რეპუტაციის თამაში 8
ელენე უკვე მესამე ყავაზე იყო გადასული, როცა ასისტენტმა დააკაკუნა და ისეთი გამომეტყველებით შემოვიდა, რომელიც ან ძალიან კარგ ამბავს ნიშნავდა, ან მოახლოებულ კატასტროფას. ბოლო სამი თვის ფონზე შეუძლებელი იყო იმის გამოცნობა, რომელი იყო. _პრესრელიზი მზად არის,_თქვა მარიამმა და ტაბლეტი მაგიდაზე დადო._იურიდიულმა განყოფილებამ დაამტკიცა, საბჭომ ხელი მოაწერა, პარტნიორები მზად არიან. თხუთმეტ წუთში ვუშვებთ. დოკუმენტს კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი და იგრძნო ის ნაცნობი კმაყოფილება, რომელიც იდეალურად განხორციელებულ გეგმას მოჰყვება. სამი თვის ფრთხილი მანევრები, მოლაპარაკებები და მრავალმხრივი თანამშრომლობა - ყველაფერი ერთ ელეგანტურ პრესრელიზში იყრიდა თავს, რომელიც “Beridze Communications“-ის მფლობელობის სტრუქტურას საფუძვლიანად ცვლიდა. “Beridze Communications“ მასშტაბურ რებრენდინგს აცხადებს — PR კომპანია ახალ სტრატეგიულ მიმართულებას აფუძნებს გაფართოებული ხელმძღვანელობის პირობებში“ - სათაური შეგნებულად უინტერესო იყო - კორპორატიული ენა, რომელიც მკითხველთა უმეტესობას დეტალების გამოტოვებას აიძულებდა. მაგრამ სწორედ დეტალები იყო მთავარი: სამი ახალი სტრატეგიული პარტნიორი, თითოეული სერიოზული კაპიტალითა და საერთაშორისო კავშირებით. ერთად ისინი ამირანის საკონტროლო პაკეტს დამაჯერებელი უმრავლესობიდან მხოლოდ ერთ ხმამდე ამცირებდნენ. _გაუშვი, _თქვა და საათს დახედა. 12:02 იყო. მიშო ამ დროს უკვე ყოველკვირეულ საბჭოს სხდომაზე იქნებოდა, გამორთული ტელეფონით, სრულიად უცოდინარი იმისა, რომ მისი კომპანიის „ოჯახური კონტროლი“, რომელსაც ასე „გულუხვად“ შეუწყო ხელი, მალე ბევრად უფრო რთული გახდებოდა. წარმოიდგინა მამაკაცის სახე, როცა სხდომას ვინმე შეაწყვეტინებდა და ამბავს შეატყობინებდა. ის მომენტი, როცა მისი სრულყოფილი კონტროლი ოდნავ მაინც გაიბზარებოდა. როცა მიხვდებოდა, რომ მის ნაბიჯს გვერდი აუარა. ზუსტად ოცდასამი წუთის შემდეგ ტელეფონმა დაიზუზუნა. „ჭკვიანურია, ვამაყობ შენით. დღეს სახლში არ ვრჩები, btw“ - ნაცნობი ნომერი. ელენემ გაიღიმა, შეტყობინება წაშალა და უპასუხოდ დატოვა. შემდეგ ისევ კომპიუტერს მიუბრუნდა — Business Georgia-ს ვებგვერდზე სტატია უკვე გამოქვეყნებული იყო. კომენტარების სექცია ივსებოდა ინდუსტრიის ექსპერტების ანალიზებითა და ვარაუდებით, რას ნიშნავდა ეს ნაბიჯი ბერიძის კომუნიკაციების მომავლისთვის. არც ერთ მათგანს არ ესმოდა, რას ნიშნავდა ეს სინამდვილეში: რომ ის ჯერ კიდევ ბრძოლაში იყო და უკან დახევას არ აპირებდა. სამი კვირის შემდეგ შეხვედრისთვის ემზადებოდა, როცა ტელეფონზე ახალი ამბის შეტყობინება ამოუგდო: „მსხვილი დეველოპერული კომპანია „Merisi Group“ გაკოტრებას აცხადებს — CEO ბაზრის ცვლილებებთან კონკურენციის შეუძლებლობას ასახელებს.” მუცელი შეეკუმშა. “Merisi Group“ უბრალოდ ნებისმიერი დეველოპერი არ იყო — ის მიშოს ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი გახლდათ საცხოვრებელი პროექტების ბაზარზე, და რაც მთავარია, “Beridze Communications”-ის მესამე ყველაზე მსხვილი კლიენტი, რომელიც კომპანიის შემოსავლის თითქმის თხუთმეტ პროცენტს უზრუნველყოფდა. _ნაბი*ვარი._ხმამაღლა წამოცდა. „მერისი გრუფს“ პრობლემები ჰქონდა, მაგრამ უძლებდა, მანამ, სანამ მელიქიშვილის მიერ ცოტა ხნის წინ დადებულმა შეთანხმებამ ევროპის განვითარების ფონდთან დეველოპმენტის დაფინანსების მთელი ლანდშაფტი არ შეცვალა. ტერა ჯგუფს ისეთი საერთაშორისო ინსტიტუციური მხარდაჭერა ჰქონდა, რომ რეგიონში ნებისმიერი მსხვილი პროექტისთვის ბუნებრივი პირველი არჩევანი ხდებოდა. _რა თქვით?_მარიამმა ოთახის მეორე ბოლოდან ჰკითხა. _არაფერი._ელენე წამოდგა და ოთახში დაიწყო სიარული._დამიგეგმე შეხვედრა საქართველოში ყველა დეველოპერულ კომპანიასთან, რომელიც ტერას ჯგუფის და მამაჩემის არ არის. სასწრაფოდ. თუ მიშოს ევროპული მხარდაჭერა მის კლიენტებს ანადგურებდა, იზრუნებდა, რომ გადარჩენილები საკმარისად გაძლიერებულიყვნენ საპასუხოდ... ათი დღის შემდეგ სანდრო მიშოს კაბინეტში შევარდა. _მუნიციპალური კომპლექსების პროექტი დავკარგეთ. _რა? უკვე დასრულებული იყო მოლაპარაკება. _ჰო,მაგრამ, როგორც ჩანს, ბოლო წამს დაახარვეზეს ჩვენი შეთავაზება. _ამირანის ოინებია? _გაგიკვირდება და არა, პროექტი სამი მცირე დეველოპერული კომპანიის კონსორციუმს გადაეცა. ელენეს კლიენტები არიან, სხვათა შორის. ერთ-ერთი მერისია, როგორც ჩანს, გაკოტრების ნაცვლად, რესტრუქტურიზაცია გადაწყვიტეს და პარტნიორები იპოვეს. მიშომ თვალები დახუჭა. _დაუჯერებელია!_თქვა ხმამაღლა და, ყველაფრის მიუხედავად, უნებლიე აღფრთოვანებაც იგრძნო. _ნახე._სანდრომ ტაბლეტი გაუწოდა, რომელშიც პრეს-რელიზი გაეხსნა. სწრაფად გადაიკითხა და უკან დაუბრუნა, ბრაზი მოწყობილობაზე რომ არ ენთხია. _ელენეს არ უხსენებია? _არა, ხომ იცი, ეთიკა..._თვალები აატრიალა.__კარგი, ხვალ შევხვდები საბჭოს, თათას სთხოვე, მიიწეროს. ტელეფონი ახმაურდა, ზუსტად იცოდა, რატომაც. Elene: 2:1 Misho: თვლა იცი? რაღაც გისწავლია LSE-შიც. Elene: F*ck you. ესეც ლონდონში ვისწავლე. Misho: შემოთავაზებაა? სამი წერტილი გამოჩნდა, გაქრა, ისევ გამოჩნდა და შეტყობინებაც მიიღო: Elene: ვნახოთ, 15 წუთში სახლში თუ იქნები. Misho: ბლეფაობ... Elene: რა იყო, უკვე აგ**და? Misho: კი და მიხედავ თუ ვინმე ვიპოვო? Elene: 14 წუთი. საათის ცნობაც მასწავლეს ლონდონში. ლეპტოპი სწრაფად დახურა და დამშვიდობების გარეშე დატოვა ოფისი. ელენე უკვე ლიფტთან იყო, როცა მანქანა დააყენა. _შენი ხუშტურები ხუთი მილიონი დამიჯდება._კარის დაკეტვამდე გაჩნდა მის გვერდით. _რატომ გგონია, რომ ყველაფერი შენ გეხება?_მისკენ არც გაუხედავს, ისე მიაჭირა მათი სართულის ღილაკს, როგორც ყოველთვის, ისეთი გამაღიზიანებელი სიმშვიდით, რომ მოგანდომებდა შეგენჯღრია, სანამ არ გატყდებოდა. _იქნებ იმიტომ, რომ არ ცდილობ დამალვას. _ Touché._გაეცინა._ცუდი რა გავაკეთე? ადგილობრივი, ბიზნესის მხარდაჭერა, პარტნიორობის ხელშეწყობა, ეკონომიკური დამოუკიდებლობის... _შეწყვიტე პრესრელიზის მოყოლა, უკვე წავიკითხე და გულიც ამიჩუყდა. ტიროდი, როცა წერდი? _რატომ უნდა მეტირა?_გაიღიმა, მკვეთრი და კმაყოფილი ღიმილით._ძალიან დაკავებული ვიყავი ზეიმით. შამპანური შესანიშნავი იყო, სხვათა შორის. შენი კოლექციიდან მოვიპარე. _ანუ დალევაც მოასწარი._ლიფტი გაიღო და კარისკენ წასულს ხელი დაუჭირა. _მხოლოდ ერთი ჭიქა. _ფრთხილად, უკვე ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობ. _შენ დაიწყე ეს ომი._ელენე არ შემკრთალა, გასაღები მშვიდად გადაატრიალა._უბრალოდ, უკეთესად ვიბრძვი ვიდრე შენ მოელოდი. _უკეთესად? ერთი პროექტის მოპარვის გამო? მხოლოდ საბურთალოს ტერიტორია უფრო მეტი ღირდა, ვიდრე... _ტერიტორია, რომელზე მშენებლობასაც მინიმუმ რვა თვის განმავლობაში ვერ დაიწყებ, რადგან კანონმდებლობა იცვლება? თუ ეგ ჯერ არ იცი... მიშო გაშეშდა. _რა გააკეთე? _მე? არაფერი._უმანკო გამომეტყველებით ახედა._პარლამენტარებთან არ ვმეგობრობ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. აბა, დერეფანში იდგები მთელი ღამე თუ სამაგიეროს გადამიხდი?_პიჯაკი ჩამოკიდა და გამომცდელად შეხედა. _ეს რაღაც ახალი წამოიწყე._კარი სწრაფად გადაკეტა და მიუახლოვდა._რის მიღწევას ცდილობ? _როდის გახდი ასეთი ეჭვიანი?_თითები მის ჰალსტუხს შეახო, ჯერ შეასწორა, შემდეგ კი მოხსნა._არაფერს ვთამაშობ, არ შეიძლება მეუღლეს ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება შევთავაზო?_გულგრილად გაიმეორა მამაკაცის სიტყვები, რომლებიც მოსმენის დღიდან ექოსავით ჩაესმოდა._რას ელოდები? _ელენე!_მელიქიშვილი თანდათან ხმას უწევდა. _აჰ, კო*დომი არ გაქვს?_მშვიდად გადაინაცვლა მისაღები ოთახისკენ. გეთქვა, წამოვიყოლებდი, ლონდონში ხომ მასწავლე გახსნა._არ წყვეტდა მის გამოწვევას._თუ ხუთი მილიონი გეძვირება? _ამის დედაც!_მოთმინებაამოწურულმა კედელს მუჭები დასცხო._მოიშორე ეგ წყეული ჯავშანი! ხომ შეიძლება, ერთხელ მაინც იყო გულწრფელი, ერთადერთხელ! სიყვარულში თუ არა, სიძულვილში მაინც. _სიმართლის მოსმენა გინდა? _სხვა არასოდეს არაფერი მითხოვია შენგან. მილიონჯერ შეგეძლო სიმართლე გეთქვა, ელენე. ნუთუ ისეთი საშინელი ადამიანი ვარ, რომ გეგონა განგსჯიდი იმის გამო, რის გაკეთებასაც მამაშენი გაიძულებდა? რომ შენს მხარეს არ ვიქნებოდი მის წინააღმდეგ? ჯაშუშობა არ დაგჭირდებოდა, პირდაპირ გეტყოდი ყველაფერს, რაც აინტერესებდა, რომ გეთხოვა. სწორედ ეს მტკივა ყველაზე მეტად, რომ ნდობის ღირსად მიმაჩნდი, შენ კი ჩემზე იმავეს არ ფიქრობდი. მე იდიოტი კი დანასაც მოგცემდი და მკერდს მოგიშვერდი, ოღონდაც შენი სახე უკანასკნელი რამ ყოფილიყო, რასაც დავინახავდი. _მიშო..._წინადადების დასრულება ვეღარ მოაერხა, სახე ხელებში ჩარგო და სუნთქვის დარეგულირებას ეცადა, უშედეგოდ. ეგონა, გული ამოუვარდებოდა. _თქვი რაღაც, ამის დედაც. მითხარი, რით ვერ დავიმსახურე, ის მაინც აღიარო, რომ გეზიზღები და ყველაფერს იმისთვის აკეთებ, რომ საბოლოოდ შემძულდე და გაგიშვა. _მინდა, გძულდე!_როგორც იქნა, შეძლო ხმის ამოღება._მინდა, რომ შემომხედო და იგივე ზიზღი იგრძნო, რასაც ყოველ დილით ვგრძნობ, როცა ჩემს ანარეკლს ვხედავ. მაგრამ ვიცი, რომ ეს შეუძლებელია. შენ ვერ ხედავ იმას, რასაც მე - უკვე ფსკერზე ვარ, მიშო, რომლიდანაც ვერ ამოვალ. სინამდვილეში არც რეპუტაციისთვის ვიბრძვი და არც იმის დასამტკიცებლად, რომ შენზე ჭკვიანი, ძლიერი ან ნაკლებად დამნაშავე ვარ, ვიდრე გგონია. ომი ერთადერთია, რაც მაცოცხლებს, მაგრძნობინებს, რომ ისევ ვარსებობ. როდესაც ვიბრძვით, ვიცი, სად ვიდგე, ვიცი წესები. ვიცი, როგორ ვისუნთქო. მამაკაცი არ აწყვეტინებდა. უბრალოდ უსმენდა და მისი სიტყვების სიმძიმეს ითავისებდა. კარგად იცნობდა მის მდგომარეობას - ფსკერი მისთვის უცხო არ იყო, უბრალოდ ამ ადგილისთვის სახელის დარქმევა თავად ვერ გაებედა. _ერთადერთი, რაც არ მინდა,_ელენემ ჩუმად განაგრძო._ის არის, რომ შენ აქ დარჩე ჩემთან ერთად. არ მინდა, შენც ჩაგითრიო, ფსკერზე ყოფნა ჩემი გადაწყვეტილებების შედეგია და არა - შენის. _არა._მოკლედ, დაუფიქრებლად უპასუხა. _რას ნიშნავს „არა“_ელენემ გაკვირვებით შეხედა. _იმას, რომ ეს შენი გადასაწყვეტი აღარ არის. შენ ვერ მეტყვი, სად უნდა ვიდგე და სად - არა. თუ ფსკერზე რჩები, მარტო არ ხარ. _მიშო, გთხოვ... _არა,_ისევ შეაწყვეტინა._ნუ თამაშობ კეთილშობილს ახლა. ნუ ცდილობ ჩემს გადარჩენას მაშინ, როცა შენსაზე უკვე ხელი გაქვს ჩაქნეული._მის ხმაში ბრაზი არ იგრძნობოდა, მხოლოდ დაჟინებული სიმშვიდე. წამით ორივენი გაჩუმდნენ და წარმოიდგინეს ამ საუბრის გაგრძელება, რომელშიც იარაღის ნაცვლად ერთმანეთს მოკიდებდნენ ხელს, რომელშიც გულწრფელობა უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე ცეცხლის დროებით შეწყვეტას. მაგრამ ამ ენაზე საუბარი უკვე აღარ შეეძლოთ. ელენე გასწორდა, სინაზე გაქრა, ჯავშანი კი თავის ადგილზე დაბრუნდა. _ნუ გახდები სენტიმენტალური._თქვა ჩუმად._უკეთ გასწავლე. _ესე იგი, ომს ვუბრუნდებით._მიშოც დაეთანხმა, მაგრამ მის ხმაში გამოწვევა არ იგრძნობოდა, მხოლოდ რეალობის მიღება. გოგონამ თავი დაუქნია. _ეს ერთადერთი ენაა, რომელიც ჯერ კიდევ გვესმის. თითქმის ერთხმად შებრუნდნენ თავიანთი ოთახებისკენ, რათა დაესვენათ მომავალი დარტყმების წინ. ომი გაგრძელდებოდა. არა იმიტომ, რომ რომელიმეს სჯეროდა გამარჯვების, არამედ იმიტომ, რომ გადარჩენის სხვა გზას ვერ ხედავდნენ... *** _...მე კი ვფიქრობ, ვგავარ ადამიანს, ჯაზ-ბენდის კონცერტებზე რომ დადის?_სანდრო ენთუზიაზმით საუბრობდა და ჩანგალს ჰაერში იქნევდა._თუ ჩემი მოსყიდვა გინდა, რამე უკეთესი მაინც შემომთავაზე. _ჰმ-მ, ჰო,_მიშოს თეფშიდან თვალი არ აუწევია. _სერიოზულად? საერთოდ არ მისმენ. _გისმენ. ჯაზ-ბენდი ძალიან ახლოსაა შენთან. _და კონტრაქტორის სახელი?_სანდროს გაეცინა და ღვინო მოსვა. _კონტრაქტორი? _თვალები დაახამხამა. _იმ კაცის, რომელზეც უკვე ხუთი წუთია ვლაპარაკობ. წარმოდგენა არ გაქვს, ხომ? _ყურადღება გამეფანტა. _აშკარად._თვალები დააწვრილა და დაკვირვებით შეხედა._რადგან ყურადღების გამფანტველი ფაქტორები ვახსენეთ, გავიგე, მაისურაძე მომავალ კვირას Beridze Communication-თან აფორმებს ხელშეკრულებას. _კი, ასეა._შეეცადა, უდარდელი ხმით ეთქვა და ჩანგალს ხელი შეუმჩნევლად მოუჭირა. _არაფერი გაქვს სათქმელი? _რა გინდა გითხრა, ელენეს გადაწყვეტილებებში როდის ჩავრეულვარ? თუ თვლის, რომ მის კომპანიას ეს სჭირდება... _ანუ არ გაიტერესებს, რომ მისი მთავარი კლიენტი ის კაცი იქნება, დორბლებს რომ ვერ მალავს მის დანახვაზე? _ნუ აზვიადებ._ჭიქა აიღო._ყველასთან თანამშრომლობაზე თუ უარი თქვა, ვისაც მოსწონს... _ყველა არაა და შენც კარგად იცი, რომ ვერ გიტანს. _ჰოდა ძალიან კარგი, ახლა ახლოდან შეუძლია უყუროს, რაც მისი ვერასოდეს იქნება. _ანუ სრულიად მშვიდად ხარ._სანდროს ეცინებოდა._და მეჩვენება, რომ ჭიქა მალე შემოგატყდება. _რა ჭიქა?_ხელი სწრაფად მოადუნა._ნუ მეღადავები. _აუ მართლა დაბერდი რა, მგონი გადავიფიქრებ დაქორწინებას. რამდენი გავიდა, ექვსი თვე? _სწორ გზაზე დგახარ, აი ნატალიც მოვიდა და უთხარი. _ბიჭებო!_გოგონა სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდათ._მაპატიეთ, ჯოჯოხეთიდან მყავდა კლიენტი, გეფიცებით, თავის მოკლვა მინდა._სანდროს გვერდით სკამზე ჩამოჯდა და ლოყაზე აკოცა._ეს ჰალსტუხი მე დაგიტოვე თუ გემოვნება დაგეხვეწა? _შენი აზრით, ამ ფერებს ჩემით შევახამებდი?_უკვე თვალებით მიმტანს ეძებდა._რას შეჭამ? სტეიკი დღეს კარგია, ჩვენს სახლთან რომ რესტორანია იმას არ შეედრება, მაგრამ... _მხოლოდ სალათი._სწრაფად უთხრა ნატალიამ გოგონას._ბერძნული და წყალი, გთხოვთ. _დარწმუნებული ხარ? საუზმემდე გაიქეცი... _ჰო, დიდად არ მშია, ლანჩზე ავიღე რაღაცები._მხრები აიჩეჩა._რამე გამოვტოვე? _ისეთი არაფერი. მიშოს ვერ ვაღიარებინე, რომ მაისურაძეზე ეჭვიანობს. _რატომ უნდა ვიეჭვიანო ელენეს კლიენტებზე, სკოლაში ვართ? _კლიენტებზე არა, მაგრამ კლიენტზე, რომელმაც პროექტების კონკრეტულად მის მიერ ხელმძღვანელობა მოითხოვა, რა ვიცი..._ნატალია ჩაერთო. _ეს ელენემ გითხრა?_ყბადაჭიმულმა ჰკითხა, წყვილმა კი ერთმანეთს გადახედა და სიცილი აუტყდა._მოგკლავთ. _მეც მიყვარხარ._მიმტანს მადლობა გადაუხადა და ჩანგლის აღებისთანავე დაიწყო თავისი საშინელი კლიენტის შესახებ მოყოლა._ამ ქალს, არ ვხუმრობ, მოაქვს მუდბორდი თეთრის ჩვიდმეტი სხვადასხვა ელფერით. ჩვიდმეტი! და მეკითხება, რატომ არ უხდება ერთმანეთს ყველა._უყურადღებოდ დაიწყო პომიდვრის დაჭრა, ხელებს ავტომატურად ამოძრავებდა._და ვცდილობ ავუხსნა, რომ თეთრი სინამდვილეში მხოლოდ ერთი ფერი არ არის, არსებობს თბილი და ცივი ფერები და ისე მიყურებს, თითქოს ჩინურად ვლაპარაკობ. _აჰა._სანდრომ ინტერესით თქვა, მაგრამ მიშომ შენიშნა, რომ თვალები ნატალიას თეფშზე გაეშტერებინა. _შემდეგ - და ეს ყველაზე კარგი ნაწილია_განაგრძო გოგონამ, ახლა უკვე ფეტას პატარა ჭრიდა პატარა კუბიკებად._ჩანთიდან კედლის ნატეხს იღებს, დაახლოებით ათი წლის წინ შეღებილს, და მეკითხება, შეგვიძლია თუ არა ზუსტად ამ ფერის მიღება. _და რა უთხარი? _ღმერთო, სიცილი როგორღაც შევიკავე, რამეს ვიზამთ-მეთქი. მომწოდებელს თეთრის ყველა ნიმუშის გამოგზავნა ვთხოვე. პარასკევს ისევ შევხვდებით ყველას სანახავად, მესამედ. _ჯოჯოხეთურად ჟღერს,_თქვა სანდრომ, ჩუმად, მაგრამ თვალები ისევ მისი ჩანგლის მოძრაობას აკვირდებოდა. მიშოც დააკვირდა უფრო მეტი ყურადღებით. გოგონა საუბარს განაგრძობდა და მხოლოდ სამი ლუკმა შეეჭამა, სანამ სალათის დარჩენილ ნაწილს სულ უფრო პატარა ნაწილებად შლიდა, მის ბიძაშვილს კი უფრო და უფრო უჭირდა ნერვიულობის დამალვა. _კარგად არის?_პირის უხმო მოძრაობით ჰკითხა, როცა ნატალია მისკენ არ იხედებოდა. ბიჭმა მხრები აიჩეჩა. _ორივე მოგკლავთ._გაცეცხლებულმა დანა-ჩანგალი ხმაურით დაყარა და მიშოს მიმართულებით კალათიდან აღებული პური ისროლა. _ჰეი, რა გჭირს?_სანდრომ ხელი მოკიდა და თავისკენ გაახედა._ნატალია, ისევ... _არაფერიც არ მჭირს და მშია, სხვათა შორის, ბატკნის ხორცი უნდა შევუკვეთო. მაინტერესებდა, თვალებში თუ იხედებოდი._მიშოსკენ შებრუნდა. _მე? რა დავაშავე?_მელიქიშვილს თვალები დაბნეულობისგან გაუფართოვდა. _ის, რომ ვერ ამჩნევ, როცა შენი მეუღლეც ასე იქცევა. სიტყვები ფიზიკურ დარტყმას ჰგავდა. _რა? _გასულ პარასკევს, დედაშენთან რომ ვიყავით._გოგონას ხმა დაუსერიოზულდა._ელენეს საჭმლისთვის პირი არ დაუკარებია, მხოლოდ ორი ლუკმა ჭამა, როცა თამარი უყურებდა. _რისი თქმა გინდა?_მამაკაცს მოსმენილის გაანალიზება უჭირდა._არ შიოდა, ალბათ... _ერთი საჭმლის გამოტოვებით ასე არ ხდებიან. ჯერ ვიფიქრე, იქნებ ტოქსიკოზი აქვს-მეთქი, მაგრამ მერე ისე გამოაცხადეთ, ჯერ არ ვაპირებთ შვილის ყოლასო, თამარს ლამის ინფარქტი მოუვიდა. _მეგონა, უარესად მიიღებდა._სანდრო ჩაერთო, რომელიც არანაკლებად შოკირებული იყო, უბრალოდ ყურადღების გადატანას ცდილობდა. _მეორე დილით დამირეკა, ელენესთან ერთად ვერ გკითხავდი და პრობლემები გაქვთო?_მიშომ ღრმად ამოისუნთქა. _ჰოდა, რა ხდება? _არაფერი, კარგადაა, უბრალოდ გადაიღალა ალბათ. ელენეს შესახებ თუ რამე ვიცით, ისაა, რომ საკვების არ ეშინია. არ გახსოვს, სანდროს დაბადების დღეზე სამი დესერტი რომ შეუკვეთა? თვეების წინანდელი მოგონება მტკივნეულად ამოუტივტივდა. გოგონა გულიანად იცინოდა და ეკამათებოდა, ტირამისუ ლავა ქეიქზე ობიექტურად უკეთესი იყო თუ არა და „შესადარებლად“ ბარემ პანაკოტაც შეუკვეთა. თავისი ხელით აჭმევდა და უხსნიდა, რატომ იყო ტექსტურა არასწორი. მაშინ, როცა სიცილი ჯერ კიდევ შეეძლო. _სტრესმა შეიძლება შეცვალოს საკვებთან დამოკიდებულება._ნატალიამ თავი დახარა._კარგად არ გამოიყურება, მიშო. ვყოფილვარ მის ადგილას და თუ იმას აკეთებს, რასაც ვშიშობ, ისე მალე ვითარდება ხოლმე მოვლენები, ვერც წარმოიდგენ. _წარმოუდგენელია._ადგილს ვეღარ პოულობდა და გამართლებას ეძებდა._ცოტა დასტრესილია, ხომ იცით, ბევრ პროექტს შეეჭიდა და ყველაფერი იდეალურად უნდა გააკეთოს. _ჰო, ძლივს ვხედავთ._ჩუმად დაამატა სანდრომ._მგონი თავის სამსახურზე უფროა დაქორწინებული, ვიდრე შენზე. წყვილი საუბარს განაგრძობდა, მაგრამ მიშოს აღარაფერი ესმოდა, ფიქრებში ჩაძირულიყო. როგორ გამორჩა ეს ამბავი? როგორ იყო ასე შეპყრობილი მათი ომით, ასე კონცენტრირებული სტრატეგიულ გამარჯვებებსა და გათვლილ შურისძიებაზე, რომ ვერ შეამჩნია რაღაც ასეთი მნიშვნელოვანი? ცდილობდა გაეხსენებინა, ბოლოს როდის შეხედა ელენეს ნამდვილად. არა წამიერი თვალის შევლებით, არა ფრთხილი დაკვირვებით, როგორც მოწინააღმდეგეზე, რომლის სისუსტეებსაც აკვირდებოდა, არამედ ნამდვილად, ისე როგორც ადრე. ორი კვირის წინანდელ საქველმოქმედო გალაზე - გოგონას შავი კაბა ეცვა, ახსოვდა, რომ ფიქრობდა, რომ კარგად გამოიყურებოდა. მაგრამ ახლა, როდესაც ეს მოგონება გულდასმით დატრიალდა გონებაში, დაინახა, როგორ განსხვავებულად გამოიყურებოდა კაბა მის სხეულზე, როგორი გამოკვეთილი ჰქონდა ლავიწის ძვლები. როგორ მოძვრა საქორწინო ბეჭედი დონორთან საუბრისას. უკვე შეემჩნია ცვლილება, უბრალოდ თავს უფლება არ მისცა, ამაზე ედარდა. _მიშო!_ბიძაშვილის ხმა თითქოს შორიდან ისმოდა._გვისმენ? _რა? _მესამედ გკითხე, ბუდაპეშტის ფორუმზე ელენეც თუ იქნება. _ალბათ...არ ვიცი._სკამიანად უკან დაიხია, ჰაერი აღარ ჰყოფნიდა._უნდა წავიდე, საქმეები მაქვს. სანდროს გაიყვან, ხომ? _რა თქმა უნდა. _ნატალიმ ამოიოხრა._მაგრამ საუბარი არ დაგვისრულებია. _არაფერია სალაპარაკო..._ტყუილის დასრულება ვეღარ შეძლო, უბრალოდ წამოდგა._ყველაფერი კარგადაა. არაფერიც არ იყო კარგად, მაგრამ ორივე ძალიან ჯიუტი, ძალიან ამაყი და ძალიან გაბრაზებული იყო ამის აღიარებისთვის. _მიშო, რაც არ უნდა ხდებოდეს თქვენ ორს შორის, უნდა გაარკვიო., სანამ..._გაჩერდა და შეყვარებულს გახედა. _სანამ?_არ იყო დარწმუნებული, რომ პასუხის მიღება სურდა. _სანამ ერთმანეთს ისე დააზიანებთ, რომ გამთლიანება შეუძლებელი იქნება._სანდრომ დააბოლოვა... ათი საათი სრულდებოდა, როცა კარის საკეტის ხმა გაიგო. ელენე, როგორ ყოველთვის, ლეპტოპის ჩანთითა და ყავის ჭიქით ხელში დაბრუნდა და გაუკვირდა, როცა მელიქიშვილი მისაღებ ოთახში დახვდა. _ადრე მოსულხარ._ნეიტრალური ხმით თქვა და ეცადა, ყურადღება არ მიექცია მისი დაჟინებული მზერისთვის, მაგრამ მამაკაცის შავი თვალები სხეულს ისე უწვავდნენ, თავი ვერ შეიკავა._რა ხდება? _ა...არაფერი._მიშომ ჩაახველა და თვალები დაახამხამა. _კარგი..?_გოგონამ მხრები აიჩეჩა და ოთახისკენ შებრუნდა, მაგრამ მისმა ხმამ შეაჩერა. _მაცივარი ცარიელი ყოფილა, ვფიქრობ რამე შევუკვეთო. _სანდრო და ნატალია არ უნდა გენახა? _კი, მაგრამ მალე დავიშალეთ და... _შეუკვეთე მერე, რას მითანხმდები?_დაბნეულმა ჩანთა იქვე მიაგდო და ჩამოჯდა. _შენ რა გინდა? _არაფერი, უკვე ვივახშმე. _რა ჭამე?_ეცადა, გულგრილი ხმით ეკითხა, თითქოს უბრალოდ საუბრის გაბმას ცდილობდა. _რა?_დაბნეულობა გაღიზიანებამ შეცვალა. _მაინტერესებს, იდეები მჭირდება. _მე...სენდვიჩი ვიყიდე გზად._ისე უპასუხა, რომ მისთვის არ შეუხედავს. _რისი? კარგი იყო? _რა მნიშვნელობა აქვს?_ხმას აუწია და საფეთქელზე ხელი დაადო._ავად ხარ? სამსახურში რამე მოხდა თუ თავი დაარტყი? სასწრაფოს ხომ არ დავურეკო. _კარგად ვარ. _აბა დალიე? გიჟივით კი იქცევი._წამოდგა და ხელები გადაიჯვარედინა, რათა კანკალი დაემალა._გთხოვ, არ შემიძლია ამ სისულელის მოსმენა, საბჭოს სხდომა მაქვს დილის ათ საათზე, ღამე მშვიდობის. _ელენე._წამოდგა და მკლავებზე შეეხო. იმის გაანალიზებამ, მართლა რამდენად გამხდარიყო, ლამის ფიზიკური ტკივილი მიაყენა._დღეს საერთოდ რამე ჭამე? _ღმერთო ჩემო. კი, მიხეილ. დღეს ვჭამე. ყოველდღე ვჭამ. არ ვარ ბავშვი, რომელსაც ზედამხედველობა სჭირდება. _ვიცი. _მაშინ ეს რა არის? რაიმე ახალი სტრატეგია თამაშში, ცოლის სისუსტის პოვნა და მისი გამოყენება? ბრალდება ეტკინა, რადგან უსამართლო არ იყო. ზუსტად ამას აკეთებდა დღეების წინ. _ეს სტრატეგია არ არის, უბრალოდ... _აბა თამარი ნერვიულობს, შვილიშვილს რომ ვერ ვჩუქნით? _რა შუაშია თამარი? რამე გითხრა? _არა, საბედნიეროდ მაგდენი შეგნება აქვს, მაგრამ არ თქვა, რომ ვერ შეამჩნიე, როგორ მიყურებდა, გეგონება, მარტო მე არ მინდოდეს შვილის გაჩენა. ალქაჯი ვგონივარ ალბათ. _ნუ სულელობ!_გაეცინა, იმის მიუხედავად, რომ ნერვული აშლილობის ზღვარზე იყო._მარტო მე ვთვლი ჩემი ოჯახის წევრებიდან, რომ ალქაჯი ხარ, ყველას ანგელოზი ჰგონიხარ. _უღრმესი მადლობა, დავმშვიდდი._თვალები აატრიალა და ხელები გააშვებინა._ჩემი წონა შენი სანერვიულო არ არის. იცოდე, არ გაბედო გეცოდებოდე, გეფიცები, მოგკლავ, შენს თვალებში სიბრალული რომ დავინახო. _ელენე... _შემეშვი, დასაძინებლად მივდივარ._ლეპტოპს ხელი დაავლო._ღმერთო, ხუთი კილო ვეღარ დაგიკლია, დრამა რომ არ დაგიდგან. მიშომ უხმოდ გააყოლა თვალი საძინებლისკენ მიმავალ ნაცნობ სილუეტს და კიდევ ერთხელ გაიაზრა, რომ წაგებულ თამაშს თამაშობდნენ. იმდენად იყვნენ ორიენტირებული ერთმანეთისთვის ტკივილის მიყენებაზე, რომ ვერ ხვდებოდნენ, ორივენი სისხლისგან როგორ იცლებოდნენ. და არც ერთმა არ იცოდა, როგორ გაჩერებულიყო. "დაელაპარაკე"?-სანდროს შეტყობინება გახსნა. "ვეცადე" "მერე?" "ამბობს, რომ კარგადაა" "და?" "არ არის, რა თქმა უნდა" "რას აპირებ?" "რაც არ უნდა დამჭირდეს" "შენს გვერდით ვართ, ხომ იცი" აღარ უპასუხია. მობილური გამორთო და გაიაზრა, რომ პირველად, თვეების განმავლობაში, აღარ ახსოვდა სტრატეგია, კომპანია, ოჯახი ან ის, თუ ვინ დაწინაურდებოდა შემდეგ ბრძოლაში. მხოლოდ ელენეზე ფიქრობდა - ქალზე, რომელზეც ამტკიცებდა, რომ უყვარდა და რომელიც ისე იშლებოდა მის თვალწინ, რომ ვერც კი ამჩნევდა - ან უარესი, არ იმჩნევდა და თავად უწყობდა ხელს განადგურებაში და იმაზე, რამდენად საშინელი ადამიანი უნდა ყოფილიყო, მასზე წინ ძალაუფლება დაეყენებინა. სიჩუმეში, გამორთული ტელეფონისა და ცარიელი ოთახის ფონზე, ეს სიმართლე საბოლოოდ დაატყდა თავს და მიხვდა, რომ ვეღარ გაექცეოდა. *** როგორც იქნა, დაგიბრუნდით ცოტა დიდი თავით. მადლობა ლოდინისთვის, მოუთმენლად ველი შეფასებებს. ალბათ მალე დავასრულებ ამ მოთხრობას და შემდეგში რაიმეს თუ დავწერ, დასრულებამდე აღარ გამოვაქვეყნებ, თორემ უპასუხისმგებლოდ გამომდის და არ მომწონს. love, Daisy |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


