ღამისფერი განთიადი (ნაწილი-1)მშვიდი ზღვა, გამოცდილ მეზღვაურს ვერ შექმნის... მოკლე აღწერა: ქალაქის ხმაურს გაქცეული ლინდა, სვანეთის პატარა, მიყრუებულ სოფელში ცდილობს სულიერი სიმშვიდის პოვნასა და ახალი ცხოვრების დაწყებას. მის იდილიას, ერთ დღეს, წარსულის კარიდან გამოსული ადამიანის მოულოდნელი გამოჩენით ესმება წერტილი. ნაწილი I -ჭექა-ქუხილი მოწმენდილ ცაზე. 8 8 8 8 "აჩრდილი წარსულის კარიდან." ფორთოხლისფრად შეღებილ ცას, შავ ლაქებად აჩნდნენ ფრთაგაშლილი, მხიარულად მოჭიკჭიკე ჩიტები. ბინდდებოდა. პატარა სახლის გვერდით გაშენებულ ყვავილების ბაღში, ზაფხულის თბილი სიო არხევდა თეთრი ვარდის ბუჩქებს და მათ სასიამოვნო სურნელს ჰაერში უხვად ფანტავდა. მზესუმზირებით მოხატულ, თეთრ კაბაში გამოწყობილი გოგონა, მაგიდას მისჯდომოდა, წინ სხვადასხვა ფერის ვარდები ჰქონდა გაბნეული და ღეროების მაკრატლით დამოკლების შემდეგ, მათ მოზაიკურ ლარნაკში ანაწილებდა. თაფლისფერი, ტალღოვანი თმა, რომელშიც ჩამავალი მზის სხივები დასეირნობდნენ, ნაზად ეფინებოდა რძისფერ მხრებზე. გაგრილების მიზნით, პერიოდულად, კეფის ქვემოთ ისვამდა წ’ყლით დასველებულ ხელისგულს. ოდნავ სცხელოდა, თუმცა ცდილობდა საქმე ისე ეკეთებინა, ამისთვის მინიმალური ყურადღება მიექცია. ერთ-ერთი ყვავილის „მოწესრიგებისას“, მოულოდნელად, საჩვენებელ თითში ეკლის მწარე ჩხვლეტა იგრძნო. ტკივილისგან სახე მომენტალურად დაემანჭა, რამაც, მაკრატლის დროებით გვერდზე გადადება აიძულა. უკმაყოფილოდ დააცქერდა საკუთარ თითს, სადაც კანის თეთრ ქსოვილზე, ნელ-ნელა წითელი წერტილი იწყებდა ზრდას. ბავშვობიდან ეჯავრებოდა სისხლის დანახვა. მისი მომჟავო, მეტალისებრი სუნიც კი აღიზიანებდა და ნეგატიურ იმპულსებად მიედინებოდა მთელ სხეულში. ნაჩხვლეტი, ბოთლში ჩარჩენილი ცივი წ’ყლით ჩამოიბანა და როგორც კი დარწმუნდა სისხლდენა შეჩერებული იყო, კვლავ წამოწყებულ საქმეს მიუბრუნდა. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ ეკლებთან უფრო მეტად ფრთხილობდა და სწორედ ამ სიფრთხილის გამო, უსაფრთხოდაც ჩაამთავრა ლარნაკის მორთვის პროცესი. საკუთარ ნახელავს თვითკმაყოფილი მზერა შეავლო. მერე ვარდებთან ცხვირი ახლოს მისწია, ერთ-ერთ მათგანს დაყნოსა და სწორედ ამ დროს მოესმა ხმა, მეზობელი სახლის ლამაზად ამწვანებული ეზოდან: — ლინდა, ცივ ყავას დალევ?! — ცნობისმოყვარე მზერით, საერთო გამყოფ ღობესთან მდგომი გოგონა მიშტერებოდა. მისი კაშკაშა, ზღვისფერი თვალები, ამდენად დიდი მანძილიდანაც კი იყო შესამჩნევი. — პარტნიორობას თუ გამიწევ, კი! — მზის მოსაჩრდილად, შუბლთან ხელი მიიტანა და ისე გასძახა. — მაშინ, მოვამზადებ და მანდ დავლიოთ! ნაყინი შოკოლადის, თუ ვანილის?! — შოკოლადის იყოს! გოგონამ, გრძელი ნაწნავი უკანა მხარეს გადაიგდო, კვლავ შინ შებრუნდა და დაახლოებით ათ წუთში, იქიდან ქაფქაფა ყავით სავსე ჭიქებით გამოვიდა. დღის სინათლე თანდათანობით ძალას კარგავდა და მზეც მორცხვად ეფარებოდა გოროზად წამომდგარ ადიშის მყინვარს. აგურით ნაგებ სახლებს გარსშემორტყმული სვანური კოშკები, ფორთოხლისფრად აელვარებული ცის ფონზე იმდენად მომაჯადოებლად გამოიყურებოდნენ, მხატვრის მიერ საგანგებოდ დახატულ სურათსაც კი ჩამოჰგავდნენ. — შაქარი აღარ დავუმატე, ნაყინი ისედაც ძალიან ტკბილი იყო. — მადლობა ლილე, — მაგიდა ვარდის ყუნწებისგან საგულდაგულოდ მოასუფთავა და ჭიქა თავისთან ახლოს მისწია. — შენები რას შვრებიან, დღეს არცერთი არ მინახავს. — ონისე ტელევიზორს უყურებს, ნინია კიდეც ისეთ კუბდარებს აცხობს, ნერწყვის წყლაპვამ დამახრჩო და გარეთ გამოვედი. — წარმომიდგენია, — მხიარულად მოსვა ჭიქიდან ცივი სასმელი. ძალიან ესიამოვნა მისგან დატოვებული სიგრილე, ზაფხულის თბილ საღამოს. — ლინდა, ერთი რამ არ მესმის, იცი? — კვლავ განაახლა შეწყვეტილი საუბარი ლილემ. ისეთი გამომცდელი მზერით უყურებდა თავის წინ მჯდომს, თითქოს რაღაც საიდუმლოებით მოცული ამბის გარკვევა ჰქონოდა მიზნად დასახული. — რა არ გესმის? გოგონამ, ჭიქის თავზე შერჩენილი ნაყინი ენის წვერით ალოკა და შეკითხვაზეც სწორედ ამის მერე დააბრუნა პასუხი: — ის, რომ ადექი და დედაქალაქიდან, ისეთ მიყრუებულ სოფელში გამოიქეცი, სადაც, მოსახლეობა სამოც კაცს ძლივს აღწევს. უფრო მეტიც, თვლი, რომ ზუსტად ესაა ბედნიერება. ბავშვობიდან აქ ვიზრდები, მაგრამ მეც კი ერთი სული მაქვს როდის ჩავაბარებ თეატრალურის გამოცდებს, რომ ყველანი ავბარგდეთ და თბილისში გადავიდეთ. — არ გინდა სხვა რამეზე ვილაპარაკოთ? — არასასურველი თემებისგან თავის არიდება სცადა ლინდამ. — მაგალითად იმაზე, დამპატიჟებ თუ არა ნინია ბებოს კუბდარებზე. — ხუმრობ?! რაც აქ გადმოხვედი, არც ერთი საფირმო კერძი არ იჭმება, თუ ჩვენს სუფრასთან შენც არ ზიხარ. — ვიცი, — გაუცნობიერებლად ჩაეღვარა სითბო ხმაშიც და გამოხედვაშიც. — მართლა გამორჩეულად კარგები არიან ონისეც და ნინიაც. შენთვისაც იმაზე ბევრად მეტი გააკეთეს, ვიდრე მშობლები უკეთებენ შვილებს. გოგონამ უბრალოდ თავი დაუქნია, თუმცა თქმით არაფერი უთქვამს. ლინდას არ გასჭირვებია ამ საეჭვო დუმილის მიზეზის ამოხსნა. ის დრო, რაც ლილეს იცნობდა, საკმარისი იყო იმ დასკვნის გამოსატანად, რომ არსებობდა რიგი თემები, რომელთა გადაკვრით ხსენებაც კი არავისგან სიამოვნებდა. ერთ-ერთი მათგანი, სწორედ მისი ობლობა და მშობლების ტრაგიკული აღსასრული იყო. აღმოსავლეთიდან გრილმა ნიავმა დაუბერა. ლარნაკიდან ამოშვერილი ვარდები მელოდიურად აშრიალდნენ და ჰაერში ტკბილი სურნელი გააბნიეს. ცაზე, უკვე მიმქრალი სანთელივით ბჟუტავდა მზისგან გამოტყორცნილი ნარინჯისფერი სინათლე. საღამოს ნისლი, თითქოს არსაიდან ეპარებოდა ფერდობებზე დაშვებულ ხეებს და მზრუნველად ახვევდა მათ თავის მონაცრისფრო საბურველში. — ბებია და ბაბუა რომ აღარ იქნებიან, მერე რა უნდა ვქვნა, ლინდა? — ჩამოვარდნილი სიჩუმე, თითქოს მჭრელი მახვილივით გაკვეთა ლილეს ხმამ. მის ლურჯ თვალებში ინტერესი იკითხებოდა, გამომეტყველებაზე კი მოუთმენლობა. — არ ვიცი, ალბათ მათ დაცემამდე უნდა ისწავლო ფრენა, — გულუბრყვილოდ აიჩეჩა მხრები. მეგობრის სახეზე აღბეჭდილმა ნაღველმა გადააწყვეტინა საუბარი პოზიტიური კუთხით წაეყვანა. — ეგ დაივიწყე, მანამდე საკუთარ ოჯახს შექმნი და ბედნიერი იქნები. — გამორიცხულია! — ღიმილიანი სახით გააპროტესტა. — ჩემნაირებისთვის ოჯახი ზედმეტი ტვირთია. — შენნაირებში რას გულისხმობ? — კარიერისტებს... აი წარმოიდგინე, რომანტიკულ ფილმში მთავარ როლს მთავაზობენ და ქმარი მიცხადებს, რომ კოცნის სცენების გამო როლზე უარი უნდა ვთქვა. — ისეთი კაცებიც არსებობენ, ვისაც მსგავს რამებზე გართულება არ აქვთ. — რატომღაც მგონია, რომ ოჯახის შექმნა მხოლოდ სადარდებელს დამიმატებს. — სადარდებელს, არასწორად შერჩეული ადამიანი დაგიმატებს, ლილე. — მოდი შევეშვათ ამას... ჩემში არსებულ მეოჯახე ქალს იმდენად ღრმად სძინავს, მის გამოღვიძებას სულ ტყუილად ცდილობ, — ხმაურიანად მოწრუპა ძირში დალექილი ყავის ქაფი გოგონამ. ლინდას გონებაში, უამრავი კონტრარგუმენტი დაგროვდა, რითაც მეგობრის მოსაზრებებს შეერკინებოდა. დააპირა კიდეც იქიდან ერთ-ერთი მათგანის გაჟღერება, თუმცა მისი ყურადღება მანქანის შემაწუხებელმა ღმუილმა გაფანტა. შენელებული კადრის მსგავსად გაიხედა ხმის მიმართულებით. დიდი, შავი “გელენდვაგენი”, სწრაფი სვლით მოემართებოდა სახლებს შორის. ბოლომდე ჩაწეული საქარე მინიდან, მუქი ფერის სამოსში გამოწყობილი მამაკაცის სახე იკვეთებოდა. ამ უკანასკნელს, თვალებზე მზის სათვალე ჰქონდა მორგებული, იდაყვში მოხრილი მარცხენა ხელი ფანჯარაზე შემოედო და გარემოს ისე ათვალიერებდა, როგორც პროფესიონალი გამნაღმველი, ნაღმებით სავსე ველს. პირველი, რამაც მისი დანახვისას გაუელვა თავში ლინდას, იყო, რომ ამ ადამიანს ძალიან ნაცნობი სახე ჰქონდა. რამდენი არ ეცადა გახსენებას, თუმცა გონებამ მაინც ვერ აღიდგინა ის ბურუსით მოცული კადრები, რომელიც მისი ვინაობის დადგენაში დაეხმარებოდა. ყველაზე უცნაური მაინც მამაკაცის საქციელი იყო. მოჰკრა თუ არა ბაღში ჩამომჯდარ გოგონებს თვალი, სათვალე მომენტალურად მოიშორა სახიდან, იგი მაისურზე დაიბნია და სვლაც ოდნავ შეანელა. დაძაბულობა, რომელმაც იმ მომენტში გარბინა ლინდას თვალებში, ლილესთვის შეუმჩნეველი დარჩა, რადგან მამაკაცის თვალიერებას იყო შეყოლილი. მეგობრის არსებობა მხოლოდ მაშინ გაახსენდა, როდესაც უცნობმა, სახლზე შემოყოლებული ღობე ჩაამთავრა, ძრავი გამორთო და იქიდან თავისი სახის ნაკვთებივით მკაცრი მზერით გადმოვიდა. — ლინდა, ეს ტიპი შენთანაა? — მაგიდაზე მკლავებგადადებული გადაიხარა მისკენ, როგორც კი ეს ჰკითხა, — ისეთი სახით მოდის, უკვე მაშინებს. თან შეიარაღებულია. შეკითხვას, თავადვე გასცა პასუხი ფართედ გაღებული ჭიშკრის ჭრიალმა. მამაკაცმა ეზოში დაუკითხავად შემოაბიჯა და პირდაპირ ყვავილების ბაღში მსხდომი გოგონებისკენ აიღო გეზი. — წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის, მაგრამ ეს ამბავი არ მომწონს. — სანამ იარაღს დავუნახავდი, მინდოდა მეთქვა ბედი კარს მოგადგა-მეთქი, მაგრამ ახლა აღარ ვიცი... ლინდამ გაღიმებისგან თავი შეიკავა და სტუმრის შესაგებებლად ფეხზეც წამოდგა. შიშის განცდა, მისი ნაბიჯების სიმსუბუქეს აფერხებდა, თუმცა ბოლოს მაინც სიმამაცემ გადაწონა და წელში თამამად გასწორებული მიუახლოვდა გაურკვეველი წარმომავლობის უცნობს. — გისმენთ, ვის ეძებთ? ახლადმოსულმა, დამკვირვებლური მზერით სათითაოდ მოავლო თვალი ორივე გოგონას, მაგრამ ბოლოს მაინც ლინდაზე გაჩერდა და მზერა განსაკუთრებით დიდხანს შეაჩერა მასზე. მამაკაცის ნაკვთები, თითქოს ბასრი დანით იყო გამოკვეთილი, გამოხედვაში კი იმ ადამიანის თავდაჯერება ირეკლებოდა, რომელიც მუდამ დარწმუნებული იყო, რომ მთელი მსოფლიო მას მოერგებოდა. — შეიძლება ცალკე ვისაუბროთ? — თხოვნაზე მეტად, მოთხოვნას აჟღერებდა უცნობის ტონი. უჩვეულო სიმშვიდე იღვრებოდა ამ ხმიდან, თუმცა დაძაბულობით სავსე ატმოსფეროს, ეს ოდნავაც ვერ ანეიტრალებდა. — შეიძლება, მაგრამ ჯერ მითხარით ვინ ხართ. ღიმილი ხანმოკლე ელვასავით გაკრთა მამაკაცის ტუჩებზე. ცალი თვალით, მაგიდაზე შემოდებულ, ვარდებით სავსე ლარნაკს შეავლო მზერა და ლინდადან, იქვე მდგომ ლილეზე გადაიტანა მთელი ყურადღება. პირველად სწორედ მას წარუდგინა თავი: — ანდრო ბარათაშვილი, — ჩამოსართმევად გაუწოდა ხელი დაბნეულ გოგოს. მანაც უმალვე შეაგება თავისი მარჯვენა, მიუხედავად იმისა, რომ ეს სახელი და გვარი ბევრს არაფერს ეუბნებოდა, — ლინდა ისედაც მიცნობს, უბრალოდ დრო სჭირდება გასახსენებლად. გულში კიდევ ერთხელ იგრძნო მჩხვლეტავი ჭვალი ლინდამ. წინათგრძნობა სასიკეთოს არაფერს ეუბნებოდა და გონებაშიც ერთი დიდი ქარიშხალი უტრიალებდა. მიუხედავად ამისა, გარეგნულად იმდენად მტკიცე პოზიციას ინარჩუნებდა, მისი შინაგანი დაძაბულობა ყველაზე დაკვირვებულ თვალსაც კი დარჩებოდა მხედველობის მიღმა. — ლილე შეგიძლია დაგვტოვო? — ჰკითხა ისე, რომ მისკენ არც გაუხედავს. ტვინს მთელი ძალისხმევით ამუშავებდა, რათა თავად გაეხსენებინა ვინ იდგა მის წინ, მაგრამ ყოველი მცდელობა კრახით სრულდებოდა. — კი, რა თქმა უნდა, — სხარტად დაუქნია თავი, თან მაშინვე დასწვდა ყავისგან დაცლილ ჭიქებს. — თუ რამეში დაგჭირდე, გადმომძახე, კარგი? — კარგი. ახლა წადი. ლილემ რომ ღობეში ამოჭრილი ხის კარი გამოაღო და თავის ეზოში გადავიდა, მამაკაცთან სრულიად მარტო დარჩა. ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს თავისი წასვლით სინათლის სხივებიც თან გაიყოლა გოგონამ და გარშემო ავისმომასწავებელი წყვდიადი ჩამოწვა. ლინდას გამოხედვაში უამრავი დაუსმელი შეკითხვა ჩანდა, თუმცა რატომღაც არ სურდა საუბრის წამოწყების ინიციატივა საკუთარ თავზე აეღო. სწორედ ამიტომ, უხმოდ ანიშნა მამაკაცს მაგიდასთან დამჯდარიყო, თავად კი მანამ დაიკავა სკამზე ადგილი, სანამ მისი სტუმარი გააკეთებდა ამას. — ალბათ ბევრი კითხვა გაქვს, მაგრამ ვერ სვამ, რადგან მოსალოდნელი პასუხები გაშინებს, არა? — სახეში გამომცდელად შეაშტერდა, როგორც კი პირისპირ დაუჯდა. მზისგან გამთბარ მაგიდის ზედაპირს, იდაყვით დაეყრდნო გოგონა. შემდეგ ნიკაპი ჩამოადო ხელისგულს და ცნობისმოყვარეობით აღსავსე მზერა ესროლა თანამოსაუბრეს. — უნდა მაშინებდეს? — ჰკითხა. ეს ისე ბუნებრივად გამოუვიდა, მამაკაცმა ღიმილის შეკავება ვერაფრით შეძლო. — არ ვიცი რისი უნდა გეშინოდეს, მაგრამ აშკარაა, რომ იმ დილით, შიშმა გაიძულა უსიტყვოდ წასვლა. — იმ დილით?! — თითქოს ელდა ეცა. ხმაც კი ვეღარ დაიმორჩილა, რათა კიდევ უფრო განევრცო თავისი შეკითხვა. — ერთი თვის წინანდელი შემთხვევა გაიხსენე, — მაგიდას მკლავებით დაეყრდნო მამაკაცი. — შეხვედრა სასმელების განყოფილებასთან, საუბარი ავტოსადგომზე, მერე კი დაუგეგმავი რომანტიკული გადახვევა, რის შემდეგაც შენი კვალი ქრება. ჰაერი თითქოს შეიკუმშა და სუნთქვა ორჯერ უფრო რთული გახდა. ერთი წამის განმავლობაში, ალბათ უამრავჯერ მოუნდა ამ ადგილიდან გამქრალიყო და სადმე, სამყაროს მეორე ბოლოში გაედინა ზღართანი. სულს უფორიაქებდა იმ თვალების უტეხი გამოხედვა, რომლებიც ახლა უყურებდნენ. წარსულის ბნელი აჩრდილი, თითქოს საიდუმლო პორტალით გადმოსულიყო ახლანდელ დროში და შეუბრალებლად აყრიდა მარილს ნაწილობრივ შეხორცებულ იარებზე. — ანუ არ შევმცდარვარ, როცა ვიფიქრე, რომ სახეზე მეცნობოდი, — ყალბი ღიმილით გადააქნია თავი. მთელი სხეულით იგრძნო, როგორ ამოვარდა ქარიშხალი მის მშვიდ ზღვაში და როგორ გაიტაცა სახიფათოდ მბრუნავი მორევისკენ. — ყოჩაღ! ეს ნიშნავს, რომ ფრაგმენტულად მაინც დაგამახსოვრდა რაღაც. — შენი მოსვლის მიზეზს ვერ ვხვდები. რა მოხდა, მაგ ღამით რამე ფასეული დაკარგე და გგონია მე მოგპარე? — ბოლო სამი კვირაა შენს კვალზე გამოსვლას ვცდილობ... ვაღიარებ, დასასვენებლად იდეალური ადგილი აგირჩევია. ლინდამ მკაცრად აზიდა ცალი წარბი და გულხელდაკრეფილი მიაწვა სკამის საზურგეს. — კითხვაზე არ გიპასუხია, აქ რატომ მომაკითხე?! — გიპასუხებ თუ არა, მე ვწყვეტ, — გადაჭრით მიუგო. ჯიუტი ბუნების ადამიანისთვის დამახასიათებელი ცეცხლი იკვეთებოდა მის მზერაში და ამას, მამაკაცთან ხუთწუთიანი გასაუბრებითაც მიხვდა ლინდა. — და რა გადაწყვიტე, მიპასუხებ? რამდენიმე წამის განმავლობაში, თვალებში გამომცდელად უყურებდა ანდრო. მერე ისე ალაპარაკდა, თითქოს მისი სიტყვები არც გაუგიაო: — იმ ღამიდან დაახლოებით ათი დღის შემდეგ, გავარკვიე სადაც ცხოვრობდი, — მამაკაცი რაღაც დროით გაჩუმდა, თითები ერთმანეთში გადახლართა და განაგრძო: — მერე შენს მისამართზე მივედი და მანქანა ორი წუთის დაყენებულიც არ მყავდა, ვიღაც ქალი რომ მომესალმა გვერდითა სახლის ეზოდან. დაინტერესდა ვისთან ვიყავი. შენი სახელი რომ ვუხსენე, ერთი ძალიან საინტერესო რამ მომიყვა. — მაინც რა მოგიყვა? — ის, რომ იქ აღარ ცხოვრობდი, რადგან ვიღაც შემთხვევით გაცნობილი ადამიანისგან დაორსულდი და მამაშენმა სახლიდან გაგაგდო. ლინდას სახე მთლიანად ცარცისფერი გახდა. ნერვიულობისგან ყელი ისე გამოუშრა, ხმის ამოღებაც კი ძლივს მოახერხა: — მივხვდი ვისზეც საუბრობ. ეგ ქალი, ყველას ჭორებს უვრცელებს და მაშინ ალბათ მე ვყავდი პროგრამაში. — შენი ძებნა რომ განვაგრძე, კვალმა მესტიის სამედიცინო პუნქტამდე მიმიყვანა, — ისეთი მზერით განაგრძო, თითქოს მძიმე დანაშაულში სურდა აღიარებითი ჩვენების მოპოვება. — როგორღაც მოვახერხე პირად ინფორმაციაზე წვდომის მოპოვება და გავიგე, რომ იმ კლინიკაში, საშვილოსნოს ექოსკოპიურ კვლევაზე იყავი მისული. აკანკალებული თითების დასამალად, ლინდამ შეუმჩნევლად ჩააცურა ხელები ქვემოთ და ისინი, ერთმანეთში გადაჭდობილი მოათავსა კაბის კალთაში. ხვდებოდა, საითკენაც მიდიოდა ეს საუბარი, თუმცა მაინც ხავსივით ეჭიდებოდა იმ პატარა რწმენას, ამ ამბის თავისთვის სასურველ დასასრულს რომ უქადდა. — მერე? — ჰკითხა. მის ხმაში, მცირე დოზით მაინც გამოიკვეთა ის შიში, რომლის შენიღბვასაც დიდი ძალისხმევა შეალია. — პასუხს თავადაც ხვდები. ვადებიც ზუსტად ემთხვევა იმ ღამეს, როცა კარგად იცი რაც მოხდა. იმედის სუსტად მბჟუტავ სანთელს, ამ სიტყვებმა სული ძლიერად შეუბერა და უმოწყალოდ დაუსვა წერტილი მის ძლივსშესამჩნევ კიაფს. ნეგატივით გაჯერებულმა ემოციურმა ფონმა, თავბრუსხვევამდე მიიყვანა გოგონა. ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს ირგვლივ ყველაფერი ერთმანეთში აიზილა და მის გარშემო ქაოტურად დაიწყო ტრიალი. იქიდან გაქცევა მოუნდა, თუმცა მიხვდა რამდენად სულელურად გამოჩნდებოდა ასეთ შემთხვევაში და მაქსიმალურად შეეცადა თავის ხელში აყვანას. — არ არის შენი შვილი, — სიტუაციის განსამუხტად ის თქვა, რამაც თავში აზრად პირველად გაუელვა, მაგრამ ანდრომ სწრაფად „განაიარაღა“ მისი სიტყვები: — მაგის დასაჯერებლად სამედიცინო ცნობა მჭირდება. თუ მამა არ აღმოვჩნდები, შენ შენი გზით წახვალ, მე ჩემით. — ნუ იქცევი ასე... უფლება არ გაქვს... — ძალიან უნიჭოდ ცდილობ ჩემს შეცდომაში შეყვანას, — მოსვლის მომენტიდან, პირველად გააპარა თვალი გოგონას მუცლისკენ, რომელიც ჯერჯერობით ისევ ლარივით სწორი იყო. — გასაგებია, ადრე არ იცოდი ვინ ვიყავი და სად გეძებნე, მაგრამ ახლა რატომ მატყუებ? იმედია არ ფიქრობ, რომ ჩემი მანქანის საბარგულიდან აბორტის სპეციალისტი გადმოხტება. — მერჩივნა გადმომხტარიყო. გეტყოდი ბავშვი უკვე მოვიშორე-მეთქი და შენი ნახვაც აღარ მომიწევდა, — თავისდაუნებურად, დაფიქრების გარეშე გააკეთა აღიარება და ამით ისიც საბოლოოდ დაადასტურა, რომ წინ ნამდვილად საკუთარი შვილის მამა ეჯდა. ტყუილების გაგრძელების აზრს მაინც ვეღარ ხედავდა. ხვდებოდა, რამდენად უსარგებლო იქნებოდა სიმართლის დამალვა მაშინ, როდესაც ანდროსთვის ყველაფერი ისედაც დღესავით ნათელი იყო. მომავლისადმი გაჩენილმა შიშმა, საგრძნობლად შეუცვალა გულისცემის რიტმი. არ იცოდა საითკენ წაიყვანდა მის მშვიდ ცხოვრებას ამ ადამიანის უეცარი გამოჩენა. სწორედ ეს გაურკვევლობა ატრიალებდა გოგონას სულში ემოციების ტორნადოს. — ხვდები რას ამბობ? — წარბებს შორის, ორი წვრილი ხაზი გამოეკვეთა მამაკაცს. — სადღაც გადაკარგულ სოფელში ხარ, არც მუშაობ და არც ოჯახი ინტერესდება შენით. გგონია აქაურობა უტოპიაა და ხალხი ფინანსების გარეშეც ბედნიერად ცხოვრობს? — შენ ნუ ინერვიულებ, სტუდენტობიდან მოყოლებული ვმუშაობ, დანაზოგი მაქვს და ჯერ მყოფნის. ბავშვი რომ გაჩნდება, ათასი ორგანიზაციაა, სადაც ჩემნაირებს ფინანსურად ეხმარებიან. — იაზრებ ამხელა გზაზე რისთვის ჩამოვედი? — ბრაზი, წყენა, სიმკაცრე — ყველაფერი პატარ-პატარა დოზებით იკვეთებოდა ანდროს ხმაში. — თუ იაზრებ, რაღაც სულელურ ორგანიზაციებზე ნუ მელაპარაკები. — ეს სახლი, აქედან რომ გოგონა გავიდა, მისმა ოჯახმა მომაქირავა, შემდეგ კი ისე დავახლოვდით, ქირის გადახდაზეც უარი მითხრეს. მე აქ კარგად ვარ და არაფერი მჭირდება! — ის გავიწყდება, რომ ახლა მარტო შენ აღარ ხარ, — საუბრისას, თვალებში წამითაც არ უნელდებოდა სიმკაცრის გამომხატველი ცეცხლი. — იმასაც ვერ ხვდები, რომ ერთ დღეს, შეიძლება რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდეს და სამედიცინო ჩარევა დაგჭირდეს. ამ დროს რა უნდა ქნა? სანამ ცივილიზებულ სამყარომდე მიაღწევ, მანამდე ამ მიყრუებული სოფლის ვეტ-ექიმმა უნდა გაგსინჯოს? — აქაურობაზე წესიერად ილაპარაკე! — წამიერად მოატარა გარემოს თვალი ამის თქმისას. სვანური კოშკები, კვლავ ერთგული მცველებივით აღმართულიყვნენ, მათ სიახლოვეს განლაგებული სახლების სადარაჯოზე. საოცარი სანახავი იყო მაშინდელი დაისი. ნიავი თანდათანობით ძლიერდებოდა, მწვანე ფოთლებით დახუნძლული ტოტები კი ნაზად ცეკვავდნენ მისი შრიალა მელოდიის ფონზე. — აქ ორი ვარიანტის განსახილველად მოვედი, — რამდენიმე წამით შეწყვეტილი დიალოგი, კვლავ ანდროს ინიციატივით განახლდა. — პირველი ვარიანტი ჩემთან ცხოვრების შემოთავაზებაა, მეორე კი ჩემი აქ დარჩენა. — უკაცრავად?! — ტრაგედიას ნუ შექმნი, — ისე განაგრძო მამაკაცმა, თითქოს გოგონას ტონი ვერც კი შენიშნაო. — სახლი იმხელაა, თუ არ გენდომება, შეიძლება ერთმანეთს ვერც შევხვდეთ. თან, მთელ მესამე სართულს დაიკავებ და დამხმარესაც მოგიჩენ. — ძალიან გთხოვ, შეწყვიტე! — ჩირაღდანივით აინთო მრისხანების ცეცხლი გოგონას თვალებში. — ნამდვილად არ მინდა იმის აფიშირება, რამდენად მდიდარი ხარ და რამდენად კარგი პირობები შეგიძლია შემიქმნა იმასთან შედარებით, რაც ახლა მაქვს! — საიდან დაასკვენი მდიდარი რომ ვარ? — საიდან? — გვერდულად ჩაეცინა ლინდას. — შენს ჩაცმულობას შეხედე, ან იმ მანქანას ჭიშკართან რომ გელოდება. ეგ თავდაჯერება და სიამაყე, სწორედ იმ სქელ საფულეს მოაქვს ჯიბეში რომ გიდევს და არა იმას, რომ მართლა სერიოზული ფიგურა ხარ ჭადრაკის დაფაზე. თავისი მისამართით წამოსულმა გულგრილმა მზერამ, იმედგაცრუება აგრძნობინა გოგონას. როგორც ჩანდა, მის სიტყვებს თავისი მიზანი ვერ შეესრულებინა და გულზე მტკივნეულად ვერ მოხვედროდა მამაკაცს. — დიდად არც ვარ დაინტერესებული მეფედ მთვლი, თუ პაიკად, — უთხრა აუღელვებლად. — აქ რისთვისაც ვარ უკვე მიხვდი, ამიტომ ან ადგები და ჩემთან ერთად წამოხვალ თბილისში, ან მეც აქ დავრჩები მანამ, სანამ არ გადაიფიქრებ. — თავხედი ხარ! — მხოლოდ მათთან, ვისთანაც ნორმალური საუბარი არ გამოდის, — კვლავ შესაშურ სიმშვიდეს ასხივებდნენ ანდროს თვალები და სწორედ ეს შლიდა გოგონას ჭკუიდან ყველაზე მეტად. — ძალიან მაინტერესებს, მე რომ შენი ტყუილი დამეჯერებინა და წავსულიყავი, მაგ ბავშვისთვის რის თქმას აპირებდი, როცა ერთ დღეს მამის შესახებ დაგისვამდა კითხვას? თავის გასამართლებლად მოხეტიალე ლოთად გამასაღებდი, მორფინისტად თუ მოძალადედ? — ზედმეტი მოგდის! — არა, ეს შენ მოგივიდა ზედმეტი, — მშვიდ მზერაში, ამჯერად მცირე დოზით გაერია მრისხანების გამომხატველი ცეცხლი. — უკვე დროა იმ აზრთან დაიწყო შეგუება, რომ შენს ცხოვრებაში ერთით მეტი ადამიანი იქნება, ჩემი სახით. თუ აქ ვინმე გაიჩინე და მარტო არ ხარ, მასაც ასე გადაეცი. ვეღარაფერი უთხრა საპასუხოდ. სადღაც, გულის სიღრმეში გრძნობდა, რამდენად დიდი იყო მისი დანაშაული ამ ადამიანის წინაშე, თუმცა ყოველივე დანარჩენს მაინც ბრაზი აბათილებდა. საშინლად ბრაზობდა ანდროზე იმის გამო, რომ მისი მდგომარეობა თავისივე საკეთილდღეოდ გამოიყენა. გარკვეულწილად, საკუთარ თავზეც ცოფდებოდა ასეთი დაუფიქრებლობისთვის, თუმცა გოგონასთვის ბევრად უფრო იოლი იყო სხვისთვის დაეკისრებინა მომხდარზე პასუხისმგებლობა. ამ გზით, გაცილებით უმარტივდებოდა იმ ზიზღის კუთხეში მიმალვა, თავისი საქციელის მიმართ რომ უჩნდებოდა ხოლმე. დაძაბული სიტუაციიდან, ღობესთან მოულოდნელად მოსული ნინიას ხმამაღალმა ძახილმა იხსნა. ქალს შუბლი მოყავისფერო თავსაფრით ჰქონდა წაკრული, მუხლებიც ამავე ფერის წინსაფრით დაეფარა და მისი კალთით, წ’ყლისგან დასველებულ ხელებს იმშრალებდა. — ლინდა, შვილო, ყველაფერი მზადაა და გელოდებით! — გამოსძახა მან, — შენი სტუმარიც წამოიყვანე და გაგვაცანი. — ეს უკვე შედარებით ხმადაბლა დაამატა, რადგან იგრძნო, რომ ორივეს ყურადღება მიიქცია. სიმწრისგან თვალები დახუჭა გოგონამ. ოჯახში, სადაც ეპატიჟებოდნენ, არავინ იცოდა მისი ორსულობის შესახებ. რატომღაც ეშინოდა სიმართლის აღიარების, უფრო სწორად კი გამკიცხავი მზერის, რაც შეიძლებოდა იმ ადამიანების თვალებიდან წამოსულიყო, რომლებიც უკვე ძალზედ ძვირფასნი გამხდარიყვნენ მისთვის. შექმნილი სიტუაციის გამო, ზუსტად იცოდა ლუკმაც არ გადაუვიდოდა ყელში. ამ ყველაფერმა, ძალიან მოანდომა მეზობელი ზრდილობიანი უარით გაესტუმრებინა, თუმცა სანამ რამის სათქმელად გააღებდა პირს, პასუხის გაცემა ანდრომ დაასწრო: — მოპატიჟებისთვის მადლობა, მაგრამ დიდი ხანია გზაში ვარ და მირჩევნია დავისვენო, — მერე ლინდას გახედა გამომცდელი მზერით. — შენ თუ გინდა, წადი. მე სახლში შევალ და დავიძინებ. — ბოდიში, რაღაც ვერ გავიგე, რომელ სახლში შეხვალ და დაიძინებ? — ნამგზავრი და საშინლად დაღლილი ვარ, — ირიბი ღიმილით მიუგო მამაკაცმა. — იმედია უარს არ მეტყვი და სტუმრების ოთახს დამითმობ. ღობესთან ცნობისმოყვარე მზერით მდგომი ქალისკენ მზერა გააპარა გოგონამ. მიხვდა, რომ მას ჯერ კიდევ გაუცემელი პასუხის მოლოდინი აკავებდა იქ. მართალია მოცემულ მომენტში არაფრის ხალისი არ ჰქონდა, თუმცა ხათრსა და სურვილს შორის, სასწორის პინი იმ ხათრმა გადაწონა, ნინიას მიმართ რომ გააჩნდა. სწორედ ამიტომ, სპეციალურად დაყენებული ყალბი ღიმილით დაუდო მისვლის პირობა და ღიმილითვე გააცილა სახლისკენ წასული ქალი. — მისმინე, — მიეფარა თუ არა თვალს მოხუცი, მაშინვე მამაკაცს მიუტრიალდა. — მე აქ არც საოჯახო სასტუმრო მაქვს და არც ახლო მეგობრად გთვლი, ჩემს პირად სივრცეში რომ შემოგიშვა. რახან ჩამოხვედი, დასარჩენი ადგილიც თავად იპოვე! — კარგი, იყოს ასე... ახლომახლო, რომელიმე სახლში სიამოვნებით მომაქირავებენ ოთახს. — შენ რა, მართლა გინდა აქ დარჩენა, თუ ჩემს რეაქციას ამოწმებ? — არაფერს ვამოწმებ, უბრალოდ ვრჩები, — მიუგო თუ არა, ფეხზეც მაშინვე წამოდგა. — ამაღამ მანქანაში გამოვიძინებ, ხვალ კი ვეცდები დასარჩენი ვიპოვო. სახეში უტეხად შეხედა ლინდამ, მამაკაცს. გუმანით ხვდებოდა, რამდენად სერიოზული მეტოქეობის გაწევა შეეძლო ამ ადამიანს მისი შეუვალი ხასიათისთვის და ეს შინაგანად ძალიან თრგუნავდა. ანდროსგან წამოსული ოლიმპიური სიმშვიდე, მისი გამჭოლი მზერა და სახის მკაცრი ნაკვთები, უჩვეულოდ აფორიაქებდა. იმის გაფიქრებაზეც კი ეკლები აყრიდა ტანზე, რომ მასთან ერთღამიანი წარსული აკავშირებდა. მართალია, მომხდარი ამბები გონებას ბუნდოვნად ახსენდებოდა, თუმცა მხოლოდ ეს როდი იყო საკმარისი, რომ ანდროს წინაშე მჯდომი, უხერხულობის განცდისგან არ აწურულიყო. — იცოდე, არც კი გაბედო ჩემი სიმშვიდის დარღვევა! — გამაფრთხილებლად აუწია თითი მამაკაცს. — მართალია ქალი ვარ, მაგრამ ნუ იფიქრებ, რომ სუსტ სქესს წარმოვადგენ ვარ და ჩემგან საფრთხე არ გელის! — ანუ უნდა მეშინოდეს? — თუ ზღვარს გადახვალ, კი... ვხედავ, ძალიან გინდა ეს ბავშვი გიცნობდეს, ამიტომ დათმობაზე მივდივარ, მაგრამ იმის გადაწყვეტა სად ვიცხოვრო, რამდენპროცენტიანი ტენიანობის ჰაერი ვისუნთქო და რა რაოდენობის კალორია მივიღო დღის განმავლობაში, შენი საქმე ნამდვილად აღარაა და ამაში ნუ ჩაერევი! — შენდა სამწუხაროდ, საცხოვრებლის საკითხი ისევ აქტუალური უნდა დავტოვო. ჰაერის ტენიანობაზე და კალორიების ცხრილზე, ასპარეზი შენთვის დამითმია. ზურგი ისე აქცია, მეტად აღარაფერი უთქვამს მამაკაცს. აღარც ლინდას ამოუღია ხმა. მხოლოდ უტყვი მზერა გააყოლა მანქანისკენ მიმავალ მაღალ სილუეტს და ღრმად ამოხვნეშას ამოაყოლა ის დაძაბულობა, მთელი ეს დრო რომ გულში ჰქონდა ჩაგუბებული. ნაზად გადაუსვა საჩვენებელი თითი ლარნაკიდან ამოშვერილ ვარდის ფურცლებს. საშინლად არ უნდოდა ახლა, ადგომა და სადმე წასვლა, თუმცა ნინიასთვის ნათქვამ თანხმობაზე გადაბიჯება ვერ შეძლო. ქალისთვის რომ არ ეწყენინებინა, გადაწყვიტა ცოტა ხნით შეევლო, რამდენიმე ლუკმით გაესინჯა მისი ნახელავი, შემდეგ კი დაღლილობა მოემიზეზებინა და შინ დაბრუნებულიყო. მოსაფიქრებელი მხოლოდ ის დარჩენოდა, როგორ წარედგინა ანდრო. ტყუილის თქმა არ სურდა, მაგრამ არც სიმართლის სათქმელად ჰყოფნიდა გამბედაობა. ორ ცეცხლს შუა მდგომ მსჯავრდებულად გრძნობდა თავს იმ მომენტში და ამ ცეცხლის სიმხურვალეს უკვე ვეღარ უძლებდა. ზანტად წამოსწია დარდისგან დამძიმებული სხეული სკამიდან. მანქანისკენ მიმავალი მამაკაცისკენ შეგნებულად აღარ გაუხედავს. გეზი პირდაპირ მეზობელი სახლისკენ აიღო და მის ზღურბლზე გადაბიჯებამდე, ღიად დატოვებულ კარზე სამჯერ მიაკაკუნა. როგორც ელოდა, შესასვლელში ლილე გამოეგება. თვალებში არეკლილ ცნობისმოყვარეობას, ყველა ის შეკითხვა გამოჰქონდა სააშკარაოზე, რომელთა შინაარსსაც დაუსმელად ხვდებოდა ლინდა. ლილესთან კიდევ შეეძლო ყველაფერზე შედარებით თავისუფლად ესაუბრა, მაგრამ ონისე და ნინია ის ადამიანები იყვნენ, რომლებთანაც ასე ღიად ვერ განიხილავდა თავისი წარსულის შეცდომებს. — არ წამოვიდა შენი სტუმარი? — ჩურჩულით ჰკითხა ლილემ და სამზარეულოსკენ წაუძღვა. მთელ სახლში იმდენად გემრიელი სურნელი ტრიალებდა, ლინდას ეჭვიც კი შეეპარა თავის პირვანდელ გადაწყვეტილებაში, რომ მხოლოდ ზრდილობის გამო გაუსინჯავდა მასპინძელს რამდენიმე ლუკმას. — არა, გამოძინება ურჩევნია. — ლინდა, ვინ არის ეგ ტიპი? თქმას არ აპირებ? — სხვა დროს მოგიყვები. ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არაა. — ონისემ და ნინიამ არ გინდა გაიგონ, ხომ? ღიმილით გადახედა მას, ლინდამ. მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, ამ გოგოს, ბევრ რამეში უსიტყვოდ ესმოდა მისი და ცოტათი ინანა კიდეც სიმართლე რომ ამ დრომდე დაუმალა. — რაღაც დროით ასე მირჩევნია ლილე. დანარჩენზე მოგვიანებით... სამზარეულოში ერთად შევიდნენ გოგონები. იქაურობა მართალია ძველებური სტილით, თუმცა საკმაოდ მყუდროდ იყო მოწყობილი. ბუხრის თავზე, რომელიც მარჯვენა კედლის მეოთხედს იკავებდა, წითელი წიწაკის ორი ასხმა ჩამოეკიდათ. სამზარეულოს შუაგულში, სამ ადამიანზე, ხის პატარა მაგიდა იყო გაშლილი. თეფშებთან და ჭიქებთან ერთად, მასზე ლიმონათის ბოთლი და სურნელოვანი კუბდარებით სავსე, ვერცხლისფერი ლანგარი იდო. ძალიან უყვარდა ამ სახლში სტუმრობა ლინდას. განსაკუთრებით იმის გამო, რომ ეს ხალხი იმ ოჯახურ სითბოსა და სიყვარულს აგრძნობინებდა, მუდამ უწყლოდ დარჩენილი თევზივით რომ აკლდა მთელი ბავშვობა. — მოდი, შვილო, მოდი დაჯექი, — პირმცინარი სახით მიეგება სტუმარს ნინია და სუფრის თავში მჯდომი ონისეს გვერდით ანიშნა. კაცს თავზე ნაცრისფერი, სვანური ქუდი მოერგო და სკამთან, ლამაზად მოჩუქურთმებული ხელჯოხი ჰქონდა მიყუდებული. ასაკის მიუხედავად, საკმაოდ სასიამოვნო შესახედაობის მოხუცი ბრძანდებოდა ონისე. სამოცდაჩვიდმეტი წლის ასაკშიც კი ზედმეტად ზრუნავდა აკურატულად ჩაცმაზე და ჭაღარა წვერიც საგულდაგულოდ ჰქონდა მოვლილი. უდიდეს სიამოვნებას ჰგვრიდა მასთან გაბმული მცირეხნიანი დიალოგიც კი გოგონას. ონისე მისთვის ცოცხალი ენციკლოპედიასავით იყო, რომლის გვერდებზეც ყოველთვის შეიძლებოდა რაღაც ჭკვიანურის ამოკითხვა და მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ საკითხებზე ჯანსაღი აზრის მოსმენა. — მოწყენილი მეჩვენები, ხომ კარგად ხარ? — დაჯდა თუ არა, მზრუნველად გადაუსვა სიბერისგან დანაოჭებული ხელი ჩამოშლილ თმაზე, თან დაკვირვებით შეათვალიერა. ლილე მათ პირდაპირ მოთავსდა. ინტერესი, ჯერ კიდევ ჩაუქრობელი კოცონივით ენთო მის ზღვისფერ თვალებში, თუმცა თავისთვის საინტერესო თემაზე საუბრის წამოწყებისგან თავს იკავებდა. — კი, კარგად ვარ, უბრალოდ ცუდად მეძინა გუშინ, — თბილად დაუბრუნა პასუხი მოხუცს და მზერა ნიჟარასთან მდგომი ნინიასკენ გადაიტანა, სალათისთვის რომ რეცხავდა ახალდაკრეფილ კიტრსა და პომიდორს. მორიგი კითხვა, სწორედ ამ უკანასკნელმა გააჟღერა: — ეს სტუმარი ბიჭი, შენი რომელიმე ნათესავია? — წამით გამოხედა და გარეცხილი ბოსტნეულის ჩაჭრა დაიწყო წინასწარ მომზადებულ ჯამში. — ძველი მეგობარია. ჩემს მოსანახულებლად ჩამოვიდა და რამდენიმე დღით, სადმე მეზობლად იქირავებს დასარჩენს, — სწრაფად გამოაცხო ტყუილი, თან მომენტალურად გახედა ლილეს. მის გამომეტყველებაში ნათლად იკითხებოდა, რომ ცოტა ხნის წინ მოსმენილი, არც ერთი სიტყვა არ ჰქონდა დაჯერებული. ამასობაში, ნინიაც მორჩა სალათის დაჭრას. დანის გამოყენებით, ხის დაფაზე წვრილად დაჭრილი რეჰანიც მოაყარა თავის ნახელავს, ზემოდან მწიკვი მარილი მოაპნია და მაგიდაზე, კუბდარებით სავსე ლანგრის გვერდით დადო. — ჩვენთან ყველა ოთახი დაკავებულია შვილო, თორემ როგორმე თავისუფალ ადგილს გამოვუძებნიდით. — ჩვენ რატომ? თვითონ ლინდამ დაიტოვოს. ერთი თავისუფალი საძინებელი ხომ აქვს? — წარბების ეშმაკური თამაშით იკითხა ლილემ, რაზეც უმალვე მიიღო პასუხი ნინიასგან: — ეგრე არაა სწორი, შვილო. იპოვის ის ბიჭი სადმე დასარჩენს. — ახლა გგონია ეგ სისხლის სამართლის დანაშაული, თორემ მალე ჩაგიყვანთ თბილისში და ლიბერალიზმის კურსებზე გატარებთ შენ და ონოს. — ეჰ, ნეტა სულ არ გაგიჟდებოდე მაგ ქალაქში, — დანანებით ჩაიქნია ხელი ქალმა, თან მაგიდასთან მოთავსდა დანარჩენების მსგავსად. შემდეგ თვითონ გადაუღო თეფშზე სტუმარს ჯერ კიდევ ცხელი კუბდარი და არც ის მოალერსე მზერა დავიწყებია, ყოველთვის რომ ჩანდა მის თბილ, თაფლისფერ თვალებში. ვახშამმა იმდენად მხიარულად ჩაიარა, ცოტა ხნის წინანდელი მღელვარება, ადრიანი დილის ნისლივით აორთქლდა ლინდას გონებიდან. გიჟდებოდა ამ ოჯახში დროის გატარებაზე, განსაკუთრებით კი ონისეს მშვიდი, დინჯი საუბრის მოსმენაზე, რასაც მუდამ ახლდა თან ცხოვრებაში ბევრის მნახველი, გამოცდილი ადამიანის ტონი. ახლაც მთელი გულისყურით მოისმინა ბერიკაცის ნათქვამი თითოეული სიტყვა, შემდეგ კი ასეთივე ყურადღებით განაგრძო ნინიას ნაამბობი ისტორიის მოსმენა, თავისი და ონისეს პირველ შეხვედრაზე. საკმაოდ გემრიელად მიირთვა ცხელი კუბდარიც, რომელიც უმაღლესი ქულით შეუფასა დიასახლისს და მისი ბედნიერი ღიმილის გამომწვევი მიზეზიც გახდა ამის გამო. ვახშმის დასასრულს, ლილემ, თანაკლასელების შეკრებაზე წასასვლელი სამოსის არჩევა მოიმიზეზა და ნებართვა ითხოვა, რომ ის და ლინდა, საძინებელში განმარტოებულიყვნენ. ვინაიდან ონისეს, თავისი გაზრდილი ბავშვი ხუთი თითივით ჰყავდა შესწავლილი, მაშინვე მიხვდა, რომ აქ სამოსის არჩევა არაფერ შუაში იყო. მიუხედავად ამისა, მაინც კეთილგანწყობილი მზერით მისცა გოგონებს სუფრის დატოვების ნებართვა, მაგიდასთან დარჩენილ ცოლს ოდნავი ღიმილით გადახედა და პირთან მიტანილ მის თითებს, ნაზად შეახო თავისი ტუჩები. ლილეს მოსასვენებელი ოთახი, პატარა, თუმცა საკმაოდ გემოვნებიან, ძველი და ახალი სტილის ნაზავ სივრცეს წარმოადგენდა. იქაურობა მინდვრის ყვავილების ნაზი არომატით იყო გაჟღენთილი, რადგან ოთახის ორივე ფანჯარაზე მიმაგრებულ სადგამზე, გოგონას ქოთნებში ჩარგული მცენარეები ჰქონდა გამწკრივებული. საწოლზე, საკურას აყვავებული ხეებით მოხატული თეთრეული იწონებდა თავს, ხოლო მისი კიდიდან, უზარმაზარი, თეთრი დათუნია იმზირებოდა, თათებს შორის მოქცეული, გულის ფორმის ბალიშით. საწოლზე ჩამოჯდომისას, ლილემ სწორედ ეს ფუმფულა სათამაშო მიიხუტა და ისეთი მომლოდინე მზერით შეაცქერდა ლინდას, თვალებშიც კი გარკვევით დაეწერა, თუ რამდენად ხრავდა შინაგანად ცნობისმოყვარეობის გრძნობა. — უკვე რამდენი ხანია გმირულად ვითმენ, ახლა მაინც ამოიღე ხმა, — სიმკაცრე და მუდარა ერთობლივად იღვრებოდა გოგონას ხმიდან. მის შემხედვარე ლინდას, ერთი გულიანად გადახარხარევა მოუნდა, თუმცა მალევე გაახსენდა, რომ საქმე სულაც არ ჰქონდა სასაცილოდ და მოღუშული სახით ჩამოჯდა საწოლზე, ლილეს გვერდით. — ყველაზე ნაკლებად, ზუსტად მის გამოჩენას ველოდი. ეს ცხოვრება ზოგჯერ მართლა ემსგავსება იდიოტურ სერიალს. — ყოფილი შეყვარებულია? — ნეტავ ეგრე იყოს. — ლინდა თქვი! — ჩემი შვილის მამაა... — შენი შვილის მამა?! — ზღვისფერი თვალები ისე გაუფართოვდა, ლამის ბუდეებიდანაც კი ამოუხტა. — შენ რა, შვილიც გყავს?! — თან კი, თან არა. — უფრო გასაგებად რაა, ვერაფერს მივხვდი. ლინდა ბალიშს მიეყრდნო, თვალები დახუჭა და მუცელზე, საჩვენებელი თითით უსიტყვოდ შემოხაზა პატარა წრე. დარწმუნებული იყო, ამ ჟესტით ყველაფერს აეხდებოდა ფარდა და მართლაც — საპასუხო რეაქციას წამითაც არ დაუგვიანია: — სერიოზულად?! — ლილეს მოულოდნელი წამოხტომისგან, საწოლი ისე შეირყა, ლამის ჭაღზე გადაეკიდა მასზე გაწოლილი ლინდა. — ბავშვს ელოდები?! და ის მიქელანჯელოს ქანდაკება, რომელმაც მოგაკითხა შენი ყოფილი ქმარია?! — რა ყოფილი ქმარი ლილე, დღეს მეორედ ვნახე, — ამ სიტყვის ხსენებაზეც კი, თავისდაუნებურად შეეკრა წარბები გოგონას. — მაგასთან შეხვედრის შემდეგ, ყველაფერი უკუღმა წამივიდა, მაგრამ აბორტი ჩემთვის ყოველთვის გაუმართლებელი იყო. ლილეს ბაგეებს, წამიერად გადაურბინა ნაღვლიანმა ღიმილმა. — მესმის რატომაც, — სევდითა და თანაგრძნობით გაჟღენთილი ხმით წამოიწყო მან. —ერთხელ, უბრალო ინტერესის გამო ვუყურე აბორტის პროცედურის ვიდეო-რგოლს. ცოცხალ არსებას, ნელ-ნელა აგლეჯენ სხეულის სხვადასხვა ნაწილებს, მერე კი ნაგავში ისე ყრიან, თითქოს საყოფაცხოვრებო ნარჩენები გადაყარეს. შენს ადგილას, ალბათ ვერც მე ვიზამდი ასეთ რამეს. — მაგრამ არც მეორე გზაა მარტივი... არ ვიცი, მეყოფა თუ არა ნერვები, როცა მთელი ღამით არ დაიძინებს და დილითაც გაჭირვეულდება. მეშინია, რომ ნერვოზიანი დედა ვიქნები და მასაც დავუზიანებ ფსიქიკას. მართლა ძალიან მეშინია ამის. მხარზე ხელის მსუბუქი შეხება იგრძნო ლინდამ. მისკენ მომართულ მზერაში არც განკითხვის სურვილი ჩანდა, არც იმედგაცრუება და არც რამე ისეთი, რაც მარილივით მტკივნეულად მოებნეოდა მისი სულის ხახადაღებულ ჭრილობებს. ამის ნაცვლად ის მიიღო, რაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა — უსიტყვო თანაგრძნობა და მეგობრული მხარდაჭერა, ყოველივე ამან კი სინათლის სხივივით დაიწყო კაშკაში მის ჩაბნელებულ გვირაბაში. — რაც არ უნდა იყოს, მაინც სწორად მოიქეცი ბავშვი რომ დაიტოვე. იქნებ და როგორი მომავალი აქვს? შეიძლება საერთოდაც ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს და საქმე ისე აგვიწყოს, რომ უცხოეთიდან, საქართველოში ჩამოდიოდნენ ქართველი მოხუცების მოსავლელად. — რა ფანტაზიორი ხარ, — ღიმილი მოადგა ამ სიტყვების გამგონეს. საიდუმლოსგან გათავისუფლება, ჯერ კიდევ დამწვრობაზე გადასმული, უებარი მალამოს ეფექტით მოქმედებდა. იმან, რომ ლილეს ზედმეტი კითხვები არ დაუსვამს და ყველაფერს გაგებით მოეკიდა, ის მცირედი უხერხულობაც კი დაავიწყა, ამბის თხრობის მომენტში რომ ლოდივით აწვა მხრებზე. — მოკლედ, როგორც შენი ნათქვამიდან გავიგე, იმ დღის შემდეგ ეგ ადამიანი აღარსად შეგხვედრია. — დღევანდელამდე ეგრე იყო. — თუ ასეა, როგორ გიპოვა? — ინტერესი აზვირთებული ტალღებივით მოასკდა გოგონას ზღვისფერ თვალებს, მაგრამ სულ მალე, თავადვე უპასუხა საკუთარ შეკითხვას:— პრინციპში, ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ უბრალო ქარხნის მუშა არაა. შენი მოძებნა, ადვილი საქმე იქნებოდა მისთვის. — ბავშვობიდან არ მომწონდა მდიდრები, — გულზე ხელები უკმაყოფილების ნიშნად დაიკრიფა. უნებურად შეჭმუხნილმა წარბებმა, წვრილი ხაზები გამოკვეთა მის შუბლზე. — საკმარისია ადამიანს საფულე გაუსქელდეს და მისი ეგოც საჰაერო ბურთივით იბერება. — ვერ დაგეთანხმები, — ჩაფიქრებული მზერით გადააქნია თავი და ბალიშებს უფრო მოხერხებულად მიეყრდნო ლილე. — ფული ადამიანს არ ცვლის, უბრალოდ ნამდვილ სახეს უაშკარავებს. თუ შინაგანად არ ხარ კუდაბზიკა, ვერც სიმდიდრე გადაგიბრუნებს ტვინს. — არ ვიცი, არ ვიცი... მხოლოდ ის ვიცი, რომ მეშინია იმ ტიპის ჩემთან ახლოს ყოფნის. მგონი მართლა ძალიან გავლენიანია და შეიძლება ბავშვის წართმევაც მოინდომოს. — ლინდა, არა მგონია ეს უნდოდეს. — რა იცი? წარმოდგენაც არ გაქვს როგორი ადამიანია. იქნებ საერთოდაც ნარკოტიკებს მოიხმარს? ან შეიძლება მოძალადეა და როცა დალევს, პათოლოგი ხდება. ამ ბავშვის მიმართ უსამართლობაა, რასაც ვიტყვი, მაგრამ მერჩივნა მას მხოლოდ მე ვყოლოდი. — და შენი ოჯახი რატომ არ დაგიდგა გვერდით? მათზე თითქმის არასდროს საუბრობ. — ჩემი ოჯახისთვის სულ ერთია, თბილისში ვიქნები, ადიშში, თუ მადაგასკარის ჯუნგლებში, — ირონიული ტონით შეეცადა, გულში პარაზიტივით დაბუდებული ტკივილის გადაფარვას გოგონა. — ორსულობის შესახებ წინადადება დასრულებულიც არ მქონდა, უკვე ქუჩაში ვიყავი გაგდებული. — ყველაფერი თავიდან ბოლომდე მომიყევი, — საწოლზე იოგას პოზაში ჩამოჯდა გოგონა და მთელი გულისყური მიმართა მეგობრისკენ. — იცოდე არაფერი გამოგრჩეს ლინდა, ისედაც ძალიან დიდხანს იყავი ჩუმად. იმ ღამით, გვიანობამდე გაუგრძელდათ საუბარი გოგონებს. ამ გრძელვადიან საუბარში, საკმაოდ ბევრ რამეს აეხადა იდუმალებით მოცული ფარდა და უამრავ უპასუხო შეკითხვასაც გაეცა პასუხი. იმ ღამით, სკივრში არც ერთი საიდუმლო აღარ დარჩენილა და ყოველივე ამას, დაკვირვებით ადევნებდა თვალს ნამგალა მთვარე, რომელიც, ცაზე მიბნეულ, მოციმციმე ვარსკვლავებს შორის სეირნობდა. * * * ცხოვრების ყველაზე დიდი ოცნება, ლინდასთვის ისეთი ოჯახის ყოლა იყო, სადაც დამღლელი დღის შემდეგ ფსიქოლოგიურად დასვენებას შეძლებდა. სადაც ადამიანებს ერთმანეთისადმი სიყვარული ექნებოდათ წამოწეული წინა პლანზე და სადაც ყოველთვის გამოჩნდებოდა მხარი, რომელზეც, ცუდად ყოფნის შემთხვევაში შეძლებდა თავის ჩამოდებას. აუხდენელმა ოცნებამ მზრუნველ ოჯახზე და იმ ადამიანის არარსებობამ, რომლის კალთაში ქვითინსაც მოახერხებდა, საბოლოოდ, მტკიცე ხასიათის მქონე, ძლიერ პიროვნებად ჩამოაყალიბა. ისეთ პიროვნებად, რომელსაც უკვე ვეღარანაირი დაბრკოლება ვერ შეაშინებდა და ყოველთვის ექნებოდა მომარჯვებული მათთან საბრძოლველი ბასრი მახვილი. რაც თავი ახსოვდა, მამისგან ერთი თბილი სიტყვაც არ ჰქონდა გაგონილი. არც ალერსიანი მოპყრობა ახსენდებოდა. ერთადერთი ადამიანი, ვისაც მასზე ზრუნვას სიყვარული აიძულებდა და არა მოვალეობის გრძნობა, ეს ლინდას მოხუცებული ბებია იყო. იგი მაშინ დაემშვიდობა ამქვეყნიურ სამყოფელს, როცა გოგონას ცხრა წელი უსრულდებოდა და შვილისშვილის სულის ნაწილიც თან გაიყოლა თავისი წასვლით. ლინდას ძმა, ლეონი, დაზე ორი წლით იყო უფროსი. სწორედ ის ითვლებოდა ოჯახში ყველაზე განებივრებულ წევრად. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური სიძლიერე დიდად არასდროს ჰქონიათ, ლეონი, მამას მუდამ განებივრებული ჰყავდა როგორც საუკეთესო სათამაშოებით, აგრეთვე ტანსაცმლითა და ტექნიკური მოწყობილობებით. თავდაპირველად, და-ძმას შორის საკმაოდ კარგი ურთიერთობა იყო. მათი ბავშვური ბუნება, იდეალურ თანწყობაში მოდიოდა ერთმანეთთან და ჩხუბითაც თითქმის არასდროს ჩხუბობდნენ. დედმამისშვილებს შორის უფსკრულმა მაშინ დაიწყო დიდი ხახის დაღება, როდესაც ლეონს რვა წელი შეუსრულდა. მამის გადაჭარბებული ყურადღებით განებივრებული ბიჭი, თანდათანობით მკაცრ, მესაკუთრე და ქედმაღალ ადამიანად ჩამოყალიბდა. გამომდინარე იქიდან, რომ მოზარდობაში ყველაზე დიდ დროს სწორედ მამის გარემოცვაში ატარებდა, ზრდასრულ ასაკში, მისი ხასიათის თითქმის ყველა შტრიხი, ზედმიწევნით ჰქონდა გადმოღებული. ამასთან ერთად, ზედმეტად ცივი იყო, უგრძნობი და ყოველგვარი ადამიანური სითბოსგან დაცლილი. დრო გადიოდა. ლიდასაც თითქოს უკვე შეგუებული იყო ოჯახის წევრებისგან წამოსულ გულგრილობას და ამაზე იმუნიტეტიც ჰქონდა გამომუშავებული. განგებას მადლობას უხდიდა, რომ მოახერხა და უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით შეძლო უცხო ენების ფაკულტეტზე მოხვედრა. წინააღმდეგ შემთხვევაში არც სწავლის საფასურის გადახდის იმედი ჰქონდა ოჯახისგან, რადგან ბევრჯერ გაუგია მამის პირიდან შემდეგი სიტყვები: “ახლა მაგის სწავლაშიც ფული უნდა ვიხადო?! კარგი ერთი! ჯობია ვინმე კარგი ბიჭი მოვძებნოთ და პატრონს ჩავაბაროთ!” პირველი კურსიდანვე, ნახევარ განაკვეთზე მუშაობა გადაწყვიტა გოგონამ. დამამთავრებელ წელს, შედარებით მაღალანაზღაურებადი სამსახურიც მოძებნა, თუმცა თავისი ნამდვილი სამუშაო ადგილის შესახებ შინ არაფერი უთქვამს. იცოდა, რომ ვერც ძმისგან მიიღებდა ნებართვას ღამის კლუბში მუშაობის დაწყებაზე და ვერც, ოჯახის უფროსისგან. დიდი ხნის განმავლობაში, ამ საიდუმლოს ერთგულად ინახავდა ლინდა, თუმცა საბოლოოდ, მას ფარდა მაინც აეხადა. ალბათ მთელი ცხოვრება ტკივილიანად გაახსენდება ის ღამე, როდესაც დასაძინებლად მომზადებულს, ოთახში გაავებული სახით შეუვარდა ლეონი. თავიდანვე ცუდად ენიშნა უფროსი ძმის ასეთი “ექსტრემალური” გამოჩენა. იგი მის ოთახში, მხოლოდ საკამათო სიტუაციის არსებობის შემთხვევაში შემოდიოდა ხოლმე და გოგონაც მაშინვე მიხვდა, რომ ლეოს მოსვლის მიზეზი, არც ტკბილი სიზმრების სურვება იყო და არც შუბლზე კოცნა, ძილის წინ. — მოხდა რამე? — საწოლიდან გაკვირვებულმა წამოიწია და ნახევრად გამჭვირვალე პენუარის დასაფარად, სხეულზე პლედი აიფარა. ლეონმა კარი ზურგს უკან მიიხურა. დასაწყისისთვის, უმცროს დას შეავლო უმეტყველო მზერა, შემდეგ თვალებით სკამი მოძებნა, საწოლთან მიაჩოჩა და მასზე უკუღმა გადამჯდარი, ორივე მკლავით დაეყრდნო სახელურს. — ვფიქრობ ახლა რა გაგიკეთო და თავში იმდენი საშინელება მომდის, შენ ადგილას ძალიან ვინერვიულებდი, — შიშისმომგვრელად აელვარდნენ ბიჭის თვალები ამის თქმისას. ცივმა ოფლმა დაასხა შუბლზე გოგონას. ცუდად ენიშნა ეს ყველაფერი. — რა ხდება? — იკითხა შეპარვით. გულისცემა ლამის ყურებში იგრძნო, როდესაც მრისხანების ცეცხლმა იმატა ძმის თვალებში. — ასეთი უდანაშაულო სახით რომ მიყურებ, სურვილი მიპყრობს თმით გითრიო! — მინიშნებებით ლაპარაკს შეეშვი და პირდაპირ მითხარი, რას მერჩი?! — იმას გერჩი, რომ გუშინ ღამით, ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა გნახა ღამის კლუბში, — ბრაზით გამოსცრა კბილებს შორის მამაკაცმა. — თურმე ქალბატონი ლინდა თავის ნამდვილ სამუშაო ადგილზე იტყუება, სინამდვილეში ღამის კლუბში მუშაობს და ამას მესამე პირისგან ვიგებ. ღრმად ამოიხვნეშა გოგონამ. უკვე გასაგები იყო ლეონის ღამეული ვიზიტის მიზეზი, თუმცა ის ნამდვილად აღარ აფიქრდებოდა, რა უნდა გაეცა პასუხად, ან რით ემართლებინა თავი. — ხმას რატომ ვერ იღებ? — კვლავ თვითონ ალაპარაკდა ლეო, თანაც ნიშნის მოგებით. — შემთხვევით თავის გასამართლებელ ზღაპრებს ხომ არ თხზავ? — ამაღამ არ გვინდა მაგაზე საუბარი, უკვე გვიანია. — რა არის გოგო გვიანი?! — ხმას საგრძნობლად აუწია მან. — ამდენი ხანია რომელიღაც დედაა*ეთქებულ კლუბში დაეთრევი, ყველაფერს გვიმალავ და კიდევ მე უნდა გიცადო, სანამ საუბრის ხასიათზე არ დადგები?! ლინდას თავისი ნახევრად გამჭვირვალე პენუარი სრულებით გადაავიწყდა, ისე წამოხტა საწოლიდან და სინათლის სიჩქარით მივარდა უფროს ძმასთან. — ტონს დაუწიე, მამას გაეღვიძება! — გაიღვიძოს, მე პრობლემა არ მაქვს, — სკამიდან ისე სწრაფად წამოდგა, ააყირავა კიდეც. — ბარემ ისიც ვუთხრათ, რომ მაგ კლუბში მომუშავე გოგონები, ინტიმურ მომსახურებასაც უწევენ კლიენტებს. მერე ერთად დავაკვირდეთ მის რეაქციას. — ასე მხოლოდ ისინი მუშაობენ, ვისაც დამატებითი შემოსავალი უნდათ! — თვითონაც აუწია ტონს გოგონამ. მართალია მთელი ეს დრო ოჯახს ატყუებდა, თუმცა ნამდვილად არ დაუშვებდა ვინმეს იმ სიბინძურეში დაედო ბრალი, რაც ცხოვრებაში არასდროს ჰქონდა გაკეთებული. — ერთად გავიზარდეთ და იცი, რომ ასეთ რამეზე არასდროს წავალ. — იცოდე, ხმა აღარ ამოიღო, თორემ გეფიცები საკუთარ ქმედებებზე პასუხს არ ვაგებ! — ლეონ... — ჩემს სახელს ნუ ახსენებ! — გაღიზიანებულმა დაუყვირა და მის ხმამაღალ ტონს, ღამის ნათურის მსხვრევის ხმაც შეერწყა. ძმის გამხეცებული მზერისგან დათრგუნული ლინდა, საწოლზე მოწყვეტით ჩამოჯდა. სწორედ მაშინ, სიგიჟემდე მოენატრა ის პატარა, მხიარული ბიჭი, ბავშვობაში რომ შოკოლადის კანფეტებს შუაზე უყოფდა და მუდამ “დაიკო”-თი მიმართავდა. ახლა მის წინ სრულიად სხვა პიროვნება იდგა. ვერ სცნობდა ამ ადამიანს. უკვე წლები იყო, რაც ვეღარ სცნობდა, იმ წამს კი ყველაზე მეტად. — ნერვები მოთოკე, ცუდი მართლა არაფერი გამიკეთებია! — ჰო, არა?! — სიტყვაზე უნდა მენდო. — მაშინ იქნებ ამიხსნა, მაინცდამაინც ასეთი რეპუტაციის დაწესებულებაში რატომ მიეთრიე სამუშაოდ?! — ამჯერად ხელში ყვავილის ქოთანი მოჰყვა და ისიც სანათის გზას გაუყენა. ნამსხვრევები ოთახში უწესრიგოდ მიმოიფანტა, ლინდამ კი ინსტინქტურად დახუჭა ორივე თვალი. — ანაზღაურება იყო შედარებით კარგი. სამარცხვინო არაფერი ჩამიდენია, დამიჯერე. — არა ლინდა, ადამიანის ნდობას ერთხელ თუ დაკარგავ, მერე ძალიან რთული ხდება მისი უკან დაბრუნება! — რა გავაკეთო, რომ დაიჯერო? — ნურაფერს გააკეთებ, — ხელებით იქსი გამოსახა მამაკაცმა. — თავიდანვე პრობლემა იყო შენი არსებობა და დღემდე აგრძელებ პრობლემების შექმნას. ბრაზისგან ჩასისხლიანებულ თვალებს, მზერა გაუბედავად გაუსწორა გოგონამ. ვერაფერს ხედავდა მათში იმედგაცრუების გარდა, თუმცა ახლა იმ სიტყვებს უფრო მიაქცია ყურადღება, რაც ბოლო მომენტში მოისმინა. — ჩემი არსებობა, თავიდანვე პრობლემა რატომ იყო ლეონ? — ჰკითხა და პასუხის მოლოდინში, რაღაც ცუდი წინათგრძნობაც დაეუფლა. პირველად ისმენდა ძმისგან ასეთ რამეს და სურდა ამ სიტყვების უკან დამალულ ქვეტექსტსაც ჩასწვდენოდა. მამაკაცს ირონიულად ჩაეცინა. — იმიტომ, რომ ყველასთვის უბედურება მოგაქვს. — ვერაფერი გავიგე. — როგორ გგონია, მამა რატომ არასდროს გაძლევდა შენი დაბადების დღის აღნიშვნის უფლებას? — მოიცა, ეგ საერთოდ რა შუაშია? — დიალოგის ამ კუთხით წარმართვამ გააკვირვა და ეს არც დაუმალავს. — შეკითხვას ნუ მიტრიალებ და იმაზე გამეცი პასუხი, რაც ვიკითხე! — უფლებას იმიტომ არ მაძლევდა, რომ ჩემი დაბადების დღე, ჩვენი დიდი ბაბუის გარდაცვალების დღეს ემთხვევა და ამას, ყოველთვის გაგებით ვეკიდებოდი... მერე? უარის ნიშნად, საჩვენებელი თითი აქეთ-იქით რამდენჯერმე გააქნია ლეომ. დამცინავი მზერაც არ დაუშურებია. — ეგ სისულელე, ბებიას დაჟინებული თხოვნით მოიგონეს, სიმართლე რომ არ გაგეგო, — რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა საწოლზე ჩამომჯდარს, მის წინ ჩაიმუხლა და სახეში უკეთ შესახედად, ორი თითით აუწია ნიკაპი. იმ მომენტში, შიში დაინახა უმცროსი დის თვალებში. ზუსტად იცოდა, პასუხის მოსმენის ეშინოდა, თუმცა ლეონისთვის ეს ბიძგი უფრო იყო საუბრის გასაგრძელებლად, ვიდრე წინაღობა. — დედას ავარიაში მოყოლაც გამოგონილი ამბავია. ბებიაჩვენმა სიკვდლის წინაც ის დაუბარა მამას, რომ შენთვის სიმართლე არასდროს ეთქვა. გინდა მოგიყვე სინამდვილეში როგორ იყო? ვერაფერი უპასუხა ლინდამ. გაურკვევლობის შეგრძნებას, მასში მდუმარების სურვილი გაეღვიძებინა და სწორედ ამ სურვილს აყოლილი, უხმოდ ელოდა ძმისგან მორიგ შეტევას. — რა მოხდა, ენა გადაყლაპე? — ამჯერად ხელი მისი სახისკენ წაიღო და თითები ნაზად ჩამოატარა, თუმცა ყოველ მოქმედებაში, მაინც ირონია იგრძნობოდა. — გიყურებ და დღემდე მიჭირს დაჯერება, რომ ისეთ სილამაზეს, როგორიც შენ ხარ, შეეძლო მეორე სილამაზე გაექრო ამ ქვეყნიდან. — რაზე ლაპარაკობ?! ვერაფერი გავიგე! — მოდი აქ! — მოულოდნელად, მაჯაში ხელი ჩაავლო მამაკაცმა და ფანჯარასთან ისე მიარბენინა, გოგონამ გააზრებაც ვერ მოასწრო იმდენად სწრაფად აღმოჩდა ერთი ადგილიდან, მეორეში. — თვალები კარგად გაახილე და მითხარი, ხედავ ეზოს მარცხენა მხარეს იმ ადგილს, თეთრი ვარდების ბუჩქი რომაა დარგული?! მართალია გოგონას ჯერ კიდევ არ ესმოდა, თუ საითკენ მიდიოდა საუბარი, მაგრამ ძმის თხოვნა მაინც შეასრულა და მზერით ის ადგილი მოძებნა, საითკენაც ლეო მიანიშნებდა. — ვხედავ... მერე? — მერე ის, რომ მამამ იგი იმ ქალის მოსაგონრად დარგო, ვინც დღეს შენ გამო აღარაა თავის ოჯახთან. ახლა მიხვდი?! ბოლო წინადადება, ყურში მეხის გავარდნასავით ჩაესმა ლინდას. იგრძნო, როგორ ამუშავდა გული გაორმაგებული ტემპით და როგორ დაასხა შუბლზე ცივმა ოფლმა. ნელა, დაბინდული მზერით მიტრიალდა უკან. უნდოდა ლეონს რაღაც ისეთი ეთქვა, რაც ამ სიტყვებისგან გამოწვეული შხამის გავრცელებას შეაჩერებდა მის ორგანიზმში. საუბედუროდ პირიქით მოხდა: — გიკვირს, არა?! — ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარმა, ცინიკური მზერა აატარა დის სხეულს. — ალბათ ახლა შეკითხვების მთელი ქარბორბალა გიტრიალებს თავში და აღარ იცი, რომელი ერთი დამისვა. — ასე ცდილობ დამსაჯო ხომ?! მორჩი ხუმრობას, ეს სასაცილო არაა! — აქ არავის ეხუმრება ლინდა, — ნაღვლიანი მზერა გააპარა ეზოსკენ ლეონმა. — დედას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, როცა შენზე დარჩა ფეხმძიმედ. მკურნალობას ისეთი პრეპარატები სჭირდებოდა, რომელიც ნაყოფს აუცილებლად დააზიანებდა და გამოიცანი რა მოხდა? — გაეთრიე ჩემი ოთახიდან! — წამოიყვირა და ყურებზე ხელები სწრაფად აიფარა, რათა მეტი აღარაფერი მოესმინა. ლეონმა ისინი მაშინვე ჩამოაღებინა და რაც შეეძლო მაგრად დაუჭირა მაჯები. — დედამ მკურნალობაზე თქვა უარი, შენთვის რომ არ ევნო, გესმის?! ცუდად იყო, მაგრამ რისკზე წავიდა! — ერთიანად ზიზღს მოეცვა მამაკაცის მზერა და სწორედ ეს ზიზღი მართავდა მის გონებას. — ბოლომდე იმედი ჰქონდა, რომ შენც გადაგარჩენდა და საკუთარ თავსაც, მაგრამ მისმა ორგანიზმმა ამხელა დატვირთვას ვერ გაუძლო. უკვე მეშვიდე თვეში იყო, როცა მდგომარეობა ძალიან დამძიმდა და პირდაპირ რეანიმაციაში უკრეს თავი. შენ გაგიმართლა, ექიმებმა გადაგარჩინეს და ინკუბატორში გააგრძელე ზრდა, მაგრამ შენი დაბადების წუთები, მის ბოლო ამოსუნთქვად იქცა, იცი ეს?! — ბოდავ... ყველაფერი მოგონილია, არ დაგიჯერებ! ამას იმიტომ ამბობ, რომ სამსახურის შესახებ მოგატყუე, ხომ?! — მამაკაცისგან თავი გაითავისუფლა და გამწარებული, ორივე ხელით ჩააფრინდა მაისურის საყელოში. — აღიარე, რომ ამიტომ მითხარი, თორემ დღესვე გაგისტუმრებ დედასთან, გესმის?! — შენდა სამწუხაროდ, სრულ სიმართლეს ვამბობ. თუ ჩემი სიტყვები არ კმარა, მამაჩვენის დამოკიდებულება გაიხსენე შენს მიმართ, მთელი ამ წლების განმავლობაში. კიდევ კარგად გაექცეოდა იმის ფონზე, რომ მთელი ოცდასამი წელი, საკუთარი ცოლის მკვლელს უყურებდა თვალებში. ემოციური ფონისგან აცახცახებული თითები, ფრთხილად მოაშორა ძმის საყელოს ლინდამ. ძლიერი თავბრუსხვევის შეგრძნებამ, მხედველობის ორმოცდაათი პროცენტი დაუბინდა. ნერვიულობისგან, ყურებში საკუთარი სისხლის შხუილის ხმა ესმოდა. მის ერთ ნაწილს, ჯერ კიდევ არ სჯეროდა, რაც მოისმინა, მეორე ნაწილი კი, განუწყვეტლივ ჩასძახოდა, რომ მამის მისდამი დამოკიდებულება, ასი პროცენტით ადასტურებდა ლეონის ნათქვამის ჭეშმარიტებას. — დღემდე იგივეს აკეთებ, — არა და არ წყვეტდა დის ჭრილობაზე მარილის მოყრას მამაკაცი. — დედა უკვე მოინელე, ახლა კიდევ მის სულს ამწარებ და ბო*ობაზე ცვლი პატიოსან ცხოვრებას. არასოდეს წყვეტ პრობლემების შექმნას და ეს იმიტომ, რომ მთლიანად შენი არსებობაა შეცდომა! საპასუხო სიტყვებისთვის, ძალაც კი აღარ შერჩენოდა ლინდას. ამ სიახლისგან მიღებულ შოკს, მეტყველების უნარიც ისევე წაერთმია მისთვის, როგორც მშვიდი გულის რიტმი. ორიენტაციადაკარგული, არეული ნაბიჯებით მიუახლოვდა კედელს, მას ზურგით მიეყრდნო და იქვე, უღონოდ ჩასრიალდა იატაკზე. რამდენიმე წამის შემდეგ, თითქოს პარალელური სამყაროდან ჩაესმა გასასვლელი კარის გაჯახუნების ხმა. მარტოობის შეგრძნებამ სხეულის თითოეული უჯრედი ამოავსო და მისგან გამოწვეულმა ტკივილმა, ცრემლების სახით დაიწყო დენა. იმ მომენტში, ყველა და ყველაფერი ეზიზღებოდა გარშემო. ეზიზღებოდა ჰაერი, რომელსაც სუნთქავდა, საგნები, რომელთაც მთელი ეს წლები ეხებოდა, სძულდა განვლილი დღეები და ყველაზე მეტად, მაინც საკუთარი თავის მიმართ განიცდიდა ამ გრძნობას. იცოდა, ვეღარასდროს ამოისუნთქავდა თავისუფლად და ვეღარც გაღიმებას შეძლებდა მაშინდელივით ლაღად. იმასაც კარგად ხვდებოდა, რომ ამიერიდან, სამყარო ყოველთვის იქნებოდა მისთვის ადგილი, სადაც თავს უსარგებლოდ და ზედმეტად იგრძნობდა. * * * თითქმის მთელი ღამე, მშფოთვარედ გაათია ლინდამ. მართალია ანდროს აღარსად გადაყრია, თუმცა იმის ცოდნაც კი, რომ იგი სადღაც ახლოს იყო, მძვინვარე ქარიშხალს აღვიძებდა მის მშვიდ ნავსადგურში. ნახევარი ღამის უძილარი, გამთენიისას საშინელ მოთენთილობას გრძნობდა. მიუხედავად ამისა, როგორც კი მზის სხივებმა ძალა მოიკრიბეს და სინათლე ოთახიდან გააძევეს, საწოლიდან მთქნარებით წამოდგა და პირველი რაც გააკეთა, საწერ მაგიდაზე შემოდებული მცენარისთვის წყ’ლის დასხმა იყო. შემდეგ, საძინებლის ნახევრად ჩამოფარებული ფარდები გადასწია და დილის ნისლში მცურავ გორაკებს შეავლო გადაღლილი მზერა. ხის ამწვანებულ ფოთლებს, ადრიანი მზის თბილი სხივები ეფერებოდნენ. მსუბუქი ნიავი, ქურდივით დაიპარებოდა მინდორში ამოსულ ფერად ყვავილებს შორის და მათი ნაზი ფურცლებიდან, დილის ნამს აორთქლებდა. იღვიძებდა ადიში. აისს, მამლებიც მხიარული ყივილით ეგებებოდნენ, მკრთალად განათებულ ცაზე კი, აქა-იქ დაცურავდნენ ბამბასავით ფაფუკი ღრუბლები. ოთახის მარჯვენა მხარეს, კედლის საათს ახედა ლინდამ. უკვე შვიდი დაწყებულიყო. დღის ამ მონაკვეთს, ყოველთვის ძილში ატარებდა ხოლმე, თუმცა გადაწყვიტა ამჯერად ტრადიცია დაერღვია და წიგნით ხელში გაემართა ეზოში, თუთის ხეზე ჩამოკიდებული საქანელისკენ. წიგნებთან ურთიერთობა, ბავშვობის ასაკიდან უყვარდა. უპირატესობას მუდამ დეტექტივებს ანიჭებდა ხოლმე, თუმცა ამჯერად, არჩევანი რომანტიკული ჟანრის ლიტერატურაზე ჰქონდა შეჩერებული და უკვე საქანელაზე მჯდომი, ინტერესით ჩაჰყურებდა სიძველისგან გაყვითლებულ ფურცლებს. პროცესს ისე შეჰყვა, ვერც კი გაიგო რამდენად სწრაფად გავიდა დრო. ალაგალაგ შავ გელენდვაგენს გახედავდა უკმაყოფილო სახით. დაბურული მინების გამო, წარმოდგენაც არ ჰქონდა იჯდა თუ არა შიგნით მისი პატრონი და ეს გაურკვევლობა, კიდევ უფრო მეტ დისკომფორტს უქმნიდა. ირგვლივ გამეფებულ სასიამოვნო სიმშვიდეში, არსაიდან მოელოდა რამე ხელისშემშლელ ფაქტორს, თუმცა კითხვა ყველაზე საინტერესო მომენტში გააწყვეტინა ლილეს ხმამ. გოგონა სპორტულ სამოსში გამოწყობილი მოემართებოდა, თმა ცხენის კუდივით აეწია მაღლა და ლინდას ეზოში შემოსული, მობილურზე დაკავშირებულ ყურსასმენებს იხსნიდა. მისი ასეთ ფორმაში დანახვა არ გაჰკვირვებია გოგონას. ლილეს შუბლსა და ყელზე შერჩენილმა ოფლის წვეთებმა, მაშინვე მიახვედრა, რომ იგი ამჯერადაც დილის ვარჯიშიდან ბრუნდებოდა. — რა ქენი, დაამყარე რეკორდი მარათონულ სირბილში, ფიდიპიდეს? — წიგნი დროებით დახურა და საქანელაზე ოდნავ გვერდზე მიიწია, რათა მისთვისაც დაეთმო ადგილი. სუნთქვაგახშირებული ჩამოჯდა ლილე. ეტყობოდა უკვე ძალიან იყო გადაღლილი და არაფრის ენერგია აღარ შერჩენოდა, გარდა დასვენებისა. — იმდენი ვირბინე, მგონი გზაში ელენთა ამომივარდა, — ამოთქვა ხვნეშით. — შენ რატომ გღვიძავს ასე ადრე? — არ ვიცი, რატომღაც არ დამეძინა და გარეთ გამოვედი. — იცი რა ბომბასავით ახალი ამბები მაქვს შენთვის? — ლამის კოცონი აინთო გოგონას თვალებში ამის თქმისას. — უკვე რომ არ იჯდე, გეტყოდი ჯერ დაჯექი და გამაგრდი-მეთქი. — ასეთი რა მოხდა? — ანაზდად მოერია ღიმილი ლინდას. — ის მოხდა, რომ შენი შვილის შემთხვევითი მამა და მთელი მისი ოჯახი, ნამდვილ მძაფრსიუჟეტიან დრამაში ცხოვრობს. — ეგ ვინ გითხრა? — ინტერნეტმა. გუშინ მთელი ღამე მაგას დავუთმე და შოკისმომგვრელი რაღაცები ამოვქექე. — ჭორიკანა ხარ, ლილე. — ცოტა თავაზიანად რა, შენ გამო ვეცადე, — თითქოს იწყინა, თუმცა შეჭმუხნილ წარბებს სულ რაღაც ერთ წამში დაუბრუნა პირვანდელი მდგომარეობა. — არ ვიცი ტვინი თავში წაღმა გიდევს, თუ უკუღმა, მაგრამ მე უნდა მცოდნოდა ჩემი მეგობარი ბავშვს ნორმალური ადამიანისგან აჩენს, მანიაკისგან, თუ ვამპირისგან. — ვამპირი გამორიცხე, მზის შუქზე ჩვეულებრივად გამოდის, — სიცილს ვერ იკავებდა ლინდა, მისი შემხედვარე. — ნუ იცინი. თუ არ გაინტერესებს, მითხარი და არ მოგიყვები. — კარგი, მიდი მოყევი, აღარ გაგაწყვეტინებ, — თქვა თუ არა, წამსვე დასერიოზულდა და პირზე ელვის შეკვრის იმიტაცია გააკეთა. თითქოს სწორედ ამის მოსმენა სჭირდებოდაო, ლილეც მაშინვე ალაპარაკდა: — მოკლედ, მშობლებზე რაც გავარკვიე ისაა, რომ ცოლსაც და ქმარსაც, ქორწინების იუბილეზე ესროლეს, მეზობელი შენობის სახურავიდან. ორივენი სასწრაფოს მოსვლამდე დაიღუპნენ. — სერიოზულად?! — ჰო. როგორც გავიგე, სნაიპერი ბიზნეს-კონკურენტმა მიუგზავნა. მაგარი გარეკილი აქვთ რაა ამ მდიდრებს. ტენდერების და მოლაპარაკებების გამო, შეუძლიათ ერთმანეთი კოღოებივით ხოცონ. მართალია ანდროს მშობლებს არ იცნობდა და მათთან არც არასდროს ჰქონია რამე საერთო, მაგრამ ამ ამბის მოსმენამ, გული მაინც უცნაურად შეუკუმშა ლინდას. ნათლად წარმოიდგინა, თუ რამდენად რთული იქნებოდა ასეთი ტრაგედიის მიღება ოჯახის წევრებისთვის და ამ ადამიანების ახლო მეგობრებისთვის. — არ მიყვარს ასეთი რამების მოსმენა, ხომ იცი? — მაშინ, მოდი ახლა პოზიტივსაც შევურევ და გეტყვი, რომ არჩილ ბალანჩივაძე, თურმე ანდროს ბავშვობის მეგობარია. — ვინ არჩილი? — საქართველოში ყველაზე პოპულარული ანიმაციური სერიალის რეჟისორი და პროდიუსერია, ეგ როგორ არ იცი?! ამერიკელებმა, ფრანგებმა და გერმანელებმაც კი იყიდეს მისი პროექტი. — ჰო, ახლა გამახსენდა. რაღაცები მსმენია, მაგრამ ბევრი არაფერი. ასეთ სიახლეებს დიდად არ ვადევნებ თვალს. — ხუმრობ?! მე კიდევ, ვგიჟდები მაგ ბიჭზე! ერთი წლის წინ, საცოლესაც დაშორდა, ინსტაგრამზე ერთმანეთს გამოწერაც გაუუქმეს. ნეტავ რატომ იჩხუბეს? — ლილე რა გამოწერის გაუქმება, რა საცოლე? რაში მაინტერესებს ეს წვრილმანები? — კარგი ჰო, ეგ თემიდან გადახვევა იყო, — დათმობის ნიშნად ხელები ასწია გოგონამ. — მოდი ისევ ანდროს დავუბრუნდეთ. — კიდევ ბევრი დაგრჩა მოსაყოლი? — ბევრი არა, მაგრამ დრამატული კი, — კვლავ დაიბრუნა საქმიანი იერი. — თურმე ანდროს ორი ძმა ჰყავს. მისი არაიდენტური ტყუპისცალი — დანიელი, უკვე ორ წელზე მეტია ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობს და საკმაოდ მძიმე პაციენტია. არც უმცროსი ძმა, ვლადია მთლად დალაგებული. სოციალურ ქსელში იუმორისტული კონტენტი აქვს და თითქმის მილიონ გამომწერზეა ასული. ხალხსაც ძალიან უყვარს, მაგრამ რეალობაში, ხან რა სკანდალში ეხვევა, ხან რაში. შეუძლია ქუჩაში ვიღაც უსაქმურების დაწყებულ ჩხუბში ისე შევარდეს, არც იკითხოს ჩხუბი რის გამო ატყდა. — რთული სიტუაცია ჰქონიათ, — ინსტინქტურად გახედა ლინდამ, ანდროს მანქანას ამის თქმისას. მართალია გარეგნულად დიდი ინტერესს არ გამოხატავდა, თუმცა გულის სიღრმეში მართლაც აინტერესებდა იმ ადამიანის შესახებ, რომელთანაც მომავალში უდიდესი რამ დააკავშირებდა. — ის თუ გაიგე რას საქმიანობს? — ჰკითხა უეცრად. — ვფიქრობ, რამე უკანონო ბიზნესიც ექნება მის ოჯახს. სხვანაირად ამდენ ფულს ვერ იშოვნიდნენ. — ეგ არ ვიცი, მაგრამ სანამ ანდროს ტყუპისცალი ფსიქიატრიულში აღმოჩნდებოდა, მანამდე ორივემ ერთად გააკეთეს ზღვისპირა სასტუმროების ქსელი. მასში, თავიანთი შექმნილი აპლიკაციების გაყიდვით გამომუშავებული თანხა ჩადეს. თურმე საკმაოდ ნიჭიერები ყოფილან პროგრამირების საკითხებში და ჩვიდმეტი წლიდან უკვე თავისი შემოსავალიც ჰქონიათ. ოჯახის მემკვიდრეობიდან, რატომღაც, მხოლოდ სამშენებლო კომპანია აქვთ დატოვებული. ათი კაზინოდან, ათივე გაყიდეს, მაგრამ ინტერვიუებს არ იძლევიან და არავინ იცის რის გამო დათმეს კოლოსალური შემოსავლის მომტანი ბიზნესი. — შენ ისეთი მონდომებული ხარ, მაგასაც გაიგებ, — გაეცინა და ირგვლივ მიმოიხედა. ინტერესმა შეიპყრო, სად იყო ახლა ანდრო. გუშინდელი ღამის შემდეგ, თვალიც კი აღარ მოეკრა მამაკაცისთვის, თუმცა მანქანის დანახვა, მისი მეპატრონის ახლოს ყოფნაზე მიუთითებდა. ლილესთან კიდევ ცოტა ხნით ისაუბრა, შემდეგ კი უკვე სახლში გადაწყვიტა კითხვის გაგრძელება. წიგნმა იმდენად შეიტყუა, ვერც კი გაიგო ისე შესრულდა თერთმეტი საათი. ასეთ დროს მუდამ საუზმობდა ხოლმე და ახლაც შიმშილმა შეახსენა თავი. მაცივარში, წინა დღიდან შემორჩენილი ქათმის სალათი ეგულებოდა. სწორედ მას მიაშურა, წიგნის გვერდზე გადადების შემდეგ და გემრიელადაც მიირთვა, ნინიას გაკეთებულ ატმის წვენთან ერთად. იმ დღისთვის, არანაირი გეგმა არ ჰქონია. ისე იყო გამოფიტული, ერთადერთი, რაც სურდა დასვენება იყო. ამდენ ხნიანი პაუზის შემდეგ, იმ მომენტში პირველად ინატრა ინტერნეტი და ტელევიზია, რათა რომელიმე სასიამოვნო ფილმის ყურებაში მაინც გაეყვანა დრო. უკანა ეზოში გამავალ ფანჯარაში, დაღვრილი სახით გაიხედა. შემდეგ იქვე მდგომ ხის სკამს დასწვდა, ზედ ჩამოჯდა და რაფაზე შემოდებულ მკლავებს ჩამოაყრდნო ნიკაპი. ნახევრად დახუჭული თვალებით მოათვალიერა არე-მარე. სოფელს უკვე ეღვიძა და ამის დასტურად, პერიოდულად, გადაძახილებიც ესმოდა სახლიდან, სახლში. ნიავის მოტანილი ყვავილების არომატისა და მელოდიულად აშრიალებული ფოთლების ხმაში, სადაც იყო თვალებიც დაეხუჭებოდა, როდესაც მისი ყურადღება, ეზოს გადაღმა, დაახლოებით ორ მეტრში მდებარე სახლმა მიიქცია. უფრო ზუსტად, არა სახლმა, არამედ იმან, ვინც ხსენებული სახლის აივანზე შენიშნა. გოგონამ თვალები მოისრისა, რათა ნანახის რეალობაში უფრო მეტად დარწმუნებულიყო. სურათი მაინც არ შეცვლილა — სახლის აივანზე მართლაც იდგა ანდრო, ყავის ფინჯნით ხელში და მოაჯირზე დაყრდნობილი გაჰყურებდა სოფლის ხედებს. ნანახის შემდეგ, აღარ გასჭირვებია იმის მიხვედრა, რაც ხდებოდა. ანდროს, მასთან საკმაოდ ახლოს, მოხუცი, მარტოხელა ქალის — კირას სახლში ეპოვნა დასარჩენი ადგილი და როგორც ჩანდა, ადიშში დროებითი გადმობარგების საკითხს, მართლაც სერიოზულად უდგებოდა. ყელში სპაზმური ბურთის მოწოლა იგრძნო გოგონამ. მალე ეს შეგრძნება ბრაზში გადაიზარდა, ბრაზი კი მრისხანებაში. აცოფებდა ის ფაქტი, რომ არაფრის გაკეთება არ შეეძლო. ეს კაცი მასზე ჯიუტიც იყო, მასზე ძლიერიც და გავლენიანიც. არ უღირდა მასთან რქებით დაჭიდება, თუმცა არც თავაზიანი მოპყრობა და დათაფლული საუბარი შეეძლო. თვალთმაქცობა იმდენად ეწინააღმდეგებოდა მის პრინციპებს, რომც მოენდომებინა, ეს მაინც არ გამოუვიდოდა. იმპულსურობა, რაც თავი ახსოვდა, მისი ყველაზე ცნობილი თვისება იყო. ახლაც იმპულსურად აჰყვა ტვინის ნაკარნახევ მოქმედებას. დასაწყისისთვის, მისაღებში გავიდა და კომოდის უჯრაში ჩადებულ პატარა, მოჩურთმებულ სარკეს დასწვდა. მერე კვლავ სამზარეულოს ფანჯარასთან მიირბინა და სარკე ისე დაიჭირა, რომ მზის სხივები მასზე არეკლილიყო. რამდენიმე წამი დასჭირდა სასურველი კუთხის მოსაძებნად, საბოლოოდ კი კაშკაშა ნათება პირდაპირ ანდროს აივნისკენ მიმართა. მართალია, შეეძლო უბრალოდ დაეძახა, თუმცა არ სურდა გარშემო მეზობლების ყურადღება მიექცია და ჩათვალა, რომ სინათლით მიცემული ეს ნიშანი ბევრად უფრო ეფექტური სვლა იქნებოდა. ანდრო მშვიდად აგრძელებდა ფინჯნიდან სმას, თუმცა როდესაც უეცარმა შუქმა თვალები მოსჭრა, მზერა ისეთი სისწრაფით მიმართა ლინდას მიმართულებით, თითქოს ვინმეს მისი თავის ქალა ჰქონოდა მიზანში ამოღებული. — ესეც ასე, შემამჩნიე, — კმაყოფილს ჩაეცინა გოგონას, მამაკაცის თავისკენ მომართულ თვალებზე. რამდენიმე წამში, ისიც შეამჩნია როგორ დადგა ანდრომ მოაჯირზე თავისი ფინჯანი და როგორ დაუკრა თავი მისალმების ნიშნად. ლინდასაც მეტი რა უნდოდა? დრო იხელთა და ანიშნა სასწრაფოდ გადმოსულიყო მასთან. წარმოდგენებში უკვე ემზადებოდა იმ დაძაბული საუბრისთვის, რომელიც წინ ელოდა და რომლის ინიციატორობასაც თავად აპირებდა. გასულ საღამოს, ლაპარაკი დიდად არ დასცალდათ, თუმცა დღეს ნამდვილად უნდა გაერკვიათ ყველაფერი, თანაც დეტალურად. პერიფერიული მხედველობით კარგად შენიშნა, როგორ დატოვა მამაკაცმა აივანი, როგორ დაეშვა კიბეზე და როგორ წამოვიდა მისი სახლის მიმართულებით. სხეულმა, შინაგანი დაძაბულობა კანის დახორკვლით გამოხატა და სუნთქვის რიტმიც გაფუჭებული საათივით აირია. წამით ინანა კიდეც ანდროს შინ მიიპატიჟება, თუმცა როდესაც მამაკაცმა მის ჭიშკარში შემოაბიჯა, სასწრაფოდ გამოაღვიძა ღრმად მიძინებული სითამამე. მეტიც, მას ისეთი გამომეტყველებით დაუხვდა, ლამის თავადაც კი დაიჯერა, რომ პირველად ადგილას ეწერა, ამ ქვეყნად ყველაზე გამბედავ ადამიანთა სიაში. სახლი ოდნავ მოუწესრიგებელი ჰქონდა, ამიტომ გადაწყვიტა სტუმარი წინა ეზოში გამავალ აივანზე მიეღო და გავიდა კიდეც იქ მის შესაგებებლად. საშუალო ზომის სივრცეს, მხოლოდ ხის სკამები, მაგიდები და დიდი ქოთანი ავსებდა, რომელშიც აგავა იყო ჩარგული. ლინდამ ორიდან, ერთ-ერთ სკამზე დაიკავა ადგილი, ფეხი ფეხზე გადაიდო და მოლოდინის რეჟიმს, მაგიდაზე თითების მონოტონური კაკუნით აჰყვა. მოცდა მდიდხანს არ მოუწია. ანდროს ნაბიჯებმა, სულ მალე ახმაურა მისი ხუთსაფეხურიანი კიბე და მამაკაცის სუნამოს სასიამოვნო სურნელმა, ირგვლივ ყველა სხვა არომატი გადაფარა. — დილა მშვიდობისა, — სერიოზული სახით მიესალმა მას ანდრო. მაშინვე არ დამჯდარა. ჯერ თვალებით აიღო ნებართვა ლინდასგან, თავისუფალი სკამი კი მხოლოდ თანხმობის მიღების შემდეგ გამოსწია. ნერვიულობისგან გამშრალ ყელში, ნერწყვი გაჭირვებით გადააგორა ლინდამ. სითბოთი და სიყვარულით სავსე, მისი ცხოვრება ისედაც არასდროს ყოფილა, თუმცა ის პრობლემები, ახლანდელთან შედარებით საგრძნობლად განსხვავებული იყო. ახლა სრულიად უცხო ადამიანის შემოშვება უწევდა თავის სამყაროში, თანაც ისეთი ადამიანის, ვისთანაც პატარა, დაუცველი არსება აკავშირებდა. ვერ ხვდებოდა როგორ უნდა ჰყოლოდა შვილი ადამიანისგან, ვისზეც თითქმის არაფერი იცოდა. ეზიზღებოდა საკუთარი თავი ამის გამო, თუმცა ვერც ეს ზიზღი ცვლიდა რამეს და ვერც ის სინანული, მთლიანად რომ მოეცვა მისი გული. — როგორც ვხედავ, უკვე აპარტამენტებშიც განთავსებულხარ, — სალამზეც არ უპასუხა, ისე აატარა გამკიცხავი მზერა ლინდამ. წყენის ნაცვლად, ამ ყველაფერმა რატომღაც ღიმილი მოჰგვარა მამაკაცს. — აპარტამენტები ვარსკვლავების რაოდენობით არ გამოირჩევა, მაგრამ სასტუმროს მეპატრონე ნამდვილადაა ხუთვარსკვლავიანი ადამიანი. — მოდი პირდაპირ გეტყვი, — მეტად საქმიანი იერი დაიჭირა გოგონამ. — აქ თუ იმის გამო ხარ, რომ გგონია ოდესმე აზრს შევიცვლი შენს შემოთავაზებასთან დაკავშირებით, მაგ დაბალვარსკვლავიან აპარტამენტებს ტყუილად აკავებ. გირჩევ წახვიდე და შენს ოქროს ჯაკუზში გააგრძელო ბანაობა. — მირჩევ? — მეტად სარკასტული გამხდარიყო მამაკაცის მზერა. — რჩევებს მხოლოდ მე ვაძლევ საკუთარ თავს, ან ისეთი ადამიანების რჩევებს ვუსმენ, ვინც ჩემზე გამოცდილია. — სიტყვებით ნუ მეთამაშები, — შინაგანი მღელვარების მიუხედავად, შესაშური სიმშვიდე დასთამაშებდა ლინდას სახეს. — ყველაზე ძალიან ის მინდოდა, იმ წარსულში დარჩენილიყავი, რომელშიც დაგტოვე, მაგრამ როგორც ჩანს, ბედისწერის ჩათვლით ყველა მე დამცინის. ანდროს ჩაეღიმა. რამდენიმე წამით უხმოდ სწავლობდა გოგონას სახის ნაკვეთებს. მერე ღრმად ამოისუნთქა და სკამის საზურგეს გულხელდაკრეფილი მიეყრდნო. — ვიცი მომხდარში მე მადანაშაულებ, მაგრამ დამიჯერე, არ შემეძლო საღი გონებით განსჯა, როცა შენივე სურვილით მთავაზობდი საკუთარ თავს. — საქციელის გამართლებას და ჩემზე შთაბეჭდილების მოხდენას ასე ცდილობ? — საიდან მოიტანე, რომ შენზე შთაბეჭდილების მოხდენით ვარ დაინტერესებული? — საქმეზე გადავიდეთ! — მკაცრი მზერით გადმოიხარა მაგიდისკენ ლინდა. ანდროსგან წამოსული არომატი ახლა უფრო მძაფრად შეიგრძნო და საკუთარ თავთან აღიარა, რომ ეს სურნელი, ბუნდოვნად ახსოვდა კიდეც. — კი ბატონო... მითხარი, რის გამო დამიბარე? — იმისთვის, რომ გაგაფრთხილო. ნუ ეცდები გამუდმებით ჩემ სიახლოვეს ტრიალს! — მეტი დამაჯერებლობისთვის, ხმაში კატეგორიული ტონი გაურია. — ვინც არ უნდა იყო ამ ბავშვისთვის, ჩემთვის მაინც უცხო ხარ! — ვხვდები რასაც აკეთებ, — ისე უყურებდა, თითქოს მის სულის სიღრმეებს მიკროსკოპული დათვალიერებას უტარებსო. — ჩემთან ყველანაირ კონტაქტს გაურბიხარ, რადგან გრცხვენია იმის, რაც გააკეთე. ძალიან გიჭირს გაიაზრო, რომ სრულიად უცნობი მამაკაცის გახდი. ლინდა თვალმოუშორებლად შესცქეროდა და მის მიერ წარმოთქმული თითოეული წინადადება, ყურებში თითქოს უზარმაზარი უროსავით ურტყამდა. საკუთარ თავთან ხომ მაინც უნდა ყოფილიყო გულწრფელი? კარგად იცოდა, რომ ანდრო სრულ სიმართლეს ამბობდა და სწორედ ეს სიმართლე უღრღნიდა გულს. — კარგი, დავუშვათ მე კა*პასავით მოვიქეცი, — ძლივსძლივობით გააბრუნა უკან თვალებზე მოწოლილი სიმწრის ცრემლები. არაფრით იტირებდა მისი თანდასწრებით, თუნდაც თავის შეკავების მცდელობაში ნახევარი სიცოცხლე დაეკარგა. — მაინტერესებს, შენ რის გამო დაიწყე დეტექტივობანას თამაში და ჩემი ძებნა? — პირველ რიგში, საკუთარი თავი აღარასდროს მოიხსენიო იმ სიტყვით! — გამაფრთხილებლად გაიჟღერა მამაკაცის ტონმა. — მე ერთი წამითაც არ ჩამითვლიხარ კა*პად! — რატომ? ჩემი სექსუალური გამოცდილება რომ შენით დაიწყო იმიტომ? — დაძაბული დიალოგის ფონზე, ვერც კი გააცნობიერა, რომ ანდრომ შეკითხვა დაუიგნორა. — ეგ არაფერ შუაშია. მაგ ღამით, ერთი სასოწარკვეთილი ადამიანი იყავი, ვისაც რეალობისგან სურდა გამოთიშვა და მაშველ რგოლად მე მომეჭიდა. გასაგებია, რომ ფხიზელ გონებაზე შენი გადადგმული ნაბიჯის გრცხვენია, მაგრამ ყველაფრის ჩემთვის გადმობრალებით გულზე ისე მაინც არ მოგეშვება, როგორც გინდა. — სამაგიეროდ, შენ არ გჭირდება გულის დამშვიდება. ვატყობ, მშვენიერ განწყობაზე ხარ. ანდრომ თავი ჩახარა და ჩაეცინა. — საერთოდ სარკეში იყურები ხოლმე? — ვიყურები, როგორც ყველა დანარჩენი, — გაუაზრებლად უპასუხა. მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ ჩაუფიქრდა იმას, რის გამო დაუსვეს მსგავსი შინაარსის კითხვა. — მაგრამ ეს რა შუაშია? — იმ შუაშია, რომ თუ იყურები, იმასაც უნდა ხვდებოდე, რატომ ჩავფლავდი ჯენტლმენობაში და რატომ ვერ გავუძელი ცდუნებას, — უთხრა ეს თუ არა, რატომღაც მაშინვე წამოდგა, სკამი კვლავ საწყის პოზიციაში დააბრუნა და გოგონას თვალებს დაჟინებით ჩააშტერდა. — შემდეგში თუ საუბარი მოგინდება, უბრალოდ დამიძახე. ჩემი დაბრმავება არაა აუცილებელი. — ლაპარაკი ჯერ არ დამისრულებია. — კი ბატონო, მე წავალ და შენ განაგრძე. წარმოიდგინე, რომ წინ გიზივარ და ყველაფერში გეთანხმები, რასაც მეუბნები. ასე უფრო დაგიმშვიდდება ნერვები. — დამცინი? — არა, უაზრო კონფლიქტს გავურბივარ. და... ცოტათი შენს მაისურსაც... ლინდას ზედატანზე მანამ არ დაუხედავს, სანამ ანდრომ პირი არ იბრუნა და კიბეზე არ დაეშვა. მხოლოდ მისი გასვლის შემდეგ შენიშნა, რომ წინა ორი ღილი შემთხვევით შეხსნოდა და საკმაოდ პროცოკაციულად ტოვებდა ხილულს მკერდის ხაზს. უკმაყოფილოდ მიეყრდნო სკამის საზურგეს გოგონა, თუმცა ღილები არ შეუკრავს. უბრალოდ იჯდა, გონებაში ჯერ კიდევ მამაკაცის სიტყვებს აანალიზებდა და გამბურღავი მზერით შესცქეროდა ჭიშკრისკენ მიმავალს მანამ, სანამ საბოლოოდ არ მიეფარა თვალს. 2025 წ. 1 მაისი . . . წვიმის წვეთები, ციდან შეუბრალებლად ასხამდნენ და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, თითქოს სამყაროს წარღვნით ემუქრებიანო. სუსხიანი ქარი გახელებული დაძრწოდა ღამის ქალაქში, ხოლო ჩაბნელებულ ქუჩებს გუნდურად ანათებდნენ წყვდიადთან მებრძოლი ლამპიონები. წვიმისგან გალუმპული ხიდიდან, მდინარეს უმეტყველო მზერით გადაჰყურებდა ლინდა. ჩაწითლებულ თვალებში ცრემლიც კი დაშრობოდა, რათა კვლავ ტირილით შესძლებოდა გულის მოოხება. ლეონთან ჩხუბისა და სიმართლის გაგების შემდეგ, ორი დღის განმავლობაში სრულ აგონიაში იყო. სტრესი იმდენად გაჯდომოდა მთელ სხეულში, საწოლიდანაც კი არ ამდგარა. არც საკვები მიუღია და არც ოჯახის წევრებს გასჩენიათ სურვილი ერთხელ მაინც შეეხედათ მის საძინებელში. მესამე დღეს, ორიენტაციადაკარგულივით გავიდა სახლიდან იმ მიზეზით, რომ ცხოვრებაში პირველად, რეალობის აღქმა დაეკარგა ალკოჰოლურ თრობით. ყურებში ჯერ კიდევ საზარლად ჩაესმოდა ძმის სიტყვები და იმის წარმოდგენაც კი ნაწილებად უფლეთდა სულს, რომ თავად გახდა სხვისი სიცოცხლის შეწყვეტის მიზეზი. ვინ მოთვლის, რამდენჯერ მოუნდა ხიდზე დგომისას მოაჯირზე ასვლა, თვალების დახუჭვა და ტანჯვის შეგრძნების მდინარის მღვრიე ტალღებში დახრჩობა. არც ამისთვის ეყო გამბედაობა. ყველაფრისდა მიუხედავად, მაინც აშინებდა სიკვდილი. უფრო ზუსტად, სიკვდილამდე დარჩენილ წამებს უფრთხოდა. წამებს, როცა ფილტვები, ჰაერის მარაგის ამოწურვას მთელი სხეულით აგრძნობინებდა და გონების დაკარგვამდე, ტკივილისა და სასოწარკვეთის შეგრძნებებში გაიგუდებოდა. ვისკის ბოთლიდან კიდევ ერთხელ მოსვა ცივი სითხე. სასმელი უკვე ბოლომდე ჩაცლილიყო და შესამჩნევადაც მოჰკიდებოდა მის ორგანიზმს. მიუხედავად ამისა, გაჩერება მაინც არ უფიქრია და მოაჯირს მოშორებული, არეული ნაბიჯებით გაემართა ყველაზე ახლომდებარე სასმელების მაღაზიისკენ. თხელ სარაფანზე მოცმული კაპიუშონიანი მოსაცმლიდან, წყალი ნიაღვარივით ჩამოსდიოდა. ერთიანად იყო გალუმპული, თუმცა მაინც ისე ნელა მიაბიჯებდა, თითქოს წვიმის წვეთები მის სხეულს არც კი ეხებიანო. ვისკის ცარიელი ბოთლი, დაუდევრად მოისროლა პირველივე შემხვედრ ნაგვის ურნაში. წუთნახევრიანი სიარულის მერე ფართოდ განათებულ მაღაზიასაც მიადგა და ცარიელი მზერით შეაბიჯა შუაზე გახსნილ სენსორულ კარში. იმის გამო, რომ სველი თმა საფეთქლებზე შემაწუხებლად ეკვროდა, შესვლიდან მალევე ჩამოიწია კაპიუშონი. ინსტინქტურად იმ ჯიბისკენ წაიღო ხელი, სადაც საფულე ეგულებოდა, თუმცა იღბალმა მწარედ უმტყუნა — ჯიბეში მხოლოდ ქაღალდის ხელსახოცი იპოვა. მწარედ ამოიოხრა იმედგაცრუებულმა. მაშინვე მიხვდა, რომ საფულე სადღაც შემთხვევით ამოვარდნოდა, მის მოსაძებნად წასვლა კი, თივის ზვინში ნემსის ძებნასთან იგივდებოდა გოგონასთვის. სასოწარკვეთილი დადგა სასმელების დახლის წინ. რაღაც მომენტში იფიქრა, რომ ერთ ბოთლს ჩუმად აიღებდა, თუმცა ქურდობა იმდენად ეწინააღმდეგებოდა მის ზნეობრივ პრინციპებს, არაფხიზელ მდგომარეობაშიც კი ვერ შეძლო ასე მოქცევა. ნაცვლად ამისა, ალტერნატიული ვარიანტის ძებნა დაიწყო და სულ მალე იპოვა კიდეც. სასმელების თაროს მეორე ბოლოში, ტყავის ქურთუკში გამოწყობილი მამაკაცი აკეთებდა არჩევანს შამპანურებს შორის. მისი დანახვისთანავე, ლინდას ქმედებები უკვე იმპულსებმა მართეს. სასმელით გაბრუებულმა გონებამ, სითამამის რეჟიმი გაააქტიურა და გოგონაც დაუფიქრებლად გაემართა თავისი სამიზნის მიმართულებით. როგორც კი თითის გასაწვდენ მანძილზე მიუახლოვდა, ჯერ მაჯაში ხელის ჩავლებით მოატრიალა თავისკენ, მერე კი მუდარით სავსე მზერით ახედა. — ბოდიში, შეგიძლია ერთი ბოთლი ვისკი მიყიდო? — ჰკითხა ყოველგვარი მობოდიშებისა და მისალმების გარეშე. — საფულე სადღაც დავკარგე და ვერ ვპოულობ. პირველი ემოცია, მამაკაცის სახეზე გაკვირვება იყო ამის მოსმენისას. შემდეგ გამომცდელად შეათვალიერა ერთიანად გალუმპული, თვალებჩაწითლებული გოგონა და უკმაყოფილო ღიმილით განაგრძო შამპანურების თვალიერება. მისმა რეაქციამ, თავი შეურაცხყოფილად აგრძნობინა ლინდას. შექმნილმა ვითარებამ აიძულა მამაკაცი კიდევ ერთხელ მოებრუნებინა თავისკენ. — ცუდად გამიგე, ამ ფულს ვალად ვიღებ. პირად მონაცემებს მეტყვი და ხვალისთვის თანხა ანგარიშზე დაგიჯდება. — თანხა მეორეხარისხოვანია. უბრალოდ, ფეხზე ძლივს დგახარ და დროა გაჩერდე. მწარედ ჩაეცინა გოგონას. ახლა ყველაზე ნაკლებად ის უნდოდა, ვინმეს მისთვის რჩევა მიეცა, თუნდაც სასარგებლო და გონივრული. — გთხოვ, ზედმეტი მორალის კითხვის გარეშე. უბრალოდ მასესხე და პირობას გაძლევ, დავაბრუნებ! — ვწუხვარ, — ყალბი სინანულით გააქნია თავი მან. — ალკოჰოლიკების მიმართ ემპათიას ვერ ვგრძნობ. — მოიცადე! — მოლარის დახლისკენ წასულს უკან აედევნა, მაგრამ გზა, მისთვის ყურადღების მიქცევის გარეშე განაგრძო მამაკაცმა. — ალკოჰოლიკი არასდროს ვყოფილვარ. მეორედ ასე არ დამიძახო! — მაგ მხრივ მშვიდად იყავი, არა მგონია ერთმანეთი კიდევ ვნახოთ, — არჩეული შამპანურის ბოთლი, სალაროს დახლზე დადო. მოლარე გოგონა, ცალი ყურით მათ დიალოგს უსმენდა და თავის საქმეს ისე აკეთებდა, შიგადაშიგ, დახლთან შეგროვებული კლიენტების რიგსაც გადახედავდა ხოლმე. ლინდას სხეულში, მრისხანებაც ისეთივე დიდი დოზით მიედინებოდა, როგორც ალკოჰოლი. მარკეტში კლიენტები მრავლად იყვნენ. თავისუფლად შეეძლო სხვისთვის ეთხოვა ის, რაზეც ამ ადამიანისგან მიიღო უარი, თუმცა ეს მაინც არ გააკეთა. პირიქით, სწორედ ის ამოიღო მიზანში და გავიდა თუ არა შამპანურის ღირებულების გადახდის შემდეგ მარკეტის კარიდან, თავადაც დაუფიქრებლად გაჰყვა უკან. მამაკაცმა ნაბიჯებს აუჩქარა. ლინდაც სწორედ იგივენაირად მოიქცა და ის მანქანაც შენიშნა, რომლისკენაც უცნობი მიემართებოდა. შავი, დაბურულმიებიანი გელენდვაგენი, ერთგულად ელოდა თავის პატრონს, მაღაზიის წინ მდებარე ავტოსადგომზე. გოგონა მიხვდა, რომ უნდა ეჩქარა. სხვა შემთხვევაში, შანსს აუცილებლად დაკარგავდა, ამიტომ მამაკაცს სწრაფად დაეწია, გადაუსწრო კიდეც და პირდაპირ მანქანის კარს გადაეფარა, მთელი ტანით. წვიმის ნაკადი საგრძნობლად იყო შემცირებული, თუმცა სუსხიანი ქარი კვლავაც არ ტოვებდა ქალაქის ქუჩებს და ისევ აგრძელებდა იქ ხეტიალს. — კარგი, მოდი გამოვიცნობ, არ ნებდები, არა? — უკვე ბრაზში გადაზრდილი სარკაზმით შეხედა მას, ტყავისქურთუკიანმა. — შენთვის არ უსწავლებიათ, რომ ადამიანი, მეორე ადამიანს ასე ქედმაღლურად არ უნდა უყურებდეს? — ანუ ქედმაღლურად შემოგხედე. — რაც გთხოვე, ზრდილობიანად გთხოვე და იმასაც დაგპირდი, რომ ფულს აუცილებლად დაგიბრუნებდი, — მამაკაცის წვიმისგან დასველებულ ნაკვთებს, წამითაც არ აშორებდა მზერას ლინდა, — ისე არ უნდა დამლაპარაკებოდი, როგორც ვიღაც მაწანწალას! — მისმინე, არაფხიზელ მდგომარეობაში ხარ და არც იცი რას ამბობ, — ამჯერად ტონი დაათბო მამაკაცმა. — თუ მანქანით არ ხარ, დაჯექი, სახლამდე მიგიყვან. გოგონამ მრავალმნიშვნელოვნად აზიდა ცალი წარბი. სახლის ხსენებაზე უსიამოვნოდ გასცრა მთელ ტანში. არ შეეძლო იქ მისვლა. ყოველ შემთხვევაში იმ მომენტში არა. — არსად არ მინდა წასვლა! — განაცხადა მტკიცედ. — უბრალოდ ის გააკეთე, რაც გთხოვე. ნუთუ ასე ძნელია? — ძნელი არაა, მაგრამ არ გავაკეთებ. — არანაკლები სიმტკიცე იგრძნობოდა მამაცის ხმაში. — ანუ არ გააკეთებ. — უკვე გითხარი, რომ არა. ახლა კი, თუ არ მოდიხარ კარს მოშორდი, უნდა წავიდე. რამდენიმე წამის განმავლობაში, ლინდა კვლავ მანქანის კართან იდგა და სადღაც შორს, ერთ კონკრეტულ წერილს მიშტერებოდა. შემდეგ თითქოს ზამთრის ღრმა ძილიდან გამოერკვაო, მიძინებულ მზერაში სიცოცხლის სხივი დაუბრუნდა, შამპანური სინათლის სიჩქარით გამოაცალა ხელიდან მამაკაცს და ისე მოულოდნელად დაანარცხა სველ ქვაფენილზე, ამ უკანასკნელმა აზრზე მოსვლა მხოლოდ მომხდარიდან სამიოდე წამის შემდეგ მოასწრო. საპასუხო რეაქციად, მამაკაცის მხრიდან უამრავ რამეს მოელოდა. ვარიანტებად ყვირილი, უშვერი გინება და პირადი შეურაცხყოფა ჰქონდა. ხელის გარტყმაც კი, თუმცა მაშინ, როდესაც მისგან სრულ უმოქმედობას შეეჩეხა და უცნობის თვალებშიც ერთადერთი რამ — სიბრალული ამოიკითხა, საკუთარი თავისადმი საშინელი სიძულვილი იგრძნო. თავი ეზიზღებოდა იმის გამო, რომ ებრალებოდათ, იმის გამო, რომ ამ სამყაროში მკვლელის სახელით დააბიჯებდა და იმის გამოც, რომ ოჯახის წევრებსაც კი არ ჰქონდათ მისდამი სიყვარულის განცდა. მარტო იყო ამ დედამიწაზე. სრულიად მარტო, სასმელის ცარიელ ბოთლებთან ერთად და ამის გაცნობიერებამ ბოლომდე გატეხა სულიერად. სახეზე ორივე ხელი აიფარა. სასოწარკვეთილს, მუხლებში ძალაც კი გამოეცალა და სანამ თავად წაიქცეოდა, იქვე, მანქანის ბორბალთან ჩაიკეცა, მუხლებზე ხელებშემოხვეული. ერთადერთი, რაზეც აღნიშნულ მომენტში ოცნებობდა, სამუდამოდ გაქრობა იყო. ისე გაქრობა, რომ ყველას დავიწყებოდა მის შესახებ და არასდროს აღარავის გახსენებოდა. ლოყაზე რომ თბილი სუნთქვა იგრძნო, სირცხვილისგან დახრილი თვალები ასწია და მაშინვე მამაკაცის დაჟინებულ მზერას შეეჩეხა. იგი პირდაპირ მასთან ჩამუხლულიყო, ხოლო წვიმის წვეთებს, უკვე ბოლომდე დაესველებინათ მისი თმაცა და სამოსიც. — ბოდიში, — ჩაიჩურჩულა გოგონამ ჩუმად, თუმცა სიტყვებმა ტყავისქურთუკიანის ყურამდე მაინც მიაღწიეს. — არა უშავს, დიდად მაინც არ მომწონდა ეგ შამპანური. — გამხნევება ცუდად გამოგდის, — სევდიანად ჩაილაპარაკა, მერე კი დაამატა:— შეიძლება ყველაზე საცოდავი ადამიანი არ ვარ, ვინც გინახავს, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი ნამდვილად ვიქნები. — ადექი, მანქანაში დავსხდეთ, სულ სველი ხარ. — იცი მაინც რამდენი ნომერია შეყვანილი ჩემს მობილურში? — კვლავ აგრძელებდა საუბარს გოგონა. — მაგრამ ერთიც არაა ისეთი, სადაც ახლა დავრეკავდი. ცხელი ცრემლები, უკვე წვიმის წვეთებთან ერთად მიედინებოდნენ ლინდას ღაწვებზე, როდესაც მოულოდნელად, ძლიერი მკლავის შემოხვევა იგრძნო საკუთარ წელზე. ეს მკლავი, ფეხზე წამოდგომაში დაეხმარა და წამიერად გულში იმედის ნაპერწკალიც აუნთო. ნაპერწკალი იმისა, რომ ერთ დღეს ყველაფერს გადალახავდა და დამოუკიდებლადაც შეძლებდა ფეხზე წამოდგომას. ტყავისქურთუკიანთან ამდენად ახლოს აღმოჩენამ, უფრო მძაფრად აგრძნობინა მისი სხეულის ტემპერატურა და არომატიც. ესიამოვნა. წამით თვალებიც დაეხუჭა და თავისდა გასაკვირად, წინააღმდეგობის გარეშე დაჰყვა მის თხოვნას, მანქანაში ჩაჯდომის თაობაზე. მშრალ გარემოში გადანაცვლებამ, მაშინვე მიახვედრა, როგორ ძალიან შესცივებოდა. მამაკაცმაც, თითქოს მის ფიქრებს ჩასწვდაო, უმალვე ჩართო გათბობის სისტემა და საჭეზე ხელებდაწყობილმა, ლინდას გვერდულად გახედა. — მოსაცმელი გაიხადე და უფრო მალე გათბები, — ურჩია თუ არა, თვითონაც მოიშორა სხეულიდან ტყავის ქურთუკი და ორ სავარძელს შუა არსებულ სივრცეში მიუჩინა ადგილი. რამდენიმე წამში, ლინდამაც მას მიბაძა. — სადმე თუ გეჩქარება, მითხარი და წვიმის შეწყვეტას არ დაველოდები, ახლავე გადავალ. — არსად მეჩქარება... მისამართი მიკარნახე და სახლამდე მიგიყვან. — მირჩევნია საკონცენტრაციო ბანაკში წავიდე, მთელი წლით. — მაშინ, თვითონ შემომთავაზე ალტერნატივა. — დაივიწყე, კარგი? ისედაც მეუცნაურება მანქანაში რომ გიზივარ და მოდი დავიშალოთ. — მოიცადე, — გადასასვლელად გამზადებული, მკლავში ხელის ჩაავლებით შეაჩერა მამაკაცმა. — ასე რომ დაგტოვო, მერე მთელი საღამო უნდა ვიფიქრო, რამე ცუდი ხომ არ დაგემართა. — რატომ, სხვა საფიქრალი არ გაქვს? — ამ ეტაპზე არა... მოკლედ, აქვე ახლოს მიწისქვეშა ავტოსადგომია. მანქანას დავაყენებ და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ. უხმოდ დაუქნია თავი ლინდამ. მართალია, წარმოდგენაც არ ჰქონდა რა უნდა გაეკეთებინა ამის შემდეგ, თუმცა მისთვის ყველაფერს მნიშვნელობა დაჰკარგვოდა. ერთადერთი, რაც გულით უნდოდა, სულიერი ტკივილის შემსუბუქება იყო და მის გონებაშიც ნელ-ნელა იბადებოდა აზრი, რომელსაც სიგიჟესთან ერთად, დროებით ხსნადაც თვლიდა. მანქანებს შორის მოძრაობისას, ფარულად აკვირდებოდა საჭესთან მჯდომ მამაკაცს. ისე უყურებდა, თითქოს მისი ყოველი მილიმეტრის შესწავლა სურსო. მუქ წაბლისფერ თმასა და დაბალ წვერზე, ჯერ კიდევ ემჩნეოდა წვიმის კვალი, ხოლო მისი თეთრი, ნახევრად სველი მაისური, ნათლად უსვამდა ხაზს აქტიური ფიზიკური დატვირთვისგან დატოვებულ კვალს. ავტოფარეხამდე იმაზე მალე მიაღწიეს, ვიდრე ეს ლინდას ჰქონდა წარმოდგენილი. ირგვლივ, უამრავი სხვადასხვა მარკის ავტომანქანა დაეყენებინათ და თავისუფალი ადგილებიც ჭირდა, თუმცა მამაკაცმა იმ არეალში დააპარკინგა, რომელიც შედარებით მეჩხერად აეთვისებინათ. როგორც კი არჩეულ ადგილას დადგა და ძრავა გამორთო, სავარძელზე მიწოლილმა, მაშინვე გვერდით მჯდომს გახედა. ლინდა სრულიად უმეტყველო მზერით იყურებოდა წინ და იმის დასტური, რომ ნამდვილად გონზე იყო, თვალების პერიოდული ხამხამი იყო მისი მხრიდან. ძრავის გამორთვის შემდეგ, სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა. სალონში უკვე საკმაოდ თბილოდა და გოგონას თხელი სარაფანი, ნახევრად გამშრალიყო კიდეც. სამაგიეროდ გონება ჰქონდა აფორიაქებული. ცხოვრებაში პირველად ჰქონდა მომენტი, როცა ცეცხლისკენ საკუთარი ნებით მიემართებოდა და არც დამწვრობის მიღება აშინებდა. მთელი სხეული სთხოვდა რეალობისგან გამოთიშვას. სურდა რაღაც ისეთი გაეკეთებინა, რომ გარკვეული დროით საკუთარი სახელიც დავიწყებოდა, გვარიც, წარსულიც და აწმყოც. უნდოდა რაღაც ძლიერი შეგრძნებით გადაეფარა ის გულისტკივილი, შინაგანად რომ ხრავდა და განადგურების მორევისკენ მიერეკებოდა ხელისკვრით. უნდა მორეოდა ამ გრძნობას. რადაც არ უნდა დასჯდომოდა მასზე უნდა გაემარჯვა და ხვდებოდა, რომ ამის მისაღწევად ყველაფერზე იყო წამსვლელი. — უკეთ ხარ? — ირგვლივ ჩამოვარდნილ სიჩუმეში, მამაკაცის სიტყვები რომ შემოიჭრა, მხოლოდ მაშინ მოეგო გონს. კიდევ ერთხელ შეხედა დაჟინებული მზერით მის სახეს, რაზეც ღიმილი მოადგა დაკვირვების ობიექტს. — მთელი გზაა თვალს არ მაშორებ. — მერე ეს გაწუხებს? — უბრალოდ კითხვებს მიჩენს. — ზუსტად ვიცი, პასუხებს შენითაც ხვდები, — თითქოს არაფერიო, ისე მიუგო. სისხლში არსებული ალკოჰოლის რაოდენობა, თავისუფლად აძლევდა საშუალებას ისეთი მზერით ეყურებინა უცნობისთვის, როგორითაც აქამდე არასდროს, არავისთვის შეუხედავს. — რისკენ მიმანიშნებ? — საეჭვოდ იდუმალი გახდა მამაკაცის ხმაცა და გამოხედვაც. — იმისკენ, რომ ყველა ქალი ზუსტად შენნაირ მიმზიდველ სამიზნეს ირჩევს ერთღამიანი თავგადასავლისთვის, — არც კი სჯეროდა, რომ ეს თქვა, თუმცა უკანდახევას აღარ აპირებდა. სჭირდებოდა მაშინ ეს. უზომოდ ესაჭიროებოდა იმ სტრესის ფონზე, რაც განიცადა. იმ ტკივილის ჩასახშობად სჭირდებოდა, რომელსაც არაფხიზელი მდგომარეობაც ვერ აყუჩებდა ბოლომდე და მოსალოდნელ შედეგებზე ზედმეტ ფიქრს არ აპირებდა. — და თუ ამ ერთი ღამის შემდეგ, ქალს რამის გაგრძელების სურვილი გაუჩნდება? — მთელი ტანით მიტრიალდა ლინდასკენ მამაკაცი. აშკარად იგრძნობოდა მისგან შეფარული სურვილი, თუმცა საკუთარ მზერასა და ქმედებებს მაინც ღირსეულად აკონტროლებდა. — შენც პოზიტიურად მიუდექი და იმაზე იფიქრე, რომ არ გაუჩნდება. ირიბი ღიმილი გაკრთა მამაკაცის სახეზე. სწორედ ასეთივე ღიმილით გადააქნია თავი და გოგონას პირდაპირ თვალებში შეხედა. — გაგიმართლა მე რომ შეგხვდი. სხვა დაუფიქრებლად მიიღებდა შენს წინადადებას. — და შენ არ მიიღებ? — მაცდური მზერით გადაიხარა მისკენ. ხვდებოდა რამხელა სიგიჟესაც აკეთებდა, მაგრამ არ ჩერდებოდა. ნაწილობრივ, რეალობისგან მოწყვეტას ცდილობდა, ნაწილობრივ კი საკუთარ თავს სჯიდა იმ ბრალეულობის გამო, რაც ახალშობილობისას, თავისდაუნებურად აიკიდა მხრებზე. — გეყოფა! — ორივე მაჯა ერთი ხელით დაუჭირა მას, მამაკაცმა და ისე მოიშორა, როგორც საკბენად მომზადებული შხამიანი გველი. — არ მინდა მაგ თამაშში აგყვე, მით უმეტეს მაშინ, როცა საკუთარი მისამართიც აღარ გახსოვს! — მშვენივრად მახსოვს ჩემი მისამართი. შენ წარმოიდგინე, დაბადების თარიღიც და პოლიტიკური შეხედულებებიც, — ნახევრად აწეულ თმას სამაგრი მოაშორა, წელამდე ჩამოიშალა და მიიქცია კიდეც ის ყურადღება, რომელსაც ასე ძალიან მოელოდა. მამაკაცის მზერა, მწველი ცეცხლივით ედებოდა მთელ კანზე. ცდილობდა ზედმეტი ფიქრები გონებაში არ შემოეშვა. მიზანი ჰქონდა, მხოლოდ ის მაცდუნებელი ძალა ყოფილიყო, რომელიც თავისთან ერთად, სხვა ადამიანსაც ჩაითრევდა მბზინავ ჭაობში და ასეც მოიქცა. ეფექტის გასამძაფრებლად, სარაფნის რამდენიმე ღილი ერთმანეთს მიყოლებით შეიხსნა, მერე კი თვალებდახუჭულმა, მიმზიდველად ამობურცულ ლავიწებს, თითის ბალიშებით დაუწყო ფერება. — შეწყვიტე ფიქრი... მანქანის მინები გარედან დაბურულია. აქ მხოლოდ მე და შენ ვართ, ხვალ კი ორი სრულიად უცნობი ადამიანი გავხდებით ერთმანეთისთვის. — არ ჰგავხარ იმას, ვისაც ასეთი ურთიერთობების გამოცდილება აქვს. — გითხარი ნუ იფიქრებ-მეთქი, — ამოთქვა ჩურჩულით, მარცხენა თვალიდან კი უნებურად გადმოუვარდა ცხელი ცრემლი. — ყველაფერი ფეხებზე დაიკიდე და როგორც გინდა ისე გამომიყენე. — გამოფხიზლდები და მაგ სიტყვებს ძალიან ინანებ... — რატომ გაღელვებს?! — თვალები აატრიალა ლინდამ და სულ რაღაც სამი წამი დასჭირდა იმისთვის, რომ უკვე მამაკაცის მუხლებზე გადამჯდარს გაეგრძელებინა მისი ცდუნების მცდელობა. — ყველა იმას მეუბნება, რომ ძალიან ლამაზი ვარ. ჰოდა, საკუთარი ნებით გჩუქნი ჩემს თავს. ახლა შენი ჯენტლმენობა ყველაზე ნაკლებად მჭირდება. — კიდევ ერთხელ დაფიქრდი რას აკეთებ. მე თუ რამე დავიწყე, მერე გაჩერებას ვეღარ შევძლებ. — უკვე საკმაოდ მაქვს ნაფიქრი. მითხარი, შენც ფიქრობ, რომ ლამაზი ვარ? — მის ტუჩებთან უფრო ახლოს მიიწია და ისიც იგრძნო, როგორ მომთხოვანად შემოეხვივნენ წელზე ძლიერი მკლავები. გაეღიმა, თუმცა ამასთან ერთად, გული სევდითაც აევსო. წამით შეყოყმანდა. იქიდან უკანმოუხედავად გაქცევა მოუნდა, თუმცა საბოლოოდ, რაღაც ძალამ მაინც დარჩენა გადააწყვეტინა. — ანუ გაინტერესებს ხარ თუ არა ლამაზი. — ჰო, — შუბლზე, შუბლი მიადო და კისერზე ორივე ხელი შემოხვია. აუხსნელი სითბო იგრძნო. თავადაც უკვირდა, მაგრამ ოდნავადაც არ აშინებდა სრულიად უცნობ ადამიანთან ამგვარი სიახლოვე. — მაგაზე მაშინ გიპასუხებ, როდესაც ეს კაბა შენს ტანზე აღარ იქნება, — პირდაპირ ყურთან ჩასჩურჩულა, შემდეგ კი მანქანის სავარძელი დაადაბლა და ამჯერად თავად მოექცა ზემოდან გოგონას, — მითხარი რა გქვია? — ლინდა მქვია. შეგიძლია ხვალ შენი გამარჯვებების წიგნაკში ჩემი სახელიც მიაწერო. — ასეთ სულელურ წიგნაკებს არ ვაწარმოებ, აი შენ კი, სახელს პირდაპირი გაგებით ამართლებ, — სურვილით ანთებული თვალებით დახედა მამაკაცმა და გოგონას ტუჩებს იმოდენა ვნებით დააცხრა, ლინდამ პირველივე წამებში იგრნო ის თავდავიწყება, ამ ყველაფრისგან რომ მოელოდა მისი უმოწყალოდ დასერილი სული... 8 8 8 8 მზემ თავისი შუქი მთვარეს გადაულოცა და ცაზეც მას დაუთმო პირველობა. ხეზე უსაქმურად შემომსხდარმა ჭრიჭინებმა, ამჯერად ღამეული მელოდიის დაკვრა დაიწყეს. ციცინათელების გუნდი, საახალწლო ნათურებივით ხან აინთებოდნენ, ხანაც ჩაქრებოდნენ და ასე გრძელდებოდა დაუსრულებლად. ლინდას ეზოში დიდი პლედი გაეშალა, ზედ გაწოლილიყო და მორიგი წიგნის კითხვისგან გადაღლილი, ვარსკვლავებით მოპენტილ ცას ისე უყურებდა, თითქოს მის მიღმა ცდილობს რამის დანახვასო. ის დღე, მთლიანად მარტოობაში ჰქონდა გატარებული. ლილე, ადრიანი დილიდან მოყოლებული ინგლისურს მეცადინეობდა. ონისე და ნინია, ბოსტნისა და ბაღის მოვლით იყვნენ გართულები, ამიტომ მისთვის არავის ეცალა. ასე უკეთესიც კი იყო. ზოგჯერ ძალიან უყვარდა მარტო ყოფნა და ფიქრი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ისეთ მშვიდად ადგილას ხდებოდა, როგორიც ადიში იყო მისთვის. ციდან ვარსკვლავი მოწყდა და მკვეთრად დაიწყო კაშკაში. ტუჩებზე ნოსტალგიურმა ღიმილმა გადაურბინა ლინდას. გაახსენდა, როგორ სჯეროდა ბავშვობაში ვარსკვლავის შესრულებული ნატვრების და როგორი რწმენით იფიქრებდა ხოლმე სხვადასხვა სურვილს, როდესაც ამ მოვლენის მომსწრე გახდებოდა. ახლა უკვე ზრდასრული იყო და აღარც ამის სჯეროდა. ოცდასამი წლის ასაკში, ნაწილობრივ ბედნიერებაზეც კი ჰქონდა ხელი ჩაქნეული. გრძნობდა, ვეღარასდროს იქნებოდა ის ლაღი, პატარა გოგონა, ნაწნავებში რომ ყვავილებს იბნევდა, ეზოში გამჭვირვალე ქილებით დასდევდა ციცინათელებს და ბებიის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით დააბიჯებდა, რათა უფრო დიდი ჰგონებოდა საკუთარი თავი. ფიქრებში გართულმა და ვარსკვლავების შემყურემ, ვერც კი შენიშვნა როგორ გაიღო მისი ეზოს ჭიშკარი. თავის პირად სივრცეში სხვისი შემოჭრა მხოლოდ მაშინ აღიქვა, როცა მის ახლოს, ბალახი ნაბიჯების ხმამ ააშრიალა და გაიხედა კიდეც ამ ხმის მიმართულებით. გულმა ლამის აკრობატული ნახტომი გააკეთა, როდესაც დაუპატიჟებელს სტუმარში ანდრო ამოიცნო. მამაკაცს უბრალოდ ეცვა — შავ, სრულიად უწარწერო მაისურზე, ამავე ფერის სპორტული შარვალი შეეხამებინა, ფეხზე კი თეთრი ბოტასი მოერგო. ერთი შეხედვითაც ეტყობოდა, რამდენად მინიმალური დრო ჰქონდა ჩაცმისთვის დათმობილი, თუმცა ლინდამ საკუთარ თავთან მაინც აღიარა, რომ ამ ადამიანს, სრულიად უბრალო ტანსაცმელშიც კი შეეძლო სხვისთვის თვალშისაცემი ყოფილიყო. — რას შვრები, მედიტირებ? — ისე ჩვეულებრივი, მეგობრული ჟესტით მიუჯდა გვერდით, ლინდამ გაბრაზებაც კი ვერ შეძლო, პირადი სივრცის დარღვევაზე. უფრო მეტიც, გულში გაეღიმა კიდეც მის საქციელზე. თვითონაც გაუპირდა თავისი თავისგან ასეთი რეაქცია. ალბათ ლამაზ ბუნებასა და ღამეულ სიმშვიდეს, მასზე ისე დადებითად ემოქმედა, რომ გონებაში ბრაზისა და ნეგატივისთვის ადგილი აღარ დაეტოვებინა. — უბრალოდ ვისვენებ... შენ რისთვის მოხვედი? — დასვენებაში პარტნიორობის გასაწევად, — მერე პლედზე მის გვერდით დადებული წიგნი აიღო, გადაფურცლა და რამდენიმე წამში, გაკვირვებული მზერით დახედა გოგონას. — წიგნებს ფრანგულ ენაზე კითხულობ? — ასე გაოცებით რატომ მეკითხები? არ შეიძლება რომელიმე უცხო ენაზე მეც ვკითხულობდე? — სიამოვნებით მოვისმენდი შენს ფრანგულ აქცენტს, — მიხვდა აწყენინა და სიტუაციის გამოსწორებას შეეცადა, მერე კი გარეკანის წარწერა ამოიკითხა ხმამაღლა: — Belle amie. Auteur : Guy de Maupassant (ლამაზი მეგობარი, ავტორი — გი დე მოპასანი) — წაკითხული გაქვს? — ბავშვობაში დავიწყე, მაგრამ არ დამისრულებია, — პლედზე ისიც გოგონას მსგავსად გაწვა, წიგნი კი გულზე დაიდო. — ალბათ დიდად ვერ მოვიხიბლე. — ვერც მოიხიბლებოდი, მთავარი პერსონაჟი ნამდვილი კრეტინია. — მგონი ავტორსაც ზუსტად ეგ ჰქონდა ჩაფიქრებული. — შეიძლება... დიურუა საზოგადოების ზნედაცემულობის სიმბოლოა მაგ წიგნში და მეტი არაფერი... ძალიან საწყენია. — რა არის საწყენი? — კითხვა რომ დავიწყე, სულ სხვა რამეს ველოდი. — რას? ფრანგი ჯენტლმენის და პატარა, მორცხვი გოგოს ლამაზი სიყვარულის ისტორიას? — დაახლოებით, კი, — გაეღიმა. მთელი საუბრის განმავლობაში, პირველად შეხედა თვალებში მამაკაცს. პლედი საკმაოდ დიდი იყო და ანდროც მოშორებით იწვა მისგან, თუმცა თავს ბოლომდე მშვიდად მაინც ვერ გრნობდა. განგებას მადლობას უხდიდა, რომ მასთან შეხვედრის ღამიდან, მხოლოდ ბუნდოვანი ნაწყვეტები ახსოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახეშიც კი გაუჭირდებოდა შეხედვა. — შენმა ოჯახმა იცის აქ რომ ხარ? — ვარსკვლავებით მოფენილ ცას უყურებდა ანდრო, როცა ეს ჰკითხა. გოგონა შეკრთა. ყველაზე მეტად, ამ თემასთან შეხება არ სიამოვნებდა, თუმცა შეკითხვა უპასუხოდ მაინც არ დაუტოვებია: — მამაჩემმა გასაგებად მითხრა, რომ ჩემი არსებობის რცხვენოდა. ძმაც იგივე აზრზე იყო. მას შემდეგ, არც ისინი ინტერესდებიან ჩემით და არც მე, მათით. — ამის გამო, ადექი და აქ გამოიქეცი? — შენ კი გეცოდები, როგორც სახლიდან გამოგდებული და უპატრონო. — უბრალოდ... — ვიცი, რომ ასეა, — მანამ გააწყვეტინა, სანამ რამის თქმას მოასწრებდა. — ამბობენ, ზოგს მამა სიკვდილის მერე ტოვებს, ზოგისთვის კი სიცოცხლეშიც მკვდარიაო. მე, მეორე კატეგორიაში მოვხვდი. ასეთი რამების პატიება ბევრს უჭირს. რაღაც დროით დუმილი ჩამოვარდა. მამაკაცი კარგად ხედავდა სამალავიდან გამომძვრალ ტკივილს გოგონას სახეზე, თუმცა სიტყვებს, რომელიც ნუგეშისცემისთვის გამოდგებოდა, ვერა და ვერ პოულობდა. – მაგაზე არაფერს გეტყვი, მაგრამ მოდი სხვა კუთხით მიუდექი. წარმოიდგინე, რომ ერთ დღეს უბრალოდ აღარ იქნება. თუ მასთან ურთიერთობის დალაგებას ვერ მოასწრებ, ეს მომავალში ძალიან შეგაწუხებს. ტკივილიანად ჩაეცინა ლინდას. შეეცადა ძალა მოეკრიბა, რომ ამ ტკივილს, ცრემლების ფორმა არ მიეღო. – ძალიან რომც ვეცადო, არასდროს მოუნდება ჩემთან ურთიერთობის გამოსწორება. ბოლოს და ბოლოს, მისი ცოლის სიკვდილის მიზეზიც მე ვარ. ანდროს თვალებში, კითხვის ნიშნებს გადააწყდა გოგონა. გასაგები რომ ყოფილიყო, გადაწყვიტა უფრო გარკვევით აეხსნა: – დედაჩემს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, როცა ჩემზე დაფეხმძიმდა. პრეპარატები ნაყოფის შენარჩუნებაზე ახდენდა გავლენას, ამიტომ რისკზე წავიდა და მკურნალობაზე უარი თქვა. შედეგი სახეზეა: მე აქ ვარ, ის კიდევ არა. მამაკაცის თვალებში დანახულმა აშკარა სიბრალულმა, სილის გაწვნასავით იმოქმედა ლინდაზე. მიხვდა, რომ ის არ უნდა ექცია ადამიანად, ვისაც წარსულის ტრავმებს მოახვევდა თავს და ღამის კრისტალურად სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. — ეს ისტორიები იმიტომ არ მომიყოლია, რომ შეგებრალო, — ამჯერად ისე ალაპარაკდა, სახეში არც შეუხედავს. — უბრალოდ, სურვილი არ მაქვს ვინმემ ოჯახის წევრებთან ურთიერთობის დალაგებაზე მიკითხოს ლექციები. აქ ყოფნამ მიმახვედრა, რომ მათ გარეშე ბევრად უკეთ ვარ, ვიდრე მათთან. — იმედია იმასაც არ ფიქრობ, რომ სამყაროში მკვლელის სტატუსით დააბიჯებ. — არ ვიცი, შეიძლება დავაბიჯებ, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ეს დედას გადაწყვეტილება იყო... იგია ყველაზე მთავარი მიზეზი, რატომაც ბავშვი დავიტოვე. ჩემს გადასარჩენად სიცოცხლით გარისკა და ეს მაგალითი უნდა ყოფილიყო. — გუშინ დამესიზმრა, თითქოს ბიჭი იყო და მასთან ერთად კალათბურთს ვთამაშობდი... თითქმის ოცდარვა წლის ვარ და არც ერთი სიზმრისგან არ მიმიღია ამხელა სიამოვნება. ტუჩის კუთხეები, გაუცნობიერებლად გაექცა განზე ლინდას. ეს ღიმილი, სულ რამდენიმე წამით დარჩა მის სახეზე, რადგან მიხვდა, რომ ანდროსთან საუბარი საკმაოზე მეტად გაეწელა. ყველაფერს არჩია შინ შესულიყო და საძინებელში განმარტოებულს, დაძინება ეცადა. მისი გული, ვერ ისვენებდა ამ ადამიანის გვერდით. მეტიც, ისე უფრთხოდა, როგორც სახიფათო, ეგზოტიკურ მცენარეს, რომელსაც შეეძლო თავისი ბზინვარებით ახლოს მიეტყუებინა, ბოლოს კი მთლიანად ჩაეყლაპა. — უნდა დავიძინო, გვიანია, — ამის თქმა და წამოჯდომა ერთი იყო. მალე ანდრომაც მას მიბაძა და წასასვლელად გამზადებულს, შესაჩერებლად მკლავზე მოჰკიდა ხელი. — ერთი წამით მოიცადე. — რა ხდება? — ჯერ თავის მკლავზე შემოხვეულ თითებს შეხედა, მერე თავად ამ თითების პატრონს და იგრძნო როგორ შეუმცირა დაძაბულობამ ჟანგბადის მარაგი. — სანამ წახვალ მითხარი, როგორი შეგრძნებაა? — მზერა მის მუცელს დაასო კითხვის დასმისას. — როგორია, როცა შენში ცოცხალი ორგანიზმი იზრდება? ოდნავ მაინც თუ გრძნობ მას? პირდაპირი გაგებით, სუნთქვა შეეკრა ლინდას. ვერაფერი უთხრა, რადგან ასეთ შეკითხვას ყველაზე ნაკლებად მოელოდა. ყელში მღელვარების ბურთი გაეჩხირა, როდესაც მამაკაცის თბილმა თითებმა მკლავიდან, მუცელზე გადაინაცვლეს და ნაზად შეეხნენ მას. — მითხარი, გრძნობ? — კვლავ გაუმეორა შეკითხვა ანდრომ. — ჯერ ვერა... ნორმალურად ისიც არ მაქვს გაცნობიერებული, რა ხდება. დუმილი ნახევარ წუთამდე გაგრძელდა. ამ დროის მანძილზე, მამაკაცი უბრალოდ იჯდა და გოგონას ყოველ გამოძრავებასა თუ ჟესტს აკვირდებოდა. უყურებდა მის დატალღულ თმას, რომელიც პერიოდულად ყურს უკან გადაჰქონდა. უყურებდა ტუჩებს, რომლის გემოც, ჯერ კიდევ მძაფრად ჩარჩენოდა მეხსიერებაში და ხვდებოდა, რომ ლინდას უბრალოდ ყურებაც კი საშიშ თამაშთან ასოცირდებოდა. — ანდრო, ერთ კითხვას მეც დაგისვამ, კარგი? — დამისვი. — ჩვენი შეხვედრის საღამოზე მინდა გკითხო, — წამწამები დახარა, რათა სასაუბროდ შესაბამისი გამბედაობა მოეკრიბა, მერე კი განაგრძო: — მითხარი, მაშინ, მანქანაში, პირველმა მე გამოგიწვიე? — მაგით ახლა რატომ დაინტერესდი? — უბრალოდ სიმართლე მითხარი, კარგი? მნიშვნელოვანია ამის ცოდნა. მამაკაცმა თავი გვერდზე მიაბრუნა. რამდენიმე წამით უაზროდ შეჰყურებდა ჭიშკარს. შემდეგ ლინდას მომლოდინე თვალებს მიუბრუნდა და ხმაც ამოიღო: — ჰო, შენ გამომიწვიე, მაგრამ ამის გარდა კიდევ გააკეთე რაღაც. პასუხის მოსმენისას, სიმწრისგან, წამიერად თვალები დახუჭა გოგონამ. ანუ მართალი იყო რასაც ფიქრობდა და ეს ტვირთი, მას უფრო მძიმედ აწვა, ვიდრე ანდროს. — ასეთი რა გავაკეთე? კარგი, მოდი ნუ იტყვი! თუ რამე საშინელებაა, მირჩევნია არ ვიცოდე. — უბრალოდ შენი საქციელით, მწარე სილა გამარტყი სახეში, — ოდნავშესამჩნევი ღიმილით წამოდგა პლედიდან მამაკაცი. — ვერ ვიფიქრებდი უსიტყვოდ თუ წახვიდოდი. მთელი დღე მეფიქრებოდა შენზე ამის გამო. — ასეთი რამების ნაკლებად მჯერა. რამდენიმე საათის გაცნობილი ადამიანების შემთხვევაში მით უმეტეს. — ამ წამს შეფარულად მიწოდე მატყუარა, მაგრამ გპატიობ... დანაშაულის გამოსასყიდად, ფრანგულად უნდა მისურვო ტკბილი ძილი. — რა პრობლემაა, — გაეღიმა. — Eh bien, alors je te souhaite un doux sommeil, Andro (კარგი, მაშინ ტკბილ ძილს გისურვებ, ანდრო) — Doux sommeil aussi, Linda (მეც ტკბილ ძილს გისურვებ, ლინდა) — აქამდე რატომ არ მითხარი?! ანუ ფრანგულად შენც საუბრობ! — თვალები გაუფართოვდა გოგონას. ეს ადამიანი არა და არ წყვეტდა მის გაოცებას. — ასეთი იდეალური აქცენტი საიდან? — დიდი ბებია მყავდა ფრანგი და კორსიკაზე ხშირად დავდიოდით, მთელი ზაფხულით. მოვა დრო და ჩვენს შვილსაც წავიყვან, არდადეგებზე. — ჰო, შენში ნამდვილად გაუმართლა, — წამიერად, ნაღვლიანმა ღიმილმა გაირბინა ლინდას ბაგეებზე. — შეგიძლია მთელი მსოფლიო მოატარო, მე კი ვერაფერს შევთავაზებ. — ამ ქვეყნად რომ მოავლენ, ყველაზე დიდი შეთავაზება ეგ იქნება. ბედნიერი ბავშვი რომ იყოს, ამაზე უკვე ორივე ვიზრუნებთ. — მაგისთვის საერთოდ არ ვარ მზად... რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მეშინია... — მეც მეშინია, მაგრამ უნდა ვითანამშრომლოთ, ყველაზე ცუდი მშობლების ხუთეულში რომ არ მოვხვდეთ... ათეულს კიდევ არა უშავს. — ასე ცუდად არის საქმე? — სიმწრის სიცილი წასკდა ლინდას. — ნუ გეშინია, ზოგჯერ დებიუტანტებსაც გააქვთ გოლი. — წამიერად შეეხო მკლავზე ამის თქმისას. შემდეგ კიდევ ერთხელ უსურვა ძილინებისა და ღამის მნათობებით მკრთალად განათებულ ბილიკს გაუყვა შინისკენ. უკან ერთხელაც არ მიუხედავს და არც ის დაჟინებული მზერა შეუმჩნევია, რომლითაც გოგონამ მიაცილა სახლის კარამდე. ციცინათელები კვლავ საახალწლო ნათურებივით ციმციმებდნენ ვერცხლისფრად მოკიაფე ვარსკვლავების ქვეშ. სავსე მთვარის ნახევარი, წყვდიადისფერ ღრუბლებს მოექციათ ტყვეობაში. სადღაც შორს, ძაღლების გაბმული ყეფაც ახმაურებდა არე-მარეს. 8 8 8 8 ნამძინარევი მზე ზლაზვნით წამოდგა ფეხზე, ერთი კარგად გაიზმორა და ხელები გაშალა, რათა თავისი თბილი სხივები, დედამიწაზე გაეშვა სამოგზაუროდ. ლამაზი დილა გათენდა ადიშში. გასულ ღამით ამოვარდნილი ქარი ბოლომდე ჩამდგარიყო და მაღლობზე შეფენილი, ნისლში გახვეული ხეებიც ნელ-ნელა ითავისუფლებდნენ თავს რძისფერი ტყვეობისგან. აქა-იქ მამლების ყივილი და რქოსანი პირუტყვის ბღავილიც ისმოდა. სოფელს უკვე ეღვიძა, ხოლო მის მცველად, კვლავ მედიდურად აღმართულიყვნენ ამაყად მომზირალი სვანური კოშკები. მთელი ღამის განმავლობაში უშფოთველი ძილით მძინარე ლინდა, უკვე კარგა გათენებულზე გამოაღვიძა ხმამ, რომელიც მეზობელი სახლის ეზოდან მოდიოდა. პირველი რამდენიმე წამის განმავლობაში, ჯიუტად არ ელეოდა გულში ჩახუტებულ ბალიშს. არც თვალებს ახელდა, თუმცა ბოლოს მიხვდა, რომ ასეთ ხმაურში, ძილის გაგრძელებას მაინც ვეღარ შეძლებდა და თავი აიძულა ნელ-ნელა გამოფხიზლებულიყო. როგორც კი ეს გამოუვიდა, საწოლიდან პირდაპირ ფანჯარასთან გადაინაცვლა. აინტერესებსა საიდან მოდიოდა ხმა, რომელმაც ტკბილი ძილი დაუფრთხო. ლილეს სახლი სრულ მდუმარებაში ჩაძირულიყო. მხოლოდ მის ნაგაზს ეღვიძა, რომელიც, კაკლის ხის ჩრდილში, ფეხზე მდგომი აკვირდებოდა მთელ ეზო-კარს. მზერა ამჯერად თავისი მოხუცი მეზობლის, კირას კარ-მიდამოსკენ მიმართა გოგონამ. აი აქ კი, უკვე დაინახა ხმაურის გამომწვევი პიროვნება. ეზოში ანდრო გამოსულიყო, სათიბი აპარატით ხელში და იქაურობას გულმოდგინედ ასუფთავებდა ზედმეტი ბალახისგან. წელს ზემოთ შიშველს, შარვლის შესაკრავთან მოსაცმლის სახელოები გადაენასკვა, მზის სიმხურვალესთან საბრძოლველად კი, ეზოში მდგომ ქვის მაგიდაზე, ცივი წყლით სავსე თერმოსი და დიდი ჭიქა ჰქონდა მომზადებული. ამ სანახაობაზე, თვალები თავისდაუნებურად გაუშეშდა ლინდას. ფანჯრის რაფაზე მიყრდნობილი, მხრებზე ჩამოშლილილ თმას, გაუცნობიერებლად იხვევდა საჩვენებელ თითზე და გაპობილი ტუჩებიდან ხმაურით უშვებდა უცნობი მიზეზით დაძაბულ სუნთქვას. ეს სხეული და მთლიანად ეს მამაკაცი, მისთვის ერთდროულად ნაცნობიც იყო და უცნობიც. წამით ყველაფრის გახსენების სურვილმა სძლია, რაც კი იმ ღამით, ანდროს მანქანაში მოხდა, თუმცა მსგავსი ფიქრები წამებში მოიშორა გონებიდან და ფანჯარასაც სწრაფად მოშორდა, რადგან არ სურდა ანდროს თვალთვალში გამოეჭირა. სარკეს დაღვრემილი სახით მიუჯდა და თმის გულმოდგინედ დავარცხნის შემდეგ, იგი ჩხირებით დაიმაგრა კეფაზე. შემდეგ კარადიდან სუფთა პირსახოცი გამოიღო და პირდაპირ აბაზანაში შეიკეტა. საშხაპედან წამოსული წვეთების წკაპუნში, სხეულიც და სმენაც იმდენად მოუდუნდა, მისკენ მომავალი ნაბიჯების ხმა ბოლო წამებში აღიქვა. თავდაპირველად შეეშინდა, თუმცა როდესაც მოულოდნელმა სტუმარმა დაუძახა და მასში ლილეს ხმა ამოიცნო, დაძაბულობისგან დაჭიმული სხეული ერთიანად მოეშვა. ლილე ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც მის სახლში უნებართვოდ შემოდიოდა ხოლმე, თუმცა ამაზე პროტესტი არასდროს გამოუთქვამს. პირიქით, მოსწონდა მასთან ახლო მეგობრული ურთიერთობა, მიუხედავად ექვსწლიანი ასაკობრივი სხვაობისა. — აბაზანაში ვარ, მოდი! — გასძახა ხმამაღლა და მშვიდად განაგრძო კანზე ტანის გელის გადანაწილება. თბილი წყალი, ახალგაღვიძებულ სხეულს მართლაც ძალიან სიამოვნებდა და სასიცოცხლო ენერგიითაც ავსებდა. — კარგია რომ გღვიძავს, — ლილეს მხიარულმა ხმამ, უფრო მეტად გამოაცოცხლა გოგონა, — წუხელ იმდენი სიზმარი ვნახე, მაგრამ სიზმარს ის უფრო ჰგავს, რაც ახლა კირას ეზოში ხდება. — ასეთი რა ხდება მის ეზოში? — გამოსძახა ფარდის უკნიდან. — ძალიან კარგად იცი, რაც ხდება. დაგინახე ფანჯარას რომ ცხვირით იყავი მიკრული, — სიცილით ჩაილაპარაკა, მერე კი ისე განაგრძო, პასუხსაც არ დაელოდა, — მეგონა მისნაირი ცისფერსისხლიანები ახლოსაც არ ეკარებოდნენ ისეთ რამებს, როგორიც ბალახის სათიბია. — აბუქებ. უბრალოდ თავისი მოხუცი მეზობლის მიმართ ავლენს თავაზიანობას. — ჰოლივუდის ვარსკვლავის მონაცემებით რომ მოძრაობს, იმასაც ვაბუქებ? შენს ბავშვს გაუმართლა, გენები ნამდვილად ხარისხიანი გამოყვება. — მარტო მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრს ლაპარაკობ? — რამდენიმე წამით გამოყო თავი ლინდამ, შხაპის გელით აქაფებული თითი, ცხვირზე მოუსვა გოგონას და კვლავ ფარდის უკან მიიმალა. — კარგი რაა, ხომ იცი არ შეიძლება სახის კანისთვის, ტანის გელის მიკარება?! — არც ის შეიძლება აქ რომ დგახარ და ყველანაირ სისულელეს ამბობ, რაც ენაზე მოგადგება. — რა ვქვნა? ამ სოფელში, ჩემი ერთადერთი გასართობი თქვენ ორნი ხართ. — იცოდე, შიგნით შემოგათრევ და წყალს შეგასხამ! არ გეხუმრები! — კარგი ჰო, რა გჭირს? მორჩა, აღარაფერს ვიტყვი, — ბუზღუნით მოშორდა საშხაპეს, სარკის წინ დადგა და წარბშეკრულმა დაიწყო თმის ჩაწნა, — რა უაზრო დღეა დღეს. ონისე რომ მესტიაში არ იყოს, სადმე წაყვანას მაინც ვთხოვდი. — მესტიაში რა უნდა? — გადაწყვიტა მაღაზიას თვითონ მიხედოს. კონსულტანტისთვის მისაცემ ხელფასს ზოგავს. — სექტემბრიდან თბილისში გადადიხართ. ბუნებრივია, რომ ზედმეტ ზარჯს ერიდება. — კი, თუ ჩავაბარე, გადავალთ, — უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა გოგონამ, — პირველი გამოცდა ერთ კვირაში მაქვს და ნერვიულობისგან, ფრჩხილების კვნეტაც დავიწყე. — ახლა რომ გისმენ, ჩემი თავი მახსენდება გამოცდების წინ, — საშხაპე ფარდის მიღმა დაკიდებული პირსახოცი, შიგნით შეიტანა ლინდამ. ბანაობის მერე, თავს ისე მხნედ გრძნობდა, ოდნავადაც აღარ აწუხებდა გაღვიძების მომენტიდან აყოლილ მოთენთილობის შეგრძნება. ჩაწნილი თმა რომ სამაგრით დაიმაგრა, სარკეში არეკლილ გამოსახულებას კმაყოფილი სახით გაუღიმა ლილემ. დაახლოებით ხუთი წამის შემდეგ, ლინდაც გამოვიდა აბაზანიდან და კაბინაში დაგროვებული თბილი ორთქლის სქელი ფენაც გამოიყოლა თან. ტანზე მოხვეული თეთრი პირსახოცი, მკერდთან მაგრად გადაენასკვა, ხოლო წყლის წვეთებით დანამულ კანზე, მარწყვის გელის ნაზ-ტკბილი არომატი დაჰყვებოდა. საბაზანოდან, მაშინვე საძინებელში გადაინაცვლეს გოგონებმა. ლილემ მობილური ამოიღო და საწოლზე გულდაღმა გაწოლილმა დაიწყო მისი თვალიერება. ნახევრად გაღებულ ფანჯარას, ეზოდან ვარდის ბუჩქების სურნელი შემოჰქონდა. გარშემო ყოველგვარი ხმა მიწყნარებულიყო, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ ანდროს უკვე დაესრულებინა თავისი საქმიანობა. — შენ რა, ტელეფონს უღიმი თუ მეჩვენება? — გამოცდილი დეტექტივის მზერით შეათვალიერა ეკრანზე მიშტერებული მეგობარი ლინდამ. ტანზე ჯერ კიდევ სველი პირსახოცი ჰქონდა მოხვეული, თუმცა ჩაცმაზე არც უფიქრია ისე გადაწვა საწოლზე მის გვერდით. — ჰო, გუშინ რაღაც ონლაინ-თამაში ჩავწერე და ერთ ბიჭთან საკმაოდ საინტერესო საუბარი მქონდა. არ ველოდი დღესაც თუ გამოვიდოდა კონტაქტზე. — და ასეთი რა თამაშია? — ვირტუალური რეალობის კაფსულა ჰქვია და პაემნების თემაზეა აგებული. რეგისტრაციისას, შენს ვიზუალურ მონაცემებთან მიახლოებულ ავატარს ქმნი. პაემნისთვის შემთხვევით მეწყვილეს თვითონ აპლიკაცია გირჩევს, შენი ქვეყნის, ასაკის და სექსუალური ინტერესების მიხედვით. — ლილე, ასეთი რამებისთვის დიდი არ ხარ? — გაეცინა გოგონას. — რატომ? ძალიან საინტერესოა. პაემნის ადგილს წყვილი ირჩევს. მაგალითად მე და ის ტიპი ზღვის პროდუქტების რესტორანში ვიყავით. წარმოიდგინე, ეკრანზე ერთმანეთის პირისპირ მჯდომ, ჩვენს შექმნილ ავატარს ვუყურებდით და მიკროფონით საუბარიც შეგვეძლო. ისეთი ილუზია იქმება, თითქოს ბრმა პაემანზე ხარ, ოღონდ ვირტუალურ სივრცეში. — ძალიან ღრმადაც ნუ შეტოპავ, — გაფრთხილებასავით გაისმა ლინდას ხმა. — ონლაინ-სივრცე ყველაზე სახიფათო ადგილია ვინმეს გასაცნობად. — კარგი რაა, ისე ლაპარაკობ, თითქოს ამაღამ სასტუმროს ნომერში ვაპირებდეთ შეხვედრას. ისიც არ ვიცი რა ჰქვია და არც მისი ფოტო მინახავს. უბრალოდ ძალიან ჭკვიანია და საინტერესო მოსაუბრე. იუმორის გრძნობაც აქვს და ზრდილობაც. ჩემი ასაკის ბიჭებისთვის იშვიათობაა ასეთი მანერები. — და რა გარანტია გაქვს ერთი ასაკის რომ ხართ? იქნებ მოგატყუა და შენზე უფროსია, ან საერთოდაც ცოლიანი? ლილემ ტელეფონში ჩარგული თავი ასწია და უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა. — ადამიანების ამოცნობა ასე თუ ისე გამომდის, ლინდა. ჯერ ერთი, ცოლიანს საერთოდ არ ჰგავს და მერეც მეორე, ეს ადამიანი უბრალოდ დამეკონტაქტა, ასე რომ ბუზს, სპილოდ ნუ გადააქცევ. — კარგი, შენი საქმის შენ იცი, — მიუხედავად იმისა, რომ შინაგანად ჯერ კიდევ სჭამდა უნდობლობის ჭია, ბოლოს მაინც დანებდა. — ოღონდ ძალიან გთხოვ, ფრთხილად იყავი. მასზე არაფერი იცი და გირჩევ პირადი ინფორმაციის გაცემისგან თავი შეიკავო. — ჯანდაბა, მაინცდამაინც ახლა გამეთიშა ინტერნეტი! — ლილე, მისმენ რას გეუბნები? — გისმენ ჰო, გისმენ, — თვალები სიცილით აატრიალა მან. — პირად ინფორმაციას არ გავცემ და არც ჩემს ფეხის ზომას ვეტყვი, ხვალ ბროლის ქოშით ხელში რომ არ მომიკაკუნოს მისმა ვეზირმა. — შენ ხუმრობ და მე სერიოზულად გელაპარაკები. — მეც სერიოზულად გეუბნები, რომ უბრალოდ საინტერესო საუბარი გვქონდა და მეტი არაფერი. ასე რატომ ართულებ? ოთახში დუმილი ჩამოვარდა. გარკვეული დროის შემდეგ, მისი დარღვევის ინიციატორად ლილე იქცა: — ჩემგან აბსოლუტურად ყველაფრის მოსმენა გინდა, შენ კი ძალიან ბევრ რამეზე გაურბიხარ საუბარს, — რაღაც დოზით, წყენაც იგრძნობოდა მის ტონში. — ხანდახან ისეთი შთაბეჭდილებაც მრჩება, რომ არც ერთი ადამიანის დანახვა არ გინდა შენს გვერდით. საწოლზე გულდაღმა გაწოლილმა ლინდამ თვალები დახუჭა, მუშტად შეკრულ მარცხენა ხელს კი, ნიკაპი მოღუშულმა ჩამოაყრდნო. — ჩემი ცხოვრების თითქმის ყველა ეტაპზე მარტო ვიყავი, ლილე. ასე რომ მაპატიე, თუ ხანდახან ისე ვიქცევი, თითქოს არავინ მჭირდება. დუმილი კიდევ ერთხელ ჩამოვარდა და ამჯერად ბევრად უფრო დიდხანს გაგრძელდა. ვინაიდან ლილეს ტელეფონს ინტერნეტის ხარვეზი მალევე გამოუსწორდა, გოგონამ კვლავ ტუჩებზე ღიმილგადაკრულმა განაგრძო შეტყობინებებზე პასუხის გაცემა, რასაც ეჭვნარევი მზერით აკვირდებოდა მის გვერდით მწოლიარე ლინდა. არ იცოდა რატომ, მაგრამ ცუდი წინათგრძნობა კოდალასავით შემაწუხებლად უკაკუნებდა გულზე. იმედს იტოვებდა, რომ ეს მხოლოდ მისი წარმოსახვის ნაყოფი იყო და სხვა არაფერი. ლილე რომ შინ წავიდა, უკვე შუადღე იყო გადასული. ცარიელ სახლში მარტო დარჩენილმა ლინდამ, თითქმის მთელი საღამო ფრანგულენოვანი რომანების კითხვას დაუთმო, აი შებინდებისას კი, საძინებლის ფანჯარასთან, პიტნის ჩაით სავსე ფინჯნით ხელში მოკალათდა და საკუთარ ფიქრებს მიეცა. გიშრისფერი ცა, ბრჭყვიალა ვარსკვლავებით დაწინწკლული გადმოჰყურებდა დედამიწას, ხის ფოთლებს კი ღამის სუსხიანი, მსუბუქი ნიავი აშრიალებდა. იმ ღამით, დასაძინებლად ადრიანად გადაწყვიტა დაწოლა. მართალია, დაღლილობას დიდად არ უჩიოდა, თუმცა ფხიზლად ყოფნა მაინც არ სურდა. ფხიზელ გონებაზე, ფიქრების უმეტესობა, თავისდაუნებურად მიდიოდა ანდროსკენ, ეს კი ძალიან არ მოსწონდა. საწოლში გაუხდელად ჩაწვა და თვალები მაგრად დახუჭა. ერთი საათის განმავლობაში ცდილობდა დაძინებას, თუმცა არაფერი გამოუვიდა. შემდეგ ნაცადი მეთოდი, ცხვრების დათვლა სინჯა, რამაც სასურველი შედეგი გამოიღო, მაგრამ ცოტა ხნით. საბოლოოდ მაინც გამოაღვიძა ძლიერი ქუხულის ხმამ და ისიც შენიშნა, რომ ღია ფანჯრიდან შემოსული წვიმის ნაკადი, გამეტებით ასველებდა ხის იატაკს. გოგონამ ღამის სანათი აანთო, საწოლიდან სწრაფად წამოხტა და ფანჯრები მაგრად ჩარაზა. ქუხილის ხმას, ახლაც ისევე საზარლად აღიქვამდა მისი გონება, როგორც ბავშვობაში და ამას ვერაფერს უხერხებდა. საშინელი ამინდი იყო გარეთ. ღრუბლები ისე გულამოსკვნილი ტიროდნენ, რამის დანახვა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. მწვანედ შეფოთლილი ხეები, თითქოს სიცივისგან მობუზულიყვნენ, მსხვილი წვეთების სახურავზე კაკუნის ხმა კი, ძილის შებრუნებას ფაქტობრივად შეუძლებელს ხდიდა. მორიგმა ძლიერმა ქუხილმა სახლი ისე შეაზანზარა, ლინდამ შიშისგან უნებურად წამოიკივლა. ბავშვივით დამფრთხალი, მაშინვე გავიდა საძინებლიდან, სინათლეები მთელ სახლში აანთო და ბალიშზე მაგრად ჩახუტებული ჩამოჯდა დროებით მიტოვებულ საწოლზე. ზუსტად იცოდა, ქუხილის დასრულებამდე უკვე ვეღარაფერი დააძინებდა. იმ მომენტში, ამდენი ხნის შემდეგ პირველად ინატრა მობილური თან ჰქონოდა. ასე, ოდნავ მაინც შეძლებდა უსიამოვნო ამინდისგან ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა. წვიმა შესუსტების ნაცვლად ძალას იკრებდა და თანდათანობით ძლიერდებოდა. კედლის საათის მოწიკწიკე ისრები, შუაღამის სამს უჩვენებდნენ. საწოლზე, სუსხისგან მობუზული ჩიტივით მჯდომ ლინდას, ბავშვობის მოგონებები უდგებოდა თვალწინ. ახსენდებოდა როგორ ეშინოდა ხოლმე ელვაში, თავის ოთახში მარტო დარჩენილს და როგორ უწვებოდა ამ დროს საწოლში ბებიას ისე, რომ უნებლიედ არ გაეღვიძებინა. ლინდამ თვალები მაგრად დახუჭა და სახლის მორიგი შეზანზარებისას, შეეცადა გონებაში ყველა აზრი ჩაეხშო, რაც კი შიშისკენ მოუწოდებდა. წვიმის ძლიერ ხმას და გაელვებას რომ უეცარი ბრახუნიც მიემატა ფანჯრის მინაზე, პირზე ორივე ხელი აიფარა, რათა კიდევ ერთხელ არ წამოეკივლა. იმ მომენტში, თითოეული საშინელებათა ფილმის ფსიქოპათი პერსონაჟი გაახსენდა, რაც კი ნანახი ჰქონდა. სისხლიანი ეპიზოდები ერთმანეთის მიყოლებით გაცოცხლდნენ მის თვალწინ, მაგრამ გულში პარაზიტივით შემძვრალ შიშებს მაინც მამაცურად სძლია და ფანჯარსთან სიტუაციაში გასარკვევად მიირბინა. გადასწია თუ არა ფარდა, მაშინვე ფანრის მჭახე შუქმა შეანათა თვალებში. მინაზე კაკუნი კიდევ ერთხელ განმეორდა. სწორედ მაშინ შეეცადა გოგონა, განათების მიღმა იმის სახეც დაენახა, ვისაც ეს განათება ეჭირა. ლინდას შვებით ამოსუნთქვის ხმა მთელ ოთახში ექოდ გავარდა, როდესაც მხედველობა დაძაბა და ეზოში ერთიანად გალუმპულ, კაპიუშონიან მოსაცმელში გამოწყობილ ანდროს მოჰკრა თვალი. მამაკაცი ხელით ანიშნებდა, რომ ფანჯარა გაეღო და ასეთი თავსხმის ფონზე, აღარც ლინდას დაუწყია ზედმეტი ფიქრი. ნაცვლად ამისა, უმალ მისწვდა ფანჯრის საკეტს, იგი სწრაფად გახსნა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, რათა კოკისპირული წვიმის წვეთებს არ დაესველებინათ. — აქ რას აკეთებ?! — პირველად ეს კითხვა დაუსვა მამაკაცს. ჯერ კიდევ ვერ გარკვეულიყო, რასაც ხედავდა რეალობად უნდა აღექვა, თუ სიზმრად. პასუხის გაცემის მაგივრად, ანდრო ოსტატურად ამოხტა ფანჯარაზე. იატაკი რომ არ დაესვარა, ტალახიანი ფეხსაცმელი რაფაზე გადამჯდარმა გაიხადა და იგი პირდაპირ ლინდას გაუწოდა. — მიდი, სადმე დააწყვე და კითხვები მერე მომაყარე, კარგი? — საერთოდ აზროვნებ?! იცი მაინც როგორ შემეშინდა?! — ტელეფონი რომ გქონდეს, მოსვლამდე წინასწარ გაგაფრთხილებდი, — რაფიდან ძირს ჩამოსულმა, მხარზე მოკიდებული შავი ზურგჩანთა მოიხსნა და კიდევ ერთხელ ანიშნა ფეხსაცმელზე ლინდას. — თუ თვითონ ვერ კიდებ ხელს, მე მითხარი სად მივიტანო და წავიღებ. — მომეცი გავიტან! — გაბრაზებულმა გამოაცალა ხელიდან ნაცრისფერი ბოტასი, საძინებელში მარტო დატოვა და ტალახში ამოსვრილი ფეხსაცმლის აბაზანაში დატოვების შემდეგ, კვლავ უკან დაბრუნდა. ამასობაში ანდროს უკვე მოესწრო მოსაცმლის გახდა, ზურგჩანთიდან ამოღებული სუფთა ფეხსაცმლის მორგება და ფანჯარასთან შავი, უმნიშვნელოდ დასველებული მაისურით იდგა. — მთავარი შემოსასვლელიდან ვაპირებდი შემოსვლას, — როგორც კი გოგონას ნაბიჯების ხმა მოესმა, უკან მოუბრუნებლად ალაპარაკდა. — მაგრამ კიბესთან უზარმაზარი ტალახის გუბე დამხვდა. — მაგაზე მეტად, შენი მოსვლის მიზეზი მაინტერესებს. — მთელ სახლში შუქები გინთია. თუ გეშინია და ვერ იძინებ, შემიძლია დავრჩე. — შენ რა, მართლა ამიტომ მოხვედი?! — გაკვირვებისგან, თვალები ლამის შუბლზე აუვიდა. პირველ რიგში იმის გამო, რომ ანდრომ ასე მარტივად გაშიფრა მისი შიშები, მეორე რიგში კი იმიტომ, რომ ასეთ წარღვნაში, გარეთ გამოსვლა არჩია თბილ ლოგინში ძილს. მამაკაცი მოტრიალდა. მის მზერაში ჩაქსოვილმა იდუმალებამ ერთნაირად იმოქმედა გოგონას სუნთქვისა და გულის რიტმზე. მთელი სხეული დაეძაბა. სცადა მოდუნებულიყო, თუმცა მისმა მცდელობამ სრული კრახი განიცადა. — ჰო, რატომ გიკვირს? — ლინდასთვის თვალის მოუშორებლად ალაპარაკდა ანდრო. — შენ რომ დაძაბული ხარ, უკვე საკმარისი მიზეზია ჩემი აქ ყოფნისთვის. გოგონამ ღრმად ამოისუნთქა. ის ფაქტი, რომ ანდრო აქ მის გამო მოვიდა და ასეთ სიტყვებს ეუბნებოდა, ჯერ კიდევ ზღაპრულ ილუზიად მიაჩნდა. არ იყო შეჩვეული მსგავს ყურადღებას. მხოლოდ ონისეს ოჯახი ჰყავდა ისეთი, ვისგანაც დიდი დოზით იღებდა სითბოს და საკუთარი ოჯახისგან სიყვარულს დანატრებულს, ესეც საკმარისად მიაჩნდა. ალბათ იმიტომ, რომ ეშინოდა, ერთ დღეს ისინიც ისევე არ გამქრალიყვნენ, როგორც ცაზე დატოვებული თვითმფრინავის გამონაბოლქვი. — რატომ აკეთებ ამას? — ჰკითხა მამაკაცს შეპარვით, — გასაგებია, შენგან ბავშვს ველოდები, მაგრამ ეს იმაზე ბევრად მეტია, რასაც ასეთ სიტუაციაში უნდა აკეთებდე. იცი მაინც, რომ შეიძლებოდა მეხი დაგცემოდა?! — ყოველთვის მაინტერესებდა ეგ როგორი შეგრძნება იყო. ლინდამ ძლივსძლივობით შეიკავა ტუჩებზე მოწოლილი ღიმილი. — სამწუხაროდ არ გაგიმართლა. სხვა დროსაც სცადე. — ამ დღეებში ამინდის პროგნოზს გადავხედავ, შენ კი ყველაზე დიდი მუხა მიმასწავლე, — საწერ მაგიდასთან მივიდა ამის თქმისას და იქედან პატარა რუბიკის კუბი აიღო ანდრომ. მხოლოდ სავარძელში მოთავსების შემდეგ გახედა საწოლის კიდეზე ჩამომჯდარ გოგონას. თითოეულ მის ქმედებასა თუ მოძრაობას, ისე გულდასმით ადევნებდა თვალს ლინდა, თითქოს რაღაც სერიოზულ დაკვირვებას აწარმოებსო. — მხოლოდ ერთი გვერდი გაქვს აწყობილი. ხომ არ დაგეხმარო? — დავიჯერო უკეთ შეგიძლია? პასუხი არ დაუბრუნებია მამაკაცს. უბრალოდ ირიბად ჩაეღიმა, თავი ჩახარა და სულ რაღაც ათ წამში, ოთხივე მხრიდან ბოლომდე აწყობილი კუბი დააბრუნა იმ ადგილას, საიდანაც ცოტა ხნის წინ აიღო. გარკვეული პერიოდით, დუმილი ჩამოწვა საძინებელში. ბოლოს, იგი ლინდას სიტყვებმა დაარღვია: — კარგი, როგორც ჩანს ამაში მაჯობე. კარგად გამოგდის. — რთული არც შენთვის იქნება. მთავარია პრინციპს მიხვდე. — შეიძლება, — ფეხზე მეტად სერიოზული მზერით წამოდგა და საწერ მაგიდას მიუახლოვდა გოგონა. — მაგრამ მანამდე, მოდი სხვა რამეშიც ვცადოთ შეჯიბრება. — აზარტში შეხვედი? — რატომაც არა?! — პირველი უჯრიდან, ლამაზად მოჩუქურთმებული ჭადრაკის დაფა ამოაძვრინა და ხელში გამომწვევად შეათამაშა მან. — აბა, რას იტყვი? — იმას, რომ აჯობებს სხვა რამეში შევეჯიბროთ. — რატომ, ჭადრაკის თამაში არ იცი? ანდროს გაეღიმა. — უბრალოდ ბოლო ათი წელია, არც ერთი პარტია არ წამიგია. უთანასწორო ბრძოლაში ებმები. მამაკაცის სიტყვებმა, გოგონას გულში ანთებულ აზარტის ცეცხლზე, ზემოდან საწვავის გადასხმასავით იმოქმედა. გამარჯვების სურვილმა იმდენად ძლიერ მოაქცია თავის მარწუხებში, თითქოს მოგებულისთვის გრანდიოზული პრიზიც კი ყოფილიყო დაწესებული. — ამას, ჩემს ენაზე მოწინააღმდეგის დაუფასებლობა ჰქვია, — ფუმფულა ხალიჩაზე ჩამოჯდა გოგონა და ფეხები იოგას პოზაში დაალაგა. — მოდი, დაჯექი. შეიძლება მე დავასრულო შენი ათწლიანი ბატონობა. დაფაზე ფიგურები წესისამებრ მოაწყვეს. ანდრო შავებით აპირებდა თამაშს, ლინდა კი თეთრებით, რაც იმას ნიშნავდა, რომ პირველი სვლა ამ უკანასკნელს უნდა გაეკეთებინა. ფანჯრის მინებს კვლავ ზრიალით ეხეთქებოდნენ წვიმის მსხვილი წვეთები. ელვა ისე გაძლიერდა, მალე ელექტროენერგიის მიწოდებაზეც იქონია გავლენა და შუა თამაშისას, სახლში ანთებული ნათურები ერთიანად ჩააბნელა. საბედნიეროდ, ლინდას სამიოდე სანთელი აღმოაჩნდა, რომლებიც ძველებურ, ვერცხლისფერ შანდალში გადაანაწილა და ხალიჩაზე განსაკუთრებული სიფრთხილით დადგა, რათა ცეცხლი, შემთხვევით რამეს არ წაჰკიდებოდა. — იმედია სანამ აქ არ ვიყავი, ქვები არ მომპარე. — გამომცდელად აათვალიერა ჭადრაკის დაფასთან, ჩაფიქრებული სახით დახრილი მამაკაცი. უნდა ეღიარებინა, სიმშვიდეს ჰგვრიდა თავის გვერდით სხვა ადამიანის ყოფნა, მით უმეტეს მაშინ, როცა ქარი ასეთი გულისგამაწვრილებელი კივილით ჰყვებოდა ღრუბლებიდან წამოსულ წვიმას. — ვისთანაც ადრე გითამაშია ასე იქცეოდნენ? — წამიერი ღიმილი გაკრთა ანდროს სახეზე. — ხანდახან კი. — უნდა ვაღიარო კარგად თამაშობ. შენი სტრატეგიის ამოცნობა მიჭირს. — თქვა და დაფაზე ეტლს შეუცვალა მდებარეობა. — წლებია აღარ მითამაშია. ჭადრაკის დაფასთან ოდნავ ცუდი მოგონებები მაკავშირებს. — რა მოგონებები? — დაინტერესდა ანდრო. — ერთი პერიოდი რესტორანში ვიყავი სტაჟირებაზე და იქ ერთი მუდმივი კლიენტი გვყავდა, სახელი და გვარი აღარ მახსოვს. შეძლებული ტიპი იყო და ჩვენთან ვახშმობისას, საჭმელთან ერთად, მუდამ ჭადრაკი ედო მაგიდაზე. როგორც სხვა მიმტანები ამბობდნენ, თამაშის სტრატეგიებს განიხილავდა. ჩემი სტაჟირების ბოლო დღეს, ზუსტად მაგ მუდმივ კლიენტს გადავამტვრიე თავზე ჭადრაკის დაფა. — მიზეზი? — მიმტან გოგონებში საკმაოდ გავრცელებული რამ, — ირონიით ჩაეცინა. — უცებ ჰორმონები მოაწვა და სცადა კალთაში ჩავესვი. სანამ თავი არ გავუტეხე, მანამდე ვერ გაიაზრა მისი მუხლები რომ არ მეკომფორტულებოდა. — და მაგ დაწესებულებას დაცვის თანამშრომლები არ ჰყავდა? — შეფარული უკმაყოფილება გაისმა მამაკაცის ხმაში. — ჰყავდა, მაგრამ ის ტიპი VIP-კლიენტი იყო და დიდად არ შეუწუხებიათ თავი რიგითი მიმტანისთვის, — თვალი, თვალში ისე გაუყარა, თითქოს ამ ყველაფერში მას ადანაშაულებსო, მერე კი ერთი პაიკი გამოუთიშა თამაშიდან. — ბოლოს, მაინც მე მომიწია სამსახურის დატოვება. — რესტორანს რა ერქვა? — მაგას რამე მნიშვნელობა აქვს? უბრალოდ, თუ პირში ოქროს კოვზით არ იბადები და მშვიდად ცხოვრება გინდა, შეუხედავიც უნდა იყო, მისნაირებისთვის რომ შეუმჩნეველი დარჩე. ეს სამყარო, ყოველთვის თქვენი მსგავსი ადამიანების იყო. — ჩვენი მსგავსი? — მაღალ ეშელონებს ვგულისხმობ... მატერიალური მდგომარეობით გათამამებულებს, გგონიათ ყველაფრის უფლება გაქვთ და სხვა ადამიანებს მონებად აღიქვამთ. — არასწორად განსჯი, — მიუგო თუ არა, უკვე თავად ააცალა ლინდას ერთი ფიგურა. — და სწორი განსჯა როგორია? — როცა ერთი ადამიანის არაკაცობის გამო, ყველა დანარჩენის სახელი არ ისვრება. — მორალს მიკითხავ? — არც მიფიქრია, მაგრამ თუ გინდა რამე დამამშვიდებელ ჩაის მოგიტან, ნერვები გაქვს მოშლილი. გოგონას ჩაეცინა, დაფაზე მეტად კმაყოფილი სახით გააკეთა კიდევ ერთი სვლა და მამაკაცს გამარჯვებულის ღიმილით შეხედა. — მაშინ ერთი დამამშვიდებელი ჩაი შენთვისაც წამოაყოლე, წაგებისგან გამოწვეულ სტრესს მოგიხსნის. — რომელი წაგებისგან? — აი ამ წაგებისგან, — თვალებით ანიშნა დაფისკენ მან. — ეს ქიში და ესეც შამათი! მგონი ამიერიდან შენი უძლეველობის სტატუსის დათმობა მოგიწევს. რამდენიმე წამის განმავლობაში, სერიოზული მზერით დასცქეროდა ფიგურების განლაგებას ანდრო. შემდეგ ნელ-ნელა ღიმილი გაუკრთა თვალებში და როდესაც მზერით კვლავ ლინდას დაუბრუნდა, გოგონამ აშკარა აღფრთოვანება ამოიკითხა მასში. რაღაც ფარული, ინტიმური და სახიფათო სურვილებით გაჯერებულიც იყო ამ მზერაში. ეს მთელი სხეულით იგრძნო და შინაგანად აღელვებულმა, სახე უმალვე აარიდა მამაკაცს. ვერაფრით უძლებდა ამ გამოხედვას, განსაკუთრებით კი იმას, რომ დედამიწაზე დააბიჯებდა ვიღაც, ვისაც შეეძლო მის სულიერ სიმშვიდეზე ასეთი ძლიერი გავლენა მოეხდინა. — არ მეტყვი თამაში სად ისწავლე? — ჰკითხა ბოლოს ანდრომ. მამაკაცის თვალებში აღფრთოვანება ჯერ კიდევ უწინდელივით იკითხებოდა. — ბავშვობაში ბებიამ მასწავლა. როგორც ვიცი, სკოლაში ხუთგზის ჩემპიონიც იყო. — რევანშს მოგთხოვდი, მაგრამ უკვე ძილის დროა. არც შენთვის და არც ბავშვისთვის კარგი არაა, ამ დროს რომ არ გძინავს. — მგონი მაგას მიზეზად იყენებ, მეორედ რომ არ წააგო, — დაფიდან ფიგურები ხელისგულის გადასმით გადმოყარა, შემდეგ კი აუჩქარებლად დაიწყო მათი უკან ჩალაგება ლინდამ. უზომოდ კმაყოფილი იყო საკუთარი თავით, რადგან მოწინააღმდეგე მართლაც შესამჩნევი უპირატესობით ჰყავდა დამარცხებული. — შენ კი თამაში იმიტომ გინდა, რომ ჩემთან მარტო ყოფნა გაშინებს, არა? გამარჯვებულის ღიმილი, სახიდან წამებში ჩამოერეცხა გოგონას. ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს მის სულში გამადიდებელი შუშით ჩაიხედეს და ყველაფერი ზედმიწევნითი სიზუსტით ამოიკითხეს. ეს საუბარი, წვიმიანი ამინდი, მთელ სახლში გამორთული ელექტროობა და სანთლების შუქით განათებული საძინებელი, უკვე უქმნიდა იმ ატმოსფეროს, სადაც სუნთქვაც კი აღარ ჰქონდა მწყობრში. მიუხედავად ამისა, პასუხი მაინც ძალზედ მშვიდი ტონით გასცა: — რამე არის ისეთი, რისიც უნდა მეშინოდეს? დასმულ შეკითხვისთვის, რატომღაც თავის აარიდება გადაწყვიტა ანდრომ. რამის თქმის მაგივრად, ფეხზე წამოდგა, ლინდას საწოლთან მივიდა და იქიდან ერთი ცალი ბალიში აიღო. — უკვე გვიანია, მიდი დაწექი. მე, როგორც ასეთ დრო ხდება ხოლმე, იატაკზე მოვთავსდები. — ასე ძალიანაც არ მეშინია. თუ გინდა, შეგიძლია წახვიდე. როგორც კი ბალიშს, ხალიჩაზე მიუჩინა ადგილი, თავადაც იქვე ჩამოჯდა მამაკაცი. წამიერი მზერა ესროლა ორთქლისგან დაბურულ ფანჯარას. წვიმის წვეთები სრიალით მიედინებოდნენ ზემოდან ქვემოთ და გამჭვირვალე მინაზე, თავიანთ სველ კვალს ტოვებდნენ. — რამდენი ხანია ჭექა-ქუხილისგან შეშინებულს არავინ ჩამხუტებია. გთხოვ, შენ მაინც ჩამეხუტე, მეშინია... — რა?! — ზუსტად ეს სიტყვები მითხარი, იმ ღამით, როცა ელვის ხმამ შეგაფხიზლა ჩემს მანქანაში, — განუმარტა ანდრომ. — აი ეს არის შენი პრობლემა, თითქმის არასდროს ხარ გულწრფელი. რა არის სამარცხვინო იმის აღიარებაში, რომ ახლა მარტო დარჩენა არ გინდა? — მეც მაქვს ერთი კითხვა, რატომ გახსოვს ასე დეტალურად იმ ღამიდან ყველაფერი? — პასუხისთვის თავის ასარიდებლად, აშკარა თავდასხმაზე გადავიდა იგი. — ალბათ ეს პირველი მწარე გამოცდილება იყო შენთვის და ამიტომ, არა? — რას გულისხმობ? — იმას, რომ ერთად გატარებული ღამის შემდეგ, ქალმა თავისი ტელეფონის ნომრით არ დაგასაჩუქრა, — უტეხად ჩახედა თვალებში ლინდამ. — შენნაირების თავმოყვარეობაზე ასეთი რამები ძალიან მოქმედებს. — მგონი ვხვდები მაგას რატომაც მეუბნები. — ჰოო? რატომ? — ინტერესი გკლავს, ნომრის დატოვების შემთხვევაში თუ დაგირეკავდი. ფუმფულა ხალიჩიდან, ვერცხლისფერი შანდლით ხელში წამოდგა გოგონა, შემდეგ კი პირდაპირ თავისი საწოლისკენ დაიძრა. გრძნობდა რამხელა თავდაჯერებას ასხივებდა ეს ადამიანი, როგორი აუღელვებელი იყო საუბრისას და ეს უფრო დიდ მოტივაციას აძლევდა მასთან დიალოგში არ დამარცხებულიყო. — ეგ ნამდვილად არ მიგულისხმია, — საწოლში შეძვრა, სინათლის წყარო კი კომოდზე მოათავსა. — მაგრამ ზუსტად ვიცი დამირეკავდი, რადგან არ ვარ ის კატეგორია, ვის სურვილსაც კაცი ერთ ღამეში მოიკლავს. წინადადების დასასრულს უკვე თავად იგრძნო უპირატესობა. მამაკაცის მზერაში დაინახა, რომ ამგვარ პასუხს არ ელოდა. — მიზიდავს შენი ხასიათი, — თავი ბალიშზე ედო, თვალები კი ნახევრად ჩამწვარი, მოკიაფე სანთლებისთვის გაეშტერებინა ანდროს. — ამაყი ხარ, მტკიცე და მუდამ შენი უპირატესობის დამტკიცება გინდა... გეტყოდი იდეალური ქალი ხარ-მეთქი, პლედიც რომ მოგეცა. — იატაკზე მოუხერხებელია და სახლში თაგვიცაა... შეგიძლია საწოლზე ამოხვიდე, ორივეს გვეყოფა. ბალიშიდან ოდნავ წამოიწია მამაკაცი. სურდა შეემოწმებინა, რამდენად სერიოზული იყო ლინდა ამ სიტყვების თქმისას. გოგონას სახეზე, ხუმრობის არანაირი ნიშანწყალი არ იკვეთებოდა. — თუ შენ მაგაზე პრობლემა არ გაქვს, მე მით უმეტეს. — პრობლემა თვრამეტი წლის, გამოუცდელ ლინდას ექნებოდა. ახლა ერთი ზედმეტი მოძრაობა და შენს წინა ორ კბილს სუვენირად შევინახავ. — გაფრთხილება მიღებულია. თან, ჭადრაკის დაფაც აქვე გაქვს და გარისკვას არ ვაპირებ. ჩუმი სიცილი წასკდა გოგონას. სულ მალე, საწოლი საპირისპირო მხარეს ჩაიზნიქა და დაღლილობისგან დახუჭული თვალები ზანტად გაახილა. მამაკაცი უკვე ლოგინის მეორე მხარეს მოთავსებულიყო, რაც იმაზე აფიქრებდა, რომ დილით, იმ ბალიშსაც და თეთრეულსაც, ანდროს სურნელი ექნებოდა შემორჩენილი. რატომღაც სიამოვნებდა ამის გააზრება. უსაფრთხოდაც გრძნობდა თავს მასთან. ონისეს ოჯახს თუ არ ჩათვლიდა, ცხოვრებაში პირველად ჰქონდა შემთხვევა, როდესაც ადამიანს არც ისე კარგად იცნობდა, თუმცა თავის პირად სივრცეში მის შემოშვებას მაინც არ აპროტესტებდა. — თუ შეგეშინდება, ნებისმიერ დროს გამაღვიძე, — ნახევრად გათიშულს, სასიამოვნო მელოდიასავით ჩაესმა ანდროს ხმა. მოეწონა ის შეგრძნება, რომელიც ამ სიტყვებმა გამოიწვია. თავი დაცულად იგრძნო, ცხოვრება კი იმაზე ბევრად უფრო მშვენიერი მოეჩვენა, ვიდრე აქამდე. — Je te souhaite un doux sommeil, Andro. (ფრანგ; ტკბილ ძილს. გისურვებ ანდრო) მართალია სხვა მხარეს იყურებოდა და არ დაუნახავს, თუმცა იგრნო როგორ გაეღიმა მამაკაცს. შემდეგ უკვე სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა. წვიმის წვეთების წკაპუნსა და ანდროს თითოეული ამოსუნთქვის დათვლაში, ნელ-ნელა ძილიანობის შეგრძნებაც დაეპატრონა მის სხეულს. თვალები მშვიდად დახუჭა და ბალიშს ორივე ხელი მოხვია. აღარც ახსოვდა ბოლოს ასე ტკბილად როდის ჩაეძინა. ალბათ ღრმა ბავშვობის იმ პერიოდში, როდესაც ბებია ჯერ კიდევ ცოცხალი ჰყავდა და საწოლში მწოლიარეს, თმაზე მოფერებით აძინებდა ხოლმე. * * * მზე უკვე კარგა ხნის ამოსული იყო, როდესაც ლინდამ ღრმა ძილიდან გამოერკვა შეძლო. საწოლში, ანდროს მხარე ისე უნაკლოდ დაუხვდა გასწორებული, თითქოს მეორე ადამიანს, იქ არც არასდროს სძინებიაო. იმას, რომ გასული ღამე სიზმარი არ ყოფილა, მხოლოდ ბოლომდე აწყობილი რუბიკის კუბი და ხალიჩაზე დატოვებული ჭადრაკის დაფა მოწმობდნენ. სხვა ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, თითქოს გოგონამ, ერთი ჩვეულებრივი ღამე გაათია თავის საძინებელში, ყოველგვარი გარეშე პირის მონაწილეობის გარეშე. ლინდა ლოგინიდან წამოდგა და სახეზე ტალღებად ჩამოყრილი თმა, ზურგს უკან გადაიყარა. ვინაიდან, გუშინდელთან შედარებით ამინდი საგრძნობლად გაუმჯობესებულიყო, ადგომისას, თავის უმკლავო, თეთრ სარაფანზე გააკეთა არჩევანი, რომელიც მთლიანად მარწყვებით იყო მოხატული. ყავის დალევა აივანზე გადაწყვიტა გოგონამ. გარეთ უკვე საკმაოდ თბილოდა. ხეებზე შემომსხდარი ჭრიჭინები ყურისწამღები სიმღერით იკლებდნენ იქაურობას, მწვანე ბალახიდან კი პაწაწინა, ყვითელი ყვავილები უღიმოდნენ მზის სხივებს. ყავის გასაცივებლად, ფინჯანი მოაჯირზე შემოდო ლინდამ. გარემო რომ მოათვალიერა, კირას ჭიშკართან, ანდროს მანქანა მოაკლდა თვალში. არც თავად კირა დაუნახავს სადმე, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ დროს, ძირითადად ეზოში საქმიანობდა ხოლმე. შორიახლოს, მხოლოდ ლილე შენიშნა. ეს უკანასკნელი, ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარიყო, ფეხებიც ზედ ჰქონდა დალაგებული და მობილურზე თითების სწრაფი მოძრაობით თუ ვიმსჯელებდით, ვიღაცას შეტყობინებებს უგზავნიდა. — აბიტურიენტი ახლა არ უნდა მეცადინეობდეს?! — აივნიდან ღიმილით გასძახა და მოაჯირს ორივე მკლავით ჩამოეყრდნო ლინდა. ლილეს ყურადღება, წამებში გადმოვიდა ტელეფონიდან, მასზე. — შენღა მაკლდი რაა! — გადმოდი, ყავა დავლიოთ, მაინც არაფერს აკეთებ! მცირე ხნით, სრულიად უმოქმედოდ იჯდა გოგონა, თითქოს რაღაც ძალზედ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებსო. შემდეგ თავი უხმოდ დაუქნია და პირდაპირ ფანჯრის რაფიდან ისკუპა ეზოში. ათი წუთის შემდეგ, უკვე ორივენი ლინდას აივანზე ისხდნენ, ფინჯან-ყავით ხელში. ლილე, პერიოდულად მობილურში იყურებოდა და სწრაფ-სწრაფად გზავნიდა შეტყობინებებს, ზოგჯერ კი უკმაყოფილოდ გახედავდა კაკლის ხის ქვეშ მიბმულ თავის ნაგაზს, ყეფით რომ იკლებდა იქაურობას. — მოკლედ, ტვინი წაიღო რაა! — წარბებს შორის, ორი ზაზი გამოკვეთოდა გოგონას. — დილით, ზუსტად ექვს საათზე გამაღვიძა ამის ყეფამ და ახლაც არ ისვენებს. — ისიც კარგია მანამდე თუ მოახერხე დაძინება. წუხელ, მთელი ღამე საშინელი ჭექა-ქუხილი იყო. — ჰო, ვიცი. მაშინ ალბათ ღრმად მეძინა და საერთოდ არაფერი გამიგია, — ფინჯნიდან ნებიერად მოსვა გოგონამ თბილი, სურნელოვანი სითხე. — რომ გამღვიძებოდა, გადმოვიდოდი. ვიცი, ასეთ ამინდში რომ ვერ იძინებ. — არ ინერვიულო, ღამით ანდრო დარჩა ჩემთან, — უფრო ინსტინქტურად წარმოთქვა, ვიდრე გააზრებულად, მაგრამ დროის უკან დაბრუნება უკვე აღარ შეიძლებოდა. — მოიცა, მოიცა, ვინ დარჩა შენთან?! ხომ არ მომესმა?! — გარყვნილი ფანტაზია ნუ ჩაგერთო! უბრალოდ დაინახა, რომ მთელ სახლში შუქები მენთო და მიხვდა ვერ ვიძინებდი. სულ ეს იყო. — ჰო, აბა რაა, — ცბიერმა ღიმილმა დაიდო ბინა მის ტუჩებზე. — შენ რაც გინდა ის თქვი, მაგრამ მე ეგ სერიალი უკვე ნანახი მაქვს და წინ ნამდვილი მექსიკური ვნებები გელის. თუ ტვინს გაანძრევ, ბოლო სერიაში ერთადაც დარჩებით. ლინდამ ღრმად ამოისუნთქა და თავით ტელეფონზე ანიშნა მეგობარს. — საკუთარ მექსიკურ ვნებებს მიხედე. ვიღაც სრულიად უცხო ადამიანთან მიმოწერაში კარგავ მთელ დღეს და ეკრანს სულელი გოგოსავით უღიმი. ბოლო დროს ვეღარ გცნობ. — გითხარი ამ ყველაფერს იმაზე სერიოზულად ნუ აღიქვამ, ვიდრე არის-მეთქი და ამით დავასრულე! — მკაცრთან ერთად, შეუვალიც იყო ლილეს ტონი. — ეგ ადამიანი, მხოლოდ ინსტაგრამის პლათფორმაზე დავიმატე და ამით დავასრულე! — აჰა, ანუ ისიც იცის როგორ გამოიყურები. — ცდები, ერთმანეთს ფიზიკურად არ ვიცნობთ. ჩემს ინსტაგრამის აქაუნთზე კიდევ, რჩეული ფილმების ამონარიდები მაქვს გამოქვეყნებული და არა საკუთარი სიფათი. — შეიძლება, მაგრამ მაინც არ მომწონს ეს ამბავი, — ეჭვით გადააქნია თავი გოგონამ. — რატომღაც ცუდი წინათგრძნობა მაქვს. პასუხის გაცემა ვეღარ მოასწრო ლილემ. რაღაცის სათქმელად გაღებული პირი, ნინიას ძახილმა დაახურინა და მთელი ყურადღებაც სწორედ ამ ხმაზე გადაიტანა. ქალი მას სასაუზმოდ ეძახდა და სთხოვდა, ლინდაც თან წამოეყვანა. — სანამ მოვიდოდი, კარტოფილს წვავდა, სვანურ მარილში... წამოხვალ? — ჰკითხა და ფეხზე წამოდგა ლილე. ნახევრად ჩაცლილი ყავის ფინჯანი, მაგიდაზე დაბრუნებამდე ბოლომდეც გამოცალა. — არა, ჯერ არ მშია, სხვა დროს გესტუმრებით, — გვერდითა სახლის ჭიშკრისთვის თვალმოუშორებლად მიუგო მან. ლილემ, მეგობრის მზერას უმალვე გააყოლა თვალი და თავისთვის, ჩუმად ჩაიცინა. — საღამომდე არ დაბრუნდება. — რა? — ანდროზე გეუბნები, — კვლავ ეღიმებოდა ლილეს. — ბოლო რამდენიმე წუთია, შენი ყურადღება იქითაა და დაუსმელ შეკითხვაზე გპასუხობ. მანქანა იმიტომ არ დგას, რომ კირა წაიყვანა ნათესავთან, რამდენიმე დღით. მას იქ დატოვებს და მოგვიანებით, სავარაუდოდ უკან დაბრუნდება. — ყოველ ჩემს გამოძრავებაში ქვეტექტს რატომ ეძებ? უბრალოდ გავიხედე და მორჩა! — კარგი ახლა, ფუგუსავით ნუ გაიბერე, — მეგობრის გამომეტყველებაზე, ხმამაღლა გაეცინა გოგონას, მას ლოყაზე კოცნით დაემშვიდობა და ბაგეებზე გადაფენილი, ეშმაკური ღიმილის თანხლებით გაუყვა სახლისკენ მიმავალ გზას. თითქოს სწორედ ამას ელოდაო, ლილეს იქიდან გასვლის შემდეგ, ყეფა მისმა ნაგაზმაც შეწყვიტა და მარტო დარჩენილმა ლინდამ, უკვე სრულ სიჩუმეში განაგრძო ყავის სმა. საღამომდე დრო ეზოს ყვავილების მოვლითა და კითხვით გაიყვანა. შემდეგ უკვე ესეც მობეზრდა და ცოტა ხნით ონისესა და ნინიას ესტუმრა. ვინაიდან ლილე გამოცდებისთვის მეცადინეობდა და არ ეცალა, არც მათთან დარჩენილა დიდხანს. აღარ იცოდა რა გაეკეთებინა. აქეთ-იქით მოუსვენრად დადიოდა და გულს ვერაფერს უდებდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს რაღაცის მოლოდინში იყო და როდესაც მოსაღამოვებულზე, კირას ჭიშკართან, ნაცნობ, შავ გელენდვაგენს მოჰკრა თვალი, მაშინვე მიხვდა, თუ რას ელოდა მთელი ან ხნის მანძილზე. საძინებლის ფარდას საიმედოდ ამოფარებული, მალულად აკვირდებოდა მიმდინარე მოვლენებს ლინდა. დაინახა, თუ როგორ გადმოვიდა მანქანიდან, ერთიანად შავი ფერის სამოსში გამოწყობილი მამაკაცი, როგორ გადმოიტანა რაღაც პატარა, თეთრი პარკი და როგორ უპასუხა მობილურზე შემომავალ ზარს. დიდხანს არ ულაპარაკია. კაპოტზე მიყრდნობილმა, დაახლოებით ნახევარი წუთი დაჰყო სატელეფონო საუბარში, შემდეგ კი ავტომობილი გასაღებით ჩაკეტა და ნაცვლად იმისა, რომ თავის ეზოში შესულიყო, პირდაპირ ლინდას ჭიშკრისკენ აიღო გეზი. გოგონა დენდარტყმულივით მოშორდა ფანჯარას. უნდა ეღიარებინა, ამას ნამდვილად არ ელოდა. გუშინდელი ღამის შემდეგ, ნორმალურად ისიც კი არ იცოდა, როგორ მისალმებოდა, ან როგორ მოექცეულიყო მასთან. სანამ მოსალოდნელ კაკუნს გაიგებდა კარზე, სარკეში რამდენჯერმე შეავლო თვალი საკუთარ ანარეკლს. მარწყვებით მოხატულ მის სარაფანს, თითქოს უფრო მეტ მიმზიდველობას მატებდა მხრებზე ჩამოშლილი თმა. წამით ტუჩსაცხის წასმაზეც კი იფიქრა, თუმცა შემდეგ, კოსმეტიკის ჩანთა დაუდევრად მოისროლა საწოლზე. ვერ დაუშვებდა მოზარდის მსგავსად აჰყოლოდა გუშინდელი ღამის შემდეგ, გონებაში შემოჭრილ წარმოსახვებს. ეს არც არაფერში სჭირდებოდა. ვერაფრით გაცვლიდა მშვიდ ცხოვრებას იმ ქარიშხალში, რომელიც შორიდან უქნევდა ხელს. კარზე რომ მიყოლებით გაისმა რამდენიმე კაკუნი, გოგონა აბსოლუტურად დამშვიდებული სახით გაემართა მის გასაღებად. სახელურიც ზუსტად ასეთივე გამომეტყველებით ჩამოსწია და კარის ჩარჩოს, კითხვის ნიშნებით სავსე თვალებით მიეყრდნო. — მოხდა რამე? — ჰკითხა მაშინვე, როგორც კი მამაკაცის თვალებში, შეფარულ უკმაყოფილებას მოჰკრა თვალი. — შენი დახმარება მჭირდება. ცუდ დროს ხომ არ მოვედი? — არა, არა, შემოდი, — თვალებით შინისკენ ანიშნა მან. გადააბიჯა თუ არა სტუმარმა ზღურბლს, საკუთარ თავს კიდევ ერთხელ მოუწოდა სიმშვიდისკენ. რამდენჯერმე ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის ვარჯიშიც გააკეთა და მხოლოდ ამის მერე მიჰყვა უკან მისაღებისკენ წასულ ანდროს. მამაკაცი უკვე დივნის შუა ნაწილში იჯდა და ხელში პარკიდან იმ წამს ამოღებული, რაღაც მოყვითალო ფერის ტუბი ეჭირა. — პატარა ავარია მომივიდა, — დაიწყო მან ისე, რომ გოგონასთვის სახეშიც არ შეუხედავს. — მხართან ახლოს დაჟეჟილობა მაქვს, მაგრამ ისეთ ადგილასაა, საკუთარი ხელით ვერ ვუდგები და... — ავარია?! სერიოზულად?! — დაწყებული წინადადების დასრულების საშუალებაც არ მისცა, თან სასწრაფოდ მიუჯდა გვერდით. — მაგრამ გარეგნულად რომ არაფერი გეტყობა? — არაფერი მომსვლია და ამიტომ. მანქანას მხოლოდ კარი დაუზიანდა, მე კიდევ მსუბუქად დავშავდი და თუ შეგიძლია, ამის წასმაში დამეხმარე, კარგი? — ეგ რა არის? — რაღაც მალამოა, აფთიაქში მირჩიეს, — მიუგო მამაკაცმა. იმ წამს, გოგონას ეჭვნარევი მზერაც დააფიქსირა და დაამატა: — დაჟეჟილობა ისეთ ადგილას მაქვს, საკუთარი ხელით ვერ მივუდგები. არც კირაა სახლში რომ დამეხმაროს. — მხოლოდ მალამო ვერ გიშველის, ტკივილგამაყუჩებელიც უნდა დალიო. — დავლევ, თუ საჭირო გახდა. გოგონამ ღრმად ამოისუნთქა და ტუბი უსიტყვოდ ჩამოართვა მამაკაცს. უკვე ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ ბედისწერა, სპეციალურად უწყობდა ასეთ გამოცდებს. უფრო მეტიც, რაღაც ისეთ თამაშში ითრევდა, რომლითაც მისი ნებისყოფის სიმძლავრეს სცდიდა. — მიდი, ეგ მაისური გაიხადე და სწორად დაჯექი. ანდრომ უსიტყვოდ შეასრულა გოგონას მითითება, გახდილ ზედატანს კი, დროებით დივნის სახელურზე მიუჩინა ადგილი. ამასობაში, ლინდამ მალამო ხელის გულზე გადმოიტანა, მამაკაცს უკნიდან მიუახლოვდა და დაკვირვებით შეათვალიერა ის დაჟეჟილობა, რომელზეც ცოტა ხნის წინ ჰქონდათ საუბარი. იქაურობა ნამდვილად არ გამოიყურებოდა სახარბიელოდ. მხარისა და ხერხემლის მალის შუაში, საკმაოდ მოზრდილი, ლურჯ-წითელი ლაქები აჩნდა, რაც მართლაც საჭიროებდა სათანადო ზრუნვას. — ეს როგორ მოგივიდა? — ჰკითხა ლინდამ, როგორც კი ხელისგული დაზიანებულ ადგილს შეახო. ნელ-ნელა, წრიული მოძრაობებით დაიწყო კანზე მალამოს გადანაწილება, თან მაქსიმალურად ფრთხილობდა, ანდროსთვის რომ რამე არ ეტკინა. — საჭესთან ნასვამი მძღოლები მომრავლდნენ. შედეგი სახეზეა. — ხომ ხედავ? რაც აქ ხარ, ჯერ მეზობლების განხილვის თემად იქეცი და მერე მთვრალი მძღოლების მსხვერპლად. — არც ის გამოგრჩეს, რომ ჭადრაკში მიწასთან გამასწორეს. ლინდას მხიარულად ჩაეცინა. წუხანდელი ღამის გახსენებაზე, გულში თითქოს სითბო ჩაეღვარა და რაღაც ამოუხსნელი, იდუმალი სიახლოვე იგრძნო მამაკაცთან. — ისე, კირას რა უთხარი, აქ რის გამო ჩამოვედიო? — არაფერი უკითხავს. არ უყვარს ზედმეტი კითხვების დასმა. — ჰო, მაგაში მართალი ხარ. ეგ ქალი იმდენად წყნარია, მასთან ცხოვრება მარტივია, მაგრამ შენ აქაურობისთვის მაინც მეტისმეტი ხარ. — რაზე მიმანიშნებ? — ღიმილი ოდნავშესამჩნევად გაკრთა ანდროს სახეზე. — იმაზე, რომ მაქსიმუმ ერთ თვეს გაძლევ. შეიძლება ამდენიც ვერ გაძლო და ისე მოგენატროს შენი იდეალური ცხოვრება, უკანმოუხედავად გაიქცე აქედან. ამ სიტყვებზე მამაკაცმა, წამით ლინდას თითებს გახედა, კვლავ ფრთხილად რომ დასრიალებდნენ მის ზურგზე. — სასაცილოა ამის მოსმენა. — რისი მოსმენაა სასაცილო? — იმის, რომ უმეტესობა, მსხვილი საბანკო ანგარიშის გამო მწერს სამყაროში ყველაზე იღბლიან ადამიანთა სიაში, — ის იდუმალი სიღრმეები გამოისახა ანდროს მზერაში, რომელსაც გოგონა ბოლომდე ვერაფრით ჩასწვდა. — ანუ შენს თავს იღბლიანად არ თვლი? — იყო დრო, როცა ვთვლიდი, მაგრამ ამ თემის განვრცობა არ მინდა. მოცემულ მომენტში, იგი ყველაზე უბრალო და გულწრფელი მოეჩვენა მთელი მათი ნაცნობობის მანძილზე ლინდას. ისიც გაიაზრა, რომ მალამოს წასმა უკვე დაესრულებინა და ამის მიუხედავად, მაინც უმისამართოდ დაასრიალებდა თითებს ჩალურჯებულ ადგილებზე. გოგონამ ხელი სასწრაფოდ ჩამოიღო ძირს და ტუბს თავსახური მოარგო. ჟრუანტელი, რომელსაც მამაკაცზე შეხებისას განიცდიდა, ჯერ კიდევ ჭიანჭველებივით დაცოცავდნენ მის კანქვეშ და შიგნიდან გამეტებით კბენდნენ. — მოვრჩი, შეგიძლია ჩაიცვა. — მადლობა. — არაფრის, — თავი ღიმილით დაუქნია, მაისურის ჩაცმის დროს კი, ფარულად შეათვალიერა მისი შიშველი სხეული. — შემიძლია კიდევ დაგეხმარო, თუ დაგჭირდება. — ამას ისე ამბობ, თითქოს მაგაში ვერანაირ სირთულეს ვერ ხედავდე, — ორაზროვანი იყო ანდროს ხმაცა და გამოხედვაც. მისი სიტყვების უკან დამალულ ქვეტექტს ბოლომდე ვერ ჩასწვდა გოგონა და კითხვაც დაებადა: — რა სირთულე? ვერაფერი გავიგე. — მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც მეხებოდი, თითები გიკანკალებდა, — რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა ლინდას ის, მალამო გამოართვა და კვლავ პარკში დააბრუნა. მამაკაცის თვალები ყველა იმ საიდუმლოს უკლებლივ ამხელდნენ, რასაც სიტყვიერად ვერ, ან არ გამოხატავდა. ოთახში თითქოს ჰაერის ნაწილაკები შეიკუმშა და სუნთქვაც კი რთული გახდა. ლინდა გრძნობდა, რომ თუ ამ დიალოგს სხვა კუთხით არ წარმართავდა, ქარიშხალი უფრო მეტად გაძლიერდებოდა და საბოლოოდ, თავის ეპიცენტრშიც მოაქეცევდა. — შენი წასვლის დროა ანდრო. დაღლილი ვარ და მეძინება. — ახლაც თამაშობ, ხედავ? რეალურად, სულაც არ გეძინება ლინდა. — და შენ?! ნუთუ მუდამ ისე ცხოვრობ, რომ თამაში არასდროს გიწევს?! — არა, ზოგჯერ მეც ვიქცევი შენსავით... მაგალითად ახლა მიწევს იმის თამაში, თითქოს შენი კოცნის სურვილს მთელი არსებით არ ვებრძვი. მამაკაცმა წამიერი მზერა შეავლო მოკლე სარაფანში მაცდურად გამოკვეთილ ფეხებს. შემდეგ უკვე მხრებზე ტალღებად ჩამოყრილ, თაფლისფერ თმას დააკვირდა და წარსულის მოგონებები, ქარის დაბერვისგან ჰაერში ავარდნილი ფოთლებივით აეშალა. იმ მომენტში, დეტალურად დაიწყო იმის გახსენება, თუ როგორ მესაკუთრულად ეფერებოდა თავის მანქანაში, ლინდას ბოლომდე მოდუნებულ სხეულს, როგორ გრძნობდა მის თბილ კანს თავისაზე, მისი თმის სირბილეს კი საკუთარი თითებით. აგონდებოდა მისი ტუჩების გემო, სიამოვნებისგან დაბინდული თვალები და გამოხედვა, რომელიც უწყვეტად სთხოვდა მეტს და მეტს. — შენს ვნებებზე ნუ მელაპარაკები, კარგი?— შეეცადა რაც შეიძლება მკაცრი ყოფილიყო ამის თქმისას. — რომც კვდებოდე, თავი უნდა შეიკავო, რადგან მე იმ ღამით მოვრჩი შენთან მსგავს ურთიერთობას. — ნეტავ საკუთარი თავისთვის შეგახედა, რა არადამაჯერებელი ხარ მაგის თქმისას. — ჰოო? და რისი მოსმენა გინდოდა? რომ მიმზიდველი და გამაღიზიანებლად სიმპათიური ხარ? — დივანზე ჩამოჯდა და ფეხი, ფეხზე გადაიდო. — შეიძლება გულის სიღრმეში ასეც ვფიქრობ, მაგრამ ამის გამო ილუზიას ნუ შეიქმნი. ჩვენ შორის მაინც არაფერი შეიცვლება. — ასეთ მკაცრ საზღვრებს რატომ აწესებ? თუ სადმე გულის სიღრმეში ჯერ კიდევ ფიქრობ, რომ იმ ღამით ჩემთან არ გინდოდა და ძალა გამოვიყენე, ახლავე დაივიწყე ეგ სისულელე! — მომხდარზე სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას, — მეტად თავდაჯერებული ხმით განაცხადა, დივანზე მოკალათებულმა. — ჰო, შეიძლება გონება გათიშული მქონდა, მაგრამ ჩემს სხეულს აშკარად ენდომებოდა, რასაც მაგ ღამით ვაკეთებდით... ალბათ ვისიამოვნე კიდეც, რადგან როცა გამეღვიძა, შენზე ისე ვიყავი ჩახუტებული, თითქოს ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარდი. — არ ვიცი რამდენად გიყვარდი, მაგრამ ჩახუტება ჭექა-ქუხილის შიშმა გადაგაწყვეტინა. — მადლობელი ვიქნები, თუ მეტად აღარაფერს გამახსენებ! — დამშვიდდი და ისე ილაპარაკე, — თავადაც მის სიახლოვეს ჩამოჯდა ანდრო. — სხვისთვის ადვილი სათქმელია! — უფრო მეტად აუწია ხმას გოგონამ. — შენგან განსხვავებით, ბავშვობაში არც დედის ბლინების სუნს გავუღვიძებივარ და არც მამისგან მღირსებია სიყვარული. ზუსტად ამიტომ მინდოდა, პირადი ურთიერთობა მაინც მქონოდა ნორმალური! ხომ ხედავ, არც ეს გამოვიდა. შვილს შემთხვევითი კაცისგან ველოდები, ვისაც ხელსაყრელ დროს ჩავუვარდი ხელში და ბოლომდე გადამიარა. — დავიღალე იმით, რომ ყოველ წამს ცდილობ ჩემში დანაშაულის გრძნობის გაღვიძებას! — მაქსიმალურად დაადაბლა ხმის ტონი ანდრომ. გოგონამ იმ წამს პირველად გაიაზრა, რომ რაც უფრო მეტად ბრაზდებოდა, მისი ხმა, აწევის ნაცვლად, უფრო დაბალი ხდებოდა, ხოლო სიტყვებს შორის ინტერვალი ოდნავ იზრდებოდა. — გასაგებია, რომ ჩემი ნაბიჯი სწორი არ იყო და შენი მდგომარეობის გამო თავი უნდა შემეკავებინა, მაგრამ... — მაგრამ რა? — წინადადება რომ აღარ დაასრულა, თავად ჩაეძია ლინდა. ანდრომ წამიერად დახუჭა თვალები. — უბრალოდ, იმდენად გასაოცარი იყავი, ბოლომდე ვერც კი ვინანე, რაც გავაკეთე, — ინსტინქტურად მიიწია გოგონასთან ახლოს და ვერაფრით მოერია სურვილს, წამიერად შეხებოდა თითებით მის ტუჩებს. — როცა მახსენდები... როცა შენი სხეული მახსენდება... იმის გაფიქრებაც კი აუტანელია, რომ ოდესმე შეიძლება სხვა მოგეკაროს. — ხომ იცი, რომ მაგის თქმის უფლება არ გაქვს? — არც შენ გქონდა უფლება მოსულიყავი, ტვინი აგერია და მერე ისეთი ცივი დამხვედროდი, თითქოს არანაირი სიამოვნება არ მიგიღია ჩემთან ყოფნით! — შეწყვიტე, კარგი?! — მოჭარბებული ემოციებისგან უკვე მძიმედ სუნთქავდა გოგონა. კვდებოდა ისე უნდოდა ყველაფერი ფეხებზე დაეკიდებინა და მამაკაცის მუხლებზე გადამჯდარს მისთვის იქამდე ეკოცნა, სანამ ჰაერის უკმარისობა არ შეაწუხებდათ, თუმცა დროულად დაიჭირა აღვირით საკუთარი სურვილები. — მაშინ შენც შეწყვიტე ჩვენ შორის კედლების აშენება! რამდენიც არ უნდა ააშენო, მივყვები და ყველას დავანგრევ, გესმის?! მთელი ცხოვრება რომ მომიწიოს ამის კეთება, მაინც არ დავიღლები! საპასუხო სიტყვებისთვის აღარ დაუცდია ანდროს. აცნობიერებდა, რომ ახლა ლინდასთვის ყველაზე სასარგებლო განმარტოვება და ფიქრი უნდა ყოფილიყო, ამიტომ უხმაუროდ დატოვა მისაღები და ასევე უხმაუროდ გაიხურა სახლიდან გასასვლელი კარი. იქაურობა, სამარისებურმა მდუმარებამ მოიცვა. რამდენიმე წამით, თითქოს ყველაფერი ჩაკვდა, მაგრამ გოგონა, ამ სიჩუმეში უმოქმედოდ დიდხანს არ მჯდარა. შინ მარტო დარჩენიდან მალევე, სწრაფი ნაბიჯებით მიაშურა თავის საძინებელს, გასწორებული საწოლიდან ის ბალიში აარჩია, რომელზეც გასულ ღამით ანდროს ეძინა და მასზე ჩახუტებული გაწვა იმ ფუმფულა ხალიჩაზე, ჭადრაკს რომ თამაშობდნენ კოკისპირული წვიმის დროს. წინა ღამის მომენტები, ერთიმეორის მიყოლებით ამოტივტივდნენ გონებაში და ბალიშზე შერჩენილი, გრილი სურნელით გაბრუებული ლინდაც, სწორედ ამ მოგონებებს გაჰყვა ხელჩაკიდებული. ზუსტად აღარც ახსოვდა რამდენ ხანს იწვა ასე. ეჭვი ჰქონდა, რომ საკმაოდ დიდხანს, რადგან, როდესაც ფანჯარას გახედა, ცა უკვე გიშრისფრად იყო შეფერილი, ხეზე შემომსხდარი ჭრიჭინები კი ღამეულ მელოდიას უკრავდნენ. თავში ისეთი ქაოსი უტრიალებდა, მადაც კი აღარ ჰქონდა. ვახშამიც მხოლოდ ბავშვის წინაშე არსებული პასუხისმგებლობის გამო მიაწოდა ორგანიზმს. თავის მოწმენდილ ცაზე, რაღაც საშიშის, ამაღელვებლის და იდუმალის მოახლოებას გრძნობდა. ცდილობდა გაეხსენებინა ერთი კაცი მაინც, ვის გარშემო ფიქრებით ტრიალსაც ამდენ დროს უთმობდა, თუმცა არავინ ახსენდებოდა იმ ერთის გარდა, მეზობელ სახლში რომ ეგულებოდა ამ წუთას. ნიჟარაში, ვახშმისას დასვრილი ჭურჭელი რომ ამორეცხა, იგრძნო რა საშინლად მობეზრებოდა შინ ჯდომა. ამის გამო, გადაწყვიტა სუფთა ჰაერზე გასულიყო და ტანზე გამოცვლის შემდეგ, გააბიჯა კიდეც ღამეული მნათობებით მკრთალად განათებულ ეზოში. ირგვლივ სიმშვიდე იყო. ღობის მიღმა, ხის ქვეშ მჯდომი ონისე, დანის გამოყენებით, ხისგან წვეტიან ისრებს თლიდა. სწორედ მისკენ გაუწია გულმა გოგონას და გაეღიმა იმის დანახვისას, როგორი სითბოჩამდგარი თვალებით გამოხედა მოხუცმა, როგორც კი ეზოში მისი შესვლა დააფიქსირა. — მოდი ლინდა, მოდი, — გასძახა ცხვირზე მორგებული სათვალის სწორებით, წამოწყებულ საქმეს კი თავი მიანება და კალთებიც ჩამოიბერტყა. — ლილეს მეცადინეობისას ჩაეძინა. თუ საქმე გაქვს, ნინიას ვეტყვი და გააღვიძებს. — არა ონო, შენთან მოვედი. ძალიან მინდა ახლა ვინმე ჩემზე უფროსთან და გამოცდილთან საუბარი. — მოხდა რამე შვილო? — ღიმილი შეეპარა მოხუცის ტუჩებს. ლინდას ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, თითქოს ონისემ წინასწარ იცოდა რა კუთხით წავიდოდა საუბარი. — რა აღარ მოხდა, — სიმწრის სიცილით მიუგო როგორც კი ბალახზე მის გვერდით ჩამოჯდა. — იმდენი რამ ხდება, საიდან დავიწყო არც კი ვიცი. — საქმე სერიოზულად ყოფილა. — გაქვს დრო, რომ მომისმინო? საკუთარ შეკითხვაზე უხმო თანხმობა, ბერიკაცის თბილ, ღიმილიან მზერაში ამოიკითხა და შინაგანად ერთიანად გათბა. მიუხედავად მცირეხნიანი ნაცნობობისა, ონისეს მაინც უზარმაზარ პატივს სცემდა და რაღაც კუთხით, ავტორიტეტიც კი იყო მის თვალში. — საქმე ანდროს ეხება, — თქვა თუ არა, მძიმე სუნთქვაც ამოაყოლა გოგონამ ამ სიტყვებს. — რაც მის ვინაობაზე თავიდან გითხარით ტყუილია. სინამდვილეში ყველაფერი სხვანაირადაა. — მომიყევი, — კვლავ ნაცნობი სითბო ირეკლებოდა მოხუცის მზერაში და სწორედ ეს აძლევს და მოტივაციას გოგონას, სათქმელი შუა გზაზე არ გაეწყვიტა. — ეგ ადამიანი იმიტომ ჩამოვიდა, რომ თავის შვილს ჩამოაკითხა, — ამ სიტყვების პარალელურად, მზერა გაუსწორა ონისეს. შეიძლება ოდნავ მაინც ეუხერხულებოდა ასეთ პირადულ საკითხთან შეხება, მაგრამ ამ ამბავს ხო მოდესმე მაინც გაიგებდა?! სჯობდა ეს რაც შეიძლება მალე მომხდარიყო. — იმ შვილს ჩამოაკითხა, რომელსაც მე ველოდები მისგან. დუმილი სქელი ნისლის კედელივით აღიმართა მოსაუბრეებს შორის. ონისე, სფინქსივით მშვიდად იჯდა საკუთარ ადგილას, თვალები კი ერთი წერტილისთვის ისე გაეშტერებინა, აშკარა იყო რაღაცაზე ფიქრობდა. — ლილემ იცოდა, ხომ? — იკითხა, როგორც კი ფიქრებიდან გამოსაღწევი გზა იპოვა. მისი ხმის მოსმენა, მოცემულ მომენტში ყველაზე მეტად გაუხარდა გოგონას. მთელი ეს დრო ეგონა, მისმა ნათქვამმა ნეგატიური გავლენა მოახდინა ონისეზე და ერთიანად მოეშვა, როდესაც კაცს, უკმაყოფილების ან საყვედურის გამომხატველი ვერაფერი შენიშნა. — კი, ყველაფერი ვუთხარი, მაგრამ შენთან და ნინიასთან ამაზე ლაპარაკი გამიჭირდა. ასეთი რამებისთვის ჯერ წინასწარ ემზადებიან ხოლმე. — ასე იმიტომ ნერვიულობდი, რომ შენ და ის ბიჭი დაქორწინებულები არ ხართ? ფიქრობდი ამის გამო გამკიცხავენო? — ჰო... იმ დღის გაცნობილ ადამიანთან რომ დავიჭირე საქმე, მაგის გახსენებაზეც კი ვბრაზდები საკუთარ თავზე. ონისეს სერიოზული მზერა კვლავ ღიმილიანით შეიცვალა. ერთხანს, უხმოდ უმზერდა მომლოდინე სახით მჯდომ გოგონას. შემდეგ ხელი მისკენ გაიწვდინა, თმაზე ნაზად ჩამოუსვა და ბოლოს ლოყასთან გაჩერდა. — ყველას გაგვიკეთებია ისეთი რაღაც, რასაც ჩვენს ბიოგრაფიაში ოქროს ასოებით ვერ ჩავწერთ, მაგრამ ადამიანები, შეცდომის გარეშე, ადამიანები ვერ იქნებიან. — შეცდომასაც გააჩნია ონო. ვინმეს რომ ეთქვა, ოდესმე ასე უპასუხისმგებლად მოიქცევიო, არ დავუჯერებდი ახლა კი... — ახლა მაგ ბავშვზე უნდა იფიქროთ, ერთმაც და მეორემაც, — წინადადება შუა გზაზე გააწყვეტინა მოხუცმა. — და ეს შეთანხმებულად უნდა გააკეთოთ. ბავშვი ცარიელი დაფაა და რასაც მასზე თქვენ ორნი დაწერთ, სხვებიც იმას წაიკითხავენ. — ზუსტად ესაა პრობლემა. აქამდე ისიც არ მინდოდა, მის შესახებ მამამისს სცოდნოდა, ახლა კი იქამდე ვარ მისული, რომ მეშინია ერთ დღეს არ ადგეს და აქედან არ წავიდეს. ონისეს ისე ჩაეღიმა, ლინდამ თითქოს გაიგონა კიდეც, რა აზრებმაც გაიელვეს მას თავში. — არა, არა, სიყვარულით ნამდვილად არ მიყვარს, უბრალოდ... — უბრალოდ იმ თვისებებს ამჟღავნებს, რაც შენში აღტაცებას იწვევს, — კვლავ გააწყვეტინა წინადადება ონისემ. — გასაკვირი ის იქნებოდა, გულგრილად რომ უყურებდე. — ონო, არ მიყვარს-მეთქი! — არც მითქვამს, რომ გიყვარს, — კვლავ თმაზე გადაუსვა წლებისგან დანაოჭებული თითები. — ანდრო გარშემო ყველას მოგვწონს. კირაც ისე შეეჩვია, არც ვიცი როგორ შეელევა, როცა უკან დაბრუნდება. — მითხრა აქ მანამდე დავრჩები, სანამ შენც თან არ გამომყვებიო. — მიხარია ასე რომ ზრუნავს შენზე. — კარგი რა, ნუღარ მიმატებ, ისედაც არეული ვარ, — წამით სახე ხელებში ჩარგო, მერე კი ამოიხვნეშა და თავი კალთაში ჩაუდო მოხუცს. მიუხედავად იმისა, რომ კვლავ აფორიაქებული იყო, ონისესთან საუბარმა მაინც დადებითად იმოქმედა მასზე. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს გულიდან ის მძიმე ლოდი მოაშორეს, შემაწუხებლად რომ აწვებოდა და სუნთქვას ურთულებდა. — ნუ შეგეშინდება ტალღებში შესვლის, თუ იგრძნობ, რომ შენთან ახლოსაა. — რას გულისხმობ? — კარგად იცი რასაც, — ისეთი მზერით დახედა ზემოდან, თითქოს მისი სულის სარკეში იყურებაო. — შეიძლება თავის დროზე შეგეშინდეს, რომ ყველაფერი ისე არ წავა, როგორც საჭიროა, მაგრამ დაიმახსოვრე — გამოუყენებელი შანსი უფრო მეტად დაგიკარგავს მოსვენებას, ვიდრე შანსის გამოყენება და იმედგაცრუება. — გთხოვ, ამ ყველაფერს ნუ მეუბნები, — თვალები მაგრად დახუჭა გოგონამ. — ასე მგონია, მომავალს მიწინასწარმეტყველებ და ცდილობ მიმანიშნო რა მელოდება. — რა გველის, ეგ არავინ იცის, შვილო. კარგის იმედი იქონიე და გახსოვდეს, ბავშვი ის საჩუქარია, რომელსაც ბევრი ყველაზე მეტად ნატრულობს და ვერ იღებს. არ გეტყვი, მესიამოვნებოდა ჩემს ერთადერთ შვილისშვილზე მსგავსი რამის გაგება-მეთქი, მაგრამ მაინც ყველანაირად დავუდგებოდით მხარში, მეც და ნინიაც. — ლილეს გაუმართლა თქვენ რომ ჰყავხართ, — სულ რამდენიმე წამში აწყლიანდა და ალისფრად შეიღება გოგონას თვალის გარსი. — ჩემთვისაც მნიშვნელოვნები ხართ და ცუდი იქნება, თუ წარსულის შეცდომის გამო, ჩემდამი იგივე დამოკიდებულება აღარ გექნებათ. — გვექნება, ლინდა... ჩემი ცოლი ტრადიციულად აზროვნებს, მაგრამ სხვისი გაკიცხვა არასდროს ჰყვარებია. — ასე ფიქრობ? — მასთან ერთად ორმოცი წელი ვიცხოვრე, ამიტომ ხუთი თითივით ვიცნობ. აღარაფერი უთქვამს ლინდას. უბრალოდ იმ სიჩუმით გაჩუმდა, რომელიც საუბარზე ბევრად უფრო მეტყველი იყო და ონისეს კალთაში თავჩადებულმა, ცაზე, დამსხვრეული ბრილიანტის ნამცეცებივით მიბნეულ ვარსკვლავებს დაუწყო ყურება. 8 8 8 8 უფერული დილა გაწოლილიყო ადიშის თავზე. უკვე ათი საათი სრულდებოდა, თუმცა ბოლომდე ჯერ კიდევ არ იყო გათენებული, რადგან მზის ნაცვლად, ციდან, ნაცრისფერი ღრუბლები ესალმებოდნენ სოფელს. ღამის წვიმით დასველებულ, ამწვანებულ ხეებზე, ჩიტებს მოეყარათ თავი და მიუხედავად უღიმღამო ამინდისა, მაინც მხიარული ჭიკჭიკით ატკბობდნენ არე-მარეს. ადრიანი დილიდან მოყოლებული, ლინდა აივანზე, სხეულზე მოხვეული თხელი პლედითა და წიგნით ხელში იჯდა. მაგიდაზე დადებული, გულებით მოხატული ფინჯნიდან, ცხელი შოკოლადის სურნელი ამოდიოდა, მისი ორთქლი კი უკვალოდ უჩინარდებოდა დილის კრისტალურად სუფთა ჰაერში. ყველანაირად ცდილობდა, მაგრამ ჰკითხვას გულს ისე მაინც ვერ უდებდა, როგორც თავად სურდა. შიგადაშიგ, აზრები ეფანტებოდა და თავიდან უწევდა უკვე წაკითხულ აბზაცთან მიბრუნება. ბოლოს ნერვებმა უმტყუვნა, წიგნი გაღიზიანებულმა გადადო გვერდზე და მის ნაცვლად, ხელში ფინჯანი აიღო. ნელ-ნელა, აუჩქარებლად სვამდა შიგნით დარჩენილ სასმელს, თან გარემოს ათვალიერებდა. უყურებდა ყველაფერს –სახლებს, კოშკებს და მწვანე ფოთლებით დახუნძლულ ხეებს. ათვალიერებდა გორაკებსა და მთებს, ზედ შეფენილი მწვანე საფარით, თუმცა მისი მზერა, ერთ კონკრეტულ ადგილას გაიყინა, როდესაც მეზობელი სახლის აივანზე ნაცნობ პიროვნებას მოჰკრა თვალი. გოგონამ პლედი მოიხსნა და ინსტინქტურად წამოდგა ფეხზე. აივანზე გამოსული ანდროს ხილვა, სწორედ ის იყო, რასაც იმ მომენტში ისურვებდა. ზუსტად ამიტომ, დააფიქსირა თუ არა, მამაკაცის თავისკენ მომართული წამიერი მზერა, კიბეები სწრაფად ჩაირბინა და მეზობელი სახლისკენ ისე აიღო გეზი, თავისი ცხელი შოკოლადის წაღებაც არ დავიწყებია. სიტუაციას ისიც ამარტივებდა, რომ კირა, რამდენიმე დღით ადიშიდან იყო წასული. ეს საშუალებას აძლევდა ანდროსთან, ყოველგვარი ზედმეტი პირის თანდასწრების გარეშე ესაუბრა. — შეგიძლია ორი წუთით ჩამოხვიდე?! — შედგა თუ არა ეზოში ფეხი, მაშინვე ასძახა აივნის მოაჯირზე მკლავებით ჩამოყრდნობილ მამაკაცს. — შენთან პატარა საქმე მაქვს. — თუ საქმე გაქვს, შენ თვითონ ამოდი. — სერიოზულად?! — წარბის აწევით ააცქერდა ჯერ კიდევ გაუნძრევლად მდგომს. — თუ ეგ მე მომიტანე, ჩამოვალ. ლინდამ თავის ხელში მოქცეულ ფინჯანს დახედა და კიდევ ერთხელ მოსვა იქიდან. — შენთვის არ მომიტანია და ნუ დამცქერი ცისკრის ვარსკვლავივით. ჩამოდი, ქვემოთ ვილაპარაკოთ. ანდროს ჩაეცინა, მაგრამ ამჯერად წინააღმდეგობა აღარ გაუწევია. მეტიც, ლინდას სიტყვებიდან რამდენიმე წამში, კიბეებზე მისი ნაბიჯების ხმაც გაისმა. ამასობაში გოგონამ, ეზოში მდგომ ქვის მაგიდასთან მოასწრო ადგილის დაკავება და მამაკაცის მოსვლამდე, სწორედ იქ განაგრძო თავისი ცხელი შოკოლადის დაგემოვნება. დაძაბულობა, მთელ სხეულში ხის ტოტებივით გაიშალა, როდესაც მის პირისპირ, ცარიელი სივრცე შეივსო. ცოტათი აღელდა კიდეც, მაგრამ ეს გრძნობები, მალევე გამოკეტა წარმოსახვით სკივრში, მას საიმედო ბოქლომიც დაადო და შეეცადა, ამჯერად მაინც გაესწორებინა თამამი მზერა მამაკაცისთვის. — გუშინდელის გამო, ბოდიშის მოხდა მინდოდა შენთვის, — ფინჯნით ხელში, ისე მშვიდად დაიწყოს საუბარი, ლამის თავადაც დაიჯერა, რომ არაფერი აღელვებდა. — ცოტა ზედმეტი მომივიდა, მაგრამ ამას უკვე ვხვდები და იმედია ბოდიშს მიიღებ. — მიღებით მივიღებ... მაგრამ მეც მაქვს ჩემი პატარა პირობა. ლინდამ ეჭვით შეათვალიერა მამაკაცი, თუმცა მის სახეზე რომ ცუდი ვერაფერი ამოიკითხა, დათმობაზე გადაწყვიტა წასვლა: — კარგი ჰო, გისმენ. — სანამ მოხვიდოდი, ცხენით ვაპირებდი გასეირნებას. შენც უნდა წამოხვიდე. — ცხენით? და ჩემთვის ეგ სახიფათო არ არის? — ინსტინქტურად, მუცელზე მიიდო ხელი მან. — კირას ცხენი ძალიან თვინიერია. სხვანაირად, არც შემოგთავაზებდი. — ეგ კარგი, მაგრამ შენთვის რამდენად ნებადართულია? ავარიის შემდეგ დაჟეჟილობები გქონდა და ამიტომ გეკითხები. — სახლის პირობებში რამდენიმე თერაპია ჩავიტარე, თუ ეს გაინტერესებდა. ახლა ბევრად უკეთ ვარ. დარჩენილი ცხელი შოკოლადი, ბალახში გადაღვარა ლინდამ, რადგან იგრძნო, მეტის დალევა აღარ სურდა. საკუთარი გადაწყვეტილება, მხოლოდ ამის შემდეგ ამცნო მამაკაცს: — მაშინ, ცხენი მოამზადე... ოღონდ, როგორც დებიუტანტი, უკან დავჯდები. ნაცრისფრად შეღებილ ცაზე, ქურდივით მოიპარებოდა კამკამა, ლურჯი ფერი. გარეთ თბილი, მსუბუქი ნიავი ქროდა, რომელიც, თავის ნებაზე აცეკვებდა ფარფატა ფოთლებსა და ბალახის მწვანედ მოელვარე ღეროებს. გაშლილ მინდორზე მიმავალნი, დასახლებულ პუნტქს, უკვე კარგა მანძილით გასცდენოდნენ. გოგონა, უნაგირის უკანა მხარეს მოთავსებულიყო, ხელები მამაკაცის წელზე ჰქონდა მოხვეული და მის ზურგზე საიმედოდ მიხუტებულს, ის სიჩუმეც კი ამაღელვებლად მიაჩნდა, მხოლოდ ხანდახან რომ ირღვეოდა ხოლმე. წამოსვლიდან დაახლოებით ოცი წუთი იყო გასული, ანდრომ რომ სადმე დასხდომისა და ცხენის ცოტა ხნით შესვენების გადაწყვეტილება მიიღო. იქვე, ნახევარ მეტრში უზარმაზარი, ბებერი მუხა მოჩანდა. მის ქვეშ, მართლაც იდეალური ჩრდილი იყო ჩამოჯდომისა და მოსვენებისთვის. მამაკაცმა, სწორედ იქითკენ ააღებინა ცხენს გეზი და სულ მალე, ხის ჩრდილში მსხდომნი უყურებდნენ, როგორ სძოვდა დანამულ ბალახს, მახლობელ ბუჩქზე მიბმული ულაყი. მზის ოქროსფერ სხივებს, საავდრო ღრუბლებისთვუს ხელი დაექნიათ და ისინი ციდან მთლიანად გაეძევებინათ. ჰაერში თანდათანობით იგრძნობოდა ტემპერატურის მატება, რის გამოც, გარშემო ყველაფერი უფრო ხასხასა ფერებს იძენდა. — ერთი რაღაც მინდა გკითხო, — ისეთი ჩაფიქრებული სახით დაიწყო ლინდამ, თითქოს სხვას კი არა, საკუთარ თავს ესაუბრებაო. — შეიძლება? — მკითხე. — მახსოვს, ადიშში რომ პირველად მოხვედი, კაბურაში იარაღი გედო. მეტყვი რატომ დაატარებ? — ამდენი ხანი მაგაზე ფიქრობდი? — ვერაფრით შეძლო ღიმილის შეკავება მამაკაცმა. — შეკითხვაზე, შეკითხვას მაშინ უხვედრებენ, როდესაც პასუხებს გაურბიან. — არაფერს გავურბივარ. იარაღის ტარება არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს პირდაპირი კავშირი აქვს მაფიოზურ დაჯგუფებებთან. — აბა დაქირავებული მკვლელი ხარ? — ხუმრობის კუთხით წაიყვანა საუბარი გოგონამ. — თუ ვინმეს მოკვლა გინდა, ახლა შვებულებაში ვარ. — კითხვას ბოლომდე მაინც არ პასუხობ, მაგრამ უკვე ჩემითაც ვხვდები. შენი წრის ადამიანები ან პირადი დაცვით მოძრაობენ, ან თავად არიან შეიარაღებულები. სხვანაირად, უბრალოდ სახიფათოა. პასუხი რომ ვერ მიიღო, თვალდახუჭული მიეყრდნო ხის ოდნავ ნოტიო ტანს ლინდა. გარშემო ისეთი სიმშვიდე იყო, საუბარში არაფერი უშლიდათ ხელს. მუხის ქვეშ, აქა-იქ მინდვრის ყვავილებსაც ამოეყოთ თავი, რომელთა სიფერადე, მხატვრის ფუნჯით შექმნილ ლამაზ პეიზაჟს ამსგავსებდა იქაურობას. გოგონამ სხეული მოადუნა და ხმების მოსმენა დაიწყო ირგვლივ. თავიდან ფეხებამდე ნირვანაში მყოფმა, ბუნდოვნად აღიქვა, თუ როგორ ნაზად გასრიალდა მისი თმა ყელზე, როგორ გადაინაცვლა მხრებს იქით და როგორ მიეფერნენ მამაკაცის თითები მოშიშვლებულ ლავიწის ძვალზე. — რას აკეთებ? — ამოიჩურჩულა ისე, რომ არც თვალების გახელაზე უფიქრია და არც წინააღმდეგობის გაწევაზე. ვერ ეთხოვებოდა ამ მდგომარეობას და ალბათ ცოტათი უფრთხოდა კიდეც ანდროსთან მზერით კონტაქტს. — წყნარად იჯექი... შენს ყელზე, ეს პაწაწინა ჭორფლები აქამდე რატომ არ შემიმჩნევია? პასუხი არ გასცა ლინდამ. რამის თქმის ნაცვლად, კვლავ სიჩუმის ზღვაში განაგრძო ცურვა. ანდროს ამონასუნთქი ჰაერი რომ მის კანს დაუახლოვდა, მარჯვენა მუშტი შეკრა და ხელისგულს ფრჩხილები მთელი ძალით ჩააჭირა. მუცელში სასიამოვნო დაჭიმულობას გრძნობდა, თუმცა ეს დაჭიმულობა, მეტად სახიფათო, ცხელ ლავად გადაიქცა, როდესაც მამაკაცის ტუჩები ყელს შეეხნენ და ნელ-ნელა ზემოთკენ დაიწყეს ცოცვა. — ძალიან ლამაზი ხარ, — ისე ამოთქვა, მის კანთან კონტაქტი წამითაც არ გაუწყვეტია. კიდევ რამდენიმე წამიც და ცხვირის წვერზე, ანდროს ცხვირის შეხება იგრძნო გოგონამ. ცდუნების გემო, იმდენად ბატონობდა რაციონალურ აზროვნებაზე, სულ მცირედ წინააღმდეგობასაც ვერ უწევდა. ანდრო კვლავ სახიფათოდ ახლოს იყო მასთან და თითქოს სპეციალურად აღიზიანებსო, სიტუაცია ამაზე შორს აღარ მიჰყავდა. — ანდრო, არა, — ძლივსგასაგონად ჩაიჩურჩულა ლინდამ. მისი გონების დიდი ნაწილი, საერთოდ არ ეთანხმებოდა იმ სიტყვებს, რასაც ენა წარმოთქვამდა. პირიქით, სურდა სიტუაცია სრულიად საპირისპიროდ წასულიყო. ხანგრძლივმა დუმილმა დაისადგურა. ამ სიჩუმის გასაფანტად, თითქოს დაბარებულივით აშრიალდნენ მუხის ფოთლები და გრილი ჰაერის დაბერვით, სიტუაციაც გამოაფხიზლეს. ანდრომ, მესაკუთრული ჟესტით აასრიალა ხელი ლინდას ფეხზე, ბარძაყზე მოჭერით თავისკენ დაქაჩა და ამდენი ხნის ნაგროგებ სურვილებს, ბოლოს და ბოლოს მის ტუჩებზე მისცა გასაქანი. წინააღმდეგობა საერთოდ არ შეხვედრია. გოგონა ყველანაირად დამყოლი იყო მის მოქმედებებთან, ეს კი მამაკაცს უფრო ძლიერად ახვევდა თავისი სურვილების გავლენის ქვეშ. კალთაში რომ გადაისვა და პროცესში მისი აყოლა იგრძნო, თავშეკავებას საბოლოო წერტილი დაუსვა ანდრომ. ამის შემდეგ, წამიც აღარ მოუცდია ისე გადააწვინა მიწაზე ლინდას სხეული, თვითონაც ზემოდან მოექცა და მაჯები თავს ზემოთ გაუკავა. დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში, შეუსვენებლად კოცნიდა მის ტუჩებს. შემდეგ მოშორდა, ბალახზე ლამაზად დაფენილ, თაფლისფერ თმას შეავლო ვნებისგან დაბინდული მზერა და ის-ის იყო კვლავ მონატრებული ტუჩებისკენ დაიხარა, რომ გოგონას თვალებში ღრმად ჩაბუდებული შიში მოხვდა მხედველობის ფოკუსში. ძლიერი სილის გაწვნასავით იმოქმედა მასზე ამ ყველაფერმა. სურვილი, რომლისგანაც უკვე აუტანლად ეწვოდა მთელი სხეული, მაშინვე გადასწია უკანა პლანზე და გაჭირვებით მოთოკა თავის შიგნით არსებული ჟინი. ერთი შეხედვაც კი საკმარისი იყო იმ დასკვნის გამოსატანად, რომ დაწყებული, იქ და იმ წამსვე უნდა შეეწყვიტა. მეტად, აღარც არაფერი გაუგრძელებია. ნაცვლად ამისა, სასწრაფოდ დაუბრუნდა საწყის პოზიციას და გოგონასაც დაეხმარა იგივეს გაკეთებაში. თმაც კი საკუთარი ხელით გაუსუფთავა მასში აბლარდული ფოთლებისგან, მერე კი მხარზე ჩამოაყრდნო შუბლი და ხმადაბლა ამოიგმინა. — როგორ მინდა ცოტა ხნით გავითიშო და დამავიწყდეს რა მომენტში მომიწია გაჩერება. მოზღვავებული ემოციებისგან, ქვედა ტუჩს კბილები ძლიერად ჩაასო ლინდამ. მაშინ პირველად ინანა, ამდენად შორს რომ წამოვიდნენ. მასთან ერთად, თანაც ასეთ განცალკევებულ, ინტიმურ გარემოში, ბოლომდე კარგავდა თავს და ამასთან საბრძოლველ ძალასაც ვერ პოულობდა. — როცა ახლოს იყავი, რაღაც მომენტები მახსენდებოდა ჩვენი ერთად გატარებული ღამიდან. ამ სიტყვებმა, საბოლოო გასროლასავით იმოქმედა ანდროზე. ბრძოლა, რომელიც მის შიგნით გამართულიყო, გამომეტყველებაზე არ ირეკლებოდა, თუმცა რეალურად, ისეთი შეგრძნება რჩებოდა, თითქოს წრიულად დანთებული კოცონის ცენტრში მდგომი იბრძოდა გადარჩენისთვის. — მართლა გგონია, რომ ახლა შესაფერისი დროა მაგაზე სასაუბროდ, ლინდა? — ჰკითხა ირიბი ღიმილით. — ცეცხლთან თამაშის საერთოდ არ გეშინია. — დამნაშავე ისაა, ვინც ცეცხლი დაანთო. — დანთებით მე დავანთე, აი ბენზინი კი უკვე შენ გადაასხი. მზერა, რომლითაც იმ მომენტში ანდრო უყურებდა, მუცელში გიჟურ სიმხურვალეს აგრძნობინებდა გოგონას. მათ შორის უხილავ ძაფებად გაბმული მუხტი, ერთობლივად სასიამოვნოც იყო და სახიფათოც. ორივენი მძიმედ სუნთქავდნენ და არ საუბრობდნენ, მაგრამ ეს დუმილი ბევრად უფრო მეტყველი იყო, ვიდრე ნებისმიერი ფრაზა ან შეხება. — მორჩა, საკმარისია, — ვარდისფერი ბურუსიდან პირველად ლინდა გამოერკვა. იგი თითქოს მაკრატლით დაერია მათ შორის გაბმული ძაფებს, თუმცა წყობიდან გამოსულ პულსაციას, მაინც ვერაფერი უშველა. — რაც მოხდა, სპონტანური იყო. ყველანაირი კომენტარის გარეშე, კარგი? უბრალოდ სახლში მინდა წასვლა. — გარბიხარ, მაგრამ დიდხანს ვერ გაიქცევი. — მაგით რის თქმას ცდილობ? — ზუსტად იმის, რასაც ვამბობ. გოგონა ფეხზე წარბშეკრული წამოდგა და მუხის ხეს ისე მოშორდა, როგორც რაღაც ძალიან სახიფათოს. გარკვეული დროის განმავლობაში, ანდროც უხმოდ უყურებდა მოშორებით მდგომს. აკვირდებოდა თაფლისფერ თმას, რომელსაც ნიავი თავის ჭკუაზე ათამაშებდა, მკერდს, ნერვიულად რომ აუდ-ჩაუდიოდა და ტუჩებს, თავდავიწყებით რომ კოცნიდა სამიოდე წუთის წინ. შემდეგ თითქოს ლინდას დამფრთხალი ფიქრები წაიკითხაო, ორაზროვნად გაეღიმა, მახლობელ ბუჩქზე მიბმული ცხენი აუშვა და გასძახა: — წამოდი წაგიყვან, მაგრამ მანამდე უნდა ვაღიარო, რომ კოცნა, ფხიზელ გონებაზე ბევრად უკეთ გამოგდის. — ვერასდროს გაიგებ, რამდენი რამ გამომდის ფხიზელ გონებაზე ბევრად უკეთ, — სიტყვებთან ერთად, პასუხად უტეხი მზერაც დაუბრუნა. როცა ცხენზე დაჯდომისას ანდროს გამოწვდილ ხელს ჩაეჭიდა, მის გამოხედვაში ის უჩვეულო წყურვილი დაინახა, გაჭირვებით რომ აკავებდა თავის შიგნით მამაკაცი. ზაფხულის ნიავი, პერიოდულად ისევ აშრიალებდა ხისა და მიწის მწვანე საფარს. ლამაზად მოხატული პეპლები, მხიარულად დაფარფატებდნენ მუხის გაშლილი ტოტების ქვეშ. ჰაერი მინდვრის ყვავილების სურნელით იყო დამტკბარი. * * * ანდროსთან ერთად დაწყებული დილა, საბოლოოდ, სახლში გამოკეტვითა და სრული სიჩუმით გაგრძელდა ლინდასთვის. გოგონა, მთელი დღის განმავლობაში მოჩვენებასავით დააბიჯებდა ოთახიდან, ოთახში, გარეთ ცხვირსაც არ ჰყოფდა და ძირითადი დრო მაინც წიგნების კითხვაში გაჰყავდა. ერთხანს, რუბიკის კუბის აწყობასაც შეეცადა, თუმცა დიდხნიანი წვალების შემდეგაც რომ ვერ დადო სასურველ შედეგი, გაბრაზებულმა მოისროლა იგი საძინებლის კუთხეში. შებინდებისას, მეტი რომ ვეღარაფერი მოიფიქრა, ლილესთან გადაწყვიტა სტუმრობა. დასაძინებლადაც იქ გეგმავდა დარჩენას. საშინლად არ უნდოდა ღამე მარტო ყოფნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, იცოდა, რომ თავის გონებაში წარმოშობილი ფიქრების ხმაური გააგიჟებდა. გარეთ გასვლის წინ, მთელი ეზო და მისი შემოგარენი გამოცდილი დეტექტივის მზერით მოათვალიერა გოგონამ. ეზოში გამოსვლა მხოლოდ მაშინ გაბედა, როდესაც ახლომახლო ანდროს ყოფნა ვერ დააფიქსირა და ლამის სირბილით მივიდა ონისეს სახლამდე. ზღურბლთან მისულს, კარი ლილემ გაუღო. გოგონას ცალ ხელში წიგნი ეჭირა, მეორეში კი ყავის ჭიქა და მეტად გადაღლილი გამომეტყველებით იდგა შემოსასვლელში. — მოდი აქ, მოდი, — მეგობრის დანახვისას, იდუმალი ღიმილმა გაირბინა მის ტუჩებზე. — ახლა ასე ვამპირივით მხოლოდ ღამღამობით უნდა ირბინო გარეთ? — რაზე ამბობ? — მას შემდეგ არ ჩანხარ, რაც შენ და ანდრო, ცხენით ერთად მობრძანდით სახლში, — თავისი ოთახისკენ გაუძღვა იგი ლინდას. — არ მეტყვი რა ხდებოდა? — მშვენივრად იცი რაც ხდებოდა. რომ მოვედით, ფანჯარაზე დასაბერტყი ლეიბივით იყავი გადმოფენილი. — რა უნდა მექნა? ჭიშკართან საინტერესო ფილმი გადიოდა და თვალი ვერ მოვწყვიტე. — ონისე და ნინია სად არიან? — სიტყვა ბანზე აუგდო გოგონამ. ყველაზე ნაკლებად, ლილესთან დღეს დილით მომხდარზე სურდა საუბარი, რადგან ამ ყველაფერს, ძლიერი ემოციური ფონის გარეშე, საკუთარ გონებაშიც კი ვერ იხსენებდა. — მესტიაში დარჩნენ, ონოს ბიძაშვილთან, — როგორც კი საძინებელში შეაბიჯეს მაშინვე მიუგო, — ჩვენს მაღაზიაში პროდუქუციის აღწერას ატარებდნენ, გვიანობამდე შემორჩნენ და დამირეკეს, ბარემ აქ დავრჩებითო. ჩამოჯდა თუ არა საწოლზე, იქაურობას მოავლო თვალი ლინდამ. ოთახში უწესრიგოდ ეყარა სხვადასხვა წიგნები და წითლად გახაზული კონპექტები, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ მის მოსვლამდე, წინასაგამოცდო სამზადისით იყო დაკავებული ლილე. — ამაღამ აქ ვაპირებდი დარჩენას, მაგრამ თუ არ გცალია, წავალ. — არა რაა, იყავი, — უმალ გააპროტესტა მასპინძელმა. — შენ რომ არ მოსულიყავი, მალე თვითონ ვაპირებდი გადმოსვლას, ჩემთან დარჩენა რომ მეთხოვა. უკვე ყელში ამომივიდა ეს ოპერაცია ვალკირიაც, შტაუფენბერგის ჩრდილოვანი მთავრობაც და მთლიანდ მეორე მსოფლიო ომიც. — ნუ წუწუნებ. მალე მოიშორებ შენს გამოცდებს და თეატრალურის შიდა გამოცდის ჩაბარება რომ არ გაგიჭირდება, მაგაში ეჭვიც არ მეპარება. ლილემ ყავის ჭიქასა და წიგნს, ერთ მაგიდაზე მიუჩინა ადგილი და საწოლზე, მეოცნებე ბავშვის გამომეტყველებით გადაწვა. — ასე მგონია, ჩემთვის ახალი ეპოქა იწყება, — უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა, ვიდრე ვინმეს გასაგონად. — თან მიხარია ამხელა ქალაქში რომ მომიწევს ცხოვრება, თან მეშინია. — რისი გეშინია? — გაღიმებული სახით მიუწვა გვერდით ლინდაც. ოთახის ღია ფანჯრიდან, ნაზი სიო უბერავდა, რაც ზღვის ტალღებივით არხევდა გამჭვირვალე, ყვავილებით მოქარგულ ფარდებს. — იქაურების მეშინია. მე სხვა გარემოში ვიზრდებოდი, ისინი სხვაში. შეიძლება არც არავინ დამიმეგობრდეს და სტუდენტურ კაფეშიც გარიყულივით მომიწიოს ჯდომა, როცა დანარჩენები ერთად ისხდებიან. — მაგის ტყუილად გეშინია. — ვითომ? — რა თქმა უნდა! შენში ყველა თვისებაა თავმოყრილი, რაც კარგ მეგობარს და ადამიანს უნდა ჰქონდეს. ამას სხვებიც დააფასებენ. — მართლა ეგრე ფიქრობ, თუ მამშვიდებ? — გამომცდელად გახედა ლილემ. უნდოდა მისი სიტყვების გულწრფელობა, თვალებშიც ამოეკითხა. — მართლა ეგრე ვფიქრობ, დამიჯერე, — საწოლზე იდაყვით წამოწეულმა, ლოყაზე ორი თითით უჩქმიტა მეგობარს და მას ზემოდან დახედა, — მიდი ახლა ლეპტოპი მოიტანე და ერთ დოკუმენტურ ფილმს გაყურებინებ, ზუსტად ჰიტლერის მკვლელობის დაგეგმვაზეა. კონსპექტებზე უკეთ, თვალით ნანახი დაგამახსოვრდება. — ჯერ მითხარი, მთავარ როლს ვინ ასრულებს? — არც მეტი, არც ნაკლები, ტომ კრუზი. — კარგი, მაშინ ტომის ლამაზი თვალების ხათრით ვუყუროთ, — სიცილით წამოდგა ფეხზე, დამტენზე შეერთებული ლეპტოპი გამოაერთა და ჩართვის ღილაკს, საწოლში დაბრუნების შემდეგ დააწვა. სარკმლიდან, პერიოდულად ისევ უბერავდა ზაფხულის ნაზი სიო. ლამაზი ღამე იდგა. ცის შავი ზეწარი, ბრჭყვიალა ვარსკვლავებით იყო მოხატული, ხის ფოთლების ნაზი შარიშური კი იმ მელოდიას წააგავდა, რომლითაც ბუნება იტკბობდა სმენას. ფილმების ყურებას გვიანობამდე შეჰყვნენ გოგონები. პირველი ეკრანიზაციის დასრულების შემდეგ, ლილემ პოპ-კორნი გააკეთა და ამჯერად, საშინელებათა ჟანრიდან აარჩია მორიგი “საკბილო”. მესამე ჯერზე, უკვე ლინდას არჩევნის ჯერი დადგა, თუმცა ლილეს სხეულში არსებულმა ძილიანობის შეგრძნებამ, ბოლომდე ვეღარ გაუძლო და გოგონას, შუა ფილმის დროს მიეძინა, საკუთარ ბალიშზე. მისგან განსხვავებით, ძილი წამითაც არ მიჰკარებია ლინდას. ლეპტოპის გამორთვის შემდეგაც კი ვერ მოისვენა საწოლში. რა აღარ სცადა, მაგრამ ვერაფრით მოახერხა ისე მშვიდად და უდარდელად დაძინება, როგორც ლილეს ეძინა მის გვერდით. ბოლოს გადაწყვიტა ცოტა ხნით სუფთა ჰაერზე გაევლო და იმ ღამეული სიმშვიდით დატკბარიყო, სადაც მხოლოდ ის და ვარსკვლავები იქნებოდნენ. ვერც იქ მოისვენა. მარტო დარჩენილს, ფიქრები მთიდან დაგორებული ზვავივით ეძგერა და მთლიანად ქვეშ მოიტნია. გოგონამ სახეზე ხელები ჩამოისვა, თავის ეზოში გადავიდა და ყველაზე სქელტანიან ხესთან, პირდაპირ ბალახზე ჩამოჯდა. ზუსტად მაშინ შეამჩნია, რომ ონისეს ნაგაზიც თან გამოჰყოლოდა და მისგან ნახევარ მეტრში, არხეინად გაწოლილს ჩამოედო თავი, ერთმანეთზე გადადებულ თათებზე. კირას სახლს, ცალი თვალით გახედა გოგონამ. იმ ფანჯარაში, რომელიც ანდროს ოთახში იხედებოდა, ჯერ კიდევ ენთო სინათლე, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ მასაც გატეხვოდა ღამეული ძილი. ლინდა შეეცადა თავად მამაკაცისთვისაც მოეკრა სადმე თვალი, მაგრამ ვინაიდან ოთახი მეორე სართულზე იყო, ეს ვეღარ შეძლო. უეცრად, გოგონას ერთი იდეა მოუვიდა თავში გოგონას. ინტერესმა, თუ რას აკეთებდა ახლა ანდრო, ყველაფერი დანარჩენი გადაფარა, შიშები უკვალოდ გაუქრო და ხეზე ასვლისკენ ისე ძლიერად უბიძგა, მხოლოდ ზემოთკენ მონდომებით მცოცავი მიხვდა, რამდენად დიდ სიგიჟეშიც იყო გახლართული. გოგონამ, დასაჯდომად ყველაზე სქელი, გამძლე ტოტი აარჩია. ხეზე საიმედოდ გამაგრებულმა, გულში ბოდიში მოუხადა ჯერ კიდევ არდაბადებულ ბავშვს და მზერა იმ ფანჯრისკენ გადაიტანა, რომელიც მისი ინტერესის ობიექტს წარმოადგენდა. ანდრო მართლაც იქ იყო. ფანჯარასთან მიდგმულ სავარძელში მოკალათებულს, მუხლებზე ლეპტოპი ჰქონდა გაშლილი და კლავიატურაზე, პერიოდულად რაღაცებს ბეჭდავდა. მისი დანახვისას, ლინდას გონებაში ყოველი დილანდელი ეპიზოდი ერთიმეორის მიყოლებით გაცოცხლდა. ამის გამო, კიდევ ერთხელ მოეკიდა კანზე უხილავი ცეცხლი. გააცნობიერა რამდენად ბავშვური, სულელური იდეა იყო მამაკაცის აქედან თვალთვალი და საკუთარ თავზე გაბრაზებულმა დააპირა კიდეც ქვემოთ ჩუმად ჩასვლა, როდესაც, ზუსტად იმ ტოტმა უმტყუვნა, რომელზეც მარჯვენა ხელით იყო მოჭიდებული. ლინდა ელვის სისწრაფით სწვდა მასზე ბევრად უფრო სქელ, საიმედო ტოტს და ჩამოვარდნისგან თავიც იხსნა, თუმცა როგორც შენიშნა, ტკაცანის ხმას უკვე მიეღწია ანდროს სახლამდე და თუკი აქამდე მისი ყურადღება ბოლომდე ლეპტოპისკენ იყო მიმართული, ახლა ფანჯარასთან მდგომი, უკვე ხეს ათვალიერებდა დამკვირვებლური მზერით. ერთ ადგილას, უძრავად გაშეშდა ლინდა. იმედოვნებდა, რომ თუ აღარ გამოძრავდებოდა და არც იხმაურებდა, ღამის სიბნელე გახდიდა შეუმჩნეველს, ხის ტოტებში მის ყოფნას. საუბედუროდ, ამჯერადაც აქცია ზურგი ფორტუნამ. შეუიარაღებელი თვალით რომ ვერაფერი გაარჩია, რამდენიმე წამში, ღამის ფანარით ხელში მოადგა ფანჯარას ანდრო და იქიდან გამოტყორცნილი შუქი, პირდაპირ ლიდას შეენათა თვალებში. ახლა უკვე ამაო იყო დამალვის მცდელობა. მისი საიდუმლო, ერთ პატარა ტოტს გამოეტანა სააშკარაოზე და ამას უკვე ვეღარაფერს მოუხერხებდა. — გეყოფა გაწიე, ნუღარ მანათებ! — ხმამაღლა გასძახა მჭახე სინათლით შეწუხებულმა, მოსაჩრდილად კი, სახეზე ხელისგული აიფარა. აქედან სულ მალე, ანდროს მოგუდული სიცილიც მოესმა და განათებაც სადღაც გაქრა. — სერიოზულად?! მანდ რას აკეთებ?! სირცხვილისგან, სახეზე ერთიანად წამოახურა ლინდას. ახლა, რაც შეიძლებოდა სწრაფად უნდა მოეფიქრებინა ისეთი პასუხი, რითაც თავის საქციელს ლოგიკურ ახსნას მოუძებნიდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმოდგენაც არ ჰქონდა რა უნდა ექნა. — ძაღლის გამო ამოვედი! — ბოლოს მაინც მოძებნა გამოსავალი და მეტი დამაჯერებლობისთვის, გადაწყვიტა ამბავი ცოტათი განევრცო: — შემთხვევით კუდზე ფეხი დავადგი და ღრენა დამიწყო! შემეშინდა და ხეზე ავძვერი! ერთხანს, რაფაზე მკლავებით ჩამოყრდნობილმა, უხმოდ უყურა ანდრომ, ფოთლებში გახლართული გოგონას სილუეტს. შემდეგ ფანჯარას მოშორდა, ხელით ანიშნა მანდ დამელოდეო და საძინებლიდან გამოსვლის წინ, სინათლის ჩამრთველსაც ჩამოჰკრა თითი. აი აქ კი უკვე, პირისპირ შეეჯახა გოგონა იმ სტიქიას, რასაც მთელი დღის განმავლობაში უკანმოუხედავად გაურბოდა. საშინლად ინანა სუფთა ჰაერზე გასეირნების გადაწყვეტილება და ინატრა ისევ საწოლში წოლილიყო, ლილესთან ერთად. რა უნდა ეთქვა, თუკი დილანდელ ეპიზოდზე ჩამოვარდებოდა საუბარი? ამაზე ფიქრიც კი ქარიშხალივით ატრიალებდა შიშს მის გულში. გოგონას ერთადერთი ხელჩასაჭიდი, ქვემოთ მწოლიარე ნაგაზი იყო. იმედს იტოვებდა, ანდროს მოახლოებისას ისეთ ყეფას ატეხდა, ეზოში შემოსვლის სურვილს დაუკარგავდა ამ უკანასკნელს. სინამდვილეში, სრულიად პირიქით მოხდა. როგორც კი მამაკაცმა ჭიშკარში შემოაბიჯა, ძაღლმა მხოლოდ მისი ტანსაცმელი და ხელები დაყნოსა, მერე კი ისე მხიარულად გამოედევნა უკან, თითქოს სწორედ ის ყოფილიყო მისი პატრონი. — დანტე, შე მოღალატე, — ჩუმად ჩაილაპარაკა, თან იმედგაცრუებულმა გადააქნია თავი ლინდამ. ახლა ერთადერთი გზა გამბედაობის მოკრება იყო. თავისუფლად და უდარდელად უნდა ესაუბრა მამაკაცთან, რათა შინაგანი დაძაბულობა არ გამოეტანა სააშკარაოზე. — შენით ნუ ჩამოხვალ, მოვალ და დაგეხმარები. — ჩამოსვლას ჯერ არ ვაპირებ. შენ წადი, დაიძინე, უკვე გვიანია. — მაშინ, როცა მუცელში ჩემი შვილით ხეზე ხარ შემომჯდარი? არა მგონია გამომივიდეს, — ამჯერად უკვე ტონში კატეგორიულობამ გაიჟღერა და აღარც გოგონას გაუწევია წინააღმდეგობა. ხვდებოდა, რომ მის ადგილას, თავადაც ანალოგიურად მოიქცეოდა. — თუ ეგრეა, შენც ამოდი, — თამამად შესთავაზა იმაში ბოლომდე დარწმუნებულმა, რომ ანდროს ხეზე, მის გვერდით ჩამომჯდარს ვერასდროს იხილავდა. — ლინდა ნუ სულელობ. ოდნავ ძირს ჩამოიწიე და ჩამოსვლაში დაგეხმარები. — რა იყო, ნაღებ საზოგადოებაში ხეზე ასვლა სირცხვილად ითვლება და თავს ამიტომ იკავებ? — ახლა მიწვევ? — კითხვაზე, კითხვა დაუხვედრა მამაკაცმა. — არანაირი გამოწვევა, უბრალოდ ცოტა ხნით აქ მინდა ყოფნა. თუ არ მიდიხარ, სადმე ჩამოჯექი, დანტე მაინც არაფერს გერჩის. ანდრო ჩაიმუხლა და შორიახლოს, ბალახში ნებიერად გაწოლილ ძაღლს დაუწყო მოფერება. ეზოში სამარისებური სიჩუმე იდგა, რის ფონზეც, ყოველი სიტყვა და გაშრიალება, იმაზე ბევრად უფრო ხმამაღლა იფანტებოდა სივრცეში, ვიდრე სინამდვილეში იყო. — ისე, მგონი შენთან ახლოს, ღამურას მოვკარი თვალი, — მოულოდნელად ხმა ამოიღო მამაკაცმა, თან ირიბად ჩაეცინა. — ღამურას? სად? — სადღაც იმ ტოტთან, ახლა რომ ზიხარ. გოგონას გულში, შიშმა ქურდივით შეაღო კარი, თუმცა შეეცადა ეს შეუმჩნეველი ყოფილიყო. — მერე რა? უბრალო ღამურაა, მეტი ხომ არაფერი? — მერე ის, რომ შეიძლება თმაში ჩაგაფრინდეს, — მიუგო თუ არა, ძაღლის მოფერებაც შეწყვიტა ანდრომ. — ღამურებს ახასიათებთ მსგავსი რამ. დაძაბულობისგან ერთიანად დაჭიმულმა გოგონამ, ფრთხილად მიიხედ-მოიხედა გარშემო. მართალია საეჭვო ვერაფერი შენიშნა, თუმცა შიშის ბოლომდე განდევნა მაინც ვერ მოახერხა. ხიდან ჩასვლას, ანდროს გამო უფრთხოდა, იქ დარჩენას კი ღამურის გამო. ორ ცეცხლს შუა მყოფმა, საბოლოო არჩევანი მაინც თავისთვის ნაკლებად საშიშზე შეაჩერა და ნელ-ნელა ქვედა ტოტებისკენ დაიწყო სვლა. ხის ტანს რომ მიუახლოვდა, უკვე ანდრომ გაუწია დახმარება. მამაკაცის ხელები, საიმედოდ შემოეხვივნენ მის წელს და ძირსაც მშვიდობიანად, სრულიად უვნებელი ჩამოსვეს. — მადლობა... ახლა შევალ, საშინლად აცივდა. — სცადა თავი რაც შეიძლებოდა მალე დაეღწია, თუმცა ანდროს სრულიად სხვა გეგმები ჰქონდა. მან სწრაფად გაიხადა მოსაცმელი, იგი საკუთარი ხელით შემოაცვა გოგონას და შიგნით ჩატნეული გაშლილი თმა, ზემოთ ამოუწია. — მორჩა, სიცივის პრობლემა მოვაგვარეთ, — გაქცევის პრევენციისთვის, ცალი მკლავი კვლავ მის წელს შემოარტყა მამაკაცმა. — ახლა გავაგრძელოთ. — ამ შუაღამით რა უნდა გავაგრძელოთ? თანაც ასეთ პოზიციაში. — ნუ გეშინია, თავს ზედმეტის უფლებას არ მივცემ. — ეს უკვე არის ზედმეტი. — ღამურაზე რომ არ მომეტყუებინა, იქ ჯდომას კიდევ რამდენ ხანს აპირებდი? — მის სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია, ისე მიაყრდნო ზურგით ხის ტანს და გამომცდელი მზერით, ლამის სულის სიღრმეებში ჩახედა. — მოიცა, მომატყუე?! — ჰო, მოგატყუე. არ მინდოდა გათენებამდე იქ მჯდარიყავი, ჩემთან საუბრის თავიდან ასარიდებლად. — და რაზე დაყრდნობით ფიქრობ, რომ მაგას გავურბივარ? — თავდასაცავად, თავდასხმის ტაქტიკა მოიშველია ლინდამ. — თუ იმას გულისხმობ, რომ მთელი დღე გარეთ არ გამოვსულვარ, მქონდა საამისო მიზეზი. ანდროს მკლავები, სევდიანი გამოთხოვებასავით გასრიალდნენ ლინდას წელზე და შებოჭილ გოგონას, სრული თავისუფლება მიანიჭეს. სწორედ მაშინ შეძლო თავისუფლად ამოსუნთქვა. მამაკაცთან ასეთი სიახლოვე, თავს იმ დაუცველ, უმწეო არსებად აგრძნობინებდა, ვისაც საღი აზრისა და გონის შენარჩუნებაც კი აღარ შეეძლო. — მართალი იყავი, როცა მითხარი არ ვარ ის ქალი, ვის სურვილსაც კაცი ერთ ღამეში მოიკლავსო, — დაძაბული სუნთქვა ამოაყოლა ამ სიტყვებს ანდრომ. — ჩემზე დღემდე ფსიქოლოგიური წამებასავით მოქმედებ. — თუ რამე ფსიქოლოგიურად გაწამებს, მიზეზი საკუთარ თავში ეძებე. — გამჭოლი მზერით ათვალიერებდა მამაკაცის თვალებში არეკლილ ვნების ნაპერწკლებს. — შენთვის არავის დაუძალებია ჩემზე ძებნის გამოცხადება. თავიდან ბავშვზეც არაფერი იცოდი და ვერ ვხვდები, რატომ მეძებდი? — ძებნა იმიტომ დაგიწყე, რომ ამისთვის სერიოზული მიზეზი არსებობდა. ზუსტად ასე გავიგე ბავშვზეც. — ასეთი რა მიზეზი იყო? — ინტერესი ასმაგი დოზით აირეკლა მის თვალებში. — თემას ნუ ცვლი. გოგონას ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს მამაკაცმა, პირდაპირ პასუხს თავი აარიდა. საუბრის ასეთ საინტერესო მომენტში გაწყვეტა, თანაც ყოველგვარი პროტესტის გარეშე ძალიან გაუჭირდა, მაგრამ გადაწყვიტა დახურული საუბრის კარი, მეორედ აღარ შეეღო. — და რა თემაზე გინდა ვისაუბროთ? — ცნობისმოყვარედ დაიკრიფა გულზე ხელები. — ახლა არ მითხრა, შენი განცდები აღმიწერე, მაშინ, როცა მუხის ქვეშ ერთმანეთს ვკოცნიდითო. — აღწერა არაფერში მჭირდება, ყველაფერი უსიტყვოდაც გასაგები იყო. — იქნებ მეც მითხრა რა იყო გასაგები? — მამაკაცის უსაზღვრო თავდაჯერება, სტიქიასავით მრისხანეს ხდიდა გოგონას გამოხედვას. — საკუთარ თავზე ზედმეტად დიდი წარმოდგენა გაქვს, თან ფიქრობ, რომ შენი მეშინია, მაგრამ მგონი რაღაც გეშლება. — ეგ რომ დამაჯერო, დამამტკიცებელი საბუთია საჭირო. — მთელი ის დრო, რაც გოგონას საუბარს უსმენდა, ოდნავშესამჩნევი ღიმილი არ მოშორებია, თუმცა ახლა სერიოზული გამომეტყველება მიიღო. — უკვე თვითონ მიწვევ. — და რას იზამ? მიიღებ გამოწვევას? ლინდამ ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. მართალია მისი ერთი ნაწილი ყოველივე ამას უფრთხოდა, თუმცა მეორეს, ეს თამაში მაგნიტურად იზიდავდა და მასზე უარის თქმის საშუალებას, ცდუნება არ აძლევდა. — ჯერ გამოწვევის პირობებს უნდა გავეცნო. — რთული არაფერია. მხოლოდ ჩემ გვერდით ყოფნა მოგიწევს, მთელი საღამო. ოღონდ გაითვალისწინე, მარტო არ ვიქნებით. — თუ საიდუმლო არაა, სად მომიწევს შენ გვერდით ყოფნა? — საიდუმლო ნამდვილად არაა, — ჩაეცინა და ზედმეტი დაყოვნების გარეშე განაგრძო მამაკაცმა: — ჩემმა მეგობარმა, მესტიაში სასტუმრო გახსნა და ხვალ, გახსნის აღსანიშნავ წვეულებაზე ვარ დაპატიჟებული, საღამოს შვიდზე. თუ რამის დამტკიცება გინდა, მაგისთვის იდეალური შანსი გეძლევა. ამას უკვე აღარ მოელოდა გოგონა. ერთი იყო სოფელში ცხენით ესეირნათ, ხოლო მეორე, საზოგადო თავშეყრის ადგილას გამოჩენილიყვნენ ერთად. ამის გაფიქრებაც კი თრგუნავდა. დაახლოებითი წარმოდგენა იმაზეც უჩნდებოდა, როგორი კატეგორიის ადამიანები იქნებოდნენ გახსნაზე თავმოყრილი და ამაზე ფიქრი, წინასწარ აგრძნობინებდა თავს იმ საზოგადოებისგან გამოყოფილად. მეორეს მხრივ, არც მშიშარა უნდოდა გამოჩენილიყო მამაკაცის თვალში და თავისი შინაგანი სიძლიერის დამტკიცების სურვილმა, უამრავ რამეზე აიძულა თვალის დახუჭვა. — კარგი, ეგ პრობლემა არ იქნება. მეგონა რამე უფრო რთულს მეტყოდი. — ეს როგორც თანხმობა ისე მივიღო? — ჯერ კიდევ ამოწმებდა, სწორად გაიგო გოგონას ნათქვამი, თუ არა. — კი, თანახმა ვარ, ოღონდ წინასწარ გეტყვი, რომ მაღალ ეშელონებთან ურთიერთობა დიდად არ გამომდის. ანდროს ჩაეღიმა. — შეგიძლია ჭადრაკის დაფაც წამოიღო. თუ ვინმეს დამოკიდებულება არ მოგეწონება, შეიარაღებული იქნები. მოსაცმელი, სიცილით გაიხადა ლინდამ და იგი კვლავ მეპატრონეს დაუბრუნა. სხეულში უკვე გრძნობდა იმ სასიამოვნო მოთენთილობას, რაც წესით, დაძინებაში მარტივად უნდა დახმარებოდა. — დროა შევიდე. ლილესთან ვრჩები და საწოლში რომ ვეღარ მნახოს, შეეშინდება. ძილინებისა, ანდრო. — რაღაც გავიწყდება, — ონისეს კარ-მიდამოსკენ სამი ნაბიჯიც არ ჰქონდა გადადგმული, მამაკაცის ხმა რომ წამოეწია. — რა მავიწყდება? — ფრანგულად უნდა მისურვო ძილინებისა, — მოსაცმელი მხარზე გადაიგდო და მოლოდინის რეჟიმში, თავი ოდნავ გვერდზე გადახარა. ცდამ დიდხანს არც მოუწია: — Je te souhaite un doux sommeil, Andro (ტკბილ ძილს გისურვებ, ანდრო) — მართალია ხმადაბლა ჩაილაპარაკა, თუმცა ღამის სიჩუმეში, მაინც გარკვევით გაისმა თითოეული ბგერა. — Dors bien, Cendrillon, pour le majlis de demain (ხვალინდელი მეჯლისისთვის კარგად გამოიძინე, კონკია) ლინდას ბაგეებზე, ღიმილი მხოლოდ მაშინ გაკრთა, როდესაც მამაკაცისგან ზურგით შებრუნდა. ამ ღიმილმა, იგი სახლის კარამდე მიაცილა და არც ზღურბლზე გადაბიჯებისას მოშორებია. 8 8 8 8 მიუხედავად მცირეხნიანი ძილისა, დილით რატომღაც მაინც ადრიანად გამოეღვიძა ლინდას. ბალიშზე ჩახუტებულ ლილეს, კვლავ გაუნძრევლად ეძინა მის გვერდით და როგორც ჩანდა, ჯერ კიდევ არ აპირებდა სიზმრების სამყაროში მოგზაურობის შეწყვეტას. მის გაღვიძებას არ დალოდებია გოგონა. მხოლოდ წერილი დაუტოვა ბალიშზე, სადაც სთხოვდა საუზმობის შემდეგ მასთან გადასულიყო და ფეხაკრეფით დატოვა მეგობრის საძინებელი. გარეთ გასულს, ონისეს მანანა არ შეუნიშნავს, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ის და ნინია, ჯერ კიდევ არ დაბრუნებულიყვნენ მესტიიდან. ვერც ანდროს მოჰკრა თვალი. მხოლოდ მისი მანქანა ეყენა ჭიშკართან, თავად მეპატრონე კი არსად ჩანდა. გოგონა სახლში შევიდა და კარი ზურგს უკან მიიხურა. შინაგანად დამძიმებული იყო, არეული, დაბნეული. ისიც კი არ იცოდა, გახსნის წვეულებაზე რა უნდა ჩაეცვა. ყოველივე ამაზე მხოლოდ მაშინ დაფიქრდა, როდესაც თანხმობა უკვე ნათქვამი ჰქონდა მამაკაცისთვის, ეს კი ყველაზე მეტად აბრაზებდა მთელ ამ ამბავში. უგემურად ისაუზმა. ორსულობის მერვე კვირაში მეან-გინეკოლოგთან აპირებდა ვიზიტს და არასასურველი მაჩვენებლებისგან თავის დასაზღვევად, ცდილობდა მაქსიმალურად ჯანსაღად ეკვება. ნიჟარაში, საუზმისას დასვრილი ჭურჭლის რეცხვით იყო დაკავებული, ლილეს ძახილი რომ მოესმა. საქმე ჯერ კიდევ არ ჰქონდა დასრულებული, ამიტომ სამზარეულოდანვე მისცა მეგობარს შემოსვლის უფლება. ამასობაში, სველი თეფშები ჩააწყო სპეციალურ სათავსოში, ხელები კი ტილოზე შეიმშრალა და ონკანში მოშვებული წყალიც გადაკეტა. ძილიანობის შეგრძნების მოსაშორებლად, რძიანი ყავის დალევის იდეა დაებადა, რაც, სამზარეულოში იმ წამს შემოსულ ლილესაც შესთავაზა. — ყავის დალევა მინდოდა და შენც გაგიკეთო? — გამიკეთე, ოღონდ მე რძიანი არ მინდა, ამერიკანოს დავლევ. გოგონამ მადუღარა დენის წყაროში შეაერთა, მანამდე კი ჭიქებში ყავის გადანაწილებას შეუდგა. ზურგშექცევით მდგომს, შეუმჩნეველი დარჩა ის ცნობისმოყვარე მზერა, რომლითაც ლილე უყურებდა მოცემულ მომენტში. — ასე სწრაფად რისთვის დამიბარე, რაზე უნდა გელაპარაკა? — იმაზე, რომ გრძელი ენა მაქვს და ვერც მასზე კბილის დაჭერა ვისწავლე, — მაგიდასთან მჯდომ მეგობარს, შეჭმუხნილი წარბებით მიუჯდა გვერდით. — მოკლედ, სერიოზულ შარში გავეხვიე. — ასეთი რა მიქარე? — უნებურად წასკდა სიცილი. — ნაძლევს ჩამოვალ, საქმე მეფე ლომს ეხება. — ვის?! — ანდროს შევარქვი. ისეთი იმიჯი და მანერები აქვს, აშკარად უხდება. თან, ზოდიაქოთიც ლომია. — ჰოდა მაგ შენი მეფე ლომის მეგობარმა ლომმა, მესტიაში სასტუმრო გახსნა და ისე გამოვიდა, რომ აღსანიშნავ წვეულებაზე ერთად მივდივართ. — შემოგთავაზა და დათანხმდი?! — რაღაც გარემოებების გამო მომიწია. — მერე? — მერე ის, რომ მხოლოდ ფეხსაცმელი მაქვს ასეთი საღამოსთვის გამოსადეგი, — იმედგაცრუებული მიაწვა სკამის საზურგეს. — ახლა რა ვქვნა, კეთილი ფერიის გამოჩენის იმედად ვიყო? — ცოტა ხანს დაელოდე, შეიძლება ჩიტებმა შეგიკერონ კაბა. — თაგვები არ გამომიტოვო. — კარგი, კარგი, მოვრჩეთ ხუმრობას, — ფინჯნიდან, წყლის ორთქლს ამოყოლილი არომატი ღრმად შეისუნთქა ლილემ. — ახლა, სრული სერიოზულობით უნდა გამოგიცხადო, რომ კეთილი ფერია შენს წინ ზის. ლინდას თვალებში “აცეკვებულმა” კითხვის ნიშნებმა, გოგონას, თავისი სიტყვების დეტალური ახსნისკენ მოუწოდა: — ეგრე ნუ მიყურებ, მართლა გეუბნები. სადღაც ერთი თვის წინ, ინტერნეტით კაბა გამოვიწერე და საკმაოდ ძვირიც გადავიხადე. ჩაცმისას რომ მკერდზე დიდი მომივიდა, ტირილით გავსკდი, მაგრამ მარაგი ამოწურული იყო და ვერ ამოვაცვლევინე. დაბრუნებაზეც უარი მითხრეს. მას შემდეგ, ხელუხლებელი მიდევს გარდერობში და თუ გინდა, გაჩვენებ. — როგორი კაბაა? — წითელია, მუხლს ზემოთ. უზურგო კაბაა, ზომიერი დეკოლტეთი. — არ ვიცი... ჯერ მოიტანე, ვნახავ. შეიძლება არც მე ვაკმაყოფილებ მაგ კაბის პარამეტრებს. — დამიჯერე, იდეალურად გექნება. როგორც კი ყავას დავლევ, სახლში გავალ და მოვიტან... იქიდან ზუსტად ოცი წუთის შემდეგ, ლინდა საძინებელში, სარკის წინ იდგა და ტანზე მორგებულ წითელ კაბას, თითოეულ დეტალზე აკვირდებოდა. მისი სხეული, საჭირო ადგილებზე კაბას იდეალურად ავსებდა, თუმცა იმ შეგრძნებას, რომ ნახევრად შიშველი იყო, ვერაფერს უხერხებდა. — ლილე, ამაზე ამბობდი ზომიერი დეკოლტე აქვსო? — სიცილით გახედა მის სიახლოვეს მდგომ მეგობარს, რომელიც აღფრთოვანებულ მზერას არ აშორებდა. — ზომიერია, რას ერჩი? ფოტოზე რაც ვნახე, იმაზე სულ ოდნავ გამომწვევია. — მე კიდევ მგონია, რომ შიშველი ვარ. — ხუმრობ?! — ისეთი მზერა მიიღო, ლამის თვალებიდან ტყვიები გამოსცვივდა ლილეს. — დახვეწილია და საოცრად გადგას ტანზე. შენს ადგილას, ალბათ ანდერძშიც ჩავწერდი, რომ ეს კაბა ჩაეყოლებინათ. — ძალიან უნიჭოდ ცდილობ ჩემს დარწმუნებას. — კარგი რა, ნახე ეგ შავი მაღალქუსლიანიც როგორ მოუხდა კაბის დიზაინს. ლინდა საწოლთან მივიდა, ზედ ჩამოჯდა და ფეხსაცმელები შეწუხებული სახით გაიხადა. როგორი უხერხულიც არ უნდა ყოფილიყო მისთვის ასე თამამად ჩაცმა, სათადარიგო ვარიანტი მაინც არ ჰქონდა. — რომ წარმოვიდგენ იქ რამდენ ცხვირაწეულთან მომიწევს შეხვედრა, წინასწარ ვდგები ცუდ ხასიათზე, — თმა ცალ მხარეს გადმოიყარა, თან ლილეს ანიშნა ელვა-შესაკრავის გახსნაში დახმარებოდა. — შენ ის მითხარი ამ კაბას რას უპირებ, ჩაიცვამ? — ჩავიცვამ, ჩავიცვამ, სხვა რა გზაა. — შეწინააღმდეგებას, ისევ დანებება ამჯობინა გოგონამ და როგორც კი ლილემ შესაკრავი გაუხსნა, კაბა ფრთხილად ჩაასრიალა ქვემოთ. — თუ ასეა, ჩემი, როგორც კეთილი ფერიის მისია შესრულებულია. ახლა პრინცმა უნდა ივარჯიშოს ამ კაბის გახსნაში. — სანამ ზღაპარში ცვლილებები შევიტანე და ფერიას, თავისი ჯადოსნური ჯოხით მოვცხე, სისულელეებს შეეშვას! ლილემ, პირზე ელვის შეკვრის იმიტაცია გააკეთა. რამდენიმე წამში, საწოლზე დატოვებული მოდის ჟურნალიც შენიშნა, ხელი დასტაცა და გადაწყვიტა, დრო მისი თვალიერებით გაეყვანა. * * * საღამომდე დრო იმდენად სწრაფად გავიდა, ლინდამ გააზრებაც ვერ მოასწრო. საათის ისრები თითქოს მის წინააღმდეგ იყვნენ და ათმაგად აჩქარებდნენ იმას, რასაც შინაგანად ძალიან უფრთხოდა. ვინაიდან არ იცოდა ზუსტად რომელ საათზე მიაკითხავდა ანდრო, თავის მოწესრიგების პროცედურები საკმაოდ ადრიანად დაასრულა და ზუსტად ექვსისთვის, მხოლოდ ჩაცმაღა დარჩენოდა. რადგან სამოსი წინასწარ ჰქონდა გამზადებული, ეს დიდად არც უჩქარია. ანდროს მოსვლამდე, დრო ლილესგან ნათხოვარი ლეპტოპით გაიყვანა, ზუსტად შვიდის თხუთმეტ წუთზე კი, მოსალოდნელი კაკუნიც გაისმა მის კარზე. იმ მომენტში, ანდროს გარდა არავის ელოდა გოგონა და არც შემცდარა –ზღურბლის მეორე მხარეს მართლაც ის იდგა. იდაყვში მოხრილი მკლავი, კარის ჩარჩოსთვის მიეყრდნო მამაკაცს. ნახევრად კლასიკურ სტილში ეცვა. ჯინსის შავი შარვლისთვის, ნაცრისფერი პერანგი შეეხამებინა, მაჯაზე კი ვერცხლისფერი საათი ეკეთა. სწორედ ამ საათს დახედა მან, როგორც კი ატლასის ხალათში გამოწყობილი გოგონას მოჰკრა თვალი და შემოსვლის ნებართვის აღების შემდეგ, ზღურბლსაც გადმოაბიჯა. — შევცდი, ცოტა უფრო შინაურულად უნდა ჩამეცვა ერთმანეთთან კონტრასტში რომ მოსვულიყავით. — შეკავებული ღიმილით აღნიშნა მან, რითაც ლინდას გაღიმებაც შეძლო. — დამშვიდდი, ასე არ მოვდივარ. მისაღებში დამელოდე და ხუთ წუთში მზად ვიქნები. — სიჩქარე აუცილებელი არაა, ჯერ მაინც არ ვაგვიანებთ. — არც ვჩქარობ, უბრალოდ ხუთ წუთზე მეტი მართლა არ დამჭირდება. — თავდაჯერებულად მიუგო და სულ მალე, თავისი საძინებლის კარს მიღმაც გაუჩინარდა. სანამ ტანზე გაიხდიდა, ჯერ საკეტში მორგებული გასაღები გადაატრიალა. შემდეგ ხალათი მიაფინა საწოლზე, მისი ადგილი კი წითელ კაბას დაუთმო და ფეხსაცმლის ჩაცმის შემდეგ, მაღლა აწეული თმაც ჩამოიშალა მხრებზე. ვინაიდან ცოტა დრო ჯერ კიდევ ჰქონდა, ტუჩებზე მარწყვისფერი საცხი დაიმატა და თავისი ანარეკლი კიდევ ერთხელ შეათვალიერა . კმაყოფილი დარჩა. გარეგნული იერსახისთვის, მეტი აღარაფერი ჰქონდა დასამატებელი, ამიტომ ისღა დარჩენოდა, ჩანთა აეღო და კვლავ მისაღებში მომლოდინე მამაკაცთან დაბრუნებულიყო. ანდრო, სავარძლის ნაცვლად, ფანჯარასთან მდგომი დაუხვდა. გულზე დაკრეფილი ხელებით სადღაც ძალიან შორს იყურებოდა და არც ლინდას შემოსვლისას მოუცვლია ფეხი. მხოლოდ მდუმარებას დაუსვა წერტილი და მოულოდნელად, უკან შემოუბრუნებლად ალაპარაკდა: — შესვლისას ოთახის კარი რატომ ჩაკეტე ლინდა? — ინტერესთან ერთად, რაღაც დოზით შეფარული ბრაზიც იგრძნობოდა მის ხმაში, — რამისგან თავი დაიზღვიე? ლინდასთვის რთული საერთოდ არ ყოფილა იმის მიხვედრა, თუ რის გამო დაუსვეს ეს შეკითხვა და სცადა სიტუაცია აეხსნა. — არც მიფიქრია, რომ გამოცვლისას ჩუმად დამიწყებდი თვალთვალს. უბრალოდ, ინსტინქტურად გადავკეტე კარი. სამარისებური სიჩუმის შემდეგ, რომელიც მხოლოდ რამდენიმე წამს გაგრძელდა, მამაკაცი ფანჯარას მოშორდა და გოგონასკენ მოტრიალდა. თქმით აღარაფერი უთქვამს, მაგრამ ლინდამ ნათლად დაინახა როგორ სწრაფად შეიცვალა მისი სახის გამომეტყველება იმ მომენტში. ანდროს მზერა, თითქოს უხილავ ცეცხლად მოედო გოგონას კანს, ხოლო მისმა სიჩუმემ, ატმოსფერო ბევრად უფრო ინტიმური გახადა. — მორჩა, მე მზად ვარ, — გაუბედავად ამოიღო ხმა, რათა შექმნილი სიტუაციიდან გასასვლელი კარი გაეხსნა. იმ მომენტში, ცოტათი ინანა კიდეც ლილეს კაბის ჩაცმა. მართალია ელეგანტურად გამოიყურებოდა, თუმცა ის შეგრძნება, რომ სხეულის რაღაც ნაწილები ხილულად ჰქონდა დატოვებული, ძალზედ აწუხებდა. — კარგად გამოიყურები, — მხოლოდ მოკლე, მშრალი კომპლიმენტთ შემოიფარგლა ანდრო. ამან შინაგანად ცოტათი გააღიზიანა გოგონა, თუმცა აგრესიულს, მაინც თავაზიანი ტონი ამჯობინა: — მადლობა... შეგვიძლია წავიდეთ? — სანამ წავალთ, ერთი ჭიქა წყალი დამალევინე, კარგი? — ჰკითხა თუ არა, პერანგზე, ზედა ორი ღილი ისე შეიხსნა, თითქოს სული ეხუთებაო, — უკეთესია, თუ ყინულით იქნება. — კარგი, მაგრამ ხომ კარგად ხარ? — მშვენივრად. — ოდნავშესამჩნევად გაუღიმა, სანამ კვლავ ფანჯრისკენ მიტრიალდებოდა. სამზარეულოსკენ წასულ ლინდას, არც ის დარჩენია შეუმჩნეველი, როგორ მოუჭირა მამაკაცმა რაფას ხელები. ვერ მიხვდა, რამ გამოიწვია მისი ასეთი რეაქცია, თუმცა წ’ყლის ჭიქა მაინც ზემდეტი კითხვების გარეშე გაუწოდა და ფანჯარასთან მის გვერდით დადგა. — თუ ცუდად ხარ, საჭესთან მე დავჯდები. — არ ვიცოდი მართვის მოწმობა თუ გქონდა. — მისკენ არც გაუხედავს ისე უთხრა, თან წყალი მოსვა. — უკვე სამი წელია მაქვს... შენ რა დაგემართა? — ნუ ღელავ, ისეთი არაფერი მომხდარა, მანქანა რომ ვერ ვმართო. პასუხად, მხოლოდ თავი დაუქნია გოგონამ. მართალია გარეგნულად თავდაჯერებას ასხივებდა, თუმცა შინაგანად ძალიან იყო დაძაბული. დიდად არც არასდროს ჰყვარებია ხმაური და საზოგადო თავშეყრის ადგილები. ამას ისიც ემატებოდა, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა რა სტატუსით წარადგენდა ანდრო თავის ნაცნობებს შორის. საერთოდ რატომ გადაწყვიტა მისი წაყვანა? ეს კითხვა არა და არ ასვენებდა. გზაში მაინცდამაინც ბევრი არ უსაუბრიათ. მამაკაცის მშვიდი ტარების მანერის წყალობით, ლინდაც საკმაოდ კომფორტულად მგზავრობდა, თუმცა ერთი რამ არ აძლევდა მოსვენებას. სალონში ჩაჯდომის მომენტიდან, თავბრუსხვევის შეგრძნება გაუჩინა არომატიზატორის სურნელმა. ბოლო პერიოდში, ამჩნევდა, რომ საკმაოდ ბევრ სუნზე ჰქონდა გართულება. ზოგჯერ ეს იმდენად აწუხებდა, სუფთა ჰაერზე გასვლის მეტი, ვერაფერი შველოდა. თავბრუსხვევის შეგრძნებამ, დროის გასვლასთან ერთად, ნაპირისკენ დაძრული ტალღასავით მოიკრიბა ძალა. ბოლოს იმდენად ცუდად გახდა, რომ ყველაფერ ამას, გულისრევაც დაემატა. სწორედ ამიტომ, პირველი, რაც რესტორნამდე მისვლისას მოაფიქრდა, ეს საპირფარეშოში განმარტოება იყო. ნამდვილი მიზეზის თქმა, მამაკაცთან რატომღაც არ ისურვა. მხოლოდ ის დაუბარა, დაახლოებით ხუთი წუთი მჭირდება თავის მოწესრიგებისთვისო და საპირფარეშოს კარს უკან მიმალულმა, მართლაც რომ შვებით ამოისუნთქა. ონკანში მოშვებულ ცივ წყალს, ხელისგულები შეუშვირა გოგონამ. ესიამოვნა სიგრილე. გარედან ყრუდ აღწევდა კლასიკური მუსიკის ხმა. მშვიდი მელოდია, მეტად სასიამოვნოდ ჩაესმოდა ყურებში ლინდას და რაღაც კუთხით, სულიერადაც ამშვიდებდა. სარკეში საკუთარ ანარეკლს შეავლო მზერა. იდეალურად გამოიყურებოდა. წითელი, ტანზე მომდგარი კაბა, მისი სხეულის თითოეულ ნაწილს უზადოდ ლამაზად წარმოაჩენდა. შიშველ მხრებზე ტალღებად დაყრილი თმა, ნახევრად ფარავდა გოგონას მოშიშვლებულ ზურგს და თაფლისფრად ანათებდა მის რძისფერ კანზე. თავს უკვე ბევრად უკეთ გრძნობდა. ამან ბოლომდე დაარწმუნა, რომ მომხდარზე ნამდვილად არომატიზატორი იყო პასუხისმგებელი და გადაწყვიტა უკანა გზაზე, დროებით მისი სათავსოში შენახვა ეთხოვა მამაკაცისთვის. ვინაიდან რესტორანი წვეულებისთვის იყო დახურული, ხალხი მხოლოდ ერთ, სადღესასწაულოდ განათებულ დარბაზში შეკრებილიყო. სწორედ იქითკენ აიღო გეზი ლინდამაც და შესვლის წინ, რამდენიმე წამით ღიად დატოვებულ, ორფრთიან კართან გაჩერდა. შიგნით ცოცხალი ორკესტრი უკრავდა. ჩელოს ხმა ნაზად ერწყმოდა კლარნეტსა და ვიოლინოს, ხოლო ამ ყველაფერს, იქ თამოვყრილი საზოგადოების საუბარიც ერთვოდა. რამდენიმეწამიანი ძებნის შემდეგ, ხალხს შორის, თავისთვის სასურველ ობიექტსაც მოჰკრა თვალი. იგი, ორ ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად იდგა და მათთან ისე შინაურულად საუბრობდა, გოგონას ეჭვი გაუჩნდა, რომ ორივენი მისი ახლო ნაცნობები უნდა ყოფილიყვნენ. ანდროს ყურადღება, თანამოსაუბრეების გარდა, დარბაზის კარზეც ნაწილდებოდა. სწორედ ამიტომ, ყველაზე პირველად მან შეამჩნია შემოსასვლეში მდგომი, წითელკაბიანი გოგონა. ლინდა ერთადერთი იყო რესტორანში, ვისაც ამ ფერის სამოსი ჰქონდა შერჩეული. სწორედ ამიტომ, მალევე მოექცა დამსწრე საზოგადოების ყურადღების ცენტრში. დარბაზში მისი შემოსვლისთანავე, თავის კამპანიას მობოდიშებით გამოეყო ანდრო და გოგონასთან შესაგებებლად გაემართა. დამაბრმავენლად ლამაზი ეჩვენებოდა იმ ღამით ლინდა. წითელი კაბით სანახევროდ დაფარული მისი სხეული, გიჟურ მადას აღუძრავდა და ნორმალურად კონცენტრირებას ვეღარაფერზე ახდენდა. მოსწონდა გოგონას თავდაჭერა და გამოხედვა, რომლითაც ყველას აგრძნობინებდა, რამდენად მიუწვდომელი იყო იმ თავხედური მზერის ავტორთათვის, ასე ურცხვად რომ აშიშვლენდნენ თვალებით. — ყურადღების ცენტრში მოქცევა აშკარად კარგად გამოგდის, — პირდაპირ ყურთან უჩურჩულა ანდრომ. ლამაზად ჩამოშლილი თმიდან წამოსულმა სასიამოვნო სურნელმა თავბრუ დაახვია, თუმცა ზედმეტი ყურადღება რომ არ მიექცია, მალევე მოშორდა და მკლავი მიუშვირა, რათა ხელკავი გამოედო ლინდას. — აქ შეკრებილი ქალები ალბათ ოცნებონენ მეტეორი დამეცეს. ჯობია განუმარტო, რომ მხოლოდ შენი თანმხლები ვარ ამ საღამოზე და არა მათი მეტოქე. — მტრების ყოლა ცუდი საერთოდ არაა. — არ მეგონა ამას დადებითი მხარეებიც თუ ჰქონდა. — აქვს. ასე ფორმას ინარჩუნებ და ყოველთვის მზად ხარ თავდასხმისთვის. პასუხის გაცემის საშუალება აღარ მიეცა გოგონას, რადგან ზუსტად იმ დროს, მათკენ ის მამაკაცები წამოვიდნენ, რომლებთანაც ცოტა ხნის წინ ანდრო საუბრობდა. ახლოდან დანახვისას, იქიდან ერთ-ერთში, არჩილ ბალანჩივაძის სახეც ამოიცნო. ლილეს მონაყოლიდან მშვენივრად ახსოვდა, რომ იგი ანდროს ბავშვობის მეგობარი იყო, თუმცა მეორე მამაკაცის ვინაობაზე წარდმოდგენაც არ ჰქონდა. პირველად, სწორედ ეს უკანასკნელი ალაპარაკდა: — ვხედავ, ისეთი სტუმარიც შემოგვეპარა, რომელსაც არ ვიცნობ, — წამიერად შეხედა ლინდას, შემდეგ კი გვერდით მდგომი არჩილისკენ მიატრიალა მზერა. — როგორც ჩემზე უფროსს, თავის წარდგენის უფლებას შენ გითმობ. — გაითვალისწინეთ, ასეთი თავაზიანი მხოლოდ დღესაა, — ჩაეცინა და პირველად თვითონ გაუწოდა ჩამოსართმევად ხელი გოგონას, — გამარჯობა, მე არჩილი ვარ, ანდროს ბავშვობის მეგობარი. — მე კი, რატი. — ღიმილიანი სახით ჩამოართვა ხელი მეორე მამაკაცმაც. ამ უკანასკნელს, არარეალურად ლურჯი თვალები და გარუჯული კანი ჰქონდა, ხოლო ჩაცმულობა იმაზე ბევრად უფრო თავისუფალი, ვიდრე მსგავსი წვეულებისთვის იყო შესაფერისი. — ზუსტად რატის სასტუმროს გახსნას ეძღვნება ეს საღამოც. — მართლა?! ძალიან მიხარია, გილოცავთ! — ოდნავ მშრალად, თუმცა მაინც თავაზიანად მიულოცა გოგონამ მიღწეული წარმატება. — მადლობა... ისე, დღევანდელ საღამოზე ნატალიაც უნდა დამეპატიჟა. მთელი თორმეტი წელი იმას მიმეორებდა, შენგან კაცი არ დადგება და ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევო. — ნატალია ჩვენი კლასის დამრიგებელი იყო, — გაურკვევლობა რომ არ ყოფილიყო, მაშინვე განუმარტა არჩილმა. — ყველაზე ბედნიერი დღეები მაშინ ჰქონდა, როცა რატი აცდენდა სკოლას. ღიმილიანი მზერა სამივეს მოატარა ლინდამ. უნდა ეღიარებინა, უკვე მოსწონდა ეს კამპანია. — ანუ თანაკლასელები იყავით? — მეათე კლასის ჩათვლით კი, — ამჯერადაც არჩილმა აიღო საკუთარ თავზე პასუხის გაცემის ინიციატივა. — შემდეგ რატი ბათუმში გადავიდა და თავიც დაიღუპა. — თავის დაღუპვაში იმას გულისხმობს, რომ მეზღვაურის პროფესია ავირჩიე. — სერიოზულად?! — უჩვეულოდ აღფრთოვანდა გოგონა. — იცით ბავშვობაში რამდენჯერ მომდომებია სადმე მეზღვაური გამეცნო? აჩემებული მქონდა მეკითხა, ქალთევზა თუ ჰყავდა ნანახი. — აი სადავო საკითხსაც მივადექით, — გულიანად გაეცინა რატის. — ამბობენ არსებობსო, მაგრამ ეგ იმ მეზღვაურების ფანტაზია მგონია, ვისაც ზღვაში ქალი ენატრება. მათ შემხვედვარე ანდროს, სახიდან ღიმილი არ შორდებოდა. ლინდაც საკმაოდ კომფორტულად და თავისუფლად გრძნობდა თავს. წამითაც არ ჰქონია განცდა, რომ ეს ადამიანები, ამპარტავნებით იყვნენ შეპყრობილნი და საკუთარი თავზე, გაზვიადებული წარმოდგენა ჰქონდათ. საღამო მშვიდად, ჩვეული ტემპით მიიწევდა წინ. ერთი დღისთვის, საკმაოდ ბევრი ადამიანის გაცნობა მოუწია გოგონას, თუმცა ეს სულაც არ იყო მისთვის ყველაზე უსიამოვნო. უფრო რთული იმის მშვიდად ყურება ეჩვენებოდა, თუ რამდენად პატივსაცემ, მიმზიდველ და მნიშვნელოვან პიროვნებად თვლიდა ანდროს თითოეული იქ მყოფი. ამის საკუთარი თვალით ყურება, ბევრად უფრო უმძაფრებდა გრნობას, რომ სოციალურ უფსკრულს, მასსა და ანდროს შორის პირი ზედმეტად ფართედ ჰქონდა დაღებული. არჩილისა და რატის გარდა, პიროვნულად ბევრი ადამიანი არ მოსწონებია. იმასაც ამჩნევდა, რომ შეფარულად ბევრი ცდილობდა გაეგო, რა ადგილი ეკავა ანდრო ბარათაშვილის ცხოვრებაში. შეიძლება ამ კითხვის პირდაპირ დასმას ვერავინ უბედავდა, მაგრამ ზოგიერთი ქალის უკმაყოფილო, ცნობისმოყვარე მზერა, სიტყვეზე ბევრად უფრო მეტყველი იყო. დარბაზში ყოფნიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, ანდრომ ცოტა ხნით აივანზე გასვლა შესთავაზა. ხალხმრავლობისგან და ხმაურისგან გადაღლილმა გოგონამ, ამ წინადადებაზე მაშინვე განუცხადა თანხმობა. ვინაიდან იქ მუსიკის ხმა ბევრად უფრო ყრუდ აღწევდა, საუბარსაც შეძლებდნენ, თანაც ისე, რომ ტონის აწევა არც ერთს არ დასჭირდებოდა. მშვიდი, უღრუბლო ღამე იდგა. აივნის სიმაღლეზე ამოსული ნაძვები, ნიავის დაბერვას მელოდიური შრიალით პასუხობდნენ. სავსე მთვარე, ძვირფასი გულსაბნევივით კაშკაშებდა ცის შავ ზეწარზე და მედიდურად დასჩერებოდა დედამიწას. — კიდევ ერთი საათიც და წავალთ, — ღამის სიჩუმეში, თითქოს ექოდ გაიფანტა მამაკაცის ხმა. მოაჯირთან მდგომმა ლინდამ, თავი მსწაფლ მიატრიალა მისკენ. გონებაში კითხვები ფუტკრებივით უბზუოდნენ და სწორედ ის დრო მიიჩნია შესაფერისად მათ დასასმელად: — არჩილს და რატის რა უთხარი ჩემს შესახებ? — სხვათაშორის ჰკითხა, რათა ამ თემისადმი ზედმეტი დაინტერესება არ შესტყობოდა. — უკვე დიდი ხანია ორივემ იცის სიმართლე. რატის პოლიციაში ბევრი ნაცნობი ჰყავს და შენს პოვნაშიც ის დამეხმარა. — ჰოო, ჩემნაირი რიგითი მოკვდავის მოძებნა, თქვენთვის რთული არ იქნებოდა. — რიგითი მოკვდავის? — ჩაეკითხა ანდრო, თან წამიერად შეხედა ცაზე მიბნეულ ვერცხლისფერ დისკოს. — საკუთარი თავი ისე გამოყავი, თითქოს ყველანი რიგითი მოკვდავები არ ვიყოთ. — ხომ მიხვდი, რაც ვიგულისხმე? — მივხვდი და გიპასუხებ, რომ არავის სიცოცხლე არაა სხვისაზე ფასეული. მე ნუ მაბრალებ, თუ იმათ წრეში მოხვდი, ვისაც მაგაზე განსხვავებული აზრი აქვს. ამ სიტყვების შემდეგ გამეფებულმა რამდენიმეწამიანმა სიჩუმემ, თითქოს შეფერილობაც კი მიიღო. ლინდას პასუხის გაცემა მოუნდა, თუმცა მიხვდა, რომ ანდროს არგუმენტის ფონზე, ყოველი მისი სიტყვა სულელურად გაიჟღერებდა. ამასთან ერთად, არც ჩუმად დგომა შეეძლო, ამიტომ, საუბარი სრულიად სხვა კუთხით წაიყვანა: — ვალსის მელოდია უკრავს და ხმა ოდნავ აქამდეც აღწევს. არ გინდა ვიცეკვოთ? ანდრო მთელი ტანით მოტრიალდა მისკენ. გამომეტყველებაზე შეეტყო, რომ სიტუაციის ასეთი მკვეთრი ცვლილებით, ოდნავ გაკვირვებული დარჩა. — ჰო, რა იყო? — გაეღიმა ლინდას. — ბებია ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ნამდვილმა ჯენტლმენმა ცეკვა უნდა იცოდეს. შენ როგორ გაქვს საქმე ამ მხრივ? — ბრძენი ქალი ყოფილა ბებიაშენი, — გოგონას ღიმილი, თავადაც გადაედო მამაკაცს. — თვითონ თუ ცეკვავ, როგორც ნამდვილი ლედი? — შეამოწმე. — მაშინვე მიუგო ლინდამ და ამის თქმიდან წამიც არ გასულა, რომ ანდროს ხელის შეხებაც იგრძნო მოშიშვლებულ ზურგზე. მამაკაცმა იგი თავისთან ახლოს მისწია, მეორე ხელში კი მისი ხელისგული მოათავსა და ტუჩები სულ ოდნავ შეახო საფეთქელზე. მათმა სხეულებმა ნელა დაიწყეს რწევა, ვიოლანჩელოს ჟღერადი ხმის ფონზე. ღამის მნათობის შუქი, მელოდიის ნაზი ჰანგები და მამაკაცის თითების შეგრძნება კანზე, სიმშვიდის თერაპიასავით მოქმედებდა ლინდაზე. ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს მთელი სხეულით ბანაობდა ბედნიერებაში და ამ შეგრძნებით, ნელ-ნელა ეჟღინთებოდა თითოეული უჯრედი. როდესაც ანდრომ მის თმაში ჩარგო ცხვირი, თვალები ინსტინქტურად დაეხუჭა გოგონას. არ გაუპროტესტებია. ისე იქცეოდა, თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა და ამ გზით ცდილობდა გულში ამოვარდნილი მძვინვარე ქარიშხლისგან გაქცევას. ნიკაპზე რომ თბილი ტუჩების შეხება აღიქვა, მაშინვე მიხვდა საქმე საითკენაც მიდიოდა. ამის სურვილი თვითონაც კლავდა, თუმცა როდესაც მის გონებაში, დარბაზში შეკრებილი ხალხი ამოტივტივდა, მაშინვე უკან დაიხია. — არ გინდა... აქ ბევრი ფოტოგრაფია. შეიძლება ვინმემ დაინახოს, გადაიღოს და გაავრცელოს. — ასეთი რამები არასდროს მადარდებდა. — მე მადარდებს, — ძლივსძლივობით ამოიჩურჩულა ფიქრებარეულმა. — არ მინდა ინტერნეტში სკანდალური სათაურებით მოვხვდე. ანდრომ მის დამფრთხალ თვალებს, სურვილით სავსე მზერა გაუსწორა, ხელი ჩასჭიდა და კატეგორიული ტონით ამოთქვა: — გამომყევი! თავადაც არ იცოდა რატომ, მაგრამ მის ნებას ყოველგვარი შეკითხვის გარეშე, დაჰიპნოზებულივით დაჰყვა ლინდა. თითქოს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არისო, არც ახლა ფიქრობდა ზედმეტს. კვლავ დარბაზში დაბრუნებულმა, წამიერად არჩილსაც მოჰკრა თვალი. იგი მდელოსფერ კაბაში გამოწყობილ, ლამაზ გოგონასთან ერთად სვამდა შამპანურს, ხოლო მათ შორიახლოს, საშუალო ასაკის ორ მამაკაცთან საუბრით გართულიყო რატი. ანდროს სწრაფი სიარულის წყალობით, რომელსაც ლინდა ხელჩაკიდებული მიჰყავდა თან, ფოიეში საკმაოდ მალე აღმოჩნდნენ. ის გზაც კი ბუნდოვნად დაამახსოვრდა გოგონას, რომელიც მაშინ გაიარეს. ყურებში საკუთარი გულისცემა უროსავით უკაკუნებდა, ემოციური ფონისგან კი თვალებზე ნაცრისფერი ბინდი ჰქონდა გადაკრული. დერეფნის ბოლოში, ვიწრო, ყავისფერ კართან გაჩერებისას, ელვისებურად გაჰკრა აზრმა, რომ ცუდად იქცეოდა. იფიქრა კიდეც, უკანმოუხედავად გაქცევაზე, მაგრამ იმ თითებთან გამოთხოვებაც კი გაუჭირდა, რომლითაც მისი ხელი ეჭირა ანდროს. კარს მიღმა რომ აღმოჩნდა, გარშემო მხოლოდ გამჭირვალე პარკებით შეფუთული სკამებსა და სხვა ავეჯს მოჰკრა თვალი. ამან, მაშინვე მიახვედრა, რომ საწყობში იმყოფებოდა, ხოლო საკეტის შიგნიდან გადატრიალების ხმამ, მის გულში ქურდივით შეპარული შიში გააორმაგა. — ასეთი სახით ნუ მიყურებ, მე ხელსაც არ გავანძრევ, — ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა მას ანდრო და კარზე პირდაპირ ზურგით ააკრა. — თუ კამერების წინ ვერ იკრებ სითამამეს, აქ ჩვენს გარდა არავინაა. — ვხედავ, მერე? — ის, რომ აივანზე, კოცნის სურვილისგან ტუჩები გიკანკალებდა, ახლა კი მარტო ვართ და ადგილიდანაც არ იძვრი. — სანამ აქამდე მოვიდოდით, ყველა სურვილმა გამიარა. — მე კი მგონია, რომ შეგეშინდა. — ნუ მიწვევ ანდრო! — აღიარე, რომ როცა კარი იხურება და მარტო ვრჩებით, პატარა გოგოსავით მშიშარა ხდები. მოსმენილმა, განწყობა საგრძნობლად გაუფუჭა ლინდას. იმ მომენტში, თავი მართლაც პატარა გოგონად იგრძნო, ვისაც საპირისპირო სქესის ოდნავი მიახლოებაც კი აშინებდა და ეს ვერ აიტანა. გადაწყვეტილება ნაჩქარევად მიიღო. სანამ მამაკაცი კიდევ რამის თქმას მოასწრებდა, კისერზე ხელი მოხვია და ყბის ძვალზე ისე ვნებიანად აკოცა, ანდროს მთელი ნებისყოფის მოკრება დასჭირდა უმოქმედოდ დგომისთვის. — ახლა რას იტყვი? — გამომწვევად ჩახედა თვალებში ლინდამ. გარეგნულად თავდაჯერებული ჩანდა, თუმცა გულში ჯერ კიდევ უკვირდა, საიდან მოიტანა იმხელა სითამამე, რაც ცოტა ხნის წინ გამოამჟღავნა. — კიდევ გაგონებ პატარა გოგონას? — სამწუხაროდ კი... რაც გააკეთე, ცოტა ბავშვური იყო. სითამამე აკლდა. ლინდამ მზერა სასწრაფოდ აარიდა და გაბრაზებულმა, საკეტისკენ წაიღო ხელი. მისდა სამწუხაროდ არ გამოუვიდა. ანდრომ არაფრით დაანება კარის გაღება და დაწყებულის ასე ნაჩქარევად დასრულება. — მოდი ახლა მოდუნდი და ცოტა ზრდასრულ ასაკში გადავინაცვლოთ. — თქვა თუ არა, ისე ხარბად წაეტანა მის ტუჩებს, მამაკაცის ძლიერ მკლავებში მოქცეულ ლინდას, ორივე ხელი უღონოდ ჩამოუვარდა ძირს. ეს კოცნა, სრულებითაც არ ჰგავდა წინას. ახლა ანდრო ბევრად უფრო მომთხოვნად, მოწყურებულად და ამავდროულად, სასიამოვნო სიფაქიზით უკოცნიდა ტუჩებს. მისი ცალი ხელი, გოგონას შიშველ ზურგზე დასრიალებდა, მეორე კი გაშლილ თმაში იყო ახლართული და ისე მესაკუთრულად იჭერდა, გასაქცევად შანსსაც აღარ უტოვებდა. — გთხოვ, არ გინდა... — მუდარით აღმოხდა ლინდას, როგორც კი მამაკაცი წამიერად მოწყდა მის ტუჩებს, თუმცა თხოვნას შედეგი არ გამოუღია, რადგან ანდრომ ისევ კოცნით გააჩუმა იგი. თითქოს მხრებიც კი დამძიმებოდა ამ სურვილების ზიდვისგან მამაკაცს. თვითკონტროლის მექანიზი ნელ-ნელა კარგავდა ფუნქციას, თუმცა საბოლოო დანებებისგან მაინც გმირულად იკავებდა თავს. — როგორ მინდა აქ მარტო ერთი წესი არსებობდეს ლინდა, — ნატანჯი, დაუოკებელი ლტოლვა ჩანდა ანდროს თვალებში. — წესი, სადაც გონებას თიშავ და მხოლოდ სხეულს ემორჩილები. — ანდრო გთხოვ... — ჩემს სახელს, მაგ ინტონაციით ნუ ამბობ, თორემ გაშვების შანსები იკლებს. — მიხარია გაშვების ვარიანტსაც რომ განიხილავ. — ჰო, განვიხილავ. თუ ცოტათი არ ამოგასუნთქებ, შენს პულსაციას დარბაზშიც გაიგებენ. — შენი დარბაზის იქითაც ესმით. — როგორც იტყვი, — პერანგი შეისწორა და გოგონას შუბლს, მძიმე სუნთქვით მიაყრდნო თავისი. — ისე, ამ საწყობს რომ ლაპარაკი შეეძლოს, რას აღარ მოყვებოდა... პასუხის გაცემის ნაცვლად, ხელი კვლავ საკეტისკენ წაიღო გოგონამ. ამჯერად გაუმართლა — მცირედ წინააღმდეგობასაც აღარ შეჯახებია მამაკაცის მხრიდან. მართალია ამან ცოტათი გააკვირვა, თუმცა ზედმეტ ფიქრს, მიღებული ფორით სარგებლობა ამჯობინა და გარეთ გასული, სასწრაფოდ გაუყვა ოქროსფრად განათებულ დერეფანს. რამდენიმე წამში, ზურგს უკან ნაბიჯების ხმა გაიგო. ანდრო, შესაშურად სწრაფად წამოეწია გოგონას და მის გვერდით ისე ჩვეულებრივად განაგრძო სიარული, თითქოს ცოტა ხნის წინ მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარიყო. მდუმარედ და დაძაბული მიაბიჯებდა ლინდა მამაკაცის სიახლოვეს. ეჩვენებოდა, რომ მწველი, უხილავი ცეცხლი ეკიდა ყველგან, სადაც ანდროს თითები ეხებოდნენ, თუმცა თავდაჯერებულ იერს მაინც ერთგულად ინარჩუნებდა. დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას იმ მომენტში დაუბრუნდნენ, როდესაც რატის უკვე დაემთავრებინა თავისი სიტყვის წარმოთქმა და მაშხალებით განათებულ, სადღესასწაულო ტორტს ჭრიდა. მის ირგვლივ, ფოტოგრაფები თავმოყრილიყვნენ და თითოეულ მნიშვნელოვან კადრს აფიქსირებდნენ. იქვე ახლოს, ვიდეოგრაფიც ჩანდა, რომელსაც საჭირო მოწყობილობები მოემარჯვებინა და გულდასმით ასრულებდა თავის სამუშაოს. ანდრო ისე გამოიყურებოდა, მის სახეზე, ცოტა ხნის წინ მომხდარის ვერანაირ ნიშან-კვალს ვერ კითხულობდა ლინდა. ადამიანებთან საუბარში, იმდენად თავისუფალი, უშუალო და პოზიტიური იყო, გოგონას წამით ეჭვიც კი შეეპარა, რომ საწყობის მომენტები, მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო. თავად, ჯერ კიდევ ძლიერი ემოციური ფონის ქვეშ იყო. ეგონა, რომ ყოველი გაფიქრებული წინადადება, შუბლზე სიტყვა-სიტყვით ეწერებოდა და მას სხვებიც კითხულობდნენ. ნორმალურად არც კი ახსოვდა რას ელაპარაკებოდნენ, რა კითხვებს უსვამდნენ, ან თავად რას პასუხობდა გარშემო მყოფთ. რატისა და არჩილის კამპანიაში ყოფნა ძალიან ართობდა და სიამოვნებდა, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ ახერხებდა მათ საუბარზე კონცენტრირებას. ვინ იცის რამდენჯერ მოუნდა იქიდან აორთქლება ან გაქცევა. ანდროს გვერდით მდგომს, თითქოს სული ეხუთებოდა და დაძაბულობისგან დაჭიმული სხეული ისე სტკიოდა, ძალითაც კი ვეღარ იღიმოდა. დარბაზში კიდევ ერთი ნაზი მელოდიის ჰანგები გაიბნა. ცოცხალი ორკესტრი, რომლის წამყვან ნაწილს ვიოლანჩელო წარმოადგენდა, იქაურ გარემოსა და სიტუაციას ძალზედ უხდებოდა. სტუმრები მხიარული სახეებით იწვევდნენ ერთმანეთს საცეკვაოდ. თავად ლინდას, ერთხელაც არ მოსვლია აზრად მათ რიგებს შეერთებოდა. ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ არჩილმა, რატისთან მოსაუბრე ანდროს, გოგონასთან ცეკვის ნებართვა არ სთხოვა. ანდრომ მხოლოდ წამიერად გახედა ლინდას, თუმცა ეს მზერაც კი იმდენად თამამამი და დაჟინებული გამოუვიდა, მთელ სხეულზე ცხელმა ჟრუანტელმა დაუარა გოგონას. — გააჩნია თვითონ რას გეტყვის. თუ თანახმაა, მე რატომ უნდა ვიყო წინააღმდეგი? — რას იტყვი, წავიდეთ? — ამჯერად თავად მას მოუბრუნდა არჩილი. თვალებში რაღაც იდუმალი ედგა. თითქოს მზერით ანიშნებდა, ცეკვა მხოლოდ მიზეზია და შენთან საუბარი მსურსო. მხოლოდ რამდენიმე წამს იყოყმანა ლინდამ. იმ მომენტში, ცეკვა დიდად არ სურდა, თუმცა პოზიციები მაინც დათმო და მამაკაცის გამოწვდილ ხელს, უხალისოდ შეაგება თავისი მარჯვენა. საცეკვაოდ გამოყოფილ სივრცეში, საკმაოდ ბევრი ხალხი ირეოდა. მუსიკის ჟღერადობაში, ხმის გაგება ოდნავ ჭირდა, თუმცა არჩილმა ხმამაღალი ტონი მოიშველია და საუბრის უკეთ გასაგებად, ტუჩები ყურთან მიუახლოვა გოგონას. — იმედია ცეკვა იცი და ჩემს ფეხსაცმელს არაფერი ემუქრება. — თქვენდა საბედნიეროდ, ვიცი. — ძალიან კარგი. — ლინდას ღიმილს, თავისი შეაგება მამაკაცმა, რის შემდეგაც ვალსის მელოდიას ორივენი ერთდროულად აჰყვნენ. რამდენიმე წამის განმავლობაში, უხმოდ უწყობდნენ ერთმანეთს ფეხს. ლინდას ცალი თვალი ანდროსკენ ჰქონდა მიმართული, რომელიც რატისთან ერთად იდგა და მათ იშვიათად თუ გამოიხედავდა ხოლმე. ამასთანავე, ცდილობდა ყურადღებით ყოფილიყო და ცეკვისას შეცდომა არ დაეშვა. არჩილი იდეალური მეწყვილე გამოდგა. პირველივე წამიდან შეატყო, რომ ამ საქმეში გამოცდილება ჰქონდა და ეს უფრო უადვილებდა ყურადღების მოკრებას. — სანამ მუსიკა უკრავს, შენთან გასაუბრება მინდა. — ვიოლანჩელოს ნაზ ჟღერადობას, უეცრად მამაკაცის ხმაც შეერწყა. ამან საბოლოოდ გამოაფხიზლა ლინდა. ზუსტად მაშინ დარწმუნდა, რომ ინტუიციას არ უღალატია და არჩილს მართლაც სურდა საუბარი. — კი ბატონო, რისი თქმა გინდათ? — თქვენობითი ტონის გარეშე, კარგი? — ისეთი თბილი, კეთილმოწყობილი მზერით შეხედა მამაკაცმა, ლინდას ტუჩები უნებურად გაიქცა განზე. — კარგი, ასე იყოს. — უბრალოდ მალე ძალიან დიდი რამ დაგვაკავშირებს ერთმანეთთან. მაგ ბავშვისთვის, მეორე მამასავით ვიქნები და მინდოდა ცოტა ხნით ცალკეც დაგლაპარაკებოდი. მგონი აქ ყოფნა დიდად არ მოგწონს, ხომ? გოგონას კვლავ გაეღიმა. — არასწორად ნუ გამიგებ. ასეთ საღამოებს შეჩვეული არ ვარ, მაგრამ შენც და რატიც სასიამოვნო ადამიანები ხართ. ამჯერად, არჩილის ტუჩებს მოადგა ღიმილი. მან გოგონა ფრთხილად დაატრიალა, წინ დაიყენა და კიდევ რაღაცის თქმა დააპირა, რომ ლინდამ დაასწრო: — გავიგე შენ და ანდრო დიდი ხანია ერთმანეთს იცნობთ. — ჰო, პირველი კლასიდან. ერთხელ, უფროსკლასელებთან ჩხუბში დამეხმარა და მას შემდეგ, ცხოვრების ყველა ეტაპი მასთან ერთად მაგონდება. — ძალიან გაგიმართლათ. მხოლოდ იღბლიანებს ჰყავთ ერთი და იგივე მეგობარი ცხოვრების ყველა ეტაპზე. — ნუ ღელავ, ერთ დღეს თვითონ გაგცემს ყველა იმ კითხვაზე პასუხს, რაც გაინტერესებს, — ისე უყურებდა ამის თქმისას მამაკაცი, თითქოს მის თითოეულ ფიქრს დიდ ეკრანზე კითხულობსო. — რთული მისახვედრი არაა, რომ ჩემგან, მასზე მეტის გაგებას ცდილობ. თავდაპირველად, ლინდამ გადაწყვიტა ეუარა, თუმცა ბოლოს მაინც გულწრფელობა არჩია, მით უმეტეს, რომ არჩილი, როგორც პიროვნება, მასში დადებით ემოციებს იწვევდა. — ჩემს ადგილას, შენც ასე მოიქცეოდი. ბუნებრივია, რომ მაინტერესებს, როგორი ტიპის ადამიანს დაუძახებს ეს ბავშვი მამას. მამაკაცმა წამიერად გაიხედა გვერდზე, შემდეგ კი მზერა კვლავ თანამოსაუბრისკენ მიმართა. — ანდროს ძალიან რთული წარსული ჰქონდა, — პირდაპირ თვალებში უყურებდა ამის თქმისას იგი. — მსგავსი რამების გადატანის შემდეგ, ბევრ ადამიანს ნერვები უფუჭდება, თუმცა ახლობლებთან ურთიერთობაში ამას არასდროს უჩენია თავი. შინაგანად ნაწილებად რომც იშლებოდეს, საყვარელ ადამიანებზე ბრაზს არასდროს ამოანთხევს. — სამაგიეროდ, მის უმცროს ძმაზე იმოქმედა წარსულის ტრავმებმა. — ვლადი სხვა თემაა, — ჩაეცინა არჩილს. — ბავშვობიდან ფეთქებადი იყო, თუმცა ახლაც ბავშვია და იმედს ვიტოვებთ, ოდესმე ეშველება. მუსიკა შეწყდა. მადლობის ნიშნად, მამაკაცი თავაზიანად ეამბორა გოგონას ხელს, შემდეგ კი ხელკავი გამოსდო და კვლავ იმ ადგილისკენ წაიყვანა, სადაც ცეკვის დაწყებამდე იდგნენ. — ტაშის დაკვრა მინდოდა, მაგრამ ცალ ხელში შამპანური მიჭირავს და ვერ მოვახერხე. —ღიმილიანი სახით აღნიშნა რატიმ, როგორც კი არჩილი გვერდით ამოუდგა, — ასე ცეკვა სად ისწავლე ლინდა? დარბაზში ყველას ყურადღება მიიქციე. — სპეციალურ სტუდიაში არ მივლია, თუ ამას გულისხმობ. — მაგრამ მაინც იდეალური იყავი, — საუბარში ანდროც ჩაერთო. — მადლობა... პარტნიორმაც საკმაოდ შემიწყო ხელი, — ღიმილით გახედა არჩილს. მიიღო თუ არა მამაკაცისგან საპასუხო ღიმილი, მალე მისი ხმაც მოესმა: — თქვენის ნებართვით, მე და რატი ცოტა ხნით მოსაწევად გავალთ. რესტორნის შინაგანა წესი აივანზე მოწევასაც კრძალავს, ამიტომ, ეზოში უნდა ჩავიდეთ. ბიჭები რომ დარბაზის გასასვლელისკენ დაიძრნენ, ლინდამ სივრცეში უაზროდ დაიწყო ყურება. ახლა თუ რაღაცაზე არ წამოიწყებდა საუბარს, თავის გონებაში აზუზუნებული ფიქრები შეშლიდა ჭკუიდან, ამიტომ ის იკითხა, რაც ენაზე პირველად მოადგა: — ცუდია, რომ ჯანმრთელობას სიგარეტით ინადგურებენ. ანდრომ მხოლოდ მაშინ გამოხედა, როდესაც თავისი ბოკალიდან ქარვისფერი სითხე მოსვა. — მხოლოდ ელექტრო-სიგარეტს ეწევიან, ხილის არომატებით. ნიკოტინის შემცველობა მინიმალურია. — გასაგებია. მათ შორის ჩამოვარდნილი რამდენიმეწამიანი დუმილი, გოგონასთვის მოულოდნელად, ბასრპირიანი მახვილივით გაკვეთა ანდროს სიტყვებმა: — შენი ტუჩების გემოს, ჯერ კიდევ ვგრძნობ. რთულია ისეთი სახის მიღება, თითქოს არაფერი მომხდარა. — არადა მშვენივრად გამოგდის. — ეს ნებისყოფის შედეგია და არა გულგრილობის. არ იფიქრო, რომ რაც საწყობში მოხდა, უბრალოდ მოხდა და მეტი არაფერი. — ანდრო, შეწყვიტე ამის კეთება! — უკვე გვიანია... მამაკაცის მზერამ, ლამის სუნთქვა შეუკრა გოგონას. ეჩვენებოდა, რომ ანდროს არსებობა, ის გამოცდა იყო, გრძნობებთან ხელჩართული ბრძოლის გაჩაღების გარეშე რომ ვერასდროს ჩააბარებდა. მისთვის თვალის გასწორება, უზარმაზარი კოცონის ახლო მანძილიდან ყურებას ჰგავდა. ეს ყველაფერი, ერთდროულად იზიდავდა და აშინებდა. ამ გაორებულ შეგრძნებებს შორის, თავჩაღუნული იჯდა გამოსავლის პოვნის იმედით სავსე მისი სული. დარბაზიდან გასული არჩილი და რატი, უკან მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდნენ. ამან მცირედი შვება მოჰგვარა გოგონას. მათთან საუბარსა და ურთიერთობაში, ოდნავ მაინც გადაჰქონდა გულში ქარიშხალივით მძვინვარე ეიფორია, თუმცა ისიც კარგად ახსოვდა, რომ წინ ანდროსთან ერთად მგზავრობა ელოდა. ვინაიდან, შინ დაბრუნებას საშიში უფსკრულივით უფრთხოდა, მოეჩვენა, რომ დრო იმაზე ბევრად უფრო სწრაფად გადიოდა, ვიდრე ჩვეულებრივ. სტუმრების მცირედი ნაწილი, წასვლის წინ რატის დაემშვიდობა კიდეც, თუმცა ხალხის უმეტესობა მაინც აგრძლებდა გართობასა და ზეიმს. ანდრომ რომ წასვლის შესახებ დაძრა სიტყვა, რესტორანში სტუმრების პირვანდელი რაოდენობის ნახერვარი დარჩენილიყო. ქუჩებში გამეფებულ სიბნელეს, უკვე ლამპიონების ჯარი ებრძოდა, ხოლო ზაფხულის გრილი ნიავი, ჰაერში მცენარეების სურნელს ატრიალებდა. — ანდრო, იქნებ ცოტა ხნით კიდევ გადაგვედო დამშვიდობება? — შესთავაზა რატიმ, როცა გასაცილებლად მიჰყვებოდა, შენობის ავტოსადგომზე. — არჩილს, ჩემთან ლუქს-ნომერი აქვს აღებული, მეც ერთ საათში დავასრულებ ყველაფერს და ცოტა კიდევ გავერთოთ. — ამჯერად უჩვენოდ, კარგი? —წამითაც არ დაფიქრებულა, ისე გასცა პასუხი მამაკაცმა. — ლინდაც ძალიან დაიღალა და მეც. ჯობია დავისვენოთ. გოგონამ, გულში უდიდესი მალდობა მოუხადა ანდროს, მიღებული გადაწყვეტილებისთვის. მართალია, მისმა მეგობრებმა, პიროვნული კუთხით საკმაოდ მოხიბლეს, თუმცა უცხო სახლში დარჩენას, ათასჯერ ერჩივნა საკუთარ ბალიშზე ჩახუტებულს ძილი. — კარგი, მაშინ მშვიდობიანი გზა. ლინდა, გაგვიხარდა შენი გაცნობა. — მეც გამიხარდა თქვენი გაცნობა, რატი. — ერთ დღეს ისევ შევხვდებით, — უკვე მანქანასთან იყვნენ მისულები, არჩილიც რომ დაემშვიდობა, მერე კი, ანდროს დაადო მხარზე ხელი. — შენ, ეს საღამო არ ჩაგეთვალა. იცოდე აანაზღაურე. — აუცილებლად... ლინდა, წავედით? — წავედით. გრილი ნიავი, კვლავაც არ წყვეტდა ქალაქის ქუჩებში ღამეულ ხეტიალს. ხავერდოვან ცაზე მიმოფანტული ვარსკვლავები, სუსტად ანათებდნენ, ხოლო დილანდელი სიცხისგან გახურებული ასფალტი, რბილ სითბოს აფრქვევდა ჰაერში. ანდრო მდუმარე პოზიციაში ატრიალებდა ავტომობილის საჭეს. მისი თვალები და ყურადღება, მთლიანად გზაზე იყო ორიენტირებული, თუმცა არა იმიტომ, რომ სათქმელი არაფერი ჰქონდა. უბრალოდ გოგონას უქმნიდა იმ პირად სივრცეს, სადაც რაღაც პერიოდით, სრულიად მარტო დარჩებოდა, საკუთარი ფიქრების ხმაურთან. ატმოსფერო დაძაბული და ამავე დროს, აუტანლად ინტიმური იყო. უხილავი ბარიერი, რომელიც მათ შორის მდუმარების სახით აღმართულიყო, მხოლოდ სოფელში შესვლამდე იდგა მყარად, ადიშის გზაზე კი, მას ანდროს სიტყვებმა გაუჩინა ბზარი: — იმედია მანქანიდან უსიტყვოდ გადასვლას არ აპირებ, როცა შენს სახლთან მივალთ. თითქოს აქამდე პარალელურ სამყაროში მოგზაურობდაო, მხოლოდ იმ წამს გაითავისა გოგონამ, თუ რა ადგილას იყვნენ ტერიტორიულად. თავისდა გასაკვირად, ოდნავადაც არ შეუწუხებია იმ სურნელს, რომელმაც მესტიამდე მგზავრობისას შეუქმნა დისკომფორტი. მართალია, ანდროსთვის არომატიზატორის ჩამოხსნა აღარ უთხოვია, მაგრამ ყველაფერმა მაინც ზედმეტი გართულებების გარეშე ჩაიარა. — შემთხვევით იმაზე ხომ არ მიმანიშნებ, რომ სახლში შეგიპატიჟო? — გამომცდელი მზერა ესროლა მას ლინდამ, რაზეც ღიმილი ვერ შეიკავა მამაკაცმა. — არა... ახლა სტუმრობისთვის ძალიან გვიანია, მაგრამ თუ დაპატიჟება გინდა, ხვალ ძალიან ბევრი თავისუფალი დრო მაქვს. ლინდა მიხვდა, რომ თავისივე სიტყვები საკმაოდ ოსტატურად შეუტრიალეს და ანდრომ ისინი ბოლომდე საკუთარ ინტერესებს მოარგო. მიუხედავად ამისა, გადაწყვიტა სიმხდალე წამითაც აღარ გამოემჟღავნებინა: — ანუ ხვალ თავისუფალი დრო გაქვს და არაფერს გეგმავ. — ასეა. — მცირეხნიანი პაუზის შემდეგ გაეპასუხა მამაკაცი. მანქანა ნელ-ნელა უახლოვდებოდა მათ ეზოებს და ლინდას უკვე კარგად შეეძლო წინა ფარებით განათებული სახლების დანახვა. — მაშინ, იტალიურ პიცას გამოვაცხობ და ჩემთან დაგპატიჟებ, რას იტყვი? — ღვედი შეიხნა გოგონამ. ჭიშკართან მისვლამდე, სულ რაღაც წამები რჩებოდა. — ესე იგი პიცაზე... თანაც შენთან, სახლში... — იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ პრესტიჟულ რესტორნებში მომზადებულს არ ენდობი და მიშლენის ვარსკვლავებზე არ ხარ ჩაციკლული. ანდრომ, ავტომობილის ძრავა ლინდას ეზოსთან გამორთო და მთელი ტანით გოგონასკენ მობრუნებულმა, იგი გამჭოლი მზერით “დააჯილდოვა”. — სიტუაციას, განსაკუთრებულს კამპანია ხდის და არა, მიშლენის ვარსკვლავები. — ასეთი აზრები გულიდან მოდის, თუ უბრალოდ შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობ? — არ მიცდია, მაგრამ შენი სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ, გამომივიდა. ლინდამ პირდაპირ პასუხს თავი აარიდა. გადაწყვიტა შემოვლითი გზით ეთქვა სათქმელი: — ყოველთვის ახდენს შთაბეჭდილებას ის, ვისთვისაც კამპანია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გარემო. სავარძლის საზურგეს მიეყრდნობილი ანდრო, ჯერ ფრთხილად წაეთამაშა თმის დაბოლოებაზე გოგონას, მერე კი მისი კულულები თითებს შორის გაასრიალა და სახე, სახესთან ახლოს მიუტანა. — ანუ ხვალ შენთან ვსადილობთ. — ჩემი ოჯახის წევრებს თუ არ ჩავთვლით, კაცისთვის პიცა არასდროს მომიმზადებია. პირველი იქნები. — მაშინ, სურვილს ჩავიფიქრებ, რომ ხვალაც მაგ კაბით დამხვდე. — კარგი რა, ზუსტად ვიცი, მხოლოდ ზრდილობის გამო მითხარი კარგად გამოიყურებიო. თან, პიცისთვის ეს კაბა მეტისმეტია. — მხოლოდ ზრდილობის გამო? — ისეთი მწველი გახდა ანდროს მზერა, თვალის არიდების გარდა, ვერანაირი ხელჩასაჭიდი ვერ იპოვა გოგონამ. — შენი აზრით, როცა დაგინახე ერთი ჭიქა წყალი რატომ გთხოვე? არაფერი უპასუხა ლინდამ. მხოლოდ ნერწყვი გადააგორა გამომშრალ ყელში, თუმცა სახეზე აშკარად შეეტყო, რომ მამაკაცის სიტყვების ქვეტექსტს ბოლომდე ჩასწვდენოდა. — ჰო, გამოიცანი... წყურვილი არაფერ შუაში იყო. — თქვა თუ არა, სალონიდან ისე გადავიდა, თითქოს რაღაც ძალიან სახიფათოსგან გარბისო და მანქანას მეორე მხრიდან მოუარა, ლინდასთვისაც რომ გაეღო კარი. 8 8 8 8 ნათელი დილა გათენდა ადიშში. ციდან მზემ გაუღიმა დედამიწას. ფიქრების კორიანტელში ჩაძინებულმა ლინდამ, გვიანობამდე ვერ შეძლო თავის ბალიშთან გამოთხოვება და საწოლიდან მხოლოდ მაშინ წამოდგა, როცა ანდროს სტუმრობამდე, სულ რაღაც ორი საათი იყო დარჩენილი. პიცის მომზადების პროცესში, გადაწყვიტა ლილე დაეხმარებინა. მანამდე სახლი დაალაგა და სასიამოვნო არომატისთვის, მისაღების თაროზე, რიტუალის სურნელოვანი ჩხირები შემოდო. მართალია მასშტაბური არაფერი ხდებოდა, მაგრამ მაინც უნდოდა ყველაფერი იდეალურ წესრიგში ყოფილიყო. ვახშმისთვის საჭირო ჭიქები და თეფშებიც კი ისე გააპრიალა, სურვილის შემთხვევაში, მათში საკუთარი ანარეკლის დანახვაც შეეძლო. ლილე, ხუთი წუთის გადმოსულიც არ იყო, ხელში რომ სათადარიგო დანა მიაჩეჩა და დასაჭრელად, საგულდაგულოდ გარეცხილი ბულგარული ჩააბარა. კერძების მომზადება ისედაც მშვენივრად გამოსდიოდა, თუმცა დღეს განსაკუთრებით სურდა მოენდომებინა. ოდნავ ღელავდა კიდეც და დეტალებსაც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა. ერთის მხრივ, ნერვები ეშლებებოდა თავის ასეთ მერკანტილიზმზე, თუმცა შთაბეჭდილების მოხდენის სურვილი ყველაფერ დანარჩენზე ძლიერი იყო და სხვანაირად მოქცევის საშუალებას არ აძლევდა. გარეგნულად უბრალოდ, თუმცა ლამაზად გამოიყურებოდა. თმის მცირედი ნაწილი, ზემოთ ჰქონდა აწეული, მეორე ნაწილი კი თაფლისფერ ტალღებად ეფინებოდა რძისფერ მკლავებზე. ტანზე თხელი, ფერადი სარაფანი მოერგო, ზომიერი დეკოლტით, სამკაულებიდან კი, მხოლოდ ბებიის ნაჩუქარი სამაჯური ეკეთა. განსაკუთრებულ მომზადებას არ აპირებდა. არ სურდა ანდროს ეფიქრა, რომ ასე საგანგებოდ მისთვის გამოეწყო, ამიტომ არც მაკიაჟის გაკეთებას გეგმავდა. დიდად არც თვლიდა რომ ეს სჭირდებოდა. ერთ-ერთი, რითაც თავის თავში ამაყობდა, ეს უჩვეულოდ გლუვი და ყოველგვარი ნაწიბურისგან თავისუფალი კანი იყო, ამიტომ მაკიაჟის “თერაპიას” თითქმის არასდროს მიმართავდა ხოლმე. — ცომი წინასწარ გაქვს მომზადებული ხომ? — ბულგარულის წვრილად დაჭრას მორჩა თუ არა, მაშინვე ასწია თავი ლილემ. ნიორის გარჩევით დაკავებულმა ლინდამ, თავისკენ მომართულ შეკითხვას წამსვე გასცა პასუხი: — ჰო, წინა დღეებიდან მქონდა მორჩენილი. კიდევ კარგი, ეს სახლი ყველანაირი ტექნიკით რომ გაქვთ უზრუნველყოფილი, თორემ მომიწევდა პიცა ბუხარში გამომეცხო. — აქაურობა ისედაც მიყრუებულია, — ხვნეშით აღნიშნა ლილემ. — ონისეს არ უნდა რამის ნაკლებობას განვიცდიდე ცივილიზებული სამყაროდან. — მესმის შენი. ახალგაზრდა გოგო ხარ და გიჭირს აქ ცხოვრება. — კარგი, მაგას შევეშვათ... ჯობია ის მითხრა, შენი და ანდროს ერთობლივი სადილი რას ნიშნავს? — ცბიერი მელასავით უელავდა თვალები, შუბლზე კი მხოლოდ ერთი სურვილი — რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მიღება ეწერა. — რას უნდა ნიშნავდეს? უბრალოდ პიცას შევჭამთ, ცოტას ვისაუბრებთ და დავიშლებით. — ლინდა, შუბლზე სადმე იდიოტი მაწერია? — იდიოტი არა, მაგრამ ჭორიკანა ნამდვილად გაწერია. — კარგი რა, შენზე უმცროსი რომ ვარ, ამიტომ არ მიყვები არაფერს? — სახე საავდრო ღრუბელივით მოეღუშა. — თუ გოგოები ყავას ერთად ხშირად სვამენ, ესე იგი დაქალებიც არიან, ამიტომ არაფერი უნდა დამიმალო. — ჩვენ შორის ისეთი არაფერი ხდება, რაზეც მოყოლაა საჭირო, ლილე. — მაგრამ მისდამი სიმპათიები გაქვს, ეს მაინც არ უარყო. გოგონამ უპასუხოდ გახედა ღიად დატოვებულ ფანჯარას. მეგობრის მომლოდინე მზერას, თვალს სპეციალურად არ უსწორებდა, თუმცა იმასაც ხვდებოდა, რომ დუმილს დიდხანს ვერ გაწელავდა. — ამაზე ლაპარაკი ჯერ ძალიან ადრეა. — სრულ უარყოფას, საბოლოოდ მაინც შუალედური პასუხი ამჯობინა ლინდამ. — ჰო ადრეა, აბა რა. მისი მოსვლისთვის ისე ემზადები, თითქოს მაგ პიცის გამოცხობისთვის ნობელის პრემიით გაჯილდოვებდეს. — ენაჭარტალა ბავშვი ხარ. — ეს ენაჭარტალა ბავშვი რომ არა, სიმართლეს არავინ მოგახლიდა პირში. — ლილე, თუ დასახმარებლად მოხვედი, დამეხმარე. ჯერჯერობით მხოლოდ ხელს მიშლი. — კარგი ჰო, გეხმარები, — როდესაც მიხვდა ვერაფერს დააცდენინებდა, თვალები მობეზრებულად აატრიალა და ამჯერად ლორი გადმოიღო დასაჭრელად. ერთობლივი ძალისხმევით, ყველაფერს ორჯერ უფრო ადრე მორჩნენ, ვიდრე ჩვეულებრივ. საბოლოოდ, გამოსაცხობად მზადმყოფ იტალიურ პიცას, ღუმელში მიუჩინეს ადგილი, თავად კი სამზარეულოს მაგიდას მიუსხდნენ და მოლოდინის პროცესში, ცივი წვენით სავსე ჭიქებიც დაიდგეს წინ. — დღეს დილით, ანდროს უმცროსი ძმა გამოვიწერე ინსტაგრამზე, — ჯიბიდან მობილური ამოიღო ამის თქმისას ლილემ. — მოდი შენც გაჩვენებ, ძალიან საინტერესო კონტენტი აქვს. დროის გაყვანის მიზნით, ლინდამ ძალიან ბევრ მოკლე ვიდეოს უყურა. უნდა ეღიარებინა, მეტად სახალისოდაც მოეჩვენა, თუმცა ძმებს შორის ვერანაირი ფიზიკური მსგავსება ვერ აღმოაჩინა. ვლადი და ანდრო ერთმანეთისგან ზუსტად ისე განსხვავდებოდნენ, როგორც სინათლე და სიბნელე, ეს კი ცნობისმოყვარეობას უფრო მეტად უღვივებდა ლინდას. ვერ უარყოფდა, რომ ბოლო პერიოდში, ინტერესი კლავდა, როგორი იყო ბარათაშვილების ცხოვრება, რა დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთისადმი ან, რა ხდებოდა მათი რეზიდენციის კედლებს მიღმა. — რომელ საათზე უნდა მოვიდეს? — გადადეს თუ არა მობილური გვერდზე, მაშინვე ჰკითხა ლილემ. — ვისზე ამბობ? — რიჩარდ გირზე, — გაეცინა, თან ბლომად მოსვა წვენი, — ვისზე უნდა ვამბობდე, ლინდა? — ორმოც წუთში უკვე აქ უნდა იყოს, — მისი სიტყვები არ შეიმჩნია და პირდაპირ საათს შეხედა. — მგონი გარედან მანქანის ხმა შემოდის. წავალ, ვნახავ ჩემთან ხომ არ მოვიდა ვინმე. ონისე ამანათს ელოდებოდა. — შეიძლება ონისე და ნინია დაბრუნდნენ მესტიიდან. — ბაბუას მანქანას სხვანაირი ხმა აქვს, — კიდევ ერთხელ მოსვა გოგონამ თავისი ჭიქიდან და ფეხზე წამოდგა. მხოლოდ ლინდა დარჩა თავის ადგილას და წამით თვალიც გააყოლა ფანჯრისკენ გაქცეულ მეგობარს. ფიქრებში გართულს, ამის მეტად, ყურადღებაც აღარ მიუქცევია მისთვის, — ყოველ შემთხვევაში მანამ მაინც, სანამ ლილეს უეცარი, გაკვირვებული შეძახილი არ მოესმა. — რა იყო, მოხდა რამე? — ანდროს მანქანაა, — პასუხი ისე გასცა, უკან არც კი მოუხედავს. — მგონი სადღაც მიდის. — მიდის? — როგორც ჩანს. — სად მიდის? — სასწრაფოდ წამოდგა ფეხზე და ფანჯარასთან მიირბინა ლინდამ. შავი გელენდვაგენი მართლაც ტოვებდა იქაურობას, თანაც საკმაოდ სწრაფად. — იქნებ დესერტის საყიდლად წავიდა სადილისთვის? — წარმოდგენა არ მაქვს, — თან ესაუბრებოდა, თან გზას გაჰყურებდა. რატომღაც, პარაზიტი ჭიასავით შეუძვრა გულში ცუდი წინათგრძნობა. არ იცოდა რის გამო, მაგრამ დღის ლამაზად გაგრძელებაში უკვე ეჭვი შეჰქონდა და ეს შეგრძნება ნელ-ნელა მის გონებაშიც იჭრებოდა. — ჯერ ხომ ადრეა? — მხრები აიჩეჩა ლილემ. — როცა მოსვლის დრო მოვა, გამოჩნდება. უხმოთ მოშორდა ლინდა ფანჯარას. ასევე უხმოდ დაბრუნდა თავის ადგილას და წვენის სმა გააგრძელა. რამდენიმე წამში, მას ლილეც შეუერთდა, რომელსაც ალაგ-ალაგ, ღუმელში შედებული პიცისკენაც ჰქონდა ყურადღება. — კარგი, ცხვირი ნუ ჩამოუშვი რაა. — ცხვირი რატომ უნდა ჩამოვუშვა? არ მოვა და შენ იქნები ჩემი დეგუსტატორი. — თუ გულწრფელად საუბარი არ გამოგდის, ტყუილებით მაინც ნუ მილაყებ ტვინს. ცნობისთვის, რაც უფრო მალავ ნეგატიურ გრძნობებს, მით უფრო რთული ხდება მათი ატანა. სამზარეულოში მდუმარებამ დაისადგურა. სიჩუმეში მხოლოდ ლინდას მაჯის საათის წიკწიკი ისმოდა, რომლის ისრებიც შეუჩერებლად მისდევდნენ ერთმანეთს. დრო მიდიოდა. გოგონები მხოლოდ აქა-იქ თუ ცვლიდნენ სიტყვებს, დანარჩენ დროს კი დუმილში ატარებდნენ. ამასობაში, პიცის გამოცხობის პროცესიც მიუახლოვდა დასასრულს და ლინდამ იგი სპეციალური ხელთათმანით გამოიღო ქურიდან. მაგიდა თითქმის გაშლილი იყო. ანდროს მოსვლამდეც სულ ცოტა დრო რჩებოდა, მაგრამ ლილე ჯერჯერობით შინ მაინც არ მიიჩქაროდა. თუკი ეს დღე ისე ვერ ჩაივლიდა, როგორც დაგეგმილი იყო, სურდა მეგობარი მარტო არ დაეტოვებინა და მის გვერდით ყოფილიყო. — გინდა პიცის ერთი ნაჭერი მოგიჭრა? — უხალისოდ ჰკითხა ლინდამ. მოლოდინის პროცესში, ცალი თვალი და ყური ჯერ კიდევ ფანჯრისკენ ჰქონდა, თუმცა ყოველი წუთის გასვლასთან ერთად, გულისწყვეტით აცნობიერებდა, რომ ახალი არაფერი ხდებოდა. — ლინდა, ალბათ რაღაც საქმეზე მოუწია წასვლა, ცოტა ხნით კიდევ დაელოდე. — თვითონ მაინც თუ გჯერა იმის, რასაც ამბობ, ლილე? — მჯერა და ნურც შენ განეწყობი პესიმისტურად. — უკვე დროც იყო, აქაურობა მობეზრებოდა, — ისე განაგრძო, თითქოს მხოლოდ საკუთარ თავს ესაუბრებაო. — თავისი მდიდრული ცხოვრება და მაღალი სტანდარტები მოენატრა, ამიტომ ადგა და წავიდა. — სისულელეს ნუ ამბობ, მისთვის რიგითი გამვლელი არ ხარ. თვითშეფასების ნიშნული გაქვს ასაწევი. — ჩემი თვითშეფასების ნიშნული ზუსტად იქაა, სადაც უნდა იყოს და იმასაც მეუბნება, რომ თუ ვარსკვლავებთან თამაშს არ შევწყვეტ, მიწაზე მწარედ დავენარცხები. — ლინდა... — საპირისპიროში დარწმუნებას არც ეცადო! — წამოწყებისთანავე, კატეგორიული ტონით გააწყვეტინა საუბარი. — გამხნევება არ მინდა, ისედაც კარგად ვიქნები. რაც ბებია აღარაა, როცა დავეცემოდი არავინ მაყენებდა, როგორც პირდაპირი, ისე ირიბი გაგებით. ნატკენ მუხლსაც საკუთარი ხელით ვიხვევდი და წარუმატებლობასაც ჩემით ვუმკლავდებოდი. ეს ბევრ რამეში გამომადგა და არც დღევანდელის გამო ვაპირებ ვენების გადაჭრას. პასუხის გაცემის ნაცვლად, ღრმად ამოიოხრა ლილემ. ეს ის სიტუაცია იყო, როცა გაჩუმება არ უნდოდა, მაგრამ ვერც შესაწინააღმდეგებლად პოულობდა საჭირო არგუმენტებს. — იქნებ რაღაც ცუდი მოხდა და ამიტომ წავიდა გაუფრთხილებლად? — ჰკითხა ბოლოს. ცდილობდა ჩამქრალი იმედის სხივი თავიდან აენთო მეგობრის გულში, თუმცა ხედავდა, რომ ამ მისიას, თავს წარმატებით ვერ ართმევდა. — ერთადერთი ცუდი რაც მოხდა ისაა, რომ დღეს ტყუილად გაწვალე და ეს სამზარეულოც მისალაგებელი დამრჩა. — ნუ გეშინია, დალაგებაში მე დაგეხმარები. შემიძლია მთელი დღე აქ ვიყო და ღამითაც დავრჩე. ლინდას ტკივილიანად ჩაეღიმა. სევდიანი მზერა მიაპყრო თავის პიცას, რომელსაც დიდი მონდომებით ამზადებდა, შემდეგ ჭურჭელს, სპეციალურად ამ ვახშმისთვის რომ დააპრიალა და თავი ძლივს შეიკავა, რომ ყველაფერი ერთი ხელის მოსმით არ გადმოეყარა იატაკზე. — დარჩი, ოღონდ ამ თემაზე არ მელაპარაკო, კარგი? — რა პრობლემაა? თუ გინდა მზესუმზირა ვჭამოთ, გვიანობამდე ვიფხიზლოთ და კაცთა მოდგმა ვლანძღოთ, ერთობლივი ძალებით. — კრეატიული იდეების მეფეთ-მეფე ხარ, — გულწრფელი ღიმილი მოჰგვარა ლილეს სიტყვებმა. — მიდი დაჭერი ეგ პიცა და შენ მაინც გასინჯე, ვიცი როგორც გიყვარს. — ისეთი სურნელი ასდის, მაგაზე უარს ნამდვილად არ გეტყვი... განწყობა მთელი დღის განმავლობაში არ გამოსწორებია ლინდას. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო მწარედ გრძნობდა იმედგაცრუების მიერ გაწნილ სილას და თავმოყვარეობის დამსხვრეულ ნაწილაკებს, ნაღვლიანად დაჰყურებდა გონების თვალით. ლილე წამითაც არ შორდებოდა გვერდიდან. რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ცდილობდა მაქსიმალურად ხალისიანი გარემო შეექმნა მეგობრისთვის. ხან რას იგონებდა, ხან რას, თუმცა იმასაც ამჩნევდა, რომ ლინდას გონების ერთი ნახევარი, სრულიად სხვა განზომილებაში დაფრინავდა. შებინდებისას, ადიშის ცას ნელ-ნელა შეეპარა მტრედისფერი. მასზე მკრთალად დამჩნეული ვარსკვლავები, ნაძვის ხის სათამაშოებივით გაბრჭყვიალდნენ, ხოლო ნიავის დაბერვისას, ერთობლივ ტემპში აცეკვდნენ ტოტებზე ჩაბღაუჭებული ფოთლები. მშვიდი, წყნარი და ლამაზი საღამო იდგა. მხოლოდ ლინდას უჭირდა ამ ყველაფრის შემჩნევა, რადგან ტვინზე, აბეზარი კოდალასვით უკაკუნებდა ის აზრი, რომ ანდრომ მასთან მისვლა აღარ ისურვა. ყოველი გონებაში გავლებული ფიქრი, თითქოს ცრემლებით იყო შემოსილი. გულის სიღრმეში, ლოდინიც არ შეუწყვეტია გვიანობამდე. მაშინაც კი ელოდა, როცა მან და ლილემ, დასაძინებლად გადაწყვიტეს დაწოლა. მისი გული, ბოლომდე ერთგულად ელოდა, თუმცა მამაკაცი იმ ღამით არ გამოჩენილა. არც ლინდას მოუხუჭავს თვალი. მთელი ღამე, საწოლში, საკუთარ დარდებთან ერთად ფხიზლობდა, ლილეს მშვიდ ძილს დარაჯობდა და პერიოდულად, იმედგაცრუების ცრემლებიც გამოეპარებოდა ხოლმე თვალებიდან. მათ შეკავებას დიდად არც ცდილობდა. ახლა, როცა არავინ უყურებდა, შეეძლო ბოლომდე გაეშიშვლებინა საკუთარი სული და ის ნიღაბიც გვერდზე გადაედო, მხოლოდ მარტო დარჩენისას რომ შორდებოდა ხოლმე მის სახეს... 8 8 8 8 ანდრო პალატის ფანჯარასთან, გაუნძრევლად იდგა და იქედან თვალმოუშორებლად გადაჰყურებდა კლინიკის სკვერში, მისგან ზურგით მჯდომ უმცროს ძმას. მთელი ღამის უძილარს, გადაღლილობა გამოხედვაზეც კი ეწერა. ამას ქალაქის ხმაურიც ემატებოდა, რაც სოფლის სიწყნარეს შეჩვეულს, გონებრივად დასვენების საშუალებასაც უსპობდა. მოღრუბლული ამინდი იყო. სწორედ ამიტომ, სკვერში არავინ ჩანდა, გარდა სიგარეტის ღერით ხელში მჯდომი ბიჭისა, შეუსვენებლად რომ ექაჩებოდა საჩვენებელ და შუა თითს შორის მოქცეულ თამბაქოს. პალატაში, საწოლზე მძინარე მამაკაცის მშვიდი სუნთქვის ხმა ისმოდა. მის გევრდით, სხვადასხვა აპარატები წრიპინებდნენ. სატურაციიდან დაწყებული, პულსაციით დამთავრებული, ყველა მაჩვენებელი ნორმაში იყო, რაც პაციენტს, მშვიდ გარეგნულ იერსახეზეც ეტყობოდა. ანდრო ერთხანს კიდევ უმოძრაოდ იდგა ფანჯარასთან. შემდეგ ძმისთვის თვალმოუშორებლად, მობილური ამოიღო ჯიბიდან, საჭირო ნომერზე გადარეკა და როგორც კი ყურმილში ხმა გაიგო, თვითონაც დაარღვია დუმილი: — როგორც ვხედავ, ჩემს არყოფნაში მავნე ჩვევებსაც მიძალებიხარ. სკვერში მჯდომი ბიჭი სკამიდან წამოდგა, ტელეფონიანად მოტრიალებულმა, წამით ანდროს გაუსწორა მზერა და ბოლომდე ჩამწვარი სიგარეტი, ნაგვის ურნაში მოისროლა. — რა იყო, ცოტა ხნით გავედი და უკვე ფანჯრიდან მითვალთვალებ? თუ დანიელმა ჩაიფსა და გინდა ერთად გამოვუცვალოთ? — მორჩი ყბედობას და პალატაში ამოდი, სალაპარაკო მაქვს შენთან! — ამოვალ, მაგრამ გაითვალისწინე, რომ მილიონში ერთხელ ვეწევი და როგორც კი ჯანმრთელ ფილტვებზე დამიწყებ ლექციის კითხვას, მანდ წამითაც აღარ გავჩერდები. — ყველაზე ნაკლებად, ახლა შენი კვამლში გახვეული ფილტვებისთვის მცხელა, ვლად, — მობეზრებული ტონით მოუგო მამაკაცმა. — გელოდები! სატელეფონო კავშირის გაწყვეტიდან ხუთი წუთიც არ იყო გასული, კარი რომ გაიღო და პალატაში მყოფთა სიას ვლადიც შემოუერთდა. ბიჭმა ხმის ამოუღებლად აუარა გვერდი უფროს ძმას, სავარძელში ჩაეშვა და წამით, საწოლზე მწოლიარე მამაკაცს მიაპყრო მზერა. გარედან შემოსულს, პალატაში არსებული ტემპერატურამ ოდნავ მაღალი ეჩვენა. სწორედ ამიტომ, სწრაფად მოიხსნა თავისი ტყავის, თითებზე გადაჭრილი ხელთათმანები, ქურთუკიც გაიხადა და ირგვლივ გამეფებული დუმილიც დაარღვია: — რა სალაპარაკო გქონდა ჩემთან? — თავი ცნობისმოყვარედ გადახარა გვერდზე. — აპირებ შენს რომანტიკულ არდადეგებზე მიამბო? თუ ჩვენი ძმის გადარჩენა გინდა აღვნიშნოთ, თითო ჭიქით? — დანიელთან მიმართებაში აგდებული ტონი რატომ გაქვს, ვლად? — ძმის სიტყვებს გვერდი გულგრილად აუქცია და მათ თავისი შეკითხვა დაუხვედრა. — შენს ტყუპისცალსაც დაუსვი კითხვა, რატომ არის ჩვენ მიმართ ასეთი უსამართლო! ფსიქიატრიულიდან გასაქცევად, ამ ჯერზე ექიმი ჩააგდო ნოკაუტში, მისი მანქანა მოიპარა და ბორდიურზე შეჯახებით სცადა თავის მო’კვლა. შემდეგი ნაბიჯი რა იქნება, იარაღს დაითრევს და გაღებულ პირში დაიხლის ტყვიას?! — ვლად, ორივემ ვიცით, რომ დანიელის გონება, რეალობას და ილუზიას შორისაა გაყოფილი! — საგრძნობლად დაადაბლა ხმის ტონი, თვალები კი ბრაზის მწველი ცეცხლით აუელვარდა. — იმ ექიმს რაც შეეხება, ყველა ხარჯი ავუნაზღაურე და მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელი აქვს. — და გგონია ამით ყველა პრობლემა მოგვარდა?! თუ ადამიანს კარგად გახდომა არ უნდა, მას უკვე ვეღარ დაეხმარები. ტყუილად კარგავ დროს მისთვის სხვადასხვა ფსიქიატრების ძებნით. როგორც ჩანს, ჩვენი ძმისთვის ელა ყოფილა მთელი სამყარო და ყველა დანარჩენი ფეხებზე ვკიდივართ. თუკი აქამდე ანდრო მშვიდად იდგა ფანჯარასთან, ამ სიტყვების შემდეგ ვლადთან მივარდა, საყელოში ხელის ჩავლებით სავარძლიდან წამოაგდო და თვალებში გაავებულმა ჩახედა. — შენი ძმა, ხუთმა ნაძირალამ ჯაკუზის ონკანს ბორკილით მიაბა და ამ მდგომარეობაში აყურებინა თავისი საცოლის ჯგუფური გაუპატიურება, ეს დაგავიწყდა?! იმ გოგოსთვის ტანსსცმლის შემოხევას, მის ტანჯვას უყურებდა, მისი კივილის ხმა ესმოდა და ვერაფრით ეხმარებოდა, ხვდები ეს რას ნიშნავს?! იაზრებ ამ დროს კაცი რას გრძნობს?! — ყველაფერი მესმის! — ხელი უხეშად გააშვებინა, მერე კი საწოლზე მწოლიარე სხეულს შეხედა ვლადმა. — მაგრამ მასაც უნდა ესმოდეს, რომ დიდი დრო გავიდა, ცხოვრება გრძელდება და სხვა ადამიანებიც ჰყავს, ვისაც ფეხებზე არ ჰკიდია! ვერ ვეგუები, საყინულეში შედებული თევზივით რომაა გაჩუმებული, როცა მასთან საუბარს ვცდილობ! — იმიტომ ვერ ეგუები, რომ ბავშვი ხარ და ბოლომდე არ გესმის, როგორია ასეთი რამის გადატანის შემდეგ უდარდელი ცხოვრების გაგრძელება. — ცხრამეტი წლის ასაკში, ბავშვს აღარავის ეძახიან! — არ ვაპირებ შენთან პოლემიკაში შემოსვლას, ვლად, — გადაღლილი ხმით ამოთქვა ანდრომ. — ხვალ სვანეთში ვბრუნდები. უსაფრთხოების საკითხი უკვე მოგვარებული მაქვს, დაცვა ოცდაოთხი საათი იმორიგევებს პალატის კართან, რომ ვეღარსად გაიქცეს. იმედია ჩემ დაბრუნებამდე ჭკვიანად იქნები და პრობლემებს არ შექმნი. — იმედია, ისევ არჩის არ დამიტოვებ ძიძად. — ახლა იდეალური შანსი გეძლევა დაამტკიცო, რომ ძიძა არ გჭირდება, — დამძიმებული ნაბიჯებით კვლავ ფანჯარასთან მივიდა ანდრო და მის რაფას, ხელისგულებით დაეყრდნო. — სვანეთიდან რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოხვიდე. ხომ იცი, რომ ახლა აქ ხარ საჭირო? — დამშვიდდი, იქ დარჩენას აღარ ვაპირებ, — მოკლედ მოუჭრა სივრცეში მზერაგაყინულმა. — მე კიდევ, დარწმუნებული ვიყავი თბილისში იმ გოგოსთან ერთად დაბრუნდებოდი. აღმოჩნდა, რომ შენც მაგრად კიდიხარ და შენი უძრავ-მოძრავი ქონებაც. — რაც არ უნდა იყოს, ეგ მხოლოდ ჩემი სანერვიულოა. პალატაში მდუმარება ჩამოწვა. ვლადმა კვლავ სავარძელს მიაშურა და შიგნით ჩაფიქრებული სახით ჩაეშვა. რამდენიმე წამში, სწორედ ის გახდა სიჩუმის დარღვევის ინიციატორი: — ამხელა გზაზე, მხოლოდ იმიტომ მიდიხარ, რომ იმ გოგოსთან დამშვიდობება ვერ მოასწარი და ტელეფონიც არ აქვს, — ორაზროვნად ჩაეცინა ბიჭს. — მგონი უკვე მის ანკესზე წამოგებული ფართხალებ, რას იტყვი? შეკითხვა უპასუხოდ, მოულოდნელად აზუზუნებულმა ანდროს მობილურმა დატოვა. განცალკევებით რომ ესაუბრა, მამაკაცმა, დაუყოვნებლივ დატოვა პალატა და ვლადი, დანიელთან სრულიად მარტო დარჩა. პაციენტის საწოლის გვერდით, ტუმბოზე, დიდი, შავი წიგნაკი იდო. სწორედ მასზე გადავიდა ბიჭის მთელი ყურადღება. ახსოვდა, რომ წინა დღეს, ფსიქიატრიულიდან, დანიელის პირადი ნივთები გამოგზავნეს კლინიკაში და მაშინვე ივარაუდა, რომ შეიძლებოდა ეს წიგნაკიც ერთ-ერთი მათგანი ყოფილიყო. ვლადი წამოდგა და ტუმბოსთან მოჩვენებასავით უხმაუროდ მივიდა. დანიელი ჯერ კიდევ მშვიდად და რიტმულად სუნთქავდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ღრმად ძილის ფაზაში იყო. სხვა ადამიანთან და სხვა სიტუაციაში, შეიძლებოდა ეს არ გაეკეთებინა, მაგრამ ახლა, როცა უყურებდა როგორ იშლებოდა ნელ-ნელა მისი ძმა ჭკუიდან, დააინტერესა, რა სახის ფიქრები გადადიოდა დანიელის გონებიდან, ფურცლებზე. სწორედ ამიტომ, დარწმუნდა თუ არა, რომ ხელში ნამდვილად ჩანაწერების წიგნაკი ეჭირა, უკან ფეხაკრეფით დაბრუნდა და წასაკითხად, კვლავ სავარძელში ჩაჯდა. პირველივე წინადადებიდან იგრძნო გულში მჩხვლეტავი ტკივილი, თუმცა წიგნაკი გვერდზე მაინც არ გადადო და კითხვა, გიტარის სიმივით დაჭიმულმა განაგრძო: “არც კი ვიცი მზე რამდენჯერ ჩავიდა და ამოვიდა, ელა. გარშემო მხოლოდ გისოსებიანი ფანჯრები და უსიცოცხლო კედლებია. ზუსტად ისეთი უსიცოცხლო, როგორიც ის ტანსაცმელი, რომელსაც მაცმევენ. ოთახი თითქმის ცარიელია. მარტო ერთი საწოლი და საწერი მაგიდა დგას. გუშინ წიგნაკი და კალამი ვითხოვე და მომიტანეს. მინდოდა ქაღალდისგან ის ჩიტები გამომეჭრა, რომლის მდინარეში გაშვებაც ბავშვობაში გიყვარდა, მაგრამ მაკრატელი არ მომცეს. მითხრეს თითს გაიჭრიო. ვუთხარი სისხლის არ მეშინია-მეთქი, მაგრამ არ მომისმინეს. მე მაინც მჯერა, რომ ერთ დღეს, ჩემი ხელით გამოვჭრი ქაღალდის ჩიტებს და მდინარის კალაპოტს საჩუქრად გამოვატან შენთან.” “ამ კედლებში ყოველი დღე ერთნაირად უფერულია. თეთრებს ყოველდღე ვეხვეწები შენთან გამომიშვან, მაგრამ ჩემი თხოვნებისთვის თითქოს ყველას ყურები აქვს დახშული. არავინ მიჯერებს, რომ ჩვენს საყვარელ ადგილას ხარ და მელოდები. არც ის სჯერათ, რომ თუ დავაგვიანებ გამიბრაზდები. შენ ხომ ვერასდროს იტანდი დაგვიანებას? გთხოვ მაპატიე… ერთ დღეს აუცილებლად ვიპოვი გზას, რომ შენამდე მოვიდე.” “დილით ქარმა შენი გამოგზავნილი წერილი შემომიგდო ფანჯარაში. მწერდი, ამდენ ხანს რატომ არ მოდიხარო. როგორც კი ეს წავიკითხე, მაშინვე ვთხოვე გისოსებს ცოტა ხნით გამქრალიყვნენ. როცა გაჯიუტდნენ, ჩხუბიც დავუწყე. ვუყვიროდი გაიწიეთ, ელა მელოდება-მეთქი, ამ დროს კი თეთრებმა მწარე წამალი გამიკეთეს და გარშემო ყველაფერი დაბნელდა. მუდამ ასე მექცევიან, როცა ხმამაღლა გეძახი და ამ წყეულ გისოსებს ვუწყებ ჩხუბს. გთხოვ, ცოტა ხნით კიდევ განაგრძე ჩემი ლოდინი, რადგან მე მთელი ცხოვრება დაგელოდებოდი.” “ისევ არავის სჯერა, რომ არსებობ. ზოგჯერ მართლა მგონია, რომ შენც მე გამოგიგონე და საკუთარი თავიც. შეიძლება საერთოდ არ ვარსებობ და ვიღაცის სიზმრის ნაწილი ვარ. მას ტკბილად სძინავს და წარმოდგენაც არ აქვს როგორ ვიტანჯები მის სიზმარში. ნეტავ მალე გაიღვიძოს და ეს წამებაც დასრულდეს. დღითიდღე უფრო მეტად ვნადგურდები და ვიფერფლები. როცა შენ გეძახი და კარში გასაძრომ ჭუჭრუტანას ვეძებ, თეთრები შემორბიან. მოდიან, საწოლზე მაწვენენ და მწარე წამლით მაჩუმებენ. გთხოვ, სადაც არ უნდა იყო, შენ თვითონ მიპოვე, კარგი? ნემსს რომ მარჭობენ, ვსუსტდები და არაფრის ძალა აღარ მრჩება. “ბოლოს რომ მნახე, თითზე ბეჭედი გაგიკეთე და გთხოვე არასდროს მოიხსნა-მეთქი. მაინტერესებს თხოვნა თუ შემისრულე, მაგრამ საწოლს, ჩემზე მკლავები ქამარივით აქვს შემოხვეული და შენთან არ მიშვებს. ალბათ უჩემოდ დარჩენის ეშინია. მე კი მაინც შენთან მინდა. აქ რომ იყო, იმ ხელზეც მაკოცებდი, გისოსებთან ჩხუბისას რომ ვიტკინე და ტკივილიც მაშინვე გაქრებოდა. გევედრები მინახულე. სიგიჟემდე მენატრება შენი კანის სურნელი.” “შენ არ მოხვედი... მიზეზსაც ვხვდები — ალბათ ვიღაცას ჩემსავით ჰყავხარ გამოკეტილი და არსად გიშვებს. გპირდები, როგორც კი ეს კედლები ვეღარ დამიჭერს, აუცილებლად გაგათავისუფლებ და ორივენი ძალიან შორს წავალთ. სანამ ამას შევძლებთ, სიზმრებში მივაკითხოთ ხოლმე ერთმანეთს. ხშირად მივაკითხოთ და რაც შეიძლება დიდხანს ვიძინოთ.” მეტის წაკითხვა უბრალოდ ვეღარ მოახერხა ვლადმა. ყოველი სიტყვა, თითქოს ბასრი მახვილის ჩაცემასაცით მოქმედებდა, რის გამოც, ძალა აღარ ეყო დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანა. ბიჭმა წიგნაკი თითებაკანკალებულმა დახურა და პირვანდელ ადგილას მისი დაბრუნებაც ვერ შეძლო ისე გაუვარდა ხელიდან. ნერვული ფონისგან გამოწვეულმა უჰაერობამ აიძულა ფანჯარასთან მისულიყო და რამდენიმე წამის განმავლობაში სუნთქვის ვარჯიში ეკეთებინა. ცოტა რომ დამშვიდდა, აწითლებული თვალებით გახედა კლინიკის საწოლზე მშვიდად მწოლიარე, ჩალურჯებებით სავსე უფროს ძმას. მოცემულ მომენტში, თითოეული ადამიანის ცოცხლად გატყავება სურდა, ვისაც კი დანიელის ამ მდგომარეობამდე მიყვანაში, მცირედი წვლილი მაინც ჰქონდა შეტანილი. იმ წამს, ყველაზე და ყველაფერზე გაბრაზებული ჩაიმუხლა ძმის საწოლთან, ხელზე, ხელი მოუჭირა და თავისთვის, ძლივსგასაგონად ჩაილაპარაკა: — ვიცი, რომ ჯერ კიდევ სადღაც მანდ ხარ, დანი... გთხოვ დაბრუნდი ჩვენთან... მე და ანდრო გელოდებით... 8 8 8 8 მზემ ორივე თვალი გაახილა, ციდან ვარსკვლავები დაკრიფა და მასზე გადაკრული შავი ზეწარი, ნათელი საღებავებით მოხატა. თბილი დილა გათენდა ადიშში. ცის კამარაზე, ერთმანეთში ლამაზად გადადიოდნენ ვარდისფერი და ნარინჯისფერი ზოლები. მსუბუქი ნიავს, მცენარეების თავბრუდამხვევი სურნელი მოჰქონდა და ნაზად არხევდა ფოთლების სამოსით დაფარულ ტოტებს. უკვე მესამე დღე დაწყებულიყო, რაც ანდროს ასავალ-დასავალი არ იცოდა ლინდამ. არც კირას ჰქონდა წარმოდგენა, თუ რატომ წავიდა იგი ასე მოულოდნელად. ამას ემატებოდა ისიც, რომ ლილეს, გამოცდების ჩასაბარებელ ქალაქად, მესტია ჰქონდა არჩეული, რის გამოც, ერთი კვირით მთელი ოჯახით გადასულიყო იქ. გულახდილად რომ ეთქვა, რაღაც პერიოდით, არც სურდა თავის გვერდით ვინმეს ყოფნა, თუმცა მეორეს მხრივ, ძალიან ენატრებოდა ის გულღია, მხიარული საუბარი, ლილემ რომ იცოდა. ბოლომდე თვითონაც ვერ გაეგო რა უნდოდა. საშინლად იყო დაბნეული. თავში კითხვები ფუტკრებივით უბზუოდნენ, თუმცა საუბედუროდ, პასუები ჯერ კიდევ არსად ჩანდა. დილით, საჭმელიც მხოლოდ იმის გამო მოამზადა, რომ მის მდგომარეობაში შიმშილი არც ისე გონივრულ იდეად ესახებოდა. შემდეგ ყველაფერი ბაღში გაიტანა, მაგიდას მიუჯდა და მზიან გარემოში, თავისი საყვარელი ყვავილებით გარემოცული შეუდგა საუზმობას. წამით, მეზობელი სახლის აივანს გახედა, სადაც ანდრო დილის ყავას შეექცეოდა ხოლმე. წარმოიდგინა, რომ მამაკაცი ისევ იქ იდგა, ფინჯნით ხელში და სადღაც, უსასრულობაში ჩაკარგულ წერტილს მიშტერებოდა. წარმოსახვებმა მადა კიდევ უფრო მეტად დაუკარგეს, მაგრამ საკუთარი თავი აიძულა ულუფა ბოლომდე დაესრულებინა. ასეც მოიქცა და ისე, რომ გასარეცხი ჭურჭელი შინ არ შეუტანია, საუზმის შემდეგ პირდაპირ სასეირნოდ გადაწყვიტა წასვლა. საკუთარი ფიქრების ნისლში გახვეული, სიარულს ისე შეჰყვა, მხოლოდ ბოლო მომენტში გაცნობიერა, რომ სახლს კარგა მანძილით მოშორებოდა და იმ მუხის ხესთან მისულიყო, სადაც მან და ანდრომ ერთმანეთს აკოცეს. ინანა კიდეც თან წიგნი და პლედი რომ არ წამოიღო, რადგან იქაურობა მართლაც იდეალურ გარემოდ მოეჩვენა საკითხავად. ხის სქელი, კარგად შეფოთლილი ტოტები, მზის სხივებს ბოლომდე აკავებდნენ, ამიტომ ლინდა ნებიერად გაწვა მის ქვეშ, თავქვეშ ხელები ამოიდო და ორივე თვალი დახუჭა. ფანტაზიებმა არც იქ მოასვენეს. გონებაში კვლავ ანდროს სახე ამოტივტივდა. შემდეგ სცენარი უფრო მეტად განვითარდა და ლინდამ იგი თავის გვერდით მწოლიარე წარმოიდგინა. ეს ჩვევა ბავშვობიდან ჰქონდა –ზოგჯერ წარმოსახვებში აცოცხლებდა ხოლმე იმ სცენებს, რაც სურდა რეალობაში მომხდარიყო და არ ხდებოდა. ტვინში პატარა, წარმოსახვითი სამყარო ჰქონდა, სადაც ყველაფერს ისე მოაწყობდა ხოლმე, ვარდისფერი სათვალისთვისაც კი აღარ სჭირდებოდა ხელის ხლება. სწორედ ამ წარმოსახვით სივრცეში მოგზაურობდა ახლა, ანდროსთან ერთად. თავისი გონების ძალით შექმნილ სამყაროში, ხის ტანზე მიყრდნობილ ანდროს, გულზე პატარა ბავშვივით ჰყავდა მიწვენილი, გაშლილ თმაზე ეფერებოდა და მდუმარებით იმაზე მეტს ეუბნებოდა, ვიდრე ეს სიტყვებით იყო შესაძლებელი. საკუთარმა ფანტაზიებმა ისე გაიტაცეს, მასში უნებურად ამოტივტივდა ინტიმური სცენები. აი აქ კი უკვე წითელი დროშა აფრიალდა ლინდას გონებაში და თვალებიც ისე სწრაფად გაახილა, ლამის გუგებმაც კი დაუწყო ტკივილი. რამდენიმე წამის შემდეგ, თვალები კიდევ ერთხელ დახუჭა და ამჯერად შეეცადა სხვა რამეზე ეფიქრა. ეს გამოუვიდა კიდეც, თუმცა იმ ადგილას დიდხანს გაჩერება მაინც ვეღარ შეძლო. ცაზე სქელი საბანივით ამოცურებულმა ნაცრისფერმა ღრუბლებმა, სავარაუდო წვიმის შესახებ აუწყეს, რამაც აიძულა შინისკენ აეღო გეზი. მიღებული გადაწყვეტილება არც უნანია, რადგან სახლის ზღუბლზე გადაბიჯებიდან ზუსტად ათ წუთში, ისეთმა ძლიერმა წვიმამ დაუშვა, ლინდამ უკლებლივ ყველა ფანჯარა ჩარაზა, რათა იატაკზე წ’ყლის გუბე არ დამდგარიყო. კითხვა ასეთ ამინდში ყველაზე მეტად უყვარდა. ვერც ახლა შეიკავა თავი. როგორც ჩვეოდა ხოლმე, ამჯერადაც ფანჯარასთან ახლოს მისწია სავარძელი, შიგნით კომფორტულად მოკალათდა და ბოლომდე ჩაიკარგა წიგნში არსებულ ირეალურ სამყაროში. ოთახს, მხოლოდ მაგიდის ნათურის თბილი, ოქროსფერი შუქი ანათებდა. სიძველისგან გაყვითლებულ ფურცლებზე ამოკითხული ყოველი სიტყვა, იდეალურად ერწყმოდა წვიმის შხაპუნა მელოდიას, ღრუბლების კალთას მოშორებული წვეთები კი, თითქოს თავის სევდიან ისტორიას ჰყვებოდნენ. კითხვას ისე გულდასმით და იმდენად დიდი ხნით შეჰყვა, ვერც კი გაიაზრა, როგორ მიეპარა ძილი. საკმაოდ დიდხანს იძინა. იმდენად დიდხანს, რომ როდესაც გამოფხიზლდა და თვალები გაახილა, ცას უკვე შავი ზეწარი ფარავდა. ღიად დატოვებული ფანჯრიდან, ძაღლების გაბმული ყეფის ხმა შემოდიოდა, თუმცა ლინდასთვის ეს ხმა იმდენად საშიში არ ყოფილა, როგორც მოულოდნელად გაგონილი, ძლიერი კაკუნი კარზე. თითქოს ვიღაც მხოლოდ ყურადღების მიქცევას კი არ ცდილობდა, არამედ ითხოვდა შიგნით დაუყოვნებლივ შეეშვათ. გოგონა თითქოს გაიყინა. ამას არ ელოდა, თუმცა კარს მაინც გამბედავად მიუახლოვდა, ცოტა ხნით იყოყმანა, ღრმად ჩაისუნთქა და საკეტი მაინც გახსნა. მის წინ, სწორედ ის სახე გამოჩნდა, რომლის გონებაში წაშლასაც მთელი დღეების განმავლობაში ცდილობდა და ვერ ახერხებდა. მიუხედავად წყენისა, იგრძნო, რომ შიგნით ყველაფერი სიხარულისგან აყვირდა, მაგრამ სახე, მაინც ყინულივით ცივი დარჩა. — აქ რას აკეთებ? — იმდენად გულგრილი იყო ლინდას ხმა, როგორც აქამდე არასდროს. — როგორც წესი, ჯერ ესალმებიან ხოლმე. — გამარჯობა... მაგრამ თუ პიცის გამო მოხვედი, მე და ლილემ უკვე რამდენიმე დღეა შევჭამეთ. ანდროს თვალებში ღიმილი აირეკლა, მაგრამ ტუჩები მილიმეტრითაც არ შერხევია. — არ შემომიშვებ? — დაძინებას ვაპირებდი, — მხრები აიჩეჩა გოგონამ. მისი ქვეცნობიერი ძალზედ უფრთხოდა მამაკაცთან მარტო დარჩენას, თუმცა იმასაც ხვდებოდა, რომ ასეთი საქციელი მთლად ზრდილობის ნორმებში ვერ ჯდებოდა. — უზარმაზარი გზა გამოვიარე და არსად წავალ, სანამ არ ვილაპარაკებთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასეთ ამინდში, მინიმუმ სახლში შეპატიჟებას მაინც ველოდი. სირცხვილის გრძნობამ, რომელიც ლინდას გულში ამ სიტყვებმა აღმოაცენა, ბრაზზე მარტივად გაიმარჯვა და შემოსასვლელი კარიც უფრო ფართედ გაიღო. — კარგი, შემოდი და ვისაუბროთ... ცოტა გვიანია, მაგრამ ყავას დალევ? — თუ დარწმუნებული ვიქნები, რომ მაგ ყავას თავზე არ დამასხამ, მაშინ კი. — ამდენად დიდ მნიშვნელობასაც არ ვანიჭებ შენს იგნორს, — სამზარეულოში შესულმა, წამიერად გამოხედა თავის უკან მომავალ მამაკაცს. არ უნდა ეჩვენებინა ის, რაც მის შიგნით ხდებოდა. ანდროს ვერასდროს ვერ უნდა გაეგო, რამდენად ატკინა თავისი საქციელით. — მითხარი, როგორი გაგიკეთო? — ისეთი, როგორსაც თვითონ სვამ. — გასაგებია, ანუ რძიანი ყავა, შაქრის ორი ნატეხით. მამაკაცმა უპასუხოდ გამოსწია სკამი, მაგიდასთან ჩამოჯდა და მკლავებით მის ზედაპირს დაეყრდნო. მდუმარებაში ჩაძირული, თვალმოუშორებლად უყურებდა ლინდას, რომელიც მისთვის ყავას ამზადებდა. მიუხედავად მცირედი დაძაბულობისა, მაინც სიამოვნებდა შექმნილი ატმოსფერო. გოგონას მხრებზე ჩამოშლილი თმა, ყოველი გამოძრავებისას აქეთ-იქით ირხეოდა და ესეც კი უკრავდა სუნთქვას. უყურებდა მოკლე, საზაფხულო კაბაში გამოწყობილს, თან მისი ტუჩების გემოც ახსენდებოდა და ხვდებოდა, რომ მოთმინების ფიალიდან, წვეთები ნელ-ნელა იწყებდნენ გადმოდინებას. ბოლოს იმდენად აიტანა სურვილმა, მოუწია გოგონასთვის სასწრაფო წესით აერიდებინა თვალი და ცოტა ხნით, ფანჯარას მიუახლოვდა. სწორედ იმ მომენტში დადგა ლინდამ მაგიდაზე ჭიქა და აცნობა კიდეც, რომ ყავა უკვე მზად იყო. — მადლობა, — ფანჯრისთვის თვალი არც მოუშორებია ისე გაეპასუხა მამაკაცი. — ცოტა ხანში დავლევ. — ჯერ მაინც ცხელია. — ანუ ჩემს იგნორს ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებ, არა? — რატომღაც გადაწყვიტა იმ სიტყვებს მიბრუნებოდა, რაზეც თავიდან ყურადღება არ გაამახვილა. — რატომ მეკითხები? შენი ეგო ხომ არ ითხოვს, რომ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდე და ბალიშში თავჩარგული ვტიროდე? — ყველაზე ნაკლებად ის მინდა, ჩემ გამო ვინმე ცრემლებამდე მივიდეს. მით უმეტეს, შენ. ლინდას გულმა, თითქოს ძლიერი შეკუმშვა განიცადა ამის მოსმენისას. მამაკაცის სიტყვები სამიზნეს მეტად მტკივნეულად მოხვდა და თითოეული უჯრედი სევდის ჩრდილით აავსო. მიუხედავად ამისა, მასზე ნაწყენმა, მაინც უხეში პასუხის გაცემა ამჯობინა: — არ ინერვიულო. ცხოვრებაში იმდენი რამის გადატანა მოვასწარი, კაცის და გაუქმებული სადილის გამო ნაკლებად ვიჩენ სისუსტეს. — იმის თქმა, რომ გეწყინა, შენს სისუსტეს საერთოდ არ უსვამს ხაზს, ლინდა, — მაგიდას მიუახლოვდა იგი ამის თქმისას და სკამზე ჩამოჯდა. — მაგ გულგრილობით, რისი მიღწევა გინდა? ცდილობ შური იძიო? — შური ვიძიო? — მსუბუქი სარკაზმი შერეოდა გოგონას ხმას. — ეგ რატომ უნდა ვქვნა, როცა ერთმანეთისთვის არავინ ვართ? მამაკაცმა, ყავის ფინჯანი თავისთან ახლოს მისწია, თუმცა დალევის ნაცვლად, კოვზით დაიწყო ცხელი სითხის მორევა. — ანუ არავინ ვართ? — იკითხა მან. — კარგად დაფიქრდი და ისე მიპასუხე, მართლა ასე ფიქრობ? — კი, — წამითაც არ უფიქრია ისე მიუგო გოგონამ. იცოდა, რომ მსგავს პასუხს, შეიძლებოდა რაღაც არასასურველი მოჰყოლოდა. საუბრის ცუდად დასრულებაშიც დარწმუნებული იყო, თუმცა მაინც ვერ ერეოდა წყენას, რომელიც ასეთი ტონით საუბრისკენ უბიძგებდა. — და თუ ჩემთვისაც არავინ ხარ, მაშინ რატომ მიჭირს იმის მოსმენა, რასაც ახლა ამბობ? — იმიტომ, რომ ზედმეტ ყურადღებას ნაჩვევი ეგო დაგიზიანდა, — არა და არ ინდობდა მას ლინდა. — შენ გარშემო არსებული ქალები, ალბათ თავს ქვეყნიერების მბრძანებლად გაგრძნობინებდნენ და ამის ფონზე, გაგიჭირდა გულგრილობის ატანა. ანდრომ, კოვზი კვლავ ფინჯანში ჩადო და იგი გვერდზე გასწია. ლინდას მიერ წარმოთქმული თითოეული სიტყვა, მისთვის ალესილ დანად ქცეულიყო, თუმცა როგორღაც მაინც მოახერხა გაღიმება. — ყველაფერს ვერ მოგიყვები, მაგრამ აქედან წასვლისთვის საფუძვლიანი მიზეზი არსებობდა. მესმის, გაბრაზდი, მაგრამ ბრაზის დროს, ყველაფერი არ უნდა თქვა, რაც თავში აზრად მოგივა. თვალი სწრაფად აარიდა ლინდამ მის მზერას. გრძნობდა, რომ ეს ატმოსფერო უკვე სულს უხუთავდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს შორიდან უყურებდა სასწორის პინებს, რომელზე დადებულ ნდობასა და უნდობლობას შორის, დიდი უპირატესობით იმარჯვებდა უნდობლობა. — შენი წასვლის მიზეზი ის არის, რომ აქაურობას არ ეკუთვნი, — თქვა მან. — კირას სახლში ისე გამოიყურები, როგორც სპილო, ციყვის ფუღუროში. სწორი გადაწყვეტილება მიიღე, როცა წახვედი და ახლა, ეს გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებასთან დაკავშირებითაც უნდა მიიღო. — მაგაში რას გულისხმობ? — არ მინდა გხედავდე, სანამ ბავშვი არ დაიბადება. როგორც მისმა მამამ, შეგიძლია ნახო ხოლმე, მაგრამ მანამდე არანაირი კონტაქტი არ მინდა შენთან. ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებ! პასუხი მაშინვე არ გაუცია ანდროს. მაგიდასთან ჩაფიქრებული სახით მჯდომმა, ცოტაოდენი დრო, იმ სიცარიელესთან გამკლავებას შეალია, რომელიც მოსმენილმა სიტყვებმა მოჰგვარა. არც ლინდა იყო უკეთეს დღეში. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მის მკერდში დიდმა უფსკრულმა დააღო ხახა და გაორმაგებულ ტემპში მფეთქავი გულიც შიგ ჩაიყოლა. მდუმარებაში გატარებული თითოეული წამი უფრო და უფრო მტკივნეული ხდებოდა. ირგვლივ, თითქოს ყველაფერი ყინულის სქელ ფენაში გახვეულიყო და მხოლოდ კედლის საათის მონოტონური წიკწიკი ახმაურებდა იქაურობას. — კარგი, — თქვა ბოლოს მამაკაცმა. — აქ ისედაც დასამშვიდობებლად მოვედი. კირას შევუვლი, ნივთებს ავიღებ და წავალ. ლინდას შიგნით, მთელ სამყაროს უზარმაზარი ბზარი გაუჩნდა და ნელ-ნელა დაიწყო გამანადგურებელი ნგრევა. როგორ არ უნდოდა ახლა ამის მოსმენა. სულიერად განადგურებულს, ჰაერის ჩასუნთქვაც კი ისე ეტკინა, თითქოს მისი ფილტვები, ვიღაცას მუჭში ჰქონოდა მომწყვდეული. გონებაში ერთადერთი აზრი აკივლდა — ანდროსთვის დარჩენა ეთხოვა, თუმცა ეს მაინც არ გააკეთა. სიამაყემ კვლავ გადაწონა გრძნობები და სრულიად საპირისპირო რამ ათქმევინა: — როგორც იქნა მიხვედი იმ დასკვნამდე, რომ აქ შენი ადგილი არაა. შეიძლება არ უყურებდა, თუმცა პერიფერიული მხედველობით მაინც შენიშნა, როგორ წამოდგა მამაკაცი სკამიდან და როგორ დარჩა მაგიდაზე მისთვის განკუთვნილი, ხელუხლებელი ფინჯანი. ლინდას თვალწინ, ერთმანეთის მიყოლებით გაცოცხლდა ყველა საერთო მომენტი, რაც კი მას და ანდროს აკავშირებდათ. ეს ყველაფერი, თითქოს თან გაჰყვა კარისკენ წასულ მამაკაცს და მის ზურგს მიშტერებულმა გოგონამ, თავი იმდენად მარტოსულად იგრძნო, როგორც არასდროს ცხოვრებაში. სამზარეულოს კარამდე, სულ რაღაც ერთი ნაბიჯი აშორებდა ანდროს, მოულოდნელად რომ უკან მოტრიალდა და თვალი, თვალში გაუყარა მაგიდასთან დარჩენილს. ამჯერად, მზერა აღარ აურიდებია ლინდას. გუმანით გრძნობდა, რომ წასვლის წინ, კიდევ რაღაცას მოისმენდა მისგან და ასეც მოხდა: — თუ არაფერს ვნიშნავ, შენზე ვერც დადებითად უნდა ვმოქმედებდე და ვერც უარყოფითად, — თქვა მან და ამით თითქოს იმაზე მიანიშნა, რისი აღიარებაც საკუთარ თავთანაც უჭირდა გოგონას. — და კიდევ, მინდა იცოდე, რომ აქ, შენთან ერთად, საოცარი დღეები გავატარე. მერე მაჯიდან ტყავის სამაჯური მოიხსნა, გასასვლელთან დაკიდებულ პატარა თაროზე შემოდო და იქიდან უკანმოუხედავად გავიდა. ეულად მიტოვებულ, სავსე ფინჯანთან დარჩენილი ლინდა მშვენივრად მიხვდა, რასაც ნიშნავდა მამაკაცისგან ეს ჟესტი. ამით იგი ახვედრებდა, რომ ჯერ კიდევ არაფერი იყო დასრულებული და ადრე თუ გვიან, აუცილებლად შეიცვლებოდა რაღაც... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



