შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითელი სახლის ლანდები (თავი III)


დღეს, 14:04
ავტორი Whosavesyou
ნანახია 216

-კაკი! - ეზოდან, ძველი გალავნის წინ, ხმის ჩახლეჩამდე ყვიროდა ბასილ ილდანი. ცხენი იქვე, ფიცრულზე მიება და ნერვულად სცემდა ბოლთას, - კაკი!
შავი ჭიშკრის მძიმე, ლითონის კარი შიგნიდან ბოლომდე გამოაღო კასიანამ და ისე, რომ მის წინ ასვეტილი, მაღალი ფიგურისთვის ზედაც არ შეუხედავს, მელოდიური, მშვიდი ხმით ასძახა ბაბუამისს:
-კაკი, გეძახის აქ ვიღაც კაცი! - თქვა და ახლაღა შეავლო თვალი ილდანს, 25 წლის მზეჭაბუკს, ახლახანს “ვიღაც კაცად” რომ მონათლეს და თანაც, სწორედ იმან, ვისაც ახლაც დაეძებდა ტყეში მისი ბიძაშვილი. ბიჭს თვალები გაოცებისგან გაჰფართოებოდა. ქუთუთოები წამით მაგრად დააჭირა ერთმანეთს, იმაში დასარწმუნებლად, რომ მართლაც ხედავდა იმას, რასაც უყურებდა.
-ორ საათს მაინც გეძებდით ... გვეგონა, მიწამ ჩაგყლაპა. - სრულიად განცვიფრებული საკუთარ მუხლებს დაეყრდნო და ღრმად ჩაისუნთქა. ახლაღა გაახსენდა ზრდილობის ნორმები და გოგონას თავი ბოხი, ოდნავ ხრინწიანი ხმით წარუდგინა, - ბასილ ილდანი.
თითქოს უმტკიცებდა, რომ “ვიღაც კაცი” კი არა, ნამდვილად ბასილ ილდანი იყო.
მართლაც ისეთი ლამაზი იყო ბასილი, მხოლოდ სუფთა ჰაერი და ველური ბუნება თუ შობს ხოლმე ასეთ სილამაზეს. მუქი, წაბლისფერი თმა მსუბუქ ტალღებად დაჰფენოდა, შუბლზე დაუდევრად ჩამოჰყროდა და მაისის ნიავზე ოდნავ ირხეოდა. კანი გარუჯული ჰქონდა, მთის მზისგან ნაწრთობი. სიმტკიცეს ასხივებდა ყველა მოძრაობით.
სანამ კასიანა რამეს ეტყოდა, მეორე სართულის აივნიდან კაკის ღრმა ბასი გადმოიფრქვა:
-ჰო, ბასა, შემოდი, ბაბუ!
-იყოს, კაკი, - ბასამ, რომლის თავდაჯერებულობა კასიანას უცნაურმა, ირონიანარევმა, ნაზმა მზერამ მიწასთან გაასწორა, ვეღარ გამოარკვია თავისი მოსვლის ნამდვილი მიზეზი. ცხადი იყო, ბუცეფალი არ მოუპარავთ, მაგრამ მაინც ეეჭვებოდა, ვინმეს ნება მიეცა ამ სიფრიფანა სხეულისთვის, ველურ ცხენზე უღრან ტყეში მარტოდმარტოს ეჯირითა. თვალები ოდნავ დააწვრილა და კასი, რომელსაც მთვარის თბილი ცისფერი შუქი შუბლზე ეცემოდა და დაუჯერებლად ლამაზი იყო, ერთხელაც აათვალიერა, - მოსაკითხად ამოგძახე.
-მოიცა, კაცო, მანდ დამიცადე! - არ ეშვებოდა მოხუცი, - შემოდი, მამაშენთან მინდა რაღაც დაგაბარო.
კასიანას მიხვდა, რა გაუგებრობაშიც მოხვდა ბასილ ილდანი და ხმამაღლა გაეცინა. ეს იყო პირველი ცოცხალი ემოცია მის სახეზე. ხმა თითქოს მკერდის სიღრმიდან ამოსდიოდა და ირგვლივ ყველაფერს შთანთქავდა.
კასი ჭიშკარს ოდნავ მოშორდა და კედლის ჩრდილში უკან დაიხია. გზა კაკის დაუთმო ხრეშზე ჩქარი, მტკიცე ნაბიჯებით რომ გამორბოდა. ნელი ქარის მორიგმა ქროლვამ მაისის ყვავილების სურნელი მოიტანა, ნისლის თეთრი მასები კი მათ ფეხებთან ტალღებივით აცეკვდნენ. კასიანას უყურებდა ბასა. გრძელი, ჩალისფერი ხუჭუჭები ჰქონდა, ქარისგან არეული. ნისლის წვეთები თმაზე ბრილიანტებივით უბრწყინავდნენ. სავსე, ალუბლისფერი ტუჩები ოდნავ გაეპო და ლურჯ-მწვანე, ყველაზე უცნაური ფერის თვალებით, რომლის მსგავსი ბასილს აქამდე არაფერი ენახა, "ვიღაც კაცს" ღიმილით ათვალიერებდა. ნამდვილ სირენას ჰგავდა. არ ცხვენოდა, არ ერიდებოდა, პირდაპირ ბასას სახეზე უტიფრად დააცოცებდა მზერას. ბასამ ყელი ჩაიწმინდა და ის იყო, რაღაც უნდა ეთქვა, რომ კასიანამ გვერდით ჩაუქროლა, მხარზე მხრით ოდნავ გაედო და უკიდან გადმოსძახა:
-ნახვამდის, ბასილ ილდანი. - ჰაერში ციტრუსის სუნი დატრიალდა. მისკენ სწრაფად შებრუნდა. წყვდიადში ვერაფერი გაარჩია. კასი აღარსად იყო.
„ამ შუაღამეს სადღა მიდის?“ - ელვისებურად გაეფიქრა, თუმცა ფიქრებს აღარ გაჰყოლია, რადგან კაკიმ მამა-პაპურად ჩამოართვა დაძარღვული მარჯვენა და სახლში შეითრია.
ჭიშკარს მიღმა, წყვდიადს გადახედა მოხუცმა და ლენას ხმამაღლა, გასძახა:
-ლენა, ეს ბავშვი სადღა გაქრა?
-შეეშვი, მოვა, როცა იქნება. - ხელი ჩაიქნია ლენამ, რომელიც ისეთივე გრაციოზული და უადგილო იყო, როგორც ყოველთვის და სტუმარს შეეგება.
იმ ღამით არ სძინებია ბასილ ილდანს. წითელი სახლის ჭიკართან იკრიბებოდნენ მისი ფიქრები.


888

დიდი აურზაური ტრიალებდა მეორე სართულზე, განაპირა ოთახში. დები დაძინებამდე კასისთან შეყუჟულიყვნენ და კოცონის ამბებს ერთი მეორის მიყოლებით ჰყვებოდნენ.
ფეხმორთხმით ჩამომსხდარიყვნენ საწოლის კიდესთან ნინა და ანიკა. ნაზი, აბრეშუმის თეთრი ღამის პერანგები შემოეცვათ და დასაძინებლად ემზადებოდნენ. ბედნიერები ჩანდნენ. ნინას თვალები დამშვიდებოდა, ანიკას კი ლოყები შეფაკლოდა მღელვარებისგან.
კასი საწოლში, მძიმე შალის ჭრელი გადასაფარებლის ქვეშ წამომჯდარიყო და ჰომეროსის „ოდისეას“ კითხულობდა, ძველ გამოცემას, კაკის წიგნებში რომ ეპოვა და ხელს აღარ უშვებდა. ისეთი მშვიდი იყო, ვერაფრით დაიჯერებდით, რამდენიმე საათის წინ ბუცეფალზე ამხედრებული ღამის წყვდიადს სწორედ ის რომ მიაპობდა.
ანიკამ, რომელსაც ემოციები ყელში ებჯინებოდა, წინ გადმოიხარა და უცებ თქვა:
-აქ რომ ბიჭი იყო მოსული, ეგ მინდა, რომ შემიფუთოთ.
-რა? - გაეცინა კასიანას და „ოდისეა“ სახიდან მოიშორა, დისთვის უკეთ რომ შეეხედა.
-ჰო, სახლში რომ დავბრუნდით, კაკის სტუმარი ჰყავდა. დღეს კოცონთან რომ ვისხედით, შორიდან დავინახე, ცხენს კაზმავდა კიდევ ერთ თავისნაირ ღმერთკაცთან ერთად, - ჩაფიქრდა ანიკა, - ისე, ის მეორე ძალიან მეცნობოდა, - ხელები აასავსავა მან.
-რომელი? - ჩაეკითხა ნინა და გვერდულად გადახედა დებს.
-მეორე, ნინა, მეორე, ხუჭუჭთმიანი! - ანიკამ ნინას მხარზე ხელი უბიძგა, - ხომ დაგანახე?
-რა სულელი ხარ, - ხმამაღლა გაეცინა კასიანას და წიგნი მუხლებზე დაიდო.
-რა გაცინებს, ნინას დავანახე!
-მე ვერაფერი დავინახე, - თქვა ნინამ, პლედი შეისწორა და ხელები უმწეოდ გაშალა, - კოცონის ალზე მხოლოდ ჩრდილები დახტოდნენ, შენ რა ღმერთკაცებს ხედავდი,მე არ ვიცი.
-ისეთი ლამაზები იყვნენ, თვალებიდან არ ამომდის, - არ ცხრებოდა ანიკა, საწოლზე ოდნავ წინ წაიწია და კასის მიაშტერდა, - რომელიმეს სახელი ხომ არ იცი? კაკის ხომ არ უხსენებია?
-არა, - მხრები აიჩეჩა კასიანამ. სახეზე კვლავ სიმშვიდემ გადაურბინა და წიგნს ჩააჩერდა.
-თქვენი აზრით, რა ერქმევა? თორნიკე? - კვლავ იკითხა ანიკამ და ჭერს აჰხედა.
-რომელს? - ინტერესით ჩაეკითხა ნინა.
-რა მნიშვნელობა აქვს, რომელიმეს!
-თორნიკე საიდანღა მოიტანე? - სიცილისგან მუცელს იტკიებდა ნინა, საწოლზე გადაწვა და ბალიშში ჩარგო სახე, რომ მის ხმამაღალ ხარხარს პირველ სართულამდე არ ჩაეღწია. კაკისი ჯერ ისევ ეშინოდა. იმ საღამოს უჩვეულოდ მხიარული იყო ნინა.
-არ ვიცი, მგონია რაღაც ეგეთი უნდა ერქვას, - ლოყები დაებერა შუათანას და თავი უკმაყოფილოდ გააქნია.
-ამოირჩიე ახლა, რომელი მოგწონს, თორემ შევწუხდი, - თვალები სასაცილოდ გადაატრიალა ნინამ, წამოდგა და ღამის პერანგის კალთა შეისწორა.
-შენ რას მაჩქარებ, რომელიმეს შენც ხომ არ დაადგი თვალი? - ანიკამ მხარზე ხელი მოულოდნელად გაჰკრა დას და ხმამაღლა გადაიხარხარა.
-აუ, რა სულელია, - კვლავ იცინოდა ნინა, ანიკას ბალიში ესროლა და მათი მხიარული ხმები ერთმანეთში აირია.
გოგონების კისკისზე, ოთახში ლენა შემოვიდა. დიდი ხანი იყო, მათი მხიარულება აღარ გაეგონა. უხაროდა.
-რას აკეთებთ? - იკითხა მან და კარის ჩარჩოს მხრით მიეყრდნო. ღიმილი არ შორდებოდა სახიდან.
-ანიკას ვიღაც მოსწონს და ვეხუმრებით.
-მოუსწრია, - გაეცინა ლენას.
-აქ რომ იყო, ის ბიჭი და კიდევ მეორე.
-ბასილ ილდანი. - სახელი დაუზუსტა ლენამ და შვილებს თვალი მოავლო. უფროსები ბედნიერები ჩანდნენ. კასი კი მშვიდი.
-აი, - ფეხზე წამოხტა ანიკა, - ხომ გითხარით, რაღაც ეგეთი ერთქმევა მეთქი! - ადგილზე ხტუნავდა ის.
კასის გაეცინა.
-მეორეს სახელიც ხომ არ იცი? - ჩაეკითხა შუათანა.
-მეორე ვინ არის? მე სხვას არავის შევხვედრივარ. - მხრები აიჩეჩა ლენამ და კასიანას საწოლის კუთხე შეუსწორა.
-კარგი, ჯერ-ჯერობით ეგეც მეყოფა. - დაკმაყოფილდა ანიკა.
დიდხანს იცინოდნენ, ხუმრობდნენ და ამბებს ჰყვებოდნენ.
-შენ რას აკეთებდი? - ჰკითხა ნინამ მანამ, სანამ თავის ოთახში დასაძინებლად გადავიდოდა.
-მეძინა, - მხრები აიჩეჩა კასიანამ.
-ყველაფერი კარგად არის? - კართან შედგა ნინა. კასის სახეზე აკვირდებოდა. მისი შესწავლა ჩვევად ჰქონდა ქცეული.
კასის წამით ძალიან შეეცოდა უფროსი, ნაზად გაუღიმა, ჰაეროვანი კოცნა სიცილით გაუგზავნა და მშვიდი ძილი უსურვა.

888

მომდევნო დღეს, მარიამმა, თავისი გრძელი შავი ნაწნავითა და ხალისიანი ბუნებით, ჯერ კიდევ შუადღისას მიაკითხა წითელი აგურის სახლს და ნინა და ანიკა საზეიმო სუფრაზე დაპატიჟა. დაბადების დღეს იხდიდა. მთაში ასეთი დღეები უბრალო თარიღი არასდროს არის. ეს არის მიზეზი იმისა, რომ ყველამ ერთად დაივიწყოს ყოველდღიური ფიზიკური შრომა, გამოაწყონ საუკეთესო კაბები კარადებიდან, კაცებმა კი ძველი ხის მარნებიდან წითელი ღვინის ხელადები ამოიტანონ.
მანამ, სანამ საზეიმოდ ემზადებოდნენ გოგონები, აივანზე ჩამომსხდარიყვნენ კაკი და ლენა. ბოლო დროს ასე ხშირად ნახავდით. არ ჩხუბობდნენ, მაგრამ არც ტკბილსიტყვაობდნენ.
-კაკი, - აივანზე ჩქარი ნაბიჯით გამოვიდა კასიანა და ხის მაგიდის წინ აისვეტა. ხელში უზარმაზარი, სამუშაო ქუდი ეჭირა. მომლოდინე თვალები მიაპყრო მოხუცმა. კასიანამ ქუდი თავზე ჩამოიმხო და თმა ერთი მარტივი მოძრაობით შეკეცა შიგნით.
-ასე, მეტყობა, რომ ბიჭი არა ვარ? - ინტერესით იკითხა მან.
კაკიმ ხმამაღლა გადაიხარხარა. თავი გააქნია და მშვიდად იკითხა:
-რისთვის ემზადები?
-არაფრისთვის, ისე.
კასი გრაციოზულად დაბზრიალდა და დაბალი კიბეები სწრაფად ჩაირბინა.
-სულ გადაირია, ხომ? - შვილს თვალი გააყოლა ლენამ.
-შეეშვი, - სახე დაუსერიოზულდა კაცს, - ფრთებს რატომ აჭრი?
სახე აერია ლენას, თავი ჩახარა და თითები ყავის ჭიქას ისე შემოაჭდო, ცოტაც და ხელში ჩაატყდებოდა.
-ეგ, მამამისმა დიდი ხნის წინ გააკეთა. - ამოილაპარაკა თავისთვის და მოერიდა, კაკისთვის თვალის გასწორება.
შებინდებისას, როცა მთებზე კვლავ ლურჯი ხავერდივით დაეშვა ბინდი, ნინა და ანიკა მარიამს ესტუმრნენ.
სუფრაზე ღვინო მდინარესავით მოედინებოდა, ლაშას გარმონი დათრობამდე მღეროდა და ბიჭები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სადღეგრძელოების თქმაში. ნინა კი, შინაგანად კვლავ ქალაქის შფოთს ებრძოდა. ხალხმრავლობამ მალევე დაღალა. ყოველი ხმამაღალი შეძახილი და უცხო ადამიანების ინტერესი მისდამი, საკუთარი ოჯახის სკანდალებს ახსენებდა. ძალიან უნდოდა, გამქრალიყო. თვალებს მაგრად ხუჭავდა და ანიკას კაბის ბოლოს აწვალებდა თითებით.
-აქ არის? - ჩუმად გადაულაპარაკა ნინამ ანიკას, როცა დამალვა მობეზრდა და თანაც, ღვინომ ხასიათზე მოიყვანა.
-ვინ, ბასილ ილდანი? - იმ წამსვე მიხვდა ანიკა, - ვერ ხედავ? მთელი დღეა თმებს ვიპუტავ, რომ შემამჩნიოს. ნიკოს გვერდით ზის, კუთხეში.
-გეყოფა, - გაეცინა ნინას, - და ის მეორე, ხუჭუჭა?
-არა, - დანაღვლიანდა ანიკა, - ვფიქრობ, ამაღამ ძალიან დავთვრე და სახლში ბასილ ილდანის მოსაცილებელი გავხდე. რას იტყვი? - გაილექსა ის.
ნინა საათს უყურებდა. 10 სრულდებოდა და ისეთი დაღლილი იყო, აღარ ესმოდა ადამიანები მის გარშემო რაზე საუბრობდნენ.
-რომ წავიდე?
-წადი, ნინა, - თავი დაუქნია ანიკამ, - ლენას უთხარი, რომ გვიან მოვალ, და კიდევ .. არ იდარდოს, მომაცილებენ!
ნინამ მოკლედ მოიბოდიშა და სახლში ადრე, მარტო დაბრუნდა. მძიმე, შალის საბანში გაეხვია და დამქანცველ ძილს მისცა თავი. ანიკას კი, მტკიცედ გადაეწყვიტა, რომ ბოლო კვირების დაძაბულობა ერთიანად, იმ საღამოს უნდა მოეხსნა. ჭიქას ჭიქაზე აყოლებდა და ისე თვრებოდა, აღარ ადარდებდა, რომ ძალიან შესამჩნევი იყო მისი სიმპათიები ბასილ ილდანის მიმართ. ცეკვავდა, მღეროდა, იცინოდა და როგორც ყოველთვის, ყველას კეთილგანწყობას იმსახურებდა შუათანა. ძალიან ლაღი იყო ბუნებით, ყოველთვის ყველას ართობდა.
-სახლში ხომ გამაცილებ? - ჰკითხა ბასას და ფართოდ გაუღიმა.
ილდანს გულით გაეცინა და თავი დამაიმედებლად დაუქნია. მიჩვეული იყო.
-ჩემითაც ვაპირებდი. - გული არ გაუტეხა მთვრალ ანიკას. სინამდვილეში, მართალს ამბობდა. მათ გაცილებაზე ფიქრი მაშინ დაიწყო, როცა იმ საღამოს პირველად დაინახა ნინა და ანიკა. ბოლომდე თავსაც არ უტყდებოდა, რომ ეს გზა იყო მესამეს სანახავად, რომლის სახელიც არ იცოდა. გუშინდელიდან საბაბს ეძებდა, ეს კი ნამდვილად იყო კანონიერი, სუფთა მიზეზი, კაკის ეზოში კვლავ შესაღწევად.
პირველი სრულდებოდა, წითელი აგურის სახლისკენ ბილიკს რომ დაადგნენ ანიკა და ბასილ ილდანი. გზად ბევრს მღეროდა ანიკა, ბევრს ბუტბუტებდა და თავბრუც კარგა გვარიანად ეხვეოდა. ერთი ორჯერ, გულიც აერია.
-დამშვიდდი, - ამხნევებდა ბასა, - ხვალ არაფერი გემახსოვრება.
მთვრალი ანიკა თითქმის მკლავზე ჰყავდა გადაკიდებული, ისე მიჰყავდა სახლისკენ.
-აი, ჩემი სახლიც! - გამოაცხადა მან წითელი აგურის სახლთან და ჭიშკარი მთელი მონდომებით შეხსნა. სახლისკენ მიბარბაცებდა და არაფრის დიდებით არ უშვებდა ხელს ილდანს. ჩამი-ჩუმი არ ისმოდა ეზოში. გვიანი იყო. ყველას ეძინა.
-გახსოვს, ხომ, რომელია შენი ოთახი? - ხის ფართო კიბის საფეხურებზე ფრთხილად აატარა გოგონა.
-აი, აქ, კასის და ნინას ოთახებს შორის. - დემონსტრაციულად გამოაცხადა ანიკამ და ოთახის კარი შეხსნა, - მე ყველგან შუათანა ვარ! - იცინოდა ის.
კასი. კასი. კასი. მის სახელის ცოდნა, საკმარისი იყო.
-დანარჩენს, ხომ შენით მოახერხებ? - კართან ემშვიდობებოდა ანიკას.
-დიდი მადლობა, რომ მომიყვანე, - თავი დაუქნია გოგონამ და მშვიდი ძილი უსურვა.
თვალი გააპარა იმ კარისკენ ბასილ ილდანმა, კასის ოთახი რომ უნდა ყოფილიყო. ღრმად ამოისუნთქა და დერეფანში გამოვიდა. წამით მოეჩვენა, რომ მისი ოთახიდან იპარებოდა ის ნაცნობი, ციტუსის გრილი სუნი, წინა ღამით თმაზე რომ ასდიოდა. ნელი ნაბიჯით ჩამოიარა კიბეები, პირველი სართულის მისაღები ფრთხილად გაიარა და გარეთ, ღამის ჰაერზე გავიდა. ეზოს ხრეშიან ბილიკს მძიმე ნაბიჯით მიუყვებოდა. მაინც რა ჯანდაბა დაემართა? შავ, მძიმე ჭიშკარს მიუახლოვდა და კედლის ჩრდილში, კასის შეეჩეხა. ზუსტად იქ, სადაც გუშინ დაშორდა. ნაბიჯი უკან გადადგა წამით. წინა ღამე კადრებად ამოუხტა გონებაში. თავლიდან ბრუნდებოდა კასიანა. გრძელი, თეთრი სარაფანა ზევით აეკეცა და მაქმანებიანი ბოლო ხელით ეჭირა. დაუდევრად მოგდებულ შალის პერანგში კი ჩალისფერი ხუჭუჭები ჩაჰკეცვოდა. კანი გლუვი ჰქონდა, ხორბლისფერი, ოდნავ მზემოკიდებული. ეტყობოდა, ჩქარობდა.
-გამარჯობა, ბასილ ილდანი, - გაუღიმა მან, - არ მითხრა, რომ გუშინდელის შემდეგ აქ დგახარ?
ხუმრობდა კასიანა, თვალებში ცეცხლი ჩასდგომოდა, მაგრამ რატომღაც სევდიანი მოეჩვენა ილდანს. ეტყობოდა, გონებით სხვაგან იყო. სითამამე კი ნამდვილად არსად დარჩენოდა.
-თმაში თივა გაქვს, - გაუღიმა ბასამ და ჩალისფერი კულულიდან მშრალი თივის ღერო ნაზად ამოაცალა.
-შენ კიდევ, ნარწყევი გაქვს მაისურზე, - თქვა მან სიცილით, ბასას სვიტერს დახედა, ანიკას კვალი რომ დამჩნეოდა და გვერდით სწრაფად ჩაურბინა, - ღამე მშვიდობის, ბასილ ილდანი. - გამოსძახა სიბნელიდან და სახლში ქარიშხალივით შევარდა.
ბასას მოეჩვენა, რომ ძალიან უხდებოდა თავისი სახელი კასიანას. თითქოს, ქვეყნად არ უნდა ყოფილიყო სხვა კასი და თუ მაინც იქნებოდა, სულ ტყუილად.

* * *

თუ გგონიათ, არ მოგიყვებით, კასის რატომ აქვს თმაში თივა, ძალიან ცდებით
ქამინგ სუნ...



№1 სტუმარი Ani

ვაიმე როგირ გამიხარდააააააა

 


№2  offline წევრი Whosavesyou

Ani
ვაიმე როგირ გამიხარდააააააა


ანი heart_eyes

 


№3 სტუმარი სტუმარი ლიკა

კარგი გოგოა კასი და შენც კარგი გოგო ხარ ჩქარ-ჩქარა რომ ჩნდები ☺️☺️☺️☺️

 


№4  offline წევრი Whosavesyou

სტუმარი ლიკა
კარგი გოგოა კასი და შენც კარგი გოგო ხარ ჩქარ-ჩქარა რომ ჩნდები ☺️☺️☺️☺️

heart_eyes heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent