სარკმელი წარსულში (სრულად)
აპრილის საღამო, რესტორნის ვიტრაჟებს მიღმა, ძვირფასი მელანისფერი ხავერდივით იღვრებოდა. მთაწმინდის შუქები ისე კაშკაშებდა, თითქოს ქალაქს ძვირფასი ყელსაბამი მოარგესო. რესტორნის დარბაზში, სადაც ჰაერი ძვირადღირებული პარფიუმისა და დაძველებული ღვინის სურნელით იყო გაჯერებული, ინტიმური განათება და ვერცხლის ჭურჭლის ფრთხილი წკრიალი სუფევდა. კირა მაგიდის თავში იჯდა წელში გამართული, თავდაჭერილი, როგორც ქალი, რომელმაც ზუსტად იცის საკუთარი თავის ფასი. შავი, მკაცრი „Armani“-ს პიჯაკი ემოსა უახლესი კოლექციიდან, მაჯაზე კი „Cartier“-ს საათი წამებს ისეთი სიზუსტით ითვლიდა, როგორითაც კირა საკუთარ ცხოვრებას მართავდა. მისი თითოეული მოძრაობა ღვინის ბოკალზე თითების შეხება თუ თმის გასწორება გათვლილი და დახვეწილი იყო. ის აღარ ჰგავდა იმ გოგონას, რომელიც ოდესღაც მეტროს სადგურებთან სანთლის შუქზე წიგნებს კითხულობდა. — „Mr. Harrison, my company doesn't just offer investment. We offer stability in a region that hasn't seen it for decades,“( ბატონო ჰარისონ, ჩემი კომპანია მხოლოდ ინვესტიციებს არ გთავაზობთ; ჩვენ სტაბილურობას ვთავაზობთ რეგიონს, რომელსაც ეს უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში არ ჰქონია.) - კირას ხმაში სიმტკიცე ჟღერდა, მაგრამ ეს იყო რბილი, ხავერდოვანი მტკიცე ხმა. მისი პარტნიორი, ბრიტანელი ინვესტორი, მოხიბლული უყურებდა მშვენიერ ქალს. კირა იყო „ახალი საქართველოს“ სახე — განათლებული, დაუნდობლად შრომისმოყვარე და მიუწვდომელი. ვახშამი პიკს აღწევდა, როდესაც ჰარისონმა, რომელიც აღფრთოვანებული აგემოვნებდა ქართულ დელიკატესებს, მოულოდნელად ხელი ყელთან მიიტანა. მისი სახე წამებში ალისფერი გახდა, თვალებში კი ცხოველური შიში ჩაუდგა. — „I... I can't...“ (მე... მე არ შეიძლია)- ამოიხხრიალა მან. ჰაერი ფილტვებამდე აღარ აღწევდა. დარბაზი პანიკამ მოიცვა. მიმტანები დაიბნენ, ინვესტორის ასისტენტმა კივილის ნაცვლად მხოლოდ ჩურჩულით შეძლო ეთქვა: „ალერგია... თხილი...“ კირა წამოდგა. მისი მოძრაობა ისეთი სწრაფი და მკვეთრი იყო, რომ სკამი იატაკს არც კი შეჰხებია. ერთი მზერით გააჩუმა აფორიაქებული პერსონალი: — ადმინისტრატორს უთხარით, სასწრაფო დახმარების რეანიმაციული ბრიგადა გამოიძახოს.- ახლავე! მისი ბრძანება წინააღმდეგობას არ ითვალისწინებდა. ის ჰარისონთან მივიდა, პიჯაკი გაუხსნა და მისი ხელი თავის ხელში მოიქცია: „Look at me, Richard. Breathe with me. Help is coming.“ (რიჩარდ შემომხედე, ჩემთან ერთად ისუნთქე, დახმარება უკვე მოდის) რამდენიმე წუთში რესტორნის მასიური, მუხის კარი ხმაურით გაიღო. დარბაზში ორი მამაკაცი შემოიჭრა - ლურჯი გაცვეთილი სამუშაო ფორმით. მათ თან მოჰყვა ქუჩის ცივი ჰაერი და ის ქაოსი, რომლისგანაც კირა წლებია თავს შორს იჭერდა. ერთ-ერთი ექიმი მაშინვე პაციენტისკენ დაიხარა. მისი მოძრაობები სწრაფი და პროფესიონალური , თითქმის მექანიკური იყო. — ადრენალინი სწრაფად ! უთხრა მეწყვილეს. კირა იდგა და უყურებდა ექიმის დახეთქილ ხელებს, რომლებიც ოსტატურად მუშაობდნენ სამედიცინო ინვენტართან. პაციენტს პირველი დახმარება აღმოუჩინეს. როდესაც ჰარისონის მკერდმა რიტმული მოძრაობა დაიწყო და სიკვდილის აჩრდილმა უკან დაიხია, ექიმმა მძიმედ ამოისუნთქა. მან შუბლიდან ოფლი ხელის ზურგით მოიწმინდა და თითქოს ყოველი სანტიმეტრი ტკივილის ფასად უჯდებოდაო ფრთხილად გაიმართა წელში. სწორედ ამ დროს, რესტორნის ხელოვნურ, ოქროსფერ განათებაში, მათი მზერა ერთმანეთს შეეჩეხა. შეცვლილი იყო. თვალების გარშემო ოდნავ ნაოჭები გასჩენოდა, თმაში კი ნაადრევი ჭაღარა შეჰპარვოდა. მაგრამ ის გამოხედვა .... ის სევდიანი და ამაყი გამოხედვა.... ისევ ისეთივე იყო. ალექსანდრე გაქვავდა. წნევის საზომი აპარატი, რომელიც ხელში ეჭირა თითქოს დამძიმდა. ის უყურებდა ქალს, რომელსაც წლების წინ მის „დაღუპვას“ უწინასწარმეტყველებდნენ, ახლა კი ის ამ ბრწყინვალების ცენტრში იდგა როგორც მიუწვდომელი და უცხო. კირას გულმა ერთი დარტყმა გამოტოვა, მაგრამ სახეზე კუნთიც არ შეთამაშებია. მისი მზერა იყო გამჭვირვალე, როგორც ყინული. მასში არ იკითხებოდა არც სიხარული, არც ბრაზი, მხოლოდ და მხოლოდ უსაზღვრო დისტანცია. — კირა? -ალექსანდრეს ხმა გაებზარა. მასში იკითხებოდა ყველაფერი: გაოგნება, ტკივილი და ის საშინელი სიმართლე, რომ გოგონა, რომელსაც ის „იცავდა“, ახლა მასზე ათჯერ უფრო ძლიერი იყო. მისის სახელის წარმოთქმა უფრო კითხვა იყო, ვიდრე მიმართვა. კითხვა, რომელიც თხუთმეტწლიან დუმილს არღვევდა. კირას თვალებში წამითაც არ გაჰკრთომია წარსულის აღიარების რაიმე ნიშანი. მან ისე შეხედა ალექსანდრეს, როგორც სრულიად უცხოს. მისი მზერა იყო ძალიან ცივი და აბსოლუტურად შეუვალი. — ექიმო, პაციენტის მდგომარეობა როგორია? - ჰკითხა მან მშრალი, საქმიანი ტონით. ქართულად საუბრობდა, მაგრამ აქცენტით, რომელიც მხოლოდ წლების განმავლობაში უცხოეთში ცხოვრებას მოაქვს. ალექსანდრე დაიბნა. ის ელოდა ყველაფერს ყვირილს, ცრემლს, ზიზღსაც კი, მაგრამ არა ამ ტოტალურ გულგრილობას. — დიახ... სტაბილურია, მაგრამ კლინიკაში უნდა გადავიყვანოთ.- ძლივს წარმოთქვა მან, ისე რომ თვალი არ მოუშორებია კირასთვის, თითქოს მის სახეზე იმ ძველი გოგონას ნარჩენებს ეძებდა. კირამ წარბი ოდნავ ასწია. მის სახეზე მხოლოდ მსუბუქი მოწყენილობა გამოისახა, თითქოს ექიმი ზედმეტ დროს ართმევდა. — ბოდიშს გიხდით, მეჩქარება. ჩემი ასისტენტი დაგეკონტაქტებათ, - თქვა მან ცივად და ალექსანდრეს მოშორდა. არცერთი ჟესტი, არცერთი ნიშანი იმისა, რომ მის წინ ის ადამიანი იდგა, ვის გამოც ოდესღაც სიკვდილს ნატრობდა. ალექსანდრე გაოგნებული უყურებდა, როგორ შებრუნდა კირა და დაუბრუნდა თავის ადგილს. მან ისეთი გრაციით აიღო წყლის ჭიქა, თითქოს რამდენიმე წუთის წინ არაფერი მომხდარიყოს. — — ალექს, პაციენტი უნდა გადავიყვანოთ, გველოდებიან! - დაუძახა მეწყვილემ. ალექსანდრე ერთ ადგილზე გაიყინა. ის ხედავდა კირას პროფილს მშვიდს და უტეხს. ის მიხვდა, რომ კირამ ის კი არ დაივიწყა, არამედ საკუთარ თავში სამუდამოდ დამარხა. ის ალექსანდრე აღარ იყო მისი პირველი სიყვარული. ის იყო უბრალოდ „ექიმი სასწრაფოდან“, რომელიც შემთხვევით მის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ალექსანდრემ უკანასკნელად შეხედა კირას. კითხვები ერთმანეთის მიყოლებით ირეოდა თავში, უნდოდა რაღაც ეთქვა, ეკითხა მაინც, როდის დაბრუნდა, მაგრამ კირას მიერ აღმართული კედელი ისეთი სქელი იყო, რომ ხმა ვერ შეაღწევდა. მან ჩანთას ხელი მოჰკიდა და თავჩაღუნული გაჰყვა საკაცეს. როდესაც რესტორნის მძიმე კარი დაიხურა, კირამ იგრძნო, როგორ გაუცივდა თითები, რომლებიც ჭიქას ეხებოდა, სახეზე ღიმილი მოირგო და სუფრის წევრებთან საუბარი განაგრძო. მხოლოდ მაგიდის ქვეშ, სადაც ვერავინ ხედავდა, კირას მეორე ხელი მუშტად იყო შეკრული ისე ძლიერად, რომ ფრჩხილები ხელისგულებში ერჭობოდა. ღრმად ჩაისუნთქა, თვალები დახუჭა და საკუთარ თავს უბრძანა: „არ გაბედო“. xxx სასტუმროს ლუქსში სიჩუმე ისეთივე მძიმე იყო, როგორც კირას დაღლილობა. მან ფეხსაცმელი გაიხადა და ფეხშიშველი დადგა ცივ მარმარილოზე. სარკემ ქალის სილუეტი აირეკლა, რომლის დანახვაზეც დღეს ალექსანდრეს სუნთქვა შეეკრა, მაგრამ კირა საკუთარ თვალებში მხოლოდ იმ ჩვიდმეტი წლის გოგონას ხედავდა, რომელსაც ერთხელ გული საბოლოოდ გაუტეხეს. კირა ფანჯარასთან მივიდა, საიდანაც მთაწმინდის ხედი იშლებოდა. იქ, სადღაც, იმ მოციმციმე შუქებს შორის, მისი ბავშვობის ნანგრევები ეყარა. თვალები დახუჭა და ნავთის მძიმე სუნი იგრძნო , 90-იანების თბილისის განუყრელი თანამგზავრი. თბილისის 90-იანები არ იყო მხოლოდ სიბნელე და სიცივე; ეს იყო ეპოქა, სადაც ყველაზე პატარა სინათლეც კი მზესავით ანათებდა. კირასთვის ეს სინათლე ალექსანდრე იყო. 43-ე სკოლის მეორე სართულის დერეფანში, სადაც ნესტიანი კედლებიდან ბათქაში ცვიოდა კირა და ალექსანდრე საკუთარ სამყაროს აშენებდნენ. ორივე კლასის სიამაყე იყო, მაგრამ მათი „წარმატება“ სხვადასხვა ნიადაგზე იზრდებოდა. ამბავი მეხუთე კლასში დაიწყო, როდესაც ალექსანდრე იაშვილი მათ სკოლაში გადმოვიდა. ის პირველივე დღიდან გამორჩეული იყო. ყოველთვის სუფთა, დაუთოებული თეთრი პერანგით, რომელსაც დედამისი, ქალბატონი ელენე, განსაკუთრებული მზრუნველობით უმზადებდა. კირა კი კლასის კუთხეში იჯდა, თავისი გაცვეთილი, მაგრამ ყოველთვის სუფთა წინსაფრით და იმ დიდი, სევდიანი თვალებით, რომლებიც ყველაფერს ამჩნევდნენ. ყოველთვის ერთად იყვნენ. მათ ხშირად ნახავდით ფანჯრის რაფაზე ჩამომსხდრებს. ალექსანდრეს მათემატიკა უყვარდა, კირას - ლიტერატურა. ისინი ერთმანეთს ავსებდნენ: ბიჭი გოგონას ლოგიკას ასწავლიდა, გოგონა კი ბიჭს — ოცნებას. გაკვეთილების შემდეგ, საათობით დახეტიალობდნენ ვიწრო ქუჩებში. ალექსანდრე კირას თავის ოცნებებზე უყვებოდა, როგორ გახდებოდა დიდი ექიმი და როგორ გადაარჩენდა ადამიანებს. კირა კი უსმენდა და სჯეროდა, რომ ამ ბიჭის გვერდით მასაც შეეძლო „ დიდი“ გამხდარიყო. წლები გადიოდა და მათი მეგობრობა ნელ-ნელა გადაიზარდა იმ შეგრძნებაში, რომელსაც სახელი ჯერ არ ჰქონდა, მაგრამ გულს აჩქარებდა. ერთხელ, მეშვიდე კლასში იყვნენ , როცა სკოლის ეზოში უფროს კლასელმა ბიჭებმა კირას დასცინეს. მისი გაცვეთილი ჩანთა და დამოკლებული პალტო შეამჩნიეს, რომელიც დედამისმა ძველი ქურთუკისგან გადაუკეთა. — ნახეთ, „იტალიური ეზოს“ პრინცესა მოდის, - გადაიხარხარა ერთ-ერთმა და კირას ჩანთას ხელი ჰკრა. ალექსანდრე, რომელიც ყოველთვის მშვიდი და გაწონასწორებული ჩანდა, წამში შეიცვალა. ის არ იყო ჩხუბისთავი, მაგრამ კირას თვალებში დანახულმა სირცხვილმა მასში რაღაც ააფეთქა. წინ გადაუდგა მასზე უფროს ბიჭს, რომელიც ერთი თავით მაღალი იყო და მკაცრი ხმით უთხრა: — კიდევ ერთხელ შეეხები და ინანებ. სიჩუმე ჩამოვარდა...... — რაო, იაშვილო , „ელიტამ“ ხმა ამოიღო? - არ ცხრებოდა ბიჭი. — ეს „ელიტა“ არ არის, ეს კაცია- მოკლედ მოუჭრა ალექსანდრემ და კირას ხელი ჩაჰკიდა.იმ დღეს კირამ პირველად იგრძნო, რომ ამ სამყაროში მარტო არ იყო. ალექსანდრესთვის სულერთი იყო, რა ეცვა კირას, ის მის სულს ხედავდა და ეძვირფასებოდა. მათი სახლები ერთმანეთისგან სულ რაღაც ხუთი წუთის სავალზე იყო, მაგრამ სინამდვილეში ისინი სხვადასხვა პლანეტაზე ცხოვრობდნენ. ალექსანდრეს მშობლები, ბატონი ვახტანგი და ქალბატონი ელენე თბილისური „არისტოკრატიის’’ ნარჩენები იყვნენ, მათი ბინა სავსე იყო ანტიკვარული სარკეებითა და ვერცხლის ჭურჭლით. უზარდმაზარი მისაღების შუაგულში თავს იწონებდა შავი როიალი. მიუხედავად იმისა, რომ თვლიდნენ, ალექსანდრეს გარემოცვა მხოლოდ მათი წრის ხალხი უნდა ყოფილიყო, საოცარი დიპლომატიით გამოირჩეოდნენ. ისინი არასდროს უშლიდნენ შვილს კირასთან მეგობრობას. პირიქით, კირა ხშირად იყო სასურველი სტუმარი მათ მაღალჭერიან, ანტიკვარული ავეჯით სავსე სახლში. ელენე ყოველთვის ღიმილით ხვდებოდა: — შემოდი, კირა, შვილო. როგორ გიხდება ეს ფერი. აბა, ჩაი დალიეთ, ალექსანდრეს შენი დახმარება სჭირდება ლიტერატურაში, ეუბნებოდა ტკბილი ხმით და კირას თავზე ხელს გადაუსვამდა ხოლმე. კირას ეგონა, რომ მართლა უყვარდათ. ეგონა, რომ მათთვის სულერთი იყო მისი ოჯახის სიდუხჭირე, მამის უმუშევრობა და ის ფაქტი , რომ დედა მკერავი იყო. მაგრამ საღამოობით, როცა კირა სახლში ბრუნდებოდა, იაშვილების მისაღებში სულ სხვა საუბრები იმართებოდა. — ვახტანგ, ხომ ხედავ, როგორი ნიჭიერი გოგოა,- ამბობდა ელენე და შაქარყინულს ნელა ათამაშებდა ფინჯანში. სწორედ ეს გვჭირდება. სანამ ალექსანდრე აქ არის, ეს გოგო მას სტიმულს აძლევს, რომ უკეთ ისწავლოს. კონკურენცია მოსწონთ. — და მერე? - კითხულობდა ვახტანგი. —დაე, უყვარდეს,- ეუბნებოდა ელენე ქმარს . ეს გრძნობა მას აიძულებს, ყველაზე კარგი იყოს. კირა მისი მოტივაციაა. სკოლას დაამთავრებენ, ალექსანდრეს ევროპაში გავუშვებთ და ეს გოგო თავისით გაქრება მისი ცხოვრებიდან. ბავშვური გატაცებები აეროპორტის ტერმინალებს ვერ სცდება. ალექსანდრე სამედიცინოზე ჩააბარებს, იქ სულ სხვა სამყაროა, სხვა ქალები, სხვა პერსპექტივა. ბავშვური გატაცება თავისით გაქრება. კირა მისი წარსული იქნება, ჩვენ კი მას მომავალს ავუშენებთ. ახლა რომ ავუკრძალოთ, უფრო მეტად მიეკვრება. აცადე, დრო ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს. მათი სტრატეგია დაუნდობელი იყო: ისინი კირას იყენებდნენ, როგორც „ინსტრუმენტს“, რათა ალექსანდრეს წარმატებისთვის მოტივაცია ჰქონოდა, ხოლო შემდეგ მის მოცილებას ისე გეგმავდნენ, როგორც ზედმეტი ნივთისას. კირასთან კი ყველაფერი სხვაგვარად იყო. მამა, ბატონი გიორგი, ოდესღაც წარმატებული ინჟინერი, ახლა დაღლილი და იმედგაცრუებული იყო, რომელიც ყოველ დილით „მშრალ ხიდზე“ მიდიოდა ოჯახური ნივთების გასაყიდად. დედამისი კი, მარიამი, ღამეებს ათენებდა კერვაში. მათ სახლში ნავთქურის სუნი და ხელმოკლედ ცხოვრების ყოველდღიურობა სუფევდა. კირას მშობლებს ეშინოდათ ამ სიყვარულის. მათ იცოდნენ, რომ მდიდრები ღარიბებს მხოლოდ ზღაპრებში ირთავენ. „კირა, შვილო, ფრთხილად იყავი,“ — ეუბნებოდა დედა. იაშვილები სხვა ხალხია. შენს გულს ნუ გაატან იმას, რაც შენი არასოდეს იქნება. — კირა, შვილო, ფრთხილად იყავი. მდიდრებს თავისი თამაშები აქვთ,- დარბაისლურად მოძღვრავდა მამა. ისინი მაშინაც გიღიმიან, როცა შენს მოცილებას გეგმავენ. — არა, მამა, - პასუხობდა კირა თავდაჯერებულად. ალექსანდრეს მშობლებს მართლა ვუყვარვარ. ელენემ მითხრა, რომ ჩემნაირი რძალი მისი ოცნებაა. მაშინ კირას წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ეს სიტყვები მხოლოდ ნესტიან კედელზე დახატული ლამაზი ფანჯარა იყო. მეცხრე კლასის ბოლოს, როდესაც მთაწმინდაზე იასამნები აყვავდა, ისინი ფუნიკულიორის კიბეებზე ისხდნენ. ალექსანდრემ კირას თავისი ოქროს მედალი აჩვენა, რომელიც ოლიმპიადაზე მოიგო. — ეს შენია, უთხრა მან. შენ რომ არ მამხნევებდე, ამდენს ვერ შევძლებდი. — შენი მშობლები... ისინი ძალიან კარგები არიან ჩემს მიმართ ალექს. მეშინია, რომ იმედებს გავუცრუებ. — ნუ გეშინია. მათ უყვარხარ. დედა სულ ამბობს, კირასნაირი ჭკვიანი გოგო იშვიათიაო. ჩვენ ყოველთვის ერთად ვიქნებით კირა. უთხრა და ხელზე სპილენძის სამაჯური გაუკეთა, რომელიც მისთვის წინა ღამით დაამზადა. კირას გულში სითბო ეღვრებოდა. მას ეგონა, რომ იაშვილების სახლში ნაპოვნი სითბო მისი ახალი თავშესაფარი იყო. მან არ იცოდა, რომ ეს სითბო მხოლოდ ილუზია იყო ლამაზად შეფუთული, რომელიც მომავალის განაჩენი იქნებოდა. ალექსანდრე დაიხარა და კირას აკოცა. თითქოს წამით დრო გაჩერდა, ქალაქი ჩაქრა, მხოლოდ ვარსკვლავები ანათებდნენ. კირამ თვალები გაახილა. სასტუმროს ნომრის სარკეში ახლა სხვა ქალი იყურებოდა. დახვეწილი, წარმატებული, „შეუვალი“. მან ხელი მაჯაზე მოისვა, სადაც ოდესღაც ალექსანდრეს ნაჩუქარი, სპილენძისგან გაკეთებული უბრალო სამაჯური ეკეთა. ახლა იქ ბრილიანტები ბრწყინავდა, მაგრამ მაჯა მაინც ეწვოდა. — როგორი გეგმა გქონდათ, ქალბატონო ელენე... ჩაიჩურჩულა მან და მწარედ ჩაიღიმა. ალექსანდრე ევროპაში უნდა გაგეშვათ, რომ მე დავვიწყებოდი. მაგრამ საბოლოოდ მე წავედი ევროპაშიც და ამერიკაშიც... ის კი აქ დარჩა. თქვენს სახლში. თქვენს მოგონებებში. კირა ფანჯარასთან მივიდა. ქვემოთ, ქუჩაზე, სასწრაფო დახმარების მანქანამ გაიელვა ლურჯი შუქებით. მან იგრძნო, როგორ შეეკუმშა გული. ის, ვისაც ალექსანდრე „უნდა დაეღუპა“, დღეს წარმატებული ლედი იყო, ხოლო ის, ვისაც „ბრწყინვალე მომავალი“ ელოდა, სასწრაფოს ფორმაში გამოწყობილი სევდიანი ექიმი, რომელსაც მძიმე წუთები მრავლად ჰქონდა ყოველდღიურ ცხოვრებაში, ყოველ წამს ვიღაცის სიცოცხლისთვის იბრძოდა. xxx კირამ ერთი ჭიქა კონიაკი დაისხა. სითხე ყელს ცეცხლივით ჩაჰყვა, ზუსტად ისე, როგორც მაშინ, როცა პირველად იგრძნო ალექსანდრეს ოჯახისგან მომავალი საფრთხე. ჰაერში უკვე ტრიალებდა გამოცდების ციებ-ცხელება და მომავლის შიში. კირა და ალექსანდრე სკოლის მერხებს მიღმაც განუყრელნი იყვნენ, მაგრამ იაშვილების სახლში ატმოსფერო საგრძნობლად შეიცვალა. ელენე აღარ ხვდებოდა კირას ისეთი ენთუზიაზმით. მისი ღიმილი უფრო და უფრო ემსგავსებოდა გაყინულ ნიღაბს. — ალექსანდრე, შვილო,- დაიწყო ერთ საღამოს ელენემ, როცა კირა ახალი წასული იყო მათი სახლიდან. არ გგონია, რომ კირა ზედმეტად ბევრ დროს გართმევს? შენ გერმანიის სამედიცინო კოლეჯისთვის უნდა მოემზადო. იქ სულ სხვა სტანდარტებია. — დედა, კირა მეხმარება. ის ჩემზე უკეთ ფლობს ენებს, - მიუგო ალექსანდრემ ისე, რომ წიგნიდან თავი არ აუღია. — რა თქმა უნდა, საყვარელო, -ელენემ ხმას დაუწია და შვილს გვერდით მიუჯდა. ის ჭკვიანი გოგოა. იცის, რომ შენ ხარ მისი ერთადერთი შანსი, იმ... იმ იტალიური ეზოდან თავის დასაღწევად. მაგრამ შენზე თუ ფიქრობს? შენს კარიერაზე? მეზობლებმა მითხრეს, მამამისი ისევ იმ ხიდზე დგასო... ხალხი ლაპარაკობს, ალექსანდრე. არ მინდა, შენი სახელის ასეთ წრესთან გაიგივება მოხდეს შვილო. ეს იყო პირველი ნაბიჯები. ელენე ფრთხილად, თითქმის შეუმჩნევლად აწვეთებდა შვილს ეჭვის შხამს, თითქოს კირა მას მხოლოდ იმიტომ ეჭიდებოდა, რომ მისი სოციალური სტატუსი გამოეყენებინა. გაზაფხული იდგა. სკოლის ეზოში იასამნები ყვაოდა, მაგრამ კირასთვის იმ დღეს სამყარო გაშავდა. გაკვეთილების დასრულებისას, სკოლის ჭიშკართან ხმაური ატყდა. კირამ დაინახა ქუჩაში ხალხი როგორ შეგროვდა, ჩოჩქოლებდნენ და ცდილობდნენ მოქალაქისთვის დახმარება აღმოეჩინათ. კირა ხალხის ნაკადისკენ წავიდა და გაშეშდა, შუაგულში მამამისი, ბატონი გიორგი იწვა. მის გვერდით მიმოფანტულიყო ძველი წიგნები და რამდენიმე ანტიკვარული ნივთი, რომლის გაყიდვასაც ალბათ იმ დღეს აპირებდა. კაცი ფერმკრთალი იყო, ტუჩები დალურჯებოდა, ხელები კი ისევ მჭიდროდ ეჭირა მკერდზე. — მამა! — კირას კივილი მთელ მთაწმინდას გადასწვდა. ის მუხლებზე დაეშვა. ალექსანდრე წამში გაჩნდა მის გვერდით. — კირა, დამშვიდდი, სუნთქავს! დაიძახა ბიჭმა და გიორგის მაჯას დაწვდა, პულსი სუსტად იგრძნობოდა. სასწრაფო გამოიძახეთ! ჩემს სახლში დარეკეთ, მამაჩემს უთხარით, სასოწარკვეთილი ყვიროდა ალექსანდრე. კირას მამა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეს იყო მძიმე ინფარქტი. საოპერაციო ბლოკთან კირა და ალექსანდრე მარტონი ისხდნენ. გოგონას მთელი სხეული უკანკალებდა, ალექსანდრე კი მის გაყინულ ხელებს თავის ხელებში ათბობდა. სწორედ მაშინ გამოჩნდა დერეფანში ბატონი ვახტანგი — ალექსანდრეს მამა, თეთრ ხალათში გამოწყობილი, მკაცრი და შეფიქრიანებული სახით. მან ერთი მზერით შეაფასა სიტუაცია, რომელიც თეთრ კორიდორში დახვდა. — მამა, გთხოვ, გადაარჩინე, - ჩურჩულებდა ალექსანდრე. ვახტანგმა კირას შეხედა. მის თვალებში არ იყო თანაგრძნობა, ის მომენტს ხედავდა, რომელსაც ელენე წლებია ელოდა. ეს იყო კირას ყველაზე სუსტი წერტილი, რომელიც სარფიანად უნდა გამოეყენებინათ. — ოპერაციას მე გავაკეთებ, - თქვა მან მშრალად. კირა, შვილო, შემოდი ჩემთან კაბინეტში, საბუთებს უნდა გადავხედოთ. ალექსანდრე ადგა, რომ გაჰყოლოდა, მაგრამ მამამ შეაჩერა. — არა, ალექსანდრე. შენ აქ დარჩი. ეს მხოლოდ კირას ოჯახს ეხება. კირა გაჰყვა. ის ფიქრობდა, რომ ვახტანგი მას დაამშვიდებდა. მაგრამ როგორც კი კარი დაიხურა, ოთახში საავადმყოფოს სუნთან ერთად მძიმე, მრავლისმთქმელი სიჩუმე ჩამოწვა. ვახტანგმა მაგიდაზე თავისი ოქროს საათი დადო, თითქოს დროს ხაზს უსვამდა. — კირა, — დაიწყო მან მშვიდად. მამაშენს ძალიან რთული ოპერაცია სჭირდება. ძვირადღირებული აპარატურა, წამლები... შენ იცი, რომ თქვენს ოჯახს ამის სახსრები არ აქვს. მე ამ ყველაფერს ჩემს თავზე ავიღებ. მამაშენი იცოცხლებს. კირამ ამოისუნთქა, მადლობის თქმა დააპირა, მაგრამ ვახტანგმა ხელი აუწია. — მაგრამ სანაცვლოდ, შენ უნდა გააკეთო ის, რაც ჩემი შვილისთვის უკეთესია. ალექსანდრე შენ გამო უარს ამბობს გერმანიაზე. ის ამბობს, რომ აქ დარჩება, მხოლოდ შენთან ერთად ხედავს მის მომავალს, ეს კი მისი კარიერის დასასრულია. თუ გიყვარს, შენ მასზე უარი უნდა თქვა, მას დიდი მომავალი აქვს ევროპაში, შენ კი... შენს სწავლას და მამაშენის მკურნალობას მე დავაფინანსებ. ოღონდ ერთმანეთი აღარასდროს უნდა ნახოთ. კირა იდგა და უყურებდა კაცს, რომელსაც ერთი წამით ადრე მხსნელად მიიჩნევდა. ახლა კი მიხვდა — ალექსანდრეს მშობლებმა მისი ტრაგედია სავაჭრო მონეტად აქციეს. კირამ სასტუმროს ნომერში ჭიქა მაგიდაზე დაახეთქა. — და მერე მე მეუბნებოდნენ, რომ მე "დავღუპავდი" მას... ჩაიჩურჩულა მან. სევდიანი ღიმილით გაიხსენა, როგორ გამოვიდა იმ კაბინეტიდან. ალექსანდრე დერეფანში იჯდა, იმედით სავსე თვალებით. კირას კი გულში ისეთი სიმძიმე ჰქონდა სუნთქვა უჭირდა. მან მაშინვე ვერ უთხრა "არა". მან დრო ითხოვა. მაგრამ იმ დღეს მთაწმინდის თავზე ცა საბოლოოდ ჩამოიქცა. — იცი, ალექსანდრე? -კირას ჩურჩული გაისმა ღამის სიცარიელეში. შენმა მშობლებმა მამაჩემის სიცოცხლე მომყიდეს და მე ის ვიყიდე. xxx კირა ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა და მუხლები გულზე მიიბჯინა. ეს ის პოზა იყო, რომელშიც თხუთმეტი წლის წინ, თავისი პატარა ოთახის კუთხეში, ღამეებს ათენებდა. ქვემოთ, რუსთაველზე, მანქანები უთავბოლო რიტმით მიჰქროდნენ, მაგრამ კირას ყურებში მხოლოდ საკუთარი გულისცემა ისმოდა — ზუსტად ისეთივე აჩქარებული და მტკივნეული, როგორიც იმ საღამოს. მამამისის ოპერაციიდან ორი კვირა გავიდა. ბატონმა ვახტანგმა პირობა შეასრულა გიორგი სიკვდილს გადაურჩა, საუკეთესო მედიკამენტებითა და მზრუნველობით ნელ-ნელა ფეხზე დგებოდა. მაგრამ კირასთვის ყოველი დღე, როცა მამა უკეთ ხდებოდა, ალექსანდრესთან დაშორების მოახლოებას ნიშნავდა. ვახტანგის ცივი მზერა საავადმყოფოს დერეფანში ყოველდღე ახსენებდა: „ვალი უნდა გადაიხადო“. კირამ კედლის შენება დაიწყო. ალექსანდრეს თავს არიდებდა , სკოლაში სხვა გზით მიდიოდა, რომ არ შეხვედროდა. ბოლოს კი, ის დღეც დადგა, როცა ალექსანდრესთვის საბოლოდ უარი უნდა ეთქვა. თბილისში უჩვეულოდ ცხელი ივნისი იდგა. ჰაერი მძიმე იყო, მტვრიანი. ალექსანდრე სადარბაზოსთან დახვდა. ის აღარ ჰგავდა იმ მოწესრიგებულ „ოქროს ბიჭს“. პერანგი დაჭმუჭნული ჰქონდა, თვალების გარშემო კი შავი რგოლები გამოჰკვეთოდა. კირას ამოუხსნელ საქციელს ზედმეტი სევდა დაეტოვებინა მის სახეზე. — კირა, არ გაგიშვებ, სანამ არ მეტყვი, რა ხდება! ხელებში მძლავრად ჩაავლო კირას მკლავები. მისი ხელები ისევ ისეთივე თბილი იყო, კირა კი გრძნობდა, როგორ ეყინებოდა სხეული ამ სითბოსთან შეხებისას. — მამაჩემმა რამე გითხრა? დედამ? ვიცი, რომ ჩვენს შორის რაღაც ბარიერს აგებენ, მაგრამ მე შენთან ვარ, ხომ იცი? კირამ ალექსანდრეს თვალებში ჩახედა. იქ იმდენი ნდობა და სიყვარული დაინახა, რომ წამით მუხლები აუკანკალდა. მას სურდა ეყვირა: „გვიშველე, ალექსანდრე! მამაშენმა შენი თავი მამაჩემის სიცოცხლეში გამიცვალა!“, მაგრამ ვახტანგის ხმა ყურებში ჩაესმოდა: „თუ არ მიატოვებ, მკურნალობა შეწყდება“. ნებისყოფა მოიკრიფა. მისი მზერა ისეთივე ცივი გახდა, როგორიც დღეს, რესტორანში. ლიქოკელების სისხლი, რომელიც მის ძარღვებში ჩქეფდა, ახლა ყინულად იქცა. მასში გაიღვიძა იმ მთიელი წინაპრების სიამაყემ, რომლებიც ტკივილს დუმილით ხვდებოდნენ. სახეზე ყველაზე სასტიკი ნიღაბი მოირგო, რაც კი ოდესმე ჰქონია. — იცი რა, ალექსანდრე? დავიღალე, - თქვა და მისი ხელები უხეშად მოიშორა. დავიღალე ამ „უბედური კონკიას“ როლით. მეგონა, შენი საშუალებით ამ სიღარიბიდან ამოვიდოდი, მაგრამ მივხვდი, რომ შენც ისეთივე უსუსური ხარ, როგორც შენი ოჯახი. — რას ამბობ, კირა?- ალექსანდრე ისე უკან დაიხია, თითქოს ფიზიკური დარტყმა მიიღო. — რას და მომშორდი! იყვირა კირამ, რომ საკუთარი თავისთვისაც დაემტკიცებინა , რომ ეს ნამდვი;ად სურდა. — შენ გგონია, მართლა მიყვარხარ? შენ მხოლოდ ჩემი ბილეთი იყავი უკეთეს ცხოვრებაში. მაგრამ ახლა ვხედავ, რომ მამაშენი მართალია, შენ მხოლოდ „დედიკოს ბიჭი“ ხარ, რომელიც თავისით ნაბიჯსაც ვერ გადადგამს. წადი შენს გერმანიაში, გახდი ექიმი და მოძებნე ვინმე შენი წრის გოგო, რომელიც შენს ანტიკვარულ ავეჯს მოუხდება. მე შენგან აღარაფერი მჭირდება! ალექსანდრე გაოგნებული უყურებდა. კირა ლიქოკელი მის წინ აღარ იყო ის ნაზი გოგონა, რომელიც ლექსებს უთხზავდა. ის ახლა კლდეს ჰგავდა, მყარს, ბასრს და მიუკარებელს. მისი თვალებიდან ნელ-ნელა ქრებოდა ის სინათლე, რომელიც კირას წლებია ათბობდა. — ეს შენ არ ხარ... კირა, ვიცი, რომ გაიძულებენ... — არავინ მაიძულებს! კირამ ზიზღით ჩაიცინა. უბრალოდ, თვალები ამეხილა. შენს გვერდით ყოფნა ჩემთვის ტვირთია. წადიმეთქი! ალექსანდრე ერთხანს კიდევ იდგა, თითქოს ელოდა, რომ კირა გაიცინებდა და ეტყოდა, რომ ეს ხუმრობაა. მერე კი, მხრებში ჩატეხილმა, ნელა იბრუნა პირი და წავიდა. კირა უყურებდა ქვაფენილზე მიმავალ სილუეტს, სანამ ის ქუჩის კუთხეში არ გაუჩინარდა. მხოლოდ მაშინ შევარდა სადარბაზოში, კიბეებზე ჩაიკეცა და პირზე ხელი აიფარა, რომ მისი სიმწრის კივილი მთელ მთაწმინდას არ გაეგო. იმ დღეს კირამ საკუთარი გული იქვე, იმ ცივ კიბეებზე დატოვა. მომდევნო დღეებში კირამ თბილისი დატოვა. მას სჭირდებოდა სივრცე, სადაც იაშვილების ოჯახის სუნთქვა არ მიწვდებოდა. ის კახეთში, ბებიასთან წავიდა. იქ, სოფლის სიჩუმეში, კირა მარტო დარჩა თავის ტკივილთან. ყოველ დილით, როცა მზე ვენახებს გადაჰყურებდა, ის ბალახზე ფეხშიშველი გადიოდა. ხანდახან მთებს უყურებდა და წარმოიდგენდა თავის ხევსურ წინაპრებს მათ, ვინც იცოდა, რა იყო გაძლება და როგორ უნდა ეტარებინათ ღირსება მაშინაც კი, როცა გული ნაფლეთებად გქონდა ქცეული. სოფლის სიჩუმეში ალექსანდრეს მონატრება აუტანელი გახდა. მას თვალწინ ედგა ბიჭის გაოგნებული სახე იმ ბოლო შეხვედრისას. — მაპატიე, ალექს... — ჩაიჩურჩულა მან და პირველად ამდენი ხნის განმავლობაში, ხმამაღლა ატირდა. — მაპატიე, რომ სხვა გზა არ დამიტოვეს. წარმოიდგენდა ხოლმე, როგორ ემზადებოდა ალექსანდრე გამგზავრებისთვის. ალბათ ელენე უკვე ალაგებდა მის ჩემოდნებს სიხარულით, ზეიმობდნენ იაშვილები რომ „ნესტის სუნთან“ გაიგივებული გოგოსგან შვილი დაიხსნეს. კირას გულს შური და ტკივილი ერთდროულად ღრღნიდა ალექსანდრე მიდიოდა ბრწყინვალე მომავლისკენ, კირა კი რჩებოდა აქ, მარტო, მსხვერპლად შეწირულ გრძნობებთან ერთად. ერთ საღამოს, როცა მზე მთებს მიღმა იძირებოდა და სოფელს იასამნისფერი ბინდი აწვებოდა, კირა ძველ ჭადართან ჩამოჯდა. მას ხელში ალექსანდრეს ნაჩუქარი სპილენძის სამაჯური ეჭირა, იმ ფიქრებს, რომლებსაც ასე გამეტებით ებრძოდა, დღეს უფლება მისცა გონებაში მაღლა ამოსულიყვნენ, გული შეეკუმშა. - ლიქოკელები არ ტყდებიან, ჩაიჩურჩულა, ისინი მარტოობას ირჩევენ თუ ბედნიერება ღირსების სანაცვლოდ მოიპოვება. მთელი ის პერიოდი კირა წიგნებში დაიძირა. ის სწავლობდა ისე, თითქოს ყოველი წინადადება იარაღი ყოფილიყო, რომლითაც მომავალში საკუთარი თავი უნდა დაეცვა. მას სძულდა ის სისუსტე, რამაც აიძულა, ეს არჩევანი გაეკეთებინა, მაგრამ ამავე დროს, ეს სიძულვილი მას ძალას აძლევდა. თავს ჰპირდებოდა: „მე იმაზე მეტს მივაღწევ, ვიდრე მათ ჰგონიათ. მე იმაზე მაღლა დავდგები, ვიდრე იაშვილების მთელი ეს ფსევდო-არისტოკრატიაა“. კირამ სასტუმროს ნომერს თვალი მოავლო, ჭიქა მაგიდაზე ფრთხილად დადგა და უზარმაზარ სარკეს მიუახლოვდა — კირა ლიქოკელი... — წარმოთქვა მან და საკუთარი სილუეტი შეათვალიერა. - შენ მართლა წახვედი გერმანიაში ალექსანდრე, მე კი ჩემი სიტყვა შევასრულე და იმ ჭაობიდან ამოვედი, ოღონდ ისე ამოვედი, რომ შენ იქ დაგტოვე. იგრძნო, როგორ დაუმძიმდა ქუთუთოები. xxx სასტუმროს ნომერში ღამის თბილისის ხმაური აღწევდა. შორეული სიგნალები, ქალაქის გუგუნი, რომელიც კირასთვის ადრე ასე ნაცნობი იყო, ახლა კი უცხო პლანეტიდან მოსულ ხმებს ჰგავდა. კირა ლიქოკელი ფანჯარასთან იდგა. ხელში ძვირადღირებული კონიაკის ბოკალი ეჭირა, მაგრამ მისი გონება ისევ იმ წლებში დახეტიალობდა, როდესაც ყოველი დღე გადარჩენისთვის ბრძოლა და საკუთარი გრძნობების მეთოდური კვლა იყო. სოფლიდან დაბრუნებული კირა შეცვლილი იყო. მისი თვალებიდან ის თბილი ნაპერწკალი გაქრა, რომელიც ალექსანდრეს ასე ძალიან უყვარდა. მისაღები გამოცდები წარმატებით ჩააბარა, სტუდენტი გახდა. უნივერსიტეტის დერეფნებს აჩრდილივით შეეხიზნა. მაშინ, როცა მისი თანატოლები კაფეებში ისხდნენ ან „პაემნებზე“ გარბოდნენ, კირა ბიბლიოთეკის ყველაზე ბნელ კუთხეში იჯდა. მხოლოდ ორი მიზანი ჰქონდა: გამხდარიყო საუკეთესო და არასოდეს, არცერთი წამით არ მიეცა საკუთარი თავისთვის უფლება, ალექსანდრეზე ეფიქრა. მაგრამ თბილისი პატარა იყო. ხმები მაინც აღწევდა მასთან. — გაიგე? ალექსანდრე იაშვილი მიუნხენში წავიდა, ჩურჩულებდნენ ყოფილი თანაკლასელები. — ამბობენ, იქაური პროფესორები აღფრთოვანებულები არიანო, ნამდვილი ვარსკვლავი გახდება. სწავლობდა მანიაკალური გატაცებით. მისთვის ყოველი ახალი სიტყვა, ყოველი ეკონომიკური თეორია იყო იარაღი, რომლითაც საკუთარ მომავალს აშენებდა. მას არ აინტერესებდა მეგობრობა, არ აინტერესებდა გართობა. ერთადერთი, რაც მას ამოძრავებდა, იყო სურვილი აღარასდროს ყოფილიყო ვინმეზე დამოკიდებული, აღარასდროს გამხდარიყო ვიღაცისთვის „სავაჭრო მონეტა“. მესამე კურსზე იყო, როდესაც გაცვლითი პროგრამა გამოცხადდა. ევროპის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში მხოლოდ ორ სტუდენტს ჰქონდა შესაძლებლობა ეს შანსი გამოეყენებინა. ღამეებს ათენებდა საგამოცდო მასალებისა და დამატებითი ლიტერატურის დამუშავებაში, რომელიც გასაუბრებისთვის სჭირდებოდა, და როდესაც სიის სათავეში საკუთარი გვარი — ლიქოკელი დაინახა, მხოლოდ ღრმად ამოისუნთქა. ეს იყო მისი პირველი გამარჯვება იმ სამყაროზე, რომელმაც ის ერთხელ უკვე მოისროლა. კირასთვის უცხოეთში წასვლა არ ყოფილა „თავგადასავალი“. ეს იყო დეზერტირობა საკუთარი ტკივილისგან. როდესაც ბრიუსელის აეროპორტში ჩამოვიდა, თან მხოლოდ ერთი ჩემოდანი და ხევსურული სიამაყე ჰქონდა. პირველი წელი ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტში (ULB) ყველაზე მძიმე აღმოჩნდა. კირა ცხოვრობდა გარეუბანში, პატარა მანსარდაში, სადაც ზამთარში კედლები ნესტიანდებოდა. სტიპენდია ძლივს ჰყოფნიდა ქირასა და წიგნებს. ის მუშაობდა ღამის ბიბლიოთეკარად, სადაც სწავლობდა ფრანგულსა და გერმანულს. როდესაც სხვა სტუდენტები „გრანდ პლასზე“ ლუდს სვამდნენ და ერთობოდნენ, კირა თავის ცივ ოთახში იჯდა და ეკონომიკურ გრაფიკებს ხაზავდა. გაურბოდა ქართველებს, გაურბოდა ნებისმიერ შეხსენებას თბილისზე. ყოველი წერილი დედისგან, რომელიც ალექსანდრეს ახსენებდა, წაუკითხავად ხვდებოდა ნაგვის ყუთში. მან საკუთარ თავს აუკრძალა ქართულად ფიქრიც კი — გადავიდა ინგლისურსა და ფრანგულზე, თითქოს ენის შეცვლით სულის შეცვლასაც შეძლებდა. მისი ნამდვილი გარდასახვა ლონდონის ეკონომიკის სკოლაში (LSE) მოხდა. ლექციებზე ის იყო ყველაზე თავდაჯერებული, ყველაზე კრიტიკული. მან ისწავლა, როგორ დაემარცხებინა ოპონენტები დებატებში ისე, რომ სახის კუნთი არ შეთამაშებოდა. მისი კარიერა საინვესტიციო ბანკ „Goldman Sachs“-ში დაიწყო. ერთადერთი ქალი იყო, ვინც მამაკაცების დომინირებულ სამყაროში საკუთარი წესები დაამკვიდრა. თხუთმეტი წლის განმავლობაში მისი ბიზნეს იდეები ლონდონიდან ნიუ-იორკში , ერთი მრავალმილიონიანი გარიგებიდან მეორეზე გადადიოდა. ის გახდა ქალი, რომელიც არასდროს უშვებდა შეცდომას. მასთან დაახლოებას ბევრი ცდილობდა. იყვნენ მდიდარი თაყვანისმცემლები, ცნობილი ბანკირები, მაგრამ კირა ყველას ერთნაირი დისტანციით ხვდებოდა. მისი გული თითქოს იმ დღეს გაიყინა, როცა ალექსანდრეს ზურგი აქცია. მას ეშინოდა სიყვარულის, რადგან სიყვარული სისუსტეს ნიშნავდა, სისუსტე კი — დამარცხებას. ყოველი წარმატებული დღის ბოლოს, როდესაც კირა თავის ძვირადღირებულ ბინაში ბრუნდებოდა, ისევ ის მარტოობა ხვდებოდა, რომელიც მთაწმინდიდან მოჰყვებოდა. მან თავისი კარიერის პიკს მიაღწია. ის გახდა საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი. წარმატების პიკზე კი, როდესაც საქართველოში ინვესტიციების პროექტი გამოჩნდა, მხოლოდ მას მოიაზრებდნენ ხელმძღვანელად. კირას კი დაბრუნება არ სურდა, ეშინოდა, რომ ეს ქალაქი მისგან ნაშენებ ციხესიმაგრეს დაანგრევდა. მაგრამ ბოლოს მაინც დათანხმდა. კირამ კონიაკი მოსვა , — თხუთმეტი წელი, — ჩაიჩურჩულა მან. — თხუთმეტი წელი დამჭირდა, რომ მამაჩემისთვის საუკეთესო მკურნალობა მეყიდა, დედაჩემისთვის — სიმშვიდე, ჩემთვის კი... სახელი, რომლის წინაშეც ყველას ქედი უნდა მოეხარა. მაგრამ დღეს, როცა რესტორანში ალექსანდრეს დაღლილ თვალებს შეეჩეხა, მან გააცნობიერა, რომ მის მილიონებს არავითარი ფასი არ ჰქონდა იმ სიმართლესთან შედარებით, რომელიც იმ ექიმის მზერაში იკითხებოდა. — შენ გაიმარჯვე, კირა ლიქოკელო, — მწარედ ჩიცინა — ოღონდ ეს გამარჯვება ყველაზე დიდ დამარცხებას ჰგავს. შენ მასწავლე გადარჩენა, ლონდონო, ჩაიჩურჩულა მან. მაგრამ არ გისწავლებია, როგორ მეცხოვრა იმ ადამიანთან ერთად, რომელიც გადარჩენისას საკუთარ თავში მოვკალი. ფანჯრის მიღმა თბილისი იღვიძებდა. კირა ლიქოკელი კი პირველად ცხოვრებაში გრძნობდა, რომ მისი „რკინის“ ჯავშანი პირველ ბზარს იღებდა. სასტუმროს ნომერში შუქი ჩააქრო. - ხვალ სხვა დღე იქნება, უთხრა მან საკუთარ თავს . მაგრამ თბილისის ღამე პასუხს არ სცემდა, ის მხოლოდ აჩქარებდა დროს იმ შეხვედრამდე, რომელისაც კირას ასე ძალიან ეშინოდა. xxx ალექსანდრესთვის ის ღამე, როდესაც რესტორანში კირა დაინახა, მხოლოდ მორიგი მძიმე მორიგეობა არ ყოფილა. ეს იყო დღე, როდესაც მისი თხუტმეტწლიანი ნებაყოფლობითი ამნეზია დასრულდა. ალექსანდრე სოლოლაკის სახლში დაბრუნდა.სახლში ისევ ის მძიმე სიჩუმე იდგა, რომელიც წლებია მისი ერთადერთი თანამცხოვრები იყო. ეს ბინა ახლა მუზეუმს ჰგავდა , ცივს, მტვრიანს და მოგონებებით გატენილს. სამზარეულოს ძველ სკამზე ჩამოჯდა და ხელები სახეზე აიფარა. მისი ხელები... ოდესღაც კირა ამბობდა, რომ ეს ხელები სამყაროს გადაარჩენდა. დღეს კი ეს ხელები მხოლოდ დაღლილობას გრძნობდნენ. ალექსანდრესთვის კირა ლიქოკელი არ ყოფილა უბრალოდ შეყვარებული; ის იყო მისი სინდისი. მაშინ, როცა ალექსანდრეს ოჯახში ყველაფერი ხელოვნური და ზედაპირული იყო — დაუთოებული პერანგებიდან დაწყებული, სტუმრებისთვის მორგებული ღიმილით დამთავრებული, კირა იყო ერთადერთი ნამდვილი რამ მის ცხოვრებაში. გონებაში ყოველი წამი ამოუტივტივდა, როგორ უთბობდა გაყინულ თითებს სკოლის ეზოში. როგორ იპარებოდნენ ერთად ფუნიკულიორის კიბეებზე, რომ ქალაქისთვის ზემოდან გადაეხედათ. როგორ სჯეროდა, რომ მისი გვარი, იაშვილობა, იყო არა ბარიერი, არამედ ძალა, რომლითაც კირას დაიცავდა. ალექსანდრეს არასოდეს ადარდებდა კირას გაცვეთილი პალტო ან მამამისის საქმიანობა „მშრალ ხიდზე“. პირიქით, კირას სიღარიბეში ხედავდა იმ ღირსებას, რომელიც მის მდიდრულ მისაღებში, მისი წარმოსახვით არავის ჰქონდა. როდესაც კირამ სადარბაზოსთან ის საშინელი სიტყვები უთხრა, რომ ის მხოლოდ „ბილეთი“ იყო უკეთესი ცხოვრებისკენ, რომ ის „დედიკოს ბიჭი“ იყო, ალექსანდრეს სამყარო ერთ წამში ჩამოიქცა. ის არ ბრაზობდა კირაზე. ის საკუთარ თავზე ბრაზობდა. მას ეგონა, რომ კირას თვალებში დანახული ზიზღი სიმართლე იყო. მას აზრადაც არ მოსვლია, რომ მამამისი, ბატონი ვახტანგი, ასეთ დახვეწილ სისასტიკეზე წავიდოდა. ალექსანდრე იმ ღამეს ისე წავიდა სახლში, თითქოს შიგნიდან გამოფიტეს. ის დანებდა და მიიღო მშობლების გეგმა, წასულიყო გერმანიაში და აეწყო ბრწყინვალე კარიერა. მიუნხენში ალექსანდრე ყველაზე პერსპექტიული რეზიდენტი იყო. ის მუშაობდა რობოტივით. დღის უმეტეს ნაწილს კლინიკაში ატარებდა, თავისუფალ დროს არ იტოვებდა, რათა მისი ფიქრები წარსულიდან ისევ არ ამოტივტივებულიყო. ამ დროს უძლური ხდებოდა. ის კარგა ხანს ცდილობდა კირას ამბების გაგებას. რეკავდა თბილისში, კითხულობდა საერთო ნაცნობებთან, სოციალური ქსელებით ცდილობდა მის მოძებნას, მაგრამ ერთადერთი, რაც გაიგო, ის იყო, რომ კირა საქართველოდან წავიდა. სად — არავინ იცოდა. „იქნებ მართალი იყო?“ -ფიქრობდა ალექსანდრე მიუნხენის ცივ ქუჩებში სეირნობისას. „იქნებ მართლა ვეზიზღებოდი და ახლა სადმე სხვა ცხოვრებას იწყებს, სადაც მე აღარ ვარსებობ?“ სწორედ ამ გაურკვევლობამ და იმედგაცრუებამ მიიყვანა იმ საბედისწერო შეცდომამდე. საოპერაციო მაგიდასთან, როცა პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდა. საოპერაციო მაგიდაზე წამით კირას თვალები დაინახა. დანამ უღალატა. პაციენტი გადარჩა, მაგრამ ალექსანდრეს კარიერა გერმანიაში დასრულდა. მან თავად დაწერა განცხადება და წამოვიდა. „ოქროს ბიჭის“ როლის თამაში დასრულდა. თბილისში დაბრუნებული ალექსანდრე სახლში მტერი დახვდა. შენ ჩვენი გვარი შერცხვინე! უყვიროდა ვახტანგი. მაგრამ ალექსანდრეს უკვე აღარ ეშინოდა. მამის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე, გაიგო სიმართლე, ელენეს წამოსცდა იმ გარიგების შესახებ, სადაც კირას მამის სიცოცხლე დაიდო ფსონად. იმ დღეს ალექსანდრემ საბოლოოდ გაწყვიტა კავშირი „იაშვილობასთან“. თითქოს მამის ჩადენილი სისასტიკის საპასუხოდ აირჩია სასწრაფო დახმარების ექიმად მუშაობა. მან აირჩია მარტოობა. თხუთმეტი მტკივნეული წელი ისე გავიდა, რომ ალექსანდრეს გულს არავინ მიკარებია. იყვნენ ქალები, კოლეგები, რომლებიც ცდილობდნენ მის „გალღობას“, მაგრამ ალექსანდრე მათთვის მიუწვდომელი იყო. ის ცხოვრობდა მორიგეობიდან მორიგეობამდე. მისი ერთადერთი ნუგეში ის იყო, რომ დღეში რამდენიმე ადამიანს სიკვდილისგან იხსნიდა. და აი, ის რესტორანი... როდესაც კირა დაინახა, პირველი, რაც იგრძნო, შოკი იყო. არა იმიტომ, რომ ის ახლა სულ სხვა ქალი იყო, არამედ იმიტომ, რომ ის დაინახა, რისგანაც ასე ძალიან იცავდა, კირა ისეთივე ცივი, მიუწვდომელი და ძლიერი გამხდარიყო, როგორიც მამამისი იყო. — კირა... — ჩაიჩურჩულა მან ახლა, ცარიელ სამზარეულოში. შენ მართლა ააშენე ის კედელი, რომელზეც მაშინ ყვიროდი. ალექსანდრემ თავისი გაცვეთილი ჩანთა აიღო. მასში ისევ იდო ის პატარა ნივთი, რომელიც წლებია თან დააქვს, კირას ძველი რვეულიდან ამოხეული ფურცელი, სადაც გოგონამ ოდესღაც დაწერა: „სულ ერთად, ალექს“. ბევრი შესაძლო ვარიანტი დაუშვა გონებაში, თუ რატომ დაბრუნდა კირა, ყველაზე რეალისტურად წარსულზე შურისძიება მოეჩვენა, ალექსანდრე კი... ალექსანდრე უბრალოდ დაიღალა გაქცევით. სარკესთან მივიდა.საკუთარი ანარეკლი შეათვალიერა, დაღლილი სახე, ნაცრისფერი თმა საფეთქლებთან. — მე არაფერი მაქვს შენთვის მოსაცემი, კირა, თქვა მან ხმამაღლა. — გარდა იმ სიმართლისა, რომელმაც ორივე დაგვღუპა. ალექსანდრე სამზარეულოს მაგიდასთან დაჯდა და მზერა ერთ წერტილს მიაპყრო. შემდეგ, თითქოს რაღაც გაახსენდაო, მარცხენა ხელი ჰაერში ასწია და პალტოს სახელო გადაიწია. მის მაჯაზე უბრალო, ოდნავ გაცვეთილი ტყავის სამაჯურიანი საათი ეკეთა. ეს არ იყო „როლექსი“ ან რომელიმე ძვირადღირებული ბრენდი, რომელსაც მისი ოჯახის წევრები ატარებდნენ. ეს იყო საათი, რომელიც კირამ მეთერთმეტე კლასში, მის დაბადების დღეზე აჩუქა. კირამ მაშინ მთელი ზაფხული აგროვებდა ფულს, რომ ეს საჩუქარი ეყიდა. „ეს იმიტომ, რომ ყოველი წუთი, რომელსაც ჩემ გარეშე გაატარებ, დაითვალო,“ — უთხრა მაშინ გოგონამ სიცილით და საათი მაჯაზე მოარგო. ალექსანდრეს ეს საათი არასდროს მოუხსნია. არც მიუნხენის პრესტიჟულ კლინიკაში, სადაც კოლეგები გაოცებულები უყურებდნენ მის „იაფფასიან“ აქსესუარს და არც სასწრაფო დახმარების მანქანაში, სადაც ეს საათი ადამიანების სიკვდილ-სიცოცხლის ბოლო წუთებს ითვლიდა. ეს საათი იყო მისი ერთადერთი კავშირი იმ რეალობასთან, სადაც ის და კირა ჯერ კიდევ არსებობდნენ. ის საათს დაჰყურებდა. ის ისევ მუშაობდა. ისევ ისე ზუსტად წიკწიკებდა, როგორც იმ დღეს, როცა კირამ პირველად აკოცა. — შენ გეგონა, რომ დრომ ყველაფერი წაშალა, კირა... — ჩაიჩურჩულა მან და საათის მინას თითი გადაუსვა. მაგრამ მე ყოველი წამი დავითვალე. ყველა ის წამი, რომელიც შენს გარეშე ვიცხოვრე. ბადრი მთვარე დაჰყურებდა ქალაქს, თბილისის სხვადასხვა ნაწილში ორი გული რითმულად სცემდა. ხვალ სხვა დღე იქნება, იმედიანი..... xxx თხუთმეტწლიანი განშორების შემდეგ თბილისის აეროპორტში პირველად დადგა ფეხი . ის არ ჩამოსულა როგორც ემიგრანტი, ის ჩამოვიდა როგორც გამარჯვებული და წარმატებული ქალი. ძვირადღირებული პალტო, იდეალური ვარცხნილობა და მზერა, რომელიც არავის ინდობდა. მას სურდა, რომ ეს ქალაქი მისი ფეხქვეშ გაგებულიყო. თუმცა, ყველაზე მეტად მშობლებთან ემოციური შეხვედრისთვის ემაზადებოდა. მას აინტერესებდა როგორი იყო თხუთმეტწლიანი შრომით შექმნილი სამყარო. ჩემოდნები ჩაალაგა, სასტუმროს თანამშრომლებს დაემშვიდობა და მანქანის უკანა სავარძელზე მოკალათდა. სახლი ქოშიგორაზე მისი ახდენილი ოცნება იყო. ყველაფერი დისტანციურად მოაწყო: საუკეთესო დიზაინერები, უძვირფასესი მასალები, თანამედროვე ტექნიკა. მას უნდოდა, რომ მის მშობლებს აღარასდროს გახსენებოდათ სოლოლაკის ნესტიანი კედლები და მეზობლების ხმაური. როდესაც კირა ეზოში შევიდა, მარიამი და გიორგი ვერანდაზე ისხდნენ. ისინი ისე გამოიყურებოდნენ ამ გრანდიოზულ გარემოში, როგორც შემთხვევით მოხვედრილი მგზავრები მდიდრულ სასახლეში. — დედა... მამა... — თქვა კირამ და სათვალე მოიხსნა. მარიამი წამოხტა, მისი თვალები ცრემლით აივსო. ის კირასკენ გაიქცა, მაგრამ შუა გზაზე შედგა. მან დაინახა არა თავისი შვილი, არამედ უცხო, ცივი და საოცრად ლამაზი ქალი. კირას ჩახუტებაც კი სხვანაირი იყო, მოზომილი, თითქოს ეშინოდა, რომ მისი იდეალური იმიჯი არ დამსხვრეულიყო. გიორგი ნელა წამოდგა. ის დიდხანს უყურებდა შვილს. — მოხვედი, კირა? — ჩუმად ჰკითხა მან. — მოვედი, მამა.- უთხრა კირამ და მამას გულში ჩაეკრა, ემოციების ზღვამ გადაუარა. თვალები ცრემლებით გაევსო. თხუთმეტი წლის შემდეგ, ისინი კვლავ ერთად იყვნენ. სახლში შევიდნენ. ათვალიერებდა ოთახებს, თითქოს თავის საკუთრებას კი არა, ინვენტარს ამოწმებდა. მამის კაბინეტში შეიჭყიტა, შემდეგ დედისთვის მოწყობილ უზარმაზარ სამზარეულოს მოავლო თვალი. დედას უყვარდა სამზარეულოში ფუსფუსი, თუმცა ამას უკვე იშვიათად ახერხებდა, მომომსახურე პერსონალი კირას მითითებებს ასრულებდა და ქალბატონ მარიამს დედოფალივით დაჰფოფინებდნენ. კირა ელოდა აღტაცებას. ელოდა, რომ მამამისი ეტყოდა: „ამაყი ვარ შენით“. მაგრამ გიორგი ჩუმად იყო. ის ხელს უსვამდა ცივ, მარმარილოს ზედაპირებს და სახეზე მხოლოდ სევდა ეხატებოდა. — კირა, შვილო... -დაიწყო მარიამმა სადილობისას, როცა უზარმაზარ მაგიდასთან მხოლოდ სამნი ისხდნენ. ეს ყველაფერი ძალიან ლამაზია. მართლა. მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სასტუმროში ვართ. აქ სოლოლაკის სუნი არ არის. აქ შენი სიცილის ხმა არ ისმის. — სოლოლაკი წარსულია, დედა! კირამ ჩანგალი თეფშზე დადო. - იქ აღარაფერი დაგვრჩენია. ჩვენ ახლა სხვა ცხოვრება გვაქვს. მე ეს ყველაფერი თქვენთვის გავაკეთე. — ჩვენთვის თუ შენი სინდისისთვის, კირა? - მოულოდნელად ჰკითხა გიორგიმ. მისი ხმა მშვიდი იყო, მაგრამ სიტყვები სამართებელივით ჭრიდა ჰაერს. -შენ გგონია, რომ თუ ამ ოქროს კედლებში დაგვამწყვდევ, ჩვენ დავივიწყებთ, რა ფასად დაგვიჯდა ეს ყველაფერი? მე ყოველდღე ვუყურებ ამ ხედს და ვფიქრობ იმ ბიჭზე, ალექსანდრეზე. მან ყველაფერი დაკარგა შენი წასვლით. კირა ფეხზე წამოდგა. გაფითრდა. — ალექსანდრეზე ნუ მელაპარაკები! ის ჩემთვის არ არსებობს. მე ავირჩიე შენი სიცოცხლე და ჩემი მომავალი. ოთახიდან გავარდა. უჩვეულო საღამო გამოვიდა, მიხვდა, რომ მშობლებმა მისი „საჩუქარი“ მიიღეს, მაგრამ მისი სული ვეღარ იცნეს. კირა იჯდა თავის საძინებელში და უყურებდა ლონდონიდან ჩამოტანილ ფოტოებს. იქ ის სხვანაირი იყო, წარმატებული, უდარდელი (ან ასე ჩანდა). თბილისმა კი მასში ისევ ის ტკივილი გააღვიძა, რომლის ჩაკვლასაც თხუთმეტი წელი მოანდომა. — მათ ვერ მაპატიეს... ჩაიჩურჩულა მან. მათ ვერ მაპატიეს, რომ გადავარჩინე. კირამ იცოდა, რომ მშობლები მასში იმ „მსხვერპლს“ ხედავდნენ, რომელიც მათ გამო გაიღო და სწორედ ეს იყო მისი ყველაზე დიდი სასჯელი , ყოფილიყო გმირი საკუთარი მშობლების თვალში, მაგრამ ყოფილიყო მოღალატე საკუთარი გულის წინაშე. გადაწყვიტა, რომ დილით ისევ საქმეს დაბრუნებოდა. მხოლოდ საქმეში „გაქცევა“აძლევდა მას ძალას, რომ ეს ემოციური ჭაობი გადაელახა. xxx თბილისური აპრილი წელს უჩვეულოდ პრეტენზიული და ცვალებადი აღმოჩნდა. ის ჰგავდა ძველ არისტოკრატს, რომელიც თავის გაცვეთილ, მაგრამ მაინც დიდებულ სამოსში გამოწყობილი, ხან მზის ოქროსფერი ღიმილით გაგაბრუებდა, ხანაც მოულოდნელი, ცივი წვიმით შეგახსენებდა, რომ ზამთარს ჯერ კიდევ არ დაუტოვებია მისი ძვლები. სახლის აივნიდან კირა ლიქოკელი უყურებდა, როგორ იღვიძებდა ქალაქი. დილის ნისლი მტკვრის თავზე მძიმე, თეთრი საბანივით გაწოლილიყო, თითქოს ცდილობდა დაეფარა ის ჭრილობები და ქაოსი, რასაც თბილისის ყოველდღიურობა ერქვა. ფერდობზე გაბნეული სახლები ნელ-ნელა ფხიზლდებოდნენ, მათი ფანჯრებიდან არეკლილი პირველი სხივები კი კირას თვალებს სჭრიდა, იმ თვალებს, რომლებმაც ლონდონის ნისლსა და ნიუ-იორკის შუშის ცათამბჯენებში სიცივე ისწავლეს. ჰაერში ტრიალებდა ის სპეციფიკური, მხოლოდ ამ ქალაქისთვის დამახასიათებელი სუნი: გამომცხვარი პურის, მანქანების გამონაბოლქვისა და აყვავებული ტყემლის ნაზავი. ეს სუნი კირასთვის ნამდვილი წამება იყო. ის ყელში ბურთივით ეჩხირებოდა და აიძულებდა გაეხსენებინა ის წლები, როცა ამ ქუჩებში არა როგორც „ვიცე-პრეზიდენტი“, არამედ როგორც უბრალო, იმედებით სავსე გოგონა დადიოდა. ეხლა კი, მისი ყოველი დღე დაგეგმილი იყო წუთობრივი სიზუსტით: შეხვედრები ინვესტორებთან, ვიზიტი სამინისტროში, ონლაინ-კონფერენცია ლონდონთან. ეს იყო მისი სამყარო. ციფრების, გრაფიკების და ძალაუფლების სამყარო, სადაც ემოციები მხოლოდ ხელისშემშლელი ფაქტორი იყო. კირამ ასისტენტს დაურეკა და მოკლე მითითება მისცა : თბილისში დარჩენას ვაგრძელებ. პროექტის პირველ ფაზას პირადად ჩავიბარებ. ყველა საერთაშორისო ზარი აქ გადმოამისამართეთ. რატომ დარჩა? საკუთარ თავს აჯერებდა, რომ პროექტი რთული იყო და მის მეთვალყურეობას საჭიროებდა. სინამდვილეში კი აზარტმა შეიპყრო, არ სურდა წასულიყო ისე, რომ პასუხი არ გაეცა იმ კითხვისთვის, რომელიც გუშინ ალექსანდრეს დაღლილ თვალებში დაინახა, ამით მისი ეგო კიდევ ერთხელ ამაღლდებოდა. სურდა დაემტკიცებინა, პირველ რიგში საკუთარი თავისთვის, რომ ის ქალი, რომელიც მთაწმინდის აღმართზე ტიროდა, დიდი ხნის წინ მოკვდა. მთელი დღე შეხვედრებზე გაატარა. შავი „მერსედესის“ უკანა სავარძელზე მჯდომი, ის ქალაქს მინის მიღმა უყურებდა. თბილისი მისთვის უცხო სხეულივით იყო. ის ხედავდა ხალხს, რომელსაც სადღაც ეჩქარებოდა და ფიქრობდა — ნეტავ მათაც თუ აქვთ ისეთივე საიდუმლოებები, როგორიც მას? „ალექსანდრე ალბათ ფიქრობს, რომ მე ბედნიერი ვარ,“ — გაიფიქრა კირამ, როცა ერთ-ერთი მაღალჩინოსნის კაბინეტიდან გამოდიოდა. ჰგონია, რომ ლონდონში ჩემი ცხოვრება ჩემი წრის, ჩემი სტატუსის კაცს დავუკავშირე, რომელიც ჩემსავით ცივია. დაე, ასე ეგონოს. ასე ორივესთვის კარგია.“ აკვირდებოდა სოლოლაკის ვიწრო ქუჩებს. აქ დრო თითქოს სხვა რიტმით მიედინებოდა. ძველი იტალიური ეზოების აივნებზე გაფენილი სარეცხი, რომელიც ქარში ზარმაცად ირხეოდა, მას იმ დროს ახსენებდა, როცა ალექსანდრე მის ფანჯრებთან საათობით იდგა. ქალაქის ეს ნაწილი ახლა მისთვის დანგრეულ დეკორაციას ჰგავდა. ხავსმოდებული კედლები, აყრილი ასფალტი და ის სადარბაზოები, სადაც სიბნელესა და ნესტს შორის პირველი კოცნის გემო იყო შენახული. კირას უკვირდა, როგორ შეეძლო ალექსანდრეს აქ დარჩენა. როგორ შეეძლო ესუნთქა ამ მტვრით, როცა მთელი სამყარო ღია იყო მისთვის? „თბილისი მახეა,“ — ფიქრობდა კირა, როცა შავი „მერსედესი“ თავისუფლების მოედანზე ნელა მიგორავდა. ის გეფერება, გაჯადოებს თავისი ძველი ხიბლით, მერე კი ფეხებში ჩაგეჭიდება და აღარ გიშვებს. ალექსანდრე ამ მახეში გაება. მან ვერ შეძლო გაწყვეტა. მან ვერ შეძლო გამხდარიყო ის, ვინც უნდა ყოფილიყო.“ საპირისპიროდ, ალექსანდრესთვის ეს ქალაქი სულ სხვაგვარი იყო. მისთვის თბილისი არ იყო დეკორაცია, ის იყო ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც სტკიოდა. როცა ღამის მორიგეობიდან ბრუნდებოდა, ის ხედავდა არა დანგრეულ ფასადებს, არამედ ადამიანებს ამ ფასადების მიღმა. მისთვის აპრილის წვიმა არ იყო უსიამოვნო ნესტი, ეს იყო წყალი, რომელიც ქალაქს სიყალბეს ჰბანდა. მას უყვარდა ეს სუსხიანი დილა, როცა ქუჩები ჯერ კიდევ ცარიელი იყო და მხოლოდ მეეზოვეების ცოცხების ხმა ისმოდა. ამ დროს თბილისი მას ეკუთვნოდა, ისეთივე მარტოსული და ისეთივე დაღლილი, როგორიც თავად იყო. — შენ ამ ქალაქს აღარ ეკუთვნი, კირა, შენ ლონდონის ნისლმა გადაგყლაპა. აქაური მზე შენს კანს ვეღარ გაათბობს. ქალაქში იასამნები აფეთქდა. მათი იასამნისფერი და თეთრი ყვავილები ყველგან იყო, ეზოებში, სკვერებში. კირამ მძღოლს სთხოვა, ერთი თაიგული ეყიდა მისთვის. შემთხვევით აღმოჩნდნენ სასწრაფო დახმარების სადგურთან .სანამ მძროლი თაიგულს არჩევდა კირამ შორიდან დაინახა მანქანების რიგი. ერთ-ერთ მანქანასთან მაღალი სილუეტი შენიშნა — ალექსანდრე იყო. ის ისეთივე მშვიდი ჩანდა, როგორც თხუთმეტი წლის წინ. კირას მოუნდოდა მანქანიდან გადასულიყო, მაგრამ ადგილზე გაიყინა. — არა, თქვა ხმამაღლა. — ის უკვე სხვაა. მე — მით უმეტეს. მძღოლმა თაიგული მიაწოდა, როდესაც მანქანის სალონი ყვავილების სურნელით აივსო, კირამ თვალები დახუჭა და მოგონებებში ჩაიძირა. ალექსანდრემ კი, თითქოს იგრძნო ვიღაცის მზერაო, ქუჩისკენ გამოიხედა, მაგრამ შავ მინებიანი მანქანა უკვე გაქრა მოსახვევში, ამოიოხრა და მორიგეობაზე შევიდა. ის დარწმუნებული იყო, რომ კირა მას არასდროს მოძებნიდა. რატომ უნდა მოეძებნა? მას ხომ მთელი მსოფლიო ჰქონდა ფეხქვეშ, ალექსანდრეს კი — მხოლოდ ძველი მოგონებები და სტეთოსკოპი. ორივე თავის სიმართლეში იყო ჩაკეტილი. ორივეს ეგონა, რომ მეორემ სიყვარული დაივიწყა და სწორედ ეს ტყუილი იყო მათი ყველაზე დიდი ტრაგედია. თბილისი კი განაგრძობდა არსებობას თავისი ხმაურიანი ბაზრობებით, ჩუმი ეკლესიებითა და დაუსრულებელი საცობებით. ის ელოდა მომენტს, როცა ეს ორი ადამიანი, რომლებიც ერთმანეთს მხოლოდ წარსულის აჩრდილებით იცნობდნენ, საბოლოოდ შეხვდებოდნენ იქ, სადაც ყველაფერი დაიწყო, მთაწმინდის იმ ვიწრო ქუჩაზე, სადაც აპრილის წვიმა მათ ცოდვებსა და ტკივილს ერთმანეთში არევდა. xxx კირა ლიქოკელის სამუშაო დღე დილის ექვს საათზე იწყებოდა. ეს იყო მკაცრი, თითქმის სამხედრო რუტინა, რომელიც მას წლების განმავლობაში იცავდა ზედმეტი ფიქრებისგან. სპორტულ დარბაზში სირბილისას ის ყურსასმენებში ლონდონის საფონდო ბირჟის სიახლეებს უსმენდა. ყოველი მისი ნაბიჯი იყო მტკიცე, გათვლილი, თითქოს ყოველ დარტყმას იატაკზე საკუთარი წარსული უნდა გაეთელა. ცხრა საათზე ის უკვე შავი "მერსედესის" უკანა სავარძელზე იჯდა. მისი ყოველდღიურობა თბილისში შედგებოდა მაღალი რანგის შეხვედრებისგან, სადაც ის "რკინის ლიქოკელი" იყო. ის ხვდებოდა მინისტრებს, ბანკირებს, ადამიანებს, რომლებიც მასში მხოლოდ უზარმაზარ კაპიტალს ხედავდნენ. კირა სიამოვნებით ატარებდა ამ ნიღაბს. ის იყო სექსუალური, დახვეწილი და ცივი. ოდნავ ქედმაღალი აქცენტით საუბრობდა და არასდროს უშვებდა ახლოს არავის. თუმცა, ამ ბრწყინვალე ფასადის მიღმა რაღაც იბზარებოდა. ყოველ საღამოს, როცა შეხვედრები სრულდებოდა, ის მარტო რჩებოდა თავის ოთხში. იქ კი, ძვირადღირებული კაბის გახდისას, ის ისევ ის გოგონა ხდებოდა, რომელსაც სოლოლაკის ნესტიანი კედლების სუნი ახსოვდა. ალექსანდრე მის ფიქრებში დაუპატიჟებელ სტუმარივით დასახლდა. კირა ცდილობდა დაერწმუნებინა საკუთარი თავი, რომ ის, რაც რესტორანში ნახა, უბრალოდ იღბალ შეცვლილი კაცის სურათი იყო. "ის დამარცხდა," — იმეორებდა ის გონებაში. მას შეეძლო ევროპაში დარჩენილიყო, შეეძლო მამამისის იმპერია ემართა, მაგრამ მან აირჩია... რა? ყოველდღიური მძიმე ხვედრი და რისკი. ეს სისუსტეა, მე კი სუსტი ადამიანები არასდროს მიყვარდა." მაგრამ გულის სიღრმეში იცოდა, რომ ეს ტყუილი იყო. ალექსანდრეს თვალებში დანახული სიმშვიდე უფრო მეტად აშინებდა, ვიდრე ნებისმიერი აგრესია. ეს იყო იმ ადამიანის სიმშვიდე, რომელმაც საკუთარი თავი იპოვა იქ, სადაც სხვები მხოლოდ ტალახს ხედავდნენ. ერთ საღამოს, როცა თბილისს მორიგი, თბილი აპრილის წვიმა დაატყდა თავს, კირამ უბრალო, ნაცრისფერი ლაბადა მოიცვა და მძღოლს სთხოვა რუსთაველამდე გაეყვანა, იქ კი მარტომ გააგრძელა ხეტიალი ვიწრო ქუჩებში. სურდა ისევ შეეეგრძნო მისი ბავშვობის ქალაქი. ის ნელა მიუყვებოდა რუსთაველს, მერე კი თითქოს მისი ნების საწინააღმდეგოდ, ფეხებმა სოლოლაკისკენ წაიყვანა. აქ ქუჩის განათება უფრო მკრთალი იყო, ჰაერი კი უფრო მძიმე. ყოველი ნაბიჯი ქვაფენილზე ექოსავით უბრუნდებოდა. აი, ის კუთხეც, სადაც ოდესღაც ალექსანდრესთან ერთად ნაყინს ჭამდა. ეს სადარბაზოები, ყველა მოგონება ერთიანად ირეოდა გონებაში. კირა ერთ-ერთი ძველი სახლის წინ გაჩერდა. ხის აივნებიდან წვიმის წვეთები რიტმულად ეცემოდა ასფალტს. მან იგრძნო, როგორ აეწვა ყელი. ეს ქალაქი მას არ ინდობდა. ის სთხოვდა პასუხს ყველაფერზე, რაც თხუთმეტი წლის წინ დატოვა. უნებურად, მან ალექსანდრეს სახლისკენ დაიწყო სვლა. არა, შესვლას არ აპირებდა. უბრალოდ უნდოდა დაენახა ის ფანჯრები, სადაც ოდესღაც შუქი მისთვის ინთებოდა. ქუჩის ბოლოს სასწრაფო დახმარების მანქანა დაინახა. ის ერთ-ერთ სადარბაზოსთან იდგა, ლურჯი შუქურები ჩუმად, ყოველგვარი ხმის გარეშე ანათებდნენ სველ კედლებს. კირა ჩრდილში მიიმალა. კარი გაიღო და შენობიდან ორი ექიმი გამოვიდა. ერთი მათგანი ალექსანდრე იყო. მას საკაცე ეჭირა, რომელზეც მოხუცი ქალი იწვა. ალექსანდრეს მოძრაობები იყო სწრაფი, მაგრამ საოცრად ფრთხილი. ის რაღაცას ეუბნებოდა მოხუცს, ალბათ ამშვიდებდა. წამით თავი ასწია და იმ მიმართულებით გამოიხედა, სადაც კირა იდგა. კირას სუნთქვა შეეკრა. მიუხედავად იმისა, რომ სიბნელეში იდგა და ალექსანდრეს მისი დანახვა არ შეეძლო, კირამ მაინც იგრძნო ის უხილავი ქიმია, რომელიც მათ შორის წლების შემდეგაც კი არ გამქრალიყო. მანქანა დაიძრა და ნელა გაუჩინარდა მოსახვევში. კირა მარტო დარჩა წვიმაში. წამიერი სისუსტე იგრძნო, სურდა ეყვირა, დადევნებოდა იმ მანქანას, მაგრამ ამის ნაცვლად, უფრო მჭიდროდ შემოიხვია ლაბადა და ქვაფენილს აუყვა. იმ ღამეს კირამ სახლში დაბრუნებისას სარკეში საკუთარ თავს ჩახედა. მისი თვალებიდან "რკინის ლიქოკელი" გაქრალიყო. იქ მხოლოდ დაღლილი, დაბნეული ქალი ჩანდა. "რატომ არ წახვედი, ალექსანდრე?" ჩაიჩურჩულა მან. რატომ დარჩი აქ, ამ ნანგრევებში? კირამ იცოდა, რომ ხვალ ისევ უნდა ჩაეცვა ძვირფასი კოსტიუმი, ისევ უნდა გაემართა მოლაპარაკებები, მაგრამ თბილისის ამ ქუჩებმა მასში რაღაც შეცვალეს. მოსვენებას არ აძლევდა იმაზე ფიქრი რამ აიძულა ალექსანდრე, უარი ეთქვა იმ ბენეფიტებზე, რასაც იაშვილების ოჯახი სთავაზობდა. ამ დროს ალექსანდრე სასწრაფოს მანქანაში იჯდა და მოხუცის პულსს სინჯავდა. მას ისევ ის შეგრძნება ჰქონდა, რომ ვიღაც უყურებდა. ვიღაც ნაცნობი, შორეული და მტკივნეული. — ყველაფერი კარგად იქნება, ბებო, - უთხრა მან პაციენტს, მაგრამ თავად არ სჯეროდა საკუთარი სიტყვების. ამ ქალაქში აღარაფერი იყო "კარგად". აქ მხოლოდ წარსული იყო, რომელიც მათ ორივეს ყელში სწვდა და გაშვებას არ უპირებდა. შაბათი დილა თბილისში მძიმე და მტვრიანი გათენდა, თუმცა რაც უფრო მაღლა მიიწევდა კირას მანქანა ქოშიგორას ციცაბო აღმართებზე, ჰაერი მით უფრო გამჭვირვალე და ცივი ხდებოდა. აქ, თბილისის ამ ახალ, ფეშენებელურ უბანში, სადაც სახლები ციხესიმაგრეებს ჰგავდა, კირამ მშობლებისთვის ნამდვილი სამოთხე მოაწყო. თეთრი ქვით ნაშენი ვილა, უზარმაზარი ვიტრაჟებით, რომლებიც მთელ თბილისს გადაჰყურებდა , ეს იყო მისი გამარჯვების ძეგლი. გამარჯვებისა, რომელიც თხუთმეტი წლის წინ დადებული პირობის შესრულებას ნიშნავდა. კირა ეზოში შევიდა. ბაღი იდეალურად იყო მოვლილი, მწვანე გაზონი და დეკორატიული მცენარეები ისე გამოიყურებოდა, თითქოს ჟურნალის გარეკანიდან გადმოსულიყვნენ. თუმცა, შუაგულ ბაღში ერთი უცნაური დეტალი მოზვდა თვალში, ეზოს კუთხეში გიორგის, ძველი, გაცვეთილი ხის სკამი დაედგა, რომელიც სოლოლაკის ეზოდან წამოეღო. ეს სკამი ამ ფუფუნებაში ისე ჩანდა, როგორც ღია ჭრილობა სუფთა სხეულზე. სახლში მარიამის მიერ მომზადებული კერძების სურნელი ტრიალებდა. დედამისი, რომელიც ადრე ყოველთვის დაღლილი და ნაცრისფერი ჩანდა, ახლა ძვირფას ხალათში გამოწყობილი, მშვიდი სახით ხვდებოდა შვილს. — როგორ ხარ, მამა? - ჰკითხა კირამ და მის წინ ჩამოჯდა. გიორგიმ თბილისს გადახედა ფანჯრიდან. — კარგად, შვილო. აბა რა მიშავს... ამ სიმაღლიდან ქალაქი ისეთი პატარა ჩანს, გეგონება, მასში ადამიანების ტკივილიც არ ეტევაო, — თქვა მან ჩუმად. — ექიმი მოვიდა გუშინ? ანალიზები როგორია? კირას ხმა საქმიანი იყო, თითქოს მორიგ კონტრაქტზე საუბრობდა. — მოვიდა, კირა, მოვიდა... — ჩაერია მარიამი. საუკეთესო ექიმები გვყავს, შენი წყალობით. მაგრამ მამაშენი მაინც იმ თავის ძველ უბანზე ოხრავს. გუშინაც მითხრა, იქნებ სოლოლაკში ჩავიდეთ, „მშრალ ხიდზე“ გავიაროო. სადილად დასხდნენ. სიჩუმეს დანა-ჩანგლის ხმაური არღვევდა. გიორგიმ კირას შეხედა. მის თვალებში, რომლებიც ოპერაციის შემდეგ უფრო ჩაცვენილი და ბრძენი გამხდარიყო, სინანული იკითხებოდა. — კირა, შვილო..-. დაიწყო მან და ხმა აუკანკალდა. ამ სახლის ყოველი ქვა ჩემს სინდისზეა. მე ვიცი, რა დათმე ჩემს გამო. ის ბიჭი... ალექსანდრე... გუშინ ტელევიზორში ვნახე. სიუჟეტი იყო სასწრაფოს ექიმებზე. ისევ ისეთი თვალები აქვს, როგორიც მაშინ, ჩვენს სადარბაზოსთან რომ იდგა და გელოდა. კირამ იგრძნო, როგორ გაეყინა სისხლი. მან ჩანგალი თეფშზე დადო. ხმაური ამ მკვდარ სიჩუმეში გასროლასავით გაისმა. — მამა, ჩვენ ეს თემა დავხურეთ. მე ყველაფერი მაქვს, რაც მინდოდა. თქვენც ყველაფერი გაქვთ. დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს. — მნიშვნელობა ყველაფერს აქვს, - მიუგო გიორგიმ. ფულით სიცოცხლე ვიყიდეთ, მაგრამ სიმშვიდე ვერა. შენს თვალებში მე ისევ იმ ჩვიდმეტი წლის გოგოს ვხედავ, რომელმაც საკუთარი გული მომცა და ჩემს დაზიანებულ გულში ჩამიდო, რომ მესუნთქა. კირა ადგა. მისი სკამი იატაკზე უსიამოვნოდ გასრიალდა. — მამა,მე შენი სიცოცხლე ავირჩიე ! მნიშვნელობა არ აქვს, რა დავთმეთ. მთავარია, რომ აქ ხართ, ცოცხლები და ჯანმრთელები. ალექსანდრე იაშვილმა კი თავად გააკეთა თავისი არჩევანი. მას შეეძლო ებრძოლა, მაგრამ მან დანებება ამჯობინა. მას უბრალოდ არ ეყო ვაჟკაცობა, რომ ყველაფრისთვის ზურგი ექცია. გიორგის გახედა, ვეღარ გაუძლო მამისსევდიან მზერას. აივანზე გავიდა და ქალაქს გადახედა. იქ, ქვემოთ, თბილისი დუღდა, აქ კი, ქოშიგორაზე, ყველაფერი ისეთი სტერილური და უსიცოცხლო იყო, როგორც საოპერაციო ბლოკი. ყოველ შაბათს ალექსანდრე თავისი მოხუცი „მერსედესით“ წყნეთისკენ მიიწევდა. მანქანაში მედიკამენტების სუნი ტრიალებდა, ისეთივე მძიმე და სპეციფიკური, როგორიც მისი ცხოვრება იყო ბოლო წლებში. წყნეთის აგარაკი, რომელიც ოდესღაც იაშვილების სიამაყე იყო, ახლა ელენეს მომაკვდავ სამყაროდ ქცეულიყო. სახლის ფასადი გაუფერულებულიყო, ბაღი კი ველურ მცენარეებს დაეფარათ. როდესაც ალექსანდრე სახლში შევიდა, მას მომვლელი, ქალბატონი ნანა დახვდა: — დღეს ძალიან მშვიდადაა, ბატონო ალექსანდრე. სულ ფანჯარაში იყურება და ვახტანგს ეძახის, ჩაჩურჩულა ქალმა. ალექსანდრე დედის ოთახში შევიდა. ელენე სავარძელში იჯდა, პლედი ჰქონდა მოხვეული. მისი სახე, რომელიც ოდესღაც სილამაზითა და ქედმაღლობით გამოირჩეოდა, ახლა ცვილის ნიღაბს ჰგავდა. ოთახში ყველგან ვახტანგის ფოტოები ეწყო — წარმატებული, გაღიმებული პროფესორი, რომელიც ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მის იმპერიას ასეთი დასასრული ექნებოდა. — ვახტანგ? შენ ხარ? - წამოიჩურჩულა ელენემ, როცა ალექსანდრეს ნაბიჯების ხმა გაიგონა. მისი ხმა ისეთი სუსტი იყო. — მე ვარ, დე, ალექსანდრე. ყავა მოგიტანე. ელენემ ნელა მოაბრუნა თავი. მის თვალებში წამიერად გაკრთა გონების ნაპერწკალი, რომელიც მაშინვე შიშმა შეცვალა. — ალექსანდრე... რატომ არ ხარ კლინიკაში? მამაშენმა თქვა, რომ დღეს მნიშვნელოვანი ოპერაცია გაქვს. არ შეიძლება აგვიანებდე! ალექსანდრემ მწარედ ჩაიღიმა და დედას ხელი ხელზე მოჰკიდა. ეს ხელი ისეთი გამხდარი და მსუბუქი იყო, თითქოს ჩიტის ფრთააო. — დე, მე თბილისში ვარ. სასწრაფოს ექიმად ვმუშაობ, გახსოვს? — არა, არა... — ელენემ ხელი გააშვებინა. არა ეს შეუძლებელია, მან დაგწყევლა, არა? ალექსანდრე დედასთან ჩაიმუხლა და მისი გამხდარი, აკანკალებული ხელები თავის ხელებში მოიქცია. — კარგი რა დედა, ისევ კირაზე საუბრობ? ამოიოხრა ალექსანდრემ, თვალი ფანჯარაში შემოჭრილ ზის სხივებს გაუსწორა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი ელენეს მიუბრუნდა, - იცი დედა, ის დაბრუნდა. ნეტავ შეგეძლოს ნახვა, როგორი წარმატებული ქალია. ეს სიტყვები ალექსანდრემ ისეთი ტკივილით წარმთქვა. -რისთვის დაბრუნდა? ჩვენზე შური უნდა იძიოს? ვახტანგს სიცოცხლის ბოლომდე ტანჯავდა მისი არსებობა შვილო- ელენეს ტანჯვა გამოესახა სახეზე. ალექსანდრე აივანზე გავიდა. წყნეთის ჰაერი ფიჭვის სურნელით იყო გაჟღენთილი, მაგრამ მას მაინც ახრჩობდა. კირაზე ფიქრობდა. წამით გაიფიქრა, ნეტავ სად არის? ალბათ თავის დიდებულ სახლში, სადაც სიცივე და ოქრო ერთმანეთში იყო არეული. „შენ გგონია, რომ მე მძულხარ, კირა,“ ფიქრობდა ის. მაგრამ შენ არ იცი, რომ მე ყოველკვირა ელენეს ბოდვებს ვუსმენ შენზე. შენ არ იცი, რომ მე შენი სახელი აქ, ამ სახლშიც კი ვერ დავივიწყე, სადაც ყველაფერი შენს წინააღმდეგ იყო მიმართული. იმ საღამოს, როცა მზემ ჩასვლა დაიწყო, თბილისი ორ ცეცხლს შუა მოექცა. კირა ქოშიგორაზე იდგა და უყურებდა, როგორ ინთებოდა ქალაქის ჩირაღდნები. ალექსანდრე კი წყნეთში, აივნის მოაჯირს დაყრდნობილი, იმავე ჰორიზონტს გასცქეროდა. მათ შორის მთელი ქალაქი იყო გადაშლილი — ხმაურიანი, მტვრიანი და დაუნდობელი. ორივე თავის ციხესიმაგრეში იყო გამოკეტილი. კირა წარმატების, ალექსანდრე კი მოვალეობის და ორივეს ეგონა, რომ მეორეს ის დიდი ხნის წინ გადაუყვარდა. კირამ ტელეფონი ამოიღო და ასისტენტს მისწერა: „ხვალ დილით ალექსანდრე იაშვილის გერმანიაში მოღვაწეობის ისტორია მჭირდება. დეტალურად.“ გადაწყვიტა გაეგო, რა მოხდა სინამდვილეში, რადგან სადილის დროს მამამისის თვალებში დანახულმა სინანულმა აგრძნობინა, რომ სიმართლე იმაზე უფრო ჩახლართული იყო, ვიდრე თხუთმეტი წელი სჯეროდა. წყნეთის აგარაკზე საღამოს სიგრილე ჩამოწვა. ფიჭვების მძიმე სუნი ოთახში აღწევდა, სადაც ელენე იაშვილი თავის სავარძელში იჯდა. ალექსანდრე კი მის წინ ჩამუხლულიყო და ცდილობდა, დედის აკანკალებული ხელები გაეთბო. ეს ის ხელები იყო, რომლებიც ოდესღაც როიალის კლავიშებზე დანავარდობდნენ, ახლა კი გამხდარი, თითები მხოლოდ წარსულის აჩრდილებს ეჭიდებოდნენ. ელენეს მზერა უჩვეულოდ ნათელი გახდა. იმ წუთიერმა გამოფხიზლებამ, რომელიც ხანდახან დაავადებულებს ახასიათებთ, მასში სიმართლის მთელი სიმძიმე ამოხეთქა. — ალექსანდრე... — ამოიხრიალა მან და შვილის სახეს დააკვირდა. —ჩამოვიდა? კირა... ის გოგო, ასე ძალიან რომ გიყვარდა. ალექსანდრე გაშეშდა. არ ელოდა, რომ დედა ამ თემას ასე პირდაპირ შეეხებოდა. — დედა, ნუ ფიქრობ ამაზე. ეს დიდი ხნის წინ იყო- უპასუხა ჩვეული სიმშვიდით. — არა, შვილო, არა ,- ელენეს თვალებში ცრემლი ჩაუდგა. — მთელი ეს წლები ვხედავდი რაც წაგართვით. ჩვენ გვეგონა, რომ შენ გზას გიკაფავდით, რომ იაშვილების სახელს ვიცავდით. მამაშენი... ვახტანგი დარწმუნებული იყო, რომ ის გოგო შენს კარიერას დაღუპავდა. მაგრამ შევცდით შვილო, ჩვენ მხოლოდ შენი ბედნიერება კი არა, შენი სული დავღუპეთ. ისევ მარტო ხარ, მხოლოდ მოგონებებით ცხოვრობ, შენს სახეს ტკივილი არასოდეს შორდება. მჭიდროდ მოუჭირა ხელი შვილს. მაპატიე, ალექსანდრე. მაპატიე, რომ მაშინ ხმა არ ამოვიღე. მაპატიე, რომ ვუყურებდი, როგორ გინგრევდა მამაშენი ცხოვრებას და მე ჩემი კომფორტის გამო ვდუმდი. შენ დღეს სასწრაფო დახმარების ექიმი ხარ არა იმიტომ, რომ გერმანიაში წარმატებას ვერ მიაღწევდი, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ დაგამსხვრიეთ. შენ აქ, ამ ქალაქში, შენი დანაშაულის გამოსასყიდად დარჩი, მაშინ როცა შენი ადგილი იქ იყო... მასთან ერთად. ალექსანდრემ თავი დახარა. დედის ყოველი სიტყვა ძველ ჭრილობაზე მარილის დაყრას ჰგავდა. — ის ძველი კირა აღარ არის დედა. ის უკვე სხვა ქალია. მას აღარ ვჭირდები. — შენ ასე გგონია... — ელენემ სევდიანად გაიღიმა. ქალები არასდროს ივიწყებენ იმ კაცებს, რომელთა გამოც მათ გული გაუქვავდათ. ის დაბრუნდა ალექსანდრე. დაბრუნდა, რომ ის კირა იპოვოს, რომელიც შენ გიყვარდა. ნუ მისცემ უფლებას ჩვენს შეცდომებს, რომ სამუდამოდ დაგაშორონ. მე მალე აღარ ვიქნები და ეს სახლი, ეს მოგონებებიც გაქრება... შენ კი ცხოვრება წინ გაქვს. ამ დროს კი ქოშიგორაზე, თავის უზარმაზარ, ნათელ ოთახში, კირა ლეპტოპის ეკრანს მიშტერებოდა. მან თავისი კავშირები გამოიყენა და მიუნხენის იმ კლინიკიდან, სადაც ალექსანდრე მუშაობდა, კონფიდენციალური ინფორმაცია მიიღო. ეკრანზე დეტალური ანგარიში ეწერა იმ საბედისწერო ოპერაციის შესახებ. კირა სიტყვა-სიტყვით კითხულობდა სამედიცინო ტერმინებს. გერმანელი პროფესორების დასკვნა ერთსულოვანი იყო: „ექიმმა იაშვილმა დაუშვა ტექნიკური შეცდომა, რომელიც გამოწვეული იყო მძიმე ემოციური ფონით და კონცენტრაციის დაკარგვით“. კირას თვალები დაუბნელდა. მან თარიღს შეხედა. ოპერაცია ჩატარდა ზუსტად იმ დღეს, როდესაც კირა ლონდონში ჩავიდა და პირველად გათიშა თავისი ძველი, ქართული ნომერი. ზუსტად იმ დღეს, როდესაც ალექსანდრემ ბოლოჯერ სცადა მასთან დაკავშირება და პასუხად მხოლოდ ცივი, ავტომოპასუხის ხმა მოისმინა. — ეს ჩემს გამო მოხდა... — ჩაიჩურჩულა კირამ. შენ ჩემს გამო დაუშვი ის შეცდომა. ლეპტოპი დახურა და აივანზე გავიდა. ქოშიგორას ქარი ახლა უფრო მწარე ეჩვენებოდა. ის მიხვდა, რომ ალექსანდრე თბილისში იმიტომ კი არ დაბრუნდა, რომ სუსტი იყო, არამედ იმიტომ, რომ მან საკუთარი თავი დასაჯა. მთელი ეს წლები ის აბრალებდა ალექსანდრეს, რომ მან „დედიკოს ბიჭობა“ აირჩია, მაგრამ ახლა ხედავდა, რომ ალექსანდრემ ყველაზე მძიმე გზა აირჩია, გზა სადაც ის ყოველდღე სხვის სიცოცხლეს უფრთხილდებოდა, რადგან საკუთარი ცხოვრება უკვე დიდი ხნის წინ დანგრეულად მიაჩნდა. ალექსანდრეს დედის საწოლთან ჩაეძინა. სიზმარში ის ისევ ჩვიდმეტი წლის იყო, მთაწმინდის კიბეებზე იდგა და კირას ელოდებოდა. კირა მოდიოდა თეთრი კაბით, იასამნებით ხელში და უღიმოდა. ის სიზმარი ისეთი ნამდვილი იყო, რომ ალექსანდრეს ლოყაზე ჩამოგორებულმა ცრემლმაც კი ვერ შეძლო მისი დაფრთხობა. xxx თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დარბაზი ოქროსფერ შუქში იყო ჩაძირული. ბროლის ჭაღების შუქი ათასგვარად ირეკლებოდა ძვირფას სამკაულებში. ეს არ იყო უბრალო წვეულება, ეს იყო საღამო, რომელიც "წლის საუკეთესო მედიკოსებისა და ინვესტორების" დაჯილდოებას ეძღვნებოდა. უცნაური, მაგრამ ამ ქალაქისთვის დამახასიათებელი ნაზავი, ელიტური ბიზნესისა და თავდადებული პროფესიონალიზმისა. კირა ლიქოკელი ამ საღამოს მთავარი სტუმარი იყო, როგორც ფონდის ვიცე-პრეზიდენტი, რომელსაც ქართული მედიცინის მოდერნიზება ჰქონდა განზრახული. დარბაზში ისე შემოვიდა, როგორც დედოფალი საკუთარ სამფლობელოში. შავი, იატაკამდე დაშვებული აბრეშუმის კაბა ეცვა, რომელიც მის სილუეტს კიდევ უფრო მკაცრს და მიუწვდომელს ხდიდა. მის გვერდით კი მარკუსი იდგა, ლონდონელი ბიზნეს-პარტნიორი. მაღალი, ქერა მამაკაცი, რომელიც კირას ისეთი მესაკუთრული ჟესტით ეხებოდა წელზე, რომ დარბაზში მყოფთათვის კითხვები არ დაეტოვებინა. მარკუსი ხმამაღლა საუბრობდა ინგლისურად, იცინოდა და კირას ყურში რაღაცეებს ჩასჩურჩულებდა, რაზეც კირა მხოლოდ მსუბუქი, გაწონასწორებული ღიმილით პასუხობდა. კირა იჯდა ლოჟაში, სხვებისგან ოდნავ მოშორებით. მისი შავი კაბა და ბრილიანტის სამკაულები ისე ბრწყინავდა, თითქოს მის გარშემო უხილავი ბარიერი ყოფილიყო. ის უყურებდა დარბაზს და გრძნობდა, რომ ამ ხალხისთვის ის მხოლოდ სიმბოლო იყო წარმატებული ქართველი ქალისა, რომელმაც ევროპა დაიპყრო. მაგრამ თავად კირა მხოლოდ ერთ წერტილს ეძებდა დარბაზში. სცენაზე ჯანდაცვის მინისტრი ავიდა. მოწვეულ აუდიტორიას მიესალმა და მოკრძალებულად დაიწყო: „ დღეს ჩვენ გვინდა დავაჯილდოვოთ ადამიანი, რომელმაც უარი თქვა ევროპულ კარიერაზე, რათა აქ, ჩვენს ქალაქში, გადაერჩინა ყველაზე მთავარი ცხოვრებაში- ადამიანის სიცოცხლე. ადამიანს, რომლის პროფესიონალიზმმაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის პაციენტი დაუბრუნა ოჯახებს. გთხოვთ მიესალმოთ - ექიმი ალექსანდრე იაშვილი“. დარბაზში აპლოდისმენტების ტალღა აგორდა. კირამ იგრძნო, როგორ გაუჩერდა გული. ის ელოდა, რომ ალექსანდრეს სადმე კუთხეში, დაღლილს და დამარცხებულს ნახავდა, მაგრამ სცენაზე სულ სხვა კაცი ავიდა. ისეთი ელეგანტური იყო შავ კლასიკურ პიჯაკში. ის არ ჩანდა დამარცხებული, პირიქით, მის ყოველ მოძრაობაში იკითხებოდა სიმშვიდე ადამიანისა, რომელმაც იცის თავისი საქმის ფასი. ალექსანდრემ ჯილდო აიღო და დარბაზს გადახედა. მისი მზერა წამით კირას ლოჟას შეეფეთა. კირამ იგრძნო, როგორ დაუარა ტანში ჟრუანტელმა. ალექსანდრეს მზერაში არ იყო არც სინანული და არც ბრაზი. ეს იყო თანასწორის მზერა. დაჯილდოების ოფიციალური ნაწილი დასრულების შემდეგ , დაძაბულობამ იკლო, მაგრამ კირა ლიქოკელისთვის ჰაერი სულ უფრო მძიმე ხდებოდა. ის იდგა მარკუსის გვერდით, რომელიც ენერგიულად განიხილავდა რაღაც საინვესტიციო პროექტს ქართველ ბიზნესმენებთან, თუმცა კირა მათ სიტყვებს ვერ აღიქვამდა. მისი მზერა დარბაზში ალექსანდრეს ეძებდა. ალექსანდრე დარბაზის მეორე მხარეს თავის კოლეგებთან საუბრობდა, საკმაოდ თავდაჯერებული და მშვიდი იერი ჰქონდა. კოლეგებს მოუბოდიშა და დინჯი ნაბიჯით დარბაზის იმ მხარისკენ გაემართა სადაც კირა იდგა. — კირა, - მისი ხმა მინორული იყო, მაგრამ იმდენად მკაფიო, რომ მარკუსის ხმამაღალი ინგლისურიც კი გადაფარა. კირა შეკრთა. მან ბოკალი უფრო მჭიდროდ მოუჭირა თითები. — ალექსანდრე, -გაღიმება სცადა, რომ ხმის კანკალი დაეფარა. — მინდოდა მეთქვა, რომ იმ საღამოს, რესტორანში... ალექსანდრემ ოდნავ ჩაიღიმა, თითქოს საკუთარ თავს დასცინისო. იმდენად მოულოდნელი იყო შენი დანახვა, რომ ალბათ ძალიან უცნაურად გამოვიყურებოდი. დავიბენი.... თხუთმეტი წელი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანმა დავიწყება ისწავლო, მაგრამ არა იმდენად საკმარისი, რომ ნახვისას გულმა რიტმი არ შეიცვალოს. კირა გაოგნებული უსმენდა. ყველაფერს ელოდა ალექსანდრესგან გულწრფელი აღიარების გარდა. სწორედ ამ დროს მარკუსი მათკენ შემობრუნდა. მას არ გამოჰპარვია ის უხილავი ქიმია, რომელიც ამ ორ ადამიანს შორის ტრიალებდა. — კირა, ძვირფასო, არ გამაცნობ ამ ჯენტლმენს? - მარკუსმა ხელი კირას მხარზე დაადო, თითქოს თავის საკუთრებას ნიშნავდა. კირამ მექანიკურად წარმოთქვა: — მარკუს, ეს ალექსანდრე იაშვილია. ექიმი, რომელზეც დღეს მთელი დარბაზი საუბრობდა. ალექსანდრე, ეს მარკუსია, ჩემი ბიზნეს-პარტნიორი ლონდონიდან. — ოჰ, გმირი ექიმი! მარკუსმა ფართოდ გაიღიმა და მარჯვენა ხელი ენერგიულად გაუწოდა. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. კირასნაირი ქალბატონის გარემოცვაში ყოფნა ყოველთვის პატივია, არა? ალექსანდრემაც საპასუხოდ გაუწოდა ხელი . პიჯაკის სახელო ოდნავ აიწია, რომ ხელი მყარად ჩამოერთმია. სწორედ ამ დროს, ბროლის ჭაღების კაშკაშა შუქზე, კირამ ის დაინახა. ალექსანდრეს მაჯაზე, მის ძვირფას, მუქ პიჯაკთან სრულ დისონანსში, ის ძველი, გაცვეთილი საათი ეკეთა. საათი, რომლის ტყავის სამაჯურიც ადგილ-ადგილ გაცრეცილიყო, ხოლო მინაზე წლების წინანდელი ნაკაწრები ისევ ისე ჩანდა. კირას თვალწინ ყველაფერი აირია. ეს იყო ის საათი, რომელიც მან მეთერთმეტე კლასში აჩუქა. საათი, რომლისთვისაც ფულს თვეობით აგროვებდა. ის ისევ წიკწიკებდა ალექსანდრეს მაჯაზე, ის ისევ ცოცხალი იყო. კირამ იგრძნო, როგორ გამოეცალა საყრდენი. დარბაზის ხმაური შორეულ გუგუნად იქცა. მას ეგონა, რომ ალექსანდრემ ის დიდი ხნის წინ წაშალა ცხოვრებიდან, ის კი... ის თხუთმეტი წელი ამ საათით ზომავდა დროს. — კირა? კარგად ხარ? მარკუსის ხმა თითქოს წყლისქვეშეთიდან ესმოდა. კირას სახეზე ფერი გადაუვიდა. მან ბოკალი მაგიდაზე ისე დადო, რომ შამპანური გადაიქცა, ყურადღება არ მიუქცევია. — მე... მაპატიეთ,ძლივსგასაგონად ამოილუღლუღა. — აქ ძალიან ცხელა. ჰაერი არ მყოფნის. — კირა, რა მოგივიდა? მარკუსი დაიბნა და მისი დაჭერა სცადა, მაგრამ კირამ ხელი გააშვებინა. — არა, მარკუს, არაფერია. უბრალოდ ჰაერი არ მყოფნის, უნდა წავიდე... სასწრაფოდ უნდა წავიდე. ბოდიშს გიხდით. ალექსანდრეს არც კი შეხედა. იცოდა, რომ თუ მის თვალებს შეხედავდა, იქ, ყველას წინაშე ატირდებოდა. კირამ თითქმის სირბილით გაიარა დარბაზი. მისი მაღალი ქუსლების ხმა მარმარილოს იატაკზე საგანგაშოდ ჟღერდა. გარეთ გამოსულმა, ცივი აპრილის ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა. კიბეებზე ჩამოჯდა, ხელები უკანკალებდა. — ისევ უკეთია... — ჩაჩურჩულა მან. ღმერთო ჩემო, ისევ ის საათი უკეთია. იმ წუთში კირამ მიხვდა, რომ მთელი მისი ლონდონური ცხოვრება, მისი მილიონები და მისი "რკინის ლედის" იმიჯი ამ ერთი ძველი საათის წინაშე არაფერს ნიშნავდა. ალექსანდრემ მას ყველაზე მტკივნეული რამ გაუკეთა — მან აჩვენა, რომ ერთგულება ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე შურისძიება. დარბაზიდან ალექსანდრე გამოვიდა. ის შორს დადგა, კიბეებზე მჯდომ კირას თვალს არ აშორებდა. მას არ უცდია მიახლოება. მან იცოდა, რომ კირას ახლა საკუთარ თავთან მარტო ყოფნა სჭირდებოდა. საათის მინას გადაუსვა თითი და სიბნელეში გაუჩინარდა. ორივე მათგანმა იცოდა , რომ ამ ღამის შემდეგ თამაში დასრულდა. სიმართლე, რომელიც თხუთმეტი წელი იმალებოდა, ნელ-ნელა ზედაპირზე იწყებდა ამოტივტივებას. xxx სახლში დაბრუნებული კირასთვის ღამე დაუსრულებელ კოშმარად იქცა. მან კაბა იატაკზე დააგდო, ბრილიანტის ყელსაბამი ყელზე ისე მჭიდროდ ჰქონდა შემოჭერილი, თითქოს ახრჩობდა. მთელი ღამე თვალის მოხუჭვას ვერ მოახერხა, როგორც კი ქუთუთოებს დახუჭავდა, მაშინვე ხედავდა ალექსანდრეს მაჯას და იმ ძველ, გაცვეთილ საათს. „რატომ?“ ეს კითხვა კედლებს შორის ექოსავით ეხეთქებოდა. რატომ ატარებდა კაცი, რომელსაც ის სძულდა მის საჩუქარს? ეს იყო ერთგულების ნიშანი თუ მუდმივი შეხსენება იმ ტკივილისა, რომელიც კირამ მიაყენა? დილის ექვს საათზე კირა უკვე მანქანაში იჯდა. მძღოლი სახლში დატოვა, თავად მიუჯდა საჭეს. ქალაქი ჯერ კიდევ ნაცრისფერი და მძინარე იყო. სოლოლაკის ვიწრო ქუჩებში მანქანა ისე მიჰყავდა, თითქოს მის უკან მთელი ლონდონური ცხოვრება იწვოდა. ალექსანდრეს სახლის კართან ისე მივიდა, რომ არც კი დაფიქრებულა. ზარი არ დაურეკავს, უბრალოდ მძიმე, ხის კარზე ხელით დააბრახუნა. როცა კარი გაიღო და ზღურბლზე ნამძინარევი, მაისურსა და სპორტულ შარვალში გამოწყობილი ალექსანდრე გამოჩნდა, კირა არც მიესალმა. — ხელი მაჩვენე, - თქვა მან ჩახლეჩილი ხმით. — კირა, აქ რა გინდა ასეთ დროს? - ალექსანდრე გაოგნებული უყურებდა კირას ათრთოლებულ სახეს. — ხელი მაჩვენე-მეთქი! თითქმის იყვირა მან და ალექსანდრეს მარცხენა მაჯას დასწვდა. ალექსანდრეს წინააღმდეგობა არ გაუწევია. როცა ალექსანდრეს ხელი აიტაცა, მის ძარღვებთან, ისევ ის საათი დაინახა. ის წიკწიკებდა. წამზომის ისარი ისეთივე შეუჩერებელი იყო, როგორც მათი ცხოვრება. კირამ თითები გადაუსვა დაკაწრულ მინას და უცებ იგრძნო, როგორ გამოეცალა ძალა. — შემოდი, - თქვა ალექსანდრემ მშვიდად. სოლოლაკის იმ ძველ სამზარეულოში ჰაერი იმდენად დაძაბული იყო, თითქოს ნებისმიერ წამს შეიძლებოდა ნაპერწკალი გაჩენილიყო. კირა იდგა და უყურებდა კაცს, რომელიც ოდესღაც მისი სამყაროს ცენტრი იყო. ალექსანდრე იაშვილი — პრივილეგირებული ოჯახის შვილი, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა, გარდა იმისა, რასაც ვერცერთი მილიონი ვერ იყიდდა: თავისუფლება საკუთარი გვარისგან. კირას თითების კვალი ალექსანდრეს კანზე წითლად დარჩენოდა. — რატომ, ალექს? - კირას ხმაში ზიზღი და გაოცება ერთმანეთში ირეოდა. — რატომ გიკეთია ეს ნაგავი? ეს ხომ იმ „ღარიბი გოგოს“ ნაჩუქარია, რომელიც მამაშენმა შენს გვერდით ვერ აიტანა? იმ გოგოსი, რომელიც თქვენი ოჯახისთვის მხოლოდ უსიამოვნო ხმაური იყო თქვენს მოკრიალებულ მისაღებებში? ალექსანდრე დუმდა. ის უყურებდა კირას, რომელიც ახლა თავად იყო იმაზე ძლიერი და მდიდარი, ვიდრე იაშვილები თავიანთი დიდების მწვერვალზე. — შენმა ოჯახმა მე ფეხქვეშ გამთელა, — განაგრძო კირამ, მისი ხმა სულ უფრო მყარი ხდებოდა. მამაშენმა არჩევანის წინაშე დამაყენა: ან მამაჩემის სიცოცხლე, ან ჩვენი „დიდი სიყვარული“. მე ის ვუთხარი, რაც სჭირდებოდა, რომ აღარ მიყვარდი. და შენ? შენც დაიჯერე, არა? დაიჯერე, იმიტომ რომ შენს სამყაროში სიყვარული მყიფე იყო. მაშინ რატომ გიკეთია ეს საათი დღემდე? რატომ ინახავ იმ ადამიანის ნივთს, რომელმაც „გიღალატა“? ალექსანდრემ ხელი მაჯაზე მოიკიდა და საათი დაფარა. მისი მზერა ახლა იმაზე მძიმე იყო, ვიდრე კირას ოდესმე ენახა. — მამაჩემმა სიკვდილის წინ მითხრა ყველაფერი, კირა,- თქვა დაბალი, ხრინწიანი ხმით. — მან მითხრა იმ დაწყევლილ გარიგებაზე. მითხრა, როგორ გაიძულა, რომ ჩემთვის გული გაგეტეხა, რათა შენი ოჯახი გადაგერჩინა. მან ეს მითხრა, როგორც თავისი ყველაზე დიდი გამარჯვება, მაგრამ სწორედ იმ წამს მივხვდი, რომ ჩვენი ოჯახის მთელი ეს „სიდიადე“ ერთი დიდი სიყალბე იყო. კირა გაშეშდა. მას არ ეგონა, რომ ალექსანდრემ სიმართლე იცოდა. — ამ საათს იმიტომ კი არ ვატარებ, რომ შენი სიბრალული მჭირდება, — განაგრძო ალექსანდრემ და კირას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. — მას ვატარებ, როგორც შეხსენებას იმისა, თუ რა დავკარგე ჩემი ოჯახის სიხარბის გამო. ეს საათი არის ერთადერთი ნამდვილი ნივთი ამ სახლში. შენ შეიძლება ღარიბი იყავი, კირა, მაგრამ შენ იყავი ერთადერთი, ვინც ჩემს ცხოვრებაში სუნთქავდა. მამაშენის გამო გაკეთებული ის არჩევანი.. ალექსანდრე გაჩუმდა, - მე შენ არ გადანაშაულებ. მე საკუთარ თავს ვადანაშაულებ, რომ მაშინ შენთან ერთად არ გავიქეცი. რომ დავრჩი ამ „ფულიანი“ ოჯახის მემკვიდრედ თუმცა საბოლოოდ ყველაფერი დავკარგე. კირას თვალებში ცრემლი ჩაუდგა, მაგრამ ეს არ იყო სინანულის ცრემლი. ეს იყო თხუთმეტწლიანი ბრაზი, რომელიც ახლა გარეთ გამოდიოდა. — ახლა უკვე გვიანია, ალექს. შენმა სიმართლემ თხუთმეტი წელი დაიგვიანა. მაშინ, როცა მე ლონდონის ქუჩებში ვმუშაობდი, რომ მამაჩემისთვის წამლები მეყიდა, შენ ამ საათს უყურებდი და გერმანიაში ოპერაციებს აკეთებდი. შენ ყოველთვის გქონდა არჩევანი, მე კი — არა. შენ შეგეძლო ჩემთან ყოფილიყავი, მაგრამ შენმა გვარმა გადაგწონა. — და შენ? — ჰკითხა ალექსანდრემ. — შენ რა აირჩიე? დღეს დაბრუნდი, როგორც „დიდი ინვესტორი“, გვერდით უცხოელი პარტნიორი გიდგას და ისე მიყურებ, თითქოს ჩემი არსებობა შენი სტატუსისთვის შეურაცხმყოფელი იყოს. თუ ასე გძულვარ, თუ ეს საათი ასე გაღიზიანებს, რატომ მოხვედი აქ? რატომ მიყვირი ჩემსავე სამზარეულოში? კირამ პასუხი ვერ იპოვა. ის მიხვდა, რომ ამ კაცის სიტყვებში იმაზე მეტი სიმართლე იყო, ვიდრე მისი მილიონებით გაჯერებულ ცხოვრებაში. — მე მოვედი, რომ დამენახა, რა დარჩა იმ ალექსანდრესგან, რომელიც მიყვარდა, — თქვა მან ჩუმად. და დავინახე... არაფერი დარჩენილა. მხოლოდ ეს ძველი საათი და აჩრდილები. კირა კარისკენ გაემართა. ალექსანდრე არ განძრეულა. ის იდგა და უყურებდა, როგორ ტოვებდა მისი საოცნებო ქალი მის ცხოვრებას მეორედ. — კირა, — დაუძახა მან, როცა კირა უკვე ზღურბლზე იყო. — შენ შეგიძლია ყველაფერი იყიდო ამ ქალაქში. შეგიძლია ეს სახლიც იყიდო. მაგრამ შენს თვალებში იმ სიმშვიდეს მაინც ვერასდროს დაიბრუნებ, რომელიც მაშინ გქონდა, როცა ეს საათი მაჩუქე. კირას უკან არ მოუხედავს ისე გაიხურა მძიმე კარი და სადარბაზოს სიბნელეში გაუჩინარდა. მანქანაში ჩაჯდომისას ხელები ისე უკანკალებდა, რომ გასაღები ძლივს მოარგო. ის გრძნობდა, რომ ალექსანდრემ მას ყველაზე მტკივნეული რამ უთხრა — მან დაანახა, რომ კირა, მიუხედავად თავისი სიმდიდრისა, ისევ ის პატარა, დაფრთხალი გოგო იყო, რომელსაც იაშვილების ჩრდილის დღემდე ეშინოდა. ალექსანდრე კი სამზარეულოში დარჩა. საათს დახედა.... თხუთმეტი წელი, სამი თვე და შვიდი დღე. დრო მიდიოდა, მაგრამ მისი ცხოვრება ისევ იმ წამზე იყო გაყინული, როცა კირამ ზურგი აქცია. მან იცოდა, რომ კირა დაბრუნდებოდა. არა იმიტომ, რომ უყვარდა, არამედ იმიტომ, რომ მათ შორის დარჩენილი სიძულვილი იმაზე მეტად აკავშირებდათ, ვიდრე ნებისმიერი სიყვარული. xxx ალექსანდრეს სახლიდან გამოქცეული კირა მანქანას ისეთი სისწრაფით მართავდა, თითქოს თბილისის ვიწრო ქუჩებს მისი დახრჩობა შეეძლოთ. საჭეს ჩაბღაუჭებული თითები გათეთრებოდა, თვალწინ კი ისევ ის სურათი ედგა: ალექსანდრეს მშვიდი, სევდიანი მზერა და ის წყეული საათი, რომელიც მათ საერთო წარსულს ყოველ წამს ახსენებდა. კირა გრძნობდა, რომ მისი თხუთმეტწლიანი „წარმატების ციხესიმაგრე“ საძირკველშივე იბზარებოდა. მას ეგონა, რომ სიმდიდრე და ძალაუფლება დავიწყების გარანტი იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სიმართლე ბევრად უფრო ჯიუტია, ვიდრე საბანკო ანგარიშები. როდესაც ქოშიგორას ვილაში ავიდა, სახლში ისეთი სიჩუმე დახვდა, როგორიც მხოლოდ მუზეუმებშია. ეს იყო სიჩუმე, რომელიც ყვიროდა. კირამ მისაღებ ოთახში შესვლისას დაინახა მამამისი, გიორგი. ის ისევ იმ თავის ძველ ხის სკამზე იჯდა, რომელიც უზარმაზარი ვიტრაჟის წინ დაედგა. გიორგი მთელ ქალაქს გადაჰყურებდა, მაგრამ მისი მზერა სადღაც შორს, წარსულში იყო გაყინული. კირამ პალტო იატაკზე დააგდო და ბართან მივიდა. ხელი აუკანკალდა, როცა ვისკის ასხამდა. — ასე ადრე სად იყავი, შვილო? — ჰკითხა გიორგიმ ისე, რომ თავი არ მოუბრუნებია. მისი ხმა ისეთივე დაღლილი იყო, როგორც მისი სული. — სოლოლაკში, მამა. იმ სახლში, რომელიც შენ ასე ძალიან გენატრება, — მიუგო კირამ და სასმელი ერთიანად გადაჰკრა. — ალექსანდრესთან ვიყავი. გიორგი ნელა შემობრუნდა. მისი თვალები, რომლებიც ოპერაციის შემდეგ უფრო ჩაცვენილი და ნაცრისფერი გამხდარიყო, ახლა შიშით აივსო. — რატომ, კირა? რატომ გააღვიძე ის, რაც დიდი ხნის წინ დავმარხეთ? — იმიტომ, რომ ის მკვდარი არ ყოფილა, მამა! — კირა მასთან მივიდა და მის წინ ჩაიმუხლა. — მან ყველაფერი იცის. იცის იმ გარიგების შესახებ, რომელიც შენსა და ვახტანგ იაშვილს შორის დაიდო. მან იცის, რომ მე ის არ მიმიტოვებია — მე ის გავყიდე! გავყიდე შენი სიცოცხლის სანაცვლოდ! გიორგის სახეზე ტკივილმა გადაურბინა. აკანკალებული ხელი კირას მხარზე დაადო. — მე ეს არ მითხოვია შენთვის, კირა... მე მერჩივნა მოვმკვდარიყავი, ვიდრე შენი ბედნიერება ასე გამენადგურებინა. — მაგრამ შენ ხომ გადარჩი? — კირას ხმაში სიმწარე გაერია. შენ გადარჩი და მე დღემდე ამის საფასურს ვიხდი. იცი, რა ვნახე მის მაჯაზე? ის საათი... ის წყეული, იაფფასიანი საათი, რომელიც მეთერთმეტე კლასში ვუყიდე. მას ისევ ის უკეთია, მამა! მაშინ, როცა შენ ამ ვილაში ზიხარ და მე ლონდონში „წარმატებულ ქალს“ ვთამაშობდი, ის კაცი ამ საათით ჩემს გარეშე გატარებულ წუთებს ითვლიდა. გიორგი ადგა. მიუხედავად სისუსტისა, მის მოძრაობებში უცნაური სიმტკიცე გამოჩნდა. მან ოთახს თვალი მოავლო — ძვირფას ავეჯს, იტალიურ მარმარილოს, ფრანგულ ჭაღებს, ხედავ ამ ყველაფერს, კირა? ჰკითხა მან და ხელით სივრცე მოხაზა. ეს ყველაფერი ტყუილია. ჩვენ აქ იმიტომ კი არ ვართ, რომ ვიმსახურებთ, არამედ იმიტომ, რომ იაშვილებმა ჩვენი სიამაყე იყიდეს. ვახტანგი არ იყო კეთილი კაცი, როცა ჩემი ოპერაციის ფული გადაიხადა. მან უბრალოდ თავისი შვილი „გადაარჩინა“ შენგან. მან იცოდა, რომ შენნაირი გოგო მის იმპერიას ვერ მოერგებოდი. — მან ჩვენი სიყვარულით ივაჭრა, — ჩაიჩურჩულა კირამ. — და ჩვენც დავთანხმდით, — დაამატა გიორგიმ. მე იმიტომ, რომ სიკვდილის მეშინოდა, შენ კი იმიტომ, რომ მე გიყვარდი. მაგრამ ალექსანდრე... ის ამ ყველაფერზე მაღლა დადგა. მან არ აირჩია ფული, მან არ აირჩია დიდება. ის დარჩა იქ, სადაც მისი გულია. იცი, რატომ ატარებს იმ საათს? იმიტომ, რომ ის ერთადერთი რამაა, რაც მის ცხოვრებაში ნამდვილი იყო. კირა დივანზე დაეშვა. თავი ხელებში ჩარგო. გრძნობდა, როგორ ეშლებოდა ნერვები. მან მითხრა, რომ მე დღეს ისე გამოვიყურები, როგორც ვახტანგი სიკვდილის წინ, ლამაზი, მდიდარი და აბსოლუტურად ცარიელი. მამა, ნუთუ მართლა ასეთი ვარ? ნუთუ ყველაფერი, რაც ამ თხუთმეტ წელში შევქმენი, მხოლოდ ნაცარია? ამ დროს ოთახში მარიამი შემოვიდა. მას ხელში ლანგარი ეჭირა, მაგრამ დაინახა რა ქმრისა და შვილის მდგომარეობა, იქვე, პატარა მაგიდაზე დადო. ის ყოველთვის ჩუმად იყო, ყოველთვის ჩრდილში იდგა, მაგრამ მისი თვალები ყველაფერს ხედავდნენ. — კირა, შვილო... — მარიამი მასთან მივიდა და თავზე ხელი გადაუსვა. შენ გგონია, რომ ამ სახლით ჩვენ ბედნიერება მოგვიტანე? ყოველ ღამე მამაშენის სუნთქვას ვუსმენ და ვიცი, რომ ის იმ საავადმყოფოს პალატაშია ჩარჩენილი, სადაც შენ ვახტანგ იაშვილს ხელი ჩამოართვი. ჩვენ შენგან მსხვერპლი არ გვინდოდა. ჩვენ ჩვენი შვილი გვინდოდა, ისეთი, როგორიც მაშინ იყო, როცა სადარბაზოსთან ალექსანდრე ელოდებოდა. კირა ადგა. მას აღარ შეეძლო ამ სიმართლის მოსმენა. — გვიანია! ყველაფერი გვიანია! -დაიყვირა მან. მე ვერ დავაბრუნებ იმ დროს. მე აღარ ვარ ის გოგო და ალექსანდრეც აღარ არის ის ბიჭი. ჩვენს შორის თხუთმეტი წელი და ერთი დიდი ღალატია. თქვენ კი... თქვენ უბრალოდ ისიამოვნეთ ამ სახლით, რადგან მე ამისთვის ჩემი სული გავყიდე და არ მინდა, ჩემი მსხვერპლი ფუჭი იყოს! ოთახიდან გავარდა და თავის საძინებელში ჩაიკეტა. საწოლზე გადაწოლილი ჭერს მისჩერებოდა. ის დაკაწრული მინა და წამზომის ისარი მის გონებაში ისევ წიკწიკებდა. მიხვდა, რომ საქართველოში მხოლოდ ბიზნესის გამო არ ჩამოსულა. ის ჩამოვიდა, რომ დაემტკიცებინა ალექსანდრესთვის, რომ მის გარეშე უკეთესად გრძნობს თავს, მაგრამ დღეს, იმ ძველ სამზარეულოში, მან დაინახა, რომ ალექსანდრე მის გარეშეც უფრო მეტად „ადამიანი“ იყო, ვიდრე კირა მთელი თავისი მილიონებით. — მე შენ მაინც გაიძულებ, რომ შემიძულო, ალექსანდრე,- ჩაიჩურჩულა მან სიბნელეში. იმიტომ, რომ შენი სიძულვილი უფრო ადვილი ასატანია, ვიდრე შენი თანაგრძნობა. ამ დროს სოლოლაკში ალექსანდრე ისევ იმავე მაგიდასთან იჯდა. საათი მოიხსნა და მის წინ დადო. ის უყურებდა მას ისე, როგორც საბედისწერო იარაღს. კირას სურნელი ჯერ კიდევ ტრიალებდა ოთახში — ძვირადღირებული სუნამოსა და სველი წვიმის ნაზავი. მან იცოდა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. კირა ლიქოკელი არ იყო ის ქალი, რომელიც დამარცხებას შეეგუებოდა. და ისიც იცოდა, რომ ხვალ თბილისი ისევ ისეთივე ცივი და დაუნდობელი იქნებოდა მათ მიმართ, როგორც თხუთმეტი წლის წინ. იმ ღამით კირამ საბოლოოდ იგრძნო, რომ ფუფუნება, რომელსაც ის თხუთმეტი წელი აშენებდა, მამამისისთვის მხოლოდ ცივი დეკორაცია იყო. ის ხედავდა, როგორ დნებოდა გიორგი ამ უზარმაზარ სივრცეში, როგორ ეძებდა მისი თვალები ნაცნობ კედლებს, მეზობლების ხმაურს და იმ ნესტიან, მაგრამ სიცოცხლით სავსე ჰაერს, რომელიც მხოლოდ სოლოლაკს ჰქონდა. კირამ გადაწყვეტილება ელვისებური სისწრაფით მიიღო. მან გამოიყენა მთელი თავისი გავლენა და ფინანსური რესურსები და ერთ კვირაში შეუძლებელი შეეძლო — მან იყიდა ბინა ზუსტად იმავე ქუჩაზე, სადაც ადრე ცხოვრობდნენ. ეს არ იყო ძველი, დანგრეული იტალიური ეზო, არამედ იმავე უბნის ერთ-ერთი ისტორიული, რესტავრირებული სახლის მთელი სართული, მაღალი ჭერით, ორნამენტებიანი აივნებითა და იმავე ხედით, რომელიც გიორგის ასე ძალიან უყვარდა. შაბათ დილას კირამ მშობლებს სთხოვა, რომ ქალაქში წაჰყოლოდნენ. — მამა, ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი უნდა ვნახოთ, სადაც ინვესტირებას ვგეგმავ, შენი რჩევა მჭირდება- უთხრა მან გიორგის და მანქანის კარი გაუღო. გიორგი უხალისოდ დათანხმდა. ის ფიქრობდა, რომ კირა ისევ რომელიმე მინისა და ბეტონის ცივ ოფისში წაიყვანდა. მაგრამ როდესაც მანქანა თავისუფლების მოედნიდან სოლოლაკის აღმართებს აუყვა, მამამისის სახე შეიცვალა. ის სუნთქვაშეკრული უყურებდა ნაცნობ აივნებს, იგრძნო პურის ცხობის სურნელს, რომელიც ქუჩაში ტრიალებდა იცნო ძველი ჭადარი, რომლის ქვეშაც წლების წინ ნარდს თამაშობდა. მანქანა ზუსტად მათ ძველ სახლთან რამდენიმე ნაბიჯში გაჩერდა. — სად მოვედით, კირა? -იკითხა გიორგიმ და ხმა აუკანკალდა. კირამ არაფერი უპასუხა. მან მშობლები სადარბაზოსკენ წაიყვანა, სადაც ხის მასიური კიბეები და ვიტრაჟული ფანჯრები ისევ ისე გამოიყურებოდა, როგორც საუკუნის წინ. როდესაც მესამე სართულზე ავიდნენ და კირამ გასაღები გადაატრიალა, გიორგი ზღურბლზე გაშეშდა. ბინა უზარმაზარი იყო, მაგრამ მასში ის ძველი, სოლოლაკური სული ტრიალებდა. კირას მითითებით, აქ ყველაფერი ისე მოეწყოთ, რომ სიმყუდროვე არ დაკარგულიყო. რბილი განათება, ძველებური ბუხარი და რაც მთავარია, აივანი, რომელიც ზუსტად მათ ძველ ეზოს გადაჰყურებდა. — ეს რა არის, შვილო? -ჩაჩურჩულა მარიამმა და პირზე ხელი აიფარა. — ეს თქვენი ახალი სახლია, თქვა კირამ და გიორგის თვალებში ჩახედა. მივხვდი, რომ ქოშიგორაზე ჰაერი არ გყოფნიდათ. ეს ბინა თქვენია. აქ ისევ ის მეზობლები არიან, ისევ ის ხმებია... და აი, იქ, კუთხეში, შენი ძველი ხის სკამიც გადმოვატანინე. გიორგიმ ერთი ნაბიჯი გადადგა, მერე მეორე. აივანზე გავიდა. მზე ნელ-ნელა ეფინებოდა თბილისის სახურავებს. ღრმად ჩაისუნთქა — ეს იყო ის ჰაერი, რომელსაც თხუთმეტი წელი ეძებდა. კირამ დაინახა, როგორ ჩამოუგორდა მამამისს ცრემლი, მაგრამ ეს არ იყო სევდის ცრემლი, ეს იყო ადამიანის ემოცია, რომელიც სიკვდილს გადაურჩა და ბოლოს და ბოლოს, შინ დაბრუნდა. — კირა... — გიორგი მობრუნდა და შვილს ხელებზე აკოცა. შენ დღეს მართლა გადამარჩინე. არა იმ საფასურით, რომელიც მაშინ გადაიხადე, არამედ იმით, რომ გამიგე. მადლობა, შვილო. კირა პირველად ამდენი ხნის განმავლობაში გრძნობდა ნამდვილ კმაყოფილებას. მან დაინახა, როგორ გაეღიმა დედამისს, როგორ დაიწყო მარიამმა მაშინვე სამზარეულოში ფუსფუსი, თითქოს აქ მთელი ცხოვრება ეცხოვროს. ეს სახლი არ იყო გალია, ეს იყო ადგილი, სადაც მათ შეეძლოთ ისევ ისეთებად ეგრძნოთ თავი, როგორებიც იყვნენ — უბრალო, ღირსეული ადამიანები. თუმცა, კირასთვის ეს დაბრუნება სხვა რამესაც ნიშნავდა. ახლა ის ალექსანდრესგან მხოლოდ ორი ქუჩის დაშორებით ცხოვრობდა. ის დაბრუნდა იმ „ბრძოლის ველზე“, სადაც თხუთმეტი წლის წინ ყველაფერი დაიწყო. როდესაც მშობლები მოეწყვნენ და ცოტა დაწყნარდნენ, კირა აივანზე გავიდა. ის უყურებდა იმავე ხედს, რომელსაც ალექსანდრე ალბათ თავისი ფანჯრიდან ხედავდა. ის საათი, ალექსანდრეს მაჯაზე რომ წიკწიკებდა, ახლა მის გონებაშიც უფრო მკაფიოდ ჟღერდა. — ჩვენ დავბრუნდით, ალექსანდრე, — თქვა მან ჩუმად. მე დავაბრუნე მამაჩემი იქ, სადაც მისი ადგილია. ახლა კი ვნახოთ, შეძლებ თუ არა ისევ ისე მიყურო, როგორც იმ საღამოს — თანაგრძნობით. საღამოს, როცა კირა სახლიდან გამოდიოდა, რომ ქოშიგორაზე წასულიყო (ის ჯერ კიდევ ვერ ბედავდა მშობლებთან დარჩენას), ნაცნობი მანქანა დაინახა. ეს იყო სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც მეზობელ სადარბაზოსთან იდგა. გულმა გამალებით დაუწყო ცემა. ის იქვე, ჩრდილში დადგა და დაელოდა. რამდენიმე წუთში სადარბაზოდან ალექსანდრე გამოვიდა — დაღლილი, სამედიცინო ჩანთით ხელში. მან ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და წამით შედგა. ალექსანდრემ თავი ასწია და კირას ახალი სახლის განათებულ ფანჯრებს შეხედა. მან ჯერ არ იცოდა, რომ იქ ლიქოკელები დაბრუნდნენ, მაგრამ თითქოს რაღაც იგრძნო. მან ისევ თავის საათს დახედა, მერე მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. კირა იდგა სიბნელეში და უყურებდა მიმავალ წითელ შუქებს. მან იცოდა, რომ სოლოლაკი მათ ისევ შეახვედრებდა. ოღონდ ამჯერად, ეს შეხვედრა აღარ იქნებოდა ბრწყინვალე დარბაზებში. ეს იქნებოდა აქ, ამ ვიწრო ქუჩებში, სადაც ყოველი ქვა მათ საიდუმლოს ინახავდა. xxx მაისი თბილისში ყოველთვის განსაკუთრებული იყო, მაგრამ წელს სოლოლაკის ქუჩები სხვანაირად აყვავდა. ვარდების მძიმე, ტკბილი სურნელი, რომელიც ძველი ეზოებიდან გამოდიოდა, ჰაერში იდგა და წვიმის მოლოდინით დამძიმებულ ატმოსფეროს კიდევ უფრო ამძაფრებდა. კირა თავის ახალ ბინაში იჯდა და ფანჯრიდან უყურებდა, როგორ იფარებოდა ქალაქი ნაცრისფერი ღრუბლებით. შინაგანი შფოთვა არ ასვენებდა. მშობლების გადმოყვანამ თითქოს სინდისი დაუმშვიდა, მაგრამ ალექსანდრესთან გამართულმა იმ უკანასკნელმა საუბარმა მის სულში ყველაფერი არია. მას გარეთ გასვლა, მარტო ყოფნა და სოლოლაკის იმ ნაცნობი ჰაერის ჩასუნთქვა მოუნდა, რომელიც ოდესღაც მისთვის ყველაფერს ნიშნავდა. პალტო მოიცვა და გარეთ გავიდა. როგორც კი სადარბაზოდან გამოვიდა, პირველი მსხვილი წვეთები დაეცა ასფალტს. რამდენიმე წუთში თბილისური მაისის თავსხმა წვიმა წამოვიდა. ქუჩებში ხილვადობა მინიმუმამდე შემცირდა, ნისლმა და წვიმის ფარდამ ყველაფერი ბუნდოვანი გახადა. კირა ნელი ნაბიჯით მიჰყვებოდა ტროტუარს. ვარდების სურნელი წვიმის დროს კიდევ უფრო მძაფრი გახდა. ის ფიქრობდა თხუთმეტი წლის წინანდელ მაისზე, როცა ალექსანდრესთან ერთად ზუსტად ამ ქუჩებში დარბოდა და წვიმას არაფრად აგდებდა. სწორედ ამ ფიქრებში გართულმა, ვერც კი შეამჩნია, როგორ გადავიდა გზაზე. ყველაფერი წამებში მოხდა. დაბალი ხილვადობის გამო, მოსახვევიდან დიდი სიჩქარით გამოსულმა ავტომობილმა გვიან შეამჩნია თეთრ პალტოში გამოწყობილი სილუეტი. მუხრუჭების საზარელმა ხმამ სოლოლაკის სიმშვიდე დაარღვია, რასაც მძიმე დარტყმის ხმა მოჰყვა. კირა ასფალტზე დაეცა. წვიმის წვეთები მის სახეს ეხებოდა, მაგრამ ის უკვე ვერაფერს გრძნობდა. მისი გონება ნელ-ნელა სიბნელეში იძირებოდა, ვარდების სურნელი კი რკინისა და სველი ასფალტის სუნში ირეოდა. ათ წუთში შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანა მივიდა. სირენების ხმა წვიმის ხმას ახშობდა. მანქანიდან პირველი ალექსანდრე გადმოხტა. მას მორიგეობის ბოლო საათები ჰქონდა და დაღლილობისგან ძლივს იდგა ფეხზე, მაგრამ პროფესიულმა ინსტინქტმა წამში გამოაფხიზლა. — სად არის დაშავებული? — დაიყვირა მან და ჩანთით ხელში ხალხისკენ გაიქცა. მძღოლი აკანკალებული ხელით მიუთითებდა გზის პირას დაგდებულ სხეულზე. ალექსანდრე მუხლებზე დაეშვა სველ ასფალტზე. მან ჯერ მხოლოდ თეთრი, სისხლით დასვრილი პალტო დაინახა. როდესაც დაშავებულს თმა სახიდან გადაუწია, რომ სუნთქვა შეემოწმებინა, ალექსანდრეს გული წამით გაჩერდა. — კირა... მისი ხმა წვიმამ შთანთქა. სამყარო მის გარშემო გაჩერდა. ის, ვინც თხუთმეტი წელი სძულდა და უყვარდა, ვინც სულ რამდენიმე დღის წინ მის სამზარეულოში სიამაყით ელაპარაკებოდა, ახლა მის ხელებში უგონოდ იწვა. კირას სახე გაფითრებოდა მისი ტუჩებიდან კი სისხლის წვრილი ზოლი მოედინებოდა. — ალექსანდრე, რა ხდება? პულსი არის?- დაუძახა კოლეგამ. ალექსანდრემ კანკალით მიიტანა თითები კირას ყელთან. ის გრძნობდა მხოლოდ სუსტ, ძლივს შესამჩნევ ფეთქვას. სწორედ იმ ხელზე, რომელზეც კირას ნაჩუქარი საათი ეკეთა, ახლა კირას სიცოცხლის უკანასკნელი ნიშნები ფეთქავდა. — მრავლობითი ტრავმები აქვს ,სავარაუდო შინაგანი სისხლდენაც ! სასწრაფოდ საკაცე!- ალექსანდრეს ხმა ახლა უკვე არა ექიმის, არამედ სასოწარკვეთილი კაცის ხმას ჰგავდა, რომელიც ყველაფერს აკეთებდა, რომ გონება არ დაეკარგა. მან კირა მანქანაში აიყვანა, სადაც მხოლოდ სამედიცინო აპარატურის წივილი და ალექსანდრეს მძიმე სუნთქვა ისმოდა. ის კირას თავთან იჯდა, მის ხელს უჭერდა და გონებაში უამრავი დამდგარი შედეგი უელავდა. — არ გაბედო... არ გაბედო ჩემი დატოვება, კირა!- ჩურჩულებდა ის. ამდენი წლის შემდეგ იმიტომ არ დაბრუნებულხარ , რომ ახლა ასე წახვიდე. გესმის? არ გაბედო! საათს დახედა. წამზომის ისარი დაუნდობლად მიიწევდა წინ. ყოველი წამი ახლა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარი იყო. ალექსანდრე ხედავდა, როგორ ეცემოდა წნევა მონიტორზე. მან იცოდა, რომ მდგომარეობა უმძიმესი იყო. როდესაც საავადმყოფოს კარი გაიღო და კირა საოპერაციო ბლოკისკენ გააქანეს, ალექსანდრე იქვე, დერეფანში დარჩა. მისი უნიფორმა კირას სისხლით იყო დასვრილი. კედელს მიეყრდნო და ნელ-ნელა იატაკზე ჩაცურდა. ხელები სახეზე აიფარა. მისი საათის წიკწიკი ახლა მთელ საავადმყოფოში ისმოდა. თხუთმეტი წლის წინ მან კირა იმიტომ დაკარგა, რომ კირამ ასე გადაწყვიტა, ახლა კი ბედისწერა მას კირას სამუდამოდ წართმევით ემუქრებოდა. — ღმერთო, ოღონდ გადარჩეს...- პირველად თხუთმეტი წლის მანძილზე, ალექსანდრე იაშვილმა ილოცა. ოღონდ გადარჩეს და თუნდაც ისევ მძულდეს, ოღონდ ისევ მირბოდეს, ოღონდ ისევ მაყენებდეს ტკივილს... ოღონდ სუნთქავდეს. გარეთ მაისის წვიმა ისევ მოდიოდა, სოლოლაკის ქუჩებში კი ვარდების სურნელი ნელ-ნელა სისხლისა და ტრაგედიის სუნმა შეცვალა. კირა ლიქოკელი სიკვდილის კარზე აკაკუნებდა...... საავადმყოფოს მისაღებში ჰაერი გაყინულიყო. დერეფნის ბოლოში, საოპერაციო ბლოკის თავზე წითელი ნათურა ენთო — სიმბოლო იმისა, რომ შიგნით სიკვდილ-სიცოცხლის უხილავი ჭიდილი მიმდინარეობდა. ალექსანდრე იჯდა პლასტმასის მყარ სკამზე, თავი ხელებში ჩაერგო და სისხლით დასვრილ თითებს ნერვიულად ათამაშებდა. მას აღარ ჰქონდა ძალა, რომ ემოციები დაემალა. სწორედ ამ დროს დერეფნის მეორე ბოლოდან ნაბიჯების ხმა გაისმა. ალექსანდრემ თავი ასწია და დაინახა გიორგი და მარიამი. ისინი ისე მოდიოდნენ, თითქოს ყოველი ნაბიჯი მათთვის უკანასკნელი ყოფილიყო. გიორგის სახე ნაცრისფერი გამხდარიყო, მისი მზერა კი საოპერაციოს კარზე იყო მიჯაჭვული. როდესაც გიორგიმ ალექსანდრე დაინახა სისხლიანი უნიფორმით, დაღლილი და განადგურებული , წამით შეჩერდა. ორ კაცს შორის, რომელთა ცხოვრებაც თხუთმეტი წლის წინ ერთმა საბედისწერო გარიგებამ გადაკვეთა, ახლა მხოლოდ ერთი ქალის სიცოცხლე იდგა. გიორგი მიუახლოვდა და ალექსანდრეს და მის გვერდით სკამზე მძიმედ ჩამოჯდა. მარიამი მოშორებით, ხატთან დადგა და ჩუმად ლოცვა დაიწყო. — შენ მოიყვანე? - ჰკითხა გიორგიმ. მისი ხმა ისე სუსტად ჟღერდა, როგორც შორეული ექო. — მე, ბატონო გიორგი, - მიუგო ალექსანდრემ და მაჯაზე ხელი უნებურად მოისვა. ზუსტად იმ ქუჩაზე მოხდა... სადაც თქვენი სახლი იყო. გიორგიმ ამოიოხრა. მან დახედა ალექსანდრეს მაჯას და დაინახა ის ძველი საათი. იმ წამს გიორგის გულში რაღაც საბოლოოდ გატყდა. თხუთმეტი წელი გავიდა, ალექსანდრე... თხუთმეტი წელი და ჩვენ მაინც აქ ვართ. მე იქ დავბრუნდი, სადაც კირასთან ერთად შენც მელოდებოდი ხოლმე, შენ კი... შენ ისევ მის სიცოცხლეს დარაჯობ. გიორგიმ თავი დახარა. მან იგრძნო, რომ ახლა იყო ის მომენტი, როცა სიმართლე ბოლომდე უნდა ეთქვა იმ ბიჭისთვის, რომელსაც ცხოვრება დაუნგრია. — მაპატიე, შვილო, - თქვა გიორგიმ მოულოდნელად. -მაპატიე, რომ მაშინ, თხუთმეტი წლის წინ, შენს წინააღმდეგ წავედი. მამაშენმა, ვახტანგმა, არჩევანის წინაშე დამაყენა. მითხრა, რომ თუ კირა შენგან არ წავიდოდა, ის ჩემი ოპერაციის ფულს არ გადაიხდიდა. მე კი... მე სიცოცხლე მინდოდა. კირამ თავი შესწირა ჩემს სიცოცხლეს. მან შენ იმიტომ კი არ გიღალატა, რომ აღარ უყვარდი, არამედ იმიტომ, რომ მე ვკვდებოდი მის ხელებში. ალექსანდრემ თვალები დახუჭა. მას ეს სიმართლე ადრეც გაეგო მამამისისგან, მაგრამ გიორგის პირიდან მოსმენილი აღიარება სხვა სიმძიმის აღმოჩნდა. — ვიცი, ჩაიჩურჩულა მან. ყველაფერი ვიცი, მამაჩემმა სიკვდილის წინ მითხრა. მაგრამ იცით, რა არის ყველაზე საშინელი? კირამ ისე კარგად ითამაშა ის სიცივე, ისე კარგად დაიჯერა საკუთარი ტყუილი, რომ თხუთმეტი წელი მე მართლა მისი სიძულვილით ვსუნთქავდი. და ახლა... ახლა, როცა ის იქ არის, იმ ცივ მაგიდაზე, მე მივხვდი, რომ ჩემი სიძულვილიც სიყვარული ყოფილა. უცებ საოპერაციოდან ექთანი გამოვარდა. მისი სახე შეშფოთებული იყო. — ექიმო იაშვილო! პაციენტს წნევა უვარდება, სისხლდენა ვერ ჩერდება! პროფესორი თქვენ გიხმობთ, მხოლოდ თქვენ იცით, რა მდგომარეობით მოიყვანეთ ის სასწრაფო დახმარების მანქანით, რა დაზიანებები ჰქონდა პირველ წუთებში! ალექსანდრე ფეხზე წამოხტა. დაღლილობა ერთ წამში სადღაც გაქრა. ის მიუბრუნდა გიორგის, რომლის თვალებშიც უსაზღვრო სასოწარკვეთა იკითხებოდა. — მე მას არ დავთმობ, — თქვა ალექსანდრემ მკაცრად. თხუთმეტი წლის წინ დავთმე და მთელი ცხოვრება ჯოჯოხეთში გავატარე. ახლა სიკვდილს არ გავატან. საოპერაციო ბლოკის კარი შეაღო. შიგნით ყველაფერი სისხლისა და ანტისეპტიკის სუნით იყო გაჟღენთილი. ალექსანდრე მიუახლოვდა საოპერაციო მაგიდას, სადაც კირა იწვა უმწეოდ. ალექსანდრემ ხელთათმანები ჩაიცვა და პროფესორის გვერდით დადგა. ის აღარ იყო მხოლოდ ექიმი. ის იყო კაცი, რომელიც თავისი ცხოვრების მთავარ ოპერაციას აკეთებდა. — კირა, მომისმინე, ჩურჩულებდა ის გონებაში, სანამ სკალპელს აიღებდა. შენ გგონია, რომ ასე ადვილად წახვალ? გგონია, რომ ამდენი ტკივილი ტყუილად მოგვაყენე? შენ უნდა გაიღვიძო. უნდა გაიღვიძო, რომ თვალებში ჩამხედო და მითხრა, რომ ისევ გძულვარ. ოღონდ იცოცხლე... ოპერაცია რამდენიმე საათს გაგრძელდა. გარეთ, დერეფანში, გიორგი და მარიამი ერთმანეთს ჩახუტებულები იდგნენ. მაისის ღამე თენდებოდა. სოლოლაკის ქუჩებში ვარდები ისევ სველი იყო წვიმისგან, საავადმყოფოს კედლებში კი ორი კაცი ერთი მოხუცი და ერთი ახალგაზრდა ერთსა და იმავე სასწაულს ელოდა. როდესაც მზემ ჰორიზონტზე ამოიხედა, საოპერაციოს წითელი ნათურა ჩაქრა. კარი გაიღო და იქიდან ალექსანდრე გამოვიდა. ის ისეთი დაღლილი იყო, რომ კედელს მიეყრდნო, რათა არ წაქცეულიყო. სახიდან ნიღაბი ჩამოიწია და გიორგის შეხედა. გიორგიმ სუნთქვა შეიკავა. — გადარჩა? ძლივს ამოთქვა მან. ალექსანდრემ თავი დაუქნია. მან ნელა ასწია თავისი მარცხენა ხელი და საათს დახედა. — კრიზისმა გადაიარა. ის სუნთქავს. მარიამი მუხლებზე დაეცა და ტირილი დაიწყო. გიორგიმ კი ალექსანდრეს მხარზე დაადო ხელი. იმ წუთში მათ შორის აღარ იყო სიმდიდრე, აღარ იყო იაშვილოვა და ლიქოკელობა. დარჩა მხოლოდ ორი კაცი, რომლებმაც ბოლოს და ბოლოს გაიგეს, რა არის სიცოცხლის ნამდვილი ფასი. — ახლა მხოლოდ უნდა გაიღვიძოს, — თქვა ალექსანდრემ xxx საავადმყოფოს პალატაში მხოლოდ აპარატურის რიტმული წივილი ისმოდა. ფანჯრიდან მაისის მზის სხივები აღწევდა, მაგრამ კირასთვის სამყარო მაინც ნაცრისფერ ნისლში იყო გახვეული. როდესაც მან პირველად გაახილა თვალები, პირველი, რაც იგრძნო, გაუსაძლისი ტკივილი და სრული გაუცხოება იყო. ალექსანდრე იქვე იჯდა. მას პალატა ერთი წუთითაც არ დაუტოვებია. დაღლილი, აწეწილი თმითა და ჩაწითლებული თვალებით, ის კირას თითების ყოველ მოძრაობას აკვირდებოდა. როცა დაინახა, რომ კირას მზერა ფოკუსირდა, მასთან მიიჭრა. — კირა... გესმის ჩემი?- ჩაჩურჩულა მან და მის ხელს ფრთხილად შეეხო. კირამ ნელა მიაბრუნა თავი. მის თვალებში ალექსანდრემ ვერ დაინახა ის სითბო ან სინანული, რომელიც ავარიამდე, მათ უკანასკნელ შეხვედრაზე გაკრთა. იქ მხოლოდ გაოგნება და... შიში იკითხებოდა. — შენ... აქ რა გინდა? -მისი ხმა იმდენად სუსტი იყო, რომ ალექსანდრეს მოეჩვენა, თითქოს ქაღალდი გაიხაო. -რატომ ხარ აქ, ალექსანდრე? ალექსანდრე გაშეშდა. ის ელოდა ყველაფერს: ტირილს, ყვირილს, მადლობასაც კი, მაგრამ არა ამ ცივ კითხვას. — ავარიაში მოყევი, კირა....მე მოგიყვანე საავადმყოფოში. ოპერაციამ კარგად ჩაიარა. სიჩუმე ჩამოვარდა. კირამ თვალები დახუჭა, თითქოს ცდილობდა რაღაც გაეხსენებინა. — ავარია? მე... მე ხომ სასტუმროში ვიყავი. მარკუსი სად არის? რატომ ვარ ამ საშინელ საავადმყოფოში? მამა სად არის, ქოშიგორაზეა? ალექსანდრეს გულში ცივმა ჟრუანტელმა დაუარა. კირას არ ახსოვდა, რომ მშობლები სოლოლაკში დააბრუნა. მას არ ახსოვდა მათი შეხვედრა სამზარეულოში. მისთვის დრო გაჩერებულიყო იმ საღამოს, როდესაც დაჯილდოებაზე ალექსანდრეს საათი დაინახა და იქიდან გაიქცა. — კირა, შენ მშობლები სოლოლაკში გადმოიყვანე... შენ ბინა იყიდე მათთვის. სცადა შეხსენება ალექსანდრემ, მაგრამ კირას სახეზე მხოლოდ ირონიულმა ღიმილმა გადაჰკრა. — მე? სოლოლაკში? ჩაილაპარაკა მან. — სულელი არ ვარ, ალექსანდრე. მე არასდროს დავბრუნდები იმ ნესტში. შენ ალბათ გინდა, რომ ასე იყოს, არა? გინდა, რომ ისევ ის პატარა გოგო ვიყო, რომელსაც შენი ოჯახი ზემოდან უყურებდა? წადი აქედან... სხვა ექიმები მომხადავენ. ალექსანდრე ფეხზე წამოდგა. ის მიხვდა, რომ ტრავმამ კირას გონებიდან სწორედ ის ნაწილი წაშალა, სადაც წარსულის ყინულები ლღობას იწყებდნენ, სადაც ის ისევ ის პატარა გოგო ხდებოდა. და ალექსანდრესთვის მოულოდნელად, მის წინ ისევ ის „ბიზნეს-ლედი“ იწვა, რომელმაც თხუთმეტი წლის წინ გული ატკინა. ბედისწერამ მასთან სასტიკი ხუმრობა გაითამაშა — მან კირა გადაარჩინა, მაგრამ ის კირა, რომელიც მისმა გადარჩენამ დააბრუნა, ისევ მტერი იყო. —მეც ექიმი ვარ, კირა.თქვა მან მკაცრად, რათა საკუთარი ხმა არ აკანკალებოდა. — სანამ მდგომარეობა არ დასტაბილურდება, აქედან ვერ წავალ. ალექსანდრე პალატიდან გავიდა. დერეფანში გიორგი დახვდა, რომელიც იმედიანი თვალებით უყურებდა. — გაიღვიძა, ბატონო გიორგი. თქვა ალექსანდრემ და კედელს მიეყრდნო. — მაგრამ თქვენს შვილს რაღაცეები არ ახსოვს, ჩემი დანახვა არ უნდა. მომდევნო დღეებში სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა. კირა უარს ამბობდა ალექსანდრესთან საუბარზე. ყოველთვის, როცა ის პალატაში შედიოდა, კირა ან თვალებს ხუჭავდა, ან ცივად პასუხობდა კითხვებზე, რომელსაც ალექსანდრე ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით უსვამდა. დაჟინებით მითხოვდა მარკუსთან დაკავშირებას, ითხოვდა კერძო კლინიკაში გადაყვანას და სრულიად აიგნორებდა იმ ფაქტს, რომ ალექსანდრემ მას სიცოცხლე აჩუქა. გიორგიმ სცადა მასთან დალაპარაკება: — კირა, შვილო, შენ სოლოლაკში დაგვაბრუნე. შენ ისეთი ბედნიერი იყავი... — მამა, შენ ალბათ წამლებმა დაგაბნია, — პასუხობდა კირა. მე ქოშიგორაზე ვიყიდე სახლი, რომ იქ მშვიდად ყოფილიყავით. სოლოლაკი ჩემთვის დასრულდა. და ეს ექიმი... იაშვილი... უთხარი, რომ ჩემს პალატაში აღარ შემოვიდეს. მისი დანახვა მფიტავს. ალექსანდრე ამ ყველაფერს კარებს მიღმა ისმენდა. მას შეეძლო ებრძოლა სიკვდილთან, შეეძლო ებრძოლა ვახტანგ იაშვილისს ამბიციებთან, მაგრამ კირას მეხსიერებასთან ბრძოლა შეუძლებელი იყო. საათს დახედა. თხუთმეტი წელი ელოდა ამ დღეს და როცა ეს დღე დადგა, კირამ ისევ ისე გააქრო ის თავისი ცხოვრებიდან, ოღონდ ამჯერად, ეხლა უკვე მეხსიერებიდან ამოშალა. „კარგი, კირა, — ფიქრობდა ის. თუ გინდა, რომ ისევ ის ცივი ქალი იყო, იყავი. მაგრამ მე მაინც აქ ვიქნები. იმიტომ კი არა, რომ შენი სიყვარული მინდა, არამედ იმიტომ, რომ მე ჩემი პირობა არასდროს დამირღვევია. მე შენ არასდროს მიგიტოვებ, თუნდაც შენ საერთოდ აღარ გახსოვდე, ვინ ვარ.“ მათ შორის ისევ აღიმართა კედელი. ოღონდ ეს კედელი უფრო საშინელი იყო, ვიდრე მანძილი ლონდონსა და თბილისს შორის. ეს იყო დავიწყების კედელი. ერთი თვე გავიდა კირას ავარიიდან. მაისის წვიმები ივნისის მცხუნვარე მზემ შეცვალა. კირა რეაბილიტაციას კერძო პალატაში გადიოდა. მისი ფიზიკური ჭრილობები ნელ-ნელა ხორცდებოდა, მაგრამ გონებაში ისევ თეთრი ლაქები ჰქონდა. ის დაჟინებით ითხოვდა, რომ ალექსანდრე მის პალატაში აღარ გამოჩენილიყო და ალექსანდრემ ეს მოთხოვნა შეასრულა. ის აღარ მიდიოდა კირასთან, აღარ უმოწმებდა წნევას და აღარ უსწორებდა ბალიშს. თუმცა, ალექსანდრე ყოველ საღამოს სოლოლაკში, გიორგის სტუმრობდა, ისინი საათობით ისხდნენ აივანზე, სვამდნენ ჩაის და კირაზე საუბრობდნენ. გიორგი დაწვრილებით უყვებოდა, როგორ მიდიოდა რეაბილიტაცია, როგორ დაიწყო კირამ სიარული და როგორ ითხოვდა ისევ ლონდონში დაბრუნებას. — ის ისევ ისეთივე ჯიუტია, ალექსანდრე, — ეუბნებოდა გიორგი სინანულით. მგონია, რომ ყველაფერი ახსოვს, მაგრამ საკუთარ თავსაც კი უმალავს სიმართლეს. — დაე, ასე იყოს, ბატონო გიორგი, — პასუხობდა ალექსანდრე და თავის საათს დაჰყურებდა. მე ძალით ვერავის გონებაში ვერ დავბრუნდები. სისტემაში რეორგანიზაცია მიმდინარეობდა და ბრიგადების შემადგენლობა შეიცვალა, მისი ძველი მეწყვილე, რომელთანაც წლები აკავშირებდა სხვა რაიონში გადაიყვანეს, ცვლის უფროსმა კი ახალი მეწყვილე გააცნო, ნინო, ოცდაათიოდე წლის, ენერგიული და საოცრად მომხიბლავი ექიმი-რეანიმატოლოგი. ნინოს არ აინტერესებდა „იაშვილების “ გვარის დიდება და არც ალექსანდრეს წარსული დრამები. ის თავისი საქმის ადამიანი იყო. ერთ-ერთი მძიმე მორიგეობის შემდეგ, როცა სასწრაფოს მანქანა საავადმყოფოს ეზოში იდგა, ნინომ ორი ჭიქა ყავა ამოიტანა. — აიღე, იაშვილო, თორემ ფეხზე გეძინება, უთხრა მან და ყავა გაუწოდა. ალექსანდრემ გამოართვა და სუსტად გაიღიმა. — მადლობა, ნინო. მართლა მჭირდებოდა. ნინო მანქანის ბორტზე ჩამოჯდა და ალექსანდრეს დაკვირვებით შეხედა. — იცი, ბევრს საუბრობენ შენზე. ამბობენ, რომ მილიონერ ქალზეა შეყვარებული, მან კი კარი მოუხურაო. მართალია? ალექსანდრე შეკრთა. არ უყვარდა, როცა პირად ცხოვრებაში ასე უხეშად ეჭრებოდნენ. — ხალხი ბევრ რამეს ამბობს. — მე სხვა რამეს გეტყვი. ნინო მისკენ გადაიხარა და თვალებში ჩახედა. — შენ ზედმეტად კარგი ექიმი და კაცი ხარ იმისთვის, რომ წარსულის აჩრდილებს სდიო. ცხოვრება აქ არის, ამ მანქანაში, ამ ქუჩებში და თუ ვინმეს შენი დანახვა არ უნდა, ეს მისი დანაკლისია და არა შენი. იმ მომენტში ნინოს მზერაში რაღაც იმაზე მეტი გაკრთა, ვიდრე უბრალო კოლეგიალური მხარდაჭერა. ეს იყო ინტერესი, რომელიც ალექსანდრეს დიდი ხანია არავისგან უგრძვნია. ნინო არ ჰგავდა კირას ის არ იყო „ოქროს გოგო“, ის იყო რეალური, მიწაზე მყარად მდგომი ქალი, რომელიც ალექსანდრეს გვერდით საფრთხის დროსაც ისეთივე მშვიდი იყო,როგორც ჩვეულებრივ დღეებში. მიუხედავად იმისა, რომ კირა გამუდმბით აიგნორებდა ალექსანდრეს არსებობას, ის მაინც ამჩნევდა სიჩუმეს. მას უკვირდა, რომ ალექსანდრე მართლაც აღარ მიდიოდა მასთან. ერთ საღამოს, როცა გიორგი პალატაში ეწვია, კირამ ვითომ სხვათა შორის ჰკითხა: — ის... ექიმი... ისევ ისე ბევრს მუშაობს? - გამომმცდელად კითხა მამას. — ალექსანდრე? კი, სულ მორიგეობებზეა. სხვათა შორის, ახალი მეწყვილე ჰყავს, ნინო. ძალიან კარგი გოგოა, პროფესიონალი. ამბობენ, მთელ დროს ერთად ატარებენ, საოცარად უგებენ ერთამანეთსო- უთხრა გიორგიმ და თვალი მოარიდა შვილს. კირამ იგრძნო, როგორ შეეკუმშა გული უცნაური სიმწარით. „ნინო?“ — გაიფიქრა მან. რატომღაც წარმოიდგინა ალექსანდრე სასწრაფოს მანქანაში, სხვა ქალის გვერდით, რომელიც შესაძლოა მას ისე უყურებდა, როგორც ოდესღაც კირა. — კარგია, თუ ვინმე იპოვა, -თქვა მან ცივად, მაგრამ ხელები საბნის ქვეშ დაეძაბა. მამა მე ლონდონში ვბრუნდები მალე. ჩემი რეაბილიტაცია იქ გაგრძელდება. რამდენიმე დღის შემდეგ, ალექსანდრე და ნინო საავადმყოფოს ეზოში ისხდნენ. ნინო რაღაცაზე ხმამაღლა იცინოდა და ალექსანდრეს მხარზე ხელი დაადო. ალექსანდრემ არ შეიმჩნია. მას სიამოვნებდა ეს სიმსუბუქე. ნინო არ სთხოვდა მას მსხვერპლს, არ სთხოვდა გვარის უარყოფას. ის უბრალოდ მასთან იყო. — იცი, ალექსანდრე, თქვა ნინომ ჩუმად, — ხანდახან მგონია, რომ შენი საათი დროს კი არ ითვლის, არამედ რაღაცას ელოდება. იქნებ დროა, რომ მან ახალი ათვლა დაიწყოს? ალექსანდრემ ნინოს შეხედა. პირველად თხუთმეტი წლის მანძილზე, მან იფიქრა, რომ შესაძლოა კირა მართლაც იყო მისი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა და არა ხსნა. კირა კი პალატაში იდგა ფანჯარასთან. ის ხედავდა საავადმყოფოს ეზოს. დაინახა სასწრაფოს მანქანა, რომელთანაც ორი ფიგურა იდგა — ალექსანდრე და ქალი თეთრ ხალათში. ხედავდა როგორ უღიმოდა ალექსანდრე მეწყვილეს. იმ წამს კირას მეხსიერებაში რაღაცამ გაანათა. სოლოლაკის წვიმიანი საღამო, ალექსანდრეს ხელები, რომლებიც მას ავარიის შემდეგ აკავებდნენ... ყველაფერი ერთიანად ამოტივტივდა. მან გაიხსენა, როგორ ჩურჩულებდა ალექსანდრე: „არ გაბედო ჩემი დატოვებაო“. მან პალატის მინაზე ხელი მიადო. — შენ მართლა აღარ მელოდები, ალექს? — ჩაჩურჩულა მან და იგრძნო, როგორ დაუარა ტანში შიშმა. კირა მიხვდა ,რომ მისი“რკინის ლედის“ ნიღაბი მხოლოდ მაშინ მუშაობდა, სანამ ალექსანდრე მისთვის იბრძოდა. ახლა კი, როცა ბრძოლის ველზე მარტო დარჩა, მისი მთელი დიდება ფერფლივით იფარტებოდა. ივნისის თბილი საღამოები სოლოლაკში განსაკუთრებული იყო. გიორგის ახალ აივანზე ძველი თბილისის სუნი ტრიალებდა — ნესტის, მტვრისა და აყვავებული ცაცხვების ნაზავი. ალექსანდრე თითქმის ყოველ საღამოს მოდიოდა აქ. ის აღარ შედიოდა კირას პალატაში, პატივს სცემდა მის სურვილს და შესაძლოა, საკუთარ თავსაც უფრთხილდებოდა — კიდევ ერთი ცივი მზერა კირასგან მისთვის ზედმეტი იქნებოდა. გიორგიმ ჩაი დაასხა და ალექსანდრეს მოპირდაპირე მხარეს ჩამოჯდა. მოხუცის თვალებში სევდა და მადლიერება ერთმანეთში ირეოდა. — დღეს ისევ ლონდონზე ლაპარაკობდა,- თქვა გიორგიმ და შორს, მთაწმინდის ნათურებს გახედა. სულ იქით გარბის ფიქრებით. გგონია, რომ იქაური ცხოვრება ენატრება? არა, ალექსანდრე. მას საკუთარი თავისგან გაქცევა უნდა. ალექსანდრე დუმდა, მხოლოდ ჩაის ჭიქას ათამაშებდა ხელში. — იცი, განაგრძო გიორგიმ, ბევრს ჰგონია, რომ კირა იქ ფუფუნებაში ცხოვრობდა და ყველაფერი იოლად მოვიდა. მაგრამ მე ვიცი, რა ფასად დაუჯდა ყოველივე. თხუთმეტი წელი... თხუთმეტი წელი ისე გავიდა, რომ მის გვერდით არავინ ყოფილა. ბევრი ეხვეწებოდა, ბევრი ცდილობდა მისი გულის მოგებას — ლონდონელი არისტოკრატები, ბიზნესმენები... მაგრამ კირამ საკუთარ გულში არავინ შეუშვა. ის კარი თხუთმეტი წლის წინ ჩაიკეტა და გასაღები სადღაც მტკვარში გადააგდო. ალექსანდრემ თავი ასწია. ეს მისთვის მოულოდნელი იყო. — მან შეუძლებელი შეძლო, — ხმა დაუდაბლა გიორგიმ. ის ძლიერი ქალი, რომელიც დღეს ყველას აშინებს, იაშვილების უარყოფამ შვა. სიღარიბის გამო დაწუნებულმა გოგომ პირობა დადო, რომ მსოფლიოს თავის წინაშე მუხლებზე დააჩოქებდა. მისი მოტივაცია შენ იყავი ალექსანდრე. ყოველი მილიონი, ყოველი მოგებული ტენდერი ეს იყო პასუხი იმ დამცირებაზე, რომელიც მამაშენისგან და ჩვენი სიღარიბისგან მიიღო. ის წარმატებით ცდილობდა იმ სიცარიელის ამოვსებას, რომელიც შენ დატოვე. ალექსანდრემ ნერვიულად დახედა საათს. თხუთმეტი წლის განმავლობაში ის ფიქრობდა, რომ კირამ ის უბრალოდ დაივიწყა. ახლა კი აღმოჩნდა, რომ კირას მთელი იმპერია მის ნანგრევებზე აშენებულიყო. xxx კირას საავადმყოფოდან გამოწერის დღე ისეთივე ნაცრისფერი და ჩუმი გამოდგა, როგორც მისი განწყობა. მიუხედავად იმისა, რომ მარკუსი ლონდონიდან ყოველდღე ურეკავდა და კერძო თვითმფრინავით გადაყვანას სთავაზობდა. კირა ამჯერად უარზე იყო. როდესაც მანქანა სოლოლაკის იმ ძველ, ისტორიულ სახლთან გაჩერდა, კირამ ღრმად ჩაისუნთქა. გიორგი და მარიამი ზღურბლთან ელოდნენ. შინ შესულს ყველაფერი ეცნო, მაგრამ ამავე დროს უცხო ეჩვენა. ბინაში ვარდების სურნელი ტრიალებდა გიორგის მისი საყვარელი ყვავილები დაეხვედრებინა. — შინ მშვიდობით დაბრუნებას გილოცავ , შვილო,- უთხრა მარიამმა და აკანკალებული ხელით მიეფერა. კირა აივანზე გავიდა. ათვალიერებდა მეზობელ ეზოებს, სარეცხის თოკებს, ისმენდა შორეულ ხმებს და გრძნობდა, როგორ უბრუნდებოდა მეხსიერება არა ფრაგმენტულად, არამედ მთლიანად, მტკივნეულად. მან გაიხსენა, რატომ იყიდა ეს ბინა. გაიხსენა ის სიხარული მამის თვალებში... და გაიხსენა ალექსანდრე, რომელიც მის სიცოცხლეს საკუთარი ხელით დარაჯობდა. — მამა, — თქვა მან ისე, რომ ქუჩისთვის თვალი არ მოუშორებია, ის აქ მოდის ხოლმე, შენთან? გიორგი გვერდით დაუდგა. — მოდის, კირა. ყოველ საღამოს. მაგრამ მას შემდეგ, რაც შენ მისი ნახვა აკრძალე, მხოლოდ ჩემთან ზის. ის პატივს სცემს შენს გადაწყვეტილებას , თუმცა მე ვხედავ, როგორ ეწვის სული. სასწრაფო დახმარების სადგურის სამორიგეო ოთახში სიჩუმე იდგა, რომელსაც მხოლოდ კუთხეში მდგარი ძველი მაცივრის მონოტონური გუგუნი არღვევდა. გარეთ ივნისის თბილი წვიმა შიშინებდა, ფანჯრის მინებზე კი წყლის წვეთები ლამპიონების შუქზე ოქროსფრად ბზინავდნენ. ალექსანდრე მაგიდასთან იჯდა, თავი ხელებში ჩაერგო და მორიგეობის ჟურნალს დაჰყურებდა, თუმცა სიტყვები ერთმანეთში ერეოდა. ნინო ოთახში ჩუმად შემოვიდა. მას ორი ჭიქა ყავა ეჭირა, რომელთა ორთქლიც ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში სუსტად მოჩანდა. მან ყავა მაგიდაზე დადო, მაგრამ არ გასულა. ალექსანდრეს ზურგს უკან დადგა და იგრძნო ის დაძაბულობა, რომელიც კაცის ყოველ კუნთში იკითხებოდა. — ზედმეტად ბევრს ატარებინებ საკუთარ თავს, ალექსანდრე, - თქვა მან დაბალი, ხავერდოვანი ხმით. ნინომ ხელი ალექსანდრეს მხარზე დაადო. მისი თითები თბილი იყო და ნელა დაიწყო დაძაბული კისრის მასაჟი. ალექსანდრეს წინააღმდეგობა არ გაუწევია, თვალები დახუჭა და მძიმედ ამოისუნთქა. ნინოს სუნამოს სურნელი რაღაც ყვავილოვანი და ამავე დროს მკვეთრი ოთახში გაიბნა. ნელა, თითქოს ყოველ წამს ამოწმებდა მის რეაქციას, ნინო წინ გადმოიხარა. მისი თმები ალექსანდრეს ლოყას შეეხო. მან ხელი კაცის მკერდზე ჩაასრიალა, იქ, სადაც გული გამძაფრებით ფეთქავდა. — შემომხედე, — ჩაჩურჩულა მან პირდაპირ მის ყურთან. ალექსანდრე შემობრუნდა. ნინო ძალიან ახლოს იყო. მისი თვალები ნახევრად დახუჭულიყო, ტუჩები კი ოდნავ დაშორებული. სამორიგეო ოთახის მკრთალ შუქზე ნინო საოცრად ლამაზი ჩანდა, რეალური, ცოცხალი და მზად იმისთვის, რომ ალექსანდრეს მარტოობა გაეზიარებინა. ნინომ ცალი ხელი ალექსანდრეს სახეზე მიადო, ცერა თითით მის ტუჩებს შეეხო და ნელა დაიხარა საკოცნელად. ალექსანდრემ იგრძნო მისი სუნთქვის სითბო საკუთარ კანზე. წამით მასში ყველაფერმა იყვირა , სურვილმა, დაღლილობამ, იმის წყურვილმა, რომ ვინმეს ჩახუტებოდა და დაევიწყებინა ის თხუთმეტწლიანი ჯოჯოხეთი. ნინოს ტუჩები მისას შეეხო. ეს იყო ნაზი, თუმცა მომთხოვნი კოცნა. ალექსანდრემ უნებურად ხელი მოჰკიდა ნინოს წელს და თავისკენ მიზიდა. ინტიმურობა იმდენად მძაფრი იყო, რომ ოთახში ჰაერი თითქოს დაელექტროვდა. მაგრამ სწორედ იმ მომენტში, როცა ნინო მის კალთაში ჩაჯდომას აპირებდა, ალექსანდრეს მაჯაზე საათის ცივი მინა მოხვდა. ლითონის შეხებამ კანზე დენივით დაუარა. მის გონებაში ელვისებურად გაკრთა სურათი: კირა, რომელიც ზუსტად ასე უყურებდა წლების წინ.... ეს არ იყო მხოლოდ მოგონება. ეს იყო ღალატის შეგრძნება. მიუხედავად იმისა, რომ კირა მას არ ეკუთვნოდა, მიუხედავად მისი სიცივისა, ალექსანდრემ იგრძნო, რომ თუ ახლა ნინოსთან გააგრძელებდა, ის საბოლოოდ დაკარგავდა იმ ერთადერთ რამეს, რაც მას ადამიანად ამყოფებდა - თავის უიმედო, მაგრამ წმინდა ერთგულებას. მან ფრთხილად მოაშორა ნინოს ტუჩები და მხრებზე ხელი მოჰკიდა, რომ ოდნავ დისტანცია დაეჭირა. — ნინო... გაჩერდი, - თქვა მან ხრინწიანი ხმით. — რა მოხდა? ნინოს სუნთქვა აჩქარებული ჰქონდა, თვალებში კი გაუგებრობა ეხატებოდა. ალექსანდრე, მე ვხედავ, რომ შენც გინდა... რატომ იკავებ თავს? ალექსანდრე წამოდგა, მაგიდას მოცილდა და ფანჯრისკენ ზურგით შებრუნდა. ის საკუთარ ხელებს უყურებდა, რომლებიც ჯერ კიდევ კანკალებდნენ. - მინდა... მართალი ხარ. მინდა, რომ ეს სიცარიელე დასრულდეს. მინდა, რომ შენნაირმა ქალმა გამათბოს. მაგრამ ეს ტყუილი იქნება. მე შენ გკოცნი, მაგრამ სხვაზე ვფიქრობ. შენს სხეულს ვეხები, მაგრამ სხვის სურნელს ვეძებ. შენ ამას არ იმსახურებ, ნინო. არცერთი ქალი არ იმსახურებს იყოს მხოლოდ „წამალი“ სხვისი ტკივილისთვის. ნინო დიდხანს დუმდა. მან ნელა გაისწორა თეთრი ხალათი და მაგიდიდან თავისი ყავის ჭიქა აიღო. — ის საათი... - თქვა მან სევდიანად. ის საათი შენთვის ბორკილია და არა კომპასი. შენ გგონია, რომ ერთგული ხარ, სინამდვილეში კი საკუთარ თავს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯე იმისთვის, რაც შენი ბრალი არ ყოფილა. კარისკენ წავიდა, ზღურბლთან კი შეჩერდა. - იცი, რა არის ყველაზე საშინელი? ის ქალი, ვის გამოც შენ ახლა მე უარი მითხარი, შესაძლოა საერთოდ აღარც ფიქრობდეს შენზე. შენ კი მის აჩრდილთან წვები ყოველ ღამე. ნინო გავიდა და კარი ჩუმად გამოიხურა. ალექსანდრე მარტო დარჩა. მან საათი მოიხსნა, მაგიდაზე დადო და დიდხანს უყურებდა მის წიკწიკს. — მართალი ხარ, ნინო, ვერ ვეშვები . ნინო იყო ადამიანი რომელიც მზად იყო სიყვარულისთვის. კირა კი იყო ცივი, მიუწვდომელი და ახლა უკვე დავიწყებაში ჩაძირული. მაგრამ ალექსანდრესთვის კირას ერთი გაბრაზებული მზერა უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქალის ალერსი. - მე მის აჩრდილთან ვცხოვრობ. მაგრამ ეს აჩრდილი ჩემთვის უფრო მეტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა რეალობა. იმ ღამეს ალექსანდრე მიხვდა, რომ ის კირასგან ვერასდროს გათავისუფლდებოდა. არა იმიტომ, რომ კირა არ უშვებდა, არამედ იმიტომ, რომ მას თავად არ სურდა თავისუფლება, თუ ეს თავისუფლება კირას გარეშე იქნებოდა. xxx ივნისის სიმხურვალე ივლისის მცხუნვარე მზემ შეცვალა. თბილისი თითქოს გაირინდა, მხოლოდ სოლოლაკის ვიწრო ქუჩებში ტრიალებდა ძველი თბილისის მტვრიანი, მაგრამ ნაცნობი სურნელი. კირა ლიქოკელი ნელ-ნელა უბრუნდებოდა თავის „რკინის“ ამპლუას. მიუხედავად იმისა, რომ სხეული ჯერ კიდევ ღალატობდა და ხანდახან ოპერაციის ნაწიბური მჭრელ ტკივილს შეახსენებდა, ის მაინც საათობით იჯდა კომპიუტერთან, მართავდა ლონდონურ შეხვედრებს და ცდილობდა, სამუშაო რიტმით ჩაეხშო ის შინაგანი ყვირილი, რომელიც თხუთმეტი წლის წინანდელ მოგონებებს მოჰყვებოდა. ერთ-ერთ ასეთ საღამოს, როცა მზე ნელ-ნელა ეშვებოდა მთაწმინდის მიღმა, კირა აივანზე გავიდა. მას ხელში წყლით სასვსე ჭიქა ეჭირა და თვალს ადევნებდა ქუჩის ცხოვრებას. სწორედ მაშინ დაინახა ის. ალექსანდრე ნელი ნაბიჯით მოუყვებოდა აღმართს. უბრალო ლურჯი პერანგი ეცვა, სახელოებ აკეცილი. კირამ იგრძნო, როგორ გაუჩერდა სუნთქვა. ის ზემოდან უყურებდა კაცს, რომელმაც მისი სიცოცხლე სიკვდილს გამოსტაცა, მაგრამ ახლა ისე შორს იყო, თითქოს სხვა პლანეტაზე ცხოვრობდა. ალექსანდრეს არ აუხედავს. მან უბრალოდ ჩაიარა, თავისი ნაცნობი, ოდნავ მძიმე ნაბიჯით. კირა კი იდგა და უყურებდა მის ზურგს, სანამ ის მოსახვევში არ გაუჩინარდა. იმ მომენტში მიხვდა, რომ მისი „რეაბილიტაცია“ ფიზიკურად დასრულდა, მაგრამ სულიერად ჯერ არც კი დაწყებულა. აგვისტოს მიწურულს კირას დაბადების დღე მოახლოვდა. აღნიშვნა არ უნდოდა, მაგრამ ლონდონელი პარტნიორები და თბილისური ელიტა ამას მოითხოვდა. წვეულება ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ რესტორანში დაიგეგმა, სადაც შემინული და ბეტონის ჩარჩოები ძველ ხედებს ერწყმოდა. დარბაზი ბროლის ჭაღების შუქზე ბზინავდა. კირა მაგიდის თავში თითქოს ტახტზე იჯდა . მის გარშემო თბილისის ბომონდი და ლონდონელი ინვესტორები ტრიალებდნენ, მაგრამ ის მხოლოდ ერთ რამეს გრძნობდა აუტანელ სიცარიელეს. თუმცა, სწორედ ამ სიცარიელემ მისცა მას სითბური ენერგია, რომ ეცეკვა და ეზეიმა ისე, თითქოს ხვალინდელი დღე არ არსებობდა. კირა ბრწყინავდა. მას შავი, ზურგამოჭრილი კაბა ეცვა, რომელიც მის გამხდარ, მაგრამ ამაყ სილუეტს ხაზს უსვამდა. ბრილიანტები მის ყელზე ისე ელავდნენ, თითქოს მისი ყოველი მოძრაობა გათვლილი პერფორმანსი ყოფილიყო. ის იღიმებოდა, იღებდა ძვირადღირებულ საჩუქრებს, სვამდა შამპანურს და ყველას აჯერებდა, რომ ისევ ის „დაუმარცხებელი კირა ლიქოკელია“. თუმცა, რაც უფრო იმატებდა სასმელის დოზა ორგანიზმში , მით უფრო იბზარებოდა ეს ნიღაბი. - კიდევ ერთი ბოთლი „კრუგი“! - გასძახა ოფიციანტს და წითელი ღვინის ბოკალი ჰაერში ასწია. კირამ დალევა დაიწყო. სვამდა არა მოკრძალებულად, არამედ გამომწვევად. ყოველი ყლუპი იყო პროტესტი იმ სიმართლის მიმართ, რომელსაც გიორგი უყვებოდა — რომ ალექსანდრეს სხვა ჰყავდა, რომ ალექსანდრემ შეძლო გაეგრძელებიმა ცხოვრება მის გარეშე. როდესაც მუსიკა აჩქარდა, კირა ცეკვის მოედანზე გავიდა. ცეკვავდა თავდავიწყებით, თითქმის აგრესიულად. მისი შავი კაბის ზურგი ისე ელავდა პროჟექტორების შუქზე, როგორც დაჭრილი პანტერის კანი. ის იცინოდა, ვიღაც უცხო ბიზნეს პარტნიორს ხელს მხარზე ხვევდა და თვალებში უყურებდა, მაგრამ სინამდვილეში ამ მზერით ალექსანდრეს ეძებდა, თითქოს სურდა, კედლებს მიღმა მყოფ კაცს დაენახა, როგორ „ბედნიერად“ ერთობოდა ის. -შეხედეთ კირას, - ჩურჩულებდნენ მაგიდებთან, ავარიის შემდეგ ასეთი სიცოცხლით სავსე არავის უნახავს. მხოლოდ მამამისმა, გიორგიმ იცოდა, რომ ეს სიცოცხლე კი არა, ისტერიკა იყო. კირა სვამდა, ცეკვავდა , რომ საკუთარი გულისცემა არ გაეგონა. თუმცა, შუაღამისას, როცა ტორტის გაჭრის დრო მოვიდა, ის მოულოდნელად გაჩერდა. ხმაური აუტანელი გახდა. სახეზე ოფლის წვეთები გაუჩნდა , თავბრუ დაეხვა. — კირა, კარგად ხარ? - მიუახლოვდა მარკუსი. — მომშორდით... ყველანი მომშორდით! - ჩაილაპარაკა მან, ბოკალი მაგიდაზე ისე დაახეთქა, რომ ფეხი მოტყდა და დარბაზიდან თითქმის სირბილით გავარდა. გარეთ აგვისტოს ღამე დახვდა. მანქანაში ჩაჯდა, მძღოლს სთხოვა : „ მამა დავითის ასასვლელთან ჩამომსვი და წადი“. ფეხსაცმელები იქვე, ასფალტზე დატოვა. ფეხშიშველმა, დაიწყო კიბეებზე ასვლა. ყოველი საფეხური ფეხისგულებს სწვავდა, მაგრამ ეს ფიზიკური ტკივილი სასიამოვნოც კი იყო იმ სულიერ სიმძიმესთან შედარებით, რომელიც რესტორნიდან წამოიღო. მიაღწია იმ ადგილს, სადაც თხუთმეტი წლის წინ ალექსანდრემ პირველად აკოცა. აქ ჰაერი სხვანაირი იყო , აქ ისევ ის კირა სუნთქავდა, რომელსაც მილიონები არ ჰქონდა, მაგრამ ჰქონდა იმედი. კირა კიბეზე ჩამოჯდა, თავი მუხლებზე დადო და ატირდა. ეს არ იყო ლამაზი, კინემატოგრაფიული ტირილი. ეს იყო ქალის ღრიალი, რომელმაც გააცნობიერა, რომ თავისი ცხოვრების საუკეთესო წლები სიძულვილსა და შურისძიებას შესწირა. — რატომ არ მომკალი იმ ღამეს, ალექსანდრე? - ჩაჩურჩულა მან. რატომ გადამარჩინე, თუ ისევ მარტო უნდა ვყოფილიყავი? ტელეფონი ამოიღო . ეკრანზე ალექსანდრეს ნომერი აკრიფა, მაგრამ არ დაურეკავს. სიმთვრალემ და სასოწარკვეთამ სხვა გზა უკარნახა. მან იცოდა, სად იყო ის ერთადერთი ადგილი, სადაც სიმართლე იმალებოდა. კირა ტაქსით მივიდა სოლოლაკში.ფეხები დასვრილი და დაკაწრული ჰქონდა , კაბის ბოლოები მტვრით გაყავისფერებულიყო. ის მიუყვებოდა იმ ქუჩას, სადაც ალექსანდრე ცხოვრობდა. ყოველი ნაბიჯი იყო ბრძოლა სიამაყესა და სიყვარულს შორის. როდესაც მის სადარბაზოს მიადგა, წამით შეჩერდა. წარმოიდგინა ალექსანდრე შიგნით... იქნებ იმ ქალთან ერთად იყო ? ამ ფიქრმა ისე დაწვა, რომ ლამის უკან გამობრუნდა. მაგრამ მერე გაახსენდა ალექსანდრეს მაჯაზე ის ძველი საათი. „ის მას ატარებს... ისევ ატარებს,“ -გაუმეორა საკუთარ თავს. სადარბაზოს კიბეებზე ასვლისას კედლებს ეყრდნობოდა. გული ისე უცემდა, თითქოს მკერდიდან ამოვარდნას ლამობდა. მივიდა იმ კარებთან, რომლის მიღმაც მისი წარსული და შესაძლოა, მომავალიც იმალებოდა. კირამ ხელი ასწია. კანკალით დააკაკუნა. ერთხელ... ორჯერ... მესამედ უკვე მუშტი დაარტყა. — ალექს... გააღე... ვიცი, რომ მანდ ხარ, - ხმა ჩაწყვეტილი ჰქონდა, სასმლისგან და ტირილისგან ჩახრინწული. შიგნით სიჩუმე იდგა. კირა იატაკზე ჩაცურდა, ზურგით მიეყრდნო კარს და თვალები დახუჭა. მას ეგონა, რომ არავინ გაუღებდა. ეგონა, რომ ალექსანდრემ ის საბოლოოდ წაშალა. — გეხვეწები... - ამოიოხრა მან. სწორედ ამ დროს გასაღების გადატრიალების ხმა გაისმა. xxx კარი ფართოდ გაიღო და ოთახიდან გამოსულმა ყვითელმა შუქმა კირას ატირებული, დასვრილი სახე გაანათა. ალექსანდრე წამით გაოგნებული იდგა, მის წინ არ იყო ის ამაყი, მიუწვდომელი მილიონერი, რომელიც ლონდონის ცათამბჯენებიდან სამყაროს ზემოდან უყურებდა. მის წინ იატაკზე იჯდა პატარა, დამსხვრეული გოგო, რომელიც სოლოლაკის ნესტიან სადარბაზოში საკუთარ ნამსხვრევებს ეძებდა. ალექსანდრე დაიხარა, ხელი ფრთხილად მოჰკიდა იღლიაში და ფეხზე წამოაყენა. კირა მთელი სხეულით კანკალებდა, ალკოჰოლისგან თავბრუდახვეული ძლივს ინარჩუნებდა წონასწორობას. როგორც კი ოთახში შევიდნენ და კარი დაიხურა, კირა მას მკერდზე მიეკრა. ძვირადღირებული კაბის შრიალი და ალექსანდრეს მაისურის სურნენელი ერთმანეთში აირია. — ალექს... ნუ გამაგდებ... გეხვეწები, ნუ გამაგდებ, - ჩურჩულებდა ის და მის მაისურს თითებით ებღაუჭებოდა. -აღარ შემიძლია... ეს სიცივე აღარ შემიძლია. ალექსანდრემ იგრძნო კირას ცხელი სუნთქვა და სასმლის მძიმე,მოტკბო სურნელი. ხელები მხრებზე დაადო, რომ ოდნავ დაეშორებინა, კირამ თავი ასწია. მისი თვალებიდან ცრემლები ნიაღვარად მოდიოდა, ტუჩები კი უცნაურად, ნერვიულად უთრთოდა. — კირა, მთვრალი ხარ? - ჰკითხა ალექსანდრემ ხრინწიანი ხმით. წყალს მოგიტან, ცოტა დამშვიდდი და მამაშენს დავურეკავ. — არა! - დაიყვირა კირამ და უფრო მაგრად მოეხვია. - არავის დაურეკო! თხუთმეტი წელი... თხუთმეტი ჯოჯოხეთური წელი მე მხოლოდ ამას ველოდი. მეგონა, რომ ფულით ყველაფერს ვიყიდდი, მეგონა, რომ შენ დაგივიწყებდი... მაგრამ ყოველი ღამე ჯოჯოხეთი იყო. ყოველი კაცი, რომელიც ჩემთან ფლირტს ცდილობდა, , მეზიზღებოდა. ალექს... შენს გარდა ჩემს ცხოვრებაში არავინ შემომიშვია ალექს...... ეს აღიარება ალექსანდრესთვის ნასროლი ტყვიასავით იყო. მან იცოდა კირას სიამაყე, მიუწვდომლობა, მაგრამ ის, რომ კირამ თხუთმეტი წელი საკუთარი სხეული და სული მხოლოდ მისი მოგონებისთვის შეინახა, მის ყველაზე გაბედულ ფანტაზიასაც კი აღემატებოდა. კირამ თავი ასწია, ალექსანდრეს მკერდს მოშორდა და თითები ალექსანდრეს ყელზე აასრიალა. ლავიწთან თითები დააკაკუნა და გამომწვევად გახედა. ტუჩის კუთხე ოდნავ ჩაუტყდა. ალექსანდრე გაოგნებული მისჩერებოდა და ცდილობდა საკუთრი თავი დაერწმუნებინა, რომ ეს მირაჟი არ იყო. — მინდა, რომ შემიგრძნო... მინდა, რომ წაშალო ეს თხუთმეტი წელი, - ჩურჩულებდა კირა. ალექსანდრემ იგრძნო, როგორ აუდუღდა სისხლი. კირას სიახლოვე, მისი სხეულის სითბო და ის დაუცველობა, რომელსაც ის ახლა გრძნობდა, ნებისმიერი კაცის ჯავშანს გატეხდა. მან კირას წელზე ხელი მოჰხვია და კედელზე მიაყრდნო. მათი მზერა ერთმანეთს შეეჯახა, ერთში იყო თხუთმეტწლიანი შიმშილი, მეორეში კი უსაზღვრო ტკივილი და სიყვარული. მან კირას სახე ხელებში მოიქცია და მისი ცერა თითი კირას სველ ლოყებს შეახო. — კირა... მომისმინე, - თქვა მან დაბალი, მტკიცე ხმით. -მე შენ იმაზე მეტად მინდიხარ, ვიდრე სუნთქვა. თხუთმეტი წელი შენზე ფიქრით ვიძინებდი. მაგრამ ახლა... ახლა შენ შენს თავს არ გავხარ. შენ ალკოჰოლი გაძლევს გამბედაობა. მე არ მინდა, რომ ხვალ დილით გაიღვიძო და ინანო. არ მინდა, რომ ჩემთან ყოფნა შენთვის შეცდომად იქცეს, რომელსაც სიმთვრალეს დააბრალებ. — არ ვინანებ! - კირამ ხელი მაჯაზე მოჰკიდა, ზუსტად იმ ადგილას, სადაც საათი ეკეთა. — ეს საათი დროს ითვლის, ალექს... და ჩვენი დრო ახლაა. თუ ახლა გამაგდებ, მე მეორედ ვეღარ გადავრჩები. კირა მუხლებზე ჩაუცურდა, მის ხელებს კოცნიდა და ეხვეწებოდა. ეს იყო სრული განადგურება იმ „რკინის ლედის“, რომელიც აქ, ამ პატარა ოთახში უბრალოდ ქალი იყო, რომელსაც თავისი პირველი და ერთადერთი მამაკაცის ალერსი სწყუროდა. ალექსანდრე დაიხარა, ხელში აიყვანა და ფრთხილად დასვა საწოლზე. ოთახში მთვარის შუქი შემოდიოდა და კირას შავი კაბა ისე ელავდა, როგორც ღამის ზღვა. — შემომხედე, - თქვა ალექსანდრემ და მის წინ ჩაიმუხლა. - მე აქ ვარ. არსად მივდივარ. მაგრამ მინდა, რომ ეს ნამდვილი იყოს. მინდა, რომ როცა შემეხები, შენს თვალებში არა სასოწარკვეთას, არამედ იმ კირას ვხედავდე, რომელსაც ჩემი არ ეშინოდა. კირამ ხელი გაუწოდა და ალექსანდრეს მაისურის ქვეშ შეაცურა, მის შიშველ კანს შეეხო. ნერვიულობა ნელ-ნელა ცხელმა ლტოლვამ შეცვალა. — მე არ მეშინია... - თქვა მან ჩუმად. -მე მხოლოდ იმის მეშინია, რომ ისევ გავიღვიძებ და შენ ჩემთან არ იქნები. ალექსანდრემ ვეღარ გაუძლო. კირას ტუჩები საკუთარი ტუჩებით გადაფარა , ამჯერად ეს არ იყო მხოლოდ კოცნა, მან იგრძნო კირას სხეულის ყოველი ნაკეცი, მისი თრთოლვა და ის ნდობა, რომელიც მხოლოდ პირველ მამაკაცს ეძლევა. იმ ღამეს სოლოლაკის ძველ კედლებს მიღმა,თხუთმეტწლიანი სიცივე დნებოდა. იქ აღარ იყო მილიონერი კირა ლიქოკელი და უბრალო ექიმი ალექსანდრე იაშვილი. იქ იყო ორი სული, რომლებიც თხუთმეტი წელი ერთმანეთს ეძებდნენ და ბოლოს და ბოლოს, ტკივილისა და ცრემლების ფასად, ერთმანეთი იპოვეს. ხოლო ალექსანდრეს მაჯაზე, იმ ძველ საათში, ისარი წამით თითქოს მართლაც გაჩერდა. მათ დროს ათვლა აღარ სჭირდებოდათ, ისინი თავად გახდნენ დრო. ოთახში ჰაერი იმდენად დამძიმდა, რომ მისი სუნთქვა თითქო შეუძლებელი იყო. მთვარის შუქი საძინებლის იატაკზე ცივ ზოლებად ეცემოდა, მაგრამ იქ, სადაც ალექსანდრე და კირა იდგნენ, პულსირებდა თხუთმეტწლიანი მონატრებით გაჯერებული სიცხე. ალექსანდრეს ხელები კირას ზურგზე, შიშველ კანზე დასრიალებდა, იქ, სადაც კაბის ამოჭრილი ადგილი იწყებოდა. ის ფრთხიალად ეხებოდა მისთვის საოცნებო სხეულს, თითქოს ეშინოდა, რომ ეს ყველაფერი ისევ მირაჟი არ ყოფილიყო, მაგრამ კირას რეაქცია მის შეხებაზე მყისიერი და თავდაუზოგავი იყო. მან თავი უკან გადააგდო, როცა ალექსანდრეს ტუჩები მის ყელს შეეხო იქ, სადაც არტერია გამძაფრებით ფეთქავდა. — ალექს... -ამოიხნეშა კირამ და თითები კაცის თმებში შეაცურა. ალექსანდრემ ის საწოლზე გადააწვინა. კირას შავი აბრეშუმის კაბა თეთრ ზეწრებზე ისე იშლებოდა, როგორც ღამის ლაქა. კაცი მასზე გადაიხარა, მისი მზერა კირას თვალებში ჩაიძირა , იქ აღარ იყო ალკოჰოლური ნისლი, იქ მხოლოდ შიშველი, პირველყოფილი ვნება დარჩენილიყო. მან კირას ხელები თავს ზემოთ დაუკავა, მისი მაჯები თავის ერთ ხელში მოიქცია. — თხუთმეტი წელი... - ჩაჩურჩულა ალექსანდრემ და მისი ხმა კირას ტუჩებთან ისე ახლოს გაისმა, რომ ქალს ჟრუანტელმა დაუარა. - თხუთმეტი წელი ვკვდებოდი იმის წარმოდგენით, თუ როგორ გეხება სხვა. ყოველი წამი, როცა შენს სახეს ჟურნალის გარეკანზე ვხედავდი, ჩემთვის ხელმეორედ სიკვდილი იყო. — არავინ ყოფილა, ალექს... -კირამ თეძოები მისკენ ასწია, სხეულით ეძებდა მის სიმძიმეს. - მხოლოდ შენი სუნთქვა მახსოვდა. მხოლოდ შენი ხელები... ალექსანდრემ ნელა, აუჩქარებლად ჩამოუწია კაბის წვრილი ზონარები. სამოსი სხეულიდან ისე ჩაუცურდა, როგორც წყლის წვეთი. კირა მის წინაშე სრულიად დაუცველი და საოცრად ლამაზი იწვა. მთვარის შუქი მის კანზე ისე ლივლივებდა, როგორც მარმარილო. ალექსანდრეს ხელები მის მუცელზე აცოცდნენ, იქ, სადაც ავარიის ნაწიბური ჯერ კიდევ ვარდისფრად ელავდა. დაიხარა და ამ ნაწიბურს აკოცა ხანგრძლივად, მტკივნეულად. კირას სხეული მშვილდივით მოიზნიქა. მან ფეხები ალექსანდრეს წელზე შემოაჭდო, თავისკენ ეწეოდა, მთელი არსებით ითხოვდა იმ ერთიანობას, რომლისთვისაც თხუთმეტი წელი სული ეწვოდა. — ახლა... - ჩაილაპარაკა კირამ ისე, რომ მისი ხმა ვნებიან სიმს ჰგავდა. - ახლა მაჩვენე, რომ ისევ შენი ვარ. მათი შეჯახება იყო არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ორი აფეთქებული სამყაროს შეხვედრა. ყოველი შეხება იყო პასუხი თხუთმეტწლიან დუმილზე. ალექსანდრეს კოცნა კირას ტუჩებიდან მკერდზე გადავიდა, იქიდან კი უფრო დაბლა, სანამ ქალის ხმამაღალი კვნესა ოთახის კედლებს არ შეაწყდა. კირა მის ქვეშ დნებოდა, მისი თითები ალექსანდრეს ზურგზე ღრმა კვალს ტოვებდნენ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა კირამ საკუთარ თავს უფლება მისცა, ყოფილიყო არა "ლიქოკელი", არამედ უბრალოდ ქალი, ვნებიანი, დაუოკებელი და ბოლომდე მინდობილი თავის პირველ მამაკაცს. ალექსანდრე კი, რომელიც ყოველთვის თავშეკავებული და ცივი ჩანდა, ახლა ნამდვილ სტიქიას ჰგავდა. მისი ყოველი მოძრაობა იყო ფიცი, რომ ის ამ ქალს მეორედ აღარასდროს დათმობდა. ოთახში მხოლოდ მათი აჩქარებული სუნთქვა და კანის კანზე შეხების ხმა ისმოდა. დრო მართლაც გაჩერდა. იმ წამს, როცა მათი სხეულები ერთმანეთს შეერწყა, სოლოლაკის ძველმა კედლებმა თითქოს სუნთქვა შეკრეს. ეს არ იყო მხოლოდ ფიზიკური აქტი, ეს იყო თხუთმეტი წლის განმავლობაში დაგროვილი ტკივილის, მონატრებისა და გაუცხოების ნგრევა. ალექსანდრეს მოძრაობებში იგრძნობოდა მამაკაცური სტიქია, რომელიც წლების განმავლობაში სადღაც მიუჟულიყო. კირამ თვალები დახუჭა და ხმამაღლა ამოიკვნესა, ეს იყო შემთხვევა, როცა მან საკუთარ სხეულში სხვა ადამიანის სიახლოვე და სისავსე იგრძნო. ტკივილი, რომელიც თავდაპირველად მის სახეზე აისახა, წამიერად გარდაიქმნა უსაზღვრო, თითქმის გამანადგურებელ ნეტარებად. კირას თითები ალექსანდრეს მხრებზე დასრიალებდნენ, ფრჩხილებით მის კანს ეჭიდებოდა, თითქოს ეშინოდა, რომ თუ ხელს გაუშვებდა, ისევ იმ ცივ, ლონდონურ ნისლში აღმოჩნდებოდა. მათი რიტმი იყო აჩქარებული, ქაოსური და ამავე დროს საოცრად ჰარმონიული , როგორც ორი მდინარის შეერთება, რომლებიც თხუთმეტი წელი სხვადასხვა კალაპოტში მიედინებოდნენ და ახლა ერთიან, მღვრიე და მძლავრ ნაკადად იქცნენ. ალექსანდრე მის ყოველ კვნესას კოცნით იჭერდა. ის გრძნობდა კირას სხეულის თითოეულ თრთოლვას, მის უცოდველობასა და ამავე დროს იმ ველურ ვნებას, რომელიც მხოლოდ პირველ მამაკაცს შეუძლია გააღვიძოს ქალში. ოთახში მხოლოდ მათი სხეულების შეჯახების ხმა, აჩქარებული სუნთქვა და აბრეშუმის ზეწრების შრიალი ისმოდა. ეს იყო წმინდა რიტუალი - წარსულის ფერფლზე ახალი სიცოცხლის დაბადება. კირა გრძნობდა, როგორ იშლებოდა მასში თითოეული კედელი, თითოეული ბარიერი, რომელსაც თხუთმეტი წელი აშენებდა. ის აღარ იყო "რკინის ლედი", ის იყო შიშველი სული, რომელიც ალექსანდრეს სიმხურვალეში დნებოდა. როდესაც პიკს მიაღწიეს და ორივემ ერთდროულად იგრძნო სამყაროს დავიწყების მომენტი, კირამ თავი უკან გადააგდო, მისი თეთრი ყელი მთვარის შუქზე აელვარდა და ალექსანდრეს სახელი ისეთი სასოწარკვეთით ამოთქვა, თითქოს ამ სიტყვაში მთელ თავის არსებობას დებდა. ისინი დიდხანს იწვნენ ერთმანეთში გადახლართულები, ოფლით დანამული კანითა და აჩქარებული გულებით. იმ ღამეს მათმა სხეულებმა ის სიმართლე თქვეს, რასაც ენა თხუთმეტი წელი მალავდა: ისინი არასდროს ყოფილან სხვისი და ვერასდროს იქნებოდნენ. დილით ოთახში შემოჭრილი მზის სხივები დაუნდობელი აღმოჩნდა. ორი, ვნებისგან გათანგული სხეული ერთმანეთზე იყო მიკრული. ალექსანდრემ თვალები გაახილა, კირას მის გულზე ედო თავი, დიდხანს უყურა მის ახდენილ ოცნებას, წამით კირას გარეშე გატარებულ მტკივნეულ დღეებზე ჩააფიქრდა, გაეღიმა, ფრთხილად წამოდგა და ოთახიდან გავიდა. ოთახში ყავის ჯადოსნური სურნელი დატრიალდა. კირამ თვალები ნელა გაახილა და საწოლის კუთხეში ჩამომჯდარ ალექსანდრეს გაუღიმა. - როგორ ხარ? მაცდურად ჰკითხა ალექსანდრემ. კირამ სახეზე ზეწარი აიფარა. ალექსანდრეს სიცილი აუტყდა. -შხაპს მივიღებ, თვალებიდან ოდნავ ჩამოსწია ზეწარი და ისე, რომ ალექსის პასუხს არც დალოდებია ოთახიდან გავარდა. აბაზანიდან გამოსულს კარებთან ალექსანდრე აესვეტა. კედელთან მიიმწყვდია, მისი ხელები თავს ზემოთ დააფიქსირა და თვალებში ჩახედა. — მიყვარხარ კირა- ჩურჩულით თქვა და ცხელი სუნთქვა ყურთან მიუტანა. კირამ თავად მიიზიდა მისი სახე თავისკენ. უფრო ვნებიანი იყო, აღარ მორცხვობდა. ეს არ იყო მხოლოდ სხეულების შეჯახება, ეს იყო სულების დიალოგი. კირა თავად ხდიდა ალექსანდრეს ტანსაცმელს, მისი ფრჩხილები კაცის ზურგზე ღრმა კვალს ტოვებდნენ. ის აღარ ითხოვდა „ტკივილს“, ის ითხოვდა სიყვარულს. მათი სუნთქვა ერთმანეთში ირეოდა. კირას კვნესა ოთახის სიჩუმეს არღვევდა, ალექსანდრეს ყოველი მოძრაობა კი იმდენად ზუსტი და მგრძნობიარე იყო, რომ კირა გრძნობდა, როგორ იშლებოდა მის სხეულში ყოველი დაძაბულობა. — შენ ჩემი ხარ... - ჩურჩულებდა ალექსანდრე მის მკერდსა და ყელს შორის. - გესმის? ჩემი ხარ. — შენი ვარ... -ამოიოხრა კირამ და მთელი არსებით მიეკრა. კირა გრძნობდა, რომ მისი სხეული, რომელიც თხუთმეტი წელი მხოლოდ „მანქანასავით“ მუშაობდა, ბოლოს და ბოლოს გაცოცხლდა. ალექსანდრეს მკლავებში მოქცეული კირა ხვდებოდა, რომ რაღაც გადაწყდა. ოღონდ რა ეს ჯერ თავადაც არ იცოდა. ვნებიანი ღამის შემდეგ, სოლოლაკის ქუჩებში გათენებულმა ნაცრისფერმა დილამ კირა საკუთარი სახლის ზღურბლთან მიაცილა. მან ფრთხილად შემოაღო მძიმე, ხის კარი და ფეხაკრეფით გაიარა მისაღები ოთახი. ირგვლივ სიმშვიდე სუფევდა, მშობლებს ჯერ კიდევ ეძინათ, მხოლოდ ძველი კედლის საათის წიკწიკი არღვევდა სიჩუმეს. როგორც კი თავის ოთახში შევიდა და კარი ზურგს უკან ჩაკეტა, კირა საწოლზე დაეშვა. სხეული ჯერ კიდევ ალექსანდრეს სიმხურვალეს ინახავდა. თვალები დახუჭა და იმავწამს ისევ ვნების მორევში ჩაიძირა. ისევ გრძნობდა ალექსის ძლიერ მკლავებს, რომლებიც მას მესაკუთრული სინაზით ეკვროდნენ, გრძნობდა მის ცხელ სუნთქვას ყელზე და იმ დაუოკებელ ლტოლვას, რომელმაც თხუთმეტწლიანი ყინული ერთ ღამეში გაადნო. სიამოვნებისგან ჟრუანტელმა დაუარა, მისი სხეული თითქოს ხელახლა დაიბადა, ყოველი უჯრედი ალექსანდრეს სახელს გაჰყვიროდა. ის აღარ იყო რაციონალური ბიზნეს ლედი, ის იყო ქალი, რომელმაც ბოლოს და ბოლოს საკუთარ სხეულში სიცოცხლის გემო იგრძნო. მომდევნო დღეები კირასთვის ნისლიან სიზმარს დაემსგავსა. ლონდონიდან შემოსული ზარები, გადაუდებელი ტრანზაქციები და საქმიანი მიმოწერები მისთვის აბსოლუტურად უფასული გახდა. კომპიუტერის ეკრანზე ციფრები ცეკვავდნენ, მაგრამ ის მხოლოდ ალექსანდრეს თითების შეხებას ხედავდა მის კანზე. ის საათობით იჯდა სამუშაო მაგიდასთან, თუმცა გონებით სოლოლაკის იმ პატარა ბინაში იყო, სადაც დრო გაჩერდა. კირა საკუთარ თავს ვეღარ ცნობდა. შინაგანი შფოთვა და სიხარული ერთმანეთში ირეოდა. "რა მიყავი, ალექსანდრე?" - ჩურჩულებდა ის ღამით, როცა მის პერანგს იხუტებდა, რომელიც იმ ღამის შემდეგ თან წამოიღო. სახლშიც ვერავინ ატყუებდა , გიორგი ხედავდა შვილის ალეწილ ლოყებს და გაფანტულ მზერას, მაგრამ დუმდა, ხვდებოდა, რომ კირას სულში ახლა დიდი გადაფასების პროცესი მიდიოდა. შაბათ დილას, როცა კირა ისევ ფიქრებში იყო წასული, ეზოში ნაცნობი მანქანის ხმა გაისმა. ალექსანდრემ ამოაკითხა. — დაჯექი კირა - უთხრა ალექსმა, მანქანის კარი გაუღო. მისი ხმა მშვიდი და ხავერდოვანი იყო. მასში ისეთი თავდაჯერებულობა და სიმტკიცე იგრძნობოდა, რომ კირას წინააღმდეგობის გაწევის სურვილიც კი არ გაუჩნდა. — მინდა, რომ წარსული იქ დავტოვოთ, სადაც დაიწყო, უთხრა ალექსანდრემ და უკან არც მოუხედავს საჭეს ისე მიუჯდა. გზა წყნეთისკენ ფიჭვების სურნელით იყო გაჟღენთილი. ჰაერი თანდათან გრილდებოდა, სიმწვანე კი თვალს სჭრიდათ. ალექსანდრე მართავდა მანქანას, ცალი ხელით კი კირას ხელს ეჭიდებოდა. მისი ცერა თითი კირას მაჯაზე ნელა მოძრაობდა, იქ, სადაც პულსი გამალებით ფეთქავდა. ეს არ იყო მხოლოდ მგზავრობა, ეს იყო წინასწარ განზრახული სვლა მათი საერთო მომავლისკენ. ალექსანდრეს სჯეროდა, რომ კირას შინაგანი სიმშვიდისთვის ერთი მთავარი ადამიანი უნდა ენახა. — აქ რატომ მოვედით? - იკითხა კირამ და ხმა აუკანკალდა. ის ხვდებოდა, ვინ ელოდა ამ სახლში. — იმიტომ, რომ შენი იარები აქედან იწყება, კირა. სანამ ელენეს არ დაელაპარაკები, შენში ისევ ის შეშინებული გოგო იცხოვრებს, რომელსაც ეგონა, რომ ჩვენი სიყვარულით დანაშაული ჩაიდინა. წყნეთის აგარაკის ეზოში, ძველი კაკლის ხის ჩრდილში, ელენე იაშვილი იჯდა. როდესაც მანქანა გაჩერდა და იქიდან კირა გადმოვიდა, მოხუცმა ქალმა სათვალე მოიხსნა. თხუთმეტი წელი გასულიყო მათი ბოლო შეხვედრიდან , იმ დღიდან, როცა ელენემ კირას ზურგი აქცია და საკუთარი შვილის უბედურებაში დაადანაშაულა. კირა ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა. ის გრძნობდა, როგორ უმძიმდებოდა ფეხები. ყოველი ნაბიჯი იყო ბრძოლა იმ წყენასთან, რომელიც თხუთმეტი წელი გულში ჰქონდა ჩამარხული. — მოხვედი, კირა? -ელენეს ხმა აღარ იყო ისეთი მჭახე და ამაყი, როგორც ადრე. მასში სინანული ჟღერდა.- დაჯექი, შვილო. ალექსანდრე მოშორებით დადგა, აივანის მოაჯირს მიეყრდნო და შორიდან ადევნებდა თვალს მისი ცხოვრების ორ უმნიშვნელოვანეს ქალს. მან იცოდა, რომ კირასთვის ეს შეხვედრა ეგზორციზმს ჰგავდა , მას უნდა განედევნა ის ტკივილი, რომელიც ელენეს სიტყვებმა თხუთმეტი წლის წინ მიაყენა. — ბოდიში უნდა გითხრა, -დაიწყო ელენემ და კირას ხელზე ხელი დაადო. კირა შეკრთა, მისი თითები ყინულივით ცივი იყო.- მე და ვახტანგი მაშინ ბრმები ვიყავით. ჩვენს სიამაყეს გადავაყოლეთ თქვენი ბედნიერება. მე ვიცი, რაც გააკეთე, კირა... ვიცი, რომ ალექსანდრეს კარიერის გამო დათმე საკუთარი თავი და მამაშენის გადასარჩენად ის სასტიკი გზა აირჩიე. შენ ის დაიცავი, ჩვენ კი დაგგმეთ. კირას თვალები ცრემლებით აევსო. ეს არ იყო სიმწარის ცრემლები, ეს იყო დიდი ხნის წინ დაგუბებული ტკივილის გადმოხეთქვა. მან პირველად იგრძნო, რომ ის "დანაშაული", რასაც საკუთარ თავს აბრალებდა ალექსანდრეს მიტოვებით — სინამდვილეში მსხვერპლშეწირვა იყო, რომელიც ახლა დაუფასდა. — თხუთმეტი წელი ვუყურებდი ჩემს შვილს და ვხედავდი, როგორ ქრებოდა მასში სიცოცხლე, - განაგრძო ელენემ. - ის სუნთქავდა, მუშაობდა, მაგრამ მისი სული შენთან იყო. მაპატიე, თუ შეგიძლია. მაპატიე, რომ დედაშვილური სითბოს ნაცვლად, მაშინ მხოლოდ ცივი განკითხვა დაგახვედრე. — მე მეგონა, რომ თქვენი გეზიზღებოდით, - ამოისლუკუნა მან. — როგორ შეიძლება მძულდეს ქალი, რომელმაც ჩემს შვილს თხუთმეტი წელი ერთგულება ასწავლა? - გაიღიმა ელენემ. კირა ელენეს მკლავებში ჩაეკვრა. წყნეთის მშვიდ გარემოში, ფიჭვების შრიალის ქვეშ, თხუთმეტწლიანი ომი დასრულდა. კირა გრძნობდა, როგორ ეხსნებოდა მძიმე მარწუხები გულზე. მან ახედა ალექსანდრეს, რომელიც მზის შუქზე იდგა და უყურებდა მას , არა როგორც ექიმი პაციენტს, არამედ როგორც კაცი თავის სამყაროს. იმ მომენტში კირას ეგონა, რომ ბედნიერებამ ბოლოს და ბოლოს მიაგნო მის მისამართს. მაგრა, მან არ იცოდა, რომ სულ რამდენიმე დღეში, ერთი შემთხვევითი მომენტი ყველაფერს ისევ ფერფლად აქცევდა და ლონდონისკენ მიმავალ გზას ცრემლებით მორწყავდა. xxx წყნეთიდან დაბრუნების შემდეგ, კირა თითქოს სხვა განზომილებაში გადავიდა. ელენესთან შერიგებამ მას ის ემოციური თავისუფლება მისცა, რომელსაც თხუთმეტი წელი ამაოდ ეძებდა. ყოველი დილა ალექსანდრეს მოკლე, თბილი შეტყობინებით იწყებოდა, ყოველი საღამო კი — მისი ჩახუტებით მთავრდებოდა. თუმცა, ბედისწერას თავისი ირონიული გეგმები აქვს და ყველაზე მაღალი ფრენის შემდეგ, დაცემა ყოველთვის ყველაზე მტკივნეულია. ორშაბათი საღამო იყო. მძიმე სამუშაო დღის შემდეგ კირა ოფისიდან გამოვიდა. გიჟურად მოენატრა ალექსანდრე, ეშმაკურად გაიღიმა და თვალებში ბედნიერების ნაპერწკალი გაუკრთა. უნდოდა ერთად ევახშმათ და კიდევ ერთხელ ეგრძნო ის სიმშვიდე, რომელიც მხოლოდ მასთან ჰქონდა. მძღოლს სთხოვა გეზი სასწრაფო დახმარების სადგურისკენ აეღო. ღიმილს ვერ იშორებდა ბაგეებიდან, როცა წარმოიდგენდა ალექსანდრეს ბედნიერ სახეს მის დანახვაზე. როდესაც სასწრაფო დახმარების სადგურის ეზოში შევიდა, გული უცნაურად შეუქანდა. ეს შენობა მისთვის ადრე იმედის სიმბოლო იყო, ახლა კი... ახლა აქ მისი მთელი სამყარო იმალებოდა. მან იცოდა, სად იყო სამორიგეო ოთახი. ნელი, თავდაჯერებული ნაბიჯით აუყვა კიბეებს. დერეფანში წამლისა და სადეზინფექციო ხსნარის სუნი იდგა, რაც კირას ყოველთვის აფრთხობდა, მაგრამ დღეს ეს სუნიც კი მშობლიურად ეჩვენა. ნახევრად ღია კარს მიუახლოვდა და სწორედ მაშინ, როცა ღიმილით აპირებდა ზღურბლის გადაბიჯებას, მისი სხეული ერთ ადგილზე გაქვავდა. სამორიგეო ოთახის მკრთალ შუქზე ორი ფიგურა ჩანდა. ალექსანდრე სავარძელში იჯდა, ნინო კი მის წინ იდგა, იმდენად ახლოს, რომ მათ შორის ჰაერიც კი აღარ დარჩენილიყო. ნინომ ხელები ალექსანდრეს მხრებზე მოხვია და თითები მის კისერზე ჩაასრიალა. მისი ხმა საკმაოდ მშვიდი, მგზნებარე და რაღაცნაირად "უფლებამოსილი" იყო. — ალექს... ნუთუ საერთოდ არ მოგწონვარ?- ჩურჩულებდა ნინო. ეს კითხვა იმდენად მაცდურად ჟღერდა, რომ კირას გული ამოუჯდა და უარესის მოლოდინში გაირინდა. ალექსანდრემ ნინოს ხელი ჩამოაშვებინა და მაჯებით შორს გასწია. კირას რაკურსიდან კი ეს ისე ჩანდა, თითქოს ის ქალის ხელს კი არ იშორებდა, არამედ თავისკენ იზიდავდა. ალექსანდრეს სახეზე დაღლილობა და რაღაც გაურკვეველი ემოცია ეხატა, რაც კირამ მაშინვე "დანაშაულის გრძნობად" მონათლა. იმ წამს კირას გონებაში თხუთმეტი წლის წინანდელი კოშმარი გაცოცხლდა. ყველა ის მომენტი, როცა მას ღალატობდნენ, როცა მის ზურგს უკან იცინოდნენ, როცა ფიქრობდა, რომ სიყვარული მხოლოდ ილუზიაა. "რკინის ლედი", რომელიც იმ ღამით სოლოლაკში დნებოდა, წამში აღდგა - უფრო ცივი და დაუნდობელი გახდა, ვიდრე ოდესმე იყო. კირამ კარი ხმაურიანად შეაღო. ხმაურმა ოთახში მყოფები შეაკრთო. ნინო მაშინვე მოსცილდა ალექსანდრეს, მაგრამ მის თვალებში სინანულის ნაცვლად რაღაცნაირი გამარჯვებულის ნაპერწკალი გაკრთა. — კირა?! - ალექსანდრე ფეხზე წამოდგა, მისი მზერა დაბნეული და შეშინებული იყო. — აქ რას აკეთებ? — როგორც ჩანს, ხელი შეგიშალეთ, - კირას ხმა ისეთი ბასრი იყო, რომ ჰაერი გაჭრა. — ხელს გიშლით "აწმყოში" ცხოვრებაში? — კირა, არასწორად გაიგე... ნინო უბრალოდ... - დაიწყო ალექსანდრემ და მისკენ ნაბიჯი გადადგა. — "უბრალოდ"? — კირამ დამცინავად ჩაიცინა, მისი თვალებიდან ცეცხლი ცვიოდა. — მე თხუთმეტი წელი ვსწავლობდი ადამიანების მზერის კითხვას, ალექსანდრე. მე ვიცი, როდის ეხება ქალი კაცს მხოლოდ როგორც "კოლეგა" და როდის ეხება როგორც საკუთრებას. -- და შენ? შენ ისევ ისე დგახარ და დაუშვა ის შესაძლებლობა , რომ ჩემი ადგილი სხვამ დაიკავოს? . მე მეგონა, რომ ჩვენ... მაგრამ ვფიქრობ შენთვის მხოლოდ ემოციური თავშესაფარი ვარ, არა? ძველი, ძვირადღირებული ნივთი, რომელიც ისევ მოგინდა. — როგორ ბედავ ამის თქმას! - ალექსანდრეს ხმაში ბრაზი გაერია. - მას შემდეგ, რაც ჩვენ შორის მოხდა... მას შემდეგ, რაც დედაჩემთან ვიყავით... შენ ისევ ეჭვებით ცხოვრობ? — ეჭვი? არა, ალექსანდრე. ეს ეჭვი არ არის. ეს რეალობაა. შენს ცხოვრებაში ჩემთვის ადგილი არ არის. შენი სამყარო ესაა - ეს კედლები, ეს ხალათები და ეს ქალი, რომელიც შენს ენაზე საუბრობს. მე კი... მე უცხო სხეული ვარ, რომელიც ისევ უნდა მოიშოროთ. კირა შებრუნდა და სირბილით დაეშვა კიბეებზე. ალექსანდრე უკან მიჰყვა, ეძახდა, მაგრამ კირა აღარაფერს უსმენდა. მისი გონება მხოლოდ ერთ რამეს გაჰყვიროდა: "გაიქეცი! გადაარჩინე ის, რაც დაგრჩა!" მანქანაში ჩაჯდა და მძღოლს სთხოვა წასულიყო. სარკეში დაინახა ალექსანდრე, რომელიც ეზოში იდგა და უყურებდა როგორ ტოვებდა მას კირა მეორედ. მაგრამ ამჯერად ეს არ იყო სხვისი იძულება. ეს იყო საკუთარი, ნაიარევი გულის გადაწყვეტილება. თვალებში მხოლოდ ის სურათი ედგა: ნინოს ხელები ალექსანდრეს ყელზე. ყოველი ამოსუნთქვა სტკიოდა. მას ეგონა, რომ ბარიერები დაანგრია, რომ საკუთარი თავი კვლავ აჩუქა კაცს, რომელმაც თხუთმეტი წლის წინ მისი ცხოვრება შეცვალა, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი დიდ, ბინძურ ტყუილად ეჩვენებოდა. სახლში მისულმა კარი გადაკეტა და მარტო დარჩა. აივანზე გავიდა, სადაც ღამის თბილისი მის წინაშე გადაშლილიყო, მაგრამ ის ქალაქს კი არა, საკუთარ სიცარიელეს უყურებდა. მთელი ღამე არ დაუძინია. ალექსანდრე ურეკავდა, უამრავ შეტყობინებას წერდა, უხსნიდა, რომ ნინო თვითონ მივიდა მასთან, რომ მან ის მაშინვე გააჩერა... მაგრამ კირა არ კითხულობდა. მას ეშინოდა, რომ თუ ერთ სიტყვას მაინც წაიკითხავდა, ისევ დანებდებოდა. და ეს დანებება მას საბოლოოდ გაანადგურებდა. „რა სულელი ხარ, კირა,“ - ეუბნებოდა საკუთარ თავს და სარკეში საკუთარ ალეწილ სახეს ათვალიერებდა. - „გეგონა, რომ ექიმის ხალათში გამოწყობილი რაინდი შენს ერთგულებას თხუთმეტი წელი ინახავდა? სანამ შენ ლონდონში სულს ღაფავდი, ის აქ სხვასთან ერთად ერთობოდა.“ ბრაზი, რომელიც მის სულში იღვიძებდა, ცივი და მომწამვლელი იყო. მან გადაწყვიტა, რომ ეს იყო ბოლოჯერ, როცა ვინმეს მისცა უფლება, მის გულამდე მიეღწია. ყოველი თბილი მოგონება — წყნეთის სიგრილე, ელენეს ჩახუტება, ალექსანდრეს ალერსი ახლა იარაღად იქცა მის წინააღმდეგ. ჩემოდნების ჩალაგება დაიწყო, ოღონდ ამას აკეთებდა არა ტირილით, არამედ სიძულვილით. ის ისევ იქცა იმ დაუნდობელ ბიზნეს-ლედად, რომლისთვისაც გრძნობები მხოლოდ მითია. ამავე დროს, ალექსანდრე სადგურის ეზოში იდგა, იქ, სადაც კირას მანქანის საბურავების კვალი ჯერ კიდევ ჩანდა. ის სუნთქვას ვერ ახერხებდა. ეს არ იყო მხოლოდ წყენა, ეს იყო პანიკური შიში იმისა, რომ ის, რაც თხუთმეტი წლის შემდეგ სასწაულით დაიბრუნა, წამში ხელიდან გამოეცალა. — კირა, მიპასუხე! - ღრიალებდა ის ტელეფონში, მაგრამ მხოლოდ ოპერატორის ცივი ხმა ესმოდა. ოთახში დაბრუნებულმა ნინოს ისეთი მზერით შეხედა, რომ ქალი შეკრთა. — კმაყოფილი ხარ? - ჰკითხა ჩურჩულით. - დაინახე, რა გააკეთე? შენ ხომ არაფერი იცი ჩემზა და იმ ქალზე, წარმოდგენა არ გაქვს რა გადავიტანეთ! - ამ სიტყვებში იყო დიდი ტკივილი და სასოწარკვეთა. ალექსანდრე მანქანაში ჩაჯდა და სოლოლაკისკენ გაქროლდა. ის მზად იყო კარები შეენგრია, მზად იყო მუხლებზე დაჩოქილიყო, ოღონდ კირას თვალებში ისევ დაენახა ის სითბო, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ ათბობდა. მაგრამ კირასთან მისულს ბატონმა გიოგიმ მოწიწებით მოუბოდიშა: — არავის ნახვა არ სურს - თქვა გიორგიმ და თავი დახარა, ენანებოდა ამ ორი, ერთმანეთზე უსასრულოდ შეყვარებული გულის ასეღი უიღბლობა. ალექსანდრე ქუჩაში იდგა, თავის ძველ საათს უყურებდა და გრძნობდა, როგორ უსკდებოდა გული. ის ხვდებოდა, რომ კირასთვის ეს სცენა იყო საბოლოო დადასტურება იმისა, რომ არავის ნდობა არ შეიძლება. მან ის დაკარგა... ისევ დაკარგა. დილის ოთხი საათი იყო, როცა კირა მისაღებ ოთახში გამოვიდა. გიორგი და მარიამი უკვე ფეხზე იყვნენ . მათ იცოდნენ, რომ რაღაც საშინელება მოხდა. ჩემოდნები დერეფანში იდგა. — მიდიხარ, შვილო? - ჰკითხა გიორგიმ, მის ხმაში უდიდესი ტკივილი იგრძნობოდა. — მივდივარ, მამა. აქ ჩემი ადგილი არ არის. თბილისი ჩემთვის მხოლოდ აჩრდილების ქალაქია. — ალექსანდრე... ის მთელი ღამე ქვემოთ იდგა, კირა. ის არ წასულა. კირამ მწარედ ჩაიცინა. — დაე, იდგეს. დაე, იგრძნოს, რას ნიშნავს, როცა გეუბნებიან, რომ უყვარხარ და მერე სხვისი სუნით ბრუნდებიან შენთან. მე ის თბილისში დავტოვე თხუთმეტი წლის წინ და დღეს საბოლოოდ მოვკალი ჩემში. არ მინდა მისი ხსენებაც კი. ჩემი ცხოვრება იქაა, სადაც ცივი გონება ფასობს და არა ცარიელი დაპირებები. მშობლებს აკოცა, მამას დიდხანს უხმოდ ჩაეკრა გულში, თუმცა მისი სხეული ქვისგან ნაკეთივით ცივი იყო. აეროპორტის გზაზე კირამ ტელეფონიდან ყველა სურათი წაშალა. წაშალა ალექსანდრეს ნომერიც. როდესაც კერძო თვითმფრინავის ტრაპზე ავიდა და ლონდონისკენ აიღო გეზი, მან იგრძნო, როგორ გაქვავდა მისი გული. ის ისევ ის კირა ლიქოკელი იყო — ქალი, რომელსაც ვერავინ ატკენდა, რადგან აღარავის უშვებდა ახლოს. თვითმფრინავის ფანჯრიდან უყურებდა კავკასიონის ქედებს და გრძნობდა, როგორ ივსებოდა მისი არსება ბოღმითა და შურისძიების წყურვილით. გადაწყვიტა, რომ ლონდონში ჩასვლისთანავე გააუქმებდა ყველა ქართულ პროექტს. სურდა, ყველაფერი დაეწვა, რაც ამ ქვეყანასთან აკავშირებდა. თუმცა, მან არ იცოდა, რომ მის შიგნით უკვე იზრდებოდა ის ერთადერთი ძაფი, რომელიც მას სიცოცხლის ბოლომდე დააბამდა იმ კაცთან, რომელიც ახლა სოლოლაკის ნაწვიმარ ქუჩაზე იდგა და განადგურებული უყურებდა ცას, სადაც კირას თვითმფრინავი კვალს ტოვებდა. xxx ლონდონი კირას ცივი, ნაცრისფერი ნისლით შეეგება. ეს ქალაქი ყოველთვის მისი მოკავშირე იყო — აქ გრძნობებს ფასი არ ჰქონდა, აქ მხოლოდ ციფრები, გარიგებები და ძალაუფლება ბატონობდა. საქართველოდან დაბრუნებული კირა ისეთი გაორმაგებული ენერგიით ჩაეფლო სამუშაოში, რომ მისი პარტნიორებიც კი გაოცებულები დარჩნენ. ის ცდილობდა, ყოველი თავისუფალი წამი სამუშაო შეხვედრებით დაეტვირთა, რათა გონებაში ფიქრისთვის ადგილი არ დაეტოვებინა. ყოველი ღამე, როდესაც ძილი არ ეკარებოდა, ის მოხსენებებსა და ფინანსურ გეგმებზე მუშაობაში ათენებდა. ის კლავდა საკუთარ თავში ქალს, რომელიც სოლოლაკის ვიწრო ქუჩებში დარბოდა და ტიროდა. კირას სამუშაო გრაფიკი არაადამიანური გახდა. ის დილის ექვს საათზე იწყებოდა და შუაღამისას მთავრდებოდა. მას სჯეროდა, რომ თუ საკმარისად დაიღლებოდა, ალექსანდრეს სურნელი და მისი ხელების სითბო მეხსიერებიდან წაიშლებოდა. თუმცა, სხეული, რომელიც მან თხუთმეტი წელი რკინის დისციპლინით მართა, ნელ-ნელა ღალატს იწყებდა. ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციის დღე იყო. კირა სარკეში იყურებოდა და საკუთარ თავს ვერ ცნობდა , ფერმკრთალი სახე, ჩაცვენილი თვალები, მაგრამ მაინც ისეთივე ამაყი მზერა. მას შავი, კლასიკური პიჯაკი ეცვა, რომელიც მის გამხდარ სილუეტს კიდევ უფრო ხაზს უსვამდა. — მის ლიქოკელ, ყველა გელოდებათ, მარკუსის ხმამ გამოაფხიზლა. ის ერთადერთი იყო, ვინც კირას მდგომარეობას ამჩნევდა, მაგრამ კითხვას ვერ ბედავდა. საპრეზენტაციო დარბაზში ოცამდე გავლენიანი ინვესტორი იჯდა. კირა პოდიუმზე ავიდა. მან დაიწყო საუბარი ციფრებზე, სტრატეგიებზე, მომავალზე... მაგრამ შუა წინადადებაში მოულოდნელად იგრძნო, რომ დარბაზში ჰაერი გაქრა. უცებ, თვალთ დაუბნელდა. ეს არ იყო ჩვეულებრივი თავბრუსხვევა. ეს იყო მომენტი, როდესაც სამყარომ ფერი იცვალა. ყურებში მძლავრი გუგუნი გაისმა, თითქოს გულისცემა ყელში ამოუჯდა და იქ გაჩერდა. წამით მოეჩვენა, რომ იატაკი ფეხქვეშ გამოეცალა. სცადა მაგიდას დაყრდნობოდა, მაგრამ ხელები აღარ ემორჩილებოდა. დარბაზის ნათურები ერთ დიდ, კაშკაშა წერტილად იქცნენ, შემდეგ კი ყველაფერი შავმა ნისლმა დაფარა. კირა იატაკზე დაეშვა. ბოლო, რაც გაიგონა, მარკუსის შეშინებული ძახილი და წყლის ჭიქის მსხვრევის ხმა იყო. როდესაც კირამ თვალები გაახილა, თეთრ პალატაში იწვა. გადასხმის სისტემა ჰქონდა შეერთებული, რომელიც რიტმულად წვეთავდა. ოთახში მარკუსი იჯდა, რომელიც მაშინვე წამოდგა. — მადლობა ღმერთს, გაიღვიძე, - ამოისუნთქა მან. - ექიმი ახლავე მოვა. ძალიან შეგვაშინე, კირა. რამდენიმე წუთში ოთახში შუახნის ექიმი შემოვიდა. ის კირას ანალიზის პასუხებს დაჰყურებდა და სახეზე მსუბუქი ღიმილი დასთამაშებდა. — მის ლიქოკელი, თქვენი ორგანიზმი სრულიად გამოფიტულია. გადაღლა, სტრესი და არასწორი კვება... თუმცა, თქვენი გონების დაკარგვის მიზეზი მხოლოდ ეს არ არის. კირამ მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი. გულმა ისევ ისე დაუწყო ფეთქვა, როგორც იმ ღამეს, როცა ალექსანდრეს კარზე აკაკუნებდა. - რა ხდება, ექიმო? რაიმე სერიოზულია? — გააჩნია, როგორ შეხედავთ, - მიუგო ექიმმა და მარკუსს გადახედა, რომელიც იქვე იდგა. - გილოცავთ, თქვენ ორსულად ხართ. დაახლოებით ხუთი კვირის. თქვენს მდგომარეობაში ასეთი დატვირთვა დაუშვებელია, თუ გსურთ, რომ ნაყოფი შეინარჩუნოთ. კირას ეგონა, რომ მეორედ დაკარგავდა გონებას. სამყარო, რომელიც მან აგურ-აგურ ააშენა ლონდონში, ერთ წამში თავზე ჩამოენგრა. ექიმის სიტყვები მის ყურებში ექოსავით მეორდებოდა: „ხუთი კვირის... ხუთი კვირის...“. ეს ნიშნავდა, რომ ის ღამე... ის დაუვიწყარი ღამე სოლოლაკში, როდესაც მან საკუთარი თავი ალექსანდრეს მიანდო, მხოლოდ მოგონება არ იყო. ალექსანდრემ მასში კვალი დატოვა — ყველაზე ცოცხალი და ყველაზე მუდმივი კვალი, რაც კი შეიძლება კაცმა ქალის ცხოვრებაში დატოვოს. მარკუსი ექიმს გაჰყვა დეტალების გასაგებად. კირა მარტო დარჩა. მან ხელი ნელა ჩაასრიალა მუცელზე. იქ, ამ თხელი კანის მიღმა, ახლა ახალი სიცოცხლე იწყებოდა. — არა... — ჩაჩურჩულა მან და თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა. - შეუძლებელია ეს ხდებოდეს. შიში, პანიკა და რაღაც უცნაური, გაუგებარი სითბო ერთმანეთში აირია. მას ალექსანდრე სძულდა... ან ასე ეგონა. მან ის სამუდმოდ დატოვა იმ წყეულ სამორიგეო ოთახში, სხვა ქალის მკლავებში. და ახლა? ახლა ის მასთან იყო დაკავშირებული სამუდამოდ. უცებ წარმოიდგინა ალექსანდრეს სახე, მისი თვალები, როცა ამ ამბავს გაიგებდა. მაგრამ მაშინვე გაახსენდა ნინო. ბრაზმა ისევ იფეთქა. „ის არასდროს გაიგებს,“ - გაიფიქრა კირამ და მუჭები შეკრა. - „ეს ბავშვი მხოლოდ ჩემია. მე მას მარტო გავზრდი. მე მას არ მივცემ უფლებას, იცოდეს მამის შესახებ, რომელმაც დედამისს ნდობა მოუკლა.“ კირა იწვა და ფანჯრიდან ლონდონის ნაცრისფერ ცას უყურებდა. ხვდებოდა , რომ მისი ცხოვრების ყველაზე დიდი ბრძოლა ახლა იწყებოდა. მას უნდა დაემალა თავისი მდგომარეობა მშობლებისთვის და რაც მთავარია — საკუთარი გულისთვის, რომელიც ყოველ ჯერზე, როცა ამ ბავშვზე გაიფიქრებდა, ისევ ალექსანდრეს სახელს ჩურჩულებდა. სიურპრიზი, რომელიც ბედისწერამ მას ვნებიანი ღამის სანაცვლოდ მიართვა, კირასთვის ერთდროულად სასჯელიც იყო და ერთადერთი მიზეზიც, რის გამოც მას ისევ უნდა გაეგრძელებინა სუნთქვა. კლინიკიდან გამოწერის დღეს ლონდონში განსაკუთრებით ცივი და წვიმიანი ამინდი იდგა. კირა მანქანის უკანა სავარძელზე იჯდა, შუშაზე უმისამართოდ ჩამომდინარე წვეთებს უყურებდა და გრძნობდა, რომ მისი ცხოვრების „აქციები“ ერთიანად გაუფასურდა. ის, ვინც ყოველთვის ყველაფერს აკონტროლებდა, ახლა საკუთარი სხეულის ტყვე გამხდარიყო. მარკუსი ჩუმად მართავდა ავტომობილს. ის ხედავდა კირას დაძაბულ პროფილს და ხვდებოდა, რომ დუმილის დრო ამოიწურა. სახლში მისულებმა მისაღებ ოთახში გადაინაცვლეს. კირამ პალტოც კი არ გაიხადა, ისე დაეშვა სავარძელში. მას სჭირდებოდა მოკავშირე, ვიღაც, ვინც ამ საიდუმლოს კედელივით დაუდგებოდა, და მარკუსი, თავისი ცივი ლოგიკითა და ერთგულებით, საუკეთესო კანდიდატი იყო. — მარკუს, — დაიწყო კირამ და თვალებში პირდაპირ შეხედა. - ექიმმა რაც თქვა... ეს ამბავი ამ ოთახიდან არ უნდა გავიდეს. არც ჩემს მშობლებთან, არც პარტნიორებთან. საერთოდ არავინ არ უნდა გაიგოს. მარკუსმა თავი დახარა. - კირა, მე შენი ერთგული ვარ, მაგრამ ამ ამბავს როგორ დამალავთ? რამდენიმე თვეში ყველა დაინახავს შენს მდგომარეობას . შენი ყოველდღიური შეხვედრები, შენი მოგზაურობები... როგორ წარმოგიდგენია? კირა წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა. მას უკვე ჰქონდა გეგმა, სასტიკი, პრაგმატული და აბსოლუტურად „ლიქოკელური“. — ჩვენ გამოვაცხადებთ, რომ ურთიერთობაში ვართ, - თქვა მან მკვეთრად. — შენ და მე. თუ ვინმე კითხვას დასვამს ბავშვზე, მამა შენ იქნები. ეს ყველა ეჭვს და მამაჩემის ძიებებს შეაჩერებს და რაც მთავარია... — კირას ხმა გაებზარა, - თბილისამდე არასდროს მივა ხმა, ვინ არის რეალური მამა. მარკუსი გაოგნებული უყურებდა. ის წლების განმავლობაში ჩუმად იყო შეყვარებული კირაზე, მაგრამ ასეთ „საჩუქარს“ ნამდვილად არ ელოდა. ეს იყო გარიგება, სადაც ის კირას პატივსაცემად საკუთარ სახელსა და მომავალს სწირავდა. — შენ გინდა, რომ ალექსანდრემ არასოდეს გაიგოს? - ჰკითხა მარკუსმა დაბალი ხმით. — ალექსანდრე ჩემთვის მკვდარია! - იყვირა კირამ და მოულოდნელად ატირდა. — მან თავისი არჩევანი გააკეთა იმ ღამეს, როცა ის ქალი მამჯობინა. მე არ მივცემ უფლებას, ჩემს შვილს შეეხოს. ეს ბავშვი მხოლოდ და მხოლოდ ჩემია, მარკუს გთხოვ დამეხმარე, რომ სამყარომ დაიჯეროს ეს ტყუილი. მარკუსის თანხმობით იმ დღიდან კირას ცხოვრებაში ახალი სპექტაკლი დაიწყო. საჯარო ღონისძიებებზე ისინი ერთად ჩნდებოდნენ, მარკუსი მზრუნველად ხვევდა ხელს წელზე, კირა კი ყალბად იღიმებოდა. თუმცა, როდესაც საღამოს შინ ბრუნდებოდა და მარტო რჩებოდა, ბედნიერების ნიღაბი სძვრებოდა, საათობით იჯდა აბაზანაში, შიშველ მუცელზე ხელს ისვამდა და წარმოიდგენდა ალექსანდრეს, ღმერთო... როგორ გაუხარდებოდა ... ის ხომ სიცოცხლეს ეთაყვანებოდა. — რატომ, ალექს? რატომ დაგვღუპე? - ჩურჩულებდა კირა და გრძნობდა, როგორ ეზრდებოდა ბოღმა სიყვარულთან ერთად. კირა მართლაც შეიცვალა. მან ლონდონში თავისი გავლენები გამოიყენა, რომ საქართველოში ყველა საინვესტიციო პროექტი შეეჩერებინა. არ სურდა ამ ქვეყანასთან რაიმე საქმიანი კავშირი ჰქონოდა, გონებას უმღვრევდა იმაზე ფიქრი, რომ იქ ალექსანდრე სუნთქავდა. მისი ორსულობა მძიმედ მიმდინარეობდა. ტოქსიკოზი, მუდმივი დაღლილობა და სულიერი ტკივილი მას ფიზიკურად ფიტავდა. ყოველ დილით, როცა სარკეში საკუთარ თავს უყურებდა, ხედავდა არა მომავალ დედას, არამედ დაჭრილ მებრძოლს, რომელიც ყველაზე დიდ საიდუმლოს ინახავდა. ერთ საღამოს, როცა კირა თავის კაბინეტში ტელეფონი ხელში აიღო, რამდენიმე წუთი უბრალოდ ეკრანს დასცქეროდა. იცოდა, რომ ეს ზარი ყველაფერს შეცვლიდა. ის აღარ იქნებოდა მხოლოდ კირა — შვილი, ის გახდებოდა კირა — დედა. მარკუსი იქვე იდგა, ფანჯარასთან ზურგით, და მის ყოველ მოძრაობას აკვირდებოდა. მან უკვე იცოდა თავისი როლი ამ დიდ სპექტაკლში. კირამ ნომერი აკრიფა. — ხო, მა... — კირა ოდნავ შეკრთა, როგორც კი გიორგის ხმა გაიგონა. —როგორ ხარ შვილო? ისევ გვიანობამდე მუშაობ? - გიორგის ხმაში ის ნაცნობი, თბილი მზრუნველობა იგრძნობოდა, რომელიც კირას ახლა გულს უგლეჯდა. — მამა, რაღაც უნდა გითხრათ... შენც და დედასაც.- კირამ ღრმად ამოისუნთქა, პაუზა გააკეთა. ოთახში ჰაერი თითქოს გაიყინა. — მე... მე მალე დედა გავხდები. ორსულად ვარ. სიჩუმე, რომელიც ტელეფონის მეორე მხარეს ჩამოვარდა, საუკუნესავით გაიწელა. მერე მარიამის ტირილისა და სიხარულის ხმა გაისმა, გიორგი კი დაბნეული, მაგრამ ბედნიერი ჩანდა. — ეს... ეს საოცრებაა, კირა! მადლობა ღმერთს! - ამოთქვა გიორგიმ. — უნდა იცოდე, შვილო, რომ ალექსანდრე... ის ყოველ დღე აქ არის. ყოველ საღამოს ამოდის, სადარბაზოსთან დგას, გვეხვეწება, რამე მითხარითო. რომ გაიგებს, მამა გახდება... — გაჩუმდი! - კირას ხმა მათრახივით გაისმა. - მამა, არ გაბედო მაგ კაცის ხსენება! არ გაბედო მისთვის ამის თქმა! — კირა, რას ამბობ? ის ხომ... — მომისმინეთ კარგად! კირა ფეხზე წამოდგა, მისი თვალები სიძულვილით აივსო. ალექსანდრე ჩემთვის მკვდარია. ის ჩემთვის აღარ არსებობს. ამ ბავშვს მამა ჰყავს და ეს მარკუსია. ჩვენ ვქორწინდებით. მე არ დავუშვებ, რომ ჩემი შვილი უმამოდ გაიზარდოს, მაგრამ არც იმას დავუშვებ, რომ ის მოღალატე ჩემს შვილს შეეხოს! — კირა, შენ საკუთარ თავს ატყუებ, სცადა გიორგიმ მისი დამშვიდება. ჩვენ ყველამ ვნახეთ, როგორ გიყვართ ისევ ერთმანეთს. ის სამორიგეო ოთახი... იქნებ მართლა არაფერი ყოფილა? — მე ჩემი თვალით ვნახე, მამა! იყვირა კირამ და ცრემლები წასკდა, თუმცა ეს იყო არა სისუსტის, არამედ სინანულის ცრემლები. მან მე მამჯობინა სხვა ქალი იმ წამს, როცა მეგონა, რომ ჩემი სამყარო ვიპოვე. ეს იქნება მისი სასჯელი. ის ვერასდროს გაიგებს, რომ სადღაც, ლონდონში, მისი სისხლი და ხორცი დადის. ის ვერასდროს იგრძნობს მის სუნს, ვერასდროს გაიგონებს მის პირველ სიტყვას. ეს არის ფასი, რომელიც მან ჩემი უარყოფისთვის უნდა გადაიხადოს. გიორგი და მარიამი გაოგნებულები იყვნენ. ისინი ხედავდნენ, რომ მათ წინ აღარ იყო ის ნაზი გოგო, რომელიც ალექსანდრეს მოლოდინში თვალებანთებული იყო ყოველ საღამოს, მათ წინ იდგა ქალი, რომელმაც შურისძიება სიყვარულზე მაღლა დააყენა. — ჩვენ ვქორწინდებით ფიქტიურად, - განაგრძო კირამ უფრო მშვიდად, მაგრამ ცივი ხმით. — მარკუსი ბავშვს თავის გვარს მისცემს. ის იქნება მამა. თქვენ კი... თუ გინდათ, რომ თქვენი შვილიშვილი ოდესმე ნახოთ, პირობა მომეცით, რომ ალექსანდრე იაშვილი ჩემს ცხოვრებაში აღარასდროს იარსებებს. არც სიტყვით, არც ფიქრით. როდესაც ტელეფონი გათიშა, კირა სავარძელში ჩაესვენა. მუცელზე ხელი დაიდო. ის გრძნობდა გამარჯვებას, მაგრამ ეს გამარჯვება ფერფლის გემოს ტოვებდა. მან ალექსანდრეს ყველაზე ძვირფასი რამ წაართვა — მამობის უფლება. მარკუსი მიუახლოვდა და მხარზე ხელი დაადო. — კირა, შენ მართლა აპირებ ამას? — მე ეს უკვე გავაკეთე, მარკუს, მიუგო მშვიდად და ფანჯრის მიღმა ლონდონის წვიმიან ქუჩებს გახედა. მან მე საშინლად მატკინა იქ, სადაც ყველაზე მეტად დაუცველი ვიყავი. ახლა კი მე ვატკენ იქ, სადაც ყველაზე მეტად შეიშლება . ის არასდროს იქნება ჩემი შვილის მამა. ეს ჩემი ბოლო სიტყვაა. იმ ღამეს თბილისში, ალექსანდრე ისევ სოლოლაკის სახლის წინ იდგა. წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ რამდენიმე ათასი კილომეტრის მოშორებით, მისმა სიყვარულმა საბოლოო განაჩენი გამოუტანა და ის შვილი, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა, მისთვის უკვე „დაკარგული“ იყო. xxx თვეები მძიმე, ნაცრისფერი ნისლივით მიედინებოდა. ლონდონსა და თბილისს შორის გაჭიმული უხილავი ძაფი, რომელიც ოდესღაც სიყვარულით ფეთქავდა, ახლა მხოლოდ ტკივილსა და სიცივეს ატარებდა. კირა თავის ტყუილში ჩაიკეტა, ალექსანდრე კი — თავის სასოწარკვეთაში. კირას მუცელი ნელ-ნელა დაეტყო. მან გარდერობი მთლიანად შეცვალა . თავისუფალი სილუეტები, პალტოები და ძვირფასი შარფები მის საიდუმლოს საიმედოდ მალავდა. მძიმე სამუშაო გრაფიკი ჰქონდა, თითქოს ყოველი დახურული გარიგება იმ იარას აშუშებდა, რომელიც ალექსანდრემ დაუტოვა. მარკუსი მის ჩრდილად იქცა, მუდამ მის გვერდით იყო , ყოველთვის ზრუნავდა მასზე, მუდამ მზად იყო, რომ გარშემომყოფთათვის „ბედნიერი მამის“ როლი ეთამაშა. კირა მას მადლიერებით ეპყრობოდა. მისთვის მარკუსი იყო ფარი, რომელიც ალექსანდრეს მოგონებებისგან იცავდა. კირას კაბინეტი ლონდონის ცენტრში, The Shard-ის ერთ-ერთ ბოლო სართულზე, მისსავე ხასიათს ჰგავდა. ცივი, პრაგმატული და მიუწვდომელი. პანორამული ფანჯრებიდან ნისლიანი ტემზა და ქალაქის ნაცრისფერი ცათამბჯენები მოჩანდა. ოთახში მინიმალისტური დიზაინი ბატონობდა: მინის მძიმე მაგიდა, შავი ტყავის სავარძლები და აბსოლუტური სიჩუმე, რომელსაც მხოლოდ კომპიუტერის კლავიატურაზე თითების კაკუნი არღვევდა. კირა მაგიდასთან იჯდა, ეკრანზე ციფრებსა და გრაფიკებს ათვალიერებდა. შავი, აბრეშუმის თავისუფალი პერანგი ეცვა, რომელიც მის მდგომარეობას საგულდაგულოდ ფარავდა, მაგრამ თავად კირა ყოველ წამს გრძნობდა იმ სიმძიმესა და პასუხისმგებლობას, რაც მის სხეულში იზრდებოდა. უცებ, კირა გაშეშდა. მუცლის ქვედა ნაწილში რაღაც უცნაური, ნაზი, მაგრამ მტკიცე ბიძგი იგრძნო. თითქოს პატარა თევზმა კუდი მოუქნიაო. ეს იყო პირველი, რეალური ნიშანი იმისა, რომ მის შიგნით სხვა ადამიანი ცხოვრობდა. კირამ კალამი ხელიდან გააგდო და სუნთქვა შეეკვრა. მან გაუცნობიერებლად ხელი მუცელზე დაიდო და სწორედ იმ წამს, ბავშვმა უფრო ჯიუტად, ისევ დაარტყა. მოგონებების ტალღამ ისევ იმ სოლოლაკის ნახევრად განათებულ ოთახში დააბრუნა. თვალები დახუჭა და ცხადად იგრძნო ალექსანდრეს ცხელი სუნთქვა ყელზე. გაახსენდა ის ღამე — მათი პირველი, ვნებიანი და ამავე დროს წმინდა შერწყმა. გაახსენდა ალექსანდრეს ძლიერი მკლავები, რომლებიც მას ისე ეკვროდნენ, თითქოს სამყაროს დასასრულს აკავებდნენ. გაახსენდა კაცის ჩურჩული: „ჩემი ხარ...“. მაშინ კირა გრძნობდა, როგორ ერწყმოდა მისი სული ალექსანდრესას. ის ღამე არ ყოფილა მხოლოდ ვნება, ეს იყო ორი დანგრეული ცხოვრების გამთლიანება. და ახლა, რამოდენიმე თვის შემდეგ, ამ მთლიანობის ნაყოფი, მათი სიყრმის ერთადერთი და დაუვიწყარი სიყვარულის ცოცხალი მტკიცებულება, მის მუცელში ბოლთას სცემდა. კირას თვალებიდან ცრემლი ჩამოგორდა და მინის მაგიდაზე დაეცა. „ჯიუტია... ზუსტად შენსავით, ალექს,“ — გაიფიქრა მან და სხეულში უცნაურმა სითბომ დაუარა, წარმოიდგენა ალექსანდრეს ხელები , რომელიც რომ მის მუცელზე ეწყო და ამ ბიძგებს გრძნობდა. წარმოიდგინა მისი სახე — როგორ გაუბრწყინდებოდა თვალები, როცა გაიგებდა, რომ მალე მამა გახდებოდა. კირამ მტკიცედ მოუჭირა ხელი მუცელს. ბოღმა და წყენა, რომელიც თვეების განმავლობაში ახრჩობდა, წამიერად სადღაც გაქრა. დარჩა მხოლოდ ერთი რამ — შიშველი, პირველყოფილი სიმართლე: ბავშვი... ძაფი, რომელიც ალექსანდრესთან სამუდამოდ იყო დაკავშირებული. თბილისში დარჩენილი ალექსანდრე იაშვილი ცოცხალ აჩრდილს დაემსგავსა. მას შემდეგ, რაც კირას მშობლებმა მორიდებით აუხსნეს, რომ მათ შვილს ახალი ცხოვრება ჰქონდა და მარკუსზე ქორწინდებოდა, ალექსანდრეს სამყარო საბოლოოდ ჩამოიფერფლა. ის აღარ იბრძოლებდა თავის გასასამართლებლად. რატომ? თუ კირამ ასე ადვილად დაიჯერა ღალატი, თუ ასე სწრაფად იპოვა მისი შემცვლელი, ე.ი. მათი სიყვარული მხოლოდ მისი ილუზია ყოფილა. ალექსანდრე სამუშაომ შთანთქა. ის იღებდა ყველაზე მძიმე მორიგეობებს, მიდიოდა ყველაზე საშიშ გამოძახებებზე. სიკვდილთან სიახლოვე ერთადერთი რამ იყო, რაც მას საკუთარ ტკივილს ავიწყებდა. ის აღარ ჭამდა, თითქმის აღარ ეძინა, თვალების გარშემო შავი რგოლები გაუჩნდა. — ალექს, დაისვენე, ორგანიზმი ვერ გაუძლებს, -ეუბნებოდნენ კოლეგები, მაგრამ ის აღარ უფრთხილდებოდა საკუთარ თავს. მისი ერთადერთი თავშესაფარი სოლოლაკის ის ოთახი იყო, სადაც ჯერ კიდევ ტრიალებდა კირას სურნელი , იმ ვნებიანი ღამის სუნამოს ნარჩენი, რომელიც მის ბალიშზე ჩარჩენილიყო. ნოემბრის სუსხიან ღამეს ალექსანდრემ მორიგეობა გვიან დაასრულა. მთელი დღე ფეხზე იდგა და გრძნობდა, როგორ ღალატობდა ორგანიზმი. როგორც კი დერეფანში გამოვიდა, მკერდში მჭრელი ტკივილი იგრძნო. ჰაერი აღარ ჰყოფნიდა. კედელს მიეყრდნო, ხელი გულზე მოიკიდა. — ალექს! - გაისმა ნინოს ხმა. ის მისკენ გაიქცა, მაგრამ ალექსანდრეს თვალთ დაუბნელდა. იატაკზე ჩაიკეცა. მისი ბოლო ფიქრი არა სიკვდილზე, არამედ კირაზე იყო. წარმოიდგინა მისი თეთრი კაბა, წყნეთის სიგრილე და ის წამი, როცა ეგონა, რომ ბედნიერება დაიბრუნა. ალექსანდრე რეანიმაციაში გადაიყვანეს. დიაგნოზი დაუნდობელი იყო — სრული გამოფიტვა და ნერვული სტრესისგან გამოწვეული შეტევა. ექიმი, რომელმაც ათასობით სიცოცხლე გადაარჩინა, ახლა თავად იბრძოდა გადარჩენისთვის. თბილისის ზამთარი წელს განსაკუთრებით მკაცრი აღმოჩნდა. ალექსანდრესთვის კი ეს სიცივე მხოლოდ გარეთ არ იყო — ის მის სხეულში დასახლდა. რეანიმაციიდან გამოსულს იმედი ჰქონდა, რომ ეს უბრალო გადაღლა იყო, მაგრამ დიაგნოზმა, რომელიც თეთრ ფურცელზე შავი ასოებით ეწერა, საბოლოოდ გაჰკვეთა მისი ცხოვრება ორ ნაწილად: მწვავე ლეიკემია. ალექსანდრე შეიცვალა. ისედაც გამხდარი აღნაგობის, ახლა ლანდივით დადიოდა. ქიმიოთერაპიის პირველი კურსის შემდეგ ოდნავ თმა დასცვივდა, მაგრამ თვალებში ისევ ის სევდიანი ნაპერწკალი დარჩა, რომელიც კირას ასე უყვარდა. მას შემდეგ, რაც ალექსანდრემ თავისი სასიკვდილო დიაგნოზი შეიტყო, პირველი, რაც გააკეთა, წყნეთში ავიდა, მას არ სურდა ქალაქის ხმაური, არ სურდა თანაგრძნობით სავსე კოლეგების მზერა. მას სჭირდებოდა ადამიანი, რომელიც მის ტკივილს ვერ გაიგებდა, რადგან თავადაც სხვა სამყაროში ცხოვრობდა. წყნეთის ძველ აგარაკზე სიმშვიდე სუფევდა. ელენე ბაღში, სავარძელში იჯდა და მუხლებზე თბილი პლედი ჰქონდა გადაფარებული. მისი მზერა სივრცეში იყო გაშტერებული. დემენციამ მისი გონება ნისლით დაფარა — ის ცნობდა საგნებს, მაგრამ ხშირად ავიწყდებოდა სახელები, სახეები და რაც ყველაზე მთავარია, ის ტკივილი, რაც მის შვილს თხუთმეტი წელი ტანჯავდა. ალექსანდრე მიუახლოვდა, ჩაიმუხლა და დედას ხელზე აკოცა. — დედა, მე ვარ, ალექსი... ელენემ ნელა მოაბრუნა თავი. მის თვალებში წამით გაკრთა ნაცნობი ნაპერწკალი, მაგრამ მალევე ისევ ჩაქრა. — ალექსანდრე ... — ჩაილაპარაკა მან. — ჩემო ბიჭო. დღეს ძალიან დაიგვიანე სკოლიდან. მამაშენი გელოდებოდა... ალექსანდრეს გული შეეკუმშა. დედა ისევ იმ ძველ დროში იყო , როცა ყველაფერი ჰქონდათ, როცა ის ბავშვი იყო და სიკვდილზე ფიქრიც კი არ არსებობდა. მას უნდოდა ეთქვა: „დედა, მე კვდები და მე ძალიან მეშინია“, მაგრამ როცა ელენეს მშვიდი სახე დაინახა, თითქმის ბავშვური ღიმილით ენა ჩაუვარდა. მას არ ჰქონდა უფლება, ეს სიმშვიდე დაერღვია. ალექსანდრე ფეხზე წამოდგა და სახლის სიღრმეში შევიდა, სადაც ნანა სადილს ამზადებდა. ქალი მისი დაინახვისას მაშინვე მიხვდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო. ალექსანდრე ზედმეტად ფერმკრთალი და განადგურებული ჩანდა. — ალექსანდრე, კარგად ხარ? - ჰკითხა შეშფოთებულმა. — ნანა, მომისმინე, - ალექსანდრემ ხმადაბლა დაიწყო და ფანჯრიდან ისევ დედას გახედა. — მე შეიძლება გარკვეული პერიოდი ვერ ამოვიდე. შეიძლება საერთოდ... ვეღარ მოვიდე. ნანას ხელი გაუშეშდა. — რას ამბობ? რა ხდება? — ავად ვარ, ნანა. სერიოზულად. დედას არაფერი უთხრა. მას ისედაც აღარ ახსოვს ბევრი რამ და დაე, ასე დარჩეს. მინდა, რომ მისთვის ყოველთვის ის ბიჭი ვიყო, რომელიც „სკოლიდან აგვიანებს“. აი, ეს ბარათია, — მან მაგიდაზე კონვერტი დადო, — აქ არის თანხა რამდენიმე თვისთვის. თუ რაიმე დაგჭირდებათ, თუ წამლები დაგიმთავრდებათ ან ექიმი გახდება საჭირო, მაშინვე დამირეკე. მე ყველაფერს გამოგიგზავნით, სანამ შევძლებ. ალექსანდრემ ნანას თვალებში შეხედა — მასში ახლა არა ექიმი, არამედ სასოწარკვეთილი შვილი ლაპარაკობდა. — გთხოვ, ნანა... არაფერი მოაკლო. ის ერთადერთია, რაც დამრჩა. მინდა ვიცოდე, რომ როცა მე აღარ ვიქნები, ის მაინც იქნება მშვიდად თავის მოგონებებში. ისევ ბაღში გავიდა. ელენე უკვე სთვლემდა. მზის ცელქი სხივები მის თეთრ თმებში თამაშობდნენ . ალექსანდრე დაიხარა და დედას შუბლზე აკოცა — ეს იყო გამომშვიდობება, რომელიც ელენეს არ ესმოდა, მაგრამ ალექსანდრესთვის ყველაფერს ნიშნავდა. „მაპატიე, დედა, რომ შენზე ადრე მიწევს წასვლა,“ — გაიფიქრა მან, შემობრუნდა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა ჭიშკრისკენ. მას არ უნახავს, როგორ გაახილა ელენემ თვალები და როგორ გააყოლა სევდიანი მზერა გალავნისკენ მიმავალ ფიგურას, თითქოს იმ წამს დემენციამ უკან დაიხია და დედობრივმა ინსტინქტმა ყველაფერი იგრძნო. ერთ ცივ ნაშუადღევს, გიორგი ლიქოკელი შემთხვევით გადააწყდა მას ვაკის პარკთან. ალექსანდრე სკამზე იჯდა, პალტოს საყელო აეწია და სივრცეს გაჰყურებდა. გიორგის გული შეეკუმშა მის დანახვაზე, მის წინ აღარ იჯდა ძლიერი ექიმი ძლიერი ექიმი, რომელმაც მრავალი სიცოცხლე გადაარჩინა, არამედ იჯდა სიკვდილთან პირისპირ დარჩენილი ახალგაზრდა კაცი. — ალექსანდრე... — ხმადაბლა დაუძახა გიორგიმ. ალექსმა ნელა მოაბრუნა თავი. ძლივს გაიღიმა. — ბატონო გიორგი... როგორ ხართ? კირა როგორ არის? - ეს იყო პირველი, რაც იკითხა. მისი სიყვარული ავადმყოფობაზე ძლიერი აღმოჩნდა. — კარგადაა, შვილო... ლონდონშია. შენს თავს რა ხდება? მითხრეს, ჯანმრთელობის პრობლემა გქონია, ეხლა როგორ ხარ? ალექსანდრემ ღრმად ამოისუნთქა. — ბრძოლაა, ბატონო გიორგი. მძიმე ბრძოლა. ლეიკემია... ძვლის ტვინის დონორია საჭირო, მაგრამ ახლო ნათესავებიდან არავინ გამოდგა. გენეტიკური თავსებადობა არ გვაქვს. ექიმები ამბობენ, რომ თუ უცხო დონორი არ გამოჩნდა, ჩემი დრო იწურება. პაუზა გააკეთა, შემდეგ კი მისმა ნათქვამმა სიტყვებმა გიორგის სულში ყველაფერი ამოაყირავა: — იცით, რაზე მწყდება გული ყველაზე მეტად? სიკვდილის არ მეშინია... მაგრამ მტკივა, რომ ჩემს მერე არავინ რჩება. ნეტავ შვილი მყოლოდა... ნეტავ ჩემი კვალი დამეტოვებინა ამ დედამიწაზე, ჩემი გაგრძელება. ახლა კი ისე მივდივარ, თითქოს არც ვყოფილვარ. გიორგი სახლში ისე ავიდა, თითქოს ფეხებში ტყვია ჰქონდა ჩასხმული. მისაღებ ოთახში შევიდა თუ არა, სავარძელში ჩაესვენა და სახე ხელებში ჩარგო. მარიამი შეშინებული მივარდა. — რა მოხდა, გიორგი? რა დაგემართა? — ალექსანდრე ვნახე... - ამოიხრიალა კაცმა. — კვდება, მარიამ. ლეიკემია აქვს და იცი, რა მითხრა? ნეტავ შვილი მყოლოდაო... მას ჰგონია, რომ მარტო მიდის, ჩვენ კი ვიცით, რომ მისი შვილი კირას მუცელშია. ეს რა ცოდვაში ვდგამთ ფეხს? როგორ შეგვიძლია ეს დავუმალოთ კაცს, რომელიც ხვალ შეიძლება აღარ იყოს? გიორგის წნევამ აუწია, გული აუფრიალდა. მარიამმა წამლები დაალევინა, მაგრამ სულიერ ტკივილს ვერაფერი შველოდა. იმავე საღამოს, გიორგიმ გადაწყვიტა რაც არ უნდა მომხდარიყო, კირასთვის სიმართლე უნდა ეთქვა. კირას ორსულობა უკვე შვიდ თვეს ითვლიდა. ორსულობამ ისე საოცრად დაამშვენა — სახე დაუმრგვალდა, კანი გაუნათდა, თვალებში კი, სიცივესთან ერთად, რაღაც უცნაური, დედობრივი სითბო გაერია. როცა ტელეფონმა დარეკა, კირამ ეკრანს დახედა, ცოტა შეცბა, ეკრანი გიორგის ნომერს უჩვენებდა: — ხო, მა... — უპასუხა მშვიდად. -როგორ ხარ მამა? - აკანკალებული ხმით კითხა გიორგიმ. - ვმძიმდები მა. გულიანად გაიცინა კირამ, -თქვენ როგორ ხარ? — კირა, უნდა მომისმინო და არ გამაწყვეტინო, — გიორგის ხმა მკაცრი და ამავე დროს სევდიანი იყო. გიორგიმ ღრმად ჩაისუნთქა, — ალექსანდრე ვნახე, ლეიკემია აქვს, მძიმე ფორმა. რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ კი განაგძო - დონორი ვერ იპოვეს და ექიმები საიმედოს არაფერს ეუბნებიან. ის განწირულია, კირა. კირას ხელიდან ჩანგალი გაუვარდა. მარკუსი შეშფოთებული დააკვირდა. — მამა, მე ხომ გითხარი... — დაიწყო კირამ, მაგრამ ხმა თითქოს გაუქრა. — არა, ახლა მე გეტყვი! — დაიყვირა გიორგიმ. — იმ კაცმა მითხრა, ნეტავ შვილი მყოლოდა, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ ჩემი კვალი დარჩენილიყო დედამიწაზეო. გესმის? ის ისე კვდება არც იცის, რომ მისი გაგრძელება შენს მუცელშია. შენ გინდა შურისძიება? აი, შენი შურისძიებაც — ის მოკვდება და შენი შვილი მამას ვერასდროს ნახავს. დაფიქრდი, კირა, ამ ტვირთით როგორ აპირებ ცხოვრებას? თუ დონორი არ გამოჩნდა, ის რამდენიმე თვეში აღარ გვეყოლება. ესაა შენი სამართალი? კირამ ტელეფონი გათიშა. ფეხზე წამოდგა, მაგრამ მუხლები მოეკვეთა. მარკუსმა ძლივს დაიჭირა. — კირა, რა მოხდა? გაოგნებულმა ჰკითხა — ის კვდება, მარკუს... — ჩაჩურჩულა კირამ. — ალექსანდრე კვდება. ხელი მუცელზე დაიდო. ბავშვმა ძლიერად უბიძგა, თითქოს ისიც პროტესტს აცხადებდა. კირას თვალწინ ისევ ის სცენა დაუდგა — ალექსანდრე სამორიგეო ოთახში. მაგრამ ახლა, სიკვდილის აჩრდილის წინაშე, ამ წამს ის ეჭვიანობა პატარა და უმნიშვნელო გამოჩნდა. თუ ის მოკვდებოდა, კირას სიძულვილს აზრი აღარ ექნებოდა. ის დარჩებოდა მარტო თავის მილიონებთან და შვილთან ერთად, რომელიც მამის თვალებით შეხედავდა და ოდესმე ჰკითხავდა: „სად არის მამაჩემი?“. — უნდა წავიდე... — თქვა კირამ მოულოდნელად. — სად, კირა? შვიდი თვის ორსული ხარ, ფრენა არ შეიძლება! — შეკრთა მარკუსი. — თბილისში უნდა წავიდე. მე უნდა გადავარჩინო... ან ბოლოჯერ მაინც შევხედო იმ თვალებს, რომლებიც ჩემს შვილს აუცილებლად ექნება. იმ ღამეს ლონდონის ნისლში კირა ლიქოკელმა პირველად აღიარა საკუთარ თავთან: მისი სიძულვილი მხოლოდ ნიღაბი იყო, რომლის მიღმაც მომაკვდავი, სასოწარკვეთილი სიყვარული იმალებოდა. xxx კირამ იცოდა, რომ მისი ჩასვლა თბილისში ნამდვილი აფეთქება იქნებოდა. ისიც იცოდა, რომ შვიდი თვის ორსულისთვის ფრენა რისკი იყო. მაგრამ ახლა სხვა გზა აღარ არსებობდა. მას უნდა ეჩვენებინა ალექსანდრესთვის, რომ მას აქვს მიზეზი ბრძოლისთვის. მას უნდა ეთქვა: „შენ არ კვდები, ალექსანდრე. შენ ახლა იწყებ ცხოვრებას“. კირამ კარადიდან ტანსაცმლის გადმოლაგება დაიწყო. სარკეში საკუთარ თავს შეხედა. — ჩვენ მას არ დავთმობთ, — ჩასჩურჩულა თავის მუცელს. — ჩვენ არ მივცემთ სიკვდილს ამის უფლებას. მარკუსს დაურეკა. — მარკუს, ვიცი, რომ გვიანია, მაგრამ გთხოვ რეისი მოამზადე. კირა ლიქოკელი ბრუნდებოდა — არა შურის საძიებელად, არამედ გადასარჩენად. მისი შურისძიება დასრულდა იქ, სადაც ნამდვილმა დედობრივმა ინსტინქტმა და ძველმა, ჩაუხშობელმა სიყვარულმა გაიღვიძა. თბილისის აეროპორტში კერძო თვითმფრინავი შუაღამისას დაეშვა. კირა ტრაპზე ნელა ჩამოვიდა, მუქი ლურჯი პალტო მჭიდროდ ჰქონდა შემოხვეული, თითქოს სურდა თავისი საიდუმლო ბოლო წუთამდე დაეცვა იმ ქალაქისგან, რომელმაც თხუთმეტი წლის წინ ყველაფერი წაართვა. როდესაც მანქანა სოლოლაკის ნაცნობ სადარბაზოსთან გაჩერდა, კირას გული ისე აუძგერდა, რომ სუნთქვა გაუჭირდა. მან იცოდა, რომ ამ კარის მიღმა მისი ძველი ცხოვრება და ახალი რეალობა ერთმანეთს უნდა შეჯახებულიყო. ბინაში შუქი ენთო. გიორგს და მარიამს არ ეძინათ — ისინი ყოველ წამს ელოდნენ ზარს ლონდონიდან, მაგრამ იმას, რომ კარი გაიღებოდა და ზღურბლზე კირა გამოჩნდებოდა, ვერავინ წარმოიდგენდა. — კირა? შვილო... — ამოთქვა მარიამმა და ხელები მკერდზე მიიბჯინა. კირამ ნელა შეიხსნა პალტოს ღილები. როდესაც სამოსი გაიხსნა და შვიდი თვის ორსული მუცელი გამოჩნდა, ოთახში ჰაერი გაიყინა. გიორგი, რომელიც მანამდე სავარძელში იჯდა, ფეხზე წამოდგა. გულ აჩუყებული უცქერდა თავის ერთადერთ კირას — გაზრდილს, დამშვენებულს და იმ საოცარი ტვირთით დამძიმებულს, რომელიც სიცოცხლის გაგრძელებას ნიშნავდა. გიორგის თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა. კირასთან მივიდა, კანკალით გაუწოდა ხელები და მუხლებზე დაეშვა მისი მუცლის წინ. მან თავი მიადო შვილის სხეულს და აქვითინდა — ხმით, მწარედ, მთელი იმ წლების სინანულით, რაც მათ დაშორებულებმა გაატარეს. — ჩემო გოგო... ჩემო პატარა... — სლუკუნებდა გიორგი. — როგორ გაიზარდე... როგორ დაემსგავსე დედაშენს. მაპატიე, კირა, მაპატიე, რომ ამდენი ტკივილი მოგაყენეთ. კირამ ხელი მამის ჭაღარა თმებზე დაადო. იმ წამს მან იგრძნო, რომ შურისძიება და ბოღმა საბოლოოდ დამარცხდა. სახლში დაბრუნება შედგა. რამდენიმე საათის შემდეგ, როდესაც ემოციები ოდნავ დაცხრა, ოთახში მძიმე სიჩუმე ჩამოწვა. კირა სავარძელში იჯდა, მარიამის მომზადებულ ჩაის სვამდა, გიორგი კი ფანჯარასთან იდგა და შორს, თბილისის რიჟრაჟს სევდიანი გასცქეროდა. — როგორ ვეტყვით? — იკითხა მარიამმა ჩუმად. — მისი გული ისედაც სუსტია, ასეთმა ამბავმა შეიძლება საერთოდ გააჩეროს. — თქვენ არა — თქვა კირამ და მუცელზე ხელი დაიდო. — მას სიმართლეს მე ვეტყვი, რომელიც ისე სჭირდება, როგორც ჰაერი. თუ მას ბრძოლის მიზეზს არ მივცემთ, ის უბრალოდ დანებდება. გიორგი შებრუნდა. მისი მზერა მტკიცე იყო. — მე წავალ. მე დაველაპარაკები ჩემს თვალწინ გაზრდილ იმ ბიჭს. მე ვნახე, როგორ იტანჯებოდა თხუთმეტი წელი. მე ვიცი მისი ყოველი ამოსუნთქვა. ის ახლა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე დგას და მე უნდა ვიყო ის, ვინც მას ამ უფსკრულიდან ამოიყვანს. კირამ მამას შეხედა. — უთხარი, რომ აქ ვარ. უთხარი... რომ თუ ის მოკვდება, მე მას ამას არასდროს ვაპატიებ. თბილისის ძველ უბანში, ალექსანდრეს ბინაში, სიჩუმე მეფობდა. წინა დღის ქიმიოთერაპიის შემდეგ ალექსანდრე ისე გრძნობდა თავს, თითქოს სხეულში სისხლის ნაცვლად მძიმე მეტალი ესხა. ყოველი მოძრაობა ტკივილთან იყო დაკავშირებული, მაგრამ დღეს, გამთენიისას, რაღაც უცნაური ძალა იგრძნო — თითქოს ორგანიზმი ბოლო რეზერვებს იკრებდა. კარზე კაკუნი გაისმა. ალექსანდრე შეკრთა. ამ დროს მასთან არავინ მოდიოდა. გაჭირვებით წამოდგა, კედელს მიეყრდნო, რომ თავბრუსხვევა დაეძლია და კარისკენ წავიდა. როდესაც კარი გააღო და ზღურბლზე გიორგი ლიქოკელი დაინახა, თვალებს არ დაუჯერა. — ბატონო გიორგი? — ამოთქვა გაოცებულმა და მაშინვე გაფითრდა. — კირას ხომ არ შეემთხვა რამე?! — მშვიდობაა, ალექს, მშვიდობა... — ხმადაბლა მიუგო გიორგიმ და მის სახეზე აღბეჭდილმა ტანჯვამ გული მოუკლა. ალექსანდრემ ის მისაღებ ოთახში მიიპატიჟა. თვითონ სავარძლის კიდეზე ჩამოჯდა, მძიმედ სუნთქავდა, გიორგი დიდხანს უყურებდა მის გამხდარ ხელებს, ჩაცვენილ თვალებს და იმ სიმტკიცეს, რომელიც ამ კაცს სიკვდილის პირასაც არ ტოვებდა. — როგორ ხარ, შვილო? მკურნალობა როგორ მიდის? — ჰკითხა გიორგიმ შემპარავი ტონით. — ვცდილობ, ბატონო გიორგი... მაგრამ ხანდახან მგონია, რომ ამ ბრძოლას აზრი არ აქვს. თუმცა, თქვენ ამისთვის არ მოხვიდოდით. მითხარით, კირა როგორ არის? გიორგიმ ღრმად ამოისუნთქა, თავი დახარა და ხელები ერთმანეთს გადააჭდო. — ალექს... მინდა გაიხსენო ის დრო, თხუთმეტი წლის წინ, როცა ჩემისიცოცხლის სანაცვლოდ შენ და კირამ ერთმანეთი დათმეთ. მინდა იცოდე, რომ ის ტკივილი, რაც შენ მაშინ იგრძენი, ჩემი ყველაზე დიდი ცოდვაა. მე შენს წინაშე დამნაშავე ვარ. ალექსანდრე დაიძაბა. გრძნობდა, რომ გიორგი რაღაც მთავარს უახლოვდებოდა. — კირა ჩამოვიდა, ალექს. ის თბილისშია, — თქვა გიორგიმ მოულოდნელად. ალექსანდრე ერთიანად აკანკალდა. ისე წამოიწია, თითქოს მაშინვე გასაქცევად ემზადებოდა. — აქ არის?! უნდა ვნახო... ახლავე უნდა ვნახო! გიორგი, გეხვეწებით, მასთან მიმიყვანეთ! — მოიცადე, ალექს, — გიორგიმ ხელი მხარზე დაადო და სავარძელში დააბრუნა. — ის მარტო არ არის. ალექსანდრეს სახეზე ტკივილმა გადაურბინა. მან თვალები დახუჭა. — ვიცი... ვიცი, რომ ქმართან ერთად იქნება , მნიშვნელობა არ აქვს, უნდა ველაპარაკო, რომ ჩემმა გულმა საბოლოოდ სიმშვიდე მოიპოვოს. გიორგიმ მწარედ ჩაიცინა. — ქორწინება? არა, ალექს. ეს არ ყოფილა რეალური ქორწინება. ეს იყო ფარი, ეს იყო ნაბიჯი, რომელიც კირამ მხოლოდ იმიტომ გადადგა, რომ შენზე შური ეძია, რომ შენს წასაშლელად საკუთარი თავისთვის რაღაც დაეჯერებინა. მარკუსი მხოლოდ მეგობარია, რომელიც მას ყველაზე მძიმე დროს დაუდგა გვერდით. კირამ ამ ტყუილით ყველაზე დიდი ცხოვრებისეული ტკივილი დაფარა... ის ტკივილი, რომელიც შენ მიაყენე იმ საღამოს, საავადმყოფოში. ალექსანდრე გაოგნებული უსმენდა. მისი გული ისე ფეთქავდა, თითქოს მკერდიდან ამოვარდნას ლამაზობდა. — ეს ნიშნავს, რომ... — ის შენი იყო თხუთმეტი წლის წინ და შენია დღესაც, — გიორგის ხმა აუკანკალდა. — მაპატიე, ალექს, რომ მაშინ ვერ დაგიცავით. მაპატიე, რომ ამდენი წელი დაგაკარგვინეთ. ახლა კი მომისმინე... კირა ძალიან დაღლილია, გზამ დაქანცა და ახლა ისვენებს. მაგრამ მან მთხოვა, რომ გადმომეცა: საღამოს ჩვენთან მოდი. მას ბევრი რამ აქვს შენთვის სათქმელი. რაღაც ისეთი, რაც შენს ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს. ალექსანდრემ გიორგის ხელზე ხელი მოუჭირა. მის თვალებში ამდენი ტანჯვის შემდეგ სიცოცხლის ნაპერწკალი ჩანდა.— მოვალ... აუცილებლად მოვალ. თუ საჭირო გახდა, ხოხვით მოვალ! გიორგი წამოდგა, ალექსანდრეს შუბლზე აკოცა და ოთახიდან გავიდა. მთავარი არ უთქვამს,ის რომ კირა მისი შვილის მოლოდინში იყო. მან გადაწყვიტა, რომ ეს საჩუქარი, ეს გადარჩენის შანსი, კირას უნდა მიეცა მისთვის. ალექსანდრე ოთახში მარტო დარჩა. ის სარკესთან მივიდა, თავის ანარეკლს შეხედა და სცადა გაეღიმა. — უნდა გავუძლო... — ჩურჩულებდა ის. — დღეს საღამომდე უნდა გავუძლო. წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ საღამოს, როდესაც კირას დიდ მუცელს დაინახავდა, მისი ლეიკემია, მისი ტკივილი და სიკვდილის შიში ერთ წამში გაქრებოდა და მათ ადგილს დაიკავებდა უსაზღვრო, ღვთიური საოცრება — მამობის განცდა. საღამო სოლოლაკში მშვიდი და ამავდროულად მძიმე იყო. ალექსანდრესთვის ის რამდენიმე ასეული მეტრი, რომელიც მის ბინასა და კირას სახლს შორის იყო, საუკუნედ გაიწელა. ყოველი ნაბიჯი ფიზიკური ტკივილი იყო, ყოველი ჩასუნთქვა — ბრძოლა ფილტვებში შეჭრილ ცივ ჰაერთან. ის მიდიოდა და გრძნობდა, როგორ ღალატობდა მუხლები, მაგრამ წინ რაღაც უხილავი, მაგნიტური ძალა ეწეოდა. როდესაც სადარბაზოს მიუახლოვდა, წამით შეჩერდა. „გავუძლებ?“ — გაიფიქრა მან. „მეტკინება თუ გადავრჩები?“ კიბეებზე ასვლისას ხელით კედელს ეყრდნობოდა. თხუთმეტი წლის წინ ამ კიბეებზე სირბილით ამოდიოდა, ახლა კი ყოველი საფეხური მისი დამარცხებული და დაღლილი სხეულის სიმძიმეს მიანიშნებდა. გიორგიმ კარი მაშინვე გაუღო, თითქოს ზუსტად იცოდა, რომ ალექსანდრე იქ იდგა. კაცებმა ერთმანეთს თვალებში შეხედეს — იქ აღარ იყო სიძულვილი, მხოლოდ ორი დაღლილი მამაკაცის სოლიდარობა. — შედი, ალექსანდრე. კირა თავის ოთახშია, — ჩუმად უთხრა გიორგიმ და გზა დაუთმო. ალექსანდრე კირას ოთახის კარს მიუახლოვდა. სახელური ცივი იყო. მან ხელი დაადო მას და იგრძნო, როგორ აუკანკალდა თითები. ეს სახელური იყო ერთადერთი ბარიერი მასსა და იმ ქალს შორის, რომელიც მისი ცხოვრების დასაწყისიცაა და დასასრულიც. მან სახელური ნელა, მძიმედ ჩამოსწია. კარის გაღების ხმა ოთახში ისე გაისმა, როგორც საბედისწერო განაჩენი. ოთახში მხოლოდ ერთი სანათი ენთო. კირა ფანჯარასთან იდგა, ალექსანდრესკენ ზურგით. მას გრძელი, მუქი ხალათი ეცვა, რომელიც მის სილუეტს ფარავდა. ოთახში კირას ნაცნობი სუნამოს სურნელი ტრიალებდა, რამაც ალექსანდრეს თავბრუ დაახვია. — კირა... — ამოთქვა მან და ხმა ჩაეხლიჩა. კირა არ განძრეულა. ის ისევ ფანჯრის მიღმა გაშლილ ღამის თბილისს უყურებდა. — ვიცი, რომ არ უნდა მოვსულიყავი... — დაიწყო ალექსანდრემ და ოთახის შუაგულში გაჩერდა. — ვიცი, რომ ჩემი დანახვაც კი გტკივა. გიორგიმ მითხრა, რომ ის ქორწინება... რომ ყველაფერი ტყუილი იყო. მადლობა, რომ სიმართლე მითხარი. მადლობა, რომ მომეცი საშუალება, ბოლოჯერ მენახე, სანამ... სანამ საბოლოოდ წავალ. მან ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ისევ შეჩერდა. — კირა, მე შენ თხუთმეტი წელი გეძებდი ყველა ქალის მზერაში. იმ საღამოს, საავადმყოფოში... ხმა ჩაუწყდა ალექსანდრეს, მინდა იცოდე... მე ისე მივდივარ ამ ქვეყნიდან, რომ მხოლოდ შენი სახელი მიწერია გულზე. მაპატიე, თუ შეგიძლია... მაპატიე, რომ ვერ დაგიცავი. ალექსანდრეს ხმაში ისეთი უსაზღვრო ტკივილი და სიყვარული იგრძნობოდა, რომ ოთახში ჰაერი თითქოს დაიელექტროვა. კირას მხრები ოდნავ შეირხა. მან ღრმად ამოისუნთქა. — ალექსანდრე... — თქვა მან ჩურჩულით. — მამაჩემისთვის გითქვამს , რომ გინდოდა შენი კვალი დაგეტოვებინა ამ ქვეყანაზე , ამ სიტყვებზე კირა ნელა, აუჩქარებლად შემობრუნდა.... ალექსანდრე გაშეშდა. სიტყვა, რომლის თქმასაც აპირებდა, ყელში გაეჩხირა. ენა ჩაუვარდა. ის უყურებდა კირას სახეს — უფრო ლამაზსა და მშვენიერს , ვიდრე ოდესმე, მაგრამ მისი მზერა მაშინვე დაბლა ჩამოცურდა. იქ, სადაც კირას წელი უნდა ყოფილიყო, ახლა ამაყად და ჯიუტად მოჩანდა დიდი, მრგვალი მუცელი. შვიდი თვის ორსულობა კირას სხეულზე ისე იკითხებოდა, როგორც ყველაზე წმინდა და უტყუარი სიმართლე. ალექსანდრეს ფერი გადაუვიდა. მას ეგონა, რომ ჰალუცინაცია ჰქონდა, რომ ქიმიოთერაპიამ გონება დაუბინდა. მან თვალი ვერ მოაშორა კირას მუცელს. — ეს... ეს... — მისი ტუჩები ცახცახებდა, მაგრამ ბგერას ვერ უშვებდა. კირამ ხელი მუცელზე დაიდო, სწორედ იქ, სადაც ბავშვმა იმ წამს მძლავრად დაარტყა. — ეს შენი კვალია, ალექსანდრე, — თქვა კირამ და მის თვალებში ცრემლებმა იფეთქა. — ეს შენი შვილია. ჩვენი შვილი. იმ ღამის... ნაყოფი. ალექსანდრე მუხლებზე დაეშვა. არა იმიტომ, რომ სუსტად იყო, არამედ იმიტომ, რომ ამხელა სიმართლის სიმძიმეს მისმა სულმა ვერ გაუძლო. მან ხელები გაუბედავად გასწია კირასკენ, მაგრამ შეხებას ვერ ბედავდა. ის უყურებდა იმ მუცელს და ხვდებოდა — ის არ კვდებოდა. მას სიკვდილის უფლება აღარ ჰქონდა. — ჩემი შვილი... — აღმოხდა მას და ხმამაღლა აქვითინდა. — კირა... ღმერთო ჩემო... ჩემი შვილი... კირა დაიხარა, ალექსანდრეს თავი ხელებში მოიქცია და გულში ჩაიკრა. იმ წამს, სოლოლაკის ძველ სახლში, ლეიკემია, ღალატი, თხუთმეტწლიანი განშორება და ლონდონური ყინული — ყველაფერი გაქრა. დარჩა მხოლოდ სამი ადამიანი: მამა, რომელიც ხელახლა დაიბადა, დედა, რომელმაც აპატია და შვილი, რომელიც მათ სიცოცხლისკენ ეწეოდა.სასოწარკვეთა, რომელიც ალექსანდრეს სულს ღრღნიდა, მოულოდნელმა, თითქმის ღვთიურმა იმედმა შეცვალა. თუმცა, კირამ იცოდა, რომ მხოლოდ იმედი საკმარისი არ იყო — მას მოქმედება სჭირდებოდა. „რკინის ლედი“ დაბრუნდა, მაგრამ ამჯერად მისი იარაღი არა ცივი გონება, არამედ დედობრივი და ქალური თავგანწირვა იყო. მომდევნო დღეები კირასთვის ნამდვილ გამოცდად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ თავად შვიდი თვის ორსული იყო და სიმძიმე ყოველ ნაბიჯზე აწუხებდა, დილით ადრე დგებოდა, თავად ამზადებდა ალექსანდრესთვის სპეციალურ საკვებს და საავადმყოფოში მიდიოდა. საავადმყოფოს დერეფნებში ყველა გაოცებული უყურებდა ამ წყვილს: ფერმკრთალი, დასუსტებული ალექსანდრე, რომელსაც გვერდით ამაყად მიჰყვებოდა ულამაზესი, მუცელმოზრდილი ქალი. ქიმიოთერაპიის მორიგ სეანსზე კირა მასთან ერთად შევიდა. — კირა, გთხოვ, აქაურობის სუნი შენთვისაც და ბავშვისთვისაც ცუდია, გადი, — სთხოვა ალექსანდრემ, როცა სავარძელში ჩაჯდა. — არასოდეს, — მიუგო კირამ და მის გაციებულ ხელს თავისი თბილი ხელები დაადო. — ამიერიდან ჩვენ ყველაფერს ერთად გავივლით. შენ მარტო აღარ ხარ, ალექს. მე და ის... — მან მუცელზე მიუთითა, — შენს გვერდით ვართ. მთელი ხუთი საათის განმავლობაში, სანამ წამალი ალექსანდრეს ვენებში მიედინებოდა, კირას ხელი არ გაუშვია. ის მას ლონდონზე უყვებოდა, მომავლის გეგმებზე და იმ სახლზე, რომელსაც ერთად ააშენებდნენ. ალექსანდრე უსმენდა და გრძნობდა, როგორ უბრუნდებოდა სხეულს სიცოცხლის ნება. როდესაც ალექსანდრეს ჩაეძინა, კირა ჰემატოლოგის კაბინეტში შევიდა. ექიმი კახაძე, რომელიც ალექსანდრეს მკურნალობდა, დაღლილი ჩანდა. — ექიმო, სიმართლე მითხარით, — დაიწყო კირამ და სკამზე მძიმედ დაეშვა. — ქიმიოთერაპია მხოლოდ დროს გვიხანგრძლივებს. რა არის მისი გადარჩენის რეალური გზა? ექიმმა სათვალე მოიხსნა და ამოიოხრა. — ქალბატონო კირა, მე უკვე ვუთხარი გიორგის... ალექსანდრეს ძვლის ტვინის გადანერგვა სჭირდება. ჩვენ ვერ ვიპოვეთ დონორი ვერც საქართველოში და ვერც საერთაშორისო ბაზებში. მისი გენეტიკა ძალიან იშვიათია. კირამ მუცელზე დაიდო ხელი. ბავშვმა ისევ დაარტყა. — ჩემი შვილი? — იკითხა მან დაბალი ხმით. — შეიძლება შვილი იყოს დონორი? ექიმი შეკრთა. მან მზერა კირას მუცელზე გადაიტანა და თვალებში იმედის ნაპერწკალი გაუკრთა. ღმერთო ჩემო..... ეს აქამდე რატომ არ ვიცოდი? ჩევნ შეგვიძლია ალოგენური ტრანსპლანტაცია გავაკეთოთ. კირას სუნთქვა შეეკვრა. — ეს ნიშნავს, რომ ჩემი შვილი მამას გადაარჩენს? — დიახ, ქიმიოთერაპიებით დაავადებულ ძვლის ტვინს სრულიად გავანადგურებთ, შემდგომ ჭიპლარიდან აღებულ სისხლს ინფუზიურად შევუყვანთ პაციენტს, ეს უჯრედები სისხლის მიმოქცევის გზით თავად იპოვიან გზას ძვლის ტვინისკენ, იქ დასახლდებიან და თავად დაიწყებენ ჯანსაღი სისხლის წარმოებას. უჯრედების მისამაგრებლად 2 ან 3 კვირაა საჭირო. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ გვეცოდინება ორგანიზმმა მიიღო თუ არა უჯრედები — კახაძემ დაასრულა და სემვდანარევი ხმით დაამატა —მთავარია, ალექსანდრემ მშობიარობამდე გაძლოს. მისი ორგანიზმი ძალიან სუსტია. მას სჭირდება მოტივაცია, რომ კიდევ ორი თვე იბრძოლოს. კირა კაბინეტიდან გამოვიდა და პალატის შუშის მიღმა მძინარე ალექსანდრეს შეხედა. მას ეღიმებოდა — ალბათ პირველად ამდენი თვის განმავლობაში. „გესმის, პატარავ?“ — ჩასჩურჩულა მან საკუთარ მუცელს. — „შენ მამიკოს სიცოცხლე უნდა აჩუქო. შენ ხარ მისი ანგელოზი“. კირამ იცოდა, რომ ახლა მისი მთავარი ამოცანა ალექსანდრესთვის ამ საიდუმლოს თქმა იყო, ოღონდ ისე, რომ მასში შიში კი არა, გადარჩენის დაუოკებელი ჟინი გაეღვიძებინა. ის დაბრუნდა პალატაში, ალექსანდრეს გვერდით დაჯდა და თავი მის მხარზე მიადო. — ალექს, — ჩასჩურჩულა ყურში, როცა კაცმა თვალები გაახილა. — ექიმმა მითხრა, რომ ჩვენმა შვილმა უკვე გადაწყვიტა შენი გადარჩენა. შენ უნდა გაუძლო... მხოლოდ ორი თვე. მხოლოდ ორი თვე და შენ ხელახლა დაიბადები მასთან ერთად. ალექსანდრემ კირას მუცელს ხელი დაადო და იგრძნო, როგორ უპასუხა პატარამ. იმ მომენტში საავადმყოფოს პალატა აღარ იყო სიკვდილის ადგილი. ის იქცა ტაძრად, სადაც სიყვარული მეცნიერებაზე ძლიერი აღმოჩნდა. ომი სიკვდილთან გრძელდებოდა, მაგრამ ახლა ალექსანდრეს ჰქონდა იარაღი, რომლის წინაშეც ლეიკემია უძლური იყო. დრო თითქოს შენელდა, მაგრამ იმედი, რომელიც კირამ საავადმყოფოს პალატაში შეიტანა, საუკეთესო წამალზე მეტი აღმოჩნდა. ალექსანდრეს ორგანიზმი, რომელიც მანამდე ნებდებოდა, ახლა ყოველი უჯრედით ებღაუჭებოდა სიცოცხლეს. აპრილის ბოლოს ანალიზები გაუმჯობესდა — ქიმიოთერაპიამ დროებით უკან დაახევინა დაავადებას, რათა გზა დაეთმო მთავარი სასწაულისთვის. მაისის თბილისი ყვავილების სურნელით გაიჟღინთა. სწორედ იმ დღეს, როცა მზე განსაკუთრებულად აცხუნებდა, კირამ იგრძნო, რომ მისი და ალექსანდრეს შვილი ამქვეყნად მოდიოდა. საავადმყოფოს მეორე სართულზე კირა მშობიარობდა, მესამეზე კი — ალექსანდრე ფანჯარასთან იდგა და ყოველ წამს ითვლიდა. რამდენიმე საათის შემდეგ, დერეფანში ჩვილის პირველი, მჭახე ტირილი გაისმა. ალექსანდრე პალატაში იჯდა, როდესაც კარი გაიღო და მარიამმა პატარა, თეთრებში გამოწყობილი არსება შემოიყვანა. ალექსი ფეხზე წამოდგა, მუხლები უკანკალებდა. როდესაც შვილი ხელში დააჭერინეს, სამყარო მის ირგვლივ გაჩერდა. ეს იყო გოგონა — პატარა, ნაზი, კირასა და ალექსანდრეს ნაკვთების საოცარი ნაზავი. ალექსანდრემ ის ფრთხილად მიიკრა მკერდზე. პატარამ ტირილი შეწყვიტა, თვალები გაახილა და მამის სუსტ, მაგრამ სიყვარულით სავსე მზერას საკუთარი უმანკოებით უპასუხა. — ანიტა... — ჩაჩურჩულა ალექსანდრემ და ცრემლები პირდაპირ ბავშვის პატარა ხელზე დაეცა. — ჩემო მხსნელო... ჩემო პატარა გმირო. ამ შეხვედრაში იყო ყველაფერი: თხუთმეტწლიანი მონატრება, გადატანილი ტკივილი და ის უძლეველი ძალა, რასაც სიცოცხლის გაგრძელება ჰქვია. ალექსანდრემ იგრძნო, რომ მისი სისხლი ათბობდა ამ პატარა არსებას, ანიტა კი თავისი სუნთქვით მამას სიკვდილისგან იცავდა. ოპერაცია მეორე დღესვე დაიგეგმა. ექიმებმა ანიტას ჭიპლარიდან აღებული ნიმუში მოამზადეს. ეს იყო ბიოლოგიური ჯავშანი, რომელიც ალექსანდრეს დაზიანებულ ძვლის ტვინს უნდა ჩანაცვლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მშობიარობის შემდგომ ჯერ კიდევ სუსტად იყო კირა, ინვალიდის სავარძლით მიიყვანეს საოპერაციო ბლოკთან. ის და პატარა ანიტა ალექსანდრეს აცილებდნენ. — ის შენში იცოცხლებს, ალექს, — უთხრა კირამ და ხელი მოუჭირა. — მისი უჯრედები შენი ნაწილი გახდება. შენს ძარღვებში ახლა ჩვენი შვილის სიცოცხლე იდინებს. პროცესი რამდენიმე საათს გაგრძელდა. მთელი ამ დროის განმავლობაში კირა ანიტას გულზე იხუტებდა. პატარა გოგონა მშვიდად ეძინა, მან არ იცოდა, რომ თავისი ცხოვრების პირველსავე დღეებში ყველაზე დიდი გმირობა ჩაიდინა — მან სიკვდილს ხელიდან გამოსტაცა მამა. ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა. ექიმები გაოგნებულები იყვნენ — თავსებადობა იმდენად მაღალი აღმოჩნდა, თითქოს ბუნებამ თავად მოინდომა ამ ორი ადამიანის საბოლოო შერწყმა. ანიტას მიერ ნაჩუქარმა უჯრედებმა ალექსანდრეს ორგანიზმში „დასახლება“ დაიწყეს. როდესაც ალექსანდრემ გაიღვიძა, მის საწოლთან კირა იჯდა, რომელსაც კალთაში ანიტა ეწვინა. მზის სხივები პალატაში ოქროსფრად იღვრებოდა. — გადავრჩი? — ძლივს გასაგონად იკითხა ალექსმა. — გადარჩი, — მიუგო კირამ და გაიღიმა —ანიტამ გაიმარჯვა. შენ ახლა მისი სისხლი გაქვს, ალექს. შენ ახლა სამუდამოდ მისი და ჩემი ხარ. ალექსანდრემ ხელი გასწია და თავის ორ ქალბატონს მოეფერა. ლეიკემია დამარცხდება, წარსულის აჩრდილები გაიფანტებიან. მაისის თბილისში, სიცოცხლისა და სიყვარულის ახალი ერა დაიწყება, სადაც პატარა ანიტა მათი საერთო მომავლის გარანტი გახდება.ეს იქნება დასასრული ტკივილის და დასაწყისი ოჯახისა, რომელიც ფერფლიდან აღსდგა. სამი წელი გავიდა .... მაისის თბილისი ისევ ისეთი ლამაზი იყო, როგორც ანიტას დაბადებისას, თუმცა წელს ჰაერში რაღაც განსაკუთრებული, საზეიმო სიმშვიდე ტრიალებდა. ალექსანდრე საბოლოოდ დაუბრუნდა თავის ძველ რუტინას — თეთრ ხალათს, თუმცა ახლა მისი მზერა უფრო ღრმა და მადლიერი იყო. სიკვდილთან გამარჯვებამ მას ასწავლა ყოველი წამით ტკბობა. კირამ კი საბოლოოდ დახურა ლონდონური ოფისი, თავისი იმპერიის მართვა თბილისიდან გააგრძელა და რაც მთავარია, სიმშვიდე იპოვა იქ, სადაც ადრე მხოლოდ ტკივილს გრძნობდა. ის საღამო არ ჰგავდა ჩვეულებრივ დღეს; თითქოს თავად ბუნებამაც იცოდა, რომ აქ, ამ მწვანეში ჩაფლულ მინის სახლში, ორი დანგრეული სამყარო ერთ მთლიანობად იკვრებოდა და მარადიული ფიცის დღესასწაულს ზეიმობდა. ქორწილის გამართვა წყნეთის ტყის პირას, ღია ცის ქვეშ გადაწყვიტეს. არ ყოფილა ოქროთი ნაქარგი სუფრები და ხმაურიანი ორკესტრი. ყველაფერი სუნთქავდა სიმსუბუქითა და სიმართლით. ხეებს შორის გაბმული წვრილი, თბილი ნათურები ვარსკვლავებივით ციმციმებდნენ იასამნისფერ ბინდში. ჰაერი ფიჭვის ნემსებისა და თეთრი ვარდების სურნელით იყო გაჟღენთილი. კირა... ის არ ჰგავდა პატარძალს, ის ჰგავდა თავად სიცოცხლის ქალღმერთს. მას ეცვა სადა, აბრეშუმის სპილოსძვლისფერი კაბა, რომელიც მის სხეულზე წყალივით მოედინებოდა. თმაში მხოლოდ ერთი ცოცხალი ყვავილი ჰქონდა ჩამაგრებული. მისი მზერა, ადრე ყინულივით ცივი და მიუწვდომელი, ახლა შიგნიდან ანათებდა — იმ სიმშვიდით, რომელიც მხოლოდ ბრძოლაგადახდილ და გამარჯვებულ ადამიანებს შეუძლიათ. ალექსანდრე კი... ის იდგა მტკიცედ. თეთრი პერანგის სახელოები ოდნავ აეკეცა და უყურებდა კირას ისე, თითქოს პირველად ხედავდა თავისი ცხოვრების მთავარ სასწაულს. მის სახეზე ქიმიოთერაპიის კვალი აღარ ჩანდა, მხოლოდ თვალების კუთხეში გაჩენილი მცირე ნაოჭები მოწმობდნენ გადატანილ ქარიშხალს. მათ შორის პატარა ანიტა დარბოდა — მათი საერთო სუნთქვა. გოგონა ხან მამას ეხვეოდა მუხლებზე, ხან დედასთან მიჰქონდა ტყეში ნაპოვნი გვირილები. გიორგი, მარიამი, ჩუმად ტიროდნენ. ეს არ იყო სევდის ცრემლები, ეს იყო იმ კათარზისის გამოძახილი, რომელიც ყველამ ერთად გამოიარა. ბაღში, სადაც საქორწილო მუსიკა ნაზად ჟღერდა, ელენე საპატიო ადგილას იჯდა. მას თეთრი, სადა კაბა ეცვა და მხრებზე თბილი შალი ჰქონდა მოხვეული. მისი თვალები შორს, ტყის სიღრმეში იყურებოდნენ, სადაც ალბათ თავის ახალგაზრდობასა და დავიწყებულ მოგონებებს ეძებდა. პატარა ანიტა, რომელიც თეთრ კაბაში ნამდვილ ანგელოზს ჰგავდა, ხანდახან ელენესთან მიირბენდა, მის მუხლებს თავისი პატარა ხელებით დაეყრდნობოდა და ეღიმებოდა. ელენე დაიხარა, ბავშვს სახეზე ხელი ნაზად ჩამოუსვა და გვერდით მჯდომ კირას ჩურჩულით ჰკითხა: — კირა, შვილო... ვინ არის ეს პატარა? ვისი გოგონაა? კირამ, რომელსაც თვალებში სევდა და სიყვარული ერთდროულად აუკამკამდა, ელენეს ხელი თავისაში მოიქცია. ეს ანიტაა, ელენე დეიდა. თქვენი შვილიშვილია. ალექსანდრეს შვილი. — ალექსანდრეს? ჩემი ალექსის? — გაუკვირდა ელენეს და წამით სახე გაუნათდა. მართლა? რა ლამაზია... ზუსტად ალექსის თვალები აქვს. მაგრამ რამდენიმე წუთიც არ გასულა, რომ ნისლმა ისევ დაფარა მისი გონება. ანიტა ისევ მიუახლოვდა, ელენემ კი ისევ ისეთივე გაკვირვებით შეხედა: — რა საყვარელი ბავშვია... კირა. მთელი საღამოს განმავლობაში ეს კითხვა ექოსავით ისმოდა მათ მაგიდასთან. ყოველ ჯერზე, როცა ელენე ამას კითხულობდა, ალექსანდრეს გული ეწურებოდა, მაგრამ ის არ ნებდებოდა. ის მიდიოდა დედასთან, მუხლებზე უჩოქებდა და შვილის ხელს მის ხელში დებდა. — დედა, ეს ჩემია. ჩემი და კირას შვილია. შენი ანიტაა, — მოთმინებით პასუხობდა ალექსი. ელენე ატირდა. — მართლა? მადლობა ღმერთს... მადლობა ღმერთს, რომ შენ მარტო არ ხარ, ალექს. თუმცა, როდესაც საქორწილო ტორტი გაჭრეს ელენემ ისევ მიიზიდა კირა თავისკენ. — კირა, მითხარი... ეს ბავშვი... ვისია? კირამ ამჯერად აღარ უპასუხა მხოლოდ სიტყვებით. მან ანიტა ელენეს კალთაში ჩაუსვა. ბავშვმა ბებიას ყელზე მოხვია ხელები და თავი მის მკერდზე მიადო. ელენე გაშეშდა. დემენციის მიღმა არსებულმა დედობრივმა ინსტინქტმა იგრძნო ის სისხლი, რომელიც ამ პატარა არსების ძარღვებში ჩქეფდა ის სისხლი, რომელმაც ალექსანდრე სიკვდილს გამოსტაცა. — ეს ჩემი სიცოცხლეა, დედა, ჩურჩულით თქვა ალექსანდრემ, რომელიც მათ გვერდით იდგა. ელენეს თვალებიდან ცრემლი ჩამოგორდა. მან ბავშვს თავზე აკოცა. როდესაც მზე ჰორიზონტს მიებჯინა და ცა სისხლისფრად აალდა, კირა და ალექსანდრე ტერასის კიდეზე იდგნენ. მათ წინ მთელი თბილისი ხელისგულივით მოჩანდა ქალაქი, სადაც მათი ტკივილი დაიბადა და სადაც მათმა სიყვარულმა სიკვდილს სძლია. კირამ ალექსანდრეს მხარზე დაადო თავი და თვალები მინაბა. მზის უკანასკნელი სხივები მის სახეს ოქროსფრად ფერავდა. — ხედავ, ალექს? ჩურჩულებდა ის, და მისი ხმა ტყის შრიალს ერწყმოდა. სამყარო თითქოს გაჩერდა... თვრამეტი წლის წინ. როცა იმ თვითმფრინავში ვჯდებოდი, მეგონა, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი და მძიმე წერტილი დავსვი. მეგონა, იმ წერტილმა სამუდამოდ გაჰყარა ჩვენი გზები და მის მიღმა მხოლოდ სიცარიელე რჩებოდა. მე ის წერტილი სიძულვილით, გაბოროტებით და ტკივილით დავსვი... მეგონა, დავასრულე. ალექსანდრემ ნელა მოაბრუნა იგი თავისკენ. მან კირას სახე ხელებში მოიქცია — ისე ფრთხილად, თითქოს უძვირფასეს ფაიფურს ეხებოდა. მის თვალებში მზის ჩასვლა და უსაზღვრო ერთგულება ერთმანეთში ირეოდა. — კირა... — თქვა მან და ხმაში მთელი თავისი განვლილი ჯოჯოხეთი და მოპოვებული სამოთხე ჩააქსოვა. — შენ მართალი ხარ, შენ წერტილი დასვი. მაგრამ იცი, რა არის სიყვარულის საიდუმლო? ის წერტილი, რომელიც შენ დასვი, არ ყოფილა წინადადების დასასრული. ის იყო წერტილი, რომლის შემდეგაც წერა ახალი სტრიქონიდან იწყება. ეს ის წერტილია, რომელიც წინადადებას კი არ ასრულებს, არამედ ძალას აძლევს მომდევნო სიტყვას. მან შუბლი შუბლზე მიადო კირას. შენმა დასმულმა წერტილმა გადაგვარჩინა. მან გვაიძულა, გამოგვევლო ეს გზა, რომ დღეს აქ ვმდგარიყავით , არა როგორც დაბნეული ბავშვები, არამედ როგორც ადამიანები, რომლებმაც იციან სიცოცხლის ფასი. ის წერტილი ჩვენი დასაწყისი იყო, კირა. ის ჩვენი მარადიული „ახლაა“. ამ სიტყვებზე სამყარომ თითქოს ამოისუნთქა. მზე საბოლოოდ ჩაეშვა მთების მიღმა, მაგრამ მათ ირგვლივ სინათლე არ გამქრალა. ეს იყო ის უხილავი ნათება, რომელიც მხოლოდ იქ ჩნდება, სადაც ორი სული ერთმანეთს საბოლოოდ და სამუდამოდ პოულობს. ხეებმა ტოტები ერთმანეთს გადააჭდეს, თითქოს ისინიც ლოცავდნენ ამ კავშირს. ჰორიზონტზე პირველი ვარსკვლავი აინთო — ანიტასავით კაშკაშა და იმედიანი. წერტილი წაიშალა და მის ადგილას დაიწერა ისტორია, რომელსაც დასასრული აღარასოდეს ექნება. როდესაც ალექსანდრემ კირას სახე ხელებში მოიქცია, მის მაჯაზე იმ ძველმა საათმა გაიელვა. ის ისევ ისე გამოიყურებოდა, გაცვეთილი ტყავის სამაჯურით და თვრამეტი წლის წინანდელი ნაკაწრებით, მაგრამ რაღაც შეიცვალა. ის აღარ იყო მხოლოდ გაყინული მოგონება. კირამ ნელა დახედა საათს, მერე კი ალექსანდრეს თვალებში შეხედა. — თხუთმეტი წელი... — ჩასჩურჩულა მან. თხუთმეტი წელი ეს საათი ჩემთვის სიკვდილის სიმბოლო იყო. ყოველთვის, როცა მას ვხედავდი, მეგონა, რომ ჩვენი დრო იმ საბედისწერო ღამეს გაჩერდა. მეგონა, რომ შენ ის მხოლოდ იმიტომ დაიტოვე, რომ საკუთარი თავი დაგესაჯა. ალექსანდრემ მაჯა ასწია და საათის ციფერბლატს დახედა. მაისის მზის ჩასვლის ოქროსფერი სხივები შუშაზე აირეკლა. — იცი, კირა? თქვა მან და ხმაში რაღაც საოცარი სიმშვიდე გაერია. — ამ საათმა ყველაზე კარგად იცის, რას ნიშნავს ლოდინი. მან კირას ხელი აიღო და თავის მაჯაზე დაადო, იქ, სადაც პულსი და საათის რიტმი ერთმანეთს ერწყმოდა. — შენ თქვი, რომ წერტილი დასვიო. მაგრამ ნახე... — ალექსანდრემ საათის მექანიზმს მიაყურებინა. — ეს წერტილი კი არა, წრეა. უსასრულო წრე, რომელიც ყოველთვის ბრუნდება იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. ამ საათმა თხუთმეტი წელი იმოგზაურა ჩემთან ერთად ჯოჯოხეთში, რათა დღეს აქ, ამ ტერასაზე, ჩვენი ბედნიერების წამები დაეთვალა. კირამ საათის შუშას თითი გადაუსვა. ის აღარ იყო ცივი. ის თითქოს ალექსანდრესა და ანიტას სიცოცხლით თბებოდა. — ხედავ ალექს? თქვა კირამ და ცრემლიანი თვალებით გაიღიმა. ის აღარ ჩქარობს. აღარც ჩვენ გვეშინია დროის. — იმიტომ, რომ ჩვენ დრო დავამარცხეთ, კირა, მიუგო ალექსანდრემ და შუბლზე აკოცა. ახლა ეს საათი აღარ ზომავს იმას, რაც დავკარგეთ. ის ზომავს იმას, რაც წინ გვაქვს. ყოველი მისი წიკწიკი ახლა ამბობს: „შენი ვარ... შენი ვარ... შენი ვარ...“ ბაღში ანიტას სიცილი გაისმა. საათის ისარი კი ჯიუტად და მედგრად გადახტა შემდეგ წამზე. ეს იყო წამი, რომელსაც აღარაფერი ჰქონდა საერთო წარსულთან. ეს იყო სუფთა, გაუზავებელი აწმყო. მზე საბოლოოდ გაუჩინარდა, მაგრამ იმ ძველი საათის ციფერბლატზე დრო ისევ ისე ნათლად ჩანდა — დრო, რომელიც თხუთმეტწლიანი პაუზის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, სიყვარულის რიტმზე გადაერთო. დასასრული პ.ს ეს ისტორია ეძღვნება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან ადამიანს, რომელიც ვეცადე რეალობისგან გასხვავებით ბედნიერი დასასრულით ყოფილიყო. განა თეთრი მინდვრები იმიტომ არ არსებობს, რომ შავი ხნულით შევცვალოთ ხოლმე ცხოვრებისეული კანონზომიერებები. ვფიქრობ სასიამოვნოდ საკითხავი ისტორიაა. ისევ შევხვდებით... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


