სარკმელი წარსულში
თავი 2 სასტუმროს ლუქსში სიჩუმე ისეთივე მძიმე იყო, როგორც კირას დაღლილობა. მან ფეხსაცმელი გაიხადა და ფეხშიშველი დადგა ცივ მარმარილოზე. სარკემ ქალის სილუეტი აირეკლა, რომლის დანახვაზეც დღეს ალექსანდრეს სუნთქვა შეეკრა, მაგრამ კირა საკუთარ თვალებში მხოლოდ იმ ჩვიდმეტი წლის გოგონას ხედავდა, რომელსაც ერთხელ გული საბოლოოდ გაუტეხეს. კირა ფანჯარასთან მივიდა, საიდანაც მთაწმინდის ხედი იშლებოდა. იქ, სადღაც, იმ მოციმციმე შუქებს შორის, მისი ბავშვობის ნანგრევები ეყარა. თვალები დახუჭა და ნავთის მძიმე სუნი იგრძნო , 90-იანების თბილისის განუყრელი თანამგზავრი. თბილისის 90-იანები არ იყო მხოლოდ სიბნელე და სიცივე; ეს იყო ეპოქა, სადაც ყველაზე პატარა სინათლეც კი მზესავით ანათებდა. კირასთვის ეს სინათლე ალექსანდრე იყო. 43-ე სკოლის მეორე სართულის დერეფანში, სადაც ნესტიანი კედლებიდან ბათქაში ცვიოდა კირა და ალექსანდრე საკუთარ სამყაროს აშენებდნენ. ორივე კლასის სიამაყე იყო, მაგრამ მათი „წარმატება“ სხვადასხვა ნიადაგზე იზრდებოდა. ამბავი მეხუთე კლასში დაიწყო, როდესაც ალექსანდრე იაშვილი მათ სკოლაში გადმოვიდა. ის პირველივე დღიდან გამორჩეული იყო. ყოველთვის სუფთა, დაუთოებული თეთრი პერანგით, რომელსაც დედამისი, ქალბატონი ელენე, განსაკუთრებული მზრუნველობით უმზადებდა. კირა კი კლასის კუთხეში იჯდა, თავისი გაცვეთილი, მაგრამ ყოველთვის სუფთა წინსაფრით და იმ დიდი, სევდიანი თვალებით, რომლებიც ყველაფერს ამჩნევდნენ. ყოველთვის ერთად იყვნენ. მათ ხშირად ნახავდით ფანჯრის რაფაზე ჩამომსხდრებს. ალექსანდრეს მათემატიკა უყვარდა, კირას - ლიტერატურა. ისინი ერთმანეთს ავსებდნენ: ბიჭი გოგონას ლოგიკას ასწავლიდა, გოგონა კი ბიჭს — ოცნებას. გაკვეთილების შემდეგ, საათობით დახეტიალობდნენ ვიწრო ქუჩებში. ალექსანდრე კირას თავის ოცნებებზე უყვებოდა, როგორ გახდებოდა დიდი ექიმი და როგორ გადაარჩენდა ადამიანებს. კირა კი უსმენდა და სჯეროდა, რომ ამ ბიჭის გვერდით მასაც შეეძლო „ დიდი“ გამხდარიყო. წლები გადიოდა და მათი მეგობრობა ნელ-ნელა გადაიზარდა იმ შეგრძნებაში, რომელსაც სახელი ჯერ არ ჰქონდა, მაგრამ გულს აჩქარებდა. ერთხელ, მეშვიდე კლასში იყვნენ , როცა სკოლის ეზოში უფროს კლასელმა ბიჭებმა კირას დასცინეს. მისი გაცვეთილი ჩანთა და დამოკლებული პალტო შეამჩნიეს, რომელიც დედამისმა ძველი ქურთუკისგან გადაუკეთა. — ნახეთ, „იტალიური ეზოს“ პრინცესა მოდის, - გადაიხარხარა ერთ-ერთმა და კირას ჩანთას ხელი ჰკრა. ალექსანდრე, რომელიც ყოველთვის მშვიდი და გაწონასწორებული ჩანდა, წამში შეიცვალა. ის არ იყო ჩხუბისთავი, მაგრამ კირას თვალებში დანახულმა სირცხვილმა მასში რაღაც ააფეთქა. წინ გადაუდგა მასზე უფროს ბიჭს, რომელიც ერთი თავით მაღალი იყო და მკაცრი ხმით უთხრა: — კიდევ ერთხელ შეეხები და ინანებ. სიჩუმე ჩამოვარდა...... — რაო, იაშვილო , „ელიტამ“ ხმა ამოიღო? - არ ცხრებოდა ბიჭი. — ეს „ელიტა“ არ არის, ეს კაცია- მოკლედ მოუჭრა ალექსანდრემ და კირას ხელი ჩაჰკიდა.იმ დღეს კირამ პირველად იგრძნო, რომ ამ სამყაროში მარტო არ იყო. ალექსანდრესთვის სულერთი იყო, რა ეცვა კირას, ის მის სულს ხედავდა და ეძვირფასებოდა. მათი სახლები ერთმანეთისგან სულ რაღაც ხუთი წუთის სავალზე იყო, მაგრამ სინამდვილეში ისინი სხვადასხვა პლანეტაზე ცხოვრობდნენ. ალექსანდრეს მშობლები, ბატონი ვახტანგი და ქალბატონი ელენე თბილისური „არისტოკრატიის’’ ნარჩენები იყვნენ, მათი ბინა სავსე იყო ანტიკვარული სარკეებითა და ვერცხლის ჭურჭლით. უზარდმაზარი მისაღების შუაგულში თავს იწონებდა შავი როიალი. მიუხედავად იმისა, რომ თვლიდნენ, ალექსანდრეს გარემოცვა მხოლოდ მათი წრის ხალხი უნდა ყოფილიყო, საოცარი დიპლომატიით გამოირჩეოდნენ. ისინი არასდროს უშლიდნენ შვილს კირასთან მეგობრობას. პირიქით, კირა ხშირად იყო სასურველი სტუმარი მათ მაღალჭერიან, ანტიკვარული ავეჯით სავსე სახლში. ელენე ყოველთვის ღიმილით ხვდებოდა: — შემოდი, კირა, შვილო. როგორ გიხდება ეს ფერი. აბა, ჩაი დალიეთ, ალექსანდრეს შენი დახმარება სჭირდება ლიტერატურაში, ეუბნებოდა ტკბილი ხმით და კირას თავზე ხელს გადაუსვამდა ხოლმე. კირას ეგონა, რომ მართლა უყვარდათ. ეგონა, რომ მათთვის სულერთი იყო მისი ოჯახის სიდუხჭირე, მამის უმუშევრობა და ის ფაქტი , რომ დედა მკერავი იყო. მაგრამ საღამოობით, როცა კირა სახლში ბრუნდებოდა, იაშვილების მისაღებში სულ სხვა საუბრები იმართებოდა. — ვახტანგ, ხომ ხედავ, როგორი ნიჭიერი გოგოა,- ამბობდა ელენე და შაქარყინულს ნელა ათამაშებდა ფინჯანში. სწორედ ეს გვჭირდება. სანამ ალექსანდრე აქ არის, ეს გოგო მას სტიმულს აძლევს, რომ უკეთ ისწავლოს. კონკურენცია მოსწონთ. — და მერე? - კითხულობდა ვახტანგი. —დაე, უყვარდეს,- ეუბნებოდა ელენე ქმარს . ეს გრძნობა მას აიძულებს, ყველაზე კარგი იყოს. კირა მისი მოტივაციაა. სკოლას დაამთავრებენ, ალექსანდრეს ევროპაში გავუშვებთ და ეს გოგო თავისით გაქრება მისი ცხოვრებიდან. ბავშვური გატაცებები აეროპორტის ტერმინალებს ვერ სცდება. ალექსანდრე სამედიცინოზე ჩააბარებს, იქ სულ სხვა სამყაროა, სხვა ქალები, სხვა პერსპექტივა. ბავშვური გატაცება თავისით გაქრება. კირა მისი წარსული იქნება, ჩვენ კი მას მომავალს ავუშენებთ. ახლა რომ ავუკრძალოთ, უფრო მეტად მიეკვრება. აცადე, დრო ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს. მათი სტრატეგია დაუნდობელი იყო: ისინი კირას იყენებდნენ, როგორც „ინსტრუმენტს“, რათა ალექსანდრეს წარმატებისთვის მოტივაცია ჰქონოდა, ხოლო შემდეგ მის მოცილებას ისე გეგმავდნენ, როგორც ზედმეტი ნივთისას. კირასთან კი ყველაფერი სხვაგვარად იყო. მამა, ბატონი გიორგი, ოდესღაც წარმატებული ინჟინერი, ახლა დაღლილი და იმედგაცრუებული იყო, რომელიც ყოველ დილით „მშრალ ხიდზე“ მიდიოდა ოჯახური ნივთების გასაყიდად. დედამისი კი, მარიამი, ღამეებს ათენებდა კერვაში. მათ სახლში ნავთქურის სუნი და ხელმოკლედ ცხოვრების ყოველდღიურობა სუფევდა. კირას მშობლებს ეშინოდათ ამ სიყვარულის. მათ იცოდნენ, რომ მდიდრები ღარიბებს მხოლოდ ზღაპრებში ირთავენ. „კირა, შვილო, ფრთხილად იყავი,“ - ეუბნებოდა დედა. იაშვილები სხვა ხალხია. შენს გულს ნუ გაატან იმას, რაც შენი არასოდეს იქნება. — კირა, შვილო, ფრთხილად იყავი. მდიდრებს თავისი თამაშები აქვთ,- დარბაისლურად მოძღვრავდა მამა. ისინი მაშინაც გიღიმიან, როცა შენს მოცილებას გეგმავენ. — არა, მამა, - პასუხობდა კირა თავდაჯერებულად. ალექსანდრეს მშობლებს მართლა ვუყვარვარ. ელენემ მითხრა, რომ ჩემნაირი რძალი მისი ოცნებაა. მაშინ კირას წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ეს სიტყვები მხოლოდ ნესტიან კედელზე დახატული ლამაზი ფანჯარა იყო. მეცხრე კლასის ბოლოს, როდესაც მთაწმინდაზე იასამნები აყვავდა, ისინი ფუნიკულიორის კიბეებზე ისხდნენ. ალექსანდრემ კირას თავისი ოქროს მედალი აჩვენა, რომელიც ოლიმპიადაზე მოიპოვა. — ეს შენია, უთხრა მან. შენ რომ არ მამხნევებდე, ამდენს ვერ შევძლებდი. — შენი მშობლები... ისინი ძალიან კარგები არიან ჩემს მიმართ ალექს. მეშინია, რომ იმედებს გავუცრუებ. — ნუ გეშინია. მათ უყვარხარ. დედა სულ ამბობს, კირასნაირი ჭკვიანი გოგო იშვიათიაო. ჩვენ ყოველთვის ერთად ვიქნებით კირა. უთხრა და ხელზე სპილენძის სამაჯური გაუკეთა, რომელიც მისთვის წინა ღამით დაამზადა. კირას გულში სითბო ეღვრებოდა. მას ეგონა, რომ იაშვილების სახლში ნაპოვნი სითბო მისი ახალი თავშესაფარი იყო. მან არ იცოდა, რომ ეს სითბო მხოლოდ ილუზია იყო ლამაზად შეფუთული, რომელიც მომავალის განაჩენი იქნებოდა. ალექსანდრე დაიხარა და კირას აკოცა. თითქოს წამით დრო გაჩერდა, ქალაქი ჩაქრა, მხოლოდ ვარსკვლავები ანათებდნენ. კირამ თვალები გაახილა. სასტუმროს ნომრის სარკეში ახლა სხვა ქალი იყურებოდა. დახვეწილი, წარმატებული, „შეუვალი“. მან ხელი მაჯაზე მოისვა, სადაც ოდესღაც ალექსანდრეს ნაჩუქარი, სპილენძისგან გაკეთებული უბრალო სამაჯური ეკეთა. ახლა იქ ბრილიანტები ბრწყინავდა, მაგრამ მაჯა მაინც ეწვოდა. — როგორი გეგმა გქონდათ, ქალბატონო ელენე... ჩაიჩურჩულა მან და მწარედ ჩაიღიმა. ალექსანდრე ევროპაში უნდა გაგეშვათ, რომ მე დავვიწყებოდი. მაგრამ საბოლოოდ მე წავედი ევროპაშიც და ამერიკაშიც... ის კი აქ დარჩა. თქვენს სახლში. თქვენს მოგონებებში. კირა ფანჯარასთან მივიდა. ქვემოთ, ქუჩაზე, სასწრაფო დახმარების მანქანამ გაიელვა ლურჯი შუქებით. მან იგრძნო, როგორ შეეკუმშა გული. ის, ვისაც ალექსანდრე „უნდა დაეღუპა“, დღეს წარმატებული ლედი იყო, ხოლო ის, ვისაც „ბრწყინვალე მომავალი“ ელოდა, სასწრაფოს ფორმაში გამოწყობილი სევდიანი ექიმი, რომელსაც მძიმე წუთები მრავლად ჰქონდა ყოველდღიურ ცხოვრებაში, ყოველ წამს ვიღაცის სიცოცხლისთვის იბრძოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


