ნადირობა(თავი მეხუთე)
გუბაზს გულის კოვზთან რაღაც მწარედ ჩაესო. ანა ქეთოს კივილიან გოდებას აჰყვა მგალობელივით და ბეშქების მკლავებში ჩაიმალა, სებესაც კი, ცხოვრებაში პირველად ენა ჩავარდნოდა. ბატონის ძაღლი, ან უფრო სწორად, ძაღლისგან დარჩენილი ხორცის მასა წვეტიან, მაღალ გალავანზე ალამივით გადმოეფინათ. ბომბორა ბეშქენმა და სებემ ათი წლის წინ, ქუჩაში იპოვნეს, მთლად უსუსური და შეციებული, დედის ძ*ძუს მოწყვეტილი საწყალობლად ქსუტუნებდა. თოვლივით თეთრი და გუნდასავით დახვეული, ბატონის კარზე აღმოჩნდა. ბეშქენის მსგავსად გაიზარდა ანას კალთაში და იმხელა გახდა, ეზოში თავისუფლად მონავარდე ყველა სტუმარს აფრთხობდა. ბატონს ლამის შვილივით უყვარდა ეს უკვე ბებერი ბუმბერაზი, რომელიც მის ეზო-კარს ერთგულად, უდრტვინველი მორჩილებით იცავდა. ახლა კი მისი დაჩეხილი სხეულიდან ბროწეულისფრად ეწვეთებოდა ხელებზე სისხლის მძივები და ღამის ბინდისგან ჩამუქებულ ბალახში ცვარივით იბნეოდა. ქეთოს ნადიმმა ბომბორას გამოკვება მთლად გადაავიწყა, საწოლიდან წამომდგარიყო მისთვის ხორცის გამოსატანად. -ბეშქენ, ქალები სახლში შეიყვანეთ!-დაიგრვგვინა გუბაზმა. -მამა… -ძია… -შედით მეთქი! ხმა ძველებურად ვეღარ უჭრიდა, ხელები ძლივსშესამჩნევად უცახცახებდა. სებემ ტანიას და ქეთოს ჩაავლო ხელი, ბეშქენმა დედა ბავშვივით აიტაცა. გუბაზმა გაჭირვებით ჩამოხსნა ნაწამები ცხოველი, ხახა დაეფჩინა, ლიბრგადაკრული ორთავე თვალიც ღია დარჩენოდა ბომბორას. მიწაზე დააწვინა დაჩეხილი, ჯერ კიდევ თბილი მეგობარი, ფაფუკ ბეწვში შეუცურა ხელი. რისხვა მორეოდა კაცს, ვინ გაბედა და მის სახლში შეიჭრა, ვის ეყო უგუნურება საიმისოდ, რომ ბატონის ძაღლი ექცია ნაკუწებად? უზარმაზარი სახლის კედლებს აჰხედა გუბაზმა ისე საცოდავად, ამგვარი უმწეობის განცდა დიდი ხანია აღარ დაუფლებია მის გოროზ გულს. იჯდა, დიდხანს იჯდა ბატონი თავის ეზოში მხრებჩამოყრილი და თითქოს მხრები უთრთოდა უხმო ქვითინისგან. ბრაზი ტკივილმა შეცვალა, სისხლით გაპოხილი მაჯით მოიწმინდა გამოქცეული კურცხალი. ბომბორასთვის ყელი ძვლამდე გამოეჭრათ, თათებიც მოეკვეცათ, აი ასე, პატივაყრილი დაეტოვებინა ბატონის სასახლის მცველი დამნაშავეს და გუბაზს თითქოს თვალწინ ედგა უცნობის დამცინავი, თავმომწონე სახე. ***** კალემ თვალები გაჭირვებით გაახილა. მთელი სხეული ტეხდა, თავი უგუგუნებდა, მისაღები კი დღის შუქით იყო სავსე. ნოემბრის ცივი, მჭახე თეთრი დგე ჩამომდგარიყო, ოდნავ შეღებული სარკმლიდან სუსხი შემოდიოდა და მოშიშვლებულ კეფაზე ბურძგლავდა. კალე ყოველთვის მაქსიმალურად წურავდა ცხოვრებას და მისგან ყოველივეს იღებდა, რისი მიღებაც შეეძლო. შეუპოვარსა და თავმომწონეს ბავშვური ახირებით შეეძლო თავისი გაეტანა და სალხინებელში ჩამოსვლაც მორიგ ახირებას ჰგავდა. ყველასაგან მოწყვეტილს სწრაფად მოეპოვებინა აქაურთა კეთილგანწყობა, თუმცა ხსენებულ კეთილგანწყობას იგი ახლა ნახევრად უცნობი ქალის სახლამდე მიეყვანა, სადაც ღვთის იმედად ამოკერილი ფერდით იწვა და თუთა მარშანიას ფშვინვას უსმენდა. თუთას თავი მაგიდაზე შუკაში გამომთვრალი მათხოვარივით ჩამოედო და ისე უხერხულად მოკაკვილიყო, კალეს არასოდეს ენახა ადამიანს ასეთ უცნაურ პოზაში ძილისთვის მიეცა თავი. კაცმა გაიფიქრა, ამ გოგოს მგონი ვერ აუტანია, თავს თუ ბოლომდე კარგად გრძნობსო. ხალათიდან აკეცილი წვივები და მოკრუნჩხული ტერფები უჩანდა, თმა სახეზე შავი სუდარასავით ელამუნებოდა და გატყორნცილი წარბები შეეკრა. ანაზდად, თვალები ზანტად გაახილა და ბრაზიანად მოისრისა სახე. -რას მაშტერდები? -იცი, რომ უკიდურესად შეწუხებული სახით გძინავს?-კალეს გაეცინა. -ნეტავ რატომ, საწუხარი რა მაქვს?-დაიმანჭა თუთა და წამოიზლაზნა.-ჭიკჭიკის ხასიათზე რატომ ხარ? დეკეულივით შენ გაგფატრეს წუხელ! -მკურნალმა მომარჩინა. -ვერაფრით გაგიმასპინძლდები, სახლში არაფერი მაქვს.-შეიშმუშნა ქალი. -არ მინდა არაფერი, უნდა წავიდე.-კალე წამოიმართა და თავის სისხლიან პერანგს დასწვდა. -თავი რამეს ჰომ არ მიარტყი?-დაისისინა თუთამ და გაეცინა.-ისე კი, მიარტყი. სად წახვალ?! დაგინახავს ვინმე და რას იფიქრებს, რატომ გამოდიხარ ჩემი სახლიდან ახანჯლული ამ სისხამ დილით? -ჩუმად გავიპარები,-არხეინად აიქნია ხელი. -არა! დარჩი, წამლებს და საჭმელს მოგიტან, ამაღამ წადი, ძალები უნდა აღიდგინო, ახლა ბოდიალის დრო არ არის. -გუბაზს უნდა ვუთხრა თუთა, სანამ ისევ ჩემზე მოიტანს ეჭვს, თან სულ მცირე, ორნი ყოფილან, ეს რაღაცებს ცვლის. გოგონას დაღლილი სახე ჰქონდა, მილეული მთვარესავით მიბნედილი და დამცხრალი ზღვის დარად განაზებული. მისთვის წინააღმდეგობის გაწევა კალეს ეძნელებოდა. თუთამ მხრები აიჩეჩა, კალემ შეამჩნია, რომ ასე ხშირად იქცეოდა გოგონა, ტუჩები დაბრიცა და გულხედაკრეფილი ჩამოდგა. -ძალით ვერ გაგაჩერებ. არადა, ძალიან ძლიერად სურდა კალისტრატე ბარათაშვილი მისი სახლიდან სასწრაფოდ გამქრალიყო, მისი ამონასუნთქიც კი თითქოს სულს უხუთავდა თუთას, ცეცხლივით ედებოდა შიგნეულზე კალეს ყოფნა, აღარ უნდოდა მისთვის ეცქირა, კალისტრატეს უტიფარმა სხეულმა ისე შეავსო აქაურობა, ისე ლტოლვილივით შეავიწროვა ქალი საკუთარ სამყოფელში, რომ მხოლოდ ისღა ეწადა, გასცლოდა აბრაგივით თავსდაცემული კაცი და თან წაეღო ის უცნაურ განცდათა კრებულიც, რომელთა ერთობასაც დაერია თუთასთვის ხელი. გეგონებოდათ, რაღაც საიდუმლო ჩამოწვა მათ შორის, ამ დღის მერე ფიცით შეკრულნივით დაუკავშირდნენ ერთურთს, თითქოს თუთამ კალეს გაგლეჯილი კანი კი არ მიაკერა ერთმანეთს, არამედ რაღაც თავისი უბოძა და ჩააქსოვა. განა შეეძლო თუთას ვინმესთან სიახლოვე ეგრძნო და ამას არ შეეშინებინა? იქამდე უნდა მოეშთო ყოველივე, სანამ დედის წიაღში გაღვივებას მოასწრებდა. კალეს კი დარჩენის სურვილი მოეძალა, მაგრამ თუთას გამომეტყველება ცვილის ნიღაბს დაემსგავსა და ძველი სკივრივით დაიხურა, ზედ ისეთი ზერელე სიცივე გამოესახა, რომ კაცმა სიტყვებს თავი ვეღარ მოუყარა. -კარგად.-უგერგილოდ მიაძახა თუთამ. -ნახვამდის თუთა. ქალმა სიმშვიდე მაინც ვერ დაიბრუნა, სისხლიან იატაკს დახედა. იმ წუთას, თუთას ძლიერად შესჯავრდა კალე, შესჯავრდა, იმიტომ რომ მის სახლში კვალს ტოვებდა, იმიტომ რომ სუნთქვას უკრავდა, იმიტომ რომ თუთას ცხოვრების დაფას ფრჩხილების ღრჭიალით კაწრავდა. არ უნდა მოსწონებოდა კალე ბარათაშვილი, არ უნდა გაეღო მისთვის კარი, არ უნდა ჩავარდნოდა გულში. თუთას შეეძლო თავისი თავისთვის ბრძანებების მიცემა, მაგრამ ამჯერად მორჩილება უჭირდა. გამეტებით რეცხავდა იატაკს თუთა, ღონივრად უსვამდა ჯაგრისს დალაქავებულ ფილას და ცდილობდა, გონებიდანაც ასე ამოერეცხა კალეს კვალი. თემს ჯანღი დააცხრა თავს, საცერში გარჩეული ხორბალივით წვრილი და ცივი წვეთები ობობის ქსელივით ქსოვდნენ ნესტიან გობელენს. სკოლიდან მიმავალი ბავშვები წელში მოხრილნი, ჟრიამულის გარეშე მიიჩქაროდნენ სახლში, გაყინულ ბეღურებს ჩამოჰგავდნენ ცხვირაწითლებულნი თავის ნაუცბათევად წამოსხმულ საწვიმრებში. ნათელა თონესთან იჯდა და ხაბაზის სამადლოდ მოწვდილ პურს ჭამდა. ცხელი ცომი ხელისგულებს სასიამოვნოდ უწვამდა მკითხავს, ყოველი ლუკმა დევთა გამოქვაბულივით აღრიალებულ კუჭში წვებოდა და დამცირების სანელებლის გემოც გადაჰკრავდა, მაგრამ ნათელა დიდი ხნის წინ შეჰგუებოდა ძაღლურ ლუკმას და ბედს აღარ უჩიოდა. იცოდა, გამკილავი თვალები უყურებდნენ მის მათხოვრულ ყოფას, ისიც მოეხსენებოდა, ხაბაზის გულმოწყალებაში რამოდენა ამპარტავნება ერია, როგორ დასცინებდა ნათელას სხვებთან ერთად, როგორ იტყოდა : ამ ყინვა-ყიამეთში კართან ჩამომიჯდა და შემებრალაო, თუმცა ნათელას შიმშილმა ღირსებას სძლია, შოთის ცხელმა ყუამ- ნოემბრის ბოლოსთვის დამახასიათებელ სიცივეს, მკითხავს დაცინვა არასოდეს არ აკლდა, დღეს რატომ უნდა შეეწუხებინა ამას? საერთოდაც, ვინ არ იყო თემში ნათელას მსგავსად განსასჯელად განწირული? რა აზრი ჰქონდა, რას იტყოდნენ, როგორ შეხედავდნენ, რარიგ ჩურჩულს დააწევდნენ, შეიბრალებდნენ თუ შეიყვარებდნენ? სალხინებელში ყველა ასე ცხოვრობდა, სალხინებელში ყველას განსჯის ეშინოდა და სალხინებელში ყველა მაინც განსასჯელის სკამზე გახლდათ წამოსკუპებული. ამაო იყო ჭეშმარიტი პატივისცემისა და აღფრთოვანების დევნა, მაინც სეზონივით ცვალებადიაო სალხინებლის გული, ფიქრობდა მჩხიბავი, მაინც ერთმანეთს ერჩოდნენ, განიკითხავდნენ, აქებდნენ, უყვარდათ, ამცირებდნენ და ბოლოს, მაინც ისევ ერთმანეთისა ეშინოდათ. რატომ უნდა ეუარა მათი ნახევრად სიბრალულითა და ნახევრად პატივმოყვარეობით გამომცხვარი პური ნათელას, განა უსამზმნო სიამაყით სიკვდილი უგუნურება არ იქნებოდა? ვის სარაოდ ენაღვლებოდა ნათელას ღირსება, მშობლებსა და ძმასაც დავიწყნოდათ მისი არსებობა, ძველისძველი სურასავით იდო ხოლმე ოთახში, ზედაც არ შეხედავნენ, რძალი თუ გაუღიმებდა ჩუმად, ისიც, ყავის ჭიქას მოურბენინებდა ხოლმე, ნალექშემხმარს და ნათელაც თავს ისე მოაჩვენებდა, თითქოს თავისივე ნება-სურვილით გამოატანინაო ქალს ფინჯანი. ძმისშვილებთან თამაშის უფლებას აძლევდა რძალი, საგზლადაც გამოატანდა ხმელ მჭადს, მაგრამ მისი იქ დარჩენა არავის უხაროდა, თვით აჭყლოპინებულ თხუპნია ბავშვებსაც კი. წვიმა გაძლიერდა და უფრო აცივდა, ნემსებივით ესობოდა კალისტრატეს კანში. ნათელამ ბიჭს თვალი ჰკიდა, ბატონის სახლისკენ მიდიოდა კალე. მკითხავმა დაუძახა, მაგრამ კაცი არ გაპასუხებია,ვერ გაიგო, ან ყური მომიყრუაო, გაიფიქრა ნათელამ და პურის ნატეხი გულის ჯიბეში შეინახა. ქალი თავადაც წამოდგა და უეცრად მოვარდნილ, ყინულოვან თქეშსს შეერია, თუმცა ჩვილი ბავშვივით ჩაკრული საჩუქარი მზესავით ათბობდა. ანდრონიკაშვილების სარკმლებში შუქები დაექროთ, მრუმე მდუმარებას მოეცვა ეზოც, კალეს ჭიშკართან ბესარიონმა შეაჩერა, ბატონი სტუმრებს არ იღებსო, მაინც იმარჯვა ბიჭმა და ლამის სირბილით შეიჭრა გრძელ, მაღალჭერიან ჰოლში. ბატონის ვაჟი დამჟავებული შეეგება სტუმარს. გაბოტილი იდგა და თავისი ფართო მხრებით უღობავდა თავად ბარათაშვილს გზას. -ვერ გაიგე რაც გითხრეს?!-ქოფაკივით შეუყეფა ბეშქენმა და ქერა კულულები გადაიცარცხნა. კალემ ცხენივით დაიფრუტუნა ბიჭის მოჩვენებით მედიდურობაზე. -ბატონთან აუდიენციას ვითხოვ.-ნირშეუცვლელად შეუღრინა კალემაც საპასუხოდ. -რატომ? -სასწრაფო საქმე მაქვს და შენთან საჭორაოდ არ მცალია.-გვერდით გასწია კაცმა. ბეშქენმა მკლავში ჩაავლო ხელი და გამეტებით ჩააჭირა. -მე მითხარი! თავადმა იქედნური ღიმილით ასწია წარბი, ბეშქენის შემოჭდობილ თითებს მზერა შეავლო, მარტივად გაითავისუფლა მკლავი მისი მარწუხებისგან და აგდებულად გამოუცხადა. -აუდიენციას ბატონთან ვითხოვ. -მე მომავალი ბატონი ვარ!-პატარა ბავშვივით წამოიძახა ბეშქენმა. ო, როგორ სძაგდა, როგორ სძაგდა ეს გაიძვერა, თავკერძა, აუტანელი კალე ბარათავშილი! -მომავალი.-შაქარივით დატკბა კალე. -რა ამბავია აქ?!-დაიგვრგვინა გუბაზმა და ლამის თავმიდებულ ბიჭებს შუაში ჩაუდგა. -თქვენთან საქმე მაქვს ბატონო.-რიხიანად წარმოსთქვა კაცმა და ნახევრად სველი საყელო გაისწორა. -ვუთხარი, რომ ახლა მნახველებს არ იღებ მამა! -წამომყევი.-ბეშქენისთვის ყურადღება არ მიუქცევია გუბაზს. ვაჟი ფეხდაფეხ აედევნა მამას. -ეს პირადი საქმეა.-გადაუჩურჩულა თავადმა. -შენ დარჩი.-შვილს მიუტრიალდა. -მაგრამ…მამა!-ბეშქენიბჭარხალივით გაწითლდა და წუთით კალეს კინაღამ შეეცოდა. -გითხარი დარჩი მეთქი ბეშქენ!-თვალები დააკვესა გუბაზმა. ბეშქენს ისეთი შხამი მოედო ძარღვებში, რომ მზად იყო ადგილზევე მოეკლა კალისტრატეც და დიდგულა მამამისისიც, რომელიც ხელაღებით წყვეტდა ყოველივეს და ბეშქენს არანაკლებად სძულდა. ჰო, სძულდა, სძულდა თავისი მკაცრი ჩურჩულით, სძულდა მთელი თავისი ძალაუფლებით, ამპატრავნებით, სძულდა, იმიტომ რომ მამა პირველ რიგში ბატონი იყო და ბეშქენს ისე ეპყრობოდა, როგორც პატარა, სულელ ბიჭს. ცოტაც და კანკალს დაიწყებდა ბრაზისაგან, მაგრამ მუხის კარი მის ცხვირწინ ისე სწრაფად დაიკეტა, ბეშქენმა ვეღარაფერი ვეღარ მოასწრო. შეკრული მუშტი გაშალა და უკან გაბრუნდა, ოდესმე, ოდესმე აუცილებლად სახეში ჩააზელდა ამ მუშტს კალეს, ახლა მოთმენის გარდა არაფერი შეეძლო. კატომ ყვითელი საწვიმარი გაიხადა, თავი გააქნია და ხვეული თმის ბუჩქიდან ბრილიანტის თვლებით გასცვივდა წყლის წვეთები. საჩეხში მოხარშული ყავის, ლიმონისა და მტვრის არომატი იდგა, კატოს თმას ჟასმინის ყვავილების სურნელიც შემოჰყვა. თაიას სისხლისფერლაქწასმული, ბროლივით თეთრი თითების გალიაში მოემწყვდია ასეთივე სისხლისფერი ჭიქა და ბაგეც ხასხასა წითლად შეეღება. ჩაბნელებულ საჩეხს მარტო მისი გაბადრული სახეც ეყოფოდა გასანათებლად, მაგრამ კატომ ნაჩქარევად გადაკოცნა მეგობარი და ლამფის პატრუქს წაუკიდა. -ჯერ შუადღეა და როგორ ბნელა!-დაიწუწუნა გოგომ. -ცაც ახლა ჩამოიქცა!-აჰყვა თაიაც.-დღე ისედაც დამოკლდა, ნეტავ რამდენ ხანს არ გვექნება შუქი? -დაბაშიც არ არის, წარმოიდგინე, ჯერ საავადმყოფოში გათიშულა!-კატო სხაპა-სხუპით ლაპარაკობდა და თან ნაქსოვს ქუდს შლიდა. თხელი თითები საოცარი ოსტატობით არღვევდნენ გამოყვანილ თვლებს. -თუთა რაღაც უცნაურად აგვიანებს.-თვალები მოწკურა თაიამ და წვიმის ფარდაში გახედვა სცადა. -მითხრა არ დამელოდოო. მოვა, სად წავა. -გინდა ბლინები? -კი! ქლიავის ჯემსაც ავიღებ, მოიცადე, მე თვითონ გამოვიტან!-კატუშა წამოხტა და სამზარეულოში დურთა თავი. თაია თეთრ პლედში გაეხვა. -მომიქსოვე?-ქუდზე ანიშნა თაიამ. -არ მომეწონა, თავიდან მოგიქსოვ!-დაჰპირდა გოგონა და ჯემი ხვავრიელად მოასხა თეფშზე. წვიმის ფარდა რაღაცამ გაარღვია, ეს “რაღაცა” თუთა აღმოჩნდა, თავიდან ფეხებამდე გალუმპულიყო. თხელი კაბა მჭიდროდ მიჰკრობოდა ტანზე, ტყავის ქურთუკიდან ნიაღვარივით ჩამოსდიოდა წყალი და სახეზე მიწებებული თმა ძველი მატყლივით გასწეწვოდა. დგაფუნით მორბოდა ეზოში და საჩეხში თავი შემოჰყო თუ არა, ახალგამომცხვარი ქადების სურნელმაც შეუღიტინათ ცხვირში. -ქოლგა არ გაქვს?-დაუყვირა კატომ და პლედი ესროლა. -დამრჩა!-თუთამ ქურთუკში გამოხვეული ქადები გამოაძვრინა. -ეეე, მადლობა!-ქადებუ ჩამოართვა თაიამ. -ჩექმაში წყალი შემივიდა.-დანანებით წაიბურტყუნა გოგომ და პლედი შემოიხვია. -წამოდი, რამეს მოგცემ და გამოიცვალე.-შესთავაზა თაიამ. სიბნელეში გაჭირვებით მიაგნეს სამოსს, კატუშამ ბლინების ნახევარს მუსრი გაავლო, წვიმა არაფრის დიდებით არ წყდებოდა, ნისლი ნაღებივით შესქელდა. -რაო ბოლოს, ჩამოვიდა?-თაიას ჩაეკითხა თუთა. თაიამ ტუჩი აბზიკა და პატარა, გაბუტულ თოჯინას დაემსგავსა. -ვის რა ჯანდაბად უნდა მაგის ჩამოსვლა ახლა?! აღარც მაინტერესებს! -არ ნახავ?-ჩაერთო კატო. -რისთვის?-თაიამ მხრები აიჩეჩა, ხმა ოდნავ გაებზარა, თუმცა ტკივილი მონელებული ჰქონდა.- სამუდამოდ ლოდინს არ ვაპირებდი, თან…-ეშმაკურად ამოიხედა.-მემგონი სხვა მომწონს. -გაგიზე ამბობ?-თუთას გაეცინა. -რა?-კატომ თვალები ჭყიტა.-ბატონის რაზმის ახალ უფროს გაგიზეა საუბარი? -ჰო.-თაიას ლოყები შეეფაკლა და თვალები ზურმუხტის ქვებივით აუციმციმდა.-შევთავაზე, სალხინებელს დაგათვალიერებინებ მეთქი, არ უნდა იცოდეს რომელ ტერიტორიას და ვის იცავს?! -კიდევ რას დაათვალიერებინებ?-კატოს თვალებში ჭინკები აუთამაშდა. -დაეხმარება მალე გაერკვეს, ზუსტად რა ტერიტორიაა დასაცავი.-ბლინს დაეძგერა თუთაც ხარხარით. -მე კიდევ გუგა უნდა ვნახო.-გაახსენდა კატოს. ოღონდ, გოგონას აღფრთოვანების ნატამალიც არ ეტყობოდა. გუგა ისეთი ფრიად მოსაწყენი გამხდარიყო მისთვის, ისეთი მძიმე, თითქოს სიცოცხლით სავსე კატუშას რიყის ქვასავით შეება ეს ურთიერთობა და ფსკერისკენ ექაჩებოდა. -დაშორდები? -კი, ამჯერად მართლა. ამოვისუნქთქებ. მეგობრებმა კიდევ ბევრი იმსჯელეს, ცა ლამის მართლა მიწაზე ჩამოვიდა და როდესაც უკანასკნელი ბლინიც გაქრა, ნახევრად ცარიელი ქადებიანი ჯამი თაიამ გვერდით გააცურა და თუთას ეჭვისთვალით შეხედა. -რაღაც არ მომწონხარ, ჰა, რას გვიმალავ?! თუთას ასეთი ჩვევა ჰქონდა, ნერწყვს მძიმედ გადაყლაპავდა და “არაფერიო” ფეხდადგმული თაგვივით დაიწრიპინებდა ხოლმე, მერე სიცილს მორთავდა და გუდასაც მოხსნიდა პირს. ამჯერად გოგო უჩვეულოდ გაიტრუნა. -რა ხდება? ვერაფერს გამოგვაპარებ! ამოშაქრე!-უჩქმინტა კატომ. თუთამ ღრმად ჩაისუნთქა და ტუჩი მოიკვნიტა. -კალეს ეხება. -მოგწონს ეგ ბიჭი.-გადაჭრით თქვა თაიამ.-ოღონდ საკუთარ თავსაც არ უტყდები. -კი არ მომწონს, მაშინებს.-ჩაასწორა თუთამ. -ჰო, იმით გაშინებს, რომ ასე ძალიან მოგწონს.-ბრძნულად აღნიშნა კატომ. თუთას უნდოდა კიდევ გაეგრძელებინა საუბარი, მაგრამ ნერვები მოეშალა და გაჩუმდა. გააღიზიანა იმან, რონ კალეს სახელი ენისწვერზე ედგა და მასე ლაპარაკი უნდოდა, გააღიზიანა იმანაც, რომ გოგოები მიუხვდნენ, განგებ შეცვალაო თემა და იმანაც, რომ კალეს ღამეულ სტუმრობაზე სიტყვა ვერ დაძრა, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა თუთას გონება და მისი და კალეს საიდუმლოდ გადაიქცა ეს ავადსახსენებლი შეხვედრა. კატუშა და თაია მალულად აკვირდებოდნენ ზედმეტად აფორიაქებულ თუთას. -შედი, კონიაკი გამოიტანე.-სთხოვა კატომ. -სად დევს? -მეორე თაროზეა, სამზარეულოს კუთხეში.-მიუგო თაიამ. თუთა მკვირცხლად წამოდგა. -რაღაცას კიდევ არ იძახის.-გადაუჩურჩულა კატუშამ თაიას. -ვიცი, იტყვის როცა თვითონ შეეგუება. გაცეცხლებული ბეშქენ ანდრონიკაშვილი ბიბლიოთეკაში ქარიშხალივით შეიჭრა და მაგიდას ორივე ხელით ჩამოეყრდნო. გუბაზმა ვაჟის დაძარღვულ მკლავებზე გაზულუქებისა და ფუფუნების ლანდის გარდა ვერანაირი ძალა ვერ დაინახა, აბეზარი მწერივით მიაჩერდა თითქმის დუჟმორეულ ყმაწვილკაცს. -შენ მე არ მენდობი!-დაიყვირა ბიჭმა. -რამდენჯერ უნდა გითხრა ბეშქენ, ხმას დაუწიე და ისე მელაპარაკე!-წყნარად უთხრა მამამ და წიგნი დახურა. -დამამცირე!-მუშტი დაჰკრა ბეშქენმა წითელი ხის მაგიდას.-იმ ახალგამომცხვარი, ცინგლიანი თავადის თვალში, საერთოდ არ მცემ პატივს! ისევ პატარა ბიჭი გგონივარ! -და ახლა ზრდასრულივით იქცევი?-ცივად შენიშნა მამამ და გრძელი თითები შეატყუპა.-ცოფიანივით გდის დორბლი და დედის ხსენი. ბეშქენს თვალებზე ლიბრი გადაეკრა და რაღაც გიჟური ძალით იფიქრა, ახლა ყელში ვწვდები და ხორხს გამოვგლეჯო მამა-ბატონს. გუბაზს ბიჭის ცისფერ თვალებში გამკრთალი ნაპერწკალი და მხეცური ჟინი არ გამოჰპარვია. -მე ნდობას ვიმსახურებ!-წაისისინა ბეშქენმა ბევრად ხმადაბლა.-კარი მომიჯახუნე და გარეთ დამტოვე. -ჯერ-ჯერობით, მე ვარ სალხინებლის ბატონი.-კაცის ხმა ზამთრის სუსხმა აავსო.-კალე ბარათაშვილს მიღებაზე უარი უთხარი, მარტო იმიტომ, რომ არ მოგწონს. ვერ გაგირჩევია, როდის და სად რა თქვა, ცხელი სისხლი დაგიდის ძარღვებში და იმის დაკრულ მუსიკაზე ცეკვავ. დაგღუპავს ბეშქენ ეგ სიმღერა! -მე ვარ შენი მემკვიდრე, მე გავხდები სალხინებლის ბატონი, მე უნდა ვუსმენდე მოსულთ! ჩემზე ახალგაზრდა იყავი, როცა ბატონი გახდი!-ისევ ყვირილი დაიწყო ბიჭმა. -და მერე, გგონია იაფი დამიჯდა ბატონობა უტვინო ბალღო!-ანაზდად წამოვარდა გუბაზი, ვაჟს საყელოში სწვდა და ცხელი სუნთქვა სახეში შეაფრქვია. მუქი გუგები სალხინებლის უფსკრულს მიუგავდა, ყოველი ნაოჭი გვალვისგან დამსკდარ მიწას, თმა კი დათრთვილულ ვენახს. ბეშქენმა თავი მართლა პატარა ბავშვად იგრძნო, თუმცა მამის რისხვამ მისიც გაახელა, მეტად გაიშალა მხრებში და ამაყად ასწია თავი. დედამისის ფერების მიუხედავად, გვამში გუბაზის მეფური ამპარტავნება ჩაუსახლდა და ბატონმა თითქოს გამრუდებულ სარკეში ჩაიხედა. -იქნებ მზად ვარ ეს საფასური გადავიხადო?!-არ ეპუებოდა ვაჟი. -რა გინდა ბეშქენ? ბომბორა ჩვენ თვალწინ გამოშიგნეს კალმახივით და ვერაფერი გავიგეთ!-გუბაზს დაღლა შეეტყო.-ყველგან ღალატი და ორგულობა მელანდება, ჩემი შვილისგან მორჩილებას ვითხოვ, რა არის ამაში ასეთი გაუგებარი? მშვიდად, რომ გეკითხა, გეტყოდი რაც მოხდა. მოგიყვებოდი, რომ კალისტრატე ბარათაშვილი დაჭრეს! იქნებ, თავადვე ჩაიცა დანა?! იქნებ, იქნებ ჩემი ნდობის მოპოვებას ამ გზით ცდილობს?! ეჭვის ბურუსში ვეფლობი, შენ კიდევ ჟინიანობ, ჭიჭყინებ, მუშტებს იქნევ!-მამამ ზიზღით გაუშვა ხელი და კვლავ ჩამოჯდა, დაცვარული შუბლი მოისრისა. -მე მხოლოდ პატივისცემას ვითხოვ.-საყელო გაისწორა ბეშქენმა. -იმსახურებ? - რატომ არ ვიმსახურებ მამა?! როგორ ვისწავლო მართვა, თუ ყველაფერ მნიშვნელოვანს ჩამომაშორებ?! -მე შემიძლია ბატონობა სებეს გადავულოცო.-მკვახედ მოუჭრა კაცმა. ბეშქენს ციებიანივით აუტყდა ხარხხარი. -სებეს? სებე ანდრონიკაშვილიც კი არ არის! -სებე ჩემი ღვიძლი დისშვილია, მის ძაღრვებში იმდენივე ანდრონიკაშვილის სისხლი ჩქეფს, რამდენიც შენსაში!-გესლიანად გამოსცრა გუბაზმა კბილებს შორის. ბატონი ულმობელი იყო, ცელივით მჭრელი და მიხვდა ბეშქენი, თუ მის ძალაუფლებლას ეჭვქვეშ დააყენებდა, მამა ყველაფერს წაართმევდა და თავის მარიონეტად გადაქცეულ სებეს უსახსოვრებდა. -კეთილი.-ბიჭმა თავი შეიკავა, მის ფეხებთან არ დაეფურთხებინა.-როგორც გენებოთ, ბატონო ჩემო.-კლაკვნით გააკეთა რევერანსი და ოთახი ისევე სწრაფად დატოვა, როგორც გაჩნდა. გუბაზმა მორეული ფურცლები წამოკრიფა და საფეთქლები დაიზილა. მალხაზს მაგონებსო, გაიფიქრა, მაგრამ მალხაზი სამართლიანი იყო და თავისუფლება სწყუროდა, დაუდგრომელობით სებე უფრო წააგავდა უფროს, განსვენებულ ბიძას. ბეშქენს პატივმოყვარეობა აბრმავდებდა და ძალა ერჩოდა, ბატონობა უნდოდა. აი, ეს კი საერთო ჰქონდათ მამა-შვილს. ნეტავ ბეშქენი რის ფასად მიიღებდა ასე სანუკვარს? მალხაზის სიცოცხლით ნაყიდი ბატონობა გუბაზს შვილისთვის რის ფასად უნდა მიეყიდა?! თემი ზამთრის მეჯლისისთვის ემზადებოდა, ყველას ძალიან გაუკვირდა, როცა ბატონმა ეს ღონისძიება წელს განსაკუთრებულად ადრე ჩანიშნა და ორჯერ მეტი სტუმარი მოიწვია მთელი საქართველოდან. საოჯახო სასტუმროებში ტევა აღარ იყო, მთავარი მოედანი ასე მდიდრულად არასოდეს მოურთავთ, ანდრონიკაშვილების სახლის კარი უკლებლივ ყველასთვის ღია იქნებოდა დეკემბრის ოცში. საშობაო ბაზრობა თეთრ ქურქში გამოწყობილი, უმანკო პატარძალივით იწონებდა თავს. სკოლაც ვადაზე ადრე დაკეტეს, მინისტრები და ელჩები თავად ბატონთან დაბინავდნენ და საცოდავი ქეთო იმათ მომსახურებას ვეღარ აუდიოდა. ყინულის მოედანზე ლადომ კინაღამ ყველა ძვალი ამოიგდო და ახლა აჭარხლებულ თაიას არწმუნებდა, უკან გამომყევი და ვიცეკვოთო. თაიას, საბედნიეროდ საღმა აზრმა უკარნახა, ლადოსთან ერთად ფეხი არ შეედგა და ცხელ სასმელს სამაშველო რგოლივით ებღაუჭებოდა. კატუშა თავდავიწყებით სრიალებდა, ყინულზეც არ კარგავდა გრაციოზულობას და სინარნარეს. ბავშვური ჭყიპინითა და კისკისით აგულიანებდა მუხლებაკანკალებულ მეგის, რომელსაც დედაქალაში დაბრუნება უკვე მაცდურად ეჩვენებოდა. ბატონის რაზმის მეთაური შორიახლოს ტრიალებდა, მალულად აპარებდა მწველ მზერას ვარდის ფურცელივით მშვენიერი თაიასაკენ და ცდილობდა ხალხის ნაკადს შერეოდა. პაატა თავის საცოლესთან ერთად გამეხებული სახით იჯდა, გოგონას, როგორც ყოველთვის, დანა პირს არ უხსნიდა, ხვალინდელი მეჯლისისთვის ნაყიდი კაბის ყუთი მაგიდაზე შემოედო და გლინტვეინს წრუპავდა უგულოდ. ბატონის დისშვილი, სებე, თავის უმცროს დას აღმა-დაღმა დააქროლებდა და რომ არ მოგატყუოთ, უფრო ხშირად აქცევდა, ვიდრე სრიალს ასწავლიდა. თან ყველა გოგოს შეთვალიერება მოესწრო და ანცი მეკობრესავით იღრიჭებოდა. ბიძაშვილი წამოსვლაზე ვერ დაიყოლია, ბეშქენი ბოლო კვირებიდ განმავლობაში სახლშიც ღამურასავით დაფლარტუნობდა და ზოგჯერ, სებეს გულსაც კი უხეთქავდა. რაღაცნაირი მიწისფერი ედო სახეზე და ცოტა არ იყოს, გახდა კიდეც. არც მეჯლისის დაგეგმვაში მიუღია მონაწილეობა და სტუმრებსაც თავს არიდებდა. თუთა მარშანია იმ დღეს გამორჩეულად ბრწყინავდა, შეიძლება ათასი, ვარსკვლაცებივით მოციმციმე ნათურის დამსახურება იყო, ანდაც საერთო მხიარულების, თუმცა გოგონას უფერულ ღაწვებს ნუშის ყვავილებივით შეპარვოდა ვარდისფერი, ცხვირის წვერზე ბროწეულნი ცეკვავდნენ, ნათურებს ნაპერწკლები თითქოს პირდაპირ მის სხვიმოსილ თვალებში სცვიოდათ. ღია ცისფერი ბერეტი ეხურა და კანი სპილოსძვლისფერი მარგალიტივით უბზინავდა. პატარა, ხელთათმანებში გამოკვალთულ ხელს მოცეკვავესავით იქნევდა, წამდაუწუმ წონასწორობას კარგავდა და თავის გველივით მოქნილი მეგობრის ხელს ეჭიდებოდა. კატუშა მეგისთან ერთად მიათრევდა თუთას. კატოს მთლიანად შავი სამოსი ეცვა და ყინულის მოედანზე შეუდარებელი იყო. თუთა მის ფონზე კიდევ უფრო სასაცილოც კი გამოჩნდებოდა, რომ არა მისი საამო სიცილი. გოგო ყველა წაქცევისას ისე გულიანად კისკისებდა, თითქოს ყინულზე კი არა, ბუმბულზე ეცემაო. ლადო ბალერონივით დაბზრიალდა და თუთას თავით შეასკდა. ქალი ამჯერად ძალიან მწარედ დაეცა და ჩუმად შეიკურთხა. -ლადო! დაგვამტვრევ!-დაუცაცხანა კატუშამ და მეგი გაარიდა. თუთა წამოიმართა და სამოსი ჩამოიფერთხა. -ჩემითაც მშვენივრად ვიქცევი ლადიკა, არ მჭირდება შენი დახმარება!-მხარზე დაუტყაპუნა ხელი. ლადო თუთას ზურგს უკან რაღაცას მიაჩერდა, გადაიბადრა და ხელი ღონივრად დაიქნია, მერე, გეგონებოდათ, მიწიდან ამოათრიაო, ლადომ არსაიდან კალე გამოჩხრიკა. თუთას კალე გიორგობის ნადიმის შემდეგ მასთან ღამეული სტუმრობის მერე აღარ ენახა. ბიჭს წვერი უფრო მოეზარდა და შავ ტანსაცმელში დათვივით იყო. -კალე! დაკა ხელი! ლადო და კალე ერთმანეთს ბერძენ-რომაელ ფალავანთა მსგავსად ჩაეხვივნენ. -ვაა, თუთა, როგორ ხარ?!-ლაღად გადაკოცნა კალემ. თუთა აიწურა. -კარგად კალე, შენ? -მეც. -სადაა ელენე?-ქაქანებდა ლადო. -აგერ, გლინტვეინს იღებს.-ხელი გაიშვირა ბიჭმა მაღალი, ლამაზი ქერა გოგოსკენ. თუთამ წამიერად წარბი შეკრა. -არ გაგვაცნობ?-ენას არ აჩუმებდა ლადო. -სხვა დროს იყოს, უკვე მივდივართ, კარგად ხალხო!-ნაუცბათევად გამოემშვიდობა კაცი და ისევ აორთქლდა. -იცი ვინაა ელენე?-ხელკავი გაუყარა ლადომ თუთას. ქალმა რა თქმა უნდა, გუმანითაც იცოდა, ვინ იყო ელენე, მაგრამ ამის აღიარება არ სურდა. -მე რა ვიცი, ვინ არის ელენე ლადო?!-გაუჯავრდა თუთა. -კალეს შეყვარებულია!-აჯახა ბიჭმა. თუთა ღმერთს მადლობას სწირავდა, რომ ლაპარაკის საღერღელაშლილ ბიჭს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია და სარგადაყლაპულივით ჩამომდგარი თუთა უბრალო ტიკინისავით წააპროწიალა თავისთან ერთად. თუთასთვის მეჯლისის დილა დეიდამისის სახლში გამართული აყალ-მაყალით დაიწყო. დაბიდან დაბრუნებული ნანა დას თუთასთვის ჩამოტანილ კაბებს აჩვენებდა. დეიდამისის მკაცრი გემოვნებისთვის დედამისის გულღია კაბები სიშიშვლის, ვულგარულობისა და ოჯახისთვის თავის მოჭრის გარდა არაფერს ნიშნავდა. დებმა ერთმანეთი ტკბილად შეამკეს და თუთას მათ გაშველებაში განწყობა საგრძნობლად გაუფუჭდა. -მთელმა სალხინებელმა უნდა ცოდვიანი ნდომით შეხედოს?!-არ ცხრებოდა დეიდა. -რა ვქნა, სავსეა და ვერ დავაკლებინე რამდენიმე კილო, ყველაფერი მჭიდროდ აქვს!-გაწვრილებული ხმით წიოდა დედა. -თავში ქვა უხლია, რაც უნდა ის ჩაიცვას!-დეიდა ნაგაზს მიეფერა და გულის წვეთები ჩამოისხა. თუთა ხმაურს პირუჩუმრა უსმენდა. არც ერთი კაბის ჩაცმას არ აპირებდა, თითქმის ყველა ერთი ზომით პატარა იყო და თანაც, ბებიამისის შეკერილი კაბების უმეტესობა ჯერ კიდევ ჩაუცმელად ედო. დედა და დეიდა ცა და დედამიწასავით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან, მაგრამ ყვირილი და ისტერიკაში ჩავარდნა ორივეს ძალუმად უყვარდა. გოგონას თავის დღეში ერთი წუთი არ უნახავს მშვიდი და ბედნიერი მაშინ, როცა რომელიმესთან ერთად იყო. დეიდამის ნაზის დის სილაღე და უპასუხისმგებლობამდე დაყვანილი ბავშვურობა გულისამრევად ეჩვენებოდა, ნანა დას პურიტან დესპოტად თვლიდა, მაგრამ ქალიშვილის მასთან დატოვებას მაინც არ ერიდებოდა. თუთა დედის ხელში აბსოლუტურ თავისუფლებას იყო მიჩვეული, ნანას ძალიან უნდოდა მისი გოგო ყველასთვის სასურველი ყოფილიყო და გულიც კი სწყდებოდა, რადგან თუთას მისი აზრით საკმარისი თავყვანისმცემელი არ ჰყავდა. ნაზი დისშვილს მუდამდღე იმას ჩააგონებდა, ქარაფშუტა დედაშენივით ბიჭების დევნას თუ გადაჰყვები ცხოვრება დაგენგრევაო და ბავშვობიდან თავდაჭერილობისა და პატიოსნებისაკენ მოუწოდებდა. თუთამ ძალისხმევა არ დაიშურა, თუმცა მისი ოჯახის წევრებისთვის მარტოდენ იმედგაცრუება მოიტანა და გამონაკლისი შემთხვევების გარდა, უხმოდ იტანდა დამცირებას. უწინდელივით გულზე აღარ ხვდებოდა, თუმცა,საკვირველია, ამდენმა წელმაც კი ვერ გამოაწრთო გოგონა ისე, რომ ეს ხმაური ბოლომდე ჩაეხშო. -წავედი, ბებიას კაბას ვიცვამ მაინც, გეყოფათ რა!-გამოაცხადა და პალტო მოიცვა. -რომელს? -რა მნიშვნელობა აქვს?! -მე არ უნდა ვიცოდე?-გაანჩხლდა დედა. -რა მიხვედრა უნდა, გახდილი რომელშიც იქნება!-ირონიულად აღნიშნა დეიდამ. თუთამ ამოიხვნეშა და ენას კბილი მაგრად დააჭირა. -სტუმრებთან შიშველი არ წარსვდგები, რამენაირად მეც ვიცი სად რა ჩავიცვა! -იმედია, ღმერთმა ქნას.-ისევ ძაღლს დაუბრუნდა ნაზი. -კარგი, ჭკვიანად იყავი და გაგვაგებინე სახლში რა დროს მიხვალ!-ქუდი მიაწოდა ნანამ. -აი, რა აუცილებელია?-თუთას გაეცინა.-მაინც მარტო ვცხოვრობ, თითქოს ჩემ ლოდინში ღამე უნდა გაათიოთ. -აუცილებელია!-მოუჭრა დეიდამ და ხელში ტკბილეულით სავსე კალათა მიაჩეჩა. თუთა ქუჩაში გამოვიდა, გულზე საშინელი სიმძიმე ჩამოჰკიდებოდა. თავისებთან ყოფნა ყოველთვის აფორიაქებდა გოგოს, მათთან ყოველი სიტყვა, ყოველი ქმედება დანაღმულ ველზე სიარულს აგონებდა, თავისხმრივ, ისინიც საფლავის ქვასავით შავბნელ არსებად ხედავდნენ თუთას, ამიტომ მათთან სტუმრობას საკმაოდ ხშირად თავს არიდებდა. კალემ სადღა მოასწრო შეყვარებულის გაჩენა? უარესი, რატომ არ აწუხებდა ეს ფაქტი თუთას, რატომ ესახებოდა ბიჭი ახლა წინანდელზე უფრო სასურველად? ნუთუ არავინ და არაფერი აინტერესებდა, თავისი ეგოისტური სურვილების გარდა? თავადაც კალესნაირი გაიძვერა, მატყუარა და ფლიდი იყო?! ისეთივე ნამუსგარეცხილი და ავი ზრახვებით გატენილი გუდა, ხორციელი სურვილების მახინჯი ტყვე! გადათეთრებულ ცას ახედა თუთამ და სახეზე ბებიის შეხებასავით ნაზად დაეცა ფიფქი. თოვდა! დეკემბერში თოვლი თუთამ ხუთი ზამთრის უკან მოიხილა, მას მერე სალხინებელი ნამქერმა კარგა ხნით მიივიწყა და მიატოვა. ამ მეჯლისის დიდებულებას დედაბუნებამაც შეუწყო ხელი და თემი არნახულად ლამაზად მოკაზმა. თუთას მოაგონდა, რომ ბავშვობაში ყველა სეზონს სხვადასხვანაირ კაბაში წარმოიდგენდა, ზამთარი განსაკუთრებით უყვარდა, უყვარდა, იმიტომ რომ ებრალებოდა იგი, ყველას თავს აბეზრებს იმდენხანს რჩება და ამიტომ იჯავრებენო. მას კი სიყრმიდანვე შეეყვარებინა საძაგებლად განწირულნი. ზამთრის ქალბატონს ყოველთვის გრძელ, მოვერცხლისფრო თეთრ კაბასა და ყინულით მოსირმულ მოსასხამში წარმოიდგენდა. თვალებს ხუჭავდა და ხედავდა, როგორ ჩასჩურჩულებდა ზამთარი თავის მხატვარს, შეჭირხლული მინები ნაირგვარად მოეხატა და ყინულის ლოლოები უხვად დაერიგებინა. თუთამ სველი წამწამები პეპლის ფრთებივით აიქნია და უსასრულო ცის სითეთრეში თავით გადაეშვა. აუჩქარებლად მისეირნობდა, სახლთან მისვლისა უკვე ხვავრიელად ბარდნიდა და მსხვილ-მსხვილ ფანტელს მუჭით ისროდა ბარაქიანი ზეცა. თუთამ დაბრაწული კვერებივით დაწითლებული ხელებით გადაიყარა მუქი, სველი და მძიმე თმიდან თოვლი, ძლივს შეიხსნა პალტოს შებნეული ღილი და ცარიელ სახლში უღონოდ დაეცა. ბავშვობაში ბებია ელოდებოდა ხოლმე ანთებულ ღუმელთან, ისხდნენ და ზედ დაბრაწულ კარტოფილს შეექცეოდნენ, გარეთ კი აი, ასე ბარდნიდა. არ უყვარდა თუთას ეს კარტოფილი, მაგრამ მართას ხათრით ჭამდა, მართაც ფიქრობდა, რომ ალქაჯი გამოადგა შვილიშვილი, თუმცა თუთა სიყვარულის ყველა ნამცეცზე თანახმა იყო, თუნდაც მისთვის ყელი ჩაეფხაჭნა, მთავარია შიგნით გაყრილ ხმლად არ გადაქცეულიყო ეს სიყვარული. თუთა მოიბუზა, ნესტიანი ტანსაცმელი ხავსიანი საფლავის ქვებივით ყარდა. თავს აიძულა წამოდგომა, გველნაკბენივით მოიშორა ყველაფერი და ცივ, გახამებულ თეთრეულში შეწვა მოკუნტული. ცოტას დავიძინებ და გადამივლისო, თვალები დახუჭა. გადაუვლიდა, ნამდვილად გადაუვლიდა. თუთას ყველაფრის გაძლება შეეძლო. თუთა ცარიელ სახლს და მარტოობას უნდა ბოლომდე შეჰგუებოდა, რადგან მისი მომავალი, სწორედ ამ სიცარიელით იყო სავსე. ბარათაშვილების საგვარეულო მამული საკმაოდ ძველი იყო, უმზეო დარბაზთა უმრავლესობა მქისე, ნესტიანი ჰაერით გაჯერებულიყო. კალე დამხმარე ქალს დიდად არ აწუხებდა, რამდენიმე ოთახს იყენებდა მხოლოდ და დანარჩენების განახლებას ზაფხულისათვის გეგმავდა. ბაბუამისის საძინებელში დაბინავდა. კედლები რუხი ცისფერი გობელენით დაეფარათ, მარმარილოს ბუხარში შეშა დამსკდარი სიმინდის მარცვლებივით ტკაცა-ტკუცით იწვოდა. კალეს ყველაზე მეტად უზარმაზარი ფანჯრები მოსწონდა, ლამის მისი სიმაღლის და ვერცხლისფერი ფარდა სანახევროდ ფარავდა მათგან შემომავალ რძისფერ სინათლეს. თოვა მონოტონური გამხდარიყო. კალემ თმა უკან გაფაივარცხნა და ვერხსლისჩარჩოიან სარკეში თავისი გამოსახულება მუშტრისთვალით შეაფასა. ფრაკი უხდებოდა, მაღალ ყვრიმალებსა და ბნელეთისფერ თვალებსაც ვერ დასდებდით წუნს. მეჯლისს დიდებულად უნდა ჩაევლო. ჭრილობა თითქმის აღარ აწუხებდა, თავისუფლად მოძრაობდა, ელენესთან ცეკვას შევძლებო, გაიფიქრა. ელენე-თავადი დადიანის, ბაბუას ლენა, შველივით ნაზი, წყაროსავით დარხეული და მტრედის ხუნდივით მოღუღუნე ქალი. კალე ელენეს ბავშვობიდან იცნობდა, როცა თავად სტუმრობდა ხოლმე ბაბუამისს. ლენა გათამამებული ბავშვი იყო, გრძელი, ხორბლის მობიბინე ყანისფერი ნაწნავებითა და სამხრეთის ზღვის ტალღებისფერი თვალებით. ყმაწვილქალიც ძალუმად მშვენიერი დადგა. ბაბუა დადიანი ბატონის საბჭოში ყველაზე გაქნილი თავადი ბრძანდებოდა, ამიტომ მის ხელზე მოქანავე კალთიდან კვერცხის მოპარვა კალეს ერთ-ერთი დიდი გამარჯვება იყო. ბაბუა ელენეს უარს ვერაფერზე ეუბნებოდა, გოგონას კი მხოლოდ სამი გასეირნება და ამდენივე სისხლისფერი ვარდი დასჭირდა კალისტრატეს შესაყვარებლად და დადიანებთან ვახშამზე მისაწვევად. კაცმა სრულყოფილ, გარეთ დაფენილი თოვლივით ქათქათა ვარდის კოკორს წამოავლო ხელი და საძინებლიდან გავიდა. ელენე სახლთან შეეგება, ქოლგით იფარავდა მოშიშვლებულ მხრებსა და სადად აკეცილ თმას ფიფქევისაგან. -სად ხარ ამდენ ხანს?! გავიყინე!-დაიჩივლა. -გაგიჟი?! გარეთ რატომ მელოდებოდი?-გაუკვირდა კალეს და გოგონას ქოლგა ჩამოართვა, თან უკვე სქლად დადებული თოვლის გაკვალვა დაიწყო და ელენეს კაბის კალთა აუწია. -ბაბუამ ეტლით გამომგზავნა!-ახარა. -ეტლით?!-კალემ წარბი შეჰყარა. -ზამთრის მეჯლისზე რითი აპირებდი წასვლას?-ქალმა შეიცხადა.-როგორ გეტყობა კალე, რომ სალხინებელში არ გაღდილხარ! კაცმა კოფოზე წამოსკუპებული მეეტლე ძალიან მიამსგავსა მოურავ ბესარიონს, ძმა იქნებაო მისი, იაზრა და ელენეს ასვლაში მიეხმარა. გოგონას ქუსლიანი ფეხსაცმელი სისველისაგან წამდაუწუმ უცურავდა და გაჭირვებით მოთავსდა ეტლში. -ბაბუაშენი როგორ წავიდა? -ბაბუაჩემი ადრე მივიდა, მიღების დაწყებამდე ყოველთვის ბატონს ეხმარება. კალეს არ ესიამოვნა, როგორ ვერ გავთვალეო საბჭოს სხვა წევრებზე ადრე გამოცხადება, თუმცა ახლა დარდს აზრი აღარ ჰქონდა, მშვენიერ ქალწულთან ერთად მიღებაზე მიდიოდა, გოგონას ცივი ხელი ხელში მოიქცია და ეამბორა. -ელენე-თაფლად დაიღვარა ბიჭი.(ელენეს მოსწონდა, რომ კალე “ელენეს” ეძახდა, “ლენას” ნაცვლად. -ჰო კალე-წამოიჟღრუტულა გოგომაც. -მარშანიები საბჭოში რატომ არ არიან? -იოსებ მარშანიას იცნობ?-გაეცინა ელენეს.-ტანსაცმლიანად გიჟია. თანაც, მარშანიები სალხინებელში უკვე გაღატაკებულნი ჩამოსახლდნენ. რატომ მეკითხები?-დაეჭვდა გოგო. -მე ჰომ, ფაქტობრივად აქაური არა ვარ,-მხრები აიჩეჩა კალემ. ძალიან მარტივად შეეძლო ლაბირინთის ხვეულებში ჩაემალა თავისი ჭეშმარიტი ინტერესები.-ყველაფერი მაინტერესებს.-და ქალს ხარბად აკოცა. ელენეს სუნთქვა შეეკრა და იოსებ მარშანია სავსებით მიავიწყდა. ანდრონიკაშვილების კარი პირთამდე გაეღოთ და ბაძგისა და ფითრის გირლოანდებით შეემკოთ. ყველაფერი მინის ბურთულაში გამომწყვდეულ სამყაროს ჰგავდა, ჯადოსნურ და შორეულ სამეფოს. გუბაზი და ანა დარბაზის შუაში იდგნენ და გულითადი მოკითხვით აჯილდოვებდნენ მომსვლელთ. ბესარიონს მეფის კარისკაცივით ეცვა და ღიმილისმაგვარი ღმეჭით შეაცილა ელენე და კალე დარბაზში. ბიჭმა შეამჩნია, რომ ბატონს რაზმი გაეორმაგებინა, მეთაურმა შორიდან დაუკრა თავი კალისტრატეს, შამპანურით სავსე ჭიქა ასწია და გაუღიმა. იცნობდა კალე გაგის, ერთ სკოლაში სწავლობდნენ ქალაქში, სანამ კალეს კერძო სკოლაში გადაიყვანდნენ. გაუხარდა სალხინებელში გაგის გამოჩენა, სანდომიან და სერიოზულ ადამიანს ჰგავდა და თან, რაღაცნაირად, კალეს სამყაროს ეკუთვნოდა. ბეშქენი ზღაპრის შესაფერისად, ოქროსქოჩრიან ჭაბუკ რაინდს ჩამოჰგავდა და ლამის ყველა ვაჟკაცს ჩრდილავდა თეთრ სამოსში გედივით გამოწყობილი. გადატყორცნილი ქერა ულვაშის ჩრდილქვეშ ეშმაკური ღიმილის ბაღი გადაშლილიყო, დღეს მხიარული ჩანდა, რომელიღაც ელჩს ემასლაათებოდა. ქეთოს უნაკლოდ კოპწია, ღია ცისფერი კაბა ემოსა და მახალფეხიან ჭიქებს აუჩქარებლად დააცუნცულებდა. კალემ შენიშნა, რომ ბატონს ათიოდე ქეთოსნაირი დაემატებინა, ტანია სამზარეულოდან ტარტებით, ხილითა და სასმლით დაზვინულ ლანგრებს გზავნიდა. ქალბატონმა დამხმარე მზარეულებსაც მისცა განკარგულებანი, მაგრამ ტანია ორმაგი ძალისხმევით შრომობდა. ქეთო დიდად მადლიერი გახლდათ, რომ დღეს მხოლოდ დარბაზში უწევდა მსახურება. დროდადრო, ტკბილეულს და შუშხუნა ღვინოს თავადაც ეპარებოდა ნეტარებით. ბატონის და, ხათუნა შინდისფერ ხავერდსა და ბუმბულებში, გარეულ ფრინველს ჰგავდა, ქმარს თვალებს უბრიალებდა და ცდილობდა, სებე ერთ ადგილას გაეჩერებინა, თუმცა ბიჭი ნასროლი ისარივით დაქროდა და ქათინაურებს საახალწლო კანფეტივით არიგებდა. -ლენა!-ორივე ლოყაზე ხმაურიანად აკოცა დიდმა ქალბატონმა.-დღითი დღე მშვენდები საყვარელო! -ძალიან უხდებით ყმაწვილო!-ხელი ჩამოართვა ბატონმა კალეს, მაგრამ თვალებში გუბეში გამდნარი ტალახივით შერეოდა სიცივე. ქალიშვილმა დაიმორცხვა და კავალერთან ერთად მალევე გამოეცალა ბატონსა და ქალბატონს, ბაბუამისი იპოვნა და ომიდან დაბრუნებული ჯარისკაცივით გადაეხვია. კალისტრატეს პირფერულმა ნიღაბმა სახის კუნთები აატკია, მრავალი მადლობა უძღვნა დადიანს ეტლისათვის, ელენეს ზრდილი, მწყაზარი მოქცევა შეუქო, ბედის საჩუქარიაო თქვენი ნებიერა შვილიშვილი ჩემ ცხოვრებაში, ბაბუას სიბრძნე და გამჭრიახი გონებაც არ დავიწყნია, მოხუცმაც შეიფერა და მლიქვნელურად მოუქონა თავადაც კალეს თავი. ბაბუაშენი ვიძმეო, სალხინებელი ერთ მუშტად გვეჭირაო, თავადური სული გაქვსო, ღირსეული შთამომავალი ხარო. მათი შემყურე ელენე მეცხრე ცაზე დაფარფატებდა. კალე მოუსვენრად ცმუკავდა და თვალებით კატუშას ან თაიას ეძებდა. ლადო და პაატა ეზოში შეხვდნენ, თუთა რომელიმესთან ერთად უნდა ყოფილიყო. აი, კატო მაღალ, ფართომხარბეჭიან ბიჭს ელაპარაკებოდა კუთხეში. გოგონას მუქი მწვანე, სხეულზე ჩანჩქერის ჩქროლებად დაშვებული კაბა ემოსა, თითქმის მთლიანი ზურგი უჩანდა და მადისაღმძვრელი, ხორბლისფერი მხრები კლდის შვერილებივით ამოსჩროდა. თმა შუბლზე ჩამოეშალა, მუქად შეღებილი თვალები უციმციმებდა და დროდადრო, მაღალ ბიჭს რაღაცას ეჩურჩულებოდა. ეს ახოვანი ვაჟკაცი მონუსხულივით შესქცეროდა კატოს და მის პატარა, მაქმანებიან შავ ხელთთმანს ნერვიულად სრესდა. თაიას შავი კაბა შუაღამის ცასავით ბზინავდა, ნაღებისფერი მკლავები და მოღერებული კისერი მარწვისფრად დაეწინწკლა, როდესაც გაგიმ მორიდებით მიართვა შამპანიური. აწეულ თმაში შავი მაქმანის პეპლები დაეკოსებინა, ნერვიულად ისწორებდა რაზმის მეთაურის ყოველ შემოხედვაზე, კალე მიხვდა, თუთა არც მასთან ერთად არ იყო. შემომსვლელთან ნაკადმა ჯერ იკლო, მერე მთლად დაიშრიტა. ზუზუნი ყაყანად გადაიქცა, ნაწილმა შეზარხოშებაც მოასწრო. კი მაგრამ, სად იყო თუთა? კალემ ელენე თავის დაქალებთან დატოვა და უკვე ერთად თავმოყრილ ლადოს, თაიას, კატოს, მეგისა და პაატას მიაშურა. -რას შვებით ხალხო?!-მხიარულად შეერია მარაქას.-სხვა არავინ აპირებს მოსვლას? თაიამ თვალო თვალში გაუყარა და ჩაეღიმა. -შენ როგორ ხარ კალე?-ჩაეკითხა კატუშა. -ძველებურად. -ეს მაკაა.-ანიშნა პაატამ.-ჩემი საცოლე. -ძალიან სასიამოვნოა!-გალანტურად ეამბორა გოგოს ხორციან ხელზე. ბიჭი ნირწამხდარი დაბრუნდა ელენესთან, რომელსაც ფრიად საჭირბოროტო სჯა-ბაასი გაეჩაღებინა გურიელების რძალთან სხვა ქალთა მორთულობაზე. დარბაზის კარი საბოლოოდ დაიკეტა და კალეს გუნება გაუფუჭდა. ათასობით სანთელს ლიცლიცი გაჰქონდა, საცეცხლურებში ჩირადღდნები აბრიალდა, გუბაზმა მოკლედ მიულოცა დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთი ზამთრის დადგომა, საპატიო სტუმრები ჩამოთვალა და სალხინებლის სადღეგრძელო შესვა. პირველი ვალსის დაწყებამდე წუთები იყო დარჩენილი, ელენე ადგილს ვეღარ პოულობდა, კალემ ორი მინისტრი მონახა და იმათ გაუბა საუბარი. სად ჯანდაბაში იყო თუთა? ზამთრის მეჯლისი გამოტოვა? რატომ? ფუტკრების სკასავით უზუზუნებდა თავი. კარი პირთამდე გაიღო, ბეშქენი ვიღაც გოგონასთან ერთად შემოვიდა. მხრები ორივეს დათოვლილი ჰქონდა, გოგოს ხელი მოცეკვავესავით მაღლა აეშვირა და ბეშქენი სათუთად უჭერდა თითებს, თითქოს გამარჯვებულს ხელი ააწევინაო, იყო რაღაც მათ მოძრაობასა და მანერაში ხელოვნური, თეატრალური. კალეს სახე ახლადგამობრძმედილი მახვილივით გაუხურდა, როდესაც ახალგაზრდა ქალში თუთა შეიცნო. თეთრ ბეწვის ქურქში სახე ლამის არ უჩანდა, ასეთივე ქუდი უფარავდა მაღლა აზიდულ, პრიალა კულულებს. ბატონის ვაჟმა სატრფოყოფილს რუდუნებით გახადა მოსასხამი, ქუდი თუთამ წაიძრო და სახიდან ჩამოშლილი ხვეულები გადაიყარა. თვალისმომჭრელი იყო, კალეს თავისდაყნებურად გაეღიმა, როდესაც მწველი მზერით მისწვდა ქალის მხრების მოხაზულობას. მქრქალი ოქროსფერი კაბა ეცვა, მუსლინის ქსოვილი მის ნაქანდაკარ წელს ეკონებოდა და თავაშვებული როკვით ჩაედინებოდა განიერ თეძოზე. ბროლის ჭაღივით ბრდღვიალებდა თუთა, დარბაზს ისეთმა ჩურჩულმა გადაუარა, წამით ჰაერიც კი შესქელდა. -გუბაზ, რას აკეთებს?-გამწვანებულმა ანამ ძლივსგასაგებად დაიჩურჩულა. ბატონმა ცოლი უპასუხოდ დატოვა. კატომ და თაიამ ეშმაკურად გადახედეს ერთმანეთს, კალე როგორც იქნა გამოერკვა და ელენეს გადახედა. თითქოს საუკუნე გავიდა, მას შემდეგ რაც გოგონა ბოლოს ნახა. მისი დაბნეულობა დადიანების ასულმა ვერ შეამჩნია, მისი ყურადღებაც თუთასა და ბეშქენისკენ იყო მიმართული. პირველი ვალსის ნოტები საამოდ დაიღვარა, ბეშქენმა თუთას თავი მდაბლად დაუკრა, ქალი მდაბლად დაჰყვა მის ნებას და საცეკვაოდ გასრიალდნენ. კალემ ელენე დაუფიქრებლად გაიწვია. კაცს ბეშქენის ხმა არ ესმოდა, თუმცა შორიდანაც ხედავდა როგორ ეჩურჩულებოდა ვნებააშლილი თუთას, გოგონა ჩვეულებისამებრ ცალყბად იღიმოდა და ამ ღიმილის ანასხლეტი ნაპერკალნი მის კატისებრ თვალებში ცვიოდნენ. -თუთა…-წამოიწყო ბეშქენმა.-უნდა დაგელაპარაკო… -ახლა არა!-ქალი ცეკვას აგრძელებდა. -გთხოვ… -ბეშქენ, გაჩუმდი და იცეკვე!-გოგოს გაღიზიანება დაეტყო, მაგრამ მაშინვე დატკბა.-გთხოვ.-უცოდველად აახამხამა თალხი წამწამები. ქალის მზერა ბეშქენს მიღმა კალესას შეხვდა და დამდუღრულივით შეხტა, თითქმის ზიზღით მოარიდა სახე, მაგრამ როდესაც ელენე ბეშქენთან აღმოჩნდა, თუთა იძულებული შეიქნა კალეს მკლავებში გადაენაცვლა. კაცის ხელი ხვიარასავით შემოეხვია წელზე და თითქოს ნეკნები ხელით გადაუთვალა. ერთი სიტყვაც არ დასცდენია, უბრალოდ ჯიქურ აშტერდებოდა და იღიმოდა, იღიმოდა ისე, გეგონებოდათ ღიმილისაგან თავის შეკავება არ შეუძლიაო, თითქოს მახეში ფაბმულ ჩიტუნიას ხელი წაატანა. თუთა ტუჩებს იკვნეტდა და თვალს ჯიუტად არიდებდა, იმიტომ, რომ შეხედვისთანავე მის ბაგესაც ღიმილი ეფინებოდა და ეს აუტანელი წამება იყო. -ორი წუთით გავიდეთ.-ჩუმად უთხრა კაცმა. -არა!-იუარა ქალმა. -ცოტა ხნით! -არა, დაგვინახავს ვინმე…-თუთას ენა დაება.-არ მინდა! -თუთა… -კალე! მუსიკის დასრულებისთანავე, თუთამ ჯეირანივით ისკუპა და მეგობრებთან გაიქცა, თითქოს ისინი კალესგან დაიფარავდნენ. კაცმა თვალი შეასწრო, როგორ გაუჩინარდა თუთა დარბაზის მეორე გასასვლელში და ქარივით აედევნა. გოგონამ უკან მოიხედა და ნაბიჯს აუჩქარა, სახეზე შეშფოთება გამოსახვოდა, თუმცა როცა მიბრუნდა, ირიბად ჩაეღიმა და ლამის სირბილით შევარდა ორანჟერიაში. გამჭვირვალე ცაზე ფიფქები დანავარდობდნენ, მცენარეებს შორის გველივით იწვა თუთას ცდუნება. კალე ნადირივით მიჰყვა კვალს, თუთა თითქმის ცაცხადებდა, წყვდიადში გარინდული იდგა. კალისტრატე ბარათაშვილს თავიდან ყველა აზრი გაუფრინდა, ისე ჩაეკონა თუთას. გოგონა უკან გახტა. -ვინმე შემოვა!-ხელები გაასავსავა ქალმა. კალემ პასუხად ისევ აკოცა. -ვინმე შემოვა მეთქი!-დაისინა თუთამ. -ჰოდა, ჩუმად იყავი!-კალემ გააწყვეტინა და უფრო უხეშად მოიზიდა. თუთა კარაქივით დადნა, ორანჟერია ბუნდოვან ლაქას დაემსგავსა, სამყარო კალეს ტუჩებად და მონავარდე ხელებად იქცა, საკუთარ სუნთქვაში კვნესა თითქოს შორიდან ჩაესმა. სული მოეწამლა დანაშაულის გრძნობით, ელენეს სახე დაუდგა თვალწინ, მაგრამ მამაკაცის თითები თუთას კაბის არშიებს შორის დათარეშობდნენ, ქალი თითქოს გვერდზე განუდგა თავისივე თავს და მხოლოდ შორიდან უყურებდა, როგორ ეშვებოდა ცოდვისა და სირცხვილის მორევში. კალემ კი მარტოდენ ის იცოდა, რომ ასე ცხოვრებაში არაფერი სდომებია, რომ თუთაში რააღაც იყო, რაღაც დანგრეული ბომონივით შერყვნილი და წმინდა ერთდროულად და ეს რაღაც უღმერთოდ იხმობდა. მაგრამ, როდესაც კალეს შანთივით გახურებული ბაგენი თუთას ყელზე ცისფერ ძარვებს დაუყვა და მკერდზე ჩამოკიდებულ ჯვარს მისწვდა, ოქროს ძეწკვმა დაიწკარუნა და ქალი გამოერკვა. მთელი ცხოვრების ნაჩიჩინებმა რწმენამ და წესებმა იქუხეს მასში და არნახული სისწრაფით მოსწყდნენ მამაკაცის სხეულს. თუთა დარეტიანებულს ჰგავდა. კალისტრატემ მომძვრალი საყურე უხმოდ შეაბა. თუთა მომხდარით შეძრული იყო, თუმცა კაბა გაისწორა და ორანჟერიიდან თავქუდმოგლეჯილი გაიქცა, გულგრილი გამომეტყველება აიკრა და დარბაზის ხმაურს ლაღად შეუერთდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


