შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამისფერი განთიადი (ნაწილი-2)


გუშინ, 21:39
ავტორი აირ ისი
ნანახია 589

ნაწილი II-ტორნადოს ეპიცენტრი.




2023 წელი. 10 დეკემბერი.


შავი გელენდვაგენი ხის, ორსართულიანი კოტეჯის წინ გაჩერდა და წინა ფარების ჩაქრობით ის სინათლის წყაროც გააქრო, ღამის მნათობთან ერთად რომ ებრძოდა ირგვლივ გამეფებულ სიბნელეს.

თოვლი მთვარის შუქს ირეკლავდა და მისი ვერცხლისფერი ნათების ფონზე ქათქათებდა. ირგვლივ საეჭვო სიჩუმე სუფევდა. კოტეჯში შესასვლელი მთავარი კარი, ნახევრად იყო შეღებული, ხოლო მისი ოქროსფერი საკეტი, მომტვრეული ეგდო ფაფუკ თოვლში.

— საეჭვო სიტუაციაა, ანდრო, — პირველად მანქანიდან ვლადი გადმოვიდა და წამიერად, გარშემო ყველაფერი ისე მოათვალიერა, როგორც ასეთ საქმეებში კარგად გამობრძმედილმა გამომძიებელმა.

მოტეხილი საკეტი, შეღებული კარი და სრული სიჩუმე, უკვე საკმარისი არგუმენტი იყო იმ დასკვნის გამოსატანად, რომ რაღაც მთლად რიგზე ვერ იყო.

ირგვლივ გადაუღებლად თოვდა. უღრან ტყეში ჩაფლული კოტეჯი, თითქოს რაღაც უხილავი, ნეგატიური ენერგიის საბურველში გახვეულიყო და ამ ენერგიას, მთელ სხეულით გრნობდა ბიჭი.

— წამოდი, შიგნით შევიდეთ, — მეტად სერიოზული მზერით ამოუდგა გვერდით მას ანდრო. ვლადმა საკუთარი თვალით დაინახა, როგორ გადატენა ამ უკანასკნელმა იარაღი, რაც პირდაპირ მიანიშნებდა იმაზე, რომ მხოლოდ თვითონ არ ჰქონდა ცუდი წინათგრძნობა. — ჩემთან ახლოს იდექი და არ მომშორდე!

— ვითომ მძარცველების ამბავია?

— იმედია არა... ზუსტად რა გაიგე, როცა დანიელს ელაპარაკე?

— მხოლოდ მტვრევის ხმა. რამდენიმე წამში, ყურმილიც დაკიდა და მას შემდეგ აღარც პასუხობს. — მიუგო და ანდროსთან ერთად აიარა კიბის ბოლო საფეხური.

ღია კარში ორივემ ერთდროულად შეაბიჯეს და გეზი მისაღებისკენ აიღეს. ირგვლივ ყველაფერი ჩვეულებრივად გამოიყურებოდა. არც წიგნის თაროები იყო გადმონგრეული და არც ისეთი რამ, რაც სახლში ქურდების შეჭრის ვერსიას დაადასტურებდა.

— დანიელ, აქ ხარ?! — ხმამაღლა დაიყვირა ვლადმა, თუმცა მის შეკითხვას არავინ გამოპასუხებია.

ძირს დაშვებული, გადატენილი იარაღი, კვლავ კაბურაში მოათავსა ანდრომ. ჰაერიც კი დაემძინებინა ირგვლივ გამეფებულ იდუმალებას და ამას, ორივენი თითქოს საკუთარი მხრებით გრძნობდნენ.

— აშკარად რაღაც მოხდა. შენ სააბაზანო შეამოწმე, მე საძინებელს ვნახავ.

ძმები ორად გაიყვნენ და სახლის თვალიერება დაიწყეს. ანდრომ, კიბეზე ფეხის დადგმამდე, იქაურობა კიდევ ერთხელ მოათვალიერა და ის-ის იყო, მოაჯირს მიუახლოვდა, რომ ჯერ ძლიერი ნაბიჯების ხმა გაიგო, მერე კი სააბაზანოდან სირბილით გამოვარდნილი ვლადიც შენიშნა. ბიჭი მისაღებში, მასთან ახლოს დავარდა მუხლებით, თავი იატაკისკენ დახარა და საშინელი ღებინება აუტყდა.

რამდენიმე წამის განმავლობაში, გაშტერებული უყურებდა ამ უცნაურ სანახაობას მამაკაცი. ვერ მიხვდა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო ასე უეცრად, თუმცა როცა გონს მოეგო, ძმას საჩქაროდ მიუახლოვდა და მხარზე ხელით შეეხო.

— ვლად, რა გჭირს?! რამე იპოვე?!

პასუხი ვერც პირველ კითხვაზე მიიღო და ვერც, მეორეზე. იატაკზე ხელისგულებით დამხობილი ბიჭი, უბრალოდ დაჭრილი ცხოველივით სუნთქავდა, სახეზე მთლიანად წითელი იყო, მის თვალებში კი ის ქარი მძვინვარებდა, რომელიც ირგვლივ ყველაფერს განადგურებას უქადდა.

უმცროსი ძმის ასეთმა რეაქციამ, ანდროს თითქოს ხელი ჰკრა, ადგილს მოწყვიტა და ღიად დატოვებული კარისკენ უბიძგა. მისი გონება, უკვე წარმოიდგენდა უამრავ შემზარავ კადრს, თუმცა საკუთარი თვალით ნანახმა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

სააბაზანოს ცივ ფილებზე, უზარმაზარი სისხლის გუბე იყო დამდგარი. შიგნით გაუნძრევლად იწვა სრულიად შიშველი, ნაცემი და ვენებგადახსნილი გოგო, რომელსაც, მხოლოდ მარჯვენა იდაყვი ჰქონდა გაჭრილი, სახეზე კი მთლიანად ცარცისფერი გადაჰკრავდა. გარშემო, გოგონას დახეული ტანსაცმელი, ჩატეხილი სარკის ნამსხვრევები და სააბაზანოს თაროებიდან გადმოყრილი, ჰიგიენური საშუალებები იყო მომოფანტული. იქაურობა ომგამოვლილს ჰგავდა და ამ ყველაფერს, ჯაკუზის ონკანზე ბორკილებით მიბმული, უმეტყველო სახით მჯდომი დანიელი აგვირგვინებდა. მის მაჯაზე შემოხვეული ორივე რკინის რგოლი, ისეთი მძიმე გამხდარიყო, როგორც იქ დატრიალებული უბედურება. დუმილი, ყურებში შემაწუხებელლად წუოდა და კიდევ უფრო საზარელს ხდიდა არსებულ სიტუაციას.

ანდრომ თვალები დახუჭა და ცალი მუშტი ისე ძლიერად შეკრა, საკუთარი ძვლების ტკაცუნიც კი ჩაესმა ყურებში. ერთი წამის ინტერვალში წარმოუდგა თვალწინ, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო ამ ადგილას, თუმცა მუხლებში გაჩენილ სისუსტეს მაინც არ დანებდა, ფეხზე მყარად მდგომი მიუახლოვდა იატაკზე მწოლიარეს, ჩაიმუხლა და მის შუაზე გადახსნილ მაჯას, ორი თითი დაადო.

გულზე საშინლად მწარე ჩხვლეტა იგრძნო, როცა პულსაცია ვერსად იპოვა. დაბინდული მზერით გახედა ტყუპისცალს, რომელიც არც კი იძვროდა და მონოტონურად, ჯაკუზის ზედაპირზე აკაკუნებდა თითებს. არც თვითონ იყო უკეთეს დღეში. ერთადერთი, რაც იმ მომენტში შეძლო, ეს მოსაცმლის გახდა და აკანკალებული ხელებით, მისი გოგონასთვის გადაფარება იყო, სხეულის სიშიშვლის დასაფარად.

მუცელზე გადადებულ იდაყვზე დამჩნეული ჭრილობა, იმაზე მიანიშნებდა, რომ სარკე თავად ჩაელეწა და სიცოცხლის დასრულებაც საკუთარი ნებით გადაეწყვიტა მიცვალებულს. ამაში ეჭვიც არ ეპარებოდა ანდროს, თუმცა ტყუპისცალის მშვიდი მზერის ფონზე, იმ ვარიანტსაც განიხილავდა, რომ რასაც ირგვლივ ხედავდა, მხოლოდ ცუდი სიზმარი იყო და მეტი არაფერი. 

— დაგვაგვიანდა, არა? — მოესმა უეცრად უკნიდან. მიხედვისას, კარის ზღურბლზე გაშეშებულ ვლადს მოჰკრა თვალი. ბიჭს შეურაცხადის სახე ჰქონდა და განზრახ არიდებდა თვალს იატაკზე მწოლიარე გოგონას, რომელსაც ტუჩები ისე გაეხსნა, თითქოს რაღაცის თქმის მცდელობისას ჩასძინებოდა.

— არ დაგგვიანებიათ, — ორივესდა გასაკვირად, ერთ ამოჩემებულ წერტილზე მზერამიყინულმა დანიელმა უპასუხა შეკითხვას. — შეხედეთ, თითზე ჩემი ნაყიდი ბეჭედი უკეთია. დღეს ცოლობაზე დამთანხმდა და მინდა ყველამ ერთად აღვნიშნოთ. გთხოვთ, თქვენ მაინც უთხარით იატაკზე ნუ წევს. მე ძალიან ბევრჯერ ვთხოვე ამდგარიყო, მაგრამ არ დამიჯერა.

ანდრომ და ვლადმა, განადგურებული სახეებით გადახედეს ერთმანეთს. დანიელისგან, ვინც ოცდაოთხი საათით ადრე, ღიმილითა და მომავლის იმედებით სავსე გავიდა სახლიდან, მხოლოდ გარეგნული იერსახე შენარჩუნებულიყო. იმ მომენტში, ყინვაში, ფოთლების გარეშე დარჩენილი ხესავით უსიცოცხლო იყო მისი სული. თვალები, ფრინველებისგან მიტოვებული ბუდესავით ჩაქრობოდა, ხოლო შოარიახლოს, ხახადაღებული უფსკრული უქნევდა ხელს, რომელიც, მცოცავი ჭაობის მსგავსად მიაქანებდა ფსკერისკენ მასში დარჩენილ ადამიანურ გრძნობებს.



8 8 8 8

ზაფხული, წელიწადის ის დრო, რომელიც ლინდას ყოველთვის ძალიან უყვარდა, თითქოს ბოლომდე სულერთი გამხდარიყო გოგონასთვის. მისთვის იგი სწორედ ისე გავიდა, როგორც სხვისი ცხოვრება ფანჯრის გამჭვირვალე მინის მიღმა. რამდენიც არ უნდა ეცადა, ვერც წარსულის მოგონებებს უხერხებდა რამეს და ვერც იმ სევდასა და სიცარიელეს, მუდამ ხელჩაკიდებული რომ დაჰყვებოდა ხოლმე თან. უბრალოდ ცდილობდა მათთან ერთად ეცხოვრა და მუდამ დაკავებული ყოფილიყო, რათა ფიქრისთვის მინიმალური დრო დარჩენოდა.

სექტემბრის თვე იდგა. ადიში უკვე შემოსილიყო შემოდგომის ოქროსფერი ქურქით. ქარის მელოდიაზე აცეკვებული ფოთლები, ხეებზე თავს ვეღარ იმაგრებდნენ და ძირს დაშვებულები, ფერად ხალიჩად ეფინებოდნენ ბალახს. ცა, ღია ტონალობის საღებავებით იყო შეფერილი, ხოლო მზეს ნელ-ნელა ეკარგებოდა უწინდელი სითბო, ისე, თითქოს ზაფხული თავის უკანასკნელ სიმღერას მღერისო.

როგორც ბოლო პერიოდში ხდებოდა ხოლმე, დილა ამჯერადაც პილატესით დაეწყო ლინდას. სპორტული მაისური და ტანზე მომდგარი, წელვადი შარვალი, ვარჯიშის პროცესს უმარტივებდა. ამას გარდა, სხვა მხრივაც ცდილობდა ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყოლოდა –დღის განმავლობაში საკმაო რაოდენობით წყალს სვამდა, ფეხით ბევრს სეირნობდა და კვებასაც კარგად აბალანსებდა. ორსულობის პროცესიც ნორმალურად მიდიოდა, მაგრამ სხეულის არც ერთ ნაწილზე, ჯერ კიდევ არ იყო შესამჩნევი მისი ეს ფიზიოლოგიური მდგომარეობა. არც ბავშვის სქესის გაგებაზე ფიქრობდა, რადგან გადაწყვეტილი ჰქონდა, ეს მისთვისაც სიურპრიზი ყოფილიყო.

ნახევარსაათიანი ვარჯიშით გადაღლილი გოგონა, იატაკზე დაფენილ იოგას ხალიჩაზე გაწვა, მაღლა აწეული თმა ჩამოიშალა და თვალები დახუჭა. რაღაც დროის განმავლობაში, მხოლოდ შავი ფერი ედგა თვალწინ, თუმცა მალევე, ამ სიშავეში ანდროს სახემ დაიწყო გამოკვეთა. მარტოობის აუტანელმა შეგრძნებამ, ცრემლების სახით დაიწყო დენა ღაწვებზე. უკვე ცხოვრების მთავარ დრამად ქცეულიყო მისთვის ეს ადამიანი. ნახევარი წელიც არ იყო, რაც იცნობდა, მაგრამ მამაკაცმა მაინც ზუსტად იცოდა როგორ გაეღვიძებინა მასში სურვილი, როდის გაჩერებულიყო და როდის გადაედგა ნაბიჯი, როდის გაჩუმებულიყო და როდის ესაუბრა. ისიც კი ხდიდა მისდამი მიჯაჭვულს, რომ ახლა გვერდით არ ჰყავდა. უკვე იმ ზომამდე იყო მისული, ანდროს დატოვებულ საათს, ძილის წინ გვერდითა ბალიშზე იდებდა და წარმოიდგენდა, თითქოს მისი წიკწიკის ნაცვლად, მამაკაცის გულისცემა ჩაესმოდა.

ქარიშხლიანი ფიქრები, დაუსრულებლად დარჩენილი წინადადებასავით შუა გზაზე გაუწყვიტა, უეცარმა და ხმამაღალმა კაკუნმა. ვინაიდან ლილე, მთელი ოჯახით წასულიყო თბილისში, თეატრალური უნივერსიტეტის შიდა გამოცდების ჩასაბარებლად, ძალიან გააკვირვა ამ ყველაფერმა. ვერსიაც კი არ ჰქონდა, ვინ შეიძლებოდა მდგარიყო ზღურბლის საპირისპირო მხარეს, თუმცა კარი მაინც იმ ფორმაში გააღო, რომელშიც იყო და ჩარჩოს, მარცხენა ბეჭით მიეყრდნო.

— დილა მშვიდობისა, — თავაზიანად მიესალმა მას ახალგაზრდა, თეთრი ფერის პარკით ხელში მდგომი ბიჭი, რომელიც იქამდე არასდროს ენახა ლინდას.

— გამარჯობა. ნამდვილად ჩემთან ხართ?

— დიახ, ამის გადმოცემა მთხოვეს თქვენთვის, — პარკი სწრაფად გაუწოდა ბიჭმა და ჩამოართვა თუ არა იგი გოგონამ, შავი ჩანთიდან, სამაგრზე დადებული ბლანკი ამოაძვრინა, კალამთან ერთად, — ხელმოწერაც მჭირდება, რომ ნივთი ჩაიბარეთ.

მიუხედავად იმისა, რომ დაზუსტებით არ იცოდა ვისი გამოგზავნილი იყო ამანათი, ამ ყველაფრის უკან მდგომად, მაინც ლილე ჩათვალა მისმა გონებამ. სწორედ ამიტომ მოაწერა ფურცელზე ხელი ყოველგვარი ზედმეტი კითხვის გარეშე, თუმცა კარის დახურვისა და  პარკის გახსნის შემდეგ, მიხვდა, რომ ლილე აქ არაფერ შუაში იყო.

გოგონამ კიდევ ერთხელ შეავლო მზერა აწ უკვე მაგიდაზე დადებულ ტელეფონის ყუთსა და ორად გაკეცილ ბარათს. სწორედ ეს უკანასკნელი ჩათვალა პასუხების პოვნის ერთადერთ საშუალებად და ქაღალდი ხელში ინტერესიანი მზერით აიღო.

“შენი ხმის გაგება მინდა... გთხოვ, ჩართე.”                                        
ანდრო

ბარათის ბოლომდე ჩაკითხვისას, ხელებში ნერვული სიცივე იგრძნო. ეს სიზმარი ნამდვილად არ ყოფილა. ეს პირველი სიგნალი იყო მამაკაცისგან, ამდენი ხნის შემდეგ. მომხდარით გამოწვეული ეიფორია მთელ სხეულში რაკეტის სიჩქარით გავრცელდა და გულიც უჩვეულო სიხარულით აავსო. მიუხედავად ამისა, ტელეფონს მაინც ისეთი შიშით უცქერდა, თითქოს ყუთში ასაფეთქებელი მოწყობილობის ნახვას ელოდა.

არც კი იცოდა, რა უნდა ეთქვა მამაკაცისთვის. ეგონა, რომ მისგან შორს ყოფნა სასიკეთოდ წაადგებოდა, მაგრამ რაც დრო გადიოდა, მით უფრო რთული ხდებოდა ამის ატანა. აცნობიერებდა, რომ ანდროს გაშვებით, საკუთარი თავი უფრო მეტად დააზიანა. ამის არ-შემჩნევა, საკმაოდ გაუჭირდებოდა მამაკაცთან საუბრისას.

ბოლოს, გადაწყვიტა, რომ იმ დღეს ტელეფონი საერთოდ არ ჩაერთო. მართალია ძალიან უჭირდა სხვა რამეზე კონცენტრირება, მაგრამ დაღამებამდე, როგორღაც მიატანა სხვადასხვა ყურადღების გადასატანი საშუალებებით. ცდილობდა პირნათლად შეესრულებინა საკუთარი თავისთვის მიცემული პირობა, თუმცა ღამით უკვე მისმა მოთმინების ფიალამ ფიასკო განიცადა და შეკავებულ სურვილებს დაუთმო ასპარეზი.

ლინდამ, მაგიდაზე დატოვებული მობილური ყუთიდან ამოიღო და ყოველგვარი ზედმეტი დაფიქრების გარეშე დააწვა ჩამრთველ ღილაკს. როგორც აღმოჩნდა, მასში სიმ-ბარათიც იყო, ინტერნეტიც და ყველა აპლიკაციაც, სადაც ვიდეო-ზარით შეიძლებოდა საუბარი.

კონტაქტების სიაში, ერთი ნომერიც არ ეწერა. არადა ელოდა, თავის ნომერს ჩაწერილს დაუტოვებდა ანდრო. ამით იმედგაცრუებულმა, მობილური გვერდზე გადადო, მაგრამ გააკეთა თუ არა ეს, შემომავალი ზარის ხმა, ლამის მთელ მისაღებში ექოდ გავარდა.

ეკრანს გაუბედავად დახედა გოგონამ. ზარი ვიდეო-ჩართვის მოთხოვნით შემოდიოდა. უკვე ეჭვიც აღარ ეპარებოდა, რომ ეს ანდრო იქნებოდა, მაგრამ ის ნამდვილად გაუკვირდა, რომ მამაკაცმა ამდენად სწრაფად შეამჩნია მისი ონლაინ-სტატუსი.

სენსორს, თითი აკანკალებული სუნთქვით გადაუსვა. ეკრანზე მაშინვე გამოისახა მისთვის კარგად ნაცნობი სახე. გოგონას გულში, სიხარული და შფოთი შეეჯახა და თითქოს აფეთქების ხმაც გამოსცა. ერთმანეთში ზედმეტად ბევრი მოგონება აირია და ერთ დიდ, აზელილ მასად გადაიქცა, რომელმაც, წამიერად მხედველობაც კი დაუბინდა.

— მობილურის ჩასართავად ყველაზე კარგი დრო შეგირჩევია — ვარსკვლავებიანი ღამე.

გულმა უცნაური კუმშვა დაუწყო გოგონას. იგრძნო, როგორ მონატრებოდა მისი ხმაც კი. ჰაერი უფრო მძიმე გახდა, ვიდრე ჩვეულებრივ და მისი სიმძიმე, თითქოს მხრებზე სასიამოვნო ტვირთად დააწვა.

— მიხარია ხასიათზე რომ მოხვედი. იღიმი და ბედნიერი ხარ. მგონი, აქედან წასვლა მოგიხდა.

— მომიხდა? — ჩაეცინა მამაკაცს. — ამ წამს, ზუსტად იმაზე ვფიქრობდი, როგორი კარგი იყო მანდ ყოფნა და კირას გაკეთებული ხინკლის გემო.

— დარწმუნებული ვარ თითზე ჩამოსათვლელ რესტორნებში დადიხარ. სასაცილოა იმის მოსმენა, რომ კირას ხინკლის გემო მოგენატრა.

— ისიც სასაცილოა, რომ შენი ხმის გაგება მინდოდა?

რამდენიმე წამით, მომაკვდინებელმა სიჩუმემ დაისადგურა. ლინდას თითქოს ესმოდა კიდეც, როგორ დახტოდა მისი კონტროლიდან გამოსული პულსი. ჯერ კიდევ არ სჯეროდა, რომ ანდროს, მასზე ასეთი სახიფათო გავლენა ჰქონდა. მამაკაცს შეეძლო კვირების განმავლობაში ყოფილიყო განცალკევებით, მერე კი მოულოდნელად გამოჩენილიყო და მიეხვედრებინა, რამდენად უძლური იყო მის წინაშე, მიუხედავად ხანგრძლივი განშორებისა.

— ანდრო, მე ჩვენი ბოლო საუბრისას ყველაფერი გითხარი, ეს ხომ გახსოვს?

— მე კი არაფერი მითქვამს, — ხმა ისე დაუდაბლდა, როგორც ბრაზის დროს სჩვეოდა ხოლმე. — ვცდილობ, შენ და ჩემი ცხოვრების ბნელი მხარეები ერთმანეთისგან გაგმიჯნოთ. მართალია, ბოლო შეხვედრისას დაწვრილებით არაფერი მოგიყევი, მაგრამ არც ზედაპირული ახსნის საშუალება მოგიცია.

— და არის რამე, რაც უნდა ვიცოდე?

— ის უნდა იცოდე, რომ კირას სახლიდან, სივრცის და კომფორტის ნაკლებობის გამო არ წამოვსულვარ.

ლინდამ, შუბლზე ნერვიულად მოისვა ხელი. რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო მეტად ეშინოდა იმის, რომ შეიძლებოდა თავად ჰქონოდა დაშვებული სერიოზული შეცდომა.

— თუ ლაპარაკი გინდა, შემიძლია მოგისმინო. თუ არ გინდა, ესეც შენი ნებაა.

ცალი ხელი, ზანტად გაისვა შუბლზე ანდრომ. სწორედ იმ წამს შეატყო გოგონამ, რომ იგი ოდნავ არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ამან ძალიან გააკვირვა. 

— თუ ჩემი ნებაა, მაშინ მირჩევნია ეს თემა დავხურო. მხოლოდ ერთი რამ მინდა, ამაღამ ისე დაწვე, რომ ტელეფონი შენს სახეს უყურებდეს და მთელი ღამე კავშირზე იყო. შეგიძლია ეს?

— რა გჭირს? შენს თავს არ ჰგავხარ.

— მე და ჯეკი ცოტას ვერთობით. — კამერაში ვისკის ბოთლი გამოაჩინა და ამით საბოლოოდ დაარწმუნა გოგონა, რომ მის ნასვამობაზე არ შემცდარა.

უნებურად გაეღიმა ლინდას. საუბრის დასაწყისში, რატომღაც წინათგრძნობა ჰქონდა, რომ ეს ვიდეო-ზარი დაძაბულად წარიმართებოდა, თუმცა საბედნიეროდ პირიქით მოხდა.

— კარგი, მიდი ახლა ადექი, ხელ-პირი დაიბანე და დაწექი, მე არ გავთიშავ. შენი ნასვამ მდგომარეობაში ნახვა, მერვე საოცრებას უდრის.

— ხელ-პირი დაიბანე, დაწექი... ცოლივით მელაპარაკები.

— დათრობის შემთხვევაში, ცოლის მხრიდან კრიტიკაზე რა აზრის ხარ? — აჰყვა ხუმრობაში. მიუხედავად იმისა, რომ ხედავდა მამაკაცის თავს რაღაც რიგზე ვერ იყო, ასეთი სიტყვებით პოზიტივის შეტანა სურდა მის განწყობაში.

— თუ სიტყვებს, ცეცხლს და ნავთს არ გამოიყენებს, კრიტიკას ადეკვატურად მივიღებ.

ლინდას ტუჩებს, კვლავ ღიმილმა გადაურბინა. რაც უფრო დიდხანს უყურებდა ანდროს, მისი სურნელის შეგრძნებისა და მის მკლავებში ჩაკარგვის სურვილიც ნელ-ნელა მატულობდა. წამიერად, თითებითაც მიეფერა ეკრანს, სადაც მამაკაცის სახე იყო გამოსახული.

“მენატრები!” — აკივლდა მისი გონებაცა და გულიც, თუმცა ფიქრი, მხოლოდ ფიქრად დარჩა და ხმამაღლა არ გაჟღერებულა.

— იმ კლინიკასთან მაქვს კავშირი, სადაც გამოკვლევებს იტარებ, — საუბარი კვლავ ანდრომ განაახლა. — მეილზე ყველაფერს მიგზავნიან და მიხარია, რომ შენც და ბავშვსაც ყველაფერი წესრიგში გაქვთ.

— ანუ მთელი ეს დრო, მაქედან აკონტროლებდი სიტუაციას.

— ჩემი სიშორე არ ნიშნავს, რომ ყველაფერზე ხელი ავიღე.

ლინდამ დაინახა, როგორ წამოდგა ფეხზე და როგორ ჩაესვენა ბაღში მდგომ სავარძელში მამაკაცი. თავადაც მიწვა საწოლზე დალაგებულ ბალიშებზე და მხოლოდ ამის შემდეგ უპასუხა:

— ანუ, რაღაც პროცენტით მაინც დარჩი ჩემს ცხოვრებაში.

— და შენ გინდოდა, რომ ეს პროცენტები ნულამდე დაცემულიყო?

პასუხს, რატომღაც თავი აარიდა გოგონამ და თემა სრულიად საპირისპირო კუთხით წაიყვანა:

— ალკოჰოლი შენს იმ მხარეებს მაჩვენებს, რაც აქამდე არასდროს მინახავს. ნასვამი უფრო ადამიანური ხარ.

— ადამიანური? — გაეღიმა ანდროს.

— ჰო... შენთან საუბრისას მუდამ დაძაბული ვარ. სიტყვები, ქცევა — ყველაფერი ისეთი გაქვს, თითქოს ფილმში გიღებენ და წინასწარ დაწერილ სცენარს მიყვები, ახლა კი... ახლა უბრალოდ ანდრო ხარ, ვინც უხასიათობას ჯეკ-დენიელსთან ერთად ებრძვის და ეს მიხარია.

— რატომ გიხარია? — ირიბი ღიმილი არ შორდებოდა მამაკაცის ტუჩებს.

— იმიტომ, რომ ნაკლი შენც გაქვს.

— მგონი პირველი ქალი ხარ, ვისაც მამაკაცში ნაკლის დანახვა ასე ახარებს. ზოგადად, ბევრ რამეში ხარ პირველი.

— მაგალითად? — გულწრფელად დაინტერესდა გოგონა.

— ჭადრაკში დამამარცხე.

— კიდევ?

— შენსავით უხეშად, აქამდე არავინ დამლაპარაკებია.

— სხვაც არის რამე?

— შეიძლება, — ხანმოკლე პაუზა გააკეთა, სანამ კვლავ იტყოდა რამეს. — პირველად მენატრება ვიღაც ასე აუტანლად. ძალიან მინდა ჩვენი შეხვედრის ღამე შენც გახსოვდეს... ყოველი დეტალი...

— ეგ რატომ გინდა?

— შეიძლება საკუთარი თავი აღარ შეგზიზღებოდა და ამიტომ. იმ მანქანაში, გაცილებით ლამაზად მოხდა ყველაფერი, ვიდრე შენი გონება აღიქვამს.

— შეგიძლია რამე მაინც გამახსენო? — გული ლამის ამოვარდნას ჰქონდა გოგონას. საუბრის ასეთი კუთხით წარმართვას არ ელოდა და ამისთვის, არც ფსიქოლოგიურად იყო მომზადებული.

— ორივემ იმაზე ბევრად მეტი ვიგრძენით, ვიდრე ჩვენს სიტუაციაში უნდა გვეგრძნო.

— მაგას ახლა რამე მნიშვნელობა აქვს? — გაუმჟღავნებელ სევდას მალავდა ეს სიტყვები. — ეგ ღამე უკვე დასრულდა, დილით კი ყველაფერი გოგრად გადაიქცა.

— თავად გადააქციე შენი წასვლით.

— და რომ დავრჩენილიყავი? — დაუფიქრებლად იკითხა ის, რისი ინტერესიც უკვე ძალიან დიდი ხანი იყო კლავდა. — რომ არ წავსულიყავი და იმ დილით ერთად გაგვეღვიძა, რა იქნებოდა შენი შემდეგი ნაბიჯი?

— არაფერი დასრულდებოდა... არ ვიცი, სად წაგვიყვანდა ეს ურთიერთობა, მაგრამ მომინდებოდა ჩემთან დარჩენილიყავი.

— ალბათ მანამ, სანამ ბოლომდე არ ჩაიცხრობდი ვნებებს.

— ისე სახიფათოდ იღიმები, უკვე ქარიშხლის მოახლოებას ვგრძნობ. ჯობია დაიძინო, მაგრამ კავშირზე იყავი.

— არ მჯერა, რომ მაგის გაკეთება მართლა გინდა.

— ყველაფერზე მეტად... ესეც კიდევ ერთი რამ, რაშიც პირველი იქნები.

— კარგი, აგყვები მაგ სიგიჟეში, მაგრამ გაითვალისწინე, რომ ელემენტი ოც პროცენტამდეა შევსებული. არც შესაერთებელი მაქვს საწოლთან და დილამდე ვერ გაძლებს.

— სანამ გაძლებს, ჩემთან დარჩი.

ლინდამ ღრმად ამოისუნთქა, თავი დაუქნია და თვალები ისე დახუჭა, მეტად სიტყვაც აღარ დასცდენია. იმის თეორიული ცოდნაც კი, რომ ანდრო თვალმოუშორებლად უყურებდა, კანზე უხილავ ცეცხლს უკიდებდა. სულ მალე, მამაკაცის მიერ, ჩურჩულის ნათქვამი სიტყვებიც მისწვდა მის ყურთასმენას:

— ტკბილი ძილი ლინდა... ძალიან მალე შევხვდებით...

ბოლო სამმა სიტყვამ, უზარმაზარი, მწველი კოცონი დაანთო გოგონას გაყინულ გულში და ნელ-ნელა დაიწყო იქაურობის გალღვობა. იმ ღამით, შედარებით მშვიდს და ბედნიერს ჩაეძინა, ანდრო კი მანამ უყურებდა, სანამ ეკრანზე, გოგონას მძინარე გამოსახულება მოულოდნელად არ გაქრა. საათს რომ შეხედა მამაკაცმა, უკვე დილის ოთხი სრულდებოდა. ნელი ნაბიჯებით გაუყვა სახლისკენ მიმავალ ქვის ბილიკს. მონატრების შეგრძნება, მთელ სხეულში ფესვებივით ჰქონდა გამჯდარი.





8 8 8 8

ადრიანი დილა იყო. მზის სხივები, ანდროს საძინებლის ფანჯარაში შეპარულიყვნენ და იქაურობა სიბნელის ტყვეობისგან ეხსნათ. აივნიდან, რომელიც პირდაპირ ბაღს გადაჰყურებდა, კარგად ჩანდა როგორ მხიარულად დაფრინავდნენ ჩიტები ხიდან, ხეზე. გრილი სიო, ფოთლებს ნაზად ეჩურჩულებოდა, ხოლო ცას, მკრთალად ჯერ კიდევ აჩნდა ნამგალა მთვარის გამოსახულება.

აივნის მოაჯირზე დაყრდნობილი ანდრო, ერთ ამოჩემებულ წერტილს უყურებდა და სახეზე სევდიანი ღიმილი ჰქონდა გადაკრული. მისი, დანიელის და ვლადის წარსულიდან გადმოსული აჩრდილები, ახლაც სათამაშო იარაღებით ხელში დასდევდნენ ერთმანეთს და ბაღს, ბავშვური ჟრიამულით ახმაურებდნენ. სახლის ყოველი კუთხე, თუ კუნჭული ლამაზი მოგონებებით იყო სავსე, მაგრამ ახლა, როცა აღარაფერი იყო უწინდებურად, მათი გახსენება მხოლოდ ტკივილს იწვევდა.

მამაკაცი მოაჯირს მოშორდა და პირი კვლავ საძინებლისკენ იბრუნა. სწორედ იმ მომენტში, კარზე ისეთი ტონალონის კაკუნი გაისმა, როგორითაც მხოლოდ ერთი ადამიანი აკაკუნებდა ხოლმე და ანდრომაც მაშინვე მისცა შემოსვლის ნებართვა:

— შემოდი ბელა!

ზუსტად ორი წამის შემდეგ, ზღურბლზე საშუალო ასაკის დაბალი, პუტკუნა ქალბატონი გამოჩნდა, სინზე დადებული ყავის ფინჯნით ხელში. მან ფრთხილად ჩემოაბიჯა შიგნით, ყავა იმ მაგიდაზე დადგა, სადაც ანდროს ლეპტოპი ჰქონდა გაშლილი და იატაკის კუთხეში მიდებული, რობოტი მტვერსასრუტი ჩართო. მოწყობილობამ, იატაკზე აქეთ-იქით დაიწყო ცოცვა, ხოლო ქალი, ფანჯარას მიუახლოვდა და მზის შუქის უფრო კარგად შემოსაშვებად, ფარდები ბოლომდე გადასწია.

— შენნაირ ყავას ვერავინ ადუღებს, ბელა, — ფინჯანს მიუახლოვდა ანდრო, ხელში აიღო და არომატით ნასიამოვნებმა, წამით თვალებიც დახუჭა. — ვლადმა უკვე გაიღვიძა?

— კი, თავის ოთახშია. უკვე ფსიქიატრებთან ჩხუბიც მოასწრო, — ანერვიულებული ტონი ჰქონდა ქალს. — არავინ იცის, დანიელის ნახვის ნებას როდის დაგვრთავენ და ეს აბრაზებს.

— შენ ნუ ღელავ, — სავარძელში ჩაჯდა მამაკაცი და მასაც ანიშნა მოპირდაპირე სავარძლისკენ. — მთელი მესამე სართული ფსიქიატრიულად იმისთვის გადავაკეთეთ, რომ დანიელი ჩვენგან იზოლირებულიც იყოს და ახლოსაც გვყავდეს. ვლადი ყველაფერს კარგად ხვდება, მაგრამ ხანდახან, ბოლის გამოშვება სჭირდება ხოლმე.

— და ამ ბოლის გამოშვებით, ეს ფსიქიატრები რომ გააქციოს? — ანეევიულებული ცმუკავდა სავარძელში ბელა. — ხომ იცი, ამ სფეროში ძალიან სახელგანთქმულები არიან და ამბიციებიც მეტი აქვთ.

ანდრომ ყავის ერთი ყლუპის მოსმის შემდეგ დააბრუნა პასუხი:

— მთავარია თავისი საქმე გააკეთონ და დანიელს დაეხმარონ. ვლადს რაც შეეხება, მე დაველაპარაკები.

— კარგს იზამ, შვილო, — კმაყოფილება აირეკლა ქალის თვალებში და თითქოს ცოტათი დამშვიდდა კიდეც. — მე აქ იმდენი წელია ვმუშაობ, უკვე ჩემი ოჯახი გახდით. შეიძლება საკუთარი შვილები არ მყავს, მაგრამ სამივეზე დედასავით შემტკივა გული.

— ვიცი, — თვალებით მიეფერა მას, ანდრო. — შენ ყველაზე კარგი რამ ხარ ამ სახლში.

საპასუხოდ მხოლოდ სიყვარულით სავსე ღიმილი შეეგება ბელასგან. ამის შემდეგ დიდად ბევრი აღარც უსაუბრიათ. ქალმა მალევე დატოვა მისი საძინებელი, მანამდე კი, ის მტვერსასრუტი გამორთო, რომელსაც უკვე შეესრულებინა თავისი საქმე. აღარც ანდრო დარჩენილა დიდხანს უმოქმედოდ. როგორც კი ყავის დალევა დაასრულა, ფინჯანი მაგიდაზე დატოვა და პირდაპირ ვლადის მოსასვენებელი ოთახისკენ აიღო გეზი.

შიგნით დაკაკუნების გარეშე შევიდა მამაკაცი. უმცროსი ძმა, საწოლზე, წ’ყლის ჭიქით ხელში მჯდომი დაუხვდა. იმის გამო, რომ ფარდები, ფანჯრის დიდ ნაწილს ფარავდა, ოთახში ოდნავ ბნელოდა, ხოლო საწოლის კიდეზე მიგდებულ ყურსასმენებში, მუსიკა ხმადაბლა, საცოდავად ჟღერდა. როგორც კი მზერა ერთმანეთს გაუსწორეს, ვლადმა საეჭვოდ სწრაფად ჩაიდო ჯიბეში ის ვარდისფერი აბი, თითებით რომ ეჭირა, ხოლო ჭიქა, შემთხვევით ძირს დაუვარდა და მასში არსებულმა სითხემ, ხალიჩა დაასველა.

დაძაბულობა, რომელიც ბიჭის სახეზე გამოისახა, მისი ხასიათის იდეალურად მცოდნე უფროს ძმას ნამდვილად არ დარჩენია ყურადღების მიღმა. ვლადის ეს საქციელი, მხოლოდ იმაზე მეტყველებდა, რომ იგი რაღაცის დამალვას ცდილობდა და ანდრომაც აღარ დააყოვნა საუბრის წამოწყება:

— სახეზე გატყობ, ძალიან ცუდ დროს შემოგისწარი... არ მეტყვი რას ხლართავ? 

— წესით, შემოსვლამდე აკაკუნებენ ხოლმე.

— ასეთი სწრაფი რეაქცია, ბოლოს მაშინ გქონდა, ბავშვობაში რომ შემოგისწარი პორნო-ჟურნალის თვალიერებისას. ახლა რაც გეჭირა, ჟურნალს ნამდვილად არ ჰგავდა.

— იქ ერევი, სადაც არაფერი გესაქმება! — რაც შეეძლო ცივად მიუგო ბიჭმა და ფეხზე წამოდგა. — გადი ჩემი ოთახიდან!

მოცემულ მომენტში, სიმკაცრე, სიჯიუტე და შეუპოვრობა, ერთობლივად აირეკლა ანდროს მზერაში. ამან, ვლადიც მიახვედრა, რომ სიმართლის დადგენის გარეშე, იგი არსად წავიდოდა და ისედაც დაძაბული, უფრო მეტად ჩაითრია დაძაბულობამ.

— გეყოს სიმამაცე და ამოღერღე, ეს ის არის, რასაც ვფიქრობ?

პასუხი, ძალიან დიდხანს გაჭიანურდა. ყველაზე ნაკლებად, ახლა აღნიშნული თემის ირგვლივ საუბარი სურდა ბიჭს, მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე, მაინც გაუსწორა თვალი უფროსი ძმის მზერას და ხმაც ამოიღო:

— დრამას ნუ დადგამ. უბრალოდ ალფა პვპ-ა, თან ძალიან მცირე დოზა.

— აჰა, ესე იგი ალფა პვპ, — მაშინაც ზუსტად ისე დაუდაბლდა ხმა, როგორც ბრაზის დროს ახასიათებდა ხოლმე. — მითხარი, რამდენი ხანია მაგ საზიზღრობას იღებ?

— ეგ არაა მნიშვნელოვანი, — ამჯერად, სხვა მხარეს გაიხედა. დანაშაულის გრძნობამ სული ისე შეუხუთა, ისიც ვეღარ შეძლო, თვალებში თამამად ჩაეხედა ანდროსთვის.

— მნიშვნელოვანია თუ არა, მე გადავწყვეტ. ხმა ამოიღე!

ვლადი საწოლზე ჩამოჯდა, კეფაზე ორივე ხელი გადაისვა და ისეთი ღრმა ამოსუნთქვა გააკეთა, თითქოს სურდა ფილტვები მთლიანად დაეცალა ჟანგბადის მარაგისგან.

— რომ არ შემოსულიყავი, ეს მეოთხე აბი იქნებოდა. — ამოთქვა ბოლოს. მართალია არ უყურებდა, მაგრამ პერიფერიული მხედველობით მაინც დაინახა, როგორი დამძიმებული ნაბიჯებით მიუახლოვდა ფანჯარას ანდრო. ამ უკანასკნელს, გონებაში სინათლის სიჩქარით ერეოდა ფიქრები, ხოლო გულს, იმედგაცრუების ბასრი კლანჭები უფლეთდა. მის ორგანიზმში, მრისხანება შეუქცევადად მიედინებოდა და ნელ-ნელა არწმუნებდა, რომ ნერვულ აფეთქებამდე წამებიღა ჰქონდა დარჩენილი.

თავის შიგნით დაგროვებული ბრაზი, ძლიერად შეკრულ მუშტში მოამწყვდია ანდრომ. უნდოდა ვლადისთვის, გარტყმის სახით მიეყენებინა ფიზიკური ტკივილი და ამით ოდნავ მაინც გათავისუფლებულიყო, თუმცა უმცროს ძმაზე, რომელიც სანახევროდ თავად ჰყავდა გაზრდილი, ხელი ვერ აღმართა. სწორედ ამიტომ, მისთვის განკუთვნილი მუშტი, მთელი ძალით დაატაკა ფანჯრის მინას და იგი, იატაკზე მიმოფანტული, ბასრი ნამსხვრევების მასად აქცია.

მარჯვენა ჩარჩოს ადგილას სრული სიცარიელე დარჩა. მამაკაცის ხელზე, ბლანტმა, წითელმა სითხემ დაიწყო დენა, თუმცა ტკივილი საერთოდ არ უგრძვნია. ოთახში მხოლოდ მისი დაძაბული სუნთქვა ისმოდა, რაც განაჩენის ზარივით ჩაესმოდა დასჯილი ბავშვივით თავჩახრილ ვლადს.

— ცხელ გულზე ყველაფერს ნუ დალეწავ, კარგი? — დუმილი რომ აუტანელი გახდა, კვლავ თავად ალაპარაკდა ბიჭი. ჩუმად ყოფნა აღარ შეეძლო. სულიერად ანგრევდა ის იმედგაცრუებული მზერა, უფროსი ძმის თვალებში რომ ხედავდა. — ბოლო დროს, მხოლოდ ცუდი ხდება. დანიელი საშინელ დღეშია, გოგოს, რომელიც მიყვარს კი ჰგონია ვუღალატე და ჩემს ჯიბრზე, ვიღაც დაკუნთულ მაჩვს ხვდება. ამ ყველაფრის ფონზე აბები ხანდახან მეხმარება, მაგრამ შეჯდომას არ ვაპირებ. 

— თურმე ხანდახან ეხმარება, — ირონიულად ჩაეცინა მამაკაცს. — მაშინ მოდი მეც გეტყვი ერთ რამეს. ბოლოდროინდელი მოვლენების გამო, მუდამ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს რაღაც ძალიან ვიწრო მაცვია და მიჭერს. რა ვქვნა, ამის გამო, მეც კაიფი დავიწყო? მართლა ამაში ხედავ გამოსავალს?! ასე ვებრძვით პრობლემებს?!

— საგანგაშო არაფერი მომხდარა. ჩემს ასაკში ყველას გაუსინჯავს ერთხელ მაინც. დარწმუნებული ვარ, შენც.

— ბიჭო, შენ შ*გ ხომ არ გაქვს?! კვირაში შვიდჯერ ინსულინის ნემსს იკეთებ, ბელას კიდევ შენთვის სპეციალური კვების რაციონი აქვს შედგენილი და ამ ყველაფერს, ნარკოტიკებს ამატებ დესერტად! საერთოდ რა ჯანდაბაზე ფიქრობ?!

— გითხარი, შეჯდომას არ ვაპირებ-მეთქი.

— საქმეც ისაა, რომ შეჯდომას ვერც მოასწრებ, ისე შეასრულებ გედის სიმღერას! იცი მაინც რამხელა ალბათობაა იმის, რომ მაგ აბებმა დიაბეტურ კომაში ჩაგაგდოს და შენი საავადმყოფომდე მითრევაც ვეღარ მოვასწრო?!

პასუხის გაცემის ნაცვლად, იატაკზე დაგებულ ხალიჩასა და მასზე დავარდნილ მინის ჭიქას დააშტერდა ვლადი. თავში მოულოდნელად ამოტივტივებულმა მოგონებებმა, ტუჩებზე სევდიანი ღიმილი მოჰგვარა. შორეული წარსულის ის მომენტი და ახლანდელი შემთხვევა, რაღაც კუთხით იმდენად ჰგავდნენ ერთმანეთს, რომ მათ მშორის, პარალელიც კი გაავლო.

— ერთხელ უკვე გადავრჩი იმის გამო, რომ დროულად მომისწარი, გახსოვს?

უფროსი ძმის თვალებში დანახულმა კითხვის ნიშნებმა, საუბრის გაგრძელებისა და საკუთარი სიტყვების განმარტებისკენ უბიძგა ვლადს:

— იმ დღეს ვგულისხმობ, ბავშვობაში რომ ბაბუას წნევის წამლების ერთი კვირის მარაგი დავღეჭე და შენ მიპოვე, იატაკზე დაგდებული, — კვლავ გაეღიმა ბიჭს. — თურმე სასწრაფოს ექიმებს ეხვეწებოდი, ჩემს ყულაბას გავტეხავ და მთელ ფულს თქვენ მოგცემთ, ოღონდ გადამირჩინეთო.

ჩატეხილი ფანჯრის ნამსხვრევებს გვერდი სერიოზული გამომეტყველებით აუქცია ანდრომ და იმ სავარძელში დაიკავა ადგილი, რომელიც, დეკორატიული მცენარეებით გაფორმებული, სკის ფორმის თაროების ქვეშ იდგა.

— ეგ ამბავი ვინ მოგიყვა?

— დედამ, როცა ათი წლის გავხდი, — მზერა გაუსწორა ვლადმა, ხოლო მისდამი მადლიერება მხოლოდ თვალებით გამოხატა. — ყოველთვის შენი თავის ტკივილი ვიყავი, მაგრამ მაინც არასდროს შეგეძლო ჩემზე ხელის აღმართვა. ამის ერთ-ერთი დასტური ის მუშტია, მე რომ უნდა მომხვედროდა და ფანჯარას მოხვდა.

— თუ არ გაჩუმდები, მეორე მუშტი უკვე შენკენ წამოვა.

— არ წამოვა, — უზომოდ დარწმუნებული ჩანდა საკუთარ თავში ბიჭი. შიგადაშიგ, ანდროს სისხლიან ხელსაც უყურებდა და მტკივნეულად გრძნობდა საკუთარი პასუხისმგებლობის სიმძიმეს. — დამიჯერე, არც გახდება საჭირო. ჩემი სახით, სადარდებელს აღარ დაგიმატებ. შემიძლია პირობაც დაგიდო, რომ ამ აბებით ხელში ბოლოჯერ მნახე.

ფიქრების ტალღებში მოქცეული, რამდენიმე წამით მდუმარედ იჯდა მამაკაცი. შემდეგ ნიკაპზე ჩამოისვა ხელი, მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო და თავის დასერილ კანს, წამიერი მზერა შეავლო.

— პირობას მე ნუ მომცემ, — თქვა მან. — ჯობია საკუთარ თავს დაჰპირდე. თუ სიტყვას გატეხავ, ჩემთვის ცუდი იქნება, შენთვის კიდევ ბევრად უარესი.

— არ გავტეხავ ანდრო. იმას ვერ დაგპირდები, სანიმუშო ყოფა-ქცევის ვიქნები-მეთქი, მაგრამ აბებს აღარ გავეკარები.

— აქაურობა მოაწესრიგე! — თქვა თუ არა, ფეხზეც მაშინვე წამოდგა და ყოველგვარი ზედმეტი კომენტარის გარეშე გაემართა გასასვლელი კარისკენ. ზღურბლთან მისულს, ვლადის შეკითხვაც წამოეწია:

— ჯერ მითხარი, გჯერა ჩემი, თუ არა?

— მინდა დაჯერება, — მილიმეტრითაც არ მობრუნებულა უკან ისე მიუგო.

— ეგრე არ მაწყობს! მე აქ ყირაზე ვდგები და დაპირებებს ვიძლევი, ამიტომ, უნდა მითხრა, რომ გჯერა!

— კარგი ვლად, მჯერა... მჯერა და იმედია ამით შეცდომას არ ვუშვებ...

კარი უხმაუროდ დაიკეტა და ბიჭი სრულიად მარტო დარჩა, უამრავ ფიქრთან და სირცხვილის გრძნობასთან ერთად, ოთახის კუთხიდან რომ უმზერდა, ნიშნისმოგებით.

რაღაც პერიოდის განმავლობაში, უბრალოდ იჯდა და დაჟინებული მზერით დაჰყურებდა იატაკზე მიმოფანტულ ფანჯრის ნამსხვრევებს. საკუთარი საქციელის მიმართ გაჩენილი ზიზღი, მთიდან დაგორებული ზვავივით იზრდებოდა. ამან, საბოლოოდ იმ შედეგამდე მიიყვანა, რომ საწოლიდან სინათლის სიჩქარით წამოვარდა, გარდერობი გამოაღო და სულ ბოლო უჯრაში, გაფაციცებით დაიწყო ქექვა.

მალევე იპოვა ის, რასაც ეძებდა. პატარა სკივრი, რომელიც შავ და ყავისფერ ფერებში იყო გადაწყვეტილი, სამნიშნა კოდის აკრეფით გახსნა და იქიდან, ხელსახოცში გახვეული აბები ამოაძვრინა. შემდეგ, ჯიბეში ჩარჩენილი აბიც ამოიღო, საპირფარეშოში შევიდა და ყველაფერი ეს, დაუფიქრებლად ჩარეცხა უნიტაზში.

მორევივით დატრიალებულმა წყალმა, ხუთივე აბი ზუსტად ისევე ჩაიატანა კანალიზაციაში, როგორც ის დაუფიქრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სიცოცხლეს აყენებდა რისკის ქვეშ.




* * *

ანდრომ მანქანა პარკინგის თავისუფალ ადგილას დააყენა და ისე, რომ ძრავიც არ გამოურთავს, ფიტნეს-კლუბის სარეკლამო ბანერს გაუსწორა მზერა. მასზე გამოსახული, სპორტულ სამოსში გამოწყობილი ქალი და მამაკაცი, იდეალური სხეულით იწონებდნენ თავს და თითქოს სწორედ ამით იტყუებდნენ დაწესებულებაში, ფიგურის კორექციის სურვილით შეპყრობილ ადამიანებს.

უმცროს ძმასთან დილანდელი კონფლიქტის შემდეგ, გონებაცა და გულიც ერთობლივად სთხოვდა განტვირთვას ანდროს. როცა დანიშნულების ადგილს მიაღწია, მიხვდა, რომ ხალხის გარემოცვაში ყოფნა არ შეეძლო. სწორედ ამიტომ, სათავსოში ჩადებულ ტელეფონზე საჭირო ნომერი აკრიფა, ზარი ხმამაღალ კავშირზე ჩართო და პასუხის მოლოდინში, თავი სავარძლის საზურგეს მიაყრდნო.

მოულოდნელად დაწყებული წვიმა, თანდათანობით იკრებდა ძალას. საწმენდები, ზარმაცად სრიალებდნენ საქარე მინაზე, ხოლო მათ მიღმა, ქალაქი ისეთი ბუნდოვანი ჩანდა, როგორც შავ-თეთრი ფილმი, ძველ ტელევიზორში. მამაკაცი უინტერესო სახით ადევნებდა თვალს, ქოლგებით ხელში მოსიარულე ადამიანებს, მანამ, სანამ რამდენიმე წამში, ყურმილში სასურველი ხმა არ მოესმა:

— გისმენ ანდრო.

— დრო გაქვს? ერთი თხოვნა მაქვს შენთან.

— კი, მაქვს. მითხარი, რა ხდება? — მისი ბოლო სიტყვები უფრო მკვეთრად გაისმა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ხმაურიანი გარემოდან, მშვიდში გადმოენაცვლა.

— შენს სპორტ-დარბაზთან ვარ, არჩი, — საჭეზე თითები აათამაშა და სამიოდე წამით, პაუზაც გააკეთა, სანამ საუბარს განაგრძობდა: — შეგიძლია დარეკო და აქაურობა ზუსტად ორი საათით დაახურინო? მინდა შიგნით მარტო ვიყო.

ყურმილის მეორე მხრიდან, გარკვეული დროით მხოლოდ არჩილის სუნთქვა ისმოდა.

— ხომ კარგად ხარ? — ჰკითხა ბოლოს.

— ჰო, კარგად ვარ. უბრალოდ ხალხის გარემოცვა არ შემიძლია. ახლა არა...

— მოხარშულს გიცნობ, ანდრო.

— დაკარგული საათების ზარალს ავანაზღაურებ, ნუ ღელავ, — საუბრისგან თავის ასარიდებლად, მაშინვე სხვა თემაზე გადაუტანა მამაკაცმა. მართალია არ დაუნახავს, თუმცა მაინც მიხვდა, რომ არჩილს, მის ეშმაკურ სვლაზე გაეღიმა.

— ზარალი დაიკიდე. ყველაფერს მოვაგვარებ და ოც წუთში მაქაურობა შენია.

— ყველაფერი ანაზღაურდება, არჩი, — მიუგო გადაჭრით. ტონზეც კი შეეტყო, რომ ამ საკითხში დათმობაზე წასვლას არ გეგმავდა, — მაგ ადამიანებისთვის, ვინც გარეთ უნდა გამოუშვან, ერთთვიან აბონემენტს ვკისრულობ.

— კარგი, რა გაეწყობა? მაშინ გაგიმართლა შუადღე რომაა. მენეჯერი მწერს, რომ ამ ეტაპზე, შიგნით მხოლოდ ათი კლიენტია.

— ანუ მხოლოდ ათი ადამიანი გამლანძღავს გულში და ღირსიც ვიქნები.

— თუ არ გინდა მეთერთმეტე მე ვიყო, ბრაზი მოთოკე და ყველაფერი მთელი დამახვედრე. ამ კვირაში, ვირის გრაფიკი მაქვს, ინვენტარის განახლებისთვის არ მცალია.

ანდროს ჩუმად, თითქმის უხმოდ ჩაეცინა.

— ვეცდები...

ზუსტად ნახევარი საათის შემდეგ, მამაკაცი სრულიად ცარიელ სპორტ-დარბაზში იჯდა და ხელებზე კრივის ხელთათმანებს ირგებდა. იქაურობა კაშკაშა, ვერცხლისფერი შუქით იყო განათებული. მთელ სიგრძეზე გაყოლებული დიდი სარკეები, ოთახს ვიზუალურად აფართოებდა, ხოლო უკანა მხარეს, ტრენაჟორების სივრცისგან შუშის კარით გამოყოფილი, ჯგუფური სავარჯიშო ოთახი მოჩანდა.

ანდრო ფეხზე წამოდგა და დარბაზის დასავლეთ ნაწილში, ჭერიდან ჩამოშვებულ კრივის ტომარას მიაუხლოვდა. აღგზნებული გონება, შეუჩერებლად სთხოვდა ადრენალინის გამოყოფას, ამიტომ უმოქმედოდ დიდხანს არ მდგარა.

პირველი დარტყმა, მეტად მკვეთრი და ძლიერი გამოუვიდა, თუმცა აჩქარების გარეშე. მერე ტემპს მოუმატა და ნელ-ნელა მისმა სუნთქვამაც დაიწყო გახშირება. რაც უფრო მეტად ხურდებოდა მამაკაცის სხეული, მით უფრო იზრდებოდა აზარტი და შემართება.

ყოველ დარტყმაში, ერთმანეთში სამი გრძნობა – ტკივილი, ბრაზი და მონატრება ირეოდა. პირველს, დანიელის გამო გრძნობდა, მეორეს, ვლადის, ხოლო მესამეს მიზეზად ლინდა ითვლებოდა და სწორედ ის იყო ყველაზე ძლიერი. სუნთქვას უკრავდა გოგონას გახსენებაც კი. თითოეული მოქნეული მუშტით, თითქოს გონებიდან მასთან კავშირში მყოფი მოგონებების გამოდევნას ცდილობდა. უკვე სიგიჟის ზღვარზე იყო ისე ენატრებოდა მისი ხმა, სურნელი, ფიზიკური სიახლოვე. ბოლო პერიოდში მიღებული სტრესის ფონზე, ყოველივე ამას გაათმაგებულად გრძნობდა. თვალწინ დაჩქარებული კადრებივით გაურბოდა ადიშში გატარებული დღეები, დანაკლისის ბასრი კლანჭები კი, გულს უმოწყალოდ უსერავდა.

ძლიერი ფიზიკური დატვირთვისგან მომატებულმა შინაგანმა ტემპერატურამ, მაისურიც კი შემაწუხებელი გახადა მამაკაცისთვის. ამან აიძულა ცოტა ხნით გაჩერებულიყო და ტანზე გასახდელად, ცალი ხელთათმანი მოეხსნა. სანამ კვლავ დაწყებულს დაუბრუნდებოდა, მისი ყურადღება დარბაზის კარში, მოულოდნელად შემოსულმა ადამიანმა მიიპყრო. ამ უკანასკნელს, მხარზე შავი ზურგ-ჩანთა ჰქონდა მოკიდებული, ხოლო ტანზე სპორტული ტანსაცმელი მოერგო.

— არჩი, სერიოზულად? — გამომცდელი მზერით გახედა მან ახლადმოსულს. — ფიქრობ ძიძა მჭირდება?

— ძიძა არ ვიცი, მაგრამ ბოლო დროს, ნავიგატორის გარეშე დარჩენილი ტურისტივით კი დადიხარ.

— მერე შენ ნავიგატორი ხარ? — ცალწარბაწეულს, გვერდულად ჩაეღიმა. — გიყურებ და ვერ მიგამსგავსე.

— სამაგიეროდ, ცოცხალი მოწინააღმდეგე ვარ. იმის მაგივრად, რომ ბრაზი კრივის ტომარაზე ანთხიო, მე შემებრძოლე.

ღრმად ამოისუნთქა ანდრომ. მისთვის არჩილი ის ადამიანი იყო, ვის თავში გაელვებული აზრების უმეტესობას ისე კითხულობდა, თითქოს სადღაც იქვე, დიდ მონიტორზე იწერებოდა. ამ წამსაც ხვდებოდა, რა იყო მისი მოსვლის რეალური მიზეზი და ეს კიდევ ერთხელ აგრძნობინენდა, რამდენად საიმედო იყო მათი ერთმანეთისადმი მხარდაჭერა.

— კარგი, მიდი მოემზადე, — ორთაბრძოლაზე თანხმობის ნიშნად, ხელთათმანის ორივე დაბოლოება შეაერთა ანდრომ. — თითქმის ერთი თვეა ეს არ გაგვიკეთებია და მომენატრა.

დიდი დრო არ დასჭირვებია არჩილს. ვინაიდან ფეხსაცმელი და ტანსაცმელი ისედაც სპორტული ეცვა, ჩანთიდან მხოლოდ ხელთათმანები ამოიღო და ორ წუთში, უკვე სრულ მზადყოფნაში იდგა მეგობრის წინ.

ორივენი აბსოლუტურად განსხვავებული სტილით იბრძოდნენ. არჩილი ეშმაკური, სხარტი და მოულოდნელი მოძრაობებით ცდილობდა შეტევაზე გადასვლას, ხოლო ანდროს, თავდაცვით პოზიციაზე ყოფნით სურდა მოწინაადეგის გადაღლა, სანამ თავად გადავიდოდა იერიშზე.

— კარგ ფორმაში ხარ, — სამწუთიანი დუმილი, არჩილის კომპლიმენტმა ჩაანაცვლა, თუმცა ბრძოლა წამითაც არ შეწყვეტილა.

— შენც... ძლიერად არ ურტყამ, მაგრამ საკმაოდ ზუსტი და სწრაფია. მოგერიება მიჭირს.

მამაკაცები წრეზე მოძრაობდნენ, თან ერთიმეორეს არ აშორებდნენ თვალს. რაღაც მომენტში არჩილი, ანდროს ფეხს გამოედო და წაბორძიკდა, თუმცა წონასწორობა სწრაფად შეინარჩუნა და ძირს დაცემას გადაურჩა.

— არ გინდა საუბარი დაიწყო?

— რა გინდა, რომ ვთქვა? — თავის სწრაფად დახრისა და მორიგი დარტყმის აცილების შემდეგ გაეპასუხა ანდრო.

— კარგი რაა, რთულად დაწყებული დილა პირდაპირ სახეზე გახატია. ეჭვი მაქვს, ისევ ვლადმა მიქარა რამე.

— ნუ ღელავ, მოგვარდება.

— ასეთი რა გააკეთა? — ინტერესით ჩაეკითხა. პასუხი საკმაოდ მალე მიიღო:

— ნარკოტიკულ საშუალებას იღებდა, როცა საძინებელში შევუსწარი. კარგი ისაა, რომ დიდი ხნის შემჯდარი არაა.

— სერიოზულად?! მერე რა გააკეთე?!

— ვილაპარაკეთ. პირობა დადო, აღარ გავეკარებიო.

არჩილმა, საუბარში ერთწუთიანი პაუზა გააკეთა და ამ ხნის განმავლობაში, მთელი მონდომებით ცდილობდა მეგობრისთვის ისეთი დარტყმის მიყენებას, რომელიც გამარჯვების ქულას მოუტანდა.

— და რამდენად დარწმუნებული ხარ, რომ პირობას შეასრულებს? — ჰკითხა ბოლოს. — ვლადი დენთის კასრს ჰგავს და მისგან ყველაფერია მოსალოდნელი.

— ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტით ვენდობი. უნდობლობის ის ერთი პროცენტი, ყველა ადამიანის მიმართ უნდა გქონდეს.

— ჩემს მიმართაც გაქვს?

— რა სენსიტიური შეკითხვაა.

— ანდრო ბარათაშვილის ტიპური რეაქცია, როცა პასუხის გაცემა არ უნდა.

ამის შემდეგ, იყო მკვეთრი შემობრუნება და ის შეტევა, რომლისთვისაც მთელი ეს დრო, შესაფერის მომენტს არჩევდა ანდრო. დარტყმა იმდენად სწორი ტრაექტორიით იყო შერჩეული, არჩილმა წონასწორობა ვეღარ შეინარჩუნა და პირდაპირ ზურგით დაეცა რბილ იატაკზე.

მამაკაცმა ტკივილისგან ამოიგმინა. ხსენებული ფიასკოს შემდეგ, ფეხზე წამოდგომა აღარც უცდია. ეს, მათთვის უკვე ბრძოლის დასასრულს ნიშნავდა, ამიტომ, რამდენიმე წამში ანდროც მის გვერდით გაწვა და დაღლილობისგან თვალებდახუჭულმა, შვებითაც ამოისუნთქა.

— ხომ კარგად ხარ? მგონი, ცოტა ზედმეტი მომივიდა.

— დაიკიდე, მთავარია ბრაზი გამოათავისუფლე. ტომარა ჩემზე უარეს დღეშია, ამიტომ საწუწუნო არაფერი მაქვს.

რამდენიმეწამიან სიჩუმეში, რომელიც ამ სიტყვების მერე ჩამოწვა, მხოლოდ ის აჩქარებული სუნთქვის ხმები ისმოდა, ნელ-ნელა რომ უბრუნდებოდა ჩვეულ რიტმს. არჩილი თვალმოუშორებლად უყურებდა განათებულ ჭერს, მანამ, სანამ უეცრად, ანდრომ მისი სახელი არ წარმოთქვა:

— არჩი...

— მეორე რაუნდზე სიტყვაც არ დაძრა! მაგის ტ*აკი აღარ მაქვს!

— სულ სხვა რამეს ვამბობდი, — გაეცინა ანდროს.

— რას?

— იმას, რომ შენთან უკვე კარგა ხანია ერთპროცენტიანი უნდობლობის წესს ვარღვევ...





8 8 8 8

მზემ ორივე თვალი გაახილა, ციდან ვარსკვლავები დაკრიფა და მასზე გადაკრული შავი ზეწარი, ნათელი საღებავებით მოხატა.

ადრიანი დილიდან მოყოლებული, ლინდა, ლილეს საძინებლის საწოლზე, მასთან ერთად იყო გაწოლილი. გოგონებს წინ ორი პატარა თასი ედგათ, რომელთაგან ერთში მზესუმზირა ეყარა, ხოლო მეორეში, მისი ჩენჩოების მთელი გროვა აშენებულიყო.

ფანჯრიდან, ნიავს მცენარეების სასიამოვნო სურნელი შემოჰქონდა. სოფელს გარსშემორტყმული გორაკები, ნისლში ისე გახვეულიყვნენ, თითქოს გარესამყაროსგან რაღაც საიდუმლოს მალავენო, ხოლო ცას, კაშკაშა, ლურჯი ფერი აჩნდა.

– არც კი მჯერა, რომ გამოცდები ჩავაბარე და ერთ კვირაში სწავლას დავიწყებ! – აღტყინებული ჩანდა ლილე, თან გაუჩერებლად აკნატუნებდა მზესუმზირას.

– მეც არ მჯერა, აქედან რომ წახვალ და ჩემს ოთახში გადარეულივით აღარ შემოვარდები ხოლმე.

– მგონი ერთ ვიღაცას ნოსტალგია ეწყება.

– არც უარვყოფ, – სევდით გაჟღენთილმა ღიმილმა გადაურბინა ლინდას ბაგეებს. მისი თვალები იმ ნაღველით იყო სავსე, გულში ღრმად დაბუდებული სევდის სააშკარაოზე გამოსვლას რომ ცხადყოფდა.

– საკმაოდ დიდი ბინა დამიგირავეს, ლინდა. შენთვისაც იქნება ადგილი, თუ ჩამოსვლას გადაწყვეტ.

– ჩემთვის რატომ? ონისე და ნინია, თბილისში შენთან ერთად არ აპირებენ გადმოსვლას?

ლილემ თავი გადააქნია.

– ვხედავდი როგორ უჭირდათ აქაურობის მიტოვება. ძალიან მინდა ჩემთან იყვნენ, მაგრამ ეგოისტურად ვიქცეოდი, მათ ასაკში რომ საცხოვრებელი გარემოს შეცვლას ვთხოვდი.

– გამოდის, ორივენი ადიშში რჩებიან.

– კი, ოღონდ იმ პირობით, რომ ყოველ არდადეგებს აქ გავატარებ. ათი საათის მერე რომ გარეთ ცხვირი არ უნდა გავყო და დღეში ორმოცჯერ უნდა დავრეკო მოხსენების ჩასაბარებლად, ამაზე აღარაფერს ვამბობ.

ლინდამ, გაშლილი თმა ტუმბოზე დატოვებული კალმისტარით დაიმაგრა და მზესუმზირის ჭამა განაგრძო.

– ეგ არ ვიცოდი, როდის გადაწყვიტეთ?

– ორი დღის წინ... გთხოვ რაა, შენც წამოდი თბილისში, აქ რა უნდა აკეთო?

– გეყოფა, ლილე.

– შენ თვითონ გეყოფა. იქ მუშაობას დაიწყებ, მშობლიურ ქალაქში იქნები და ნელ-ნელა ცხოვრებას დაილაგებ. თან ის ტიპიც უნდა ვნახო, ონლაინ-თამაშში რომ გავიცანი და მინდა შთაბეჭდილებები პირადად გაგიზიარო.

– ეს ის არის, ვისთანაც სერიოზული არაფერი ხდებოდა? – ცალი წარბი აზიდა ლინდამ.

– ჰო, მაგრამ რაღაცები შეიცვალა. სექტემბრის თვრამეტ რიცხვში ვგეგმავთ შეხვედრას და ისიც არ ვიცი, როგორ გამოიყურება. ზუსტად ამაშია მთელი ხიბლი.

უსიამოვნო წინათგრძნობამ, რომელიც იმ წამს აღმოცენდა ლინდას გულში, განწყობაზეც საგრძნობლად იმოქმედა და ისედაც გაღიზიანებული, უფრო მეტად გააღიზიანა. ცხოვრებაში არასდროს დამართნია მსგავსი რამ და ვერ ხვდებოდა უნდა მინდობოდა თუ არა საკუთარ შინაგან ხმას, თუმცა უმოქმედოდ ჯდომა მაინც არ შეეძლო. სწორედ ამიტომ, მოუწია გადაწყვეტილება იმპულსურად მიეღო:

– დავფიქრდი და მგონი კარგი იქნება, მაგ რიცხვში, მეც თბილისში ვიყო. თან, ცოტა ხნით დავრჩები კიდეც.

– მართლა?! – შეეტყო გაუხარდა, თუმცა შემდეგ ეჭვმა დატოვა კვალი მის სახეზე. – მგონი ამას იმიტომ აკეთებ, რომ ჩემს პაემანზე ნერვიულობ, არა?

– უბრალოდ ასე უფრო მშვიდად ვიქნები, ლილე. არ აღიარებ, მაგრამ მსუბუქი ნიავიც კმარა შენს წასაქცევად და თუ რამე ისე არ წავა, მინდა ახლოს ვიყო.

გოგონებს, საუბარი უეცრად შემოღებულმა კარმა გააწყვეტინათ. თავი რომ ასწიეს, ზღურბლთან ნინია დაინახეს, ნამცხვრის მრავალფეროვანი ასორტით გაფორმებული, მოზრდილი თეფშით ხელში. ამან, განსაკუთრებით ლილეს გაუბრწყინა თვალები ბედნიერებისგან და ეს სიტყვიერადაც გამოხატა:

– ჩემს აზრებს კითხულობ ბებო, ახლა ზუსტად ტკბილეული მჭირდებოდა!

– ჭამეთ შვილო, ჭამეთ. ონისემ ახლახანს მოიტანა, სულ ახალია.

ლინდამ მზესუმზირის თასი გადადო და საწოლზე ოდნავ წამოიწია.

– ნინია, შენზე და ონოზე გავიგე, თბილისში აღარ მიდიანო, – თქვა და ისიც შენიშნა, როგორ აირეკლა ქალის გამომეტყველებაში სევდა.

– აბა სხვა რა ვქვნათ, შვილო? მე კიდევ რამეს ვიზამ, მარა ის კაცი გამიგიჟდება ქალაქში. გადაყოლილია ამ ეზო-კარზე. სიტყვა არ დასცდენია, თორე მე კი ვიცი, როგორ ეძნელებოდა აქაურობის დატოვება.

– ძალიან კარგი, თუ უთქვენოდ წავა. სტუდენტების უმეტესობა მარტო ცხოვრობს. ლილე ჭკვიანი გოგოა, ცუდი არაფერი მოხდება.

– იმედია ჩემო გოგო, იმედია. მე და ბაბუამისმა კარგად აღვზარდეთ და ვენდობით. ახლა მიდით, ჭამეთ, მე სამზარეულოში მაქვს საქმე.

– თავს მშვენივრად მივხედავ ნინია, ნუ გეშინია, – სიყვარულით სავსე თვალებით გააცილა გასასვლელი კარისკენ წასული მოხუცი და ნამცხვრის ჭამა კვლავ გემრიელად განაგრძო.

რაღაც პერიოდით ოთახში მდუმარება სუფევდა. საბოლოოდ, იგი ლინდას ინიციატივით დაირღვა:

– ლილე, ის ტიპი აუცილებლად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ნახე, კარგი? – მზერაში გაფრთხილება, ხოლო ხმაში დაძაბულობა ჩანდა. – მეეჭვება, რომ ეს შეხვედრა კარგი იდეაა, მაგრამ თუ არ იშლი, ხალხმრავალი ადგილი მაინც აირჩიე.

გოგონამ თვალები მობეზრებულად აატრიალა.

– ლინდა, მოდუნდი რაა, ბევრი ფიქრი საერთოდ არაა კარგი. ხანდახან გრძნობებს უფლება უნდა მისცე, თავის ჭკუაზე გატარონ. თან უკვე რამდენი ხანია ონლაინ ვესაუბრები და ერთი უხამსი სიტყვაც არ წამოსცდენია. არც შიშველი ფოტოების გამოგზავნა უთხოვია, ზოგიერთი ხამი ბიჭივით.

– იმედია მართლა ისეთი აღმოჩნდება, როგორიც წარმოგიდგენია, – ღრმად ამოიხვნეშა, თან თეფშიდან აღებულ ქოქოსის ნამცხვარს უკბიჩა. ტკბილეულმა მაშინვე მოიცვა მისი გემოს რეცეპტორები და სიამოვნებისგან თვალებმინაბულმა, უნებურად ამოთქვა: – მგონი ეს ყველაზე გემრიელი ბისკივიტია, რაც გამისინჯავს!




* * *

ღამით, აივანზე მდგომ სავარძელში ჩაძინებული ლინდა, ძაღლების გაბმულმა ყეფამ გამოაღვიძა.

საკმაოდ გვიანი იყო. ღრუბლებით დალაქავებული ციდან, მორცხვად იჭყიტებოდა ვერცხლისფერი დისკო. შემოდგომის ფოთლები, ქარის დაკრულ მელოდიაზე ცეკვავდნენ და გარეთაც საგრძნობლად აცივებულიყო, თუმცა გოგონას, სიცივე ოდნავადაც არ აწუხებდა. მთელი მისი სხეული, თბილი პლედით იყო დაფარული, თუმცა წიგნი, რომლის კითხვის დროსაც ჩასძინებოდა აღარსად ჩანდა.

გაურკვეველი სიზმრებიდან ახლახანს გამოფხიზლებულმა ლინდამ, მაშინვე ვერ გაიაზრა არსებული სიტუაციის უცნაურობა, მაგრამ როდესაც აზრზე მოვიდა, გარშემო მზერა შეშინებულმა მოატარა. ერთი შეხედვით, თითქოს უჩვეულო არაფერი ხდებოდა, თუმცა იმან, რასაც აივნის ბოლოში მოჰკრა თვალი, ადგილზე ერთიანად გაყინა გოგონა. რამდენიმე წამით, სუნთქვაც კი გადაავიწყა მომხდარმა. მილიმეტრითაც არ იძვროდა. ეგონა, თუ მცირედ მოძრაობას მაინც გააკეთებდა, მის წინ გადაშლილი სურათი ნელ-ნელა გაიდღაბნებოდა, გაიცრიცებოდა და საბოლოოდ, ხელიდანაც გამოეცლებოდა.

გოგონამ ღამის კრისტალურად სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა. საკუთარ თავში, იმის დასტურს ეძებდა, რომ ეს ყველაფერი არ ესიზმრებოდა. სახის კანზე, ქარის მჩხვლეტავ სუსხიანობას ნამდვილად გრძნობდა. მკერდში, უჩვეულოდ აძგერებული გულიც ნამდვილი იყო და შესაბამისად, არც ის უნდა ყოფილიყო ღამეული ზმანება, რასაც ახლა, თავისი ორი თვალით უყურებდა.

– თუ არ გჯერა, რომ რეალური ვარ, შემეხე. – ფიქრების ძაფი, კარგად ნაცნობმა და სიგიჟემდე მონატრებულმა ხმამ გაუწყვიტა. ამან, უკვე ბოლომდე დაარწმუნა, რომ ეს სრულებითაც არ იყო წარმოსახვა, ან სიზმარი. მოაჯირთან ნამდვილად იდგა ანდრო, მკლავებით მის ზედაპირს დაყრდნობოდა და ის წიგნიც ხელში ეჭირა, რომელსაც დაძინებამდე, თავად კითხულობდა გოგონა.

მოცემულ მომენტში, უკვე ფანტაზია აამუშავა ლინდამ. გადაწყვიტა, გონებაში მაინც შეესხა ფრთები იმისთვის, რისი გაკეთების სურვილმაც სულით ხორცამდე შეიპყრო. კერძოდ, წარმოიდგინა როგორ სწრაფად წამოხტა ფეხზე, როგორ მოეხვია მამაკაცს და როგორ თბილად შემოეხვივნენ საპასუხოდ მისი ძლიერი მკლავები.

რეალობაში, ადგილიდანაც არ დაძრულა. მხოლოდ ოდნავ მიატრიალა თავი და ჭიშკრისგან მოშორებით, შავ გელენდგავენსაც მოჰკრა თვალი.

– შეხება არ მჭირდება, ვხედავ, რომ რეალური ხარ, – ხმას უდარდელობა შესძინა და ისე, თითქოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარაო, ოდნავ წამოჯდა სავარძელში. – მაგ წიგნის მოსაპარად თუ მოხვედი, გამორიცხულია დაგითმო, პირველი გამოშვებაა.

– მიხარია ბანალური კითხვები რომ არ მომაყარე, – ჩაბნელებულ ჰორიზონტს გაუღიმა და ამდენი ხნის მანძილზე, პირველად შეხედა თვალებში მამაკაცმა. ხელების სიცივე და პირის გამოშრობა, ერთდროულად იგრძნო გოგონამ. მიუხედავად ამისა, მზერა მაინც არ მოუშორებია ანდროსთვის.

– ბანალურ კითხვებში, ალბათ “აქ საიდან გაჩნდი?” ან “აქ რას აკეთებ?” იგულისხმე.

– დავიჯერო, არც ერთი მათგანის დასმა არ გინდა? – საუბრის პარალელურად, წიგნს შეუჩერებლად ხურავდა და ხსნიდა ის.

ლინდას გაეღიმა.

– არ მინდა, რადგან იმ ადამიანივით გამოიყურები, რომელმაც თვითონაც არ იცის, აქ რას აკეთებს.

გოგონამ დაინახა, როგორ შემოდო ანდრომ წიგნი ხის მოაჯირზე. მისკენ რომ წამოვიდა, სხეულის ისეთი დაჭიმულობა იგრძნო, მუცელიც კი ასტკივდა. მამაკაცმა, ხელზე ხელის მოკიდებით წამოაყენა სავარძლიდან, პლედი უფრო მჭიდროდ მოახვია მხრებზე და ლინდას წარმოსახვა ჩახუტებაზე, სულ რაღაც ერთ წამში აქცია რეალობად.

– მშვენივრად ვიცი აქ რასაც ვაკეთებ, – ყურთან ძალზედ ახლოს ჩასჩურჩულა მამაკაცმა. მთელი არსებით იგრძნო, თუ როგორ სჭირდებოდა ახლა ეს სიახლოვე და თვალებდახუჭულმა, ცხვირი მის თმაში ჩარგო.

სიტყვები ”არ წახვიდე, ჩემთან დარჩი’’ ენის წვერზე მოადგა ლინდას. ხმამაღლა მაინც არაფერი თქვა. ვერც ხელები მოხვია საპასუხოდ. უბრალოდ იდგა და მამაკაცის მკლავების სითბოში ჩაკარგული, უდიდეს სიამოვნებას იღებდა თითოეული განვლილი წამით. თითქოს რევოლუციას ატრიალებდა ეს ადამიანი მის ორგანიზმში. აღარც სუნთქვა ემორჩილებოდა, აღარც პულსაცია და ვერც ახმაურებულ ფიქრებს აჩუმებდა. შემოდგომის ფოთოლივით სუსტი იყო ამ გრძნობების წინაშე და ეს სისუსტე, ზოგჯერ სადღაც ძალიან შორს გადაკარგვის სურვილს უჩენდა.

– წიგნი წამოიღე და საძინებელში წამოდი. – ნეტარების ბურუსში რომ მამაკაცის ხმამ შემოაღწია, ლინდა მხოლოდ მაშინ მოეგო გონს. მან თავაზიანად, თუმცა ცივად გაითავისუფლა თავი ანდროს მკლავებისგან და კითხვით სავსე მზერა მიაპყრო მის თვალებს.

– ვერ მივხვდი?

– მინდა გაგრძელება წაგიკითხო. დრო მხოლოდ გათენებამდე მაქვს.

– აი თურმე რა ხდება, – ქვედა ტუჩს კბილები მოსდო, გულში კი საშინლად მტკივნეულად გასწიწკნა რაღაცამ. გრძნობების დასამალად, უდარდელობის ღიმილი ჩამოაფარა დამწუხრებულ სახეს. – ნაცნობი სიტუაციაა. ერთხელ მე გავქრი გამთენიისას, ახლა თვითონ იზამ იგივეს.

– შენ საკუთარი სურვილით წახვედი, მე კიდევ, მოვალეობის გამო მიწევს დაბრუნება.

ლინდამ მზერა აარიდა. მართალია არ იცოდა, კონკრეტულად რა სურათი იმალებოდა სიტყვა "მოვალეობის" მიღმა, მაგრამ მაინც გადაწყვიტა ამ თემაზე სიტყვა აღარ დაეძრა.

– ჯეინ ეარს ვკითხულობდი, – მოაჯირზე დატოვებული წიგნისკენ გააპარა მზერა მან. – იმ მომენტზე ვარ, როცა ჯეინი, როჩესტერის საიდუმლოს გაიგებს და მისგან წასვლას გეგმავს.

– ვიცი, წიგნი გადაშლილი დაგრჩენია მუხლებზე, – ანაზდად გაკრთა ღიმილი ანდროს სახეზე. – დარწმუნებული ვარ, პირველად არ კითხულობ.

– თუ არ ვცდები, მესამედ. მაგრამ მირჩევნია თვითონ დავასრულო და საძინებელშიც მარტო ვიყო.

– დავიჯერო, ასე გეშინია ოთახში ჩემი შემოშვების?

მამაკაცის ღიმილნარევმა ტონმა, ისეთი შეგრძნება დაუტოვა, თითქოს იგი, მის თავშეკავებაზე ხალისობდა. ძალიან არ უნდოდა, ანდროს წინაშე იმ შეშინებული გოგოს იმიჯი მოერგო, რომელსაც ზრდასრულ ქალთან არაფერი ჰქონდა საერთო. სწორედ ამან განაპირობა, რომ ჯერ ზედმეტი ფიქრის გარეშე დასწვდა მოაჯირზე დატოვებული წიგნს, შემდეგ კი მამაკაცს ჩაჰკიდა ხელი და სიტყვის უთქმელად წაიყვანა სახლში შესასვლელი კარისკენ. თავადაც ხვდებოდა, რომ ამ ქცევაში, იყო რაღაც გამომწვევი, ინტიმური და შენიღბული ვნებით გაჯერებული, თუმცა ამას არ შეუფერხებია. პირიქით, საკმაოდ თავდაჯერებულად შეუძღვა საძინებელში ანდროს, საწოლთან მიიყვანა და ზედ, მსუბუქი ბიძგით დაანარცხა.

– მორჩა, უკვე დავამტკიცე, რომ შენს საძინებელში შემოშვებაზე მუხლების კანკალი არ მეწყება, – წიგნი ბალიშებთან მიაგდო, პლედი მოიხსნა და ის-ის იყო გამარჯვებულის იერით დახედა ზემოდან, რომ ანდროს იდუმალმა, დაჟინებულმა მზერამ ძლივს მოკრებილი სიმამაცე კინაღამ ხელიდან გამოსტაცა.

– არ მეტყვი ისე რატომ მიყურებ, თითქოს შიშველი ვიყო?

– შიშველი არ ხარ, მაგრამ ძალიან სახიფათოდ გამოიყურები.

საკუთარ ტანისამოსზე, უნებურად დაიხედა ლინდამ. ანდროსთან მარტო დარჩენილს, ნამდვილად არ მოეწონა მოკლე შორტისა და ისეთი მაისურის კომბინაცია, რომელიც, ბოლომდე მუცელსაც ვერ უფარავდა. მიუხედავად ამისა, მორცხვი გოგოსავით გამოცვლა და სხვა სამოსის ჩაცმა, სულელურ საქციელად ჩათვალა.

– როცა არავის ველოდები, სახლში თავისუფალი ტანსაცმლით დავდივარ. შენი ბრალია, გაუფრთხილებლად დამადექი თავზე.

პასუხის გაცემას, მზერის არიდება არჩია მამაკაცმა. დაჭიმული ნაკვთები და მძიმე სუნთქვა, ყველაზე ცხადად აგრძნობინებდა გოგონას, რამდენად ლამაზი და სასურველი იყო მამაკაცის თვალში. გული მხოლოდ იმაზე სწყდებოდა, რომ ყოველივე ეს, ჩვეულებრივი ვნება იყო, რომელიც არაერთხელ ენახა სხვა საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა თვალებშიც.

ფიქრებში სულით ხორცამდე გადაშვებულს, მხედველობაც კი დაბინდული ჰქონდა, თუმცა მაინც არ გასჭირვებია იმის შემჩნევა, როგორ დასწვდა წიგნს ანდრო და როგორ გადაფურცლა ზუსტად იმ გვერდზე, სადაც სანიშნე იყო ჩადებული.

– რას იტყვი, ვიმოგზაუროთ თორნფილდში?

– მეგონა ხუმრობდი, როცა წიგნის წაკითხვა ახსენე.

– კითხვა დაგისვი, ვიმოგზაუროთ თორნფილდში, თუ არა?

– კარგი, ვიმოგზაუროთ. – ყოველგვარი ფიქრის გარეშე, შეკავებული ღიმილით დაუქნია თავი. მერე მზესუმზირებით მოხატულ ბალიშებზე მიწვა და პლედის ქვეშ ისე შეიმალა, რომ გამომწვევ სამოსში გამოწყობილი სხეული, გარეშე თვალისგან მთლიანად დაეფარა.

ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა მიმდინარე მოვლენების რეალურობას გოგონა. რაც ხდებოდა, ერთი დიდი, ლამაზი ოცნება ეგონა, სადაც ყველაფერი ზუსტად იმ სცენარს მიყვებოდა, თვითონ რომ მოსწონდა. ლინდასთვის ეს გაცილებით მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ წიგნის კითხვა. ეს მომენტი მათ შორის იდუმალი კავშირის, ინტიმურობისა და დაფარული გრძნობების გამოხატულებას ჰგავდა. მამაკაცის უეცარი გამოჩენა და მასთან სიახლოვე, თავს სრულიად სხვა განზომილებაში აგრძნობინებდა. აცნობიერებდა, რომ მის ხმაზეც კი იყო შეყვარებული და შეეძლო მთელი ცხოვრება დაუღალავად ესმინა. წიგნის სტროფები, თითქოს სულ სხვაგვარად ჟღერდნენ და ბევრად მეტ ემოციას ატარებდნენ, როდესაც მათ ანდრო უკითხავდა. ხანდახან, კონკრეტულ ფრაზაზე ეღიმებოდა კიდეც, გოგონას კი სუნქვა ეკვროდა ამის შემხედვარეს.

სასიამოვნო, სენტიმენტალური ატმოსფერო შექმნილიყო ოთახში. გარედან, უეცრად დაწყებული წვიმის ხმა შემოდიოდა, რაც კიდევ უფრო ამძაფრებდა სიმყუდროვის განცდას.

წიგნის ეპიზოდი უკვე დასკვნით ნაწილს მიახლოვებოდა, რის გამოც, ორმაგად დიდი იყო ლინდას ყურადღება. ერთ ნაწილზე, ყველაზე ძლიერად იგრძნო შინაგანი სიმების შერხევა:

“– მიდიხარ, ჯეინ? 
– მივდივარ, სერ.
– მტოვებ, მერე?
– დიახ.
– აღარ მოხვალ? აღარც ჩემი ნუგეშისმცემელი იქნები და არც ჩემი მხსნელი? ჩემი ასეთი დიდი სიყვარული და ეს აუტანელი მწუხარება არაფერს ნიშნავს შენთვის?
რა გამოუთქმელი მწუხარება ისმოდა მის ხმაში! რა ძნელი იყო მტკიცედ
მეპასუხა, მივდივარ-მეთქი.”

– მგონი, ამიტომ მიყვარს ეს წიგნი, – ემოციებმა მაინც თავისი გააკეთეს, რის გამოც, ვეღარ მოითმინა და კითხვა გააწყვეტინა მას, ლინდამ, – ეს გოგო, საკუთარ თავს არ თმობს, თუნდაც სიყვარულისთვის. ის ჯერ ჯეინია და შემდეგ უკვე შეყვარებული ქალი.

მისმა კომენტარმა, უნებური ღიმილი მოჰგვარა ანდროს. უყურებდა ლოგინში ბავშვივით მშვიდად მწოლიარეს, აკვირდებოდა მის ტუჩებს, ბალიშზე გაბნეულ თაფლისფერ კულულებს, ინტერესით სავსე გამომეტყველებას და აცნობიერებდა, რომ ახლა სწორედ იქ იყო, სადაც ყველაზე მეტად სურდა ყოფნა.

– და შენც ასეთი იქნები, როცა შეგიყვარდება? – ჰკითხა უეცრად, – საკუთარ თავს არ დაკარგავ?

შეკითხვამ საკმაო ხანს ჩააფიქრა, მაგრამ რატომღაც მაინც ვერ იპოვა შესაფერისი პასუხი.

– ვერ გეტყვი... ძალიან მინდა არ დავკარგო და იმედია გამომივა. 

– ახლა თუ გამოგდის? – გვერდზე გადადო წიგნი ანდრომ. მის მზერაში, რაღაც გამოუცნობი ჩანდა. ეს რაღაც, თითქოს ნისლის სქელი ფარდის მიღმა იმალებოდა და ბოლომდე გამჟღავნებას არ ჩქარობდა. – მაინტერესებს, რამე ისეთს თუ გრძნობ, რაც ამ მომენტში თავს გაკარგვინებს?

ოთახში ჰაერიც კი დამძიმდა. წვიმის წვეთები, უკვე შეუბრალებლად ასველებდნენ გამჭვირვალე მინას, მათი შხაპუნის ხმა კი საყვარელი მელოდიასავით სასიამოვნო მოსასმენი იყო, ირგვლივ გამეფებული სიჩუმის ფონზე.

– ამ მომენტში, მარტო იმას ვგრძნობ, რომ შენ კარგავ თავს, ანდრო.

– მე თუ ვკარგავ, აღიარებაც არ მიჭირს.

ლინდა საწოლში წამოჯდა, წამიერად თვალები დახუჭა და გაიაზრა, რომ დიალოგი უკვე ძალზედ გასცდენოდა წიგნის განხილვას. ეს უკვე იმ პირადი ემოციების შენიღბულად გამოხატვა იყო, რომლებიც დალუქული იდო სკივრში, თუმცა ჩაკეტილიც კი თანდათანობით იკრებდა ძალას და წვიმის წვეთებით გაფორმებულ, ინტიმურ სივრცეში ხდებოდა ყველაზე მძაფრი.

გიჟურმა სურვილმა, რომელიც მის გონებაში ტყვიასავით შემოიჭრა, წამებში მოიცვა მთელი სხეული. შეეცადა ამას შებრძოლებოდა, მაგრამ საბრძოლოდ ამოღებული ყოველი მახვილი შუაზე გადაუტყდა. თავს ვეღარაფერს უხერხებდა. ამის გაკონტროლება არ გამოსდიოდა და ბოლოს, თეთრი დროშაც ააფრიალა.

– მინდა რაღაცას ვცადო და დამპირდი, რომ ამაზე არც ახლა გააკეთებ კომენტარს და არც არასდროს ცხოვრებაში.

– პირობას ისეთ რამეზე მადებინებ, რაზეც წარმოდგენა არ მაქვს.

– ჰო, მაგრამ აქ ისეთი არაფერია, – სურვილი, ნელ-ნელა უფრო ძლიერად უტევდა გოგონას, ამიტომ, უნდოდა რაც შეიძლებოდა მალე მიეღო თანხმობა. – უბრალოდ დამპირდი, ძალიან გთხოვ. 

– ლინდა...

– გევედრები. ეს ძალიან მჭირდება!

– კარგი, გნებდები... რა უნდა გააკეთო?

– ჯერ მომიახლოვდი.

ანდრომ უსიტყვოდ შეასრულა მისი თხოვნა, რასაც მალევე მოჰყვა საპასუხო რეაქცია ლინდასგან. გოგონამ, მოურიდებლად შეუცურა კეფაზე ცალი ხელი, თავისკენ უხეშად მიიზიდა და ყოველგვარი დამატებითი შესავლის გარეშე აქცია რეალობად ანდროთვის კოცნის სურვილი. არც უნანია გადადგმული ნაბიჯი. მეტიც, მიხვდა, რომ ვერასდროს ინანებდა იმას, რამაც ასეთი ძლიერი ემოციური ძვრა გამოიწვია მასში. ორი წამიც არ იყო გასული, როცა იგრძნო, როგორ მომთხოვნად შემოეხვია წელზე ძლიერი მკლავი და რა დაუოკებელი სურვილით აჰყვა მამაკაცი მისი ტუჩების მოძრაობას.

მთელს ვნებას, სითბოსა და მონატრებას, ერთიანად აქსოვდა ამ კოცნაში გოგონა. მისი თითები, ნაზად მოძრაობდნენ ანდროს ყელზე და ამ შეხებით ისე ფრთხილობდნენ, თითქოს მეტისმეტი სიახლოვე, გულში ღრმად დაფლულ სიმართლეს გამოიტანდა სააშკარაოზე. გარკვეული დროის შემდეგ, თითების ადგილი, უკვე ტუჩებმა დაიკავეს. დასაწყისისთვის, სუნთქვით შეეხო მის ყელს ლინდა. მხოლოდ ამის მერე აკოცა იმ ადგილას სადაც პულსი ყველაზე ძლიერად იგრძნობოდა და ზუსტად მაშინ გადაიქცა ყველაფერი უზარმაზარ ტალღად, რომელსაც ორივენი საკუთარი ნებით შეერივნენ.

ანდროს ხელები, მოურიდებლად ეფერებოდნენ გოგონას სხეულის სხვადასხვა ნაწილებს, თუმცა მის მკლავებში მოქცეული, იმდენად გაებრუებინა სიამოვნებას, არც ამაზე გამოთქვამდა პროტესტს. ეს აღარ იყო ჩვეულებრივი კოცნა. უფრო მეტად, ეს გამოუთქმელი სიტყვების ერთობლიობა იყო, რომელსაც მხოლოდ ფიზიკური ალერსის სახით გადმოსცემდნენ, რადგან სხეული ბევრად უკეთ საუბრობდა, ვიდრე  ნებისმიერი სიტყვა.

როცა კოცნა შეწყვიტეს, მათი სახეები რაღაც დროით კიდევ არ დაშორებულან. სიახლოვე იმდენად მჭიდრო იყო, რომ ლამის ცხვირის წვერებითაც ეხებოდნენ ერთმანეთს.

– როგორც მახსოვს, ეს წიგნში არ ეწერა, მის ეარ, – დახშული ხმით ამოთქვა მამაკაცმა და თავისი სიტყვებით, გოგონას გაღიმებაც შეძლო.

– შენი დადებული პირობა გაიხსენე — არანაირი კომენტარი მომხდარზე.

ღრმად ამოიხვნეშა ანდრომ. მისი თბილი სუნთქვა, თანაბრად განაწილდა ლინდას ტუჩებსა და ახურებულ ღაწვებზე. 

– მგონი მხოლოდ იმის პირობა დაგიდე, რომ ამაზე კომენტარს არ გავაკეთებდი, ხომ ასეა? 

– მერე?

– მერე ის, რომ  ვერ დავნაყრდი და ერთ ეპიზოდს ვამატებ, – თქვა თუ არა, ამჯერად თავად გადადგა სპონტანური ნაბიჯი. კერძოდ, გოგონა საწოლზე ხელის მსუბუქი კვრით წააქცია, ვნებისგან ამღვრეული მზერით მოექცა ზემოდან და ისე გაშმაგებით დაეწაფა მის ტუჩებს, გარშემო, ყველაფერმა ტრიალი დაიწყო ლინდასთვის.

კოცნა ერთი წამითაც არ შეუწყვეტია მამაკაცს. სურვილი ახრჩობდა უფრო მეტიც გაეკეთებინა, თუმცა თავს ამის უფლებას არ აძლევდა და ცდილობდა იმ ჩარჩოებში დარჩენილიყო, რომელიც თვითონვე დაუწესა საკუთარ თავს. ლინდას საპასუხო კოცნა, უფრო მეტად აღვივებდა ჟინს, მაგრამ როდესაც ხანგრძლივი ეიფორიიდან გამოერკვა და გააანალიზა, რომ თავის კონტროლის ძალა აღარ შესწევდა, იძულებული გახდა დაუყოვნებლივ დაესრულებინა, დაწყებული.

მამაკაცი, სინათლის სიჩქარით მოშორდა გოგონას და საწოლზე გულაღმა გაწოლილმა, ცალი მუშტი ძლიერად შეკრა. ერთიანად კანკალი იტანდა, ისე სურდა საქმის ბოლომდე მიყვანა. საკმაოდ ბევრი ხერხიც იცოდა, რითაც შეძლებდა “მსხვერპლი” ეცდუნებინა. გრძნობდა, თუ მოინდომებდა, ლინდა კიდევ ერთხელ გახდებოდა მისი, თუმცა ამას არ აკეთებდა. ახლა ყველაფერი სხვაგვარად იყო. ანდრო, პირველ რიგში გოგონას გადმოსახედიდან ფიქრობდა და სიტუაციის გაანალიზების შედეგად, იმ დასკვნამდე მიდიოდა, რომ  თავშეუკავებლობის გამოვლენა, სულიერად კიდევ უფრო დააშორებდა მასთან.

რაღაც დროით, იქაურობა, სრულ მდუმარებაში ჩაძირულ, ჩამკვდარ მიდამოს ჰგავდა. გვერდიგვერდ მწოლიარენი, სიტყვასაც არ ძრავდნენ, მაგრამ ვერც ერთი ვერ ამჩნევდა ამ სიჩუმეში სიცარიელეს. მათი მდუმარება იმ პასუხებით იყო სავსე, რომელთა ხმამაღლა გამჟღავნებას, ის უხილავი ბარიერი უშლიდა ხელს, ურყევად რომ აღმართულიყო, დამაბრკოლებელი გარემოების სახით

ლინდასთვის, ეს სიახლოვე უკვე გაუსაძლისი ხდებოდა. მაშინ, როცა განვლილი ეპიზოდები გონებაში ქარბორბალასავით ტრიალებდნენ და კოცნისგან, ტუჩებზე ჯერ კიდევ ცეცხლი ეკიდა, საწოლში გაჩერება მისთვის ფსიქოლოგიური წამების ტოლფასი იყო. სწორედ ამან აიძულა ფეხზე წამოდგომა და ეს ისე უხმაუროდ გააკეთა, თითქოს ნანადირევი ყოფილიყო, რომელიც ჩუმად ცდილობდა მტაცებლისგან გაქცევას. მიუხედავად სიფრთხილისა, ანდრომ, უმალვე შეამჩნია მისი გამოძრავება. უბრალოდ, იქამდე არ დაუძრავს სიტყვა, სანამ გოგონა ფანჯარასთან არ მივიდა და რაფაზე შემომჯდარმა, მკლავები არ შემოხვია მუხლებში მოხრილ ფეხებს.

– ნუ ღელავ, დაპირება მახსოვს და არაფერზე ვაპირებ კომენტარის გაკეთებას, – მწოლიარედან, მჯდომარე პოზიციაში გადაინაცვლა მამაკაცმა. ახლა ლინდა მხოლოდ მის ზურგს ხედავდა, თუმცა მხრების მძიმე, აღმავალ-ჩამავალი მოძრაობით ხვდებოდა, რომ მხოლოდ თვითონ არ იმყოფებოდა ემოციური ფონის ტყვეობაში.

– მადლობა, რომ გაჩერდი. მე ამისათვის ძალა არ მეყოფოდა. 

– იმედია ახლა ბანალურად არ მომახლი, რომ ეს შეცდომა იყო და ყველაფერს ნანობ.

სევდიანად ჩაეღიმა ლინდას. ვერ ხედავდა, თუმცა დაახლოებით ხვდებოდა, როგორი სახის გამომეტყველება შეიძლებოდა ჰქონოდა მამაკაცს.

– არა, არ ვნანობ, – თქვა მან და მოეწონა კიდეც ასეთი პირდაპირი, გულწრფელი პასუხისგან დატოვებული შეგრძნება. – უკან გადახვევა რომ შეიძლებოდეს, ისევ იგივეს გავაკეთებდი, მაგრამ...

– მაგრამ გინდა, რომ ახლავე წავიდე, – გოგონას დაუმთავრებელი წინადადება, თავად დაასრულა. – ძალიან მარტივად იშიფრები, იცი? შენთვის უცხოა ასეთი სიახლოვე, ვნება, ვერ-გაკონტროლებული სურვილები. წყალივით სუფთა ხარ და ზუსტად ამიტომ გინდა ყველაფერი ნამდვილი იყოს, რაც შენთვის სასურველ კაცთან გექნება.

მუხლებზე ნიკაპჩამოყრდნობილმა ლინდამ, თვალები მაგრად დახუჭა. გული ისე ძლიერად უცემდა, ეგონა მალე გაუსივდებოდა, ფილტვები კი მუშაობას შეწყვეტდნენ და უჰაერობისგან გაიგუდებოდა.

– ანდრო წადი... ახლა შენი ხმაც კი ცდუნებასავით მოქმედებს.

ამ სიტყვებმა, საბოლოოდ მოუღო ბოლო მამაკაცს. ვნების უზარმაზარი ცეცხლი, რომელმაც მის თვალებში გაანათა, დაუყოვნებლივ საჭიროებდა ჩასაქრობად დიდი რაოდენობით წყალს. ერთ-ერთი ყველაზე რთული, რასაც კი თავისი ოცდარვაწლიანი არსებობის მანძილზე შეჯახებოდა, სწორედ ამ წ’ყლის მოძებნა იყო. მიუხედავად ამისა, თავი ღირსეულად მოთოკა და ისე, რომ გოგონას ახლოს აღარ გაჰკარებია, საძინებლიდან გასასვლელ კარს მიუახლოვდა.

– არასდროს მიფიქრია, რომ ქალი ამდენჯერ მთხოვდა წასვლას, მე კი მაინც ასე მენდომებოდა დარჩენა, – უკვე სახელურზე ედო ხელი, როცა ეს უთხრა. – ცხოვრება მართლა ირონიულია.

– მერე, რატომ გინდა დარჩენა?

– მარტო მე არა, თვითონაც გინდა დავრჩე, – გასვლამდე, ბოლოჯერ შეავლო მზერა ლინდას სახეს, სადღაც უსასრულობაში რომ იყურებოდა. – უბრალოდ შენი შიშები უფრო ხმამაღლა ყვირის, ვიდრე სურვილები.

კიდევ რამდენიმე წამიც და ანდრო უკვე იქ აღარ იყო.

გოგონამ მაშინვე იგრძნო, როგორ მოხვია მკლავები მარტოობამ და როგორ შეუბოჭა მთელი სხეული. განცდილი სიცარიელე, ცრემლებად იქცა და ლოყებზე დაიწყო დენა. ტუჩებზე, თითები სევდანარევი ღიმილით გადაიტარა ლინდამ. შემდეგ ფანჯრიდან გაიხედა, რათა ბოლოჯერ მოეკრა თვალი ანდროსთვის, თუმცა დიდად ვერაფერი გაარჩია. ეზოში გასული მამაკაცის სილუეტი, ღამის სიბნელემ გადაყლაპა და მხოლოდ მანქანის დაძვრის ხმით მიხვდა, რომ იგი იქაურობას ტოვებდა.



* * *

დილის ცხრის ნახევარი იყო, როდესაც ანდრომ სახლის ზღურბლს გადააბიჯა. პირველი, რაც შიგნით შესვლისას თვალში მოხვდა, ეს იატაკზე მცოცავი რობოტი მტვერსასრუტები და ერთნაირ უნი-ფორმებში გამოწყობილი ადამიანები იყვნენ. ვინაიდან ეს ყოველკვირეულ რუტინად ითვლებოდა, ახლაც მალევე მიხვდა რა ხდებოდა. ბელას მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი, სპეციალურად დაქირავებული დასუფთავების ჯგუფი, სახლში განთავსებულ ავეჯსა თუ დეკორატიულ ნივთებს აწესრიგებდა. ამის გამო, იქაურობა ერთ დიდ, ხმაურის ბუდედ ქცეულიყო.

მიუხედავად არეულობისა, ბელას დაკვირვებულ თვალს მაინც არ გამორჩენია ანდროს შემოსვლა. ქალმა, ცოტა ხნით გვერდზე გადადო თავისი მოვალეობა და ახლადმოსულის შესაგებებლად, ღიმილიანი სახით გაემართა.

– ადრიანად დაბრუნებულხარ, შვილო. მეგონა, ერთი ღამით მაინც დარჩებოდი იმ სოფელში.

– ვაპირებდი, მაგრამ გეგმები შეიცვალა. ვლადი სახლშია?

– დილით საწოლში არ დამხვდა, უნივერსიტეტში წავიდოდა, – ბედნიერებისგან გაბრწყინებული სახით ახარა ქალმა. – მგონი ნელ-ნელა ჭკვიანდება.

– კარგი იქნებოდა...

– საუზმე ამოგიტანო? – კიბისკენ წასულს წამოეწია ბელას შეკითხვა.

– არა, არაფერი მინდა, ჯერ უნდა გამოვიძინო.

მამაკაცმა, საფეხურები სწრაფად აიარა და თავისი საძინებლის კარი შეაღო. მგზავრობას იმდენად გადაეღალა, ვერც გრილი შხაპის გადავლებამ გამოაფხიზლა. ერთადერთი, რაც სურდა ეს ძილი იყო, ამიტომ, საწოლზე წელს ზემოთ შიშველი გაწვა და ის-ის იყო თვალები დახუჭა, რომ ტუმბოზე დატოვებული ტელეფონის ზუზუნმა, ერთიანად წალეკა ოთახში ჩამოვარდნილი სიჩუმე.

ზარს თვალგაუხელლად უპასუხა. აქედან გამომდინარე, წარმოდგენაც არ ჰქონდა ვინ ურეკავდა ამ დილაადრიან, თუმცა როდესაც ყურმილში ნაცნობი ხმა გაიგო, ოდნავ გაკვირვებული წამოჯდა ლოგინზე.

– გისმენ, ლოლა! 

– სად ხარ ანდრო, სად?! – აღელვებული ალაპარაკდა ყურმილის მეორე მხარეს მყოფი, – გუშინდელიდან გწერ და არ მპასუხობ!

– ტელეფონისთვის არ მეცალა. მოხდა რამე?

– არაფერი იცი?!

– რა უნდა ვიცოდე? – ფეხზე წამოდგა. შინაგანმა ხმამ ირონიულად ამოსძახა, რომ რაღაც საშინელება იყო მომხდარი.

– რა და ვლადმა, გუშინ ღამით ჩემი ნიშნობის წვეულება ჩაშალა. ღია სივრცეში აღვნიშნავდით და არანორმალური სიჩქარით შემოვარდა, პირდაპირ მანქანით. გარშემო ყველაფერი მილეწ-მოლეწა და კინაღამ სტუმრებსაც ზედ გადაუარა!

გაიაზრა თუ არა ამ სიტყვების შინაარსი, თვალები დახუჭა და შუბლზე ხელი ნერვიულად მოისვა ანდრომ. საფეთქლებმა ისე ძლიერად დაუწყეს კაკუნი, ეგონა სადაც იყო თავი გაუსკდებოდა.

– ვინმე დაშავდა? – იკითხა გაყინული ხმით.

– საბედნიეროდ არავინ. პოლიციის გარეშე რომ მომეგვარებინა, ორსაათიანი ხვერწნა-მუდარა დამჭირდა ჩემს საქმროსთან. ძალიან არ მინდა ვლადი ციხეში ჩაჯდეს, ოღონდ, ამიერიდან შენ უნდა გახდე მისი ჭკვიანად ყოფნის გარანტი. მეტად აღარასდროს უნდა შემაწუხოს!

– მაგაზე ნუ ინერვიულებ ლოლა, აღარ შეგაწუხებს, პირობას გაძლევ, – საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერდა მამაკაცის ხმა, თვალებში კი ბრაზის გამომხატველი ცეცხლი უგიზგიზებდა. – მისი სახელით კი, ბოდიშს მე გიხდი.

ყურმილი ისე დაკიდა, გოგოს საპასუხო სიტყვებს წამითაც არ დალოდებია. უკვე ისედაც ყველაფერი ცხადი იყო და ვეღარც საუბრის გაგრძელების მიზეზს ხედავდა. იმ მომენტში, ვლადის რაც შეიძლებოდა სწრაფად პოვნა ჰქონდა მიზნად დასახული, ამიტომ მანქანის გასაღებს დასწვდა, მაისური გადაიცვა და საჩქაროდ დატოვა თავისი საძინებელი.

კიბეები იმდენად სწრაფად ჩაირბინა, ზედაც არავისთვის შეუხედავს. ბელას შეკითხვას, თუ სად მიდიოდა, მხოლოდ ის უპასუხა — საქმეზეო და მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ, იგი სასწრაფოდ გაიყვანა ეზოდან. უკვე იცოდა, სადაც უნდა წასულიყო. უმცროს ძმას ხუთი თითივით იცნობდა და კარგად ხვდებოდა, სად დარჩებოდა ის მაშინ, როდესაც ყველასა და ყველაფრისგან სურდა დამალვა. არც შემცდარა. როცა კოჯორის აგარაკს მიადგა და წითელი აგურით ნაგები სახლის წინ გაჩერდა, მართლაც მოჰკრა თვალი ნაცნობ მანქანას.

გასაღების დუბლიკატი თავადაც ჰქონდა, ამიტომ დაკაკუნებაზე დრო არ დაუკარგავს. ვინაიდან, მისაღებიდან ხმადაბლა ჩართული ტელევიზორის ხმა გამოდიოდა, გეზი პირდაპირ იქითკენ აიღო. შიგნით შესული, მეტად დიდი არეულობის მომსწრე გახდა. მისაღებში თითქმის ყველა მსხვრევადი ნივთი დალეწილი იყო. ამას ემატებოდა ჩახუთულობა და ჩილიმის სურნელი. იატაკზე უშაქრო კოკა-კოლას ბოთლები და დაცლილი მიწისთხილის ქილებიც ეყარა, თვითონ ამ არეულობის შემოქმედს კი, დივანზე ისე ღრმად ჩასძინებოდა, კიდევ კარგა ხანს არ იფიქრებდა გამოღვიძებაზე.

მამაკაცმა, ერთხანს გულზე დაკრეფილი ხელებით უყურა ზემოდან მძინარე ძმას. ცდილობდა სანამ რამეს მოიმოქმედებდა, ჯერ ის ლავასავით ცხელი ბრაზი გაენელებინა, თუმცა ეს საშინლად გაუჭირდა. მეტად აღარც უცდია. როცა იგრძნო, ამ ყველაფერს თავის შიგნით ვერ აკავებდა, დაიხარა, დივანს მარჯვენა მხარეს ჩაავლო ხელი და იგი, მასზე მწოლიარე ვლადთან ერთად ამოაყირავა.

ბრახუნის ხმა, მთელ მისაღებში ექოდ გავარდა. იატაკზე დავარდნილი ბიჭი, ერთხანს ვერ გამოერკვა და ვერც იმას მიხვდა, სიზმარში იყო თუ ცხადში. ძილიდან იმ წამს გამოფხიზლებულმა, დაბნეული მზერით წამოიწია და ირგვლივ მიმოიხედა. აზრები თავის ადგილას მხოლოდ მაშინ დალაგდნენ, როდესაც ირიოდე ნაბიჯში, თავზე წამომდგარი ანდროს სახეს მოჰკრა თვალი. ღიმილმა და შიშმა, სახეზე ერთობლივად გადაურბინა ვლადს. დაცემისგან მუხლი ჰქონდა ნატკენი, თუმცა ფეხზე მაინც მყარად წამოდგა. ერთადერთი, თვალებში შეხედვა ვერ გაუბედა ძმას, რადგან ვერასდროს იტანდა მის მზერაში დანახულ იმედგაცრუებას.

– პირი დაიბანე და ვერანდაზე გამოეთრიე! – ჩაესმა ხმა, რომელშიც მრისხანება სახიფათოდ ვიბრირებდა.

– ახლა ლაპარაკის ხასიათზე არ ვარ, ანდრო. 

– ჰოო?! დებოშის მოწყობის ხასიათზე ხომ ხარ?!

ბიჭმა უხმოდ აიღო იატაკისან ბალიში და პლედი. შემდეგ ამოაყირავებული დივანიც გაასწორა, ზედ მოწყვეტით დაეშვა და ხმაც ამოიღო:

– გაიგე რაც მოხდა და ახლა ლექციის წასაკითხად შემომირბინე?

– ჩემს მოთმინებას ნუ გამოცდი ვლად, არ გირჩევ!

იატაკზე მიყრილ ნაგავს, მხოლოდ წამიერად მოავლო მზერა ბიჭმა. ახალგამოღვიძებულს, თავი უსკდებოდა, თვალებზე ბინდი გადაჰკვროდა და ოთახში არსებული ჰაერის მარაგიც კი ეცოტავებოდა. უმწეო არსებას ჰგავდა, რომელიც საკუთარ ქაოსში ისე ჩაძირულიყო, ზედაპირზე ამოსვლაც კი უჭირდა.

– ვერანდაზე გელოდები, მეორედ არ მათქმევინო!

– სუფთა ჰაერზე წაკითხული ზნეობის ლექცია მაინც სულ სხვაა, არა?

– დაუჩქარე! – მკაცრად დაუბარა მას, ანდრომ და იქაურობა სწრაფი ნაბიჯებით დატოვა.

ხუთი წუთის შემდეგ, ორივენი ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ და იმ დუმილით დუმდნენ, რომელიც სიმშვიდეს მოასწავებდა მძვინვარე ქარიშხლის ამოვარდნამდე.ლამაზი ხედი იშლებოდა ვერანდიდან. ცეცხლისფერი მზე, სხივთა ნათელს ჩუქნიდა არე-მარეს, ბაღში დარგული ლიმონისა და ფორთოხლის ხეები კი, სასიამოვნო სურნელს აფრქვევდნენ და ხასხასა, მწვანე ფერით ამშვენებდნენ იქაურობას.

ფოთლებს მხოლოდ ოდნავ არხევდა ნაზი, ჩუმად მოშრიალე ნიავი. შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ბუნებაც კი იკავებდა სუნთქვას, რადგან თავისი ხმაურით, ირგვლივ გამეფებული სიმყუდროვისთვის არ შეექმნა საფრთხე.

– არაფერს იტყვი? – ხმადაბლა დაიწყო ანდრომ. მისი ხმა იმდენად ცივად ჟღერდა, თითქოს ყინულით ყოფილიყო შემოსილი.

– თვალებზე ნუ მაკვირდები, ეს აბების ზემოქმედების ქვეშ არ გამიკეთებია. გითხარი შევეშვები-მეთქი და ასეც მოვიქეცი.

– არ აქვს მნიშვნელობა რამე მიიღე თუ არა. ჩემს ენაზე, შენს გუშინდელ საქციელს მაინც არაკაცობა ჰქვია.

– და ლოლას საქციელს რა ჰქვია შენს ენაზე?!

– ვლად, ახლა ამაზე არ ვსაუბრობთ!

– მ’კიდია რაზე ვსაუბრობთ!  – უნებურად აუწია ტონს ბიჭმა. – გგონია რახან ვსუნთქავ ყველაფერი იდეალურადაა? გგონია დედაა*ეთქებულად რთული არაა იმის გააზრება, რომ სხვა კაცი ეხება?! რაღაც სისულელის გამო დღემდე ჰგონია, რომ ვუღალატე და ჩემს გასამწარებლად დათანხმდა ცოლობაზე იმ სათადარიგო ბორბალს!

– შენი მესმის, მაგრამ ის, რომ ლოლას გადაწყვეტილებას ვერ ეგუები, არ ამართლებს მისი ნიშნობის წვეულების ასე მხეცურად ჩაშლას!

– შენთან დაიჩივლა, ხომ? – ირონიულად ჩაეცინა ვლადს. – ალბათ ახლა კრივის მსხალზე აქვს მიკრული ჩემი სურათი და პერიოდულად მუშტებს უშენს, ბოლის გამოსაშვებად.

– ლოლა რომ არა, ახლა უკვე ციხეში იჯდებოდი, ამ ვანდალიზმისთვის. ბედი შენი, რომ არავინ დაშავდა, თორემ ჩემი ხელით მიგათრევდი განყოფილებაში!

– ვიცი... ზუსტად ამიტომ გაფასებ.

ანდრომ შუბლი მოისრისა და სკამის საზურგეს მიეყრდნო.

– ვლად, ფიქრობ ახლა შესაფერისი დროა? – ჰკითხა რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ. – მაშინ, როცა სახლის ბოლო სართული ფსიქიატრიულ განყოფილებად ვაქციეთ, დანიელის მდგომარეობიდან გამოსაყვანად, იმის დროა, რომ იდიოტივით იქცეოდე?

– თვითონ რას გააკეთებდი ჩემს ადგილას?! – წყენა, ბრაზი, იმედგაცრუება — ყველაფერი ერთად იკითხებოდა ბიჭის მზერაში. – ვინც გიყვარს, შენს ჯიბრზე რომ თხოვდებოდეს, დავიჯერო დუბაის შოკოლადს გაუგზავნიდი და შიგნით მალდივების ორკაციან საგზურს ჩაუდებდი?

– ყოველ შემთხვევაში, შენნაირი სამარცხვინო მეთოდები არ მექნებოდა!

– დამშვიდდი, ამიერიდან აღარაფერი ემუქრება მათ ოჯახურ იდილიას, – ბოლო ორი სიტყვა, განსაკუთრებული სარკაზმით წარმოთქვა ვლადმა. – არც შევაწუხებ და არც ლოლას დავუწყებ რამის მტკიცებას. სულელი არ ვარ, ჩამქრალ ცეცხლს ზემოდან ბენზინი ვასხა.

უზარმაზარი ტკივილი ამოიკითხა უმცროსი ძმის თვალებში მამაკაცმა. არა ისეთი, რომელიც სიტყვებით გამოითქმის ან ბოლო ხმაზე ყვირილისას ქრება — არამედ ის, რომელიც თვალის შიგნით, სიღრმეში სახლდება და სამუდამო დაღს ასვამს გამოხედვას. შექმნილმა სიტუაციამ მიახვედრა, რომ არ არსებობდა ცუდი საქციელი. არსებობდა ადამიანი, რომელიც ცუდად იყო და ამას შეუსაბამო მეთოდებით გამოხატავდა.

თავი დამნაშავედ იგრძნო ანდრომ. ბოლოდროინდელი მოვლენების გამო, ვერც კი შენიშნა ის, რასაც ახლა უყურებდა. ამ წამს, ვლადი მისთვის არა მარტო დამნაშავე, არამედ დაჭრილი სულიც იყო, რომელიც შველას ითხოვდა, თუმცა ხმა არ ჰქონდა.

– შეიძლება ოდესმე, როცა ერთმანეთს შეხვდებით, ინანოს კიდეც, რომ არ დაგიჯერა, – მხარზე ხელი დაადო მას, მამაკაცმა.

– ერთმანეთს რომ შევხვდეთ, ან განყოფილებაში დავასრულებთ საუბარს, ან ტრავმატოლოგის კაბინეტში.

ანდროს ჩაეღიმა, თუმცა სახე მალევე დაუსერიოზულდა და მაგიდას მკლავებით დაეყრდნო.

– გახსოვს რას ვაკეთებდით ბავშვობაში, როცა რაღაცის გამო ხასიათი გვიფუჭდებოდა?

– მახსოვს. ერთმანეთს ცუდი განწყობის მიზეზს ვეუბნებოდით, მაგრამ მესამე პირში, ისე, თითქოს სხვის ამბავს ვყვებოდით.

– თუ გინდა, ახლაც სცადე. მეც არ მქონდა მარტივი ღამე.

– ვამჩნევ, – მაგიდის ზედაპირზე ააკაკუნა თითები ბიჭმა. – სახეზე  გაწერია, რომ ის გოგო ჯერ კიდევ რაპუნცელის კოშკშია და შენს ზემოთ აყვანას არც განიხილავს.

– ორიგინალური შედარებაა.

– და რას ფიქრობ? არის შანსი ჩემი რძალი გახდეს, თუ მხოლოდ ბიძის სტატუსს დავჯერდე?

– დრო გვიჩვენებს, – ჩაფიქრებით გაჰყურებდა ამწვანებულ ბაღს მამაკაცი. მერე თავის მდგომარეობაზე გაეღიმა და სკამის საზურგეს მოხერხებულად მიაწვა. – ირონიულია, მაგრამ სირთულეს მაინცდამაინც იმასთან აწყდები, ვინც ყველაზე მეტად გინდა ამ ცხოვრებაში... სადაცაა ტვინი ამიფეთქდება...

– სტოპ, სტოპ – ხმამაღლა გაეცინა ვლადს. – გადაეცი, რომ ტვინის ასაფეთქებლად მეც გეყოფი და მაგ პოზიციაზე ვაკანსიები აღარაა.

ამჯერად ორივეს გაეცინათ, მაგრამ ამ სიცილში იყო რაღაც ისეთი, რაც ტკივილზე ჩამოფარებულ ფარდას უფრო ჰგავდა, ვიდრე გულწრფელ ემოციას. თითქოს ორთავეს ერთდროულად ეცოდებოდათ ერთმანეთი — და საკუთარი თავი.





8 8 8 8

თბილისში დაბრუნებამ, თუნდაც დროებით, თავიდანვე უცნაური გრძნობები დაატრიალა ლინდას გულში. მისთვის ერთ დროს საყვარელი ქალაქი, ახლა სრულიად უცხოდ ეჩვენებოდა, თითქოს იქ ფეხი არც არასდროს დაუდგამსო.

ახლა, როცა ლილეს ბინაში, ფანჯარასთან იდგა და ქალაქის პანორამას ცივი ყავით ხელში გაჰყურებდა, წარსულის ყველა მტკივნეული მოგონება, უხილავი პორტალით გადმოდიოდა ახლანდელ დროში. ისინი ერთიანად ბოჭავდნენ გოგონას, გასაქანს არ აძლევდნენ და კვლავ უმოწყალოდ უსერავდნენ პირმოკრულ იარებს.

თითქოს ახლაც გვერდითა ოთახიდან ჩაესმოდა მამამისის ხმა, რომელიც, ყველას გასაგონად ეძახდა ქუჩის ქალს და მეზობლების თანდასწრებით, შეუბრალებლად აგდებდა სახლიდან. კოშმარული სიზმარივით ედგა თვალწინ უფროსი ძმის ყინულივით ცივი გამოხედვაც, რომელიც არაფერს აკეთებდა ამ ყველაფრის შესაჩერებლად და სეირის მაყურებელივით გამდგარიყო გვერდზე.

თბილისში დაბრუნებას, ყოველი მივიწყებული ტკივილი, ფსკერიდან – ზედაპირზე ამოეტანა, ახლა კი, სწორედ ამ ტკივილებისგან მოგვრილ  ნეგატივს ებრძოდა ლინდა.

– მეფე ლომმა იცის აქ რომ ხარ? – ფიქრების ძაფი, ლილეს მოულოდნელად დასმულმა შეკითხვამ გადაუჭრა. იგი, იმ წამს შემოსულიყო მისაღებში და ნაყინის ბურთულებიც მოეტანა, ცივ ყავაში დასამატებლად.

– არა, არაფერი მითქვამს. რამდენიმე დღეა აღარ ვკონტაქტობთ.

– არც ჩემთან დაურეკავს, – აღნიშნა და წამიერად, სახეზე ალმურმაც გადაჰკრა. ენაზეც იკბინა, თუმცა სიტყვების უკან წაღება ძალიან დაგვიანებული იყო, რადგან ლინდა, უკვე მის გვერდით იჯდა და გამომცდელად ათვალიერებდა.

– რას ნიშნავს არც შენთან დაურეკავს?

– არაფერს...

– სულელს ვგავარ?

– მართლა გეუბნები, – დაბნეულობისგან, ნელ-ნელა ებზარებოდა ხმა გოგონას. ეს უფრო ნათელს ხდიდა, რომ ნამდვილად არსებობდა რაღაც, რის დამალვასაც ცდილობდა.

– ლილე, ამოღერღე, სწრაფად!

– ხომ გითხარი არაფერია-მეთქი?

– ლილე, გისმენ!

– კარგი ჰო, კარგი, რას ჩამაფრინდი ყელში?! – უკმაყოფილოდ აატრიალა თვალები. – სანამ შენ და ანდროს კონტაქტი არ გქონდათ, ჩემს მობილურზე რეკავდა, შენი ამბების გასაგებად. მერე ალბათ მობეზრდა ჩემთან ლაპარაკი და ტელეფონი გიყიდა.

თუ სხვა შემთხვევაში ასეთ რამეზე გაბრაზდებოდა, ახლა პირიქით — კმაყოფილების გრძნობით აღივსო. მთელი ის დრო ეგონა, რომ ანდროს მისი ბედი არ აღელვებდა და ცხოვრებაში პირველად გაუხარდა შეცდომის დაშვება.

– ნუ იყურები აფერისტულად, არ გსაყვედურობ, – ღიმილი მოჰგვარა მეგობრის გამომეტყველებამ. – უბრალოდ სხვა დროს, ჩემს ზუგრს უკან საქმეების ხლართვას შეეშვი.

– რაც გავაკეთე, კეთილ მიზნებს ემსახურებოდა, მაგრამ კარგი... ნაყინს არ ჩაამატებ?

– არა, ზედმეტ კალოერიებს ვერიდები.

– სულ ტყუილად, ჯერჯერობით იდეალურ ფორმაში ხარ. დღეს საღამოსთვის მეც იდეალური უნდა ვიყო და იმედია დამეხმარები.

– სადმე მიდიხარ?

– კი, მივდივარ, – მთელი სახე გაუნათდა ლილეს, როცა ეს თქვა. – იმ ბიჭს უნდა შევხვდე, რომ გვიყვებოდი.

– მას ხვალ არ უნდა შეხვედროდი? ამიტომ ჩამოვედი ერთი დღით ადრე.

– გეგმები შეიცვალა, ძალიან გვეჩქარება ერთმანეთის პირადად გაცნობა. თან სამ დღეში სწავლა მეწყება და მერე თავისუფალი დრო დიდად აღარც მექნება.

დაძაბულობა შეეტყო სახეზე ლინდას. ვერ ხვდებოდა რატომ, მაგრამ კვლავ სრული იერიშით შემოუტიეს ნეგატიურმა ფიქრებმა. ბოლოს მიზეზსაც მიხვდა – ძალიან ბევრი ფილმი ჰქონდა ნანახი ინტერნეტით გაცნობილი ადამიანების სახიფათო ბუნებაზე, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დაიხსნა თავი შინაგანი შფოთვისგან. 

– ლილე უკვე საღამოა, ერთი საათის მერე კი დაბნელდება. დარწმუნებული ხარ, რომ ახლა გინდა წასვლა?

– კარგი რაა, შენ მაგივრად მე დავიღალე. რაც გიცნობ, ისე ცხოვრობ, თითქოს მოყინულ მდინარეზე დადიხარ და გეშინია წყალში არ ჩავარდე. ახლა მეც უნდა დამაჯერო, რომ ყოველი ბუჩქის ძირას საფრთხე მელოდება?

პასუხად აღარაფერი უთქვამს ლინდას. გრძნობდა, რომ თუ გააგრძელებდა, ხასიათი თავადაც გაუფუჭდებოდა და ლილესაც გაუფუჭებდა, ამიტომ, ამ თემის ირგვლივ საუბარს საბოლოოდ შეეშვა. უფრო მეტიც – მეგობარს ტანსაცმელიც კი აარჩევინა საღამოსთვის, თმები დავარცხნა და მსუბუქი მაკიაჟიც საკუთარი ხელით გაუკეთა.

– ონისემ და ნინიამ არ იციან, ხომ? – ჰკითხა, როდესაც ლილე უკვე გასასვლელში იჯდა და წასვლის წინ, ფეხსაცმელს ირგებდა.

– გაგიჟდი?! ეგ რომ ვუთხრა, ბებია წუთში რვაჯერ დამირეკავს და იმ ბიჭის წინაპრების სიასაც მომთხოვს.

– ლილე, უკვე ათი საათია. იცოდე, ძალიან არ დააგვიანო, კარგი? – აქ უკვე თხოვნითი ტონით მიმართა, რადგან მის კიდევ ერთხელ გაღიზიანებას მოერიდა.

– ნუ პანიკიორობ, რესტორანში წავალთ და სახლშიც თავისი მანქანით მომიყვანს.

– კარგი, ოღონდ ტელეფონი არ გამორთო.

– გპირდები, არ გამოვრთავ, მაგრამ თუ რამე მოგინდება, არ დამირეკო, შეტყობინება გამომიგზავნე.

წასვლის დრო საკმაოდ მალე მოვიდა. ლინდამ, მოჩვენებითი ღიმილით გააცილა შეხვედრაზე მეგობარი. დაძაბულობა, ერთი-ორად გაიზარდა, როდესაც შინ სრულიად მარტო დარჩა. ფანჯრიდანაც კი გადაიხედა, რათა იმ მერსედესის ნომრები მაინც დამახსოვრებინა, რომლისკენაც ლილე მიემართებოდა, მაგრამ ვერ მოახერხა. ხელი სართულის სიმაღლემ შეუშალა და ასევე იმანაც, რომ მგზავრის სავარძლის შევსების მერე, ავტომობილი სწრაფად გავიდა ეზოდან.

ყურადღების გადასატანად, ხან ტელევიზორის ჩართო, ხან წიგნებს გადაავლო თვალი, სოციალურ ქსელშიც შეიხედა, მაგრამ მაინც ვერაფრით დაწყნარდა. ბოლოს, საკუთარ თავს დააჯერა, რომ ორსულობამ გახადა პარანოიკი და მთელი ძალისხმევა შეალია ცუდი ფიქრების გონებიდან გაძევებას.

მარტოობა რომ მოსწყინდა და არც ძილი მიეკარა, გადაწყვიტა ქვემოთ ჩასულიყო დროის მოსაკლავად. კორპუსთან ახლოს, გზის გადაღმა, ერთი დიდი, ლამაზი კაფე მოჩანდა. ხანმოკლე სეირნობის შემდეგ, სწორედ ხსენებულ დაწესებულებაში შეაბიჯა ლინდამ და ვინაიდან არ შიოდა, მხოლოდ ცხელი შოკოლადი შეუკვეთა. წამით იფიქრა, ანდროსთვის დაერეკა და თავისი ჩამოსვლის ამბავი ეცნობებინა, მაგრამ შემდეგ, მისმა გონებამ კატეგორიულად უარყო ეს აზრი. მართალია მამაკაცის ნახვის სურვილი შიგნიდან ჭამდა, თუმცა რაღაც ხელს ეშლიდა და ეს რაღაც შიშები იყო, რომლებიც, მართლაც ბევრად უფრო ხმამაღლა ყვიროდნენ, ვიდრე მისი სურვილები.

კაფეში ხალხის სიმცირე შეინიშნებოდა, რაც საკმაოდ მშვიდ ატმოსფეროს ქმნიდა. დახვეწილი ინტერიერი და ნამცხვრების ტკბილი სურნელი, მეტ სიმყუდროვეს მატებდა იქაურობას. მიმტანმა გოგონამ რომ კუთვნილი ცხელი შოკოლადი დაუდო მაგიდაზე, ერთი დღით წესების დარღვევა და რომელიმე ნამცხვრის გასინჯვაც გადაწყვიტა. მივიდა კიდეც ვიტრინაში გამოფენილ ტკბილეულთან, რათა თავისთვის სასურველი ნაჭერი აერჩია, თუმცა არჩევნის გაკეთებაში მოულოდნელად აზუზუნებულმა მობილურმა შეუშალა ხელი. ცოტა არ იყოს გაკვირვებული დარჩა, როცა განათებულ ეკრანზე ლილეს სახელი ამოიკითხა. ორ საათზე ცოტათი მეტი იყო გასული, რაც წავიდა. წესით ჯერ არც უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა როდესაც მისგან ზარი შემოვიდა, ლინდამ მაშინვე იფიქრა, რომ ბინაში გასაღების არქონის გამო ვერ შედიოდა, ამიტომ, სასწრაფოდ უპასუხა:

– ქვემოთ ჩავედი, კაფეში. უკვე დაბრუნდი?

– ლინდა, გთხოვ რამე მოიფიქრე და აქედან გამიყვანე! – ყურმილში აღელვებული, ნამტირალევი ხმა ჩაესმა და მოეჩვენა, რომ თვალებში წამიერად სინათლეც კი დაკარგა.

– რა ხდება?! სად ხარ?!

– სააბაზანოდან გელაპარაკები, – ხმის ტონი, უფრო მეტად დაადაბლა გოგონამ, – მათ მოვატყუე წყ’ლის გადავლება მინდა, სანამ რამე მოხდება-მეთქი.

– ვის მათ?! რა აბაზანა?! – ნამცხვრების ვიტრინა მოშორდა და ძლიერი თავბრუდახვევის შეგრძნებით დაეშვა სკამზე. უკვე ხმაც გაბზარვოდა და ჩანთაში ხელის კანკალით ეძებდა თანხას, მაგიდაზე რომ დაეტოვებინა.

– ამ ბიჭმა, აქ თავისი მეგობრები დამახვედრა ლინდა! სულ ოთხნი არიან და ამბობენ ყველანი ერთად უნდა გავერთოთო. ორი მათგანი, მგონი ოცდაათ წელს ზემოთაა, გთხოვ მიშველე!

– ლილე, რესტორანში არ მიდიოდი?! ნუ გამაგიჟებ!

– ვიყავით და ისეთი კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა, სახლში აყოლაზეც გაუაზრებლად დავთანხმდი, – სასოწარკვეთით ამოიტირა გოგონამ. – ახლა მათი წესებით ვთამაშობ, არ მინდა რამე იეჭვონ, მაგრამ თუ კიდევ დიდხანს დავრჩები, ოთხივე ზედ გადამივლის. დავინახე, რაღაც აბებიც დალიეს!

ლინდამ, ძლივს ნაპოვნი თანხა მაგიდაზე დატოვა და გასასვლელი კარისკენ ისე სწრაფად გაიქცა, გარშემო ყველას ყურადღება მიიქცია. გარეთ გასული, სიჩქარეში, ვიღაც მამაკაცსაც დაეჯახა, თუმცა სახეზეც არ შეუხედავს ისე მოუბოდიშა და შეეცადა აღელვებული მეგობრისთვის რამე გამამხნევებელი ეთქვა:

– კარგი, დამშვიდდი და ხმადაბლა ილაპარაკე, რაღაცას მოვიფიქრებ!

– ვერ ვმშვიდდები ლინდა. თუ რამე იეჭვეს, შეიძლება კარიც შემოამტვრიონ. მერე მართლა წასულია ჩემი საქმე!

– აბაზანაში დარჩი და რასაც გარშემო ხედავ ყველაფერი კართან მიაწყვე, მე პოლიციაში დავრეკავ!

– არა, არა, გთხოვ! – სასტიკი პროტესტთან ერთად, გულსაკლავი მუდარაც გაისმა მის ხმაში, – ჯერ არასრულწლოვანი ვარ და შეიძლება ოჯახს დაუკავშირდნენ. ონისემ და ნინიამ რომ ეს გაიგონ, ალბათ სირცხვილით მოვკვდები! გევედრები, არ დარეკო!

ყურმილში, ლილეს სლუკუნთან ერთად,  აბაზანაში მოშვებული წ’ყლის შხაპუნიც ისმოდა. დრო მართლაც ცოტა იყო, ამიტომ, ლინდას სასწრაფოდ უნდა მოეძებნა ალტერნატივა.

– კარგი, მაგ ადგილის ლოკაცია ჩამიგდე და მითხარი რომელ სართულზე ხარ!

– კორპუსი არ არის, საკუთარი სახლია, ლამაზი ეზოთი... ლინდა არ მიმატოვო, გთხოვ!

– არ მიგატოვებ! მანამდე რამე მოიფიქრე და დრო გაწელე!

სატელეფონო საუბრის დაასრულებიდან ათი წამიც არ იყო გასული, ადგილმდებარეობის შეტყობინება რომ მიიღო ლილესგან. იმ მომენტში, ორმაგად უფრო მეტად იგრძნო დაძაბულობა, რადგან წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა უნდა გაეკეთებინა. სუფთა ჰაერიც ვერ ეხმარებოდა აზრების მოკრებაში. მანქანების ხმაური, იმ მძიმე ჩაქუჩად ქცეულიყო, რომელიც ნერვებზე შემაწუხებლად უკაკუნებდა და ისედაც გაღიზიანებულს, უფრო მეტად აღიზიანებდა. უმწეობისგან, მუცელში ყრუ ტკივილს გრძნობდა გოგონა. რა თქმა უნდა, მოწერილ მისამართზე მისვლას გეგმავდა, მაგრამ ძალიან დაბალი იყო იმის შანსი, ოთხ მამაკაცს, მხოლოდ ის და ლილე გამკლავებოდნენ. საბოლოოდ, მხოლოდ იმ დასკვნამდე მიდიოდა, რომ თუ იმ სახლის ზღურბლს გადააბიჯებდა, ორივენი ერთად გახდებოდნენ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, ეს კი უაზროდ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.

პანიკაში მყოფს, გამოსავლად მხოლოდ ერთი ადამიანის სახე წარმოუდგა. რაც უფრო მეტს ფიქრობდა, ხვდებოდა, რომ სხვა გამოსავალი უბრალოდ აღარ ჰქონდა. თუ ამას არ გააკეთებდა, ლილეს მომავალს სამუდამო დაღს დაასვამდა, ამიტომ მობილურში თითების კანკალით მოძებნა საჭირო ნომერი და მაშინვე დააწვა ზარის გაშვების ღილაკს.

საბედნიეროდ, ლოდინი დიდხანს არ დასჭირვებია. ერთადერთი ხმა, რომელსაც ახლა მისი სულიერად დამშვიდება შეეძლო, სულ მალე ჩაესმა ყურში და ყველანაირი მისალმების გარეშე გადავიდა მთავარ სათქმელზე:

– ანდრო, ლილე საფრთხეშია და სხვა არავინ მყავს, ვისაც ასეთ დროს დავურეკავ. გთხოვ, კითხვები არ დამისვა და პირდაპირ ჩემს გამოგზავნილ მისამართზე მიაკითხე, კარგი?!

გოგონამ ტელეფონი ხმამაღალ რეჟიმზე გადართო და დრო რომ არ დაეკარგა, საუბრის პარალელურად გაუზიარა ნავიგატორში ჩამახსოვრებული ადგილმდებარეობა.

– მოკლედ მითხარი რა სიტუაციაა, უკვე გამოვდივარ!

– ვიღაც საეჭვო ტიპებთანაა, სახლში და ძალიან მთხოვა საქმეში პოლიცია არ ჩამერია, – საუბრისას, ხმა და სხეული ერთად უკანკალებდა გოგონას. – გთხოვ, მითხარი, რომ ამ ადგილიდან არც ისე შორს ცხოვრობ!

– ოცი წუთის გზაა, მაგრამ...

– ანდრო, ამდენი დრო არ აქვს! შეიძლება საცობებიც იყოს, ახლა გავგიჟდები!

– დამშვიდდი, მოტოციკლით წავალ. თუ საჭირო გახდება, მოძრაობის წესებსაც დავარღვევ.

ლინდამ თავი ისე დაუქნია, თითქოს მამაკაცი, სადმე მასთან ახლოს იდგა და ამ ყველაფერს, საკუთარი თვალით დაინახავდა.

– კარგი, მე ტაქსის გავაჩერებ და წამოვალ. გთხოვ იჩქარე და თავს გაუფრთხილდი! 

– ჩემთვის ამ ფორმით უნდა გეთქვა თბილისში რომ იყავი, ლინდა?

– მაგაზე მერე ვისაუბროთ, ახლა ძალიან ცუდი დროა.

პასუხის ნაცვლად, ყურმილში წყვეტილი ზუმერი გაისმა. ლინდა მიხვდა, რომ  ანდრო ძალიან ჩქარობდა და აღარც თავად დაყოვნებულა მეტად. როგორც კი ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო, მაშინვე იმ ადგილისკენ გაიქცა, სადაც ტაქსები იყო გაჩერებული და ერთ-ერთ მათგანის უკანა სავარძელზე მოთავსდა.

გზაში, როგორც ყველაზე უარეს სცენარში წარმოიდგენდა, საცობში მოჰყვა. მობილურის ელემენტიც დაუჯდა და არც მძღოლს აღმოაჩნდა დამტენის შესაერთებელი. მთავარი უბედურება ის იყო, რომ ანდროს და ლილეს ნომრები ზეპირად არ ახსოვდა, ამიტომ ვერც სხვისი მობილურით მოახერხებდა მათთან დაკავშირებას.

ლამის კივილამდე მიიყვანა იმის გააზრებამ, რომ ადგილზე მისვლამდე, ვერაფრის გაგებას ვერ შეძლებდა. განცდილი სტრესისგან თავიც კი ასტკივდა. ეჩვენებოდა, თითქოს ჰაერი აღარ ჰყოფნიდა, ამიტომ ფანჯარა ჩასწია და ტაქსის მძღოლის შეკითხვას – თავს ცუდად ხომ არ გრძნობდა, უარით უპასუხა.

როგორც იქნა საცობი დაიძრა. მანქანები კვლავ ამოძრავდნენ. იქიდან უკვე აღარსად შეფერხებულან, ამიტომ, დაახლოებით ათ წუთში, ნავიგატორზე მონიშნულ ადგილსაც მიადგნენ.

საკმაოდ მოზრდილი, ორსართულიანი სახლი, რომელსაც ახლა ლინდა უყურებდა, ფრინველთა ქანდაკებებით გაფორმებული, რკინის ჭიშკრით იყო შემოსაზღვრული. უბანს, ერთი შეხედვითაც ეტყობოდა, რომ იქ შეძლებული ადამიანები ცხოვრობდნენ, რადგან თითოეული სახლი თუ ეზო, მეტად მდიდრული, საგულდაგულოდ მოვლილი იერით გამოირჩეოდა.

გოგონამ მძღოლს კუთვნილი თანხა გადაუხადა და მანქანიდან გადმოვიდა. დახურა თუ არა კარი, სახლთან ახლოს  დაყენებულ, შავ მოტოციკლს მოჰკრა თვალი და გულზე ის შვება იგრძნო, რომელიც მის სულს, დამწვრობაზე დადებული ყინულივით ესაჭიროებოდა. ანდრო უკვე იქ იყო! იმ მომენტში, ამის ცოდნაც კი საკმარისი აღმოჩნდა, რათა თვალებში ჩამქრალი იმედის ჩირაღდნები კვლავ ანთებულიყვნენ და იქიდან უიმედობის სიბნელე გაეძევებინათ.

ლინდამ ახმაურებულ გულზე მიიჭირა ხელი და ღრმად სუნთქვას მოჰყგა. საშინელი ტაქიკარდია ჰქონდა, სტრესის ზემოქმედებით კი სხეული მთლიანად გაყინვოდა. უნდოდა სახლში შესულიყო, მაგრამ ორივე ფეხი ისე დამძიმებოდა, ნაბიჯსაც ვერ დგამდა. ვერ ხვდებოდა რა სჭირდა. ყოველივე ეს, რაღაც პანიკურ შეტევას ჰგავდა, ამიტომ, მისთვის პროგრესირების საშუალება არაფრით უნდა მიეცა.

საბედნიეროდ, მალევე მოვიდა გონს. ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის ვარჯიშით გულიც ჩაიწყნარა და ის-ის იყო სახლის ჭიშკარში უნდა შესულიყო, რომ შენიშნა, როგორ მოდიოდა ქვით მოკირწყლულ ბილიკზე, თავჩახრილი და მკლავებზე ხელებშემოხვეული ლილე. ამ უკანასკნელს, ტირილისგან თვალის ფანქარი გადღაბვნოდა და უპეები მთლიანად ჰქონდა ამოშავებული, თუმცა ტანსაცმელზე ძალადობის კვალი ოდნავადაც არ ეტყობოდა.

ლილეს უკან, აუჩქარებლად მოდიოდა ანდრო. იგი ერთიანად შავ სამოსში იყო გამოწყობილი და მობილურზე ვიღაცას ესაუბრებოდა, თუმცა იმდენად ხმადაბლა, ერთი სიტყვის გარჩევაც ვერ შეძლო ლინდამ. მისი დანახვისას, გულში ჩვეული მღელვარება ჩასახლდა და იქ, ხის ტოტებივით გაიშალა. ყველაფერთან ერთად, მადლიერებაც იგრძნო მამაკაცის მიმართ, რადგან მან, ძვირფასი ადამიანი გადაურჩინა ძალიან დიდ განსაცდელს.

– მორჩა, მორჩა, ყველაფერი დასრულდა, – როგორც კი ლილე ჭიშკრიდან გამოვარდა, მისი აკანკალებული სხეული მაშინვე გულში ჩაიკრა გოგონამ. სწორედ მაშინ გადაიკვეთა ერთმანეთში ლინდასა და ანდროს მზერები. ამ მზერას იმ მონატრების გემო ჰქონდა, რომელიც მხოლოდ თვალებში იწვოდა და იქვე რჩებოდა, სიტყვებად არ ქცეული.

– ის ტიპები სად არიან, ლილე?!

– არ ვიცი, სადღაც გაიქცნენ, – ტირილს ამოაყოლა სიტყვები მან. ამ დროს, ანდროც გამოვიდა ჭიშკრიდან, მობილურს კი მარცხენა ჯიბეში მიუჩინა ადგილი.

– მანქანის ნომრები გადაცემულია და მიხედავენ. მანამდე თქვენ ორს სახლში წაგიყვანთ.

– მაგრამ ანდრო, პოლიციას ეს არ უნდა გაეგ...

– დამშვიდდი ლილე, შენ არავინ დაგკითხავს. ყველაფერი ამის გარეშე მოგვარდება.

მიუხედავად იმისა, რომ ლინდამ შვებით ამოისუნთქა, კიდევ იყო ერთი “მაგრამ”. კერძოდ, რაც უფრო მშვიდდებოდა, შიშიც უფრო ღრმად იდგამდა ფესვებს მის გულში. იცოდა, ადრე თუ გვიან აუცილებლად მოუწევდა იმის ახსნა, თუ რატომ არ დაუძრავს სიტყვა თბილისში ჩამოსვლის შესახებ. იმედს იტოვებდა, რომ ეს წუთი ჯერ კიდევ შორს იყო.

ანდროს მანქანა, მალევე მოიყვანა მისმა პირადმა მძღოლმა. მამაკაცმა, მოტოციკლის სახლამდე მიყვანა დაავალა მას, თავად კი ავტომობილის უკანა კარი გამოაღო და გოგონებს ანიშნა სალონში ჩამსხდარიყვნენ.

მთელი გზა უხმოდ იმგზავრეს. ლინდას, დამფრთხალი ლილე ჰყავდა მიხუტებული, დასამშვიდებლად თმაზე ეფერებოდა, შიგადაშიგ კი, სარკიდან აკვირდებოდა ანდროს თვალებს. სწორედ იმ თვალებს, რომელშიც ვნების გარდა, სიყვარულის დანახვაც სურდა, თუმცა ეს ოცნება, აუხდენელთა სიაში იკავებდა პირველ ადგილს.

იმის გამო, რომ მამაკაცმა შემოვლითი გზებით იარა, საცობები არ შეხვედრიათ. დაახლოებით ნახევარ საათში, მანქანა უკვე ლილეს სადარბაზოსთან ეყენა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ერთმანეთს აქ უნდა დამშვიდობებოდნენ.

– სახლში რომ აიყვან, რამე დამამშვიდებელი დაალევინე, – ურჩია ანდრომ მაშინვე, როგორც კი მანქანის ძრავა ჩაქრა. უკან არ მიუხედავს, თუმცა არც სჭირდებოდა — სარკიდან ნათლად ხედავდა ორივეს სახეს.

ლილე სავარძელში გასწორდა. ჩანთიდან ამოღებული ხელსახოცით, ჯერ ტირილისგან ამოშავებული თვალის უპეები მოიწმინდა, მერე კი მამაკაცს, სულ ოდნავ შეეხო მხარზე, ხელით.

– კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ანდრო. მთელი ცხოვრება ვალში ვიქნები შენთან.

– დაშვიდდი, ჩემი ვალი არ გაქვს, მაგრამ სხვა დროს ეცადე ასეთ საეჭვო სიტუაციებს ერიდო.

იმის გამო, რომ მარტონი არ იყვნენ, ლინდა იძულებული გახდა მხოლოდ სიტყვიერი მადლობით შემოფარგლულიყო. არადა იმ მომენტში როგორ უნდოდა მაგრად ჩახუტებოდა მამაკაცს, თანაც ეს უხმოდ, ყოველგვარი კომენტარის გარეშე გაეკეთებინა.

კორპუსის ლამპიონებით განათებულ ეზოში, სრული სიჩუმე სუფევდა. ღამის ნიავი აქა-იქ არხევდა ჭადრის ხის ფოთლებს, ღრუბლიან ცას კი, ბრჭყვიალა გულსაბნევივით დაემაგრებინა ნამგალა მთვარე.

გოგონები სალონიდან გადავიდნენ და სადარბაზოსკენ ხელკავით გაემართნენ. უკნიდან, ძრავის ამუშავების ხმა არ გაუგიათ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ავტომობილი ჯერ კიდევ სადარბაზოს წინ იდგა.

ლიფტი პირველ სართულზე დაუხვდათ გაჩერებული, ამიტომ, მის ლოდინში დრო აღარ დაუკარგავთ და თავიანთ სართულზეც მალევე ავიდნენ. ლილე ჯერ კიდევ არ გრძნობდა თავს კარგად –  ეს მის აჩქარებულ სუნთქვასა და დამფრთხალ თვალებში აშკარად ჩანდა. სწორედ ამიტომ, ბინაში შესულს სასწრაფოდ დაალევინა ერთი აბი დამამშვიდებელი საშუალება და გულში ჩახუტებული მანამ არ მოუშორებია, სანამ სხეულის ნერვულმა კანკალმა საბოლოოდ არ გაუარა.

ასეთ სიტუაციაში ძალიან გაურბოდა მის დატუქსვას, თუმცა როდესაც ოთახში დასაძინებლად შეიყვანა და შეამჩნია, რომ სახეზე ნორმალური ფერი დაბრუნებოდა, კითხვების დასმისგან თავი ვეღარ შეიკავა:

– ლილე, უცხო ადამიანს ასე უტვინო ქათამივით რატომ ენდე? ოდნავადაც არ დაგაეჭვა მისმა შემოთავაზებამ?

ბალიშზე მიხუტებულმა გოგონამ ღრმად ამოიოხრა. შემშრალი ცრემლებით გაუხეშებულ ღაწვებზე, ისევ დაეკიდა რამდენიმე გამჭვირვალე წვეთი.

– მართალი ხარ, უნდა მცოდნოდა, რომ აქაურობა ადიში არაა და ვარდისფერი სათვალე თან არ უნდა წამომეღო, – სევდიანად ჩაეღიმა თვალებდახუჭულს, პირში კი საკუთარი ცრემლების მლაშე გემო იგრძნო. – უბრალოდ მინდოდა წყნარ გარემოში გვესაუბრა, მისი სახლის მიხედვით, პიროვნულად შემეცნო და მერე რამე კარგი ფილმისთვის გვეყურებინა. გგონია ასეთი სიბინძურე მქონდა დაგეგმილი? გგონია მე არ მეტკინა, ყოველი მისი სიტყვა რომ იდეალურად შესრულებული როლი აღმოჩნდა?

მეგობრის თითოეული განცდა, თითქოს საკუთარ ტყავზე შეიგრძნო ლინდამ. ამან იმდენად დაამძიმა, გადაწყვიტა მეტად აღარაფერი ეთქვა. ნაცვლად ამისა, გვერდით მიუწვა და მანამ ეფერებოდა მხრებზე ჩამოშლილ თმაზე, სანამ გოგონას დამშვიდებულმა, თანაბარმა სუნთქვამ არ მიახვედრა, რომ უკვე ეძინა. სიბრალულით დახედა მას ზემოდან ლინდამ. სტრესს იმდენად ჰყავდა გამოფიტული, ძილშიც კი ცუდად გამოიყურებოდა. არ იყო შეჩვეული ასეთი ლილეს დანახვას, რადგან ეს გოგო, მისთვის გაცნობის დღიდანვე ასოცირდებოდა სიფერადესთან და მხიარულებასთან.

ოთახში ოდნავი ჩახუთულობა იგრძნობოდა, რაც ლინდასთვის უკვე შემაწუხებელი გამხდარიყო. ზუსტად ამიტომ, საწოლიდან ფრთხილად წამოდგა და იქაურობის გასანიავებლად ფანჯარა გამოაღო, თუმცა უკან აღარ დაბრუნებულა. მისი ყურადღება, კარგად ნაცნობმა, შავმა გელენდვაგენმა მიიპყრო, რომელიც ჯერ კიდევ ეზოში ეყენა და ჩამქრალი ძრავით თუ ვიმსჯელებდით წასვლას არც აპირებდა.

ღამის სუსხიან ნიავს, მთლიანი სახე მიუშვირა ლინდამ. რახან მანქანა ჯერ კიდევ ქვემოთ იდგა, იმას ნიშნავდა, რომ ანდრო საუბრის გარეშე წასვლას არ აპირებდა, გოგონა კი ამისთვის ჯერ მზად არ იყო. იმის გაფიქრებაც კი ანერვიულებდა, რომ ერთმანეთის პირისპირ, მარტონი აღმოჩნდებოდნენ, ამიტომ გადაწყვიტა თვითონ დაერეკა და ეთხოვა საუბარი სხვა დროისთვის გადაედოთ.

ყურმილი მალევე აიღო მამაკაცმა. ლინდა კვლავ ფანჯარასთან მდგომი უყურებდა მის მანქანას, თუმცა დაბურული მინების გამო ვერ არჩევდა რა ხდებოდა შიგნით.

– ლილე უკეთაა? – პირველად ეს იკითხა ანდრომ. მისი ამ შეკითხვით, მაშინვე ნათელი გახდა, რომ სიტუაციის ჩაწყნარებას ელოდა, სანამ თავად გამოვიდოდა “ასპარეზზე”.

– ჰო, დამამშვიდებელი მივეცი და მალევე ჩაეძინა.

– კარგია... შენ ჩამოხვალ თუ მე ამოვიდე?

– ანდრო, მგონი ახლა ცუდი დროა.

– შენთვის ყოველთვის ცუდი დროა ლინდა, მე კი ასე წასვლა არ მინდა.

– ანდრო...

– გასაგებია, მე ამოვალ!

– გთხოვ...

– თუ გაპროტესტებას აპირებ, წინასწარ გეტყვი, რომ პროტესტი არ მიიღება.

სამწუხაროდ, მეტად ვეღარაფრის თქმა ვერ მოასწრო გოგონამ, რადგან ყურმილში ის წყვეტილი ზუმერი გაისმა, ზარის დასასრულზე რომ მიანიშნებდა.

ტელეფონი პატარა ტუმბოზე დადო ლინდამ, რომელზეც გლობუსის ფორმის ღამის სანათი იყო შემოდებული. ლილეს კვლავ მშვიდად ეძინა თავის ბალიშზე, ამიტომ, მისი მარტო დატოვება უკვე უსაფრთხოდ ჩათვალა და შინ რომ არ ეხმაურათ, სასაუბროდ სადარბაზოში გავიდა.

ზემოთ ამომავალი ლიფტის ხმის გაგებისას, დაძაბულობისგან მუცელი დაეჭიმა. ღრმად ამოისუნთქა მოსალოდნელი საუბრის წინ. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს იმ გამოცდაზე შედიოდა, რომელშიც ერთი საკითხიც არ ჰქონდა ნასწავლი, ამ გამოცდით კი მისი ბედი წყდებოდა. ეგონა უკვე ემოციური ფონის მწვერვალზე იყო და ამაზე ზემოთ ვეღარ ავიდოდა, თუმცა როდესაც ლიფტის გაღებულ კარში ანდროს სახეს მოჰკრა თვალი, ყველაფერთან ერთად, მუხლებშიც იგრძნო უცნაური სისუსტე. ამის დასაფარად, სასწრაფოდ ჩამოჯდა კიბის საფეხურზე და მამაკაცისთვის სახეში მანამ არ შეუხედავს, სანამ იგიც გვერდით არ მიუჯდა.

– კიბეზე დამჯდარი, ძალიან უბრალოდ გამოიყურები, შენი სოციალური სტატუსის ფონზე.

რამდენიმე წამი მდუმარებაში გალიეს. ანდრო უბრალოდ მის სახეს აკვირდებოდა და პასუხის გაცემას არ ჩქარობდა.

– შენ წარმოიდგინე, ხანდახან ვამცირებ ხოლმე ჩემს სოციალურ სტატუსს. საფეხურებზეც ვზივარ, ტანსაცმელსაც მოსამსახურის გარეშე ვიცვამ და მანქანის კარსაც საკუთარი ხელით ვაღებ.

ლინდამ თავის გვერდზე მიბრუნებით დამალა ტუჩებზე მომდგარი ღიმილი, მაგრამ მის სიტყვებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

– ლილეს სიტუაცია რომ არა, ალბათ ვერც გავიგებდი თბილისში რომ ხარ, ხომ?

– ნუ მეკითხები იმას, რაზედაც თვითონაც იცი პასუხი.

– ჰო, ვიცი, – კედელს ზურგით მიეყრდნო, მარცხენა ხელი კი მუხლზე გადაიდო მამაკაცმა. – ისიც ვიცი, რომ თამაში სახელად "ლინდა გარბის და ანდრო მისდევს" შენი თავდაცვის ინსტიქტია.

– თავს რისგან, ან ვისგან უნდა ვიცავდე?

– საქმეც მაგაშია, რომ ეგ არაფერში გჭირდება, მაგრამ მაინც აკეთებ. მუდმივად ემოციური ფარის მიღმა იმალები და გულწრფელობის გამბედაობა არ გყოფნის. ასე ისინი იქცევიან, ვისაც იმედგაცრუება აშინებთ.

“მე იმ გულგრილი მზერის მეშინია, რომლითაც აუცილებლად შემომხედავ, თუ ბოლომდე შენი გავხდები.” – გაიფიქრა, ხმამაღლა კი სრულიად სხვა რამ თქვა:

– წავალ, ლილეს დავხედავ. სხვა დროს ვილაპარაკოთ.

– გეყოფა ჩემგან გაქცევა ლინდა! – ხმა დაუდაბლდა მამაკაცს, თვალებში კი მოუთმენლობამ გაუელვა. ხელი, რომელიც გოგონას მაჯას შესაკავებლად შემოხვია, ამ უკანასკნელს ადგილიდან დაძვრის საშუალებას არ აძლევდა, თუმცა დიდად არც უძალიანდებოდა.

– მართალი ხარ ანდრო, თავს ვიცავ, რადგან ზედმეტად დიდი გამოწვევა ხარ! – პირდაპირ თვალებში უყურებდა ამის თქმისას. – ჩემს გონებაში რომ ჩაგახედა, შეგეშინდებოდა კიდეც იმხელა არეულობა მაქვს.

დაასრულა თუ არა წინადადება, იგრძნო როგორ ნელ-ნელა გაუთავისუფლდა მაჯა. ანდრო უკვე მისკენ აღარ იყურებოდა. ამის ნაცვლად, მდუმარედ იჯდა და ოდნავშესამჩნევი ღიმილით დაშტერებოდა ქვედა საფეხურებს.

– ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რომ ეს ორმხრივია.

– რა არის ორმხრივი? – მოჩვენებითი უდარდელობით გადაფარა შინაგანი მღელვარება ლინდამ.

– მაგაზე ძილის წინ იფიქრე, შეიძლება პასუხიც იპოვო.

გოგონას სახეზე, რომელიც კითხვის ნიშნებით იყო სავსე, მხოლოდ რამდენიმე წამით შეაჩერა მზერა მამაკაცმა. მერე ფეხზე წამოდგა და უსიტყვოდ გაემართა დახურული ლიფტისკენ.

– სად მიდიხარ? – ფიქრად გავლებული, ხმამაღლა წამოსცდა ლინდას.

– ხომ თქვი, რომ ჩემგან თავს იცავ?

– მერე?

– მერე მივდივარ და საშუალებას გაძლევ მშვიდად ამოისუნთქო. – მიუგო. თავისი მზერით თითქოს გამოცდას უწყობდა და ამავდროულად, იწვევდა კიდეც გოგონას.

– ახლა ნერვებზე და ემოციებზე ერთდროულად თამაშობ.

– დამიჯერე, საკუთარ თავს უფრო ვშველი აქედან წასვლით... დისტანციის დაჭერა აღარ გამომდის...

ვინაიდან, ლიფტი ანდროს შემდეგ არავის გამოეყენებინა, იგი კვლავ იმავე სართულზე იყო და თითის მიჭერისთანავე გაიხსნა. მის შესაჩერებლად არაფერი მოუმოქმედებია ლინდას.  ერთადერთი, რაც გააკეთა ის იყო, რომ მამაკაცის წინ, სუნთქვაშეკრული დადგა და მანამ უყურებდა, სანამ იგი, საბოლოოდ არ “ჩაყლაპა” ლითონის კარმა.

უკან ენერგიაგამოცლილი, სრულიად გამოფიტული გამობრუნდა. უნდოდა ისე მალე ჩასძინებოდა, ფიქრი ვეღარაფერზე მოესწრო, მაგრამ ბინისკენ ორი ნაბიჯიც არ ჰქონდა გადადგმული, რომ ლიფტი ისევ გაიხსნა, მერე კი მკლავში იგრძნო ძლიერი ხელის ჩავლება. როცა სიტუაცია გააანალიზა, უკვე დახურულ კაბინაში იყო სარკეზე აკრული, ანდრო კი მის ტუჩებს უყურებდა, სურვილითა და ჟინით სავსე თვალებით. ასეთ გამოხედვას კარგად სცნობდა. იგი აქამდეც ენახა და უკვე იცოდა, როგორი იქნებოდა გაგრძელება. არც შემცდარა — რამდენიმე წამში მამაკაცს უკვე თავის მკლავებში ჰყავდა მოქცეული და თავდავიწყებით კოცნიდა.

მომთხოვნი, მგრძნობიარე და ხანგრძლივი კოცნისგან მიღებული შეგრძნებები, თითქოს კანქვეშ ძვრებოდნენ და თბილი ტალღების მსგავსად მიედინებოდნენ მთელ სხეულში. ლინდა ყოველგვარი პროტესტის გარეშე, თვალდახუჭული მიჰყვებოდა დინებას, ფრჩხილებით ანდროს მკლავებში იყო ჩაფრენილი და ისე მძიმედ სუნთქავდა, ეგონა წუთი-წუთზე გონება გაეთიშებოდა. თავს აკარგვინებდა მამამაცის სიახლოვე. არც ეწინააღმდეგებოდა და არც ბოლომდე უცხადებდა მორჩილებას. გოგონასთვის იგი, ის ცდუნება იყო, რომელიც მთლიანად ბოჭავდა, მაგრამ მაინც მყარად იცავდა საკუთარ გადაწყვეტილებას — არაფრით შემოეშვა ეს ადამიანი თავის ცხოვრებაში!

უეცრად თავში ონისეს ნათქვამი სიტყვები ამოუტივტივდა — რომ გამოუყენებელი შანსი ბევრად უფრო მეტად ატკენდა, ვიდრე ამ შანსის გამოყენება და იმედგაცრუება, თუმცა ბოლომდე ვერ ეთანხმებოდა. მისთვის ანდრო ის ადამიანი იყო, ვისგან მოყენებული ტკივილის შემთხვევაში, ძალიან გაუძნელდებოდა ფეხზე წამოდგომა. სწორედ ამიტომ, საკუთარ ნაჭუჭში დამალვა უფრო ეკომფორტულებოდა, ვიდრე რისკი და კლდიდან თავით გადაშვება.

– საშიში ქალი ხარ ლინდა, – დახშული ხმით ამოთქვა მამაკაცმა, რა წამსაც კი მის ტუჩებს მოწყდა. – ყველაფერს მოველოდი ცხოვრებისგან იმის გარდა, რაც ახლა მჭირს.

ლიფტის გახსნის ღილაკს, თითი უსიტყვოდ მიაჭირა და თავგზააბნეული, უკუსვლით გავიდა კაბინიდან ლინდა. ემოციები, მწვერვალიდან დაქანებული ზვავივით უვლიდნენ თავზე და ახლა, როცა ანდროს მკლავებში აღარ იყო მოქცეული, კვლავ უჭირდა ფეხზე მყარად დგომა.

– არ გაქვს უფლება, როცა მოგინდება მაშინ მეხებოდე! – ხმა ოდნავ უთრთოდა გოგონას, იმის გამო, რომ ბოლომდე ვერ მალავდა მღელვარებას.

ანდროს ტუჩებზე, მხოლოდ წამიერად გადაირბინა იდუმალმა ღიმილმა.

– როგორც არ უნდა გამიჭირდეს, ეგ უფლება ბოლოს მაინც ჩემი გახდება. – აღნიშნა მშვიდად და იმ მომენტში, კარმა ისევ შთანთქა მისი სილუეტი.

თითქოს ემოციების გასაშიშვლებლად მარტო დარჩენას ელოდაო, მოწყვეტით ჩამოჯდა საფეხურზე ლინდა. გრძნობდა, როგორ იწვოდა უცეცხლოდ მთელი მისი სხეული და იმის მაგივრად, რომ გონების მსგავსად, გულსაც შორს დაეჭირა თავი ამ საშიშროებისგან, პირიქით – მაგნიტურად მიიწევდა მისკენ.

დაბნეულობისგან, დროის აღქმა ჰქონდა დაკარგული და ზუსტად ვერ იტყოდა რამდენ ხანს იჯდა ასე უძრავად. ბინაში მხოლოდ მაშინ შევიდა, როცა ძლიერი ქარი ამოვარდა და სადარბაზოს გისოსებს შორის შემოპარულმა სუსხმა, შიშველი მკლავები გაუყინა.

ლილეს ისე მშვიდად ეძინა, მხარიც კი არ ჰქონდა შეცვლილი. შემთხვევით რომ არ გაეღვიძებინა, ფეხაკრეფით შევიდა მის საძინებელში ლინდა, იქიდან მობილური გამოიტანა და ის-ის იყო თავისი ოთახისკენ გაემართა, რომ მოწყობილობა შეტყობინების მოსვლის ნიშნად აზუზუნდა. ნაცვლად სარეკლამო შეთავაზებებისა, რომლის დანახვასაც განათებულ ეკრანზე მოელოდა, ანდროს წერილი დაუხვდა. ამის გააზრებამ, თავიდან აურია ძლივძლივობით ჩაწყნარებული გულისცემა. შეტყობინების გადაკითხვისას, უკვე ზუსტად იცოდა, რომ ამაღამ, მშვიდად ძილზე ოცნებაც კი სისულელე იქნებოდა, რადგან ანდრო, მეტად მნიშვნელოვან და სენსიტიურ თემას ეხებოდა თავის წერილში:

“გახსოვს გითხარი, სერიოზული მიზეზი მქონდა იმ ღამის შემდეგ შენს მოსაძებნად-მეთქი? მოგატყუე... ერთადერთი მიზეზი ის იყო, რომ თავიდან ვერაფრით ამოგიგდე...”

გოგონა საწოლზე მოწყვეტით ჩამოჯდა და მასზე ვარსკვლავის ფორმით გადაწვა. კარგა ხანს იფიქრა, ეპასუხა თუ არა შეტყობინებაზე, მაგრამ ბოლოს, მაინც საკუთარ თავზე გაბრაზებულმა მოისროლა მობილური, ბალიშში თავი ჩარგო და თვალები მაგრად დახუჭა:

– როგორ მინდა შენი ნდობა შემეძლოს. მაშინ აღარ დავმალავდი, რომ ამ ნიღბის ქვეშ უბრალოდ ლინდა ვარ, ვისაც სიგიჟემდე უყვარხარ!

ეს სიტყვები მხოლოდ ოთახის სიჩუმეში ჩაიკარგა და ანდროსთან შეტყობინების სახით არ გაგზავნილა. გონებისა და გულის ორთაბრძოლაში, ჯერ კიდევ გონების მახვილი ჩანდა უფრო ძლიერი და კარგად ალესილი.



8 8 8 8

სამშაბათ დღეს, ჩვეულებრივზე გვიან გამოეღვიძა ანდროს, თუმცა ვინაიდან არსად აპირებდა გასვლას, საათისთვის არც კი შეუხედავს.

ვლადი უნივერსიტეტის მეგობრებთან ერთად იყო წასული, ქალაქგარეთ, მარტო საუზმობა კი არასდროს უყვარდა, ამიტომ, იმ დილით მხოლოდ ბელას მომზადებულ ყავას დაჯერდა და კვლავ თავის საძინებელში განმარტოვდა.

გარეთ საშინლად წვიმდა. ღრუბლიან ცაზე ალაგალაგ ელვაც გამოანათებდა, ხოლო ხის გალუმპულ ტოტებს შემოდგომის სუსხიანი ქარი აცეკვებდა. 

მიუხედავად სიცივისა, ანდრომ მაინც აივანზე გადაწყვიტა დაჯდომა. მამაკაცს ხელში დიდი ზომის წიგნაკი ჰქონდა მომარჯვებული, შავ ფანქართან ერთად და იმ საქმეს აკეთებდა, რისთვისაც უკვე წლები იყო ხელი აღარ მოეკიდა.

ხატვა ბავშვობის ასაკში უყვარდა და საკმაოდ კარგადაც გამოსდიოდა. განსხვავება ის იყო, რომ ახლა, ხელი არა მიზანმიმართულად, არამედ დაპროგრამებულივით მოძრაობდა. ფურცელზე ნელ-ნელა იკვეთებოდა იმ ქალის სახის ნაკვთები, რომელიც, ბოლო თვეების განმავლობაში საერთოდ აღარ ქრებოდა მისი გონებიდან.

ფანქრის წვერის მიერ, ქაღალდთან დამყარებული ფიზიკური კონტაქტი, უტოვებდა შეგრძნებას, თითქოს, თითის ბალიშებით მიუყვებოდა გოგონას სახის კონტურებს. ჯერი რომ ტუჩების დახატვაზე მიდგა, მთელი არსებით იგრძნო, როგორ შემოუნგრიეს კარი წინა ღამის მოგონებებმა. გაახსენდა ლინდას რბილი ტუჩების გემო, მისი გლუვი კანი, სრიალა თმა და ემოციები ისე გამეტებით დაესხნენ თავს, რომ ხატვის პროცესში, ფანქარიც კი გადაუტყდა შუაზე.

ამ გოგოს ყოველი გახსენება ძარღვებში სისხლს უდუღებდა. რაც სჭირდა, უკვე ბევრად სცდებოდა უბრალო ლტოლვის საზღვრებს. ეს უკვე გიჟური, მტანჯველი წყურვილი იყო, რომელიც თითქოს შიგნიდან ფშვნიდა მის სხეულს. და მაინც... უნდოდა ისევ და ისევ... ყოველდღე უფრო და უფრო მეტად...

წვიმა საგრძნობლად გაძლიერდა. ანდრომ ახლაღა მოავლო თვალი ნისლში გახვეულ ბაღს, სადაც შემოდგომის ქარი, ჰაერში აცეკვებდა წითელ-ყვითელ ფოთლებს. გარეთ სუსხი თანდათანობით მატულობდა, თუმცა თვითონ ამ სიცივეს ვერ აღიქვამდა. არც საძინებელში შესვლაზე იფიქრებდა, რომ არა იმ ინტონაციის კაკუნი, როგორითაც  მხოლოდ ერთი ადამიანი — ბელა აკაკუნებდა მის კარზე. ამაში ბოლომდე დარწმუნდა, როდესაც სახელური ჩამოსწია და ზღურბლთან სწორედ ის დაინახა.

ქალს სახეზე დაბნეულობა ეხატა. ეტყობოდა, რომ ორჭოფობდა ეთქვა თუ არა ის, რის სათქმელადაც იყო მოსული.

– მიდი ბელა, გისმენ, – როცა მიხვდა აჭიანურებდა, შეკავებული ღიმილით შეაგულიანა ანდრომ. – ბოლო დროს ისეთები ხდება, ვეღარაფრით გამაოცებ.

– არა, ამჯერად სხვა რამეა, – მის ნათქვამზე ქალსაც გაეღიმა. – ისეთი რაღაც, რაც შენც გაგიკვირდება.

– მიდი, მითხარი.

ზურგს უკან მზერა ისე გააპარა ბელამ, თითქოს ეშინოდა ვინმე ხომ არ უსმენდა, მერე კი ყოველგვარი დაყოვნების გარეშე მიუგო:

– სოფია გესტუმრა. მისაღებში მოვათავსე და იქ გიცდის.

გაკრვირვება, რომელსაც ქალი ასე მოელოდა, წამებში აღიბეჭდა ანდროს სახეზე. რამდენიმე წამით ხმაც არ ამოუღია მამაკაცს. მერე ოთახის ზღურბლსაც გადმოაბიჯა და უკმაყოფილოდ მიხურა საძინებლის კარი.

– სოფიას აქ რა უნდა?

– თურმე გუშინ ჩამოსულა ინგლისიდან... მაპატიე, არ უნდა შემომეშვა ხომ?

– ახლა რომ არ შემოგეშვა, ისევ მოვიდოდა... ჩავალ და დაველაპარაკები.

– ყავა ხომ არ მოგიტანოთ? ან რამე სხვა?

– ყავა არა, მაგრამ რამე ცივი სასმელი კარგი იქნებოდა.

ქალმა თავი უხმოდ დაუქნია და დავალების შესასრულებლად მანამ გაემართა, სანამ ანდრო დაეშვებოდა კიბეეზე.

დაუპატიჟებელ სტუმარს უკვე მოესწრო დივანზე კომფორტულად მოკალათება. საკმაოდ დიდი დრო გასულიყო, რაც ეს სახე აღარ ენახა მამაკაცს. დიდად არც შეცვლილიყო — ისევ ისეთი გრძელი, სწორი თმა ჰქონდა, წაბლისფერ თვალებშიც უცვლელად შენარჩუნებულიყო ეშმაკური გამოხედვა და ლოყებზეც ემჩნეოდა ის ფოსოები, რომელთა დანახვაზე წარსულში მუდამ ეღიმებოდა ხოლმე ანდროს.

დივანზე, ფეხიფეხგადადებული იჯდა სოფია. იდაყვით დივნის სახელურს დაყრდნობილს, ტუჩებზე იდუმალი ღიმილი დასთამაშებდა და თავისკენ მომავალ მამაკაცს ისე უმზერდა, როგორც დარტსის დაფას, რომლის შუაგულსაც, ისარი არაფრით უნდა ასცდენოდა.

– კარგად მახსოვს, ასეთი მომხიბვლელი არ დამიტოვებიხარ, – ფეხზეც არ წამომდგარა ისე აღნიშნა ქალმა. მისასალმებელი ჟესტები არც მას გამოუყენებია და არც ანდროს, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აღარ ენახათ.

– გამიკვირდა შენი ვიზიტი.

– წლების განმავლობაში არ მპასუხობდი შეტყობინებებზე და სულ ესაა, რისი თქმაც ჩემი დანახვისას მოგინდა? – ჰკითხა წყენით. ქალის გამოხედვაში ერთდოულად ირეკლებოდა მონატრება, ჩახშობილი ვნება და თავშეკავება, რაც საშუალებას არ აძლევდა ისე მისალმებოდა, როგორც გულით სურდა.

– მე არაფრის თქმა არ მინდა, შენ გისმენ, რისთვის მოხვედი?

– კარგი, მოდი მაშინ იმას გკითხავ, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს, – გრძელი თმა, მარცხენა მხარეს საქმიანად გადმოიყარა მან. სახეზე არ შეიტყო ის წყენა, რაც ანდროს ყინულივით ცივმა ტონმა მოჰგვარა, – ლონდონიდან ჩვენი კლასის შეკრების გამო დავბრუნდი, თან ჩემებიც დიდი ხანი არ მყავდა ნანახი. მაინტერესებს, შენ თუ ემზადები მაგ დღისთვის?

– არა. უკვე იციან, რომ წამოსვლას ვერ ვახერხებ.

– რატომ? – ტონზე შეეტყო, იმედები გაუცრუვდა. – რამე მოხდა?

– უბრალოდ განწყობა არ მაქვს... სამაგიეროდ, არჩი და რატი იქნებიან.

– ჰოო? კარგია ჩვენი შეკრება რატის ხმელეთზე ყოფნას რომ დაემთხვა.

პასუხის გაცემა ვეღარ მოასწრო ანდრომ, რადგან სწორედ იმ მომენტში, მისაღებში ბელამ შემოაბიჯა, წვენის მოზრდილი ჭიქებით ხელში. როგორც კი ისინი მაგიდაზე დადგა, სოფიამ თავაზიანად მოუხადა მადლობა, ანდრომ კი თვალებით გააკეთა იგივე.

– მაინც რა მიზეზით არ მოდიხარ? – მამაკაცის გადაწყვეტილება რომ შეეცვალა, უწინდელი თემის განვრცობა გადაწყვიტა ქალმა. – ან ასე ცივად რატომ მხვდები? ზოგადად, ყოფილ შეყვარებულებს ერთმანეთის მიმართ ლტოლვა ისევ რჩებათ ხოლმე.

– ზოგჯერ რჩებათ, ზოგჯერ არა.

– დავიჯერო ჩვენი მალტაზე გატარებული ზაფხულიც ისე გახსენდება, რომ ვეღარაფერს გრძნობ?

– საერთოდ არ შეცვლილხარ, – პირველად გაეცინა მასთან საუბრის განმავლობაში მამაკაცს. – მალტაზე გატარებული ზაფხულიც მშვენივრად მახსოვს, მაგრამ მხოლოდ მახსოვს და მეტი არაფერი.

– ძალიან მკაცრი და სიტყვაძუნწი გამხდარხარ, – უკმაყოფილების გადასაფარად, უდარდელი მზერის ტაქტიკას მიმართა სოფიამ. – მეგონა ამ ხნის განმავლობაში, ბრაზი ცოტათი მაინც გაგივლიდა.

– ჰო მართლა, საქართველოში ქმარი არ ჩამოიყვანე? – ჭიქიდან, წყურვილის მოსაკლავად მოსვა ცივი წვენი. რატომღაც, ქალის სიტყვებზე კომენტარის გაკეთებას, საუბრის სრულიად სხვა კუთხით წარმართვა არჩია, – შენი აქ ყოფნის შესახებ თუ იცის, არა მგონია ეს მოსწონებოდა.

– სხვათა შორის, ქმარს ორი თვის წინ გავშორდი, – იდუმალი ღიმილით დაჰყურებდა წითელი მანიკიურით შეღებილ, გრძელ ფრჩხილებს. ტონზე აშკარად ეტყობოდა, რამდენად სულერთი იყო ეს საკითხი, – არადა მეგონა ბრიტანელი კაცები რომანტიკულები და საყვარლები იყვნენ.

– სამწუხაროა.

– სულაც არა. ნერვები არ მქონდა განვითარების იმ საფეხურზე მყოფ ადამიანთან გამეტარებინა მთელი ცხოვრება, რომელზეც ის იყო.

უკმაყოფილება, მამაკაცის თვალებში უკვე ცხადად იკითხებოდა. არსებული სიტუაცია იმდენად აღიზიანებდა და ეს ისეთი თვალსაჩინო იყო, აღარც სოფიას დარჩენია მხედველობის მიღმა.

– კარგი რა ანდრო, ჯერ კიდევ ბრაზობ იმის გამო, რომ წლების წინ, წუთიერ გრძნობას აყოლილმა ვაკოცე შენს ტყუპისცალს?! – ერთმანეთს მიუახლოვდნენ გოგონას წარბები და შუბლზე ორი წვრილი ხაზი გამოკვეთეს, – დანიელს რომ თავის დროზე ენაზე კბილი დაეჭირა და ვიკილიქსად არ გადაქცეულიყო, მე და შენ, შეიძლება დღეს შვილებიც გვყოლოდა.

ანდრომ შუბლი მოისრისა. უკვე ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ ეს ადამიანი და ყველაფერი მასთან დაკავშირებული, ერთი ზედმეტად ჩვეულებრივი, წარსულის ფურცელი იყო —სიყვითლეშეპარული და ობობის ქსელში გახვეული.

– ეს თემა დიდი ხნის წინ დავხურეთ და აღარ მიუბრუნდე.

– მაგას მე თვითონ გადავწყვეტ, – ჯიბრიანი მზერით დასწვდა წვენის ჭიქას სოფია. – რომ იცოდე, აქ ერთი თვით ვაპირებ დარჩენას, მაგრამ თუ ჩვენს შორის რამე შეიცვლება, ბილეთს აგიღებ და გაიძულებ ლონდონში გამომყვე. ბოლოს და ბოლოს, ოცდამეერთე საუკუნეა და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეგეძლება მართო შენი სასტუმროები.

– მაგაში გეთანხმები, მაგრამ ჩვენს შორის ცვლილებების იმედი დიდად ნუ გექნება.

– შენ ახლა იმ ქალს ესაუბრები, ვის გამოც, ღამღამობით აივანზე ძვრებოდი, მის საძინებელში რომ შეპარულიყავი და ერთად დაგეძინათ. ჰო, ეს დიდი ხნის წინ იყო, მაგრამ მე დღემდე მახსოვს, რა კარგად ვიყავით ერთად, – მამაკაცთან ახლოს დაჯდა და გულზე გაშლილი ხელი მიადო. მზერიდან ბოლომდე გაქრობოდა ბავშვური სიცელქე და ამჯერად მთელი სერიოზულობით საუბრობდა. – მითხარი, ამ წლების განმავლობაში, ერთხელაც არ ინანე, რომ მიმატოვე?

– სერიოზულად? – გულ-მკერდზე მიდებული ხელი, ფრთხილად ჩამოიღო ძირს ანდრომ. – ახლა მართლა იმას განვიხილავთ, რაც შვიდი წლის წინ დავასრულეთ?

– თვითონაც იცი, რომ ეს ჩემი შეკითხვის პასუხი არ არის.

– სოფია, ძალიან დაღლილი ვარ, მოდი სხვა დროს ვისაუბროთ, – რადგან პირდაპირ ვერ უთხრა, რომ სურდა წასულიყო, ირიბად მიანიშნა მამაკაცმა. რაც არ უნდა ყოფილიყო, მაინც თავს იკავებდა უხეშად მიმართვისგან.

ერთხანს იყოყმანა ქალმა. მის თავდაპირველ გეგმებში, ნამდვილად არ შედიოდა ასე სწრაფად წასვლა, თუმცა საბოლოოდ, მაინც დანებების ნიშნად ამოიოხრა.

– კარგი, კარგი, ახლა დაგტოვებ, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუ ხვალ საღამოს, შვიდ საათზე შემხვდები, ჩვენს ბარში.

– სოფია, ბავშვივით იქცევი.

– გთხოვ რა, უბრალოდ საუბარი მინდა შენთან, ამდენად რთულია? მგონი ისეთიც არაფერი მომხდარა ჩვენ შორის, დასანახად რომ გეზიზღებოდე.

ვინაიდან ამ ადამიანს ხუთი თითივით იცნობდა, ანდრო კარგად მიხვდა, რომ მიზნის მისაღწევად, ამჯერადაც თავის შცოდების ტაქტიკას იყენებდა. მიუხედავად ამისა, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მაინც დათმობაზე წასვლა არჩია:

– კარგი, გნახავ ხვალ საღამოს, – როგორც კი ეს უთხრა, დივნიდანაც მაშინვე წამოდგა მამაკაცი. – ახლა წამოდი, გაგაცილებ.

კმაყოფილება, რომელიც მიღებულმა თანხმობამ მოჰგვარა, ანდროსთვის ლოყაზე კოცნით გამოხატა სოფიამ. მერე ჩანთას დასწვდა და ისე, რომ სიტყვაც აღარ დასცდენია, ამაყად თავაწეული გაემართა გასავსლელი კარისკენ.

არანაირი დამშვიდობება, არანაირი “ნახვამდის”. მხოლოდ ერთხელ შეხედეს ერთმანეთს, მანამ, სანამ დახურული კარი იქცეოდა ბარიერად მათ შორის, მერე კი ყოველგვარი ხმა მიწყდა და სამარისებურ სიჩუმეში სრულიად მარტო დარჩა ანდრო. სწორედ ამ სიჩუმეში გაიაზრა, რომ ეს ადამიანი ბოლომდე დამთავრებულიყო მის ცხოვრებაში. ამას მანამდეც ხვდებოდა, უბრალოდ მოცემულ მომენტში საბოლოოდ დასვა წერტილი.



8 8 8 8


დიდ, ოთხკუთხა ფანჯრებით განათებულ დარბაზში, რეგულარულად ისმოდა ბურთის იატაკზე შეჯახების ხმა.

შუა კვირა იყო. არჩილს, რატისა და ანდროს, კალათბურთის თამაშით გაჰყავდათ დრო, რაც უკვე ტრადიციად ქცეულიყო მათთვის, როცა თავისუფალი საათები გამოუჩნდებოდათ.

გარეთ გრილი, ნესტიანი ამინდი იყო. ცაზე ნაცრისფერი ღრუბლები ცურავდნენ. ნაადრევად დაბინდებული, ნისლში გახვეული ქალაქი, მშვიდად სუნთქავდა წვიმით გაწმენდილ ჰაერს, ბურუსში ჩაძირული შენობები კი მკრთალად აფრქვევდნენ ფანჯრებიდან ოქროსფერ შუქს.

ანდრო დაუღალავად თამაშობდა, თუმცა ბიჭები მაინც ამჩნევდნენ, რომ იმ დღეს ჩვეულ ფორმაში ვერ იყო. სამქულიანების ოსტატს, ბედი ერთქულიანებშიც არ სწყალობდა. მისი გონება სრულიად სხვა განზომილებაში დაფრინავდა და სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ კონცენტრირდებოდა თამაშზე.

მეათედ გაფუჭებული სამქულიანის შემდეგ, გადაწყვეტილება მიიღო მამაკაცმა. კერძოდ, ხელებით იქსი გამოსახა იმის ნიშნად, რომ გაგრძელებას აღარ გეგმავდა და დარბაზის მარჯვენა მხარეს, ძელ-სკამისკენ გაემართა, სადაც ცივი წყლით სავსე ბოთლი ჰქონდა დატოვებული.

რაღაც პერიოდის განმავლობაში, ჩაფიქრებული უმზერდა მოედანზე დარჩენილი მეგობრების თამაშს, თუმცა მარტო ყოფნა დიდხანს არ დასცალდა. დაახლოებით ხუთ წუთში, არჩილი და რატიც მის გვერდით დასხდნენ და ისინიც ანდროს მსგავსად დასწვდნენ თავ-თავიანთ წყლის ბოთლებს. როდესაც წყურვილი მოიკლეს, ირგვლივ გამეფებულ მდუმარებას არჩილის ინიციატივით დაესვა წერტილი:

– მთვარეულივით თამაშობ, რა გჭირს? – მსუბუქად გაჰკრა მხარი ანდროს მან, – ამაზე კარგად, დაწყებით კლასებში გამოგდიოდა.

– რამე ხომ არ მოხდა? – რატისაც ეტყობოდა მზერაში ინტერესი.

თავისკენ მომზირალი ორი წყვილი თვალის დანახვაზე, უნებური ღიმილი მოადგა ანდროს და სანამ რამეს იტყოდა, ბოთლიდან კიდევ ერთხელ მოსვა ცივი წყალი.

– ალექსანდრე დაბრუნდა საქართველოში.

– ალექსანდრე? – ორივემ ერთდროულად, თანაც ისეთი ტონით იკითხეს, აშკარად ვერ მიმხვდარიყვნენ რომელ ალექსანდრეზე იყო საუბარი.

– ალექსანდრე გელოვანი. გუშინ რაღაც საქაღალდეც გამომიგზავნა სახლში, კურიერის ხელით.

რატის მზერამ წამებში განიცადა ცვლილება და ირონიული გახდა, არჩილის თვალებში კი უფრო მეტად გაკვირვება ჩანდა. ხანმოკლე დუმილი სწორედ მან დაარღვია.

– და საქაღალდეში რა იდო, ბოდიშების წერილების მთელი დასტა?

– მისნაირებმა მხოლოდ ის იციან, რომ სიტყვა ბოდიში არსებობს, – მუხლებს მკლავებით დაებჯინა რატი. – გამოყენებით თავს არ შეიწუხებენ.

– საქაღალდეში ერთ ბელგიელ ფსიქიატზე იყო მცირედი ინფორმაცია. – ისე განაგრძო ანდრომ, თითქოს მათი საუბარი არც გაუგიაო. – როგორც გავიგე, ბრიუსელში ცხოვრობს, თავისი გუნდი ჰყავს და ყველასგან განსხვავებული მიდგომა აქვს პაციენტებთან.

ორთავე უხმოდ უსმენდა. რატის მზერიდან ირონია გამქრალიყო და ამჯერად უკვე სერიოზული სახით იჯდა მეგობრის გვერდით.

– მარტო ეს ინფორმაცია არ მეყო და პირადი გამოძიებაც ჩავატარე ამ კაცზე. გავიგე, რომ პაციენტებს საკუთარ სახლში მკურნალობს და იქაურობა ციხესიმაგრესავით აქვს დაცული. არც მედიკამენტებს იყენებს, გარდა თავის მომზადებული ბალახეული დამამშვიდებელებისა. არც ტელეფონი აქვს და არც სხვა რომელიმე ტექნიკური მოწყობილობა. მასთან დაკავშირება მხოლოდ თანაშემწის საშუალებით შეიძლება.

– მერე? აპირებ დანიელზეც დატესტო ამ ფსიქიატრის მეთოდები?

– არ ვიცი, არჩი...  უკვე მილიონ საშუალებას მივმართეთ, მაგრამ ისეთი შედეგი მაინც არაა, როგორიც საჭიროა. რატომღაც მგონია, ცდად ღირს. გადახდას რაც შეეხება, ერთ თეთრსაც არ აიღებს, თუ სასურველი შედეგი ვერ დადო. ნდობა უფრო მეტად ამან გამოიწვია.

– და ვლადმა რა თქვა ამაზე? – მოულოდნელი შეკითხვა დაებადა რატის.

– ალბათ თქვა ერთი ალექსანდრეს დ*დაც, მაგის ნათქვამი გამარჯობაც არაა დასაჯერებელიო და თემაც დახურა.

ანდროს გაეცინა. 

– ჰო, რაღაც ეგეთი თქვა, მაგრამ ყოყმანიც შევატყვე. ალექსანდრესთან უკვე წლებია აღარ ვკონტაქტობთ, მაგრამ არა მგონია რამეს ხლართავდეს. მით უმეტეს, ამ ფსიქიატრზე სანდო წყაროებიდან მოვიპოვე ინფორმაცია.

– და სახლში რამდენი პაციენტის განთავსება შეუძლია? – იკითხა რატიმ.

– მხოლოდ ხუთის. ბევრს ერთად არ მიიღებს, უნდა თითოულზე თანაბრად იყოს ფოკუსირებული. ისიც არ ვიცი, აქვს თუ არა ადგილი ამ ეტაპზე. შეიძლება თვეობითაც მოგვიწიოს ცდამ.

– მაშინ დაუკავშირდი მის თანაშემწეს და სიტუაცია გაარკვიე. სანამ მიღებას შეძლებს, დანიელს შენი მოძებნილი ფსიქიატრები მიხედავენ.

– ვნახოთ... ამ საკითხს კიდევ ერთხელ უნდა გადავხედო, – მხარზე ხელი დაადო ანდრომ, რატის და ფეხზეც წამოდგა. – თქვენ განაგრძეთ, მე წყალს გადავივლებ და წავალ. დღეს სოფიას უნდა შევხვდე.

– მიზეზი?

– გამოუვალი სიტუაცია, არჩი, – მიუგო დაუფიქრებლად მამაკაცმა და პირდაპირ გასახდელისკენ გაემართა.

წყალი რომ გადაივლო და ბიჭებს დაემშვიდობა, მანქანით იმ დაწესებულების გზას დაადგა, სადაც უკვე მრავალი წელი აღარ შეეხედა. საცობების გამო, ადგილზე მისვლა ოდნავ შეაგვინდა. სოფია მასზე ბევრად ადრე მისულიყო, ვინაიდან მაგიდაზე, უკვე ნახევრად დაცლილი მარგარიტას ჭიქა ედგა, ზეთისხილის თეფშთან ერთად.

ქალს ზუსტად ის ადგილი დაეკავებინა, სადაც წლების წინ სხდებოდნენ ხოლმე. თითქოს იქაურობა დროში გაიყინაო, გარშემო ყველაფერი იგივენაირად გამოიყურებოდა. მხოლოდ იმ მზერას განეცადა ცვლილება, რომლითაც სოფიას უყურებდა, შვიდი წლით უფროსი ანდრო. ეს მზერა, მარტო წარსულის შორეულ ფურცლებზე იყო სითბოთი სავსე. აწმყოში, მასში სიცივისა და გულგრილობის გარდა აღარაფერი იკითხებოდა.

დარბაზში Arctic Monkeys-ის სიმღერა ჟღერდა, ცოცხალი შესრულებით. რადგან კლიენტთა უმეტესობა, ფეხზე საცეკვაოდ იყო წამომდგარი, ანდრომ გაჭირვებით გაიკვლია გზა მათ შორის და სოფიას მაგიდასთან მისულმა, მის პირდაპირ გამოსწია სკამი.

იმ საღამოს, უჩვეულოდ მიმზიდველად გამოიყურებოდა ქალი. სხეულზე გამომწვევად მომდგარი შავი კაბა, უზადოდ კვეთდა მის ფიგურას, ყელს ძვირფასი სამკაული უმშვენებდა, მაღლა აწეული თმა კი ლამაზად ჩამოშლოდა მხრებზე და ზურგზე.

– მიხარია, რომ მოხვედი, მაგრამ ცოტა დაგაგვიანდა, – თავი ოდნავ გვერდზე გადახარა და ისე მიაშტერდა პირისპირ ჯდომ მამაკაცს, სოფია. მალინისფრად შეღებილ ბაგეებზე მაცდური ღიმილი დასთამაშებდა, თუმცა ეს მაინც ვერ ფარავდა იმ საყვედურს, მის ტონში რომ იგრძნობოდა.

– სხვა დროს, უფრო ყურადღებით აარჩიე ის, ვისაც დაგვიანების მიუხედავად დაელოდები.

– ანუ მეუბნები, ამად არ ვღირვარო?

– მე იმას გეუბნები, რომ ულამაზესი ხარ, მაგრამ არასწორ კურდღელს დასდევ.

სოფია წინ გადაიხარა, ხელი მამაკაცის მუხლზე მოათავსა და ნელ-ნელა, გამომწვევად აუყვა ზემოთ.

– იქნებ მაგ კურდღელმა ისიც მითხრას, რატომ უნდა ახდენდეს სიყვარულზე გავლენას ერთი კოცნა?! მით უმეტეს, თუ  ეს გაუაზრებლად გავაკეთე.

– აი თურმე რაში ყოფილა საქმე, – ირონიული ღიმილი გაკრთა მამაკაცის ტუჩებზე. წამიერად ქალის ხელსაც დახედა, რომელიც ჯერ კიდევ მის ფეხზე იდო. – მოდი ისიც გავიხსენოთ, დანიელს რომ კამერის ჩანაწერების ამოღება დასჭირდა თავისი სიტყვების დასამტკიცებლად.

– ვიცოდი ვიჩხუბებდით და ამიტომ ვთქვი, რომ იტყუებოდა. თვითონ კიდევ ადექი და გამომიცხადე, შენი ნდობა სამუდამოდ დავკარგეო!

პასუხად მხოლოდ დუმილი მიიღო სოფიამ. მამაკაცის გამომეტყველება ისეთ განცდას უტოვებდა, თითქოს მისთვის ეს საუბარი სრულიად უმნიშვნელო იყო და იქაც მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით იჯდა. მიუხედავად ამისა, მაინც არ დანებებულა:

– კარგი იქნება სასმელს შენც თუ შეუკვეთავ და მოდუნდები. ვიცი საჭესთან ხარ, მაგრამ ცოტა შეიძლება.

აქედან ორი წუთის შემდეგ, დეკორატიულად გაფორმებულ მარგარიტასთან ერთად, შოტლანდიური ვისკის ჭიქაც იდგა მაგიდაზე. ანდრო დალევას არ ჩქარობდა. დიდად არც სურდა. სოფიას წუწუნს ლონდონის პირქუშ კლიმატზე, ზუსტად ისე უსმენდა, როგორც ადამიანი, რომელიც სხეულით ერთ ადგილასაა, გონებით კი სადღაც ძალიან შორს.

მოულოდნელად, ბარის დახლთან მჯდომ თაფლისფერთმიან გოგოზე მიეყინა მზერა. მალევე მიხვდა რატომაც. იგი ლინდას ჩამოჰგავდა, თუმცა არა მთლიანად — მხოლოდ თმით, ტუჩებითა და რაღაც ჟესტებით. ღრმა ფიქრებში რომ არ წასულიყო, გადაწყვიტა ყურადღება ბოლომდე სასმელზე გადაეტანა. სწორედ ამიტომ გამოცალა იგი ერთი ამოსუნთქვით.

– რა იყო, რამე მოხდა? – მამაკაცის უჩვეულო საქციელი, სოფიას დაკვირვებულ თვალს არ გამორჩენია. – ძალიან უცნაურად უყურებდი იმ ლურჯკაბიანს.

– ჰო, ვიღაცას ჰგავდა.

– თუ საიდუმლო არაა ვის?

– ჩემი შვილის დედას, – დამალვა არც უცდია მამაკაცს.

ხანგრძლივი დუმილი ჩამოწვა მაგიდასთან. გაურკვევლობაში მყოფმა სოფიამ, ქვედა ტუჩი ენის წვერით გაისველა. თვალები კითხვის ნიშნებით ჰქონდა სავსე.

– ვერ მივხვდი, შვილი გეყოლა, თუ ვინმე შენგან ახლა ელოდება ბავშვს?

– ახლა ელოდება, – კვლავ ყოველგვარი შელამაზების გარეშე დაუბრუნა პასუხი.

– ანუ ერთად ხართ?

– არ ვართ, – ამჯერად უარყოფით პასუხზე შეჩერდა. თვითონაც ვერ ხვდებოდა რა ეწოდებინა იმ ურთიერთობისთვის, რაც ლინდასთან აკავშირებდა.

– ახლა გასაგებია, – შეფიქრიანებულმა დაუქნია თავი ქალმა. – რაც მომიყევი, ალბათ ერთღამიანი ურთიერთობის შედეგია და სიმართლე გითხრა, გამიკვირდა შენგან ასეთი გაუფრთხილებლობა.

– მე საერთოდ არ ვარ უკმაყოფილო ჩემი გაუფრთხილებლობით და რეზულტატით.

– და კმაყოფილი რითი ხარ? იმით, რომ ვიღაც კა*პამ, შენი გამოჭერით უზრუნველი ცხოვრება გაინაღდა?

– სიტყვები აკონტროლე!

– რა მოხდა, ვცდები? – უმალვე დაახევინა უკან, მამაკაცის მკაცრმა ტონმა და გამოხედვამ.

– კი, ცდები!

– შენც ცდები თუ გგონია, რომ ერთღამიანი ქალი, ოდესმე იგივე გახდება შენთვის, ვინც მე ვიყავი. რამდენი პარტნიორიც არ უნდა გამოვიცვალოთ, ფიქრებით ბოლომდე მათთან ვერასდროს ვიქნებით. ერთმანეთი ყოველთვის გვემახსოვრება და დროა ეს შენც აღიარო.

– უკვე მარაზმს ემსგავსება ეს საუბარი, – შუბლი ორი თითით მოისრისა ანდრომ, რის შემდეგაც საფულე გახსნა და მაგიდაზე ქაღალდის კუპიურა დააგდო. – საქმეები მაქვს... თუ მანქანით არ ხარ, მიგიყვან.

სოფიამ უხმოდ ჩამოხსნა სკამზე მიკიდებული ხელჩანთა. გადაწყვიტა არ გაეპროტესტებინა, რომ ანდრომ, შეხვედრის ნაადრევად დასრულებით მთელი გეგმები წყალში ჩაუყარა. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ყველაზე მომგებიან სვლად მორჩილება ჩათვალა და ფეხზე მშვიდად წამოდგა.

– კარგი იქნება თუ მიმიყვან, აქამდე ტაქსით მოვედი.

– იგივე მისამართზე ცხოვრობ?

– კი, – მიუგო და მამაკაცს რამდენიმე ნაბიჯით გაუსწრო წინ.

გზა, სოფიას სახლამდე სრულ მდუმარებაში გალიეს. საცობში, სადაც  დაახლოებით ათი წუთი იდგნენ, ქალმა რამდენიმე ღერი სიგარეტი მოწია. მისი გონება გამალებით მუშაობდა — ცდილობდა სასწრაფოდ მოეფიქრებინა რამე ისეთი, რომ დამშვიდობებაც ისეთივე ცივი არ ყოფილიყო, როგორც შეხვედრა. ბოლოს ერთი იდეა მოუვიდა. მართალია ხვდებოდა, რამდენად საცოდავად შეიძლებოდა გამოჩენილიყო ეს გვერდიდან, თუმცა როცა სახლის ეზოსთან მივიდნენ, ვეღარ მოითმინა და ღვედის შეხსნისთანავე მიუტრიალდა მაკაკაცს.

– ანდრო, რაღაცას გთხოვ, კარგი? – მასთან ოდნავ ახლოს მიიწია ამის თქმისას. ეს სიახლოვე, წამსვე გადაიქცა სოფიასთვის წარსულის მოგონებებად, რომლებიც გარს შემოერტყნენ და სახეზე უნებლიე ღიმილი მოჰგვარეს.

– რისი თხოვნა გინდა?

– ჩემები ქალაქგარეთ არიან და სახლში სულ მარტო ვიქნები. უბრალოდ დარჩი და ეს ღამე მაჩუქე. 

– სოფია, თამაშის დრო არ მაქვს. გადადი!

– გთხოვ, – უმალვე წაიწია მამაკაცისკენ, თუმცა ანდრომ მზერა წინ მიმართა და ქალის ტუჩები, მხოლოდ მის ლოყას შეეხო. – გევედრები არ წახვიდე. გპირდები ამაზე არასდროს ვისაუბრებ, მაგრამ ახლა მართლა ძალიან მჭირდება, რომ დარჩე.

იმედით სავსე თვალებს, ცარიელი მზერით შეხედა ანდრომ. ოდესღაც მისთვის სასურველი, თანაც საოცრად ლამაზი ქალი საკუთარ თავს სთავაზობდა, თუმცა მცირედი სურვილიც არ უჩნდებოდა თითი დაეკარებინა. მეტიც — ერთი სული ჰქონდა როდის დარჩებოდა მარტო, რომ კვლავ სახლისკენ აეღო გეზი.

– სოფია გადადი! – მართალია ხმისთვის ოდნავადაც არ აუწევია, თუმცა მაინც საკმაოდ მკაცრად წარმოთქვა მან.

სავარძლის საზურგეს ხვნეშით მიეყრდნო ქალი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ასე იჯდა და სიტყვასაც არ ძრავდა. ხმის ამოღება მხოლოდ მაშინ გადაწყვიტა, როცა დუმილი საკმაო ხანს გაიწელა:

– გადავალ, მაგრამ ერთ რამეზე მიპასუხე — მართლა არ გინდა, თუ უბრალოდ სიამაყის გამო იკავებ თავს?

– რომ მინდოდეს, ეგ კაბა უკვე აღარ გეცმებოდა, – საჭედან ცალი ხელი აიღო და ოდნავ წამოზრდილ წვერზე მოისვა მამაკაცმა. – მესმის, აქ დროებით ჩამოხვედი და სანამ უკან დაბრუნდები თავგადასავალს ეძებ, მაგრამ მე ნუ გამრევ, კარგი?

მოსმენილმა იმდენად გააღიზიანა, მანქანიდან კარის ჯახუნით გადავიდა სოფია. მისი გონება გაცოფებული იყო, თუმცა გულს ჯიუტად არ სურდა დანებების თეთრი დროშის აფრიალება. თავისი სახლის წინ, ქუჩაში დარჩენილი, თვალმოუშორებლად უყურებდა, როგორ ტოვებდა იქაურობას შავი გელენდვაგენი და უკვე იმ გეგმებს აწყობდა, დასახულ მიზნამდე მისვლაში რომ უნდა დახმარებოდა.





8 8 8 8

ბარათაშვილების სახლის დასავლეთ ნაწილში, დიდი, მოზაიკური ფანჯრებით გაფორმებული ოთახი მდებარეობდა.

უკვე წლები იყო, რაც ეს ადგილი, თავის მოსასვენებელ სივრცედ ექცია ოჯახის ყველაზე უმცროს წევრს — ვლადს. ჭერიდან დაშვებულ ქოთნებში ჩარგული მცენარეები, იქაურობას მწვანე სათბურს ამსგავსებდა. გარშემო გრილი ტემპერატურის შენარჩუნებას, ოთახის კვადრატულობას მორგებული კონდიციონერი უზრუნველყოფდა, ხოლო ფანჯრებში შემოჭრილი მზის სხივები, სხვადასხვა ფერად ირეკლებოდნენ სარკესავით პრიალა იატაკზე.

ოთახი, ხის მოწნული მაგიდა-სკამებითა და საქანელა-სავარძლებით მოწყობილ სივრცეს წარმოადგენდა. შუაგულში, საშუალო ზომის, დეკორატიული შადრევანი ჩუხჩუხებდა, რომელშიც წყალი, გვერდზე გადმოხრილი ჭრელი ჩაიდნიდან ისხმებოდა და მარმარილოსფერი ფილებით მოპირკეთებულ აუზში ჩაედინებოდა.

ხუთშაბათ დილით, სწორედ ამ მოსასვენებელ ოთახში სადილობდა ვლადი, როდესაც მისი სიმყუდროვე უხეშად დაარღვია კაკუნის გარეშე შემოჭრილმა ბელამ. ქალი, მაშინვე შეეჩეხა ბიჭის გაკვირვებულ მზერას და გაურკვევლობაში რომ დიდხანს არ დარჩენილიყვნენ, მისალმებისთანავე ამცნო მოსვლის მიზეზი:

— სოფია გესტუმრა და ახლა მისაღებში გელოდება.

— სოფია მესტუმრა? რომელი სოფია?

— ბევრ სოფიას ვიცნობთ? — ოდნავ გაეღიმა ქალს. — რამდენიმე დღის წინ, ანდროს სანახავადაც იყო მოსული, მაგრამ შენ სახლში არ იყავი.

ვლადმა საუზმობა მაშინვე შეწყვიტა და უკმაყოფილო გამომეტყველება სახეზე თავისდაუნებურად გადაეკრა. ისედაც ცუდ ხასიათზე მყოფს, განწყობა უარესად გაუფუჭა ამ ამბავმა.

— ანუ ფიფქიას ვაშლმა დაგვდო პატივი.

— ფიფქიას ვაშლმა?

— ძალიან უხდება ეს სახელი. რატომ ვამბობ, ამას შენითაც მიხვდები.

— უხერხულია ვლად, ასე ნუ ეძახი.

— არ გითქვამს, რომ ანდრო სახლში არაა? — ჩანგლით უხეშად აწვალებდა თეფშზე დარჩენილ სალათს, როცა ეს ჰკითხა.

— ვუთხარი, მაგრამ თქვა, რომ შენს სანახავად მოვიდა.

— ესღა მაკლდა, — გაბრაზებულმა გასწია თეფში, სკამის საზურგეს მიაწვა და გამომცდელად შეხედა ბელას. — იმედია არაფერი შესთავაზე.

— უშაქრო ყავა მთხოვა, შვილო. რაც არ უნდა მომხდარიყო ადრე, ამაზე უარის თქმა უხერხული იყო.

— მგონი უხერხული ის უფრო იყო, თავისი შეყვარებულის ტყუპისცალს რომ ლამის ზედ შეახტა. — ტონი საგრძნობლად გაუმკაცრდა ვლადს.

— ასეც რომ იყოს, ეს უკვე წარსულია. იმედია არ დაივიწყებ, კარგად რომ ხარ აღზრდილი და სტუმარს თავაზიანად მოექცევი.

— ბელა, შენც ძალიან მიყვარხარ და შენი ფუმფულა ლოყებიც, მაგრამ როცა მორალის კითხვას მიწყებ, ისეთი საყვარელი აღარ მეჩვენები. მიდი ახლა გაიქეცი, ალუბლის წვენი დამისხი და მისაღებში შეიტანე. მეც მალე მოვალ.

— მაგრამ ალუბლის წვენი...

— ათასში ერთხელ, ცოტა ტკბილი ჩემთვისაც შეიძლება, — დაწყებული წინადადება, შუა გზაზე გააწყვეტინა, რადგან მისი დასკვნითი ნაწილი თავადაც მშვენივრად იცოდა. — მიდი რა, ნუ მებუზღუნები. ოღონდ ანდროს არ უთხრა, მაგის ნერვები არ მაქვს.

ქალი მაინცდამაინც აღფრთოვანებული არ დარჩენილა ამ თხოვნით. მიუხედავად ამისა, ბედს შეეგუა, ენაზე მომდგარი თითოეული საპროტესტო სიტყვა უკლებლივ გადაყლაპა და მცენარეებით სავსე ოთახი ისე დატოვა, მეტად კრინტიც აღარ დაუძრავს.

მარტო დარჩენის შემდეგ, ვლადმაც სწრაფად დაასრულა თეფშზე დარჩენილი სალათი. წარსულის ნაპრალებიდან ამოტივტივებული ნეგატიური მოგონებები, მთელი ძალით ებრძოდნენ დაუპატიჟებელ სტუმართან შეგებების სურვილს. ერთი წამით, ისიც იფიქრა, უტაქტობა გამოეჩინა და ოთახიდან არსად გასულიყო, თუმცა საბოლოოდ, მაინც მოახერხა საკუთარი თავისთვის გადაბიჯება და სწრაფი ნაბიჯებით გაემართა მისაღებისკენ.

სოფია უკვე დივანზე მოკალათებული ელოდა. დაბალ მაგიდაზე მისი ჩანთა, ალუბლის წვენით სავსე ჭიქა და ყავის ნახევრად დაცლილი ფინჯანი იდო. თავად გოგონა, მობილურით ხელში იჯდა და სელფების გადაღებით იყო გართული. ამის კეთება მხოლოდ მაშინ შეწყვიტა, როდესაც ობიექტივში, მასთან ერთად ვლადიც მოხვდა და უკნიდან, ირონიული ღიმილით დაუქნია ხელი კამერას.

— თუ რქებდადგმული ყოფილის გადაღებაც გინდა, ანდროს ცოტა შეაგვაინდება და მერე გამოგვიარე.

ტელეფონი ჩანთაში ჩადო და ფეხზე სწრაფად წამოდგა ქალი. ტანზე მომდგარი წითელი კაბა, მისი სხეულის ფორმებს თვალნათლივ უსვამდა ხაზს — განსაკუთრებით ფეხებს, რომელიც ლამაზად მოჩანდა ორივე მხარეს ჩახსნილი ჭრილიდან.

— შენც გამარჯობა ვლად, — ყალბი ღიმილი აიკრა სახეზე, როგორც კი ეს უთხრა. — თბილი დახვედრის იმედი არც მქონია, მაგრამ ახლა საქმეზე ვარ და ნეანდერტალელივით ნუ მოიქცევი.

— ყველანაირად ვეცდები წმინდა წყლის ჰომო-საპიენსი ვიყო, — დივნისკენ თავაზიანად ანიშნა, თუმცა სანამ ქალი დაჯდებოდა, თავად დაიკავა ადგილი და ხელები საზურგეს გადაადო. — მითხარი, რას მივაწერო ამხელა პატივი?

დივანზე, ფეხიფეხგადადებული მოთავსდა სოფია. მისმა სხეულზე მომდგარმა კაბამ, ჯდომისას უფრო მაცდურად გამოკვეთა ლამაზად მომრგვალებული თეძოები.

— პირველ რიგში, ვწუხვარ შენ და ლოლა რომ დაშორდით. ორივეს გიცნობთ და ოთხწლიანი ურთიერთობის დასრულება მარტივი არც ერთისთვის იქნებოდა.

— მწუხარება მიღებულია. — რაც შეეძლო ცივად მიუგო. აღნიშნულ თემაზე საუბარი იყო ის, რაც ყველაზე მეტად ეხებოდა მის სულს, თუმცა გარეგნულად არაფერი დასტყობია.

— მაგრამ შეიძლება ასე უკეთესიც იყოს, — ამჯერად მხიარულად განაგრძო ქალმა. — ვფიქრობ, საერთო მაინც არაფერი გქონდათ და უბრალოდ ბავშვურ გატაცებას აყოლილებმა გაწელეთ ურთიერთობა ამდენ ხანს.

— ცდები, ბევრი საერთო გვქონდა.

— ჰოო? მაგალითად?

— მაგალითად, ახალ ჭურჭელს რომ ტკაცუნა პარკები აქვს შემოკრული, ორივეს იმის გახეთქვა გვიყვარდა.

— რა ხუმარა ხარ.

— სოფია, ამდენი დრო არ მაქვს. თანაგრძნობის ეტაპი გამოტოვე და საქმეზე გადადი, კარგი?

— კარგი, კარგი, — ღრმად ამოიოხრა. მერე, ბეჭებზე ჩამოყრილი თმა გადაიყარა მხრებს უკან, საქმიანი იერით და ვლადთან უფრო ახლოს მიიწია. — შენი აზრით, რისთვის მოვიდოდი?

— ჩემი აზრით, ანდროზე გინდა ინფორმაცია გამომტყუო, — წვენი შეკავებული ღიმილით მოსვა ბიჭმა. — ერთი შეხედვითაც გეტყობა, რომ ლინდაზე გაგებული გაქვს და ახლა მის გენეოლოგიურ ხეს იკვლევ.

სოფიას წამებში ეცვალა გამომეტყველება. ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ხე იყო, რომელსაც ყველა ფოთოლი ერთიანად გასცვივდა და ყოველი მისი ფიქრი თუ ზრახვა გამოვიდა სააშკარაოზე.

— რაღაცები ანდრომ მითხრა, ამაზე უფრო მეტი კი ჩემით გავარკვიე, — გულწრფელ აღიარებას, უკვე აღარ მოერიდა იგი. — ისიც ვიცი, მაგ გოგოს გამო, სადღაც მიყრუებულ სოფელში რომ გადავიდა საცხოვრებლად.

— თუ უკვე ყველაფერი იცი, აქ რისთვის მოხვედი?

— იმისთვის, რომ შენგან გავიგო რა კატეგორიის ქალია. არის შანსი, რომ ანდროს მართლა შეუყვარდეს და ცოლად მოიყვანოს?

— სამწუხაროდ, მაგაზე ვერაფერს გეტყვი, — მხრები აიჩეჩა ბიჭმა. — მე თვითონაც არ ვიცნობ პირადად, მაგრამ იმის თქმა კი შემიძლია, რომ შენ არ გაქვს არანაირი შანსი.

— ვლად, ახლა ამას არ გეკითხები! — აგრესიამ, ვიბრაციასავით გამოჟონა მისი სხეულიდან. — არჩისთან და რატისთან საუბარს აზრი არ აქვს, არაფერს მეუბნებიან. არც შენგანაა სარგებელი, ამიტომ, ავდგები და თვოთონ გავიცნონ მაგ გოგოს!

თუ აქამდე სიმშვიდეს ინარჩუნებდა, ამის მოსმენამ, თვალები ბრაზით აუნთო ვლადს. წყნარი ტონი, რომელიც საუბრისას ჰქონდა, თვითმფრინავის გამონაბოლქვივით გაქრა და ის წამებში ჩაანაცვლა მკაცრმა:

— შეიძლება მაგ ადამიანთან ახლო ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ ეს იმ ფაქტს არ ცვლის, რომ ჩემი ძმისშვილის მომავალი დედაა, — მკაფიოდ და ხაზგასმით წარმოთქვამდა თითოეულ სიტყვას. — შენ გამო რომ თვალიდან ერთი ცრემლი მაინც ჩამოუვარდეს, თვითონ ასჯერ მეტს დაღვრი!

— ჩემი აზრი თუ გაინტერესებს, ერთ ხარბ და ფულზე მონადირე ძუ*ნას იცავ, ვინც სარფიანად დაორსულდა, უზრუნველი მომავლისთვის.

— სოფია, ზედმეტი მოგდის!

— ზედმეტი?! — ირონიის ზღვა გადმოოფრქვა ქალის თვალებიდან. — თავად არ თქვი, პირადად არ ვიცნობო? რა გარანტია გაქვს, რომ ვიღაც ქუჩიდან მოთრეული ბ*ზი არაა?!

— ძალიან გთხოვ, ნუ მიბიძგებ ის სიტყვები გითხრა, რაც ენის წვერზე მადგას! — ხმას აუწია ბიჭმა. ცეცხლი, რომელიც მის თვალებში მრისხანებას აენთო, გამოხედვასაც საკმაოდ სახიფათოს ხდიდა, — თუ ასე აპირებ საუბარს, იძულებული ვიქნები სახლიდან გაგაგდო!

— წესიერად მელაპარაკე!

— წესიერად მხოლოდ წესიერ ადამიანებს ვესაუბრები, ამიტომ რამე სხვა მთხოვე.

— ჰო, არა?! და შენ თვითონ თუ ხარ წესიერი, პატარა ვლად?! — დამცინავად დაჰკრა ცხვირზე საჩვენებელი თითი. — ერთი უმწეო, სოც-ქსელების ჯამბაზი ხარ და ყველას ცხოვრებას უმწარებ შენი უაზრო არსებობით. მეორე მხრიდან კიდევ, დანიელის შიზოფრენია. თქვენ ფონზე, მართლა მიკვირს ანდრო ფეხზე მყარად რომ დგას.

წამიერად თვალები დახუჭა ვლადმა. სხეულში დავლილი ბრაზი, დივნის სახელურზე ხელის მოჭერით გაანეიტრალა, ტუჩებზე კი ისეთი ღიმილი გადაეკრა, რომელიც რაღაც სახიფათოს, ან მზაკვრულს მოასწავებდა. ეს მეტად აშკარა შესამჩნევი იყო, თუმცა სოფიას, რატომღაც ყურადღების მიღმა დარჩა ბიჭის ასეთი გამომეტყველება.

— ეს ბრენდულია, ხომ? — ხანმოკლე დუმილის შემდეგ, უეცრად ჰკითხა გოგონას. იმ მომენტში, მზერა მაგიდაზე დადებულ, თეთრ ჩანთაზე ჰქონდა შეჩერებული, რომელიც, ბამბასავით ფუმფულა ნაჭრისგან იყო შეკერილი და სადა გაფორმება ამშვენებდა.

— კი, მერე?

— არაფერი, უბრალოდ ლამაზია.

— სერიოზულად?! ახლა მართლა ჩანთაზე გადაგაქვს საუბარი?! — აშკარა გაოცება მოჰგვარა ქალს, თემის ასეთმა რადიკალურმა ცვლილებამ.

— ჰო, გადამაქვს. გული მწყდება, რომ ასეთ ხელოვნების ნიმუშს, წვენი გადაესხა.

— წვენი? რა წვენი?

— აი ეს, — მაგიდისკენ სერიოზული გამომეტყველებით გადაიხარა ბიჭი, ძლიერი წკიპურტის კვრით წააქცია თავის წინ მდგომი მინის ჭიქა და მისი შიგთავსი მთლიანად გადაავლო მაგიდის ზედაპირზე დატოვებულ ხელჩანთას. ქსოვილმა სითხე მთლიანად შეიწოვა, რის გამოც, მასზე დიდი, წითელი ლაქა დარჩა ჩამჯდარი.

— შენ რა, საბოლოოდ გააფრინე?! — ცუნამივით მოვარდნილმა ბრაზმა, მწიფე პომიდორივით გაუწითლა სახის კანი სოფიას. ნერვებმოშლილმა, სასწრაფოდ შეხედა მაგიდაზე დატოვებულ ფინჯანს. უკვე მშვენივრად იცოდა, რაც უნდა მოემოქმედა საპასუხოდ, მაგრამ სანამ რეაგირებას მოასწრებდა, მანამდე ვლადი მიხვდა მის ჩანაფიქრს. ბიჭმა ყავის ფინჯანს ხელი დაავლო, შიგნით ჩარჩენილი სითხე ერთი ამოსუნთქვით გამოცალა და ჩაცლილი ჭურჭელი, ამობრუნებული დადო პატარა თეფშზე.

— არ გამოგივიდა. სხვა დროისთვის გაითვალისწინე, რომ უფრო სწრაფი მანევრირებაა საჭირო.

იმედგაცრუებული ქალი, დენდარტყმულივით წამოხტა ფეხზე. დამარცხებულის გვირგვინი, უკვე მძიმე ტვირთად აწვა შეურაცხყოფილ თავზე და სურვილს უჩენდა იქიდან რაც შეიძლებოდა მალე წასულიყო.

— ხეპრე და უტაქტო ხარ! ეს კარგად დაიმახსოვრე!

— ეგრე ვიზამ, — ფეხები მაგიდაზე შემოაწყო, ხელები კი თავქვეშ ამოიდო ვლადმა. — ახლა ბელასთან გაცუნცულდი, რამე კარგ მათეთრებელს გირჩევს. ბავშვობაში ყოველთვის მას ამოჰყავდა ლაქები ჩემი ტანსაცმლიდან.

— ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ თხუპნია ბავშვი იქნებოდი!

— ჩანთის ამბავი გამაგებინე, ხომ იცი, ვნერვიულობ.

— წ*დი შენი! — გამწარებულმა შუანა თითი აუწია, სველ ჩანთას ხელი დაავლო და ისე, რომ იქ წამითაც აღარ დაყოვნებულა, ქუსლების კაკუნით გავარდა მისაღებიდან.

თითქოს სწორედ ამ მომენტს ელოდაო, მისი გასვლიდან მალევე, ბელამ შემოაბიჯა შიგნით. ქალს თვალებში ეტყობოდა, რომ ყველაფერი ზედმიწევნით გაეგონა მათი საუბრიდან და დასკვნით ნაწილში მარტო იმიტომ გამოსულიყო სცენაზე, რომ სხვის საქმეში ჩარევა არ სურდა.

ვლადი კვლავ მაგიდაზე ფეხებშემოწყობილი მიყრდნობოდა დივნის საზურგეს. ქალის შესვლა არ დაუნახავს, თუმცა როგორც კი ნაბიჯების ხმა მოესმა, მაშინვე მიხვდა ვინც იქნებოდა და უკან უდანაშაულო ბავშვის მზერით მიიხედა.

— გეფიცები, მე არაფერ შუაში ვარ, ბელა. ეს კარმა იყო, ოღონდ ალუბლის არომატით.

— კარგი რა შვილო, არ გრცხვენია?

— მაგის ჩანთების გარდერობი ნასას სადგურზე დიდია, ამიტომ, არა.

— ვლად, უხერხულია.

— სოფიასთან უხერხული არაფერია, შენთან კი დანაშაულს იმით გამოვისყიდი, რომ აქაურობას თვითონ მივალაგებ, — თქვა თუ არა, ადგა, ლოყაზე აკოცა და საკუთარი ხელით გაუსწორა კაბის უსწორმასწოროდ დაყენებული საყელო. — მიდი დაისვენე და შენს სერიალს ჩაუჯექი. თხუთმეტ წუთში მისაღები ისე იბრწყინებს, როგორც... — აქ, ფიქრის ნიშნად, ნიკაპზე თითები აათამაშა, თუმცა თავში, თითქოს სრული სიცარიელე ჰქონდა. — კარგი, დასასრული ვერ მოვიფიქრე, მაგრამ მთავარი ისაა, რომ იბრწყინებს.





* * * *

იმის გამო, რომ თავს გადამხდარი ინციდენტის გამო ლილეს რთული პერიოდი ედგა, რამდენიმე დღით მასთან დარჩენა გადაწყვიტა ლინდამ. ადიშისგან განსხვავებით, თბილისში თავს ძალიან არაკომფორტულად გრძნობდა. ერთადერთი, რითაც დროის გაყვანა სიამოვნებდა, ეს პილატესი და წიგნების კითხვა იყო. მოწყენილობამ გადააწყვეტინა, მისთვის აქამდე ნაკლებად მოსაწონი, კლუბური მუსიკისთვისაც მიეცა შანსი. თბილისში მისი ყოფნის მეოთხე დღეს, სწორედ ამ მიმდინარეობის მოსმენით იყო დაკავებული, როდესაც ლილემ, დაუკაკუნებლად შემოუღო საძინებლის კარი, დინამიკში მუსიკა გამორთო და საწოლზე მის გვერდით წამოგორდა.

– რაღაც ამბავი მაქვს შენთვის. გუშინდელიდან მინდა გითხრა, მაგრამ ვერ მოვახერხე.

ცალი წარბი მკაცრად აზიდა ლინდამ. აშკარად არ მოეწონა წინადადების ასეთი დასაწყისში.

– იცოდე, ახლა თუ მეტყვი, რომ ინტერნეტით კიდევ გაიცანი ვინმე და შეხვედრას აპირებთ, შენგან სენდვიჩს მოვამზადებ!

– არა, სხვა რამეა, დამშვიდდი.

– მაშინ, მოყევი.

ერთხანს ყოყმანობდა ლილე. ბოლომდე ჯერაც ვერ გადაეწყვიტა ეთქვა თუ არა ყველაფერი, მაგრამ საბოლოოდ, მაინც თქმა ამჯობინა:

– გუშინ საღამოს კურსელებთან ერთად ვიყავი ბარში. გამოიცანი იქ ვინ იყო?

– ვინ?

– ანდრო. უკვე წამოსვლას ვაპირებდით, რომ შემოვიდა.

– მერე? – ტონზეც კი შეეტყო დაინტერესება, რომ აღარაფერი ვთქვათ გამოხედვაზე. – უბრალოდ დაინახე, თუ მიესალმეთ ერთმანეთს?

– ვიღაც ქალს მოაკითხა და არც დავუნახივარ. მინდოდა ფოტო გადამეღო და მეჩვენებინა, მაგრამ ისეთი ლამაზი ქალი იყო, ზუსტად ვიცი ნერვები მოგეშლებოდა.

ბასრი დანასახვით მოხვდა გულზე მეგობრის სიტყვები ლინდას. იმედგაცრუებამ ყელში იმდენად ძლიერად წაუჭირა, ღრმად ჩასუნთქვა დასჭირდა ფილტვებისთვის საჭირო რაოდენობის ჰაერის მისაწოდებლად. ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს ვიღაცას, მისთვის ძვირფასის წართმევა სურდა, თვითონ კი ძალა არ ჰქონდა წინააღმდეგობის გასაწევად. თავი უსუსურად იგრძნო. ეს გრძნობა მალევე ჩაანაცვლა ბრაზმა და სიამაყემ.

– მერე რა გიკვირს? – რამდენადაც გამოუვიდა, იმდენად უდარდელი ტონი შესძინა ხმას. – ვინმესთან შესახვედრად ჩემგან უნდა აიღოს წერილობითი ნებართვა?

– საქმეც იმაშია, რომ ჩვეულებრივ შეხვედრას არ ჰგავდა. ანდროს დიდად ვერაფერი შევატყვე, მაგრამ მაგ გოგოს იმდენად გამომწვევი კაბა ეცვა და ისე დამშეული თვალებით უყურებდა, ოჯახის ნათესავი ნამდვილად არ უნდა იყოს.

– ნუ ღელავ, ანდროც დამშეული შეხედავდა, როცა ბარიდან წამოსვლის შემდეგ, სასტუმროს ნომერში შემოახევდა იმ გამომწვევ კაბას.

– გეყოფა თვალთმაქცობა, – წყენა, წაბებს შორის გაჩენილი ორი წვრილი ხაზით გამოხატა ლილემ, – ჩემთან ბოლის გამოშვებას კიდევ რამდენ ხანს უნდა ერიდებოდე? ხომ შეიძლება ერთხელ მაინც გამოხატო გულწრფელად, რასაც გრძნობ?

– რამე მნიშვნელობა აქვს მე რას ვგრძნობ?! – ემოციურ ფონზე ხმას ისე აუწია, ვერც კი იგრძნო. – როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა მქონდეს ანდროს მიმართ, მისთვის მხოლოდ მე არასდროს ვიქნები საკმარისი.

– და რა იცი, რომ ეგრე იქნება? – აშკარად გაღიზიანებული ჩანდა მსგავსი დამოკიდებულებით ლილე, – ყველას შენსავით არ უმართლებს ერთი ღამის მამაკაცში. დროა დაინახო, რომ სწორ ადამიანთან ყოფნის შანსს კარგავ შენი გადაჭარბებული უნდობლობით.

– იცი რას გეტყვი?! კინაღამ მთელი მომავალი დაგენგრა იმის გამო, რომ გულუბრყვილო ხარ და ეს ცხოვრება მხოლოდ მზის სხივები და პეპლები გგონია! თუ ასე გინდა, გააგრძელე ადამიანების ბრმად ნდობა, მაგრამ შენი უაზრო თეორიებით მე ნუ მირეცხავ ტვინს!

ამ სიტყვებმა, გამომეტყველება მომენტალურად შეუცვალა ლილეს. პირველი რეაქცია გაკვირვება იყო. შემდეგ ნელ-ნელა სიბრაზემ წამოიწია წინა პლანზე, რომელმაც აიძულა ოთახიდან სიტყვის უთქმელად გასულიყო და კარი ბრაზიანად  გაეჯახუნებინა. ყოველივე ეს იმდენად სწრაფად მოხდა, ვერაფრის თქმა ვეღარ მოასწრო ლინდამ. მშვენივრად ხვდებოდა, რომ ზედმეტი მოუვიდა და ცუდად მოიქცა, მაგრამ უკან მაინც არ გაჰკიდებია. ერთადერთი, რაც სურდა ოთახში მარტო ჯდომა და საკუთარი ფიქრების გარემოცვაში დარჩენა იყო. მხოლოდ ასე შეძლებდა თავისი გზააბნეული სულისთვის სიმშვიდის მოპოვებას.

იმ დღეს, ბალიშში თავჩარგულმა ემოციებისგან დაცლამდე იტირა. საჭმელადაც კი არ გასულა საძინებლიდან. რაღაც პერიოდით ჩაეძინა კიდეც და გამოღვიძებულს, ტუმბოზე ქათმის სალათით სავსე თეფში დაუხვდა. მხოლოდ რამდენიმე ლუკმა გასინჯა ლინდამ. მოსმენილისგან დასტრესილს, მადაც კი გაქრობოდა და მთელი დრო, ოთახში მოჩვენებასავით დადიოდა აქეთ-იქით. გარეთ გამოსვლაზე მხოლოდ მაშინ დაფიქრდა, როცა სინათლეს, სიბნელე შეენაცვლა და კორპუსების თავზე ვერცხლისფერმა მთვარემ გამოანათა.

პირველი, რაც საძინებლიდან გამოსვლისას გააკეთა, ლილეს მოძებნა იყო. უნდოდა მომხდარზე დალაპარაკებოდა, თუმცა მისაღებში გასულს, იგი დივანზე, ტელევიზორის წინ დახვდა ჩაძინებული.

სევდანარევი ღიმილით მიუახლოვდა მას, გოგონა. შემთხვევით რომ არ გაეღვიძებინა, პულტი ფრთხილად გამოართვა ხელიდან, ტელევიზორი გამორთო და მასთან ჩამუხლულმა, ჩამოშლილ თმაზე გადაუსვა ხელი.

– ბოდიში რაა, ლილეკო, – ძლივსგასაგონად ჩაიჩურჩულა. სინანულის ცრემლებმა თვალები დაუბინდა და ლოყებზე უნებართვოდ დაიწყო დენა. იქ გაჩერება უკვე აღარ შეეძლო. სუფთა ჰაერზე გავლა ისე სჭირდებოდა, როგორც არაფერი. ღიად დატოვებული ფანჯრიდან შემოპარული ნიავი და გიშრისფერ ცაზე მიბნეული მთვარე, ქუჩაში გასვლის სურვილს უათმაგებდა. თითქოს საუკუნეები გასულიყო მას შემდეგ, რაც ღამის ქალაქში არ ესეირნა. მაგრამ მხოლოდ სეირნობა არ ჰქონდა გეგმაში. უნდოდა ახლაც ისე მოქცეულიყო, როგორც ბავშვობაში იქცეოდა, ცუდ განწყობაზე ყოფნისას.

სახლიდან ფეხაკრეფით გამოვიდა და კარი გარედან ჩაკეტა. ტაქსი უკვე გამოძახებული ჰყავდა და აპლიკაცია უჩვენებდა, რომ სადარბაზოსთან ელოდა. მძღოლი რომ ფასიან ლოდინზე არ გადასულიყო, ლიფტს აღარ დალოდებია. საფეხურები სწრაფად ჩაიარა და მოთავსდა თუ არა სალონში, მაგნიტოფონში ჩართულმა მშვიდმა მელოდიამ თითქოს სხვა განზომილებაში გადაიყვანა.

მგზავრობა უფრო ხანგრძლივი ეჩვენებოდა გოგონას, ვიდრე სინამდვილეში იყო. ფანჯრიდან უყურებდა ღამის ქალაქს – ოქროსფრად განათებულ საცხოვრებელ კორპუსებს, ქუჩაში მოსიარულე ხალხს, ღია კაფეებს და მთვარის ვერცხლისფერ ბზინვარებას, რომელსაც, გადღაბნილად ირეკლავდნენ მდინარის მოლიცლიცე ტალღები.

ჩამოწეული საქარე მინიდან თბილისის ხედების ცქერას, ტელეფონის მოულოდნელმა ზარმა მოსწყვიტა. გულმა, თითქოს ნაბიჯებს აუჩქარა. იმის ალბათობა, რომ ანდრო ურეკავდა საკმაოდ მაღალი იყო, რადგან მისი ნომერი მხოლოდ ორმა ადამიანმა იცოდა. ვინაიდან ლილე ჩაძინებული დატოვა, ინტუიციის სასწორი მაშინვე გადაიხარა ანდროსკენ. და მართლაც – როდესაც ეკრანს დახედა, მასზე ზუსტად ის სახელი ანათებდა, რომელსაც ელოდა.

ყურმილი ინსტინქტურად აიღო. ეს გადაწყვეტილება პირველივე წამს გაუხდა სანანებელი, რადგან წარმოდგენაც არ ჰქონდა როგორ დალაპარაკებოდა. ლილეს მოყოლილი ამბის გამო სიგიჟემდე უნდოდა ეჩხუბა და ყველაფერი ეთქვა, რაც ენის წვერზე ადგა. იმასაც აცნობიერებდა, რომ ამის არავითარი უფლება არ ჰქონდა და ზუსტად ეს იყო ყველაზე მტკივნეული.

– შენი ნახვა მინდა, – სალონში აჟღერებული მუსიკას, მამაკაცის ხმა შეერია. ახლა ლინდა მხოლოდ ამ ხმაზე იყო კონცენტრირებული და აღარაფერი აინტერესებდა, რაც მის გარშემო ხდებოდა.

– ცუდ დროს დარეკე. განსატვირთად მივდივარ ერთ ადგილას.

– განტვირთვა მეც არ მაწყენდა... სად მიდიხარ?

გოგონამ თვალები ისე დახუჭა, თითქოს ლამაზ მელოდიას უსმენსო. როგორ უყვარდა ეს ხმა. რა სასიამოვნო იყო ის ჟრუანტელი, რომელიც ახლა უვლიდა და ამავდროულად, როგორი მტკივნეული.

– გეტყვი, თუ იმას არ მეტყვი, შენი ასაკის ადამიანს იქ რა უნდაო.

ანდროს გაეცინა.

– როგორც ვხვდები, კარუსელების პარკში მიდიხარ, არა?

– უკვე მშურს შენი ინტუიციის. – ვერაფრით შეძლო ღიმილის შეკავება. სარკიდან ისიც დაინახა, თუ როგორ გაეღიმა ტაქსის მძღოლს.

– ჰოდა ასეთ ადგილებში, ორი უფრო კარგად ერთობა, ვიდრე ერთი. მეც შემოგიერთდები.

გოგონა იმდენად გააკვირვა მოსმენილმა, რამდენიმე წამით ვერაფერი უპასუხა. ჭრილობა, რომელიც ანდროს სხვა ქალთან წარმოდგენამ გაუჩინა ჯერ კიდევ ეწვოდა, თუმცა საკუთარ თავში უარის სათქმელად ძალა მაინც ვერ იპოვა. უნდოდა მასთან ყოფნა. თუნდაც ამას არაფერი შეეცვალა, მაინც სიგიჟემდე უნდოდა და  სურვილების წინააღმდეგ არც გაულაშქრია.

– არადა ზედმეტად სერიოზული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდი, – ცალი წარბი ისე აზიდა, თითქოს ამას მამაკაციც დაინახავდა. ღია ფანჯრიდან შემოვარდნილი ქარის ნაკადი საუბარში ხელს უშლიდა, ამიტომ იგი ბოლომდე ასწია და პასუხს სულგანაბული დაელოდა.

– მამა რომ ვხვდები დაგავიწყდა? დროა ნელ-ნელა ჩემში ბავშვი გავაღვიძო.

– ახლა არ მითხრა, ზღაპრებსაც ვსწავლობო.

– სქესის გაგება არ მოინდომე. ჯერ არ ვიცი პრინცესების ჟანრში მომიწევს მოყოლა, თუ სუპერგმირების... მოკლედ, ერთ საათში მანდ ვარ.

ყურმილში რომ წყვეტილი ზუმერი გაისმა, უკვე წარმოსახვით სამყაროში დაფრინავდა ლინდა. ბავშვზე საუბრის ჩამოგდებამ მის თვალწინ  უამრავი სურათი გააცოცხლა. ერთ-ერთი ყველაზე გულისამაჩუყებელი ის იყო, სადაც პაწაწინა, დაუცველ არსებას მშვიდად ეძინა ანდროს მკლავებში. ამ და სხვა მსგავსი სცენების გონებაში გაცოცხლებით, ნელ-ნელა  დანიშნულების ადგილსაც მიუახლოვდა. განათებული ატრაქციონები, თითქოს  ცოცხალი ორგანიზმივით სუნთქავდნენ. ირგვლივ ფერადი შუქები  ციმციმებდა, ენერგიული მუსიკა ბავშვების ჟრიამულში ირეოდა, ჰაერში კი შაქრიანი ბამბის ტკბილი არომატი ტრიალებდა.

ბილეთების ჯიხურთან არ მისულა. ძელ-სკამზე ჩამომჯდარი, მხოლოდ სხვების თვალიერებით შემოიფარგლებოდა. გარშემო ყველაფერს აკვირდებოდა – იმას, თუ  როგორ მიაქანებდა ზემოთ თავისუფალი ვარდნის ატრაქციონი მისთვის უცნობ ადამიანებს, როგორ ბრჭყვიალებდა ღამის სიბნელეში უზარმაზარი ბორბალი და როგორ აქტიურად ჩქეფდა სიცოცხლე ქალაქის ამ ნაწილში. პატარების სიცილი და ბედნიერი შეძახილები, მის გულში მზის სხივებივით იჭრებოდა და თავს გაცილებით უკეთ აგრძნობინებდა, ვიდრე აქამდე.

იქვე, დახურული ჯიხურის ქვეშ მოხუცი კაცი პოპ-კორნს ყიდდა. გოგონამ საფულეში ქექვით მიაჭრა მასთან და იმდენად ბევრი იყიდა, თითქოს ამ პატარა ნუგბარში ცდილობდა სიმშვიდის პოვნას.

პოპ-კორნის დაგემოვნებაში, დრო ისე სწრაფად დაუსხლტა ხელიდან, ვერც კი გააცნობიერა. მაჯის საათს დახედა – ორმოცდაათი წუთი იყო გასული მას შემდეგ, რაც ანდროს ესაუბრა. უსაქმოდ ჯდომის ნაცვლად, გადაწყვიტა მამაკაცის გამოჩენამდე რომელიმე ატრაქციონით მაინც ესიამოვნა. სალაროსთან რიგი დაიკავა. მის წინ ოთხიოდე ადამიანი იდგა, ამიტომ დიდხანს ლოდინი არ მოუწევდა. საბოლოოდ ორი ბილეთი შეიძინა. მართალია ჯერ მოფიქრებული არ ჰქონდა რაში გამოიყენებდა მეორეს, თუმცა პირველი ბილეთი რომ ბორბალზე დაიხარჯებოდა ეს ზუსტად იცოდა.

ზანტად მოძრავ კაბინაში ამაღლებული განწყობით შევიდა. უნდოდა სიმაღლეზე ყოფნისას უამრავი ფოტო გადაეღო ქალაქის ხედებისთვის. მოამზადა კიდეც ამისთვის ტელეფონი, თუმცა მისი ყურადღება მალევე გაიფანტა. ისე რომ არ ელოდებოდა, მთელი სხეულით იგრძნო როგორ გაანძრია კაბინა კიდევ ერთი ადამიანი შემოსვლამ. ოდნავ იმედგაცრუებულმა მიიხედა უკან. სურდა შიგნით მარტო ყოფილიყო, მაგრამ გამომეტყველება მომენტალურად შეეცვალა, როდესაც ახლადშემოსულში ანდრო ამოიცნო.

– მოვასწარი, – კაბინის დახურულ კარს ზურგით მიეყრდნო მამაკაცი. მის სუნთქვის რიტმს ოდნავ ეტყობოდა ჩქარი სიარულის კვალი. უბრალოდ ეცვა – ღია ფერის ჯინსისთვის, მუქი მაისური შეეხამებინა, თუმცა ლინდას თვალში მაინც ისე გამოიყურებოდა, როგორც სანთელი, რომელიც ყველაზე მკვეთრად ანათებდა დანარჩენებს შორის.

– ბილეთის ყიდვას ასე მალე ვერ მოასწრებდი. ჩუმად ამოიპარე?

– არ ამოვპარულვარ, შოთა რუსთაველი დამეხმარა.

გოგონას სიცილი წასკდა.

– არანორმალური ხარ. კონტროლიორს ასი ლარი გადაუხადე იმისთვის, რომ უბილეთოდ ამოეშვი?!

ბორბალის კაბინა თანდათანობით შორდებოდა მიწას და კენწეროსკენ მიემართებოდა. რაც უფრო მეტად ადიოდნენ მაღლა, მით უფრო პატარავდებოდნენ ქვემოთ დარჩენილი ადამიანები. ბავშვების ჟრიამულის ხმაც ისე კარგავდა ძალას, თითქოს ვიღაცამ დისტანციური მართვის პულტით ჩაუწიაო.

ანდრო სერიოზული გამომეტყველებით მოშორდა დახურულ კარს და ლინდას ამოუდგა გვერდით. გოგონამაც მოიკრიბა გამბედაობა და თვალებში შეხედა. ლამის სუნთქვა შეეკრა ისე უყურებდა მამაკაცი. მხოლოდ ეს მზერაც კმაროდა, რომ თავი ბრძოლის ველზე ეგრძნო და უმწეობის განცდა მთელ სხეულზე საბანივით შემოხვეოდა.

– გიხდება ეგ კაბა, – კვლავ არ შორდებოდა ანდროს მზერა. ხვდებოდა, რომ სასწრაფოდ რაღაც ისეთი უნდა ეთქვა, რაც ამ სახიფათო ძაფებს გადაჭრიდა მათ შორის. სხვაგვარად, შეიძლებოდა ვერც ახლა შეეკავებინა თავი კოცნისგან.

– ჯობია ფრთხილად იყო. თუ ისევ დაგჭირდება ერთი ჭიქა წყალი, აქ ვერსად გიშოვი.

იდუმალი ღიმილი გაკრთა მამაკაცის ტუჩებზე. გოგონადან, მზერა სწრაფად გადაიტანა ღამის ქალაქის პანორამაზე, რომელიც ნელ-ნელა მთელი სიდიადით იშლებოდა მათ თვალწინ.

– საინტერესო პასუხი იყო, მომეწონა, – აღნიშნა მცირეხნიანი დუმილის შემდეგ, – მაგრამ საქმე ისე მიმდის, წყალი მაინც ვეღარ დამეხმარება.

– ანდრო გეყოფა…

– რა მეყოფა? – მისკენ არც გაუხედავს ისე ჰკითხა, – შენთან ყოფნის მოთხოვნილება რომ მაქვს ის?

– ჰოო? და ჩემ გარდა, კიდევ რამდენთან ყოფნის მოთხოვნილება გაქვს?

– ეგ როგორ გავიგო?

ენას კბილი ძლიერად დააჭირა ლინდამ, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ბრაზს სწორედ იმ თემასთან მიეყვანა, რომელთან შეხებასაც ყველაზე მეტად გაურბოდა.

– დაივიწყე… ხმამაღლა გავიფიქრე რაღაც. 

– როგორც არ უნდა იყოს, სათქმელი ბოლომდე უნდა თქვა. მითხარი, რა იგულისხმე?

– ისეთი არაფერი, – როცა გაიაზრა გამოსავალი არ ჰქონდა, დანებდა, – უბრალოდ გუშინ ლილემ დაგინახა ბარში, ქალთან ერთად. თუ შენს ცხოვრებაში რამე ახალი ხდება, მინდოდა მომელოცა.

ანდროს სახეზე გამკრთალმა ირიბმა ღიმილმა, მზერის არიდებისკენ უბიძგა ლინდას.

– მოდი დავაზუსტოთ, რომ რაც შენ და ლილემ იფიქრეთ, მხოლოდ თქვენი მოსაზრებაა და არა, ფაქტი.

პასუხი აღარ გაუცია გოგონას. მართალია ბოლომდე ვერ დაარწმუნა მამაკაცის სიტყვებმა, თუმცა იმედის პატარა ნაპერწკალი მაინც გააღვივა მის გულში. იქნებ ყველაფერი მართლა არასწორად გაიგო და სინამდვილეში სრულიად სხვაგვარად იყო? როგორ უნდოდა ამის დაჯერება და გონებიდან ყოველგვარი საპირისპირო აზრის განდევნა.

უმაღლეს წერტილზე ასვლამდე, სულ რაღაც ერთი წუთი ჰქონდათ დარჩენილი. პარკში შეკრებილი ხალხი, უკვე ჭიანჭველებივით მოჩანდა მათ ქვემოთ. თითქოს სიზმარს ჰგავდა თვალწინ გადაშლილი სურათი, მაგრამ ამ მშვენიერიებას, მამაკაცის გამჭოლი მზერის გამო ვეღარ აღიქვამდა ლინდას გონება.

– ასე რატომ მიყურებ? – ჰკითხა უხერხულობის გასაფანტად.

ანდროს ცალყბად გაეღიმა.

– ერთ რაღაზე ვფიქრობდი.

– რაზე?

– იმაზე, რომ ცოტაც და მწვერვალზე ვიქნებით. აქედან მთელი ქალაქი მოჩანს, ღამეა და მარტო ვართ... ამას რომ ვიაზრებ, მარტო ჩემთვისაა გაუსაძლისი თავის შეკავება?

– გთხოვ, არ გინდა...

– მაშინ, შენი წესებით ვითამაშოთ და რაც აქ მოხდება, აქვე დარჩეს. ამ თემას აღარასდროს შევეხები, ოღონდ ახლა გულწრფელად მიპასუხე.

გოგონამ თვალები დახუჭა და ხელისგულში ფრჩხილები გამეტებით ჩაიჭირა. ქვემოდან მუსიკის ხმა ყრუდ მაინც აღწევდა, მაგრამ მათ შორის ჩამოწოლილი სიჩუმე, უფრო მკაფიოდ ისმოდა.

– არა... მარტო შენ არ გიჭირს, – ხმა აუკანკალდა. – მეც ძლივს ვიკავებ თავს...

სასიამოვნო შეგრძნება დაუტოვა სიმართლის თქმამ. იცოდა ამის გამჟღავნებით ცეცხლზე ნავთს ასხამდა, მაგრამ უკანდახევის ნაცვლად, მამაკაცს სახიფათოდ ახლოს დაუდგა წინ. შიში და მღელვარება მტაცებლებივით ეხვეოდნენ გარს, თუმცა მის თვალებში სურვილს მაინც ვერ აქრობდნენ.

– გულწრფელობა ყველაზე მეტად გიხდება... მიდი, კიდევ მითხარი რამე.

– გეტყვი, – თითქოს სრულიად სხვა ადამიანი ჩასახლდა იმ მომენტში ლინდას სხეულში. ადამიანი, რომელიც ზედმეტად არაფერზე ფიქრობდა და იმას ამბობდა, რასაც ქვეცნობიერი ამოსძახებდა, – მინდა ახლა რაღაც ძალიან განსაკუთრებული გააკეთო… შეგიძლია ეს?

– თუ არ ვცდები, მაგისთვის რამდენიმე მეთოდი მაქვს, – სურვილმორეულმა, ერთი ხელი თმაში შეცურა, მეორეთი კი თავისკენ მიიზიდა. – შეხედე, უკვე ყველაზე მაღალ წერტილზე ვართ. შეიძლება თავს ოდნავ ზედმეტის უფლება მივცე, მის ეარ?

– დრო ქვემოთ ჩასვლამდე გაქვს, – თვალები უნებურად დაეხუჭა და პირველად, ნიკაპზე იგრძნო თბილი ტუჩების შეხება გოგონამ.

კიდევ ერთი წამიც და ორივეს წარმოსახვა იქცა იმ მღელვარე მომენტად, სადაც დანარჩენი სამყარო მთლიანად გაემიჯნა მათ პატარა სივრცეს. სადაც ყველანაირი ხმაური შეწყდა და ირგვლივ მხოლოდ ორი ადამიანის მძიმე სუნთქვა დარჩა.

კაბინა ნელ-ნელა ქვემოთკენ იწყებდა სვლას, მაგრამ ანდროს მკლავები, კვლავ მტკიცედ შემოხვეოდა ლინდას წელს. კოცნაში, ორივე მხარისგან იგრძნობოდა ემოციური აფეთქება. თითქოს ერთმანეთი არ ჰყოფნიდათ. თითქოს გულში მწარედ ჩხვლეტდათ იმაზე ფიქრი, რომ ის, რაც ბორბალზე ხდებოდა, ბორბალზევე უნდა დარჩენილიყო. სამუდამოდ…





8 8 8 8

“წარსულის ბნელი აჩრდილები”

საკუთარი ოთახის კარს, ზურგით მიყრდნობოდა იატაკზე მჯდომი ანდრო. მამაკაცს ხელში ბეისბოლის ბურთი ეჭირა, რომელსაც პერიოდულად კედელს ესროდა, მასზე დაჯახებული კი ისევ უკან უბრუნდებოდა.

მესამე სართულიდან ჩამომავალი ხმამაღალი ყვირილი, მთელ სახლში ექოდ ისმოდა. დანიელს კვლავ ნერვული აფეთქება ჰქონდა, ხოლო მასთან მცხოვრები ფსიქიატრები, ორმაგი სიფრთხილით აკონტროლებდნენ ოჯახის წევრებისგან პაციენტის იზოლირებას.

ღამის ორი საათი სრულდებოდა. დერეფნის ბოლოში, უზარმაზარი  ფანჯრიდან, ღრუბლიან ჰორიზონტზე დაკიდებული მთვარე მოჩანდა. იგი ერთადერთი იყო, რაც იქაურობას ანათებდა, რადგან შუქები მთელ მეორე სართულზე იყო ჩამქვრალი.

ანდრო შეუჩერებლად აგრძელებდა ბურთით თამაშს. ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ მოულოდნელად, სიბნელიდან გამოსული უმცროსი ძმა არ მიუჯდა გვერდით. ქვეცნობიერად, ელოდა კიდეც მის გამოჩენას. ბავშვობიდან ასე იყო – როცა რაღაც უსიამოვნო ხდებოდა, ვლადი მუდამ უფროს ძმებთან გამორბოდა ხოლმე, რათა მათი სიმშვიდე თავადაც გადასდებოდა.

– ასე უხმაუროდ სიარული როდის ისწავლე? – ჰკითხა გაყინული ხმით ანდრომ. მის ტონში, ემოციური ბზარი შენიშნა ვლადმა.

– მესამეზე ზედმეტად მონდომებით ყვირის ვიღაც, რომ ჩემი ნაბიჯები გაგეგო… რას იტყვი, უნდა ავიდეთ?

– ფსიქიატრების სიტყვები გაიხსენე ვლად, – არც შეუხედავს ისე მიუგო, – დანიელის გონება მიმღებლობის ფაზაზეა გადასული და ელას სიკვდილს აღარ უარყოფს. მსგავსი აფეთქებები ნორმალურია, მით უმეტეს, ისეთ ძლიერ დამამშვიდებლებსაც აღარ უკეთებენ.

– იქნებ, ჩვენი ნახვა უკეთესი იყოს მისთვის?

– მაგაში რომ დარწმუნებული ვიყო, ახლა აქ არ ვიჯდებოდი... გთხოვ, აცალე იმ ხალხს თავისი საქმე გააკეთონ.

ვლადი გაჩუმდა. მის სიჩუმეში ერთდროულად აყვირდნენ სევდა, ტკივილი და უიმედობა.

– სანამ ეს ხდება, დაძინება არ შემიძლია. მეც აქ ვიქნები, – თქვა ბოლოს.

შემაძრწუნებელი ყვირილი კიდევ ერთხელ გავარდა ექოდ მთელ სახლში. ამ ხმაზე, ვლადის თვალის გარსს ცვლილება დაეტყო და მალე ისეთი ალისფერი გახდა, მასზე კლაკნილ ხაზებად გამოიკვეთა კაპილარები. როგორ მოუნდა იმ წამს თვითონაც ბოლო ხმაზე ეღრიალა. უნდოდა ემოციებისგან დაცლილიყო, თუმცა სულში ჩაბუდებულ ტკივილს მაინც სიბნელეში ტოვებდა და უფლებას არ აძლევდა ხილული გამხდარიყო.

– გახსოვს როგორი მხიარული იყო ადრე? – არსებული სიტუაციიდან ყურადღების გადასატანად იკითხა ვლადმა, – თქვენ ორნი ერთად ისე აფრენდით, დედამ საერთო სკოლაშიც ვერ შეგიყვანათ.

– ჰო, მახსოვს, – ძალით გაიღიმა ანდრომ. – ის თუ გახსოვს, ფილტვების ანთება რომ დაემართა და მისი პალატის კარს ვერ გაშორებდნენ?

– მიზეზი მე ვიყავი და იმიტომ, – კედელს თავი მიაყრდნო და გონებით, წარსულის მტვრიანი დღიური გადაფურცლა ბიჭმა. – ველოსიპედებით ვსეირნობდით, თავსხმა წვიმაში რომ მოვყევით. ორივე მთლიანად სველები მოვედით სახლში, მაგრამ დანიმ ჯერ ჩემი გამშრალება დაიწყო. მერე ახალი ტანსაცმელი ჩამაცვა და გამათბო. როცა დარწმუნდა კარგად ვიყავი, მერე გაახსენდა თავისი თავი. ყოველთვის ასეთი იყო, მე კიდევ მადლობაც არასდროს მითქვამს ამისთვის.

ყვირილი უფრო გაძლიერდა და კედლებში იმ სევდის სახით გაჯდა, რომელიც მუდამ აჩრდილივით იტრიალებდა ბარათაშვილების სახლში. ვლადმა თავი დახარა და ყურებზე ორივე ხელი აიფარა. სწორედ იმ მომენტში იგრძნო მხარზე ანდროს ხელი.

– უფრო ძლიერი უნდა იყო. ჩვენი პანიკა ვერ დაეხმარება.

– არ მეგონა ამას თუ ვიტყოდი, მაგრამ იქნებ ალტერნატიულ ვარიანტად, ის ბელგიელი ფსიქიატრიც გვყავდეს, ალექსანდრემ რომ გვირჩია?

– თუ დანიელს უკეთესობა არ დაეტყობა, გვეყოლება, – კიდევ ერთხელ ესროლა კედელს ბურთი ანდრომ.

– კარგად იცი, რომ ეგ ტიპი, ჩემთვის მხოლოდ პირადობის მოწმობაშია კაცი. მაგრამ თუ ის ბელგიელი ფსიქიატრი ძმას დამიბრუნებს, ალექსანდრეს სურათს ჩარჩოში ჩასმულ დავკიდებ საწოლის თავზე.

ანდროს გაეცინა.

– ამ სიტყვებს ვიმახსოვრებ.

– ნეტავ რა გაცინებს? ბოლო ორი წელი ისეთ დღეში ვართ, ერთადერთი კარგი ამბავი შენი შემთხვევითი ბავშვია, – მერე ცოტა ხნით გაჩუმდა და ჰკითხა:– ისე, რა ურთიერთობა გაქვს მაგ ლინდასთან?

– მგონი აღარ ყვირის.

– ჰო, შევამჩნიე… არ მიპასუხებ?

– რა უნდა გიპასუხო? ვერც წითელზე ვჩერდებით და არც მწვანეზე მივდივართ… ყველაფერი ჩახლართულია.

– გუშინ საღამოს, მის სანახავად გახვედი, არა? ქალის სუნამოს სუნი ვიგრძენი, როცა დაბრუნდი.

წინა საღამოს მოგონებებმა ერთმანეთის მიყოლებით გაირბინა მამაკაცის თვალწინ. გაახსენდა კოცნა ეშმაკის ბორბალზე და ის ვნებიანი ქალი, რომელიც მაშინ ლინდაში დაინახა. მოაგონდა როგორ მიიყვანა სახლამდე, როგორი სიცარიელე დაეუფლა, როცა მისი მანქანიდან უსიტყვოდ გადავიდა და როგორ იცდიდა ლამპიონებით განათებულ ეზოში მანამ, სანამ, სადარბაზოს კარში არ გაუჩინარდა გოგონა.

– კი… დანარჩენი აღარ მკითხო.

– დანარჩენი ისედაც გასაგებია, – გვერდულად ჩაეღიმა ბიჭს. – მისი სუნამოს სუნი შენს კანზე, უკვე დიდი პლუსია, მაგრამ ფინალში მაინც ვერ გადიხარ… გინდა გითხრა რატომ?

სიტყვიერი პასუხის ნაცვლად, ანდრომ თვალებით ანიშნა გისმენო და ვლადმაც არ დააყოვნა:

– იმიტომ, რომ მისთვის სხვა პლანეტასავით ხარ. თავისი სამყარო, ძალიან ეპატარავება, შენთან შედარებით.

– ნუ ტვინიკოსობ.

– არადა მართალი ვარ.

– ანუ ამბობ, რომ ერთადერთი ბარიერი მატერიალური მდგომარეობაა?

– არა, ამ მდგომარეობიდან გამომდინარე გაჩენილი მისი აზრები, – დააზუსტა. – ლინდასთვის მონოგამიური და მდიდარი ანტონიმებია. ჰგონია, რომ თუ ურთიერთობას დაიწყებთ, მხოლოდ ის იქნება ერთგული და შეყვარებული, შენ კიდევ...

– კარგი, გასაგებია, – გააწყვეტინა ანდრომ. – მაგრამ რთულია მისი გადარწმუნება, თუ რამეზე საკუთარი აზრი ჩამოუყალიბდება.

– ჰოდა შენც გაიხსენე რა გააკეთა მაკედონელმა, როდესაც გორდიოსის კვანძი ვერ გახსნა.

– რაღაც მაინც მოგისმენია ისტორიის ლექციებზე.

– ირონიის გარეშე მიპასუხე.

– კარგი, ხმლით გადაჭრა... მაგრამ ეგ რა შუაშია?

– იმ შუაშია, რომ შენც ასე უნდა მოიქცე. შემოვლით გზებს თავი დაანებე და პირდაპირ შეუტიე მაგ გოგოს. მეტი აგრძნობინე, ფაქტის წინ დააყენე და საბოლოოდ ისიც დაიჯერებს, რომ სხვა არავინ გჭირდება.

ანდრომ ბურთი იატაკზე დადო და უბრალოდ გააგორა. მერე უმცროს ძმას გახედა და თვალები ეჭვით დააწვრილა.

– მგონი ცხოვრებაში პირველად თქვი რაღაც ასე გააზრებული და ჭკვიანური.

– დაახვიე რა! – გაეცინა ვლადს.

– შენკენ რა ხდება, ლოლას ამბავს შეეგუე?

მხიარული გამომეტყველება მაშინვე სახეზე შეეყინა ბიჭს. ერთ წამში შეეტყო, რამდენად სენსიტიური იყო მისთვის ის თემა, ახლა რომ ეხებოდნენ.

– ჯერჯერობით ისე ვარ, თითქოს სატვირთომ გადამიარა, მაგრამ შევეგუები. გამოწერა ყველა პლატფორმაზე გავუუქმე, რომ ვერც ქორწილის თარიღზე გავიგო და არც მისი ფოტოები შემხვდეს თეთრ კაბაში.

– დარწმუნებული ხარ, რომ გაუმკლავდები?

– ვერ გეტყვი… თუ რამე შემატყვე, ყოველი შემთხვევისთვის მატარებლის ლიანდაგებს მომარიდე.

– ა*რაკებ.

– ვხუმრობ, დამშვიდდი, – ამჯერად თავად დაადო მხარზე ხელი უფროს ძმას. – ჩვენს ოჯახში თვითმკვლის პოზიცია უკვე დაკავებულია, მე რამე სხვა უნდა მოვიფიქრო.

ხანგრძლივი დუმილი ჩამოწვა. მესამე სართულიდან ჩამიჩუმი აღარ ისმოდა. საათის ისრებიც საკმაოდ გვიან ღამეს უჩვენებდნენ, მთვარის ნაზ შუქს კი ნაცრისფერი ღრუბლები ჩრდილავდნენ.

– ანდრო…

– რა იყო?

პასუხმა რამდენიმე წამით დააყოვნა.

– ახლა რომ გითხრა მარტო დარჩენა არ მინდა და ამაღამ ორივემ შენს ოთახში დავიძინოთ-მეთქი, რას მეტყვი?

მამაკაცს ოდნავშესამჩნევად ჩაეღიმა. მის ღიმილში უკვე ცხადად იგრძნობოდა ის თანხმობა, რომელიც სიტყვებს აღარ საჭიროებდა.

– მთავარია ძილის წინ ზღაპრის მოყოლა არ მთხოვო.






* * * *

გვიან ღამით, რაღაცის მსხვრევის ხმამ გამოაღვიძა ლინდა. გონება ჯერ კიდევ ძილბურანში ლივლივებდა, მაგრამ შიშმა ჩვეულებრივზე სწრაფად გამოაფხიზლა. რამდენიმე წამი ეყო იმის გასააზრებლად, რომ ხმა, ლილეს საძინებლიდან მოდიოდა. ამის გაფიქრებისას, საწოლიდან დაუყოვნებლივ წამოხტა გოგონა. ფეხსაცმელიც კი არ ჩაუცვამს ისე გაიქცა მეზობელი ოთახისკენ და შიგნით დაუკაკუნებლად შევარდა.

არ იცოდა იქ რას ელოდა, ან ელოდა თუ არა რამე ცუდს, მაგრამ როდესაც ლილე საწოლზე, ტელეფონით ხელში და საღსალამათი დაინახა, ოდნავ დამშვიდდა. ჩაბნელებულ ითახში შუქი აანთო ლინდამ. თუ იატაკზე მოფანტულ მინის ნამსხვრევებს არ ჩავთვლიდით, იქუარობა სრულიად ნორმალურად გამოიყურებოდა.

– გაგაღვიძე? – სანამ ხმას ამოიღებდა, ლილე თვითონ გამოელაპარაკა. მის სახეზე ბრაზი და იმედგაცრუება ადვილი შესამჩნევი იყო.

– მსხვრევის ხმაზე გამეღვიძა. რამე დაგივარდა?

– ნერვები მომეშალა და სპეციალურად გავტეხე! – ტელეფონი საწოლის მეორე მხარეს მოისროლა ლილემ, – ესპანეთი და გერმანიის თამაშს ვუყურებდი და ამ ფაშისტებმა, ბოლო წუთს გაიტანეს გოლი!

– მაშინ, კი უნდა გაგეტეხა ეს ჭიქა. – ღიმილით გადააბიჯა ლინდამ აქეთ-იქით მიმოფანტულ ნამსხვრევებს, საწოლზე გვერდით მიუწვა და ბალიშებზე თავი მოხერხებულად დადო.

– ბოდიში, რომ გაგაღვიძე.

– არა უშავს… ისე, მაგ თამაშის ყურებას დილით არ აპირებდი?

– ვაპირებდი მაგრამ ცუდი სიზმარი ვნახე და აღარ დავიძინე.

– რა ნახე ასეთი? – ინტერესით ჰკითხა ლინდამ. გულის სიღრმეში, პასუხს თვითონაც ხვდებოდა, მეგობრის სიტყვებმა კი მისი ვარაუდი გაამართლა:

– ის კაცები დამესიზმრნენ, ვისგანაც ანდრომ წამომიყვანა… ოღონდ სიზმარში არავის გადავურჩენივარ.

საძინებელში დუმილი ჩამოწვა. ლილემ დრო იხელთა და თავისი ტელეფონი შეაერთა დამტენზე. ძილიანობის შეგრძნებისგან უკვე თვალები ეხუჭებოდა, ამიტომ, საწოლში სწრაფად დაბრუნდა და პლედში გაეხვია.

– ლინდა, არ წახვიდე რაა.

– არც მივდივარ, – ღიმილი გაკრთა გოგონას ხმაში. – ისედაც მეზარებოდა ჩემს ოთახში გასვლა.

– ამაღამ კი არა, ზოგადად გეუბნები, – უკნიდან მიეხუტა და თავისი პლედი უწილადა ლილემ. – ხანდახან სკვიდვარდივით უხეში ხარ, მაგრამ მშვიდად ვარ შენი აქ ყოფნით.

– სკვიდვარდი ვინღაა?

– სპონჯ-ბობის მულტფილმში რომ ბუზღუნა და აუტანელი რვაფეხაა, მაგაზე ვამბობ.

ლინდამ თვალები აატრიალა. მართალია შედარება უსიამოვნო იყო, თუმცა ვერაფერს ეტყოდა. უნდა ეღიარებინა, რომ ხასიათით, ზოგჯერ მართლაც ემსგავსებოდა ანიმაციის ამ პერსონაჟს.

– ჰმ… მაგ ლოგიკით, შენ პატრიკი გამოდიხარ.

– ვინც გინდა ის ვიქნები, ოღონდ აღარ წახვიდე და ჩემთან გადმოდი, – მუდარა გაკრთა ლილეს ხმაში. – ბინა ერთი ადამიანისთვის ისედაც ძალიან დიდია.

ღრმად ამოიოხრა ლინდამ. ბოლო პერიოდში თავადაც ხვდებოდა, რომ გული ადიშისკენ იმდენად ძლიერ აღარ მივუწევდა. მეტიც – არ უნდოდა უბრალოდ ამდგარიყო და წასულიყო მაშინ, როდესაც ანდროსთან ურთიერთობას ასე გაურკვეველს და მოუწესრიგებელს ტოვებდა. ორ ცეცხლს შუა მოქცეულს ჰგავდა. რაღაც კუთხით, მამაკაცისგან ყოველთვის დისტანცირდებოდა. მისდამი მიზიდულობა აიძულებდა მუდმივ თავდაცვის რეჟიმზე ყოფილიყო, მაგრამ ხვდებოდა, როგორ უცვთებოდა ნელ-ნელა გრძნობებთან საბრძოლოდ აღმართული ხმალი.

– არ ვიცი ლილე… ეს ქალაქი ჩემთვის იმდენად გაუცხოვდა, წარმოდგენაც არ მაქვს აქ რა უნდა ვაკეთო.

– იმუშავებ და ერთად ვიცხოვრებთ. ბინა ოთხი წლითაა დაგირავებული და არც ქირაში მოგიწევს თანხის გადახდა. ჩემებიც უფრო მშვიდად იქნებიან, თუ მარტო არ ვიქნები.

– მოდი ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ.

– ახლა უნდა ვილაპარაკოთ, რადგან მართლა ძალიან მჭირდები, – მუდარა თანდათანობით მატულობდა ლილეს ტონში. – აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც პატარა თევზი, ზვიგენების აკვარიუმში. რამდენიმე მეგობარი შევიძინე, მაგრამ თუ რამე გამიჭირდება, მგონია არც ერთი არ დამიდგება მხარში.

– ასე ცუდად არის საქმე?

– შეიძლება არც არის და მე მაქვს ადაპტირების პრობლემა... გემუდარები დარჩი. მით უმეტეს, შენც გაკავებს აქ ერთი ვიღაც.

– ყოველ წამს ნუ მიხსენებ რაა. ჭრილობაზე მარილის მოყრასავით მოქმედებს.

– კარგი, კარგი, აღარაფერს გეტყვი, – ფიცის ნიშნად, საჩვენებელი და შუა თითი გადააჭდო ერთმანეთს. – უბრალოდ ახლავე უარს ნუ მეტყვი. ჯერ მოიფიქრე.

ლინდა დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში იყო მდუმარე მდგომარეობაში. გულის სიღრმეში თავადაც ხვდებოდა, რომ ლილე მართალი იყო და თბილისში უხილავი ძაფებით იყო დაბმული. ამასთან ერთად, დარჩენაზე თანხმობის მიცემაც უჭირდა. საბოლოოდ, გადაწყვიტა შუალედური პასუხით შემოიფარგლულიყო:

– დავფიქრდები ლილე… ახლა დაიძინე, გვიანია.

– მპირდები, რომ ამ თემაზე სერიოზულად იფიქრებ?

– გპირდები, – გადმობრუნდა და შუბლზე ღიმილით აკოცა ლინდამ. შემდეგ პლედი გადააფარა მხრებზე და მის სიმშვიდეს იქამდე დარაჯობდა, სანამ ლილეს ბოლოს და ბოლოს ძილმა არ წაართვა თავი.

საათს შეხედა. პირველის ნახევარი იყო, მაგრამ ოდნავადაც აღარ ეძინებოდა. მიუხედავად გვიანი ღამისა, გადაწყვიტა ცოტა გაესეირნა. ადიშიდან ჩამოსვლის შემდეგ, უკვე მეორედ ხდებოდა ღამეული სეირნობის სურვილი რომ უჩნდებოდა. ამ სურვილს ამჯერადაც დაემორჩილა — კარადიდან თავისი საყვარელი მაისური გამოიღო, ჯინსის ქვედა ბოლო შეუხამა და ათწუთიანი მზადების შემდეგ, ჩუმად გაიპარა ბინიდან.

გრძელვადიანმა ფეხით სიარულმა ვიწრო, თუმცა საკმაოდ ლამაზ,  განათებულ ქუჩამდე მიიყვანა. ერთ-ერთი შენობიდან, რომლის ქვედა სართულსაც, ნეონური აბრა ამშვენებდა, მუსიკის ხმა გამოდიოდა. ლინდა სწორედ ამ აბრას დააკვირდა და მალევე მიხვდა, რომ სადღეღამისო ბარის წინ იდგა. ასეთი სახის გართობა არასდროს ჰყვარებია, თუმცა იმ მომენტში რატომღაც მოუნდა შიგნით შესულიყო და ხმაურიან გარემოში რამე უალკოჰოლო, ცივი სასმელი დაელია.

შიგნით ხალხმრავლობა დახვდა. დაწესებულების შიდა სივრცე საკმაოდ დიდი იყო, რაც კლიენტთა სიმრავლისთვის საჭირო პირობებს ქმნიდა. ინტერიერი თითქოს დამალული ოაზისის ილუზიას ქმნიდა, ხმაურიანი ქალაქის შუაგულში. მუქი მარმარილოს ბარი ზუსტად ისე ელავდა, როგორც წყლის ზედაპირი მთვარის შუქზე. თბილი ოქროსფერი განათება იქაურობას ჯადოსნურ სიმყუდროვეს სძენდა, ხოლო შავად მოლაპლაპე იატაკი უკლებლივ ირეკლავდა თითოეულ სინათლის ნაპერწკალს. ბარის გაყოლებაზე, სადაც მუსიკა თითქოს ჰაერის ნაწილაკებიდან იღვრებოდა, ლამპიონებივით გაემწკრივებინათ დეკორატიული ნათურები, შუშის კედლის მიღმა კი, დუნედ მოძრაობდნენ ფარებანთებული მანქანები.

ლინდა ბარის დახლთან, ერთ-ერთ სკამზე ჩამოჯდა და მინერალური წყალი შეუკვეთა, ლიმონითა და ყინულით. მოლოდინის პროცესში მობილური ამოიღო, თუმცა გასართობი რომ ვერაფერი იპოვა, სოციალურ ქსელებში ანდროს მოძებნა სცადა. დიდად იმედი არც ჰქონია, რომ რომელიმე მათგანში აღმოაჩენდა. მიუხედავად ამისა, არ დანებებულა. ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ იმედის თოკზე ჩაჭიდებულს, ვიღაცის უეცარმა კომენტარმა არ გააშვებინა ხელი:

– დიდი ხანია სოციალურ ქსელებს აღარ იყენებს, – მოესმა თავისთან ძალიან ახლოს. ზუსტად იმ წამს გააცნობიერა, რომ მისი გვერდითა სკამი უკვე  თავისუფალი აღარ იყო.

ბავშვობიდან მოყოლებული, ხმების დამახსოვრების საოცარი უნარი ჰქონდა ლინდას. როგორც კი ეს ხმა გაიგო, მაშინვე იფიქრა, რომ სადღაც ადრეც ჰქონდა მოსმენილი. არც შემცარა. როდესაც მიიხედა, მისკენ მთელი ტანით მობრუნებული, ირიბად მომღიმარი არჩილი შერჩა ხელში.

ტელეფონის ეკრანი მაშინვე დაბლოკა გოგონამ. იმ ღამით ნაცნობებთან შეხვედრას ყველაზე ნაკლებად ელოდა, მით უმეტეს, ანდროს მეგობართან. ამან ცოტათი ააფორიაქა, მაგრამ საპასუხოდ მაინც გაუღიმა მამაკაცს.

– არ ველოდი შენს ნახვას.

– არც მე, – მიუგო თუ არა, თვალებით მობილურისკენ ანიშნა არჩილმა. – მგონი გამოგიჭირე.

ლინდამ ღიმილი ვერ შეიკავა.

– მაშინ მომიწევს შენი სიჩუმე სასმელზე დაპატიჟებით ვიყიდო.

სწორედ იმ დროს, თავისი გაზიანი წყალი დაუდგა ბარმენმა წინ გოგონას. შიგნით სამიოდე ყინულის კუბი და ამდენივე, ნახევარმთვარის ფორმის ლიმონის ნაჭერი დაცურავდა, საწრუპ ჩხირთან ერთად.

– ეგ რა არის? – წაბები უნებურად შეეჭმუხნა არჩილს. – გიყვარს თუ უბრალოდ ორსულობის გამო იწამებ თავს?

– მიყვარს და ეგრე ნუ იჭყანები, ლიმონი გემრიელი ციტრუსია.

– ერთი ლიმონია გემრიელი და მეორე ბებიაჩემის გამომცხვარი ბროკოლის ტორტი, – მამაკაცი ბარმენს მიუბრუნდა, თან ორი თითით დააკაკუნა დახლზე. – დაჩი, ქალბატონს რამე უალკოჰოლო კოქტეილი გაუკეთე, მე ვეპატიჟები.

– მაგრამ მე ვაპირებდი შენს დაპატიჟებას.

– ამ ბარის მეწილე ვარ ლინდა, ასე, რომ ჩემი სტუმარი ხარ. უარი არ მიიღება.

გოგონამ იქაურობას მზერა კიდევ ერთხელ მოატარა. ყველაფერი იმდენად გემოვნებიანად იყო მოწყობილი, თავისუფლად აკმაყოფილებდა ხუთვარსკვლავიან დიზაინერულ სტანდარტებს.

– მართლა ლამაზია აქაურობა… განსატვირთად კარგი ადგილია.

– აქამდე არასდროს მინახიხარ აქ. პირველად ხარ?

– ჰო… რატომღაც ვერ დავიძინე.

– ბარში მარტოები ძირითადად ის ადამიანები მოდიან, ვისაც ვინმესთან საუბარი სჭირდებათ, – თბილად და გამომცდელად უმზერდნენ მამაკაცის თვალები. – თუ მოგინდება, კარგი მსმენელი ვარ.

– არ მესმის რას გულისხმობ.

არჩილმა სკამის საზურგეს გადაადო ხელი. მისთვის ნათელი იყო, რომ ლინდა წინასწარ გრძნობდა საფრთხეს და საუბრისგან თავის არიდებას ოსტატურად ცდილობდა.

– შენი და ანდროს დაძაბულ ურთიერთობას ვგულისხმობ. მაინტერესებს რატომ ზიხარ მარტო და სოციალურ ქსელებში ცდილობ მის პოვნას, როცა ბევრად უფრო მეტის შანსი გაქვს?

– ფსიქოლოგის მოვალეობას ითავსებ? – ეჭვნარევი ღიმილით შეხედა ლინდამ. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ამ საუბარში თითოეული სიტყვა უნდა ეკონტროლებინა და ეს ოდნავ ძაბავდა.

– შეიძლება ასეც ითქვას.

– საინტერესოა სეანსები კონფიდენციალურია, თუ სამეგობრო წრეშიც განიხილავ?

არჩილს ხმამაღლა გაეცინა. სწორედ იმ მომენტში დაასრულა ბარმენმა გოგონასთვის კოქტეილის მომზადება და დეკორატიული ქოლგით გაფორმებული ჭიქა დაუდგა წინ.

– ანუ გეშინია რასაც ვისაუბრებთ, ანდროს ყურამდე არ მივიდეს, სწორად გავიგე?

– ანდროს ყურამდე ვერაფერი მივა, რადგან არაფერზე ვაპირებ საუბარს, – გამარჯვებულის ღიმილით მოსვა ლინდამ კოქტეილი. – ეს მართლა გემრიელია, მადლობა.

– ძალიან ჯიუტი ხარ, მაგრამ არც მე მახასიათებს ნაადრევად დანებება.

– ანუ?

– ანუ სანაძლეო დავდოთ, – ჯიბიდან გასაღებების ასხმა ამოიღო არჩილმა, ზედ დაკიდებული პატარა ბურთულა მოხსნა და ლინდას გაუწოდა. – ეს ბურთი რომელიმე ხელში ათჯერ დამალე და თუ ათივეჯერ სწორად გამოვიცნობ რომელ ხელში გაქვს, მაშინ ერთ შეკითხვაზე გულწრფელად მიპასუხებ.

– ათიდან, ათი? – ტონში დაეჭვება შეეტყო გოგონას.

– სწორად გაიგე.

– ეგ პრაქტიკულად გამორიცხულია.

– ჰოდა მით უმეტეს, შენი მოგების შანსები იზრდება.

ცოტა ხნით ჩაფიქრდა ლინდა. საბოლოო ჯამში, ამ სანაძლეოში თავისთვის არასასურველი დასასრული ვერ დაინახა, ამიტომ გადაწყვიტა წინადადებას დათანხმებოდა:

– კარგი, მაწყობს, მაგრამ თუ წააგებ ჩემი პრიზი რა იქნება?

– სამ ცალ ლიმონს შევჭამ შენს თვალწინ, – არც კი დაფიქრებულა ისე მიუგო არჩილმა. – შეგიძლია ვიდეოც გადამიღო, ცუდ ხასიათზე ყოფნის დროს გამოგადგება.

– იცოდე, ძალიან რისკავ.

– ეგ ჩემი პრობლემაა... ანუ ნაძლევს ვდებთ?

– ვდებთ. – ჩამოსართმევად გამოწვდილ მამაკაცის ხელს, თავდაჯერებულად შეაგება თავისი მარჯვენა ლინდამ.

როგორც შეთანხმდნენ, ათი ხელი ითამაშეს. პირველი ხუთი წაგების შემთხვევაში გოგონამ ჩათვალა, რომ არჩილს უბრალოდ ფორტუნა სწყალობდა. დანარჩენი ხუთის უშეცდომოდ გამოცნობას ნამდვილად აღარ მოელოდა, მაგრამ მამაკაცმა ესეც მოახერხა და გაოცებული ლინდას ჯიბრზე, გამარჯვებულის ღიმილით მიაწვა სკამის საზურგეს.

– რაო რას ამბობდი, ეგ პრაქტიკულად გამორიცხულიაო, არა?

– როგორ გამოგივიდა? – ბურთულა მაგიდაზე დადო ლინდამ. თვალებში გაოცება ჯერ კიდევ ჩირაღდნებივით ენთო.

– იოცნებე რომ ეგ გითხრა. იცი ამ ხრიკით რა სანაძლეოები მაქვს მოგებული?

– არავის ვეტყვი.

– გამორიცხულია… შენ ჯობია წაგებული ჩამაბარო და რესპოდენტობისთვის მოემზადო.

დაუგეგმავი, პირადული ხასიათის საუბარი, მით უმეტეს ანდროს უახლოეს მეგობართან დიდად არ სიამოვნებდა ლინდას. ამასთან ერთად, არც პირობის გატეხვა უნდოდა. მხოლოდ ის სცადა, დრო ცოტათი გაეწელა:

– მიდი, შენც შეუკვეთე რამე. არაფერი გინდა?

– არა, – თავი მაშინვე გააქნია არჩილმა. – სანამ მოხვიდოდი უკვე მოვასწარი სასმელით განტვირთვა... დავიწყოთ?

– კარგი, დავიწყოთ, – ამოიხვნეშა. – მკითხე რაც გაინტერესებს.

ბარის დახლს ორივე მკლავით დაყრდნობოდა მამაკაცი. მართალია გოგონას აღარ უყურებდა, მაგრამ პერიფერიული ხედვით მაინც ამჩნევდა დაძაბულობას მის სახის ნაკვეთებს.

– რა ბარიერი გაქვს? – ჰკითხა ბოლოს, ყოველგვარი შესავლის გარეშე.

– ვერ მივხვდი?!

– იმას ვგულისხმობ, რომ რაღაც ხელს გიშლის გულწრფელობაში, – სცადა სათქმელი უფრო გასაგებად გადმოეცა. – საკუთარ თავსაც ებრძვი და მასაც არ აძლევ დაახლოების საშუალებას. რატომ?

– არჩილ…

– გახსოვდეს, გულწრფელ პასუხებზე შევთანხმდით. კონფიდენციალურობის გარანტიას მე ვიძლევი.

გოგონა კოქტეილისკენ ისე დაიხარა, თითქოს უეცრად, დედამიწის მთელი სიმძიმე დააწვა მხრებზე. საწრუპი ჩხირისთვის ტუჩები მანამ არ მოუშორებია, სანამ თავისი თავი პასუხის გასაცემად არ შეამზადა.

– ხომ იცი რა ცუდი შეგრძნებაა, როცა ფეხსაცმელში კენჭი შეგივარდება და მისი ამოღების გარეშე გზის გაგრძელება გიჭირს?

– ჰო, ალბათ ერთხელ ყველას გამოუცდია, მაგრამ ეგ რა შუაშია?

– იმ შუაშია, რომ წლების განმავლობაში, ზუსტად მაგ კენჭად მაგრძნობინებდნენ თავს ჩემს ოჯახში. ამის მერე რთულია იმის დაჯერება, რომ ვიღაცისთვის შეიძლება მნიშვნელოვანი ვიყო… მით უმეტეს, ანდროსნაირი ადამიანისთვის.

– ანდროსნაირისთვის?

– ჰო... მას არასდროს არაფერი აკლდა და სურვილის ასრულებისთვის, მხოლოდ მისი ქონა იყო საჭირო. საეჭვოა, რომ მთელი ცხოვრება ერთ ადამიანს მიუძღვნას, თანაც ჩემნაირს — ისეთს, ვინც საკუთარმა მამამაც ვერ შეიყვარა.

ამ სიტყვებმა, არჩილის თვალებში სითბო გააღვიძა, გამომეტყველებაში კი ემპათია. ის წამი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ბოლომდე ჩასწვდენოდა ლინდას შიშებს და დაენახა როგორი გამჭვირვალე ხდებოდა ბნელი ფარდა, რომელიც გოგონას სულიერ სამყაროს ეფარებოდა.

– ვხედავ, შენმა ოჯახმა ბევრი კომპლექსი გაგიჩინა, მაგრამ ვფიქრობ პრობლემა შენში არაა. უბრალოდ, ისეთ ადამიანებთან ცხოვრობდი, რომლებსაც არ სურდათ დაენახათ, რამდენად საოცარი ხარ.

ესიამოვნა ამ სიტყვების გაგება გოგონას, თუმცა ამავდროულად სევდაც შემოაწვა, რადგან ჩათვალა ყველაფერი მის გასამხმევებლად იყო ნათქვამი. წარსულის მწარე მოგონებებმა კარი ისე უხეშად შემოუნგრიეს, ყელში ცრემლის ბურთიც კი გაეჩხირა. ყურადღების გადასატანად, კოქტეილს მოზრდილ ყლუპებად მიეძალა. იქ და იმ მომენტში გრძნობები არ უნდა მორეოდნენ. ამის ფუფუნებას მხოლოდ მარტო დარჩენისას თუ მისცემდა საკუთარ თავს.

– შეგიძლია შენც მიპასუხო ერთ კითხვაზე? – ჭიქა გვერდზე გასწია და მზერა გაუსწორა მამაკაცს. რახან გულწრფელობის საღამო იყო, გადაწყვიტა სიტუაციით თავადაც ესარგებლა.

– ანდროს ეხება, არა?

– კი.

– მიდი, მკითხე.

ლინდამ სუნთქვა შეიკავა, სანამ რამეს იტყოდა. ამ თემასთან შეხება ცოტა არ იყოს, ეუხერხულებოდა, მაგრამ ცნობისმოყვარეობა ბევრად უფრო ძლიერი აღმოჩნდა:

– მის მშობლებს რატომ ესროლეს? – ტუჩზე იკბინა, როცა წინადადება დაასრულა. – უბრალოდ ეს ბავშვი საერთოა და მაინტერესებს ოჯახს მტრები ხომ არ ჰყავს. თვითონ ანდროსთან ამაზე საუბარი მეუხერხულა, მაინც მტკივნეული თემაა.

– ჰო, მესმის, მაგრამ შენ ნურაფერზე ნერვიულობ, ეგ წლების წინ იყო, – წამიერად, გამამხნევებლად დაადო ხელზე, ხელი ლინდას. – როცა კაზინოების ბიზნესში ხარ, შესაძლებელია ძალიან საშიში ხალხიც გადაიმტერო. მშობლების ამბის შემდეგ, დანიელმა და ანდრომ ათივე კაზინო გაყიდეს, ამიტომ ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.

– დანიელი მისი ტყუპისცალია, არა?

– ჰო... არც ერთს არ მოსწონდათ, რომ მათი მშობლები ამ ბიზნესში იყვნენ. ყოველთვის ამბობდნენ: “კაზინოებში სხვისი უბედურებით ნაშოვნი ფული ტრიალებსო.” მერე დედ-მამაც დაეღუპათ და ამ ბიზნესიდან ბოლომდე ხელცარიელები გავიდნენ.

– ეგ როგორ? გაყიდვაში უზარმაზარი თანხა უნდა დარჩენოდათ.

– ჩემი ვარაუდით, ყველაფერი საქველმოქმედო ფონდებში დაანაწილეს, – მაგიდაზე თითები მუსიკის რიტმში ააკაკუნა არჩილმა, თან დასძინა:– როცა ანდროს ვკითხე სად წაიღეს ფული, მხოლოდ ის მიპასუხა: “კარგ საქმეშიო.” მეტად ამ თემას აღარ შევხებივართ.

გულში უცნაური სითბო ჩაეღვარა, თუმცა თქმით არაფერი უთქვამს ლინდას. მალე, არჩილის ხმაც მოესმა:

– იცი? როცა სასტუმროს გახსნის წვეულებაზე გაგიცანით, მეც და რატისაც ძალიან მოგვეწონე და იმ დღესვე შევთანხმდით ერთ რამეზე.

– ჰოო? მაინც რაზე?

– არც ერთი არ მოვალთ ანდროს ქორწილში, თუ გვერდით შენ არ ედგები. ოღონდ იცოდე, ქორწილის წინ ბიჭების წვეულებაზე არ უნდა გაგვიჭედო.

– მგონი ჩემს მოსვლამდე ბევრი დალიე, არჩილ. – წარბები შეკრა ლინდამ, თუმცა საბოლოოდ მაინც ვერ შეიკავა ღიმილი მის სიტყვებზე.




8 8 8 8

ცაზე ღამეს — დღისთვის დაეთმო ადგილი. ღრუბლებს მიღმა მიმალული მზე მორცხვად აფრქვევდა სხივებს დედამიწას. ადრიანი დილის გამო, გარეთ ოდნავ გრილოდა, ცვრიანი ბალახი კი შემოდგომის წითელ-ყვითელი ფოთლების საფარით იყო მოფენილი.

ანდრო სახლის ბაღში, ფანჩატურში ჩამომჯდარიყო, მარმარილოს ზედაპირიან მაგიდაზე ყავის ფინჯანი დაედგა და პლანშეტში ჩართულ ფილმს ადევნებდა თვალს. დასრულებამდე სულ რაღაც ნახევარი საათი დარჩენოდა, როდესაც თავისკენ მომავალი არჩილის დანახვამ გაუფანტა ყურადღება. მეგობრის ასეთი ნაადრევი ვიზიტი არ გაჰკვირვებია. იცოდა, მუდამ ადრე იღვიძებდა ხოლმე და ვინაიდან არც თვითონ უყვარდა გვიანობამდე ძილი, დილის საათებში არჩილის სტუმრობა კომფორტს არასდროს ურღვევდა. 

– ბელამ მითხრა, რომ აქ იქნებოდი, – უთხრა როგორც კი ხმის მისაწვდენ მანძილზე მიუახლოვდა. მალე გვერდითაც მიუჯდა და პლანშეტში დაპაუზებულ კადრისკენ გადაიტანა მზერა. – ისევ შინდლერის სია? მერამდენედ უნდა უყურო?

ანდრომ ყავა მოსვა. მისი ორთქლის არომატი სასიამოვნოდ გაბნეულიყო ნესტიან ჰაერში.

– შენ რამ მოგიყვანა ასე ადრე, დაგესიზმრე?

– საქმეები მქონდა აქვე ახლოს. მოვაგვარე და გამოგიარე.

– რამეს დალევ? – პლანშეტი გვერდზე გადადო მამაკაცმა. ფილმის გაგრძელებას უკვე აღარ აპირებდა.

– ბელამაც შემომთავაზა, მაგრამ არაფერი მინდა… ისიც მითხრა დანიელს რთული ღამე ჰქონდაო და მაინტერესებს როგორ ხარ.

– ნორმალურად. უარესებიც მომხდარა.

– ვლადი?

– ვლადი უნივერსიტეტშია. როცა გამოცდა აქვს, ადრე გადის და საკითხებს ბიბლიოთეკაში იმეორებს. 

დაკვირვებით შეათვალიერა არჩილმა მეგობარი. მის თვალებში, ემოციური გადაღლილობისა და სტრესის კვალი იმდენად შესამჩნევი იყო, დამალვაც ვეღარ შველოდა.

– იქნებ ცოტა განტვირთვა და ალკოჰოლი კარგიც იყოს შენთვის? – ჰკითხა შეპარვით. – როგორც ვლადი იტყოდა, გასრესილ ბაყაყს ჰგავხარ.

– იმედია შენც კლასელების შეკრებაზე არ დამიწყებ ლაპარაკს, – წინასწარ გააფრთხილა. ხვდებოდა საითკენაც მიდიოდა საუბარი.

მაგიდის ზედაპირზე რიტმულად ათამაშებდა თითებს არჩილი. პარალელურად, ბაღში მდგომ ხეებს უყურებდა, რომლებიდანაც ფარფატით ეშვებოდნენ წითელ-ყვითელი ფოთლები.

– სხვა ვინ გელაპარაკა, რატი?

– არა, სოფია იყო მოსული.

– ჰოო? აი მე კი ღამით ლინდა ვნახე, ბარში. ცოტა ვისაუბრეთ.

– ლინდა ნახე? – მაგიდას ორივე მკლავით დაეყრდნო მამაკაცი. მის სახეზე ნელ-ნელა გამოიკვეთა დაძაბულობა. – იქ რა უნდოდა?

– დამშვიდდი, მარტო იყო, – ღიმილი ვერაფრით შეიკავა არჩილმა. – რამდენიმე ტიპი თვალებით კი ჭამდა, მაგრამ გვერდით დროულად მივუჯექი, შენი უფლებების დასაცავად.

სკამის რბილ საზურგეს, კეფაზე ხელებშემოწყობილი მიეყრდნო ანდრო. უკვე წლები იყო, რაც ეს გრძნობა აღარ გამოეცადა. იმის წარმოდგენაც კი რომ შეიძლებოდა ლინდასთან ვინმეს ზღვარი გადაელახა, მისი სულიდან სიმშვიდეს ფესვიანად გლეჯდა. ფინჯნიდან კიდევ ერთხელ მოსვა შეგრილებული ყავა, თუმცა ამჯერად გემოც ვეღარ იგრძნო. მერე გონებიდან უსიამოვნო ფიქრები განდევნა, მეგობარს შეხედა და თავში იმ წამს მოსული იდეა აქცია სიტყვებად:

– კრივში მინდა ვარჯიში… რას იტყვი?

– ჯანდაბა, მაინცდამაინც დღეს?! ხომ იცი, საღამოს კლასის შეკრებაა და არ მინდა ნაცემი წავიდე.

– გამოდის, წინასწარ აღიარებ დამარცხებას.

იმას, რომ ანდრო მის პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობდა, მშვენივრად მიხვდა არჩილი, თუმცა გადაწყვიტა თამაშში საკუთარი ნებით, გააზრებულად აჰყოლოდა.

– ბევრს ნუ ლაპარაკობ და სპორტული ტანსაცმელი მომეცი, ამის გარდა არაფერი მაქვს. დანარჩენზე მაშინ ვისაუბროთ სიფათს რომ მიგინგრევ…

ტანზე გამოცვლის შემდეგ, პირველ სართულზე, დერეფნის ბოლოში მდებარე კარი შეაღეს და დიდ, ლურჯკედლებიან დარბაზში აღმოჩნდნენ. იქაურობა ჰანტელებით, სხვადასხვა წონის გირებითა და წვრილმანი სპორტული ინვენტარით იყო სავსე. შემაღლებულ ადგილას, საიმედოდ შემოსაზღვრული საბრძოლო არენა მოეწყოთ. დარბაზში შესვლის შემდეგ, ბიჭები სწორედ იქითკენ გაეშურნენ და რიგროგობით მოირგეს კრივის ხელთათმანები.

– მზად ხარ? – ტატამზე ასვლისთანავე ჰკითხა არჩილმა და გამჭოლი მზერით შეხედა თავის წინ მდგომს.

ანდრო, მხოლოდ თავის მსუბუქი დაქნევით შემოიფარგლა. მერე ხელთათმანიანი მუშტები სახესთან ახლოს მიიტანა და მოწინააღმდეგისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა.

სამი რაუნდის განმავლობაში ისე შეუპოვრად უტევდნენ ერთმანეთს, ნოკაუტამდე საქმე ერთხელაც არ მისულა. მხოლოდ არჩილმა დაიმსახურა ჯარიმა, წელს ქვემოთ დარტყმის მცდელობის გამო. იმ მიზეზით, რომ გამარჯვებული ჯერ კიდევ არ გამოვლენილიყო, დაიმატებითი რაუნდი დანიშნეს. აქ უკვე ანდრო გადავიდა სრულ შეტევაზე, არჩილი კი თავდაცვაზე გადაერთო, თუმცა რაუნდის დასრულება აღარ დასცალდათ. შუა ორთაბრძოლაში, კარი შეშლილი სახით შემოგლიჯა ბელამ და ორივეს ყურადღება წამსვე მიითვისა.

– მოხდა რამე? – ტატამის ზღუდეს, პირველი ანდრო მიუახლოვდა. ქალის თვალებში ნათლად კითხულობდა, რომ დასმულ შეკითხვაზე პასუხი საშინლად არ მოეწონებოდა. მიუხედავად ამისა, გამომეტყველება მანამ არ შესვლია, სანამ კვლავ არ გაისმა ბელას ხმა:

– დანიელი არსად ჩანს ანდრო! – ტირილნარევი კივილით ამოთქვა მან. – საჭმლის ასატანად ავედი და საშინელი სიტუაცია დამხვდა! გთხოვ, რამე გააკეთე!

– რას ნიშნავს “არსად ჩანს”?! მისი ფსიქიატრები სად ჯანდაბაში არიან?!

– სადღაც გავიდნენ. ვინც დარჩა, ის კაცი იატაკზე გდია და კისერში შუშის ნამსხვრევითაა დაჭრილი. დანიელის ნახელავი იქნება, მაგრამ თვითონ არსად ჩანს!

დაასრულა თუ არა წინადადება ქალმა, ტატამის დამცავ ზღუდეს ერთდროულად გადმოახტნენ არჩილი და ანდრო. კართან დარჩენილი ბელასთვის ყურადღებაც არ მიუქცევიათ ისე დაყარეს ხელთათმანები, გარეთ გავარდნენ და მესამე სართულამდე, რეკორდული სიჩქარით აირბინეს საფეხურები.

დანიელის ოთახის კარი შეღებული იყო. იქაურობა ომგამოვლილს ჰგავდა. ამის დანახვისას, ანდროს თვალწინ კადრებად დატრიალდა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, რამდენიმე წუთის წინ. რატომღაც მაშინვე სხვენისკენ ამავალ, დახვეულ კიბეს შეხედა. არ იცოდა ეს მეექვსე გრძნობა იყო, თუ ტყუპების უხილავი კავშირის ძალა, მაგრამ ინტუიციის ძაფი სწორედ იქითკენ ექაჩებოდა.

– არჩი, შენ ამას გაუწიე პირველადი დახმარება! – ხელი გაიშვირა ღია კარისკენ, რომელშიც გარკვევით მოჩანდა იატაკზე გართხმული, უგონო მდგომარეობაში მყოფი კაცი. – 112-შიც დარეკე, სასწრაფო და სამაშველო მანქანები გამოუშვან! მე დანიელს ვიპოვი!

სხვენში ამავალი კიბე, სტრესისგან, დაბინდულად მოჩანდა ანდროს მხედველობის ფოკუსში. ეჩვენებოდა, რომ გარშემო ყველაფერი ტრიალებდა, მისგან ორ ნაბიჯზე კი დიდი განსაცდელი იყო ჩასაფრებული, რომელიც ან გვერდს აუვლიდა, ან პირისპირ შეეჯახებოდა და გაანადგურებდა.

როგორც მამაკაცის ქვეცნობიერი ელოდა, სხვენი ცარიელი დახვდა, სახურავზე გასასვლელი პატარა კარი კი შეღებული. ახლა უკვე ზუსტად იცოდა სადაც უნდა ეძებნა ტყუპისაცალი, თუმცა ამის გაგებამ, უფრო მეტად დაამძიმა.

სახლის სახურავზე გასულმა, მართლაც შენიშნა მის კიდესთან ძალიან ახლოს მდგომი დანიელი. ზუსტად მაშინ შეიგრძნო იმ პასუხისმგებლობის სიმძიმე, რომელიც თავადვე აიკიდა მხრებზე ზემოთ ასვლით. თუკი ვერ გადაარჩენდა… თუ მისი ძმა, მისსავე თვალწინ დაასრულებდა სიცოცლეს… იცოდა ეს მოგონება მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვებოდა შეუხორცებელ იარად. იმ იარად, რომელიც ზედმეტად ხშირად გაახსენებდა თავს და მშვიდად ამოსუნთქვის საშუალებას არ მისცემდა. 

სახურავზე თბილი ნიავი უბერავდა. სწორედ მისმა სახეზე შეხებამ გამოაფხიზლა და მოქმედებაზე გადასვლისკენ უბიძგა ანდროს, თუმცა სანამ რამეს იტყოდა, დანიელი თავად მიტრიალდა მისკენ. ამ უკანასკნელს, სახეზე სრული სიმშვიდე ეწერა — თითქოს წარბიც კი არ უტოკდებოდა. მაგრამ თვალებში… თვალებში სხვა რამ ბუდობდა. ყინულივით ცივ გუგებში ღრმად ჩამჯდარ ლაქასავით მოჩანდა სულიერი ტკივილისგან დამჩნეული დაღი.

– გელოდებოდი, – საუბარი დანიელმა წამოიწყო. მის ოდნავშესამჩნევ ღიმილში სევდა იკვეთებოდა. სახეზე დაცემული მზის სხივებიც კი ვერ აფერადებდა ავადმყოფურად ფერმკრთალ კანსა და ჩაშავებულ თვალებს. თითქოს არსებობდა, თან არც არსებობდა. თითქოს შემთხვევით მოხვედრილიყო იქ, სადაც ყოფნა ყველაზე ნაკლებად სურდა.

– დანიელ, მანდ იდექი და არ გაინძრე!

– ვდგავარ ანდრო... არ წავალ შენთან დაუმშვიდობებლად, – ნაცრისფერი თვალები აუწყლიანდა მამაკაცს ამის თქმისას. – ხომ იცი, დაბადებამდეც ჩემი ნაწილი იყავი?! პირველად შენს მიმართ ვიგრძენი სიყვარული, მერე კი ყველა დანარჩენისადმი.

– კიდეს მოშორდი, ვისაუბროთ, – ის თქვა, რაც ენაზე პირველად მოადგა. გონება თავგადმოდებით ებრძოდა სიცარიელეს — იმ სიცარიელეს, რომელშიც ყველა სწორი სიტყვა გამქრალიყო და მხოლოდ იმპროვიზაცია რჩებოდა უკანასკნელ იარაღად.

– როცა ბოლო საუბარია, სიტყვებს სწორად არჩევენ ხოლმე. რამე კარგი გავიხსენოთ.

– დანი, გამოჯანმრთელების გზაზე ხარ. ფსიქოლოგიური უარყოფის ფაზას გასცდი, გთხოვ არ გინდა...

– და რა გგონია?! ფიქრობ ამით სამყარო ვარდისფერი გახდა?! – საყვედური გამოიკვეთა მამაკაცის ტონში, თუმცა გამოხედვა კვლავ ისეთივე ჰქონდა — თბილი და ნოსტალგიური. – ყურები როგორც არ უნდა დავიხშო, გონებიდან მისი ყვირილის ხმა მაინც არ ქრება... არსად მიდის და არც წავა...

– და შენი ძმების ხმა? შენს თავში ჩვენი ხმა საერთოდ არ ისმის? – ანდროს ტონშიც გაკრთა საყვედური. ინსტინქტურად მიიწია ძმისკენ ერთი ნაბიჯით, თუმცა როდესაც უფრო მეტად მიუახლოვდა კიდეს დანიელი, შეჩერდა და ისე განაგრძო :– მხოლოდ ეგოისტ ადამიანს შეუძლია მანდ იდგეს და ფეხებზე ეკიდოს, ვინც მისი წასვლის შემდეგ დარჩება.

– ჩემს გარეშე უკეთ იქნებით, ეს ვიცი... ყველანი უკეთ იქნებით…

– უკეთ ვიქნებით, არა?! – შინაგანმა მღელვარებამ ხმაზე კონტროლი დაუკარგა. ეგონა ჰაერის უკმარისობა გაგუდავდა. – შენი აზრით ვინმეს უკეთ გახდის ის, რომ ამ სახლიდან კიდევ ერთ კუბოს გაიტანენ?!

თავი ოდნავ დახარა დანიელმა. თითქოს მოწამლული ისარივით გაიარა გულში ანდროს სიტყვებმა, მაგრამ მიღებულ გადაწყვეტილებაზე გავლენა მაინც ვერ მოახდინა.

– ზოგჯერ, კუბოებიც ამსუბუქებენ ტკივილს, – ამოილაპარაკა ჩუმად, ისე თითქოს საკუთარ თავს ესაუბრებაო. – მით უმეტეს, თუ ადამიანის არსებობას მხოლოდ უბედურება მოაქვს.

– გთხოვ, არ გინდა...

– შენ საერთოდ არ გესმის, ანდრო. ვერ ხვდები, რამხელა წამებაა ყოველი გათენებული დილა.

– ყველაფერი გაივლის. უბრალოდ კიდევ ცოტა დრო გჭირდება.

მზერა გაუსწორა ტყუპისცალის თვალებს დანიელმა. წამით თითქოს რაღაც ნაპერწკალმა გაირბინა მათ შორის — წარსულის მოგონებებმა, ბავშვობის სიცილმა, იმ დრომ, როცა ორივეს სჯეროდათ, რომ ცხოვრება ქვას არასდროს ესროდათ.

სახურავზე ნაბიჯების ხმა გაისმა. ანდრომ მხოლოდ წამიერად მიიხედა უკან, თუმცა ეს დროც საკმარისი აღმოჩნდა ახლადმოსულში დაცვის თანამშრომელი ბიჭის ამოსაცნობად. მალე მისი ჩუმი, ნერვიულად ნათქვამი სიტყვებიც მოესმა:

– ბატონო ანდრო, თქვენი მეგობარი ფსიქიატრს პირველად დახმარებას უწევს – თქვა ისე, რომ მხოლოდ ანდროს გაეგონა. – სასწრაფო და დამხმარე ჯგუფიც გზაშია. სამაშველო ბალიში მოაქვთ, გადახტომისას რომ არ დაზიანდეს. მანამდე დრო უნდა გაწელოთ.

– დრო აღარ არის, ვერ მოასწრებენ, – მიუგო გაყინული ხმით. გონებაში სანახევროდ უკვე მომწიფებულიყო სათადარიგო გეგმა. სხვა გამოსავალი უბრალოდ აღარ ჰქონდა. ტყუპისცალის თვალებში მცირედ ყოყმანსაც ვერ ამჩნევდა. მხოლოდ ჩუმ, მტკიცე მზადყოფნას. რამე უნდა გაეკეთებინა, თანაც დაუყოვნებლივ!

დანიელმა თითქოს დამშვიდობების ნიშნად გაუღიმა და შენელებული კადრის მსგავსად აქცია ზურგი. კიდისკენ მიტრიალებულმა, თავი უკან გადმოსწია, რათა ჰაერი ღრმად შეესუნთქა. ანდრო მაშინვე მიხვდა, რომ უკვე მზად იყო გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად. რომც გაქცეულიყო, ვეღარ მიუსწრებდა. საჭირო იყო სხვა რამ მოემოქმედა,  ამიტომ ბოლო შანსს მოეჭიდა — დაცვის თანამშრომელ ბიჭს კაბურიდან რევოლვერი ამოაძრო, დანიელს მარჯვენა ბარძაყის ზედა მხარეს დაუმიზნა და დაუფიქრებლად გამოჰკრა სასხლეტს.

გასროლის ხმა ჰაერში მჭახედ გავარდა. ქვემოდან ბელას კივილი გაისმა, სახურავზე კი დანიელის დაცემა, რომელმაც ხმამაღლა ამოიგმინა მოულოდნელი ტკივილისგან. ჭრილობიდან სისხლმა დაიწყო დენა. ამის დანახვაზე მაშინვე მოეგო გონს ანდრო — სირბილით მიუახლოვდა ძირს გართხმულ ძმას, მაისური სწრაფად გადაიძრო, შუაზე გადახია და მთელი ძალით შემოუჭირა სისხლმდინარე ბარძაყზე. ნატანჯი, გაბრაზებული სახით უყურებდა დანიელი. ეს გამოხედვა უკვე იმდენს ამბობდა, ხმის ამოღება აღარაფერში სჭირდებოდა და არც ამოუღია.

– ჩადი და როცა სასწრაფოს თანამშრომლები მოვლენ, უთხარი საკაცე ამოიტანონ, – დაბნეული სახით მდგომ დაცვის ბიჭს მიუტრიალდა ანდრო. მის თვალებში ოდნავი დაძაბულობაც ამოიკითხა. – ნუ ღელავ, პოლიციას ჩვენებას მე მივცემ და რევოლვერის გამოყენებასთან დაკავშირებით პრობლემა არ შეიქმნება.

– ბატონო ანდრო, წინ რომ გადავარდნილიყო?

– მაგის რისკიც არსებობდა, მაგრამ მინიმალური. უფრო მეტი შანსი იყო, ტყვიის ძალას ინერციით უკან გადმოეგდო.

დანიელმა კიდევ ერთხელ ამოიხვნეშა. მისი ღაწვები და შუბლი, ალაგალაგ ოფლის წვეთებს დაეფარა. ტკივილთან გასამკლავებლად, პერდიოდულად, თვალებს ძლიერად ხუჭავდა და კბილს, მაგრად აჭერდა კბილზე.

– ერთი წუთით მოიცადე! – კვლავ დაცვის თანამშრომელს გასძახა ანდრომ, რომელიც უკვე სახურავიდან ჩასასვლელად ემზადებოდა. ბიჭი უმალვე შედგა და მოტრიალდა.

– გისმენთ, ბატონო ანდრო!

– სახელი შემახსენე. 

– თორნიკე მქვია.

– ამ თვეში სოლიდურ პრემიას მიიღებ თორნიკე. უარი არც განიხილება.

– პრემიას? – გაუკვირდა. – რისთვის?

– სწორ დროს, სწორ ადგილას აღმოჩენისთვის…

სახლის სახურავზე ნიავი უკვე აღარ დაძრწოდა. თითქოს ამ სცენას, სამყაროსთვისაც კი შეეკრა სუნთქვა. სადღაც შორიდან სასწრაფოს სირენის ხმაც გაისმა — სუსტი, მაგრამ მაინც ხმოვანი მტკიცება იმისა, რომ ერთი გული ჯერ კიდევ აგრძელებდა ფეთქვას...


8 8 8 8

ვლადი საავადმყოფოს პალატაში გაცოფებული სახით შეიჭრა და როგორც კი პაციენტის საწოლზე მძინარე დანიელი შეათვალიერა, მყისვე გადაიტანა მზერა სავარძელში მოკალათებულ ანდროზე. ამ უკანასკნელს, ხელში სქელყდიანი წიგნი ეჭირა და მეტად უინტერესოდ ჩაშტერებოდა. არც კარის გაღებაზე აუწევია თავი. თითქოს ხვდებოდა, რომ რაღაც მთლად სწორად ვერ გააკეთა და ძმისთვის  თვალის არიდებას ცდილობდა.

– შენ რა, დამცინი?! – დახურა თუ არა კარი ვლადმა, ერთი წამიც აღარ მოიცადა ისე გადავიდა შეტევაზე. – დაცვის ბიჭების ლაპარაკი რომ შემთხვევით არ გამეგო, როდის ინებებდი ჩემთვის ამ ამბის თქმას?!

დაძაბული სიტუაციის მიუხედავად, წარბიც არ შეტოკებია ანდროს. სტრესისგან მისი გონება იმდენად იყო გაყინული, ვერც ხმამაღალი ტონი ახდენდა გავლენას და ვერც, ბრაზისგან ჩაწითლებული თვალების სახიფათო გამოხედვა.

– საღამოს ვაპირებდი დარეკვას, – მიუგო გადაღლილი ხმით. – სამ დღეში გაწერენ, ნუ ღრიალებ.

– ნუ ვღრიალებ?! გუშინ კინაღამ ძმა მომიკვდა, მე კი ამ ამბავს ისე მიმალავთ, თითქოს პამპერსიანი ბავშვი ვიყო! იაზრებ, რომ იდიოტად გამოგყავარ?!

– ხმას დაუწიე, აქ შენი სახლი არ არის.

– ჰო, არ არის, მაგრამ არც შენ ხარ ყველა პრობლემის გადასაჭრელი მაკრატელი, გესმის?! – ნელ-ნელა მატულობდა ბრაზი ბიჭის ხმაში. სხეული ერთიანად ჰქონდა დაჭიმული და მთელი ძალისხმევით ცდილობდა იქაურობა არ დაელეწა. – თუ დაგავიწყდა, შეგახსენებ, რომ ოჯახი ვართ და საერთო სირთულეები ერთად უნდა მოვაგვაროთ!

ანდრომ შუბლი მოისრისა, დახურული წიგნი კი კომოდზე შემოდო. პასუხი არ ჰქონდა. გულის სიღრმეში ხვდებოდა, რომ ვლადი მართალი იყო და მასაც ჰქონდა უფლება მსგავს სიტუაციებში საქმის კურსში ყოფილიყო. თავის მის ადგილას წარმოდგენამ უფრო მეტად დაარწმუნა იმაში, რომ სხვანაირად უნდა მოქცეულიყო.

– პრობლემა ის არის, რომ შენზე უმცროსი ვარ, თან აბებით ხელში მნახე, არა?! – როცა პასუხი ვერ მიიღო, კვლავ თავად განაგრძო საუბარი ბიჭმა. – გგონია სუსტი რგოლი ვარ და შენი ფარის ქვეშ მმალავ?!

– აზვიადებ...

– არ ვაზვიადებ, ზუსტად ამას აკეთებ! თუ არ გინდა ჩვენს შორის სერიოზული უთანხმოება გაჩნდეს, თავი ასე უსარგებლოდ აღარასდროს მაგრძნობინო! – ბოლო სიტყვებზე ხმას აუწია. მღელვარების ნაკადმა მის სახის ნაკვთებს მრისხანე იერი მისცა, თვალები კი ისე ჩაუწითლდა, მასზე კაპილარების დათვლაც გახდა შესაძლებელი. – რაც მშობლები აღარ არიან, ჩემი ბავშვობაც დასრულდა, ამიტომ ან ისე მომექცევი, როგორც ზრდასრულს, ან კარგი სტომატოლოგი მოძებნე, ჩალეწილი კბილების აღსადგენად!

ბრაზის ნაცვლად, სიამაყის შეგრძნება დაეუფლა ანდროს ამ სიტყვების მოსმენისას. მისი გონებიდან ერთი ხელის მოსმით გაქრა ის პატარა ბიჭი, რომელსაც ნატკენ მუხლზე სულს უბერავდა ხოლმე. ახლა ზრდასრულ, ჩამოყალიბებულ ადამიანს უყურებდა — ისეთს, რომელიც საიმედო საყრდენად გამოადგებოდა ცხოვრებაში და ამას მთელი სხეულით გრძნობდა.

საუბარი პალატის კარის უეცარმა გაღებამ გააწყვეტინათ. შიგნით, ერთმანეთის მიყოლებით შემოვიდნენ არჩილი და რატი. რადგანაც ვლადმა ორივე მოსაცდელ დერეფანში ნახა, მეორედ აღარ მისალმებია. არც ის უნდოდა მათ თვალწინ გაეგრძელებინა კამათი, ამიტომ, დანიელის საწოლს მიუახლოვდა და აპარატის მაჩვენებლებს დაუწყო თვალიერება. ნატყვიარ ბარძაყს თუ არ ჩათვლიდა, ყველაფერი ნორმაში იყო. ნერვიულობის საფუძველი უკვე აღარ ჰქონდა, მაგრამ მაინც ვერ ახერხებდა თავისუფლად ამოსუნთქვას.

– ოჯახურ კონფლიქტში არ ვერევით, მაგრამ მედ-პერსონალმა შემოგითვალათ, რომ ოდნავ ხმადაბლა ისაუბროთ, – უხერხული ღიმილით აღნიშნა რატიმ. მერე ანდროს სავარძლის სახელურზე მოთავსდა, ტუმბოდან მისი წიგნი აიღო და სათაურს დახედა. – მობი დიკს კითხულობ?! ყოჩაღ ძმაო შენს ნერვებს, ნახევარზე მეტი ვეშაპის ანატომიას უჭირავს.

– მე გავალ, კაფეტერიაში ყავას დავლევ, – კარისკენ წავიდა ვლადი, თუმცა სამი ნაბიჯიც არ ჰქონდა გადადგმული, არჩილის სიტყვებმა რომ შეაჩერა:

– თუ გინდა, გამოგყვები. რაღაც განერვიულებული ჩანხარ და...

– აღარ დაამთავრო ეგ დედობრივი მზრუნველობით სავსე წინადადება, თორემ დღესვე მიუწვები გვერდით დანიელს!

პასუხისთვის აღარ დაუცდია ისე გაიჯახუნა პალატის კარი. არც რამე აუხსნია, თუმცა ყველანი ისედაც მშვენივრად ხვდებოდნენ, რატომაც იყო გაბრაზებული. არჩილმა ღიმილიანი მზერითაც კი შეხედა კარს, რომლიდანაც რამდენიმე წამის წინ გავიდა ვლადი.

– რას ერჩი, თავისებურად მართალია, – აღნიშნა მან.

– თავისებურად არა, ბოლომდე მართალია, არჩი, – სავარძლის საზურგეს მიაწვა და თვითონაც მოადგა ღიმილი ანდროს. – მგონი ჩემი ძმა გაიზარდა. ცოტა ხნის წინ ისე მელაპარაკა, სიტყვაც ვერ შევუბრუნე.

– ასეთი რა გითხრა? – წიგნის გვერდებს ფურცლავდა რატი, როცა ეს კითხვა დასვა.

– დაივიწყე… თქვენ რატომ გამოტოვეთ კლასის შეკრება? არადა, რამდენჯერ გითხარით წასულიყავით.

– ისე, თურმე მაგარი დრო უტარებიათ გუშინ, – დანანებით აღნიშნა ფანჯარასთან მდგომმა არჩილმა, რომელიც ჟალუზის კონტროლის მექანიზმით თამაშობდა. – მაგრამ წესი, წესია. როდესაც ჩვენი ტრიუმვირატიდან ერთის საქმე ტ*აკისკენ მიდის, არც დანარჩენებს ეზეიმებათ.

– უკვე ყველაფერი მოგვარდა, ასე რომ საჯდომები ასწიეთ და თქვენც დაუბრუნდით თქვენს ცხოვრებას. არ ხართ ვალდებულები კიდევ სამი დღე იჯდეთ აქ.

– ჯერ არ მოგვარებულა, – გვერდულად ჩაეცინა რატის. – უმცროსი ძმა გყავს შემოსარიგებელი, დანიელისთვის კიდევ ახალი ფსიქიატრებია მოსაძებნი. ის კაცი ბეწვზე გადარჩა და არა მგონია ამის შემდეგ მაგ ჯფუგმა თქვენთან მუშაობა გააგრძელოს.

– რაც მოხდა, მათი შეცდომა იყო და დამპირდნენ, რომ კიდევ ორი თვე ვითანამშრომლებთ… მერე ბელგიაში მიმყავს, უკვე ყველაფერი მოვაგვარე.

– ბელგიაში? ანუ მაინც გადაწყვიტე ალექსანდრეს რეკომენდაციას ენდო.

– ჰო, არჩი გადავწყვიტე, – თქვა ისეთი კატეგორიული ტონით, რომლითაც აფრთხილებდა, რომ მიღებული გადაწყვეტილების თავიდან განხილვას არ აპირებდა. – ვლადს რაც შეეხება, გავალ და დაველაპარაკები. აქ იქნებით, ხომ?

– ნუ გეშინია, არ დავტოვებთ, – მხარზე ხელი გამამხნევებლად დაარტყა  რატიმ. არჩილმა თავის დაკვრით დაუმოწმა იგივე.

ერთი წამითაც აღარ უყოყმანია ამის შემდეგ ანდროს. ხვდებოდა, რომ საკუთარ ძმას ყველაზე საიმედო ხელში ტოვებდა, ამიტომ, მშვიდად გამოიხურა პალატის კარი და კაფეტერიისკენ გაეშურა, ვლადთან სასაუბროდ.

თავისდა გასაკვირად, იგი იქ არ დაუხვდა. შიგნით მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იჯდა, თუმცა მათ შორის ვლადი ვერსად შენიშნა. ფართო დერეფანში გამოსულმა იქაურობა მოათვალიერა. უკვე აპირებდა ძმისთვის მობილურზე დაერეკა, თუმცა მოულოდნელად რაღაც შენიშნა. კაფეტერიიდან ოთხიოდე ნაბიჯში მდებარე კარი, ღია ვერანდაზე გადიოდა. მის მოაჯირთან გარკვევით მოჩანდა ქაღალდის ჭიქით ხელში მდგომი ბიჭი, რომელიც ზურგით იდგა და ხედს უმისამართოდ გაჰყურებდა.

ჯიბიდან ამოღებული მობილური კვლავ უკან ჩააბრუნა ანდრომ და თავადაც გავიდა ვერანდაზე. ირიბად ჩაეღიმა, როდესაც ვლადს გვერდით ამოუდგა, მან კი მისი მიახლოვება ოდნავადაც არ შეიმჩნია. მიხვდა, რომ იგი კვლავ ჩვეულ ამპლუაში იყო და ბრაზის დროს, სრული იგნორის ტაქტიკას მიმართავდა.

– მართალი ხარ, რომ გეწყინა, – ყოველგვარი შესავალი ნაწილის გარეშე გადავიდა მთავარ სათქმელზე. იმ მომენტში ვერანდაზე კიდევ ორი ქალი გამოჩნდა. მამაკაცმა ოდნავ ხმადაბლა განაგრძო საუბარი:– აქ ბოდიშის მოსახდელად მოვედი... ვილაპარაკოთ?

ყავის ჭიქა მოაჯირზე დადგა ვლადმა. ირონიული მზერა დაუხვედრა საპასუხოდ ძმის სიტყვებს:

– ბოდიში ნამდვილად კარგი გამოგონებაა, ადამიანებმა რომ თავისი ჩა*ვრილი აწმინდონ. 

– ცუდი ის იქნებოდა აწმენდას რომ არ ვცდილობდე, – ანდროსაც გაეღიმა, თუმცა მის ღიმილში ირონიის ნაცვლად სითბო ჩანდა.

ჭიქიდან კიდევ ერთხელ მოსვა და თვალებში შეხედა უფროს ძმას ვლადმა. სიცივე ნაწილობრივ გამქრალიყო ბიჭის მზერაში. მიუხედავად ამისა, მაინც სიტყვაძუნწობა გამოიჩინა:

– წინ გადადგმული ნაბიჯია, გილოცავ.

– დღეიდან აღარ იქნები ჩემი ფარის ქვეშ... მივხვდი, რომ შენი ფარიც საკმაოდ გამძლეა.

ხანმოკლე დუმილი ჩამოვარდა. ანდრომ იგრძნო, რომ მათ შორის არსებულმა სიცივემ ნელ-ნელა ძალა დაკარგა და ტემპერატურამ დაიწყო მატება. ზუსტად ისე, როგორც ბავშვობაში, პატარა კინკლაობის შემდეგ.

– ვლად…

– კარგი, კარგი, რაც არ უნდა მიგექარა, შენი გასროლილი ტყვია რომ არა, ქვაფენილიდან დანიელის სისხლი გვექნებოდა გადასარეცხი… ამისთვის მადლობას იმსახურებ ჩემგან.

– ეს შენებურად ბოდიშის მიღებას ნიშნავს?

– მხოლოდ ოცდაათი პროცენტით.

– ეგეც საქმეა, – მხარზე ხელი დაადო, მაგრამ როცა ვლადის მოღუშული სახე დაინახა, მაშინვე მიხვდა, რის გამოც იყო ასე. – მდგომარეობიდან გამოვიყვანთ, გესმის?! გუშინ საღამოს იმ ბელგიელი ფსიქიატრის ასისტენტს დავუკავშირდი. ყველაფერზე შევთანხმდით და ორ თვეში ბრიუსელში გველოდებიან.

– სერიოზულად?!

– ჰო... რატომღაც მაგ კაცის იმედი მაქვს. მანამდე დანიელთან ძველი ჯგუფი იმუშავებს და მესამე სართულზე დაცვის თანამშრომლებს დავაყენებთ, იგივე რომ აღარ მოხდეს.

ძალიან დიდხანს დუმდა ვლადი. მოაჯირზე დადებული მისი ყავიდან სურნელოვანი ორთქლი ამოდიოდა, რომელიც თბილ ნიავს ერწყმოდა და ჰაერში იფანტებოდა.

– იმედია შენი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს ანდრო, – უთხრა ბოლოს. – ჩვენ სამნი, ბარათაშვილების ხომალდის ბოლო ნამსხვრევები ვართ და მეტი აღარავინ უნდა გამოგვაკლდეს.

ჰორიზონტს მზის შუქი ნელა ეფინებოდა. თბილი ნიავი კვლავ ატრიალებდა ყავის სურნელს, ძმები კი ჩუმად იდგნენ გვერდიგვერდ — ისე, როგორც დიდი მთლიანობის ორი პატარა ნაწილი, რომლებიც ცხოვრების მშფოთვარე ზღვაში ერთმანეთს ეყრდნობიან და აზვირთებულ ტალღებს საერთო ძალებით უტევენ.



8 8 8 8

ორდღიანი ფიქრის შემდეგ, ლინდა დათანხმდა ლილეს შემოთავაზებას, ერთად ცხოვრების თაობაზე. ამ ამბავს, ონისე და ნინიაც დიდი სიხარულით შეხვდნენ და ადიშში დარჩენილი პირადი ნივთების გაგზავნასაც შეჰპირდნენ გოგონას. ახლა მხოლოდ ერთი რამ რჩებოდა მოსაგვარებელი — უმოკლეს დროში უნდა ეპოვნა რამე სამსახური. დანაზოგი ჯერ კიდევ ჰქონდა, თუმცა ქალაქში ცხოვრება ბევრად უფრო ძვირი ჯდებოდა, ვიდრე სოფელში. ადიშში ყოფნისას, საჭირო პროდუქტებს მუდამ ონისეს აბარებდა ხოლმე, ფულს აძლევდა და კაცსაც კარგ ფასად მოჰქონდა მესტიიდან მისთვის სასურველი საკვები. დედაქალაქში ცხოვრება კი მაინც სხვა იყო. აქ, საკვებთან ერთად, უამრავი სხვა საჭიროებაც ჰქონდა, რაც პირდაპირ მიანიშნებდა იმაზე, რომ სტაბილური შემოსავალი სჭირდებოდა.

შუადღე იდგა. ცეცხლისფერი მზის სხივები ირიბად ეცემოდა აივანს, სადაც ლინდა და ლილე, პატარა მაგიდას შემოსხდომოდნენ, სასადილოდ. გოგონებს, სპაგეტის მოზრდილი თეფშები ედოთ წინ, თუმცა მათგან მხოლოდ ლილე ჭამდა მადიანად. ლინდა უბრალოდ იჯდა, დაუსრულებლად მოძრავ მანქანების ნაკადს მიშტერებოდა და ჩანგლით საჭმელს მანამ აწვალებდა, სანამ მობილურზე შეტყობინება არ მიიღო. უხალისოდ დახედა ეკრანს. სარეკლამო შეთავაზების ნაცვლად, რომლის დანახვასაც ელოდა, სრულიად სხვა რამ დახვდა:

„შეჭამე, თორემ გუდიანი კაცი შეგიჭამს.” – სწერდა ლილე, თან რამდენიმე სიცილის სმაილსაც ამატებდა ბოლოს.

ოდნავშესამჩნევი ღიმილი გაუკრთა ბაგეებზე ლინდას. მერე მობილური გვერდზე გადადო, პირში სპაგეტის პირველი ლუკმა ჩაიდო და ცოტა მინერალური წყალიც მიაყოლა.

– გუდიანი კაცი შენ ხარ? – ჰკითხა.

– გავხდები, თუ მაგ თეფშს ბოლომდე არ მოასუფთავებ. იცი რამდენი ვიწვალე გემრიელი რომ გამოსულიყო?

– შევჭამ, დაწყნარდი.

– ვერ დავწყნარდები, სანამ არ მეტყვი რატომ ხარ ფიქრებით კოსმოსში, – გამომცდელად შეხედა ამის თქმისას. მეგობრის გამომეტყველებამ დაარწმუნა, რომ რაღაც ნამდვილად ვერ იყო წესრიგში. – ლინდა, რამე მოხდა?

– ისეთი არაფერი, უბრალოდ ცოტა ვნერვიულობ, ლილე, – გადაყლაპა თუ არა ლუკმა, მაშინვე მიუგო. – უკვე მეჩვიდმეტე კვირაა და წონაში ორი კილოგრამიც არ ვარ მომატებული. არც მუცელი მეტყობა. ექიმი ამბობს ყველაფერი კარგად მიდისო, მაგრამ მაინც მეშინია.

– რადგან ექიმი გეუბნება ყველაფერი კარგადააო, ესე იგი ასეა. უბრალოდ ახლა ჰორმონები გაქვს მოჭარბებული და წვრილმანებზეც ზედმეტად იციკლები.

ამ სიტყვებმა თითქოს დაამშვიდა გოგონა, თუმცა მის გულში შიშის განცდამ, სადღაც ღრმად მაინც იპოვა თავშესაფარი. ჭამა უგემურად განაგრძო. ქალაქის უწყვეტი ხმაურის ფონზე უკვე ენატრებოდა ადიშის სიმშვიდე — დილაობით, ნისლის საბანში გახვეული მთები და მტვრის ნაცვლად, ჰაერში გამჯდარი კრისტალური სისუფთავე. მისმა გონებამ ოცნების კარი შეაღო:  წარმოიდგინა მთის ძირას მდგომი ლამაზი სახლი და მის ეზოში, ბავშვით ხელში მოსეირნე ანდრო, რომელსაც სახეზე მზის სხივები დასთამაშებდნენ. თვითონ ამ ყველაფერს ღიმილით უმზერდა სამზარეულოს ფანჯრიდან, სადაც უკვე ტრიალებდა ახლადგამომცხვარი შოკოლადის ბლინების სურნელი.

თავის წარმოსახვაში უსაზღვროდ ბედნიერი იყო — იმდენად, რომ დროისა და ადგილის აღქმაც კი დაკარგა. ოცნებასთან ერთად თითქოს თავადაც დაშორდა ხმაურიან ქალაქს, მაგრამ მხოლოდ ცოტა ხნით. საბოლოოდ, ტელეფონის ზარის მკვეთრმა ხმამ დააბრუნა რეალობაში, რომელშიც უკვე ზარის ავტორის ვინაობამ გააბედნიერა. თვალები გაოცებისგან გაუფართოვდა, როცა ეკრანზე სახელ “ანდროს” მოჰკრა თვალი. ამან ემოციურად იმდენად იმოქმედა, რომ ჩანგალი ხელიდან გაუვარდა. მობილურს კიდევ ერთხელ დახედა, იმის გადასამოწმებლად რამე ხომ არ მეშლებაო. ძალზედ ეუცნაურა ასეთი პარადოქსული დამთხვევა. ლილემ თითქოს მისი ფიქრები ამოიცნოო, სიცილით მიაწვა სკამის საზურგეს.

– ნამდვილად ანდროა, ნამდვილად… მიდი, უპასუხე.

– რა უნდა ვუთხრა, ლილე? 

– პლასტმასის ბოთლების მავნებლობაზე ელაპარაკე, – თვალები გადაატრიალა გოგონამ, – მე რა ვიცი რა უნდა უთხრა, წარმოდგენაც არ მაქვს რისთვის რეკავს.

ყურმილის ასაღები ღილაკისკენ აკანკალებული თითი წაიღო ლინდამ. აპირებდა ზარისთვის იქვე ეპასუხა, თუმცა როდესაც მეგობრის გამომწვევად ათამაშებულ წარბებს გადააწყდა, მიხვდა, რომ მისი თანდასწრებით ლაპარაკი არ გამოვიდოდა. სწორედ ამიტომ, ერთი შეუბღვირა ლილეს და ყურმილის ასაღებად თავის საძინებელში გავიდა.

– გისმენ, ანდრო!

– იცი, რომ დღეს შენს ყოველკვირეულ ჰოროსკოპს გადავხედე? – მისალმების გარეშე დაიწყო მამაკაცმა. ლინდამ ხმის ტონზე შეატყო, რომ იღიმოდა და თავადაც გადაედო მისი განწყობა.

– ჰოო? და რა გაარკვიე?

– რა და მმართველი პლანეტა გირჩევს, რომ ხვალ საღამოს იმ შეხვედრას დათანხმდე, რომელსაც ახლა დაგინიშნავენ. ისიც ეწერა, რომ ამ თანხმობას არასდროს ინანებ.

საწოლზე გულდაღმა გადაწვა გოგონა, მობილური კი ხმამაღალ კავშირზე დააყენა. ამასთან ერთად, საუბრის ჩაწერის პროგრამაც ჩართო, ზარის დასრულების შემდეგ რომ ანდროს ხმის მოსმენა კიდევ ერთხელ შესძლებოდა.

– და შენმა მმართველმა პლანეტამ რაო, შემოთავაზებაზე დაგთანხმდებიან, თუ უარით გაგისტუმრებენო?

– უარით ვერ გამისტუმრებენ, კარგი მუქარა მაქვს მოფიქრებული.

– მაინც? – სახე სერიოზული ჰქონდა, მაგრამ თვალებით მაინც იღიმოდა ლინდა.

– თუ არ მოხვალ, ორკესტრს ვიშოვი და რაც შენს აივანთან მოხდება, საკუთარ თავს დააბრალე. რეპერტუარის შთაგონების წყარო, რესტორნის საწყობში გატარებული წუთები იქნება.

გოგონამ იგრძნო, როგორ აუწია სხეულის ტემპერატურა მამაკაცის ბოლო წინადადებამ. განგებას მადლობას სწირავდა, რომ ანდრო ვიდეო-ზარით არ ურეკავდა და ვერ ხედავდა რა კვალი დაუტოვა სახეზე ამის მოსმენამ. ცხელ გულზე, გადაწყვიტა თვითონაც შეეტია ფსიქოლოგიურად მამაკაცისთვის და მისი ემოციებით ეთამაშა:

– დაგთანხმდები, თუ აღიარებ, რამდენი ჭიქა წყლის დალევა დაგჭირდა მაგ საწყობიდან გამოსვლის შემდეგ. სახეზე გეწერა, რომ გაგრილება ძალიან გჭირდებოდა.

ანდრო დაახლოებით ხუთი წამის განმავლობაში დუმდა, თუმცა ეს სიჩუმეც კი იმდენად ამაღელვებელი იყო გოგონასთვის, გული გიჟურ ტემპში უცემდა.

– იქ იმდენ წყალს ვერ ვიშოვიდი, რამდენიც მაშინ მჭირდებოდა... დაგაკმაყოფილა ასეთმა პასუხმა?

– მითხარი, რისთვის აწყობ ამ ვახშამს? – სასწრაფოდ გადაუტანა სხვა თემაზე. მიხვდა, რომ ანდროს სიტყვებმა უფრო მეტად მიაახლოვა მარცხს. – ოღონდ გულახდილად მიპასუხე.

– მაგას არ გეტყვი, მაგრამ თუ გინდა ტვინი ამირიო, თმას ნუ შეიკრავ, გაშლილი დაიტოვე.

ბოლო სიტყვებში ჩადებულმა ვნებამ, სურვილმა და იდუმალებამ ლინდა ისე გააბრუა, მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ გაიაზრა, რომ ყურმილში უკვე წყვეტილი ზუმერის ხმა ესმოდა. აივანზე არეული ნაბიჯებით დაბრუნდა. ფიქრების ქსელში გახლართული, მოწყვეტით დაეშვა სკამზე, ლილეს პირდაპირ. ამ უკანასკნელს, თავისი თეფში მოესუფთავებინა და ახლა ლინდას მორჩენილ ულუფას შეექცეოდა, დამნაშავის სახით.

– ლილე...

– სხვა რამეს გაგიკეთებ რაა, მართლა ძალიან მშიოდა და ვერ მოვითმინე – პირგამოტენილმა, საწყლად გამოხედა.

– ეგ დაივიწყე... მითხარი, რა ვქვნა?

– ჯერ ის ამოღერღე ანდრომ რა გითხრა და მერე გიპასუხებ.

– ვახშამზე მპატიჟებს, ხვალ საღამოს, – ძლივსგასაგონად ამოთქვა ლინდამ.

– მერე? აპირებ უარი უთხრა და ანდრო იმ ქალს მიართვა ლანგარზე დადებული?

– ნეტავ იცოდე როგორ მინდა წასვლა არ მინდოდეს, – მზესუმზირის პაკეტი აიღო და სცადა ისე ეჭამა, თითქოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარიყო. დიდად არ გამოუვიდა. გრძნობდა, რომ კვლავ ცოტა ხნის წინანდელი საუბრის ირგვლივ დაფრინავდა და სხვაზე ვეღარაფერზე კონცენტრირდებოდა.

– ესე იგი მიდიხარ, – სიხარულმა, მზის სხივით განათებული მყინვარწვერივით გამოანათა ლილეს თვალებში.

– ჰო, მივდივარ... მაგ ადამიანმა იმ ზომამდე მიმიყვანა, რომ მის სამაჯურთან ერთად მძინავს და ჩვენი სატელეფონო საუბარიც კი ჩავიწერე, ხმას რომ მოვუსმინო ხოლმე! ეს რანაირი ავადმყოფობაა?! – გაღიზიანებულმა დააგდო მზესუმზირის პაკეტი და ორივე ხელი მუცელზე შემოიხვია. – ნეტავ ყველაფერი იმის ბრალია, რომ მის ნაწილს ვატარებ, თუ მართლა გამოშტერების გზას დავადექი?!

მთელი ეს დრო, გაღიმებული უსმენდა მის შინაგან აფეთქებას ლილე. სადილობა რომ დაასრულა, ფეხზეც წამოდგა, უკნიდან ჩაეხუტა და ლოყაზე აკოცა.

– მშვიდად... მადლობა თქვი, რომ ისეთმა იდიოტმა არ დაგშტერა, ვინც ტუჩსაცხის ნაცვლად, მუდამ თვალის ფანქარს გაგიდღაბნის.

– ტუჩსაცხი და თვალის ფანქარი რაღა შუაშია?

– რას ვერ ხვდები? – საჩვენებელი თითი მიუკაკუნა საფეთქელზე მეგობარს, – კოცნის და ცრემლების მეტაფორა იყო. როცა ნერვიულობ, ტვინიც კუს ტემპით გიმუშავებს.

– როგორც არ უნდა იყოს, ჩემთვის ეგ ადამიანი მაინც დიდი გამოწვევაა, ლილე. მეც ძალიან პატარა ვარ მისი სამყაროსთვის.

– მე კი ვფიქრობ მის სამყაროს ძალიან მოუხდები, – ლინდას თმა ხელებში მოიქცია, სამად გაყო და ჩაწნა დაიწყო. – უნაკლო გარეგნობა გაქვს. როცა გაგიცანი, პირველად ის გავიფიქრე, ზოგს როგორ გადაჭარბებულად უმართლებს ვიზუალურ მონაცემებში-მეთქი. ცოტა ხასიათზეც წაიმუშავე და ეგაა.

– სქვიდვარდივით აუტანელი რომ აღარ ვიყო? – გაეცინა გოგონას.

– თუნდაც... მაგრამ ხვალ საღამოს ისე უნდა გამოგაწყო, რომ შენმა გარენობამ ყველაფერ დანარჩენს გადაუსვას ხაზი.

– მაგის იმედი არ გქონდეს, სადად ჩაცმული ვაპირებ წასვლას. ტყუილად ნუ ეცდები გადამაფიქრებინო.

– არა რა, სულ რომ ტყავი გამოიცვალო, შენში სქვიდვარდს მაინც ვერ მოკლავ, – უკმაყოფილოდ აღნიშნა ლილემ და კვლავ თმის ჩაწნას მიუბრუნდა.


* * * *

ჩამუქებულ ცაზე მზემ ორივე თვალი გაახილა და ამით, წყვდიადის ბატონობასაც დაუსვა წერტილი. 

იმ დილით, ადრიანად გამოეღვიძა ლინდას. ღამითაც ცოტა ეძინა, მაგრამ მიუხედავად ამისა, დაღლილობა ოდნავადაც არ აწუხებდა. პირიქით, თითქოს იმაზე მეტი ენერგიაც კი ჰქონდა, ვიდრე ჩვეულებრივ.

დღის გეგმა შემდეგნაირი იყო: მისთვის ანდროს პირად მძღოლს უნდა გამოევლო, რომელიც მოსვლამდე ორი საათით ადრე დაუკავშირდებოდა. ლილეც იმოდენა მონდომებით იყო ჩართული ყველაფერში, გადაწყვიტა იმ დღეს უნივერსიტეტი გაეცდინა და შინ დარჩენილს ეკონტროლებინა სიტუაცია.

– კარგი რაა, ტრაგედიას რატომ ქმნი? – უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა მან, როცა გაცდენის გამო დაუწყო დატუქსვა ლინდამ. – დღეს მხოლოდ ერთი პრაქტიკული საგანი მაქვს. თეორიულების კონსპექტებს კურსელები მომაწვდიან, ამიტომ, ქვეყანა არ დაიქცევა, თუ არ წავალ.

– ძალიან მაინტერესებს, რისთვის რჩები? – აბაზანიდან გამოსულმა, პირსახოცი მოიხსნა და შიშველ სხეულზე დამატენიანებელი კრემის გადანაწილებას შეუდგა.

– მინდა მომზადების პროცესი ვაკონტროლო. აღიარე, რომ პაემანზე არასდროს ყოფილხარ და გამოცდილება ნული გაქვს.

ლინდამ ფანჯარას გახედა. მზის სხივები ნაზად იჭრებოდნენ გამჭვირვალე მინებში და მის კანზე დასეირნობდნენ. გარეთ სწორედ ისეთი ამინდი იყო, როგორიც ყველაზე მეტად უყვარდა — ზომიერად თბილი და სასიამოვნო.

– ეს პაემანი არ არის, ლილე, – სურნელოვანი კრემის არომატში გახვეულ სხეულზე, თხელი სარაფანი გადაიცვა მან. – საერთოდ, მეც არ ვიცი რა არის, ან რა დავარქვა.

– მერე მაგ სიგრძე ფეხები ტყუილად გაქვს?! დაიკიდე რაა… მიხვალ და იქ მივხვდები, რას, რა უნდა დაარქვა.

– შენი რჩევებით რომ ვიცხოვრო, საბოლოოდ ქვეყნიდან მომიწევს გაქცევა. რამე ნორმალური მითხარი, ხომ ხედავ ვნერვიულობ?!

– თუ ნერვიულობ, სარკისკენ მიტრიალდი და მაშინვე გაგივლის, – თვალები აატრიალა ლილემ. – შენი მთავარი კოზირი ეგაა, რადგან კაცებს პირველ რიგში თვალებით უყვარდებათ. მე რომ შენ ვიყო, ანდრო კი არა, უკვე სამოდელო კარიერის მწვერვალები მექნებოდა დაპყრობილი.

– საკუთარ გარეგნობას რას უწუნებ? – საწოლზე გვერდით მიუჯდა მეგობარს. ხელში სავარცხელი ეჭირა და ფრთხილად ივარცხნიდა სველ თმას.

– კარგი რა, ისეთი გამხდარი ვარ, თუ მომაწვებიან, ალბათ ონკანის მილშიც გავეტევი.

– ცდები. ჩემი აზრით, ლამაზ ბარბის ჰგავხარ, მაგრამ თუ სისულელეებს ილაპარაკებ, შეიძლება მართლა გაგაძვრინო ონკანის მილში.…

საღამომდე, კომედიური ფილმების ყურებასა და პოპ-კორნის ჭამაში გაატარეს დრო. ანდროს მძღოლმა რომ დარეკა, ლინდა ნახევრად უკვე მზად იყო. მხოლოდ ვარცხნილობა ჰქონდა დარჩენილი, თუმცა ისიც ახსოვდა, როგორც სთხოვა მამაკაცმა თმის გაშლილ მდგომარეობაში დატოვება. ასეც აპირებდა, მაგრამ ლილე კატეგორიულად შეეწინააღმდეგა:

– დამიჯერე, ეშმაკურ ხერხს მიმართა, რომ ისეთი ვარცხნილობით მიხვიდე, როგორიც თვითონ მოსწონს. ჯობია ნახევრად აიწიო და ნახევრად ჩამოიშალო.

– და ამით რას დავამტკიცებ?

– აგრძნობინებ, რომ ბოლომდე მის დაკრულზე არ ცეკვავ და მაინც საკუთარ აზრს ანიჭებ უპირატესობას. არც ბოლომდე შენი, არც ბოლომდე მისი, ასე აჯობებს…

ორი საათის შემდეგ მძღოლის მანქანა უკვე კორპუსთან იდგა. ლინდას, თეთრ, უმკლავო მაისურსა და კლასიკურ, შავ შარვალზე შეეჩერებინა არჩევანი. მართალია ჯერ არ იცოდა სად გაატარებდნენ საღამოს, თუმცა შერჩეული სამოსი ნებისმიერი ადგილსათვის იქნებოდა შესაფერისი.

მძღოლი რომ არ ელოდინებინა, ლიფტს აღარ მოუცადა  და კიბეები ფეხით ჩაირბინა გოგონამ. თმა ზუსტად ისე ჰქონდა, როგორც ლილემ დაარიგა. თვითონაც ძალიან მოსწონდა მსგავსი ვარცხნილობა. დიდწილად, სწორედ ამან გადააწყვეტინა შეხვედრაზე ასე წასვლა.

ქვემოთ ჩასულმა, მაშინვე შენიშნა “მერსედესის” ჯიპს მიეყრდნობილი, შუახნის მამაკაცი, რომელმაც, მისი გამოჩენისთანავე გახსნა სალონის უკანა კარი.

– მობრძანდით, ქალბატონო ლინდა, – უთხრა მან თავაზიანი ღიმილით. კაცის ტონში, ოდნავი სიყალბეც არ შეიმჩნეოდა. ლინდა მაშინვე მიხვდა, რომ სამსახურეობრივი მოვალეობა არაფერ შუაში იყო და ეს ადამიანი თავიდანვე დადებითად განეწყო მის მიმართ.

დიდხანს არ უვლიათ. არც ქალაქიდან გასულან. მგზავრობისას, გზად მხოლოდ პატარა საცობი შეხვდათ და იქიდან გამოღწევის შემდეგ, მალევე მიადგნენ სასტუმროს უზარმაზარ შენობას. მანქანა სწორედ იქ გააჩერა მძღოლმა. გოგონა ოდნავ გააკვირვა იმ ფაქტმა, რომ სწორედ მაშინ მოუვიდა მობილურზე ანდროს შეტყობინებაც.

“ლიფტით ბოლო სართულზე ამოდი.” – ეწერა მასში.

აქაურობას, ზედაპირულად უკვე იცნობდა. ისიც იცოდა, რომ შენობას ულამაზესი ვერანდა და ერთ-ერთი საუკეთესო ხედები ჰქონდა ქალაქზე. მართალია საკუთარი გამოცდილებით ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი ფოტო ჰქონდა ნანახი, სადაც ზუსტად ეს სასტუმრო ფიგურირებდა.

ანდროს შეტყობინებამ ბოლო სართულზე ამოსვლის შესახებ, საბოლოოდ მიახვედრა სადაც უნდა შემდგარიყო ვახშამი. ყველაფერი თითქოს ზედმიწევნითი სიზუსტით იყო გათვლილი — იდეალური ამინდიც, გარემოც და საღამო ხანს დანიშნული შეხვედრაც, როცა ქალაქის ხედები, ორმაგად მომაჯადოებელი იქნებოდა.

“ნამდვილი პერფექციონისტია” – ჩაილაპარაკა გონებაში ლინდამ, მძღოლს მოყვანისთვის გულითადი მადლობა გადაუხადა და თავდაჯერებული იერით შეაბიჯა შიგნით. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ყველგან ანდროს მზერა დაჰყვებოდა. სწორედ ამიტომ ცდილობდა რაც შეიძლებოდა აუღელვებელი გამოჩენილიყო.

ბოლო სართულზე ასული, ლიფტიდან გამოვიდა და მაშინვე ფართო დერეფანს გაუყვა. უცნაურად მოეჩვენა, რომ ირგვლივ ერთი ადამიანიც არ შეხვედრია. გულმა გაორმაგებულად დაუწყო ფეთქვა, როდესაც ვერანდაზე გასასვლელ კარს მიუახლოვდა და მოაჯირთან მდგომ ანდროს მოჰკრა თვალი. მამაკაცი მისგან ზურგით იდგა, მობილურით ხელში. გარშემო სხვა არავინ ჩანდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მთელი სართული მათ განკარგულებაში უნდა ყოფილიყო.

გოგონამ ვიბრაციით კიდევ ერთი შეტყობინების მოსვლა იგრძნო. ეკრანს რომ დახედა, ღიმილი ვერ შეიკავა.

“ დღეს, ჩემთან მარტო დარჩენის ფობიის გადალახვაზე ვიმუშავებთ.” – სწერდა ანდრო.

დაასრულა თუ არა ეკრანზე ტექსტის კითხვა, მოაჯირს მოშორდა და მისკენ მოტრიალდა მამაკაცი. ტანზე შავი შარვალი და ამავე ფერის პერანგი ეცვა, რომელზეც საწყისი ორი ღილი შეხსნილი დაეტოვებინა. იდუმალი მზერით უყურებდა ლინდას. ამ გამოხედვაში თითქოს შეფარული მუქარა იგრძნობოდა, რომ დათმობაზე არ წავიდოდა და საბოლოოდ, მაინც მიაღწევდა საწადელს.

გოგონამ ასეთ გამოხედვას დიდხანს ვერ გაუძლო, ამიტომ, ოსტატურად აარიდა თვალი. ვერანდის მარცხენა მხარეს, მაგიდა ორ ადამიანზე იყო გაშლილი. მასზე ჯერჯერობით მხოლოდ ცარიელი თეფშები, ჭიქები და ღვინის ბოთლი იდო. ინტიმურ ატმოსფეროს ისიც ამძაფრებდა, რომ უკვე ბინდდებოდა და ღამის განათებებიც ნელ-ნელა ირთვებოდა მთელ ქალაქში.

– როგორც ვხედავ, ღირსად არ ჩამთვალე, – უთხრა ღიმილით მამაკაცმა, თან საკუთარი ხელით გამოსწია სკამი გოგონასთვის.

– რას გულისხმობ?

– შენს თმას. მინდოდა ბოლომდე გაშლილი მენახა, მაგრამ ალბათ ვერ დავიმსახურე.

– აქ მარტო ვიქნებით? – გულში გაეღიმა და საუბრის თემა შეცვალა ლინდამ. ანდროს გამოწეულ სკამზე ისე ჩამოჯდა, თითქოს არაფერი აღელვებდა, მაგრამ შინაგანად, იმ დაბნეულ მოთამაშეს ჰგავდა, რომელმაც არ იცოდა, რა სვლა გაეკეთებინა ჭადრაკის დაფაზე.

– ჰო, დღევანდელ ვითარებას ასე უფრო მოუხდება, – მაგიდას თვითონაც მიუჯდა. აქედან ორიოდე წამში, ვერანდაზე ოფიციანტმა შემოაბიჯა და მენიუს შემოტანის მერე, თავის ზრდილობიანი დაკვრით დატოვა იქაურობა.

ყურადღება ცნობისმოყვარედ გადაიტანა ქალაქის პანორამაზე ლინდამ. თვალით ნანახი მაინც სულ სხვა იყო — ვერანდიდან განსაცვიფრებელი ხედი იშლებოდა. მაღალსართულიანი კორპუსები, ამაყად იდგნენ ცაზე ნაადრევად ამოცურებული მთვარის ქვეშ. ქვემოთ მანქანების ნაკადი მოჩანდა, რომელიც ლამპიონების შუქით განათებულ გზაზე მიიკლაკნებოდა და ცხოვრების დაუსრულებელი მოძრაობის განცდას ქმნიდა.

ლინდა გრძნობდა, თუ როგორ უმძიმდებოდა სუნთქვა მამაკაცის მზერაზეც კი, მაგრამ მაინც იპოვა ძალა, თვალებში ჩაეხედა მისთვის. ანდრო უხმოდ, ყოველგვარი საუბრის გარეშე უყურებდა. ამის გამო, ვეღარც ხედების სილამაზეს აღიქვამდა ლინდა და ვერც, ინტერიერის სიმყუდროვეს. გული ისეთი სისწრაფით უცემდა, ეგონა სადაც იყო ყელში ამოუჯდებოდა. მიუხედავად ამისა, არჩია საკუთარ შიშს პირისპირ შეჯახებოდა და ანდროსთვის თვალი აღარ აურიდებინა.

– შეგიძლია შენი ასეთი მზერა დაასათაურო?

პასუხის გაცემის ნაცვლად, ანდრომ მაგიდიდან ღვინის ბოთლი აიღო, გასახსნელი მოარგო და საცობი წააგდებინა. შემდეგ სითხე ბოკალში ჩამოასხა და ხმაც ამოიღო:

– ჯერ აირჩიე მაგ კითხვას ფხიზელმა გავცე პასუხი, თუ ნასვამმა.

– დიდი განსხვავებაა?

– განსხვავება არის... ნასვამი ვერსიის პასუხი, შეულამაზებელი იქნება და თამამი. მზარ ხარ ამისთვის?

– ყოჩაღ, ფსიქოლოგიურად ძალიან კარგად თამაშობ, – უკიდურესად სერიოზული მიდგომით სცადა განემუხტა ის მაგნიტური ხიბლი, რომელსაც ეს ადამიანი იწვევდა მასში. – შინაგანად ალფა ხარ და ამას ყოველ სიტყვაში ავლენ. თუნდაც ახლა.

– იცოდი, რომ ალფას არასდროს ბეზრდება იმისთვის ბრძოლა, რასაც ვერ იღებს?

ლინდას მოეჩვენა, რომ წამიერად მხედველობა დაებინდა. ყურადღების გადასატანად, წინ დადებული მენიუ გადაშალა და შიგნით ჩამოთვლილი კერძების დასახელებების წაკითხვა სცადა. არც ეს გამოუვიდა — მისდა საუბედუროდ, თითქოს ასოებიც კი აქეთ-იქით ცეკვავდნენ. ცოტა ხანში, ანდროს მოგუდული სიცილის ხმა მოესმა.

– მოხდა რამე? – ჰკითხა ისე, რომ მენიუდან ცხვირი არ ამოუყვია.

– როგორც ჩანს, კერძის არჩევაშიც შენებური სტილი გაქვს.

– რას გულისხმობ?

– მენიუ ხელში უკუღმა გიჭირავს ლინდა.

გოგონას რამდენიმე წამი დასჭირდა ამ სიტყვების გასააზრებლად და იმის მისახვედრად, რომ ასოებს მართლაც საპირისპირო მხრიდან ხედავდა. სირცხვილისგან, იქიდან გაქრობა და სამუდამოდ გადაკარგვა მოუნდა. თავი უმწეოდ იგრძნო, მაგრამ გარეგნულად მაინც არ შეიტყო უხერხული სიტუაცია.

– ღამდება და ცუდი განათებაა. არ მესმის სასაცილო რა არის, – ინსტინქტურად დაუახლოვდა ერთმანეთს ლინდას წარბები. – ანდრო, ნუ იცინი!

– კარგი, მაპატიე, – ბოკალიდან ღვინო მოსვა მან, თუმცა თავი რომ ვეღარ შეიკავა, კვლავ წასკდა სიცილი.

– ესღა მაკლდა! ახლა მთელი საღამო ამაზე უნდა იცინო?!

– დღეს დავასრულე, მაგრამ წინასწარ გაფრთხილებ, რომ ამას ჩვენს შვილს აუცილებლად მოვუყვები.

– ძალიან გაუმართლებს, თუ შენნაირი ქარიზმატული იქნება, – შვილის ხსენებაზე, ტონი მაშინვე შეარბილა ლინდამ. გულშიც აუხსნელი სითბო ჩაეღვარა და გაუცნობიერებლად გაასრიალა თითები მუცელზე, თითქოს ბავშვს მიეფერაო.

– ანუ ქარიზმატულად მიმიჩნევ.

– თუ გინდა შენი ქარიზმა ამაღამაც დაამტკიცო, ჩემთვისაც შეარჩიე კერძი, – პირდაპირ პასუხს თავი აარიდა გოგონამ. ამაზე, ირიბი ღიმილი მოადგა ანდროს.

– მაშინ მითხარი, არის რამე, რაზეც ალერგიული ხარ?

– არა. შეგიძლია თავისუფლად შეუკვეთო რაც გინდა, – თქვა მშვიდად, მაგრამ შიგნიდან ისევ გრძნობდა, როგორ მოუსვენრად უცემდა გული.

ანდრომ მაგიდაზე ამობურცულ მრგვალ ღილაკს დააჭირა და სულ მალე ოფიციანტიც გამოჩნდა, პატარა წიგნაკითა და ბურთულიანი კალმით ხელში. ფიქრისთვის დრო არ დაუკარგავს მამაკაცს: ძირითადი კერძის სახით, გამომცხვარი ორაგულის შეკვეთა მისცა, ლიმონითა და მწვანილით. დესერტიდან კენკრის ჩიზქეიქზე შეაჩერა არჩევანი, ხოლო სასმელებიდან — ციტრუსის უალკოჰოლო კოქტეილზე, რომელიც სპეციალურად ლინდასთვის იქნებოდა განკუთვნილი.

დაძაბულობა თანდათან ეხსნებოდა გოგონას. უნდა ეღიარებინა, ძალიან გასაკვირი იყო ანდროსა და მისი გემოვნების ასეთი ზუსტი თანხვედრა — კერძის, დესერტისა თუ სასმელის მხრივ. თითქოს მამაკაცი გონებაში ეჯდა და სარკისებურად იმეორებდა მის სურვილებს. ლინდა გრძნობდა, რომ ამ ვახშამის მოწყობის მთავარი მიზეზი ჯერ კიდევ ფარული იყო და კარტების გახსნას, დასკვნითი ნაწილისთვის ინახავდა ანდრო.

ზუსტად ოც წუთში, შეკვეთა უკვე მათ მაგიდაზე იდო. გემრიელი სურნელის გარდა, საკვების გაფორმებაც იმდენად დახვეწილი იყო, დანახვისთანავე ეტყობოდა, რომ ყველაფერი პროფესიონალის მიერ, უმაღლეს დონეზე იყო მომზადებული.

– შენი არ ვიცი, მაგრამ მე მომშივდა, – ღვინო ბოკალში დაატრიალა მამაკაცმა და საკვების დაგემოვნებისკენ მიანიშნა გოგონას.

იმაში დარწმუნებულმა ლინდამ, რომ კერძის გემოც ისეთივე იდეალური იქნებოდა, როგორც არომატი, პირველი ლუკმა გასინჯა და ზუსტად ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, როგორსაც ელოდა.

– არ მეგონა თევზს ვინმე იმაზე გემრიელად თუ ამზადებდა, ვიდრე ბებია. მართლა იდეალურია.

– ოჯახის წევრებიდან მხოლოდ ბებიას ახსენებ, – მამაკაცმაც მიიტანა ტუჩებთან ჩანგალი და ორაგული დააგემოვნა. – ალბათ ძალიან გიყვარდა.

– ჰო, განსაკუთრებული სიალხოვე გვქონდა, – მისი გახსენებისას ტუჩებზე სევდიანი ღიმილი, ხოლო თვალებში სიყვარული გაუკრთა ლინდას. – ყოველთვის მასწავლიდა, სამყაროს ბუმერანგის პრინციპი ახასიათებს, ამიტომ გული არავის ატკინოო. მინდა მეც ეს ვასწავლო ჩემს შვილს.

– ჩვენს შვილს, – შეუსწორა, თუმცა ის ჟრუანტელი, ლინდას რომ დაუარა მის ნათქვამზე, შეუმჩნეველი დარჩა.

ქალაქის მშვენიერმა ხედმა, გემრიელმა საჭმელმა და ღვინომ, რომელსაც ანდრო კამპანიონის გარეშე სვამდა, ატმოსფერო უფრო მეტად დაათბო, ვიდრე აქამდე. ლინდას ოდნავი შებოჭილობაც აღარ დარჩენოდა საუბრისას. თითქოს ვიღაცას მისთვის ის ჯაჭვები მოეხსნა, რომელთა სიმძიმეც ძალიან აწუხებდა, ახლა კი თავისუფლად შეეძლო სუნთქვა. მართალია, მამაკაცის მზერა ზოგჯერ აზრებსაც უფანტავდა, მაგრამ დაძაბულობაზე მეტად, სიამოვნებას გრძნობდა ამის გამო.

– უნდა ვილაპარაკოთ ლინდა, – უკვე დესერტზე იყო გადასული, მამაკაცის ხმა რომ მოესმა. ანდროს მზერა შესვლოდა — თუკი აქამდე მის თვალებში შეკავებული ვნება იყო, ახლა იგი დაუოკებელ სურვილს ჩაენაცვლებინა. დაეფიცებოდა, რომ არასდროს, არც ერთ კაცს არ შეეხედა მისთვის ისე, როგორც ახლა იგი უყურებდა.

“მორჩა, იწყება, გამაგრდი ლინდა!” – გაიფიქრა, თუმცა სიტყვიერად სრულიად სხვა რამ თქვა:

– რაზე, ჩვენს მმართველ პლანეტებზე?

– ახლოს ხარ, – გაეღიმა. მარტივად მიხვდა იუმორით რომ ცდილობდა დაძაბულობის მოხსნას. – გთხოვ ცოტა მოეშვი, კარგი? პირიქით, მე მაკლდება თავდაჯერება, როცა შენთან ვარ.

– არ გეტყობა.

– შეიძლება... ალბათ ისეთ შთაბეჭდილებას ვტოვებ, თითქოს შენი ემოციების მართვას ვცდილობ და გეთამაშები. გარედან ასეც ჩანს, მაგრამ დეტალებს არ უკვირდები.

ლინდამ ჩიზქეიქი გასინჯა. უკვე ნათელი იყო, რომ მათი დიალოგი დასკვნითი ნაწილისკენ მიდიოდა და მიახლოებით უკვე ხვდებოდა, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო ეს. აცნობიერებდა, რომ ამ ღამემ მისი ჯავშანი საბოლოოდ გატეხა და გადაჭრით გადააწყვეტინა იმ უფსკრულში თავით გადაშვება, აქამდე რომ დიდი სიფრთხილით უვლიდა გვერდს. ნებისმიერი საფასურის სანაცვლოდ სურდა ეს რისკი. აღარც ტანჯვა აშინებდა და აღარც იმედგაცრუება. მთელი არსებით უნდოდა ეს ადამიანი და აღარაფერთან აპირებდა შეეწინააღმდეგებას, რაც მასთან დაახლოებაში დაეხმარებოდა.

– თვალებში შემომხედე, – ღვინის ბოლო წვეთები გადმოასხა ჭიქაში მამაკაცმა. – შემომხედე და მითხარი, რომ აქედან აღარსად წახვალ.

სხეულზე უჩვეულო სიმხურვალე იგრძნო ლინდამ, მაგრამ კარგად ხვდებოდა, რომ ეს გარე ტემპერატურისგან არ იყო გამოწვეული. ჭამა უკვე აღარ უნდოდა. რომც ეცადა, ყელში ერთი ლუკმაც არ გადაუვიდოდა, ამიტომ ჩიზქეიქის თეფში ფრთხილად გასწია გვერდზე.

– წასვლა არც მე მინდა. დარჩენა გადავწყვიტე.

ანდროს გამომეტყველებაზე ნათლად აისახა, როგორ ესიამოვნა მოსმენილი. მიუხედავად ამისა, ემოციები სიტყვებად არ გადაუქცევია. რამის თქმის ნაცვლად, ფეხზე წამოდგა და გოგონასთან ახლოს გადაჯდა. ლინდა სკამის საზურგეს მიეწება — ისე, თითქოს მასში ეძებდა მხსნელს. მხოლოდ რამდენიმე წამით ეყო ნებისყოფა მამაკაცს შორიდან ეყურებინა. მერე სიახლოვის ზღვარი გადაკვეთა, ხელი ასწია და ლოყაზე ნაზად მიეფერა.

– ანდრო...

– არა, უკვე ვეღარ შემაჩერებ... საბოლოოდ უნდა დავსვა საკითხი.

მდუმარება შეაგება მის სიტყვებს ლინდამ. ერთმანეთთან ძალიან ახლოს მჯდომებს შორის, თითქოს სულიერი სიშორეც ისევე ქრებოდა, როგორც ფიზიკური. გოგონას ისეთი განცდა ჰქონდა, რომ გარშემო ყველაფერი ჩამობნელდა და მხოლოდ მათი სახეები დარჩა განათებული. დრო თითქოს საგრძნობლად შენელდა და ყოველი წამი მარადისობას დაემსგავსა. მართალია ორივენი დუმდნენ, თუმცა დუმლშიც კი შეიძლებოდა იმ ყველაფრის წაკითხვა, რაც ჯერ ხმამაღლა არავის ეთქვა. ბოლოს მაინც ანდრომ დაარღვია მათ შორის ნისლივით გაწოლილი, მღელვარებისგან ნაქსოვი დუმილი:

– შენთან ყოფნა მინდა, ლინდა... დროებით არა, ცხოვრების ბოლომდე.

გონებაში ჩახვეული ფირივით გაუმეორდა გოგონას ეს სიტყვები. ახლა უკვე მართლა ჰაერივით სჭირდებოდა პირადი სივრცე. გონებაში გავლებული ყოველი აზრი, თითქოს პეპელასავით უსხლტებოდა ხელიდან და სიტყვებს თავს ვეღარ უყრიდა. ასეთ სიტუაციაში, ერთადერთ გამოსავლად განმარტოება ჩათვალა, ამიტომ სკამიდან წამოდგა და ოდნავ მოშორებით, ვერანდის მოაჯირთან გადაინაცვლა.

მამაკაცს ხელი არ შეუშლია. დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში იდგა განცალკევებით, თავის შინაგან ფორიაქში ჩაძირული.  გარეთ უკვე საგრძნობლად ჩამობნელებულიყო და მთვარესაც მომატებოდა სიკაშკაშე. შენობებიც თითქოს განსხვავებულ ელფერს იძენდნენ მისი ვერცხლისფერი ნათების ქვეშ.

გოგონამ ჰაერი ღრმად შეისუნთქა. სწორედ იმ წამს გაიაზრა, რომ მარტო ყოფნა ძალიან დიდხანს გაუგრძელდა, თუმცა სანამ შემობრუნებას მოასწრებდა, ანდროს ხელის მოხვევა იგრძნო წელზე. მამაკაცმა ზურგზე ჩამოშლილი თმა გადაუწია, ყელი მოუშიშვლა და სულ მალე, სიამოვნებისგან დაახუჭვინა თვალები, მისი ტუჩების საძილე არტერიაზე შეგრძნებამ.

– “ცხოვრების ბოლომდე” ძალიან ხმამაღალი განაცხადია, ანდრო, – თვალებიც არ გაუხელია ისე ამოთქვა ლინდამ. – ასეთ სიტყვებს ადამიანი გააზრებულად უნდა ამბობდეს.

– არც მე ვარიგებ მსგავს სიტყვებს სარეკლამო ბროშურებივით, – ამჯერად მხარზე აკოცა მან. – ლინდა, არ ვარ ის, ვისაც კერძი მაგიდაზე უდევს და მენიუში მაინც მისაყოლებელს ეძებს. თუ ხელს მოგკიდებ, ეს სამუდამო იქნება. მთავარია, თვითონაც გინდოდეს იგივე.

გოგონა ნელა შემოტრიალდა მისკენ. ანდროს თვალებში მხოლოდ გულწრფელობა ჩანდა და ეს გულწრფელობა თავს ლამაზ, ჯადოსნურ ზღაპარში აგრძნობინებდა.

– კიდევ ერთი დისნეის ისტორია რეალურ ცხოვრებაში, – ღიმილით ჩაილაპარაკა მან. – მგონი დროა ბროლის ქოშიც მოიტანო და ნახო, მომერგება თუ არა. 

– ეგ მოიცდის... მანამდე მაგ ზღაპარში კოცნის ეპიზოდია და ნებართვას ველოდები.

ლინდამ რამდენიმე წამით დააყოვნა პასუხი და ანდროს მომლიდინე მზერას, უტეხად გაუსწორა თავისი.

– ნებართვა გაქვს, – თქვა ბოლოს, თან ნაზად მიეფერა მამაკაცის თვალის კუთხეებს და მიხვდა, როგორ უმოწყალოდ დაამარცხა ბრძოლის ველზე გულმა — გონება.

ამ კოცნას ერთდროულად ჰქონდა ვნების, სითბოს და რაღაც ახალი, მასშტაბური ეპიზოდის დაწყების გემო...


აქვე მინდა პატარა განაცხადი გავაკეთო — არაა ეს ისეთი ისტორია, რომელიც მალე დაიწერება და არც მე მაქვს მუზების თავდასხმა ყოველდღე. ძალიან გთხოვთ, ვისაც ლოდინი არ შეგიძლიათ, დასრულებულ ვერსიას დაელოდეთ kissing_heart



№1 სტუმარი სტუმარი mariko

ეს რა იყო?!
ერთი ამოსუნთქვით წავიკითე...მადლობა შენ!

 


№2 სტუმარი ნინო ფეიქრიშვილი

უზომოდ კარგი იყო ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent