ჩუმი დაპირებები (თავი 3)
“ყველაფერი, რაც არ თქმულა” დილით ისევ სამზარეულოში იყო. მათი დამხმარის, ირინას, მოძრაობებს ადევნებდა თვალს. ჩაფიქრებულიყო…ფუტკრებივით ირეოდა მის თავში აზრები. ქალიც, თითქოს სპეციალურად, შემაწუხებლად ნელა ალაგებდა მაგიდას. -არ ისაუზმებ? - კითხა ირინამ. ყურადღება რომ არ მიაქცია შემდეგ ფრთხილად შეეხო მხარზე. მაშინვე შეცბა გოგო. -რაო, ირა, - გაუღიმა თავზე წამომდგარ ქალს. -არ ისაუზმებ? - შეეკითხა კიდევ ერთხელ, - ბოლო დროს საერთოდ აღარ ჭამ. -არა, არ მშია, - თითებში მოკეცა მაგიდის გადასაფარებელი, - ბოლო დროს მადა არ მაქვს.- აღარ შეუხედავს ქალისთვის, რომელმაც ღრმად ამოისუნთქა და ისევ სამზარეულოსკენ შეტრიალდა, ხელის გულებით დაეყრდნო მის ზედაპირს. -მესმის შენი, ნატა, - დაიწყო ჩუმად,-მეც გარდამეცვალა ძმა, როცა 15 წლის ვიყავი, ფილტვების ანთებით, - ცრემლიანი თვალებით შეხედა გოგოს. -დღემდე მისი ხმა მესმის… -არ ვიცოდი, ნეტა გეთქვა, - წამებში აევსო თვალები ცრემლებით.- ძალიან ვწუხვარ, - შორიდან ჩაეჭიდა მუდამ თბილ ხელზე. -არ მიყვარს ამაზე საუბარი, ხომ გესმის,- სევდიანად გაუღიმა ქალმა, თვალი კიდევ ერთხელ მოავლო გოგოს ნაზ სახეს, ბოლო დროს შეშუპებული რომ ჰქონდა ტირილისგან. მისი მზერა ქვევითაც დაეშვა, გოგოს ხორბლისფერი ყელისკენ, რომელსაც.. -დილა მშვიდობისა, - სამზარეულოში შემოვიდა დინა. წამით გამოაფხიზლა ირინაც და დაბნეულმა შეხედა ქალს. გააკვირვა ნატას ქცევამ, ისედაც ხასიათწამხდარი უფრო რომ მოიბუზა დედის დანახვაზე და თხელი სვიტრის ყელი კიდევ უფრო აიწია. -გამარჯობა, ისაუზმებთ?- შეეცადა გაეღიმა უფროსისთვის. თვალი კიდევ ერთხელ მოავლო ნატას. -მხოლო ყავა,- უპასუხა ქალმაც და მაგიდასთან ჩამოჯდა, ნატას პირისპირ. ქალის ლამაზი სახე დაემწუხრებინა სევდას. თვალის უპეები შესიებოდა ტირილით. - აქ რას აკეთებ?- კითხა შვილს. -ვსაუზმობდი,- არ შეუხედავს დედისთვის, ისევ დიდი მონდომებით ჩაფრენოდა მაგიდის საფარებელს. -აქ? - არ უპასუხია ნატას, მხოლოდ ადგა და მაცივრიდან ვაშლის წვენი გამოიღო. თითოუელ მოძრაობას ნელა ასრულებდა, თითქოს წელავდა დროს. - ირინა მოგიტანს წვენს, დაჯექი ვისაუბროთ. ნელა გადახედა გოგომ ირინას, რომელმაც მისი მზერა დაიჭირა ჩუმად და საპასუხოდ გაუღიმა. გაღიზიანებულმა დაისხა წვენი ჭიქაში და ისევ დაჯდა მაგიდასთან. -რაზე უნდა ვისაუბროთ მე და შენ?- შეანათა მისი მსგავსი თვალები, ამ წუთას დაუმორჩილებლობას რომ ასხივებდა. -იმაზე თუ რატომ არ ხარ სამსახურში ამ დროს,- თავი გადახარა ქალმა. -წამოვედი სამსახურიდან, არ უთქვამს შენს მეუღლეს?- ნელა მოსვა წვენი, იცოდა როგორ აღიზიანებდა თითოეული საქციელით, სიტყვით. იმდენად ჰგავდნენ ორივე ერთმანეთს. -წამოხვედი?- ჩაილაპარაკა დინამ,- და ახლა რას აპირებ? რა უნდა აკეთო? - შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, ისედაც სულერთი არ იყო სად გამიშვებდით? ხოდა მეც წამოვედი, ახლა ისევ სადმე შემიშვით, თქვენი ბინძური საქმეები, რომ ვათეთრო. -ნატა!- მიმართა ხმამაღლა შვილს,- ზღვარი გახსოვდეს! ნიკოს შემდეგ კიდევ ვერ მოხვედი გონს?! როგორ მოდიხარ სამსახურიდან ამ დროს, როცა ყველაზე საჭირო ხარ ! - სახე აუწითლდა ქალს. -საჭირო ვარ, თან ზღვარი უნდა მახსოვდეს,- ჩაიცინა მან, - ჩემს გარეშე, შენი პარლამენტარი ქმარი ვერ გაიგებს ნიკოს ამბავს? საკმარისი ავტორიტეტი არ აქვს? ქვეყანა ჩალითაა დახურული? -ამას კავშირი არ აქვს.. -ჩემი აზრით ზუსტად ესაა კავშირში, რომ შენი ქმრის გამო მოხდა ყველაფერი, მის გამო დავკარგეთ ნიკო და მის გამო არ ვართ ოჯახი.- ბოლომდე დალია წვენი, ჭიქა ნიჟარაში ჩადო, - ასე არაა დედა?- თვალი შეავლო ქალს, ტუჩზე კბილებით ჩაფრენილი თავს ძვლივს რომ იკავებდა. ტკბებოდა მისი გაბრაზებით, გამოწვევით. ცუდად იქცეოდა. დედამისმა შვილი დაკარგა, მაგრამ ეგოისტურად საკუთარი ტკივილი უფრო მეტად მიაჩნდა. ნიკოს პირველად აყვანის შემდეგ, არ გაუშვია მისთვის ხელი. მასთან გადადგა პირველი ნაბიჯები, მასთან თქვა პირველი “დედა”, მისკენ გარბოდა სულ, როცა დედამისი… სად იყო ამ დროს დედა? -ოთახში ადი და მოემზადე, განყოფილებაში მიდიხარ. გუშინ უწყება მოვიდა.- აღარ უთქვამთ სიტყვა. მშვიდად ადგა და გავიდა სახლიდან. მანქანაში ჩამჯდარმა თვალი მოავლო სახლის ეზოს, ჩაბნელებულ ფანჯრებს, ირგვლივ ჩუმად მოძრავ დაცვის წევრებს… გაზრდილიყო მათი რაოდენობა. როგორც ჩანს, პაატა რაღაცას უფრთხოდა. ჩუმად იმგზავრეს დედა-შვილმა პოლიციის განყოფილებამდე. შიგნით შესულმა კი იმედიანად მოავლო თვალი მიმღებს. ვერ შენიშნა მისთვის სასურველი ადამიანი. მაშინვე შემოეგებათ მიმღებიდან ოფიცერი, თავად მიაცილა ნატა დაკითხვის ოთახიდან. სადაც მოთმინებით ელოდა გამომძიებლებს ნახევარი საათი. ხელები წინ, მეტალის მაგიდაზე გადაეჯვარიდებინა და ფიქრებ დაცლილს უაზროდ გაეშტერებინა მზერა ნაცრისფერი კედლისთვის. ოთახი იმაზე პატარა აღმოჩნდა, ვიდრე მას წარმოედგინა. ორიოდე წუთის შემდეგ შემოვიდა შიგნით ორი პოლიციელი. სინათლე შეამოწმეს, კამერა ჩართეს და მათ წინ დადებულ ფურცლებს თვალი გადაავლეს. ყველა საჭირო პროცედურის შემდეგ კი, ერთ-ერთმა საქაღალდე დახურა. -გარდაცვლილი თქვენი ძმაა.- პირველად მოესმა ეს სიტყვა ხმამაღლა. “გარდაცვლილი.” თითქოს ამ სიტყვამ ოთახში ჰაერიც დაამძიმა. ოდესმე როგორ უნდა შეჩვეოდა ამ სიტყვას? -თუ მზად ხართ, მომიყევით იმ დღის შესახებ.- ნატამ მაგიდას დახედა, შემდეგ მის ქვემოთ ერთმანეთზე გადაჭდობილ გათეთრებულ თითებს. -დილით, ჩვეულებრივ სკოლაში მე წავიყვანე, საღამომდე სამსახურში ვიყავი, დაახლოებით 7-ის ნახევრამდე, შესვენებაზეც არ დამიტოვებია შენობა. როცა მოვდიოდი ბიძაჩემმა დამირეკა შალვა მიქელაძემ. -შალვამ? -დიახ, ბიძაჩემია.- თავი დაუქნია და გაიმეორა კიდევ ერთხელ. პაატასგან განსხვავებით ბიძამისი ყოველსაღამოს მათთან იყო, გუშინდელის გარდა. -შემდეგ? -მთხოვა სახლში მალე მივსულიყავი, რადგან საქმე ჰქონდა. -და? - თავი ატკივდა. ყვებოდა თავადაც, ჩაკითხვები რა საჭირო იყო? -შემდეგ სახლში მივედი, როგორც შალვამ მთხოვა.-თვალები მოისრისა, აღარ უნდოდა არაფრის გახსენება. თვალწინ დაუდგა სახეგაფითრებული ოჯახის წევრები. ბიძამისი სახლის შესასვლელთან, მჭიდროდ რომ მოხვია ხელი და მიიკრა გულზე. დედამისის ყვირილი… დედა ტიროდა. წლებია დინას თვალიდან ცრემლი არ ჩამოვარდნია და ახლა, როგორც დაჭირილი ცხოვრელი ისე გმინავდა. გაახსენდა თვალი როგორ მოავლო ეზოს, ვერ შენიშნა ნიკო მის საყვარელ საქანელაზე. გაახსენდა, გულზე მოჭერილი მარწუხები. სიცივე, ტერფებიდან რომ დაიძრა და მთელი სხეული მოიცვა. გაახსენდა, სისხლის მარილიანი, მეტალის გემო. -არვიცი,- ჩაილაპარაკა ხმადაბლა ბოლოს. ფარულად გადახედეს ერთმანეთს გამომძიებლებმა. -შესაძლოა, რომ ნიკოლოზს ვინმე დამუქრებოდა? ან პრობლემა ხომ არ ჰქონია? -ჩემი ძმა მხოლოდ თხუთმეტი წლისაა, ვინ უნდა დამუქრებოდა ან რატო? -და თქვენ? - უკან სკამზე გადაიხარა შედარებით უმცროსი. ხელები ფართოდ გაშალა მეტალის მაგიდაზე. -რას გულისხმობთ? -ბოლო პერიოდში თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს ვინმესთან კონფლიქტი ხომ არ გქონიათ? - ტუჩის კუთხე გაექცა ზემოთ. ისედაც ნათელი იყო მათი განწყობა. მამამისი გაახსენდა. ბიზნესი და პოლიტიკა. მოტყუებული ხალხი. დაუმთავრებელი პროექტები. სახლის მოლოდინში მყოფი ადამიანები, რომელთა ფულიც მამამისი ჯიბეში მიდიოდა. -არავისთან. მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი პარლამენტის წევრია, მშვიდი ცხოვრება გვაქვს…გვქონდა.- ისევ იკბინა ლოყაზე. წარბების აწევით უპასუხა კითხვის დამსმელმა. კალმით დაწერა რამდენიმე სიტყვა უკვე გაშლილ საქაღალდეში. გამომძიებელმა ეს ორი სიტყვა წითელი კალმით შემოხაზა. -იმ დღეს რაიმე უცნაური ხომ არ შეგიმჩნევიათ? -არა…ყოველთვის ფრთხილად ვიყავი, რამე რომ ყოფილიყო შევამჩნევდი. -გასაგებია, არაფერი უცნაური. - გააგრძელა წერა. იცოდა მათ წინაშე თავი როგორც უნდა დაეჭირა, ამისთვის ამზადებდა მამა, როცა მისი ტელევიზიაში მუშაობა გადაწყვიტა. ხშირი ურთიერთობა ჰქონდა პოლიციასთან თავადაც. ახლა ვერ ახერხებდა დამშვიდებას. დაძაბული სიჩუმე ჩამოვარდა ოთახში, რომელსაც ფურცელზე მოშრიალე კალმის ხმა არღვევდა. -საქმეში მინაწილე ერთ-ერთი მოწმე საბა ნიჟარაძეა. გეცნობათ სახელი? -დიახ. -მწარედ გაკრა მისი სახელის გაგონებამ გონებას. -იცნობთ? -პირდად არა. -ამ წლების განმავლობაში მასთან ან მის ოჯახთან პირდაპირი კონტაქტი გქონიათ? -მხოლოდ მამამისთან.-საათის წიკწიკს აჰყოლოდა მისი გულიც. თვალს აყოლებდა თან მელნის დატოვებულ კვალს. -რა სახის კონტაქტი? -ჩემი ლექტორი და საბაკალავრო ნაშრომის ხელმძღვანელი იყო.- თითები დააჭირა ერთამენთს. გაახსენდა კაცთან შეხვედრები აუდიტორიაში, როგორ გააცნო მისთვის ისედაც ნაცნობი ბიჭი, მისი შვილი. -გასაგებია და მასთან ახლო ურთიერთობა გქონდათ? -მხოლოდ ისეთი, როგორიც უნდა იყოს სტუდენტისა და ლექტორს შორის. მას ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი. -კარგი. დღეისთვის ესეც საკმარისია.-დახურა თავისი საქაღალდე შედარებით ასაკიანმა.- დამატებითი კითხვები შემთხვევაში დაგიკავშირდებით. ქალაქიდან ნუ გახვალთ. კიდევ ერთხელ ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას. -გმადლობ,-ჩაილაპარაკა ჩუმად.-უკაცრავად, გამოძიების დეტალებს ხომ ვერ გამაცნობთ? -უკვე მივაწოდეთ მამათქვენს ყველაფერი. - ზემოდან დახედა ცივად. წამოკრიფა მაგიდიდან ნივთები. - ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია.- დაპირდა ოთახიდან გასვლისას. ხის ტოტებს არხევდა ღამის სიჩუმეში მორჩურჩულე ნიავი. ფოთლებს ჰფენდა ქუჩას. შორს, ზეცისთან ახლოს, ტოტების წვეროში ყვავების გუნდი დაფრინავდა. ნელა ფანტავდა ნიავი ღამის საიდუმლოებებს და მის ნაბიჯებსაც, ახლა როცა უკვე სახლიდან წამოსულს არ ჰქონდა წასასვლელი. დანაშაულის შეფრძნებას ტყუილის გამო, წლებია დაეტოვებია მისი გონება. ირგვლივ ერთი ადამიანიც კი არ ჰყავდა, ვისაც გაუზიარებდა ყველაფერს გულწრფელად. იცოდა, ყველაფერი ბოლოს მამამისთან მივიდოდა. პაატა კი, არ დაუშვებდა ნატას მსგავსი არათუ ნაბიჯი გადაედგა, არამედ ფიქრი გასჩენოდა. ნაცნობ ქუჩაზე აუხვია ჩუმად ქუდჩამოფარებულმა. ჯერ კიდევ ირეოდა ხალხი ირგვლივ. მაჯიის საათი ღამის 2 საათს აჩვენებდა. მის ნაბიჯებს სიბნელე შთანთქავდა. ნაცნობ კორპუსს უკნიდან მოუარა, რაც შეიძლება ჩუმად. ვიწრო სადარბაზოში შევიდა და პირდაპირ, პირველივე კარი ნელა გააღო თავისი ასლით, მეორე უკვე შიგნით მყოფს ჰქონდა. წლებია მეზობელი არ ჰყოლია პირველ და მეორე სართულზე მაღალი ფასის გამო. მას კი, ბაბუამისისგან მიღებული მემკვიდრეობით ფლობდა. უკვე თავშესაფრად მიიჩნევდა აქაურობას, მასაც უნდა დამშვიდობებოდა აწი. მიუხედავად ამისა, სიფრთხილეს თავი არ სტკიოდა. პაატას ჯაშუშები როდის გამოიჭერდნენ არავინ იცოდა. კარის დაკეტვისთანავე სიბნელეში აღმოჩნდა, წამი დასჭირდა მხოლოდ მხედველობის შესაჩვევად. სახლი ისეთი ჩუმი იყო, თითქოს სუნთქვასაც ვერ უბედავდა. მტვრის სუნი და სიცივე ერთმანეთს შერეოდა. შორიდან მოიპარებოდა სინათლე, რომელიც შიდა კარის თანდათან გაღებასთან ერთად გაიზარდა. სინათლეში გამოიკვეთა მაღალი ფიგურა. -მეგონა, აღარ მოხვიდოდი.- უთხრა დახვედრილმა. -საბა.- შვებით ამოიოხრა გოგომ. სიბნელეში შედგა და ჯერ კიდევ კონტურებ გამოკვეთილ სხეულს დააკვირდა. ამ ხნის მანძილზე პირველად იგრძნო თავი მშვიდად. მისკენ დაიძრა წამშივე და ჩაეხუტა მონატრებულს. ძლიერი ხელები მოეხვივნენ სხეულზე. გულზე მიადო თავი და ამ ხნის შეკავებული, ნაგროვები ცრემლებიც თავისით წამოვიდნენ. -საბა, - გაიმეორა კიდევ ერთხელ გულამლმჯდარმა. მისი სახელის ხმამაღლა წარმოთქმაც კი მონატრებოდა. -აქ ვარ, ახლა უკვე აქ ვარ, - მთელი სიფაქიზით მოხვია ხელები გოგოს სხეულს და წაიყვანა ოთახისკენ. კარიც დაკეტა. შიდა ოთახიდან ვერ გავიდოდა სინათლე. დივანზე დასვა ნატა და მიიკრო გულზე. - როგორც იქნა, აქ ვარ. ჩაბღაუჭებოდა მისი ქუთუკის მხრებს. ერთადერთი სანდოს წინაშე აღმოჩენილმა თითქოს ახლა გაიაზრა მთელი სიცხადით, რომ აღარ ჰყავდა პატარა ძმა, რომლის სიცოცხლეშიც ხედავდა თავის მიზანს. სახლში დაბრუნებულს არავინ დახვდებოდა. -შენთან უნდა ვყოფილიყავი, მარტო არ უნდა დამეტოვებინე,- ჩაესმოდა ბიჭის ხმა, მაგრამ ფარავდა მას მონატრებული გულის ფეთქვის ხმა. -არა, არა, -თავი გააქნია,- ვერ იქნებოდი, წარმოდგენაც არ გაქ, გაგიჟდება პაატა რომ გაიგოს… -პაატას გაგიჟება უფრო მნიშვნელოვანია, თუ ის, რომ ძმა გარდაგეცვალა, მე კი ამ უაზრო დაპირისპირების გამო, შენთან ახლოს ყოფნაც კი არ შემიძლია.- თვალები ავსებოდა ბრაზით. -გეხვეწები, არა. ჯერ არა, გთხოვ, - მისი ცრემლებით დასველებულიყო ბიჭის მაისური. -აღარ შემიძლია, საბა. ღრმა ამოოხვრას მოჰყვა ხელების მჭიდრო მოხვევა და ჩახუტება. სანდო ადამიანთან მოიოხრა გული გოგომ. ხელის რიტმულ მოძრაობას გრძნობდა თავსა და ზურგზე. როგორც პატარა ბავშვს ისე ეფერებოდა საბა. -მითხარი რა ნახე,- დაცდა ბოლოს,- მოწმე როგორ აღმოჩნდი.- ახედა ქვემოდან ბიჭს. კიდევ უფრო ეტკინა გული მისი დაღლილი, წითელი თვალების შემყურე. -ცოტახანში, ჯერ ამის დრო არაა. -როდის იქნება აწი შესაფერისი დრო?გთხოვ, მომიყევი.- მოშორდა ოდნავ და გასწორდა დივანზე. ყოყმანობდა საბა, იცოდა ჯერ კიდევ არ ჰქონდა გააზრებული ნიკოს არარსებობა და ახლა…სასტიკ რეალობასთან კიდევ ერთხელ უნდა შეჯახებოდა მისი ნაზი, მაგრამ ძლიერი სხეული. -შესვენებიდან უკან, განყოფილებაში, ვბრუნდებოდი. მის სკოლასთან გავიარე, როგორც შევთანხმდით,- დაიწყო და თან ხელები ჩაკიდა გოგოს, - სკოლის გარეთ ბავშვებს ემშვიდობებოდა. ქუჩის კუთხეში ვიქნებოდი მისული ყვირილი გავიგე და მივბრუნდი, გარს ეხვია უკვე ყველა..-დაიხედა ხელებზე. ეს ხელები ჰქონდა ბავშვის სისხლით დასვრილი. უმწეობის შეგრძნებას ვერ გაურბოდა მას შემდეგ, რაც ვერ დაეხმარა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანს. ვერც იზავდა რამეს, ისეთი სიზუსტით ესვენა ტყვია ბიჭის გულში. ახედა გოგოს, როგორ ნატრობდა არ გამოეცადა ეს ტკივილი. -ჩემი… ჩემი საბრალო…- ვერ შეიკავა თავი, ხელები აიფარა ცრემლიან სახეზე. - ჩემი გაუხარელი. საბა…საბა, რა ვქნა ახლა? -მოდი ჩემთან,- მიიწია ისევ მასთან,- მისთვის უნდა იყო კარგად, მის გამო, გესმის? -რა აზრი აქვს რამეს მის გარეშე? რად მინდა კარგად ყოფნა, მის გარეშე?! - ამოიოხრა და ამოაყოლა თან გული, ვერ წყვეტდა ტირილს. -გამოძიება როგორ მიდის? - კითხა მაინც, მამისგანლ არ ჰქონდა პასუხი ჯერ ისევ. -გამოძიებას ჩამომაშორეს, რაკი მოწმე ვარ, ოფიციალურად არ შემიძლია არაფერი…მაგრამ ყველაფერი წამოვიღე, ვაკომ გამომიგზავნა რაც შეეძლო. ხვალაც მომაწვდის… -და?- ვერ სვავდა მისთვის ყველაზე აუცილებელ კითხვას. -შორიდან ესროლეს, - ამოიოხრა ბიჭმა, მოისვა ხელი სახეზე, - ამოღებულია ყველა კამერის ჩანაწერი ერთი კილომეტრის მანძილზე, მაგრამ არ ჩანს არაფერი. არეალის გაფართოებას აპირებენ. -ანუ არაფერი? არაფერი იციან? -რამდენიმე ვერსიაა, ყველაფერს ნახავ,- თავით ანიშნა მათ წინ დაბალ მაგიდაზე დადებულ ფაილებზე. - დაკითხვის ოქმებიც აქააა, შენიც… -ჩემიც?- გაეყინა მაგიდისკენ გაწვდილი ხელი. -ხო, ვაკომ… ეჭვია რომ რაღაც მალავ…- თავად მისცა ფაილები და ამოალაგა სათითაოდ ყველაფერი. შემთხვევის ადგილის, ტყვიის სურათები, ექსპერტიზის დასკვნების ასლები, მიმდებარე ტერიტორიის რუკა და ოჯახის წევრების სურათები. თითები აუკანკალდა თავისი სურათის დანახვისას, დაკითხვის ოქმს რომ ემაგრა წინ. ფურცლების უკან იმალებოდა ზარების ქრონოლოგიაც. ხელიდან გააგდო ფაილი, თითქოს მათი შეხებით ნიკოს სიკვდილი უფრო რეალური გახდებოდა. -ყველა განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს, მთვარობიდან პირდაპირაა ბრძანება საქმის რაც შეიძლება დაუყონებლივ გახსნაზე, მამაშენიც რამდენჯერმე იყო მოსული, პირდაპირ ზურაბთან. -მარტო? -პარტიის რამდენიმე წევრთან ერთად. პრესმდივანიც იყო, მგონია რო.. -არჩევნებისთვის, არჩევნებისთვის სჭირდებათ ეს ყველაფერი. - ჩაილაპარაკა ჩუმად. ისედაც ცხადი იყო. -ფიქრობ რომ ეს ყველაფერი…მამაშენის გამოა? -ისედაც აშკარა არაა? სხვა ვის გამო? -არ ვიცი, ნატა.- თვალებზე მოისვა ხელი, ეტყობოდა როგორი დაღლილიც იყო. - თუ მართლაც ასეა, მხოლოდ ამით არ გაჩერდება. -ვიცოდი რო რაღაც საშინელებას დაგვატეხდა თავს მისი საქმე, არც ის გაჩერდება ჩუმად. ხმას არ იღებს, მაგრამ ეტყობა რომ რაღაც იცის, რაღაცას მალავს. -ეჭვიც არ გაქვს ვის შეიძლება ეს გაეკეთებინა? -გასწორდა მოხრილი და თვალი გააყოლა ოთახში მოსიარულეს, - ახლა ყველა დეტალი მნიშვნელოვანია. -ვფიქრობ, ვფიქრობ…მაგრამ ვერ ვიხსენებ ვერავის, მხოლოდ ოპოზიაცია მაგრამ ასეთი რამ? მკვლელობა? შვილის მოკვლა? არარსებულია. -გაგიკვირდება ადამიანები რამდენ რამეზე არიან წამსვლელები,- მიუახლოვდა ფანჯარასთან მდგომს, ღამის თბილისის ქუჩები გადაიშალა მათ წინ, - ყველაფერი უნდა შევაგროვოთ, ყველა მასალა, დეტალი, მამაშენის კომპანიის საქმეები. რამე ისეთი უნდა ვნახოთ რაც გზაზე გაგვიყვანს. -ნიკოს რაღა ეშველება…-წამოცდა ჩუმად, მისთვის ცოცხლობდა, მის გამო იყო იმ სახლში..ახლა კი, ცივი მიწა ჭამდა მის სხეულს. -მისმინე, ვიცი რასაც გრძნობ, ხომ იცი რომ ვიცი, -შემოხვია ხელები წელზე, ააწევინა ცრემლიანი სახეც, რომ გასწორებოდა მის თვალებს, - უნდა გავიგოთ რა მოხდა, გესმის? მისი მკვლელი თავისუფალი ვერ უნდა დადიოდეს! -შენ დაიჭერ? -დავიჭერ. ეჭვი გეპარება? -მინდა რომ მოკვდეს,- ხმამაღლა კიდევ უფრო საზარლად ჟღერდა მისი აღიარება. -საბა, მინდა რომ მოკვდეს ვის გამოც ჩემი 15 წლის ძმა მიწაში წევს. ცოცხალი როგორ უნდა იყოს?! მე..მე… როგორ შევეგუო?მითხარი. ის ციხეში იყოს, მოიხადოს სასჯერი, შეიწყალონ…გამოვიდეს და ჩემი ძმა? მისთვის დამთავრდა ცხოვრება, ვეღარ სუნთქავს იმ ჰაერს რაც მოპარა მკვლელმა..მითხარი, ეს როგორ გადავხარშო? არ მძინავს, სულ მოდის და ლაპარაკობს, ყოველ ღამით თავის სულელურ სკოლის ამბებს ყვება, გესმის? აღარ შემიძლია უკვე. -მოდი. -ჩაიხუტა უფრო მჭიდროდ მისი სხეული. როგორ ესმოდა მისი. გულ-მუცელი აუწვა ამ აზრმა რაც გაუელვა თავში. თავის ხელებს დააკვირდა გოგოს სხეულზე, ისევ სისხლიანი წარმოიდგინა ისინი… -ვეღარ გავჩერდებით აქ, - აწია ცოტა ხნის შემდეგ თავი ნატამ. - მგონია, რომ პაატა რაღაცას ეჭვობს. წინა დღით მოქექა ჩემი საუნივერსიტეტო დავალებები, მამაშენთან ისედაც საშინელი ურთიერთობა აქვს, არ მინდა რამე დაემარტოს. -სასამართლოშია საქმე,- ახსენა მათი ოჯახების დაპირისპირების მთავარი მიზეზიც, - არამგონია, მოიგოს მამაშენმა,- გაეპარა ღიმილი ტუჩის კუთხეში. -მეც მაგის იმედი მაქვს, - დაპირისპირება ჯერ კიდევ ათი წლის წინ დაიწყო. სამშენებლო კომპანია, რომელსაც პაატა სათავეში ედგა, ირგვლივ საუკეთესო არქიტექტორებსა და ინჟინრებს იკრებდა, მათ შორის იყო აკაკი ნიჟარაძეც, არქიტექტორი და ურბანული დაგეგმარების სპეციალისტი, გამორჩეული ადამიანი ყოველ მხრივ. ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე რამდენიმე არჩევით კურსს კითხულობდა. მუშაობდა საუკეთესო კომპანიებში, ხოლო როცა პაატამ მისი პროექტები ხარჯების დაზოგვის მიზნით შეცვალა და მწვანე ზონის საფარს შეეხო, კონფლიქტიც გაღრმავდა. აკაკიმ უარი თქვა ხელი მოეწერა კონტაქტის შეცვლილ პირობებზე. პაატას გავლენა ყველაგან მიწვდა, მაგრამ მაინც მოახერხა ოფიციალური სარჩელი შეეტანა სასამართლოში. -აქედან გადასვლა მოგვიწევს, - დაიჩურჩულა გოგომ. - მიყვარს ეს სახლი. -მოვძებნი უსაფრთხო ადგილს, - თავზე აკოცა ფრთხილად, - ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარია ერთად ვიყოთ. -პაატას უთხარი ეგ, - ჩაიფრუტუნა სარკაზმით, ვერც კი წარმოედგინა როგორ უნდა გაემხილა მათი ურთიერთობის შესახებ. ჯერ ბოლომდე უნდა გათავისუფლებულიყო, ისე არ შეარგებდა შვილს ბედნიერებას. -ხო თორე მამაჩემს შენზე მზე და მთვარე ამოსდის. დღესაც კი მისი საყვარელი სტუდენტი ხარ. -შვილი ყავს სამაგიეროდ აუტანელი,- მოშორდა ოდნავ და ქვემოდან ახედა გაღიმებულმა,-თვითკმაყოფილი, ამპარტავანიც, რომელიც… -რომელიც გიყვარს,- გაეცინა ლაღად და აკოცა კიდევ ერთხელ. გაუთბო ნატას გული მისმა ალერსმა, პირველად ამ დღეებში. ნეტა შეძლებოდა თავისუფლად მასთან ყოფნა, ნეტა შეძლებოდა. არავინ იცოდა თუ რა ხდებოდა მის ცხოვრებაში. იმდენად ჰქონდა გამჯდარი ყველაფრის დამალვა. არა, ამას დამალვა არ ერქვა. იმდენად სურდა მისი ოჯახის შინაურული და მტკინვეული ამბები არ გაეგო არავის. არცერთ ადამიანს, რომელიც ახლოს იყო მასთან წარმოდგენა არ ჰქონდა რა ხდებოდა მის ცხოვრებაში. ვერ ბედავდა თამამად და გულწრფელად ესაუბრა პრობლემებზე, რომლებიც მისდა უნებურად იქმნებოდა და ცხოვრებას ართმევდა. მხოლოდ სურდა სხვაგან ყოფილიყო ისეთი, როგორიც უკვე აღარ ახსოვდა, რომ იყო. ვინმესთან… მზერა შეაჩერა ბიჭზე. მისი სიმშვიდის დამრღვევი რომ გამხდარიყო უკვე მესამე წელი. ამ დროის მანძილზე ისე შეისისხლხორცა საბას არსებობაც, რომ არავის შეემჩნია მისი სხეულის რეაქცია ბიჭის ყოველი შორეული გამოჩენისას. კლავდა ეს დისტანცია, ფარული შეხვედრები, გამოჭერის შიში…მომავლის შიში…რა იქნებოდა მაშინ როცა გაიგებდნენ მათზე? საბას ოჯახს თუ ენდომებოდა შვილის გვერდით მისნაირის ყოფნა. ეს პასუხგაუცემელი კითხვები ჭამდა მას. აქამდე. ახლა, მთელი არსება ნიკოლოზის გარდაცვალებას მოეცვა. მაგრამ ეს დამთხვევებიც უცნაირად ეწყობოდა ერთმანეთს მის ცხოვრებაში. პირველად ქუჩაში დაინახა, შემდეგ უნივერსიტეტში, როცა მამამისს მოაკითხა. გაახსენდა იმ წლის შემოდგომა, წვიმიანი დღეები და გაფუჭებული მანქანაც. უკვე ბინდდებოდა ბოლო სემინარიდან რომ გამოვიდა და დანარჩენ ჯგუფელებს უკანა ეზოში გასასვლელ კიბესთან დაემშვიდობა. მხედველობას კიდევ უფრო აუარესებდა წვიმის სიხშირე. თვალებზე ხელაფარებული გაიქცა ავტოსადგომზე და მძიმე ჩანთა მანქანის უკანა სავარძელზე შეაგდო. რამდენჯერმე სცადა მანქანის დაქოქვა უშედეგოდ, ძრავამ კი საპასუხოდ მხოლოდ ერთხელ ამოიხრიალა და გაჩუმდა. -შესანიშნავია…- ჩაილაპარაკა ჩუმად. ტირილამდე აღარაფერი აკლდა. -ყველაზე საჭირო დროს უნდა გაჩერებულიყავი.- ხელი დაარტყა საჭეს. გარეთ წვიმა უფრო ძლიერდებოდა. საქარე მინაზე ჩამოსული წვეთები ყველაფერს ბუნდოვანს ხდიდა, თითქოს მთელი ქუჩა ნისლში გახვეულიყო. გაღიზიანებულმა ამოისუნთქა და მანქანიდან გადავიდა. რამდენიმე წამში თმა და მხრები სველი ჰქონდა. გარსაცმი გახსნა, მაგრამ უშედეგოდ. თავადაც კარგად იცოდა, რომ ვერაფერს გაიგებდა. -არამგონია, მხოლოდ ყურებით დაიქოქოს.- შეხტა უცნობის დანახვისას ისედაც განერვიულებული. -უკაცრავად? -სამიოდე მეტრში იდგა უცნობი ბიჭი. შავი საწვიმარი ეცვა და მაინც ეხლებოდა წვიმის წვეთები სახეზე. ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს ამინდი საერთოდ არ აწუხებდა. მაშინვე იცნო, როცა ცრემლებით დამძიმებული წამწამები დაახამხა რამდენჯერმე და მზერა დაეწმინდა. აკაკი ნიჟარაძის შვილი იყო. მამამისი დაჰყავდა სამსახურში ჯანმრთელობის პრობლემების გამო. უკვე ერთი თვე ხდებოდა რაც უნივერსიტეტის პარკინგზე იკავებდა მის გვერდით ადგილს. -ბატონი აკაკი მამათქვენია არა?-ადამიანებისადმი უნდობლობა გაჩენოდა ადრევე. ამიტომ გაუსვა ხაზი მის ვინაობასაც. -რა გამაღიზიანებელია.- ჩაილაპარაკა ბიჭმა და კიდე უფრო გამხიარულებული მიუახლოვდა. -რა?-აშკარად არ ჰქონდა ამ ბიჭს რაღაც რიგზე. თავად გამწარებული კიდევ უფრო გააბრაზდა მის ღიმილზე. -მეგონა, ჯერ ჩემს სახელს გაიგებდით და არა მამაჩემის თანამდებობას. - იმ ადამიანების კატეგორიას ეკუთვნით, ვინც საკუთარ თავზე ხუმრობს, სანამ სხვები დაასწრებენ? -ნამდვილად.-ამოუდგა გვერდით და ჯერ ისევ ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა ზემოდან დახედა მანქანას. -თუ დახმარებას არ აპირებთ ზედმეტი კომენტარების გარეშეც გადავრჩები.- ჩამოშორდა რამდენიმე ნაბიჯით და მზერით კიდევ უფრო აგრძნობინა მისი უკამაყოფილება. -რას ამბობთ, მხოლოდ დახმარება მსურს,- შემოწია თავი შიგნით. გადაიხადა საწვიმრის ქუდი, მეტი კონცენტაციისთვის. -თქვენ…- ბიჭმა წარბი ასწია. -იმედია ეს “თქვენ” დადებითი შინაარსის იყო. -გახედა ახლოდან, მაინც ზედმეტად ახლოს იყო მისი სახე, უფრო დაიძაბა ნატა. -დახმარებას აპირებთ თუ არა? -რა ნერვიული ხარ.-გაეცინა ლაღად, გაიწია უკან და თავად გამოუღო კარი. - დაქოქე აბა კიდევ ერთხელ. გაღიზიანებული ჩაჯდა მანქანაში და გადაატრიალა გასაღები. ბიჭი ისევ გარსაცმს მიუახლოვდა და მისი ხელები წამში გაუჩინარდნენ შიგნით. -დაქოქე,- წვიმის გამო ყრუდ მოესმა ბიჭის ხმა. უსიტყვოდ გადაატრიალა გასაღები და მანქანის ხმაზე ვერ შეიკავა ბედნიერი ღიმილი. -ესეც ასე,- მიუახლოვდა ბიჭი, ჩაწეულ შუშას დაეყრდნო ხელით,- “პრავა” ას დოლარად იყიდე? -უკაცრავად?- ჩამოერეცხა ღიმილი სახიდან. -გზაში არ დარჩები თუ მანქანას ხანდახან მაინც შეამოწმებ,- უცინოდა ისევ. -მარტოც შემეძლო გაკეთება.- არ შეარჩინა სიტყვა. უკვე ზედმეტად აღიზიანებდა მისი თვითკმაყოფილება. გაიფიქრა აკაკის შვილი ასეთი როგორ არისო. -არ მითქვამს, რომ არ შეგეძლო, თანაც, ჩვეულებრივ ადამიანები უბრალოდ მადლობას ამბობენ, შენ კიდევ ისევ მეჩხუბები. -მართვის მოწმობის ყიდვა დამაბრალე! და ვერ ვიტან როცა ვინმე მეხმარება!- გადავიდა და ხელებგადაჯვარედინებული დაუდა წინ. გადაიღო შედარებით წვიმამ. წამით გამოხედა მხოლოდ ბიჭმა. ტელეფონის ზუზუნმა შეაწყვეტინა კინკლაობა. “მალე მოხვალ?” წერდა ნიკო. “კი, რა წამოგიღო?”- უპასუხა წამში. -საამაყო თვისება ნამდვილად არაა.- გააწყვეტინა ბიჭმა. -მაინც რატომ? -ზოგჯერ ადამიანებს სიკეთის გაკეთების საშუალებაც უნდა მისცე.- ხელებზე მოცხებოდა შავი ნადები. მისი პასუხი სახეში სილის გაწნას უდრიდა. უფასო არაფერი იყო. ყველაფერს თავისი ფასი ჰქონდა, ამას ასწავლიდა მთელი ცხოვრება პაატა. აღარ უპასუხა საერთოდ და გაჩუმებული დააკვირდა მისი ხელების მოძრაობას. -მორჩა,- ცალი ხელით ანიშნა ბიჭმა, - შეგიძლია წახვიდე. -დარწმუნებული ხარ? -პოლიციის ოპერატიული თანამშრომელი ვარ,- აწია მუქი წარბები სიამაყით. -და ეს ყველაფერს ხსნის?- ფეხის დაბაკუნებაღა აკლდა და გაბრაზებულ ბავშვს მიემსგავსებოდა. -უმეტესად ბევრ რამეს.- მაინც ჩაჯდა და ძრავის ხმაზე კიდევ ერთხელ გადაურბინა მსუბუქმა ღიმილმა სახეზე. როგორც იქნა წავიდოდა სახლში. -საბა, ხო? -ჩემი სახელიც გაგახსენდა ბოლოს და ბოლოს. -ნუ იჩქარებ, ჯერ მხოლოდ დავიმახსოვრე. -უკვე პროგრესია.- დაუქნია ხელი და ჩამოშორდა. “ნაყინიი, ოღონდ არ უთხრა დედას” პასუხი ციმციმებდა ეკრანზე. იმ წლის შემოდგომას, მისთვის ყველაზე მეტად დამალული ნაყინის, სველი ფოთლებისა და იმ გრილი, სასიამოვნო სუნამოს არომატი დაჰქონდა თან, რომელიც ჯერ კიდევ უცნობ ბიჭს ეკუთვნოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



