"კასიანა" (თავი IV)
— მოგესალმებით, მეფე ჰენრი, — თქვა მარკმა და ხელი მეგობრულად გაუწოდა სტუმარს. — ჩრდილოეთისა და სამხრეთის შერიგება ჩვენი ხალხის ხსნაა. ნება მომეცით, ჩემი ოჯახი გაგაცნოთ. მარკმა რიგრიგობით დაიწყო წარდგენა. მან ჯერ დედოფალი წარადგინა, შემდეგ კი თავის მემკვიდრეზე, აბელზე მიუთითა, რომელსაც როგორც ჰენრი, ასევე ესაიაც წლები იცნობდნენ. როცა ჯერი ქალიშვილებზე დადგა, მარკის ხმაში სიამაყე გაერია. — ეს ჩემი უმცროსი ქალიშვილია, სარა, — სარამ მოკრძალებულად დაუკრა თავი. — ეს კი კასიანაა, — მარკმა ოდნავ მკაცრად შეხედა შვილს, — პრინცესა, რომელიც ჩრდილოეთის სიმამაცეს უნდა ეზიაროს. კასიანამ თავი დახარა, მისი მზერა წამით ესაიას შეეფეთა — ესაია ისევ ისე იდგა, უძრავი და მშვიდი, თითქოს ეს ყოველივე მისთვის ნაცნობი რიტუალი ყოფილიყო. თუმცა, როცა მარკმა ბოლოს იანე წარადგინა, ჰაერში რაღაც შეიცვალა. — და ჩემი უფროსი ქალიშვილი, იანე, — დაასრულა მარკმა. იანე წინ გადადგა. მისი მოძრაობები იმდენად დახვეწილი და დიდებული იყო, რომ მეფე ჰენრი წამით გაოგნდა. იანეს სიმშვიდემ, მისმა გონიერმა მზერამ და დედოფლურმა იერმა ჰენრიზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. ჩრდილოეთის მეფემ, რომელიც ჩვეულებრივ თავშეკავებული იყო, იანეს ხელზე ხანგრძლივად და პატივისცემით აკოცა. მისი აღფრთოვანება იმდენად აშკარა იყო, რომ დედოფალმა და სარამ ერთმანეთს გადახედეს. მალე დიდებულები და მეფეები სათათბირო ოთახში შეიკრიბნენ. მძიმე, მუხის მაგიდაზე გაშლილი რუკები და ხელშეკრულებები ომის დასასრულს მოასწავლებდა. საუბრობდნენ პორტებზე, გადასახადებსა და საზღვრების გახსნაზე. როცა საუბარი სისხლით კავშირსა და ზავის განმტკიცებაზე მიდგა, ოთახში დაძაბულობამ იმატა. ესაია ფანჯარასთან იდგა, ხელები ზურგს უკან ჰქონდა დაჭერილი და თითქოს შორიდან უსმენდა მსჯელობას. მეფე ჰენრი ფეხზე წამოდგა, მან ჯერ თავის მთავარსარდალს გადახედა, შემდეგ კი პირდაპირ მეფე მარკს მიმართა. მისი ხმა ახლა უფრო მტკიცე და დარწმუნებული იყო. —მეფე მარკ, — დაიწყო ჰენრიმ, — ჩვენი თავდაპირველი გეგმა ჩემი მთავარსარდლისა და პრინცესა კასიანას ქორწინებას ითვალისწინებდა. ესაია ჩემი მარჯვენა ხელია და მისი ერთგულება ჩემთვის ყველაფერია. მაგრამ... მას შემდეგ, რაც თქვენი ოჯახი ვნახე, სხვა რამ ვიფიქრე. ოთახში სიჩუმე ჩამოწვა. კასიანამ, რომელიც კედელთან იდგა, იგრძნო, როგორ გაუჩერდა გული. — მე თავად მსურს ეს კავშირი ჩემს თავზე ავიღო, — განაგრძო ჰენრიმ და იანესკენ გაიხედა, — მე ვითხოვ პრინცესა იანეს ხელს. ეს ორმაგად მომგებიანი იქნება ორივე სამეფოსთვის. თუ მე და იანე ვიქორწინებთ, ჩრდილოეთის მომავალ მემკვიდრეს ორივე მხარის სისხლი ექნება. ის არ იქნება მხოლოდ ჩრდილოელი ან სამხრეთელი — ის იქნება ჩვენი გაერთიანებული სამყაროს სიმბოლო. ასეთი კავშირი ზავს სამუდამო და ურღვევ გარანტიად აქცევს. მეფე მარკი წამით დაიბნა. ეს გეგმა ბევრად უფრო დიდებული იყო, ვიდრე ის ელოდა. იანე — ჩრდილოეთის დედოფალი! ეს სამხრეთისთვის წარმოუდგენელ ძალაუფლებას ნიშნავდა. კასიანას კი თავბრუ დაეხვა. თუ იანე მეფეს გაჰყვებოდა, მაშინ ის... ის აღარ იყო ვალდებული მთავარსარდალზე დაქორწინებულიყო? თუ პირიქით, მისი ბედი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩებოდა? მან მზერა ესაიასკენ გააპარა. მხედართმთავარი ისევ ფანჯარასთან იდგა, მაგრამ ახლა მისი მხრები უფრო მოდუნებული ჩანდა. მან ნელა მოაბრუნა თავი და კასიანას შეხედა. მათ თვალებში ერთდროულად გაკრთა კითხვა და რაღაც უცნაური, აკრძალული იმედი. — რას იტყვი, ესაია? — ჰკითხა ჰენრიმ თავის მეგობარს. — შენ წინააღმდეგი ხომ არ იქნები, თუ შენს ტვირთს მე ავიღებ, შენ კი კვლავ მხოლოდ ჩემი ხმლის დარაჯად დარჩები? ესაიამ მზერა კასიანას არ მოაშორა, როცა უპასუხა: — მეფეო, თქვენი ბედნიერება და სამეფოს სიმყარე ჩემთვის უპირველესია. თუ პრინცესა იანე თანახმაა, მე მხოლოდ მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. კასიანას სახელოში დამალული შხამიანი შუშა ახლა უსარგებლო იყო. მას აღარავის მოკვლა არ უნდოდა და აღარც საჭიროება მოითხოვდა. საპატიო მაგიდასთან, რომელიც დარბაზის სიღრმეში იდგა, მეფე ჰენრი და იანე გვერდიგვერდ ისხდნენ. მათ შორის ჩამოწოლილი სიჩუმე არა უხერხული, არამედ გაოცებითა და ურთიერთპატივისცემით სავსე იყო. ჰენრი, რომელიც მიჩვეული იყო ჩრდილოეთის მკაცრ, პირდაპირ დედაკაცებს, მოხიბლული დარჩა იანეს დახვეწილი, მშვიდი მანერებით. იგი დასცქეროდა პრინცესას, როგორც უიშვიათეს ხელოვნების ნიმუშს, რომელიც მოულოდნელად მის საკუთრებაში აღმოჩნდა. — თქვენი სამეფო საოცრად განსხვავდება ჩრდილოეთისგან, პრინცესა, — თქვა ჰენრიმ დაბალი, ხავერდოვანი ხმით, როცა იანეს თასი თავად აავსო. — აქ ჰაერშიც კი სითბო და ყვავილების სურნელი ტრიალებს. მაგრამ ყველაზე გასაოცარი... თქვენი სიმშვიდეა. იანემ ნელა მოაბრუნა თავი. მისი მზერა გონიერი და აუღელვებელი იყო. მან მსუბუქად დაუკრა თავი მეფეს. — სიმშვიდე ძალაა, მეფეო. ჩრდილოეთი ფოლადითა და ყინულით იცავს თავს, სამხრეთი — მოთმინებითა და დიპლომატიით. ვფიქრობ, ჩვენი კავშირი ამ ორ ძალას იდეალურად გააერთიანებს. ჰენრის გაეღიმა. ეს არ იყო მხოლოდ ლამაზი ქალი, ეს იყო მომავალი დედოფალი, რომელიც სამეფოს მართვას შეძლებდა. — თქვენი სიტყვები ისეთივე ბასრია, როგორც ესაიას ხმალი, — აღნიშნა მან აღფრთოვანებით. — მეფე მარკმა მითხრა, რომ თქვენი ხალხი გაღმერთებთ. ვფიქრობ, ჩრდილოეთშიც მალე შეგიყვარებენ. — სიყვარული ნდობით იწყება, — მიუგო იანემ, — მე მზად ვარ, მოვიპოვო თქვენი და თქვენი ხალხის ნდობა. მათი თითები წამით ერთმანეთს შეეხო მაგიდაზე. ეს არ იყო ვნებიანი შეხება, ეს იყო მოულოდნელი სიმპათიის დასტური. იანე ხვდებოდა, რომ ჰენრი არ იყო ტირანი, ხოლო ჰენრი გრძნობდა, რომ იანე მისი ღირსი მეწყვილე გახდებოდა. ამ დროს, დარბაზის მეორე ბოლოში, კასიანა ფეხზე წამოდგა. მას აღარ შეეძლო ხალხმრავლობაში გაჩერება. მან შეუმჩნევლად დატოვა მაგიდა და ფართო, მარმარილოს აივანზე გავიდა. აივანზე ღამის გრილი ჰაერი და ბაღის ყვავილების მძაფრი სურნელი ტრიალებდა. კასიანა მოაჯირს დაეყრდნო, ხელები აუკანკალდა. მან სახელოში შეაცურა ხელი და იქიდან პატარა, მუქი ლურჯი შუშა ამოაძრო. „ჩრდილის ცრემლი“ მთვარის შუქზე ავისმომასწავებლად ელავდა. მისი გეგმა — მოეწამლა ესაია — ახლა საზარელ ტვირთად ექცა. მას აღარავის მოკვლა არ უნდოდა აღარც ჭირდებოდა. უეცრად, მის ზურგს უკან ნაბიჯების ხმა გაისმა. კასიანა შეკრთა და სცადა შუშა სახელოში დაემალა, მაგრამ გვიან იყო. ესაია იდგა ჩრდილში, აბჯრის გარეშე, მხოლოდ მუქ სამოსში. მისი მზერა მძიმე და გამჭოლი იყო. მხედართმთავარს, რომელსაც ბრძოლის ველზე ინსტინქტები არასდროს ღალატობდა, კარგი წინათგრძნობა ჰქონდა. ის მიხვდა, რომ კასიანას მსგავსი თავნება და დაუმორჩილებელი გოგონა ასე იოლად არ დანებდებოდა მამის ნებას. მან იცოდა, რომ კასიანა რაღაცას მოიმოქმედებდა. ესაია სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა, კასიანას მაჯაში ხელი სტაცა და მანამ, სანამ გოგონა რამეს გააცნობიერებდა, სახელოდან შხამიანი შუშა გამოაძრო. მან შუშა მთვარის შუქზე ასწია, მის ტუჩებთან კი ცინიკურმა ღიმილმა გაჰკრა. — „ჩრდილის ცრემლი“... — ჩაილაპარაკა მან ცივად. — საინტერესო არჩევანია, პრინცესა. საკმარისად ნელია იმისთვის, რომ მსხვერპლმა ტანჯვა იგრძნოს, და საკმარისად სუფთაა იმისთვის, რომ კვალი არ დატოვოს. ესაიამ მზერა კასიანას შეშინებულ თვალებს გაუსწორა. — გეგმავდი, რომ ეს საქორწინო თასში ჩაგეღვარა? — ჰკითხა მან და ხმაში დაცინვა გაერია. — მეგონა, ჩრდილოეთის მხედართმთავრის მოკვლა უფრო... ორიგინალურ ხერხს მოითხოვდა. შხამი სუსტების იარაღია, კასიანა. შენ კი, როგორც მახსოვს, კატანას სიამაყით ატარებდი. კასიანა გაფითრდა. მისი საიდუმლო გამჟღავნდა, მისი „იარაღი“ მტრის ხელში იყო. მაგრამ ყველაზე მეტად ის ტკიოდა, რომ ესაიამ ის „სუსტად“ შერაცხა. — შენ არაფერი იცი... — ჩაჩურჩულა მან, ხმა აუკანკალდა. — ვიცი, რომ შენ გძულს ეს კედლები და ეს წესები, — მიუგო ესაიამ და შუშა ბაღის სიღრმეში გადააგდო. — და ვიცი, რომ მზად იყავი ყველაფერზე წასულიყავი თავისუფლებისთვის. მაგრამ ახლა... ახლა ყველაფერი შეიცვალა. ის ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა, ისე ახლოს, რომ კასიანამ მისი სხეულის სითბო იგრძნო. — მადლობა გადაუხადე მეფე ჰენრის, კასიანა. სწორედ მან გადაგარჩინა ამაღამ მკვლელობისგან... და მე — სიკვდილისგან. დარბაზიდან გამომავალი მუსიკა ახლა შორეულ ექოსავით ჟღერდა, თითქოს აივანი და დანარჩენი სამყარო ერთმანეთს სქელი, უხილავი კედლით დასცილდნენ. კასიანა გაოგნებული იდგა. მისი მაჯა ჯერ კიდევ გრძნობდა ესაიას თითების სიმტკიცეს, ჰაერში კი ისევ ტრიალებდა მხედართმთავრის ცინიკური სიტყვების სიმწარე. ესაიამ მოაჯირს ხელებით დაეყრდნო და ბაღის სიბნელეს გახედა, სადაც რამდენიმე წამის წინ პრინცესას საგულდაგულოდ შენახული შხამი გაუჩინარდა. — მეგონა, საზღვარზე ნამდვილი ველური ყვავილი ვიპოვე, — თქვა მან ისე, რომ კასიანასთვის არ შეუხედავს, — შენ კი ჩვეულებრივი სასახლის ინტრიგანი აღმოჩნდი. „ჩრდილის ცრემლი“... მამამ შენი გაყიდვა დააპირა, შენ კი ჩემი მოკვლა. სიმართლე გითხრა, არ ვიცი, რომელი უფრო სამარცხვინოა. — მე არ მქონდა არჩევანი! — წამოიძახა კასიანამ, ხმაში ცრემლები გაერია, მაგრამ ეს იყო ბრაზის და არა სისუსტის ცრემლები. — შენ ჩემთვის მხოლოდ მტერი იყავი. სახელი, რომელიც მამამ ჩემს გასანადგურებლად გამოიყენა. საიდან უნდა მცოდნოდა, რომ... — რომ ის მე ვიყავი? — ესაია მკვეთრად შემობრუნდა. მისი მზერა ახლა უფრო ბასრი იყო, ვიდრე ნებისმიერი ფოლადი. — განა აქვს მნიშვნელობა? თუ სხვა იქნებოდა, მას მოკლავდი? იმ კაცს, რომელსაც შენს დასაცავად სიცოცხლე უნდა დაედო? კასიანა დადუმდა. ის გრძნობდა, როგორ ეცლებოდა ძალა. ესაიას სიტყვები მის გეგმას სასაცილოს და ბავშვურს აჩენდა. — მადლობა... — ამოიხშვა ბოლოს გოგონამ. — მადლობა, რომ გარიგების საგნად არ მაქციე. მეფე ჰენრიმ მითხრა, რომ შენ დაუთმე მას ჩემი ხელი... რომ შენ არ ისურვე ჩემი დატყვევება. ესაიამ ჩაიღიმა, ამჯერად ცინიზმის გარეშე, თუმცა მის სახეზე სევდამ გადაირბინა. — მე არ დაგთმე, კასიანა. მე უბრალოდ გაჩუქე ის, რაც შენთვის ყველაზე ძვირფასი იყო — შენი თავი. ჰენრის კი იანე მართლა სჭირდება. მას სჭირდება დედოფალი, რომელიც სამეფოს მართვაში დაეხმარება. მე კი... მე მხოლოდ ჯარისკაცი ვარ. ჩემს გვერდით შენ ისევ გალიაში იქნებოდი, ოღონდ ამჯერად ჩრდილოეთის ცივ ციხეში. კასიანა მიუახლოვდა. ის გრძნობდა, რომ ის უხილავი ბარიერი, რომელიც მათ შორის ომმა და წარმომავლობამ აღმართა, ნელ-ნელა ინგრეოდა. — და ახლა რა იქნება? — ჰკითხა მან ჩუმად. — შენ ჩრდილოეთში წახვალ იანესთან ერთად, მე კი აქ დავრჩები? ისევ ამ კედლებში? ესაიამ დიდხანს უყურა მის სახეს, თითქოს ცდილობდა დაემახსოვრებინა ყოველი ნაკვთი მთვარის შუქზე. — ზავი იმას ნიშნავს, რომ საზღვრები იხსნება, — თქვა მან და ხმა გაუთბა. — „დავიწყებული მიწა“ აღარ არის მტრების შეხვედრის ადგილი. ის ახლა თავისუფალია. და თუ ოდესმე ისევ მოგინდება იმ საქანელაზე დგომა და კატანით ვარჯიში... იცოდე, რომ იქნებოდა ერთი მხედართმთავარი, რომელიც სიამოვნებით გასწავლიდა, როგორ დაიჭირო ხმალი სწორად. კასიანას გაეღიმა. პირველად ამ დღეების განმავლობაში, მან იგრძნო, რომ სუნთქვა შეეძლო. — გპირდები, შემდეგზე აღარ წავიქცევი, — თქვა მან. — ვნახოთ, — მიუგო ესაიამ, თავი მოკრძალებით დაუკრა და დარბაზისკენ წავიდა, მაგრამ სანამ შიგნით შევიდოდა, შეჩერდა. — და კასიანა... ის ცისფერი კაბა უფრო გიხდებოდა, ვიდრე ეს სამეფო აბრეშუმი. ის გაუჩინარდა ხმაურში, კასიანა კი მარტო დარჩა აივანზე. ის უყურებდა ვარსკვლავებს და ხვდებოდა, რომ ამაღამ არა მხოლოდ ორი სამეფო შერიგდა, არამედ იპობა მშვიდობა იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდა — ჩრდილოეთის მრისხანე მხედართმთავრის თვალებში. იანეს საძინებელში სიმშვიდე სუფევდა, თუმცა ჰაერი მაინც დამძიმებული იყო იმ დიდი ცვლილებებით, რაც მომავალს მოჰყვებოდა. ოთახი სანთლების შუქით იყო განათებული, რომელიც კედლებზე დიდ ჩრდილებს ხატავდა. იანე სარკესთან იჯდა, სარა მის თმას ფრთხილად ვარცხნიდა, კასიანა კი ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარიყო და ღამის სიბნელეს გაჰყურებდა. აბელი კარებთან იდგა, მკლავები გადაეჯვარედინებინა. მისი მზერა დებს შორის დადიოდა — ის ყოველთვის მათი მცველი იყო, ახლა კი ერთი და სამუდამოდ ტოვებდა სახლს. — ჩრდილოეთი არ არის სამხრეთი, იანე, — თქვა აბელმა დაბალი, სერიოზული ხმით. — იქ ხალხი სიტყვას უფრო აფასებს, ვიდრე ოქროს. მეფე ჰენრი ღირსეული კაცია, მაგრამ მისი დიდებულები... ისინი გამოგცდიან. იანემ სარკეში ძმას შეხედა და ოდნავ გაიღიმა. — მე ვიცი, აბელ. მეფის გვერდით ყოდნა არ ნიშნავს მხოლოდ გვირგვინის ტარებას. ეს ნიშნავს, გახდე ის კედელი, რომელსაც სამეფო დაეყრდნობა. მე მზად ვარ ამისთვის. ამ დროს კარზე ფრთხილი კაკუნი გაისმა და დედოფალი შემოვიდა. მისი სამოსი ისევ ისეთივე დიდებული იყო, მაგრამ სახეზე ის მკაცრი ნიღაბი აღარ ეხატა, რომელსაც დარბაზში ატარებდა. მან ანიშნა აბელს, რომ მარტო დაეტოვებინა გოგონებთან. აბელმა დებს თბილად გადახედა და უხმოდ გავიდა. დედოფალი იანესთან მივიდა და ხელი მხარზე დაადო. — ჩემო გონიერო იანე... — თქვა მან რბილად. — ხვალ შენი ცხოვრება გაიყოფა ქორწინებამდე და ორწინების შემდეგად, მით უმეტეს მეფესთან, არ არის მხოლოდ გრძნობა. ეს არის მოვალეობა, რომელიც ხშირად შენს საკუთარ სურვილებზე მაღლა დგას. — ვიცი, დედა, — უპასუხა იანემ. — არა, შენ მხოლოდ თეორიულად იცი, — შეაწყვეტინა დედოფალმა. — იქნება დღეები, როცა ჰენრი იქნება ცივი, როგორც ჩრდილოეთის ყინული. როცა ის თვეები წავა სალაშაროდ ან საბრძოლველად. იქნება დღეები, როცა მოგენატრება ეს ბაღები და ჩვენი მზე. მაგრამ გახსოვდეს: დედოფალი არასდროს აჩვენებს სისუსტეს. შენი ძალა შენს დუმილში და შენს გონებაშია. შენ უნდა გახდე მისი სიმშვიდე, როცა ის ომიდან დაბრუნდება, და მისი გონება, როცა მრჩევლები აურევენ. კასიანამ ფანჯრიდან მოაბრუნა თავი. — და თუ მას არ ეყვარება? თუ ეს მხოლოდ პოლიტიკაა? — იკითხა მან. მისი ხმა ცოტა ჩახლეჩილი იყო — ისევ ესაიას სიტყვებზე ფიქრობდა. დედოფალი კასიანასკენ შემობრუნდა და სევდიანად გაუღიმა. — სიყვარული ხანდახან მოულოდნელად იბადება საერთო ბრძოლაში, კასიანა. პატივისცემა უფრო მყარი საძირკველია, ვიდრე წამიერი ვნება. იანემ და ჰენრიმ დღეს ერთმანეთში ძალა დაინახეს. ეს საკმარისია დასაწყისისთვის. სარამ სავარცხელი დადო და დას ჩაეხუტა. — ჩვენ ძალიან მოგვენატრები. ვინ დაგვიცავს ახლა დედას საყვედურებისგან? ოთახში მსუბუქმა სიცილმა გაიჟღერა, რამაც დაძაბულობა ცოტათი განმუხტა. — კასიანა, — მიუბრუნდა დედა უმცროს ასულს, — შენზე კი ცალკე საუბარი გვექნება. მეფე მარკმა მითხრა, რომ ესაიასთან ქორწინებაზე აღარ გჭირდება, რადგან ზავი უკვე მყარია. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისევ იმ მინდორში უნდა დაიკარგო. კასიანამ თვალები დახარა. მას უნდოდა ეთქვა, რომ „დავიწყებული მიწა“ აღარ იყო მისთვის მხოლოდ გაქცევის ადგილი, რომ ახლა ის მოლოდინის ადგილად იქცა. მაგრამ გაჩუმდა. — ახლა კი დაიძინეთ, — თქვა დედოფალმა და თითოეულს შუბლზე აკოცა. — ხვალ სამხრეთის პრინცესა ჩრდილოეთისკენ გაემგზავრება. ეს დღე ისტორიაში დარჩება. როცა დედა გავიდა, იანე კასიანასთან მივიდა. — კასი, — ჩურჩულით უთხრა მან, — მე დავინახე, როგორ უყურებდი მას . ჩრდილოეთში თუ რამე გავიგე შენს მთავარსარდალზე, აუცილებლად შეგატყობინებ. ოღონდ დამპირდი... რომ შხამს აღარასდროს მიეკარები. კასიანა გაოგნებული დარჩა — იანემ ყველაფერი იცოდა. მან მხოლოდ თავი დაუკრა და დას მაგრად ჩაეხუტა. იმ ღამეს სამივე და ერთ საწოლში დაწვა, როგორც ბავშვობაში, თითქოს ცდილობდნენ ეს ბოლო საათები ერთად დაეჭირათ, სანამ დილის მზე მათ გზებს საბოლოოდ გაჰყოფდა. დილა სამხრეთის სასახლეში ოქროსფერად გათენდა, თუმცა ეს სიკაშკაშე ვერ ფარავდა იმ სევდას, რომელიც ჰაერში ტრიალებდა. სასახლის ეზოში უკვე ისმოდა ცხენების ფლოქვების ხმა და ეტლების ბორბლების ჟღარუნი. ჩრდილოეთის დელეგაცია გამგზავრებისთვის ემზადებოდა. იანეს საძინებელში მზადება გამთენიისას დაიწყო. მსახურები ჩუმად, თითქმის ფეხაკრეფით დადიოდნენ, აბრეშუმის ყუთებსა და მძიმე სკივრებს ფუთავდნენ. იანე სარკესთან იდგა. დღეს მას ჩრდილოური სტილის, მუქი ლურჯი და ვერცხლისფერი ძაფებით ნაქსოვი სამგზავრო კაბა ეცვა. მისი სახე ისეთივე მშვიდი იყო, როგორც წინა ღამით, თუმცა თვალებში უცნაური ნაპერწკალი უთამაშებდა — ის უკვე აღარ იყო მხოლოდ სამხრეთის პრინცესა, ის მომავალს თამამად უყურებდა. კასიანა და სარა იქვე ისხდნენ. სარა თვალებს იწმენდდა, კასიანა კი უხმოდ ადევნებდა თვალს, როგორ აწყობდა იანე თავის ნივთებს შორის ერთ პატარა, ხმელ საკურას ყვავილს — მოგონებას სამშობლოდან. — დროა, — გაისმა აბელის ხმა კარებთან. ის უკვე სრულ საბრძოლო აღჭურვილობაში იყო. — მეფე ჰენრი და მამა უკვე ეზოში არიან. როცა ისინი კიბეებზე დაეშვნენ, მთელი სასახლე ფეხზე იდგა. მსახურებიდან დაწყებული, დიდებულებით დამთავრებული — ყველას უნდოდა გამომშვიდობება პრინცესასთან, რომელიც სამშობლოს მშვიდობისთვის ტოვებდა. ეზოში მეფე ჰენრი თავის შავ ცხენზე იჯდა. მის გვერდით, ოდნავ უკან, ესაია იდგა. მას ისევ ის ცივი, მხედართმთავრის გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს აივანზე მომხდარი საუბარი მხოლოდ სიზმარი ყოფილიყო. ის არავის უყურებდა, თუმცა, როცა კასიანა გამოჩნდა, მის სახეზე შეუმჩნეველი ღიმილი გაკრთა. მეფე მარკი იანეს მიუახლოვდა და შუბლზე აკოცა. — გახსოვდეს, ვინ ხარ, იანე. შენ ჩვენი იმედი ხარ. იანემ თავი დაუკრა მამას, შემდეგ კი დებს მიუბრუნდა. — კასი, სარა... — მან ორივე მაგრად ჩაიხუტა. — მომწერეთ ყველაფერი. ყოველი ყვავილის აყვავება და ყოველი ახალი ამბავი. ჰენრი ცხენიდან გადმოვიდა და იანეს ხელი გაუწოდა, რათა ეტლში ასვლაში დახმარებოდა. — გზა შორია, პრინცესა, მაგრამ გპირდებით, რომ ჩრდილოეთის ციხესიმაგრეში თავს ისე იგრძნობთ, როგორც სახლში. როცა დელეგაცია დაიძრა, კასიანა კიბის ბოლო საფეხურზე იდგა. იგი უყურებდა, როგორ ტოვებდა მისი და საყვარელ გარემოს. ეტლი ნელა მიდიოდა, მის უკან კი მხედრების მწკრივი მიჰყვებოდა. ბოლოს ესაია დაიძრა. მან ცხენი მოაბრუნა და, სანამ ჭიშკარს გავიდოდა, წამით შეაჩერა. მან კასიანას შეხედა — ეს იყო მოკლე, მაგრამ ისეთი მძლავრი მზერა, რომელშიც ყველაფერი იკითხებოდა: გაფრთხილებაც, დაპირებაც და ის იდუმალი კავშირიც, რომელიც მხოლოდ მათ იცოდნენ. ესაიამ თავი ოდნავ დაუკრა, თითქოს უხმოდ დაემშვიდობა და ცხენი გააჭენა. ეზოში სიჩუმე ჩამოწვა. მტვერი ნელა ილექებოდა ქვაფენილზე. — წავიდნენ, — ჩურჩულით თქვა სარამ და ატირდა. კასიანა არ ტიროდა. მან ხელი სახელოზე დაიდო, სადაც ადრე შხამი ეგულებოდა. ახლა იქ არაფერი იყო, გარდა სიცარიელისა, მაგრამ მის გულში რაღაც ახალი იწყებოდა. იანეს წასვლის შემდეგ სასახლე თითქოს დაპატარავდა. მისი დუმილის შესავსებად კასიანამ ერთადერთი გზა იპოვა — გაქცევა იქ, სადაც ცა უფრო ახლოს იყო. იმ დღეებში, როცა კასიანას სული სიმშვიდეს ითხოვდა, ის მდელოზე მარტო მიდიოდა. თან მიჰქონდა იანეს ნაჩუქარი ძველი პერგამენტების კრებული, სადაც შორეული ქვეყნების ლეგენდები ეწერა. ის საქანელაზე ჯდებოდა, ფეხებს ბალახში მალავდა და კითხვას იწყებდა. თუმცა, ხშირად წიგნი კალთაზე გაშლილი რჩებოდა, მისი მზერა კი ჰორიზონტისკენ გარბოდა. საკურას ფურცლები მშვიდად ეცემოდა ფურცლებს, თითქოს ბუნება თავად ცდილობდა წაეკითხა ისტორიები. კასიანა ფიქრობდა იმაზე, რომ ახლა მისი დაც რომელიმე ასეთი ლეგენდის ნაწილი იყო. ის უსმენდა ნიავს და ეჩვენებოდა, რომ მასში ესაიას დაბალი ხმა ერია: „ხმალი სიმართლეს ამბობს“. წიგნი მისთვის მხოლოდ თავშესაფარი აღარ იყო, ეს იყო დიალოგი საკუთარ თავთან — ის სწავლობდა ლოდინს ისე, რომ არ დაღლილიყო. სულ სხვაგვარი იყო დღეები, როცა მასში ბრაზი და მოუსვენრობა იღვიძებდა. მაშინ ის კატანას იღებდა. ეს აღარ იყო მხოლოდ პრინცესას კაპრიზი. ის დგებოდა საკურას ხის ქვეშ, იქ, სადაც ესაიამ მისი კოჭი შეახვია, და იწყებდა ვარჯიშს. მისი მოძრაობები უფრო მკვეთრი და ზუსტი გახდა. ის წარმოიდგენდა, რომ ყოველი მოქნევისას ჰაერში უხილავ ჯაჭვებს სწყვეტდა — იმ ჯაჭვებს, რომლებითაც სასახლის ეტიკეტი ბოჭავდა. კატანის პირი მთვარის შუქზე ან მზის გულზე ცივად ელავდა. ის აღარ კოჭლობდა; მისი სხეული და იარაღი ერთიანდებოდა. საკურას ვარდისფერი წვიმა ახლა მის გარშემო აღარ იყო ნაზი დეკორაცია, ეს იყო ქარიშხალი, რომელსაც თავად კასიანა მართავდა. ის სწავლობდა, როგორ ყოფილიყო ძლიერი მარტოობაში, რათა მაშინ, როცა ისევ შეხვდებოდა ჩრდილოეთის მხედართმთავარს, მისი მზერა ისეთივე მყარი ყოფილიყო, როგორც თავად ფოლადი. ხანდახან კი სიჩუმეს ცხენების ფლოქვების გრგვინვა არღვევდა. აბელი, რომელიც ხედავდა დის სევდას, ხშირად ეპატიჟებოდა მას საზღვრის გასწვრივ საჯირითოდ. ეს იყო დაძმური სიახლოვისა და თავისუფლების წუთები. ისინი მიქროდნენ „დავიწყებულ მიწაზე“, სადაც მაღალი ბალახი ცხენების მუცლებს ეხებოდა. კასიანა თავის თეთრ ფაშატზე იჯდა, თმა ქარში გაშლოდა, აბელი კი თავისი მძლავრი შავი ტულპარით გვერდით მიჰყვებოდა. — უფრო სწრაფად, კასი! — ყვიროდა აბელი და იცინოდა. — ჩრდილოეთამდე უნდა მივაწვდინოთ ჩვენი ხმა! ამ დროს კასიანა გრძნობდა ნამდვილ ძალას. ცხენის სუნთქვა, მიწის გრიგალი და აბელის მფარველობითი მზერა მას აჯერებდა, რომ სამყარო იმაზე დიდია, ვიდრე სასახლის კედლები. ისინი ჩერდებოდნენ ზუსტად იქ, სადაც საზღვარი იწყებოდა. აბელი ჩრდილოეთისკენ იყურებოდა, როგორც მებრძოლი, კასიანა კი — როგორც ქალი, რომელიც თავის ბედისწერას ელოდა. — ის დაბრუნდება, — უთხრა აბელმა მოულოდნელად, ისე, რომ დისკენ არ მიუხედავს. კასიანამ სევდიანად გაუღიმა და ანიშნა წასულიყვნენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


