შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზავი საკურთხეველთან [თავი 6]


დღეს, 00:47
ავტორი კასანდრა
ნანახია 115

ქორწილის შემდეგ პირველი დილა უცნაურად მშვიდი იყო.ანინემ თვალები ნელა გაახილა და რამდენიმე წამი უბრალოდ ჭერს უყურებდა. ოთახში დილის სუსტი შუქი შემოდიოდა, ჯერ კიდევ ნახევრად ეძინა, როცა გუშინდელი დღე გაახსენდა. ანინემ იმნსტინქტურად მარცხენა ხელს დახედა, თითზე ბეჭედი ეკეთა. რამდენიმე წამით უყურა, შემდეგ კი ამოიოხრა.
-ახლა მართლა გავთხოვდი...
საწოლიდან წამოდგა და ოთახიდან გავიდა,სამზარეულოში ანდრეი დაუხვდა, თეთრი მაისური ეცვა, ხელში ყავის ჭიქა ეჭირა და ტელეფონში რაღაცას კითხულობდა.ანინე კართან გაჩერდა, ბიჭმა მაშინვე შეამჩნია.
-გაიღვიძე?
-როგორც ხედავ.
-გშია?
ანინემ წარბები შეკრა.
-ეს შენი პირველი კითხვაა?
-სხვა რა უნდა მეკითხა?
-არ ვიცი... მაგალითად, როგორ ვარ.
ანდრეიმ ტელეფონი მაგიდაზე დადო:
-როგორ ხარ?
ანინემ რამდენიმე წამით შეხედა.
-უცნაურად.
-მეც.
გოგონამ ვერ შეიკავა პატარა ღიმილი.
-შენც?
-ჰო.
-რატომ?
ანდრეიმ ყავა მოსვა.
-იმიტომ, რომ გუშინ ცოლი მოვიყვანე.
ანინეს ღიმილი მაშინვე გაუქრა.
-ნუ ამბობ ასე.
-როგორ?
-თითქოს ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ამბავია.
-შენთვის არ არის ჩვეულებრივი, ვიცი, -ანდრეიმ მზერა დახარა.
ამ სიტყვებმა ანინე დააბნია, თუმცა თემის გადატანის მიზნით საუბარი კვლავ განაგრძო:
-სტუდიაში მივდივარ, — თქვა ბოლოს ანინემ.
-ვიცი.
-საიდან?
-დემეტრემ მომწერა.
-შენ და დემეტრე ერთმანეთს წერთ?
-მხოლოდ მაშინ, როცა საქმე შენ გეხება.
-და რა მოგწერა?
-რომ ათზე შენთან მოვა.
ანინემ ჩაიცინა.
-კარგი.
*****
სტუდიაში მისვლისას ანინეს უკვე რამდენიმე ბავშვი ელოდებოდა, როგორც კი კარი გაიღო, პატარა ნინი მისკენ გამოიქცა.
-მასწავლებელო!
ანინემ სიცილით ჩაიმუხლა და გოგონა ჩაიხუტა:
-როგორ მომენატრე!
-გუშინ რატომ არ მოხვედი?
-გუშინ... ცოტა დაკავებული ვიყავი.
ნინიმ ანინეს თითზე ბეჭედი დაინახა.
-გათხოვდი?
ანინემ გაშეშებულმა შეხედა,დემეტრემ სიცილი ძლივს შეიკავა:
-ბავშვები ყველაფერს ამჩნევენ, — ჩუმად უთხრა.
-ჰო, ვხედავ.
ნინიმ თავი გვერდზე გადახარა.
-შენი ქმარია?
ანინემ უკან გაიხედა,ანდრეი კართან იდგა.
-კი, - უპასუხა გოგონამ.
ნინიმ ანდრეის ყურადღებით შეხედა.
-მკაცრი ჩანს.
დემეტრემ ხმამაღლა გადაიხარხარა და ანდრეიმ წარბი ასწია:
-ბავშვმა სწორად ამოგიცნო, - უთხრა ანინემ.
-ძალიან სასიამოვნოა, - მშრალად უპასუხა ანდრეიმ.
ნინი ანდრეისთან მივიდა:
-თქვენც ცეკვა იცით?
-არა.
-მაშინ ცუდი ქმარი ყოფილხართ.
დარბაზი სიცილმა მოიცვა, ანინემ კი სახეზე ხელი აიფარა, რათა თავი შეეკავებინა გადახარხარებისაგან.
დემეტრე კედელს მიეყრდნო და სიცილს ვეღარ წყვეტდა, ანდრეი კი რამდენიმე წამით ნინის უყურებდა:
-რატომ?
-იმიტომ, რომ მასწავლებელს ცეკვა უყვარს.
ანდრეიმ ანინეს შეხედა.
-მაშინ უნდა ვისწავლო.
ანინემ თვალები გააფართოვა.
-რა?
-არაფერი, - თვალი ჩაუკრა ბიჭმა.
-კარგით, საკმარისია განტვირთვა, დავიწყოთ, ძვირფასებო, - საქმიანი ტონით შემოსძახა გოგონამ.
გაკვეთილი ჩვეულებრივად დაიწყო.
ანდრეი კუთხეში იდგა და ბავშვებს უყურებდა, თავიდან ანინეს ეს ცოტა უცნაურად ეჩვენებოდა, მაგრამ მალე მიეჩვია. დემეტრე კი მუსიკას ცვლიდა და ბავშვებს ეხმარებოდა. ერთ მომენტში ანინემ დემეტრეს რაღაც ჩუმად უთხრა და ორივეს გაეცინა.ანდრეის სახიდან ღიმილი მაშინვე გაქრა. რამდენიმე წუთის შემდეგ დემეტრე ანინესთან მივიდა:
-საღამოს ხომ არ გინდა სადმე გავიდეთ? სტუდიისთვის რამდენიმე ნივთი ვიყიდოთ.
-კი, კარგი.
ანდრეიმ მაშინვე ხმა აიმაღლა:
-მეც წამოვალ.
დემეტრემ მას შეხედა:
-შენ?
-რამე პრობლემაა?
-არანაირი.
ანინემ ორივეს გადახედა.
-ღმერთო, ისევ იწყებთ?
-მე არაფერი დამიწყია, - თქვა დემეტრემ.
-არც მე, - დაამატა ანდრეიმ.
-პატარები არ ხართ, რა გაქვთ გასაყოფი? - დაუყვავა გოგონამ.
დემეტრემ ჩაიცინა.
-კარგი, მე ბავშვებს მივხედავ.
ანდრეი ანინეს მიუახლოვდა.
-მართლა გინდა, რომ დემეტრესთან ერთად წახვიდე?
-კი.
-მაშინ წადი.
ანინე გაჩერდა.
-რა გჭირს?
-არაფერი.
-ანდრეი!
-გითხარი, რომ არაფერი.
ანინემ რამდენიმე წამი უყურა.
-ეჭვიანობ.
-შეიძლება.
-და მაინც მიშვებ?
ანდრეიმ თვალებში შეხედა:
-შენ ჩემი საკუთრება არ ხარ, ანინე.
გოგონა დადუმდა,ეს პირველად იყო, როცა მისგან ეს სიტყვები გაიგო.
ანდრეიმ მშვიდად განაგრძო:
-თუ ჩემთან ყოფნა ოდესმე შენი არჩევანი უნდა გახდეს, არჩევანი უნდა გქონდეს.
ანინეს გულში რაღაც უცნაურად აუწრილდა:
-შენ მართლა ცდილობ, რომ..., - გააწყვეტინა ბიჭმა:
-ვცდილობ.

ახალი განათებები დაამატეს და კვლავ სტუდიაში დაბრუნდნენ, რადგან ანინეს ბავშვებთან სამუშაო ჰქონდა.საღამოს, როცა დემეტრე წავიდა, ანინე სტუდიაში მარტო დარჩა. ანდრეი გარეთ ელოდებოდა.
გოგონამ მალე დაასრულა თავისი საქმე, სტუდიის კარი დაკეტა და ანდრეის გვერდით მოულოდნელად ამოუდგა:
-მადლობა.
-რისთვის?
-ყველაფრისთვის.
ანდრეიმ შეხედა:
-მიხარია, რომ ბედნიერი ხარ, - მან პირველად გაუღიმა ისე გოგოს, რომ ღიმილში ირონია საერთოდ არ ერია.
რამდენიმე წამით ერთმანეთის პირისპირ იდგნენ, შემდეგ კი ანინემ ხელი გაუწოდა, ანდრეიმ გაკვირვებით დახედა:
-რა არის?
-სახლში წავიდეთ.
ანდრეიმ მისი ხელი ფრთხილად დაიჭირა:
-წავიდეთ.
ნელი და მშვიდი ნაბიჯებით გაუყვნენ გზას თავიანთი სახლისკენ.
დრო გადიოდა, ანინე ისევ აგრძელებდა სტუდიაში სიარულს, ბავშვებს ამეცადინებდა და სახლში დაბრუნებისას დაღლილს ჭამის თავიც არ ჰქონდა.ანდრეი კი ისევ ისეთი იყო,ზოგჯერ ზედმეტად ჩუმი,ზოგჯერ კი ყურადღებიანი. ამინდივით იცვლებოდა ბიჭის ხასიათი, ხან ფეხაკრეფით დადიოდა ანინე, რომ ზედმეტად არ გაეღიზიანებინა. ისე მიდი-მოდიოდნენ, ხან ერთმანეთს ვერც კი ამჩნევდნენ, ნუ ანინეს ასე ეგონა, მაგრამ კონტროლის მოყვარული ანდრეი სულ ამოწმებდა გოგონას, არა იმიტომ რომ არ ენდობოდა, უბრალოდ აინტერესებდა.
ერთ საღამოს სტუდიაში გვიანობამდე შემორჩა ანინე, ბოლო ბავშვიც რომ წავიდა და დარბაზის მოწესრიგება დაიწყო,კარზე მსუბუქი კაკუნი გაისმა:
-ღიაა.
კარი გაიღო და ლევანი შემოვიდა:
-ფერია!
ანინეს გაეღიმა, ლევანმა ხელში დაჭერილი ორი ყავის ჭიქიდან ერთი გაუწოდა.
-შენთვისაა, ძვირფასო.
-მადლობა.
ანინემ ჭიქა გამოართვა და სარკესთან ახლოს სკამზე ჩამოჯდა,ლევანიც გვერდით მიუჯდა. რამდენიმე წამი ჩუმად იყვნენ.
-როგორ ხარ? -ჰკითხა ბოლოს ლევანმა.
-კარგად.
-მართლა?
ანინემ მას გადახედა:
-რატომ მეკითხები ასე?
-იმიტომ, რომ კარგად ყოფნა და კარგად გამოჩენა ორი სხვადასხვა რამეა.
ანინეს მწარედ გაიღიმა.
-შენც კარგად გამიცანი უკვე.
-შეიძლება.
გოგონამ ყავა მოსვა.
-ლევან...
-ჰო?
-ერთი რაღაც მინდა გკითხო, - სერიოზული ტონით ჩაილაპარაკა გოგომ.
ლევანმა მაშინვე იგრძნო, რომ საუბარი იმ მიმართულებით მიდიოდა, რომლისთვისაც მზად არ იყო.
-მკითხე, -მტკიცე იყო ბიჭის ხმა.
-შენ ანდრეის ბავშვობიდან იცნობ, არა?
-ჰო.
-მაშინ მითხარი... რატომ დავქორწინდით?
ლევანი გაჩუმდა და ამოიოხრა:
-ანინე...
გოგონამ ყავის ჭიქა მაგიდაზე დადო.
-რატომ არავინ მეუბნება ამას, რა არის რეალური?
ლევანმა მზერა აარიდა.
-ანდრეიმ გადაწყვიტა, რომ შენთვის ასე აჯობებდა.
ანინეს ნერვიულად გაეცინა:
-ჩემთვის?
-ჰო.
-რაც დავიბადე, ჩემს ცხოვრებას სხვები წყვეტენ და არჩევენ, რა ჯობს ჩემთვის.
ლევანი ჩუმად უსმენდა,ანინემ თვალებში შეხედა:
-გთხოვ, - შეევედრა ბიჭს.
ამ ერთმა სიტყვამ ლევანი გატეხა.
-შენს ოჯახსა და ანდრეის ოჯახს შორის პრობლემა მხოლოდ უბრალო დაპირისპირება არ ყოფილა.
ანინე არ განძრეულა.
-რა პრობლემა?
-წლების წინ მოხდა რაღაც, რის გამოც ორივე ოჯახს შორის ურთიერთობა საერთოდ დაინგრა, შემდეგ თქვენმა ბაბუაბმა გადაწყვიტეს, რომ გოგო თუ დაიბადებოდა, ის გახდებოდა რომელიმე ოჯახის რძალი და სამუდამოდ დასრულდებოდა მტრობა, თუმცა მერე ყველაფერი გართულდა.
-ანუ?
ლევანმა მძიმედ ამოისუნთქა:
-შენი ოჯახი ფინანსურად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
ანინეს სახე შეეცვალა:
-რა?
-იმაზე ბევრად რთულში, ვიდრე წარმოიდგენ, ამიტომ აჩბებმა დიდი ფული ასესხეს შენებს, თუმცა მათ ვერ დაუბრუნეს.
ანინე რამდენიმე წამით გაშეშდა:
-მამაჩემმა იცოდა?
-ჰო.
-და ანდრეიმ?
-ანდრეიმაც.
გოგონას თვალები აემღვრა:
-ამიტომ მომიყვანა ცოლად?
ლევანმა თავი დახარა:
-თავიდან... კი.
სიჩუმე ჩამოვარდა,ანინეს ჰაერი აღარ ჰყოფნიდა:
-ანუ ეს ყველაფერი..., - ხმაში კანკალი შეეპარა, - ქორწილი... ოჯახების შეთანხმება... ჩემი ცხოვრება...
ლევანმა მაშინვე გააწყვეტინა:
-თავიდან ასე იყო, მაგრამ ახლა ყველაფერი ისე აღარ არის.
ანინემ მწარედ გაიღიმა:
-ნუ ცდილობ მის გამართლებას.
-არ ვამართლებ.
-ანუ მე ზავი ვიყავი.
ლევანმა ჩუმად უპასუხა:
-თავიდან კი.
ანინემ თავი დახარა და ცრემლი ლოყაზე ჩამოუგორდა:
-და ანდრეიმ იცოდა, რომ მე არჩევანი არ მქონდა.
-იცოდა.
-და მაინც...
-ანინე, -ლევანმა მისკენ გაიხედა, - ერთი რამე უნდა იცოდე, ანდრეი ამ ქორწინებაზე თანახმა იყო, მაგრამ თავიდანვე არ უნდოდა, რომ შენთვის ცხოვრება გაენადგურებინა.
-ძალიან კარგად გამოუვიდა.
-ვიცი.
გოგონამ ცრემლები მოიწმინდა:
-მაშინ რატომ არ მითხრა?
ლევანმა ამჯერად პასუხი მაშინვე იცოდა:
-იმიტომ, რომ შეეშინდა.
-ანდრეის? რისი შეეშინდა?
-შენი.
ანინემ გაკვირვებულმა შეხედა:
-ჩემი?
-შეეშინდა, რომ სიმართლეს როცა გაიგებდი, მას მხოლოდ იმ კაცად დაინახავდი, რომელმაც შენი ცხოვრება იყიდა.
ანინეს არაფერი უთქვამს, ლევანი წამოდგა:
-მე ეს არ უნდა მეთქვა.
ანინემ თავი ასწია:
-უნდა გეთქვა.
ლევანი კარისკენ წავიდა, მაგრამ სანამ გავიდოდა, შეჩერდა:
-კიდევ ერთი რამე.
-რა?
-ეს ყველაფერი აღარ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ანდრეი შენთან რჩება.
ანინემ თვალებში შეხედა:
-მაშინ რა არის?
ლევანმა ოდნავ გაუღიმა:
-ეგ უკვე მისგან უნდა გაიგო.
ლევანი წამოდგა, გოგონას ლოყაზე აკოცა, წავიდა და კარი გაიხურა. ანინე ისევ მარტო დარჩა,რამდენიმე წუთი უძრავად იჯდა,შემდეგ კი თითზე ბეჭედს დახედა, ღრმად ამოიოხრა და სახლში წასასვლელად გაემზადა.
იმ საღამოს ჩვეულებრივზე გვიან დაბრუნდა, ანდრეი მისაღებში იჯდა და როგორც კი ანინე დაინახა, მაშინვე მიხვდა, რომ რაღაც მოხდა:
-სად იყავი?
გოგონამ პასუხი არ გასცა, ანდრეი წამოდგა:
-ანინე?
გოგონამ მის წინ გაჩერდა:
-ლევანს ველაპარაკე, - ანინეს თვალები აემღვრა, -რატომ არ მითხარი?
ანდრეი ჩუმად დარჩა.
-რატომ, ანდრეი?
-იმიტომ, რომ მეშინოდა.
-რისი?
ანდრეიმ პირველად ვეღარ დამალა თვალებში ის, რასაც ამდენი ხანი მალავდა:
-სიმართლე რომ გაგეგო, ჩემთან დარჩენის მიზეზი საერთოდ აღარ გექნებოდა.
-შენ აზრით, ახლა მაქვს?
ანდრეიმ მის მზერას გაუძლო:
-არ ვიცი.
-მაშინ რატომ დამიმალე?
ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა, ანდრეი ფანჯარასთან მივიდა და რამდენიმე წამით ქუჩას გახედა, შემდეგ აუღელვებლად დაიწყო:
-მამაშენს ვალი ჰქონდა.
ანინე გაჩუმდა.
-იმდენად დიდი, რომ მარტო ფულით ვეღარ მოგვარდებოდა, - განაგრძო ბიჭმა.
-და ამიტომ...
-ამიტომ ოჯახები ერთმანეთს შეხვდნენ და მოილაპარაკეს.
-მამაჩემი დათანხმდა?
ანდრეიმ თავი დაუქნია.
-თვითონაც იცოდა, რომ სხვა გამოსავალი თითქმის აღარ ჰქონდა.
ანინემ მწარედ ჩაიცინა:
-თითქმის?
ანდრეიმ ამჯერად პირდაპირ შეხედა:
-შენს ოჯახს ყველაფერს წაართმევდნენ.
ანინემ თვალები დახუჭა:
-და შენ გადაწყვიტე, რომ ჩემი ცხოვრება ვალში გაგებარა?
ანდრეის სახე დაეძაბა:
-თავიდან კი.
ეს პასუხი გოგოს ყველაზე მეტად ეტკინა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია:
-თავიდან?
-კი.
-და ახლა?
ანდრეი გაჩუმდა.
-გკითხე, ახლა რა შეიცვალა? -არ ეშვებოდა გოგონა.
-ახლა სხვა სიტუაციაა.
-რა შეიცვალა?
ანდრეი მასთან მივიდა, მაგრამ რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით გაჩერდა:
-შენ!
ანინემ თვალები დააბრიალა:
-რა?
-შენ შეიცვალე, ალბათ, ან სხვაგავარად დაგინახე, ანინე.
გოგონამ რამდენიმე წამით ხმა ვერ ამოიღო:
-ანდრეი...
-თავიდან ვფიქრობდი, რომ უბრალოდ უნდა გამეკეთებინა ის, რაც საჭირო იყო. დავქორწინდებოდი, ვალს დაფარავდნენ და ყველაფერი დასრულდებოდა.
-და ახლა?
ანდრეიმ მწარედ გაიღიმა.
-ახლა სახლში რომ გვიან ბრუნდები, მწყინს.
ანინეს სუნთქვა შეეკრა.
-როცა სტუდიაში დემეტრესთან ერთად ხარ, ვეჭვიანობ, როცა იცინი, მინდა, რომ ეგ ღიმილი მე მეკუთვნოდეს.
ანინემ თვალები დახარა.
-და ყველაზე მეტად ის მაღიზიანებს, რომ აღარ მინდა ეს ქორწინება უბრალოდ შეთანხმება იყოს, - მტკიცე ხმით ამოთქვა
ანინემ ნელა ასწია თვალები:
-მაშინ რა გინდა?
ანდრეიმ პირველად ვერ დამალა პასუხი:
-მინდა, ერთ დღეს აქ იმიტომ დარჩე, რომ თვითონ გინდა.
გოგონას თვალები აემღვრა:
-და თუ არ მინდა?
ანდრეიმ თავი დაუქნია:
-მაშინ გაგიშვებ.
ანინე გაჩერდა, თვალები აუციმციმდა:
-მართლა?
-კი.
-მიუხედავად ყველაფრისა?
-მიუხედავად ყველაფრისა.
-მამის წინააღმდეგ წახვალ?
-თუ საჭირო გახდება.
ანინემ ცრემლი მოიწმინდა:
-რატომ?
ანდრეი მის წინ გაჩერდა:
-იმიტომ, რომ ამჯერად შენ უნდა გააკეთო არჩევანი, და არა მე, შენს ნაცვლად.
გოგონა რამდენიმე წამი ჩუმად იდგა, შემდეგ ძალიან ჩუმად თქვა:
-შენ იცი, როგორ მძულდი თავიდან?
ანდრეის გაეღიმა, თუმცა თვალებში სევდა დარჩა:
-ვიცი.
-მეგონა, ცივი და სასტიკი ადამიანი იყავი, - ამოთქვა გოგონამ.
-შეიძლება ვიყავი.
-ახლა აღარ ხარ.
ანდრეი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა, გოგოს გული აუჩქარდა, რამდენიმე წამი ერთმანეთისთვის არაფერი უთქვამთ.
-დავიძინოთ? - სიმშვიდე დაარღვია ბიჭმა.
ანინე მიხვდა, რატომ დაუსვა ეს კითხვა ანდრეიმ და თავი ნელა დაუქნია.იმ ღამეს ორივე ერთ ოთახში იყო, თუმცა ცდილობდნენ ერთმანეთი არ შეეწუხებინათ.
-გძინავს? - დაბალი ხმით იკითხა ბიჭმა.
-არა.
-არც მე.
-ანდრეი?!
-ჰო?
-მადლობა, რომ დღეს სიმართლე მითხარი.
ანდრეი მისკენ შემობრუნდა:
-გვიან გითხარი.
-მაგრამ მითხარი.
-ხვალ შეიძლება ისევ გაბრაზდე უაზრო რაღაცებზე.
-ალბათ, -მოურიდებლად უპასუხა ბიჭმა და განაგრძო, - შეიძლება ისევ შეგძულდე.
-ეგეც შეიძლება.
ანდრეიმ თავი დაუქნია:
-კარგი!
-კარგი?
ანდრეიმ თავი ბალიშზე დადო:
-ტკბილი ძილი, ანინე.
-ტკბილი ძილი, ანდრეი.

მეორე დილით ანინე სტუდიაში ჩვეულებრივზე ადრე მივიდა, ბავშვები ჯერ არ მოსულიყვნენ, დარბაზიცცარიელი იყო.ანინემ მუსიკა ჩართო და სარკის წინ დადგა, გუშინდელი საუბარი ისევ თავში უტრიალებდა.
-მასწავლებელო!
ანინე შეხტა,ნინი კართან იდგა:
-უკვე მოხვედი?
-დედამ ადრე მომიყვანა.
ანინემ გაიღიმა.
-მაშინ მოდი, სანამ სხვები მოვლენ, შენთან ერთად ვიცეკვებ, -ნინიმ სიხარულით დაუქნია თავი. ნელ-ნელა ბავშვებიც მოვიდნენ, სულ სხვანაირი იყო ანინე, ხალისიანი, კისკისებდა და თითოეულ პატარას გულში თბილად იკრავდა. გოგონას ერთი სული ჰქონდა სახლში წასულიყო, თუმცა ბოლომდე არ უტყდებოდა თავს.
მალევე გავიდა დრო, უკვე შებინდებული იყო სახლში რომ დაბრუნდა გოგონა. ეს საღამო განსაკუთრებული იყო, რადგან პირველად დასხდნენ ერთ მაგიდასთან ისე, რომ არც ერთს არ უგრძვნია აუცილებლობა შეუმჩნევლად დარჩენილიყო,ჩუმად ეჭამა და მერე თავიანთ ოთახებში დამალულიყვნენ. საუბრობდნენ სულელურ რაღაცებზე,ანინემ სტუდიის ბავშვებზე უამბო, ერთ პატარა გოგოზე, რომელიც ყოველ გაკვეთილზე ერთსა და იმავე მოძრაობას ვერ აკეთებდა და ბოლოს ყველას აცინებდა.ანდრეიც იცინოდა.
-და შენ მაინც არ ბრაზდები? - თბილად ჰკითხა გოგონას.
-როგორ უნდა გავბრაზდე? - ისეთი სახით მიყურებდა, თითქოს ჩემი ბრალი ყოფილიყო.
-იქნებ მართლა შენი ბრალი იყო.
-ჩემი?
-ჰო, ალბათ სათანადოდ ვერ ასწავლი.
ანინემ ბალიში ესროლა,ორივეს გაეცინა,მერე ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.ამჯერად ეს სიჩუმე უხერხული აღარ იყო.ანინემ ფანჯარაში გაიხედა და საუბარი წამოიწყო:
-იცი, რა არის ყველაზე უცნაური?
-რა?
-რომ ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, შენთან ასე თავისუფლად ვსაუბრობ.
ანდრეიმ ჭიქა მაგიდაზე დადო:
-მეც.
ანდრეიმ აღრაფერი თქვა, უბრალოდ ხელი მაგიდაზე ჩამოდო.
ანინემ რამდენიმე წამს მის ხელს უყურა და თავისი თითები ნელა მიადო მისას.არც ერთს უთქვამს არაფერი,მაგრამ არც ერთს აუღია ხელი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent