გერგეთისკენ მიმავალნი 2 (თავი 16)
- არა ლაშა. ხომ იცი რომ ძალიან სუსტად ხარ, რატომ უნდა გავრისკოთ? მე მოვბრუნდები, ოქროს სამალავს ვეტყვი და წამოვალ. ამის მერე ალბათ შეგვეშვებიან
- კარგი რა ზვიად. - გაიღიმა არაბულმა. - რა? - ხომ იცი რომ ტყული შენი საქმე არაა. - რა ტყუილი? - მორჩი ახლა! არაფრის თქმასაც არ აპირებ გრიგოგორიანებისთვის. - გგონია ოქრო მადარდებს? - არა, ეგ არ მგონია. - აბა რატომ მეუბნები მაგას? - ოქრო რომ ფეხებზე გკიდია ვიცი. გრიგორიანების ბოლომდე განადგურება გინდა! შენც ჩემსავით კარგად ხვდები, რომ ადამიანისთვის ბრაზი და სიძულვილი შიმშილივითაა, რომელსაც დიდი ხანია არ უჭამია. თუ არაფერს მისცემ, ის თავად შეგჭამს. - კარგი. - რა კარგი? - ერთად გავაცილოთ საზღვრამდე და მოვბრუნდეთ. - ძალიან კარგი. - კმაყოფილებით ჩაილაპარაკა არაბულმა. შემდეგ კი უკანა სავარძლიდან საჭესთან მჯდომ თაკოს მხარზე მსუბუქად შეეხო და მანქანის გაჩერება სთხოვა. თავად სურდა მანქანა საც შეიძლება სწრაფად ემართა რათა დროულად გაშორებოდნენ კონკლიქტის ზონას. ზვიადი ძმადნაფიცის განზრახვას მიხვდა. ნუ ღელავ მდევარი არ გვეყოლებაო ჩაილაპარალა და მეუღლეს გზის გაგრძელება სთხოვა. - რატომ გგონია რომ არ დაგვედვნებიან? - ჯერ არ ექნებათ ამის დრო. - ნორმალურად ამიხსენი თუ კაცი ხარ. - შენი მომვლელი გოგონა გრიგორიანებს ოქროს მდებარეობას გადასცემს. როცა ოქროს დაიბრუნებენ იმედია აღარ დაგვედევნებიან, რომც დაგვედევნონ იმდენ დროს დაკარგავენ მანამდე კაი შორს ვიქნებით ჩვენ. - ხვდები რომ ამით გოგოს საფრთხეში აგდებ?- უკმაყოფილო სახე მიიღო ლაშამ. - არ მგონია რაიმე დაუშავონ. ამ გოგონამ არაფერი იცის ოქროზე, მას უბრალოდ ქაღალდზე უწერია კოორდინატები. რა არის ამ მისამართზე არ იცის. - მაგას რა მნიშვნელობა აქვს ძმაო... შენ ის მითხარი, გასამრჯელოს რომ დაჰპირდი იმ ოქროს მოაკელი? - კი სხვაგან დავმალე. - და გრიგორიანები რომ ნახავენ რომ ოქროს აკლია, შენი აზრით ტაისიას არც მაშინ შეექმნება პრობლემა? ზვიადი ერთ ხანს დადუმდა. სახეზე ნაადრევი სიბერესავით გადაეკრა სიმკაცრე. ყოველი ნაკვთი გაუშეშდა, თითქოს სინდისის ქენჯნას მისი ქვადად ქცევა მოეწადინა. - მაგაზე ვეღარ ვიფიქრე. - ამოთქვა ბოლოს. - ამ პატარა გოგომ საკუთარი სიცოცხლით გარისკა, თან ვისთვის? სრულებით უცხო ადამიანებისთვის. მასთან დავალებული ვართ ძმაო, ხომ იცი ეს? ლაშას სიტყვებმა ზვიადი საკუთარი სინდისის წინაშე დააყენა. თვალები სველი ნისლით დაებურა. მძიმედ ჩაღუნა თავი, თითქოს უხილავი, მძიმე ურელი დაადგესო თავზე. ის და ლაშა ხომ ომისა და ბრძოლების ქარცეცხლში გამოვლილი ბიჭები იყვნენ. სინდისის მათსავე დაუწერელ კანონებში ერთი რამ ხელშეუხებელი იყო, ქალები და ბავშვები. ბრძოლის ყველაზე სასტიკ მომენტებში, მტრის ქალებიც კი დაუცვიათ, ახლა კი უდანაშაულო გოგონას სიცოცხლე საფრთხეში იყო. ლაშას სახეზე ბრაზს არ გაუელვია. პირიქით, მისი მზერა გამკაცრდა, თვალებში კი გამოსავლის ძიების ნაპერწკალი გაუღვივდა. ძმადნაფიცის მხარზე ხელი მძიმედ დაადო, თითქოს ამით მის გამხნევებას და დანაშაულის გრძნობისგან გამოფხიზლებას ცდილობდა. - კარგი ზვიად, ახლა თავის გვემას აზრი არ აქვს.- თქვა მტკიცე ხმით. - დრო არ ითმენს. გრიგორიანები ჰოსპიტალში მიბრუნდებიან. ტაისია მარტო არ უნდა დახვდეს. უნდა დავრჩე. - ლაშა, სუსტად ხარ რატომ არ გესმის?! - შენ თაკო გაიყვანე აქედან და მაშინვე მობრუნდი ჩემსკენ. - ლაშა! - ყურადღებით მომისმინეთ ორივემ. - ხმა ისევ გაუმკაცრდა არაბულს.- აქედან ქალაქ ლაჩინამდე ნახევარი საათის გზაც არ იქნება. მთავარია ამ ქალაქს გასცდეთ, მერე უკვე სამშვიდოს იქნებით. გაითვალისწინე, შეიძლება რაიმე ბლოკპოსტი იყოს და ეცადე გვერდი აუარო. ეცადე არ გაგჩხრიკონ. თუ იარაღი გიპოვეს შეიძლება ააზერბაიჯანის აგენტები ეგონოთ. ლაჩინის კორიდორისკენ არ წახვიდე, დასავლეთით იარე. ერევნამდე წესით 4-5 საათში უნდა ჩახვიდე. მანამდე ჩემს ძმას დაურეკე, წესით შეს ჩასვლამდე მოასწრებს ერევანში ჩასვლას. თაკო გაატანე და ჩემთან წამოდი. ზვიადს სიტყვები ყელში გაეჩხირა. მადლიერება, სინანული და მეგობრის საფრთხეში ჩაგდების შიში ერთდროულად ახრჩობდა. პასუხის გაცემა დააპირა, მაგრამ ლაშამ ისევ გააწყვეტინა. - ეგ ტელეფონი და პისტოლეტიც დამიტოვე. ჩემი შაშხანა გზად, სადმე დამალე და უკანა გზაზე წამომიღე. ერევანში რომ ჩახვალ სხვა ტელეფონი იშოვე და როგორც კი დაიძვრები დამიკავშირდი. ზვიადმა ტელეფონი ხელისგულზე დაუდო. ძმადნაფიცებმა ერთმანეთს თვალებში შეხედეს. ეს იყო კაცური, უსიტყვო ფიცი, რომ ერთმანეთს მალე და უვნებლად შეხვდებოდნენ. ზვიადმა და თაკომ გზა დასავლეთისკენ, ერევნის მიმართულებით განაგრძეს. მანქანაში მძიმე, დაძაბული დუმილი ჩამოწვა. საჭესთან ამჯერად ზვიადი გადაჯდა. თაკო კი სავარძელზე მიყრდნობილიყო და ხმას ვერ იღებდა. მისი დამფრთხალი მზერა გზის ყოველ მოსახვევს სინჯავდა. ზვიადი საჭეს ხელებს მჭიდროდ უჭერდა, ლაშას სიტყვები ბლოკპოსტზე გონებაში უტრიალებდა. ზუსტად ისე მოხდა, როგორც არაბულმა იწინასწარმეტყველა. ლაჩინის შემოგარენს უახლოვდებოდნენ, როცა სიბნელეში სამხედრო პროჟექტორების მკვეთრმა შუქმა თვალი მოჭრათ. გზაზე სომეხი ჯარისკაცების ბლოკპოსტი იყო მოწყობილი. რამდენიმე შეიარაღებულმა ფორმიანმა მანქანის დანახვაზევე იარაღი მოიმარჯვა და სიჩქარის დაკლება უბრძანა. თაკოს სუნთქვა შეეკრა, სხეული დაეძაბა. ზვიადს კი წამითაც არ დაუკარგავს ცივი გონება. მას ომის ქარცეცხლში არაერთხელ გადაერჩინა თავი მოხერხებულობით და გამოსავალი მომენტალურად მოიფიქრა. - თაკო, ახლავე ატირდი. - გადაუჩურჩულა ცოლს სწრაფად, სანამ მანქანა სრულად გაჩერდებოდა. - სახეზე ხელები აიფარე და ხმა არ ამოიღო. რაც არ უნდა ვთქვა, ამყევი. მანქანა შეჩერდა. ფანჯარაზე სამხედრო ფორმიანმა კაცმა ავტომატის ლულით დააკაკუნა. ზვიადმა შუშა ნელა ჩაუწია. მისი სახე წამში შეიცვალა. ძლიერი, თავდაჯერებული მებრძოლის ნაცვლად, მესაზღვრეს შეშინებული, სასოწარკვეთილი და ცხოვრებისგან განადგურებული კაცი შეეფეთა. - საიდან მოდიხართ? საბუთები! - მკაცრად, საეჭვო ტონით მოითხოვა სომეხმა ოფიცერმა და სალონს თვალი შეავლო, სადაც თაკო მხრებ ათრთოლებული, გულამომჯდარი ქვითინებდა. - სტეფანაკერტიდან მოვდივართ ძმაო... ძლივს გამოვასწარით, - ამოთქვა ზვიადმა დამტვრეული რუსულით, ხმაში ისეთი გულწრფელი ტკივილი და კანკალი გაურია, რომ ჯარისკაცს სახე უმალ დაურბილდა. - აზერბაიჯანელები შემოვიდნენ... ყველაფერი გადაწვეს. იქ სომეხი ნათესავები გვყავდა, მათთან ვიყავით სტუმრად. ჩვენი ოჯახი... ზოგიერთი ჩვენს თვალწინ მოკვდა. დანარჩენები კი იბრძვიან. ჩვენ სასწაულით გადავრჩით, ტყვიების ქვეშ გამოვიქეცით. ახლა საქართველოში მიმყავს ჩემი ორსული მეუღლე. ზვიადმა ისეთი სასოწარკვეთით შეხედა ოფიცერს, თითქოს მისგან ერთადერთ ხსნას ელოდა. თაკოს გულსაკლავი ტირილი კი სცენას სრულ რეალისტურობას სძენდა. მესაზღვრეებმა ერთმანეთს გადახედეს. მათ თვალებში ეჭვის ნატამალიც აღარ დარჩენილიყო. მათ წინაშე იდგა ორი დევნილი, რომლებმაც მათი ხალხის უდიდესი ტრაგედია საკუთარ თავზე გამოსცადეს. ოფიცერმა ამოიოხრა, იარაღი დაუშვა და მანქანის ჩხრეკაზე აღარც კი უფიქრია. მეორე ჯარისკაცს ხელით ანიშნა, გზა გაეხსნათო და ზვიადს მხარზე ხელი დაადო: — წადით, ძმაო, ღმერთმა მშვიდობით გატაროთ. ზვიადმა მადლიერების ნიშნად თავი დაუკრა, გაზს ფეხი დააჭირა და ბლოკპოსტი სწრაფად ჩამოიტოვა. როცა სამხედროები საკმარისად შორს, წყვდიადში დარჩნენ, თაკომ სახიდან ხელები მოიცილა, ქმარს გადახედა და შვებით ამოისუნთქა. ზვიადის სიმშვიდემ და მოხერხებულობამ ისინი კიდევ ერთხელ იხსნა უდიდესი საფრთხისგან. ახლა გზა ერევნისკენ თავისუფალი იყო. როგორც კი მეგობრების მანქანა დაიძრა, ლაშა ჰოსპიტალისკენ დაიძრა. ვიდრე ძმადნაფიცი და თაკო მის გვერდით იყვნენ, სახეზე კუნთიც კი არ ატოკებია, სიამაყე და მებრძოლის ბუნება არ აძლევდა უფლებას, საკუთარი უმწეობა ეჩვენებინა. მაგრამ ახლა, როცა სრულ მარტოობაში დარჩა, ტკივილის მწარე ტალღამ ერთიანად დაუარა სხეულში. ნატყვიარი ჭრილობა შიგნიდან ცეცხლივით სწვავდა, თითქოს გახურებულ რკინას ადებდნენო. სისუსტისგან თავბრუ ესხმოდა, ხშირად სუნთქავდა და ყელში გამშრალ ნერწყვს ძლივს ყლაპავდა. თუმცა, მის გონებაში შიშზე და ტკივილზე ბევრად ძლიერი რამ ფეთქავდა, ეს იყო კაცური პასუხისმგებლობა და სინდისის ქენჯნა. ტაისია დაუცველი იყო და მისი მიტოვება ლაშასთვის საკუთარი თავის სიკვდილით დასჯას ნიშნავდა. სამანქანო გზასთან ახლოს, ვიწრო ბილიკებით მიდიოდა, რათა მთავარ გზაზე მდგარ პატრულს ან გრიგორიანების შემთხვევით მოციქულებს არ გადაჰყროდა. ფეხები ერეოდა, ნაბიჯები უმძიმდებოდა, მაგრამ ნებას არ აძლევდა სხეულს, მიწაზე დაცემულიყო. ცივმა ღამის ჰაერმა და ყურებში მობზუილე ქარმა გონება ცოტათი გაუწმინდა. ხვდებოდა, რომ ამ მდგომარეობაში ფეხით ჰოსპიტლამდე ვერ მიაღწევდა, დრო კი გადიოდა. ხეების ჩრდილში მიიმალა, ჩამოჯდა და უსაფრთხო ტრანსპორტის ლოდინი დაიწყო. რამდენიმე მანქანა გაატარა, ბოლოს ძველი საბჭოთა დროინდელი მანქანა გამოჩნდა. საჭესთან მოხუცი სომეხი გლეხი იჯდა. ეს სწორედ ის იყო, რაც ლაშას სჭირდებოდა. გზაზე გადავიდა, ხელი აუწია და მძღოლმაც მანქანა გააჩერა. ლაშამ წელში გაიმართა, ტკივილისგან სახე რომ არ დამანჭვოდა, ხელი ჭრილობაზე მიიჭირა, თითქოს უბრალოდ ჯიბეში ედოო, და რუსულად მიმართა. - გამარჯობა უფროსო... ჰოსპიტალამდე გამიყოლე გეხვეწები. ძალიან მეჩქარება. ჩემი ნათესავი მიუყვანიათ დაჭრილი. მომაკვდავიაო მიტხრეს. უნდა მივუსწრო, სანამ თვალებს სამუდამოდ დახუჭავს. - ხმაში აკანკალებული სასოწარკვეთა გაურია და მოხუცს თვალებში შეხედა. - დაჯექი, შვილო, დაჯექი! ახლავე მიგიყვან, ღმერთმა გადაგირჩინოს, - უთხრა ათრთოლებული ხმით და კარი გაუღო. მალე ლაშა ჰოსპიდალის კორიდორში კედელ-კედელ, ჩრდილებს შეფარებული მიიწევდა წინ. ბედად, პირველივე დერეფნის მოსახვევში ნაცნობი სილუეტი შენიშნა, ტაისია იყო, გოგონას ხელში სამედიცინო ხსნარები ეჭირა სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა. არაბულმა ნაბიჯს აუჩქარა, გოგონას ზურგიდან ფრთხილად მიუახლოვდა და მკლავში ხელი ნაზად, მაგრამ მტკიცედ ჩაავლო,მეორე ხელი ტუჩებზე ააფარა, რომ არ ეყვირა. გოგონა შეკრთა, თვალები შიშისგან გაუფართოვდა, მაგრამ მალე ნაცნობი ჩურჩული მოესმა. — არ იყვირო, მე ვარ. გოგონასთვის ეს ხმა, მამაკაცური და იდუმალი სიმშვიდით სავსე იყო. ტაისიას გულმა გააფთრებით დაუწყო ცემა, თუმცა ამჯერად არა შიშისგან, არამედ იმ უეცარი სიახლოვისგან, რამაც მთელი მისი სხეული ააღელვა. ლაშას ხელის სითბო, რომელიც მის ტუჩებს ეხებოდა, და მისი მკაფიო, საიმედო სუნთქვა ზურგს უკან, გოგონასთვის ყველაზე უსაფრთხო თავშესაფრად იქცა. ამ დაძაბულ წუთებშიც კი, სადაც საფრთხე ყოველ ნაბიჯზე ჩასაფრებულიყო, ტაისიამ შინაგანად იგრძნო, თუ როგორ ესიამოვნა ამ კაცის ხმა, როგორ შეეპარა გულში რაღაც ახალი, აუხსნელი და ძლიერი ემოცია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


