"დედა...იქნებ გეყოს დღეს დალევა? გთხოვ..."
ევედრება.
"არ შემეხო, გაქრი. რატომ გაგაჩინე...შენი ბრალია ყველაფერი. მინდა რომ მოკვდე."
"მაპატიე...მაპატიე რომ გავჩნდი."
ცრემლებით ეუბნება მაია გონებაარეულ დედას.
***
"მა, დღეს სოფისთან ვრჩები, უბრალოდ გაფრთხილებ."
"კარგი."
***
"არ გიფიქრია სახლიდან წასვლაზე? ჩემთან გადმოდი."
"ვერ დავტოვებ."
"სულ შენი პასუხისმგებლობა ვერ იქნება, არც უნდა იყოს. შენი ცხოვრება არ გინდა?"
"სიფხიზლეში კარგად მექცევა. ასეთ დროს მგონია რომ ვუყვარვარ, ამიტომ ვერ მივატოვებ."
ოდნავ იმედგაცრუებული სახით უყურებს სოფი მაიას ტკივილნარევ თბილ სახეს, რომელსაც არასდროს მოშორებია იმედის ნაპერწკალი. არ ესმოდა, რატომ სჯეროდა იმის, რომ ერთხელ ყველაფერი მართლაც კარგად იქნებოდა.
და მაინც, მუდამ ერთმანეთის გვერდით იყო ეს ორი ადამიანი.
პირველი მისალმებიდან და ცხრა წლის შემდეგ, სოფის სახლში კვლავ თბილი სურნელი ტრიალებდა და ყოველთვის მოიძებნებოდა ადგილი მაიასთვის.
შეიძლება ზუსტად ეს იყო ის მიზეზი, რატომაც სჯეროდა, რომ ერთხელაც ყველაფერი კარგად იქნებოდა.
შეიძლება ზუსტად ამიტომ არ გამქრალა არსად მისი იმედიანი თვალები და თბილი, მზრუნველი ღიმილი.
ადგილი, სადაც თავს შინ გრძნობდა.
ადგილი, სადაც მის მზრუნველობას მზრუნველობით პასუხობდნენ.
და მაინც...ხშირად უბრაზდებოდა სოფი გულკეთილ მაიას, რომელიც გულჩვილად ეხმარებოდა ყველას.
ბრაზდებოდა, რადგან იცოდა, მის გაცემულ სითბოს არავინ დაუბრუნებდა.
შეიძლება ტკიოდა, მაგრამ ამას არასდროს აჩვენებდა მაია. ალბათ, მიუხედავად ყველაფრისა, ეშინოდა ტვირთად ქცევის. დედის სიტყვები, რომელიც ყურს სისხლამდე უჭრიდა, ნელ-ნელა უფრო აღრმავებდა მტკივნეულ ჭრილობას გულზე, რომელმაც უსაზღვრო სიყვარული იცოდა.
თუმცა, ამას არასდროს შეუშინებია.
მას შემდეგ, არაერთხელ უსურვა დედამ სიკვდილი...
არაერთხელ უგრძვნია თავი დამნაშავედ.
***
სანამ დედა სახლიდან წავიდოდა, არაერთხელ შესწრებია პატარა მაია მშობლების კამათს.
შეიძლება ზუსტად ამიტომ, მამა თითქმის არასდროს იყო სახლში.
დედის დაბრუნების შემდეგ, კამათი გაუსაძლის, აუტანელ ყვირილში გადაიზარდა.
დამსხვრეული თეფშები, დალეწილი ავეჯი...
ეს მაიას ცხოვრების ის ნაწილი იყო, რომელზეც არავინ იცოდა.
"თავს მოვიკლავ ან შენ მოგკლავ!"
გაუჩერებლად ყვიროდა დედა.
დროთა განმავლობაში, ამასაც შეეგუა მაია.
"მალე გაივლის."
გაუჩერებლად უმეორებდა საკუთარ თავს ოთახის კედელზე უკვე გაფერმკრთალებულ ნახატს მიშტერებული მაია.
***
ყველა ადგილი ინახავს მოგონებას.
სიგარეტისა და ალკოჰოლის სუნით გაჟღენთილი გაცვეთილი კედლები ერთადერთი ფერადი ნახატით.
სიძველისგან გახუნებული ავეჯი, რომლის შეცვლაზეც არავის უფიქრია.
საწერი მაგიდა დაბალი ყვითელი განათებით.
კარადა შემოსასვლელში, სადაც ყველაფერია შენახული. მის კარზე კი დარტყმის ნაკვალევი.
ყველა ადგილი ინახავს მოგონებას...და ხანდახან, ადამიანი ვერ ბედავს ამ ყველაფრის უკან მოტოვებას.
საკუთარ თავს თავად ვკეტავთ და კარის მიღმა აღარ ვიხედებით.
ჩემი სამყარო ოთხ კედელში გამოვამწყვდიე.
ვნანობ?
შეიძლება.
ხანდახან ვფიქრობ, რისთვის ვაკეთებ ამ ყველაფერს, რა მამოძრავებს?
საკუთარ თავს არ ვიცნობ. არ ვიცი ვინ ვარ, რა მინდა, რას ვეძებ.
უბრალოდ ვარსებობ.
უბრალოდ ვსუნთქავ.
სხვის ბედნიერებას ვუყურებ და ისე ვიღებ, როგორც საკუთარს.
საკუთარი თავი სხვისი ცხოვრების ნატეხებისგან შევქმენი.
ჩემი პიროვნებიდან "მე" ამოვიღე.
ასე მგონია, თუ ერთ ნატეხს მაინც ჩამოვიშორებ, გავქრები.
ისევ მარტო დავრჩები, სრულიად ცარიელი, უარაფრო.
და მაინც...მინდა ჩემს გარშემო ყველა ბედნიერი იყოს, ასე მეც კარგად ვიგრძნობ თავს.
***
ცხრამეტი წლის.
სამხატვრო აკადემიის პირველი კურსი.
შორიდან ისმის სტუდენტების სიცილი.
სალექციო დარბაზისკენ მიდიან სოფი და მაია.
***
უჩვეულოდ ცხელი სექტემბრის მიწურული.
"ბოდიში, დღეს სახლში ვარ გასაქცევი და ერთად ვერ ვიმუშავებთ დავალებაზე."
თვალებდახუჭული სოფი შეჭმუხნული სახით ეუბნება მაიას, რომელსაც მის გამომეტყველებაზე ეცინება.
"მიხედე საქმეებს და მომიკითხე შენები, ამ დღეებში გამოვივლი."
***
იმ დღეს მაია აკადემიასთან ახლოს მდებარე კაფეში დაჯდა დავალების გასაკეთებლად.
ადგილი, სადაც ყოველდღე იკრიბებოდნენ სტუდენტები. თუმცა მაია პირველად იყო.
იმ დღეს სახლში წასვლა უბრალოდ არ უნდოდა.
თითქმის დასრულებულ ნამუშევარს უყურებდა.
"კარგი რა, საერთოდ არ მჯერა."
ხმამაღლა გაიცინა ბიჭმა და ხელის უხეში მოძრაობით ყავის თავსახურმოხსნილი ჭიქა შემთხვევით ამოატრიალა.
"დანი..."
ჩურჩულით მიმართა მეგობარმა და ხელით მაგიდისკენ ანიშნა, სადაც ყავაშესხმული მაია გაფუჭებულ ნახატს გაშეშებული მიშტერებოდა.
"უი, ბოდიში."
უხერხულად გაუღიმა დანიმ და ხუთი თითი მისალმებასავით გაუჭიმა.
"ბოდიში?"
ძლივს გამოცრა გამწარებულმა მაიამ მჭიდროდ შეკრულ კბილებს შორის ეს სიტყვა.
"შენი აზრით ამას ბოდიში უშველის? სამი დღე ვეჯექი ამ დავალებას და ხვალ მაქვს ჩასაბარებელი. ახლა რა გავაკეთო?!"
სწრაფად მიაყარა სიტყვები და გაცოფებული თვალებით ახედა. ასე არასდროს გაბრაზებულა.
"მართლა, ბოდიში, არ მინდოდა."
"ერთ ადგილას გაიკეთე ეგ შენი ბოდიში."
წამოდგა, ნივთებს ხელი დაავლო და უცებ შეყოვნდა.
"უკაცრავად."
მხოლოდ ეს წარმოთქვა და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა.
***
აკადემიისკენ მიმავალ მაიას უცნობი ბიჭი დაეწია.
"გთხოვ, დაგეხმარები. ერთად გამოვასწოროთ."
აქოშინებული ხმა, მეტყველი თვალები და დამნაშავის სახე.
თვითონაც ვერ მიხვდა რატომ, მაგრამ ამ ადამიანის დანახვამ თითქოს რაღაც გააღვიძა მის გულში. პატარა ბიძგი, რომელმაც კვალი დატოვა.
"ჯერ, ეს ჩაიცვი, სველ ზედაში ალბათ არაკომფორტულად გრძნობ თავს."
ბიჭმა მაისურზე მოცმული პერანგი გაიხადა და მაიას გაუწოდა.
მორიდებულად გამოართვა და აკადემიის საპირფარეშოსკენ წასასვლელად გაემზადა.
"მადლობა...მმ."
"დანი."
სიცილით უთხრა ბიჭმა.
"კურსელები ვართ."
***
ამის შემდეგ დანი ყოველ სასწავლო დღეს ელოდებოდა მაიას გამოჩენას აკადემიის კარებთან.
მუდამ თან ჰქონდა ყავა, შოკოლადი ან სხვა გემრიელობა, რომელსაც გაბრწყინებული თვალებით აწვდიდა."
***
"ერთმანეთი მოგწონთ და რატომ არიდებ თავს ურთიერთობას?"
"არ მგონია მოვწონდე, უბრალოდ კეთილია."
"ხანდახან მინდა თმებით გითრიო."
ვერ მალავდა უკმაყოფილებას სოფი.
***
ნოემბრის მიწურულს, როდესაც სოფი და მაია ერთად მიდიოდნენ სახლისკენ, გზად დანის და მის სამეგობროს გადაეყარნენ.
"გაიცანით, ეს გოგო ჩემი მომავალი ცოლია."
მხრებზე დაადო ხელი მაიას და ამაყი ღიმილით გახედა ბიჭებს.
***
ოცდაერთი წლის.
მაიას და დანის ხელმოწერა.
ახალი სახლი.
პირველი სიყვარული, რომელიც ზღაპარს ჰგავდა.
კარი, რომელიც წლების შემდეგ პირველად გაიღო.
ღელვა, აღტაცება, ვნება და უსაზღვრო სიყვარული.
ამ ურთიერთობაში ყველაფერი იყო.
დანიმ გაშლილი ხელებით მიიღო მაია თავისი წარსულით.
"ბოდიში, არ მინდოდა ტვირთად დაგწოლოდა ჩემი ცხოვრება."
"ყველა ადამიანს მოგვყვება ჩვენი ბარგი და ამისთვის ურთიერთობის დაწყებამდეც მზად ვიყავი. შენც იგივეს აკეთებ ჩემთვის, ამიტომ მეც მომეცი უფლება რომ ტვირთი გაგინახევრო. აწი ყველაფერს ერთად გავაკეთებთ, კარგი?"
დანის ეს სიტყვები ზუსტად ის იყო, რაც სჭირდებოდა მაიას. თავიდან ბოლომდე მიენდო ადამიანს, რომელმაც უანგაროდ შეიყვარა მისი მახინჯი მხარეები.
***
ყველას გვაქვს უფლება გავბრაზდეთ, გვეწყინოს, შევეწინააღმდეგოთ.
"შენი არჩევანი იყო ჩემი გაჩენა, მე არ მითხოვია."
პირველად ვუთხარი ასეთი სიტყვები დედას.
შვება ვიგრძენი.
კედლები, რომლებიც წლების განმავლობაში მახრჩობდნენ, სიმძიმე, რომელსაც ღია ფანჯრიდან შემოსული ჰაერიც ვერ ამსუბუქებდა, ერთიანად გაქრა.
ის ტკივილი, რომელიც გონებას მიფხაჭნიდა, ნელ-ნელა გაქარწყლდა.
დედის მიმართ მზრუნველობა კი სიბრალულად იქცა.
ისევ ვისმენდი მის უხეშ, ზიზღით სავსე სიტყვებს, თუმცა, აღარ მტკიოდა.
თავს დამნაშავედ აღარ ვგრძნობდი.
***
პირველი ოთხი წელი ყველაფერი იდეალურად იყო.
შეიძლება ბევრი არაფერი გვქონდა და ნაბიჯ-ნაბიჯ ვაწყობდით ჩვენს ცხოვრებას, მაგრამ ბედნიერები ვიყავით.
***
"იმის შანსი რომ დაორსულდეთ, ძალიან მცირეა."
ექიმის ამ სიტყვებმა პირველი ბზარი გააჩინა მათ ურთიერთობაში.
"ყველაფერი კარგად იქნება. ერთად გავუმკლავდებით."
დანის ხმაში ყრუ ტკივილი იგრძნობოდა.
ოცნება, რომელშიც მშობლები იყვნენ, ნელ-ნელა გაფერმკრთალდა.
როდესაც დანიმ სამსახური დაკარგა, ერთადერთი შემოსავალი მაიას ხელფასი გახდა.
საბავშვო წიგნების ილუსტრაციებს ხატავდა და პატარა სამხატვრო სკოლაში ასწავლიდა.
მცირე შემოსავლის გამო სახლი დატოვეს და მშობლებთან დაბრუნდნენ.
***
კვლავ შემოვიკარი გარშემო ის კედლები, რომლებსაც ერთ დროს გავექეცი.
ცოტა ხანი ცალ-ცალკე ცხოვრება გადავწყვიტეთ.
"მალე ვიპოვი სამსახურს და ისევ დავბრუნდებით ჩვენს სახლში, პირობას გაძლევ."
სხეული მითრთოდა, დანი კი მჭიდროდ მეხუტებოდა.
რატომღაც, იმ წამს უცნაური შიში გამიჩნდა.
თუ ახლა გამიშვებს, აღარაფერი იქნება იგივე.
***
ოცდაშვიდი წლის.
ერთ წარუმატებლობას მეორე მოყვა და მაიამ სამსახურები დაკარგა.
იმის იმედი, რომ ყველაფერი ისევ დალაგდებოდა, ნელი, თუმცა მძიმე, მტკივნეული ნაბიჯებით შორდებოდა მაიას თვალებს.
***
მიუხედავად იმისა, რომ სოფი შეძლებული ოჯახიდან იყო, ზუსტად იცოდა, თუ მაიას დახმარებას პირდაპირ შესთავაზებდა, არ მიიღებდა.
"ყვავილების მაღაზიის გახსნას ვფიქრობ."
სოფიმ სიხარულით გაუზიარა სიახლე.
"სახელს მომაფიქრებინებ?"
"...ბედნიერი სახლი."
მცირე დაფიქრების შემდეგ უპასუხა მაიამ.
"ჰმმ...მომწონს. ჩემთან იმუშავებ?"
ცრემლიანი, თუმცა მადლიერი თვალებით შეხედა მაიამ. ზუსტად იცოდა რას ნიშნავდა ეს შეთავაზება.
სოფის გაეღიმა.
"ორსართულიანი შენობაა, მეორე სართულს ასასვლელი გარედან აქვს. შეგვიძლია ჩვენი სამხატვრო სკოლა გავხსნათ, რომელსაც ასევე "ბედნიერი სახლი" ერქმევა. რას იტყვი?"
მაშინ, როდესაც მაიას იმედი უფერმკრთალდებოდა, ჩახუთულ ოთახში სუფთა ჰაერივით შემოიჭრა სოფი.
"მადლობა."
***
"სამსახურს ვეძებ, არ მცალია დასახმარებლად."
დისტანცია, რომელიც მაშინებს, იზრდება.
"ყვავილების მაღაზიის გახსნას, წესიერი სამსახური მოძებნო გირჩევნია, არ გინდა ისევ ერთად ვიყოთ?"
დანის ხმაში გაპარული გაღიზიანება, რომელიც აქამდე არ არსებობდა.
"ამისთვის ვაკეთებ მეც ყველაფერს. გთხოვ, ნუ ბრაზდები, მალე ისევ დავლაგდებით. სხვა სამსახურებსაც ვეძებ, დროებითიც რომ იყოს, თანხას შევაგროვებ."
"არც ვიცი...რამე აზრი აქვს?"
დანის ამ სიტყვებმა გამაშეშა.
"ყოველთვის აქვს აზრი, თუ ერთად ვართ, არა?"
ცრემლნარევი თბილი ღიმილით შევხედე დანის უემოციო სახეს. მისი ცარიელი თვალები თითქოს ცოცხლად მჭამდა.
"მერე ვისაუბროთ, დაღლილი ვარ."
***
მაღაზიის გახსნას უამრავი სირთულე მოყვა თან. საბედნიეროდ, სოფის დედა ზედმიწევნით კარგად იცნობდა მცენარეებს და ყველაფერს ასწავლიდა ენთუზიაზმით სავსე გოგოებს.
ასეთ დროს სიმშვიდეს გრძნობდა მაია.
სამხატვრო სკოლის გახსნა შეაყოვნეს.
როდესაც მაღაზიის მოწესრიგებას ასრულებდნენ, მაია მეორე სამსახურში მიდიოდა, სადაც საღამოს რვა საათიდან ღამის ოთხამდე მუშაობდა მიმტანად სამუშაო დღეებში. შაბათ-კვირას კი, სასტუმროს ადმინისტრატორი იყო დილის რვიდან საღამოს შვიდმდე.
***
ოცდარვა წლის.
შეტყობინება ისევ არ წაუკითხავს.
მას შემდეგ რაც დანიმ ახალი სამსახური იპოვა, საუბრები გაიშვიათდა.
ნებისმიერ თავისუფალ მონაკვეთში ცდილობდა დაკავშირებას მაია.
"ნუ მირეკავ, არ მცალია. სახლში მისვლისას მოგწერ."
დანის გაღიზიანებულმა ხმამ შეაკრთო, თუმცა არაფერი უთქვამს.
"დღეს გვიანობამდე ვმუშაობ, ვერ გნახავ."
"თანამშრომლებს უნდოდათ შეკრება, რესტორანში ვარ ახლა, მერე დაგირეკავ."
მათი შეხვედრები გაიშვიათდა.
***
"არ გინდა შაბათს სამსახურის მერე ახალ კაფე-ბარში შევიაროთ?"
"სიმართლე რომ ვთქვა, არ მაქვს ხმაურიანი ადგილების თავი."
"არაუშავს, სხვა დროს იყოს."
სოფიმ გაუღიმა.
***
ოცდაცხრა წლის.
ოქტომბრის ცივ და წვიმიან დილას, შვიდ საათზე დედაჩემის სიმთვრალისგან დასიებულ სახეს შევხედე, ცხელი საუზმე მაგიდაზე დავუდე და ყვავილების მაღაზიისკენ წასასვლელად გავემზადე.
"სამსახურში შევჭამ."
ჩემთვის გავიფიქრე.
თუ ახლა არ გავიდოდი, დავაგვიანებდი. ვიცი, სოფი არ გაბრაზდებოდა, პირიქით, მთხოვდა კიდეც სამუშაო დღეების შემცირებას, რომ დამესვენა, თუმცა, სახლში ყოფნა არ მინდოდა.
"დე, ჭამა არ დაგავიწყდეს."
გავუღიმე, თუმცა საპასუხოდ მხოლოდ ზიზღით სავსე გამოხედვა მივიღე, რომელსაც დიდი ხნის წინ შევეგუე.
"გადააგდე."
"დე..."
"არ მჭირდება, არც შენ მჭირდები."
"ვიცი დე, მაგრამ..."
"დედა არ გყავს..."
სიჩუმეს მისი სინანულით სავსე სიტყვები მოჰყვა.
"არ უნდა გამეჩინე...მინდა რომ მიკვდე..."
"ვიცი, ვიცი, მაპატიე."
კვლავ გავუღიმე დედას და სახლის კარი გავიხურე.
***
ყვავილების მაღაზიასა და ბარს შორის დასასვენებელ ბაღში, ოქტომბრის ცივ, წვიმიან დილას, ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანს წავაწყდი.
მალევე შევამჩნიე ჩალურჯებული თვალი და სისხლი შუბლზე.
შავი მაღალყელიანი ზედა თვალებამდე უფარავდა სახეს, სისველისგან გამუქებული ქურთუკი კი საერთოდ არ ჰგავდა თბილს.
შავი, ოდნავ გრძელი თმა წვიმას და ქარს გაეწეწა.
ერთი შეხედვით უგრძნობ თვალებში დაკარგული ბავშვი დავინახე. ის ბავშვი, რომელიც ღრმად დავმარხე ჩემში და აღარასდროს გამომიჩენია.
"მალე გაგივლის."
ჩემი მზრუნველობა უპატრონოდ დარჩა. არაუშავს.
ყველაფერი კარგადაა.
შემდეგ დილას, რომელიც უჩვეულოდ თბილი და მზიანი აღმოჩნდა, სოფის მაღაზიაში მოსვლა შეაგვიანდა. პირველი მომხმარებლის თაიგულს ვამზადებდი.
კარის ჟღარუნი გავიგე, თუმცა, როდესაც მოვიცალე, აღარავინ დამხვდა. მოსაცდელის მაგიდაზე კი საუზმე და ყავა იდო წერილით, რომელსაც მხოლოდ ერთი სიტყვა ეწერა.
"მადლობა."
გამეღიმა. დარწმუნებული ვარ, იმ ბიჭისგან იყო. უცნაური სითბო ჩამეღვარა გულში.
ერთ პატარა ქმედებას მთელი დღის განწყობის შექმნა შეუძლია.
***
ოქტომბრის მიწურულს, შაბათის თავისუფალ საღამოს დანის მშობლების სახლში წავედი გამზადებული კერძებით. როდესაც არავინ გამომეხმაურა, შეტყობინება დავუტოვე და პატარა ქოთნიდან სახლის გასაღები ამოვიღე. დალოდება გადავწყვიტე.
სახლის დალაგებისას კარის ხმა გავიგე და დასახვედრად გავედი.
***
სუნამოს სურნელი.
ჩემს წინ კი დანი, უცხო ქალთან ერთად.
ვნებიანად კოცნის.
ქალი კრთება და მიყურებს.
დანის სახე ელეწება.
ხმის ამოუღებლად ვიხსნი საქორწინო ბეჭედს და სახლიდან გავდივარ.
***
პირველი ნოემბერი. საღამოს რვა საათი.
"Luna & Sol"-ის დარბაზში ორმა გოგონამ შეაბიჯა.
ახალგაზრდა ბიჭის თვალებში გაოცებამ და უცნაურმა სითბომ გაირბინა.
"რა დავლიოთ?"
სევდანარევი ღიმილით ჰკითხა ერთმა გოგომ მეორეს.
"რამე მსუბუქით დავიწყოთ."
მეორე გოგო ბარის კედელთან განლაგებული სასმელების თვალიერებას შეუდგა.
"უკაცრავად."
ახალგაზრდა ბიჭმა გოგოებისკენ მიმართა მზერა.
"გისმენთ. რას მიირთმევთ?"
***
მის გამოხედვას უჩვეულო სიცარიელე დაჰკრავდა.
უნებურად გამეპარა თვალი უცნობი გოგოს ხელისკენ.
ბეჭედი აღარ უკეთია...



№1  offline წევრი izabella

გამორჩეული წერის სტილი გაქვს, რაღაც შენეული რაც სხვებისგან გამოგარჩევს.
დამასევდიანა, ამდენი განცდილი ტკივილის და შეურაცხყოფის ფონზე ისევ გაიღიმო და არ გაბოროტდე ძალიან ძნელია.
ნამდვილად არ არის ადვილი დარჩე კარგად ადამიანად, როცა ცხოვრების უსამართლობა ზედ გივლის და ათასში ერთხელ მზის სხივივით ვიღაც ან გამოჩნდება ან არა.
ბეჭდის მოხსნა -მხოლოდ მზერით და მოქმედებით შემოიფარგლა, უძლიერესი მომენტი იყო.
დანი ყველაზე სუსტი ფსიქიკის ადამიანად მიმაჩნია, როცა საკუთარ არჩევანს ხაზი გადაუსვა და ამით დაამტკიცა რომ უნებისყოფოც არის ყველაფერთან ერთად.
ასევე მისი მშობლებიც, როცა ვერ იაზრებ ცხოვრებაში რა გინდა ან ვინ უბრალოდ სხვის დადანაშაულებას უნდა შეეშვა და საკუთარ თავში ეძიო მიზეზი, ამ ადამიანებმა ეს ვერ გააკეთეს.

,,ბეჭედი აღარ უკეთია" გამიხარდეს? ვნახოთ როგორ შეძლებს წარსულის მტკივნეული აჩრდილებით ცხოვრების გაგრძელებას.

 


№2  offline წევრი Whisper

izabella
გამორჩეული წერის სტილი გაქვს, რაღაც შენეული რაც სხვებისგან გამოგარჩევს.
დამასევდიანა, ამდენი განცდილი ტკივილის და შეურაცხყოფის ფონზე ისევ გაიღიმო და არ გაბოროტდე ძალიან ძნელია.
ნამდვილად არ არის ადვილი დარჩე კარგად ადამიანად, როცა ცხოვრების უსამართლობა ზედ გივლის და ათასში ერთხელ მზის სხივივით ვიღაც ან გამოჩნდება ან არა.
ბეჭდის მოხსნა -მხოლოდ მზერით და მოქმედებით შემოიფარგლა, უძლიერესი მომენტი იყო.
დანი ყველაზე სუსტი ფსიქიკის ადამიანად მიმაჩნია, როცა საკუთარ არჩევანს ხაზი გადაუსვა და ამით დაამტკიცა რომ უნებისყოფოც არის ყველაფერთან ერთად.
ასევე მისი მშობლებიც, როცა ვერ იაზრებ ცხოვრებაში რა გინდა ან ვინ უბრალოდ სხვის დადანაშაულებას უნდა შეეშვა და საკუთარ თავში ეძიო მიზეზი, ამ ადამიანებმა ეს ვერ გააკეთეს.

,,ბეჭედი აღარ უკეთია" გამიხარდეს? ვნახოთ როგორ შეძლებს წარსულის მტკივნეული აჩრდილებით ცხოვრების გაგრძელებას.

მუდამ სულმოუთქმელად ველი შენს შეფასებას. ყოველთვის ყურადღებით აფასებ პერსონაჟებს და პატარა დეტალიც კი არ გეპარება. მადლობა შენ ამისთვის <3 მიხარია რომ კითხულობ, გაინტერესებს და მომყვები <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent