ჩვენი ბედნიერი სახლი. თავი 4
სიცილი. *** გადავსებულ ბარში ხალხის გაუჩერებელი საუბარი ისმოდა. მძიმე ფარდებით დაფარულ ფანჯრებს მიღმა კი - კოკისპირულად წვიმდა. *** "კიდევ კარგი ადრე მოვედით." ცარიელ ადგილს ეძებდა თვალებით სოფი და ქურთუკიდან წვიმის წვეთებს იშორებდა. "წამოდი." ხელი დაავლო მეგობარს და დარბაზის შუაგულში მდგარ მაგიდასთან მიიყვანა. "აქ იჯექი და არავის დაუთმო, სასმელებს მოვიტან." ხუმრობანარევი გაფრთხილება მისცა სოფიმ და ბარისკენ წავიდა. *** მეგობრის მოლოდინში ჩაფიქრებული მაია შეჯახებამ გამოაფხიზლა. "უკაცრავად." ახალგაზრდა გოგოს განერვიულებულ სახეს შეხედა და გაუღიმა. "არაუშავს, რამე ჰო არ იტკინე?" შეამჩნია როგორ ისრესდა გვერდს. "არა, არა. ჩემმა მეგობარმა სიარული არ იცის უბრალოდ." სიცილნარევი ბუზღუნით გაკრა იდაყვი ბიჭს და ანიშნა ბოდიში მოუხადეო. დამნაშავესავით ჩახარა თავი. "ბავშვებო, მართლა კარგადაა ყველაფერი, გთხოვთ." უხერხულად მომღიმარ ახალგაზრდებს შეხედა და ჩაეცინა. "სტუდენტები? ყველაზე მეტი ოცდასამი-ოცდაოთხის იქნებოდნენ." თავისთვის გაიფიქრა მაიამ. "თომა და ლაზარე არ ვნახოთ გამოსვლამდე?" უკვე მოშორებით ისმოდა ახალგაზრდა ბიჭის ხმა. "შენი აზრით ჩვენთვის ეცლებათ?" *** "რაზე ფიქრობ?" ჭიქები მაგიდაზე დადგა სოფიმ და მაიას გვერდით მიუჯდა. "...პირველ კურსზე მომინდა დაბრუნება." "ძალიან მოგენატრა აუტანელი პროფესორის დავალებები?" მაიას ჩაეცინა. "არა, არა...უბრალოდ...ვიფიქრე, გამიხარდებოდა წარსულის შეცვლა რომ შემეძლოს..." ტკივილნარევი ღიმილით უთხრა სოფის და სასმელი მოსვა. მაიას სახეს უყურებდა მეგობარი და მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა... *** ნეტა შემეძლოს ყველა ტკივილის გაქრობა, რაც ამ ცხოვრებაში გადაგიტანია. *** მცირეხნიანი დუმილი სოფიმ დაარღვია. "თავიდან სცადე." მისკენ გაიხედა მაიამ. "თავიდან დაიწყე ცხოვრება და სიამოვნების მიღება ისწავლე. შენს გვერდით ვიქნები." მხოლოდ ამის თქმა შეძლო. იცოდა, ვერ დააძალებდა ბედნიერებას. ვერც მის ნაცვლად გაბედნიერდებოდა სოფი. მხოლოდ ისღა დარჩენია მის გვერდით იყოს და დაელოდოს. ხედავდა ამას მაია. და ხელმა, რომელიც სოფის გაეწოდებინა, ოდნავ აწეული ტუჩის კუთხეებიდან ტკივილის პაწაწინა ნატეხი გაუქრო. ღრმად ჩაისუნთქა და იმედშეპარული ხმით უპასუხა. "კარგი...ვცდი." *** ეს ვთქვი, მაგრამ... არ ვიცი საიდან დავიწყო. როგორ? უსუსურობის გრძნობა მჭამს. როდესაც ბედნიერებაზე ვფიქრობ, დანი მახსენდება და ვიხრჩობი. ჩემი ბედნიერება მას დავუკავშირე. და ახლა? ახლა როგორ მოვიქცე? *** საკუთარ თავში ეძებდა პასუხებს, რომელიც სიცარიელემ შთანთქა. გაშეშებულ ფიქრებში კი წარსულის მოგონება ამოტივტივდა. *** "გემრიელი სურნელია...რა მომიმზადე?" სამსახურიდან მოსული დანი თბილად ეხუტება მაიას და ქვაბისკენ აპარებს თვალს, რომელშიც მისი საყვარელი კერძია. "საუკეთესო ცოლი მყავს." უფრო მჭიდროდ იხუტებს და ცხვირს მის კისერში რგავს. "გასინჯავ?" სიცილით ეუბნება მაია, კოვზით იღებს კერძს და სულს უბერავს. მის ამ პატარა ჟესტზე ეღიმება დანის და ბედნიერებისგან თვალებდახუჭული სინჯავს. "სადაც არ უნდა ვჭამო, შენზე გემრიელად არავინ ამზადებს." სიამაყით იღერებს კისერს მაია და იღიმის. "მიდი, გამოიცვალე. იქამდე კერძიც გამზადდება." ლოყაზე კოცნის საყვარელ ადამიანს. "პატარა საჩუქარი მაქვს შენთვის." ჩურჩულით ეუბნება დანი და ქურთუკის ჯიბიდან ორ ბილეთს იღებს. "ამ გამოფენაზე ჰო გინდოდა წასვლა?" აღფრთოვანებით უყურებს მაია. "მაგრამ...შენ ჰო არ გიყვარს ეს მხატვარი?" დანის ეღიმება. "შენთან ერთად ყველაფერი მიყვარს." *** ამ მოგონებასთან ერთად, მისი სახიდან კვლავ გაქრა სიცოცხლე. ყრუ ტკივილმა ურჩად დაიწყო გულის კედლების ფხაჭნა. მინაკრული თვალები ჯიუტად გაშეშდა ერთ წერტილში. სახეზე კი ტკბილ-მწარე მელანქოლიური ღიმილი აეკრო. სინანული. ნანობდა საკუთარი ბედნიერების სხვისთვის მინდობას. *** ათი წელი. მის გონებაში არასდროს გაურბენია აზრს, რომ ერთ დღეს ყველაფერი დასრულდებოდა. "მერე რა, რომ ახლა ცალ-ცალკე ვართ. მალე დავლაგდებით და ისევ დავბრუნდებით სახლში." "ჩვენს სახლში." "არ მოუწერია." "დღეს გვიანობამდე მუშაობს. იმედია საჭმელი ჭამა." "ალბათ დაღლილია." "თბილად აცვია?" მზრუნველი ფიქრები, რომელიც ერთ დროს საყვარელი ადამიანისკენ იყო მიმართული, ახლა აღარავის ეკუთვნოდა. *** ვერც შეამჩნია განათების შეცვლა. სადღაც შორიდან მოესმა პირველი ბგერა. ვერ სუნთქავდა. "უნდა გავიდე." გაიფიქრა. ევედრებოდა გაქანდაკებულ სხეულს გამოძრავებულიყო. ფერმკრთალი ხელები შეუმჩნევლად აუკანკალდა. ადგომა დააპირა. თუმცა... მწვანე ბურუსით მოცულ დარბაზში უცნობი მომღერლის ხმამ მისკენ გაიკვალა გზა და მძიმედ დაწოლილი ფიქრები თბილი ხელით გაყარა. *** იმ ოთახის კარი გახსნა, სადაც დაგროვებულ გრძნობებს ინახავდა. "ყველაფერი კარგადაა." არც იცის რამდენჯერ დააჯერა საკუთარ თავს ეს. პატარ-პატარა სიხარულებს კრეფდა და მჭიდროდ უჭერდა ხელს. ეშინოდა არ გაქცეულიყვნენ. მაგრამ... არაფერი დაშავდება თუ ერთხელ... ერთხელ მაინც... *** გაშეშებული მზერა შეირხა. მშვიდად დაეხუჭა თვალები და... ამდენი ხნის შემდეგ, უსიცოცხლო უპეებიდან პირველი ცრემლი ჩამოეკიდა... *** მე თუ ვერ, იმედია ჩემი ხმა მოგწვდება და გაგაღიმებს. თუ არ შემომხედავ, უბრალოდ მომისმინე. მალე გაგივლის... *** დარბაზის შუაგულში იჯდა გოგო და ჩუმად ტიროდა. ფრთხილად, თუმცა მზრუნველად ეფერებოდა მეგობარი თმაზე. თბილად უყურებდა სცენიდან ბიჭი. და როდესაც გოგომ თვალები გაახილა, დაკარგულმა მზერამ უნებლიედ გაიკაფა გზა უცნობისკენ, რომლის ხმასაც ნაზად მოეხვია ძლიერი ხელები ათრთოლებულ მხრებზე. *** ცოცხალი მუსიკის საღამო დასასრულს მიუახლოვდა. ხალხის გამაყრუებელმა ხმამ აავსო ისევ დარბაზი. *** "გინდა გავჩერდეთ ცოტახნით?" მაიასკენ გაიხედა სოფიმ, რომელსაც ახლა უკვე თბილად ეღიმებოდა. "არა, ცოტა დამღლელი ხმაურია. სხვა დროს მოვიდეთ." *** გამოსვლის შემდეგ სცენის მოწესრიგება დაიწყეს. როგორც კი დრო იხელთა, სწრაფი ნაბიჯებით გაემართა თომა იმ მაგიდისკენ, სადაც მაია იჯდა. "ძალიან კარგად იმღერე." უცნობი გოგო გამოესაუბრა. უხერხულად გაუღიმა. მოუსვენრად აცეცებდა თვალებს. "მადლობა. ბოდიში, ცოტა მეჩქარება." თავი დაუქნია. "თომა!" შორიდან დაუძახა მეგობარმა. "მოვალ მალე, ლაზარესთან მიდით." სწრაფად უპასუხა და როცა მაგიდასთან მივიდა, აღარავინ დახვდა... თვალებზე აიფარა ხელი. "რას ვაკეთებ...არც კი მიცნობს." უხერხულად ჩაეცინა და უკვე მეგობრებისკენ აპირებდა წასვლას, როცა სკამთან დაგდებული საფულე შენიშნა. "რანაირად ამოუვარდა. ვინმეს რომ მოეპარა?" აღელვებული სახით უყურებდა ცისფერი კესანებით მორთულ პატარა საფულეს. დარწმუნებული იყო, მაიას ეკუთვნოდა და მაინც გახსნა. პატარა ჯიბეში ფოტო იდო. დიდი ხნის წინ გადაღებულს ჰგავდა, თუმცა, დროის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. ფოტოზე ახალგაზრდა წყვილი იყო. მაშინვე იცნო. *** არ შეცვლილა, თუმცა... ახლანდელისგან განსხვავებით, აქ დაღლილი არ არის... მზრუნველი სახე... თხელი, მაგრამ ცოცხალი ნაკვთები. და... სიყვარულით სავსე თვალები. არ ვიცი რატომ დაშორდნენ, მაგრამ... შემშურდა. მშურდა იმის, რომ ეს გამოხედვა და გრძნობა ისეთ ადამიანს ეკუთვნოდა, ვინც ყველაფრის ხალისი წაართვა. აუტანელი სურვილი გამიჩნდა ფოტო ამომეღო და ნაფლეთებად მექცია. უნდა დავუბრუნო. *** საფულე ფრთხილად დახურა და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა დარბაზიდან. *** წვიმა შეწყდა. "სახლში არ მიდიხარ?" გაკვირვებით ჰკითხა სოფიმ. "არა, სტუდიაში ავალ, კედლების მოხატვას დავიწყებ." "მეც დავრჩები მაშინ." ბავშვურად აბუზღუნდა სოფი. "წა-დი." სიცილით დაადო ხელები მხრებზე და მეგობარი შეაბრუნა. "ხვალ გნახავ. ცოტა ხანი მარტო მინდა ყოფნა. კარგად ვარ, ამიტომ არ ინერვიულო." *** მეორე სართულზე სწრაფად აირბინა მაიამ, შუქი აანთო და ცარიელი ოთახის თეთრი კედლები ღიმილით შეათვალიერა. კუთხეში მიწყობილი საღებავის მოზრდილი ქილები გახსნა და საჭირო რაოდენობა ჯამებში გადმოისხა. ამდენი ხნის შემდეგ პირველად გაუჩნდა ხატვის გულწრფელი სურვილი. *** ყვავილების მაღაზიისკენ მიმავალი თომას სწრაფი ნაბიჯები მალე სირბილად იქცა. მხოლოდ ერთი ფიქრი დასჩემებოდა. "გთხოვ, დამხვდი." *** მაია ხმამ შეაკრთო. კიბეზე ვიღაც ამორბოდა. სწრაფად გაიღო კარი. "უკაცრავად!" წარმოთქვა უცხო ხმამ, შემდეგ კი პატარა შემაღლებას წამოკრა ფეხი და ხმაურიანად დაეცა. *** "კარგად ხარ?" შეშფოთებული ხმით მიმართა მოულოდნელობისგან წამომდგარმა მაიამ. "კი...საფულე." ხელის კანკალით გაუწოდა თვალებდახუჭულმა ბიჭმა. სინესტე იგრძნო, თუმცა გამოხედვა ვერ გაბედა. "ძალიან გტკივა?" მზრუნველი განცდით შეიჭმუხნა მაია. "არა, ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ გამომართვი." სახისკენ წაიღო ხელი უხერხულობის დასამალად თომამ. "მოი..." სიტყვა ვერ დაასრულა მაიამ. მის ხმას ჩაცინება შეეპარა. "უბრალოდ დაივიწყე, გთხოვ." დამარცხებულივით საუბრობდა. მაიამ სიცილი ვეღარ შეიკავა. "არ დაგცინი, უბრალოდ..." საუბარი ვერ განაგრძო. "მაპატიე...მართლა." ხმამაღლა იცინოდა. თომამ სახიდან მოიშორა ხელი და გაოცებული თვალები მიაშტერა. როდესაც მაიამ სული მოითქვა, ღიმილით შეათვალიერა მუხლებზე მდგარი ბიჭი. "ხელს შეხედე." ფიქრებიდან გამორკვეულმა თომამ გამწვანებულ ხელისგულს დახედა. ვერც შეამჩნია როგორ ამოაყირავა საღებავი. "სახეზეც გაქვს." სიცილის შესაკავებლად თვალები დაეხუჭა მაიას. "გთხოვ, დაივიწყე რომ მნახე. ვითომ არ ვარსებობ." გრძნობაგაშეშებული ხმით წარმოთქვა ეს სიტყვები და სწრაფად წამოდგა. "კარგი, კარგი, დავივიწყებ, მაგრამ ჯერ დაჯექი, საღებავს მოგაშორებ." სკამისკენ მიუთითა, მერე წამით შეყოვნდა. მომღიმარი თვალებით შეხედა თომას და თითქოს რაღაც მოაფიქრდაო, ისე შეუთვალიერა შეფერადებული თითები. "ხელი მათხოვე." თომამ მორჩილად გაუწოდა საღებავიანი ხელი. კედელთან მიიყვანა. ჯერ კიდევ გაურკვევლობაში მყოფ თვალებს აცეცებდა ბიჭი. "აი ასე." სითბონარევი ხმით თქვა მაიამ. და თეთრ კედელზე პირველი ნაკვალევი გაჩნდა. *** ხმისამოუღებლად იჯდა თომა და მეოცნებე თვალებით უყურებდა გოგოს, რომელიც ფრთხილად და დაკვირვებით უწმენდდა სახეს. ცრემლებისგან შეშუპებოდა ოდნავ ქუთუთოები. ფერმკრთალ კანზე კი სიწითლე დაეტყო. ხელი შეუკრთა თომას. მაიას გამოცოცხლებულ სახეს უყურებდა და შეხების სურვილი იტანდა. უჩვეულო ტკივილმა გაურბინა სხეულში. *** ვიცი, რომ ვერ მიცანი. შენთვის უცხო ვარ და მაინც... ისე მექცევი, თითქოს რამე მნიშვნელობა მქონდეს შენს ცხოვრებაში. უბრალოდ ასეთი ადამიანი ხარ და ვხვდები, რომ თბილი ხელები, რომლითაც ასე ფრთხილად მეხები, მე არ მეკუთვნის. მაგრამ... ამ წამს მინდა მჯეროდეს რომ ცოტახნით მაინც, შენს ფიქრებში მხოლოდ მე ვარ. და ის ტკივილი, რომელსაც ასე განიცდი, ოდნავ მაინც შეგიმსუბუქე. *** დუმილი, რომელშიც უხერხულობას არ გაურბენია, თბილი სიტყვებით დაარღვია მაიამ. "ძალიან კარგად იმღერე, მესიამოვნა...მადლობა." *** მიხარია რომ ხმა მოგაწვდინე. *** "შაბათ-კვირასაც გამოვდივართ. აუცილებლად მოდი." მხოლოდ ეს თქვა და თვალები დახარა. შერცხვა საკუთარი ეგოიზმის. ინანა გულის სიღრმეში უბეჭდო ხელით გამოწვეული წამიერი სიხარული. და მაშინ, როდესაც დანაშაულის გრძნობა გზას იკვალავდა, მაიამ მზრუნველად გაუღიმა. "კარგი, მოვალ." |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.