"კასიანა" (თავი VI)
ღამემ ისე ჩაიარა, თითქოს ერთი ამოსუნთქვა ყოფილიყო. დები ერთმანეთს გადახვეულები იწვნენ და ჩურჩულით იზიარებდნენ ყველაფერს — შიშებს, იმედებსა და იმ ახალ, უცნაურ გრძნობებს, რომლებიც ჩრდილოეთის ცივმა ჰაერმა გააღვიძა. სარამ მანამ ილაპარაკა ერიკის თვალებზე, მის ხმასა და დაპირებებზე, სანამ მზე არ ამოვიდა , ბოლოს ძვლივს ჩაეძინა. კასიანამ ფრთხილად შეუსწორა დას საბანი, შუბლზე აკოცა და ფეხაკრეფით წამოდგა. ძილი არ ეკარებოდა. მას სჭირდებოდა სივრცე, რომ საკუთარ ფიქრებში გარკვეულიყო. მან თხელი, მოსასხამი მოიცვა და გარეთ გავიდა. სასახლის ბაღი ამ დროს ჯადოსნურ სანახაობას წარმოადგენდა. ნისლი ჯერ კიდევ ეხვეოდა ხეებს, თუმცა მზე ნელ-ნელა აფერადებდა ყინულოვან ნამს, რომელიც ყვავილების ფურცლებზე ბრილიანტებივით ბრწყინავდა. აქა-იქ ისევ იდო თოვლი, მაგრამ მის გვერდით ამაყად ამოწვერილი გაზაფხულის ყვავილები ნამდვილ სასწაულს ჰგავდა. სწორედ მაშინ, როცა ბაღის სიღრმეში შესვლას აპირებდა, კასიანა შეჩერდა. მაღალ, ქვის თაღთან ესაია იდგა. მასაც არ ეძინა. ტყავის სამოსი ეცვა, რაც მის ფართო მხრებს კიდევ უფრო გამოკვეთდა. ის ისე მშვიდად აკვირდებოდა ჰორიზონტს, თითქოს თავად იყო ამ ბაღის ნაწილი. — პრინცესა, მეგონა სამხრეთელებს გვიანობამდე ძილი უყვარდათ. მისი ხმა დილის სიგრილეში უფრო რბილად გაჟღერდა. კასიანამ ოდნავ თავდაჯერებულად გაუღიმა. — მზის ამოსვლით ტკბობას არაფერი ჯობს ესაია. ესაიას მზერა ახლა აღარ იყო ისეთი მკაცრი, როგორც ვახშამზე. მასში რაღაც უცნაური სიმშვიდე და ინტერესი იკითხებოდა. — ეს ბაღი გრაფის სიამაყეა. თუ ნებას დამრთავთ, გამოგყვეთ? ჩრდილოეთის დილა შეიძლება მატყუარა იყოს მათთვის, ვინც მას არ იცნობს. კასიანამ წამით დააყოვნა, შემდეგ კი თავი მსუბუქად დაუკრა. — წამოდით. ისინი ერთად გაუყვნენ ვიწრო, ბილიკს. მათ შორის მანძილი მცირე იყო, გარემო მშვიდი და იდუმალი. — გუშინ... — დაიწყო ესაიამ ნელი ნაბიჯით სიარულისას, — ძალიან ბევრს იცინოდით. — დიახ, ჩემში კომუნიკაციის უნარმა გაიღვიძა. მიუგო კასიანამ და გაჩერდა, რომ ერთ-ერთ აყვავებულ ბუჩქს შეხებოდა. — ნახეთ, ეს ყვავილი თოვლში იზრდება და მაინც ლამაზია. ნუთუ თქვენშიც არ არის ასეთი რამ? რაღაც, რაც ყინულს უძლებს? ესაია მასთან ახლოს მივიდა, იმდენად ახლოს, რომ კასიანამ მისი სუნთქვა იგრძნო. მანაც დახედა ყვავილს, შემდეგ კი მზერა კასიანას თვალებზე გადაიტანა. — ჩემში მხოლოდ ისაა, რაც ჩრდილოეთმა დამიტოვა, პრინცესა. მაგრამ უნდა ვაღიარო... თქვენი დანახვისას, ყველაფერი მეტად ლამაზი ჩანს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ესაიამ ასეთი რამ თქვა. კასიანამ იგრძნო, როგორ აუჩქარდა გული, მაგრამ მზერა არ აარიდა. ბაღში მზე საბოლოოდ ამოვიდა და მათი ჩრდილები ერთმანეთს გადაეხლართა ნამიან მიწაზე. ესაიას ხმა ისეთივე მშვიდი იყო, თუმცა მასში სამხედრო წესრიგისთვის დამახასიათებელი სიმტკიცე გაერია. — პრინცესა, დრო ჩვენს სასარგებლოდ არ მუშაობს, — თქვა მან და ოდნავ მიუახლოვდა. — ზუსტად ერთ საათში მზადება უნდა დავიწყოთ. მინდა, რომ სანამ მზე ზენიტში იქნება, გზის ყველაზე რთული მონაკვეთი გავიაროთ. კასიანამ ყვავილს ხელი გაუშვა და მხედართმთავარს მიუბრუნდა. — ასე მალე? მეგონა, დღეს მთელ დღეს აქ გავატარებდით. — ხვალ დილით უკვე სამეფო სასახლეში უნდა ვიყოთ, თქვენს დასთან, მაგრამ მანამდე კიდევ ერთი გაჩერება დაგვჭირდება. გზად, მთის ძირას, პატარა საგუშაგოა, სადაც ღამეს გავათევთ. მან დაინახა კასიანას თვალებში გაკვირვება და აუხსნა: — ღამით აქ ტემპერატურა მკვეთრად ეცემა. ხეობებში ისეთი ყინვა იცის, რომ მგზავრობა სახიფათო ხდება — არა მხოლოდ ცხენებისთვის, არამედ თქვენთვისაც. მე კი პასუხისმგებელი ვარ, რომ დანიშნულების ადგილამდე უვნებლად მიგიყვანოთ. ჩრდილოეთის ღამეში ყინვა ყველაზე დიდი მტერია, მასთან ბრძოლას კი აზრი არ აქვს, მას უნდა დაემალო. კასიანამ თავი დაუკრა. მან იგრძნო, რომ ესაიას სიტყვების მიღმა არა მხოლოდ ბრძანება, არამედ ფარული ზრუნვაც იმალებოდა. — გასაგებია, მხედართმთავარო. წავალ, სარას გავაღვიძებ... თუმცა ეჭვი მაქვს, მისი აქედან წაყვანა იმაზე რთული იქნება, ვიდრე ყინვასთან ბრძოლა, — ჩაეღიმა კასიანას. ესაიასაც გაეღიმა — ამჯერად უფრო გულწრფელად. — ერიკს დავავალებ, რომ მას განშორება შეუმსუბუქოს. ახლა კი, სჯობს შევბრუნდეთ. დრო არ ითმენს. მათ ერთად დატოვეს აყვავებული ბაღი. კასიანა წინ მიდიოდა, ესაია კი, როგორც ყოველთვის, მის ზურგსუკან მოაბიჯებდა — როგორც მცველი და როგორც ადამიანი, რომელმაც ჩრდილოეთის სიცივეში პირველი სითბო აღმოაჩინა. დილა სუსხიანი იყო, მაგრამ მზე უკვე კარგად ანათებდა სასახლის ეზოს. ეტლები მზად დახვდათ. მსახურები ბოლო ნივთებს ათავსებდნენ, ცხენები კი მოუთმენლად ფრუტუნებდნენ. ერიკი და სარა ეტლისგან ოდნავ მოშორებით იდგნენ. ერიკს ჩრდილოური ნაცრისფერი მოსასხამი ეცვა, სარას კი თავისი თხელი, სამხრეთული შალი მოეხვია და სიცივისგან მხრებს იჩეჩავდა. — აი, — თქვა ერიკმა და სარას ხელში პატარა, თბილი ხელთათმანები ჩაუდო, — გზაში დაგჭირდებათ. ჩრდილოეთის დილა ხანდახან იმაზე მკაცრია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. სარამ ხელთათმანებს დახედა, მერე კი ერიკს შეხედა და გაეღიმა — ეს აღარ იყო ის გუშინდელი, ეიფორიული ღიმილი, ახლა მის თვალებში ნამდვილი სითბო იდგა. — მადლობა, ერიკ. არ მეგონა, თუ ასე მალე მოგვიწევდა წასვლა. — კორონაციაზე გნახავ, — თქვა ერიკმა დაბალი ხმით და სარას ხელი ხელში მოიქცია. — გპირდები, რომ იქაურ ყინულოვან დარბაზში ჩემი მზერა ყოველთვის შენთან იქნება. სარამ ჩუმად დაიკივლა (ოღონდ ამჯერად მხოლოდ გულში), ერიკს ხელი მოუჭირა და სწრაფი ნაბიჯით ეტლისკენ წავიდა, რომ აწითლებული ლოყები დაემალა. კასიანა ამ დროს ესაიასთან იდგა. მხედართმთავარი თავის შავ ცხენს უნაგირს უსწორებდა. ის ისეთივე მშვიდი და მოზომილი იყო, როგორც ყოველთვის, თუმცა კასიანას მოახლოებისას მოძრაობა შეანელა. — ერთი საათი გავიდა, მხედართმთავარო. როგორც ხედავთ, სამხრეთელებიც შეიძლება იყვნენ პუნქტუალურები, — თქვა კასიანამ და ცოტა გამომწვევად გადახედა. ესაიამ ცხენს ხელი დაუსვა და კასიანას მიუბრუნდა. — შევამჩნიე, პრინცესა. თუმცა ჩრდილოეთში პუნქტუალურობაზე მეტად გამძლეობას ვაფასებთ. წინ რთული გზაა, — მან ეტლისკენ მიუთითა. — სჯობს დაბინავდეთ. ღამე მთის საგუშაგოზე დავრჩებით, იქ უფრო მეტად დაგჭირდებათ ის სითბო, რომელიც თან დაგაქვთ. — მე არაფრის მეშინია, ესაია. — ვიცი, პრინცესა კასიანა. სწორედ ეგ არის თქვენში ყველაზე... სახიფათო. კასიანამ პასუხის ნაცვლად მხოლოდ გაიღიმა, ეტლის საფეხურზე ავიდა და შიგნით შევიდა. სარა უკვე იქ დახვდა, ერიკის ნაჩუქარ ხელთათმანებს გულში იკრავდა და ფანჯრიდან იყურებოდა. ეტლი დაიძრა. გრაფის სასახლე ნელ-ნელა დაპატარავდა. წინ ნისლიანი მთები და ის იდუმალი საგუშაგო ელოდათ, სადაც, ესაიას თქმით, ჩრდილოეთის ღამე თავის ნამდვილ სახეს აჩვენებდათ. სანამ ეტლი მთის გზებს მიჰყვებოდა, ჩრდილოეთის სამეფო სასახლეში, რომელიც შავი ქვითა და თეთრი მარმარილოთი იყო ნაშენი, სამზადისი პიკს აღწევდა. დარბაზებში ფიჭვისა და ცვილის სუნი ტრიალებდა, მსახურები კი ფაციფუცით ჰკიდებდნენ მძიმე, ლურჯ ხავერდებს მაღალ თაღებზე. იანე მაღალი სარკის წინ იდგა. მას ოქროსფერი, აბრეშუმის კაბა ეცვა, რომელიც ვერცხლისფერი ძაფით იყო ნაქარგი — ჩრდილოური ყინულის სიმბოლოებით. მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე თვე იყო აქ ცხოვრობდა, მისი თვალები მაინც სამხრეთულ სითბოს ინარჩუნებდა. ოთახში ჰენრი შემოვიდა. მისი ნაბიჯები მძიმე და თავდაჯერებული იყო. მან ზურგიდან მოხვია ხელი ცოლს და სარკეში მის ანარეკლს დახედა. — ნერვიულობ? — ჰკითხა დაბალი, ხავერდოვანი ხმით და ნიკაპი იანეს მხარზე ჩამოდო. — ცოტათი, — გაიღიმა იანემ და ჰენრის ხელებს თავისი ხელები დაადო. — ეს ყველაფერი ისეთი დიდებულია... ხანდახან მეშინია, რომ ამ ცივ კედლებში ჩემი სამხრეთული მეობა არ დაიკარგოს. ჰენრიმ ის თავისკენ შემოაბრუნა. მისი სახე, რომელიც სხვებისთვის ყოველთვის მკაცრი და შეუვალი იყო, იანესთან საოცრად რბილდებოდა. — ჩემმა სამეფომ იმიტომ კი არ აგირჩია, რომ ჩრდილოელი გამხდარიყავი, იანე. პირიქით, შენ ხარ ის სინათლე, რომელიც ამ კედლებს სჭირდებოდა. კორონაცია მხოლოდ დასაწყისია. — ჰენრი, მაცნემ თქვა, რომ ისინი უკვე საზღვარს გადმოსცდნენ. კასიანა და სარა... ვერ ვიჯერებ, რომ სულ რამდენიმე საათში აქ იქნებიან! ჩემი დები... მათ გარეშე ეს დღესასწაული სრულყოფილი ვერ იქნებოდა. — ესაიამ შემატყობინა, რომ უკვე მოდიან, — დაამშვიდა ჰენრიმ. — ის მათ ისე დაიცავს, როგორც საკუთარ თავს. ვიცი, როგორ გენატრებოდნენ. — სარა ალბათ ყველაფერზე იკივლებს აღფრთოვანებისგან, — ჩაიცინა იანემ და თვალები ცრემლებით აევსო. — კასიანა კი... კასიანა ყველაფერს თავისი კრიტიკული თვალით შეაფასებს. მინდა, რომ საუკეთესო ოთახები დავახვედროთ. მინდა, იგრძნონ, რომ აქაც ისეთივე სახლი აქვთ, როგორიც სამხრეთში. ჰენრიმ ცოლს შუბლზე აკოცა. — ყველაფერი მზად არის, იანე. შენი დების ჩამოსვლა ამ სასახლეს იმ სითბოს მოუტანს, რომელსაც შენ ასე ნატრობდი. დღეს ჩრდილოეთი სამხრეთს ელოდება. იანე სარკეს მიუბრუნდა და ბოლოჯერ შეისწორა თმა. ახლა ის აღარ იყო მხოლოდ ნერვიული მომავალი დედოფალი — ის იყო უფროსი და, რომელიც თავის საყვარელ ადამიანებს ელოდა და ამ მოლოდინმა კორონაციის შიშიც კი სადღაც შორს გადასწია. მზე უკვე ჩადიოდა, როცა საგუშაგოს მიადგნენ. ეს იყო ქვისგან ნაგები მყარი ციხესიმაგრე, რომელიც პირქუშად გადმოჰყურებდა ხეობას. ჰაერი იმდენად გაცივდა, რომ სარამ მაშინვე ერიკის ნაჩუქარი ხელთათმანები მოირგო. როცა ეტლი გაჩერდა, ესაია ჩამოქვეითდა და კარი გააღო. მან ხელი გაუწოდა კასიანას, რათა გადმოსვლაში დახმარებოდა. მისი ხელთათმანიანი ხელი ისეთივე მაგარი და უგრძნობი იყო, როგორც ქვა. — ფრთხილად, პრინცესა. აქაური მიწა მოყინულია, — თქვა მან მშრალად. კასიანამ ხელი არ ჩაჰკიდა. მან კაბის კალთები აიკრიფა და დამოუკიდებლად ჩამოვიდა მიწაზე, თუმცა წამით ფეხი აუცურდა. ესაიამ მყისიერად დაავლო ხელი მკლავზე, რომ არ დაცემულიყო. წამით მათი მზერა შეხვდა — კასიანას თვალებში სიამაყე ელავდა, ესაიასაში კი... მხოლოდ სიმკაცრე. — მადლობა, მხედართმთავარო. პირბელად არ ვდგავარ ყინულზე, — მიუგო კასიანამ და მკლავი ნაზად, მაგრამ მტკიცედ გაითავისუფლა. საგუშაგოს კედლებიდან ცივი ნესტი გამოდიოდა, რასაც მხოლოდ ბუხრის მჭახე გუგუნი უმკლავდებოდა. სარას უკვე ჩასძინებოდა კუთხეში, თბილ პლედებში გახვეულს. კასიანა კი ფეხაკრეფით მიუახლოვდა მასიურ მუხის მაგიდას, სადაც ესაია და რობი რუკას დაჰყურებდნენ. სანთლის შუქი ესაიას მკაცრ ნაკვთებსა და რობის მშვიდ სახეს ანათებდა. მათ წინ ძველი, გაცვეთილი პერგამენტი ეშალა, რომელზეც ჩრდილოეთის მთების კალთები წვრილი, შავი ხაზებით იყო დატანილი. — ესაია, ამ გადასასვლელთან ქარბუქი გველოდება, — თქვა რობმა ისე, რომ რუკისთვის თვალი არ მოუცილებია. — თუ გზას არ შევამოკლებთ, ხვალ შუადღემდე ვერ მივალთ. კასიანა მაგიდასთან ახლოს დადგა და რუკას ჩააშტერდა. მან თითი ნელა დაადო ერთ-ერთ ვიწრო ხეობას, რომელიც ქედებს შორის იკლაკნებოდა. — აქ რატომ ვჩერდებით? — იკითხა მან მშვიდად. — ეს ხომ „მგლის ხეობაა“? თუ აქედან წავალთ, გზა სამი საათით დაგრძელდება. რობმა მხოლოდ ოდნავ გაიღიმა და პრინცესას თავი დაუკრა — მან კარგად იცოდა, რომ კასიანა სამხრეთში მხოლოდ ქარგვასა და ეტიკეტს არ სწავლობდა; მას კარტოგრაფია და სამხედრო გეგმარებაც ისევე აინტერესებდა, როგორც ხელოვნება. ესაიამ კი თავი ნელა ასწია. მის თვალებში აშკარა გაოცება გაკრთა. მან ჯერ რუკას შეხედა, მერე კასიანას თითს და ბოლოს თავად გოგონას. — თქვენ... იცით ამ ხეობის სახელი? — იკითხა მან დაბალი, ხრინწიანი ხმით. — და რელიეფსაც კითხულობთ? — აბელი მირჩევდა, რომ ყოველთვის მცოდნოდა, სად ვდგავარ და რა მელოდება წინ, — მიუგო კასიანამ და მზერა არ აურიდებია. — ამ ხეობას ჩრდილოეთით მაღალი ქედი იცავს. თუ იქიდან წავალთ, ქარს ავცდებით, თუმცა გზა მართლაც გრძელია. თქვენი „უსაფრთხოება“ დროს დიდ მსხვერპლად სწირავს, მხედართმთავარო. ესაიამ რუკა თავიდან ბოლომდე გადაათვალიერა, თითქოს ახლა პირველად ხედავდა მას. მან კასიანას ანალიზში შეცდომა ვერ იპოვა. მისი გაოცება ნელ-ნელა პატივისცემაში გადაიზარდა, თუმცა სახეზე ისევ ის მკაცრი გამომეტყველება შეინარჩუნა. — შთამბეჭდავია, პრინცესა, — თქვა მან და მაგიდას დაეყრდნო. — მაგრამ ჩრდილოეთის რუკა ერთი რამ არის, მისი რეალობა კი — მეორე. ეს ხეობა ღამით ქარის ხაფანგია. იქაური ყინვა არ ჰგავს იმას, რაც თქვენს რუკებზეა დახატული. ის ძვლებში აღწევს. — მე არ მეშინია სიცივის, — თქვა კასიანამ მტკიცედ. — შიში აქ არაფერ შუაშია. ეს გათვლაა, — მიუგო ესაიამ. მან რობს ანიშნა, რომ ცხენებისთვის გადაეხედა. როცა რობი ოთახიდან გავიდა, ესაია და კასიანა მარტო დარჩნენ ბუხრის წინ. სიჩუმე მხოლოდ შეშის ტკაცუნმა დაარღვია. ესაია კასიანას აკვირდებოდა — ის აღარ იყო მისთვის მხოლოდ გასაცილებელი ტვირთი. — რობს არ გაჰკვირვებია თქვენი ცოდნა, — შენიშნა ესაიამ. — იმიტომ, რომ რობი მიცნობს, — მიუგო კასიანამ და ცეცხლს მიაშტერდა. — თქვენ კი გგონიათ, რომ სამხრეთელი ქალები მხოლოდ მზის სხივების ქვეშ ყოფნისთვის ვართ შექმნილნი. — დღეს დავინახე, რომ ვცდებოდი, — თქვა ესაიამ ისე, რომ სიმპათია არ გამოუხატავს, თუმცა მისი ტონი უფრო რბილი გახდა. — დაისვენეთ, პრინცესა კასიანა. ხვალ რთული გზაა. რუკის კითხვა ერთია, მისი გავლა კი — მეორე. კასიანამ მხოლოდ თავი დაუკრა და თავის ადგილს დაუბრუნდა. დილა საგუშაგოზე სუსხიანი და ნისლიანი გათენდა. ეზოში ცხენების ფრუტუნი ისმოდა. ესაია და რობი ბოლო მითითებებს აძლევდნენ მხედრებს, როცა საგუშაგოს მძიმე კარი გაიღო და იქიდან კასიანა გამოვიდა. ეს აღარ იყო ის პრინცესა, რომელიც გუშინ სამხრეთული კაბის ნაზ კალთებს უფრთხილდებოდა. კასიანას მამაკაცის მოხერხებული სამგზავრო შარვალი და ტყავის ჩექმები ეცვა, ზემოდან კი ჩრდილოეთის თბილი, მძიმე მოსასხამი მოეხვია, რომელიც მგზავრობისას მოძრაობას არ უზღუდავდა. თმები მჭიდროდ აეწია და მაღლა შეეკრა, რაც მის ნაკვთებს კიდევ უფრო მკვეთრს და თავდაჯერებულს აჩენდა. სარამ, რომელიც უკვე ეტლში ასასვლელად ემზადებოდა, დანახვისთანავე წამოიკივლა და გაოცებისგან პირი დააღო: — კასი! ეს რა არის? პრინცესა ხარ თუ ჩრდილოელი დაქირავებული ჯაშუში? მამა რომ გხედავდეს, ალბათ იფიქრებდა, რომ მისი შვილი ვიღაცამ მოიტაცა და მეომრით შეცვალა! რობს ხმამაღლა გაეცინა. ის მიჩვეული იყო კასიანას მოულოდნელ გადაწყვეტილებებს. — პრინცესა ყოველთვის პოულობს გზას, რომ გარემოს მოერგოს, — თქვა მან მხიარულად, შემდეგ კი თავისი ცხენის სადავეები კასიანას გაუწოდა. — მე ეტლს წამოვიყვან, თქვენ კი ჩემი ცხენით წამობრძანდით. ის ამ გზებზე უფრო საიმედოა. ესაია კი ადგილზე გაოგნებული გაშეშდა. ის უყურებდა კასიანას და ვერ იჯერებდა, რომ ეს ის გოგონა იყო, რომელიც საკურას ქვეშ საქანელაზე ქანაობდა. მის სახეზე გაოცება და დაბნეულობა ერთმანეთში ირეოდა. ჩრდილოეთში ქალები იშვიათად იცვამდნენ ასე, თუ ისინი მეომრები არ იყვნენ, მაგრამ კასიანას ამ სამოსში რაღაც ისეთი ბუნებრივი ძალა და სილამაზე ჰქონდა, რამაც მხედართმთავარს სიტყვები დააკარგვინა. — პრინცესა... — დაიწყო ესაიამ და ხმა ჩაუწყდა, — თქვენ... ეტლით მგზავრობა უფრო უსაფრთხოა. — უსაფრთხოება მოსაწყენია, როცა წინ ჩრდილოეთის მთებია, მხედართმთავარო, — მიუგო კასიანამ, რობის ცხენს მოხერხებულად მოახტა და უნაგირიდან გადმოხედა. — ნუ ღელავთ, თქვენს ტემპს არ შევანელებ. ესაიამ მზერა აარიდა, რათა თავისი დაბნეულობა დაემალა, თუმცა გულში იგრძნო, რომ ეს მოგზაურობა იმაზე მეტად ცვლიდა მის წარმოდგენებს სამხრეთელებზე, ვიდრე წარმოედგინა. მან ცხენს დეზები ჰკრა და წინ გაიჭრა, კასიანა კი მის გვერდით, მხარდამხარ მიჰყვებოდა. რამდენიმე საათის შემდეგ, ჩრდილოეთის დედაქალაქის კარიბჭეებთან გვარდიამ საზეიმოდ დაიხია უკან. სასახლის ეზოში მხედრების ჯგუფი შემოვიდა. წინ ესაია მიუძღოდათ, მის მარჯვნივ კი კასიანა მოაბიჯებდა — მამაკაცის სამოსში, თამამი მზერით და ქარისგან აწითლებული ლოყებით. კიბეებზე მდგომი იანე ჯერ დაიბნა, მაგრამ როცა ცხენზე ამხედრებულ მხედარში თავისი და იცნო, აღფრთოვანებისგან წამოიკივლა. ჰენრიმ კი ჩაიღიმა და ესაიას გადახედა, რომლის სახეზეც, მიუხედავად სიმკაცრისა, მაინც იკითხებოდა იმ დღის განმავლობაში მიღებული შთაბეჭდილება. კასიანა ცხენიდან ჩამოხტა და მტკიცე ნაბიჯით გაემართა დისკენ. იანე კიბეებზე თითქმის ჩამოირბინა და კასიანას ისე ჩაეხუტა, თითქოს მისი გაშვება აღარასდროს უნდოდა. — შენ საერთოდ არ იცვლები! — სიცილით უთხრა იანემ და კასიანას სახე ხელებში მოიქცია. — მხოლოდ შენ თუ შეგეძლო ჩრდილოეთის დედაქალაქში ცხენზე ამხედრებულს და მეომრის სამოსში გამოწყობილს შემოსვლა. კასიანამ დას თბილად გაუღიმა, შემდეგ კი ჰენრის დაუკრა თავი, რომელიც მათთან უკვე ახლოს მისულიყო. მეფე ჰენრიმ ინტერესით შეათვალიერა ცოლისდა. ჩრდილოეთის მკაცრი ეტიკეტით, პრინცესას ასეთი გამოჩენა შესაძლოა ვინმეს ეზედმეტა, მაგრამ ჰენრის თვალებში მხოლოდ პატივისცემა ჩანდა. — კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, პრინცესა კასიანა, — თქვა ჰენრიმ და ესაიას გადახედა. — მხედართმთავარო, ვხედავ, მგზავრობამ იმაზე საინტერესოდ ჩაიარა, ვიდრე ველოდით. ესაია, რომელიც ამ დროს ცხენიდან ჩამოქვეითებულიყო, წამით შეყოვნდა. მან კასიანასკენ გააპარა მზერა — გოგონა ახლა იანესა და სარას შორის იდგა, რომელიც ამასობაში ეტლიდან გადმოხტა და მათთან გაჩნდა. კასიანა თავისი მამაკაცური სამოსითა და აწეული თმით უცნაურად გამოიყურებოდა თავის დებთან შედარებით, მაგრამ ამავე დროს, ყველაზე მეტად ის ერწყმოდა ჩრდილოეთის ამ პირქუშ, გრანიტის კედლებს. — მგზავრობა მშვიდობიანი იყო, მეფეო, — მიუგო ესაიამ ოფიციალური ტონით, თუმცა მისი ხმა ჩვეულებრივზე ოდნავ უფრო ჩახლეჩილი ჩანდა. — პრინცესა კასიანამ დაამტკიცა, რომ ჩრდილოეთის გზები მისთვის დაბრკოლება არ არის. ჰენრიმ ჩაიღიმა და იანეს ხელი გადახვია, როცა ეზოში ატეხილი ჟრიამული ცოტათი ჩაცხრა. — ახლა კი, სტუმრებო, შინ შემოდით. კორონაციამდე ჯერ კიდევ სამი დღე გვაქვს. მინდა, რომ ეს დრო დასასვენებლად და ჩვენი მხარის გასაცნობად გამოიყენოთ. იანე მთელი კვირაა გეგმავს, როგორ გაგართოთ, სანამ ჩვენ სახელმწიფო საქმეებს მივხედავთ. ესაიამ, რომელიც იქვე იდგა და თავის ქვეშევრდომებს ბრძანებებს აძლევდა, ამ სიტყვებზე კასიანასკენ გააპარა მზერა. სამი დღე... ეს იმაზე მეტი დრო იყო, ვიდრე მას სურდა ამ უცნაური პრინცესას გვერდით გაეტარებინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


