შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩიხი / მოპარული ფიგურები V (დასასრული)


დღეს, 16:25
ავტორი belle...
ნანახია 0

******
თეთრი სედანი თვალისდახამხამებაში ნთქავდა დასახლებულ პუნქტებს. სპიდომეტრზე ასორმოცს უჩვენებდა ისარი. კანდელაკი სავარძელში მობუზულიყო და შიშით გასცქეროდა გზას. მანქანის ამორტიზატორებს ნამდვილი გამოცდა ელოდათ წინ, რადგან შუკვანი ოღრო-ჩოღრო გზებზე შენელების ნაცვლად გაზის პედალს აჭერდა წიხლს.
- კიტა, გეხვეწები, შეუნელე, დავიხოცებით! - წკმუტუნებდა კანდელაკი.
სამყაროს თითქოს ხმა გამოურთეს. დაგუბებულ ყურებში შუკვანს საკუთარი გულისცემის გარდა სხვა არაფერი ესმოდა. კრიჭაშეკრული გიჟური სისწრაფით მიიწევდა წინ. მანქანის სახურავზე პოლიციის ციმციმა კიოდა და შემხვედრ მანქანებს უპრობლემოდ იშორებდა გზიდან. რომ არა ყბაზე მოთამაშე კუნთი, ვერც იფიქრებდით, რომ სუნთქავდა.
- კიტა, ხმა გამეცი... გთხოვ, დამელაპარაკე, თორემ გული მისკდება შიშისგან.
- ახლა არა, ლიზა.
ყინულივით ცივი ხმა ჰქონდა სვანს. თავადაც გაუკვირდა, რომ ხმის ამორება შეძლო. ყელში მოწოლილ ბოღმას მხოლოდ იმიტომ აკავებდა, რომ პირის გაღებას ერიდებოდა. ნებისმიერ წამს შეიძლებოდა დენთის კასრივით აფეთქებულიყო, მაგრამ შერჩენილი ნებისყოფით ყურადღება მანქანის მართვაზე გადაჰქონდა.
მთელი მისი სამყარო ერთ წამში ამობრუნდა უკუღმა, როცა სახლში მივარდნილმა ბინაში მამამისი დაინახა. მანამდე მხოლოდ ფოტოზე ჰყავდა ნანახი, მაგრამ ცნობა არ გასჭირვებია, ერთმანეთს მართლაც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდნენ. განა ამის გამო არ ეზიზღებოდა დედამის მთელი თავისი ცხოვრება? ყველაფერს იფიქრებდა, მაგრამ ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ირაკლი ცოცხალი იყო.
სოფო მასზე არასოდეს საუბრობდა. ეზიზღებოდა ქმრის ხსენება. როცა ჯერ კიდევ პატარა შუკვანი ფრთხილად კითხულობდა მამას, - მოკვდაო, - მიაძახებდა ხოლმე უხეშად. - ძაღლიც მიკვდომია საფლავში, მეტი აღარაფერი მკითხოო.
ფოტოსურათიღა შემორჩენოდა მამის მოსაგონებლად, რომელსაც თავის ნივთებში ღრმად მალავდა, რომ სოფოს არ ენახა და შუაზე არ გადაეხია.
ოცდაშვიდი წლის შემდეგ კი, სახლში მოადგა, ვითომაც აქ არაფერიო. ვითომ გასულ წლებს არც არასდროს უარსებიათ. რამდენჯერ უნატრია მამა რთულ პერიოდში, რამდენჯერ ჩუმად უტირია, როცა მთვრალ სოფოს უყურებდა სახლში ფეხარეულად მობარბაცეს. რამდენჯერ უგვრძნია, რომ, სადაც იყო გული გაუსკდებოდა სასოწარკვეთისგან. ღია ცის ქვეშ დარჩენილი კი მეგობრის ბებიამ შეიფარა, რადგან დედამისმა ჯერ სახლი არაყზე გაუყიდა, მერე მთელ ქალაქში თავზე ლაფი დაასხა, როცა კახაძეს ფეხებს უშვერდა „შვილის დაცვის მიზნით“; შვილის, რომელიც მთელი სიცოცხლე სძულდა, შვილის რომლისთვისაც მზად იყო თავი გაეტეხა, მხოლოდ იმიტომ რომ მამას ჰგავდა. მერე კი ადგა და თავი მოიკლა, ასე უბრალოდ გადაეშვა ხრამში და დაასრულა თავისი უბადრუკი სიცოცხლე. შუკვანი კი საკუთარ სინდისსა და დანაშაულის შეგრძნებას შეატოვა, მაშინ, როცა არც ერთი მისი მშობლის ცოდვა არ იყო მისი ბრალი.
რას აკეთებდა ამ დროს მამამისი? შეცდომების გამოსწორებას ცდილობდა? რომელი შეცდომების? რას ეძახდა საერთოდ „შეცდომას“? იმას, რომ ჩვილი ბავშვები სვანეთიდან თბილისში მიჰყავდა გასაყიდად და პოლიციელი კაცი ამდენს „ვერ მიხვდა“? „ვერ მიხვდა“ მაშინაც, როცა სანაცვლოდ სოლიდურ თანხას უჯიბავდნენ „დედა-შვილის გაცილებისთვის“?
მერე უცებ სინდისმა შეაწუხა, რადგან თავადაც შეეძინა შვილი? შვილი, რომელიც უპატრონოდ მიაგდო სვანეთში ბებიის ამარა, სამადლოდ კი მხოლოდ გვარი დაუტოვა?
მეორე შვილს უკეთ მოექცა? მესტიაში რომ აღარ დაედგომებოდა, სულა სავანელს სთხოვა დახმარება და პატარა ქალაქში გაუგზავნა ცოლ-შვილი, მიმიხედეო? სულა სავანელს, რომელსაც ირაკლიზე მეტი ღირსება ეყო მსგავს სიბინძურეში არ გარეულიყო? ხომ ამისთვის გააგიჟეს? ამისთვის არ შეუტიეს? ამის გამო არ დააყაჩაღეს და მერე ნარკოტიკებითა და ფსიქოტროპულებით აბრუებდნენ ბორდელში მისულს, რომ პოლიციისთვის არაფერი ეთქვა?
რა გასაკვირი იყო, რომ შუკვანი შეიძულა? რა გასაკვირი იყო, რომ შვილს მის ვაჟთან ურთიერთობას უშლიდა, რადგან იცოდა რომ სინამდვილეში ირაკლი არსად გამქრალა? ახლოს ტრიალებდა, შორიდან უყურებდა მისი ოჯახის წვალებას, მაგრამ ნაბიჯი არ გადმოდგა წინ, რადგან ეშინოდა. ეშინოდა, რომ დაუმორჩილებელ ცხვარს ქალაქში იცნობდნენ და მის ოჯახს მოსთხოვდნენ პასუხს. სინდისი კი იმით დაიმშვიდა, რომ მათზე დაიწყო ნადირობა?
ამის მოსმენის შემდეგ შუკვანს თავი უკეთ უნდა ეგრძნო? ხელი ჩაექნია, რაც იყო იყო მთავარია, რომ ახლა „კარგი ბიჭის“ როლს თამაშობო? კი, ქების ღირსი იყო. მოსე ავალიანი მისი ინფორმაციის წყალობით გადაურჩა სიკვდილს, მაგრამ დანიილი დაიღუპა. ავალიანი ჯოჯოხეთისგან იხსნა, მაგრამ საკუთარი შვილები მისთვის გაიმეტა!
მთელი თავისი არსებით უკვირდა, რატომ დაინდო მონარქმა. ცხოვრებაში პირველად სულ სხვა თვალით შეხედა „სერიოლ მკვლელს“, ვის შესახებაც ბავშვობიდან ესმოდა. მკვლელს, რომლისაც, მისდა გასაკვირად, კარგად ესმოდა. ყველა სიკეთესთან ერთად კი ამაში ელიც ჩაითრია. სამი წელი აიძულებდა ენისთვის კბილი დაეჭირა, რადგან ეშინოდა, ეშინოდა შვილისთვის თვალის გასწორების და ათას მიზეზს ეფარებოდა უკან. საჭეს ისე ძლიერ მოუჭირა ხელები, ლამის მუჭში შემოეფშვნა.
აღარ უნდოდა მეტის მოსმენა, აღარ უნდოდა მეტის გაგონება, რადგან გრძნობდა, რომ სადაც იყო, გული აერეოდა. ყველაფერი, მთელი ეს საძაგლობა, რაც წლების განმავლობაში მის ზურგს უკან ხდებოდა, მის ცხოვრებას ერთ დიდ ფარსს ამსგავსებდა. ოცდაშვიდ წელს არაფერი ჰქონია საერთო რეალობასთან. თითქოს მისი სამყარო, სულ სხვა ხეზე ცხოვრობდა ეულად, სადაც ჭირს მოეკიდებინა ფეხი კომფორტულად.
ამიტომ ვეღარ გაჩერდა იმ ადგილას, სადაც ის მამაკაცი იმავე ჰაერით სუნთქავდა. სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული ირაკლის, თუ სად უნდა მოეძებნათ ელი, შუკვანი უკვე მანქანას ქოქავდა. სიღნაღისკენ აწყვეტილი მიაქროლებდა თეთრ სედანს, როცა ტელეფონზე გურანდამ დაურეკა ტირილით, საიმონი სკოლიდან არ დაბრუნებულაო.
მასწავლებელს არ შეუტყობინებია, რომ ბავშვი სკოლაში არ გამოჩენილა.
- ვიფიქრე ავად გახდაო, - თავი იმართლა სულელურად.
დედამ რომ მოიკითხა შვილი, მერე აღმოჩნდა, რომ პატარა სავანელი არცერთ გაკვეთილს არ დასწრებია.
გულამოსკვნილი ქვითინებდა ტელეფონში, ბავშვი გაუჩინარდაო. კიდევ კარგი, რომ ამის შესახებ მამამისისგან გაიგო უფრო ადრე და არა საჭესთან მჯდარმა, თორემ მართლა ტრაგედია დატრიალდებოდა. ისედაც წკიპზე ეკიდა ნერვები სვანს. გურანდას უთხრა, შვილს უვნებელს მოგიყვან სახლშიო, და ტელეფონი გაუთიშა. შხამად გადაყლაპა ნერწყვი, დედას ასეთ რამეს რომ დაჰპირდა. ვერ მისცემდა ამის გარანტიას და ეს მშვენივრად იცოდა.
შუკვანის გონებაში სრული ქაოსი სუფევდა. შიშისგან აზრების მოკრებას ვერ ახერხებდა. რას წარმოიდგენდა? რას იფიქრებდა, რომ მთელი ეს პერიოდი ელი... ვეღარ დაასრულა. ზედმეტი იყო, ეს ყველაფერი უკვე ზემდეტი იყო. ახლა მხოლოდ ერთის მიღწევა უნდოდა: და-ძმა მშვიდობით დაებრუნებინა სახლში. მერე... მერე თვითონაც არ იცოდა, რას იზამდა.
- წარმოდგენაც არ მინდა, რას განიცდიდა, ფსიქიატრიულში გამომწყვდეული მარტომარტო. ექვსი წელი, კიტა... ექვსი წელი სულ მარტო იყო, უცხო, ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანებთან ერთად. გვიკვირს, რომ შეიცვალა?
ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა სახეზე კანდელაკს. შუკვანი ჯიუტად დუმდა. გაქვავებულ სახეზე ემოციის ნიშანწყალი არ ეკითხებოდა, მაგრამ შიგნიდან ცოცხლად იწვოდა. მოაგონდა ელის გამოჩენის პირველი დღეები. მეგობრებს უცხოობდა, ველურ კატას ჰგავდა, რომელიც პატრონს ვერ ცნობდა და გაურობდა. მხოლოდ ახლა ამოუტივტივდა გონებაში ის უმნიშვნელო დეტალები, რისთვისაც მანამდე ყურადღება არ მიუქცევია: კართან ხშირად ყოვნდებოდა, სანამ სახელურს შეეხებოდა და ჩამოსწევდა. ფსიქიატრიულში ამის ფუფუნება არ ჰქონია, დამოუკიდებლად კარის გაღების უფლებას არავინ აძლევდა. უცნაურად ერიდებოდა ყველაფერს, რაც პლასტმასის იყო. ლიზას არაფრით გამოართვა წყლის ბოთლი, როცა ქუჩაში თავბრუდაესხა და კინაღამ გული წაუვიდა. ხელი აუკრა გაჯავრებულმა - მომაშორეო!
ამის შესახებ, კანდელაკმა მოგვიანებით უამბო შუკვანს. წუხდა:
- ვერ ვხვდები რა სჭირსო.
ჰო, ვერ ხვდებოდნენ, საიდან მოდიოდა ელისგან ამხელა აგრესია, რატომ იყო ასეთი „ველური“, რატომ ვერ ახერხებდა ურთიერთობის ძველებურად აწყობას, რატომ უჭირდა კონტაქტი. რატომ? რატომ? იყო ასეთი ათასი რატომ? - პასუხის გარეშე.
დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა. სავანელი დამშვიდდა და ასე თუ ისე საკუთარ თავს დაუბრუნდა. ალბათ მისმა ტვინმა გაიაზრა, რომ ფსიქიატრიულს თავი დააღწია და ტყვეობაში აღარ იმყოფებოდა, რომ არავის სურდა მისთვის ზიანის მიყენება. აგონდებოდა გოგონას შუშის თვალები, რომლებშიც სიცოცხლე ჩამკვდარიყო; მისი უემოციო, ცივი გამოხედვა, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო ძველ სავანელთან, და ასე უკლავდა გულს შუკვანს.
ფიქრებმა კიდევ უფრო შორს გაიტაცეს. მოაგონდა, როგორ იპოვა ავალიანის დოკუმენტებში ელის ფსიქიატრიულიდან გამოწერის აქტი. როგორი რეაქცია ჰქონდა მაშინ სავანელს? ცივი, უემოციო, არაფრის მანიშნებელი, რომ ეჭვიც კი არ შეჰპარვია მის სიმართლეში.
უცხო თვალი იფიქრებდა, რომ სავანელი კარგი მსახიობი გახლდათ, მაგრამ შუკვანი ხვდებოდა რომ საქმე სულ სხვა რამეში იყო და სწორედ ეს უკაწრავდა სულს ასე მტკივნეულად. მას უნდა შეემჩნია, ის მაინც უნდა მიმხვდარიყო! ის ხომ ყველაზე კარგად იცნობდა „ადამს“? რატომ დააკლდა ეს ცოდნა მაშინ, როცა ასე ძალიან იყო საჭირო მეორე ადამიანისთვის? თვალის კუთხიდან ცრემლმა გამოჟონა და თვალები სწრაფად აახამხამა.
ღამღამობით უჩინარდებოდა. დღეები ისე გადიოდა, ხშირად საერთოდ არ ათევდა ღამეს სახლში. დილას ბრუნდებოდა მოქანცული და ტანსაცმლიანად ეძინებოდა ლოგინზე. ფიქრობდა, რომ ვიღაცასთან დადიოდა, ადამიანთან, ვინც მთელი ეს წლები ეხმარებოდა. ამ დროს კი სავანელი ღამ-ღამობით მუშაობდა საწყობში, რათა არავის ეცნო და თან თავის შესანახ ფულს გამოიმუშავებდა.
შუკვანი რომ წარმოიდგენდა, როგორ ექაჩებოდა სუსტი სხეულით მძიმე ყუთებს, გულზე ცეცხლი ეკიდებოდა. რამდენჯერ გაუწოდა ფული? მაგრამ ხელი აუკრა. რამდენჯერ შესთავაზა დახმარება? მაგრამ ზურგი აქცია. ყველა დასმულ კითხვას, თუ სად ატარებდა მთელ დროს, მუდამ მონოტორული პასუხი ჰქონდა: რომ კახაძეს ეძებდა, რომ საქმე ჰქონდა, რომ სულ რაღაც „საქმე“ ჰქონდა, მაგრამ ამ „საქმეს“ არასოდეს ჰქონდა კონკრეტული სახელი. ახლა ხვდებოდა, რომ ელი ცხოვრებას ხელახლა უწყობდა ფეხს, სწავლობდა ხალხთან ადაპტაციას, მათთან კომუნიკაციას.
როგორი რთული უნდა ყოფილიყო იმის გააზრება, რომ ზრდასრულ ადამიანი პატარა ბავშვივით იდგამდა ფეხს ახალ საზოგადოებაში, რომელიც ექვსწლიანი იზოლაციის შემდეგ მისთვის სრულიად უცხო გამხდარიყო. არ იცოდა, რა უფრო სტკენდა გულს: ამაზე ფიქრი თუ ის, რომ ელმა საშუალება არ მისცა შუკვანს, მასთან ერთად ეზიდა ეს ტვირთი.
რატომ ხდებოდა სულ ისე, რომ როცა ერთმანეთი ყველაზე მეტად სჭირდებოდათ, ვერასდროს ახერხებდნენ გვერდიგვერდ დგომას? საკუთარი თავი ეზიზღებოდა იმის გახსენებაზე, როგორ მარტივად უბიძგა ინსტიქტმა სხვა ქალისკენ, როცა ელისგან ვერ იღებდა იმას, რაც ასე სწყუროდა - სითბოს, სიყვარულს, ყურადღებას. როგორ უნდა ეწილადებინა ის, რაც არ გააჩნდა? რისგანაც გამოფიტული იყო?
როცა ამაზე ფიქრობდა, სავანელის აღარც უკვირდა, რომ ხელი ჰკრა, რომ მარტომ გადაწყვიტა ფეხზე დადგომა, რომ ყველაზე დიდი და მძიმე ტვირთი მხოლოდ საკუთარი მხრებისთვის დაიტოვა. გაახსენდა გოგონას სიტყვები:
- არ ხარ მზად ამის მოსასმენად, ჩვენ ორში კი ამას მხოლოდ მე ვიაზრებო.
გულმა ძლიერად მისცხო ნეკნებს და ცრემლები ღვარად გამოსცვივდათ ლოყებს.
შუკვანს, როგორც არ უნდა ეტანჯა საკუთარი სინდისი, როგორც არ უნდა დაედანაშაულებინა თავი, სიმართლე მხოლოდ ერთი იყო - რთულია ადამიანის დახმარება, როცა მას ეს არ სურს. რთულია ხელის გაწვდენა, როცა ყოველ მცდელობაზე უარგყოფენ. დამდგარი შედეგი კი, მხოლოდ ზურგით შებრუნებულის პასუხისმგებლობაა.
ხანდახან უბრალოდ დროა საჭირო. დრო, რომელიც გააზრებაში დაგეხმარება, რომ მარტო ბრძოლა უფრო რთულია, ვიდრე დახმარების თხოვნა, როცა ეს მართლა გჭირდება. ადამიანი ადამიანისთვის მზეაო, ნათქვამია, ჰოდა, მართალია.
ცხოვრებაზე გაბოროტებულ შუკვანს ცივი ცრემლები უსველებდნენ ღაწვებს. დრო სჭირდებოდა იმის გასააზრებლად, რომ რაც მის ოჯახს შეემთხვა უკვე წარსული იყო, რომელიც ჯერ კიდევ ახალი იარასავით სტკიოდა სულზე. ცრემლები მომხდარს ვერ შეცვლიდა, მაგრამ მომავლის შეცვლა ნამდვილად შეეძლო.
ოჯახური პრობლემები, საძულველი მშობლებითურთ, ყურის ძირში მიაგდო, ცივ, ბნელ ადგილას, და მთელი კონცენტრაცია იმაზე მომართა, რისი გამოსწორებაც ჯერ კიდევ შეეძლო. გაზის პედალს ტერფი მიაწება, მანქანის ძრავი დამშეული მხეცივით აღმუვლდა და ტყვიასავით გაიჭრა წინ.




******
ელმა გაჭირვებით აახილა თვალი. საფეთქელთან მწვავე ტკივილი იგრძნო და სიმწრისგან წაისისინა. თითებით ჭრილობა მოისინჯა. კანი გაგლეჯოდა, სახეზე კი სისხლი შეხმობოდა. დარეტიანებულმა თვალები დააცეცა და იდაყვზე წამოიწია. ჭერზე დამაგრებული ნათურის მკვეთრი შუქი თვალს ჭრიდა.
ნახევრად მოჭუტული თვლაებით მიმოიხედა. მომცრო საკანში მარტო იყო. ოთახის ერთადერთ გაფორმებას თხელი ლეიბი წარმოადგენდა, რომელზეც თავად იწვა. გონება დაძაბა, რომ გაეხსენებინა იქ როგორ მოხვდა. ბოლოს, რაც ახსოვდა ანჯაფარიძესთან კამათი იყო, მერე... მერე ყველაფერი სიბნელემ შთანთქა.
წელი გაჭირვებით აითრია და ფეხზე წამოდგა. გისოსებს მიუახლოვდა და დაეჯაჯგურა. ძვრაც ვერ უყო. მტკიცე ლითონი ადგილიდან დაძვრას არ აპირებდა, არც ახლა, არც მერე, არც არასდროს! იქაურობა მოათვალიერა. ბეტონის სარდაფი მომცრო საკნებისგან შედგებოდა, თითოეული მათგანი კი გისოსებით იყო დაგმანული, ელის საკნის მსგავსად.
- ეი! - იყვირა ხმამაღლა. - არის აქ ვინმე?!
მისი ხმა ექოდ დაირხა, სანაცვლოდ კი მხოლოდ ყრუ სიჩუმე გამოეპასუხა. გაღიზიანებულმა წიხლი მისცხო გისოსებს.
- ანჯაფარიძე, აქედან რომ გამოვალ, ცოცხალი ვერ გადამირჩები!
წაიბურტყუნა გაცოფებულმა და კიდევ ერთხელ ძლიერად უთავაზა წიხლი გისოსებს, რითაც მხოლოდ ფეხი დაიზიანა. ტკივილისგან გამწარებული კოჭლობით მიეყუდა კედელს.
- შეგიძლია ფაფხური შეწყვიტო?!
წაიბურტყუნა ხმამ მოპირდაპირე საკნიდან. ელმა გაკვირვებულმა მიიხედა ხმის მიმართულებით. მანამდე, რაც ძონძების გროვა ეგონა, ტანსაცმელში შეფუთული ადამიანი აღმოჩნდა. მთქნარებით წამოჯდა ლეიბზე და სავანელს მუქი ყავისფერი თვალები ბრაზით მიაპყრო.
- მთელი ღამის უძილოს, ძლივს ჩამეძინა. ახლა მოგინდა ხმაური?!
სავანელი წელში გასწორდა და გაკვირვებული გისოსებს მიუახლოვდა. არაფერი ეჩვენებოდა, მის მოპირდაპირედ საკანში არც მეტი, არც ნაკლები, ანდრო ჭკადუა იჯდა. ახალგაზრდა მამაკაცი ისე შეცვლილიყო, მისი ალბინოსის გენები რომ არა, ვერაფრით იცნობდა.
- ანდრო?
- ერთმანეთს ვიცნობთ? - გაუკვირდა ჭკადუას.
- რაღაც გაგებით, - პირდაპირ პასუხს თავი აარიდა. - არ რას აკეთებ?
- საახალწლოდ კაკალს ვარჩევ გოზინაყისთვის, და შენ? - იკითხა სარკასტრულად.
- ჩემი ნებით არ მოვსულვარ.
- და მე რა მეტყობა, ყავაზე მიპატიჟებული სტუმრის?
ელს ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა. იგრძნობოდა, რომ ერთი სისხლი ჩქეფდა მათ ძარღვებში.
- დიდი ხანია აქ ყავხარ დამწყვდეული?
თემა შეცვალა სავანელმა. ახლა გასაგები იყო, რატომ ვერსად მიაგნეს უმცროს ჭკადუას. თუთიყუშივით ჰყოლიათ გალიაში გამოკეტილი.
- მას მერე, რაც ერთი ტიპის გაგორება არ გამომივიდა, - მიუგო ხანგრძლივი პაუზის შემდეგ.
ელს ინტერესი დაეტყო. გულხელდაკრეფილი კედელს გვერდულად მიეყრდნო.
- ანჯაფარიძეზე საუბრობ, თუ კიდევ ვინმეს ესროლე უხეიროდ?
ალბინოსმა თავი წამოსწია და საკნის მეზობელს დაბნეული მზერა მიაპყრო.
- ვინ გითხრა?
- ანჯაფარიძემ, - წარბები მაღლა ასწია. - ახლა ჩემს სიტუაციას რომ ვუკვირდები, ვნანობ, რომ მისი მოკვლის უფლება არ მოგეცი.
უინტერესოდ აატარა მზერა მოტიტვლებულ კედლებს. ყველაფერი ისე სუფთად გამოიყურებოდა, უმალ სტერილურად. ობობის ქსელსაც ვერსად იპოვიდით. მაღალი ბეტონის კედლები და იატაკი. მკვეთრი, ჭახჭახა განათება. სარდაფისთვის დამახასიათებელი შმორის სუნიც კი არ იგრძნობოდა და დაეჭვდა, იქნებ იქ არც იყვნენ გამომწყვდეულები და რამე სხვა ადგილი ყოფილიყო, მაგრამ სქელი კანალიზაციის მილები, რომელიც ჭერს გასდევდა, ამ თეორიას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა.
- რა? - ანდროს წარბებს შორის ღრმა ნაოჭი გასჩენოდა. - ეს შენ დაურეკე სასწრაფოს? იმ მუტრუკმა მითხრა, ვინც აქ მომათრია, რომ დარწმუნებულიყავი გარშემო არავინ იყო და ისე გესროლა, ახლა აქ არ იქნებოდიო.
- ვაღიარებ, მივქარე, - მარჯვენა დანებების ნიშნად ასწია მაღლა, შემდეგ ისევ მარცხენა ხელს გადააჭდო და თავი გვერდულად გადახარა - აბა? მეტყვი, რისთვის გინდოდა ანჯაფარიძის მოკვლა?
- ვინ ხარ?
- კითხვაზე თუ მიპასუხებ, სიმართლეს გეტყვი.
ერთმანეთს თვალი თვალში გაუყარეს. ალბინოსი შეყოყმანდა.
- ანჯაფარიძე დიდი ხანია სიკვდილს ითხოვს. ჯერ იყო და ერთი გოგო გააუბედურა, მერე კი მამაჩემი პოლიციაში დაასმინა, რის გამოც თავი მოიკლა - მიუგო ყრუდ.
- მოიცა, მოიცა, - თვალები აახამხამა დაბნეულმა - ვინ გოგოზე საუბრობ? ან ვინ გითხრა, რომ მამაშენი ანჯაფარიძემ ჩაუშვა?
- ჩემ მეზობლად ცხოვრობდა. გაბრიჩიძეა გვარად. ცოლიანი კაცი ახალგაზრდა გოგოს დასდევდა კუდში, სანამ არ შეაცდინა. დავინახე, როგორ გადმოდიოდა მისი საძინებლის ბანჯრიდან. გავცოფდი. მარიამი გავაფრთხილე: ცოლი ჰყავს, ეგ შენთან გამჩერებელი არ არის-მეთქი. თავი შორს დაიჭირე, თორემ შენ მშობლებს ყველაფერს ვეტყვი-თქო.
- მან კი მშობლებთან დაგაბეზღა, რომ მის სახლს მანიაკივით უთვალთვალებდი.
მამა-შვილის კამათი მოაგონდა, როცა გივის უჩუმრად შეეჭრა სახლში. ჭკადუა შვილს უყვიროდა, გაბრიჩიძეების გოგოს თავი დაანებეო. ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდებაო, გაიფიქრა თავისთვის.
- შენ საიდან იცი? - წარბი შეიკრა ალბინოსმა.
- ასე ვთქვათ, ანჯაფარიძის მავნე ჩვევები ჩემთვის უცხო არ არის. გიყვარდა ის გოგო? - გამომცდელად შეხედა უმცროს ჭკადუას.
- რაღა მნიშვნელობა აქვს? - წაიბურტყუნა ხმადაბლა. თითებით ბინძური ლეიბის კიდეს აწვალებდა, სანამ არ გამოძენძა.
- და საიდან მოიტანე, რომ ანჯაფარიძემ ჩაუშვა მამაშენი? - მისთვის უფრო საინტერესო თემაზე გადაერთო.
- მამას ნაცნობმა მითხრა.
- რომელმა ნაცნობმა? - ჩაეკითხა ინტერესით.
- იმ მუტრუკმა, ვინც აქ მომიყვანა, - სავანელს წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინ იყო ეს „მუტრუკი,“ მაგრამ აღარ შეაწყვეტინა - ხშირად ჩნდებოდა ბოლო პერიოდში მამასთან ერთად. ბოლოს დასაფლავებაზე ვნახე. მითხრა, ანჯაფარიძის დამსახურებაა, მამაშენი კუბოში რომ წევს, შენ ადგილას ტვინს გავასხმევინებდიო.
სავანელს წარბები მაღლა გაექცა. ბიჭს პროვოკაცია მოუწყვეს, ანჯაფარიძეს მიუქსიეს და მისი მოკვლა სცადეს უმცროსი ჭკადუას ხელით? ხელწერა საეჭვოდ ემთხვეოდა კახაძისას. ასეთი დამპლური თამაშები მას სჩვეოდა, არ გაუკვირდებოდა, რომ სწორედ მისი გეგმა ყოფილიყო ყველაფერი.
ელს მშვენივრად მოეხსენებოდა, რომ სვანი ამჯერად არაფერ შუაში იყო. ჭკადუა მისი ინფორმაციით აიყვანა პოლიციამ და არა ანჯაფარიძის. ანდრომ კი ეს არ იცოდა და როცა გაიგებდა, ისევ მოისურვებდა მასთან საუბარს? ბიჭს წამწამებს ქვემოდან გახედა.
- და ასე უბრალოდ სიტყვაზე ენდე? - გამკიცხავად გააქნია თავი - თუ უბრალოდ დამატებით მიზეზს ეძებდი, რომ დასტაკებოდი?
ალბინოსმა არ უპასუხა. არც იყო საჭირო, ელი მარტივად მიხვდა სიმართლეს. სიყვარული მართლა აშტერებს ადამიანს, მაგრამ მაინც და მაინც ასე შორს უნდა წასულიყო? მკვლელობა? სერიოზულად?
- ეი, არ შეიძლება ხალხის ხოცვა წიწილებივით, მხოლოდ იმიტომ, რომ ნერვებს გიშლიან! - პატარა ძმასავით დატუქსა, სინამდვილეში კი ანდრო იყო მასზე დიდი. - ანჯაფარიძე არც მე მეხატება გულზე, მაგრამ ტყვიის სროლა მეტისმეტია. არასდროს არავის ავნო, თუ ამის შესაფერის მიზეზს არ მოგცემს!
- დიდი მადლობა, რჩევისთვის... დედიკო! - წაიბურტყუნა მოქუფრულმა.
- ვწუხვარ მამაშენის გარდაცვალების გამო, - მიუგო გულწრფელად. - არ მეგონა, ყველაფერი ასე თუ დასრულდებოდა.
- საიდან უნდა გცოდნოდა? - მხრები აიჩეჩა - აბა, ახლა შენი ჯერია. ვინ ხარ და საიდან იცნობ მამაჩემს?
ელი შეყოყმანდა. ამ თემის განხილვის არც შესაფერისი დრო იყო და არც ადგილი, მაგრამ არავინ იცოდა, წინ რა ელოდათ. იქნებ ეს უკანასკნელი შესაძლებლობა იყო მასთან გულწრფელად გასაუბრების? პირობა მისცა, სიმართლეს გეტყვიო. სიტყვის გატეხა გაუჭირდა, როცა ანდრო საიმონის მსგავსი გულუბრყვილო გამოხედვით ელოდა პასუხს. როგორ შეეძლო ერთდროულად ასეთი ფიცხი და წყნარი ყოფილიყო? გუშინდელი დღესავით ახსოვდა, როგორ ეუხეშებოდა მამამისს. თუმცა სავანელებს მამის მიმართ აგრესია გენში მოსდევდათ, რაღაც გაგებით...
- საგვარეულოში ვინმე გყავთ ალბინოსი? - შორიდან მოუარა თემას.
ანდროს ჩაეღიმა.
- იმის თქმა გინდა, რომ მამაჩემს არ ვგავარ? - ისევ თითებით აწვალებდა ლეიბის კუთხეს - აყვანილი ვარ, დედამ მითხრა მამას გარდაცვალების შემდეგ.
ელს თვალები მოეწკურა. ჰოი, საოცრებავ, მანანა სინდისს შეუწუხებია, მაგრამ სიმართლის ბოლომდე თქმა ვერ გაუბედავს. სიტყვა „აყვანილი“ ანდროს სიტუაციას ისე შეეფერებოდა როგორც ყვავს ულვაში. ბიჭს სახე მოუთვალიერა, ღირდა კი მისთვის ფსიქიკის მოწამვლა? აუცილებელი იყო სცოდნოდა, როგორ მოხვდა ჭკადუების ოჯახში?
მოაგონდა გივის გულწრფელი ცრემლები, შეიძლება ნაძირალა იყო, გაიძვერა, კრიმინალიც, მაგრამ შვილი უყვარდა.
ღვიძლი შვილივით შეიყვარა ბავშვი, რომელიც სამშობიაროდან გამოატანეს. მაშინ, როცა ანდროს ბიოლოგიურ მშობლებს ეს უნარი არ გააჩნდათ. სულას ყოველშემთხვევაში. აბა, შერეკილ სოფიოს რა ჭკუა მოეკითხებოდა? ნერწყვი გადაყლაპა და საკუთარ ფეხსაცმელებს დააჩერდა.
- კითხვაზე მაინც არ მიპასუხე, - მოესმა ანდროს ხმა გვერდიდან.
- როცა სიმართლე გაიგე... - წამოიწყო ყოყმანით. ბიჭისკენ არ გაუხედავს, ისევ საკუთარ ფეხსაცმელებს დასჩერებოდა - არ გაგჩენია სურვილი ბიოლოგიური მშობლები მოგეძებნა?
- რისთვის? - იკითხა ცივად - მიმატოვეს. არაფერში ვჭირდებოდი. რისთვის უნდა მომეძებნა, ან ერთი, ან მეორე?
- პრინციპში, არც ერთი უქნია ღმერთს, - წაიბუტბუტა უფრო თავისთვის, მერე კი ჩაახველა და თავი ასწია. - არ გიფიქრია, რომ შეიძლება და-ძმა გყავს? არ გენდომებოდა მათი გაცნობა? დარწმუნებული ვარ, ისინი არ იქნებოდნენ წინააღმდეგი.
- რატომ ვსაუბრობთ ამ თემაზე? - ანდრომ ისევ შეიკრა წარბი და ეჭვით გამოხედა ელს. - რის თქმას ცდილობ ჩემთვის?
ელმა ამოიოხრა, ბინძური ლები გისოსებთან მიახოხა და ძირს დაჯდა. ბეჭებით კედელს მიეყრდნო და თავი ანდროს მიმართულებით მიატრიალა.
- ისე გამოდის, რომ ნათესავები ვართ, - მხრები აიჩეჩა და მკრთალად გაუღიმა.
- კარგი ერთი... - ჩაიფრუტუნა ჭკადუამ. ეგონა, სავანელი ეხუმრებოდა, მაგრამ მის გამომეტყველებას რომ დააკვირდა, სახიდან ღიმილი ჩამოერეცხა - რას ნიშნავს, ნათესავები ვართ?
- ერთი მამის შვილები ვართ. ოჯახში კიდევ ერთი პატარაა. ათი წლისაა, საიმონი ჰქვია. მთლად შენსავით პოლარული დათვი არ არის, მაგრამ კინკრიხოზე ნიკორა აქვს გამორეული.
სავანელმა ბოდიალი შეწყვიტა, რადგან ანდროს პირი დაეღო და გაშტერებული მისჩერებოდა. მის სახეზე ემოციებს ვერ კითხულობდა - ვერ ხვდებოდა, უკვირდა, ბრაზობდა, თუ უხაროდა უეცრად თავს დატეხილი სიახლე. როცა დუმილი ზედმეტად გაიწელა, სიჩუმე ისევ სავანელმა დაარღვია:
- არ იფიქრო, რომ მამაჩვენი ჩვენთვის უკეთესი მამა იყო. ჰო, იყო... ცოცხალი აღარ არის და ამას არც არავინ დარდობს. ოდესმე, თუ შესაძლებლობა გვექნება და დაგაინტერესებს, მოგიყვები.
ანდრო ისევ არ იღებდა ხმას. ერთი ეგ იყო, თვალებში ცრემლები უბრჭყვიალებდა. ბოლოს სახე მოარიდა გოგონას, თავი ჩახარა და უჩუმრად მოიწმინდა თვალები. ცხვირით მოქაჩა და ელის მსგავსად ისიც გვერდულად დაჯდა ლეიბზე. თავი არ აუწევია. ელი დარწმუნებული იყო, რომ ძალიან ბევრი კითხვა ჰქონდა ბიჭს. უამრავი, ალბათ მილიონი, მაგრამ ერთიც ვერ ამოირჩა ისეთი, საშინლად დათრგუნულ ჭკადუას ძალისხმევის ღირსად რომ ჩაეთვალა.
სწორედ ამ დროს დერეფნის სიღრმიდან ნაბიჯების ხმა მოისმა. ვიღაცამ მათი არსებობის შესახებ გაიხსენა. ელი ფეხზე წამოიჭრა. მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა მოახლოებულ მამაკაცში ყოფილი თანასკოლელი, გიგი არეშიძე ამოიცნო.
- კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს რეზიდენციაში, „ადამს“, - გაიღიმა საშინლად თვითკმაყოფილმა და გოგონას თვალი ჩაუკრა.
- ღმერთმანი, - ირონიულად გაეცინა სავანელს - გიგი, რამდენი წელი გავიდა. რა ქენი, ბოლოს და ბოლოს ისწავლე „ბაბაჩკის“ სწორად ბზრიალი?
არეშიძეს ხელოვნურმა ღიმილმა მოუწკურა თვალები.
- ძალიან სასაცილოა, „ადამს“. ფრიად კმაყოფილი ვარ, რომ ასეთ სიტუაციაშიც არ გეგვალება ენა, მაგრამ შენს ადგილზე ასე არ ვიჭიკჭიკებდი.
- შენზე პატარა ბიჭებს ისევ სცემ?
- გოგოებიც შევიყვანე სიაში.
- ქების ღირსი ხარ. პროგრესი იგრძნობა.
- ვცდილობ.
ჯიბიდან გასაღები ამოიღო და საკეტს მოარგო. ყრუდ გაიჩხაკუნა ლითონმა და არეშიძემ კარი ფართოდ გამოაღო.
- ფეხი გამოადგი, ზემოთ გელოდებიან.
სავანელმა ფრთხილად გამოაბიჯა საკნიდან და ფარულად გადახედა ანდროს, რომელიც ისევ თავჩახრილი იჯდა.
- დაცვა თან არ მოიყვანე? - იკითხა დამცინავად. - სად არიან კეფაამოპარსული ახმახები? მამიკომ მარტო გამოგიშვა ჩემთან?
ისე ახლოს მივიდა არეშიძესთან, რომ მისი მძაფრი პარფიუმის სუნი ნესტოებს უღიზიანებდა.
- ფიქრობ, გოგოსთან დაცვა მჭირდება? - დამცინავად დახედა სავანელს ზემოდან.
- რა იცი, რა აქვს ჩაფიქრებული, - წაიჩურჩულა ავად.
- მე ყველაფრისთვის მზად ვარ, „ადამს“.
ხაზგასმით წარმოთქვა სავანელის ზედმეტსახელი და მისი ჯიბისკენ წაღებული ხელი იქამდე დაუჭირა, სანამ ელი შიგნით ჩაყოფას მოასწრებდა.
- ისევ ისეთი არიფი ხარ, როგორც ბავშვობაში.
მიუგო ცივად და მუხლი კვერცხებში უთავაზა. წელში ორად მოკაკულს, მარცხენა ხელით შეუმჩნევლად ააცალა გასაღები და მოპირდაპირე საკნისკენ ისროლა, პატარა ლითონის გასაღები ანდროს გვერდით, ყრუ ტყაპანით, დაეცა ლეიბზე.
- ჩემი ხელით მოგიღებ ბოლოს, როცა მამაჩემს აღარ დასჭირდები, „ადამს“!
ხაოდა სულგამწარებული და უბეზე ხელებს იჭერდა. მართლა უნდა სტკენოდა, რაკი გასაღების აწაპნა ვერ შეამჩნია.
- რიგში ჩადექი, რეგვენო. მსურველი ბევრია.
მიუგდო ცივად და მარტო გაყვა დერეფანს. სახეაჭარხლებული არეშიძე ძლივს გაიმართა წელში და ფეხებგაჩაჩხული მიჰყვა უკან. სავანელი წინ გადაშლილმა ლაბირინთმა გააკვირვა. სარდაფი იმაზე დიდი აღმოჩნდა ვიდრე იფიქრებდა. არეშიძე წამოეწია და იდაყვში წაავლო ხელი. თითები ისე ძლიერად მოუჭირა, უეჭველად დაუტოვებდა ჩალურჯებებს.
- აქეთ!
წაიღრინა და მარცხნივ, ვიწრო დერეფნისკენ დაქაჩა. გზად მომცრო ოთახების მსგავსი ღია სათავსოები მოაჩანდა. აბსოლუტურად ყველა ლამაზი განათებით მოერთოთ. სპეციალურად მოწყობილ ხის მძიმე თაროებზე დაწვენილი ღვინის ბოთლები ბზინავდნენ.
ელს ევას ნაამბობი მოაგონდა. მიხვდა, სადაც იყო - კახეთის მამულში! სწორედ იმ სარდაფში ჰყავდათ გამოკეტილი, სადაც დანარჩენი მსხვერპლებიც ჰყავდათ დამწყვდეული და რომლებზეც ავადმყოფური სიამოვნებით ნადირობდა რეზიდენციის მეპატრონე. დაჭიმულ ყბაზე კუნთი აუთამაშდა. საქმე მართლა ცუდად იყო...


*******
უზარმაზარ დარბაზში ზღაპრული სუფრა გაშლილიყო. წითელი ხავერდის გადასაფარებელზე ნაირ-ნაირი კერძი იწონებდა თავს: შემწვარი ინდაური, გოჭი, ღორის კანჭი, დაბრაწული წიწილები, ათასნაირი სახის სალათი და სოუსი. ზღვის პროდუქტებსაც კი იპოვიდით ხორცეულით გაძეძგილ თეფშებს შორის. სუფრას არც ტკბილეული და ხილი აკლდა. სუფრის შუაგულში სართულებიანი, ფოთლების ფორმის თეფშებით გაეწყოთ.
გარშემო ოთახი მაღალი, ბრდღვიალა ნაძვის ხეებით მოერთოთ. თავი დათოვლილ ტყეში გეგონებოდათ. სადაც არ უნდა გაგეხედათ, ჭერში დაკიდებული, ხელოვნრუი სუროს მსგავსი მოციმციმე გირლანდები ბრწყინავდნენ. გაკრიალებული პარკეტი ფერადი განათების შუქზე თვალისმომჭრელად ბზინავდა. ვინ აწყობს საახალწლო სუფრას ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე?
სავანელმა ზღაპრული დეკორაცია ატეხილი წარბით მოათვალიერა და მზერა სუფრასთან მსხდომ სტუმრებზე შეაჩერა. რამდენჯერმე აახამხამა თვალები. სიზმარში ხომ არ ვარო. აბა, როგორ შეიძლებოდა წინ გადაშლილი ხედი რეალური ყოფილიყო?
სუფრის სათავეში ადგილი წარმოსადეგ ხნიერ მამაკაცს დაეკავებინა. სავარაუდოდ „ოჯახის თავი“ უნდა ყოფილიყო. მსუქანი არ ეთქმოდა, მაგრამ ცოცხის ტარსაც ვერ შეადარებდით. ჭაღარაგამორეული ნაცრისფერი თმა კეფაზე თხელ კიკინად შეეკრა. დაფანჩული წარბებითა და გაბუჩქული ულვაშით მულტფილმის ბოროტს გმირს ჰგავდა. თითქმის უწამწამო, ღრმად ჩამჯდარი, ცივი თაფლისფერი თვალები სანადიროდ ჩასაფრებულ მტაცებელს ამსგავსებდა.
„ბებერ მგელს ჰგავს“...- გაიფიქრა უნებურად ელმა. გრძნობდა, რომ კარგი სულის ადამიანი არ უნდა ყოფილიყო. ასეთი ბოროტ მზერას თავის დღეში არ შეხვედრია.
სუფრის მარცხენა მხარეს მაგიდას მიხეილი მისჯდომოდა. მის გვერდით კი სკოლის დირექტორი, დარეჯან სტურუა წამოსკუპებულიყო. ცხრა წელს თავისი ექნა: კიდევ უფრო ჩამოწელოდა ინდაურისებრი ღაბაბი; ნაოჭებისგან დაღარული სახე კი, მომჭკნარ ჩირს მიუგავდა. წვრილ კუთხეებდაბრეცილ თვალებს ფარულად აპარებდა ელისკენ.
დარეჯანს გვერდს ნახევრად მელოტი მამაკაცი უმშვენებდა. კინკრიხოზე კანი წებოვანი კაკალივით უბზინავდა, გვერდებზე შერჩენილ ბუჩქნარში კი ჭაღარა გამორეოდა. კუთხეებდაბრეცილი თვალის ჭრილით მიხვდა, ეს სტურუას ვაჟი უნდა ყოფილიყო: ბატონი, რომან სტურუა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
ელმა ახლა მაგიდის მეორე მხარეს გადაიტანა დაბნეული მზერა. ივა ანჯაფარიძეს თავი ჩაეხარა. ჭარხალივით წითელს მზერა ცარიელი თეფშისთვის გაეშტერებინა და არც კი ჩანდა, რომ სუნთქავდა. დანტე ლოლაძე კი კრიჭაშეკრული თითებში ხელსახოცის კიდეს აწვალებდა. ელის დანახვისას სახე ეცვალა და უნებურად წამოიწია სკამიდან.
- კარგად ხარ?! შეიძლება?... - ყოყმანით გახედა ულვაშიანს - შეიძლება, ჭრილობას შევხედო?
- რა თქმა უნდა, - თავაზიანად ანიშნა ხელით - გამოცდილი ქირურგი ტყუილად ხომ არ მოვიპატიჟეთ სუფრაზე?
ლოლაძე მაშინვე ელთან გაჩნდა. სავანელმა თვალებით ჰკითხა, აქ რას აკეთებო, მაგრამ ექიმმა არაფერი შეიმჩნია და ყურადღება არეშიძეზე გადაიტანა.
- ეე... ჰმ, - ჩაახველა - სახლში პირველადი დახმარების ყუთი გექნებათ.
გიგიმ ბაბუამისს გახედა, როცა უსიტყვო ნებართვა მიიღო, ყუთის მოსატანად წავიდა. როგორც კი გიგი გაეცალა, ელმა თვალები გადაუბრიალა ლოლაძეს. დანტე ისევ არაფერს იმჩნევდა.
- ასე ხომ არ იდგებით? დასხედით, უხერხულია, - სუფრასთან მიიწვია ორივე. - მალე კიდევ ერთი სტუმარი გვეწევა.
დეზორიენტირებული სავანელი პირველივე სკამზე, ულვაშას პირისპირ, ჩამოჯდა. ლოლაძემ ელის გვერდით დაიკავა ადგილი. ელი თვალებით ჭამდა ექიმს. პოლონეთში არ უნდა ყოფილიყო? რას აკეთებდა არეშიძეების მამულში? საშუალება არ მიეცა, ფარულად რამე ეკითხა. გიგი მალე დაბრუნდა, თან პირველადი დახმარების ყუთი მოიტანა.
ლოლაძემ გამოართვა და ელს თმა გადაუწია, რომ ჭრილობისთვის უკეთ შეეხედა. სავანელი თვალის კუთხით ხედავდა, დარეჯანა და რომიკო სკამზე ისე მოკუნტულიყვნენ, თითქოს ნებისმიერ წუთს ელოდნენ მასპინძლისგან მათრახის მოქნევას. ანჯაფარიძეს კი, სიწითლე უკვე სიმწვანეში გადასდიოდა და ისეთი სახე ჰქონდა, სადაც იყო გული აერეოდა.
ხმას არავინ იღებდა. დაძაბულობა შავი ღრუბელივით ეკიდა მაგიდის თავზე. ლოლაძე სისხლიანი ბამბის ნარჩენებს პირდაპირ გაპრიალებულ თეფშზე ყრიდა. დემონსტრაციულად იჩენდა უპატივცემულობას ოჯახის უფროსის მიმართ.
ორფრთიანი კარის შემოღებამ ყველა შეაკრთო. გალაკულ იატაკზე კლასიკური ფეხსაცმლის ხმამ სტუმრების ყურადღება მიიქცია. უკლებლივ ყველამ ახალმოსულებზე გადაიტანა მზერა. მხოლოდ ულვაშამ მიაბრუნა გვერდით თავი. ტუჩის კუთხეში ცბიერი ღიმილი ეპარებოდა.
მილენას გრძელი, ღია ყავისფერი თმა სახეზე ჩამოშლოდა და ასწეწოდა. მოვლილი ხელები მსხვილი თოკებით ჰქონდა შეკრული. კლასიკურ ტანსაცმელში გამოწყობილ დევდარიანს ჟურნალისტისთვის იდაყვში ჩაევლო ხელი. შავი ლაბადა გამოკვეთილ სახის ნაკვთებს, მეტ სიმკაცრეს სძენდა. მართკუთხამინებიანი სათვალე გაჩახჩახებული ოთახის შუქზე თვალისმომჭრელად უბზინავდა.
ლოლაძე მილენას დანახვაზე გველნაკბენივით წამოიჭრა ფეხზე. ნაბიჯის გადადგმა ვერ მოასწრო, ულვაშას ყინულივით ცივმა და მკაცრმა მზერამ ადგილზე გააქვავა.
- ექიმო, ძალიან გთხოვთ ქაოსს ნუ გამოიწვევთ. ადგილს დაუბრუნდით, თუ შეიძლება.
ლოლაძე კბილების ღრჭიალით დაემორჩილა. დევდარიანმა მილენას, ანჯაფარიძის გვერდით, სკამზე უბიძგა. სარანგიძე მოწყვეტით დაეხეთქა ადგილზე და გაცოფებულმა თავი აიქნია, რომ სახეზე ჩამოყრილი თმა უკან გადაეყარა. დევდარიანი გვერდით მიუჯდა და ძლიერი მარჯვენა მაჯებში ჩაავლო.
- გენდობოდი! - წაისისინა აცრემლებულმა და დევდარიანს შეაფურთხა - მთელი სულით და გულით გენდობოდი!
დევდარიანმა აუჩქარებლად მოიწმინდა სახე. პასუხი არ დაუბრუნებია, ერთი ეგ იყო დაჭიმულ ყბაზე კუნთი სახიფათოდ შეუთამაშდა.
- და შენ? - მილენა ახლა ანჯაფარიძეს მისდგა - ესაა შენი სიყვარული? თხასავით მიმყიდე ამ ნაძირალაზე?
თავი გაიქნია ულვაშიანისკენ. კიკინიანი მისი მისამართით ნასროლ შეურაცხყოფას ღიმილით შეხვდა.
- ზრდილობა არ გასწავლეს, ახალგაზრდა ქალბატონო? - იკითხა შემპარავი ხმით.
ელვის სისწრაფით მოიქნია მარჯვენა. მილენას გემრიელ სილას გააწნავდა, რომ არა ანჯაფარიძე. ბებერს ხელი ჰაერში დაუკავა.
- არც კი გაბედო, მასზე ხელის აწევა.
წაიღრინა თვალებჩასისხლიანებულმა და ხელი ისე ძლიერად მოუჭირა ბებერს, ლამის მარჯვენა მოატეხა.
- წყნარად ივა, - იარაღიანი ხელი მაგიდაზე შემოდო მიხეილმა. - ვახშმობა ჯერ არც კი დაგვიწყია. სუფრას ასე მალე ნუ გამოეთიშები.
- ყველაფერი რიგზეა, მიხეილ. - გაეცინა ულვაშიანს და გათავისუფლებული მარჯვენა მოისრისა. - გულნატკენია ბიჭი. ოჯახსა და საყვარელს შორის არჩევნის გაკეთება მოუწია. როგორც ჭეშმარიტმა ქართველმა მამაკაცმა, საყვარელს ცოლ-შვილი არჩია.
ნიშნის მოგებით ჩაუკრა თვალი. ანჯაფარიძემ კბილები გააღრჭიალა, მაგრამ ხმის ამოღება აღარ უცდია. ცალი თვალი მიხეილ არეშიძის იარაღზე ეჭირა. ელი სერიოზულად დააფიქრა ერთმა აზრმა: თავში რომ შემომცხეს, მთლად ხომ არ ავურიეო? გამორიცხული არ იყო, საგიჟეთში უკვე მოხეხილი ჰქონდა.
დარეჯანსა და მის ვაჟს გახედა. კი მაგრამ, ისინი რაღას აკეთებდნენ აქ? სასაცილოდ ნამდვილად არ ჰქონდა საქმე, მაგრამ კინაღამ გაეცინა. ამასობაში დანტეს ჭრილობის დამუშავება მოესწრო. პირველადი დახმარების ყუთში ქირურგიული ნემსი და ძაფი არ აღმოჩნდა, რომ ჭრილობა გაეკერა. ამიტომ პლასტირის მიწებებასღა დასჯერდა და ზიზღნარევი მზერა სუფრის თავში მჯდომ ბებერს ესროლა.
- ალბათ ყველას გაინტერესებთ, რას აკეთებთ ერთ სუფრაზე, არა?
წამოიწყო მასპინძელმა, როცა ექიმის მზერა დაიჭირა. შეკრებილებს თვალი მოავლო და ცალყბად ჩაიცინა.
- სანამ უშუალოდ ნადიმზე გადავალთ, მინდა, რამდენიმე სიტყვით აგიხსნათ შექმნილი სიტუაციის მიზეზი.
დარეჯანა რატომღაც შვილს ამოეფარა, მაგრამ მისი მცდელობა უნაყოფო აღმოჩნდა. რომიკო ისე იყო მობუზული, კითხვის ნიშანს დამსგავსებოდა. ფაშფაშა დედამისს კი ნახევრად მელოტი თავით ნამდვილად ვერ დაფარავდა.
- დავიწყებ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხით: უსაფრთხოების წესების გაცნობით. კერძოდ, მოწვეული სტუმრებიდან ვერავინ დატოვებს მაგიდას, ჩემი ნებართვის გარეშე. რეზიდენციას ალყა აქვს შემორტყმული, როგორც გარეთ, ასევე შიგნით.
მოკლე პაუზა გააკეთა, რომ შეკრებილებისთვის ნათქვამის გააზრების საშუალება მიეცა. ტუჩები კმაყოფილმა ღიმილმა გაუპო, როცა შენიშნა რომ რამდენიმე მათგანმა ფარულად მოავლო თვალი სასტუმრო ოთახს. სავანელის მზერა უზარმაზარ ნაძვისხეებზე წუთზე მეტხანს შეყოვნდა.
- საკმარისია ვინმე ჩემი ხალხის გაფრთხილების გარეშე მოშორდეს მაგიდას, ცხელ ტყვიას მიიღებს შუბლში. ამიტომ გაქცევას ნუ ეცდებით. არ ღირს სიცოცხლის გარისკვა იმისთვის, რისი შესაძლებლობაც ისედაც მოგეცემათ. მხოლოდ ცოტაოდენი მოთმინება და პირადად დავრწმუნდები, რომელ თქვენგანს შეუძლია სწრაფად სირბილი.
ელმა მორთულ ნაძვნარს თვალი მოაშორა და მზერა ბებერზე გადაიტანა. ცივი, თაფლისფერი თვალები ავადმყოფურად წამონთებოდა. შეამჩნია, რომ ულვაშას ნათქვამის აზრს, მის გარდა, მხოლოდ ანჯაფარიძე ჩასწვდა, რადგან სახეზე მკვდრის ფერი დაედო და უნებურად სანტიმეტრით გაჩოჩდა მილენასკენ. ბებერმაც დაიჭირა თვალის კუთხით სვანის რეაქცია და ფართო ღიმილით განაგრძო სიტყვით გამოსვლა:
- არ მინდა, იფიქროთ, რომ ვინმეს შესაძლებლობებს ზედაპირულად ვაფასებ, - რატომღაც ელს მიაპყრო ცბიერი მზერა - ამიტომ, თავიდანვე აღვნიშნავ, რომ თუ ვინმე დაუპატიჟებლად შემოუერთდება წვეულებას, უარს არავის ვეტყვი გამასპინძლებაზე. ჩემი ხალხი გაფრთხილებულია, სტუმარს, რომელიც წვეულებაზე მოხვედრას ეცდება, არავინ ესვრის. მხოლოდ ის, ვინც ამ შესანიშნავ სუფრას მიუჯდება, მას ვეღარასდროს დატოვებს ცოცხალი.
ელთან თვალის კონტაქტი არ შეუწყვეტია, ისე დაუკრა თავი თავაზიანად. მის მომჭკნარ ბაგეებს წამით არ მოსცილებია ღიმილი. სავანელს მუხლზე დაწყობილი ხელები დაემუშტა.
- რას ნიშნავს, „თუ ვინმე შემოუერთდება“? - თავხედურად მიმართა მასპინძელს - კიდევ ვინმეს ელოდები?
- საუბარი რომ შეძლოთ, საამისოდ ნებართვა გჭირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაგიასთან ნამდვილ ქაოსსა და უკულტურობას ექნება ადგილი.
გაწელა გამაღიზიანებლად მშვიდი ტონით. ელი მიხვდა, რომ ბებერი შესანიშნავ დროს ატარებდა. ნელ-ნელა იაზრებდა ყველას ერთად თავშეყრის მიზეზს. საფეთქელმა ნერვიულად დაუწყო პულსირება. ეს არ ყოფილა გეგმაში. ასეთი სცენარი გათვლილი არ ჰქონდათ! არეშიძემ მოახერხა და ისეთი სვლა გააკეთა, რომელსაც თავად ელიც კი არ ელოდა.
სწრაფად აამუშავა გონება. შექმნილი სიტუაციიდან თავის დაძვრენის ხერხი უნდა მოეფიქრებინა! რაკი ჯერჯერობით გენიალური არაფერი აფიქრდებოდა, ნიადაგის მოსინჯვა გადაწყვიტა. უნდა შეემოწმებინა, ბებერი მართლა ასე თავდაჯერებულად თუ გრძნობდა თავს.
- და ამას ამბობს ბეხრეკი ბებრუცუნა, რომელმაც წამის წინ ქალისთვის გარტყმა სცადა? - ჩაიფრუტუნა გულგრილად, გულზე ხელები დაიკრიფა და გამომწვევად მიაჩერდა მოხუცს - ზრდილობა მოითხოვს, ჯერ სტუმრებს თავი წარუდგინო, სანამ სიტყვის გამოსვლას დაიწყებ. ვცდები?
თავხედურად აგრძელებდა სავანელი, რადგან შეამჩნია, რომ მასპინძელი მარტივად გამოდიოდა წყობიდან შეურაცხყოფისას. განა ამიტომ არ მოუქნია მილენას ხელი დასარტყმელად წუთის წინ?
მაგიდის ქვეშ ვიღაცის ფეხმა დააბიჯა. მზერა ექიმისკენ გააპარა. ლოლაძე თვალებით ბურღავდა. არაფერი შეიმჩნია და ისევ წინ მჯდომ ულვაშიანს შეხედა. მასპინძელი უცნაური გამომეტყველებით, აუჩქარებლად ღეჭავდა ენას პირში.
მილენამ სუფრაზე გამეფებული წუთიერი მდუმარებით ისარგებლა და ყურადღებით შეათვალიერა სავანელი. მზერა მის ნაიარევზე გაუშტერდა. გოგონასგან ისეთი ნაცნობი აურა მოდიოდა, უნებურად სიცივე შეეპარა ორგანიზმში.
უცებ ულვაშიანს სიცილი აუტყდა. სარანგიძე ფიქრებიდან გამოერკვა და სწრაფად დაუბრუნდა საზარელ რეალობას.
- ვაფასებ შენს თავხედობას, ახალგაზრდა ქალბატონო. ვხედავ, ქალებს უფრო მეტი გამბედაობა აქვთ, ვიდრე მამაკაცებს. სირცხვილი! გიგი, - მიმართა შვილიშვილს - თხოვნა მაქვს, შვილო. შენს ნაცნობს გვერდით მიუჯექი და თუ კიდევ გამაწყვეტინებს საუბარს, დანა იქ გაუყარო, სადაც მოგესურვება.
გიგიმ, გიტარისი სიმივით დაჭიმული ლოლაძე, განზე გასწია, თავისი სკამი ჩააკვეტა შუაში და ელს მიუჯდა გვერდით. სავანელს ზედ არ შეუხედავს. არეშიძეს ატარებდა რენტგენში. ხალხს ისე ეპყრობოდა, როგორც რიგით პიონებს. უსარგებლო ფიგურებს, რომელთა ფრონტის ხაზზე გაშვება ბუნებრივი იყო. არ დაგიდევდათ შინაურსა თუ გარეულს. მისთვის სულერთი იყო, ვინ შეეწირებოდა მიახლოებულ მტერს.
მიუხედავად იმისა, რომ მასზე მხოლოდ ევასგან იცოდა გადმოცემით (დიახ, ხვდებოდა, ვინ იჯდა მის წინ - ვარლამ არეშიძე, ევას ავადმყოფი მამამთილი!), ახლა როცა უშუალოდ აკვირდებოდა მის საქციელს, საუბრის მანერას, გამოხედვას, ხვდებოდა, რომ არეშიძის ტყავში სახიფათო ფსიქოპატი ცხოვრობდა. ახლა დიდად აღარ უკვირდა, რატომ გახდა მისი თანასკოლელი ადრეულ ასაკში ორი მოზარდის სიკვდილის მიზეზი. გიგის ასეთ ოჯახში სხვა რა უნდა ესწავლა?
- თქვენის ნებართვით, გავაგრძელბ, - მიმართა სტუმრებს თავაზიანი ღიმილით. - რას ვამბობდი... დიახ, ყველა სტუმარს ევალება მაგიდასთან კულტურულად მოქცევა. მერწმუნეთ, საკუთარი აზრის გამოხატვას არავის ვუშლი, მხოლოდ ერთმანეთს ხელს ნუ შევუშლით. წინ საკმაოდ გრძელი საღამო გველის, დრო ყველასთვის მეყოფა.
ბოლო სიტყვებმა მუქარით გაიჟღერეს. შეკრებილებმა დაძაბული მზერით გადახედეს ერთმანეთს. ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ არც მიხეილ არეშიძე გამოიყურებოდა აყვანილ მძევლებზე უკეთ. ისეთი დაჭიმული გახლდათ, თითქოს ჭიკარტზე ჯდომას აიძულებდნენ. ელს ტუჩის კუთხეში ცბიერი ღიმილი გაეპარა. იქნებ... იპოვა კიდეც შემქნილი სიტუაციიდან თავის დაძვრენის ხერხი?
- კარგი, - ხელები მოიფშვნიტა ვარლამმა. - რახან სუფრასთან მოქცევის წესებზე შევთანხმდით, ჩვენი საერთო თავშეყრის მიზეზსაც გაგაცნობთ. ხვალ უკვე შობაა, ოცდახუთი დეკემბერი თენდება. ასე ვთქვათ, ჩვევად მაქვს შობის დღესასწაულისთვის ყველა საქმის მოგვარება. ამიტომ ერთად შეგყარეთ, რომ საბოლოოდ შევაჯამოთ ჩვენი უთახნმოების მიზეზი და მრავალწლიან გაუგებრობას ბოლო მოვუღოთ.
ვარლამ არეშიძე სკოლის დირექოტირს უფრო ჰგავდა, ვიდრე ცივსისხლიან კრიმინალს, რომელსაც არაერთი ადამიანი გამოუსალმებია სიცოცხლეს. მის ქმედებებს კი „გაუგებრობით“ აღწერდა. ტიპური ფსიქოპატის პროტოტიპს განასახიერებდა, რომელიც საზოგადოებისგან ძალიან შორს უნდა ყოფილიყო იზოლირებული! ეშმაკმა უწყოდა, რატომ შეისწორა დაფანჩული წარბები, მაგრამ მხოლოდ ამის შემდეგ განაგრძო საუბარი.
- დილა ცუდი ამბებით დაიწყო. თურქეთის ყველაზე მსხვილი კომპანია, რომელთანაც ოცდაათწლიანი თანამშრომლობა მაკავშირებდა, ნაცარტუტად იქცა. - ბოროტი მზერა რომიკოსთვის მიებჯინა - რას იტყვი, რომან? ხომ ვერ ამიხსნი ეს როგორ მოხდა? სად იყო ამ დროს ჩვენი ხალხი და რატომ მაქვს პრობლემები თურქეთის სახელმწიფოსთან?
- ვარლამ, - წამოიწყო გაბზარული ხმით. - ვერავინ შეამჩნია როდის მოახერხეს ბომბების სატვირთოების ქვეშ დამონტაჟება. წარმოუდგენელი რამ მოხდა. მთელს კომპანია დღისით-მზისით ჰაერში აიწია!
- ნუ მიყვები იმას რაც ჩემი თვალით ვიხილე ტელევიზიით! - ღრენით ატეხა ზედა ტუჩი. - ომში ვართ? საიდან იშოვეს დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი მასალა? თვითმფრინავით გადაიტანეს, იახტით გადაცურეს თუ ჯორებით გადაზიდეს შუა სტამბოლში ნახევარი ქარხანა ტყვია-წამალი? შენ გეკითხები?!
ისე უღრიალა, რომ რომანი შიშიგან კინაღამ წინ მდები გოჭის უკანალში გაუჩინარდა. დროულად მოთოკა თავი და სკამზე შესწორებით სცადა წამისწინანდელი სისუსტის გამოსწორება.
- სს... საზღვარზე ვერაფრით გადაიტანდნენ, - ამოიბლუკუნა ნერვიულად. - თურქეთში ჰყავთ ვიღაც, ვინც დაეხმარათ. სხვა ახსნას ვერ ვუძებნი.
- რას მელაპარაკები? - წარბები აზიდა. - აზროვნებაც გიცდია. ფრიად მოულოდნელი და ამბიციური ნაბიჯია შენი მხრიდან, რომან.
- საიდან უნდა მცოდნოდა, ასე თუ შეტოპავდნენ? თავში აზრად არავის მოსვლია, რომ მთელ კომპანიას ჰაერში აწევდნენ.
- ვხედავ... - თვალები ავად გააკვესა. - როგორ აპირებ პრობლემის მოგვარებას, რომან?
- მე... მე... - ენა დაება მოულოდნელი კითხვით გაფითრებულს. - განა რა შემიძლია? მე მხოლოდ ტვირთს უსაფრთხო გადაზიდვაში ვეხმა...
- აჰა, - გააწყვეტინა ბლუკუნი მოსაუბრეს. - ანუ მეუბნები, რომ გამოუსადეგარი ხარ და შექმნილ სიტუაციაში ხელის განძრევა არ შეგიძლია.
- ვარლამ... - რომანი მაშინვე წელში გაიმართა და ვედრებით გახედა მასპინძელს.
- მშვენივრად ვიცი, რა მქვია, რომან, - მიუგო წყნარად. - მაგრამ შენ თუ იცი, როგორ ვექცევი ადამიანებს, რომლებიც არაფერში მადგებიან?
ვერავინ გაიგო, როგორ ექცეოდა ვარლამი ხალხს, რომელიც არაფერში ადგებოდა, რადგან ბებერმა თითები გაატკაცუნა და ნაძვის ხის ტანს მანამდე უჩინარი დაცვის წევრი გამოეყო. რომანას უსიტყვოდ ჩაავლო ქეჩოში ხელი და სარდაფისკენ წააპრონწიალა. დარეჯანა ფეხზე წამოიჭრა.
- ვარლამ, თუ ღმერთი გწამს...
- არ მწამს, დარეჯან. ათეისტი ვარ. - მიუგო მშვიდად. - ახლა კი ადგილზე დააბრუნე გასიებული უკანალი, ბებერო ცოცხო! ჯერ კიდევ იმიტომ სუნთქავ, რადგან გიგის ნათლია ხარ. შენთვის წყნარად იჯექი სკოლაში და საქმე მშვიდად აკეთე. სანამ პოლიციამ შენი სახლის სარდაფის შესახებ არაფერი იცის და „საქონელს“ უსაფრთხოდ ინახავ გადაყვანის თარიღამდე, ხელს არ გახლებ. წლებია მიცნობ, დარეჯან. ვინც ჩემთან თანამშრომლობს, ფული, კომფორტი და ხელშეუხებლობა გარანტირებული აქვს. მეტი რა გინდა ცხოვრებისგან?
ელმა დამრგვალებული თვალებით გახედა სკოლის დირექტორს. დარეჯანი მოტაცებულ ბავშვებს თავის სარდაფში მალავდა? გონება სინათლის სისწრაფით აუმუშავდა. გაახსენდა პატარა ქალაქში ბავშვების გაუჩინარებების ძველისძველი ისტორია.
ჭკადუამ უამბო, რომ საქმეს ჯერ კიდევ მისი ბებიის და, ნინა, იძიებდა, რასაც საბოლოოდ შეეწირა კიდეც. ინტერნეტში ამის შესახებ რომ ვერაფერი იპოვა, ბიბლიოთეკაში გადაავლო თვალი ძველ სტატიებს. აღმოაჩინა, რომ ბავშვები ისე უჩიანრდებოდნენ ქალაქიდან, თითქოს მიწამ უყოო პირი. საბოლოოდ ხალხში პანიკა ატყდა. ბოლოს და ბოლოს, პოლიცია სერიოზულად დაინტერესდა უცნაური ამბებით და ქალაქების კონტროლი დაიწყო. ყველა გასასვლელს თუ შემოსასვლელს პოლიცია ადევნებდა თვალყურს.
მიუხედავად ამისა, დანაშაულების სერია მაინც არ შეწყვეტილა. შეიძლება შემცირდა, მაგრამ მისი ბოლომდე აღმოფხვრა ვერ შეძლეს. ელს წარბებს შორის ღრმა ნაოჭი გაუჩნდა. იქნებ ბავშვები არც არსად მიდიოდნენ? თუ დარეჯანი თავის სარდაფში მალავდა ხალხს, სანამ სიტუაცია არ ჩაცხრებოდა, და მხოლოდ მერე გადაჰყავდათ უსაფრთხოდ, ისიც ღამით პოლიციის შეუმჩნევლად, ვინ რას იეჭვებდა? სკოლის დირექტორზე, რომელსაც ათასამდე ბავშვი ებარა, ვინ მიიტანდა ეჭვს?
ველურმა სურვილმა შეიპყრო, ბებერი ღამურისთვის თვალში ჩანგალი ეტაკებინა. დანარჩენებიც არ გამოიყურებოდნენ უკეთ: მილენას, ანჯაფარიძესა და ლოლაძეს სახეზე ზიზღი ეხატათ. მხოლოდ დევდარიანი იჯდა მშვიდად და სარანგიძეს მაჯებში ჩაფრენოდა.
- ვხედავ, დამსწრე საზოგადოება ცოტა არ იყოს გავაოცე, გულახდილობით, მაგრამ დასამალი რა არის? მაგიდასთან ადამიანი არ მომეძებნება, ვისაც ეს თემა არ განუხილავს ახლო წრეში, - ცივი მზერა მოავლო შეკრებილებს. - ნუ, სავარაუდოდ, ექიმი არ იქნება ჩახედული ასეთ საკითხებში, თუ მისი მშვენიერი მეგობარი პროფესიულ დისკრეციას იცავდა და სამსახურის საქმეებზე ახლობლებში არ ჭორაობდა.
თვალი ჩაუკრა სარანგიძეს. მილენას ისეთი სახე გაუხდა, თითქოს მასაც ისევე უპირებდა სახეში შეფურთხებას, როგორც დევდარიანს, მაგრამ სეგიმ დროულად მოქაჩა მკლავზე გამაფრთხილებლად. ვარლამს ჩაეღიმა. ამჯერად მისმა მზერამ ანჯაფარიძეზე გადაინაცვლა. სვანს ისე შეხედა, თითქოს კარგა ხნის ნაცნობი ახლაღა შეამჩნიაო.
- რა ცხვირი ჩამოგიშვია, ბიჭო? - შეუძახა სიცილით. მხიარული განწყობა ნელ-ნელა უბრუნდებოდა. - გაუმხილე სტუმრებს, რატომ მოგიწვიეს მაგიდასთან.
- საიდან უნდა ვიცოდე, რა უდევს თავში ავადმყოფ ფსიქოპატს? - წაიღრინა ღვარძლიანად.
- რაც მამაა, ის შვილი, - ჩაიფრუტუნა. - ვინ იცის, ახლა საფლავში ტრიალებს, როცა ამ მაგიდასთან გხედავს, ჩემ გვერდით. მევედრებოდა ჩემ შვილს ნუ გახვევ შენს საქმეებშიო. პირობა ვერ შევუსრულე...
ანჯაფარიძეს სისხლმა აასხა ტვინში. ფეხზე წამოიჭრა და ის იყო მოხუცს უნდა დასტაკებოდა, რომ დევდარიანმა იმარჯვა. მილენა თავისკენ გააპრონწიალა, რომ სვანს მისწვდომოდა, და წიხლი გამეტებით ჩასცხო ფეხში. სუსტი ტკაცუნის ხმა გაისმა, ივას მუხლი მოეკვეთა და ჩაიკეცა. მიხეილიც ფეხზე იდგა და შემართული იარაღი ანჯაფარიძისთვის მიეშვირა. ნებისმიერ წამს მზად იყო შუბლში ტყვია დაეხლია სვანისთვის.
- მშვიდად, მიშა, - ხელი დაადო პისტოლეტზე. - მისი მოკვლა რომ მდომებოდა, აქამდე გამოვუყვანდი წირვას. არ უარვყოფ, მახალისებს მისი უმწეობის ყურება.
- ! - გველივით სისინებდა აჭარხლებული. ფეხზე ვერ დგებოდა, მუხლი მტკივნეულად ტეხდა. - მამაჩემს ჩემი დისთვის ასესხე ფული, მერე კი სახლი გადაუწვი, რომ ნოლზე დაგესვა. აიძულე, ისევ შენთან მოხოხებულიყო ვალის დასაბრუნებლად. იმხელა პროცენტები მოსთხოვე, არც ერთი ჭკაუათმყოფელი არ ასესხებდა მაგდენ ფულს! აღიარე, რომ ეს მხოლოდ ფარსი იყო! აღიარე, რომ მისი მარიონეტად ქცევა გინდოდა!
- ვაღიარებ, - გაუღიმა გახალისებულმა. - ვინ თქვა, რომ უარვყოფ? სვანეთი ოდითგანვე მიყვარდა: მესტია, სვანური კულტურა, ხალხი, ბუნება, ბავშვები...
შემპარავად დააბოლოვა ბოლო სიტყვა. ელმა შეამჩნია როგორ დაემუშტა მუხლებზე დალაგებული ხელები ლოლაძეს.
- კახეთი ჩემია, - ხელები ისე გაშალა, თითქოს მთელი კუთხე მის ფართო მისაღებ ოთახში მოქცეულიყო. - აქ ჩემი ნებართვის გარეშე ბუზიც არ დაფრინავს ჰაერში. აი, სვანეთი კი ყოველთვის მინდოდა. იქაურმა ხალხმა სხვანაირი ერთგულება იცის. თუ ერთხელ მოიგებ მათ გულს, მერე მთელი სიცოცხლე გემსახურება.
კმაყოფილებით გახედა დევდარიანს. სეგის უემოციო გამომეტყველება არ შეცვლია. პატივისცემის ნიშნად ოდნავ დაუკრა თავი უფროსს. მილენას ზიზღით მოეღრიცა ტუჩები და რაც შეეძლო, შორს გაჩოჩება სცადა, მაგრამ დევდარიანი ისე ჩაფრენოდა, სანტიმეტრითაც არ აძლევდა განძრევის შესაძლებლობას.
- მგონი, ჩვენს ქალბატონს ისევე კარგი წარმოდგენა არ აქვს შენზე, სეგი, როგორც მე, - გაეცინა და მილენას ხარბი მზერა მოატარა სახეზე. - მშვენიერი კია. იშვიათი სილამაზის. ცოტაა ასეთი ქალი...
ქვედა ტუჩზე ენის წვერი გადაიტარა. ელს ზიზღით გააჟრჟოლა. ლოლაძე კი მთელი სხეულით დაიძაბა. ხელის ზურგი ისე გაუთეთრდა, ცოტაც და კანიდან გამოხტებოდა. არც ანჯაფარიძე გამოიყურებოდა უკეთ. ცივი იატაკიდან წამოდგომა სცადა და კვლავ დევდარიანისგან მიიღო ძლიერი წიხლი. ანჯაფარიძე ისევ ძირს გაიშალა. ვარლამი ზემოდან დააცქერდა წაქცეულს და ფართო ღიმილმა ტუჩზემოთ ულვაში მაღლა აუპრიხა.
- ავი ძაღლი, არც თვითონ ჭამდა და არც სხვას აჭმევდაო, ისეა შენი საქმე. კარგი გემოვნება კი გქონია, ივა. ქალი შესანიშნავი აგირჩევია, მაგრამ რად გინდა? არ უნდიხარ. იცის რისთვის უწვებოდი საწოლში? - იკითხა ღვარძლიანად.
ანჯაფარიძეს მწვანე ფერი დაედო. მილენას კი თვალზე ცრემლი მოადგა. ელი სარანგიძის რეაქციით მიხვდა, ჟურნალისტმა უკვე იცოდა, რომ სვანი ჯაშუშად ჰყავდათ მიგზავნილი. საინტერესოა, ვისგან გაიგო? ავალიანმა უთხრა, თუ დევდარიანმა ახარა, აგარაკისკენ რომ მოათრევდა?
- როგორ შეგეძლო? - მილენას ხმა გაებზარა. - როგორ შეგეძლო, ჩემი ასე განადგურება? საკმარისი არ იყო, რომ დამამცირე? სიყვარულს მეფიცებოდი და მხოლოდ მიყენებდი. ჩემგან ინფორმაცია გაგქონდა. როგორ შეგეძლო?!
- მილენა... - ანჯაფარიძეს თვალებში ცრემლი ედგა. - მილენა, არ ხარ მართალი. ვაღიარებ, რამდენიმე საქმის დოკუმენტი მოვიპარე. შვილის მოკვლით მემუქრებოდნენ. მაგრამ შენით არასოდეს მითამაშია, არ გამომიყენებიხარ. მილენა...
წამოდგომა დააპირა, რომ სარანგიძეს ხელზე შეხებოდა, მაგრამ დევდარიანმა ისეთი წიხლი უთავაზა მუცელში, სვანი სუნთქვაშეკრული ჩაიკეცა. ვარლამი სანახაობის ყურებით ტკბებოდა და იცინოდა.
- ხელები მომაშორე!
უკივლა მილენამ დევდარიანს, როცა თავისკენ დაქაჩა, რომ ანჯაფარიძე არ მისწვდომოდა. ქალის ხმისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ისევ ძლიერად იჭერდა მაჯებიდან, საწყალს ხელები ალბათ სულ ჩაულურჯა.
- ბიჭის დასაცავად ორი სიტყვა მაინც უნდა ვთქვა, მილენა. - ჩაერია გაბადრული ვარლამი. - მზად იყო ყველაფერი შემოეწირა, ოღონდ შენთვის ხელი არ დამედო. ნუ, ცოლ-შვილის გარდა, რა თქმა უნდა. ასე მოხვდა ჩვენთან ეს პატარა ქალბატონი.
ციმციმა მზერა ელზე გადაიტანა. სავანელმა ზიზღით ატეხა ტუჩი მაღლა, არ სჭირდებოდა აფიშირება. ისედაც მშვენივრად ხვდებოდა, რისთვის მოხვდა კისერში. ანჯაფარიძემ შესაწირი ცხვარივით გადასცა არეშიძეს.
- მისი თავი დამითმო. გამანდო, რომ მონარქს იცნობს. თუმცა, ნუ ავჩქარდებით. რიგს მოვყვები. შენამდეც მოვალ. - თვალი თვალში გაუყარა ელს. შემდეგ კი მზერით ისევ სარანგიძეს დაუბრუნდა.
- მილენა, შენთან ბევრი კითხვა დამიგროვდა და ვშიშობ, რაღაც საკითხებში უნდა გამარკვიო. - მილენამ არ უპასუხა. გულს ურევდა მისი ყურება.
- იცი თუ არა, რის გამო ამოგიხოცეს მშობლები?
სარანგიძე ისევ დუმდა. თუმცა, მის აშლილ ნერვებს მოცახცახე სხეული გასცემდა. ბოროტი მზერით ხვრეტდა ულვაშიანს. ღვინისფერი ბაგეები მაგრად მოეკუმა.
- ასე ნუ მიყურებ. მე არაფერ შუაში ვარ. ჩემს შვილს აქვს ბოდიში მოსახდელი.
ხელი გაიშვირა მიხეილისკენ, რომელიც მთელი ეს დრო ჩუმად შეჰყურებდა სანახაობას. მამის ბოლო სიტყვებზე ისე შეტოკდა, თითქოს ნემსი უჩხვლიტესო უკანალში. შუბლზე ცივმა ოფლმა დაასხა. ელი რიტმულად აკაკუნებდა საჩვენებელ თითს წითელი ხავერდის ზედაპირზე და მიხეილს გამჭოლი მზერით ხვრეტდა. მის გონებაში ჭადრაკის ფიგურები, როგორც იქნა ამოძრავდნენ. ვარლამი დანაღმულ ტერიტორიას მიუახლოვდა, რომლის აფეთქების შემთხვევაშიც მიშიკოს უკანალი გაზაფხულის ყვავილივით გაიფურჩქნებოდა. ამიტომ ასხავდა ცივი ოფლი აღელვებულს. ესე იგი, მისი ვარაუდი სწორი აღმოჩნდა. ისევ!
- თავადაც გამიკვირდა, რომ საქმე აქამდე მივიდა, მილენა - მიუგო შეწუხებული სახით - ერთ ქვეშევრდომს ვერ მოუარა. გეცოდინება, ლევან მესხზე მაქვს საუბარი. მისი მკვლელობის ამსახველი ფოტოები პრესაში მოხვდა, მაგრამ გეწაძის წყალობით გართულება თავიდან ავიცილეთ. მადლობას ვეტყოდი, მის ძვლებს მატლები რომ არ ხრავდნენ უკვე. სამწუხაროა. აი, კახაძეს კი ნამდვილად ვასწავლიდი ჭკუას. მხოლოდ, ჩემდა სამარცხვინოდ, უნდა გამოგიტყდე მგონი ჯოჯოხეთში მემალება და ჯერ ვერ მივაგენი. სამაგიეროდ, მმ... რა ერქვა იმ მეორეს? - თითები გაატკაცუნა და წარბშეკრულმა შვილს გახედა.
- რეხვაძე. - მიეშველა პირგამშრალი.
- ჰო, რეხვაძის მოშორება მოგვიწია, რადგან იდიოტი კახაძის წინააღმდეგ სერიოზული ნივთმტკიცებულება აღმოაჩნდა. წარმოიდგინე, რა ხალხთან მიწევს მუშაობა, რომ კაცს მკვლელობის იარაღი აწაპნეს და ის ამას ვერ მიხვდა! - იდაყვით მაგიდას დაეყრდნო და შუბლი მოისრისა. - მითხარი, ასეთ შემთხვევაში შენ როგორ მოიქცეოდი ჩემს ადგილზე? არ შეიძლება ასეთი ბაღლინჯოს ცოცხლად დატოვება, ეშმაკმა იცის როდის გიკბენს. იქამდე უნდა გასრისო, სანამ შესაძლებლობა მიეცემა.
- რეხვაძე გივის მოაკვლელვინე! - მილენას ხმა უთრთოდა - არჩევანი არ დაუტოვე. სიკვდილის წინ მითხრა!
გაახსენდა მეწყვილის ნათქვამი. ჭკადუამ, სანამ სულს დალევდა, მილენა გააფრთხილა ამ საქმეში არ ჩარეულიყო, შემდეგი შენ იქნებიო ამოაყოლა ყელიდან წამოსულ მახრჩობელა ქაფს. მაშინ ვერ მიუხვდა ნათქვამს, მაგრამ ახლა ყველაფერი ნათელი იყო.
გივის მონარქი არ უგულისხმია, არეშიძეზე გააფრთხილა, სანამ თვალებს დახუჭავდა სამუდამოდ. იმასაც ხვდებოდა, რატომ მოიკლა თავი - ვარლამს ჭკადუას ოჯახის მიმართ ინტერესი რომ არ გაღვივებოდა და მისი შვილი, ანდრო არ გამოეყენებინა სატყუარად! მილენას ყელში მოწოლილი ბოღმა ახრჩობდა. ცრემლები დაგუბებოდა თვალებში.
- არა, ძვირფასო. მე არაფერ შუაში ვარ, - თავი გააქნია უარყოფის ნიშნად. - ეს კახაძის იდეა იყო. მისგან ასეთ საზრიანობას არ ველოდი, ვაღიარებ, გამაკვირვა. უნდოდა, დანაშაული მონარქისთვის დაებრალებინა. ამიტომ ჭკადუას აიძულა, მისი ხელწერით ემოქმედა. თქვენ ხომ მის საქმეს იძიებდით? საქმეში ჩახედულ დეტექტივზე უკეთ, ვინ იცნობს მკვლელობის დეტალებს? მომეწონა აზრი და ნება მივეცი ემოქმედა. უსამართლობას რომ არ ჰქონდეს ადგილი, გივიზეც უნდა ითქვას ორი სიტყვა. შეიძლება, თავიდან ხელის წაკვრა დასჭირდა, რომ დაგვხმარებოდა, მაგრამ შემდეგ აღარ მჭირდებოდა მუქარა და თითის ცხვირწინ ტრიალი. უყოყმანოდ ასრულებდა დავალებებს.
ელი მიხვდა, რა იგულისხმა არეშიძემ. ჭკადუას ბავშვების გაცვლის ამბავი მხოლოდ მისთვის იყო ცნობილი, ამიტომ არ გაჰკვირვებია, როცა მილენას დაბნეულ მზერას მოჰკრა თვალი, მაგრამ არეშიძე ამ თემას არ ჩასძიებია.
- სიტყვა გაგვიგრძელდა. რას მოვაყოლე ახლა ეს ამბავი?... ჰო, შენს მშობლებზე ვსაუბრობდი და ჩემი შვილის ცოდვებზე, - თითები გაატკაცუნა და საჩვენებელი თითი მილენას მიუშვირა. - მამაშენს ლევან მესხის ნაამბობის გაჟღერება უნდოდა პრესაში და ამით ჩემი შვილის დაზიანება, ამიტომ როგორც მამას, ხვდები, რომ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ მქონდა.
ელმა ძლიერად დააჭირა ტუჩები ერთმანეთს. ართობდა ვარლამ არეშიძის გულუბრყვილობა. მზერა ჭირის ოფლში გახვითქულ მიხეილზე გაეშტერებინა და უადგილო ხარხარისგან თავს ძლივს იკავებდა.
- ავადმყოფები ხართ, შენც და შენი არანორმალური შვილიც! - ცხელი ცრემლები გადმოსცვივდა მილენას.
- აი, აქ მაქვს შენთან ერთი ძალიან საინტერესო კითხვა, - ოდნავ წინ გადაიხარა და მილენას თვალებში ჩააცქერდა. - რატომ დახოცა მონარქმა ჩემი ხალხი შენი მშობლების მკვლელობის გამო?
სავანელი ასეთ კითხვას არ მოელოდა და მიხეილს თვალი მოაშორა. მისი ყურადღება ლოლაძემ მიიპყრო. ექიმს მთელი სხეული ზამბარასავით დასჭიმვოდა. უკანასკნელი ძალებით იკავებდა თავს, რომ ფეხზე არ წამომხტარიყო და მიელნას არ აფარებოდა ფარივით.
- წარმოდგენა არ მაქვს, რა მიზეზით კლავს ხალხს მონარქი! - გამოსცრა კბილებში მილენამ.
- ოი, მილენა, რა უაზრობას მეუბნები? ვინ დაგიჯერებს მაგ ზღაპარს? დეტექტივი ქალი, ასეთ რამეს როგორ ამბობ? მით უფრო, რომ მის საქმეს იძიებდი.
- დეტექტივი აღარ ვარ! - შეუღრინა ღვარძლიანად. - და ასეთი ინფორმირებული თუ ხარ, ისიც გეცოდინება, რომ მისი საქმის გახსნა ვერ შევძელი.
- არა, მილენა, ვერ გამიგე. - თავი გააქნია მძიმედ. - მე არ გეკთხები, რატომ ვერ დაიჭირე მონარქი-მეთქი. მაინტერესებს, რატომ დახოცა მან ჩემი ხალხი? რა გაკავშირებს მასთან?
- შენს თავს თუ უსმენ? რა უნდა მაკავშირებდეს სერიულ მკვლელთან?! - შეუღრინა აცრემლებულმა.
- ჰმ, შენი არ მჯერა, მშვენიერო ქალბატონო, - ფიქრიანად დაეყრდნო ნიკაპს. - ყურადღებით ვადევნებდი თვალს მონარქის „მოღვაწეობას“. გეწაძეც ხომ მან გამოასალმა სიცოცხლეს? ექსპერტიზამ კი არ დაადასტურა, მაგრამ არ მჯერა მაგ ზღაპრების. რატომ იხოცებიან ხალხი შენ გარშემო?
ელმა იგრძნო, რომ კულმინაციურ მომენტს მიუახლოვდნენ. არეშიძე თუ სარანგიძეს ამ თემაზე მიაწვებოდა, ჩარევა მოუწევდა, თან სასწრაფოდ! მარცხენა ფეხი ნერვიულად აუთამაშდა. გონებაში შესაძლო სვლებს აკეთებდა, უკვე ძალიან ახლოს იყო...
- გეწაძეს კახაძესთან ჰქონდა კავშირი და არა ჩემთან! - შეუტია აცახცახებულმა - თუ ასე ყურადღებით ადევნებ თვალს, მის „მოღვაწეობას“, შეამჩნევდი, რომ ყველა, ვისაც კახაძესთან ჰქონდა კავშირი, სიკვდილის გზას გაუყენა. იქნებ შენი მელოტი ქვეშევრდომისთვის გეკითხა, რატომ გადაეკიდა მონარქი?
- ჰმ... - ჟურნალისტის სიტყვებზე ჩაფიქრდა ულვაშიანი - კარგი აზრია. სამწუხაროა, რომ მის კვალს ჯერ კიდევ ვერ მივაგენი. რამე ხომ არ შეცვლილა ამ საკითხთან დაკავშირებით?
ინტერესით მიუტრიალდა შვილს. მიხეილი ფიქრებიდან გამოერკვა და თვალები აახამხამა. გვიან გადახარშა, რა ჰკითხეს, და სწრაფად უპასუხა:
- არა, მამა. - გააქნია თავი. - არავინ იცის, სად არის. იმალება. მონარქის მოკლული რომ იყოს, აქამდე ვიპოვიდით. იცი, რაც დამართა სელიმს პოლონეთში...
- პოლონეთში? - თვალები ჭყიტა სარანგიძემ და გაოცებულმა ლოლაძეს მოხედა.
- როგორც უკვე აღვნიშნე, დღეს მხოლოდ ცუდი ამბები მესმის, - მიუგო დამწუხრებულმა. - ჩემი ბიზნესპარტნიორი, სამწუხაროდ, მონარქის კლანჭებში მოხვდა. დავუბრუნდეთ ისევ კახაძის თემას. თუ მკვდარი არ არის, ესე იგი ცოცხალია, თუ ცოცხალია, მაშინ სად არის?
- ვეცდები გავიგო, მამა. - თავი ჩაღუნა მიხეილმა.
- ეცდები... - ჩაეცინა - მცდელობა კი არა შედეგი მჭირდება!
იღრიალა უცებ და მთელი ძალით დასცხო მუშტი მაგიდას. დარეჯანას ისე შეეშინდა, შემთხვევით დაასლოკინა. დარცხვენილმა პირზე აიფარა ხელი და სავარძელში მოიკუნტა, რომ ისევ შეუმჩნეველი დარჩენილიყო.
- რა თქმა უნდა, მამა. - მიუგო მიხეილმა მორჩილად.
- მაპატიე, მილენა, ჩემი უხეშობა, მაგრამ გამიგე, ბოლო დროს ძალიან დიდი პრობელმები შემექმნა. სანდო ინფორმაციამ მტრის ხელში გაჟონა. რთულია ასეთ დროს თავი აკონტროლო, როცა მნიშვნელოვან რესურსებს ერთ დღეში კარგავ. რა თქმა უნდა, ამით ჩემი მომავალი არ დასრულებულა. ისე არ მიიღო, თითქოს ბებერი კაცი ფსკერზე დაცემას მოთქვამდეს. დიდი ზიანი მომაყენეს, მაგრამ ეგ არაფერი. ისევ დავდგები ფეხზე. მხოლოდ უნდა გავიგო, ვისგან გადის ინფორმაცია.
მორჩა მეტს ვეღარ მოითმენდა. სვლა უნდა გაეკეთებინა, თუნდაც ეს გიგისთვის თავდასხმის საბაბად ქცეულიყო.
- სერიოზულად?
სიცილისგან თავი ვერ შეიკავა. ელმა თვალის კუთხით დააფიქსირა, როგორ შემართა გიგიმ დანა, მაგრამ ბაბუამისმა ხელის აწევით შეაჩერა.
- ვფიქრობ, ჩვენს უმცროს სტუმარს რაღაც აქვს სათქმელი. დავაცადოთ.
- სერიოზულად ვერ ხვდები რაშია საქმე?
ელი მელასავით გადაიხარა წინ. შეამჩნია, როგორ მიიპყრო მიხეილის ყურადღება, როგორ ნერვიულად ჩაყლაპა ნერწყვი და ბოროტი სიხარული იგრძნო. როცა წლების განმავლობაში საბედისწერო დარტყმას ამზადებდა პირადად მიხეილისთვის, ათას საშუალებას წარმოიდგინდა გონებაში, რა ხერხით ენთხევნიებინა მისთვის ნიცას ცოდვა. საათობით იჯდა და სამუშაო დაფას მისჩერებოდა შუკვანის ბინაში. ტვინს იჭ....ტდა, რა იქნებოდა მისთვის შესაბამისი სასჯელი. ამავდროულად სარკასტული და იდეალური დარტყმა.
იფიქრა, ტვინი იჭყლიტა. წინ გადაშლილი ფაქტები ერთმანეთთან აკავშირა და, საბოლოოდ როცა ამოცანა ამოხსნა, გონება გაუნათდა. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ იცოდა, როგორ მოუღებდა ბოლოს. მელასავით გააპარა მზერა მამა-შვილს შორის. ერთი გასროლით ორი კურდღელი? რატომაც არა! მხოლოდ ვერასოდეს იფიქრებდა, რომ ამ გასროლის უშუალო მომსწრე გახდებოდა.
- გელოდები, - თავი შეახსენა ვარლამმა ცბიერად მოღიმარ სავანელს. - სიამოვნებით მოვისმენ შენს თეორიას.
- სახალისო და სევდიანია, იმავდროულად, იმის ყურება, როგორ გაგაცურეს ამხელა კაცი, - გაიცინა ბოროტად და თვალი თვალში გაუყარა არეშიძეს. - კახაძე მხოლოდ მოსახერხებელი ხელსაწყო იყო შენი შვილის ხელში.
შემპარავად გახედა მიხელ არეშიძეს, რომელსაც სახეზე მკვდრის ფერი დასდებოდა. ძალიან უნდოდა არაფერი შეემჩნია, მაგრამ ნერვები ღალატობდნენ.
- შენი ყველა ცოდვის შესახებ იცის მამიკომ? ნამდვილად? რადგან მე, მისი საუბრიდან გამომდინარე, სულ სხვა შთაბეჭდილება დამრჩა - თვალი ჩაუკრა. - და შენმა შვილმა?
თავი გიგისკენ მიატრიალა. უმცროსი არეშიძე შეტოკდა. მთელი ამ დროის განმავლობაში ჩუმად იჯდა სავანელის გვერდით და საუბარს აყურადებდა. არ მოელოდა, რომ მასაც ჩართავდნენ თემაში. ჯერ ელს შეუბღვირა მტრულად, მერე კი დაბნეული მზერა მამამისს მიაპყრო - რაზე ლაპარაკობსო.
- რაზე ლაპარაკობ? - გაიმეორა შვილიშვილის დაუსმელი კითხვა ვარლამმა და წარბებს შორის ღრმა ნაოჭი გაუჩნდა.
- მილენასგან განსხვავებით, მე მორალური კოდექსი არ გამაჩნია, - მიუგო მოხუცს სიცილით. - ყოველთვის ღრმად ვყოფ ცხვირს იმაში, რაც ძალიან მაინტერესებს. ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, რომ ფსკერზე იმაზე მეტი ნაგავი ყრია, ვიდრე ადამიანის თვალი ზედაპირიდან ამჩნევს.
ვარლამს შეეტყო, გოგონას ნათქვამმა შეაფიქრიანა. მისი თავდაჯერება არ იყო ხელოვნური. ცერად გახედა თავის შვილს და მზერა ისევ სავანელზე გადმოიტანა.
- მზად ვარ, ყურადღებით მოვისმინო შენი თეორია.
- იცოდი, რომ კახაძე შენს ზურგს უკან „უნებართვოდ“ ვაჭრობდა მიხეილთან ერთად? - სიტყვა „უნებართვოდ“ განსაკუთრებული ხაზგასმით წარმოთქვა. ულვაშიანმა წარბები შეყარა.
- რას მეუბნები? - მოჩვენებით გაიკვირვა.
- ვვარაუდობ, არ გითხრეს რეალური მიზეზი, რისთვისაც ჩემი თავიდან მოშორება უნდოდათ. არ დაფიქრებულხარ, რატომ გამოიწვია ერთმა ჩვეულებრივმა მოზარდმა ამხელა ალიაქოთი შენს ბანდაში? რატომ დამეძებდნენ ასე გამწარებით შენი შვილი და მისი ერთგული ძაღლი, კახაძე, ყველა ქვისა და კენჭის ქვეშ?
- ხმა ჩაიწყვიტე! - მიხეილს მიწისფერი ედო - არავის შენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მოუნიჭებია! რიგითი ძაღლივით მიგაკლავდნენ, ვიღაცას რომ არ გადაექაჯე ცხრა მთას იქით!
- ნუთუ? - წარბები მაღლა აზიდა. - ვინ თქვა, რომ ცხრა მთას იქით ვიყავი გადაქაჯული? ყურის ძირში გეჯექი, ძალიან ახლოს, შენდა საუბედუროდ.
ვარლამმა თავი ასწია მაღლა და მტკიცე მზერა გაუსწორა სავანელს, ელმა იგრძნო რომ ბებერი დაინტერესდა. კმაყოფილება იგრძნო, ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა. თავდაჯერებით გადაწვა სკამზე. საზურგეს მიეყრდნო და გულხელი დაიკრიფა.
- გავაგრძელო? - შემპარავად მოსინჯა ნიადაგი.
- მამა, ალბათ არ აპირებ ამ ლაწირაკზე დროის დაკარგვას! - ფეხზე წამოიჭრა სახეაწითლებული.
- მიხეილ, მეჩვენება თუ გაოფლიანდი? - შვილისკენ არც კი გაუხედავს. - დაიკავე შენი კუთვნილი ადგილი და მამაშენს საქმეში გარკვევის საშუალება მიეცი. ყურადღებით გისმენთ.
ხელით ანიშნა, ილაპარაკეო. გონების თვალით ხედავდა, როგორ მიუახლოვდა მისი ლაზიერი არეშიძის პაიკს. ისღა დარჩენოდა, წკიპურტი მიეკრა და დანარჩენი თავისით მოხდებოდა. თავი ოდნავ მაღლა ასწია და შურისძიებით წყურვილით დაბრმავებული თხრობას შეუდგა:
- ცხრა წელი დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ იმ ტყეში გაცილებით ბევრი ვნახე და მოვისმინე, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა. სწორედ ამიტომ უნდოდათ ჩემი თავიდან მოშორება ასე სასოწარკვეთით, - არეშიძეს ბოროტად გახედა თვალის კუთხით, წარბი შეუთამაშდა. - შენს სანაქებო შვილს შენი ბიზნესიდან გამოთიშვა სურდა.
- მამა, სისულელეს ამბობს! - ისევ წამოიყვირა გამწარებულმა. პირზე დუჟი მოსდგომოდა.
- მიხელ, ხმა ჩაიწყვიტე! - ავად გამოსცრა გააფთრებულმა. თვალები გადმოკარკვლოდა გაშმაგებულს.
- ვფიქრობ, ყელში ჰქონდა ამოსული შენს ჩრდილქვეშ ყოფნა. - ისე გააგრძელა ვითომ არც შეუწყვეტინებიათ. მაშინვე მიიპყრო ვარლამის ყურადღება - დელავერი მისი პირველი წამოწყება იყო ახალი ბიზნესის ასამუშავებლად. ახალგაზრდა გოგონების გაყიდვა უფრო მიმზიდველად ეჩვენებოდა, ვიდრე ბავშვებით ფულის შეგროვება. ტყეში, სანამ იმ უბედურს მოკლავდნენ ეუბნებოდა: ოჯახებს აუბედურებთ, ვინმე მაინც გაიგებს, რას აკეთებთ და მოგეზღვებათო. დიდი ხანი მეგონა, რომ ბავშვებზე საუბრობდა, რადგან არ უხსენებია კონკრეტულად, ვინ გადაჰყავდა სატვირთოთი. მხოლოდ მოგვიანებით დავაკავშირე ყველაფერი ერთმანეთს. თავსატეხის ამოხსნაში კი, ჭკადუასა და კახაძის დიალოგი დამეხმარა, რომელიც უნებურად მოვისმინე. სწორედ ამის გამო მდევნიან ცხრა წელია.
ვარლამმა არ შეიმჩნია მაგრამ სახეზე მიწისფერმა გადაჰკრა.
- რა ბოდვაა? რას ბოდიალობ?!
მიხეილი, იარაღით ხელში, ფეხზე წამოიჭრა. ლოლაძემ გიგი უხეშად ჩამოიშორა გზიდან და ელს წინ აეფარა. უმცროსი არეშიძე ისეთი გაფაციცებით უსმენდა სავანელს, რომ რეაგირება დააგვიანა.
- ო, ვიღაცას კუდზე დავაბიჯე.
ელმა თავი ვერ შეიკავა და სიცილი წასკდა. მიხეილს შეშლილი სახე ჰქონდა. ცოტაც და მართლა დაუშვებდა იარაღს, მაგრამ ვარლამი წამოიჭრა ფეხზე. იარაღი წაართვა და ხელუკუღმა გასცხო შვილს სახეში. მიხეილი მოწყვეტით დაეცა სკამზე. გაოცებულმა და სიბრაზისგან სახეალეწილმა, ნატკენ ლოყაზე წაივლო ხელი.
- არ გაბედო ხმის ამოღება ჩემი ნებართვის გარეშე! - დაიღრინა ვარლამმა - შენი რეაქციიდან გამომდინარე ვხვდები, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გამომრჩა. ტყუილს რომ ამბობდეს, ასე არ გაგიჟდებოდი. ბოლომდე მოვუსმენ! განძრეული არ გნახო, თორემ ახსნის საშუალებასაც არ მოგცემ, ისე დაგახლი შუბლში ტყვიას!
ყველან დაძაბული მისჩერებოდა მამა-შვილს. ლოლაძე ისევ ელს ეფარებოდა მთელი სხეულით, სანამ სავანელმა არ უბიძგა გვერდში. თავით ანიშნა, სკამზე დაჯექიო. გიგი მათ უხმო საუბარს ყურადღებას არ აქცევდა, გაშტერებული ცვლიდა მზერას ბაბუასა და მამამისს შორის.
- სად გავჩერდი? - გააგრძელა სავანელმა, როცა ყველა თავის ადგილს დაუბრუნდა და ისევ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. - იმ დღეს, ტყეში კახაძისა და ჭკადუას დიალოგი მოვისმინე, რაც გონებაში ჩამრჩა და მოგვიანებით ამოცანის ამოხსნაში დამეხმარა. გივი ბრაზობდა: „მეორედ ასეთი ჩავარდნა სამარის კარამდე მიგვიყვანსო“, კახაძე კი ემუქრებოდა: „ფულს იმისთვის გიხდი, რომ ასეთი საქმეები მოაგვაროო“. იცი რა უპასუხა ჭკადუამ? „ნუ გავიწყდება, რომ ზედმეტად ბევრი ვიცი, რქებით ნუ მომაწვები, თორემ იმაზე მეტს დაკარგავ ვიდრე მოიგებო“. გივის მამაჩემი ხელს უშლიდა. საინტერესოა რაში? - თავი გვერდით გადახარა და მოწკურული თვალებით გახედა არეშიძეს - რა იცოდა? კახაძე გამწარდა, როცა ტყეში დამინახა, რომ სწორედ მე მოვისმინე მათი საუბარი. რისი შეეშინდა? რისი თქმა შეეძლო მამაჩემს ჩემთვის? რატომ გავხდი ასეთი სასურველი სამიზნე? დიდი ხანი ვფიქრობდი ამ გამოცანაზე.
საუბრის ეშხში შესული წინ გადაიხარა. ყველას ყურადღება მასზე იყო მიბჯენილი.
- ვერასდოეს ვიფიქრებდი, რომ ამ ამოცანის ამოხსნაში დედაშენი დამეხმარებოდა, - თავი მოატრიალა და გიგის თვალი თვალში გაუყარა. - იცი, რატომ აღმოჩნდა ევა ფსიქიატრიულში?
მიხეილი ისევ წამოიჭრებოდა ფეხზე, და ალბათ, საკუთარი ხელით დაახრჩობდა სავანელს, რომ არა მამამისი, რომელიც ჩასაფრებული ტურასავით ისრუტავდა მთელ ინფორმაციას. უმცროს არეშიძეს თვალები გაუფართოვდა და ელს ისე შეხედა, თითქოს ერთის ნაცვლად სამი თავი წამოზრდოდა კისრიდან.
- გაგიკვირდა, - აღნიშნა ელმა. - ჰო, ვიცი რომ დედაშენი ფსიქიატრიულში იყო. რადგან ბედის ირონიით ერთ ადგილას ამოვყავით თავი და ამავე ბედის ირონიით სწორედ იმ ფსიქიატრიულში ვიპოვე პასუხები კითხვაზე, თუ რაში ჩავკარი ფეხი სინამდვილეში, როცა ტყეში მკვლელობას შევესწარი. მაგრამ ამის მისახვედრად სამარცხვინოდ დიდი დრო დამჭირდა. მეპატიება, მთლად ფორმაში ვერ ვარ. ხანდახან აქ, - საფეთქელზე თითი მიიკაკუნა - სრული ქაოსია.
- საქმეზე გადადი!
მოთმინება ეწურებოდა ვარლამს. ელს ნერვებზე თამაში სიამოვნებდა და სპეციალურად აჯანჯლებდა აზრის დაბოლოებას. უნდოდა, მიხეილის ყოველი უკანასკნელი წუთი ჯოჯოხეთად ქცეულიყო. გიგისთვის თვალის მოუშორებლად განაგრძო:
- მამაშენმა დედაშენი ფსიქიატრიულში იმისთვის გამოკეტა, რომ მის ბინძურ საიდუმლოს წააწყდა და ეშინოდა, ბაბუაშენს არაფერი გაეგო. გაიგო, რომ ახალგაზრდა გოგონებით ვაჭრობდა, იტაცებდა და თურქეთის ბორდელში აბარებდა. ამას კი კახაძის დახმარებით აკეთებდა, მათ კვალს კი ჭკადუა შლიდა სხვა ბინძურ დანაშაულებთან ერთად, რასაც ნინა მენაბდე შეეწირა. მამაჩემმა ეს იცოდა. დელავერს ხშირად სტუმრობდა. სწორედ მაშინ მიაყურადა მამაშენისა და მელოტის საუბარს. რას იფიქრებდნენ, რომ კახაძის გაუბედურებული „ვირთხა“ მელოტის ჩრდილად იქცეოდა? მაგრამ მარტო ვერაფერს გახდებოდა, არც ერთხელ არ მოუსმინეს პოლიციაში, როცა დასასმენად მივიდა. გივის ეშინოდა, რომ თუ ეს ამბავი გასკდებოდა და ბაბუაშენი გაიგებდა, რას ხლართავდა შვილი მის ზურგს უკან, უყოყმანოდ გამოუყვანდა წირვას ყველას. ჩემმა ტყეში გამოჩენამ კი ცეცხლზე ნავთი დაასხა. თუ მამაჩემს აიგნორებდა, მიხეილს ჩემი შეეშინდა, რადგან ვიცოდი მისი ბინძური საიდუმლო და არა ერთი! ამაზე კი თვალს ვეღარ დახუჭავდა!
მენაბდის ხსენებაზე სამარესავით დადუმებული დარეჯანი შეკრთა. ელს ფარულად გამოხედა, სავანელმა ქალის მზერა დაიჭირა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია. დადასტურება არ სჭირდებოდა, რომ სწორად მიხვდა. სწორედ დარეჯანა მალავდა თავის სარდაფში იმ გაუჩინარებულ ბავშვებს, რომლებსაც ნინა თავის ხალხთან ერთად დაეძებდა და კვალს ვერსად აგნებდა. მამამისის ამბავი კი ავალიანმა უამბო მოგვიანებით. გამოუტყდა, რომ ამ ინფორმაციაში აიღო ფული სულამ, როცა ელს ეგონა, რომ მოსე ნარკოტიკს აძლევდა.
- რას ამბობს, მამა! - გიგიმ მიხეილს გადახედა. სახე ჭარხალივით ასწითლებოდა. - მითხარი, მესხი იტყუებაო. მითხარი, ჩემთვის პრობლემების შექმნა უნდაო.
უმცროს არეშიძეს ყბა უკანკალებდა. ელმა ყურები ცქვიტა. ნუთუ მესხმა მოახერხა და გიგის ყველაფერი უამბო? ეს სავარაუდოდ ევას ფსიქიატრიულში მოხვედრის შემდეგ უნდა მომხდარიყო, რადგან ქალს არაფრის დიდებით არ სურდა შვილისთვის სიმართლის გამხელა.
- არ დამისრულებია, გიგი. - გაეცინა ელს. - კიდევ ერთი ზღაპარი ათას ერთი ღამიდან: შენმა მამიკომ ნიცას დაადგა თვალი და მაშინ დაუშვა შეცდომაც! როცა ნიცას საიდუმლო გავიგე, პრობლემები შეიქმნა. ვუთხარი ამ პირუტყვს, ჩამოშორებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში შენს მშობლებს გავაგებინებ-მეთქი. გოგოლაძემ მიხეილს ყველაფერი უთხრა, ასე ვფიქრობ, რადგან მოგვიანებით ნიცა გაიტაცეს. კახაძემ ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი თურქეთის ბორდელში გააგზავნა. იქ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ფოტოები დედაშენს მოუტანა კლინიკაში, აჩვენა და დაემუქრა: შენც მის გზას გაგიყენებ, თუ ენას კბილს არ დააჭერო. მეტი მოტივაციისთვის კი შენი სიცოცხლითაც ევაჭრებოდა!
გიგის თვალზე ცრემლი მოადგა. მეორედ აღარ უკითხავს, რას ლაპარაკობსო, არც იმას ჩასძიებია, სიმართლეა თუ არაო. იცოდა, რომ ელი არ ატყუებდა, რადგან სიტყვა-სიტყვით იმეორებდა ლევან მესხის ნაამობს. ახლაღა მიხვდა, რომ ჩანაწერი რომელიც მამამისის მძღოლმა აჩვენა, ავთენტური იყო. მამამისს ენით აუწერელი სიძულვილით გახედა.
- მიშიკოს შეეშინდა, რომ ცოლი ამ ამბავს პრესაში გაიტანდა, რომ მამამისი გაიგებდა, რას აკეთებდა მის ზურგს უკან. იმიტომ, რომ ეს უნდა ყოფილიყო რაღაც აკრძალული, რაღაც საიდუმლო რისიც გამხელაც მიშიკოს არ სურდა. თორემ ამ ნაძირლებს პოლიციის არ ეშინოდათ. მათ შენი შიში ჰქონდათ ვარლამ, - თვალი გაუსწორა წინ მჯდომ მოხუცს - რატომ უნდა შეშინებოდათ პოლიციის, როცა ნახევარი განყოფილება ჯიბეში ეჯდათ? მათ ჩაყუდებას ვერც კი მოასწრებდნენ, ისე გამოვიდოდნენ გარეთ უპრობლემოდ. ტვინს ვიჭ....ტდი რაში იყო საქმე, სანამ მკვლელობების მონარქზე „შეწერება“ არ დაიწყეს. ჯერ ჯანდიერი, შემდეგ რეხვაძე. ჯანდიერმა ჭკადუას გაუგო, რომ მელოტს ემსახურებოდა. არქივში წაასწრო როგორ ანადგურებდა გოგონების გატაცების სხვადასხვა ფაქტს. მათ კამათს თანამშრომელი შეესწრო შემთხვევით, რომელიც მოგვიანებით აუხსნელი მიზეზით გამოაპანღურეს სამსახურიდან. დიახ, თანამშრომელი მოვინახულე, ყველაფერს მომიყვა! მაგრამ ვერასდროს იფიქრებდა, რომ ეს კამათი ჯანდიერს სიცოცხლის ფასად დაუჯდებოდა. ჯანდიერს მილენასთვის უნდოდა ყველაფრის თქმა, მაგრამ ვერ მოასწრო. კახაძემ გააჩუმა. ვერაფრით ვხვდეობოდი რატომ ეხმარებოდა ეს ორი ერთმანეთს. კახაძეს ხომ ფეხებზე ეკიდა მისი ქვეშევრდომები? ჭკადუას ატანა არ ჰქონდა, ტყეში ამის მოწმე გავხდი, მაგრამ მაინც ეხმარებოდნენ ერთმანეთს, რატომ? იმიტომ, რომ ეშინოდათ ამის შესახებ სიმართლეს შენ გაიგებდი - ულვაშიანს გაუცინა - გაიგებდი რას აკეთებდნენ შენ ზურგს უკან. ორმა იდიოტმა კი, საკუთარი კუდის მოსაქმებულის წმენდა კი მონარქის სახელით დაიწყო. კახაძემ მოხერხებულად ჩაგაწვეთა ყურში, რომ მშვნეიერი იდეა იქნებოდა მონარქის გაღიზიანება. გულის სიღრმეში კი იმედი ჰქონდა, რომ მონარქი გამოწვევას აგრესიით უპასუხებდა და თავს იმაზე ადრე წაგაწყვეტდა ვიდრე დაგეგმილი ჰქონდა. რაც ავტომატურად გაგიყვანდა თამაშიდა! ვოოოუ! - ტაში შემოკრა აჟიტირებულმა - აპლოდისმენტებს ვიმსახურებ. რაც მე თქვენი ცოდვების გამოქექვაზე ვიწვალე! ამდენი დეტალის ერთად დაკავშირება შერყეული ტვინით მარტივი საქმე ხომ არ გგონიათ?
ვარლამს ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ქვები გადააყლაპესო. მიხეილი სკამზე მოკუნტულიყო და ყველას თვალს არიდებდა. ხელი ჩაიქნია გაპროტესტებაზე, რაღა აზრი ჰქონდა? გიგის ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები სახეზე.
სავანელს კი არ დაუსრულებია. კუთხეში მიიმწყვდია საკბილო. ტურასავით მიაჩერდა უმცროს არეშიძეს. ყველაფერი მზად იყო... სულის ერთი შებერვაღა სჭირდებოდა. შურისძიებით დაბმრავებული „საჭადრაკო დაფისკენ“ მოიხარა და უკანასკნელი სვლა გააკეთა:
- დედაშენი თვითმკვლელობამდე მიიყვანა, - წასჩურჩულა გიგის. - ხელში მაკრატელი ჩაუდეს და უთხრეს, არჩევანი საკუთარ სიცოცხლესა და შვილს შორის გაეკეთებინა. დედაშენმა შენ აგირჩია და ვენები გადაიჭრა. მიყვებოდა, როგორ მოხვდა ფსიქიატრიულში. როგორ ემართებოდა ბოლო დროს პანიკური შეტევები, როგორ „დაკარგა“ მანქანა პარკინგზე, როგორ ცდებოდა ნელ-ნელა ჭკუიდან და როგორ მოხვდა საბოლოოდ საგიჟეთში. მიკვირდა, თუ მისი მოშორება უნდოდა, ერთი უბედური შემთხვევაც საკმარისი იქნებოდა-მეთქი, რად უნდოდა ამდენი დავიდარება, მაგრამ მამაშენი ფსიქოპატია. უნდოდა, გამარჯვებით დამტკბარიყო. უნდოდა ეყურებინა როგორ აკვდებოდა ხელებში ქალი, რომელმაც გაბედა და მის წინააღმდეგ მოქმედება გადაწყვიტა. სიგიჟის პრეტექსტით ამოაყოფინა თავი ფსიქიატრიულში. სავარაუდოდ, ჰალუცინაციების გამომწვევ აბებს აძლევდა უჩუმრად, რადგან დედაშენს გიჟისა არაფერი ეტყობოდა. დედაშენმა ფსიქიატრიულში მოიხედა, როგორც იქნა. გონება დაეწმინდა, როცა აღარავინ წამლავდა და ყველაფერი გამანდო. ამასობაში კი მამაშენმა საფრთხე იგრძნო, როცა უთხარი, რომ დედის სახლში დაბრუნება გინდოდა. მაშინვე თავისი საყვარელი „ხელსაწყო“ კახაძე მოიმარჯვა და მელოტის საყვარლის დახმარებით დედაშენს ნელ-ნელა კლავდნენ... სანამ საბოლოოდ არ გამოუყვანეს წირვა.
მიხეილი თავჩაღუნული იჯდა, თვალები დაეხუჭა და იმ დღეს წყევლიდა, როცა სავანელი საკუთარი ხელით არ მიახრჩო. ვერაფრით იჯერებდა, რომ ერთმა უმნიშვნელო, უსუსურმა ლაწირაკმა კუთხეში მიაყენა და ოჯახის წინაშე ნიღაბი ჩამოხსნა. სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ძალიან სერიოზული. გიგი შეირხა.
- პაიკი იყავი მთელი ცხოვრება და პაიკად მოკვდები! ბოლო სიტყვები, ევასგან!
სამარისებულ სიჩუმეში ელის სისინი საბედისწერო ომენად გაისმა, რასაც ცხელი ტყვია მოჰყვა. მთელი სხეულით მოცახცახე გიგი არეშიძის ხელში იარაღი ბოლავდა. მიხეილს შუბლგახვრეტილი თავი თეფზე დაუვარდა. ზუსტად ისე, როგორც მილენას მშობლები გამოასალმა სიცოცხლეს. „თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, !“ - გაიფიქრა ელმა და მშვიდად მიეყუდა სკამის საზურგეს.
დარეჯანმა ისტერიკულად იკივლა. დანარჩენები გაოცებულები ჩანდნენ. სიტუაციის ასეთ შემობრუნებას არავინ ელოდა. გაფითრებულმა გიგიმ სკამი უკან გასწია და ისე, რომ ბაბუამისისთვის ზედაც არ შეუხედავს, გასასვლელს მიაშურა. ელმა თვალი გააყოლა. დანარჩენებმა კი ჯერ მკვდარ მიხეილს შეხედეს, შემდეგ კი ელს გამოხედეს. დევდარიანისა და სავანელის მზერა ერთმანეთს შეხვდა. სეგის დაჭიმულ ყბაზე კუნთი შეუტოკდა. ელმა საპასუხოდ წარბები აზიდა მაღლა.
ისევ სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა, რომელსაც დარეჯანის ხმადაბალი გოდება არღვევდა. ხელებში სახე ჩაერგო და ჩუმად ტიროდა. მაგიდასთან მსხდომი დანარჩენი სტუმრები ნელ-ნელა გასწორდნენ წელში. ყველაზე უჩვეულო კი მასპინძლის რეაქცია იყო, უფრო სწორად, რეაქციის არარსებობა. სახეზე ეწერა, რომ მოსმენილის შემდეგ გიგის რომ არ ესროლა, შვილს თავად გაუხვრეტდა შუბლს ღალატისთვის.
- ისე გამოდის... - წამოიწყო ვარლამმა და გაქვავებული სახით შეხედა ელს. - რომ მართლაც კარგად იცნობ მონარქს. შენი სიტყვები ამის დასტურია. მასთან კონტაქტი გაქვს. ახლა უკვე ნათელია, სად არის კახაძე მთელი ეს პერიოდი, რომ ვერცერთმა ჩემმა კაცმა ვერ მიაგნო.
- წარმოდგენა არა მაქვს, რაზე საუბრობ, - გულხელდაკრეფილმა ტუჩები აპრიხა.
- ნუთუ? - წარბები აზიდა ვარლამმა.
- მე მხოლდო ჩემი თეორია და დასკვნები გაგიმხილეთ. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვცდები.
ვარლამს ჩაეღიმა.
- ვნახოთ, როგორ იჭიკჭიკებ, როცა მაგიდას კიდევ ერთი სტუმარ...
ვარლამმა სიტყვა გაწყვიტა. ეზოდან ყრუ ჭახანისა და ღმუილის ხმა გაისმა. ყველამ თვალები დააცეცა კარის მიმართულებით, რადგან ხმა იქიდან მოდიოდა და უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ვარლამმა კითხვით სავსე მზერა დევდარიანს ესროლა, მაგრამ სეგიც დაბნეული ჩანდა. სახეზე ეწერა, წარმოდგენა არ ჰქონდა რა ხდებოდა გარეთ. რეაგირება ვერ მოასწრო. თეთრმა სედანმა გამაყრუებელი გრუხუნით შემოამტვრია ორფრთიანი კარი, გაპრიალებულ მეტლახზე მოსრიალდა და საბურავების წივილით გვერდულად გამოექნა სუფრისკენ...
20 წუთით ადრე:
შუკვანი გამაყრუებელი სირენებით უახლოვდებოდა არეშიძეების მამულს, როცა გზაჯვარედინის სამივე მხრიდან ოთხი ჯავშნიანი მანქანა შემოსრიალდა გზაზე და სვანი ალყაში მოაქცია. შუკვანმა დამუხრუჭება ძლივს მოასწრო.
კანელაკმა კივილით აიფარა სახეზე ხელები, როცა სვანმა საჭე სწრაფად გადაკეცა, ხელის მუხრუჭი ამოსწია და დროულად მოასწრო აწყვეტილი მანქანის შეჩერება. თეთრი სედანი წინ აყუნცულ ფურგონს გვერდულად შეასკდა და სალონში გამომწყვდეული მგზავრები გვარიანად შეაჯანჯღარა. ფიზიკურად არაფერი დაშავებიათ, მხოლოდ კანდელაკი გაფითრებულიყო მიცვალებულივით.
ხმის ამოღება ვერ მოასწრეს, ისე სწრაფად აღმოჩნდნენ კბილებამდე შეიარაღებული ნიღბიანი სამხედროების ალყაში. ერთ-ერთმა მანქანასთან მოირბინა და იარაღი შუკვანს დაუმიზნა, თან ხელით ანიშნა, გადმოდიო. მეორემ იგივე მოიმოქედა კანდელაკის მხრიდან.
- ეს რა სპეცნაზია? - ამოიკნავლა ლიზამ.
- „სუსი“ - წაიღრინა შუკვანმა.
ლიზამ ხმაურით გადაყლაპა ნერწვი და ორივე ხელებაწეული გადმოვიდა მანქანიდან. ნიღბიანმა, რომელიც შუკვანს იარაღს უმიზნებდა, კისერში წაავლო ხელი სვანს და მანქანაზე მიახეთქა.
- ხელი უშვით! - იყვირა ლიზამ და თავის მცველს აუფართხალდა მკლავებში.
- ლიზა, მშვიდად, - დააწყნარა შუკვანმა და ცერად გახედა უკან მდგომ ნიღბიანს. - კიტა შუკვანი, თბილისის, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა განყოფილების, უფროსი დეტექტივი. ხელები მომაშორეთ!
გაბირძოლა, მაგრამ ნიღბიანმა, რომელსაც შუკვანისთვის ხელები ზირგს უკან გადაეგრიხა, არ დაანება, სანამ ვიღაცამ მარჯვენა მხარზე არ დაუტყაპუნა.
- გამოატარეთ, ჩემი კაცია!
სვანმა ხელები გაითავისუფლა და დაბღვერილი წელში გასწორდა. თაბაგარმა ყურადღებით შეათვალიერა ხელქვეითი. წარბებს შორის ღრმა ნაოჭი გასჩენოდა. შეშუპებული სახე და დასიებული თვალები უძილო ღამეზე მეტყველებდნენ.
- დროზე მოგისწრია, - სპეცდანაყოფს მოავლო თვალი.
- შენ უნდა მომიღო ბოლო! - წაიბურტყუნა თაბაგარმა - პენსიაზე მშვიდად ვერ გავსულვარ კაცი.
- ზედამხედველობა საქმის კურსშია?
- დრონები საათზე მეტია ყველაფერს იწერენ, მაგრამ ვიდეო არ გვაქვს, ახლოს ვერ ვუახლოვდებით. თუ შეგვამჩნიეს, მთელი ოპერაცია წყალში ჩაიყრება.
- დრონები? - წარბი შეიკრა. დრონები არავის უხსენებია. - ვინ ხელმძღვანელობს სპეცოპერაციას?
- კიტა, რა ხდება?
გააწყვეტინა კანდელაკმა. ქვასავით უგრძნობი ნიღბიანისგან თავი დაეხსნა და მეგობარს ეკვროდა შეშინებული.
- დამხმარე ძალას ვუხმე, - პირქუში კმაყოფილებით გახედა უფროსს. - ალბათ არ იფიქრე, რომ მარტონი შევუვარდებოდით არეშიძის მამულს. მაგრამ სპეცრაზმს არ ველოდი, რა ხდება? ვინ ხელმძღვანელობს-მეთქი, სპეცოპერაციას? ესენი ჩვენები არ არიან!
დაეჭვებულმა მოათვალიერა ნიღბიანები, რომლებიც თავიანთ სადარაჯო ადგილებს უბრუნდებოდნენ.
- აღმოჩნდა, რომ არეშიძეს დიდი ხანია „სუსი“ აზის კუდზე. ეკიპაჟით ადგილზე რომ გამოვცხადდი, ესენი უკვე აქ დამხვდნენ. მოქმედების საშუალებას არ გვაძლევენ. შიგნით თავიანთი კაცი ჰყავთ. საუბარს იწერენ, რომ ბოლოს და ბოლოს ყურებიდან დაითრიონ . თან შიგნით მძევლები არიან. მოქმედებაზე არ გადავლენ, სანამ შიგნიდან თავისიანი ნიშანს არ მისცემს! - წაიღრინა უკმაყოფილოდ - ვაკვირდები, შუკვანო და ყველა მძღ’ნერში შენ როგორ უნდა ჩავარდე ღორივით?
სვანმა პირი გააღო გასაპროტესტებლად, მაგრამ გზაზე მუქი ფიგურა შეამჩნია და ენა მუცელში ჩაუვარდა. კაპიუშონიანს ზურგზე საიმონი მოეკიდებინა და მათკენ მორბოდა. იარაღის შემართვა არც უფიქრია, რადგან სპეცრაზმმა უყოყმანოდ გაატარა ახალმოსული.
- საიმონ?!
იყვირა ლიზამ და ბავშვისკენ გაიქცა. ნიღბიანმა ატირებული საიმონი ქერას მიაწოდა და შუკვანის მიმართულებით წამოვიდა. კიტამ მაშინღა იცნო მამაკაცი, როცა თავიდან ნიღაბი გადაიძრო. სვანმა ბინდში ცვილისებრი ნიღაბივით სახე გაარჩია და გაოცებისგან პირი დააღო:
- რეზი?
- გამარჯობა, - მიესალმა პირქუშად და მზერა თაბაგარზე გადაიტანა. - ბავშვი აგარაკზე მიყვანისას გაექცათ. ტყეში ვიპოვე შეშინებული. ერთის გათიშვა მომიწია. საიმონს მისდევდა. არ ვიცი ცოცხალია თუ არა. დრო არ მქონდა შესამოწმებლად. ქვა ჩავარტყი თავში და ბავშვი გამოვარიდე, სანამ დამხმარე ძალა მოაღწევდა ჩვენამდე.
- ბიჭები მიხედავენ, - თავი დაუქნია თაბაგარმა. - პირველი დანაყოფი უკვე ტყის მიმართულებით გადაადგილდება. რეზიდენცია ალყაშია.
- ფრთხილად მოქმედებაა საჭირო. არეშიძის ძაღლებმა ვერაფერი ვერ უნდა შეამჩნიონ. დრონებს ისევ არ აქვთ სურათი?
- არა, - თავი გააქნია თაბაგარმა უარყოფის ნიშნად. - არ ვიცი რას იყენებს, მაგრამ ტექნიკა ახლოს ვერ მიდის. მაგნიტურ ტალღას მწყობრიდან გამოჰყავს ყველა სახის სისტემა. ისეთ ოთახშიც სხედან სადაც აპარატურის მიახლოების გარეშე ხედს ვერ დაიჭერ. ყველაფერი გათვლილი აქვს ნაბიჭვარს. ვერაფერს ვხედავთ, მაგრამ საუბარს ვუსმენთ.
თავით ანიშნა იქვე ხის ძირში გაჩერებულ შავ ფურგონზე.
- თუ გაიგეს, რომ ალყაში არიან ყველას ამოხოცავენ შიგნით. შენებიდან არავინ გაინძრეს! გოჩა, არ ვხუმრობ. სანამ შესაფერის სიგნალს არ მივიღებთ შიგნიდან, ფეხი არავინ მოიცვალოს ადგილიდან!
მრავალმნიშვნელოვნად გახედა შუკვანს. სვანს სახე ჩამოუგრძელდა. ჯერ იმ აზრს ვერ შეგუებოდა, რომ მისი ნაცნობი უბნელი „სუსში“ მუშაობდა, ვითომაც აქ არაფერიო, თან უკრძალავდა სახლს მიახლოებოდა, სადაც მის საყვარელ ადამიანს საფრთხე ემუქრებოდა. გადაწყვიტა, საიმონისთვის შეეხედა, სანამ ცდუნებას აჰყვებოდა და იმ „კრიუგერის“ სიფათში გემრიელად მოსდებდა.
საიმონი კანდელაკთან ერთად საპატრულო მანქანაის უკანა სავარძელზე იჯდა. ლიზა გულში იხუტებდა ბავშვს და ხმადაბლა რაღაცას ეჩურჩულებოდა. პატარა სავანელი გაოცებული და გაფითრებული ყურადღებით უსმენდა.
- საიმონ, - ბავშვის წინ ჩაიმუხლა შუკვანმა, - ხომ არაფერი დაგიშავდა?
- ჩემი და ცოცხალია? - იკითხა დამრგვალებული თვალებით - იმ სახლში ჰყავთ გამომწყვდეული? კიტა, სიმართლე მითხარი!
შავი თვალები ტირილისგან ჩასწითლებოდა და დასიებოდა. საცოდავად გამოიყურებოდა. შუკვანმა წყენით გადახედა კანდელაკს.
- სადამდე აპირებთ ბავშვის მოტყუებას? - თავი იმართლა გაღიზიანებულმა - უფლება აქვს სიმართლე იცოდეს, თუ რისთვის გაიტაცეს!
- კიტა, - არ ცხრებოდა აღელვებული. შუკვანისგან უნდოდა მოსმენა, ისე ვერაფრით დაიჯერებდა. - ჩემი და მართლა ცოცხალია? სიმართლე მითხარი, გეხვეწები. ცოცხალია?
სახეზე ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები და მუდარით მისჩერებოდა უფროს მეგობარს. კიტას თვალები აეწვა, სწრაფად აახამხამა წამწამები და კრიჭაშეკრულმა მძიმედ დაუქნია თავი.
- დამიბრუნე! - პატარა მუშტით მოიწმინდა სახეზე ჩამოგორებული ცრემლები და შუკვანს ქურთუკში ჩააფრინდა. - მეტს არაფერს გთხოვ. აღარასდროს აღარაფერს აღარ გთხოვ. მინდა, ელი სახლში ცოცხალი დაბრუნდეს. გეხვეწები, კიტა.
- ყველაფერს გავაკეთებ საამისოდ!
სწორედ ამ დროს რეზიდენციიდან გასროლის ხმა მოისმა. ყველამ იქით მიიხედა.
- რა ხმა იყო? ვინმემ ისროლა? - თვალები დაქაჩა კანდელაკმა.
- ელ! ეეელ!
ღრიალით გადმოხტა მანქანიდან საიმონი, მაგრამ სახლისკენ გაქცევა ვერ მოასწრო, აფართხალებული შუკვანმა ჰაერში დაიჭირა.
- ხელი გამიშვი! იქ ჩემი დაა! იქ ჩემი დაა! ხელები მომაშორე!
- საიმონ! - უყვირა ნერვებმოშლილმა - დამაცადე მოქმედება! გითხარი მოვიყვან-მეთქი. სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს მოცემული პირობას შეგისრულებ!
სანამ თაბაგარი ფურგონში არკვევდა რა მოხდა შიგნით და ვინ ისროლა, სპეცრაზმი შეტევაზე გადასასვლელად წრიულად ნაწილდებოდა ტერიტორიაზე. შუკვანმა საერთო დაბნეულობით ისარგებლა. კანდელაკს სწრაფად უჩურჩულა:
- პირობას გაძლევ, ახალს გიყიდი სიბერემდე.
სანამ გოგონა მისი სიტყვებიდან აზრს გამოიტანდა, ატირებული საიმონი მიაჩეჩა. თვითონ კი ელვის სისწრაფით მიუჯდა თეთრ სედანს და გიჟური სისწრაფით მოსწყვიტა მანქანა ადგილიდან.
თაბაგარის ყვირილი და რეზის გინება შემოესმა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მხეცური სისწრაფით მიექანებოდა უზარმაზარი ჭიშკრისკენ. წინ გადადგომა ვერავინ გაბედა.
თეთრმა სედანმა გამაყრუებელი ჭახანით შელეწა ლითონის კარი და რეზიდენციისკენ გავარდა ტვიის სისრწაფით. გარეთ აყუნცული მცველები ისე მიყარმოყარა რეაგირება ვერავინ მოასწრო. სულ რაღაც ორ წამში შუკვანი რეზიდენციის შესასვლელის იატაკს აუბედურებდა კანდელაკის ცხვირმიჭეჭყილი სედანით.


******
შუკვანის რეზიდენციაში გამოჩენიდან ერთ წამში უაზარმაზარი მისაღები ოთახი ფრონტის ხაზს დაემსგავსა. მანამდე უჩინარი დაცვის წევრები მეორე სართულის მოაჯირს გადმოეკიდნენ და მანქანის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
დევდარიანმა დაიღრინა. თავისი იარაღი მილენას ჩაუდო ხელებში. თვითონ მეორე ამოიღო ქამრიდან და წყვილმა მაღლა სართულის მიმართულებით ერთდროულად გახსნა ცეცხლი. ვარლამი იმდენად გააოცდა და დააბნია ერთგული მარჯვენა ხელის საქციელმა, რომ რეაგირება ვერ მოასწრო. ანჯაფარიძემ კი დრო იხელთა და ბებერს ზვავივით დაეტაკა. იატაკზე დააგდო, ზემოდან მოექცა და შეკრული მუშტი ღრიალით ხეთქა სახეში.
ლოლაძემ ჯერ დაბნეულმა შეხედა დევდარიანს, როგორ გადაეფარა მილენას სხეულს უზარმაზარი არწივივით და ცეცხლი გახსნა მსროლელის მიმართულებით. შემდეგ კი გონს მოეგო. მაგიდა გადააყირავა და გაშტერებულ ელს ხელი დასტაცა. ორივე მძიმე ხეს ამოეფარა ტყვიებისგან თავდასაცავად.
ამასობაში მთელი დავიდარების გამომწვევი თეთრი სედანი საბურავების გამაყრუებელი წივილით შეჩერდა ერთ-ერთ ნაძვის ხესთან. კარი გაიღო და სალოდნიდან შუბლგაჩეხილი შუკვანი გადმოხტა. სახის ნახევარი სისხლში ამოთხვროდა. მანქანის კარს ამოეფარა და მანაც ცეცხლი გახსნა მეორე სართულისკენ.
ტყვიების წივილსა და საშინელ გრუხუნში ვერ გაარჩევდით, ვინ ვის ესროდა ან ურტყამდა. ბრმად ნასროლი ტყვიები სახლის კედლებსა და დეკორაციებს ხვდებოდა. გაპრიალებული რეზიდენციის ჭერიდან ბათქაში და გირლანდების ნაკუწები ცვიოდა. ბუღსა და ორომტრიალში ხილვადობა ჭირდა. ერთ დროს თვალიმომჭრელი სახლი ომგამოვლილ ბზიკების სკას დაემსგავსა.
სავანელს გული გადაუქანდა, როცა შეამჩნია როგორ მოისროლა შუკვანმა ცარიელ მჭიდიანი პისტოლეტი გვერდით და ღრიალით მიახტა ერთ-ერთ თავდამსხმელს. მაშინვე მისკენ გაქცევა დააპირა, მაგრამ ლოლაძემ დაიჭირა.
სულ ერთ წამში კი არსაიდან დამხმარე ძალა გამოჩნდა და უზარმაზარი მინები სპეცდანაყოფის რაზმა შემოლეწა. ლოლაძემ სავანელი მკალვებში მოიქცია და მთელი სხეულით გადაეფარა. დროულად მოასწრო, რადგან შუშის ნამსხვრევები ექიმს ბეჭებზე დააცვივდა. გამაყრუებელმა ხმაურმა ლამის ორივე დააყრუა.
ელმა თავი წამოსწია, რომ ენახა, რა ხდებოდა და თვალი შეასწრო მისკენ მომავალ მაღალ ფიგურას. ყველაფერი გულის ერთ დარტყმაში მოხდა. თითქოს ფილმში შენელებულ კადრებს უყურებდა. გიგი არეშიძეს სახე უკიდურესი სიბრაზისგან მოჰქცეოდა, მარჯვენა შეემართა და ღრიალით უახლოვდებოდა ელს. ის იყო საჩვენებელი თითი სასხლეტს შეეხო, რომ ჰაერში ავარდნილი ბუღიდან თეთრთავა ალბინოსმა ისკუპა პოლარული პანტერასავით და არეშიძე ბრაგვანით დასცა ძირს. გიგის პისტოლეტი ხელიდან გაუვარდა. ანდრო ჭკადუამ დრო იხელთა, მკერდზე წამოაჯდა და შეკრული მარჯვენა ყბაში უთავაზა.
მოგვიანებით სავანელს ვეღარ იხსენებდა, როგორ აღმოჩნდა გარეთ, როგორ გამოიყვანა სპეცრაზმის ჯგუფმა უსაფრთხოდ ყველა მძევალი. როგორ ძლივს გამოწიწკნეს ვარლამ არეშიძე ანჯაფარიძის კლანჭებს, გვარიანად ნაბეგვი, მაგრამ მაინც ცოცხალი.
დაცვის წევრების უმრავლესობა, სპეცრაზმის დანახვაზე მაშინვე დანებდა, იარაღი დაყარეს და თავზე წაივლეს ხელები. ნაწილი მაინც იბრძოდა. კარგად გაწვრთნილმა ბრიგადამ უმალ მოახდინა საფრთხის ლიკვიდაცია. თუმცა, მსხვერპლი მათ მხარესაც იყო. ერთი პოლიციელი ჩასაფრებული თავდამსხმელის ტყვიას ემსხვერპლა, სამი კი მძიმედ დაიჭრა.
საბოლოოდ ნახევრად დანგრეული და გაუბედურებული რეზიდენცია ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფმა გადაიბარა. თვალის დახამხამებაში სასწრაფო და სამაშველო დახმარების ბრიგადებიც მოგრიალდნენ გამაყრუებელი სიგნალებით. მიცვალებულები აბოლებული მისაღებიდან გამოასვენეს. დაჭრილები კი რეანომობილმა გააქანა უახლოეს საავადმყოფოში.
ქუჩა გადაკეტეს. ატეხილი სროლის გადამკიდე მთელი სიღნაღი ფეხზე დადგა. ცნობისმოყვარეები კისერს იგრძელებდნენ, რომ თვალი მოეკრათ გაუბედურებული მამულის წინ შეკრებილი მცირე ჯგუფისთვის, რომელსაც პოლიცია დამცავ ფარად შემორტყმოდა. არავის უშვებდნენ ახლოს. არავინ იცოდა საიდან გაიგეს ჟურნალისტებმა ასე სწრაფად მომხდარის შესახებ.
შორიდან აპარატების ნერვიული ჩხაკუნი მოისმოდა. აქა-იქ ფლეში ელავდა სურათის გადაღებისას. ცოცხალ ღობედ აღმართული პოლიციელების საკმაოდ გრძელი ჯგუფი ხალხს გზას უღობავდა, რომ წინ ნაბიჯი არ გადაედგათ. ყველას აინტერესებდა ვინ იყო პატარა ბიჭი, რომელიც მოთქმით ტიროდა და მუხლებზე დამდგარ აცრემლებულ გოგონას გამეტებით ეკვროდა გულში.
ცნობისმოყვარე რეპორტიორის ობიექტივში მილენა სარანგიძეც მოხვდა. თმააწეწილს და ერთიანად გამტვრიანებულს ტუჩი გახეთქოდა, სხვა მხრივ უვნებლად გამოიყურებოდა. სერიოზული სახით ესაუბრებოდა სწორმართკუთხა სათვალიან მამაკაცს, რომელსაც ნაკაწრიც კი არ ეტყობოდა სახეზე. მხოლოდ შავი ლაბადა დასვროდა აქა-იქ, კლასიკური სამოსი კვლავ უზადოდ გამოიყურებოდა იმ ჯოჯოხეთის ფონზე, რაც წამის წინ გამოიარეს.
იმავეს ვერ იტყოდით ანჯაფარიძეზე. პოლიციელს ხელბორკილები დაედო სვანისთვის და კოჭლობით მიჰყავდათ საპატრულო მანქანისკენ. სახეზე ცემის კვალი ეტყობოდა. ვიღაცას კი ცხვირი გაეტეხა სვანისთვის. რეპორტიორმა მოხერხებულად დააფიქსირა სეგი დევდარიანის მტრული მზერა, როგორი გააყოლა თვალი ბორკილებდადებულ ანჯაფარიძეს და ღვარძლით გადააფურთხა.
ობიექტივმა კადრში მთელი დავიდარების მთავარი გამომწვევი მიზეზი მოიგდო და გამალებით აჩხაკუნდა. ვარლამ არეშიძისთვის ზურგს უკან მკლავები გადაეგრიხათ და სპეცდანაყოფის მანქანისკენ მიათრევდნენ. სხვა ტყვეებისგან განსხვავებით ჯავშნიან საბარგულში შეაგდეს, უკან შეჰყვნენ და კარი მიიკეტეს.
დაბნეულმა ჟურნალისტმა სახიდან ფოტოაპარატი მოიშორა და გაშტერებული მიაჩერდა მონგრეული ჭიშკრიდან გამომავალ რომან სტურუას, რომელსაც გვერდით დედამისი მოჰყვებოდა. ორივეს ხელზე ბორკილები უელავდათ. იმდენად გააოცა მინისტრის ასეთ მდგომარებაში ნახვამ, ისიც კი ვერ მოისაზრა, სურათი გადაეღო, სანამ საპატრულო მანქანაში ჩატენიდნენ ორივეს. დედა-შვილი კამერებს სახეს არიდებდა.
- ის თეთრთავა ვინაღაა? - იკითხა მის გვერდით მდგარმა ფოტოგრაფმა და სასწაფოს მანქანისკენ ანიშნა.
ანდრო ჭკადუა საკაცეზე იჯდა. მხარში ბრმა ტყვია მოხვედროდა. მისკენ მოხრილი ქერა მამაკაცი გასისხლიანებულ ხელს უსუფთავებდა.
- საბედნიეროდ ტყვიამ მკლავში გაიარა. ამოღება არ დაგჭირდება, - გაუღიმა ლოლაძემ ჭკადუას. - დაგიმუშავებ და შეგიხვევ. ყოველი შემთხვევისთვის, საავადმყოფოში მაინც მოგიწევს წასვლა, ადგილზე უკეთ მოგხედავენ.
- არაა საჭირო, თქვენ ხომ უკვე მიწმენდთ ჭრილობას? - მიუგო უხალისოდ.
შუშის თვალებით მისჩერებოდა ერთ ადგილს. ლოლაძემ მზერა გააყოლა და სავანელის ფეხს ჩაბღაუჭებული საიმონი შეამჩნია.
- იცნობ? - ჰკითხა ექიმმა, სასაუბრო თემის შეცვლის მიზნით.
- არა. - მიუგო ყრუდ და თავი ჩახარა.
- ტყუილისთვის ცხვირი გაგეზრდება, ლაწირაკო!
მოისმა სავანელის დამცინავი ხმა. ჭკადუამ სწრაფად ასწია თავი. ვერც კი გაიგო, როდის მოუახლოვდა ელი, უმცროს ძმასთან ერთად. გოგონას გულხელი დაეკრიფა და აზიდული წარბებით ათვალიერებდა უფროს ძმას. საიმონს კი შავი თვალები ბედნიერებისგან უბრწყინავდა. ანდრომ წარბი შეიკრა.
- შენზე უფროსი ვარ, ლაწირკო! - მიუგო წყენით. ელს გაეცინა.
- სამი წელი რა მოსატანია, ბავშვო? ენას თუ არ გააჩერებ მზესუმზირა ექიმი სპირტს დაგასხამს ჭრილობაზე. დამიჯერე, მტკივნეულია.
- ხუმრობს, - მიუგო ლოლაძემ სიცილით და ელს თვალები გადაუბრიალა.
- ერთანეთს იცნობთ? - ჩაერია საიმონი. სამივემ მასზე გადაიტანა მზერა.
- ვინ ვის იცნობს, სუპერ ლაწირაკო, კითხვა ვერ გავიგეთ. - ჩაეკითხა სავანელი.
- რატომ ვარ სუპერ ლაწირაკი? - წარბი შეიკრა საიმონმა.
- აბა, ლაწირაკის სტატუსი უკვე დაკავებულია, - ცერით ანიშნა ჭკადუაზე - რახან დედმამიშვილებს შორის ყველაზე პატარა ხარ...
ანდრო უხერხულად შეიშმუშნა, ყელში ბურთი გაეჩხირა და წამწამები აახამხამა, რომ თავი მოეთოკა.
- ჩვენი ძმაა? - თვალები დაქაჩა საიმონმა და ანდროს გაშტერებული მიაჩერდა.
- კიდევ ერთი სავანელი ამძიმებს უბედურ დედამიწას. - გაეცინა - ბავშვობაში დაგპირდი პოლარულ დათვს გიყიდი-მეთქი. მაგრამ ერთი ციდა იყავი, არ გემახსოვრება. ლენტს მოგვიანებით გავუკეთებ თავზე.
ჭკადუამ თვალები გადაატრიალა, მაგრამ ტუჩის კუთხეში მაინც გაეპარა ღიმილი.
- დიდი ხანი აპირებ ჩემთვის ხელის შეშლას? - თვალი უთამაშებდა ლოლაძეს - არ გეყო სიცოცხლე რომ გამიმწარე ბოლო რამდენიმე თვე?
- აჭარბებ, - შეუბღვირა ელმა.
- მე? - საჩვენებელი თითი მკერდზე მიიდო, ყურებს არ უჯერებდა ქერათმიანი - მეგონა მოჩვენებები დამეწყო. წყევლასავით ყველგან კუდში დამყვებოდი!
- ასეთია ეჭვმიტანილის ხვედრი, რას იზამ!
- ვერაფერი გავიგე, - ანდრო ხან ერთს გადახედავდა ხან მეორეს - ერთმანეთს იცნობთ?
- სამწუხაროდ, - ამოიოხრა ლოლაძემ და ჭკადუას მკლავზე შემოხვეული ბინტი გაუკვანძა - მოეჩვენა, რომ სერიული მკვლელი ვარ და ყველგან კუდში დამდევდა. კინაღამ ჭკუიდან გადამიყვანა, კაცი.
ელმა თავი ვერ შეიკავა და სიცილი წასკდა. ლოლაძემ შეუბღვირა.
- ბოლოს თავის სახლში წამასწრო, როცა მის გარდერობში ვიქექებოდი, - უხალისოდ აღიარა ელმა.
- საკმაოდ უხერხულ სიტუაციაში! - ჭარხალივით გაწითლდა ექიმი.
- რას აკეთებდა? - ერთხმად იკითხეს საიმონმა და ანდრომ.
- ჩემს პარფიუმს ყნოსავდა!
- რომ მცოდნოდა, რომ შხაპის მიღებას სწრაფად მორჩებოდი, ფეხს ავუჩქარებდი, - ტკბილად გაუღიმა სავანელმა. - კიდევ კარგი, პირსახოცი გქონდა შემოფარებული, თორემ საკუთარი ხელით დავითხრიდი თვალებს!
- ელ, თუ ღმერთი გწამს! - კიდევ უფრო გაწითლდა ექიმი.
ანდრომ და საიმონმა ერთმანეთს გადახედეს. ზუსტად ერთდროულად აეწიათ წარბები მაღლა.
- კი, მაგრამ შენ, დევდარიანი და მილენა რანაირად გაჩნდით აგარაკზე?
- მილენამ დაიჩემა სახლში უნდა დავბრუნდეო, - სახე მოეღრუბლა ექიმს. - მასზე ვღელავდი, მარტოს ხომ არ გამოვუშვებდი? ერთად გამოვემგზავრეთ. მე სახლში გავიარე ნივთები დასატოვებლად. მილენას საღამოსკენ გავუარე. კორპუსთანვე ამიყვანეს. ორი ნიღბიანი დამესხა თავს, მანქანაში ჩამტენეს და აქ მომიყვანეს.
ყველამ დევდარიანისკენ მიიხედა. მამაკაცი სერიოზული გამომეტყველებით ესაუბრებოდა თაბაგარს. ისიც თავს უქნევდა დრო და დრო. ახმახი სვანის წინ ჭაღარა კაცი პატარა ბავშვს დამსგავსებოდა.
- წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის. - წაიბურტყუნა ლოლაძემ.
დევდარიანმა აშკარად იგრძნო, რომ ვიღაც უყურებდა და ნელა მოაბრუნა თავი მათ მხარეს. ელის მზერას წააწყდა. წუთზე მეტხანს მისჩერებოდნენ ერთმანეთს თვალებში. შემდეგ ისევ შეტრიალდა და თაბაგარს დასმულ კითხვაზე პასუხი გასცა. ელს ღიმილი გაეპარა ტუჩის კუთხეში.
- საიმონ, კითხვაზე არ გიპასუხია. მოგწონს თუ არა ჩემი საჩუქარი?
თმა აუჩეჩა უმცროს ძმას. საიმონმა კრიტიკულად შეათვალიერა გაღიზიანებული ჭკადუა, ბოლოს კი სრული სერიოზულობით გადახედა დას.
- დავიტოვოთ. ოღონდ ის ლენტი არ უნდა, რა...
ანდროს სახე ჩამოუგრძელდა. ელს და ლოლაძეს კი სიცილი წასკდათ. ხალხს როგორც იქნა კიტა და ლიზაც გამოეყვნენ. სავანელი კანდელაკის ხილვამ გააოცა. არ იცოდა, რომ შუკვანს თან მოჰყვა.
ლიზა სწრაფად მოეხვია მეგობარს. დარწმუნდა, რომ არაფერი უჭირდა და საიმონი აიტაცა ხელში. ადგილი შუკვანს გაუთავისუფლა. კიტა ელს მიუახლოვდა. ერთმანეთს თვალი გაუსწორეს. ათასი წარმოითქმელი სიტყვა იკითხებოდა ორის მზერაში.
- კარგად ხარ? - ჰკითხა სავანელს ხმადაბლა.
- უარესებიც გადამიტანია, - თვალი ჩაუკრა - შენ როგორ ხარ?
დაკაწრული სახე მოუთვალიერა. იმ ორომტრიალში ათასი ნაგავი დააცვივდა თავზე. არეშიძის მცველებმა ერთი-ორი ყბაშიც მოსდეს ხელჩართული ბრძოლის დროს, მაგრამ არც თვითონ დაუკლია.
ელს წუთზე მეტხანს უყურებდა თვალებში. ბოლოს გრძნობებს აყოლილმა თავი ვერ შეიკავა. ნიკაპში ხელი წაავლო და ბაგეებზე ტბკილად დაეწაფა.
- ფუიიიი!
საიმონმა ახითხითებული კანდელაკის თმაში ჩამალა სახე. ლოლაძემ ხელები მაღლა ასწია და წარბაწეული გაეცალა იქაურობას. დაბღვერილი ანდრო კი შუკვანს ხვრეტდა თვალებით.
- ეი! - შეუღრინა სვანს - აქ ხალხს ვერ გვხედავ?!
გაკვირვებული შუკვანი ელს მოსწყდა და ანდროს გამოხედა.
- ეს ვიღას დაკარგვია?
ცერით ანიშნა ელს ალბინოსზე. სავანელმა არ უპასუხა. სიცილით დაექაჩა საკინძეზე და ისევ მის ბაგეებს მიაკრა ტუჩები.
- ეი! - გაგულისდა ჭკადუა - ვის ველაპარაკები მე?! ეი!
დევდარიანმა როგორც იქნა თავი დაიხსნა აბეზარი თაბაგარისგან და მილენას მიუახლოვდა. განცალკევებით მდგარი, შორიდან შეჰყურებდა შუკვანს. მკლავებში სავანელი მოექცია და ანდროს ეკინკლავებოდა ხუთი წლის ბავშვივით. ღვინისფერ ტუჩებზე მკრთალი ღიმილი დასთამაშებდა. აი, თურმე ვინები ყოფილან დღიურის გმირები...
მოჯადოებული მისჩერებოდა ელს. ზუსტად ისეთ ყოფილა, როგორიც არაერთხელ წარმოედგინა ფანტაზიებში. ძლიერი, უშიშარი, ცივი, დამცინავი... სახიფათო! ჯერ კიდევ თვალწინ ედგა, როგორი ოსტატობით გამოიყვანა წყობიდან გიგი არეშიძე და მიხეილს ტვინი გაასხმევინა.
მისმა სახემ შეაშინა. არასოდეს უნახავს გოგონას ასეთი გამომეტყველება. ცივი, გათვლილი კალკულაციით მართავდა არეშიძეს, როგორც მარიონეტს. საჭირო მომენტში კი ფითილს ცეცხლი წაუკიდა. ტანში ცივმა ჟრუანტელმა დაუარა.
დიდი გენიოსობა არ სჭირდებოდა, იმის მიხვედრას რომ დღიურის ერთ-ერთი გმირი „ლუკა“, სწორედ შუკვანი უნდა ყოფილიყო. რისთვის დაუახლოვდა? რისთვის აბეზრებდა თავს? მაგიდასთან ელის მონოლოგის მოსმენის შემდეგ, უკვე დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი სავანელის ბრწყინვალე გეგმის ნაწილი იყო. შუკვანი კი ეხმარებოდა. ეხმარებოდა, რადგან ელი უყვარდა.
გაახსენდა სვანთან ერთად გატარებული დილა შხაპის ქვეშ და თავი საშინლად იგრძნო. ნაცნობი შეგრძნება დაეუფლა. განა ანჯაფარიძემ იგივე მეთოდით არ გამოიყენა? ისევ ეთამაშებოდნენ. ისევ გამოიყენეს. ისევ ვიღაცის გეგმის ნაწილი გახდა. თავი ცუდად იგრძნო, მაგრამ არაფერი შეიმჩნია. მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი, აცრემლებული თვალები შუკვანს მოარიდა და უნებურად მზერა მოახლოებულ დევდარიანზე გადაიტანა.
- ყველაფერი რიგზეა? თავს როგორ გრძნობ? - მზრუნველად ჰკითხა მილენას და ცერი გახეთილ ბაგეზე გადაუსვა - გტკივა?
- არაფერი მიჭირს, სეგი, - მიუგო უხერხულად. - მაპატიე, იმ წარმოდგენისთვის. არ უნდა შემეფურთხებინა. ზედმეტი მომივიდა. უბრალოდ ძალიან ვცდილობდი დამაჯერებელი ვყოფილიყავი. ნერვებს ავყევი.
დევდარიანს გაეღიმა და თავი გააქნია.
- მართალია, ზედმეტად დამაჯერებელი იყავი. შენი სიტყვები გულზე მომხვდა.
- რატომ არ მითხარი სინმადვილეში სად მუშაობდი? - მისი ნათქვამისთვის ყურადღება არ მიუქცევია - როცა ჩემს სახლში ამომადექი და გამიმხილე სად მიგყავდი... ახლა რომ მახსენდება ვერც კი ვიჯერებ, რომ გენდე. გარშემო ვიხედები და ვხვდები, რომ ერთ დიდ ტყუილში ვცხოვრობდი.
- მაპატიე, - თვალებში სევდა ჩაუდგა სვანს - საიდუმლო ოპერაცია წლებია უკვე მიმდინარებოს. არეშიძეების გამოჭერა აქამდე ვერაფრით მოხერხდა. ცხრა წელია ამ საქმეს ვხელმძღვანელობ. გიმუშავია სამართალდამცავ სისტემაში. იცი რა როგორ ხდება. არ მქონდა უფლება, ნამდვილი ვინაობა გამემხილა.
- მესმის, მაგრამ მაინც მწყინს, - მიუგო ხმაჩახლეჩილმა. - არ მინდა პათეტიკურად გამომივიდეს, მაგრამ... მთელი ჩვენი ურთიერთობა, მხოლოდ შენი სამსახურის გეგმა იყო?
- მილენა... - წარბებს შორის ღრმა ნაოჭი გაუჩნდა დევდარიანს - ჩვენ ბევრად ადრე გავიცანით ერთმანეთი. მარკეტში შეგხვდი სრულიად შემთხვევით. მაშინ ჩემს ჯგუფს საერთოდ არ ჰყავდი ინტერესის ზონაში. მაპატიე, რომ რედაქციაში მუშაობა სხვა განზრახვით დავიწყე, მაგრამ შენთანა არასოდეს ვყოფილვარ ყალბი.
- გასაგებია, - მიუგო და მკრთალმა ღიმილმა გადაურბინა ტუჩებზე - ალბათ რთული იყო არეშიძის გვერდით მუშაობა, და თავის ისე მოჩვენება, თითქოს მართლა მისი ერთგული იყავი. მსგავსი მანიაკი არასოდეს შემხვედრია.
- ყველაზე მეტად ჩემი როლის შესრულება მაშინ გამიჭირდა, როცა შენთან გამომგზავნა მთელი ამალით. სხვა გზა არ მქონდა. უნდა წამომეყვანე. ებოდიშებოდასავით - წინააღმდეგ შემთხვევაში მოგკლავდნენ. ჩემების გაფრთხილების დრო არც მქონია, სანამ შენს ბინაში არ განვმარტოვდით.
- მაინც მიკვირს, როგორ გენდე... - თავი გააქნია აცრემლებულმა - საკუთარი თავის მიკვირს, რატომ გენდე და შენი ყველა სიტყვა ვირწმუნე.
დევდარიანს გაეღიმა. ცრემლები ნაზად მოსწმინდა. ქალს მკლავები შემოხვია და გულზე მიიხუტა. სახე სურნელოვან თმაში ჩაუმალა.
- წარმოდგენა არ გაქვს, როგორი ძალისხმევის ფასად დამიჯდა, შენი იმ სახლში მიყვანა. თავს არასოდეს ვაპატიებდი, რამე რომ მოგსვლოდა, მილენა.
სარანგიძემ ხელები ასწია და მამაკაცს წელშე შემოხვია. მხარზე დაადო თავი და თვალები დაეხუჭა. თავადაც ვერ ხვდებოდა, რატომ გრძნობდა თავს ასე უსაფრთხოდ დევდარიანის მკლავებში...


******
ნაფრონტალი რეზიდენციის წინ ხალხი შეთხელდა. დევდარიანმა თავის დანაყოფს შესაბამისი მითითებები მისცა. სპეცნაზი მაქანებში განაწილდა და იქაურბოას გაეცალნენ. ანდრო, ელი და მისი ძმა საპატრულო მანქანაში ჩასვეს. სანამ სავანელი მანქანის უკანა სავარძელზე დაიკავებდა ადგილს, თვალი შეასწრო, როგორ გამოჰქონდათ სამაშველო ჯგუფის წევრებს რეზიდენციიდან მიხეილ არეშიძის გვამი.
თეთრ სუდარას წითელი ლაქები აჩნდა, იმ ადგილას, სადაც სავარადოდ თავი უნდა ყოფილიყო. ყინულივით ცივმა ტალღამ დაუარა სხეულში. თვალი გააყოლა, სანამ მიცვალებულთან ერთად სასწრაფოს მანქანაში არ გაუჩინარდნენ.
შუკვანის მზერა დაიჭირა, მრვალმნიშვნელოვანი გამომეტყველებით მისჩერებოდა ელს. სავანელს თვალის კონტაქტი არ გაუწყვეტია, ისე მიუჯდა გვერდით საიმონს. მხოლოდ მერე გადაიტანა მზერა უმცროს ძმაზე, როცა კარი მიუხურეს.
შუკვანმა ნერვიულად ჩამოისვა ხელი სახეზე. ენას ღეჭავდა პირში. დაინახა მისი თვალები, იცნო ეს გამოხედვა. ზუსტად მსგავსი მზერა ჰქონდა მაშინ, როცა გამოუტყდა, რომ საიმონის თანაკლასელი კინაღამ საკუთარ სახლში გამოწვა ოჯახთან ერთად.
არ იცოდა ზუსტად, რა მოხდა შიგნით და რას მოჰყვა გასროლა. სიმართლე რომ ითქვას, ეშინოდა კიდეც მისი მოსმენის. ყველას გრძელზე გრძელი ღამე ელოდათ წინ. სასაუბრო ბევრი იყო. ყველაზე მეტად ელს გააწვალებდნენ კითხვებით: სად იყო ამდენ ხანს, რატომ გაიჩუნარდა და რა იყო ამის მიზეზი?
თავად კი წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ დახმარებოდა ამ აურზაურში. ამოიოხრა, კანდელაკს გვერდით მიუჯდა და თაბაგარის მანქანით უკან გაჰყვნენ ელს.
სარანგიძემ ლოლაძესთან ერთად მოიკალათა, მეორე საპატრულო მანქანის უკანა სავარძელზე. ყველა განყოფილებაში მიჰყავდათ ჩვენების მისაცემად. თითოეული მათგანი მომხდარზე ფიქრობდა და ვერც კი იჯერებდნენ, რომ იმ ჯოჯოხეთს, რაც აგარაკზე დატრიალდა, ცოცხლები გადაურჩნენ.
თითოეული მათგანის გონებაში ტრიალებდა ის საღამო, როცა ბევრი ითქვა, როცა ბევრ საიდუმლოს აეხადა ფარდა, როცა კინაღამ სიცოცხლეს გამომეშვიდობნენ.
ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ უარესმა უკვე ჩაიარა. დანარჩენს ეშველებოდა, როგორმე. დას ჩაბღაუჭებული საიმონი ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყო. გატაცებით გამოწვეული შიში და სტრესი მარტივად მიაგდო ყურის ძირში და ყველაზე დიდი ნატვრის ახდენით ხარობდა. ანდრო ახლად შეძენილ და-ძმას მისჩერებოდა და აუხსნელი სითბო ეპარებოდა ორგანიზმში. ძალიან დიდი ხნის შემდეგ დაკარგულმა „ჭუკმა“ თავისი ბუდე იპოვა. პირველად ცხოვებაში თავს სრულფასოვან პიროვნებად გრძნობდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კითხვა დაუგროვდა, იმწამს ამაზე არ დარდობდა. საიმონის თმაში გამორეულ თეთრ თმას ღიმილით მისჩერებოდა და გულში იმედი უფუთფუთებდა უკეთესი მომავლის. ყველაფერი დანარჩენი მოიცდიდა. სასაუბროდ კიდევ დიდი დრო ექნებოდათ.
დევდარიანმა თავის ხალხს ანიშნა რომ დაშლილიყვნენ. თვითონ კი იმ მანქანას მიაშურა, რომლითაც არეშიძე გადაჰყავდათ, სპეცრაზმის ოთხ თანამშრომელთან ერთად. სანამ კარს გამოაღებდა, ბოლოჯერ მოხედა განადგურებულ რეზიდენციას და ტუჩებზე ცივი ღიმილი გადაეფინა. ლაბადის კალთები ხელით დაიკავა და მანქანაში ჩაჯდა. მძღოლმა აუჩქარებლად გააგორა მანქანა გზატკეცილზე. სეგიმ ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო. მოკლე შეტყობინება გააგზავნა და სმართფონი ისევ ჯიბეში შეინახა.
ნახევარი საათი ისე იარეს, ხმა არავის გაუღია. უკანა კაბინიდან არეშიძის ღრენა მოისმოდა. დამწვდეული მხეცივით ბურდღუნებდა რაღაცას და გვერდით მჯდომ ნიღბიანებს ემუქრებოდა. ზედ არავის შეუხედავს მისთვის. გაქვავებული სახეებით იყურებოდნენ სხვადასხვა მხარეს. ხელში ავტომატები მოემარჯვებინათ ყოველი შემთხვევისთვის და მანქანის რყევის რიტმს აყოლილნი მსუბუქად ირწეოდნენ.
როცა ბუსი სიღნაღს გასცდა და დაუსახლებელ პუნქტში გაიჭრა გზატკეცილზე, დევდარიანმა მანქანის გვერდითა სარკეში შენიშნა რომ ფურგონს სამი შავი მერსედესი წამოეწია. წარბშეკრულმა მაშინვე იარაღზე გაივლო ხელი, მუშტი მისცხო კაბინას და თავისიანები გააფრთხილა.
ოთხივე სპეცნაზელმა ფანჯრისკენ გაიხედა, ერთ ერთმა საპასუხოდ მოარტყა მუშტი გამყოფ ლითონის ბარიერს, რაც იმას ნიშნავდა რომ აკიდებული კუდი მათაც შეამჩნიეს. მძღოლმა ნერვიულად დააცეცა თვალები.
- ყურადღება მოიკრიბე და გზას უყურე! - მკაცრად უბძანა დევდარიანმა.
იმას კიდევ დაფრთხობა უნდოდა? ისედაც ჭარხალს დამსგავსებოდა უბედური. ნიღბიში მხოლოდ ცხვირი და თვალები მოუჩანდა. იარაღი ამოიღო და გადატენა, გვერდითა ხედვის სარკეში თვალი შეასწრო რომ მდევარმა განლაგება შეცვალა. ორი აქეთ-იქიდან ამოუდგა ფურგონს, ერთმა კი რომელიც უკან ჩამორჩა გაზის პედალს დააჭირა წიხლი და მთელი ძალით დაატაკა მანქანა პოლიციის ფურგონს.
დევდარიანმა დროზე მოასწრო თავის შემაგრება, ფურგონი ძლიერად შეჯანჯაღარდა. გაღიზიანებულს ღრენა აღმოხდა. კაბინიდან არეშიძის ყიჟინა მოისმა. სეგიმ ფანჯარას ჩაუწია, ხელი გადაყო და უკან ადევნებულებს ცეცხლი გაუხსნა. მერსედესი უმალ ამოეფარა ფურგონს, სამაგიეროდ მარჯვენა მხრიდან შეუტია მეორემ და ძლიერად უბიძგა გვერდით. მძღოლმა წონასწორობა დაკარგა და კინაღამ გადავარდა გზიდან.
- არეშიძე დაიცავით! - უყვირა კაბინაში მყოფთ. - შენ კი საჭე გეჭირო...
სიტყვის დასრულება ვერ მოასწრო. სამივე მერსედესმა ერთდროულად შეუტია ფურგონს. გაისმა საშინელი ჭახანის ხმა და მანქანა თავისი სპეცრაზმით გზიდან გააგდეს. ფურგონმა მალაყი გააკეთა და გამაყრუებელი ზათქით დაეცა ასფალტს. სახურავზე ამოყირავებულმა, კარგა ხანს იხოხა და ღრჭიალით შეჩერდა მოსახვევთან.
ფურგონის საბურავები საცოდავად ტრიალებდნენ, როცა გაუბედურებულ მანქანას ბოლი აუვიდა. სამივე მერსედესმა გამაყრუებელი წივილით დაამუხრუჭა ფურგონთან, სალონიდან ნიღბიანი მამაკაცები გადმოცვივდნენ და ფურგონს ესცნენ.
- სწრაფად სანამ აფეთქდა! - იყვირა ვიღაცამ.
ერთ-ერთმა იარაღი ესროლა საკეტს და კარი გამოაღო. შიგნით ყველა ერთმანეთში არეულიყო. არეშიძე ბორკილებშებმული სპეცრაზმელის ქვეშ მოყოლილიყო და ტკივილისგან კრუსუნებდა. ორი მამაკაცი შიგნით შევარდა. არეშიძეს დაეხმარნენ და შებორკილი გარეთ გამოათრიეს. გზად ერთ პოლიციელს კბილებში უწია იარაღის კონდახმა, რადგან გაიბრძოლა და არეშიძის დათრევა სცადა.
მოხუცი მაშინვე მერსედესისკენ გააქანეს. სალონში შეაგდეს, უკან შეჰყვენენ და ტყვიის სისწრაფით გაეცალნენ იქაორბას. აბოლებული ფურგონში მგზავრები უსულოდ ეყარნენ. გონდაკარგულ დევდარიანს სათვალე გვერდით მოქცეოდა. საქარე მინის ნამსხვრევებზე საფეთქელთან კანი გახლეჩოდა. სისხლის ვიწრო ზოლი ზანტად მოუყვებოდა მამაკაცის გამოკვეთილ ღაწვებს. შორიდან საპატრულო მანქანების სირენების ხმა მოისმა...
სამი შავი მერსედესი არანორმალური სისწრაფით მიუყვებოდა გზატკეცილს. პირველ მანქანაში, არეშიძე გამოჭიმულიყო უკანა სავარძელზე. ავარიისას ცოტა დაჟეჟილიყო: წარბი გახეთქოდა და სისხლი წვრილ ზოლად მოსდევდა ჩაცვენილ ლოყაზე, მაგრამ ბედნიერი და გახარებული ჩანდა.
მეტიც, აღფრთოვანებული იყო. თავიდან კი შეეშინდა, როცა სპეცრაზმმა მანქანაში შეტენა, მაგრამ მერე მის გვერდით მჯდომმა ერთ-ერთმა ნიღბიანმა ტელეფონზე შეტყობინება მიიღო. ფარულად დაანახა რა ეწერა გზავნილში: „მაგრად მოეჭიდე!“, იტყობინებოდა ადრესატი. იმწამსვე გული სიხარულით აევსო.
- ყოჩაღ, დევდარიანი! - ჰაერში მოიქნია გამარჯვების მუშტი - ჩემი ოქროს ბიჭუნა! ვიცოდი, რომ ნებისმიერი სიტუაციიდან შეძლებდა ჩემს დახსნას! მე რომ აღარ ვიქნები, მთელს ჩემს ქონებას მას დავუტოვებ! შვილზე მეტად გამომადგა ცხოვრებაში! ჰო, მართლა... მომაშორეთ ეს წყეული ბორკილები!
ხელები გაიშვირა ნიღბიანებისკენ. წინა სავარძელძე მჯდომმა მამაკაცმა თავზე გადაისვა ხელი. ნიღაბი მოიხსნა, გადაჩეჩილი თმა, კიდევ უფრო მეტად აიჩეჩა და არეშიძეს მიუტრიალდა.
- როგორც იტყვი, უფროსო!
სიცილი აუტყდა საბა შუკვანს და მხიარულად ჩაუკრა თვალი გაშტერებულ არეშიძეს.
- ეჭვი არ გვეპარება, რომ დევდარინი ყველა ხიფათისგან გიხსნის.
დაამატა სარკასტრულად. დანარჩენებსაც სიცილი აუტყდათ. ყველამ მოიხსნა ნიღაბი. არეშიძეს აქეთ-იქიდან ონიანი და მურყვანი მისხდომოდნენ. საჭეს კი ირაკლი შუკვანი მართავდა. არეშიძემ დამფრთხალი ვირთხასავით დააცეცა თვალები.
- დევდარიანი ვის უშველის არ ვიცი, მაგრამ შენთან მოკითხვა მონარქმა დამაბარა. - მობუზულ არეშიძეს ყურში ავად წასჩურჩულა ონიანმა.
- სავანელი მართლა გენიოსია, - აღფრთოვანებას ვერ მალავდა საბა - რას ვიფიქრებდი ეს გეგმა თუ იმუშავებდა!
- ელი კი ამტკიცებს, რომ უბრალოდ ჭადრაკის თამაში კარგად გამოსდის.
მხრები აიჩეჩა ირაკლიმ, მამა-შვილმა ერთმანეთს გადახედა და ორივეს სიცილი წასკდათ. მანქანამ სიჩქარეს მოუმატა.


*******
ორი კვირის შემდეგ
ორ კვირაში უამრავი ადამიანის ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვალა. კახეთის აგარაკზე მომხდარმა ამბებმა ნამდვილი ატომური აფეთქება გამოიწვია მედიასა და პრესაში. ყველა გაზეთი, თუ საინფორმაციო ერთ თემაზე საუბრობდა. არეშიძეების კლანის ბინძური საიდუმლო დღის სინათლეზე გამოვიდა. აგარაკის ტყის გათხრებისას ორმოცდაათამდე ადამაინის ნეშტი იპოვეს.
გარდაცვლილებს შორის მცირეწლოვანი ასაკის ბავშვებიც იყვნენ. ზოგი ნეშტი იმდენად ძველი იყო, მხოლოდ ძველბიღა დარჩენილიყო. მსგავსი კოშმარი საქართველოს ისტორიას ჯერ არ ახსოვდა. აბსოლუტურად ყველა სატელევიზიო არხი არეშიძეების სისხლიან წარსულზე საუბრობდა. შემზარავი ისტორია ქვეყნის ფარგებსაც გასცდა. უცხოური ტელევიზიები სხვა არაფერზე საუბრობდნენ.
კორუმპირებული მაღალჩინოსნები იმავე საღამოს აყარეს: ზოგი საწოლიდან, ზოგი საყვარლის სხეულიდან, ზოგიც სამსახურიდან გამოაპრონწიალეს. გამყიდველი ვირთხები წელში მოხრილები და ხელებგადაგრეხილები გამოჰყავდა სპეცნაზს და ლამის წიხლით ტენიდნენ ჯავშნიან ფურგონებში.
დამნაშავეების გადაყვანას, დროებითი მოთავსების იზოლატორში, ამჯერად პოლიციის მთელი ესკორტი აცილებდა, რადგან ვარლამ არეშიძის გაქცევამ მორიგი ატომური აფეთქება გამოიწვია პრესაში. ბებერს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებდნენ. საქმეში ინტერპოლიც ჩაერთო, მაგრამ მის კვალს ვერსად მიაგნეს.
ცამ უყო პირი, თუ მიწამ ეშმაკმა უწყოდა. მთავარი ვამპირი, რომელმაც ეს კოშმარი წამოიწყო, უკვალოდ გაუჩინარდა! პოლიციის დაუდევრობით გაღიზიანებული ხალხი აღშფოთებას ვერ მალავდა. იმას კი არავინ კითხულობდა, რომ ექვსი კაცი ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს. საპატრულო მანქანებს დროზე რომ არ მოესწროთ, ყველანი აალებულ მანქანაში გამოიბუგებოდნენ. დევდარიანი ძლივს მოასულიერეს. მსუბუქი ტვინის შერყევა მიეღო.
უფროსობამ მოქუფრულმა აცნობა არეშიძე უკვალოდ გაუჩინარდა, შენს ხელში კი ეს ვიპოვეთო და სისხლის ლაქებით მოთხვრილი პეპლის ფორმის ორიგამი გაუწოდა.
დენთის კასრივით იფეთქა გაშმაგებულმა. იმდენად იყო გაცოფებული, რასაც კი მისწვდა ყველაფერი კედელს შემოაწნა. ხელმძღვანელს თვალები დაეხუჭა. თავი ჩახარა და პალატიდან უხმოდ გავიდა.
უკანასკნელი ათი წელი არეშიძის უკანალის დევნას შეალია და ბოლოს კი, როცა ყურებში უნდა წაევლო ხელი, ვიღაც ფსევდო „მონარქმა“ ააცალა ცხვირწინ, რომელიც წესით მკვდარი უნდა ყოფილიყო.
რაღა დარჩენოდა? დინჯი ნაბიჯით გაუყვა საავადმყოფოს დერეფანს. სამსახურიდან განთავისუფლების განცხადება ჰქონდა დასაწერი.
ქვეყანაში ნამდვილი ცვლილებები დაიწყო. სამართალი საბოლოოდ დაიძრა ადგილიდან და „ნაგვის“ დასუფთავება დაიწყო. ყველა პირის, რომელიც ეჭვმიტანილი იყო ტრეფიკინგსა თუ ქრთამის აღებაში, ბრალის დამტკიცებამდე „კაპეზეში“ უკრეს თავი.
გიგი არეშიძე, რომელიც ანდრო ჭკადუას დამსახურებით დააკავა პოლიციამ, საბრალდებლო სკამზე აღმოჩნდა. სასამართლომ მამის მკვლელობისთვის და სავანელის მკვლელობის მცდელობისთვის გაასამართლა და ციხეში ოცი წლით უკრა თავი.
უმცროს არეშიძეს მთელი ოჯახის სისხლიანი ცოდვები დააწვა მხრებზე. იყო თუ არა მისი ბრალი აგარაკის ტყეში დატრიალებული ტრაგედია, ან ჰქონდა თუ არა ამ მკვლელობებში მონაწილეობა მიღებული, არავინ იცოდა, მაგრამ ვამპირების ერთადერთ შთამომავალს მაინც მოსთხოვეს პასუხი.
გიგი არეშიძე ციხეში ყოფნის მესამე დღეს საკანში მკვდარი იპოვეს. ახალგაზრდა ბიჭისთვის ვიღაცას ყელი გამოეჭრა.
უამრავი საშინელი და საზარელი ისტორიის ფონზე ჟურნალისტები მაინც ყველაზე მეტად ერთი გოგონას ცხოვრებით ინტერესდებოდნენ, რომლის ისტორიაც იდუმალებით იყო მოცული.
არც ერთ კინოვარსკვლავს არ ღირსებია იმდენი ყურადღება რამდენიც სავანელს, ორი კვირის განმავლობაში. არავინ იცოდა, რეალურად სად იმყოფებოდა მთელი ცხრა წელი, როცა ოჯახს მკვდარი ეგონა.
დასაკითხ ოთახში ჩვენებას აძლევდა, როცა კარი გაიღო და ზღურბლზე დევდარიანი გამოჩნდა. გამომძიებელს თავით ანიშნა, გადიო. სავანელს თავად გაესაუბრა. ყოველგვარი მოწმეებისა და კამერების გარეშე. დაკითხვის ოქმი შეადგინა, გოგონას ხელი მოაწერინა და გამოუშვა.
ეგ იყო და ეგ. ვერავინ გაიგო, რა მოხდა ოთახში ან რაზე ისაუბრა ორმა. სავანელი მეორედ პოლიციას აღარ შეუწუხებია, რასაც ვერ ვიტყოდით ცნობისმოყვარე საზოგადოებაზე.
გოგონას გარეთ გასვლა შეზიზღდა. ძირითადად დროს, ოჯახთან ერთად, სახლში გამოკეტილი ატარებდა. ორი კვირა გასულიყო და გურანდა მაინც ყოველდღე ტიროდა მისი დანახვისას.
პირველად რომ დაინახა დაკარგული ქალიშვილი კარის ზღურბლზე გული წაუვიდა. მოსულიერებული კი შვილს აქვითინებული ებოდიშებოდა. ელი კრიჭაშეკრული იხუტებდა დედას გულზე და მონოტორულად იმეორებდა ერთ სიტყვას: „არაუშავს“. ღმერთმა იცოდა მხოლოდ, რამხელა გირები ამძიმებდა ამ ერთ აბსურდულად შეუფერებელ სიტყვას.
ხანგრძლივი განშორების შემდეგ შეხვედრა არც ოჯახის დანარჩენი წევრებისთვის ყოფილა იოლი. ლილიმ რა წამსაც შვილიშვილს მოჰკრა თვალი ხელებგაშლილი ჩაეკრა გულში ტირილით. ბიძამისებიც იცრემლებოდნენ და თავს აქნევდნენ, ვერაფრით დაეჯერებინათ, რომ დისშვილი ცოცხალი დაუბრუნდა ოჯახს. გოგონას გაუჩინარების შემდეგ, ორივე ბიძამ მთელი სანაცნობო დააყენა ფეხზე, მაგრამ მის კვალს ვერსად მიაგნეს. ოსტატურად გადაემალა უშხვანს.
ჯოჯოხეთური აღმოჩნდა პირველი დღეები, სანამ ემოციები ჩაცხრებოდა. კიდევ უფრო უარესი ასატანი, ოჯახის წევრების, კითხვით აღსავსე მზერები იყო. რთული იყო იმაზე საუბარი როგორ გაიარა ცხრა წელმა ტანჯვასა და ცრემლში და მაინც, რაც აგარაკზე მოხდა, რაც აგარაკზე ითქვა, აგარაკზევე მოკვდა.
ელმა თავის ნატურალურ ბუნებას ვერაფრით გადააბიჯა და რა თქმა უნდა, სიმართლის დიდი ნაწილი საიდუმლოდ შეინახა.
მაგალითად: ოჯახისთვის არ გაუმხელია, სინამდვილეში სად იყო მთელი ექვსი წლის განმავლობაში და საამისოდ უამრავი მიზეზი ჰქონდა. არ უნდოდა ოჯახს მისთვის ისე შეეხედა, როგორც სულას უყურებდნენ. ამას ვერაფრით გადაიტანდა და არა მხოლოდ ამის გამო. იცოდა, რომ გურანდა ვერაფრით გადაიტანა სიმართლეს. თავს არასოდეს აპატიებდა შვილის საგიჟეთში აღმოჩენას ოჯახში დატრიალებული კოშმარის მიზეზით.
საერთო კეთილდღეობისთვის დადუმება არჩია. მორიდებით ითხოვა: „წარსულს ნუ გამახსენებთო“. მიუხედავად იმისა, რომ ათასი კითხვა ახრჩობდათ, იმდენად იყვნენ მადლიერები ელის შინ დაბრუნებით, რომ რთულად მაგრამ თხოვნა მაინც შეუსრულეს.
არავის არ გაუკეთებია კომენტარი იმ ფაქტზე, რომ შუკვანმა ელის შესახებ სიმართლე იცოდა. თუმცა სვანი ოჯახის წევრების თვალებში ფარულ წყენას მაინც კითხულობდა. ელი ამხნევებდა, დრო გავა და გადაუვლით. რომ გაიაზრებენ რამხელა საფრთხეში ვიყავით, გაპატიებენო. შუკვანი ოხრავდა და დაღონებული ელს გულზე იხუტებდა.
ანდრო ხშირად მოდიოდა სავანელების ოჯახში. საიმონი იმდენად მიეჩვია ახლად შეძენილ უფროს ძმას, გაბადრული ახტებოდა ხოლმე კისერზე. გურანდამ ჭკადუა კეთილი ღიმილით მიიღო შინ. მიუხედავად იმისა, რომ ზრდასრული მამაკაცის გამოჩენამ, სულას უფროსი ვაჟის სტატუსით, გულწრფელად გააკვირვა, კითხვები არ დაუსვამს. ელი დედამისს აკვირდებოდა და ეჭვობდა, რომ გურანდამ ანდროს შესახებ, სიმართლე სულასგან იცოდა და პირში წყალი ჩაიგუბა.
ამაზე ფიქრიც კი ცუდად ხდიდა. აღარ უნდოდა ოჯახის წარსულში ქექვა. რადგან რაც უფრო ღრმად თხრიდა, მით მეტი ჩონჩხი მოყვებოდა ზედაპირზე. რაც ცხრა წლის განმავლობაში გამოიარა, მთელი სიცოცხლე ეყოფოდა იმისთვის, რომ მის მახვილ თვალს სახლში ახალი საიდუმლოებები უბრალოდ „აღარ შეემჩნია“.
რადგან ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. აღარაფერს შეცვლიდა ის ფაქტი, სულამ იცოდა, თუ არა ანდროს შესახებ რაიმე. არასოდეს ყოფილა კარგი მამა, არც ერთი შვილისთვის და ეს სრულებით საკმარისი აღმოჩნდა, რომ ოჯახს უფროსი სავანელის თემა სამუდამოდ ჩაეკეტა წარსულის სკივრში.
შუკვანმა რაღაც პერიოდი თბილისი მიატოვა და პატარა ქალაქს დაუბრუნდა. ისევ ტაბატაძეს მიეკედლა შეჩვეული ჭირივით. გიორგიმ ბავშვობის მეგობარს კუშტი მზერა შეახვედრა ზღურბლთან. ვერაფრით მოენელებინა სვანის ქალაქიდან უსიტყვოდ წასვლა და წლების განმავლობაში ჯიუტი დუმილი. ცხვირწინ კარსაც მიუჯახუნებდა გულნატკენი, მაგრამ მაინც გაატარა, რადგან ტაბატაძე იმ მცირერიცხოვან ადამიანთა ჯგუფს მიეკუთვნებოდა, რომელმაც სიმართლე იცოდა, თუ რა მოხდა სინამდვილეში აგარაკზე.
წლების წინ, როცა მის ზღურბლთან „ფრედი კრიუგერი“ , იგივე რეზი სხირტლაძე გამოჩნდა და დახმარება სთხოვა დარქნეტის შავი ბაზრის აღმოჩენაში, სიმართლეც გაუმხილა რა მიზეზით იხოცებოდნენ ხალხი მათ ქალაქში. ტრეფიკინგს საკმაოდ ღრმად ჰქონდა გადგმული ფესვები და არა მხოლოდ საქართველოში.
წლების გასვლასთან ერთად უკუღმართმა ბიზნესმა ევოლუცია განიცადა. თუ ადრე ბავშვებს სარდაფებში ამწყვდევდნენ და კლიენტი უშუალოდ მოდიოდა „საქონლის“ ასარჩევად, ბოლო დროინდელმა პოლიციის აქტიურმა მოქმედებამ, მახინჯი სისტემა იძულებული გახადა თამაშის წესები შეეცვალა. კრიმინალურმა იმპერიამ თავი დარქნეტს შეაფარეა, სადაც კლიენტებს სასურველი პატარას დათვალიერება და შერჩევა ისე შეეძლო, როგორც კატალოგში.
სხირტლაძეს რაც სახე დაუმახინჯეს ბოღმა ახრჩობდა ისე, უნდოდა შურისძიება. ერთ ღამეს კი, როცა გარეთ გამოვიდა ეზოში, უნებურად თვალი შეასწრო ჭკადუას და ერთ მამაკაცს, რომელიც მაშინვე იცნო. წვერებიანი ახმახი სვანეთში ჰყავდა ნანახი. როცა მეხანძრეები ერთიანად დამწვარს რეანომობილისკენ მიაქანებდნენ, შეკრებილებში მოჰკრა თვალი მის სახეს. ერთადერთი იყო, რომელსაც სახეზე ცივი ღიმილი დასთამაშებდა. მისი სახე უკანასკნელი იყო, რაც დაიმახსოვრა, სანამ გონებას დაკარგავდა. აქედან აიღო ეჭვი ჭკადუაზე და ბოღმით აკანკალებულმა „თხრა“ დაიწყო. შემდეგ კი, როცა უშხვანი გამოჩნდა მის კარზე და დახმარება სთხოვა უარი არ უთქვამს.
სხირტლაძის თავდაპირველმა მცდელობამ დარქნეტში უსაფრთხოდ შეეღწია, კრახი განიცადა. ჯერ კიდევ გამოუცდელი ჰაკერის აიპ მისამართს მარტივად მიაგნო პოლიციამ. სხირტლაძემ „მაგიდის მოსუფთავება“ კი მოასწრო, სანამ სამართალდამცავები თავზე დაეცემოდნენ. თუმცა უბანში ხმა მაინც გავარდა, რომ რეზი ინტერნეტის ბნელი მხარით ინტერესდებოდა.
ტაბატაძეს ამიტომ არ გაჰკვირვებია სხირტლაძის შემოთავაზება, მაგრამ გაუკვირდა მიზეზი, რის გამოც დახმარებას სთხოვდა. საიდან უნდა სცოდნოდა, რომ ადამიანები რომლებიც მათ გარშემო იხოცებოდნენ პატარა ქალაქში, გადამყიდველები გახლდათ, რომლებიც პირადად იყვნენ პასუხისმგებელნი „საქონლის“ ადრესატისთვის გადაცემაზე? სხირტლაძის შემდეგ ტაბატაძე ყველაზე ძლიერი ინტერნეტის ჭია გახლდათ ქალაქში. სავანელის გაუჩინარებით გამწარებულმა, დაუფიქრებლად მიიღო შემოთავაზება.
ასე გააერთიანა ძალები ორმა ძლიერმა ჰაკერმა ცხრა წლის წინ. მონარქის მრავალრიცხოვანმა არმიამ კი, რომელსაც ზურგს მთელი სვანეთი უმაგრებდა კიდევ ერთი ძალიან საჭირო ფიგურა შეიძინა გიორგი ტაბატაძის სახით.
გიორგის ელის ამბავი მაშინ უთხრეს, როცა სავანელმა ფსიქიატრიულს თავი დააღწია. გააფრთხილეს, რომ საიდუმლოდ უნდა შეენახა შოკისმომგვრელი სიახლე. ამიტომ ენას კბილი დააჭირა და გაორმაგებული ძალებით შეუდგა საქმეს, რათა მტრისთვის ძირი საბოლოოდ გამოეთხარა და მეგობრისთვის შინ დაბრუნების შანსი მიეცა.
ასე ხვდებოდა ყველა სახის საჭირო ინფორმაცია მონარქის ხელში, რომელიც მას მოქემედების საშუალებას აძლევდა.
როცა მონარქმა სავანელს გაანდო რას უპირებდა არეშიძეს, ელმა ჭკვიანური გეგმა შეიმუშავა თუ რა ხერხით აეწაპნათ არეშიძე პოლიციის ცხვირწინ. რეზიდენციაზე თავდასხმა ბედობას იგეგმებოდა. სავანელმა მონარქის პროტესტის მიუხედავად სატყუარის როლი ირჩია. იცოდა რომ არეშიძე ხელს არ ახლებდა, სანამ მისგან არ გაიგებდა მონარქის ვინაობას. საკმარისზე მეტი „ინფორმაცია“ ჩააწვეთეს ყურში, რომ ბებერ ტირანს მადა გაღვივებოდა.
მაგრამ როგორც ხშირად ხდება ხოლმე ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ წავიდა როგორც გეგმავდნენ. მთელი გეგმები ანჯაფარიძემ ჩაუშალათ, როცა ელი გაიტაცა და სავანელი არეშიძის კლანჭებში აღმოჩნდა დათქმულ დროზე ადრე.
თითქოს ელის ძირითად სცენარს დიდად არ ცვლიდა ანჯაფარიძის უტვინო საქციელი, მაგრამ არეშიძე კიდევ შორს წავიდა და სუფრასთან მძევლად მილენა და მისი მეგობარი ექიმიც დაისვა. სიტუაცია გართულდა.
სავანელს ელვის სისწრაფით უნდა შეეცვალა სამოქმედო გეგმა და შექმნილი სიტუაციისთვის მოერგო. ახალი სცენარი სახარბიელოდ არ გამოიყურებოდა და რომ არა შუკვანი, ალბათ ყველაფერი სხვაგვარად დასრულდებოდა.
ტაბატაძე კი, როგორც კულისებში მდგომი მთავარი ფიგურა შორიდან უყურებდა ბავშვობის მეგობრის თავგანწირულ და მაინც იდიოტურ საქციელს და გული ორად ეხლიჩებოდა. სწორედ მაშინ აპატია უხმოდ მეგობრის მიტოვება, როცა საკუთარი თვალით იხილა თუ რა დონემდე იყო სასოწარკვეთილი და რისთვის იყო მზად სავანელის მტრის კლანჭებიდან დასახსნელად.
ამიტომ, როცა კიტა ისევ მის ზღურბლზე აღმოჩნდა გული ძლიერად აუძგერდა. მის წინ არაფერი შეიმჩნია, გაქვავებული სახით გადგა გვერდით და დარცხვენილი სვანი სახლში შეუშვა. თუმცა, როცა გაიგო რა მიზეზით აღმოჩნდა შუკვანი ისევ ტაბარაძის ზღურბლზე, თავი ვერ შეიკავა და გულიანად ახარხარდა.
საქმე ის გახლდათ, რომ თაბაგარმა შუკვანი ისევ იძულებითი შვებულებით გამოისროლა კაბინეტიდან. ხელმძღვანელმა პენსიამდე კიდევ მოასწრო ფილტვების დახეთქვამდე ღრიალი. მთელი ერთი საათი დორბლავდა შუკვანს: კინაღამ მთელი ოპერაცია ჩაშალე. შე უტვინო, რა მიგარბენინებდა მანქანით კრაზანების ბუდეშიო?!
ბღუჯა-ბღუჯა იპუტავდა გაჭაღარავებულ თმას, წარმოდგენა მაინც თუ გაქვს შენი იდიოტური საქციელისთვის როგორ მწარედ მომხვდა უფროსობისგანო?! პენსიაზე კი არა სამარეში გამისტუმრებ, წყეულიმც ვიყო შენი გუნდში მიღებისთვისო. უნდა მივმხვდარიყავი რომ ნარკოდანაშაულის განყოფილებიდან უმიზეზოდ არავინ გამოგაპანღურებდაო... და ასე მოთქვამდა დაუსრულებლად.
შუკვანი მორჩილად ისმენდა საყვედურებს და დრო და დრო სახეში შეშხეფებულ დორბლებს იწმენდდა. ბოლოს ხელსახოცი რომ მიაწოდა თაბაგარს, ტუჩის კუთხეში ქაფი მოგადგათო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით - პანღურით გამოისროლა კაბინეტიდან და კარი ისე მიუჯახუნა განყოფილების მეორე სართულზე მსხდომი ყველა თანამშრომელი შიშით შეკრთა.
სვანი დაბღვერილი უყვებოდა ტაბატაძეს თავს დატეხილ განსაცდელს, მეგობარს კი იმის ნაცვლად რომ გაემხნევებინა, ერთი თვე დიდი დროა მანამდე გადაუვლისო, ორად მოკაკვული იხრჩობოდა სიცილით.
სავანელების ოჯახში ძალიან დიდი ხნის შემდეგ, წივილ-კივილის ნაცვლად მხიარულის ჟრიამული ისმოდა. ელმა თავისი ოთახიდან უპრაგონოდ გააპანღურა უმცროსი ძმა და კუთვნილი საწოლი ორი კვირით უკან დაიბრუნა (შემდეგ შუკვანთან ერთად აპირებდა თბილისში დაბრუნებას). ძმას თითი დაუქნია, ჩემს ლოგინში ამობობღებული არ გნახო ბაღლინჯოსავით, პატარა აღარ ხარო.
უფროსი დის გაფრთხილების მიუხედავად ყოველ ღამე დის თბილ წელზე ითბობდა გაყინულ ტერფებს და არხეინად გადაპარჭყული ნახევარზე მეტს ადგილს იკავებდა საწოლში.
ღამღამობით როცა ყველა იძინებდა, ელი აივანზე გადიოდა და ჩაბნელებულ ჰორიზონს გაჰყურებდა. ბოლომდე ისე არ წავიდა ყველაფერი როგორც გეგმავდა, მაგრამ ამის გამო არ წუხდა, პირიქით, საიმონი რომ არ დახვედროდა აგარაკიდან გამოსულს ვერასოდეს გაბედავდა საკუთარი ფეხით ოჯახში დაბრუნებას.
დღემდე ეშინოდა ძმის გვერდით მშვიდად დაძინების. ეშინოდა, რომ მასში მიძინებული დემონი გამოიღვიძებდა და ბავშვს ან დედამის რამეს მოსწევდა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველაფერმა ცუდმა ჩაირა, საკუთარ თავში ეს ბარიერი მაინც ვერ გადაელახა.
აივანზე ათენდებოდა მოაჯირზე ჩამოყრდნობილს. ალიონს ნახევრად მოჭუტული თვალებით გასცქეროდა და ცდილობდა თავი დაერწმუნებინა, რომ რაც მოხდა წარსულში დარჩა, რომ არასოდეს მისცემდა საკუთარ თავს უფლებას ოჯახისთვის საფრთხე გამხდარიყო.
შუკვანი მუდამ მის ახლოს ტრიალებდა, რაც აგარაკიდან გამოაღწიეს სვანი მის ჩრდილად იქცა. თითქმის ყოველდღე მის სახლში იჯდა, ხან საიმონს ეთამაშებოდა, ხან გურანდას ეხმარებოდა. არც კი იცოდა, რომ მისი გაუჩინარების შემდეგ ასე დაუახლოვდა ოჯახს. დედამისი და მისი ძმა ისე ეპყრობოდნენ, როგორც ოჯახის წევრს. ლილიზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
ლილი შუკვანზე შეყვარებული იყო. როგორც ელმა იწინასწარმეტყველა, ლილიმ ბიჭს უხალისოდ აპატია დუმილი. თბილად უსვამდა ხოტორა თავზე დამჭკნარ მარჯვენას და ეუბნებოდა შვილივით მიყვარხარო. ელი მდუმარედ შესცქეროდა სვანს. ხშირად ცვლიდნენ ერთმანეთში მრავლისმეტყველ მზერას, მაგრამ ვერცერთხელ ვერ გაბედა იმ თემაზე საუბრის წამოწყება, რომელიც იცოდა რომ არ ასცდებოდათ.
იცოდა, რომ კიტამ მისი წარსულის შესახებ გაიგო, იცოდა რადგან ესეც მისი „გენიალური“ გეგმის ნაწილი იყო. ირაკლის დაუბარა, თუ ჩემი გეგმა არ იმუშავებს და რამე მომივა, თუ უკვალოდ გავუჩინარდები, შუკვანს სიმართლე უთხარიო. უნდოდა კიტას სცოდნოდა მისი უცნაური საქციელების მიზეზი. არ უნდოდა ისე წასულიყო ამქვეყნიდან, სვანს სიმართლის შესახებ არ გაეგო. უფლება ჰქონდა სცოდნოდა, თუნდაც იმიტომ, ექვსწლიანი გაუჩიანრების შემდეგ დაბრუნებულს უპირობო ნდობა გამოუცხადა.
ახლა, როცა საფრთხემ ჩაიარა, ფეხს ითრევდა. რადგან იცოდა, რომ როცა ეს დღე მოვიდოდა, შუკვანს ყველაფერს ეტყოდა, აბსოლუტურად ყველაფერს. საკუთარ თავს ებრძოდა. იყო რაღაც საკითხები რაშიც შუკვანის გარევა არ უნდოდა, დაუსრულებელი საქმე ჰქონდა, ბოლომდე მისაყვანი. ყოველ ღამეს როცა გარეთ აივანზე გამოდიოდა თავს იმტვრევდა მოსაკლავად განწირული პაიკისთვის რა მოეხერხებინა. ჯერ კიდევ არ გეკეთებინა უკანასკნელი სვლა. ჯერ კიდევ წინ იყო ყველაფერი.
- ეი...
შუკვანი აივანზე გამოსულიყო. კარს გვერდულად მიყრდნობილს გულხელი დაეკრიფა და სავანელს გამომცდელად შესცქეროდა.
- ეს დღეებია ჩემთვის რაღაცის თქმა გინდა...
ელს ჩაეღიმა.
- ნეტავ, ისევე კარგად ვიცნობდე საკუთარ თავს, როგორც შენ მე მიცნობ, კიტა.
მიუგო ხმადაბლა. თავი მიაბრუნა და შეწითლებულ ჰორიზონტს თვალი გაუშტერა. ჩამავლი მზის ყურება ამშვიდებდა.
- თან ისეთი რამ უნდა მითხრა, რაც არ მომეწონება, - თბილი ხელი წელზე შემოხვია და თავისკენ შეაბრუნა. ზურმუხტისფერი თვალები ბრილიანტის თვლებივით უბრწყინავდა ჩამავალი მზის შუქზე - მითხარი, გადავიტან.
- რამდენიმე დღით წასვლა მომიწევს. შეგიძლია არაფერი მკითხო?
შუკვანს ტუჩები მოებრიცა და სავანელის ნათქვამზე ჩაფიქრდა. წარბებს შორის ღრმა ნაოჭი გასჩენოდა. ელი მოთმინებით იცდიდა, როდის გასცემდა პასუხს.
- უსაფრთხოდ იქნები? - იკითხა ბოლოს.
- კიტა, - თავი გვერდით გადახარა - ქვეყანა თავდაყირა დავაყენეთ. პოლიცია ისეა გამწარებული, გამვლელ ხულიგანსაც კი აპატიმრებს. ერთადერთი მე დავრჩი, ვინც რეალურად წარმოადგენს საფრთხეს.
შუკვანს გაეცინა. ცერი ნაზად გადაუსვა ბაგეებზე.
- დიდხანს მომიწევს ლოდინი? - იკითხა წყნარად.
- სადაც ცხრა წელი მელოდე... - თვალები სანახევროდ მოჭუტა, თავი ვერ შეიკავა და ტუჩის კუთხე ეშმაკურად აეპრიხა - კიდევ რამდენიმე დღეც მოითმინე. მერე...
- მერე? - თმაში ხელი შეუცურა.
- მერე ყველაფერს მოგიყვები.
ერთმანეთს თვალებში მიაცქერდნენ. ბოლოს ისევ შუკვანმა აარიდა მზერა და ცეცხლისფერ ჰორიზონტს გახედა. გამალებით ფიქრობდა. აშკარად საკუთარ თავს ებრძოდა. დაჭიმულ ყბაზე კუნთი შეუთამაშდა. მზერა ისევ სავანელზე გადმოიტანა.
- აქამდე ყველაფრის მოსმენა მინდოდა. ყოველი დღის, რომელიც ჩემ გარეშე გაატარე. მინდოდა ყველაფერი მცოდნოდა, მაგრამ ირაკლისთან საუბრის შემდეგ, - შეყოყმანდა, წარბებს შორის ღრმა ნაოჭი გაუჩნდა, თავი გააქნია და მარჯვენა ტუჩის კუთხე უკმაყოფილოდ ატეხა - ეს სურვილი გამიქრა. რაც უფრო ღრმად ვიჩხრიკები წარსულში, მით მეტად ყროლდება. არ მინდა ვიცოდე, რა მოხდა. არ მინდა გავიგო, რა გაკავშირებს მომხდართან. სირაქლემასავით თავი უკანალში არ მიმაქვს, ასე არ გამიგო...
- კიტა... - შეაწყვეტინა.
- არ მინდა მოსმენა, თუ ეს მორიგ ტკივილს მოგაყენებს, - თავი უარყოფის ნიშნად გააქნია - საკმარისზე მეტი მოვისმინე და მე... მე
ისევ თავი გააქნია. ზურმუხტისფერი თვალები აუწყლიანდა.
- ელ... ეს, ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა. მართალი იყავი, მაშინაც კი, როცა შენი არ მესმოდა. ამის მოსასმენად მზად არ ვარ. - ნერწყვი გაჭირვებით გადაყლაპა - იქნებ ოდესმე, როცა იარები ჩახცრება... ოდესმე, როცა ყველაფერი ჩაივლის და ორივესთვის ასეთი მტკივნეული არ იქნება, შეიძლება ამაზე ვისაუბროთ, მაგრამ ახლა... ახლა მინდა გიყურო და მიხაროდეს, რომ ოჯახში ხარ. შენ გვერდით ყოფნა მინდა, მეტი არაფერი.
დაასრულა გაბზარული ხმით. ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი ხელის ზურგით შეიწმინდა და თვალები სწრაფად აახამხამა, რომ თავი ხელში აეყვანა. ელი წამწამებს ქვემოდან მისჩერებოდა შუკვანს. კაცმა არ იცოდა, რით დაიმსახურა მისგან ასეთი ბრმა ნდობა და ერთგულება, მაგრამ მადლიერი იყო. სამყაროში არ მოიძებნებოდა ადამიანი ვის გამოც ასე ძლიერად აუძგერდებოდა გული.
- მიყვარხარ, კიტა.
შუკვანისთვის იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა ელის აღიარება გონებიდან ყველაფერი გამოუფრინდა. პირველად გამოუტყდა სიყვარულში. განა არ იცოდა რას გრძნობდა? მაგრამ პირველად დასცდათ სავანელის ბაგეებს ის ერთი გაცვეთილი სიტყვა, რომელშიც შუკვანმა მთელი მისი დარჩენილი ცხოვრება ჩაატია.
- ამის მოსასმენად, გამოვლილი ჯოჯოხეთიც მიღირდა!
კისერზე ხელი მოხვია და ორის ბაგეები ერთმანეთს შეერწყა. მანამდე არასოდეს უკოცნია ასეთი სითბოთი, თუ რა თქმა უნდა მსგავსი რამ შესაძლებელი იყო. იმ წამს შუკვანისთვის რომ გეკითხათ მხრებზე მთელი სამყაროს სიმძიმესაც დაიტევდა. თუმცა, მომენტით ტკბობა დიდხანს არ დაცალდა, რადგან ელის ოთახიდან საიმონის ჯაჯაღანი გაისმა.
- კიტა, მოეშვი ჩემს დას! ელ, მოეშვი ჩემს ძმაკაცს! ეი, ვის ველაპარაკები?! ანდრომ ხომ გითხრა, ჩემ დას ნუ კოცნიო?!
შუკვანს საიმონისთვის არც შეუხედავს ისე წაავლო პატარა გოგრაში ხელი, უკან შეტენა საძინებელში და ფეხი კარით მიუხურა. მეორე ხელი წელზე შემოხვია და მკერდზე მიიკრა.
- ეი, ნუ!
მოისმოდა საიმონის მოგუდული დუდღუნი მეტალოპლასტმასის კარს მიღმა. ელს ჩაეღიმა და ორივე ხელი კისერზე შემოხვია საყვარელ მამაკაცს.



******
იმევე საღამოს სავანელი ოჯახს გამოემშვიდობა და თბილისისკენ გაეშურა. კიტას არაფერი უკითხავს. ერთი ეგ იყო თავი მძიმედ დაუქნია, საიმონი მხარზე მოიგდო და მოღიმარ გურანდასთან შევიდა სამზარეულოში. რაც უფროსი ქალიშვილი სახლში დაიბრუნა, დიასახლისს ბედნიერი ღიმილი არ შორდებოდა. მაშინაც კი როცა ამის მიზეზი საერთოდ არ ჰქონდა.
ელმა გარეთ გასვლისას თავზე კაპიუშონი წაიფარა. მისი ნაიარევიანი სახის გადამკიდე, რომელიც ორი კვირა იყო ტელევიზიის ყველა არხზე ბზრიალებდა, გამვლელები მარტივად ცნობდნენ და პირდაღებულები აშტერდებოდნენ.
რაღა მე და რაღა „ჰარი პოტერიო“ , ბურტყუნებდა უკმაყოფილოდ, როცა შუკვანის ახალი მაქანისკენ მიმავალს ნახევარი სამეზობლოს მზერა აცილებდა თან. შავი „აუდის“ კარი გამოაღო და სალონში მიიმალა. როცა მანქანა უბნიდან გააგორა შვებით ამოისუნთქა.
რამდენიმე საათში დანიშნულების ადგილს მიაღწია. საფლავის ქვას წარბშეკრული დასჩერებოდა ზემოდან. იანვრის სუსხიანი ქარი ქროდა. საშინლად ციოდა. ხელი გაიწოდა და საფლავის ქვიდან თოვლი გადაფერთხა.
- გამარჯობა, ელ...
მოესმა მამაკაცის ხავერდოვანი ხმა ზურგს უკნიდან. გაკვირვებულმა მოხედა ახალმოსულს. ისე როგორ მოეპარა, რომ თოვლზე მისი ფეხსაცმლის ხრაშუნის ხმა ვერ გაიგო? თუმცა, ფიქრებში ისე იყო გართული... თეთრი ტიტების დანახვისას გაეღიმა.
- ხომ იცი რომ, სევერინი ყვავილებს ვერ იტანდა?
- ყვავილები შენთვის არის და არა სევერინისთვის, - გაეცინა უშხვანსაც.
- შიგნით შეტყობინებით? - აჰყვა.
- შეტყობინებით. - თავი დაუქნია მომღიმარმა.
ელმა ყვავილები გამოართვა და ყვავილების ბუკეტში იმედით ჩაიჭყიტა, მაგრამ არანაირი წერილი იქ რომ არ დახვდა, უშხვანს დაბღვერილმა ამოხედა. მამაკაცს გულწრფელად გაეცინა.
- მართლა დაუჯერებელი ვინმე ხარ! ყვავილებისთვის ზედაც არ შეგიხედავს, ახალი ინტრიგის მოლოდინში კი თვალები აგიციმციმდა. ოხ, ელ...
სავანელს წარბები მაღლა გაექცა. იმედგაცრუებულმა ყვავილები საფლავზე დატოვა და წელში გასწორდა.
- შენ პირობა მომეცი... - წამოიწყო მოქუფრულმა. უშხვანი ისევ იღიმოდა.
- რომელსაც შეგისრულებ...- მიუგო ხმადაბლა.
-
ორი თვით ადრე, 2020 წელი, 04:00 წთ, სვანეთი, საბა შუკვანების სახლი.
ღამის ოთხს აჩვენებდა კედლის საათი, როცა სავანელის საძინებლის კარი ყრუ ჭრიალით შეაღეს. უშხვანს ეგონა, რომ გოგონა მძინარე დახვდებოდა, მაგრამ საწოლზე ზურგშექცევით ჩამომჯდარი ელი, მოთმინებით ელოდა.
- ძალიან ჯიუტი და საზრიანი გოგონა ხარ, სავანელო...
წარმოთქვა ხმადაბლა. სავანელს ტუჩის კუთხეში ღიმილი ჩაუტყდა და ნელა მიაბრუნა თავი უკან. ფეხზე წამოდგა და მთვარის შუქზე გამოვიდა. ზღურბლზე გამოჩენილ მამაკაცს უყურებდა და თვალებს ვერ უჯერებდა. აბსოლუტურად ყველაზე მიიტანა ეჭვი, მის გარდა! საძინებლის ზღურბლზე არც მეტი, არც ნაკლები - სეგი დევდარინაი იდგა. პარაიბას მსგავსი თვალები უცნაურ ფერებში გადასდიოდა და ძვირფასი ქვებივით უბზინავდა მთვარის შუქზე.
რამდენჯერ წამოიდგინა მონარქთან შეხვედრა, რამდენჯერ დახატა ფანტაზიებში მისი ჩაცმულობა - კინაღამ გაეცინა, როცა მოაგონდა, რომ მის წარმოსახვაში მონარქი მის მსგავს შავ ტანსაცმელს ატარებდა, დიდი ფართე კაპიუშონით. მის წინ კი ელეგანტური სამოსში გამოწყობილი სიმპათიური მამაკაცი იდგა. შავი ლაბადა ხაზს უსვამდა მის გალანტურობას. ერთი ეგ იყო, განუყრელ მართკუთხამინებიან სათვალეს აღარ ატარებდა, რომელიც სავარაუდოდ შენიღბული იმიჯის ნაწილი უნდა ყოფილიყო.
გულში გაიფიქრა, ალბათ ასე ელეგანტურად გამოწყობილი არ დადიოდა სანადიროდო. ქვედა ტუჩზე იკბინა სიცილის შესაკავებლად.
- ვაღიარებ, მართლაც უცნაური და საინტერესო ადამიანი ხარ.
ღიმილით მიიხურა კარი ზურგს უკან. პრიალა კლასიკური ფეხსაცმელი, ოთახის გაცვეთილ ხის იატაკზე თვალშისაცემ კონტრასტს ქმნიდა. ელი მის თითოეულ მოძრაობას აკვირდებოდა და მეხსიერებაში ღრმად ინახავდა. დევდარიანი გოგონას მოუახლოვდა და ერთ ნაბიჯში შედგა. მამაკაცის ძვირადღირებული პარფუმის სურნელმა, გოგონას მოგონებები აუმღვრია.
ფილმის მოჭრილ კადრებად გაახსენდა, როგორ დელიკატურად უკერავდა სახეზე გაჩენილ ღრმა ჭრილობას; როგორ ეჭირა სამყაროსგან გათიშული სავანელის ხელი; როგორ უყურებდა თვალებში მზრუნველად და ეჩურჩულებოდა - გონს მოდი, ოჯახს ჭირდებიო.
მისმა სურნელმა და უშუალო სიახლოემ, ამოხეული ფურცლებივით უკან დაუბრუნა დღიურს დაკარგული ფრაგმენტები. იგივე სუნამოს ხმარობდა დანტე ლოლაძეც, ამიტომ მიიტანა მასზე ეჭვი. როგორ შეიძლებოდა ასეთი დამთხვევა ყოფილიყო? ელს დამთხვევების არ სწამდა. თურმე, ცდებოდა.
- სიმართლე მითხარი, ვის ელოდი ოთახში? - გაეცინა სეგის. ხავერდოვანი ბარიტონი დაბალი მუსიკასავით ჩაესმოდა ყურში.
- ლოლაძეს, - მიუგო დაუფიქრებლად. დევდარიანმა გაკვირვებისგან წარბები აზიდა მაღლა.
- სერიოზულად?
- უსინდისოდ ბევრი საერთო გაქვთ, - გამკიცხავად გააქნია თავი - ალბათ ამიტომაც უყვარს მილენას ის ასე ძალიან.
რამდენიმე წუთი ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ უხმოდ. პარაიბას სფეროებს სევდა შეეპარათ.
- იცი?
- რომ შენი დაა? - იკითხა ხმადაბლა და ცალი თვალი მოეჭუტა - მივხვდი.
დევდარიანი დადუმდა. ისეთი ხარბი მზერით უთვალიერებდა გოგონას სახეს, ელი გაწითლდებოდა, რომ შეძლებოდა.
- სად დავუშვი შეცდომა? - იკითხა მოხიბლულმა.
- როცა სისე გეწაძე მოკალი.
- მე სხვა პასუხს ველოდი, - ჩაეღიმა, მართლა მოხიბლული ჩანდა გოგონას მახვილგონივრულობით.
- მილენას მშობლების მკვლელების მოსპობას გულისხმობ? - მიუხვდა - ეგ მეორე დამადასტურებელი ნიშანი იყო, მაგრამ პირველი და უტყუარი გეწაძე რჩება.
- ალბათ სისულელეა, გკითხო როგორ მიხვდი-მეთქი.
- მანამდე არასოდეს გიცდია ჩადენილი მკვლელობა შენთვის არ დაებრალებინათ. - ჩურჩულებდა თვალებანთებული - გინდოდა მილენასთვის მონარქის სახელი აგერიდებინა, რადგან ერთხელ უკვე დაგაკავშირეს მისი მშობლების მკვლელების გარდაცვალებასთან. არ გინდოდა მის გარშემო ჯოჯოხეთი დატრიალებულიყო და მისთვის წარსული გაეხსენებინათ, მაგრამ თავის შეკავებაც ვერ შეძელი. შინაგანი მერყეობა თავისებურად დაგეხმარა, ექსპერტიზამ უარყო შენი მონაწილეობა დანაშაულში. თან... გეწაძე, ხომ მილენას მამასთან მუშაობდა. შემთხვევით გავარკვიე, როცა მილენას წარსულში ვიქექებოდი.
დევდარიანს თვალები უბზინავდა, ნახშირივით შავ სფეროებს ინტერესით ჩასქეროდა სიღრმეებში.
- მაგრამ ახლა მრცხვენია რომ პირველივე შეხვედრისას ვერ გიცანი, არც ისეთი საზრიანი ვარ, როგორც მეგონა.
წარმოთქვა ცოტა არ იყოს იმედგაცრუებულმა და კიდევ ერთხელ შეათვალიერა სტუმარი. სეგის ჩუმი სიცილისგან მხრები აუთამაშდა. თავი გააქნია და გოგონას თბილად შეხედა.
- იმ დღეს გულისხმობ, როცა ბეთლემის ტაძარში მილენასთან ერთად ვიყავი?
ელმა კისერზე მოისვა ხელი. დევდარიანს ისევ გაეცინა.
- ელ, ძალიან ჭკვიანი ხარ. ამას ვაღიარებ, მაგრამ ჯაშუშობამდე ბევრი გიკლია.
- ვიცი, ლოლაძემაც იგივე მითხრა. - მიუგო უხერხულად.
- იმასაც უთვალთვალებდი?
- აბა პირდაპირ მეკითხა, მონარქი შენ ხარ-თქო?
- სად დაგიჭირა? - გახალისდა დევდარიანი. ელს ყურები აუვარვარდა.
- საძინებელში.
- უხერხულ მომენტში?
- შენ ჩაცმული მაინც ხარ.
დევდარიანმა ტუჩები დააჭირა ერთმანეთს, რომ არ გასცინებოდა.
- ცუდი რეაქცია ჰქონდა?
- შენ რა რეაქცია გექნებოდა, უცნობი ადამიანი რომ გამოგეჭირა შენი პარფიუმის კოლექციის თვალიერბისას?
- პარფიუმთან რა გინდოდა? - დაბნეულმა ააფახურა გრძელი წამწამები.
- შენი სუნი მახსოვდა, სახე და თვალები არა, მაგრამ სურნელი დავიმახსოვრე, - მიუგო ხმადაბლა - ლოლაძეც იგივე პარფიუმს ხმარობს, ამიტომ ვიფიქრე, რომ... თან, ჭრილობა ზედმეტად იდეალურად გქონდა გაკერილი. ჯადოსნური ძალა არ მაქვს სეგი, მუდამ ლოგიკას მივყვები. მიუხედავად იმისა, რომ უარყო მონარქთან არაფერი მაკავშირბსო და სახლიდან გამომისროლა არ დავუჯერე.
დევდარიანი აღარ იცინოდა. ამღვრეული მზერით გაიწოდა ხელი და ნაირევზე შეეხო თითებით.
- შენთან შეხვედრა მინდოდა, ყოველთვის... ამ აზრით შეპყრობილიც კი ვიყავი, - ხმადაბლა აგრძელებდა სავანელი, თითქოს აღსარებას აბარებდა.
- რატომ? - იკითხა ინტერესით.
- მინდოდა შენთვის მადლობა გადამეხადა, სიკვდილს გადამარჩინე. ვიცი რომ შენ იყავი, მახსოვხარ. ახლა ყვეალაფერი მახსოვს.
დევდარიანი ინტერესით ჩააცქერდა გოგონას თვალებში. სავანელს ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ყველა მის დაფარულ ფიქრსა და აზრს კითხულობდა.
- ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, ხომ მართალი ვარ.
- მართალი ხარ.
- გისმენ, ელ. მზად ვარ, გიპასუხო.
ელი მიხვდა, დევდარიანმა იცოდა რის კითხვასაც აპირებდა და გული აუჩქარდა. ქვედა ტუჩზე იკბინა. დარწმუნებული არ იყო რომ პასუხის მოსასმენად მზად იყო.
- იმ ღამეს... დაინახე ვინ ჩამაგდო მტკვარში? - იკითხა გაუბედავად.
ნერვები ეშლებოდა რომ დევდარიანის წინ პატარა გოგონად გრძნობდა თავს. მერე რა რომ ასეც იყო, სეგი მასზე ლამის ორჯერ უფროსი იყო.
- შენც დაინახე, ეს ვინ გააკეთა, - მიუგო წყნარად - მაგრამ ამის დაჯერება გიჭირს. შენს გონებას არ ენდობი. გგონია, რომ მოგეჩვენა? გგონია, რომ ყველაფერი შენი დაზიანებული ფსიქიკის ბრალია და ეს უბრალოდ კოშმარი იყო?
შეიძლება სავანელი მართლაც გონიერი იყო, მაგრამ დევდარიანს ვერ შეედრებოდა. მისგან უხილავი ძალა იგრძნობოდა, რომელიც ღმერთმა უწყოდა რის ფასად შეიძინა. ელს თვალზე ცრემლი მოადგა და სახე მოარიდა. პასუხი უკვე მიიღო კითხვაზე, აღარ იყო საჭირო ჩაძიება.
- მინდა, პასუხი მქონდეს, რატომ გააკეთა ეს მამაშენმა, ელ, მაგრამ ამაზე პასუხი არ მაქვს.
- რატომ გადამარჩინე? - ლოყაზე ეული ცრემლი ჩამოუგორდა - საკუთარმა მამამ სასიკვდილოდ გამიმეტა, სრულიად უცხომ კი ჩემთვის სიცოცხლე გაწირა, რატომ სეგი?
- თუ ოდესმე პასუხს იპოვი მეც გამაგებინე. მინდა ვიცოდე რამ მიბიძგა ასეთი იდიოტური საქციელისკენ.
დევდარიანის ხუმრობამ გაჭრა, ელს გაეცინა. სვანმა ხელი გაიწოდა და გოგონას ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი მოსწმინდა.
- ზედმეტად ბევრს ეზიდები მხრებით. ეს კარგს არაფერს მოგიტანს. ნუ ეძებ მომხდარში შენს დანაშაულს. რაც შენს ოჯახში ხდებოდა არასოდეს ყოფილა შენი ბრალი.
- ჩვენი შეხვედრა მილიონჯერ წარმოვიდგინე გონებაში, მაგრამ ვერასდროს ვიფიქრებდი რომ სასაუბრო თემა ჩემი პირადი ცხოვრება იქნებოდა. ღმერთო ჩემო, სამარცხვინოა.
სვანს ისევ სიცილი აუტყდა.
- სეგი..
- მმ?
- რაღაც მინდა გკითხო.
- როგორც ჩანს გრძელი საუბარი გველის, ჩამოჯექი.
ხელით ანიშნა საწოლზე. დაელოდა, როდის შეუსრულებდა თხოვნას, შემდეგ კი გოგონას გვერდით დაიკავა ადგილი.
- ყურადღებით გისმენ, ელ.
- როცა ირაკლის მიაგენი... - შეყოყმანდა - იცოდი საბას არსებობის შესახებ?
- ვიცოდი. - მიუგო ხმადაბლა.
- ეს იყო მიზეზი, რის გამოც სიცოცხლე შეუნარჩუნე? საბა გეხმარება, მთელი მესტია გეხმარება.
- არა, ეს საბას გამო არ გამიკეთებია.
ხელისგულები ერთმანეთს გაუსვა და ფანჯარაში სავსე მთვარეს გახედა. ელი იცდიდა, არ აჩქარებდა. თითოეულ მის მოძრაობას სწავლობდა. დინჯი იყო, აუჩქარებელი, გრაციოზულად მოძრაობდა. მიხვრამოხვრა თავდაჯერებული და დახვეწილი ჰქონდა. ძველისძველი წიგნებიდან გადმოსულ ჯენტლმენს ჰგავდა, რომელიც ქალს ყოველთვის უღებდა კარს და წინ ატარებდა. უკვირდა. სხვანაირი წარმოედგინა.
ახლა, როცა პირისპირ ისხდნენ, უჭირდა იმის დაჯერება, რომ სწორედ მისმა ხელებმა ჩაიდინეს არაერთი ბრუტალური მკვლელობა. ყველაზე მეტად კი ის აოცებდა, რომ დევდარიანის ქცევები არ იყო ხელოვნური. სარკის წინ არ ჰქონდა ნასწავლი ის წვრილი დეტალები, რომელიც საერთო სურათს დასამახსოვრებელი შტრიხებით ავსებდა.
როგორ შეიძლებოდა ადამიანს ორი ასე რადიკალურად განსხვავებული სახე ჰქონოდა? რატომ ვერ გრძნობდა მისგან მომავალ ბოროტებას? იმდენად გაწონასწორებული და მშვიდი იყო, არავინ დაგიჯერებდათ მყარი მტკიცებულებების გარეშე, რომ ამ ადამიანს მონარქის ნიღაბი ფარავდა.
- რთული ასახსნელი და კიდევ უფრო რთული გასაგებია ჩემი არჩევანი, - როგორც იქნა დუმილი დაარღვია - არასოდეს ამიწევია ხელი ადამიანზე, რომელიც საფრთხეს არ წარმოადგენდა, მეორე ადამიანისთვის. მიმიხვდი ნათქვამს?
ელი გრძელ და ვრცელ მონოლოგს ელოდა, დრამატული ელემენტებით, მაგრამ სანაცვლოდ მოკლე და ლაკონური პასუხი მიიღო. იმდენად ამომწურავი აღარ ჩასძიებია, უხმოდ დაუქნია თავი. წამით შეყოყმანდა, მაგრამ მაინც ვერ შეიკავა თავი.
- სეგი?
- მმ? - გოგონას მოხედა ღიმილით.
- ოდესმე ეტყვი? - პარაიბას მბზინავ სფეროებს თვალი გაუსწორა - მილენას... ოდესმე ეტყვი სიმართლეს?
- რომ მონარქი მე ვარ?
- რომ მისი ძმა ხარ. - შეუსწორა.
- ამ კითხვაზე პასუხი თავადაც არ მაქვს, - მიუგო გულწრფელად.
- შეიძლება ვიკითხო, როგორ მოხვდა მილენა სარანგიძეებთან?
- შენ გარდა ამ თემაზე ისედაც ვერავისთან ვისაუბრებ. სევერინი ერთადერთი იყო, ვინც სრული სიმართლე იცოდა.
- არავის არაფერს ვეტყვი.
- ვიცი, ელ. სხვაგვარად რომ ვფიქრობდე, დღეს აქ არ ვიქნებოდი.
ელს დაჭიმული სხეული მოუდუნდა. თავად არ იცოდა, ასე რატომ ღელავდა, მაგრამ გულზე მოეშვა, როცა ეს საკითხი ხმამაღლა განიხილეს.
- როცა გაგვიტაცეს... - ნერწვი გადაყლაპა, აშკარად უჭირდა ამ თემაზე საუბარი - ძველისძველ შენობაში ვყავდით გამოკეტილები, მეორე სართულზე. ჩვენთან ერთად კიდევ სამი ბავშვი ჰყავდათ გატაცებული. ყველა ჩემზე პატარა იყო, იქნებოდნენ ასე ხუთი ან ოთხი წლისები. ბავშვებს უცხო გარემოში ეშინოდათ და ძირითადად ერთ კუთხეში იყვნენ მიყუჟულები. ოთახში ორი კაცი გვდარაჯობდა. ელოდებოდნენ, როდის მოვიდოდა მანქანა, რომელიც „საქონელს“ თურქეთისკენ წაიღებდა.
ისე მშვიდად და აუღელვებლად უყვებოდა გამოვლილ ჯოჯოხეთს, ელი ხვვდებოდა რომ ტანჯვაში გატარებულმა წლებმა ხელახლა გამოძერწეს სვანის ახლანდელი პიროვნება.
- ძირითადად სვამდნენ, ეწეოდნენ და კარტს თამაშობდნენ. ასე გაყავდათ დრო. გამგზავრების წინა საღამოს დალევა ბევრი მოუვიდათ და დათვრნენ. ერთს ჩამოეძინა და სიტუაციით ვისარგებლე. არყის ბოთლი ავწაპნე და თავზე გადავაფშვენი. სანამ მეორე გონს მოგებოდა მილენა ხელში ავიტაცე და გამოვიქეცი. მთავარ გასასვლელ კართან რომ მივირბინე დაკეტილი აღმოჩნდა. ძალა არ მეყო კარი გამენგრია, სულ რაღაც რვა წლის ვიყავი. მომდევდნენ, ვგრძნობდი რომ გაქცევის ერთადერთ შანს ვკარგავდით. ფანჯარას ვესცი, გამოვაღე და ყვირილი დავიწყე მიშველეთ-მეთქი. ახლომახლო ერთი მათხოვრის გარდა არავინ ჭაჭანებდა. ვუყვირე პოლიციაში დარეკე-მეთქი, ყურადღება არ მომაქცია. ხელი აიქნია და ისევ ნაგავში ქექვა გააგრძელა, - ტუჩის კუთხეში ცივი ღიმილი ჩაუტყდა - მეგონა ჭკუიდან შევიშლებოდი. ორივე თავდამსხმელი უკვე დერეფანში მორბოდა და გვიყვიროდნენ დაბრუნდითო. შეშინებული მილენა მკერდზე მეკვროდა ტირილით. სასოწარკვეთილმა სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, ფანჯარა გამოვაღე და მილენა მეორე სართულიდან ვისროლე ბალახებში. სწორედ მაშინ დამიჭირეს. სანამ უკან გამათრევდნენ თვალი შევასწარი, რომ იმ მათხოვარმა როგორც იქნა ყურადღება მოგვაქცია და მილენასკენ გამოიქცა. ვუყვიროდი დახმარებას დაუძახე-მეთქი, დღემდე არ ვიცი ჩემი სიტყვები თუ გაიგონა. სანამ თავში ჩამარტყამდნენ და გამთიშავდნენ მილენას ტირილი შემომესმა. მეტი აღარაფერი მახსოვს. ყველაფერი სიბნელემ შთანთქა.
- საიდან იცოდი, რომ გადარჩა? - წაიჩურჩულა მოსმენილით დათრგუნულმა.
- არ ვიცოდი, - თითები ერთმანეთს გადააჭდო და ელს მოხედა - გონს რომ მოვედი უკვე თურქეთისკენ მივყავდით. დანარჩენ სამ ბავშვთან ერთად ვიყავი ფურგონში გამომწყვდეული. მილენა არსად ჩანდა. არც არაფერი უთქვამთ, მაგრად კი მცემეს გაქცევის მცდელობისთვის. ყოველ ღამე დაძინებისას იმაზე ვფიქრობდი, რა მოუვიდა ჩემს დას. ყოველ ღამე კინოფირივით ვახვევდი გონებაში მომხდარს და თავს ვარწმუნებდი, რომ მათხოვარმა ბავშვთან მირბენა მოასწრო, რომ ტირილი ნამდვილად გავიგონე და თავით არ დაცემულა მიწაზე. რომ ჯანმრთელი და საღსალამათი გადარჩა, რომ სწორად მოვიქეცი, როცა ასე ძალიან გავრისკე. ყოველ ღამე ვიგონებდი ახალ სცენარს, მეხსიერებაში ახალ ადამიანებს ვამატებდი, არარსებულ გამვლელს, რომელიც იმ კონკებში გამოწყობილ კაცზე უფრო სანდოდ მეჩვენებოდა. წარმოვიდგენდი, როგორ მირბოდა მილენასთან და პოლიციაში რეკავდა. ათი ათასი მსგავსი და განსხვავებული სცენარი შთავაგონე საკუთარ თავს, რომ ტყვეობაში გამეძლო. მილენას პირობა მივეცი, რაც არ უნდა მოხდეს შენამდე მოსასვლელ გზას მაინც ვიპოვი-მეთქი. გადავწყვიტე ამ პირობისთვის მეცხოვრა. სხვანაირად იმ ყველაფერს ვერ გავუძლებდი, რაც გამოვიარე.
ოთახში სულისშემხუთველი სიჩუმე გამეფდა. ელს თვალზე ცრემლი მოსდგომოდა. მართალია მათი სიტუაცია განსხვავებული იყო, მაგრამ ტკივილი რომელიც ღამით დაძინებაში ხელს უშლიდათ საოცრად ჰგავდნენ ერთმანეთს. პირველად ცხოვრებაში მოუნდა უცხო ადამიანს შეხებოდა, მაგრამ თავს ვერაფრით აიძულა მიკარება.
- სეგი, ტყვეობაში რამდენი წელი გაატარე?
- თექვსმეტი. - ელს ძლივსშესამჩნევად გაუფართოვდა თვალები.
- და თავი როგორ დააღწიე?
- „გრაფი მონტე კრისტოს“ წყალობით, - გულღიად გაეცინა - ხანდახან ადამიანს ისე არაფერი აყენებს სწორ გზაზე, როგორც კარგი წიგნი შესაფერის სიტუაციაში.
ელს არ გასცინებია, ყურადღებით შეათვალიერა დევდარიანი და მის გონებაში ათიათასმა აზრმა იფეთქა ერთდროულად. სეგის გოგონას გამომეტყველებაზე კიდევ უფრო გაეცინა.
- დედუქციის მეთოდით ცდილობ დაადგინო სინამდვილეში, რას ვსაქმიანობ და საიდან მაქვს „ოქრო“?
- მეტ-ნაკლებად, - მიუგო გულწრფელად. დევდარიანს მხრები უთამაშებდა სიცილისგან.
- „დანტესის“ გეგმას ცოტათი გადავუხვიე და გადავწყვიტე გველი საკუთარივე შხამით მომეწამლა.
- ანუ? - ცნობისმოყვარეობით წამოენთო თვალები.
- თათარი ძალიან დავარწმუნე, რომ ჩემი თავისთან დატოვება უფრო მეტ ხეირს მოუტანდა, ვიდრე ჩემი თხასავით გაყიდვა შავ ბაზარზე.
- „ძალიან დარწმუნებაში“ რას გულისხმობ?
- შევამჩნიე, რომ ჩემ მიმართ სისუსტეს იჩენდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მკაცრად მე მსჯიდა, ისეთ პრივილეგიებს მანიჭებდა, რაც სხვა ტყვეებისთვის მიუწვდომელი იყო. მომეჩვია. ჩემთან ერთად უფრო მეტ დროს ატარებდა. ნადირობას მასწავლიდა. ბოროტი ადამიანი იყო, მაგრამ მაინც ადამიანი. ადამიანებს კი სისუსტეები აქვთ. მისი სისუსტე კი მარტოობა იყო. უამრავი ფული ჰქონდა, მაგრამ ოჯახი არასოდეს ჰყოლია. არც ცოლი, არც შვილი. არ ვიცი ჩემში ვის ხედავდა, მაგრამ მომეჯაჭვა. მეც მივეცი უფლება დაეჯერებინა, რომ წარსული დავივიწყე, რომ ჩემი სახლი მის გვერდით იყო. ერთხელ სიკვდილს გადავარჩინე. ერთ-ერთმა დაბოღმილმა ქვეშევრდომა ნადირობისას ესროლა, დროულად რომ არ შემემჩნია როგორ უმიზნებდა სანადირო თოფს და ხელი არ მეკრა თათარისთვის, მოკლავდა. ის უბედური ადგილზე ჩაცხრილა, მე კი საბოლოოდ გამომიშვა სარდაფიდან.
- რატომ გადაარჩინე? - იკითხა მიუხედავად იმისა, რომ პასუხს თავადვე ხვდებოდა.
- ჩემი ხელით უნდა მომკვდარიყო და იმიტომ! - ვარაუდი დაუდასტურა - მინდოდა სიკვდილისას ბოლოს ჩემი სახე ენახა, ბოლოს ჩემთვის ჩაეხედა თვალებში. მხოლოდ მაშინ, როდესაც ამისთვის მართლა მზად ვიქნებოდი.
- განათლება, კავშირები და გავლენა მოგცა, - აღმოხდა გაოცებულს - ნუთუ იმდენად გენდო, რომ თავის „ბიზნესშიც“ ჩაგახედა?
- ადამიანებს ხშირად აბრმავებთ სურვილი და რეალობის აღქმას აკარგვივნებთ. მუსტაფას ძალიან უნდოდა რომ ასე ყოფილიყო. უნდოდა ერწმუნდა, რომ მომარჯულა და მის ერთგულ ძაღლად მაქცია. მუდამ ამაყობდა თავისი „მიღწევით“ ახლო წრეში. ლეკვიდან ნამდვილი მგელი გამოვზარდეო. მომავალი მემკვიდრე მეზრდებაო.
ელმა პირველად შენიშნა დევდარიანის ხმაში ცვლილება. ბოლო სამი სიტყვა ისეთი ზიზღით წარმოთქვა, თითქოს გაპრიალებულ ფეხსაცმელზე ფეკალია ააცოცდაო.
- მის გარშემომყოფებს სჯეროდათ, რომ მათ მხარეს იყავი? - დაინტერესდა.
- ზოგს კი, ზოგს არა. ეჭვის თვალით მიყურებდნენ. ძალიან უნდა მომენდომებინა, რომ ჩემი განზრახვები შეუმჩნეველი დარჩენილიყო. სხვაგვარად ვერ შევასრულებდი მისიას, რომელიც მიზნად დავისახე.
- და საბედისწერო ნაბიჯი როდის გადადგი? ვხვდები, რომ მუსტაფა ცოცხალი აღარ არის.
დევდარიანს ცივი ღიმილი გაეპარა ტუჩის კუთხეში და ისევ თავის გადაჭდობილ ხელებს დახედა.
- იმ დღეს ოცდაოთხი წელი შემისრულდა, ტყვეობის თექვსმეტი წელიწადი. მუსტაფა ხარობდა, რადგან სტამბოლის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი უმაღლეს დონეზე დავხურე.
- რა ფაკულტეტზე სწავლობდი? - ვერ მოითმინა და მაინც შეაწყვეტინა. სეგის გაეცინა.
- სამართალზე, - გოგონას თვალი ჩაუკრა - მუსტაფა დავარწმუნე, სამართლის მცოდნე „ბიზნეში“ ნამდვილად გამოგადგება, ვინმემ შენი ინტერესები ლეგალურად უნდა დაიცვას და თუ საჭირო გახდება ფატერაკებისგან გიხსნას-თქო. გაიბადრა, სიამაყისგან გაიბერა - ასე იყოს, ჩემო ბიჭო, ასე იყოსო.
- ეს შენი გეგმის ნაწილი იყო... - აღმოხდა აღფრთოვანებულს.
- რა თქმა უნდა. მინდოდა სამართლის სფეროში მწვანე ბარათი მქონოდა, აუცილებლად გამომადგებოდა მომავლისთვის. საქმეს, რომელსაც ხელს მოვკიდებდი იდეალური იარაღი აღმოჩნდებოდა.
- და? შენს დაბადების დღეზე... - აღარ დაასრულა.
- საკუთარ თავს საჩუქარი გავუკეთე, - პარაიბას სფეროებს ცეცხლი აუგიზგიზდათ - სასმელი მოვწამლე, რომ მოქმედება არ გამჭირვებოდა. სახლში ოცამდე კაცი იყო...
აღარ დაასრულა. არც ელს დაუსვამს ამ თემაზე ზედმეტი კითხვები. ისედაც ცხადი იყო რა მოხდა.
- როცა... როცა მოკვდა, ტვირთი შეგიმსუბუქდა? ცოტათი მაინც?
დევდარიანმა ყურადღებით მოხედა გოგონას. ნახშირივით შავ სფეროებს თვალი გაუსწორა და დინჯად წარმოთქვა.
- ელ... შურისძიებას შვება არ მოაქვს, მხოლოდ სისხლი და სიცარიელე ახლავს თან. არ იფიქრო, რომ კახაძეს სიკვდილი შენს ცხოვრებაში რამეს შეცვლის, - მარტივად მიუხვდა ფარულ განცდებს - პირველი წამები განიცდი ეიფორიას, შემდეგ კი ერთი წუთიც საკმარისია რომ ისევ ნაცრისფერ სამყაროს დაუბრუნდე, მხოლოდ გაცილებით ბინძურს, ვიდრე აქამდე გახსოვდა.
სავანელმა თავი ჩახარა. თავად არ იცოდა რა პასუხს ელოდა, მაგრამ სეგის ნათქვამმა მაინც დათრგუნა.
- რა მოხდა შემდეგ? - თემა შეცვალა. თავი ასწია და ინეტერესით მიაჩერდა მამაკაცს.
- შემდეგ საქართველოში დავბრუნდი. თურქეთში ქართულს ვსწავლობდი, რომ სამშობლოში კომუნიკაცია შემძლებოდა. სვანეთში ჩამოვედი, ჩემს კუთხეში საიდანაც ყველაფერი დაიწყო. ხალხს ვახსოვდი, ახსოვდა ჩემი ოჯახის ტრაგედია. უხუცესთა საბჭო დახმარებას დამპირდა. ასე დაიწყო ყველაფერი.
ხელები ოდნავ გაშალა და გაიღიმა.
- მილენას ძებნა როდის დაიწყე? - იკითხა ფრთხილად.
- თითქმის მაშინვე - უპასუხა ყრუდ - ვყოყმანებდი. მეშინოდა სიმართლის მოსმენის. მეშინოდა, რომ საკუთარი და მოვკალი... იმ ქალაქში დავბრუნდი, სადაც ყველაფერი მოხდა. ბევრი ვიწვალე, მაგრამ კვალს მაინც მივაგენი. აღმოჩნდა, რომ მილენა საავადმყოფოში მოხვედრილა. ტვინის შერყევით და ფეხის მოტეხილობით. მოგვიანებით კი, როცა გამოჯანმრთელდა, პოლიციამ ოჯახის მოძებნა სცადა და გაიგეს რაც მოხდა. ნათესავები არ გვყოლია. მილენა სოციალურმა სააგენტომ ბავშვთა სახლს მიაბარა. სარანგიძეებმა იშვილეს, მაგრამ ქალიშვილისთვის სიმართლე არასოდეს უთქვამთ.
- სეგი, ისინი ცოცხლები აღარ არიან, - შეაპარა ხმადაბლა - მილენას შენ გარდა აღარავინ დარჩა. უფლება აქვს იცოდეს, რომ ძმა ჰყავს.
- ელ... მისთვის რისი შეთავაზება შემიძლია? იცი ვინ ვარ და რასაც წარმოვადგენ. მილენამ ახალი ცხოვრება იპოვა სარანგიძეების ოჯახში. სულ სხვაგვარ გარემოში აღზარდეს. მასზე ზრუნავდნენ, უყვარდათ და ეფერებოდნენ. რა უფლება მაქვს წავართვა ის, რაც წლების განმავლობაში საკუთრებად თვლიდა? აუცილებელია იცოდეს საიდან მოდის და რა შეემთხვა? არაფრის მიცემა არ შემიძლია, წართმევა კი ნამდვილად გამომივა. მის გვერდით იმდენ ხანს დავრჩები, რამდენიც შესაძლებელი იქნება. დავიცავ, როგორც შემეძლება. ესაა ჩემი საზღვარი, რომლის გადაკვეთის უფლებასაც ალბათ საკუთარ თავს ვერასდროს მივცემ.
ელი ისევ დადუმდა. იცოდა რას ნიშნავს იყო „კეთროვანი“ და ერიდებოდე ოჯახს, რათა შენივე თავისგან დაიცვა და მაინც... გული ეტკინა.
- დასევდიანდი. - გაეღიმა დევდარიანს.
- სეგი...
- ბატონო, - თბილად შეხედა გოგონას თვალებში.
- მრავალრიცხოვან გუნდში, მიიღებ კიდევ ერთ მოხალისეს?
დევდარიანს წარბები მაღლა გაექცა. სავანელმა ჯიქურ გაუსწორა მზერა, თვალი არ დაუხამხამებია, მტკიცედ მისჩერებოდა და პასუხის მოლოდინში მთელი სხეული გიტარის სიმივით დასჭიმვოდა.
- ელ... ხვდები რას მეკითხები?
- ზუსტად მაგიტომ გეკითხები.
- ადამიანები იხოცებიან.
- ვიცი.
- და გინდა ამის ნაწილი იყო?
- პირიქით, მინდა ყველაფერი ისე დასრულდეს, რომ ნაკლები ადამიანი დაზიანდეს. - დევდარიანს წარბები მაღლა გაექცა.
- ფიქრობ, მე ამას არ ვცდილობ?
- მაპატიე, მაგრამ ჭადრაკის თამაში ჩემი სპეციალობაა.
- ელ, ეს არ არის თამაში.
- არც ჩვენ ვართ ფიგურები, - მიუგო მტკიცედ - მაგრამ სტრატეგია ცხოვრებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს, როცა ომის მოგება გინდა. მე კი ძალიან მინდა გამარჯვება სამართალს დარჩეს.
დევდარიანი წელში გასწორდა. სავანელს ისეთი თვალებით მიაჩერდა თითქოს აფასებსო.
- ასე ნუ მიყურებ, - წამოენთო - წლებია ნამცეცებს ვაგროვებ შენამდე მოსაღწევად. დღეს ჩემს წინ ზიხარ. სუსტ რგოლად მთვლი?
დევდარიანს გაეღიმა. შუკვანის სახლთან ახლოს მგელმა იყმუვლა...
ელმა თვალები აახამხამა, წარსულის მოგონებებიდან გამოერკვა. ბინდდებოდა. დევდარიანი მთელი ეს დრო ჩუმად იდგა გვერდით და სავანელს ფიქრებში ხელს არ უშლიდა.
- სამსახურში ყველაფერი რიგზეა? - სიჩუმე დაარღვია სავანელმა.
- ზედმეტად დამაჯარებელი ვიყავი, - ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა.
- შენ კი ამბობდი, შენი გეგმა არ იმუშავებსო. - ნიშნის მოგებით ასწია წარბები.
- ადამიანების ფსიქოლოგია გესმის, არ უარვყოფ, - მრავალმნიშვნელოვნად გახედა გოგონას.
- თუ მიხეილზე მიმანიშნებ, რაც დაიმსახურა ის მიიღო! - მიუგო ცივად.
- რთულია შეგეწინააღმდეგო.
სუსხიანმა ქარმა სავანელს მოკლე თმა აუფრიალა, დევდარიანს კი ლაბადის კალთები შეურხია.
- მართლა... არ გითქვამს როგორ გაიცანი სევერინი?
- მილენას ფსიქიატრი იყო.
- მილენასი? - სწრაფად გახედა დევდარიანს.
- ჰო, ბავშვობაში გადატანილის გამო ჯანმრთელობაზე პრობლემები შეექმნა. არითმია აქვს, შეძენილი. ასეთი რამ ნერვულ ფონზე უნვითარდება ადამიანს. გარდატეხის ასაკში მისმა პრობლემამ თავი იჩინა. სევერინი მისი ექიმი იყო.
- ამიტომ მიმიყვანე მასთან?
- ვიმედოვნებდი, რომ დაგეხმარებოდა.
- ცხოვრება გავუმწარე. - წარბი შეიკრა.
- მიყვებოდა, - გაეცინა - ახლა... თავს როგორ გრძნობ?
- ბოლომდე საკუთარ თავს მაინც არ ვენდობი.
- დრო ყველაფრის მკურნალია.
- გაცვეთილი ფრაზაა. - წაიბურტყუნა. დევდარიანს ისევ გაეცინა.
- მზად ხარ? - იკითხა პაუზის შემდეგ.
- დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. მინდა ცხოვრების ეს ეტაპი სამუდამოდ დავხურო.
წარმოთქვა ყრუდ, შეტრიალდა და გატკეპნილ ბილიკს მძიმე ნაბიჯებით გაუყვა. დევდარიანმა თავი ასწია, ღრმად ამოისუნთქა, ბოლოჯერ შეავლო თვალი საფლავის ქვას და სავანელს უკან მიჰყვა.


******
სვანეთის უხუცესთა საბჭო მესტიის ქვის სახლში შეკრებილიყო. ოთახის ბეტონიანი იატაკის შუაგულში, ჩვეულისამებრ გიზგიზებდა კოცონი. სხდომაზე ბევრად მეტ ადამიანს მოეყარა თავი - ონიანი და მურყვანი „პაპას“ გვერდით ისხდნენ, გაზდელიანს, ზურბანსა და ახვლედიანს მოპირდაპირედ დაეკავებინათ ადგილი. არგვლიანი და ვიბლიანი ცეცხლს ჩაშტერებოდნენ და მოთმინებით უცდიდნენ სტუმრების მოსვლას. იოსელიანი და კვიციანი ერთმანეთში საუბრობდნენ ხმადაბლა.
კოცონთან ახლოს დასაჯდომი ადგილი აღარ იყო, ამიტომ ზოგიერთს ოთახის კუთხეში ეპოვა ადგილი. ავალიანი მოზრდილი ხის კუნძე ჩამომჯდარიყო. ცივ კედელს მიყრდნობოდა და თავი ქვის კედლისთვის მიებჯინა. თვალდახუჭული უხმოდ ამოძრავებდა ტუჩებს. ცეცხლის ანარეკლი მის სუფთად გაპარსულ სახეზე მკრთალად ციალებდა.
მის გვერდით მამა-შვილ შუკვანებს მოეყარათ თავი. მას შემდეგ რაც ერთად მიიღეს მონაწილეობა ვარლამ არეშიძის გატაცებაში, შვილი მამას აღარ დალაპარაკებია. თუ საჭიროება არ მოითხოვდა საერთოდ არ იღებდა ხმას, არც არავის უყურებდა. ძველისძველი ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარი სქელ ნისლში გახვეულ მესტიას მისჩერებოდა.
მკაცრ იანვარს მუხლებამდე დაედო თოვლი. ქვის სახლში საშინლად ციოდა, მაგრამ მთის მკაცრ წესებს შეჩვეული ხელებსაც კი არ იფშვნეტდა. ირაკლი შორიდან გამოხედავდა ხოლმე ვაჟს. ზურმუხტისფერი სფეროები სევდიანად უეალვდა. ყოველ ჯერზე, როცა მისკენ ბედავდა გახედვას გულში რაღაც მტკივნეულად წიწკნიდა. ერთ მოპარულ მზერაში ნანობდა მთელს განვლილ ცხოვრებას. თავი მძიმედ ჩაეხარა ავალიანის გვერდით მოკალათებულს.
ოთახის მეორე კუთხეში, ხროვიდან გაძევებული მგლის ლეკვივით, ანჯაფარიძე ატუზულიყო. გულხელდაკრეფილი კედელს მიყრდნობოდა და მასაც თავი ჩაეხარა ირაკლი შუკვანის მსგავსად. დროებითი დაკავების იზოლატორიდან მალევე გამოუშვეს. შორენა შეროზიას მკვლელობა ვერავინ დაუმტკიცა. გამართლება იყო, თუ ბედისწერის გადაწყვეტილება, კამერებმა მისი მოხელთება ვერ შეძლეს. საცხოვრებელ კორპუსში კი, საიდანაც შორენა ისროლა ნაჭრის თოჯინასავით, დროებითი ავარიის გამო სათვალთვალო სისტემა არ მუშაობდა. ირაკლის კი მისი პოლიციაში დაბეზღება არც უფიქრია, მიუხედავად იმისა, რომ ანჯაფარიძე მომხდარის შემდეგ სწორედ ამას ელოდა.
თავად მილენამაც კი ჩაიგუბა პირში წყალი. გამომძიებლებისთვის არ უთქვამს, რომ ანჯაფარიძემ აცნობა არეშიძეებს მისი დაბრუნების ამბავი და გაშლილ მკლავებში ჩაუგდო სამხვთო ცხვარივით. ბადალას დაუნახავს აეროპორტში და ანჯაფარიძესთვის დაურეკავს, მილენა დაბრუნდაო. სვანმა მაშინვე გიგი არეშიძეს შეატყობინა ჟურნალისტის ადგილმდებარეობის შესახებ, ოღონდაც ჩემს ოჯახს თავი დაანებეთო, რადგან ელის გადაცემამ მხოლოდ ალექსი დაუბრუნა უკან, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავდა, რომ ანჯაფარიძეს შეეშვებოდნენ. ალექსის მოტაცება მხოლოდ გაფრთხილება იყო, დრო ერთი კვირა მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას ამოხოცავდნენ. ანჯაფარიძეს მშვენივრად მოეხსენებოდა ვარლამ არეშიძის სისხლისმსმელი ხასიათის შესახებ. იცოდა, რომ გამკეთებელი იყო. ამიტომ დანებდა...
სარანგიძეს ნაწილობრივ ესმოდა ანჯაფარიძის გადაწყვეტილების მიზეზი, მაგრამ ეს ტკივილს ვერ უამებდა. მისი დანახვაც არ უნდოდა, იმდენად იყო გულნატკენი და იმედგაცრუებული. შანსიც კი არ მისცა გასაუბრებოდა. როცა აგარაკზე მილენასთან მივიდა გამოსალაპარაკებლად, დევდარიანმა პირდაპირ ცხვირში ხეთქა მუშტი და გაუტეხა. გველივით წაუსისინა - ახლოს მიკარებული არ გნახო, თორემ წირვას გამოგიყვანო! შემდეგ კი თავისიანებს უბრძანა თავიდან მომაშორეთო. ხელბორკილდადებული სვანი პატრულის მანქანისკენ წაათრიეს.
დევდარიანს არ დაუძალებია მის წინააღმდეგ ჩვენება მიეციო. საერთოდ არ ამოუღია ხმა. ეს მილენას გადასაწყვეტი იყო და მანაც უბრალოდ ჩამოშორება არჩია. არ უნდოდა სასამართლო პროცესებზე სიარული და ანჯაფარიძის ხილვა, თან ბავშვს მამას არ წაართმევდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა რა მოხდა ორ შორის. ალექსი არაფერ შუაში იყო. ამიტომ უკან დაიხია.
როცა სვანმა წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა, საბა შუკვანი შეეგება გარეთ გამოსულს - პირქუშად აცნობა მესტიაში საბჭო კრებას აწყობს, მოსვლა მოგიწევსო და ისე გაეცალა პასუხს არ დალოდებია.
თავჩაღუნული საკუთარ ნამოქმედარზე დაფიქრდა. იქ აგარაზე, როცა დევდარიანმა მილენა შემოიყვანა გულმა რეჩხი უყო. თავი შეზიზღდა, სასოწაკრვეთამ ყელში წაუჭირა უხილავი თითები და ლამის ადგილზე მოახრჩო. თითოეული უჯრედი აეწვა, როცა მილენამ მის გვერდით დაიკავა ადგილი. აკანკალდა, ხელისგულები გაუოფლიანდა იმდენად სრცხვენოდა საკუთარი თავის ქალისთვის თვალებში შეხედვა ვერ გაბედა. მაგრამ როცა არეშიძემ ხელი მოიქნია მილენასთვის სახეში გასარტყმელად სხეულმა ავტომატურად იმოქმედა. ეს არ ყოფილა შეცდომის გამოსწორების მცდელობა, ეს იყო ინსტიქტი, რომელიც, როცა საქმე საქმეზე მიდგა, სიკვდილის შიშზე ძლიერი აღმოჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ არეშიძე იარაღს უმიზნებდა გულში, მზად იყო ცხელი ტყვია მიეღო უპრობლემოდ, მაგრამ მილენასთან არცერთს არ მიუშვებდა. დაე, მოეკლათ! ახლა როცა ყველაფერს გონებაში ხელახლა ხარშავდა ხვდებოდა, რომ დევდარიანმა სიკვდილისგან იხსნა, მას რომ არ ჩაერტყა ფეხი, მიხეილს სროლის საბაბს მისცემდა. ყოველ ჯერზე, როცა ძალიან ახლოს იყო ტყვიასთან დევდარიანისგან წიხლი ხვდებოდა.
თუმცა ბოლო, რომელიც მუცელში ჩააზილა, პირადად მისთვის განკუთვნილი მრისხანების გამოვლინება იყო. საბოლოოდ ცხვირში მოხვედრილმა კი მკაცრი ზღვარი გაუვლო მასა და მილენას შორის. იმასაც მიხვდა, რომ დევდარიანმა უბრალოდ მილენას თვალწინ სიკვდილის უფლება არ მისცა. არ უნდოდა ქალისთვის გული ეტკინა, დარწმუნებული იყო, რომ ეს იყო ერთადერთი მიზეზი. მათ შორის რაღაც იყო, რაღაც ძლიერი კავშირი, რომელსაც ვერ ხვდებოდა.
სწორედ ამიტომ დაიბარეს კრებაზე. დევდარიანი აქ მოსთხოვდა პასუხს. იცოდა ეს და მაინც მოვიდა. ყბაზე კუნთი დაეჭიმა, თვალები დახუჭა და თავი კედელს მიადო.
ოთახში ხმადაბალ საუბარსა და ცეცხლის ენების ტკაცუნს, თან ყრუ გმინვა და კრუსუნი ერთვოდა. ჩუმი გოდება ქვის სახლის მეორე ოთახიდან მოისმოდა. შეკრებილთაგან არავის აწუხებდა ხმის პატრონის გასაჭირი, თავი ისე ეკავათ თითქოს არც არაფერი ესმოდათ.
ქვის სახლის წინკართან ფეხის ხმა გაისმა. სტუმრები თოვლიან ფეხსაცმელებს იფერთხავდნენ. შეკრებილები გაისუსნენ და კარს მოხედეს. სახელური ძირს დაეშვა, კარი გაიღო და ზღურბლზე დევდარიანი გამოჩნდა. წაბლისფერ თმაში თოვლის ფიფქები უბრწყინავდა. სიცივისგან უფერული ბაგეები ასწითლებოდა, შავი ლაბადა კი დანამოდა. შეკრებილებმა პატივისცემის ნიშნად ოდნავ დაუკრეს თავი ახალმოსულს - სეგიმაც იგივეთი უპასუხა. სახლში შემოვიდა და უკან ორი ადამიანი შემოიყოლა. ყველა ფეხზე წამოდგა.
ელმა ფართე კაპიუშონი თავიდან გადაიძრო და საბჭოს მოავლო თვალი. თუმცა, შეკრებილების ასეთი მყისიერი რეაქცია ელის გამოჩენას არ გამოუწვევია, ისინი გოგონას უკან მდგარ მამაკაცს მისჩერებოდნენ პირდაღებულნი.
- გამარჯობა.
თავიდან ნაქსოვი ქუდი მოიხსნა ოთარ ანჯაფარიძემ და თვალით მოძებნა ადამიანი, ვისკენაც ასე გულისფანცქალით მოიჩქაროდა შეხვედრაზე. მამაკაცის ხმაზე ივამ თავი ასწია. ჯერ თვალები ააფახურა - აშკარად იფიქრა მოჩვენებები დამეწყოო, მაგრამ როცა ოთარმა გაუბედავად გადადგა შვილისკენ ერთი ნაბიჯი ანჯაფარიძე გაფართოებული თვალებით მოშორდა კედელს.
- მამა...
- ივა!
ორი მამკაცი ძლიერად გადაეხვია ერთმანეთს. ივა მამამისს ნერვიულად ეხვეოდა, თან წამდაუწუმ ამოწმებდა თვალები ხომ არ მატყუებსო, მაგრამ ოთარ ანჯაფარიძე არ იყო მოჩვენება. ნამდვილი იყო მთელი თავისი ბრწყინვალებით, რომელიც სეგი დევდარიანის, იგივე გერგი უშხვანის წყალობით გადაურჩა ვარლამ არეშიძის მიერ გამოტანილ სასიკვდილო განაჩენს. ოთარს მხოლოდ იმიტომ გაუმართლა, რომ ვარლამმა მის სანდო მარჯვენა ხელს, დევდარიანს დაავალა მისი თავიდან მოშორება.
ელმა შეამჩნია, რომ ცეცხლთან შეკრებილებიდან, მხოლოდ ერთი უხუცესი იღიმოდა. ეს უნდა ყოფილიყო ჯუანშერი, საბჭოს კრების მთავარი ფიგურა და ბოლო ხმა.
- ოთარ!
- ბიჭო, ცოცხალი ხარ!
- ჯაფარ, მოდი აქ!
- თვალებს არ ვუჯერებ!
- ოთარ, ბიჭო!
გაისმა აქეთ-იქიდან შეძახილები. ნაცნობ-მეგობრები ანჯაფარიძეს შემოეხვინენ. ყველას უნდოდა დაკარგულ თანამოძმეს გადახვეოდა, ხელი ჩამოერთვა და დარწმუნებულიყო, რომ ნამდვილად ოთარი იყო, სამი წლის წინ გაუჩინარებული სვანი, რომელიც ყველას მკვდარი ეგონა. სავანელმა მხოლოდ მაშინ გაიაზრა, რამდენი ადამიანის ოჯახი დაინგრა, რამდენი ადამიანის ცხოვრება დადგა თავდაყირა არეშიძეების გამო. თუ რამდენი უბედურებისა და სიკვდილის მიზეზად იქცა ერთი წყეული ოჯახი!
ელმა აჩოჩქოლებულ ხალხს გვერდი აუარა და ნაცნობი სახეებისკენ გაემართა. მოსეს ტუჩებზე ცბიერმა ღიმილმა გადაურბინა.
- „ადამს“... - მხიარულად აუციმციმდა მუქი საფირონები.
- „იაგამი“... - არ ჩამორჩა სავანელი და შეკრულ მუშტს თავისი მიარტყა.
- არც კი მჯერა, რომ შენმა სულელურმა გეგმამ იმუშავა.
- სულელური როგორ იყო, როცა ყველაფერმა კარგად ჩაიარა? თან თამაშგარე პიონკებს ხმის უფლება არ აქვთ, „იაგამი“!
- ჰეი, მე გადავაგდე გზიდან ფურგონი! - იუკადრისა ნათქვამი.
- ბრავო, იდიოტო კინაღამ უშხვანი მოკალი!
- „სუსმა“ ეჭვი არ უნდა აიღოსო.
- სხვა დროს უფრო ნათელ ინსტრუქციას მოგცემ, რადგან შენებური „ეჭვი არ აიღოს“ შეიძლება ვინმეს სიცოცხლის ფასად დაუჯდეს.
- პატარა ბავშვებივით კინკლაობთ - გაბრაზდა ირაკლიმ და გოგონას შეუბღვირა - რატომ არ მიკვირს, რომ აქ გხედავ?!
- არც მე მეხატები გულზე, შუკვანო.
მიუგო ღიმილით და საბას მაჯა მაჯაზე მისცხო. ირაკლიმ თვალები გადაატრიალა, სამაგიეროდ საბას გაეცინა.
- ის მანიაკი არ წამოგყვა? - იკითხა მოსემ და შემოსასვლელისკენ დააცეცა თვალები კიტას პოვნით იმედით.
- რას გადაეკიდეთ ერთმანეთს? - წაიბურტყუნა უკმაყოფილოდ.
- მე კიარა თვითონ გადამეკიდა, ბავშვობიდან და ისიც შენ გამო.
- სასიყვარულო სამკუთხედი და რამე? - წარბი ასწია საბამ.
- ბეჭი არ იღრძო! - შეუბღვირა სავანელმა. საბა ახითხითდა.
- კიტას... ყველაფერი რიგზე აქვს?
ირაკლის არ ემხიარულებოდა. თვალები სევდით ჰქონდა სავსე. საბა დასერიოზულდა, წამისწინანდელი მხიარულებისგან კვალიც აღარ დარჩა.
- დრო სჭირდება, - მიუგო ხმადაბლა - დააცადე მომხდარი გადახარშოს.
ირაკლიმ მძმედ გადაყლაპა ნერწყვი და ისევ თავი ჩახარა. ოთხეულის ყურადღება ოთახში უეცრად ჩამოწოლილმა სიჩუმემ მიიპყრო. სავანელი შებრუნდა. მესტიის მაცხოვრებლები ისევ კოცონს შემოსხდომოდნენ. ოთარს შვილისთვის გადაეხვია ხელი კუთხეში. ცეცხლის წინ კი დევდარიანი იდგა. ყველა მას მისჩერებოდა, ის კი ჯუანშერს უყურებდა.
- ცოცხალია? - იკითხა ყრუდ. ჯუანშერმა მძიმედ დაუქნია თავი. დევდარიანს დაჭიმული მხრები შესამჩნევად მოეშვა.
- საბა, შვილო, - გვერდულად გახედა შუკვანს - თუ შეიძლება აქ მოათრიე ის ქვეწარმავალი.
შუკვანი ფანჯრის რაფიდან ჩამოხტა, ელს გვერდი აუარა და მეორე ოთახს მიაშურა, საიდანაც ჩუმი გოდება ისმოდა და თითქმის იმავე წამს უკან დაბრუნდა, თან მელოტს მოაპრონწიალებდა. კახაძისთვის ხელ-ფეხი შეეკრათ, ელს კიდევ უფრო დასუსტებული ეჩვენა, ვიდრე მაშინ როცა უკანასკნელად ნახა ავალიანის ძველ სახლში. გული დაუმძიმდა, მთელი სხეულიც. ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს მხრებზე უზარმაზარი ტვირთი დაამატეს.
საბამ უგულოდ ისროლა მამაკაცი დევდარიანის ფეხებთან. კახაძე მწარედ დაენარცხა ბეტონს და ტკივილისგან ორად მოიკეცა. სეგიმ ელს მოხედა. სავანელმა მძიმედ ამოისუნთქა და ცეცხლისკენ გაემართა. არავინ იღებდა ხმას, ყველა გოგონას მისჩერებოდა მდუმარედ. კახაძეს თავს რომ წაადგა, მელოტმა ცრემლიანი თვალებით ამოხედა. საუბარი არ შეეძლო, რადგან დევდარიანს მისთვის ენა ემოედღლიზა, მაგრამ მისი გამოხედვა ყველაფერს ამბობდა - თვალებით ევედრებოდა შებრალებას.
- ელ, - დევდარიანის თბილი ხელი მაჯაზე შეეხო - დაგპირდი და პირობა შევასრულე.
- მაგრამ მისი მოკვლის უფლებას არ მომცემ, - თავი ასწია და პარაიბას სფეროებს მზერა გაუსწორა.
- არა. - დაუდასტურა მშვიდად.
- მაგრამ, მისი სიკდვილი არაფერში მჭირდება, - მიუგო წყნარად და კახაძეს ენით აუწერელი ზიზღით დახედა - ერთხელ უკვე გითხარი, რომ სიკვდილი შვებაა.
მესტიისკენ რომ მოეშურებოდნენ, მთელი გზა ფიქრობდა თავის გადაწყვეტილებაზე. ეჭვი ეპარებოდა, სწორად იქცეოდა თუ არა. განა მთელი ეს წლები მის უკან დევნას არ შეალია? განა ფსიქიატრიულში დამწყვდეული ყოველ ღამე მის სიკვდილზე არ ოცნებობდა? რა შეიცვალა? იცოდა რაც. დევდარიანმა სწორად უთხრა - როცა ზემოთ ახვალ და თვალებში ჩახედავ, მასში იმ ეშმაკს ვეღარ იხილავ, ვინც ამდენი ტკივილი მოგაყენაო.
ისტერიკა დაემართა მაშინ მის სიტყვებზე. წყობიდან გამოვიდა, მაგრამ როცა კახაძის პირისპირ აღმოჩნდა, მიხვდა, რომ დევდარიანი მართალი იყო. რთული იყო ამის აღიარება, საკუთარ თავთანაც კი, მაგრამ კახაძეს აღარაფერი ჰქონდა საერთო იმ ამპარტავან, ამარზენ, სახიფათო ქვეწარმავალთან, რომელსაც ადრე შეხვედრია - სხვენში ერთი დაბეჩავებული, ტკივილისგან სამად მოკეცილი და გაუბედურებული ადამიანი ეგდო, რომელიც ოთახში მყოფთა ნებისმიერ მოძრაობაზე შიშით კრთებოდა.
არ უკითხავს ასეთი რა დამართა დევდარიანმა, არ უნდოდა სცოდნოდა. ასეთი დეტალები ისე აღარ ანთებდა, როგორც ბავშვობაში ფურცელთან განმარტოებისას. მას შემდეგ დიდმა დრომ განვლო, უამრავმა წყალმა ჩაიარა. შეიცვალა, ბევრი რამ შეიცვალა ელის ცნობიერში.
მელოტისკენ დაიხარა და თვალებში მიაჩერდა. გრძნობდა როგორ უვლიდა ვენებს ენითაწერელი აგრესია და ზიზღი, მაგრამ მასში მთველმარე ურჩხული რატომღაც დუმდა. მშვიდად ეძინა გალიაში გამომწყვდეულს და იოტისოდენა ყურადღებასაც არ იჩენდა გარესამყაროსადმი.
- რაღაცას გკითხავ, თუ მომატყუებ, შენს თავს მას დავუთმობ, - თავი გაიქნია ავალიანისკენ - დამიჯერე, მეორედ აღარავინ შეაჩერებს.
კახაძემ შიშით გახედა ავალიანს. ბოლოს მასთან შეხვედრამ მტკივნეულად დაამახსოვრა თავი. მიუხედავად იმისა, რომ უთხრა სად უნდა მოეძებნა დანიილ ქალდანის სხეული, იქამდე ურტყამდა სანამ დევდარიანმა არ ააგლიჯა გულწასულს. სასოწარკვეთილს ცრემლები გადმოსცვივდა, მერე თვალი მოავლო შეკრებილებს და მტრულმა გამოხედვებმა კიდევ უფრო დააფრთხეს. ელს კანკალით დაუქნია თავი.
- ნიცა გოგოლაძე გახსოვს?
კახაძე ისე მოიკუნტა თითქოს მათრახი გადაუჭირესო. მცირე ყოყმანის შემდეგ თავი დაუქნია.
- შენ მოიტაცე? - ისევ თანხმობა.
- მიხეილმა გიბრძანა ამის გაკეთება? - კვლავ თანხმობა.
- გააუპატიურე?
ოთახში შეკრებილი მამაკაცები ღრენით წამოიშალნენ. საბჭო მშიერი მგლების ხროვას დაემსგავსა. მზად იყვნენ იქვე გაებრდღვნად კახაძე, მაგრამ დევდარიანმა თავი გააქნია - აცადეთო. კახაძე მოიკუნტა და ატირდა. ელს თვალებში ვერ უყურებდა. მხოლოდ სავანელმა იცოდა რის ფასად უჯდებოდა ამ თემაზე საუბარი. პირველი შეხვედრისას იმდენად იყო ემოციურად არასტაბილური კითხვა ვერ გაბედა, მაგრამ ახლა... თემას ვეღარ გაექცეოდა. ეს მისგან უნდა მოესმინა, ისე ვერაფრით მივიდოდა ნიცას მშობლებთან სიმართლის სათქმელად. ისიც არ იცოდა ეს როგორ უნდა გაეკთებინა, მაგრამ უფლება ჰქონდათ სცოდნოდათ რა მოუვიდა მათ ქალიშვილს. ბოლოს და ბოლოს პირობა მისცა ნიცას დედას... პირობა მისცა...
- კითხვა დაგისვი და მიპასუხე, გააუპატიურე?
კახაძე ხვდებოდა რომ ელმა სიმართლე იცოდა. ტყუილით საქმეს მხოლოდ გაართულებდა. სვანების ხროვა თავს წამოსდგომოდა, საკმარისი იყო სავანელი გზიდან ჩამოსცლოდათ და ნაკუწებად აქცევდნენ. წყალწაღებული ხავს მოეჭიდა და გაჭირვებით დაუქნია თავი. მის თანხმობას ოთახში მძაფრი რეაქცია მოჰყვა, ონიანმა თავი ვერ შეიკვა და წიხლი ჩააზილა სახეში. არაკაცოო უღრიალა და ზედ დააფურთხა. საბა სწვდა მკლავებში და მოშორებით გაათრია წყობიდან გამოსული მამაკაცი.
ელმა სიმართლე კი იცოდა, მაგრამ მაინც რთული მოსასმენი აღმოჩნდა დასტური. გული ეტკინა. ამღვრეული მზერით შესცქეროდა მელოტს, როგორ მოჟონავდა გატეხილი ცხვირიდან სისხლი და ტუჩები ზიზღით უთრთოდა.
- შემდეგ თურქეთის ბორდელში გადაიყვანეთ? - გააგრძელა ხმაჩახლეჩილმა. კახაძემ ისევ დაუქნია თავი.
- ნიცამ თავი მოიკლა? - კახაძემ უარყოფის ნიშნად გააქნია თავი.
თითქოს დენმა დაარტყაო, მუხლზე დაეცა, კახაძეს საკინძეში სწვდა და აგრესიულად დაქაჩა თავისკენ. თვალები არანორმალურივით უელავდა.
- რა გითხარი ტყუილზე? გინდა მათ საჯიჯგნად მიგაგდო?!
შეჰყვირა სახეში, კახაძეს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ყრუ ბგერების მეტი არაფერი ამოსდიოდა ყელიდან.
- გიმეორებ, ნიცამ თავი მოიკლა? - კახაძემ ისევ უარყოფის ნიშნად გააქნია თავი.
- აბა, მოკალით? - იყვირა წყობიდან გამოსულმა.
კახაძემ ისევ უარყოფის ნიშნად გააქნია თავი. ელს ხელები აუკანკალდა და შიშით ახედა დევდარიანს.
- სეგი... სეგი კალამი მინდა. ფურცელი და კალამი... ვინმემ... ახლავე!
თვალებს ველურივით აცეცებდა. გაუცნობიერებლად ბურტყუნებდა და ციებიანივით ექაჩებოდა კახაძის ხელზე ძლიერ კვანძს. ვიღაცამ პატარა ბლოკნოტი და შუაზე გადატეხილი ფანქარი გაუწოდა.
- დაგეხმარები.
საბამ ფრთხილად გააშვებინა ხელი საშინლად აღელვებულს და დანის ბასრი პირით თოკები გადაჭრა. ელმა ფანქარი და ბლოკნოტი კახაძეს მიაჩეჩა.
- დაწერე! დაწერე რა მოუვიდა ნიცას!
კახაძემ ფანქარი და ბლოკნოტი გამოართვა და ხელის კანკალით მოჯღაბნა რამდნიმე სიტყვა. ელმა ხელიდან წაგლიჯა და წარწერას დახედა:
„ცოცხალია, სტამბოლის ბორდელში ჰყავთ.“
გაფითრდა, მზერა ისევ კახაძეზე გადაიტანა.
- ევას მიხეილმა მისი ფოტოები აჩვენა. თავი მოიკლაო, უთხრა. მოატყუა?
კახაძემ უარყოფის ნიშნად გააქნია თავი და ხელი გაიწოდა ბლოკნოტისკენ. ელმა დაუთმო. მელოტი დიდხანს წერდა რაღაცას. ელს სული ელეოდა, მაგრამ არ შეუწყვეტინებია. როგორც იქნა მორჩა და ბლოკნოტი უკან დაუბრუნა. ერთიანად აკანკალებული მაშინვე კითხვას შეუდგა:
„მიხეილმა არ იცის, რომ ცოცხალია. არც ის იცის, რომ ნიცა მისგან ორსულად იყო, როცა გოგოს მოტაცება დამავალა. გოგოლაძემ ორსულობის შესახებ რომ გაიგო შეხვედრა ითხოვა. მიხეილმა კი მე გამგზავნა ადგილზე და მისი თავიდან მოშორება დამავალა. ორსულობის შესახებ მაშინ გავიგე, როცა ბორდელში აღმოჩნდა. სიტუაციის საჩემოდ გამოყენება მინდოდა. თვითმკვლელობის ამსახველი ფოტოები ყალბი იყო. მოზარდი იქაურობას მოვაშორე და სხვაგან გადავიყვანე, გამოყენება მინდოდა როცა ამის დრო მოვიდოდა.“
- ნიცამ ბავშვი გააჩინა?
იკითხა გაფითრებულმა. კახაძემ თავი დაუქნია. ხელები აუკანკალდა. გამშრალი ტუჩები მოილოკა და თვალები ნერვიულად დააცეცა.
- მისამართი დაწერე! - ხელში მიაჩეჩა ბლოკნოტი. - დაწერე სად ვიპოვო ნიცა!
კახაძე შეყოყმანდა, შიშით მოავლო თვალი სვანებს. დუჟმომდგარი ხროვასავით დასცქეროდნენ თავზე. ბლოკნოტზე რაღაც წაჯღაბნა და ელს გაუწოდა:
„რომ გითხრა, მომკლავთ“
- მევაჭრები? - წაიღრინა გააფთრებულმა - სულ რომ მთელი თურქეთის გადატრიალება მოგვიწიოს ნიცას მაინც ვიპოვით, ამიტომ საკუთარ თავს სამსახური გაუწიე და დაგვეხმარე!
კახაძემ ისევ მოატარა მზერა გარშემომყოფებს. სახეზე ჩამონადენი სისხლი საზიზღრად წვეთავდა ნიკაპზე. ბოლოს თვალი ისევ ელს გაუსწორა. მხოლოდ მის ნახშირივით შავ სფეროებში ხედავდა ხსნის ერთადერთ იმედს. ბლოკნოტი გამოართვა და მისამართი წააჯღაბნა. ელი ხელიდან წაგლიჯა, წელში გასწორდა და დაუფიქრებლად გაუწოდა მისამართი დევდარიანს.
- სეგი...
- დავაბრუნებთ.
აღუთქვა დარწმუნებით. საბამ მაშინვე გვერდით ჩაუარა სავანელს, დევდარიანს ბლოკნოტი გამოართვა და უსიტყვოდ გაიხურა კარი. ბიჭს სამი მამაკაცი მიჰყვა უკან.
- და მას რას უპირებ?
თავით ანიშნა თავჩაქინდრულ მელოტზე. რომელიც გატეხილ ცხვირს თითებით ისინჯავდა ფრთხილად.
- მამაჩემის ტყეში მოკვლა უნდოდათ, ლოდი მოუღერეს, მაგრამ კახაძემ ამის უფლება არ მისცა. - მელოტს დახედა ამღვრეული მზერით - ეს ზღვაში წვეთია იმ ამაზრზენ ქმედებებთან შედარებით, რაც მისი ხელიდან გამოვიდა, მაგრამ... მე აქ შევჩერდები. ნიცა კეთილი გულის გამო არ გადაურჩენია. ამ კონკრეტულ სიტუაციაში, ჩემთვის შედეგს აქვს მნიშვნელობა და არა მის მოტივს.
კახაძემ თავი ასწია და წყლიანი თვალებით ელს შეხედა.
- ასე ნუ მიყურებ, - შეუღრინა ღვარძლიანად - ეს არ არის მოწყალება! არასოდეს გაპატიებ მომხდარს! შენი მიზეზით უამრავი ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს. თავს ზუსტად იქ გიკრავ სადაც მათი სულები მოსვენებას არ მოგცემენ! შენი დამპალი სული მე მეკუთვნის!
დამფრთხალი კახაძე აფართხალდა და ფორთხივთ სცადა კარამდე მიღწევა. იმდენად იყო სასოწარკვეთილი სულ არ დაგიდევდათ, რომ მის მცდელობას არავითარი აზრი არ ჰქონდა. ფართო ნაბიჯით წამოეწია ონიანი. კისერში ხელი წაავლო და კუთხეში მიაგდო ნაჭრის თოჯინასავით.
მელოტი შიშით მოიკუნტა და აღარ განძრეულა. დევდარიანმა ელს ერთხანს უყურა თვალებში, შემდეგ თავი დაუქნია და ჯუანშერს მიუბრუნდა, რომელიც მთელი ეს დრო მდუმარედ ადევნებდა თვალს სანახაობას.
- ელის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, გაქვთ რაიმე საწინააღმდეგო?
- დარწმუნებული ვარ, პატარა ქალბატონმა იცის რასაც აკეთებს. - ღიმილი გადაიტანა მზერა სავანელზე - მე სულ სხვა ადამიანთან მაქვს კითხვა. იქნებ ორი სიტყვის გვითხრას ოთარმა, რატომ შეგვაშინა ყველა? გვეგონა ცოცხალი აღარ იყო...
ცოტა არ იყოს წყენით გახედა შვილის გვერდით, კუთხეში ატუზულ მამაკაცს, მაგრამ სანამ ის ხმის ამოღებას დააპირებდა დევდარიანმა დაასწრო.
- ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო, ჯუანშერ. არეშიძემ მისი მოკვლა პირადად მე დამავალა, რომ გამჟღავნებულიყო მისთვის ხელი არ მიხლია, მთელი გეგმა წყალში ჩაგვეყრებოდა.
- საბჭოს წევრების გარდა ეს არავის ეცოდინებოდა, გერგი, - ნამდვილი სახელით მიმართა დევდარიანს - ბოლომდე არ გვენდე?
- სასწორზე მეტისმეტად ბევრი ადამიანის სიცოცხლე იდო ჯუანშერ. - მიუგო ცივად და ცერად გახედა ივა ანჯაფარიძეს - დამეთანხმები, რომ მესტიაში ყველა არ არის სანდო.
„პაპამ“ ივას გახედა და იმედგაცრუებულმა აპრიხა მომჭკნარი ბაგეები. წუთის შემდეგ მძიმედ დაუქნია თავი დევდარიანს, რომ მის გადაწყვეტილებას პატივს სცემდა.
- მასთან ანგარიშის გასწორება გინდა? - იკითხა „პაპამ“ ხმადაბლა.
ელმა ყურები ცქვიტა. ნუთუ ჯუანშერმა იცოდა მილენას შესახებ? შესაძლოა, მაგრამ კითხვა პირდაპირ არ დაუსვამს. უხუცესი არ აპირებდა ამ ამბის საბჭოსთვის გამხელას, თუ თავად დევდარიანი არ მოისურვებდა. უხუცესის მიმართ პატივისცემა იგრძნო. ჯუანშერის სიტყვებზე კი ივამ თავი წამოსწია და დევდარიანს შეხედა. ელი ორ მამაკაცსში ცვლიდა მზერას. სეგის სახეზე არანაირი ემოცია არ ეხატა, მაგრამ პარაიბას სფეროები სახიფათოდ უელავდნენ.
- ვფიქრობ, ერთხელ ნათქვამი კარგად გამიგო. - კბილებში გამოსცრა მუქარით - დღეს მხოლოდ ერთი ადამიანი მოკვდება...
მოგვიანებით როცა დევდარიანი სავანელს მანქანამდე აცილებდა, გოგონას გული ჰქონდა დამძიმებული. ნიცა ცოცხალი იყო... წარმოდგენაც არ უნდოდა როგორ შეიცვალა ცხრა წლის განმავლობაში ძაღლური ცხოვრების გადამკიდე. ღმერთმა უწყოდა რის გაკეთებას აიძულებდნენ. კახაძის კლანჭებში მოქცეული ალბათ სიკვდილსაც ნატრობდა, მაგრამ შვილის ხათრით აგრძელებდა ბრძოლას. შვილის, რომელიც მიხეილისგან ჰყავდა. არეშიძისგან, რომელსაც სავანელმა ირიბად გაუხვრიტა შუბლი.
შეეცადა არ ეფიქრა იმაზე, როგორი სახე ექნება მათ შეხვედრას უკვე ათი წლის შემდეგ. ახლა ამაზე ვერ იფიქრებდა, არ შეეძლო. ძალიან ბევრი რამ ხდებოდა ერთად. მისი ყურადღება ახლა ყველაზე მეტად ერთ ადამიანს სჭირდებოდა. მზერა დევდარიანზე გადაიტანა, როცა შავ აუდისთან შეჩერდნენ.
- სეგი?
- მმ?
უპასუხა ჩვეულისამებრ. იღიმოდა, თუმცა პარაიბას სფეროებს უცხო კაეშანი ჩაბუდებოდათ. გრძნობდა ამას, მისგან წამოსულ ბნელ აურას მთელი არსებით გრძნობდა. ნახშირივით შავი თვალები წამოენთო. იქნებ... ძალიან რომ ეთხოვა... მამაკაცს თვალებში უყურებდა და გამოსავალზე ფიქრობდა.
- არ მოგცემ დარჩენის უფლებას, - ამოიოხრა, როცა გოგონას ფიქრებს მიუხვდა - პირობის ჩემი ნაწილი შევასრულე, ელ. ახლა, შენი შინ დაბრუნების დროა.
- მაგრამ შენ...
- მე გავაკეთებ იმას, რისი გაკეთებაც მთელი ხუთი წლის განმავლობაში მწყუროდა, მაგრამ თავს ვიკავებდი. რა აზრი ექნებოდა მის მოკვლას, თუ ფესვები ისევ იარსებებდნენ? მოთმინების უნარი ჯერ კიდევ თურქეთში გამოვიმუშავე.
- მისი ყველა კავშირი...
- აღარ არსებობს, - დაუდასტურა მშვიდად - შენი მეგობრები ძალიან დამეხმარნენ. გიორგის და რეზის იშვიათი ნიჭი აქვთ. არ მეგულება ვირტუალურ სივრცეში დახურული კარი, სადაც ეს ორი ვერ შეაღწევს.
- სამსახურის მიტოვებას აპირებ... - ეს არ ყოფილა კითხვა, წარბებს შორის ღრმა ნაოჭი გაუჩნდა.
- მაგრამ ბიჭები დარჩებინ. - ცხვირზე წაარტყა თითი - თვალები და ყურები ყველგან მაქვს, ელ. დაიმახსოვრე.
- მემშვიდობები?
- აღარ მოვიდა დრო?
სავანელი მოიღრუბლა. ზუსტად თავადაც ვერ გეტყოდათ რას გრძნობდა მის მიმართ, ან რა ერქვა მათ უერთიერთობას. არც ერთს და არც მეორეს სახელი არ გააჩნდა, მაგრამ ერთი რამ ცხადზე უცხადესი იყო - თავი ასე დაუცველად არასოდეს უგვრძნია, როგორც ახლა.
- სეგი?
- მმ? - გაეღიმა დევდარიანს.
- სამსახურის მიტოვება დიდი ხნის გადაწყვეტილი გაქვს.
- ხომ ვამბობ საზრიანი გოგო ხარ-მეთქი.
- სად მიდიხარ?
- შორს.
- რამდენად?
დევდარიანმა არ უპასუხა. ელი თვალებში მისჩერებოდა და ყელში მოწოლილ ბურთს ებრძოდა.
- არ გაუკეთო ეს, მილენას. - წაიჩურჩულა ხმაჩახლეჩილმა.
- ელ, გავიწყდება ჩემი ნამდვილი სახე.
- მე ვხედავ შენს ნამდვილ სახეს, - შეეკამათა გაღიზიანებული - ახლა, ამ წუთას როცა თვალებში გიყურებ, და გეუბნები, რომ არ გაუკეთო ეს მილენას და ასე არ მოექცე საკუთარ თავს. მეც მეშინოდა შინ დაბრუნების, მაგრამ როცა დღეს ჩემ ოჯახს ვუყურებ, ძალა მემატება გავუმკლავდე იმას რასაც შიგნიდან ვებრძვი. არ არის მარტივი. არ ვარ თავდაჯერებული, მეტიც სიკვდილამდე მეშინია, მაგრამ მაინც გადავწყვიტე დარჩენა. ვიცი, რომ ყველაფერი მოგპარა, არ მისცე უფლება დაც წაგართვას.
- იცი?
- ვიცი.
- დიდი ხანია?
- საკმაოდ.
- ვინ გითხრა?
- მივხვდი.
დევდარიანს პირველად გამოესახა სახეზე გაკვირვება. დაბნეული მისჩერებოდა გოგონას თვალებში.
- ხუთი წელი, სეგი? ნამდვილად ხუთი წელი ელოდებოდი ამ მომენტს? თუ ოცდაშვიდი? - თვალები აემღვრა - მუსტაფა შენი მთავარი სამიზნე არასოდეს ყოფილა. თათარი უბრალოდ გამოიყენე, რომ ტყვეობიდან თავი დაგეხსნა და ძალაუფლება ხელში ჩაგეგდო. იმ ღამეს სიმართლე მითხარი, მაგრამ არა ბოლომდე. არც იყო საჭირო, ჩემით დავაკავშირე ფაქტები. არავინ იცდის ოცდაშვიდი წელი რკინის ნერვებით, რომ ერთ კონკრეტულ ადამიანს დარტყმა მიაყენოს. გინდოდა არეშიძისთვის ყველაფერი წაგერთმია, ყველაფერი რაც ასე ძალიან უყვარდა და წლების განმავლობაში აშენებდა. გინდოდა ეყურებინა როგორ ენგრეოდა თავზე ბიზნესი, როგორ ღალატობდა ზურგსუკან საკუთარი შვილი. აგარაკზე, მაგიდასთან შენს სახეზე პირველად მაშინ შევამჩნიე ემოცია, როდესაც გიგიმ მამამისს გაუხვრიტა შუბლი. ეს იყო შენი რეალური შურისძიება. შენს თვალწინ ყველაფერს კარგავდა, რითაც ასე ამაყობდა - ძალაუფლება, ფული, კავშირები, ბოლოს კი ოჯახი. იცოდი, რომ ევა ფსიქიატრიულში იყო, შეგეძლო დახმარებოდი, მაგრამ ეს არ გაგიკეთებია. ვარლამს საბოლოოდ მხოლოდ სიცოცხლე დაუტოვე, ისიც დროებით. რადგან სიკვდილის წინ პირადად შენგან უნდა მოისმინოს, რომ „ყველაფერი გახსოვს“, გახსოვს, რომ სწორედ მან გააუპატიურა დედაშენი. მართალი ვარ, სეგი? ხომ ეს იყო ორიგამის დანიშნულება? მოსემ მაჩვენა შეტყობინება, რომელიც მე გამომრჩა. მაშინ მეგონა რომ ტყვეობაზე საუბრობდი, მაგრამ მოგვიანებით, როცა „გრაფი მონტე კრისტო“ ახსენე ყველაფერი დალაგდა გონებაში. მილენას ფსიქოლოგიური პრობლემები ფანჯრიდან გადმოგდების გამო არ დამართნია. ყველაფერს შეესწრო იმ ღამეს, მაგრამ მისი გონება ამ კადრებს ბლოკავს. სწორედ ამიტომ გაურბიხარ, არ გინდა გაახსენო.
დევდარიანს თვალზე ცრემლი მოსდგომოდა. ვერასოდეს იფიქრებდა, რომ ცხოვრებაში შეხვდებოდა ადამიანს, რომელიც გადაშლილი წიგნივით წაიკითხავდა. მოზარდი, რომელიც ცხრა წლის წინ სიკვდილისგან იხსნა, ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც მის ფარულ გულისტკივილს ჩასწვდა.
- მაპატიე, რომ შენი ოჯახის ტრაგედია გამოვქექე. მაპატიე, რომ კვლავ ვერევი შენს ცხოვრებაში. მაგრამ ვგრძნობ, რომ უკანასკნელ მომენტში აპირებ დანებებას და ამის უფლებას არ მოგცემ. ყველაფერს ვხვდები, სეგი - აგრძელებდა მტკიცედ - ჰოდა, გეუბნები რომ მართალი არ ხარ. ის რაც შენ და მილენამ გამოიარეთ ნებისმიერ ადამიანს დაანგრევდა ფსიქიკურად. დამიჯერე, ვიცი რასაც ვამბობ. არ მისცე უფლება ერთადერთი და წაგართვას. გააკეთე ის რასაც სწორად ჩათვლი, მიიყვანე ბოლომდე საქმე, მაგრამ დასთან დაბრუნდი. მილენა სუსტი არ არის, სეგი. ძლიერი ქალია და იმსახურებს იცოდეს, რომ ამ ქვეყნად მარტო არ არის.
დევდარიანს აღარაფერი უთქვამს. გააკეთა ის, რისი სურვილიც ელს არაერთხელ გასჩენია. გოგონას ხელი მოხვია და გულში ჩაიკრა. სავანელი თითქოს ამ ჟესტს ელოდაო, მკერდზე თავი მიადო და თვალები დახუჭა. ღრმად ისუნთქავდა სვანის სუნამოს თითქოს ცივ, მაგრამ სასიამოვნო არომატს და იმედოვნებდა, რომ ეს არ იქნებოდა მათი ბოლო შეხვედრა.
ხელები ძლიერად შემოხვია წელზე ლაბადის შიგნიდან და ეცადა ეგრძნობინებინა, რომ მისი მადლიერი იყო. სიცოცხლე გადაურჩინა მისთვის სრულიად უცხო ადამიანს, მაშინ როცა შეიძლებოდა თავადაც დაღუპულიყო. იდაყვით სეგის ლაბადის შიდა ჯიბეში რაღაცას შეეხო, რაღაც მაგარს, მაგრამ შეხედვა ვერ გაბედა. სვანმა ხელი, რომ უშვა მერეღა ასწია თავი.
- შენთვის რაღაც მაქვს.
- ჩემთვის?
ლაბადის შიდა ჯიბეში სწორედ იმ რაღაცას მისწვდა, რასაც წამის წინ გაეხახუნა იდაყვით. გაკვირვებულმა თვალები აახამხამა, როცა დევდარიანმა ძველისძველი წიგნაკი გაუწოდა. ფრთხილად გამოართვა და თითები გადაუსვა წიგნაკის უხეშ ზედაპირს. სანამ გადაშლიდა უკვე ხვდებოდა რა ეკავა ხელში და მორიდებით ახედა დევდარიანს.
- ეს... რისთვის? - ამოთქვა პირგამშრალმა.
- ისედაც აღარაფერი დარჩა ჩემგან, რისი ამოკითხვაც ჩემში ვერ შეძელი, - გაუღიმა - „ჩიხისთვის“ გამოგადგება. იმდენ ნაწვალებს წყალში ნუ ჩაყრი.
- ა? - თვალები ჭყიტა. დევდარიანს როგორც იქნა გაეცინა.
- მარტო შენ არ გიყვარს აკრძალულ ადგილებში ძრომიალი, სავანელო.
ელს თვალები დაუვიწროვდა.
- ვის მოპარე, კანდელაკს თუ ბებიაჩემს?
- ბებიაშენს.
თვალი ჩაუკრა. ელს გაეცინა. სანამ მამამისი გურანდას დაჭრიდა, ელმა თავისი დაუმთავრებელი ნაწარმოების ასლი გააკეთა ლილისთვის და ბებიას გაუგზავნა. ქალს ყოველთვის უყვარდა დეტექტივების კითხვა და ძალიან უნდოდა მისი შეფასება მოესმინა, რადგან „ჩიხი“ არასოდეს ყოფილა ელისთვის რიგითი კრიმინალური ნაწარმოები.
- ბებიაჩემთან რა გინდოდა?
- თავისი დის, ნინას მიერ მიცემულ საჭირო ინფორმაციას ინახავდა ფლეშ დრაივზე. ბებიაშენის და სწორედ ამ ინფორმაციის გამო მოკლეს, რადგან მისმა პირადმა დეტექტივმა გაიგო ვის ერია ხელი ბავშვების გაუჩინარებაში. შენი სკოლის დირექტორს ვგულისხმობ. ბებიაშენმა იცოდა რა იყო მეხსიერების ბარათზე, მაგრამ გამომზეურება არც უფიქრია. ეშინოდა, რომ თქვენს ოჯახს იგივეს დამართებდნენ, რაც ნინას შეემთხვა.
- და შენ ვინ გითხრა რომ ბებიაჩემს ჰქონდა? - დაბნეულმა თვალები აახამხამა.
- თამარიკო ლესელიძემ, თქვენმა მეზობელმა.
- ხუმრობ! - ყურებს არ დაუჯერა.
- მისი ქმარი ადრე ბებიაშენის დასთან მუშაობდა, მაგრამ ისეთი ამბები დატრიალდა, მთლად შეეშვა დეტექტივის კარიერას და ტაქსის საჭეს მიუჯდა. ცოლმა აიძულა, - გაეცინა.
- მოიცა, რაო? - ელს უკვე ეცინებოდა - ჩემს მეზოველ თემურაზე ამბობ? დაბალზე და ღიპიანზე?
- წიგნი ყდით არასოდეს შეაფასო, ელ. - ცხვირზე თითი გაჰკრა გოგონას.
სავანელს ისე არაფერი გაჰკვირვებია როგორც ეს სიახლე. გიჟივით ეცინებოდა, თან თვალებგაფართოებული შუბლს ისრესდა. აი თურმე თამარა რატომ იყო ასეთი ინფორმირებული ყველას ოჯახის შესახებ. მერე რაღაც გაახსენდა და ლოყებშეფაკლულმა დევდარიანს ახედა.
- „ჩიხი“ ბოლომდე წაიკითხე?
- ჰმჰ, - მომხიბვლელად უღიმოდა.
- და შენს დღიურს მაძლევ? რატომ?
დევდარიანი წამით დაფიქრდა, ბოლოს სავანელს თვალი გაუსწორა და გულწრფელად უპასუხა:
- როცა შენს ჩანაწერებს ვკითხულობდი, ჩემ ცხოვრებას სხვა თვალით შევხედე. მხრებზე აკიდებულ ტვირთს კი, სიმძიმე მოაკლდა. შენ გარდა ვერავინ შეძლებს ამ ამბის ისე გადმოცემას, რომ მასში მკითხველმა შურისძიებაზე მეტი დაინახოს. დღიური დაგეხმარება დაწყებულის დასრულებაში. მხოლოდ ერთი თხოვნა მექნება.
- მაინც?
- სათაური შეცვალე, - თავზე ხელი გადაუსვა - როცა კითხვას დავასრულებ და სათაურს დავხედავ მინდა ვიგრძნო, რომ იმედი ჩემთვისაც არსებობს, რომ სამყარო მხოლოდ შავი და თეთრი ფერებით არ ფასდება.
- წაიკითხავ?
- აუცილებლად - თვალი ჩაუკრა.
- ესე იგი, ეს არ არის ჩვენი ბოლო შეხვედრა.
იმედი მიეცა. დევდარიანს მხოლოდ გაეღიმა.
- შენი შინ დაბრუნების დროა, ელ. ოჯახი გელოდება.
ბოლოჯერ გადაუსვა თავზე ხელი და ზურგი აქცია. ლაბადის ჯიბეებში ხელები ჩაიყო და დათოვლილ ბილიკს დინჯად გაუყვა.
- სეგი?
დევდარიანი შედგა და გოგონას მოხედა.
- რატომ მაინც და მაინც „მონარქი“?
- მუსტაფას ყველაზე მეტად პეპლების ეშინოდა.
გაიცინა და მთვარის შუქზე თოვლივით ქათქათა კბილები აუელვარდა...


*******
ციდან სქელი ფიფქები ცვიოდა. გადათეთრებულ მიწაზე თოვლი მუხლებამდე დაედო. რეზინის ფეხსაცმლის ძირები ხმამაღლა ჭრაჭუნებდნენ გატკეპნილ ბილიკზე. სანადირო თოფი მხარზე გაედო და აუჩქარებლად მიიწევდა ფარდულისკენ. შავი ლაბადის ბოლოებს ფუმფულა ფიფქები აკვროდათ.
ხის კარი ჭრიალით გაიღო. დაჟანგებული ანჯამების ხრიწინზე, ძაღლივით დაბმული ტყვე მთელი სხეულით შეკრთა და კუთხეში გახოხდა. რეზინის ფეხსაცმელები აუჩქარებლად მიუახლოვდნენ მსხვერპლს. ვარლამ არეშიძემ სახე მოიჩრდილა, როცა ფანარის შუქმა თვალებში შეაჭყიტა. გამურულსახიანს პირი აკრული ჰქონდა. ხელებითა და ფეხებით დაბმული კი ბეტონის კედელზე მიეჯაჭვათ.
დევდარიანი ჩაიმუხლა და ინტერესით შეათვალიერა მოცახცახე მსხვერპლი. მუდამ ქედმაღალი და ამპარტავანი ვარლამი სადღაც გამქრალიყო. აღარც თმა ჰქონდა თმის გელით იდეალურად გადავარცხნილი და პატარა კიკინად შეკრული. ჭაღარა თმა ასწეწოდა და უწესრიგო გაბარდოდა. ტანზე ისევ ის შარვალ-პიჯაკი ეცვა, რაც აგარაკზე, მხოლოდ ელეგანტურობის აღარაფერი ეცხო.
მთელი ორი კვირა ერთი და იგივე სამოსში ჰყავდათ გამომწყვდეული. თავში აზრად არავის მოსვლია არეშიძის ჰიგიენაზე ეზრუნა. ისე ყარდა, ჭკუიდან შეიშლებოდა კაცი. მაგრამ დევდარიანი მის სიმყრალეს ვერ გრძნობდა. ოფლის და შარდის სუნი რა მოსატანი იყო, იმ ფეტორთან, რაც მისი სულისგან მოდიოდა?
- გავისეირნოთ, ვარლამ? - ჰკითხა ღიმილით.
ქეჩოში ხელი წაავლო და ფეხზე წამოაყენა. ჯიბიდან გასაღები ამოიღო და ჯაჭვები შეხსნა. ვარლამი შიშისგან ცახცახებდა, თან რაღაცას მუდარით ებლუკუნებოდა დევდარიანს, თუმცა სიტყვების გარჩევა რთული იყო, როცა პირი ბინძური ჩვრით ჰქონდა აკრული.
- წყნარად. ხომ ხედავ, რომ გათავისუფლებ?
ბებერს თვალები დაეხუჭა და მთელი სხეულით მოეშვა. თვალის კუთხეებიდან სიხარულის ცრემლები გადმოსცვივდა. დევდარიანმა თოკები ბასრი დანით გადაუჭრა. გახარებულმა არეშიძემ კი თავად წაიძრო პირსახვევი.
- სეგი, სეგი, შვილო, ჩემო ბიჭო.
- ხმა ჩაიწყვიტე! - ღრენად ამოუშვა ყელიდან ბგერები. არეშიძემ ენაზე იკბინა - შენ, რა მართლა ვერ მცნობ?
- არ ვიცი რაზე ლაპარაკობ! - მუდარით შეხედა - შენთვის არასდროს არაფერი დამიშავებია. ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული ადამიანი იყავი, სეგი. შვილივით მიყვარდი, არ ვიცი რა გაუგებრობა...
- გაუგებრობა? - გიჟივით გაეცინა დევდარიანს - არაფერი გახსენდება, ვარლამ? საერთოდ არაფერი? რადგან მე ყველაფერი მახსოვს!
ბოლო ბგერები ავად გამოსცრა კბილებში. თვალები შეშლილივით უელავდა. ვარლამს ფერი დაეკარგა. წარბი შეიკრა და გვერდულად შეხედა წინ მდგომს, შემდეგ კი ერთ ნაბიჯით დაიხია უკან. ხელები ციებიანივით უცახცახებდა. თვალწინ ორიგამი დაუდგა, რომელიც მოსყიდულმა პოლიციელმა მიუტანა რეზიდენციაში. სისხლიან პეპელას გულში სწორედ ეს სიტყვები ჰქონდა ამოტვიფრული.
- შეუძლებელია... - წაიხროტინა გაოცებულმა - შეუძლებელია.
- ფაშას დასცინოდი, რომ მენდობოდა. - ცივმა ღიმილმა გაუპო მსხვილი ბაგეები - ყურში ესისინებოდი, ერთ დღეს ღორივით გამოგჭრის ყელსო. როგორი სარკასტრულია ბედის ირონია, არ მეთანხმები?
- ეს შენ ხარ? უშხვანის ბიჭი ხარ?
თავით ფეხებამდე შეათვალიერა დევდარიანი. თვალებს ვერ უჯერებდა, რომ ასე შეცვლა მოასწრო. ბოლოს რომ ნახა ჩვიდმეტი წლის იყო. ფაშას ახალი გამოშვებული ჰყავდა გალიიდან. გაძვალტყავებულ ძაღლს ჰგავდა. მაღალი აწოწილი და ძალიან სუსტი იყო. ტანზე ნეკნებს დაუთვლიდა კაცი. თვალები ვამპირივით ჩასცვენოდა და ჩაშავებოდა.
რას იფიქრებდა, რომ იმ მოჩვენებისგან ასეთი ახმახი კაცი დადგებოდა? სიმპათიური, მიმზიდველი, ჭკვიანი და განათლებული. იშვიათი უნარისა და გონების მქონე. რამდენჯერ გადაურჩა ხიფათს მისი წყალობით. ბრმად ამიტომაც ენდო. თავისთან მუშაობა შესთავაზა. ისე მოიხიბლა, როგორც ფუთკარი სურნელოვანი ყვავილის დანახვისას. მაგრამ მიმზიდველმა ვარდმა ახლოს მიიტყუა და ეკლიანი ტანით სუროსავით შემოეხვია!
- იცი დღეს რა დღეა, ვარლამ? - იკითხა წყნარად.
- სეგი...
- გერგი! - წაიღრინა - ჩემი სახელია გერგი, გერგი უშხვანი, ! იმ ღამეს, როცა დედა გამიუპატიურე და მომიკალი, დაგიფიცე ჩემი სახე უკანასკნელი იქნება რომელსაც იხილავ-თქო, გახსოვს?
- სეგი... - უკან უკან დაიხია შეშინებულმა - შვილო.
- შენი შვილი არ ვარ! - გველივით წაისისინა - დღეს შობაა, ვარლამ. შობას გილოცავ! ზუსტად ამ დღეს 28 წლის წინ ოჯახი ამომიხოცე. იმ ღამეს გაშვებული ბუმერანგი, დღეს მოგიბრუნდა ავად. იმ ღამესვე უნდა მოგეკალი, როცა ამის შესაძლებლობა გქონდა. სიცილით უბრძანე შენს მონებს თხასავით გავეყიდე თურქებზე. რამეში მაინც გამომადგესო. ეშმაკმა იცის მარტო, რამდენი წელი ველოდი ამ დღეს. ვარლამ, გახოსვს შენი საყვარელი თამაში?
სანადირო თოფი მოიმარჯვა, სიცილისგან მხრები უთამაშებდა თან ერთი ნაბიჯით მიიწევდა წინ, როცა მსხვერპლი შეშინებული იხევდა უკან-უკან.
- სამართლიანი რომ იყოს, შენი წესებით ვითამაშოთ, - წაიჩურჩულა ავად - გაიქეცი, ვარლამ. თუ გამექცევი ცოცხალს დაგტოვებ, თუ არა და სადაც ტყვია დაგეწევა ის დაგაგდებ მგლების საჯიჯგნად. არც დაგმარხავ!
- სეგი... სეგი...
ხელებს ასავსავებდა გაფითრებული და უკან უკან იხევდა, ბოლოს წასასვლელი რომ აღარსად ჰქონდა ბეჭებით კარს მიეხეთქა, ნერვიულად ესცა სახელურს და გარეთ გავარდა. გაოცებულმა აღმოაჩინა, რომ გარშემო მხოლოდ ტყე ეკრა გარს. როგორი ირონიული იყო, მთელი ოცდაათი წელი თავად დასდევდა ხალხს თავისი აგარაკის ტყეში და ისე ნადირობდა მათზე, როგორც ვირთხებზე.
ახლა კი სამართალმა მას მიაკითხა ურემით. გარეთ საშინლად ციოდა, ერთიანად გააცახცახა. თხელ პიჯაკსა და შარვალში შესცივდა. მაგრამ მდევარი მოაგონდა და მუხლებამდე თოვლში როგორც შეეძლო ისე მოცოცხა. სეგიმ სანადირო თოფი მოიმარჯვა, კონდახი მხარზე მიიდო და სასხლეტს გამოჰკრა. მთელი ხრით იგრიალა იარაღმა.
ქუხილის ექოზე ხიდან თოვლი ჩამოცვივდა. სადღაც შორს ჩიტები აიჭრნენ ჩაშავებული ზეცისკენ. ვარლამს ტყვიამ მილიმეტრებით ჩაუქროლა გვერდით. დამფრთხალმა არეშიძემ მთელი ხმით იბღავლა და კიდევ უფრო აუჩქარა ფეხს. დევდარიანმა გულიანად გადაიხარხარა. თოფი მხარზე გაიდო და მშვიდი ნაბიჯით მიჰყვა უკან.
- მართალი ყოფილხარ ვარლამ, ნადირობა სახალისოა!
მიაყვირა გესლიანად და ბოროტი მზერით გააბიჯა მსხვერპლისკენ...



*******
თამარა ლესელიძეს კარგ გუნებაზე გამოეღვიძა. საწოლში რომ წამოჯდა და გაიზმორა, ფანჯრიდან შემომავალმა მზის ჭყეტელა სხივებმა თვალი მოსჭრეს. გემრიელად დაამთქნარა და თავი მოიქექა. თმებში ახლართული ვარდისფერი პლასტმასის ბიგუდები სახიფათოდ შეყანყალდნენ. ერთი კი ჩამოსძვრა და მოკლე კულული ყურის ძირთან დაეკიდა ზამბარასავით. თემურას ნერვები ეშლებოდა ხოლმე, ნუ იმაგრებ მაგ „ხოჭოებს“ თავზე, ღამით გძვრება და უკანალში მერჭობაო, მაგრამ თამარა ისე იყო თავის ხელოვნურ ლოკონებზე შეყვარებული სულ არ დაგიდევდათ ქმრის დაჩხვლეტილ უკანალს.
საწოლიდან წამოდგა, ვარდისფერი ფუმფულა ხალათი შემოიცვა მხრებზე და ტრადიციულად სამზარეულოს მიაშურა. თემური უკვე სამუშაოდ წასულიყო. მთლად ბედნიერმა რომ ყავაში არავინ შეეცილებოდა, გაზქურაზე ნიკელის მადუღარით თურქული ყავა შემოდგა. გაზს ოდნავ დაუწია, რომ ყავა უეცრად არ გადმოსვლოდა და ღიღინით ჩართო ტელევიზორი. ჟურნალისტს საინფორმაციო გადაცემა მიჰყავდა და აშკარად მნიშვნელოვან თემაზე საუბრობდა, რადგან წამყვანის ზურგს უკან ეკრანზე ცეცხლმოკიდებული შენობა მოჩანდა. ხმას აუწია:
- საგანგებო მდგომარეობა თურქეთში - ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ღამის კლუბში გაჩენილმა მასშტაბურმა ხანძარმა მსხვერპლი გამოიწვია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლს ემსხვერპლა ობიექტის მეპატრონე და დაცვის რამდენიმე თანამშრომელი. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და სამართალდამცავები მუშაობდნენ, თუმცა შენობის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარის პარალელურად, ადგილობრივ მოსახლეობაში აქტიურად ვრცელდება ხმები, რომ კლუბს ფარული და ბინძური ინტერესებისთვის იყენებდნენ - საუბარია იმაზე, თითქოს ობიექტის ტერიტორიაზე არალეგალური ბორდელი ფუნქციონირებდა. ამ დრომდე გაურკვეველია, ვინ დგას მომხდარის უკან, თუმცა შემთხვევის ადგილთან ახლოს კიდევ ერთი უცნაური დეტალი დაფიქსირდა: თვითმხილველის თქმით, ხანძრის დროს ერთ-ერთ გამვლელს უცნობმა პირმა ხელში პეპლის ფორმის ორიგამი შეაჩეჩა და გაუჩინარდა. არის თუ არა ეს რაიმე სიმბოლური გზავნილი ან კვალი, ჯერჯერობით უცნობია...
თამარამ თვალები გადაატრიალა და სხვა არხზე გადართო.
- აბა, მონარქი მოკვდაო? - ჩაიფრუტუნა და ყავს დროულად მიუსწრო სანამ გადმოვიდოდა - ერთი თქვენ ხართ მაგის დამჭერი და მეორე ბადრი კაკაურიძე. ისემც დაგეცეთ მეხი!
ცხელი ფინჯნით ყავა გაბზეკილი თითით მოწრუპა და ტუჩები სიამოვნებით გააწკლაპუნა. ნებივრობა დიდხანს არ დასცალდა, რადგან კარზე მოუკაკუნეს და მიუპატიჟებლად შემოუღეს.
- თამრიკოოო, - ჰოლიდან დაიძახა როზამ - გღვიძავს, გოგო?
- რა იყო, შე ქალო, ყავის სუნმა მოგიტყუა? - გაეცინა თამარას - მოდი, მოდი დამეწვიე.
- უი, რა კარგ დროს მოვსულვარ, - გაიხარა როზამ და მაგიდასთან მოტუსტუსდა.
- ნამცხვარს ხომ არ მიაყოლებ? გუშინ „ნაპოლეონი“ გამოვაცხვე. თემურის უყვარს.
- გაჩერდი, თუ ქალი ხარ! - ხელი აუქნია მოღუშულმა - ცოტა თუ არ დავსუსტი, ჩემ კაცს აღარ ვენდომები.
თამარამ ტუჩები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს, ემანდ არ წამომცდეს, რომ მის ქმარს უკვე ჰყავს საყვარელიო. სამეზობლოში ყველაზე ახლოს როზასთან იყო. აბა, რანაირად ეტყოდა თავისი პირით მაგ ამბავს? მერე ვისთან ეჭორავა ცხელ-ცხელ სიახლეებზე? მეზობელი კარს აღარასდროს შემოუღებდა.
- გოგო!...
ხელი დაუქნია დაჯექიო. თვალები აღტაცებისგან გაფართოებოდა. თამარა მიხვდა, რაღაც ახალი ჭორი მოიტანაო. ყავა წინ დაუდგა სტუმარს და მაშინვე სკამზე დაეშვა.
- გაიგე, რა მოხდა?
- რა აღარ მოხდა, როზა... - თვალები გადაატრიალა - რომელი ერთით დავიწყო? ჭორებს ვერ ვეწევი გამოცდილი ქალი.
- სავანელების გოგოზე ამბობ, „სკარს“ რომ დამგვანებია?
- უი, რანაირი ენა გაქ, ქალო, - უსაყვედურა თამარამ, მაგრამ სიცილი ვერ შეიკავა - მაგას კიდე საშიში გარეგნობა უნდოდა? ყოველთვის საშინელი ხასიათი ჰქონდა.
- გაჩუმდი გოგო, რაც არ იცი ნუ ლაპარაკობ! - მარჯვენაზე დაჰკრა ოქროსბეჭდიანი ხელი - დღეს დილას გოგოლაძეებს გოგო მოუყვანა სახლში, პატარა ბიჭთან ერთად. დედამის რომ დაუნახავს დაკარგული შვილი გული წასვლია.
- რაო? - თვალები ჭყიტა გაოცებულმა თამარამ - რას ნიშნავს მოუყვანა?
- ახლა დეტალები არ ვიცი, მარა გეუბნები რაც ნათელასგან მოვისმინე. ის შეყვარებული რომ ყავს... ეე, შუკვანი! ხომ გახსოვს ადრე აქ ცხოვრობდა, ერთად დადიოდნენ სკოლაში...
- ჰო მერე! - ხელით ააჩქარა ამოღერღეო.
- ჰოდა, მაგასთან ერთად მისულა დღეს დილას გოგოლაძეების სახლში. ღმერთმანი კიდევ რამდენი უნდა აღსდგეს მკვდრეთით? ღმერთო ნუ მიწყენ, მაგრამ ბიცოლაჩემის საფლავზე ასვლის მეშინია!
- მოიცა, ვინ ბავშვი მიუყვანა თან? - თამარა აშკარად არ უსმენდა მეზობლის გოდებას.
- შვილი ქალო, შვილი, ნიცას შვილი შეძენია! - ისე აჩურჩულდა თითქოს ვინმე ყურს მიადებდა - ა, გაიგე ახლა რა მოხდა. ცხრა წელი კაცმა არ იცის სად იყო. სავანელის შემდეგ ტკაც და უცებ ისიც გამოჩნდა. უცნაურად მეჩვენება მე აგი ამბავი! დამთხვევა რანაირად შეიძლება იყოს, გადავირიე ქალი! თან ბავშვიც ჰყავს. ვინ იცის ვინმესთან ერთად გაიპარა, ალბათ იმანაც დააორსულა და მერე მიაგდო. რას გაიგებ! არ იცი, მამამისს, იმ კუშტ მალხაზას რა საზიზღარი ხასიათი აქვს? გაეპარა ალბათ, სახლიდან.
- უი, გოგო, რა მითხარი! - მარჯვენა შემოირტყა ლოყაზე. ისე იყო გაკვირვებული ყურებს არ უჯერებდა.
- ესე იგი, გაგიჟებასა ვარ ქალი, - არ ცხრებოდა როზა, ისე იყო გაქაფული საუბარში, ყავისთვის ზედაც არ შეუხედავს - რაც ეს ჩვენი სავანელი დაბრუნდა, მესხეთის ქუჩაზე სიახლეები არ გვაკლია.
- კიდე რა მოხდა?
- კანდელაკების გოგოს ექიმი კაცი, რომ დაუთრევია იცოდი?
- რაიო? იმ ქარაფშუტა ქერას?
- როდის იყო გოგო ქარაფშუტა?! - შეუტია გაჯავრებულმა - ფსიქოლოგი ქალია, წიგნებს წერს. შენ კიდე ფეისბუქზე ნორმალური კომენტარი ვერ დაგიწერია, გაგიხმა თავი!
- არ გადაირიო ახლა იმ ექიმის სიყვარულით! - ცხვირი აიბზუა ნაწყენმა - რა ექიმი, ვინ ექიმი კაცო ეგ თორნიკეს არ ხვდებოდა გულედანს?
- რა ვიცი მე, - ხელი აიქინია - ხვდებოდა და აღარ ხვდება. გეუბნები, გუშინ დავინახე კიბეებზე, როგორ ამოდიოდა იმ ქერასთან ერთად რაღაცაზე ხითხითებდნენ. ეკურკურება გელაპარაკები მე შენ. არ გამომაპარება მე ეგეთი ამბები.
- აბა უყურე, - შეიცხადა ლესელიძემ - მაგან უნდა თქვას ქალი ვარო, ჯერ გულედანთან იყო, მერე იმ შუკვანთან ცხოვრობდა თურმე. ჰო, ქალო რას მიყურებ? თორნიკეს დედა ამბობდა, ჩემი შვილი მიატოვა და შუკვანთან დაწოწიალობდაო. აგერ ახლა ექიმი კაცი გამოუჩნდა მთხოვნელი.
- ნუ იცი, ხოლმე ერთი! - შეუტია გაბრაზებულმა - ეგრვე ჯვარი დასწერე ახლა ბავშვებს! დღევანდელი ახალგაზრდები ეგრე აღარ არიან. თან კანდელაკს ახლა ქორწილისთვის ცხელა? დედამისი მეცხრე ცაზეა სიხარულისგან, არიქა ჩემი შვილი დირექტორად დანიშნესო. გაჩერდი, ქალო ვის რა ჭირად უნდა ეგეთი დირექტორობა.
- რაის დირექტორობა, რას ბჟუტურობ?
იუკადრისა თამარამ. ნერვები ეშლებოდა რომ როზას მასზე მეტი ინფორმაცია ჰქონდა, აბა რანაირად როცა ერთ კორპუსში ცხოვრობდნენ? ეს ფაქტი პირად შეურაცხყოფად მიჰქონდა.
- რა იყო ქალო, ცუდად ხომ არ ხარ? - დაეჭვდა როზა - როგორ არაფერი შენ არ იცი, სახლში პრობლემები ხომ არ გაქვს? არ დამიმალო!
ჩაეკითხა ახალი ჭორის მოსმენის სურვილით აღტკინებული. თამარამ ატეხილი ტუჩით შეუღრინა და როზამაც მაშინვე უკან დაიხია.
- უიმე, უცებ დამისერიოზულებ ხოლმე. - გაიცინა - ვერ გაგეხუმრება ადამიანი.
- რას ამბობდი კანდელაკზე, - თემა შეცვალა და ნამცხვარი თეფშზე გადმოიღო - რის დირექტორად დანიშნესო? ჩერჩეტების?
- ფპპპ, - კინაღამ ყავა გადასცდა სახეალეწილ როზას, ძლივს ერთ ყლუპს მისწვდა და ისიც კინაღამ სახეში შეაფურთხა ლესელიძეს - მიზანი, გაქვს მტრისას!
ამოიხითხითა სახეაწითლებულმა. თამარას წარბები მაღლა გაექცა, ვერ მიხვდა რაზე ახარხარდა როზა.
- ამოღერღავ?
- ჩერჩეტების არა, მაგრამ გიჟების ნამდვილად, - ამოიხავლა, როცა სული მოითქვა.
- რაის გიჟებისა, ქალო? - თვალებად იქცა ლესელიძე.
- ფსიქიატრიულის ქალო, ფსიქიატრიულის. თბილიშია ეგ კლინიკა. კერძოა თან, რამე ისე არ გეგონოს. ჰოდა დირექტორის სკამზე წამოასკუპეს ჩვენი კანდელაკი. დედამისი ისეთი ყელმოღერებული დაიარება, გეგონება მინისტრად დაენიშნოთ. ჰმ, ფსიქიატირულისო... გამანებე თავი თუ ღმერთი გწამს, ორი გიჟი სახლში არ მეყოფა?
- რომელი ფსიქიატიულისო, არ გიკითხავს? - თვალები დაუვიწროვდა დეტალების მოყვარულს.
- სახელი არ მახსოვს, მარა ბოლოს მაგ კლინიკის დირექტორი მაღალი სახურავიდან აფრინეს. დღემდე გაუხსნელი რჩება მკვლელობა. ტელევიზორში მოუსმენდი.
- მოიცა...
წარბი შეიკრა დაინტრიგებულმა და ტუჩების უხმო მოძრაობით რაღაც გამოთვალა გონებაში, თან ჭერში იყურებოდა.
- გოგო, ეგ ის კლინიკა არაა, მესაკუთრე რომ გამოიცვალა? სხვა მეპატრონე ყავს მაგას.
- მართლა? - გაუკვირდა როზას - მაგდენი აღარ ვიცოდი.
- ჰო, ვიღაც უშხვანი ახსენეს ტელევიზიაში, თუ კარგად მახსოვს, სახელი უცნაური ქონდა, სვანური.
- აააა, ტიტუ, გამახსენდა, - კალთაზე დაირტყა ხელი - მანდ ჩვენი საწყალი გაბრიელი არ მოკლეს, გოგო? უფრო სწორად მაგ კლინიკასთან ახლოს.
- ჰო, ეგა.
- უიმე, უიმე. საწყალი, კარგი კაცი იყო ცხონებული, სამართლიანი და პატიოსანი. რატომ ვერ მოესწრო თავისი დისშვილის ნეშტის საქათველოში ჩამოსვენებას. ეჰ...
- თურქეთში არ იპოვა მისმა ძმამ? - ჩაეკითხა თამარა.
- ჰო, ქალო გადაცემაში უთქვიათ უსახელო საფლავზე იყოო დაკრძალული. ექსპერტიზაზე შეუმოწმებიათ თურმე. ვინაობა დადასტურდა.
- რანაირად მიაგნო იმ გადაქაჯულში, ქალო? ოც წელზე მეტი ეძებდა საწყალი დისშვილს.
- მაგდენი აღარ ვიცი, მარა რათ უნდოდათ იმხელა კონცერტის და სპექტაკლის დადგმა, თქვი თუ ქალი ხარ. აქ რო ჩამოიყვანა მოსე, ეგრევე შევატყე, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე. რანაირი მისი შვილი იყო, მისდღემში არ ყოლია ცოლი. გაგდებული იყო ქუჩაში ოცდაოთხი საათი.
- რას გაიგებ, მაგათ ამბავს. ჩუმჩუმელები არიან, გამანებე თავი თუ ღმერთი გწამს.
- ისე იმ მოსესაც კარგი გოგო ჰყავს, - შეაპარა როზამ ეშმაკური ღიმილით - ჩემ ბიძაშვილს უნახავს თბილისის რესტორანში. იმისთანა ლამაზია, კალმით ნახატიო, ქალო.
- რავა ყველა თუთიყუშივით დაწყვილდა? - გაეცინა თამარას.
- ჟურნალისტი ქალია. ადრე კი დეტექტივი ყოფილა. ნაკლებს კი არ იკადრებს ბიჭი.
- შეხედე შენ ქალდანო-ავალიანს, - წარბები აწკიპა თამარამ - მართლა, დეტექტივზე გამახსენდა, ჭკადუას ბიჭი რომ სავანელების დაკარგული ძმა აღმოჩნდა, თუ იცოდი?
- ეგ ვიღას უკვირს გოგო, ძველი ამბავია, - ხელი ჩაიქნია ერთი კვირის წინ გაგონილ „ბომბა“ სიახლეზე - არ გითხარი ის გაიძვერა ჭკადუა ტყუილუბრალოდ არ მოცოცხავდა უბნიდან გამთენიისას-თქო? ა, ბატონო გამოჩნდა.
- ბედის ირონია, კია - ჩაეცინა თამარას - სულა სავანელი ზუსტად იმ სახლში გადმობარგდა, საიდანაც მისი პირველი შვილი წაიყვანეს. საინტერესოა რა მოხდა?
თვალები დაუვიწროვდა ცნობისმოყვარეობით ანთებულს. როზამ მხრები აიჩეჩა.
- თითქმის ყოველდღე სავანელებთან რჩება. ჩემს დღეში არ გამიგია სავანელების ოჯახიდან ამდენი სიცილ-ხარხარი გამოდიოდეს.
- ძალიანაც კარგი, - ფიქრებიდან გამოერკვა თამარა და როზას თვალები გადაუბრიალა - არ გახსოვს, გურანდა ცოცხალ-მკვდარი რომ დადიოდა? ან ის პატარა? საწყალმა ბავშვმა დის გამოჩენით ისე გაიხარა, ასე მგონია სული ჩაბერეს სხეულში. ოჯახი კი ერთი ორად გაიზარდა. რაც ის ჭირი მოშორდათ სახლიდან, ქალმა ამოისუნთქა.
- კარგია, ქალო, კარგი. ვინ ამბობს ცუდს? - გაიცინა როზამ - ეკუთვნით, გაიხარონ.
წამით ორივე დადუმდა. იმდენი იქაქანეს ყელი გაუშრათ და ყავა მოსვეს პირის გასასველებლად. მერე როზამ ეშმაკურად ამოხედა თამარას. უკანასკნელი სიახლე სპეციალურად შემოიტოვა ბოლოსთვის, რადგან დარწმინებული იყო, რომ თამარამ არაფერი იცოდა. თორემ ლესელიძე აქამდე ამოხტებოდა წინდებიდან,
- თამრიკო, გოგო... - წამოიწყო შემპარავი ღიმილით.
- მმ?
ნამცხვარი აიღო თეფშიდან და სპეციალურად უკბიჩა მადიანად, რომ როზასთვის ქუსლი დაეჭირა ფეხზე. თვითონ დიეტა სულაც არ სჭირდებოდა. სანამ საყვარელ სარაფანში უპრობლემოდ ეტეოდა, საწუწუნო რა ჰქონდა? მისი ქმარი კი არ დაიძურწებოდა ახალგაზრდა საყვარელთან. იცოდა თემურამ, რომ ერთ ადგილს წააჭრიდა დაუფიქრებლად და კვერცხებს უფრთხილდებოდა.
- იცოდი, ჩვენი „ფრედი კრუგერი“ „სუსის“ თანამშრომელი რომ იყო?
აჯახა ომახიანად. თამარას ნამცხვარი სასულეში გადასცდა და კინაღამ დაიხრჩო. ისეთი ხველა აუტყდა, როზამ სანამ სამჯერ არ ჩასცხო ბეჭებში ვერაფრით ამოიხავლა.
- რას მიედმოედები, ქალო?! - არ დაიჯერა აწითლებულმა და კიდევ დახველა. ხელზე ნამცხვრის ნამცეცი დაუვარდა.
- რა ფლოსტებიდან ამოვარდი შე კაი ქალო? რომ მცოდნოდა ყავის სმის დროს გეტყოდი. - გულზე ხელი დაიდო ახარხარებულმა. თამარამ კინაღამ ჩააფეთა, მაგრამ ისე იყო ცნობისმოყვარეობით ანთებული თავი შეიკავა.
- მამასხარავებ ამხელა ქალს?
- აბა უყურე... მართლა გეუბნები! დაიცა, როგორ მითხრეს... კიბერუსაფრთხოების ხელმძღვანელი ყოფილა. არსად არ თქვა იცოდე, ენას ამოგვაძრობენ. ეგ და ისიც, ტაბატაძის ბიჭიც. რომელიღაცა სააგენტოს უფროსიაო ვერ დავიმახსოვრე, ჭირი მაგათ. ნუ კომპიუტერებში ფოთარობენ თურმე. ინტერნეტიო და რამე, ტელეფონი შეუძლიათ გაგიტეხონ ისე რო შენ ვერაფერს გაიგებ.
თავი დაუქნია სრული სერიოზულობით. თამარა გამწვანდა.
- არ გადამრიო ქალო, რას ლაპარაკობ?!
- რა გაღრიალებს, შე დალოცვილო?! წამის წინ არ გითხარი, ჩუმად იყავი-მეთქი?! - შეუტია გაბრაზებულმა. სკამიდან წამოხტა და გამოღებული ფანჯარა სასწრაფოდ მიხურა - ენას კბილი დააჭირე, არაა მაგი სახუმარო თემა.
- უყურე შენ!
ვერაფრით იჯერებდა ლესელიძე. ოფლი მოადგა შუბლზე და მაგიდაზე შემოდგმულ სალფეტკს გადასწვდა, შუბლი და ყელი შეიმშრალა და ხელით დაინიავა. მძიმედ სუნთქავდა.
- აქამდე არ უნდა გეთქვა? - გაწიწმატდა გაფითრებული - მზია ტაბატაძეს ქმარმა, რომ უღალატა მთელ ქვეყანას მოვდე! რომ მიწყინოს მისმა შვილმა და თემურას რამე მოსწიონ, შენ უშველი ჩემს უბედურ ოჯახს?!
როზამ ერთი შეხედა და ისეთი გულიანი ხარხარი აუტყდა ცრემლები გადმოსცვივდა თვალებიდან...


*******
ერთი თვის შემდეგ
ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ აქ ოდესმე დაბრუნდებოდა. თან საკუთარი ფეხით. არაფერი შეცვლილა. ყველაფერი ისევ ისე გამოიყურებოდა, როგორც მაშინ... ოთხი წლის წინ: უსახური, თეთრი კედლები; ყრუ სიჩუმე; ფეხსაცმლის მიერ არეკლილი ხმამაღალი ბგერები, ასე გამაღიზიანებლად რომ ხვდებოდა ყოველთვის ყურს; დერეფნებში კანტიკუნტად მობორიალე პაციენტები, ჩუმი ბურტყუნით, რომ ესაუბრებოდნენ საკუთარ თავს;
ო, როგორ ეზიზღებოდა ეს არაფრის მთქმელი მზერები, გაყინული სახეები, შუშის თვალები. წლებთან ერთად მათ დაემსგავსა, მათი ფერი მიიღო. საბოლოოდ კი, უნდოდა თუ არა, მათ ნაწილად იქცა, რადგან ბრძოლა შეწყვიტა. უსახურმა კედლებმა დაარწმუნეს, რომ ყველა ბგერის ასხლეტა და უკან დაბრუნება შეეძლოთ; რომ ვეღარასდროს შეძლება ნორმალურად ყოფნას; რომ ვეღარასდროს მიაწვდენდა ხმას გარესამყაროს.
რაღაც დროის გასვლის შემდეგ ადამიანის ფსიქიკა, რომ არ გაგიჟდეს, უბრალოდ გარემო პირობებთან იწყებს ადაპტაციას. პარადოქსია, რომ ორგანიზმის ამ თვითდამცავ ფუნქციას, იმავდროულად ნელი რეჟიმით გადაჰყავს ტვინი თვითგანადგურებაზე. ერთი შეხედვით არაფერია საშიში. ვერაფერს ამჩნევ. უსახური კედლები, გაბრუებული პაციენტები, მომღიმარე სანიტრები და ექთნები. სტერილურად სუფთა იატაკი და მედიკამენტებით გაჟღენთილი ჰაერი, რომელსაც ბუნებრივი სურნელი აღარ ახსოვს. კარები, რომლის დამოუკიდებლად გაღების უფლებაც არ გაქვს; ფანჯრები, რომლებიც არ იღებიან; პლასტმასისა და სილიკონის ჭურჭელი;
უსაფრთხო... უსაფრთხო... უსაფრთხო... ერთ უსასრულო ექოდ ისმის ეს სიტყვა მთელს ფსიქიატრიულში, თითოეულ დერეფანში დაიძურწება ავი სულივით. მისი ჩურჩული კი მხოლოდ პაციენტებს ესმით. უსაფრთხო... უსაფრთხო... უსაფრთხო... კლაუსტროფობიას იწვევს ეს ერთი სიტყვა პაციენტებში, მაგრამ ეს არავის ესმის. გიჟების სამყარო, უზარმაზარი კარით არის დაგმანული ნორმალურების რეალობასთან.
აქ არაფერია ნამდვილი, რომელიც ცხოვრებას შეგახსენებს. არცერთი ნივთი არ ჰგავს წარსულს, რომელიც ზღურბლს მიღმა დატოვე. აქ ყოველთვის გისმენენ, მაგრამ არასოდეს ესმით შენი. ბოლოს საკუთარ თავთან რჩები: ეული, უსიცოცხლო, გამოფიტული. დროთა განმავლობაში საკუთარი თავიც გეპარება თითებში. შენში იკუმშება ნელ-ნელა, აუჩქარებლად. პროცესი იმდენად დინჯად მიმდინარეობს ყოვლდღიურად ცვლილებას ვერც გრძნობ, სანამ საბოლოოდ მინიატურულ ზომას არ მიიღებს. შემდეგ სარკეში ჩახედვისას ანარეკლს ვერ ცნობ. არაფრისმთქმელი, შუშის თვალებით გიყურებს. სიგიჟის ნამდვილი ეტაპი კი მაშინ იწყება, როცა უსახურ კედლებში „უსაფრთხოდ“ აღიქვამ, როცა გარშემო მიმოიხედები და ყველაფერი ნორმალური გეჩვენება. შემდეგ ისევ მზერით უბრუნდები ანარეკლს და ერთადერთი რაც გამოსახულებაში გაშინებს - საკუთარი თავია.
რეზინისძირიანი შავი, პრიალა ფეხსაცმელი საერთო ოთახის შესასვლელთან შეჩერდა. თვალი მოავლო ნაცნობ სივრცეს და მზერა ინვალიდის ეტლში მჯდარ ადამიანზე გადაიტანა. არაფრისმთქმელი გამომეტყველებით უჯდა მაგიდას. ნიკაპი ხელისგულზე ჩამოეყრდნო და დანისლული მზერით მისჩერებოდა ჭადრაკის დაფაზე განლაგებულ ფიგურებს.
აუჩქარებლად დაიძრა მისკენ. სკამი გამოსწია და ეტლში მჯდომის მოპირდაპირედ ჩამოჯდა. პაციენტმა უმეტყველო მზერა ესროლა სტუმარს, ნირი არ უცვლია. თითქოს საერთოდ ვერ იცნო.
- თავს როგორ გრძნობ? - იკითხა ელმა მშვიდად - გავიგე საკუთარი ფეხით სიარული შეგიწყვეტია. ცოტას ხომ არ ადრამატულებ?
კახაძეს ხმა არ გაუღია. ცარიელი მზერა ისევ ჭადრაკის ფიგურებზე გადაიტანა.
- გაქცევაზე არც იფიქრო, - წინ გადაიხარა და ხმადაბლა ასისინდა - აქედან საკუთარი სურვილი ვერასოდეს გააღწევ. ამ შენობას ერთი სასაცილო თვისება აქვს, როცა ფეხს შემოადგამ, უკან ვეღარ გახვალ დახმარების გარეშე. შენ კი ისე იცხოვრე, რომ გარეთ აღარავინ დატოვე, ვინც დახმარების ხელს გამოგიწვდის. პირიქით, ეს კედლები შენი უსაფრთხოების ერთადერთი გარანტიაა. თუ ოდესმე, რაღაც სასწაულით, მართლაც მიაღწევ შენობის გასასვლელთან, იცოდე, ზღურბლთან მუდამ დაგელოდება ერთი სვანი, რომელიც მზად იქნება ყელი გამოგჭრას!
მელოტმა თავი წამოსწია და ელს დანისლული მზერა მიაპყრო. სავანელმა იცოდა რომ ყველაფერი ესმოდა.
- სიცოცხლეს იხვეწებოდი, ჰოდა მიჩუქნია ეს სიცოცხლე შენთვის. ისეთივე მახინჯი სახით, როგორი მახინჯი სახითაც „იხსენი“ მამაჩემი სიკვდილისგან; ისეთივე მახინჯი სახით, როგორიც ნიცა დაუბრუნდა თავის ოჯახს გაპარტახებული და სულიერად დანგრეული, რვა წლის შვილთან ერთად. არავინ იცის თუ ოდესმე დაუბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას, მაგრამ მას ეყოლება გვერდით ოჯახი, რომელიც ფეხზე დადგომაში დაეხმარება და შენ? შენ, მხოლოდ მოჩვენებები დაგრჩნენ, იმ ადამიანების სულები, რომელიც შენს ცივ გათვლებს ვერ გადაურჩნენ. ოთხი წლის წინ სევერინი და ევა ამ შენობაში გამოასალმე სიცოცხლეს. შენი ბოლოც აქ იქნება. ცოცხლად დაგმარხე, ხვდები ამას?
ნახშირივით შავი თვალები ბოროტად უელავდა. მზერა ჭადრაკის დაფაზე გადაიტანა და ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა.
- იცი რა არის ჭადრაკის ოქროს პრინციპი, კახა? - წაიჩურჩულა ძლივსგასაგონად - არასოდეს უგულველყო ყველაზე სუსტი ფიგურისგან წამომავალი საფრთხე, რადგან შეიძლება სწორედ პაიკმა დაგაშამათოს!
თვალი ჩაუკრა, პაიკის ფიგურა ბოლო ჰორიზონტალურ ხაზზე გააჩოჩა და დედოფლად აქცია.
- შამათი, კახა!
წასჩურჩულა ავად. კახაძეს ჯერ თვალზე რისხვის ცრემლი მოადგა, შემდეგ კი ვულკანივით იფეთქა და მთელი დაფა ამოაყირავა. უნდოდა ელს მისვწდომოდა და გაეგუდა, მაგრამ სავანელს წარბიც არ შეტოკებია. კარგად იცნობდა ფსიქიატრიულის რეჟიმს - თვალისდახამხაებაში ადგილზე გაჩდნენ სანიტრები და პაციენტის დამშვიდებას შეეცადნენ.
ის კი ფართხალებდა და ღრიალით იწევდა გოგონსკენ, რომელსაც საკუთარი ხელით დაუმახინჯა სახეც და ცხოვრებაც, მაგრამ ვერ მოკლა. იმ დღეს წყევლიდა, როცა ამის შესაძლებლობა ჰქონდა და შანსი არ გამოიყენა. ახლა უკვე გვიანი იყო და აგიჟებდა ამაზე ფიქრი. ისეთი ხმით იბღავლა პაციენტები დააფრთხო.
ელი ცივი გამომეტყველებით რომ გამოდიოდა საერთო ოთახიდან, მელოტს დამამშვიდებელ ნემს არჭობდნენ მხარში. სულ მალე მისი ფურიისგან მხოლოდ კვამლიღა დარჩებოდა, სანამ საბოლოოდ წყვდიადი არ უყოფდა პირს. დერეფანში კანდელაკს შეეჩეხა. თეთრ ხალათში გამოწყობილი ქერა, შორიდან უყურებდა მათ შეხვედრას. წარბებს შორის ღრმა ნაოჭი გასჩენოდა.
- ყველაფერი რიგზეა? - ჰკითხა მეგობარს. ელმა ღრმად ამოისუნთქა და თავი თანხმობის ნიშნად დაუქნია.
- დღეს საღამოს გამოივლით შენ და შენი მზესუმზირა? შუკვანის ხელმძღვანელი როგორც იქნა პენსიაზე გავიდა და ზეიმობენ.
კანდელაკმა, ფხუკუნის დასაფარად, პირზე ხელი აიფარა. ერთად გაუყვნენ დერეფანს.
- დანის ვკითხავ. იმედი მაქვს ოპერაცია არ აქვს ჩანიშნული. თუ არადა, მარტო მოვალ. ზეიმობენო და ავალიანიც იქნება?
- ჰო, - თვალები გადაატრიალა - მაგ ორის ვერაფერი გამიგია. დღემდე სძულთ ერთმანეთი. გამუდმებით კინკლაობენ და ერთმანეთს ეუხეშებიან, მაგრამ ჯერ არ მახსოვს შეხვედრას ავალიანისა და მილენას გარეშე ჩაევლოს. რაღაც სიგიჟეა.
- ცოტა სახალისოც. თხუპნია ხუთი წლის ბავშვებს მაგონებენ.
ახითხითდა კანდელაკი. სავანელსაც გაეცინა, მაგრამ მალევე დასერიოზულდა.
- ნიცა ისევ არ გამოდის სახლიდან? - იკითხა ხმადაბლა.
- არა, - თავი გააქნია უარყოფის ნიშნად და თვითონაც მოიღრუბლა - დედამისს არის მიკედლებული. ბავშვს უვლის. პატარა ქალაქში ხომ იცი რამხელა ენები აქვთ, სრცხვენია.
- თბილისში გადმოვიდეს მერე. ყველა მოვეხმარებით. მთელი სამეგობრო აქაა.
- შევთავაზე, მაგრამ უარი მითხრა. ვფიქრობ, შენ გამო.
- ჩემ გამო? - გაუკვირდა ელს.
- ელ... - ამოიოხრა და გოგონას სევდიანად გაუღიმა - ყველაფერი მომიყვა. მითხრა, რაც მოხდა თქვენ შორის...
- და ეგ რა მოსატანია? - თავი უხერხულად იგრძნო - წარსულია, რაც იყო იყო.
- საქმე ამაში არაა, - თითებს იგრეხდა უხერხულად - ამბობს, მისთვის რომ დამეჯერებინა ცხოვრებას ჯოჯოხეთად არ ვიქცევდიო. ისევ მან მიხსნა კოშმარისგანო. თვალებში ვერ შევხედავ, არ შემიძლიაო.
- რვა წლის ბიჭის დედაა და ისევ ისეთი შტერია! - გაღიზიანდა სავანელი. ლიზამ თავი ვერ შეიკავა და გაეცინა. - დაველაპარაკები...
ელისა და ნიცას პირველი შეხვედრა, ათი წლის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მომენტი აღმოჩნდა ორი მეგობრის ცხოვრებაში. საბას ნიცასთვის გზაში ყველაფერი აეხსნა. უთხრა თუ ვისგან გაიგეს, სად უნდა ეძებნათ მისი კვალი და რომ სავანელმა გამოუგზავნა დახმარება ბიჭების სახით.
მანქანიდან გადმოსვლისას, როცა ელს მოჰკრა თვალი ისტერიკული ტირილი აუვარდა და სავანელს ჩაუვარდა მკლავებში. ელს თავიდან გოგოლაძის ცნობა გაუჭირდა. ოცდაექვსი წლის გოგო, ორმოცი წლის ქალს დამგვანებოდა. იმდენად დაეგლახავებინა გასულ ათ წელს, ელს ძველი მეგობრის ყურება უჭირდა.
ისე იარეს მშობლიური ქალაქამდე არცერთს ხმა არ გაუღია. თინათინი კი შემზადებული იყო, ელმა წინასწარ გააფრთხილა, რომ ქალს შოკი არ მიეღო, მაგრამ მაინც საშინლად განიცადა. ქალში, რომელიც მის წინ იდგა, დაბერებული და გაპარტახებული, აღარაფერი ჰქონდა საერთო მის პატარა გოგონასთან, რომელსაც ასე უყვარდა სიცოცხლე. ისტერიკაში მყოფ თინათინს მთელი ორი საათი ასულიერებდნენ.
ნიცას მამა, კი რომელსაც მუდამ მტკიცე და მკაცრი ხასიათით გამოირჩეოდა, პატარა ბიჭივით მოთქვამდა დაკარგული შვილის დანახვისას. ელს გულის სიღრმეში ეშინოდა, რომ მალხაზი ნიცას ყვირილს დაუწყებდა, რომ ბავშვიან შვილს სახლში არ შეუშვებდა. ათასი საშინელი და გაუვალისწინებელი სცენარი წარმოიდგინა, მაგრამ საბედნიეროდ ასე არ მოხდა. ისიც საკმარისი იყო, რომ ოჯახს თავიდან უნდა აეწყო ფეხი ცხოვრებისთვის და გამკლავებოდა სირთულეებს, რომლისთვისაც არავის შეუმზადებია.
სტრესული და დამღლელი დღის შემდეგ, როცა ოთახში განმარტოვდნენ, შუკვანმა გულში ჩაიკრა და მიყვარხარო უჩურჩულა ყურში. სუსტ მხრებს მაშინვე შეუმსუბუქდათ სიმძიმე...
- ჰო მართლა... - კანდელაკმა ხელკავი გამოსდო სავანელს და ისე გაუყვნენ უსახურ დერეფანს - ანჯაფარიძე რაშვება?


*******
პატარა ალექსი მამის დანახვაზე სიხარულით ჩამოხტა სკამიდან და შინ დაბრუნებულს ყელზე შეახტა აჭყიპინებული. კატერინამ თვალი გააყოლა შვილს, შემდეგ კი მაგიდის ალაგებას მიუბრუნდა.
გასარეცხი თეფშები ნიჟარაში მოათავსა. ზედაპირი გადაასუფთავა და წითელი ვარდებით სავსე ლარნაკი თავის ადგილას დააბრუნა. ანჯფარიძე შვილთან ერთად მიუჯდა მაგიდას. ყვავილებს თვალი შეავლო და მზერა კატერინაზე გადაიტანა. ცოლი არ უყურებდა. საქმიანობაში გართული სამზარეულოს ალაგებდა. ერთი ეგ იყო, ჩვეულზე მეტად იყო დაძაბული.
- როგორ ხარ, ბიჭო? - თმა აუჩეჩა შვილს.
- აუ, მა, ზოოპარკში წავიდეთ? გიომ მითხრა, კიდევ ერთი სპილო ჩამოუყვანიათ აფრიკიდან. გთხოვ რა, ძალიან მინდა ნახვა.
- რად გინდა ზოოპარში ამხელა გზაზე ბოდიალი, სარკე მოგიტანო? - ახითხითდა გამხიარულებული და პატარა ბავშვივით გამოუყო ენა.
- კაი, რა მა! - იწყინა კოპებშეკრულმა.
- წაგიყვან, აბა რას ვიზამ. - თავზე აკოცა შვილს - წადი ჩაიცვი, ახლავე გავიდეთ.
- მართლა? - მაშინვე გაუბრწყინდა თვალები.
- მართლა. - გაუღიმა.
- დაიცა, დედას ვკითხავ. დეე, შეიძლება მამასთან ერთად ზოოპარში წავიდე?
- მხოლოდ თბილად ჩაიცვი. გარეთ ძალიან ცივა.
თბილად გაუღიმა შვილს კატერინამ და თითქმის კრიალა თეფშები სიმეტრიულად ჩაალაგა ჭურჭლის სარეცხის მანქანაში. ანჯაფარიძემ ცოლი შეათვალიერა. ეუცნაურა, რომ სიტყვა არ უთქვამს ქმრისთვის. არ მისალმებია, ზედაც არ შეუხედავს. ეს კი უჩვეულო იყო. ეჩვენებოდა თუ ვარცხნილობა შეიცვალა? დასუსტებულა კიდეც. საერთოდ მშვენივრად გამოყურებოდა.
თავისივე თავის გაუკვირდა. რამდენი ხანია კატოსთვის ისე არ შეუხედავს როგორც ქალისთვის? მერე უნებურად მზერა წითელი ვარდებისკენ გაექცა და სკამზე შესწორდა.
- ყველაფერი რიგზეა? - იკითხა ხმადაბლა.
- და რატომ არ უნდა იყოს?
უყურადღებოდ დაუბრუნა კითხვა. გონებაგაფანტული რაღაცას ეძებდა თაროზე. სადღაც აქ დავდეო, ბუტბუტებდა თავისთვის. ბოლოს მიაგნო, რასაც ეძებდა და სუნელების თაროდან ფოლიაში კოხტად ჩადებული დოკუმენტები ჩამოიღო.
- კარგია რომ მოხვედი. დარეკვა არ დამჭირდა, ისეც არ პასუხობ ხოლმე ტელეფონს. - დოკუმენტებით ხელში ქმარს წაადგა თავზე - ეს შენთვისაა. ხელი მოაწერე, რაც შეიძლება მალე.
მიუგო თავაზიანად, დოკუმენტები ხელში შეაჩეჩა და ალექსს შეაკითხა საძინებელში. ანჯაფარიძემ ფურცლებს დახედა. განქორწინების მოთხოვნის საბუთების დანახვაზე წარბები მაღლა გაექცა. თავი გვერდით მიატრიალა, სადაც წამის წინ კატერინა გაუჩიანრდა. ცოტა არ იყოს გაუკვირდა. არ ელოდა ცოლისგან ასეთ ნაბიჯს.
ათწლიანი თანაცხოვრების განმავლობაში მათ შორის ბევრი რამ მოხდა: კარგი, ცუდი და უპატიებელიც კი, მაგრამ კატერინა ყოველთვის პატიობდა. ყველაფრის მიუხედავად სახლში ექაჩებოდა. არ უნდოდა ოჯახის დანგრევა. არ უნდოდა ალექსი მშობლების სეპარაციაში გაზრდილიყო. თავდაყირა დგებოდა, რომ ოჯახი შეენარჩუნებინა. ათას დამცირებას და უპატივცემულობას იტანდა ქმრის მხრიდან, რომელიც მაინც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა.
მუდამ ქალი იჩენდა ინიციატივას, რომ ანჯაფარიძე როგორმე შეენარჩუნებინა. ახლა კი, თავისი ხელით მიაწოდა განქორწინების საბუთები. თავი მოაბრუნა და ისევ წითელ ვარდებს შეხედა. ჩაეცინა და თავი გააქნია. დოკუმენტები უყურადღებოდ მიაგდო მაგიდაზე და ფეხზე წამოდგა.
- იცოდე, მამას დაუჯერე. ბევრი არ ირბინო, გაოფლიანდები და გაცივდები. გაიგე?
კატერინა ოთახიდან გამოდიოდა, თან შვილს რჩევა-დარიგებებით უწვრილებდა გულს. თავზე ნაქსოვი ქუდი ჩამოაფხატა და შუბლზე ტბილად აკოცა.
- ჭკვიანად, დე.
- გზაში ყვავილებს გიყიდი, დე. წითელ ვარდებს, ამაზე დიდს.
ხელი გაიშვირა სამზარეულოს მაგიდაზე შემოდგმულ ლარნაკზე. კატერინას ლოყები შეეფაკლა და გაეცინა.
- მაიმუნო, - შვილისკენ დაიხარა ანჯაფარიძე - მანქანისკენ მოუსვი, მეც ახლავე მოვალ.
- გასაღები მოიტა! კარი რით გავაღო, თითებით?!
ანჯაფარიძემ სიცილით მიაწოდა გასაღები და თვალი გააყოლა აჟიტირებულ ალექს, როგორ მოცოცხა გასასვლელისკენ. როცა ბავშვი თვალს მიეფარა მზერა კატერინაზე გადაიტანა.
- იმედი მაქვს, ალექს ამჯერად უსაფრთხოდ მოიყვან სახლში! - შეაგება ცივად - მსგავსი რამ რომ განმეორდეს და კიდევ ვინმემ მომტაცოს შვილი, ყველაზე წმინდას ვფიცავ, ალექსს წაგარმთევ და ბავშვზე სრულ მეურვეობას მოვითხოვ! ეჭვიც არ შეგეპაროს, რომ პროცესს მოგიგებ!
- მსგავსი, რამ აღარ განმეორდება, ეკა. - მიუგო მშვიდად - მაპატიე, რომ განერვიულე.
- ეს შენი საყვარელი გასართობია, ივა. თავს ნუ მოვიტყუებთ! - მიახალა განერვიულებულმა და გვერდის ავლა დააპირა, მაგრამ იდაყვში წაავლო ხელი და შეაჩერა.
- დიდი ხანია ერთმანეთს ხვდებით? - თავით ანიშნა ყვავილებზე. კატერინას წარბები მაღლა გაექცა.
- ალბათ არ ფიქრობ, რომ გიპასუხებ?! ვერ ხვდები რომ შენი კითხვა უადგილოა, როცა თავად ფეხებზე გკიდივარ უკვე უამრავი წელია?
- შენთან პრეტენზია არ მაქვს, ეკა, - მიუგო ღიმილით - მოგიწერ დოკუმენტებზე ხელს. უბრალოდ გეკითხები, დიდი ხანია ერთმანეთს ხვდებით?
კატერინას ღაწვები შეეფაკლა. თავი საშინლად უხერხულად იგრძნო. გულს ბაგაბუგი გაჰქნოდა. არა იმიტომ, რომ ქმარი ეკითხებოდა, დიდი ხანია ჩემ ზურგს უკან საყვარელი თუ გყავსო, არა... აღელდა, რადგან მიხვდა, რომ მტკიცე გადაწყვეტილების მიუხედავად, ამ კოშმარულ ქორწინებას საბოლოოდ დავასრულებო, მაინც იგრძნო მწარე ჩხვლეტა გულში, როცა ანჯაფარიძემ უთხრა ხელს მოგიწერო. ეტკინა ქმრის მშვიდი ტონი. ნუთუ გავლილი წლები, მისთვის მართლა არაფერს ნიშნავდა? როგორ მოხდა, რომ კაცი რომელსაც ასე გაგიჟებით უყვარდა ურთიერთობის დასაწყისში, ყინულის ნატეხად იქცა?
- არავის არ ვხვდები, - მიუგო ყოყმანის შემდეგ - აფთიაქში მომართვა კლიენტმა. ლამაზი ყვავილებია, გადაყრა დამენანა.
- და ამ ვარდებს არაფერი აქვთ საერთო განქორწინების მოთხოვნასთან? - ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ცოლს. კატერინას აღელვება დაეტყო.
- ვარდებს? - ხმა აუკანკალდა - ვარდები რა შუაშია? განქორწინებას იმიტომ ვითხოვ, რომ ყელში ამომივიდა ასეთი ცხოვრება. ჩემთან ძალით აღარ დაგაბამ, ივა. იცხოვრე შენი ცხოვრებით, როგორც შენ გაგიხარდება. უაზრობა იყო მთელი ეს წლები ძალით ოჯახის შენარჩუნება. ამას ოჯახიც არ ჰქვია. მხოლოდ ერთად ვცხოვრობთ, მეტი არაფერი. ის ოჯახი, ოჯახი არაა სადაც არავინაა ბედნიერი.
ქალს ეული ცრემლი მოსწყდა თვალის კუთხიდან. გვერდის ავლა სცადა, მაგრამ ანჯაფარიძემ ისევ შეაჩერა.
- ნუ მეხები, ივა!
ამოთქვა ტირილის ზღვარზე მყოფმა და სახე მოარიდა. თვალები ჩასწითლებოდა. თავდაჯერება და სიმტკიცე, რისთვისაც საკუთარ თავს ასე მონდომებით ამზადებდა ქმრის სახლში მოსვლამდე, უკვალოდ აუორთქლდა ორგანიზმიდან. თავი ისევ დაუცველ გოგონად იგრძნო. ანჯაფარიძე კვლავ მასზე ძლიერი იყო, კვლავ ჰქონდა უპირატესობა, რადგან კატერინას სტკიოდა, ანჯაფარიძეს არა. სასოწარკვეთამდე მიჰყვადა ამ შეგრძნებას.
- ეკა... - თავი ააწევინა ცოლს და ხელისგულით ცრემლები მოსწმინდა - მაპატიე, რომ ჩემ გვერდით ისეთი ცხოვრება არ გღირსებია როგორზეც ორივე ვოცნებობდით ქორწინებამდე. შენთვის უვარგისი ქმარი გამოვდექი და კიდევ უფრო უარესი ადამიანი ვარ. ეს ბოლო პერიოდში კარგად გავიაზრე. ჩვენი დანგრეული ოჯახი მხოლოდ ჩემი ბრალია. ჩემი საქციელების მიუხედავად მაინც ცდილობდი რომ შეგვენარჩუნებინა ის, რისი შენებაც ერთად დავიწყეთ, მერე კი ამ პროცესში მარტო დაგტოვე. რაც არ უნდა გითხრა შენ ტკივილს ვერც ერთი სიტყვა ვერ დაგიამებს. ვხვდები და ვიაზრებ ამას. მაგრამ მინდა რომ გულწრფელი ვიყო შენთან, ერთხელ მაინც ცხოვრებაში. ჩვენ ერთად მომავალი არ გვაქვს, არა იმიტომ რომ როცა ამ კარს გავიხურავ სხვა ქალთან წავალ. არა, უბრალოდ მე არ გამომივა არავისთან ურთიერთობის აწყობა. ვაღიარებ, გამბედაობა არასოდეს მეყო, ეს ნაბიჯი პირველს მე გადამედგა. მინდა, რომ ბედნიერი იყო. ჩემგან მხარდაჭერა ყოველთვის გექნება. ჩემი შვილის დედა ხარ და ამას ვერაფერი შეცვლის. შენი ერთი ზარიც საკმარისი იქნება, რომ შენ გვერდით გავჩნდები დასახმარებლად. ამაზე მეტის შემოთავაზება არ შემიძლია, ეკა. არც შენთვის არც არავისთვის. არა ახლა, არა ცხოვრების ამ ეტაპზე.
მძმედ გადაყლაპა ნერწვი და დადუმდა. კატერინა უხმოდ ტიროდა. ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა და უკვე აღარც იწმენდდა, რა აზრი ჰქონდა ვერაფრით შეიშრო ლოყები. ანჯაფარიძემ კისერზე მოხვია ხელი ქალს და გულზე მიიხუტა. თავზე აკოცა და ფრთხილად დაარწია მკლავებში.
- იდიოტი ვარ, რომ შენი დაფასება და გაფრთხილება ვერ შევძელი. - უჩურჩულა ყურში და ფრთხილად ჩამოეხსნა. ცრემლიანი სახე თითებით შეუმშრალა და შუბლზე აკოცა - ზოოპარკიდან რომ დავბრუნდები ალექსთან ერთად, საბუთებზე ხელს მერე მოგიწერ.
ესღა უთხრა და გაერიდა. მძიმე ნაბიჯებით გაუყვა ჰოლს და კარი გაიხურა. კატერინამ სახე ხელებში ჩარგო და ჩუმად აქვითინდა. ყველაზე დამამცირებელი კი ის იყო, ივა რომ შემობრუნებულიყო და ეთხოვა ერთი შანსი კიდევ მომეციო, უარს არ ეტყოდა...



*******
სავანელმა ბოლო წერტილი დასვა წინადადების ბოლოს და წელში გასწორდა. დაბინდული მზერით მისჩერებოდა ვორდის ფაილს. ისეთი სიმსუბუქე იგრძნო, თითქოს ვიღაცამ ასკილოიანი სიმძიმეები მოაშორაო მხრებიდან. წერა დაასრულა. ბოლოში გავიდა. იმდენი წელი გასულიყო სიტყვა არ მოუჯღაბნია, რომ გაუკვირდა კიდეც ასე სწრაფად და უმტკივნეულოდ რომ წარიმართა პროცესი.
თურმე, მშიერ ფურცლებს მართლაც სწყუროდათ ამბის დასასრულის მოსმენა. მისი შთაგონების წყაროდ კი განსაკუთრებული ადამიანი იქცა. მზერა დღიურზე გაექცა. თითებით ნაზად შეეხო უხეშ ზედაპირს. რთული და მძიმე წასაკითხი აღმოჩნდა შიგთავსი. ბევრად რთული, ვიდრე წარმოიდგენდა. ბავშვობის ჩვევა ვერაფრით მოიშალა, ორი ღამე გაათია დღიურის კითხვაში, როცა შუკვანს მშვიდად ეძინა საწოლში.
დრო და დრო ლოყებზე ჩამოგორებულ ცრემლებს იმშრალებდა და უხაროდა, რომ არავინ უყურებდა. ყოველ წინადადებაზე, გული მტკივნეულად ჩხვლეტდა. შემზარავი იყო იმის გააზრებაზე, თუ რამდენჯერ უნდა წაეკითხა თავად ავტორს საკუთარი ნაწერი, რომ კიდეებთან ასე იყო გაცვეთილი. რისთვის იტანჯავდა თავს? რატომ კითხულობდა ისევ და ისევ გამოვლილ კოშმარს, რომელიც წარსულში ჩამოიტოვა? და ჩამოიტოვა, რომ საერთოდ? ნამდვილად დახურა განვლილი ცხოვრების მტკივნეული ეტაპი? მარტო დღიურის ჩანაწერები როდი საუბრობდნენ მთავარ გმირზე, თავად დღიური მეტყველებდა ავტორის მტკივან სინდისზე.
როცა საბოლოო წერტილს მიაღწია და დღიური დახურა, ორ საათს იჯდა გაშეშებული და ფილტვებს სუნთქვას აიძულებდა. ფურიამდე მიჰყავდა იმ დასკვნებს რომელიც მარტივად გამოიტანა დღიურისთვის თვალის შევლებისას - სძულდა და დევნიდა დემონებს როგორც მსხვერპლი, მაგრამ ნანობდა ჩადენილ დანაშაულს როგორც ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩენოდა დაფლეთილი სულის სიღრმეში.
ბოლო შეხვედრის შემდეგ სეგიზე აღარაფერი სმენია. გაქრა, გაუჩინარდა. შორს გაემგზავრა, როგორც დაპირდა. არაერთხელ ჰკითხა მილენას ირიბად დევდარიანზე რამე ხომ არ გსმენიაო, მაგრამ სარანგიძემ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია. სევდიანი ეჩვენა, როცა ელს გაენდო - გამომემშვიდობა, მითხრა სამოგზაუროდ მივდივარო და წავიდაო.
ნუთუ, მართლა ასე უბრალოდ გაიხურა კარი? ასე მარტივად დანებდა, მაშინ როცა მიზანს მიაღწია? განა მილენას არ პირდებოდა დღიურში აუცილებლად ვიპოვი შენამდე მოსაღწევ გზასო? იქნებ სწორედ ამ გზის საძებნელად წავიდა ასე შორს? შეიძლება. მაგრამ ეს ვერაფერს უხერხებდა ფაქტს რომ გული უკვდებოდა. მისგან დატოვებული უზარმაზარი სიცარიელე იმხელა აღმოჩნდა, რომ მისი ახალი ცხოვრება, სრული ოჯახის შემადგენლობით და საყვარელი ადამიანით - საკმარისი არ აღმოჩნდა უკმარისობის შეგრძნების გასაქრობად.
ბედისწერამ ორ შორის უხილავი მაკავშირებელი ძაფი გაევო. ერთი ვერ გრძნობდა თავს მშვიდად, როცა მეორე ჩუმად იტანჯებოდა. არ შეეძლო ასე უბრალოდ მჯდარიყო. არ შეეძლო და მორჩა! თავი დაირწმუნა, ხანდახან ადამიანებს შველა საკუთარი თავისგანას სჭირდებათო და საკუთარ გადაწყვეტილებაში მტკიცედ დარწმუნებულმა ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან. „ყველგან მაქვს თვალები და ყურები“ მოაგონდა დევდარიანის სიტყვები. ჰოდა, მზად იყო ეს „ყურები“ ფეხზე წამოეგდო, მიუხედავად იმისა, რომ ტელეფონზე საათი გამთენიის ოთხს უჩვენებდა.
- ახლა რა ეშმაკი არ გასვენებს, სავანელო გამთენიის ოთხი საათისას?
მოისმა სხირტლაძის ყუყუნი ყურმილიდან, როცა გრძელი ზუმერის შემდეგ, როგორც იქნა ტელეფონს უპასუხა.
- იცი სადაც არის, ხომ ასეა?
მოკითხვით თავი არ შეუწუხებია. საერთოდ სხირტლაძეზე ნაწყენი იყო, რომ როცა თავიდან ორიგამი უჩვენა რეზიმ თავი ისე დაიჭირა, თითქოს წარმოდგენა არ ჰქონდა რაზე ლაპარაკობდა. ათი წელი გასულიყო და სავანელს ეს ტყუილი ჯერ კიდევ ვერ მოენელებინა.
- მისამართი მჭირდება, რეზი. - შეუტია, როცა ხმა არ გასცეს.
- ვიცოდი რომ დამირეკავდი.
- რაც იმას ნიშნავს, რომ პასუხისთვის შემზადებული ხარ?
სხირტლაძემ ისევ ამოიოხრა...


*******
ზღვისგან მონაბერი თბილი ჰაერი შუბლზე ჩამოყრილ ღია ყავისფერ თმას სასიამოვნოდ ელამუნებოდა. წყლის ზედაპირზე მოფარფატე თოლიებს ზანტად ადევნებდა თვალს. ხორბლისფერ კანს უმნიშვნელო ჭორფლები გასჩენოდა ცხვირის გასწვრივ ლოყებზე. მზის სათვალე ჭყეტელა სხივებისგან იცავდა პარაიბას მსგავს გამაოგნებლად უცნაური ფერის თვალებს.
მოხდენილ სხეულს თეთრი ტილოს შარვალი და ამავე ფერის თხელი პერანგი უმშვენებდა. ყელთან რამდენიმე ღილი შეეხსნა, ცხელოდა. ვერ იტანდა სიცხეს. მსუბუქი სამოსისთვის ღია ჩალისფერი, ნაჭრის ესპადრილები შეეხამებინა. ზღვის ტალღების დგაფუნს თოლიების ხმაც მოჰქონდა თან. სიამოვნებისგან თვალები დაეხუჭა და თავი უკან გადახარა.
- რაო? კარგია დასვენება კანარის კუნძულებზე? სავანელს კი შენზე დარდში ღამეები არ სძინავს! სინდისიც კარგი საქმეა!
თვალის კუთხით გახედა ახალმოსულს და მსხვილი ბაგეები ეშმაკურმა ღიმილმა გაუპო. რეზი სხირტლაძემ ხისგან მოწნული სკამი გამოსწია და მაგიდას მიუჯდა. სანაპიროს კაფეტერიაში ისხდნენ ვერანდაზე. მშვიდი და წყნარი ადგილი იყო, ტურისტებისგან მოშორებით.
- უჩემოდ ერთ თვესაც ვერ ძლებ? - მხიარულება შეეპარა ხმაში.
- თავს არ შევიწუხებდი ამხელა გზაზე ბოდიალით, მაგრამ მეეჭვება აქ ფოსტა მოჰქონდეთ.
რეზიმ წარბშეკრულმა გახედა თითქმის უკაცრიელ პლაჟს. ესიამოვნა ტურისტების ნაკლებობა. მართალია ადრინდელივით აღარ აღიზიანებდნენ ადამიანები, თავისუფლად გამოდიოდა გარეთ, მაგრამ მაინც არ სიამოვნებდა, როცა გამვლელები დამწვარ სახეზე აშტერდებოდნენ.
კანი იმდენად ჰქონდა დაზიანებული, პლასტიკურ ოპერაციაზე უარი უთხრეს. თუმცა, ეს ტკივილი დიდი ხნის წინ მოინელა. მეტიც, მისი გარეგნობა მის სავიზიტო ბარათად იქცა. მისი უბრალოდ გამოჩენაც საკმარისი იყო კრიმინალებისთვის, რომ უკვე გრძნობდნენ დიდი პრობლემები ჰქონდათ. არავის უნდოდა „ფრედი კრიუგერის“ კლანჭებში მოხვედრა. ქურთუკის შიდა ჯიბეში ხელი ჩაიყო და მოზრდილი ყვითელი კონვერტი ამოიღო. დევდარიანს ინტერესი დაეტყო სახეზე.
- ეს რა არის?
- არ მჯერა რომ ამის გადმოსაცემად ესპანეთში მომიწია ჩამოფრენა, - თავს აქნევდა გაღიზიანებული - მაგრამ ზედმეტად დამაჯერებელი იყო. როგორც ყოველთვის.
- დაგემუქრა?
- ნაწილობრივ, - უხალისოდ აღიარა, დევდარიანს სიცილისგან მხრები აუთამაშდა - დღემდე ვერ უპატიებია, რომ შენ შესახებ არაფერი ვუთხარი. თვალებში მიყურებდი და მატყუებდიო.
- სავანელს უყვარს, როცა საქმის კურსშია.
სხირტლაძეს ყვითელი კონვერტი გამოართვა. ემძიმა. მიხვდა, შიგნით რაც იდო და სპეციალურად არ გახსნა.
- აქ რა დაგრჩენია, გერგი? დაბრუნდი სამშობლოში. ფიქრობ, არეშიძის კლანის გაფარჩაკებით დასრულდა ჩვენი მისია? ნაძირლებს რა გამოლევს ამ უბედურ პლანეტაზე?
დევდარიანმა არ უპასუხა. რეზიმ ერთხანს უყურა, ბოლოს ამოიოხრა და თვითნაც ლაჟვარდისფერ ჰორიზონტს გახედა.
- შენი შორს გახიზვნა, რამით უკავშირდება მილენა სარანგიძეს?
- საიდან მოიტანე?
- მორჩი, - გაბრაზდა - რამდენი წელია ერთად ვმუშაობთ? ათი, გერგი. ფიქრობ ათი წლის განმავლობაში ვერ გაგიცანი? რაღაცას ბოლომდე არ ამბობ და ვეჭვობ სავანელმა იცის რასაც. ამიტომ გამომაგდო სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით შენთან. დიდი იმედი მაქვს, რომ მას მაინც მოუსმენ.
ორს შორის დუმილი ჩამოვარდა. მხოლოდ ზღვის ტალღები დგაფუნებდნენ აგრესიულად. ხის მაგიდაზე მდგარი ყინულიანი კოქტეილის ჭიქას წვეთი მოსწყდა, სრიალით დაეშვა ცივ მინაზე და მაგიდაზე დაეტყეპა.
- მილენა ჩემი დაა, რეზი.
სხირტლაძე სკამზე შეტოკდა. დინჯად მოხედა მოსაუბრეს. ნიღბის მსგავს ცვილისებრ სახეზე მიმიკები არ ეტყობოდა, მაგრამ თვალები გასცემდნენ უსაზღვრო გაოცებასა და სევდას.
- და მერე, აქ რას აკეთებ?
დევდარიანმა თავი ასწია და მეგობარს გახედა. არ დაუსვამს კითხვები - როგორ? რანაირად? სად? როდის? არაფერი მსგავსი. არ გამოუხატავს, მაგრამ სხირტლაძის მიმართ მადლიერება იგრძნო.
- რომ დაფრთხეს? - როგორც იქნა, ამოთქვა იმის რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა.
- რომ აუხსნი გაგიგებს. - მიუგო მშვიდად.
- სავანელივით ლაპარაკობ.
- თავიდანვე გითხარი, ჭკვიანი გოგოა-მეთქი.
დევდარიანს გაეღიმა. თეთრმა კბილებმა მზის შუქზე თვალისმომჭრელად გაიელვეს. თბილმა ნიავმა შუბლზე ჩამოყრილი თმა აუწეწა.
- სასტუმროში დაგელოდები. ორ დღეში მივფრინავ უკან. - მიუგო ბოლოს და ზედმეტი ლაპარაკის გარეშე გაეცალა.
სეგიმ კონვერტს ხელი წამოავლო და თავი მოახია. უზარმაზარი ფურცლების დასტა ამოაცოცა და მუხლებზე დაიდო. ასე სწრაფად როგორ მოასწრო დასრულება? ექვსას გვერდამდე მაინც იქნებოდა, თუ მეტი არა. ინტერესით შეათვალიერა ამობეჭდილი ფურცლები. არსად ეწერა წიგნის სათაური. დაინტრიგებულმა კონვერტში ჩაიჭყიტა და აღმოჩინა, რომ შიგნით კიდევ რაღაც იდო. გრძელი თლილი თითებით დეფორმირებული ქაღალდი ამოაძვრინა. გულმა ძლიერად უბიძგა, როცა სვანის ხელის გულზე მონარქის პეპელამ გაშალა ფრთები.
წიგნი გვერდით გადადო და ორიგამი გახსნა. პეპელამ გული უჩვენა შემდეგი წარწერით:
„ბოლო კითხვაზე ისევ არ მიპასუხე გულწრფელად. პეპელა ცვლილების ნიშანია, აქედან მისი ორიგამიც. შენს დღიურში უამრავი „მოპარული ფიგურა“ ვიპოვე, რომლებიც ვეღარასდროს დაუბრუნდებიან ოჯახებს და კიდევ უფრო მეტი იხილა ქვეყანამ, რომლებიც შენი წყალობით დაუბრუდნენ მშობლებს. ამდენი დავიდარება იმისთვის არ გამოგვივლია, რომ დარჩე ტყვედ, რომელიც ვერ გადაარჩინეს. მონარქმა მისია დაასრულა. დროა შინ გერგი უშხვანი დაბრუნდეს.“
საჩვენებელი თითი ტუჩს ზემოთ გაისვა და ფიქრიანად დახედა ორიგამის. მეორე მხარეს გადააბრუნა ყოველი შემთხვევისთვის და თავისდა გასაკვირად კიდევ ერთი შეტყობინება აღმოაჩინა:
„“სეგი“ მილენამ დაგარქვა ბავშვობაში? არ მეგონა კიდევ რამე თუ გამაკვირვებდა. დღიურში გვიან შევამჩნიე, რომ „გი“-ს წინ ორი ასობგერა იმდენად იყო გახუნებული, თითქმის არ იკითხებოდა. აჰ, გულმა მიგრძნო ალბათ და ფიქციური სახელით მომართვა ამიტომაც ვერ მოვიშალე.“
სეგის თბილმა ღიმილმა გაუპო ბაგეები. ორიგამი ისევ პეპელად დაკეცა და ჯიბეში შეინახა. კოხტად აკინძულ ბეჭდურ ფურცლებს ხელი წამოავლო, მუხლებზე დაიდო და პირველი გვერდი გადაშალა. პროლოგში წაწერილ პაწაწინა დიალოგს მიადევნა თვალი:
- თუ ასე გძულს ეს ხალხი, რატომ აძლევ დროს გასაქცევად?
- რომ მიხვდნენ.
- რას?
- რომ კოშმარებსაც აქვთ ნაბიჯების ხმა.
შესავალი მოეწონა, ცბიერი ღიმილი ჩაუტყდა ტუჩის კუთხეში. მოხერხებულად მოეწყო სკამზე და კითხვას შეუდგა...
ლილისფერ ცაზე მზე იწვერებოდა, როცა წიგნის უკანასკნელი გვერდი ჩაიკითხა და გადაფურცლა. უკანა მხარეს ლამაზი მსხვილი ასოებით გამოეყვანათ წიგნის სათაური - „მოპარული ფიგურები“.
თლილი თითები გადაატარა ხელით გამოყვანილ ლამაზ ასოებს და ძარღვებში სითბო ჩაეღვარა. მთელი სამყარო მკვლელად აღიქვამდა, ბრუტალურ უსულგულო არსებად, მაგრამ არსებობდა ერთი ადამიანი, რომელმაც სრული სიმართლე იცოდა.
ხანდახან ცხოვრებაში იმ ერთი ადამიანის მხარდაჭერაც საკმარისია, რომ წინ გაბედულად გადავდგათ ნაბიჯი. ხანდახან იმ ერთ ადამიანს ოქროზე დიდი ფასი აქვს. ღრმად ამოისუნთქა. წიგნი ფრთხილად გადადო გვერდით და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო. სასურველი ნომერი ამოარჩია და გადარეკა. მესამე ზუმერზე უპასუხა ნამძინარევმა ხმამ:
- მმმ... სავანელმა თავისი გაიტანა? - იკითხა რეზიმ ჩახრინწული ხმით, ბოლო დროს ღამით მშვიდად ძილს არავინ აცდიდა.
- ფრენა რომელ საათზე გაქვს?
სხირტლაძეს სიცილი აუტყდა...


******
სავანელმა ტელეფონს დახედა და სხირტლაძის მოწერილი შეტყობინება კიდევ ერთხელ გადაიკითხა. დასაზუთხი არაფერი იყო, ადრესატს მხოლოდ ერთი სიტყვა მოეწერა: „ვბრუნდებით“.
შვება იგრძნო. ესე იგი, „ისიც“ მოდის. მაშინ რატომ გრძნობს თავს ასე მოუსვენრად ეს დღეებია? რატომ უჭირს კვლავ ღამით დაძინება და რატომ ფურცლავს გაშმაგებით მისი ტვინი, უკვე ზეპირად ნასწავლ უშხვანის დღიურს, თითქოს რაღაც გამორჩა?
- „ადამს“! - მიწისთხილი ესროლა ტაბატაძემ - ამქვეყნად ხარ?
კიტას ბინაში შეკრებილიყვნენ. გიორგი მიწისთხილს იღეჭებოდა და ლუდს აყოლებდა გალაღებული. სამსახურიდან ყველამ ორი კვირით აიღო შვებულება და თავისუფალ დროს სულ ერთად ატარებდნენ. მხოლოდ კანდელაკი და ლოლაძე ვერ გამოეტირნენ თავიანთ კლინიკებს. არც ავალიანი ჩანდა ჰორიზონტზე. მილენამ კი უცნაურად იყუჩა ბოლო დროს. ელმა იცოდა, რომ ერთმანეთს ხვდებოდნენ, თუმცა ურთიერთბისთვის ოფიციალური სახე ჯერ არ მიეცათ.
აი, შუკვანების ოჯახში კი ნამდვილად იგრძნობოდა პროგრესი. საბამ რაც უმცროსი ძმის არსებობის შესახებ გაიგო, ხშირად აკითხავდა კიტას თბილისში. ერთმანეთს დაუახლოვდნენ და საერთო ენაც გამონახეს. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭები მამას ხმას დღემდე არ სცემდნენ, ერთმანეთის აღმოჩენით ხარობდნენ.
მხოლოდ ელი ამხნევებდა ირაკლის: „დრო მიეცი ორივეს. რაღაც აუცილებლად შეიცვლებაო“. ხშირად აკითხავდა უფროს შუკვანს ბინაში და თან ცხელი ხაჭაპური მიჰქონდა. როგორც ეუბნებოდა: „მისი კუჭისთვის არასოდეს ყიდულობდა“. თუმცა, მაგიასთან რომ სხდებოდნენ ელი ცომეულს თითსაც არ აკარებდა. მხოლოდ მწვანე ჩაის წრუპავდა ფინჯნიდან.
ირაკლის მადლიერი იყო. მისთვის ეს არასოდეს უთქვამს, რადგან ელს არ უყვარდა საუბარი. თუმცა, საქციელებით გამოხატავდა. ვერასოდეს დაივიწყებდა მის დახმარებას, თუ როგორ მამასავით დაუდგა გვერდით ფსიქიატრიულიდან ახლად გამოსულს.
კიტას არაფერს აიძულებდა. სავანელზე უკეთ არავინ უწყოდა რა გამოიარა ბავშვობაში და მისი ესმოდა კიდეც. ამიტომ ნეიტრალური ტერიტორია აირჩია. მშვიდად მიმოდიოდა მამა-შვილს შორის და ელოდებოდა, როდის გადადგამდნენ ნაბიჯს ერთმანეთისკენ.
დარწმუნებული იყო, რომ ეს ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდებოდა. შეიძლება სვანს ფეთქებადი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ სავანელმა იცოდა, რამხელა გულის პატრონი იყო კიტა შუკვანი.
ელი ფიქრებიდან გამოერკვა და გიორგის ისე შეხედა, თითქოს ახლაღა შეამჩნიაო. წარბებს შორის ღრმა ნაოჭი გასჩენოდა.
- რა სახე გაქვს? - გამხიარულდა ტაბატაძე - ვბერდები და შენ არ იცვლები „ადამს“. როგორ შეიძლება ასეთ მშვენიერი დღეს საპანაშვიდო სახით ჯდომა?
- ჰმ... - ჩაახველა და სავარძელზე შესწორდა - ჩავფიქრდი. მიყვებოდი რამეს?
- არც კი მიცდია, - გაიცინა ხალისიანად - სიტყვები ისე გხვდება, როგორც გოროხი კედელს. ასე რომ, ენის დაღლა თავში აზრადაც კი არ მომსვლია.
- ჰო მართლა, ავალიანი ბოლო დღეებია არ გამოჩენილა... - წამოიწყო ელმა.
- იმიტომ, რომ ბევრი საქმე აქვს სამსახურში. - მთლად გაიბადრა - ახალი უფროსი თავის გამოჩენას ცდილობს. ყველას წელში ზნიქავს მძიმე საქმეებით. მოაკლდათ თაბაგარის ხელი. ეს, შუკვანს ჰკიდია ერთ ადგილზე, თორემ ავალიანი ვირივით მუშაობს.
კიტას არც შეუხედავს მეგობრისთვის ისე აჩვენა შუა თითი. საბას უსმენდა ყურადღებით, რომელიც თურქეთში დატრიალებული ამბების შესახებ უამბობდა. იქაური ბორდელის ჰაერში აწევამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ხალხში.
- საბა... - შეაწყვეტინა ელმა და სავარძელში წამოიწია - ვის ეკუთვნოდა, ის ბორდელი რომელიც სტამბოლში ააფეთქეთ?
- სელიმს, - მიუგო სავანელის ჩართულობით გაკვირვებულმა სვანმა - რა იყო?
- სელიმი... - ფიქრიანად მოისვა ნიკაპზე ხელი - სელიმი, ცოცხალი აღარ არის.
- ჰმჰ...
დაუდასტურა ცოტა არ იყოს დაბნეულმა. კიტამაც გამოხედა შეყვარებულს, მის რადარს უკვე შეემჩნია, რომ მისი სავანელი ისევ რაღაცას თხრიდა. წარბებს შორის ღრმა ნაოჭი გაუჩნდა.
- ელ? - იკითხა მრავალმნიშვნელოვნად, მაგრამ სავანელს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
- ერთი წუთით, - ფეხზე წამოდგა - რა უნდოდა სელიმს პოლონეთში?
საბამ მხრები აიჩეჩა: მე საიდან უნდა ვიცოდეო. სამაგიეროდ ტაბატაძემ გასცა პასუხი:
- სეგი მილენას გაჰყვა უჩუმრად, როცა გაემგზავრა. ღელავდა. არ უნდოდა მისთვის თვალი მოეშორებინა, როცა ყველანი დანის წვერზე დავდიოდით. სელიმი საღამოს, შემთხვევით გდანსკის პორტში შეამჩნია, ერთ-ერთ რესტორანში ვახშმობდა ვიღაც ტიპთან ერთად. გაუკვირდა კიდეც, ცხვარი თავისი ფეხით რომ მივიდა სამსხვერპლოზე.
- მაგრამ მე პასუხი მაინც არ მაქვს კითხვაზე, თუ რა უნდოდა სელიმს პოლონეთში!
- „ადამს“, ყველა დეტალი და წვრილმანი ვერ გეცოდინება, - თვალები გადაატრიალა ტაბატაძემ და ისევ მიწისთხილი გაიქანა ხახაში - ვვარაუდობდით, რომ სეგის ვინაობა დაადგინა და აედევნა.
- ასეთი იდიოტური და თითიდან გამოწოვილი თეორია, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტისგან უბრალოდ სამარცხვინოა, „ვირუს“! - წაიღრინა სავანელმა.
- ჰეი, ჩემი ზედმეტსახელი არაფერს გეუბნება? „ვირუსა“, „ვიიირუუუუსააა“ - გაიმეორა თეატრალურად - მე კომპიუტერების ენა მესმის და არა შერეკილი ფსიქოპატების!
- ელ, - კიტა ფეხზე წამოდგა და გოგონას გვერდით მიუჯდა - რა ხდება?
- რაღაც მნიშვნელოვანი გამომრჩა, კიტა. - შუკვანს შეხედა აფორიაქებულმა - რაღაც გამომრჩა. ეს დღეებია მოსვენება მაქვს დაკარგული.
- შევამჩნიე, - თბილი ხელისგული გაყინულ თითებზე დაადო - ღამეები ნორმალურად არ გძინავს. მე კი მოთმინებით ვიცდი, როდის გამანდობ, რაშია საქმე.
- რომეო... - თვალები გადაატრიალა ტაბატაძემ.
- სელიმს პოლონეთში რა უნდოდა? - გაიმეორა ელმა, თან მარცხენა ფეხს ათამაშებდა ნერვიულად - სეგის შესახებ არავინ არაფერი იცოდა ჩვენ გარდა.
თვალი მოავლო ბიჭებს.
- არავინ იცოდა, მისი ნამდვილი ვინაობის შესახებ. მონარქის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სამიზნე კი ზუსტად იმ ქვეყანაში ხვდება, სადაც მონადირე იმყოფება. არ იცოდა, რომ სცოდნოდა, სათოფეზე არ გაეკარებოდა. რატომ მოაკვლევინებდა თავს?!
- იქნებ, შემთხვევით მოხდა? უბრალოდ დაემთხვა, - მხრები აიჩეჩა დასერიოზულებულმა ტაბატაძემ - ელ, არ არის აუცილებელი ყველაფერი საათის სიზუსტით მოძრაობდეს და ყველა მოვლენას სპეციალური ახსნა ჰქონდეს. ადამიანები ვართ. ცხოვრებაა, დამთხვევები ხდება. ბებერ სელიმს, უბრალოდ არ გაუმართლა. რასაც სეგიზე ვერ ვიტყვით. იმდენი ხანი ეძებდა სოროში მიმალულს, თვალი რომ მოკრა ნერწყვი მოადგა.
- და მეც მანდ ვარ! - წამოენთო სავანელი - ეს შენ დამთხვევად მიგაჩნია? ტიპი ამდენი ხანია სოროებს დაეძებს, დასამალად და უცებ, ჰოი საოცრებავ, ზუსტად იმ ადგილას ხვდება, სადაც ორ დღეში სულს აფრთხობინებენ?
- ფიქრობ, ვინმემ ხელი შეუწყო ფაქტების შესაბამისი პრინციპით დალაგებას? - მიუხვდა კიტა. საბაც წამოიწია.
- და არა? - წარბები აზიდა - მომხდარი არანაირ ლოგიკაში არ ჯდება! აქ რაღაც რიგზე ვერ არის. ვიღაცამ ლანგრით მიართვა სელიმის თავი სეგის და ეს კეთილი გულით არ გაუკეთებია!
ფეხზე წამოიჭრა და საძინებელში გავარდა. ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს. ვერცერთმა ვერ მოასწრო ხმის ამოღება. სავანელი ისევ უკან დაბრუნდა დევდარიანის დღიურით ხელში. კიტამ ამოიოხრა.
- ელ, მაშინებ... - წამოიწყო - ხელიდან არ აგდებ წიგნაკს. საერთოდ, რა ჯანდაბად მოგცა?!
კიტამ, ბოლოს და ბოლოს გაიგო სიმართლე მონარქზე და ყველაზე რთულად სწორედ მან მიიღო დევდარიანის ორმაგი სახის ამბავი. ჯერაც ვერ ეპატიებინა მისთვის, რომ ელი ექვსი წლით ფსიქიატრიულში სწორედ მან გამოამწყვდია.
არაფრად დაგიდევდათ ფაქტს, რომ ეს სეგის იდეა სულაც არ ყოფილა. რომ სევერინმა დაიჟინა სავანელის ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე და ორივეს მხოლოდ დახმარება უნდოდა. მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა მიზეზებს, რომ ახსენდებოდა ექვსი წელი როგორ სიბნელესა და ტანჯვაში გაატარა, ფითილივით ეკიდებოდა ცეცხლი.
ელი ნერვიულად შლიდა ფურცლებს და ჩანაწერებში შესაბამის აბზაცს ეძებდა. ბოლოს მიაგნო და ტუჩების უხმო მოძრაობით კიდევ ერთხელ გადაიკითხა. ბოლოს თავი წამოსწია და ბიჭებს გადახედა.
- გსმენიათ რამე „დაჰუდის“ შესახებ?
- დაჰუდი? - გაიმეორა საბამ და ფიქრებში ჩაძირულს თვალები მოეწკურა - სეგიმ ახსენა რამდენჯერმე, მაგრამ ცოცხალი აღარ არის. მაშინ, როცა ფაშა... ხომ ხვდები...
აღარ დაასრულა. არც ერთ მათგანს არ შეეძლო ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი. მონარქის აგრესია და შურისძიების წყურვილი მაშინ ზენიტს აღწევდა. იცოდნენ როგორი სასაკლაო მოაწყო სეგიმ ფაშას უზარმაზარ სახლში. ელს კი დეტალები არ გაუმხილა. უთხრა ბევრი იყვნენ და სასმელის მოწამვლა მომიწია, რომ ყველას გავმკლავებოდიო.
- დარწმუნებული ხარ? დაჰუდიც იქ იყო? სეგიმ ასე გითხრა?
- ეგ არ უთქვამს, - მთლად აირია საბა - დაჰუდი ფაშას უახლოეს წრეს ეკუთვნოდა. იმ ღამეს კი მუსტაფამ სეგისთვის დაბადების დღის წვეულება გამართა. ყველა იქ იყო და ეგ არ იქნებოდა?
- მაგრამ დაჰუდს სეგის ატანა არ ჰქონდა! რატომ დაესწრებოდა, მისთვის გამართულ წვეულებას?
- ა? - თვალები აახამხამა ტაბატაძემ - შენ საიდან იცი?
ელმა უსიტყვოდ დააგდო დღიური შესაბამის გვერდზე და თითით ანიშნა ბიჭებს რაზე საუბრობდა. სამი თავი გაცვეთილი დღიურისკენ მოიხარა:
„01.3285
დაჰუდი უცნაური თვალებით მიყურებს. ნუთუ, ხვდება რას ვაპირებ? ბუჩქებში ჩასაფრებულ ნადირს მაგონებს, რომელიც არავინ იცის, როდის გადავა შტევაზე. ჩემზე ეჭვიანობს. ნერვები ეშლება, რომ ფაშა ყურადღებას არ აქცევს. ჩემსავით ოჯახს მოპარული ცხვარია. ჩვენ შორის განსხვავება კი ისაა, რომ პათოლოგიური ოჯახიდან მოიტაცეს. დღემდე არ ვიცი, ფაშას ემადლიერება, თუ ჩემსავით სძულს. ნადირობა მისი საყვარელი გასართობია. დაჭრილ ცხოველებს სიამოვნებით უსვამს ყელში დანას. ნამდვილი ფისოქოპატი იზრდება, ნამცეცა. როცა „წმენდის“ დრო მოვა, მისით დავიწყებ!“
საბამ პირველმა ასწია თავი წიგნაკიდან.
- ალბათ არ ფიქრობ, იმას რასაც მე... - სახეზე ფერი არ ედო.
- ფიქრობ ჯერ კიდევ ცოცხალია? - თვალები დაუმრგვალდა ტაბატაძესაც.
- და თუ ცოცხალი იყო აქამდე ხელი არ გაანძრია?
სამივე ჩააქრო თავისი სკეპტიკური ტონით შუკვანმა. არასოდეს არაფერს მარტივად არ იჯერებდა. ვერც გაამტყუნებდით. ასეთი ჰქონდა სამუშაო.
- კიტა! - ნერვები მოეშალა სავანელს - წაიკითხე რა წერია დღიურში? როდის ისწავლი დეტალებზე ყურადღების გამახვილებას? „ნადირობა უყვარდა“! „ნადირობა“! „ფსიქოპატი“! „ჩემზე ეჭვიანობს“!
- და აქ რა შუაშია სელიმი? - მთლად დაიბნა საბა.
- მართალი და პატიოსანი, - კითხვა მოუწონა ტაბატაძემ - „ადამს“, ნუ გვადებილებ. პირდაპირ თქვი, რა გიტრიალებს მაგ უცნაურად მოწყობილ ტვინში?!
- ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სელიმი ხორცსაკებ მანქანაში მოისროლეს. თათარს რომ სცოდნებოდა, პირდაპირ ლომის ხახაში მოუწევდა ჩახტომა პოლონეთს კი არა, მის ახლო-მახლო ტერიტორიას არ გაეკარებოდა. ვიღაცამ გამოგზავნა. ვიღაცამ სპეციალურად გამოგზავნა.
- ამ ლოგიკით გამოდის, რომ სელიმის მოკვლა უნდოდა, - ჩაერთო კიტა - რა შეუშლიდა ხელს, თვითონ არ გაესხმევინებინა ტვინი? ან სელიმის სიკვდილი რა ხეირს მისცემდა?
- ბოლოს და ბოლოს დასვი სწორი კითხვა, რამაც დაჰუდზე გამიყვანა, - შავი თვალები წამოენთო აღტკინებულს - კიტა, დაფიქრდი. ფაშასა და არეშიძეების ბიზნესი გაცამტვერდა. იმპერიისგან აღარაფერი დარჩა ნაკუწების გარდა. ყველა დაიჭირეს, ან სეგიმ გაუყენა სამარის კარს. მაშინ ისმის კითხვა: კახაძემ ვისთან წაიყვანა ნიცა? სხვაგან გადაიყვანა, რათა მიხეილს არაფერი გაეგო. შორს არ წაუყვანია, რახან ის ბორდელი სელიმს ეკუთვნოდა. მაგრამ ეკუთვნოდა კი რეალურად? შეიძლება მის სახელზე იყო ბიზნესი, მაგრამ სხვა მართავდა? არ დაფიქრებულხარ? ამ სხვას კი ძალიან მობეზრდა მეორე ხარისხოვან როლში ყოფნა და როცა შეხედა სიტუაცია სერიოზულად აირია, დრო იხელთა და სელიმი გზიდან ჩამოიშორა მონარქის ხელით. ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ჩრდილში მთელი ეს პერიოდი ჩუმად? ჩასაფრებული ნადირივით, რომელიც არავინ იცის როდის გადავა შეტევაზე? დაჰუდს სეგი ეჯავრებოდა. შურდა მისი. ეჭვიანობდა. მაგრამ ვერცერთი თქვენგანი ვერ მიმტკიცებს, რომ ის ცოცხალი აღარ არის. სეგი დღიურში წერს, რომ ნადირობაზე ჩემთან ერთად დაჰყავდაო. რა გამოდის? ფაშასთან ახლოს იყო? ისიც გატაცებული ბავშვია. მაგრამ ისიც „რჩეულების“ რიგში მოხვდა? თუმცა, არასოდეს აქცევდა იმდენ ყურადღებას, როგორც სეგის. აჩრდილი, მთელი თავისი ცხოვრება აჩრდილად დარჩა. დღიურში წერს: არც კი ვიცი, ფაშა სძულს, თუ ემადლიერებაო. პათოლოგიური ოჯახიდან გამოხსნა, მისთვის ალბათ შვება იქნებოდა, მაგრამ ნამდვიალდ? რომელი ჭკუათმყოფელი იქნებოდა კმაყოფილი დილეგში დამწყვდევით?
- ფიქრობ, დაჰუდი ცოცხალია და ბიზნესის ნარჩენების ხელში ჩაგდება უნდა? - ყურებს არ დაუჯერა ტაბატაძემ.
- კახაძემ მითხრა, რომ მიხეილისთვის ძირის გამოთხრას აპირებდა, ამიტომ წაიყვანა ნიცა სხვაგან. საიდან ჰქონდა ამხელა ამბიცია ერთ უბრალო პაიკს? საიდან გაბედავდა მოქმედებაზე გადასვლას, თუ ზურგს უკან შესაბამისი ძალა არ ეიმედებოდა? მარტო ვერასდროს გაბედავდა მიხეილთან დაპირისპირებას. სელიმი კი ასი წელი არ შეხედავდა სერიოზულად. მაგრამ გაიძვერა მელამ თუ სხვა გზა გამონახა და უშუალო კონტაქტი გააბა თათრების „შავ ცხვართან“, რომელიც ისევე გაურბოდა „ოჯახს“, როგორც კახაძე არეშიძეების კლანს, მაშინ ყველაფერი იდეალურად ლაგდება!
გაჩუმდა და გულაძგერებულმა ბიჭებს მოავლო თვალი. როგორც იქნა ფარულ ჭიას მიაგნო, რომელიც გულს ასე უღრნიდა. ის რაც ასე ყრუდ და შემაწუხებლად ხმაურობდა სულში დადუმდა, როგორც იქნა იყუჩა.
- რას მიყურებთ? - გაუკვირდა.
სამივე გამოშტერებული მისჩერებოდა სავანელს. ბოლოს საბამ კიტას გადახედა, იდაყვი მიარტყა ფერდში და თავით ანიშნა სავანელზე.
- ეს, სულ ასეთია?
- სულ. - თავი დაუქნია მძიმედ და მზერა ელზე გადაიტანა. - რას ვაპირებთ?
იკითხა მორჩილად, რადგან დარწმუნებული იყო, რომ სავანელი ტყუილად არ გაქაფულა.
- მილენა! - ფეხზე წამოიჭრა გაფითრებული - მილენასთან მივდივარ! სანამ სეგი არ დაბრუნდება, და არ დავაზუსტებ, რომ ის ქვეწარმავალი მიწაში ჩააწვინა, მილენას მარტო დატოვება არ შეიძლება!
თუმცა, სავანელის მოქმედება ამჯერად დაგვიანებული აღმოჩნდა. როცა თავქუდმოგლეჯილი ჩარბოდა კიბეებზე, უკან კი ბიჭები მოსდევდნენ ყვირილით: დაგვიცადეო, გულწასულ მილენას, მაღალი მამაკაცი უკვე მანქანაში ტენიდა.
თავზე ნაქსოვი ქუდი ეფარა, რაც ერთობ უცნაურ კონტრასტში მოდიოდა ტყავის ლაბადასთან. ჭროღა, მომწვანო-მოცისფრო, თვალები აუჩქარებლად მოავლო უბანს და მახვილი მზერა მოხუც ქალზე შეაჩერა. ეზოში ხის სკამზე ჩამომჯდარიყო და პირდაღებული მისჩერებოდა მამაკაცს.
ნირი არ უცვლია. ხმაურით დახურა მანქანის საბარგულის კარი. მოხუცი მთელი სხეულით შეკრთა და სახე მოეღრიცა შიშისგან. იფიქრა, რომ არასასურველ მოწმეს, უცნობი იქვე მიახრჩობდა. შუადღეს ძლივს გადასცილებოდა. მართალია, ბევრი ხალხი არ მოძრაობდა უბანში, მაგრამ მის კივილს ჯერ კიდევ შეეძლო არასასურველი ყურადღების მიქცევა.
თუმცა, მოხუცი იმდენად დაზაფრა ნანახმა ხმა ვერ ამოუშვა ყელიდან. უხმოდ დამანჭვოდა სახე და ხელებს თავზე იფარებდა თავდასაცავად.
დაჰუდმა მშვიდად შემოუარა შავ მერსედესს. კარი გამოაღო, მანქანაში ჩაჯდა და მალევე გაეცალა იქაურობას. მანქანა თვალს რომ მიეფარა მოხუცს ხელები უღონოდ ჩამოუცვივდა კალთაზე და ცრემლები ღვარად გადმოსცვივდა. შეშინებულს ათი წლის სიცოცხლე მოაკლდა.
ცრემლიან სახეს იწმენდდა შოკირებული, როცა თვალი შეასწრო როგორ შემოგრიალდა კიდევ ერთი მანქანა უბანში და საბურავების გამაყრუებელი წივილით დაამუხრუჭა სადარბაზოსთან.
სალონიდან ახალგაზრდა გოგონა და სამი მამაკაცი გადმოხტა. ხელი შემართა, რომ ყურადღება მიექცია, უნდოდა ეთქვა უკვე წაიყვანესო. საიდან იცოდა, რომ სწორედ იმ ქალს მოაკითხეს, რომელიც წამის წინ გაიტაცა ვიღაც არანორმალურმა? ვერ გეტყოდათ, მაგრამ ბებერი გული კარნახობდა, რომ არ ცდებოდა...
მიელნას გაუჩინარებიდან სამ საათში, როცა ესპანეთიდან დაბრუნებული თვითმფრინავი თბილისში დაეშვა, თხუთმეტ წუთში დევდარიანი გაუჩინარდა. სხირტლაძემ თვალი ვერ შეასწრო სად აორთქლდა მისი მეგობარი. როცა ტელეფონზე გამწარებული რეკავდა სამეგობროსთან განგაშის ასატეხად, მხოლოდ ის ახსოვდა, რომ სვანი ბოლოს ტელეფონს ამოწმებდა. ეგ იყო და ეგ. და-ძმა უშხვანების კვალი იმ წუთიდან დაიკარგა...


*******
უზარმაზარ მიტოვებულ შენობაში უდარდელი სტვენა ყრუ ექოდ ისმოდა ცარიელ დერეფნებში. საღებავაქერცლილი კედლები უნდილად ისხლეტდნენ ბგერებს, ერთმანეთს ერწყმოდნენ და შენობის თითოეულ კუთხე-კუნჭულში დაიძურწებოდნენ ცუდ ომენად, რომელიც კარგს არაფერს უქადდა სეგი დევდარიანს.
სვანი შლეგიანივით გარბოდა მოტყავებულ დერეფანში მეორე სართულისკენ. ლაბადის კალთები ისე უფრიალებდა, ნახევრად ჩაბნელებულ შენობაში უზარმაზარ ღამურას დამსგავსებოდა.
ვიღაც ისევ აგრძელებდა სტვენას. სეგი გულამოვარდნილი უახლოვდებოდა დანიშნულების ადგილს, საბოლოოდ კი ორფრთიანი კარი წიხლით შელეწა და ქოშინით შევარდა კარგად ნაცნობ დარბაზში.
წინ გადაშლილი სურათის ხილვისას ადგილზე გაქვავდა. მილენა სკამზე წებოვანი ლენტით დაეკოჭათ. პირაკრულს თავი მკერდზე ჩამოეგდო. დაჰუდი ცბიერი ტურასავით უვლიდა გარშემო და უდარდელად უსტვენდა. კარის შემოგლეჯის ხმაზე კი შემობრუნდა და გაუპარსავ სახეზე ცბიერმა ღიმილმა გადაურბინა.
- ააბიმ ! - ფართოდ გაშალა ხელები, - რამდენი დრო გავიდა!
- დაჰუდ!
დევდარიანს გული ამოვარდნაზე ჰქონდა. ნერვიული მზერით ჩხრეკდა მილენას სხეულს და გულდამძიმებული დაზიანებებს ეძებდა. საღსალამათი ჩანდა. ერთი ეგ იყო, თათარი უზარმაზარ, ბასპირიან დანას სახიფათოდ ახლოს უტრიაელბდა სახესთან, გულწასულს.
- ვაააი, ვაააი, ვაააი! - თავი გააქნია ღიმილით - ვიცოდი, რომ ეს დღეც დადგებოდა, მაგრამ ბოლომდე ვეჭვობდი, რომ გამბედაობა გეყოფოდა.
მამაკაცი თურქულად საუბრობდა. შემაძრწუნებელი და იმავდროულად სევდიანი იყო იმისა გააზრება, რომ ერთი ქართველის წინ მეორე ქართველი იდგა. ოდესღაც ბათუმიდან გატაცებული პატარა დავითი. თურქებმა „დაჰუდი“ უწოდეს და დედაენა წაართვეს. წლების შემდეგ კი, დევდარიანის მსგავსად სამშობლოს დაუბრუნდა, უკვე გათურქებული.
- დაჰუდ... - ერთი ნაბიჯი გადმოდგა წინ სვანმა - გოგოს შეეშვი. ის არაფერ შუაშია. ჩემთან გაქვს საქმე და ჩვენში გავარკვიოთ.
- თურქულად ილაპარაკე! - იყვირა ნერვებმოშლილმა.
- თამამ, თამამ - ხელები დანებების ნიშნად ასწა ოდნავ მაღლა და თურქულად გააგრძელა საუბარი - პრობლემა ჩემთან გაქვს, გოგო არაფერ შუაშია. ჩვენ შორის მოვაგვაროთ.
- ჰმმმ, - მძიმედ ამოისუნთქა გაღიზიანებულმა, ისევ წრეს უვლიდა მილენას - ვეუბნებოდი ფაშას. ვაფრთხილებდი, რაღაც აქვს ჩაფიქრებული-მეთქი, მაგრამ არ მომისმინა. იმდენად იყო მოხიბლული „ავი ძაღლით“, პირდაპირ თვალები უბრწყინავდა. ქუზუ აქეთ, ქუზუ იქით! ქუზუმ... ! ქუზუმ...! შეპყრობილი იყო შენით!
სისინებდა ღვარძლით დაბრმავებული. მილენას გარს უვლიდა და ბასრპირიანი დანის წვერს ცერით აწვალებდა. დევდარიანი გაფაციცებით ადევნებდა თვალს თითოეულ მის მოძრაობას. კარგად იცნობდა დაჰუდს. არანორმალური იყო. მისი ერთი უხეირო მცდელობა და მილენას სიცოცხლეს გამოასალმებდა. ამაზე ფიქრიც კი არ შეეძლო. ველურმა შიშმა შეუბორკა მთელი სხეული. საღად აზროვნება უჭირდა.
- ისინი მე დავხოცე, მე! - საჩვენებელი თითი მკერდზე მიიბჯინა - მათი სისხლი ჩემს ხელებზეა, გოგო არაფერ შუაშია. გაუშვი, დაჰუდ. შეწინააღმდეგებას არ ვაპირებ. მომკალი თუ გინდა. ხელს არ შემოგიბრუნებ, ოღონდ გოგო გაუშვი.
- მეცნობა... - მილენასკენ დაიხარა და ძაღლივით დაყნოსა თმაზე - სასიამოვნო სურნელი აქვს. შემთხვევით, ეს ის პატარა თოჯინა არ არის, გაქცევის მცდელობის დღეს ფანჯრიდან რომ ისროლე? შორიდან გიყურებდი, როგორ გააფთრებით იბრძოდი მისი სიცოცხლისთვის. ისე გცემეს სიკვდილის პირას მიგიყვანეს. შენთვის ძვირფასია, არა? ვინ არის? ოჯახის წევრი? ნათესავი? და?
ბოლო სიტყვა შემპარავად წარმოთქვა და დევდარიანს ბოროტად ახედა. სვანს პულსი აუჩქარდა. ვენებში სისხლი სინათლის სიჩქარით ამოძრავდა, ყურებმა წივილი იწყეს. საკუთარმა გულის ხმამ ლამის დააყრუა.
ამასობაში მილენაც შეირხა. დევდარიანმა უნებურად ერთი ნაბიჯი გადადგა მისკენ, მაგრამ დაჰუდმა დანა შემართა და გამაფრთხილებლად გააქნია თავი, უარყოფის ნიშნად.
მილენას ტკივილისგან სახე დაემანჭა. თავი უსკდებოდა. ბოლოს ის ახსოვდა, რომ ავალიანთან შესახვედრად მიიჩქაროდა. ბინიდან გამოდიოდა, როცა ვიღაც უკნიდან თავს დაესხა. ცხვირზე სველი ტილო ააფარეს, შემდეგ კი ყველაფერი სიბნელემ მოიცვა. შეშინებულმა თავი მაღლა ასწია და თავს წამდგარი დაჰუდი რომ შეამჩნია თვალები გაუფართოვდა. ფართხალი დაიწყო, მაგრამ სკამზე მჭიდროდ მიკოჭილმა თითის გატოკება ვერ შეძლო.
- მილენა.
დაუძახა დევდარიანმა. სარანგიძემ ფაფხური შეწყვიტა და უმალ ნაცნობი ხმის მიმართულებით მიიხედა. დევდარიანის დანახვამ შვება და სასოწარკვეთა მოჰგვარა ერთდროულად. თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა. რაღაცის თქმას ცდილობდა, მაგრამ პირზე აკრული ლენტი საშუალებას არ აძლევდა. კიდევ ერთხელ გაიბრძოლა გააფთრებულმა, მაგრამ ისევ უშედეგოდ, კინაღამ თავისი სკამიანა გადაბრუნდა.
- მილენა, შემომხედე, - აგრძელებდა დევდარიანი, ხმა საშინლად გაბზაროდა - ნუ გეშინია. მე მიყურე... აქედან უსაფრთხოდ გახვალ! გესმის?
- რა გულის ამაჩუყებელია!
წარმოთქვა დაჰუდმა დამტვრეული ქართულით. გაეცინა. გაუპარსავი ლოყა მოიქექა და ისევ თურქულად გააგრძელა საუბარი:
- არ ფიქრობ, რომ უსინდისობაა ისეთი პირობის მიცემა, რომელსაც ვერ შეასრულებ?!
- შენ მე გჭირდები. ყოველთვის მხოლოდ მე გჭირდებოდი. ხომ ასეა, დაჰუდ?
კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ. თათარი დაიძაბა და ისევ დანის წვერი შეახო სარანგიძის კულულს. ანერვიულებდა დევდარიანის თითოეული მოძრაობა, რადგან კარგად იცნობდა. საკმარისი იყო ყურადღება ოდნავ მოედუნებინა, რომ ყელში ეცემოდა.
მილენამ ფართხალი შეწყვიტა და მათ საუბარს ყური მიუგდო. უნივერსიტეტში დამატებით უცხო ენებად თურქული და რუსული ჰქონდა არჩეული. ამიტომ, მათი საუბრიდან ყველაფერი ესმოდა.
- აინენ , - დაეთანხმა თვალებანთებული - ყოველთვის თავი ისე გეჭირა, თითქოს სხვებზე უკეთესი იყავი! გმირი უშხვანი! თავნება უშხვანი! დაუმორჩილებელი უშხვანი და ბოლოს... დრამატული უშხვანი...
მოწყალებით გადახარა თავი გვერდით და გაფითრებულ დევდარინს დამცინავი მზერა შეავლო.
- როგორ ცდილობდა პატარა მოსაკნის გადარჩენას... - ცხვირზე ხელი წაივლო და გიჟური სიცილი აუტყდა - რა ერქვა? დანილო... დონ...
- დანიილ ქალდანი, !
ღრენად აღმოხდა სიტყვები უშხვანს. შეამჩნია, როგორ შეტოკდა სკამზე მილენა და დევდარიანს გაფართოებული თვალებით მიაჩერდა. როგორ არ უნდოდა, რომ ასეთ სიტუაციაში გაეგო სიმართე; როგორ არ უნდოდა, რომ მისი ასეთი სახე ენახა. პატარაობიდანვე ეშინოდა დევების. უაზარმაზარი დევების რომლებსაც გოგონების მოტაცება უყვარდათ. ზღაპრის კითხვისას, მკლავებში ემალებოდა ხოლმე უფროს ძმას. როგორ არ უნდოდა, რომ მასშიც ის დევი დაენახა, რომელსაც ასე უფრთხოდა ბავშვობაში.
- მართალია, - თავი დააქნია კმაყოფილმა - დანიილი. პატარა სვანი, რომელიც ქემალმა, პურის ნატეხის გამო, სიკვდილამდე სცემა. შემდეგ კი შენ შემოგიგდო საკანში, სანამ ჯერ კიდევ თბილია და ბუზი დააჯდა, მიირთვიო. გახსოვს? ოი, როგორ ეზიზღებოდი ქემალს. კი, ეშინოდა შენი, მაგრამ უფრო ეზიზღებოდი.
- შენ კი ეს ყველაფერი გართობდა, დავით ხომ ასეა?
- დაჰუდი! მე, დაჰუდი მქვია!
იღრიალა წყობიდანგამოსულმა. ემოციურად არასტაბილური ერთ წამს დენთის კასრივით ფეთქდებოდა, მეორე წამს კი მშვიდად და აუღელვებლად აგრძელებდა საუბარს. დევდარიანი ყურადღებით ათვალიერებდა მრავალი წლის უნახავ ძველ ნაცნობს და ხვდებოდა რომ არაფერი შეცვლილა. როცა ალესილი დანის წვერი შეშლილი სახით მიუტანა მილენას თვალთან, დევდარიანმა მაშინვე უკან დაიხია.
- მაპატიე, - წარმოთქვა სწრაფად - იყოს ისე, როგორც გინდა.
- იქნება, - შეუსწორა და წარბები მაღლა ასწია, ხელი დაუშვა და მილენასაც დაჭიმული სხეული მოუდუნდა - ყველაფერი ზუსტად ისე იქნება, როგორც დავგეგმე. ხომ იცი, როგორ მიყვარს ნადირობა...
- ავადმყოფი ხარ! - თავი ვერ შეიკავა დევდარიანმა. ღვარძლით დასცდა სიტყვები - დანიილ ქალდანს შენ გამოჭერი ყელი. იმ ღამეს, როცა პოლიცია თავს დაეცა სარდაფს... დრო იხელთე და ბავშვი მოკალი! რისთვის, რა დაგიშავა?!
- იმიტომ, რომ მისი გათავისუფლება გინდოდა! - წაისისინა თვალებგადმოკარკლულმა - ბედის ირონიაა, არა? სიკვდილს იმისთვის გადაურჩა რომ მომკვდარიყო! საკანში რომ შემოგიგდეს მკვდარი გეგონა. იმდენად დაგაფრთხო ბავშვის სხეულმა, ახლოს მიკარება ვერ გაბედე, სანამ ქემალმა არ გაიძულა „გვამი“ წელზე მოგეკიდებინა და მასთან ერთად გამოქცეულიყავი. ხედავდა, როგორ გეშინოდა შეხების და უნდოდა მაზოლზე წიხლი დაეჭირა. თორემ სხეულის თან წაღებას არც გეგმავდა, იქვე ეზოში აპირებდა მოშორებას. მაგრამ როცა ბავშვი ხელში აიტაცე, იგრძნი, რომ ჯერ კიდევ ფეთქავდა მისი პატარა გული. პულსი იგრძენი, უშხვანო. ხომ ასეა? ამიტომ ეფარებოდი საკუთარი სხეულით, როცა მიწაზე მიგდებულს იარაღს უმიზნებდა! ფაშამ ააჩქარა და ყურადღება გაუფანტა. ქეჩოში ჩაგავლო ხელი და თან წაგათრია. ბავშვის „გვამი“ კი ეზოში მიაგდო. შენი გაიძვერული გეგმა მართლაც იმუშავებდა, რომ არა...
- ჩემს უკან მორბოდი! - დევდარიანს თვალებში ცრემლი ედგა - დავინახე როგორ გამოჭერი ყელი ბიჭს ჟანგიანი ლითონით. თვალებში მიყურებდი და იცინოდი.
დაჰუდს სახე გაებადრა. თითქოს თავისის ცხოვრების საამაყო მომენტი გაახსენესო. ერთიანად გაუნათდა თვალები.
- სასაცილო იცი რა იყო, ვეფხვო? - თვალები გააკვესა - როცა თავი ისე გეჭირა, თითქოს ამას შენზე არ უმოქმედია. თითქოს, საერთოდ არ გაინტერესებდა იმ ღამეს მომხდარი. მოგვიანებით კი, ხალხის ხოცვა ოცდახუთი ჭრილობით დაიწყე. ამდენჯერ არ დაირტყა მათრახი იმ ლაწირაკმა ბეჭებზე? - ახითხითდა - ყოველ დღე ველოდებოდი, რომ თავს დამესხმებოდი, რომ შეტევაზე გადმოხვიდოდი, მაგრამ არა. ჩუმად იყავი. და მიკვირდა შენი დუმილი. მაფიქრებდა. ვგრძნობდი, რომ რაღაცას გეგმავდი. მხოლოდ ფაშას სიკვდილის შემდეგ დავრწმუნდი, რომ მთელი ეს დრო მართლა მოთმინებით იცდიდი. შესაფერის მომენტს ელოდი, ყველასთვის ყელი გამოგეჭრა. მამაჩვენი კი შენით აღფრთოვანებული იყო, უყვარდი კიდეც.
- რას ბოდავ?
ყურებს არ უჯერებდა დევდარიანი, წამით მილენაც კი გადაავიწყდა, რომელიც უკვე ხვდებოდა ვინ იდგა მის წინ და დევდარიანს შიშით მისჩერებოდა.
- მამაჩვენი? - ზიზღით გაიმეორა დევდარიანმა - იმ ბინძურ, ნაბიჭვარ თათარს მამას ეძახი? რომელსაც დილეგში ჰყავდი ძაღლივით დამწვდეული და მათრახს მათრახზე გირტყამდა, მას უწოდებ მამას? საკუთარ თავს უსმენ?
- ბაბამი ოლდურდიუნ, ბაბამი! - მჯიღი მიირტყა მკერდზე - შენთვის არასოდეს ჰქონდა მნიშვნელობა მის მოწყალებას. ყოველთვის უმადური ძაღლი იყავი. არაფრად აგდებდი იმ ფაქტს, რომ ყველაფერი მოგცა, თვალდახუჭული გენდო და ამაყობდა შენით! ჩემზე მეტს ყურადღებას შენ გაქცევდა, თითოეულ ნაბიჯზე ქებით აჰყავდი ცაში. მე კი, რაც არ უნდა გამეკეთებინა, რუხ ვირთხად ვრჩებოდი, რომელიც მზად იყო უკანასკნელი ეკადრა, ოღონდაც მისი აღიარება დამემსახურებინა. მიყვარდა, მის გარდა არავინ მყავდა. ჩემს ოჯახს არასდროს ვადარდებდი. მუსტაფამ კი შვილად მიმიღო. ყველაფერი მომცა. შენ კი ის წამართვი და შენი საყვარელი „სამშობლოსკენ“ გაიქეცი. შორიდან ვუყურებდი როგორ ანადგურებდი მამას ბიზნესს. მოთმინებით ვიცდიდი, როდის მიაღწევდი მწვერვალს, მერე კი მოგაკითხავდი. ვიცოდი, რატომაც გაიქეცი საქართველოში. ამ ლამაზმანის გამო.
მილენას თმაზე გადაუსვა ხელი. სარანგიძეს ზიზღით აფართხალდა და თავი გასწია, რომ არ შეხებოდნენ.
- ყოველ ღამე მასზე გაბოდებდა. ელისაბედ... ელისაბედ... - გამოაჯავრა გაწვრილებული ხმით - გიპოვი, ელისაბედ... და მართლაც იპოვე. ქების ღირსი ხარ, უშხვანო. პატარა დაიკო, იპოვე.
მილენას თვალები გაუფართოვდა. სეგი მიელნას მისჩერებოდა და სახეზე ეული ცრემლი მოხოხავდა.
- მილენა... - წარმოთქვა გაჭირვებით, ხმა საშინლად ჩახლეჩოდა, სარანგიძემ ნერვიულად აახამხამა თვალები.
- სახელი შეიცვალა? - იკითხა დამცინავად - მე ელისაბედი უფრო მომწონდა. ყოველ ღამე მისი სახელი მესმოდა დილეგში დაძინებისას. რაღაც მხრივ მივეჩვიე კიდეც.
ხელთათმნიანი ხელი ისევ თავზე გადაუსვა ქალს. დევდარიანს სისხლმა აასხა თავში.
- ხელები მოაშორე!
იღრიალა დამშეული მხეცივით და რამდენიმე ნაბიჯით წაიწია წინ, მაგრამ მაშინვე შედგა, როცა დაჰუდმა ბასრი დანის პირით მილენას ნიკაპში ამოსდო და თავი ააწევინა.
- ერთი ნაბიჯიც, უშხვანო და ყელს გამოვჭრი. იცი რომ ეს საქმე ჩემი სპეციალობაა.
დევდარიანმა კბილები გააღრჭიალა, მაგრამ წინ წასვლა ვეღარ გაბედა. სასოწარკვეთას ჭკუიდან გადაჰყავდა. ოცნებოდა შანსი მისცემოდა და დაჰუდს ადგილზე გაბრდღვნიდა.
- მიდი, მოუყევი შენს დაიკოს, რა მოუვიდათ თქვენს მშობლებს. უამბე, როგორ გაგიტაცეს ჩემთან ერთად და როგორ იხსენი მისი უბადრუკი სიცოცხლე სწორედ ამ შენობაში, როცა ფანჯრიდან მოისროლე. შემდეგ კი დიად მონარქად იქეცი! შენი მარჩენალი გამოიყენე. ძაღლივით მიაკალი და გამარჯვებული კაცის სტატუსით დაუბრუნდი სამშობლოს, სადაც სისხლიანი შურისძიება განაგრძე. ყველაფერი უთხარი... უთხარი, როგორ ტრიალებდი მის გარშემო, რომ ვინმეს ცივი ნიავი არ მიეკარებინა შენი საყვარელი დაიკოსთვის. მოუყევი, როგორ ანადგურებდი ბავშვებით მოვაჭრეების ქსელს. სახალისო იქნება მორიგი დრამის ყურება. ამდენი წელი ვუცდიდი ამ მომენტს. დამიფასეთ მოთმინება.
დაჰუდს წარმოდგენაც არ ჰქონდა რომ მილენას მისი ყოველი სიტყვა ესმოდა და სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ ღაპაღუპით სცვიოდა ცრემლები თვალებიდან. დიდი ხნის დაკარგულ ძმას თვალს ვერ აშორებდა და გული ათას ნაწილად ეხლიჩებოდა.
კოშმარები, რომლებიც ასე ხშირად ტანჯავდნენ ღამღამობით; სცენები, რომელსაც ვერაფრით ხსნიდა, ვერც თვითონ და ვერც მისი ფსიქოლოგი, სინამდვილეში მივიწყებული წარსული აღმოჩნდა.
ექოდ ჩაესმა ყურებში ქალის კივილი და მამაკაცის ველური ქშენა... პატარა ბიჭი კი თავისკენ ექაჩებოდა. ენა ებმოდა, საუბარი უჭირდა. გატეხილი თავიდან სისხლი მოჟონავდა, მაგრამ მაინც ებუტბუტებოდა - არ უყუროო!
რას წარმოიდგენდა, რომ ის პატარა ბიჭი მისი ძმა აღმოჩნდებოდა? ძმა, რომელიც სასოწარკვეთით ცდილობდა საზარელ სურათს მოეშორებინა? საცოდავი ფეხზე ადგომას ვერც კი ახერხებდა, რადგან თათრებმა ტვინის შერყევა დამართეს. არ იცოდა... ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ ეს იყო მიზეზი არითმიის, რომელიც ზრდასრულ ასაკშიც ასე ხშირად ახსენებდა თავს.
„გი!“
ექოდ დაირხა სარანგიძის გონებაში პატარა გოგონას მხიარული წამოძახილი. „სეგი“ გაიმეორა უკვე ზრდასრულმა ფიქრებში და და-ძმის მზერა ერთმანეთს შეხვდა. გულის ერთ დარტყმაში, თვალის ერთ დახამხამებაში, მიწაში ღრმად ნამარხი წარსული ორის წინ გაცოცხლდა.
დევდარიანს სახე ტკივილისგან მოეღრიცა, როცა მიელნას თვალებში ამოიკითხა, რომ მოსაყოლი აღარაფერი დარჩა.
სვანის სახეზე ცრემლები მოხოხავდნენ. მილენა აღარ უყურებდა დევდარიანს როგორც მეგობარს, არამედ ადამიანს, რომელშიც დაკარგული ძმის კვალს ეძებდა.
- რას გაჩუმებულხარ? - წაისისინა დაჰუდმა გესლიანად - ილაპარაკე, უშხვანო! ესღა დაგრჩენია. დრო გაწელე. შენსავით ცივსისხლიანი მონსტრი არ ვარ, დიდი ხნის ნანატრ დასთან, სიკვდილამდე, საუბარი არ გაცალო.
დევდარიანმა მზერა მილენაზე გადაიტანა. გამომშრალი ტუჩები მოილოკა და საუბარი დაიწყო:
- იყო და არა იყო, რა. ერთ დიდ და მშვიდ სამეფოში ბრძენი მეფე ცხოვრობდა. მას ჰყავდა სამი ქალიშვილი - უფროსი, გონიერი, შუათანა, მშვიდი და კეთილი, ხოლო უმცროსი - ყველაზე ცნობისმოყვარე და გულადი. სამივე ისეთი ლამაზი იყო, რომ მზეც კი უფრო თბილად ანათებდა მათ დანახვაზე...
- რას ბოდიალობ, უშხვანო? - წარბი შეიკრა დაჰუდმა.
დევდარიანს მზერა შეცვლოდა. მტკიცედ უყურებდა მილენას თვალებში და თხრობას აგრძელებდა:
- მეფეს ძალიან უყვარდა თავისი შვილები, მაგრამ ერთი რამ აშინებდა: სამეფოს საზღვართან, მაღალ მთებს იქით, დევები ცხოვრობდნენ, რომელთაც ადამიანების მოტაცება ჩვევად ჰქონდათ ქცეული. ამიტომ მეფე მუდამ აფრთხილებდა ქალიშვილებს, ბაღში შორს არ წასულიყვნენ.
- გამოშტერდი? - დაჰუდი ისე განცვიფრდა, მილენას ცხვირწინ დანის ტრიალსაც კი მოეშვა და წარბშეკრულმა ერთი ნაბიჯი დევდარიანის მიმართულებით გადადგა - რას ხლართავ, უშხვანო?
- ერთ ღამეს, როცა სამივე ქალიშვილი ბაღში გავიდა, შორეული მთიდან სამი ბოროტი დევი ჩამოვიდა. თითოეულმა მათგანმა ერთი გოგონა გაიტაცა და სამ მთაზე, სამ ციხეში გამოკეტა. დილით მეფემ რომ გაიგო, რა მოხდა, დიდად დამწუხრდა და გამოაცხადა: ვინც ჩემს ქალიშვილებს იპოვის და სახლში დააბრუნებს, ნახევარ სამეფოს ვაჩუქებო.
ცივად სცრიდა ყოველ სიტყვას კბილებში. მთელი სხეული ციებიანივით უკანკალებდა. სახეზე ცივი ცრემლები მოხოხავდნენ. დაბნეულ დაჰუდს უფრო და უფრო გვერდით გადაჰქონდა კისერი. საფრთხის მოახლოებას გრძნობდა, მაგრამ ვერავფრით ხვდებოდა, საიდან.
- ახლავე შეწყვიტე! - იყვირა გაცოფებულმა - ახლავე შეწყვიტე, ბოდიალი!
- მილენა, ახლა!
იღრიალა დაჭრილი მხეცივით. სარანგიძე სწორედ ამ ნიშნას ელოდა. თავის სკამიანა წამოიწია და მთელი სხეულით უბიძგა თათარს. დაჰუდი მოულოდნელობისგან წაბორძიკდა და დანა ხელიდან გაუვარდა. სანამ აზრზე მოსვლას მოასწრებდა, დევდარიანი უკვე მის კისერთან სუნთქავდა. ხელში დანა ეკავა. თათარს საკინძეში სწვდა და უყოყმანოდ გაუყარა ბასრი ლითონი კისერში.
- „ცხრა მთას იქით გიპოვი, ნამცეცა! სადაც არ უნდა იყო, გიპოვი და სახლში დაგაბრუნებ!“ - ყურში წასჩურჩულა ახროტინებულ მამაკაცსს - ასე მთავრდება ეს ზღაპარი, ნა’ბიჭვარო!
დაჰუდი, ყელშიდანაგაჩრილი და თვალებგადმოკარკლული უსულოდ დაეცა იატაკს. სწორედ ამ დროს დარბაზში აქოშინებული ოთხეული შემოვარდა. ელი, საბა, კიტა და გიორგი ტაბატაძე გულამოვარდნილები ქაქანებდნენ. ელმა უსულოდ მგდებ თათარს, რომ მოჰკრა თვალი მუხლებს დაეყრდნო და ამოიქაქანა:
- არ გითხარით?... - თავით ანიშნა თათრისკენ, რომლის თვალებშიც სიცოცხლე ჩამქრალიყო - ხომ გითხარით ცოცხალია-მეთქი? ვაიმე, ვეღარ ვსუნთქავ.
ფერდზე მიიჭირა მარჯვენა. ხელი ჩაიქნია და სულის მოსაბრუნებლად შეტრიალდა. დანარჩენები მაშინვე დევდარიანსა და მილენას მისცვივდნენ. სეგის უკვე მოესწრო სარანგიძის გათავისუფლება. კბილებით უძიძგნიდა წებოვანი ლენტით შეკრულ სხეულს. ბოლოს პირიდანაც მოხსნა სახვევი და ატირებულს თვალებში ჩახედა.
- კარგად ხარ? რამე ხომ არ გატკინა? - ხმა გაბზაროდა გულმოკულს. თან შიშით უყურებდა დას თვალებში.
- სეგი...
ესღა ამოიტირა შეშინებულმა და გულში ჩაეკრა ძმას. ტაბატაძე რომ დარწმუნდა არავის არაფერი დაშავებია, მკვდარ თათარს წამოადგა თავზე დოინჯშემორტყმული.
- ამას რაღა ვუყოთ?
შეკრებილებმა მზერა ტაბატაძეზე გადაიტანეს. შემდეგ კი ყველამ განზე გაიხედა.
- ეი, ნუ, ვკითხულობ, ამას რაღა ვუყოთ-მეთქი?...


აბიმ - ჩემო უფროსო ძმაო.
თამამ - კარგი, თანახმა ვარ.
ქუზუ - ბატკანი.
ქუზუმ - ჩემო ბატკანო (მოფერებით მიმართავენ)
აინენ - ასეა, სწორია, მართალია
ბაბამი ოლდურდიუნ, ბაბამი! - მამაჩემი მოკალი, მამაჩემი.


******
მოგვიანებით, როცა თათრის გვამი პოლიციამ წაიღო პროზექტურაში, მილენამ გატაცების შესახებ მისცა ჩვენება. რასაც: მიტოვებული შენობა, ქალის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და ნაკუწებად ქცეული წებოვანი ლენტი, მხოლოდ ადასტურებდა. ბონუსად ოთხი მოწმეც დაემატა, რომლებმაც განაცხადეს მიშველება ვერ მოვასწარით, დევდარიანს რომ დანა არ დაერტყა ორივეს მოკლავდაო. დაჰუდის საქმის გამოძიებით დიდად არავის შეუწუხებია თავი, მაშინ როცა შემთხვევის მთავარი მონაწილი თავად დევდარიანი გახლდათ.
ხანგრძლივი, დამღლელი დღის შემდეგ, ყველანი კიტა შუკვანის ბინაში შეკრებილიყვნენ და ყველაფერზე საუბრობდნენ მომხდარის გარდა. დევდარიანი მეგობრებთან თავს ისე გრძნობდა, როგორც თეთრი ყვავი თანამოძმეებს შორის. მილენასთან საუბარს აჯანჯლებდა. არც სარანგიძე იჩენდა ინიციატივას. კანდელაკთან ერთად მისაღები ოთახის კუთხეში განმარტოებულიყო და გოგონას ჩახუტებული თავს იმძინარებდა.
ელმა დევდარიანის ნატანჯი მზერა დაიჭირა და თავით ანიშნა აივანზე, გარეთ გავიდეთო. გულზე მოეშვა სვანს, რომ ხალხისგან თავის გარიდების შანსი მიეცა. მთელი საღამო რეზი სხირტლაძე ირიბად კბენდა: რომ მიეთრეოდი, მარტო სად მიეთრეოდიო?!
- ჰაერზე გამოსვლა არ გაწყენს. სადაცაა კლაუსტროფობია დაგეწყება.
- გმადლობ, - ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა დევდარიანს - ხალხმრავლობა არ მიყვარს, მაგრამ...
- ...მაგრამ მილენასთან ყოფნა და საუბარი გინდა. ის კი, ამისთვის ჯერ მზად არ არის.
- მიყვარს შენთან საუბარი, - თავზე გადაუსვა ხელი გოგონას - უსიტყვოდ მიხვდები ხოლმე სათქმელს.
- მარტო სათქმელს? - წარბები მაღლა გაექცა.
- ასეთ წვრილმანებს აღარ გეკითხები, ხომ ხედავ? სისულელეა ჩაგეძიო, საიდან იცოდი სად უნდა გეძებნეთ. - გაეცინა.
- დღიური ყველა საჭირო კითხვას სცემდა პასუხს. გარდა ამისა ბევრი რამ მიამბე. დაჰუდი ფსიქოპატი იყო. ფსიქოპატებს კი სიმბოლურობა უყვართ. მარტივი მისახვედრი იყო, სად უნდა მეძებნე.
- როგორც ორიგამის პეპელა? - შემპარავად გახედა ელს.
როგორც იქნა მიადგნენ მთავარ თემას, რაც ასე აწუხებდა დევდარიანს და ხმამაღლა გამხელა ვერ გაბედა. თავად ელთანაც კი არ ყოფილა გულწრფელი, მაგრამ სავანელს მისგან თქმა არ სჭირდებოდა. ისედაც ხვდებოდა რა კაეშანი ტრიალებდა უფროსი მეგობრის გულში.
- სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც მილენას გაურბოდი ბოლო კვირეები, - წარბშეკრულმა გახედა ჩაბნელებულ ჰორიზონტს. - მაგრამ არ ხარ მართალი. სამართალი ხანდახან არ არის ისეთი ლოიალური, რომ ყველა ციხის გისოსებს მიღმა გაუშვას, სეგი. ხშირად ადამიანები ისეთ საშინელებებს სჩადიან, რომ ცხოვრებაც არ ზოგავს, როცა ამის დრო მოდის. მესმის შენი, ვხვდები რას განიცდი, და გეუბნები, რომ არ ხარ მართალი. სამყაროს დაუწერელი წესები და პრინციპები მართავს. მიუხედავად იმისა, რომ ამას ხშირად ვერ ვხედავთ და ვერ ვამჩნევთ, დგება დღე და ვგრძნობთ, რომ ჩვენ მიერ გაკეთებული არჩევანი ჩვენივე მსაჯული ხდება. მთელი ცხოვრება მოპარული ფიგურები ვიყავით, სეგი. მსხვერპლი თავს დამნაშავედ არ უნდა გრძნობდეს, როცა მწამებელს ხელს უბრუნებს. რაც თავი მახსოვს, ამას ვუმეორებდი დედაჩემს, მაგრამ ვერ შევაგნებინე, სანამ მამაჩემმა სიკვდილის პირას არ მიიყვანა. ასე რომ, ამას წიგნებიდან ამოკითხული ფილოსოფიით არ გეუბნები. ვამბობ იმას, რაც ცხოვრებამ თავად მასწავლა. გადახედე შიგნით ოთახში მყოფთ და დაითვალე, რამდენ მათგანს უდგას პირში სული შენი წყალობით?
დევდარიანი თვალებში უყურებდა სავანელს. ნახშირივით შავ სფეროებს ჩასჩერებოდა სიღრმეებში და საკუთარ თავს მადლობას უხდიდა იმ ადამიანური ინსტიქტის გამოვლინებისთვის, როცა მასთან ერთად გადაეშვა ატალახებულ მტკვარში და გოგონას სიკვდილის უფლება არ მისცა.
- შენთვისაც არსებობს იმედი.
გაუღიმა და თავით ადამიანის სილუეტზე ანიშნა, რომელიც მათკენ მოემართებოდა. აივანზე მილენა გამოვიდა და ორს უხერხულად შეხედა. სავანელმა დევდარიანს თვალი ჩაუკრა და წყვილი მარტო დატოვა.
როცა ზურგს უკან კარს იხურავდა, რათა ეს ორი არავის შეეწუხებინა, დაინახა როგორ ეკვროდა და-ძმა გულში ერთმანეთს. დევდარიანს სახე სარანგიძის თმაში ჩაემალა და გულწრფელად, მამაკაცურად ტიროდა...
- ოეეეე! - გამოსძახა ტაბატაძემ. კეფაში ისევ მიწისთხილის ნახევარი მოხვდა - „ადამს“, ამდენი წელია გეკითხები და მაინც არ მპასუხობ. გაფიცებ, რამდენი გაქვს აიქიუ?
ყველას სიცილი აუტყდა. შუკვანმა კი ბალიში გაუქანა სახეში ახითხითებულ მეგობარს. სავანელმა კიტას გვერდით დაიკავა ადგილი და სწრაფად აკოცა ბაგეებზე.
- მოეშვი, რომეოს და პასუხი გამეცი, - ხვიხვინებდა თვალზეცრემლმომდგარი - აგარაკის ჩანაწერს მთელმა განყოფილებამ სამჯერ მოუსმინა, რომ შენი ლაპარაკიდან აზრი გამოეტანათ.
იხეოდა სიცილით. სავანელმა შავი შოკოლადის ნატეხი კბილებს შორის მოიქცია და მცირე ნაწილი მოაციცქნა. ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა. ტაბატაძის კითხვა ისევ უპასუხოდ დარჩა...

დასასრული.



პ.ს. მოკლედ, დავასრულეთ ჩიხი და მე პირადად ემოციებისგან დაცლილად ვგრძნობ თავს. ჩემი მთელი გული და სული ჩავდე ნაწარმოებში, ძალიან ვცდილობდი კარგად გადმომეცა ჩემი ხედვა წამოჭრილ თემასთან დაკავშირებით, რაც საფუძვლად დაედო ჩიხს <3 არ ვიცი მკითხველო შენამდე ეს როგორ მოვიტანე, მაგრამ მე საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ, ალბათ პირველად ცხოვრებაში. ნაწარმოებს ვუძღვნი ყველა იმ "მოპარულ ფიგურას", რომელიც ოდესღაც საქართველოდან მოიტაცეს და შინ აღარასდროს ღირსებიათ დაბრუნება. მძიმე იყო ისტორიების მოსმენა, რომელსაც ძველი თაობის ხალხისგან ვაგროვებდი და კიდევ უფრო გამიჭირდა ამაზე მუშაობა. ტექსტი ძალიან რომ არ დამეთრგუნა და თავი ცუდად არ გეგრძნოთ ხანდახან იომურს ვურევდი. ყველა ჩვენგანს სჭირდება ხანდახან შეჩერება და ღრმად ამოსუნთქვაა, არა? <3 ძალიან ბევრი რამის თქმა მინდოდა ამ ნაწარმოებით, აი ძალიან ბევრის. აქ რომ გავშალო ეს თემა ალბათ ნაწარმოებს აღარ ამატვირთინებს იმხელა გამოვა <3 ვფიქრობ "მოპარულმა ფიგურებმა" სათანადოდ გადმოსცეს ჩემი ემოციებიც და დამოკიდებულებაც. ბოლოს დასასრული ასეთი იმიტომ ჰქონდა, რომ მინდა გითხრათ ყოველთვის არსებობს იმედი <3 და ყოველთვის აქვს აზრი ბრძოლას, მეგობრებო. დარწმუნებული ვარ ნაწარმოებს ბევრი აარიდებს თვალს რადგან არ არის სასიყვარულო თემაზე აგებული, ბევრს ურჩევნია რეალობას გაერიდოს, მაგრამ გაქცევა გამოსავალი არ არის <3 არც დავიწყებაა სწორი არჩევანი <3 ნაწარმოების გმირები ასე რომ მოქცეულიყვნენ დამიჯერეთ დასასრული ასეთი "ჰეფიენდით" არ დამთავრდებოდა და არც თქვენ ამოისუნთქებდით შვებით <3 საკმარისი ვილაპარაკე <3 წარმატებებს გისურვებთ ცხოვრებაში. ცოტა სევდიან ნუტაზე გემშვიდობებით დროებით, რადგან ჩემი დამჯდარი "ელემენტები" დასვენებას მოითხოვენ <3 მალე დაგიბრუნდებით რამე ახალით და კარგით <3 თავს გაუფრთხილდით და იმედი არასდროს დაკარგოთ <3 ამის მოსმენა, ხანდახან ისე გვჭირდება როგორც არაფრის...
სიყვარულით და დიდი პატივისცემით, თქვენი პაზლების ქურდი <3












სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent