შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავ-თეთრი ქალაქის შავ-თეთრი უბანი


20-07-2025, 23:53
ავტორი ika abashidze
ნანახია 458

ეძღვნება ყველას,
ვინც დაკარგა,
ან უეჭველად დაკარგავს.

ეძღვნება ყველას და ყველაფერს,
ვინც და რაც დაიკარგა,
ან უნდა დაიკარგოს.










I

მკვდარი მხატვარი

მთვარე ჰგავს ვერცხლის მონეტას.
(მე არ გავყიდი სულს).
სადარბაზოში ისმის,
ქმარი როგორ კლავს
ჩემს ბოზ მეზობელ "ჟონეტას".
(თუ შენი თავი გძულს...)...
- ვიღლები.
- ძაან?
- ალბათ.
- რას ქვია, ალბათ?
- არ ვიცი.
- ის არ იცი, ნამდვილად ძალიან იღლები თუ არა, თუ ის არ იცი, რას ქვია ალბათ?
...
- პიტნის თუ გვირილის?
- ესპრესო.
- მე სამმაგს ვსვამ.
- გიჟი ხარ.
- თან, უშაქროს.
- რძით იყოს.
...
მრავალწერტილთა არმია მკლავს,
მერე ჩემს
ფიქრის
ქალაქსაც
თითო
მოქალაქედ
ჩახოცავს...
...დამტოვებს
ისეთივე
აბსურდად...

- ამ საღამოს, რას ვჭამთ?
- არ ვიცი.
- შეჭამ ფლავს?
- არ გეზარება?
- ხილით გავაკეთო თუ...?
- არ ვიცი.
ეზოში,
მუხაზე ამოტვიფრული ფრესკაა,
შენდამი ზმანების.
გაწამების...

- რა ვქნა,
რა ვქნა,
რა ვქნა,
რა ვქნა?!
- რა უნდა ქნა?!
- მე რა ვიცი?! იძინებ?
- მინდა, კი.
- უჩემოდ?
- არ ვიცი.
...
- ჩამოვაფარო ფარდები?
- ...თუ შეიძლება.

***

ხვალ,
ღია ცის ქვეშ,
ვხდები
ოცდაცხრამეტის.
















II

უბნელი

ჩაისუნთქავს...
ამოისუნთქავს...
ქალაქივით
შავ-თეთრი
კვამლი, ო!
მასაც, მზერა აქვს.
- ხურდა არ გაქვს?
- არა.
- ახტი!
- რატო?
- ახტი მეთქი.
- არ მაქვს.
- ძმაკაცია ავად.
- მართლა არ მაქვს.
- ძმაკაცის მამაც ცუდადაა.
- არ გჯერა ჩემი სიტყვის?
- მჯერა.
- მერე?
- არაფერი. პროსტა, ყველა მაგარი ცუდად ვართ.
- ოცი... ორმოცი... სამოცდახუთი... ლარი...
- ჯიგარი ხარ.
- რისთვის გინდოდა?
- სიგარეტისთვის. - შავ-თეთრი ბოლი შემომაბოლა.
- ეხლა არ ეწევი?
- კიდევ მინდა.
- თამაშობ ისევ?
ჩაისუნთქავს...
ამოისუნთქავს...
მკლავს...
ჩაისუნთქავს...
ამოისუნთქავს...
იპოვნის სხვას,
ან, მოწევს პლანს.

***

ოთახში ვუყურებთ
მულტფილმებს,
ვუსმენთ
შტერობა მუსიკას...
...
ჩაისუნთქავს...
ამოისუნთქავს...
უბნელი
ჭრელ
კატებს
ესვრის
ერთ
ქვას.





III

ხოჭო

ადრე გავედი დღეს სახლიდან.
ჰოდა, არ შემერგო,
ფეხსაცმელთან,
უბნის ძაღლმა დამიფსა.
...
- იმენა, შემცეს.
- ვინ?
- იცი.
- ვინ გაბედა?! - იცინის.
- რაღაცას ჩაგარტყამ,
- უეჭველი?
- ჩაგარტყამ მეთქი.
- თავში თან, ხო?
- თავში გირჩევნია?
...
ხან ავტობუსის ფანჯრიდან
ხან
გია ძიას
ფორდის
დაბურული
ფანჯრიდან
ვაშტერდები ხეებს.
- ...კიდევ ვის უდგამენ ძეგლებს?
- რა? რა გინდა? - თმა აიჩეჩა.
- კიდევ,
ვის
უდგამენ
ძეგლებს?
- რავი... მწერლებს...
ხეებს...
შენს ნაჩუქარ
გიშერის ძეწვებს...

***

- სახლში ვარ ფერო,
სახლში ვარ...
უბანში
რად
მეძებ...





































IV

გიჟების მაგიდა

მრგვალ, თეთრ მაგიდასთან,
ფეხებით ვერ მივედით.
ძველი,
ხის სკამები
ვაჭრიალეთ,
ვაჭრიალეთ,
კიდეზე შევახეთ,
ტანზე მიჯნურის ხელივით
ავაწრიალეთ.
...
- რატო დააქციე?
- დამექცა.
- ბავშვი ხარ?
- არა!!
- მოგკლავ, რომ არ მოშორდეს.
- ძალით არ დავღვრიდი.
- ბავშვო.
მართლაც,
მზერა მქონდა,
ნაწყენი ბღარის.
...
ფანჯრები წვიმისებრად
მოვრთე
ალმასთა ნამით...
...
გავდექი,
შევიმოსე,
თეთრი ფარდით.
...
ბრახ...
პინგპონგის ცარიელი
ბურთი მომხვდა თავში...
გავალ
იქით ოთახში...
ისევ...
ბლა.. ბლა.. ბლა...
თეთრ მაგიდასთან.








































V

კანქვეშ

ფანჯრის რაფასთან ჩამოჯდა,
კანიანად ჭამდა
ფორთოხლებს,
ლიმონებს,
ლაიმებს,
გრეიპფრუტებს,
ვაშინგტონებს,
მაგრამ, მანდარინებს - არა.
არ ეკარებოდა.
- მანდარინი?
- არ მინდა.
- რატო?
- არ მევასება.
- გოიმი ხარ.
ფორთოხალი მესროლა.
მე გამეცინა.
- ლაიმი მაინც გესროლა, პატარაა.
- ბევრ ლაიმებს გესვრი.
- ფრეში გავაკეთოთ?
- არა.
- რატო?
- მეზარება, ან, არ მინდა.
- აბა, როდემდე უნდა წუწნო?
მერე გრეიპფრუტი მესროლა.
ავიცილე.
კედელს მოხვდა და გასკდა, დასვარა.
- შენი ბრალია!
- ჩემი რატო?
რომ ადგა, მერე მე მივედი რაფასთან,
სიგარეტს გავუკიდე.
ხან პარლამენტს ვეწევი,
ხან წვრილ კენტს,
ხან ვინსტონს, ხან რას, ხან რას...
აუჩქარებლად ვაფერფლებდი
პატარა შუშის საფერფლეში,
თან ფანჯარაში ვიყურებოდი.
ყველაფერს აქვს ფერი - ლეშის.
ფერი - შავ-თეთრი.
ოღონდ, მადლობა ღმერთს,
მასაც არა.

***

- დავწვეთ?
- მოვალ მეც, მიდი შენ.
შუქი ჩამიქრო და გაიქცა.
რამდენიმე
ნაბიჯში,
კარს ცხვირით შევეჯახე.


























VI

იარსება

- იარსება? - მსუქან ტუჩებს შორის
წვრილი სიგარეტი მიიტყუა და
დაატყვევა, გაუკიდა.
- კი. - მე თითებს ვათამაშებდი მუჭში,
მაგიდის ქვეშ.
- ანუ, იარსება. - შავ-თეთრ ოთახში,
შავ-თეთრი ნაფაზი გამოვარჩიე.
- კი.
- სად არის ახლა?
- დაიარება. - კვამლში საჩვენებელ
თითს ვაწობდი და აქეთ იქით
დავატარებდი.
გაეცინა.
საფერფლეში
ბიჩოკი ჩასრისა.
ტლოპინა თავზე ხელი მოისვა,
ერთხელ,
მეორედ...
მერე მუჭი დაარტყა მაგიდას.
- სად არის?!
- დაიარება!
- სად!
- შეიძლება, ჩემთანაც იყოს,
სახლში. - გავუღიმე.
...
გამომაგდო.
შავ-თეთრ ქალაქში,
ეგეთი წითელ-სახიანი კაცი,
არ მინახავს ჯერ.
სიბრაზემ გააწითლა?
ან, რამ გააწბილა?
ან, ფსიქიატრი იყო.
ან, პოლიციელი.
ან, მამამისი.
არ ვიცი.










































VII

რა მოხდა?
რამე მოხდა?

ხელში რამდენიმე
სახეობის
ფერადი ყვავილების
კონებით,
სადარბაზოში შევვარდი.
ვერცერთის ფერს ვერ ვარჩევდი,
ყველა უფერო იყო,
მაგრამ ვიცოდი, შენ გაარჩევდი.
ვიცოდი, მოგეწონებოდა რომელიმე.
...
- გოგილოს გაუმარჯოს! - გოგა კინაღამ
წავაქციე კიბეებზე, ისე სწრაფად
ავრბოდი სახლისკენ.
- კოტეს ვენაცვალე. - გოგამ ზურგზე
ხელი დამარტყა, ძმაკაცურად, და
თითო კონიდან, თითო ფერის თითო
ყვავილის ნაფლეთი გადმომარწყევინა.
ლიფტის გამოძახება დამეზარა.
ალბათ იმიტომ, რომ
იქ ლოთი ზაურა შემხვდებოდა,
დამიწყებდა,
ეს ყვავილები ვისთან მიგაქვსო,
არ იჩქარო შვილო,
სანამ დრო გაქ, გაერთეო,
"ხლებნაიას" და
მთელი დღის ნაგროვებ
პირის ღრუს არომატს
სახეში შემომაფრქვევდა და
თავსაც მაცემინებდა ბოლოს.
...
- ხელში რა გაქვს?
- მაცადე შემოსვლა. - ძლივს ამოვისუნთქე.
- მორბოდი?
- ჰო.
- კოტე, კოტიკო, დაჯიას ბუტკიდან
მეოთხე სართულამდე ეგ ყვავილები
არ დაჭკნებოდა, ხო იცი?
- რავი. - არადა, ამ უფერული
გარემოცვის შემსწრეს, რომელშიც
წლებია ვცხოვრობ, მართლა მეგონა,
რომ ყველაფერს და ყველაზე ფერად
რაღაცებსაც კი თუ შეეძლოთ,
ერთგვარად დამჭკნარიყვნენ.
კონები თეთრ მაგიდაზე დავუდე,
პალიტრასავით გავუშალე.
სათითაოდ იღებდა და უყურებდა.
- ეს ფერი ვიცი. შენ რომ კაბა მიყიდე, იმ ფერისაა.
...
- ამას ჩვენი ჩაიდნის ფერი აქვს.
...
- ოხ, ეს დედაჩემს უყვარდა ძალიან...
მე ვერცერთ ფერს ვცნობდი.
- ყველაზე მეტად რომელი
მოგეწონა? - გავუღიმე.
- რომელიც ყველაზე
უცხოა, ის. - თვითონაც გამიღიმა, მერე სიგარეტს გაუკიდა.
- ანუ, რომელი მოგიტანო ხოლმე?
კვამლი ღრმად ჩაისუნთქა, მომაშტერდა.
სახეში შემომაბოლა.
მერე ჩემს ფეხებთან დააფერფლა.
სკამიდან წამოიწია და
ხელზე ხელი მომისვა.
- მიმიხვდი? - სკამის საზურგეს
მიეყუდა ისევ და იცინოდა.




VIII


დატირება ჩურჩულით

- ადექი. - საბანი გადამაძრო და ფარდა
გადაწია.
- რომელი საათია ჯერ? - საწოლიდან
თავი წამოვწიე მხოლოდ.
- ერთ საათში გაასვენებენ.
თვალებგახელილმა
სახის ერთი ნახევარი და
ცხვირის უმეტესი ნაწილი
ბალიშში ჩავრგე,
ერთიც ამოვიხვნეშე.
- მიდი, ადე, ყვავილები ვიყიდოთ
ქვემოთ და მერე ავიდეთ სამძიმარზე.
შავი სვიტრი
ისე მჭიდროდ გადაეკრა ტანზე,
ახლად შეკრეჭილ ბოკვერს ჰგავდა,
ბუნტ....ბით დენს მირტყამდა
შიშველ ტანზე.
და შავი, გრძელი ქვედა ბოლო ეცვა.
ზანტად წამოვდექი ფეხზე,
გავიზმორე,
გადავივლე,
ცოტა გამოვფხიზლდი,
ერთი ღერიც გავაბოლე და
ყოველდღიური შავებით შევიმოსე.
- წავედით? - კართან დავდექი.
მოვიდა და ფეხის თითებზე დადგა.
ამხედა, დამხედა, თმა გადამისწორა,
ამიჩეჩა,
მერეღა დამიქნია თავი თანხმობის ნიშნად.
...
სადარბაზოში მოთქმა არსაიდან ისმოდა.
თუმცა, მარცხნივ თუ გავიხედებოდი,
ძველ პიანინოს ამოფარებულ,
შავ სილუეტებს ვხედავდი.
აქეთ იქით ბორგავდნენ...
ბორგავდნენ...
ერთმანეთს მოძღვრავდენ,
არა, ასეთი მკვდარი გვყავს,
არა, ისეთიო.
მერე ხვნეშოდნენ.
აბოლებდნენ.
ოფლიან და ვითომ ცრემლიან სახეებზე,
ცხვირსახოცებს ისვამდნენ.
- კოტე,
- რაიყო?
- დარჩი შენ მანდ, მე ყვავილებს ამოვიტან.
- მიდი. ფული გაქვს?
- ჰო. უცებ ჩავირბენ და ამოვირბენ.
ცოტათი მივუახლოვდი შავ სილუეტებს,
მერეღა გავარჩიე ჩურჩულით დატირება.
თითქოს, ჩემს მეზობელს, ხმამაღლა
დატირება არ დაუმსახურებია.
- ვიზიარებ...
ვიზიარებ.
ვიზიარებ,
ვიზიარებ. - ჩურჩულით ვუდგებოდი
გვერდით ყველა კაცს და ხელს ვართმევდი,
ჩურჩულითვე ვიღებდი პასუხს:
- გაიხარე, კოტე.
კოტე, მადლობა.
...
მალე ამოვიდა.
ხელში ცოტა ყვავილებით,
და სახეზე ეშმაკური ღიმილით.
- შევიდეთ. - შემომხედა და თავი
კარისკენ გაიქნია.
შევყევი.
...
სასაფლაოზე წვიმდა.
ეტყობოდა,
რომ
საფლავი ოჯახს ჯერ არ ჰქონია და
არც დასჭირვებია,
ახალი მიწის ნაკვეთი ეყიდათ,
შემოუღობავი,
უბრალოდ გათხრილი.
ყველაზე ნაზი და ჩუმი ქვითინით
დაიტირეს
მეგობრებმა,
მშობლებმა,
ნათესავებმა,
საყვარლებმა,
ციხეში ალბათ ქმარიც ტიროდა.
ნუ, ყოველშემთხვევაში,
წვიმა ჰქმნიდა იმ სცენას,
რომ ყველა ტიროდა.
ვერ გაარჩევდა ადამიანი,
ვინმე მართლა ტიროდა თუ არა.
...
ასე დაკრძალეს
ჩემი მეზობელი.
აწ უკვე
მიწის რბილ,
დასველებულ გულზე,
უბრალო ხის ჯვარი დაასვეს.
არც "ძლევა" ეწერა ზედ,
არც
"იესო ნაზარეველი, მეფე იუდეველთა."
მის აწ უკვე
მიწის
ლოყებზე...
წვიმა შავ-თეთრად
ჩამორბოდა.

IX

მზეო, ამოდი

ყველაზე მაღალი სართულის სადარბაზოში,
კიბეების წინ,
კედელზე
რგოლი იყო გამოჭრილი.
იმ რგოლში, სულ ღამე სჩანდა.
ბავშვობიდან მახსოვს,
ჩავიმუხლებოდი ხოლმე,
და მზეს ველაპარაკებოდი.
...
- მზეო, ამოდი.
ჩემთან წამოდი,
მე
წამომყევი,
შავ ზღვასთან. - რგოლში ცას ვუყურებდი.
მზეც მიპასუხებდა:
- მე თუ
შენც მომიძულე...
იცოდე,
მდგმურად დავუჯდები
ვარსკვლავთა ცებს,
ან ღამის შუქურებს.
- მზეო, ამოდი...
ნუ გამაჩუქებ...
ჩემს თავს
ნუ აჭმევ
ამ სამუდამო,
შავ ნამწუხრევს.
მზეო, უშენოდ, დაღია გულზე.
დაღია ქალაქშიც,
მას ეძახიან "სიბნელის ქუჩებს."

***

კართან
უხილავი აისია.
ზურგიდან თვალთაქვეშა ტბებამდე,
იარები მიდიან.
ჭორფლებად,
ნაოჭებად,
ნაკვთებად ქცეულნი.
მზეო, ამოდი.
ჩემთან წამოდი,
უკვე მერამდენე დღეა,
ფიქრით სული,
უშენობით გული,
არსება ჩემი, ჩუმი,
სულ დაილია.





























X

მიმიკა

- რა გაცინებდა? - ცოტა მკაცრი ტონით
და გამომეტყველებით მივუბრუნდი.
- ვიღიმოდი. - გასაღები გადაატრიალა,
მომაშტერდა და კარი გააღო.
- რაზე?
- ისე ვიღიმოდი...
...
მაგიდასთან ჩამოვჯექით,
ერთმანეთის პირისპირ.
სიგარეტს გაუკიდა.
გაბოლებისას, ხმამაღლა გაეცინა.
მთლიანი სახე, ნიკაპით
შეკრულ მუჭზე დავიდე
და მივაშტერდი.
- დღეს ყვავილებზე
რომ ჩავედი, - თვითონაც მიყურებდა, იღიმოდა.
- ჰო. - თვალებდახუჭულმა ვუპასუხე.
- დაჯიამ მომიყვა,
იმ დღეს, კოტე ისე სასაცილოდ
არჩევდა ყვავილებსო... - საფერფლეს უყურებდა,
აფერფლებდა და ისევ იღიმოდა.
...
- წყალს ავადუღებ. - მწირი სიჩუმის შემდეგ,
წამოვდექი.
პასუხსაც დაველოდე.
რომ გავხედე,
ფანჯარაში იყურებოდა.
- დალევ რამეს? - კიდევ ვკითხე.
- არა.
...
ისევ სიჩუმე,
ნაადრევი.
გარეთ, ჯერ უხილავი ტალღა ჩქეფს,
განაწამები.
...
ორივე ვკვდებით წამებში.
...
- მაინც კარგები აგირჩევია. - უკან
არც მივტრიალდი.
- მომეწონა. - მე სააბაზანოში ვარ,
წვერს ვიპარსავ.
- ვაზაში ჩავალაგე. - დაწოლას ვაპირებ.
- წყალს ხომ შეუცვლი
ხოლმე?
...
ჩემი ხელები გახდნენ
თეთრი აფრები,
პატარა ჩაძირული ნავების.
...
მე ვარ მსახური-მზე,
უდროო დაზამთრების.

























XI

ნუ ფიქრობ ამდენს

წვიმამ არ მოასვენა ღამე,
ჰოდა,
დილით,
ფეხზე წამომდგარი,
ვფიქრობდი,
მეთქი, იქნებ, ცოტათი დაშრეს,
ცოტათი დაშრეს...
წინწკლებს
ცრემლებივით ვწმენდდი ლოყებიდან
ჩემი სახლის ფანჯრებს.
...

- იქნებ, ერთი დღეც დარჩე... - სადღაც
გავიხედე.
პასუხი არ მიმიღია.
- ან თუნდაც, ერთი საათითაც
რომ დარჩე...
ნახევარი საათით...
...
რომ ადგა,
წვრილ წელზე
ჰულა-ჰუპივით უბრუნავდა
"მჭიდროდ" შეკრული ქამარი.
- ნუ ფიქრობ ამდენს. - თმა აიწია.
- რამდენს? - უაზრო პასუხი გავეცი.
- ნუ ფიქრობ ამდენს. - იმეორებს.
იმეორებს.
იპოვნის მეორეს.
არ ვიცი, რა იქნება.
...
ღია ფანჯარაში,
ველაპარაკები
მურში დაფარულ ყვავებს.
ორნი არიან,
დაცლილს, მკვდარს...
ორივე შემჭამს,
ორივე დამგლეჯს.
- უთხარი, ცოტა ხნით
დარჩეს. - მითხრა ერთმა.
- არ შვრება. - თავი რაფაზე დავდე.
- შენც, ნუ იფიქრებ ამდენს. - მითხრა
მეორემ.
მიყურა,
აქნია თავი,
ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ.
გაფრენას აპირებდა,
თუმცა,
დამემშვიდობა:
- რამე უთხარი,
გასათეთრებელ,
ცამდე ასაწვდენ,
სიყვარულის წითელით
დათხვრილ
თეთრ აფრებს.
...
ვაღებ კაბინეტის კარებს...



















XII

რიგი

თეთრ აფთიაქთან,
რომლის გარე ვიზუალს
წვიმიანი ამინდი ხშირად თხვრიდა,
პატარა რიგი დამხვდა.
...
შემეძლო, გადავხტომოდი,
არავინ ჩანდა,
ყველა ჩემი უბნელი იქ იყო ჩაცუცქული.
ჩხიროც იქ იყო.
გოგა არ ჩანდა.
მაგრამ, რიგი ნაღდად იყო.
...
ფანქარით გასმული შავი ხაზი,
ნელნელა მიიწევდა წინ, კარისკენ,
ცოტა ხანში, მეორე კარიდან გამოდიოდა,
საპირისპირო მიმართულებით მიდიოდა
და ასე გრძელდებოდა.
...
ვიდექი
და
ვუსმენდი
წვიმის წვეთებს...
აჰა, აი, აი,
ასფალტზე კიდევ დაეცნენ.
ვუსმენდი
უბნის ბებრებს...
- კიდევ კარგი, ჩემი გოგო მიგზავნის
ოსლოდან ცოტა ფულს,
თორემ, მე რაც მაქვს, წამლებზეც არ
მეყოფოდა. - ამაყად და თან
დამწუხრებით თქვა ერთერთმა.
- ჰოო, აბა, შენ ეგა თქვი, რა დრო
დაგვიდგა...
არ ჩამოვა შენი გოგო? - მეორემ უპასუხა.
- რავიცი, აბა, იქ, სადაცაა, კარგადაა.
ფერებს მაინც არჩევს ერთმანეთისგან.
ჩვენ, კიდევ კარგი, ჯერ შავ-თეთრად
მაინც რომ ვხედავთ... - მოხუცმა თბილი
ქუდი შუბლზე ჩამოიფხატა, მერე უკან
გამოიხედა.
ჩემკენ წამოსული მზერა
რატომღაც ავიცილე.
ცოტა გვერდით გავიხედე.
...
- ჩხირო, რაო ექიმმა,
რა დაგინიშნა? - იქვე ორი ჩემი უბნელის
დიალოგს შევესწარი.
- კიდევ უნდა გაიჩხიროო. - ჩხირომ
ნაფაზი ამოქაჩა.
- ჰოო? რატო? - მეორემ პასუხი
დაუბრუნა და თან მიაშტერდა,
თითქოს, ელოდებოდა, ბიჩოკამდე
სანამ ჩავა, მეც დამიტოვებს ცოტასო.
- რავი. - ჩხირომ ქვემოთ დაიხედა და
დააფურთხა. - მელანდება რაღაცები,
.
- რა გელანდება?
- ვიღაც გოგოს ვხედავ
ხოლმე. - თითქმის ბოლომდე ჩასული
სიგარეტი მიაწოდა.
- როგორი გოგოა? კაია? - მეორემ
გაუღიმა. თან ნაფაზი ძლივს
ამოარტყა.
- შავგვრემანი. ფითქინა. ცოტა
დაბალი. გამსლეული, იმენა.
- ვა.
- თაფლისფერი თვალები
აქვს. - გაკვირვებულმა შეხედა.
- ვა, ფერებში ხედავ?
- ჰო. თმა წაბლისფერი.
- მეც ვხედავ ხოლმე, ვიღაც გოგოს.
- ესეთს? როგორც მე? - ჩხიროს
გაუკვირდა.
- ზუსტად ეგეთს არა, მარა ის მახსოვს,
ფერადია.
- ჰოდა, რავი. გვინდა რამე ამ
აფთიაქში? - ჩხიროს გაეცინა.
იმანაც გაიცინა,
ბიჩოკი წუმპეში მოისროლა.
მერე ჩემკენ გამოიხედეს.
შემამჩნიეს, გულის ყურით რომ ვუსმენდი.
- კოტე, შენ რა დაგინიშნეს? - ჩხირო
მომიბრუნდა.
- მარტოობა გაგიჟებსო,
ექიმმა. - ვუთხარი.
- მერე? რით უნდა უშველო?
- არ ვიცი. ვნახავ.
არც დამიხედავს რეცეპტისთვის.

ცოტა ხანი გავჩუმდით.
- კოტე, შენც
გელანდება ვინმე? - ჩხირომ გამიღიმა.
თვალები გამიფართოვდა.
პასუხი არ გავეცი.
...
მოვიდა ჩემი რიგი.
შევედი.
სიტყვა არ დამიძრავს.
სალაროსთან რეცეპტი დავდე,
ბარათი დავდე პლასტმასის დაფაზე
და მივაშტერდი.
არ ვიცი, რა წამალი მომცეს.
არც ვკითხე.
არც დავხედე.
გამოვედი.
...
- კოტე, შენც გელანდება?
შენც გელანდება, ძმა?
მაგარი ლამაზი გოგოა, არა კოტე?
კოტე, არ გინდა, აღარ მოგელანდოს?
რატო გენდომება.
რატო გენდომება. - ჩხიროს და მისი
ძმაკაცების ხმა ყურში პატარა ხოჭოსავით
მიბრუნავდა.
გამოსვლა უნდოდა...
მაგრამ, ვაი მის ბედს.
...
ექოს
ქურთუკით
ავუყევი
ნახევრად
მომშრალ
კიბეებს.


































XIII

შავი ყვავილი

მივედი სახლამდე,
კარი შევაღე.
წამალი მაგიდაზე დავდე.
ქაღალდის პარკიდან არც ამომიღია.
...
ფანჯარაში გავიხედე
და ახლა
ქვემოთ არავინ იყო.
არავინ
ჩანდა.
არც შენ.
რაც მთავარია, შენ არ იყავი.
შენ არ ჩანდი არსად.
...
წამალი არ დავლიე, დაგელოდე.
...
- ამას ჩაიტან ქვემოთ? - მაგიდასთან
ჩამოჯდა, ლარნაკზე მიმითითა,
რომელშიც
იდო
გაშავებული ყვავილი.
ფოთლებ გაშლილი,
წყლიდან, ღერით,
ეკლებით,
ფოთლებით,
ფრთებივით, ცაში აწვეტილით,
იჯდა შავი ყვავივით,
შავი ყვავილი.
- ჩავიტან. - ვუპასუხე.
ჭიქაში ცოტა ვისკი დავისხი.
მასაც შევთავაზე,
ცოტა დამისხიო.
...
ვწრუპეთ ვისკი,
მოვწიეთ,
ვისკის მწარე გემომ
სახეები დაგვიჭყანა,
ერთმანეთს ვუყურებდით
და ვიცინოდით.
- ლადიკა ბაბუს ჰგავხარ,
ეგრე რომ იჭყანები. - მიყურებდა
და იცინოდა.
- ეგრე როდის იჭყანება
ხოლმე? - მეც გამეცინა.
- ბოსტანში, კატები რომ უჯვამენ,
მაშინ,
ან,
ჩხირო რომ ყოველ შემოდგომას
კარალიოკს ჰპარავს,
პირდაპირ ხიდან, მაშინაც. - ორივე
ვხარხარებდით.
- ნეტა როგორაა
ლადიკა ბაბუ... - ვუთხარი.
- რავიცი, როგორ იქნება.
აი, მაგ ლარნაკს რომ ჩაიტან,
შეგხვდება.
მოიკითხე, მეც მომიკითხე.
- ცოტა ვისკისაც ჩავუტან,
გაუსწორდება.
- ჰო.
- ჩხირო გაგიჟებულა სულ.
- ეგ არ იცოდი?
- ვიღაც გოგო მელანდებაო.
- ბევრი მოწიოს კიდევ.
...
მერე, საღამოსკენ,
შუქი წავიდა,
რაღაც დაზიანება იყო.
ჰოდა, ადრე დავწექით.
- ანუ, ჩაიტან ხომ ხვალ?
ხომ არ დაგავიწყდება? - გადმობრუნდა
და დაიწყო თავიდან.
- ჩავიტან, ბელა, ჩავიტან.
დამაძინე, რა,
ან, სიბნელეა, ეხლა მაინც დაიძინე.
- სიბნელეში, შენ რა იცი,
მე მძინავს, მღვიძავს თუ რას ვშვრები?
...
ეზოში ჯარად
კარდაკარ
დაბორიალობს
მხსნელი,
ღმერთი.
...
კიდევ ცოტა ხანს,
ასე დავრჩები...
მერე,
მერე მაინც, ერთხელ მკითხე,
რას ვშვრები.
გაიგებ, ვიცი.


























XIV

ლარნაკების სკვერი

ზანტად წამოვჯექი საწოლზე,
ფარდას მივწვდი და გადავწიე.
ისევ ისე წვიმდა.
უკვე, რაღაც ტანში მცრიდა.
უკვე, რაღაც,
პირს იჩენდა, ბასრად,
ნაფლეთ-ნაფლეთ
მჭრიდა.
მატარებდა გარე-გარეთ.
ვერსად გნახე...
ალბათ, უკვე, უშენობა მჭირდა.
...
ჩვენთან, უბანში,
ერთი ადგილია,
ლარნაკების სკვერს ვეძახით.
ყველაფერია იქ,
ლამაზი ქვაფენილი,
გრძელი სკამები,
მაგიდა თავისი სკამებით
და სახურავითაც.
გაზონები ლარნაკებითაა შემოღობილი.
ამ სკვერში,
ძველი ლარნაკები ოდითგანვე
ჩამოჰქონდათ ხოლმე,
ყველა წყლითაა სავსე.
ზოგში, ჯერ კიდევ დევს ყვავილები,
თუმცა, უმეტესობა მაინც
წყლის ამარაა,
ზოგშიც ბიჩოკებია ჩაყრილი.
ზოგჯერ, ეს ლარნაკები ცარიელდება
და წვიმა ავსებს წყლით, ხელახლა.
ჩხირო და მისი ძმაკაცები,
უბნის მოხუცი კაცები,
ხშირად, მეც,
ამ ლარნაკებს საფერფლეებად ვიყენებთ.
ზოგჯერ, აქ ის ყვავილები იდებენ ბინას,
რომლებიც, თავიდან,
ვინმესთვის იყვნენ განკუთვნილნი,
თუმცა,
ბედმა,
ამ სამუდამო მარტოობის სკვერში დაუდო
ბინა.
თითო ლარნაკი რაღაცის სიმბოლოა აქ.
რაღაც ამბავს,
ძალიან
ჩუმად, ფრთხილად ინახავს,
არავის ეუბნება.
ალბათ, ისეთ ამბებს ინახავენ,
რომლებიც დავიწყებას
უნდა მისცემოდნენ,
რომლებიც არავისთან უნდა
თქმულიყო.
...
მალევე ავდექი,
გადავივლე.
ჩვეულად, ყავა დავლიე
და ერთი ღერი დავაყოლე.
ჯერ კიდევ ძალიან ადრე იყო,
სადღაც, დილის რვა საათი.
მაგიდაზე რეცეპტი იდო,
დავხედე.
"მიიღეთ დღეში ერთხელ,
ჭამის შემდეგ." - ასე ეწერა.
ყავა რომ დავლიე,
ჩავიცვი,
ერთი აბი დავლიე.
მერე მაგიდიდან ლარნაკი ავიღე,
ყვავილებიანად და სახლიდან გავედი.
...
კიბეებზე რომ ჩავდიოდი,
წყალი აქა იქ მექცეოდა.
ეზოდან გავედი,
ცოტა გავიარე და სკვერსაც მივადექი.
სკვერში არავინ ჩანდა.
რომელიღაც გაზონს მივუახლოვდი
და ლარნაკი რიგში დავდგი.
ყვავილები არ ამომიღია.
დანარჩენებს დავხედე და თითქმის
არცერთში იყო ყვავილი დარჩენილი.
რომლებშიც იყო, უმეტესობა
უკვე დამჭკნარიყო.
თუმცა, ერთი ვარდი შევნიშნე,
სულ ახალს ჰგავდა,
გახარებულს,
წვიმასაც ბევრი ვერაფერი დაეკლო.
მივხვდი,
ჩემამდე ვიღაცას ჩამოეტანა.
...
გადახურული მაგიდისკენ გავიხედე
და ლადიკა ბაბუ დავინახე.
თავიდან, არ მინდოდა მივსულიყავი,
იმიტომ რომ ვისკის ჩამოტანა დამავიწყდა.
ლადიკა ბაბუ თავის ძმაკაცთან ერთად
იჯდა, წინ დახურული ნარდის დაფა ედოთ.
- გამარჯობა,
ბატონო ლადო! - ესე ვეძახდი ხოლმე.
- დილა მშვიდობის, კონსტანტინე!
დაგვილევ ერთ ჭიქას?
- მადლობა, ვერა, ბატონო ლადო,
აკრძალული მაქვს
სასმელი. - მოვატყუე.
- უხ, ვინ აგიკრძალა? - გაეცინა.
- ექიმმა.
- ჰოო?
- ჰო. თქვენ როგორ ბრძანდებით?
- რავიცი, ძველებურად.
ლადიკა ბაბუ ბედნიერი ჩანდა.
ეტყობა, ჯერ ბოსტანში არ შეეხედა,
არ იცოდა, კარალიოკი დახვდებოდა
მოპარული, თუ ნათესებზე ნახავდა
კატის მოჯმულს.
მერე, ცოტა ხანი
მოსაწყენ თემებზე ვილაპარაკეთ,
ბოლოს, გამაჩერა მაინც,
ავდექით და ცოტა დავლიეთ.
რაღაც კარგი და ძლიერი არაყი
ჩამოეტანა, პიტნის.
- კიდევ რომ ჩამოვალ,
ვისკის ჩამოგიტანთ აქ. - ვუთხარი და
თითქმის დაცარიელებულ ბოთლს
მივაშტერდი.
ლადიკა ბაბუმ
გამიცინა,
დამლოცა,
უკვე მიშვებდა სახლში.
მაგრამ, გადახურულიდან გასული,
გამაჩერა და მითხრა:
- კოტე, თუ დაინახავ,
რომელი მამაძაღლი მპარავს კარალიოკს,
გადაეცი,
მითხრას და გავუნაწილებ.
გეტყოდი,
მე მითხარითქო, მაგრამ
ავადმყოფი კაცი ვარ,
არ შემიძლია ჩხუბი...
ადრე გამეგო, ეხ, დედას ვუტირებდი.
- ვეტყვი აუცილებლად,
ბატონო ლადო. - ხელი ჩამოვართვი
და ჩემს გზას დავადექი.















XV

ძვლების ქანდაკება

კიბეებზე ბარბაცით ავდიოდი,
ჯერ მეორე სართულზე ვიყავი
და უცებ, ჩხიროს შევეფეთე.
კიბეებზე ჩამორბოდა.
- გაუმარჯოს. - გადამკოცნა
და ზურგზე ხელი მომარტყა.
- რას შვები,
როგორ ხარ? - რატომღაც, ცარიელი
მისალმების ამარა არ გავუშვი.
- რავი, ნელნელა. შენ?
- არამიშავს, ლარნაკების
სკვერში ვიყავი.
- ჰო? სვამდით?
- არა.
- აბა, ნარდს თამაშობდით?
- ისე ჩავედი.
...
- სიგარეტი გაქვს? - ჩხირომ
წამიერი სიჩუმე გაარღვია.
ჯიბიდან სიგარეტი ამოვიღე და
მივეცი.
ერთი ღერი ჩემთვისაც ამოვიღე.
გავუკიდეთ.
ჩხირო კედელს მიეყუდა,
ძალიან ნელა,
ჩუმად,
თავჩაქინდრულმა,
ნაფაზი ამოქაჩა და გამოაბოლა.
ეტყობოდა, რაღაც ვერ იყო რიგზე.
- ხო მშვიდობაა? - ვკითხე.
- გახდა ძალიან.
- ვინ? - გამიკვირდა.
არავის სახელი უხსენებია.
სახეზე ხელი ჩამოისვა,
თითქოს,
სევდიანი როჟა ჩამოიბანა
და გააგრძელა:
- მარტო ძვლები დარჩა, კოტე.
მკლავს და ნეკნებს შორის,
ღრიჭოები აქვს. ძაან ღრმა ღრიჭოები.
გველი გაძვრება.
...მაინც ლამაზია.
მაინც ლამაზია... - ვფიქრობდი.
- მარა, მაინც
ყველაზე ლამაზია. - მოულოდნელად
გააგრძელა ჩხირომ.
...
არ ვიცოდი, რა მეთქვა.
უეცრად, ძალიან ცუდმა
წინათგრძნობამ შემმოსა
უცნაური,
მალარიისებრი ანაფორით.
სახლში ასვლაც არ მინდოდა,
თუმცა, ჩხირო მალევე დამემშვიდობა.
მეც,
ისევ კიბეებს ავუყევი.
...
კარს რომ
მივადექი,
გასაღებმა შეხებისთანავე თითი გამიყინა.
თითქოს, საკეტში შეყინულიყო.
არ მივაქციე ყურადღება.
გვერდიდან, პიანინოს დახშული ხმა
გავიგე.
არაფრად ჩავაგდე.
შევედი სახლში.
...
იქ იჯდა.
რაღაცას აშტერდებოდა.
გამჭირვალე ფარდის მიღმა
მზემ შემოანათა
და ერთერთმა სხივმა
მისი გამჭირვალე სარაფანი გაკვეთა.
მაშინღა შევამჩნიე,
როგორ გამხდარიყო.
მარტო ძვლები იყო დარჩენილი
და მარტო სახე
კანი,
თმა
და მზერა შერჩენოდა.
ის, ლარნაკივით
ფრთხილად გამოყვანილი,
ადვილად დასამსხვრევი, თუმცა
მაგარი, მკვეთრი
ფიგურა,
აღარსად იყო.
- რა გჭირს? - შუქი ავანთე.
არ მიპასუხა.
ცოტა ხანი
სამზარეულოში ვიტრიალე,
ჭიქებს ვეძებდი.
- ყავა გინდა?! - ხმა მიკანკალებდა.
თვითონ, არც შემკრთალა,
ან, ალბათ, ვერ გაინძრა.
- ყავა?
ჩაი?
ვისკი?
ფრეში?
წყალი? - უკვე არ ვიცოდი, რას ვროშავდი.
წინ დავუჯექი.
მზერაზეც არ მიპასუხა.
...
მკლავებით ნავი გავაკეთე
და შიგნით ჩავსვი.
ოთახში წავიყვანე,
დავაწვინე.
...
მე მოვალ
წვიმად ან ქუხად,
თუკი, თუკი,
ეს სახლი,
ისევ ისე, უეცრად გაჩუმდა...
ნუღარაფერს როშავ...
ნურცერთი სიტყვით
ნუღარ მომკლავ...
თორემ, უჩემოდ,
მზე დამწუხრდა.
ის მწველი ფერი გაუქრა... - ხმა მესმოდა.
უკვე,
ჩუმად,
გაკვირვებული ვაცეცებდი თვალებს.
...
არ მიპასუხა.


































XVI

მომვლელი

სადღაც ორი კვირაა,
ბელა ოთახშია.
აღარც ფანჯარასთან დგება,
მახსოვს, როგორ იკრავდა ხოლმე
თმებს
მზის შუქზე.
თან, თეთრი სახით, მზეს ეფიცხებოდა.
ყავას აღარ სვამს.
ხანდახან,
ჩაი შემაქვს დილაობით,
ვფიქრობ, მაგით მაინც გათბება.
სულ ცოტას აკლებს ხოლმე.
თან, ტკბილი უყვარს და
მერე მე ძალით ვსვამ მორჩენილს.
მე ტკბილი არ მიყვარს.
...
სადღაც ორი კვირაა,
ქვემოთ,
მაღაზიაში ხშირად ჩავდივარ.
დახლებს ვუყურებ,
ვერ ვფიქრობ,
რა მივიტანო სახლში,
არ ვიცი, რას შეჭამს, რა მოეწონება.
...
სადღაც ორი კვირაა,
ბელას ერთი სიტყვაც
კი არ უთქვამს.
ზოგჯერ, იქვე თუ ვარ,
და თუ ვაკვირდები,
ვამჩნევ,
აქა იქ ამოიხვნეშებს ხოლმე.
...
მომვლელი ავიყვანე.
ბელასავით ჩუმია,
თუ რამე არ ჰკითხე,
თვითონ არაფერს გეტყვის.
თუ ჰკითხე,
ზერელედ გიპასუხებს,
მაგრამ, იმედს მოგცემს.
იმასაც გაჩვენებს,
რომ გაჭირვებულისადმი
ემპათია შერჩა.
მაგრამ,
მე,
მე? მე ვინ ვარ,
ვინმესგან რომ
ვითხოვ ემპათიას?
რად მინდა?
ან, სხვა რა ვალდებულია?
არა. არ ვიცი.
ზოგჯერ, უბრალოდ მგონია,
რომ საკუთარი ფიქრები არ მყოფნის.
...
მოსაღამავებულს,
სახლში ვბრუნდებოდი.
კართან დავდექი და წამით
გავჩერდი.
მარცხნიდან,
ხმა მომესმა.
გავიხედე,
იმ ძველი პიანინოს უკან,
ორი თავსაფრიანი ქალი იდგა.
- სულ გაგიჟდა ეს ბიჭი. - ერთმა თქვა
და ნაოჭიან, რბილ ლოყაზე
ხელი მიიდო.
- აბა, აბა.
ან, ამ გოგოს რას უშვება ასეთს.
როგორ გაახდუნა.
ძვალსაც აღარ დაუტოვებს
მალე. - ფსევდო-მწუხარებით
წაიჩურჩულა მეორემ.
- ესენი აქ მე ვერ
მხედავენ? - ბრაზმორეულმა გავიფიქრე
და ვითომ შემთხვევით,
კარს ფეხი მივარტყი.
გამოხედვაც არ მიმიღია პასუხად.
აშკარად ვერ მხედავდნენ.
- მოგიტყანთ
ჭორიკანა ტუჩები. - ჩავიბურტყუნე.
ისევ არანაირი პასუხი.
არანაირი რეაქცია.
ავდექი
და
მეც
დავიკიდე.
ნუ, ბელა რომ კარგად ყოფილიყო,
და მაშინ ეთქვათ რამე მსგავსი,
უფრო ადვილად დავიკიდებდი.
ახლა, წუხილზე,
დანაშაულის გრძნობა მემატება.
(ზოგჯერ,
ზოგჯერ მგონია,
რომ ზურგზე,
მეორე, სხვისი ჯვარი
მემატება.
ასატანადაც, რომ არ მენანება…
მაგრამ, იმ თავისი ოთხიდან,
პატრონს თავისთვის
ყველა ლურსმანი ენანება).
...
სახლში შევედი.
მომვლელი ოთახში იყო,
ბელასთან.
როგორც ყოველთვის.
მაგიდასთან დავჯექი.
ღია კარიდან გამოიჭყიტა და
შეშინებული კატასავით გამოვარდა.
სამზარეულოსკენ გავარდა.
ჯერ თეფში ეძება.
მერე ჭიქა.
მერე საფერფლე.
- არ მშია, გმადლობთ. - ვუთხარი.
- როგორც გინდა, შვილო. - ერთი
ხელის თითები ნაზად გადაასეირნა
მეორე ხელის თითის ზურგებზე.
ნაოჭები ალბათ, ბორცვებად
ეჩვენებოდა.
- დღეს გითხრათ რამე? - სიგარეტს გავუკიდე.
- არაფერი. - თავი ჩაღუნა.
- წუხს? - კიდევ დავუსვი შეკითხვა.
- არა. ამოიხვნეშებს ხოლმე.
მაგრამ, უფრო და უფრო ხდება.
ექიმები რას გეუბნებიან, შვილო?
ფანჯარას გავხედე.
- ვერ ვიპოვნე ექიმი, ვინც რამეს
მეტყვის. - თმა ავიჩეჩე.
...
ასე გრძელდებოდა
კიდევ რამდენიმე დღე.
ბელა ნელნელა უფრო და უფრო გახდა.
ბოლოს, მახსოვს,
მარტო სახე და ხელის მტევნები
იყო დარჩენილი.
თუმცა, კიდევ რამდენიმე დღე,
თვალებს სწრაფად აცეცებდა აქეთ იქით.
მეც რომ შევდიოდი ხოლმე,
თვალებით მელაპარაკებოდა.
დიდად არ მინდოდა, მეფიქრა,
რისი თქმა უნდოდა.
თუმცა ვამჩნევდი, ძალიან
ნაწყენიც არ იყო.
არც წუხდა.
მეც ვიჯექი ხოლმე და
ასე, უბრალოდ ვუყურებდი.
...
შაბათი დღე იყო.
დილით ბელა მომვლელთან
დავტოვე.
მომვლელი რომ მოვიდა,
ცოტა ვისაუზმე და მალევე გავედი სახლიდან.
არ ვიცი, რას ველოდებოდი.
არ ვიცი, რა წინათგრძნობა მახრჩობდა.
მაგრამ, ძალიან მინდოდა,
ამ რაღაც მისტიურ ვალდებულებას
გავქცეოდი და
ცოტა ხნით მესეირნა.
...
მზემ ზედმეტად შემაწუხა
და მალევე ავედი სახლში.
კიბეებიდან კარს მალევე მივადექი,
ღია კარში მომვლელი შევნიშნე.
ქურთუკი ჩაეცვა,
ხელჩანთაც ტრადიციულ
პოზაში დაეჭირა.
აშკარად ადრე მიდიოდა
და ვიფიქრე, რამე ხომ არ შეემთხვათქო
რამე სასწრაფო საქმე ხომ არ გამოუჩნდათქო.
- ხომ კარგად ხართ?
მშვიდობაა? - სადარბაზოდანვე ვკითხე.
- დაიძინა.
რომ დავხედე,
სახე ნელნელა
უფრო და უფრო გამჭირვალე
უხდებოდა. - ჩემს სახლში შემოსვლას
დაელოდა და მერე მითხრა.
ზერელედ დამემშვიდობა და ჭრაჭუნით
გაუყვა სადარბაზოს ცივ იატაკს,
შემდეგ ცივ ბეტონის კიბეებს.
ოთახში რომ შევედი,
ბელა იქ უკვე აღარ იწვა.
მარტო საღამური იდო.
დავჯექი,
სკამის საზურგეს
საკმაოდ დიდი ნდობით მივეყუდე
და სიგარეტს გავუკიდე.










XVII
და რა ვუყოთ ხმებს?

ცოტა დრო რომ გავიდა,
ჩემი სახლი საავადმყოფოდ გადაიქცა.
წესით, ბელას ოთახი ექიმის კაბინეტი
უნდა ყოფილიყო,
მისაღები ოთახი კი მოსაცდელი
დერეფანი,
თუმცა მე ყველაფერი უკუღმართად
გავიგე.
ვზივარ,
ჭერს ვუყურებ,
ლამაზ, სამთავა ჭაღს
ბოლში ვმოსავ,
იატაკზე ტყავის ფეხსაცმელს ვათამაშებ.
რაღაცას ველოდები.
...
- შემდეგი! - მისაღები ოთახიდან,
ბოხი ხმა გავიგე.
არ გამიხედავს იქით.
თუმცა, შემდეგმა ფრაზამ გამომაღვიძა:
- უზნაძე კონსტანტინე! - მკაცრი,
უფრო ბოხი და
გაბრაზებული ტონით მომესმა
ჩემი გვარი და სახელი.
ავდექი და ღია კარში გავედი.
მთლიანი ოთახი თეთრი იყო.
ახლად დალაგებულს ჰგავდა
და უცნაური,
საავადმყოფოს სუნიც იდგა.
ჩემი სამზარეულოს კაბინეტები
ფარმაცევტებს და ექიმებს
მიეთვისებინათ.
ზოგში რაღაც გამოუსადეგარი
არქივები ელაგა,
ზოგში წამლები.
...
მაგიდასთან თეთრ ხალათიანი კაცი იჯდა.
ძალიან წითელი სახით,
ტლოპინა თავითა
და გადმოკარკლული თვალებით.
გვერდით ეჯდა
ვიღაც
მეორე კაცი,
შავი პალტოთი
და დიდი ქუდით.
უკან პიანინო ედგა.
- ახლა ხომ ხედავ? - წითელ თავიანმა
კაცმა საუბრის დაწყება ინება. - ის
მხატვარი მართლა აღარაა.
იმ დღესვე მოკვდა,
როცა გითხარი.
შენ არ დამიჯერე.
ალბათ, იმიტომ,
რომ ფერები ძალიან ნელა ქრებოდნენ,
თუმცა, შენც ხომ ატყობდი მათ
გაცვეთას?
ხომ ატყობდი, აღმდგენი რომ არავინ
ჰყავდათ? - აგრძელებდა და მაშტერდებოდა.
წვერზე ხელი მოვისვი და მერე ხელი
ერთ ხანს ჯიბეში ვაფათურე.
ერთი ღერი სიგარეტი
და ასანთი ამოვაძვრინე.
- აქ არ ვეწევით. - უკვე უნდა
გამეკიდებინა, თუმცა იმ მსუქანმა
ექიმმა საკუთარ სახლში მოწევა
ამიკრძალა.
- კეთილი. - სიგარეტი წინ დავიდე.
- ხოდა, ახლა გჯერა? - გააგრძელა. ის
დიდ ქუდიანი კაცი ისევ ჩუმად იყო.
თავის კალთას დაჰყურებდა.
- მჯერა, კი. - იმ სიგარეტის ღერს
მაგიდაზე ვაგორებდი წინ და უკან...
წინ
და
უკან...
...
შენ,
ყველა სარკმლიდან,
გაქრები, ჩუმად.
ნეტავ, პალატების იქით...
ის ბაღი, ისევ თუა...
...
მე ვეღარ ვიგრძნობ
ვარდის ღერების ეკლებს.
უშენოდ,
სხვისთვის,
ვერცერთ ყვავილს ვკრეფ.
ალბათ,
ამ უფერობას სჯობს,
სადმე გავყვე
დანარჩენ ბრმებს.
მაგრამ,
რა ვუყოთ ხმებს?
...
ცოტა გამოვფხიზლდი.
უკვე ვიცოდი,
სადაც არ უნდა გავსულიყავი,
ყველაფერი ერთნაირი და
მოსაწყენი მომეჩვენებოდა.
- ეს კარგი, კი ბატონო.
გასაგებია. - უცებ, ის დიდ ქუდიანი
კაცი ჩემს და ექიმის შუაში დადგა
და ალაპარაკდა.
თითები
ცოტა ხნით
ხმაურიანად ათამაშა ხის მაგიდაზე,
ბოლოს, გააგრძელა,
გააგრძელა ისე, იცოდა,
პასუხი არავის ექნებოდა:
- და რა ვუყოთ ხმებს?





დასასრული.


























სარჩევი

1. მკვდარი მხატვარი
2. უბნელი
3. ხოჭო
4. გიჟების მაგიდა
5. კანქვეშ
6. იარსება
7. რა მოხდა? რამე მოხდა?
8. დატირება ჩურჩულით
9. მზეო, ამოდი
10. მიმიკა
11. ნუ ფიქრობ ამდენს
12. რიგი
13. შავი ყვავილი
14. ლარნაკების სკვერი
15. ძვლების ქანდაკება
16. მომვლელი
17. და რა ვუყოთ ხმებს?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent