შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თილისმა (4 თავი)


დღეს, 16:57
ავტორი ვე რა
ნანახია 6

თილისმა

4

ჯადოსნური ღამე

_ ერთი... ორი... სამი..._ ყველა ერთ ხმაში ითვლიდა წლის უკანასკნელ წამებს. მათ ანთებულ თვალებში რაღაც ჯადოსნური სხივი ელავდა. მიუხედავად იმისა, გულით სჯეროდათ თუ არა ამ ღამის ჯადოსნურობისა, მიუხედავად იმისა, ნამდვილად სჯეროდათ თუ არა სასწაულების, მათში წლის ეს უკანასკნელი წამები რატომღაც სასწაულის მოლოდინს აღვიძებდა, რომ ახალი წლიდან ყველაფერი იმაზე უკეთესად იქნებოდა, ვიდრე მანამდე. ისინი იფიქრებდნენ სურვილებს, ზოგი გულში, ზოგი ხმამაღლა. იფიქრებდნენ რაღაც სანუკვარს. იქნებ არც თუ აუხდენელს, იქნებ სულაც შეუსრულებელს და რამდენიმე წამით მაინც ჰქონდათ იმედი, რომ ახალი წელი მოიტანდა იმ სასწაულს, რომელიც მთელი წლის მანძილზე მისცემდა მათ ძალას ბრძოლისთვის და რაც ყველაზე მთავარი იყო, ამ ღამეს ყველაფერს ცუდს ძველ წელს აჰკიდებდნენ დაღლილ მხრებზე.
_დაე, ძველმა წელმა წაიღოს ყველაფერი ცუდი!_ სადღეგრძელოსავით ჭიქაშემართული ნატრობდა ნინა და სულ არ აინტერესებდა, ძველი წელი იყო თუ არა თანახმა. დასასრულის ჟამს, ალბათ მართლა არავინ კითხულობს, ხარ თუ არა თანახმა ყველა ის შეცოდება, შეცდომა და არ გამართლება ზიდო საკუთარი მხრებით, რასაც რატომღაც საკუთარ თავს არავინ აბრალებს.
_ შენ რას გაჩუმებულხარ? ჩაუთქვი სურვილი!_ ლამის მიბრძანა ნათიამ და ღვინის ჭიქა შემაჩეჩა ხელში._ მიდი, ნუ იყურები მჟავე სახით!
ჭიქა ჩამოვართვი და დავფიქრდი, რა მსურდა ახალი წლისგან? რა იყო ის სანუკვარი ნატვრა, რასაც არავის გავუმხელდი, ანდაც იმაზე ხმამაღლა ვიტყოდი, ვიდრე სხვა პაწაწუნა ნატვრებს ვამბობდი ხოლმე.
_ დაე, ეს დღე იყოს ყველაზე ცუდი, იმ დღეებს შორის, რაც კი წელს მელოდება!_ გავუღიმე ჭიქის მიღმა მაგიდაზე მოლიცლიცე წითელ სინათლეს. „ღვინის ჩრდილი“ გავიფიქრე გულში და ვერაფრით მოვაშორე თვალი მაგიდის პრიალა ზედაპირზე აკიაფებულ ბროწეულისფერ ჯადოსნურ სხივს. „ვინ თქვა, რომ ჩრდილი მხოლოდ სიბნელეა?!“ სურვილის ნაცვლად ოპტიკური ილუზიის ჯადოსნურობაზე ვფიქრობდი. იქნებ ჩრდილები სულაც არ იყვნენ ბნელები? იქნებ უბრალოდ ასე დაგვაჯერეს? და თუ კარგად დაუკვირდებოდი, მათ ჰქონდათ თავიანთი იდუმალი ფერი. შავის რომელიღაც ელფერი?! ვინ იცის რაზე ფიქრობდნენ ჩრდილები, მათ ხომ არავინ უსმენდა? იქნებ სულაც ამის გამო სდუმდნენ?
_ ეგ რანაირი სურვილია ახლა?_ წარბი ასწია ნინამ._ რას ნიშნავს, ეს დღე იყოს ყველაზე ცუდი?
_ რა გინდა, მაგარი სურვილია, თუ დაუფიქრდები!_ გაეცინა ხატიას._ ასეთი ლამაზი დღე თუ ყველაზე ცუდი იქნება, დაუკვირდი რა მაგარი იქნება დანარჩენი 365 დღე?
_ ნეტავ ის კაცი როგორ ხვდება ამ ახალ წელს?_ ისე მოულოდნელად იკითხა მაგდამ, რომ ვერც კი გავიაზრეთ, ვის გულისხმობდა.
_ ვინ კაცი? _ ჩაეძია ნატა.
_ ის ზაქარია, ასე მგონია, არავინ უნდა შეხვდეს ამ დღეს მარტო! ნეტავ დაგვეპატიჟა._ წამით ყველა გაჩუმდა. უცნაური იყო იმის გაცნობიერება, რომ ჩვენ შორის სწორედ მაგდას გაახსენდა ჩენი მარტოსული მასპინძელი.
_ ნეტა ისევ არ აქვს სინათლე?_ დაინტერესდა ნათია.
_ არ ვიცი, არ დამინახია იმ სახლში განათებული ფანჯრები. _ ვთქვი მე და რატომღაც ძალიან მომინდა მასპინძლის მონახულება. ისიც იმ მარტოსულ ჩრდილს ჰგავდა, დანახვის წამიდან რომ ივიწყებდა ყველა.
_ ვინ იცის, ზის ახლა მარტო, სევდიანი და ელოდება, როდის გაახსენდებათ მის უგულო სტუმრებს!_ გააგრძელა ისევ მაგდამ.
_ რაღაც არ მგონია, ის კაცი მარტოობას ასე განიცდიდეს._ არ დაეთანხმა ნინა._ მაგ ტიპს მგონი ძალიანაც მოსწონს ამ გადაკარგულში ცხოვრება.
_ საიდან დაასკვენი ეგ?_ გაჯიუტდა მაგდა. _ ორი დღეა არ გამოჩენილა. ცოცხალია საერთოდ?
_ იცი რას გეტყვი? აქ მუშაობას რომ თანხმდებოდა, ალბათ გააზრებული ჰქონდა, რომ მარტო იქნებოდა. ალბათ ხელფასიც შესაფერისი აქვს! რა დროს ზაქარიაა ახლა? არ მგონია, ისიც ჩვენზე დარდში ათენებდეს ღამეს!
_ მაგარი უგულო ქალი ხარ შენ, ეს იცი?_ ჰკითხა მაგდამ ნინას და დივანს მიეყრდნო._ არა, სულ მაინტერესებდა, რატომ ხარ ასეთი პრაგმატული. ერთი წვეთი ემპათია არაა შენში.
_ რაო?_ აიჯაგრა ნინა. ვერც კი მიხვდა, მაგდა სპეციალურად რომ იწვევდა და ამით ხალისობდა. ბავშვობიდან ასე იყვნენ, სამეგობროს ტომი და ჯერი.
_ ხოდა ასე თუ გადარდებს მისი მარტოობა, რატომ არ ესტუმრები და მარტოობის მოსაწყენ დღეებს არ გაულამაზებ?_ ამ სიტყვებზე დავფიქრდი. პრინციპში რა პრობლემა იყო? მოზრდილი თეფში ავიღე და სწორედ ისე გავაწყვე, როგორც ბებიაჩემი აწყობდა ხოლმე, როცა ბავშვობაში კარის მეზობელთან მეკვლედ მაგზავნიდა.
_ კარგი ფეხი აქვს შენს ამანიტას!_ მადლობას უხდიდა ხოლმე შემდეგ მეზობელი ბებიაჩემს._ ყოველთვის, როცა ამა მოდის, ბარაქა გვებედება ოჯახს.
მაშინ მიკვირდა, რატომ იყო მათი თავდაუზოგავი შრომისგან გამოწვეული წარმატება ჩემი ფეხების ბრალი. ვიდექი და გაოცებული ვითვალიერებდი ხოლმე მაღალ ყვითელ ბოტებში და ბებიაჩემის მიერ მოქსოვილ წინდებში ჩათბუნულ ფეხებს და საკუთარი თავი ჯადოსნობის ნაწილი მეგონა. არ ვიცი საიდან დაიბადა ჩემში ახალი წლის ჯადოსნურობით განუზომელი აღტაცება, მაგრამ ძალიან დიდ ხანს ეს დღე ჩემთვის რაღაც სასწაულთან ასოცირდებოდა, აი მანამდე, სანამ ის ამბავი არ მიხდა. მერე კი ყველაფერი როგორღაც გაფერმკრთალდა და გასულერთდა.
_ რას აკეთებ?_ კვალავ ისეთი ხმით მკითხა ნინამ, რომ ლამის განზრახულზე განზრახვამდე ამაღებინა ხელი და ფიქრებისგან გამომარკვია.
_ მეკვლედ მივდივარ! მივუტან ტკბილეულს და მოვალ უცებ!_ მათი უკმაყოფილო სახისა და წუწუნისთვის ყურადღებაც არ მიმიქცევია. ჩემი ჭრელაჭრულა ქურთუკი მოვისხი, ნატას ნაქსოვი ყვითელი თათმანებში და ქუდში ჩავიფუთნე. თეფში პატარა ქაღალდის პარკში გავახვიე და სახლიდან გავედი.
სახლს ფრთხილად მოვუარე და ინტუიციით დავადექი თოვლში სრულებით გამქრალ ბილიკს. ალბათ ორის ნახევარი მაინც იქნებოდა, იქაურობას, რომელიც წესით გაბრდღვიალებული უნდა ყოფილიყო საახალწლო განათებებით, ნიშნულად მიუყვებოდა ბილიკის გასწვრივ მდგარ ნაძვებზე გაბმული ჩამქრალი საახალწლო განათებების ზოლი. თუმცა თოვლის სითეთრე თვალსაც კი მჭრიდა. აღარ თოვდა, ცა მოწმენდილიყო და სასახლის ქონგურებს ზედ ადგა მთვარის წვრილი ვერცხლისფერი ზოლი. იქაურობა მართლაც რომ ჯადოსნური იყო, სწორედ ამ ღამის შესაფერი.
გავჩერდი, თეფში ხელში მივინაცვლე და ამაღლებულზე მდგარ სასახლეს გავხედე თვალმოჭუტულმა.
_ ლამაზი ხარ იცი, არა? _ ვკითხე, ისე თითქოს ცოცხალი იყო._ ალბათ გაზაფხულზე რა საოცარი სანახავი იქნები?! როგორი სიმშვიდეა აქ! სამუდამოდ დარჩენას მოანდომებ კაცს!
ამის თქმა იყო და ისეთი შლიგინით და ტოტების ლაწალუწით ჩაიქროლა რაღაცამ ბილიკს გადაღმა ბუჩქებში, რომ შიშისგან გული მომეწურა. სიბნელეს თვალი გავუსწორე, დაჟინებით დავაკვირდი. არავის გავუფრთხილებივართ, რომ აქ რამე გარეული მხეცები ბუდობდნენ, მაგრამ იქნებ ეს თავისთავად იგულისხმებოდა, იქნებ არავის მოსვლია თავში აზრად, რომ მე ან რომელიმე ჩვენგანი ასეთ დროს ამ მიყრუებულში გარეთ ბოდიალს გადაწყვიტავდა?
_ ალბათ ირემი იყო არა?_ ვკითხე დასამშვიდებლად საკუთარ თავს. და როცა ხმაური განმეორდა, მაგრამ უკვე ბილიკის მეორე მხრიდან, სწრაფად შევბრუნდი ხმისკენ არ ვიცი მომეჩვენა, თუ ნამდვილად დავინახე, როგორ წამოიმართა ნაძვების მიღმიდან ადამიანზე ორი თავით მაღალი, მუქი ჩრდილი. თითქოს ისიც კი დავინახე როგორ გააკვესა ორი ალისფერი თვალი,მეტი აღარ მიფიქრია, ერთი შევკივლე და თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი სასახლისკენ. შიშისგან გულამოვარდნილი გავრბოდი და მეჩვენებოდა, რომ მდევარის ნაბიჯების ხმა მომდევდა უკან. აქოშინებული მივაწყდი მაღალ რკინის კარს და მუჭებით ბრახუნი ავტეხე.
_ ზაქარიაააა! ზაქარიაააა!_ ვკიოდი დამფრთხალი და შიშით ატანილი. შიში უცნაური რამეა, თუ უფლებას მისცემ ყოველგვარ რაციონალურ ფიქრს დასჯაბნის და საკუთარ უგონო მარიონეტად გაქცევს. ალბათ დიდად არ განვსხვავდებოდი იმ მომენტში ასეთი სულელი სათამაშოსგან. და უნდა გენახათ ჩემი გაოგნება, როცა კარი სრულებით მოულოდნელად გაიღო. შევკრთი და გავისუსე. სულ ოდნავ შეღებული კარიდან შევიჭყიტე შიგნით. ოქროსფრად განათებული ჰოლის გარდა ვერაფერი დავინახე. მდევარიც გადამავიწყა ამ მოულოდნელობამ და საკუთარი თავიც.
_ შენ რა იცოდი, რომ მოვიდოდი?_ გაველაპარაკე სახლს და უკან კოტეჯისკენ გავიხედე. კვლავ ჯადოსნური სიმშვიდე იდგა, იქ განათებულ ქოხში, თითქოს სიცოცხლე დუღდა. ნათიას საახალწლო სინათლეები თვალისმომჭრელად ბრჭყვიალებდა. „იქნებ უკან დაბრუნება ჯობია?“ გამიელვა გამაფრთხილებელმა ფიქრმა, მაგრამ ის უცნაური ხმა რომ გამახსენდა, რამაც ასე შემაშინა, ის ჩრდილი რომ წარმოვიდგინე, თავი უარის ნიშნად გავაქნიე.კარი შევაღე და შევედი.
_ მასპინძელოო!_ დავიძახე ხმამაღლა._ ზაქარია! არის სახლში ვინმე?
ხმა არავის გაუცია. შუა ჰოლში გავჩერდი და იქაურობა მოვათვალიერე. სასახლის გოთიკური ერთობ პირქუში ვიზუალის მიუხედავად ინტერიერი სრულიად თანამედროვე აღმოჩნდა. ამის გარდა ალბათ ყველაფერს ველოდი. სრული მინიმალიზმი, არაფერი ზედმეტი, არაფერი ფერადი, არაფერი მდიდრული, ძველებური სასახლის შესაფერისი, ფარდებიც კი არ ეკიდა მყუდროების შესაქმნელად. ფანჯრებზე უბრალო და კომფორტული ასაკეცი ჟალუზები დაემაგრებინათ, ისეთი სინათლეს სულ რომ ახშობდა, და არც გარედან შიგნით და არც პირიქით არ ატარებდა შუქს. აი რატომ არ სჩანდა ფანჯრებიდან სინათლე! თუმცა, როგორც სჩანს, არც ის იყო ტყუილი, რომ სასახლე განათების გარეშე იყო დარჩენილი, რადგან აქა_ იქ მაგიდებზე დადგმულ შანდლებში სანთლები ენთო და მათი მძიმე ოქროსფერი სინათლე იქაურობას იდუმალ ელფერს აძლევდა. როგორც ჩანს ახალი წელი არც ამ სახლში უყვარდათ, რადგან ერთი საახალწლო მორთულობაც კი არ მომხვედრია თვალში, მაღალა ასასვლელი კიბის ძირას ვიდექი და ვფიქრობდი, ამ უზარმაზარ ჰოლში რამხელა ნაძვის ხე დაეტეოდა.
_ ზაქარიააა!_ დავიძახე რამდენჯერმე და მივაყურადე._ სად გაქრა ეს კაცი?
ჩავილაპარაკე გაოცებულმა. მართლაც
სად უნდა წასულიყო იმ შუაღამისას, თანაც გარეთ ლამის წელამდე თოვლი იდო. უეცრად გონება გამინათდა, იქნება ეძინა? რა უტაქტობა იყო ჩემი მხრიდან? ადამიანს სულ არ უნდოდა იქნება ახალი წლის აღნიშვნა?! იქნება დაწვა და დაიძინა! მე კი მოვადექი აქ შუაღამით, ხელში ამ სულელური ტკბილეულით სავსე თეფშით და იმდენი ზრდილობაც კი არ მქონდა, რომ აქ ასე ხმამაღლა არ მეღრიალა.
თეფში იქვე მაგიდაზე დავდგი და მობილური ამოვიღე. სამს გადამცდარი იყო. კარისკენ შევბრუნდი და გავჩერდი. არაა, შანსი არ იყო ახლა გარეთ გავსულიყავი. ნათლად წარმომიდგა თვალწინ იმ ნადირის ზომა, ისე გიჟივით რომ მოანგრევდა ცოტა ხნის წინ ბუჩქებს. დავფიქრდი: რა უნდა მექნა? და გადავწყვიტე, რომ სხვა გზა არ მქონდა იმის გარდა, რომ გათენებას აქვე დავლოდებოდი, დილით მასპინძლისთვის ყველაფერი ამეხსნა და ბოდიში მომეხადა. და პლიუს თუ გოგოების რისხვას გადავურჩებოდი, ალბათ ყველაფერი მოგვარდებოდა. მობილური ამოვიღე და მესიჯი მივწერე ნათიას, რომ კარგად ვიყავი და განთიადზე დავბრუნდებოდი ქოხში. არც ის მსურდა ჩემს საძებნელად გარეთ გამოსულიყვნენ, იმის თქმას, რომ გარეთ რაღაც საშიში, უზარმაზარი ნადირი დარბოდა აზრი არ ჰქონდა, მაინც მეტყოდნენ მოგელანდაო.
