შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მანათობელი გრძნობა - თავი 9


დღეს, 02:39
ავტორი Viva la vida
ნანახია 55

შაბათი საღამო იყო. ნოემბერი ნელ-ნელა უახლოვდებოდა დასასრულს და ამინდს დეკემბრის სიცივე სულ უფრო ეპარებოდა. ბოლო ერთი კვირა ქუჩები არ გამშრალა. თითქმის ყოველ დილით წვიმდა, საღამოობით სულ ოდნავ შემშრალი ქალაქი კი მეორე დღეს ისევ თავიდან სველდებოდა. ჰაერში გამუდმებით ნესტის სუნი იდგა და დილაობითაც საგრძნობლად ციოდა.
წვიმის სეზონთან შედარებით, იმ საღამოს უჩვეულო ამინდი იყო. ცას ნარინჯისფერი დასდებოდა და ირგვლივ ყველაფერი აეწითლებინა. არც ქარი ქროდა, არც წვიმდა და არც ციოდა. ჰაერი ჩახუთული იყო და თავისებური არომატი დაჰკრავდა - მკრთალი, თითქმის უგრძნობი და არაფრის მომცემი. ფეხით მივუყვებოდი ჩემი უბნის ქუჩას. მიკვირდა, ასეთმა ამინდმა კარგ განწყობაზე რომ დამაყენა. თამოსთვის რომ გეკითხათ, იმ დღის ამინდი ცუდ სიზმარს ჰგავდა, უცნაურ შეგრძნებას აღუძრავდა და სახლიდან გამოსვლა არ უნდოდა. ამიტომაც მითხრა უარი გასეირნებაზე და მეც მარტო სიარული რომ დამეზარა, პირდაპირ სახლში წავედი.
დაღლილობის მიუხედავად, მაინც გავაკეთე ხარჯთაღრიცხვა ჩემი ორი ახალი პროექტისთვის, მერე მშვიდად რომ დამესვენა. ბავშვობიდან ასეთი ჩვევა მქონდა, იქამდე ვერ ვისვენებდი, სანამ საქმეს არ მოვიშორებდი. ეს ჩემი ყველაზე კარგი ჩვევა იყო, მე თუ მკითხავდით.
ბოლოს საქმე რომ აღარაფერი მქონდა, ადრე დავწექი. მთელი დღე მამთქნარებდა და მეძინებოდა, მაგრამ როცა ბოლოს და ბოლოს დასაძინებლად დავწექი, ვერაფრით მოვხუჭე თვალი. საათს რომ დავხედე, დეჟავუს მსგავსი შეგრძნება დამეუფლა.
ზუსტად ოთხი საათი იყო.
ჩემეცინა.
ზაფხულის ცხელი ღამეები დამიდგა თვალწინ, მიუსვენრობისგან ქუჩაში რომ გავრბოდი ხოლმე ღამით.
საათს კიდევ ერთხელ დავხედე და ავდექი. ვიცოდი, მაინც არ დამეძინებოდა, ამიტომ ისევ გარეთ გასვლა გადავწყვიტე. ისევ ქვემოთ გავუყევი გზას, ისევ იმ სქელ კედელს მივადექი და ძველებურად შემოვჯექი ზედ.
ადრინდელთან შედარებით, უცხო და ცივი მეჩვენა იქაურობა; რატომღაც ზაფხულში უფრო მეტი სიმყუდროვე სუფევდა იმ ადგილას და ღამით ქუჩაში გამოსვლაც ბევრად სხვანაირი იყო. ალბათ იმიტომ, რომ თავი მარტო ვიგრძენი.
ჰო.
იქ მისვლა იმიტომ აღარ გამხარებია, რომ მარტო ვიყავი; იმიტომ არ გამხარებია, რომ იქ წასვლის სურვილი არ გამჩენია...უბრალოდ იმედი მქონდა, რომ იმ სიცარიელის გრძნობას შემივსებდა, ამდენი ხნის განმავლობაში ვერაფრით რომ ვერ ვიშორებდი... შევცდი.
ძველებურად იქ საერთოდ არაფერი იყო. შორტის ნაცვლად თბილი შარვალი, პერანგის ნაცვლად კი, საწვიმარი ქურთუკი მეცვა. აღარც ზაფხულის ცხელი ღამეები იყო და...და აღარც დემეტრე აღარ მოდიოდა, ღამის ოთხზე, ჩემთან ერთად საბოდიალოდ; აღარავინ იჯდა ჩემს გვერდით იმ კედელზე და აღარავინ მესაუბრებოდა საათების განმავლობაში დაუსრულებლად; აღარავინ მატკიებდა თავს თავისი ხუმრობებით და სიჩუმესაც აღარავინ არღვევდა.
იმ კედელზე მივხვდი, რაც ხდებოდა ჩემს თავს - თურმე ზაფხული და ღამის იქ გათენება კი არა, დემეტრე მენატრებოდა; თავს მარტო მისი წასვლის გამო გრძნობდი. მე დემეტრე მენატრებოდა და ამის აღიარებაც უკვე აღარ მრცხვენოდა.ის დემეტრე მენატრებოდა, რომელიც ყოველთვის ახერხებდა ჩემთვის ნერვების მოშლას...ის დემეტრე, რომელიც მიბრაზდებოდა, ღამეებს ქუჩაში რომ ვათენებდი...ის დემეტრე მენატრებოდა, რომელიც ყოველ ჯერზე მე მაბრალებდა იმ დღეს მომხდარ ავარიას...ის დემეტრე მაკლდა ამდენ ხანს, რომელსაც ყოველ სიტყვაში ვეუბნებოდი, რომ ვერ ვიტანდი.
ეს ყოფილა ჩემი ბრაზიც, წყენაცა და მთელი ჩემი სიცარიელეც.
და თურმე რამდენი ხანი დამჭირდა ამის საღიარებლად...
ცხვირის წვერი ამეწვა ეს რომ კიდევ ერთხელ გავიაზრე. გული მწყდებოდა, გვერდით რომ მივიხედავდი და იქ დემეტრე არ იჯდა. იმ ღამით მისი ნახვა განსაკუთრებულად მომინდა. არ ვიცოდი, რატომ... უბრალოდ ასე მინდოდა. მინდოდა ისევ მოსულიყო თავისი მანქანით. ისევ ისე, სპორტული შარვლით, უბრალო მაისურითა და ისევ ისეთი არეული თმით. მინდოდა ისევ მომეყოლა მისთვის დედაჩემზე; ისევ მეამბო ჩემი თვისებებისა და ჩვევების შესახებ; მესაუბრა, რამდენს ნიშნავდა ჩემთვის მუსიკა; ის ბოდიში მომეხადა მისთვის, მთელი ეს დრო რომ მმართებდა და ბოლოს და ბოლოს მეღიარებინა, რომ ძალიან მაკლდა და მენატრებოდა.
მაგრამ რამდენი ხანიც არ უნდა ვმჯდარიყავი იქ, იმ ცივ კედელზე, ვიცოდი, არავინ არ მოვიდოდა. არავინ კი არა, დემეტრე არ მოვიდოდა. არ მოვიდოდა და ჩემს გვერდით არ დაჯდებოდა; ღამეს ჩემთან ერთად არ გაათენებდა, როგორ ადრე, სრულიად უმიზეზოდ და არც ჩემი მსმენელი იქნებოდა მეტად.
ამიტომ პატარა, მეამიტი ბავშივით ლოდინი შევწყვიტე და იმედგაცრუებული დავადექი სახლისაკენ მიმავალ ცივ და სველ ქუჩას.



№1 სტუმარი სტუმარი გვანცა

ძალიან პატარაბიყო, არ მეყო. მოუთმენლად გელით, დემეტრეს ველოდები პირველ რიგში

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent