შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"კასიანა" (თავი VII)


დღეს, 00:17
ნანახია 20

მეორე დილით კასიანამ ადრე გაიღვიძა. სასახლე ჯერ კიდევ თვლემდა. მან გადაწყვიტა, ბიბლიოთეკა მოენახულებინა, რადგან ყოველთვის აინტერესებდა ჩრდილოური ქრონიკები.
​ბიბლიოთეკის მაღალ თაღებში სიჩუმე სუფევდა. კასიანა წიგნების თაროებს შორის დადიოდა, როცა ნაცნობი ხმა გაიგონა.
— აქაც რუკებს ეძებთ, პრინცესა?
​ესაია ფანჯარასთან იდგა, ხელში ძველი ტომი ეჭირა. ისევ ისეთივე მკაცრი და მოზომილი იყო, თუმცა ამ დილის შუქზე მისი ნაკვთები ოდნავ უფრო რბილად მოჩანდა.
​— ჩრდილოეთის ისტორია რუკებზე არანაკლებ საინტერესოა, მხედართმთავარო, — მიუგო კასიანამ და ერთ-ერთი წიგნი გადმოიღო. — თქვენ კი, მეგონა, მხოლოდ პოლიგონზე ატარებდით დროს.
​— მხედართმთავარს სჭირდება ცოდნა იმაზე, თუ რას იცავს, — თქვა ესაიამ და კასიანას მიუახლოვდა. — ხვალ იანე დიდ ნადიმს მართავს თქვენს პატივსაცემად. მზად ხართ, რომ ჩრდილოელი დიდებულების ყინულოვანი მზერა აიტანოთ?
​— თქვენი მზერა უკვე გადავიტანე, ასე რომ სხვები ვეღარ შემაშინებენ, — გაუღიმა კასიანამ და თვალი თვალში გაუყარა.
​ესაიას გაეღიმა — თითქმის შეუმჩნევლად, მხოლოდ ტუჩის კუთხით.
— ვნახოთ. სამი დღე მალე გაივლის, კასიანა.
​მან თავი დაუკრა და ბიბლიოთეკა დატოვა, კასიანა კი დარჩა წიგნებს შორის.

ბუხარი მძლავრად გიზგიზებდა, კედლებზე ჩრდილები ცეკვავდნენ, მაგიდასთან კი ნამდვილი სამხრეთული ჟრიამული იდგა. ესაია, რომელიც ჩვეულებრივ მხოლოდ სამხედრო საბჭოების სიმკაცრეს იყო ჩვეული, ახლა უჩვეულო სცენის მომსწრე გამხდარიყო: სამი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული და, რომლებიც საკუთარ ბავშვობას იხსენებდნენ.
​— ჰენრი, შენ გგონია, რომ პრინცესები ჩამოგივიდნენ? — სიცილით დაიწყო სარამ და თვალები ეშმაკურად მოჭუტა. — აი, მე — კი, ნამდვილად პრინცესა ვარ! სარკესთან საათობით დგომა, საუკეთესო აბრეშუმი და მეჯლისის მოლოდინი ჩემი სტიქიაა. მაგრამ კასიანა?
​სარამ ხელი კასიანასკენ გაიშვირა, რომელიც ამ დროს მშვიდად ატრიალებდა ღვინის თასს.
​— კასიანა ჩვენი ოჯახის მეორე ვაჟი იყო! — განაგრძო სარამ. — სანამ მე და იანე თოჯინებს კაბებს ვუკერავდით, კასიანა აბელსა და რობს ტყეში დაჰყვებოდა. ერთხელ მამამ სამეფო ბაღში იპოვა — მუხის ხის კენწეროზე იჯდა, მამაკაცის ძველი პერანგი ეცვა და იქიდან გვიყვიროდა, სანამ გენერლობის უფლებას არმომცემთ არ ჩამოვალო!
​ჰენრის ხმამაღლა გაეცინა და კასიანას გადახედა, რომელიც იცინოდა.
— ესე იგი, ის სამოსი, რომლითაც სასახლეში შემოხვედით, შემთხვევითობა არ ყოფილა? — იკითხა მეფემ.
​— სულაც არა, — ჩაერთო იანე და კასიანას თბილად შეხედა. — კასიანა ყოველთვის ასეთი იყო. როცა აბელსა და მის მეგობრებს რამე შავბნელი გეგმა ჰქონდათ, კასიანა ყოველთვის მათი სტრატეგი იყო. მამა ამბობდა, კასიანას რომ ჯარი მისცე, ერთ კვირაში ნახევარ კონტინენტს დაიპყრობსო. სამაგიეროდ, სარას ერთი გაწვიმებაც კი სასოწარკვეთაში აგდებდა, თუ ახალი ფეხსაცმელი ეცვა.
​— სამაგიეროდ, მე ყველაზე კარგად ვცეკვავდი! — თავი დაიცვა სარამ და მხრები აიჩეჩა. — იანე კი... იანე ჩვენი გამშველებელი იყო. ჰენრი, შენს ცოლს ბავშვობაშიც კი მეორე დედას ვეძახდით. ყველაზე მეტად ის ზრუნავდა ყველაფერზე. თუ ბაღში ჩიტი ბუდიდან გადმოვარდებოდა, იანე მანამ არ დაიძინებდა, სანამ არ დარწმუნდებოდა, რომ ის უსაფრთხოდ იყო.
​— იანე ყოველთვის ჩვენზე ფიქრობდა, — თქვა კასიანამ დაბალი ხმით და მისი მზერა საოცრად დათბა. — მაშინაც კი, როცა მე და აბელი ტალახში ამოსვრილები ვბრუნდებოდით, ის არ გვეჩხუბებდა. ჩუმად შემოგვიყვანდა, დაგვაბანინებდა, სუფთა ტანსაცმელს მოგვიტანდა და დედასთან გვამართლებდა. მისი სიდინჯე და სიმშვიდე იყო ის, რაც ჩვენს გადარეულ ოჯახს აბალანსებდა.
​ჰენრიმ იანეს ხელი მაგრად მოუჭირა.
— ვხედავ, რომ ჩრდილოეთშიც ზუსტად იმავეს აკეთებს. მისი სიდინჯე ჩემთვის ყველაზე დიდი დასაყრდენია.
​ამ დროს კასიანამ იგრძნო, რომ ვიღაც დაჟინებით აკვირდებოდა. ეს ესაია იყო. მხედართმთავარი, რომელიც აქამდე მხოლოდ სამხედრო ბრძანებებით შემოიფარგლებოდა, ახლა სულ სხვა თვალით უყურებდა მას. მის წინ აღარ იჯდა უბრალოდ ჯიუტი პრინცესა. მის წინ იჯდა ქალი, რომელიც ხეებზე დაძვრებოდა, რუკებს კითხულობდა და ამავე დროს, თავისი დების მიმართ უსაზღვრო სიყვარულს არ მალავდა.
​— ესე იგი, პრინცესა კასიანა, — თქვა ესაიამ მშვიდად, —ბავშვობიდან მეომრობას ცდილობდით, ჩრდილოეთში ასეთ მეომრებს ხშირად ვერ შეხვდებით.
​— ჩრდილოეთში ბევრი რამ არის, რასაც ხშირად ვერ შეხვდებით, მხედართმთავარო, — მიუგო კასიანამ და თვალი თვალში გაუყარა. — თუმცა, ზოგჯერ ის, რაც ყველაზე მეტად გვაკლია, სწორედ ჩვენს თვალწინ აღმოჩნდება ხოლმე.
​სარამ და იანემ ერთმანეთს გადახედეს, ჰენრიმ კი კმაყოფილმა დააქნია თავი.
ვახშამი დასასრულს უახლოვდებოდა. სარასა და იანეს სიცილის ხმა დარბაზში ისევ ისმოდა, როცა კასიანამ თასი მაგიდაზე დადო და მზერა პირდაპირ ჰენრიზე გადაიტანა. მის ხმაში ჩვეული სიმტკიცე გაერია, თუმცა ამჯერად მასში რაღაც ახალი — ცნობისმოყვარეობა გამოსჭვიოდა.
​— მეფე ჰენრი, — დაიწყო მან და დარბაზში საუბარი წამით მიწყდა, — კორონაციის შემდეგ იანესა და სარას გეგმები ვიცი, მაგრამ მე ერთი თხოვნა მაქვს. თუ ნებას დამრთავთ, მსურს აქ კიდევ რამდენიმე კვირა დავრჩე.
​იანემ გაოცებით გადახედა დას, სარამ კი წარბები აზიდა. ჰენრიმ ინტერესით შეხედა ცოლისდას.
​— რა თქმა უნდა, კასიანა. ეს სასახლე შენი სახლიცაა, — მიუგო მეფემ, — თუმცა, სიმართლე გითხრა, მეგონა სამხრეთის მზე მალე მოგენატრებოდა. რა არის ისეთი, რამაც ჩრდილოეთში შენი ყურადღება მიიპყრო?
​კასიანამ წამით ესაიას გადახედა, რომელიც ისევ ისეთივე უემოციო სახით იჯდა, თუმცა მისი მზერა უფრო დაძაბული გახდა.
​— მინდა საკუთარი თვალით ვნახო, როგორ ხდება ჩრდილოეთში საბრძოლო მომზადება, — თქვა კასიანამ და წინ გადაიხარა. — მაინტერესებს თქვენი სტრატეგია, იარაღი, მისი ფლობის ტექნიკა და ის დისციპლინა, რომლითაც ასე ამაყობთ. სამხრეთში მეომრობა ხელოვნებაა, აქ კი... მგონია, რომ ეს გადარჩენის საშუალებაა. და კიდევ ერთი რამ — მინდა ვიცოდე, გყავთ თუ არა ქალი მებრძოლები?
​ჰენრიმ ჩაიღიმა და ესაიას გადახედა, თითქოს მისგან პასუხს ელოდა. მხედართმთავარმა თასი დადო და კასიანას შეხედა.
​— ჩრდილოეთში, პრინცესა, ბრძოლა არ ირჩევს სქესს, — თქვა ესაიამ მშვიდად. — როცა ქარბუქი მოდის ან მტერი კარიბჭესთანაა, ყველა, ვისაც ხმლის დაჭერა შეუძლია, მებრძოლია. ჩვენ გვყავს ქალთა დანაყოფები, რომლებიც საზღვრისპირა ციხესიმაგრეებს იცავენ. ისინი ისევე სხარტად ისვრიან ისარს, როგორც ნებისმიერი კაცი ჩემს დაქვემდებარებაში.
​კასიანას თვალებში ნაპერწკალი აინთო.
— ზუსტად ამას ვგულისხმობდი. მინდა ვნახო მათი წვრთნა. მინდა გავიგო, როგორ ახერხებენ ასეთ სიმკაცრეში სიმტკიცის შენარჩუნებას.
​ჰენრიმ კმაყოფილმა დააქნია თავი.
— ესაია, ვხედავ, რომ კორონაციის შემდეგ შენს პოლიგონზე ახალი სტუმარი გეყოლება. იმედი მაქვს, პრინცესასთვის დროს გამონახავ.
​ესაიამ კასიანას შეხედა — მის მზერაში აღარ იყო გაკვირვება, ახლა იქ რაღაც გამოწვევის მსგავსი ჩანდა.
— თუ პრინცესა მზად არის, რომ დილის ხუთ საათზე, ყინვაში, პოლიგონზე იდგეს და არა ბუმბულის საწოლში, მაშინ ჩემი კარი მისთვის ღიაა.
​— ხუთ საათზე იქ ვიქნები, მხედართმთავარო, — მიუგო კასიანამ და ტუჩის კუთხეში გამარჯვებულმა ღიმილმა გაჰკრა. — ოღონდ არ გეგონოთ, რომ მხოლოდ მაყურებლის როლით დავკმაყოფილდები.
​სარამ ამოიოხრა და თავი ხელებში ჩარგო.
— ღმერთო ჩემო, ესაია, მოემზადე... რამდენიმე კვირაში შენი საუკეთესო მეომრები ალბათ სამხრეთულ აქცენტზე დაიწყებენ საუბარს.
​დარბაზში ისევ სიცილი ატყდა. იანემ დას ხელი მოუჭირა, ჰენრი კი კმაყოფილი უყურებდა კასიანას. იმ საღამოს კორონაცია უკვე აღარ ჩანდა ერთადერთ მნიშვნელოვან მოვლენად — ჩრდილოეთში ახალი, სამხრეთული ქარიშხალი ემზადებოდა შემოსაჭრელად.
ვახშმის შემდეგ, როცა სასახლეში სიმშვიდემ დაისადგურა, კასიანამ მხრებზე თავისი მძიმე მოსასხამი მოიცვა და ქვედა სართულისკენ გაემართა. მან იცოდა, რომ რობს ასე ადრე არ დაეძინებოდა — ის ყოველთვის ბოლოს ამოწმებდა ცხენებსა სანამ დაისვენებდა.
​რობი თავლასთან იდგა, ღამის სუსხში ჩირაღდნის შუქზე თავის ცხენს ეფერებოდა. კასიანას ნაბიჯების ხმაზე მაშინვე მოტრიალდა და გაეღიმა.
​— პრინცესა, ასეთ დროს გარეთ ყოფნა სახიფათოა. ჩრდილოეთის ღამე სამხრეთულზე ბევრად მკაცრია, — თქვა მან და ხელთათმანები შეიხსნა.
​— მოდი, ცოტა გავიაროთ, რობ, — უთხრა კასიანამ და ეზოსკენ გაუძღვა, სადაც თოვლი მთვარის შუქზე ბზინავდა. — ერთი რამ უნდა გითხრა. ჰენრის ვთხოვე, რომ კორონაციის შემდეგ აქ კიდევ რამდენიმე კვირა დამტოვოს.
​რობი წამით შეჩერდა და გაოცებულმა შეხედა, თუმცა მალევე ისევ ის მშვიდი გამომეტყველება მიიღო, რომელიც ყოველთვის ახასიათებდა.
​— ჩრდილოეთში დარჩენა? — ჩაილაპარაკა მან. — მეგონა, როგორც კი იანეს გვირგვინს დაადგამდნენ, მაშინვე სახლში დაბრუნებას მოინდომებდი.
​— მინდა მათი საბრძოლო ხელოვნება შევისწავლო, რობ. მინდა ვნახო, როგორ წვრთნიან აქაურ მებრძოლებს. ესაიას პოლიგონზე ვაპირებ სიარულს, — კასიანა გაჩერდა და რობს თვალებში შეხედა. — მამამ შეიძლება ჩემს მცველად აქ დაგტოვოს. ვიცი, რომ სახლში შენი ცხოვრება გაქვს, შენი თავისუფლება... მითხარი სიმართლე, დისკომფორტი ხომ არ იქნება ეს შენთვის? არ მინდა, ჩემი ახირების გამო აქ დიდხანს იყო გამოკეტილი.
​რობი ცოტა ხანს დუმდა, მერე კი თბილად ჩაეცინა. მის თვალებში ნამდვილი მეგობრული ერთგულება ჩანდა.
​— პრინცესა, მე მხოლოდ თქვენი მცველი კი არა, თქვენი მეგობარი ვარ. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, სად ვიქნები — სამხრეთში თუ ამ ყინულოვან მთებში, მთავარია, რომ საქმეს ვაკეთებდე. თანაც, სიმართლე გითხრათ, ძალიან მაინტერესებს, როგორ გაართმევთ თავს ესაიას წვრთნებს. ის ისეთივე მყარია, როგორც ეს კლდეები.
​— ეჭვი გეპარება ჩემში? — წარბი ასწია კასიანამ.
​— თქვენში — არასდროს, — თავი დაუკრა რობმა. — უბრალოდ, ესაიას ვუთანაგრძნობ. მან ჯერ კიდევ არ იცის, რა ელოდება, როცა თქვენს ხასიათს საბრძოლო მოედანზე გამოსცდის. ჩვენ ერთად ბევრი რამ გადაგვიტანია და ვიცი, რომ სადაც თქვენ ხართ, იქ მოწყენილობა არ არსებობს. ასე რომ, ჩემზე ნუ ღელავთ — ჩრდილოეთი ჩემთვის ახალი გამოწვევაა და მე მას სიამოვნებით მივიღებ.
​კასიანამ გაიცინა და რობს მხარზე ხელი დაადო.
— მადლობა, რობ. შენი მხარდაჭერა ჩემთვის ბევრს ნიშნავს.
​ისინი კიდევ დიდხანს სეირნობდნენ თოვლიან ეზოში, იხსენებდნენ სამხრეთულ თავგადასავლებს და გეგმავდნენ, როგორ უნდა გაეოცებინათ ჩრდილოეთის მკაცრი მეომრები. კასიანა გრძნობდა, რომ სანამ გვერდით რობი ჰყავდა, ნებისმიერი გამოწვევა, თუნდაც ესაიას პოლიგონი, მხოლოდ საინტერესო თავგადასავლად გადაიქცეოდა.

ახალი დედოფლის კორონაციის მოლოდინში სამეფო სასახლე დილიდანვე ფუტკრის სკასავით აგუგუნდა. დერეფნებში მსახურები და დიდებულები დაფაცურებდნენ, ყველგან ჩურჩული და დაძაბული მზადება იგრძნობოდა. ჩრდილოეთისთვის უცხო, სამხრეთელი ქალის — იანეს ტახტზე ასვლა ყველას აფორიაქებდა. დღეს სამეფო არა უბრალოდ ახალ დედოფალს აკურთხებდა, არამედ სამხრეთთან სამუდამო მშვიდობის გარანტიას აკანონებდნენ.
დარბაზის ერთ-ერთ კუთხეში, ხალხისგან ოდნავ მოშორებით, კასიანა იდგა. მას მუქი ზურმუხტისფერი, მძიმე ქსოვილის კაბა ეცვა, რომელიც სხეულზე მჭიდროდ ჰქონდა შემოტკეცილი, ოქროს ნაკერები კი მხოლოდ მკერდზე თამაშობდა სამხრეთული ორნამენტებით. თმა უბრალოდ, მაღლა ჰქონდა აკრეფილი, რამდენიმე თავისუფალი კულული კი ყელზე ეცემოდა. კასიანა აუღელვებლად, თავისი ჩვეული სიამაყით, ღიმილით და დუმილით ადევნებდა თვალს სამზადისს.
იანე დარბაზის ცენტრში, ტახტისკენ მიემართებოდა. მისი ყოველი მოძრაობა — ნელი, აუჩქარებელი და დიდებული — გარშემომყოფებს აიძულებდა, მოწიწებით დაეხიათ უკან. მასში სრული, დედოფლური სიმშვიდე იგრძნობოდა, რაც ჩრდილოელ დიდებულებს ლაპარაკის სურვილს უკარგავდა. სარა იქვე, ახლოს იდგა. მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდა სერიოზული სახე შეენარჩუნებინა, მისი თვალები მაინც აქეთ-იქით დარბოდნენ, დარბაზში მყოფთა რეაქციებს აკვირდებოდნენ და მღელვარებას ძლივს მალავდა.
კარები გაიღო და დარბაზში ესაია შემოვიდა.
მხედართმთავარს შავი, ლითონის ფირფიტებით დაცული სამხედრო მუნდირი ეცვა, რაც მის მრისხანე და მძლავრ აღნაგობას კიდევ უფრო მკაცრს აჩენდა. მისი გამოჩენისას ჩურჩული წამით შეწყდა. ესაიამ დარბაზს მზერა გადაავლო და წამით... მხოლოდ ერთი წამით, მისი ცივი, ღრმა თვალები კასიანას შეეჩეხა. ეს იყო უსიტყვო დუელი, ორ ცეცხლს შორის გაჩენილი ნაპერწკალი, რომელიც ორივემ მყისვე ჩააქრო და მზერა აარიდა.
ერიკი სარას ზურგს უკან ტრიალებდა. მან ისარგებლა მომენტით, როცა დიდებულების ყურადღება ესაიაზე გადავიდა, ოდნავ წინ გადაიხარა და გოგონას ყურთან რაღაც ჩასჩურჩულა. სარამ ტუჩზე იკბინა, რომ არ გაცინებოდა, ლოყებზე სიწითლემ გადაუარა და სახეზე ხელი აიფარა, რათა დიდებულების მკაცრი მზერა არ მიეპყრო.
ცერემონიის კულმინაცია დადგა. მეფე ჰენრი ტახტზე იჯდა, მის გვერდით კი იანე იჯდა. მათ წინ, ხავერდის ბალიშზე, ოქროს მძიმე გვირგვინი იყო. დარბაზში სრული სიჩუმე ჩამოვარდა. მღვდელმთავარმა გვირგვინი აიღო და იანეს თავზე დაადო, რითაც ის ოფიციალურად გამოაცხადა ჩრდილოეთის დედოფლად.
— გაუმარჯოს დედოფალს! — დაიგუგუნა ესაიას მჭექარე ხმამ.
ეს სიტყვები მთელმა დარბაზმა ერთხმად აიტაცა. დიდებულებმა ხმლები იშიშვლეს და იატაკზე ფოლადის მძიმე დარტყმით დაადასტურეს ფიცი. რკინის ხმამ სასახლის თაღები შეაზანზარა.
ამ ოვაციებისა და ხმლების ჟღარუნის ფონზე, კასიანამ ისევ იგრძნო მხედართმთავრის მზერა. ესაია იდგა პირქუში, უძრავი, მკლავებგადაჯვარედინებული, და უყურებდა მას. მის თვალებში ახალი, მანამდე უცნობი შტორმი იწყებდა გაღვივებას — ჩრდილოეთმა ახალი დედოფალი მიიღო, მაგრამ ნამდვილი თამაში ძალაუფლების და კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ახლა იწყებოდა.
კორონაციის ოფიციალური სიმკაცრე მალევე შეცვალა საზეიმო ნადიმმა. დიდი დარბაზის გრძელი, მუხის მაგიდები ათასგვარი სანოვაგით, შემწვარი ნადირის ხორცითა და მძიმე, ვერცხლის თასებით აივსო, სადაც სამხრეთული ღვინო და ჩრდილოური ლუდი ერთმანეთს ერწყმოდა. მუსიკოსები ძველ, სიმებიან საკრავებს აჟღერებდნენ, თუმცა დარბაზში ატეხილ ხმაურს — ჭიქების ჟღარუნს, ხმამაღალ სიცილსა და დიდებულების მილოცვებს — მელოდია ძლივს გადაფარავდა.
მეფე ჰენრი და ახალი დედოფალი იანე დარბაზის თავში, საპატიო ადგილას ისხდნენ. იანეს სახეზე დაღლილობის მიუხედავად მაინც დედოფლური დიდებულება აღბეჭდოდა, ჰენრი კი კმაყოფილი მზერით გადაჰყურებდა თავის ხალხს. სამეფომ ახალი მბრძანებელი აღიარა და ახლა ეს ხალხი თავაშვებულ მხიარულებას მიცემოდა.
კასიანა ამ ყველაფერს გვერდიდან, თავისი ჩვეული, იზოლირებული ადგილიდან აკვირდებოდა. მას ხელში თასი ეჭირა, თუმცა სასმელს ძლივს აკარებდა ტუჩებს. მისი ზურმუხტისფერი კაბა სანთლების შუქზე კიდევ უფრო მუქი და იდუმალი ჩანდა. ის ერიდებოდა მოცეკვავეებსა და მოქეიფეებს; ის უბრალოდ იდგა და ელოდა...
იქვე, რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, ერიკი და სარა ისხდნენ. ერიკს წვეულების ატმოსფერო აშკარად აძლევდა ხელს — ჩრდილოური მკაცრი ეტიკეტი დაეწვიწყებინა. ის სარასთან იმდენად ახლოს მიჩოჩებულიყო, რომ მათი მხრები თითქმის ერთმანეთს ეხებოდა. ერიკი ხავერდოვანი, დაბალი ხმით რაღაც ამბებს უყვებოდა, თან თვალებში ეშმაკური ნაპერწკლები უთამაშებდა. სარა, რომელსაც ლოყები აწითლებოდა, ცდილობდა თავშეკავებული ყოფილიყო, მაგრამ ყოველი მეორე წინადადების შემდეგ ჩუმად ფრუტუნებდა. აშკარა იყო, რომ ეს თამაში ორივეს სიამოვნებდა.
და აი, ხალხის მასას მძიმე, მტკიცე ნაბიჯებით გამოეყო ის. ესაია. მხედართმთავარს საყელო ოდნავ შეეხსნა, თუმცა მისი მრისხანე და პირქუში იერი არსად გამქრალიყო. მას ხელში ღვინის მძიმე თასი ეჭირა. ისე, რომ სხვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია, პირდაპირ კასიანასკენ წავიდა. მისი ცივი, გამჭოლი მზერა გოგონას სახეს მიეყინა.
ის კასიანასთან იმდენად ახლოს გაჩერდა, რომ მათ შორის მხოლოდ ერთი ნაბიჯი დარჩა. ჰაერი მათ შორის წამში დაიძაბა, თითქოს მთელი დარბაზის ხმაური სადღაც შორს, ფონად გადავიდაო.
მან ჩაცალა ღვინით სავსე თასი, შემდეგ ნელა, აუჩქარებლად დადო თასი იქვე, მაგიდის კუთხეში, და მზერა ერთი წამითაც არ მოუცილებია გოგონასთვის.
შემდეგ კი, ისე, რომ ხმა არ ამოუღია, ერთი ნაბიჯით კიდევ უფრო მიუახლოვდა. მისი დიდი, ნაწიბურებით დაფარული ხელისგული ზემოთ ააბრუნა და კასიანას წინ გააჩერა.
კასიანას წამითაც არ აუკანკალებია ხელი. მის თვალებში სიამაყემ იფეთქა, თუმცა უკან არ დაუხევია. მან ნაზი, მაგრამ მტკიცე მოძრაობით ჩასვა თავისი ნაზი ხელი მამაკაცის უხეშ ხელისგულში.
როდესაც ისინი დარბაზის ცენტრისკენ გაემართნენ, გარშემო მყოფთა ჩურჩული და ჭიქების ჟღარუნი თითქოს საერთოდ გაქრა. მუსიკოსებმა ძველ სიმებიან საკრავებზე უფრო მძიმე, ნელი და რიტმული მელოდია ააჟღერეს, რომელიც ჩრდილოურ ტრადიციულ ცეკვას შეეფერებოდა.
ესაიას ძლიერი ხელი კასიანას წელზე მოეჭდო. მუქი ზურმუხტისფერი ქსოვილი მათ შორის ერთადერთ ბარიერად ქცეულიყო. ისინი ნელა ტრიალებდნენ დარბაზში, თუმცა ეს არ იყო ჩვეულებრივი სადღესასწაულო ცეკვა — ეს იყო ორი ძალის, ორი სამყაროს ფარული შეჯახება.
არცერთს არ დაუძრავს ბაგე. მათ შორის დუმილი იმაზე მეტს ამბობდა, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა იტყოდა. კასიანა თავაწეული, ამაყად უყურებდა მას პირდაპირ თვალებში, მისი მზერა ფოლადივით მტკიცე იყო, თუმცა შიგნით ის ფარული მგრძნობელობა კრთოდა, რომელსაც ასე სათუთად მალავდა. ესაიას ცივი, ღრმა და მრისხანე თვალები კი თითქოს მის სულში შეღწევას ცდილობდნენ, ეძებდნენ იმ წერტილს, სადაც სამხრეთელი ქალის თავნებობა გატყდებოდა.
მათი მოძრაობები უფრო მეტად სინქრონული და დაძაბული ხდებოდა. ისინი ერთმანეთს უყურებდნენ — დაუნდობლად, გამომცდელად, ისე, რომ გარშემო ვერც მეფეს ამჩნევდნენ, ვერც დიდებულებს და ვერც იმ მზერას, რომელიც მთელი დარბაზიდან მათკენ იყო მოპყრობილი. ეს იყო ორთაბრძოლა, სადაც გამარჯვებული ის დარჩებოდა, ვინც პირველი აარიდებდა თვალს. მიუხედავად ცეკვისა, არცერთის სახეზე არ ასახულა სირბილე; ეს იყო სუფთა, პირველყოფილი ჯიუტობა და ერთმანეთით მიზიდულობა, რომელსაც ვერცერთი ვერ აღიარებდა. ცეკვის მელოდია მათ გარშემო აღარ არსებობდა; დარჩა მხოლოდ აჩქარებული, მძიმე რიტმი, რომელიც იატაკიდან პირდაპირ სხეულში გადადიოდა. ესაიას ხელი კასიანას წელზე იმდენად მჭიდროდ შემოეჭირა, რომ გოგონას სუნთქვა შეეკრა. კასიანას თავი მაღლა ჰქონდა აწეული, მისი მზერა პირდაპირ მხედართმთავრის თვალებში იძირებოდა და თვალს არცერთი არ არიდებდა. ეს იყო დაუნდობელი თამაში — ვინ უფრო ადრე გატყდებოდა, ვინ უღალატებდა საკუთარ თავს. უცებ, მუსიკის მკვეთრ გადასვლაზე, ესაიამ ის თავისკენ ისეთი ძალით მოქაჩა, რომ კასიანას ფეხი აერია და ინსტინქტურად მამაკაცის ფართო მხარს ჩააფრინდა. მანძილი მათ შორის უბრალოდ გაქრა. ჰაერი, რომელსაც სუნთქავდნენ, საერთო გახდა.
ესაიას მზერა კასიანას ბაგეებზე დაეშვა. მისი ყბის კუნთი ისე საშინლად დაიჭიმა, თითქოს საკუთარ თავს ეომებოდა, რომ იქვე, მეფეების, დედოფლების და ასობით დიდებულის თვალწინ, მის ტუჩებს არ დაწაფებოდა.და სწორედ ამ წამს, როცა მის თვალებში აფორიაქება, ლტოლვა და სურვილი ჩანდა, მათ შორის მძიმე, ნაცნობი ჩრდილი ჩადგა.
​— ნება მომეცით, მხედართმთავარო, ჩემს დასთან ცეკვა მე განვაგრძო, — გაისმა აბელის, მშვიდი ხმა.
​აბელი მათ გვერდით იდგა, მისი მზერა ყველაფერს ამბობდა — მან ზუსტად დაინახა ის უფსკრული, რომლის პირასაც მისი და და ესაია რამდენიმე წამის წინ აღმოჩნდნენ.
​ესაიას სხეული წამით თითქოს გაქვავდა. მისი თვალები ნელა, თითქოს ნისლიდან გამოდისო. ხელი აუჩქარებლად, თითქოს უზარმაზარი ფიზიკური ტკივილის ფასად, მოაშორა გოგონას წელს. ის ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, აბელს თავი დაუკრა, კასიანას კი კიდევ ერთხელ შეავლო ისეთი მზერა, რომელიც ჰაერში დატოვებულ ღია ჭრილობას ჰგავდა და ხალხში გაუჩინარდა.
აბელმა დახვეწილი, მშვიდი მოძრაობით ჩაავლო ხელი დას და ცეკვის რიტმში ჩააბა. კასიანამ მხოლოდ ახლა მოახერხა ფილტვებში ჰაერის ჩაშვება, თუმცა მისი გული კვლავ გამალებით აწყდებოდა ნეკნებს.ზედმეტად ახლოს იყავი ცეცხლთან, კასიანა, — დაბალი, მხოლოდ მისთვის გასაგონი ხმით თქვა აბელმა და მტკიცედ დაატრიალა დარბაზში. — ჩრდილოეთში ეს ცეცხლი ორივეს დაგფერფლავთ, თუ თავშეკავებას არ ისწავლი. აბელმა ცეკვის რიტმი შეანელა, დახვეწილი მოძრაობით მყუდრო კუთხისკენ წაიყვანა კასიანა და მზერა პირდაპირ მის თვალებში გადაიტანა. მის ხმაში აღარ იგრძნობოდა უფროსი ძმის სიმკაცრე, ის მხოლოდ უსაზღვრო მზრუნველობითა და ერთგულებით იყო სავსე.
​— კასიანა, მისმინე, — ჩუმად, მაგრამ თითოეული სიტყვის განსაკუთრებული ხაზგასმით თქვა მან. — მე ყოველთვის შენს მხარეს ვიქნები. ნებისმიერ გადაწყვეტილებაში მხარს აგიბამ და რაც უნდა მოხდეს, ჩემი იმედი ყოველთვის შეგიძლია გქონდეს. მაგრამ გთხოვ... ისე ნუ მოიქცევი, რომ იანეს, ჰენრის ან ჩვენს მშობლებს პრობლემები შეუქმნა. აქ სასწორზე ბევრად მეტი დევს, ვიდრე უბრალოდ შენი და მხედართმთავრის სიჯიუტეა.
​კასიანამ პასუხის გაცემა დააპირა, თუმცა აბელმა არ აცალა. მან დას ხელი მკლავში ნაზად მოჰკიდა და დარბაზის კიდეში მდებარე მძიმე, ხავერდის ფარდებს მიეფარა. მათ უკან მასიური, მუხის კარები მალევე გაიღო და დაიკეტა.
​ისინი დიდ, ქვის აივანზე გავიდნენ.
​დარბაზის ხმაური, მუსიკა და დიდებულების ჩურჩული წამში ჩაცხრა, თითქოს სქელ კედლებს მიღმა ჩაიკეტაო. აივანზე ჩრდილოეთის სუსხიანი, ყინულოვანი ჰაერი ტრიალებდა, რომელმაც კასიანას ლოყებზე ატეხილი ალმური მყისვე გააგრილა. ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი, შორს კი ჩრდილოეთის მთების მრისხანე, თოვლიანი მწვერვალები მოჩანდა. კასიანა აივნის მოაჯირს მიუახლოვდა, ცივ ქვას ხელებით დაეყრდნო და ღრმად ჩაისუნთქა ყინულოვანი ჰაერი, რათა გონება საბოლოოდ გაეწმინდა იმ აკვიატებული სიმხურვალისგან, რომელიც რამდენიმე წუთის წინ მთელ მის სხეულს მართავდა.
კასიანას სიტყვები ჰაერში გაიყინა. ჩრდილოეთის ყინულოვანმა სიჩუმემ ეს ფრაზა მყისვე აიტაცა და თითქოს ექოდ დააბრუნა აივნის ცივ ქვის კედლებთან.
-აბელ, მე მგონი ესაია მიყვარს.
აბელი წამით გაშეშდა. მას დისთვის ზურგი ექცია და დარბაზისკენ იყურებოდა, რათა დარწმუნებულიყო, რომ მათ არავინ მოჰყვებოდა, მაგრამ კასიანას ხმის გაგონებაზე ნელა შემოტრიალდა. მის სახეზე ჯერ გაოცებამ გადაურბინა, შემდეგ კი — ღრმა, სევდიანმა მზრუნველობამ. მას კარგად ესმოდა თავისი დის; იცოდა, რომ კასიანას ბაგეებიდან ასეთი სიტყვები მხოლოდ მაშინ ამოდიოდა, როცა გრძნობა უკვე მთელ მის არსებას მართავდა.
ის ნელა მიუახლოვდა მოაჯირს, დას გვერდით დაუდგა და ცივ ქვაზე ხელი დაადო.
— კასიანა... — თქვა მან დაბალი, რბილი ხმით და თავისი თბილი მზერა გოგონას აცრემლებულ სახეს მიაპყრო. — მე ეს ვიცოდი. იმაზე ადრეც კი, სანამ შენ საკუთარ თავს გამოუტყდებოდი. მაშინ მივხვდი, უბრალო გატაცება არ იყო, როცა დავიწყებულ მიწაზე უსასრულობაში იყურებოდი და ელოდი.. შენნაირი ქალები ხომ არასდროს ირჩევენ მარტივ გზას. შენ ისეთი კაცი შეგიყვარდა, რომელიც კლდესავით მყარია და ამავდროულად — ნაღმივით სახიფათო.
მან მცირე პაუზა გააკეთა, თითქოს სიტყვებს არჩევდა, რათა ისედაც აფორიაქებული და დაუცველი კასიანასთვის გული არ ეტკინა.
— მე შენთან ვარ, ხომ იცი? — განაგრძო აბელმა და ხელი დაადო მის მხარზე, რომელსაც ჩრდილოეთის სუსხი უკვე აკანკალებდა. — თუნდაც ეს მთელი სამეფოს წინააღმდეგ წასვლას ნიშნავდეს, მე შენს გრძნობას პატივს ვცემ. უბრალოდ... ესაია ჩრდილოეთის მხედართმთავარია, მისი ყოველი ნაბიჯი მეფისა და კანონის წინაშეა. თუ ამ გზაზე შედგამ ფეხს, უკან დასახევი გზა აღარ გექნება. დარწმუნებული ხარ, რომ მზად ხარ ამ ცეცხლისთვის?
აბელმა მზერა შორს, ჩრდილოეთის შავად აღმართულ, პირქუშ ქედებს მიაპყრო, სადაც ქარი თოვლის ნამქერს დაუნდობლად ატრიალებდა. მისი ხმა ისეთივე ნელი და მძიმე გახდა, როგორც ეს ღამე.
​— თუ მასაც ეყვარები... — წარმოთქვა მან და თითქოს ეს სიტყვები სასწორზე შეაგდო, — მზად იქნები იმ უძირო ლოდინისთვის, იმ სუსხიანი სიმარტოვისთვის, რაც მის გვერდით ყოფნას აჩრდილივით თან ახლავს? კასიანა, ის ხომ ჩრდილოეთის ხმალია. მისი ცხოვრება შენს მკლავებში კი არა, სისხლიან ველებზე, გაუთავებელ ლაშქრობებსა და ცივ, სამხედრო თათბირებზე გადის. შენ მისი ცოლობა კი არ მოგიწევს, არამედ მისი არყოფნის, მისი მარადიული დუმილის თანამგზავრობა.
​მან ხელი ნაზად მოუჭირა დის აკანკალებულ მხარს, თითქოს რეალობისკენ მიწაზე დაბრუნებას სთხოვდა.
​— დაფიქრდი, კარგად დაფიქრდი, რა გინდა სინამდვილეში. რა არის შენთვის მთავარი ამ ცხოვრებაში?
​კასიანამ არ უპასუხა. მან მხოლოდ ტუჩზე იკბინა, რათა აკანკალებული სუნთქვა შეეკავებინა, როცა მისი და ესაიას მზერა აივნის სიბნელეში კიდევ ერთხელ შეეჩეხა ერთმანეთს — მხედართმთავარი ქვემოთ, ეზოში იდგა, თოვლის იშვიათ ფანტელებს შორის, და თავაწეული, პირქუშად ამოჰყურებდა მის სილუეტს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent