შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"კასიანა" (თავი III)


6-05-2026, 00:13
ნანახია 158

სასახლეში სამზადისი პიკს აღწევდა. მსახურები აბრეშუმის ფარდებს ცვლიდნენ, სამზარეულოდან მადის აღმძვრელი სურნელი გამოდიოდა. იანეს ოთახში ნამდვილი მზადება მოწყობილიყო — მკერავები მის კაბაზე მარგალიტებს აბამდნენ. იანე, როგორც ყოველთვის, მშვიდად იდგა, მისი მზერა ფანჯრის მიღმა ჰორიზონტს გაჰყურებდა.
უეცრად კარები მძიმედ გაიღო და მეფე შემოვიდა. მისი ნაბიჯები იმაზე მტკიცე იყო, ვიდრე ჩვეულებრივ. კასიანა, რომელიც კუთხეში იჯდა და თავის გადახვეულ კოჭს უყურებდა, მაშინვე დაიძაბა.
— ჩემო ქალიშვილებო, — დაიწყო მეფემ და მაგიდასთან დადგა, — ჩრდილოეთიდან პასუხი მოვიდა. მათ მიიღეს ჩემი შეთავაზება.
— იმისათვის, რომ ზავი მხოლოდ ქაღალდზე არ დარჩეს, — განაგრძო მეფემ და მზერა კასიანაზე შეაჩერა, — მე მათ მეფეს შევთავაზე, რომ ჩვენი კავშირი სისხლით განმტკიცდეს. ჩრდილოეთის ყველაზე ძლიერი მხედართმთავარი, ესაია, შენი ქმარი გახდება, კასიანა. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა და ჩრდილოეთის მეფე ამას დიდი სიხარულით დათანხმდება.
ოთახში ისეთი სიჩუმე ჩამოწვა, რომ მხოლოდ სანთლის ფითილის ტკაცუნი ისმოდა. კასიანა ნელა წამოდგა, მისი სახე წამში გაფითრდა, მერე კი სიბრაზისგან აელეწა.
— შენ... შენ შესთავაზე? — მისი ხმა დაბალი იყო, მაგრამ კანკალებდა. — მამა, შენ საკუთარი ხელით ჩუქნი იმ კაცს შენს შვილს? შენ შესთავაზე ჩემი თავი, როგორც რამე ძველი ვალი ან მიწის ნაკვეთი?!
— კასიანა, ენა დაიმოკლე! — დაიჭექა მეფემ. — ესაია ჩრდილოეთის სიამაყეა. მისი ხმალი ჩვენს საზღვრებს დაიცავს. ეს ქორწინება გარანტიაა, რომ ისინი აღარასდროს დაგვესხმიან თავს!
— შენი გარანტია ჩემი სიცოცხლეა? — კასიანა წინ გადაიხარა, თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა, მაგრამ ეს სიმწრის ცრემლები იყო. — იანე აქ არის, სარაც აქ არის, რატომ მე? იმიტომ, რომ ჩემი დაუმორჩილებლობა ყოველთვის გაწუხებდა? იმიტომ, რომ გინდა იმ ყინულის კაცმა მომტეხოს და გამანადგუროს?
— კასიანა, დამშვიდდი... — სცადა სარამ ხელზე შეხება, მაგრამ დამ ხელი უხეშად გააშვებინა.
— არ დავმშვიდდები! — იკივლა კასიანამ. — მძულხართ! შენც, შენი ზავიც და ის მხედართმთავარიც! მე არავის ნივთი არ ვარ! მე არ გავთხოვდები იმაზე, ვინც თქვენ გსურთ! კასიანამ მაგიდიდან ძვირფასი თვლებით მოჭედილი სარკე აიღო და კედელს ესროლა. ნამსხვრევები მთელ ოთახში გაიფანტა. მეფე შეცბა, ასეთ გააფთრებას არ ელოდა.
— მე არ ვიქნები შენი პოლიტიკური მსხვერპლი! — მიაძახა მამას, კაბის კალთები აიკრიფა და ოთახიდან კოჭლობით გავარდა.
ის ძვლივს გარბოდა დერეფნებში, სადაც მსახურები გაოგნებულები აყოლებდნენ თვალს. კასიანა თავის ოთახში შევარდა, კუთხეში მიგდებულ კატანას ხელი დასტაცა და საიდუმლო კიბეებით ეზოში დაეშვა. მას ახლა მხოლოდ ერთი რამ უნდოდა — გაქცეულიყო , შორს წასულიყო ამ სასახლიდან და იმ კაცისგან, რომელსაც მამამისმა მისი ბედი მიჰყიდა. ტკივილი აღარც კი ახსოვდა ბრაზისგან.
„ესაია...“ — იმეორებდა გონებაში და საზღვრისკენ მიიწევდა. — „თუ მართლა მოხვალ ჩემს წასაყვანად, იცოდე, რომ პრინცესას ნაცვლად მეომარი დაგხვდება!“

მდელოზე დაშვებულ ბინდში ცხენების ფლოქვების ხმა სულ უფრო მკაფიო ხდებოდა. კასიანა, კოჭის მწვავე ტკივილის მიუხედავად, მაინც ცდილობდა წინ წასულიყო, მაგრამ როცა საკურას ხეს გასცდა, მის წინ მცველების რკალი შეიკრა.
რობი ცხენიდან გადმოხტა. მისი სახე სერიოზული იყო, მაგრამ თვალებში სინანული ედგა. ის წლების განმავლობაში იცავდა პრინცესას და იცოდა მისი ყოველი გატაცება, ყოველი გაქცევა.
— პრინცესა, გთხოვთ, — თქვა მან და ხელები დაანახა, რომ იარაღს არ ეხებოდა, — მეფის ბრძანება მკაცრია. ჩვენ არ გვინდა ძალის გამოყენება.
კასიანამ კატანა წინ გაიშვირა.
— არ მომეკარო, რობ! არ დავბრუნდები! არ ვაპირებ იმ კაცის საკუთრება გავხდე!
რობმა ამოიოხრა, ერთი მარჯვე მოძრაობით ხმლის პირი გვერდზე გასწია, კასიანას ხელებს დაწვდა და კატანა ფრთხილად გამოართვა.
— მაპატიეთ, ჩემო ქალბატონო, მაგრამ ეს თქვენივე სიკეთისთვისაა.
სანამ კასიანა რამეს იტყოდა, რობი დაიხარა, პრინცესა მხარზე გადაიკიდა და ისე მტკიცედ დაიჭირა, რომ მისი გათავისუფლება შეუძლებელი იყო.
— დამსვი! რობ, დამსვი ახლავე! — ყვიროდა კასიანა და მცველს ზურგზე მუშტებს უბრახუნებდა, თუმცა რობი ამას ისე იტანდა, თითქოს არაფერი ხდებოდა.
— ცოტა ხნით დაიწყნარეთ გული, — უთხრა მან მშვიდად, — ფეხი ისედაც დაშავებული გაქვთ, სიარულით მხოლოდ გაიუარესებთ.
სასახლის დარბაზში შესულმა მცველმა კასიანა მხოლოდ მაშინ ჩამოუშვა მიწაზე, როცა პირდაპირ მეფე მარკის წინ აღმოჩნდნენ. მეფე გაცეცხლებული იყო. ის არ ელოდა, რომ მისი ქალიშვილი ასე აშკარად წავიდოდა მისი ნების წინააღმდეგ.
— გგონია, ეს თამაშია? — დაიჭექა მეფემ. — გგონია, ჩრდილოეთის მთავარსარდალი, კაცი, რომლის წინაშეც მთელი იმპერია ძრწის, შენს კაპრიზებს მოითმენს?
კასიანამ თმა სახიდან გადაიწია და მამას თვალებში შეხედა.
— მე არ ვარ არც იმპერია და არც შენი მორიგი ზავი, მამა!
— შენ ხარ ამ სამეფოს ნაწილი! — მიუგო მარკმა. მას მართლა სჯეროდა, რომ მთავარსარდალთან ქორწინება იდეალური გამოსავალი იყო. მას არ სჭირდებოდა კასიანა დედოფლად — ამისთვის იანე ჰყავდა. მას სჭირდებოდა მტკიცე ხელი, რომელიც კასიანას „მოათვინიერებდა“ და ჩრდილოეთთან მშვიდობას ხმლით დაიცავდა. — ესაია ის კაცი არ არის, ვისაც ეთამაშები. ის ჩრდილოეთის ფოლადია. შვიდ დღეში ის აქ იქნება და შენ მას გაჰყვები. მორჩა, ეს გადაწყვეტილია!
კასიანამ იგრძნო, როგორ გაუცივდა სისხლი. მან გააცნობიერა, რომ ყვირილით მამას ვერ გადაარწმუნებდა. მან ნელა დახარა თავი. ეს არ იყო დანებება — ეს იყო ნიღბის მორგება.
— კარგი, — თქვა მან მოულოდნელად წყნარი ხმით, — თუ შენ ასე გინდა, მე მას შევხვდები.
მომდევნო დღეებში კასიანა შეიცვალა. ის აღარ გარბოდა, აღარ ეხებოდა კატანას. ის იჯდა თავის ოთახში და მორჩილად არჩევდა სამოსს ნიშნობისთვის. თუმცა, როცა მარტო რჩებოდა, თავისი სამკაულების ყუთიდან პატარა, მუქ ლურჯ შუშას იღებდა.
„მთავარსარდალი...“ — ფიქრობდა ის, — „მამას ჰგონია, რომ შენი ხმალი მე დამამორჩილებს. მაგრამ მან არ იცის, რომ სიკვდილს ხმალი არ სჭირდება. ერთი წვეთი ჩემს თასში, ერთი წვეთი შენსაში... და ჩვენი კავშირი იმავე ღამეს დასრულდება, როცა დაიწყება.“
კასიანას გეგმა ცივი და ზუსტი იყო. მან გადაწყვიტა, რომ ნიშნობის ღამეს, როცა სასახლის ეტიკეტი მათ პირად საუბარს აიძულებდა, ის თავისი ხელით მოუწამლავდა სასმელს იმ კაცს, რომლის სახელიც კი სძულდა.
მან არ იცოდა, რომ ეს „საძულველი მთავარსარდალი“ სწორედ ის უცნობი იყო, ვინც საკურას ქვეშ ნახა.

დღეები სიმძიმით გაჯერებულ ლოდინში გავიდა. სამხრეთის სასახლეში ჰაერი დაძაბულობით იყო გაჟღენთილი — მსახურთა ფაციფუცი, აბრეშუმის შრიალი და სამზარეულოდან გამომავალი სანელებლების სურნელი ერთმანეთში ირეოდა. კასიანა ამ დღეების განმავლობაში საკუთარი თავის აჩრდილად იქცა; ის მორჩილად ასრულებდა დედოფლის ყოველ მითითებას, იზომებდა კაბებს და სწავლობდა ეტიკეტს, მაგრამ მის სულში ჩუმად იხარშებოდა შურისძიება.
და აი, დადგა დღე, როცა ჰორიზონტზე ჩრდილოეთის შავი დროშები გამოჩნდა.
სასახლის ფართო, მარმარილოს კიბეებზე სამხრეთის სამეფო ოჯახი სრული შემადგენლობით იდგა. ცენტრში მეფე მარკი და დედოფალი, მათ გვერდით აბელი, თავისი მებრძოლი იერით, იანე — მშვიდი და დიდებული, და სარა, რომელიც ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდა ჰორიზონტს. კასიანა მათ შორის იდგა, თითქოს უსულო ქანდაკებაო. მას იასამნისფერი, მძიმე აბრეშუმის კაბა ეცვა, რომელიც მის სიფერმკრთალეს კიდევ უფრო უსვამდა ხაზს. მის ხელებში, კაბის განიერ სახელოებში დამალული, ის პატარა ლურჯი შუშა იდო — მისი ერთადერთი იმედი ამ ტყვეობიდან დასაღწევად.
სასახლის ეზოში ოცდაათამდე მხედარი შემოვიდა. ცხენების ფლოქვების ხმა ქვაფენილზე ისე ჟღერდა, როგორც მოახლოებული ქარიშხალი. წინ მეფე ჰენრი მოუძღოდათ, მას გვერდით სამი დიდებული და... ის მოჰყვებოდა.
მხედრები შეჩერდნენ. ლითონის ჟღარუნმა ჰაერი გაკვეთა. მეფე ჰენრი და მისი მხედართმთავარი ცხენებიდან გადმოხტნენ. მათ მსუბუქი, მუქი ფოლადის აბჯრები ეცვათ, რომლებიც მზის შუქზე მოვერცხლისფროდ ელავდა.
კასიანამ მზერა აარიდა მეფე ჰენრის და პირდაპირ მის უკან მდგომ ფიგურას შეხედა.
იმ წამს სამყარო გაჩერდა. მარმარილოს კიბეები, მამის მკაცრი სახე, შხამიანი შუშა და მთელი მისი სიძულვილი სადღაც შორს, უფსკრულში გადაიჩეხა. მის წინ იდგა არა მტერი არამედ ის... ის, ვინც საკურას ვარდისფერ წვიმაში მისი ტკივილი შეამსუბუქა. ის, ვისი ხელების სითბოც ჯერ კიდევ ახსოვდა მის კანს.
კასიანას სუნთქვა შეეკრა. გული ისე აუძგერდა, თითქოს საგულედან ამოვარდნას ლამობდა. მან გაუცნობიერებლად, ელვისებური სისწრაფით დასტაცა ხელი გვერდით მდგომ იანესა და სარას. მისი თითები დების მაჯებში ჩაეჭდო.
— ეს ის არის... — აღმოხდა ჩურჩულით, თითქმის დაუჯერებლად.
— რა თქვი, კასი? — ჩაეკითხა სარა დაბალი ხმით.
კასიანას აღარ ესმოდა მათი. ის უყურებდა ესაიას, რომელიც მტკიცე, ზუსტი ნაბიჯებით უახლოვდებოდა კიბეებს. მხედართმთავრის სახე ისევ ისეთივე მშვიდი და შეუვალი იყო, როგორც კლდე, მაგრამ როცა მისი მზერა მაღლა აიჭრა და პრინცესას შეეფეთა, კასიანამ დაინახა ის წამიერი ნაპერწკალი.
იმავე წამს, კასიანამ იგრძნო, როგორ გაუცხელდა სახელოში დამალული შხამიანი შუშა. ეს პატარა საგანი, რომელიც მისი გადარჩენის სიმბოლო უნდა ყოფილიყო, ახლა საზარელ ტვირთად იქცა. გეგმა, რომელიც ასე გულმოდგინედ ეწყო მის გონებაში — მოწამვლა, სიკვდილი, გაქცევა — ერთ წამში ფერფლად იქცა. როგორ შეეძლო მოეკლა ის, ვინც მის ფიქრებში იყო.
ესაია კიბეებთან შეჩერდა, თავი ოდნავ დახარა მეფე მარკის წინაშე, შემდეგ კი მზერა კვლავ კასიანას მიაპყრო. მის თვალებში არ იყო მფლობელური ჟინი, იქ მხოლოდ ის ჩუმი, სევდიანი სიმშვიდე სუფევდა, რომელმაც საზღვარზე კასიანას გული მოინადირა.
— მოგესალმებით, სამხრეთის მბრძანებელო, — გაისმა მეფე ჰენრის მჭექარე ხმა, — ჩვენ მოვედით, რათა ზავი სისხლით და პატივისცემით განვამტკიცოთ.
კასიანამ იგრძნო, როგორ აუკანკალდა ხელები. ის აღარ იყო მეამბოხე გოგონა, რომელიც გაქცევას გეგმავდა. ის იყო ქალი, რომელიც პირველად შეეჩეხა თავის ბედისწერას და მიხვდა, რომ ეს ბედისწერა არც ისე საშინელი იყო, როგორც მამამისის აღწერილობაში. შხამიანი შუშა მის სახელოში უკვე აღარაფერს ნიშნავდა. ახლა მას მხოლოდ ერთი რამ სურდა — გაეგო, რას ფიქრობდა ის კაცი, რომელიც ახლა მის წინ იდგა არა როგორც ჩრდილი, არამედ როგორც მისი მომავალი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent