შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აივანი მაზნიაშვილზე (V თავი)


გუშინ, 19:04
ავტორი gordon
ნანახია 251

არ გაკვირვებია ანას დემეტრე შაბათის საღამომდე რომ არსად ჩანდა, შემთხვევითაც კი არ გადაკვეთილა მათი გზები. არ აპირებდა ნერვიულობას ან წუწუნს წითური, ან სად ჰქონდა დრო იმისთვის რომ რაიმე ეფიქრა , რაც გოგონებს მოუყვა ეს ყველაფერი იმის შემდეგ თავს მშრომელი ფუტკრებივით დატრიალებს სამივე. ხან რას ეუბნებიან ხან რას, ყველა თავისი გამოცდილებიდან იძლეოდა რჩევას , ეს ასე ქენი, ეს ისე გააკეთეო.
-პირველად ხომ არ მივდივარ ხალხო პაემანზე,რა გჭირთ?!
-ხოდა პირველად რომ არ მიდიხარ მაგიტომ გელაპარაკებით ამდენს!-თაიას გადმოყრილი ჰქონდა ანას გარდერობი საწოლზე.
-მგონი საშოპინგოდ უნდა წავიდეთ - ნენემ სწრაფად გადაავლო საწოლზე დახვავებულ ტანსაცმელს თვალი და ნიშნისმოგებით მიუბრუნდა დაქალს.
-კარგი ახლა, ერთი პაემნის გამო გარდერობი განვანახლო?
-პაემნის მერე ცხოვრებას არ აპირებ? - გავიდეთ სამსახურის მერე ხვალ, დღეს გვიანია უკვე.
-დარჩებით?-თვალები აუთამაშა ანამ სამივეს.
-აუ,წამო ატრიის საჭმელად გავიდეთ და მერე ჯოჯოხეთში წამოგყვები თუ გინდა- მერიკომ ქურთუკს დაავლო ხელი,რადგან იცოდა თანახმა იქნებოდნენ გოგონები.
-ისე რა უნდა ჩაიცვა,სად მიყავხარ ეგ მაინც ეთქვა- ნენე კიდევ არ აპირებდა გაჩერებას.
-მე მგონია რამე fancy რესტორანში წაიყვანს, ეგეთ შთაბეჭდილებას მიტოვებს.
-მართალია მერიკო,მეც ეგეთი შთაბეჭდილება მრჩება.- თაიამ მისაღები ოთახიდან გამოსძახა, ნენეს მანქანის გასაღებს დაავლო ხელი და შემოსასვლელ კართან დადგა.
-ვნახოთ, ორი დღეც და გავიგებთ. წავედით ახლა, თორემ დაიკეტება იქაურობა.
-მივდივართ ხო ხვალ მოლში?
-წავიდეთ,ხო,წავიდეთ.


მეორე საღამოს მაღაზია არ დაუტოვებიათ შეუსვლელი, ხან რას მიედნენ, ხან რას. არ იცოდნენ რას ეძებდნენ და რა უნდოდათ, დემეტრეს ზედმეტი და მიმანიშნებელი არაფერი დაუწერია გოგონებს რომ დახმარებოდათ იმის მიხვედრაში რა უნდა ეძიათ,მაგრამ ბოლოს სულ გადაავიწყდათ პაემანი და დემეტრე ბურდული, უბრალოდ ყველაფერს იზომავდნენ რაც მოსწონდათ და რაც „სამომავლოდ’ გამოადგებოდათ.
-ამ ჯინსს უეჭველად ვიყიდი - ნენე გასახდელიდან გამოვიდა და დიდი სარკის წინ, გოგონების დასანახად დემონსტრაციულად დატრიალდა.
-მართლა რა კარგია! ის ქვედაბოლო არ აიღო, ნაკერი უშნოდ აქვს თეძოსთან .
-ხო,არ ვაპირებდი.
-შენ რას აპირებ ანა?
-ოო,აღარ ვიცი უკვე, ერთი ჯინსი კი ვიყიდე, ეს შავი შარვალი ძალიან ლამაზია , მაგრამ მინდა კი?
-გინდა! ვერ ხედავ როგორ კარგად გაქვს?!- მერიკომ შეუნთო და აიფოფრა.
-თქვენ რომ გკითხოთ კაცმა ყველაფერი კარგად მაქვს.
-გაქვს და იმიტომ.
-კარგი,ამასაც ავიღებ და ზედა ვნახოთ რამე.
-კაბაც ხომ არ გვენახა?- თაიამ გამოყო თავი ერთ-ერთი სექციიდან.
-კი,ბარემ აქ ვართ, ვნახოთ.

პარასკევი საღამო იყო, ემოცები პიკს აღწევდა. მოუთმენლობა და ნერვიულობა ერთად დატრიალებდა ანას თავს, ვერ გაეგნო და გაეგო რა ექნა და დრო რითი გაეყვანა, ერთი გაფიქრება ისიც კი იფიქრა აივანზე ხომ არ გავიდეო,მაგრამ კართან მისული ისევ უკან გაბრუნდა. მერე ყურსასმენს დაავლო ხელი, ეზოში ჩაირბინა და იქვე,ხის სკამზე,ტყემლის ხის ქვეშ მოკალათდა. ფეხები სკამზე აიკეცა, კომფორტულად მოთავსდა, სიმღერები ჩართო და ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო. მაშინვე დემეტრეს ნათქვამი გაახსენდა, მოწევის მავნებლობაზე რომ დაუწყო საუბარი,თუმცა გოგონას სიგარეტი არ გადაუგდია, ჩაიღიმა და თავს უფლება მისცა ხვალინდელ პაემანზე ეფიქრა, წარმოედგინა რას გააკეთებდა ბურდული ან სად წაიყვანდა.
ილუზიებში და ფანტაზიებში დრო საკმაოდ სწრაფად გაიპარა, წამითაც არ გასჩენია ანას ისეთი შეგრძნება,თითქოს მეორე სართულის აივნიდან შეიძლება ვინმე მას უყურებდა. თუმცა დემეტრე იქვე იდგა, მოაჯირთან შორი-ახლოს და ფრთხილად აპარებდა გოგონასკენ თვალს, დაქირავებული ჯაშუშივით. იქვე, სკამზე, მისი ძმაკაცი იჯდა და უყურებდა როგორ შეპარვით ისროდა ხოლმე ბურდული ეზოსკენ მზერას.
-რატო იმალები ,დადექი ნორმალურად, რა მერვეკლასელი ბავშვივით იქცევი.
-რაებს სულელობ, რა ვიმალები?!
-წაგიგრძელდა აბა კისერი, არ იყურება ეგ გოგო აქით, რა სპექტაკლებს დგამ.
-ნუ ატრაკებ ეკე, გეყოფა.
-გადმოვიდა ეგრევე შეტევაზე. რას აპირებ ისე, სულ ასე შორიდან უნდა უყურო და ეჩხუბო ყველა ნახვაზე?
-არა,ხვალისთვის დავპატიჟე.
-გამოგიბამს წყვილი,დრო იყო უკვე!
-ეკე მოგხვდება შენს ძმობას ვფიცავარ!- დემეტრემ გამაფრთხილებლად დაუქნია თითი,მიფრთხილდიო აჩვენა.
-მალე დააყენე საშველი,მოგედება აწი ჭაღარა.
-ოცდაექვსის ვარ ეკე,რა დროს თმის გათეთრებაა.
-ხოდა დროა ძმაო უკვე,გაექანე და დაგვაყენე სამეგობროს საშველი.
-სამეგობროს რა გინდათ ერთი?
-ქორწილი?
-რა დროს ქორწილია ეკე, ჯერ გოგოს ნორმალურად არ ვიცნობ.
-ხოდა მაგას გეუბნები,ჩქარა გაიცანი და გაგვაცანი ჩვენც ძმაო,დედაშენის ცოდვით მე მოვკვდი,ყველა მისვლაზე მეკითხება შენს ამბავს.
-ლულუც მაგარია რაა, რა ეჩქარება ნეტა.
-შვილიშვილი უნდა ძმაო, რა რა ეჩქარება- ერეკლე მყარად იდგა თავის აზრზე,უმეტესწილად იმიტომ რომ დემეტრეს ნერვებზე თამაშით ერთობოდა და დრო საახალისოდ გაჰყავდა.
-ისე მართლა, რას აპირებ ხვალ? სად მიგყავს ის გოგო?
-დუდუსთან, დაასრულა ბარის ამბები და გახსნამდე ავიყვან.
-ჯერ გაუხსნელ ბარში მიგყავს გოგო? მარტი იქნებით?
-ხო, დუდიკამ არ არის პრობლემაო, ფირფიტები რო ვაჩუქე ბარის კოლექციისთვის მაშინ მითხრა.
-გიმუშავებს ტვინი,ყოჩაღ.
-ეკე,ცოცხალი ვერ გახვალ აქედან,იცოდე!
-კარგი,ხო,გავჩერდი.


შაბათი დილა მძიმე ალტირელიით დაიწყო ანა მესხის ბინაში,გოგონები დილიდან დაადგენ თავზე.დემეტრეს ბინის კედლებშიც შეაღწია ჟრიამულის,სიმღერების და სიცილის ხმამ , გაეღიმა ბურდულს თუმცა დღის საქმე მაინც ჩვეულებრივად გააგრძელა,საღამომდე თავზესაყრელად ჰქონდა დრო.
გვერდით ბინაში კი სრული აურზაური იყო, საუზმე გაამზადეს გოგონებმა, შემდეგ თინას ყველა,ოთხივე ერთხმად ელაპარაკებოდა,თუმცა პაემანზე სიტყვა ჯერ არცერთს დასცდენია. შუადღიტ ანამ იბანავა, სახის პროცედურები ჩაიტარა, იმდენი რაღაც შეაჩეჩეს გოგონებმა ხელში ძლივს გაარკვია რომელი როდის და როგორ უნდა წაესვა. თმა რომ გაიშრო ეგრე აფუებული თმით ხომ არ იქნებიიო და მერიკომ დაისვა, მოდი მე გაგიკეთებ კარგადო. თაია და ნენე ისევ ანას კარადას მიახტნენ, ისევ თავიდან გადმოაპირქვავეს საწოლზე ტანსაცმელები და საბოლოოდ,ყველაზე დაცული ვარიანტი შეურჩიეს .
-ამას სხვა ფერის ტანსაცმელი მაინც არ აქვს და ჩაიცვას შავები,დიდი ამბავი.- თაიამ ნენეს მაისური ესროლა,ნახე აბა მაგ შარვალს თუ მოუხდებაო.
-პანაშვიდი ხომ არაა, რა უბედურებაა ანა?!
-ნუ წუწუნებთ და შეეშვით ჩემს ტანსაცმელს,ავარჩევ რამეს.
-აგირჩიეთ უკვე.
-მადლობა.
-კაი,სანამ წახვალ არის კიდე დრო, ვუყუროთ რამეს.
-კაი, ტუმბოზე დევლს ლეპტოპი,გამოიტანე რომ გამოხვალ.
-რომ მოხვალ დაგხვდებიტ აქ,დავრჩებიტ დღესაც და დაწვრილებით მოყვები ყველაფერს,სიტყვა არ გამოგრჩეს იცოდე.
-რა დღეში ხართ ხალხო - ანა სიცილის ვეღარ იკავებდა, მუხლებმოკეცილი იდა იატაკზე და მერიკო ჯერ კიდევ თმას უსწორებდა,
-ძალიან ვალიდური რეაქცია გვაქვს.
-ამ დღეებში ვატყობ ვიღაც კიდე წავა დეითზე-ანამ თაიასკენ გააპარა მზერა და გოგონა მაშინვე მობრუნდა,მიხვდა რომ მასზე იყო საუბარი
-არ ვიქნებოდი ეგეთი დარწმუნებული შენ ადგილას.
-ნუ ხარ თაია პესიმისტი. თავს დავდებ რომ იმ კვირის ბოლოს შეხვედრაზე გეტყვის.
-მე უკეთესი იდეა მაქვს - მერიმ თმის უთო გადადო - ჩვენ წავიდეთ ხვალ საღამოს ისევ ბარში. ესენიც ნახავენ ერთმანეთს და ჩვენც გავერთობით.
-კარგი იდეაა.
-ხოდა ეგეც მოგვარდა. გიოს და ოთოს მივწეროთ და ეგაა.


ანა უკვე მზად იყო, დიდი ხანია თან, ათი წუთი აკლდა შვიდს და გაყუჩებული,უხმოდ ელოდნენ გოგონები ბურდულის გამოჩენას. წუთი-წუთზე კარზე დააკაკუნებდა და დაინახავდა ოთხ წყვილ თვალს,იქნება შეშინებოდა კიდეც და გაქცეულიყო. ბოლო ხუთი წუთი,სანამ დემეტრე კარზე დააკაკუნებდა ანა იმაზეც კი ფიქრობდა იქნება მეხუმრა და არანაირი პაემანი არ იქნებაო, მაგრამ ზუსტად შვიდი როგორც კი შესრულდა მაშინ მოისმა კარზე სამი, მსუბუქი კაკუნი.
-რა ჯიგარია,ზუსტად შვიდი შესრულდა და ახლა დააკაკუნა - ნენემ ჩაიცინა მაგრამ მალევე სცადა დასერიოზულება,როგორც კი ანა კარის გასაღებად გაიწია.
ხელის კანკალით გააღო გოგომ კარი და ლოცულობდა, ნეტა არ გავწითლდე ან თუ გავწითლდები მაკიაჟში არ გამოჩნდესო.
დემეტრე მშვიდი,აუღელვებელი სახით ელოდა ანას, როგორც კი გოგონას მზერა დაინახა გაუღიმა.
-სალამი,წითურო.
-საღამო მშვიდობის-დაბალი ხმით მიესალმა მესხი,გაწითლდა, იგრძნო როგორ შეუხურდა ლოყები,მაგრამ მაკიაჟმა ნამდვილად ვერ უშველა, დემეტრემაც დაინახა როგორ შეუვარდისფრდა გოგონას სახე,მაგრამ კომენტარი არ გაუკეთებია,იცოდა არ იქნებდა ანასთვის სასიამოვნო,თან ისე აიფარა გოგონამ ავტომატურად და გაუაზრებლად ლოყებზე ხელი,მიხვდა,დამალვას ცდილობდა.
-იმედია არ დავაგვიანე,ყვავილებს ვარჩევდი - მხოლოს ამის შემდეგ დაინახა ანამ ბიჭის ხელში ყვავილების თაიგული. - ხო მართლა,გამარჯობა გოგონებო - დემეტრე ახლა ანას უკან მსხდარ გოგონებს მიესალმა.
-რატომ შეწუხდი?
-არა,წითურო,აქედანვე უნდა შევთანხმდეთ,რომ ამ წუთიდან რასაც გავაკეთებ და რაც გავაკეთე,არაფრისთვის ვწუხდები.-გოგონამ თაიგული გამოართვა , თავი უხმოდ დაუკრა და გაუღიმა.
-მოდი ამათ წყალში დავტოვებ და გავიდეთ.
-კარგი იდეაა, გელოდები.
-არ შემოხვალ?
-არა,აქვე ვიქნები.-ანამ კარი მოიკეტა, თაიგული გოგონებს მისცა და წამით ჩუმად,ხმის ამოუღებლად უყურებდა სამივეს. ასევე ჩუმად,მაგრამ მომღიმარი მზერით უყურებდნენ მეგობრები მას.
-გაარკვიე ძმა ან ბიძაშვილი ხომ არ ყავს!-ნენემ დაარღვია სიჩუმე.
-კივილი მინდა,მაგრამ უხერხულია,კარს უკან დგას და გაიგებს-მერიმ თვალებით ანიშნა კარზე და ჩუმად ჩაილაპარაკა, არ გავიდეს ხმაო.
-პაიმანმაც თუ ასე კარგად ჩაიარა როგორც ამ სამმა წუთმა ხვალვე ცოლად მიყვები.- თაიამ ვითომც არაფერიო ისე უთხრა.
-კარგი,კარგი,შენ კაბა გამიმზადე მაშინ. წავედი ახლა და გიტოვებთ მაგ ყვავილებს.

გარეთ გასულს დემეტრე კედელთან მიყრდნობილი დახვდა, აუღელვებლად იდგა, ან რაზე უნდა ენერვიულა. წყნარად მიუახლოვდა გოგონა, თმაზე სწრაფად მაგრამ შეძლებისდაგვარად ფრთხილად ჩამოისვა ხელი, გაუღიმა და წავედითო ანიშნა.
-კარგად გამოიყურები,წითურო.
-შენც არაგიშავს.- ცდილობდა ანა არ შეემჩნია აღელვება,აჩქარებული გული,აკანკალებული ხელები, ახურებული სახე.
-არამიშავს?
-ხო,არაგიშავს.
-როგორი სიტყვაძუნწი ხარ, წითურო.
-ვნახოთ დღის ბოლომდე თუ იგივე აზრზე დარჩები.
-მომწონს გამოწვევა.
-არ ყოფილა გამოწვევა.
-კარგი,კარგი.

ეზოში ჩავიდნენ,ოღონდ ანამ არ იცოდა ფეხით აპირებდნენ გავლას თუ მანქანისკენ უნდა წასულიყო, თუმცა მალევე მიხვდა რომ დემეტრეს გასეირნება სულაც არ ჰქონია გეგმად. მგზავრის მხარეს მივიდა,კარი გამოაღო და გოგონას ანიშნა დაჯექიო.
-ნუთუ მუდამ ასეთი ჯენტლმენი იყავი?
-ნუთუ ვერასდროს შეამჩნიე,წითელო?
-წითელი ვარ თუ წითური? ხან რას მეძახი ხან რას.
-ნუ წუწუნებ.
-დამიჯერე, ჯერ წუწუნი საერთოდ არ დამიწყია.
-ეს მუქარაა?
-გაფრთხილება უფრო. სად მივდივართ?
-უნდა მენდო.
-ნდობაზე ცოტა ადრეა საუბარი , არა?
-დამიჯერე წითურო, ახლა უნდა მენდო.
-კარგი, ერთხელ შეიძლება გამონაკლისის დაშვება.
-აბა,შენი აზრით ბლიც კითხვები აქვე უნდა დავიწყოთ თუ ბარემ მივიდეთ?
-მართლა ბლიცი უნდა ვითამაშოთ?
-აბა საყვარელი ფერის გაგების გარეშე როგორ შეიძლება?
-მე კიდევ მგონია რომ უკვე იცი ჩემი საყვარელი ფერი და რაღაცის გამოტყუებას ცდილობ.
-კიდევ რა გგონია, წითურო?
-საჭირო თუ იქნება გაიგებ , ჯერ საიდუმლოდ შევინახავ.
-მაინტრიგებ.
-ასეც უნდა იყოს.


მთაწმინდისკენ მიმავალი გზა რომ იცნო წამით გააპარა ანამ დემეტრესკენ თვალი, ჯერ არაფერი უთქვამს,მაგრამ ვეღარ მოითმინა , ისევ გახედა , წარბი აუწია და სიმღერისთვის რომ გადაეჭარბებინა ისე ჰკითხა.
-არ მითხრა რომ მთაწმინდაზე აგყავარ.
-ნწ,ვერ გამოიცანი.
-აბა გადმოსახედზე და ხედს უნდა ვუყუროთ?
-დაახლოებით. ნუ ხარ სულ სწრაფი, მივალთ ხუთ წუთში და ნახავ.
-კარგი,ისევ უსიტყვო ნდობა მიწევს.

მართლაც, ხუთ წუთში გააჩერა დემეტრემ მანქანა, რაღაც სახლის წინ დააპარკინგა,რომელიც არც რამე კაფეს ჰგავდა გარედან , რესტორანზე ხომ ზედმეტია საუბარი. წამით კი იფიქრა ანამ,იქნება ტყუილად მივეცი ეს უსიტყვოდ ნდობის პირობაო , მაგრამ მაინც გადმოვიდა მანქანიდან როცა დემეტრემ კარი გაუღო.
-ნუ გეშინია, ანა - გაუცინა ბურდულმა,რადგან ყველაფერი სახეზე ეწერა გოგონას.
-რა?
-სახეზე გახატია ყველაფერი,მშვიდად,არაფერს დაგიშავებ. შეიძლება? -ხელი გაუწოდა დემეტრემ იმის ნიშნად თუ შეიძლება ჩაგკიდოო.ძალიან სასიამოვნო ჟესტი იყო ანასთვის დემეტრესგან ეს კითხვა, უხმოდ დაუკრა თავი,ხელი გაუწოდა და იგრძნო როგორ ნაზად მოიქცია დემეტრემ თავის მტევანში გოგონას ხელი.

როგორც კი სივრცეში შევიდნენ, ირგვლივ თითქოს არაფერი იყო — სიცარიელე, სიძველის სუნი და მაღალი ჭერი. იატაკსა და კედლებს ხის სუნი ასდიოდა, ზემოთ ასვლისას კი ყოველი გადადგმულ ნაბიჯზე ჭრიჭინებდა. ამ სივრცეს მხოლოდ ერთი კრთალი ნათურა ანათებდა, რომელიც არათანაბრად ანაწილებდა შუქს კიბის კუთხეებში.

გაოცებული უყურებდა ანა გარემოს, მაგრამ მაინც უხმოდ მიჰყვებოდა დემეტრეს, რომელსაც, სივრცის სივიწროვის მიუხედავად, ხელი არ გაუშვია და გზას ისე უჩვენებდა.

ბოლოს, მესამე სართულზე ავიდნენ და კარის წინ გაჩერდნენ, რომელსაც ნეონის განათებით ჰქონდა წარწერა გაკეთებული — “Rhapsody”.

შიგნით შესულს ანას თვალწინ თითქოს სამოთხე გადაეშალა. პატარა ოთახში მკრთალი, თბილი განათება თანაბრად ეფინებოდა სივრცეს. მაგიდებზე ცალკე ეწყო პატარა სანათები და ლარნაკები ულამაზესი მინდვრის თაიგულებით.

ბარი ხის კარადის ზემოთ ძველი სარკეებით იყო მორთული, რომლის ჩარჩოზეც ჩუქურთმით სხვადასხვა ორნამენტები იყო გამოყვანილი. იქვე, ერთი დიდი კედელი მთლიანად ფირფიტების კოლექციას ეკავა — თავიდან ბოლომდე ძველი და თანამედროვე ფირფიტებით დაფარული.

კედლის მარჯვენა კუთხეში, დიდი ლამპის ქვეშ, პატარა სამფეხა მაგიდაზე ფირსაკრავი იდო, რომელსაც უკან დინამიკები ედგა და ამ მომენტში დაბალ ხმაზე უკრავდა იაპონურ ჯაზს.

ერთი კედელი, რომელსაც ტერასაზე გასასვლელი ჰქონდა, მთლიანად შუშაბანდში იყო ჩასმული. სიძველე და ნოსტალგია ისე იღვრებოდა მთელ ბარში, რომ ანა წამით თითქოს ჰაერში დაფრინავდა — ხელით გული ეჭირა.

ღამის ქალაქის ხმაური, სილამაზე და გაზაფხულის ჩამჯდარი სითბო ისე ერწყმოდა ერთმანეთს, თითქოს ეს ყველაფერი ერთმანეთისთვის იყო შექმნილი.

გაოცებას ვერ მალავდა ანა — ვეღარ ხვდებოდა, რომელ კუთხეში გაეხედა, სად მისულიყო პირველად, რა ენახა და საით გაეწია.

-როგორც ვხედავ, მოგწონს — სიჩუმე დემეტრემ დაარღვია და ანა ტრანსიდან გამოიყვანა.
-ძალიან — ხმამაღლა საუბარს ვერ ბედავდა გოგონა, თითქოს ამ ადგილს ჩურჩული და მოფერება უხდებოდა.
-ღირდა უსიტყვო და უთქმელ ნდობად?
-ღირდა, ულამაზესი ადგილია. მიკვირს, ცარიელი რომაა.
-ჯერ არ გახსნილა.
-რა?
-კვირის ბოლოს გაიხსნება ოფიციალურად, შეგვიძლია ისევ მოვიდეთ.
-უკვე მეორე პაემანზე მეპატიჟები?
-ძალიან ვჩქარობ?
-შეიძლება ითქვას.

ანა ფირფიტების კედელს მიუახლოვდა.
-თუ არ გახსნილა, ჩვენ როგორ მოვედით?
-კავშირები — თვალი ჩაუკრა ბურდულმა და გოგოს გვერდით დადგა.
-ყეყეჩო — ანამ ჩაიცინა, მაგრამ ბიჭისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია, ფირფიტების დათვალიერება დაიწყო.

არაფერი უპასუხია ბურდულს, ჩაიღიმა. თვითონაც დაიწყო ვინილების დათვალიერება, თუმცა უკვე კარგად იცოდა, სად რა იდო. ამიტომ საერთოდ არ გასჭირვებია ანას საყვარელი ბენდის პოვნა — ფრთხილად გამოიღო ფირფიტა და უხმოდ მიაწოდა გოგონას.

-არ არსებობს... — დაბალ ხმაზე შეიკივლა ანამ, ჯერ კიდევ ერიდებოდა ხმის აწევა.
-დავუკრათ?
-შეიძლება?
-რა თქმა უნდა, წითურო, ამაღამ ყველაფერი შეიძლება, შენ ოღონდ მოისურვე.
-საიდან იცოდი?
-რა?
-ეგ ბენდი რომ მიყვარს?
-შენს ოთახში დავინახე ჩანაწერები და ერთ-ორ პოსტერსაც მოვკარი თვალი.
-დაკვირვებული ყოფილხარ.
-არ მიჭირს, მით უმეტეს, თუ რაღაც მართლა მაინტერესებს.
-როგორ ურცხვად მეფლირტავები, დემეტრე.

ანას გაეცინა. ფირფიტა საკრავზე დატრიალდა და მიჩუმებული ოთახი ისევ აივსო მელოდიით. ამჯერად წყნარი და მისტიური საქსოფონის ხმა ბას-გიტარის სწრაფმა და ამყოლმა ჟღერამ შეცვალა.

-ურცხვად?
-დაუმალავად.
-და დასამალი რა არის, წითურო? ბოლოს და ბოლოს, პაემანზე დაგპატიჟე.
-ბლიცის დრო ხომ არ მოვიდა? — ანამ თემის გადატანა სცადა, რადგან მიხვდა, რომ ჩიხში მოიქცია თავი.

შუა ბლიცის დროს გაიაზრა ანამ, რომ სულ ტყუილად ნერვიულობდა. იმაზე უკეთ წავიდა საღამო, ვიდრე წარმოედგინა. რომ გეთქვათ, დემეტრე ბურდულთან ერთად ბარში მარტო იქნები და რაღაც ბავშვურ, სულელურ კითხვებზე ტირილამდე იცინებო, არ დაგიჯერებდათ, მაგრამ ახლა ფაქტის წინაშე იდგა.

პირისპირ ისხდნენ, რაღაც უაზრო, ბავშვურ კითხვებს უსვამდნენ ერთმანეთს და როგორღაც თითქმის ყველაფრის თქმა და გაცვლა მოასწრეს, რაც კი შეიძლებოდა ერთმანეთზე სცოდნოდათ — საყვარელი ფერიდან დაწყებული, საყვარელი ნაყინის გემოთი დამთავრებული.

ისიც გაიგეს, MC-ში ყველაზე ხშირად ვინ რას უკვეთავდა. კითხვები აბსურდის ზღვარს ცდებოდა, თუმცა ისე ერთობოდნენ, არცერთს ადარდებდა, რამდენ სისულელეს იტყოდნენ. თან ირგვლივ არავინ იყო, ამიტომ ბოლომდე შეეძლოთ მომენტით ტკბობა.

ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი, ანასთვის რომ გეკითხათ, ალბათ ის იყო, როცა დემეტრემ გაიგო, რომ გოგონა გურული იყო და სთხოვა — მასწავლე რამდენიმე სიტყვა, რა რას ნიშნავსო.

ანასაც მეტი რა უნდოდა — ამაყი გურული წელში გასწორდა, უცებ გაიხსენა რაც გასახსენებელი, ვითომ საჭირო და მნიშვნელოვანი იყო და სრული სერიოზულობით დაიწყო ახსნა.
თვალებში ჩაღვრილი სითბოთი და ყველაზე წრფელი ღიმილით უყურებდა დემეტრე მის წინ მჯდარ წითურ გოგონას, წამით თითქოს არც ესმოდა, ანა რას ეუბნებოდა. ყურში ტკბილ მელოდიად ეღვრებოდა გოგონას კისკისი, გულს კი მალამოდ ედებოდა მისი ღვინისგან შეწითლებული ლოყები. იმ მომენტში უჭირდა ბურდულს იმის გააზრება, თუ რა ხდებოდა მის თავს, მაგრამ არ აპირებდა ამაზე ზედმეტ ფიქრს, უბრალოდ წამით ტკბებოდა და მთლიანად მომენტში იკარგებოდა.
-დემეტრე.
-გისმენ, წითურო, გისმენ.
-მისმენს თურმე, აბა რა გითხარი ბოლოს?
-იმას მიყვებოდი, როგორ არ იცოდნენ შენმა მეგობრებმა ზუკუტურის მნიშვნელობა, სწორად ხომ ვთქვი?
-კი, თქვი, მაგრამ ახლა სხვა რაღაცას გიყვებოდი.
-ბოდიში, წითურო, შენი ყურებით გავერთე უბრალოდ.
ახლა ლოყებთან ერთად ანას სახე მთლიანად შეეფარკლა, თვალები აარიდა ბიჭს, ჩაეღიმა, მაგრამ ისევ შეტევაზე გადავიდა, თითქოს არ მოსწონდა დემეტრეს კომპლიმენტები, ვითომ არ აჩვენებდა, რამხელა გავლენა ჰქონდა იმ მომენტში ბურდულს.
-გეყოფა ასეთი თავხედური პირდაპირობა.
-ხომ არ მოგატყუებ, აბა, წითურო?
-არც ასეთი უშუალო უნდა იყო, დემეტრე.
-კარგი, ნუ წუწუნებ.
-არ ვწუწუნებ და გაკვეთილი გავაგრძელოთ!
-ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ პირველი პაემანი გაკვეთილად გადამექცეოდა.
-ახლა შენ წუწუნებ.
-არ ვწუწუნებ, ფაქტი აღვნიშნე. სხვათა შორის, პატარა გურულო ქალბატონო, ნასვამი უფრო საყვარელი და მოურიდებელი ხარ. ვფიქრობ, ხშირად ხომ არ დაგალევინო.
-დემეტრე!
-გისმენ?
ერთობოდა ბურდული გოგონას რეაქციებით, იმით, რომ ასე უსიტყვო მდგომარეობაში აგდებდა ანას, სათქმელს რომ არ უტოვებდა, გონებას ურევდა და აბნევდა. ბიჭის ეგოს მის წინ მჯდომის ეს რეაქციები კვებავდა, უფრო თავდაჯერებულს ხდიდა ბურდულს.
-წამოდი, ჰაერზე გავიდეთ.
ხელი გაუწოდა ჩუმად მჯდარ გოგონას. მის დიდ ტორებში იკარგებოდა ანას გრძელი და თლილი თითები. უხმოდ წამოდგა ანაც ფეხზე, უკან გაჰყვა დემეტრეს, რომელიც ნელა მიიკვლევდა გზას და ისევ არ უშვებდა გოგონას ხელს.
გარეთ გასულებს ახლა უფრო ლამაზი ხედი დახვდათ — ღამის თბილისი განათებულიყო, ქუჩებში მანქანების ფარების ფერები მონაცვლეობით ცვლიდნენ ერთმანეთს, პატარა ციცინათელებივით ირეოდნენ იქეთ-აქეთ.
ტერასაზეც იღვრებოდა სიმღერის ნაზი და მელოდიური ჰანგები. ახლა, მაშინ, როცა ღამე უკვე დასასრულს მოიუახლოვდა, მათი არჩევანიც უფრო სენტიმენტალურ, ნელ და წყნარ ალბომზე შეჩერდა და ფირსაკრავიც მოურიდებლად ავსებდა სივრცეს ტკბილი ჰანგებით.
-ხომ არ გცივა, წითურო?
აბუზულ გოგონას შეხედა დემეტრემ, რომელიც ჯერ კიდევ ჩუმად იდგა და ქალაქს გადაჰყურებდა.
-ოდნავ.
-მოდი.
ქურთუკი გაიხადა ბურდულმა, ზურგს უკან მიუახლოვდა ანას და ფრთხილად მოაფარა მხრებზე, ფაიფურის თოჯინა იყოსო თითქოს, ისე ფრთხილად მოძრაობდა.
-მადლობა.
ქურთუკში ჩაკარგულ ანას თითქოს ხმაც მიიკარგა და ჩაიმალა.
-შემომხედე, წითურო, რატომ მარიდებ თვალს?
-არ...
-ჩუმად, შემომხედე.
მზერა გაუსწორა ანამ ბიჭს. დემეტრე თითქოს მშვიდად დაჰყურებდა გოგონას, მაგრამ თვალებში გოგონას ანარეკლი უბრწყინავდა. ღიმილს ვერ იკავებდა, უხმოდ დაჰყურებდა ანას ზემოდან — მომღიმარი, თვალებგაბრწყინებული, და თვითონაც არ იცოდა, ახლა რას აპირებდა, რა უნდა ეთქვა ან ეთქვა კი უნდა რამე?
შემდეგ, როცა მუსიკა მისწვდა ბურდულის ყურს, თითქოს გონება გაუნათდაო. წელზე მოხვია გოგონას ნაზად ხელი, თავისკენ, ახლოს მიიზიდა, მზერას ისევ არ აშორებდა. დაინახა, როგორ გაუფართოვდა ანას მოულოდნელობისგან თვალები, მაგრამ არაფერი თქვა. შემდეგ მელოდიას აჰყვა სხეულით და თან აიყოლა ანაც.
დემეტრეს ქურთუკში გახვეულმა და მასზე მიკრულმა ანამ კი უბრალოდ წამით ტკბობა არჩია. თავი ჩამოადო ბიჭს მხარზე და ხელები კისერზე შემოხვია.
-ცუდად ვცეკვავ, — დაბალ ხმაზე ჩაიჩურჩულა, თუმცა დემეტრემ მაინც გაიგო.
-არაუშავს, არაა საჭირო ყველაფერში კარგი იყო.
-ძალიან კარგი პაემანი გამოვიდა.
-გულწრფელობის წუთები გვაქვს?
-შეიძლება ითქვას.
-მაშინ ხელს არ შეგიშლი, წითურო, მითხარი, რასაც ფიქრობ.
-ამ მომენტში მეტ არაფერს.
-ანა.
-გისმენ.
-გათბი?
-კი… გვიანია უკვე, ხომ არ გავსულიყავით?
-როგორც იტყვი, წითურო.
სახლში მისულიც გოგონას ხელს არ უშვებდა მტევნიდან დემეტრე, კარამდე მიაცილა და სანამ ანა შიგნით არ შევიდოდა, იქამდე იქ იდგა.
-გასაღები ჩანთაში გაქვს?
-არა, გოგონები მელოდებიან, ღიაა კარი.
-გათენებას აპირებთ?
-მოვუყვები რაღაცებს, არ დამანებებენ.
-მიდი, შედი, არ გაცივდე. ძილინებისა, წითელო.
-ძილინებისა, დემეტრე.
კარის გაღება და გოგონების აყიჟინება ერთი იყო. არც კი უცდია დემეტრეს ღიმილის დამალვა, ჩაიცინა და გასაღები ამოიღო ჯიბიდან.
არ აპირებდნენ, თუმცა მაინც შემოათენდათ საუბარში გოგონებს. დეტალებში მოაყოლეს ანას პაემნის ამბები — სად იყვნენ, როგორ ჩაიარა, რა მოხდა, როგორ იქცეოდა დემეტრე — არც ერთი დეტალი გამოატოვებინეს გოგოს. ანაც გახარებული, სახეგაბრწყინებული და გაცისკროვნებული საუბრობდა ყველაფერზე.
-თავს დავდებ, რომ უფროსი და ჰყავს — ნენემ დასკვნა დადო ანას მონაყოლის შემდეგ.
-ან უბრალოდ დედამ კარგად გაზარდა. — თაია არ ჩამორჩა.
-რაც არ უნდა იყოს, აშკარად ჯენტლმენია.
-ხო, ეგ კი... — ისე ჩაილაპარაკა ანამ, აშკარად კიდევ უნდოდა რაღაცის დამატება, მაგრამ თავს იკავებდა.
-მაგრამ?
-მაგრამ არ მინდა ავჩქარდე, დასაწყისში ყველა თავაზიანია.
-არავინ გეუბნება, რომ უნდა აჩქარდე, ან, უბრალოდ კედლები არ აღმართო, საზღვრები გაავლე. თუ პატივს გცემს და მართლა მოსწონხარ, ბოლომდე წამოგყვება. — მერიკომ ნაზად გადაუსვა გოგონას თმაზე ხელი.
-მართალი ხარ.
-ყურები არ ჩამოყაროთ ახლა და დავიძინოთ, ხვალ ხომ ვაპირებთ ბარში გასვლას? — ნენემ პლედს დაავლო ხელი და სანათის ჩასაქრობად გაიქცა.
-გავიდეთ, ხო, თაიასაც ჰყავს პრინცი სანახავი.
-ნუ სულელობთ ერთი და დადეთ ბალიშებზე თავები. — თაიამ ამოიბუზღუნა, თუმცა გულის სიღრმეში ელოდა გათენებას და დროის სწრაფად გასვლას.

-არ დაიწყო ახლა წუწუნი, გამოაღე კარადა და ჩაიცვი, რაც მოგეწონება. — ანამ აწუწუნებული ნენე დაამშიდა. იმაზე სწრაფად მოვიდა საღამო, ვიდრე ელოდნენ, ხოდა ახლა ოთხივე ერთად ემზადებოდა ბარში გასასვლელად. ბიჭები უკვე ადგილზე იყვნენ და იქ ელოდებოდნენ.
-აუ, თაია, აუწიე რა სიმღერებს. — მეორე ოთახიდან მერიკო ყვიროდა და თმას იკეთებდა.
-ტუში შენ გაქვს?
-ხო, აუწიე და მოდი, გაგიკეთებ მაკიაჟს.
-მე მზად არ ვარ, აივანზე დაგელოდებით, მოვწევ. — ანამ გასძახა დაქალებს და აივანზე გავიდა. იცოდა, დემეტრე იქ რომ არ დახვდებოდა და არ გამოვიდოდა, რადგან დაინახა, დილით ადრე როგორ გავიდა სახლიდან და იმის მერე აღარ გამოჩენილა.
სიგარეტს მოუკიდა, მშვიდად გააბოლა და გუშინდელ ღამეზე დაიწყო ფიქრი.
ღამე მშვიდად მიდიოდა. როგორც კი ბარში შევიდნენ, გოგონებმა ბარმენისკენ გააპარეს თვალი, რომელმაც, როგორც კი გოგონები და თაია დაინახა, სახე გაუნათდა, გაიღიმა და გოგონას თვალი ჩაუკრა. ამათაც მეტი რა უნდოდათ — მთელი ღამე არ მოეშვნენ თაიას, ხან რას წამოაძახებდნენ, ხან რას.
უჩვეულოდ თბილი ამინდი იყო გაზაფხულისთვის, ამიტომ ხალხი ბლომად იყო. პლუს გარეთ ადგილები შევსებული იყო, ამიტომ სამეგობროს შიგნით მოუწია ადგილის დაკავება. მრგვალ მაგიდას შემოუსხდნენ, სასმელები შეუკვეთეს.
-მოდის! — უცებ შეიძახა ნენემ და თაიას მიარტყა ხელი.
-რა? — გაოცებულმა გოგომ ვერ მოასწრო გააზრება, რა ხდებოდა ან ვისზე ეუბნებოდა ნენე, როცა ზურგს უკან გაიგო ნაცნობი, დაბალი ხმა.
-გამარჯობა.
-გამარჯობა. — ერთხმად მიესალმა ყველა და სათითაოდ დაიწყეს მიზეზის მოძიება იმისთვის, რომ თაია ბიჭთან მარტო დაეტოვებინათ.
-მოსაწევად გავდივარ, ანუკა, არ გინდა შენ? — გიორგიმ თვალი ჩაუკრა ანას და ანიშნა, ადექი და გამოდი შენცო. ყველამ უხმოდ გაიგო მინიშნება.
-აუ, მომაწევინე მეც. — ნენე ადგა და ასანთი გამოართვა ბიჭს, თაიას და მის უკან მდგომს კი „უკაცრავადო“ ბოდიში მოუხადა და მაგიდას მოშორდა. მალე მართლაც ყველა გარეთ გავიდა და წყვილი მარტო დატოვეს. ოსტატურად გაიძურწნენ, თუმცა ყველამ მიხვდა მათი გარეთ გასვლის მიზეზი.
-აბა, ჯულიეტა, შენთან რა ხდება? — გიომ სიგარეტს მოუკიდა და ანასკენ მიბრუნდა.
-რა?
-ნუ იშტერებ ახლა თავს, იმ მეზობელთან რა ხდება, ვგრძნობ, რაღაც ნაპერწკლები დაფრინავს.
-გრძნობ, ხო? — წარბი აუწია ანამ, იცოდა გიოს მეთოდები, როგორ მარტივად შეეძლო ხალხის გამოტეხვა და ინფორმაციის გამოძალვა.
-ისე ჟღურტულებდი, ბოლოს რომ გნახე... ჰე ახლა, მოყევი.
-არაფერი ხდება.
-ნუთუ არაფერი ხდება, წითურო? — ზურგს უკან მოესმა ანას ნაცნობი ხმა და როგორც კი მიხვდა, ბურდული იდგა მის უკან, გაიფიქრა: ნეტა ახლა მიწა გაიხსნას და ჩამიტანოსო. ფრთხილად მიბრუნდა წითური და მოჩვენებითი ღიმილით შეხედა ბიჭს.
-შენ აქ რას აკეთებ? — შეტევაზე გადავიდა, თემის გადატანაც სცადა, მაგრამ ამაოდ.
-მეგობრებთან ერთად გამოვედი, ქალბატონო, და თემა ნუ გადაგაქვს.
-არ გადამაქვს.
დემეტრემ წამით მზერა მოაშორა გოგონას და მის სამეგობროს გახედა. მერიკოს და ნენეს მიესალმა, რადგან გოგონებს უკვე იცნობდა. ბიჭებს ხელი გაუწოდა.
-გამარჯობა, დემეტრე, ზემოთხსენებული მეზობელი. — ბიჭებმაც ხელი ჩამოართვეს, მიესალმნენ, „სასიამოვნოა“-ო უთხრეს და გიორგიმ მაშინვე მომენტი დაიხელთა — ასეთ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებო და ანას წვალებაზე გადავიდა.
-მართლა რა სიმპათიური ყოფილა შენი მეზობელი, ანუკა. — დემეტრეს გახედა, რომელმაც წარბაწეულმა გადაიტანა გოგონაზე მზერა, თან ტუჩის კუთხეში ღიმილი ეპარებოდა. — ბოლოს რომ ვნახე, მაშინ გახსენე, სულ „ჩემი მეზობელიო“ გაიძახდა.
-იმის კვალობაზე, რომ არაფერი ხდება, ხშირად მახსენებ, წითელო. — ანამ აღარ იცოდა, სად გაქცეულიყო ან საით გადამალულიყო. სხვები კი ერთობოდნენ მისი აწითლებული სახით და ფუჭი მუქარებით, რომლებიც გიოს მიმართ იყო მიმართული

-ცოტახანი წითურს მოგტაცებთ.- დემეტრემ ნაზად შეუცურა ანას წელზე ხელი, არც კი დალოდებია მისი მეგობრების პასუხს, ისე წაიყვანა გოგონა თან.
-სად მივდივართ?
-სასმელზე დაგპატიჟებ.
-მართლა ხშირად დათრობას მიპირებ?
-არასასიამოვნოდ ჟღერს ეგ წინადადება.
-თუმცა შინაარსი ხომ მიხვდი, რასაც გეუბნები.
-მივხვდი, თუმცა არა, ამჯერად არ მაქვს ეგ გამიზნული.
-ამჯერად?
-მომავალზე ნუ ვილაპარაკებთ ახლა, წამოდი, ჩემი მეგობრებიც იქვე არიან და გაგაცნობ. რახან შენები გავიცანი, შენც ხომ უნდა იცნობდე ჩემებს.
-ხო მაგრამ...
-არ გაძალებ, წითურო, თუ არ გინდა, სხვა დროისთვის შეგვიძლია გადავდოთ.
-მართლა?
-რა თქმა უნდა, ახლა უბრალოდ მარტო ვიყოთ. ნუ, შეძლებისდაგვარად. მზად როცა იქნები, მერე გაგაცნობ ხალხს.
-მადლობა.
-ასეთ წვრილმანებზე ნუ მიხდი მადლობას.
-არ არის წვრილმანი.
-არის, წითელო!
მოტაცებული გოგონა მალე დაბრუნდა მეგობრებთან, გიორგის ერთი წამოარტყა, ეს რა დღეში იყავიო, მაგრამ იმან არ შეიტეხა, მე რომ არა, არაფერი გეშველება და გიშუამდგომლეო. თაია ამასობაში ბარის უკან იდგა და გაცხარებული ელაპარაკებოდა ბიჭს, რომელიც გოგოს ისეთი სახით უყურებდა, აშკარად სიტყვა არ ესმოდა, რას ეუბნებოდნენ, ოღონდაც ეთქვათ. იმდენად კარგად მიდიოდა საღამო, რომ დრო სწრაფად გაიპარა, წასვლის დროც მალე მოვიდა. ანამ იფიქრა, დემეტრეს თუ დავლანდავ სადმე, დავემშვიდობებიო, თუმცა ბიჭს თვალი ვერსად მოკრა.
სახლში ნენემ მიიყვანა, ტაქსი არ დასჭირვებიათ, რადგან ყველას თითო ჭიქა ჰქონდა დალეული. კიბე სწრაფად აირბინა, გასაღები ამოიღო და სანამ კარს გააღებდა, იქვე მიკრულ წერილს მოკრა თვალი. გაეღიმა, არ ელოდა, ფურცელი კარს მოაძრო და ჯიბეში შეინახა. სახლში როცა შევიდა, მხოლოდ მერე ამოიღო ყვითელი ქაღალდი ჯიბიდან, ტელეფონთან ერთად, და ზედ დატანილი ნომერი ტელეფონში შეინახა. „ვგონებ, აწი ესეც დაგჭირდება“ — მხოლოდ ეს დაუტოვა ფურცლის ქვემოთ დემეტრემ წარწერად.
ანამაც დრო არ დაკარგა, საპასუხოდ თავისი ნომერი სწრაფად დაიტანა წებოვან ქაღალდზე, გარეთ გავიდა და ჩუმად მიუკრა მეზობელს კარზე — „ზარებით არ ამიკლო, არ მიყვარს, როცა მირეკავენ.“




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent