შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ელენა(6)


დღეს, 10:01
ავტორი ELPI
ნანახია 392

ელენას ეგონა, რომ იმ დღის შემდეგ, როცა ანდროს სახლიდან წამოვიდა, ყველაფერი ისევ ძველებურად გაგრძელდებოდა. ერთმანეთის ცხოვრებაში მხოლოდ მაშინ გამოჩნდებოდნენ, როცა შემთხვევით შეხვდებოდნენ, რამდენიმე სიტყვას გაცვლიდნენ და შემდეგ ისე დაშორდებოდნენ, თითქოს მათ შორის არასდროს ყოფილიყო არაფერი იმაზე მეტი, ვიდრე რამდენიმე მტკივნეული მოგონება.

თუმცა ადამიანები ყოველთვის ვერ ემორჩილებიან საკუთარ გადაწყვეტილებებს.

ზოგჯერ ერთი უბრალო მოკითხვაც საკმარისია, რომ მიხვდე — ვიღაცის მიმართ ბრაზი ჯერ კიდევ გაქვს, წყენაც არსად გამქრალა, მაგრამ მისი დანახვისას გული ისე აღარ გეკუმშება, როგორც ადრე.

ელენა სწორედ ამას გრძნობდა.

ანდროსთან ბოლო საუბრის შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა. მას აღარ დაურეკავს, არც კლუბში გამოჩენილა და არც ვინმესთვის უკითხავს ელენას შესახებ. ერთი მხრივ, ეს მოსწონდა. ბოლოს და ბოლოს, მას სჭირდებოდა დრო, რომ საკუთარ თავთან გარკვეულიყო და ყოველი მისი სიტყვა ათასჯერ აღარ გაეხსენებინა.

მეორე მხრივ კი, ზოგჯერ საკუთარ თავს იმაშიც იჭერდა, რომ კარის გაღებისას ტელეფონს დახედავდა, თითქოს რაღაცას ელოდა.

და ეს აღიზიანებდა.

— ისევ ტელეფონს უყურებ? — ჰკითხა რატიმ, როცა კლუბის გასახდელში სარკის წინ თმას ისწორებდა.

ელენამ თვალები გადაატრიალა.

— შენ სხვა საქმე არ გაქვს?

— მაქვს, მაგრამ შენი პირადი ცხოვრების კონტროლი ბევრად საინტერესოა.

— ჩემს პირად ცხოვრებაში არაფერი ხდება.

— რა თქმა უნდა. ტელეფონს უბრალოდ იმიტომ უყურებ, რომ მისი ეკრანი ძალიან ლამაზია.

— რატი!

— კარგი, კარგი, გავჩუმდი. — ხელები ასწია და გაიცინა. — ოღონდ ერთი რამ უნდა იცოდე: თუ დღეს ისევ იმ კაცს დაინახავ, არ არის აუცილებელი, მთელი საღამო თავი ისე დაიჭირო, თითქოს მის არსებობას ვერ ამჩნევ.

ელენამ სარკეში საკუთარ ანარეკლს შეხედა.

— და თუ შევამჩნიე?

— მაშინ ჩვეულებრივ მიესალმე.

— შენთვის ყველაფერი მარტივია.

— არა, ძვირფასო. ჩემთვის არაფერი არის მარტივი. უბრალოდ ვისწავლე, რომ ყველა ადამიანს არ უნდა მივცე უფლება, ჩემი საღამო გააფუჭოს.

ელენას გაეღიმა.

— ზოგჯერ მგონია, რომ ზედმეტად ჭკვიანი ხარ.

— ზოგჯერ? — რატიმ გულზე გულწრფელად დაიდო ხელი. — ეს უკვე შეურაცხყოფაა.

ელენამ სიცილი ვეღარ შეიკავა. რამდენიმე წამით ყველაფერი ჩვეულებრივად იყო. არც ანდრო, არც მისი სიტყვები, არც ის მტკივნეული წარსული, რომელსაც ელენა თითქოს ზურგზე ატარებდა.

უბრალოდ ორი მეგობარი, რომლებიც მუშაობისთვის ემზადებოდნენ.

იმ საღამოს კლუბი განსაკუთრებით ხმაურიანი იყო. მუსიკა კედლებს აზანზარებდა, ბარის თავზე ჩამწკრივებულ ბოთლებში სინათლე ირეკლებოდა, მაგიდებთან კი სტუმრები იცინოდნენ და საუბრობდნენ.

ელენა შეკვეთებს იღებდა, სასმელები მიჰქონდა და ხანდახან დათოსაც ესაუბრებოდა, რომელიც საღამოს მეგობრებთან ერთად მოვიდა.

— დღეს უკეთეს ხასიათზე ჩანხარ, — უთხრა დათომ, როცა ელენა მის მაგიდასთან შეჩერდა.

— ესე იგი, წინა ჯერზე საშინლად გამოვიყურებოდი?

— არა, უბრალოდ დღეს უფრო ხშირად იღიმი.

— იქნებ დღეს უფრო მეტი მიზეზი მაქვს.

— მაშინ იმედი მაქვს, საღამოს ბოლომდე შეგინარჩუნდება.

ელენამ მადლიერებით გაუღიმა და შეკვეთა ჩაინიშნა.

რამდენიმე წუთის შემდეგ, როცა ბართან ჭიქებს ალაგებდა, შესასვლელისკენ გაიხედა.

ანდრო მოვიდა.

როგორც ყოველთვის, მოწესრიგებული, მშვიდი და თავდაჯერებული ჩანდა. მუქი პერანგი ეცვა, სახელოები მაჯებთან ოდნავ ჰქონდა აკეცილი, სახეზე კი ის ნაცნობი გამომეტყველება ეხატა, რომლის მიღმაც ძნელი იყო გაგეგო, რას ფიქრობდა.

ელენას მზერა წამით შეამჩნია.

მხოლოდ წამით.

შემდეგ ისევ საქმეს მიუბრუნდა.

ანდრომ ეს შენიშნა.

მისთვის უცნაური იყო, რომ ელენას დანახვამ კვლავ იმოქმედა მასზე, თუმცა ამჯერად აღარ ჰქონდა სურვილი, მისთვის რამე დაემტკიცებინა, ეკითხა, ვის ესაუბრებოდა, ან საკუთარი გაღიზიანება მისთვის ეგრძნობინებინა.

უბრალოდ უნდოდა, მისულიყო და მოეკითხა.

მაგრამ ეს უბრალო სურვილიც კი მისთვის უჩვეულოდ რთული აღმოჩნდა.

ბართან დაჯდა, წყალი შეუკვეთა და ცოტა ხანს ელენას მუშაობას უყურებდა. ელენა სტუმრებს ემსახურებოდა, ხანდახან იცინოდა, რატი რაღაცას ეჩურჩულებოდა და ისიც სიცილით პასუხობდა.

ანდრომ საკუთარ თავს შეახსენა, რომ ეს მისი ცხოვრება იყო.

მისი სიცილი, მისი მეგობრები, მისი დრო.

მას არ ჰქონდა უფლება, ამ ყველაფერში ჩარეულიყო მხოლოდ იმიტომ, რომ თავად რაღაცას გრძნობდა, რასაც ჯერ სახელსაც ვერ არქმევდა.

როცა ელენა ბართან დაბრუნდა, ანდრო მშვიდად შეეგება.

— გამარჯობა, ელენა.

ელენა მოულოდნელობისგან ოდნავ შეხტა. მისი ხმა ისეთი არ იყო, როგორსაც შეჩვეული იყო. არც ცივი ბრძანება ყოფილა, არც ირონიული შენიშვნა.

უბრალოდ მისალმება.

— გამარჯობა, ანდრო.

რამდენიმე წამით ერთმანეთს უყურებდნენ.

— როგორ ხარ? — ჰკითხა მან.

— კარგად ვარ. შენ?

— მეც კარგად.

მოკლე პაუზა ჩამოვარდა.

ელენას თითქმის გაეცინა ამ სიტუაციის გამო. რამდენი რამ ჰქონდათ ერთმანეთისთვის ნათქვამი, რამდენჯერ მიაყენეს ერთმანეთს ტკივილი და ახლა აქ იდგნენ, თითქოს დიდი ხნის უნახავი ნაცნობები ყოფილიყვნენ.

უცნაური იყო, მაგრამ უსიამოვნო აღარ ყოფილა.

— სამსახური როგორ მიდის? — იკითხა ანდრომ.

— ჩვეულებრივ. ბევრი ხალხია, ბევრი შეკვეთა და რატი, რომელიც ყოველ ათ წუთში ერთხელ მარწმუნებს, რომ ერთ დღეს აუცილებლად გავგიჟდები.

ანდროს ტუჩის კუთხე ოდნავ შეერხა.

— როგორც ჩანს, თავის საქმეს კარგად ასრულებს.

— სამწუხაროდ, კი.

— შენს გაღიზიანებას ვგულისხმობდი.

ელენამ თავი გააქნია.

— აი, ეს უკვე უფრო ნაცნობი ანდროა.

ანდროს გაეცინა. ჩუმად, თითქმის შეუმჩნევლად, მაგრამ გულწრფელად.

— ვცდილობ, უკეთესი ნაცნობი გავხდე.

— ჯერ ადრეა დასკვნების გამოტანა.


— სამართლიანია.

ამჯერად ელენასაც გაეღიმა.

მათ შორის არსებული უხერხულობა ბოლომდე არ გამქრალა, მაგრამ საუბარი აღარ ჰგავდა ბრძოლას, რომელშიც ორივე ცდილობდა, მეორე დაემარცხებინა.

— ბევრი საქმე გაქვს? — ჰკითხა ანდრომ.

— როგორც ხედავ.

— მაშინ აღარ შეგაყოვნებ.

— კარგი.

ანდრომ ჭიქა აიღო, თუმცა სანამ დალევდა, კიდევ ერთხელ შეხედა.

— მიხარია, რომ კარგად ხარ.

ელენამ პასუხამდე მცირე პაუზა გააკეთა.

— მადლობა.

ეს სულ რამდენიმე სიტყვა იყო, მაგრამ ორივესთვის რაღაცას ნიშნავდა.

ანდრო აღარ შეეცადა, საუბარი გაეგრძელებინა. ელენაც სამუშაოს დაუბრუნდა. საღამოს განმავლობაში რამდენჯერმე კიდევ გადაეყარნენ ერთმანეთს — ხან მზერით მიესალმნენ, ხან მოკლე ღიმილით. ერთხელ ანდრომ გზა დაუთმო, როცა ელენა ხელში ლანგრით მიდიოდა, მეორედ კი მან წყლის ჭიქა მიაწოდა, რომელიც ბართან იდგა.

არც ერთს უცდია ამ პატარა ჟესტებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება.

მაგრამ ზოგჯერ სწორედ ასე იწყება ცვლილება — არა დიდი დაპირებებით, არამედ იმით, რომ ადამიანები ერთმანეთს აღარ ექცევიან ისე, თითქოს ერთმანეთის ტკივილი არაფერს ნიშნავდეს.

⸻

ღამის ბოლოს, როცა სტუმრების უმეტესობა უკვე წასული იყო, ელენა ბარის დახლთან ჭიქებს ალაგებდა. რატი მენეჯერთან რაღაცაზე კამათობდა, თან ისე ენერგიულად უხსნიდა საკუთარ სიმართლეს, რომ ელენას რამდენჯერმე გაეცინა.

ანდრო გასასვლელისკენ მიდიოდა, როცა მოულოდნელად შეჩერდა.

— ელენა.

ელენამ თავი ასწია.

— გისმენ.

— თუ ძალიან დაღლილი არ ხარ, მინდა რაღაც შემოგთავაზო.

ელენას მზერა ფრთხილი გახდა.

ანდრომ ეს შეამჩნია და მაშინვე დაამატა:

— არაფერს გაძალებ. უბრალოდ, თუ გექნება სურვილი, ხვალ ჩემთან სახლში ისადილე. მინდა, მშვიდ გარემოში ვისაუბროთ. ყოველგვარი ხმაურისა და ამ ადგილის გარეშე.

ელენა რამდენიმე წამით ჩუმად დარჩა.

მის სახლში უკვე ყოფილიყო. ახსოვდა იქ გატარებული დრო, მისი ოთახის სიჩუმე და ის საუბარი, რომლის შემდეგაც ორივე სრულიად განსხვავებული განწყობით დაშორდა ერთმანეთს.

ამიტომაც არ სურდა, დაუფიქრებლად დათანხმებოდა.

— რატომ გინდა, რომ შენთან მოვიდე? — ჰკითხა მშვიდად.

ანდრომ პასუხი არ იჩქარა.

— იმიტომ, რომ შენთან საუბარი მომწონს, როცა ამისთვის ორივეს გვაქვს დრო. და იმიტომაც, რომ ბოლო დროს სულ აქ ან სადღაც სხვაგან გვიწევს შეხვედრა. — ოდნავ გაეღიმა. — თან სახლში ლალი იქნება. ვიცი, რომ მას კარგად შეეწყვე.

ელენას უნებურად გაეღიმა.

— ლალი ნამდვილად კარგი ქალია.

— ახშირად მეუბნება, რომ ზედმეტად ცოტა დროს ვატარებ სახლში.

— და ცდება?

— არა. სამწუხაროდ, არ ცდება.

ელენამ თავი ოდნავ გვერდზე გადახარა.

— კარგი. მოვალ.

ანდროს სახეზე ისეთი მსუბუქი შვება გამოისახა, რომ ელენამ შენიშნა, თუმცა არაფერი უთქვამს.

— ხვალ საღამოს გამოგიგზავნი მისამართს და დროს.

— მისამართი ვიცი.

— მართალია. — გაეღიმა. — მაშინ მხოლოდ დროს მოგწერ.

— კარგი.

ანდრომ თავი დაუქნია.

— მშვიდობიან ღამეს გისურვებ, ელენა.

— შენც, ანდრო.

ის წავიდა.

ელენა რამდენიმე წამით შესასვლელს უყურებდა, შემდეგ კი საკუთარ თავს გაუღიმა.

არაფერი განსაკუთრებული მომხდარა.

უბრალოდ ორი ადამიანი შეთანხმდა, რომ ერთად ისადილებდნენ.

და მაინც, ამ უბრალო შეთანხმებამ ელენას გულში რაღაც მშვიდი, ფრთხილი მოლოდინი დატოვა.

⸻

მეორე დღეს ელენა დიდხანს არჩევდა, რა ჩაეცვა. ბოლოს ღია ფერის შარვალი და უბრალო, თხელი ზედა შეარჩია. თმა თავისუფლად დაიტოვა, სახეზე კი მხოლოდ მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა.

სარკეში საკუთარ თავს შეხედა.

— სად მიდიხარ, ელენა? — ჩუმად ჰკითხა საკუთარ ანარეკლს. — სადილად. უბრალოდ სადილად.

თავადვე გაეცინა.

ტელეფონი აიღო და რატის მისწერა, რომ ანდროსთან მიდიოდა. პასუხი თითქმის მაშინვე მიიღო.

რატი: მშვიდად იყავი, მაგრამ თუ რამე არ მოგეწონება, წამოხვალ. არავის წინაშე არაფრის ვალდებულება არ გაქვს.

ელენა: ვიცი, დედაჩემო.

რატი: დედაშენს რომ მეძახი, მინიმუმ მადლობა უნდა მითხრა.

ელენა: მადლობა, დედაჩემო.

რატი: ახლა შეგიძლია წახვიდე. და საჭმელიც მიირთვი, სულ ყავით ცხოვრობ.

ელენას გაეცინა, ტელეფონი ჩანთაში ჩაიდო და სახლიდან გავიდა.

ანდროს სახლის კარი თავად ანდრომ გაუღო.

— გამარჯობა.

— გამარჯობა.

მის მზერაში წამიერი გაოცება გაკრთა, თითქოს ელენას დანახვისას კვლავ გაახსენდა, რომ მის სახლში ნამდვილად მოვიდა.

— შემოდი.

— მადლობა.

ელენა სახლში შევიდა და ირგვლივ მიმოიხედა. ყველაფერი ისეთივე მოწესრიგებული იყო, როგორიც ახსოვდა. ფართო მისაღები, დიდი ფანჯრები, სადა ფერები და ისეთი სისუფთავე, რომ ზოგჯერ სახლი უფრო სასტუმროს ჰგავდა, ვიდრე იმ ადგილს, სადაც ადამიანი ცხოვრობდა.

— ლალი სად არის? — იკითხა მან.

— სამზარეულოში. როცა გაიგო, რომ მოდიოდი, გადაწყვიტა, ჩვეულებრივ სადილზე მეტი მოემზადებინა.

— მართლა?

— დიახ. მგონი, შენ უფრო მეტად მოსწონხარ, ვიდრე მე.

ელენას გაეცინა.

— ალბათ იმიტომ, რომ მე ვუსმენ, როცა მელაპარაკება.

— ამას აუცილებლად გავითვალისწინებ.

— გირჩევ.

ანდრომ გზა დაუთმო და სამზარეულოსკენ გაუძღვა.

ლალიმ ელენა რომ დაინახა, სახე გაუნათდა.

— ჩემო კარგო, მოხვედი!

— როგორ არ მოვიდოდი? — ელენა მაშინვე მიუახლოვდა და თბილად გადაეხვია. — როგორ ხართ?

— ახლა უკეთესად. შემოდი, შემოდი. ახლახან ბოსტნეული დავჭერი და შენი დახმარება ნამდვილად დამჭირდება.

— ლალი, სტუმარი მოვიწვიე სადილად და თქვენ უკვე სამუშაოდ იხმობთ? — ჩაერია ანდრო.

ლალიმ ისეთი გამომეტყველებით შეხედა, რომ ელენას სიცილი აუტყდა.

— შენ სტუმარი მოიწვიე, მე კი ადამიანი, რომელსაც შეუძლია სამზარეულოში შემოსვლა და იმის დანახვა, რომ აქ ორი ხელი მაინც გვჭირდება.

— გასაგებია, — თქვა ანდრომ და ხელები ასწია. — მე ხელს არ შეგიშლით.

— ეს მეორე ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაა, რაც დღეს მიგიღია, — უპასუხა ლალიმ.

ანდრომ თავი გააქნია და სამზარეულოდან გავიდა, თუმცა კართან შეჩერდა, როცა ელენას სიცილი გაიგონა.

ეს ხმა მისთვის უცხო აღარ იყო, მაგრამ საკუთარ სახლში, ამ კედლებში, რაღაც სხვანაირად ჟღერდა.

ელენა აქ ისე იქცეოდა, თითქოს სივრცეს სიცოცხლეს მატებდა. ლალი რაღაცას უყვებოდა, ელენა კი ინტერესით უსმენდა, ხანდახან კითხვას უსვამდა და თან სალათს ამზადებდა.

ანდრო რამდენიმე წამით უყურებდა მათ, შემდეგ მისაღებში დაბრუნდა.

მას არასდროს უფიქრია, რომ სახლი აუცილებლად ხმაურიანი უნდა ყოფილიყო. მისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო წესრიგი, სიმშვიდე და ის, რომ ყველაფერი თავის ადგილას ყოფილიყო.

ახლა კი პირველად დიდი ხნის შემდეგ გაიფიქრა, რომ სახლის სიჩუმე ზოგჯერ მარტოობასაც ჰგავდა.

⸻

სადილი სამზარეულოს გვერდით მდებარე სასადილო ოთახში გაშალეს. მაგიდა უბრალო, მაგრამ გემოვნებით იყო გაწყობილი. ლალიმ რამდენიმე კერძი მოამზადა, ელენამ კი დესერტის თეფშები დაალაგა.

ანდრო მაგიდასთან დაჯდა და ორივეს გადახედა.

— ერთი კითხვა მაქვს.

— გისმენთ, ბატონო, — თქვა ლალიმ, თან ჭიქებს ალაგებდა.

— რატომ მაქვს განცდა, რომ ჩემს სახლში სტუმარი მე ვარ?

— იმიტომ, რომ ჩვეულებრივ შენ სახლში მხოლოდ დასაძინებლად მოდიხარ, — მიუგო ლალიმ.

ელენამ სიცილი ვეღარ შეიკავა.

— ლალი, ნუ მამხელთ ასე.

— რატომ არ უნდა გამხილო? იქნებ ერთხელ მაინც მიხვდე, რომ სახლი მხოლოდ ძვირადღირებული კედლები არ არის.

ანდრომ თავი გააქნია.

— კარგი, ამ საკითხს მოგვიანებით დავუბრუნდებით.

— დარწმუნებული ვარ, — თქვა ლალიმ და სამზარეულოში დაბრუნდა.

ელენა მაგიდასთან დაჯდა. ანდრომ წყალი ჩამოუსხა და მის წინ დადგა.

— მადლობა, — თქვა მან.

— არაფრის.

რამდენიმე წუთი ჩვეულებრივ თემებზე საუბრობდნენ. ელენამ კლუბის ამბები უამბო, ანდრომ კი გაიგო, რომ რატი მენეჯერთან კვლავ კამათობდა სამუშაო გრაფიკის გამო.

— რატი როგორი ადამიანია, სინამდვილეში? — ჰკითხა ანდრომ.

ელენამ გაკვირვებით შეხედა.

— როგორ თუ როგორი?

— ყოველთვის ხუმრობს, მაგრამ ზოგჯერ ისეთი გამომეტყველება აქვს, თითქოს ყველაფერს ამჩნევს და არაფერს ამბობს.

ელენას გაეღიმა.

— იმიტომ, რომ მართლა ყველაფერს ამჩნევს. უბრალოდ, ხუმრობა ურჩევნია, ვიდრე იმის აღიარება, რომ რაღაც აწუხებს.

— თქვენ დიდი ხანია მეგობრობთ?

— კვირები . მაგრამ არ მიჭირს ,რომ ვიცოდე, როდის ხუმრობს და როდის ცდილობს, ცუდ ხასიათზე არ შევატყო რამე.

ანდრომ თავი დაუქნია.

— კარგი მეგობარია.

— საუკეთესოა.

მოკლე სიჩუმე ჩამოვარდა. ელენამ ჩანგალი დადო და მას შეხედა.

— შენ კი? მეგობრები ბევრი გყავს, მაგრამ რამდენად ახლოს ხარ მათთან?

ანდროს სახეზე ღიმილი ოდნავ გაუქრა.

— რთული კითხვაა.

— შეგიძლია არ მიპასუხო.

— არა, უბრალოდ უნდა მოვიფიქრო, როგორ გიპასუხო. — წყალი მოსვა და სკამის საზურგეს მიეყრდნო. — ბევრი ადამიანი მიცნობს. ბევრთან ვმუშაობ, ზოგიერთთან ერთად დროსაც ვატარებ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ ჩემ შესახებ ყველაფერი იციან.

— ანუ ახლო მეგობრები ბევრი არ გყავს.

— ალბათ ასეა.

— რატომ?

ანდრომ ფანჯრისკენ გაიხედა.

— ასე გავიზარდე.

ელენა აღარ ჩქარობდა კითხვების დასმას. დაელოდა, სანამ თავად გააგრძელებდა.

— მამაჩემი ბიზნესშია. დიდი ხანია საკუთარი კომპანია აქვს. — ანდრომ თითები გადააჯვარედინა. — ბავშვობიდან მესმოდა, რომ ცხოვრებაში წარმატებისთვის დისციპლინა, შრომა და სწორი გადაწყვეტილებები იყო საჭირო. მამაჩემი მკაცრი იყო, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სწავლას ან მომავალს ეხებოდა.

— ძალიან მკაცრი?

— იმაზე მკაცრი, ვიდრე იმ ასაკში მჭირდებოდა. — ანდროს ტუჩებზე ოდნავ სევდიანი ღიმილი გაჩნდა. — ცუდი მამა არ ყოფილა. პირიქით. ის გულუხვი და თბილი ადამიანია, განსაკუთრებით მათ მიმართ, ვისაც დახმარება სჭირდება. არასდროს ყოფილა ისეთი, ვინც გაჭირვებულ ადამიანს ზურგს შეაქცევდა. მაგრამ შვილთან სხვანაირი იყო. ჩემგან ბევრს ელოდა.

— ალბათ იმიტომ, რომ შენში საკუთარ თავს ხედავდა.

ანდრომ ელენას შეხედა.

— შეიძლება. ყოველთვის ამბობდა, რომ შესაძლებლობა, რომელსაც ადამიანი იღებს, ვალდებულებასაც აკისრებს. თუ შეგიძლია მეტი გააკეთო, არ გაქვს უფლება, ნაკლები გააკეთო მხოლოდ იმიტომ, რომ ასე უფრო მარტივია.

— ამაში ცუდი არაფერია.

— არა, მაგრამ ბავშვობაში ეს ზოგჯერ იმას ნიშნავდა, რომ შეცდომის დაშვების უფლება არ მქონდა. კარგი ნიშანი საკმარისი არ იყო, თუ შეიძლებოდა უკეთესი მიგეღო. გამარჯვება საკმარისი არ იყო, თუ შეიძლებოდა უფრო დამაჯერებლად გაგემარჯვა. და თუ რამე არ გამომდიოდა, მამა პირდაპირ არ მეუბნებოდა, რომ იმედი გავუცრუე, მაგრამ მისი იმედგაცრუებული მზერა საკმარისი იყო.

ელენა ჩუმად უსმენდა.

ანდრო აქამდე ასე თავისუფლად იშვიათად საუბრობდა საკუთარ თავზე. თითქოს სიტყვებს ნელ-ნელა არჩევდა და თითოეულს მხოლოდ მაშინ ამბობდა, როცა დარწმუნდებოდა, რომ ზედმეტი არაფერი გაუმხელია.

— მერე მივეჩვიე, რომ ყველაფერი თავად უნდა მომეგვარებინა, — განაგრძო მან. — პრობლემები არ უნდა მეჩვენებინა, სისუსტე არ უნდა გამომეხატა და გადაწყვეტილებები ემოციების გარეშე უნდა მიმეღო.

— და გამოგივიდა?

ანდროს გაეცინა, თუმცა მის სიცილში სიხარული არ ყოფილა.

— გარედან, ალბათ.

ელენამ თავი დაუქნია.

— გარედან ბევრ რამეს სხვანაირად ვხედავთ.

ანდრომ მას შეხედა. მის ხმაში არც დაცინვა იყო, არც თანაგრძნობის იძულებითი მცდელობა. უბრალოდ ესმოდა, რასაც ეუბნებოდა.

— ოცდაათი წლის ვარ, ელენა, — თქვა ცოტა ხნის შემდეგ. — და ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ვფიქრობ, როგორ სწრაფად გადის დრო. ადრე მეგონა, რომ ყველაფერი წინ მქონდა. რომ ჯერ კიდევ ბევრი დრო იყო იმისთვის, რომ მემუშავა, მიმეღწია, რაღაცები გადამედო. ახლა კი ვხვდები, რომ ჩემი ცხოვრება უკვე საკმაოდ სერიოზული გახდა.

— ოცდაათი წელი ჯერ კიდევ ახალგაზრდობაა.

— ვიცი. მაგრამ როცა წლების განმავლობაში მხოლოდ მიზნებზე ფიქრობ, ერთ დღეს შეიძლება აღმოაჩინო, რომ ყველაფერი გაქვს, რაც ოდესღაც გინდოდა, და მაინც ვერ იხსენებ, ბოლოს როდის გააკეთე რამე მხოლოდ იმიტომ, რომ გსიამოვნებდა.

ელენას მზერა გაუთბა.

— იქნებ ახლაა დრო, რომ რაღაცები შეცვალო.

ანდრო რამდენიმე წამით ჩუმად იყო.

— მამაჩემი ბოლო დროს სულ მეუბნება, რომ ცალკე უნდა ვიცხოვრო.

— ცალკე არ ცხოვრობ?

— ვცხოვრობ, მაგრამ მისგან დამოუკიდებლად ცხოვრება სხვა რამეა. ის ფიქრობს, რომ საკმარისად გაიზარდე მაშინ, როცა შეგიძლია საკუთარი გადაწყვეტილებები მიიღო და მათ შედეგებზეც თავად აგო პასუხი. თან ხშირად მიმეორებს, რომ მარტო ცხოვრება მარტოობაში ცხოვრებას არ ნიშნავს.

— კარგი რჩევაა.

— დიახ. მამაჩემისგან ბევრი კარგი რამ ვისწავლე. უბრალოდ, ზოგიერთი გაკვეთილის გაგებას მეტი დრო დასჭირდა.

ელენა ღიმილით დაეყრდნო მაგიდას.

— მგონი, მამას ძალიან უყვარხარ.

— ვიცი. — ანდრომ პირველად ისე გაიღიმა, რომ სახე აშკარად გაუთბა. — ზოგჯერ ვფიქრობ, რომ უფრო მეტად, ვიდრე ამას თავად ვიმსახურებ.

— ნუ ამბობ ასე.

— რატომ?

— იმიტომ, რომ სიყვარული ჯილდო არ არის, რომელიც აუცილებლად უნდა დაიმსახურო. შეიძლება შეცდომები დაუშვა, შეიძლება რთული ადამიანი იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სიყვარულის ღირსი აღარ ხარ.

ანდრო გაჩუმდა.

ელენამ თავადაც იგრძნო, რომ სიტყვები ცოტა უფრო პირადული გამოუვიდა, ვიდრე გეგმავდა. ამიტომ ჭიქას დასწვდა და წყალი მოსვა.

ანდრო კი აღარ ჩაუღრმავდა მის ნათქვამს.

— შენ? — ჰკითხა მშვიდად. — როგორი ოჯახი გყავს?

ელენას თითები ჭიქაზე შეეყინა.

ეს კითხვა არ ყოფილა უხეში ან უტაქტო. ანდრომ ისე ჰკითხა, თითქოს პასუხის მოსმენა ნამდვილად სურდა და არა უბრალოდ საუბრის გასაგრძელებლად ეძებდა თემას.

თუმცა ელენასთვის ოჯახზე საუბარი იოლი არასდროს ყოფილა.

— ჩემი ოჯახი… — დაიწყო მან და წამით შეჩერდა. — დიდხანს არ მქონია.

ანდრომ თავი ოდნავ დახარა, ყურადღებით უსმენდა.

— მშობლები ადრე გარდამეცვალა. — ელენამ თვალები მაგიდას ჩააშტერა. — მაშინ ძალიან პატარა ვიყავი. ისეთი პატარა, რომ ბევრი რამ ბუნდოვნად მახსოვს. ზოგჯერ მათი ხმებიც კი მიჭირს წარმოვიდგინო, მაგრამ უცნაურია… რაღაც წვრილმანები მაინც არასდროს მავიწყდება.

მის ტუჩებზე სევდიანი ღიმილი გაჩნდა.

— დედაჩემის სუნამოს სურნელი, მამაჩემის სიცილი, როგორ მიკეთებდა ხოლმე თმას… არ ვიცი, ეს ყველაფერი ზუსტად მახსოვს თუ იმდენჯერ გავიხსენე, რომ მეხსიერებაში თავიდან შევქმენი.

ანდროს სახე შეეცვალა. აღარ ჩანდა ადამიანი, რომელიც ყოველთვის ცდილობდა, საკუთარი ემოციები დაემალა.

— ძალიან ვწუხვარ, — თქვა მან ჩუმად.

ელენამ თავი დაუქნია.

— მადლობა. დიდი ხანი გავიდა. თავიდან მეგონა, რომ დრო ყველაფერს გაამარტივებდა, მაგრამ სინამდვილეში უბრალოდ სწავლობ, როგორ იცხოვრო იმასთან ერთად, რაც დაკარგე.

ანდრო არ ჩქარობდა პასუხს.

— მერე მარტო დარჩი?

— დიახ. გარკვეული პერიოდი სხვების დახმარებით ვცხოვრობდი, მაგრამ საბოლოოდ მივხვდი, რომ თუ საკუთარ თავზე არ ვიზრუნებდი, ამას ჩემ ნაცვლად არავინ გააკეთებდა. ცხოვრება ისე არ წარიმართა, როგორც მინდოდა. ბევრი რამ მომიწია, რაზეც ადრე არასდროს მიფიქრია.

მან ამოისუნთქა.

— მაგრამ არ მინდა, ჩემი მთელი ცხოვრება მხოლოდ იმით განისაზღვრებოდეს, რაც ცუდი გადამხდა. მე სხვა ინტერესებიც მქონდა. ოცნებებიც. ყოველთვის მაინტერესებდა ბიზნესი, როგორ იქმნება რაღაც ნულიდან, როგორ შეიძლება ადამიანმა იდეა რეალობად აქციოს. ზოგჯერ ვუყურებდი ადამიანებს, რომლებიც საკუთარ საქმეს იწყებდნენ, და ვფიქრობდი, რომ მეც შემეძლო რაღაცის შექმნა.

— ახლაც ასე ფიქრობ?

— კი. — ელენამ ამჯერად უფრო თავდაჯერებულად შეხედა. — უბრალოდ, ახლა ამისთვის დრო და შესაძლებლობა მჭირდება. და, ალბათ, ცოტა მეტი რწმენა საკუთარი თავის მიმართაც.

— შენში ეს რწმენა უკვე არის, — თქვა ანდრომ.

ელენა ოდნავ დაიბნა.

— საიდან იცი?

— იმიტომ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, რაც გადაიტანე, მაინც ცდილობ, საკუთარი ცხოვრება თავად ააწყო. ეს მარტივი არ არის.

ელენამ მზერა აარიდა.

— ზოგჯერ სხვა არჩევანი არც გაქვს.

— შეიძლება. მაგრამ არჩევანის არქონა იმას არ ნიშნავს, რომ შენს ძალისხმევას ფასი არ აქვს.

ამჯერად ელენამ არაფერი უპასუხა. მისი სიტყვები გულამდე მივიდა, თუმცა არ უნდოდა, ეს აშკარად შეემჩნია.

რადგან ანდროსგან თბილი სიტყვების მოსმენა ჯერ კიდევ უცხო იყო.

არა იმიტომ, რომ სიტყვები ცუდი იყო, არამედ იმიტომ, რომ ელენას კარგად ახსოვდა, რამდენად ადვილად შეეძლო იმავე ადამიანს მათი საპირისპიროს თქმა.

ანდრომაც თითქოს იგრძნო, რომ ზედმეტი არ უნდა ეთქვა. ამიტომ საუბარი სხვა მიმართულებით გადაიტანა.

მოუყვა კომპანიის შესახებ, იმაზე, როგორ დაიწყო მამამისთან მუშაობა და როგორ გადაწყვიტა მოგვიანებით საკუთარი მიმართულებაც განევითარებინა. ელენა ინტერესით უსმენდა, კითხვებს უსვამდა და ზოგჯერ ისეთ შენიშვნებს აკეთებდა, რომ ანდრო გაკვირვებული უყურებდა.

— რატომ მიყურებ ასე? — ჰკითხა ბოლოს ელენამ.

— იმიტომ, რომ აშკარად იმაზე მეტი იცი ბიზნესზე, ვიდრე მეგონა.

— შენ კი იმაზე მეტი ლაპარაკი შეგიძლია, ვიდრე მეგონა.

ანდროს გაეცინა.

— ეს კომპლიმენტია?

— ჯერ ნუ იჩქარებ დასკვნების გამოტანას.

— სამართლიანია.

საუბარი კიდევ დიდხანს გაგრძელდა. მათ განიხილეს ბიზნესიდეები, სამუშაო, ის, თუ როგორ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან უსაფრთხო არჩევანი და ის, რაც ადამიანს სინამდვილეში სურდა. ზოგჯერ არ ეთანხმებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ არც ერთს უცდია, მეორე დაემცირებინა ან საკუთარი აზრი ძალით მოეხვია.

ეს ელენასთვის განსაკუთრებით უცნაური იყო.

ანდრო ყოველთვის მკაცრი და თავდაჯერებული ეგონა, ახლა კი მის წინ იჯდა ადამიანი, რომელსაც შეეძლო საკუთარ წარსულზე საუბარი, შეცდომის აღიარება და იმის თქმა, რომ რაღაცები ჯერ კიდევ არ ესმოდა.

ეს არ ნიშნავდა, რომ ელენას ყველაფერი დაავიწყდა.

არც იმას ნიშნავდა, რომ ანდრო მოულოდნელად სხვა ადამიანად იქცა.

მაგრამ იმ საღამოს მან პირველად იგრძნო, რომ ამ კაცთან საუბარი მხოლოდ ტკივილსა და დაძაბულობას არ უკავშირდებოდა.

⸻

როცა მაგიდა აალაგეს, ლალი ყავას ამზადებდა. ელენა სამზარეულოში გაჰყვა და დახმარება შესთავაზა, თუმცა ლალიმ მაშინვე უარი უთხრა.

— შენ სტუმარი ხარ. დაჯექი, დაისვენე.

— თუ კიდევ ერთხელ მეტყვით, რომ სტუმარი ვარ, შეიძლება მართლა დაგიჯეროთ.

ლალიმ გადაიხარხარა.

— შენთან კამათი არ ღირს.

— ეს უკვე მეორედ მითხარით.

— იმიტომ, რომ მეორედაც მართალია.

ელენა სკამზე ჩამოჯდა, ლალი კი მის გვერდით ყავის ჭიქებს ალაგებდა.

— იცი, — თქვა ქალმა ცოტა ხნის შემდეგ, — დიდი ხანია ანდროს ასე მშვიდად არ უსაუბრია ვინმესთან.

ელენას სახეზე ღიმილი გაუქრა, თუმცა მხოლოდ წამით.

— ალბათ უბრალოდ კარგი დღე ჰქონდა.

ლალიმ შეხედა, მაგრამ არ შეეწინააღმდეგა.

— შეიძლება. თუმცა ზოგჯერ ადამიანს მხოლოდ ის სჭირდება, რომ მის გვერდით ვიღაც იჯდეს და არ მოითხოვდეს, ყოველთვის ძლიერი იყოს.

ელენა ჩუმად დარჩა.

ლალიმ ყავა მიაწოდა და მხარზე მსუბუქად შეეხო.

— შენც დაისვენე, ჩემო კარგო. ყველაფრის მარტო ტარება არ არის აუცილებელი.

ელენამ მის ხელს დახედა, შემდეგ კი თბილად გაუღიმა.

— მადლობა, ლალი.

მისაღებში დაბრუნებულებს ანდრო უკვე დივანზე დახვდათ. ტელევიზორი ჩართული იყო, თუმცა აშკარა იყო, რომ ეკრანს არ უყურებდა.

— რაზე ჭორაობდით? — ჰკითხა მან.

— შენზე, — უპასუხა ლალიმ დაუფიქრებლად.

ანდრომ თვალები დახუჭა.

— რა თქმა უნდა.

— კარგი რამეები ვთქვი.

— ეს კიდევ უფრო მაფიქრებს.

ელენას სიცილი აუტყდა.

ანდრომ მას შეხედა და ამჯერად აღარ დაუმალავს ღიმილი.

მათ კიდევ ერთი ფინჯანი ყავა დალიეს. შემდეგ ანდრომ ელენას ერთ-ერთი წიგნი აჩვენა, რომელიც მისაღების თაროზე ედო. აღმოჩნდა, რომ ორივეს უყვარდა რამდენიმე მსგავსი ჟანრი, თუმცა სხვადასხვა მიზეზით.

ელენა წიგნის შესახებ ისეთი გატაცებით საუბრობდა, რომ ანდრო ზოგჯერ პასუხის ნაცვლად უბრალოდ უსმენდა.

— რა არის? — ჰკითხა ბოლოს, როცა შენიშნა, რომ უყურებდა.

— არაფერი.

— ანდრო.

— უბრალოდ ვცდილობ, დავიმახსოვრო, როგორი ხარ, როცა რაღაც ნამდვილად გაინტერესებს.

ელენას ღიმილი ოდნავ გაუქრა.

ეს სიტყვები შეიძლებოდა ზედმეტად პირადულად მოსჩვენებოდა, მაგრამ ანდროს ხმაში არ ყოფილა არც ფარული მოთხოვნა, არც ისეთი მოლოდინი, რომ პასუხი აუცილებლად უნდა გაეცა.

ამიტომაც მხოლოდ თავი გააქნია.

— ზოგჯერ ძალიან უცნაურ რაღაცებს ამბობ.

— ამას ხშირად მეუბნებიან.

— არ მიკვირს.

საღამო ნელა მიიწურა.

როცა ელენა წამოდგა, ანდრომ საათს დახედა.

— უკვე მიდიხარ?

— გვიანია. ხვალ სამუშაო მაქვს.

— გასაგებია.

მან არც სთხოვა, დარჩენილიყო, არც ისეთი სახე მიიღო, თითქოს ელენას წასვლა მისთვის რაღაცას ნიშნავდა.

უბრალოდ წამოდგა და კარისკენ გაჰყვა.

— მადლობა სადილისთვის, — თქვა ელენამ. — და საუბრისთვისაც.

— მეც მადლობა უნდა გითხრა, რომ მოხვედი.

ელენამ ქურთუკი ჩაიცვა.

— სასიამოვნო საღამო იყო.

— ჩემთვისაც.

რამდენიმე წამით ერთმანეთს უყურებდნენ.

ადრე ასეთ მომენტში ანდრო, ალბათ, შეეცდებოდა, უფრო ახლოს მისულიყო, ელენას რეაქცია შეემოწმებინა ან ისეთი რამ ეთქვა, რაც სიტუაციას გაართულებდა.

ახლა კი უბრალოდ გაუღიმა.

— ფრთხილად წადი.

— შენც დაისვენე. და იქნებ სახლში უფრო ხშირად ისადილო.

ანდროს გაეცინა.

— ლალისგან ეს სიტყვები არ მეყოფოდა, ახლა შენც დაემატე?

— როგორც ჩანს, ორივე ერთ აზრზე ვართ.

— მაშინ, ალბათ, უნდა დაგიჯეროთ.

— კარგი დასაწყისია.

ელენამ კარი გააღო და გასასვლელისკენ წავიდა. გასასვლელთან მისულმა უკან მოიხედა.

— ღამე მშვიდობისა, ანდრო.

— ღამე მშვიდობისა, ელენა.

კარი ნელა დაიხურა.

ანდრო რამდენიმე წამით გაუნძრევლად იდგა. შემდეგ ღრმად ამოისუნთქა და მისაღებში დაბრუნდა.

არ იცოდა, რა უნდა დაერქმია ამ საღამოსთვის.

მეგობრობა? ჯერ ადრე იყო.

მორიგი შანსი? ელენას მისთვის არაფერი დაჰპირებია.

შერიგება? არა. მათი წარსული ერთ სადილზე ვერ გაქრებოდა.

მაგრამ სახლში პირველად დიდი ხნის შემდეგ ისეთი სიჩუმე დარჩა, რომლისგან გაქცევაც აღარ მოუნდა.

⸻

ელენამ სახლში მისვლისთანავე რატის დაურეკა.

— აბა? — გაისმა მისი ხმა ტელეფონში. — ცოცხალი ხარ?

— სამწუხაროდ, კი.

— მშვენიერია. ახლა მომიყევი ყველაფერი.

ელენა საწოლზე ჩამოჯდა, ფეხსაცმელი გაიხადა და თმა გაიშალა.

— არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა.

— ამ წინადადების შემდეგ ყოველთვის განსაკუთრებული ამბავი მოდის.

— უბრალოდ ვისადილეთ, ვილაპარაკეთ. ლალიც იქ იყო.

— და?

— და კარგი საღამო გამოვიდა.

ტელეფონის მეორე მხრიდან რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა.

— შენ ახლა მართლა მეუბნები, რომ ანდროსთან გაატარე საღამო და ერთადერთი, რაც სათქმელი გაქვს, ისაა, რომ კარგი იყო?

— რატი, რა გინდა, მოგიყვე? რომ არ გვიკამათია? რომ არ უყვირია? რომ ჩვეულებრივ ადამიანებივით ვისაუბრეთ?

— სიმართლე რომ გითხრა, ეს ყველაფერი უკვე საკმაოდ შთამბეჭდავია.

ელენას გაეცინა.

— მამამისზე მომიყვა. კომპანიაზე, იმაზე, როგორ გაიზარდა. მკაცრი აღზრდა ჰქონია, თუმცა მამა ძალიან თბილი და გულუხვი ადამიანია. ახლა უკვე ოცდაათი წლისაა და ფიქრობს, რომ ცხოვრება სერიოზულდება. მამა ურჩევს, უფრო დამოუკიდებლად იცხოვროს.

— მოიცა, მოიცა. ანდრო შენთან ოჯახზე საუბრობდა?

— ჰო.

— და შენც მოუყევი?

ელენამ მზერა ფანჯრისკენ გადაიტანა.

— მშობლებზე ვუამბე. რომ ადრე დავკარგე და მარტო დავრჩი. ცოტა ჩემს ინტერესებზეც ვისაუბრეთ. ბიზნესიც მაინტერესებს და ესეც ვუთხარი.

რატიმ ამოისუნთქა.

— ესე იგი, ერთმანეთი უკეთ გაიცანით.

— ალბათ.

— და შენ როგორ ხარ ამ ყველაფრის შემდეგ?

ელენამ პასუხი მაშინვე ვერ გასცა.

— არ ვიცი, რატი. მართლა არ ვიცი. სასიამოვნო იყო მასთან საუბარი. პირველად დიდი ხნის შემდეგ არ მიგრძვნია, რომ ყოველ სიტყვაზე თავის დაცვა მჭირდებოდა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დამავიწყდა, რაც გააკეთა.

— კარგია, რომ არ დაგავიწყდა.

— ვიცი.

— და კარგია, რომ შეგიძლია მასთან მშვიდად გაატარო საღამო ისე, რომ ეს საკუთარი თავი ვალდებულებად არ გადააქციო.

ელენას თვალები დაეხუჭა.

— მგონი, დღეს სწორედ ეს გავაკეთე. უბრალოდ ვისადილე ადამიანთან, რომელთანაც საუბარი მომინდა.

— მაშინ ყველაფერი რიგზეა.

— მართლა?

— არა, ყველაფერი იდეალურად არ არის. მაგრამ შენ არ ხარ ვალდებული, დღესვე გადაწყვიტო, რა უნდა მოხდეს ხვალ. შეგიძლია უბრალოდ ნახო, როგორ მოიქცევა. სიტყვები კარგია, ელენა, მაგრამ მე ჯერ კიდევ მოქმედებებს ველოდები.

ელენას გაეღიმა.

— ვიცოდი, რომ ბოლოს მაინც ჭკუას დამარიგებდი.

— ვიღაც ხომ უნდა აკეთებდეს ამას. ახლა დაიძინე. და თუ ხვალ დილით მომწერ, რომ მთელი ღამე ანდროზე ფიქრობდი, გეტყვი, რომ ყავა დალიო და სამსახურში წახვიდე.

— მიყვარხარ, რატი.

— ვიცი, ძვირფასო. მეც მიყვარხარ.

ზარი დასრულდა.

ელენა საწოლში ჩაწვა და ჭერს ახედა. ანდროსთან გატარებული საღამო თავიდან გაიხსენა: მისი საუბარი მამაზე, ის მომენტი, როცა საკუთარი ბავშვობის შესახებ უამბო, მათი სიცილი და ის მშვიდი დამშვიდობება, რომელსაც არაფერი მოუთხოვია.

მას არ სურდა, ამ ყველაფრისთვის ზედმეტი მნიშვნელობა მიენიჭებინა.

ჯერ არა.

მაგრამ არც იმის უარყოფა შეეძლო, რომ ანდროს დანახვისას ახლა მხოლოდ ტკივილს აღარ გრძნობდა.

და სწორედ ეს აშინებდა ყველაზე მეტად.



№1 სტუმარი ნია

მოლოდინებს ამართლებთ ყოჩსღ იმედია ეშველება რამე ელენეს . ცხოვრება გამოუსწორდება ისეთი მხიმე ცხოვრება არ ექნება ვფჯქრობ რრთმანეზიც შეუყვარდებათ ძალიან მომწონს სწრაფათ დებთ და არ გვალოდინებთ არავის უსმინოთ წერეთ კარგია პოზიტივს რომ ავრცელებთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent