შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"კასიანა" (თავიVIII)


გუშინ, 18:35
ნანახია 10

ჩრდილოეთში გაზაფხულდა. თოვლი მთლიანად დადნა, ნესტიანი და ცივი ნისლი კი თბილმა მზემ შეცვალა. პოლიგონზე ახლად ამოსული მწვანე ბალახის, მიწისა და გაცხელებული რკინის სუნი ტრიალებდა.
ბანაკის ატმოსფერო საგრძნობლად შეცვლილიყო. ჩრდილოელი მამაკაცები, რომლებიც თავიდან კასიანას უნდობლად უყურებდნენ, ახლა მის გარშემო ინტერესით იკრიბებოდნენ. გოგონა საოცრად კარგად უგებდა ამ უხეშ, მაგრამ გულწრფელ მეომრებს. ისინი დიდი მონდომებით ეხმარებოდნენ ახალი ილეთების ათვისებაში და ხმლის სახეობების გარჩევაში.
— აი, შეხედე, პრინცესა, — ეუბნებოდა ერთ-ერთი მებრძოლი, ტორბენი, და იარაღის გრძელი სადგამიდან სხვადასხვა იარაღს იღებდა. — ეს ორლესული ჩრდილოური ხმალია, მისი დანიშნულება აბჯრის დამსხვრევაა. აი ეს კი... — მან სადგამის ბოლოდან უცნაური, გრძელი და ოდნავ მოხრილი იარაღი აიღო, რომელსაც მხოლოდ ერთი მჭრელი პირი ჰქონდა. — ეს კატანაა. ჩვენმა მხედართმთავარმა შორეული ლაშქრობიდან ჩამოიტანა. ის საოცრად მსუბუქია, მაგრამ მისი ფოლადი სპეციფიკურ მართვას მოითხოვს. ჩვენთან მას თითქმის ვერავინ ხმარობს...
ტორბენს სიტყვა გაუწყდა, როცა კასიანამ იარაღს შეხედა და მის სახეზე სევდიანმა, მაგრამ საოცრად თავდაჯერებულმა ღიმილმა გადაურბინა. მისთვის კატანა უცხო სულაც არ იყო. ის ხომ ზუსტად ამ იარაღით, თითქმის მისტიკური ნაბიჯებით ცეკვავდა იქ, დავიწყებულ მიწაზე, მარტოხელა საკურას ხის ქვეშ, როცა ესაიამ პირველად იხილა.
კასიანამ კატანას მოოქროვილ სახელურს თითები შემოხვია. ერთი მკვეთრი მოძრაობით ჰაერი გაკვეთა, იარაღი ხელში საოცარი სისწრაფით შეატრიალა და ისეთ პოზიციაში დადგა, ტორბენს და ირგვლივ მყოფ მეომრებს ყბა ჩამოუვარდათ.
— როგორც ჩანს, ჩრდილოურ ფოლადს ეს აღმოსავლური ნაკეთობა მართლაც სჯობს, — ჩაიცინა რობმა, რომელიც იქვე იდგა და კასიანას მოძრაობით ამაყობდა. ჩრდილოელებმა ერთმანეთს გადახედეს — მათ წინაშე აღარ იდგა ნაზი გოგონა, მათ წინაშე იდგა ქალი, რომელიც იარაღის სულს ფლობდა.
ესაია იქვე, კოცონთან იდგა, ხელები მკერდზე ჰქონდა გადაჯვარედინებული და უყურებდა, როგორ ათამაშებდა კასიანა მის კატანას. მხედართმთავრის თვალებში ისევ აინთო ცეცხლი.
თუმცა, ამ მშვიდ ატმოსფეროს დიდხანს არ უწერია გაგრძელება. ბანაკში სამხრეთელი შიკრიკი შემოვიდა, ჩამოხტა ცხენიდან და პრინცესასკენ წავიდა. მას თან სამეფო ბეჭდით დაბეჭდილი წერილი ჰქონდა, რომელიც პირდაპირ კასიანას გადასცა.
კასიანამ ლუქი მოატეხა და კითხვისას სახე აელეწა. მამა კატეგორიულად ითხოვდა მის სასწრაფოდ სახლში დაბრუნებას. წერილში მკაცრად ეწერა:
„ნუ გავიწყდება, რომ სამხრეთის პრინცესა ხარ და შენი ადგილი ბრძოლის ველსა და ტალახში კი არა, სასახლეშია. დროა, შენს მომავალზე იფიქრო.
სხვადასხვა სამეფოდან სამხრეთში უამრავი პრინცი ჩამოდის თავისი დიდებული რაინდების მხედრიონით. დიდი ტურნირი და შეჯიბრებები იქნება , რათა თავი მოგაწონონ და შენი რკინის გული მოიგონ."
კასიანამ წერილი დაკუჭა, მერე კატანა ქარქაშში ჩააგდო და ესაიას გადახედა, რომელიც უკვე მასთან ახლოს მისულიყო.
— რა ხდება? — ჰკითხა ესაიამ და მის თვალებში სიცივემ დაისადგურა.
— მამა სახლში მიხმობს, — თქვა კასიანამ და წერილი ზურგსუკან დამალა. — ჩემს სანახავად პრინცები და რაინდები იკრიბებიან. ტურნირი იმართება... და თქვენც გეპატიჟებიან სავარაუდოდ.
ესაიას ყბის ხაზი საშიშად დაეძაბა. მზერა შეკრებილ პრინცებზე ფიქრმა აუმღვრია, მაგრამ ხმა მაინც დაბალი და მტკიცე შეინარჩუნა:
— ესე იგი, სამხრეთში დიდი სანახაობა გველის, — ჩაილაპარაკა მან, მიუახლოვდა კასიანას და მხოლოდ მისთვის გასაგონი ხმით დაამატა: — წავიდეთ, პრინცესა. ვნახოთ, რა შეუძლიათ იმ მოწვეულ დიდებულებს და პრინცებს.

იმავე საღამოს, როცა პოლიგონზე ვარჯიში დასრულდა, კასიანა სასახლეში გაბრაზებული, აჩქარებული ნაბიჯით შევიდა. ის იმდენად იყო აღელვებული მამის წერილით, რომ საბრძოლო ტყავის სამოსის გამოცვლაც კი არ უფიქრია. მის ხელში მჭიდროდ დაკუჭული სამეფო წერილი ეჭირა.
მთავარ დარბაზში შესულს, პირდაპირ ჰენრი და იანე შეეჩეხნენ. იანე სრულიად მშვიდი, მომღიმარი სახით ანიშნებდა მსახურებს, სად დაედგათ მოოქროვილი სავარძლები, ჰენრი კი იქვე იდგა და მეომრების სიას ათვალიერებდა.
— ეს რა არის?! — კასიანამ წერილი მაგიდაზე დააგდო და დას შეხედა. — მამა სახლში მიხმობს! რაღაც აბსურდული ტურნირი მოუწყვია ჩემს დასანიშნად! ნუთუ მართლა გონია, რომ რომელიმე იმ პრინცს გავყვები, რომლებიც იქ ჩემს სანახავად იკრიბებიან?
იანემ ჩაიღიმა, დასთან მივიდა და აწეწილი თმა ნაზად შეუსწორა.
— ვიცი, კასიანა. ჩვენც ახლახან მივიღეთ ოფიციალური მოწვევა მამასგან . ეს უბრალო ტურნირი არ არის. მამაშენმა მთელი კონტინენტის მმართველები იხმო. იქ მხოლოდ სამხრეთელები კი არა, სხვადასხვა დიდი თუ პატარა სამეფოს მეფეები, ამაყი პრინცები და მათი საუკეთესო რაინდები იქნებიან. ეს დიდი პოლიტიკური თამაშია და ჩვენ, როგორც ახალი ჩრდილოეთის მმართველები, ვალდებულნი ვართ იქ ვიყოთ.
ჰენრიმ სია მაგიდაზე დადო და კასიანას შეხედა. თვალებში მეგობრული ნაპერწკალი უელავდა.
— იანე მართალია. ჩვენ იქ უნდა წავიდეთ და ყველას ვაჩვენოთ, რომ ჩრდილოეთი ახლა ერთიანი და უძლეველია.
სწორედ ამ დროს დარბაზში ესაიაც შემოვიდა. მისი ნაბიჯები მძიმე და მტკიცე იყო. ჰენრიმ მაშინვე მას მიაპყრო მზერა.
— ესაია, კარგ დროს მოხვედი, — თქვა მეფემ. — სამხრეთიდან მოწვევა გვაქვს. მეფე მარკი მე, დედოფალ იანეს და ჩრდილოეთის ათ საუკეთესო მებრძოლს გვეპატიჟება დიდ შეჯიბრებებზე. ბრძანებას გაძლევ: შენს გარდა, ჩვენს არმიაში ცხრა საუკეთესო, ყველაზე გამოცდილი და დაუნდობელი რაინდი აარჩიე. ტორბენი პირველი ჩასვი სიაში. რობი იქ ვერ გამოგვადგება — ის სამხრეთელია და თავისი მეფის სახელით გამოვა, ჩვენ კი ისეთი კაცები გვჭირდება, რომელთა დანახვაზეც სხვა სამეფოების პრინცებს ხმლის ამოღების სურვილი დაეკარგებათ. ხვალ სამხრეთში მივდივართ.
ესაიამ თავი მტკიცედ დაუკრა. მან წამით კასიანას შეხედა, რომელიც ჯერ კიდევ ბრაზით სუნთქავდა, მერე კი ჰენრის მიუბრუნდა.
— ბრძანება შესრულდება, ჩემო მეფევ, — თქვა ესაიამ დაბალი, ხავერდოვანი ხმით. — ამაღამვე შევარჩევ ცხრა საუკეთესო ხმალს. ჩრდილოეთი იმ ტურნირზე ისეთ ძალას აჩვენებს, რომელსაც სხვა სამეფოების დიდებულები ვერასდროს დაივიწყებენ.
კასიანამ ღრმად ჩაისუნთქა. წამიერი ბრაზი, რომელიც მის თვალებში ელავდა, სადღაც გაქრა და მის სახეზე ისევ ძველი, ჩვეული სიმშვიდე და დახვეწილი არისტოკრატიული იერი დაბრუნდა. მან ნელა გადაშალა დაკუჭული წერილი, თითებით გაასწორა და ტუჩის კუთხეში იდუმალმა, მრავლისმეტყველმა ღიმილმა გაუკრა.
იანემ ეს ღიმილი მაშინვე შენიშნა. მან კარგად იცოდა, რომ როცა კასიანა ასე მშვიდად იღიმებოდა, მის გონებაში უკვე რაღაც დიდი და სახიფათო გეგმა იხარშებოდა. თუმცა, დედოფალს ხმა არ ამოუღია; მხოლოდ თბილად შეხედა დას და ჩუმად დაუკრა თავი, თითქოს ამით ეუბნებოდა, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებაში მის გვერდით იქნებოდა.
— კეთილი, — თქვა კასიანამ რბილი, მშვიდი ხმით და ჰენრის შეხედა. — თუ მამას ტურნირი სურს, მას ამ კონტინენტის ისტორიაში საუკეთესო სანახაობას ვაჩუქებთ.
ჰენრიმ კმაყოფილებით გადახედა ესაიას. მხედართმთავარმა მტკიცედ დაუკრა თავი მეფეს.
— ათეული მზად იქნება, ჩემო მეფევ, — თქვა ესაიამ. — ტორბენის გარდა, სიაში ერიკიც იქნება. გრაფის შვილი ჩრდილოეთის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი, სწრაფი და ძლიერი რაინდია. მისი ხმალი ამ ბრძოლაში ჩვენი სიამაყე გახდება. დანარჩენ რვა მეომარსაც პირადად შევარჩევ ამაღამვე.
სამზადისმა დიდხანს არ გასტანა. მომდევნო დღეებში ჩრდილოეთის ძლიერმა მხედრიონმა გზა სამხრეთისკენ აიღო. რაც უფრო უახლოვდებოდნენ სამხრეთის საზღვრებს, ჰაერი მით უფრო თბებოდა, ბალახი მწვანდებოდა და მინდვრები ველური ყვავილებით იფარებოდა.
როცა სამხრეთის სამეფოს ოქროსფერი ჭიშკარი გამოჩნდა, კასიანას გულმა უნებურად აჩქარებით დაიწყო ცემა. ეს მისი სახლი იყო.
სასახლის დიდ, აყვავებულ ბაღში მათ მთელი ოჯახი ელოდა. მეფე მარკი და დედოფალი ელენა ამაყად, დიდებულად იდგნენ კიბის თავზე. მათ გვერდით იყვნენ აბელი და სარა. დების და სიძის დანახვისთანავე, აბელი კიბეებზე სწრაფი ნაბიჯით დაეშვა, მას უკან სარაც გამოჰყვა.
— კასიანა! იანე! — აბელმა დები ერთიანად მოიქცია მკლავებში. მის სახეზე უსაზღვრო სიხარული ეხატებოდა. ის დიდხანს უყურებდა კასიანას, რომელიც საოცრად შეცვლილიყო — მის მზერაში ახალი, მეომრული სიმტკიცე იგრძნობოდა.
სარამაც გულთბილად ჩაიკრა დები მკლავებში, კასიანას გაუბრწყინდა თვალები თავისიანების ნახვით.
ამასობაში დედოფალი ელენა ნელი, დიდებული ნაბიჯით მიუახლოვდა შვილებს. მიუხედავად მკაცრი, სამეფო იერისა, დედობრივმა სიყვარულმა სძლია და კასიანა გულში თბილად ჩაიკრა.
— ჩემო ლამაზო გოგონა, როგორც იქნა, სახლში ხარ, — ჩასჩურჩულა ელენამ და მერე იანესა და ჰენრისაც მიესალმა თბილად. მეფე მარკიც მიუახლოვდა მათ, ესაიას მტკიცე, ოფიციალური მზერით მიესალმა, შემდეგ კი შვილებს გადახედა.
— მიხარია თქვენი ხილვა, — თქვა მეფე მარკმა. — სასახლეში უკვე უამრავი სტუმარი გვყავს. სხვადასხვა სამეფოს მეფეები და პრინცები თავიანთი რაინდებით მოუთმენლად ელიან ტურნირის დაწყებას. იმედი მაქვს, ჩრდილოეთი მზად არის ნამდვილი ბრძოლისთვის.
მშობლებთან და და-ძმასთან შეხვედრის შემდეგ, კასიანა თავის საძინებელში ავიდა. ოთახში ყველაფერი ისე დახვდა, როგორც დატოვა — აბრეშუმის ფარდები, ნაცნობი სურნელი და სიმშვიდე. მან საბრძოლო ტყავის სამოსი ნელა გაიხადა, კატანა საწოლის თავთან საიმედოდ დაასვენა და სარკის წინ დადგა.
მსახურების დახმარებით, რამდენიმე საათში კასიანა სრულიად შეიცვალა. მან ღია ოქროსფერი, ნაზი კაბა მოირგო, რომელიც მის სხეულს საოცარი გრაციით ეკვროდა. თმები, რომლებიც ჩრდილოეთში ყოველთვის მყარად ჰქონდა შეკრული, ახლა მხრებზე ნაზ ტალღებად ეფინებოდა, სადაც პატარა, მბზინავი მარგალიტები ჩაეწნათ. მკაცრი, მეომრული მზერა სადღაც გაქრა და მის ნაცვლად თვალებში ისევ ის ძველი, მომხივლელი და იდუმალი ნაპერწკალი აინთო. ის კვლავ სამხრეთის უმშვენიერეს, ნაზ პრინცესად გადაიქცა.
როცა კასიანა სასახლის დიდ საზეიმო დარბაზში ჩაუყვა კიბეებს, სადაც სხვადასხვა სამეფოდან ჩამოსული დიდებულები, მეფეები და პრინცები იყვნენ შეკრებილნი, დარბაზს ჩურჩულმა გადაუარა. მისი სილამაზე, მისი ღიმილი იქ მყოფებს ხიბლავდა.
კასიანა დარბაზში თავაწეული, მსუბუქი ნაბიჯით დადიოდა. ის საოცრად თავაზიანი და თბილი იყო ყველას მიმართ. ყოველ პრინცს, რომელიც მასთან მიახლოებას და ხელზე მთხვევას ბედავდა, უზადო, მომაჯადოებელი ღიმილით აჯილდოებდა. ის უსმენდა მათ კომპლიმენტებს, გულთბილად ესაუბრებოდა უცხოელ რაინდებს და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს მართლაც მორჩილად ელოდა თავის მომავალ საქმროს.
შორიახლოს, ჩრდილოეთის დელეგაციასთან ერთად, ესაია იდგა. მას შავი საზეიმო სამოსი ეცვა. მხედართმთავარი თვალს არ აშორებდა ოქროსფერ კაბაში გამოწყობილ გოგონას. კაცის მზერა იმაზე მძიმე იყო, ვიდრე ოდესმე. ის უყურებდა, როგორ უღიმოდა კასიანა სხვა მამაკაცებს, როგორ ეხებოდნენ მის ნაზ ხელებს უცხოელი პრინცები და გრძნობდა, როგორ ეძაბებოდა ყოველი კუნთი სხეულში.
იანემ ძმასა და ჰენრისთან ერთად ჩაუარა ესაიას და მხედართმთავრის დაძაბული სახე რომ დაინახა, ტუჩის კუთხეში ჩუმად გაეღიმა. იანე მიხვდა — კასიანა ყველას თვალს უხვევდა თავისი ნაზი პრინცესას ნიღბით, მაგრამ ამ ნიღბის მიღმა, ჩრდილოურ ფოლადზე გამოწრთობილი გონება ტურნირის თითოეულ მონაწილეს სათითაოდ სწავლობდა და აფასებდა.

მზის ოქროსფერი შუქი პირდაპირ სამეფო ციხესიმაგრის გიგანტურ, ასწლოვან ნაცრისფერ კედლებს ეცემოდა. კოშკების მწვერვალებიდან ზანტად ფრიალებდნენ მკვეთრი წითელი, ლურჯი და ოქროსფერი გერბიანი დროშები, რომლებიც ირგვლივ გაშლილ ველს საზეიმო იერს აძლევდნენ. ტურნირის მოედანი, რომელიც ციხესიმაგრის ძირას მდებარეობდა, ნახევრად ცარიელი იყო. საგანგებოდ გათელილი, მუქი მიწა მზის ქვეშ თითქოს ისვენებდა იმ სასტიკი ბრძოლების წინ, რომლებიც აქ უნდა გამართულიყო. ირგვლივ აღმართული ხის უხეში მესერი კი, რომელიც არენას საზღვრავდა, მზად იყო ტრიბუნებიდან წამოსული ხალხის ტალღის დასაკავებლად.
მოედნის ცენტრალურ ნაწილს ზემოდან გადაჰყურებდა მასიური, ხის დიდებული პოდიუმი. ის ისეთი მდიდრული და მძიმე იყო, თითქოს თავად ციხესიმაგრის გაგრძელებას წარმოადგენდა. პოდიუმს თავს უფარავდა იასამნისფერი და ოქროსფერი ტილოები, რომლებიც სამეფო დიდებულებას უსვამდა ხაზს.
აქ, პირველ რიგში, ოქროსფერი სავარძლები ეკავათ სამხრეთის მმართველებს — მეფე მარკსა და დედოფალ ელენას. მათ გვერდით, საპატიო ადგილას, ჩრდილოეთის მეფე ჰენრი და დედოფალი იანე ისხდნენ. იანეს სახეზე დახვეწილი, მშვიდი ღიმილი დასთამაშებდა. კასიანა პირდაპირ დედის, დედოფალ ელენას გვერდით იჯდა. ნაზ ოქროსფერ კაბაში გამოწყობილი პრინცესა საოცრად მომხივლელად და მშვიდად გამოიყურებოდა. ის სკამის სახელურს ნაზი თითებით ეყრდნობოდა და თავაზიანი, უშფოთველი მზერით გადაჰყურებდა ცარიელ არენას, თუმცა მისი თვალების სიღრმეში ფარული, საინტერესო გეგმა იკითხებოდა.
აბელი პოდიუმის ოდნავ მოშორებით, მეომრების გასასვლელთან ახლოს, თავის უფროს დასთან, სარასთან ერთად იდგა. ახალგაზრდა უფლისწული აღელვებას ვერ მალავდა; ის ხშირად გადასძახებდა ხოლმე თავის სამხრეთელ მეგობრებს და ინტერესით ათვალიერებდა მოედანს.
ნამდვილი კონტრასტი კი პოდიუმის ქვემოთ, უშუალოდ მესრის პირას იქმნებოდა.
იქვე, ხალხის მასაში, ერთმანეთის პირისპირ რამოდენიმე, სრულიად განსხვავებული სამყარო განლაგებულიყო. მარჯვენა მხარეს სხვადასხვა სამეფოს პრინცები და რაინდები ირეოდნენ — მათი მბზინავი, კაშკაშა აბჯრები და ფერადი გერბებიანი ფარები შორიდანვე იქცევდა ყურადღებას. რობიც მათ შორის ტრიალებდა, თავის სამხრეთელ თანამებრძოლებთან ერთად შუბებსა და აკაზმულობას ამოწმებდა.
ხოლო მარცხენა მხარეს, მესერზე ხელებდაყრდნობილი, ჩრდილოეთის ათეული იდგა. ერიკი, თავისი ნატიფი, ვერცხლისფერი აბჯრით მკვეთრად გამოიყოფოდა ჩრდილოელების პირქუშ ფონზე, თუმცა მისი მზერა დაუნდობელი და მშვიდი იყო. მის წინ ესაია იდგა. მისი შავი სამოსი და მხრებზე მოგდებული მგლის ტყავი სრულ კონტრასტში მოდიოდა სამხრეთის ფერადოვნებასთან. მხედართმთავარი არ უყურებდა პრინცებს; მისი მჭრელი, თვალები პირდაპირ ზემოთ, პოდიუმისკენ, ოქროსფერ კაბაში გამოწყობილი კასიანასკენ იყო მიმართული.
ჰაერი მოლოდინითა და დაძაბულობით იყო გაჯერებული.
საყვირების მჭრელმა, ხმამაღალმა ხმამ ჰაერი ორად გაკვეთა და ციხესიმაგრის კედლებს საზეიმოდ დაენარცხა. არენაზე შეკრებილმა ათასობით მაყურებელმა ერთიანად იფეთქა — ტურნირი ოფიციალურად დაიწყო.
პირველები მოედანზე უცხოელი პრინცები და მათი საუკეთესო რაინდები გამოვიდნენ. ბრძოლები საოცრად სანახაობრივი და დახვეწილი გამოდგა. ხმლების დაჯახების ყოველ მკვეთრ რიტმზე ხალხი აღფრთოვანებული ყიჟინით პასუხობდა. ყოველი ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ, გამარჯვებული პრინცები ან რაინდები, მუზარადებს იხსნიდნენ, სამეფო პოდიუმისკენ ბრუნდებოდნენ, ხმლებს მაღლა აღმართავდნენ და თავიანთ წარმატებას კასიანას უძღვნიდნენ.
— ეს გამარჯვება თქვენ გეკუთვნით, სამხრეთის მზეო! — დაიძახა ერთ-ერთმა ამაყმა პრინცმა და თავაზიანად დაუკრა თავი.
კასიანა, თავის სავარძელში მჯდომი, ყოველ მათგანს უზადო, ნაზი პრინცესას ღიმილით პასუხობდა, ცდილობდა მისი შინაგანი ხასიათი სახეზე არ დატყობიდა. ხანდახან როდესაც მისთვის სულელურ კომპლიმენტს გაიმეტებდნენ სახეზე ღიმილის მაგივრად უცნაური მიმიკები ისახებოდა, ამ დროს იანე ოდნავ უჩქმეტდა რომ სახე გაესწორებინა, შემდეგ ისევ მსუბუქად უქნევდა ხელს მონაწილეებს, თითქოს მართლაც მოხიბლული იყო მათი ოსტატობით. ზემოდან ეს ყველაფერი ლამაზ, დადგმულ სპექტაკლს ჰგავდა, თუმცა ქვემოთ, მესრის პირას მდგარი ესაიას მზერა ყოველ წამს უფრო მეტად მძიმდებოდა. მისი ხელები ხმლის ტარზე მყარად იყო შემოხვეული, თვალს არ აშორებდა პოდიუმს.
მალე არენის მსაჯულმა ჩრდილოელების ჯერი გამოაცხადა. მოედანზე ერიკი გამოვიდა.
გრაფის შვილი თავისი ნატიფი, ვერცხლისფერი აბჯრითა და მსუბუქი, გრძელი ხმლით ნამდვილ არისტოკრატს ჰგავდა. მისი მოწინააღმდეგე დასავლეთის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი რაინდი იყო, მაგრამ ერიკმა ბრძოლა საოცარი სიმსუბუქით წარმართა. მან მოქნილად აარიდა თავი მოწინააღმდეგის ორ მძიმე დარტყმას, წამში შემოტრიალდა, ხმლის პირით ოსტატურად აჰკრა ხელი იარაღზე დასავლელ რაინდს და ისეთი ზუსტი მოძრაობით გამოაცალა საყრდენი, რომ მან წონასწორობა დაკარგა და მიწაზე უვნებლად დაეცა. ეს იყო სუფთა, უზადო გამარჯვება.
მოედანი ჩრდილოელების მომხრეების ტაშითა და ყიჟინამ მოიცვა. ერიკმა მუზარადი მოიხსნა და ოქროსფერი თმა შეისწორა. თუმცა, ყველას მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ის კასიანას სავარძლისკენ არ მიბრუნებულა.
ერიკმა ნაბიჯი გადადგა, მზერა პოდიუმის მეორე მხარეს, აბელის გვერდით მდგარ სარაზე შეაჩერა. მან ხმალი მკერდთან მიიტანა, თავაზიანად დაუკრა თავი და გულწრფელად, თბილად გაუღიმა. ის თავის გამარჯვებას სარას უძღვნიდა.
სარას სახეზე წამში გაკვირვებამ გადაურბინა და ლოყები ნაზად აელეწა. მას გული აუჩქარდა — ის საერთოდ არ ელოდა ერიკის აქ ნახვას, მით უმეტეს ჩრდილოეთის საუკეთესო რაინდების ათეულში. სარამ ინსტინქტურად ერთი ნაბიჯით წინ წაიწია და მზერა ვერ მოაშორა ერიკის მომღიმარ თვალებს.
აბელმა გადახედა დას და ჩუმად ჩაიცინა, იანემ კი, რომელიც დას გასცქეროდა, კმაყოფილებით გადახედა ქვემოთ მდგარ ჩრდილოელებს.
მორიგი საყვირის ხმა გაისმა და ამჯერად მოედნისკენ ნელი, მტკიცე ნაბიჯით თავად ესაია დაიძრა. მის ზურგზე დამაგრებული შავი იარაღი მზის შუქზე ბზინავდა. ტურნირი სულ სხვა ფაზაში შედიოდა.
საყვირის მომდევნო ხმამ არენაზე განსაკუთრებული სიჩუმე ჩამოაგდო. მსაჯულმა გამოაცხადა, რომ ჩრდილოეთის მხედართმთავრის, ესაიას წინააღმდეგ მოედანზე სამხრეთის სამეფოს სახელით ახალი მებრძოლი გამოდიოდა.
ეს მებრძოლი მოედანზე მყარი, მშვიდი ნაბიჯით გამოვიდა. მას მუქი ლურჯი და ფოლადის აბჯარი ეცვა, რომელიც იდეალურად ერგებოდა მის შედარებით ნატიფ, გრაციოზულ სილუეტს. სახეს მთლიანად უფარავდა დახვეწილი ვერცხლისფერი მუზარადი, რომლის მიღმაც მხოლოდ თვალების ჭრილი ჩანდა. მისი იარაღიც სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა — გრძელი, ოდნავ მოხრილი აღმოსავლური კატანა, რომელიც საოცრად ჰგავდა თავად ესაიას იარაღს.
ესაიამ, რომელიც თავის მძიმე, შავ ფოლადის აბჯარში იყო გამოწყობილი, ინტერესით შეათვალიერა მოწინააღმდეგე. მან იგრძნო, რომ მის წინაშე არა მორიგი თავდაჯერებული დიდებული, არამედ ნამდვილი, გამოწრთობილი მეომარი იდგა.
როგორც კი ბრძოლის ნიშანი გაისმა, სამხრეთელმა მებრძოლმა მანძილი სწრაფად შეამცირა. მისი მოძრაობები იმდენად ზუსტი იყო, რომ ზედმეტ ნაბიჯსაც კი არ დგამდა. კატანის პირველივე დარტყმა, რომელიც მიზნად ესაიას მხარს ისახავდა, იმდენად ელვისებური აღმოჩნდა, რომ ჩრდილოელ მხედართმთავარს საკუთარი იარაღის მთელი ძალით დახვედრება დასჭირდა.
სამხრეთელი არ გაჩერებულა; ის საოცარი მოქნილობით გადაადგილდებოდა მტვრიან მიწაზე, იყენებდა ყოველ წამს და ისეთ ილეთებს აკეთებდა, რომელთა მსგავსი თითქოს ესაიას სადღაც ენახა მაგრამ ვერ იხსენებდა.
ესაია ნამდვილი აღფრთოვანებით ივსებოდა. ყოველი ახალი თავდასხმის მოგერიებისას, მის თვალებში საბრძოლო აზარტი და გაოცება სულ უფრო მეტად ინთებოდა. მას დიდი ხანია ასეთი მოხერხებული, მოქნილი და ჭკვიანი მოწინააღმდეგე არ შეხვედროდა. აქ არ იყო ბრმა აგრესია; ყოველი დარტყმა, ყოველი ნაბიჯი და დაცვის ხაზი ამ მებრძოლის მიერ უზადო სტრატეგიით იყო გათვლილი. ესაია უდიდეს სიამოვნებას იღებდა ამ თანასწორი ბრძოლით.
ორთაბრძოლა ნამდვილ კლასიკურ, სახიფათო და საოცრად დახვეწილ დაპირისპირებად იქცა. ტრიბუნებიდან სუნთქვაშეკრულნი ადევნებდდნენ თვალს ფოლადის ამ ბზინვარებას. ვერცერთი ვერ ახერხებდა უპირატესობის მოპოვებას; ესაიას მტკიცე, მძიმე თავდაჯერებულობას სამხრეთელი საოცარი, ზუსტი მანევრებით უპირისპირდებოდა.
ბოლოს, ორივე მეომარმა ერთდროულად, უკანასკნელი, გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა წინ. მათი კატანები ჰაერში მკვეთრი ხმით შეეჯახნენ ერთმანეთს. ხმლების პირები ერთმანეთს მყარად გადაეჭდო, ლითონის ვადები კი ერთმანეთს მიებჯინა.
ორივე მათგანმა იდეალურად დაბლოკა მოწინააღმდეგის იარაღი. ისინი ერთმანეთის პირისპირ გაიყინნენ — არცერთს არ შეეძლო ხმლის წინ წაწევა და არცერთი არ აპირებდა უკან დახევას.
ესაია, თავისი მძიმე აბჯრით, სულ რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით იყო მოწინააღმდეგის ვერცხლისფერ მუზარადთან. ის მძიმედ სუნთქავდა, თვალს არ აშორებდა მუზარადის ვიწრო ჭრილს და ცდილობდა იმ იდუმალი თვალების გარჩევას, რომლებმაც ის ასე აღაფრთოვანეს.
არენაზე წამიერი, აბსოლუტური სიჩუმე ჩამოვარდა. მაყურებლები სუნთქვაშეკრულები უყურებდნენ ორ ფოლადის აბჯარში გამოწყობილ ფიგურას, რომლებიც მოედნის ცენტრში, ერთმანეთს გადაჭდობილი ხმლებით გაყინულიყვნენ. არც ჩრდილოეთის მხედართმთავარი და არც იდუმალი სამხრეთელი მებრძოლი ერთი სანტიმეტრითაც კი არ იხევდნენ უკან. მათ შორის ძალა და ოსტატობა იდეალურად იყო დაბალანსებული.
ზემოთ, საპატიო პოდიუმზე, მეფე მარკი ფეხზე წამოდგა. მისი მჭექარე, მბრძანებლური ხმა მთელ არენას გადასწვდა:
— საკმარისია! ორივემ დაუშვით იარაღი!
ესაიამ მეფის სიტყვაზე წამით თვალი მოაცილა მუზარადის ჭრილს, ნელა შეასუსტა მკლავებში ძალა და კატანის პირი მოწინააღმდეგის ხმალს მოაშორა. სამხრეთელმაც ზუსტად იმავე წამს, სინქრონულად დაუშვა იარაღი. ორივე მეომარმა ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, თუმცა მზერა ერთმანეთისთვის არ მოუცილებიათ.
— ეს იყო ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ბრძოლა, — გამოაცხადა მეფე მარკმა და კმაყოფილებით გადახედა მოედანს. — არცერთ მხარეს არ აქვს უპირატესობა. ეს ორთაბრძოლა ფრედ ცხადდება!
ტრიბუნებმა ერთიანად იფეთქა ტაშითა და ყიჟინით. ჩრდილოელი მეომრები — ტორბენი და ერიკი — ფეხზე წამოდგნენ და თავიანთ მხედართმთავარს შეძახილებით შეეგებნენ. ესაია კვლავ მძიმედ სუნთქავდა, მისი თვალები საბრძოლო აზარტით ელავდა, და ის კვლავ დაჟინებით უყურებდა მის წინ მდგარ ფიგურას, რომელიც ახლა ნელი, მშვიდი ნაბიჯით მიემართებოდა მუზარადის მოსახსნელად.
ტურნირის მსაჯულმა და მაყურებლებმა სუნთქვა შეიკავეს. როცა ვერცხლისფერი მუზარადი ნელა აიწია, მის ქვეშ პირველად გრძელი, მუქი თმა გამოჩნდა, რომელიც მხრებზე ტალღებად დაეცა. შემდეგ კი მზის შუქზე ის ნაცნობი, საოცრად დახვეწილი სახე გამოიკვეთა.
კასიანამ მუზარადი იღლიაში ამოიჩარა და თავისი საფირმო, ფართო, მშვიდი და მომხივლელი ღიმილით გადახედა არენას.
ესაია ადგილზე გაქვავდა. მის სახეზე ჯერ სრულმა გაოცებამ გადაურბინა, ხოლო როცა გააცნობიერა, თუ ვისთან აკავშირებდა ხმლებს მთელი ამ ხნის განმავლობაში, მის მტკიცე ხასიათში რაღაც საბოლოოდ გატყდა. ჩრდილოეთის ყველაზე ამაყმა, დაუნდობელმა მხედართმთავარმა, რომელიც მეფეების წინაშეც კი მხოლოდ თავის დაკვრით შემოიფარგლებოდა, მოულოდნელად ერთი ნაბიჯი გადადგა წინ, მძიმე შავი აბჯრის ხმაურით ცალ მუხლზე დაეშვა კასიანას წინ და თავი მოწიწებით ჩახარა. მისი ეს ჟესტი იმაზე მეტს ამბობდა, ვიდრე ათასი სიტყვა — მან აღიარა თავისი პრინცესა, როგორც თანასწორი და უძლეველი მეომარი.
ამ დროს საპატიო ლოჟაში სრულიად სხვა განწყობა სუფევდა. მეფე მარკი გაოცებისგან და ბრაზისგან სკამზე გაშეშდა, სახე აელეწა, მაგრამ უცხოელი სტუმრების წინაშე სკანდალის ატეხვა არ აწყობდა, ამიტომ კბილების ღრჭიალით გაჩუმდა. დედოფალ ელენას სახე კი ერთიანად მოეღუშა; მას სძულდა, როცა კასიანა საბრძოლო ხელოვნებას უთმობდა დროს და თვლიდა, რომ ეს პრინცესას არ შეეფერებოდა. დედოფალმა მკაცრად, იმედგაცრუებული მზერით გადახედა შვილს, თუმცა მანაც სიტყვის თქმა ვერ გაბედა და მრავლისმეტყველად გახედა ქმარს.
ლოჟის მეორე მხარეს აბელი პირზე ხელს იფარებდა და ჩუმად, კმაყოფილებით იცინოდა. მის გვერდით მდგარმა სარამ — გაოცებისგან თვალები დააჭყიტა, ძმას მკლავში ხელი ჩაავლო, შეანჯღრია და ჩურჩულით ჰკითხა:
— შენ რა, იცოდი?! ეს როგორ დაუშვი?!
აბელმა მხოლოდ თვალი ჩაუკრა დას და სიცილი განაგრძო. იანემ კი ზემოდან გადახედა თავის დას და ჰენრის ღიმილით გადაუჩურჩულა: „ხომ ვამბობდი, რაღაცას გეგმავს-მეთქი“.
ჩრდილოელების მხარეს კი ნამდვილი მხიარულება ატყდა. ერიკი, რომელიც საოცრად ლაღი, მხიარული და ემოციური რაინდი იყო, საერთოდ არ ცდილობდა თავის შეკავებას. მან ხმამაღლა დაუკრა ტაში, გადაიხარხარა და ტრიბუნიდან პირდაპირ სარას გადახედა, რომელიც ჯერ კიდევ შოკირებული უყურებდა კასიანას. ერიკმა სარას ფართოდ გაუღიმა და თვალები აუთამაშა, თითქოს ეუბნებოდა: „თქვენი ოჯახი ნამდვილად ყოველდღე მაოცებსო“. ტორბენმაც მძიმე ხელი დაჰკრა მესერს და არენას თავისი მჭექარე ხმით გადასძახა: „აი, ეს ყოფილა ნამდვილი პრინცესა!“
კასიანამ მზერა მუხლმოდრეკილ ესაიას გაუსწორა. მისი ღიმილი უფრო თბილი და იდუმალი გახდა. მან ხელი ნაზად გაუწოდა მხედართმთავარს. თამაში, რომელიც პრინცების მოსახიბლად დაიწყო, ახლა სრულიად სხვა მიმართულებით წავიდა.
სიტუაცია ზღვარზე იყო. მეფე მარკისა და დედოფალ ელენას დუმილი მოედანზე მყოფ დიდებულებში უკვე იწვევდა ჩურჩულსა და გაურკვევლობას. უცხოელი პრინცები დაბნეულები გადასცქეროდნენ ერთმანეთს — მათ არ იცოდნენ, როგორ მიეღოთ ის ფაქტი, რომ ქალმა, რომლის ცოლად შერთვასაც აპირებდნენ, ჩრდილოეთის უძლეველ მხედართმთავარს ხმალი გაუთანაბრა.
სწორედ ამ დროს, საპატიო ლოჟაში ჩრდილოეთის მეფე ჰენრი წამოდგა. მისი მასიური ფიგურა და მშვიდი, მბრძანებლური აურა მაშინვე ყურადღების ცენტრში მოექცა. მან ხელი აწია, ხალხის გუგუნი ჩააცხრო და თავისი მჭექარე, არისტოკრატიული ხმით მთელ არენას გადასძახა:
— დიდებულო მეფე მარკ! სამხრეთის რაინდებო და სტუმრებო! — ჰენრიმ ჯერ მარკს დაუკრა თავი პატივისცემით, შემდეგ კი მზერა კასიანაზე გადაიტანა. — დღეს ჩვენ ვიხილეთ არა უბრალოდ ორთაბრძოლა, არამედ სამხრეთის უდიდესი სიბრძნისა და სტრატეგიის დასტური. მეფე მარკმა, იცის, რომ ჩრდილოეთში სიმშვიდის შენარჩუნება მხოლოდ უზადო დისციპლინითა და ძლიერი ნებისყოფითაა შესაძლებელი. პრინცესა კასიანას ჩრდილოეთში გაგზავნით, სამხრეთის გვირგვინმა დაგვანახა, რომ მათ არა მხოლოდ ხელოვნებისა და დახვეწილობის, არამედ ნამდვილი საბრძოლო სტრატეგიის მართვაც შეუძლიათ!
ჰენრიმ მცირე პაუზა გააკეთა, ფართოდ გაიღიმა და უცხოელ პრინცებს გადახედა, რომელთა სახეებზეც დაბნეულობა ნელ-ნელა აღფრთოვანებამ შეცვალა:
— პრინცესა კასიანამ დღეს ყველა ჩვენგანს უდიდესი პატივი გვცათ. მან აჩვენა, რომ სამხრეთის პრიმცესა არ არის მხოლოდ სამკაული ტახტზე — ის არის ძლიერი, გონიერი და მამაცი მმართველი, რომელიც ნებისმიერი თქვენგანის გვერდით სამეფოს საიმედო ფარად იქცევა. მეფე მარკ, თქვენ აღზარდეთ ქალიშვილი, რომლითაც არა მხოლოდ სამხრეთი, არამედ მთელი კონტინენტი უნდა ამაყობდეს!
ჰენრის ამ სიტყვებმა სიტუაცია წამში შეატრიალა. მან კასიანას საქციელი თავნებობიდან სამეფო სტრატეგიად და მამის ბრძნულ აღზრდად მონათლა.
ამ სიტყვების გაგონებაზე მეფე მარკს სახე გაეხსნა. უხერხულობა გაქრა, წელში ამაყად გაისწორა, თითქოს ყველაფერი მართლაც მისი წინასწარ გათვლილი გეგმა ყოფილიყო, და ჰენრის მადლობის ნიშნად თავი დაუკრა. ტრიბუნებმა კი, სადაც უცხოელი დიდებულები ისხდნენ, ერთიანად იფეთქა აღფრთოვანებული ტაშითა და ყიჟინით. პრინცები ახლა სულ სხვაგვარი, გაორმაგებული აზარტითა და პატივისცემით უყურებდნენ კასიანას — ის მათ თვალში მიუწვდომელ, დიდებულ თავსატეხად იქცა.
დედოფალი ელენა კვლავ უკმაყოფილო დარჩა, თუმცა ქმრის სახეზე სიამაყე რომ დაინახა, იძულებული გახდა, თავი შეეკავებინა და ხალხს ყალბი, მადლიერი ღიმილით გადახედა.
მოედანზე მყოფი კასიანა კი ჰენრის უყურებდა. გოგონამ მადლიერებით გაუღიმა ჩრდილოეთის მეფეს — მან იდეალურად იცოდა, როგორ უნდა ემართა მასები.
მოდი, დროში ცოტა უკან დავბრუნდეთ — ზუსტად იმ მომენტში, სანამ ერიკი მოედანზე გავიდოდა და თავის გამარჯვებას სარას უძღვნიდა. სწორედ მაშინ, როცა პრინცები კასიანას წინ მუხლს იყრიდნენ და კომპლიმენტებს აყრიდნენ, კულისებში ნამდვილი საიდუმლო ოპერაცია მზადდებოდა.
საპატიო ლოჟაში პრინცების აღფრთოვანებული შეძახილების ხმა ისმოდა. მორიგი პრინცის თავაზიანი ღიმილის შემდეგ, კასიანა ნაზად მიუბრუნდა დედოფალ ელენას, ხელი შუბლზე მიიდო და ხმა რაც შეიძლება სუსტი და ნაზი გახადა:
— დედა, მზისგან თავი საშინლად ამტკივდა, თითქოს ყველაფერი მიტრიალებს... ნებას მომცემთ, რამდენიმე წუთით ჩრდილში გავიდე, გრილი წყალი დავლიო და გონს მოვიდე? ტურნირის მთავარ ნაწილამდე აუცილებლად დავბრუნდები.
დედოფალმა ელენამ უკმაყოფილოდ შეხედა, მაგრამ რადგან კასიანა ნაზ პრინცესასავით გამოიყურებოდა, უხალისოდ დაუქნია თავი:
— წადი, მაგრამ დიდხანს არ გაჩერდე. პრინცესას ასეთი სისუსტე არ შეეფერება.
კასიანა ფეხზე წამოდგა, საოცარი გრაციით ჩაუარა ტრიბუნებს და როგორც კი ხალხის თვალს მიეფარა, მისი ნელი ნაბიჯი სირბილში გადაიზარდა. ის სასახლის პირველ სართულზე, მეომრების მოსასვენებელ ფარულ ოთახში შევარდა, სადაც მას უკვე ნერვიულად ელოდნენ აბელი და რობი. იქვე, მაგიდაზე, სამხრეთული მუქი ლურჯი აბჯარი იდო.
— კასიანა, დარწმუნებული ხარ? მამა რომ მიხვდეს, ორივეს თავს მოგვაჭრის! — შეშფოთებულმა აბელმა დას ხელები ჩაჭიდა.
კასიანამ ძმას თვალებში ჩახედა. მისი მზერა სასოწარკვეთილი, მაგრამ ამავდროულად ურყევი იყო. მან აბელს ხელებზე ხელები მოუჭირა:
— აბელ, გემუდარები, დამეხმარე! ძალიან გთხოვ... ეს ჩემი ერთადერთი შანსია. თუ ახლა არ გამოვალ და ჩემს ნამდვილ ძალას არ ვუჩვენებ, მამა რომელიმე ამ გათამამებულ პრინცზე მათხოვებს. იქნებ დაინახონ, რომ ნაზი სათამაშო არ ვარ, შეეშინდეთ და ჩემი ცოლად მოყვანა საერთოდ გადაიფიქრონ! რობ, დამეხმარე აბჯრის შეკვრაში, დრო არ გვაქვს!
რობმა ჩუმად ჩაიცინა, მისი მეგობრული და ერთგული ბუნება ამ ავანტიურამ მხოლოდ გაამხიარულა.
— შენს მხარეს ვარ, პრინცესა. მოდი, ვუჩვენოთ ამათ, რა ისწავლე ჩრდილოეთში, — თქვა მან და აბჯრის შეკვრა დაიწყო.
აბელმა ამოიოხრა, თუმცა დის თვალებში არსებულმა სიმტკიცემ ყველაფერი გადაწონა. თმები მყარად შეუკრა და მუზარადი მიაწოდა. სულ რამდენიმე წუთში, ნაზი პრინცესას ნაცვლად, ოთახში დახვეწილი, სახიფათო მეომარი იდგა.
აბელი სასწრაფოდ დაბრუნდა ლოჟაში, რათა ეჭვი არავის აეღო და ზუსტად იმ მომენტს მიუსწრო, როცა მოედანზე ერიკი გამოვიდა, თავისი ბრძოლა მოიგო და გამარჯვება გაოგნებულ სარას მიუძღვნა. აბელი ხედავდა, როგორ ეფარებოდა სარა პირზე ხელს და როგორ აუწითლდა ლოყები, თავად კი გულში იცინოდა, რადგან იცოდა, რა გრანდიოზული სიურპრიზი ელოდა წინ მთელ მოედანს.
ხოლო ქვემოთ, მესრის პირას, სანამ კასიანა მოედანზე გავიდოდა, ესაია იდგა. ის ვერ პოულობდა მოსვენებას. მისი მზერა გამუდმებით სამეფო ლოჟისკენ გარბოდა, სადაც კასიანას ცარიელი სავარძელი დახვდა. მხედართმთავარს გული არასასიამოვნოდ შეეკუმშა. სად წავიდა? შეუძლოდ ხომ არ გახდა? თუ რომელიმე პრინცს გაჰყვა საუბრის გასაგრძელებლად? ამ ფიქრებზე ესაიას სისხლი უფეთქებდა, ხელები უცახცახებდა ბრაზისგან და მზად იყო, პირველივე მოწინააღმდეგე ნაკუწებად ექცია.
სწორედ ამ დაძაბულობის პიკზე გაისმა საყვირის ხმა, რომელმაც გამოაცხადა, რომ ესაიას წინააღმდეგ სამხრეთის იდუმალი მებრძოლი გამოდიოდა. მხედართმთავარმა ღრმად ჩაისუნთქა, თავისი მძიმე კატანა მოიმარჯვა და მოედანზე გავიდა, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ მის წინაშე სწორედ ის გოგონა იდგა, რომლის გამოც ჭკუიდან გადადიოდა.
ჰენრის დიდებულმა სიტყვამ სიტუაცია საბოლოოდ განმუხტა. მოედანზე შეკრებილმა რაინდებმა და პრინცებმა, რომლებიც წამის წინ დაბნეულები იყვნენ, ახლა მქუხარე ტაშით აავსეს არენა. კასიანას მამაცურმა და მოულოდნელმა ნაბიჯმა ტურნირს ისეთი ელფერი შესძინა, რომელზეც სამეფოებში კიდევ დიდხანს ისაუბრებდნენ.
მსაჯულებმა ტურნირის დასრულება ოფიციალურად გამოაცხადეს.
კასიანამ, რომელიც კვლავ აბჯარში იყო გამოწყობილი, მუზარადი მყარად დაიჭირა იღლიაში. მან ნელი, თავდაჯერებული და საოცრად გრაციოზული ნაბიჯით ჩაუარა მესრის პირას მდგარ რაინდებს. მის წინაშე ყველა პრინცი ინსტინქტურად იხრიდა თავს, თუმცა ამჯერად მათ თვალებში მხოლოდ აღფრთოვანება კი არა, უდიდესი პატივისცემაც იკითხებოდა.
გოგონა სამეფო პოდიუმის წინ დადგა, სადაც მისი მშობლები და ჩრდილოეთის მმართველები ისხდნენ. მან ჯერ მეფე მარკსა და დედოფალ ელენას დაუკრა თავი — მამის თვალებში ბრაზი უკვე სიამაყეს შეეცვალა, დედამ კი მხოლოდ ტუჩები მოკუმა, თუმცა ხალხის რეაქციის გამო იძულებული გახდა, ოდნავ დაექნია თავი. შემდეგ კასიანა შეკრებილ დიდებულებსა და უცხოელ სტუმრებს მიუბრუნდა. მისი რბილი, მაგრამ მტკიცე ხმა მთელ მოედანს გადასწვდა:
— ჩემო დიდებულო სტუმრებო, ერთგულო რაინდებო და მეგობრებო! მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს დღევანდელი დღისთვის, თქვენი უზადო ვაჟკაცობისთვის, ნიჭისა და იმ საოცარი ბრძოლებისთვის, რომლებიც ამ არენაზე გვაჩვენეთ. დღევანდელმა დღემ დაამტკიცა, რომ ჩვენს სამეფოებს შორის მეგობრობა და ძალა ურყევია.
კასიანამ მრავლისმეტყველად გადახედა არენის კიდეზე მდგარ ჩრდილოელებს, სადაც ესაია კვლავ ფეხზე იდგა და თვალს არ აშორებდა მას, ხოლო ერიკი მხიარულად უღიმოდა და აპლოდისმენტებს არ აკლებდა.
— ტურნირი დასრულდა, თუმცა დღესასწაული მხოლოდ ახლა იწყება, — განაგრძო კასიანამ და სახეზე ისევ ის მომაჯადოებელი პრინცესას ღიმილი დაუბრუნდა, რომელიც ასე უხდებოდა მის მეომრულ სამოსს. — ყველას გეპატიჟებით სასახლის დიდ საზეიმო დარბაზში, სადაც ამ საღამოს გრანდიოზული მეჯლისი გაიმართება. მოდით, ერთად აღვნიშნოთ ეს დიდებული დღე, დავლიოთ საუკეთესო სამხრეთული ღვინო და ვიცეკვოთ დილამდე!
ხალხის მასამ აღფრთოვანებული ყიჟინითა და ტაშით უპასუხა პრინცესას მიწვევას. საყვირებმა უკანასკნელად დასცეს დიდებული ხმა, რაც იმის ნიშანი იყო, რომ მოედანი უნდა დაცლილიყო და ყველას სასახლისკენ გადაენაცვლა, რათა საღამოს მეჯლისისთვის მომზადებულიყვნენ.
კასიანამ მზერა კიდევ ერთხელ შეაჩერა ესაიაზე, ტუჩის კუთხით ოდნავ ჩაეღიმა და სასახლისკენ გაემართა, რათა აბჯარი სასწრაფოდ მოეხსნა და კვლავ მეჯლისის დედოფლად გადაქცეულიყო. ნამდვილი ემოციების ქარიშხალი სწორედ სასახლის კედლებში, მუსიკისა და ცეკვების ფონზე ელოდათ.
როგორც კი კასიანამ თავისი საძინებლის კარი ზურგს უკან მიხურა და მძიმე, ლითონის მუზარადი საწერ მაგიდაზე ხმაურით დადგა, ოთახის ორფრთიანი კარი თითქმის ძალდატანებით გაიღო. შიგნით ნამდვილი ქარიშხალივით შემოიჭრა სამეფო ოჯახი.
​პირველი დედოფალი ელენა შემოვიდა, მისი მეწამული კაბის შრიალი ბრაზისგან თითქოს ჰაერს ჭრიდა. მის უკან სახეალეწილი მეფე მარკი მოჰყვებოდა, რომელსაც გვერდით იანე, გაოგნებული სარა და კბილებამდე გაღიმებული აბელი მოჰყვებოდნენ.
​— ეს რა იყო, კასიანა?! — ელენას ხმა სიმკაცრისგან კანკალებდა, მან კარი ზრახუნით დაკეტა, რომ მსახურებს არაფერი გაეგოთ. — როგორ გაბედე?! სამხრეთის პრინცესა, ჩემი ქალიშვილი, კაცის აბჯარში გამოწყობილი, ტალახსა და მტვერში ხმალს იქნევდი უცხოელი დიდებულების წინაშე! შენ ჩვენი ოჯახის სახელი სასასცილოდ აიგდე!
​— დედა, დამშვიდდი, — სცადა აბელმა ჩარევა, თუმცა დედოფალმა ის ერთი მრისხანე მზერით გააჩუმა.
​— შენ საერთოდ გაჩუმდი, აბელ! ვიცი, რომ შენი და რობის გარეშე ამ სისულელეს ვერ იზამდა! — ელენა ისევ კასიანას მიუბრუნდა. — შენ დღეს ყველა იმ პრინცს შეურაცხყოფა მიაყენე, ვინც შენს ხელს ითხოვს! რომელი ნორმალური მამაკაცი მოიყვანს ცოლად ქალს, რომელიც მოედანზე კატანით დარბის?!
​კასიანამ ღრმად ჩაისუნთქა, აბჯრის სამკლავეები ნელა შეიხსნა და დედას მშვიდი, მტკიცე თვალებით შეხედა.
​— ზუსტად ეგ იყო ჩემი მიზანიც, დედა, — თქვა მან ჩუმად, მაგრამ გარკვევით. — მინდოდა დაენახათ, ვინ ვარ სინამდვილეში. მე არ ვარ სათამაშო თოჯინა, რომელსაც რომელიმე მათგანი თავის სასახლეში მორთულობად დაიდგამს. თუ ჩემი ეშინიათ, დაე, საერთოდ გადაიფიქრონ ჩემი ცოლად მოყვანა!
​— კასიანა... — ამჯერად მეფე მარკი ჩაერია. მისი ხმა მძიმე იყო, თუმცა ელენასგან განსხვავებით, მასში ბრაზთან ერთად რაღაც უცნაური დაბნეულობაც იგრძნობოდა. — ჰენრის რომ არა ის სიტყვები... შენ წარმოდგენაც არ გაქვს, რა უხერხულობაში ჩაგვაგდებდი. თუმცა... — მარკმა ჩუმად გადახედა ცოლს, — უნდა ვაღიარო, ის ილეთი, მხედართმთავრის წინააღმდეგ რომ გამოიყენე... ჩრდილოეთში მართლაც ბევრი რამ გისწავლია.
​— მარკ! შენ მას ამართლებ?! — დედოფალს თვალები გაუფართოვდა ქმრის სიტყვებზე.
​სარა ამ დროს კუთხეში იდგა, კასიანას აბჯარს ისე უყურებდა, თითქოს საკუთარ დას პირველად ხედავდაო.
— კასი... შენ მართლა შეებრძოლე მას... — ჩაიჩურჩულა უმცროსმა დამ გაოცებულმა. — რომ დაგინახე შენ იყავი, მე მეგონა, იქ მოვკვდებოდი შიშისგან. მაგრამ შენ იცი? ჩრდილოელმა რაინდმა ... ერიკმა ... მან გამარჯვება მომიძღვნა.. და სარა ლოგინზე ხელებგაშლილი დაეშვა და ამოიკივლა სიხარულით.
​ოთახში ყველამ უცებ სარას გადახედა. აბელმა ვეღარ გაუძლო, ხმამაღლა გაიცინა:
— კასიანას მაგ დროს რობი აბჯარში კოჭავდა , ასე რომ, ფიზიკურად ვერაფერს გაიგებდა.
​ოთახში მყოფებს, დაძაბულობის მიუხედავად, მაინც გაეცინათ. დედოფალმაც კი ვერ შეიკავა თავი და გაეღიმა, ხოლო სარას ლოყები უფრო მეტად აუწითლდა.
​იანე, რომელიც აქამდე სრულიად უხმოდ, ზურგით კედელზე მიყრდნობილი იდგა და ოჯახის დრამას აკვირდებოდა, წინ წამოიწია. მან ჯერ მშობლებს გადახედა, მერე კი კასიანას მიუახლოვდა და მხარზე ხელი მყარად დაადო.
​— დედა, მამა, თქვენ შეგიძლიათ ინერვიულოთ იმაზე, თუ რას იტყვიან პრინცები, — თქვა იანემ მშვიდად. — მაგრამ სიმართლე ისაა, რომ კასიანამ დღეს სამხრეთს იმაზე მეტი პატივისცემა მოუპოვა, ვიდრე ნებისყოფით. ჩრდილოეთში მეომრებს აფასებენ. და ის, რაც დღეს ესაიამ გააკეთა... ის, რომ მან პრინცესას წინაშე მუხლი მოიდრიკა... ეს იმაზე მეტყველებს, რომ თქვენი ქალიშვილი საუკეთესო მეომარია მთელ სამხრეთში.
​როცა იანემ საუბარი დაასრულა, ოთახში წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა. კასიანამ მზერა მშობლებს გაუსწორა. მისი ხმა ახლა სრულიად სერიოზული, მტკიცე და გულწრფელი იყო, ყოველგვარი ნიღბისა და თამაშის გარეშე:
​— მამა, დედა.. მე არ მინდა, რომ როცა ვიღაც ჩვენს საზღვარს მოადგება და ომს დაიწყებს, მე სასახლეში, უსაფრთხო ოთახში ვიჯდე, ვქსოვდე ან შორიდან ვისმენდე, რამდენი ადამიანი დაიღუპა ბრძოლაში. მინდა მეც ვიცავდე ჩვენს სამეფოს, ჩვენს ხალხს და ჩვენს მოკავშირეებს. არ მინდა მხოლოდ ნაზი პრინცესა ვიყო, რომელსაც სხვების დაცვა სჭირდება. მინდა თავის დაცვა თავადვე შემეძლოს, მინდა ძლიერი ვიყო.
​ელენამ უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა, თუმცა შვილის თვალებში არსებულმა წარმოუდგენელმა სიმტკიცემ ისიც კი აიძულა, გაჩუმებულიყო. მეფე მარკმა ღრმად ამოიოხრა, კასიანას სიტყვებმა მასში მეომარი მამის პატივისცემა გააღვიძა. მან ცოლს ხელი მოჰკიდა და კარისკენ წაიყვანა.
— მოემზადე, კასიანა. საღამოს მეჯლისზე თვალი არ მოგცილდება, — თქვა მეფემ და ოთახი დატოვა.
​როცა მშობლები გავიდნენ, აბელი და სარა მაშინვე დას შემოეხვივნენ, იანემ კი კარისკენ გაიხედა და ჩუმად ჩაილაპარაკა:
— კასი, სასწრაფოდ მოემზადე და კაბა ჩაიცვი.

სასახლის დიდ დარბაზში მუსიკა უკვე გუგუნებდა, მაგრამ გრილ ქვის აივანზე მდგარ ორ ჩრდილოელს შიგნიდან გამომავალი ხმები ნაკლებად აინტერესებდათ.
მეფე ჰენრი მოაჯირს მიყრდნობოდა, სამხრეთულ ღვინოს აგემოვნებდა და თვალს არ აშორებდა თავის მხედართმთავარს. ესაია კი ადგილზე ვერ ჩერდებოდა — ის აივანზე წინ და უკან დააბიჯებდა, თვალები საბრძოლო ცეცხლით უელავდა და სახეზე ისეთი ფართო, ამაყი და გაოცებული ღიმილი დასთამაშებდა, როგორიც ჰენრის მის სახეზე დიდი ხანია არ ენახა. ის აშკარად აღფრთოვანების პიკზე იყო.
— ხედავდი, ჰენრი?! ხედავდი, როგორ დამიბლოკა უკანასკნელი დარტყმა?! — ესაიამ ხელი ჰაერში მკვეთრად გააქნია, თითქოს ისევ არენაზე იდგა და ხმალს იქნევდა. — არავითარი ყოყმანი! ზუსტად იცოდა, საიდან წამოვიდოდი. ჩრდილოეთში ყოფნისას სულ მეუბნებოდა, ზურგს უკან არ ვვარჯიშობო, მაგრამ ასეთ სუფთა და უზადო ტექნიკას თუ ფლობდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი!
ჰენრიმ ხმამაღლა გადაიხარხარა და თასი იქვე დადგა.
— აი, თურმე რამხელა ძალა ყოფილა დამალული სამხრეთის პრინცესაში. როგორ ფიქრობ, რატომ გამოვიდა შენს წინააღმდეგ?
— იმ თავდაჯერებული პრინცების დასაფრთხობად! — თქვა ესაიამ და თვალები მოჭუტა, მის ხმაში სიამაყე და მესაკუთრული ტონი ერთმანეთში ირეოდა. — ყველას აჩვენა, რომ ნაზი სათამაშო არ არის და თუ ვინმე მის ცოლად მოყვანას დააპირებს, ჯერ მასთან მოუწევს ხმლების გათანაბრება. გენიალური სვლაა!
— ჰო, მაგრამ შენც ხომ ჩაგაგდო ფრეში, — ჩაუკრა თვალი მეფემ. — ჩრდილოეთის უძლეველ მგელს ერთმა გოგომ ხმალი გაუჩერა.
— და ზუსტად ეგაა საოცრება! — ესაია მოაჯირთან მივიდა და ხელი მყარად დაარტყა ქვას, მისი ღიმილი კიდევ უფრო გაფართოვდა. — არასოდეს მინდოდა გვერდით სუსტი ქალი მყოლოდა, რომელიც კუთხეში იჯდებოდა და ყველაფერზე თანახმა იქნებოდა. კასიანა კი... ჩემს წინაშე ისეთი ამაყი იდგა, მუზარადი რომ მოიხსნა და გამიღიმა... ჰენრი, იმ მომენტში მივხვდი, რომ მზად ვარ, მთელი ცხოვრება ამ ქალის ხელში ჩავარდნილ ხმალს ვებრძოლო.
— აი, ამას ჰქვია ჩრდილოური სისხლის აფეთქება, — კმაყოფილებით დაუქნია თავი ჰენრიმ. — მის წინაშე მუხლის მოყრაც ამიტომ გადაწყვიტე?
— მან ეს დაიმსახურა, — თქვა ესაიამ დაბალი, მაგრამ მტკიცე ხმით. — მან ჩემი სრული პატივისცემა მოიპოვა.
ჰენრიმ სერიოზული სახით უსმენდა ძმობილს. მან თასი გვერდზე გადადო, ორივე ხელით აივნის მოაჯირს დაეყრდნო, მხარი მხარს გაჰკრა ესაიას და დაბალი, მტკიცე ხმით უთხრა:
— ესაია... რას გრძნობ პრინცესას მიმართ? სიმართლე მითხარი. ეს მხოლოდ საბრძოლო აზარტი და სიამაყეა, თუ რაღაც ბევრად უფრო ღრმა?
ესაიას ფართო ღიმილი სახეზე წამში გაქრა. მან ღრმად ჩაისუნთქა, აივნის ქვას ხელები მაგრად მოუჭირა და თავი ჩახარა. როცა ისევ ჰენრის შეხედა, მის თვალებში ისეთი სევდა კითხებოდა, როგორსაც მხედართმთავარი იშვიათად თუ ვისმეს აჩვენებდა.
— იცი, ჰენრი... ყველაფერი ბევრად ადრე დაიწყო, — თქვა ესაიამ და მისი ხმა საოცრად თბილი გახდა. — პირველად იმ მივიწყებულ მიწაზე დავინახე... ძველ, ხის საქანელაზე იდგა. თვალები დაეხუჭა და სახეზე ისეთი ნაზი, უშფოთველი ღიმილი დასთამაშებდა, თითქოს სამყაროში არანაირი ბოროტება არ არსებობდა. იმ დღეს კასიანას არ დავუნახივარ, ჩრდილში ვიდექი. მაგრამ როდესაც რობმა და მცველებმა მოაკითხეს, გავიგონე, როგორ დაუძახეს: „პრინცესა კასიანა“... სწორედ იმ წამს, როცა გავიგე ვინც იყო, მივხვდი, რომ ჩემთვის მიუწვდომელი იქნებოდა. მივხვდი თავისუფალების მოყვარული იქნებოდა, რომელსაც თავად სურს გადაწყვეტილებების მიღება, ამიტომ ვთქვი უარი მის საქმროობაზე, როცა სამეფოებს შორის ქორწინებაზე ჩამოვარდა ლაპარაკი. მაგიტომ გირჩიე შენც, რომ პრინცესებიდან რომელიმე სხვა მოგეყვანა ცოლად.
ესაიამ მზერა შორს, ჰორიზონტს გაუსწორა, თითქოს იმ დღეების კადრებს ხელახლა ხედავდა.
— მერე, საზღვარზე, როცა კატანით ვარჯიშობდა, ფეხი იტკინა. იქ ჩემს მეტი არავინ იყო. მივედი და დავეხმარე, საზღვრამდე მივაცილე... ყოველი ნახვისას, ყოველი შემთხვევითი შეხვედრისას ეს სიმპათია უფრო და უფრო მიღრმავდებოდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთში მთელი ერთი თვე გაატარა ჩემთან ერთად, როცა ყოველდღე ჩემ გვერდით იყო... მივხვდი, რომ ეს უბრალო მოწონება აღარაა. ეს ბევრად მეტია, ჰენრი.
მხედართმთავარმა მძიმედ ამოიოხრა, სახეზე ხელი ჩამოისვა და ხმაში ისევ ის ნაცნობი, მძიმე სიმკაცრე დაუბრუნდა, რომლითაც საკუთარ თავს სჯიდა ხოლმე:
— მაგრამ ხომ იცი, როგორი ვარ... მძიმე ხასიათი მაქვს, რთული ვარ. არ შემიძლია მივცე მას ის სიმშვიდე და ბედნიერება, რასაც პრინცესა იმსახურებს. შენ ხომ იცი ჩემი ცხოვრება? ხან ომში ვარ, ხან ლაშქრობებში, ხან საზღვრების შესამოწმებლად მიწევს გადაკარგვა და ხანაც კვირაობით პოლიგონზე ვათენებ. მას სულ ჩემი დანაკლისი ექნება... არ მემეტება ჩემი ლოდინისთვის, არ მინდა მარტოობამ დაღალოს... მაგრამ მაინც მისკენ მიმიწევს გული, მაინც მისკენაა ყველა ჩემი ფიქრი. არ შემიძლია ყველაფერი მივატოვო, არ შემიძლია ჩემი მოვალეობა და ქვეყანა დავივიწყო და არ დავიცვა იგი... მაგრამ ვერც მას ველევი. ვერ ვახერხებ იმ გრძნობის ჩახშობას, რასაც მის მიმართ განვიცდი.
ჰენრი ჩუმად უსმენდა, თავის მეგობარსა და საუკეთესო მეომარს აკვირდებოდა. ის ხედავდა, როგორ იტანჯებოდა ეს ძლიერი მამაკაცი საკუთარ გრძნობებსა და მოვალეობას შორის.
— ჰოდა, სწორედ ამიტომაა დრო დარბაზში შევიდეთ, — უთხრა ჰენრიმ და მყარად დაჰკრა ხელი მხარზე თავის ძმობილს, სახეზე კი ისევ ის გამამხნევებელი ღიმილი დაუბრუნდა. — კასიანა მალე ჩამოვა, ამჯერად მეჯლისის კაბაში. იარაღი აღარ გექნებათ, ასე რომ მოემზადე — სიტყვებით ბრძოლა ხმლებზე ბევრად უფრო რთული იქნება, მით უმეტეს მაშინ, როცა საკუთარ გულს ებრძვი. წადი, დაელაპარაკე და დაინახავ, რომ ის იმაზე ძლიერია, ვიდრე შენ გგონია. ნუ გადაწყვეტ მის ნაცვლად, რა შეუძლია აიტანოს და რა — არა. დღეს მოედანზე ყველამ ვნახეთ, რომ ეგ გოგო ლოდინისთვისაც მზადაა და ბრძოლისთვისაც.
ესაიამ აზარტულად ჩაიცინა, შავი პერანგის საყელო შეისწორა და დარბაზისკენ გაიხედა. ის მოუთმენლად ელოდა იმ წამს, როდის დაინახავდა კასიანას.
სასახლის დიდი დარბაზის კარი მსახურებმა საზეიმოდ გააღეს და შიგნიდან მუსიკის, სიცილისა და ასობით ადამიანის ხმაური ერთიანად გამოვარდა. ჰენრიმ და ესაიამ აივანი დატოვეს და ხალხმრავლობაში შეერივნენ. დარბაზი უკვე სავსე იყო ოქრომკედით ნაქარგი კაბებითა და მდიდრული სამოსით გამოწყობილი დიდებულებით, რომლებიც მაგიდებთან ისხდნენ, სამხრეთულ ღვინოს სვამდნენ და მხოლოდ დღევანდელ საოცარ ტურნირზე ლაპარაკობდნენ.
ესაია დარბაზის შედარებით მშვიდ კუთხეში, ერთ-ერთ მაღალ სვეტთან დადგა. ხელში სასმისი ეჭირა, თუმცა მისთვის არც კი მიუკარებია ტუჩები. მისი ფოლადისფერი თვალები დაჟინებით, მტაცებელივით აკვირდებოდნენ დარბაზის მთავარ კიბეს, საიდანაც სამეფო ოჯახი უნდა ჩამოსულიყო.
უცებ მუსიკა წამით შეწყდა, მესაყვირეებმა ნიშანი მისცეს და დარბაზში ჩამოვარდნილმა სიჩუმემ ყველას მზერა კიბისკენ მიმართა.
ზემოთ კასიანა გამოჩნდა.
ესაიას სუნთქვა შეეკრა. გოგონას სულ რამდენიმე წუთის წინ ეცვა მძიმე, მტვრიანი საბრძოლო აბჯარი, ახლა კი მის ნაცვლად ნამდვილი პრინცესა იდგა. მას წითელი, კაბა ეცვა, რომელიც მის სილუეტს საოცარ დახვეწილობას ჰმატებდა. გრძელი, მუქი თმა არისტოკრატიულად ჰქონდა აწეული, მხოლოდ რამდენიმე ტალღოვანი კულული უფარავდა ნატიფ კისერს. მის სახეზე აღარაფერი მეტყველებდა იმ გააფთრებულ მეომარზე, რომელიც არენაზე ხმალს იქნევდა — ის კვლავ საოცრად მშვიდი, მომხივლელი და იდუმალი იყო.
კასიანამ ნელი, ამაყი ნაბიჯით დაიწყო კიბეზე ჩამოსვლა. უცხოელი პრინცები, რომლებიც დღეს არენაზე დააფრთხო, ახლა სრულიად მოჯადოებულები, თვალს ვერ აშორებდნენ. მათ თვალებში შიში და უდიდესი მიზიდულობა ერთმანეთში ირეოდა.
კასიანამ დარბაზს მზერა გადაავლო და ზუსტად იცოდა, ვის ეძებდა. როგორც კი მისი თვალები სვეტთან მდგარ ესაიას შეეფეთა, გოგონას ტუჩის კუთხეში ის საფირმო, გამომწვევი ღიმილი გაუკრთა.
ესაიამ სასმისი იქვე, მსახურის ლანგარზე დადგა, შავი პერანგის სახელოები ოდნავ მაღლა აიწია და პირდაპირ მისკენ დაიძრა. ხალხის მასა ჩრდილოეთის მხედართმთავარს ინსტინქტურად უთმობდა გზას. მისი ნაბიჯები მტკიცე და აზარტული იყო. მას არავითარი გრძნობების გამჟღავნება არ აინტერესებდა — ახლა მის სისხლში მხოლოდ ის დაუმორჩილებელი, მამაკაცური ჟინი დუღდა, რომელსაც ამაყი მოწინააღმდეგის გამოწვევა ჰქვია.
ის კასიანას ზუსტად კიბის ბოლო საფეხურთან დახვდა. მათ შორის მანძილი ისევ ისე შემცირდა, როგორც არენაზე, ხმლების გადაჭდობისას.
ესაიამ თავი ოდნავ დახარა, თვალები მოჭუტა და დაბალი, მხოლოდ მისთვის გასაგები ხმით უთხრა:
— საუცხოო კაბაა, პრინცესა. თუმცა, უნდა ვაღიარო, აბჯარი ბევრად უფრო გიხდებოდათ. მით უმეტეს მაშინ, როცა ჩემს დარტყმებს ასე თავგანწირვით ბლოკავდით.
კასიანამ წამით უფრო ახლოს მიიწია მასთან, მისი თვალებიდანაც ზუსტად ისეთივე საბრძოლო ნაპერწკლები გადმოცვივდა, როგორიც იარაღის დაჯახებისას. მან ხელები ნაზად გადაიჯვარედინა და მშვიდად უპასუხა:
— თავგანწირვით, მხედართმთავარო? მე მეგონა, უბრალოდ თანასწორად გეთამაშებოდით. ჩრდილოეთში ხომ მასწავლეთ, რომ მოწინააღმდეგის შეფასებისას შეცდომა არ უნდა დავუშვა. როგორც ჩანს, დღეს ჩემი შეფასება იდეალური აღმოჩნდა. ბოლოს და ბოლოს, თქვენი მუხლმოდრეკა მთელმა სამეფომ ნახა.
ესაიას ჩუმად, აზარტულად ჩაეცინა. ეს გოგო ერთი ნაბიჯითაც არ იხევდა უკან, არც სიტყვით და არც საქმით.
— მუხლის მოდრეკა დაფასება იყო, კასიანა, — ჩაილაპარაკა ესაიამ, მისი ხმა უფრო ღრმა და სახიფათო გახდა. — მაგრამ ნუ გგონიათ, რომ ეს ფრე რამეს ნიშნავს. ტურნირი დასრულდა, თუმცა ჩვენი ბრძოლა ახლა იწყება. და ამჯერად, არენის წესები აღარ დაგვიცავს.
— მე წესები არასოდეს მჭირდებოდა, ესაია, — უთხრა კასიანამ, მზერა კიდევ უფრო მყარად გაუსწორა და მუსიკის ხმაზე დარბაზის ცენტრისკენ გააკეთა ნაბიჯი, რითაც მიანიშნა, რომ ეს გამოწვევა სიამოვნებით მიიღო.
კასიანასა და ესაიას შორის ჰაერი თითქოს ისევ ისე დაიძაბა, როგორც არენაზე ხმლების დაჯახებისას, თუმცა მესაყვირეების მომდევნო ხმამ ყურადღება კვლავ კიბისკენ მიმართა. სამეფო ოჯახის დარბაზში გამოსვლა გრძელდებოდა.
ზემოთ სარა გამოჩნდა. სამი დადან ყველაზე უმცროსს ნაზი, ატმისფერი კაბა ეცვა, რომელიც მის ახალგაზრდულ და ლაღ ბუნებას იდეალურად უსვამდა ხაზს. კიბეზე გადმოდგმისას ის აშკარად ნერვიულობდა, ლოყები კვლავ ოდნავ ვარდისფრად უფერადდებოდა — ტურნირზე მომხდარი ამბავი და ერიკის ჟესტი მასში ემოციების ქარიშხალს კვლავ არ ცხრობდა.
ერიკი კიბის ძირში უკვე მოუთმენლად ელოდა. ჩრდილოეთის ყველაზე მხიარული და ლაღი რაინდი სადღესასწაულო, ვერცხლისფერი დეტალებით გაფორმებულ სამოსში გამოწყობილიყო და სახეზე ისეთი ფართო, თბილი ღიმილი ეხატა, რომ მისი დანახვისას სარას გული კიდევ უფრო აუჩქარდა. როგორც კი გოგონამ ბოლო საფეხურს მიაღწია, ერიკი ნაბიჯით წინ წამოიწვია, ეტიკეტის სრული დაცვით, მაგრამ თვალებში აშკარა ეშმაკური ნაპერწკლებით თავი დაუკრა და ხელი გაუწოდა.
— დღეს არენაზე ბევრი დიდებული რამ ვიხილე, პრინცესა სარა, — უთხრა ერიკმა ხმამაღლა, თავისი ჩვეული ლაღი ტონით, — მაგრამ უნდა ვაღიარო, სამხრეთის ყველაზე მშვენიერი ყვავილი ბევრად უფრო გვიან ყვავილობსო, სწორედ თქვენზე ყოფილა ნათქვამი.
სარამ მორცხვად ჩაიცინა, ხელი ნაზად ჩაადო ხელისგულში და ერიკმაც ის დარბაზისკენ წაიყვანა, თან რაღაც მხიარულად გადაუჩურჩულა, რამაც სარა სრულიად გააწითლა.
მომდევნო ნიშანზე კიბის თავში იანე და ჰენრი გამოჩნდნენ. ეს წყვილი ნამდვილ მბრძანებლურ დიდებულებას ასხივებდა. იანეს სამხრეთული დახვეწილობა და ჩრდილოური სიმტკიცე საოცრად ჰქონდა შეხამებული მუქ ლურჯ, ოქროთი ნაქარგ კაბაში. მის გვერდით ჰენრი მყარად და ამაყად მოაბიჯებდა. იანემ დარბაზს ამაყი მზერა გადაავლო, განსაკუთრებით კი კასიანასა და ესაიას შეავლო თვალი და კმაყოფილმა ჩაიღიმა. მათ კიბის ბოლოს ჩრდილოელი მცველები და დიდებულები დახვდნენ, რომლებმაც თავიანთ მეფესა და დედოფალს მოწიწებით დაუკრეს თავი. ჰენრიმ შეკრებილებს მეგობრულად და მტკიცედ დაუკრა თავი და დარბაზის საპატიო ადგილისკენ გაემართა.
ბოლოს კი, დარბაზში ნამდვილი, მძიმე სიჩუმე ჩამოვარდა, როდესაც კიბეზე თავად მეფე მარკი და დედოფალი ელენა გამოჩნდნენ.
მარკს მეფური, მძიმე იასამნისფერი სამოსი ეცვა და მიუხედავად იმისა, რომ ტურნირის შემდეგ სახეზე სიმკაცრე კვლავ უთამაშებდა, წელში ამაყად გამართულიყო — ჰენრის სიტყვებმა მას თავმოყვარეობა შეუნარჩუნა. დედოფალი ელენა კი მის გვერდით ნამდვილი ყინულის დედოფალივით მოაბიჯებდა, მისი მზერა მკაცრი და მიუკარებელი იყო, თუმცა ხალხის წინაშე მაინც ახერხებდა ღიმილის შენარჩუნებას.
კიბის ძირში მათ მთელი სამეფოს დიდებულები და მინისტრები დახვდნენ, მთავარმა მსახურმა კი მეფე-დედოფალს ოქროს ლანგრით სამხრეთული ღვინო მიართვა. მარკმა თასი ასწია, რითაც მეჯლისი ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა.
მუსიკამ უფრო ხმამაღლა და საზეიმოდ დაუკრა. დარბაზი აცეკვდა, მაგრამ ამ დიდებულ დღესასწაულზე ყველას ყურადღება მაინც კასიანასა და ესაიასკენ იყო მიმართული, რომლებიც დარბაზის სხვადასხვა კუთხიდან, უსიტყვოდ, მაგრამ გამომწვევად აგრძელებდნენ ერთმანეთის თვალებით დევნას.
მეჯლისის დარბაზში მუსიკის რიტმი უფრო აზარტული და სწრაფი გახდა. კასიანა დარბაზის ცენტრში, კაბის შრიალით, ცეკვის მორევში ჩაება. მას ერთი პარტნიორი მეორეთი ენაცვლებოდა — უცხოელი პრინცები, გრაფები და მეფეებიც კი მოუთმენლად ელოდნენ თავიანთ რიგს, რათა სამხრეთის „მეომარ პრინცესასთან" თუნდაც ერთი წუთით ეცეკვათ.
ესაია კი დარბაზის სიღრმეში, ერთ-ერთ მაღალ, ბნელ სვეტთან იდგა. მას ხელი მყარად ჩაეჭიდა სვეტის ქვისთვის, სასმისი, რომელიც იქვე, მაგიდაზე ედო, დიდი ხანია ხელშეუხებელი დარჩენილიყო. მისი თვალები, როგორც მტაცებლისა, შორიდან, დაუნდობლად ადევნებდნენ თვალს კასიანას ყოველ მოძრაობას. მის სისხლში ახლა არა საბრძოლო აზარტი, არამედ მწველი, მახრჩობელა ეჭვიანობა დუღდა.
ის ხედავდა, როგორ ეხებოდნენ სხვისი ხელები კასიანას წელს ცეკვისას, როგორ იხრებოდნენ მისკენ პარტნიორები და როგორ ამკობდნენ მას აღფრთოვანებული კომპლიმენტებით. ყოველი ასეთი ჟესტი ესაიასთვის ხანჯლის ჩაცემასავით იყო. ყბა იმდენად დაეძაბა, რომ სახის კუნთები უკანკალებდა. ხელები, რომლებიც დღეს არენაზე კატანას ასეთი ოსტატობით ფლობდნენ, ახლა უმწეოდ იყვნენ შეკუმშულნი, რადგან მას არ ჰქონდა უფლება, შუა დარბაზში შევარდნილიყო და ყველა ეს მამაკაცი კასიანასთვის მოეშორებინა.
მაგრამ ყველაზე მეტად მას კასიანას რეაქცია სტანჯავდა. ის ხედავდა, რომ გოგონა სიამოვნებას იღებდა ამ ყურადღებით. კასიანა ნაზად, მომხივლელად იღიმებოდა ყოველ კომპლიმენტზე, თვალებს აციმციმებდა და თავს მოხდენილად ხრიდა. ეს არ იყო ყალბი ღიმილი — ის მართლაც იფერებდა ამ კომპლიმენტებს. ის თამაშობდა პრინცესას როლს, რომელსაც ყველა აღმერთებდა, და ესაიასთვის ამის ყურება გაუსაძლისი იყო.
მან დაინახა, როგორ დაიხარა მისკენ მორიგი დასავლელი პრინცი და რაღაც ყურში გადაუჩურჩულა, რაზეც კასიანამ ხმამაღლა გადაიკისკისა. ესაიამ ვეღარ გაუძლო. მან სვეტს ხელი გაუშვა, მრისხანე მზერით ბოლოჯერ შეხედა კასიანას, ზურგი შეაქცია დარბაზს და სწრაფი ნაბიჯით გაემართა აივნისკენ, რათა გრილ ჰაერზე ოდნავ მაინც ჩაეხშო ის მწველი ცეცხლი, რომელიც შიგნიდან ანადგურებდა.
დარბაზში ნამდვილი, თავბრუდამხვევი ჟრიამული ატყდა. მუსიკოსებმა ტემპს კიდევ უფრო აუჩქარეს, დასარტყამი ინსტრუმენტებისა და სიმებიანი საკრავების ხმამ მთელი სასახლე ააგუგუნა. სამხრეთული ღვინო მდინარესავით იღვრებოდა, თასების ერთმანეთზე დაჯახების წკრიალი, სიცილი და ასობით ადამიანის შეძახილები ერთმანეთში ირეოდა.
დარბაზის ცენტრში ერიკსა და სარას გარშემო ხალხს წრე შეეკრა. ჩრდილოეთის ყველაზე ლაღი რაინდი საოცარ ხასიათზე იყო — ის სარას ხელს ჰკიდებდა, ატრიალებდა და თან ისე ხმამაღლა, გადამდებად იცინოდა, რომ უმცროს პრინცესას შიშისა და მორიდების ნატამალიც აღარ შერჩენოდა. სარას კაბა ჰაერში ფრიალებდა, მისი სახე ბედნიერებისგან ანათებდა და ერიკის მორიგ ხუმრობაზე ისეთი გულწრფელი სიცილი აუტყდა, რომ დედოფალ ელენას მკაცრმა მზერამაც კი ვეღარ შეაჩერა.
იქვე, ბევრად უფრო ამაყად და დიდებულად, იანე და ჰენრი უძღვებოდნენ წყვილთა ცეკვას. ჰენრი თავის მეფურ გრაციასა და ძალას საოცრად უხამებდა იანეს ნატიფ მოძრაობებს. იანე ქმარს თვალებში უყურებდა, მის სახეზე ამაყი და ამავდროულად საოცრად თბილი ღიმილი დასთამაშებდა, ჰენრი კი ზურგზე ხელს მყარად უჭერდა და ისე ატრიალებდა, თითქოს გარშემო მათ გარდა არავინ ყოფილიყო. აბელიც იქვე ტრიალებდა, ხან ერთ დიდებულ ქალბატონს აცეკვებდა, ხან მეორეს, და რობთან ერთად მთელ დარბაზში პოზიტიურ ქაოსს ქმნიდა.
ამ დიდ მხიარულებაშიც კი, კასიანა კვლავ ყურადღების ცენტრში რჩებოდა. მორიგმა აღმოსავლელმა პრინცმა ის საოცარი კომპლიმენტებით აავსო, მის სილამაზესა და დღევანდელ მამაცობაზე ლექსი წაუკითხა, რაზეც კასიანამ თავი ნაზად გადახარა, თვალები მოჭუტა და ეს სიტყვები საოცარი დახვეწილობით შეირგო. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად იდეალურად ერთობოდა, მისი მზერა გამუდმებით იმ ცარიელი სვეტისკენ გარბოდა, სადაც წამის წინ ესაია იდგა.
მხედართმთავრის გაუჩინარება კასიანას არ გამოჰპარვია. მან იცოდა, რა მძიმე, მესაკუთრე და ფეთქებადი ხასიათი ჰქონდა ამ კაცს და ისიც იდეალურად შენიშნა, თუ როგორ იწვოდა ესაია შორიდან ეჭვიანობისგან, როცა მას სხვა მამაკაცები ეხებოდნენ.
როცა ცეკვა დასრულდა და პარტნიორმა მომდევნო თასის მოსატანად თავაზიანად დატოვა, კასიანამ მომენტით ისარგებლა. ხალხის მხიარულ შეძახილებსა და მუსიკის გუგუნს ამოეფარა, ნელი, შეუმჩნეველი ნაბიჯით ჩაუარა სვეტებს და დარბაზის ბოლოში მდებარე მასიურ, ხავერდის ფარდებს მიღმა გაიპარა.
მან აივნის მძიმე კარი ფრთხილად შეაღო და გარეთ გავიდა. დარბაზის ჟრიამული და მუსიკა უცებ ჩაცხრა, ბასრი, გრილი ღამის ჰაერი სახეზე სასიამოვნოდ მოხვდა. აივანი მთლიანად მთვარის შუქით იყო განათებული და კასიანამ მაშინვე შენიშნა მოაჯირთან ზურგით მდგარი, შავ პერანგში გამოწყობილი ფიგურა.
მიუხედავად იმისა, რომ კასიანას ნაბიჯები ჰაერივით მსუბუქი იყო, ესაიამ მისი მოახლოება პირველივე წამს იგრძნო გოგონას ნაცნობი სურნელი და ის განსაკუთრებული აურა, რომელიც მას მუდამ თან სდევდა. კასიანამ ნელი მოძრაობით, კაბა გარშემო შემოიკეცა და პირდაპირ ცივ ქვის იატაკზე ჩუმად ჩამოჯდა. მუხლები მკერდთან მიიტანა, ხელები შემოხვია, თავი უკან გადასწია და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას მიაშტერდა, თითქოს მის გარდა აქ არავინ ყოფილიყო.
ესაიამ მძიმედ ჩაისუნთქა ღამის გრილი ჰაერი, მოაჯირს ხელი აუშვა, შემობრუნდა და ყოველგვარი ზედმეტი სიტყვის გარეშე, პირდაპირ კასიანას წინ ჩამოჯდა.
მიმხედართმთავარმა ფეხები მოკეცა, იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო და სრულიად ახლოდან, დაჟინებით მიაშტერდა პრინცესას. კასიანამ იგრძნო მისი ჩრდილის მოფარება, ნელა დაუშვა თავი და მზერა ვარსკვლავებიდან პირდაპირ მის თვალებზე გადმოიტანა. ისინი ახლა იმდენად ახლოს ისხდნენ, რომ ერთმანეთის სუნთქვის სითბოსაც კი გრძნობდნენ.
ესაია უყურებდა მის ნატიფ პროფილს, მთვარის შუქზე აციმციმებულ კაბას და იმ ყელს, რომლის სიშიშვლეც ასე აგიჟებდა. უცებ, თითქოს ამ სილამაზისგან თავის დასაცავად, ესაიამ მკვეთრად აარიდა თვალი კასიანას და მჭიდროდ დახუჭა თვალები.
მას ეგონა, რომ სიბნელე უშველიდა. ეგონა, რომ თუ მასზე ყურებას შეწყვეტდა, ასე მაინც გაექცეოდა იმ აკვიატებულ, მწველ ფიქრებს, რომლებიც მოსვენებას უკარგავდნენ. მაგრამ თვალების დახუჭვამ ყველაფერი გააასმაგა. წყვდიადში, ბევრად უფრო მკაფიოდ და ნათლად დაინახა კასიანას სახე, მისი მეომრული, ბასრი თვალები არენაზე და ის ნაზი, უშფოთველი ღიმილი მივიწყებულ მიწაზე, საქანელაზე დგომისას...
სწორედ იმ წამს, ამ აბსოლუტურ სიჩუმეში, ესაიას თავზარდამცემი რეალობა დაეჯახა, ის მიხვდა, რომ ახდა ის, რისიც სიკვდილამდე ეშინოდა — კასიანა გიჟივით, გონების დაკარგვამდე შეუყვარდა. ამ გრძნობამ მისი მტკიცე, მებრძოლი ბუნება სრულიად დაამსხვრია და იარაღი აჰყარა.
ესაიას შეეშინდა საკუთარი უმწეობის. მან თვალები ელვასავით გაახილა, წამით გაოგნებულმა შეხედა კასიანას, თითქოს მის წინაშე თავად სიკვდილი მდგარიყო, მერე კი სწრაფად, მკვეთრად წამოდგა ფეხზე და ყოველგვარი სიტყვის გარეშე, აივნიდან თითქმის სირბილით გავიდა, გოგონა კი სრულ მარტოობაში და გაურკვევლობაში დატოვა მთვარის შუქზე.
კასიანა წამით ადგილზე გაოგნებული დარჩა, მისი წასვლისას აივანზე აზვირთებული ჰაერის ნაკადი სახეზე ეცემოდა. ესაიას თვალებში წაკითხულმა იმ უცნაურმა, თითქმის შეშინებულმა მზერამ გოგონას გული გამეტებით აუჩქარა. ის ასეთი არასოდეს ენახა. კასიანა სწრაფად წამოდგა, კაბის კალთებს ხელი დაავლო და აივნის კარისკენ გაეშურა, რათა მას გაჰყოლოდა.
მაგრამ როგორც კი დარბაზის მძიმე ხავერდის ფარდები გადასწია და შიგნით შეაბიჯა, ხმაურიანმა სამყარომ გზა გადაუღობა.
— პრინცესა კასიანა! აი, თურმე სად ყოფილხართ! — წინ დაუხვდა აღმოსავლელი დიდებული, ხელში ღვინის თასით.
სანამ კასიანა გვერდის ავალას და ხალხში ესაიას ზურგის პოვნას შეეცდებოდა, მას ირგვლივ სხვა დიდებულები, მინისტრები და უცხოელი სტუმრებიც შემოეხვივნენ. ყველა ცდილობდა მისი ყურადღების მიპყრობას, დღევანდელი ტურნირის ქებასა და საუბარში ჩათრევას. კასიანა ზრდილობის გამო იძულებული გახდა გაჩერებულიყო, თუმცა მისი მზერა სასოწარკვეთილი დაეძებდა გასასვლელს. შორიდან მხოლოდ იმას მოჰკრა თვალმა, თუ როგორ დატოვა ესაიამ დარბაზი და როგორ გაუჩინარდა დერეფნის წყვდიადში. გოგონამ იცოდა — ვეღარ გაჰყვებოდა.
ესაია თავის მოსასვენებელ ოთახში შევიდა და მძიმე, მუხის კარი ზურგსუკან მიკეტა. დარბაზის მუსიკა აქ აღარ აღწევდა, აქ მხოლოდ ღამის მყუდროება სუფევდა. მან უხეშად გაიხადა პერანგი, საწოლზე უღონოდ დაეშვა, ზურგზე დაწვა და ხელებგაშლილი, გაშტერებული მზერით მიაშტერდა ჭერის ხის მუქ კოჭებს.
სუნთქვა უხშირდებოდა. გულში ისეთი ქარიშხალი ბობოქრობდა, რომლის მსგავსი არცერთ სასიკვდილო ბრძოლაში არ გამოუცდია. ის, ვინც მტერს თვალებში შიშის გარეშე უყურებდა, ახლა საკუთარ გრძნობებთან დამარცხებულიყო.
ადგილზე ვეღარ გაჩერდა. წამოდგა, მაგიდასთან მივიდა, უჯრიდან ტყავგადაკრული, გაცვეთილი ბლოკნოტი ამოიღო — ის, სადაც ჩანაწერებსა და სამხედრო გეგმებს ინახავდა ხოლმე. გვერდით საწერი კალამი და მელანი ეგულებოდა. ნერვიულად გახსნა სუფთა გვერდი, ხელები ოდნავ უთრთოდა, მაგრამ როგორც კი კალამი მელანში ჩააწო, მისი მოძრაობა მტკიცე და შეუჩერებელი გახდა.
ფურცელზე მუქი მელნით, ბასრი და უსწორმასწორო ასოებით დაიწყო წერა:
"შენ ცას ახედე,
მე კიდევ თვალები დავხუჭე,
რომ შენი ყელი არ დამენახა
და ცდუნებას არ დაეძლია…
მაგრამ სიჩუმემ გამცა —
გულმა მაინც შენი სახელი ამოიჩურჩულა, და თვალდახუჭულიც კი
ყველაზე ნათლად შენ გხედავდი."
ესაიამ კალამი მაგიდაზე დადო. ისევ საწოლზე დაეშვა, თვალები დახუჭა და ამჯერად აღარც უცდია იმ სახისთვის გაქცევა, რომელიც მის სიბნელეს მთლიანად ანათებდა, პირიქით, ნათლად წარმოიდგინა კასიანა, მისი ღიმილი, თვალები, ტუჩები, ყელი და უნდოდა არასდროს გამქრალიყო მისგან ეს უცნაური პრინცესა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent