რეპუტაციის თამაში 11 (დასასრული)
ელენე კართან გაიყინა. წამით ეგონა, რომ სიზმარში იყო... ან დეჟა ვუს განიცდიდა. _რა… რა მოხდა? _რა მოხდა? შენ! შენ მოხდი ჩემს ცხოვრებაში. _არ ვიცი, რაზე... _მართლა მეგონა, რომ ბოლოს და ბოლოს გულწრფელი იყავი._ხმაში ბზარი გაუჩნდა. _როცა მითხარი, რომ გენატრებოდი, როცა..._ხელები თმაში ჩაივლო და ოთახში გაიარ-გამოიარა. _რაზე ლაპარაკობ, მიშო, გთხოვ._გულაჩქარებული სწრაფად მიუახლოვდა. _ღმერთო, რა იდიოტი ვარ._უკან ისე დაიხია, თითქოს მისი შეხება დაწვავდა._რა საშინელი იდიოტი. _ვერ გიგებ… _ხმაში პანიკა შეეპარა. _რა მოხდა? რა ხდება? მამაკაცი დიდხანს უყურებდა, გამომეტყველება კიდევ უფრო გამკაცრებოდა. _მართლა ელოდები, რომ დავიჯერებ, თითქოს არ იცი, რას გამოიწვევს შენს მიერ გავრცელებული ინფორმაცია? მინიმუმ, ანგარიშებს გაგვიყინავენ, სანამ გამოიძიებენ, მაქსიმუმ კი..._მწარედ გაიღიმა._დამაკავებენ კონფიდენციალობის დარღვევისთვის._ასე რომ, გილოცავ, ძვირფასო. საბოლოოდ იპოვე გზა, როგორ გაგენადგურებინე. წონასწორობა დაკარგა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს სახეში გაარტყეს. _რას ამბობ._ხმა ძლივს ამოიღო. _კარგად გაიგე! გოგონამ თავი გააქნია და კიდევ ერთხელ მიუახლოვდა, ხელები უკანკალებდა. _რა ინფორმაცია, მიშო, მე არაფერი მინახავს. როდის... _პარტნიორების კონფიდენციალური ფაილები. გაუთქმელობის ხელშეკრულებები, დოკუმენტები, რომლებიც ჯერ არ გამოქვეყნებულა, შიდა გადარიცხვები._ტელეფონი ხელში მიაჩეჩა._სამი კვირის განმავლობაში სისტემატიურად იტვირთებოდა ანონიმურ სერვერზე, პროფესიონალურად დაშიფრული. უსაფრთხოების გუნდმა ერთი საათის წინ აღმოაჩინა. იცი, ვისი მონაცემებით ხდებოდა ეს ყველაფერი? ეკრანს მიაშტერდა. თარიღები. IP-ლოგები. მომხმარებლის სახელები. მისი მისამართი. მისი ავტორიზაცია. _რა სისულელეა..._დახშული ხმით თქვა._ამას არასოდეს გავაკეთებდი. _არ გააკეთებდი?_ლამის ისტერიული სიცილი დაიწყო._ელენე, ერთხელ უკვე შეაღწიე ჩემს ბიზნესში, ხომ არ დაგავიწყდა? თვეების განმავლობაში აგროვებდი ინფორმაციას მამაშენისთვის, მატყუებდი სახეში, საწოლში... ეს რითია განსხვავებული? ომში აღარ ვართ? „იმით, რომ მიყვარხარ. იმით, რომ გუშინდელი ღამე ყველაზე ნამდვილი იყო ჩემს ცხოვრებაში” - უნდოდა ეთქვა, მაგრამ ხვდებოდა, რომ აზრი არ ჰქონდა. _კონკურენცია, კლიენტების წართმევა ერთია და არც დამიმალავს, მაგრამ სისხლის სამართლის დანაშაული? არასდროს გავაკეთებდი რამეს, რაც რეალურად დაგაზიანებდა!_ხმა აუკანკალდა. _მაგრამ გააკეთე და მტკიცებულებები ხელში გიჭირავს. _გეფიცები... _შეწყვიტე!_ხელის აწევით გააჩუმა._ნუ მეფიცები, თითქოს შენი სიტყვები რამეს ნიშნავდეს. _ნიშნავს! ვიცი, ადრე გატყუებდი, გიღალატე, მაგრამ ეს... _ეს ზუსტად იგივე სცენარია - ახლოს მოდიხარ, იღებ, რაც გჭირდება, მერე კი ყველაფერს წვავ. გუშინ გამოსამშვიდობებელი სპექტაკლი დადგი? მაგრამ ტექსტი დაგავიწყდა მგონი, რაღაცის თქმას აპირებდი და გადაიფიქრე. არ მეტყვი? მგონი, ამას მაინც ვიმსახურებ. _იმის თქმა მინდოდა, რომ..._ხმა გაუტყდა და წინადადების დასრულება ვეღარ შეძლო. გაიაზრა, რომ მათ შორის არსებული კედელი უფრო მაღალი და კიდევ უფრო სქელი გახდა._შენ ვეღარასოდეს მენდობი, არა? რაც არ უნდა გავაკეთო, ყოველთვის ყველაზე ცუდს იფიქრებ და ვერც დაგადანაშაულებ ამის გამო. მელიქიშვილი დიდი ხნის განმავლობაში უყურებდა, როგორ ჯიუტად ცდილობდა ცრემლების შეკავებას. სასოწარკვეთილი, დანებებული ელენეს ხილვა უფრო დიდ დარტყმას აყენებდა, ვიდრე მასთან ომი. პასუხის გაცემა არ შეეძლო, იცოდა, რომ აქედან უკანდასახევი გზა აღარ ექნებოდა. ტელეფონი ხელიდან გამოგლიჯა და ნომერი ისე აკრიფა, რომ მისთვის თვალი არ მოუშორებია. _გადახედე?.. რამდენად ცუდადაა საქმე?.. ეგ რაღაც გაუგებრობაა, რაში სჭირდებოდა... _იმის გააზრებაზე, რომ ყველაფრის მიუხედავად, მას იცავდა, გული მოეწურა._მოკლედ, ჯერ არავისთან თქვა, ცოტა დრო მჭირდება, გავარკვევ. 3-4 საათში შევხვდეთ. ზარი დასრულდა, გოგონას მზერა წამით კვლავ შეავლო და ოთახიდან გავარდა, ელენე დაუფიქრებლად გაეკიდა. _მიშო, უნდა მომისმინო. _საკმარისი მოვისმინე, დრო არ მაქვს._კარადა გამოაღო და სწრაფად დაიწყო ჩაცმა._ციხეში თუ აღმოვჩნდი, თავზესაყრელად მექნება და შეგიძლია, მესტუმრო . _ნება მომეცი, დაგეხმარო. _უკვე საკმარისად „დამეხმარე“. წავედი, შენ მერე მოგხედავ._მისი სიტყვებისთვის აღარ მოუსმენია, ისე დატოვა სახლი. ელენე საძინებელში იდგა, ტანზე ისევ მისი სურნელით. ფეხები უკანკალებდა, ხელები უთრთოდა, ყოველი ამოსუნთქვა ნემსების ყლაპვას ჰგავდა. გრძნობდა, ნერვული აშლილობის ზღვარზე იყო და მალე ნაწილებად დაიშლებოდა. მაგრამ არ შეეძლო. ჯერ არ ჰქონდა უფლება. ჯერ ყველაფერი უნდა გამოესწორებინა. არ დაუშვებდა, მიშო მის ნანგრევებში მოხვედრილიყო. მუხლებმოკვეთილი საწოლზე ჩამოჯდა და რამდენჯერმე ღრმად ამოისუნთქა, თავს ძალა დაატანა, დაფიქრებულიყო. საბედნიეროდ, ბევრი ფიქრი არ სჭირდებოდა, ერთადერთი ადამიანი არსებობდა, რომელიც მისი სახელის გამოყენებას გაბედავდა. იმის მიუხედავად, რომ არ უნდოდა დაჯერება, მამამისი ამდენად სასტიკი შეიძლებოდა ყოფილიყო, მხოლოდ მას ჰქონდა მოტივიც, რესურსიც და გამოცდილებაც. ელვის სისწრაფით მოემზადა და მანქანის დაქოქვამდე ტელეფონში საჭირო სახელი იპოვა. „ალექსანდრე დარჩია“ რამდენიმე უპასუხო ზარის შემდეგ შეტყობინება აკრიბა: „სასწრაფოდ დამირეკე. ვალი უნდა დამიბრუნო.“ დრო იყო, ამირანისთვის შეეხსენებინა, რომ იარაღებს მათი მფლობელების წინააღმდეგაც შეეძლოთ შებრუნება. არ ახსოვდა, მშობლების სახლამდე გზა როგორ გაიარა. ძლივს ამჩნევდა ნაცნობ ქუჩებს, იდეალურად მოვლილ უბანს, სადაც გაიზარდა და სადაც ძალიან ღრმა ბავშვობაში ისწავლა, რომ ძალაუფლება სიყვარულზე მნიშვნელოვანი იყო და გამარჯვება - ნებისმიერ ფასად გამართლებული. დაკაკუნება არ უცდია, გასაღები სწრაფად გადაატრიალა და მარმარილოს ჰოლში შევიდა. _ ჰეი!_მისი ხმა ექოსავით გაისმა უზარმაზარ სივრცეში._სად ხართ? ყველა მანქანა ეზოში დგას! _ელენე!_სანამ კიბეებს აივლიდა, ხმა გაიგონა მისაღები ოთახიდან და დედამისიც მალევე დაინახა - ქალი სპორტულ ტანსაცმელში იყო გამოწყობილი - შაბათის ჩვეული რუტინა, რა თქმა უნდა, თითქოს სამუშაო დღეები დაკავეებული ჰქონდა._რატომ არ დაგვირეკე? შემთხვევით მოვიხსენი ყურსასმენები._მისკენ დაიძრა, მაგრამ გოგონას ყვირილმა გააშეშა. _სად არის? _ვინ? _სად ჯანდაბაშია შენი ქმარი?_ხმას კიდევ უფრო აუწია. _რა ხდება, შვილო? _შვილს ნუ მეძახი, თქვენ რანაირი მშობლები ხართ, ან საერთოდ რა ადამიანები?_გრძნობდა, კვლავ პანიკური შეტევა ეწყებოდა._ყოველთვის იცი, რაც ხდება, უბრალოდ თავს იკატუნებ, რომ პასუხისმგებლობა აირიდო._ჩამოდი, დამელაპარაკე! ირინეს პასუხი არ დასცალდა, მალევე გაისმა ნაბიჯების ხმა და ამირან ბერიძეც გამოჩნდა - მშვიდი ნაბიჯებით. _ელენე._რბილი ტონი ჰქონდა, თითქმის სასიამოვნო._რა სიურპრიზია, მეგონა ქმართან ატარებდი შაბათ-კვირას, როგორც ყოველთვის. _რა გინდა ჩემგან?_ყვირილისგან ლამის იხრჩობოდა._რატომ არ მაცდი მშვიდად ცხოვრებას? _ჯობს, დაჯდე._თვალის დაუხამხამებლად უთხრა._ისტერიკაში ხარ. _ისტერიკაში?_მისკენ წავიდა, შეკრული მუშტებით._მიშოს ციხეში გზავნი, თან ისე რომ დამნაშავე მე გამომიყვანე და კიდევ მე ვარ ისტერიკაში? უფროსი ბერიძე წამით დააკვირდა და მიხვდა, რომ უარყოფას აზრი არ ჰქონდა. _ირინე, ცოტა ხნით დაგვტოვე. _ამირან!_დაიწყო ქალმა. _ახლავე. სიტყვა აღარ უთქვამს, მამა-შვილს რამდენჯერმე გადახედა და კარი გაიხურა. როგორც კი მარტო დარჩნენ, მამაკაცის სახე გამკაცრდა. _ტონს დაუკვირდი, ელენე. ჯერ კიდევ შენი მამა ვარ. _შენ მანიპულატორი არამზადა ხარ, რომელიც მხოლოდ ჩემს გაკონტროლებას ცდილობს._მთელი ცხოვრების ბრაზი ერთიანად იღვრებოდა._და მორჩა. აღარ ვიქნები შენი პაიკი, შენი იარაღი, შენი... _ჩემი ქალიშვილი, რომელიც მტერს ზედმეტად დაუახლოვდა._ცივად დაასრულა. _გგონია, მელიქიშვილი არ მიჩივლებს და შენ მშვიდად გამოძვრები, არა? კარგად ვერ გათვალე, საერთოდ აღარ მაინტერესებს, რა მომივა, მაგრამ მე თუ გავნადგურდები, შენც აუცილებლად გაგიყოლებ. _მეგონა, რაღაც ისწავლე._ყალბი იმედგაცრუებით საუბრობდა._ლამის შანსი მოგეცი, მაგრამ მაინც ისეთი აღმოჩნდი, როგორიც სხვა ქალები - შეგიყვარდა და სხვა ყველაფერი დაივიწყე. რა სამწუხაროა. გოგონამ გადაიხარხარა. _ეგ სიტყვები 19 წლის ელენეზე ნამდვილად იმოქმედებდა, მაგრამ ახლა ფეხებზე მ*იდია! გინდა, რომ იფიქრო, სუსტი ვარ და გადარჩენისთვის შენ მჭირდები. გინდა, რომ უკან დავბრუნდე და შენი კონტროლი ავირჩიო, რადგან ზედმეტად ემოციური და ზედმეტად ქალური ვარ იმისთვის, რომ დამოუკიდებლად გავძლო. _მინდა, რომ გაიღვიძო და რეალობა დაინახო. მიხეილ მელიქიშვილი ჩვენი მტერია და ოჯახზე წინ არ უნდა დაგეყენებეინა! _“ოჯახი“?_სიტყვა ისე გაიმეორა, თითქოს შხამის გემო ჰქონდა._რომელი ოჯახი იყენებს ასე თავის წევრებს? არანაირი ოჯახი არ არსებობს. აღარ! ახლახანს ვესაუბრე ალექსანდრეს, ჩემი ხათრით გინდობდა, რადგან აღარ თაღლითობდი, თუმცა რაკი შენ თვითონ გამწირე, უარს არ მეტყვის ძველი ცოდვების გახსენებაზე. ალბათ დროა, ყველამ იცოდეს, როგორი კაცი ხარ სინამდვილეში. _არის რაღაცეები, რაც არ გესმის,_თქვა რამდენიმე წამის შემდეგ, მერყევი ტონით._გართულებები, რომლებიც... _რა გართულებები შეიძლება ამართლებდეს ამას? დიდხანს ჩუმად იყო, შემდეგ ბართან მივიდა და სასმელი დაისხა, ხელები ბოლომდე არ ჰქონდა მოდუნებული. _ვალში ვართ._თქვა ჩუმად._სერიოზულ ვალში. ისეთში, რომელზეც მოლაპარაკება შეუძლებელია. ელენე მიაჩერდა. _რა? _ცუდი ინვესტიციები, სესხები, რომელთა გადახდის ვადაც მოსალოდნელზე სწრაფად მოვიდა, პარტნიორები, რომლებსაც ფული სურთ, თორემ გამოავლენენ, როგორ იყო მიღწეული თავდაპირველი გარიგებები._საბოლოოდ შეხედა და პირველად, ელენემ მის თვალებში ცივი გათვლების გარდა სხვა რამ დაინახა - შიში._მჭირდებოდა ლიკვიდური აქტივები, სწრაფად. და მიხეილის კომპანია, სათანადო დესტაბილიზაციის შემთხვევაში, ზუსტად ამას უზრუნველყოფდა. _ანუ ჩემი ქორწინება ფულზე გაცვალე?_ბრაზის ახალმა ტალღამ გადაუარა._შენი ვალების დასაფარად ჩემი ცხოვრება გაანადგურე? _ის გავაკეთე, რაც საჭირო იყო. მელიქიშვილი არ გიჩივლებდა, ვიცი, შენსავით იდიოტია. ოჯახის გადარჩენას ვცდილობდი!_პირველად გატყდა მისი სიმშვიდე._ყველაფერი, რაც გვაქვს, ყველაფერი, რაც ავაშენეთ, რისკის წინაშე იყო. _შენივე შეცდომების გამო, შენი სიხარბის. _ნიკოლოზის გამო._ამირანს მხრები ჩამოუვარდა._ინვესტიციები და გარიგებები მისი იდეა იყო, ამბობდა, რომ კავშირები ჰქონდა, რომ შემოსავალი უზარმაზარი იქნებოდა. ვიცოდი, რომ ბიზნესის კეთება არასოდეს უნდოდა, მაგრამ შანსი მივეცი, რადგან მეგონა... მეგონა, რომ ისწავლიდა. ელენემ იგრძნო, როგორ ჩაწყდა რაღაც მკერდში. მწარე სიცილი აუტყდა, სიტუაციისთვის სრულად შეუსაბამო. _ნიკოლოზი, რა თქმა უნდა, შენი ოქროს ბიჭი. ვაჟი, რომელსაც ყოველთვის უპირატესობას ანიჭებდი, მხოლოდ იმიტომ, რომ სწორი ორგანოებით დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ არასდროს სურდა რაიმე საერთო ჰქონოდა ოჯახურ ბიზნესთან. მიუხედავად იმისა, რომ მე ვიყავი ის, ვისაც სინამდვილეში ესმოდა, ვინც ამისთვის მუშაობდა, ვინც..._გაჩერდა და ხელები სახეზე მოიჭირა._და შენ ჩემი ქორწინება, ჩემი რეპუტაცია, მთელი ჩემი ცხოვრება გაწირე, რომ მისი არაკომპეტენტურობა დამეფარა. ისე გამომიყენე, თითქოს თითქოს უბრალოდ ინსტრუმენტი ვყოფილიყავი. _ელენე... _იცის?_უცებ შეაწყვეტინა_იცის ნიკოლოზმა, რაც ჩაიდინე? რომ ვალების დასაფარად მე დამადანაშაულე? მამამისი ერთი წუთით გაჩუმდა. _არა...ვუთხარი, რომ მოვაგვარებდი, მაგრამ არ მითქვამს, როგორ. ოდნავი შვება იგრძნო, რადგან მისი ძმა მაინც არ იყო თანამონაწილე. _რამდენი?_იკითხა ჩახლეჩილი ხმით. _რა? _რამდენი გჭირდება ვალის დასაფარად? ამირანმა წაერმოუდგენელი ციფრი დაასახელა. _ნაწილი შემიძლია მოგცე. ყველა აქტივი, რაც მაქვს. ჩემი წილი კომპანიაში, ჩემი პირადი ანგარიშები, ყველაფერი. მაგრამ ჯერ უნდა დამეხმარო იმის აღდგენაში, რაც დაანგრიე. ვებსაიტს დახურავ, ყველა ფაილს წაშლი და წვდომის ყველა კვალს დაფარავ, სანამ ეს საჯარო გახდება და ხელისუფლება ჩაერევა. _თუ ამას გააკეთებ, არაფერი დაგრჩება. არც ფული, არც კომპანია, არც გავლენა. სრულიად დაუცველი იქნები. _ვიცი. _და შენი ქმარი მაინც არ გაპატიებს, ესეც ხომ გესმის?_მისი ხმა შერბილდა, თითქმის თანაგრძნობით გაიჟღერა. _თუნდაც სახელი გაიწმინდო, თუნდაც დაამტკიცო, რომ გაჟონვაში ხელი არ გირევია, ის მაინც აღარ დაგიჯერებს ბოლომდე. არა იმის შემდეგ, რაც ადრე გააკეთე. არა ყველაფრის შემდეგ, რაც მოხდა... ეს სიტყვები ფიზიკურ დარტყმას ჰგავდა, რადგან იცოდა, სიმართლე იყო. მიშოს შეიძლება დაეჯერებინა რომ ფაილები თავად არ აუტვირთავს, მაგრამ არასდროს დაიჯერებდა, რომ არაფერი იცოდა, არასდროს ირწმუნებდა, რომ ბოლომდე უდანაშაულო იყო. _ვიცი._ღრმად ამოისუნთქა._მიშო ვერაფერს გაიგებს, რასაც გააკეთებ, არ ეცოდინება, რომ მე ვიყავი ჩართული ამ ყველაფრის გამოსწორებაში, არ უნდა იფიქროს, რომ ეს კიდევ ერთი სტრატეგიაა, კიდევ ერთი მანიპულაცია. ის უბრალოდ… უსაფრთხოდ უნდა იყოს. ამირანი ისე უყურებდა, თითქოს პირველად ხედავდა. _ანუ ყველაფერს თმობ კაცისთვის, რომელიც არასოდეს გაპატიებს?_პასუხს არ დალოდებია._მართლა ძალიან გიყვარს. _კი და ეს სისუსტე არ არის._მტკიცედ უთხრა._შენ ეგ არასოდეს გესმოდა უბრალოდ...მოკლედ, ერთი საათი გაქვს, რომ ყველაფერი გააქრო, სანამ ყველანი გისოსებს მიღმა აღმოვჩნდებით. მერე უბრალოდ ვილოცოთ, რომ ჯერ არავის უნახავს. მე წავედი, კომპანია მაქვს გასაყიდი, როგორც ჩანს. საჭესთან დამჯდარმა, როგორც იქნა, ცრემლებს გასაქანი მისცა, ქუჩები აკვარელის ლაქებად გადაიქცა. მთელი ცხოვრება იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის, ძალისთვის, კონტროლისთვის, იმისთვის, რომ ამირან ბერიძის ქალიშვილზე მეტი ყოფილიყო. ახლა კი ყველაფერს თმობდა სიყვარულისთვის. ირონია აშკარა იყო. და ისიც, რომ ამას მილიონჯერ გააკეთებდა, რომ დასჭირვებოდა… …მზე უკე ჰორიზონტზე იწყებდა დაშვებას, როცა მიშომ, ბოლოს და ბოლოს, იპოვა. უკვე საათებია ეძებდა - ჯერ მის ბინაში მივიდა, მერე „Beridze Communications“-ის ოფისში, შემდეგ კი ყველა ნაცნობთან. ტელეფონი მესამე ზარის შემდეგ პირდაპირ ავტომოპასუხეზე გადადიოდა, ის კი მთელს თბილისში შეპყრობილივით დაქროდა - ამოწმებდა ყველა კაფეს, სადაც ელენეს უყვარდა ჯდომა, ყველა პარკის სკამს, სადაც განმარტოვდებოდა ხოლმე, როცა ფიქრი სჭირდებოდა, პატარა წიგნის მაღაზიას, რომელსაც ხშირად სტუმრობდა და ეგონა, რომ მიშომ არაფერი იცოდა. არაფერი. მანქანაში იჯდა და ფიქრობდა, კიდევ სად ეძებნა, როცა მოგონებამ ისეთი სიცხადით გაუელვა, თითქოს თავში მუშტი ჩაარტყეს. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, იქ იქნებოდა... *** _...თინეიჯერობა გამახსენდა, ერეკლეს მანქანებს რომ ვიპარავდი და სად არ ვიმალებოდი ხოლმე... _ჰმ..._იმის მიუხედავად, რომ მხოლობითში თქვა, ელენემ მაშინვე წარბი აწია._ვისთან ერთად? იმედია, აქ ვინმე სხვა არ მოგიყვანია. _დამშვიდდი, ეს ექსკლუზიურად ჩვენი ადგილია._ეღიმებოდა გოგონას ეჭვიანობაზე, იმის მიუხედავად, რომ იცოდა, ხელოვნური იყო. საგურამოში, იმ ტაძრის ეზოს გრძელ სკამზე ისხდნენ, სადაც ერთმანეთი ოფიციალურად გაიცნეს და მზეს ეფიცხებოდნენ. _სხვათა შორის, დამალვა შეიძლება მართლა მოგიწიოს. ამირანმა მილიონჯერ მითხრა რომ „სტრატეგიულ შეცდომას“ ვუშვებ,_ჰაერში ბრჭყალები გამოსახა თითებით._თითქოს სიყვარული ბიზნეს-გადაწყვეტილებაა. _იცი, რა გააგიჟებდა საერთოდ? ეშმაკურად გაეღიმა მიშოს._თუ დავქორწინდებოდით. ელენემ გადაიხარხარა. _წარმოგიდგენია? ნერვული შეტევა დაემართებოდა. ალბათ შენს მოკვლასაც ეცდებოდა. _დედაჩვენები კი ნახევარ თბილისს დაპატიჟებდნენ ქორწილში. აუტანელი იქნებოდა. _სრული კოშმარი,_დაეთანხმა, ისევ ღიმილით._თუმცა, სიმართლე რომ ვთქვა, მამაჩემის სახის გამომეტყველების ნახვა თითქმის ღირს ამ ყველაფრად. _თითქმის? _ქორწინება ცოტა ზედმეტია მხოლოდ შურისძიებისთვის, არ გგონია? _ვინ თქვა, რომ შურისძიებაზე ვლაპარაკობ?_მიშომ უფრო სერიოზულად შეხედა. ელენეს ღიმილი სახეზე შეახმა. _რას გულისხმობ? _ქორწინებას. _მიშო... _სერიოზულად ვამბობ._თვითონაც იმ წამს მიხვდა, რომ არ ხუმრობდა. _რამდენი ხანია, ერთად ვართ?_ოდნავ უკან დაიხია, მისი თვალები უკვე პანიკას მოეცვა. _რა მნიშვნელობა აქვს, ისედაც ყოველდღე ერთად ვართ. რას ველოდებით? _არ ვიცი, იქნებ იმას, რომ გიჟები არ ვიყოთ?_ნაძალადევად გაიცინა და წამოდგა._მიშო, ადამიანები უბრალოდ იმიტომ არ ქორწინდებიან, რომ ერთმანეთის კომპანია სიამოვნებთ. ქორწინება… სერიოზულია. _ვიცი, რომ სერიოზულია და ისიც ვიცი, რომ ამის გეშინია_თავადაც ადგა და ხელი მოკიდა, რომ გაეჩერებინა._ზუსტად აქ მითხარი, მაგრამ ხომ იცი, რომ მე არასოდეს გთხოვ, თავი დაკარგო. მართლა გგონია, რომ შენი შეცვლა მომინდება? რომ მჭირდება მორჩილი ცოლი, რომელიც ყველაფერზე დამეთანხმება? _საბოლოოდ ყველას ეს უნდა. _მე ყველა არ ვარ და, მით უმეტეს, არც შენ. მიყვარს, რომ მეწინააღმდეგები, მიყვარს, რომ ჩემს იდეებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებ, მიყვარს, რომ ამბიციური ხარ, ჭკვიანი და კატეგორიულად არ აძლევ უფლებას ვინმეს - მათ შორის მეც - გაკონტროლოს. უბრალოდ მინდა, ყოველ დილით ერთად გავიღვიძოთ და ყველაფერზე ვიკამათოთ, რაზეც შესაძლებელია, იმ პირობით, რომ ერთად დავიძინებთ. რა შეიძლება ამაში ცუდი იყოს? დიდხანს ჩუმად იყო და ხეობას უყურებდა. _მართლა სერიოზული ხარ? _კი. _მართლა… ქორწინებას მთავაზობ სერიოზულად? _კი. _ეს…_თვალი გაუსწორა, მისი მზერა ერთდროულად შეშინებული და იმედით სავსე იყო._ეს სიგიჟეა, მიშო. _ალბათ._გაეღიმა._ეს „კი“-ა? _ჯერ ბეჭედი უნდა შევარჩიო, მაგაზე არ მიფიქრია... *** მოგონებები გვერდზე გადადო და ნელა მიუახლოვდა სკამზე ჩამომჯდარს, რომელსაც ხელები ტანზე ისე შემოეხვია, თითქოს ნაწილებად დაშლილი სხეულის შენარჩუნებას ცდილობდა. არ შემობრუნებულა, მაგრამ მხრები დაეძაბა. _წადი, ნინა,_თქვა ჩახლეჩილი ხმით._გითხარი, დრო მჭირდება. _ნინა არა. ისეთი სისწრაფით შემობრუნდა, კინაღამ ჩამოვარდა. _მიშო...რა... როგორ… აქ... _ჩემი საყვარელი ადგილიცაა. შეიძლება ჩამოვჯდე? მწარედ ჩაიცინა და ცრემლები მოიწმინდა. _ჩემი სკამი არაა, ვერ დაგიშლი... აქ რამ მოგიყვანა? _გავიგე, „Beridze Communications” იყიდებაო და რას ფიქრობ, კარგი ინვესტიცია იქნება?_ჰკითხა რამდენიმე წუთის შემდეგ. _რა თქმა უნდა, გაიგებდი,_ჰორიზონტისთვის თვალი არ მოუშორებია._მიხეილ მელიქიშვილი ხარ, ბოლოს და ბოლოს. კიდევ რა გაიგე? _ყველაფერი._მოკლედ უპასუხა. აზრი არ ჰქონდა, ეკითხა, როგორ. _და აქ რატომ ხარ?_ხმა ჩაუწყდა._რომ მითხრა, როგორი სულელი ვარ? როგორ დავამტკიცე კიდევ ერთხელ, რომ ისევ მამაჩემის მორჩილი იარაღი ვარ? _ელენე... _გილოცავ, მიშო. მოიგე._მისკენ შებრუნდა, ისეთი განადგურებული სახით, რომ მამაკაცს გული გაუტყდა._საბოლოოდ, სრულად გაიმარჯვე. მე ყველაფერი დავკარგე - ჩემი კომპანია, რეპუტაცია, დამოუკიდებლობა - ყველაფერი, რისთვისაც წლები ვიბრძოდი. ყველაფერი გაქრა. ასე რომ, თუ აქ იმისთვის ხარ, რომ გაიხარო ან მორალი წამიკითხო ჩემს გადაწყვეტილებებსა და შედეგებზე... _ყველაფერი არ დაგიკარგავს._არ დაასრულებინა. გოგონამ ისეთი სახით შეხედა, თითქოს უცხო ენაზე ელაპარაკებოდა. მერე გატეხილი ხმით განაგრძო: _გთხოვ, ოღონდ იმედს ნუ მომცემ. შენ ისედაც არასდროს მყავდი სინამდვილეში. არა მას შემდეგ, რაც გავაკეთე, რაც შენი ნდობის დამსახურების შანსი დავკარგე. ვერ დაგკარგავდი, რადგან ისედაც ვიცოდი, რომ ვერ მაპატიებდი, არა იმიტომ, რომ არ გინდოდა, არამედ იმიტომ, რომ არ შეგეძლო. _მართალია._ღრმად ამოისუნთქა_ყოველ ჯერზე, როცა მინდოდა… ყოველ ჯერზე, როცა ვფიქრობდი, იქნებ გადაგვეტანა, იქნებ მეპატიებინა - ლევანის სიტყვები მახსენდებოდა, მისი ხმა, რომელიც მეუბნებოდა, რომ ჩემს წინააღმდეგ ინფორმაციის შესაგროვებლად გამოგგზავნეს, რომ ყველაფერი, რაც ჩვენს შორის დაიწყო, თავიდანვე მამაშენის სტრატეგიის ნაწილი იყო და ვიჯერებდი, რომ რეალური არაფერი ყოფილა. მხოლოდ საკუთარ ტკივილზე ვფიქრობდი და არ მიცდია იმის გაგება, ასე რატომ მოიქეცი. ეგოისტი აღმოვჩნდი, იმდენად გაამაყებული საკუთარი სიმართლით, რომ არც მიფიქრია, შენც შენი შეიძლებოდა გქონოდა. _მიშო, არ სჭირდება ჩემს საქციელს გამართლება... _ტყუილს არაფერი ამართლებს, საშინელი არჩევანი გააკეთე, მაგრამ მეც უნდა გამეაზრებინა, რომ ხაფანგში იყავი, გაჭედილი სისტემაში, რომელიც ბავშვობიდან გაკონტროლებდა და მისგან ბოლოს და ბოლოს გათავისუფლება ძალიან ძვირი გიჯდებოდა. გოგონა უკვე კანკალებდა და ხელებს მუხლებზე კიდევ უფრო ძლიერად უჭერდა. _უნდა მეთქვა. როგორც კი მივხვდი, რომ მიყვარდებოდი, მაშინვე უნდა მომეყოლა ყველაფერი. _კი, უნდა გეთქვა. და მე უნდა მეკითხა „რატომ“, იმის ნაცვლად, რომ ყველაზე საშინელება მეფიქრა. უნდა დამენახა, რას გიკეთებდა მამაშენი და არა მხოლოდ ჩემს ტკივილში ჩავფლულიყავი. უნდა გამხსენებოდა, რომ ქორწინების გეშინოდა, რომ „კი“ თქვი, მიუხედავად შიშისა, იმიტომ რომ მენდობოდი, გჯეროდა, რომ არ გადაგაქცევდი იმად, რაც ყველა ქალი გახდა შენს გარშემო. და მერე ექვსი თვე დავუთმე იმას, რომ ეს შიში გამემართლებინა...დღეს_გააგრძელა მცირე პაუზის შემდეგ._როცა ვიფიქრე, რომ ისევ მიღალატე… შეგეძლო საკუთარი თავი დაგეცვა. შეგეძლო მამაშენი დაგედანაშაულებინა ან მე გაგეწირე. იმ ექვსი თვის შემდეგ, რაც გამოგატარე, ვერც გაგამტყუნებდი. _ ვერ დავუშვებდი, რომ ციხეში წასულიყავი იმის გამო, რაც არ გაგიკეთებია. _და ყველაფერი დათმე. _მთლიანად მისკენ შემობრუნდა და ლოყებზე ჩამოცვენილი ცრემლები მოწმინდა. _გაჩერდი,_ჩურჩულით თქვა._გთხოვ, მიშო, აღარ შემიძლია ეს. ვერ ვიჯდები აქ და თავს ვერ დავიიმედებ, რომ რაიმეს გამოსწორების შანსი გვაქვს. ორივე გატეხილები ვართ, ერთმანეთი გავტეხეთ. და მე ისე..._ხმა სრულად ჩაუწყდა._ისე დავიღალე ბრძოლით, ენერგია აღარ დამრჩა. _ჰოდა, შევწყვიტოთ ბრძოლა._ათრთოლებული გულზე მიიხუტა._უბრალოდ..._შეჩერდა, რომ სწორი სიტყვები ეპოვა._გულწრფელები ვიყოთ ერთმანეთთან, ყოველთვის. _მაინც რაზე? _იმაზე, რომ მიყვარხარ, იქამდე მიყვარდი, სანამ შენთან ან საკუთარ თავთან გამოვტყდებოდი. იმდენად, რომ ქორწინება გაიძულე, რადგან ყველაფრის მიუხედავად, ვერ ავიტანდი სხვასთან შენს დანახვას, მაგრამ ზედმეტად ამაყი ვიყავი, ეს რომ მეღიარებინა. ელენე ვერაფერს პასუხობდა, მხოლოდ უსმენდა და ნელ-ნელა სუნთქვა უმშვიდდებოდა. _და იმაზეც, რომ შენც გიყვარვარ,_გააგრძელა უფრო ჩუმად._იმდენად, რომ ყველაფერი დათმე ჩემს გადასარჩენად. იმდენად, რომ ნება მომეცი, მძულებოდი, თუ ეს ჩემს უსაფრთხოებას ნიშნავდა. იმდენად, რომ საკუთარი დამოუკიდებლობა - ის, რაც ყველაზე მეტად გიყვარს - გაწირე ისე, რომ სანაცვლოდ არაფერი მოგითხოვია. _ ეს ჯანსაღი არ არის._ოდნავ გაეცინა. _შეიძლება, მაგრამ მირჩევნია შენთან ერთად გატეხილი ვიყო, ვიდრე სრულყოფილი - ნებისმიერ სხვასთან. _ეს ყველაზე დეპრესიული რომანტიული აღიარებაა, რაც კი მომისმენია. _მაინც რამდენი აღიარება მოგისმენია? _რამდენიმე... და ყველა იცი, ნუ ღელავ._ამჯერად გულწრფელად გაეცინა._ანუ ახლა რა? უბრალოდ ვწყვეტთ, რომ თავიდან ვცადოთ და ვიმედოვნებთ, ამჯერად უკეთ გამოვა? _ასე მარტივადაც არ გამოდის._მიშომ ტელეფონი ამოიღო. _ვის ურეკავ? _ჩემს ადვოკატს._კითხვა აღარ აცადა, ნომერი ისე აკრიფა._ნოდარ, როგორ ხარ?.. მინდა საბუთები მოამზადო… განქორწინების... ჰო, სხვა ცოლიც მყავს?.. მადლობა, ასე გამოვიდა... არაფერზე ვიდავებთ, მარტივად..._შეჩერდა და ელენეს შოკირებულ სახეს შეხედა._ჩვენში უნდა დარჩეს, ხომ იცი… კარგი, მადლობა. _სულ გაგიჟდი, ჰო? ამ სიტყვების შემდეგ მეყრები? _იმ ქორწინებას ვაუქმებ, რომელიც გაიძულე._შეასწორა._იმას, რომელიც დასჯაზე, სტრატეგიასა და ტკივილზე იყო აგებული. ვეყრები იმ ელენეს, რომლის კონტროლსაც ვცდილობდი...ჰოდა, ელენე ბერიძე, გამეყრები?_ოდნავ მოშორდა და თეატრალურად ჰკითხა. _დიახ. დიახ, გშორდები მიხეილ მელიქიშვილო._ბედნიერი ხმით უპასუხა და ბეჭედი მოიძრო. _უფრო დამაჯერებლად. _აღთქმა დაგიდო? _რატომაც არა? ქორწინების თუ არსებობს, განქორწინებამ რა დააშავა, უფრო გულწრფელიც იქნება. _კარგი, მე..._სკამზე გასწორდა და დაფიქრდა._მე, ელენე ბერიძე, ვეყრები ჩემი თავის იმ ვერსიას, რომელსაც ეშინოდა გულწრფელობის, რომელიც სტრატეგიას ნდობაზე წინ აყენებდა, რომელსაც სიყვარული სისუსტედ მიაჩნდა. შენი ჯერია. _მე, მიხეილ მელიქიშვილი, ვეყრები ჩემი თავის იმ ვერსიას, რომელიც კომუნიკაციის ნაცვლად დასჯას ირჩევდა, რომელმაც ჩვენი ქორწილი იარაღად აქცია, რომელიც ზედმეტად ამაყი იყო, ეღიარებინა, რომ ორივეს გვტკიოდა. _ვეყრები სრულყოფილების ვალდებულებას. _ვეყრები მოლოდინს, რომ შეცდომებს არასდროს დავუშვებთ. _ვეყრები ბიზნესომს. _ვეყრები ცალკე საძინებლებს. იქამდე აგრძელებდნენ ანტი-აღთქმების დადებას, სანამ სიცილისგან ვეღარ სუნთქავდნენ. _ჰოდა, რას ვაკეთბთ ამ საშინელი დაპირებების შემდეგ? _ახლა სახლში მივდივართ, ხვალ საბუთებს მოვაწერთ ხელს. და მერე…ხელში აიყვანა,_მერე ნამდვილ პირველ პაემანზე დაგპატიჟებ. ყვავილებით და ყველაფრით. _რა ყვავილებით? ხომ იცი, ვერ ვიტან. _ვხუმრობ, ხომ იცი, გაგაოცებ, ყოველ დღე, სანამ არ მოგბეზრდება. _წინ დიდი დრო გაქვს. _მეც მაგის იმედი მქონდა... *** როგორც იქნა, აქამდე მოვედით. აღარ მჯერა, რომ ეს ბოლო ნაწილია, უფრო მეტად კი ის, რომ ამდენი მკითხველი აღმომაჩნდა. მადლობა, რომ ბოლომდე დარჩით ჩემთან და პერსონაჟებთან. ვიცი, ალბათ ბევრი რამ დაგაკლდათ, მაგრამ ეს ის არის, რაც ამ ეტაპზე გამოვიდა. შეფასებებისა და კრიტიკისთვის ღია ვარ, როგორც ყოველთვის. გუწლრფელად გამიხარდება, თუ ნებისმიერ მოსაზრებას დააფიქსირებთ. შეიძლება ისევ შევხვდეთ, მაგრამ ახლო მომავალში, დიდი ალბათობით, არა. Love, Daisy |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


