მანათობელი გრძნობა - თავი 14
ლალიმ თავისთან დამიტოვა რამდენიმე დღით. არაფრის დიდებით არ გამიშვა სახლში, არ უნდოდა მარტო დავეტოვებინე. მისი მზრუნველობა, სითბო და სიყვარული თავს კარგად მაგრძნობინებდა. მართალია, არც ის იყო დედაჩემი და არც დედობრივი სიყვარული გამოუცდია ოდესმე, მაგრამ იმის დანახვა, როგორ ძალიან ცდილობდა ჩემს გაღიმებას, მადლიერების გრძნობით მავსებდა; მეც მაქსიმალურად ვცდილობდი უხერხულობა დამემალა და ლალისთან ყოფნით მთელი ჩემი პრობლემები, ცოტა ხნით მაინც, დამევიწყებინა. ორი დღის შემდეგ გავიგე, რომ მამაჩემი ჩამოსულა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს წლები მის მოლოდინში გავატარე, არც გარეთ გასვლის სურვილი მქონდა და არც მის სახლში მისვლის; მამაჩემის სახლში ისედაც იშვიათად მივდიოდი, ძირითადად ახალ წელს და ისიც მხოლოდ მაშინ, თუ საქართველოში იყო... მისი სახლი ჩემი არასდროს ყოფილა; დედას გარდაცვალების შემდეგ მალევე დაიწყო საზღვარგარეთ სიარული და მიუხედავად იმისა, რომ შვილი შეეძინა და უფრო მეტი პასუხისმგებლობა ჰქონდა, დიდხანს აღარ ჩამოსულა. ყოველთვის ,,საქმე’’ ჰქონდა, ამიტომ მასთან ნორმალური ურთიერთობა არასდროს მქონია. პირველად ის ხუთი წლის ასაკში ვნახე. მაშინ ცოტათი დავახლოვდით, თუმცა არა ისე, როგორც მამაშვილური ურთიერთობა უნდა ყოფილიყო ან როგორც მე ვინატრებდი. ბოლოს ის ბებიაჩემის დაკრძალვაზე ვნახე და მას შემდეგ რომ წავიდა, აღარც გამოჩენილა. მამიდას ჩააბარა ჩემი თავი და თავის, როგორც მამის მოვალეობის მოხდად მხოლოდ ის ჩათვალა, რომ კარგ ცხოვრებასა და ფულს არ მომაკლებდა. ასე რომ, მთელი ჩემი ცხოვრება დრამატულ სპექტაკლს უფრო წააგავდა, ვიდრე რეალობას და თუ სიმართლე გაინტერესებთ, პირველი, ვინც ასე ფიქრობდა, მე ვიყავი. მამაჩემის ჩამოსვლის შესახებ, როგორც ყოველთვის, მისმა მძღოლმა შემატყობინა. როგორც წესი, ერთადერთი ვიყავი, ვისაც ურთიერთობის სურვილი ჰქონდა და ამიტომ ჩვენი შეხვედრა, ათ წუთზე მეტხანს არასდროს გაგრძელებულა. საკმარისი პრობლემები მქონდა და მისი ამჟავებული სახის ყურების თავი არ მქონდა, ამიტომ წასვლას არ ვაპირებდი. მაგრამ ბოლოს გულმა არ მომითმინა და მაინც გადავწყვიტე კიდევ ერთხელ ნაბიჯის გადადგმა; ისევ მე და მხოლოდ მე; კართან ვიდექი, რომელიც წლები არ შემიღია. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, შიგნით ბებო არ დამხვდებოდა, მაინც ველოდი, რომ ვინმე გამომეგებებოდა. სიჩუმით კიდევ ერთხელ იმედგაცრუებულმა უშიშრად შევაღე კარი, სწრაფად მომავლე თვალი ჩაბნელებულ სასტუმრო ოთახს და პირდაპირ მამაჩემის კაბინეტისკენ წავედი. არ მქონდა სურვილი იმ ყალბი ფოტოების კიდევ ერთხელ ნახვისა, სტუმრებისთვის რომ იყო თავის დროზე გამოფენილი. ბედნიერ და უდარდელ ბავშვად ვიყავი შექმნილი და მეც კარგა ხანს ვატარე მოსიყვარულე მამიკოს ფულებით გაბერილი გოგოს ნიღაბი. ეს ჩემი ყველაზე საშინელი ვერსია იყო და ყოველ ჯერზე, როცა მახსენდებოდა, ერთდროულად ვგრძნობდი ზიზღსაც და სიბრალულსაც. საკუთარი თავი ყოველთვის მეორეხარისხოვანი იყო ჩემთვის. სასოწარკვეთილი ვებღაუჭებოდი იმ ადამიანებს, ვისთვისაც ჩემი არსებობაც და არარსებობაც ერთნაირად უნმიშვნელო იყო. ამ ფიქრებში გართულს, დერეფანი ოდნავ უფრო გრძელი მომეჩვენა. არ ვიცოდი, როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი განწყობა მას შემდეგ, რაც მოპირდაპირე ოთახის ზღურბლს გადავაბიჯებდი - ისევ უდარდელობის ნიღბით უნდა შევმოსილიყავი, თუ უბრალოდ რეალურ ლიკად დავრჩენილიყავი? ბოლოს და ბოლოს თექვსმეტი წლის ბავშვი ხომ აღარ ვიყავი? უპატრონო, საცოდავი ბავშვი, რომელიც ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა, რომ სრულიად მარტო იყო; რომელსაც ყველაფერთან გამკლავება დამოუკიდებლად მოუწევდა... კაბინეტის კარზე ოდნავ დავაკაკუნე, ღრმად ჩავისუნთქე და ნელა შევაღე. მამაჩემი სავარძელში იჯდა და მუხლებში დედას ალბომი ედო. გაკვირვებულმა გამომხედა და ჩემს დანახვაზე ალბომი დახურა. - შეიძლება? - გაუბედავად ვკითხე და, თავის დაქნევით დასტურის მიღების შემდეგ, მის წინ ჩამოვჯექი. - ... - არაფერი უთქვამს. ცოტახანს მიყურა, მერე ამოიოხრა და ალბომი თავის ადგილას დადო. - რატომ არ დამირეკე? მაინცდამაინც გოჩასგან უნდა გამეგო შენი დაბრუნების ამბავი? - პირველად ხომ არ ხდება, რომ არ გირეკავ? - უემოციოდ გამომხედა. - მხოლოდ ეს გაქვს სათქმელი? არანაირი მოსალმება...არც მოკითხვა? - იმედგაცრუებულმა მივუგე - შენს წინაშე ბავშვი აღარ ზის, მამა. - ხო... - ნაძალადევად გაიღო ხმა - აბა, რა გითხრა? ძალიან გაიზარდე მეთქი? - თურმე ჩემზე საცოდავი ადამიანიც ყოფილა სადღაც. ის კაცი მამაჩემი არ იყო...ყოველ შემთხვევაში, მინდოდა რომ ასე ყოფილიყო. არ მინდოდა დამეჯერებინა, რომ ასეთი კაცის შვილი ვიყავი; - მადლობა საჩუქრისთვის. - თემის შეცვლა ვამჯობინე - მართალია, თითქმის ერთი წელი გავიდა, მაგრამ მაინც. - გასაღები დაბალ, მტვრიან მაგიდაზე დავუდე - თუმცა ასეთი საჩუქრები დიდად არ მხიბლავს...ფული მაქვს, თანაც იმდენი, რომ თუ დამჭირდება, თავისუფლად ვიყიდი. - უმადურობ? - არა, უბრალოდ ასეთ რაღაცებში ფულის გადახდის ნაცვლად, ხანდახან დამირეკე ხოლმე. სულ რამდენიმე თეთრი ღირს. დამიჯერე, ეს მეტად ძვირფასი იქნება ჩემთვის. - ვნახოთ. - ისევ ლაკონური პასუხი. ვერ ვხვდებოდი, როგორ შეეძლო ასეთი ცივი და უგრძნობი ყოფილიყო. ნუთუ ასეთი უმნიშვნელო ვიყავი მისთვის? ნუთუ სულ ოდნავ მაინც არ ვუყვარდი? ძალიან მაინტერესებდა, რას მეტყოდა, მისთვის მართლა რომ მეკითხა ეს. - იცი, მართლა მაინტერესებს... - - რა გაინტერესებს? - გამაწყვეტინა. თითქოს მიხვდა, რასაც ვაპირებდი და გაღიზიანება დაეტყო. - რატომ არ გიყვარვარ? რატომ არ გინდა, რომ ერთად ვცხოვრობდეთ... აი ისე, როგორც სხვა ხალხი ცხოვრობს? ანდაც, რატომაა შენთვის ასეთი ძნელი ჩემთან ურთიერთობა? - რა გინდა, რომ გითხრა? - თვალებზე მიიჭირა თითები და დაამთქნარა. იმ წამს ერთადერთი, ვისაც მართლა არაფერი ადარდებდა, ჩემ წინ მჯდომი კაცი იყო. არ ადარდებდა, რომ შეიძლებოდა კვლავ ეპოვნა ოჯახური სიმყუდროვე; რომ არსებობდა ვიღაც, ვისაც მამა სჭირდებოდა; რომ მისი მეუღლე, ასე ძალიან რომ უყვარდა და ვერ ელეოდა, კვლავ ცოცხლობდა ჩემში; მის შემხედვარეს გულის რევის შეგრძნება დამეუფლა და მთელი ჩემ ბავშვური აღელვებაცა და ოპტიმიზმიც წამში აორთქლდა. - მგონი უკვე გკითხე ის, რისი მოსმენაც მინდა... - გავჯიუტდი. მაინც მინდოდა მისგან პასუხის მოსმენა, მიუხედავად იმისა, რომ მეშინოდა... - მხოლოდ პირველ კითხვაზე რომ გამცე პასუხი, საკმარისი იქნება - ჩამეღიმა - ჩათვალე, საახალწლო საჩუქარია. - საქმე ის არაა, რომ არ მიყვარხარ... - - ანუ არც უარყოფ... - ჩავილაპარაკე იმედგაცრუებულმა - მაშინ დედას სახელი რატომ დამარქვი? - ... - არაფერი მიპასუხა, თითქოს პირველად გაიგო, რომ დედას სახელი მერქვა. - მშიშარა ხარ! - ... - ხმა კვლავაც არ გაიღო. - რა იყო? განა ტყუილს ვამბობ? - ალმაცერად შევხედე - იმდენად მშიშარა ხარ, რომ ერთადერთი შვილი, რომელიც გარდაცვლილი ცოლისგან დაგრჩა, უპატრონოდ, ობლად გაიმეტე და არ გაინტერესებს, სად აგდია ან როგორ! - გეყოფა! - ფეხზე წამოიჭრა. - არ მეყოფა. - ვცდილობდი სიმშვიდე არ დამეკარგა - სულ რომ მთელი ღამე ვილაპარაკო, მაინც არ მეყოფა! ძალიან მაინტერესებს, ასე რა გაშინებს? არ შეგეძლო, აი, ახლა მაინც, აქ რომ შემოვედი, თუნდაც ერთხელ ჩამხუტებოდი? - თითით ვაჩვენე - შეიგნე, რომ დედას გარდაცვალება ჩემი ბრალი არ არის! - მაინც ავუწიე ტონს და როცა დავინახე, სახე შეეცვალა, გული გამიტყდა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, ასე რომ ფიქრობდა. წამოვედი; იმის ნაცვლად, მამაჩემთან ცოტათი დაახლოება მაინც მეცადა, ყველაფერი გავაფუჭე. ისიც დავანგრიე, რაც არსებობდა და ალბათ საუბარი კი არა, ჩემი დანახვაც აღარ მოუნდებოდა. მაგრამ რა უნდა მექნა? სად დამემალა ასეთი სიმძიმე? მისთვის თუ არა, ვისთვის უნდა მეთქვა ჩემი წუხილი? ვისთან უნდა მეჩივლა იმაზე, რომ ჩემი ბავშვობა მტკიოდა? სულ რომ ყველასთან მეთქვა და მელაპარაკა, ვინ გამცემდა იმაზე პასუხს, რაზეც თავად მამაჩემმა ვერ მიპასუხა? ვერაფრით ვშველოდი ვერც საკუთარ თავს და ვერც მას. ყველაფერი თავზე ჩამომენგრა. რომელ ერთზე უნდა მენერვიულა აღარ ვიცოდი. ყველა პრობლემა და სატკივარი - მშობლების ყოლის სურვილიდან დაწყებული, უიღბლო სიყვარულით დამთავრებული, ერთდროულად დამატყდა თავს და ისე მაწვებოდა, ვეღარ ვსუნთქავდი. იმდენი პრობლემა მქონდა, ჩამოთვლას ალბათ კარგა ხანს ვერ მოვრჩებოდი. გულწრფელი რომ ვიყო, იმ მომენტში ყველაზე მეტად საკუთარი სიტყვები მაშინებდა. იქნებ დედას სიკვდილი მართლა ჩემი ბრალი იყო? იქნებ ჩემი არსებობა გახდა დედას სიკვდილის მიზეზი? არ მინდოდა ამის დაჯერება. ეს ის ბოლო წვეთი იქნებოდა, რომელსაც მართლა ვეღარ გავუძლებდი. მჯეროდა, რომ ყველაფერი ერთი დიდი გაუგებრობა იყო და დედას ნახვა თუნდაც, წამით რომ შემძლებოდა, აუცილებლად მეტყოდა, რომ მისი წასვლა ჩემი ბრალი არ იყო. ქუჩაში გამოვედი და ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე. რამდენადაც ვცდილობდი, საკუთარი თავი გამემხნევებინა, იმდენად მეზრდებოდა ტირილის სურვილი. მაგრამ ტირილიც რომ ვერ მშველოდა? მოთქმასა და გოდებას რომ ყველაფერი მოეგვარებინა...თუ ჩემს ყველა ტკივილსა და პრობლემას გააქრობდა, მართლა ცრემლის გაშრობამდე ვიტირებდი; თუმცა რეალობა იყო ის, რომ ასე მხოლოდ ანიმაციებსა და ზღაპრებში ხდებოდა; ზღაპრებში, რომლებიც ყოველთვის ბედნიერად სრულდება. გოჩას უარი ვუთხარი წაყვანაზე, რადგან არ ვიცოდი, სად უნდა წავსულიყავი. ვის ჰქონდა ჩემი მოსმენის თავი? ვისგან მომეთხოვა, საკუთარი პრობლემები გვერდზე გადაედოთ და ჩემთვის მოესმინათ? თავდაყირა მოექცა ჩემში ყველაფერი; ყოველთვის მქონდა პრობლემები და ისინი ადვილად არასდროს მაშინებდა, თუმცა ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ყველაფერი იმ მომენტში გაჩნდა; ერთიანად დამეჯახა და შუაზე გამაპო; მთელი სხეული მტკიოდა და, შუა ქუჩაში მდგომს, ყველა ძარღვი ერთიანად მეყინებოდა...რისთვის დამებრალებინა ჩემი მდგომარეობა? ამდენად ემოციურად რატომ შევხედე იმას, რაც მთელი ჩემი ცხოვრება თან დამყვებოდა? ბოლოს ყველაფერი ისევ დემეტრესა და მასთან განშორებას დავაბრალე; რატომ? პასუხი მარტივი იყო... პირველი იყო, ვისთანაც ყველა პრობლემა მავიწყდებოდა; ერთადერთი იყო, რომლის დანახვისასაც ჩემში არსებული შავი ხვრელი უკვალოდ ქრებოდა; მე კი ის ჩემივე ხელით მოვიშორე; და ეს...ეს იმდენად უეცრად მოხდა, ისე მეტკინა, იმდენ რამეზე დამაფიქრა, რომ ყველა ჩემი ტრამვა და ტკივილი წამში ამოტივტივდა მეხსიერების ზედაპირზე. იმ ღამესაც ცრემლმორეული დავჩერებოდი მის ნომერს. მინდოდა, დამერეკა და მისთვის ყველა ჩემი სატკივარი მომეყოლა; მიუხედავად იმისა, რომ ვატკინე, მაინც მინდოდა, ჩემთან მოსულიყო; მასზე რომ გავიფიქრებდი, მეგონა, რომ ყველაფერს გადავიტანდი და გავუმკლავდებოდი; თუ ის ჩემთან იქნებოდა, არაფრის შემეშინდებოდა; მაგრამ ვაი, რომ ფუჭი იყო ჩემი ნატვრა! ტყუილად ვოცნდებობდი! რომც დამერეკა, რა ვიცოდი, რომ ნაწყენი არ იქნებოდა ჩემზე? იქნებ საერთოდ აღარ უნდოდა ჩემი დანახვა?.. რაც უნდა ყოფილიყო, თავს იმის უფლებას ვერ მივცემდი, კიდევ ერთხელ ჩამეგდო საფრთხეში. თანაც მხოლოდ იმიტომ, რომ მე მიჭირდა. ასეთი ეგოისტი ვერ ვიქნებოდი. ბევრი ვიფიქრე ვისთან წავსულიყავი, მაგრამ ვერავინ ვიპოვე, საკუთარი თავის გარდა. თამოს ახალი საქმე ჰქონდა აღებული და პროცესისთვის ემზადებოდა. ვახოსთან ვერ წავიდოდი, მას რომ გაეგო, ასე ცუდად ვიყავი, ერთ ამბავს ატეხდა, მე კი ამის თავი არ მქონდა; ლალისთან ვეღარ მივიდოდი, რადგან მრცხვენოდა; გიორგის არ ველაპარაკებოდი. ისევ სრულიად მარტო დავრჩი და მეც, სხვა გზა რომ არ დამრჩა, სახლში წავედი. სახლში, სადაც ცივი ლოგინის მეტი არავინ და არაფერი მელოდა. ამდენი ვინმე მყავდა, მაგრამ მაინც მარტო ვიყავი. დაღლილმა შევაბიჯე ჩაბნელებულ სახლში. კარი რომ დავხურე და გავაცნობიერე, როგორი ჩუმი იყო ჩემი სახლი, გული დამწყდა, თითქოს პირველად ვნახე ის ამდენად ცარიელი... სინამთლე არ ამინთია, მაშინვე საძინებლისკენ გავემართე. ოთახში შევედი და ჩემი საწოლზე მოვკალათდი. ვგრძნობდი, ტირილი რომ მინდოდა, მაგრამ ამის ძალა აღარ მქონდა. ვცდილობდი გამეხსენებინა, როდის გახდა ჩემი ყოველდღიურობა ასეთი; პასუხის პოვნა ვერ მოვახერხე. - რატომ მაინდამაინც მე? - ჩავილაპარაკე თითქმის უხმოდ და უცებ, როცა გავიზრე რა წამოვროშე, მთელს ჩემს ავლადიდებას სინდისის ქენჯნაც დაემატა. ვის ვიმეტებდი ამ ყველაფრისთვის? ვისი უბედურება იქნებოდა ჩემთვის სულ ერთი? ანდაც რატომ? მე რომ მტკიოდა პრობლემა იყო, მაგრამ ვინმე სხვა რომ ყოფილიყო ჩემს ადგილას, ვიტყოდი, რომ არა უშავდა? რა იქნებოდა მაშინ, თუ სხვა ჩემსავით ვერ მოითმენდა? იქნებ ღვთის ნებაზე ბევრად ადრეც დაესრულებინა თავისი სიცოცხლე?.. საკმაოდ ხშირად ამბობს ადამიანი ამ სიტყვებს, თითქოს წუწუნებს და სხვა არაფერი, მაგრამ ეს ხომ რეალურად იმაზე დიდი დანაშაულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს? განუხორციელებელი, მაგრამ დაუნდობელი... მართლა ეგოიზმით სავსეა ადამიანის გული; ისეთი ბოროტი და ბნელი, რომ იმას, რაც მისი გადასატანი, რაც მისი საზიდარია, სხვას უსურვებს და შეაწერს; რამდენ ხანს ვიჯექი ასე ჩუმად არ მახსოვს. მხოლოდ ის შევამჩნიე, ჩაბნელებული ოთახი მქრალად რომ განათდა და ტელეფონის ზუზუნი გაისმა. ჯაბა მირეკავდა. მისი სახელი რომ დავინახე, ცრემლები გადმომცვივდა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს მიპოვნეს; მწარედ ჩამეღიმა. ორი საათით ადრე, შუა ქუჩაში სასოწარკვეთილი მარტოობაზე რომ ვტიროდი, ჯაბას არსებობა წამითაც არ გამხსენებია; აზრადაც არ მომსვლია, რომ მისი სახით მყავდა ვიღაც, ვინც თავისი უბრალოებით, უდარდელობითა და სიმშვიდით ჩემში არსებულ ქაოსს შთანთქავდა. - ჩემო პატარავ! - მისი ხმის გაგონება ჩემთვის სასწაულივით იყო; იგი იმ იდუმალ სუპერგმირს წააგავდა ჩემთვის, ვისი არსებობისაც ბავშვობაში მჯეროდა... - რატომ დამეკარგე? - ჯაბა.. - ძლივს მოვიკრიბე ძალა, მელაპარაკა; მაგრამ იმდენად გალეული ხმით დავუძახე, მეც კი შემეშინდა. - რა ხმა გაქვს? - მიხვდა. - ... - ამოვისუნთქე, ტირილი რომ შემეკავებინა და მერე ვუპასუხე - ჯაბა...გთხოვ ჩემთან მოდი...ძალიან გთხოვ...- ხმა ამიკანკალდა. - მოვდივარ. - ჯაბა... - დავუძახე ბოლოს. - ჰო? - მისი მზრუნველი ხმა ძალიან მამშვიდებდა. - არ გათიშო, რა! - აქ ვარ. - მაოცებდა მისი სიმშვიდე - დამშვიდდი. - მალე მოხვალ? - გზაში ვარ - დამამშვიდა - იცი, რატომ დაგირეკე?.. - თემა შეცვალა. მივხვდი, ჩემს გართობას რომ ცდილობდა. - ჩვენი სიმღერა გამახსენდა. გინდა გიმღერო? - ... - ვერაფერი ვუპასუხე. იქამდე ჩამესმა მისი ტკბილი ხმა, სანამ რამის თქმას გავბედავდი. - ,,მზე დედაა ჩემიო, მთვარე მამაა ჩემიო, ეს წვრილ წვრილი ვარსკვლავები ... დაა და ძმაა ჩემიო... ზეციდან რომ წვიმა მოდის... ეს ცრემლებია ჩემიო... ჭალაში რომ ჩიტი გალობს, ეს სიმღერაა ჩემიო...” - ჩაისუნთქა და ისევ განაგრძო. - ,,მზე დედაა ჩემიო...” - დაუღალავად მიმღეროდა მანამ, სანამ ჩემთან მოვიდოდა. რამდენიმე წუთში კარის გაღების ხმაც გაისმა... ჩუმად გავედი ოთახიდან. ფანჯრიდან შემომავალ ლამპიონის შუქზე მაღალი სილუეტი შევნიშნე. ხელები ტყავის ქურთუკის ჯიბეებში ჩაეწყო და მელოდებოდა. მერე გვერდით, დაბალ მაგიდაზე მდგარი სანათი აანთო და მომიახლოვდა. - რაო?! - ჩემკენ დაიხარა დოინჯშემორტყმული - ვინ გააბრაზა ჩემი ყვავილი? - ... - ხმა არ ამომიღია, მიუხედავად იმისა რომ სათქმელი ბევრი მქონდა. არც მას უკითხავს ეს პასუხის მოსასმენად. შუა ზამთარში მოკლე მკლავიანი მაისურით იყო მოსული. ისე თხლად ეცვა, რომ დავინახე გამაჟრიალა. - მოდი ჩემთან... - ხელები გამომიშალა დივნის სახელურზე ჩამომჯდარმა. მისი მომღიმარი და სიყვარულით სავსე გამომეტყველება რომ დავინახე, ამეტირა; - ჯაბა... - ღმერთო, რა კარგ დღეში ხარ! - გაეცინა. - ბოდიში... - ავსლუკუნდი. - რატომ მებოდიშები ამ შუაღამეს? - მე...დამავიწყდი და ასე მეგონა, არავინ არ მყავდა...არ...არ გამახსენდა რომ არსებობ, მაპატიე... - შე სულელო! - მომიგო მზრუნველად და თავზე მაკოცა. ისე ჩამმალა თავის მსხვილ, თბილ მკლავებში, წამში სიმშვიდე ვიგრძენი და ძილი მომერია; - სიცხე გაქვს. - ჩაილაპარაკა და კისერთან თავისი ხელი დამადო, ტემეპერატურა რომ ეგრძნო. - ... - პასუხად მხოლოდ ჩემი სტურუნი გაისმა. ჩაეცინა. - ჩემი პატარა, ბემბიი! - ამ სახელს მხოლოდ მაშინ მეძახდა, როცა მარტო ვიყავით. ასეთი ჩვევა ჰქონდა, ათასნაირ სახელს მეძახდა და ჩემდამი სიყვარულსა და დამოკიდებულებასაც ასე გამოხატავდა. - კარგი... - დივანზე მოკალათდა და პატარა ბავშვივით მოკუნტული, ფრთხილად მიმიხუტა, დაიძინეო მითხრა და თმაზე თამაში დამიწყო. იცოდა, თმაზე თამაში ჩაძინებაში რომ მეხმარებოდა და არ დააყოვნა. ზუსტად იცოდა რა უნდა გაეკეთებინა, რა უნდა ეთქვა. ყველაზე მეტად კი ის მსიამოვნებდა, ჩემს მდგომარეობას ნორმალურად რომ აღიქვამდა. მამშვიდებდა ფაქტი, რომ იმ წამს ჩემთან იყო. ერთი სიტყვაც ეყო, მოვიდა, ჩამიხუტა და ჩემში არსებული მთელი სიბნელე საუცხოო სიმშვიდით შეცვალა. მიმახვედრა, როგორც ვცდებოდი; მიმახვედრა, რომ მარტო თურმე არასდროს ვყოფილვარ. თავიდანვე იყო ის ჩემს ცხოვრებაში და ზუსტად ვიცოდი, არასოდეს დამტოვებდა. თურმე რა უმადური ვყოფილვარ! ვერც კი ვაცნობიერებდი, რომ თურმე მეც მყოლია ოჯახი; მყოლია ჯაბა, რომელიც ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში გამოჩნდა და ძალიან მოკლე დროში იმდენად შემიყვარა, რომ ჩემს ნაწილად იქცა; ჩემს უსისხლო ძმად, რომელიც ჩემ გამო მთებს გადადგამდა... - დაიღალე, ჩემო პატარა? - იცოდა, არ ვუსმენდი, მაგრამ მაინც თავისთვის ლაპარაკობდა. - ჩემს ყვავილს მოუწყენია...მაგრამ დაიძინებს და ყველაფერი დაავიწყდება... - განა არ იცოდა, რომ არ დამავიწყდებოდა? ჩემზე კარგად იცოდა. იმდენად დიდი იყო მისი ძალა...იმდენად კარგი და სუფთა იყო მისი შინაგანი სამყარო, იმ წამს საერთოდ დააყრუა ჩემი ტკივილი და მდუღარება. მე კი...ჯერ ისევ ფხიზლად მძინარეს, ჩამესმოდა მისი მზრუნველი და სიყვარულით სავსე ხმა...დაუღალავად, რომ მიმღეროდა, ჩემს ამოჩემებულ, ბავშვურ სიმღერას. - ,,მზე, დედაა ჩემი... მთვარე მამაა ჩემი... “ მოდიოდა ღრმა ძილი და სიმღერის ხმა თანდათან ბუნდოვანი ხდებოდა. მე კი ვტკბებოდი იმ სიმშვიდის გრძნობით, რომელიც ჯაბამ იმ სიბნელეში მომიტანა და ხარბად, აუჩქარებლად ვსუნთქვადი ჰაერს, რადგან მივხვდი, თავისუფლად სუნთქვა ძალიან მომნატრებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


