"კასიანა" (თავი V)
სამხრეთის სასახლეში გაზაფხული განსაკუთრებული იყო. ღია ფანჯრებიდან აყვავებული ალუბლისა და ნედლი ბალახის სურნელი შემოდიოდა, რომელიც დარბაზში ანთებული არომატული სანთლების სუნს ერეოდა. მზე უკვე ჩასულიყო, მაგრამ ცაზე მაინც დარჩენილიყო ვარდისფერი ზოლი — ზუსტად ისეთი, კასიანას რომ უყვარდა. ვახშამი მცირე, მყუდრო სასადილოში გაეშალათ. მაგიდასთან მხოლოდ ოჯახი იჯდა. — კასიანა, დღეს შენი პრიმულები ვნახე აივანზე, — ღიმილით თქვა დედოფალმა ელენამ და შვილს შეხედა. — ისე კარგად ყვავილობენ, ეტყობა, მართლა განსაკუთრებულად უვლიდი ამ ყინვიან დღეებში. — დიახ, დედა. ამბობენ, რომ ეს ყვავილები სიცივესაც უძლებენ, თუ მათ საკმარის სითბოსა და ყურადღებას მივაწოდებთ, — მიუგო კასიანამ და მამას გადახედა, რომელიც დღეს საოცრად მშვიდი ჩანდა. მეფე მარკმა თბილად გაიღიმა. — ზუსტად ისე, როგორც ჩვენი იანე. ჩრდილოეთში ახლა ალბათ კიდევ არის თოვლი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მისი იქ ყოფნა იმ მხარესაც გაალღობს. — აბელ, შენ რას ფიქრობ? — იკითხა სარამ და ძმას ხელზე ხელი დაადო. — იანე წერდა, რომ იქაური მხედართმთავარი, ესაია, ძალიან ერთგული კაცია. მართალია, ცოტა მკაცრი ჩანს, მაგრამ ჰენრი მას თვალდახუჭული ენდობაო. აბელმა ღვინო მოსვა და დაფიქრდა. — ესაია... ის ნამდვილი მეომარია. მისი თვალებიდან ჩანს, რომ ბევრი რამ აქვს გადატანილი, მაგრამ ჰენრის მიმართ მისი ერთგულება საპატივცემულოა. ჩრდილოეთი ასეთ კაცებს ზრდის — გარეგნულად ცივებს, მაგრამ შინაგანად ურყევებს. ამ დროს კარზე ფრთხილი კაკუნი გაისმა. მსახურმა ჩრდილოეთის ბეჭდით დალუქული წერილი შემოიტანა. მეფემ ის გახსნა და კითხვისას სახეზე სიხარული მოეფინა. — იანეა! — თქვა მან. — გვწერს, რომ კორონაცია ახლოვდება. მაგრამ აქ ერთი თხოვნაა... სურს, რომ კასიანა და სარა ცოტა ადრე ჩავიდნენ. უნდა, რომ თავისი დების გემოვნებით შეარჩიოს დარბაზის მორთულობა და ის სამხრეთული სითბო შეიტანოს სასახლეში, რომელიც ასე ენატრება. სარას თვალები გაუბრწყინდა, ჩანგალი თეფშზე დადო და კასიანას აღფრთოვანებული გადახედა. — კასი! გესმის? იანეს ჩვენი დახმარება სჭირდება! გაზაფხულის ჩრდილოეთი... ამბობენ, იქ თოვლი და ყვავილები ერთდროულად არისო. კასიანას გულში სითბო ჩაეღვარა, თუმცა მცირე მღელვარებაც იგრძნო. — ეს ძალიან კარგია, მამა. იანემ მარტოობა არ უნდა იგრძნოს ამ მნიშვნელოვან სამზადისში. — აბელი და რობი გაგაცილებენ საზღვრამდე, — თქვა მეფემ. — იქ კი ესაია დაგხვდებათ თავისი მხედრებით. მას უკვე ეცოდინება თქვენი ჩამოსვლის შესახებ. ვახშამი გაგრძელდა, მაგრამ ახლა მაგიდასთან სულ სხვა განწყობა სუფევდა. ისინი საუბრობდნენ სანელებლებზე, რომლებსაც იანესთვის წაიღებდნენ, იმ ტკბილეულზე, რომელიც მათ დას ასე უყვარდა და იმ მომავალზე, რომელიც ამ ორ სამეფოს კიდევ უფრო დააახლოებდა. ვახშმის შემდეგ სარა კასიანას ოთახში შეიჭრა. — კასი, არ მჯერა, რომ ისევ ვნახავთ მას! — თქვა სარამ და საწოლზე ჩამოჯდა. — იმ მხედართმთავარს ვგულისხმობ. გახსოვს, როგორ გიყურებდა? არა უხეშად, არამედ... თითქოს რაღაცას ეძებდა შენში. კასიანა ფანჯარასთან იდგა და აყვავებულ ბაღს უყურებდა. — სარა, ის მხოლოდ თავის მოვალეობას ასრულებდა. ჩრდილოეთში ყველაფერი სხვაგვარადაა. იქ ადამიანები გრძნობებს ასე ადვილად არ გამოხატავენ. — ჰოდა, ჩვენც მაგისთვის მივდივართ! — ჩაიცინა სარამ. — რომ ცოტა სამხრეთული ცეცხლი ჩავიტანოთ. დამიჯერე, კასი, ეს მოგზაურობა იმაზე მეტი იქნება, ვიდრე უბრალოდ კორონაცია. კასიანამ გაიღიმა და დას გადახედა. მან იცოდა, რომ სარა მართალი იყო. წინ დიდი გზა ელოდათ — გზა, სადაც გაზაფხულის სითბო და ჩრდილოეთის ნარჩენი თოვლი ერთმანეთს უნდა შეხვედროდა. სამხრეთის სასახლე გამთენიისას დატოვეს. ჰაერი ნამიანი და გრილი იყო, აყვავებული ბაღებიდან გამოყოლილი სურნელი კი ნელ-ნელა მთის ნაძვნარისა და სველი მიწის სუნით იცვლებოდა. კასიანა ეტლის ფანჯრიდან უყურებდა, როგორ ქრებოდა მშობლიური სახლის კონტურები ნისლში. მის გვერდით სარას ჩასძინებოდა, თავი რბილ ბალიშზე გადაედო და სახეზე ისევ ის ბავშვური სიმშვიდე ეხატა, რომელიც მხოლოდ მას ახასიათებდა. აბელი და რობი წინ მიუძღოდნენ რაზმს. მათი ცხენების ნალების ხმა რიტმულად ეხლებოდა ქვაფენილს. რაც უფრო ჩრდილოეთით მიდიოდნენ, მით უფრო ხშირად ხვდებოდათ გზისპირებზე თოვლის თეთრი ლაქები — გაზაფხულის მზეს გადარჩენილი ნარჩენები, რომლებიც აყვავებულ ენძელებთან ერთად უცნაურ, კონტრასტულ პეიზაჟს ქმნიდა. მთელი დღის მგზავრობის შემდეგ, როცა მზე უკვე დასავლეთისკენ გადაიხარა და ცა ოქროსფერ-იასამნისფერმა ფერებმა მოიცვა, მათ წინ „ნისლიანი ხიდი“ აღიმართა — ადგილი, სადაც ორი სამეფოს საზღვარი გადიოდა. ხიდის მეორე მხარეს, იქ, სადაც ნისლი ყველაზე სქელი იყო, რამდენიმე მხედარი გამოჩნდა. ისინი არ ჰგავდნენ სამხრეთელ რაინდებს თავიანთი მბზინავი აბჯრით. მათ ეცვათ მუქი, ნაცრისფერი და შავი ტყავის სამოსი, ბეწვის მოსასხამებით, რაც მათ უფრო მასიურს და მრისხანეს აჩენდა. შუაგულში კი ის იდგა. ესაია თავის დიდებულ შავ ცხენზე იჯდა, ქანდაკებასავით უძრავი. მისი მზერა შორს, ჰორიზონტზე იყო მიპყრობილი, სანამ აბელის რაზმი ხიდს არ მიუახლოვდა. აბელმა ხელი ასწია და რაზმი შეაჩერა. — მხედართმთავარო, — მიესალმა აბელი— პრინცესები მშვიდობით მოვიყვანეთ. ესაიამ ცხენი წინ გამოაჭენა. მისი სახე ისეთივე მკაცრი და გამოკვეთელი იყო, როგორც ჩრდილოეთის კლდეები, თუმცა, როცა ეტლს მიუახლოვდა, მის თვალებში რაღაც სხვა, უფრო ღრმა და დაკვირვებული გაკრთა. — უფლისწულო აბელ, — მისი ხმა დაბალი და ხრინწიანი იყო, როგორც მთის მდინარის ხმაური. — ჩრდილოეთი მიესალმება თავის სტუმრებს. დედოფალი იანე მოუთმენლად ელის მათ. კასიანამ ეტლის კარი თავად გააღო და მიწაზე ჩამოვიდა. გაზაფხულის გრილმა ქარმა მაშინვე აუფრიალა კაბის კალთები. მან თვალებში შეხედა ესაიას. მხედართმთავარი ცხენიდან ჩამოვიდა — მისი ყოველი მოძრაობა ძალასა და თავდაჯერებულობაზე მეტყველებდა. — პრინცესა კასიანა, — თქვა მან და ნაბიჯი გადადგა მისკენ. ამჯერად ის იმდენად ახლოს იყო, რომ კასიანამ მისი მოსასხამის ცივი სურნელი იგრძნო. — იმედი მაქვს, გზამ არ დაგღალათ. — გზა მშვენიერი იყო, მხედართმთავარო, — მიუგო კასიანამ და ეცადა, ხმა არ აკანკალებოდა. — სამხრეთში უკვე გაზაფხულია, თუმცა ვხედავ, რომ თქვენთან თოვლი ჯერ კიდევ ებრძვის მზეს. — ჩრდილოეთში ყველაფერი ბრძოლით მიიღწევა, — ჩაეღიმა ესაიას. ეს იყო მცირე, ძლივს შესამჩნევი ღიმილი, რომელმაც წამით გაალღო მისი სახის სიმკაცრე. — მათ შორის სითბოც. აბელი ცხენიდან გადმოვიდა და დებს დაემშვიდობა. მან რობს მხარზე ხელი დაადო. — რობ, შენ მათთან დარჩები. იყავი მათი ჩრდილი. მე კი უკან უნდა დავბრუნდე, მამა მელოდება. აბელმა დებს აკოცა და თავის რაზმთან ერთად სამხრეთისკენ გაბრუნდა. კასიანა უყურებდა, როგორ იკარგებოდა ძმის ჩრდილი ნისლში, სანამ ესაიას ხმამ რეალობაში არ დააბრუნა. — წინ კიდევ რამდენიმე საათის სავალია, — თქვა ესაიამ. — დღეს გრაფ ვალერიუსის სასახლეში გავჩერდებით. ის აქვეა, საზღვართან ახლოს. გრაფის სასახლე ნაცრისფერი ქვით ნაშენი დიდებული ნაგებობა იყო, რომელიც კლდის თავზე იდგა. შიგნით შემოსულებს თბილი ბუხრები და ჩრდილოური სტუმართმოყვარეობა დახვდათ. ვახშამზე გრაფმა თავისი ოჯახი და სხვა დიდებულები წარადგინა. მისი უფროსი ვაჟი, ერიკი, მაღალი, ქერათმიანი ჭაბუკი, რომელსაც ჩრდილოური სიცივე საერთოდ არ ეტყობოდა, მაშინვე სარას გვერდით აღმოჩნდა. — პრინცესა სარა, — დაიწყო მან და სარას თასი ღვინით აუვსო. — ამბობენ, რომ სამხრეთელი ქალები მზის სხივებისგან არიან შექმნილნი. თქვენი დანახვისას კი მჯერა, რომ ეს სიმართლეა. სარა, რომელსაც ეიფორია ისევ დაბრუნებოდა, აწითლდა და ეშმაკურად გაიღიმა. — და თქვენ? თქვენ ალბათ მთვარის შუქისგან ხართ შექმნილი? ასეთი ფერმკრთალი და მშვიდი ჩანხართ. ერიკმა ჩაიცინა. — შეიძლება, მაგრამ მთვარის შუქიც შეიძლება აალდეს, თუ მას სწორი ცეცხლი მიუახლოვდება. ამ დროს კასიანამ იგრძნო, რომ მას ვიღაც უყურებდა. მან მზერა მაგიდის ბოლოსკენ გადაიტანა. იქ ესაია იჯდა. ის არ ჭამდა, მხოლოდ ღვინის თასს ათამაშებდა თითებს შორის და კასიანას ისეთი მზერით აკვირდებოდა, თითქოს მის სულში რაღაც დაფარულს ეძებდა. როცა მათი თვალები შეხვდა, ესაიამ თასი ოდნავ ასწია, თითქოს უსიტყვო სადღეგრძელოს სთავაზობდა. იმ წამს კასიანამ მიხვდა — ეს მოგზაურობა ბევრად უფრო საინტერესო იქნებოდა, ვიდრე უბრალოდ კორონაციაზე დასწრება. გრაფ ვალერიუსის სასახლის სასადილო დარბაზში ატმოსფერო საოცრად შეიცვალა. ბუხარში შეშა მყუდროდ ტკაცუნებდა, კედლებზე კი ჩრდილოური მგლებისა და ირმების თავები ოქროსფერ შუქზე ირეკლებოდა. კასიანამ გადაწყვიტა, რომ ჩრდილოეთის სიცივეს მისი განწყობა არ უნდა დაეპყრო. მან მხრები გაასწორა და სახეზე ისეთი მომხიბვლელი ღიმილი მოირგო, რომელიც აქაურ დიდებულებს აქამდე არ ენახათ. — გრაფ, თქვენი სასახლე იმაზე ბევრად თბილი აღმოჩნდა, ვიდრე სამხრეთში გვიყვებოდნენ, — თქვა კასიანამ და გვერდით მჯდომ გრაფს მიუბრუნდა. მისი ხმა ისე ჟღერდა, როგორც გაზაფხულის ნაკადული. — მეგონა, აქ მხოლოდ ყინული და მკაცრი კლდეები დამხვდებოდა, მაგრამ თქვენი სტუმართმოყვარეობა ნამდვილად ათბობს ამ კედლებს. გრაფი ვალერიუსი, ჭაღარა და კეთილშობილი სახის კაცი, აღფრთოვანებული დარჩა პრინცესას ასეთი უშუალობით. — პრინცესა, ჩრდილოეთი მხოლოდ მათთვისაა ცივი, ვინც მას გულს არ უხსნის, — მიუგო მან და ღვინის თასი ასწია. — თქვენ კი, როგორც ჩანს, მზის სხივი ჩამოიტანეთ ჩვენს მხარეში. კასიანა სულ უფრო მეტად ერთვებოდა საუბარში. იგი მხიარულად პასუხობდა გრაფის სხვა სტუმრების კითხვებს სამხრეთის ბაღებზე, იცინოდა მათ ხუმრობებზე და ისე იქცეოდა, თითქოს მაგიდის ბოლოში მჯდომი ესაია საერთოდ არ არსებობდა. მას შეგნებულად არცერთხელ არ გაუხედავს იმ მიმართულებით, სადაც მხედართმთავარი იჯდა, თუმცა კანით გრძნობდა მის მძიმე და უცნაურად მდუმარე მზერას. ესაია იჯდა აუღელვებლად, თითებს ღვინის თასის კიდეზე ათამაშებდა და თვალს არ აშორებდა კასიანას ყოველ გაღიმებასა და მოძრაობას. მაგიდის მეორე მხარეს კი სარა და ერიკი სულ სხვა სამყაროში იყვნენ. ერიკი ისე გაეტაცებინა სარას ეიფორიასა და მის მხიარულ ისტორიებს, რომ გარშემო ვერავის ამჩნევდა. — პრინცესა სარა, — ჩურჩულებდა ერიკი და თან სარას თეფშზე ჩრდილოურ ტკბილეულს აწყობდა, — მეგონა, რომ ჩრდილოეთის გაზაფხული ყველაზე ლამაზი სანახაობა იყო, სანამ თქვენს სიცილს არ შევხედე. თქვენს სამეფოში ყველა ასე... კაშკაშაა? სარამ ეშმაკურად გადახედა ერიკს და მისი ოქროსფერი თმა მხარზე გადაიყარა. — მხოლოდ ისინი, ვინც სწორ ადამიანებთან ერთად არიან, ერიკ. ჩრდილოეთი ნამდვილად საინტერესო ადგილი ყოფილა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ასეთი გულწრფელი მასპინძლები გხვდებიან. ვახშამი გვიანობამდე გაგრძელდა. როცა ძილის დრო დადგა, ერიკი ფეხზე წამოდგა და სარას ხელი გაუწოდა. — უფლება მომეცით, თქვენს საძინებლამდე მიგაცილოთ. ჩრდილოური სასახლის დერეფნები ღამით შეიძლება დამაბნეველი იყოს, — თქვა მან და ისე ნაზად შეხედა გოგონას, რომ სარას ლოყები მაშინვე აუფაკლდა. კასიანაც წამოდგა, ისევ იმ გამომწვევი ღიმილით დაემშვიდობა გრაფს და სტუმრებს. როცა დერეფანში გადიოდა, ზურგსუკან ესაიას ნაბიჯების ხმა მოესმა. იგი არ მიჰყვებოდა მათ ახლოს, მაგრამ მისი ჩრდილი კედლებზე კასიანას ფეხდაფეხ დაჰყვებოდა. ერიკმა სარა მის ოთახამდე მიაცილა. კართან შედგნენ. ერიკმა პრინცესას ხელი აიღო და თითებზე ნაზად აკოცა. — იმედი მაქვს, ხვალ დილით ისევ ვნახავ თქვენს ღიმილს, სარა, — თქვა მან დაბალი ხმით. — ამაში ეჭვიც არ შეგეპაროს, ერიკ, — მიუგო სარამ და სანამ ოთახში შევიდოდა, კიდევ ერთხელ გაუღიმა ჭაბუკს. კასიანა თავის საძინებელთან შეჩერდა. მან იგრძნო, როგორ გაჩერდა მისგან რამდენიმე ნაბიჯში ესაია. გოგონამ სახელურს ხელი მოჰკიდა, მაგრამ არ მიტრიალებულა. — მშვიდ ძილს გისურვებთ, მხედართმთავარო, — თქვა მან ცივად და თავდაჯერებულად, ისე, რომ ისევ არ შეუხედავს მისთვის. — მშვიდი ძილი ჩრდილოეთში იშვიათობაა, პრინცესა, — გაისმა ესაიას ხრინწიანი ხმა. — განსაკუთრებით მათთვის, ვინც ასე მონდომებით ცდილობს სხვების მოხიბვლას. კასიანამ ჩაიცინა, კარი გააღო და შიგნით შევიდა ისე, რომ პასუხიც არ დაუბრუნებია. მან იცოდა, რომ ამ საღამოს გამარჯვებული თვითონ იყო. სარას ოთახში შესვლა კი არა, შემოჭრა ერქვა. როგორც კი ერიკს დაემშვიდობა, კაბის კალთები აიკრიფა და დერეფანი ისე გაირბინა, თითქოს ფრთები შეესხაო. კასიანას საძინებლის კარი ხმაურით გააღო, ზურგსუკან მიაჯახუნა და წამში თავის დას საწოლზე დაენარცხა. სახე რბილ ბალიშებში ჩარგო და იქიდან მხოლოდ ჩახშული, გამალებული წივილი ისმოდა. — სარა, გაგიჟდი? — კასიანამ ღიმილით გადმოხედა დას, რომელიც საწოლზე ფართხალებდა. — მთელ სასახლეს გააღვიძებ! სარა მკვეთრად ამოტრიალდა, ლოყები აბრიალებული ჰქონდა, თვალები კი — ვარსკვლავებივით მოციმციმე. თმა ბალიშზე გაშლოდა, ხელები გულზე ჰქონდა მიჭერილი. — კასი... მგონი, დავიღუპე! — ამოიოხრა მან და ისევ ჩუმად დაიკივლა. — გესმის? ისეთი ხელები ჰქონდა... ისეთი თბილი! და როგორ მიყურებდა? კასი, მეგონა, რომ იმ წამს გული გამიჩერდებოდა. ერიკი... ის საერთოდ არ ჰგავს იმ კაცებს, ვისაც აქამდე ვიცნობდით. კასიანა საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და სარას აბურდული თმა შეუსწორა. — ხედავ? შენ კი ამბობდი, ჩრდილოეთში გავიყინებითო. — რა ყინვა, რის ყინვა! — სარა წამოჯდა და კასიანას ხელებში ჩააფრინდა. — როცა ხელზე მკოცნიდა, ვიგრძენი, როგორ დამიარა ტანში ცეცხლმა. კასი, მგონი, შეყვარებული ვარ... აი, მართლა, ნამდვილად! ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს შიგნით ათასობით პეპელა დაფრინავს და სუნთქვას მიკრავს. მან ისევ ბალიშს მოჰკიდა ხელი და გულში ჩაიკრა, თვალები დახუჭა და ნეტარი ღიმილით განაგრძო: — დაინახე, როგორ გამომაცილა? როგორ ნელა მოაბიჯებდა, თითქოს უნდოდა, რომ ეს დერეფანი არასდროს დასრულებულიყო. კასი, მითხარი, რომ არ მესიზმრება. მითხარი, რომ ხვალ დილით ისევ იქ იქნება და ისევ ისე შემომხედავს. კასიანას გაეღიმა, თუმცა გულში მცირე სევდამ გაჰკრა — სარას სიყვარული ისეთივე წმინდა და იმპულსური იყო, როგორც გაზაფხულის პირველი ყვავილი, რომელიც თოვლიდან ამოიწვერება. — იქ იქნება, სარა. არსად წავა, — დაამშვიდა და. — შენ რა ქენი? — სარა უცებ გამოფხიზლდა და ეშმაკურად მოჭუტა თვალები. — დავინახე, ესაია როგორ არ გაცილებდა თვალს. მთელი ვახშამი გჭამდა მზერით, შენ კი ისე იქცეოდი, თითქოს კედელი ყოფილიყო. საწყალი მხედართმთავარი, მგონი, პირველად დამარცხდა თავის ცხოვრებაში! კასიანამ მხრები აიჩეჩა და სარას გადახედა. — ჩრდილოეთში ყველაფერი ბრძოლით მიიღწევაო, თავად თქვა. ჰოდა, მეც ვაძლევ იმას, რაც ასე ძალიან უყვარს — ბრძოლას. სარამ ისევ ჩაიკივლა ბალიშში და კასიანას ფეხებზე დაეყრდნო. — ოხ, კასი... რა ბედნიერებაა! მოდი, ამაღამ შენთან დავრჩები, უნდა მოგიყვე, ზუსტად რა სიტყვებით მითხრა, რომ მზის სხივი ვარ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


