შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"კასიანა" (თავი II)


3-05-2026, 22:48
ნანახია 130

საზღვრამდე ერთი კვირა იყო დარჩენილი. თითოეული დღე სიმძიმით იყო სავსე — სასახლეში მზადება არ წყდებოდა, ოფიციალური შეხვედრები, სამოსის შერჩევა და დიპლომატიური ეტიკეტის სწავლა კასიანასთვის ნამდვილი წამება იყო. მას სძულდა ის როლი, რომელსაც სხვები სთავაზობდნენ. იანე... იანე სხვანაირი იყო. ის დედოფლობისთვის იყო დაბადებული. დინჯი, გაწონასწორებული, ცივი გონებით მოქმედებდა, ყოველთვის საქველმოქმედო საქმეებში ჩართული, ხალხი იცნობდა, პატივს სცემდა და ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო. კასიანა კი... კასიანა უბრალოდ თავისუფლებას ეძებდა.
და აი, ერთ-ერთ საღამოს, როცა სასახლეში ყველა დაკავებული იყო, კასიანამ ისევ იპოვა მომენტი. მან კომფორტული სამოსი ჩაიცვა, თმა მაღლა აიკრიფა და თავისი კატანა ხელში ჩაებღუჯა. სიმშვიდე მისთვის მხოლოდ მივიწყებული მიწა და მარადიული საკურა იყო.

საკურას ხე ვარდისფერი ფურცლების გრიგალში ცურავდა. მზის ჩასვლის ოქროსფერი სხივები ტოტებს შორის აღწევდა და მიწაზე მოცეკვავე ჩრდილებს ხატავდა. კასიანა ხეს სამხრეთის მხრიდან მოუახლოვდა, საქანელასთან გაჩერდა და კატანას ტარს ხელი მოჰკიდა.
მან კატანა ქარქაშიდან ამოიღო. ფოლადმა მზის ჩასვლის შუქზე გაიელვა. მიუხედავად იმისა, რომ კასიანამ არ იცოდა ნამდვილი საბრძოლო ხელოვნება, მას ჰქონდა ბუნებრივი გრაციოზულობა და ძალა. მან დაიწყო ვარჯიში.
კასიანა მოძრაობდა ნელა, მაგრამ თავდაჯერებულად. ის წარმოიდგენდა, რომ სასახლის მომაბეზრებელ წესებსა და ეტიკეტს ებრძოდა. მისი მოძრაობები არ იყო ტექნიკურად სრულყოფილი, მაგრამ მათში იყო ვნება და ემოცია. კატანა ჰაერში დაფრინავდა, ვარდისფერ ფურცლებს შორის გზას იკაფავდა. ჰაერში გაისმა კატანის მოქნევის მკვეთრი, დამახასიათებელი ხმა — ფოლადის სიმღერა, რომელიც დუმილს არღვევდა.


ესაია საქანელასთან გაჩერდა. ის აქ რამდენიმე საათის წინ მოვიდა, სჭირდებოდა ეს დუმილი, სანამ ოფიციალურ დელეგაციას შეუერთდებოდა. მხედართმთავარი ხის ფესვებს შორის იჯდა და უბრალო, მუქ ნაცრისფერ სამოსში გამოწყობილიყო.
როცა კატანის მოქნევის ხმა გაისმა, ესაია ინსტინქტურად დაიძაბა. მან წიგნი ფრთხილად დადო ბალახზე, წამოდგა და ჩუმად, როგორც ჩრდილი, ხის სამხრეთის მხარისკენ გაემართა.
როცა საქანელას მოუახლოვდა გაშეშდა.
მის წინ, საკურას ფურცლების გრიგალში, გოგონა კატანით ვარჯიშობდა. მზის ჩასვლის ოქროსფერი შუქი მის სახესა და ფოლადზე ირეკლებოდა. ესაიამ მაშინვე იცნო ის — ცისფერი ფერია საქანელადან. მაგრამ ახლა ის სხვანაირი იყო — უფრო ძლიერი, უფრო თავდაჯერებული და უფრო ლამაზი.
ის უყურებდა, როგორ მოძრაობდა კასიანა. ხედავდა მის თავნებობას, მის დაუმორჩილებლობას და იმ ზედმეტად გრძელ ხმალს, რომელიც გოგონას ხელში ასე ამაყად ეჭირა. ესაია ჩრდილში იდგა, უძრავი, როგორც ქანდაკება, და თვალს არ აშორებდა პრინცესას. მრისხანე მეომრის სახეზე, რომელიც არასდროს იღიმებოდა, კვლავ გაკრა იმ წამიერმა, თბილმა ღიმილმა.

კასიანა, თავის „ფოლადის ცეკვაში“ ჩაძირული, ერთ-ერთი მკვეთრი მოძრაობისას, მოულოდნელად, ფეხი უხერხულად დაადგა საკურას ფესვს. მან წონასწორობა დაკარგა და ფეხი გადაუბრუნდა. კატანა ხელიდან გაუვარდა და ბალახზე დაეცა. პრინცესამ ტკივილისგან ამოიკვნესა და მიწაზე დაეცა.
ესაია არც დაფიქრებულა, მან მომენტალურად დატოვა ადგილი და სწრაფი ნაბიჯებით კასიანასკენ გაემართა.
კასიანამ, როცა უცნობი ჩრდილი დაინახა, შეშინებულმა სცადა წამომდგარიყო, მაგრამ ტკივილმა არ მისცა საშუალება. ის მიწაზე იჯდა და უყურებდა, როგორ უახლოვდებოდა მას მრისხანე მეომარი.
ესაია მის წინ დაიხარა. მისი სახე ცივი იყო, როგორც ყოველთვის, მაგრამ თვალებში რაღაც უცნაური, თბილი სინათლე დარჩა.
— ფრთხილად, — თქვა მან დაბალი, მშვიდი ხმით.
მან ნელა, მაგრამ თავდაჯერებულად აიღო კასიანას ფეხი და შეამოწმა. მისი ხელები იყო ძლიერი, მძიმე, მაგრამ ამავდროულად — საოცრად ნაზი. კასიანამ იგრძნო, როგორ გაუარა ტკივილმა, როცა ესაიამ ფეხი ნაზად დაუზილა და მისი მაისურის ნაგლეჯით მჭიდროდ გადაუკრა.
— მადლობა, — ჩაილაპარაკა კასიანამ, მისი ხმა კანკალებდა. ის უყურებდა მეომრის თვალებში და ვერ აცილებდა მზერას. მასში ყველაფერი ყვიროდა: „ეს ალბათ მტერია!“, მაგრამ გული სხვას კარნახობდა. მან დაინახა არა მტერი, არამედ კაცი, რომლის დუმილშიც საკურას ქვეშ ნაგრძნობი სიმშვიდე იმალებოდა.
ესაიამ გაიღიმა. ეს იყო წამიერი, თბილი ღიმილი, რომელიც სრულიად ცვლიდა მის მრისხანე იერს.
— კარგად ხარ? — იკითხა მან.
— კი, — უპასუხა კასიანამ და ფეხზე წამოდგა. მან იგრძნო, როგორ აუჩქარდა გული. ეს შეხვედრა იყო რაღაც დიდი და აკრძალული.


ესაიამ აიღო კასიანას კატანა და ქარქაშში ჩადო. მერე კი, პრინცესას გადახედა.
— მე გაგაცილებ, — თქვა მან.
კასიანამ დაუქნია თავი. მათ დაიწყეს გზა საზღვრისკენ. ჰაერში მხოლოდ საკურას ფურცლების შრიალი და მათი ნაბიჯების ხმა ისმოდა. ისინი არ ლაპარაკობდნენ, მაგრამ ეს დუმილი იყო უფრო შინაარსიანი, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა. კასიანა გრძნობდა, როგორ იბზარებოდა მისი საკუთარი, წლების განმავლობაში ნაშენები ცივი ჯავშანი.
როცა საზღვარს მიუახლოვდნენ, ესაია გაჩერდა.
— აქამდე შემიძლია მხოლოდ, — თქვა მან და კატანა კასიანას გადასცა.
პრინცესამ კატანა აიღო და მეომარს თვალებში შეხედა.
— მადლობა, — თქვა მან კვლავ.
ესაიამ დაუქნია თავი და უკან, ჩრდილოეთისკენ წავიდა. კასიანა კი, საზღვარზე იდგა, ხელში კატანა ეჭირა და უყურებდა, როგორ უჩინარდებოდა მრისხანე მეომარი მაღალ ბალახში.

სასახლის მძიმე კარები კასიანასთვის ამჯერად ჩვეულებრივზე უფრო ნელა გაიღო. ყოველი ნაბიჯი, რომელსაც მარმარილოს ცივ იატაკზე ადგამდა, მარცხენა კოჭში მჭრელ ტკივილს ჰგვრიდა. ის ცდილობდა, ტანი სწორად დაეჭირა და კოჭლობა დაემალა, მაგრამ წელზე ჩამოკიდებული, ზედმეტად გრძელი კატანა მოუხერხებლად ერტყმოდა ფეხს და მის ყოველ მოძრაობას გასცემდა.
დიდ დარბაზში ჩვეული აურზაური სუფევდა — მსახურები ჩრდილოეთის დელეგაციის მისაღებად ხალიჩებს შლიდნენ და შანდლებს აპრიალებდნენ. დედოფალი იქვე იდგა და პროცესს ხელმძღვანელობდა, მისი მახვილი მზერა არცერთ დეტალს არ აკლდებოდა.
კასიანა შეეცადა, ჩრდილიდან შეპარულიყო კიბეებისკენ, მაგრამ...
— კასიანა! — დედოფლის ხმა დარბაზში ზარივით გაისმა.
პრინცესა გაშეშდა. დედამისი სწრაფი, გრაციოზული ნაბიჯებით წამოვიდა მისკენ. მისი სახე წამში შეიცვალა — სიმკაცრე შეშფოთებამ შეცვალა, როგორც კი შვილის არაბუნებრივი სიარული შენიშნა.
— ღმერთო ჩემო, ეს რა არის? — აქოთქოთდა დედოფალი და კასიანას წინ დაემხო, უხეში შარვლის ტოტს ხელი დასტაცა. — კოჭლობ? ფეხი გადახვეული რატომ გაქვს? კასიანა, შენ კოჭლობ! რა დაგემართა? სად იყავი?
დარბაზში მოძრაობა შეწყდა. მსახურები ინტერესით გამოეშურნენ. იანე და სარაც, რომლებიც იქვე, კუთხეში პერგამენტებს ათვალიერებდნენ, სასწრაფოდ მივიდნენ დედასთან.
— უბრალოდ... წამოვკარი ფეხი, — ჩაილაპარაკა კასიანამ და სცადა ფეხი გამოეწია, მაგრამ დედამისს მჭიდროდ ეჭირა.
— წამოჰკარი? — არ ცხრებოდა დედოფალი, მისი ხმა სულ უფრო მაღლდებოდა, როგორც ნამდვილ დედებს სჩვევიათ, როცა შვილის საფრთხეს გრძნობენ. — აი, შენი „თავისუფლების“ ფასი! აი, შენი „დავიწყებული მიწა“ და ის საშინელი, უზარმაზარი ხმალი! — მან ზიზღით შეხედა კატანას. — რამდენი წლის ხარ, კასიანა? როდის უნდა ისწავლო, რომ პრინცესა ხარ და არა მინდვრის ყაჩაღი? ერთ კვირაში ჩრდილოეთის მეფე მოდის, შენ კი... კოჭლი უნდა დახვდე?
— დედა, კარგად ვარ, — სცადა კასიანამ გაღიმება, თუმცა ტკივილისგან სახე დაეჭიმა.
— არაფერიც არ ხარ კარგად! — გადაჭრით თქვა დედოფალმა და წამოდგა. — იანე, სასწრაფოდ გამოიძახე სამეფო მკურნალი. უთხარი, რომ პრინცესამ... — მან კასიანას ბრაზიანი მზერა ესროლა, — ...ისევ მოახერხა საკუთარი თავის დაზიანება. სარა, დაეხმარე დას ოთახში ასვლაში. და ეს... ეს რკინის ჯართი წაიღეთ აქედან! — მიუთითა კატანაზე.
— კატანას მე წავიღებ, — თქვა აბელის ხმამ. ის დარბაზში შემოვიდა და სიტუაციას წამში მიხვდა. მისი სახე სერიოზული იყო, მაგრამ თვალებში ოდნავი თანაგრძნობა უკავთებდა. ის მივიდა კასიანასთან და ხმალი წელზე მოხსნა. — მგონი, ამჯერად ხმალმა ვერ დაგიცვა, პატარა დაო.
— პირიქით, აბელ, — ჩუმად ჩაილაპარაკა კასიანამ ისე, რომ მხოლოდ ძმას გაეგონა. მან გაიხსენა ესაიას ძლიერი, ნაზი ხელები და ის უცნაური სიმშვიდე საზღვარზე.
სარა კასიანას მხარში ამოუდგა.
— წამოდი, „ფერია-სამურაი“, — უთხრა მან ნაზად, — დედა ახლა ისეთ ხასიათზეა, რომ ექიმის მოსვლამდე თავად განგკურნავს თავისი ტუქსვით.
კასიანამ კოჭლობით დაიწყო კიბეებზე ასვლა, დედამისის შეშფოთებული და გაბრაზებული შეძახილები კი ზურგს უკან კვლავ ესმოდა. სასახლის ხმაური და წესები ისევ დაბრუნდა, მაგრამ კასიანას გულში იმ მინდვრის სიჩუმე და მრისხანე მეომრის წამიერი ღიმილი უფრო მკაფიოდ ჟღერდა, ვიდრე ნებისმიერი საყვედური.

სამეფო მკურნალმა, მოხუცმა კაცმა, რომელსაც ბალახეულისა და ძველი წამლების სუნი ასდიოდა, ფრთხილად დაასრულა კასიანას კოჭის თავიდან გადახვევა. პრინცესა საწოლზე იჯდა, ზურგით რბილ ბალიშებს მიყრდნობილი.
— ძვალი მთელია, ქალბატონო, — თქვა მკურნალმა და სათვალე გაისწორა, — უბრალოდ მყესებია დაჭიმული. ერთი კვირა სიმშვიდე, თბილი კომპრესები და იმ დღისთვის, როცა სტუმრები ჩამოვლენ, ისე ივლით, თითქოს არაფერი მომხდარა. ოღონდ, გთხოვთ... იმ მინდორს ცოტა ხნით მოერიდეთ.
როგორც კი მკურნალმა ოთახი დატოვა და კარები დაიხურა, იანე და სარა მაშინვე კასიანას საწოლთან გაჩნდნენ. სარა საწოლის კიდეზე ჩამოჯდა, იანე კი ფანჯარასთან დადგა და დას დაკვირვებით შეხედა.
— ახლა კი სიმართლე თქვი, — დაიწყო იანემ დაბალი, დინჯი ხმით, — უბრალოდ ფეხის წამორკვრით მყესები ასე არ იჭიმება. თანაც... ვიღაცამ დაგეხმარა, არა? კოჭი ისე იყო შეხვეული, ექიმმაც კი გაკვირვებულმა შემოგხედა.
კასიანამ ამოიოხრა და საკურას ფურცელი, რომელიც თმაზე შერჩენოდა, თითებს შორის მოაქცია.
— იქ ვიღაც იყო, — თქვა მან ჩურჩულით.
სარას თვალები გაუფართოვდა.
— რაინდი? ჩვენი მცველი?
— არა, — კასიანამ თავი გააქნია და დებს თვალებში შეხედა, — ჩრდილოეთელი იყო.
ოთახში სიჩუმე ჩამოწვა. იანეს სახეზე ფერმა გადაჰკრა, სარამ კი პირი მოაღო, მაგრამ ხმა ვერ ამოიღო.
— კასიანა, ხუმრობ? — ჰკითხა იანემ და ერთი ნაბიჯით მოუახლოვდა. — ჩრდილოეთელი დავიწყებულ მიწაზე? მან რაიმე დაგიშავა?
— პირიქით, — თქვა კასიანამ და მისი ხმა უცნაურად ათრთოლდა, — დამეხმარა. ფეხი მან შემიხვია... საზღვრამდეც მომაცილა. მასში რაღაც ისეთი იყო, რაც არასდროს მიგრძვნია. მრისხანე ჩანდა, ცივი, თითქმის საშიშიც კი... მაგრამ როცა შემომხედა, ის სიცივე წამში გაქრა. ისეთი უცნაური შეგრძნება დამიტოვა, თითქოს მთელი ცხოვრება მას ვიცნობდი. როცა მისი ხელი ვიგრძენი, შიში საერთოდ არ მქონია. მხოლოდ... სიმშვიდე.
— ეს სიგიჟეა, — თქვა სარამ და ხმადაბლა გაიცინა, — შენ მტრის მეომარზე საუბრობ, კასი! მათზე ამბობენ, რომ გული არ აქვთ.
— მეც ეგ მეგონა, — მიუგო კასიანამ და მზერა სიშორეში გაუშტერდა, — მაგრამ იმ კაცს თვალებში ისეთი სევდა და სიღრმე ჰქონდა, რასაც ჩვენს „ბრწყინვალე“ რაინდებში ვერასდროს ნახავთ. საზღვართან რომ დამტოვა, ისე წავიდა, უკანაც არ მოუხედავს. მხოლოდ ერთი რამ ვიცი... ის ჩვეულებრივი ჯარისკაცი არ იყო.
იანე დაფიქრდა. მისი ცივი გონება უკვე ფაქტებს აწყობდა.
— ერთი კვირაში დელეგაცია ჩამოდის, — თქვა მან ნელა, — ჩრდილოეთის ყველაზე ძლიერი კაცები აქ იქნებიან. თუ ის მართლაც იქ იყო, ეს ნიშნავს, რომ ის ან მზვერავია, ან...
— ან ერთ-ერთი მათგანი, ვინც ამ სასახლეში უნდა შემოვიდეს, — დაამთავრა კასიანამ. — სწორედ ეს მაშინებს. როცა აქ დავინახავ, როგორ უნდა შევხედო? როგორც მტერს, თუ როგორც კაცს, რომელმაც ჩემი დაცვა შეძლო მაშინ, როცა საერთოდ არ იყო ვალდებული?
— მთავარია, დედამ და მამამ არ გაიგონ, — გააფრთხილა სარამ და დას ხელი ჩაჰკიდა, — თორემ იმ მინდორს საერთოდ გადაწვავენ და გადაკეტავენ.
კასიანამ გაიღიმა, მაგრამ ეს ღიმილი სევდიანი იყო. ის ფიქრობდა იმ მრისხანე მეომარზე და საკურას ფურცელზე, რომელიც მის თმაზე დაეცა. ერთი კვირა... შვიდი დღე იმ მომენტამდე, როცა საიდუმლო შესაძლოა ის ისევ ენახა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent