შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე მიყურე! მეხუთე თავი


გუშინ, 17:57
ავტორი Liliana1996
ნანახია 336

მთელი დღე შინაგან ფორიაქს ვერაფერი მოუხერხა, მაქსიმალურად ცდილობდა, თავი ხელში აეყვანა. უამრავი კითხვა ჰქონდა გონებაში... პასუხები კი არსაიდან ჩანდა. რა უნდა ეთქვა ან როგორ უნდა მოქცეულიყო დაჩისთან, აღარ იცოდა. ადრე დისკომფორტს არ გრძნობდა მასთან კომუნიკაციის დროს და ახლა როგორ მოხდა, რომ უხერხულობისგან არ იცოდა, რა ექნა?
— შეიძლება, შემოვიდე? — თავი შეჰყო კაბინეტში ანკამ და ეშმაკურად შეათვალიერა უზარმაზარი თაიგული.
— მოდი, მოდი... რა ხდება, როგორაა ის მუშა?
— ახლა დარეკა დაჩიმ... ყველაფერი რიგზეა. მცირე მოტეხილობა აქვს ხელის. თაბაშირში ჩაუსვეს და კარგადაა. ნუ, მოკლედ, ყველაფერი რიგზეა. იმედია, დაბრუნდებიან დღის ბოლომდე, თორემ შემატოვეს ყველაფერი მე... — აწუწუნდა ანკა.
ანუ დღეს ნახავდა დაჩის?
— რა გჭირს შენ? რაღაც სხვანაირი ხარ ან ეს ყვავილები ვისგანაა?
— არაფერი, რა უნდა მჭირდეს?! — კითხვაზე კითხვით უპასუხა ლიკამ. — ეს ყვავილები კი შენმა ბიძაშვილმა გამომიგზავნა.
ყბა ჩამოუვარდა ლამის ანკას. ისეთი სახე ჰქონდა, ლიკამ ღიმილი ვერ შეიკავა.
— მოიცა, მოიცა... ახლა რაც თქვი, მომესმა თუ? არა, რა! გემოვნება აქვს ბიჭს! ლამაზი, ჭკვიანი ახალგაზრდა, რატომაც არა, რომ?! არა, რაც მართალია, მართალია, მომწონხარ რძლად... წარმოვიდგინე ახლა, ჩემი რძალი რომ გახდები, უჰჰ, უჰჰჰ!
— თუ ღმერთი გწამს, გაჩუმდი, არავინ გაიგოს... რა სისულელეა, რა მოწონება? რა რძალი?! — აღშფოთდა ლიკა.
— აბა, რატომ გამოგვიგზავნა უზარმაზარი თაიგული? მაგას თავისი ყოფილი ქაჯი ცოლის გარდა არავისთვის უჩუქნია ყვავილები... ვაიმე, წამიხდა ხასიათი, უკვე რატომ გამახსენდა საერთოდ ეგ არსება?! — დაიმანჭა ანკა.
— მართალი გითხრა, არ მაინტერესებს არც შენი ბიძაშვილი და, მით უმეტეს, შენი ყოფილი რძალი და აღარ ვილაპარაკოთ, გთხოვ.
— კარგი, ხო, ჩუმად ვარ, თორემ მეჩხუბები და არ მინდა... წავედი მე ახლა. გაკოცე, თავზე მაყრია საქმეები. მაგრამ ჩემს აზრზე ვრჩები ისევ...
— ანკა, თქო!
ანკა სულ იღიმოდა, მაგრამ ახლა დაიძაბა.
დღის ბოლომდე საქმეებს მიხედა. ერთი სული ჰქონდა, ციცინო როდის დაბრუნდებოდა. უკვე შვიდი საათი ხდებოდა. ხელჩანთა აიღო. გასასვლელთან დაცვის წევრი დახვდა, გამოემშვიდობა და გაჩერებისკენ წავიდა. საათს დახედა — სამ წუთში უნდა მოსულიყო ტრანსპორტი.
შავმა მანქანამ გააჩერა. მინა ჩამოსწია მძღოლმა. დაჩი იყო.
აფორიაქდა ლიკა.
— საღამო მშვიდობისა, — მიესალმა დაჩი. — მეც ახლახან დავბრუნდი საავადმყოფოდან. ოფისიდან დამასწარი წამოსვლა, კიდევ კარგი, აქ შეგამჩნიე. აქვე კაფეა, იქ შევიდეთ, წინააღმდეგი თუ არ ხარ. მერე კი სახლში მიგიყვან.
ხმა წაერთვა თითქოს ლიკას. ანუ მას ეძებდა?! სალაპარაკო ჰქონდა?! თან მასთან ერთად უნდა ემგზავრა? ქაჯივით ვერ მოიქცეოდა. თან არ იცოდა, რატომ, მაგრამ მასთან თავს უსაფრთხოდ გრძნობდა.
— იქნებ სხვა დროს იყოს... მეჩქარება ცოტა არ იყოს.
მანქანიდან გადმოვიდა დაჩი. გაუღიმა თბილად.
— პირველ რიგში, თქვენობით მომართვა დაივიწყე. სამსახურში არ ვართ. მეორეც, დიდხანს არ მოგაცდენ, მართლა. რაღაცაზე სალაპარაკო გვაქვს.
მანქანის კარი გაუღო გოგოს. ჩაჯდა ლიკა მანქანაში. სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა სალონში. Coldplay-ის „Yellow“ ისმოდა. გაოცდა ლიკა, არ ეგონა, ასეთ სიმღერებს თუ უსმენდა.
— ხუთ წუთში მივალთ. ნუ ხარ დაძაბული, ვამჩნევ ამას.
— მართალი გითხრა, დაძაბული არა, უფრო გაკვირვებული ვარ. ადრე სულ მიბღვერდი, თითქოს რამე ვალი მქონოდა შენი, — ალალად მიუგო ლიკამ.
დაჩიმ გაუღიმა.
რა მომხიბვლელი ღიმილი ჰქონია?! — გაიფიქრა ლიკამ. რატომ აბნევდა ასე ეს კაცი?!
— მომწონს, გულწრფელი რომ ხარ ჩემთან. მართალი გითხრა, ვალი ნამდვილად გაქვს ჩემი, — ორაზროვნად ჩაილაპარაკა დაჩიმ.
ვერ მიხვდა ლიკა, რას გულისხმობდა ეს კაცი.
გააჩერა დაჩიმ მანქანა ზუსტად იმ კაფესთან, სადაც პირველად შეხვდა ლიკას. თვალი მოავლო სივრცეს ლიკამ. იცნო ეს ადგილი. მანქანის კარი გაუღო დაჩიმ, გადმოიყვანა ლიკა მანქანიდან და კაფეში შეუძღვა.
ისევ იმ ადგილზე დაჯდა, რომელზეც სულ ჯდებოდა, ოღონდ ახლა მის მოპირდაპირედ ლიკა იჯდა — გოგონა ხუჭუჭა თმებითა და შეშინებული შავი თვალებით.
— წლებია, აქ დავდივარ... მყუდრო კაფეა, — სიჩუმე დაარღვია დაჩიმ.
— ხო, ნამდვილად მყუდრო კაფეა...
შეუკვეთა ლიკამ ყავა და ჩიზქეიქი, დაჩიმ — მწვანე ჩაი. დამშვიდება ნამდვილად სჭირდებოდა ახლა.
— იმ დღეს, როცა აქ პირველად შევხვდით, გახსოვს, ვისკი რომ გადმომასხი? ამიტომ გეუბნები, ჩემი ვალი გაქვს, პერანგი გამიფუჭე, — ჩაიცინა დაჩიმ.
— ესე იგი, გახსოვარ... — გაკვირვება ვერ დამალა ლიკამ.
— რა თქმა უნდა, მახსოვხარ! რა დამავიწყებს შენს შეშინებულ თვალებს. გეგონა, სამსახურს დაგაკარგვინებდი, ხომ?
— ხო, მეგონა. მაგრამ მეორე, დღეს, მაინც დამითხოვეს, ასე რომ...
— ამიტომ აღარ ჩანდი ხოლმე. მერე, ორ წელიწადში, ჩემს კომპანიაში აღმოჩნდი. როგორი სასიამოვნო დამთხვევა იყო!
— მისმინე, დაჩი, — დაიწყო ლიკამ.
პირველად მიმართავდა სახელით. სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა კაცს.
— ჯერ იყო და, ანგარიში ბარში შენ გადაიხადე... მერე თაიგული გამომიგზავნე. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? მე არ მომწონს მსგავსი ქცევა. ძალიან ზედმეტად მიმაჩნია უფროსისგან და ძალიან გთხოვ, თავი შეიკავე ხოლმე, თუ გინდა, სამსახურებრივი საქმიანობა გავაგრძელოთ მშვიდად და წყნარად.
მიხვდა დაჩი, არ იქნებოდა ლიკასთან ურთიერთობის წამოწყება ადვილი. მოეწონა კიდეც, რომ საკუთარი აზრი ასე მკაფიოდ დააფიქსირა. ჩაეღიმა შეუმჩნევლად.
— ამდენს ნუ იფიქრებ ამაზე, ლიკა, — დაიწყო მშვიდად დაჩიმ. — არ მგონია, რამე დანაშაული ჩამედინოს უბრალოდ ყურადღება გამოვიჩინე, ნუ გამიბრაზდები ამის გამო. ბავშვები არ ვართ, არც ერთი. ზრდასრული კაცი და ქალი ვართ. არ მიყვარს მიკიბ-მოკიბული საუბრები. პირდაპირობა მჩვევია და ახლაც არ დავარღვევ ამ ტრადიციას.
დაიძაბა ლიკა. რა ჰქონდა სათქმელი ამ კაცს? შეამჩნია მისი დაძაბულობა დაჩიმ და მშვიდად, წყნარად დაიწყო:
— მომწონხარ. ასე პირდაპირ გეუბნები ამას. დიდი რომანტიკოსობით არ გამოვირჩევი. ამიტომ ასე, ამგვარად, მირჩევნია იცოდე, ჩემი ქმედებების უკან რა ზრახვები დგას... მინდა, ვცადოთ ურთიერთობა. მინდა, შანსი მომცე. ვიცი, არ იქნება ადვილი. შენი მესმის, ფიქრობ, ალბათ, გაგიჟდა ეს კაციო, როდიდან მოვწონვარო ფიქრობ ალბათ , მაგრამ მე ექვსი წლის წინ რომ გნახე, იქიდანვე მომეწონე, უბრალოდ, თავი შევიკავე მაშინ. მერე ჩემთან, კომპანიაში რომ აღმოჩნდი, გაკვირდებოდი სულ. ისიც ვიცი, ჩვენს შორის თორმეტი წელია სხვაობა. შენთან შედარებით ბებერი ვარ ცოტათი, მაგრამ თუ შენ ეს არ დაგაბრკოლებს, შანსი მომეცი, ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ.
დაბნეული აცეცებდა თვალებს. ამას ვერასდროს წარმოიდგენდა — რომ უფროსსა და მას შორის ასეთი დიალოგი წავიდოდა.
დაჩის ხელი შეეხო მტევანზე. ინსტინქტურად ხელი გამოსწია. მიხვდა დაჩიც, რომ ზედმეტი იყო დღისთვის.
უნდა ეთქვა ლიკას რამე და მშვიდად დაიწყო:
— დაჩი, მისმინე. მართალი გითხრა, დაბნეული ვარ ძალიან. არ მეგონა, ჩვენი დიალოგი ასე წავიდოდა. ძალიან ნაჩქარევი მგონია ამ საუბრის შინაარსი. მე, მეორე მხრივ, არ ვარ დაინტერესებული ამ ეტაპზე ურთიერთობებით. ჩემთვის პრიორიტეტი ამჟამად სამსახურია. გეგმები მაქვს და სასიყვარულო ურთიერთობების დრამისთვის არ მცხელა. არ მინდა, სამსახურში ურთიერთობა დაგვეძაბოს ამის გამო. მჭირდება ეს სამსახური და გაითვალისწინე...
— მე არ გაჩქარებ, ლიკა, — არ ნებდებოდა დაჩი. — ფიქრის დრო გაქვს. გპირდები, უხერხულობას არ შეგიქმნი სამსახურში. უბრალოდ, მომეცი საშუალება, დაგიახლოვდე.
— დროის ტყუილად კარგვაა, დამიჯერე. კარგი ადამიანი ხარ, მჯერა, მაგრამ ჯობია, უფროსისა და თანამშრომლის სტატუსს არ გავცდეთ... მაგვიანდება, მელოდებიან და უნდა წავიდე. არ არის საჭირო ჩემი წაყვანა, ტაქსით წავალ.
დაემშვიდობა კაცს და კაფიდან გავიდა. ვერ შეეწინააღმდეგა დაჩი, გაუშვა. ხედავდა, როგორ გადაკვეთა ქუჩა და ტაქსი გააჩერა. ღრმად ჩაისუნთქა. პირველად იყო, ქალმა ასე პირდაპირ უარი რომ უთხრა.
მობილური აიღო და ლადოს დაურეკა.
— ჩვენს ბარში მოდი, დავლიოთ?
— არის, ბოს.
ნახევარ საათში ბარში ისხდნენ. ჩაფიქრებული სვამდა დაჩი და სიტყვას არ ამბობდა.
— რა გჭირს, ? ასე მუნჯივით თუ დაჯდებოდი აქ, მე რაღაზე დამიძახე?
— ლიკას ველაპარაკე. პირდაპირ ვუთხარი, მომწონხარ-მეთქი და უარი მითხრა მანაც პირდაპირ. აი, ასე მშვიდად, წყნარად გამომიცხადა, რომ არ არის დაინტერესებული ურთიერთობებით და ჯობია, უფროს-თანამშრომლის სტატუსს არ გავცდეთო.
— მერე რაა?! რას ზიხარ აქ მოღუშული? თითქოს თინეიჯერი იყო, რომელსაც პირველმა სიყვარულმა გული ატკინა.
— ნერვებს მიშლი, — შეუბღვირა დაჩიმ. — უბრალოდ, ასე პირდაპირ უარის თქმას არ ველოდი.
— რა იყო, გაგიტყდა?! პირველად მიგასვეს?!
— სიფათს მიგინგრევ, — შეუღრინა დაჩიმ.
— აბა, რა იყო, უარი გითხრა და გითხრა. მთავარია, აწი რას იზამ!
— არ მინდა, თავი მოვაბეზრო.
— ხო და ისე უნდა გააკეთო, რომ არც თავი მოაბეზრო და არც უხერხულად იგრძნოს თავი. მგონი, მართლა დაბერდი. რას მასხნევებინებ ერთი? და ნუ სვამ დეპრესიული კაცივით.
— აღვნიშნავ, პირველად რომ მითხრეს უარი, იმას, — ახარხარდა დაჩი.
— დაგიხვეწია იუმორი. საღოლ, მოდი, მომიჭახუნე.
სახლში მისული ვერ აანალიზებდა ბოლომდე, რა მოხდა. დივანზე ჩამოჯდა, თვალი ერთ წერტილს გაუშტერა. გონებაში გამუდმებით ტრიალებდა სიტყვები: „მომწონხარ“.
— ლიკა, ლიკა, — რამდენჯერმე დაუძახა დას მილამ.
— ხო, მი, რა მოხდა? — ისე ამოთქვა, თითქოს ორი საათი მას არ ეძახდნენ.
— რა ჩაფიქრებული ხარ? რამდენი ხანია, გეძახი. შენი საყვარელი დესერტი წამოვიღე, მოდი, ვჭამოთ და თან ფილმს ჩავუჯდეთ.
დივანზე მოკალათდნენ. მილამ პირდაპირ მიახალა:
— დაჩიმ მითხრა, მომწონხარო და ურთიერთობა ვცადოთო. და სანამ რამეს იტყვი, გეტყვი, რომ უარი ვუთხარი.
ლუკმა გადასცდა მილას. არ ელოდა, რამდენი რამე მიაყარა დამ ერთად.
— არ დაიხრჩო ერთი...
— ხომ გეუბნებოდი, მოსწონხარ -მეთქი, მაგრამ ასე მალე თუ გამოგიტყდებოდა, არ მეგონა. ან უარი რამ გათქმევინა ასე? მე შენს ადგილზე შანსს მივცემდი...
— არ დაიწყო ისევ.
— კარგი, ჩუმად ვარ. მაგრამ იმედია, სანამ შენ გონზე მოხვალ, სხვა არ „აგახევს“ მაგ კაცს.
— ხელზე დამადო ხელი უბრალოდ და მე შემეშინდა. მინდოდა, გავქცეულიყავი. არ ვარ მზად, ვინმე იყოს ჩემს გვერდით.
— მესმის, — მიეფერა დას. — ყველაფერს აქვს თავისი დრო. მაპატიე, არ უნდა გიბიძგებდე, რომ იჩქარო. უბრალოდ, მინდა, ბედნიერი იყო.
— ვიცი, მი, ახსნა არაა საჭირო.


დილით თავის ტკივილმა გამოაღვიძა. თვალები ძლივს გაახილა, საწოლის მეორე მხარეს მოავლო მზერა. დალანდა ქალი წუხანდელი ღამიდან. გაახსენდა, როგორ ამოყო თავი სასტუმროს ნომერში. ჯერ მხოლოდ ექვსი საათი იყო. ისევ ეძინა ქალს.
როგორ მობეზრებული ჰქონდა ასეთი ცხოვრება და ერთდღიანი ურთიერთობები. სამსახურში უამრავი საქმე ჰქონდა. დაავლო თავის ნივთებს ხელი და დატოვა სასტუმროს ნომერი.
მანქანიდან ლადოს დაურეკა.
— ლადო, რვაზე ოფისში იყავი. ჩოხელი მოდის.
— დამაძინე, ტო. ექვსი საათია.
— დროზე, ლადო.
— ჯანდაბა, შემიწირავ ერთ დღეს შენ, — აწუწუნდა ლადო.
რვა საათი იყო. კაბინეტში იჯდა და ლადოს ელოდებოდა. შემოგლიჯა მანაც ქარბორბალასავით კარები.
— რა იყო, , რა, არ დამაძინე ამ დილით?
— ცოტა ჩუმად, თავი მისკდება ისედაც. ჩოხელი მოდის და ანგარიში მოაქვს. ვნახოთ ერთი, რა ჩიტია ჩვენი ფინანსური მენეჯერი.
— ვერა ხარ კარგად? ექვს საათზე რამ გაგაღვიძა? იმდენი დალიე წუხელ და პლუს ქალთან ერთად მოტყდი, საღოლ შენ, ამდენი თუ შეგიძლია.
— მორჩი ღადავს, — შეუბღვირა მეგობარს.
კარზე დააკაკუნეს. შემოვიდა მაღალი სილუეტი, გადაპარსული თავითა და შავი სათვალით.
— რა იყო, ნიკა, რა მაფიოზის ვიდით ხარ? შემეშინდა, ტო.
— არ იცვლები შენ, — მიესალმა ძველ მეგობარს.
— მოდი, ნიკა, თორემ ეგ გაგაგიჟებს, — ხელი ჩამოართვა დაჩიმაც. — როგორ ხარ, აბა? როგორ მიდის საქმეები?
— რა გითხრა? ვარ სამსახურსა და ოჯახს შორის.
— როგორ არის მეუღლე, ბავშვები?
— კარგად, მადლობა ღმერთს.
— რამდენი ხანია, არ მოსულხარ ჩვენთან? ნათლული არ მოგენატრა, მე ჯანდაბას?
— მართალი ხარ, ძალიან ცუდი ნათლია ვარ, მაგრამ გამოვასწორებ აუცილებლად.
— ნიკა, ძმაო, ეს აქაურობაზე იქორწინებს მალე. რა, ძმაკაცს ვკარგავთ, რაა... — გაიხუმრა ლადომ.
— შენ ვის რას ეუბნები? შენ არ ბერდები, ჩემო ძმაო?
— არა, რა, მაინც ჩამაჭირო უნდა ჭრილობაზე. მე გენაცვალე, ათასი კანდიდატი მყავს. დაჩიმ იკითხოს, თორემ.
— რა იდიოტი ხარ, რომ იცოდე...
— მეც მიყვარხარ.
მოდი, საქმეზე გადავიდეთ, რა. ბიჭებო, თქვენს ფინანსურ მენეჯერს სერიოზული გარღვევები აქვს. ყალბი ინვოისები, ხელშეკრულებები, თანხის არამიზნობრივად გამოყენება. თან ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ბატონი კოტე ამ საქმეში მარტო არ არის. ერთ-ერთი ტრანზაქცია მაშინ განხორციელდა, როცა ოფისიდან იყო გასული, შესაბამისად, მისი იუზერით ისარგებლა სხვამ. თანამზრახველი ჰყავს. ,,მთავარს,, რომ ეძახიან, ის. და, ზოგადად, არ მგონია, ოფისიდან იყოს. გარედან იმართება ბატონი კოტე.
— რას გვთავაზობ?
— ციცინოს უთხარი, შემოვიდეს. ყალბი ტრანზაქცია უნდა განვახორციელოთ, რომ გაებას ჩიტი მახეში.
— ციცინო არაა. შვილი ჰყავს ცუდად და დაეთხოვა ორი თვით.
— მაგრამ პატარა ციცინო გვყავს, ეგეც მისნაირია. გამოზრდილი ჰყავს, ასე რომ... — ჩააკვეხა სიტყვა ლადომ.
— უთხარით, მოვიდეს.
ყურმილი აიღო დაჩიმ.
— ქალბატონი ლიკა, კაბინეტში შემოდით.
— მობრძანდით, ლიკა. გაიცანით ჩვენი მეგობარი, გამომძიებელი ნიკა ჩოხელი. ეს ჩვენი ბუღალტერი, ლიკა ბერაიაა, — გააცნო ლადომ ერთმანეთს.
დაჩი იჯდა მშვიდად, უსმენდა, როგორ პროფესიონალურად უდგებოდა საქმეს ლიკა. მოსწონდა ეს ქალი იმაზე მეტადაც, ვიდრე ფიქრობდა.
— მუშის დაშავების ამბავიც კავშირში მგონია, დაჩი. საბოტაჟთან გვაქვს საქმე, ასე მგონია. შენი გაქურდვა და კომპანიის სახელის შელახვა უნდათ ერთად. კოტეს ერთ კვირაში მივხედავ, მაგრამ ეგ კაცი მხოლოდ პაიკია ამ საქმეში, — გააჟღერა დასკვნა ნიკამ.
— მირიანი არ იზამდა ამას. მკვლელი არაა, სხვის სიცოცხლეს არ შეუქმნიდა საფრთხეს. არარაობაა, მაგრამ მაგდენად არა. სხვა რომ არაფერი, ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს. არა, ამის მკადრებელი... — თქვა ლადომ.
— არ ვიცი, ჩიხში ვართ, — ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი დაჩიმ.
— ახლა წავედი, მეგობრებო. სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, ლიკა. ძალიან დაგვეხმარეთ.
— ჩემთვისაც სასიამოვნოა. კარგად ბრძანდებოდეთ.
გავიდა ნიკა კაბინეტიდან. წასვლის ნებართვა ითხოვა ლიკამაც და დატოვა კაბინეტი.
— ამდენი პრობლემა გვაქვს და შენ მაინც ლიკაზე ფიქრობ. გასაოცარია, შენგან უნდა აღვნიშნოთ.
— არ ვიცი, ძმაო, რომ მაიგნორებს, როგორც კაცს, ნერვები მეშლება. თითქოს რამდენიმე დღის წინ „მომწონხარო“ არ მეთქვა, ისე იქცევა.
— ხელიდან არ გაუშვა. საშენო გოგოა.
— ეს თიკაზე არასდროს გითქვამს. ნეტა მეფიქრა თავის დროზე და დაბრმავებული არ მევლო. სევდა შეეტყო ხმაში დაჩის

15 წლის იყო დაჩი, თავის ახლად გადმოსული კლასელი თიკა რომ შეუყვარდა. ცხრამეტის იყო, როცა მასზე იქორწინა. არ იყო ადვილი. დღე და ღამეს ასწორებდა მუშაობაში. მის ოჯახს ფინანსურად არ უჭირდა: დედა პედაგოგი იყო, მამა — ინჟინერი. მიუხედავად ამისა, არც ერთი წუთით არ უფიქრია, მშობლებისთვის აეკიდა პასუხისმგებლობა და გაეგრძელებინა უდარდელი ცხოვრება. მარტო გავიდა ცოლ-ქმარი.
თავიდან უფრო ადვილი ჩანდა. მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა. სახლში ღამე ბრუნდებოდა. შემდეგ უნდა ესწავლა, დაჯდებოდა სამეცადინოდ. რამდენჯერ ჩასძინებია მეცადინეობისას.
მაგრამ მისი ცოლი ერთხელ არ იფიქრებდა, პლედი მაინც მოეხურა ქმრისთვის. არ იყო თიკა მოსიყვარულე ცოლი, როგორი წარმოდგენაც ჰქონდა დაჩის მასზე. იზრდებოდა მისი მოთხოვნების სია. ხან ბრენდული ტანსაცმელი, ხან ჩანთა და ა.შ. მაშინ, როდესაც მისი ქმარი მუშაობით ქანცგაწყვეტილი ბრუნდებოდა, ის ხშირად მეგობრებთან ერთად კლუბებში დასეირნობდა. ხშირად ამართლებდა დაჩი მას. „ახალგაზრდაა, რა ქნას სახლში, ბუნებრივია, მეგობრებთან რომ უნდა“, — ფიქრობდა.
შეიცვალა დაჩის ფინანსური ცხოვრება კარგისკენ, მაგრამ დაინგრა მისი 11-წლიანი ქორწინება.
— შენი აზრით, ვუყვარდი ოდესმე თიკას? ნუთუ ამდენად ბრმა ვიყავი? სად დავუშვი შეცდომა?
— შენ არაფერ შუაში ხარ. მას საკუთარი თავის გარდა არავინ უყვარდა. სიმართლე ესაა. ქალი, რომელიც დედობაზე ამბობს უარს, ის ყველაფერზეა წამსვლელი.
— არასდროს ვაპატიებ, შვილი რომ წამართვა.
გაახსენდა ის ტრავმა, რაც ყოფილმა ცოლმა განაცდევინა. ისევ ისე ეტკინა, როგორც პირველად, როდესაც გამოუცხადა: „ბავშვი აღარ არსებობსო“.
— ძმურად, მაპატიე. არ უნდა გამეხსენებინა.
ეტკინა ძმასავით საიმედო ადამიანის ტკივილები.
— წამო, დავლიოთ. მჭირდება ახლა.


ერთი კვირის მერე კომპანიაში სიტუაცია დალაგდა. კოტე ფაქტზე დაიჭირეს, მაგრამ ვერაფრით დაადგინეს, ვინ იდგა ამ საქმის უკან. კიდევ ერთი თავსატეხი ჰქონდა დაჩის. ნერვიულობდა დილიდანვე.
მთელი ერთი კვირა ლიკას დანახვა შორიდანაც კი აბედნიერებდა. გულში ეცინებოდა: ამხელა კაცი, რამ გამომაშტერაო. ლიკამ კი დაივიწყა საერთოდ ის დღე. ისევ ისეთი კომუნიკაცია ჰქონდათ, როგორც ადრე. ცდილობდა, უხერხული სიტუაცია აერიდებინა თავიდან. არ უტყდებოდა თავს, რომ გრძნობები უჩნდებოდა მის მიმართ.
ციცინო დაბრუნდა დროზე ადრე სამსახურში და ლიკასაც შეეძლო, თავისუფლად აეღო კუთვნილი შვებულება. განცხადება დაწერა, ანკას მიადგა.
— რას შვები, აბა? როდის იღებ შვებულებას?
— თვის ბოლოს და ბათუმში წავალ. იქნებ ერთად წავიდეთ?
ახალი აზრი გაუჩნდა
— დედა ჩამოდის და დედისა და შვილების ტური მაქვს დაგეგმილი. შეიძლება, ერთი-ორი დღე მოვახერხო.
— კარგი იქნება, ნამდვილად.
— წამო, შუადღეს ლანჩზე გავიდეთ, — შესთავაზა ლიკამ.
— აუ, კი, მშია, კუჭი შიმშილით მიხმება.
— წავედი, შევუტან განცხადებას.
კარზე დააკაკუნა. მხოლოდ ნებართვის შემდეგ შეაბიჯა ოთახში. სავარძელში იჯდა დაჩი, საბუთებს ჩაჰკირკიტებდა. მიესალმა ლიკა. თითქოს სახე გაუნათდა მისი დანახვისას, შეამჩნია ლიკამაც ეს. დაუბრუნა სალამი დაჩიმაც.
— დიდხანს არ წაგართმევთ. განცხადება მოგიტანეთ. შვებულების ხელი მიმიწერეთ, თუ შეიძლება.
— რამდენი ხნით მტოვებ, ლიკა? რამდენი ხანი ვერ დაგინახავ, შორიდანაც?! — ისეთი სითბოთი ამოთქვა კაცმა, ლიკას გული გაუთბა.
— ორი კვირით მივდივარ, ბატონო დაჩი, — სცადა ზღვარი ისევ გაევლო მათ შორის.
წამოდგა დაჩი სავარძლიდან. მიუახლოვდა გოგონას. სულ რაღაც ერთი მეტრიც კი არ აშორებდა საყვარელ ქალს. ხელი წაიღო სახისკენ, ყურს უკან გადაუწია ხვეული თმები.
— რას მიშვები?! — დაუსვა კითხვა ლიკას, რომლის პასუხიც თავადაც არ ჰქონდა.
თითებით მიეფერა ლოყაზე. ურცხვად დაატარებდა თითებს სახეზე. არ შეშინებია ლიკას. თითქოს გონება და გული ჰარმონიაში იყვნენ ერთმანეთთან. ორივეს უნდოდა კაცის სიახლოვისგან გამოწვეული ემოცია.
სახე ახლოს მიუტანა კაცმა. აკოცა ტუჩის კუთხესთან. მიხვდა, არ უწევდა წინააღმდეგობას, დაეწაფა ტუჩებზე. პირველად იყო, ლიკას არ შეშინებია სიახლოვის. პირიქით, როდესაც დაჩი ჩაეხუტა, თავი ყველაზე უსაფრთხოდ იგრძნო მის მკლავებში.
— რატომ აკეთებ ამას, დაჩი? ხომ გითხარი, შეგენარჩუნებინა დისტანცია... რატომ მაიძულებ, ვიფიქრო, რომ რაღაცას ვნიშნავ შენთვის?
— რაღაცას არ ნიშნავ ჩემთვის. ბევრს ნიშნავ. იმდენად დიდი ხარ ჩემში, რომ ამას ვერ ვუმკლავდები. თვალებში შემომხედე, მითხარი, რომ შენ არ გაქვს არანაირი ემოცია ჩემთან მიმართებით?! მე ხომ მესმის , როგორ ფეთქავს შენი გული. მისი ხმა მესმის, ლიკა. გულს ვერ გააჩუმებ. მითხარი, თვალებში შემომხედე.
— მე შენთან სიმშვიდეს ვგრძნობ. გენდობი, მინდა შენთან ყოფნა, მაგრამ ვიცი, რომ არ გამოგვივა.
— იცი, ყველაზე ლამაზი თვალები გაქვს ახლა, ამ წუთში, მე რომ მიყურებ. შანსი მომეცი, უბრალოდ ერთი შანსი. მეტს არ გთხოვ. მივცეთ ერთმანეთს ამის უფლება.
თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა ლიკამ. მეტი ვერაფერი თქვა. განა სიტყვები ცვლის რამეს, როდესაც დაჩიმ მის თვალებში იპოვა პასუხები?
— ჩემო პატარა.
ჩაეხუტა გოგოს ისე ძლიერად, თითქოს ვინმე ართმევდა.
— გამიშვი, თორემ მალე დავიხრჩობი. უნდა წავიდე, საქმეს დავუბრუნდე, — ამოთქვა ლიკამ.
— ბოდიში.
არ ეთმობოდა გასაშვებად, მაგრამ სხვა გზა არ იყო.
— იცოდე, სახლში მე გაგიყვან. უარი არ მიიღება.
— კარგი, კარგი.
ხელი დაუჭირა გოგოს, მიიტანა სახესთან და აკოცა თითებზე.
გავიდა ლიკა კაბინეტიდან. ამ წუთიდან იწყებოდა ახალი თავი მის ცხოვრებაში. იქნებ ახლა მაინც ჰქონოდა ლაღი ცხოვრება?
დატოვა დაჩი არეულ ფიქრებთან. ბედნიერი იყო დაჩი, ახალკაცი. ოღონდ ღმერთმა იცოდა, როდემდე გასტანდა ეს ბედნიერება...


ესეც მეხუთე თავი. იმედია მოგეწონებათ და გამიზიარებთ შთაბეჭდილებებს მადლობა რომ კითხულობთ .



ძალიან კარფად წერთ,უფრო ხშირად რო დადოთ კარგი იქნება❤️

 


№2  offline წევრი Liliana1996

მარიამ ბერაია
ძალიან კარფად წერთ,უფრო ხშირად რო დადოთ კარგი იქნება❤️



ვეცდები ყველანაირად ♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent