შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მანათობელი გრძნობა - თავი 13


გუშინ, 23:33
ავტორი Viva la vida
ნანახია 93

ერთი კვირა ძალიან ცოტა დრო ყოფილა. წამში მიილია მთელი შვიდი დღე და მე დემეტრესთან ყოფნით გული ვერ ვიჯერე. მართალია, მუდმივად მასთან ვიყავი, ვუვლიდი, ვაჭმევდი, მაგრამ არ მყოფნიდა. მუდმივად ლალის სიტყვები მიტრიალებდა თავში. სულ მენატრებოდა...
მაშინაც კი, როცა მის გვერდით ვიყავი; მაშინაც, როცა მისი ხელი მეჭირა და მაშინაც, როცა თვალებში შემომყურებდა...
ისე დადგა მისი გაწერის დღე, თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი. პატარა ბავშვივით უხაროდა სახლში წასვლა, უფრო ხშირად გნახავო. მეც რა უნდა მეთქვა? თავს ვუქნევდი.
ბოლოს ვერ მოვითმინე და ამეტირა. უხმოდ მივუტანე პირთან კოვზით საჭმელი. რომ შემომხედა და ცრემლიანი დამინახა, აღარ შეჭამა.
- არ გინდა - გამიღიმა და ცალი ხელით ცრემლი მომწმინდა - ყველაფერმა გაიარა, ხედავ? კარგად ვარ. - წარმოდგენაც არ ჰქონდა, რატომ ვტიროდი.
- მაპატიე...- ჩუმად ვუთხარი, თეფში ლანგარზე დავდე და თავი გულზე დავადე.
- შენი ბრალი არ არის - თავზე მაკოცა.
- დემეტრე..
- რა არის? - მზრუნველი მზერით მომაჩერდა და სმენად გადაიქცა. ვაპირებდი მეთქვა, ყველაფერი აქ მორჩება მეთქი, მაგრამ ვერ შევძელი.
- არაფერი, უბრალოდ გავალ...- წამოვდექი და გავედი. გასასვლელში დემეტრეს დეიდა შემეფეთა. არაფერი უთქვამს, ხელი ლოყაზე მომისვა, ასე აჯობებსო, მითხრა და დახურული კარი თავიდან შეაღო. ფაქტიურად მითხრა, აღარ გადადოო. მისი მესმოდა, დემეტრეზე ზრუნავდა, მაგრამ ჩემთვის ეს ასეთი ადვილი არ იყო... სხვა გზა მაინც არ მქონდა, ღრმად ჩავისუნთქე და შევედი. დემეტრე წამომდგარიყო და გავლას ცდილობდა.
- რატომ ადექი? - კარიდანვე ვკითხე, არ მივუახლოვდი. ცალი ხელი გამოშალა, მოდიო. ჩასახუტებლად მეძახდა. ყველაფერს გავცემდი, ოღონდ სულ ბოლოჯერ, თუნდაც წამით მოვხვეოდი; წამით მოეხვია ჩემთვის თავისი ხელები და მის სურნელში გახვეულს, ყველაფერი დამვიწყებოდა... მაგრამ რომ ჩავხუტებოდი, ყველაფერი უფრო გართულდებოდა. ვეღარ მოვცილდებოდი და სიმწრით მოკრებილი გამბედაობაც დამეკარგებოდა; ამიტომ პირდაპირ თქმა ვაჩიე.
- მისმინე, არ მინდა ყველაფერი უცებ მოგახალო... - შიგადაშიგ პაუზას ვაკეთებდი. თავის შეკავება ძალიან მიჭირდა და კბილებს მაგრად ვაჭერი ერთმანეთს, რომ მეტად აღარ მეტირა. ყველასთან მოვითმენდი; ყველაფერს გავუძლებდი, მაგრამ დემეტრესთან არ გამომდიოდა. მისი დანახვისას ყველა ემოცია ერთად მაწვებოდა და პატარა ბავშვივით მოუთმენელი ვხდებოდი. ვერ ვუმალავდი საკუთარ მდგომარეობას, ვერც უწინ და ვერც იმ წამს, იმ პალატაში. მოთმინების ბოლო წვეთი გამოვიყენე, თავი რომ შემეკავებინა.
- რამე ხდება და არ ვიცი?
- მოკლედ, მე...მე ბევრი ვიფიქრე და მირჩევნია ჩემი პასუხი ახლა გითხრა...მე..ვერ შეგიყვარებ... - წამიერად მივაშტერდი სახეზე - ვიცი, რთულია უცებ ამის მოსმენა,თანაც ამ მდგომარეობაში; მაგრამ რადგან უკვე კარგად ხარ, ვფიქრობ, უნდა მეთქვა. არ მინდა, ფუჭი იმედი გქონდეს, ხომ გესმის? ერთი სიტყვით, ჩვენგან არ გამოვა. - ადგილზე გაიყინა, ყველა ემოცია გაუქრა სახიდან და ცოტახანს ხმა ვერ ამოიღო. მერე სულ წამით შევავლე თვალი, ჩანთა ავიღე და ის იყო კარისკენ წავიწიე, მისი რბილი შეხება რომ ვიგრძენი ჩემი ხელის გულთან.
- შენი თვალები... - თავი დახარა - მე სხვა რამ დავინახე მათში, ლიკა. - მერე მომაშტერდა თვალებში. სულ ცოტა მაკლდა, ხელი კვლავ არ ჩამეკიდა და ყველაფერი გვერდით გადამედო, მაგრამ მისი მდგომარეობის შემხედვარემ, ვერ შევძელი...დემეტრე ჩემთვის ვერ გავიმეტე.
- ხელი გამიშვი... - თითები გავითავისუფლე, კარი გამოვაღე და უკან მიუხედავად წამოვედი. წამოვედი და სრულიად მარტო დავტოვე; წამოვედი და უკან დასაბრუნებელი გზაც მოვიჭერი.
ერთი ცრემლიც არ გადმომვარდნია; არც ხმა ამომიღია; უხმოდ შევედი ჩემს ჩაბნელებულ სახლში და პირდაპირ ოთახისკენ გავემართე. ბნელ ოთახში შევედი და ლოგინზე ჩამოვჯექი. ერთიანად მეწვოდა სული და მთელი სხეული მიხურდა. სწორედ მაშინ, ხელთან რაღაც რბილი ვიგრძენი. დემეტრეს შავი შარფი იდო ჩემს საწოლზე. სწორედ ის შარფი, იმ ღამეს რომ მომცა, ქუჩაში. ისევ ისე ასდიოდა მისი სურნელი. მეტის მოთმენა ფიზიკურად აღარ შემეძლო. ვერც კი გავიაზრე ისე წამსკდა ცრემლი და წამში დამისველა შარფზე მაგრად ჩავლებული ხელი. ემოციებისგან გახურებულ სახეს ცრემლის შეხება ეწვოდა. აღარ ვიცოდი, რომელ ერთზე მეტირა...დანაშაულის გრძნობაზე, დემეტრეს მდგომერეობაზე თუ საკუთარ საოცდაობაზე...
ყველაზე მეტად მაინც საკუთარ თავზე ვტიროდი; ვეღარ შევძლებდი, დემეტრესთვის დამერეკა და ჩემთან მოსვლა მეთხოვა; ვერც იმას შევძლებდი, მთელი არსებით ჩავხუტებოდი და ყველაფერი დამევიწყებინა; ის აღარ იქნებოდა ჩემ გვერდით მაშინ, როცა მენდომებოდა. იმდენად მივეჩვიე სულ ერთი წამის ოდენა დროში, მგონა ჟანგბადის გარეშე დავრჩი. იმ წამს, იმ ჩაბნელებულ ოთახში მჯდომი, ბევრად უარეს მდგომარეობაში ვიყავი, ვიდრე იმ ექვსი თვის განმავლობაში, ყველაზე მწარე რომ მეგონა თავის დროზე - აღარ მქონდა მისი მოლოდინი და ეს გულს მიკლავდა. დანამდვილებით ვიცოდი, რომ ჩემთან არ მოვიდოდა; უეცრად აღარც გამოჩნდებოდა და აღარც გაქრებოდა; აღარც თავის ყავისფერ თვალებს შემომანათებდა და აღარც თავისებურად გამიღიმებდა.
იმ დღის შემდეგ დემეტრე თვალითაც არ მნახავს. ჩემი დღეები მშრალი და უემოციო გახდა...დილით ადრე ვდგებოდი, სამსახურში მივდიოდი და საღამომდე შეუსვენებლად ვმუშაობდი. მართალია, ნორმალურად არც მეძინა და არც საიმისო მადა მქონდა, სრულფასოვნად რომ მეკვება, მაგრამ ენერგიას მაინც არ ვუჩიოდი.
მიუხედავად იმისა, რომ დემეტრეს აღარ ვეკონტაქტებოდი, ავთოს საქმე ისე არ დამიტოვებია. მე და თამომ განზრახ მკვლელობის მცდელობის გამო მის წინააღმდეგ სარჩელი შევიტანეთ და დამატებით ინფორმაციის მოძიება დავიწყეთ, რომ მისი სასჯელი რაც შეიძლება მკაცრი ყოფილიყო. რა თქმა უნდა, სასამართლოს მხრიდან რეაგირება მაშინვე არ ყოფილა, თუმცა პროცესამდე კონტროლზე რომ აიყვანეს და საკანში იჯდა, ესეც რაღაც იყო ჩემთვის. თამო ამბობდა, რომ ავთოს შესახებ ცუდი ჭორები დადიოდა კორუფციის, ფულის უკანონო მითვისებისა და მსგავსი დანაშაულების შესახებ და ყველამხრივ ცდილობდა რაიმე ხელმოსაჭიდი ეპოვა. მე კარგად არ მესმოდა ეს დემეტრეს საქმესთან რა კავშირში იყო, თუმცა თუ ეს ავთოს ბრალს კიდევ დაუმძიმებდა, მაწყობდა.

* * *

ორი კვირის განმავლობაში არ წყდებოდა დემეტრეს ზარები. ვიცოდი, გაბრაზებული იყო, მაგრამ ჩემი სიტყვების მაინც არ სჯეროდა. ჯიუტად ვაგრძელებდი მის დაიგნორებას და ამის გამო, მისგან მიღებული ყოველი შეტყობინებაც უფრო ემოციური ხდებოდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, ასეთი რამის გაკეთება თუ მომიწევდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ მსგავსი რაღაცები მხოლოდ ადამიანის ფანტაზიის ნაყოფი იყო და მხოლოდ წიგნებსა და ფილმებში ხდებოდა. საკუთარ მდგომარეობაზე მეცინებოდა; ერთხელაც ვერ მოვასწარი დემეტრესთვს იმის თქმა, რომ აღარ მეშინოდა მისი სიყვარულის აღიარების. რამდენადაც ვრწმუნდებოდი, რომ დემეტრე მიყვარდა, მეტად მინდოდა მასთან წავსულიყავი და ბოლო ხმაზე მეყვირა ამის შესახებ...თუმცა ამაზე, რა თქმა უნდა, რომ ოცნებაც არ შემეძლო.
ორი კვირის შემდეგ, ერთ საღამოს, ძლივს ჩაძინებული, კაკუნის ხმამ გამომაღვიძა. კარი გაღებულიც არ მქონდა, დემეტრე რომ შემოვარდა... არაფერი უკითხავს, ერთი ის თქვა, სალაპარაკო გვაქვსო და პირდაპირ სასტუმრო ოთახში შევიდა. გაბრაზებული იყო და სახეზე დაღლილობა ეტყობოდა. მარჯვენა ხელი ჯერაც არ ჰქონდა მორჩენილი და ფიქსატორი ეკეთა. ჯერ კიდევ სუსტად იყო, თუმცა ჩანდა, რომ ეს დიდად არც ანაღვლებდა.
- სალაპარაკო არაფერი არ არის, ყველაფერი გარკვეულია. - ხელები გადავიჯვარედინე და თავი დავხარე, მისთვის რომ არ შემეხედა.
- რა არის გარკვეული? - ჩაეცინა გაბრაზებულს - შენ გგონია, იმას, რაც შენს თვალებში დავინახე, რამე დამავიწყებს? სერიოზულად?
- გითხარი არ მიყვარხარ, მეთქი. - მხრები ავიჩეჩე - როგორც მახსოვს, ჩემს გადაწყვეტილებაში არ ერეოდი?!
- ეს არც არის შენი გადაწყვეტილება!
- შენ რაიცი? საერთოდ არაფერი იცი, დემეტრე! არც ჩემზე და არც ჩემს გადაწყვეტილებაზე! - თითი გავიშვირე გასასვლელისკენ - ახლა წადი და აქ აღარ მოხვიდე!
- დეიდაჩემმა გითხრა, არა? წადიო, გითხრა და შენც დაუჯერე. - გამომიჭირა - ამ ყველაფერსაც იმიტომ თამაშობ, რომ თავს იდანაშაულებ.
- სისულელეებს ნუ -
- არ გინდა კარგი? - არ დამამთავრებინა - მე ხომ გითხარი, შენი ბრალი არაფერი არ არის, მეთქი? სისულელე არ გააკეთო, ლიკა. - მომიახლოვდა.
- მართალი ხარ... - თავი დავუქნიე - თავს დამნაშავედ ვგრძნობ, მაგრამ რაც მოხდა, იმას ვერ შევცვლი; მხოლოდ ბოდიშის მოხდა შემიძლია.
- მეტი შეგიძლია, ვიცი.
- ძალით ვერ შეგიყვარებ, გაიგე ერთხელ და სამუდამოდ!
- გეყოფა! - წყობიდან გამოვიდა - იტყუები, ვიცი! - არაფრით არ უნდოდა ჩემი სუტყვების დაჯერება - თვალებში შემომხედე და ისე მითხარი! თუ სიმართლეს ამბობ, თვალებში რატომ არ მიყურებ? - აი ამაზე თითქოს ენა გადავყლაპე...
- ... - მეტად ამის გამეორება ვერ მოვახერხე; ზუსტად იცოდა, ამას რომ ვერ შევძლებდი და ჩემი სიჩუმით კმაყოფილი, სახეგაბადრული ამეჭიმა წინ.
- როგორ ამბობ, რომ არ გიყვარვარ, როცა შენს თვალებში ამას საერთოდ ვერ ვხედავ? მაშინ რატომ მითხარი იმ ღამეს, რომ შენგან აღარ წავსულიყავი?რატომ ხარ სულ ჩემზე მოწებებული? რატომ არ მიშვებდი ხელს იმ ღამით? ან რატომ... -
- მეცოდებოდი... - შევაწყვეტინე. უცებ მომივიდა თავში და ესეც ვუთხარი. ის უკვე დაკარგული მყავდა და მეტად დასაკარგი არც არაფერი იყო. - არ მინდოდა თავი უბედურად გეგრძნო... უბრალოდ მეცოდებოდი, სულ ეს არის... - პირველად დავინახე მისი აწყლიანებული თვალები. არაფერი უთქვამს, უბრალოდ იდგა და მიყურებდა. ყველაფერს გავცემდი, ოღონდ მისი ეს სახე არ დამენახა. იმდენად არ მოელოდა ჩემგან ამ სიტყვებს, მივხვი, გული გაუტყდა. გაბრაზებული, გატეხილი, გამწარებული იყო, ყველა ემოცია ერთად ეწერა სახეზე. მე კიდევ მისთვის თვალის გასწორებასაც ვერ ვბედავდი. მისი დუმილი ყველაზე აუტანელი რამ იყო ჩემთვის. იმედგაცრუებული მიყურებდა...
ბოლოს ასევე უთქმელად გამოაღო კარი და წავიდა. მას შემდეგ კი აღარც მოუწერია რამე და აღარც დაურეკავს. ძალიან მინდოდა, მასთან მივსულიყავი და მეთქვა, რომ ვიტყუებოდი; რომ ერთადერთი, ვინც მეცოდებოდა, საკუთარი თავი იყო; მეთქვა, რომ მის გასაშვებად ძალიან სუსტი ვიყავი და ძალიან მაგრად ჩამეჭიდა ხელი.
მაინც არსებობდა ძალიან ბევრი ,,მაგრამ”, რის გამოც ამას ვერ ვიზამდი და თითოეული უფრო მჭიდროდ მიკრავდა ხელ-ფეხს. ამიტომ იმის მეტი არაფერი დამერჩენოდა, დემეტრეს სიყვარული ჩუმად გამეგრძელებინა. ყოველ შემთხვევაში იქამდე, სანამ მოთმინება მეყოფოდა. მერე რა მოხდებოდა, არც ვიცოდი და არც იმის ძალა მქონდა, ამ ყველაფერზე მეფიქრა.
ამასობაში დეკემბერიც მიილია. ახალწლამდე თითქმის აღარაფერი რჩებოდა და მიუხედავად ამ დღესასწაულისადმი ჩემი უსაზღვრო სიყვარულისა, იმ წელს არც განწყობა მქონია და არც რაიმე გამიკეთებია სახლში. მარტო დარჩენა მეტად აღარ მინდოდა, ამიტომ ლალისთან გადავწყვიტე წასვლა.
- ლიკა? - გაკვირვეული სახით შემომხედა, კარი რომ გააღო - კეთილი იყოს.
- ცოტა ადრე მოვედი, ვიფიქრე დაგეხმარებოდი...
- ძალიან კარგი! - ხელი მომკიდა და შიგნით შემიყვანა. პალტო გამომართვა და სამზარეულოსკენ გამიძღვა - მოდი, ჯერ ყავა დავლიოთ, საქმე მოიცდის.
- ... - მაგიდასთან დამსვა და თვითონ ყავის კეთებას შეუდგა.
- აბა, როგორი განწყობა გაქვს?
- არ მაქვს...
- რატომ? ხომ მითხარი ახალი წელი მიყვარსო?
- ... - არაფერი მითქვამს. ძალიან მეზარებოდა ყველაფრის თავიდან მოყოლა და არც მქონდა სურვილი, საკუთარი საცოდაობით ლალის დღესასწაულიც გამეფუჭებინა.ამ თემაზე საერთოდ არავისთან მისაუბრია. თამო რომ თამოა, მისთვისაც კი არ მითქვამს, რატომ დავასრულე დემეტრესთან ის, რაც არ დამიწყია. ასეც გავაგრძელებდი.
- რაღაც მოხდა, ხომ ასეა? - დაასკვნა ლალიმ. - რაღაც, რაც არც შენ გინდოდა. - თავის ქნევით გაიხედა გვერდით, ფანჯარაში და საკუთარ ხელს ჩამოყრდნობილმა, მძიმედ ამოიოხრა.
- ... - მთელი ჩემი მოთმინება წამში გააქრო მისმა დაღონებულმა სახემ.
- ხანდახან ასეც ხდება ხოლმე, იცი? - მომიბრუნდა - ხანდახან იმის გაკეთება გვიწევს, რაც საჭიროა, მოუხედავად ჩვენი სურვილისა... მაგრამ მე მაინც მჯერა ხოლმე, რომ უკეთესი დღეებიც მოვა, იცი? მჯერა და მოთმინებით ველოდები ხოლმე. შენც ასე უნდა დაელოდო, ჩემო ძვირფასო. - გამიღიმა; მისი სიტყვების ფონზე საკუთარი მდგომარეობა რომ კიდევ ერთხელ გავიაზრე... როცა დავფიქრდი, რამდენად მიჭირდა ყველა პრობლემის ერთიანად მოთმენა, ცრემლები ჩემდა უნებურად წამსკდა.
- ჩემო საბრალო, რა დაგემართა? - ანერვიულდა ლალი და თავისი თბილი ხელი დამისვა თმაზე. მე კი ტირილის მეტი ვერაფერი მოვახერხე.
ვტიროდი იმის მიუხედავად, რომ მისი მრცხვენოდა. ვტიროდი, რადგან უსაზღვრო იყო დემეტრეს მონატრება, მისი ნახვის სურვილი და იმის ბოლო ხმაზე ყვირილის წადილი, როგორ ძალიან შემიყვარდა. მაგრამ ამაზე დიდი დანაშაულის გრძნობა და შიში იყო. შიში იმისა, რომ ჩემი სიყვარულიცა და მონატრებაც, მას საფრთხეს შეუქმნიდა. განსაკუთრებით წინა საღამოს შემდეგ, როცა იმავე უცხო ნომრიდან, რომელზეც ბოლოს ავთო დამეკონტაქტა, კიდევ ერთი შეტყობინება მივიღე. მაფრთხილებდა, რომ მეორეჯერ ასეთი მოწყალე აღარ იქნებოდა. წარმოდგენა არ მქონდა, ციხიდან ჩემამდე ხმის მოწვდენა როგორ მოახერხა, მაგრამ ვიცოდი, რადგან ამბობდა იზამდა კიდეც.
რამდენიმე კვირით ადრეც, ჯერ კიდევ ბაკურიანში ყოფნის დროს, მისგან უეცრად შემოსული ზარიც ჩემს გაფრთხილებას ემსახურებოდა. როგორც ჩანს, მთელი იმ პერიოდის განმავლობაში მაკვირდებოდა, სანამ დემეტრე არ ჩანდა; როდესაც ისევ მასთან დამაფიქსირა, ჯერ ისევ დამუქრება გადაწყვიტა და რადგანაც ეს არ გამოუვიდა, პირდაპირ მოქმედებაზე გადავიდა. ბევრი ფიქრისა და მსჯელობის შემდეგ, მე და თამომ სხვა ახსნა ვერ მოვძებნეთ. არ გვჯეროდა, რომ დემეტრეს გაქრობა-გამოჩენასთან ერთად ავთოს ანალოგირი ქცევა უბრალო დამთხვევა იყო. მით უმეტეს, მე ვერავინ დამაჯერებდა ამას და სიმართლე რომ ვთქვა, არც გამკვირვებია. უბრალოდ ცოტა შეშინებული ვიყავი; ავთო ნამდვილი ავადმყოფი იყო. მანიაკი, რომელსაც არანაირი საღად აზროვნების უნარი და ზნე არ გააჩნდა; და იმის გააზრება, რომ ასეთი ადამიანი ამდენი ხნის განმავლობაში შეიძლება გაკვირდებოდეს, შემზარავი და წარმოუდგენელი იყო ჩემთვის. არანაირი სურვილი არ მქონდა, თუნდაც ნაცნობად დარჩენილიყო ჩემს ცხოვრებაში. მისი ჩემს ცხოვრებაში არსებობაც მამაჩემის ბრალი იყო, რომელმაც სხვა ბევრ პრობლემასთან ერთად ეს საჩუქარიც დამიმატა...
როდის ჩამეძინა, ან ლალის მისაღებში როდის აღმოვჩნდი, არ მახსოვდა, მაგრამ რომ გავეღვიძა, უკვე პირველის ნახევარი იყო. ლალი გაშლილ სუფრასთან იჯდა, ჩემკენ იყო შემობრუნებული და ჩაფიქრებული სახით მაკვირდებოდა. არაფრისთვის პირი არ დაეკარებინა და ისეთი სახე ჰქონდა, აშკარად ჩემზე დარდობდა. შემრცხვა მისი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის არაფერი უგრძნობინებია, მაინც მრცხვენოდა, რომ არც მას შევარგე ახალი წლის სიხარული.
- ახალ წელს გილოცავ... - გამიღიმა ნაღვლიანად. მისი ჩემდამი დამოკიდებულება რომ დავინახე, თვალები სიხარულის ცრემლებით ამევსო. სიხარულისა და მადლოერების, რომ სულ ახლახანს გაცნობილი ადამიანი, რომელიც ნორმალურად არც კი მიცნობდა, ჩემზე ასე ღელავდა; რომ ჩემი ესმოდა და მიუხედავად დიდი ინტერესისა, არაფერს მეკითხებოდა.
- ახალ წელს გილოცავ, ლალი! - გავუღიმე დარცხვენილმა და ძალიან მაგრად გადავეხვიე.



№1 სტუმარი Ml

ძალიან პატარა თავებია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent