შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოქროსფერი რეცეპტი (ნაწილი 6)


გუშინ, 14:43
ავტორი თინათინი10
ნანახია 1 186

გიორგი ნიკოლასის დანახვაზე მაშინვე ფეხზე წამოხტა, პირდაპირ კარისკენ წავიდა და ნინის წინ დადგა, ნინი დაბნეული იდგა. სახეზე აშკარად ეტყობოდა, რომ ნიკოლასის დანახვა სულაც არ ესიამოვნა.
- ნიკოლას… რა ხდება? აქ რანაირად აღმოჩნდი? - ჰკითხა გიორგიმ მკაცრი ტონით.
ნიკოლასმა წარბები ასწია, თითქოს საერთოდ ვერ გაეგო, ასეთი რეაქცია რატომ მოჰყვა მის გამოჩენას, შემდეგ ირონიულად ჩაიცინა, ლოყაზე ხელი მოისვა და უდარდელად მხრები აიჩეჩა.
- რა უცნაური კითხვაა, გიო…- ჩაილაპარაკა მან
- დღეიდან აქ გადმოვცხოვრდი - გიორგიმ თვალები დააწვრილა, ნიკოლასი კი თითქოს რაღაც ძალიან ჩვეულებრივს ამბობდა, ისე განაგრძო:
- ვიფიქრე, ახალ მეზობელს უკეთ გავიცნობდი - ამ სიტყვებზე ნინის გადახედა, მის ტუჩებზე ნელ-ნელა მზაკვრული ღიმილი გადაეკრო, თვალი ჩაუკრა, ნინიმ ღრმად ამოისუნთქა და თვალები დახარა.
- რა ჩაიფიქრე?! - მოულოდნელად წამოიყვირა მან, ნიკოლასს გაეცინა.
- ჩშშ… ტონი დაარბილე, წითურო.
- ნიკოლას! მართლა, რა გაქვს ჩაფიქრებული?! - კბილებში გამოსცრა გიორგიმ, ნიკოლასმა გაკვირვებული სახე მიიღო, ხელები გაშალა და თვალები ისე დააჭყიტა, თითქოს სრულიად უსამართლოდ ადანაშაულებდნენ.
- თქვენ ხომ არ გაგიჟდით? რა უნდა მქონდეს ჩაფიქრებული? ჩემს საკუთარ ბინაში თუ გადავწყვიტე ცხოვრება, ამაში უცნაური რა არის? - ერთი წამით გაჩუმდა, მერე ისევ ნინის გახედა.
- სხვათა შორის, წითურო… ეს ბინაც ჩემია, სადაც შენ დასახლდი - ნინიმ თვალები გადაატრიალა.
- ღმერთო ჩემო.. არა, აზრი არ აქვს… - ნერვიულად თქვა მან და ჩანთას ხელი დაავლო
- არ მინდა მასთან არც მუშაობა და არც არაფერი საერთო! - ნიკოლასმა ვითომ გაოცებულმა გახედა.
- მოიცა, მოიცა… რა ვთქვი განა ისეთი?! -
ნინი გაჩერდა.
- ჩემს კომპანიაში მუშაობ, მე შენი ზემდგომი ვარ, ჩემი ბინა იქირავე… რაიმე ტყუილი ვთქვი?
- ნიკოლას… - გიორგიმ მკაცრად შეხედა
- ერთი წუთით, წამოდი - ნიკოლასს გაეღიმა.
- რატომ?
- წამოდი-მეთქი - გიორგიმ ხელი მოკიდა და გარეთ გაიყვანა, კარი უკან მოიხურა, სადარბაზოში რამდენიმე წამით ორივე ჩუმად იდგა, გიორგი ნიკოლასს მიუბრუნდა.
- ძალიან კარგად გიცნობ. რა ჩაიფიქრე?
- არაფერი!
- ნიკოლას, რა გინდა ამ საწყალი გოგოსგან? - ნიკოლასმა ირონიულად ჩაიცინა.
- მე ის გავაფრთხილე, რომ თვალებში აღარ მომხვედროდა. შენ რა გააკეთე? მისი მეპატრონე და მფარველი გახდი, ესეც არ იკმარე და ჩემთან დააწყებინე მუშაობა. თან იცოდი, ამ გოგოსთან რა პრობლემაც მქონდა - გიორგის სახე დაეძაბა.
- ის რა შუაშია?! გამოფხიზლდი, ნიკოლას! სხვის გამო მან რატომ უნდა აგოს პასუხი?!- ნიკოლასი დუმდა.
- ნინის შეწუხების უფლებას არ მოგცემ! - უფრო მკაცრად განაგრძო გიორგიმ, ნიკოლასმა წარბი ასწია.
- შენს უფლებებშია მისი დაცვა? - გიორგი წამით გაჩუმდა, მის სახეზე რაღაც უცნაური გამოესახა, თუმცა მაშინვე ისევ გაბრაზებამ შეცვალა.
- დიახ, თუ საჭირო გახდება - ნიკოლასს ამ სიტყვებზე ჩაეღიმა.
- საინტერესოა… - გიორგიმ საყელოში ხელი ჩაავლო.
- ნუ მეთამაშები, ნიკოლას.
- დამშვიდდი გიო.
- ერთხელ გაფრთხილებ, ნინის თავი დაანებე - ზუსტად ამ დროს სადარბაზოში მეგი გამოჩნდა, ორივე ხელში ლუდის ბოთლებითა და სხვადასხვა სასუსნავით სავსე პარკები ეჭირა, რამდენიმე წამით გაჩერდა, შეხედა გიორგის, რომელიც ნიკოლასის საყელოში იყო ჩავლებული, შემდეგ ნიკოლასს, შემდეგ ისევ გიორგის.
- რას აკეთებთ? - გაეცინა
- რატომ კინკლაობთ? - გიორგიმ თვალები დახუჭა და ამოიხვნეშა.
- ესღა გვაკლდა…
- არაფერია, ძვირფასო - ნიკოლასმა მშვიდად უპასუხა
- რაღაც ძველი ამბავი გავიხსენეთ მე და გიომ.. გიორგიმ ხელი გაუშვა ნიკოლასს.
- ნინი სად არის?
- შიგნითაა
- ხოდა წავედით! ლუდები და სასუსნავები მოვიტანე.. მოდით, დღევანდელი საღამო ერთად გავატაროთ - ნიკოლასი და მეგი წინ გაიჭრნენ, გიორგი რამდენიმე წამით ადგილზე დარჩა, მერე უხალისოდ გაჰყვა. მათ, მეგიმ კარი ომახიანად შეაღო.
- ნინიიი! - ნინი მაშინვე შემოტრიალდა,
მის სახეზე გაკვირვება გამოესახა.
- მეგი?!
- რა იყოთ, რა დაღვრემილი სახეები გაქვთ?! - სიცილით შევიდა მეგი
- არ გაგიხარდათ ჩვენი სტუმრობა? საღამო ხომ არ ჩაგიშალეთ?
- არა… უბრალოდ არ გელოდით.
- აწი ხშირად გესტუმრები, ძვირფასო. თან ნიკოც აქ გადმოვიდა - ნინიმ ნიკოლასს გადახედა.
- კი, უკვე ვიცი… — უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა, ნიკოლასმა ისევ ის აუტანელი ღიმილი აიკრა სახეზე.. მეგიმ პარკები მაგიდაზე დაალაგა.
- ხოდა, მაშინ ჩვენი ახალი მეზობლობა ახალი საქმეების დაწყებასთან ერთად აღვნიშნოთ!
- ვფიქრობ, არ ღირს - მაშინვე ჩაერთო გიორგი.
- ნინი დაღლილია და დასვენება სჭირდება - ნინიმ გიორგის გახედა, მერე ნიკოლასს, მის თვალებში გამოწვევა გაჩნდა.
- არა! არ ვარ დაღლილი. ავღნიშნოთ!- ნიკოლასმა ნელა გაუღიმა, ნინიმ იგივე მზერით უპასუხა, არც ერთს არ სურდა უკან დახევა, ეს უკვე ჩვეულებრივი საღამო აღარ იყო, ეს პატარა ომის დასაწყისი ეტაპი იყო..მეგიმ მაგიდაზე ლუდის ბოთლები ჩამოალაგა.
- აბა, ვნახოთ, რომელი უფრო მეტს დალევს!
- მე არ ვსვამ - ერთხმად თქვეს ნინიმ და გიორგიმ. მეგიმ ჯერ ნინის შეხედა, მერე გიორგის.
- ორი ერთნაირი მკვდარი სული!- ნიკოლასს სიცილი წასკდა.
- არაუშავს! მე და ნიკო დავლევთ! -
ლუდის ბოთლი ნიკოლასს ესროლა,
მან ერთი ხელით დაიჭირა.
- აი, ეს მომწონს, ვიცოდი, რომ შენ მაინც არ გამაწბილებდი - ნიკოლასმა ბოთლი გახსნა.
- მე იმედებს იშვიათად ვუცრუებ ადამიანებს - მეგიმ ხმამაღლა გაიცინა, გიორგი კი ჩუმად იჯდა და ორივეს უყურებდა, ნინის ხელში წვენის ჭიქა ეჭირა.

საღამო ნელ-ნელა უფრო ხმაურიანი გახდა, მეგი და ნიკოლასი თამამად აგრძელებდნენ სმას, იცინოდნენ, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ და სულ უფრო ხმამაღლა ლაპარაკობდნენ..
ნინი ცდილობდა, ყურადღება არ მიექცია ნიკოლასისთვის..გიორგი აშკარად ვერ ისვენებდა, ყოველ ჯერზე, როცა ნიკოლასი ნინისკენ იხრებოდა, გიორგი თვალს მაშინვე მათკენ აპარებდა, ბოლოს მეგიმ ეს შეამჩნია.
- გიო, შენ რატომ ხარ ასეთი დაძაბული?
- საერთოდ არ ვარ დაძაბული..უბრალოდ ძალიან ხმაურია უკვე აქ.. მოვწევ და შემოვალ..
- რაღაც ძალიან სერიოზული და მოწყენილია არა? წავალ იქნებ ენა ამოვადგმევინო ყველაზე დინჯ ადამიანს - მეგი სიცილით გაეკიდა გიორგის.. ოთახში

ნინი და ნიკოლასი მარტო დარჩნენ, რამდენიმე წამს არც ერთს არაფერი უთქვამს, მხოლოდ ტელევიზორიდან მომავალი ხმა ისმოდა..მადრიდის
რეალის თამაში მიმდინარეობდა.. ფეხბურთელები მოედანზე ერთმანეთს სწრაფად ცვლიდნენ, კომენტატორის აღელვებული ხმა კი პერიოდულად იჭრებოდა ოთახის სიჩუმეში..ნიკოლასმა მწარედ ჩაიცინა, ლუდი მოსვა და ტელევიზორს თვალი არ მოაშორა.
- რა კარგად თამაშობენ, არა? - თქვა თითქოს ჩვეულებრივი საუბრის წამოსაწყებად და ნინის გახედა, ნინიმ არაფერი უპასუხია..ნიკოლასმა ისევ ეკრანს გახედა.
- მეც ასე ვთამაშობდი... - ნინიმ უხმოდ წამოდგომა დააპირა, მაგრამ როგორც კი ადგილიდან დაიძრა, ნიკოლასის ხელი მის მაჯას შემოეჭდო, ნინი შეჩერდა.
ნიკოლასმა ისეთი მზერით შეხედა, თითქოს წამით მოთმინების უკანასკნელი ძაფი გაუწყდა, თვალებში ირონიასთან ერთად ბრაზიც ჩასახლებოდა.
- საით?
- გამიშვი! - კბილებში გამოსცრა ნინიმ.
- არ გსიამოვნებს იმის შეხსენება, რომ ადამიანი გააუბედურეთ?
- ეს შემთხვევით მოხდა და არა გამიზნულად! - ნინის ხმაში ბრაზი გაერია. - რას გადაგვეკიდე?! - ნიკოლასმა მწარედ ჩაიცინა.
- მე კი არა, შენ გადამეკიდე! - ლუდის ზემოქმედება უკვე აშკარად ეტყობოდა, გაღიზიანებას ვეღარ მალავდა და ნინის მაჯას უფრო ძლიერად უჭერდა, ნინის ეტკინა, ტკივილი მთელ სახეზე მოეფინა, მაგრამ გოგონამ თავი შეიკავა. არ უნდოდა, მისთვის დაენახვებინა, რამდენად სტკიოდა.
- არ ვიცოდი, თუ შენთან ერთად მომიწევდა მუშაობა! - ძლივს შეიკავა ცრემლები
- ეს რომ მცოდნოდა, აქ საერთოდ როგორ მოვიდოდი?! საერთოდ არ ვაპირებ შენს კომპანიაში დარჩენას! შენს ატანას არ ვაპირებ! - ბოლო სიტყვებზე ხმა ოდნავ აუკანკალდა, თვალები ცრემლებით აევსო, მაგრამ თავი მაინც ამაყად ეჭირა, ნიკოლასმა მისი თვალები დაინახა, რამდენიმე წამით არაფერი უთქვამს, შემდეგ ხელი ოდნავ შეასუსტა, ღრმად ჩაისუნთქა და თავი გვერდზე მიაბრუნა.. დაწყნარება სჭირდებოდა, არ შეიძლებოდა, ნინი ახლა დაეფრთხო,
არ შეიძლებოდა, გაქცევის სურვილი გასჩენოდა.. მას არ უნდოდა, ყველაფერი ასე სწრაფად დასრულებულიყო, ნიკოლასს სხვა გეგმა ჰქონდა, მას სურდა, ნინი ნელ-ნელა გაემწარებინა, ეწვალა, დაეძაბა.. უნდოდა, გოგონას ყოველი სამუშაო დღე მის გვერდით ყოფნის გამო მძიმე ტვირთად ქცეულიყო, ეს კატა-თაგვობანას თამაში იყო და მას არანაირი სურვილი არ ჰქონდა, პირველი ნაბიჯისთანავე დაესრულებინა..ამიტომ ნიკოლასმა სახეზე სიმშვიდე დაიბრუნა და ისევ ტელევიზორს გახედა.
- კარგი... - მშვიდად თქვა
- ავღელდი - ნინიმ გაკვირვებულმა შეხედა.
- მართალი ხარ.. ეს უბედური შემთხვევა იყო. - ნიკოლასი რამდენიმე წამით ჩუმად იჯდა, შემდეგ ნინის მიუბრუნდა.
- მისმინე, მართლა არ მინდა, რომ კომპანია დავაზარალო. მე აქ მართლა იმიტომ მოვედი, რომ მინდა, დავზავდეთ -
ნინის სახეზე გაოცებამ გაიელვა..
ნიკოლასმა განაგრძო:
- ვხედავ, კომპანიისთვის რამდენი სარგებლის მოტანა შეგიძლია. ამიტომ მზად ვარ, ამის ხათრით ყველაფერი დავივიწყო- ნინიმ რამდენიმე წამით გაშტერებულმა უყურა, შემდეგ მოულოდნელად გულიანად გაეცინა.
- შენ? მზად ხარ ყველაფერი დაივიწყო?
- როცა საქმე ჩემი ოჯახის კეთილდღეობას ეხება - კი! მზად ვარ! -
ნიკოლასმა ხმა საგრძნობლად დაიმშვიდა.
- დედაჩემისთვის ეს კომპანია ყველაფერია. ამიტომ მინდა, შენთან ნორმალურად ვითანამშრომლო - შემდეგ ხელი გაუწოდა.
- რას იტყვი, წითურო... დავივიწყოთ ყველაფერი? - ნინი მის გამოწვდილ ხელს დიდხანს აკვირდებოდა, არ უნდოდა მისთვის ხელის ჩამორთმევა..რაღაც შიგნიდან ეუბნებოდა, რომ ამ კაცისთვის ნდობა არ შეიძლებოდა.
- არ გენდობი... - ბოლოს ჩუმად თქვა
- და არც ის მჯერა, რომ ასე ადვილად ივიწყებ ყველაფერს - ნიკოლასმა წარბი ოდნავ ასწია.
- ეს ჩემი პრობლემა აღარ არის, მენდობი თუ არა - ხმა კვლავ მშვიდი ჰქონდა, მაგრამ სიტყვებში მკაფიოდ იგრძნობოდა გამოწვევა.
- გსურს მუშაობა? მაშინ ვითანამშრომლოთ. თუ არ მენდობი, მაშინ ჩემს კომპანიაში არაფერი გესაქმება - თითქოს დარწმუნებული იყო, რომ საბოლოოდ მაინც დათმობდა.
- აბა? ვთანამშრომლობთ? - ნინი ჩუმად უყურებდა
- შენ სამსახური გჭირდება, მე კი ჭკვიანი თანამშრომელი - რამდენიმე წამის შემდეგ ნინიმ ღრმად ჩაისუნთქა.
- კარგი... იყოს ასე - და ხელი გაუწოდა
- შევთანხმდით - იმ წამს თითქოს ყველაფერი გაჩერდა, მათი ხელები ერთმანეთს ეხებოდა, ნინის სახეზე სიფრთხილე და უნდობლობა იკითხებოდა, ნიკოლასის სახეზე კი მშვიდი, თითქმის გულწრფელი ღიმილი იყო, მაგრამ მის თვალებში...
კმაყოფილების ცეცხლი აგიზგიზდა.
ისეთი კმაყოფილება, რომლის მიზეზიც ნინის ჯერ კიდევ არ ესმოდა, ნიკოლასმა იცოდა, გოგონამ საკუთარი ნებით გადმოდგა ნაბიჯი, საკუთარი ნებით შევიდა მის თამაშში, საკუთარი ნებით შეაბიჯა ლომის ხახაში..ნინი ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა, რომ ამ ხელის ჩამორთმევით მხოლოდ თანამშრომლობაზე არ შეთანხმებულა, ნიკოლასმა მისი ნდობა კი არ მოიპოვა, სულ სხვა რამ მოიპოვა.. შანსი, ყოველდღე მის გვერდით ყოფილიყო
და ამიერიდან ნინის ყოველი დღე მის კომპანიაში მისთვის ახალი შესაძლებლობა იქნებოდა - გაემწარებინა, გამოეწვია და ნელ-ნელა დაენგრია ის სიამაყე, რომელსაც ასე მყარად ეჭიდებოდა, ნიკოლასმა ხელი გაუშვა, სახეზე ისევ ის მშვიდი ღიმილი ჰქონდა, ნინის რაღაც ეჭვი ჰქონდა, რაღაც აშკარად არ ეწყობოდა ამ ბიჭის ზედმეტად მარტივ დათმობას, მაგრამ უკვე გვიანი იყო, შეთანხმება შედგა!


ნიკოლასის ტელეფონმა მოულოდნელად დარეკა. მან ჯიბიდან ამოიღო, ეკრანს დახედა და სახეზე მაშინვე კმაყოფილი ღიმილი გადაეფინა.
ზარი გათიშა, ტელეფონი ისევ ჯიბეში ჩაიდო და მეგის გასძახა.
- მეგი!
- ჰოო
- მე უნდა წავიდე, შეიძლება დღეს დამაგვიანდეს... ტაქსით წადი სახლში -
მეგიმ წარბები შეკრა, შემდეგ გიორგისკენ გაიხედა და ტუჩის კუთხეში გამომწვევი ღიმილი შეეპარა.
- გიო წამიყვანს - გიორგის არაფერი უთქვამს, მეგი მისკენ ოდნავ გადაიხარა.
- ხო, წამიყვან, გიო? - გიორგიმ ღრმად ამოიხვნეშა.
- წავიყვან. პრობლემა არაა - მეგის კმაყოფილებისგან გაეღიმა, გიორგი მეგის გამომწვევ მანერებს არასდროს ჰყვებოდა, თავის მხრივ, მეგის თავხედობა თითქოს საერთოდ არ აღიზიანებდა - უბრალოდ არ აინტერესებდა.
- შენ სად მიბრძანდები? - ცნობისმოყვარეობით ჰკითხა მეგიმ ნიკოლასს, ნიკოლასმა ირონიულად გახედა.
- მე და ნანკა გასვლას ვაპირებთ ერთად. დაკმაყოფილდი? - მეგიმ ამოიოხრა.
- ეგ ტკიპა! არ გშორდება, ხო?! - ნიკოლასს გაეცინა, პასუხი აღარ გაუცია, უბრალოდ თავი გააქნია და უხმოდ წავიდა, გიორგიმ მეგის გახედა.
- წავიდეთ, მეგი. დროულად წაგიყვან სახლში. ნინისაც დასვენება სურს და მეც...
- მართლა, რა მკვდარი სული ხარ, გიორგი!- მაშინვე შეეპასუხა მეგი
- ცოტა ლუდი დავლიოთ - გიორგიმ საათს დახედა.
- მეგი, მე უკვე წასვლას ვაპირებ. თუ მოდიხარ, წამოდი - მეგიმ თვალები გადაატრიალა.
- ღმერთო, არაფერს შეგარგებს... - ბურტყუნით აიღო ჩანთა, ნინის გაეღიმა, მეგის მიუახლოვდა და გადაეხვია
- ხვალამდე, ნინი - მეგიმ ნინი გადაკოცნა, შემდეგ გიორგის გვერდით ამოუდგა.
- წავედით, ბატონო სერიოზულობავ - გიორგიმ მხოლოდ თავი გააქნია.
- წავედით..

გიორგიმ მანქანა დაძრა, მეგი მის გვერდით მოკალათდა და სავარძელში ისე გადაეშვა, თითქოს საკუთარ სახლში იჯდა. რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩუმად იყო, თუმცა ეს სიჩუმე დიდხანს არ გაგრძელებულა.
- გიო... - მეგიმ მისკენ გაიხედა და გაეღიმა.
- სულ ასეთი სერიოზული ხარ? - გიორგიმ არაფერი უპასუხა, მეგიმ სიცილით თავი სავარძლის საზურგეს მიაყრდნო. ცოტა ხანში თითქოს შემთხვევით ხელი გიორგის მკლავს შეახო.
- უი, ბოდიში - გიორგიმ ხელი ოდნავ გასწია.
- ფრთხილად!
- რა იყო? შემთხვევით მომივიდა - რამდენიმე წუთიც არ იყო გასული, რომ მეგი ისევ მისკენ გადაიწია, ამჯერად უფრო ახლოს დაჯდა და ფეხი ისე გადაიდო, რომ მისი მოძრაობა აშკარად გამომწვევი გახდა, გიორგიმ მხოლოდ ერთი შეხედა.
- ნორმალურად დაჯექი!
- რატომ? გაწუხებს?
- კი - მეგის გაეცინა.
- რა უხეში ხარ... - გიორგიმ პასუხი კვლავ არ გასცა, მეგი ისევ შეეცადა მისი ყურადღების მიქცევას
- არ გინდა, გზიდან გადავუხვიოთ?- გიორგიმ წარბი ასწია.
- სად მეპატიჟები?
- სადმე კლუბში, კარგ ადგილას.. გავხალისდებით.
- არ მინდა.
- აბა რა გინდა?! სახლში მიხვალ, პიჟამოებს ჩაიცვამ და დაიძინებ? რომ ხვალ სამსახურში არ დააგვიანო? - მეგიმ სიცილი დაიწყო.
- მეგი, თუ გსურს, დაგტოვებ კლუბში, მაგრამ მე ვერ შემოგიერთდები!
- რა მოსაწყენი ხარ! - მეგიმ თვალები გადაატრიალა, მანქანა უკვე დანიშნულების ადგილამდე მივიდა, გიორგიმ როგორც კი ძრავი გამორთო, მეგი მისკენ შემოტრიალდა.
- გიო...
- რა იყო მეგი? - მეგიმ პასუხის ნაცვლად ხელი მხარზე დაადო და მისკენ მიიწია, თითებით სახეზე შეხებასაც შეეცადა.
- მე შენთან ერთად მინდა... რატომ არ გესმის? - გიორგიმ მაშინვე ხელი მოჰკიდა მაჯაში და უკან გააწევინა.
- გაგიჟდი? რას აკეთებ?!
- რატომ ხარ ასეთი უკარება?
- მეგი, გადადი მანქანიდან.
- მაგრამ...
- საკმაოდ ნასვამი ხარ უკვე და არ მინდა, რამე გაწყენინო - მეგიმ რამდენიმე წამით ჩუმად შეხედა, შემდეგ სახეზე ღიმილი გაუქრა.
- შენ ნინი მოგწონს? - გიორგი გაჩუმდა.
- საიდან მოიტანე?
- ასეა! - მეგის ხმაში ახლა უკვე ეჭვიანობაც იგრძნობოდა
- მასთან სხვანაირი ხარ. მას არასდროს ეუხეშები - გიორგის სახე დაეძაბა.
- ასეც რომ იყოს, შენი საქმე არ არის! გადადი მანქანიდან.
- რა აქვს ნინის ისეთი, რაც მე არ მაქვს? -
გიორგიმ რამდენიმე წამით თვალებში შეხედა.
- გინდა მართლა გიპასუხო? - მეგი დადუმდა.
- შენ თავხედი და უზრდელი გოგო ხარ! დაკმაყოფილდი?! - მეგის სახეზე ისევ გამომწვევი ღიმილი გაჩნდა.
- და არ მოგწონს თავხედი გოგოები? -
თვალი ჩაუკრა, ეს უკვე გიორგისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა.
- საკმარისია! - მან კარი გააღო, მეგის ხელი მოჰკიდა და მანქანიდან გადაიყვანა.
- გიორგი!
- სახლში შედი! - მეგიმ წონასწორობა ძლივს შეინარჩუნა და სიცილი დაიწყო.
- რა ჯიუტი ხარ! - გიორგი მანქანაში დაბრუნდა, კარი ხმაურით მიიხურა და ადგილიდან სწრაფად გაუჩინარდა,
მეგი ქუჩაში დარჩა და სახეზე ისევ ღიმილი ჰქონდა.
- უკარება... - თავი ოდნავ გადახარა და ჩაეცინა.
- აი ნახავ... მაინც ჩემი იქნები! - ბარბაცით წავიდა სახლისკენ..

ნიკოლასი სახლში გვიან ბრუნდებოდა.
საღამო იმაზე კარგად დასრულდა, ვიდრე ელოდა. კლუბში კარგად გაერთო, რამდენიმე ჭიქაც დალია და ახლა ოდნავ ნასვამი, მაგრამ აშკარად კარგ ხასიათზე იყო. სადარბაზოში შევიდა და კიბეებს აუყვა, ჯერ კიდევ სახეზე კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა, როცა ნინის ბინის კართან ჩაიარა მოულოდნელად შეჩერდა. კარი ბოლომდე დაკეტილი არ იყო, ნახევრად ღია რჩებოდა, ნიკოლასმა წარბი ასწია.
- უყურადღებო! - ირონიულად ჩაილაპარაკა
- კარის ასე დატოვება როგორ შეიძლება?- რამდენიმე წამით უბრალოდ უყურა, შემდეგ ომახიანად დააკაკუნა.
- წითურო? - პასუხი არ იყო, ნიკოლასმა ისევ დააკაკუნა, ამჯერად უფრო ძლიერად.
- ნინი? - სიჩუმე იყო კვლავ, შემდეგ კარი ნელა შეაღო.
- წითურო, სახლში ხარ? - შემოსასვლელში სიბნელე დახვდა.
- წითუროო... - უფრო ხმამაღლა დაუძახა
- არ გესმის? სტუმარი მოვიდა - ნიკოლასმა წარბები შეკრა, შუქის ჩამრთველს ხელი ჩამოჰკრა და ოთახი განათდა.. შემდეგ კი...გაჩერდა, ნინი იატაკზე ეგდო.
- წითურო?! - ნიკოლასი მაშინვე მისკენ დაიძრა, მის გვერდით ჩაიმუხლა და მხარზე ხელი დაადო.
- ნინი! - შეანჯღრია, არანაირი რეაქცია.
- ნინი, ჩემი გესმის? - თმა სახეზე ჰქონდა ჩამოფარებული, ნიკოლასმა სწრაფად გადაუწია თმები, სახეზე მშვიდი იყო,
კიდევ ერთხელ შეანჯღრია.
- ნინი! თვალი გაახილე! რა დაგემართა? -
ნიკოლასმა ხელი კისერთან მიიტანა, სუნთქვა შეამოწმა, ფრთხილად შეუცურა ხელი მის ზურგს უკან, მეორე კი მუხლების ქვეშ ამოსდო და ნინი ხელში აიყვანა,
რამდენიმე წამით უბრალოდ იდგა, მისი სხეულის სიმსუბუქე მოულოდნელად შეიგრძნო, ნინის თავი მის მხარზე ჩამოეშვა, წითური თმა ნიკოლასის მკლავზე გადაიშალა, ნიკოლასმა ინსტინქტურად დახედა, თვალები მის სახეზე შეაჩერა, ფერმკრთალი კანი
ცხვირზე და ლოყებზე მიმოფანტული პატარა ჭორფლები, ოდნავ შეწითლებული ტუჩები..ნიკოლასმა მზერა მაშინვე აარიდა..ნინი დივანზე ფრთხილად დააწვინა, მის გვერდით ჩაიმუხლა და ლოყებზე მსუბუქად შეეხო.
- ნინი... თვალი გაახილე - თითებით ოდნავ შეეხო სახეზე, გოგონამ წარბები შეკრა, ნიკოლასი უფრო ახლოს დაიხარა.
- გესმის ჩემი? - ამ დროს თვალში იატაკზე დაგდებული თეთრი ფურცელი მოხვდა, ნიკოლასმა აიღო, რამდენიმე წამი მხოლოდ უყურებდა, შემდეგ წაკითხულმა სახეზე ღიმილის უკანასკნელი კვალიც წაშალა, ფურცელზე მხოლოდ ერთი წინადადება ეწერა - „შენ 13 რიცხვში მოკვდები" - ნიკოლასმა ნელა ასწია თავი,
ჯერ წერილს დახედა, შემდეგ ნინის.
- ეს რა ჯანდაბაა?.. - ხმა უკვე სრულიად შეცვლილი ჰქონდა, ნინი ამ დროს ოდნავ შეირხა.
- მომაგნო... - ბუტბუტებდა გოგონა
- ვინ მოგაგნო?! - ნინის თვალებიდან ცრემლი გადმოუგორდა.
- მომკლავს...



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

საინტერესოა და გელოდებით🥰

 


№2 სტუმარი Sirena

საოცრად წერ! ძალიან გამიხარდა შენი დაბრუნება. შენი თითოეული ისტორია განსაკუთრებულია და ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვკითხულობ. ❤️

 


№3 სტუმარი ციცინო

კარგია ძალიან, ველოდები

 


№4 სტუმარი Darjjan Gaphrindashvili

ძალიან გამეხარდა შენი გამოჩენა. გკითხულობდი კომენტარებში. გული მეტკინა როცა გავიგე მამა დაგეღუპა. ძნელია მაგრამ როცა შეცვლა არ შეგიძლია უნდა გაუძლო. საუკეთესოდ წერ . არციფიქრო წერა შეწყვიტო. ულევი წარმატებები.

 


№5 სტუმარი ინეზა

საინტერესოა, რა მოხდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent