შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენი ბედნიერი სახლი. თავი 5


19-05-2025, 16:32
ავტორი Whisper
ნანახია 460

მოგესალმებით. სანამ ახალი თავის კითხვას შეუდგებით, წინა თავის პატარა ცვლილება მინდა გაგაცნოთ. როდესაც მაიას და თომას „გაცნობის“ მომენტს ვიფიქრებდი, მხოლოდ ერთი რამ ვიცოდი დაზუსტებით - თომა უნდა წაქცეულიყო (ჩემი მოუქნელობა გადავულოცე :დ). თუმცა, ატვირთვის შემდეგ რამდენჯერმე გადავიკითხე ის სცენა და ძალიან არაბუნებრივი და ცოტა უემოციო მომეჩვენა, ამიტომ მინდოდა ხელახლა დამეწერა. რა თქმა უნდა, თქვენ რომელი სცენაც მოგეწონებათ უფრო, ის შეგიძლიათ დატოვოთ. უბრალოდ ამ სიახლეს გაგიზიარებთ.
***
მაია ხმამ შეაკრთო.
კიბეზე ვიღაც ამორბოდა.
სწრაფად გაიღო კარი.
„უკაცრავად!“
მხოლოდ ამის თქმა მოასწრო თომამ, პატარა შემაღლებას წამოკრა ფეხი და ხმაურიანად დაეცა.
***
„კარგად ხარ?“
შეშფოთებული ხმით მიმართა მოულოდნელობისგან წამომდგარმა მაიამ მის გვერდით გაშეშებულ ახალგაზრდას, რომელსაც მწვანე საღებავი ამოეყირავებინა და იატაკთან ერთად საკუთარი თავიც შეეფერადებინა.
უხერხულობისგან შეეჭმუხნა სახე თომას და დარცხვენილმა გაიხედა გოგოსკენ.
„დაგრჩა...“
ხმის კანკალით უთხრა და ცისფერი კესანებით მორთული საფულე, რომლისთვისაც მჭიდროდ მოეჭირა თითები, ათრთოლებული ხელით გაუწოდა.
„ძალიან გტკივა?“
გულწრფელი მზრუნველობით ჰკითხა მაიამ ბიჭს, რომელიც წამოდგომას ცდილობდა.
„კარგად ვარ. უბრალოდ გამომართვი და დაივიწყე რაც ნახე.“
ეს თქვა, შემდეგ კი დაღვრილ საღებავს გახედა და დამნაშავესავით ჩახარა თავი.
„ბოდიში, ახალს გიყიდი.“
უცნობი ბიჭის უხერხულობისა თუ სიცივისგან აწითლებულ სახეს შეხედა მაიამ და ვინ იცის, ამ მომენტის კომიკურობის გამო მოხდა ეს თუ უგრძნობლობისგან გადაღლილი გონების, მაგრამ მის ხმას ჩუმი ჩაცინება შეეპარა.
სახეზე აიფარა ხელი და პატარა ჩაცინება მალე სიცილად იქცა.
„არ დაგცინი, უბრალოდ...“
საუბარი ვერ განაგრძო.
გაოცებული თვალები მიეშტერებინა თომას გოგოსთვის, რომლის სიცილიც პირველად გაიგო.
„მაპატიე...მართლა ვცდილობდი არ გამეცინა.“
სული მოითქვა მაიამ და ღიმილით უთხრა ბიჭს, რომლის თვალებშიც უცნაური სითბო ჩაღვრილიყო.
„ახალ საღებავს გიყიდი.“
გაიმეორა თომამ ისე, თითქოს ამ ერთადერთ შესაძლებლობას ებღაუჭებოდა და თუ ახლა ხელს გაუშვებდა, ვეღარასდროს მიაღწევდა მაიას გულამდე.
„კარგი, კარგი, როგორც იტყვი, მაგრამ ჯერ დაჯექი, საღებავს მოგაშორებ.“
სკამისკენ მიუთითა, მერე წამით შეყოვნდა.
მომღიმარი თვალებით შეხედა თომას და თითქოს რაღაც მოაფიქრდაო, ისე შეუთვალიერა შეფერადებული თითები.
„ხელი მათხოვე.“
ეს უთხრა და თომას გამწვანებული ხელისგული ფერმკრთალ მტევნებში მოიქცია.
ჩუმად იდგა ბიჭი, მისი სხეული კი უსიტყვოდ ემორჩილებოდა მაიას ყოველ ქმედებას.
დიდი ხელისგული ნაზი სიფრთხილით მიედო თეთრ კედელს.
„აი ასე.“
მოცინარი თვალებით შეხედა მაიამ ანაბეჭდს, რომელსაც იმ დღის პატარა მოგონება შეეფარებინა.
ერთ დროს უსიცოცხლო კედელზე პირველი ფერადი ნაკვალევი გაჩნდა.
***
ხმისამოუღებლად იჯდა თომა და მეოცნებე თვალებით უყურებდა გოგოს, რომელიც ფრთხილად და დაკვირვებით უწმენდდა ხელის მონაკვეთებს.
ცრემლებისგან შეშუპებოდა ოდნავ ქუთუთოები.
ფერმკრთალ კანზე სიწითლე დაეტყო.
ტუჩის კუთხეებს კი ჯერ კიდევ შერჩენოდა სიცილის კვალი.
ხელი შეუკრთა თომას.
მაიას გამოცოცხლებულ სახეს უყურებდა და შეხების სურვილი იტანდა.
ამ გრძნობასთან ერთად კი მის სხეულში უჩვეულო ტკივილმა გაირბინა.
***
იმედია მოგეწონებათ ეს პატარა ცვლილება. ასევე, მინდა ისე გაგაცნოთ პერსონაჟების სახელები, როგორც მიტრიალებდა გონებაში წერის დაწყებამდე. Touma, Maya, Sophie, Lazaro, Dan და მალე გაიცნობთ უკას და ნაოს. რა თქმა უნდა, რადგან მოვლენები ალტერნატიულ სამყაროში ვითარდება, ყველა თავისუფალია იქ წარმოიდგინოს ეს ისტორია, სადაც სურს. უბრალოდ ჩემს გონებაში დალაგებული ისტორიის ჩემეული აღქმაც მინდოდა გამეზიარებინა. ბედნიერ დღეს გისურვებთ და იმედია მოგეწონებათ ეს თავი. მადლობა რომ კითხულობთ.

***თავი 5***

პირველი თოვლი.
***
აპრილი. დასაწყისი.
“ყოველთვის მაცინებდა ასეთი სცენები ფილმებში. არასდროს მესმოდა, როგორ შეუძლია ადამიანს მარტო იჯდეს ბარში და სვამდეს.”
ისე თქვა მაიამ, მოსაუბრისთვის არც გაუხედავს.
“ახლა გესმის?”
ბარის დახლთან იჯდა თომა, იდაყვით დაყრდნობოდა ზედაპირს და გამომწვევად თბილი თვალებით უყურებდა გოგოს.
ღრმად ამოისუნთქა მაიამ, თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და სასმლის მორიგი ჭიქა მოსვა.
ცარიელ ბარში მხოლოდ ორი ადამიანი იყო.
მცირეხნიანი დუმილი მაიამ დაარღვია.
“იმის შანსი რომ შვილი მყავდეს მინიმალურია, ყოფილმა ქმარმა მიღალატა, დედას არ ვუყვარვარ, მე კიდე აქ ვზივარ, სასმლით ვიკლავ ტკივილს და თითქმის უცხო ადამიანს ვუშლი გულს. სასაცილოა, არა?”
სასმელების კედელს მიშტერებოდა და ირონიულად იღიმოდა.
“არ ვფიქრობ ეგრე…და არც უცხო ვარ.”
ხმამაღლა დაწყებული წინადადება ჩურჩულით დაასრულა თომამ.
ის მანძილი, რომელიც მათ შორის იყო, საკმარისი აღმოჩნდა ჩუმი საუბრის გასაგებად.
“მეც მინდა შენსავით ვიყო. არ გეშინია გრძნობების გამოხატვის, ტკივილის მიუხედავად ბევრს იცინი, მხიარული და ქარიზმატული ხარ…”
ამ სიტყვებზე მელანქოლიურად, თუმცა კმაყოფილს ჩაეცინა თომას და თითქმის შეუმჩნეველი მოძრაობით შეამცირა ისედაც პატარა დისტანცია მოსაუბრესთან.
“არ ვიცოდი ასე თუ ფიქრობდი ჩემზე.”
თითქმის ჩურჩულით თქვა, ორივე იდაყვს დაეყრდნო და მაიასთვის თვალის მოუშორებლად გადაიხარა წინ.
“ვფიქრობ, მაგრამ…”
პირველად შებრუნდა მოსაუბრისკენ მაია.
“შენი თვალები…აღარ შემომხედო ეგრე.”
ამ სიტყვებით გამოწვეულ ყრუ ტკივილს უიმედო ჩაცინება მოჰყვა.
“ჯერ არაფერი მიცდია და უკვე უარს მეუბნები.”
თავი ჩახარა თომამ. აღარ უყურებდა.
“ვერ ვიქნებით ერთად.”
და მიუხედავად იმისა, რომ ამ სიტყვებში არ იყო გაღიზიანება ან ბრაზი, მაინც იგრძნო თომამ ის დისტანცია, რომელიც გავლებულმა საზღვარმა გააჩინა.
“კარგი, გასაგებია.”
მხოლოდ ეს თქვა, სკამიდან წამოდგა და დარბაზიდან უკანმოუხედავად გავიდა.
***
ხუთი თვის წინ.
***
“სად იყავი?”
გამოსვლის შემდეგ გამქრალ თომას ოთახში მეგობრები დახვდნენ.
“არსად. აქ რატო ამოხვედით?”
ხუმრობანარევი მობეზრებით იკითხა და საწოლზე დაჯდა.
“სანახავად მოვედით, შენ კიდე გაიქეცი და ახლა ასე გვპასუხობ?”
სიცილით უთხრა ნაომ და დაეჭვებით შეხედა მომღიმარ თომას.
“კარგადაა?”
ლაზარესკენ გაიხედა.
“შეყვარებულია, შეეშვით.”
სიცილს იკავებდა.
“არ მჯერა.”
პირზე აიფარა ხელი უკამ ისე, თითქოს მართლაც დაუჯერებელი სიახლე გაეგო.
***
“კმაყოფილები ხართ?”
მობეზრებით თქვა თომამ, როდესაც მოყოლა დაასრულა და ლაზარეს გახედა.
“მაპატიე, მაპატიე.”
ჩურჩულით უთხრა მეგობარმა და გაეცინა.
“შენზე უფროსია?”
თანხმობის ნიშნად დაუქნია თავი თომამ უკას.
“გაშორებული უფროსი ქალის გული რომ მოიგო…”
საუბარი დაიწყო ბიჭმა, თუმცა ნაომ პირზე ააფარა ხელი და გაცოფებული თვალები აუბრიალა.
“ერთი გაფუჭებულიც საკმარისი ხარ, თომასაც ნუ ჩაითრევ.”
“ხანდახან მაშინებ.”
მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი უკამ და დასჯილი ბავშვივით ჩახარა თავი.
"თომა."
მეგობრისკენ მიბრუნდა ნაო და ფიქრებიდან გამოარკვია.
“ნუ ელოდები რომ რამდენიმე დღეში გამოკეთდება.”
“ვიცი.”
ღრმად ჩაისუნთქა გოგომ, როდესაც თომას ტკივილნარევ სახეს შეხედა და საუბარი განაგრძო.
“არ დააძალო შენი გრძნობები. თუ არ გინდა რომ ყველაფერი გააფუჭო, უბრალოდ დაელოდე. ნუ შეეცდები სიცარიელის ამოვსებას, ასე საკუთარ თავს ავნებ და ვერც მას გააბედნიერებ. ჯერ არც იცნობ, პიროვნების პატარა ნაწილი დაინახე და მიგიზიდა. უნებურად მიეჯაჭვე იმ სიკეთეს, რომელიც საჭირო დროს გამოავლინა და შენც გინდა რომ იგივე გაუკეთო. საკუთარ გრძნობებში გაერკვიე და მერე გადადგი პატარა ნაბიჯები. დარწმუნდი რომ მზად ხარ და სწორი დამოკიდებულებით უდგები. სხვა შემთხვევაში, თუ ურთიერთობის აწყობა შეძელით, უბრალოდ არაჯანსაღი იქნება. იმ სიცარიელეში ჩაეკვეტები, სადაც შენთვის ადგილი არ არის. მიჭ....ტილ გრძნობებში ვერ ისუნთქებ და მისთვისაც მძიმე ტვირთად იქცევი, ამიტომ, უბრალოდ აცადე.”
თომას თვალებში სევდამ გაირბინა.
“ვიცი, რომ მართალია, მაგრამ…”
თავისთვის ფიქრობდა.
“შეგიძლია მის გვერდით იყო, მაგრამ როგორც მეგობარი.”
თქვა ნაომ, როდესაც თომას უიმედო თვალები დაინახა.
“უბრალოდ, ორივესთვის უსაფრთხო დისტანცია დაიჭირე. ნელ-ნელა გაიცანით ერთმანეთი. იმის ნაცვლად რომ წინ გაიქცე და გაასწრო, გვერდით ამოუდექი და მის სიჩქარეს აუწყე ფეხი. ასე უფრო მიხვდები რისი გაკეთება გინდა, მაგრამ, თუ თავიდანვე არ მიგიღო, არ სცადო საკუთარი თავის დაძალება. თუ მოსახდენია, ისედაც მოხდება.”
***
ჩუმად უსმენდნენ ნაოს სიტვყებს ლაზარე და უკა.
უცნაური სიმძიმე დასწოლოდათ მხრებზე.
ყრუ ტკივილმა გაირბინა ლაზარეს გულში.
არასდროს ყოფილა შეყვარებული, არც მიჯაჭვული. არ აინტერესებდა ურთიერთობები და ამიტომ, არ იცოდა როგორ გაერჩია ეს ორი გრძნობა ერთმანეთისგან. და…ინანა რომ სწორად ვერ შეაფასა მეგობრის მდგომარეობა.
თავჩახრილი იჯდა უკა, რომლისთვისაც ურთიერთობები ყოველთვის მარტივი იყო. ან მოგწონს, ან - არა. მიუხედავად იმისა, რომ არასდროს მიდიოდა პირველი, თუ ვინმეს ურთიერთობის გაწყვეტა სურდა, აუღელვებლად თანხმდებოდა. არასდროს უგრძნია განშორების ტკივილი. არც იმ მდგომარეობის ესმოდა, რომელშიც ახლა თომა იყო და სწყინდა.
სწყინდა რომ არასწორად გაიგო მეგობრის გრძნობები.
ნაო კი...
ვერასდროს კითხულობდნენ ბიჭები ნაოს ფიქრებს, მაგრამ...უჩვეულოდ კარგად ესმოდა ყველაფერი. ისე, თითქოს თვითონ გამოეცადა გრძნობები, რომელზეც სხვას აძლევდა რჩევას.
***
ცივ კედელს მიყრდნობოდა თომა და ფიქრობდა.
***
ერთ პატარა ოთახში, ათი წლის წინ ბედისწერით შეყრილი, თუმცა, ერთმანეთისგან განსხვავებული ოთხი პიროვნება იჯდა.
***
“ვიცი რომ სიმართლეა, თუმცა, არაფერი დაშავდება პატარა მზრუნველობით.”
ამ ფიქრებით გაემართა თომა ნოემბრის ცივ, ქარიან ღამეს ყვავილების მაღაზიისკენ, სადაც მაია ხატავდა.
გრძნობა, რომელიც ახლა ჰქონდა, სიყვარული არ იყო, თუმცა...
***
ნოემბრის ცივ, ქარიან ღამეს, კედლის მოპირდაპირედ იჯდა გოგო და ფერებში მოქცეულ წლებს უყურებდა.
კართან იდგა ბიჭი, რომელსაც ძილი არ მიეკარა.
ხელში ეჭირა ცხელი ყავა და საგულდაგულოდ შერჩეული ტკბილეულობა.
ალბათ გრძნობდა, იქ დახვდებოდა.
შემინულ კარს მიღმა უყურებდა გოგოს გაშეშებულ სხეულს. შეღება უნდოდა, მაგრამ ვერ გაბედა.
ხვდებოდა...
მაიას გულში მისთვის ადგილი არ იყო.
***
თეთრ კედელზე გაჩენილ პირველ ნაკვალევს პატარ-პატარა გრძნობები შემოეკრა.
შიშველი ხელით დაკრეფილი ეკლიანი სიხარულები დაეხატა მაიას.
ის სიხარულები, რომლებიც ასე მჭიდროდ ეჭირა და გაშვების ეშინოდა.
„გაიხსენე...“
„გაიხსენე.“
„გაიხსენე!“
ფიქრების სიღრმიდან ეძახდა საკუთარ თავს მაია და ცდილობდა გაეხსენებინა რას გრძნობდა ხატვისას.
კედელზე მიეკრო ტკივილით სავსე თვალები.
პატარა ნაბიჯებს, რომლებიც აქამდე გადადგა, გააზრებული სიცარიელის სიმძიმე დასწოლოდა.
ყველაფერი თავიდან უნდა დაეწყო.
დაგროვებული გრძნობები, რომლებიც აქამდე კარს მიღმა გამოეკეტა, გაუჩერებელი ნაკადით გამოდიოდნენ გარეთ.
შებოჭილ სხეულში დაძვრებოდნენ ისე, თითქოს თავად ყოფილიყვნენ მეპატრონეები.
ნახატს უყურებდა მაია.
გაგრძელება უნდოდა.
ერთმანეთში გადახლართულ გრძნობებს აქეთ-იქით ისვრიდა. საჭიროს ეძებდა, მაგრამ ვერც ერთს გამოჰკრა ხელი.
მუხლებზე დაწყობილ მტევნებს ძალა გამოეცალა, ნელა ჩასრიალდა და მძიმედ დაეკიდა გაშეშებულ სხეულს.
მოდუნებულ თითებზე ჩაგორდა ფუნჯი და მის დავარდნასთან ერთად მაიას ჩუმი ცრემლები წამოუვიდა.
ერთი...
ორი...
სამი…
თვალებიდან ნიკაპამდე იკვალავდნენ გზას ცრემლები და სინანულით წყდებოდნენ გაშეშებულ სახეს.
არ უნდოდათ ხელის გაშვება და მაინც მიდიოდნენ.
უსიცოცხლოდ ჩამოკიდებულ მკლავებს შეუმჩნევლად დაეწყოთ თრთოლა.
უხმო ცრემლებს ამოყოლებულ ჰაერს გაეპო ტუჩები.
კანკალებდა.
და როდესაც სახის თხელი ნაკვთები ამოძრავდნენ, ჩუმ ოთახში ტკივილმა ამოიყვირა.
***
ფანჯრის ქვეშ, კედელს მიყრდნობილი იჯდა ბიჭი და უხმოდ უსმენდა გოგოს სასოწარკვეთილ ტირილს.
***
ნოემბრის ცივ დილას, სტუდიის კართან, ხელუხლებელი მზრუნველობა იდო.
***
“სოფი…”
ხმა დაეკარგა მაიას.
ზარს მიღმა გრძნობდა სოფი მეგობრის ტკივილს.
“არ ინერვიულო.”
ღრმად ჩაისუნთქა.
“რამდენი ხანიც არ უნდა დაგჭირდეს, ყველაფერი კარგადაა, ამიტომ, უბრალოდ არ ინერვიულო.”
საუბრის დასრულებასთანავე თავზე გადაიფარა საბანი მაიამ და უხმოდ ატირდა.
***
თექვსმეტი წლის.
ზაფხულის არდადეგებზე, პირველ სიყვარულს დაშორებული სოფი სახლში გამოიკეტა და გაუჩერებლად ტიროდა.
მის გვერდით იჯდა მაია.
მეგობრის ტკივილს უსმენდა და ხელის გაწვდის გზას ეძებდა.
მეორე დღეს მაიამ სოფის ცარიელი ქილა მიუტანა.
“ეს რა არის?”
ასლუკუნებული ხმით იკითხა სოფიმ.
მაიამ თბილად გაუღიმა.
“შენს ტკივილებს მოვაგროვებ და როცა მზად იქნები, შორს, ძალიან შორს გაუშვი.”
ამის შემდეგ, ყოველდღე მიდიოდა მაია და ციცქნა ქაღალდის თვითმფრინავს აგდებდა ქილაში.
ერთი…
ორი…
სამი…
თექვსმეტი…
ოცდაათი..
ოცდათერთმეტი…
საწოლიდან წამომდგარმა სოფიმ ნახევრად გავსებულ ქილას შეხედა. ხელი დაავლო და მაიასთან ერთად შენობის სახურავზე აიპარა.
“ერთი.”
სოფიმ ციცქნა ქაღალდის თვითმფრინავი გაუშვა და გაეცინა.
“საერთოდ არ დაფრინავს.”
ტუჩები მოეკუმა მაიას და დამნაშავე თვალებით შეხედა მეგობარს.
“მოდი, ყველა ერთად გავუშვათ.”
ქილა აიღო სოფიმ, სახურავის მოაჯირთან მივიდა და ამოატრიალა.
შეშფოთებით გადახედა მაიამ თეთრ თვითმფრინავებს.
პატარა სიოს აეყოლებინა, თუმცა შორს მაინც ვერ გადაეგდო.
“ვინ შვებით ამას?! ვინ გადმოყარეთ?!”
განცვიფრებით ამოიყვირა მეეზოვემ.
მოაჯირს უკან დაიმალნენ გულგახეთქილი გოგოები და ერთმანეთს შეხედეს თუ არა, ხმამაღალი სიცილი წასკდათ.
***
არეულობაში დამნაშავე ორი გოგო შენობის კართან იდგა და შენიშვნებს ისმენდა.
უსიტყვოდ საუბრობდნენ მომცინარე თვალებით სოფი და მაია.
ის დღე ეზოს დალაგებაში გაატარეს.
თავზე წამოსდგომოდათ მეეზოვე, რომელსაც ცოტა ხნის წინანდელი გამწარების მიუხედავად, ახლა გულიანად ეცინებოდა.
“შემდეგში ქარიანი ამინდი ავირჩიოთ.”
ჩურჩულით თქვა სოფიმ და ღიმილიანი სახით შეხედა გამტვერილ მეგობარს.
***
სიცილად იქცა ტკივილი.
ქაღალდის თვითმფრინავებს გაყოლილი ცრემლები კი უკან აღარ მობრუნებულა.
სახლში მისულმა სოფიმ სწრაფად შეაბიჯა ოთახში და წლების წინ საგულდაგულოდ შენახული ცარიელი ქილა აიღო.
***
დაძველებულ ოთახში ჩუმად იწვა მაია.
უფერო კედელზე წლების წინ დახატულ და უკვე გაცვეთილ ნახატს მიშტერებოდა.
გაშეშებული თვალებით ტიროდა.
***
ნოემბრის წვიმიან დღეს სახლის კარი დედამ გააღო.
თავაზიანად მიესალმა სოფი და უხმოდ წავიდა მაიას ოთახისკენ.
ჩასძინებოდა.
ფეხაკრეფით მივიდა საწოლთან და პატარა მაგიდაზე ჩუმად დადგა ცარიელი ქილა.
“ახლა ჩემი ჯერია.”
ჩურჩულით თქვა და თბილად გაუღიმა ტირილისგან თვალებშეშუპებულ მეგობარს.
ცრემლების კვალს გააყოლა მზერა. სიმლაშეს დაეწვა ფერმკრთალი კანი.
“ვიცი, უკვე გავიზარდეთ, მაგრამ მაინც...იმედი მაქვს, მალე გაუშვებ ამ ტკივილებს.”
ცარიელ ქილაში პირველი ქაღალდის თვითმფრინავი ჩავარდა.
***
კარებთან მისული შეყოვნდა და დედის გაციებულ თვალებს შეხედა.
გამბედაობა მოიკრიბა.
“შეიძლება თვლით, რომ ამას მე არ უნდა ვამბობდე, მაგრამ, ვფიქრობ, უფლება მაქვს.”
ნაწყენი, თუმცა ვედრებით სავსე თვალებით შეხედა სოფიმ.
“არ იქნება ურიგო თუ ერთხელ მაინც გაუწევთ დედობას.”
გაჩუმდა.
შეუმჩნევლად, თუმცა მჭიდროდ მოუჭირა ხელი ქურთუკს და საუბარი განაგრძო.
“არასდროს მოუთხოვია სიყვარული. სითბოს გასცემდა და არაფერს ელოდებოდა საპასუხოდ, მაგრამ...სჭირდება. ამიტომ, გთხოვთ, თუ ოდნავ მაინც გრძნობთ შვილის მიმართ პასუხისმგებლობას…”
მძიმედ გადაყლაპა ყელს მომდგარი გორგალი სოფიმ.
“ის მაინც შეძელით, რომ ცოტა ხანი არ დალიოთ. ზედმეტ ტვირთს ნუ აკიდებთ მხრებზე. აცადეთ გამოკეთება.”
ოდნავ შეირხა დედის გაციებული თვალები.
უხმოდ გააცილა შვილის მეგობარი.
კარის სახელურს უჭერდა ხელს.
***
იმ დღეს, მაიას ოთახში, საწერ მაგიდაზე, დედამ თბილი კერძი დადო.
***
ყოველდღე მიდიოდა სოფი და ქაღალდის თვითმფრინავს აგდებდა ქილაში.
არაფერს ეუბნებოდა მაიას.
თუმცა, სიჩუმე, რომელიც მათ შორის იყო, არასდროს ყოფილა უხერხული.
უხმო მხარდაჭერა.
ის, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში ინახავდა მაიას იმედიან თვალებს, ისევ აქ იყო, მის გვერდით და ჩუმად აგდებდა ქაღალდის თვითმფრინავებს ტკივილების ქილაში.
***
ცრემლს აყოლებდა ყოველ ლუკმას მაია.
ვერ გრძნობდა შიმშილს და მაინც…
არასდროს ტოვებდა საჭმელს, რომელშიც პირველად იგრძნობოდა დედის გულწრფელი მზრუნველობა.
***
საწერ მაგიდაზე პატარა ლარნაკი იდგა.
ლარნაკი, რომელიც არასდროს გამოუყენებია მაიას.
სამსახურიდან მოსული მამა ჩუმად იპარებოდა შვილის ოთახში.
ოდესღაც ხელუხლებელ ლარნაკში ახლა ლამაზი თაიგული იდო.
ერთი ცალი ყვავილი მოჰქონდა ყოველდღე მამას.
როდესაც ჭკნობას იწყებდა, ახლით ანაცვლებდა.
მუდამ სავსე იყო პატარა თაიგული.
მაიას ოთახში ყვავილების სურნელი იდგა.
ნაცნობი და ტკბილი.
მძაფრი.
თბილი.
ყველას თავისებურად უყვარს.
ყველა თავისებურად ზრუნავს.
ასე გამოხატავდა გრძნობებს მამა შვილის მიმართ.
იმ შვილის მიმართ, რომელსაც არასდროს უთხოვია დახმარება.
არასდროს გამოუხატავს ტკივილი.
უხაროდა, რომ ცხოვრებაში პირველად, გრძნობები არ გამოკეტა.
ლოყაზე ადებდა დანაოჭებულ ხელს მძინარე შვილს, თბილად უღიმოდა და უხმოდ გადიოდა ოთახიდან.
უჭირდა მაიას ადგომა, მაგრამ...
ყოველთვის უცვლიდა წყალს მამის მოტანილ ყვავილებს.
***
შეუმჩნევლად გაირბინა თვემ.
ნოემბრის მიწურულს, როდესაც მაიას და დანის ურთიერთობა საბოლოოდ დასრულდა, ძალაგამოცლილი გოგო საწოლიდან წამოდგა.
***
დეკემბერში არ უთოვია - წვიმდა.
ცრემლებისგან დაღლილი სახით უყურებდა მაია კუთხეში მიწყობილ ცარიელ ტილოებს, რომლებიც ერთ დროს ეყიდა, მაგრამ ფუნჯის მიკარება ვერ გაებედა.
ტკივილი, რომელიც ამძიმებდა, არსად გამქრალა, თუმცა...
ახლა აღარ გაურბოდა. მიიღო.
მიიღო ის სიცარიელე, რომლითაც ამოევსო გული.
მაიას ტკივილი არ ყვიროდა, თუმცა...
***
ფანჯარას ეჯახებოდნენ წვიმის ურჩი წვეთები.
გაშიშვლებულ ხეებს ურცხვად არხევდა ქარი.
აუტანელ სიცივეს კი, რომელიც გარეთ იყო, სითბოსგან დაორთქლილი ფანჯარა ოთახში არ უშვებდა.
ფანჯარა, რომლისთვისაც, ახლა უკვე, ახალი ფარდა ჩამოეფარებინათ.
***
"საკმარისია."
ამ ფიქრით, დაძველებულ მოლბერტზე დადო ცარიელი ტილო მაიამ.
"აღარ მინდა."
პალიტრაზე რამდენიმე ფერი გაჩნდა.
"შემიძლია."
პატარა, თუმცა თავდაჯერებული ნაბიჯები გადადგა ფუნჯმა.
და ასე, ერთ დროს უსიცოცხლო ტილო - გაფერადდა.
***
ვინ ვარ?
რა მინდა?
სად მივდივარ?
კითხვები, რომლებიც მუდამ მახრჩობდა.
ჰაერი არ მყოფნიდა და სხვისას ვისუნთქავდი.
რატომ?
რატომ ამოვიღე ჩემი პიროვნებიდან "მე"?
ისე გავცემდი სითბოს, თითქოს ულევი წყარო ვიყავი. სხვის ბედნიერებას ვუყურებდი და ამით ვსულდგმულობდი.
სასაცილოა, არა?
ხანდახან მგონია, არ არსებობს ადამიანზე უბედური არსება.
ოცდაცხრა წელი.
ოცდაცხრა წელი ვეძებდი პასუხებს და ისე გავატარე ცხოვრება, სიამოვნება არ მიმიღია. ბრმა იმედით ვიყურებოდი წინ.
ახლა მესმის, რატომ ბრაზდებოდა სოფი.
იმის იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ბავშვური და გულუბრყვილოა.
ხანდახან მახინჯია ცხოვრება, ხანდახან მახინჯები ვართ ჩვენც - ადამიანები.
და სანამ ამ სიმახინჯეს არ მივიღებთ, იქამდე ვერ ვისწავლით სილამაზით ტკბობას.
არ მინდოდა აღიარება.
არ მინდოდა მეჩვენებინა რომ...
მწყინს.
მასევდიანებს.
მტკივა.
ვბრაზდები...
ვბრაზდები.
ვბრაზდები!
არაფერი დაშავდება თუ ვიტირებ.
ვიყვირებ.
გავბრაზდები.
არაფერი დაშავდება, თუ ცოტა ეგოისტი ვიქნები. ჩემს თავს დავაყენებ წინ და ურცხვად გადავდგამ ნაბიჯებს.
ჩემს ცხოვრებას სხვა ვერ იცხოვრებს.
ჩემს ნაცვლად სხვა ვერ გაბედნიერდება.
საკმარისია.
აღარ ვაპირებ.
***
დეკემბრის მიწურულს, დაძველებულ სახლში, დაორთქლილ ფანჯარასთან ორი გოგო იდგა.
ერთ დროს უსიცოცხლო ოთახში ახლა უკვე ფერადი ნახატები ეკიდა. ზამთრის სუსხიანი სურნელი კი, პატარა განათებისგან გამთბარი ყვავილების თბილ სურნელს გადაეფარა.
***
"ახლა რასაც ვიტყვი, ყველაფერი უნდა გაიმეორო, გაიგე?!"
მხრებზე დაადო სოფიმ ხელები მაიას.
თანხმობის ნიშნად დაუქნია თავი და ღია ფანჯრიდან შემოსული სიცივე ხარბად შეისუნთქა.
"ჩემი ყოფილი იდიოტია."
"ჩემი ყოფილი იდიოტია."
ჩუმად გაიმეორა მაიამ.
"არ მიმსახურებს."
"არ მიმსახურებს."
შედარებით თამამად წარმოთქვა.
"უთავმოყვარეო ეგოისტია."
ოდნავ შეყოვნდა მაია.
"გაიმეორე."
სოფის ხმას ჩუმი მუქარა შეეპარა.
"უთავმოყვარეო ეგოისტია."
"ჩემი ბრალი არაა."
"ჩემი ბრალი არაა."
"აი ასე, ყოჩაღ."
თბილად გაუღიმა სოფიმ.
***
"რას ფიქრობ?"
გაღიმებული სახით უყურებს დანის მაია.
"არ გიხდება, გრძელი დაიტოვე."
"მართლა? არადა მეგონა კარგად მექნებოდა."
ბუზღუნით ამბობს მაია და სავარძელში ეშვება.
***
ამ მოგონების ამოტივტივებასთან ერთად, მეგობრისკენ შეტრიალდა მაია.
"სოფი...შეგიძლია რაღაც გამიკეთო?"
***
არა, არ სძულდა დანი, თუმცა...
***
ოცდათერთმეტ დეკემბერს, ცივ, ქარიან ღამეს, "ბედნიერი სახლის" სახურავზე ორი გოგო იდგა.
ხელში ეჭირა გავსებული ქილა მაიას.
ერთხელ შეხედა, ღრმად ჩაისუნთქა და...
ქაღალდის თვითმფრინავები გაფრინდნენ.
***
იანვრის დილას, როდესაც ზამთრის მძიმე, ცივი წვიმა მსუბუქმა ფიფქებმა შეცვალა, “Luna & Sol”-ის კარი თამამად გაიღო.
ზურგით იდგა ბიჭი და თაროზე აწყობდა საგულდაგულოდ გაწმენდილ ყავის ჭიქებს.
ხალხი საუბრობდა.
დაბალ ხმაზე ისმოდა სასიამოვნო მუსიკა.
თხელი ფარდებით დაფარულ ფანჯრებს მიღმა კი მსხვილი ფანტელები თოვდა.
***
“უკაცრავად, ყავის შეკვეთა მინდა.”
ზურგით მდგომ ბიჭს მიმართა გოგომ.
“რა თქმა უნდა, ახლა..”
შემობრუნებისას ხმა გაუწყდა თომას.
გაოცებული თვალებით უყურებდა მაიას, რომელსაც მხრებამდე შეეჭრა თმა.
“აქ ხარ?”
სიცილით მიმართა ბიჭს.
“ბოდიში, რა თქმა უნდა, რომელ ყავას დალევ?”
დაფისკენ მიუთითა თომამ.
დაკვირვებით უყურებდა დიდი ასოებით დაწერილ სახელებს მაია და გაუაზრებლად ეძებდა თითებით ერთ დროს გრძელი თმის ბოლოებს.
“შეგიძლია ის ყავა გამიკეთო, რომელიც პირველად მომიტანე?”
მცირეხნიანი ფიქრის შემდეგ მიმართა ბიჭს.
მოულოდნელობისგან შეცბა თომა და კითხვით სავსე თვალები მიანათა მაიას, რომელსაც ეცინებოდა.
“თავიდანვე გიცანი…მიხარია რომ უკეთესად ხარ.”
“შენც…შენც უკეთესად ხარ, მიხარია.”
ღიმილით უთხრა თომამ და მაიას ცოცხალი სახე შეათვალიერა.
ყავის მზადებას შეუდგა.
“მაშინ არ ვიცოდი გაკეთება, ბევრად უკეთესის მომზადება ვისწავლე.”
“ახლა გასაგებია რატომ ჰქონდა დამწვრის გემო.”
“მართლა?”
თომას შეშფოთებული სახის დანახვისას თავი ვერ შეიკავა მაიამ და ხმამაღლა გაეცინა.
***
ტკივილს არ გაუვლია, თუმცა...
***
პირველ თოვლთან ერთად მოვიდა.
არა, არ მიყვარდა, თუმცა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent