ელენა (5)
ტაქსის ფანჯრიდან ქალაქს ვუყურებდი და ვცდილობდი, იმაზე არ მეფიქრა, რაც უკან დავტოვე.
ანდროს სახლი უკვე აღარ ჩანდა, მაგრამ მისი სახე მაინც თვალწინ მედგა. განსაკუთრებით ის მომენტი, როცა კართან ვიდექით და ერთმანეთს ვემშვიდობებოდით. რამდენიმე წამით მომეჩვენა, რომ რაღაცის თქმა უნდოდა. თითქოს შეეძლო, გავეჩერებინე, ეთქვა, რომ არ უნდოდა ჩემი წასვლა, ან უბრალოდ ეკითხა, კიდევ შევხვდებოდით თუ არა. მაგრამ არაფერი უთქვამს. და მე აღარ დავრჩენილვარ იმის მოლოდინში, რომ ოდესმე იტყოდა. — ისევ მასზე ფიქრობ? — მკითხა რატიმ. ფიქრებიდან გამოვერკვიე. — ვისზე? რატიმ ისე შემომხედა, თითქოს ახლახან ყველაზე სულელური კითხვა დამესვა. — ელენა, ჩემო ძვირფასო, მე შეიძლება ზოგჯერ ადამიანების სახელები მავიწყდებოდეს, მაგრამ შენი სახის გამომეტყველება უკვე ზეპირად ვიცი. როცა ასე იყურები, ან ძალიან გშია, ან ვიღაცამ გული გატკინა. ამჯერად კრუასანი ვერ გიშველის. ჩამეღიმა. — იქნებ ორივე. — მშვენიერია. მაშინ სახლში მისვლისთანავე საჭმელს შევუკვეთავთ და იმ კაცის არსებობას ოფიციალურად ავკრძალავთ. — ადამიანების არსებობის აკრძალვა შეგიძლია? — რა თქმა უნდა. ჩემს პირად კანონმდებლობაში ბევრი საინტერესო მუხლია. გამეცინა, მაგრამ სიცილი მალევე შევწყვიტე. რატი მიხვდა. — ელენა, არ გეტყვი, რომ არ იფიქრო მასზე. ვიცი, ასე არ გამოდის. უბრალოდ ერთი რამ მინდა დაიმახსოვრო: მონატრება არ ნიშნავს, რომ უკან უნდა დაბრუნდე. ფანჯარას მივეყრდენი. — და თუ მომენატრება? — მოგენატრება. შეიძლება ძალიანაც. შეიძლება საღამოს, როცა მარტო იქნები, მისი ხმა გაგახსენდეს. შეიძლება მოგინდეს, დაურეკო და უთხრა, რომ გენატრება. მაგრამ ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ უნდა დაივიწყო, როგორ გექცეოდა. მისკენ გავიხედე. — შენ რატომ ხარ ყოველთვის ასეთი ჭკვიანი, როცა საქმე ჩემს ცხოვრებას ეხება? — იმიტომ, რომ საკუთარ ცხოვრებაში იგივე რჩევებს არასოდეს ვიყენებ. ამჯერად ორივეს გაგვეცინა. მაგრამ რატის სიტყვები გულში ჩამრჩა. მონატრება დაბრუნების ვალდებულება არ იყო. ეს წინადადება რამდენჯერმე გავიმეორე გონებაში, სანამ ტაქსი ჩემს სახლთან არ გაჩერდა. ⸻ სახლში მისვლისთანავე ფეხსაცმელები გავიხადე და საწოლზე დავეცი. მთელი სხეული მტკიოდა. წვეულების შემდეგ თითქმის არ მეძინა, ღამის საუბარმა კი იმაზე მეტად დამღალა, ვიდრე მინდოდა, მეღიარებინა. ტელეფონი მაგიდაზე დავდე და ჭერს მივაშტერდი. პირველი ნახევარი საათი საკუთარ თავს ვუმტკიცებდი, რომ ანდროზე აღარ ვიფიქრებდი. მეორე ნახევარში ტელეფონი რამდენჯერმე შევამოწმე. მესამე ნახევარში საკუთარ თავზე გავბრაზდი. — შესანიშნავია, ელენა, — ჩავილაპარაკე. — კაცმა ორი სიტყვა გითხრა და უკვე მის შეტყობინებას ელოდები. ტელეფონი ეკრანით ქვემოთ დავდე. რამდენიმე წუთში ისევ ავიღე. შეტყობინება არ იყო. არც ზარი. არაფერი. უცნაური ის კი არ იყო, რომ ანდრო არ მიკავშირდებოდა. უცნაური ის იყო, რომ მისი დუმილი მაღიზიანებდა მაშინაც კი, როცა ზუსტად ეს მინდოდა ,რომ ცოტა ხნით მაინც თავი დაენებებინა ჩემთვის. ალბათ ადამიანებს ზოგჯერ ყველაზე მეტად ის გვტკენს, რასაც თავად ვითხოვთ, მაგრამ რომლისთვისაც ბოლომდე მზად არ ვართ. თვალები დავხუჭე და დაძინება ვცადე. ამჯერად გამომივიდა. ⸻ ანდრო კი იმავე დროს საკუთარ კაბინეტში იჯდა. მის წინ ლეპტოპი იყო გახსნილი, მაგიდაზე დოკუმენტები ეწყო, ტელეფონი კი ხელის გაწვდენაზე იდო. უკვე მეოთხედ წაიკითხა ერთი და იგივე წინადადება ისე, რომ აზრი ვერ გაიგო. ბოლოს ლეპტოპი დახურა და საზურგეს მიეყრდნო. ელენას სახე გაახსენდა. მისი ცივი პასუხები. ის, როგორ ჩაეხუტა ლალის. ის, როგორ იცინოდა რატისთან ერთად. და განსაკუთრებით — ის, როგორ გავიდა სახლიდან ისე, რომ მისგან არაფერს ელოდა. ადრე ანდრო მიჩვეული იყო, რომ ადამიანები მის ყურადღებას ელოდნენ. მის ზარს, მის გადაწყვეტილებას, მის ნებართვას. თუ ვინმესთან საუბარი უნდოდა, რეკავდა. თუ შეხვედრა სურდა, დროს ნიშნავდა. თუ რაღაც არ მოსწონდა, ცვლიდა. ელენასთან კი პირველად აღმოაჩინა, რომ სურვილი და უფლება ერთი და იგივე არ იყო. შეეძლო, მისთვის დაერეკა. შეეძლო, ეთქვა, რომ ენატრებოდა. მაგრამ ვერ აიძულებდა, მისი ზარისთვის გაეხარა. ტელეფონი აიღო და ელენას ნომერი გახსნა. რამდენიმე წამი ეკრანს უყურებდა. შემდეგ შეტყობინება აკრიფა. „სახლში მშვიდობით მიხვედი?“ გაგზავნას დააჭირა. მესიჯი მაშინვე გაიგზავნა. ანდრო ტელეფონს მიაშტერდა, თითქოს პასუხის გამოჩენა შეეძლო მხოლოდ იმით, რომ საკმარისად დიდხანს უყურებდა. ერთი წუთი გავიდა. შემდეგ ხუთი. ათი. პასუხი არ იყო. ტელეფონი მაგიდაზე დადო. — რა გჭირს? — ჩაილაპარაკა თავისთვის. საკუთარ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა. ან ჰქონდა, მაგრამ არ უნდოდა ეღიარებინა. მას ელენა ენატრებოდა. არა მხოლოდ მისი გარეგნობა, არა მხოლოდ ის, როგორ უყურებდა ან როგორ იცინოდა. ენატრებოდა მისი პირდაპირობა, ის, რომ მის წინაშე არ ცდილობდა, ყოველ სიტყვაში თავი მოეწონებინა. ენატრებოდა ის სიმშვიდეც, რომელიც ზოგჯერ მის გვერდით უჩნდებოდა და რომლის დაკარგვაც საკუთარი ხელით შეძლო. ტელეფონი ისევ აიღო. მისწერა: „არ არის აუცილებელი, მიპასუხო. უბრალოდ მინდოდა, გამეგო, კარგად ხარ თუ არა.“ ამჯერად შეტყობინება გაგზავნა და ტელეფონი უჯრაში ჩადო. თავი ვეღარ მოიტყუა. ელენას პასუხის მოლოდინში იჯდა. და ეს მოლოდინი გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე ნებისმიერი საქმიანი მოლაპარაკება, სადაც ოდესმე მონაწილეობა მიუღია. ⸻ შეტყობინება გვიან საღამოს შევამჩნიე. სააბაზანოდან ახალი გამოსული ვიყავი, თმა პირსახოცით მქონდა შემოხვეული და სამზარეულოში წყლის დასალევად მივდიოდი, როცა ტელეფონის ეკრანი აინთო. ანდროს სახელი დავინახე. გული მაშინვე ამიჩქარდა. რამდენიმე წამი უბრალოდ ვიდექი და ეკრანს ვუყურებდი. შემდეგ შეტყობინება გავხსენი. „სახლში მშვიდობით მიხვედი?“ მეორე შეტყობინებაც იქ იყო. „არ არის აუცილებელი, მიპასუხო. უბრალოდ მინდოდა, გამეგო, კარგად ხარ თუ არა.“ ტელეფონი ხელში მეჭირა და არ ვიცოდი, რა მექნა. პასუხის გაცემა მინდოდა. იმაზე მეტად, ვიდრე საკუთარ თავს ვუტყდებოდი. მინდოდა, მიმეწერა, რომ სახლში მშვიდობით მივედი. მინდოდა, მეკითხა, თვითონ როგორ იყო. მინდოდა, გამეგო, მუშაობდა თუ არა და საერთოდ, ახსენდებოდა თუ არა ჩვენი საუბარი. მაგრამ მერე სასტუმროს ნომერი გამახსენდა. მისი ცივი მზერა კლუბში. ის სიტყვები, რომლებიც ჩემზე თქვა ისე, თითქოს იქ არც ვყოფილიყავი. ტელეფონი მაგიდაზე დავდე. — არა, — ჩავიჩურჩულე. — ასე მარტივად არა. მე არ მინდოდა, მისთვის ტკივილი მიმეყენებინა. არ მინდოდა, პასუხის არგაცემით დამესაჯა. უბრალოდ მჭირდებოდა დრო. მჭირდებოდა, გამერკვია, რას ვგრძნობდი, როცა მის ხმას ვერ ვისმენდი და მის თვალებს ვერ ვხედავდი. მჭირდებოდა, გამეგო, მომენატრა თავად ანდრო თუ ის ადამიანი, რომელიც თავიდან მეგონა, რომ იყო. ტელეფონი ისევ ავიღე და მოკლე პასუხი დავწერე. „კი, მშვიდობით მივედი. მადლობა.“ გაგზავნამდე დიდხანს ვუყურებდი. შემდეგ თითი ეკრანს დავაჭირე. პასუხი რამდენიმე წამში გაიგზავნა. მეტი არაფერი მიმიწერია. და პირველად არ დამრჩენია განცდა, რომ რაღაც უნდა ამეხსნა ან დამემტკიცებინა. ⸻ ანდრომ პასუხი მაშინ ნახა, როცა უკვე ეგონა, რომ ელენა საერთოდ აღარ მისწერდა. მისი შეტყობინება მხოლოდ რამდენიმე სიტყვას შეიცავდა. „კი, მშვიდობით მივედი. მადლობა.“ ანდრომ ჩაიკითხა. შემდეგ კიდევ ერთხელ. პასუხი თავაზიანი იყო. მშვიდი. ცივი. ზუსტად ისეთი, როგორსაც უცხო ადამიანს გაუგზავნიდი. და მაინც, იმ რამდენიმე სიტყვამ შვება მოჰგვარა. ელენა კარგად იყო. ეს იცოდა. მაგრამ იმავე წამს მიხვდა, რომ მისთვის ახლა მთავარი მხოლოდ ის აღარ იყო, ელენა მისგან შორს იყო თუ ახლოს. მთავარი ის გახდა, როგორი ადამიანი იქნებოდა თავად, როცა მას ისევ შეხვდებოდა. შეეძლო, ეთქვა, რომ ენატრებოდა. შეეძლო, კიდევ ერთხელ მოეხადა ბოდიში. შეეძლო, მისთვის ყველაფერი დაეპირებინა. მაგრამ სიტყვები უკვე საკმარისი აღარ იყო. ანდრომ ტელეფონი დადო და ფანჯარასთან მივიდა. ქალაქი განათებული იყო. სადღაც ამ ქალაქში ელენა ცხოვრობდა, ალბათ ახლა ისვენებდა, ან რატისთან საუბრობდა, ან ცდილობდა, მისი სახე აღარ გახსენებოდა. და ანდრო პირველად იძულებული გახდა, მიეღო ის, რაც ყველაზე მეტად არ უყვარდა. მას არ შეეძლო, გადაეწყვიტა, რას იგრძნობდა ელენა. არ შეეძლო, განესაზღვრა, როდის აპატიებდა. არ შეეძლო, მისი დაბრუნება მოეთხოვა. შეეძლო მხოლოდ ერთი რამ გაეკეთებინა. შეეცვალა საკუთარი საქციელი მაშინაც კი, როცა ელენა ამას ვერ დაინახავდა. და თუ ოდესმე კიდევ მიეცემოდა მასთან ახლოს ყოფნის შესაძლებლობა, უნდა დაემტკიცებინა, რომ ეს ცვლილება მხოლოდ მისი დაბრუნების მოსაპოვებლად არ ყოფილა. ანდრომ ღრმად ჩაისუნთქა. მერე ტელეფონი გამორთო და სამუშაოს მიუბრუნდა. ამჯერად მართლა წაიკითხა დოკუმენტი. მაგრამ ელენას სახე მაინც არ შორდებოდა. და პირველად, ეს მონატრება არ უცდია, ბრაზად გადაექცია. უბრალოდ მისცა საკუთარ თავს უფლება, ეგრძნო. -შემთხვევითი შეხვედრები არ არსებობს , ეს ყველაფერი სამყაროსგან დაგეგმილი მოვლენაა- ელენა რამდენიმე დღე გავიდა. გარედან ყველაფერი ჩვეულებრივად ჩანდა. დილით სამსახურში მივდიოდი, საღამოს კლუბში ვმუშაობდი, რატი კი მთელი თავისი ენითა და ენერგიით ცდილობდა, ჩემი ცხოვრება ისევ ჩვეულ რიტმში დაებრუნებინა. ანდროზე აღარ ვსაუბრობდით. ყოველ შემთხვევაში, პირდაპირ. მაგრამ ზოგჯერ რატი მოულოდნელად ჩუმდებოდა, როცა ტელეფონს ვამოწმებდი. ზოგჯერ თვალებში მიყურებდა და მეკითხებოდა, კარგად ვიყავი თუ არა. ზოგჯერ კი ისეთი უაზრო ხუმრობით ცდილობდა ჩემს გაცინებას, რომ ვხვდებოდი — ჩემზე ზრუნავდა ისე, როგორც მხოლოდ ნამდვილ მეგობარს შეუძლია. ანდრო კი აღარ მწერდა. პირველ დღეს მისი შეტყობინება მახსოვდა. მეორე დღეს რამდენჯერმე შევამოწმე ტელეფონი. მესამე დღეს საკუთარ თავზე გავბრაზდი, რომ ისევ ველოდი. მეოთხე დღეს კი გადავწყვიტე, აღარ შემემოწმებინა. და ზუსტად იმ საღამოს, როცა საკუთარ თავს დავპირდი, რომ ანდროს აღარ დაველოდებოდი, ის კლუბში გამოჩნდა. ⸻ სამსახურში ჩვეულებრივზე ადრე მივედი. თმა მაღლა მქონდა შეკრული, შავი კაბა მეცვა და მაკიაჟი თითქმის არ გამეკეთებინა. იმ საღამოს უბრალოდ მინდოდა, ჩემი საქმე გამეკეთებინა და სახლში წავსულიყავი. რატი ბარის უკან იდგა და ჭიქებს ალაგებდა. — დღეს საოცრად მშვიდი ხარ, — მითხრა, როგორც კი დამინახა. — იმიტომ, რომ შენ ჯერ არ დაგიწყია ლაპარაკი. — შეურაცხყოფა უკვე საუბრიდან ათი წამიც არ გასულა. ძალიან კარგი. ყველაფერი თავის ადგილზეა. გავუღიმე და წინსაფარი გავისწორე. — დღეს ბევრი ხალხი იქნება? — როგორც მენეჯერმა თქვა, რამდენიმე დიდი მაგიდა გვაქვს დაჯავშნილი. ერთ-ერთი VIP ოთახიც უკვე დაჯავშნილია. — კარგი. რატი წამით გაჩერდა. — ელენა… — რა? — უბრალოდ მინდა, იცოდე, რომ თუ დღეს ის მოვა, შენ არ ხარ ვალდებული, რამე გააკეთო. არც მის დასანახად უნდა გაიღიმო და არც იმისთვის უნდა მოიქცე სხვანაირად, რომ რაღაც დაამტკიცო. მის სიტყვებზე გავჩუმდი. — ვიცი. — მართლა? — რატი, ვცდილობ. მან თავი დამიქნია. — ესეც საკმარისია. მუშაობა დავიწყეთ. პირველი საათი მშვიდად გავიდა. სტუმრები მოდიოდნენ, შეკვეთები იზრდებოდა, მუსიკა კი ნელ-ნელა ხმამაღლდებოდა. შემდეგ კლუბის შესასვლელთან ნაცნობი მოძრაობა შევნიშნე. ანდრო მოვიდა. მის გვერდით ორი მეგობარი იყო. მუქი პიჯაკი ეცვა, სახეზე კი ის გამომეტყველება ჰქონდა, რომელსაც ყოველთვის მაშინ იღებდა, როცა არ სურდა, ვინმეს მის განწყობაზე რამე გაეგო. შესასვლელთან ერთი წამით შეჩერდა. მისი მზერა დარბაზს მოედო. შემდეგ ჩემზე შეჩერდა. მაშინვე მივუბრუნდი ბარს. არ მინდოდა, ჩემს სახეს მისთვის რამე ეთქვა. არც ის მინდოდა, საკუთარი თავი დამერწმუნებინა, რომ მისი დანახვა არაფერს ნიშნავდა. ნიშნავდა. უბრალოდ ეს არ ნიშნავდა, რომ უნდა მივსულიყავი. — აი, ისიც, — ჩაილაპარაკა რატიმ ჩემს გვერდით. — არ დაიწყო. — ჯერ არაფერი მითქვამს. — შენს სახეს უკვე ნათქვამი აქვს ყველაფერი. რატიმ ტუჩები ერთმანეთს მიაჭირა, რომ არ გაეცინა. ანდრო მეგობრებთან ერთად VIP ოთახისკენ წავიდა. რამდენიმე წუთში მენეჯერმა დამიძახა. — ელენა, VIP ოთახში სასმელები შეიტანე. რატი სხვა შეკვეთებს მიხედავს. თავი დავუქნიე. ლანგარზე ჭიქები დავალაგე და ღრმად ჩავისუნთქე. ეს ჩემი სამუშაო იყო. არ უნდა დამეწყო იმის ფიქრი, ვინ იჯდა ოთახში. კარი გავაღე. ანდრო დივანზე იჯდა. მის გვერდით მეგობრები საუბრობდნენ. ოთახში რამდენიმე ქალი იყო, რომლებიც მუსიკას აჰყოლოდნენ და ერთმანეთს უღიმოდნენ. ჩემი დანახვისას ერთ-ერთმა კაცმა გამიღიმა. — საღამო მშვიდობისა, ელენა. მისი სახელი არ ვიცოდი, მაგრამ ზრდილობიანად ვუპასუხე. — საღამო მშვიდობისა. ლანგარი მაგიდაზე დავდგი და სასმელების ჩამორიგება დავიწყე. ანდროსთვის ცალკე ჭიქა დავდე. — თქვენი შეკვეთა. მან ჭიქას დახედა, შემდეგ მე შემომხედა. — მადლობა. მხოლოდ ეს თქვა. მისი ხმა მშვიდი იყო. არც ირონია, არც ბრძანება. თითქოს მართლა ცდილობდა, იმ კაცისგან განსხვავებული ყოფილიყო, რომელიც ადრე ამავე ოთახში მამცირებდა. მაგრამ მე ჯერ არ ვიცოდი, რა უნდა მექნა ამ ცვლილებასთან. ამიტომ უბრალოდ თავი დავუქნიე და გასასვლელისკენ წავედი. — ელენა. კართან გავჩერდი. ანდრო წამოდგა. მის მეგობრებს საუბარი შეეწყვიტათ. — შეიძლება, მოგვიანებით რამდენიმე წუთით დაგელაპარაკო? მის კითხვაში ბრძანება არ ყოფილა. არც ისეთი ტონი, რომელიც უარის თქმის საშუალებას არ მიტოვებდა. მე მას შევხედე. — სამსახურში ვარ. — ვიცი. — მაშინ, თუ რამე გინდა, მენეჯერს მიმართე. მის სახეზე იმედგაცრუებამ გაიელვა. მაგრამ თავი დამიქნია. — კარგი. კარი გავაღე და ოთახიდან გამოვედი. დერეფანში რამდენიმე წამი შევჩერდი. გული სწრაფად მიცემდა. მისი დანახვა ისევ მაფორიაქებდა. მისი მშვიდი ხმა უფრო მეტად მაბნევდა, ვიდრე ბრაზი, რადგან ბრაზთან გამკლავება ვიცოდი. ვიცოდი, როგორ უნდა გამებრაზებინა, როგორ უნდა დამეცვა თავი, როგორ უნდა დამეტოვებინა ოთახი. მაგრამ როცა ანდრო მშვიდად მელაპარაკებოდა, მახსენდებოდა ის კაცი, რომელიც თავიდან გავიცანი. და სწორედ ეს იყო ყველაზე რთული. არ მინდოდა, ძველ მოგონებებს მისთვის ახალი შანსის მიცემის უფლება ჰქონოდა. ⸻ სამუშაოს გაგრძელება ვცადე. შეკვეთებს ვიღებდი, მაგიდებს ვალაგებდი და სტუმრებს ვემსახურებოდი. მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა VIP ოთახის კარი იღებოდა, უნებურად იქით ვიყურებოდი. ანდრო აღარ გამომყოლია. არ დაურეკავს. არც მენეჯერის მეშვეობით უცდია, ჩემთან საუბარი. ერთ მომენტში დათო მოვიდა. — ელენა, როგორ ხარ? მისი ღიმილი ისეთი ჩვეულებრივი და გულწრფელი იყო, რომ მაშინვე მოვეშვი. — კარგად. შენ? — მეც. დღეს ძალიან დატვირთული ხარ? — როგორც ხედავ. დათომ ბარს გადახედა. — მაშინ აღარ შეგაწუხებ. უბრალოდ მინდოდა, მომეკითხე. — არ მაწუხებ. მან გამიღიმა. — კარგია. სხვათა შორის, იმ საღამოს შენი რჩევა გავითვალისწინე და პერანგი ქიმწმენდაში წავიღე. ლაქა ამოვიდა. გამეცინა. — ხომ გითხარი? — ახლა უკვე ოფიციალურად ჩემი პირადი სტილისტი ხარ. — ამისთვის ხელფასს ვიღებ? — შემიძლია, ყავა გიყიდო. — მაშინ შეიძლება, განვიხილოთ. დათომ გაიცინა. საუბარი სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა, მაგრამ თავს მსუბუქად ვგრძნობდი. მასთან ლაპარაკისას არ მიწევდა, ყოველი სიტყვა გამეზომა ან მეფიქრა, ვინ რას იგრძნობდა ჩემი ღიმილის დანახვისას. როცა დათო წავიდა, ბარის უკან დავბრუნდი. რატი იქ დამხვდა. — სასიამოვნო საუბარი გქონდათ? — ძალიან. — ყავასაც გიყიდის? — შეიძლება. რატიმ თავი დამიქნია. — შესანიშნავია. ყავა ყოველთვის კარგი დასაწყისია. მის ტონში რაღაც ისეთი იყო, რომ გავიცინე. — შენ მართლა ვერ ისვენებ? — არა. ჩემი მისიაა, შენი ცხოვრება მაქსიმალურად გართულებული იყოს, სანამ შენ თვითონ არ გადაწყვეტ, რა გინდა. — მაშინ ძალიან ცუდად ასრულებ მისიას. დღეს მშვიდად ვარ. რატიმ გამიღიმა. — აი, ეს მინდა, ელენა. მშვიდად ყოფნა. თუნდაც მხოლოდ ერთი საღამოთი. მის სიტყვებზე გული გამითბა. მაგრამ როცა დარბაზის მეორე მხარეს გავიხედე, ანდრო დავინახე. ის დერეფანში იდგა და ჩვენ გვიყურებდა. მისი მზერა ჯერ დათოსკენ წავიდა, შემდეგ ჩემზე შეჩერდა. რამდენიმე წამით ერთმანეთს ვუყურებდით. ადრე ამ მზერას აუცილებლად მოჰყვებოდა რაღაც — მკაცრი სიტყვა, ეჭვიანი კითხვა, ან ისეთი საქციელი, რომლითაც ანდრო დამანახებდა, რამდენად არ მოსწონდა ჩემი თავისუფლება. ახლა კი არაფერი მომხდარა. ანდრომ მზერა ამარიდა და მეგობრებთან დაბრუნდა. მე კი პირველად მივხვდი, რომ მისი თავის შეკავება ჩემთვის რაღაცას ნიშნავდა. არა იმიტომ, რომ ეს უკვე საკმარისი იყო. არამედ იმიტომ, რომ მან გააკეთა ის, რაც ადრე არ შეეძლო: საკუთარი ეგოიზმი ჩემს პრობლემად არ აქცია. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი საღამო იყო. ერთი საღამო ვერ შლიდა წარსულს და ვერც მომავალს განსაზღვრავდა. ერთი სწორი საქციელი ვერ შლიდა ათობით მტკივნეულ მოგონებას. და მე აღარ ვაპირებდი, ერთი საღამოს გამო ყველაფერი დამევიწყებინა. ⸻ ღამის ბოლოს კლუბი ნელ-ნელა დაცარიელდა. ბოლო მაგიდებს ვალაგებდი, როცა მენეჯერმა მითხრა, რომ შემეძლო, წავსულიყავი. წინსაფარი მოვიხსენი და ჩანთა ავიღე. რატი უკვე კართან მელოდებოდა. — წავიდეთ? — წავიდეთ. შესასვლელისკენ მივდიოდით, როცა გარეთ მდგომი ანდრო დავინახე. მანქანას მიყრდნობოდა და ტელეფონს უყურებდა. როგორც კი დაგვინახა, გასწორდა. რატი მაშინვე ჩემს გვერდით დადგა. ანდრომ ესაც შეამჩნია, მაგრამ არაფერი უთქვამს. — ელენა, — მომმართა მან. — ვიცი, სამსახურში საუბარი არ გინდოდა. ახლა მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს. გავჩერდი. — გისმენ. — შეიძლება, ხვალ დაგირეკო? მის კითხვაზე დავიბენი. მარტივი იყო. იმდენად მარტივი, რომ პასუხის გაცემა გამიჭირდა. ანდროს შეეძლო, ჩემი ნომერი უკვე ჰქონდა. შეეძლო, დაერეკა და მერე აეხსნა, რომ უბრალოდ უნდოდა, დალაპარაკება. მაგრამ ამჯერად მეკითხებოდა. ჩემს პასუხს ელოდა. — რატომ? — ვკითხე. — იმიტომ, რომ მინდა, გელაპარაკო. მაგრამ არ მინდა, იფიქრო, რომ ამის ვალდებულება გაქვს. თვალებში ჩავხედე. იქ ჯერ კიდევ იყო ის სიამაყე, რომელიც ასე ხშირად უშლიდა ხელს. ჯერ კიდევ იყო მოუთმენლობა და სურვილი, რაღაც სწრაფად გამოსწორებულიყო. მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა ახლა სხვა რამეც ჩანდა. მოლოდინი. — შეგიძლია, დამირეკო, — ვუპასუხე ბოლოს. — მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერზე საუბარი მინდა. ანდრომ თავი დამიქნია. — მესმის. — და თუ არ გიპასუხებ, მეორედ და მესამედ ნუ დამირეკავ. — კარგი. რატი ჩუმად იდგა, თუმცა სახეზე ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, რომ ვიცოდი, შინ დაბრუნებისთანავე ყველაფერს მკითხავდა. ანდრომ მანქანის კარი გააღო, მაგრამ ჩაჯდომამდე კიდევ ერთხელ შემომხედა. — მშვიდობით, ელენა. — მშვიდობით. მე და რატი წავედით. რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ უკან აღარ მიმიხედავს. ამჯერად არ მჭირდებოდა, გამეგო, მიყურებდა თუ არა. მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მე თვითონ გადავწყვიტე, რა მინდოდა. და როცა იმ ღამეს საწოლში ჩავწექი, ტელეფონი გვერდით დავდე ისე, რომ მის ეკრანს აღარ დავკვირვებოდი. ანდროს შეეძლო, დაერეკა. შეეძლო, მოვეკითხე. შეეძლო, ეცადა. მაგრამ ჩემი პასუხი აღარ იქნებოდა მხოლოდ იმის მიხედვით მიღებული, რამდენად ძლიერად ამიჩქარდებოდა გული მისი სახელის დანახვისას. ამჯერად საკუთარ თავს მოვსმენოდი. რადგან თუ ოდესმე ანდროსთან დაბრუნებას გადავწყვეტდი, ეს იმიტომ უნდა ყოფილიყო, რომ მასთან ყოფნა თავად მინდოდა. ელენა — ზარი, რომელსაც ორივე ელოდა ანდროს სიტყვები იმ საღამოს შემდეგაც არ მასვენებდა. “შეიძლება დაგირეკო?” არ ვიცოდი, რატომ მახსენდებოდა მაინცდამაინც ეს კითხვა. იქნებ იმიტომ, რომ მის ხმაში პირველად გავიგონე შიში, რომელსაც ვერ მალავდა. ან იქნებ იმიტომ, რომ მინდოდა, დამეჯერებინა — მისთვის უბრალოდ მორიგი გოგო არ ვიყავი. მაგრამ სურვილი და სიმართლე სხვადასხვა რამ იყო. რამდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოს ვნახე. კლუბში ისევ დავდიოდი, ჩემს საქმეს ვაკეთებდი, რატისთან ერთად ვიცინოდი და დათოს ხანდახან ვესაუბრებოდი. გარედან ყველაფერი ჩვეულებრივად გამოიყურებოდა. მხოლოდ მე ვიცოდი, რამდენად ხშირად ვამოწმებდი ტელეფონს. ყოველ ჯერზე, როცა ეკრანი ინთებოდა, გული წამით მიჩერდებოდა. მერე ვხედავდი, რომ შეტყობინება სხვა ადამიანისგან იყო და საკუთარ თავზე ვბრაზდებოდი. რატომ ველოდი მის ზარს? თვითონ ხომ მითხრა, რომ არ მთხოვდა დალოდებას. თვითონ ხომ იცოდა, რომ ჩემს ნდობას სიტყვებით ვეღარ დაიბრუნებდა. მაშინ რატომ მქონდა განცდა, რომ თუ დამირეკავდა, რაღაც შეიცვლებოდა? — ელენა! რატის ხმამ ფიქრებიდან გამომიყვანა. — რა? — უკვე მესამე ჭიქას წმენდ, რომელიც სუფთაა. თუ ასე გააგრძელებ, ბოლოს შუშას გატეხ. ჭიქას დავხედე და უხერხულად გავიღიმე. — უბრალოდ ვფიქრობდი. — ვიცი. და რადგან შენ ფიქრის დროს ასე იქცევი, ვვარაუდობ, რომ შენი ფიქრების მთავარი გმირი ისევ ის მაღალი, მდიდარი და აუტანელი კაცია. — რატი! — რა? სახელი არ მიხსენებია. თუ შენ თვითონ მიხვდი, ეს ჩემი ბრალი არ არის. თვალები ავატრიალე და ჭიქა მაგიდაზე დავდე. — მასზე არ ვფიქრობ. რატი რამდენიმე წამით ჩუმად მიყურებდა. — კარგი. მაშინ მითხარი, რატომ ამოწმებ ტელეფონს ყოველ ხუთ წუთში? პასუხი ვერ გავეცი. რატი ჩემს გვერდით ჩამოჯდა. ამჯერად აღარ ხუმრობდა. — ელენა, მე არ გეუბნები, რომ უნდა დაივიწყო. არც იმას გეუბნები, რომ არ უნდა გენატრებოდეს. გრძნობებს მიმართულებას ძალით ვერ მისცემ. მაგრამ არ მინდა, მის ზარს ისე ელოდო, თითქოს ამით შენი დღე უნდა გადაწყდეს. — არ ველოდები. — კარგი, მაშინ როცა დაგირეკავს, შეგიძლია, არ უპასუხო. მისკენ გავიხედე. — და თუ არ დამირეკავს? რატიმ სევდიანად გამიღიმა. — მაშინაც უნდა გააგრძელო ცხოვრება. მისი სიტყვები მარტივი იყო, მაგრამ სწორედ ამიტომ ვიბნეოდი. რადგან მეც ვიცოდი ეს ყველაფერი. ვიცოდი, რომ ჩემი ცხოვრება ანდროს ზარზე არ უნდა ყოფილიყო დამოკიდებული. ვიცოდი, რომ ის ადამიანი, ვინც ჩემთან ყოფნას მართლა მოისურვებდა, არ მაიძულებდა, საკუთარი ღირებულება ყოველ ჯერზე დამემტკიცებინა. მაგრამ გულს ყოველთვის არ ესმოდა ის, რაც გონებისთვის ცხადი იყო. იმ საღამოს სახლში დაბრუნებულმა ტელეფონი საწოლზე დავდე და გადავწყვიტე, აღარ შემემოწმებინა. შხაპი მივიღე, თმა გავიშრე, კომფორტული ტანსაცმელი ჩავიცვი და სამზარეულოში ჩაი მოვიმზადე. მერე დივანზე მოვკალათდი, ტელეფონი კი განზრახ მეორე ოთახში დავტოვე. თავს ვაჯერებდი, რომ არაფერი მჭირდებოდა. რომ მშვიდად ვიყავი. რომ ანდრო მხოლოდ წარსულის ერთი რთული ნაწილი იყო და არა ადამიანი, რომლის ხმასაც ისევ ველოდი. სწორედ მაშინ გაისმა ტელეფონზე ზარი. პირველად არ გავნძრეულვარ. ზარი შეწყდა. რამდენიმე წამში ისევ დარეკა. გული ისე ამიჩქარდა, რომ ჩაის ჭიქა მაგიდაზე დავდგი და ფეხზე წამოვდექი. მეორე ოთახში შევედი. ეკრანზე უცნობი ნომერი არ იყო. ანდრო. რამდენიმე წამი მხოლოდ მის სახელს ვუყურებდი. შემეძლო, არ მეპასუხა. შემეძლო, ტელეფონი გამეთიშა და მეორე დღეს მომეჩვენებინა თავი, თითქოს ზარი ვერ შევამჩნიე. მაგრამ არ მინდოდა, საკუთარი შიშის გამო უარი მეთქვა იმ საუბრისთვის, რომელიც, შესაძლოა, ორივეს გვჭირდებოდა. ამიტომ ღრმად ჩავისუნთქე და ვუპასუხე. — გისმენ. რამდენიმე წამი სიჩუმე იყო. შემდეგ მისი ხმა გავიგონე. — ელენა? თვალები დავხუჭე. მისი ხმა ზუსტად ისეთი იყო, როგორიც მახსოვდა — დაბალი, მშვიდი და ოდნავ დაღლილი. — დიახ. — ხელს ხომ არ გიშლი? კითხვამ გამაკვირვა. ადრე პირდაპირ დაიწყებდა საუბარს. არ იკითხავდა, შემეძლო თუ არა მისი მოსმენა. უბრალოდ ჩათვლიდა, რომ რადგან თავად სურდა ჩემთან ლაპარაკი, მეც მზად უნდა ვყოფილიყავი. ახლა კი მეკითხებოდა. — არა. რისი თქმა გინდა? ანდრომ ჩუმად ამოისუნთქა. — ჯერ ის მინდოდა მეკითხა, როგორ ხარ. მწარედ გამეღიმა. — მართლა გაინტერესებს თუ უბრალოდ საუბრის დაწყება გინდა? მეორე მხარეს სიჩუმე ჩამოვარდა. — ორივე, — მიპასუხა ბოლოს. — მაგრამ თუ არ გინდა, რომ გკითხო, აღარ გკითხავ. მისი პასუხი მოულოდნელი იყო. ფანჯარასთან მივედი და ქალაქს გავხედე. — კარგად ვარ, — ვთქვი. — ვმუშაობ, სახლში მოვდივარ, ვიძინებ. ჩვეულებრივად. — კლუბში ისევ სისტემატიურად მუშაობ? — დიახ. — და… ყველაფერი კარგადაა? — რას გულისხმობ? — იმას, რომ თავს კარგად გრძნობ? ვინმე ხომ არ გაწუხებს? წარბები შევკარი. — ანდრო, თუ იმის კითხვა გინდა, ვინმე მეხება თუ არა, პირდაპირ გეტყვი: ჩემი სამუშაოს შესახებ შენთან ანგარიშის ჩაბარებას არ ვაპირებ. — არა, ასე არ მიგულისხმია. — მაშინ როგორ იგულისხმე? მის ხმაში დაძაბულობა ვიგრძენი. — მინდოდა გამეგო, კარგად ხარ თუ არა. არ მინდოდა, ისევ ისე გამომსვლოდა, თითქოს შენს ცხოვრებას ვაკონტროლებ. მისმა სიტყვებმა ცოტა დამამშვიდა, თუმცა ბოლომდე ვერ მოვეშვი. — მაშინ უბრალოდ მკითხე, როგორ ვარ. დანარჩენს თავად გეტყვი, თუ მომინდება. — კარგი. მოკლე სიჩუმე ჩამოვარდა. ამჯერად არც ერთს გვინდოდა საუბრის დასრულება, მაგრამ არც ვიცოდით, როგორ გაგვეგრძელებინა. ანდრომ პირველმა დაარღვია სიჩუმე. — იმ ღამეს, როცა ჩემს სახლში დარჩით, ბევრი რამ მითხარი. — ვიცი. — მას შემდეგ სულ ვფიქრობ იმაზე, რაც მითხარი. — და რას ფიქრობ? მან თითქოს პასუხი წინასწარ მოამზადა, მაგრამ ახლა მაინც გაუჭირდა მისი წარმოთქმა. — იმაზე, რომ შენ არ უნდა გიწევდეს ჩემი ქცევის გამო იმის გამოცნობა, რა გელოდება შემდეგ. იმაზე, რომ როცა გაბრაზებული ვარ, შენ არ უნდა გეშინოდეს ჩემი სიტყვების. და იმაზეც, რომ მე არ მაქვს უფლება, შენი გადაწყვეტილებები ჩემი სურვილების მიხედვით შეცვალო. მის სიტყვებს ჩუმად ვუსმენდი. მინდოდა, მეკითხა, მართლა გაიაზრა თუ არა ყველაფერი, მაგრამ ვიცოდი, რომ ამაზე პასუხს ახლა ვერ მივიღებდი. — კარგია, რომ ამაზე ფიქრობ, — ვთქვი ბოლოს. — მაგრამ ფიქრი საკმარისი არ არის. — ვიცი. — და მე არ მინდა, ყოველ ჯერზე შენს შეცვლას ველოდო. — არც ამას გთხოვ. მისი ხმა უფრო ჩუმი გახდა. — ელენა, შეიძლება რაღაც გთხოვო? თითები ტელეფონს მოვუჭირე. — გააჩნია, რას მთხოვ. — მინდა, ჩემთან მოხვიდე. გული წამით გამიჩერდა. — სად? — სახლში. თვალები დავხუჭე და შუბლზე ხელი მივიდე. მისი სახლი. ადგილი, სადაც პირველად ვიგრძენი, რომ შეიძლებოდა, ჩემთვისაც ყოფილიყო ადგილი მის სამყაროში. შემდეგ კი ადგილი, სადაც საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ მისგან მიღებული სიცივე დროებითი იყო. — რატომ? — ვკითხე. — მინდა, პირისპირ დაგელაპარაკო. — ტელეფონით ვერ მელაპარაკები? — შემიძლია. მაგრამ არის რაღაცები, რასაც შეხვედრის გარეშე ვერ გეტყვი. — და მაინც რას მეტყვი, ანდრო? კიდევ ერთხელ მომიხდი ბოდიშს? მეტყვი, რომ ნანობ? თუ ისევ მეტყვი, რომ არ იცი, რას გრძნობ ადამიანებთან , როცა ურთიერთობ? მან მაშინვე არ მიპასუხა. შემდეგ გულწრფელად თქვა: — არ მინდა, წინასწარ დაგპირდე იმას, რაშიც ჯერ დარწმუნებული არ ვარ. მაგრამ მინდა, გითხრა, რა ხდება ჩემში და მოგისმინო. ამჯერად არ მინდა, შენს ნაცვლად გადავწყვიტო, რას უნდა გრძნობდე. მისმა სიტყვებმა გული ამიჩქარა. მინდოდა, დამეჯერებინა. მინდოდა, მისი სახე დამენახა და გამეგო, მართლა ასე ფიქრობდა თუ უბრალოდ ჩემი მისვლა უნდოდა. მაგრამ არ მინდოდა, ისევ იმავე წრეში მოვხვედრილიყავი. — ანდრო, თუ შენთან მოვალ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერზე თანახმა ვარ. — ვიცი. — არც იმას ნიშნავს, რომ რამე განსაკუთრებულად შეიცვლება ჩვენს შორის. — ვიცი. — და თუ საუბრისას ისევ ისე მომექცევი, როგორც ადრე, წამოვალ. — არ შეგაჩერებ. მისმა პასუხმა გამაოცა. რამდენიმე წამი ჩუმად ვიყავი. — როდის გინდა, რომ მოვიდე? — ხვალ, თუ შეძლებ. დღის მეორე ნახევარში. სახლში ვიქნები. — და რაზე უნდა ვისაუბროთ? — ჩვენზე. იმაზე, რაც მოხდა. იმაზე, რაც მე ვერ გითხარი და შენ რაც აღარ მინდა, რომ დაგიმალო. — კონკრეტულად, ანდრო. მისი სუნთქვა ტელეფონში გავიგონე. — იმაზე, რატომ მოგექეცი ასე. იმაზე, რატომ ვბრაზდები, როცა შენს გვერდით სხვა კაცს ვხედავ. და იმაზეც, რატომ ვერ ვამბობ იმას, რასაც სინამდვილეში ვგრძნობ. თვალები ამეწვა. — შენ თვითონაც არ იცი, რას გრძნობ? — ყველაფერს ჯერ ვერ ვარქმევ სახელს, ელენა. მაგრამ იმას უკვე ვხვდები, რომ შენ ჩემთვის უბრალოდ მორიგი უინტერესო ქალი არ ხარ. და ეს არ მაძლევს უფლებას, ცუდად მოგექცე. პირიქით, ალბათ სწორედ ამიტომ უნდა მესწავლა თავიდანვე, როგორ მოვქცეულიყავი შენთან. მისმა სიტყვებმა ჩემში იმედი გააღვიძა. სწორედ ამ იმედის მეშინოდა ყველაზე მეტად. — კარგი, — ვთქვი ბოლოს. — ხვალ მოვალ. მაგრამ მხოლოდ სასაუბროდ. — მხოლოდ სასაუბროდ, — დამიდასტურა მან. — და კიდევ ერთი რამ. — გისმენ. — არ მინდა, რომ იქ მოსულს ისევ ისეთი ანდრო დამხვდეს, რომელსაც ჩემი მოსმენა მხოლოდ მაშინ შეუძლია, როცა ეშინია, რომ რეალურ სახეს გამოაჩენს. მეორე მხარეს რამდენიმე წამი სიჩუმე იყო. — არ გპირდები, რომ ყველაფერს ერთ დღეში შევცვლი, — თქვა მან. — მაგრამ გპირდები, რომ ხვალ შენთან საუბრისას არ დაგამცირებ და არ დაგაძალებ არაფერს. — კარგი. — მადლობა, რომ დამთანხმდი. — ჯერ მადლობას ნუ მიხდი, ანდრო. ჯერ არც არაფერი გაგიკეთებია. მისი ხმა ოდნავ დარბილდა. — მართალი ხარ. ზარი რამდენიმე წამში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ არც ერთს გაგვითიშავს. ბოლოს თავად ვთქვი: — ხვალამდე. — ხვალამდე, ელენა. კავშირი გავთიშე. ტელეფონი ხელში შემრჩა. დიდხანს ვიდექი ოთახის შუაში და ეკრანს ვუყურებდი, თითქოს მისი სახელი ისევ გამოჩნდებოდა და მეტყოდა, რომ ყველაფერი, რაც ახლახან მოვისმინე, სიმართლე იყო. მაგრამ ტელეფონი ჩუმად დარჩა. მივხვდი, რომ ხვალ მის სახლში წასვლა უკვე გადავწყვიტე. და ამ გადაწყვეტილების გამო საკუთარ თავს არც ვკიცხავდი და არც ვამართლებდი. მინდოდა, მომესმინა. მინდოდა, გამეგო, რა იმალებოდა იმ კაცის ცივი გამომეტყველების უკან, რომელიც ზოგჯერ ისეთი თბილი ხდებოდა, რომ მავიწყდებოდა, როგორ მატკინა. მაგრამ ამჯერად ერთი რამ განსხვავებული იყო. მე იქ არ მივდიოდი იმისთვის, რომ მას მოვწონებოდი. არც იმისთვის, რომ მისგან სითბო , თანაგრძნობა, მომეთხოვა. მივდიოდი იმიტომ, რომ მეც მქონდა კითხვები და მინდოდა, პასუხები მომესმინა. თუ პასუხები არ მომეწონებოდა, წამოვიდოდი. თუნდაც ისევ მწყენოდა. თუნდაც მთელი ღამე მეტირა. ამჯერად საკუთარ თავს აღარ დავტოვებდი მარტო მხოლოდ იმიტომ, რომ ანდროს გვერდით დარჩენა მინდოდა. ⸻ მეორე დღეს მთელი დილა მოუსვენრად ვიყავი. რამდენჯერმე გამოვიცვალე ტანსაცმელი, შემდეგ საკუთარ თავზე გავბრაზდი და პირველი, რაც მომეწონა, ის ჩავიცვი. არ მინდოდა, მისთვის განსაკუთრებულად გამოვწყობილიყავი. არც ის მინდოდა, განზრახ ცუდად ჩამეცვა, თითქოს ამით რამეს ვუმტკიცებდი. ჩემი გარეგნობა მისთვის გზავნილი არ უნდა ყოფილიყო. უბრალოდ ელენა უნდა ვყოფილიყავი. შუადღის შემდეგ რატის დავურეკე. — გისმენ, ჩემო უბედურო მეგობარო, — მიპასუხა მან. — დღეს ჯერ არავისთან მიჩხუბია , მაგრამ დღე კიდევ წინაა. — რატი, სერიოზულად უნდა დაგელაპარაკო. მის ხმაში ხუმრობა მაშინვე გაქრა. — რა მოხდა? — ანდრომ დამირეკა. რამდენიმე წამი ჩუმად იყო. — და? — თავისთან დამიბარა. უნდა, რომ ვისაუბროთ. — შენ დათანხმდი? — დიახ. — მარტო მიდიხარ? — დიახ, რატი. სასაუბროდ მივდივარ, არა საომრად. — ვიცი, მაგრამ ეს კაცი ზოგჯერ ისე იქცევა, თითქოს საკუთარი ემოციების მართვის მოწმობა საერთოდ არ აუღია. გამეცინა. — ვიცი. — ელენა, კარგად მომისმინე. არ გეტყვი, რომ არ წახვიდე. შენი გადაწყვეტილებაა. მაგრამ თუ თავს უხერხულად იგრძნობ, წამოდი. არ არის აუცილებელი, საუბარი ბოლომდე მიიყვანო მხოლოდ იმიტომ, რომ დაიწყო. — ვიცი. — და თუ მერე მოგინდება, დამირეკე. მოვალ და წამოგიყვან. მისმა მზრუნველობამ გამათბო. — მადლობა, რატი. — მადლობას ნუ მიხდი. უბრალოდ დამპირდი, რომ საკუთარ თავს არ დაივიწყებ. ფანჯარასთან მივედი. — გპირდები. ზარი გავთიშე და რამდენიმე წუთი კიდევ დავიცადე, სანამ ტაქსს გამოვიძახებდი. მისამართი ზეპირად ვიცოდი. მიუხედავად ამისა, როცა მანქანა ნაცნობი ქუჩისკენ დაიძრა, ხელები ისევ გამიცივდა. ანდროს სახლთან მისვლისას ჭიშკარი მაშინვე გაიღო. მანქანიდან გადმოვედი, ჩანთა მხარზე გავისწორე და კარისკენ წავედი. ამჯერად ლალი არ დამხვედრია. კარი თავად ანდრომ გამიღო. რამდენიმე წამით უბრალოდ მიყურებდა. შავი შარვალი და ღია ფერის პერანგი ეცვა. თმა ოდნავ არეული ჰქონდა, თითქოს ხელი რამდენჯერმე გადაესვა. სახეზე ჩვეული თავდაჯერებულობა ნაკლებად ეტყობოდა. — მოხვედი, — თქვა მან. — ხომ დაგპირდი. მის ტუჩებთან ღიმილის მსგავსი რაღაც გაჩნდა. — შემოდი. სახლში შევედი. ყველაფერი ისევ ისე იყო, როგორც მახსოვდა, თუმცა ამჯერად აღარ მომჩვენებია, რომ ამ სივრცეს ჩემზე მეტი ძალა ჰქონდა. სახლი უბრალოდ სახლი იყო. ძვირადღირებული, დიდი და უცხო. ანდრო გვერდით გამიძღვა და მისაღებში შემიყვანა. მაგიდაზე წყალი, ორი ჭიქა და პატარა თეფშზე რამდენიმე ნამცხვარი ეწყო. — ჩაი ან ყავა გინდა? — მკითხა. — წყალი საკმარისია. ჭიქა გამომიწოდა, მაგრამ ხელზე არ შემხებია. ეს უმნიშვნელო დეტალი იყო, თუმცა შევამჩნიე. დივნის ერთ მხარეს დავჯექი. ანდრო მოპირდაპირე სავარძელში მოთავსდა. რამდენიმე წამი ერთმანეთს ვუყურებდით. — საიდან დავიწყოთ? — მკითხა. — შენ დამიბარე. შენ დაიწყე. ანდრომ თავი დამიქნია. მერე ღრმად ჩაისუნთქა და ხელები ერთმანეთში გადახლართა. — როცა პირველად შეგხვდი, მეგონა, რომ ყველაფერი მარტივად იქნებოდა. — რას ნიშნავს მარტივად? — იმას, რომ შევძლებდი, შენთან ვყოფილიყავი ისე, რომ არაფრის შეცვლა არ მომიწევდა. შემეძლო, მომწონებოდი, მომნატრებოდი, მინდოდა შენი ნახვა… და ამ ყველაფრისთვის სახელი არ დამერქმია. მის სიტყვებს ყურადღებით ვუსმენდი. — მერე კლუბში დაგინახე, — განაგრძო მან, — და უცებ მივხვდი, რომ შენ ჩემს წარმოდგენაში შექმნილი ადამიანი არ იყავი. შენ შენი ცხოვრება გქონდა. შენი მეგობრები, შენი სამუშაო, შენი სურვილები. და მე ვერ ვაკონტროლებდი იმას, რას ფიქრობდი ჩემზე. — ამიტომ გადაწყვიტე, დაგემცირებინე? ანდრომ თვალები დახუჭა. — დიახ. იმ მომენტში ვიფიქრე, რომ თუ შენს მნიშვნელობას შევამცირებდი, ჩემთვისაც ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდებოდი. გულში რაღაც ჩამწყდა. — იცი, რამდენად სასტიკია ეს? — ვიცი. — არა, ანდრო. არ მგონია, ბოლომდე ხვდებოდე. შენ ჩემთვის ნაკლებად უცხო იყავი. მე უკვე მქონდა რაღაც მოგონება შენზე, რომელშიც თავს კარგად ვგრძნობდი. შენთან ყოფნისას მეგონა, რომ შემეძლო, ცოტა ხნით მაინც არ მეფიქრა იმაზე, როგორი იყო ჩემი ცხოვრება. მერე კი იმავე ადამიანმა, ვის გვერდითაც თავი ცოტახნით უსაფრთხოდ ვიგრძენი, დამანახა, რომ ჩემი რცხვენოდა. ანდრო თავს არ იმართლებდა. ეს უფრო მტკენდა, ვიდრე მეგონა. რადგან მისი სიჩუმე მაძლევდა საშუალებას, ყველაფერი ბოლომდე მეთქვა. — როცა მითხარი, რომ ჩემი სამუშაო შეიძლება დამლაგებლობაც ყოფილიყო,— გავაგრძელე, — თითქოს მითხარი, რომ შენზე ნაკლები ვიყავი. თითქოს შენი ფული, შენი სახლი და შენი სახელი გაძლევდა უფლებას, ადამიანისთვის ზემოდან დაგეხედა. — არ მქონდა ამის უფლება. — არა, არ გქონდა. ჩემს ხმაში სისუსტე იგრძნობოდა, მაგრამ არ ვტიროდი. — და როცა დათოსთან დამინახე, უცებ გაგახსენდი. არა იმიტომ, რომ ჩემი დაკარგვა არ გინდოდა, არამედ იმიტომ, რომ ვერ აიტანე, სხვა კაცმაც რომ გამაცინა . ანდრომ ნელა ასწია თავი. — თავიდან ასე იყო, — თქვა მან. — არ მინდა, მოგატყუო. ეჭვიანობა იყო. ბრაზი იყო. ის განცდა, რომ რაღაც, რასაც ჩემად მივიჩნევდი, სხვასთან იყო. — მე არასოდეს ვყოფილვარ შენი. — ვიცი. — მაშინ რატომ იქცეოდი ისე, თითქოს ვიყავი? მან რამდენიმე წამი მიყურა. — იმიტომ, რომ ასე უფრო მარტივი იყო, ვიდრე იმის აღიარება, რომ შენზე გავლენა არ მქონდა. — და ახლა? ანდრომ პასუხამდე დიდხანს იფიქრა. — ახლა ვხვდები, რომ შენზე გავლენის ქონა არ მინდა იმ გაგებით, როგორც ადრე წარმომედგინა. არ მინდა, ჩემი შიშის გამო შენი ყოველი ნაბიჯი გაწუხებდეს. მინდა, რომ ჩემთან ყოფნა თავად აირჩიო. მაგრამ ვიცი, რომ ამის თქმას აზრი არ ექნება, თუ ისევ ძველებურად მოვიქცევი. მის სიტყვებზე გავჩუმდი. ეს იყო ის პასუხი, რომლის მოსმენაც მინდოდა. მაგრამ მხოლოდ პასუხი იყო. ჯერ არ ვიცოდი, შეძლებდა თუ არა მის მიხედვით ცხოვრებას. — და კიდევ რა გინდა მითხრა? — ვკითხე. ანდრომ ხელები ერთმანეთს მოაშორა და მუხლებზე დაიდო. — ის, რომ არ ვიცი, როგორ დაგიბრუნო ნდობა. არ ვიცი, რამდენი დრო დასჭირდება. არც ის ვიცი, საერთოდ თუ შეძლებ, ისევ მენდო. მაგრამ არ მინდა, თავი ისე მოგაჩვენო, თითქოს არაფერი მიგრძნია. შენ ჩემთვის საინტერესო ხარ, ელენა. გული ისე ამიჩქარდა, რომ რამდენიმე წამით სუნთქვაც გამიჭირდა. საინტერესო ხარ. ორი სიტყვა, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში ველოდი. მაგრამ ახლა, როცა მოვისმინე, მათ აღარ შეეძლოთ ყველაფრის გამოსწორება. — მე შენგან იდეალურობას არ ვითხოვ, — ვთქვი. — არ ვითხოვ, რომ არასოდეს გაბრაზდე ან არასოდეს შეგეშინდეს. უბრალოდ მინდა, როცა გაბრაზდები, მე არ დამსაჯო. როცა შეგეშინდება, არ დამამცირო. როცა არ იცი, რას გრძნობ, არ მაიძულო, მე ვზიდო შენი გაურკვევლობა. ანდრომ თავი დამიქნია. — მესმის. — და თუ ერთ დღეს გადავწყვეტ, რომ შენთან ყოფნა აღარ მინდა, უნდა მიიღო ეს. მისი მზერა დამძიმდა, თუმცა პასუხი არ დაუყოვნებია. — მტკივნეული იქნება, მაგრამ მივიღებ. — მართლა? — დიახ. არ მინდა, ჩემთან მხოლოდ იმიტომ დარჩე, რომ ჩემი რეაქციის გეშინია. პირველად ამ საუბრის განმავლობაში თვალებში შევხედე ისე, რომ მზერა არ ამირიდებია. — კარგი. ანდრო ოდნავ წინ გადმოიხარა, მაგრამ მაშინვე გაჩერდა, თითქოს მიხვდა, რომ ჩემს სივრცეში შესვლას აპირებდა. — შეიძლება, კიდევ რაღაც გკითხო? — მკითხე. — როცა ჩემთან ხარ, შენც გრძნობ რამეს? თუ მხოლოდ იმაზე ფიქრობ, როგორ გატკინე? კითხვა გულში ჩამწვდა. მინდოდა, მარტივი პასუხი მქონოდა. მეთქვა, რომ არაფერი მიგრძნია, რომ მის მიმართ ყველაფერი დასრულდა, რომ მისი სახე და ხმა აღარაფერს ნიშნავდა. მაგრამ ტყუილი იქნებოდა. — ორივეს ვგრძნობ, — ვუპასუხე გულწრფელად. — ზოგჯერ შენთან ყოფნა მინდა. ზოგჯერ კი შენი დანახვაც არ შემიძლია. ზოგჯერ მენატრება ის ადამიანი, რომელიც თავიდან მეგონა, რომ იყავი. მერე მახსენდება, როგორ მომექეცი, და ვეღარ ვხვდები, რომელი მოგონება უნდა დავიჯერო. ანდრომ მზერა დახარა. — არ მინდა, ასე გრძნობდე თავს. — მაგრამ ასე ვგრძნობ. — ვიცი. — და არ შემიძლია, მხოლოდ იმიტომ შევწყვიტო, რომ შენ აღარ გინდა ასე. ანდრომ თავი დამიქნია. — არ გთხოვ, რომ შეწყვიტო. სიჩუმე ჩამოვარდა. ფანჯრიდან დღის სინათლე შემოდიოდა. სადღაც ეზოში ჩიტი ჭიკჭიკებდა. სახლი მშვიდი იყო, მაგრამ ჩემს შიგნით ყველაფერი ერთმანეთში ირეოდა. მინდოდა, მისკენ გადავსულიყავი. მინდოდა, მისი ხელი დამეჭირა და გამეგო, მართლა შეეძლო თუ არა, თბილი ყოფილიყო ისე, რომ შემდეგ ამ სითბოს ფასი არ მოეთხოვა. მაგრამ ჯერ მზად არ ვიყავი. და პირველად არ ვაიძულე საკუთარ თავს, მზად ვყოფილიყავი. — მგონი, დღეს საკმარისია, — ვთქვი ბოლოს. ანდრო წამით გაშეშდა. — უკვე მიდიხარ? მის ხმაში იმედგაცრუება იგრძნობოდა, მაგრამ არ ყოფილა არც ბრძანება და არც საყვედური. — დიახ. ბევრი რამ ვთქვით. — მართალი ხარ. ფეხზე წამოვდექი და ჩანთა ავიღე. ანდროც წამოდგა, თუმცა კარისკენ არ წასულა, სანამ მე არ დავიძარი. შესასვლელთან გავჩერდი და მისკენ შევბრუნდი. — ანდრო… — გისმენ. — მადლობა, რომ მომისმინე. მის თვალებში სევდიანი ღიმილი გაჩნდა. — მადლობა, რომ მოხვედი. რამდენიმე წამი ერთმანეთს ვუყურებდით. არ ვიცოდი, უნდა ჩავხუტებოდი თუ არა. არ ვიცოდი, მის სახეზე ხელი უნდა ჩამომესვა თუ არა. არ ვიცოდი, მინდოდა თუ არა მისი კოცნა. ამიტომ არაფერი გამიკეთებია. ანდროსაც არაფერი დაუძალებია. მან უბრალოდ კარი გამიღო. — მშვიდობით, ელენა. — მშვიდობით, ანდრო. გარეთ გავედი. კარი ნელა დაიხურა. და ამჯერად, როცა მის სახლს ზურგი ვაქციე, არ მიგრძვნია, რომ რაღაც აუცილებლად უნდა დამებრუნებინა. არც ის მიგრძვნია, რომ ყველაფერი დასრულდა. უბრალოდ ვიცოდი, რომ ჩვენი საუბარი პასუხებზე მეტად კითხვებს ტოვებდა. შეეძლო თუ არა ანდროს შეცვლა? შეეძლო თუ არა ჩემს გულს, ისევ ნდობა ესწავლა? და ყველაზე მთავარი — თუ ერთ დღეს ანდრო მართლა გახდებოდა ის ადამიანი, ვის გვერდითაც ყოფნა აღარ შემაშინებდა, ისევ მინდოდა თუ არა მასთან ყოფნა? ამ კითხვებზე პასუხები ჯერ არ მქონდა. მაგრამ პირველად აღარ ვჩქარობდი. რადგან ამჯერად ჩემი გადაწყვეტილება უნდა მიმეღო არა მარტო მონატრებით, არა მარტო იმედით და არც იმ შიშით, რომ თუ წავიდოდი, სამუდამოდ დავკარგავდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