იქვე ჩამქრალ ბუხართან მიმდგარ დივანზე დავჯექი. ფეხზე გავიხადე და მუხლები ავიკეცე.
_ რა ჯანდაბაა, სახლი არ თბება?_ ჩავიბუზღუნე და ქურთუკი მჭიდროდ შემოვიხვიე. არადა ერთი სული მქონდა მთელი სასახლე შემომევლო. ცოტა ხანს უბრალოდ ვიჯექი და ფანჯრიდან შემოსულ თოვლის სინათლეს ვაკვირდებოდი. ეს კედლები თითქოს გარეთა სამყაროს ხმაურს ახშობდნენ. როცა გავიაზრე, რომ მას შემდეგ, რაც ამ სახლში შემოვაბიჯე, ერთი არეული ფიქრიც კი არ გაჭაჭანებულა ჩემს თავში, გაოცებული წამოვჯექი. ამ სახლის სიმშვიდე ჩემს განწყობას შეერწყა თითქოს და შფოთვის, დარდისა და აბეზარი ფიქრებისთვის ადგილიც არ დატოვა.
_არა, მგონი არაფერი დაშავდება, თუ აქაურობას დავათვალიერებ!_ ჩავილაპარაკე ჩემთვის და ფეხზე ავდექი._ რას იტყვი, შენ გაბრაზდები ჩემზე, თუ შენს გაცნობას მოვისურვებ?
ვკითხე ჩვეულად სახლს და მარჯვენა ფერთისკენ მიმავალ დერეფანს გავუყევი. მთელი სახლი, ისევე როგორც ჰოლი სრულებით თანამედროვე საცხოვრებელი იყო, თუმცა კი მუქ, ერთფეროვან ფერებში გადაწყვეტილი, მაგრამ გემოვნებიანი და მყუდრო. კედლებზე დაკიდულ ნახატებს სრულებით სადა ჩარჩოები ამშვენებდათ, არც გადამეტებული ფუფუნება იგრძნობოდა, თუმცა დაკვირვებული თვალი მაინც შეამჩნევდა, რომ ერთი ნივთიც კი არ იდო უადგილოდ, უგემოვნოდ და შეუფერებლად.
_ ჰოო, ეტყობა შენს პატრონს გემოვნება აქვს. არც თავის წარმოჩინება ხიბლავს, არც გარეგნული ბრჭყვიალი. საინტერესო ვინმე სჩანს. თუმცა შენ ალბათ უფრო სხვაგვარი ინტერიერი დაგამშვენებდა, შენი გარეგნული იერის შესაფერისი. არა?_ ვესაუბრებოდი უხილავ მასპინძელს და ფრთხილად მივუყვებოდი სანახევროდ ჩაბნელებულ დერეფენს. ვცდილობდი წარმომედგინა, როგორი ინტერიერი იქნებოდა აქ ამ უახლეს რემონტამდე, ალბათ სულ გოთიკური ჩუქურთმები და იდუმალი, საშიში გარგულიების ქანდაკებები უნდა მდგარიყო. სრულიად მოულოდნელად დერეფნის ბოლოს დაბლა ჩამავალი საფეხურების მხრიდან სუსტმა კვნესამ მოაღწია ჩემამდე. გაოგნებული შევდექი და მივაყურადე.
ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო, თუ არა ზაქარია?! ამ ფიქრმა წამის მეასედში გამიელვა თავში.
_ ზაქარია!_ შევეხმიანე ისევ._ ზაქარია გესმით ჩემი?
_ აქეთ! თუ შეიძლება აქეთ, კიბეს ჩამოყევით!_ სწრაფადვე მიპასუხა. მეც ბევრი აღარ მიფიქრია, ხმაზე ეტყობოდა რაღაც უჭირდა. ჯიბიდან მობილური ამოვიღე, ფანარი ჩავრთე და კიბეებზე დავეშვი.
კიბე რომ ჩავათავე, უზარმაზარი ფართოდ შეღებული შავი კარი დამხვდა, და მის მიღმა ალბათ სასახლის სარდაფებისკენ მიმავალი ტალანი.
_ ზაქარია! სად ხართ?_ გავძახე სიბნელეს.
_ აქეთ ქალბატონო! აქეთ!_ მიპასუხა მისუსტებულმა ხმამ. კარის დირეს გადავაბიჯე და მოზრდილ ოთახში აღმოვჩნდი. ფანარი იქაურობას მოვატარე. ამ ადგილს არაფერი საერთო არ ჰქონდა იმ ზედა თანამედროვე ინტერიერთან. ოთახი თითქოს პირდაპირ კლდისგან გამოეკვეთათ. ოთახს კი არა უფრო ვრცელ დარბაზს ჰგავდა. უხეშად ნაკვეთი კედლებით. ქვის ექვსიოდე სვეტით და არც თუ დაბალი ჭრით და ცენტრში უზარმაზარი ქვისგან ნაკვეთი ერთიანი მაგიდით, რომელიც უფრო სამსხვერპლო ლოდს ჰგავდა და არა მაგიდას.
იმ უცნაურ რაღაცას შემოვურბინე და ზაქარიაც დავინახე. ქვის იატაკზე იწვა, ჩამონგრეული ერთ_ერთი სვეტის უზარმაზარი ქვა ზედ ფეხზე დასცემოდა.
_ ეს რა მოგსვლიათ ზაქარია?!_ ჩემს გულწრფელ შეშფოთებაზე ინტერესით შემომხედა._ რამდენი ხანია ასე ხართ?

მაშინვე მივედი და იმ სვეტის ნატეხის აწევა ვაცადე, თუმცა ამაოდ.
_ ასე ვერ მოერევით ქალბატონო ამანიტა!_ გამიკვირდა ჩემი სახელი რომ იცოდა. მაგრამ იმ წამს დაფიქრების დრო არ მქონდა._ რამე ბერკეტად უნდა გამოიყენოთ. არ მგონია კიდევ დიდხანს გავძლო ასე!
მიმოვიხედე, მაგრამ ვერაფერი ისეთი ვერ დავინახე, რაც ბერკეტად გამომადგებოდა. მობილური მოვიმარჯვე, რათა დახმარების გამოძახება მეცადა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იმ სარდაფში მიღების კვალიც არ იყო.
_ მისმინეთ ქალბატონო, ისევ მაღლა უნდა აბრუნდეთ. იქიდან დარეკვასაც მოახერხებთ და თუ მარცხენა ფრთას ბოლომდე გაუყვებით, ხელსაწყოების სათავსოსაც ადვილად მიაგნებთ. რას იტყვით?_ ისე მესაუბრებოდა,თითქოს ისევ თავად მამშვიდებდა. თავი დავუქნიე, ქურთუკი გავიხადე დავახვიე და თავქვეშ ფრთხილად დავუდე. მადლობა მითხრა და გამიღიმა. სახე გაფითრებოდა და მგონი კარგად იაზრებდა, რომ არა ჩემი უცნაური და დაუკითხავი გამოჩენა, კაცმა არ იცის რა ბედი ეწეოდა. გასვლისას კიდევ ერთხელ მოვათვალიერე იქაურობა. დანარჩენი დარბაზი ისე გამოიყურებოდა, ვერაფრით მივხვდი რას შეიძლებოდა გამოეწვია იმ სვეტის წაქცევა.
_ ეტყობა მართლა ჯადოსნური ღამეა ქალბატონო ამანიტა, რომ თქვენ ახლა აქ ხართ!_ მითხრა ზაქარიამ ვერაფერს ვიტყვი უცნაური იუმორის გრძნობა ჰქონდა ამ კაცს. ზურგი ვაქციე და სირბილით დავბრუნდი ჰოლში. მოცდის დრო არ იყო, დახმარება უნდა მეთხოვა. არც კი ვიცოდი ახალი წლის ღამეს საერთოდ ვინმე თუ შეიწუხებდა ჩვენს გამო თავს.
_ ჯადოსნური ღამე!_ ჩავიცინე ირონიულად და ნომერი ავკრიფე....

ვე რა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent