ყველაფერი კარგად იქნება (სრულად)
ყველაფერი კარგად იქნება რადგან ჩემი შინაგანი საათი გამართულად მუშაობს, სადღაც ღამის სამი საათია. არ მძინავს, მხოლოდ თავს ვიმძინარებ. უფრო სწორედ, ვცდილობ, არ გავინძრე. ღმერთმა ნუ ქნას და გაიღვიძოს, მით უმეტეს, ნასვამი როცაა. ასე მგონია, სრულიად უცხოა. ის კაცი არაა ყოველ შემთხვევაში, მე რომ მიყვარს. არა, არ მოგეჩვენათ, მიყვარს! ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და ამაზეც მოგიყვებით მოგვიანებით. ახლა კი უძილობისგან თავი მტკივა. თვალები მეხუჭება და, როცა ლამისაა ძილის სამეფოში უნდა გადავეშვა, ტირილის ხმაა. აივნის ღია კარიდან საცოდავი სლუკუნი მესმის. უცებ ვფხიზლდები და ჩემდაუნებურად ვუსმენ. ქალი ეხვეწება ვიღაცას, მტკივა, გამიშვიო. უშვერი გინების კორიანტელს დარტყმის ხმა ერთვის და ქალის საცოდავი კვნესა. ნორმალური ადამიანი ან პატრულში დარეკავს ან აივნიდან გაიხედავს და ყვირილს დაუწყებს იმ არაკაცს, მაგრამ მე ჩემი გამჭირვებია. –ბოდიში დაო, – ვეჩურჩულები გულში უცნობ ჩემიანს. –ღმერთმა იცის, როგორ მესმის შენი და ახლა ყველაზე მეტად მინდა დაგეხმარო , მაგრამ მე ვინ დამეხმარება, მერე? რა უცნაურია, ორი უცხო ადამიანი ასეთი მსგავსი უბედურებით, ერთმანეთისგან რამდენიმე მეტრში და, სამწუხაროდ, ძალა არცერთს არ აქვს წინააღმდეგობის. ნეტავ, ამ წამს სამყაროში კიდევ რამდენი ქალი ელოდება დახმარებას უიმედოდ? ნელ-ნელა ტირილის ხმა მიწყდა. ვფიქრობ, როგორი ლაჩარი ვარ და ბოღმა მახრჩობს. ნუთუ ასეთ ცხოვრებაზე ვოცნებობდი? მაშინ, როცა სწავლაში მათენდებოდა ან მაშინ , როცა ნანტრი სამსახური ვიპოვე. იქნებ მაშინ, როცა ის დავინახე და გულმა გაოცებისგან ფეთქვა შეწყვიტა? – არა, ამაზე ნამდვილად არ მიოცნებია, მაგრამ, მჯერა ან თავს ვიჯერებ , რომ ყველაფერი კარგად იქნება. უბრძოლველად არ დავნებდები. 2 ზაფხული რომ დაიწყო, ჩვეულებრივი ზაფხული მეგონა .... ზაფხული რა, უაზრო ორი თვე სოფელში. უკვე რამდენჯერმე წაკითხული ბიძაჩემის წიგნები. კოჭამდე მდინარე, თაკარა მზე. ყველაფერი, როგორც ყოველთვის და უცებ ის... შავგვრემანი-მეთქი ვერ ვიტვი, იმიტომ, რომ შავგვრემანზე შავი იყო. ჩუმი , მაგრამ უცნაურად მეტყველი თვალებით და ლამაზი, ძალიან ლამაზი თითებით. ეს იყო ერთი ნახვით ... გაოცება! ჩემი ცხოვრების ყოველწლიურად ნაცვეთ სოფელში, სადაც ყველა ქვა და კენჭი ვიცოდი, მხოლოდ მას არ ვიცნობდი, არ შემიმჩნევია მანამდე, არ დამინახავს. დავინახე და ვიგრძენი, რომ მსურდა, მოვწონებოდი, რაც სხვებთან დიდად არ მაღელვებდა. დღემდე მგონია, არაფერი დამტყობია სახეზე მაშინ. მეგობარმა, ვისაც ახლდა, ერთმანეთი გაგვაცნო. შემდეგ, ვითომ აქ არაფერი, ზურგი ვაქციე და დაქალთან ერთად სასეირნოდ წავედი. ვიცოდი უკან მოგვყვებოდნენ და ერთი სული მქონდა, მიმეხედა. არ მინდოდა თვალებში შემეხედა , რომ გამეგო რატომ დუმდა. მისი სიჩუმე კი ისე უცნაურად ხმაურობდა. იქნებ, სულაც მე მეჩვენებოდა ასე? იმ საღამოს მსურდა, სულ მასზე მესაუბრა გოგოებთან, მაგრამ სიჯიუტისა თუ სიამაყის გამო, არაფერი მითქვამს. მეორე დღეს ისევ მოვიდა, კვლავ მეგობართან ერთად და შემდეგ ისევ და მესამე შეხვედრისას თავადაც გულიან მეგობრებად ვიქეცით. ვიცინოდით ყველაფერზე. ვსეირნობდით ბევრს. ვლაპარაკობდით, უფრო სწორედ მე ვლაპარაკობდი და ის კი მისმენდა. არ ვიცი, რას ფიქრობდა, თუმცა სულ მიყურებდა და, გეფიცებით, თვალებით იღიმოდა. დღესაც კი ლამის 15 წლის შემდეგ, როცა ვიხსენებ ჩვენს შეხვედრას, ბედნიერებისა და სიხარულის მაშინდელი გრძნობები მავსებს. ბევრჯერ, ჩვენი აუტანელი ჩხუბის შემდეგ ვიხსენებდი ამ გრძნობას და თავიდან ვიყვარებდი მას. ისევ და ისევ! და მჯერა, სანამ ეს მოგონებები მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. 3 წარსულის გახსენება მედიტაციასავით დამჩემდა. მინდა, გავიხსენო ყველაფერი, რის გამოც ვუძლებ დღევანდელობას. მინდა, მოვეჭიდო იმ მოგონებებს და ჩვენ ორის ნაცვლად შევძლო ფეხზე მყარად ადგომა... .... ჩვევა ხომ რჯულზე უმტკიცესია? ხოდა, ამ ჩემი ძილის მოგრეხილ მანერას ვერაფერი ეშველა. საგულდაგულოდ დავიკლაკნე საბნის ქვეშ და თვალები დავხუჭე. ოთო ოთახში შემოვიდა . ლოგინთან მოვიდა, დამხედა და ჩაეცინა. – მიჩოჩდი! – მეუბნება სიცილით. – წესით, მოჩოჩდიო უნდაა ამბობდე! – ვბუზღუნებ მე და ადამიანურად ვწვები. – მიყვარს, მასე რომ წევხარ. სასაცილო ხარ, – მეუბნება ისევ სიცილით და მეხუტება. – ორი დღის მოყვანილი ცოლი სასაცილო კი არა სასურველი სჯობია იყოს! – ისევ ვბუზღუნებ მე, თითქოს ჩემი წოლის სასაცილო მანერა მისი ბრალია. – სასაცილო, ბუზღუნა, მსუნაგი, ზარმაცი, მძინარა! ასეთია ჩემი სასურველი ცოლი! – მეუბნება ჩურჩულით და ყველა ჩემს ,,საამაყო" თვისებას, რომლითაც კუროს ზოდიაქომ გულუხვად მაკურთხა, მოურიდებლად მიიჩნევს. მერე უფრო მოურიდებლად მაისურს მხდის და ... მოფერებისას ასეთი სიურცხვე ესეც ჩვენი საერთო ზოდიაქოს ბრალია, რომ იცოდეთ... ღიმილით მეძინება. ჩვენ ერთმანეთს ვგავდით ძალიან და თან საოცრად განვსხვავდებოდით. მსგავსი თვისებების გამო ბედნიერებიც ვიყავით და ხშირად ვჩხუბობდით კიდეც. ხუთი წელი ვიყავით ერთად ქორწილამდე და, ათასი ჩხუბის მიუხედავად, იქამდე არასდროს მივსულვართ, რომ დავშორებოდით ერთმანეთს. უზომო, უსაზღვრო ბრაზისას, როცა მეგონა, რომ ნაპირებს წავლეკავდი, მოდიოდა და მეხუტებოდა... და ჩემი ბრაზი, თითქოს თითის წვერებიდან სადღაც იპარებოდა. ის ჩემი ნაწილი იყო, არის და იქნება! ჩემი სახლი, უფრო სწორედ ჩემი თავშესაფარი. მახსოვს, ერთხელ, როცა ეს ვუთხარი, გაბრაზდა. ხელები გამაშვებინა და მოშორებით გადაჯდა. გამიკვირდა და მეწყინა. გაგრძელებული დუმილის გამო ვკითხე. – ნუთუ, ეს ასე ცუდია? –რა არის ცუდი? – დაბნეულად მიპასუხა მან. – აი, თავშესაფარი რომ ხარ–მეთქი. შემომხედა ნაღვლიანად და მითხრა: –მინდა ძლიერი იყო. ისეთი, რომ არ დაგჭირდეს თავშესაფარი. მე რომ გავქრე? ან აღარ ვიყო ის, ვინც ვარ. ფეხზე მყარად უნდა იდგე. სიარული არ შეწყვიტო, როგორც აქამდე მოდიოდი. –მოვდიოდი და შენამდე მოვედი! ახლა დასვენების დროა! – შევაწყვეტინე მე. რატომღაც ძალიან უსიამოვნო მეჩვენა მისი საუბარი იმ წამს. რას ვიფიქრებდი, რომ წინასწარმეტყველივით საუბრობდა ჩვენს მომავალზე. ჩვენ აზრზეც არ ვიყავით, რას გვიმზადებდა ცხოვრება. მაშინ გვეგონა, ყველაფერი კარგად იქნებოდა, სანამ ერთად ვიყავით. 4 თქვენ რა გგონიათ, ძალადობა მხოლოდ ფიზიკური ტკივილის მიყენებაა? მხოლოდ იძულებითი ტყვეობაა? მხოლოდ თავისუფალი ნების წართმევაა? ნეტავ, ეს ყოფილიყო ჩემს შემთხვევაშიც . ასე ხომ ადვილად შევიძულებდი. ასე ხომ ადვილად მივატოვებდი. ასე ხომ ცხოვრებას თავიდან დავიწყებდი. ფიზიკურ ტკივილებს ავიტან, მაგრამ რა ვუყო, როცა მას სტკივა? როცა ნებას არ მაძლევს დავეხმარო? როცა საყვარელი ადამიანი გამიუცხოვდა? ჩვენს შორის განა კედელი ააშენა, მთელი კოსმოსი გაშალა, გადაულახავი ბნელი კოსმოსი. მივდივარ, ფეხის წვერებზე ვეპარები, ლოგინზე მის გვერდით ვიკუნტები და ასე შორიდან ვსუნთქავ მას, ვინც ჩემთვის ჰაერია. რომ სძინავს, თითებზე ვეხები და ისევ ცოცხლდება მოგონებები. თვალდახუჭული ვიძირები ახლო წარსულში, რომელიც ახლა ისეთი შორეულია, არც მჯერა, მართლა გვქონდა... ....–ოთოო! რას ეძებ? ოთოო! – ვეძახი და ვაკვირდები მდინარის გადაღმა რაღაცას გაფაციცებით ეძებს. ხშირ-ხშირად იხრება. –ოთოო, მოდიი! – ვეძახი მოუთმენლად, მაგრამ მეეჭვება მდინარის ხმაში ჩემი ესმოდეს. პატარა ექსპერიმენტს ვატარებ. აი, ხომ გაგიგონიათ, თუ დიდხანს უყურებ ვინმეს და ფიქრებში ეძახი, უნდა იგრძნოს და მოიხედოს. უცებ მესიჯის ხმა მესმის. მისთვის თვალმოუშორებლად ვიღებ ტელეფონს, არ მინდა მაგია გამეფანტოს. წამით ვიჭყიტები და ოთო მწერს: ,,მეძახდი?" და მიგზავნის ღიმილს. თვალებს ვახამხამებ, იყოს დამთხვევა, მაგრამ მე მაინც დავიჯერებ, რომ გამომივიდა. მდინარე პირდაპირ გამოტოპა , თუ გინახავთ სოფლის მდინარე, მიხვდებით, რატომ გამოტოპა და არა გადმოცურა. მოვიდა და ზურგსუკან ხელს მალავს. – პირველი საჩუქარი! – ამბობს ღიმილით და ხელს მიწვდის. მინდვრის ყვავილების კონაა. ბაბუაწვერები, სამყურები, რომელიღაც ლურჯი ყვავილები ბალახის ღერით შეუკრავს და ბედნიერი სახით მიყურებს. თვალებში ვაკვირდები და ვხვდები, ასეთი სახე ექნებოდა ზუსტად ჰოლანდიური ვარდების კალათს რომ მჩუქნიდეს. ვხვდები, არ აფასებს საგნებს მატერიალური ღირებულებით. წარმოიდგინეთ, შავგვრემანი ბიჭი, თაფლის თვალებით, ხელში მინდვრის ყვავილებით, წელამდე სველი, ბედნიერი ღიმილით სახეზე. ასე მგონია, სამყარო ამ წამს გახდა იდეალური! და ვამბობ ხმამაღლა: _ "შეჩერდი წამო ,მშვენიერი ხარ!".... ღრმა ძილში წასულს ყვირილი მესმის. ვახელ თვალებს და უცებ ვერ ვხვდები, რა ხდება. ტანჯვით სავსე ხმაა, რაღაც ღრიალსა და ყვირილს შორის. ოთოს მორიგი კოშმარი ესიზმრება. ვცდილობ, გავაღვიძო. სახელს ვეძახი და ვანჯღრევ. უცებ მოქნეული მუჭი მხვდება და ლოგინზე ვვარდები. წამით თვალებში ასობით ვარსკვლავი მიელავს, თუმცა ეს პირველად არ ხდება. გონს სწრაფად მოვდივარ და ისევ ოთოს ზორბა სხეულს ვებღაუჭები. –დამთავრდა ოთო, გესმის ყველაფერი დამთავრდა! ¬– ის ნელ-ნელა მშვიდდება. ბუტბუტით წელზე ხელს მხვევს, თავს კალთაში მიდებს და იძინებს. ზურგით კედელ ვეყრდნობი, აჩეჩილ თმაზე ვეფერები და უხმოდ ვტირი. ომის შემდგომი სინდრომი! ესეც ერთ-ერთია იმ ჯილდოთაგან , რომელიც ერაყიდან ჩამოიტანა ჩემმა ოთომ. ეს და ჭურვის ნამსხვრევი ხერხემალში. დილით ადრე ვდგები, ვცდილობ, სილურჯე ტონალურით დავფარო. თმას ვიშლი, სახეზე ვიფარებ და ამ დროს ოთოც იღვიძებს. ვგრძნობ, როგორ მიყურებს, ზურგი მეწვის. –მოიხედე! – მეუბნება თბილად. –დილა მშვიდობისა! – ვპასუხობ მხიარულად და სახის დაუფარავი ნაწილით ვბრუნდები მისკენ. –მოდი! – მეუბნება ისევ ისე , როგორც ადრე იცოდა, მანამ სანამ ეს ომის მხეცი დაიბუდებდა მასში. მონუსხული მივდივარ მისკენ. მინდა დავიჯერო, რომ მეძახის. მინდა ეს რეალობა იყოს. ახლოს მოსულს ხელზე ხელს მიჭერს, ძლიერად მექაჩება თავისკენ. მკერდზე ვეჯახები. ვუყურებ ქვემოდან და სურვილი მწვავს, მონატრებულ ტუჩებს შევეხო. ჩემკენ იხრება, მეღიმება და ვდუნდები. ის კი ხელით თმას მიწევს სახიდან. სიბრალულით მიყურებს, ცოტა ხანს მაკვირდება თვალებში. მე აღარ ვიღიმი. მერე სახე ეცვლება. წარბებს კრავს და მისი თვალებიდან უკვე მიყურებს ის მხეცი, რომელსაც ვძულვარ. მარტო მე კი არა, მთელი სამყარო სძულს. ხელს უხეშად მკრავს და ძირს ვეცემი. –მშვიდობის დილა, არა? აქედან გადი, მაზოხისტო! – მეუბნება მოგუდული ბრაზით. –ოთო, ეს შემთხვევით იყო, გეძინა, გესმ... – ვცდილობ ავუხსნა, დავამშვიდო. –მარტო დამტოვე, ამის დედაც! – ყვირის და მე შეშინებული გამოვრბივარ. კარებთან მისული უკან ვიხედები. ოთოს სახეზე ბალიში უდევს და დაჭრილი მხეცივით შიგ ღრიალებს. სწრაფად ვხურავ ოთახის კარს, ზურგით ვეყრდნობი და მუხლები მეკვეთება. მე ძალადობას ამ სილურჯეს არ ვეძახი, სახეზე რომ მაქვს. ძალადობა ისაა, რომ არ სურს ჩემი დახმარების მიღება, რომ მაგდებს ყოველ ჯერზე, როცა ვცდილობ მივუახლოვდე, რომ ვიაზრებ, მისი სიყვარული სასჯელად მექცა. ვერა, ვერ წავალ მისგან, როგორ ძალიანაც არ უნდა უნდოდეს თავად ეს. მიუხედავად ყველაფრისა, ისაა ჩემი სახლი ან უფრო სწორედ – საპატიმრო. მითხარით, ყველაფერი კარგად იქნება! თქვენ არ იცით, როგორ მჭირდება ვინმესგან ამის მოსმენა, რომ ძალა მოვიკრიბო და ფეხზე ავდგე. მითხარით, რომ ძლიერი ვარ და ამასაც მოვერევი! მითხარით, თორემ ასე მგონია, უწყლოდ ვიხრჩობი, ჰაერი მინდა! 5 ოთახში პირდაპირ აღარ შევდივარ. ჯერ ოდნავ ვაღებ კარს და ვიჭყიტები. მინდა, წინასწარ ვიცოდე, როგორ ხასიათზეა. იმიტომ, რომ ნებისმიერმა ჟესტმა , სულ პატარა ღიმილმაც კი შეიძლება ატომური აფეთქება გამოიწვიოს. ძალიან მტკივა გული, მეწვის, მაგრამ ის უარესია , რაც ამ აფეთქებას მოსდევს. ოთოს ბრაზი საკუთარ თავზე. ეს ყველაზე საშინელი სანახავია , უფრო სწორედ მოსასმენი. ბალიშში მისი დაგუდული ღრიალი. ვხედავ ლოგინზე ზის. ხელები მუხლებზე უდევს და ფანჯრიდან ჩამავალი მზის სხივებს გასცქერის. –შენ გამო გადავრჩი იცი? – ისე მეკითხება, არც მოუხედავს. მივხვდი იცის, რომ ვუთვალთვალებ. –ისე ვერ მოვკვდი , რომ არ მენახე! – ისეთი მშვიდი ხმა აქვს, თითქოს სიკვდილზე არც საუბრობდეს. –რა ეგოისტი ვარ, ხვდები? განა მოვედი? შენამდე ბარგივით მომიტანეს, – მცირე პაუზის მერე მთხოვს. –მოდი, დამეხმარე – ნელა მივუახლოვდი. ისეთი უჩვეულოა, როცა რამეს მთხოვს. –მოსწიე! – ამბობს ზიზღით და თავის ოდნავი გაქნევით ბორბლებიან სავარძელზე მანიშნებს. ასე მგონია, ოთოს ჩემზე მეტად თუ რამე სძულს, სწორედ ეს სავარძელია. მოვაგორე, მოხერხებულად გავაჩერე და თვალებში შევაცქერდი. –ჰმ! მოდი დამეხმარე! – ამბობს და მის ხმაში კარგად ვიჭერ ირონიულ ნოტებს, მაგრამ ახლა ეს სულ არ მაინტერესებს. ეს ის იშვიათი მომენტია, როცა შემიძლია შევეხო. შევეხო კი არა ხელებიც მოვხვიო, გულში ჩავიკრა... ხელებს ვხვევ წელზე და მეყრდნობა, მთელი სიმძიმე ჩემზე გადმოაქვს, თითქოს სპეციალურად აკეთებს ამას. ვცდილობ, არ შევიმჩნიო, რომ მიჭირს. ტუჩებს ერთმანეთს მაგრად ვაჭერ და ვცდილობ, ავწიო. რაღაც მომენტში სახეს ჩემს თმებში ყოფს, ძლიერად იყნოსავს თმის სურნელს და ამბობს: –მძიმე ბარგი ვარ, არა?_ ეტლში ჩავსვი და თვალებში ვუყურებ. ჯერ ისევ მისკენ დახრილი. –სამაგიეროდ, მხოლოდ შენი, საკუთარი ბარგი! – ამბობს აშკარა, დაუფარავი ირონიით. ერთმანეთს ვუყურებთ და ვხვდები, როგორ მიჭირს თავის შეკავება. ეს მცირედი შეხება ალივით მედება ტანზე. წამიერად ყვოყმანობ, ,,ჯანდაბას ! მოხდეს, რაც მოსახდენია!" ვფიქრობ, გულში და ტუჩებში ვკოცნი. ოთოც თითქოს ამას ელოდა. ძლიერად მეხვევა და ისე ძლიერად მკოცნის სუნთქვის საშუალებას არ მაძლევს. თითებს თმებში ვუცურებ, თავს უკან ვაწევინებ და მასში ვიძირები. კალთაში მისვამს. ხელს მაისურის ქვეშ აცურებს. როგორც კი ხელი მისი ქამრისკენ მიმაქვს, მაშინვე ცივად მიშორებს, ბრაზით მეუბნება: –გეყოფა თამაში! – თვალებში არ მიყურებს , თითქოს რცხვენია. ჩემი რცხვენია, გესმით? იმ კაცს რცხვენია, ვისაც მარტო კოცნა არ ეხერხება. ერთხელ მითხრა: ,,მინდა უბრალოდ გაკოცო, მაგრამ როცა გეხები, სამყარო თავდაყირა დგება, თავს ვერაფერს ვუხერხებ. იმდენად ძლიერ მოქმედებს ჩემზე, უბრალოდ ეს შეუძლებელიაო." ხოდა, ეს კაცი დღეს თვალს მარიდებს. ასე გაშეშებული და შემცბარი კვლავ მის მუხლებზე ვზივარ. –ადექი – მეთქი! – ჯერ ბრაზით ამბობს, მერე კი ლამის მუდარით. – მარტო დამტოვე! ვდგები და უხმოდ, ლამის გაცრეცილი გამოვდივარ ოთახიდან, გამოსვლისას ვეუბნები: –ფიზიოთერაპიისა და მასაჟის დღეა, უბრალოდ ამის თქმა მინდოდა. დღის ცენტრში მანქანით მიმყავს. გზაში არ ვსაუბრობთ. ხანდახან თვალს ვაპარებ მისკენ. ფანჯრიდან იყურება. თითებს კარებზე აკაკუნებს. სასწაულად მინდა, მისი აზრების მესმოდეს. ფახულა წამწამებზე ვუყურებ. გულში სითბო მეღვრება. ამდენი წყენის მიუხედავად, ჯერ კიდევ სჭარბობს ჩემში სიყვარული ტკივილს. გარეთ ვტოვებ. შეყოლის ნებას არ მაძლევს. იქ არც ერთხელ არ ვყოფილვარ. არადა მინდოდა მასაჟი მესწავლა, რომ სახლში თავად დავხმარებოდი. ესეც სასტიკად ამიკრძალა. –გოგოებს გავუვლი და სამზე მოვალ, კარგი? – ვეუბნები. –ოჰ, დღის პროგრამაში, ვინ გეყოლებათ ნეტა? – იცინის და ძველი ოთოა, ნაცნობი, ახლობელი. ამოვიოხრე. ესეც იშვიათად ხდება. მეც თერაპია მაქვს. დაქალოთერაპია. სადმე ვსხდებით კვირაში ერთხელ მაინც, ვჭორაობთ. ვფსიქოლოგობთ, ვიცლებით. როგორ გგონიათ, რატომაა საქართველოში ასე ნაკლები მოთხოვნა ფსიქოლოგის კონსულტაციაზე? ესე ხუმრობით, თორე მე უკვე ფსიქოლოგი რას მიშველის? ფსიქიატრი მჭირდება. კაფესთან გოგოები დგანან. მხიარულები, ლაღები, ვუყურებ მათ და ენერგიით ვივსები. ვხვდები მარტო არ ვარ. ჩემს ტკივილს მანქანაში ვტოვებ. ღიმილის ნიღაბს ვირგებ, ნიღაბს მუდმივად ვატარებთ, ნუ გაგიკვირდებათ და მათკენ მივრბივარ. ისე მეჩქარება წუთიერ თავდავიწყებაში ჩაფლობა. საუბარში დრო მეპარება. დავხედე საათს და ოთხის ნახევარია. გოგოებს დავემშვიდობე, მანქანაში ჩავხტი და ცენტრისკენ გავქანდი. გული წინასწარ მეჭმუჭნება. ეს როგორ მომივიდა – მეთქი, საკუთარ თავზე ვბრაზობ. ოთო გარეთ არაა, ვურეკავ არ მპასუხობს. მანქანიდან სწრაფად გადმოვდივარ და ცენტრში შევდივარ. – ელენე სად ვნახო? – ვეკითხები გოგონას მისაღებში. –ოცდამეხუთე კაბინეტია, – მპასუხობს ის და მეც იქით მივიჩქარი. კაბინეტის კართან მისულს. მხიარული სიცილი მესმის. ის სიცილი, მე რომ ასე მენატრება. ის სიცილი, მოღრუბლულ დღეს რომ მინათებს. მისი სიცილი. კარებს დაუკაკუნებლად, ინსტიქტურად ვაღებ და გაოცებისგან ლამის შევხტე. ოთო და ელენე ყავას სვამენ, თან რაღაცას კომპიუტერში გაფაციცებით ჩასჩერებიან. ლამის მხრებით ეხებიან ერთმანეთს. თან გულიანად იცინიან. უცებ შემამჩნიეს, ელენე ხედავს ჩემს შეცბუნებას და ფეხზე დგება. –გამარჯობა, – მესალმება . –გამარჯობა , – ვამბობ მეც. ოთოს შევხედე და გული ლამის გამიჩერდა. არც კი ცდილობს დამცინავი ღიმილის დაფარვას. ცენტრიდან უხმოდ მოვდივართ. მისკენ ვეღარც ვიყურები. მეშინია, ისევ იმ ირონიას არ შევეჩეხო. სახლთან გავჩერდი. ოთოს გადმოსვლაში ვეხმარები. მადლობა ღმერთს, ეს ახალი კორპუსი ისეა მორგებული, ოთოს არც ასვლა არ უჭირს, არც ჩამოსვლა. –მაღაზიაში გავალ, – ვეუბნები ისე, რომ არც კი ვუყურებ. –მოხდა რამე? – მეკითხება ინტერესით. –არა! არაფერი, – ვეუბნები და ვცდილობ, წყენის ცრემლები გადავყლაპო. ის მიდის სახლში. მე მანქანას ვეყრდნობი. ასე ვდგავარ რამდენიმე წუთი. შემდეგ მანქანაში როდინდელ სიგარეტს ვეძებ, თავადაც არ მახსოვს. ვუკიდებ, ღრმა ნაფაზს ვარტყამ. მსუბუქი თავბრუსხვევა მამშვიდებს. ფანჯრებს ავხედე და ოთო მიყურებს. დაჟინებული გამჭოლი მზერით. როგორც მხეცი – საბრალო ნადირს. თუ ნადირს თვითგადარჩენის ინსტიქტი აქვს, ახლავე უნდა გაიქცეს. ახლავე თუ გაიქცევა, ყველაფერი კარგად იქნება! 6 თქვენც ფიქრობთ , რომ მე მაზოხისტი ვარ? რომ მსიამოვნებს დამცირებისა და ტკივილის ატანა? იცით, ამაზე მეც მიფიქრია, მაგრამ, არა! ადამიანს ძალას მისცემს ნებისმიერი ემოცია: ტკივილი, ბრაზი, შიში, ბედნიერება მით უმეტეს. მე ის მახსოვს ისეთი, როგორიც იყო და იმედი მაქვს, რომ დამიბრუნდება. ამიტომ არ ვთმობ, ამიტომ ვიბრძვი. დაცემა არააო დამარცხება, სადღაც წავიკითხე, დამარცხება ისაა, სადაც დაეცემი, დაცემული რომ დარჩები და წამოდგომას არ შეეცდები! აივანზე ვზივარ ჩემს ფერად ნემსიწვერებში. ყავას ვსვამ, ყურსასმენებით საყვარელ მუსიკას ვუსმენ . მზის სხივებს სახეს არ ვარიდებ. მწველი სხივებია, დახუჭულ თვალებში ფერად წრეებად რიალებენ. უცებ კალთაში ჩემი ფუმფულა კატაბუ ჩამიხტა. კატაა, მაგრამ ბუს ჰგავს. ხელი გადავუსვი, მესიამოვნა.... .... ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს. არ ჰქონდა აზრი, წვიმდა თუ ქარი ანგრევდა ყველაფერს. ჩვენ ერთმანეთი გვყავდა. შევყოფდი გაყინულ ხელებს მისი მაისურის ქვეშ და ვითბობდი თითებს. გააკანკალებდა ხოლმე, ალბათ, ჩემი გაყინული თითებისგან, მე მაშინ ასე მეგონა. იმ საღამოსაც ქარი ქროდა. პარკში, ტბის ნაპირას, ძელსკამზე ვისხედით, ჩახუტებულები. და მე ვტიროდი, ვტიროდი, რადგან ჩემი გოშია მოკვდა. გოშიაც კატა იყო. ყველაზე მაგარი ბიჭი კატების სამყაროში. დედაჩემმა, რომელიც ჩემზე მეტად თუ არა, ნაკლებად არ დარდობდა, მითხრა, აღარასდროს მიმეყვანა სახლში ცხოველი, რომელიც მინიმუმ ასი წელი მაინც არ იცოცხლებდა. ხოდა ასე რომ ვსხედვართ, უცებ კნავილი მესმის საცოდავი. დავხედე, პატარა შავი, გამხდარი კნუტისმაგვარი არსება ფეხზე ამომაცოცდა გაბმული კნავილით და ჩემს კალთაში მოიკალათა. დავსვი და ისევ ამოხოხდა, ისევ დასმა დავუპირე, მაგრამ მომებღაუჭა პატარა, გამხდარი თათებით და საბრალოდ აკნავლდა. ცრემლები მომადგა, ყელში ბურთი გამეჩხირა. მან მე მიპოვა, გესმით? მან მე ამირჩია. ოთოს შევხედე, გაღიმებული მიყურებდა. – იტოვებ არა? – მკითხა და პასუხი წინასწარ იცოდა. მე დედას დავურეკე. – დე, კნუტმა მიპოვა, ჩემია! – ალბათ, ისეთი საწყალი ხმით ვთქვი, არც კი შემეკამათა, არადა ქარიშხალს ველოდებოდი. –მოიყვანე დე, – ასე უბრალოდ მიპასუხა დედამ. დიდხანს სახელიც ვერ დავარქვი. კატასაც არ ჰგავდა. ღამურას ჰგავდა თავიდან. მერე ნელ–ნელა გაიფუყა, გაფუმფულდა, გათამამდა და კატაბუს დაემსგავსა. როდესაც მე და ოთომ ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ, პირველი ნივთი, რომელიც სახლისთვის ვიყიდეთ, კატაბუს საჭმლის ჯამი იყო. ასე გახდა შავი კატაბუ ჩვენი თილისმა ... ..... –შენ ხომ გიყვარვარ, ბიჭო? – ვეკითხები კატაბუს. პასუხად კრუტუნს იწყებს. –უცებ რომ გავქრე, მოგენატრები? – ვეკითხები ისევ. ფისუნა პასუხად იზმორება. –რა სიმშვიდეა! – ვამბობ ჩურჩულით. –ნეტავ, თვალებს რომ გავახელ ისევ ძველი დრო იყოს, – ვეუბნები განებივრებულ კატაბუს. –გინდა ვცადოთ? – ღიმილი მეფინება სახეზე. და მართლა რა იქნება, ასეთი რამე რომ მოხდეს, როგორც რომანში, როგორც კინოში. ეს ცხოვრება ხომ საკმარისად ფანტასტიკაა, საამისოდ, არა? თვალებს ვახელ და მზის სინათლე მაბრმავებს წამიერად. ვაფახულებ თვალებს, მხედველობა ცოტათი მეწმინდება და თითქოს სურვილი ამიხდა, ჩემ წინ ოთო ზის და სიყვარულით მიღიმის. სითბოთი, ოდნავ ირონიით, ღიმილით. ვუყურებ გაოცებული და თვალების დახუჭვას ვერ ვბედავ. მეშინია, ხომ არ მეჩვენება. ჩემკენ იხრება და ღიმილით ამბობს: –რატომ ხარ ასეთი? –როგორი? – ვეკითხები დაბნეული. –რატომ არ იცვლები? – მეკითხება ისევ. თვალებდაჭყეტილი ვუყურებ და ვერ ვიაზრებ, რის თქმას ცდილობს. –ათასი წელიც რომ გავიდეს, შენ ჩემი ხარ! რომ არ შევხვედროდით, მაინც ჩემი იქნებოდი! ამას ვერაფერი შეცვლის, მაგრამ მე შენ გათავისუფლებ. გაიგე? ნუ მიყურებ კატაბუსავით. ახლა შეგიძლია წახვიდე. ცხოვრება იქაა! – თითით აივნიდან ქუჩაზე მანიშნებს. როგორც იყო, ამოთქვა გულში დაგროვილი სათქმელი. როგორც იქნა, გაბედა. თითქოს მე არ მქონდა უფლება, თავად ამერჩია ჩემი ცხოვრება. გადაწყვეტილებას ორივეს მაგივრად იღებდა. ბრაზი მიპყრობს. აქამდე შეკოწიწებული მოთმინების კედელი ზრიალით მემსხვრევა. უცებ უცნაური სურვილი მებადება. ბოროტი სურვილი გონებიდან სხეულში მოძვრება და გზად ზვავივით ყველაფერს ლეწავს. მინდა მეც გავაბრაზო, მინდა მეც ვაწყენინო, მინდა ეტკინოს ჩემ გამო. ფეხზე ვდგები. –მიშვებ, არა? მადლობა ბატონო! მოწყალება მოიღეთ, – ორივე ხელს წინ ვუწვდი, მაჯებით ერთმანეთზე მიტყუპულს. –ბორკილებიც მომხსენით ბარემ. დააა, ჩემი მოგლეჯილი ფრთები სადაა? აჰ , აი, აქ ყრია, – გვერდით ვბრუნდები. არარსებულ ფრთებს ვიღებ. მსუბუქი მოძრაობით ვითომ მხრებზე ვიმაგრებ. თან თვალს არ ვაშორებ. გაოცებული მიყურებს. ოდნავ დაძაბული. აშკარად ვერ ხვდება, რას ვაკეთებ. თანაც ისე მიეჩვია ჩემგან მორჩილებას. აი, ჩემში კი ძველი თავქარიანი მე იღვიძებს. უშიშარი გოგო, ჯიუტი და თავნება, ის გოგო ბავშვობაში ტარზანობაზე რომ ოცნებობდა. აივანზე კიბე მიდევს, ჩამოკიდული ამპელური ბალბების მოსარწყავად. კიბეს აივნის მაღალი კედლისკენ მივათრევ. სიმაღლის შიში მაქვს და ამის გამო აივნის მოაჯირი ჩვეულებრივზე მაღალია, ლამის მკერდამდე მწვდება, განიერიცაა ჩემი ქოთნების თავისუფლად დასაწყობად. ხოო, ეს ხომ ჩემი ოცნების სახლია. მან ჩემთვის მოაწყო და ყველა დეტალი გაითვალისწინა. მე აქ ბედნიერად უნდა მეცხოვრა. ხოდა, კიბეს კედელთან ვაჩოჩებ, ზედ ფეხშიშველა ავდივარ. – აბა, ვნახოთ, ისევ თუ მოძრაობენ, – ვეუბნები ოთოს, თან მხრებს ისე ვაქნევ, თითქოს გასაფრენად ვემზადები. – ჩამოდი! – მეუბნება ხრინწიანი ხმით, – მგონი, იაზრებს ჩემს ჩანაფიქრს. –ახლავე ჩამოდი! – ვიცი ხელს ვერ შემიშლის, განა, რა შეუძლია სინამდვილეში ეტლზე მიჯაჭვულს? მხოლოდ საკუთარი თავის სიბრალულიღა დაიტოვა და ჩემზე მრისხანება. ახლა კიდეც რომ, მადლი დამდო და მათავისუფლებს. ასეთი ბნელი აზრები წამის მეასედში ცვლის ერთმანეთს ჩემს დაბინდულ გონებაში. მე თავს გვერდზე ვხრი, ვცდილობ, საყვარლად გამომივიდეს. –თავისუფლება ისაა, რაც ასე მწყუროდა! – ემოციები მეძალება. ერთს ვამბობ, მეორეს ვფიქრობ. რად მინდა თავისუფლება, თუ ის ჩემთან არაა? ან სად ვეძებო ბედნიერება აივანს მიღმა, როცა ჩემი ბედნიერება ამ აივანზე ზის. კიბეს ხელს ვუშვებ, წელში ვიმართები. ნიავი ჩემს ცისფერ, ფრიალა სარაფანს აფრიალებს, მზის სხივებში, შორს ქალაქი ლივლივებს. ლამის მე თავად დავიჯერო, რომ ფრენა შემიძლია. აივნის მოაჯირზე გადავდივარ. – ჩამოდი, გემუდარები! – მას ადამიანის ხმა აღარ აქვს. – იცი? – ნელა ვბრუნდები, ზურგს ვაქცევ. – ყველაფერს აქვს საზღვარი! მეც დავიღალე! მართლა მინდა წასვლა! – სიმაღლე თავბრუს მახვევს და ოდნავ ვტორტმანებ. ემოციები იმდენად მძაფრად მესხმიან თავს, უკვე ვეღარ ვაკონტროლებ, ვგრძნობ, ვიწვი. – ჩემს სულს სწყურია თავისუფლება... სხეულს კი მხოლოდ ასიოდე მეტრის გაფრენა... – ვჩურჩულებ ჩემი ერთ-ერთი ბოლო ლექსის სტრიქონებს და თვალთ მიბნელდება. ბუნდად ვხედავ, როგორ დგება ფეხზე, სახე ტკივილისგან თუ შიშისგან ეღრიცება, ხელს მაგრად მჭიდებს ხელზე, თავისკენ მქაჩავს. შემდეგ გულში მიხუტებს და აივნის იატაკზე იკეცება. –ყველაფერი კარგად იქნება! – მესმის მისი ხმა, სიზმარია აშკარად, რასაც ვხედავ და რაც მესმის, ვითიშები... არც ამჯერად არ მიღალატა ჩემმა შინაგანმა საათმა და, როგორც ყოველთვის, მასზე ადრე გამეღვიძა. შევხედე, ეტლში დამჯდარს ეძინა. ლოგინზე გადმოხრილს საკუთარ მკლავზე დაედო თავი. ხელში ჯერ ისევ ნესტიანი, პატარა პირსახოცი ეკავა. მაშინვე ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. მიმოვიხედე. გვერდით მაგიდაზე პატარა თასი იდო და სიცხის დამწევი წამალი. ლოგინიდან ჩუმად ჩამოვძვერი, რომ არ გაღვიძებოდა. ამ ჩუმ გაპარვაში ნამდვილ პროფესიონალად ვგრძნობდი თავს. სარკეში ჩავიხედე. გაწეწილი, გაოფლილი თმები შუბლზე მქონდა მიკრული. დავფიქრდი და გავიხსენე, რა მოხდა წინა დღეს. გამაჟრჟოლა, როცა გამახსენდა, სადამდე მივედი. რამ გამაბედვინა ასეთი სისულელის ჩადენა. მერე უცებ კიდევ ერთი მომენტი გამახსენდა და, რომ არ წავქცეულიყავი, სარკის მაგიდას დავეყრდენი ხელებით. – მომეჩვენა? – ვკითხე საკუთარ თავს. – დამესიზმრა?_ ფეხაკრეფით აივანზე გავედი. ყველაფერი ისე იყო, როგორც ყოველთვის. კიბეს შევხედე. იქ იდო, სადაც წესით ვდებ ხოლმე. სადღაც დავიჯერე, რომ მესიზმრა. უცებ კატაბუს კნავილი გავიგონე. დავიხარე და მაგიდის ქვეშ შევიხედე, მაგიდა აივანზე მიდგას. კატაბუ ნებივრად იწვა და წინა თათები ჩემს ყურსასმენებზე ჰქონდა მოხვეული. – მადლობა, ბიჭო, – ვეუბნები. –შენ არასოდეს მატყუებ! – ფისო წამოდგა. კუდი აპრიხა და ფეხებზე გამეგლასუნა. ოთახში დავბრუნდი, ხელში ყურსასმენები მიჭირავს, როგორც წინა დღის მტკიცებულება. –სად იყავი? – მეკითხება შეცბუნებული ოთო. მისი ეს საქციელი უფრო მაეჭვებს. –აივანზე, – ვეუბნები მკვეთრად. ოთო ხელებში მიყურებს. მერე გამომცდელად თვალებში მაკვირდება. არაფერს ამბობს იმაზე, რაც მოხდა. –სიცხე გქონდა გუშინ, მაღალი, იწვოდი, იცი? – სასწრაფოც კი გამოვიძახე. _გახსოვს რამე? – გამომცდელად მიყურებს კვლავ. –არა! – ვეუბნები მე და მზერას ვარიდებ. –ნემსი გაგიკეთეს, აბოდებდი სიცხისგან. ცოტახანს მიყურა. –შედი აბანოში, წყალი გადაივლე. მე პირსახოცს შემოგაწვდი, – მეუბნება, თითქოს ეს იყოს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. თავს ვუქნევ. მშვიდად ფიქრი მჭირდება და აბანოში შევდივარ. ცხელი წყლის ქვეშ უმოძრაოდ ვდგავარ და იმაზე ვფიქრობ, რაც მოხდა. ნუთუ მან ადგომა შეძლო? არა, არ არსებობს! როგორ? მერე მახსენდება ჩემი თავი აივნის მოაჯირზე მდგომი და ჩემში რაღაც ტყდება. როგორ დავუშვით და აქამდე როგორ მივედით? ვხვდები ფიქრებში დიდი ხანია, კომეტასავით ელავს თვითმკვლელობა. უბრალოდ, არ მჯეროდა, რომ ამდენად ახლოს ჩამიქროლებდა. თმას ვიბან ჩემი ფორთოხლის სურნელიანი შამპუნით და წყალს ვთიშავ. ვბრუნდები და აბანოს ღია კარებში ოთოა. ეტლის სახელურზე თეთრი აბანოს პირსახოცი უდევს. მიყურებს და თვალებსაც არ ახამხამებს. მის თვალებში ცოტათი მხეციც ელავს. უცებ ორივე ხელს მკერდზე ვიფარებ. რაღაც წამის მეასედში გადაწყვეტილებას ვიღებ. თამაში იწყება! თამამად წელში ვსწორდები, ხელებს ძირს ვუშვებ და მისკენ მივდივარ. თვალს არ მაშორებს. ეტლის გვერდით ჩავლისას დავინახე, როგორ შეისუნთქა სურნელი. ხელით პირსახოცს დავწვდი , ისე, თითქოს არაფერი განსაკუთრებული და შეუჩერებლად სიარული განვაგრძე და გავიგონე ნერწყვი როგორ ჩაყლაპა. ოთახის კარამდე ასე შიშველი მივედი. კართან პირსახოცი მოვიხვიე და ჩემს საძინებელში გავედი. ხო არ მოგესმათ, ჩემს საძინებელში, რომელიც ერაყიდან დაბრუნებისთანავე მომიჩინა ჩემმა მეუღლემ. ოთახი, რომელიც უნდა ყოფილიყო იმ ბავშვის, ვინც არ გვყავდა და, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ღმერთს მადლობას ვწირავდი, რომ ასე მოხდა. ამ საგიჟეთისთვის, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, კატაბუც კი მეცოდებოდა, არათუ ბავშვი. იმ ღამეს მასთან აღარ შევპარულვარ, არც მომდევნო ღამეს და ვცდილობდი რამდენადაც შემეძლო თავი ამერიდებინა. გრძნობდა, რომ რაღაც შეიცვალა და ამან ააფორიაქა. რამდენჯერმა სახლიდან მარტო გავიდა და კარგა ხანს არ დაბრუნებულა. ყოველთვის, როცა ბრუნდებოდა, მხიარული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. მე გულში ეჭვები არ მასვენებდა. ნამდვილი ტროას ომი მომიწყეს ფიქრებმა და გადავწყვიტე, მეც ასე მეთამაშა მის ნერვებზე. მაღაზიაში წავედი და სიურპრიზი ვუყიდე. ის, რაც მუდამ გაახსენებდა საფრთხეს, რომელმაც ისე შეაშინა, რომ ფეხზე ადგომა გაბედა. – რა ჯანდაბას აკეთებ! – შეშინებული და დამფრთხალი ჩანდა, ხმით თუ ვიმსჯელებ. მე კიბეზე ამძვრალი აივნის ჩარდახზე ვცდილობდი საჩუქრის დამაგრებას. – ჩამოდი დროზე! – ლამის ყვირილით მითხრა. –ნუ გეშინია, არ გავფრინდები, – მხიარულად ვამბობ მე. ბრაზისგან ახველებს. –მორჩა! – ვამბობ მხიარულად, კიბიდან დაბლა ვეშვები და ხელს ვუშვებ ცისფერ ბროლის ანგელოზს, თეთრი, ფუმფულა ბუმბულის ფრთებით. ნიავი აფრიალებს ზონარზე დაკიდული სუვენირის ფრთებს. სახეზე ვუყურებ, ფითრდება. – ეს როგორ გავიგო? – მის თვალებში დამფრთხალი მხეცი აქეთ-იქით აწყდება. –შენი მფარველი ანგელოზია! – ვეუბნები დაუფარავი ირონიით. –ჩემგან განსხვავებით სულ შენთან დარჩება და დაგიცავს, – მისკენ ოდნავ ვიხრები, რომ მის თვალებში ჩამდგარი ტკივილით დავტკბე. უცებ მაჯებზე ხელებს მავლებს. მტკივნეულად მიჭერს და მეკითხება. –შენ მიდიხარ სადმე? – მე ხომ თავისუფალი ვარ, იქ კი, – თავს აივნის მიღმა ვიქნევ, – ახალი ცხოვრება მელოდება! მიზანს მივაღწიე, თუმცა მე თავადაც არ ვიცოდი, რა მქონდა მიზნად. ––შენ ხარ ჩემი ანგელოზი! – მეუბნება ჩუმად. –რა ბანალურია! – ისევ დავცინი. –შენ შეიცვალე, იცი? – მეუბნება სევდით, – უკვე მეშინია შენთვის ხელის გაშვება. ძალიანაც კარგი! ხოდა არ გამიშვა! მაგრად ჩამჭიდე ხელი და ერთად გავიდეთ ამ შტორმიდან. ვფიქრობ გულში. იმ საღამოს აღარ მიკითხავს მისთვის ძილის წინ, სურდა თუ არა რამე. როცა ავდექი და ღამე მშვიდობისა ვუსურვე, ნაწყენმა შემომხედა. –ჩემს ოთახში მივდივარ, – ვუთხარი დემონსტრაციულად და ზურგი ვაქციე. ცოტა ხანში დამიძახა. –შეგიძლია, წყალი მომიტანო? – ისეთი უჩვეულო იყო. ქმარი რომ წყალს გთხოვს და ეს რომ უჩვეულოდ გეჩვენება, სულ ცოტა უცნაურია, არა? ჭიქით წყალი შევუტანე და მაგიდაზე დავუდგი, მოშორებით. გაოცებულმა შემომხედა. თვალებით, იმ მაცდუნებელი თვალებით, დარჩიო მთხოვდა. საწოლზე ჩამოვუჯექი. თავი ძლივს შევიკავე მისი სურვილისგან. პლედი გავუსწორე. –უნდა დაისვენო! – ვუთხარი მშვიდად, – ხომ გახსოვს, ხვალ ელენეს დღეა. და ტუჩის კუთხე შეკავებული სიცილისგან დამებრიცა. დილანდელი სპექტაკლის მერე მეეჭვება, ჩემ გარდა ვინმეზე ან რამეზე ფიქრობდეს. როდის გავხდი ასეთი ბოროტი? როდის მერე გამიქრა მისი სიბრალული? ალბათ, მას მერე, რაც ფეხზე მდგომი დავინახე. ღამით ყვირილმა გამაღვიძა. კოშმარი... ოთო... უცებ წამოვხტი და მის ოთახში გავიქეცი. საწოლზე ავხტი და მისი გაღვიძება დავიწყე. –ოთო! ოთო! – ვეძახი და ვაჯანჯღარებ. უცებ წამოჯდა, ხელები ძლიერად მომხვია და მწარე გამოცდილებით, უარესის მოლოდინში მივიკუნტე. –გეშინია ჩემი? – მეკითხება უცხო ხმით. ახლა კი მართლა მეშინია. ავხედე და მისი თვალებიდან მხეცი მიყურებს ვნებით, ხარბად, როგორც ნადირი საკბილოს. მე გავიბრძოლე. –ნუ ფართხალებ, – მეუბნება ის და უფრო მჭიდროდ მხვევს ხელებს. ვერ ვხვდები, ღვიძავს თუ მთვარეულია. ღამით ყველაფერი ბევრად მისტიკური და საშიში ჩანს. ღამით ხომ ყველა გრძნობა შიშვლდება. ღამით ყველა დაფარული ვნება სანადიროდ გამოდის. –სანამ დაიბადებოდი ჩემი იყავი, – ჩურჩულებს ყურთან და მისი ცხელი სუნთქვა ცეცხლს მიკიდებს ყელზე – რომ აღარ იქნები, ისევ ჩემი იქნები, მეორედ დაბადებამდე! – მეუბნება კაცი, რომელიც, აი, უკვე წელიწად-ნახევარია ჯოჯოხეთს მიწყობს, ოღონდ თავიდან მომიშოროს. ცალ ხელს მაგრად მხვევს, მეორე ხელით მაღლა მწევს და კალთაში მისვამს. წინააღმდეგობის ნატამალიც აღარ რჩება ჩემში. მთელი ეს დაგროვებული მონატრება ნაპირებს ლეწავს, როგორც ადიდებული მდინარე. ოთო წელზე მოხვეული ხელით იწყებს ჩემი გაოცებისგან მოდუნებული სხეულის მოძრაობას და საკუთარ თავს ვკარგავ სადღაც, ასტრალში. აბა, ახლა როგორ გითხრათ, რომ ყველაფერი კარგადაა? ეს ჩემს ძალებს აღემატება... 8 სიზმარს ვხედავ... როგორ ხლეჩს განრისხებული ღმერთი ამპარტავანი ადამიანების სულებს ორ ნაწილად და ციდან სამყაროს სხვადასხვა წერტილში როგორ ფანტავს. ხელი წამავლო და ვგრძნობ, სულის წონა არ გამაჩნია მის ხელში...ვბორგავ... გახლეჩილი სული მტკივა... დაცემისთანავე ფეხზე ადგომას ვცდილობ, მას ვეძებ ჩემს მეორე მეს, ჩემს ნაწილს, გამთლიანების სულწასული წადილი ტკივილზე ძლიერი მბრძანებელი, ინსტიქტია, ის მაკლია და ეს ნაკლებობა გაუსაძლისად მეწვის, ის, ვინც მე მე უნდა გამხადოს. და გადიან ათასწლეულები.... ..... ვიღვიძებ დაღლილი, სიზმარზე ვფიქრობ და მახსენდება მსგავსი თქმულება, ადრე უნივერსიტეტში ლექტორმა რომ მოგვიყვა. მაშინაც მეტკინა ნაიარევი, რომელსაც ვეღარ ვხედავდი, მაგრამ მის არსებობას სიცარიელით ვგრძნობდი. ....ეს ლეგენდა ერთხელ კიდევ გამახსენდა მაშინ, როცა მე და ოთომ პირველად ვაკოცეთ ერთმანეთს. ეს გრძნობა არაფრით ჰგავდა მანამდე განცდილს. თითქოს მალამო იყო საუკუნეების წინანდელი ნაჭრილობევისთვის. ვიგრძენი ძლიერი ენერგიის დინება მისიდან ჩემში და პირიქით. და სწორედ მაშინ ჩასახლდა სულში განცდილი, მაგრამ უკვე ლამის დავიწყებული ტკივილის შიში, რომ შეიძლებოდა დამდგარიყო ის დღე, როცა მას ისევ დავკარგავდი. სწორედ მაშინ გამახსენდა ეს ლეგენდა და მასაც მოვუყევი. თვალებში ჩამხედა. –გახსოვდეს, მე არასდროს წავალ შენგან. არასდროს გეტკინება ჩემ გამო. დამშვიდდი და შენი ბედნიერებით ამავსე – მითხრა და თითქმის დავიჯერე. –არასდროს გესმის? მე რომც გითხრა, წადი–მეთქი. ხომ შეიძლება გავბრაზდე და გითხრა? ხოდა არ დაიჯერო. ხელი არასდროს გამიშვა! – ვჭირვეულობ ისევ. –არასდროს გაგიშვებ,– ამბობს და მერე დაფიქრებული ამატებს – სანამ თავად არ მივიჩნევ, რომ შენი ჩემთან ყოფნით დაგაზიანებ. მე მეცინება. არ მჯერა, რომ ასეთი რეალობა შეიძლება დადგეს, როცა მისი სიახლოვე ჩემი ტკივილის მიზეზი გახდება. ვმშვიდდები. .. იმდენად მივეჩვიე მარტო გაღვიძებას, არც მიკვირს, ოთო რომ გვერდით არაა. თუმცა, უცებ ვაცნობიერებ, რაც ღამით მოხდა და იმასაც, რომ მე მის ოთახში ვარ და შეშფოთება მიპყრობს. არ ვიცი, რას უნდა ველოდო, დაბნეული ვარ. ვდგები და სამზარეულოში გავდივარ. სახლის სიჩუმე მახვედრებს, რომ მარტო ვარ. სად წავიდა? – ვფიქრობ. მერე მეცინება. ვხვდები, ოთოს სულში მცხოვრებ მხეცს მადლობას ვუხდი გუშინდელისთვის. კაცი კაცია! ვფიქრობ გულში. აზრი არ აქვს ადამიანია თუ ველური ნადირი, როცა ინსტიქტები იღვიძებენ მათში, ისინი ინსტიქტებს ემონებიან, თუმცა ეს ჩემთვის ხელსაყრელიცაა ამ მომენტში. ცოტა ხანს აივანზე ვზივარ, ფერადი ყვავილები და დილის მზე ხასიათს მიკეთებს. უცებ ბროლის ანგელოზის ბრჭყვიალი თვალს მჭრის და ისევ მახსენდება ტკივილი, რომელიც მის გამო ეს თვეებია მტანჯავს. გული ისევ მეწურება წყენისგან. კატაბუ აივნის მოაჯირზე ზის. მტრედებს უყურებს და თავისკენ უხმობს. მეცინება. ეს კი უხმობს, მაგრამ რა უიმედოა ნებისმიერი ძახილი , რომლის გაგონებაც ადრესატს არ სურს. აბა, ჩემზე უკეთ ვის ეცოდინება ეს? – ,,ერთ ბედქვეშა ვართ, ლაბავ, მე და შენ’’, – ვეღიღინები ფისოს. –ვის შია? ვინაა მშიერი კატა? – ვეკითხები კატაბუს და წინასწარ მეღიმება, მისი რეაქცია, რომ ვიცი. საქმე ისაა, რაც არ უნდა გინდოდეს, სახელზე არც კი მოგხედავს. ყურებს აპარტყუნებს და არაფრით გაგონებს, მაგრამ, როგორც კი ახსენებ – ,,ვის შია?", სადაც არ უნდა იყოს, თავქუდმოგლეჯილი მორბის. იცით? კატებს ორასამდე ბრძანება ესმით, მაგრამ მათი შესრულება, უბრალოდ, არ სურთ, ამიტომ მიყვარს ეს ფუმფულა, ჯადოსნური არსებები. მათი თავისუფალი სული ისევ ისეთი ძლიერი დარჩა, როგორიც ათასწლეულების წინათ იყო. ადამიანებთან თანაცხოვრებამ ვერ შეცვალა მათი უდრეკი ნება. როგორ მინდა, კატაბუს ვგავდე. – რა დრო დაგიდგა, ჩემო თავო? ისე წახდი, კატობას ნატრობ? – შეუბრალებლად დავცინი საკუთარ თავს. კატაბუს ჯამი გავუვსე. თავზე ხელი გადავუსვი. ერთი წაიკრუტუნა, თითქოს მადლობა მომიგდო და ხრამუნა ბურთულებს დააცხრა. წყალი დავისხი და დივანზე დავჯექი. კედლის საათს გავხედე. სადაა, ნეტავ? ტელეფონი ხელში შევათამაშე. დავრეკო? არ დავრეკო? ბოლოს მაინც ვრეკავ. ზარი სამზარეულოს კუნძულის მხრიდან მესმის. ვდგები და კუნძულთან მივდივარ. ჭიქას ვდებ და მოჯადოებულივით ვუყურებ ოთოს ტელეფონს. თითქოს რაღაც საიდუმლოს მიმალავს. ვიცი, ეს სურვილი არაა სწორი, ვხვდები, არაფერს სასიამოვნოს არ მომიტანს, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ. დამნაშავესავით, რომელსაც ეშინია ფაქტზე არ დაიჭირონ, ხელს ვავლებ ტელეფონს. სწრაფად ვხსნი ნაცნობ ბლოკს და წერილების ველში შევდივარ. ,,ელენე" – თვალში მხვდება წერილები ამ სათაურით. ბოლო მესიჯს ვხსნი და ოთოს მინაწერია: "მეტი აღარ შემიძლია ელენე. ვეღარ ვუძლებ. უნდა მოვუყვე. უნდა ვუთხრა, რაც ხდება. შენ ამბობ, რომ მოვიცადო, მაგრამ ის ისეთი აღარაა, როგორიც აქამდე. ვფიქრობ, თუ ეცოდინება, ბევრად მარტივი იქნება ყველაფერი." ელდანაკრავივით ვდებ ტელეფონს ისე, რომ არც კი გამოვდივარ ,,მესენჯერიდან“. ხელების კანკალით ვხვდები, სპაზმები მეწყება. ჰაერი ფილტვებში გროვდება და ტვინს აღარ მიეწოდება. ვიგუდები. ჭიქას ვიღებ და ვცდილობ, წყალი დავლო. ჭიქა ხელიდან მისხლტება და იატაკზე გრუხუნით იმსხრევა. უცნაურია, მაგრამ ვფიქრობ, რატომ აქვს ჭიქის გატეხვას ასეთი დიდი ხმა. ტვინი აშლილი ბზიკების სკას ემსგავსება, ბავშვობაში ბიცოლაჩემი რომ ჩამოწვავდა ხოლმე სათონის თავზე, გამოცვივდებოდნენ გამწარებული, შეშლილი ბზიკები და იგესლებოდნენ. სათონის ჭერზე კი იწვოდა მათი სახლი და შიგ მათი ჭუპრები ტკაცუნით სკდებოდნენ. მართლა არ ვიცი, აფექტის დროს რატომ მახსენდებოდა ეს სცენა ბავშვობიდან, მაგრამ მე ახლა ნათლად ვგრძნობდი ბზიკების მაშინდელ ტკივილსა და რისხვას. ნელა ვმშვიდდები, ღრმად ვსუთქავ. აფექტმა ჩაიარა და ახლა ჩემს გონებაში გეგმა იწყებს მომწიფებას. თთქოს ვიღაც მკარნახობს, ისე ნათლად ლაგდება აზრები თავში და, როგორც კი გადაწყვეტილებას ვიღებ, მაშინვე ბოლომდე ვმშვიდდები. ახლა ვიაზრებ, რას ნიშნავს ქარიშხლის წინ ზღვის უცნაური დამშვიდება. თითქოს ძალებს თავს უყრის, თითქოს საბოლოო ნაბიჯის წინ ჰაერის უკანასკნელ ყლუპს იმარაგებს, სანამ თავის მრისხანებას თავს დაატეხდეს სანაპიროს. მე უკვე ვიცი, ჩემშიც გაიღვიძა მხეცმა, შეუბრალებელმა, სტიქიურმა, დამანგრეველმა. კარის ხმაზე მთელი ტანით ვბრუნდები. ოთო მიახლოვდება და ხელი ეტლის საზურგის უკან აქვს დამალული. ცოტა ხანს მიყურებს, თითქოს რაღაც ამოიკითხა ჩემს სახეზე, მაგრამ ისეა საკუთარი ბედნიერებით აღვსილი, ვერაფერს ხვდება. –მეორე პირველი საჩუქარი! – მეუბნება ნათელი ღიმილით. ბავშვივით წრფელ, ლამაზ, თაფლის თვალებს მანათებს და ვხვდები, მიუხედავად ყველაფრისა, მე ის მიყვარს. მიყვარს, როგორც ერთადერთხელ შეიძლება ვინმე გიყვარდეს სიცოცხლეში და სწორედ ეს გრძნობა, სიყვარულს რომ ვუწოდებ ისევ, აპირებს მას ტკივილი მიაყენოს. მე რომ ის ასე ძალიან არ მყვარებოდა, ასე არც გავიმეტებდი! დამალულ ხელს მიწვდის. ბალახის ღერით შეკრული ბაბუაწვერები, სამყურები და რაღაც ლურჯი ყვავილები... თვალებიდან მდუღარე ცრემლები მცვივა, ლოყაზე მოგორავენ, ნიკაპზე ინასკვებიან და სახეზე ცრემლის მთელი ნაკვალევი მიდუღს და მეწვის. რა იქნებოდა ეს რომ სულ რაღაც 15 წუთის წინ მომხდარიყო. სინანული ამ დაგვიანებული მომენტის გამო, რომელსაც შეეძლო ყველაფერი შეეცვალა, ახლა უკვე გვიანია! მე ის ვნახე, რისი ნახვაც არ ღირდა და გადაწყვეტილება მივიღე. დღეიდან, ამ წამიდან აღარაფერი აღარ იქნება კარგად! 9 ყველა გამოუხატველი და გულში ღრმად ჩამარხული ემოცია ადრე თუ გვიან, აუცილებლად გამოავლენს თავის დასახიჩრებულ თავს. არ მახსოვს, ვინ თქვა ეს, ალბათ, ფროიდი იქნებოდა. ჩემს გულშიც ისე დაგროვდა ტკივილი, წყენა, ბრაზე და ეჭვი, ისე აირია, ისე აიზილა ერთმანეთში, რომ ემოციის სახეც კი დაჰკარგა და უფორმო მონსტრად გადაიქცა. .. .... ტელევიზორში გამოაცხადეს, ერაყის დედაქალაქში ტერაქტი მოხდა. ტერორისტმა შუა ბაზარში აიფეთქა თავი. არის მსხვერპლი როგორც მშვიდობიან მოქალაქეებში, ასევე – სამშვიდობოებშიცო. ომი ხომ თავისთავად ჯოჯოხეთია, მაგრამ ორმაგად სატანჯველია, როცა შენთვის ძვირფასი ადამიანი მის შუაგულშია. მაშინაც კი, როცა ეს ომი თითქოს სამყაროს შორეულ წერტილში მიმდინარეობს და, ერთი შეხედვით, არაფრით გიკავშირდება. მაშინ პირველად მესტუმრა სპაზმები. ნერვიული კანკალი თითის წვერებიდან მთელ ტანს მოედო. ფილტვები გადამიკეტა და მუხლებში მომცელა. დედაჩემი შეშინებული კივილით მომვარდა. არ გავთიშულვარ, მხოლოდ კონტაქტს ვერ ვახერხებდი. მერე, როცა უკვე დარეკეს და ოთოს დაშავების ამბავი გვაცნობეს, მე თითქოს უკვე განცდილი მქონდა ის ემოცია, რაც იმ წამს უნდა მეგრძნო. როცა თვითმფრინავი აეროპორტში დაეშვა, ერთადერთი იმას ვფიქრობდი, რომ ის ცოცხალი დამიბრუნდა. საავადმყოფოში პალატას ვერ მოვშორდი. ის აქ იყო. ჩემთან ახლოს. პირველად პალატაში რომ შევედი, მაშინვე შემომხედა, გამიღიმა, ჯანმრთელი ხელი გაშალა და მეც ამას ველოდებოდი. მივვარდი გიჟივით, გულში ჩავეკარი. ამოიკვნესა და მაშინღა გამახსენდა მისი ჭრილობები. შევკრთი და ადგომა დავაპირე, მაგრამ ხელი უფრო მაგრად მომხვია. –იყავი, – მითხრა ჩურჩულით, – ჩემთან იყავი! ყველაფერზე მეტად შენ მჭირდები ახლა! რამდენიმე დღეში ხელიდან სახვევი მოხსნეს. –არ გინდა, ორივე ხელით გაგჭყლიტო? – შემეკითხა და სასაცილოდ გაიკრიჭა. მინდა? მინდა რომელია? მისი ყოველი შეხება ხომ დღესასწაულია. ოთახში მკურნალი ექიმი შემოვიდა. რომ შევხედე, მივხვდი რაღაც მძიმეს სათქმელად ემზადებოდა და ემოციურად მოვემზადე. –აბა, გივი ექიმო, – უთხრა რიხით ოთომ, – როდის მოაწერთ ჩემს გათავისუფლების ოქმს ხელს? – ხუმრობდა და ერთი სული ჰქონდა, საავადმყოფოსთვის თავი დაეღწია. –ოთო, შვილო, – დაიწყო ექიმმა. მე უკვე ვიცოდი, რაღაც საშინელება გველოდებოდა წინ. –არის რაღაც, რასაც ვეჭვობდი ... თუმცა ვფიქრობდი, რომ ვცდებოდი, მაგრამ ბოლო კვლევებმა დამიდასტურა ჩემი სიმართლე. შენ ხერხემალში ნამსხვრევი გაქვს, ჭურვის. ამოღებას ვერ ვახერხებთ ისეთ პოზიციაშია. ნერვს აწვება და მის პარალიზებას იწვევს. ამიტომ შენ სიარულს ვერ შეძლებ. სანამ რამე გამოსავალს არ ვიპოვნით. მეხის გავარდნა? არ ვიცი, უფრო ცის ჩამოქცევა იყო ოთოსთვის ამის მოსმენა. თუმცა ვერც გამოსავალი მოძებნეს და ვერც ოთოს დახმარება ვერ შეძლეს. ნამსხვრევის ამოღება ისეთ რისკთან იყო დაკავშირებული, ცდაც კი არ ღირდა. მკურნალობა და ხანგრძლივი თერაპია დაუნიშნეს, რომ ფეხების კუნთებს არ დაეკარგათ ძალა და არ დასუსტებულიყო. თუმცა, ეს ჯერ ყველაფერი არ იყო. ოთო დადუმდა. პირქუში და უკარება გახდა. სამყარო შეიძულა და თავის ნაჭუჭში გამოიკეტა. უხეშობა და აგრესია თანდათან მოემატა. დამცინავი და ცინიკური ნიღაბი მოირგო და შეისისხლხორცა. ოთახიდან სახლში მისვლისთანავე გამომაძევა. – არ მჭირდება შენი გმირობანას თამაში, აქედან დამეკარგეო! – ოთახის კარი ცხვირწინ მომიჯახუნა. არასდროს დამავიწყდება ის ღამე, როდესაც მონსტრმა პირველად გაიღვიძა მასში. ჯერ არაადამიანურმა ღრიალმა გამაღვიძა. აი ისეთმა, მაშინ რომ აღმოგხდება, ჯოჯოხეთის მდუღარე ქვაბში რომ გადაგიძახონ თავით. ერთდროულად შიშისა და მრისხანების ხმა იყო. ისე შემეშინდა ოთახიდან ვერ გამოვედი. თავი ძლივს ვაიძულე, მასთან შევსულიყავი. მისი გაღვიძება ვცადე. ბეჭებში ხელი მოვკიდე და შევანჯღრიე. უცებ ყელში მწვდა, ორივე ხელი მომიჭირა. ვგრძნობდი, რომ ვიგუდებოდი. ძალა მოვიკრიბე და სახეში ძლიერად გავარტყი, ერთხელ, მეორედ. ცოტა მომიშვა ხელები და ამოვიხრიალე: – ოთო, მე ვარ ოთო! დამშვიდდი.. ყველაფერი დამთავრდა ოთო. შენთან ვარ, – ხელები გამიშვა. უღონოდ გადაწვა საწოლზე და გაყუჩდა. მე ქანცგაწყვეტილი, შიშისგან თუ უძლურებისგან, იქვე ჩავიკეცე, ლოგინის გვერდით. დილით რომ გამოვფხიზლდი და ავდექი მას ჯერ კიდევ ეძინა. გავიაზრე, რაც მოხდა, რომ სიკვდილს ბეწვზე გადავურჩი და დაფეთებული წამოვხტი. ტუმბოს მივეჯახე და ღამის სანათი ძირს გადმოვაგდე. უეცრად გაეღვიძა. მიმოიხედა და რომ დამინახა, პირველი ემოცია ღიმილი იყო. –შეენ! – მითხრა და ხელი გამომიწოდა. მე გველნაკბენივით უკან გავხტი. –რა მოგივიდა? – მკითხა გაოცებულმა. –წამოჯდომაში მომეხმარე,– მთხოვა, უკვე ჩვეული უხეში ხმით. ეტყობა ბოლომდე გამოფხიზლდა და კონტროლი დაიბრუნა ემოციებზე. ინსტიქტურად მივედი. მისკენ დავიხარე, რომ დავხმარებოდი. უცებ მკლავზე ხელი ჩამავლო. –ეს რა გაქ! – მეორე ხელი ნიკაპზე მომკიდა და თავი ამაწევინა. –ეს რა არის – მეთქი! – ლამის იღრიალა. თვალები ცრემლებით ამევსო. მინდა გავექცე, მოვერიდო, მაგრამ თავს ვერ ვაღწევ მისი ძლიერი ხელების ხაფანგს. ცოტას ფიქრობს და ყელზე დამჩერებია. –ეს მე ვქენი? – უფრო თავის თავს ეკითხება. –მე ვქენი არა? – ხმას უწევს. შიშისგან ვხტები. თვალები სიბრალულით ევსება და მე ვერ ვხვდები, მე ვეცოდები თუ საკუთარი თავი. ხელს მიშვებს და ზიზღით მიშორებს. –გადი! წადი! მომშორდი გესმის? წადი აქედან! ამ სახლიდან წადი! – ღრიალებს და მეც გავრბივარ. კაბას ვიცვამ, მანქანის გასაღებს ხელს ვავლებ და სახლიდან გიჟივით გავრბივარ. უკან მომდევს მისი გაცოფებული ღრიალი. ლიფტის ნაცვლად პირდაპირ კიბეებზე ვეშვები, კისრისტეხით ვახტები საფეხურებს. უცებ წონასწორობას ვკარგავ და ბაქანზე მუხლებით ვეცემი. ცალკე ტკივილისგან, ცალკე განცდილი ემოციებისგან ბავშვივით ვღრიალებ. ფეხზე ვდგები და კვლავ მანქანისკენ გავრბივარ. ვქოქავ და სასწრაფოდ ვტოვებ ეზოს. სად მივქრივარ? — არ ვიცი. მთავარია, მისგან რაც შეიძლება, შორს!... ...მუჭით ყვავილები უჭირავს და გაოცებული მიყურებს. –არ გინდა, გთხოვ! – მეუბნებნება ჩამწყდარი ხმით. მე ხელის ზურგით ცრემლებს ვიმშრალებ. ყვავილებს ვართმევ და ვფიქრობ: რა უცნაურად იცვლის ღირებულებას ნივთები კონკრეტულ სიტუაციაში. ვბრუნდები ონკანისკენ, რომ ყვავილები წყლიან ჭიქაში ჩავდო და გადასერილი ფეხის ტკივილისგან ვკივი. ნამსხვრევები რომ ეყარა ჩემ გარშემო, სულ აღარ მახსოვდა. კოჭლობით მივდივარ დივანთან და იატაკზე სისხლის ზოლი მომყვება. ოთო ჯერ დაიბნა. ნამსხვრევებს თვალი მოავლო და ყველაფერს მიხვდა. – ძალიან გტკივა? აუ, რამდენი სისხლია! მოიცა ბამბასა და სახვევებს მოვიტან, – უკან სწრაფად ბრუნდება ხელში პირველადი დახმარების ყუთით. მოდის და ჩემს ფეხს კალთაში იდებს. –დაისვრები, – ვეუბნები და ფეხის გაწევას ვცდილობ. –მე თვითონ ვიზამ, – ვცდილობ, ყუთი გამოვართვა. –გაჩერდი! გაჩერდი გესმის! – ბრძანების ნოტებს ურევს ხმაში. ამის მეტი რა ეხერხება. –ჭრილობაშიც გაქ ნამსხვრევი, – ამბობს და ნამსხვრევს იღებს. –მტკივნეული ყოფილა! – ვამბობ მე, თან სახე მეჭმუჭნება სიმწრით. –რა? –ნამსხვრევი ჭრილობაში! – ვაზუსტებ გესლით. ერთ წამს ოდნავი გაოცებით მიყურებს. მერე უხმოდ მიმუშავებს ჭრილობას. მარილით მიხვევს და დაფიქრებული იატაკს დასცქერის. უცებ მიყურებს და ჩემს მზერას იჭერს. მე წამლების ყუთს ვუყურებ დაძაბული. მზერა მასაც ყუთზე გადააქვს და შემდეგ ისევ თვალებში მაცქერდება. აშკარად ჩემს რეაქციას ელოდება. ხვდება, რომ გამოვიჭირე. –შეგიძლია, წყალი მომიტანო? – ისეთი მოულოდნელია მისთვის ჩემი კითხვა, წარბს გაოცებისგან მაღლა სწევს. უხმოდ ტრიალდება. ონკანთან მიდის. სახლი ისე გვაქვს მორგებული, რომ ეტლით მოსარგებლე ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე შეძლებს საკუთარ თავზე ზრუნვას. ონკანს ხსნის, ჭიქას წყლით ავსებს და მოაქვს. კი, სახლი მასზეა მორგებული, მაგრამ მაინც არის რაღაც ნიუანსები, რაც მხედველობიდან გამოგვრჩა. მაგალითად, ის, რომ თარო, სადაც პირველადი დახმარების ყუთი დევს, ეტლზე მჯდომი ადამიანისთვის მიუწვდომელ სიმაღლეზეა. ოთოს წყალი მოაქვს. საერთოდ არ მწყურია, მაგრამ ჭიქას ბოლომდე ვცლი და უკან ვუწვდი. –ჩემს ოთახში მინდა, – ვამბობ და ირონიულად ვიცინი. ოთოს თვალებში კითხვის ნიშნებს ვხედავ და ვაზუსტებ. –ფეხს ვერ ვდგამ, მტკივა. –გინდა, დაგეხმარო? – მეკითხება ის, – გაგიყვანო? –შეენ? – ისე დამცინავად ვეკითხები, თავადაც მიკვირს. თან ეტლს ვათვალიერებ ღიმილით. თაფლისფერი თვალები ტკივილისა და წყენისგან უფართოვდება. ვიცი, რომ მის ჭრილობაში ხანჯალი მაქვს ჩარჭობილი და შეუბრალებლად ვატრიალებ. ეტლით ახლოს მოდის და დივნიდან პირდაპირ მის კალთაში ვინაცვლებ. კისერზე ხელებს ვხვევ. მუხლებს ვხრი და ასე ემბრიონის პოზაში ვყუჩდები საყვარელი კაცის მკერდზე მიკრული. არ მივყავარ ოთახში. არც კი ინძრევა. ალბათ, მანაც იცის, რა მოკლე მანძილია აქედან ოთახამდე. და მე ვფიქრობ, რომ ჩემს გადაწყვეტილებას საერთოდ არ უშლის ხელს, რაც ამ წამს მინდა. კისერში ვკოცნი, მერე კიდევ და კიდევ. მინდა, რომ ეს კაცი მე მეკუთვნოდეს. ასე ეგოისტურად მინდა, ცოტა ხნით მაინც ყველაფერი კარგად იყოს. 10 ადამიანები საჭიროზე ბევრად მორალურები არიან და საჭიროზე ამორალურად გამოხატავენ ამას. რაღაც ასეთი ფრაზა ამეკვიატა დილიდან. ბევრს ვფიქრობ, მაგრამ მხოლოდ პირქუში აზრები მომდის თავში. –ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ, – მეუბნება ოთო. –ხო, უკვე დროა! – ვეთანხმები უემოციოდ. –იცი მე ... ავდექი, – თითქოს დანაშაული ჩაიდინა, ისე მეუბნება. –ჰოო?! – თან ვეკითხები, თან ვპასუხობ. –გივისთან ვიყავი, – სახელით მოიხსენიებს უკვე ლამის ოჯახის წევრივით შინაურ ექიმს. –რაო, გივიმ? – მართლა გულწრფელად მაინტერესებს. –ადგომამ ნამსხვრევს მდებარეობა შეუცვალაო. რამდენიმე გამოკვლევა და ოპერაციას დანიშნავს,– მეუბნება და ვამჩნევ აოცებს ჩემი სიმშვიდე. მე მისკენ ვბრუნდები. სავარძელს სახელურებით ჩემკენ ვაგორებ. სახე მის სახესთან მიმაქვს და თვალებში ვუყურებ, ველოდები. –უბრალოდ.... იმდენი ტკივილი მოგაყენე... არადა ისევ შენ გამო... გესმის? – ნაწყვეტ-ნაწყვეტ მეუბნება. ღრმად სუნთქვს. –არა , არაფერი არ მესმის! – ვეუბნები მე და უხეშად ვკრავ ხელს სავარძელს. სავარძელი მაგიდის კუთხეს ეჯახება. ხვდება, რისი თქმაც მინდა. ოთოს თვალები ცრემლით ევსება. –აი ასე! არა, ამაზე მეტადაც! თითქმის ყოველთვის, როცა გიახლოვდებოდი ! – ვდგები, გაუპარსავ ლოყებს ვუჭერ. მინდა, სახეში მიყუროს. –გინდოდა ჩემი გაგდება და ვერ მომიშორე. რა ირონიულია, არა? ახლა ადგები და თავად წახვალ, –ვამბობ მე. –შენ მართლა არ გესმის, – ოხრავს ოთო. –შენ მაიძულე ფეხზე ადგომა, შიშმა, რომ ვერაფერს ვიზამდი, ხელს ვერ შეგიშლიდი, აივნიდან მართლა გაფრინდებოდი! – გახსენებაზეც კი ხმა ეხლიჩება. –მართლა ასე გამიმეტებდი? – მეკითხება გაბრაზებული. –და მე ვინ მაიძულა იქ დადგომა? – ვკივი უკვე გაცოფებული. –ისე, მე და შენ ერთმანეთი განვკურნეთ იცი? – ვეუბნები და ვაცდი გაიაზროს, – სიმაღლის აღარ მეშინია! უკვე ვხვდები, რატომაც არ მომიყვა ფეხზე ადგომის ამბავი. მას ჩემი რცხვენია. უფრო სწორედ თავს დამნაშავედ გრძნობს იმის გამო, როგორც მექცეოდა და ამიტომ რცხვენია. ასე ეგონა, მთელი ცხოვრება ეტლს იქნებოდა მიჯაჭვული. ფეხზე ადგომა კი მის უაზრო სიბრაზეს აცამტვერებს. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ფიზიოთერაპიაც ახალ ფაზაში გადადის. სიარულს თავიდან იწყებს. ცოტა ხანში სავარძელს თითქმის აღარც ხმარობს. ხელჯოხს ეყრდობა. დღეს ელენეს დღეა. უკვე რამდენი ხანია, ფიზიოთერაპიის დღეს ასე მოვიხსენიებ. სარკის წინ ვდგავარ. საკუთარ ანარეკლს ვუყურებ და სარკიდან ვიღაც უცხო მიცქერის. გამხდარი, თითქმის გამჭვირვალე. აბურდული თმით. ფერმკრთალი სახით. მას თვალებში ვუყურებ და, სადღაც სიღრმეში, საკუთარ თავს ვლანდავ. ოთოსთვის აღარ, მგონი, უკვე დროა, საკუთარი თავისთვის ვიბრძოლო. ვინაა ვიღაც ელენე? ათასი ელენე ვერ დამამარცხებს, თუკი მე გამარჯვება მინდა. სარკეს ზურგს ვაქცევ და საომარ მზადებას ვიწყებ. რომ მოვრჩი, სარკესთან დავბრუნდი და ისევ ყურადღებით დავაკვირდი იქიდან მომზირალ სრულიად სხვა ქალს. თეთრი კაბა აცვია ჩემს ანარეკლს. წელში გამოყვანილი, ლამაზი, ღია გულისჭრილით, წვრილი ზონრებით მხრებზე, თითქოს გამჭვირვალე, ჰაეროვანი, მუხლს ოდნავ ქვემოთ. მოვერცხლისფრო, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მხოლოდ რამდენიმე თასმით ეკვრის ფეხს. თვალი მაღლა ავაყოლე ამ სიფრიფანა გოგოს. გრძელი თმა ბოლომდე მაღლა აქვს აწეული და მრგვალ კოსად ადევს ლამაზ თავზე. მხოლოდ ერთი დეტალი აკლია სრულყოფილებამდე. 11 ნივთებს , რომლებსაც ვინახავთ, მახსოვრობა აქვთ. ინახავენ იმ ემოციას, რომელიც მათთან ურთიერთობისას დავუტოვეთ. ინახავენ იმ მოგონებებს, რომლებიც, მათთან გვაკავშირებს. მთელ სახლში გაბნეული ეს ნივთები, როგორც ძახილის ნიშნები, სიმყუდროვისა და დაცულობის შეგრძნებებს ბადებენ ჩვენში. ჩვენ გარშემო მოგონებების დამცავ, ჯადოსნურ კედლებს აგებენ. ჩვენს სახლში კი მსგავსი ძახილის ნიშნები უამრავია. ვუყურებ თაროზე შემოდებულ რევოლვერს და მახსენდება, დანახვისთანავე, როგორ მომინდა მეყიდა. სინამდვილეში, სანთებელაა, მაგრამ ისე ოსტატურადაა გაკეთებული, უბრალო მოყვარულის თვალი ვერც კი გაარჩევს ნამდვილისგან. კარგა ხანს ვაგროვე ღარიბმა სტუდენტმა ფული, რომ სასურველი ნივთი მეყიდა. ერთ საღამოს, სეირნობისას იმ მაღაზიას გავუარეთ, სადაც იყიდებოდა და ინსტიქტურად შევედი შიგნით. თაროსთან მივედი და მონუსხული მივაჩერდი. – ჯერ კიდევ არ გაყიდულა, აშკარად შენ გელოდებაო, – მითხრა გამყიდველმა, რომელმაც რამდენჯერმე შემამჩნია, როგორ ვუყურებდი ხოლმე ამ სანთებელას. უსიტყვოდ გამოვბრუნდი და გარეთ გამოვედი. ოთოც უსიტყვოდ გამომყვა. მერე კი, ერთ საღამოს, ასე, უბრალოდ, მომიტანა და მაჩუქა. ამიტომაც, უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ხოდა, ზუსტად ეს ნივთი იქნებოდა ერთ–ერთი პირველი, რომელსაც სახლიდან გავაქრობდი. მე ჩემი არსებობის კვალის წაშლა დავიწყე ... საყვარელ კაფესთან ჩემი გიჟი გოგოები დგანან. – ვაუ, ვაუ, რაო, წვეულება გვაქ? – მეკითხება ხატია და თავიდან ფეხებამდე მათვალიერებს. –რაღაც ხასიათი სხვაა, გარეგნობა სხვა – ნათია ხვდება, რომ ისე ვერ ვარ, როგორც მჩვევია. ვხვდები, თუ ახლა არ მოვუყვები მათ , თუ არ გავუზიარებ ვინმეს ჩემს დაგროვებულ ემოციებს, უბრალოდ, გადავიწვები. –რაღაც მინდა, მოგიყვეთ, – ვიწყებ მე. –რაღაც, რაც თქვენ არ იცით,– და ყველაფერს ვყვები. ვგრძნობ, როგორ იცლება ჩემი სული მძიმე ტვირთისგან. სიმსუბუქით ვივსები. ყველაფერს ვყვები, ოთოს კოშმარებს, უნებლიე ძალადობას, უხეშობას, ტკივილს, ბროლის ანგელოზის ინციდენტს, ელენეს ამბავს. ყველაფერს, გესმით? და მიკვირს, აქამდე რატომ ვინახავდი ყველაფერს გულში. მისმენენ და არ მაწყვეტინებენ. მაცლიან, დავიცალო. მოყოლას ვასრულებ. – უნდა დავლიოთ! – ამბობს ნატალი და სასმელს უკვეთავს. მე დალევა მართლა მჭირდება. –ახლა რას აპირებ? – მეკითხება ხატია, – შენი საქმეა და მე ყველაფერში მხარს გიჭერ, რაც არ უნდა გადაწყვიტო, მაგრამ მოგვიყევი, იქნებ რჩევით მაინც დაგეხმაროთ. ვყოყმანობ. არა მათ ჩემს გეგმებზე ვერ მოვუყვები. ვიცი, რომ ხელს შემიშლიან. ვიცი, შეეცდებიან, შემაჩერონ. საუბარი სხვა თემაზე გადამაქვს. – ნინისთან ხომ არ გილაპარაკიათ ამ ბოლოს? – ვეკითხები მათ. – კარგადაა, კიი – მიყვება ნათია მის ამბავს. – მოეწონა გოგოს ნიუიორკი! – იცინის. –კარგი, ერთი! – ვიცინი მეც. – კიდე არ ელაპარაკებით ერთმანეთს? – მეკითხება ნატალია. –არა! – ვუარობ მე და არ ვამბობ, რომ მე და ნინი უკვე ერთი კვირაა, შევრიგდით. როგორც კი დავურეკე და ყველაფერი მოვუყევი, გამოსავალი მაშინვე იპოვნა და დახმარებაც შემომთავაზა. ნინი ჩემი თანამზრახველია ახლა. ჩვენ ვსვამთ. უკვე საკმაოდ მთვრალები ვართ. ვგრძნობ, ჩანთაში ტელეფონი განუწყვეტლივ ირხევა, თრთის. ვიცი ოთოა. ცენტრში არ მივსულვარ. ალბათ, უკვე სახლშია და იქაც რომ არ დავხვდი, ალბათ, ძალიან ბრაზობს. ვიცი, ძებნას დამიწყებს. ხოდა, ძალიანაც კარგი, დაე, მეძებოს, ისე დავჭირდე, რომ ჩემს ძებნაში სამყარო თავდაყირა დააყენოს. ოღონდ ისევ დავიჯერო, რომ მისთვის ის ერთადერთი ვარ. გახლეჩილი სულის – დაკარგული ნაწილი. ახლა მან იდარდოს ჩემზე. ახლა მას ეტკინოს. – მისი ჯერია! – ვამბობ ხმამაღლა. –ვისი? – მეკითხება ნატალი. მე უაზროდ ვიცინი და პასუხს ისევ თავს ვარიდებ. სახლში გვიან ვბრუნდები ტაქსით. ფანჯრებს ავხედე. სინათლე არ ანთია. –ალბათ, ნერვიულობით მოკვდა! – ვბრაზობ ჩემთვის. იმედი მქონდა, მელოდა, მას კი უბრალოდ სძინავს. მოლოდინს, რომელსაც მხოლოდ საკუთარ ბრაზზე ვაფუძნებთ, ხშირად უსარგებლო და მცდარია. ვცდილობ, სახლის კარი ჩუმად გავაღო და პირდაპირ ჩემს ოთახში შევიპარო, მაგრამ ოთახის კარი დაკეტილია. სახელურს რამდენჯერმე ვამოწმებ და გაოცებისგან მხრებს ვიჩეჩ. ეს რაღაც ახალია. მისაღებში გავდივარ. ტორშერს ვანთებ. ჩანთას ტახტზე ვაგდებ. ქუსლიანებს ვიხდი და უწესრიგოდ ვყრი. საშინლად მსიამოვნებს ცივ იატაკზე გადაღლილი ფეხისგულების შეხება. მის კართან ფეხაკრეფით ვიპარები. ოთახში ვიჭყიტები. ისე ბნელა, ვერაფერ ვხედავ. ვფიქრობ, მის გვერდით შეუმჩნევლად მოვთავსდე, როგორც ეს ათასჯერ მიქნია, თუ დივანზე დავიძინო. ვყოყმანობ და ისევ დივნისკენ ვბრუნდები. ამაღამ მართლა არ მაქვს მასთან კამათის თავი. –ასე, არა? – მესმის აივნის მხრიდან. იქით ვიხედები... ოთო აივნის კარს მიჰყრდნობია გულხელდაკრეფილი და ინტერესით მითვალთვალებს. გამომიჭირა. ვცდილობ, საყვარლად გავუცინო. –მეგონა, გეძინა! – ვეუბნები მშვიდად. –მეძინა, არა? სად იყავი ასე გადაპრანჭული? – მეკითხება თავშეკავებით. – ბარში! – ტუჩებს ვბუსხავ და მტყუანი ბავშვის სახეს ვიღებ. –და მე რომ გელოდებოდი? რომ გირეკავდი? ეგ არაფერი? – ვგრძნობ ბრაზობს. მე მიამიტად ვიჩეჩ მხრებს. –საიმედო ხელში მეგულებოდი – გესლიანად წამომცდა მაინც. ოთომ ხელები ჩამოუშვა და ჩემკენ დაიძრა. მე დივნისკენ დავიხიე. კაცმა არ იცის, რას აპირებს. აშკარად ბრაზობს. დივანს ვუვლი და ვცდილობ, ჩვენ შორის მოვაქციო, როგორც ბარიერი. ოთო ჯერ არც ისე თამამად მოძრაობს, რომ დივანს გადმოაბიჯოს. ხვდება, ვერ დამიჭერს და ჩერდება. მეუბნება: – წამოდი, დავწვეთ, – გაოცებისგან წარბებს მაღლა ვწევ. –ერთად? – ვეკითხები, უფრო სწორედ ვაზუსტებ. არაფერს მპასუხობს. საძინებელში შედის და კარს არ ხურავს. ვერც ამჯერად ვამბობ მასზე უარს. სანამ ამ სახლიდან ჩემ თავს ამოვშლიდე, მანამდე მსურს, რაც შეიძლება, ბევრჯერ ვიგრძნო თავი მის ნაწილად და ოთახში მონუსხულივით მივყვები. ზღურბლს ვაბიჯებ. იქვე დგას სიბნელეში ჩასაფრებული მხეცივით. ხელს მავლებს. – დაგიჭირე, გოგონი! – ზურგიდან მეხუტება და კისერში მკოცნის. –ელენე მართალია, – მეუბნება ის, – მართლა საოცრება ხარ იცი? ელენეს სახელის ხსენება ისე მოქმედებს ჩემზე, თითქოს ცივი წყალი გადამესხა. ვცდილობ, მუცელზე მოხვეული ხელი გავაშვებიო, მინდა სასწრაფოდ დავტოვო მისი წყეული ოთახი, მაგრამ ოთო ძალით მაბრუნებს მისკენ. ხელს წელზე მხვევს. –ამისთვის ღირდა მოთმენა, – მეუბნება და მეორე ხელით თმას მიშლის. მე უხმოდ ვცდილობ, ხელიდან დავუსხლტე. მის თვალებში მხეცი იღვიძებს. მგონი, ის უკვე ოთოს სურვილებს ემორჩილება. მაშინ გამოდის, როცა თავისი ბატონი უხმობს. –რაო, არ გინდა ჩემთან? – მეკითხება ხრინწიანი ხმა. შიშისგან გული მიჩქარდება. ის კი ვითომ აქ არაფერი, კაბის სამხარეებს დაბლა მიწევს და მკერდს მიშიშვლებს. –ხომ ისიამოვნე იმ დღეს შენი გამარჯვებით? სხეულის დემონსტრირებით დასცინე საბრალო ინვალიდს არა? – მეკითხება ჩახლაჩილი ხმით. და იმას მახსენებს, აბანოდან რომ შიშველი გამოვედი და ეტლში რომ დავტოვე, თვალებაჭყეტილი. –ხოდა, ახლა ჩემი დროა! სამაგიეროს დროა, პატარა თავხედო! – ამბობს სიცილით. ლოგინისკენ მივყავარ ასე ნახევრად შიშველი. –რამდენს ვოცნებობდი ამ წამზე! – უკვე თავისთვის ჩურჩულებს. ვაცნობიერებ, რომ ოთო დაბრუნდა. მაგრამ ახლა ჩემი ჯერია, გავიქცე. დიახ, მე მისგან გაქცევა გადავწყვიტე! ზუსტად იმიტომ, რომ მას აღარ სურს ჩემი გაშვება! 12 დიდი და უეცარი ცვლილებები ძლიერ გარდატეხას იწვევს სულში. როგორიც არ უნდა იყოს ეს ცვლილებები, ცუდი თუ კარგი, აუცილებლად მოჰყვება ხოლმე თავისი შედეგები. თითქოს მე და ოთომ როლები გავცვალეთ. ის დაუბრუნდა თავის თავს, მე კი საბოლოდ დავიკარგე ჩემივე თავში. ისეთ თემებზე საუბარს, რომლებიც ვიცოდით, ტკივილს გამოიწვევდა, უსიტყვო შეთანხმებით თავს ვარიდებდით. ოთო ცდილობდა, ისე მოქცეულიყო, ყველა წყენა დაევიწყებინა. მე კი, რაც უფრო თბილად მექცეოდა ის, მით უფრო ვღიზიანდებოდი. უტყვი მოთმინებით იტანდა ყველა ჩემს ახირებას. თითქოს კუთვნილ სასჯელს იღებდა. არცერთს გვიფიქრია, რომ გულწრფელი საუბარი ყველაფერს ბევრად გაამარტივებდა. თანდათან სახლიდან გამქონდა ყველა ნივთი, რომელიც ემოციურად იყო დაკავშირებული ჩემთან. ბოლოს კი სახლში მხოლოდ სამი ძახილის ნიშანიღა დარჩა. კატაბუ, აივანზე ჩემი ყვავილები და აივნის ჩარდახზე დაკიდული ბროლის ანგელოზი. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება მიღებული მქონდა. წასვლის დროს განზრახ ვაჭიანურებდი. წაუსვლელობის მიზეზები კი არ მელეოდა. ... ... ერთ საღამოს აივანზე ვისხედით. უცებ ოთო წამოდგა და ნერვიულად თქვა: – ეს ნივთი აქიდან უნდა მოვაშორო, – აივნის კუთხეში მისი უკვე უფუნქციო ეტლი იდგა. ეტლს შევხედე და ბრაზმა ამიტანა, თითქოს მისი ბრალი იყო ჩვენი ასეთ დღეში ჩავარდნა, მაგრამ, ასე თუ ისე, მაინც სწორედ ეტლი იდგა ჩვენ შორის აუღებელ ბარიერად. ისე მომინდა, მასზე შური მეძია, თითქოს სულიერი არსება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ოთოს მიმართ ჩემს გრძნობებს მან ვერაფერი ვერ დააკლო, ვერც მაშინ ოთო, რომ მასში იჯდა და ვერც შემდეგ, როცა მას თავი დააღწია. –მოიცა! – ვუთხარი ოთოს. –რაღაც მინდა ვსინჯო. ოთომ შემომხედა და შეჩერდა. ხელი მოვკიდე და ვანიშნე, ეტლში ჩამჯდარიყო. არ ესიამოვნა, გამიძალიანდა. –გთხოვ! – ვუთხარი და თვალებში ეშმაკური სხივი გამიკრთა. უარი ვეღარ მითხრა და მძიმედ ჩაეშვა. ალბათ, არ ეგონა ოდესმე, თუ კიდევ მოუწევდა იქ ჯდომა. ქურდივით მიმოვიხედე. ჩვენი აივანი მაღალი კედლის, მცენარეებისა და ჩარდახის გამო კარგად იყო დაცული უცხო თვალისგან, თუმცა ეს დიდად მაინც არ მაღელვებდა. –მისმინე! – მინდა, რომ მასზე კარგი მოგონებებიც დაგვრჩეს, – ვუთხარი ოთოს და ქვედა ტუჩი კბილებში მოვიქციე. გაოცებული მიყურებდა, სადღაც მიხვდა, რაღაც კარგი ელოდა და გამიღიმა. ჩემთან ახლოს მოაგორა ეტლი. მკვეთრი მოძრაობოთ ზედ მუხლებზე დამისვა, ხელები მაისურის თავისუფალ ბოლოებში მომკიდა. ,,ეს ბიჭი მკლავს , ეს ბიჭი ჭკუიდან მშლის! " – ვიფიქრე მე და ხელები მაღლა ავწიე. ეს ის იყო, რაც თვეების მანძილზე მინდოდა, როცა გაუბედავად, ლანდივით დავყვებოდი უკან ოთახიდან ოთახში და მხოლოდ მასზე ოცნებას ვბედავდი... ....რადგან ეტლი საკმაოდ ხარისხიანი და ძვირად ღირებული იყო, გადავწყვიტეთ, თერაპიის ცენტრში წაგვეღო, რომ იქ მისთვის გადაეცათ უსასყიდლოდ, ვისაც, სამწუხაროდ, ეს სჭირდებოდა. არ გაოცდებით, ვიცი, რადგან გარშემო იმდენი დარდია. ვიღაცას ეტლის თავიდან მოშორება ეჩქარება, ვიღაცა ვერ ყიდულობს უსახსრობის გამო, ნატრობს, რომ ჰქონდეს... წასასვლელად გავემზადეთ. ოთომ ეტლი გამოაგორა. მე კი მივირბინე და მასში ჩავსკუპდი. –,,მაკატავე“, ჰა?– თითქოს კიდევ ერთხელ დავუკარგე ეტლს ფუნქცია და ამით საკუთარ თავს დავუმტკიცე, რომ ის არც ისეთი საშიში არ იყო. მან გაიღიმა და ასე ეტლით ჩამიყვანა მანქანამდე. – მაგარია. მგონი, მოგენატროს კიდეც! – ისევ წამოყო თავი ბოროტმა მემ. –რომ მეფიქრა მისი ყოველ დღე იმ ფუნქციით გამოყენება, როგორც აივანზე წეღან, იქნებ არც ავმდგარიყავი! – მეუბნება ოთო და მაწითლებს. ცენტრის სადგომზეც კვლავ ეტლში ვჯდები. ოთოს კი ჩემი კარგი ხასიათი ახალისებს. ბოლო დროს ისე იშვიათად ხდება ეს, რომ სულაც არ მიკვირს, უარს რომ არაფერზე მეუბნება. სადგომზე მანქანის გარშემო დამაქროლებს. ვიცინით და იმ წამს გულწრფელად ბედნიერები ვართ. უცებ კარიდან ელენე გამოდის. როგორც ჩანს, ვაჟბატონს გაუფრთხილებია, იცის რომ მივალთ და გველოდება. გვხედავს და ჯერ გაოცებული გვიყურებს, მერე კი ფართო ღიმილით იღიმება. მისი ღიმილი და ჩემი ხასიათის გაფუჭება ერთია. –აღარ მინდა! – ვამბობ გაბრაზებული. უეცარი ცვლილებით შემკრთალი ოთო ჩერდება. ელენე ახლოს მოდის და გვესალმება. მე ჯერ კიდევ ეტლში ვზივარ და ქვევიდან ავცქერი მას. მაინც რა ლამაზია ეს ოხერი. ვფიქრობ მე და კოპებს ვკრავ. და უცებ სიცივე მეღვრება სხეულში. ზუსტად ისეთი ვარსკვლავი, როგორიც ჩემი გულსაკიდია, მის საყურეზე კონწიალობს და ციმციმებს. გაშეშებული თვალმოუშორებლად მივჩერებივარ. ელენე ჩემს მზერას აფიქსირებს და უხერხულად ცდილობს ხვეული თმით ყურის დაფარვას, მაგრამ უკვე ძალიან გვიანია. მისი ეს შეცბუნება და რეაქცია მარწმუნებს ჩემი ფიქრების სისწორეში! ....მთიები გაგიგონიათ, ხომ? ცისკრის ვარსკვლავი? ეს ვენერას სახელებია. ერთადერთი პლანეტის, რომელიც ასე კარგად ჩანს დედამიწიდან შეუიარაღებელი თვალით. თუ თქვენ ზოდიაქოს ყურადღებას აქცევთ, მაშინ მიხვდებოდით, რომ პლანეტა ვენერა, ანუ სიყვარულის ქალღმერთის პლანეტა, ჩვენი, ჩემი და ოთოს საერთო ზოდიაქოს მფარველია. სიმბოლური საჩუქარი იყო ოთოსგან ჩემი, როგორც ოთოს მთიების, მწუხრისა და ცისკრის ვარსკვლავისათვის. ახლა კი ელენესთვისაც იგივე ვარსკვლავი ციმციმებს? იმედგაცრუება ვენებში მჩქეფარე სისხლივით მოედო სხეულს. იმედგაცრუება ისეთი ემოციაა, ყველა ხიდად გადებულ გრძნობას რომ წვავს და უკან დასაბრუნებელ ყველა გზას ხერგავს. გადაწყდა, დღეს სწორედ მშვენიერი დღეა წასასვლელად! 13 ბრაზი რომ საუკეთესო მრჩეველი არაა, ეს თქვენც კარგად გეცოდინებათ. მეც ვიცოდი, მაგრამ მაინც მის რჩევებს ვუსმენდი და უფსკრულისკენ სინათლის სისწრაფით მივექანებოდი. ალბათ, ქვეცნობიერად ვხვდებოდი ჩემს ირაციონალურ საქციელს და ამიტომაც არავის მოვუყევი არაფერი. მხოლოდ ნინიმ იცოდა ჩემი გეგმის შესახებ და მანაც მხოლოდ ჩემი პოზიციიდან დანახული სიმართლე ვუთხარი და ასე ბრმად ამიტომ მიჭერდა მხარს. ნინი ფიქრობდა, რაც უფრო შორს ვიქნებოდი ოთოსგან, მით უფრო ადვილად დავივიწყებდი. მაგრამ ჩემმა აჩქარებამ, მადლობა ღმერთს, ყველაფერი შეცვალა და საბედისწერო ნაბიჯისაგან მიხსნა. ახლა, რომ ვუფიქრდები, იქნებ ყველაფერი მართლაც რომ ბედისწერა იყო? ოთომ საღამოობით სირბილი დაიწყო. ალბათ, რაც ეს თვეები უმოძრაოდ იყო, იმის ანაზღაურებას თუ ცდილობდა მუდმივი მოძრაობით. როგორც კი სახლის კარი გაიხურა. მე ნოუთბუქს ვეცი და სურათების ყველა ფაილი წავშალე. სურათიც კი არ მინდოდა დამეტოვებინა მისთვის. მეც ვხვდები, რომ ბავშვური და სულელური საქციელი იყო. ამას რა უჭირს, სანამ ოთო იცვლიდა, მისი მობილურიც კი დავაცარიელე სურათებისგან. ჩემი სოცქსელი დავბლოკე და მიუწვდომელი გავხადე. შემდეგ კატაბუ ავიყვანე. ვიცოდი, დიდი ხნით ვემშვიდობებოდი, მაგრამ ახლა მას თან ვერ წავიყვანდი. – მაპატიე ბიჭო, – ვთხოვე ჩემს თილისმას. –იზრუნე მასზე! უფლება არ მისცე დამივიწყოს! – ვთხოვე ფისუნას. –მიაუ! – ალბათ, დამთანხმდა კატაბუც. ჯამი ბოლომდე გავუვსე საყვარელი ხრუხუნებით. ცხვირზე ვაკოცე და დავსვი. ყვავილები ბოლოჯერ მოვრწყე. საქორწინო ბეჭედი თითიდან მოვიხსენი და მაგიდაზე დავდე. სახლს თვალი მოვავლე. ჩანთა ზურგზე მოვიგდე და სწრაფი ნაბიჯებით დავტოვე ჩემი მყუდრო ნავსაყუდელი. ვიცოდი, ოთოს გარეშე ყოფნა როგორ მეტკინებოდა, მაგრამ ახლა მას უნდა გადაეწყვიტა, რამდენად მნიშვნელოვანი ვიყავი მე მის ცხოვრებაში, რად ვუღირდი და სადამდე გაწვდებოდა ჩვენ შორის გაბმული სიყვარულის უხილავი ძაფი. მანქანაში ჩავჯექი. კიდევ ერთხელ დავფიქრდი, ვიგრძენი, უნდა წავსულიყავი. თითქოს ჩემი წასვლა სადღაც რაღაცას შეცვლიდა და მანქანა დავქოქე. რაღაც ნახევარ საათში ტელეფონმა დარეკა. რა თქმა უნდა, ის იყო. მანქანა გავაჩერე, რადგან ნერვები ისე მქონდა დაჭიმული, შეიძლება რამეს დავჯახებოდი და ზარს ვუპასუხე. – რას აკეთებ? რა ხდება? – შეშფოთებული იყო და ხმა უკანკალებდა. –წავედი! – ვუთხარი მე. –ნუ გააკეთებ ამას! – მთხოვს დაჟინებით. –ბეჭედი ნახე? გათავისუფლებ! – მისივე მტკივნეულ სიტყვას ვუბრუნებ, – ახლა შენ უნდა აირჩიო, ან წინ იარო და ახალი ცხოვრება დაიწყო, ან წარსული გადააფასო და დამელოდო. როცა ვიგრძნობ, რომ მზად ვარ, დავბრუნდები. გახსოვდეს, შენს ნებისმიერ არჩევანს მივიღებ და პატივს ვცემ! – ტელეფონს ქსელიდან ვთიშავ და მანქანას ვქოქავ. სადაც ძებნას არ დამიწყებს, ეს ბათუმია. იცის, რამდენად არ მიყვარს ხალხმრავლობა. რამდენად შორს ვარ ხმაურიანი და მჩქეფარე ცხოვრებისგან. ალბათ, უფრო მთებში დამძებნის. სანამ ვიზა მომივა, ბათუმში უნდა დავიმალო. დღეები როგორღაც გადიან. საღამომდე ასე თუ ისე ფიქრებს ვებრძვი, მაგრამ, აი, მზის ჩასვლისას იწყება ომი, ომი საკუთარ თავთან. ომი მის მონატრებასთან. ვგრძნობ, ამ ომში გამარჯვება არ მიწერია. ვფიქრობდი, მარტოობა დამამშვიდებდა. აზრებს დავალაგებდი, მაგრამ ნურას უკაცრავად. ჩემს თავში ბზიკებმა დაიდეს ბუდე და ჭკუიდან შემშალეს. სამი კვირა სამ საუკუნემდე გაიწელა. ცხოველების ცხოვრებაზე ვუყურებ გადაცემებს გამუდმებით. როგორღაც მამშვიდებს, აზრებს მიფანტავს. არ ვიცი, როგორ? კიდევ წიგნებს ვკითხულობ საოცარი გატაცებით. სულ ერთია რაზე, მთავარია, წიგნი იყოს. ახლა რომ მკითხოთ, ვერ გეტყვით, რა წავიკითხე იმ სამი კვირის განმავლობაში, მაგრამ ვიცოდი, რომ გონება დაკავებული უნდა მქონოდა, რაც აქ ვარ. მობილური არც კი ჩამირთავს. დედასა და გოგოებს ინტერნეტკაფედან ვეკონტაქტები, ისიც იშვიათად. ვიცი, რომ უნდათ, გაიგონ რა ხდება. მე კი მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს. –დრო მომეცით! ოთოზე არავის არაფერს ვეკითხები. უბრალოდ, მეშინია ისეთი რამე არ მითხრან, რისი მოსმენაც არ მინდა. აღარც ამ ხალხის ატანა შემიძლია გარშემო... ... ამ საღამოს რამე მყუდრო ადგილს ვეძებ. მანქანით მივყვები ზღვის ნაპირს. შემდეგ რაღაც პატარა კაფესთან ვაჩერებ. ფაცხებივით გამოყოფილი მაგიდებია. ერთ–ერთს, ყველაზე შორეულს ვიკავებ. საჭმელსა და ყინულიან ყავას ვუკვეთ. წიგნს ვშლი და სამყაროს ვეთიშები. პირდაპირ ზღვა ჩანს. ხანდახან დაღლილ თვალებს ზღვისკენ ვაპარებ. წიგნს სინათლის ბოლო წვეთამდე ვკითხულობ. მერე კი დიდხანს უაზროდ მივჩერებივარ სანაპიროს. საათს ვუყურებ, ცხრა საათია. ხალხი თითქმის არაა და არავინ მაწუხებს. მგონი, მიმტანს აღარც ახსოვს, აქ თუ ვარ. ჩემთან ახლოს, ორი კაცი სასმელს სვამს. მათი ხმა სიწყნარეში გარკვევით მესმის. უცებ ერთი ეუბნება მეორეს. –ბიჭო, ვინ გავჩითე დღეს, თუ იცი? –ვიინ, ,,ბრატ?"– ინტერესდება მეორე. –ის ძუკნა რიჟა, ბიჭო – უსიამოვნო ხმა აქვს პირველს. ზიზღით ტუჩებს ვიბზუებ. –ის მასაჟისტკა, ტოო? ელგეპედე როა, – ეკითხება მეორე. ხარხარს ძლივს ვიკავებ, გეფიცებით, ზუსტად ასე ამბობს, ეს შეუმდგარი მაჩო. –ხო, ბიჭო. ლილის გავყევი დღეს სალონში თუ რაღაც სილამაზის ცენტრში. მეთქი, ვნახო, ტოო, სად დადის. აზრზე ხო უნდა ვიყო, რაა. – აბა რა, ,,ბრატ“! – უმოწმებს მეორე. ზიზღით მეცინება, ანუ ეს მამრი, სავარაუდოდ, ცოლს ან შეყვარებულს ამოწმებს, ვინიცობაა, კაცი არ ჭრიდეს თმას. იდიოტი, ვბუტბუტებ მე. –ხოდა, ძმაო, იქ არ გამეჩითა. ვაა, მეთქი, ბედია, რაა. ლილი სახლში მივიყვანე თუ არა, ეგრევე ,,დავუსატკავე" - მეთქი როგორ ხარ, ლამაზოო! და ამ ძუკნამ ,,იმენა" დამიკიდა, რაა. –ვაა ! – იოცებს მეორე. –ცხვირი ამიბზუა, რა! აუ, მაგი, თუ მაგ ცხვირით მიწაზე არ ვახოხო, ნახავს ჩემი.... და საკუთარი დედის უშვერი გინებით ამოწმებს თავის ,,კაცურ" სიტყვას . –ბრატ, ხომ არ აგვეგდო ბაითში? – ეკითხება შემპარავად მეორე. –ბიჭო, ერთია კაცის გამო, რომ გიკიდებს მარა, ქალების გამო? ოოო! მაგას ჭკუა უნდა ვასწავლო, ,,ბრატ“. როგორც ჩანს, ნელ–ნელა სასმელი ეკიდება და მეგობრის სიტყვა ჭკუაში უჯდება. –მაგას! – ამბობს ეს ნაძირალა, – ნამდვილი კაცი უნდა გავასინჯო. მგონი, ხვეწნაც დამიწყოს მერე. ანუ თავს ნამდვილ კაცად მიიჩნევს, მართლა სჯერა ამის. –ეს ამბავი ამაღამვე მოგვარდება! – ამბობს და ხმა ეხლიჩება. –წამო, ძმაა, – დგებიან და მიდიან. მე ვზივარ გაშეშებული და ის ქალი მახსენდება, ჩემი აივნის ქვეშ რომ სცემა ამათნაირმა არაკაცმა. ახლაც, სავარაუდოდ, რაღაც საშინელების გაკეთებას უპირებენ კიდევ ერთ საბრალო ქალს. ინსტიქტურად ვდგები, ნივთებს ვკრეფ და მანქანისკენ გავრბივარ. წუთის დაკარგვაც არ შეიძლება. რომ გამასწრონ ? – არ შეიძლება! მანქანას ვქოქავ და მათ ჯიპს კვალში ვუდგები. პირველად ვინანე, რომ ტელეფონი არ დამაქვს. ქალაქში შედიან, რომელიღაც უბანში, ალბათ, იმ გოგოს სახლთან ჩერდებიან და მსხვერპლს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით უსაფრდებიან. მე ასე 50 მეტრის დაშორებით ვჩერდები. არც კი ვიცი, რას ვაპირებ. იმედი მაქვს, რომ ის გოგო არ გამოვა. უცებ მანქანის კარები იღება. გადმოდიან . გზაზე გოგონა მოდის. სიბნელეში ვერც ვარჩევ წესივრად. ისინი აქეთ-იქიდან უდგებიან და მანქანისაკენ მოჰყავთ. გოგო იბრძვის. პირზე ხელს აფარებენ. ერთი მანქანის უკანა კარს აღებს, მეორე კი მის ჩასმას ცდილობს. ხელი გაეშვა და გოგო ჩემი მანქანისკენ გამორბის. მე ჟრუანტელი მოვლის, გაშეშებული ვზივარ. კარგად ვხედავ მის სახეს. უცებ ის არაკაცი თმაში ხელს ავლებს და სახეს პირდაპირ მანქანის საბარგულზე არტყმევინებს. გოგოს გული უღონდება და ძირს ეცემა. როგორც თოჯინა, ისე შეისროლეს უკანა სავარძელზე და მანქანა ადგილს სწყდება. მე ვზივარ გამშრალი. ვერ ვაზროვნებ. ამ მოძალადე ნაბიჭვრებმა არც მეტი, არც ნაკლები ელენე გაიტაცეს... 14 მართლა მჯერა, რომ ადამიანებს, რაღაც მისია აკისრიათ, რაღაც ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგრამ თანაც ძალიან მნიშვნელოვანი. ... წამებში ვიღებ გადაწყვეტილებას, გაზს ვაწვები და ჩემსა და წინ მიმავალ ჯიპს შორის მანძილს ვამცირებ. ჩემი სხეული კი ადრენალინის გამოყოფას იწყებს. ძალიან მეშინია, გამყინავი შიში იბუდებს სხეულში, მაგრამ სწორედ ეს შიშია ადრენალინის დონეს, რომ მიასმაგებს. სადღაც მიყრუებულ, ხრეშიან გზაზე გადაუხვიეს. ალბათ, სადმე შორეულ სოფელში მიჰყავთ ჩემი მშვენიერი ,,მეტოქე". მათი ცარიელი თავებისა და გაუაზრებელი გეგმის გამო მიმართლებს. სავარაუდოდ, საწვავი ელევათ და სადღაც დაფხავებულ ძველ ბენზინგასამართ სადგურთან ჩერდებიან. მეც ახლოს მივდივარ და მანქანას ვაჩერებ. მანქანაში მიმოვიხედე. რამეს ვეძებ, რაც დამეხმარება. ვიცი, სწორედ ახლა მაქვს შანსი და ხელიდან ვერ გავუშვებ მას. საჭესთან პატარა საბარგულს ვხსნი და ხელს ვაფათურებ. ოთოს ნაჩუქარი რევოლვერი მხვდება ხელში. ოთო! როგორ მინდა ახლა ჩემთან იყოს! რევოლვერს ვიღებ და გულში ვიხუტებ. ფანჯრიდან ვიყურები. გარემოს ვზვერავ. ერთი სადგურის მუშას რაღაცას ედავება. ალბათ, ფასი არ მოსწონს საწვავის. მეორე კი საპირფარეშოს გვერდით იკმაყოფილებს ბუნებრივ მოთხოვნილებას. სწორია, გვერდით და არა – ში! მძორი! მანქანიდან ფრთხილად გადმოვდივარ. კარს ღიას ვტოვებ. მეორე კარსაც ვხსნი. ეს სცენა, რომელიღაც კინოდან მახსოვს, გასაქცევად ვამზადებ, რომ შემდეგ დრო არ დავკარგო. რახან ასე არხეინად არიან, ვხვდები, ელენე კიდევ უგონოდ უნდა იყოს. მერე სიბნელით ვსარგებლობ. სადგურის ჭერზე ერთი დაბალვატიანი ნათურა ბჟუტავს, რის გამოც ღმერთს მადლობას ვუხდი. მძღოლის მხარეს კარი ღიაა და რაღაც საშინელი კლუბური მუსიკა აყრუებს იქაურობას. აი, ისეთი კაიფში რომ ,,უსწორდებათ". კარს ვაღებ და ელენეს ფრთხილად ვანჯღრევ. თვალს ახელს და თითქოს ფხიზლდება. – დროზე, ელენე დროზე! – ვაჩქარებ მე – დრო ცოტა გვაქვს. სალონს თვალს ვავლებ და ოპააა! რომელიღაცას ტელეფონი და მანქანის გასაღები ჩემს ხელში ინაცვლებს. ჩემი დანახვით გაოცებული ელენე გადმომყავს. მარცხენა ხელს კისერზე მხვევს. წონასწორობა უჭირს. სახე სისხლში აქვს მოთხვრილი. ნელ-ნელა უკუსვლით ჩემი მანქანისკენ ვიხევთ. –აქ რა ხდება ამის დედაც?! – მამჩნევს ელენეს ,,თაყვანისმცემელი" და ჩვენკენ მოდის. თავს წუილი გაუდის. დაძაბულობა პიკს აღწევს. – ლეოო! – ეძახის თანამზრახველს. რა ზედ გამოჭრილი სახელია, მიელავს ტვინში… მხოლოდ ერთი ასო აკლია! – შენთვის სიურპრიზი მაქვს ტოო! – და ავად ხარხარებს. სადგურის მუშა გაოცებული გვადევნებს თვალს , თუმცა ჩარევას ან მით უმეტეს ჩვენს დახმარებას არც აპირებს. ლეოდ წოდებულიც მოდის. მათვალიერებს და ტუჩებს ამაზრზენად ილოკავს. უცებ რევოლვერიან ხელს მაღლა ვწევ და ელენეს "სატრფოს" შუბლში ვუმიზნებ. – მიდი, მომანიჭე სიამოვნება და ნაბიჯი გადმოდგი! – ვლაპარაკობ ჩემთვის უცნობი ხმით. ჩემს შინაგან მხეცს ვუხმობ. ახლა ის ძალიან მჭირდება. ისიც არ ახანებს და ჩემი თვალებიდან გარეთ მოძვრება. ამას კარგად ვგრძნობ, რადგან თვალები საშინლად მეწვის. –ტვინს ისე გაგასხმევინებ, ხელიც არ ამიკანკალდება! – არ ვიცი, იარაღის დანახვა თუ ჩემი ხმა მათზე ჯადოსავით მოქმედებს და ადგილზე აშეშებს ორივეს. ლაჩრები, სწორედ მათი სილაჩრის იმედი მქონდა! ის მესამე, მშიშარა მათხოვარი კი უკვე მიწაზე წევს. გამშრალ ტუჩებს ენით ვილოკავ და ელენეს მანქანაში ვსვამ. მათთვის თვალის მოუშორებლად მეც ვჯდები. მანქანას ვქოქავ და ადგილზევე ვაბრუნებ საპირისპირო მიმართულებით. ის მძორები კვლავ იმ პოზაში დგანან, როგორც წეღან გაშეშდნენ. უცებ მათი გამწარების დაუოკებელი სურვილი მიტანს. იარაღიან ხელს ჯეიმს ბონდივით ვყოფ ფანჯრიდან, მათ ვუმიზნებ და ,,ბახ!" სანთებელას ვანთებ. გიჟივით ვხარხარებ და მანქანას ადგილიდან ვწყვეტ. სარკეში ვასწრებ დანახვას, როგორ ხტებიან ჯიპში, ალბათ, დადევნება სურთ, მაგრამ ვერ მივართვი. მათი სახეების წარმოდგენაზე კიდევ უარესად ვხარხარებ და მათი მანქანის გასაღებს ხელს ვუჭერ. ელენე თვალებდაჭყეტილი ზის. ვერ გაუგია, ცხადშია თუ ესიზმრება. მთავარ ტრასაზე გამოვდივარ და ნელ-ნელა ჩემი ადრენალინის ბოლო მარაგი მეწურება. მკვეთრად ვამუხრუჭებ. თავს საჭეზე ვდებ და და ქვითინს ვიწყებ. არ ვიცი, რამდენი ხანი გადის. უცებ ელენე მხარზე მეხება. –ყველაფერი კარგად იქნება! – მამშვიდებს და თავზე მეფერება, როგორც დედა პატარა ბავშვს. –ჩემი მამაცი! ჩემი გაბედული! ჩემი ყოჩაღი გოგო! – ჩურჩულებს ჩუმად. მერე მანქანიდან გადადის. საჭის მხარეს უვლის კარებს აღებს და მეუბნება: –გადაძვერი. ახლა მე წავიყვან! – თვალებში ვუყურებ და ვხვდები, როგორი ძლიერი სული აქვს ამ ერთი შეხედვით სუსტ და კაფანდარა გოგოს. უსიტყვოდ ვძვრები გვერდითა სავარძელზე. შუბლს სარკმელს ვაყრდნობ. უკვე განთიადია. ვხედავ, რა დიდებულია მზის ამოსვლა და თვალებს ვხუჭავ. 15 ზოგჯერ სწორედ მაშინ მოდის ხსნა, როცა საერთოდ არ ელოდები. ელენესთვის მე ვიქეცი ხსნად, ხოლო მე კი სწორედ ელენემ ჩამიდო ხელში არიადნეს ძაფის ბოლო და ლაბირინთიდან გასასვლელი გზა დამანახა... ... ვიგრძენი, მანქანა გაჩერდა და თვალი გავახილე. წინა ღამის მძაფრი ემოციებისგან დაღლილს მშვიდად ჩამძინებოდა. –სად ვართ? – ვიკითხე დაბნეულად. –პოლიციასთან,– მიპასუხა ელენემ და მხრები აიჩეჩა, – ცხელ კვალზე, სამხილებითა და ჩვენებებით. ეს ამბავი ბოლომდე უნდა მივიყვანო, – მეუბნება მტკიცე ხმით. – დღეს მე ვიყავი, ხვალ სხვა იქნება! სანამ არ დაისჯებიან, ესენი ჭკუას ვერ ისწავლიან, – აღფრთოვანებული ვარ ელენეს გამბედაობით. იმით, რომ არ ჩუმდება. იმით, რომ სამართლიანობისთვის იბრძვის. რომ ვერ შეაშინეს. –მეც შენთან ვარ! – ვამხნევებ, – და პოლიციის განყოფილებაში ერთად შევდივართ. საღამოა, სანაპიროზე ვზივართ მე და ელენე და საკუთარ ფიქრებში ჩაფლულები მზის ჩასვლას ვუყურებთ. –ვიცოდი, ჩემს ცხოვრებაში, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი უნდა გეთამაშა, – მეუბნება ელენე. ვუყურებ, იმდენი რამე მინდა ვკითხო. –ის როგორ არის? – ვეკითხები ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანს და თავს გვერდით ვაბრუნებ. –ვინ? – მართლა ვერ ხვდება ელენე. –ოთო! – ვაზუსტებ მე. –ოთო? – მართლა უკვირს. –ის ლამის ერთი თვეა, არ მინახავს. მიკვირს, მე რატომ მეკითხები მასზე? – ვბრაზდები. შენ თუ არა, აბა ვის ვკითხო. ვფიქრობ გულში. ისე ვბრაზდები, რომ თამაშს თავს ვანებებ და ჩემს ეჭვებზე ვულახდილად ვუყვები. მიყურებს, სევდიან მწვანე თვალებში. –ესე იგი, ამიტომ, არა? ამიტომ მხვდებოდი ყოველთვის მტრული და ქედმაღალი სახით?, – მეკითხება ის. –მე კი მეგონა, ხვდებოდი და ამიტომ გძულდი! –რას ვხვდებოდი? – საბოლოოდ, ვიბნევი მე. ელენე წამით ფიქრობს. მერე გადაწყვეტილებას იღებს. –მე ბიჭები არ მომწონს! – რამდენიმე წამი მჭირდება, რათა გავიაზრო მისი ნათქვამი და უცებ გონებაში იმ არაკაცის ნათქვამი, დამახინჯებული აბრევიატურა მიტივტივებს, – ,,ელგეპედე რომაა, ბიჭო?", – თანდათან ყველაფერს ვხვდები. –ანუ? – თქმა მაინც მიჭირს და მოკაკული საჩვენებელი თითით საკუთარ თავზე ვანიშნებ. ელენე ღრმად სუნთქავს შვებით და თავს მიქნევს. –შენ! – უცებ ცხადი ხდება ყველაფერი. მაგრამ არის ერთი რამ, რაც მაწუხებს. –ელენე, ეს ვარსკვლავი საიდან გაქვს? – ვეკითხები და პასუხის მოლოდინში ჩემს გულსაკიდს ვაჩვენებ. –იცი, რამდები ვეძებე, რომ ზუსტად მასეთი მეყიდა? მინდოდა, რაღაც გვქონოდა საერთო. მქონოდა რამე ისეთი, რაც შენთან ასოცირდებოდა,– ვფიქრობ მის ნათქვამზე. –ანუ ...ანუ....ეს რა ჩავიდინე! ოთო! – ვბრაზობ საკუთარ თავზე. –ოთომ იცოდა რამე?_ ელენეს ეღიმება. –კი, მიხვდა. მარტო შენ ვერ მიხვდი ვერაფერს. მიზეზს კი ვხვდები ახლა რატომაც. რა მოხდა თქვენს შორის? – მეკითხება და ზღვას გაჰყურებს. –მივატოვე! ავდექი და მივატოვე. მეგონა მას თავისუფლება სჭირდებოდა. რომ შენთან... აღარ ვამთავრებ. აი, რატომ მიყურებდა ასე ირონიით ოთო. მან იცოდა ელენეს გრძნობები ჩემ მიმართ და ჩემს სასაცილო ეჭვიანობაზე ეცინებოდა. თურმე ორივე ერთი და იმავე ქალზე ვეჭვიანობდით, თუმცა სხვადასხვაგვარად. სასაცილოა, არა? – ელენე, ახლა რა ვქნა, ელენე? – მის მეტი ამ წამს არავინ მყავს, რომ დარდი გავუზიარო. თავს კალთაში ვუდებ და ვტირი. ელენე ისევ თმებზე მეფერება. –იცი? ჩემთვის შენი ბედნიერებაა მთავარი! შენ ოთო გიყვარს და მისი ბედნიერება უნდა გინდოდეს. რა ბედნიერებაა არაა, იმას რომ უყვარხარ, ვინც შენ გულშია! – მეუბნება მშვიდი თბილი ხმით. –ოთოს ბედნიერება შენ ხარ! მასთან უნდა წახვიდე! სხვას მე ვერაფერს გირჩევ! – ვმშვიდდები. ის მართალია. მასთან უნდა წავიდე! მაგრამ, ვაითუ დავიგვიანე! თუმცა, ხვალეზე ხვალემ იდარდოს! თავს ვწევ და ელენეს ვუყურებ. –მადლობა ელენე! ყველაფრისთვის მადლობა! – მე მისი მადლიერი ვარ, რომ გზა დამანახა. –შენ მფარველ ანგელოზად მოხვედი მაშინ, როცა იმედი საერთოდ აღარ მქონდა! როცა მეგონა, წყვდიადი შემჭამდა! ალბათ, მათ ცოცხალი თუ გადავურჩებოდი, მაინც თვითმკვლელობა იქნებოდა ჩემი ბოლო! შენ კი მოხვედი ჩემო სინათლევ და წყდიადი გაფანტე! მე ვარ მადლიერი გესმის? – ერთმანეთს თვალებში ვუყურებთ. მზე ზღვაში იძირება, ზღვა მეწამულია, მისი თმები თითქოს ირეკლავს ამ ფერებს და ცეცხლის გვირგვინად ადგას თავზე. ჯადოქარივით ლამაზია ეს ქალი. –შეიძლება დაგემშვიდობო? – მეკითხება მორცხვად. მე უსიტყვოდ ვუყურებ. ელენე ჩემკენ იხრება, ლოყაზე ხელისგულით მეხება და პირველად და უკანასკნელად ტუჩებში მკოცნის. მე ვდგები და ვიღიმი. გული ეჭვებისგან თავისუფლდება და შვებას ვგრძნობ. – წადი მასთან! – მეუბნება ახალი მეგობარი. მე გავრბივარ. –გაიქეცი! გაიქეცი! – მეძახის ელენე და მე მისი ბედნიერი სიცილი მესმის. ნივთებს უწესრიგოდ ვყრი ჩანთაში. მანქანაში ვჯდები და ტელეფონს ვრთავ. წამის მერე წკრიალებს მობილური. შეტყობინება ... შეტყობინება... შეტყობინება... მე სულ პირველს ვეძებ, ვხსნი და კითხვას ვიწყებ.... 16 SMS 1 თეე, მიპასუხე! არ გინდა გთხოვ! მასე არ მომექცე! დამირეკე! Sms2 ნერვები დაწყვეტაზე მაქვს, თე, როგორც კი ჩართავ, დამირეკე! Sms3 უნდა ვილაპარაკოთ, დიდი ხნის წინ უნდა გველაპარაკა! მარტო ერთხელ დამირეკე. გთხოვ, მომეცი საშუალება, ყველაფერი გავარკვიოთ. Sms4 ვერ მიმატოვებ! შენ რა გგონია, გაძლებ? ხომ იცი შანსი არაა! Sms5 სად ხარ ? სად იმალები? იცოდე, მეც ადამიანი ვარ, გესმის? Sms6 სურათებიც კი წაშალე? ყოჩაღ! ყოჩაღ! არ მჭირდება გესმის, აღარაფერი მინდა შენი! Sms7 თეე, მენატრები! Sms8 რისი იმედი მქონდა, როცა წასვლას გთხოვდი? მენატრები პატარა! Sms9 მგონი, ვგიჟდები. ლალისთან არ ხარ! გოგოებთან არ ხარ! არსად ხარ! როცა გიპოვი.... გიპოვი კი? დაბრუნდი, თეე... Sms 10 აფეთქებისას თვალები რომ გავახილე, ის ვიფიქრე , რომ უნდა მენახე. ერთხელ მეგრძნო შენი სურნელი და მერე სულ ერთი იყო, რა მოხდებოდა. ახლაც შენი სურნელი მენატრება. სახლი ცარიელია... მეც ცარიელი ვარ... Sms 11 მაშინ დაჭრილი რომ ვიყავი, სიზმარი ვნახე და შენი ლეგენდა გამახსენდა სულებზე. ძირს დაგდებულ ჩემს სხეულს ვუყურებდი და მხართან საშინლად მტკიოდა. სიცარიელეს ვგრძნობდი. მასთან მინდოდა, რაც მაკლდა და შენ გამახსენდი... და მივხვდი, შენ ხარ, რაც მამთლიანებს. შენ ხარ, რაც დედამიწასთან ჩემს მიზიდულობას ქმნის! Sms12 თე, პირველად რომ დაგინახე, გარშემო მიმოვიხედე. მინდოდა, შემემოწმებინა სხვებიც გხედავდნენ, თუ მე მეჩვენებოდი მარტო. ანათებდი, თე! შენი გაცნობა მოვისურვე, ისეთ მიზიდულობას ვგრძნობდი, ისეთ სურვილს, შენ კი "სასიამოვნოაო!" და ზურგი მაქციე. გული შემეკუმშა გესმის? ზურგი მაქციე და წახვედი. მოჯადოებულივით მოგყვებოდი უკან. შენს ბრჭყვიალა თმას ქარი აფრიალებდა და შიგადაშიგ ფორთოხლის სუნი ჩემამდე მოდიოდა. გულში ,,ჩემი ფორთოხლის გოგონა" დაგარქვი. ფიქრებში იმ წამს დაგისაკუთრე. თეე, ხმას ვერ ვიღებდი, მხოლოდ გისმენდი და შენზე ვოცნებობდი. ჩემო ფორთოხლის გოგონა. რომ შემეძლოს, კიდევ ათასჯერ გაგიცნობდი! კიდევ ათასჯერ შეგიყვარებდი! კიდევ ათასჯერ დაგიჩემებდიი! Sms 13 რაც შენთვის არასდროს მითქვამს, ახლა მინდა მოგიყვე ყველაფერი. იმედი მაქვს, წაიკითხავ. იმედი მაქვს, შენს გულამდე მოვიტან სათქმელს. იმედი მაქვს, თქმა არ დავაგვიანე. შენ სხვებს არ ჰგავდი. შენთან ყოფნა თუ მინდოდა, შენს უბრალოებას უნდა დავმორჩილებოდი. არადა მინდოდა, სამყარო შენს ფეხებთან მომეტანა, მაგრამ ხანდახან ისეთი უკარება იყავი, ხანდახან ისეთი ჯიუტი. ხანდახან ისეთი ველური! ვერც ხელს ვერ გკიდებდი, რომ არ გამქცეოდი და ვერც თვალს ვერ გაშორებდი, რომ არ გამქრალიყავი. რამდენიმე დღით ჩამოსული, მთელი ზაფხული სოფელს მიმაჯაჭვე! შენს თავს მიმაჯაჭვე! აი, ხომ ხედავ, წამით გაგიშვი ხელი და გაუჩინარდი! Sms 14 თე, ხანდახან ძალიან ვბრაზობ შენზე! მეგონა უჩემობა არ შეგეძლო. ეჭვები მჭამენ. იმას შევეჩვიე ყველა, რომ გამჩნევს, მზის სხივივით ხარ! და მეშინია გესმის? შენი ელენეზე ეჭვიანობა მაგიჟებდა. ვერც კი ხედავდი, რა თვალებით გიყურებდა. როგორ კრთებოდა შენი მოსვლისას. და ვფიქრობ, თუ ქალი ასე გიჟდებოდა შენზე, როგორ ითმენენ ახლა კაცები შენ გვერდით ყოფნას, რომ არ შეგეხონ. იმ დღეს, ნისლივით კაბით რომ გაფრიალდი დარბაზიდან, დედოფალივით წარბშეკრული და ამაყი, გეფიცები შემეცოდა ელენე და ჩემი თავიც შემეცოდა. თავი ვერ შეიკავა: ,,საოცრებააო!"– ჩაიჩურჩულა. იმ წამს გავიაზრე, ვერასდროს დაგთმობდი. გახსოვს ის ღამე? მე მახსოვს, კადრებივით ვახვევ თავში, სხვა რა გზა მაქვს. მელიასავით მოიპარე სახლში. შენი ოთახი წინასწარ ჩავკეტე. შენი ფეხით მინდოდა მოასულიყავი ჩემთან. შენი სურვილით. ისედაც გაგიჟებულს სულ დამახვიე თავბრუ. ჩემზე ეჭვიანობდი და ეს ჭკუიდან მშლიდა, ნუთუ ვერ ხვდები, როგორს გხედავდი? პატარა, მთვრალი, თავხედი, მელაკუდა. საძინებელში რომ შეიჭყიტე, მეგონა, ძველებურად შემოიპარებოდი, მაგრამ, არა! შენკენ რომ გადმოვდგი ნაბიჯი, დივანს მოეფარე. მართლა გეგონა დივანი დაგიცავდა ჩემგან, მე რომ ძალით მდომოდა შენი დასაკუთრება? ისეთი ნაზი ხარ , ისეთი პატარა და ისე ანათებ, მე ვერასოდეს გავბედავ შენი სინათლის ჩაქრობას ჩემი მხეცური ჟინით. შენ იმ მხეცსაც იმორჩილებ, სულში რომ ჩამისახლდა. მჯერა, რომ შენც გრძნობ ამ მიზიდიულობას. სადაც არ უნდა, იყო შენ ხომ ჩემი ხარ! ჩემი სულის ნახევარი! 17 Sms 15 ვეღარ გავუძელი, იცი დღეს? და შენი ბეჭედი აივნიდან შორს გავისროლე! კატაბუ მოაჯირზე იჯდა. თვალი მიადევნა გატყორცნილ ბეჭედს და, როცა თვალთახედვიდან დამეკარგა, შემომხედა დიდი, მრგვალი თვალებით და ავად დაიკნავლა. წამში ჩამომერეცხა სახიდან თვითკმაყოფილი ღიმილი. გიჟივით დავეშვი კიბეზე , გიჟივით გამოვვარდი ეზოში და სამი საათი მაინც ვეძებე, მანამ, სანამ არ ვიპოვე. ამოვედი ქანცგაწყვეტილი და კატაბუს მადლობა მოვუხადე. რატომ აკეთებ ამას, თეკლა? Sms 16 ვიცი, დაგპირდი, არასდროს მიგატოვებდი, მაგრამ, ალბათ, აღარ გახსოვს, რომ ისიც გითხარი, სანამ შენი ტკივილის მიზეზი არ გავხდები–მეთქი. არ დამიჯერე. უბრალოდ, მინდოდა, მშვიდად გეცხოვრა. მაპატიე, რომ არ ვარ შენსავით მამაცი. შენ ყველა ბარიერს ამსხვრევ. მენატრება ის დღეები, ეტლში რომ ვიჯექი და შენს სურნელს ვსუნთქავდი. ისევ ათასჯერ ჩავჯდები ეტლში, ოღონდ დაბრუნდე. დღეს მე და კატაბუ შენს მოსაძებნად მოვდივართ. ყველა იმ ადგილს მოვივლით, სადაც ოდესმე ვყოფილვართ. ვიცი, რომ გინდა გიპოვო. დამელოდე! ფისო მაინც როგორ დატოვე? Sms17 დილა მშვიდობისა.... Sms18 თე, ჩვენს ბიჭს სამგზავრო ზურგჩანთა ვუყიდე. თუშეთში ვართ. აქ ხარ? ვერ გგრძნობ.... Sms19 ტურისტები სურათებს გვიღებენ მე და კატაბუს. მაგარი წყვილი ვართ. ... მენატრები თეოლა. Sms 20 ჩვენს მდინარესთან ისევ ყვავიან მსუქანა სამყურები... ბაბუაწვერებიც... შენი ლექსები მენატრება თე...ზეპირად ვიცი.. თითქმის ყველა ვიცი..შენ გეგონა, არ ვკითხულობდი? )))შენი ლექსებით ვსუნთქავდი.... აი მისმინე: თუ სიმართლეა, ბაბუაწვერას თუ მივენდობი... მე შენ გინატრებ! სხვა ოცნებებს გულში ვიმარხავ! ბედნიერება დამალეო, ასე მირჩიეს... სხვას ვის ადარდებს ? შენ? ვერაფერს ვერ დაგიმალავ! ,,როგორ არ გითხრა, რომ უშენოდ სევდამ მაჯობა? მინდა, იცოდე, უშენობის ვთვალე წუთები... ბაბუაწვერას სურვილს ვატან შენთან ძვირფასო. მითხრა: ნუ დარდობ! გესმის? მალე დამიბრუნდები!" (ჩემი ლექსია, მართლა). Sms 21 შენ უბრალო ხარ და ამ სიტყვაში ვატევ სინაზეს, სურვილს და გრძნობას. მე ასე გხედავ, უბრალოება გალამაზებს და მშვენებით გმოსავს. შენ უბრალო ხარ, სადა და მშვიდი არის შენ გვერდით ცხოვრება ჩემი. თუმცა გრძნობები ისე მძაფრია... რომ უშენობა ნელ-ნელა შემშლის. შენ უბრალო ხარ! ხო, ასე ჩანხარ! მაგრამ რამდენის გაძლება იცი?! და რა მყარია, დაურღვეველი! შენი ნათქვამი ერთობის ფიცი! უბრალოება შენი ნიჭია! უფალს მადლობას ვუხდი ათასგზის... რომ შენ არსებობ, ჩემო ძვირფასო, უბრალოდ, ჩემთვის ასე ლამაზი. ...ამას რომ წერდი, ნუთუ ასე მხედავდი? მაპატიე თე, რაც გატკინე... მაპატიე გულო... Sms 22 მახსენდება შენი ყვავილები და სახლში ვბრუნდებით. Sms33 Sms24 მთელ სახლში ყველგან ფორთოხლები დავაწყე. შენი სურნელი დავიბრუნე თეოლა. ასე მგონია, უცებ გამოხვალ და ჩამეხუტები. Sms25 ლექსების წერა დავიწყე მგონი: არ ვიცი, რატომ... არ ვიცი, რისთვის... მე უშენობით სასჯელს რომ ვიხდი! მონატრებაღა შემომრჩა შენგან და ესეც ძლიერ მაყენებს ტკივილს. როგორაც უნდა მატკინოს გული მონატრებითღა რომ ვცოცხლობ, ვიცი... და უშენობით მე ვიხდი სასჯელს... არც ვიცი, რატომ! არ ვიცი, რისთვის! Sms 26 შეგეხო მინდა, თვალებს ვხუჭავ და გხედავ. ხელს ვიწვდი და თითის წვერები მეწვის, ისე მინდა შეგეხო. Sms27 ისევ შენი ლექსი ...ზუსტად ამას ვგრძნობ ახლა მეც! თვალებს ვხუჭავ, თვალებს მიღმა გხედავ. ვახელ თვალებს. აღარა ხარ, ქრები. გარეთ ისევ წვიმის მელოდია... სულში ისევ ქარიშხალი კვნესის. თვალებს ვხუჭავ, დაგინახო ვცდილობ. ხელებს გიწვდი, მეფეთება ქარი. ვის მოვუყვე? ვის ვუამბო? ვფიქრობ... უსიამო ჩემი საწუხარი. თვალდახუჭული მოგყვები და მოგდევ... შენს აჩრდილთან მონოლოგით ვტკბები! თვალებს ვახელ, კიდეზე ვარ ხიდის... შენს არ ყოფნას ვიჯერებ და ხვდები! ეს რამ დაგაწერინა, თე? ასე გატკინე ჩემო? Sms 28 ნუთუ არ გენატრები? რომ გნახავ, ყველა მხეცს გავათავისუფლებ, დაე, მათ გაეცი პასუხი! მშია შენი მოფერება! განუწყვეტლივ მწყურიხარ! შენ ვერც კი წარმოგიდგენია რად მიჯდებოდა ყოველი ღამე. ვითომ რომ შემოიპარებოდი, ვითომ რომ მეძინა. გელოდებოდი, როდის დაიძინებდი და შენს თმას ვსუნთქავდი. როგორ დავუშვი შენი ატირება? როგორ დავუშვი შენი გაქცევა? ვინ ვარ მე ამის შემდეგ? Sms 29 დღეიდან ვწყვეტ შენს ძებნას! დავჯდები აივანზე და დაგელოდები! შენ მოხვალ! აუცილებლად მოხვალ! 18 ძალიანაც მინდა, მჯეროდეს, რომ სიცოცხლე აქ რაცაა, მხოლოდ ეს არაა. რომ აქამდეც და ამის შემდეგაც ვიყავით და ვიქნებით. მაგრამ, რადგან ახლა აქ ვართ და მხოლოდ ამ ერთ სიცოცხლეს ვიცნობთ, არ შეიძლება მისი გაფლანგვა! ყოველი წამი! ყოველი გრძნობა! ყოველი ადამიანი! ვის გამოც ეს პლანეტა გვეძვირფასება, დავაფასოთ და დავტკბეთ სიცოცხლით! არ დავუშვათ, რომ სიცოცხლეშივე გარდავიცვალოთ!... ...ვკითხულობდი სულმოუთქმელად! ყველა სიტყვას ვიწოვდი გონებაში და ვისისხლხორცებდი. იმისთვის, რომ მასთან დაბრუნება გადამეწყვიტა, მხოლოდ ამ წერილების წაკითხვაც საკმარისი იქნებოდა და, ალბათ, სწორედ ამიტომ მქონდა გათიშული ტელეფონი. მაგრამ ადრე თუ გვიან ხომ ჩავრთავდი? დღეს ის დღეა საკონსულოში რომ დამიბარეს, მაგრამ მე იქ არ მივალ! მანქანას ვქოქავ და სახლში ვბრუნდები... სახლში! არ ვიცი, ვის რა ემოცია გეუფლებათ, როცა დიდი ხნის განშორების შემდეგ სახლში ბრუნდებით. მაგრამ მე ისე ველი ამ შეხვედრას, თითქოს ოთოსთან ერთად კიდევ ერთი ადამიანი მელოდებოდეს. სახლი, ჩემი ნავთსაყუდელი, ჩემი ოცნებების ზარდახშა და განცდილი დარდების ძვალთშესალაგი. ვიცი, რომ მასაც მოვენატრე. მანქანის ფანჯრიდან მინდვრებს გავყურებ. მაინც რა ლამაზია ეს საქართველო? რა ხედებია! რა ცაა! რა მზე! ყველაფერი მაოცებს, თითქოს თვალი ახლა ამეხილა. ჩემი განწყობის ბრალია, ალბათ, გარემოს ასეთი აღქმა... რამდენიმე წლის წინ ყაზბეგში ვიყავით. მაშინ პირველად დავიჭირე ჩემში ასეთი გაოცება ცით, მთით, ყვავილებითა და ამის ყურებით მკერდს მომწყდარი თავისუფლების შეგრძნებით. მაშინაც ოთოსთან ყოფნის სიხარულს დავუკავშირე ჩემი აღტყინება. გერგეთს რომ მივუახლოვდი, აღტაცებამ შემიპყრო. ვუყურებდი და არ მჯეროდა, რომ ადამიანის ხელმა შეძლო ამ ტაძრის ბუნებასთან ჰარმონიულად შერწყმა. სადღაც წაკითხული გამახსენდა, გერგეთი პორტალია, კარიბჭეა ცასა და მიწას შორის. სწორედ ამ ადგილას ციდან ღვთისშვილებად ქცეული ანგელოზები დაეშვნენ კაცობრიობის გადასარჩენადო. ვერ მივუახლოვდი, მის პირდაპირ მდელოზე დავჯექი. უცნაური ყვავილები იყო გარშემო, მუქი იისფერი, თითქოს ლურჯი. მხოლოდ პატარა ზარებივით ყვავილები, უფოთლო ყუნწებით. – ეს რა არის? – ვკითხე ოთოს. – მთის იებია თეოლა! – მითხრა მან. ჩემ გვერდით დაჯდა და კალთაში თავი ჩამიდო. ვიჯექით ასე და ვტკბებოდოთ ამ საოცრებით გარშემო რომ გვეხვია. და ვგრძნობდით, ჩვენ ორნი ვიყავით ამ სამყაროში. დადებითი ენერგია გვავსებდა, აი, ის, მადლს რომ ვეძახით ადამიანები და გეფიცებით იმ წამს სამას სამოცდახუთივე ანგელოზი ერთად რომ აჭრილიყო გერგეთიდან ზეცაში, წამით არ გამიკვირდებოდა.... .... მანქანას გზის პირას ვაჩერებ. ვაგროვებ ლურჯთვალა წვრილ-წვრილ საპოვნელებს, ბალახის ღერით ვკრავ და მანქანაში ვბრუნდები. საპოვნელას თუ საყვარელ ადამიანს აჩუქებ, აღარასოდეს დაშორდებითო, გამიგონია. ტელეფონს ვიღებ და ოთოს მხოლოდ ერთ სიტყვას ვწერ: ,,მოვალ!" 19 გიგრძვნიათ როგორი განცდაა საყვარელი ადამიანი რომ უნდა ნახო, რომელიც დიდი ხანია, არ გინახავს? გული გიფართხალებს და ღიმილს ვერაფერს უხერხებ. თუ არ გიგრძვნიათ აუცილებლად გამოსცადეთ. ეს ერთხელ მაინც უნდა იგრძნო, ადამიანო, სანამ დედამიწაზე ფეთქავ! ეზოში რომ მივედი, სანამ მანქანიდან გადმოვიდოდი მალულად ვიხედები ჩვენ ფანჯრებისკენ. რატომ მეგონა, რომ ფანჯარაში მის სახეს დაბინახავდი? გადმოვდივარ მანქანიდან და კიბეებს სირბილით ავდივარ, მინდა, მოჭარბებული ემოცია გავანელო. კარებთან მივედი და გავჩერდი. მუხლებში გამაჟრჟოლა, ისე ვნერვიულობ, თითქოს გამოცდაზე უნდა გავიდე და მომზადებული არ ვარ. ყურს კარს ვადებ და ვაყურადებ. სრული სიჩუმეა. იქნებ სახლში არაა? ფრთხილად ვაღებ და სახლში შევდივარ. ყველა სახლს თავისი სურნელი აქვს, აქ კი ფორთოხლის სუნია მხოლოდ. გარშემო ვიხედები. მაგიდაზე, სამზარეულოში, მისაღებში ყველგან ფორთოხლები აწყვია. ტუჩზე ვიკბინე. ვხვდები , როგორ ვენატრები მას. ჩუმად დავდივარ ქურდივით. ჩემს საძინებელში ლოგინზე მისი მაისური დევს. ეტყობა ჩემს არყოფნაში ოთახი შეიცვალა. სამზარეულოში შევდივარ, თითქოს არც გავსულვარ სახლიდან სამზარეულოს კარადაზე ჭიქაში მინდვრის ყვავილები აწყვია ... მაგიდაზე ჩემი ბეჭედი დევს, სწორედ იქ, სადაც დავტოვე. ვეცი და თითზე ჩამოვიცვი თითქოს ვინმე მართმევდა. მისაღებში გავდივარ და ფეხის წვერებზე დამდგარი აივნისკენ ვიჭყიტები. მის კეფას ვხედავ და გული გამალებით მიცემს... აივნის კარებთან გულისფანცქალით მივდივარ და ვხედავ, მაგიდის აქეთ-იქიდან სავარძლებში სხედან ჩემი ბიჭები. მელოდებიან. მისი დანახვისას ვიაზრებ, როგორ მენატრება. თვალები დახუჭული აქვს. თავი ოდნავ უკან გადაუწევია და სახე მზისკენ აქვს მიშვერილი. ღმერთო, რა ლამაზია! ახლა რომ პირველად ვხედავდე, ნამდვილად ვიცი, თავიდან შევიყვარებდი. მაგრად შეკრულ ხელში ბროლის ანგელოზი უჭირავს. თითქოს გაქცევისას დაიჭირა. კატაბუ პირველი იგებს ჩემს მისვლას. სკამიდან ჩუმი კნავილით ხტება და ჩემთან მოდის. ხელში ამყავს და ვეუბნები: –გამარჯობა! – და ფუმფულა კისერში ვკოცნი. –მადლობა, ბიჭო! – ვეჩურჩულები ჩემს იღბლიან თილისმას. ხმაურზე ოთო ბრუნდება. ორ წამს მიყურებს. წარბშეჭმუხნული დგება. თვალები ავად უელავს. ვიბნევი... მეგონა, რომ დამინახავდა ... სულ ცოტა სიხარულს მაინც გამოხატავდა. მის სიბრაზეს არ ველოდი და ვიძაბები. მიახლოვდება და მე უკან ვიხევ. –დავბრუნდი! – ვეუბნები, თითქოს ვაჯერებ, რომ მასთან ვარ. აივნის მოაჯირთან აწურული ვდგავარ. ისე ახლოს მოდის, მის სუნთქვას სახეზე ვგრძნობ. –ოთო! – ვჩურჩულებ დამფრთხალი. ხელს წელზე მხვევს და მტკივნეულად მიჭერს. მეორე ხელით მოაჯირს ეყრდნობა. ჩემს წინ კლდესავით აისვეტა. ვფიქრობ, თუ ისურვებს ზვავივით ჩამიტანს ქვესკნელში. ხელს მაღლა ვწევ და ჩვენს შორის მინდვრის ყვავილები დგებიან. ოთო დამცინავად იცინის. –შენსავით სუსტები. შენსავით ნაზები. სასურველები და ძნელად საპოვნელები. სადღაც გულის ბნელ სიღრმეში მსურს ამ ბროლის ანგელოზივით დაგამსხვრიო, – მეუბნება. ყვავილებს მართმევს და თმაში მიმაგრებს. ფეხისწვერებზე ვდგები, ხელებს კისერზე ვხვევ. –მე მხოლოდ შენი ვარ, ჩემი გულიც შენია, ჩემი სულიც შენია, ჩემი ნებაც შენია, ჩემი სხეულიც შენია! –ვეჩურჩულები და თვალებში ვუყურებ, მის თვალებში ჩემს თავს ვხედავ და თვალებს ვხუჭავ. ოთო ჯერ შუბლზე მკონის, მერე ყელში, მერე ტუჩებზე და მთელი ბრაზი ალერსში გადმოაქვს. აივანს ვეღარ ვგრძნობ, სხეულს ვეღარ ვგრძნობ. მხოლოდ ენერგია ვრჩები, მხოლოდ სული. და ორივე ვგრძნობთ, რაღაც წამს აივნის მაღლა, სახურავებს მაღლა, დედამიწის მაღლა, სადღაც კოსმოსის უსასრულო სივრცეებში, როგორ ერთდება ჩვენი სულები, როგორ ხდება ერთი მთლიანობა. როგორც ეს იყო დასაბამიდან და ასე იქნება დასასრულამდე. ჩვენ სასჯელი მოგვეხსნა თითქოს. აღარ არსებობს მე და შენ! აღარ არსებობს ჩვენ! არსებობს მხოლოდ ერთი სრულყოფილი სული! ვიცი ამ წამიდან, რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერი კარგად იქნება! 20 დილით თეკლას რომ გაეღვიძა, გაუკვირდა, უკვე კარგად გათენებული იყო. ასე ტკბილად მას მერე არ სძინებია, რაც საყვარელი კაცი ერაყში მისიით გაემგზავრა. ასე მშვიდი დილა ოცნებაში წარმოედგინა ხოლმე. ოთოსკენ გადაბრუნდა , მას ისევ მშვიდად ეძინა. ერთი ხელი თავქვეშ ედო მეორე გულზე. საყვარელი ადამიანი ყველას ელამაზება, მაგრამ იყო ოთოში რაღაც საოცარი, რაც გაფიქრებინებდა, რომ ის ბოლომდე რეალური არ უნდა ყოფილიყო. გულზე დადებული ხელი თავისი ბალიშისკენ გადმოუწია თეკლამ და თავი მკლავზე დაადო. ასე ძილს ნატრობდა, როცა საცოდავად მოკუნტული იწვა ხოლმე საყვარელი კაცის გვერდით და მხოლოდ თითებზე ეხებოდა მძინარს. სიმშვიდემ და სიჩუმემ თავისი გაიტანა და თეკლას ისევ ჩასთვლიმა. ხმაურმა გააღვიძა, თითქოს რაღაც მძიმეს დაათრევდნენ გვერდით ოთახში. შემცბარი ადგა, გადაიცვა და ოთახიდან გამოვიდა. –ოთო! – დაუძახა და ხმას მიჰყვა. ოთო მის, აწ უკვე ყოფილ, საძინებელში რაღაცას აწყობდა ინსტრუქციის ფურცელი იატაკზე გაეშალა და ნახაზს ჩაჰკირკიტებდა. გარშემო თეთრი ფიცრები, წვრილი და მსხვილი სახრახნისები ეყარა. თავად ოთახის შუაგულში იჯდა ამ აურზაურის ცენტრში და სახე ახალი სათამაშოთი აღტყინებულ ბავშვს მიუგავდა. გვერდით კი პატარა ზომის ყუთში კატაბუ ჩაკვეხებულიყო და ისეთი სახით იყურებოდა, გეგონება ლანისტერი იჯდა ,,სამეფო კარის თამაშების" ხმლებიან ტახტზე. თეკლას გაეცინა. ერთადერთი, რაც ოთოს არ ეხერხებოდა, მსგავსი ტიპის, ოჯახში კაცისთვის მიკუთვნებული სამუშაო იყო, ონკანის შეკეთება, დენის ჩამრთველების დაყენება და ასე შემდეგ. –საქმე გიპოვია, ზუსტად საშენო! – სიცილით უთხრა თეკლამ და ახლოს მივიდა,– რას აკეთებ, ჰა?_ ოთომ დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით ამოხედა, ისეთი საყვარელი იყო, რომ თეკლამ ვერ მოითმინა, მიუახლოვდა მის წინ დაიჩოქა და გულში ჩაეხუტა. –რას აკეთებ ? – გაუმეორა კითხვა. –იმას, რაც ასე ძალიან მინდა! – უპასუხა ოთომ. თეკლამ ინსტრუქცია აიღო. დახედა და გაოცებულმა შეხედა, – ეს ხომ ბავშვის საძინებლის ავეჯია? –აჰაა! – თავი დაუქნია ოთომ. –კი, მაგრამ, ბავშვი? რა ვქნა და სიურპრიზს ხომ არ მიწყობ რამეს? – კისკისით ჰკითხა თეკლამ და ოთოს მუცელზე მიადო ხელი. –დამცინი არა, მელაკუდა? – თან ვითომ გაბრაზდა და თან ცოლის წვალება დაიწყო ხუმრობით, –მაგას ახლავე მოვუვლი! ბავშვიც იქნება და ბავშვებიც! – დაემუქრა ცოლს და იმ არეულ-დარეულ იატაკზე ფრთხილად დააწვინა. –შენ ისეთი ტკბილი ხარ, ფორთოხლის გოგონავ! – აკოცა და დაამატა, – მაგრამ მე პატარა ფორთოხლის პრინცესაც მინდა! დასასრული.... ვე რა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.