შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითელი სახლის ლანდები (თავი II)


1-06-2026, 21:46
ავტორი Whosavesyou
ნანახია 107

ალიონზე, როცა პირველმა, ფერმკრთალმა ვარდისფერმა ზოლმა გაკვეთა ღამე, უზარმაზარი ეზო ზღაპრული სამყაროსავით გადაიშალა.
პირველივე მკრთალ სხივებზე ბალახი ისე აციმციმდა, თითქოს მიწაზე მილიონობით პატარა ბრილიანტი დაეფანტათ. ვაშლისა და მსხლის ხეები, ღამით გოლიათებივით რომ მოსჩანდნენ, ტოტებზე შემოფენილ თეთრ ყვავილებს დილის ნიავზე მსუბუქად არხევდნენ. ყვითელ დენდელიონებსა და ველურ იებს, რომლებიც ეზოს ყოველ კუთხეში ხარობდნენ, თავები მაღლა აეწიათ და დილის სინათლეს ეგებებოდნენ.
სახლის გვერდით, ძველი ვენახის ხეივნის თაღის ქვეშ, ხის უბრალო მაგიდასა და სკამებზე წუხანდელი ნესტი წვეთებად იკრიბებოდა.
მეორე სართულზე, აბსოლუტური სიმშვიდე მეფობდა. ღამის ყრუ ექო საბოლოოდ მიმწყდარიყო და სახლი დილის მყუდრო თავშესაფრად გადაექცია.
ლენას და გოგონებს მშვიდად ეძინათ, კედლებს მიღმა კი, სოფელი იღვიძებდა.
შორს, მეზობელ ფერდობზე, ხოზრეს ეზოში დაიყივლა მამალმა და წამში, სხვა ეზოებიდანაც გამოეხმაურნენ. საქონლის დაბალი, ყრუ ბღავილი ჭიშკრის ჭრიალსა და მდინარის უწყვეტ გუგუნში იზილებოდა.
ექვსი არ შესრულებულიყო, კაკის მაღალი, მძიმე ჩექმები სველ ხრეშზე ყრუდ რომ გაშრიალდა. უხეში, მუქი ლურჯი ტილოს შარვალი, მუხლებთან წლების შრომისაგან გაცვეთილი, ტანზე ჩაფართხუნებოდა. ნაცრისფერ, შალის ჟილეტში გამოხვეული კი მთის ბებერ მგელს ჩამოჰგავდა.
სახლის უკან, ხავსმოდებულ ლოდებს მიღმა, გრძელი, დაბალი ხის შენობისკენ მიდიოდა, საიდანაც გამომშრალი თივისა და ცხენების თბილი სუნი ამოდიოდა. ხეივნის თაღს უახლოვდებოდა, გალავნის დაბალ, ქვის კედელთან ხოზრე რომ გამოჩნდა. მხარზე ძველი, ხის თოხი შემოედო და რაღაცას ბუტბუტებდა.
ნაბიჯი შეანელა, ეჭვითა და ინტერესით სავსე თვალები კაკის შეაფეთა და ხმამაღლა, ჩახლეჩილი ხმით გადმოსძახა:
-კაკის ვახლავარ, კაკის! წუხელ ისეთი წივილი იდგა, მთელი სოფელი ლოგინში შეხტა. მართლა მშვიდობაა შენსკენ? ის შავი ურჩხული ვისია, ჭიშკართან რომ გიყენია?
კაკი არ გაჩერებულა, მხოლოდ თავი ოდნავ მიაბრუნა მეზობლისკენ.
-დილა მშვიდობისა, ხოზრე, - უპასუხა ყრუ ბასით, - აკი გითხარი, ჩემები ჩამოვიდნენ ქალაქიდან-მეთქი. ლენამ ჩამოიყვანა ბავშვები დასასვენებლად. მანქანაც მისია. შენს საქმეს მიხედე, მიწა არ დაგირბილდეს.
ხოზრემ თოხი მხარზე შეისწორა, თავი უკმაყოფილოდ გააქნია და ჩაიბუტბუტა:
-ჰო, დასასვენებლადო... ისე შემოცვივდნენ, გეგონებოდა, ომი დაიწყოო. კეთილი, კეთილი.
კაკიმ თავი უკმაყოფილოდ გააქნია და გზა განაგრძო. სოფელს არაფერი გამორჩებოდა, ლენა კი, აქ აპირებდა დამალვას. სიმართლე ის იყო, რომ რაც აქ ხდებოდა, აქვე რჩებოდა. ამბავი მთიდან ვერსად აღწევდა. ამიტომ, იცოდა, ლენა და გოგონები თვალში მართლაც ვერავის გაეჩხირებოდნენ, ამიტომაც დასთანხმდა. ხოზრე კი, ამბავს მთელ სოფელს თუ მოსდებდა, ამბავიც აქვე მოკვდებოდა.
კარი მძიმედ შეხსნა და გაოცებისგან ფერი წაერთვა. თავლაში, პირველივე ბოქსთან, კასიანა დახვდა, ჩალისფერი თმა დილის მკრთალ შუქზე ოქროსფრად რომ უბზინავდა, კვლავ დაუდევრად აეწია და უბრალო ხის სარჭით ჩაემაგრებინა.რამდენიმე ოქროსფერი კულული მაინც ჩამოჰყროდა სახეზე.
გაოცებულმა აათვალიერა გოგონა.
პირველად, რაც შეამჩნია, თავისი მძიმე, ხაკისფერი ჩექმები იყო, კასიანას ალბათ “თავისი” ოთახის გარდერობში აღმოეჩინა და ზომას სულაც არ უჩიოდა. ტანზე დიდი, მწვანე ფერის, შალის ნაქსოვი სვიტერი ეცვა. გრძელი სახელოები ხელისგულებამდე ჩამოსწეოდა. ნაცრისფერი, მუხლებთან ოდნავ თავისუფალი ტილოს შარვალი საგულდაგულოდ ჩაეკეცა შვიდი ზომით დიდ ჩექმაში, შარვალი კი წელზე უბრალო, ყავისფერი ტყავის ქამრით დაემაგრებინა. უცნაური იყო. თავისუფალი. არაფრით ჰგავდა ლენას, ყურზე ბრილიანტის საყურე რომ უბზინავდა და დაბალძირიანი ფეხსაცმლით ტალახზე მოცურავდა. იდგა თავლაში, სადაც თივის ნამცეცები ჰაერში ტრიალებდნენ, და ეფერებოდა მრისხანე, გიგანტურ, ნახშირივით შავ - ბუცეფალს. ბუცეფალი, რომელიც ახლოს არავის იკარებდა და ხშირად თავად მოხუცსაც ეურჩებოდა, ახლა თავდახრილი იდგა, თვალები მოელულა და გოგონას ხელისგულს ნესტოებით ნაზად, ეხებოდა. ყველაფერი იმდენად უცნაურად ჩანდა, რომ მოხუცს გულში წუხანდელი, პირველყოფილი შიში კვლავ გაუღვივდა.
-აქ როგორ შემოხვედი? - იკითხა სასწრაფოდ. მისი დაბალი ბარიტონი თავლაში ყრუდ გაისმა, თუმცა ახლა მასში მუქარის ნაცვლად დაბნეულობა იგრძნობოდა.
კასიანამ ნელა მოაბრუნა თავი. მის მზერაში არც შიში იყო და არც ბავშვური გაოცება.
-არ ვიცი, - თქვა მან და მხრები აიჩეჩა, - უბრალოდ კარი გამოვაღე.
საოცრად მშვიდი, სუფთა და რბილი ხმა ჰქონდა. კაკის უღიმოდა. ისეთი კეთილგანწყობილი იყო, წამში გააქრო ყოველგვარი დაძაბულობა. იქნებ, ამიტომაც მოსწონდა ბუცეფალს.
კაკი ნაბიჯით წინ წამოვიდა, კასიანას გვერდით ამოუდგა და ცხენს დააკვირდა, გოგონა ხელს დაკუნთულ, შავ კისერზე რომ უსვამდა, ის კი ძველებურად განაბულიყო და ცხვირს სასაცილოდ აცმაცუნებდა.
-ბუცეფალი ჰქვია, - ჩაილაპარაკა მოხუცმა, თითქოს ამით აფრთხილებდა, რომ საქმე ველურ ცხოველთან ჰქონდა. კასის არ აღელვებდა. არც ბუცეფალს. - მაკედონელის ცხენის სახელი დავარქვი. მასსავით დაუმორჩილებელია. ახლოს არავის იკარებს. შენ კი... შენს ხელში კატასავით არის.
კასიმ ფართოდ გაუღიმა.
-გრძნობენ, ვინ ვინ არის, არა? - მხიარული იყო მისი ხმა, - მან იცის, რომ მე მისი არ მეშინია. და ისიც იცის, რომ მეც ისევე მარტო ვარ ამ სამყაროში, როგორც თავად. - თვალები ბუცეფალის დიდ, ზეთისხილისფერ თვალებს გაუსწორა კასიანამ.
მოწოლილი მღელვარების გადასაფარად ყელი ჩაიწმინდა მოხუცმა. ხელი მომდევნო ბოქსისკენ გაიშვირა, სადაც დიდი, თოვლივით თეთრი, გრძელფაფარა ფაშატი იდგა და ყველაფერს ინტერესით აკვირდებოდა.
-ეს თეთრი - ალუბალაა. ლენას ბავშვობაში ძალიან უყვარდა ალუბალი, მის პატივსაცემად დავარქვი, როცა დაიბადა... თუმცა, ლენამ ეს არ იცის. ალუბალა მშვიდია, ჭკვიანი. შეგიძლია ბალახზე გაიყვანო, როცა გენდომება.
კასიანა თეთრ ფაშატს მიუახლოვდა და ნესტოებზე ხელი ნაზად მოუთათუნა. ალუბალამ კმაყოფილებისგან თავი დააქნია.
-ლამაზია, - თქვა კასიმ. თვალებიდან სითბო ეღვრებოდა. მოხუცი ხედავდა, როგორ უყვარდა ცხოველები და გულში უცნაური სიამაყე ეპარებოდა, - მესამე ვინ არის?
მოხუცი ბოლო, ყველაზე ბნელ ბოქსთან მივიდა. იქიდან დიდი, წაბლისფერი, დაკუნთული ილორი იყურებოდა, რომელსაც შუბლზე მოზრდილი, თეთრი, ლაქა ჰქონდა.
-ამას ილორი ჰქვია, - თქვა კაკიმ და ცხენს კისერზე ხელი მძიმედ დაჰკრა, - აქ ჩემი მთავარი მუშაა. მთაში, სადაც მანქანა ვერ დადის, ილორს ყველაფერი დააქვს. ჯიუტია, მაგრამ ერთგული. თუ ერთხელ გენდო, შენს ბრძანებას კლდიდანაც გადაჰყვება.
კასიანა ორ მოხუცს შორის იდგა და იღიმოდა. ილორი კაცი რომ ყოფილიყო, კაკი იქნებოდა. საკუთარ ფიქრებზე გაეცინა.
კაცმა უხეში, თუნუქის დიდი საწყაო აიღო, შვრიით აავსო და ალუბალას გრძელ, ხის საკვებურში ხმაურით ჩაყარა. ფაშატმა კმაყოფილებისგან თავი დააქნია და მარცვლებს დასწვდა. კასიანა ნელი ნაბიჯით მიჰყვა მოხუცს. აკვირდებოდა მის ყოველ მოძრაობას, უხეშ, დაკოჟრილ ხელებს, ასე სიზუსტით რომ ანაწილებდნენ საკვებს.
მერე, ილორს მიუახლოვდა, ხელისგულზე რამდენიმე მარცვალი შვრია დაიდო და ცხენს ნესტოებთან მიუტანა. ილორმა ფრთხილად, თბილი სუნთქვით ალოკა მარცვლები ნატიფი ხელისგულებიდან.
კასი ისეთი ნამდვილი იყო, ისეთი ხელშესახები. მოხუცს იმდენი რამე უნდოდა ეკითხა, ისე უნდოდა გაეცნო, ჰყვარებოდა.
-წავიდეთ, - თქვა ბოლოს მოკლედ და ხელის ზურგით თივის მტვერი უხეშად ჩამოიბერტყა ტილოს შარვლიდან, - საუზმის დროა. ნაირა მოვიდოდა და, ალბათ, სხვებიც გაიღვიძებდნენ.
კასიმ ბუცეფალს ყელზე უკანასკნელად გადაუსვა ხელი. კაკის შეეძლო დაეფიცა, რომ ცხენს რაღაც გადაულაპარაკა კიდეც და მოხუცს აედევნა.
მაისის კაშკაშა მზემ თვალები მოსჭრათ. თვალუწვდენელი ეზო მთელი თავისი დიდებულებით გადაშლილიყო მათ წინაშე. ნელი, თანაბარი ნაბიჯით მიჰყვებოდნენ ბილიკს სახლისკენ. კაკი უხმოდ მიაბიჯებდა, ისე კი, ცნობისმოყვარეობა არ ასვენებდა, რადგან თავის ცხოვრებაში არ ენახა ბუცეფალის მორჩილება. ცერად გადახედა გოგონას, ხრეშზე თავისი დიდი, მწვანე სვიტერითა და მძიმე ჩექმებით რომ მოაბიჯებდა.
-ცხენებთან ასე სად დამეგობრდი? - დუმილი დაარღვია მოხუცმა. ფრთხილობდა. არ იცოდა, რაზე საუბარი იყო უსაფრთხო და რაზე არა, ეს კი იოლი ნამდვილად არ გახლდათ, რადგან შვილიშვილზე არაფერი იცოდა, - ქალაქში, ამის შანსი ბევრი არ გექნებოდა.
-არ ვიცი, - დაფიქრდა კასი. ხელში შვრიის მარცვალს ათამაშებდა, თავლიდან რომ გამოჰყოლოდა, - მათთან ძალისხმევა არ მჭირდება. ცხენებს უყვართ, როცა მშვიდი ხარ. ქაოსს და ხმაურს ვერ იტანენ. ეს ბუნებრივად ხდება. ჩვენ, - გაიღიმა მან, - თავისთავად ვმეგობრობთ.
-ხოზრეს იმიტომ უცამცამებს ხოლმე ფეხებს, რომ ყოველთვის ბრაზით და ყვირილით შედის თავლაში, - ჩაილაპარაკა მოხუცმა და ოდნავ ჩაეღიმა. ეთანხმებოდა, - ცხენი შიშს და სიყალბეს წამში გრძნობს.
-ბუცეფალი არ ტყუის, როცა ბრაზობს. არც შენ ტყუოდი.
სანამ კაკი მის სიტყვებს გონებაში ხარშავდა და სახეზე მიმიკები ერთი მეორის მიყოლებით ეცვლებოდა, კასიანამ სახლის კარი მსუბუქად შეაღო. ახლად გამომცხვარი პურისა და პიტნის სუნი სახეში ეცა.
ყველას ეღვიძა. გრძელი, მუხის მაგიდის ირგვლივ უხმოდ ჩამომსხდარიყვნენ. მაგიდის თავში ლენა იჯდა. წუხანდელი ისტერიკის შემდეგ, სახეზე ფერი დაბრუნებოდა. საგულდაგულოდ დაუთოებული,ლურჯი სვიტერი ჩაეცვა და 8 საათზეც კი, ძალიან პომპეზური იყო. მის გვერდით ნინა და ანიკა ისხდნენ და სასაცილოდ აცეცებდნენ შფოთვითა და დაღლილობით სავსე თვალებს.
იქვე, გაზქურასთან, სამოც წლამდე, სათნო გამომეტყველების ჩასმული ქალბატონი ისეთი მონდომებით ტრიალებდა, როგორც არასდროს. წლების განმავლობაში უვლიდა სახლს და კაკის მარტოობას, ლენას კი ბავშვობიდან იცნობდა. მაგიდაზე ცხელი, ახლად გამომცხვარი პურის გოდორი დადგა, ლენას მხარზე ხელი თბილად დაადო და ჩუმად, ნაცნობი, მელოდიური ხმით წაუმღერა:
-ჭამე რამე, ლენიკოო. მთელი ღამე თვალი არ მოგიხუჭავს, ყავა მარტო არაფერს გიშველის. ბავშვებიც შეშინებულები გიყურებენ.
ამის თქმა იყო და კარში კასიანა შემოვიდა ჩექმების ბარტყუნით. უკან კაკი მოჰყვებოდა. ყველამ ინსტინქტურად ასწია თავი. მოხუცის მაღალმა, ხმელმა ფიგურამ, თითქოს ოთახში არსებული დილის მთელი სინათლე ერთ წერტილში შთანთქა.
ლენამ ყავის ფინჯანი მაგიდაზე ხმამაღლა დადგა, კასის შეხედა და დაძაბულობის განსამუხტად, თითქმის წამოიყვირა:
-კასიანა, სად დაიარები?
დაძაბულობისგან გაქვავებულ დებს კასიმ უხმოდ ჩაუარა, მაგიდასთან თავისუფალი სკამი გამოსწია და მშვიდად ჩამოჯდა. არაფერი უპასუხია.
კაკიმ კი, მაგიდის თავში, ლენას პირისპირ დაიკავა ჩვეული ადგილი და გრძელი მკლავები მაგიდაზე მყარად დააწყო. მისმა სიტყვებმა თითქოს ყველაფერს ჩვეული რიტმი შესძინა.
-თავლაში ვიყავით, ცხენები გავაცანი. - ცხოველები პიროვნებებივით მოიხსენია მან. გეგონებოდათ, რომ ეს მა ცხოვრების ჩვეული დილა იყო. თითქოს, ყოველი დილა ამას ჰგავდა.
-ხომ არ უკბენიათ? ხომ გთხოვე, უცხო ცხენებთან გაფრთხილდი მეთქი. - ღელავდა ლენა. უკანასკნელი 2 კვირა, ღელვა მისი ბუნებრივი მდგომარეობა გამხდარიყო.
-არავის არავისთვის უკბენია, - თქვა მოხუცმა და მის ხმაში წუხანდელი სიმკაცრის ნაცვლად,ჰარმონიული, მშვიდი გუგუნი გაერია, - ბუცეფალი ჩემს ხელშიც არ არის ასეთი მშვიდი. ამ გოგომ უბრალოდ კარი შეაღო და ცხენი მოათვინიერა. - ცერად გადახედა კასის, სკამზე ფეხები რომ აეკეცა და საჭმელად ემზადებოდა, - ნაირა, გადმოიღე ის ერბოკვერცხი, თორემ თავლაში შრომისგან, მგონი, ორივეს გვშია.
ნაირამ წამშივე აიტაცა მოხუცის სიტყვები.
-აი, ახლავე, ახლავე. ბავშვებო, პური გატეხეთ, სანამ ცხელია, - თქვა მან და ნინასა და ანიკას თეფშებზე დიდი ნაჭრები დადაუდო.
ლენამ იგრძნო, როგორ ნელ-ნელა ეშვებოდა მისი მხრებიდან ნერვული სიმები. ჩაის კოვზების წკაპუნი, ნაირას წინსაფრის შრიალი და ყოველდღიური საუზმის მსუბუქი ხმაური არასდროს მოსჩვენებია ასე საამურად. დაძაბულობა გაქრა, ლენას ბავშვობის საყვარელი სახლი კი მათ ნამდვილ, თბილ თავშესაფრად გადაიქცა

888

მზე შუბის ტარზე იდგა. გოგონები აივანზე ჩამომსხდარიყვნენ და შუადღის, მცხუნვარე მზით ტკბებოდნენ. მათი სახეებიდან დაღლილობის კვალი მზის სითბოს გადაერეცხა. ხმადაბლა საუბრუბდნენ და პიტნის ჩაის ხვრეპდნენ, აივანზე კაკი რომ გამოვიდა და დაბალ, ხის ტაბურეტზე მძიმედ ჩამოჯდა. ხედავდა, უფროსებს მისი ეშინოდათ და ცდილობდა ისეთი ხელშესახები ყოფილიყო, როგორც შეეძლო.
-ვიცი, ახალგაზრდები ხართ და სისხლი გიდუღთ, - მშვიდად დაიწყო მან. გაღიმება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა და დანებდა, - აქაური სილამაზით ერთ-ორ დღეს დატკბებით და მოგბეზრდებათ. ამიტომ, გეტყვით, რაც გამეგება ახალგაზრდული ცხოვრებისა. აქედან ათი წუთის გზაზე, ონიანების ლურჯი სახლის უკან, შებინდებისას, კოცონს ანთებენ ახალგაზრდები. შემოუსხდებიან გარშემო და არის ერთი ამბავი. ზოგი გიტარაზე უკრავს, ზოგიც გარმონზე. ცეკვავენ, მღერიან და ლაპარაკობენ. მოსაღამოვდება თუ არა, წადით, ყველას გაიცნობთ და დანარჩენს, ჩემზე უკეთ, მათგან შეიტყობთ. ასე, აქ ყოფნა აღარ მოგბეზრდებათ.
ნინას ცისფერ თვალებში ნამდვილი, ცოცხალი იმედი პირველად გაკრთა. ანიკას კი, პლედის კუთხეს თითებით რომ აწვალებდა, ლოყები შეეფაკლა და ჩაწითლებული თვალები სიხარულით აუციმციმდა.
-მართალს ამბობს, - ლენას შემთხვევით ყველაფერი გაეგონა და ეზოდან თავს კმაყოფილი აქნევდა, - არავინ იცის აქ რამდენ ხანს დავრჩებით. კარგი იქნება, მეგობრებს თუ გაიჩენთ და საერთოდაც ... გამხიარულდით!
მართლაც, მაისის ბინდი ჩამოწვა თუ არა, ნინა და ანიკა ბილიკს გაუყვნენ. ზუსტად 10 წუთის სავალზე, უზარმაზარი, ლურჯად შეღებილი შენობის უკან, სადაც ორსაუკუნოვანი მუხები ცას ებჯინებოდნენ, სოფლის ახალგაზრდებს გიგანტური კოცონი უკვე დაენთოთ.
მშრალი შეშის ტკაცუნი და წიწვის სუნი სივრცეს ათბობდა.
ირგვლივ, ხის უხეშ მორებზე, ოცამდე ადგილობრივი გოგო-ბიჭი ჩამომსხდარიყო.
-გგონია, კარგი იდეაა? - იკითხა ნინამ და თმა ნერვიულად გადაიყარა უკან.
-გეყოფა, ნინა, - თვალები გადაატრიალა ანიკამ, - ჩვენ რა, მხიარულებას აღარ ვიმსახურებთ?
ნინა ერთ ადგილს მილურსმოდა და არაფრის დიდებით არ იძვროდა.
-შეხედე, როგორ ერთობიან. - ხელს მათკენ იშვერდა ანიკა, - ნინა, არ მითხრა, რომ გერიდება?
-ღმერთო! - ნერვები ეშლებოდა უფროსს, - კასისთან უნდა დავრჩენილიყავი. რას გადამეკიდე?
კოცონს ფრთხილად მიუახლოვდნენ. მოშორებით, ცალკე მდგარ მორზე ჩამოჯდა ნინა.
-ნინა, რა დაგემართა, ხომ არ გადაირიე? - არსაიდან მოსული მორიდება აცოფებდა ანიკას, ნინას კი ვერ გაეგო, მართლა სად ჯანდაბიდან მოეტანა ეს უცნაური გრძნობა, რომელიც სახლში არასდროს გასჩენია.
-არავის ვიცნობთ!
-და ეს როდიდან გაბრკოლებს? - მხარზე ექაჩებოდა ანიკა, ჯგუფს მათი ასაკის, ჯან-ღონით სავსე, მხარ-ბეჭიანი ბიჭი რომ გამოეყო და მათკენ წავიდა. ნაცრისფერი სვიტერი მკლავებზე აეკეცა და დაძარღვულ ხელებს სასაცილოდ იქნევდა. მისი ფიგურა კოცონის ალზე გოლიათივით იხატებოდა.
-კაკის სტუმრებო! - დიდი, ძლიერი მარჯვენა საოცარი სიმსუბუქით გამოუწოდა გოგონებს, - ჩვენთან მოდით. პური გატეხეთ, ღვინო მოსვით! - გაილექსა ის და ნინას წამიერად ძალიან შერცხვა, მეზობლის ბავშვივით კუთხეში რომ აიტუზა და ყველაფერს შორიდან დაუწყო თვალიერება.
-რა გქვიათ? - ბიჭს უკან ადევნებოდა მომცრო ტანის, შავტუხა გოგონა, ოცდახუთ წლამდე თუ იქნებოდა. თაფლისფერ თვალებში საოცარი სიხალისე ჩასდგომოდა, - რა ლამაზები ხართ!
ისეთი პირდაპირი იყო, ნინას წამიერად მოუნდა, ჩახუტებოდა.
-ანიკა, - ხელი ღიმილით გაუწოდა შუათანამ, - ეს ნინაა და ძალიან ერიდება!
-რას ამბობთ? - გადაირია გოგონა, - კაკისთან კისერს ხომ არ მოგვჭრით, მასპინძლობა არ სცოდნიათო, სწრაფად, სწრაფად, წამოდით! - ნინას ხელი ძველი ნაცნობივით ჩაჰკიდა და სიღრმეში, დანარჩენებისკენ წაიყვანა. კოცონთან ახლოს, მორზე ჩამოსვა და წინ მხიარულად გადაუდგა.
-მე მარიამი ვარ, ეს ლაშაა, - არ ჩერდებოდა ის, - ესენი კიდევ ...
მარიამმა იმდენი სახელი ჩამოთვალა, ნინას თავბრუ დაეხვა და უმცროს დას, უკვე ყველასთან რომ ცვლიდა თითო სიტყვას, მხარზე დაეყრდნო. ანიკას თვალებში ჭინკები უთამაშებდნენ.
-გიორგი, მიაწოდე მანდ ხაჭაპური, მგზავრობამ შიმშილი იცისო, არ გაგიგია? - ეხუმრებოდა ლაშა და მხარზე ხელს ურტყამდა. ისეთი მხიარულები იყვნენ, და ისეთი ლამაზები!
-აქ არ მოვიწყენთ, - ჩუმად გადაულაპარაკა ანიკამ დას და ორღობესთან მდგარი, ორი ბიჭისკენ მიანიშნა, ცხენებს რომ კაზმავდნენ, - ხედავ?
ნინამ ცეცხლის შუქზე ვერაფერი გაარჩია. ერთადერთი, რასაც ხედავდა ის იყო, რომ ანიკას უკვე მოესწრო და თვალი დაედგა ვიღაცისთვის. ნინამ ხმამაღლა გადაიხარხარა და დანარჩენებს შეუერთდა.
უჩვეულო საღამო იყო. აქ ისინი მხოლოდ კაკის შვილიშვილები იყვნენ, სხვა არავინ და ეს ისეთი სასიამოვნო იყო, ნინა დრო და დრო თვალებს ხუჭავდა და ღმერთს მადლობას უხდიდა. მათი სიმსუბუქე ოდნავ ადუნებდა მის დაჭიმულ ნერვებს.
-აჰა, მიირთვით. ნამდვილი სვანურია, - თავისი კუბდარებით ამაყობდა წითური, ეკო რომ უნდა რქმეოდა, - მთელი დღეა ხოზრე ლაპარაკობს, ისეთი მანქანით მოვიდნენ, გეგონება, მთავრობა გვესტუმრაო. ყველას ეგონა, რამე გაუჭირდა კაკის. ხომ გესმით, მარტო ცხოვრობს, ჯიუტია, დახმარებას არავის სთხოვს.
ამის გაგონებაზე, ნინამ ერთიანად დააკვესა თვალები. ორ კვირიანი სკანდალები თვალწინ გადაეშალა, მაგრამ წითურის მშვიდმა, ეჭვგარეშე მზერამ წამში დაამშვიდა.
-დაწყნარდი, ნინა, - ჩუმად უჩმიტა ანიკამ, - ადამიანი უბრალოდ ხუმრობს.
-აბა, გოგოებო, ამაღამ კარგად თუ დაისვენებთ, ხვალ ჯირითი უნდა გასწავლოთ! - ხმამაღლა გადასძახა მორებიდან ნიკომ და დიდ, ხის ხელადაში ჩამოსხმული წითელი ღვინო ჭიქებით ჩამოარიგა, - კაკის ოჯახს და მის სტუმრებს გაუმარჯოს! მაგას ისეთი ბუცეფალი ჰყავს, მთელ სვანეთში პირველია. თუმცა, იმასთან მიკარება საშიშია, აი ალუბლა კი ზუსტად თქვენნაირი გოგოებისთვისაა გაჩენილი!
ანიკამ გაიღიმა. ნამდვილი, გულწრფელი ღიმილით. ნინას გადახედა,ცეცხლის ალზე რომ თბებოდა.
სრულად დაბნელებულიყო, შეზარხოშებულმა ლაშამ გარმონს ხელი ნაზად რომ ჩამოჰკრა და სვანური ჰანგები ააჟღერა. მორებზე მსხდომი ბიჭებიდან რამდენიმე ერთდროულად წამოხტა. მუსიკას ტაში აყოლეს, წრე შეკრეს და ცეცხლის გარშემო აცეკვდნენ.
ნინა უსმენდა და გრძნობდა, როგორ ირეცხებოდა მისგან ბოლო კვირების პარანოია. აქ ისინი უბრალოდ ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც მაისის თბილ ღამეს ზეიმობდნენ, მანამ, სანამ თავლაში ცხენს კაზმავდა კასიანა და მოუსვენრად აბაკუნებდა ფეხებს ბუცეფალი.
ცხენს ლაგამი ამოუდო, დიდ, ბნელ თვალებში მშვიდად ჩააშტერდა და ბოქსის კარი გაუღო. ეზოში მორჩილად გამოჰყვა ბუცეფალი. კასიანამ ხელისგული ცხვირზე მზრუნველად ჩამოუსვა, ფეხი მიწას მსუბუქად დაჰკრა და ცხენს შემოახტა. ჩალისფერი კულულები ზურგზე გაეშალა. ცხენი ეზოდან ჩორთით გაიყვანა და პირდაპირ ტყეში შევარდა.
ნისლის თეთრი მასები ხეებს შორის ლანდებივით ირხეოდნენ. ბუცეფალი წყვდიადს მიაპობდა. კასი ისე მყარად იჯდა, გეგონებოდათ, მისი სხეული ცხენისას შეერწყაო.
ჩრდილები აშინებდა ბუცეფალს. ველური იყო, მაგრამ გამოუცდელი. ყურებს ძაბავდა, ნესტოებიდან ორთქლს უშვებდა, ჩლიქებს მიწას ყრუ გუგუნით უშენდა და განზე ხტებოდა. კასის მტკიცე, მყისიერი ბრძანება წამში აბრუნებდა ბილიკზე. ბუცეფალის ყოველ მკვეთრ მოძრაობას იდეალურად მიჰყვებოდა კასის სხეულიც. ტოტები მის სახესთან შრიალებდნენ. მთვარის შუქზე უელავდნენ ლურჯი თვალები.
შუაგულ ტყეში, ბუცეფალი წაქცეულ ხის მორს ერთი ნახტომით გადააფრინდა და ის იყო, მკვეთრ მოსახვევში უნდა შემოეხვიათ, რომ სიბნელიდან ვიღაცამ იღრიალა:
-ფრთხილად!
შეკრთა ბუცეფალი. ჩლიქები მიწას მთელი ძალით დაჰკრა და ინსტინქტურად, ორ ფეხზე აღიმართა. ცხენი ჰაერში გოლიათივით აიზიდა. შავი ფაფარი ქარში აეწეწა. კასი ცხენს ყელზე ჩაეჭიდა, რომ არ გადმოვარდნილიყო, და ოკეანისფერი ირისები ორ ლანდს შეაფეთა.
დანისლულ ბილიკზე, ორი მხედარი იდგა. წაბლისფერ ფაშატებზე ამხედრებულნი, ბუცეფალს გზაზე უხეშად გადაღობოდნენ. მათი ცხენები მოუსვენრად აბაკუნებდნენ ჩლიქებს სველ მიწაზე, თავებს გვერდზე სწევდნენ და ბუცეფალის მრისხანე ფრუტუნს ეჭვით პასუხობდნენ.
-ეს... ბუცეფალია? - იკითხა რომელიღაცამ. მჭახედ გაიჟღერა მისმა ხმამ წყვდიადში.. კასიანა ბნელში მის სახეს ვერ არჩევდა. ხეების მძიმე ჩრდილები მათ ფიგურებს ბუნდოვან სილუეტად აქცევდნენ.
კასიანას არაფერი უპასუხია. არც სახეზე აღბეჭდვია რამე ემოცია. წამში მოიკრიბა ძალა, ორ ფეხზე შემდგარი, განრისხებული ცხენის მოსათოკად. შავ ფაფარში ხელი მყარად ჩაავლო, სხეულით წინ, მის კისრამდე გადაიხარა და სიმძიმის ცენტრით აიძულა გოლიათს, წინა ჩლიქები მიწაზე დაებრუნებინა. როგორც კი სველ ხრეშსა და ბალახს მისი ფეხები მძლავრი დარტყმით შეეხო, კასიმ მუხლები მჭიდროდ შემოაჭდო დაკუნთულ გვერდებზე, ლაგამს მკვეთრად, ოსტატურად მოქაჩა მარცხნივ და ბრძანება მისცა. ცხელი ორთქლი ამოუშვა ცხვირიდან ბუცეფალმა, მიმართულება ცალ ფეხზე ტრიალით, წამში შეიცვალა და ადგილს მოსწყდა. წყვდიადი გააპო და ტყის სიღრმეში შევარდა. წამიც და, მათი ფიგურა საუკუნოვანი მუხების ჩრდილებსა და ნისლის თეთრ ტალღებში გაუჩინარდა, მისი ჩლიქების ყრუ გუგუნიც სადღაც, ხეობის სიღრმეში ჩაკვდა.
-დავეწევი. - წაბლისფერი ფაშატი ადგილზე დააბზრიალა მხედარმა და ტყვიასავით გავარდა. მღელვარებისგან გულ-მკერდი შესამჩნევად აუდ-ჩაუდიოდა. ჯერ ვერ გაეგო, რა დაინახა.
-თარაშ! - მალევე წამოეწია მეორეც, - შეაშინებ.
-შევხედავ, სხვას არაფერს ვუპირებ. - გადმოსძახა სიცილით და ცხენს მათრახი მაგრად შემოჰკრა. ტყის სიღრმეში, ფერდობზე გაუჩინარდა თარაშიც.



№1 სტუმარი Ani

Gavgijdebiiiii

 


№2 სტუმარი სტუმარი ლიკა

ძალიან კარგუა არ შეწყვიტოთ

 


№3 სტუმარი სტუმარი ნანა

საინტერესოა და უკვე გელოდებით

 


№4  offline წევრი Whosavesyou

Ani
Gavgijdebiiiii

სტუმარი ლიკა
ძალიან კარგუა არ შეწყვიტოთ

სტუმარი ნანა
საინტერესოა და უკვე გელოდებით


როგორ მიხარიხართ, გოგოებო! heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent