შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცეცხლთან თამაში (ფინალი)


20-07-2026, 20:25
ავტორი La dolce vita
ნანახია 156

ნოე
იმ ამბიდან თითქმის ერთი კვირა გავიდა. არ ვიცი, რა მემართება. ქალის მეტი რა მინახია, მაგრამ ეს გოგო თითქოს მაჯადოებს. თავისი სილამაზითა და მიმზიდველობით კონტროლს მაკარგვინებს; ჩემში ელვისებურად ვრცელდება ცეცხლი, რომელიც მაგნიტივით მიზიდავს მასთან.
სანაპიროზე ჩვენი კოცნა იმდენად მგზნებარე იყო, რომ მალევე დაუოკებელ სურვილში გადაიზარდა. მიზიდულობა სულ უფრო იზრდებოდა, ვგრძნობდი, რომ თავის შეკავება ძალიან მიჭირდა. ამიტომ, კოცნა უფრო გავაღრმავე, ისიც რომ ამყვა, ამან უფრო შემაგულიანა და სურვილიც გამიმძაფრა. ძალიან მალე უკვე ნაპირზე ვიყავით... შეუჩერებლად ვკოცნიდი და ვგრძნობდი, როგორ მოიწევდა ლინდა, როცა თმებში ხელები შემიცურა. არ ვიცოდი, რა მეფიქრა, მაგრამ ვიფიქრე, რომ გაიხსნა და საბოლოოდ იყო მზად ამისთვის.
სახიდან ყელზე გადმოვედი და მთლიანი ყელი დავუკოცნე. შევამჩნიე, როგორ მინაბა თვალები და ჩემი მწველი შეხებისგან პირიც კი გააღო — ეს იმას ნიშნავდა, რომ მას ეს სიამოვნებდა. მწველ კოცნებს ვუტოვებდი ყელზე და თან მის სხეულზე ვუსმევდი ხელს. ნელ-ნელა ხელი მხრებისკენ წავიღე და ბიკინის თასმა შევუხსენი. ყველგან ვკოცნიდი — ყელზე, მხრებზე... თანდათან მკერდამდეც ჩამოვედი, ნაზად ჩამოვუსვი ხელი და კოცნების დატოვება დავიწყე. მაგიჟებდა ეს გოგო თავისი უნაკლო სხეულით. ხელით ნელა ჩამოვაშორე ზედმეტი მატერია, შემდეგ კი ისევ გავაგრძელე კოცნების დატოვება. უკვე ძალიან ვიჭრებოდი, უფრო შორს მივდიოდი, მაგრამ მოულოდნელად ლინდამ დაიყვირა და ხელი მკრა. შემდეგ მოიბუზა და იქვე ჩაიკეცა.
ჯანდაბა! მართლა ვერაფერი გავუგე ამ გოგოს ხასიათს. რატომ იყო ასეთი ცვალებადი და მერყევი? როგორ შეეძლო ახლა ამის გაფუჭება, არადა ყველაფერი იდეალურად მიდიოდა. როდემდე უნდა მაწვალოს? მეც ხომ ადამიანი ვარ და ბოლოს და ბოლოს, კაცი ვარ, არა? ასე ვფიქრობდი მაშინ, მაგრამ როდესაც დავინახე მისი არეული სახე, რომელიც ერთიანად ცახცახებდა, მივხვდი, რომ კარგად არ იყო. ძალიან აღელვებული ჩანდა, ამიტომ უბრალოდ მივედი და გვერდით ჩამოვჯექი.
შემდეგ ვიკამათეთ — ჯერ სანაპიროზე, შემდეგ კი მანქანაში, რის გამოც ავარიაში მოვყევით. იმ წამს ძალიან შემეშინდა მისი დაკარგვის. როდესაც მას გავხედე, გადაფითრებული სახით იჯდა და ერთიანად ცახცახებდა. მადლობა ღმერთს, მსუბუქი ავარია იყო და არ დაშავებულა. ცოტა ვისაუბრეთ, მან კი სიყვარულზე ჩამოაგდო საუბარი. ეს თემა ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. იყო დრო, როცა ბრმად მჯეროდა ამის, მაგრამ ერთ დღეს მივხვდი, რომ არავინ არ უნდა მოუშვა გულთან ახლოს, რადგან აუცილებლად გადაგივლიან და გიღალატებენ. ამიტომ გადავწყვიტე, მხოლოდ თავისუფალი ურთიერთობები მქონოდა ან თუნდაც ერთჯერადი. ლინდამდე ასე იყო, მაგრამ ეს გოგო ჩემში რაღაცას არღვევდა. პირველივე დღიდან ასეთი ინტერესი და მიზიდულობა ჯერ არავისთან მიგრძვნია. აი, უბრალოდ ჭკუიდან გადავყავარ მის ამ სიჯიუტესა და ცვალებადობას, რა დღეში მაგდებს ხოლმე!
დრო გადიოდა, ჩვენს შორის არსებული დისტანცია კი სულ უფრო მცირდებოდა. ვგრძნობდი, რომ სულ უფრო ვეჯაჭვებოდი მას, მისი აქ ყოფნის დღეები კი სულ უფრო მცირდებოდა. ერთი კვირაა, რაც კავალაზე ვართ. ამ დროის მანძილზე ბევრი რამ მოხდა და გადაწონა ჩვენი სიახლოვე. ლინდაც თითქოს უფრო გაიხსნა ჩემს მიმართ და მენდობა, თუმცა ბოლომდე არა. ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვა დავიწყეთ და საუბრები... უნდა ვაღიარო, რომ შესანიშნავი მოსაუბრეა. უცნაურია, მაგრამ თანდათან ვიწყებდი მისი სახის ნაკვთების უფრო უკეთ შესწავლას. მაგალითად, როდესაც იღიმის და ლოყაზე ნაჩვრეტები უჩნდება, ვგიჟდები. არ ვიცი, ეს გოგო რას მიშვება და ეს რა განცდებია, ვერ გეტყვით. თუმცა ამის ფონზე ვცდილობ ემოციური დისტანცია დავიცვა, არ მინდა, იმდენად მივეჩვიო და შემიყვარდეს, რადგან სიყვარული სისუსტეა.
სანაპიროსთან ვიჯექი ჩაფიქრებული და გავყურებდი ლინდას, რომელიც ზღვიდან ამოვიდა და ჩემსკენ წამოვიდა.
— ეი, კოვბოი, რაზე ფიქრობ? — სიცილით ამიფრიალა ცხვირწინ ხელი.
— შენზე... — გავუღიმე და სახიდან ჩამოყრილი თმები გადავუწიე. მან ისეთი დაბნეული სახით ამომხედა. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი ჩვენ შორის რა ხდებოდა, რა ურთიერთობა გვქონდა, რადგან ამას სახელსაც კი ვერ ვარქმევდით, უბრალოდ ერთად ყოფნა მოგვწონდა და დროს მშვენივრად ვატარებდით.
— ჩემზე?
— ხო, შენზე. ასეთი სახით ნუ მიყურებ, თორემ ვეღარ გავუძლებ და... — გავჩუმდი.
— და რა, ნოე? — დაეჭვებით აზიდა ზევით წარბები.
— იცი რაც... — მაცდურად ვუთხარი და ანთებული თვალებით გავხედე.
— ვერ ეღირსები! — სიცილით წამოიძახა და გაიქცა.
სანაპირო ნამდვილ სტადიონს დავამსგავსეთ. ის წინ გარბოდა, მე კი უკან მივდევდი. ვინმეს რომ ენახა, ალბათ საცინლად აგვიგდებდა, ზრდასრული ადამიანები ბავშვებივით დარბოდნენ. მასთან ძალიან ახლოს მივედი, ხელი ჩავავლე და ჩემთან ახლოს მოვიზიდე. პირველად ხდებოდა, რომ უბრალოდ ვუყურებდი და არაფერს ვაკეთებდი, არ ვცდილობდი დაჩქარებას, უბრალოდ ვუცდიდი.
— რას მიშვები, ლინდა? — ჩავჩურჩულე მას. — რაც დრო გადის, მით უფრო გეჩვევი და მით უფრო მცირდება შენი აქ ყოფნის დღეებიც. — ვუთხარი მას და ტუჩებზე გადავუსვი ცერა თითი.
— არ გინდა, რომ წავიდე? — მკითხა ჩამწყდარი ხმით.
— რომ შემეძლოს, დროს გავაჩერებდი, რომ უსასრულოდ იყო აქ.
— მაგრამ დროს ვერ გააჩერებ, ხომ ასეა. ადრე თუ გვიან, ბილეთის ვადა ამოიწურება და მე მომიწევს აქედან წასვლა. — მითხრა მან.
— არ მინდა, რომ წახვიდე...
— არც მე, მაგრამ ეს გარდაუვალია...
იმ საღამოს ორივე სრულიად შეცვლილები დავბრუნდით სასტუმროში. თითქოს ჩვენ შორის აღარ იყო ის გაუგებრობები. უხმოდ ვიჯექით და ერთმანეთს თვალებში შევცქეროდით. არ ვიცი, რა ხდებოდა, მაგრამ პირველად ვიგრძენი თავი ემოციურად დაუცველად, სწორედ ამის მეშინოდა, რომ ისევ დავიწყებდი ვინმესთან მიჩვევას, შეყვარებას. ეს შიში წარსულის აჩრდილად მექცა, მაგრამ ლინდასთან ამ ყველაფრის დავიწყებას ვიწყებდი. თავიდანვე ისე შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში, რომ ჩემი ძლივს დალაგებული ცხოვრება ისევ აირია. ვხვდები, რომ დრო თვალის დახამხამებაში გარბის, გააზრებასაც კი ვერ მოასწრებ ისე მოვა მისი წასვლის დღე. არ მინდა, რომ წავიდეს, მინდა აქ დარჩეს, მაგრამ მე მას თავისუფლებას ვერ შევუზღუდავდი, ჩვენი ურთიერთობა ისედაც უსახელოა. ჩემ გვერდით იჯდა და სევდიანი თვალებით ღვინოს შეექცეოდა, თან მიღიმოდა. ძალიან ახლოს მოვიდა ჩემთან, კისერზე შემომხვია ხელები, შემდეგ კი ანთებული თვალებით შემომხედა. წელზე ხელები შემოვხვიე და ჩემსკენ მოვიზიდე.
— ლინდა... — ამოვთქვი მე დახშული ხმით.
— ნოე, მჭირდები...
— რაა? — გაოცებისგან წარბები ზევით ავწიე.
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამას მისგან მოვისმენდი, რადგან ყოველთვის გაურბოდა ამას, ახლა კი თვითონ მთხოვდა. თუმცა ეს აღარ იყო ის დაუძლეველი ვნება, თითქოს ამან უფრო მტკივნეული და ღრმა ფორმა მიიღო. ყოველი წამი ჰგავდა უფრო გააზრებას, ერთმანეთის სურვილს და დავიწყებას ყველაფრისა, რაც ჩვენს შორის იდგა. რა უცნაურია, როცა ადამიანის დაკარგვის შიში გიპყრობს, სწორედ მაშინ აცნობიერებ, რომ ის შენთვის სულ ერთი არ არის. მე ეს განვიცადე, თუმცა აჩქარება არ მინდოდა, არ მინდოდა პირდაპირ ამით დავკავებულიყავით.
ისეთ განწყობაზე დავდექი, თითქოს მას ბოლოჯერ ვხედავდი, თუმცა მის წასვლამდე ჯერ კიდევ სამი კვირა იყო დარჩენილი. ფეხზე წამოვდექი და ტელევიზორში „Sarah Connor - Just One Last Dance“ ჩავრთე. ეს სიმღერა ჩავრთე, ლინდას ხელი გავუწოდე და მასთან ერთად დავიწყე ცეკვა. არ ვიცი რატომ, მაგრამ გული მიგრძნობდა, მას უკანასკნელად ვხედავდი, თითქოს რაღაც უნდა მომხდარიყო, რაც დაგვაშორებდა ერთმანეთს. ორივე ანთებული თვალებით ვუყურებდით ერთმანეთს, არაფერს ვამბობდით, უბრალოდ ვცეკვავდით. სათქმელი არაფერი გვქონდა, რადგან ყველაფერს ჩვენი თვალები ყვებოდა. მინდოდა, ეს დღე ორივესთვის დაუვიწყარი ყოფილიყო. მის ტუჩებთან დავიხარე და მოწყურებული დავუწყე კოცნა. ისიც ამყვა, ვიგრძენი, როგორ აგვიჩქარდა ორივეს გული და სუნთქვა გაგვიხშირდა. თმები გადავუწიე და ყელზე ვაკოცე.
ყოველი შეხება იყო როგორც უკანასკნელი. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, მეორე დილით რა მელოდა, თუმცა გული კი მიგრძნობდა, რაღაც ისეთი უნდა მომხდარიყო, რაც ყველაფერს შეცვლიდა. ამიტომ ყოველი წამით ვტკბებოდი და ვეფერებოდი მას, მისი სხეულის თითოეულ ნაწილს ვიმახსოვრებდი, ვიბეჭდავდი ჩემს გონებაში. ვხედავდი, რომ მაინც დაძაბული იყო და ყოველ შეხებაზე კრთოდა. მივხვდი, რომ ეს მისთვის პირველი სიახლოვე იყო — რა თქმა უნდა, პირველი იქნებოდა, ის ხომ ასე გაურბოდა ამას, მიუხედავად იმისა, რომ შინაგანად თვითონაც უნდოდა. ამ ყველაფრის პროცესში საოცრად დავიტვირთე ემოციებით, ვხდებოდი, რომ ეს მხოლოდ ვნება აღარ იყო, ეს გაცილებით მეტია, მაგრამ ჯერ ვერ გავერკვიე ამაში. თვალებში ცრემლი ჩადგომოდა, რომელიც უბრალოდ უბრწყინავდა როგორც ბრილიანტი. მე შეყვარებული ვიყავი ამ სილამაზეზე და ვეჯაჭვებოდი, ვგიჟდებოდი მის ფაფუკ კანზე, მის ტკბილ არომატზე, ყოველ ჩემს შეხებაზე თვალებს მინაბავდა ხოლმე. ბოლოს გულში ჩავიკარი და ვაკოცე.
— მადლობა ამ დღისთვის, შენ მე ბედნიერება მომანიჭე, — ღიმილით მითხრა, მკერდზე დამადო თავი.
— შენ კი ჩემი ცხოვრება შეცვალე, — ყურში ჩაბჩურჩულე.
რა ირონიული იყო ეს ყველაფერი, მეგონა ყველაფერი ახლა იწყებოდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. რადგან დილით, რომ გავიღვიძე, სიცარიელე დამხვდა. ლინდა საწოლში აღარ დამხვდა. ყველგან მოვძებნე, მაგრამ არსად იყო. მაგიდაზე საცოდავად დატოვებული წერილიღა დამრჩა მისგან. ვერაფერი გამეგო, რა ხდებოდა ჩემს თავს. სწრაფად ავიღე წერილი და კითხვა დავიწყე:


,,ნოეს,
თუ ამ წერილს კითხულობ, ესე იგი უკვე მანდ აღარ ვარ. ნუ დაიწყებ მიზეზების ძებნას და ჩვენს უკანასკნელ ღამეს ნუ ჩათვლი შეცდომად; ეს იყო ჩვენი ისტორიის ყველაზე ლამაზი და სევდიანი ფინალი.
ეს გაქცევა კი არა, თავშესაფარია – ორივეს გვჭირდება დრო, რომ ვისწავლოთ მარტო ყოფნა. ჩვენი ურთიერთობა ცეცხლს ჰგავდა, რომელიც გვწვავდა, მაგრამ უმისოდ გაყინვის გვეშინოდა. ახლა კი დადგა დრო, საკუთარ თავში გავერკვეთ.
არ გთხოვ ჩემს ძებნას, მაგრამ თუ ოდესმე მიხვდები, რომ სიყვარული სისუსტე კი არა, ერთადერთი ჭეშმარიტებაა – მაშინ დრო აუცილებლად შეგვახვედრებს ერთმანეთს. როცა მზად იქნებით, მაშინ მიპოვი. მანამდე კი, უბრალოდ იცხოვრე და შეინახე ჩვენი მოგონებები ისეთი სუფთა, როგორიც ისინი იყო.“
წერილს ვკითხულობდი და ნახევარს ვერ ვიგებდი, ვერ ვიჯერებდი ასე როგორ მომექცა, რატომ წავიდა ისე, რომ არაფერი მითხრა. თავში ყველაფერი ერთად აირია. ნუთუ ეს ღამე გამოსამშვიდობებელი იყო? გული მიგრძნობდა, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო და ინტუიციამ არ მიმტყუნა – ჩემი ეჭვები გამართლდა. ახლა ვხვდები, რატომ იქცეოდა ასე უცნაურად; თურმე წასვლას აპირებდა. ღმერთო, სწორედ ამის მეშინოდა – ისევ მარტო დარჩენის, ისევ ზურგშექცევის. მაგიდას დავეყრდენი და სიმწრისგან მუშტი მოვმუშტე, წერილი დავჭმუჭნე და ჯიბეში ჩავიდე, შემდეგ კი არც დავფიქრებულვარ, ისე გავარდი გარეთ. აეროპორტში უნდა წავსულიყავი და მიმესწრო მისთვის.
სწრაფად ჩავჯექი მანქანაში და მთელი ძალით მოვწყდი ადგილს; საჭეს სიმწრისგან ვუჭერდი ხელებს. როგორც კი ადგილზე მივედი, მკვეთრად დავამუხრუჭე და შიგნით შევარდი. ეროპორტის ხმაურიან დარბაზში. ადამიანების ნაკადი, მათი ჩანთები, სიცილი და გამომშვიდობების სცენები — ყველაფერი ეს ახლა უცხო და გამაღიზიანებელი მეჩვენებოდა. გონება ერთადერთ მიზანზე მქონდა კონცენტრირებული: ლინდა.
თვალებით ხალხში მის სილუეტს ვეძებდი, მაგრამ იმედგაცრუებული ვრჩებოდი.
— ლინდა! — დავიყვირე ერთ მომენტში, როცა შორიდან მისი მსგავსი გოგო დავინახე, მაგრამ უკან მობრუნებულმა უცხო ქალმა დაბნეული მზერა მომაპყრო.
სიმწრისგან კბილები ერთმანეთს დავაჭირე. დარბაზის შუაგულში გავჩერდი და ღრმად ჩავისუნთქე. ჰაერი თითქოს არ მყოფნიდა. რას ვაკეთებდი? რა უნდა მეთქვა? რომ არ წასულიყო? რომ მჭირდებოდა? თუ უბრალოდ იმის გამო, რომ მისმა გაქცევამ ჩემი ეგო დააზიანა?
დაფას ავხედე, სადაც ფრენების განრიგი იყო. თვალები გამიფართოვდა. თითქმის ყველა რეისი გამოსული იყო, ან რეგისტრაცია დასრულებული. ჩემი შიში გამართლდა — მან ეს ყველაფერი წინასწარ გათვალა.
ფანჯარასთან მივედი, საიდანაც ასაფრენ ბილიკებს ვხედავდი. ერთ-ერთი თვითმფრინავი ნელა მიგორავდა ასაფრენი ზოლისკენ. არ ვიცოდი, ლინდა შიგნით იყო თუ არა, მაგრამ რაღაც მომენტში მივხვდი — ის, რაც იმ ღამით ჩვენს შორის მოხდა, არ იყო მხოლოდ ვნება.
ჯიბეში ჩავყავი ხელი და წერილის დაჭმუჭნული ფურცელი ვიგრძენი. ამოვიღე, გავშალე და კიდევ ერთხელ გადავიკითხე მისი სიტყვები: „თუ ოდესმე მიხვდები, რომ სიყვარული სისუსტე კი არა, ერთადერთი ჭეშმარიტებაა...“
თვითმფრინავი მიწას მოსწყდა და ცისკენ აიღო გეზი. მე კი იქ, აეროპორტის ცივ ფანჯარასთან ვიდექი და პირველად ცხოვრებაში, ტკივილის ნაცვლად, რაღაც უცნაური სიმშვიდე ვიგრძენი. სიმშვიდე, რომელიც ალბათ იმით იყო გამოწვეული, რომ ბოლოს და ბოლოს მივხვდი — ეს იყო არა დასასრული, არამედ ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული გაკვეთილის დასაწყისი. მივხვდი, რომ ლინდას დაჭერა კი არ მჭირდებოდა, არამედ იმის გააზრება, თუ რატომ დამიტოვა მან ეს წერილი.
მოვბრუნდი. აღარ გავქცეულვარ. ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ გამოვედი აეროპორტის დარბაზიდან. გზაში მანქანასთან შევჩერდი, ცას გავხედე და ჩემს თავს ჩუმად ვუთხარი:
— კარგი, ლინდა. თამაშის წესებს მივხვდი.
ახლა ყველაფერი იწყებოდა. არა როგორც შემთხვევითი შეხვედრა კუნძულზე, არამედ როგორც რთული გზა, რომელიც ან გაგვაერთიანებდა ან არა.



ნოე
სასტუმროში დაბრუნებულს, თავს უცნაურად ვგრძნობდი. მართალია, ლინდაზე არ ვბრაზობდი და მშვიდად შევხვდი ამ ამბავს, თუმცა იმდენად მივეჩვიე მას, რომ ახლა მის გარეშე დარჩენილი სიცარიელე მახრჩობდა. ოთახის კარებთან შეჩერებულმა თვალი მოვავლე არეულობას: ჯერ კიდევ გუშინ ამ ოთახში ჩვენ ერთად ვიყავით, ვცეკვავდით, შემდეგ კი იყო ჩვენი დაუვიწყარი ღამე. საწოლს რომ ვუყურებდი, თვალწინ ის კადრები მიცოცხლდებოდა — როგორი ნაზი და სათუთი იყო იგი. ირგვლივ ყველაფერი მას მაგონებდა, ოთახში მისი სუნამოს არომატი ჯერაც იდგა. საწოლს მივუახლოვდი, ჩამოვჯექი და ის ბალიში ავიღე, რომელზეც გუშინ ლინდას ეძინა; მის სურნელს ვყნოსავდი და ვფიქრობდი — რატომ გახდა აქ ყოფნა ასეთი აუტანელი? მის გარეშე ამ სასტუმროში გაჩერებას აზრი აღარ ჰქონდა. უკან ვერ დავბრუნდებოდი, მარტოობა და ფიქრი მჭირდებოდა, ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი მეგობრისთვის, ნიკოლასისთვის მიმეკითხა, რომელიც ამ ქალაქში ცხოვრობდა. ვიცოდი, რომ თუ მივიდოდი, საყვედურებით ამავსებდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა — მხოლოდ მას შეეძლო ჩემი დახმარება.


***
დღეები გადიოდა, მე კი ისევ იმ დროს ვუბრუნდებოდი; კვლავ ვიხსენებდი იმ ღამეს, ჩამესმოდა მისი სიცილის ხმა და თვალწინ მისი ვიზუალი მიდგებოდა. დამძიმებული გულით ვიჯექი, საკუთარ თავში ჩაკეტილი და გრძნობებში დაკარგული; არ ვიცოდი, რა მექნა. ალბათ, მართალი იყო, რომ წავიდა, რადგან მე ვერ მივცემდი იმას, რასაც ის ითხოვდა. წარსულის აჩრდილებით დამძიმებული, მომავალზე აღარ ვფიქრობდი, მხოლოდ დღევანდელობით ვსაზრდოობდი და დროებით, ერთჯერად ურთიერთობებს ვჯერდებოდი. ემოციებისგან საკუთარი თავი მთლიანად დავაცარიელე — ასე იყო მანამ, სანამ ლინდა არ გამოჩნდა და ჩემში მიძინებული გრძნობები არ გააღვიძა. ვნება, რომელიც მაიძულებდა, ყველა ის ქმედება ჩამედინა, რასაც ვაკეთებდი... მაგიჟებდა ის, რომ მას შეეძლო, კნუტივით განაბულიყო ჩემს მკლავებში, მაგრამ მეორე წამს მგლად ქცეულიყო და საკუთარი თავი დაეცვა. ალბათ, მისთვის ეს როგორი აუტანელი იყო, მაგრამ საკუთარ თავთან მეც უძლური აღმოვჩნდი.
რას ვაკეთებდი მე? არაფერს. ისევ ნიკოლასსთან ვიყავი და ისევ ჩემს თავში არეული, ბარიდან ბარში დავეხეტებოდი. დრო გამყავდა, იქნებ დამევიწყებინა კიდეც, მაგრამ მისდამი მონატრება სულ უფრო იზრდებოდა. ვგრძნობდი, რომ მე ის მჭირდებოდა, ვკვდებოდი უიმისოდ, თუმცა მის მოსაძებნად წასვლას არ ვაპირებდი. ვერ მოვძებნიდი, რადგან ჯერ არ იყო ამის დრო, ჯერ ისევ საკუთარ თავს ვებრძოდი, ისევ წარსულის აჩრდილები დამყვებოდნენ.
ჩემი ფიქრებით დამძიმებული ბართან ვიჯექი და უკვე წასვლას ვაპირებდი, როდესაც მოულოდნელად ნაცნობ სახეს წავაწყდი. თავიდან ვიფიქრე, სასმლისგან ხომ არ მეჩვენებოდა-მეთქი, მაგრამ არა, ის რეალურად ჩემს წინ იდგა და ისევ ისე მიყურებდა, როგორც წლების წინ.
— ნოე, არ მეგონა, თუ ისევ გნახავდი? — ღიმილით მითხრა და ჩემსკენ წამოვიდა. ტვინში სისხლი მომაწვა და სიმწრისგან მუშტები მოვმუშტე; რატომ მაინც და მაინც ახლა, როდესაც მის დავიწყებას ვცდილობდი?
არ მივაქციე ყურადღება, ავდექი და სწრაფი ნაბიჯებით გავეცალე, ის კი უკან ამედევნა.
— ნოე! — წამოიძახა მან.
— რა გინდა, რა?! — მოთმინება დაკარგულმა დავუყვირე.
— მომენატრე.
— რა თქვი? მოგენატრე? რა იყო, შენი საყვარელი ვეღარ გაკმაყოფილებს და გადაწყვიტე, ძველი შეყვარებული მოგენახულებინა? — ცინიზმით ვუთხარი.
— ბექას დიდი ხანია დავშორდი, — მითხრა მან.
— რა იყო, ისიც მოგბეზრდა? როგორც ჩანს, ერთი კაცი ვერ გაკმაყოფილებს და ახალ-ახალს ეძებ, არა? — ზიზღით ვკითხე.
— მაპატიე, ვიცი, ცუდად მოგექეცი, მაგრამ მე მართლა ძალიან ვნანობ და მინდა, რომ დამიბრუნდე, — მითხრა მან.
— დამიბრუნდე? ეს შენ მიმაგდე შუა ქორწილში, სხვასთან გაიქეცი, დაგავიწყდა?! ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ წარმოგიდგენია ეს?!
— მაპატიე...
— გვიანია სინანული და ვერც იმას გაპატიებ, რომ ჩემს ზურგს უკან სხვას ხვდებოდი და მე მატყუებდი. ასე რომ, უკაცრავად, მაგრამ შენი დანახვაც კი არ მინდა. დრო ხომ კარგად გაატარე? იმ იდიოტთან ერთად, ვინ იცის, რამდენჯერ მიღალატე, მე კი არ ვიცოდი. ახლა კი, როცა ბექა მოგბეზრდა, მე მომადექი? მეტი არსად გადამეყარო, თორემ დავივიწყებ, რომ ქალი ხარ! — მკაცრად ვუთხარი და გავეცალე.
რა განცდაა, როდესაც წარსული შენს მომავალს ეჯახება? სწორედ მაშინ, როდესაც საკუთარ თავში გარკვევას ვცდილობდი, ზოი გამოჩნდა. ერთ დროს ძალიან მიყვარდა, ცოლად უნდა მომეყვანა, მან კი ქორწილის დღეს მიმატოვა და თავის საყვარელთან გაიქცა. ეს დიდი ხნის ამბავია, მაგრამ იმ ჭრილობების მოშუშებას წლები მოვუნდი. როგორც გაირკვა, ის დიდი ხანია მღალატობდა ვიღაც ტიპთან, მე კი მასულელებდა, შემდეგ კი უბრალოდ ადგა და წავიდა. ახლა კი ასე ურცხვად გამომეცხადა და მეუბნება, რომ ჩემთან უნდა დაბრუნდეს.
— რას ამბობ, ნოე, ზოი ნახე? — გაოცებით წამოიძახა ნიკოლასმა.
— კი, — ურეაქციოდ ავიქნიე ხელი და დივანში ჩავეშვი. — თავის საყვარელს დაშორდა და ახლა ჩემთან უნდა დაბრუნება.
— უსირცხვილო! ცხოვრება გაგიმწარა და ახლა ასე მშვიდად ამბობს ამას?
— და რა იგრძენი წლების შემდეგ, ისევ რომ ნახე? — მკითხა ნიკომ.
— არაფერი. მისდამი საერთოდ არაფერს ვგრძნობ. ახლა მიკვირს, რამ შემაყვარა ის გოგო, — წამოვიძახე მე.
— და ლინდას მიმართ რას გრძნობ?
— ლინდას მიმართ...? ლინდა სულ სხვა სამყაროა. ჩემთვის ის თითქოს ასე ახლოს იყო, მაგრამ ამავდროულად შორსაც, — ჩამეღიმა. — რთულია იმის თქმა, რას ვგრძნობ მის მიმართ, მე ვიტყოდი, შერეული გრძნობები მაქვს.
— რას გულისხმობ „შერეულში“?
— იმას, რომ ყველა ემოცია ერთმანეთში მაქვს არეული და არ ვიცი, რომელია სწორი.
— ძმაო, შენც ხომ იცი, რომ ვნება სიყვარული არ არის, თუ იქ მარტო ცარიელი ვნებაა და მეტი არაფერი, — მითხრა ნიკომ.
— თავდაპირველად ვნება იყო, თან იმდენად ძლიერი, რომ ბევრ სისულელეს ვაკეთებდი, მაგრამ ახლა აღარ ვიცი.
— ხომ იცი, იმ გოგომ რა გითხრა? შენს გრძნობებში უნდა გაერკვე და გაიგო, ეს გრძნობა სერიოზულია თუ არა.
— ხო, ვიცი. ვცდილობ გავერკვე, მაგრამ ჯერ ისევ ძიებაში ვარ.
— ძალიანაც არ დააგვიანო.
საძინებელში შევედი და საწოლზე ჩამოვჯექი. რას ვგრძნობდი ამ წუთას? ზოის გამოჩენამ თითქოს ძველი ჭრილობები წამომიწია, მაგრამ ის ჩემზე აღარ მოქმედებს. თვალებს ვხუჭავ და ლინდას სახე მიდგება თვალწინ. დღე არ გავა, მასზე რომ არ ვიფიქრო — ნეტა ახლა რას შვრება, როგორ არის? ალბათ თავისი წიგნიც დაასრულა, ასე რომ უნდოდა დაწერა. ვინ იფიქრებდა, რომ ეს მწერალი გოგო ჩემს ცხოვრებას ასე აურევდა და ისევ გააღვიძებდა მივიწყებულ გრძნობებს.


***

ლინდა.
როდესაც ეს გადაწყვეტილება მივიღე და წამოვედი, ძალიან გამიჭირდა. ახლაც მახსოვს ის ემოცია, წერილი რომ დავუტოვე — ვწერდი და თან ცრემლებად ვიღვრებოდი. ამ მოკლე დროში როგორ შემიყვარდა ეს თავხედი კაცი? არ ვიცი, თქვენ გჯერათ ასეთი რამის? შეგიყვარდეს ადამიანი, რომელიც პირველივე დღიდან შენთან სიახლოვეს ითხოვს და ამას დაუფარავად ამბობს? მე ახლაც მახსოვს ჩვენი უეცარი სიახლოვე სანაპიროზე. ისეთი მოულოდნელი იყო, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი, თუმცა მისი შეხება ჩემში უცნაურ ჟრუანტელს იწვევდა. მეორედ, იქ, სადაც თითქმის ყველაფერი მოხდა — იმდენად ვიწვოდით ამ ცეცხლში! თუმცა, ავარიამ ყველაფერი შეცვალა; სწორედ იქიდან მივხვდი, რომ ის შემიყვარდა. ბოლო ორი კვირა დაუვიწყარი იყო, ხოლო გამომშვიდობება — გააზრებული გადაწყვეტილება. დიახ, მე ის მჭირდებოდა, მან კი დაუვიწყარი საღამო მაჩუქა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ასეთი ნაზი იქნებოდა და პრიმიტიულად არ მომეპყრობოდა. ყოველი წამი ისეთი იყო, თითქოს უკანასკნელი ყოფილიყო, განცდა კი — მწარე-ტკბილი. ტკბილი იმიტომ, რომ მთლიანად ჩავიძირე მის ტყვეობაში, საიდანაც გამოსვლა აღარ მინდოდა, მაგრამ მწარე იმიტომ, რომ ხვდები — ეს დასასრულია.
მე წავედი, რადგან მივხვდი, არ მინდოდა დროებითი რომანი, არამედ სერიოზული ურთიერთობა. წერილშიც ზუსტად ეს ვუთხარი: რომ თუ ისიც მზად იქნება ამ ნაბიჯისთვის, მხოლოდ მაშინ მომძებნოს. იმ ყველაფრის შემდეგ თვეზე მეტი გავიდა. რაც დრო გადიოდა, მისდამი მონატრება უფრო იზრდებოდა. უიმისოდ თითქოს ჩემი ცხოვრებაც გაუფერულდა. ალბათ იმის ბრალია, რომ მასთან ერთად მივეჩვიე იმ ემოციურ სიტუაციებს... ღმერთო, ახლაც ვგრძნობ მის ცხელ შეხებას, რომელიც ჟრუანტელს მგვრიდა და მაბრუებდა. იმდენი ემოცია დამიგროვდა, რომ მთელი ჩემი განცდები ფურცელზე გადმომქონდა.
— ისევ ნოეზე ფიქრობ, არა? — მკითხა ნინამ.
— რა ვქნა, თავს ვერაფერს ვუხერხებ... — ამოვიოხრე.
— რომ არ მოგძებნოს, ლინდა? დავუშვათ, მას არ აღმოაჩნდა საკმარისი გრძნობა შენს მიმართ, რას იზამ? — ნაღვლიანად მკითხა სოფიამ.
— მე მისგან არაფერს ვითხოვ და არც ველოდები. წერილშიც ზუსტად ეგ ვუთხარი, რომ ნუ შეეცდება ჩემს ძიებას, მხოლოდ მაშინ მომძებნოს, თუ მიხვდება, რომ ისიც იგივეს გრძნობს. თუმცა, ის ყოველთვის იარსებებს ჩემში, როგორც მოულოდნელად შემოჭრილი სიყვარული, — ვუპასუხე მე.



თავს ვიტყუებდი და გარშემომყოფებსაც ვარწმუნებდი, რომ ნოეს აღარ ველოდი, სინამდვილეში კი ყოველი წუთი მოლოდინში მქონდა გატარებული. იმედს ვიტოვებდი, რომ აუცილებლად მომაკითხავდა, თუმცა ის არსად ჩანდა. რა თქმა უნდა, არაფერს ვაძალებდი და არც მისგან ველოდი, რომ უკან გამომეკიდებოდა — არ იყო ვალდებული, ეს გაეკეთებინა. ჩვენი ურთიერთობა ხომ გაურკვეველი და უსახელო იყო; უბრალოდ პატარა რომანი, რომელიც იქვე დასრულდა. უკან დაბრუნებულს ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, თუმცა მე უფრო გულჩათხრობილი გავხდი — იშვიათად ვსაუბრობდი და სულ ვფიქრობდი. ჩემს აზრებს ღამეებს ვანდობდი და ფურცელზე გადმომქონდა. წერაში ისე გამეპარა დრო, რომ თარიღების ათვლაც დამეკარგა. ზაფხული მიიწურა და კარზე შემოდგომა შემოიპარა. მთელი ზაფხული წერასა და მის მოლოდინში გავლიე, თუმცა ნელ-ნელა შევეგუე იმ აზრს, რომ ის არ გამოჩნდებოდა, თუმცა პატარა იმედის ნაპერწკალს მაინც ვიტოვებდი.
მალე დაბადების დღე მომიახლოვდა, ოცდაათი წელი მისრულდებოდა — ასაკი, როცა ცხოვრების სულ სხვა ეტაპზე გადადიხარ, როცა „თავგადასავლების“ წლები სრულდება და ზრდასრულობის სიმძიმე იწყება. დაბადების დღე არასდროს მიყვარდა, წელს კი საერთოდ არაფრის სურვილი არ მქონდა. ჩემებმა მისაყვედურეს კიდეც, მაგრამ უგუნებოდ ვიყავი და არაფრის ხალისი არ გამაჩნდა. ბოლო დროს თავს შეუძლოდ ვგრძნობდი: ჭამას მოვუკელი, სუნებზე ცუდად ვხდებოდი... ეჭვი მიჩნდებოდა, რომ შესაძლოა, ფეხმძიმედ ვყოფილიყავი. ღმერთო ჩემო, თუ ეს გამართლდა, რა უნდა მექნა? ოჯახისთვის როგორ უნდა ამეხსნა ის ფაქტი, რომ ხანმოკლე რომანის შედეგად დავორსულდი? ეჰ, ნოე, რა დღეში ჩამაგდე... რატომ ამირიე თავგზა და რატომ შემაყვარე თავი ისე, რომ ეს გრძნობა ცალმხრივი აღმოჩნდა? ნეტა საერთოდ არ წავსულიყავი იმ კუნძულზე... თუმცა, იქნებ ყველაფერი ბედისწერა იყო? ალბათ, ასე უნდა დავტანჯულიყავი ამ სიყვარულით. იმ ღამეს მაინც არ ვნანობდი — მე თავი მივუძღვენი კაცს, რომელიც მიყვარდა და რომელიც ახლაც მიყვარს.
როცა ჩემმა მდგომარეობამ ძალიან შემაწუხა, გადავწყვიტე, ექიმთან წავსულიყავი. მარტო წასვლა არ მინდოდა, ამიტომ გოგოებს ვთხოვე თან გამომყოლოდნენ. მოსაცდელში ვისხედით და პასუხებს ველოდით. როდესაც ჩემი სახელი გამოაცხადეს, დავიძაბე და ექიმის კაბინეტისკენ გავემართე.
— ლინდა, არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება, — მამხნევებდნენ გოგოები.
კაბინეტში დატუქსული ბავშვივით შევედი და კუთხეში ავიტუზე. ექიმმა ხელით მანიშნა, დავმჯდარიყავი, შემდეგ კი სერიოზული სახით გამომხედა.
— ექიმო, ყველაფერი რიგზეა? — შიშით ვკითხე.
— ჯანმრთელობის მხრივ კი, — მომიგო მან.
— ვერ გავიგე...
— დიდი ხანია, რაც ეს სისუსტეები დაგეწყოთ?
— დაახლოებით თვენახევარია. რა ხდება? — დავიბენი.
— უცნაურია, აქამდე როგორ ვერ შენიშნეთ ან მუცელი როგორ არ შეგეტყოთ, — გაეღიმა ექიმს.
— რას გულისხმობთ? — უკვე ვხვდებოდი, საით მიჰყავდა საუბარი.
— ანალიზებმა აჩვენა, რომ ფეხმძიმედ ხართ, თანაც უკვე მეოთხე თვეში, — მითხრა მან.
— რაა? რას ამბობთ, ექიმო?
— დიახ, როგორც ჩანს, ეს თქვენთვის პირველია და ამიტომაც გქონდათ ასეთი რეაქცია, — ღიმილით მითხრა ქალმა.
შოკირებული გამოვედი ექიმის ოთახიდან. ახლა რა უნდა მექნა? ყველაფერი ერთიანად აირია ჩემში: შოკი, შიში, სიყვარული და უდიდესი პასუხისმგებლობა. მიჭირდა იმის დაჯერება, რომ ჩემს გულთან ახლოს პატარა სიცოცხლე იზრდებოდა. ნოესთვის ამის თქმას არ ვაპირებდი. არ მსურდა, ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ იმიტომ დაბრუნებულიყო, რომ მუცლით მის შვილს ვატარებდი; ეს ჩემი არჩევანი იყო და პასუხისმგებლობაც მხოლოდ მე უნდა ამეღო. ნოე არ იყო ვალდებული, ჩემთან მხოლოდ შვილის გამო ყოფილიყო.
გადიოდა თვეები, ნოე კი კვლავ არ ჩანდა. საბოლოოდ შევეშვი მასზე ფიქრს. შემოდგომაც მიიწურა და ზამთარმა თავისი თეთრი საბანი გადააფარა ქალაქს, მე კი მუცელი დღითი დღე უფრო მეზრდებოდა. ოჯახის წევრები თავიდან გაბრაზდნენ, მაგრამ მალე შეეგუვნენ ჩემს მდგომარეობას. ამასობაში ჩემი წიგნიც დაიბეჭდა და მკითხველში გარკვეული, ემოცია გამოიწვია, ახლა კი, ჩემი წიგნის ოფიციალური შეხვედრა, მქონდა და ცოტას ვღელავდი, რადგან ეს წიგნი, ჩემი ცხოვრების აღსარება იყო.
იანვრის ბოლოს ჩემი წიგნის პრეზენტაცია დაიგეგმა. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი გახარებული ვიყავი — მსურდა ყველასთვის მომეყოლა ის ამბავი, რომელიც გულში დიდხანს ვატარე. პრეზენტაციაზე უზარმაზარი მუცლით მისვლა ცოტა უცნაურად მეჩვენებოდა, მაგრამ სიხარულთან ერთად რაღაც აუხსნელი სევდაც თან სდევდა ამ დღეს — ხომ უნდა გაეგოთ ყველას ჩემი ამბავი?
ჩაბნელებულ დარბაზში ვიჯექი და მკითხველთა კითხვებს ვპასუხობდი.
— უკაცრავად, შეიძლება კითხვა დაგისვათ? — მკითხა ერთ-ერთმა.
— დიახ, გისმენთ.
— შეგიძლიათ გვითხრათ, რატომ დაარქვით წიგნს „ცეცხლთან თამაში“?
— საინტერესო კითხვაა. „ცეცხლთან თამაში“ ზუსტად ეხმიანება წიგნში განვითარებულ მოვლენებს. ცეცხლი გვათბობს და გვსიამოვნებს, მაგრამ საჭიროა ახლოს მიხვიდე და ხელი გაუწოდო, რომ მაშინვე დაგწვას, — ღიმილით ვუპასუხე.
ამ დროს მოშორებით მჯდომმა ხელი აწია. სახე კარგად ვერ გავარჩიე, მაგრამ ხმა საიდანღაც მეცნო. წამით გავიფიქრე, ნოე ხომ არ არის-მეთქი, მაგრამ სად უნდა ყოფილიყო ის აქ?
— უკაცრავად, ქალბატონო, წიგნი წავიკითხე და მაინტერესებს, რატომ გადაწყვიტეთ, რომ ამბავი ასე ცუდად დაგესრულებინათ? — მკითხა მან.
— გულწრფელად გეტყვით, ამ ამბის ნაწილი რეალურია, ნაწილი კი ჩემი ფანტაზიით შევქმენი. რაც შეეხება დასასრულს — ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და ყველაფერს კარგი დასასრული ვერ ექნება, ისე, როგორც ჩემმა გმირებმა ვერ შეძლეს ერთად ყოფნა, — ჩამწყდარი ხმით ვუპასუხე.
— თქვენ თქვით, რომ ეს ამბავი რეალურია, შემიძლია ვივარაუდო, რომ წიგნის მთავარი გმირი თქვენ ხართ?
— დიახ.
— მაშინ რატომ გადაწყვიტეთ, რომ მათი ერთად ყოფნა შეუძლებელია? — ეს ადამიანი უკვე მაღიზიანებდა, თითქოს სპეციალურად მისმევდა ამ კითხვებს.
— უკაცრავად, მაგრამ მგონი ძალიან პირადში გადადიხართ, არა?
— ბოდიშს გიხდით, თუ გაგაღიზიანეთ, უბრალოდ, ვისურვებდი, რომ თქვენი გმირები ერთად დარჩენილიყვნენ, — მომიგო მან.
— რას ვიზამთ, ყველაფერი ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვსურს, — ვუთხარი მე.
პრეზენტაცია დამღლელი აღმოჩნდა. დაცარიელებული დარბაზიდან ძლივს გამოვედი და სახლში წავედი. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რა მელოდა. სახლში შესვლისთანავე მისაღები ოთახიდან ხმამაღალი საუბარი მომესმა. ოთახს რომ მივუახლოვდი, მოულოდნელობისგან თვალები გამიფართოვდა: ყველა იქ იყო და... ნოეც მათ შორის! ადგილზე მივიყინე.
— აი, ლინდაც მოვიდა! — წამოიძახა სოფიამ.
— წამოდით, მარტო დავტოვოთ, — დაამატა გიომ და ყველა ერთიანად გაიფანტა.
ვერ აზრზე ვერ მოვდიოდი, რა ხდებოდა. რა უნდოდა ნოეს ჩემს სახლში? ის ახლა ჩემ წინ იდგა, სრულიად შეცვლილი — აღარ ეცვა თავისი კოვბოისეული ტანსაცმელი. ნელა წამოვიდა ჩემკენ და სევდიანი ღიმილით დამხედა — ჯერ მე, შემდეგ კი ჩემს წამოზრდილ მუცელს.
— ლინდა, შენ ფეხმძიმედ ხარ? — თვალცრემლიანმა მკითხა. მე კი ხმა ვერ ამოვიღე, ვიცოდი, ერთი სიტყვაც და ავტირდებოდი.
— მაპატიე... მაპატიე, რომ მთელი ეს დრო შენთან არ ვიყავი და ასე დავაგვიანე, — მითხრა მან.
— შენ... აქ?
— მე აქ შენ გამო ვარ, ლინდა. მივხვდი, რომ შენ ხარ ის ადამიანი, ვისთანაც მთელი ცხოვრების გატარებას შევძლებ. არ გეტყვი ბანალურად, რომ მიყვარხარ, უბრალოდ... ქალბატონო მწერალო, ცოლად გამომყვები? — ღიმილით მკითხა მან.
— კი, ჩემო თავხედო კოვბოი.
დასასრული




….


ეს ისტორია ჩემი პატარა ექსპერიმენტი იყო. ვცადე, დამეწერა სრულიად განსხვავებულ სტილში. ეს არც ჩემი ხელწერაა და არც ჩემი ჟანრი; უბრალოდ მინდოდა, საკუთარი თავი ამ მხრივაც გამომეცადა და მენახა, რამდენად შევძლებდი განსხვავებულ სტილთან გამკლავებას.

ვერ დავიკვეხნი, რომ განსაკუთრებულად ძლიერი სიუჟეტი გამოვიდა, რადგან ასე ნამდვილად არ არის. მარტივი სიუჟეტები, ალბათ, ჩემი ძლიერი მხარე არ არის. ვიცი, ისტორია საკმაოდ მალე დავასრულე, მაგრამ უკვე ვგრძნობდი, რომ ვიჭედებოდი, ამიტომ ვარჩიე, დროულად დამესრულებინა, ვიდრე ძალით გამეგრძელებინა.

რაც შეეხება პატარა თავებს — ბოლო პერიოდში სიცხის გამო ხშირი თავის ტკივილები მაწუხებს, ამიტომ იმდენს ვწერდი, რამდენის ფიქრის საშვალება მქონდა.

ჩემი აზრით, ამ ისტორიაში განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. ეს უბრალოდ მსუბუქი, გასართობი ამბავი იყო. მიუხედავად ამისა, მიხარია, რომ ეს ექსპერიმენტიც ჩავატარე, რადგან თითოეული დაწერილი ისტორია რაღაც ახალს მასწავლის.

მადლობა, მათ ვინც კითხულობდით ამ ამბავს, ეს ალბათ, ბოლო ისტორიაა, რასაც აქ ვდებ დანარჩენს უკვე ჩემს პირად ბლოგზე განვათავსებ.



№1 სტუმარი სტუმარი სტუმარი

რა კარგი ისტორიაა. რა კარგია რომ მთავარი გმირები ერთად დარჩნენ, მშვენიერი სიუჟეტი იყო, მშვიდი, წყნარი, სასიამოვნო.
ესეთი ჯობია ვიდრე ის როცა წყვილი თავზე იმხობს ყველაფერს.
რაც შეეხება ხანმოკლე ,,სიყვარულს"
პ.ს. ხანმოკლე ურთიერთობებზე დიდი სისულელე არ არსებობს მე ესე მგონია

 


№2  offline წევრი La dolce vita

სტუმარი სტუმარი
რა კარგი ისტორიაა. რა კარგია რომ მთავარი გმირები ერთად დარჩნენ, მშვენიერი სიუჟეტი იყო, მშვიდი, წყნარი, სასიამოვნო.
ესეთი ჯობია ვიდრე ის როცა წყვილი თავზე იმხობს ყველაფერს.
რაც შეეხება ხანმოკლე ,,სიყვარულს"
პ.ს. ხანმოკლე ურთიერთობებზე დიდი სისულელე არ არსებობს მე ესე მგონია



მიხარია, რომ მოგეწონათ, ისტორია, ხან მოკლე ურთიერთბები, მართლაც დიდი სისულელა და ჩემი აზრით,მარტო გართობას ეყრდნობა, სწორედ ამის გადმოცემა მინდოდა ამ ამბავშიც, თუმცა არ ვიცი რამდენად გამომივიდა.


თავზე, რომ იმხობენ მაგასაც თავისი მუღამი აქვს, ოღონდ სულ დაძაბულობა არ ვარგა, ზომიერება საჭირო და ბალანსის დაცვა. 🥰

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent