მანათობელი გრძნობა - თავი 20
ჩემი დაბადების დღიდან სულ რამდენიმეში იყო თამოსიც. ისიც, ჩემსავით ოცდარვის ხდებოდა და იმ წელს, რატომღაც გრანდიოზულად მოუნდა ყველაფრის გაკეთება. ყველაფერი საკუთარი ხელით გააკეთა და ისეთი ბედნიერი იყო, როგორც ათი წლის ბავშვი, ფერიას ტორტს რომ მიუტანენ; - მაინცდამაინც ამ დღეს რატომ მოუნდა მაგ კაცს გამოფენა? - აპროტესტებდა, ჩემი პროექტი მის დღეს რომ დაემთხვა. - თამო, უკვე თვენახევარია გაფრთხილებ და მაინც რატომ ჩხუბობ? - ჩამეცინა - ხომ იცი, შენს დღეს არ გამოვტოვებ, მოვალ. ამიტომ დაწყნარდი და ხასიათს ნუ იფუჭებ. - ნერვები მეშლება. - რა ვქნა? ბატონი დავითის მეგობარი რომ არ იყოს, არ წავიდოდი, ხომ იცი? - შემეშვი, რა! - ჩაილაპარაკა - გამოფენის შემდეგ აქ იყავი, იცოდე! - მითხრა და გათიშა. ბევრი აღარ მიფიქრია თამოს ატეხილ ამბებზე. ვიცოდი, საჩუქარს რომ დაინახავდა, ყველაფერი დაავიწყდებოდა. ამიტომ სწრაფად გამოვეწყვე ჩემს ზეთისხილისფერ კაბასა და აქსესუარების გროვაში და დანიშნულების ადგილზე გამოვცხადდი. - ბატონო გიგი, იმედია მოგწონთ აქაურობა! - ხელი ჩამოვართვი ჩემს კლიენტს და ნაცნობი სახე რომ მოვისაკლისე, გარშემო მიმოვიხედე. - ბატონი დავითი არ არის? - ლიკა, ყველაფერი იდეალურია, ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამისთვის! - გამიღიმა ხანში შესულმა, სოლიდურ ტანისამოსში გამოწყობილმა კაცმა და მერე დაამატა. - დათამ ვერ შეძლო მოსვლა, საგანგებო სიტუაცია ჰქონდა. - მხრები აიჩეჩა. - გასაგებია. - გავუღიმე - გამიხარდებოდა თუ კიდევ ვნახავდი, ჩემი მუდმივი კლიენტია... - დიახ, ვიცი. - თავი დამიქნია - სამაგიეროდ, ჩემი პარტნიორი მოვა ცოტახანში. დათაც იცნობს მას და მგონია, იმ აუქციონზე, დღემდე რომ განხილვის საგანია, აუცილებლად ნახავდით! გასაოცარი პიროვნებაა, საოცარი ადამიანი! - დიდი სიამოვნებით. - ვუთხარი და დროებით დავემშვიდობე, სხვა სტუმრებისთვისაც რომ მიმექცია ყურადღება. მთელმა საღამომ იდეალურად ჩაიარა. გიგი იმაზე გახარებული და ნასიამოვნები დარჩა, ვიდრე ველოდი. ამან კიდევ ერთხელ დამარწმუნა ჩემს შესაძლებლობებში და საშუალება მომცა, კვლავ მეამაყა საკუთარი თავით. ამასობაში არ წყდებოდა თამოს ზარები, რომელიც მაინც ჯიუტად აგრძელებდა ჩემს გადამოწმებას. ვერაფრით დავაჯერე, რომ მართლა მივიდოდი მის დაბადების დღეზე. ამხელა გოგო მაინც ისეთივე ბუტია და მოუთმენელი გახლდათ, როგორც ბავშვობაში. ჩამეცინა, რომ წარმოვიდგინე, რა სახეს მიიღებდა, როცა ჩემს საჩუქარს ნახავდა. ძალიან უნდოდა პროფესიონალური კამერა ჰქონოდა და მოდელიც არჩეული ჰქონდა. კარგა ხანი იყო, ფულს აგროვებდა, მაგრამ მისნაირ სუსტი ნებისყოფის პატრონს, ალბათ არც ეღისებოდა. ამიტომ მე მოვევლინე ნაადრევ თოვლის ბებიად ჩემს გაჭირვებულ მეგობარს ახალ წლამდე ბევრად ადრე. - დათამ ახსენა, რომ თავად თქვენც ხატავთ - არ ჩერდებოდა ჩემი ცნობისმოყვარე კლიენტი. - ვხატავდი. - გასაგებია. - ჩაილაპარაკა და მორცხვად მოისვა ხელი ულვაშზე - და მიზეზი? - უბრალოდ. - ძალიან სამწუხაროა. - დაღონდა - ძალიან მაინტერესებს თქვენი ნამუშევრები. დათამაც ახსენა ჩემთან, ძალიან მომეწონა თქვენი ერთ ერთ-ერთი ნამუშევარი. რა ერქვა...შუქურა? თუ... - უკანასკნელი შუქურა? - დიახ! - თვალები გაუნათდა გიგის. - ფოტოდან რაც დავინახე, აღფრთოვანებული დავრჩი! დასანანია, თქვენისთანა ახალგაზრდა და წარმატებული პერსონა რომ... - ტელეფონის ზარმა საშუალება არ მისცა, სიტყვა დაესრულებინა. უპასუხა და მალევე მომიბრუნდა, მაგრამ სიტყვა ვეღარ გაიხსენა და მეც, უხერხულობის თავიდან ასაცილებლად აღარ გავახსენე. მზერით ჩემს ქარაფშუტა დამხმარეს და ზუსტად იმ წამს, არსაიდან გაისმა უცნობი და მაინც კარგად ნაცნობი ხმა. - გამარჯობა. ადგილზე გავშრი. თითქოს მე კი არა, საერთოდ სამყარო, დრო და სივრცე გაჩერდა. რაღაც არარეალური ხდებოდა ჩემს თავს იქ. ისევ რაღაც შემაძრწულებელი. წამში დამაბრუნა სადღაც უკან, მეც რომ არ ვიცოდი სად და ისევ თავზე დამამხო მთელი ჩემი სამყარო. წამით ვერ გავბედე მზერა შემეგებებინა მისთვის, ამდენი ხნის შემდეგ ისევ ისე, უეცრად რომ გაჩნდა ჩემთან, ჯადოსნური ჯოხის მოქნევის მსგავსად და ვერც იმის დამალვა შევძელი, როგორ დამეჭიმა ყველა ძარღვი სხეულში. გული იმდენად სწრაფად და მძლავრად ძგერდა, ისიც მომეჩვენა, რომ მთელს დარბაზში, ბახის სიმფონიის ნაცვლად, ჩემი გულის ფეთქვა იფრქვეოდა ჰანგებად. საუკუნოდ მომეჩვენა ის მომენტი, თუმცა მხოლოდ რამდენიმე წამს გაგრძელდა. სწორედ იმდენ ხანს, რამდენიც ადამიანს სჭირდება იმისთვის, რომ სუნთქვა არ დაავიწყდეს. ნელა მივტრიალდი და მზერა ნაცნობ სილუეტზე გაჭირვებით გადავიტანე. ის იყო. ის დემეტრე, ორი წლის წინ, იმ დაწყევლილ დილას რომ გაუჩინარდა; თუმცა მის მზერას იმ ძველისგან აღარაფერი შემორჩენოდა: აღარც სიმშვიდე, აღარც სითბო და აღარც ის ჩვეული ღიმილი, სიგიჟემდე რომ მიყვარდა. სრულიად სხვანაირი იყო - უცნაურად დაღლილი, ცივი და ისეთივე ყალბი, როგორიც იმ დროს, როცა გავიცანი. აღარც ის კულულები შერჩენოდა, შუბლზე არეულად რომ ეყარა ხოლმე. თმა მოკლედ შეეჭრა და აქა-იქ, თითქმის შეუმჩნევლად, ჭაღარაც შეჰპარვოდა. მაინც ლამაზი იყო მისი სახე. ლამაზი და სუფთა მიუხედავად სიგამხდრისა და იმ მიმიკური ნაოჭებისა, ლამაზ წარბებს შორის რომ გასჩენოდა. უცვლელი მხოლოდ სევდა იყო მის თვალებში. თუმცა იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე ადრე. - აი ეს ადამიანი არის, ვინც არის! - მისმა მოსვლამ ძალზე გაახალისა ჩემი კლიენტი... - მე? მე არ ვუსმენდი, რას ლაპარაკობდა ჩემს გვერდით მდგომი გიგი და ძალიანაც რომ მდომოდა, არ გამომივიდოდა. არაფერი მესმოდა, გონს ვერ მოდიოდი. მისი მოსვლა სამყაროს თავდაყირა დადგომას ჰგავდა. დააყენა კიდეც. წამში ამოატრიალა ჩემი შინაგანი სამყარო და გრძნობაარეულს, ყველას თვალწინ, და ყველაზე უფრო მის წინ, ცრემლები რომ არ გადმომეყარა, გაჭირვებით მოვიკრიბე ძალა. - ბოდიში, ამ ზარს უნდა ვუპასუხო... - ოსტატურად შევიცვალე სახის გამომეტყველება და რამდენიმე წამით მივაშტერდი ჩამუქებულ ეკრანზე ფონად დაყენებულ პატარა პრინცს. - მალე დავბრუნდები. სწრაფი ნაბიჯით გავეშურე საპირფარეშოსკენ ყურზე მიდებული ცივი ტელეფონითა და არარსებულ არსებასთან გაუგებარი საუბრით. დიდი ძალისხმევა დამჭირდა, შეშლილივით რომ არ წამსკდომოდა სიმწრის ცრემლები და არც ის დაენახა ვინმეს, როგორ მიკანკალებდა ხელები. საგულდაგულოდ გადავკეტე კარი, რომ დავწრმუნდი ოთახში მარტო ვიყავი და მეტი რომ ვეღარ მოვითმინე, ორივე ხელით სიმწრით ჩამებღაუღე ნიჟარას. - ვაიმე... - სუნთქვა გამიჭირდა, ერთდროულად მომაწვა ყველა ემოცია. ისეთი შეგრძნება დამიტოვა, თითქოს მეტად ვეღარ გავუძლებდი მკერდში გაგიჟებით მფეთქავ გულს; სარკიდან სრულიად უცხო გოგო მიყურებდა - გაფითრებული, დაბნეული, თვალებში ათასი კითხვა რომ ჰქონდა ჩარჩენილი და მაინც, ყველა მათგანს ერთი მზერა იტევდა. - არა. - ჩუმად ჩავილაპარაკე - არა, ლიკა. - თითით დავემუქრე ჩემ წინ მდგომს - არ იტირებ! არა! - ვუთხარი და ყინულივით ცივი წყლის წვეთები მთელს ყელსა და მკერდზე მოვიფინე. იქამდე არ გავედი იქიდან, სანამ თვალებში ჩამდგარი ცრემლები უკან არ დავაბრუნე. - არ იტირებ...მორჩა... - ღრმად ჩავისუნთქე, მხრები გავასწორე და უკან დავბრუნდი. ნელა მივუახლოვდი გიგისა და მის პარტნიორს და ნაძალადევად გავუღიმე. - ბოდიში, გადაუდებელი ზარი იყო. - არაუშავს - გამიღიმა ჩემმა კლიენტმა - მთავარია, რომ აი ამ კაცის კიდევ ერთხელ ხილვის შანსი არ დაგიკარგავთ! - აღფრთოვანებული შეჰყურებდა ჩემ წინ მდგომს. - ჩვენ... - ლიკა. - ხელი გავუწოდე ჩამოსართმევად. - მზერა აერია. ალბათ ყველაფერს ელოდა, ამის გარდა. მერე თვითონაც გაიღიმა. ოღონდ იმ ღიმილით, რომელსაც ადამიანები თავდაცვისთვის იყენებენ. თამაში იყო თუ არა, არც მე ვიცოდი, მაგრამ აჰყვა. - დემეტრე. - იმედგაცრუებული მზერა ჰქონდა - დემეტრე ლორთქიფანიძე. - მეგონა ერთხელ უკვე ნახეთ ერთმანეთი... - დაფიქრებით თქვა კაცმა - თითქოს დათამ ახსენა... - არა. - მეც გამიკვირდა ჩემი სწრაფი და მშვიდი პასუხი. - პირველად ვხედავ. - ხმა არ გაუღია ჩემი კლიენტის ძვირფას მეგობარს. - მაშინ მე მეშლება. - დაიბნა გიგი, თუმცა რამდენიმე წუთში, სიტყვით გამოსვლა რომ მოუწია, საერთოდ დავავიწყდით მეც, დათაც და ის კაციც, გვერდიდან რომ არ იშორებდა. - დიდი დრო გავიდა... - გაისმა უცებ, გიგის საუბრის ფონზე. - იმედია, საღამო მოგწონთ. - მომღიმარმა გადავხედე მარჯვნივ ასვეტებულს. - ... - სიტყვა გაუწყდა. - მომწონს. - აღმოხდა დაბალი ხმით. - მიხარია. - თავი დავუქნიე. - პირველად ხართ მსგავს გამოფენაზე? - არა. - მიპასუხა ბოლოს. - მაგრამ ასეთი კარგი ორგანიზება იშვიათია. - გმადლობთ. - გავუღიმე ზრდილობიანად. - ვცდილობ ხოლმე. - არ შეცვლილხარ. - თქვენ მართლა იყავით აუქციონზე სამი წლის წინ? - არ ვნებდებოდი - ნამდვილად არ მახსოვს. - ანუ ასე აპირებ გაგრძელებას? - ... - ხმა არ გავეცი. არც ზედ შემიხედავს. ვხვდებოდი, ჩემი საქციელი მეტისმეტად ბავშვური იყო, თუმცა იმ მომენტში, საკუთარ ეგოს ვერაფერი მოვუხერხე. მთელმა საღამომ ასე ჩაიარა. ბოლომდე ისე გავაგრძელე, როგორც დავიწყე და გიგიმ კი არა, ლამის მანაც დაიჯერა ჩემი თამაში. მაგრამ რატომ თამაში? მე ხომ მართლა არ ვიცნობდი მას? არ ვიცოდი და ალბათ არ მეცოდინებოდა, ვინ იყო კაცი, რომელზეც შეყვარებული ვიყავი. როგორი იყო მისი შინაგანი სამყარო... რას ფიქრობდა, რა ადარდებდა. არ ვიცოდი, რადგან არასდროს უჩვენებია ეს. იმდენად ჩაკეტილი და ამოუცნობი იყო, მისი ყოველი მზერა, ყოველი სიტყვა და ქმედება გამოცანასავით იყო ჩემთვის. ასეც დარჩა. ისე წავიდა და დაბრუნდა, ერთი სიტყვაც არ უთქვამს. უკვე გვიანაც იყო. მეეჭვებოდა რამეს ჩემი ტკივილი გაეყუჩებინა... არც ის ვიცოდი, ისევ თუ შევძლებდი მის ნდობას და საერთოდაც, არ ვფიქრობდი, რომ ის ჩემს ცხოვრებაში დაბრუნდებოდა. ნელა მივუყვებოდი თამოს კორპუსისკენ მიმავალ აღმართს. თითქოს საუკუნოდ გაიწელა დრო და თითოეული ნაბიჯი უფრო და უფრო მაშორებდა დანიშნულების ადგილს. ვგრძნობდი, მეტად მოთმენა აღარ შემეძლო. თვალებაცრემლებული დავჩერებოდი ჩამუქებულ ასფალტს და ყოველი ამოსუნთქვაც უფრო ზრდიდა ყელში გაჩხერილ ბუშტს. ნელა შეეპარა ჩემს გულს ტკივილი - ნაცნობი და უკვე თითქმის განუყრელი. ნიკაპი ამითამაშდა და ჩვევისამებრ ამეწვა გაწითლებული ცხვირიც. ამეტირა. მეტად ვეღარ გავუძელი იმ ყველაფერს, რაც არც კი ვიცოდი, საიდან იწყებოდა. იმდენი რამ მტკიოდა და მგლეჯდა შიგნიდან, უკვე ვეღარც ვარჩევდი. არ წყდებოდა არც თამოს ზარები, დაუღალავად რომ მირეკავდა და არც ის ცრემლები, არაფრის დიდებით რომ არ ილეოდა. როგორ უნდა მეთქვა მისთვის ის, რისიც თავად არ მჯეროდა? ანდაც დაბადების დღე როგორ ჩამეშხამებინა? დაღლა ვიგრძენი. ყველასა და ყველაფრისგან. პირველ რიგში კი, საკუთარი თავისგან, საკუთარი საცოდაობისა და ცრემლებისგან. აღარ შემეძლო იმდენი ნეგატივის ატანა, სულ უფრო რომ მაცლიდა ფილტვებიდან ჰაერს და სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. გაუბედავად დავტიროდი საკუთარ თავს იმ ღამეს, იმ ბნელ აღმართზე ჩაცუცქული. მდუმარების ფიცი დაედოთ ღამის თბილისის ქუჩებს, მე კი საკუთარი სლუკუნის გარდა აღარაფერი მესმოდა. ყველაფერი ნელ-ნელა ინგრეოდა ჩემში, პირველ რიგში კი ის მოჩვენებითი სიმშვიდე, ამდენს ხანს რომ მქონდა შემოხვეული და ჯიუტად ვებღაუჭებოდი. მტკიოდა ჩემი უიღბლო სიყვარული და მასზე უფრო მაინც ის, პატიება რომ არ შემეძლო. და მხოლოდ იმ მომენტში ვაღიარე, რომ მას, დემეტრეს, წასვლაზე მეტად, დაბრუნებას ვერ ვპატიობდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



